საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ფორუმი „მზის ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ გაიმართა

01/24/2022



 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ფორუმი -  „მზის ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“. ფორუმზე წარდგენილ იქნა სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებისა და დოქტორანტების: თამარ ბერბერაშვილის, აკაკი გიგინეიშვილის, ჰაბიბოლლაჰ ბახთარის, ელზა ხუციშვილის, გიორგი კეკელიძის, ბელა კვარაცხელიას, ზურაბ ჩუბინაშვილის, ზურაბ სარალიძის და პაატა ლეჟავას გამოგონება- მაღალტექნოლოგიური კონტროლერი და ორმხრივი მრიცხველები.

საერთაშორისო ფორუმი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთმა მეცნიერმა და დოქტორანტმა მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. საერთაშორისო ფორუმზე წარმოდგენილი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის გამოგონება, ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა ჯგუფმა თამარ ბერბერაშვილის ხელმძღვანელობით და  შექმნა მნიშვნელოვნად აუცილებელი მოწყობილობები-მაღალტექნოლოგიური კონტროლერი და ორმხრივი მრიცხველები. ვფიქრობ, ეს სიახლე იქნება საწყისი მომავალი გამოგონებებისა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

მეცნიერ-მკვლევართა და დოქტორანტთა ჯგუფის მიერ შექმნილ მრიცხველს აქვს ორმხრივი გაზომვის ფუნქცია, ხოლო კონტროლერი ამოწმებს გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარისხს და მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, მას შეუძლია ქსელიდან ელ.ენერგიის გათიშვა.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც თავის დროზე დაიწყო გერმანიის მთავრობამ. ორმხრივი მრიცხველი ახალი სიტყვა არ არის, მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა შექმნა მიკროკონტროლერი, რომელიც ქსელის დამატებით მოთხოვნებს აკმაყოფილებს და მას შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ მრიცხველთან. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილია მცირე ლაბორატორია, სადაც შეიძლება დაიწყოს ქართული მიკროკონრტოლიორების და ელექტრომრიცხველების გამოშვება. ეს იქნება საუნივერსიტეტო მცირე წარმოება, რომელშიც  გერმანიიდან და შვეიცარიიდან არაერთი ინოვაციური კომპანია ჩაერთვება“, - განაცხადა ფორუმის მოდერატორმა, ევროპული განახლებადი ენერგეტიკის ასოციაციის ქართული სექციის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში გერმანიის ელჩმა:

„გერმანიის რესპუბლიკისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მწვანე ენერგია (Green energy) და ხელს უწყობს მის განვითარებას, არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც. ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაფერისი დროა საქართველოსთვის, რათა გამოიყენოს თავისი დიდი პოტენციალი განახლებადი ენერგიის მიმართულებით. აღნიშნულ საკითხში დახმარება ჩვენი უწყებისათვის დიდი პატივია და საელჩო მზად არის თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ჰუბერტ ქნირშმა.

საერთაშორისო ფორუმი ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობდნენ: საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი მაია მელიქიძე;

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი უჩა უჩანეიშვილი; საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე ყაზარაშვილი; ასევე, ქართული მზის პანელების მწარმოებელი კომპანია AIONRISE, გერმანული მზის ენერგეტიკის ასოციაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის GIZ წარმომადგენლები, გერმანული მზის ენერგეტიკის ასოციაცია.


 

სიახლეებში დაბრუნება