სამეცნიერო სექტორი

ცერნის LHC CMS კოლაბორაციის დელეგაცია სტუ-ში

01-05-2018

2-3 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ცერნის LHC CMS კოლაბორაციის დელეგაცია, კოლაბორაციის ლიდერისა და წამყვანი ინჟინრების შემადგენლობით: პროფ. ტიციანო კამპორესი (Tizinao Camporesi), CMS ექსპერიმენტის CERN-ს ჯგუფის ლიდერი; დოქტორი კარლ აარონ გილი (Karl Aaron Gill), CMS ექსპერიმენტის ტექნიკური ჯგუფის ლიდერი და CMS ექსპერიმენტის წამყვანი ინჟინრები, დოქტორი სტეფანო მოჩია (Stefano Moccia) და დოქტორი ჰუბერტ გერვიგი (Hubert Gerwing).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CMS ექსპერიმენტის წევრია და მას აქვს საკმაოდ წარმატებული აქტივობა ექსპერიმენტის რამდენიმე სუბდეტექტორში.

ამჟამად CMS ექსპერიმენტი ამზადებს სრულიად ახალი ტიპის სუბდეტექტორს HGC (High Granularity Calorimeter), უნიკალური მახასიათებლებით. ის შეასრულებს როგორც ადრონული, ისე ელექტრომანგიტური კალორიმეტრის ფუნქციებს. საგულისხმოა, რომ ასეთი ტიპის დეტექტორი პირველად იქმნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტექტორის დიზაინის და კონცეფციის მომზადება.

CMS ექსპერიმენტში ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის მნიშვნელოვანი წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, კოლაბორაციამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ ურთულესი დეტექტორის შექმნაში მონაწილობა მიიღოს სტუ-ს ქართველი ფიზიკოსებისა და ინჟინრების ჯგუფმა, რომელსაც უხელმძღვანელებს ცერნის LHC,CMS ექსპერიმენტში სტუ-ს ჯგუფის ლიდერი, პროფ. ზვიად წამალაიძე.

აღსანიშნავია, რომ ასეთი რთული ტიპის დეტექტორის შექმნაში სტუ-ს ჯგუფის მონაწილეობა უაღრესად საინტერესო და პრესტიჟულია. ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები.


სიახლეებში დაბრუნება