სამეცნიერო სექტორი

პროფ. იოში უჩიდას სამუშაო ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში COMET ექსპერიმენტის კოლაბორაციის ფარგლებში

25-12-2017

16-18 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში ვიზიტით იმყოფებოდნენ ლონდონის იმპერიალ კოლეჯის პროფესორი იოში უჩიდა და დოქტორი იუენ გილიესი (დიდი ბრიტანეთი). 

პროფ. უჩიდა COMET კოლაბორაციის საბჭოს თავმჯდომარეა და აქტიურად კურირებს ექსპერიმენტის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სტუ-ს და იმპერიალ კოლეჯს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება COMET ექსპერიმენტის ფარგლებში.

17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუ-ს რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ოფიციალური შეხვედრა იოში უჩიდასთან და იუენ გილიესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუ-ს აქტივობა COMET ექსპერიმენტში და მისი გაღრმავების შემდგომი შესაძლებლობები, ასევე, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იმპერიალ კოლეჯის ორმხრივი თანამშრომშრომლობის შემდგომი განვითარების კონკრეტული მიმართულებები.

17 ნოემბერს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა პრაქტიკული სემინარი, რომელიც ეხებოდა კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის აქტიურობას მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტებზე. სემინარზე კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლებმა ერეკლე მაღრაძემ და ალექსანდრე მელქაძემ გააკეთეს მოხსენებები CMS ექსპერიმენტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობის შესახებ, კერძოდ, კი, გამოთვლითი და საინჟინრო მიმართულებებით, რამაც სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია და გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივა.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა COMET ექსპერიმენტის პროგრამულ უზრუნველყოფას, გამომდინარე იქიდან, რომ სტუ-ს COMET ექსპერიმენტის წევრებს დაგეგმილი აქვთ უახლოეს მომავალში სერიოზულად გაზარდონ აქტიურობა ამ მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში დოქტორმა იუენ გილიესმა ჩაატარა COMET კოლაბორაციის მიმოხილვითი პრეზენტაცია და დეტალურად განიხილა გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები.

17 ნოემბერს, ასევე, ჩატარდა პროფ. უჩიდას საჯარო ლექცია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ლექციის შემდეგ სტუმრები გაეცნენ სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ახალგაზრდა მეცნიერების მიღწევებს, რამაც
დიდი შთაბეჭდილება დატოვა მათზე.

18 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებთან. განხილული იქნა COMET ექსპერიმენტის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოთვლით ინფრასტრუქტურაში ინტეგრირების პერსპექტივა.

სემინარსა და ლექციებს ესწრებოდა სტუ-ს რექტორი, ბატონი არჩილ ფრანგიშვილი. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ინტენსიური სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმები. აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იმპერიალ კოლეჯი მზად არიან, გააძლიერონ და განავითარონ საერთაშორისო თანამშრომლობა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესებში, ერთობლივად მოიძიონ სამეცნიერო გრანტები, რომელიც ხელს შეუწყობს სტუ-ს და იმპერიალ კოლეჯის სპეციალისტების ერთობლივ აქტიურობას არამარტო ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ასევე, ფიზიკურ ინჟინერიასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

სიახლეებში დაბრუნება