ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე

09/11/2020

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე

დამოუკიდებელ საქართველოში ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე პირველად 2002 წელს აღინიშნა. 1922 წლის 10 სექტემბერს თბილისის გარეუბან ზემო-ავჭალაში, ინჟინერ ივანე მელიქ-ფაშაევის პროექტით საფუძველი ჩაეყარა იმ ეპოქისთვის დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ზაჰესი-ს“ მშენებლობას.

2020 წლის 10 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ენერგეტიკის დარგში დასაქმებულებს პროფესიული დღე გარდაბნის თბოსადგურში მიულოცა და აღნიშნა, რომ „ყველა ადამიანი, რომელიც პროფესიულად ჩართულია ენერგეტიკის დარგის მშენებლობაში, ასრულებს ისტორიულ ფუნქციას, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება და ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, გადის სწორედ ენერგეტიკაზე“. მინისტრის თქმით, „2017 წელს საქართველო ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი გახდა, რამაც დღის წესრიგში დააყენა ახალი გამოწვევები და ამოცანები. ამ თვალსაზრისით ბევრი სიახლეა - დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ცივილიზებულ, გამჭვირვალე ბაზრის ელემენტებს გააძლიერებს ენერგეტიკაში, ასევე მიღებულია ჩარჩო-კანონმდებლობის მთელი პაკეტი. მივიღეთ განახლებული კანონი ენერგეტიკის შესახებ, ახალი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები“. მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანას 2000 მეგავატის ჯამური სიმძლავრის ელექტრული სადგურები შეემატება. გაგრძელდება მასშტაბური გაზიფიკაციის პროექტები და სულ მალე საქართველოში გაზიფიცირების დონე 90 პროცენტს მიაღწევს.

 

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა, ელექტროენერგეტიკაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშაობისა და დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, სხვებთან ერთად, საპატიო სიგელით დააჯილდოვა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი პროფესორი გია არაბიძე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ, ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები.

 





 

სიახლეებში დაბრუნება