საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამშენებლო ფაკულტეტი


სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი

(პროფესორ თამაზ ხმელიძის რედაქციით)

თბილისი - 2015




სარედაქციო კოლეგია:

ხმელიძე თამაზი - თამჯდომარე
კლიმიაშვილი ლევანი - თავმჯდომარის მოადგილე
გურეშიძე გინა - თავმჯდომარის მოადგილე
აბაშიძე გურამი - წევრი
ბაციკაძე თამაზი - წევრი
გედენიძე ზურაბი - წევრი
გულუა ბაკური - წევრი
გურგენიძე დავითი - წევრი
კვიციანი ტარიელი - წევრი
მახვილაძე რევაზი - წევრი
ქორქია ქეთევანი - წევრი
წიქარიშვილი მალხაზი - წევრი




ავტორთა კოლექტივი


აბაშიძე გურამი, ბალანჩივაძე ლია, ბაქანიძე შახი, ბეროძე ამირანი, ბირკაია ნივერი, ბოჭორიშვილი ნაომი, გურეშიძე გინა, ეზუგბაია ზურაბი, ესართია გელა, ვანიშვილი თამარი, ვერულაშვილი ფატიმა, თავაძე მერაბი, იმედაძე როინი, მანჯავიძე მზია, მაღრაძე თინათინი, მახვილაძე რევაზი, მახვილაძე ნოდარი, მელქაძე თეიმურაზი, მორგოშია დავითი, მსხილაძე ნინო, სუთიძე ლიანა, სულამანიძე არტური, ტაბატაძე დემური, ფოფორაძე ნოდარი, ქორქია ქეთევანი, ქრისტესიაშვილი ელინა, ღარიბაშვილი ირმა, ჩიქოვანი არჩილი, ყრუაშვილი ირაკლი, წერეთელი მაია, წიქარიშვილი მალხაზი, ჭანტურია მაია, ხმელიძე თამაზი, ხმელიძე კახაბერი, ჯანყარაშვილი დავითი.


აბაშიძე გურამი - პროფესორი, სამთო მექანიკის ინსტიტუტი.
ბალანჩივაძე ლია - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ბაქანიძე შახი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ბეროძე ამირანი - ინჟინერი, თბილმეტროპოლიტენის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურის ტექნიკური განყოფილების უფროსი.
ბირკაია ნივერი - ინჟინერი, მოსკოვის ცენტრალური სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტის მმართველის მოადგილე.
ბოჭორიშვილი ნაომი - პროფესორი, სტუ, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი.
გურეშიძე გინა - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ეზუგბაია ზურაბი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ესართია გელა - სტუდენტი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ვანიშვილი თამარი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, ეკონომისტი, დავით აღმაშენებლის სახელობის
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, ქ. გორი.
ვერულაშვილი ფატიმა - ასოც. პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
თავაძე მერაბი - სტუდენტი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
იმედაძე როინი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
მანჯავიძე მზია - ასოც. პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
მაღრაძე თინათინი - ასისტენტ პროფესორი, სტუ. სამშენებლო ფაკულტეტი.
მახვილაძე ნოდარი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
მახვილაძე რევაზი - ასოც. პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
მელქაძე თეიმურაზი - ასოც. პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
მორგოშია დავითი - სტუდენტი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
მსხილაძე ნინო - ასოც. პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
სუთიძე ლიანა - ასოც. პროფესორი, სტუ, სატრ. და მანქანათმშენებლობის ფაკ-ტი.
სულამანიძე არტური - პროფესორი, სტუ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი.
ტაბატაძე დემური - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ფოფორაძე ნოდარი - პროფესორი, სტუ, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი.
ქორქია ქეთევანი - აკადემიური დოქტორი, „ქართუ“ ჯგუფი, სამშენებლო პროექტების კოორდინატორი.
ქრისტესიაშვილი ელინა - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ღარიბაშვილი ირმა - ასოც. პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ჩიქოვანი არჩილი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ყრუაშვილი ირაკლი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
წერეთელი მაია - დამოუკიდებელი დიზაინერი.
წიქარიშვილი მალხაზი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ხმელიძე თამაზი - პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.
ხმელიძე კახაბერი - საინჟინრო ინფორმატიკის სპეციალისტი.
ჯანყარაშვილი დავითი - ასოც. პროფესორი, სტუ, სამშენებლო ფაკულტეტი.




კომპიუტერული უზრუნველყოფა  კახაბერ ხმელიძის.

რეცენზენტები:  პროფესორი არჩილ მოწონელიძე
პროფესორი ვაჟა პაპასკირი





წინასიტყვაობა


   მშენებლობა სახალხო მეურნეობის ისეთი დარგია, რომელთანაც ყოველდღიური შეხება აქვს ნებისმიერ ადამიანს და რაც უფრო გათვითცნობიერებულია იგი ამ საქმეში, მით უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებს თავისი საცხოვრებელი გარემოს კეთილმოწყობაში, აგრეთვე ქალაქის, რაიონის, სოფლის და, შესაბამისად, ქვეყნის იერსახის გალამაზებაში.
   საქართველოში უშუალოდ მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა ასი ათასს აჭარბებს, ხოლო მშენებლობასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით კიდევ ერთი ამდენია, ამიტომ ცხადია, ქვეყნის მოსახლეობის დაინტერესება ყველანაირი სამშენებლო მიმართულების როგორც ნორმატიულით, ისე საცნობარო და საგანმანათლებლო ლიტერატურით. ამ მხრივ ქართული სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი, ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
   ნებისმიერ ლექსიკონს (ბეჭდვითს ან ელექტრონულს), როგორც ერის კულტურის გამომხატველს, განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება ცივილიზაციის გზაზე და უპირობოდ ასახავს ერის განათლების დონეს.
   განმარტებითი ლექსიკონის უპირატესობა სხვა სახის ლიტერატურასთან ისაა, რომ მკითხველი, ლექსიკონის დახვეწილი სტრუქტურის მეშვეობით, კარგად ეუფლება შინაარსს და ინფორმაციასაც ამომწურავად იღებს, მით უმეტეს, თუ ლექსიკონი მდიდარია თვალსაჩინო მასალებითა და ილუსტრაციებით.
   პროფ. დ. პერკინსის (აშშ) აზრით, ერის განვითარების დონეს განსაზღვრავს ხარისხიანი განათლება ანუ ადამიანისათვის იმგვარი ცოდნის მიცემა, რომელსაც იგი შეინარჩუნებს, გაიაზრებს და აქტიურად გამოიყენებს ცხოვრებაში (გენერაციული ცოდნა). ეს არის მყარი, სისტემური და დინამიკური ცოდნა, რომლის მუდმივად განახლება და გაღრმავება შესაძლებელია. ხარისხიანი განათლება გენერაციული ცოდნის მიღებას გულისხმობს, რომლის მისაღებად საჭირო ატრიბუტია ხელმისაწვდომი საცნობარო ლიტერატურა მშობლიურ ენაზე (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, ნორმები, რეკომენდაციები, სტანდარტები და სხვ.).
   დასავლეთის ანალოგიურად, ჩვენს ქვეყანაში განათლება ცალკე დარგია და ამ დარგის განვითარება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლისათვის.
   მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ლექსიკონებია: ფრანგული ენის აკადემიური ლექსიკონი, ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონი, ი. და ვ. გრიმების ენის განმარტებითი გერმანული ლექსიკონი, თანამედროვე რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი და სხვ.
   ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ლექსიკონთაგან უძველესია პაოლინის მიერ შედგენილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი (3084 ტერმინი); სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვათა კონა“ (1713); ნ. და დ. ჩუბინაშვილების ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები (1840-1887 წწ.); ა. ჩიქობავას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული; ვ. ბერიძის, რ. დვალის, რ. ღამბაშიძის ტექნიკური ტერმინოლოგია (1957 წ., 1987 წ. - 50 000 ტერმინი) და სხვ.
   ჩვენთვის ხელმისაწვდომი რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული ტექნიკური ლექსიკონების უმრავლესობა წარმოადგენს ორენოვან ნაშრომს, რომელშიც ერთ ენაზე მოცემული ტერმინი ნათარგმნია მეორე ენაზე და თითქმის არ გვხვდება განმარტებითი ლექსიკონები.
   განმარტებითი ლექსიკონი თავისი სტრუქტურითა და ფორმით გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი. იგი შუალედ მდგომარეობას იკავებს ენციკლოპედიასა და ჩვეულებრივ ლექსიკონებს შორის. ალბათ ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი პირობა მათი სიმცირისა.
   მართალია ორენოვანი ლექსიკონები აუცილებელია საზოგადოებისათვის, მაგრამ განმარტებით ლექსიკონებზეც არანაკლები მოთხოვნაა ამა თუ იმ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო სპეციალობის მქონე კონტინგენტისაგან. დღეისათვის საქართველოში გვაქვს ტერმინოლოგიური ლექსიკონები, საარჩევნო ტერმინთა, სამედიცინო ტერმინოლოგიის და სხვ., რაც ოდნავადაც ვერ ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც გვაქვს ამ მიმართულებით.
   უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად ძირითადი და სავალდებულო ლექსიკონების თვალსაზრისით მკვეთრად ჩამოვრჩებით იმ დონეს, რომელიც ევროპული სტანდარტებით მოეთხოვება განვითარებული მწიგნობრობის ქვეყანას, და ეს ჩამორჩენა თანდათანობით გამოუსწორებელ ხასიათს იძენს. ჩვენ არა გვაქვს თანამედროვე, კომპეტენტური, მუდმივად განახლებადი ლექსიკონები (ბეჭდური და ელექტრონული) ევროპულ და აღმოსავლურ ენებთან მიმართებაში, ხოლო ტექნიკურ დარგებში განმარტებითი ლექსიკონების გამოცემის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა.
   მშენებლობის დიდი მასშტაბები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ამოცანები, დღის წესრიგში აყენებს სამშენებლო ინდუსტრიის, კერძოდ კი საშენი მასალების, კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, დაგეგმვის, მენეჯმენტის, გაანგარიშების მეთოდების, ხარისხის გაუმჯობესების, კონტროლის, ნაგებობების დაპროექტების, ცეცხლმედეგობის, სახანძრო უსაფრთხოების, შრომის დაცვის და სხვათა სრულყოფას, ეს კი მჭიდროდ არის დაკავშირებული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, ლაბორატორიული კვლევების დანერგვასთან, მეცნიერებასთან, კომპიუტერიზაციასთან და დასასრულ, სამშენებლო კადრების კვალიფიკაციის უცილობელ ზრდასთან. ყოველივე ამის მისაღწევად პირველი რიგის ამოცანაა, ქვეყანაში მშობლიურ ენაზე გვქონდეს მაღალი ხარისხის დარგის საცნობარო ლიტერატურა და მათ შორის სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი.
   ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია. ენა მუდმივად ცვალებადი ფენომენია, ჩნდება ახალი სიტყვები, განუწყვეტლივ იცვლება ტერმინების გამოყენების რეგისტრი. ჩნდება უამრავი ახალი რეალია, რასაც ასახვა სჭირდება ენაში და ა.შ.
   მშენებლობა ყველაზე მგრძნობიარე დარგია ენის მიმართ, რადგან სისტემატურად ხდება ახალი, უცხო ტერმინოლოგიის შემოჭრა და ქართული ენის სიწმინდე და არქაიზმისაგან დაცვა არა მარტო ენათმეცნიერების, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია.
   ენა გადამწყვეტ როლს ასრულებს ხალხის კულტურის განსაზღვრაში; იგი ერთ-ერთი უმთავრესია იმ ფაქტორთაგან, რომელნიც განაპირობებენ ერთი ერის განსხვავებას მეორესაგან. ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში ენას ცენტრალური როლი განეკუთვნება; ხოლო ლექსიკონი წარმოადგენს უმთავრეს ინსტრუმენტს ამ იდენტობის შესაცნობად და წარმოსაჩენად.

   ქართულ ენაზე სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის შექმნის აუცილებლობა განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:
    საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა (≈85%) არ იცის ინგლისური, რომელ ენაზედაც
     პრაქტიკულად შეიძლება მოვიპოვოთ ნებისმიერი საცნობარო ლიტერატურა მშენებლობის ხაზით;
    საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა (ძირითადად ახალგაზრდობა ასაკით 20-30 წელი) არ იცის რუსული,
     რომელ ენაზეც შეიძლება მოვიპოთ საკმარისი საცნობარო ლიტერატურა მშენებლობის ხაზით;
    ამ ლიტარატურის დიდი ნაწილი ინტერნეტში რიგითი მომხმარებლისათვის მიუწვდომელია;
    ქართული ლექსიკოგრაფია ღარიბია ამ მიმართულებით. არ მოგვეპოვება არანაირი განმარტებითი
     ლექსიკონი მშენებლობის ხაზით, არსებობს მხოლოდ ენობრივი ლექსიკონები და ტექნიკური ტერმინოლოგიები;
    სამშენებლო ლექსიკონის შექმნა აიძულებს მომხმარებელს საფუძვლიანად შეისწავლოს კომპიუტერი და
     ამ მიმართულებით დაუახლოვდეს განვითარებული ქვეყნების ტექნიკურ ინტელიგენციასა და სამეცნიერო წრეებს.

   სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის (ელექტრონული, ბეჭდვითი) მიზანია:
    ქართველ მშენებლებს და ამ საქმით დაინტერესებულ ყველა პირს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს
     მშენებლობასთან დაკავშირებული ტერმინების საგნობრივი განმარტებები;
    გამოიყენოს ელექტრონული ბაზების შექმნის პროცესი და მოახდინოს ახალი იდეების აპრობაცია;
    შექმნას ახალი სტრუქტურული ლექსიკონების დანერგვის პრეცედენტი საქართველოში;
    ქართულ სამშენებლო ინტელიგენციასთან უშუალო დიალოგის შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ
     ლექსიკოგრაფებს, პრაქტიკული ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის უახლესი პრობლემების მკვლევარებს,
     გამომცემლებს, ელექტრონულ და ონლაინ-ლექსიკონებზე, ელექტრონულ ბაზებზე მომუშავე პროგრამისტებსა და,
     ზოგადად, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიით დაინტერესებულ პირებს.

   ლექსიკონის პროექტის განსახორციელებლად გადაწყვეტილი იქნა შემდეგი ამოცანები:
   1. მშენებლობის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაცია;
   2. სამშენებლო ტერმინების, სიტყვების, ფრაზეოლოგიების მოძიება ქართულ და უცხოურ ენებზე;
   3. ლექსიკონის სამუშაო პროგრამის შექმნა და ინტერნეტ სივრცეში მოსათავსებლად ვებვერსიის გენერირება;
   4. უცხოური ტერმინების გადმოქართულება;
   5. სამუშაოს დასრულების შემდეგ ლექსიკონის საბოლოო ვარიანტის აწყობა.

   ლექსიკონზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნა სამშენებლო მიმართულებების შემდეგი კლასიფიკაცია:
   1. სამშენებლო კონსტრუქციები (ქვა, ხე, ლითონი, რკინაბეტონი, პლასტმასა, მინა);
   2. ფუძე-საძირკვლები და გრუნტების მექანიკა;
   3. საშენი მასალები;
   4. მშენებლობის ტექნოლოგია;
   5. მშენებლობის ორგანიზაცია და მენეჯმენტი;
   6. მშენებლობის ეკონომიკა;
   7. კოსმოსური ნაგებობები და კონსტრუქციები;
   8. სეისმომედეგი მშენებლობა;
   9. შენობა-ნაგებობების დაპროექტება;
   10. მშენებლობის დოკუმენტაცია;
   11. სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა;
   12. შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზე;
   13. შენობებისა და ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოება;
   14. მშენებლობის ელმომარაგება;
   15. საინჟინრო გეოდეზია;
   16. შრომა და ადამიანური რესურსები;
   17. მაღლივი შენობები და ნაგებობები;
   18. დიდმალიანი კონსტრუქციები;
   19. კომპიუტერული დაპროექტების სისტემები მშენებლობაში;
   20. არქიტექტურა;
   21. ქალაქთმშენებლობა;
   22. არქიტექტურული დიზაინი;
   23. არქიტექტურის თეორია;
   24. ხუროთმოძღვრება;
   25. საკულტო ნაგებობები, ეკლესიები, მონასტრები, ტაძრები;
   26. ჰიდროტექნიკური მშენებლობა;
   27. ჰიდრავლიკა;
   28. საინჟინრო ჰიდროეკოლოგია;
   29. საზღვაო ნაგებობები და ნავსადგურები;
   30. საინჟინრო მელიორაცია;
   31. წყალმომარაგება;
   32. წყალარინება;
   33. თბოაირმომარაგება და ვენტილაცია;
   34. თბოტექნიკა;
   35. ენერგეტიკული მშენებლობა;
   36. სატრანსპორტო მშენებლობა (გზები, გვირაბები, ესტაკადები და სხვ.);
   37. აეროპორტები და აეროდრომები;
   38. სამშენებლო ფიზიკა;
   39. მასალათა გამძლეობა;
   40. თეორიული მექანიკა;
   41. სამშენებლო მექანიკა;
   42. სამშენებლო ნორმები და წესები;
   43. ევროკოდები;
   44. მსოფლიო სამშენებლო ნორმები;
   45. ზოგადი ტერმინები;
   46. საგანგებო სიტუაციები;
   47. მშენებლობის ბიზნესი;
   48. გეოლოგია;
   49. გეოინჟინერია;
   50. მეტალურგია, მასალათმცოდნეობა, ლითონების დამუშავება;
   51. სამხედრო ინჟინერია;
   52. საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა ხელოვნური ნაგებობები;
   53. სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია.

   ლექსიკონზე მუშაობისას დაძლეული იქნა შემდეგი ეტაპები:
    მოთხოვნათა სისტემის დამუშავება, რომელიც ეხება მომხმარებელთა წრეს;
    მოთხოვნათა სისტემის დამუშავება, რომელიც ეხება ლექსიკონის ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა აღწერა, მოცულობა, სტრუქტურა;
    ტექსტების მომზადება, კონტექსტების გაწერა, გრამატიკული ფორმების დახასიათება;
    ექსპერიმენტული მონაცემების განზოგადება;
    დამატებითი ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია ყოველ ერთეულ ტერმინზე;
    სალექსიკონო სტატიების გაფორმება;
    ლექსიკონის გაფორმება.

   ლექსიკონზე მუშაობისათვის შედგენილი იქნა პროგრამა tlTerm (ტლტერმ), რომლის საფუძვლად გამოყენებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კომპანია „TshwaneDIe”-ის (შვეინ დლ) დამფუძნებლების, პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებლებისა და ლექსიკოგრაფიის ექსპერტების დევიდ ჯოფესა და პროფესორ ჯილ-მორის შრივერის ტერმინოლოგიის მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა TLex Suite (ტლექს სუიტ) შემდეგი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით:
   1. სიტყვის (ტერმინის) ძებნა ხორციელდება როგორც საკვანძო სიტყვების, ისე რეგულარული გამოსახულების მიხედვით;
   2. საკვანძო სიტყვებით განხორციელებული ძებნის შედეგი არ არის დამოკიდებული სიტყვის გრამატიკულ ფორმასა და საძიებელ ველში მათ განლაგებაზე;
   3. სალექსიკონო ბაზა სინქრონიზებადია ონლაინბაზასთან;
   4. პერსონალური კომპიუტერის აპლიკაცია მუშაობს საინსტალაციო დისკისა და ინტერნეტის გარეშე, ერთჯერადი დაინსტალირების შემდეგ;
   5. პერსონალური კომპიუტერის აპლიკაციაში შესაძლებელია ლექსიკონში არარსებული სიტყვის დამატება ან არსებული სიტყვების განმარტების რედაქტირება;
   6. ონლაინვერსიას აქვს ნავიგაციის მოქნილი სისტემა;
   7. ლექსიკონის ონლაინვერსიაში შედის სრული ინფორმაცია პერიოდული ლექსიკური განახლებისა და სიტყვების სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ.

   ონლაინ ლექსიკონით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტის ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით, რომელიც სტანდარტული ქართულენოვანი ვებ-გვერდების სრულყოფილად გამოსახვისა და მათთან ინტერაქციის საშუალებას იძლევა.
   სიტყვების მართლწერა შესაბამისობაშია ქართული სიტყვის განმარტებითი ლექსიკონისა და ტექნიკური ტერმინოლოგიის მონაცემებთან. ტრანსკრიფციები გათვალისწინებული არ არის, ვინაიდან ქართული სიტყვები იწერება ისე, როგორც გამოითქმის.
   ლექსიკონში ტერმინები დალაგებულია ანბანური პრინციპით. ელექტრონულ ონლაინ-ვერსიაში განთავსებულია ცალკე ფაილი, რომელიც თავს მოუყრის მკითხველის შენიშვნებს და წინადადებებს გამოთქმულს ლექსიკონის მიმართ.
   ლექსიკონის ვიზუალური სივრცე დატვირთულია ფორმულებით, სქემებით, ნახაზებითა და ფერადი ილუსტრაციებით, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს ღრმად ჩაწვდეს ტერმინის შინაარსს.
   სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი - იქნება პირველი სრულყოფილი სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე, რომელიც მოემსახურება სამშენებლო საქმით დაკავებულ ქართველ მომხმარებელს: ინჟინრებს, დოქტორანტებს, მაგისტრებს, ბაკალავრებს, არქიტექტორებს, დამპროექტებლებს, სამუშაოთა მწარმოებლებს, სამშენებლო სფეროში მოღვაწე მეცნიერებსა და ექსპერტებს, ბიზნესმენებს, ინვესტორებს, საჯარო რეესტრს, სანოტარო ბიუროებს, ადვოკატებს, სასამართლოებს, პროკურატურას, სამინისტროებს, ქალაქებისა და რაიონების მუნიციპალურ სამსახურებს, ქართული (ტექნიკური) ენის შესწავლის მსურველ უცხოელებს, ჟურნალისტებს, მშენებელ მუშებს, საზოგადოების ფართო ფენებსა და ა.შ.
   სამშენებლო ტერმინების შინაარსობრივი ცოდნა სჭირდებათ არა მარტო პროფესიონალ მშენებლებს, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილსაც და ბუნებრივია, რომ ლექსიკონი დიდ სარგებლობას მოუტანს პოტენციურ მომხმარებელს.
   ამჟამად, საქართველოს სინამდვილეში, სამშენებლო ლიტერატურა - ცნობარი, სახელმძღვანელო, რეკომენდაციები, სტატიები და სხვ. ზომაზე მეტადაა დანაგვიანებული უცხო ენებიდან (განსაკუთრებით რუსული ენიდან) შემოსული კალკებით, რაც აკნინებს მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქართულ ენას. ლექსიკონის ავტორების ძალისხმევით ეს პრობლემა მოხსნილი ან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
   მშენებლობის დიდი მასშტაბები მჭიდროდ არის დაკავშირებული კვალიფიციური, მცოდნე სამშენებლო კადრების მომზადებასთან, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასთან, მეცნიერული მიმართულების დახვეწასთან, კომპიუტერიზაციასთან, ქართული სამშენებლო ნორმებისა და წესების შექმნასთან და სხვ. ამის მისაღწევად ქართულ ენაზე სამშენებლო განმარტებითი ლექსიკონის მომზადება და გამოცემა უდავოდ დიდი ეროვნული საქმეა.



თამაზ ხმელიძე
ლევან კლიმიაშვილი





   პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარეს თამაზ ხმელიძეს. Mob.: 599 54 91 91; email: xmeltam@gmail.com. სიამოვნებით მივიღებთ ყველა საქმიან შენიშვნას და წინადადებას.

   დამუშავებული ტერმინების რაოდენობა: 12 400 (25.09.2015 წ.)







* * * * *

აალება - წვადი ნივთიერების ორთქლის ან აირების ნელი და მდგრადი წვა (ნახ. 1), რომელიც გამოწვეულია ღია ცეცხლის ალით ან გავარვარებული საგნის შეხებით. გამოყოფილი სითბოს რაოდენობა საკმარისია წვადი მასალის შემდგომი ნაწილის გასახურებლად და აალების გასავრცელებლად, სანამ ნივთიერება ბოლომდე არ დაიწვება. ა. გარეგანი სითბოს წყაროს გარეშე თვითაალება ჰქვია. აალების უნარი აქვს საწვავი აირების ნარევებს: მეთანისა და ჰაერის ან ჟანგბადის, ბენზინის ორთქლისა და ჰაერის, წყალბადისა და ჟანგბადის, წყალბადისა და ქლორის და სხვა ნარევებს. სითხეების აალებას წინ უსწრებს სითხის აორთქლება და ორთქლის ჰაერთან შერევა. იწვის არა სითხე (სპირტი, ბენზინი), არამედ მისი ორთქლი. ტემპერატურას, რომელზედაც გახურებულ ზედაპირთან კონტაქტში მყოფი ნივთიერება აალდება, აალების ტემპერატურა ეწოდება.

აალებადი ნივთიერებები - აირები, რომლებიც ნორმალური წნევის პირობებში ჰაერთან შერევისას აალებადი ხდებიან.

აალების თბური იმპულსი - ღია ცეცხლი, ნაპერწკალი, გახურებული ზედაპირი, ბოლომდე დაუწვავი საწვავის ნარჩენები და ა.შ.

აალების იმპულსები - შეიძლება იყოს თბური, ქიმიური, მიკრობიოლოგიური.

აალების მიკრობიოლოგიური იმპულსი - სითბოს გამოყოფის თანხლებით შეიძლება წარმოიქმნას ისეთ ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენენ მიკრო ორგანიზმებისათვის საკვებ გარემოს (მაგ., ტორფი).

აალების ტემპერატურა - მინიმალური ტემპერატურა, რომელიც საჭიროა ნივთიერების აალებისათვის.

აალების ქიმიური იმპულსი - ზეთის დაჟანგვა სუფთა ჟანგბადის მოქმედებით, ნახერხის აალება მასზე კონცენტრირებული აზოტმჟავის მოქმედებით და სხვ.

აბაზანა - სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი ან აპარატი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად შევსებულია თხევადი გარემოთი (წყალი, ხსნარი, ნადნობი), აგრეთვე გამდნარი გარემო ზოგიერთი ღუმელისათვის (მაგ., მინის სადნობი).

აბაზანა საჟღენთი - მოწყობილობა, რომელშიც ხდება მერქანში სხვადასხვა ნივთიერების შეყვანა მისი ფიზიკურ-მექანიკური ან ბიოლოგიური თვისებების შეცვლის ან შეღებვის მიზნით.

აბაზანა ცხელ-ცივი - მოწყობილობა, რომელშიც ხდება ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი ტემპერატურული გარემოს შექმნა (მაგ., მერქნის თერმული დამუშავებისათვის).

აბაზანა წყლის - წყლის მოსათავსებელი ტექნიკური მოწყობილობა; საბანაოდ ან წყლით მკურნალობისათვის განკუთვნილი ჭურჭელი.

აბაზანური ღუმელი - ღუმელი მასალების გასაცხელებლად თხევად გარემოში. ა.ღ. გამოიყენება თერმულ საამქროებში ლითონის დეტალების გასაცხელებლად წრთობის, გამოწვის, ციანირების, ნორმალიზაციის, ცემენტაციის მიზნით, აგრეთვე მავთულის და ლენტის პატენტირებისათვის. ჩვეულებრივი ღუმელისაგან ა.ღ. განასხვავებს გაცხელების სისწრაფე და თანაბრობა, დეტალების ზედაპირზე ჟანგვის პროცესის არარსებობა. ა.ღ. არის ორი სახის: ელექტრო და ცეცხლის ალზე მომუშავე. ყველაზე მეტადაა გავრცელებული ერთ- და სამფაზიანი ელექტროდებ-მარილიანი ღუმელები, სადაც გამაცხელებელ აგენტად გამოიყენება გამდნარი მარილი, რომელიც ჩაიტვირთება შამოტის აგურით ამოგებულ მუშა კამერაში, ან ცეცხლგამძლე ფოლადის ღუმლის ტიგელში.

აბაკი (ბერძ.) - 1. კაპიტელის ზედა ნაწილი, რომელიც, ჩვეულებრივ, კვადრატული ფილაა, სწორი (დორიული ორდერი) ან ჩაზნექილი (კორინთული ორდერი) ნაპირებით; 2. დაფა, რომელსაც იყენებდნენ არითმეტიკული ანგარიშისათვის ძველ საბერძნეთში, რომში და შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მე-18 ს.- მდე; დაყოფილი იყო ზოლებად, რომლებშიც გადაადგილებდნენ ხოლმე კოჭებს, ქვებს და მისთ (ნახ. 1).

აბანო - ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა, სადაც, ცხელი წყლის გარდა, ზოგჯერ იყენებენ ცხელ ჰაერს (თურქული, ფინური) ან ორთქლს (რუსული).

აბანოზი - ძვირფასმერქნიანი ხე, იგივე ეკალმუხა, იგივე "შავი ხე". ხარობს ინდოეთში, შრი-ლანკასა და აფრიკის კონტინენტზე (ნახ. 1). იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხეა (1 მ3 აბანოზის მერქანი 100 000 ამერიკული დოლარი ღირს). ა. მერქნისაგან ამზადებენ ძვირფას ავეჯს. იატაკს, სამკაულებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, სტატუებს და სხვ.

აბანოზისებრნი - ძვირფასმერქნიან მცენარეთა ოჯახი, ხარობს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

აბანოთუბანი (თათრის მეიდანი) - ძველი თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (ნახ. 1).

აბაში - ფოთლოვანი ჯიშის ხე. ხარობს ეკვატორულ აფრიკაში. აქვს მოყვითალო-თეთრი მერქანი, დაბალი თბოგამტარობა და თბოტევადობა, მაღალი წყალმედეგობა, არა აქვს კორძები; ახასიათებს სიმსუბუქე, პლასტიკურობა, დიდხანს ინარჩუნებს პირველ სახეს. ფართოდ გამოიყენება საუნების მოსაპირკეთებლად.

აბელია - არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი რეგიონი ქვემო ქართლში (ახლანდელი აბელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).

აბერაცია - ოპტიკურ სისტემებში (ლინზა, ფოტოაპარატი, მიკროსკოპი) მიღებული გამოსახულების დამახინჯება (ნახ. 1).

აბზეცერი - მრავალჩამჩიანი ექსკავატორი ფუჭი ქანის ამოსაღებად და კარიერის ნაყარზე გადასატანად (ნახ. 1).

აბიოტური ფაქტორები (ბერძ.) - არაორგანული ბუნების ფაქტორების ერთობლიობა, რაც განსაზღვრულ როლს ასრულებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობაში (მაგ., ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე და სხვ.)

აბისალი (ფრანგ.) - ზღვის (ოკეანის) ყველაზე ღრმა ზონა (2 000 მეტრზე მეტი).

აბისალური - ის რაც დაკავშირებულია ზღვის სიღრმესთან ან დედამიწის ქერქის ქვედა არეებთან

აბლაცია - ნივთიერების მასის ართმევა სხეულის ეროზიის ან ლღობის დროს

აბოლიცია - სამართლებრივი აქტის ან თანამდებობის გაუქმება; სისხლის სამართლის შეწყვეტა ისეთ სტადიაში, როდესაც ბრალდება ჯერ იურიდიულად დადგენილი არ არის

აბრა - წარწერიანი დაფა, ფირნიში.

აბრაზია - ზღვის ტალღების მოქმედების შედეგად ქანების მსხვილ ნატეხებად დანგრევა, შემდეგ კი მათი ქვიშად და თიხად გადაქცევა. ზღვის ნაპირის ნგრევა-ჩარეცხვა ტალღების მოქმედებით.

აბრაზივი - ბუნებრივი წარმოშობის სალი მინერალის (კორუნდი, კვარცი, კაჟი, პემზა) ან ხელოვნური (ალმასი, ალბორი) აბრაზიული ფხვნილი, რომლისგანაც აბრაზიული ინსტრუმენტები და ზუმფარა (გამოიყენება მერქნის ზედაპირის გასახეხად) მზადდება.

აბრაზიული ინსტრუმენტი - ლითონის, მინის და სხვ. მასალების აბრაზიული დამუშავებისათვის საჭირო ინსტრუმენტი. მზადდება დანაწევრებული აბრაზიული მასალების საფუძველზე შემკრელი ნივთიერებების გამოყენებით. ძირითადი ა.ი.: სახეხი რგოლები, ძელაკები, სათავეები, სეგმენტები, ზუმფარა, სახეხი ფხვნილები და პასტები.

აბრაზიული ცვეთა - მასალის მექანიკური ცვეთა, რომელიც ხდება მასზე თავისუფლად ან ფიქსირებულ მდგომარეობაში მყოფი სალი ნაწილაკების (აბრაზივების) ზემოქმედების შედეგად. ეს ნაწილაკები კაწრავს მოხახუნე ზედაპირებს ან კიდევ ასრულებს საჭრისის მოვალეობას და იწვევს ინტენსიურ ცვეთას. ასეთ ცვეთას განიცდის სასოფლო-სამეურნეო მანქანების ძირითადი მუშა ორგანოები - გუთნის სახნისები, კულტივატორების თათები და სხვ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ აბრაზიული ნაწილაკები იმყოფება ზეთში, ნიადაგში, მცენარეთა ღერებში და ფოთლებში. აბრაზიული ცვეთის დროს ხდება მექანიკური და მექანიკურ-ქიმიური პროცესები. აღნიშნული სახის ცვეთა ფართოდ არის გავრცელებული ასევე შიგაწვის და დიზელის მექანიზმებში. აბრაზიული ნაწილაკები მოხვდება ზეთში, გადაადგილდება მასთან ერთად შეზეთვის სისტემაში და ჩაინერგება შედარებით რბილ ზედაპირში. ამის შემდეგ ისინი ასრულებენ საჭრისის როლს და პერიოდულად აცილებენ მოპირდაპირე ზედაპირის ფენებს ბურბუშელას სახით.

აბრაზიულობა - გადასამუშავებელი მასალის უნარი (თვისება) გაცვითოს მათზე მოხახუნე მუშა ორგანოების ზედაპირები. მაგ., ქვასამსხვრევებში - სამსხვრევი ფილები, ჩაქუჩები, ლილვაკების არტახები; ბეტონსარევებში - შემრევი ლილვების ნიჩბები; წისქვილებში - დამფქვავი სხეულები (ფოლადის ბურთულები, ღეროები, ჯავშანფილები) და სხვ. აბრაზიულობის შკალის მიხედვით გვაქვს 5 კლასის მასალები (გრუნტები): არა აბრაზიული, მცირე აბრაზიული, საშუალო აბრაზიული, მაღალ აბრაზიული და ძალზე მაღალ აბრაზიული. გადასამუშავებელი გარემოს აბრაზიულობა აისახება მუშა ორგანოების სამსახურის ვადაზე.

აბრამცევული ჭრა - ხალხურ ტრადიციებზე დაფუძნებული ხის მოჩუქურთმება; ავეჯის, სათამაშოების, ჭურჭლის დამზადება.

აბრისი - 1. გაბარიტი, კონტური, კონფიგურაცია; საგნის გარე მოხაზულობა; 2. მონახაზი; ტოპოგრაფიულ სამუშაოებში ხელით შესრულებული ნახაზი, რომელზეც დატანილია მიღებული მონაცემები.

აბსიდი - იხ. აფსიდი.

აბსოლუტი (ლათ.) - სამყაროს უსასრულო პირველმიზეზი, მარადიული და განუსაზღვრელი საფუძველი ყოველივესი.

აბსოლუტურად გლუვი სხეული - სხეული, რომლის რეაქცია ყოველთვის მისი ზედაპირის ნორმალის გასწვრივ არის მიმართული.

აბსოლუტურად მქისე სხეული (ხორკლიანი სხეული) - სხეული, რომელსაც შეუძლია ურთიერთქმედება განუსაზღვრელი სიდიდის ხახუნის ძალით.

აბსოლუტურად მყარი სხეული - მყარი სხეულის თეორიული მოდელი, რომლის ყოველ ორ წერტილს შორის მანძილი უცვლელი რჩება, რაგინდ დიდი ძალაც უნდა მოქმედებდეს მასზე; ე.ი. ეს არის სხეული, რომლის გეომეტრიული ფორმა და ზომები არ იცვლება სხვა სხეულების მექანიკური ზემოქმედების შედეგად. მას ზოგჯერ უცვლად ნივთიერ სხეულს უწოდებენ.

აბსოლუტური (ლათ.) - თავისთავადი, არაშეფარდებითი, სრული, სრულყოფილი, შეუზღუდველი, უპირობო, უსაზღვრო; ის, რაც სხვაზე არ არის დამოკიდებული.

აბსოლუტური აჩქარება - მოძრავი წერტილის აჩქარება ათვლის აბსოლუტური (უძრავი) სისტემის მიმართ.

აბსოლუტური დაგრძელება (დამოკლება) - ელემენტის პირველსაწყისი სიგრძის დაგრძელება (დამოკლება).

აბსოლუტური დრო - აბსტრაქტული დრო, საერთო ათვლის ყველა იმ სისტემისათვის, რომელიც მიიღო ნიუტონმა დინამიკის კანონების ფორმულირებისას. გამოყენებითი მექანიკის ამოცანებში, როგორც წესი, ა.დ. ნაცვლად შეიძლება საკმაო სიზუსტით ვისარგებლოთ საშუალო მზიური დროით.

აბსოლუტური მონოპოლია - ბაზარი ითვლება აბსოლუტურად, თუ მასში ფუნქციონირებს პროდუქციის ერთი მწარმოებელი. ამასთან, ამ პროდუქტს არ მოეპოვება შემცვლელი სხვა დარგებში.

აბსოლუტური მოძრაობა - მოძრაობა ათვლის აბსოლუტური (უძრავი) სისტემის მიმართ.

აბსოლუტური ნიშნული - ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან.

აბსოლუტური სიდიდე - ნამდვილი ან კომპლექსური რიცხვის მოდული.

აბსოლუტური სიჩქარე - მოძრავი წერტილის სიჩქარე ათვლის აბსოლუტური (უძრავი) სისტემის მიმართ.

აბსოლუტური ტემპერატურა - აბსოლუტური ნულიდან ათვლილი ტემპერატურა.

აბსოლუტური ტენიანობა - წყლის ორთქლის რაოდენობა, რომელსაც შეიცავს 1 მ3 ჰაერი.

აბსოლუტური ტრაექტორია - წერტილის ტრაექტორია ათვლის აბსოლუტური (უძრავი) სისტემის მიმართ.

აბსოლუტური უპირატესობა - იურიდიული პირი რომელიც სხვა იურიდულ პირზე უფრო დაბალი ფასით აწარმოებს საქონელს.

აბსოლუტური ცდომილება - რაიმე სიდიდის ზუსტ მნიშვნელობასა და მის მიახლოებით მნიშვნელობას (მეტობით ან ნაკლებობით) შორის სხვაობის მოდული

აბსოლუტური ძალა - ინერციის ძალა, რომელიც გამოსახულია ნივთიერი წერტილის მასის და მისი აბსოლუტური აჩქარების ნამრავლით, აღებული მინუს ნიშნით.

აბსორბენტი - ნივთიერება, რომელსაც აირების ან სხვა ნივთიერების შთანთქმა, შეწოვა, აბსორბირება შეუძლია.

აბსორბერი - მოწყობილობა, რომელშიც აბსორბენტის მეშვეობით აირების ან სხვა ნივთიერების შთანთქმა ხდება.

აბსორბცია - შთანთქმა, შეწოვა, შესრუტვა. ტექნიკაში და ქიმიურ მრეწველობაში ყველაზე ხშირად გვხვდება ა. აირების სითხეებით,  თუმცა ცნობილია აირებისა და სითხეების ა. პროცესები კრისტალური და ამორფული სხეულებით (მაგ., წყალბადი ლითონებით, დაბალმოლეკულური სითხეების და ლითონების ცეოლიტით, ნავთობპროდუქტების რეზინოტექნიკური ნაკეთობებით და სხვ.). პრაქტიკაში ხშირად იყენებენ ა. ნარევებში ნივთიერებების განცალკევებისას, თუ მათ განსხვავებული უნარი აქვთ აბსორბენტების შთანთქმისა. ანსხვავებენ ფიზიკურ ა. და ჰემოსორბციას. ფიზიკური ა. დროს შთანთქმის პროცესს არ ახლავს ქიმიური რეაქცია, ხოლო ჰემოსორბციის დროს აბსორბირებული კომპონენტი ერთვება ქიმიურ რეაქციაში აბსორბენტის ნივთიერებასთან. ნივთიერებები, რომლებიც განიცდიან ა. - შთანთქავენ ჰაერიდან წყლის ორთქლს და ამ გზით სველდებიან (მაგ., ჭუჭყიანი მარილი, ქლორ-კალციუმი, ხის პოტაში და სხვ.). ასეთ სხეულებს უწოდებენ ჰიგროსკოპულს. ხშირად ა. აიგივებენ ადსორბციასთან, რაც არასწორია. აბსორბცია - ეს არის აირული ნივთიერებების შეწოვა სითხეებით, რომელშიც მონაწილეობს აბსორბენტის (სითხის) მთელი მოცულობა, ხოლო ადსორბციის დროს პროცესში მონაწილეობს მყარი სხეულის ან სითხის მხოლოდ ზედაპირი. ა. იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში, აგრეთვე კოსმოსური ხომალდების სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებში. 

აბსტრაქტული - განყენებული, განყენებითი; განზოგადებული.

აბსტრაქტული ხელოვნება - უსაგნო ხელოვნება, განყენებული ფორმებისა და ხაზების გამოყენებით; უარყოფს რეალური საგნების გამოსახვას.

აბსტრაქცია (ლათ.) - აზრობრივი გამოცალკევება, შეცნობის ფორმა, რომელიც „კონკრეტულის“ საპირისპიროა და ემყარება აზროვნების შედეგად საგნის არსებული თვისებებისა და კავშირების გამოყოფას მისი სხვა თვისებებისა და კავშირებისაგან.

აბსცისა (ლათ.) - წერტილის ერთ-ერთი კოორდინატი დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში; მეტწილად ჰორიზონტალური კოორდინატი კოორდინატთა მართკუთხა ბრტყელ სისტემაში აღინიშნება x-ით.

აგარა - იგივეა რაც აგარაკი. “საზაფხულო სადგომი” (საბა).

აგარაკი - ქალაქგარეთა დასასვენებელი ადგილი. საცხოვრებელი სახლი სააგარაკო ადგილას.

აგეგმვა - განსაზღვრული ტერიტორიის ტოპოგრაფიული აზომვა.

აგენტი - 1. განსაზღვრული ფუნქციის მქონე ბითუმად მოვაჭრე, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციას მუდმივად წარმოადგენს და არსებულ საქონელზე იურიდიულად პასუხს არ აგებს; 2. ვისიმე დავალებით მოქმედი პირი; 3. ამა თუ იმ დაწესებულების, ორგანიზაციის წარმომადგენელი; 4. ამა თუ იმ სადაზვერვო ორგანოს საიდუმლო თანამშრომელი; 5. მოქმედი ფაქტორი, რომელიც იწვევს რაიმე პროცესს ან მოვლენას ბუნებაში.

აგენტურა - ფირმის, ორგანიზაციის, სახელმწიფოს აგენტთა ერთობლიობა.

აგლომერატი - 1. მეტალურგიაში - მცირე ზომის ნატეხების გროვა, ძირითადად გამდიდრებული მადნის კონცენტრატი (ნახ. 1, შავი აგლომერატი); 2. პეტროგრაფიაში - სამთო ქანებისა და მინერალების მსხვილი ნატეხების გროვა, ძირითადად ვულკანური წარმოშობის. ცემენტაციის შედეგად ა. მიიღება ტუფი, ბრეკჩია და სხვ.

აგლომერაცია - წვრილი საშენი მასალების ნატეხებად შეცხობის თერმული პროცესი.

აგლოპორიტბეტონი - მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც გამოყენებულია ფორიანი შემავსებელი აგლოპორიტი. აგლოპორიტისაგან, რომლის სტანდარტული ნარევის მოცულობითი წონაა 700...800 კგ/მ3, შესაძლებელია მივიღოთ ა. მარკით 50...100 მოცულობითი წონით 1200...1400 კგ/მ3 და ცემენტის ხარჯით 250...350 კგ 1 მ3 ბეტონზე. ა. ძირითადად გამოიყენება შენობის გარე კედლებისათვის, რომელიც აუცილებლად უნდა შეილესოს, რადგან ა. თავისუფლად ატარებს წყალს (ნახ. 1).

აგლოპორიტი - თიხოვანი ქანების  შეცხობით მიღებული საშენი მასალა (ნახ. 1). მარცვლებს აქვს მომრგვალებული ფორმა ზომით  5...20 მმ,  სიმკვრივით 300...700 კგ/მ.

აგლუტინატი - მკვრივ მასად შეცხობილი პიროკლასტური მასალა.

აგორა - საბერძნეთის ანტიკური ქალაქის თავდაპირველად სავაჭრო, შემდგომში საზოგადოებრივი და საქმიანი ცენტრი, რომელიც წარმოადგენდა სავაჭრო, საზოგადოებრივი და საკულტო ნაგებობებით განაშენიანებულ მოედანს.

აგრაფი - სტილიზებული მცენარეული მოტივი ბაღის პარტერის გასაფორმებლად XVII-XVIII საუკუნეებში. ქონდა ტოტების კონის, ფოთლების, ფურცლების სახე, რომელიც გამოდიოდა პარტერის კიდის ერთი წერტილიდან (ნახ. 1: აგრაფული კომპოზიცია).

აგრეგატი - 1. რთული მანქანა, რომელიც შედგება ერთმანეთთან შეერთებული სხვადასხვა ტიპის რამდენიმე მანქანისაგან (მაგ., ტრაქტორი და კომბაინი, ტურბოგენერატორი); 2. ქანი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მინერალის შენაერთს (მაგ., მარმარილო, გრანიტი); 3. სხვადასხვა ნაწილაკის ან საგნის მექანიკური შენაერთი.

აგრეგატირება - მანქანების და მოწყობილობების შექმნის ეფექტური მეთოდი მათი დაგეგმარებით უნიფიცირებული კვანძებისა და დეტალებისაგან, რომლებიც სერიული წარმოებითაა დამზადებული და აქვთ მრავალჯერადი გამოყენება.

აგრეგირება (ლათ.) - ერთგვაროვანი მაჩვენებლების (სიდიდეების) გაერთიანება, გამსხვილება უფრო განზოგადებულ ერთობლივ მაჩვენებლებად (სიდიდეებად).

აგრესიული გარემო - თხევადი ან აირისებრი გარემო, რომელიც იწვევს ან აჩქარებს მასალების კოროზიას ქიმიური, ელექტროქიმიური და სხვა სახის ზემოქმედებით. განსაკუთრებით საშიშია ა.გ. მაღალ ტემპერატურასთან ან მექანიკურ ზემოქმედებასთან ერთად.

აგრიგალება - ჰაერის და ჰაერმასალების ნაკადების დიდი სიჩქარით ურთიერთშერევა, რომელიც გამოიყენება ჭავლურ წისქვილებში თვითდაფქვისათვის (დაქუცმაცება წარმოებს მყარი ნაწილაკების ურთიერთ შეჯახებით და კედლებზე მათი მიხეთქებით).

აგური - საშენი ცალობითი მასალა, რომლის ზომებია: 250×120×65 მმ (მომატებული სისქის - 250×120×88 მმ). გამოყენებული ნედლეულისა და დამზადების ხერხის მიხედვით ა. არის ორი სახის: კერამიკული (თიხის) და სილიკატური (კვარცის ქვიშა და საჰაერო კირი).

აგური დაფაქტურებული - მოსაპირკეთებელი აგური წინაპირზე რელიეფური სურათით (ნახ. 1).

აგური თიხის - მიიღება სათანადოდ შემზადებული თიხის დაყალიბებით და გამოწვით. აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმა, ზომები 250×120×65 მმ (ნახ.1, აგურის კედელი), შესქელებული აგური 250×120×80 მმ და მოდულური აგური - 288×138×63 მმ. შესქელებული და მოდულური აგური კეთდება სიცარიელეებით ისე, რომ ერთი ცალის მასა არ უნდა აღემატებოდეს 4 კგ-ს. ნედლეულად გამოყენებულია ადვილდნობადი თიხა, რომელიც უძლებს 13500C-მდე ტემპერატურას.

აგური თიხის ღრუტანიანი - მზადდება ადვილდნობადი თიხისა და დანამატების გამოყენებით. სიცარიელეები აგურში შეიძლება იყოს მრგვალი - არაუმეტეს 15 მმ დიამეტრით, და მართკუთხა – არა უმეტეს 15 მმ სიგანის ხვრელით. ღრუტანიან აგურს ამზადებენ როგორც ჩვეულებრივს (ნახ. 1), ისე შესქელებულს. მათი მარკებია 75, 100, 125, 150; ზოგადი სიმკვრივე 1000...1450 კგ/მ3. გამოიყენება ისე, როგორც ჩვეულებრივი აგური. შენობის საძირკვლების, ცოკოლის და სველი კედლების წყობისათვის ა.თ.ღ. გამოყენება არ არის რეკომენდებული.

აგური კერამიკული - სწორი ფორმის, ცალობითი, სირღუეებიანი ან მთლიანი ქვის საშენი მასალა, დამზადებული თიხისაგან გამოწვის გზით. იყოფა მარკებად სიმტკიცის (7,5...30 მპა) და ყინვამედეგობის (15...50 გაყინვის ციკლი) მიხედვით. თბოტექნიკური თვისებებისა და სიმკვრივის მიხედვით არსებობს: ეფექტური (1450 კგ/მ3), პირობითად ეფექტური (1450...1600 კგ/მ3) და ჩვეულებრივი (მეტი 1600 კგ/მ3-ზე) ა.კ.

აგური კერამიკული ორფენიანი - მოსაპირკეთებელი აგური, რომლის გარე თხელი ფენა (3...5 მმ) შედგება ვარდისფერი გამომწვარი თიხისაგან, ხოლო ტანი - ჩვეულებრივი თიხისაგან, რომელსაც იყენებენ წითელი აგურის დასამზადებლად. ასეთ აგურს ანგობიროვან აგურსაც უწოდებენ.

აგური კლინკერული - კერამიკული საშენი მასალა, დამზადებული თიხისაგან და გამომწვარი სრულ შეცხობამდე. გამოიყენება მოკირწყვლისათვის.

აგური ლეკალოსებრი - სპეციალური ნახატის მიხედვით დამზადებული აგური (ნახ. 1). გამოიყენება კარნიზების, კუთხეების, კამარების, თაღების დეკორატიული მოპირკეთებისათვის.

აგური მასიური - აგური სიცარიელეების მინიმალური მოცულობით. გამოიყენება კედლების, კოლონების, სვეტების და სხვა ისეთი კონსტრუქციების ასაგებად, რომლებიც საკუთარი წონის გარდა დამატებით ღებულობენ სხვა დატვირთვებს.

აგური მოსაპირკეთებელი - დაფაქტურებული ან დაფასონურებული პირის მქონე აგური. გამოიყენება ფასადებისა და ინტერიერების მოსაპირკეთებლად.

აგური მხურვალგამძლე - აგური, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას. იყენებენ ქვაბების, სახანძრო მილების, ღუმელების, ბუხრების და სხვათა წყობის დროს.

აგური რიგითი - აგური, რომელიც გამოიყენება წყობაში შიგა ან გარე რიგებისათვის შემდეგი შებათქაშებით. ა.რ. გვერდით ზედაპირზე შეიძლება ჰქონდეს ჩაღმავებული გეომეტრიული ფიგურა საბათქაშე დუღაბთან შეჭიდულობის გასაუმჯობესებლად (ნახ. 1).

აგური სამშენებლო - სწორი ფორმის ხელოვნური ქვა, რომელიც ფორმირებულია მინერალური მასალებისაგან და სიმტკიცე, წყალ- და ყინვაგამძლეობა შეძენილი აქვს საცეცხლე ღუმელში გამოწვით ან გაორთქლვით

აგური სამშენებლო მსუბუქი - მზადდება თიხისა და ამოსაწვავი დანამატებისაგან; აქვს მცირე სიმკვრივე და თბოგამტარობა. მისი გამოყენებით შეიძლება კედლის სისქე შევამციროთ 40%-ით, კონსტრუქციის მასა - 36%-ით. 700...1000 კგ/მ3 სიმკვრივის აგური მზადდება 35, 50, 75 მარკის. როცა სიმკვრივე 1000...1300 კგ/მ3-ია, მაშინ მარკებია 75, 100. ასეთ აგურს იყენებენ მხოლოდ ნორმალური ტენიანობის შენობებისათვის. მსუბუქი აგურის დამზადებისას ნედლეულის ხარჯი მცირდება 30...40%-ით, ქარხნის მწარმოებლობა იზრდება 20...25%-ით.

აგური სილიკატური - თეთრი ფერის ხელოვნური ქვა (ნახ. 1). მიიღება კვარცის ქვიშის (92...95%) და 5...8% ჰაერკირის ნარევის დატენიანებით, დაწნეხით და ავტოკლავში გამაგრებით. სიმტკიცე იგივე აქვს, რაც ჩვეულებრივ თიხის აგურს, ცოტათი მძიმეა მასზე (სიმკვრივე 1800...2000 კგ/მ3). სილიკატური აგური არ გამოიყენება ღუმელებში, კვამლსადენი მილებისათვის და ტენიან ადგილებში, რადგან წყლისაგან იშლება.

აგური ფასადის - იხ. აგური წინაპირის.

აგური ფასონური - მოსაპირკეთებელი აგური რთული ფორმების (ფანჯარა, კამარა, სვეტი, რაფა, ღობე და სხვ.) წყობისათვის (ნახ. 1).

აგური ფერადი - აგური, შეღებილი სხვადასხვა ფერად წარმოების პროცესში, რომელსაც ძირითადის გარდა აქვს დეკორაციული ფუნქციაც (ნახ. 1).

აგური ღრუტანიანი - აგური გამჭოლი არხებით ან შიგნით ღრუ სივრცით.

აგური შამოტის - აგური, რომელიც მიიღება ცეცხლგამძლე თიხისა და კაოლინისაგან (ნახ. 1). ცეცხლგამძლეობა 17300C-მდე, სიმტკიცე - 10...12,5 მპა. იყენებენ საცეცხლე ღუმელების, ორთქლის ქვაბებისა და კვამლსადენების შიდა მოპირკეთებისათვის.

აგური ცეცხლმედეგი - თეთრი, სუფთა ზედაპირიანი აგური, დამზადებული ძნელდნობადი თიხისაგან. აქვს დიდი სიმტკიცე და მაღალი ცეცხლგამძლეობა

აგური წინაპირის - სწორი ფორმის აგური, რომელსაც აქვს გამოკვეთილი ხაზები, ერთგვაროვანი შეფერილობა და კარგად უძლებს ატმოსფერულ ნალექებს. გამოიყენება გარე სამუშაოებისათვის.

აგურის თვისებები - აგურის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს. ჩვეულებრივი თიხის აგური მზადდება შვიდი მარკის: 75, 100, 125, 150, 200, 250 და 300. მარკა დადგინდება ღუნვაზე და კუმშვაზე გამოცდის შედეგად. 1 მ3 კედლის ასაშენებლად (დუღაბის ფენის გათვალისწინებით) საჭიროა 380...420 ცალი აგური, საშუალოდ - 400 ცალი.

აგურის მარკა - სიმტკიცის მაჩვენებელი, განსაზღვრული დატვირთვით (კგ/სმ2), რომელსაც უნდა გაუძლოს აგურმა. მრეწველობაში გამოდის აგური მარკებით: 75, 100, 125, 150, 200, 250, 300.

აგურის წყობა - გარკვეული წესით განლაგებული და ერთმანეთთან დუღაბით შეკავშირებული აგურების ერთობლიობა (ნახ. 1). წყობაში დუღაბი აკავშირებს აგურებს, თანაბრად ანაწილებს მათ შორის წნევას და ზრდის წყობის სიმტკიცეს და მონოლითურობას. წყობის სიმტკიცის გასაზრდელად ზოგჯერ იყენებენ დაარმატურებას ლითონის ღეროებით (არმირებული წყობა). გადაბმის სისტემები მრავალგვარია, საქართველოში ძირითადად გამოიყენება ორრიგა (ჯაჭვური) და მრავალრიგა წყობის ტიპები.

აგურფხვნილი - 1. წვრილად დანაყილი წითელი აგური ან კერამიკა. უმატებენ კირქვის ხსნარს ვარდისფრის მისაცემად. ფართოდ გამოიყენებოდა ძველ მშენებლობაში (ნახ. 1: აგურფხვნილის მჭიდა მასალებით აგებული სოფიას ტაძარი ქ. კიევში, უკრაინა), როგორც მჭიდა მასალა (ცემენტის ანალოგიურად) აგურისა და ქვის კედლების ასაშენებლად. ა. გამოყენების კარგი მაგალითია კიევის ქვის ხუროთმოძღვრება (სოფიას ტაძარი, ჩერნიგოვა, პერესლავა და სხვ.); 2. ცემენტის ხელოვნური ჰიდრავლიკური დანამატი, რომელიც მიიღება აგურის ან თიხის ნაკეთობების (ან ნარჩენების) დაფქვით.

ადამიანთა ევაკუაცია ხანძრისას - ადამიანთა მოძრაობის იძულებითი პროცესი ზონიდან, სადაც შესაძლებელია მათზე ხანძრის სახიფათო ფაქტორების ზემოქმედება.

ადამიანისეული კაპიტალი - მუშაკთა წარმოებრივი ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გავლენას ახდენს შრომის მწარმოებლურობაზე.

ადაპტაცია (ლათ.) - 1. გრძნობის ორგანოს შეჩვევა გარემოსთან, მაგ., თვალის (მხედველობის) ა. თვალის შეგუება განათების მოცემულ დონესთან. ა. არის გუგის ფართობის შეცვლის პროცესი. ადაპტაციის დროს მიმდინარეობს შემდეგი პროცესები: მაგ., სიკაშკაშის გაზრდისას ხდება ღეროების დათრგუნვა და კოლბებში შუქმგრძნობიარე ნივთიერების შემცირება, ძლიერი სიკაშკაშის შემთხვევაში - პიგმენტური ეპითელიუმის უჯრედების მიერ ნერვული დაბოლოებების ნაწილობრივი ეკრანირება. დაბალ სიკაშკაშესთან ადაპტაციისას აღინიშნება საპირისპირო მოვლენები. ცნობილია, რომ განათებული სათავსოდან ბნელში გადასვლისას ნივთების გარჩევის უნარი მოდის თანდათანობით და პირიქით, ბნელიდან განათებულში - აღინიშნება წამიერი დაბრმავება. მაღალი განათებულობიდან სიბნელეში გადასვლისას ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს მდოვრედ და მთავრდება 1...1,5 საათში. საპირისპირო პროცესი უფრო სწრაფია - 10...15 წუთი. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს მხედველობის სრული ადაპტაციის შეცვლას. 5...10-ჯერ სიკაშკაშის შეცვლისას ადაპტაციის შეცვლის პროცესი მყისიერად ხორციელდება; 2. რთული ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შეგუებას გარემოს პირობებთან (ან მის ცალკეულ ფაქტორებთან - ტემპერატურასთან, ჰაერში მავნე მინარევებთან, ფიზიკურ დატვირთვებთან და სხვ.); 3. ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის რელიგიური მოთხოვნილებებისა და ქმედებების სამართლებრივი რეგულირება იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი უსამართლოდ შეზღუდვა; 4. გულისხმობს მნიშვნლოვანი ცვლილების განხორციელებას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას, უპასუხოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს და მოერგოს საჭიროებებს; აგრეთვე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და გაზარდოს კარგად ყოფნის ხარისხი.

ადაპტაციის სისტემა - ორგანიზმის სისტემა, რომელიც გარემო პირობების ცვლილებისას ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნების ან მიღწევის მიზნით ავტომატურად ცვლის თავისი ფუნქციონირების ალგორითმს და, ზოგჯერ, სტრუქტურასაც.

ადაპტერი (ლათ.) - ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც გამაძლიერებლის საშუალებით გადმოსცემს გრამოფონის ფირფიტაზე ჩაწერილ ხმას.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაცია - სიტუაცია, რომლის გავრცელების ფარგლები არ სცილდება დასახლებული პუნქტის (ქალაქის, მუნიციპალიტეტის) საზღვრებს, ხოლო მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის საკმარისია აღნიშნული დასახლებული პუნქტის (ქალაქის, რაიონის) სახანძრო-სამაშველო ძალები და საშუალებები, ხოლო დამხმარე ძალები ორ ეკიპაჟს არ აღემატება.

ადგილობრივი ტყის ფონდი - სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილი, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

ადეკვატური (ლათ.) - მიტოლებული, სავსებით შესატყვისი

ადენდუმი (ლათ.) - ხელშეკრულების, კერძოდ ჩარტერის დამატება, რომელსაც ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები შეიმუშავებენ.

ადვილდნობადი - რაც შედარებით დაბალ ტემპერატურაზე (2000C-მდე) დნება

ადვილდნობადი შენადნობები - შენადნობები, რომელთა შემადგენლობაში სხვადასხვა თანაფარდობით შედის კალა, ბისმუტი, ინდიუმი, ტყვია, კადმიუმი, თუთია, სტიბიუმი, გალიუმი, ვერცხლისწყალი და სხვ. და რომელთა დნობის ტემპერატურა არ აღემატება კალის დნობის ტემპერატურას (2320C). გამოიყენება სარჩილად, საგოზავად, ელექტრო- და თბოტექნიკურ აპარატებში, პლასტმასის ნაკეთობების ჩამოსასხმელი რთული ფორმების დასამზადებლად და სხვ.

ადვილდნობადობა - ნივთიერების თვისება, შედარებით დაბალი ტემპერატურის ზეგავლენით, მყარი მდგომარეობიდან, თხევად მდგომარეობაში გადავიდეს.

ადვილჩაწყობადობა (დაყალიბება) - ბეტონის ნარევის თვისება შედარებით ადვილად შეავსოს ყალიბი და სწრაფად მიიღოს საჭირო ფორმა, ამავე დროს შეინარჩუნოს მთლიანობა და ერთგვაროვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ადვილჩაწყობადობა დამოკიდებულია შემკვრივების საშუალებებზე. ის განისაზღვრება მისი სიბლანტით ჩაწყობის მომენტში და პლასტიკურობის ხარისხით, ე.ი. შესაძლებლობით შეიცვალოს ფორმა ერთგვაროვნების დაურღვევლად. ბეტონის ნარევის ადვილჩაწყობადობა დამოკიდებულია ასევე ცემენტის სახეობაზე. ცემენტი მინერალური დანამატით, კერძოდ პუცოლანური და წიდაპორტლანდცემენტი, ზრდის ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნილებას. უდანამატო ცემენტი, ნორმალური სისქელის მინიმალური მაჩვენებლით, მოითხოვს ნაკლებ წყალს, რაც აუმჯობესებს ნარევის ადვილჩაწყობადობას. წვრილმარცვლოვანი ქვიშა კი აუარესებს ნარევის ადვილჩაწყობადობას, რაც აიხსნება მისი დიდი ხვედრითი ზედაპირით, რის გამოც მარცვლების ამოსავლებლად საჭიროა მეტი ცემენტის ცომი. ამიტომ, ბეტონისათვის ქვიშის შერჩევისას უპირატესობა ეკუთვნის მსხვილ- და საშუალო მარცვლებიან ქვიშას, რომელიც ნაკლებ მტვრისა და თიხის ნაწილაკებს შეიცავს. ხრეშზე დამზადებული ბეტონის ნარევი საჭიროებს წყლის ნაკლებ რაოდენობას, ვიდრე ღორღზე დამზადებული და შესაბამისად არის უფრო ადვილჩაწყობადი

ადიაბატური (ბერძნ.) - სხეულთა რაიმე სისტემაში მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც არ ხდება სითბოს არც მიღება და არც გაცემა.

ადიაბატური პროცესი - პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აირზე გარემოს ტემპერატურული გავლენის გარეშე.

ადიდვა - ლითონის წნევით დამუშავების ერთ-ერთი ხერხი.

ადიტიური (ლათ.) - სიდიდეთა თვისება, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ მთელი ობიექტის შესაბამისი სიდიდე, ობიექტის ნებისმიერი დაყოფისას, მისი ნაწილების შესაბამის სიდიდეთა ჯამის ტოლია. ეს თვისება ახასიათებს ფიზიკური სხეულის მოცულობას, მასას, ზედაპირის ფართობს, წირის სიგრძესა და სხვ.

ადმინისტრაცია - დირექტორი, ფინანსური მენეჯერი (დირექტორი), პროექტის მენეჯერები (დირექტორები). ადმინისტრაციაზე მთლიანად ვრცელდება დაწესებულებისათვის შინაგანაწესით თანამშრომელთათვის დადგენილი წესები, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (სახელწოდება) წესდებით არის მოწესრიგებული.

ადმირალტეისტვო (საადმირალო) - 1. მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურული შენობა ა. სანკტ-პეტერბურგში (ნახ. 1; რუსეთი). საადმირალო აშენებულ იქნა რუსეთის იმპერატორის პეტრე პირველის ხელმოწერილი ნახაზების მიხედვით 1705 – 1711 წლებში. ხის კონსტრუქციებისაგან განხორციელებული შპილი მასზე დადგმული ხომალდის ფორმის ოქროს ფლიუგერით შესრულებული იყო ჰოლანდიელი ოსტატ  ხ. ვან ბოლოსის მიერ. 1732 – 1738 წლებში არქიტექტორმა ი. კორობოვმა განახორციელა საადმირალოს კომპლექსის რეკონსტრუქცია, ხოლო 1806-1823 წლებში არქიტექტორ ა. ზახაროვის მიერ ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ბრწყინვალე არქიტექტურული ანსამბლი 72 მ სიმაღლეზე ატყორცნილი მოოქროვილი ხის შპილით, რომლის თავზე განთავსდა ახალი ოქროს ხომალდი - ფლიუგერი (ნახ. 2). დღესაც საადმირალოს შენობა თავის შპილით ქ. სანკტ-პეტერბურგის სიმბოლოდ ითვლება; 2. სამხედრო გემების მშენებლობის, აღჭურვისა და რემონტის ცენტრი ზღვის ან დიდი მდინარის ნაპირზე, სადაც განლაგებულია ვერფები, სახელოსნოები, საწყობები და სხვ.

ადსორბენტი - მაღალდისპერსიული მასალა კარგად განვითარებული ზედაპირით, რომელზეც ხდება მასთან შეხებაში მყოფი აირებიდან ან სითხეებიდან ნივთიერებათა შთანთქმა; ადსორბენტებია: აქტივირებული ნახშირი, სილიკოგელი, მური, ლითონთა ოქსიდები, თიხა. ა. გამოიყენება აირწინაღებში: აირების, სპირტების, ზეთების გასაწმენდად; მედიცინაში - აირებისა და საწამლავების შთანთქმისათვის და სხვ.

ადსორბცია - აირის ან სითხის შთანთქმა მყარი ნივთიერების ან სითხის ზედაპირის მიერ. ნივთიერებას, რომელიც განიცდის ადსორბციას უწოდებენ ა დ ს ო რ ბ ა ნ ტ ს, ხოლო ნივთიერებას, რომელზეც ხდება ა. წარმოადგენს ა დ ს ო რ ბ ე ნ ტ ს. ა. იყენებენ წყლის, აირების (მაგ., ჰაერის აირწინაღში) გასაწმენდად, ქსოვილების ღებვისას, ვაკუუმურ ტექნიკაში, ნარევების დასაყოფად, ბენზოლის გამოსაყოფად ორთქლ-აირების ნარევებიდან, თხევადი ნავთობპროდუქტების გასაწმენდად მათში გახსნილი მინარევებისგან და სხვ.

ადუღაბება - ცემენტის ფხვნილზე წყლის დამატების პროცესი მისი ჰადრატაციის მიზნით, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ ცემენტის ქვის წარმოქმნამდე.

ადჰეზია - მასალის თვისება, მიეწებოს (მიეკრას) მეორეს. ა. დამოკიდებულია მასალის ბუნებაზე („ხასიათზე“), ფორმასა და ზედაპირის მდგომარეობაზე, კონტაქტის პირობებზე და სხვ. ა. მოვლენა გვხვდება ყველგან: დედამიწაზე და კოსმოსში, ატმოსფერულ პროცესებში. განიხილება ადგეზიის სამი ფორმა: ნაწილაკების, სითხეების და აფსკების.

აერარიუმი (ბერძ.) - ჰაერის აბაზანების მისაღებად მოწყობილი მოედანი (ნახ. 1), დაცული მზის სხივებისა და ქარისაგან.

აერატორი - საცმი ამოსაღვრელზე, რომელიც ქმნის აერირებულ (წყალჰაერის) ჭავლს.

აერატორი ბურულის - მოწყობილობა განიავების, ჰაერის ორთქლისა და ტენის გამოსადევნად ბურულქვეშა სივრციდან. გამოიყენება ბრტყელი და ქანობიანი რბილი სახურავებისათვის. ის ეწინააღმდეგება რულონური ბურულის ამობურცვას ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს. ბრტყელ სახურავებში სხვადასხვა დიამეტრის აერატორებს (ნახ. 1, ბრტყელი სახურავის აერატორი) განალაგებენ თანაბრად, ბურულის ყველაზე ამაღლებულ, თბოსაიზოლაციო ფილების პირაპირის უბნებზე, ხოლო ქანობიან სახურავებში - კეხის გასწვრივ (ნახ. 2, ქანობიანი სახურავის აერატორი) კეხის ზედა ხაზიდან 0,5...0,6 მ-ის დაშორებით. ა. რაოდენობა დამოკიდებულია სახურავის ფართობზე და აერატორის ტექნიკურ მახასიათებლებზე. ა. ამზადებენ უჟანგავი ფოლადის, პოლიპროპილენის ან კერამიკისაგან. მათი მუშაობის დიაპაზონი ტემპერატურის მიხედვით შეადგენს −50-დან +900C-მდე.



აერაცია (ფრანგ.) - 1. აირმიმოცვლა ნიადაგის ჰაერსა და ატმოსფეროს ჰაერს შორის, ბუნებრივი ვენტილაცია; 2. ჰაერმიმოცვლა სარკმლიდან, ფრამუგიდან და სახურავის სარკმლიდან.

აერობიონტები - ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ნიადაგის აერაციის ფენაში და მონაწილეობენ ნიდაგთწარმოქმნაში.

აეროგენური (ბერძ.) - ჰაერით გადაცემული.

აეროგრაფი (ბერძ.) - მცირე ზომის პნევმატიკური ინსტრუმენტი, პულვერიზატორი, რომელიც გამოიყენება საღებავის ან მელნის გასაშხეფებლად (ნახ. 1). მუშა აგენტს შეადგენს შეკუმშული ჰაერი. ჰაერისა და საღებავის შერევის მეთოდის მიხედვით ა. არსებობს გარე შერევით (დიდი ფართობების შესაღებად) და შიდა შერევით (პროფესიონალი აეროგრაფიკოსნებისათვის). კონსტრუქცია შედგება კორპუსის, ნემსის, მატერიალური და ჰაერის საქშენებისაგან.

აეროგრაფია - ნაკეთობის და ქსოვილების შეღებვის წესი საღებავის შეშხეფებით (აეროგრაფში შეკუმშული ჰაერის საშუალებით).

აეროდინამიკა -ჰიდროაერომექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირის მოძრაობის კანონებს და აირის მიმართ მოძრავი სხეულების ზედაპირზე წარმოქმნილ ძალებს. ა. განიხილავს ბგერამდელი ანუ 340 მ/წმ-მდე (1200 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობას. ა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს საფრენი აპარატების დაპროექტება მათზე მოქმედი აეროდინამიკური ძალების გაანგარიშების მეთოდებზე დაფუძნებით. ა. დამოუკიდებელ მეცნიერებად XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა ჰიდროდინამიკის ზოგადი განტოლებები, რომელთა კერძო სახეს აეროდინამიკის განტოლებები წარმოადგენს, ჯერ კიდევ ლ. ეილერმა, ჟ. ლაგრაჟმა, ჯ. სტოქსმა, მ. ნავიემ და სხვ. დაადგინეს.

აეროდინამიკა შენობის - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სწავლობს შენობის ირგვლივ ქარის მიერ წარმოქმნილ ჰაერის ნაკადებს, შენობის გარეთა და შიგნით ტემპერატურების სხვაობას, ვენტილაციას და სათავსში მიმდინარე საწარმოო პროცესებს.

აეროდინამიკური ძალა და მომენტი - სიდიდეები, რომლებიც ახასიათებენ აირადი გარემოს ზემოქმედებას მასში მოძრავ სხეულზე (მაგ. თვითმფრინავზე). სხეულის ზედაპირზე მოქმედი ხახუნისა და წნევის ძალები დაყავთ ამ ძალების ტოლქმედზე, რომელსაც აეროდინამიკური ძალა ეწოდება, და მომენტის მქონე წყვილძალაზე, რომელსაც აეროდინამიკური მომენტი ეწოდება.

აეროდრომი (ფრანგ.) - საგანგებოდ მოწყობილი მოედანი თვითმფრინავებისა და მისთ. სადგომად და ასაფრენ - დასაფრენად. ა. ყველაზე სახასიათო ელემენტებია საფრენი ბილიკი, შუქსიგნალიზაციის მოწყობილობები, ანგარი და სამეთაურო-სადისპეტჩერო პუნქტი. გეოგრაფიული ადგილიდან გამომდინარე განასხვავებენ ჩვეულებრივ ანუ სახმელეთო აეროდრომს (ნახ. 1), ყინულის აეროდრომს (ყინულის სისქე დამოკიდებულია მისაღები თვითმფრინავების საერთო მასაზე) და საწყალოსნო ანუ ჰიდროაეროდრომს, რომელზეც აფრენა-დაფრენას ახორციელებენ ჰიდროთვითმფრინავები (თვითმფრინავი-ამფიბიები). ამოცანების ხასიათიდან გამომდინარე არსებობს ძირითადი, სათადარიგო, ცრუ, მოწინავე, შეხტომის, დამატებითი გაწყობისა და ოპერატიული აეროდრომები.

აეროდრომის საფარი - ხელოვნური საფარი აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების, დამხმარე (მოსაბრუნებელი) ბილიკების, თვითმფრინავების სადგომების, პერონებისა და ანგარებსწინა მოედნებისათვის, აეროდრომის შეუფერხებელი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. მუშაობის პირობების მიხედვით არის ხისტი (წინასწარ დაძაბული მონოლითური რკ.ბ.-ის ან ასაწყობი რკ.ბ.-ის ფილებისაგან), რომელიც მუშაობს ღუნვაზე და დატვირთვას თვითმფრინავებისაგან ანაწილებს დიდ ფართობზე და რბილი (ასფალტბეტონის, ხრეშისა და ღორღის), რომელიც ძირითადად მუშაობს კუმშვაზე. საფარის ტიპი დამოკიდებულია აეროდრომის კლასზე და საანგარიშო დატვირთვების კატეგორიაზე.

აეროდრომის საფრენი ზოლი - აეროდრომის საფრენი მინდვრის ნაწილი, რომელშიც შედის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი და მისი მოსაზღვრე შემკვრივებული გრუნტის უბნები, რომელთა დანიშნულებაა ასაფრენ-დასაჯდომ ზოლს აცდენილი საჰაერო ხომალდის დაზიანების რისკის შემცირება.

აეროდრომის საფრენი მინდორი - აეროდრომის ნაწილი, რომელზედაც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, თვითმფრინავის მოსაბრუნებელი გზები, ბაქანი და სპეციალური დანიშნულების მოედნები.

აეროვაგზალი - შენობის ან შენობების კომპლექსი მგზავრების მომსახურებისა და სატვირთო ოპერაციების შესასრულებლად აეროპორტებში.

აეროზოლი - დისპერსიული სისტემა, რომლის აირად გარემოში შეტივტივებულია მყარი სხეულის ნაწილაკები ან სითხის წვეთები (ნისლი, კვამლი, მტვერი და სხვ.).

აეროკარი - სპეციალიზებული მანომეტრული ჰაერის ჟონვის მძებნელი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ხდება შენობის შემომზღუდავი კონსტრუქციების ნატურული გამოცდა ჰაერშეღწევადობის და შენობაში ჰაერცვლის ჯერადობის გასაზომად, აგრეთვე შენობის ცალკეული სექციებისა და სათავსების ჰერმეტულობის ხარისხის დადგენა (ნახ. 1).

აეროლოგია (ბერძ.) - მეტეოროლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს

აეროლოცია - საჰაერო ხაზების გარშემო მდებარე ნაგებობების აღწერილობა

აერომარხილი - საჰაერო ხრახნის წევის ძალით თოვლზე ან ყინულზე მოძრავი მარხილი (ნახ. 1).

აერომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ჰაერისა და სხვა აირების წონასა და სიმკვრივეს (ნახ. 1); ჰაერმზომი.

აერომექანიკა - ჰიდროაერომექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირადი გარემოს (ჰაერისა და აირადი სხეულების) წონასწორობასა და მოძრაობას და ამ გარემოს მექანიკურ ზემოქმედებას მასში მოთავსებულ მყარ სხეულზე. აერომექანიკა ავიაციის თეორიული საფუძველია. აერომექანიკა იყოფა აეროსტატიკად და აეროდინამიკად. აერომექანიკის განვითარება დაკავშირებულია არქიმედეს, სტევინის, გალილეის, პასკალის, ბერნულის, ჟუკოვსკის, ჩაპლიგინის და სხვ. სახელებთან.

აერონავტიკა - ჰაერზე მსუბუქი აპარატებით ფრენის თეორია და პრაქტიკა.

აეროპორტი - დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით.

აეროსტატიკა - ჰიდროაერომექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირადი გარემოს (ატმოსფეროს) წონასწორობას. ფართოდ გამოიყენება აერონავტიკაში.

აეროტენკი (ბერძ.) - იგივეა, რაც აეროტანკი, აერატორი - ბეტონის ან რკ.ბ.-ის დერეფნისმაგვარი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდა ხდება აქტიურ ლამთან ერთად აერაციის მეთოდით (ნახ. 1).

აეროტორია (ბერძ.) - საჰაერო სივრცე აეროდრომიდან 50 კმ-ის რადიუსში

აეროფილტრი - ნაგებობა ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდისათვის (ნახ. 1), რომელსაც ბიოფილტრისაგან განსხვავებით უფრო მაღალი (4 მ - მდე) მფილტრავი შრე აქვს. ჰაერის მიწოდება ხდება ვენტილატორებით.

ავალი (ფრანგ.) - სათამასუქო თავდებობა, რომელსაც კისრულობს მესამე პირი (ავალისტი) განსაკუთრებული საგარანტიო ბარათის გაცემით. ავალისტის ხელის მოწერა აუცილებელია თამასუქის წინაპირზე ან დამატებით ფურცელზე - ალონჟზე. საგარეო-სავაჭრო გარიგებებში ავალისტის როლში გამოდის იმპორტიორის ბანკი.

ავანგარდიზმი (ინგლ.) - XX საუკუნის ხელოვნებისა და ატქიტექტურის სხვადასხვა მიმდინარეობის სახელწოდება, რომლებსაც ახასიათებთ რეალისტურ ნორმებსა და ტრადიციებთან კავშირის გაწყვეტა; პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ახალი ფორმებისა და გამოსახვის საშუალებების ძიებას (ნახ. 1: ავანგარდისტული სტილის შენობა); ავანგარდისტები ხელოვნებას განიხილავენ, როგორც განსაკუთრებულ, სოციალურ დატვირთვას მოკლებულ ესთეტიკურ სფეროს.

ავანზალი - დიდ შენობებში, სასახლეებში: მომცრო დარბაზი, ოთახი მთავარი დარბაზის წინ.

ავანსი (ფრანგ.) - თანხა, რომელსაც ერთი მხარე წინასწარ უხდის მეორეს შესასრულებელი სამუშაოსა თუ მომსახურებისათვის გადასახდელი საერთო თანხის ან გადასაცემი ქონების ანგარიშში.

ავანსირება - ავანსის გაცემა.

ავანსცენა - პროსცენიუმი; მაყურებელთათვის მუდმივად თვალმისაწვდენი სცენის ნაწილი ფარდასა და რამპას შორის (ნახ. 1).

ავანსცენის კედელი - კედელი, რომელიც ყოფს სცენას აუდიტორიის ან დასაჯდომად განკუთვნილი ფართობისაგან.

ავანტაჟი (ფრანგ.) - ხელსაყრელი მდგომარეობა, სარგებლობა.

ავანტიურინი (იტალ.) - საიუველირო-სანახელავო ოქროსფრი ან მოწითალო ფერის ქვა (წვრილმარცვლოვანი კვარცის სახესხვაობა) გაპრიალებული ბრჭყვიალა ზედაპირით. ა. ამზადებენ სამკაულებს (კაბოშონებს), ლარნაკებს, ზარდახშებს, მაგიდებს და სხვ.

ავარია - 1. ნაგებობის რაიმე ნაწილის (მაგ., საძირკველი, კედელი, კოჭი და სხვ.), რაიმე მანქანის, მექანიზმის (მაგ., მატარებლის, ავტომანქანის) დაზიანება, რაც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის (ნახ. 1, შენობის ავარია). სამრეწველო საწარმოში ავარიას, როგორც წესი, თან ახლავს აფეთქება, ხანძარი, ნგრევა, ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერებების გამოფრქვევა ან დაღვრა; 2. საწარმოო (ტექნოლოგიური) პროცესის გაუთვალისწინებელი მოულოდნელი გაჩერება ან ნორმალური მუშაობის დარღვევა. როგორც წესი, ა. ახლავს ტექნიკის და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დაზიანება ან განადგურება, აგრეთვე ტექნიკური სისტემების მომსახურე პერსონალის და ავარიის ადგილზე შემთხვევით აღმოჩენილ ადამიანთა ტრავმატიზმი. ა. არის საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ნაგებობის ან ტექნიკური მოწყობილობის ნგრევა, არაკონტროლირებული აფეთქება ან საშიშ ნივთიერებათა გამოფრქვევა. ა. მიეკუთვნება ყველა მტყუნება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანებისათვის და გარემოსთვის საფრთხესთან, აგრეთვე სერიოზულ ეკონომიკურ და მორალურ ზარალთან. ა. საწყისი მიზეზი შეიძლება გახდეს დაპროექტების, გაანგარიშების, დამზადების, მონტაჟის, ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების დროს დაშვებული დიდი შეცდომა, აგრეთვე ამ შეცდომის თანხვედრა არახელსაყრელ გარემო პირობებთან, რომლებიც არაა დამოკიდებული ტექნიკურ პერსონალზე; 3. ტექნიკურ სისტემაში შემთხვევა, რომელიც არ იწვევს ადამიანების დაღუპვას და რომლის დროსაც ტექნიკური საშუალებების აღდგენა შეუძლებელია ან ეკონომიკურად მიზანშეწონილი არაა; 4. ნაგებობისა და ტექნიკური მოწყობილობის რღვევა, საშიში ნივთიერებების ამოფრქვევა, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის მსხვერპლი ან მიაყენოს ზიანი მის ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს.

ავარია ადგილობრივი - ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების დიდი ტევადობის ან მთელი საწყობის ნგრევასთან. ქიმიური საშიშროება გრძელდება 6 საათის განმავლობაში. შედეგები შემოიფარგლება ქალაქის, რაიონის, რეგიონის საზღვრებით. ღრუბელი აღწევს დასახლებულ პუნქტებამდე. უახლოესი საცხოვრებელი რაიონებიდან აუცილებელია მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის, აგრეთვე მათ დასაცავად სხვა ღონისძიებების გატარება.

ავარია გლობალური - ავარია, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში მსხვილი ობიექტის ან რამდენიმე ობიექტის ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების ყველა საცავის ნგრევა. ასეთი ავარია შესაძლებელია დიდი დივერსიის შემთხვევაში, სტიქიური უბედურების ან საომარი მოქმედებების დროს გამანადგურებელი საშუალებების მოქმედების შედეგად. შედეგები შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე სახელმწიფოს საზღვრებს.

ავარია დიდი - ისეთი ჩამოქცევა, რომელიც მოიცავს შენობის მნიშვნელოვან ნაწილს ან მის ცალკეულ უბნებს და სექციებს, რის შედეგადაც ჩერდება მუშაობა არა მარტო ამ უბანზე, არამედ მეზობელ უბნებზე და ობიექტებზე.

ავარია ლოკალური (კერძო) - ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების უმნიშვნელო გაჟონვასთან.

ავარია მაგისტრალურ მილსადენზე - ავარია მილსადენის ტრასაზე, დაკავშირებული წყლის, საშიში ქიმიური ან ფეთქებადსაშიში ნივთიერებების გაფრქვევასა და დაღვრასთან, რომელიც იწვევს ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციას (ნახ. 1).

ავარია მეტროპოლიტენში - მეტროპოლიტენის სადგურებზე, გვირაბებში, ვაგონებში საგანგებო სიტუაცია შეიძლება გამოიწვიოს მატარებლების შეჯახებამ, რელსებიდან გადასვლამ, ხანძარმა, აფეთქებამ, ესკალატორის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებამ, ვაგონებში და სადგურზე ფეთქებადსაშიში, თვითაალებადი ან ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრამ, აგრეთვე პლატფორმიდან მგზავრების ჩავარდნამ რელსებზე (ნახ. 1).

ავარია მილსადენებზე - ავარია, რომელსაც იწვევს ექსპლუატაციის პერიოდში მათ მდგომარეობაზე არადროული და უხარისხო კონტროლი.

ავარია მცირე (ადგილობრივი) - როდესაც არ ზიანდება მეზობელი უბნები და სექციები და ადგილი არა აქვს დიდ მატერიალურ დანახარჯებს.

ავარია ობიექტის - ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიური დანადგარებიდან ან მილსადენებიდან ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გაჟონვასთან, რომლის შედეგები შემოიფარგლება საწარმოს ან ობიექტის საზღვრებით.

ავარია რადიაციული - ავარია რადიაციულად საშიშ ობიექტზე, რომელიც იწვევს პროექტით გათვალისწინებულ საზღვრებს გარეთ რადიოაქტიური ნივთიერების ან მაიონიზირებელი გამოსხივების გავრცელებას ისეთი რაოდენობით, რომელიც აღემატება ზღვრულ დასაშვებ სიდიდეს.

ავარია რეგიონული - ქიმიურად საშიშ ობიექტზე მომხდარი ავარია, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამობოლქვა (ზოგჯერ მრავალჯერადად), რომლის ლოკალიზება 6 სთ და უფრო მეტი დროის განმავლობაში ვერ ხერხდება. შედეგები შემოიფარგლება რამდენიმე რეგიონით, სახელმწიფოთი. ქიმიური საშიშროება ბევრ დასახლებულ პუნქტზე ვრცელდება.

ავარია რკინიგზის ტრანსპორტზე - სარკინიგზო ტრანსპორტი წარმოადგენს ეკონომიკის დარგს, რომელიც ხასიათდება ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ამაღლებული რისკით. რკინიგზის ტრანსპორტი უზრუნველყოფს ქვეყანაში 47%-მდე სამგზავრო გადაყვანას და 50%-მდე ტვირთის გადაზიდვას. ამ ტვირთებს შორის დიდი რაოდენობითაა საშიში ტვირთი. ამიტომ ა.რ.ტ. არც თუ იშვიათი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს დიდი მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი.

ავარია საავტომობილო ტრანსპორტზე - თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რასაც განაპირობებს ცუდი საავტომობილო გზები, მოძველებული ავტოპარკი, მძღოლების დაუდევრობა, საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფა, კონტროლის სისტემის დაბალი დონე და სხვ. მსხვილ საავტომობილო კატასტროფად ითვლება ისეთი ავტოკატასტროფა, რომლის შედეგად იღუპება 4 და მეტი ადამიანი.

ავარია სატრანსპორტო - სატრანსპორტო საშუალების ავარია, რომელსაც მოჰყვება ადამიანთა დაღუპვა, სხეულის მძიმე დაზიანებები, სატრანსპორტო საშუალებათა განადგურება და დაზიანება ან ბუნებრივი გარემოს დაბინძურება.

ავარია საწარმოო - ავარია სამრეწველო ობიექტზე, ტექნიკურ სისტემაში ან სამრეწველო დანადგარზე.

ავარია უმნიშვნელო - რომელიც შეიძლება მოხდეს შენობის ცალკეულ უბანზე, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პროცესში. ასეთი ავარიის ლიკვიდაცია დაკავშირებული არ არის დიდ მატერიალურ დანახარჯებთან, მაგრამ მანაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების მსხვერპლი და ყურადღების მიუქცევლობის შემთხვევაში, შეიძლება მიზეზი გახდეს დიდი ავარიისა. ა.უ. შეიძლება მიეკუთვნოს: ფასადის შელესვის აშრევება, მოპირკეთების დაზიანება, საკედლე პანელების ან გადახურვის ფილების ადგილობრივი დაზიანება, სახურავის ბურულის მექანიკური დაზიანება, შენაღარების ამოვსება ნაგვითა და ჭუჭყით, წყალშემკრებების დაზიანებანი და სხვ.

ავარია ქიმიური - ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე, რომელსაც თან ახლავს ქიმიურად საშიში ნივთიერებების დაქცევა ან გამობოლქვა, და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ადამიანების, სურსათის, საკვები ნედლეულის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების განადგურება ან ქიმიურად დასნებოვნება, აგრეთვე გარემოს ქიმიური მოწამვლა

ავარიის კერა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს თვით ავარიის ადგილს და მის მიმდებარე ფართობს, რომელზეც იღვრება (განიბნევა) ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერება

ავარიის რაიონი - ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების ღრუბელს ყველაზე მაღალი დამაზიანებელი შესაძლებლობა გააჩნია. აღნიშნული რაიონის რადიუსის სიდიდე დამოკიდებულია ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების ტიპზე, შენახვის პირობებზე, გარემოს ტემპერატურაზე და ავარიის სახეზე.

ავარიული აფეთქება - აფეთქება, რომლის მიზეზია წარმოების ტექნოლოგიის დარღვევის, მომსახურე პერსონალის ან დაპროექტების სტადიაზე დაშვებული შეცდომა.

ავარიული მდგომარეობა - ელემენტის ტექნიკური მდგომარეობის კატეგორია, რომელიც ხასიათდება დაზიანებებითა და დეფორმაციებით. ამ დროს ამოწურულია მზიდუნარიანობა და მოსალოდნელია ელემენტის რღვევა.

ავენიდა (ესპ.) - ესპანეთის, პორტუგალიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ქალაქებში: ხეივანი; პროსპექტი, ავენიუ.

ავენიუ - საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ისა და ზოგი სხვა ქვეყნის ქალაქებში: ფართო ქუჩა, რომლის გაყოლებაზე, ჩვეულებრივ, ხეებია დარგული. მეხუთე ავენიუ  (Fifth Avenue) მთავარი გამჭოლი გზატკეცილია მანჰეტენის ცენტრში, ნიუ-იორკში (ნახ. 1, მე-5 ავენიუ. ქ. ნიუ იორკი, აშშ). გადის მიდთაუნის შუაგულში ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ ზღვარის გასწვრივ და ძვირადღირებული პარკის ხედის უძრავი ქონებითა და მრავალი ისტორიული შენობის გამო მდიდარი ნიუ-იორკის სიმბოლოდ ითვლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტული სავაჭრო ქუჩაა მსოფლიოში ლონდონის ოქსფორდის ქუჩისა და პარიზის შამს-ელიზეს პარალელურად. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქუჩაა მსოფლიოში, უტოლდება რა ლონდონისა და ტოკიოს ცენტრალური უბნების არენდის ფასებს. ელისეის მინდვრები (les Champs-Élysées) ეს არის პროსპექტი, შექმნილი XVII საუკუნეში, როგორც პარკი-ბაღი, რომელიც გადაჭიმულია ტრიუმფალური თაღიდან თანხმობის მოედნამდე (ნახ. 2, ელისეის მინდვრები, შამს ელიზე, ქ. პარიზი, საფრანგეთი). ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და ამავდროულად სავაჭრო ავენიუ, დამსახურებულად იწოდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ პროსპექტად. დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან „ელიზიუმ”, ეს კუნძულის სახელია, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცხოვრობენ გმირები, რომელთაც უკვდავება დაიმსახურეს.

ავენტინუსი - ერთ-ერთი 7 ბორცვთაგანი, რომელზედაც აღმოცენდა ქალაქი რომი.

ავერსი (ფრანგ.) - მონეტის, მედლის წინა მხარე.

ავეჯი - ნაკეთობები საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, ბაღებისა და პარკების, ტრანსპორტის და ადამიანის მოქმედების სხვა ზონების გასაწყობად. ისინი ძირითადად დასასვენებლად, დასაძინებლად, სამუშაოდ, საგნების შესანახად და სხვ. გამოიყენება. ისტორიულად ა. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ობიექტია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშენებლო საქმესთან და არქიტექტურასთან. ა. არსებობს: ანტიკვარული, ასაწყობ-დასაშლელი, ახალგაზრდული, ბამბუკის, გალაქული, გაპრიალებული, გრეხილი, დაუშლელი, დაწნული, ლითონის, მასიური, მასობრივი, მაღალი კლასის, მაღალმხატვრული, მოზაიკური, დაფანერებული, პლასტმასის, რბილი, სააგარაკო, საავადმყოფოს, საბავშვო, სათამაშო, სათეატრო, საკეცი, სამედიცინო, სასკოლო, სასპორტო, სასტუმრო, სექციური, ტრანსფორმირებადი, უნივერსალური, ჩაშენებული და სხვ. ცნობილია ა. სახეობები ისტორიული პერიოდების და სტილის მიხედვით: ადამის, ადრინდელი რენესანსის, ბაროკოს, ბერძნული, ბიზანტიური, გოთიკური, ეგვიპტის, ვენური, იაპონური, ინდური, ლუი-ფილიპეს, მაღალი რენესანსის, მოდერნის, ნაპოლეონ III-ის, რომაული, როკოკოს, ტიუდორთა, ფლამანდური, ფრანგული კლასიციზმის, ქართული, შერატონის, ჩინური, ჰოლანდიური და სხვ. სტილის.

ავზაკი - პატარა ზომის ჭურჭელი სითხისათვის.

ავზი - განსაზღვრული მოცულობის, დანიშნულების და სხვადასხვა ფორმის ჭურჭელი

ავიაბაზა - მიწის (წყლის) ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია სამხედრო ავიაციის საჰაერო ხომალდები (სტრატეგიული, ტაქტიკური და სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავები, შვეულმფრენები), აგრეთვე საწყობები და სარემონტო სახელოსნოები, რომლებშიც მოთავსებულია საომარი მოქმედებებისათვის საჭირო მატერიალური და ტექნიკური საშუალებები. ა. ძირითადი მახასიათებლებია: ასაფრენ-დასაჯდომი ზოლების რაოდენობა და მათი სივრცითი ორიენტაცია (აფრენისა და დაჯდომის მაგნიტური კურსი); თითოეული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე, სიგანე და მზიდუნარიანობა (სიმტკიცე); ავიაბაზაზე დისლოცირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა, ტიპი და დანიშნულება; სხვადასხვა პარამეტრები, რომლებიც ახასიათებენ საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის მდგომარეობას, საჰაერო ხომალდების და ეკიპაჟების საბრძოლო მზადყოფნას, აეროდრომის ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობას და სხვ. მსოფლიოში ცნობილი ავიობაზებია: „ედვარდსი“, „დევის მონტენ“, „ანდერსენი“ (აშშ); „კიპელოვო“, „ენგელსი“, „შაგოლ“ (რუსეთი); „იოვილტონ“, „კალდროუზ“, „კოტესმორ“ (დიდი ბრიტანეთი); „იოკოტა“ (იაპონია); „კანტ“, „მანას“ (ყირგიზეთი); „ემარი-დელფი“ (ესტონეთი); „ავორ“ (საფრანგეთი); „ინდჟირლიკ“ (თურქეთი) „პირლოუ“ (გერმანია); „რამონ“ (ისრაელი); "ტასარ" (უნგრეთი) (ნახ, 1), „ერებუნი" (სომხეთი); „ჟეტიგენ“ (ყაზახეთი) და სხვ.

ავიალი (საავიაციო ალუმინი) - შენადნობი ალუმინის საფუძველზე, რომლის შემადგენლობაში ალუმინის გარდა შედის: მაგნიუმი 0,45...0,9%, სილიციუმი  0,5...1,2%, სპილენძი 0,2...0,6%, მარგანეცი ან ქრომი 0,15...0,35%. ა. აქვს მაღალი პლასტიკურობა და კოროზიამედეგობა. სიმტკიცის ასამაღლებლად აწარმოებენ მის გამოწრთობას და ხელოვნურ დაძველებას. გამოიყენება რთული ფორმის ნაჭედი და დაშტამპული დეტალების დასამზადებლად (შვეულმფრენის ხრახნული ფრთა, სამშენებლო კონსტრუქციების ელემენტები და სხვ.).

ავია… - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს: საავიაციოს, საჰაეროს. მაგ., ავიაბაზა, ავიაფოსტა.

ავიზო (იტალ., შეტყობინება) - 1. უწყება, რომლითაც ატყობინებენ მიმღებს მისთვის ფულის, თამასუქის ან საქონლის გაგზავნას; 2. უცხოეთის ზოგიერთ სამხედრო ფლოტში სწრაფმავალი პატარა მზვერავი გემი.

ავისტა (იტალ.) - წარწერა თამასუქზე ან ფულადი ანგარიშსწორების სხვა დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს ამ დოკუმენტის განაღდებას წარდგენისთანავე ან წარდგენიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

ავლაბრის ვერტიკალური ბაღი - ცოცხალი კედელი თბილისში ავლაბრის მეტროს სადგურის ფასადზე (ავტორი ფრანგი ბოტანიკოსი და ლანდშაფტის არქიტექტორის პატრიკ ბლანი). ვერტიკალური ბაღის გასაშენებლად სულ 104 დასახელების 4 400 ძირი მოყვავილე და მარადმწვანე მცენარე გამოიყენეს (ნახ. 1). პროექტის ტექნოლოგიით ყველა ეს მცენარე შენობის კედელზე საგანგებოდ მოწყობილ თექაშია განთავსებული. თექის ქვეშ არსებული მიწის ხელოვნური მორწყვის სისტემა მცენარეებისთვის სასუქისა და წყლის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს. ნარგავები ყველა სეზონზე სხვადასხვა პერიოდულობით ხარობს. ა.ვ.ბ. მსოფლიოს 14 ულამაზეს ვერტიკალურ ბაღს შორის მოხვდა პარიზის, ლონდონის, სიდნეის, მადრიდის, სინგაპურის, ტაივანის, ბორდოს, ჰონკონგისა და სხვა ბაღებთან ერთად.

ავოგადროს რიცხვი - მოლეკულების რიცხვი ნივთიერების ერთ გრამ-მოლეკულაში.

ავტარკია (ბერძ.) - ქვეყნის სამეურნეო გამოცალკავების პოლიტიკა, რომელიც ქმნის კარჩაკეტილ, თვითუზრუნველყოფად ეკონომიკას.

ავტო (ბერძ.) - 1. შემოკლ. იგივეა, რაც ავტომობილი; 2. რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი რაც ნიშნავს: თვით, თავისი; მაგ.,ავტობიოგრაფია, ავტონომია, ავტომატი, ავტომობილი, ავტოტრანსპორტი, ავტომანქანა, ავტოკოლონა, ავტოსტრადა, ავტოკალამი, ავტოპილოტი.

ავტოამწე - იგივე საავტომობილო ამწე, რომელიც გამოიყენება საცალო ტვირთების დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოებზე, აგრეთვე კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟის დროს (ნახ. 1).

ავტობაზა - საავტომობილო ბაზა, ავტომობილების დასაყენებელი ადგილი.

ავტობეტონმზიდი - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ბეტონის ნარევის გადასატანად (ნახ. 1). ნარევი თავსდება ძარაში, რომელიც იხურება გამოსაწევი სახურავით, ხოლო ნარევი გადმოიტვირთება ძარის დახრით, რისთვისაც ა. აღჭურვილია ჰიდროცილინდრების სისტემით.

ავტობეტონსარევი - ავტომანქანაზე (ნახევრადმისაბმელზე) დამონტაჟებული მბრუნავი გრავიტაციული შემრევი წყლის ავზითა და ტუმბოთი, რომელიც გამოიყენება ბეტონის ქარხნიდან (კვანძიდან) ობიექტებზე ბეტონის ნარევის ტრანსპორტირებისათვის კომპონენტების შერევით გზაში. თანამედროვე ა. მოცულობა შეადგენს 8...10 მ3-ს.

ავტობლოკირება - მატარებელთა მიმოსვლის მომწესრიგებელი სისტემა გადასარბენებზე, რომელიც უზ-რუნველყოფს უსაფრთხო თანმიმდევრულ მოძრაობას ავტომატური შუქნიშნებით. ა. არის 2-ნიშნიანი (მეტროპოლიტენებში) და 3-ნიშნიანი (რკინიგზაზე). 2- ნიშნიანი ა. შუქნიშანი ავტომატურად იძლევა ორი ფერის სიგნალს: მწვანეს - ,,უბანი თავისუფალია’’ და წითელს - ,,უბანი დაკავებულია’’. 3-ნიშნიანი ა. დროს სადგურებს შორის გადასარბენებს ავტომატური შუქნიშნებით ყოფენ 1-3 კმ-იან ბლოკ-უბნებად. როცა შუქნიშანი მწვანე ფერს აჩვენებს, თავისუფალია ორი ბლოკ-უბანი მაინც; ყვითელი სიგნალი იტყობინება: თავისუფალია ერთი ბლოკ-უბანი; წითელი სიგნალი კი მიუთითებს, რომ წინამდებარე ბლოკ-უბანი დაკავებულია. ცუდი ხილვადობის ან მემანქანის უყურადღებობის შემთხვევაში ა. არ გამორიცხავს დაკავებულ ბლოკ-უბანზე მატარებლის შესვლის შესაძლებლობას. ამიტომ ლოკომოტივზე დამატებით აყენებენ ავტოსდექს. ამგვარი კომბინირებული სისტემა უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას.

ავტობლოკირების ბლოკ-უბანი - ორ შუქნიშანს (გასასვლელი, შესასვლელი, გასავლელი) შორის არსებული ლიანდაგის უბანი.

ავტოგამწე - თვლებიანი მანქანა მისაბმელების, გრძელი ტვირთების ერთ- და ორღერძიანი მისაბმელების და სხვა მოწყობილობის ბუქსირებისათვის (ნახ. 1). აქვს გადიდებული სიმძლავრე და ტრანსმისიის გადაცემათა რიცხვი (ფარდობა), დამოკლებული ბაზა.

ავტოგასამართი კომპლექსი - ტექნოლოგიური სისტემის, შენობებისა და ნაგებობების მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ორი ან სამი სახეობის საწვავის - ბენზინის, დიზელის საწვავის, ძრავას ზეთის (შემდგომ - ნავთობპროდუქტები), გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის და შეკუმშული ბუნებრივი აირის მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას.

ავტოგასამართი სადგური - ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და გაცემას, აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლებისა და მგზავრების მომსახურებას (ნახ. 1).

ავტოგენური შედუღება - ლითონთა ჭრა-შედუღება ძალზედ მაღალი ტემპერატურით.

ავტოგრეიდერი - თვითმავალი მიწისმთხრელი მანქანა (ნახ. 1), რომელიც გამოიყენება საგზაო, სამრეწველო და საბინაო მშენებლობაში, კომუნალურ და სოფლის მეურნობაში შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად: გზის ვაკისის საფარველის მოწყობა; ნაყარის აგება; ტერიტორიის მოშანდაკება; მიწის კალაპოტის მოწყობა; გზის ვაკისზე გრუნტის შერევა დანამატებთან და მჭიდა მასალებთან; გზების რემონტი და შენახვა; ასფალტის საფარვლის, რიყისქვის და მძიმე გრუნტის მოჭრა და გაფხვიერება; გზების გაწმენდა თოვლის, აგრეთვე მეწყერის, ღვარცოფის ნარჩენებისაგან. ა. მუშაობა შეუძლია I-III კატეგორიის გრუნტებთან ნორმალური კლიმატის პირობებში (+400C-დან −400C ტემპერატურამდე).

ავტოგუდრონატორი - სატრანსპორტო საშუალება ცხელი და ცივი ორგანული შემკვრელი მასალების (ძირითადად გუდრონისა და ბიტუმის) გადასატანად და გასანაწილებლად საავტომობილო გზების, აეროდრომებისა და ხიდების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისათვის, აგრეთვე შენობის ბურულის, საძირკვლების, წყალსატარი მილების და სხვ. ჰიდრისაიზოლაციო მასალების ტრანსპორტირებისათვის (ნახ. 1). მონტაჟდება სატვირთო ავტომობილების, მისაბმელების ან ნახევრად მისაბმელების შასიზე. გადასატანი მასალის ცხელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად ა. დამონტაჟებულია არაპირდაპირი გაცხელების სისტემა, რომელიც ცისტერნაში საჭირო ტემპერატურას უზრუნველყოფს.

ავტოდამტვირთავი - თვითმავალი პნევმატურსავალთვლიანი დამტვირთავი მანქანა საკუთარ შასიზე (ნახ. 1).

ავტოდრომი (ფრანგ.) - ს ა ა ვ ტ ო მ ო ბ ი ლ ო პ ო ლ ი გ ო ნ ი, - გზებისა და ნაგებობების კომპლექსი ავტომობილების გამოცდისათვის. ა. გამოიყენება აგრეთვე ავტოსპორტისა და მანქანის მართვის ოსტატობის შესასწავლად (ნახ. 1). ა. ეწყობა შემდეგი ტიპის გზები: რგოლური ჩქაროსნული, უთანაბრო მკვრივი საფარველით, გრუნტის, „დინამომეტრული“, ურთიერთგადამკვეთი წინაღობებით (აღმართი, დაღმართი, ფონი, ტალახიანი და მტვრიანი უბნები). ავტომობილების გამოსაცდელი გზების სახეობებია: უთანაბრო ქვაფენილი („ბელგიური ფენილი“); მოკლე ტალღები („სარეცხი დაფა“); სინუსოიდალური ტალღები; გზა შვერილებით; რიყის ქვის საფარველით.

ავტოთვითმცლელი - სატრანსპორტო საშუალება საყირაო ძარით ან ქვევით გასაღები ფსკერით. გამოიყენება გრუნტის, ქანის, მადანის, ქვიშის, ღორღის, ხრეშის ან სხვა მასალის გადასატანად. არსებობს სხვადასხვა სახის: სამშენებლო (ნახ. 1), სასოფლო-სამეურნეო და კარიერის.

ავტოკარი (ინგლ.) - შიგაწვის ძრავით აღჭურვილი პატარა თვითმოძრავი ურიკა; პატარა ავტომობილი, რომლითაც ხდება მცირე წონის ტვირთების აწევა და მოკლე მანძილზე გადატანა.

ავტოკლავი (ლათ.) - ჰერმეტულად დახურული ლითონის ჭურჭელი, რომელშიც ატარებენ სხვადასხვა პროცესებს ორთქლის, მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ. გამოიყენება სილიკობეტონის, სილიკატური აგურის, პლასტმასების, დუღაბის და სხვათა მისაღებად დაჩქარებული მეთოდით. ა. არსებობს: მბრუნავი, მოქანავე, ჰორიზონტალური (ნახ. 1), შვეული და კოლონური. სამშენებლო საქმის გარდა გამოიყენება ჰიდრომეტალურგიაში, მედიცინაში. ქიმიაში ქიმიურ რეაქტორსაც ეძახიან, ხოლო მედიცინაში - სტერილიზატორს ან საშრობ კამერას. გამოგონებული იქნა 1879 წელს ჩარლზ ჩემბერლენის მიერ.

ავტოკოლიმატორი - ზუსტი კუთხური გაზომვისათვის განკუთვნილი ოპტიკურ-მექანიკური ხელსაწყო.

ავტოკრატია (ბერძ.) - ქვეყნის მართვის ისეთი სისტემა, როცა მთელი უმაღლესი ძალაუფლება ერთი პირის ხელშია მოქცეული.

ავტომატი - 1. აპარატი, რომელიც ამოქმედების შემდეგ რაიმე სამუშაოს ასრულებს თავისით, ადამიანის ჩაურევლად, შიდა მექანიზმის საშუალებით; 2. ერთგვარი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჩახმახის ერთი გამოკვრის შემდეგ ავტომატურად განაგრძობს სროლას.

ავტომატიზაცია - საწარმოო პროცესის სრულყოფა.

ავტომატიკა - 1. ავტომატურად მოქმედი სხვადასხვა მექანიკური, ელექტრონული, პნევმატური და ჰიდრავლიკური მოწყობილობათა საერთო დასახელება, რომლებიც გამოიყენება დისკრეტული, უწყვეტი და ჰიბრიდული ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციისათვის; 2. ტექნიკის დარგი, რომელიც გამოიმუშავებს წარმოების ავტომატიზაციის მეთოდებს.

ავტომატური ბლოკირება - ავტომატური დაცვის განსაკუთრებული სახე, რომელიც გამოიყენება მანქანა-მექანიზმების უნებურად ჩართვა-გამორთვის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია, ხანძარი ან აფეთქება

ავტომატური დაცვის ხელსაწყოები - ხელსაწყოები, რომლებიც არა მარტო იძლევიან სიგნალს მუშა პროცესის ნორმალური მსვლელობიდან გადახრასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ, არამედ ამა თუ იმ პარამეტრის ზღვრული მნიშვნელობის დროს ნაწილობრივ ან მთლიანად აჩერებენ პროცესს, წყვეტენ ნედლეულის ან თბომატარებლის მიწოდებას, ახდენენ პროდუქტის გამოშვებას სისტემიდან ან უზრუნველყოფენ ხანძრის, აფეთქების ან ავარიის განვითარების საშიშროების ლიკვიდაციის სხვა ღონისძიებებს.

ავტომატური მართვა - უზრუნველყოფს აპარატებისა და აგრეგატების ჩართვას, მათ გაჩერებას, დამუხრუჭებას, რევერსირებასა და ოპერაციების წინასწარ დაგეგმილ თანმიმდევრობის მკაცრად დაცვას. ამ შემთხვევაში ადამიანის როლი მხოლოდ საწყისი (გამშვები) იმპულსის გაგზავნაში მდგომარეობს. ა.მ. ყველაზე ხშირად დისტანციურად ხორციელდება და უზრუნველყოფს დანადგარის შეთანხმებულ და საიმედო მუშაობას, უსაფრთხოების საჭირო პირობებს, გამორიცხავს ხანძრის საშიშროებასაც. ავტომატური რეგულირების ხელსაწყოები უზრუნველყოფენ ადამიანის მონაწილეობის გარეშე ტექნოლოგიური პროცესების მოცემული პარამეტრების შენარჩუნებას, გამორიცხავენ ამ პარამეტრების წინასწარ დადგენილი უსაფრთხო მნიშვნელობიდან ამა თუ იმ მხარეს გადახრას და ამით გამორიცხავენ ხანძრებისა და აფეთქებების ალბათობას.

ავტომატური მართვის სისტემა - ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების, ტექნიკური საშუალებების, კავშირებისა და ინფორმაციების ასახვისა და სხვათა მოწყობილობების და ორგანიზაციული კომპლექსების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს რთული ობიექტებისა და პროცესების მართვას.

ავტომატური მკვებავი - ტრანსპორტიორი, რომლის მეშვეობით ფხვნილისებრი, ნაყარი და გრანულირებული საშენი მასალები ან კვების პროდუქტები მიეწოდება დოზატორებს, ბუნკერებს, მაგროვებლებსა და სხვა ტევადობებს (ნახ. 1). მკვებავის ყველა დეტალი დამზადებულია მაღალი სიმტკიცის უჟანგავი ფოლადისაგან. ა.მ. მუშაობას ასრულებს მხოლოდ ერთი ოპერატორი.

ავტომატური სარქველი - მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად აღებს, კეტავს ან ცვლის სიგნალის სიხშირეს მართვის (დაცვის) სქემის შესაბამისად.

ავტომატური საშხეფებელი სისტემა - ხანძარსაწინააღმდეგო საშხეფებელი სისტემა წარმოადგენს მიწისქვეშა და მიწისზედა მილსადენების ერთიან სისტემას დაპროექტებულს ხანძარსაწინააღმდეგო საინჟინრო სტანდარტების შესაბამისად. სისტემაში შედის სათანადო წყალმომარაგება. სისტემის მიწის ზემოთ მდებარე ნაწილი წარმოადგენს სათანადო მოცულობის ან ჰიდრავლიკურად დაპროექტებულ მილსადენთა ქსელს, რომელიც დამონტაჟებულია ნაგებობაში ან ფართობზე და მასზე მიერთებულია ავტომატური საშხეფებლები. სისტემა, ჩვეულებრივ, აქტიურდება ცეცხლის სიმხურვალეზე და ხანძრის ზონაში უშვებს წყალს.

ავტომატური სიგნალიზაცია - დანადგარი ან სისტემა, რომელიც ასრულებს საავარიო სიგნალიზაციის გამააქტიურებლის ფუნქციას ადამიანის ჩაურევლად და აქტიურდება წინასწარგანსაზღვრული ტემპერატურის მომატების, ზრდის ტემპის ან წვის პროდუქტების მატების შედეგად.

ავტომატური შესყიდვა - შესყიდვის ტიპი, წინასწარი გამოკვლევის, შედარების ან მოფიქრების გარეშე.

ავტომატური ცეცხლჩამქრობი სისტემა - მანქანა-დანადგარების სათანადო სისტემა, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს ცეცხლს და ხანძრის ზონაში უშვებს ცეცხლსაქრობ ნივთიერებას.

ავტომატური წყალმკვები - წყალმკვები, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს საჭირო წნევას მილსადენში მართვის კვანძის გამართულად მუშაობისათვის.

ავტომატური ხაზი - ავტომატური საკომუნიკაციო საშუალებებით შეერთებული მანქანა-ავტომატების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა განსაზღვრული ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულება.

ავტომობილი (ლათ.) - ადამიანთა გადასაყვანი (მსუბუქი) ან ტვირთის გადასატანი (სატვირთო) მანქანა, რომელიც შიგაწვის ძრავით მოძრაობს ურელსო გზებზე. ავტომობილი -  ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვალებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხოები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი. პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარ შეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშვა ორთქლის ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტი თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში). 1885 წელს ააგეს პირველი ავტომობილი შიგაწვის ძრავით (გ. დაიმლერი და ა. ბენცი). შიგაწვის ძრავის შექმნამ გადატრიალება მოახდიანა ტრანსპორტის, სამხედრო ტექნიკისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციაში. საავტომობილო მრეწველობის ცნობილი ბრენდებია: მერსედესი (ნახ. 1), ბმვ, პორშე, აუდი, ფოლკსვაგენი (გერმანია); ფერარი, ფიატი, ლამბორგინი (იტალია); რენო (ნახ. 2, რენო, მოდელი 1998 წ.), პეჟო, სიტროენი (საფრანგეთი); როლს როისი, რეინჯ როვერი, ასტონ მარტინი (ინგლისი); ვოლვო (შვედეთი); ფორდი, კრაისლერი, შევროლე, ჯენერალ მოტორსი, კადილაკი, იაგუარი (აშშ), ტოიოტა (ნახ. 3), ნისანი, ჰონდა, მაზდა (იაპონია), კია (კორეა) და სხვ.

ავტომობილი თვითმცლელი - ავტომობილი ასაყირავებელი სატვირთო პლატფორმით (ნახ. 1). მზადდება საერთო დანიშნულების ავტომობილის ბაზაზე ან სპეციალიზებული სახით, მძიმე კარიერულ პირობებში სამუშაოდ. გამოიყენება საშენი მასალების (ბეტონის, ქვიშის, ხრეშის, ღორღის, მადნეულის, გრუნტის და სხვ.) გადასაზიდად და ჩამოყრით დასაცლელად. ა.თ. აღჭურვილია მართკუთხა, ვარცლისებრი, ჩამჩის ფორმის  ან ნახევაროვალური განივკვეთის თვითმცლელი ძარით, რომელსაც ზედა მხარეს აქვს კონსოლი მძღოლის კაბინის დასაცავად. განტვირთვა ხდება უკანა მხარეს, თუმცა არსებობს მოდელები ძარის განტვირთვით სამ მხარეზე. ძარის გადაყირავებისათვის გამოყენებულია ძარის ქვეშ განლაგებული ჰიდროცილინდრები. ძარის აწევის ხანგრძლივობაა 15...40 წმ, დაშვების - 20...40 წმ; ტვირთამწეობა - 2,25...75 ტ, ძარის მოცულობა - 1,65...49,7 მ3.

ავტომორფიზმი - იხ. იზომორფიზმი.

ავტომოტრისა (ფრანგ.) - ლიანდაგებზე მოძრავი თვითმავალი სამგზავრო ვაგონი აღჭურვილი შიგაწვის ძრავით (ნახ. 1).

ავტონომიური - 1. ავტონომიის მქონე; 2. რაც დაკავშირებული, მიერთებული არ არის მის გარეშე მყოფ ენერგიის წყაროსთან

ავტონომიური ორთქლის გადამხურებელი - ქვაბში ან აირსადენში ჩაშენებული ან ცალკე მდგომი ორთქლის გადამხურებელი, რომელშიც ორთქლი გადახურებისთვის მიეწოდება გარე წყაროდან.

ავტონომიური საქვაბე (ინდივიდუალური საქვაბე) - საქვაბე, ერთი შენობის ან ნაგებობის თბომომარაგებისათვის.

ავტორეფერატი - ავტორის მიერ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომის მოკლე შინაარსის გადმოცემა.

ავტორიზებული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კანონის საფუძველზე, საკუთარი პასუხისმგებლობით.

ავტორხევა - არამილევადი რხევა არაწრფივ დინამიკურ სისტემაში, რომელსაც გარეშე პერიოდული ზემოქმედებისაგან დამოუკიდებლად შეუძლია იარსებოს და რომლის ამპლიტუდა და პერიოდი (სიხშირე) ფართო საზღვრებში არ არიან დამოკიდებულნი საწყის პირობებზე და განისაზღვრებიან თვით ამ სისტემის თვისებებით

ავტოსადგომი დახურული - სატრანსპორტო საშუალებების შესანახი ადგილი დახურული ტიპის შენობის ან ნაგებობის სახით.

ავტოსადგომი პანდუსებიანი (რამპებიანი) - მრავალსართულიანი ავტოსადგომი, რომლის სართულები ერთმანეთთან პანდუსებითაა დაკავშირებული. ძირითადად აგებენ რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისაგან. მიეკუთვნება ღია ტიპის ავტოსადგომს.

ავტოსადგომი ღია - ავტოსადგომი შემომზღუდავი კედლების გარეშე. უმეტესად შემოღობილია ლითონის ნაქსოვი ბადით, გისოსით ან ხის მესერით. ა.ღ. ითვლება, აგრეთვე, ნაგებობა რომლის ორ ურთიერთსაპირისპირო კედელში არსებობს ღიობები, რომელთა ფართობი აღემატება ამ გვერდის კედლის საერთო ფართობის 50%-ს.

ავტოსადგური - ნაგებობის კომპლექსი ქალაქთშორისო საავტომობილო ხაზების ბოლო და საკვანძო პუნქტებში მგზავრთა მომსახურებისათვის. ა. შენობაში განთავსებულია სამგზავრო დარბაზი, სალაროები, სადისპეტჩერო, ხელბარგის შესანახი კამერები, ბუფეტი, სანკვანძი და სხვ. სათავსები.; ტერიტორიაზე კი - მგზავრთა ავტობუსებში ჩასასხდომი და გადმოსასხდომი ბაქანი (ბაქნები). ა. ავტობუსების უსაფრთხო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფისათვის მოწყობილია კონტროლის ავტომატური სისტემები (რადიო- და ტელეკავშირი, სიგნალიზაცია და სხვ.).

ავტოსატვირთველი - თვითმავალი ავტოსატრანსპორტო მანქანა, რომელიც გამოიყენება ტვირთის დასატვირთ-გადასაადგილებლად საქმიანი ეზოს ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე და სხვ.

ავტოსდექი - 1. ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად იწვევს მატარებლის სწრაფ დამუხრუჭებას ამკრძალავ ჩვენებიანი შუქნიშნის გავლის შემთხვევაში. მეტროპოლიტენში გამოიყენება მექანიკური მოქმედების ა. მისი მექანიკური კავი, რომელიც იწვევს მოძრავი შემადგენლობის დამუხრუჭებას, იდგმება ლიანდაგის მარჯვენა მხრიდან შუქნიშნის წინ არა უმეტეს 20 მ მანძილზე. თუ ა. გადამღობ მდგომარეობაშია, მისი სამუხრუჭე კავი უნდა იყოს დახრილ მდგომარეობაში; 2. თანმხვედრი ტრანსპორტით უფასო გადაადგილება.

ავტოსერვისი - ავტომობილების მომსახურებისათვის განკუთვნილი დაწესებულება.

ავტოსტოპი - 1. მოწყობილობა მატარებლების ავტომატურად გასაჩერებლად დაკეტილ საგზაო სიგნალთან მიახლოებისას; 2. მგზავრთა გადაადგილების ერთგვარი წესი, როდესაც გზად მიმავალ ავტომობილს აჩერებენ და მიჰყვებიან დანიშნულ ადგილამდე.

ავტოსტრადა (იტალ.) - კეთილმოწყობილი ფართო საავტომობილო გზა განივი გადასასვლელების გარეშე ტრანსპორტის სწრაფი მოძრაობისათვის.

ავტოტრანსფორმატორი - ელექტრული ტრანსფორმატორი, რომლის ყველა გრაგნილი ერთმანეთთან შეერთებულია გალვანურად.

ავტოქთონური - ადგილობრივი წარმოშობისა (ქანები, ნახშირი, თიხა და სხვა).

ავტოცემენტსაზიდი - ავტომობილი-გამწე, რომელზეც 7...900-იანი დახრის კუთხით დაყენებულია ნახევრად მისაბმელი მზიდი უჩარჩოო კონსტრუქციის ცისტერნა (ნახ. 1). გამოიყენება რკინიგზის ლიანდაგისპირა საწყობებიდან ცემენტის გადასაზიდად ბეტონისა და რკინაბეტონის ქარხნებსა და სამშენებლო ობიექტებზე.

ავტოცისტერნა - ნავთობპროდუქტების და თხევადი ნახშირწყალბადიანი აირების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტომობილი (ნახ. 1), საწევარი ნახევარმისაბმელით, ავტომატარებელი.

ავტოჰიდროსაწეველა - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ხალხის (ინსტრუმენტებიანად) ასაწევად სიმაღლეზე და სამშენებლო-სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების, სამრეწველო, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისა და სხვ. მშენებლობის, მონტაჟის, მომსახურებისა და რემონტისათვის. განასხვავებენ გასაშლელ-სახსრიანს (ნახ. 1) და ტელესკოპურს.

ავუარი (ფრანგ.) - ფულადი თანხა, ჩეკი, აკრედიტივი, რომლის ხარჯზეც მფლობელს შეუძლია გადასახადის გადახდა ან ვალდებულებათა განაღდება.

აზარმაცი - ოწინარი; ჭასთან დამაგრებული ბერკეტი წყლის ამოსატანად. საერთოდ, სიმძიმის ასაწევი ბერკეტი (ნახ. 1).

აზბესტი (ბერძ.) - ქრიზოტილი, ქანსელი, მთის სელი - ბუნებრივი, წვრილბოჭკოვანი, ცეცხლგამძლე მინერალი, ფართოდ გამოიყენება ქსოვილის, მუყაოს, ქაღალდის, ჩალიჩის დასამზადებლად, აგრეგატების თბოიზოლაციისათვის. აზბესტცემენტი მიიღება ცემენტის, ასბესტის (ცემენტის მასის 15...20%) და წყლის ნარევის გამაგრების შედეგად. მას იყენებენ შიფერის, მილების, პანელების და სხვათა დასამზადებლად. XX საუკუნის ბოლოს, ევროპასა და ამერიკაში აზბესტის გამოყენება აკრძალეს, მისი მავნებლობის გამო. თუმცა, ამ მასალის უდიდესი მწარმოებელი რუსეთი აგრძელებს მის გამოყენებას და აცხადებს, რომ ადამიანის ორგანიზმზე მავნედ მოქმედებს ამფიბოლიური აზბესტი, რომლის შემადგენლობაში შედის მძიმე ლითონები, რომლებიც გროვდება ადამიანის ორგანიზმში და არა ქრიზოლიტაზბესტი, რომელიც იშლება მჟავა გარემოში, მათ შორის ადამიანის ორგანიზმში და რომელიც გამოიყენება მშენებლობაში.

აზბესტცემენტი - მიიღება ცემენტის, ასბესტის (ცემენტის მასის 15...20%) და წყლის ნარევის გამაგრების შედეგად. ხასიათდება ხანგამძლეობით, ყინვა-, ცეცხლ- და ქიმიური მედეგობით. იყენებენ შიფერის, მილების, პანელების და სხვ. დასამზადებლად.

აზბესტცემენტის საბურულე ფილა - აზბესტცემენტის ბრტყელი ნაკეთობა, რომლის სიგრძე და სიგანეა 600 მმ-ზე, ხოლო სისქე - 5 მმ-ზე ნაკლები.

აზბოლითი (ბერძ.) - საშენი მასალა, რომელიც წარმოადგენს მაგნეზიური ცემენტის, ნახერხისა და აზბესტის ბოჭკოს ნარევს; იყენებენ ძირითადად იატაკების დასამზადებლად.

აზბოპლასტიკი - პლასტმასა, რომლის შემავსებელია აზბესტის ბოჭკო. ფართო გამოყენება აქვს რაკეტულ ტექნიკაში თბოსაიზოლაციოდ. ა. ამზადებენ მუხრუჭის ხუნდებს მეტროპოლიტენის მატარებლებისა და თვითმფრინავებისათვის და სხვ.

აზოტი - ქიმიური ელემენტი, ინერტული, უფერული გაზი, რომელსაც არ აქვს სუნი და გემო და ხელს არ უწყობს წვას; ჰაერის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (78%). შედის ყველა ცოცხალი ორგანიზმის შედგენილობაში, მონაწილეობს ბუნებაში ნივთიერებათა წრე-ბრუნვის რთულ პროცესში. თხევადი ა. გამოიყენება დაბალი ტემპერატურის მისაღებად, აირადი ა. – ინერტული გარემოს შესაქმნელად ელ.ნათურებში, ვერცხლისწყლის თერმომეტრებში, მაღალი ტემპერატურის გასაზომად, წვადი სითხეების გადასაქაჩად და სხვ

აზოტიზაცია - ლეგირებული ფოლადის ზედაპირის გაჯერება აზოტით (სიმტკიცის მისაცემად).

აზოტმჟავა (HNO3) - ძლიერი ერთფუძიანი მჟავა, უფერო სითხე, უწყლო ა. სიმკვრივეა 1522 კგ/მ3, ლღობის ტემპერატურა tლღ = −410C, დუღილის ტემპერატურა tდუღ = 840C. მიიღება ამიაკის, ჰაერის ჟანგბადით, კათალიზური ჟანგვით. გამოიყენება აზოტისა და კომბინირებული სასუქების წარმოებაში, ფერად მეტალურგიაში მეტალების ამოჭმისა და გახსნისათვის, გოგირგმჟავას მისაღებად, სხვადასხვა ორგანული ნიტროპროდუქტების წარმოებაში, რაკეტულ ტექნიკაში როგორც საწვავის განჟანგავი, ქიმიურ ლაბორატორიებში და სხვ.

აზურიტი (არაბ.) - 1. ფართოდ გავრცელებული სპილენძის მინერალი ლურჯი ფერისა, ე.წ. «სპილენძის ლაჟვარდი» ; იხმარება სპილენძის გამოსადნობად, ლურჯი საღებავისა და შაბიამნის დასამზადებლად და სხვ.; 2. სანახელავო ქვა. მოიპოვება მადნეულში.

ათვლის აბსოლუტური სისტემა (ათვლის ძირითადი სისტემა) - ათვლის სისტემა, რომელიც ითვლება უძრავად.

ათვლის არაინერციული სისტემა - ათვლის ინერციული სისტემის მიმართ ნებისმიერად მოძრავი სისტემა.

ათვლის ინერციული სისტემა - ათვლის სისტემა, რომლის მიმართ მართებულია კლასიკური მექანიკის ძირითადი კანონები ანუ მოძრაობის ძირითადი კანონები, რომლებიც საბოლოო სახით დაადგინეს გალილეიმ და ნიუტონმა. ათვლის ასეთი სისტემის მიმართ იზოლირებული სხეული თანაბრად და წრფივად მოძრაობს. ფარდობითობის თეორიაში ამ პირობას ემატება მეორე პირობაც - სინათლის სიჩქარე ასეთ ათვლის სისტემაში მუდმივი უნდა იყოს. საკმაოდ დიდი სიზუსტით ინერციულ სისტემად შეიძლება მივიღოთ სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა, რომლის სათავე მზის ცენტრშია, ხოლო ღერძები მიმართულია სამი "უძრავი" ვარსკვლავისაკენ. ცდები და დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მექანიკური მოძრაობის შესწავლისას ტექნიკური პრაქტიკის თითქმის ყველა საკითხში ათვლის ინერციულ სისტემად შეგვიძლია დიდი სიზუსტით ავიღოთ დედამიწასთან დაკავშირებული საკოორდინატო სისტემა.

ათვლის მოძრავი სისტემა - ათვლის სისტემა, რომელიც მოძრაობს ათვლის აბსოლუტური (უძრავი) სისტემის მიმართ.

ათვლის სისტემა - სხეულთა უცვლელი სისტემა, რომლის მიმართაც განისაზღვრება გამოსაკვლევი სხეულების მდებარეობა და რომელშიც აღინიშნება დროის სათანადო მომენტი. ათვლის სისტემასთან უძრავად აკავშირებენ კოორდინატთა სისტემას (მაგ., მართკუთხა კოორდინატთა სისტემას).

ათვლის ფარდობითი სისტემა - იხ. ათვლის მოძრავი სისტემა.

ათვლის ძირითადი სისტემა - იხ. ათვლის აბსოლუტური სისტემა.

ათონის ივერთა მონასტერი - ისტორიული ქართული მონასტერი (ნახ. 1). მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980…983 წლებში. ათონის ქართველთა მონასტერს სამი მხრიდან ტყე აკრავს, მეოთხე მხარეს - ფართო სათიბები აქვს. მონასტრის კედლები მარმარილოსია, კანკელი და საკურთხეველი მოოქროვილია. ასევეა წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. მონასტერს გარედან მაღალი ქვის კედელი აქვს. შიგ კი არის ტაძრები: მიძინების, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზისა, წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა და 16 სხვა პატარა ეკლესია. მონასტრის მთავარი შენობის აშენებასა და კეთილმოწყობას ხელი შეუწყო ერთმა გარემოებამ: საბერძნეთის ახალგაზრდა იმპერატორებმა ბასილმა და კონსტანტინემ სთხოვეს დავით კურაპალატს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. დ. კურაპალატმა 12000 ქართველთა ჯარი გაუგზავნა დასახმარებლად, რომელსაც ყოფილი მთავარსარდალი და იმჟამად ბერი თორნიკე (თორნიკე ერისთავი) სარდლობდა. გამარჯვებულმა ქართველებმა დამარცხებული ქვეყნიდან წამოღებული დიდძალი ქონება ნადავლის სახით თორნიკეს მიაკუთვნეს. თორნიკემ კი მთელი ქონება ათონზე წაიღო, რითაც ქართველებისათვის საგანგებო მონასტერი ააშენეს, მშვენიერი, ჰაეროვანი, რომლის მსგავსი იქ არ მოიპოვებოდა. თავისი სიდიდითა და სიმდიდრით, მთელ ათონზე იგი მესამე ადგილზეა.

აივანი - 1. ბალკონი; შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული და, როგორც წესი, შიდა სათავსებთან დაკავშირებული, მოაჯირით შემოსაზღვრული ბაქანი (ნახ. 1); 2. დერეფანი; საცხოვრებელი სახლის (კერძოდ, ქართული საცხოვრებელი სახლის) ერთ ან სამმხრივ ღია ნაწილი სვეტებზე დაყრდნობილი გადახურვით. ასეთი აივანი ქვედა სართულის კედლებზე ან ამგვარივე აივნის სვეტებზეა დაყრდნობილი, ან შეკიდულია.

აივნის კარის ბლოკი - შუქგამტარი კონსტრუქცია, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს შიდა სათავსის კომუნიკაცია ღია აივანთან (ან ლოჯიასთან), სათავსის ბუნებრივი განათება და დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისა და ხმაურისაგან. შედგება: ჩარჩოს, ფრთის და, ცალკეულ შემთხვევაში, ფრამუგისაგან.

აირადი აგრესიული გარემო - გარემო, რომლის აგრესიული ზემოქმედება განისაზღვრება მისი აირული ფაზის შედგენილობითა და თვისებებით.

აირადი დანამატები - ნივთიერებები, რომლებიც ცემენტის ჰიდრატაციის პროდუქტებთან ქიმიური ურთიერთქმედებისას გამოყოფენ აირს.

აირბეტონი - უჯრედოვაბი ბეტონის სახესხვაობა. არის თბოსაიოლაციო და საკონსტრუქციო. იყენებენ თბოსაიოლაციო მასალად შენობის შემომზღუდავი კონსტრუქციებისათვის. მის დასამზადებლად აირწარმომქმნელი (ალუმინის პუდრი) შეაქვთ შემკვრელის (პორტლანდცემენტი, დაფქული კირი) კაჟმიწოვანი კომპონენტისა და წყლის ნარევში.

აირგამომყოფი - რეზერვუარში საწვავის ჩასხმისას, აგრეთვე მარიგებელი სვეტის ტუმბოს მუშაობისას საწვავიდან ჰაერის გამომყოფი მოწყობილობა

აირგასამართი სადგური - სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავი სისტემის ბალონების გამართვას გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირით.

აირგენერატორი - აპარატი მყარი და თხევადი სათბობის თერმული გადამუშავებისათვის საწვავ აირებად. მიღებული აირი გამოიყენება სამრეწველო ღუმელებში (მაგ., მინასახარშ ღუმელში).

აირი (ფრანგ.) - ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელშიც მისი ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების, იონების) თბური მოძრაობის კინეტიკური ენერგია ბევრად აღემატება ამ ნაწილაკებს შორის ურთიერთკავშირის პოტენციალურ ენერგიას, რის გამოც ნაწილაკები მოძრაობენ თავისუფლად, თანაბრად ავსებენ რა მოცემულ მოცულობას.

აირის მეურნეობის საწარმო - საწარმო, რომელიც ახორციელებს ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების აირმომარაგების სისტემების ექსპლუატაციას.

აირის სანთურა - მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება აირმაგვარი საწვავის ჰაერთან ან ჟანგბადთან შესარევად და შემდეგ სახურებელ ღუმელში მისაწოდებლად. არსებობს: უალო, ატმოსფერული, ტურბულენტური და დიფუზური.

აირის წნევა - მოძრავი აირის სტატიკური წნევა ატმოსფერული წნევის მიმართ.

აირმათანაბრებელი სისტემა - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს დეაერაციის საერთო სისტემით გაერთიანებულ რეზერვუარში (რეზერვუარების ჯგუფში) ნავთობპროდუქტების ორთქლიანი ფაზის წნევის გათანაბრებას.

აირმაშველი სადგური - სამსახური, რომლის დანიშნულებაა: აირის ქსელზე და აგრეგატებზე სისტემატური დაკვირვება; ჰაერის შემადგენლობის კონტროლი და უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ჩატარება; აირსაშიში ადგილებიდან ხალხის ევაკუაცია და დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა; ავარიის სალიკვიდაციო და სხვა აირსაშიში სამუშაოების ჩატარება; აირმაშველ სამუშაოებზე საერთო ზედამხედველობა; პერსონალის შესაბამისი სწავლება და ნებაყოფლობითი აირმაშველი რაზმების სამუშაოთა ხელმძღვანელობა. ა.ს. მონაწილეობს საშიში სამუშაოების და ადგილების სიის შედგენაში, ამუშავებს აირსაშიში სამუშაოების შესრულების ადგილობრივ ინსტრუქციას, მონაწილეობს ავარიების პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში; აღრიცხავს და აკონტროლებს აირმაშველ სამუშაოებს, აკონტროლებს ამ სამუშაოებზე პერსონალის დაშვებას; ორგანიზაციას უკეთებს აირმაშველთა მორიგეობას, თვალყურს ადევნებს აირდამცველი აპარატურის ტექნიკურ მდგომარეობას, ორგანიზაციას უკეთებს აირსაშიშ ადგილებში ჰაერის ანალიზის სისტემატურად ჩატარებას.

აირმომარაგება - აირის მრეწველობის შემადგენელი ნაწილი.

აირმოწყობილობა - მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე აირის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც აირი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბობისათვის, აგრეთვე, ტექნოლოგიურ ნედლეულად.

აირსადენი - მილსადენი აირის ტრანსპორტირებისათვის.

აირსადენი გარე - აირსადენები მაგისტრალური აირსადენის გამანაწილებელი სადგურიდან აირის მომხმარებლებამდე (შენობებისა და ნაგებობების გარე კედლებამდე).

აირსადენი მაგისტრალური - ნაგებობა აირის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე.

აირსადენი შიდა - აირსადენები სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების შიგნით.

აირსადენის ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვა - მიწისქვეშა ფოლადის აირსადენების კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია, შესაბამისად, აირსადენებზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან აირსადენის ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა.

აირსადენის იზოლაცია - აირსადენის გარე ზედაპირის ანტიკოროზიული საფარი სპეციალური მასტიკებითა და შემოსახვევი მასალით (ნახ. 1). მიეკუთვნება იზოლაციის პასიურ სახეობას. საიზოლაციო მასალებისადმი წაყენებული მოთხოვნებია: ზედაპირის მონილითურობა, წყალშეუღწევადობა, ლითონთან კარგი მიკვრადობა, ქიმიური მედეგობა, მექანიკური სიმტკიცე, დიელექტრიკული თვისებები. გამოიყენება ბიტუმ-პოლიმერული, ბიტუმ-მინერალური და ბიტუმ-რეზინის მასტიკები. უარყოფითი ტემპერატურის პირობებში ბითუმის მასტიკებს პლასტიკურობის ასამაღლებლად და სიმყიფის შესამცირებლად უმატებენ პლასტიფიკატორს. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში იყენებენ საქარხნო პირობებში დამზადებულ გაძლიერებული ტიპის იზოლაციას (0,1...0,15 მმ სისქის ბიტუმის გრუნტი, 2,5...3 მმ სისქის ბიტუმის მასტიკა, 3 ფენა მაარმირებელი ბადე და გარე შემოსახვევი ქაღალდის), რომლის საერთო სისქეა 9 მმ. შემოსახვევ მასალად უმეტესად გამოიყენება პოლივინილქლორიდის ან პოლიეთილენის ლენტი. დამცავ საიზოლაციო მასალად გამოიყენება აგრეთვე ეთილონის ემალი, პოლიურეთანი და სხვ. მილების საიზოლაციო მასალით შეხვევის ოპერაციის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალური მანქანა (ნახ. 2).

აირსადენის კოროზიისაგან დაცვა - ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის აირსადენების დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან.

აირსავსები პუნქტი - მცირე მწარმოებლურობის საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა თხევადი ნახშირწყალბადიანი აირების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

აირსავსები სადგური - საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა თხევადი ნახშირწყალბადიანი აირების მიღება რკინიგზის, წყლის, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ავტოცისტერნებითა და ბალონებით, აგრეთვე ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

აირსავსები საკომპრესორო სადგური - სადგური, რომელიც უზრუნველყოფს სატვირთო, სპეციალური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავი ბალონების გამართვას შეკუმშული ბუნებრივი აირით.

აირსაშიში ადგილი - სათავსი (ნაგებობა, უბანი და ა.შ.), რომლის სამუშაო ზონაში მოსალოდნელია მავნე ან აფეთქებასაშიში ნივთიერებების დაგროვება ზღვულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტი რაოდენობით.

აირსაცავი - აირის შესანახი ბუნებრივად შექმნილი ან ხელოვნურად აგებული რეზერვუარი. არსებობს მიწისზედა და მიწისქვეშა. მიწისზედა აირსაცავებს ძირითადად ამზადებენ ლითონისაგან, რომლებსაც სფეროს (ნახ. 1), ცილინდრის ან წყლის წვეთის ფორმა აქვს. მიწისქვეშა საცავი ეკონომიურად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მიწისზედა, რადგან მასში შეიძლება ასეულ მილიონობით კუბური მეტრი აირის შენახვა. მისთვის გამოიყენება აირის დაცარიელებული საბადოები, წყლიანი სამთო ფენები, მიტოვებული შახტები, გამოქვაბულები, გვირაბები და სხვ. მკვრივ სამთო ქანებში (გრანიტი, კირქვა, თიხა, ქვამარილი) მოწყობილ საცავებში შესაძლებელია აირების შენახვა გათხევადებულ მდგომარეობაში.

აირსილიკატი - უჯრედოვანი თბოსაიზოლაციო ბეტონი, რომელიც მიიღება დაფქული კვარცის ქვიშის, კირისა და წინასწარ მომზადებული შლამის (ცომის) ნარევის აფუებით აირწარმომქმნელის მეშვეობით და სხვასხვა პირობებში გამყარებით (ავტოკლავური დამუშავება ან გაორთქვლა).

აირღუმელი - აირის საწვავზე მომუშავე ღუმელი.

აირშეღწევადობა - მასალის უნარი გაატაროს აირი და ჰაერი. ხასიათდება განსაზღვრული სისქის მასალის ფენასა და ფართობზე განსაზღვრული დროის განმავლობაში გავლილი აირის მოცულობით. დამოკიდებულია აირშეღწევადობის კოეფიციენტზე, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული, კონკრეტული მასალისათვის.

აირწიდაბეტონი - ბეტონი, რომელშიც ძირითადი შემკვრელია ბრძმედის გრანულირებული წიდა, დაფქული ქვიშა ან ნაცარი და დანამატი-აქტივიზატორი (კირი, თაბაშირი ან თხევადი მინა); აირწარმომქმნელია ალუმინის პუდრი. ა. დამზადებული კონსტრუქციები საჭიროებს თბოტენდამუშავებას და სწრაფ განყალიბებას.

აირწინაღი - სასუნთქი ორგანოების და სახის დასაცავი ინდივიდუალური საშუალება (ნახ. 1). გამოიყენება მშენებლობაზე, სამთო და ქიმიურ მრეწველობაში, წისქვილკომბინატებში, ცემენტის და თაბაშირის წარმოებებში და მისთ.

აირწმენდა - სამრეწველო აირებიდან მინარევების გამოყოფის პროცესი

აკადემია - სახელმწიფო უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება ან სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი. ა. არის ათენთან ახლოს მდებარე სკოლის სახელწოდება, რომელიც ჩვ.ერამდე 395 წელს დააარსა ფილოსოფოსმა პლატონმა (ნახ. 1, ათენის აკადემია). მეცნიერებათა ა. კოორდინაციას უწევს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და სხვა სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობას. სამეცნიერო ა. წევრები იყოფიან ნამდვილ წევრებად და წევრ-კორესპონდენტებად. მეცნიერს აკადემიკოსის წოდება ენიჭება სამუდამოდ. საქართველოში მოქმედებს შემდეგი აკადემიები: 1. მათემატიკის და ფიზიკის; 2. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა; 3. გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობის და მართვის პროცესების; 4. ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების; 5.ბიოლოგიურ მეცნიერებათა; 6. ფიზიოლოგიის; 7. მედიცინის; 8. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა; 9. საზოგადოებრივ მეცნიერებათა; 10. ენის, ლიტერატურის და ხელოვნების. ძველთაგან საქართველოში ცნობილი იყო გელათისა და იყალთოს აკადემიები.

აკადემიზმი (ფრანგ.) - 1. მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია კლასიკური ხუროთმოძღვრების ფორმებზე; 2. არქიტექტურული წარსულის მხატვრული იდეალებისა და პრინციპების ნებისმიერი კანონიზაცია.

აკანთი (ბერძ.) - სკულპტურული ორნამენტი, რომელიც ამავე სახელწოდების მცენარის სტილიზებული გამოსახულებაა (ნახ. 1) და საფუძვლად უდევს კორინთული კაპიტელის, კარნიზის, ფრიზის და სხვა არქიტექტურული ელემენტების დეკორს.

აკარქიტი - მოსაპირკეთებელი ფილები, დამზადებული მარმარილოსა და გრანიტის ნარჩენების, ღორღისა და ცემენტის დუღაბისაგან და შემოფენილი მარმარილოს ფირფიტებით. გამოიყენება სამრეწველო შენობების იატაკების დასაგებად და კედლების მოსაპირკეთებლად, როგორც დეკორატიული მასალა.

აკაცია - მიმოზისებრთა ქვეოჯახის მცენარეთა გვარი, რომელსაც საკმაოდ მკვრივი, მაგარი, მომწვანო-მოწაბლისფერი მერქანი აქვს. უმეტესად ეკლიანი ხეებია (ნახ. 1). განივკვეთში ნაქურთენს მცირე ზოლი უჭირავს, ძირითად ნაწილს კი შეადგენს გული. სიმკვრივე 600...820 კგ/მ3. იზრდება მშრალ უდაბნოებსა (მექსიკა, ავსტრალია) და ჭარბტენიან ადგილებში (ინდოეთი, მადაგასკარი). ცნობილია 750-მდე სახეობა, რომელთა ნახევარი გავრცელებულია ავსტრალიაში (იქ აკაცია ეროვნული ემბლემაა). როგორც სწრაფმზარდ მცენარეს რგავენ ფერდობების გატყიანებისა და ქალაქების გამწვანებისათვის. მერქანს იყენებენ ავეჯის წარმოებაში. სენეგალური აკაციასგან იღებენ გუმიარაბიკს. საქართველოში გავრცელებულია შემდეგი ჯიშები: ლეგა, აბანოზის, აბრეშუმა, თეთრი და ყვითელი აკაცია.

აკვამეტრია (ლათ.) - ნივთიერებაში არსებული წყლის რაოდეობრივი განსაზღვრის მეთოდი.

აკვაპანელი - მინის ბადით დაარმირებული, ეკოლოგიურად სუფთა, უნივერსალური, ცემენტის ფურცლოვანი ფილა. შესაძლებელია მისი მოღუნვა მშრალ მდგომარობაში (დასველების გარეშე) სიმრუდის რადიუსით ერთ მეტრამდე. გამოიყენება შენობის შიდა და გარე ზედაპირების მოსაპირკეთებლად (ნახ. 1. ვენტილირებადი ფასადი აკვაპანელის გამოყენებით: 1-აკვაპანელი; 2-ვერტიკალური საქუდე პროფილი; 3-ჰორიზონტალური საქუდე პროფილი; 4-ჰიდრო-ქარდამცავი ფირი; 5-მოღუნული პროფილი; 6-მინერალური ბამბის გამათბუნებელი; 7-ორთქლსაიზოლაციო ფირი; 8-თაბაშირბოჭკოვანი ფურცელი). წარმოადგენს იდეალურ საუძველს ფილების დასაგებად. მედეგია ტენიანი გარემოს მიმართ. ტექნიკური მონაცემები: სისქე 12,5 მმ, სიგანე - 900 მმ, სიგრძე - 1200...2400 მმ, სიმკვრივე მშრალ მდგომარეობაში - 1050 კგ/მ3, დრეკადობის მოდული - 5000 ნ/მმ2, ცეცხლმედეგობის კლასი DIN 4102-ის მიხედვით - A1 (არა წვადი).

აკვარელი (ფრანგ.) - წყალში გასახსნელი საღებავი. გამოიყენება მშენებლობაში სამღებრო სამუშაოების შესასრულებლად, აგრეთვე ფერწერაში.

აკვარიუმი (ლათ.) - 1. შემინული ყუთი (ნახ. 1) ან დიდი წყალსაცავი, სადაც აშენებენ თევზებს, წყლის ცხოველებსა და წყალმცენარეებს; 2. დაწესებულება, სადაც უკვირდებიან და სწავლობენ ცოცხალ წყლის ცხოველებს, თევზებსა და წყალმცენარეებს.

აკვატინტა (იტალ.) - 1. ლითონის ფირფიტაზე სიმჟავით ამოჭმული გრავიურის სახეობა; 2. ამ წესით შესრულებული ნახატი

აკვატორია (ლათ.) - 1. პორტის დადგენილ საზღვრებში მოქცეული წყლის სივრცე; 2. ავიაც. ჰიდროაეროდრომის ნაწილი, რომელიც მოწყობილია ჰიდროთვითმფრინავების სადგომად და ასაფრენ-დასაფრენად.

აკვედუკი (ბელღარი) - ხიდი, რომელიც აგებულია ხევზე, მდინარეზე, გზაზე, რკინიგზაზე წყლის გადასაყვანად. ა. ასაშენებლად გამოიყენება ქვა, აგური, ლითონი, თუჯი, რკ.ბ.-ნი. ასეთი ნაგებობა შედგება საძირკვლისა და სანაპირო ბურჯებისაგან, რომლებზეც ეყრდნობა წყლის გადამყვანი მილები ან ეწყობა ღარები, კიუვეტები, არხები (ნახ. 1). ა. მშენებლობა დაიწყეს ჩვ.ერამდე VII საუკუნეში (ძვ. რომი, ეგვიპტე, ახლო აღმოსავლეთი, საბერძნეთი) დიდი ქალაქების წყალმომარაგებისათვის. დღეისათვის ყველაზე გრძელ ა. მიეკუთვნება: Catskill (190 კმ, ნიუ-იორკი, აშშ) და Colorado River (400 კმ, ლოს-ანჯელესი, აშშ). დიდი რაოდენობის ა. აშენებული ინგლისში ისეთი ქალაქების წყალმომარაგებისათვის, როგორიცაა მანჩესტერი, ლივერპული, ბირმინგემი.

აკვიზიტორი (ლათ.) - სატრანსპორტო ან სადაზღვევო საწარმოს თანამშრომელი ან აგენტი, რომლის ვალდებულებებში შედის ახალი ტვირთის ან ახალ დაზღვევათა მოპოვება

აკვიზიცია (ლათ.) - 1. აკვიზიტორის მიერ სადაზღვევო ან სატრანსპორტო კომპანიის ახალი კლიენტების მოზიდვა; 2. კომპანიის ყველა აქციის შესყიდვა ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, რაც საწარმოს შეძენას ნიშნავს. თუ აკვიზიცია კომპანიის ხელმძღვანელთა ან აქციონერების მესაკუთრეების თანხმობის გარეშე წარმოებს, ასეთ შემთხვევაში მას ,,მტრულს’’ უწოდებენ.

აკლდამა - სამურავი; ნაგებობა, რომელშიც მიცვალებული ასვენია. იხ. ლუსკუმა, სარკოფაგი, მასტაბა, მავზოლეუმი, პირამიდა.

აკომოდაცია (ლათ.) - შეგუება, ადაპტაცია.

აკომოდაცია თვალის - სხვადასხვა მანძილზე მყოფი საგნების გარჩევის უნარი და შეგუება; ორივე თვალის ბროლის სიმრუდის ისე შეცვლა, რომ საგნის გამოსახულება მოექცეს თვალის ბადურის სიბრტყეში.

აკომოდაციის პროცესი - მხედველობის სწრაფი გადატანა შორს მყოფი ობიექტიდან, ახლო ობიექტზე (მაგ., წიგნის ტექსტზე). ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ნელდება.

აკრედიტება (ლათ., ვენდობი) - 1. ფინანს. ვინმესთვის რწმუნების მიცემა ფულის მისაღებად ან სავაჭრო ოპერაციების საწარმოებლად; 2. დიპლ. რწმუნების (აკრედიტივის) მიცემა უცხო სახელმწიფოს მთავრობასთან წარმომადგენლობისათვის; 3. ჟურნალისტის ოფიციალური დაშვება რაიმე საერთაშორისო კომფერენციაზე, სპორტულ შეჯიბრებაზე  და მისთანებზე.

აკრედიტივი (გერმ.) - უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა.

აკრი (ინგლ.) - მიწის საზომი ერთეული დიდ ბრიტანეთსა და ჩრდ. ამერიკაში; 1 აკრ = 1/640 კვ.მილი = 4046,856 მ2 = 0,4046856 ჰა.

აკრილნიტრილი - უფერო სითხე დამახასიათებელი სუნით. სიმკვრივე 806 კგ/მ3, დუღილის ტემპერატურა 77,30C. კარგად იხსნება წყალში, ადვილად განიცდის პოლიმერიზაციას. გამოიყენება ქიმიური ბოჭკოს (პოლიაკრილნიტრილის), სინთეზური კაუჩუკის, პლასტმასების და სხვ. წარმოებაში.

აკროლეინი (ლათ.) - ორგანული ნაერთი, უფერო აქროლადი სითხე, მომწამლავი ნივთიერება.

აკროპოლისი (აკროპოლი) - ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე.წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. ა. იყო პირველადი დასახლებული ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე.წ. ქვედა ქალაქი. ის წარმოადგენდა ციხე-სიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. ა. ნანგრევებში (მიკენის, ათენის, არგოსის და სხვ.) ნაპოვნია მატერიალური კულტურის მრავალი ძეგლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათენის ა. არქიტექტურული და ქანდაკების თვალსაჩინო ნიმუშები (დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნე). ათენის ა. შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი. ა. - ქართულად შიდაციხე, ზედაციხე, ზედაქალაქი - ჰქონდათ ძველ ქართულ ქალაქებსაც: მცხეთას, თბილისს, ქუთაისს, არქეოპოლისს, ანაკოფიას, ვანს და ა.შ. ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიოს კოკეინი (155 ან 164-229 წწ.) თავის „რომის ისტორიაში“ აკროპოლისად იხსენიებს მცხეთის შიდაციხეს (ზედაციხეს), იგი მოგვითხრობს, რომ ძვ.წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი იბერიაში შეიჭრა და მიაღწია აკროპოლისამდე. მცხეთის ამ ნაწილს არმაზციხე ეწოდებოდა. აკროპოლისში, როგორც წესი, ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი. ყველაზე მეტად ცნობილია ათენის ა. (ნახ.1), რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

აკროტერიონი (ბერძ.) - ფრონტონის კუთხეებზე მოთავსებული ქანდაკება ან სკულპტურულად შესრულებული ორნამენტული მოტივი (ნახ. 1).

აკუმულატორი (ლათ., შემკრები) - 1. მოწყობილობა, რომელშიც ხდება ელექტროობის დაგროვება შემდგომში მისი თანდათანობით დასახარჯავად; 2. საერთოდ, სხვადასხვა სახის ენერგიის დასაგროვებელი ხელსაწყო. მაგ., ორთქლის აკუმულატორი.

აკუმულაცია (ლათ.) - 1. ტექნ. რისამე (მაგ., ენერგიის) დაგროვება; 2. გეოლ. ორგანულ და მინერალურ ნივთიერებათა დაგროვება დედამიწის ზედაპირზე, წყლის ფსკერზე - ქარის, წყლის, ვულკანის და სხვ.

აკუსტიკა - მეცნიერება ბგერის შესახებ.

აკუსტიკა სამშენებლო - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სათავსის, შენობისა და დასახლებული ადგილის ტერიტორიის ხმაურისაგან დაცვისა და მათთვის ოპტიმალური აკუსტიკური პირობების შექმნის საშუალებებს, უზრუნველყოფს ხმაურის ნორმალურ რეჟიმს. თანამედროვე ა.ს. მთავარი ამოცანაა შენობების ხმაურით დაბინძურების დონის შემცირება, რისთვისაც გამოიყენება: მსუბუქი ბეტონის კედლები, ბგერასაიზოლაციო საკედლე მასალები, ორმაგი შემინვის ფანჯრები, ხის შეფიცვრა და სხვ.

აკუსტიკური მასალა - მასალა, რომელიც გამოიყენება სათავსის შიგნით ხმაურის შთანთქმისათვის (ფიჭაპლასტი. ფოროპლასტი, ქაფპლასტი. მინერალური ბამბა, თაბაშირ-მუყაო და სხვ.) და ბგერის გარედან შიგნით შეღწევისაგან დასაცავად (მერქანბოჭკოვანი ფილები, მინის ბამბა, ფოროვანი რეზინი და სხვ.).

ალაბი - სიგრძის საზომი ერთეული აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში (68,8 სმ), დაახლოებით იგივეა, რაც ადლი.

ალაგე - საბიჯელი; ღობეზე გადასასვლელი, გადასაბიჯებელი ადგილი.

ალავერდის მონასტერი - დაარსდა VI საუკუნეში13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის იოსებ ალავერდელის მიერ. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. იგი ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარია (41,7 მ X 26,4 მ) საქართველოში, სიმაღლით 50 მ (ნახ. 1). ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ა. ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვალედაც იქცა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება - ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ტაძარი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი. შემორჩენილია აგრეთვე წარწერები. ტაძარში იოსებ ალავერდელის გარდა დაკრძალულია კახეთის მეფეები ალექსანდრე I და თეიმურაზ I.

ალათა - კარის ან ფანჯრის შეკრული ერთი ელემენტი, რომელიც ჩარჩოსთან მოძრავად ან უძრავადაა დამაგრებული.

ალათა ასაწევი - ალათა, რომელიც ჩარჩოს ზედა ძელთანაა დაკავშირებული და მოძრაობს ვერტიკალურად.

ალანიტი - იხ. ორტიტი.

ალაფხანა - მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრეთა რიგები XVIII-XIX სს. ძველ თბილისში. განლაგებული იყო თათრის მოედნის (ახლანდელი გორგასლის მოედანი) დასავლეთ მხარეზე.

ალაყაფის კარი - ბჭედი, ბჭის-კარი, ბჭე-კარი; გალავნის მთავარი შესასვლელი. კონსტრუქციის მიხედვით შეიძლება იყოს ერთფრთიანი, ორფრთიანი (ნახ. 1), გასაწევ-გამოსაწევი, ასაწევი, ასაწევ-საბრუნი და სხვ.

ალაყოჩი - დროებით გამართული სადგომი - ხის ან ნაბდისაგან მოწყობილი საზაფხულო კარავი მთაში, უმთავრესად თუშეთში.

ალბათობა - ამა თუ იმ განსაზღვრულ პირობებში რომელიმე შემთხვევითი მოვლენის შესაძლო წარმოქმნის ხარისხის რიცხვითი დახასიათება, რომელიც შეიძლება განმეორდეს განუსაზღვრელად რამდენჯერმე (მაგ., მიწისძვრა, გვალვა და სხვ.).

ალბათობათა თეორია - მათემატიკის დარგი, რომელიც განიხილავს შემთხვევითი მოვლენების კანონზომიერებას და მის გამოყენებას მასობრივ მოვლენათა შესასწავლად; ანუ ეს არის მათემატიკური მეცნიერება, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი შემთხვევითი მოვლენის ალბათობით მოვძებნოთ სხვა შემთხვევითი მოვლენის ალბათობა, რომელიც დაკავშირებულია პირველთან.

ალბედო - კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს, თუ სხივური ენერგიის რა ნაწილს ირეკლავს ზედაპირი. გაითვალისწინება შენობებისა და ნაგებობების შიდა სივრცეში მზის რადიაციის გავლენით თბოშეღევადობის გაანგარიშების დროს.

ალბიტი - თეთრი ფერის ქანწარმომქმნელი მინერალი.

ალბუმინი - ცხოველური წარმოშობის წებოვანი ნივთიერება, რომლისაგან ხის წებოს ამზადებენ.

ალგებრა -  მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიდიდეებზე მოქმედებათა ზოგად კანონებს ამ სიდიდეების რიცხვობრივი მნიშვნელობისაგან დამოუკიდებლად.

ალგოლი (ინგლ.) - პროგრამირების ენის სახელწოდება, რომელიც დაამუშავეს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, რომელთაც 1958-1960 წლებში ხელმძღვანელობდნენ დანიელი მათემატიკოსი ნაურა და ჰოლანდიელი მათემატიკოსი დიკსტრი. ალგოლი ერთ-ერთი გავრცელებული ენის სახეობაა, რომელიც მიიღეს პარიზის საერთაშორისო კონფერენციაზე 1960 წელს. ა. ძირითად სიმბოლოებს (ალფაბეტს) წარმოადგენენ ათობითი ციფრები (0-დან 9-მდე), ლათინური ალფაბეტი (26 პწკარედი და 26 მთავრული ასო), სასვენი ნიშნები, მათემატიკური და ლოგიკური ოპერაციების ნიშნები (+; −; <; >; /; ნ; ც და სხვ.), სხვადასხვა სპეციალური ფუნქციები (sin, cos, arctan, entier, sign, abs, sqrt, exp, რომლებიც შეესაბამებიან სინუსს, კოსინუსს, არკტანგენსს, ანტიეს, სიგნუმს, აბსოლუტურ სიდიდეს, კვადრატულ ფესვს, ექსპონენტას), სხვა სპეციალური  ნიშნები და ზოგიერთი ინგლისური სიტყვა (კერძოდ, begin - დასაწყისი, integer - მთელი რიცხვი, real - ნამდვილი რიცხვი, end - დასასრული და სხვ.). ძირითადი სიმბოლოებიდან გარკვეული წესით (გრამატიკით) იქმნება უფრო რთული კონსტრუქციები - ალგორითმის აღწერა.

ალგორითმი - 1. იმ მოქმედებათა ერთობლიობის ზუსტი და სრული აღწერა, რომელთა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება განაპირობებს დასმული ამოცანის ამოხსნას; 2. გარკვეულ ფარგლებში ცვალებადი საწყისი მონაცემების სტანდარტული გარდაქმნის ერთიანი კონსტრუქციული მეთოდი (ზუსტად განსაზღვრულ მითითებათა ინსტრუქციების სისტემა) ან პროცესი. მრავალი სხვადასხვა ა. განიხილება ალგებრასა და რიცხვთა თეორიაში, აგრეთვე სხვა მათემატიკურ დარგებში. უმარტივესი ალგორითმებია: წესი, რომლითაც სრულდება არითმეტიკული მოქმედებები, ევკლიდეს, კვადრატული ფესვის ამოღების, n-ური რიგის დეტერმინანტის გამოსათვლელი, სარიუსის წესი - მე-3 რიგის დეტერმინანტის გამოსათვლელი, მატრიცის რანგის  გამოსათვლელი, დახარისხების, რეკურსიული, სემპლიქსური, ინფორმატიკაში გენეტიკური ალგორითმი და ა.შ. დამტკიცდა, რომ მრავალი ამოცანისათვის ა. არ არსებობს; 3. საკუთარი სახელის და «რიცხვი»-ს აღრევის შედეგად რაიმე ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მათემატიკურ მოქმედებათა ერთობლიობა.

ალებასტრი (ალაბასტრონი - ქალაქი ძვ. ეგვიპტეში) - წყლიანი სულფატების ჯგუფის თაბაშირის წმინდამარცვლოვანი, მარმარილოსებრი, მკვრივი მინერალის სახესხვაობა.

ალევრიტი (ბერძ.) - დანალექი ფხვიერი ქანი, დედაქანის დაშლის პროდუქტი (ნახ. 1). შედგება წვრილი (0,1…0,01 მმ ზომის) ნამსხვრევი დაკუთხული მასალისაგან. მარცვლების ზომის მიხედვით ა. გარდამავალია ქვიშასა და თიხას შორის. წარმოშობით ქვიშისაგან არ განსხვავდება. ალევრიტს განეკუთვნება მტვერი, შლამი, ლიოსი და სხვა. ა. გამოიყენება ცემენტის დამზადებისას.

ალეია - სატრანსპორტო ან ფეხით მოსიარულეთა გზა შემორგული ორივე მხრიდან ხეებით, ბუჩქებითა და მისთ. (ნახ. 1). ა. ტიპი (სწორხაზოვანი, მრუდხაზოვანი) განისაზღვრება პარკის (ბაღის) არქიტექტურული ჩანაფიქრის მიხედვით. ხეები და ბუჩქები შეიძლება იყოს თავისუფლად მზარდი ან ფორმირებული. სასურველია ხეები იყოს კომპაქტური ვარჯის მქონე; წიწვოვანი ჯიშებიდან უპირატესობა ენიჭება ნაძვს, კიპარისს, სოჭს, ფიჭვს, ლარიქსსა და სხვ. ჯიშებს, ხოლო ფოთლოვანიდან გამოიყენება - ცაცხვი, მუხა, თელა, რცხილა, წიფელი, თელა, არყის ხე, ნეკერჩხალი და სხვ. საშუალოდ ხეებს შორის დაშორება აიღება 5 მ, როლო რიგებს შორის 10 მ; ეს ზომები შეიძლება შეიცვალოს გამოყენებული ხეების ვარჯის ზომებზე დამოკიდებულებით. ა. აქვს მთელი რიგი ფუნქციებისა, რომელთაგან აღსანიშნავია: მზის სხივებისაგან დაცვა, ჰაერის გაწმენდა და ფილტრაცია მავნე ნაწილაკებისაგან, მტვრისა და კვამლისაგან, ნისლსა და წვიმაში ორიენტაცია, ქარისაგან დაცვა, ფრინველებისა და პატარა ცხოველებისათვის თავშესაფრის მოწყობა, ხმაურისაგან დაცვა, ლანდშაფტის გალამაზება, მყუდრო გარემოს შექმნა დამსვენებელთათვის და ა.შ.

ალესვა - ლითონის სამუშაო იარაღის (დანის, სახრახნისის, ცულის, ხერხის პირის, ლურსმნისა და სხვ.) ჭრის უნარიანობის ამაღლების პროცესი.

ალექსანდრიის შუქურა - მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი; მდებარეობდა ქ. ალექსანდრიაში (ეგვიპტე), აშენდა ძვ. წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან (ნახ. 1). ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც ღამით გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი.

ალექსანდრიტი - ქრიზობერილის სახესხვაობა, დღის სინათლეზე ზურმუხტოვანი მწვანე, ხელოვნურ განათებაზე მოიისფრო-მოწითალო ფერის, პირველი კლასის ძვირფასი ქვა. გვხვდება: ბრაზილიაში, აშშ-ში, შრი-ლანკასა და ზიმბაბვეში, აგრეთვე ბირმასა და რუსეთში.

ალექსანდრიტის კატისთვალი - ალექსანდრიტი, რომელიც მოგვაგონებს კატის მოციმციმე თვალს.

ალვის ხე - ტირიფისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარე (ნახ. 1). სიმაღლეში იზრდება 40 მ-მდე, აქვს ვიწრო პირამიდული ქერქი. ყინვაგამძლე და სწრაფმზარდია. გაღიავებული დრეკადი ვარჯი ქარს ადვილად ატარებს და ირწევა. ალვის ხის სამშობლოა ავღანეთი და შუა აზია. კულტივირებულია კავკასიაში. კარგი სახეივნო ჯიშია. შესანიშნავია ქარსაფარი ზონების გასაშენებლად. 15...20 წლისა უკვე საშენ მასალას იძლევა. მის მსუბუქ გამძლე მერქანს ქაღალდის წარმოებაში იყენებენ.

ალვის ხე ბალზამის - 30 მ-მდე სიმაღლის და 80 სმ-მდე დიამეტრის სწრაფმზარდი ხე, გაშლილი, კვერცხის ფორმის ვარჯით. იზრდება მდინარეების გასწვრივ. გამოიყენება ცელულოზა-ქაღალდის წარმოებაში, ბაღ-პარკების გასაშენებლად და სხვ. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა.

ალი - წვა აირად ფაზაში, რომელსაც თან ახლავს გამოსხივება და სითბოს გამოყოფა.

ალიანსი (ფრანგ.) - რამდენიმე ორგანიზაციის, საწარმოს, პირის კავშირი და, როგორც წესი, საერთაშორისო გაერთიანება ხელშეკრულების საფუძველზე.

ალიბჭე - არხი, რომელსაც აირები ღუმელიდან კვამლსადენში გადაჰყავს.

ალიგნინი - ფაშარი და ნაოჭებიანი, თითქმის დაუწნეხავი ცელულოზის ფურცლები, რომლებიც ცვლის ჰიგროსკოპიულ ნივთიერებებს ტექნიკის სხვადასხვა დარგში.

ალიდადა - გეოდეზიური და ასტრონომიული კუთხსაზომი იარაღი, სახაზავის მსგავსი, რომელიც ბრუნავს ლიმბის (დანაყოფებიანი წრის) გარშემო (ნახ. 1).

ალიენაცია (ინგლ.) - 1. ქონების გასხვისება; 2. აქციის, კაპიტალის, ფასეულობათა მფლობელის შეცვლის ოპერაცია, ე.ი ერთი პირის კუთვნილი ქონების გადაცემა საკუთრებაში.

ალიზი - საშენი მასალა, მზეზე გამომშრალი, გამოუწვავი აგური.

ალის გავრცელება - ზედაპირზე ალის მოდება.

ალის გავრცელების ინდექსი - შედარებითი მაჩვენებელი, გამოხატული განუსაზღვრელი რიცხვით, რომელიც მიღებულია მასალის შემოწმებისას, როცა ხდება დროში ალის გავრცელების ვიზუალური გაზომვა.

ალის მდგრადობა - მდგომარეობა, როდესაც ალს უჭირავს უცვლელი მდგომარეობა სანთურის გამომავალი ნახვრეტის მიმართ.

ალიტი (რუს.) - სამკალციუმიანი სილიკატი 3CaO∙SiO2, ერთ-ერთი ძირითადი ხელოვნური მინერალი, რომელიც წარმოიქმნება ცემენტის კლინკერის გამოწვის დროს. კლინკერის ყველაზე მთავარი მინერალი, განსაზღვრავს პორტლანდცემენტის გამაგრების სიჩქარეს, სიმტკიცეს და სხვა თვისებებს. მისი შემცველობა კლინკერში არის 45...60%.

ალიტირება - ნიკელის შენადნობების, ფოლადისა და თუჯის ნაკეთობების ზედაპირების გაჯერება ალუმინით 20 მკრ...1,2 მმ სიღრმეზე მხურვალმედეგობის ასამაღლებლად (ხენჯთმედეგობა).

ალკაზარი (ესპ.) - ესპანეთში: ციხე-სიმაგრე ან მეფის სასახლე. ასეთი ციხე-სიმაგრეები ესპანეთში აშენებული იქნა ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ტოლედო, სევილია, გრანადა, საგოვია (ნახ. 1., საგოვიის ალკაზარი) და სხვ.

ალკალიმეტრია - მოცულობითი ქიმიური ანალიზის მეთოდი, რომელსაც იყენებენ რაიმე ნივთიერებაში ტუტის რაოდენობის გასარკვევად.

ალკოვი (ფრანგ.) - ნიში ოთახში ან სხვა სათავსში. ძირითადად გამოიყენება საძინებლად (ნახ. 1), აგრეთვე ოთახისშიდა კიბის მოსაწყობად, სასაუბრო ადგილად და სხვ. ა. გაფორმებული კლასიკურ, ბაროკოს, ქანთრის, მოდერნის, მარაკეშის, ჰაი-ტეკის, მინიმალიზმის და მისთ. სტილში, შემოქმედების იდეების მთელი ოკეანეა ინდივიდუალური კომფორტის ფორმირების საქმეში.

ალმასი (ბერძ., დაუძლეველი, სწორუპოვარი, უბადლო) - ხალასი ნახშირბადის ჯგუფის წყლისებრ გამჭვირვალე, ან მოცისფრო, ლურჯი, ყვითელი, იშვიათად შავი ფერის უპირველესი ძვირფასი ქვა. ხელოვნურად, გარკვეული წესით დაწახნაგებულ ა. ბრილიანტი ეწოდება. შეუცვლელი მასალაა ქვის საჭრელი მრგვალი ლითონის ხერხის კბილების დასამზადებლად.

ალმასი სინთეზური - ხელოვნური ალმასი, რომელიც მიიღება გრაფიტისაგან მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. გამჭირვალობა დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე, ხშირად არის გაუმჭვირი ან ნახევრად გამჭირვალე, ფერი - შავიდან თეთრამდე. კრისტალის ხაზოვანი ზომები 1...2 მმ. აქვს ბუნებრივი ალმასის სტრუქტურა და თვისებები. არსებობს ჩვეულებრივი, ამაღლებული და მაღალი სიმტკიცის. გამოიყენება აბრაზიული ინსტრუმენტების დასამზადებლად, დამყვანი და მისახეხი სამუშაოებისათვის, აგრეთვე სამკაულების მოსართავად.

ალოკაციური ფუნქცია - სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების პოლიტიკის ნაწილი, მიმართული ეკონომიკაში განსაზღვრული სახის საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის. სახელმწიფოს ა.ფ. აუცილებლობითაა განპირობებული, ვინაიდან განსაზღვრული სახის დოვლათი, რომელიც საზოგადოებრივი საქონლის სახელწოდებითაა ცნობილი, არ შეიძლება საბაზრო ფასით მიეწოდოს საზოგადოებას.

ალონჟი (ფრანგ.) - თამასუქზე მიმაგრებული დამატებითი ფურცელი - სათავდებო საგარანტიო ბარათი, ავალი.

ალოტროპია (ბერძ.) - ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის არსებობა სხვადასხვა მარტივი ნივთიერების სახით.

ალპარი - ფასიანი ქაღალდების, ვალუტის, თამასუქის საბირჟო კურსის ტოლობა ნომინალთან.

ალპინარიუმი - ბოტანიკური ბაღის, სკვერის ან პარკის ქვებით გაწყობილი ნაწილი, რომელიც ასახავს მთის ლანდშაფტს და მის ფლორას. დამახასიათებელია დაბალი ალპური მცენარეულობის შეთავსება კლდეებთან, წყალთან (ნახ. 1). ეწყობა ხელოვნურად შექმნილ მცირე სიმაღლის ქვიან გორაკზე. მცენარეები უმეტესად რეგიონალური პრინციპით ან ფიტოცენოზების მიხედვით ირგვება (სუბალპური ტყე, სუბალპური ბუჩქები, სუბალპური მდელო, ალპური მდელო, ალპური ხალები, თოვლის სარტყელი და სხვ.). ა. ბუნებრივ იერს აძლევს ხელოვნური ნაკადული, რუ, ჩანჩქერი, ტბორი და სხვ. როგორც სამეცნიერო-კვლევითი და დეკორატიული ნაკვეთი ა. შეიქმნა ბოტანიკურ ბაღებთან ერთად, ხოლო ბაღ-პარკებში XX საუკუნის დასაწყიში გაჩნდა. ა. უმეტესად აშენებენ კარპატების, კავკასიის, ალტაისა და სხვა სუბალპური და ალპური მდელოების მცენარეულობას. მსოფლიოში ცნობილია ედინბურგის (შოტლანდია), პრაღის (ჩეხეთი), ინსბრუკის (ავსტრია) და სხვ. ბოტანიკური ბაღების ა. საქართველოში ა. მოწყობილია ბაკურიანსა და სტეფანწმინდაში, სადაც თავმოყრილია მთავარი კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის ალპური მცენარეულობა.

ალსეკო (იტალ.) - მშრალ კედელზე წყლიანი საღებავით შესრულებული ნახატი.

ალსიფერი - იხ. სენდასტი.

ალტანკა - სკვერის (ბაღის) ნაგებობა, მსუბუქი აჟურული კონსტრუქციისა, გაწყობილი მაგიდით, სკამებითა და სხვა საბაღე ავეჯით. გამოიყენება დასასვენებლად, აგრეთვე მზისა და წვიმისაგან თავის შესაფარებლად (ნახ. 1). ძირითადად ამზადებენ ხის, პლასტმასის და ლითონის კონსტრუქციებისაგან.

ალტიმეტრი (ლათ.) - იხ. გეოდეზიური სიმაღლის საზომი.

ალუმელი - ძნელდნობადი შენადნობი ნიკელის, ალუმინისა და მანგანუმისა; იყენებენ თერმოელექტრული პირომეტრების დასამზადებლად.

ალუმინი (ლათ.) - მოვერცხლისფრო-თეთრი მსუბუქი ლითონი, პლასტიური, ჭედადი, კარგი თბო- და ელექტროგამტარი, ქიმიურად აქტიური, ადვილად იჟანგება და იფარება Al2O3 -ის მკვრივი აფსკით, რაც განაპირობებს მის კოროზიამედეგობას. მისი მტვერი (ფხვნილი) ფეთქებადსაშიშია, მტვრის ფეთქებადობის ქვედა ზღვარია 40...50 მგ/ლ. გამოიყენება სხვადასხვა მალეგირებელ დანამატად ფოლადის წარმოებაში, მშენებლობაში, ქიმიური აპარატურის და ტარის, ელექტროგამტარების, კონდენსატორების დასამზადებლად, ლითონების მისაღებად ელექტროთერმული მეთოდით და ალუმინოთერმიაში ლითონების შესადუღებლად, საყოფაცხოვრებო, მხატვრული და დეკორატიული ნაკეთობის დასამზადებლად (გემების, საავიაციო და საავტომობილო მრეწველობაში, ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკასა და მეტალურგიაში)

ალუმინის კონსტრუქციები - სამშენებლო კონსტრუქციები და ნაკეთობები, რომელთა საფუძველია ალუმინის შენადნობები ან ტექნიკური ალუმინი. მისი მთავარი ღირსებებია: სიმსუბუქე, სიმტკიცე, ხანგამძლეობა, კარგი დეკორატიული თვისებები და ესთეტიკურობა, ეკოლოგიურობა, საიმედოობა, პრაქტიკულობა, მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ, არ საჭიროებს შეღებვას; ნაკლია: თანაბარმტკიცე შეერთებების შესრულების სირთულე (განსაკუთრებით შენადუღი შეერთების), დაბალი დრეკადობის მოდული (დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე ფოლადის), მაღალი ღირებულება და სხვ. კონსტრუქციების დასამზადებლად გამოიყენება თხელი (1 მმ-მდე სისქის) ფურცლოვანი და დაწნეხილი პროფილები განივკვეთის ეფექტური ფორმით. ა.კ. გამოიყენება ფანჯრების, კარებების, აივნების, ვიტრინების (ნახ. 1), ფარდულების წარმოებაში, შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობად, მსუბუქ გადახურვებში (ნახ. 2: ალუმინის წიბოვანი გუმბათი) და სხვ. საქართველოში ნაკლებად გამოიყენება ადგილობრივი ნედლეულის ბაზის უქონლობის გამო.

ალუმინის პუდრი - ალუმინის წვრილდისპერსიული ფხვნილი, რომლის წყლიანი სუსპენზია გამოიყენება აირწარმომქმნელი უჯრედოვანი ბეტონის (აირბეტონის) და სხვა ფოროვანი ნაკეთობების მისაღებად.

ალუმინის შენადნობები - შენადნობები ალუმინის საფუძველზე, რომელსაც დამატებული აქვს სპილენძი, მაგნიუმი, თუთია, სილიციუმი, ლითიუმი, კადმიუმი, მარგანეცი, ცირკონიუმი, ბერილიუმი, ტიტანი და სხვ. ელემენტები. ა.შ. ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები და დაბალი სიმკვრივე, მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, კარგი კოროზიამედეგობა. ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: სამსხმელო და კონსტრუქციული. თავის მხრივ კონსტრუქციული იყოფა თერმულად დამუშავებულად და თერმულად დაუმუშავებლად. თერმული დამუშავებისათვის იყენებენ გამოწვას, წრთობას და დაძველებას. ა.შ. გამოიყენება მშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკაში, თვითმფრინავთმშენებლობაში და სხვ. წარმოების მოცულობის მხრივ ა.შ. მეორე ადგილი უჭირავს შავი ლითონების შემდეგ.

ალუმინიტი სამკალციუმიანი - 3CaO∙Aℓ2O3 კლინკერშია 4...12% რაოდენობით, არის ყველაზე აქტიური მინერალი, სწრაფად რეაგირებს წყალთან. ის ბეტონის სულფატური კოროზიის გამოწვევის მიზეზია და ამიტომ მისი რაოდენობა სულფატმედეგ პორტლანდცემენტში შეზღუდულია 5%-მდე.

ალუმინოთერმია (ალუმოთერმია) - ლითონებისა და მათი შენადნობების, აგრეთვე არალითონების მიღების მეთოდი, რომელიც ემყარება ოქსიდებიდან ლითონური ალუმინით აღდგენას. ალუმინით დაჟანგვის პროცესი ეგზოთერმულობა განაპირობებს გამდნარი ლითონისა და წიდის მიღებას, რაც მათი განცალკევების საშუალებას იძლევა; ა. ფართოდ გამოიყენება მანგანუმის, სპილენძის, რკინის, ვოლფრამის, თუთიას და სხვა ლითონთა შენადნობების მისაღებად.

ალუმინსილიკატები - ჯგუფი ფართოდ გავრცელებული მინერალებისა, რომლებსაც განეკუთვნება მინდვრის შპატები, ქარსები, თიხის მინერალები და სხვ.

ალუმინსილიკატების ჯგუფი - ლითოსფეროში მე-2 ადგილი უჭირავს თიხამიწას – Al203. მისი სიმაგრეა 9, რეაქციაში შედის კაჟმიწასთან და წარმოქმნის ალუმინსილიკატების ჯგუფს. მათგან ბუნებაში ყველაზე მეტად გავრცელებულია კალიუმისა და ნატრიუმის მინდვრის შპატები. გამოფიტვის შედეგად, მინდვრის შპატები იშლება თიხად, ხოლო მაღალ ტემპერატურაზე დნება.

ალუმინფერიტი ოთხკალციუმიანი - 4CaO∙Aℓ2O3∙Fe2O3 კლინკერში შედის 10...20% რაოდენობით. გამოირჩევა ზომიერი სითბოგამოყოფით და გამაგრების სიჩქარის მიხედვით იკავებს შუალედ ადგილს ალიტსა და ბელიტს შორის.

ალუნდი - ელექტროკორუნდის დასახელება ამერიკულ ტექნიკურ ლიტერატურაში.

ალუპლასტი - 1. პროფილი ალუმინისა და პლასტიკისაგან. გამოიყენება მსუბუქი ტიხრებისათვის (ნახ. 1) და შენობების ფასადების მოპირკეთებისათვის; 2. ალუმინისა და პლასტმასის (ნახ. 2) პროფილები ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისათვის.

ალფა-სპექტრომეტრი - რადიოაქტიური ბირთვების მიერ გამოსხივებული ნაწილაკების ენერგიის საზომი ხელსაწყო.

ალფენოლი - რბილი შენადნობი, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს.

ალფერი - რკინისა და ალუმინის რბილი შენადნობი.

ამალგამა (ფრანგ.) - ხსნარი ან შენადნობი, რომელიც მიღებულია ვერცხლისწყალთან სხვა ლითონის შერევით.

ამალგამაცია - 1. ამალგამის მიღება; ლითონის გახსნა ვერცხლისწყალში; 2. ლითონის დაფარვა ვერცხლისწყლით; დაამალგამება; 3. ოქროს და ვერცხლის მიღება ფხვიერი მადნისაგან; 4. სხვადასხვა რისამე შეერთება, შერწყმა.

ამანკო - დანაკლისი, უკმარობა.

ამარანტი - ტროპიკული ხის ჯიში. მერქანი წითელი ან წითელ-მოცისფრო შეფერილობისაა, მკვრივია, დამუშავებისას გამოყოფს არასასიამოვნო სუნს. გამოიყენება ანათალი შპონისა და ავეჯის წარმოებაში. ა. სამშობლო სამხრეთ ამერიკაა.

ამარტი - კვარცის ნაირსახეობა; ეშმი, იასპი.

ამბალაჟი (ფრანგ.) - 1. შესაფუთავი მასალა; 2. შეფუთვის ხარჯი.

ამბარა - სხვადასხვა კონსტრუქციის დასაბმელ-დასამაგრებელი საშუალება (მაგ., ტვირთის, გემის, მოწყობილობის და სხვ.).

ამბარი - 1. ბეღელი. ხორბლეულის შესანახი, უმთავრესად ხის ნაგებობა; 2. ხორბლის ან ფქვილის შესანახი ყუთის მსგავსი დიდი ტევადობის სათავსი.

ამბიონი (ბერძ.) - 1. ადრინდელი ქრისტიანული ტაძრის გუმბათის ქვემოთ ან პატრონიკეს სწვრივად მოთავსებული კათედრა; 2. სამქადაგებლო, საფსალმუნე; ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი შემაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ.

ამბრაზურა (ფრანგ.) - 1. სადგომისკენ გაფართოებული ფანჯრის ხვრეტი; 2. სათოფური; ციხე-სიმაგრის, თავდაცვით ნაგებობასა და ჯავშნიან კოშკებში სროლისათვის დატანებული სარკმელი (ნახ. 1). გამოიყენებოდა ქვემეხის, ნაღმსატყორცნის ან ტყვიამფრქვევის სასროლად.       

ამეთვისტო (ბერძ.) - კვარცის იისფერი სახესხვაობა. საიუველირო ქვა.

ამიაკი - მწვავე სუნის მქონე უფერო აირი, რომელიც წარმოადგენს აზოტისა და წყალბადის ნაერთს - NH3; მისი წყალში გახსნით მიიღება ნიშადურის სპირტი NH4Cl. სიმკვრივე: თხევად მდგომარეობაში 681,4 კგ/მ3, აირულში 0,7714 კგ/მ3. დუღილის ტემპერატურა -33,350C. გამოიყენება აზოტმჟავას, ამონიუმის მარილების, შარდოვანას, სინილური მჟავების, სოდის მისაღებად; წყალში გახსნილი ა. - როგორც თხევადი სასუქი, აგრეთვე მაცივრებში მუშა ნივთიერების სახით.

ამინომჟავები - ორგანული ნაერთების კლასი, რომელთაც მჟავების თვისებებიც აქვთ და ამინებისაც.

ამინოპლასტი - კარბამიდულ ფისებზე დამზადებული პლასტმასი. ა. შარდოვანა-ფორმალდეჰიდურ ფისზე დამზადებული ა. არამდგრადია ტენისა და ტემპერატურის მიმართ (ექსპლუატაციის ტემპერატურა 900C-მდე). ა. მელამინო-ფორმალდეჰიდურ ფისზე - მდგრადია ადუღებულ წყალში, თბომედეგია (1500C-მდე), არატოქსიკურია. ა. გამოდის დაწნეხილი ფხვნილის (შემავსებელი - სულფიდური ცელულოზა, ბამბის ბოჭკო, აზბესტი), ფენოვანი პლასტიკების და ქაფმასალების სახით. დაწნეხილი ფხვნილი გადამუშავების შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნაკეთობების დასამზადებლად, როგორიცაა ელექტრომანათებელი მოწყობილობების დეტალები, ტელეფონის, ტელევიზორის, რადიომიმღების კორპუსები, ნაირგვარი ფურნიტურა. არატოქსიკური ა. აკეთებენ საოჯახო ჭურჭელს. აზბესტის მასა გამოიყენება ჩამრთველების, ამომრთველების, გადამრთველების, სანთებელების დასამზადებლად. ფენოვანი პლასტიკები ფართოდაა გავრცელებული, როგორც მოსაპირკეთებელი და დეკორატიული მასალები მშენებლობაში, საავეჯო მრეწველობაში, ტრანსპორტზე. ქაფმასალები შეუცვლელია, როგორც თბო- და ბგერასაიზოლაციო მასალა.

ამლიტუდა პიკური - რაიმე სიგნალის გავრცელებისას (რხევის) მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან.

ამოზნექილი არე - ევკლიდური (აფინური) სივრცის ამოზნექილი არე ეწოდება D არეს, თუ ამ არეს ნებისმიერი ორი A და B წერტილების შემაერთებელი მონაკვეთის ყველა წერტილი ეკუთვნის ამავე არეს.

ამოზნექილი ზედაპირი - სამგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში ზედაპირს ეწოდება ამოზნექილი (ზევით), თუ ამ ზედაპირის ყოველ წერტილში მხები სიბრტყე მდებარეობს მოცემული ზედაპირის ზემოთ. დეკარტის კოორდინატთა სისტემაში: თუ z = f(x,y) არის ამოზნექილი ზედაპირის განტოლება, ხოლო z = Ax + By + C - მისი მხები სიბრტყის განტოლება, მაშინ ადგილი აქვს უტოლობას: f(x,y) ≤ Ax+By+C.

ამოზნექილი სიმრავლე - ევკლიდეს ან აფინური სივრცის წერტილთა სიმრავლე, რომელსაც ის თვისება აქვს, რომ მისი ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი მთლიანად ამ სიმრავლეს ეკუთვნის. ამოზნექილი სიმრავლის მაგალითებია სფერო, კუბი, ნახევარსივრცე და სხვ.

ამოზნექილი სხეული (ფიგურა) - სხეული, რომლის წერტილთა სიმრავლე არის ამოზნექილი სიმრავლე.

ამოზნექილი წირი სიბრტყეზე - თუ წირის განტოლება სიბრტყეზე მოცემულია ცხადი სახით y = f(x), მაშინ მოცემულ წერტილში წირს ეწოდება ამოზნექილი ზემოთ (ან ქვემოთ), თუ ამ წერტილის მომცველი რკალის რაიმე უბანზე რკალი მოთავსებულია თავისი ქორდის ზევიდან (ან ქვევიდან) ანუ გვაქვს უტოლობა f "(x) < 0 (ან  f " (x) > 0); იგულისხმება, რომ f (x) -ს აქვს პირველი და მეორე წარმოებული.

ამონაგი (რუს. Футеровка) - ცემენტის წისქვილების, გამოსაწვავი ღუმელების, საცეცხლისების, საკვამლე მილების, ქიმიური აპარატების, აბაზანების და სხვათა დამცავი შიდა მოპირკეთება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან, რისთვისაც გამოიყენება ცეცხლგამძლე აგური, ცეცხლმედეგი და ქიმიურად მდგრადი მასალებისაგან დამზადებული ჯავშანფილები და სხვა. დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს ცეცხლგამძლე, ქიმიურად მედეგი და თბოსაიზოლაციო.

ამონაზარდი - მერქნის მანკი, შენაზარდი ან უკვე შეზრდილი ჭრილობა, რომელიც ხეს ხვრელის მაგვარი სივრცის სახით რადიალურად გასდევს და ქერქის ნარჩენებით ან მკვდარი ქსოვილითაა შევსებული. ცნობილია ა. შემდეგი სახეები: გამჭოლი, დახურული, ერთმხრივი, მუქი, ღია, ღია ფერის, ყლორტშუა და შეზრდილი.

ამონაკირი - საქვაბე დანადგარის გარე კედლები, რომლებიც გამოყოფენ მის საცეცხლეს და აირმავლებს გარემოსაგან. მზადდება წითელი აგურის ან ცეცხლგამძლე (შამოტის) აგურისაგან.

ამონალი - ამონიუმის გვარჯილის ფეთქებადი ნივთიერება, რომელშიც შედის დისპერსული ალუმინი. ალუმინი ზრდის აფეთქების სითბოს. ა. აქვს აფეთქების სითბო 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე ნიტროგლიცერინს. დეტონაციური თვისებების ასამაღლებლად ა. უმატებენ ტროტილს. სამთო ქანების აფეთქების დროს გამოიყენებენ ა., რომლის შემადგენლობაში შედის 4,5% ალუმინი. ასეთი ნაერთი საშუალებას იძლევა მცირე მოცულობაში კონცენტრაცია გავუკეთოთ დიდ ენერგიას.

ამონაჩიჩქნი - ხის დახერხილ პროდუქციაზე ან დეტალზე მცირე ჩაღრმავებები, გამოწვეული როკების ან მერქნის ნაწილების მოცილების შედეგად.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

ამონიაკი - იხ. ამიაკი.

ამონიტი - ფეთქებადი ნარევი, რომელიც შეიცავს ამონიუმის ნიტრატს.

ამონიფიკაცია - აზოტის შემცველი ორგანული ნაერთების დაშლის პროცესი.

ამოორთქვლა - გამხსნელი აორთქლებით მყარ ნივთიერებათა ხსნარების კონცენტრირების პროცესი.

ამორტიზატორი (ფრანგ.) - მოწყობილობა მანქანებისა და ნაგებობების დასაცავად რყევებისა და დარტყმითი დატვირთვებისაგან მათი მოქმედების შერბილებით, შესუსტებით. ამორტიზატორებში გამოიყენება ზამბარები, ტორსიონები, რეზინის ელემენტები, აგრეთვე სითხეები და აირები.

ამორტიზაცია - 1. ბიძგების, დარტყმების შერბილება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით; 2. ძირითადი ფონდების (ნაგებობათა, მოწყობილობათა და სხვ.) თანდათანობითი გაცვეთა; მათი ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადატანა გამომუშავებულ პროდუქციაზე; 3. დაბეგრილი ქონების ღირებულების თანდათანობითი შემცირება; 4. ვალის თანდათანობითი დაფარვა პერიოდული შესატანებით; 5. სავალო საბუთის გაუქმება მისი დაკარგვის გამო.

ამორტიზაცია ჰიდრავლიკური - დარტყმების ან რხევების შემცირება (ჩაქრობა) ჰიდროამორტიზატორების მეშვეობით.

ამორფული (ბერძ.) - 1. უფორმო; 2. კრისტალური აგებულების არმქონე (მაგ., ქარვა, ფისი, მინა).

ამორფული მდგომარეობა - მყარი ნივთიერების მდგომარეობა, რომელშიც კრისტალური მდგომარეობისაგან განსხვავებით, ატომები და მოლეკულები განლაგებულია უწესრიგოდ და ნივთიერება იზოტროპულია, ანუ აქვს ერთნაირი ფიზიკური თვისებები ყველა მიმართულებებით; გარდა ამისა არა აქვს დნობის ფიქსირებული ტემპერატურა. ამორფული სხეულები არსებობს ბუნებრივი (ქარვა, წებო, ფისი) და ხელოვნური (მინა, პლასტმასი). ამორფული სხეული შეიძლება იყოს მყარ (ჩვეულებრივ ტემპერატურაზე) ან ბლანტ მდგომარეობაში (მაღალ ტემპერატურაზე). რაც მეტია ტემპერატურა, მით მეტია მისი სიბლანტე. ამორფული სხეულების და სითხეების სტრუქტურა ერთნაირია. გარე ძალების ზემოქმედებით, ერთდროულად შეიმჩნევა დრეკადი თვისებები, მყარი სხეულების ანალოგიურად, და დენადობა, სითხეების მსგავსად. ხანმოკლე დარტყმითი ზემოქმედებით ისინი იქცევიან ისე, როგორც მყაარი სხეულები და იშლებიან ნატეხებად, ხოლო ხანგრძლივი ზემოქმედებისას - იწყებენ ბლანტ დინებას. ამორფული სხეულების ფიზიკურ თვისებებში დარწმუნება შეიძლება მარტივად: თუ ავიღებთ ფისის ნამსხვრევებს და ამ ნამსხვრევებით ავავსებთ ჭურჭელს, ვნახავთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი შეერწყმიან ერთმანეთს და მიიღებენ ჭურჭლის ფორმას. მინაც, თუ გავაცხელებთ მაღალ ტემპერატურაზე, გალღვება და დაიწყებს დენადობას.

ამოსოლვა - მოვლენა, როდესაც ფენა სისქის მიხედვით თანდათანობით მცირდება და ბოლოს ქრება

ამოყორვა (რუს. забутка) - 1. კედლის წყობაში გარე და შიგა პწკარებს (რიგებს) შორის შუალედის შევსება აგურით ან ქვით (ნახ. 1: 1-ნაკერები; 2-განივი და გრძივი პწკარები; 3-გარე და შიგა საპწკრე; 4-ამოყორვა; 5-საგები); 2. აგური ან ქვა, ჩალაგებული კედლის წყობაში, გარე და შიგა პწკარებს შორის.

ამოჭმა - მყარი მასალის ზედაპირის ქიმიური ან ელექტროქიმიური გახსნა პრაქტიკული მიზნით (ხენჯის მოცილება, მაკრო- და მიკროსტრუქტურის გამჟღავნება და სხვ.)(ნახ. 1: ლითონის მხატვრული ამოჭმა).

ამპერი - ელექტროდენის ძალის საზომი ერთეული (ფრანგი ფიზიკოსის ამპერის (1775-1836 წ.) გვარის მიხედვით).

ამპერი მეტრზე - მაგნიტური ველის დაძაბულობის საზომი ერთეული. განზომილება - ა/მ.

ამპერმეტრი - დაბალი ძაბვის ჩაკეტილ ელექტრულ წრედში გამავალი დენის გამზომი ხელსაწყო. იგი გამოიყენება ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრული წრედების დროს და ყოველთვის წრედში ირთვება მიმდევრობით. ა. გვიჩვენებს დატვირთვის მიერ მოხმარებულ დენს. ა. უშუალოდ იზომება, როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი დენი. არსებობს სხვადასხვა მოდიფიკაციის

ამპირი (ფრანგ.) - გვიანდელი კლასიციზმის სტილი (ნახ. 1) დასავლეთ ევროპის არქიტექტურასა და დეკორატიულ ხელოვნებაში; წარმოიშვა საფრანგეთში ნაპოლეონ I -ის იმპერიის დროს (XIX საუკუნის პირველი მეოთხედი); ახასიათებს ანტიკური ხელოვნების ნიმუშების მიბაძვა (ტრიუმფალური თაღები, მონუმენტური შენობები, სფინქსები და სხვ.).

ამპლაცია - ფულის მიღების დამადასტურებელი ხელწერილი.

ამპლიტუდა (ლათ.) - მერხევი სიდიდის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან, რომელიც იცვლება განსაზღვრული კანონზომიერებით. მაგ., ბგერითი ტალღის ამპლიტუდა არის ტალღის გავრცელების დროს წნევის რხევის მაქსიმალური გადახრა წონასწორობის მდგომარეობიდან. ა. შეიძლება იყოს: პიკური, პიკებს შორისი და საშუალო კვადრატული (ნახ. 1: 1 - ამპლიტუდა პიკური; 2 - ამპლიტუდა პიკებს შორისი; 3. ამპლიტუდა საშუალო კვადრატული). ცნობილია ამპლიტუდის სახეები: გადანაცვლების, გაბნევის, იმპულსის, მოდულირებული, რხევის, სიჩქარის, ძაბვის და სხვ.

ამპლიტუდა მაქსიმუმებს შორის - მერხევი სიდიდის მაქსიმალურ გადახრებს შორის სხვაობა.

ამპლიტუდა საშუალო კვადრატული - მერხევი სიდიდის წონასწორობის მდგომარეობიდან გადახრის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა.

ამრეკლი (ფილა) - 1. გამოიყენება დარტყმითი მოქმედების სამსხვრევებში, შახტურ წისქვილებში და სხვ. დიდი სიჩქარით გამოტყორცნილი მასალის ნაწილაკები ეჯახებიან ამრეკლ ფილებს, კარგავენ სიჩქარეს და ვარდებიან ძირს მსხვრევის ზონაში; 2. მოწყობილობა ან ბუნებრივი წინაღობა, რომელიც ცვლის ბგერითი ან ჰიდრავლიკური ენერგიის, ელექტრომაგნიტური ტალღების, ბირთვული ნაწილაკების ნაკადის, აგრეთვე მყარი სხეულების მოძრაობის მიმართულებასა და ინტენსიურობას.

ამტანობა - მასალის ან კონსტრუქციის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს განმეორებად (ციკლურ) დატვირთვებს

ამფიბოლი - ნიადაგის მსგავსი მინერალი, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის რთული სილიკატები, მაგნიუმი, რკინა და ტუტეები. ფერი მწვანე, მწვანე-მოშავო, ლურჯ-მწვანე შავამდე, ზოგჯერ უფერო. ძვირფასი თბო- და ცეცხლგამძლე ნედლეული. აზბესტთან ნარევში იძლევა მომწამლავ კალცენოგენურ მასალას.

ამფითეატრი - 1. ხარისხებად განლაგებული მაყურებელთა ადგილი თეატრში; 2. ანტიკური მონუმენტური ნაგებობა სარბიელით (რომში) ან სცენით (საბერძნეთში) და კონცენტრულ რიგებად განლაგებულ მაყურებელთა ადგილებით. სიტყვა “ამფი” ძველ ბერძნულად ნიშნავს - “ორთავ მხარეზე”.

ამფიპროსტილი (ბერძ.) - ძველბერძნული ტიპის ტაძარი, გეგმით მართკუთხა, კოლონების პორტიკით ტორსულ ფასადებზე; ა. გრძივი კედლები იგებოდა გლუვი ქვის ბლოკებით ყოველგვარი დეკორის გარეშე (ნახ. 1).

ამფოტერობა - ნივთიერების უნარი გამოამჟღავნოს მჟავა ან ფუძე თვისებები.

ამძრავი - ძალური მოწყობილობა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მანქანა. იგი შედგება ძრავისაგან, ძალური გადაცემისა და მართვის სისტემებისაგან. ყველა სამშენებლო მანქანა, მათ შორის ხელის, ძალური მოწყობილობის მიხედვით, არის საკუთარ ძალურ მოწყობილობაზე და მიყვანილი ენერგიის გამოყენებით მომუშავე. პირველს მიეკუთვნება შიგაწვის ძრავიანი ამძრავი, ხოლო მეორეს - ელექტრული, პნევმატური და ჰიდრავლიკური. ა. შიგაწვის ძრავით (დიზელის) გამოიყენება ნებისმიერი სიმძლავრეებისათვის; ელექტრული მოწყობილობა (მუდმივი და ცვლადი დენის) ძაბვით 500 ვ-მდე - 200 კვტ სიმძლავრისას, ხოლო 3500 ვ-მდე - დიდი სიმძლავრეებისას; ჰიდრავლიკური (სითხის მუშა წნევით 350...400 ატ) - 750 კვტ საჭირო სიმძლავრისას; პნევმატური (შეკუმშული ჰაერის მუშა წნევით 8...15 ატ) - 100...150 კვტ სიმძლავრისას; კომბინირებული (დიზელ-ელექტრული, დიზელ-ჰიდრავლიკური, დიზელ-პნევმატური) ზემოთაღნიშნული სიმძლავრეების შესაბამისად. თუ მანქანას აქვს რამდენიმე მექანიზმი, მაშინ მუშა ძრავების რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ ერთძრავიან და მრავალძრავიან ამძრავებს. არსებობს აგრეთვა ამძრავები: ამყოლი, ბერკეტა, ინდივიდუალური, ორთქლის, საფეხუროვანი, ფეხის, ფრიქციული, ცენტრიდანული, ჭიახრახნული, ხელის და სხვ.

ამწე - ციკლური მოქმედების ტვირთამწევი მანქანა, რომლის დანიშნულებაა ტვირთების აწევა და გადაადგილება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად. სამშენებლო ინდუსტრიაში გამოყენებული ამწეები ორი სახისაა: საერთო დანიშნულების ისრიანი თვითმავალი ამწეები და სამშენებლო კოშკურა ამწეები. თვითმავალი ამწეები გამოიყენება სამშენებლო-სამონტაჟო და დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოებზე და მათი ტვირთამწეობა 25 ტონამდე აღწევს. სავალი მოწყობილობის მიხედვით არის საავტომობილო, პნევმატურთვლიანი, მუხლუხა ავტომობილის ტიპის მოკლებაზიან და ყველგანმავალ შასიზე. ერთი ან მრავალძრავიანი ამძრავი შედგება დიზელის ან ელექტრული ძრავებისაგან მექანიკური ტრანსმისიით (შესაძლებელია ჰიდრომექანიკური გადაცემის, ჰიდროქუროს ან ჰიდროტრანსფორმატორის ჩართვა). თვითმავალ ამწეზე აყენებენ საისრო ან კოშკურა-საისრო მოწყობილობას, რომელიც შეიძლება იყოს გამოსაწევი ან არაგამოსაწევი და ტელესკოპური. სამშენებლო კოშკურა ამწეებს წამყვანი ადგილი უჭირავთ სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში, საწყობებსა და პოლიგონებზე, მშენებლობაზე ნულოვანი ციკლის სამუშაოების შესრულებაში. ისინი კლასიფიცირდება დაყენების ხერხის, სავალი მოწყობილობის ტიპის, ისრისა და კოშკის კონსტრუქციის მიხედვით. სამუშაო ადგილზე დაყენების ხერხის მიხედვით არის სტაციონარული, გადასაადგილებელი და თვითამწე. სტაციონარული ამწე ყენდება საძირკველზე (დამატებით შეიძლება მიმაგრდეს მშენებარე ობიექტზე), გადასაადგილებელი კი აღჭურვილია სავალი მოწყობილობით (სარელსო, ავტომობილის, პნევმატურთვლიანი, მუხლუხა); თვითამწე ყენდება ასაგებ კონსტრუქციაზე და საკუთარი მექანიზმებით გადაადგილდება ზევით, მშენებარე ნაგებობასთან ერთად. კოშკი შეიძლება იყოს საბრუნი და არასაბრუნი, ხოლო ისარი - ასაწევი, კოჭური და სახსრულ-შეუღლებული.  კოშკურა ამწეები ხასიათდება უნიფიკაციის მაღალი ხარისხით. შექმნილია მოდულური სისტემის ამწეები უნიფიცირებული ერთეულ-მოდულების ფართო გამოყენებით (საყრდენი ნაწილები, კოშკისა და ისრის სექციები, სამონტაჟო დგარები, სატვირთო ურიკები, კავური საკიდები, სააპარატო ჯიხურები, მექანიზმები). ასეთებია, მაგ,, რუსული КБМ-401 და КБМ-671. ზოგადად არსებობს ამწეების შემდეგი სახეები: ავტომატური, გრეიფერიანი, ერთბადიანი, ერთბოლოიანი, ერთმხრივ მოქმედი, ზოდსაგდები, თვითმავალი, ისრიანი, კბილა-ლარტყიანი, კონვეიერიანი, კონსოლური, კოშკურა, ამწე-კოჭი, მბრუნავი, მტვირთავი, მუხლუხასვლიანი, მცურავი, ორბერკეტიანი, ორბოლოიანი, ორისრიანი, ორმაგი წევის, პორტალური, სალიანდაგო, სამსხმელო, სამადნო, სანაპირო, სარკინიგზო, სატაცი, ტელესკოპური, შახტის, ჩამჩიანი, ხელის, ხე-ტყის, ხიდური, ხრახნული, ჯაჭვიანი, ჯოჯგინა და სხვ.

ამწე ველოსიპედური - ამწე, კონსოლური, რომელიც გადაადგილდება მიწისზედა სარელსო გზაზე და დაჭერილია ზედა მიმმართველით (ნახ. 1. ამწე ველოსიპედური: 1-ურიკა; 2-კოლონა; 3-ირიბულა; 4-ტვირთი; 5-ჭერისეული კოჭი; 6-ზედა გორგოლაჭები; 7-საპირწონე; 8-ჯალამბარი).

ამწე ირიბულა - უმარტივესი ამწე, რომლის სამკუთხა კრონშტეინი - ირიბულა ჭაღებთან ერთად მიმაგრებულია სვეტზე, კედელზე და ა.შ. ამწევი ბაგირი გადახვეულია ჭაღზე. ტვირთამწეობა 5 ტ-მდეა.

ამწე ისრიანი თვითმავალი - ამწე საბრუნი კონსოლური ისრით, რომელიც მთლიანსაბრუნ ჩარჩოზეა დაყენებული. სავალი მოწყობილობის მიხედვით არის საავტომობილო (ნახ. 1) და სპეციალურ საავტომობილო შასიზე, მუხლუხა და პნევმატურთვლიანი. მდგრადობის გასაზრდელად აქვს გამოსაწვევი საყრდენები (აუტრიგერები), ხასიათდება უნივერსალურობითა და მობილურობით. გამოიყენება სამონტაჟო და დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოებზე.

ამწე კაბელური - ამწე, სტაციონალური ან გადასაადგილებელი საყრდენებით (კოშკებით), შეერთებული მზიდი ბაგირებით, რომელზედაც მოძრაობს სატვირთო ურიკა (ნახ. 1). ტვირთამწეობა - 50 ტ-მდე. გამოიყენება ტვირთების ასაწევად დიდ სიმაღლეზე (50 მ-ზე მეტი) და გადასატანად (1500 მ-მდე მანძილზე) მდინარეებზე, ხეობებზე, ხრამებზე და სხვ. შეუცვლელი ამწე-სატრანსპორტო კონსტრუქციაა დიდმალიანი ხიდების, კაშხლების, რაბების მშენებლობის დროს, რადგან ა.კ. მეშვეობით მარტივად ხდება დიდგაბარიტიანი ლითონისა და რკ.ბ.-ის სამონტაჟო ელემენტების მიწოდება ადგილზე.

ამწე კედლისა - ამწე სტაციონალურად მიმაგრებული კედელზე (ნახ. 1) ან მოძრავი ამწე, რომელიც გადაადგილდება კედელზე ან მზიდ კონსტრუქციაზე ვერტიკალურად მიმაგრებულ ამწესავალ გზაზე.

ამწე კონსოლური - განკუთვნილია ტვირთების გადასატანად ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულებით და აქვს საბრუნი ან არასაბრუნი წამწე (ნახ. 1). არასაბრუნ წამწიანი კონსოლის ამწის სატვირთო ურიკა გადაადგილდება კონსოლზე. ამწეები საბრუნი წამწით არის მრავალგვარი კონსტრუქციის - ამწე-ირიბულა, ველოსიპედური, ანძური და სხვა. მათ იყენებენ მანქანათმშენებელ ქარხნებში, პორტებში, მშენებლობებზე. ტვირთამწეობა - 4...10 ტ.

ამწე კოშკურა - ამწე, რომელიც გამოიყენება ძირითადად მშენებლობებზე. მას აქვს მაღალი კოშკი, საბრუნი ისარი და ამწევი ჯალამბარი (ნახ. 1). გადასაადგილებელი ამწის კოშკი ეყრდნობა თვლებიან ან მუხლუხა სავალ ურიკებს, რომლებიც გადაადგილდებიან სარელსო ან გრუნტის გზაზე და მისი ტვირთამწეობა 100 ტ-მდეა. სტაციონარული ამწეების ტვირთამწეობა 400 ტ-ს აღწევს, აწევის სიმაღლე - 150 მ-მდე, ისრის გადაწვდომა 50 მ-მდე. დაყენების წესის მიხედვით არჩევენ გადასაადგილებელ, სტაციონალურ და თვითამწევ ამწეებს.

ამწე კოშკურა მისადგმელი - მონტაჟდება საძირკველზე და დამატებით მიმაგრდება ასაგებ ნაგებობაზე, ე.ი. მათი კოშკი უძრავია და ემსახურება სამშენებლო მოედანს ერთი მხრიდან (სტაციონარული ამწე). არასაბრუნკოშკიანი ამწე სარელსო სვლაზე ტვირთის აწევის სიმაღლის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება მიმაგრდეს შენობაზე და იმუშავებს დიდ სიმაღლეებზე ისე, როგორც მისადგმელი ამწე. ასეთ ამწეებს უწოდებენ უნივერსალურს.

ამწე მაგნიტური - ამწე, გაწყობილი ტვირთსატაცი ორგანოთი ელექტრომაგნიტის სახით (ნახ. 1). გამოიყენება მეტალურგიულ და ლითონის კონსტრუქციების ქარხნებში, სატვირთო პორტებში, ჯართის მიმღებ მოედნებზე და სხვ.

ამწე მანიპულატორი - ამწე ისრული ტიპის, დამონტაჟებული ავტომობილის შასზე, რომელიც ასრულებს დატვირთვა-განტვირთვის ოპერაციებს ამავე ავტომობილის ძარაზე (ნახ. 1).

ამწე მანჭვლისებრი - ხიდური ამწე სატაცით ელექტროლიზერებიდან მანჭვლების ამოსაძრობად.

ამწე მისაბმელი - ამწე, რომელსაც არა აქვს გადასაადგილებელი მექანიზმი და მისი გადაადგილება მისაბმელი საწევარას მეშვეობით ხდება.

ამწე მულდაგრეიფერული - ხიდური ამწე, გაწყობილი გრეიფერული ტვირთსატაცი ორგანოთი და მოწყობილობებით მულდას გადასაადგილებლად.

ამწე მულდაჩამტვირთავი - ხიდური ამწე ისრული ხორთუმით, მულდას წატაცებისათვის.

ამწე მუხლუხა - ამწე მუხლუხა სავალი ნაწილით. მათი საშუალებით სრულდება დიდი მოცულობის სამონტაჟო სამუშაოები; ხშირად გამოიყენება სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში გამსხვილებული კონსტრუქციებისა და ტექნოლოგიული აგრეგატების დასამონტაჟებლად (ნახ. 1). გამოდის მექანიკური და ელექტრული ამძრავით. ელექტროძრავები იკვებება დიზელ-გენერატორული დანადგარიდან ან ცვლადი დენის გარე ქსელიდან 380 ვ ძაბვითა და 50 ჰ სიხშირით.

ამწე ნახევრად ჯოჯგინა - ამწე, რომლის მზიდი კონსტრუქციების ელემენტები ერთ მხარეს უშუალოდ ეყრდნობა საგზაო რელსს, ხოლო მეორე - საყრდენი დგარის მეშვეობით.

ამწე პნევმოთვლიანი - ისრიანი თვითმავალი ამწე პნევმატურსავალთვლიან სვლაზე, დიზელის ამძრავით, რომელიც განლაგებულია საბრუნ ბაქანზე, იშვიათად ერთღერძიან გამწეზე (ნახ. 1). საავტომობილო ამწისაგან განსხვავდება სავალი ნაწილით, ძრავით და საერთო შეთანწყობით. გამავლობა გრუნტის გზებზე შეზღუდულია. ამწეებზე მოწყობილია ტვირთამწეობის, კაკვის აწევისა და ისრის აწევის შემზღუდველები, შვერისა და ტვირთამწეობის მაჩვენებლები, ქანქარის დახრის საზომი და სხვადასხვა სიგნალიზატორი. გამოიყენება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე, აგრეთვე საცალო (ზოგჯერ ფხვიერი) ტვირთების დატვირთვა-განტვირთვაზე, გამსხვილებული აგრეგატების დასამონტაჟებლად და სხვ. ტვირთამწეობა 10...60 ტ, აწევის სიმაღლე 5...50 მ, ისრის გადაწვდომა 4...25 მ, გადაადგილების სიჩქარე თავისი სვლით 7...65 კმ/სთ.

ამწე პორტალური (ლათ.) - ამწე, განკუთვნილი დიდ ღია მოედნებზე დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოებისათვის. იგი П-სებრი პორტალის სახისაა, რომელზედაც განლაგებულია საბრუნი ბაქანი მექანიზმებით, ისრითა და საყრდენ-საბრუნი მოწყობილობით (ნახ. 1). პორტალი ეყრდნობა ოთხ ფეხს სავალი ურიკებით და გადაადგილება ლიანდაგზე. პ.ა. ფართო გამოყენება აქვთ საზღვაო-სამდინარო პორტებში და სამრეწველო ობიექტებზე. მათი ტვირთამწეობა აღწევს 300 ტ-ს, ისრის გადაწვდომა - 35 მ.

ამწე რადიალური - ამწე, რომელიც მუშაობის პროცესში გადაადგილდება ერთი სტაციონალური საყრდენის მიმართ

ამწე რკინიგზის - ამწე, დამონტაჟებული პლატფორმაზე, რომელიც გადაადგილდება რკინიგზაზე.

ამწე საავტომობილო - თვითმავალი სატვირთო-განმტვირთავი მანქანა, დამონტაჟებული ავტომობილის შასზე, რომელსაც გააჩნია მუშა ორგანო მოძრავი კონსოლური ისრის სახით (ნახ. 1). ამწის ნაწილების მოძრაობაში მოსაყვანად გამოიყენება ელექტრული, ჰიდრავლიკური და მექანიკური მოწყობილობები, რომლებიც სიმძლავრეს ღებულობენ ავტომობილის ძრავისაგან. ა. ტვირთამწეობა და ისრის შვერა სხვადასხვაა. მაგ., რუსეთში გამოდის ა.ს. ტვირთამწეობით 2,5...16 ტ, ისრის შვერით 2...12 მ, ხოლო თუ ისარს დაემატება სპეციალური ჩასადგამი კონსტრუქცია - 22 მ-მდე. ტვირთის აწევის სიმაღლე 7...18,5 მ. ტვირთის აწევის პროცესში, ამწის მდგრადობის შესანარჩუნებლად, გამოიყენება დამატებით გამოსაწევი (გასაშლელი) საყრდენები („აუტრიგერები“). ა.ს. გამოიყენება დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოებისათვია, კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობების დასამონტაჟებლად.

ამწე საავტომობილო მოქნილკავშირებიანი - ამწე, რომლის ელექტრული სქემა ითვალისწინებს აღმასრულებელი მექანიზმების ელექტროძრავების კვებას გენერატორიდან და გარე ქსელებიდან ძაბვით 380 ვ, სიხშირით 50 ჰ.

ამწე საავტომობილო ხისტკავშირებიანი - ამწე, რომლის ამძრავი არის მოცულობითი ჰიდრავლიკური სისტემა განრთული ცირკულაციით. სამუშაო სითხე სისტემაში მიეწოდება ორი აქსიალურ-დგუშიანი ტუმბოს საშუალებით, რომლებიც განლაგებულია ავტომანქანის სასვლო ჩარჩოზე.

ამწე საბრუნ-კოშკიანი - ამწე, რომლის საყრდენ-საბრუნი მოწყობილობა განლაგებულია სავალ ნაწილზე ან პორტალზე. მობრუნების დროს ბრუნავს მთელი ამწე, სავალი ნაწილის გარდა. საბრუნ-კოშკიან ამწეებს ხშირად უწოდებენ მობილურს, რადგან დამონტაჟება  და ტრანსპორტირება ხდება მარტივად გამსხვილებული კვანძების სახით.

ამწე სამსხმელო - ხიდურა ამწე, გაწყობილი მექანიზმებით სამსხმელო ციცხვის ასაწევად და გადასაყირავებლად. ძირითადად გამოიყენება მეტალურგიულ ქარხნებში.

ამწე სარელსო - ამწე, რომელიც გადაადგილდება რელსებზე.

ამწე სატვირთო-სამგზავრო - მზადდება მხოლოდ მისადგმელი, სტაციონარული, სიმაღლით 100...150 მ, ხოლო კვამლგამყვანი მილების აღმართვისას - 350 მ სიმაღლის. ამწის მიმაგრება შენობაზე ხორციელდება საკედლე საყრდენების (ტელესკოპური წევების) საშუალებით.

ამწე საჭედი - ხიდურა ამწე, გაწყობილი მოწყობილობებით საჭედი სხმულების ასაწევად, გადასაადგილებლად და მოსაბრუნებლად.

ამწე სრულბრუნვადი - საბრუნი ამწე, რომელსაც შეუძლია გააკეთოს 3600-იანი სრული ბრუნი

ამწე სტაციონალური - ამწე, რომელიც იდგმება საძირკველზე და სამშენებლო მოედანს ემსახურება ერთი სადგომიდან (ნახ. 1). მაღალი შენობების აგების დროს ასეთი ამწე დამატებით მიემაგრება ასაშენებელ ნაგებობას და იწოდება მისადგამ ამწედ.

ამწე ტვირთამწე - ციკლური მოქმედების მანქანა, რომლის დანიშნულებაა კაკვზე ჩაბმული ტვირთის აწევა და გადაადგილება სივრცეში.

ამწე უძრავ-კოშკიანი - ამწე, რომლის რომლის საყრდენ-საბრუნი მოწყობილობა განლაგებულია კოშკის თავზე. ბრუნვის დროს ბრუნავს მხოლოდ ისარი, სათავისი და საპირწონე კონსოლი მასზე განლაგებული მექანიზმებითა და საპირწონე ტვირთით. ასეთი ამწეები მოეკუთვნება არამობილურ ამწეებს.

ამწე ჩასასმელი - ხიდურა ამწე მბრუნავი კოლონებით, ქვედა ნაწილში ჰორიზონტალური საცეცებით, რომლითაც ხდება ნაკეთობების წატაცება და ღუმელში მოთავსება.

ამწე ხელის - ამწე, რომლის მექანიზმი მოქმედებაში მოდის ხელის ამძრავით.

ამწე ხიდური კაბელური - ამწე, რომლის გაგაადგილება ხიდის ბოლოებზე მიმაგრებული მზიდი ბაგირების მეშვეობით ხორციელდება (ნახ. 1). თვით ხიდი კი მოძრაობს გორგოლაჭებით რელსებზე, რომლებიც თავის მხრივ დაყრდნობილია კოჭებზე (ან პარალელურ სარტყელებიან წამწეებზე).

ამწე ჯოჯგინა (ხარიხა) - ტვირთის ამწევი მექანიზმი, მალიანი ნაგებობა ხიდურა კოჭის ან წამწის სახით, რომელიც გადაადგილდება მიწისზედა სარელსო გზაზე და მოძრაობისას გადაფარავს მოედანს, რომელზეც წარმოებს დამტვირთ-განმტვირთი სამუშაოები (ნახ.1). კოჭი ან წამწე ეყრდნობა ორ ფეხს სავალ ურიკებთან ერთად, რომლებიც აღჭურვილია გადასაადგილებელი მექანიზმებით. ამწის საყრდენი ფეხები ხისტადაა მიმაგრებული წამწესთან. სატვირთო ურიკა გადაადგილდება წაწმის ზედა სარტყელზე დაგებულ რელსებზე ელექტრორევერსული ჯალამბრის საშუალებით. ყველა მექანიზმის მართვა თავმოყრილია ამწის საყრდენი ფეხის ზედა ნაწილში მოთავსებულ კაბინაში. ჯოჯგინა ამწეები გვხვდება 5, 10, 50 და 200 ტ. ტვირთამწეობის, მალის სიგრძით 4...40 მ, ზოგჯერ 170 მ-მდე.

ამწე-სატრანსპორტო მანქანები - გამოიყენება ტვირთებისა და ადამიანების გადასაადგილებლად მცირე მანძილებზე. არსებობს ციკლური (პერიოდული) და უწყვეტი მოქმედების. პირველს მიეკუთვნება ტვირთამწევი მანქანები, ხოლო მეორეს - ტრანსპორტიორები, კონვეიერები, ელევატორები, ესკალატორები, საბაგირო გზები.

ამწევი ძალა - სითხის ან აირულ გარემოში მოქმედი ძალის შემდგენი, რომელიც მოქმედებს სხეულის მოძრაობის პერპენდიკულარულად. ამწევი ძალა წარმოიშვება ხსნარში არასიმეტრიული გარსშემოდინების შედეგად. Y = CyρV2S/2, სადაც ρ - გარემოს სიმკვრივე; V - სხეულის სიჩქარე; S - ფართობის მახასიათებელი (მაგ., თვითმფრინავის ფრთის ფართობი გეგმაში); Cy – უგანზომილებო კოეფიციენტი. ა.ძ. დამოკიდებულია სხეულის ფორმაზე, მის ორიენტაციაზე მოქმედების მიმართულებით. ძალზედ მნიშვნელოვანია საფრენ აპარატებში, გემებში, ფრთიან მანქანებში (ღერძული კომპრესორი, ტუმბო) და სხვ

ამწის საკუთარი მდგრადობა - ამწის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს გადამყირავებელ მომენტს სამუშაო და არასამუშაო მდგომარეობაში.

ამწის სატვირთო მდგრადობა - ამწის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ტვირთის წონით, ინერციის ძალებით, ქარის დატვირთვით და სხვა ფაქტორებით შექმნილ გადამყირავებელ მომენტს და შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორული სამუშაო მდგომარეობა.

ამწის ფუნქციის შემზღუდველი - შემზღუდველი, რომელიც იწვევს ამწის მუშა ფუნქციის შეჩერებას ან შეზღუდვას. ეს ხელსაწყო, როგორც წესი, მუშაობს ავტომატურ რეჟიმში და ჩაირთვება მაშინ, როცა ამწის მოძრაობა ან მუშა ფუნქცია მიაწევს თავის ზღვრულ მდგომარეობას.

ამწქვეშა გზა - ორი პარალელური რელსი მასზე მოძრავი ხიდური ან შეკიდული ამწით. ა.გ. რელსები შეიძლება განლაგებული იყოს ერთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში (ხიდური ამწე, ამწე-კოჭი), ერთ ვერტიკალურ სიბრტყეში (ველოსიპედისებრი ამწე) ან სხვადასხვა დონეზე (ნახევრად პორტალური ან ნახევრად ჯოჯგინა ამწე).

ამწქვეშა კოჭი - კონსტრუქცია, რომელზეც მიემაგრება რკინიგზის რელსები ხიდური (შეკიდული) ამწეების სამოძრაოდ. მზადდება ლითონის (ნახ. 1, ფოლადის ამწქვეშა კოჭი), რკ.ბ.-ის ან წინასწარდაძაბული რკ.ბ.-ისაგან და გამოიყენება საწარმოო და სასაწყობო შენობა-ნაგებობებში.

ამხანაგობა - ორი ან რამდენიმე პირის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად შექმნილი გაერთიანება. ა. არ არის იურიდიული პირი.

ანაბარი (ინგლ.) - 1. დანაზოგი, ბანკში შესანახად შეტანილი ფულადი სახსრები, რომელსაც ჩვეულებისამებრ პროცენტი ერიცხება; 2. კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება და რომელსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტები; 3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი

ანაბარი ვადიანი - ანაბარი, რომელიც შენახულია ბანკში განსაზღვრული ვადით და ამ ვადის გასვლამდე არ გაიცემა.

ანაზდეული - მყისი, მსწრაფლი, უეცარი.

ანაზღაურება აკორდული - შრომის ანაზღაურება შეთანხმების, მორიგების ან ხელშეკრულების საფუძველზე.

ანაზღაურება ბრიგადული - ბრიგადის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება, რომელიც შემდეგ ბრიგადის წევრებზე მათი კვალიფიკაციის მიხედვით ნაწილდება.

ანაზღაურება სანარდო - შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება სამუშაოს მოცულობის მიხედვით.

ანაზღაურება სატარიფო - შრომის ანაზღაურება სატარიფო განაკვეთების მიხედვით.

ანაკოფიის ციხე-სიმაგრე - სოხუმიდან 20 კმ. დაშორებით, ივერიის მთის ერთ მონაკვეთზე მდებარეობს ისტორიული ანაკოფია, რომელსაც XIX საუკუნეში ახალი ათონი უწოდეს. ამ მთაზე ზღვის დონიდან 350 მეტრზე აღმართულია ანაკოფიის ციხე-სიმაგრის ციტადელი (ნახ. 1). ის ქვის გალავნით შეკრულ შეუვალ თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. დღემდე შემორჩენილია ციხის გრანდიოზული კედლები სამეთვალყურეო კოშკებით, საალყო აუზითა და კირის გამოსახდელი ღუმელით. ციხე-სიმაგრის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს ანაკოფიის ტაძარი, რომელიც VII...VIII საუკუნეებით თარიღდება. მის ნანგრევებში ახლაც შეინიშნება შედარებით გვიანი პერიოდის შესანიშნავი ჩუქურთმის ნაკვალევი. საქართველოს გაერთიანების შემდეგ ანაკოფიის ციხე-სიმაგრე ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც რამდენიმეჯერ განახლდა ხელისუფლების მიერ და აქ სამეფო ჯარი იდგა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს იცავდა. XV საუკუნის მიწურულს საქართველოს სახელმწიფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ანაკოფია ამიერიდან ჯერ აფხაზთა ერისთავების, ხოლო მოგვიანებით აფხაზთა მთავრების რეზიდენციას წარმოადგენდა. XVIII საუკუნეში ანაკოფიას თურქები დაეუფლნენ და აფხაზთა მთავრების რეზიდენციამ ლიხნში გადაინაცვლა, ამის შემდეგ ანაკოფია ნანგრევებად იქცა და მას აფხაზებმა «ფსირცხა» უწოდეს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიული ანაკოფიის ტერიტორიაზე ააგეს წმ. პანტელეიმონის ტაძარი, როგორც ათონის მთის რუსული მონასტრის ფილიალი. სწორედ ამ დროს ეწოდა ანაკოფიას ახალი ათონი.

ანაკრები კონსტრუქციები - ანაწყობი კონსტრუქციები; შენობის ცალკეული კონსტრუქციული ნაწილები, რომლებიც ქარხნული წესით მზადდება და ადგილზე მონტაჟდება (კედლის ბლოკი, პანელი, გადახურვის ფილა და სხვ.).

ანაკრები რკინაბეტონის მუდმივი სამაგრი - მუდმივი სამაგრის სახეობა, რომლის მოწყობა ხდება ერექტორის მეშვეობით გვირაბის გაყვანისას ფარის მეთოდით (ზოგჯერ - სამთო მეთოდით). ის შედგება ქარხნული წესით დამზადებული ცალკეული ელემენტებისაგან (ბლოკების ან ტიუბინგებისაგან), რომლებიც აწყობისას ერთმანეთთან მაგრდება დამაკავშირებელი მანჭვალებით. რგოლის სიგანეა 1 მ და შედგება 10 ცალი რკ.ბ.-ის ტიუბინგისაგან (7 ცალი - ნორმალური, 2 - მოსაზღვრე და 1 - კლიტის). ტიუბინგები მზადდება მაღალი კლასის (B40 და მეტი) ბეტონისაგან, რომლის ხარჯი გვირაბის 1 გრძივ მეტრზე შეადგენს 2,14 მ3.

ანალიზატორი - მოწყობილობა ან ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც რაიმე ნივთიერების, მოვლენის თვისებების შესწავლას და ანალიზს აწარმოებენ.

ანალიზი (ბერძ.) - 1. საგნის აზრობრივი დაშლა შემადგენელ ნაწილებად. ა. სინამდვილის კვლევის მეთოდია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ განსახილველი საგანი აზრობრივად ან პრაქტიკულად დანაწევრდება შემადგენელ ნაწილებად (ნიშანი, თვისება, დამოკიდებულება). თითოეული ეს ნაწილი შეისწავლება ცალკე, რათა ანალიზის პროცესში გამოყოფილი ნაწილები სხვა ლოგიკური ხერხის - სინთეზის დახმარებით შეერთდეს ერთ მთელად, რომელიც გამდიდრებულია ახალი ცოდნით. ის საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ მოვლენის სტრუქტურას, საგნის ცალკეულ მომენტთა თავისებურებას, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხასიათს, მთელის კავშირს შემადგენელ ნაწილებთან; ამზადებს იმის პირობებს, რომ მივაგნოთ საგნის არსებას, კანონს, ერთეულიდან გადავიდეთ ზოგადზე, წარმოდგენებიდან - ცნებებზე; 2. რაიმეს ყოველმხრივი გარჩევა-განხილვა.

ანალიზი თერმული - ფაზური გარდაქმნების ტემპერატურათა განსაზღვრა და ეგზოტერმული და ენდოთერმული პროცესების თერმული მახასიათებლების მიღება.

ანალიზი პეტროგრაფიული - ნივთიერების მინერალოგიური შედგენილობის განსაზღვრა.

ანალიზი სენსორული - სპეციალურად, ექსპერტების მიერ, სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად, დაწვრილებით, საქონლის ხარისხის და ორგანულობის აღწერა.

ანალიზი სპექტრული - ნივთიერების შედგენილობის თვისებითი და რაოდენობითი განსაზღვრის ფიზიკური მეთოდი, რომელიც ემყარება ნივთიერების ოპტიკურ სპექტრებს.

ანალიზი ფაზური - ჰეტეროგენული სისტემის ცალკეული ფაზების შედგენილობის თვისებითი და რაოდენობითი განსაზღვრის მეთოდების ერთობლიობა.

ანალიზი ქიმიური - ნივთიერების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა.

ანალიზური მექანიკა - შეისწავლის მოძრაობისა და წონასწორობის ზოგად, საერთო მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ნივთიერ წერტილთა სისტემისათვის. ა.მ. გამოყენებული განტოლებები ერთი და იგივე სტრუქტურისაა, მიუხედავად სისტემის მოძრაობისა და მათზე დადებული პირობებისა. ა.მ. ყველა თეორემა და განტოლება გამომდინარეობს ზოგიერთი ძირითადი ცნებისა და წინადადებისაგან. აქ ფართოდ გამოიყენება წერტილის და სისტემის შესაძლო გადაადგილების ცნება. გარდა ამისა, წონასწორობის პირობების და მოძრაობის განტოლებების უფრო მოსახერხებელი ფორმის მისაღებად იყენებენ განზოგადებული კოორდინატების და განზოგადებული ძალის ცნებას. განუზომლად დიდია ა.მ. მნიშვნელობა თანამედროვე ტექნიკის მრავალ დარგში, როგორიცაა მაგ., მოძრაობის მართვის თეორია, კოსმოსური მექანიკა, ავტომატური მართვა და სხვ.

ანალოგი (ბერძ.) - მსგავსი, იდენტური, რაც ანალოგიის საფუძელს იძლევა.

ანალოგია (ბერძ.) - შესაბამისობა, შესატყვისობა, მსგავსება; საგნების, მოვლენების, პროცესების ან მათ ერთობლიობათა მსგავსება რაიმე თვისების, ნიშნის, დამოკიდებულების მიხედვით; ამასთანავე თვით ეს საგნები საზოგადოდ განსხვავებულნი არიან. ანალოგიით დასკვნა - ეს არის ცდა მივიღოთ ახალი ცოდნა შესასწავლ თვისებებზე, ნიშნებზე, საგნებს შორის დამოკიდებულებაზე მათი ნაწილობრივი მსგავსების ცოდნაზე დაფუძნებით.

ანალოგია ელექტროდინამიკური - სხვადასხვა ფიზიკურ სისტემებში მიმდინარე რხევითი პროცესები ხშირად აღიწერებიან ერთი და იგივე მათემატიკური განტოლებებით, რაც საშუალებას იძლევა დავამყაროთ ანალოგია სხვადასხვა ფიზიკური ბუნების სიდიდეებს შორის. ერთ-ერთი ასეთი ანალოგია სრულად დგინდება მექანიკურ და ელექტრულ სისტემებს შორის.

ანალოგია კირხჰოფის - წვრილი დრეკადი ღეროს (საწყის მდებარეობაში წრფივის ან პრიზმატულის) წონასწორობის დიფერენციალური განტოლებების მათემატიკური მსგავსება ერთ წერტილში უძრავად ჩამაგრებული ნივთიერი სხეულის სიმძიმის ძალით მოძრაობის დიფერენციალურ განტოლებასთან.

ანალოგია პრანდტლის - დაგრეხილი პრიზმული ღეროს განივკვეთში წარმოშობილი მხები ძაბვების განაწილების ამოცანის მათემატიკური მსგავსება კვეთის კონტურზე თანაბრად მოჭიმული და მუდმივი წნევის მოქმედებით ოდნავ (სუსტად) ჩაღუნული მემბრანის წონასწორობის ამოცანასთან

ანალოგია ჰიდროდინამიკური - დაგრეხილი პრიზმული ღეროს განივკვეთში წარმოქმნილი მხები ძაბვების განაწილების ამოცანის მათემატიკური მსგავსება ღეროს გვერდითი ზედაპირის იდენტური (ანალოგიური) კედლების მქონე ჭურჭელში იდეალური სითხის ცირკულაციის  ამოცანასთან.

ანანურის ციხე-სიმაგრე - მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან სამოციოდე კილომეტრზე, არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მთიდან დაშვებულ წამოზიდულ კონცხზე, იქ სადაც არაგვს ერთვის ვეძათხევი. ანანური ეკუთვნოდა არაგვის ერისთავებს და წარმოადგენდა მათ რეზიდენციას. ანანურის ციხე ძირითადად იცავდა საქართველოს ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელ მაგისტრალს. ამავე დროს იგი საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა მეფე-დიდებულთათვის მტრის ძლიერი შემოსევებისას. ამ არქიტექტურული ანსამბლის მთავარი ტაძრის - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამხრეთ კედელში ჩატანებულ ქვაზე შესრულებული წარწერის მიხედვით, ეკლესია აუგია არაგვის ერისთავის შვილს მდივანბეგ ბარძიმს. 1803-1821 წლებში იგი იყო ანანურის მაზრის ცენტრი. ეს არის საქართველოს გვიანდელი ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო ხასიათის ნაგებობები (ნახ. 1).

ანარიცხი - მოგების ნაწილი, საიდანაც წარმოება უხდის სახელმწიფო ბიუჯეტს ან ხარჯავს სხვა საჭიროებისათვის.

ანგარი - სპეციალური დახურული ნაგებობა თვითმფრინავების სადგომად, მიმდინარე რემონტის და საექსპლუატაციო მომსახურების ჩასატარებლად და შესანახად (ნახ. 1). დანიშნულებისა და გამოყენების ხარისხის მიხედვით ა. არსებობს ს ტ ა ც ი ო ნ ა ლ უ რ ი (მუდმივად მოქმედი აეროდრომებისათვის) და დ რ ო ე ბ ი თ ი (დროებითად მოქმედი აეროდრომებისათვის). ა. ძირითად სასარგებლო ფართობს განსაზღვრავს თვითმფრინავის ტიპი, გაბარიტები და რაოდენობა, აგრეთვე თვითმფრინავების ანგარში მექანიზებული შესაყვანი და გამოსაყვანი მოწყობილობები (საწევარი, ამწე, პლატფორმა). გეგმაში კონფიგურაციის მიხედვით ა. შეიძლება იყოს სწორკუთხა (ყველაზე გავრცელებული), მრავალკუთხა, წრიული და ჯვრისმაგვარი ფორმის. სიმაღლე სინათლეში დამოკიდებულია თვითმფრინავის და მისი გადაადგილებისათვის გამოყენებული ურიკის (საწევარის) სიმაღლეზე. მალი კი დამოკიდებულია თვითმფრინავის ფრთათაშორის განზე, თვითმფრინავების განლაგების სქემაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსებაზე და სხვ. ანგარმშენებლობაში ძირითადად გამოიყენება კამარისებრი, ჩარჩოსებრი და სივრცითი მზიდი კონსტრუქციები მალით 50...150 მ. კონსტრუქციების მასალად უპირატესობა ენიჭება ლითონს და დაწებებულ მერქანს, იშვიათად რკინაბეტონსა და ვანტურ გადახურვებს. ა. სასურველია იყოს ინტენსიური ბუნებრივი განათება (კედლების ზედა ნაწილებიდან, გადახურვებიდან, ფრონტონებიდან). შესასვლელი ჭიშკარი, როგორც წესი, კეთდება ორფრთიანი გასაწევ-გამოსაწევი ჰორიზონტალურ სწორ ლითონის მიმმართველებზე (საგორავი, საკისარი), რომელიც გამოირჩევა სიმარტივითა და მუშაობაში მაღალი საიმედოობით (არსებობს მრუდწირულ მიმმართველებზე მოძრავი ჭიშკრებიც). ა. ჭიშკარი აუცილებალია იღებოდეს და იკეტებოდეს ავტომატურად. ჭიშკრის ფრთა გათბუნებულია ანგარში სითბოს შენარჩუნების მიზნით. ჭიშკრის გაღების დროს, ზამთრის პირობებში, ცივი ჰაერის მოდინებისაგან დასაცავად, ღიობის ზედა ნაწილიდან უბერავს ცხელი ჰაერის ჭავლი (ჰაერის ფარდა), რომელიც გარე ჰაერს საშუალებას არ აძლევს გავრცელდეს საწარმოს შიგა სივრცეში. ა. გააჩნია საკუთარი კავშირგაბმულობის, კონტროლის, დაცვის, სატელევიზიო, ელექტრო და ხმამაღლამოლაპარაკე სისტემები, აგრეთვე საწარმოო და საყოფაცხოვრებო კომუნიკაციები.

ანგარიშ-ფაქტურა - გამყიდველის მიერ მომზადებული და მყიდველისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყიდვა-გაყიდვის გარიგების დეტალებს.

ანგარიშგება - 1. მუშაობის შედეგების დამახასიათებელ მაჩვენებელთა სისტემა; 2. დადგენილ დროში, სპეციალური ფორმების მიხედვით, ორგანიზაციის მიერ ფინანსურ-მატერიალური მდგომარეობის ანგარიშის წარდგენა.

ანგარიშგება ტექნიკური - დადგენილ დროში, სპეციალური ფორმების მიხედვით, ორგანიზაციების მიერ, რაიმეს ტექნიკური მდგომარეობის მონაცემების (პარამეტრების, ანგარიშის) წარდგენა (მაგ., საქვაბის, საშრობი კამერის, საფეხბურთო მოედნის, ჩარხის და სხვ.)

ანგარიში - 1. მარტივი არითმეტიკული მოქმედება; 2. მოხსენება თავისი საქმიანობის შესახებ; 3. საბუთი, რომელიც საფინანსო ურთიერთვალდებულების მდგომარეობას ასახავს; 4. საბუთი, რომელშიც აღნიშნულია გაცემული საქონლის, შესრულებული სამუშაოს და ა.შ. რაოდენობა.

ანგარიში მიმდინარე - დაწესებულების, ორგანიზაციის ან პიროვნების პირად ანგარიშზე ბანკში ფინანსური ოპერაციების მიმდინარეობა გარკვეული დროისათვის.

ანგარიში სამეურნეო - ამა თუ იმ სახის მეურნეობის ისეთი წარმართვა, როდესაც ხარჯები საკუთარი სახსრებით (შემოსავლით) იფარება.

ანგობი - თეთრი ან ფერადი თიხის თხელი ფენა, რომლითაც იფარება კერამიკული ნაკეთობა გამოწვამდე, გლუვი ზედაპირის მისაღებად.

ანდეზიტი - ვულკანური წარმოშობის საშუალო მჟავიანობის მთის ქანი, მუქი ნაცრისფერი ან მოწითალო ფერისა (ნახ.1, ანდეზიტი კობის (დაციტი). მაღალი სიმტკიცის და მდგრადობის, მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანი, პორფირული აგებულების საშენი მასალა. ფართოდ არის გავრცელებული ძველი ან თანამედროვე ვულკანიზმის რაიონებში. საქართველოში მისი საბადოებია: დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის და არაგვის ხეობებში, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ყაზბეგის რაიონებში.

ანდერაიტინგი - ბოლო გამოშვების ფასიანი ქაღალდების შეძენა მათი გაყიდვის მიზნით.

ანდერრაიტერი - პირი, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ უფლებამოსილია გააანალიზოს, მიიღოს დასაზღვევად (გადასაზღვევად) და უარყოს ყველა სახის რისკები, აგრეთვე, კლასიფიცირება გაუკეთოს შერჩეულ რისკებს მათზე ოპტიმალური სადაზღვევო პრემიის მისაღებად. ანდერრაიტერი პასუხისმგებელია სადაზღვევო პორტფელის ფორმირებაზე. მას უნდა გააჩნდეს აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკა რისკის შესაბამისი ხარისხის, პრემიის განაკვეთის და დაზღვევის პირობების დასადგენად.

ანემომეტრი - ჰაერის და აირების მოძრაობის სიჩქარის საზომი ხელსაწყო ტრიალას ბრუნვათა რიცხვის მიხედვით. დარეგისტრირებულ ა. ეწოდება ანემოგრაფი.

ანეროიდი (ბერძ.) - ერთ-ერთი სახის ბარომეტრი. წარმოადგენს ლითონის კოლოფს, რომლიდანაც გამოდევნილია ჰაერი.

ანთება - წვის დაწყება მოკიდების წყაროს ზეგავლენით.

ანთების ავტომატური მოწყობილობა - ავტომატური მოწყობილობა, რომელიც ანთებს საფალიე სანთურას ან უშუალოდ ძირითად სანთურას.

ანთემიონი - მცენარეთა (პალმეტა, ყვავილები და ა.შ.) სტილიზებული გამოსახულების წნულისგან შედგენილი ორნამენტი იონური არქიტექტურული ორდერის კოლონებზე (ნახ. 1).

ანთრაციტი - შავი ფერის მკვრივი და ლითონისებრ პრიალა საუკეთესო ხარისხის ქვანახშირი. მაღალი თბოუნარიანობის, წვის ტემპერატურის და მცირე ნაცრიანობის გამო წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკულ სათბობს. ნახშირის შემცველობა - 89,5...96,5%. გამოიყენება  საწვავად, ელექტროდების დასამზადებლად, კარბიდის წარმოებაში, სამსხმელო თერმოანტრაციტად და სხვ.

ანთროპოგენური (ბერძ.) - ადამიანის მოქმედების, მოღვაწეობის შედეგად შექმნილი (მაგ., ლანდშაფტი, მცენარეულობა, ნიადაგები და სხვ.)

ანთროპოგენური ღვარცოფი - ღვარცოფების ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი, რომლის წარმოქმნაც პირდაპირ კავშირშია სამეურნეო ზემოქმედების შედეგებთან. წარმოქმნის კერა ხშირად მიწის ყრილი და წყალსაცავია. მიწის ყრილი უზრუნველყოფს ღვარცოფის შემადგენლობას მყარი მასით, ხოლო წყალსაცავი - თხიერით. ანთროპოგენური ღვარცოფების განმეორებადობა აჭარბებს ბუნებრივი გენეზისის ღვარცოფებს. იშვიათად ატარებს ეპიზოდურ ხასიათს. ვრცელდება ლოკალურად და მოიცავს ვაკის ტერიტორიებს.

ანიზოტროპია (ბერძ.) - ნივთიერების ფიზიკურ თვისებათა არაერთგვაროვნება სხვადასხვა მიმართულებით. გარემო ერთდროულად შეიძლება იყოს იზოტროპიული რომელიმე თვისების მიმართ, მაგრამ ანიზოტროპიული სხვა თვისების მიმართ. ა. უმთავრესად ახასიათებს კრისტალებს, რაც განპირობებულია მათი აგებულების თავისებურებით. შესაძლოა ანიზოტროპიული მასალა შეიქმნას ხელოვნურადაც (ფანერა, დაწნეხილი მერქანი, საგანგებოდ დამუშავებული მინა და სხვ.).

ანიზოტროპია მაგნიტური - სხეულის მაგნიტური თვისებების არაერთგვაროვნება სხვადასხვა მიმართულებით.

ანიზოტროპიული მასალები - მასალები, რომელთა ფიზიკური თვისებები იცვლება მიმართულებაზე დამოკიდებულებით, ე.ი. მასალები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა მექანიკური, ოპტიკური, მაგნიტური და სხვა თვისებები აქვთ (მაგ., მონოკრისტალები, ბოჭკოვანი და აფსკისმაგვარი მასალები, რკინაბეტონი, მერქანი, პლასტმასები ფენოვანი შემავსებლით, ტექსტოლიტი, გეტინაქსი, მინაპლასტიკი, პიეზოკვარცი, გრაფიტი, კომპოზიტური მასალები). ა.მ. გამოყენება ამცირებს მასალის ხარჯს და აუმჯობესებს კონსტრუქციის ხარისხს. მაგ., ტრანსფორმატორი, რომელშიც გულანად გამოყენებული ტექსტურული ფოლადი, დაახლოებით 20...40%-ით მსუბუქია, ვიდრე ტრანსფორმატორი გულანით ჩვეულებრივი ცხლადგლინული ფოლადისაგან.

ანილინი (C6H5NH2) - უფერული ან მოყვითალო ზეთოვანი სითხე. გამოიყენება ნედლეულად საღებავების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, სამკურნალო პრეპარატების მისაღებად, ქიმიურ, ფარმაცევტულ, პარფიუმერიის, თავდაცვის და მრეწველობის დარგებში

ანიონები (ბერძ.) - ელექტროლიტის ხსნარში ანოდისკენ მოძრავი უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები.

ანიონი (ბერძ.) - უარყოფითად დამუხტული ნაწილაკი (იონი), რომელიც ელექტროლიზის დროს ილექება აბაზანის დადებით პოლუსზე, ანოდზე.

ანკერი (გერმ., ღუზა) - 1. შენობის ცალკეული ელემენტების კედელთან დამაკავშირებელი (კედლის წყობაში ცალი ბოლოთი დატანებული) ლითონის საბმური; 2. რკინის ჭანჭიკი ან კავი, რომლითაც ერთმანეთზე ამაგრებენ ქვის კედლის ნაწილებს;  3. საათის მექანიზმის ნაწილი, რომლითაც უზრუნველყოფილია სვლის თანაბარზომიერება; 4. ანკერი - რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში დამჭერი მოწყობილობა წინასწარ დაძაბული არმატურის ბეტონში (ან ბეტონზე) დასამაგრებლად; 5. გვირაბმშენებლობაში გამოყენებული ანკერული სამაგრი დეტალი ცალკეული ელემენტების კედელთან დასაკავშირებლად, ან გვირაბის ჭერის ან გვერდების ქანის განშრევებისა და ჩამოქცევის თავიდან ასაცილებლად. ანკერული სამაგრის მთავარი ელემენტია 0,7...3 მ-ის სიგრძის ლითონის ღერო, რომლის ბოლოში გაკეთებულია ჩაჭრა, რომლის ბოლოს მოარგებენ სოლს და შპურში ჩასვამენ. ღეროს მეორე ბოლოზე დარტყმით სოლი შედის ღეროს განაჭერში და ანკერის თავი შპურში იჭედება. იყენებენ სამაგრის გაჭედვის სხვა ხერხსაც: ღეროს კონუსურ ბოლოზე მოარგებენ სეგმენტებს, ჩასვამენ შპურში და თავისუფალ ბოლოზე ქანჩს მოუჭერენ. ღერო დატრიალდება, სეგმენტები გაიშლება და ქანში გაიჭედება.

ანკერი განმბჯენი - ანკერი შიდა ხრახნით. ჩახრახვნის პროცესში ანკერის ბოლო იშლება და საიმედოდ იჭედება ბუდეში (ნახ. 1). გამოიყენება ნაკეთობის ჩასამაგრებლად შედარებით მყარ მასალაში.

ანკერი სოლისებრი - სამაგრი საშუალება, რომელიც გამოიყენება მძიმე კონსტრუქციების მისამაგრებლად ბეტონისა და აგურის საყრდენებზე. ის არის ცილინდრული ლითონის ღერო (ნახ. 1) რომელსაც ბოლოზე აქვს სოლი, რომელიც ფართოვდება ანკერის ჩასმის შემდეგ და საიმედოდ ფიქსირდება ნახვრეტში. ა.ს. ჩასმა სწარმოებს ჩაქუჩის დახმარებით და შემდეგ მოიჭიმება ქანჩსახრახნით. ასეთი ანკერები (ჩამალულთავიანი, სიგრძით 8...15 სმ) ფართედ გამოიყენება მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების ჩარჩოების მონტაჟისათვის.

ანკერი ქიმიური - მაკავშირებელი (ქიმიური წებოვანი მასა) ლითონის სამაგრ ელემენტსა და საფუძვლის მასალას შორის. მუშაობის პრინციპი: ლითონის ღერო სინთეზური წებოს საშუალებით ჩაეწებება შესაერთებელ საფუძვლებში. ფისი ღრმად ვრცელდება საფუძვლის ფორებში, მყარდება და ქმნის მონოლითს. შეერთების ტექნოლოგია მარტივია: საფუძველი წინასწარ იბურღება, ივსება ფისით და შემდეგ იდგმება მასში ლითონის ელემენტი. შეერთების ეს მეთოდი იმდენად საიმედოა, რომ მას ხიდმშენებლობაშიც კი წარმატებით იყენებენ.

ანკერული სამთო სამაგრი - სამთო სამაგრი, რომლის ძირითადი ნაწილია მეტალის, რკ.ბ.-ის, ხის ან პლასტმასის ღერო (ანკერი), რომელიც შპურში მაგრდება. იგი ემსახურება გაშიშვლებული სამთო მასივის განმტკიცებას, სტაბილიზაციას, მდგრადობის ამაღლებას. მას იყენებენ სამაგრის სხვა სახეობებთან (პოლიგონალური, თაღური; ნაშხეფბეტონი) ერთად. რკ.ბ.-ის და პოლიმერბეტონის ანკერი მიეკუთვნება მიწისქვეშა გამონამუშევრების მუდმივ სამაგრებს. ქანის ადგილობრივი გამოცვენის თავიდან ასაცილებლად ანკერებს შორის გამონამუშევრის კონტურზე კიდებენ ფოლადის ბადეს (უჯრედის ზომებით 5×5 სმ).

ანკერული ჭანჭიკი - ერთგვარი ჭანჭიკი, რომლითაც ამაგრებენ კრონშტეინს კედელზე ან კოლონას (სვეტს, დგარს, მზიდი კონსტრუქციის საყრდენს) - საძირკველზე (ნახ. 1).

ანკეტა (ფრანგ.) - 1. პირველადი ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტი, გარკვეული წესებით ფორმულირებული კითხვებისა და პასუხების (გამონათქვამების) ერთობლიობა; 2. გამოკითხვის ფურცელი, ძირითადი დოკუმენტი ანკეტირების გზით გამოკვლევის ჩატარებისათვის; 3. კითხვარი, რომლის მიზანია რესპონდენტისგან მონაცემების მიღება; 4. პირთა საკვლევი კონტინგენტისათვის განკუთვნილი მკვლევარის მიერ შედგენილი კითხვების სია, რომელიც წარმოადგენს საწყის ემპირიულ მასალას განზოგადებისათვის.

ანკეტირება - სხვადასხვა მოვლენასა და ღონისძიებაზე მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაქციის შესახებ ინფორმაციის მიღების მეთოდი; ა. ითვალისწინებს რესპოდენტების პასუხების დაფიქსირება-რეგისტრაციას, მათ დამუშავებასა და თეორიულ ინტერპრეტაციას. ა. დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენერალური ერთობლიობიდან იმ ნაწილის შერჩევას, რომლის შესწავლაც არის გათვალისწინებული. რესპოდენტების სწორი შერჩევის შედეგად მიღებული მონაცემები მთელი გენერალური ერთობლიობისათვის არის დამახასიათებელი და ზოგადი დასკვნების გამოტანის საშუალებას წარმოადგენს. ა. არის წერილობითი, უმთავრესად დაუსწრებელი გამოკითხვის ფორმა. არსებობს რამდენიმე სახის ა: 1). გამოსაკითხი პირების რაოდენობის მიხედვით (პროცედურის მიხედვით): ინდივიდუალური და ჯგუფური; 2). რესპოდენტებისათვის ანკეტის მიწოდების ხერხის, ფორმის მიხედვით: დასარიგებელი (კურიერული), საფოსტო და პრესის საშუალებით; 3). რესპოდენტთან კომუნიკაციის ფორმის მიხედვით (ე.ი. გამოკითხვაში ანკეტიორის მონაწილეობის მიხედვით): დასწრებული და დაუსწრებელი (საფოსტო, პრესის საშუალებით); 4). ჩატარების ადგილის მიხედვით განასხვავებენ ანკეტირებას საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ან სასწავლო ადგილის მიხედვით და ანკეტირებას მიზნობრივ აუდიტორიებში (თეატრისა და კინოს მაყურებლების, გამოფენის დამთვალიერებლების, საავადმყოფოს პაციენტების გამოკითხვა და სხვ.). ა. სოციალური ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდია. მისი საშუალებით ხდება პირველადი მონაცემების მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალურ ჯგუფთა შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ

ანკლავი (ფრანგ.) - ერთი სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოს სამფლობელოებით და რომელსაც არ აქვს ზღვის ნაპირი (მაგ., სან-მარინოს რესპუბლიკა იტალიაში). თუ ანკლავს აქვს გასასვლელი ზღვაზე, მას უწოდებენ ნახევრადანკლავს (მაგ., მონაკო).

ანლოგი (ბერძ.) - საგნების (მოვლენების, პროცესების) მსგავსება ზოგიერთ მათ თვისებებში.

ანოდი (ბერძ.) - დადებითად დამუხტული ელექტროდი (საპირისპ. კათოდი).

ანომალია (ბერძ.) - კანონზომირების დარღვევა, ნორმისაგან გადახრა.

ანსამბლი (ფრანგ.) - 1. არქიტექტურაში - ერთიანი, მთლიანი; 2. მუსიკაში, ქორეოგრაფიაში - შემსრულებელთა კოლექტივი.

ანტაბლემენტი - ანტაბლემანი; არქიტექტურული ორდერის სვეტზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ნაწილი. ანტაბლემენტი შედგება არქიტრავის, ფრიზისა და კარნიზისაგან (ნახ. 1. ანტაბლემენტი დორიული (а), იონური (б) და კორინთული (в) ორდერების: 1-ანტაბლემენტი; 2-კარნიზი; 3-ფრიზი; 4-არქიტრავი). ყოველ ცალკეულ არქიტექტურულ ორდერში ანტაბლემენტს გააჩნია განსხვავებული პროპორციები და პლასტიკურად სხვადასხვანაირად მუშავდება.

ანტენა - მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა რადიოტალღების მიღება და გადაცემა. მიღების დროს ანტენა გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტრულ დენად და პირიქით - გამოსხივებისას ელექტრულ დენს ელექტრომაგნიტურ ტალღებად. ფიზიკურად ანტენა წარმოადგენს ერთი ან მეტი გამტარისაგან შედგენილ კონსტრუქციას, რომელსაც მიეწოდება ცვლადი ელექტრული სიგნალი და ანტენის ელემენტების ელექტრომაგნიტური აღგზნების შედეგად ელექტრული სიგნალი გარდაიქმნება ელექტრომაგნიტურ ტალღად. ელექტომაგნიტური ტალღების მიღება შესაბამისად შებრუნებული პროცესია, ელექტრომაგნიტური ტალღა მიმღებ ანტენაში აღძრავს შესაბამის ცვლად ელექტრულ დენს.

ანტენა რეფლექტორი - პარაბოლოიდური ამრეკლი ეკრანის ზედაპირის მქონე ლითონის კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რადიოტალღების მისაღებად და გადასაცემად კოსმოსური სივრციდან. რეფლექტორი (გასაშლელი) შექმნილი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ავტორთა კოლექტივი აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით) და 1999 წლის 23 ივლისს გაშლილი იქნა ღია კოსმოსში სადგურ „მირ“-ის სპეციალურ კონსტრუქცია «სოფორა»-ზე   რუსი და ფრანგი კოსმონავტების მიერ (ნახ. 1). ა.რ. შედგება გამშლელი ძალოვანი რგოლისაგან, რომლის ფუნქციებია ელექტროამძრავებით გაშლა, მასთან დაკავშირებულ, წინასწარდაძაბულ ცენტრთან ერთად. ცენტრი შედგენილია მოქნილი, ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი, გაჭიმული, რადიანული განლაგების ფურცლებისაგან - წიბოებისაგან. წინასწარდაძაბულ ფურცლებს თავის სიბრტყეში გააჩნიათ დიდი სიხისტე, ამასთან, ისინი თავისი ზუსტი პროფილით აღწევენ პარაბოლოიდის ზუსტ, დისკრეტულ გეომეტრიას, რომელზეც რეფლექტორის ამრეკლი ეკრანი - მეტალის ტრიკოტაჟის ბადეა დამაგრებული. კოსმოსურ აპარატთან რეფლექტორის ჩამაგრება ხორციელდება ცენტრალური კვანძით, სადაც ასევე მოწყობილია რეფლექტორის გაშლის სინქრონიზატორები. რეფლექტორის ეკრანს გააჩნია ელიფსური მოხაზულობა, რომელიც გამშლელ ძალოვან რგოლთან მიმართებაში ხორციელდება, მასზე სხვადასხვა სიგრძის კონსოლური გადმონაშვერების დამაგრებით, რომლებიც წარმოადგენენ ცენტრალური რადიანული წიბოების გაგრძელებას. რეფლექტორი არის ოფსეტური. ყოველი წლის 23 ივლისი საქართველოში აღინიშნება როგორც “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე”.

ანტეფიქსი - სახურავის კიდულის გასწვრივ მოთავსებული ბუნებრივი ქვის (მარმარილო, გრანიტი), ხის ან კერამიკის ვერტიკალური ფილები, მცენარეული ორნამენტის ან ადამიანის (ცხოველის) ნიღბის გამოსახულებით (ნახ. 1), რომლებიც სახურავიდან გადასაყვანი წყლის ღარის კედლის, აგრეთვე დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ.

ანტიდამაძველებლები - ნივთიერებები, რომელთა შეყვანა პოლიმერულ მასალებში ანელებს ყველა იმ პროცესის მიმდინარეობას, რაც იწვევს ამ მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაუარესებას

ანტიდეტონატორი - ქიმიური ნივთიერება, რომელსაც უმატებენ უმნიშვნელო რაოდენობით ძრავის საწვავს დეტონაციური მდგრადობის ასამაღლებლად (მაგ., ტეტრაეთილტყვია).

ანტიდოვლათი - პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლისათვის უარყოფითი ეფექტი მოაქვს.

ანტიდოტი - ტოქსიკური ნივთიერება, რომლითაც აწარმოებენ სხეულის (დეტალის) შემოგარსვას ან ადსორბირებას. პრაქტიკაში ფართო გამოყენება პოვა აქტივირებულმა ნახშირმა და თეთრმა თიხამ.

ანტიკვარული - ძველებური, იშვიათი, ძვირფასი, ჩვეულებრივ, ძვირად ღირებული ნივთი.

ანტიკი - ანკიკური ეპოქის ხელოვნების ნაწარმოები - კერამიკა, ფიალა, ქანდაკება და სხვ.

ანტიკლინი (ბერძ.)- ქანების ფენათა ნაოჭი, რომელიც ზევით არის ამობურცული. მისი თაღოვანი ნაწილი ზევითაა მიმართული, ხოლო ფრთები ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა დაქანებული. ანტიკლინის გულში უფრო ძველი ქანებია, ვიდრე ფრთებში. ღერძული სიბრტყის მდებარეობისა და დახრის მიხედვით ა. შეიძლება იყოს: სწორი, დახრილი, გადაბრუნებული, დაწოლილი, დაყვინთული. ინტენსიური დისლოკაციის დროს ფრთების დაქანება ძალიან მრავალფეროვანია. მოხაზულობის მიხედვით განასხვავებენ ხაზობრივ ა. - როცა სიგრძე საგრძნობლად ჭარბობს სიგანეს; ბრაქიანტიკლინს - როცა სიგრძე რამდენადმე მეტია სიგანეზე; გუმბათს - როდესაც სიგრძე და სიგანე დაახლოებით თანაბარია. ანტიკლინის საპირისპიროა სინკლინი - ქანების ნაოჭი, რომელიც ზევიდან ქვევით არის გამობურცული.

ანტიკოროზიული დამუშავება - ნაკეთობის ზედაპირის მარტივი ტექნოლოგიური დამუშავება კოროზიული პროცესების განვითარების საწინააღმდეგოდ (მაგ., ლითონის კონსტრუქციების შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით, რომელიც ითვალისწინებს თავდაპირველად ზედაპირის გასუფთავებას ჟანგისაგან და შემდეგ საღებავის ერთი ან ორი ფენის დატანას.

ანტიკური ლაქები - ანგობების ნაირსახეობა. მჟავა გარემოში გამოწვისას, თეთრი თიხა იღებს თეთრ ფერს, თუ თიხაში არის რკინის ჟანგი, მაშინ - წითელს, ორივე შემადგენლობის აღდგენითი გამოწვისას - შავს. ანტიკურ ხანაში გამოიყენებოდა ვაზურ მხატვრობაში და კერამიკული ნაკეთობების მოსახატავად.

ანტიმეტაბოლიტები - ბუნებრივი ან ხელოვნურად სინთეზირებული, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები, რომლებიც ქიმიური აგებულებით ნივთიერებათა ცვლის შუალედურ პროდუქტებს - მეტაბოლოტებს ემსგავსება

ანტიმონიტი - სტიბიუმის კრიალა, სტიბნიტი, მინერალი.

ანტიმონიუმი - სტიბიუმის მადანი, სტიბიუმის მინერალების სამრეწველო რაოდენობის ბუნებრივი დანაგროვი.

ანტიმჟანგავები (ანტიოქსიდანტები) - ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერებები, რომლებიც აფერხებენ სხვადასხვა ორგანული ნაერთის დაჟანგვის პროცესს.

ანტიმუტაგენები - ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ მუტაციის სიხშირეს. აბრკოლებენ ფიზიკური და ქიმიური აგენტების მუტაგენურ მოქმედებას.

ანტიპანიკური გამღები - ისეთი მექანიზმის მქონე კარის გამღები, რომლის ენა (რაზა) იწევა გასასვლელისკენ მიმართულებით ძალის გამოყენებისას და აღებს კარს იმავე მიმართულებით.

ანტიპირენი - კომპონენტი, რომელიც ემატება ორგანული წარმოშობის მასალებს ცეცხლდაცვის მიზნით. მის შემადგენლობაში შედის წვის შემანელებლები (ამონიუმის ფოსფატი, ბორაკი, ამონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფთორატი, ნატრიუმის ბიქრომატი, ქლორეთილ-ფოსფატები), სინეგრისტი (მასალა, რომელიც აძლიერებს ძირითადი შემანელებლის მოქმედებას) და სტაბილიზატორი, რომელიც ზღუდავს შემანელებლის ხარჯს. ა. წინააღმდეგობას უწევს მერქნის აალებას და ზღუდავს ზედაპირზე ცეცხლის (ალის) გავრცელებას. ა. გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია დასაცავი მასალის სახეობაზე. გამოიყენება შემდეგი მეთოდები: დიფუზური, ამოვლებითი, პანელური, ცხელი-ცივი აბაზანა, ვაკუუმი-ატმოსფერული წნევა-ვაკუუმი, ვაკუუმი-წნევა-ვაკუუმი, ზედაპირული წასმა და სხვ. მერქნის გადასაყვანად ადვილად წვადიდან ძნელად წვადი მასალების ჯგუფში, ყველაზე ეფექტურია გაჟღენთვა მაღალი წნევის ქვეშ შემდეგი პრეპარატების გამოყენებით: МС 1:1, МС 3:7, ПТАС, ББ 1:1, ХМХА, МБ-1, ПББ 255, ХМББ-3324, ТХЕФ, ХМХА-1110, ДМФ-552, ФБС-255, ТМФ-552, КФ-МТ, КФ-90. ანტიპირენებს აქვს დნობის მაღალი ტემპერატურა. ცეცხლის ზემოქმედებით ისინი იშლებიან და იქცევიან უწვად მასად, რომელიც ქაფდება და ფარავს კონსტრუქციის ზედაპირს. ამით ის სითბოს აშორებს ზედაპირს, ამავე დროს ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას, მივიდეს აალებულ კონსტრუქციამდე და საბოლოოდ ხელს უშლის წვის პროცესს.

ანტისანიტარია - უსუფთაობა, სიბინძურე.

ანტისანიტარიული - სანიტარიის მოთხოვნილებების საწინააღმდეგო; უსუფთაო.

ანტისეისმური - მიწისძვრის საწინააღმდეგო.

ანტისეისმური ღონისძიებები - სეისმური ნორმების მოთხოვნებზე დაფუძნებული კონსტრუქციული დ=ა გეგმარებითი გადაწყვეტების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ნაგებობისათვის ნორმებით რეგლამენტირებულ სეისმომედეგობის დონეს.

ანტისეპტიკი (ბერძ.) - მომწამლავი ნივთიერება, რომელიც ხოცავს მიკრობებს და ამით ხელს უშლის ლპობას ცოცხალ ორგანიზმში; იგი ორი სახისაა: ზეთოვანი (პეტროლატუმი, პარაფინი, ბიტუმი, გოგირდი, მცენარეული ზეთები, სილიციუმის ორგანული პოლიმერები, პოლიეთილენგლიკოლი) და წყალში ხსნადი (ფტორი, დინიტროფენოლი, ნატრიუმის ქლორიდი, პენტაქლორფენოლი, თუთიის ქრომქლორიდი). ა. ჟღენთენ ისეთ კონსტრუქციებს, სადაც მოსალოდნელია მათი დატენიანება (ხიდები, ანძები, კოშკები, ხიმინჯები, შპალები, ესტაკადები, ტელეგრაფის ბოძები, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების საყრდენები და სხვ.). წყალში ხსნად ა. არა აქვთ სუნი და ფერი, ისინი ადამიანისათვის უვნებელია, ამიტომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია დახურულ შენობებში. ზეთოვანი ა. კი ძლიერი მომწამლავი ნივთიერებებია სოკოებისათვის, აქვთ არასასიამოვნო სუნი და მავნეა ადამიანებისათვის, ამიტომ ისინი იხმარება ისეთი კონსტრუქციების დასაცავად, რომლებსაც ექსპლუატაცია უხდებათ ღია ცის ქვეშ, წყალში ან მიწაში. დახურულ შენობებში ანტისეპტირებას ექვემდებარება ძირითადად ფიცრული კონსტრუქციები და კედლისა და სახურავის სამფენოვანი პანელების წებო-ფანერის კარკასები, რომლებსაც მუშაობა უხდებათ ტენიან პირობებში. სამშენებლო მოედანზე მერქნის ა. ხდება წყალში გახსნილი ანტისეპტიკებით ან პასტებით, რომლებიც დაიტანება ზედაპირზე საღებავსაფრქვევით ან ჰიდროპულტით. ანტისეპტირების დაწყებამდე მერქნის ზედაპირი უნდა გაიწმინდოს მტვერისა და ყოველგვარი ჭუჭყისაგან. პრაქტიკაში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს წყალში ხსნადი ა., რომლითაც ჟღენთავენ მერქანს. იგი ხის მასივს უქმნის მაქსიმალურ ანტიბაქტერიულ დონეს და ერთდროულად ცეცხლმედეგობასაც ზრდის, მაგრამ დიდ მატერიალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული (1 მ3 ხის მასალაში შეყავთ 17...20 კგ მარილი). ზოგჯერ კომბინირებულ დაცვასაც მიმართავენ, როცა ერთდროულად იყენებენ სიღრმით გაჟღენთვას და ზედაპირულ დაფარვას.

ანტისეპტირება - ხისა და მერქან-ბურბუშელოვანი დეტალების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით - ანტისეპტიკებით, რომლებიც ხელს უშლიან სოკოს, ობის, ხის ჭიების გაჩენას, აგრეთვე უზრუნველყოფენ ტენის უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაცვას.

ანტისტატიკი - პლასტმასის დანამატი, ამცირებს პოლიმერული მასალების ელექტრიზაციას მათი გადამუშავების და ექსპლუატაციის დროს. პლასტმასების დიდი ნაწილი (პოლივინილქლორიდი, პოლისტიროლი, პოლიონეფილი) ადვილად აგროვებს ელექტრულ მუხტს, რადგანაც ისინი ბუნებით დიელექტრიკებია, ამიტომ ასეთი პლასტმასები ითხოვენ ა. დამატებას. ისინი შეიძლება იყოს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ელექტროობის გამტარი შემავსებლები (ჭვარტლი, გრაფიტი, ლითონის ფხვნილი).

ანტიფემა (ბერძ.) - არქიტ. ფრიზის უკანა მხარე. ძირითადად გამოიყენებოდა ძველი ბერძნული ტაძრების კორინთულ და იონურ ორდერებში, სადაც ის წარმოადგენდა უწყვეტ ზოლს, რომელზეც მოხერხებულად იყო განლაგებული გამოსახულებების ჯაჭვი.

ანტიფრიზი - სითხე, რომელსაც გაყინვის დაბალი ტემპერატურა აქვს; იყენებენ ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე შიგაწვის ძრავებისა და სხვა დანადგარების გასაცივებლად, თვითმფრინავის ფრთებზე ყინულის ფენის წარმოშობის წინააღმდეგ, თვითმფრინავის ფანჯრის მინების დასაცავად გაორთქვლისაგან და სხვ.

ანტიფრიქციული მასალები - ახასიათებთ დაბალი ხახუნის კოეფიციენტი და გამოიყენება ძირითადად სრიალის ხახუნის პირობებში მომუშავე დეტალების დასამზადებლად (საკისრები, მილისები, სადებები და ა.შ.). ანტიფრიქციულ მასალებს მიეკუთვნება ბრინჯაო, რუხი თუჯი, ტექსტოლიტი, ფტოროპლასტი-4, ბრინჯაოგრა-ფიტი, რკინაგრაფიტი და სხვა.

ანტიფრიქციული შეზეთვა - შეზეთვა სოლიდოლით, რომელიც გამოიყენება მექანიზმებში სრიალის ხახუნის და ცვეთის შესამცირებლად.

ანტიფუნგინი (ბერძ.) - სითხე შენობის ხის ნაწილების დასაცავად ლპობისაგან, რასაც ხის სოკო იწვევს.

ანტიშემომყინავი სისტემა - ელექტრული გამათბობელი სისტემა, რომელიც მონტაჟდება შენობის ბურულზე და უზრუნველყოფს თოვლისა და მინაყინის დნობას ზამთრის პირობებში მუდმივი შეთბობის გზით.

ანტიციპაცია (ლათ.) - ფულის გადახდა სავალო ვალდებულების საფუძველზე დათქმულ ვადამდე.

ანტი… - რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს უკუქმედებას, საპირისპიროს. მაგ., ანტინაწილაკი, ანტისეპტიკი, ანტისტატიკი.

ანტომონიდები - სტიბიუმის ნაერთები ლითონებთან.

ანტრეპრენიორი (ფრანგ.) - კერძო თეატრის, ცირკის და ა.შ. მფლობელი, არენდატორი.

ანტრეპრიზა (ფრანგ.) - კერძო სანახაობითი საწარმო (თეატრი, კინოთეატრი, ცირკი და ა. შ.).

ანტრესოლი (ფრანგ.) - 1. სასარგებლო ფართობის გაზრდის მიზნით სართულის მოცულობაში ჩაშენებული ნახევარსართული (ნახ. 1); 2. შუალედური დონე ან დონეები ნებისმიერი სართულის იატაკსა და ჭერს შორის. ა. იატაკის კონსტრუქციის ზემოთ და ქვემოთ არსებული თავისუფალი სიმაღლე არ უნდა იყოს 2150 მმ-ზე ნაკლები, ხოლო ა. საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს იმ ოთახის ან სივრცის იატაკის ფართობის ერთ მესამედს, რომელშიც ისინი მდებარეობს. ა. უნდა ქონდეს ორი დამოუკიდებელი გასასვლელი. ერთი გასასვლელი საშუალება დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი ერთეულიდან და მის საზღვრებში, როცა მოსარგებლეთა რაოდენობა არის 20-ზე მეტი და საცხოვრებელი ერთეული მთლიანადაა აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატური საშხეფებელი სისტემით; 3. დამხმარე სათავსის თავზე მოთავსებული კარადა (ნახ. 2).

ანტურაჟი (ფრანგ.) - გარემომცველ პირობათა ერთობლიობა; გარემო.

ანუიტეტი (ფრანგ.) - ვადიანი სახელმწიფო სესხი ვალის ყოველწლიური დაფარვითა და პროცენტის გადახდით.

ანფემი (ბერძ.) - ლენტური ორნამენტი პალმეტის ან სტილიზებული მცენარის.

ანფილადა - ერთ გრძივ ხაზზე განლაგებული, კარებებით დაკავშირებული ოთახების, დარბაზების რიგი, რომელიც ქმნის გამჭოლ პერსპექტივას. ინტერიერულმა ა. განსაკუთრებული გავრცელება პოვა ყველა კულტურის სარკალურ არქიტექტურაში. ა. საქვეყნოდ ცნობილი მაგალითებია: პარიზის ვერსალის სასახლე (ნახ. 1), სან-სუსი (პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის ზაფხულის სასახლე, პოტსდამი, გერმანია), ვიურცბურგის რეზიდენცია (ბაროკოს სტილის არქიტექტურული კომპლექსი, ქ. ვიურცბურგი, გერმანია) და სხვ.

ანჩისხატი - დარბაზული ტიპის სამნავიანი ქრისტიანული ტაძარი თბილისში (ნახ. 1). ტაძარი VI საუკუნით თარიღდება და ისტორიული ცნობების მიხედვით ღმრთისმშობლის შობის სახელზე დაჩი უჯარმელის მიერაა აგებული. ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა). ტაძარს ანჩისხატი მას მერე ეწოდა, რაც 1675 წელს ანჩის (სამხრეთ საქართველოს) ტაძრიდან აქ ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში) გადმოასვენეს. ეს ხატი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში და მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის სულიერ ცხოვრებასთან.

ანძური ამწევი - ისრიანი სტაციონარული ამწე, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად განლაგებული ლითონკონსტრუქცია (ანძა მასთან სახსრულად შეერთებული ისრით) და მექანიზმები (ჯალამბარი). განასხვავებენ ანძურ ამწევებს: ხისტფეხებიანს (ანძა უძრავია) და ვანტურს (ანძა ბრუნავს საყრდენებში, რომელთაგან ერთ-ერთი შეკავებულია ვანტებით). ტვირთამწეობა 5...40 ტ. ძირითადად გამოიყენება სამონტაჟო სამუშაოებზე.

ანჯამა - ღეროთი შეერთებული ლითონის ორი თამასა კარის ან ფანჯრის ჩამოსაკიდად ან სხვადასხვა დეტალების შესაერთებლად (ნახ. 1). ა. მრავალი სახეობა არსებობს: ზამბარიანი. კარის, კარტისებრი, კარტისებრი სახსნელი, კასრისებრი, კუთხოვანი, ლომბერის, მოკლე ცალფრთიანი, ნახევრადსახსრული, ორსახსრიანი, როიალის, საავეჯო, საბრუნი, სარკმლის, სატაცი, საქუსლე, სახსნელი, სახსრული, სწორი, ფანჯრის, ფასონური, შვერილი, ჩახვეულფრთიანი და სხვ.

ანჯამა ზამბარიანი - ანჯამის სახეობა, რომელიც ზამბარებით ჩამოკიდებული დეტალის (მაგ., კარების) საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლადაა აღჭურვილი (ნახ. 1: ავეჯის ზამბარიანი ანჯამა).

ანჯამა კარის მანჭვალიანი - ანჯამის სახეობა, რომელიც შედგება მილის გადანაჭრების, კუთხვილების და მათი დასაკავშირებელი მანჭვალისაგან (ნახ. 1). გამოიყენება შედარებით მსუბუქი კარ-ფანჯრებისათვის.

ანჯამა კარტისებრი - ანჯამის სახეობა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ფრთისაგან შედგება და მხოლოდ დამაკავშირებელი ღეროს გარშემო შეუძლია ბრუნვა.

ანჯამა კუთხოვანი - ანჯამის სახეობა, რომლის ფრთები მოღუნულია გარკვეული კუთხით (მეტწილად 900-ით) (ნახ. 1).

ანჯამა ლომბერის - ანჯამის სახეობა, რომელიც ორი მოგრძო და ვიწრო ფრთებისაგან შედგება (ნახ. 1). გამოიყენება ასაკეცი მაგიდების, სკამების, საკერავი მანქანების და მისთ. დამზადებისას.

ანჯამა მალული - ანჯამის სახეობა, რომელიც კონსტრუქციის ორიგინალობის გამო არ ჩანს გარედან როცა კარები დაკეტილია და შესაბამისად არ ცვლის კარის ფასადის დიზაინს. გარდა ამისა, ა.მ. უზრუნველყოფს კარების გაიღებს ორივე მხარეს 1800-ით, რაც საშუალებას იძლევა ასეთი ანჯამები გამოყენებული იქნეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც საჭიროა კარის ორმხრივი გაღება (ნახ. 1).

ანჯამა როიალის - მაღალი ხარისხის, ზოგჯერ ფერადი ლითონისაგან დამზადებული მოკლე ფრთიანი და გრძელი ანჯამა, რომელიც ძირითადად როიალების, პიანინოების და ავეჯის წარმოებაში გამოიყენება (ნახ. 1).

ანჯამა შვერილი - ანჯამის სახეობა, რომლის ფრთების შემაერთებელი ნაწილი გამოშვერილია (გამოწეულია) შესაერთებელი დეტალების ზედაპირებიდან.

ანჯამა ჩაუჭრელი (ანჯამა-პეპელა) - ანჯამის სახეობა, რომელიც გამოიყენება ოთახთშორისი კარებებისათვის (ნახ. 1). გამოირჩევა იმით, რომ დაყენებისას არ საჭიროებს კარის ჩარჩოს ძელისა და ფრთის ფიცრის ჩაჭრას (მაგრდება ზემოდან) (ნახ. 2).

ანჯამა ჩახვეულფრთიანი - ანჯამის სახეობა, რომლის ერთი ან ორივე ფრთა მოღუნულია დეტალის უკეთ ფიქსირება-დამაგრებისათვის.

ანჰიდრიდი (ბერძ.) - 1. ჟანგბადიანი ნაერთი, რომელიც წყალთან შეერთებით იძლევა მჟავას; 2. უწყლო კალციუმის სულფატი. წყლის დამატებით იგი მოცულობაში იზრდება 30%-ით და მიიღება თ ა ბ ა შ ი რ ი. ა. ფართოდ გავრცელებული მოსაპირკეთებელი ქვაა, რომელსაც სიმტკიცის მხრივ შუალედი მდგომარეობა უჭირავს აგატსა და რბილ კალციტს შორის. ა. შეიძლება იყოს თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი, ზოგჯერ მოწითალოც. თაბაშირი უძველესი დროიდან ძალზედ გავრცელებული მასალა იყო მშენებლობაში (ბაბილონი, ახლო აღმოსავლეთი, რომი, ეგვიპტე).

ანჰიდრიტი (ბერძ., უწყლო) - კალციუმის სულფატი, რომლის წყალთან შეერთებით მიიღება თაბაშირი. ნაცრისფერი, თეთრი, რუხი, მოწითალო, მოცისფრო, მოიისფრო, გამჭვირვალე, ზოგჯერ მღვრიე ფერის მინერალი. თანაარსებული მინერალები: თაბაშირი, ჰალიტი, სილვინი. ა. გამოიყენება გოგირდმჟავას მისაღებად და საშენ მასალად. საბადოები: გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში და საქართველოში.

აორთქლება - ნივთიერების თხევადი (ზოგჯერ მყარი) მდგომარეობიდან აირის მდგომარეობაში გადასვლის პროცესი, რაც, ძირითადად მიმდინარეობს სითბოს ზემოქმედებით.

აორთქლების კუთრი სითბო - ფიზიკური სიდიდე, რომელიც აჩვენებს სითბოს რაოდენობას, რომელიც საჭიროა მივაწოდოთ 1 კგ ნივთიერებას, დუღილის ტემპერატურის დროს, რათა ის გადავიდეს თხევადი მდგომარეობიდან გაზისებურ მდგომარეობაში. განზომილება - ჯ/კგ. ა. კ. ს. გამოითვლება ფორმულით: L = Q/m, სადაც Q - სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა ნივთიერების თხევადი მდგომარეობიდან გაზისებურ მდგომარეობაში გადასაყვანად; m - ნივთიერების რაოდენობა (წონა).

აპადანა - აღმოსავლეთ ქვეყნების (მაგ., ირანის) მეფეთა საზეიმო მისაღები სასახლე (ნახ. 1), მრავალი სვეტით შემკული და ხის ბრტყელი ჭერით გადახურული.

აპარატი - მოწყობილობების ან სისტემის დამთავრებული ერთობლიობა რაიმე ფუნქციის შესასრულებლად. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება: 1. მექანიზმების ერთობლიობა (ჰიდრო-, ელექტრო-, მექანიკური და სხვ.) ერთიანი დამთავრებული კონსტრუქციული შესრულებით; 2. ერთობლიობა (სისტემა) რაიმე სპეციალური პროცედურების და ფუნქციების რომელიმე მეცნიერებაში (მაგ., ლოგიკური აპარატი); 3. ცოცხალი ორგანიზმის ორგანოების ერთობლიობა, საერთო ფუნქციის შესასრულებლად (მაგ., ვესტიბულიარული აპარატი); 4. საორგანიზაციო სტრუქტურების ერრთობლიობა, რომლებიც ემსახურებიან განსაზღვრულ დარგს ან რომელიმე დააწესებულების შტატი (მაგ., პრეზიდენტის აპარატი).

აპარატი შემომქრევი - გახურებული ორთქლის ქვაბის შიდა ზედაპირიდან ნაცრის, დანალექის, ჭვარტლის მოსაცილებელი მოწყობილობა ორთქლის ნაკადით ან შეკუმშული ჰაერით. ორთქლის წნევა აღწევს 4 მპა (40 კგ/სმ2) და მეტს.

აპარატურა - რაიმე სამუშაოს შესასრულებელი აპარატების, ხელსაწყოების ერთობლიობა; ლაბორატორიის, საამქროს, დიდი დანადგარის და მისთ. მოწყობილობა.

აპარელი (ფრანგ.) - სამხედრო-საინჟინრო საქმეში - მცირედ დაქანებული მოედანი, მიწაყრილი, პლატფორმა ან გზა ტექნიკის, ტვირთების, ცხოველების და სხვ. ჩასასვლელად ან ასაყვანად (ნახ. 1).

აპარტამენტი - დიდი, მდიდრული ბინა.

აპერიოდული სისტემა - სისტემა, რომელშიც ენერგიის დიდი დანაკარგის გამო არ აღიძვრება საკუთარი რხევები.

აპერტურა (ლათ.) - ოპტიკური სისტემების მოქმედი ხვრეტი, რომელიც განისაზღვრება ლინზების ან დიაფრაგმის ზომით.

აპველინგი - წყალსატევის სიღრმიდან წყლის ქვედა ფენების ამოსვლა ზედაპირზე, როცა ზედაპირული წყლის ფენები ქარის ქროლვის შედეგად ზღვისაკენ მიედინება.

აპლიკატა - სივრცეში წერტილის ერთ-ერთი მართკუთხა დეკარტის კოორდინატი, რიგით მესამე (აბსცისის და ორდინატის შემდეგ). აღინიშნება ლათინური ასოთი z .

აპლიკაცია - მიდება, მორგება; ნახატის (ორნამენტის) შექმნის ხერხი ფერადი ქაღალდის ან ქსოვილის ნაჭრების დაწებებით (დაკერებით); ნაკეთობა მხატვრული, ზედნადები ორნამენტებით.

აპლიკე (ლათ.) - 1. რამეზე გადაკრული ვერცხლი; 2. ლითონის ნაწარმი, რომელზედაც გადაკრულია ვერცხლის თხელი ფენა

აპოგეა - დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ან მთვარის ორბიტის წერტილი, რომელიც დედამიწის ცენტრიდან მაქსიმალურადაა დაშორებული (გადატანითი მნიშვნელობით - რისამე განვითარების უმაღლესი წერტილი; აყვავება). უახლოეს წერტილს პერიგეა ეწოდება.

აპოთემა (ბერძ.) - 1. წესიერი მრავალკუთხედის ცენტრიდან მის ნებისმიერ გვერდზე დაშვებული მართობის სიგრძე; 2. წესიერ პირამიდაში - გვერდითი წახნაგის სიმაღლე.

აპორტი (ინგლ.) - ქონება, რომელიც შედის აქციონერულ საზოგადოებაში საწარმოს აქციების გაყიდვის შემდეგ და რომელიც გათანაბრებულია ფულადი შენატანის განსაზღვრულ თანხასთან.

აპროქსიმაცია (ლათ.) - ერთი სიდიდის ან გეომეტრიული ნიმუშის გამოსახვა მეორე, უფრო მარტივი სახით. მაგ., მრუდი წირის შეცვლა ტეხილით, ირაციონალური რიცხვის რაციონალურით, უწყვეტი ფუნქციის წარმოებულის მრავალწევრით, დიფერენციალური განტოლებების სისტემით აღწერილი გამოსაკვლევი წრფივი სისტემის შეცვლა წრფივი განტოლებების სისტემით და სხვ. აპროქსიმაციის საშუალებით ობიექტების რიცხობრივი ან თვისებრივი მახასიათებლების შესწავლა შეიძლება დავიყვანოთ უფრო მარტივი ან უფრო მოსახერხებელი ობიექტების შესწავლაზე. მათემატიკის ზოგიერთი დარგი მთლიანად ეძღვნება აპროქსიმაციას (მაგ., ფუნქციის მიახლოება და ინტერპოლაცია, რიცხვითი მეთოდები).

აჟიო (ფრანგ.) - 1. ფულის ნიშნების, თამასუქების და ფასიანი ქაღალდების საბირჟე კურსის აწევა, მათ ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით. ანგარიშობენ პროცენტობით. მაგ., თუ 10 დოლარის ღირებულების აქცია ბირჟაზე 11 დოლარად იყიდება, მაშინ აჟიო შეადგენს 10%-ს; 2. ქაღალდის ფულში გამოხატული ოქროს საბაზრო ფასის ზრდა ქაღალდის ფულის რაოდენობასთან შედარებით; 3. იგივეა, რაც ლაჟი. საპირისპირო - დიზაჟიო.

აჟიოტაჟი (ფრანგ.) - სპეკულაციური ოპერაციები ბირჟაზე ან ბაზარზე საქონლისა და ფასიანი ქაღალდების ფასების ხელოვნური გაზრდის მიზნით.

არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება - ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.

არააღსადგენი ობიექტი - ობიექტი, რომლისთვისაც განსახილველ სიტუაციაში მუშაობის უნარის აღდგენა არ არის გათვალისწინებული ნორმატიულ-ტექნიკური ან საკონსტრუქტორო დოკუმენტაციით.

არაბესკი - გეომეტრიული ფორმების შერწყმა, რომლებიც ასახავს მცენარეებისა და ცხოველების ფორმებს. ისლამურ რელიგიაში არაბესკი არის დეკორაცია რომლებიც დამახასიათებელია მეჩეთის მოხატულობისათვის. მუსულმანებისათვის ამ ფორმათა შერწყმა ქმნის უსასრულო მოხატულობას, რომელიც გრძელდება წარმოსახვითი სამყაროს ჩარჩოს მიღმა (ნახ. 1); 2. წიგნის მხატვრული სტილიზებული მოსართავი, ზოგჯერ არაბული წერისადმი მიმსგავსებული; 3. მოკლე ნაწარმოებები, თავმოყრილი კრებულში.

არაბინოგალაქტანი - ბუნებრივი პოლისაქარიდი (პოლიოზი) (E-409), რომელიც შედის ციმბირის ლარიქსის (დაურიის) მერქნის შემადგენლობაში. მას მერქნის მოცულობის 15% უჭირავს, ანუ ის საკმაოდ ადვილად მოსაპოვებელი პოლიმერია, რომელსაც თვისება აქვს შექმნას რთული ნაერთები ლითონთან და ოქსიდებთან. ა. წარმოადგენს განშტოებული აგებულების წყალში ხსნად პოლისაქარიდს მაღალი მოლეკულური მასით და მოლეკულის ზომით 2 ნმ (ნანომეტრი). მისი ხსნარი დაბალი სიბლანტისაა, ადვილად აღწევს მცენარეების კაპილარულ სისტემაში და ცხოველურ ქსოვილებში. აქვს ანტიპირენის თვისებები. ქმნის უნიკალურ ნანოკომპოზიტურ კომპლექსებს სხვადასხვა უხსნად მოლეკულებთან, კერძოდ, დიჰიდროკვერცეტინთან და შეუძლია ეს მოლეკულები გადაიტანოს ბიოლოგიური ქსოვილის სიღრმეში. ტექნიკაში ფართოდ გამოიყენება ა. წებვადობის თვისება მაღალხარისხოვანი ქაღალდის წარმოებაში (ამაღლებს სიმტკიცეს).

არაგაბარიტული - ტვირთი, ნაკეთობა, მოწყობილობა და მისთ., რომელიც არ თავსდება სტანდარტულ კონტეინერში, მისაბმელსა თუ რკინიგზის ვაგონში. ტვირთი რომელიც აღემატება სიგრძით 13.6 მ, სიგანით 2,50 მ., სიმაღლით 3 მ. და წონით 24 ტონას არაგაბარიტულ ტვირთად ითვლება. ა. და მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვას სჭირდება სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ნებართვა.

არათავისუფალი მექანიკური სისტემა - მექანიკური სისტემა, რომლის შესაძლო მოძრაობები შეზღუდულია ბმებით.

არათავისუფალი მოძრაობა - წერტილის მოძრაობა, როდესაც მასზე დადებული ბმების შედეგად წერტილი იძულებულია იმოძრაოს მოცემულ ზედაპირზე ან წირზე.

არათავისუფალი მყარი სხეული - სხეული, რომლის გადაადგილება თუნდაც ერთი მიმართულებით შეზღუდულია სხვა სხეულებით. მოცემული სხეულის გადაადგილების შემზღუდავ სხეულებს ბმები ეწოდება.

არათანაბარი მოძრაობა - როდესაც მოძრავი წერტილის სიჩქარე დროის ფუნქციაა.

არათანაზომადი (უთანაზომო) სიდიდეები - ორი ერთგვაროვანი სიდიდე (სიგრძე, ფართობი და სხვ.) რომლებსაც არა აქვთ საერთო საზომი (მაგ., კვადრატის გვერდი და დიაგონალის სიგრძეები, წრეწირისა და მისი დიამეტრის სიგრძეები და სხვ.). არათანაზომადი სიდიდეების ფარდობა წარმოადგენს ირაციონალურ რიცხვს

არამატერიალური აქტივი - ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. ა.ა. მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.

არამდგრადი რეჟიმი - პროცესი, როდესაც მექანიზმს, დანადგარს ან სისტემას არ გააჩნია უნარი შემაშფოთებელი ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ ავტომატურად - გარე ძალების ან ოპერატორის ჩარევის გარეშე აღადგინოს ნორმალური რეჟიმი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში აგრძელებს განვითარებული პარამეტრების ცვალებადობას მნიშვნელოვან დიაპაზონში.

არამდგრადი წონასწორობა - მექანიკური სისტემის წონასწორობის სახე, რომელიც იმით ხასიათდება, რომ წონასწორობაში მყოფი მექანიკური სისტემის მცირე შეშფოთების შემდეგ სისტემაზე მოქმედი ძალები ცდილობენ დააშორონ იგი საწყის მდებარეობას.

არამეტალები - უბრალო ქიმიური ნივთიერებები, რომელთაც არ ახასიათებთ ბზინვარება, ჭედვადობა და ცუდი ელექტრო- და სითბოგამტარები არიან (მაგ., ქვა, პლასტმასი და სხვ.). ა. მიაკუთვნებენ 22 ელემენტს. მათ შორისაა: ბორი, ნახშირბადი, სილიციუმი, ფოსფორი, გოგირდი, სელენი, დარიშხანი, იოდი, აზოტი, ქლორი, ფტორი, ინერტული გაზები და სხვ.

არამზიდი კონსტრუქცია - კონსტრუქცია, რომელიც გავლენას არ ახდენს შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის სიხისტეზე, სიმტკიცესა და მდგრადობაზე.

არამიდი (პოლიპარაფენილენტერეფტალამიდი) - არომატული პოლიამიდის შემოკლებული დასახელება და წარმოადგენს სინთეზურ ბოჭკოს მაღალი მექანიკური და თერმული სიმტკიცით. ყველაზე მეტად არის გავრცელებული არამიდის პარა- და მეტა-იზომერები - პარაამიდი (Kevlar, Twaron, Sulfron, Teijinconex, Technora) და მეტა-არამიდი (Homekc). ა. და მისგან ნაწარმოები ძირითადი მასალების გამოყენების სფეროებია: სამოქალაქო მშენებლობა, ბაგირები და კაბელები, თერმოპლასტიკური მილები, ტექნიკური ქაღალდი, საავიაციო და კოსმოსური ტექნიკა, კოსტიუმები მეხანძრეებისათვის, თბოსაიზოლაციო მასალები, საბურავები, კონსტრუქციული პლასტიკები და სხვ. შეუცვლელი მასალაა ტყვიაგაუმტარი ჟილეტების დასამზადებლად.

არანივთობრივი აქტივები - ტერმინი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვაში და გამოხატავს ფირმის არანივთობრივი აქტივების ღირებულებას. ჩვეულებრივ გამოითვლება როგორც სხვაობა ფუნქციონირებად ფირმისთვის გადახდილ ფასსა და მის საბალანსო ღირებულებას შორის. თუ გასაყიდ ფირმას აქვს კარგი რეპუტაცია, ჰყავს მრავალი მომხმარებელი და კლიენტი, რომლებიც, ალბათ, დარჩებიან მასთან მისი გაყიდვის შემდეგ, ეს შედის მის არანივთობრივ აქტივებში.

არაორგანული - 1. ის რაც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებს; 2. ის რაც შეისწავლის არაცოცხალი ბუნების თვისებებს, შემადგენლობას და გარდაქმნებს (მაგ., არაორგანული ქიმია).

არაპირდაპირი გადასახადი - გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან მომსახურების გამწევს, გადასახადის გადამხდელად იწოდება.

არაპირდაპირი ჰიდრავლიკური დარტყმა - მილსადენში სწრაფად მიმდინარე არამდგრადი მილევადი რხევითი პროცესი, რომელიც წარმოიქმნება მილსადენის განივკვეთის უეცარი არასრული (ნაწილობრივი) გადაკეტვისას სითხის ნაკადის მოძრაობის სიჩქარის უეცარი ნაწილობრივი შემცირებით და ხასიათდება წნევის შედარებით ნაკლები მატებით (ამპლიტუდით) დამყარებული რეჟიმის წნევასთან შედარებით.

არასაბაზრო ურთიერთობა - ურთიერთობა, რომელიც საბაზრო ეკონომიკაში ყალიბდება ქვეყნის მაკროეკონომიკური რეგულირების, სახელმწიფო საწარმოებში მტკიცე ფასების დადგენის, სახელმწიფო დაკვეთების შემოღების, მოსახლეობის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში. არასაბაზრო პირობებში მოქმედებენ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები.

არასასოლფო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - მიწა, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

არასისტემური ერთეული - ერთეული, რომელიც არ შედის არც ერთ ერთეულთა სისტემაში, მაგ., სიგრძის ერთეული - საზღვაო მილი, ანგსტრემი; წნევის ერთეული - მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტისა, მილიმეტრი წყლის სვეტისა; იონიზებული გამოსხივების ერთეული - რენტგენი, კიური, რადი და სხვ.

არასტაბილურობა - რაც არაგამძლეა, არამტკიცეა, არამყარია, ცვალებადია, არევ-დარეულია (მაგ., არასტაბილური მიწოდება, ფასები, ამინდი და სხვ.).

არაძირითადი დოკუმენტი - დოკუმენტი, დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობაში, თუ ის არ არის ძირითადი დოკუმენტი (განმარტებითი ბარათი, განლაგების სქემა, მასალის ხარჯის უწყისი, ფორმების ნახაზები და სხვ.).

არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, როდესაც საქმეს განიხილავს არა საერთო სასამართლო, არამედ კონკრეტულად ამ დავისთვის მხარეთა შეთანხმებით დანიშნული არბიტრების შემადგენლობა.

არბოლიტი - პლასტმასის ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს მსუბუქ ბეტონს ცემენტის შემკვრელზე. შემადგენლობა: ცემენტი (შემკვრელი), ქიმიური დანამატები (კალციუმის ქლორიდი, კალციუმის ნიტრატი, თხევადი მინა) და ორგანული შემვსები (დანაწევრებული მერქანი, დაქუცმაცებული ბრინჯისა და ბამბის ღეროები). არსებობს ორი სახის: თბოსაიზოლაციო (სიმკვრივე 0,4...0,5 გ/სმ3) და კონსტრუქციული (სიმკვრივე 0,5...0,85 გ/სმ3). ძირითადად გამოიყენება მზა სამშენებლო ბლოკებისა და ფილების სახით შენობის თვითმზიდი კედლების ან შიგა ტიხრების ასაშენებლად, აგრეთვე თბო- და ბგერასაიზოლაციო მასალად. ა., როგორც სამშენებლო მასალისათვის, მნიშვნელოვანია სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე, რომლის სიდიდე მერყეობს M5...M10-მდე თბოსაიზოლაციოსათვის და M25...M50 (M100-მდეც კი) კონსტრუქციულისათვის. კარგად აქრობს დარტყმით დატვირთვებს, ცუდად იწვის. უარყოფითი თვისება ის არის, რომ ახასიათებს მცირე ტენმედეგობა, რის გამოც ატმოსფერულ ტენთან შეხებაში მყოფი კონსტრუქცია ითხოვს სპეციალურ დამცავ ფენას. ა. ძირითადად გამოიყენება დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და საწარმოო შენობების მონოლითური ელემენტების ჩამოსასხმელად.

არბორეტუმი - დენდროლოგიური ბაღი, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა კლიმატური ზონიდან შემოტანილი მცენარეების აკლიმატიზაცია.

არგილითი - დანალექი ქანი, ქიმიური და მინერალოგიური შემადგენლობით არ განსხვავდება თიხისაგან, თუმცა თიხაზე უფრო მაგარია და არ იხსნება წყალში. გამოიყენება შემვსებად მსუბუქ ბეტონებში.

არგონი (ბერძ.) - ინერტული აირი ფერის, გემოს და სუნის გარეშე. მიიღება ჰაერის ფრაქციული დისტილაციით. გამოიყენება მეტალურგიულ და ქიმიურ პროცესებში ინერტული გარემოს შესაქმნელად (მაგ., ალუმინის, ტიტანის შედუღებისას); შუქტექნიკაში (განმმუხტავი მილაკების დასამზადებლად - ანათებს ლურჯ-ცისფრად); ელექტროტექნიკაში, რადიოტექნიკაში, ბირთვულ ტექნიკაში (იონიზაციის მთვლელები და კამერები); ზესუფთა ლითონების მისაღებად; აერონავტიკაში - ხელოვნური სასუნთქი ნარევის დასამზადებლად; მედიცინაში (ძირითადად რადიაქტიური იზოტოპები)

არგუმენტი (ლათ.) - 1. დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდე; 2. ფუნქციის არგუმენტი - დამოუკიდებელი ცვლადი, რომლის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული ფუნქციის მნიშვნელობები. მაგ., f(x) ფუნქციის არგუმენტი არის x; 3. კომპლექსური რიცხვის არგუმენტი - კუთხე აბსცისთა ღერძის დადებით მიმართულებასა და კოორდინატთა სისტემის სათავიდან მოცემული კომპლექსური რიცხვის შესაბამის წერტილისაკენ მიმართულ ვექტორს შორის, ათვლილი საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.

არდაბაგი - შემაღლებული ბაქანი კანკელის წინ.

არდგმული - სვეტებზე დაყრდნობილი, თავხე-ნივნივებით გაწყობილი, ნამჯით დახურული ღია ნაგებობა.

არე - იგივე ველი, ფიზიკური სიდიდის გავრცელების სფერო, გამოყენების, მოქმედების, გავლენის, პროპორციულობის და სხვ.

არეკვლა - ტალღის გავრცელების მიმართულების ცვლილება ამრეკლ ზედაპირზე არეკვლის შემდეგ. კუთხე, რომლითაც ტალღა ეცემა ზედაპირს, მისი არეკვლის კუთხის ტოლია.

არეკო-რკინა - ტექნიკურად სუფთა რკინა

არენა (ლათ.) - 1. ქვიშით დაფარული მრგვალი მოედანი ამფითეატრის ცენტრში, ცირკში (ნახ. 1: ბათუმის ცირკის არენა); 2. სპორტული შეჯიბრის ჩასატარებელი ადგილი; 3.  გადატ. მოღვაწეობის სფერო, ასპარეზი.

არენდა - 1. უძრავი ქონების დროებითი დაქირავება სათანადო ხელშეკრულების დადებით; იჯარა; 2. ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხარე (მეარენდე) აძლევს მეორე მხარეს (არენდატორი) ქონებას (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, საწარმო, მოწყობილობა, სატრანსპორტო საშუალება და სხვ.) დროებითი სარგებლობისათვის განსაზღვრული ქირით; 3. გადასახადი ასეთი ხელშეკრულების მიხედვით.

არენდატორი - პირი, რომელსაც არენდით (იჯარით) აქვს რამე აღებული; მოიჯარე, იჯარადარი.

არეომეტრი - სითხეებისა და ფხვიერი მასალების სიმკვრივის საზომი ხელსაწყო, რომელიც შედგება გამზომშკალიანი მინის ტივტივასა და ტვირთისაგან (ქვევით). ა. იძირება სიმკვრივის გასაზომ სითხეში. მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია არქიმედის კანონზე. სითხის სიმკვრივის ცვალებადობა იწვევს არქიმედის ძალის ცვალებადობას და შესაბამისად სხვადასხვა სიმკვრივის სითხეებში ა. ჩაიძირება სხვადასხვა სიღრმეზე.

არეტირი - მოწყობილობა, რომლითაც ხდება ზუსტი ხელსაწყოების მგრძნობიარე ნაწილების ამორთვა.

არი (ლათ.) - ფართობის ერთეული საზომთა მეტრულ სისტემაში - 1 არი = 100 კვადრატული მეტრი = 0,01 ჰექტარი.

არითმეტიკა (ბერძ.) - მათემატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის რიცხვთა ელემენტარულ ფორმებს (ნატურალური, მთელი, რაციონალური) და მათზე უმარტივეს არითმეტიკულ ოპერაციებს (შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა).

არინება (სარინი) - სხვა მხარეს გადაყვანა, გადაგდება, გვერდით შტოსაკენ წამყვანი.

არკადა (ფრანგ.) - ერთი სიდიდის კამარების (თაღების) რიგი, დაყრდნობილი სვეტებზე ან კოლონებზე; თაღედი. ძირითადად გამოიყენება ღია გალერეების მოსაწყობად შენობის კედლის გასწვრივ (ნახ. 1. არკადა. ბანკი „არკადა“, ქ. კიევი, უკრაინა).

არკატურა (ფრანგ.) - კედლის სიბრტყეზე გამოყვანილი ყრუ თაღედი, რომელიც დეკორაციულ ელემენტს წარმოადგენს (ნახ. 1).

არკბუტანი (ფრანგ.) - გარესაყრდენი თაღი, ნახევარრკალის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც კამარას გამბჯენ ძაბვებს საგანგებო საყრდენებს - კონტრფორსებს გადასცემს და კედლის ან სვეტის სისქის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა (ნახ. 1).

არკოზი (ფრანგ.) - გრანიტის, გნეისისა და მათი მსგავსი მჟავე ქანების დაშლით წარმოქმნილი ფხვიერი მასალა. შედგება კვარცისა (60 %) და მინდვრის შპატის (დაახლ. 25 %) მარცვლებისაგან, ზოგჯერ ქარსის მინარევით. არკოზული მასალის შეცემენტებით წარმოიქმნება არკოზული ქვიშაქვა. მაცემენტებელია თიხა, ჰიდროქარსი, კარბონატი, კვარცი და სხვ. ზოგჯერ ცემენტი ცოტაა და არკოზული ქვიშაქვა გრანიტოიდსა ჰგავს. აქვს მკრთალი-მონაცისფრო და მოვარდისფრო შეფერილობა.

არკტილიტი - ფენოვანი პლასტიკი, რომელიც შედგენილია არყის ხის შპონის, ქსოვილის და ლითონის ბადის ფენების მრავალჯერადი გამეორებით. ფენების ურთიერთკავშირისათვის იყენებენ ფენოლფორმალდეჰიდურ წებოებს. ა. ძირითადად გამოიყენება გემთმშენებლობაში.

არმარი - ძვ. სარკმელი.

არმატორი (ლათ.) - გემის მფლობელი; პირი რომელიც ექსპლუატაციას უწევს საზღვაო გემს მისი საკუთრებისდა მიუხედავად; ა. გემს აღჭურვავს რეისში გასვლისას, ამარაგებს მას სათანადო საშუალებებით, ქირაობს ეკიპაჟს, იწვევს კაპიტანს და იღებს პასუხისმგებლობას ამ უკანასკნელის მოქმედებაზე.

არმატურა - რკ.ბ.-ის კონსტრუქციების შემადგენელი (განუყოფელი) ნაწილი (ფოლადის ღეროვანი ან მავთულოვანი), რომელიც დანიშნულების მიხედვით არის: ა) მუშა (საანგარიშო), რომელიც ღებულობს გამჭიმ ძალებს; ბ) გამანაწილებელი (კონსტრუქციული), რომელიც აფიქსირებს არმატურის ცალკეულ ელემენტებს საჭირო მანძილებზე და ხელს უწყობს ბეტონში ძალების თანაბრად გადანაწილებას; გ) სამონტაჟო, რომელიც გამოიყენება ნაკეთობების ასაწევად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად; დ) ცალუღები (საკიდები), რომლებიც გამოიყენება ღუნვად ელემენტებში ცალკეული ღეროების სახით, როგორც განივი არმატურა. რკ.ბ.-ის ელემენტების დასამზადებლად იყენებენ მოქნილი არმატურის ფოლადის ცხლადგლინულ ღეროებს (ნახ. 1. არმატურა: 1-გრძივი; 2-განივი; 3-ვერტიკალური), ბაგირებს, ცივჭიმულ და ცხლადგლინულ მავთულს გლუვი და პერიოდული პროფილით და ხისტ არმატურას - ფოლადის გაგლინული პროფილების სახით. ღეროვანი ა. დიამეტრია 6…90 მმ, მავთულოვანის - 3…8 მმ. ხის დაწებებულ კონსტრუქციებსა და პლასტმასის ნაკეთობებში გამოიყენება მინაპლასტიკის პროფილოვანი ა. არსებობს არმატურის ბეტონთან კონტაქტის ხუთი სახე: შეერთება ძვრის მაკავშირებლებით, ხახუნი, შეჭიდულობა, ბეტონით მოჭიმვა შეკლებისას და ფოლადის არმატურისა და ცემენტის ცომის ელექტროქიმიური ურთიერთქმედება; 2. ნაკეთობის ჩონჩხედი; 3. მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ პროცესის სამართავად და დასარეგულირებლად (მაგ., არმატურა ჩამკეტი, მცველი, მილსადენის და სხვ.).

არმატურა გამავალი - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომელშიც მუშა გარემო არ იცვლის მოძრაობის მიმართულებას გამოსასვლელზე შესასვლელზე მიმართულებასთან შედარებით. ა.გ., რომელსაც ჩამკეტის გამტარის განივკვეთი ტოლი ან მეტია შემოსასვლელის მილყელის განივკვეთის ფართობზე ეწოდება „სრულგამტარი არმატურა“.

არმატურა გამანაწილებელ-შემრევი - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის დანიშნულებაა მუშა გარემოს ნაკადის განაწილება გარკვეული მიმართულებებით ან ნაკადების შერევა.

არმატურა დამცველი - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის დანიშნულებაა მოწყობილობების ავარიული დაცვა პარამეტრების ავარიული ცვლილებისას

არმატურა კომპოზიტური - არამეტალური ღეროები შედგენილი მინის, ბაზალტის, ნახშირბადის ან არამიდის ბოჭკოებისაგან, გაჟღენთილი თერმოაქტიური ან თერმოპლასტიკური პოლიმერული შემკვრელით. არმატურას, დამზადებულს მინის ბოჭკოებისაგან ეწოდება მინაპლასტიკური არმატურა, ბაზალტის ბოჭკოებისაგან - ბაზალტპლასტიკური, ნახშირბადის ბოჭკოებისაგან - ნახშირბადპლასტიკური. ბეტონთან კარგი შეჭიდულობასათვის ა.კ. ზედაპირზე, დამზადების პროცესში, კეთდება სპეციალური წიბოები ან ზედაპირი იფარება ქვიშის მარცვლებით. ა.კ. არა აქვს დენადობის ზღვარი, რის გამოც რღვევას გაჭიმვისას აქვს მყიფე ხასიათი.

არმატურა კუთხური - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომელშიც მუშა გარემო გამოსასვლელზე იცვლის მოძრაობის მიმართულებას შემოსასვლელ მიმართულებასთან შედარებით.

არმატურა მარეგულირებელი - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის დანიშნულებაა მუშა გარემოს პარამეტრების დარეგულირება მისი ხარჯის ცვლილების გზით.

არმატურა მემბრანული - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომელშიც მოძრავი ელემენტების შემჭიდროება, გარე გარემოსთან მიმართებაში, ხორციელდება მემბრანის მეშვეობით.

არმატურა მილსადენის - ტექნიკური მოწყობილობა, დაყენებული მილსადენზე ან რეზერვუარზე მუშა გარემოს ნაკადის სამართავად (დარეგულირება, განაწილება, გადაკეტვა, შერევა, ფაზაგაყოფა) გამავალი ნაკადის განივკვეთის ფართობის ცვალებადობით.

არმატურა მინაპლასტიკის - კომპოზიტური არმატურა, დამზადებული მინაბოჭკოსა და თერმორეატიული ფისებისაგან. მინაბოჭკო ა.მ. ანიჭებს სიმტკიცეს, ხოლო ფისები გამოიყენება შემკვრელად. ასეთი არმატურის უპირატესობაა მცირე წონა, მაღალი სიმტკიცე და კოროზიამედეგობა, რის გამოც მომავალში ის განიხილება, როგორც ფოლადის არმატურის ალტერნატივა (ნახ. 1).

არმატურა მცველი - მოწყობილობა მილსადენში ან რეზერვუარში აირის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.

არმატურა სანათი - სხვადასხვა სახის სანათები, მოწყობილობები, რომელიც იხმარება ხელოვნური განათებისათვის.

არმატურა საჩობლო - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის მოძრავი ელემენტების შემჭიდროება გარემოს მიმართ ხდება ნატენი ჩობალებით.

არმატურა სილფონური - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის მოძრავი ელემენტების შემჭიდროება გარემოს მიმართ ხდება სილფონების მეშვეობით.

არმატურა ფაზაგამყოფი - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის დანიშნულებაა მუშა გარემოს ავტომატურად დანაწევრება ფაზებისა და მდგომარეობის მიხედვით.

არმატურა ფოლადის გამანაწილებელი - იხ. არმატურა ფოლადის კონსტრუქციული.

არმატურა ფოლადის განივი - პერიდული ან გლუვზედაპირიანი პროფილის არმატურა, რომელიც ღებულობს განივ ძალებს და ეწინააღმდეგება ამხლეჩი ძაბვებისაგან აღძრული დახრილი ბზარების წარმოქმნას კონსტრუქციის საყრდენების სიახლოვეს, აგრეთვე შეკუმშული ზონის ბეტონს აკავშირებს გაჭიმული ზონის არმატურასთან.

არმატურა ფოლადის გლუვზედაპირიანი - A-I, B-1 და B-2 კლასის საარმატურე ფოლადისაგან დამზადებული წრიული განივკვეთის ღერო, რომელსაც გლუვი ზედაპირი აქვს (ნახ. 1). სიგრძე 6...12 მ, დიამეტრი 3…8 მმ (შეიძლება იყოს 25 მმ-დეც). გამოიყენება რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში, როგორც განივი არმატურა, აგრეთვე ფოლადის შენადუღი ბადეების დასამზადებლად.

არმატურა ფოლადის გრძივი - პერიოდული პროფილის ფოლადის მუშა არმატურა, რომელი ღებულობს კონსტრუქციაში აღძრულ გამჭიმ ძალვებს და ეწინააღმდეგება კონსტრუქციის გაჭიმულ ზონაში ვერტიკალური ბზარების წარმოქმნას.

არმატურა ფოლადის დახრილი (აღუნული) - ღუნვაზე მომუშავე კონსტრუქციის გრძივი მუშა არმატურა, რომლის ბოლოები, საყრდენების ზონაში აღუნულია ზემოთ, ირიბ სიბრტყეებში მოქმედი გამჭიმი ძაბვების მისაღებად.

არმატურა ფოლადის თერმულად დამუშავებული - ნახშირბადმცირე მავთული (საქსოვი) წარმოადგენს რბილ (გამომწვარ) მავთულს გლუვი ზედაპირით. იგი მზადდება საერთო დანიშნულების დაბალნახშირბადოვანი ფოლადისაგან ადიდვის (რუს. Волочение) და შემდგომი გამოწვის გზით. მავთულს აცხელებენ გარკვეულ ტემპერატურამდე გარკვეული დროით და შემდეგ ნელ-ნელა აცივებენ. გამოწვის შედეგად ხდება ფოლადის იმ დაძაბულობის მოხსნა, რომელიც წარმოიქმნა მისი წინასწარი დამუშავებისას, რის შედეგადაც მიიღება ერთგვაროვანი წვრილმარცვლოვანი შინაგანი სტრუქტურა. მაღალ სიმტკიცესთან ერთად მას გააჩნია მაღალი პლასტიკურობა და სიბლანტე.

არმატურა ფოლადის კონსტრუქციული (გამანაწილებელი) - არმატურა, რომელიც ღებულობს კონსტრუქციაში გაჩენილ შეკლება-გაფართოებისა და ტემპერატურულ ძალებს. მისი განივკვეთის ფართობი ინიშნება დაარმატურების მინიმალური პროცენტის მიხედვით.

არმატურა ფოლადის მოქნილი - არმატურის სახეობა, რომელსაც მიეკუთვნება მავთულოვანი, ბაგიროვანი, წნული, ფურცლოვანი ან ღეროვანი ფოლადის ღეროები.

არმატურა ფოლადის მუშა - პერიდული პროფილის არმატურა, რომელიც თავის თავზე იღებს ელემენტებში ძირითადი დატვირთვებისაგან აღძრულ გამჭიმ (იშვიათად მკუმშავ) ძალვებს და მისი განივკვეთის ფართობი მიიღება გაანგარიშებით. ის შეიძლება იყოს ღეროვანი ხისტი ან მოქნილი ფოლადის ბაგირების სახით.

არმატურა ფოლადის პერიოდული პროფილის - ღეროები, რომელთა ზედაპირზე, ბეტონთან შეჭიდულობის გაუმჯობესების მიზნით, ღეროს გრძივი ღერძის მიმართ გარკვეული კუთხით, თანაბარი ბიჯით, განთავსებულია დაღარული განივი ნაშვერები. მას აქვს წრიული პროფილი ორი გრძივი წიბოთი და განივი ნაშვერებით, რომლებიც მიემართებიან სამსვლიანი ხრახნული ხაზით (ნახ. 1). მექანიკური მახასიათებლების მიხედვით ფოლადის პერიოდული პროფილის არმატურა იყოფა კლასებად: A-II, A-III, A-IV, A-V, A-IV.

არმატურა ფოლადის სამონტაჟო - პერიდული ან გლუვზედაპირიანი პროფილის არმატურა, რომელიც ეწყობა მუშა და კონსტრუქციული არმატურების გასაერთიანებლად ბადეებსა და კარკასებში.

არმატურა ფოლადის ცივჭიმული - იყოფა საარმატურე მავთულად და საარმატურე მავთულოვან ნაკეთობად. საარმატურე მავთული არის ორი კლასის - B-I და B-II. B-I წარმოადგენს ჩვეულებრივ საარმატურე ცივჭიმულ მავთულს, მიღებულს ნახშირბადმცირე ფოლადისაგან. გამოიყენება ჩვეულებრივ (დაუძაბავ) არმატურად; B-II არის მაღალი სიმტკიცის ცივჭიმული ნახშირბადოვანი ფოლადის საარმატურე მავთული დროებითი წინაღობით 180 კგ/მმ2, დიამეტრით 3...8 მმ. პერიოდული პროფილის საარმატურე მავთულის აღსანიშნავად ინდექს ,,B“-ს უმატებენ ინდექს ,,р”-ს, რაც ნიშნავს - დაღარულს (მაგ. Вр-II). ის წარმოადგენს წრიული განივკვეთის ღეროს ხშირად განთავსებული ნაჭდევებით (შენატლეჟებით), რომლებიც შემოსაზღვრულია ცილინდრული ზედაპირით. საარმატურე მავთულოვან ნაკეთობებს უშვებენ წნულების, ბაგირებისა და შენადუღი ბადეების სახით.

არმატურა ფოლადის ცხლადგლინული - არმატურის სახეობა, რომელიც მიიღება ფოლადის მრგვალი ნამზადის ცხელი გლინვით. იწარმოება მხოლოდ სუფთა ნახშირბადოვანი ან ლეგირებული ფოლადისაგან. საჭიროების შემთხვევაში მასალის თვისებების გასაუმჯობესებლად, ღეროვანი ცხლადგლინული არმატურის ფოლადის შემადგენლობაში შეჰყავთ სპეციალური კომპონენტები, როგორიცაა: სილიციუმი, ტიტანი, ქრომი, მანგანუმი და სხვ. ა.ფ.ც. შეიძლება იყოს გლუვზედაპირიანი ან პერიოდული პროფილის.

არმატურა შემვსები - მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად ავსებს განსაზღვრული რაოდენობის წყლით ჩამრეცხ ავზაკს მისი დაცლისა და ჰერმეტულად დახურვის შემდეგ.

არმატურა შექცეული - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის დანიშნულებაა მუშა გარემოს ნაკადის უკუქცევის ავტომატური ბლოკირება.

არმატურა ჩამკეტი - მილსადენის სამრეწველო არმატურა, რომლის დანიშნულებაა მუშა გარემოს ნაკადის გადაკეტვა.

არმატურა წყალჩასაშვები - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ჩაშვებას ჩასარეცხი ავზიდან უნიტაზში. არსებობს ხელის და ავტომატური მოქმედების.

არმატურის კარკასი - გრძივი და განივი არმატურის ღეროებით დამზადებული კარკასი, რომელშიც ღეროები გადაკვეთის წერტილებში ერთმანეთთან შედუღებითაა დაკავშირებული. კარკასის გრძივი და განივი ღეროები ერთი მიმართულებით შეიძლება იყოს ერთნაირი ან სხვადასხვა დიამეტრის. ა.კ. არსებობს ბრტყელი (ნახ. 1) და სივრცითი (ნახ. 2). ბრტყელ კარკასს აქვს გრძივი და განივი ღეროები განლაგებული ერთ სიბრტყეში და გამოიყენება მცირე სიგანის განივკვეთის რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში, რომლებიც მუშაობს ღუნვაზე ან გაჭიმვაზე., ხოლო სივრცით კარკასებში განივი არმატურა განლაგებულია სხვადასხვა სიბრტყეში.

არმატურის ნორმატიული წინაღობა (Rsn) - მიიღება უმცირესი კონტროლირებადი მნიშვნელობების მიხედვით: ა) ღეროვანი არმატურისათვის, მაღალი სიმტკიცის მავთულისა და საარმატურო ბაგირებისათვის - ფიზიკური ან პირობითი დენადობის ზღვარი; ბ) ჩვეულებრივი საარმატურო მავთულებისათვის - ძაბვები, ტოლი 0,75 დროებითი წინაღობისა გაწყვეტაზე, რომელიც განისაზღვრება, როგორც ფარდობა გამწყვეტი ძალვისა არმატურის კვეთის ნომინალურ ფართობთან. არმატურის მითითებული საკონტროლო მახასიათებლები მიიღება შესაბამისი სტანდარტების ან ტექნიკური პირობების შესაბამისად საარმატურო ფოლადზე და გარანტირებულია არანაკლებ 0,95 ალბათობით. ღეროვანი და მავთულოვანი არმატურის ძირითადი სახეობების ნორმატიული Rsn წინაღობები მოცემულია ნორმატიულ ლიტერატურაში (მაგ., A-I კლასის ღეროვანი არმატურისათვის Rsn = 235 მპა, A-II კლასისათვის - 295 მპა, A-III კლასისათვის - 390 მპა და ა.შ.).

არმატურის საანგარიშო წინაღობა (Rs) - მიიღება ნორმატიულ წინაღობაზე დამოკიდებულებით და ჭიმვაზე პირველი და მეორე ჯგუფის ზღვრული მდგომარეობების მიხედვით გამოითვლება ფორმულით: RS = Rsn / γs , სადაც γs არის არმატურის საიმედოობის კოეფიციენტი. არმატურის საანგარიშო Rsc წინაღობები კუმშვაზე, პირველი ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებისათვის, არმატურის ბეტონთან შეჭიდულობის უზრუნველყოფის პირობებში მიიღება არა უმეტეს 330 მპა, ხოლო A-IIIB კლასის არმატურისთვის - 170 მპა-ის ტოლი. როდესაც არ არსებობს შეჭიდულობა ბეტონსა და არმატურას შორის, Rsc მნიშვნელობა ნულის ტოლია. ა.ს.წ. მეორე ჯგუფის ზღვრული მდგომარეობების მიხედვით გაანგარიშებისას Rs,ser მიიღება კოეფიციენტით γs = 1,0. განივი არმატურის (ცალუღებისა და აღუნული არმატურის) საანგარიშო RSW წინაღობები Rs-თან შედარებით მცირდება მუშაობის პირობების კოეფიციენტებზე γs1 და γs2-ზე გადამრავლების გზით: ა) γs1 = 0,8 კოეფიციენტზე, არმატურის სახეობისა და კლასის მიუხედავად, რომელიც ითვალისწინებს არმატურაში ძაბვების არათანაბარ განაწილებას განსახილველი კვეთის სიგრძეზე; ბ) A-III კლასის ღეროვანი არმატურისათვის, რომლის დიამეტრი ნაკლებია გრძივი ღეროების დიამეტრის 1/3-ზე და Bp-I კლასის მავთულოვანი არმატურისათვის შედუღებული კარკასების შემადგენლობაში - γs2 = 0,9 კოეფიციენტზე, რომელიც ითვალისწინებს შედუღებით შეერთების შესაძლო მყიფე რღვევას. ზემოხსენებული მუშაობის პირობების γs1 და γs2 კოეფიციენტების გათვალისწინებით განივი არმატურის (ცალუღებისა და აღუნული არმატურის) საანგარიშო RSW წინაღობების მნიშვნელობების ჭიმვაზე, მოყვანილია ნორმატიულ ლიტერატურაში, ხოლო Rs, Rsc, Rsw საანგარიშო წინაღობები, შესაბამის შემთხვევებში, მრავლდება არმატურის მუშაობის პირობების კოეფიციენტებზე

არმატურის ღეროებს შორის მინიმალური მანძილები - არმატურის ღეროებს შორის (ან არხების გარსებს შორის) მანძილი შუქში კვეთის სიგანეზე და სიმაღლეზე უზრუნველყოფს ბეტონისა და არმატურის ერთობლივ მუშაობას და ინიშნება დაბეტონების მოხერხებულობისა და ბეტონის ნარევის გამკვრივების პირობების გათვალისწინებით; წინასწარ დაძაბული კონსტრუქციებისათვის გათვალისწინებულია აგრეთვე ბეტონის ადგილობრივი მოკუმშვის ხარისხი და დამჭიმ მოწყობილობათა გაბარიტები (დომკრატების, მომჭერების და ა.შ.). ელემენტებში, რომლებიც მზადდება ვიბროშტამპვის მანქანების ან ხიშტა ვიბრატორების დახმარებით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ მანქანების ელემენტების ან ბეტონის ნარევის გამამკვრივებელი ვიბრატორების თავისუფალი გავლა არმატურის ღეროებს შორის. მანძილი შუქში დაუძაბავი ან საბჯენებზე დაჭიმული დაძაბული არმატურის გრძივ ცალკეულ ღეროებს შორის, აგრეთვე მეზობელი შედუღებული ბრტყელი კარკასების გრძივ ღეროებს შორის, მიიღება არანაკლები ღეროების უდიდესი დიამეტრისა და აგრეთვე: ა) თუ ღეროები დაბეტონების დროს განლაგებულია ჰორიზონტალურად ან დახრილად: არანაკლები 25 მმ - ქვედა არმატურისთვის, არანაკლები 30 მმ - ზედა არმატურისთვის. ქვედა არმატურის განლაგებისას სიმაღლეზე ორზე მეტ რიგში, ღეროებს შორის მანძილი ჰორიზონტალური მიმართულებით (ქვედა ორი რიგის გარდა) მიიღება არანაკლები 50 მმ; ბ) თუ ღეროები დაბეტონების დროს განლაგდებიან ვერტიკალურად - არანაკლებ 50 მმ; ბეტონის შემვსების დაფრაქციების სისტემატური კონტროლისას ეს მანძილი შეიძლება შემცირდეს 35 მმ-მდე, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ნაკლები ბეტონის მსხვილი შემვსების ყველაზე დიდი ზომის 1,5-სა. შეზღუდული პირობების შემთხვევაში დასაშვებია არმატურის ღეროების განლაგება შეწყვილებულად (მათ შორის ღრეჩოს გარეშე). ელემენტებში, ბეტონზე დაჭიმული წინასწარ დაძაბული არმატურით (გარდა უწყვეტად დაარმატურებული კონსტრუქციებისა), არმატურის არხებს შორის მანძილი შუქში უნდა იყოს არანაკლები არხის დიამეტრისა და, ყოველ შემთხვევაში, არანაკლები 50 მმ-სა. (შენიშვნა: პერიოდული პროფილის ღეროებს შორის მანძილი შუქში მიიღება ნომინალური დიამეტრის მიხედვით, შვერილებისა და წიბოების გაუთვალისწინებლად).

არმირება - მასალის ან კონსტრუქციის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაძლიერება სხვა უფრო მაგარი მასალით (მაგ., ბეტონის ნაკეთობის გაძლიერება ფოლადის არმატურით; დაწებებული ხის კოჭის გაძლიერება მინაპლასტიკის არმატურით და სხვ.).

არმოქვის კონსტრუქციები - ქვის არმირებული წყობით აგებული შენობების და ნაგებობების ნაწილები (კედლები, სვეტები და სხვ.).

არმოცემენტი - რკ.ბ.-ის განსაკუთრებული სახეობა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება წვრილი მავთულის ბადეებით არმირებული წვრილმარცვლოვანი ბეტონი. ბადეების მავთულის დიამეტრია 0,5...1 მმ, ბადის უჯრედის მაქსიმალური ზომაა 10×10 მმ. ბადეები კონსტრუქციის სისქეში განლაგდება რამდენიმე ფენად, რომელთა შორის დაშორება აიღება 3...5 მმ, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ საკმარისად ერთგვაროვანი მასალა. ა. აკეთებენ თხელ კონსტრუქციებს სისიქით 10...30 მმ (გარსები, ტალღოვანი თაღები, კონოიდები და სხვ.). არმოცემენტის დიდი უპირატესობაა ის, რომ პრაქტიკულად არ ხდება ბზარების გახსნა, რის გამოც შესაძლებელია სრულად გამოვიყენოთ არმატურის ბადის სიმტკიცე.

არმოცემენტის კონსტრუქციები - წვრილი მავთულის ნაქსოვი ან შენადუღი წმინდა ბადეებით დაარმირებული წვრილმარცვლოვანი ბეტონის თხელკედლიანი კონსტრუქციები (ნახ. 1. არმოცემენტის კონსტრუქციები. რომის სპორტის სასახლე, იტალია). გამოიყენება გუმბათების, გარსების, რეზერვუარების, შენობების აგებისას და სხვ. ა.კ. შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ისეთ ნაგებობებში, სადაც ჰაერის ნორმალური ტენიანობაა და არ არის ქიმიურად აგრესიული გარემო, რადგანაც მისი კოროზიამედეგობა მცირეა. ცეცხლმედეგობა კი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ რკ.ბ.-ს. ასევე დაუშვებელია ა.კ. გამოყენება დინამიკური დატვირთვების ქვეშ მომუშავე კონსტრუქციებში. ა.კ. მზადდება ლითონის, ხის ან რკ.ბ.-ის მატრიცებში ბეტონის ნარევის მექანიკური გამკვრივებით, ხოლო ცალმხრივ ფორმებში - ბეტონის ნარევის დაშხეფებით (ტორკრეტირებით).

არომატული ნახშირწყალბადები - ბენზოლის ბირთვის შემცველი ნახშირწყალბადები.

არორუტი - კრახმალი, რომელიც ტროპიკული მცენარეების ფესვებიდან და ნაყოფიდან მიიღება. გამოიყენება სამღებრო სამუშაოებში.

არტ-დეკო (ფრანგ.) - XX საუკუნის დასაწყისის მიმდინარეობა დეკორაციულ ხელოვნებაში, რომელმაც ასევე ზეგავლენა იქონია იმდროინდელ არქიტექტურაზე, მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე. ეს სტილი უფრო ეკლექტიურად მიიჩნევა, რომელმაც XX საუკუნის 30-იანი წლებიდან შეაღწია აშშ-ში და ფართო გავრცელება ჰპოვა მშენებლობაში. არკ-დეკოს ცნობილი პროექტებია: არგაილ ჰოტელი, ლოს-ანჯელესი, აშშ; ემპაიერ სტეიტ ბილდინგი (ნახ. 1), ნიუ-იორკი, აშშ; კრაისლერ ბილდინგი (მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1931 წლიდან 1972 წლამდე)(ნახ. 2) აშშ; მონრეალის უნივერსიტეტის ცენტრალური შენობა (კანადა); არსენალის სტადიონი, ლონდონი (ინგლისი); შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, მანილა (ფილიპინები) და სხვ.

არტ-ნუვო (ფრანგ.) - XIX-XX საუკუნეების ფრანგული ხელოვნების დეკორატიულ-ორნამენტული სტილი. ახასიათებს ტალღისებრი მრუდი ხაზები. რომლებიც ინტერიერის დეკორში ერწყმის კონსტრუქციულ ელემენტებს (ნახ. 1). აქცენტი უმეტესად კეთდება მცენარეულ ფორმებზე, რომელიც შესრულებულია ხის ან ლითონის მასალაში. ა.-ნ. იყენებდა გვიანდელი მე-19 საუკუნის თითქმის ყველა ტექნოლოგიურ ინოვაციას, როგორიცაა გაშიშვლებული ლითონი და ვრცელი უსწორმასწორო ფორმის მინა არქიტექტურაში, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის ა.-ნ. ზედმიწევნით სტილიზებული დიზაინი, რომელიც თავისთავად საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, შეცვალა უფრო სწორხაზოვანმა, მართკუთხა მოდერნიზმმა, რომელიც უფრო იაფი და, როგორც მიიჩნევდნენ, უფრო აესთეტიური იყო წმინდა ინდუსტრიული თვალსაზრისით. საქართველოში, რომელიც ევროპის კულტურული მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით მდებარეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი შესანიშნავი არტ-ნუვო შენობა გაჩნდა: სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები და არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც (სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ ა.-ნ. საერთაშორისო მიმდინარეობა იყო, ქართულ ა.-ნ. არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმებია შერწყმული. შედეგად მიღებულ იქნა ორიგინალური სინთეზი ევროპული სტილის ფასადებისა ქუჩის მხარეს (ნახ. 2: სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” შენობა ქ. თბილისში რუსთაველის პროსპექტზე) და ქართული ხის აივნებისა ა.-ნ. დეკორაციებით ეზოს მხარეს. ამ სტილის არქიტექტურა ევროპული ნიმუშების მექანიკური განმეორება არ ყოფილა: აქ ვხვდებით ა.-ნ. ორნამენტებს ორიგინალური დაგეგმარებით (ნახ. 3: ყოფილი ძველი თბილისის უნივერმაღი აგებული 1910 წელს), ავეჯით, მოზაიკით, მოჭიქული მინის პანელებით, ძეგლებით, ბუხრებით, ინტერიერის სხვა დეკორაციებითა და მაღალმხატვრული ფასადებით. ა.-ნ. გამოირჩეოდა ახალი სტილი ორნამენტების სიმდიდრით, რკალებითა და ხვეული ხაზებით. ეს დეკორატიული სტილი დრამისა და ფანტაზიის ნაზავია და მისი მოტივების წყაროს წარმოადგენს გოთიკური პერიოდის ხელოვნება. არტ-ნუვოს დამახასიათებელი ნიშნებია: ქალთა ფიგურები თხელ კაბებში; ასევე, გრძელი, ტალღოვანი, ესთეტიკური, ასიმეტრიული ხაზები, რომლებიც ხშირად ბუნების საგნებს - ხვიარა მცენარეების ან კვირტების, პატარა ცხოველების ან მწერების ფიგურებს იღებენ, ასევე, დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ცენტრშია გამოკვეთილი. ა.-ნ. სტილის მთავარი სახვითი პრინციპი შენობის ფუნქციური, უტილიტარული ელემენტების მხატვრული ინტერპრეტაციაა. მისი დეკორი სრულ ჰარმონიაშია ნაგებობის არქიტექტურულ სტრუქტურასთან.

არტახი - ლითონის რგოლი, ცალუღი ან სარტყელი, რომელიც გარშემოეცმევა დეტალს ან კონსტრუქციას მისი სიმტკიცის ან ცვეთამედეგობის გაზრდის მიზნით. არტახებით აღიჭურვება ერთმორიანი ხის ანძის ტანის პირაპირები, გამოსაწვავი ღუმელების კორპუსები, ქვის სამსხვრევების ლილვაკები, საფქვავი წისქვილების დოლები, წყალსადენის მილები (ნახ. 1: მილსადენის სარემონტო არტახი) და სხვ.

არტელი - ნებაყოფლობითი, ჩვეულებრივ ფიზიკურ პირთა (მოქალაქეთა) დროებითი გაერთიანება სამუშაოთა ერთობლივად შესრულებისათვის, შრომითი საქმიანობის კოლექტიურ საწყისებზე განხორციელებისათვის. ა. ქონება, საპაიო შენატანების გარდა, ერთიანი განუყოფელი კოლექტიური საკუთრებაა. ცნობილია, მაგ., ოქროს მომპოვებელთა არტელი, მშენებელთა არტელი და სხვ.

არტესანადო - მოჩუქურთმებული და მოხატული ხის ასაწყობი ჭერი (ნახ. 1). გავრცელდა შუა საუკუნეების მავრიტანული არქიტექტურიდან.

არტიკული (ლათ.) - სავაჭრო ტერმინი, რომელიც მიუთითებს საქონლის ტიპზე, მისი ციფრითა და ასოთი აღნიშვნაზე.

არტურ ეშის სტადიონი - ჩოგბურთის ღია სტადიონი ნიუ-იორკში (აშშ), რომელზეც ყოველ წელს  ტარდება "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირი - აშშ-ის ღია პირველობა. გაიხსნა 1997 წელს (ნახ. 1). ტევადობაა 22547 მაყურებელი. ტრიბუნებზე განლაგებულია 90 ლუქსის ტიპის ლოჟა და 5 უმაღლესი კლასის რესტორანი. სტადიონი გეგმით რვაკუთხედის ფორმისაა (ნახ. 2). მზიდი კონსტრუქციების დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი კლასის რკ.ბ. და ფოლადი, ხოლო კეთილმოწყობისათვის - მერქანი და პლასტმასი. ა.ე.ს. მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია სტადიონია.

არქაიზაცია - აღდგენა ძველი ოსტატების შემოქმედებითი ხერხებისა; ხელოვნების ძველი ფორმების მიბაძვა.

არქაიკა (ბერძ.) - 1. ადრინდელი, პრიმიტიული საფეხური ხელოვნების განვითარებისა; 2. ძველი დროის დამახასიათებელი ნიშნები. ტერმინი, რომელიც იხმარება ძველი ბერძნული ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდის მიმართ (VII – V სს ჩვენს ერამდე).

არქეო... - რთული სიტყვების ბერძნული წინსართი; ნიშნავს „ძველს“ (მაგ., არქეოლოგია, არქეოგრაფია და სხვ.).

არქეოგრაფია (ბერძ.) - დამხმარე საისტორიო დისციპლინა, რომლის მიზანია ისტორიული ძეგლების შესახებ მასალის მომზადება გამოსაცემად

არქეოლოგია (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის წარსულს სწავლობს ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობის შემორჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით

არქეოლოგიური ძეგლი - შემორჩენილი ძველი მატერიალური კულტურის ნაშთი.

არქეომაგნეტიზმი - გეომაგნეტიზმის დარგი, რომლის საშუალებითაც ხდება დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებათა აღდგენა.

არქივოლტი - თავსართი; თაღის მოჩარჩოება, რომელიც წარმოადგენს მთლიან ან დანაწევრებულ ზოლურას (ნახ. 1).

არქიმედეს კანონი - სითხეებისა და აირების სტატიკის კანონი, რომლის თანახმად სითხეში (ან აირში) ჩაშვებულ ყოველ სხეულზე მოქმედებს "ამწევი ძალა" (ამომგდები ძალა), რომელიც მიმართულია ზემოთ, უდრის სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის (ან აირის) წონას და გამოდევნილი მოცულობის სიმძიმის ცენტრშია მოდებული. ზოგჯერ ამ ამწევ ძალას, სითხეში სხეულის მოძრაობისას წარმოშობილი ამწევი ძალისაგან განსხვავებით, არქიმედეს ძალას ან ჰიდროსტატიკურ ამწევ ძალას უწოდებენ. ა.კ. ჰიდროსტატიკისა და აეროსტატიკის ძირითადი კანონია.

არქიმედეს სპირალი - შეიძლება განისაზღვროს, როგორც წერტილის ტრაექტორია, რომელიც თანაბრად მოძრაობს სხივზე, ხოლო ეს სხივი თანაბრად ბრუნავს თავისი სათავის ირგვლივ. მისი განტოლება პოლარულ კოორდინატებში: ρ = aφ  (სადაც a≠0 მუდმივია); φ - კუთხე ჰორიზონტალურ x ღერძსა და ტრაექტორიაზე მოძრავი წერტილის სათავესთან შემაერთებელ სწორ ხაზს შორის (ნახ. 1).

არქიმედეს ხრახნი - წყლის ასაქაჩი მანქანა, გამოგონებული არქიმედეს მიერ ძვ.წ. III საუკუნეში. გამოიყენებოდა წყლის ასაქაჩად ქვევით მდებარე საგუბარიდან ზევით მდებარე სარწყავ არხებში. ის ორივე ბოლოთი ღია ცილინდრული მილია, რომლის ღერძის გასწვრივ დაყენებულია ხრახნულზედაპირიანი ლილვი (ნახ. 1). ა.ხ. თანამედროვე შნეკის პროტოტიპია.

არქიტექტონიკა - დეკორატიულ დენდროლოგიაში აღნიშნავს ხის ბარჯის სტრუქტურას; განისაზღვრება მისი ზომებით, ფორმით, ტოტების განშტოებებითა და მათი განლაგების სილამაზით.

არქიტექტორი - შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე.

არქიტექტურა - ფიზიკური გარემოს, ბუნებრივი ლანდშაფტის გარდაქმნის, ადამიანის ცნობიერება-ყოფიერების ყველა ასპექტის შესაბამისი კომფორტული სივრცის შექმნის ხელოვნება.

არქიტექტურა ლანდშაფტის - ჰარმონიული შეხამების შექმნის ხელოვნება ბუნებრივ ლანდშაფტსა და ადამიანის მიერ ათვისებულ ტერიტორიებს, დასახლებულ პუნქტებს, არქიტექტურულ კომპლექსსა და ნაგებობებს შორის.

არქიტექტურა ორგანული - დასავლური არქიტექტურის მიმართულება მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომელმაც გავლენა იქონია თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურაზე. ა.ო. წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამერიკელი არქიტექტორის ფ. ლ. რაიტის შემოქმედებასთან (1869-1959 წ.). ა.ო. ძირითადი პრინციპები და კომპოზიციური ხერხები შეესაბამება თითოეული ნაგებობის ინდივიდუალურ ამოცანებსა და მშენებლობის კონკრეტულ პირობებს; ითვალისწინებს ადგილობრივ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ტრადიციებს; ერთიანობას, მთლიანობას არქიტექტურაში, „თავისუფალ სივრცეს“, შენობის შიგა სივრცის ერთიანობას და შეძლებისდაგვარად გაერთიანებას გარე სივრცესთან; არქიტექტურული ფორმების გამარტივებას და გამსხვილებას. პროგრესულ პრინციპებთან ერთად ა.ო. ზოგჯერ პირველ პლანზე ჩნდება მისი უარყოფითი მახასიათებლებიც, როგორიცაა ირაციონალიზმისაკენ გადახრა, ორგანული ბუნების ფორმებისადმი გარე ფორმალური მიმსგავსება და სხვ.

არქიტექტურა რეგიონალური - ადგილობრივი ნაციონალური არქიტექტურა.

არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტა - შენობებისა და ნაგებობების განლაგება გასაშენებელ ტერიტორიაზე, აგრეთვე შენობის სართულიანობის, კონფიგურაციის, გეგმაში ზომების, სიმაღლის, შიდა გეგმარების შერჩევა. იგი მოიცავს საცხოვრებელი მიკრორაიონების, საზოგადოებრივი კომპლექსების, სამრეწველო საწარმოების გენერალური გეგმების გადაწყვეტას; ცალკეული შენობებისა და ნაგებობების მოცულობით-გეგმარებითი საკითხების შესწავლას

არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება - საქართველოს კანონმდებლობით, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს. ა.-გ.დ. გაცემის საფუძველია დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებართვა, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ მიწის ნაკვეთი შესაბამისად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაა.

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

არქიტექტურული აკუსტიკა - აკუსტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის შენობაში ხმის გავრცელების საკითხებს.

არქიტექტურული ანსამბლი - ერთიან კომპოზიციას, გარკვეულ არქიტექტურულ იდეას დამორჩილებული შენობების და ნაგებობების ერთობლიობა, ჩამოყალიბებული თანდათან - ხანგრძლივი დროის მანძილზე ან ერთდროულად.

არქიტექტურული ბაღი - ბაღის ტიპი, რომელშიც ჭარბადაა წარმოდგენილი საბაღე და სხვა ხელოვნური ნაგებობები და მათი არქიტექტურა (ნახ. 1).

არქიტექტურული გადაწყვეტა - არქიტექტურული ობიექტის ავტორისეული ჩანაფიქრი - მისი გარე და შიდა გამომსახველობის, სივრცითი, გეგმარებითი და ფუნქციონალური ორგანიზაციის მიმართ, დაფიქსირებული საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურულ ნაწილში, არქიტექტურული ობიექტის რეალიზაციის მიზნით.

არქიტექტურული გრაფიკა - გრაფიკული საშუალებების კომპლექსი, რომელთა დახმარებით არქიტექტურული ობიექტი გამოისახება სიბრტყეზე. ის დაპროექტების განუყოფელი ნაწილია. ა.გ. განიხილავენ გამოსახულების სამ ძირითად სახეს: ორთოგონალურ გეგმილებს (გეგმა, ფასადი, ჭრილი), პერსპექტივას და აქსონომეტრიას. ა.გ. შეიძლება იყოს ხაზოვანი და ჩრდილნათელი, რომელიც თვალსაჩინო წარმოდგენას იძლევა მომავალი ნაგებობის მოცულობით-სივრცით ფორმაზე, კომპოზიციაზე, მასალაზე, ფერზე ისეთი საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა შეფერადება (ნახაზის ჩრდილნათელი მოდელირება ტუშის ან აკვარელის საღებავების მეშვეობით), ნაშხეფი, აპლიკაცია და ფოტომონტაჟი.

არქიტექტურული კომპოზიცია - განსაზღვრული ჩანაფიქრის მიხედვით შენობის იერის შერწყმა და დაკავშირება მის გარემომცველ გარემოსთან.

არქიტექტურული მასშტაბი - არქიტექტურული ელემენტების კომპოზიციური წყობის ხერხი, რომელიც ემყარება შენობის ნაწილების ურთიერთშეფარდებას და ამ შეფარდების ათვისების უნარს. ა.მ. ცნება განსხვავდება მასშტაბის გავრცელებული გაგებისაგან და არ იზომება რიცხობრივად.

არქიტექტურული ნატეხი - არქიტექტურული ელემენტი, განსხვავებული განივი კვეთის - პროფილის მიხედვით, განთავსებული ჰორიზონტალურად (ცოკოლი, კარნიზი, კოლონის ბაზა), დახრილად (ფრონტონების კარნიზი), მრუდწირულად (კამარის არქივოლტი, ნერვიურა) ან ტეხილად (პორტალების და ფანჯრების მოჩარჩოება). ა.ნ., ფართოდ გავრცელებული ორდერულ არქიტექტურაში, ემსახურებოდა შენობის არქიტექტურული დეკორის და მხატვრული გამომსახველობის ტექტონიკური საფუძვლების გაძლიერებას. ის პირველად გამოყენებული იყო ძველ საბერძნეთში, იქედან გავრცელდა ძველ რომში, შემდეგ კი აღორძინების ეპოქაში ფეხი მოიკიდა ევროპაშიც. თანამედროვე არქიტექტურაში ა.ნ. ნაცვლად, ხის, ლითონის და ბეტონის კონსტრუქციულ ელემენტებში დამკვიდრდა ტერმინი „პროფილი“. არსებობს ა.ნ. მრავალი სახეობა (ნახ. 1. არქიტექტურული ნატეხის ძირითადი სახეები: 1-პლინთი; 2-ლილვი; 3-მეოთხედი ლილვი; 4-ფოსო; 5-ბატიყელა; 6-ქუსლა).

არქიტექტურული ნაწარმოები - არქიტექტურული პროექტის და არქიტექტურული ობიექტის სახით არსებული არქიტექტურული საქმიანობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს.

არქიტექტურული ობიექტი - შენობა, ნაგებობა, შენობებისა და ნაგებობების კომპლექსი, მათი ინტერიერი, კეთილმოწყობის ობიექტები, ლანდშაფტური და საბაღე-საპარკო ხელოვნება, შექმნილი არქიტექტურული პროექტის საფუძველზე.

არქიტექტურული ორდერი - არქიტექტურულ-კომპოზიციური სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი სისტემის სტრუქტურა, მხატვრული დამუშავება და აგების განსაზღვრული წესი. შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: ფუძე, სვეტი (კაპიტელითურთ) და კოჭოვანი სისტემა (ანტაბლემენტი). ცნობილია ხუთი კლასიკური ორდერი: დორიული, ტოსკანური, იონური, კორინთული და კომპოზიტური (ნახ. 1, კლასიკური ორდერის ნიმუშები: 1 - ტოსკანური, 2 - დორიული, 3 და 4 - იონიური, 5 - კორინთული, 6 - კომპოზიტური). ორდერის სიმაღლისა და პროპორციების საზომად მიჩნეული იყო მოდული - სვეტის ფუძის დიამეტრის ნახევარი. ა.ო. ფართოდ გამოიყენებოდა შენობებისთვის მხატვრული გამომსახველობის მისანიჭებლად, საკულტო იდეოლოგიის, მსხვილი საზოგადოებრივი ნაგებობების და სხვ. როლის ხატოვნად წარმოსაჩენად. ა.ო. საშუალებით შექმნილია შენობის პლასტიკური დამუშავების სხვადასხვა ხერხი.

არქიტექტურული პროექტი - არქიტექტურული საქმიანობის შედეგად დოკუმენტურად დაფიქსირებული არქიტექტორის ჩანაფიქრი - არქიტექტურული ნახაზების ერთობლიობა, სადაც ჩამოყალიბებულია არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების პრინციპი, რომელიც ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად კომპლექსურად წყვეტს ქალაქთმშენებლობით, მხატვრულ-ესთეტიკურ, ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებს. არქიტექტურული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს საავტორო უფლების ობიექტს და არ საჭიროებს ლიცენზირებას. ა.პ. არის შემადგენელი და საფუძველი სამშენებლო პროექტისა და დოკუმენტისა, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მშენებლობა. ის ერთ-ერთი საფუძველია მშენებლობის ნებართვის გაცემისა. აღნიშნულ პროცესში ის შეიძლება საჭიროებდეს შეთანხმებას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან. პროექტი შეიძლება იყოს: ესკიზური და დეტალური (მუშა). როგორც წესი, შედგება შემდეგი ნახაზებისგან: სიტუაციური გეგმა; გენერალური გეგმა; ყველა სართულის გეგმა; ფასადის გეგმა; შენობის გრძივი ჭრილი; შენობის განივი ჭრილი. ასევე, საჭიროებისამებრ, შეიძლება შეიცავდეს: განმარტებით ბარათს, სხვადასხვა კვანძის ნახაზებს, შემადგენელი არქიტექტურული ელემენტების დეტალურ ნახაზებს, აქსონომეტრიულ ნახაზებს და ა.შ. არქიტექტურული პროექტები იქმნება როგორც ხელით (ფანქრის, ტუშის, სახაზავის დახმარებით), ისე კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით

არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა - I, II, III, IV კლასის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს: 1. ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე (თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; განმარტებით ბარათს; შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: მიწის ნაკვეთის ფართობს; მიწის ნაკვეთის განაშენიანების კ-1 კოეფიციენტის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; მიწის ნაკვეთის გამწვანების კ-3 კოეფიციენტის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; 2. მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები), მასშტაბი 1:500; 3. შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში; 4. შენობა-ნაგებობის ფასადებს; 5. განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებსა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებული უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟს და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალებისა და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ისე ციფრული სახით ჩაწერილი კომპაქტდისკზე JPG ფორმატის ფაილებით), ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირების თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერის დაკონკრეტებით კატალოგის მიხედვით; 6. არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით); 7. შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); 8. საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და ნაგვის ურნების განთავსების ადგილს. არქიტექტურული ნახაზებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი მასშტაბები: ძირითადი ნახაზებისათვის - 1:50, 1:100 ან 1:200; დეტალური ნახაზებისათვის - 1:1, 1:2, 1:5; 1:10 ან 1:20.

არქიტექტურული პროფილები - მოლიურები, მულიურები; არქიტექტურული ფორმების შემადგენელი ელემენტები. იყოფა ორ ჯგუფად: სწორხაზოვანი (თარო, პლინტი და სხვ.) და მრუდხაზოვანი (ლილვი, ფოსო, ბატიყელა, ქუსლი, სკოცია). ნახ. 1-ზე მოცემული შენობის ფასადზე ნაჩვენებია ორივე ტიპის მარტივი ა.პ. ფანჯრების სახით.

არქიტექტურული საქმიანობა - არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა: ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა.

არქიტექტურული სტილი - არქიტექტურულ-კონსტრუქციული და მხატვრული ხერხების ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგრადი ერთიანობა, რომელიც შეპირობებულია საზოგადოებრივ-ისტორიული იდეური შინაარსის ერთობლიობით. ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ხალხის, დროის მონაკვეთის, მიმდინარეობის, მიმართულების, სკოლის ხუროთმოძღვრული ხელოვნების მახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას. ზოგჯერ ეს ტერმინი იხმარება იმ ძეგლთა ჯგუფის გამოსაყოფად, რომელთაც გააჩნიათ მკაფიოდ გამოსახული განმასხვავებელი ნიშნები.

არქიტექტურული ფორმა - ნაგებობის შესაბამისობა თავის პირდაპირ დანიშნულებასთან, რაც ითვალისწინებს კომპლექსის ზოგად დაგეგმარებას, კონსტრუქციების სიმტკიცესა და მდგრადობას, ეკონომოიურობას. ამ ამოცანის გადაწყვეტის ხასიათის მიხედვით არჩევენ საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების, სამრეწველო შენობებისა და ხიდების არქიტექტურას ანსამბლის ერთიანობასთან შეხამებით. მონუმენტური ა.ფ. განვითარების პარალელურად ვითარდება მცირე ფორმების არქიტექტურაც - პატარა ნაგებობები, გამოყენებული ღია სივრცეების ორგანიზაციისათვის და არტიტქტუტულ ქალაქთმშენებლობის ან საბაღე-საპარკო კომპოზიციის შესავსებად (შადრევნები, კიბეები, ღობეები, ფარნები, კაფეები, სავაჭრო ობიექტები, ჯიხურები, სარეკლამო ბანერები და სხვ.).

არქიტექტურული ჰარმონია - შენობასა და მის ცალკეულ ნაწილებს შორის თანაზომიერება. ჰარმონიულობა იქმნება ცალკეულ ნაწილთა პროპორციულობითა და თანაფარდობით.

არქიტრავი - 1. ანტაბლემენტის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ სვეტს ეყრდნობა; 2. სამერხული; მზიდი კოჭი, რომელიც აერთიანებს საყრდენების რიგს და მას გადასცემს ზევით მდებარე კონსტრუქციების დატვირთვას (ნახ. 1).

არქიტრავული გადახურვა - სწორხაზოვანი გადახურვა (თაღურისგან განსხვავებით).

არყის ხე  (არყი) - მიეკუთვნება არყისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივან ხეების და ბუჩქების გვარს (ნახ. 1). იზრდება 20 მ სიმაღლემდე. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში, აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში. სიმკვრივე 510...770 კგ/მ3. საქართველოში 5 სახეობაა. აჭარა-გურიაში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება მედვედევის არყი; კოლხეთის ენდემი მეგრული არყი გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; რადეს არყი - კავკასიონის ჩრდილოეთ კალთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; ლიტვინოვის არყი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონის და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო მეჭეჭიანი არყი კავკასიაში ყველგან გვხვდება. ა. სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში. ა. ხის მერქნის ბოჭკოები შევსებულია თეთრი ფისისმაგვარი ნივთიერებით - ბეტულინით, რომელიც ქერქს აძლევს თეთრ ფერს.  მშენებლობაში ა. ხე გამოიყენება ხარაჩოების, ქარგილების, ყალიბების მოსაწყობად, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს სამეცნიერო სამუშაოები მისი კონსერვაციისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს ეს ჯიში სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლადაც გამოვიყენოთ. მეტად ლამაზი ტეხსტურა აქვს კარელიის არყის ხეს, რომელსაც იყენებენ მხატვრული ნაკეთობების დასამზადებლად.

არყის ხე ბუსუსიანი - ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა მოყვითალო-მოწითალო შეფერილობით. საკმარისად მაგარი და მძიმე, თეთრი მერქანი აქვს. გამოიყენება სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგში.

არყის ხე კარელიის - ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა შერეული, დახლართული წლიური შრეებით და რადიალური სხივებით, ლამაზი მეჭეჭიანი ტექსტური მერქანი გადიდებული მექანიკური თვისებებით ხასიათდება. გამოიყენება ავეჯის, ანათალი შპონის წარმოებაში, აგრეთვე სახარატო ნაკეთობების დასამზადებლად.

არყის ხე მეგრული - ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობზე (ნახ. 1).

არყის ხე მეჭეჭიანი - იხ. არყის ხე კარელიის.

არყის ხე რკინისებური - ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა. მისი მერქანი ხასიათდება ძლიერ მაღალი მექანიკური თვისებებით. ხარობს შორეულ აღმოსავლეთში და კარელიაში. გამოიყენება ავეჯის, შპონის და აღალის წარმოებაში. წარმატებით ცვლის მუხის, იფნის, კოპიტის და ბზის მერქანს

არყის ხე ქვისმაგვარი - იხ. არყის ხე რკინისებური.

არყის ხე ყვითელი - ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა, რომლის მერქანი ყვითელი ფერისაა.

არყის ხე შავი - იგივეა, რაც დაურიის არყის ხე. ახასიათებს კანისა და ფოთლების მუქი შეფერილობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ ციმბირში, დაურიის მხარეში.

არშია - იხ. კანტი.

არშინი - ძველი რუსული სიგრძის ერთეული, რომელიც ხმარებაში შევიდა მე-16 საუკუნეში. 1 არშ = 71,12 სმ.

არხი (თურქ.) - 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხელოვნური მდინარე, სადინარი (ნახ. 1); 2. კავშირგაბმულობაში, სისტემებში გარკვეულ მანძილზე კოდირებული სიგნალების გადამცემ მოწყობილობათა ერთობლიობა; 3. ტელევიზიაში, ამა თუ იმ სამაუწყებლო ორგანიზაციისათვის გამოყოფილი საეთერო სივრცე (მაგ., პირველი არხი, მეცხრე არხი); 4. ცოცხალ ორგანიზმში მილის მსგავსი ა. (მაგ., ყურის არხი, სასუნთქი არხი). არხის მრავალი სახეობა არსებობს: აირის, გადამშვები, გამომშვები, კაპილარული, კვამლსარინი, კვამლშმკრები, მიმყვანი, მოდინების, მუშა, ორთქლგამოსაშვები, ორთქლის, სავენტილაციო, საკვამლე, შემოსავლელი, შემშვები, წრიული, წყალსარინი, წყალჩასაშვები, ხე-ტყის საცურებელი, ჰაერმოსაყვანი, ჰაერსარინი და სხვ.

არხი მისასვლელი - არხი, რომელიც ნავსადგურებთან მცირე სიღრმის უბნების ან მდინარის შესართავების გასაღრმავებლად არის მოწყობილი. მისი დანიშნულებაა ცალკეული დასახლებული პუნქტების ან სამრეწველო საწარმოების ძირითად სანაოსნო გზასთან დაკავშირება.

არხი სავენტილაციო - კედლში ჩაყოლებული ან გადახურვაზე შეკიდული არხი, რომლის საშუალებითაც წარმოებს შენობაში სუფთა ჰაერის შემოყვანა და უვარგისის გაძევება ბუნებრივი ან იძულებითი გზით.

არხი შემაერთებელი - არხი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორი ზღვის აუზს ან ერთი ზღვის აუზის ორ ნაწილს, რომლებიც მცირე სიღრმის უბნით ან ხმელეთით არის ერთმანეთისაგან გამოყოფილი.

არხი შემომვლელი - არხი, რომელიც ეწყობა შიგა წყლების გზებზე რაიმე წინაღობის (მაგ., მდინარის ან ტბის მცირე სიღრმის უბნები) გვერდის ასავლელად.

არხილი - ძვ. თხელი ბზარი.

არხსათხრელი - მისაბმელი ან თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სარწყავი ან ამოსაშრობი არხების, აგრეთვე ტრანშეებისა და კიუვეტების გასაყვანად (ნახ. 1). გრუნტის დასამუშავებელ ორგანოს წარმოადგენს გუთანი ან ფარი, როტორი, ფრეზი, მრავალციცხ-ვიანი ჯაჭვი. მცირე ზომის ტრანშეის გასათხრელად იყენებენ აგრეთვე ერთციცხვიან ექსკავატორს შებრუნებული ნიჩბით.

ასანთი - მერქნისაგან დამზადებული პატარა ჩხირი, რომლის თავიც აალებადი ნივთიერებითაა დაფარული. აალება სხვ ნივთიერებაზე ხახუნის შედეგად ხდება. არსებობს ა. მრავალი სახეობა: მონადირის (ტენმედეგი), პარაფინის, სასუვენირო, სასიგნალო, სანთლის, სპეციალური, სტეარინის, უალო, უსაფრთხო, ქარის და სხვ.

ასაფეთქებელი ნივთიერება - ნივთიერებების ქიმიური შენაერთი ან ნარევი, რომელსაც სწრაფი ქიმიური რეაქციის უნარი აქვს, რომლის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობის სითბო და გაზები. რეაქცია ვრცელდება ასაფეთქებელ ნივთიერების მუხტზე თბო- და მასისგადამტანი (წვა) ან დარტყმითი ტალღის (დეტონაცია) პროცესებით. ა.ნ. ფუგასურობა ანუ მუშაობის უნარი ფასდება ფარდობით ერთეულებში; სტანდარტულ ა.ნ. მიეკუთვნება ტროტილი, ამონიტი №6, ნიტროშენაერთები (ტრინიტროტოლუოლი, ტეტრილი, და სხვ.) და აზოტმჟავას მარილები. გამოიყენება სამხედრო და სამთო საქმეში, მშენებლობაში და სხვ.

ასაფეთქებელი სამუშაოები - სასარგებლო წიაღისეულის დამუშავება აფეთქებით. ამ დროს გამოიყენება ა.ს. ჩატარების შემდეგი მეთოდები: შპურისებრი მუხტების, ჭაბურღილისებრი მუხტების, გამოყრის აფეთქების და გარე მუხტების.

ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები - ცალკეული ელემენტებისაგან შემდგარი კონსტრუქცია (ნახ. 1), რომლის ერთი ნაწილი წინასწარ დამზადებულია ქარხანაში, ხოლო მეორე ნაწილი ადგილზე მონოლითური ბეტონის გამოყენებით, რითაც მიიღწევა მთლიანობა (მაგ., რკ.ბ.-ის კარკასულ შენობებში სვეტებისა და რიგელების შეერთების კვანძები).

ასაწყობ-მონოლითური კოჭოვანი გადახურვა - გადახურვის კონსტრუქცია, რომელშიც გაერთიანებულია ასაწყობი და მონოლითური რკინაბეტონის დადებითი თვისებები. ასაწყობი ელემენტებისაგან აგებული გადახურვა წარმოადგენს ყალიბს შემდგომ მშენებლობის ადგილზე დამატებით ჩალაგებულ არმატურასა და ბეტონისათვის. მონოლითური ბეტონის გამყარების შემდეგ კონსტრუქცია მუშაობს როგორც ერთიანი. ეს კონსტრუქციები გამოიყენება როგორც ახლად ასაგებ შენობებში, ასევე ექსპლუატაციაში მყოფ ნაგებობებში, როდესაც რეკონსტრუქციისას საჭიროა ცალკეული არსებული ელემენტების ზიდვის უნარის გაზრდა.

ასაწყობი კონსტრუქციები - ქარხნებში ან პოლიგონზე წინასწარდამზადებული ასაწყობი (სამონტაჟო) ელემენტები შენობა–ნაგებობებისათვის (ნახ. 1). ა.კ. მზადდება რკინაბეტონის, ბეტონის, ლითონის, ხის და სხვა მასალებისაგან. მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა ელემენტების განმეორებადობა მაღალია. საგრძნობლად ამცირებს მშენებლობის ვადებს, შრომატევადობასა და ღირებულებას სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად.

ასაწყობი უკოჭო გადახურვა - შენობის გრძივი და განივი მიმართულებით განლაგებული კაპიტელსზედა ფილების, მალის ფილებისა და სვეტების ერთობლიობა, რომელთა თავზე მოთავსებულია ასაწყობი კაპიტელი (ნახ. 1).

ასეკურაცია - საქონლის ან რაიმე სხვა ქონების დაზღვევა.

ასენიზაცია (ფრანგ.) - სიბინძურის გატანის და უვნებელყოფის ღონისძიებათა სისტემა; რომელიმე ადგილის ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება.

ასიდბარი - ბიტუმზე დამზადებული გასაჟღენთი ნივთიერება, რომელიც უძლებს მჟავებისა და მათი ორთქლის ზემოქმედებას. გამოიყენება მერქნის ბაქნებისა და ფენილების გასაჟღენთად.

ასიმპტოტა წირის - წრფე, რომელიც ამ წირს უსასრულოდ უახლოვდება, მაგრამ არ კვეთს (ნახ. 1). ა. შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, ვერტიკალური და დახრილი.

ასკანთიხა - ასკანის (საქართველო) თიხის საბადოების ტუტე ბენტონიტური თიხის სახესხვაობა - თიხური მინერალების ბეიდელიტისა და მონტმორილონიტის წვრილდისპერსიული ნარევი.

ასკანის ციხე (თამარის ციხე) - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე გურიის სოფ. ასკანაში, მაღალ ფრიალო კლდეზე, ოზურგეთიდან 17 კმ-ზე ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ციხე ნაგებია ქვითა და კირხსნარით (ნახ. 1). შესასვლელის მარცხნივ გვირაბია, რომელიც ჩადის მდინარე ბახვისწყალზე. არსებობს ვარაუდი, რომ ასკანის ციხე IV საუკუნეშია აგებული. ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ შეინიშნება ძველი ნაგებობის უტყუარი ნაკვალევი - კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურები; იქვეა ძველი მარანიც. ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამლოცველო საკმაოდ დაზიანებულია, ხის ქოხები დანგრეულია. შიდა და გარე ზღუდეთა ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები. ციხის გარე ზღუდის დაქანებული კლდოვანი ფერდობის ძირში დიდი ზომის ხის ზედაპირი მოჩანს. აქედან იწყება ბახვის ხეობასთან დამაკავშირებელი, ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.

ასკარიტი - აზბესტით გაჟღენთილი ნივთიერება, რომელიც კარგად შთანთქავს ნახშირჟანგს. გამოიყენება ლაბორატორიებსა და მრეწველობაში. ინახება ჰაერისგან იზოლირებულად

ასლი - დოკუმენტის გადაღებული პირი ისეთი მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს მის იდენტურობას დედანთან ან დუბლიკატთან. ა. გამოიყენება ერთჯერადად.

ასორტიმენტი (ფრანგ.) - მრავალსახეობა; სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის საქონელი. განასხვავებენ საწარმოო და სავაჭრო ასორტიმენტს.

ასოციაცია - იურიდიულ ან ფიზიკურ პირთა გაერთიანება, კავშირი, ამხანაგობა (მაგ., მშენებელთა, ადვოკატთა, ბანკების, დამსაქმებელთა, იურისტთა და სხვ.), შექმნილი სამეურნეო, პოლიტიკური, სამეცნიერო და სხვა მიზნების მისაღწევად.

ასპარეზი - 1. ადგილი, სადაც სპორტული პაექრობები ტარდება; 2. ძვ. ქართ. - მინდორი; სომხ. - სტადიონი.

ასპიდი - იასპი (ეშმა), შავი ფიქალი, რომლისაგანაც ამზადებენ გრიფელით საწერ პატარა დაფას.

ასპიდის ფიქალი - თიხოვანი ფიქალის მკვრივი სახესხვაობა; ადვილად იშლება თხელ მაგარ ფილებად. გამოიყენება გრიფელის (ასპიდური) დაფების დასამზადებლად და როგორც სახურავის მასალა.

ასპირატორი - საწარმოო პირობებში ჰაერის სინჯის ასაღები ხელსაწყო მისი შემადგენლობისა და დამტვერიანების გამოსაკვლევად.

ასპირაცია (ლათ.) - სპეციალური მოწყობილობით სიღრუიდან ან ჭურჭლიდან სითხის ან აირის გამოწოვა, გამოსრუტვა.

ასპიტაკი - ძვ. ოქროს ფიცარი.

ასრიალება - ხახუნის შემცირების შედეგად დისკოების, საბურავების ერთ ადგილზე ბრუნვა და მაშასადამე, მოძრაობის (გადაცემის) შეფერხება.

ასტამურა (ხვეწი) - სპეციალურად ორმხრივ გალესილი, 2 მმ სისქის ფოლადის ფირფიტა, რომლის ფორმა სხვადასხვაა ხელით და ჩარხზე მუშაობისათვის.

ასტრაგალი - რთული არქიტექტურული პროფილის (ხის, პლასტმასის) სწორი (ნახ. 1) ან ნახევარწრიული ფორმის ნაკეთობა რომელსაც ლილვაკის სახე აქვს.
გამოიყენება კარის თამასად, კოლონის ტანის გამოსაყოფად კაპიტელისაგან, პლინთუსად და სხვ.


ასტროიდა (ბერძ.) - წირი, რომელსაც აღწერს C(r) წრეწირის P წერტილი, როცა ეს წრეწირი შიგნიდან გორავს R0 რადიუსის უძრავ წრეწირზე და რადიუსებს შორის არსებობს დამოკიდებულება: r = R0/4. ასტროიდას აქვს ოთხკუთხა ვარსკვლავის ფორმა (ნახ. 1).

ასტრონომია (ბერძ.) - მეცნიერება მნათობთა (ცის სხეულთა) აგებულების, ფიზიკური ბუნებისა და მოძრაობის კანონების შესახებ.

ასფალტბეტონი - საშენი მასალა, რომელიც მიიღება გარკვეული თანაფარდობით აღებული ღორღის, ქვიშისა და მინერალური ფხვნილის ბიტუმში არევით და დატკეპნით.

ასფალტი (ბერძ.) - რუხი ფერის ფისისებრი მასა, რომლითაც ფარავენ გზების, ქუჩების, ტროტუარების, მოედნების ზედაპირებს. იგი წარმოადგენს ბიტუმების ნარევს (50...60% ბუნებრივ და 13...60% ხელოვნურ ასფალტში) მინერალურ ნივთიერებებთან (კირქვა, ქვიშნარი და სხვ.). გამოიყენება აგრეთვე ჰიდრო- და ელექტროსაიზოლაციო და სახურავის მასალებისათვის და სხვ. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის. ა. ამზადებენ ხელოვნური ქვის მასალას ასფალტბეტონს, რომელიც მიიღება ასფალტბეტონის გამყარებით. ბუნებრივი ა. შედგება ნავთობის მძიმე ფრაქციის ან მისი ნარჩენებისაგან და გვხვდება ფენოვანი ძარღვიანი ბუდობის სახით იმ ადგილებში, სადაც ნავთობი ბუნებრივად ამოდის მიწის ზედაპირზე. ხელოვნური ა. ანუ ასფალტბეტონის ნარევი წარმოადგენს საშენ მასალას ღორღის, ქვიშის, მინერალური ფხვნილისა და ბიტუმის ნარევის სახით. არსებობს სამგვარი: ცხელი, თბილი და ცივი. ცნობილია მოდიფიცირებული ა., რომელსაც უმატებენ ავტომობილის საბურავების გადამუშავებულ პროდუქტს. დღეისათვის ა. შეუცვლელი მასალაა საავტომობილო გზების მოსაწყობად.

ასფალტის მასტიკა - ბიტუმოვანი ემულსიის ნარევი სხვადახვა დანამატებთან.

ასფალტის ნაფხვენი - ძველი ასფალტის საფარის გადამუშავების პროდუქტი; წარმოადგენს ბიტუმის ნარჩენების ნაფხვენს. გამოიყენება საგზაო მშენებლობაში.

ასფალტსაგები - საგზაო მანქანა, რომელიც ანაწილებს, აგებს და ნაწილობრივ ან სრულად ამჭიდროვებს ასფალტბეტონის ნარევს (ნახ. 1). ა. განსხვავდებიან მწარმოებლობით, სავალი და მუშა ორგანოების კონსტრუქციით. ძალური დანადგარი ძირითადად დიზელის ძრავებია, ხოლო მუშა ორგანოების (ვიბრატორების) ამძრავი - ჰიდრავლიკური.

ატენის მონასტერი (ატენის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი; ატენის სიონი) - ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში (ნახ. 1). მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში ქ. გორიდან 12 კმ-ის დაშორებით, მდინარე ტანას შუა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე. VII საუკუნის მეორე ნახევრის ეს ნაგებობა იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ ტიპს, თუმცა რამდენადმე შეცვლილი პროპორციებით. ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი (სიმაღლე 22 მ, სიგრძე 24 მ, სიგანე 19 მ) აგებულია გრანდიოზულ ხელოვნურ ბაქანზე, რომლის ფართობი 800 მ2-ია. ნაგებობის ეზო, კონტრფორსებით გამაგრებული გალავნით სამი მხრიდან არის შემოვლებული, ხოლო ჩრდილო კედელი ქარაფოვანი კლდის მძლავრ მასივს გასდევს და ტაძრის ხელოვნურ ბაქანს უერთდება. ნაგებობის ფასადები მოპირკეთებულია მომწვანო-მონაცრისფერო ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ფასადები და გუმბათის ყელი გამშვენებულია სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართებითა და რელიეფური ქანდაკებებით. ტაძარში შესვლა შესაძლებელია სამხრეთისა და ჩრდილოეთ კარებით. შიგა სივრცე იმკობა ორი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობით. ატენის სიონის ფასადზე და ინტერიერში შემორჩენილია, მრავალრიცხოვანი ლაპიდარული (ქვაზე ამოკაწრული ლაკონური აზრის შემცველი წარწერა) და ფრესკული წარწერები. ატენის სიონი არა მარტო ხუროთმოძღვრების, არამედ მასში დაცული კედლის მხატვრობის თვალსაზრისითაც სრულიად გამორჩეული ძეგლია. იგი ფეოდალური ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნაწარმოებია.

ატენის ციხე (საცივის ციხე, ორბელიანის ციხე) - X-XI საუკუნეების ციხე-სიმაგრე გორის რაიონის სოფ. ატენში (ნახ. 1). აგებულია კლდის მიუვალ ქიმზე, რომელსაც ერთ მხარეს საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხარეს კი - აბანოსხევი. იგი ძნელად მისადგომია, ზომით კი დიდი არ არის. კედლები მაღალი და მტკიცე ჰქონია. ციხის ქვედა ნაწილში საკმაოდ მოზრდილი წყალსაცავები ყოფილა მოწყობილი. წყალი თიხის მილებით ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხევიდან მოედინებოდა. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია.

ატესტაცია - ვისამე საქმიანი კვალიფიკაციის, ცოდნის დონის განსაზღვრა, დასკვნა ვისიმე უნარის, ღირსების, ქცევის შესახებ.

ატიკი (ბერძ.) - შენობის მაგვირგვინებელი ლავგარდანის თავზე განლაგებული კედელი, რომელიც პარაპეტისაგან განსხვავდება მეტი სიმაღლითა და პლასტიკური დანაწევრების ხასიათით. ატიკის სიბრტყე ხშირად გამოიყენება წარწერებისა და რელიეფების მოსათავსებლად (მაგ. სატრიუმფო თაღის ატიკი).

ატიპია - არატიპიურობა, ნორმიდან გადახრა.

ატლანტი - საყრდენი მამაკაცის ქანდაკების სახით, რომელიც ასრულებს დეკორატიულ ან ფუნქციურ როლს შენობის, აივნის, კარნიზის და სხვ. დასაყრდნობად (ნახ. 1). განთავსებულია კოლონის ან პილასტრის ადგილზე. რომაულ არქიტექურაში ასეთ ქანდაკებას ტელამონს უწოდებენ. ბერძნული მითოლოგიით ა. იყო გოლიათი, რომელსაც ცის თაღი კისერზე ედგა.

ატმომეტრი - ხელსაწყო წყლის აორთქლების სიჩქარის გასაზომად.

ატმოსფერო - 1. დედამიწის აირისებრი გარსი; 2. წნევის არასისტემური ერთეული. ა. ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი (აღნ. „ატ“) - 1 კგ ძალის მიერ გამოწვეული წნევა, რომელიც თანაბრად არის განაწილებული 1 სმ2 ფართობის მქონე ზედაპირის ნორმალის გასწვრივ 1 ატ = 1 კგ/სმ2 = 98066,5 პა = 0,0980665 მპა = 735,559 მმ ვერცხ.წყ.სვ. = 104 მმ წყ.სვ. = 980665 დინ/სმ2 = 0,980665 ბარი. ა. ფ ი ზ ი კ უ რ ი (აღნ. „ატმ“) - 760 მმ ვერცხ.წყ.სვ.-ის დაწნევა; 1 ატმ = 760 ვერცხ.წყ.სვ. = 10332 მმ წყ.სვ. = 101325 პა = 0,101325 მპა = 1,0332 კგ/სმ2 = 1,0332 ატ = 1013250 დინ/სმ2 = 1,01325 ბარი.

ატმოსფერო დედამიწის - ჰაერის გარემო დედამიწის ირგვლივ, რომელიც ბრუნავს მასთან ერთად, მასით ≈ 5,5•1015ტ. მისი შემადგენლობა დედამიწის ზედაპირთან: 78,1% აზოტი, 21% ჟანგბადი, 0,9% არგონი, ძალზე უმნიშვნელო რაოდენობით ნახშირორჟანგი, წყალბადი, ჰელიუმი, ნეონი და სხვა აირები.

ატმოსფერომედეგი ცეცხლდამცავი ნივთიერება - ნივთიერება, რომელიც გარკვეულ ზღვრებში, უზრუნველყოფს ნაკეთობის ხანგრძლივ ცეცხლდაცვას, რომელიც მუდმივად იმყოფება ატმოსფერული ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ.

ატმოსფერომედეგობა - შენობის, ნაგებობის, ნაკეთობის, მასალის და სხვათა მედეგობა ატმოსფერული მოვლენების (მზე, წვიმა, ქარი, სეტყვა, ქარბორბალა) ზემოქმედებისადმი.

ატმოსფერული (ბუნებრივი) შრობა - ხის მასალის შრობა ბუნებრივ პირობებში, რომელიც წარმოებს ღია საწყობებში ან ფარდულებში. იგი შრობის უძველეს და უმარტივეს სახეს წარმოადგენს. მასალა (ფიცრები, ძელები, ძელაკები) ეწყობა შტაბელებად შპაცების გარეშე (უწყვეტ რიგებად) ან შპაცების გამოყენებით (ფიცრების ნაწიბურებს შორის შუალედების - შპაცების დატოვება). აუცილებელია მაცირკულირებელი ჰაერი თანაბრად გარს ევლებოდეს მასალის ზედაპირს. მერქნის ა.შ. დროს საჭიროა მუდმივი კონტროლი - სისტემატურად კონტროლდება მასალის ტენიანობა და ვიზუალურად აკვირდებიან შრობის შედეგად წარმოქმნილ დეფექტებს. იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება ფიცრების ბოლოების ან გვერდების დაბზარვა, რაც მიგვანიშნებს შრობის პროცესის ინტენსიურობაზე, მაშინ აწარმოებენ შტაბელში ჰაერის მიწოდების შეზღუდვას გვერდითი ფარების მოწყობით. ა.შ. უარყოფითი მხარეა სეზონურობა და პროცესის დიდი დრო, რომელიც ზოგჯერ თვეობით განისაზღვრება, მაგრამ მისი დაბალი ღირებულება და მშრალი მასალის მიღება სიმტკიცის და ფერის დაკარგვის გარეშე ამ მეთოდს მეტად გავრცელებულს ხდის ხის დამმუშავებელ მრეწველობაში. ა.შ. ფართოდ იყენებენ დახერხილი ხის მასალის შესაშრობად პროდუქციის სეზონური გადატვირთვისას (საზღვაო პორტებში), აგრეთვე ისეთ რაიონებში, სადაც ხელი არ მიუწვდებათ კამერულ შრობაზე.

ატომიზატორი - ხელსაწყო სითხის წვრილად გასაფრქვევად.

ატრაქცია (ლათ.) - გეოდეზიაში შვეულის გადახრა რაიმე მძიმე მასის მიზიდულობის ძალით.

ატრიუმი (ლათ.) - 1. რომაული სახლის ცენტრალური ნაწილი, გადახურვის ცენტრში ღიობით, რომლის გარშემო განლაგებულია ძირითადი სადგომები (ნახ. 1). თავდაპირველად ატრიუმის შუაგულში მოთავსებული იყო კერა. შემდგომში ატრიუმი რომაული სახლის ერთ-ერთ საზეიმო დარბაზად იქცა; 2. სვეტებით გარშემორტყმული ეზო გვიან რომაულ და ბიზანტიურ არქიტექტურაში.

აუდიტი (ლათ.) - აუდიტორული ფირმების მიერ განხორციელებული შემოწმება სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრის, სამეურნეო საფინანსო საქმიანობის და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასა და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე, საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის ექსპერტიზა, რომელსაც ატარებენ არასაუწყებო დამოუკიდებელი აუდიტორები.

აუდიტორი (ლათ.) - აუდიტის ჩამტარებელი ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი. იგი აუდიტორულ საქმიანობას ეწევა ინდივიდუალურად, ლიცენზიის საფუძველზე ან აუდიტორული ფირმის მეშვეობით.

აუდიტორია - დიდი, სპეციალურად მოწყობილი ოთახი ან დარბაზი, სადაც მომხსენებელი ზეპირად გამოდის მსმენელების წინაშე (ნახ. 1). ა. დიდი ნაწილი უჭირავს მსმენელებს, რომლებიც ორიენტირებული არიან ერთი მიმართულებით. როგორც წესი, ა. აქვს ერთი ამაღლებული ნაწილი - სცენა, რომლის წინ დაყენებულია ტრიბუნა ან კათედრა. სცენის უკან მოწყობილია დაფა ჩანაწერებისათვის ან ეკრანი ვიდეოინფორმაციისათვის. არის საშუალება პლაკატების განსათავსებლადაც. ა. აქვს დიდი ფანჯრები და მაღალეფექტური განათების სისტემა. აუდიტორიით (აუდიტორიებით) აღჭურვილია ყველა უმაღლესი სასწავლებელი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცენტრები. სკოლებში ა. ეძახიან სააქტო დარბაზს, თეატრებში და კინოთეატრებში - სამაყურებლო დარბაზს.

აუდიტორული დასკვნა - აუდიტორის მიერ სათანადო წესით შედგენილი, ხელმოწერით და ბეჭდვით დამოწმებული ოფიციალური საბუთი, რომელშიც წარმოდგენილია დასკვნა სამეურნეო სუბიექტის ანგარიშგების უტყუარობის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის სისრულის და მოქმედ კანონმდელობლობასთან და დადგენილ ნორმატივთან მისი შესაბამისობის შესახებ. ექსპერტიზის სახით გაწეულ აუდიტორულ მომსახურებაზე ფორმდება საექსპერტო დასკვნა ან აქტი. აუდიტორული კონსულტაციები სამეურნეო სუბიექტებს შეიძლება გაეწიოთ ზეპირად ან წერილობით სათანადო ცნობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გაფორმებით

აუდიტორული საქმიანობა - მოიცავს აუდიტორულ შემოწმებას (აუდიტს), აუდიტორული მომსახურების გაწევას, აგრეთვე აუდიტის ორგანიზაციულ და მეთოდურ უზრუნველყოფას. აუდიტორულ შემოწმებას (აუდიტს) ახორციელებენ აუდიტორები და აუდიტური ფირმები სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. აუდიტორული მომსახურება მოიცავს ბუღალტრულ მომსახურებას, ექსპერტიზას და საკონსულტაციო მომსახურებას საფინანსო, დაბეგვრის და სამეურნეო კანონმდებლობის სხვა სფეროებში. ა.ს. ხორციელდება საქართველოს სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ სამეურნეო სუბიექტების ფინანსური კონტროლისგან დამოუკიდებლად.

აუდიტორული შემოწმება (აუდიტი) - ტარდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (სავალდებულო აუდიტი), აგრეთვე სამეურნეო სუბიექტის ინიციატივით (საინიციატივო აუდიტი) სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე. სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიწვიონ აუდიტორი (აუდიტური ფირმა) სამეურნეო სუბიექტის აუდიტორული შემოწმებისათვის. აუდიტორის შრომა ანაზღაურდება დამკვეთის ხარჯზე.

აუდიტური ფირმა - საწარმო, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიაზე აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია და რომლის ერთადერთი საწესდებო მიზანია აუდიტორული საქმიანობა. ა.ფ. და მის ფილიალს აუდიტორული საქმიანობის უფლება ეძლევა მხოლოდ მაშინ, თუ მათში სულ ცოტა ერთი აუდიტორი მაინც მუშაობს.

აუზი - 1. ხელოვნური წყალსატევი. დანიშნულების მიხედვით არის სალექი, საწმენდი, წყალსაკრები, ჰესის საწნეო, სადღეღამისო რეგულირების და მათანაბრებელი;  2. ფენობრივი დანალექი სასარგებლო წიაღისეულის უწყვეტი გავრცელების დახშული არე;  3. ცურვის ან ბანაობისთვის განკუთვნილი წყლით სავსე კონტეინერი. იგი შეიძლება მოეწყოს როგორც მიწის ზედაპირს ზემოთ, ისე მიწაში. აუზის საშენ მასალად გამოიყენება ტორკრეტირებისთვის განკუთვნილი ბეტონი, მეტალი, პლასმასი ან ბოჭკოვანი მინა. სახლში არსებულ აუზებს კერძო აუზები ეწოდებათ და ისინი ორ ძირთად ფუნქციას ასრულებენ: გამოიყენებიან განტვირთვ-დასვენებისა და ფიზიკური დატვირთვის მიზნით. იგი შეიძლება იყოს ღია (ნახ. 1) ან დახურული. არსებობს სხვა ტიპის აუზებიც, მაგ., პოლივინილქლორიდისაგან დამზადებული გასაბერი აუზი (ნახ. 2), რომლებიც  ძირითადად  ღია ცის ქვეშ გაგრილების მიზნით გამოიყენება, საბავშვო აუზი, პლაჟისებური აუზი, სპა-აუზი (აღწურვილი გათბობის სისტემით), ჯაკუზი (ყველაზე უფრო კომფორტული და ძვირადღიებული ა. აღჭურვილი ტუმბოთი, რომელიც გრილ ჰაერს ურევს თბილ ან ცხელი წყლით სავსე აუზში) და სხვ.

აული - 1. წარსულში მომთაბარე, დღეს ბინადარი დასახლება შუა აზიაში; 2. ჩრდილო კავკასიაში განლაგებული დასახლება, სოფელი (ნახ. 1).

აუსტენიტი - 1. რკინისა და მისი შენადნობების მაღალტემპერატურული წახნაგდაცენტრებული მოდიფიკაცია; 2. ფოლადებსა და თუჯში ერთ-ერთი ძირითადი ფაზა; უმეტეს შემთხვევებში, როგორც თერმოდინამიკური ფაზა, არსებობს მხოლოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში; მაღლად ლეგირებულ ფოლადებსა და თუჯში - ოთახის ტემპერატურის პირობებში, ხოლო ლეგირებულ ფოლადებსა და თუჯში ა. არის ნახშირბადის მრავალკომპონენტიანი მყარი ნადნობისა და რკინის ლეგირებული ელემენტების ერთობლიობა.

აუტოგეზია - კავშირი (მიკვრა, მიწებება) ორ ერთგვაროვან მყარ ან თხევად სხეულების ზედაპირებს შორის.

აუტრაიტი - მარტივი ვადიანი სავალუტო გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფულის გადახდას მონაწილე მხარეების მიერ მკაცრად განსაზღვრული „ფორვარდის“ კურსით.

აუტსაიდერი (ინგლ.) - 1. საწარმო, ძირითადად მცირე და საშუალო, რომელიც არ შედის მონოპოლისტურ გაერთიანებაში; 2. შეჯიბრებაში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე გასული სპორტსმენი ან გუნდი; 3. გადატ. ჩამორჩენილი.

აუქციონი - 1. ცალკეული ნივთის ან ნივთების გარკვეული რაოდენობის (პარტიების) საჯარო გაყიდვა წინასწარ დათქმულ ადგილსა და დროს, როდესაც მომავალი მესაკუთრე ვლინდება ყველაზე მეტი საფასურის გადახდით; 2. ბროკერების საშუალებით ფასიანი ქაღალდებით ბირჟაზე ვაჭრობა; 3. საგარეო ვაჭრობაში გავრცელებული საქონლის ლოტებად ან ცალკეულ ნივთად გასაღების ხერხი, როდესაც პოტენციური მყიდველისთვის საქონელი ან ნიმუში გამოფენილია დასათვალიერებლად; 4. ქონების იძულებითი გაყიდვის ფორმა ვალების დაფარვის მიზნით; 5. საჯარო ვაჭრობა.

აუცილებელი და საკმარისი პირობა - პირობა, რომლის შესრულებისას მოცემული მტკიცებულება სწორია, ხოლო არ შესრულებისას - არასწორია.

აუცილებელი პირობა - პირობა, რომლის შეუსრულებლობისას მოცემული მტკიცებულება არ შეიძლება სწორი იყოს.

აფეთქება - დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობის ენერგიის გათავისუფლება შეზღუდულ მოცულობაში. მყარ გარემოში აფეთქება იწვევს მექანიკურ ზემოქმედებას სხეულზე, რასაც თან სდევს მისი რღვევა და მსხვრევა. სამშენებლო მასალების მოპოვების, გვირაბების, არხების და გზების გაყვანის სამუშაოების წარმოების დროს აფეთქების ტექნოლოგია არის მთის ქანების კონტროლირებადი რღვევა, გადაადგილება და სტრუქტურისა და ფორმის შეცვლა. ენერგიის წყაროს წარმოადგენს ასაფეთქებელი ნივთიერება. აფეთქების სახეებია: ავარიული, ატომური (ნახ. 1), დაყოვნებული, დემოგრაფიული, მასობრივი, მეორეული, მიმართული, მოცულობითი, სერიული, პირველადი, ფიზიკური, ქიმიური, ცეცხლოვანი (ნახ. 2, ცეცხლოვან აფეთქებათა დემონსტრაცია ავიაციურ შოუზე), წყალქვეშა და სხვ.

აფეთქება ავარიული - აფეთქება, რომელიც მოხდა წარმოების ტექნოლოგიის დარღვევის, მომსახურე პერსონალის, ან პროექტირების სტადიაზე დაშვებული შეცდომის შედეგად.

აფეთქება დემოგრაფიული - ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და ამის შედეგად - დედამიწის მოსახლეობის ზრდა, რასაც ხელი შეუწყო მედიცინაში მიღწევებმა, საქმიანობისა და ყოფის კომფორტულობის ამაღლებამ, სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციამ და პროდუქტიულობის ზრდამ. შობადობის მაღალი დონე დამახასიეთებელია მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში (აფრიკის, ცენტრალური ამერიკის, ახლო და შუა აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, ინდოეთი და ჩინეთი)

აფეთქება მიმართული - აფეთქების სახეობა, რომლის დროსაც მთის წარმონაქმნი გადაადგილდება წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით, განსაზღვრულ მანძილზე.

აფეთქება მოცულობითი - აირჰაერის, მტვერჰაერის ან მტვერაირის ღრუბლის დეტონაციური ან დეფლაგრაციული აფეთქება.

აფეთქება მტვერჰაერის ნარევის - აფეთქება, როდესაც საწყისი მაინიცირებელი იმპულსი წარმოქმნის მტვერს, რაც მომდევნო ძლიერ აფეთქებას იწვევს.

აფეთქება ფიზიკური - აფეთქება, გამოწვეული ნივთიერების ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებით.

აფეთქება ქიმიური - ნივთიერების სწრაფი ქიმიური გარდაქმნით გამოწვეული აფეთქება, რომლის დროსაც პოტენციალური ქიმიური ენერგია გადადის აფეთქების გაფართოებადი პროდუქტების თბურ და კინეტიკურ ენერგიაში.

აფეთქებადი ნივთიერებები - ქიმიური ნაერთები ან ნარევები, რომლებსაც გარე იმპულსის (დარტყმა, სითბო) ზემოქმედებით დიდი სიჩქარით გავრცელებადი ქიმიური რეაქციის უნარი აქვთ აირადი პროდუქტების წარმოქმნით და სითბოს გამოყოფით, რასაც თან ახლავს დარტყმითი ტალღის გაჩენა. ასეთი ნივთიერებებია: ტროტილი (ტრინიტროტოლუოლი), მრგვინავი ვერცხლისწყალი, დენთი, ნიტროგლიცერინი, ტეტრაზენი, ტრინიტრიქსილოლი, ტრინიტროფენოლი, ამონალი, ამონიტი, ჰექსოგენი, ნიტროცელულოზა, დინამიტი, დეტონიტი და სხვ.

აფეთქებათა მიზეზი - ხანძარი და პირიქით, აფეთქება შეიძლება გახდეს შემდგომი ხანძრის მიზეზი.

აფეთქებასაშიში წარმოებები (E კატეგორიის) - მიეკუთვნება წარმოებები სადაც: ა) წვადი აირების და აფეთქებასაშიში მტვრის ისეთი კონცენტრაციაა, რომ მათ შეუძლიათ შექმნან აფეთქებასაფრთხო ნარევი სათავსის მოცულობის 5%-ზე მეტ მოცულობაში იმ პირობით, რომ, ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, შესაძლებელია მხოლოდ აფეთქება (შემდგომი წვის გარეშე); ბ) გამოიყენება ნივთიერებები, რომლებიც წყალთან, ჟანგბადთან ან ერთმანეთთან ურთიერთზემოქმედებით შეიძლება აფეთქდნენ (შემდგომი წვის გაგრძელების გარეშე). E კატეგორიას მიეკუთვნება: სუფთა ლითონების ელექტროლიზის მეთოდით მიღება, წყალბადის გარემოში ლითონების აღდგენა, წყალბადის, აცეტილენის და კალციუმ-კარბიდის საწყობები და სხვ.

აფეთქებახანძარსაშიში წარმოებები (A კატეგორიის) - მიეკუთვნება წარმოებები, სადაც: ა) გამოიყენება ნივთიერებები, რომელთაც უნარი აქვთ აფეთქდნენ ან დაიწვან წყალთან, ჟანგბადთან ან ერთმანეთთან ურთიერთმოქმედებით; ბ) წვადი აირების აალების ქვედა ზღვარი ჰაერის მოცულობის 10%-ზე ნაკლებია; გ) გამოყენებულია წვადი სითხეები, რომელთა ორთქლის აფეთქების ტემპერატურა 2800C-მდეა და ამ სითხეებს, ან აირებს შეუძლიათ შექმნან აფეთქებასაშიში ნარევი სათავსის მოცულობის 5%-ზე მეტ მოცულობაში. A კატეგორიას მიეკუთვნება წარმოებები, სადაც მიიღება ან გამოიყენება გოგირდნახშირბადი, ეთერები, აცეტონი, ბენზინი, ბენზოლი და სხვ.

აფეთქებახანძარსაშიში წარმოებები (Б კატეგორიის) - მიეკუთვნება წარმოებები, სადაც გამოიყენება წვადი აირები, რომელთა აალების ქვედა ზღვარი ჰაერის მოცულობის 10%-ზე მეტია; ბ) წვადი სითხეების ორთქლის ფეთქვის ტემპერატურა 280-დან 6100C-მდეა; გ) სითხეები წარმოების პირობებში ხურდებიან ფეთქვის ტემპერატურამდე და ზემოთ; დ) წვადი მტვრის და ბოჭკოების აალების ქვედა ზღვარი 65 გ/მ3 და ნაკლებია; დაცულია პირობა, რომ ამ აირებს, სითხეებს და მტვერს შეუძლიათ შექმნან სათავსის მოცულობის 5%-ზე მეტ მოცულობაში აფეთქებასაშიში ნარევი. Б კატეგორიას მიეკუთვნება ამიაკის საკომპრესორო სადგურები, დეტალების ნავთით რეცხვის პროცესი, გოგირდისა და ჟანგბადის საწყობები, სპირტოვანი და ზეთოვანი საღებავების საწყობები და სხვ.

აფეთქებითი სამუშაოები - სამუშაოები, რომელიც სრულდება აფეთქებით ბუნებრივ (სამთო ქანები, მერქანი, ყინული) ან ხელოვნურ (ბეტონი, ლითონი, ქვის ან აგურის წყობა) მასალებზე კონტროლირებადი რღვევის და გადაადგილების, ან სტრუქტურის და ფორმის შეცვლის მიზნით. ა.ს. ხორციელდება ასაფეთქებელი ნივთიერებებით აფეთქების საწყისი იმპულსის მისაცემად ბიკფორდის ზონარის ან ელექტროდეტონატორის საშუალებით. ა.ს. გამოყენების არე საკმაოდ ფართეა, თუმცა ძირითადია სამთო საქმე, ჰიდროტექნიკური და სატრანსპორტო მშენებლობა.

აფეთქების სიჩქარე - ფეთქებადი ნივთიერების მუხტში ფეთქებადი გარდაქმნის რეაქციის გავრცელების ხაზოვანი სიჩქარე.

აფეთქების ხვედრითი სიმძლავრე - ფეთქებადსაშიში სისტემის მოცულობის ერთეულში დროის ერთეულში გამოყოფილი ენერგია

აფინაჟი (ფრანგ.) - ძვირფასი ლითონების (ოქრო, პლატინა, ვერცხლი) მინარევებისაგან გამოყოფის პროცესი, მაღალი სინჯის საბოლოო პროდუქტის მიღების მიზნით.

აფრა - 1. პანდატივი, ყურე; სფერული სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც სწორკუთხა ფუძიდან გუმბათოვანი გადახურვისკენ გადასვლის საშუალებას იძლევა, ავსებს ოთხკუთხა სადგომის კედლებზე ამოყვანილ თაღებს შორის კუთხეებში დარჩენილ სივრცეს (ნახ. 1). აფრა, როგორც კონსტრუქციული და მხატვრული სისტემა, პირველად გამოიყენეს ბიზანტიელმა ხუროთმოძღვრებმა VI საუკუნეში (აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში). საქართველოში ჩნდება VIII-IX საუკუნეებში და ცვლის მანამდე გავრცელებულ ტრომპებს. საბოლოოდ კი X საუკუნიდან მკვიდრდება; 2. ბოყვი; ფიცრული სახლის კედელში ვერტიკალურად დაყენებული, ერთი ან ორ მხრიდან გრძივად ამოღარული სქელი ფიცარი ან დგარი. ნაღარში დატანებულია კედლის ფიცრების თავები; 3. იალქანი ხომალდის ან ნავის ანძაზე მიმაგრებული საგანგებო ტილო (ნახ. 2) ხომალდის ასამოძრავებლად ქარის ძალის გამოყენებით.

აფრაკი - ძვ. პირმრუდე ფიცარი.

აფრისი - იხ. ტილო.

აფროვანი კამარა - სფერული ზედაპირის ვერტიკალური სიბრტყეებით წაკვეთით მიღებული სხეულის ფორმის კამარა (ნახ. 1).

აფსიდა (ბერძ.) - შენობის ნაწილი, გეგმით წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის მოცულობა, რომელიც გადახურულია წრიული (ნახ. 1) ან მრავალწახნაგა ნახევარგუმბათით. ქრისტიანულ ტაძარში ა. ჩვეულებრივ აღმოსავლეთკენაა მიმართული და მასში მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი.


აფსკი (ფირი) - 1. რაიმეს ზედაპირზე სხვა ნივთიერებისაგან წარმოქმნილი თხელი ფენა; 2. ბუნებრივი ან ხელოვნური მასალისაგან დამზადებული რულონური (ფურცლოვანი) სახის მასალა, რომელიც ძირითადად რაიმე ზედაპირის დასაფარავად გამოიყენება.

აფსკური მასალები - თხელი ფურცლოვანი მოქნილი მასალები ბუნებრივი (ცხოველების ბუშტები, ნაწლავის აფსკები) ან სინთეზური (პოლისტიროლი, პოლიამიდი) წარმომავლობით. ისინი შეიძლება იყოს ორგანული და არაორგანული წარმოშობის. ორგანული ა.მ. განსხვავდებიან იგივე პოლიმერის საფუძველზე დამზადებული ქსოვილებისაგან უფრო მაღალი წყალმედეგობით, ჰაერგაუმტარებლობით, შუქგამტარობით, ელექტროსაიზოლაციო თვისებებით, არა აქვს ფორები, იაფია. სინთეზური აფსკები მიიღება თერმოპლასტიკური პოლიმერებისაგან:  1. ლითონის გლუვ ზედაპირზე პოლიმერის ხსნარის დასხმით, შემდეგში ზედაპირიდან გამხსნელის აორთქლებით (ეთერცელულოზას აფსკი);  2. ლითონის გლუვ ზედაპირზე პოლიმერის ხსნარის დასხმითა და გადნობით (პოლიამიდური აფსკები);  3.  მილში დაწნეხის გზით, რომელიც სწრაფად გამოედინება ფილერში (ნახვრეტში) და დაიტანება ლითონის ან მერქნის ზედაპირზე დაჭირხნილი ჰაერის დახმარებით (პოლიეთილენური, პოლისტიროლური აფსკები);  4. პლასტიფიცირებული პოლიმერის კალანდვრით (აფსკური ვინიპლასტი);  5. ნამზადისაგან თხელი აფსკის მექანიკური ჩამოთლით (შპონი) შემდგომი კალანდვრით (პოლიტეტრაფთორეთილენური აფსკი);  6. პოლიმერის ხსნარების კოაგუიაციით (ცელოფანი) და სხვ. მოლეკულების სტრუქტურისა და უნარის - გამოშრობისას შევიდნენ ქიმიურ რეაქციაში ა.მ. იყოფა ორ ჯგუფად: გარდაქმნადი და არაგარდაქმნადი. გ ა რ დ ა ქ მ ნ ა დ  ა.მ. მიეკუთვნება სინთეზური რეაქციული ოლიგომერები (ალკიდური, ეპოქსიდური, ფენოლ-ალდეჰიდური, პოლიეთერული ფისები) და მცენარეული ზეთები, რომლებსაც თვისება აქვთ გაცხელების, დაჟანგვის, კატალიზატორების ზემოქმედებით ან სხვა ფაქტორებით, გამყარდეს მტკიცე და არადნობადი აფსკების სახით. ა რ ა გ ა რ დ ა ქ მ ნ ა დ ი ა.მ. (ცელულოზას ეთერები, ზოგიერთი პოლიაკრილატი, პერქლორვინილური ფისები, ბიტუმი) ქმნიან აფსკებს გამხსნელის აორთქლების ან მდნობელის გაცივების შედეგად. არაგარდაქმნადი ა.მ. უპირატესობა გარდაქმნადებთან - დიდი სისწრაფე და გამოშრობის დაბალი ტემპერატურა, ნაკლი - დაბალი ქიმიური მედეგობა.

აფტერშოკი (ინგლ.) - ძლიერი მიწისძვრის მომდევნო სუსტი ბიძგი მთავარი კერის მახლობლად.

აქატი (იტალ.) - კვარცის ჯგუფის მინერალ ქალცედონის ერთ-ერთი ულამაზესი ზოლიანი სახესხვაობა. სხვადასხვაფერი ზოლები ამ ქვას ძლიერ მიმზიდველობას ანიჭებს. არსებობს: ნაცრისფერი, რძისებრ თეთრი, მონაცრისფრო-მოცისფრო, მწვანე, ყავისფერი, ვარდისფერი, ლურჯი, შავი. აქატისაგან ამზადებენ სამკაულებს. იგი ტექნიკაშიც გამოიყენება. საბადოები მრავლადაა, საყოველთაოდ ცნობილია საქართველოს (ახალციხის) საბადო.

აქროლა (სუბლიმაცია) - გაცხელებისას ნივთიერების უშუალო გადასვლა მყარი მდგომარეობიდან აირადში თხევადი ფაზის გვერდის ავლით. ტექნიკაში წ.ა. იყენებენ მყარი ნივთიერების განსაწმენდად მინარევებისაგან, აგრეთვე კოსმოსური აპარატების სითბური დაცვისათვის.

აქსელერატორი (ლათ.) - 1. მოწყობილობა, რომელიც აწესრიგებს საწვავი ნარევის მიწოდებას კარბიურატორიდან შიდაწვის ძრავას ცილინდრებში ბრუნვათა რიცხვის შესაცვლელად; 2. პედალი, რომელიც ამოქმედებს ამ მოწყობილობას; 3. ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს თანაფარდობას ინვესტიციებისა და შემოსავლების ცვალებადობას შორის. ინვესტიციის ნამატის ფარდობა შემოსავლის ნამატთან

აქსესუარი - 1. მეორეხარისხოვანი, დამატებით რაიმე, რაც ახლავს მთავარს, ძირითადს; 2. რისამე კუთვნილება; 3. (თეატ.) წვრილ-წვრილი სასცენო ნივთები.

აქსიალური ვექტორი (ღერძული ვექტორი) - ვექტორი, რომლის მიმართულება იცვლება კოორდინატთა მარჯვენა სისტემიდან მარცხენაზე გადასვლისას ან მარცხენიდან მარჯვენაზე გადასვლისას. ასეთ ვექტორს აგრეთვე ფსევდოვექტორს უწოდებენ. ა.ვ. მაგალითებია: ორი ვექტორის ვექტორული ნამრავლი; ვექტორული კუთხური სიჩქარე.

აქსიალური ძალთა ველი - ძალთა ველი, რომელშიც ძალების ფუძეები არიან წრფეები, რომლებიც მართი კუთხით კვეთენ რაიმე წრფეს (ღერძს).

აქსიომა (ბერძ.) - დებულება, რომლის ჭეშმარიტება თავისთავად ცხადია, უეჭველია და დასაბუთება არ სჭირდება. ტერმინი "აქსიომა" პირველად შემოიღო არისტოტელემ და მათემატიკაში შევიდა ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსებისაგან. ეს ტერმინი მეცნიერებიდან სასაუბრო ენაშიც დამკვიდრდა, როგორც თავისთავად ცხადი დებულების სინონიმი. აქსიომას ზოგჯერ პოსტულატს ან პრინციპს უწოდებენ.

აქსიომატური მეთოდი - მეცნიერული თეორიის აგების ხერხი, რომლის დროსაც თეორიას საფუძვლად უდებენ გარკვეულ საწყის დებულებებს; ამ დებულებებს უწოდებენ თეორიის აქსიომებს, ხოლო თეორიის ყველა დანარჩენი წინადადება მიიღება, როგორც აქსიომების ლოგიკური შედეგი.

აქსოიდა - მყარი სხეულის უძრავი წერტილის გარშემო ბრუნვისას დროის ყოველ აღებულ მომენტში სხეულს გააჩნია ბრუნვის მყისი ღერძი, რომელიც დროის სხვადასხვა მომენტისათვის სხვადასხვაა, მაგრამ ყველა ღერძი გადის მოცემულ უძრავ წერტილზე. ამიტომ დროის სასრულ შუალედში ბრუნვის მყისი ღერძების ერთობლიობა ქმნის კონუსურ ზედაპირს, რომელსაც აქსოიდა ეწოდება (ნახ. 1). უძრავი წერტილის გარშემო სხეულის ბრუნვის მყისი ღერძების გეომეტრიულ ადგილს კოორდინატთა უძრავი სისტემის მიმართ ეწოდება უძრავი აქსოიდა, ხოლო კოორდინატთა მოძრავი სისტემის მიმართ - მოძრავი აქსოიდა.

აქსონომეტრია - სივრცითი სხეულის სიბრტყეზე გამოსახვის ერთ-ერთი ხერხი. სხეული მასთან მიბმული კოორდინატთა სისტემით გეგმილდება რაღაც სიბრტყეზე. არსებობს ორი სახის: ი ზ ო მ ე ტ რ ი ა, როდესაც მონაკვეთის სამივე კოორდინატი იცლება ერთნაირად (ნახ. 1, შენობის ხედი იზომეტრიაში) და დ ი მ ე ტ რ ი ა - იცვლება მხოლოდ 2 კოორდინატა (ნახ. 2, დეტალის ჭრილი დიმეტრიაში).

აქტი - 1. სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ოფიციალური დოკუმენტი (კანონი, ბრძანებულება, დეკრეტი, დადგენილება და ა.შ.); 2.ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებს (არის თუ არა ისინი იურიდიულად სავალდებულო).

აქტივაციის ენერგია - მინიმალური ენერგია, რომელიც სჭირდება ნაწილაკებს, რათა მათი დაჯახებისას დაიწყოს ქიმიური რეაქცია.

აქტივების ღირებულება - აქტივების შეძენის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა გადახდილი მოსაკრებლისა ან საბაჟო გადასახადისა.

აქტივი (ლაღ.) - 1. საკუთრების ობიექტი (ნაღდი ფული, ფასიანი ქაღალდები, მანქანა-დანადგარები, შენობა-ნაგებობები, საბანკო ანაბრები, პატენტი, ინვესტიციები და სხვ.), რომელიც შეფასებულია ფულში და ეკუთვნის ინდივიდს ან ფირმას. დასავლეთის პრაქტიკაში - აგრეთვე საქმიანი რეპუტაცია); 2. სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთიდან მიღებული ფულადი შემოსავლების სიჭარბე საზღვარგარეთ გაწეულ ხარჯებთან შედარებით; 3. წარმოების ბალანსის ნაწილი, რომელშიც შედის ყველა სახის მატერიალური ფასეულობანი (ფული, საქონელი და სხვ.) და მოთხოვნები; 4. რაიმე ორგანიზაციის, კოლექტივის ყველაზე მოწინავე და მოქმედი ნაწილი.

აქტიური მონიტორინგი - მიმდინარე საქმიანობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საშიში საწარმოო ფაქტორების და რისკების თავიდან ასაცილებელი და დამცავი მართვის სისტემის გამოყენების ღონისძიებები დადგენილ კრიტერიუმებს.

აქტუარი (ლათ.) - დაზღვევის საქმის სპეციალისტი, რომელიც დაკავებულია სადაზღვევო შენატანების, პენსიებისა და ა.შ. გაანგარიშებით

აქცეპტანტი - პირი, რომელიც იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს წარმოდგენილი ანგარიშის, თამასუქის მიხედვით.

აქცეპტი (ლათ.) - თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე.

აქცია (ფრანგ.) - ფასიანი ქაღალდი, გამოშვებული აქციონერთა საზოგადოების მიერ, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს, მიიღოს დივიდენდი აქციონერთა საზოგადოების მოგებიდან. შემოსავლის სიდიდის მიხედვით განასხვავებენ ჩვეულებრივ და პრივილეგიურ (შეღავათიან) აქციებს. ჩვეულებრივი ა. მფლობელებისათვის შემოსავლები მერყეობს მოგების ნორმის შესაბამისად, პრივილეგირებულისათვის კი განაწილებული შემოსავლები არ იცვლება - იგი წინასწარ დადგენილი, ფიქსირებული სიდიდეა; 2. რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიკური მიზნის მისაღწევად წამოწყებული ქმედება (შეკრება, დემონსტრაცია, მიტინგი და სხვ.).

აქცია სახელობითი - აქცია, რომლის მოძრაობა ფიქსირებულია აქციონერთა საზოგადოების აქციების რეგისტრაციის ბლანკზე. აქციონერთა საზოგადოების წესდება შეიძლება მოიცავდეს დამატებით წესებს, რომლებიც არეგულირებენ საზოგადოების მიერ გამოშვებული სახელობითი აქციების მოძრაობას.

აქცია ჩვეულებრივი - აქცია, რომლის მფლობელსაც ენიჭება აქციონერის ყველა ქონებრივი და პიროვნული უფლება: ა) დივიდენდის მიღების უფლება კორპორაციის მოგების სიდიდის მიხედვით; ბ) კორპორაციის მართვაში მონაწილეობის უფლება კრებებზე ხმის მიცემის გზით; გ) ქონებრივი ნაწილის მიღების უფლება კრედიტორებთან ანგარიშის გასწორების შემდეგ, კორპორაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში. უფლების რეალიზაცია ხდება აქციის სიდიდის პროპორციულად.

აქციები ბონუსური - აქციები გადაცემული ანდერრაიტერისათვის (გამოშვების გარანტი) საკომისიოს სახით მომსახურებისათვის.

აქციები გაორმაგებული - ორი კომპანიის ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც იმართება ერთი და იმავე საინვესტიციო კომპანიის მიერ და იყიდება როგორც მთლიანი.

აქციები ვინკულირებული - სახელობითი აქციები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს, მხოლოდ მათი გამომშვები სააქციო საზოგადოების თანხმობით. ისინი გამოიშვება იმ მიზნით, რათა გავიგოთ ვინ წარმოადგენს აქციონერს და აუცილებლობის შემთხვევაში გამოირიცხოს პირთა გარკვეული კატეგორია მათი რიცხვიდან.

აქციები კონვერტირებადი - აქციები, რომლებიც შეიძლება გადავცვალოთ პრივლეგირებულ ან ჩვეულებრივ აქციებზე ფიქსირებული ფასით განსაზღვრულ ვადაში. კონვერსიის პირობები, პრივილეგიები და მათი მოქმედების ვადა დაწვრილებით მიეთითება პროსპექტში.

აქციები კუმულაციური - პრივილეგირებული აქციები, რომელთა მფობელებს შესაძლოა გადაეხადოთ დივიდენდები, რომლებიც დაგროვდა მრავალი წლის მანძილზე და რომლის გასტუმრება კორპორაციამ ვერ შეძლო ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო.

აქციები ოქროს - აქციები ხმის განსაკუთრებული უფლებით, რომლებიც განსაზღვრულ პირობებში გამოშვებისას დათქმული ვადის განმავლობაში (3 წლამდე) აძლევს მის მფლობელს ვეტოს დადების უფლებას აქციონერთა კრების გადაწყვეტილებებზე. კერძოდ, ცვლილებების შეტანაზე საზოგადოების წესდებაში, მისი რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შემთხვევაში; სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების დაგირავების, იჯარით გაცემის, გაყიდვის, გასხვისების უფლებას. ა.ო. შესაძლებლობას იძლევა შევინარჩუნოთ სახელმწიფო კონტროლი სააქციო საზოგადოებაზე.

აქციები წარმომდგენზე - აქციები, რომელთა უფლებამოსილი მფლობელია მათი წარმომდგენი. უფლებათა გადაცემა ასეთი აქციების მიხედვით წარმოებს დოკუმენტის ფაქტობრივი გადაცემით. აქციები წარმომდგენზე გამოიცემა მხოლოდ მათი სრული ანაზღაურებისას.

აქციების ერთობლივი შემოსავალი - დივიდენდების ჯამს დამატებული აქციების კურსის ცვლილება.

აქციების საკონტროლო პაკეტი - გამოშვებული აქციების მთლიანი თანხის ის ნაწილი, რომელიც მის მფლობელს სააქციო საზოგადოებაში ხმების გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს.

აქციზი - საერთო-სახელმწიფოებრივი არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის მიწოდებისას მის ფასთან ერთად. საქართველოში აქციზური საქონლის წარმოება ან იმპორტი იბეგრება აქციზით, თუ ეს საქონელი განთავისუფლებული არ არის გადასახადისაგან.

აქციის კურსი - ფასი, რომლითაც მოცემულ მომენტში ხდება კონკრეტული აქციონერთა საზოგადოების აქციების ყიდვა-გაყიდვა საფონდო ბირჟებზე, სასაქონლო ბირჟების საფონდო განყოფილებებში, ბანკებსა და საბროკერო კანტორებში. აქციის კურსი უპირატესად დამოკიდებულია დივიდენდის განაკვეთსა და სასესხო პროცენტის განაკვეთს შორის თანაფარდობაზე. მაგ., თუ დივიდენდის განაკვეთი უდრის 18%-ს, ხოლო სასესხო პროცენტის განაკვეთი - 12%-ს, მაშინ აქციის კურსი შეადგენს მისი ნომინალური ფასის 150%-ს, ანუ აქცია 100 დოლარის ნომინალური ფასით ეღირება არანაკლებ 150 დოლარისა. ა.კ. დინამიკაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება.

აქციონერთა საზოგადოება (სააქციო საზოგადოება) - იურიდიული პირი, რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნომინალური ღირებულება დგინდება კანონმდებლობით. საზოგადოების ყველა დოკუმენტი აღირიცხება საზოგადოების წიგნში, რასაც ადასტურებს ყველა დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხელის მოწერით. ა.ს. უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ცვლის წესდებას, ამტკიცებს გეგმებს, ირჩევს აქციონერთა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს. საერთო კრებაზე კენჭისყრა ტარდება პრინციპით: ერთი აქცია - ერთი ხმა. აქციონერთა მთავარი მოვალეობაა გადაიხადონ შესატანი განსაზღვრული აქციის მისაღებად. მათი პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებების მიმართ შემოიფარგლება აქციების შესაძენად გადახდილი თანხით, ანუ წილით სააქციო საზოგადოების კაპიტალში, ხოლო მათი წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად. არ შეიძლება მიეცეთ აქციონერებს სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. საწესდებო კაპიტალი და აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება სათანადოდ რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების წესდებით.

აქციონერი - 1. აქციის მესაკუთრე ან ნომინალური მფლობელი; 2. სერტიფიკატის მფლობელი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების, კაპიტალისა და მიღებული მოგების ნაწილზე, ასევე დირექტორების არჩევასა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის მიღების იურიდიულ უფლებას.

აღალი - 1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ცოცხალი გამწევი ძალის მეშვეობით მოდის მოძრაობაში; 2. ურმებისა და საზიდრების ქარავანი.

აღდგენადობა - ნაკეთობის პარამეტრების დასაშვები (ხშირ შემთხვევაში - საწყისი) მნიშნველობების აღდგენის შესაძლებლობა მტყუნებებისა და უწესივრობების მოცილების შედეგად (მაგ., მწყობრიდან გამოსული ნათურის შეცვლა რადიომიმღებში). ა. შეფასება ხდება ნაკეთობის აღდგენილი პარამეტრის შედარებით ამ პარამეტრის საწყის (ნორმატიულ) მნიშვნელობასთან. განასხვავებენ ნაკეთობებს აღდგენადსა და აღუდგენელს.

აღდგენის კოეფიციენტი - პირობა, რომელიც დარტყმის დროს ითვალისწინებს ნივთიერი წერტილისა და ზედაპირის ფიზიკურ თვისებებს. ეს პირობა ი. ნიუტონმა გამოსახა შემდეგი ჰიპოთეზის სახით: უძრავ ზედაპირზე ნივთიერი წერტილის დარტყმის შემდეგ მიღებული სიჩქარის ნორმალური მდგენელის სიდიდისა და დარტყმამდე სიჩქარის ნორმალური მდგენელის სიდიდის ფარდობა არის ფიზიკური მუდმივა. ამ მუდმივას ეწოდება აღდგენის კოეფიციენტი (k). იგი იცვლება 0-სა და 1-ს შორის, ე.ი. 0 ≤ k ≤ 1. თუ k = 0, მაშინ დარტყმას ეწოდება სავსებით არადრეკადი. თუ k = 1, მაშინ დარტყმას ეწოდება სავსებით დრეკადი. თუ 0 < k < 1, მაშინ დარტყმას დრეკადი ეწოდება.

აღმართი - გზა, რომელიც ზევით მიემართება.

აღმოჩენა - 1. მატერიალურ სამყაროში ობიექტურად არსებული, მაგრამ ადრე უცნობი კანონზომიერების, თვისების ან მოვლენის დადგენა; 2. ახლად დადგენილი მნიშვნელოვანი დებულება.

აღნაგობა - 1. მიწის ნაკვეთის გადაცემა ვადიან სარგებლობაში ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლებით. ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. ა. უფლების ვადა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს; 2. მთის ქანების მარცვლოვანი შემადგენლობა (წვრილმარცვლოვანი, მსხვილმარცვლოვანი, ბოჭკოვანი და სხვა); 3. ადამიანის ფიზიკური გარეგნობა, შესახედაობა, ტანადობა; 4. იგივეა, რაც აგებულობა.

აღორძინება - რენესანსი, პირობითი ტერმინი, რომელიც გამოიყენება ცენტრალურ XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში. გამონაკლისს წარმოადგენს იტალია, სადაც ადრინდელი აღორძინება იწყება XIV საუკუნეში. ტერმინი "აღორძინება" შეპირობებულია ბურჟუაზიის აღმოცენების ეპოქის უდიდესი ინტერესით ანტიკური კულტურის მატერიალისტური (ფილოსოფიაში) და რეალისტური (ხელოვნებაში) ელემენტებისადმი.

აღრიცხვა - რაიმეს რაოდენობის, შეჯამების პროცესი რეალური რაოდენობის დადგენის მიზნით.

აღსადგენი ობიექტი - ობიექტი, რომლისთვისაც განსახილველ სიტუაციაში მუშაობის უნარის აღდგენა გათვალისწინებულია ნორმატიულ-ტექნიკური ან საკონსტრუქტორო დოკუმენტაციით.

აღწარმოება (კვლავწარმოება) - ერთი და იმავე პროდუქციის ხელახალი წარმოება.

აღჭურვილობა - ტექნოლოგიური და სხვა დამხმარე მანქანა-დანადგარებით და ნაკეთობებით წარმოების აღჭურვა ანუ მოწყობილობა.

აყალო - იგივე თიხა.

აყრდნობილი სვეტი - კედლის სვეტი, პილასტრი; ვერტიკალური გამონაშვერი კედლის სიბრტყიდან, რომელიც იმეორებს რომელიმე ორდერის სვეტის მწყობრს და წარმოადგენს დეკორაციულ ელემენტს ან კედლის კონსტრუქციულ შესქელებას.

აჩქარება - წერტილის სიჩქარის ვექტორის რიცხვითი მნიშვნელობისა და მიმართულების ცვალებადობის სისწრაფის მახასიათებელი. სწორხაზოვანი მოძრაობის დროს საშუალო აჩქარება ტოლია სიჩქარის ნაზრდის ∆ν ფარდობისა დროის იმ მონაკვეთთან ∆t , რომელშიც მოხდა ეს ზრდა: w=∆ν/∆t.  აჩქარება პირდაპირპროპორციულია ამ წერტილზე მოქმედი ძალის და უკუპროპორციულია მისი მასის. აჩქარების ვექტორი ემთხვევა ძალის მოქმედების ვექტორს. მრუდხაზოვანი მოძრაობის დროს აჩქარება შედგება მხები და ნორმალური აჩქარებებისაგან. აჩქარების სახეებია: სიმძიმის ძალის ანუ თავისუფალი ვარდნის, კორიოლისის, ცენტრიდანული და ცენტრისკენული, თანაბარი, ფარდობითი და სხვ..

აჩქარება გადატანითი მოძრაობისას - მყარი სხეულის ნებისმიერი წერტილის აჩქარება სხეულის გადატანითი მოძრაობისას.

აჩქარება კორიოლისის (მაბრუნებელი აჩქარება) - წერტილის აჩქარება რთული მოძრაობის დროს; იგი ტოლია ათვლის მოძრავი სისტემის ვექტორული კუთხური სიჩქარისა და განსახილველი მოძრავი წერტილის ფარდობით სიჩქარის გაორკეცებული ვექტორული ნამრავლისა

აჩქარება მხები (ტანგენციური აჩქარება) - წერტილის აჩქარების გეგმილი წერტილის ტრაექტორიის მხებზე, რომლის სიდიდე ტოლია წერტილის სიჩქარის წარმოებულისა დროით (wt=dv/dt); იგი ახასიათებს სიჩქარის სიდიდის ცვლილებას.

აჩქარება ნორმალური (ცენტრისკენული აჩქარება) - წერტილის აჩქარების გეგმილი წერტილის ტრაექტორიის მთავარ ნორმალზე, რომლის სიდიდე ტოლია წერტილის სიჩქარის სიდიდის კვადრატის განაყოფისა ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსის სიგრძეზე. იგი ახასიათებს სიჩქარის მიმართულების ცვლილებას. წრეწირზე მოძრაობისას ნორმალური აჩქარება გამოითვლება ფორმულით: wn = w2r, სადაც w - ბრუნვის კუთხური სიჩქარეა, r - წრეწირის რადიუსი. წრფივი მოძრაობისას wn = 0.

აჩქარება საშუალო - ვექტორი, რომელიც ტოლია დროის რაიმე შუალედში ვექტორული სიჩქარის ნაზრდის ფარდობისა დროის ამ შუალედის სიდიდესთან.

აჩქარება სიმძიმის ძალის - აჩქარება, რომლითაც სხეული ვარდება დედამიწაზე სიმძიმის ძალის გავლენით (g).

აჩქარება ტანგენციური - იხ. აჩქარება მხები.

აჩქარება ფარდობითი - რთული მოძრაობის დროს წერტილის აჩქარება ათვლის მოძრავი სისტემის მიმართ.

აჩქარების მყისი ცენტრი - თავის სიბრტყეში მოძრავი ბრტყელი ფიგურის წერტილი, რომლის აჩქარება მოცემულ მომენტში ნულის ტოლია.

აჩქარებული მოძრაობა - წერტილის მოძრაობა მხები აჩქარებით, რომლის მიმართულება ემთხვევა სიჩქარის მიმართულებას. თუ მხები აჩქარების სიდიდე მუდმივია და მიმართულებით ემთხვევა სიჩქარის მიმართულებას, მაშინ მოძრაობას ეწოდება თანაბრად აჩქარებული, თუ მიმართულია სიჩქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ, მაშინ მოძრაობას ეწოდება თანაბრად შენელებული.

აჩხორვა - ძვ. რაიმეს ურიგოდ წყობა.

აცეტატი - ძმარმჟავას მარილები და ეთერები; მარილები - კრისტალური პროდუქტები, რომელიც გამოიყენება საფეიქრო მასალების შესაღებად, მედიცინაში კატალიზატორების დასამზადებლად. ეთერები - აქროლადი სითხეები ხილის და ყვავილის სუნით; გამოიყენება, როგორც გამხსნელი, კინოფირების წარმოებაში, პარფიუმერიაში, კვების მრეწველობაში, პოლიმერული მასალების დასამზადებლად. (იხ. ვ ი ნ ი ლ ა ც ე ტ ა ტ ი,  ე თ ი ლ ა ც ე ტ ა ტ ი).

აცეტატის ბოჭკო - ხელოვნური ბოჭკო, რომელიც მიიღება ცელულოზას აცეტატისაგან. გამოდის უწყვეტი ძაფის ან შტაპელის სახით. გამოიყენება ტრიკოტაჟის ნაწარმის (ტეთრეული, ტანსაცმელი), „ელასტიკი“-ის ტიპის ქსოვილის წევადი ნაწარმის, სასარჩულე ქსოვილების და სხვ. დასამზადებლად.

აცეტილენი - ნახშირწყალბადით (C2H2) გაჯერებული უფერო შხამიანი აირი უსიამოვნო სუნით. დუღილის ტემპერატურა - 83,80C. შეკუმშვისას ფეთქდება. ინახავენ აირბალონებში, რომელიც ავსებულია დიატომური მიწით (კიზელგურით) ან გააქტიურებული ნახშირით. სიმკვრივე 1,171 კგ/მ3. ჰაერთან ნარევში (2,3...80,7% მოცულობის მიხედვით) ფეთქებადსაშიშია. ნორმალურ პირობებში ჰაერზე მსუბუქია, ცუდად იხსნება წყალში. ა. გამოიყენება: ლითონების საჭრელად და შესადუღებლად; ავტონომიურ სანათებში კაშკაშა, თეთრი შუქის მისაღებად, სადაც იგი წარმოიქმნება კალციუმის კარბიდისა და წყლის შერევით (კარბიდის სანათური); ასაფეთქებელი ნივთიერებების მისაღებად (აცეტილენიდი); ძმრის მჟავას, ეთილის სპირტის, გამხსნელების, პლასტმასების, კაუჩუკის, სურნელოვანი ნახშირწყალბადების მისაღებად და სხვ.

აცეტონი - უფერო, ადვილად აქროლადი სითხე სპეციფიკური სუნით. ადვილად ერევა წყალში და ორგანულ გამხსნელებში; თვითონ კარგად ხსნის ორგანულ ნივთიერებებს (აცეტილცელულოზა, ნიტროცელულოზა, რეზინი, ცვილი) და ზოგიერთ მარილებს (კალციუმის ქლორიდი, კალიუმის იოდიდი). მრეწველობაში ა. პირდაპირი ან ირიბი გზით მიიღება პროპენისაგან. აცეტონისაგან ტუტეების თანხლებით და ქლორის (იოდის) ზემოქმედებით მიიღება ქ ლ ო რ ო ფ ო რ მ ი (იოდოფორმი). წარმოადგენს ბევრი ქიმიური პროდუქტის სინთეზის მასალას, როგორიცაა: ძმრის ანჰიდრიდი, კეტენი, დიაცეტონური სპირტი, მეთიზილის ჟანგი, მეთილიზობუტილკეტონი, მეთილმეთაკრილატი, დიფენილპროპანი და სხვ. ა. გამოიყენება შემდეგი ნივთიერებების მისაღებად: ლაქები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, წამლის პრეპარატები, წებოები კინოფირებისათვის, აეროზოლები ინსტრუმენტების ზედაპირების გასაწმენდად, აცეტილენის შესანახად, როგორც გამხსნელი და სხვ. ა. უარყოფითი თვისებებია: ადვილად აალებადია, ხოლო - 200C ტემპერატურაზე ფეთქდება; ადვილად ორთქლდება და წარმოქმნილი ღრუბელი შეიზლება გაუთვალისწინებლად მოხვდეს აალების წყაროსთან (ნაპერწკალი, ცეცხლი). ა. აქვს გამაღიზიანებელი და ნარკოტიკული მოქმედება, აავადებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გროვდება ორგანიზმში და ტავს იცეჩნს მისი ტოქსიკური ზემოქმედება. ა. შერევა წყალში იწვევს ჟანგბადის მნიშვნელოვან შემცირებას და ფლორის დაღუპვას.

აციდომეტრია (ლათ.) - ხსნარებში მჟავათა შემცველობის მოცულობითი განსაზღვრის მეთოდი.

აწევის ისარი - მრუდწირული კონსტრუქციის (კამარა, თაღი და მისთ.) ღერძის აწევის მაქსიმალური სიმაღლე მისი საყრდენების შემაერთებელი წრფის მიმართ.

აწყობა - დეტალებისა და კვანძებისაგან მანქანების, დაზგების, ნაგებობების მონტაჟი.

აწყობილი სახურავი - სახურავის სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის: ბურული, გამასწორებელი ფენა, გამათბუნებელი, ორთქლიზოლაცია, ფენილი.

აწყოლი - ძვ. კარს იქეთა და აქეთა წირთხლები.

აწყურის ციხე - ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან (ნახ. 1). მატიანეებში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში. მდებარეობს ბორჯომიდან 30 კილომეტრში. აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.

ახალი არქიტექტურა - ტერმინი, რომელიც ეწოდება XX საუკუნის წამყვან არქიტექტურულ მიმართულებას. ის დაკავშირებული იყო დასავლეთში სამშენებლო ინდუსტრიის სწრავ განვითარებასთან (ახალი საშენი მასალებისა და კონსტრუქციების მასობრივი წარმოება და გამოყენება - რკ.ბ., მინა, ლითონი, კომპოზიტური მასალები და სხვ.) და თავისუფალ გეგმარებასთან.

ახალი მშენებლობა - მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

ახალი შუამთა (ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი) - გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი, კახეთში თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე. მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანისა და მისი მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული. მონასტრის მთავარი ტაძარი ღმრთისმშობლის შობის სახლობისაა. ეკლესია აგურითაა ნაგები. ტაძრის ხილვისას, უწინარეს ყოვლისა, მისი აზიდული პროპორციები იპყრობს ყურადღებას (ნახ. 1). გეგმაში სწორკუთხა, მაღალგუმბათიან ნაგებობას ფასადებზე ჯვრით დაგვირგვინებულლი დეკორი ამშვენებს. მთავარ ტაძარს ორი პატარა ეკვდერი აკრავს, ხოლო მონასტრის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ოთხსართულიანი სამრეკლოა აღმართული.

ახალშენი - 1. ქალაქის ან სოფლის ტიპის პატარა დასახლება; 2. ახლად გაშენებული ტყე.

ახარისხება - თავის თავზე გამრავლება, ხარისხში აყვანა, მაგ., X∙X = X2, Y∙Y∙Y = Y3 და ა.შ.

ბაბილონის გოდოლი - საკულტო გიგანტური წმინდა ტაძარი, რომლის თავზეც იდგა ღმერთ მარდუქის სახელობის ტაძარი. ბაბილონის გოდოლის ისტორია შემოგვინახა თიხის ფირფიტებმა, რომლებიც არქეოლოგებმა გათხარეს ბაბილონში და ასურულ-ბაბილონური სამეფოს სხვა ქალაქებში, აგრეთვე ბერძენი ისტორიკოსების ჩვენამდე მოღწეულმა ცნობებმა. გოდოლი ცამდე აზიდული და რამდენიმე გიგანტური ტერასისგან შედგებოდა (ნახ. 1). შვიდი კოშკი ერთმანეთზე იყო დადგმული. ფუნდამენტი 90 მეტრი სიგანის იყო და გოდოლიც მთლიანად იმავე სიმაღლის იყო. პირველი სართული 33 მეტრს აღწევდა, მეორე 18 მეტრს და დანარჩენი ოთხი კი 6-6 მეტრს. სულ ბოლო სართული 15 მეტრის სიმაღლის იყო და წარმოადგენდა მარდუქის სახელზე აგებულ ტაძარს. იგი დაფარული იყო ოქროთი და მოპირკეთებული ცისფრად მოჭიქული აგურით. ეს ტაძარი მზეზე ცისფერ-ოქროსფრად ლივლივებდა და რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან ჩანდა. ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი. მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიკურატების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით - უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.

ბაბილონის დაკიდებული ბაღები (სემირამიდას ბაღები) - შუამდინარეთის ქალაქ ბაბილონში (ახლანდელი ალ-ხილლა) ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი (ნახ. 1). ბ.დ.ბ. აგებული იქნა დედოფალ ამიტასათვის ძვ.წ. VI საუკუნეში. ბაღებმა დაახლოებით 2 ასწლეულს გაუძლო, რის შემდეგადაც ის განადგურდა. შენობას ჰქონდა პირამიდის ფორმა და შედგებოდა 4 იარუსისაგან. თითოეულ იარუსს იჭერდა 25 მეტრი სიმაღლის სვეტები. ულამაზესი მცენარეები კი მიდიიდან იქნა ჩამოტანილი. იმისათვის რომ სარწყავ წყალს არ გაეჟონა, ყველა იარუსის ზედაპირი იფარებოდა ჯერ ლერწმით, შემდეგ კი მასზე დიდ ფენად იყრებოდა ნოყიერი მიწა, სადაც ირგებოდა მრავალი სახის ხეები, ბუჩქები, ყვავილები და ბალახი. ბაღის მოსარწყავად მუშები 24 საათის განმავლობაში ატრიალებდნენ ამწე ბორბალს, რომელიც წყლით მთელ ბაღს ამარაგებდა. ბ.დ.ბ. მართლაც სამოთხეს გავდა ცხელ ბაბილონში, ის მარად მწვანე იყო. ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში ის ალექსანდრე მაკედონელის რეზიდენცია იყო. სწორედ აქ გაატარა ალექსანდრემ სიცოცხლის ბოლო წუთები.

ბაბიტი - შედარებით ძველი (1839 წ-დან) და ამჟამად ფართოდ გამოყენებული ანტიფრიქციული ძნელდნობადი ( 23200C) პლასტიკური არაერთგვაროვანი შენადნობი კალისა და ტყვიის საფუძველზე სტიბიუმის, სპილენძის და სხვ. ელემენტების დანამატით. იგი უზრუნველყოფს საკისრის თანაბრად მიბრჯენას და მუშაობას, როგორც ლილვთან, ისე საყრდენთან. აქვს ხახუნის დაბალი კოეფიციენტი. გამოიყენება მაღალ დატვირთვებზე და სიჩქარეებზე მომუშავე საკისრების ზედაპირების დასაფარავად.

ბაბტისტერიუმი (ლათ.) - ეკლესიაზე მინაშენი ან ცალკე მდგომი გუმბათიანი მრგვალი ან რვაკუთხოვანი ფორმის არქიტექტურული ნაგებობა ბავშვების მოსანათლად. გავრცელებული იყო იტალიაში (რომი, ფლორენცია) IV საუკუნიდან (ნახ. 1: პიზას ბაბტისტერიუმი, 1153-1265 წწ, იტალია). ბ. შიგნით მოთავსებული იყო მოსანათლი ემბაზი, რომლის ზომები თავდაპირველად საკმაოდ დიდი იყო (აკეთებდნენ ავზის სახით), ხოლო IX საუკუნის შემდეგ მისი ზომები მცირდება, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ინათლებოდა თოთო ასაკში. მან მიიღო დიდი ფიალას სახე, რომელსაც ამზადებდნენ სპილენძისაგან და იყო გადასატანი.

ბაგა - ძვ. სახლის მოდაბლო სარკმელი.

ბაგეტი - 1. დაპროფილებული, ჩუქურთმიანი ან მოვარაყებული ხის თამასა ჩარჩოსათვის (ნახ. 1); 2. წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან დამზადებული საექსპორტო მასალა. მოკლე ბ.: სისქე 16…75 მმ, სიგანე 38…75 მმ, სიგრძე 1500…2400 მმ, გრადაციით 300 მმ. გრძელი ბ.: სისქე 16…75 მმ, სიგანე 38…75 მმ, სიგრძე 2700…6500 მმ, გრადაციით 300 მმ. მასალა გაგზავნამდე ექვემდებარება ატმოსფერულ ან კამერულ შრობას, ზაფხულობით კი ატმოსფერული შრობის წინ - ანტისეპტირებას.

ბაგინი - ძვ. ებრაელთა სალოცავი.

ბაგირგადახვევა - ბაგირების გადახვევის სქემა, რომელზეც აისახება ამა თუ იმ მექანიზმის მართვის ბაგირული სისტემის მოწყობა.

ბაგირგზა (საბაგირო გზა) - ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების მოწყობილობა, რომელშიც ვაგონეტების, ვაგონების და სავარძლების გადასაადგილებლად გამოიყენება ბაგირი, გაჭიმული ორ საყრდენს შორის (ნახ. 1). სამგზავრო ბ. გამტარუნარიანობა შეადგენს 1000 კაც./სთ-მდე, სატვირთოსი - 1000 ტ/სთ-მდე; ტრანსპორტირების მანძილი 200 კმ-მდე, ატანის კუთხე 450-მდე.

ბაგირი - ფოლადის (ნახ. 1), სინთეტიკური (ნახ. 2) ან მცენარეული ბოჭკოებისგან (ნახ. 3) დამზადებული დრეკადი ნაკეთობა, რომელიც შეიძლება იყოს ხვეული (გრეხილი), არახვეული (არაგრეხილი) და წნული. პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია ფოლადის ბ. დიამეტრით 60 მმ-მდე. არსებობს ბ. უამრავი სახეობა, როგორიცაა: ამყოლი, ამწევი, გადაგრეხილი, განმტვირთავი, გაფისული, გვარლის, დამცველი, დამჭერი, დამჭიმავი, მავთულის, მამოძრავებელი, მზიდი, მიმმართველი, მისაბმელი, მოქნილი, მუშა, მცენარეული, საბუქსირო, საზიდი, სატვირთე, საწევი, სპირალური, ქერელის (გაფისული და გაუფისავი), ღია, შემაერთებელი, ჩაკეტილი, წამყვანი, ხვეული, ხისტი და სხვ.

ბაგირი საიზოლაციო - ბაგირი მოქნილი დიელექტრიკისაგან, განკუთვნილი საგნების სიმაღლეზე ასაწევად და დასაშვებად საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე ძაბვის ქვეშ მუშაობისას. წარმოადგენს ძირითად მაიზოლირებელ დამცავ საშუალებას.

ბაგირხერხი - მოწყობილობა ბუნებრივი ქვის მოპოვება-დამუშავებისათვის, რომლის მჭრელი ორგანოა ფოლადის ბაგირი (ნახ. 1).

ბაგრატის ტაძარი - ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014 წწ.) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნითა ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა. ბ.ტ. დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა დართულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის მაღალ დონესა და მშენებლების ოსტატობას. ბაგრატის ტაძარი უამრავჯერ იქნა დანგრეული და იავარქმნილი მომხვდური მტრების მიერ, თუმცა ყოველთვის ხდებოდა მისი აღდგენა. ტაძარმა დღევანდელი სახე მიიღო XXI საუკუნის დასაწყისში ჩატარებული სარეკონსტრუქციო-აღდგენითი სამუშაოების შემდეგ (ნახ. 1). 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ბადე - ბრტყელი მეჩხერქსოვილი ან წნული მავთულოვანი ნაკეთობა, რომელიც გამოიყენება ფხვიერი მასალების დასახარისხებლად ზომის (სიმსხოს) მიხედვით ან მათ გამოსაცალ-კევებლად სითხეებისა და აირებისაგან (ნახ. 1).

ბადე არმატურის - რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში არმატურის ერთ-ერთი სახეობა. ბადის ღეროების დიამეტრის მიხედვით არსებობს ბ.ა. მძიმე და მსუბუქი. მძიმეს მიეკუთვნება ბადე, რომელსაც აქვს ერთი მიმართულებით 12 მმ და მეტი დიამეტრის ღეროები; მსუბუქს - გრძივი და განივი მიმართულებით ღეროები 3...10 მმ დიამეტრით. მუშა არმატურის განლაგების მიხედვით განასხვავებენ: ბადეებს მუშა არმატურით ერთი მიმართულებით და გამანაწილებელი არმატურით მეორე მიმართულებით და ბადეებს, მუშა არმატურით ორივე მიმართულებით. მზადდება ბ.ა. შემდეგი ტიპის: 1-მძიმე, მუშა არმატურით გრძივი მიმართულებით, რომლის დიამეტრი მეტია გამანაწილებელი არმატურის დიამეტრზე; 2-მძიმე, მუშა არმატურით ორივე მიმართულებით (ნახ. 1); 3-მძიმე, მუშა არმატურით განივი მიმართულებით, რომლის დიამეტრი მეტია გამანაწილებელი არმატურის დიამეტრზე; 4-მსუბუქი, განივი ღეროებით ბადის მთელ სიგანეზე; 5-მსუბუქი, შერეული განივი ღეროებით. ღეროების ერთმანეთთან გადაბმა ხდება წვრილი მავთულის ნასკვით ან შედუღებით.

ბადე მინაბოჭკოს - მინის ბოჭკოსაგან დამზადებული ბადე. გამოიყენება მაარმირებელ მასალად კედლების შიდა და გარე საბათქაშე სამუშაოებისათვის, თხევადი იატაკების მოსაწყობად, ღრეჩოების შესავსებად ჭერზე, კედლებზე შეფითხვნის და სამღებრო სამუშაოების დაწყებამდე, თაბაშირმუყაოს პირაპირების შესავსებად, თვითწებვადი ლენტის დასამზადებლად ნავთობ- და აირსადენების, რეზერვუარების, ტევადობების იზოლაციისათვის. მიეწოდება მომხმარებელს რულონების სახით (ნახ. 1), შეფუთული ქაღალდში ან პოლიეთილენის აფსკში.

ბადე „რაბიცა“ - ლითონის წნული ერთმაგი ბადე ფოლადის მავთულისაგან ერთჯერადი გადახლართვით (ნახ. 1). უჯრედის ფორმის მიხედვით განასხვავებენ რომბულს (რომბის მახვილი კუთხე 600) და კვადრატულს. ზედაპირის მიხედვით - საფარველის გარეშე, მოთუთიებული მავთულისაგან, პოლიმერული საფარვლით. გამოიყენება ტერიტორიის შემოსაღობად, თბოსაიზოლაციო სამუშაოებში, ნაპირსამაგრ ნაგებობებში, შახტებში და საბადოებში სამთო გამონამუშევრების გასამაგრებლად, მდინარეების ნაპირებზე ჯებირების მოსაწყობად და სხვ. მომხმარებელს მიეწოდება დახვეული რულონების სახით (ნახ. 2).

ბადელეიტი - უბრალო ოქსიდების ქვეკლასის მინერალი, ცირკონიუმის ორჟანგი.

ბადია - 1. საკიდი ბეტონ-სარიგებელი მოწყობილობა, რომლითაც ბეტონის ნარევი მიეწოდება დამყალიბებელ პოსტებზე საკმაოდ მოშორებულ მანძილზე ბეტონშემრევი განყოფილებიდან. ბ. არის კონუსური ფორმის ბუნკერი საკიდ-საყრდენი ლითონკონსტრუქციით სატრანსპორტო ხაზებზე დასაყენებლად ან ამწის კავზე დასაკიდად (ნახ. 1). იგი აღჭურვილია ხელის ან პნევმოჩამკეტით. ტევადობა 1,5...2 მ3; 2. სამთო საქმეში - ჭურჭელი, რასაც იყენებენ ჭაურებისა და შურფების გაყვანისას ტვირთის ჩასაშვებად და ამოსატანად.

ბადიმი - ორმოს სახურავი (ფიცრისა).

ბადისახე - ძვ. რკინის ფანჯარა.

ბავენიტი - სილიკატების ბერილოსილიკატის ქვეკლასის მინერალი.

ბაზა - 1. რაღაცის საფუძველი, ძირი; 2. საბაზო ზედაპირი დეტალის მექანიკური დამუშავებისას; 3. თვლებიან ორღერძიან სატრანსპორტო საშუალებებში მანძილი წინა და უკანა ღერძებს შორის; 4. მონაცემთა ბაზა, მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც ინახება, გროვდება და შემდგომ დამუშავდება ელექტრონულ გამოთვლელ მანქანაში; 5. სამშენებლო კონსტრუქციის საყრდენი ნაწილი (მაგ., კოლონის ბ., კამარის ბ. და სხვ.); 6. სპეციალური თავმოსაყრელი ადგილი ან დასაყდენი პუნქტი, მასზე განლაგებული იარაღით, საბრძოლო მასალით და სურსათის მარაგით (მაგ., ტურისტული ბაზა, სამხედრო ბაზა); 7. საწყობი; საქონლის, სურსათის, მასალის შესანახი ადგილი.

ბაზაკლოს ტუფის საბადო - საბადო მდებარეობს დმანისის რაინში, 67 კმ დაცილებით  რაიონული ცენტრიდან, 1500 მ–ის სიმაღლეზე. შემცხვარი ტუფი სხვადასხვა შეფერილობისაა: მონაცრისფერო-მომწვანო, მოყავისფრო-მოიისფრო, მუქი ყავისფერი და ა.შ. პროდუქციის გამოსავალი მთის მასივიდან შეადგენს 36.5%. მის შემადგენლობაში შედის სილიციუმის, ალუმინის, რკინის, ტიტანის, კალციუმის, მანგანუმის, ფოსფორის, ნატრიუმის, კალიუმისა და გოგირდის ჟანგეულები. ბუნებრივი ქვა კარგად მუშავდება. გაპრიალების შემდეგ იძენს გლუვ  ზედაპირს. მოცულობითი მასაა -1900...2900 კგ/მ3; წყალშთანთქმა - 1.27...9.20%. ფორიანობა - 0.5...0.6%. სიმტკიცე კუმშვაზე: მშრალ მდგომარეობაში - 631...1416 კგ/სმ2, წყალგაჟღენთილ მდგომარეობაში - 573...1387კგ/სმ2, გაყინვა-გალღობის 25 ციკლის შემდეგ - 505...1369 კგ/სმ2; დარბილების კოეფიციენტი - 0.72...0.96; სიმკვრივე 750...1600 კგ/მ3. გამოიყენება შენობების მოსაპირკეთებლად, აგრეთვე საშენ მასალად ბუნებრივი ქვის სახით.

ბაზალტი - ფართოდ გავრცელებული საღი კაინოტიპური (საღი) შავი ფერის ფუძევულკანური ქანი. ძირითადი კომპონენტია სილიციუმის დიოქსიდი SiO2, სიმკვრივე 2,24 გრ/სმ3. მედეგია მჟავების და ტუტეების მიმართ. ჩვეულებრივ ბ. ამა თუ იმ რაოდენობით გვხვდება ვულკანური მინა. ბ. მინით მდიდარ სახესხაობას ჰიალობაზალტი ეწოდება, ხოლო სრულკრისტალურს და რამდენადმე მსხვილმარცვლოვანს - დოლერიტი. ბ. ადვილად ლღვება. ლღობილ ბაზალტს იყენებენ მჟავაგამძლე ქიმიური აპარატურის, მილების, ძლიერი დენის ელექტროიზოლატორების დამზადებისათვის და სხვ. ნორმალური რიგის ბაზალტში ორ ტიპს გამოყოფენ: ოლივიანიანს და უოლივინოს, ანუ ტოლეიტურს. ბ. კარგი საშენი მასალაა (ნახ. 1). იყენებენ ღორღისა და საცალო (ბორდიურის) ქვის დასამზადებლად, ასევე ნაგეგობათა მოსაპირკეთებლად; მკვრივია, კარგად იხეხება, რის გამო მას ძველი დროიდან (ეგვიპტე, ასურეთი, გვიანდელი რომი, ბიზანტია) იყენებდნენ ქანდაკებებისათვის.  საქართველოში საშენ ქვად ბაზალტს ძველთაგანვე ხმარობდნენ (ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობანი). შუა საუკუნეების ქართლში, მესხეთ-ჯავახეთში ძირითადი საშენი ქვა ბაზალტი იყო. ბაზალტითაა აგებული სამშვილდისა და დმანისის ციხე-სიმაგრეები, მანგლისის ტაძარი, რუისის, წუნდის, აბელიის ეკლესიები, თირის მონასტერი, ნადარბაზევის კომპლექსი და სხვ. ბ. ამზადებდნენ ეკლესიათა და სხვა ნაგებობათა სახურავის ფილებს. საქართველოში გავრცელებული შედარებით ძველი (იურული, ცარცული, პალეოგენური) ბ. (ბაზალტური პორფირიტები) ცნობილია მთიან აფხაზეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმ-იმერეთსა და აჭარა-გურიაში; ახალგაზრდა ბ. (ზედამესამეულ-მეოთხეული) გვხვდება სამხრეთ საქართველოში ასპინძა-ახალქალაქის, ნინოწმინდა-წალკის და დმანის-თეთრი წყაროს რაიონებში. ბაზალტისაგან მიიღება საწარმოო ტექნოლოგიური საქსოვი ბოჭკო, უნიკალური ძაფი, რომელიც კარგი მდგრადობით გამოირჩევა. მისგან შეიძლება დამზადდეს კოროზიამედეგი არმატურა, ნებისმიერი სახის მილი, შიფერი, კრამიტი, მატარებლის ხუნდები, შვერილები და სხვ.

ბაზალტის ძაფი - ვულკანური ქანის ბაზალტისგან დამზადებული ძაფი. იწარმოება ბაზალტის ღორღის მოხარშვით ღუმელებში მაღალ ტემპერატურაზე, რომლის შედეგად მიიღება ფაფის მსგავსი მასალა, საიდანაც გამოიწელება ბაზალტის ძაფი. ბ.ძ. შესაძლებელია ნებისმიერი ფორმისა და დანიშნულების კომპოზიტური მასალისა და კონსტრუქციის შექმნა, რომელიც 3...3,5-ჯერ უფრო მტკიცე და მსუბუქია, ვიდრე ფოლადის კონსტრუქციები. პირველის შემთხვევაში, თუ ფილები მოუხეშავი და მძიმეა, ძაფის დაწნეხვის შედეგად ნებისმიერი ფორმისა და ზომის ფილის დამზადებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ბაზალტის ბოჭკო 300-დან 10000С ტემპერატურამდე ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს არ იცვლის. ასეთი უნიკალური თვისებების გამო, მისი გამოყენების სფერო, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. გამოიყენება კოსმოსური თანამგზავრებისა და ხომალდების დასამზადებლად, სამშენებლო ინდუსტრიაში; ბაზალტის ძაფით შესაძლებელია არმატურისა და ნებისმიერი სახის მილის დამზადება. ხოლო იქ, სადაც დაარმირებულ ასფალტსა და ბეტონს ვიყენებთ, ბაზალტის ძაფი შეუცვლელია. ის ჩვეულებრივი არმატურისგან განსხვავებით, კოროზიამედეგია. საქართველო მდიდარია ვულკანური ქანის ბაზალტით და მისი წარმოება ქვეყნისათვის პერსპექტიულია. ბ.ძ. მიღების ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები აქვს ჩატარებული ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ჯ. გიგინეიშვილს.

ბაზარი -1. საბაზრო ეკონომიკაში აღწარმოების მთელი პროცესის მომცველი ფენომენი, ეკონომიკური სივრცე, სადაც თვითრეგულირების მექანიზმის საფუძველზე ყალიბდება ურთიერთობა საქონლისა და მომსახურების მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის; 2. საქონლის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა ერთობლიობა; წარმოების ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ფასების მექანიზმის საშუალებით უზრუნველყოფს წარმოებისა და მომსახურების ურთიერთობას. განვითარებულ საზოგადოებაში ბ. სულაც არ არის კონკრეტული ადგილი. კომუნიკაციისა და ტრანსპორტის თანამედროვე საშუალებათა მეშვეობით გარიგების განხორციელება ხდება მყიდველთან უშუალო კონტაქტის გარეშე. საქონლის რეალიზება და მყიდველამდე მიტანა ტრანსპორტირების მეშვეობითაა შესაძლებელი, ხოლო მყიდველთა შეკვეთების მიღება წარმოებს ტელეკომუნიკაციებისა და სხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით. ბ. მიიჩნევენ ხელშეკრულებასაც ყიდვა-გაყიდვის შესახებ; საქმიანი ოპერაციების ერთობლიობასაც; მოცემული საქონლის მწარმოებელ ქვეყანასაც (მაგ., კანადის მარცვლეულის ბ.) და ბოლოს ბ. საქონლის, მომსახურეობის და კაპიტალის მიწოდების და მოთხოვნის ადგილია. ბ. ახასიათებს 5 ძირითადი ნიშანი: 1. თავისუფალი შესვლა და თავისუფალი გასვლა; 2. ფასების თავისუფალი თამაში; 3. ბაზარზე მატერიალური, ფინანსური და ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება ნაკლებად მომგებიანიდან უფრო მომგებიან სივრცეში; 4. ბ. უნდა უზრუნველყოს პრაქტიკულად თანაბარი შესაძლებლობა; 5.თავისუფალ ბაზარზე გამორიცხულია რაიმე პრივილეგია გამყიდველთა რომელიმე ჯგუფისათვის, მით უფრო, ცალკეული გამყიდველისათვის. ეს მოდელი, იდეალური ბ. მოდელია, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალ კონკურენციაზე და თითოეული გამყიდველისა და მყიდველის ერთნაირ შესაძლებლობებზე და რომელიც პრაქტიკაში, სინამდვილეში არ არსებობს. ბ. მრავალი სახე არსებობს, ესენია: საქონლის, საფინანსო, სამუშაო ძალის, ლოკალური, რეგიონალური, საერთაშორისო და მსოფლიო ბ. ანსხვავებენ ასევე მომწოდებლის ბ. და მომხმარებლის ბ.

ბაზარი გამყიდველის - სიტუაცია ბაზარზე, როდესაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, მონოპოლიზმის მაღალი დონე მონოპოლიურ ფასებს წარმოქმნის და ბაზრის კონტრაჰენტებს თავს ახვევს სამეურნეო ხელშეკრულებათა დისკრიმინაციულ პირობებს.

ბაზარი ვალუტის - მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ვალუტებისა და უცხოურ ვალუტებში გამოხატული საგადასახადო დოკუმენტების - ჩეკების, თამასუქების, აკრედიტივების და ა.შ. ყიდვა-გაყიდვას. ეს პროცესი ხორციელდება ვალუტების გაცვლის ფორმით და მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დადგენილი კურსის შესაბამისად. ვალუტის ბაზარი, როგორც ინსტიტუციური მექანიზმი, ბანკების, სავალუტო განყოფილებების ერთობლიობაა. სავალუტო ოპერაციების ძირითად ნაწილს, ცენტრალური ბანკის ლიცენზიის საფუძველზე, ახორციელებენ სავალუტო ბანკები.

ბაზარი ინვესტიციის - საინვესტიციო რესურსებზე მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებისა და საინვესტიციო საქონლის ყიდვა-გაყიდვის სფერო. ინვესტიციის ბაზარი ემსახურება საინვესტიციო პოტენციალის მობილიზება-ორგანიზებას, საინვესტიციო საქონლის ფინანსურ, მატერიალურ და ინტელექტუალურ უზრუნველყოფას.

ბაზარი კაპიტალის - კაპიტალზე მოთხოვნისა და მიწოდების ფორმირების სფერო, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების აკუმულაციასა და გადანაწილებას, ძირითადი კაპიტალის მოძრაობას, ხელს უწყობს მოგების მაქსიმიზაციასა და ეკონომიკაში პროპორციების შენარჩუნებას. კაპიტალის ბაზარზე თავს იყრის სახელმწიფო და კერძო ფირმების ფულადი დანაზოგები, რომლებიც საკრედიტო საშუალებების სახით წარიმართება კვლავწარმოების განვითარებისათვის. ერთდროულად კაპიტალი თავმოყრილია კრედიტორის ხელში ფასიანი ქაღალდების სახით. ბ.კ. მოიცავს ფასიანი ქაღალდების ბაზარს, საშუალო და გრძელვადიანი კრედიტის ბაზარს, ვალუტის ბაზრის განსაზღვრულ ნაწილს და ინვესტიციის ბაზარს. ბ.კ. სცილდება ცალკეული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო მეურნეობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ბაზარი კონკურენციული - ბაზარი, სადაც მრავალი წვრილი გამყიდველი და მყიდველია. ისინი ახორციელებენ თავიანთ ოპერაციებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ ფასზე.

ბაზარი ლიკვიდური - ბაზარი, სადაც გარიგებები ყიდვა-გაყიდვის შესახებ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ხორციელდება.

ბაზარი მეორეული - მიმოქცევაში გაშვებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ან ყიდვა დილერების ან ბროკერების მიერ.

ბაზარი მომსახურების - მატერიალური და არამატერიალური მომსახურების ყიდვა-გაყიდვის აქტების ერთობლიობა. ეკონომიკურ ურთიერთობებში მომსახურების მრავალი სახე გამოიყენება. უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა მისი ისეთი სახეები, როგორიცაა ნოუ-ჰაუ და სალიცენზიო მომსახურება, ინჟინირინგი, ლიზინგი, ფაქტორინგი, ფორფეიტინგი, სატრანსპორტო, ტურისტული, სადაზღვევო მომსახურება და სხვ

ბაზარი მყიდველის - სიტუაცია ბაზარზე, როდესაც მიწოდება აღემატება მოთხოვნას, რის გამოც ფასი ეცემა.

ბაზარი საფრახტო - სატრანსპორტო პროდუქციის მიმოქცევის სფერო. არსებობს ღია და დახურული ბ.ს. ღია ბაზარზე საზღვაო გადაზიდვის ფასი მსოფლიო ფასს უთანაბრდება და თავისუფლად წესდება მოთხოვნისა და მიწოდების ცვალებადობის გავლენით. მის წილად მოდის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის მოცულობის არაუმეტეს 10...15%-ისა. ტვირთის დანარჩენი რაოდენობა გადაიზიდება დახურული საფრახტო ბაზრის მეშვეობით, რომელიც დაცულია ღია ბაზრის ზემოქმედებისაგან სპეციალური სახელმწიფო აქტებით.

ბაზარი საქონლის - მატერიალურ-ნივთობრივი პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის აქტების ერთობლიობა. იგი მოიცავს წარმოების საშუალებებისა (შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, დანადგარები, ნედლეული, სათბობი და სხვ.) და საბოლოო მოხმარების საგნების (ყოველდღიური, ხანგრძლივი მოხმარების) ფართო სპექტრს და, შესაბამისად, იყოფა ცალკეულ, უფრო ვიწრო ბაზრებად.

ბაზარი ფასიანი ქაღალდების - ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის სფერო, რომლის საშუალებითაც ხდება საწარმოთა დროებით თავისუფალი ფულადი სახსრებისა და მოსაქლეობის დანაზოგების მობილიზაცია ეკონომიკაში ინვესტირებისათვის.

ბაზარი ფიასკო - სიტუაცია, რომლის დროსაც ბაზარს არ ძალუძს ეკონომიკურ არჩევანთან დაკავშირებული პროცესების იმგვარად კოორდინირება, რომ უზრუნველყოს რესურსების ეფექტიანი გამოყენება.

ბაზარი შრომის - სამუშაო ძალის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა სისტემა, საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. მასზე უშუალოდ აისახება ეკონომიკური რეფორმის ძირითადი შედეგები. შრომის ბაზარი უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, განაწილებასა და გამოყენებას. მისი ძირითადი ფუნქციაა წარმოებისა და მომსახურების სფეროების შესაბამისი ადამიანური რესურსებით დროული და ოპტიმალური უზრუნველყოფა. შრომის ბაზრის ფუნქციონირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორები განსხვავებული ხასიათისაა (დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური, საკანონმდებლო, ორგანიზაციული, ინსტიტუციონალური) და შრომის ბაზარზე მათი გადაკვეთით გარკვეულწილად ფოკუსირდება ქვეყანაში არსებული ვითარება.

ბაზარი ჩაკეტილი - ბაზრის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მყიდველის კურსი გამყიდველის კურსს უტოლდება.

ბაზარი ცალმხრივი - ბაზარი, სადაც მხოლოდ მყიდველის კურსის კოტირება ხდება.

ბაზილიკა - 1. წაგრძელებული, გეგმით მართკუთხედის ფორმის შენობა, ბოძების ან სვეტების რიგებით დაყოფილი სამ ან ხუთ გრძივ ნაწილად (ნავად). აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან (ნახ. 1). ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით მართკუთხოვანი ატრიუმი. ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია ნართექსი; ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი - ტრანსეპტი. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბ. გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა. ბ. ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები). შემდეგში ბ. გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი (ნახ. 2: ბაზილიკა, ქ. ფლორენცია, იტალია). ის განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ. საბერძნეთში - ტრიბუნალი. ჰელენისტურ ქალაქებში საზოგადოებრივი ბაზილიკები ძვ. წ. მე-2 საუკუნიდან ჩნდება. რომის იმპერიის გაქრისტიანების შემდეგ ტერმინის მნიშვნელობა განივრცო და მიუთითებს ვრცელ, მნიშვნელოვან ეკლესიაზე, რომელსაც პაპის მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის რელიგიური ცერემონიების ჩატარების უფლება მიეცა. ეს უმაღლესი და უმნიშვნელოვანესი სალოცავი ადგილებია წმინდა რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ იერარქიით მოჰყვება საკათედრო ტაძრები, ეკლესიები და ბოლოს კაპელები. შესაბამისად, ეს სიტყვა დღეს ინარჩუნებს ორმაგ მნიშვნელობას - არქიტექტურულსა და ეკლესიასტიკურს. საქართველოში ბ. გავრცელებული იყო უმეტესად ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ქართულ ბ. არ აქვს ატრიუმი, ნართექსი და ტრანსპტი. კონსტრუქციულად დამახასიათებელია კამაროვანი გადახურვა, მასიური ბოძები ან თაღები, საშენ მასალად გამოყენებულია ქვა, საქართველოში შემუშავდა აგრეთვე ბ. თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა სამეკლესიიანი ბ. უწოდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ბ. (ბოლნისის სიონი, ურბნისი, ხაშმი, ანჩისხატი, წყაროსთავი და სხვ.) - V-VI საუკუნეებს განეკუთვნება; 2. არქიტექტურული სტილი, უგუმბათო ნაგებობა.

ბაზილიკური შენობა - გრძივ ნაწილებად (ნავებად) გაყოფილი შენობა, რომელთაგან შუა შედარებით მაღალია და ნათდება მის ზედა ნაწილში მოქცეული სარკმელებით.

ბაზისი - 1. ბოძის, დგარის, სვეტის, კოლონის ქვედა საყრდენი ნაწილი; 2. საზოგადოებრივ-წარმოებითი ურთიერთობების ერთობლიობა, რომელიც მოცემული საზოგადოების ზედნაშენის წარმოშობის საფუძველია.

ბაზისური მეთოდი - ლოკალური ხარჯთაღრიცხვის შედგენის მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთეული ფასდებების კრებულები და ლოკალური ხარჯთაღრიცხვის შედგენის მომენტისათვის არსებული ინფლაციის კოეფიციენტი ან ინდექსი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სტატისტიკის სამსახური ყოველთვიურად აქვეყნებს.

ბაზისური მომსახურება - მომსახურების სახე, რომელიც აკმაყოფილებს მყიდველის (დამკვეთის) ძირითად მოთხოვნებს (მაგ., სანარდო სამშენებლო ორგანიზაციის შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება). ორგანიზაციას შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს, ბაზისურის პარალელურად, სხვა დამატებითი მომსახურებაც, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს.

ბაზისური ფასი - საქონლის ყველაზე დაბალი გასაყიდი ფასი.

ბაზიტი - იგივეა, რაც ფუძე, ქანი.

ბაზმა - ზეთის პატარა სანათი.

ბაზო - ჩარჩო, რომელშიც რაიმეს დეტალია ჩასმული (მაგ., კარის ბ., ფანჯრის ბ. და სხვ.).

ბაზრის სეგმენტი - მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ერთნაირად რეაგირებს მარკეტინგულ ქმედებებზე.

ბაზრობა - სავაჭრო და სამრეწველო ორგანიზაციების, კომერსანტების, მწარმოებლების, ცალკეული პირების პერიოდული თავშეყრის ადგილი, ძირითადად, საქონლის გამოფენილი ნიმუშების მიხედვით საბითუმო გაყიდვისა და ყიდვისათვის

ბათილამა - ვალდებულების რაიმე გზით განაღდების საბუთი.

ბათილი (სპარს.) - ძალადაკარგული, გაუქმებული.

ბათისკაფი (ბერძ.) - თვითმავალი წყალქვეშა აპარატი ოკეანოგრაფიული და სხვა სახის კვლევებისათვის დიდ სიღრმეებზე

ბათისფერო (ბერძ.) - წყალქვეშა დაკვირვებისათვის განკუთვნილი ფოლადის სფერული კამერა.

ბათმანი - ფიცრებისაგან შკრული ცილინდრული ფორმის მარცვლეულის საწყაო ერთეული (საქართველოში საშუალოდ 3 კგ-ს უდრის).

ბათოლითი - 1. სიღრმული მაგმური ქანების განლაგების ფორმა; 2. დედამიწის ღრმა ფენებში დალექილი გრანიტული სამთო ქანების დიდი მასივი.

ბათომეტრი - ამა თუ იმ სიღრმიდან ამოღებული წყლის სინჯის საკვლევი ხელსაწყო.

ბათქაში - განსაკუთრებული ხსნარით (წყალში გახსნილი გაჯი ან სილისა და კირის ნარევი) შელესილი შრე ჭერის და კედლის შიდა ზედაპირზე (ნახ. 1).

ბათქაში მშრალი - კედლის მოსაპირკეთებელი საშენი მასალა თხელი ფურცლების (ფირფიტების) სახით. ბათქაშის ფილები მიემაგრება კედელს წებოს ან ლურსმნების მეშვეობით.

ბაი-ბეკ - საქონელგაცვლის გრძელვადიანი ოპერაცია, რომლის დროსაც მანქანა-მოწყობილობების მისაწოდებლად გაცემული კრედიტი შემდგომში იფარება მათი მეშვეობით წარმოებული პროდუქციით.

ბაია-ზურმუხტი - მოყვითალო-მომწვანო, ძალიან დიდი სიმკვრივის ალმასის კომერციული ტერმინი.

ბაიონეტი - დეტალების სწრაფად შესასრულებელი შეერთება, რომელშიც ერთი დეტალი  დაისმება მეორე დეტალზე შესაბამისი შვერით და მობრუნდება ისე, რომ შვერმა დააფიქსიროს დეტალი (ნახ. 1).

ბაიპასი (გერმ.) - სტაციონალური დენადი აირებისათვის განკუთვნილი მილსადენებისგან შექმნილი შემოვლითი ხაზი.

ბაიცი - ბუნებრივი წარმოშობის, იაფი, მოყავისფრო საღებავი, რომელიც ჰუმუსმჟავების ორგანულ მარილს წარმოადგენს. გამოიყენება ავეჯის წარმოებაში, სადაც იგი კაკლის „მარილკას“ ან კაკლის „ბაიცის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

ბაკარა (ფრანგ.) - საუკეთესო ხარისხის ბროლი, რომელიც 1816 წლიდან იწარმოება საფრანგეთის ქალაქ ბაკარაში.

ბაკელიტი - ხელოვნური ფისი, ფენოლის ფორმალდეჰიდთან პოლიკონდესაციის პროდუქტი ტუტის კატალიზატორის მონაწილეობით. სითბოს ცუდი გამტარია, დიდ წინააღმდეგობას უწევს ხახუნსა და დარტყმით დატვირთვებს, მოქნილია, კარგად ემორჩილება მექანიკურ დამუშავებას და უძლებს 3000C ტემპერატურას. შესანიშნავი დადებითი თვისებების გამო ბ. შეუცვლელი მასალაა მრეწველობაში. მისი გამოყენების სფეროა: ფანერი, მერქანბურბუშელოვანი ფილები (შემკვრელი), ავეჯი, ავეჯის ფურნიტურა, წებო БФ (ბაკელიტ-ფენოლური), მეტროს ესკალატორის საფეხურები, ინსტრუმენტების სახელურები, ელექტროტექნიკური ნაკეთობები (ჩამრთველები, ამომრთველერი, გადამრთველები, ელექტრომრიცხველები), სამხედრო ტექნიკის დეტალები, სამზარეულოს მოწყობილობები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი და სხვ.

ბალაგანი (სპარს.) - 1. სახელდახელოდ აგებული ხის ქოხი (ნახ. 1); 2. პრიმიტიული თეატრალური სანახაობა; 3. გადატანითი მნიშვნელობით რაიმე არასერიოზული, სახუმარო და უხამსი მოვლენა.

ბალავარი - 1. კედლის საყრდენი ლენტური საძირკველი (ნახ. 1: ბალავარი ყორე ქვისაგან), რომელიც შედგება რიყის ან გათლილი ქვებისა და დუღაბისაგან (კირი, ცემენტ-ქვიშა და სხვ.).

ბალავერი - იხ. ბალავარი.

ბალანსი (ფრანგ.) - 1. წონასწორობა, თანაბრობა; 2. ეკონომიკურ მაჩვენებელთა სისტემა, გამოხატული ფულადი ფორმით, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ მოვლენას მისი მხარეების შედარების ან დაპირისპირების გზით; განასხვავებენ საგადასახდელო, სავაჭრო, საქონლისა და მომსახურების, ფინანსური ოპერაციების და ა.შ. ბალანსებს; 3. შემოსავალ-გასავლის შეფარდებითი ჯამი; 4. შემადგენლობის, განთავსებისა და ფორმირების წყაროების მიხედვით საწარმოს საშუალებების მდგომარეობის, ფულადი მაჩვენებლებით ამსახველი ნაერთი უწყისი.

ბალანსი საგადასახდელო - სტატისტიკური ანგარიში, რომელიც ასახავს დროის გარკვეული პერიოდში (ჩვენს შემთხვევაში ყოველკვარტალურად) ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებს. მასში აისახება ოპერაციები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის. საგადასახდელო ბალანსი შედგება 2 ძირითადი ანგარიშისგან. ესენია: მიმდინარე ანგარიში და კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში. მიმდინარე ანგარიშში ასახულია მიმდინარე ოპერაციები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, კერძოდ, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, შრომითი და საინვესტიციო შემოსავლები, მიღებული და გაცემული ტრანსფერები. ფინანსური ანგარიში ასახავს რეზიდენტემის მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულ ინვესტიციებს (კრედიტი) და არარეზდენტების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს (დებეტი). ისინი იყოფა როგორც: პირდაპირი ინვესტიციები, პორტფელის ინვესტიციები, ფინანსური წარმოებულები, სხვა ინვესტიციები და სარეზერვო აქტივები.

ბალანსი სავაჭრო - საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ბალანსი, რომელიც გამოხატავს სასაქონლო ოპერაციების დადებით ან უარყოფით სალდოს საანგარიშო პერიოდის ბოლოს.

ბალანსირება - მანქანების მბრუნავი ნაწილების გაწონასწორება დებალანსის აღმოფხვრით. ასეთი ნაწილებია როტორები, მქნევარები, მუხლა ლილვები. განასხვავებენ დინამიკურ და სტატიკურ ბალანსირებას.

ბალანსირი (ფრან.) - ორ- ან ერთმხრიანი ბერკეტი, რომელიც ასრულებს მოქანავე მოძრაობას უძრავი ღერძის მიმართ. გამოიყენება ძალების გადასაცემად (ან გასათანაბრებლად) მასთან მიერთებულ წევებსა და ბარბაცებზე ტუმბოებში, საბურღ დაზგებში, სასწორებში და სხვა.

ბალანსური მერქანი - მრგვალი ან ნაპობი სორტიმენტი ცელულოზისა და მერქნის მასის საწარმოებლად (ნახ. 1).

ბალასტი (ინგლ.) - 1. გადახურვებში, წონის გასაზრდელად დიდი ქვების ან მოკირწყვლის სისტემები, რომლებიც არ არის მიწებებული ან მექანიკურად მიმაგრებული სახურავის ფენილზე; 2. რკინიგზის შპალების ქვეშ დაგებული ფხვიერი მასალის (ქვიშა, ხრეში, ღორღი და სხვ.) ბალიში ვიწრო ფენის სახით, რომელიც ქმნის დრეკად ფუძეს შპალებისათვის, უზრუნველყოფს რელსების მდგრადობას და მოძრავი შემადგენლობის (მატარებლის) ვაგონების რბილ სვლას (ნახ. 1: რკინიგზის ლიანდაგის ბალასტი); 3. ტვირთი, ამწე-სატრანსპორტო მექანიზმების ისრის ამწევი ძალის და მდგრადობის რეგულირებისათვის; 4. ტვირთი (თხევადი ან ფხვიერი) მოთავსებული გემზე მისი სანაოსნო თვისებების გასაუბჯებესებლად.

ბალასტური სისტემა - რბილი სახურავის ბრტყელ ზედაპირზე დამაგრების სისტემა, რომელიც ხასიათდება მზიდუნარიანობის, გადამტანობის მაღალი მაჩვენებლით. მსგავსი სისტემა აგრეთვე გამოიყენება ექსპლუატაციაში მყოფ სახურავებზე. ხელმისაწვდომია, იოლი შესასრულებელია და არ აზიანებს ძირითად ჰიდროსაიზოლაციო ხალიჩას. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მის დამატებით დაცვას მექანიკური დაზიანებისა და ულტრაიისფერი სხივებისგან.

ბალახანა - შენობის ზედა სართულის სათავსი აზერბაიჯანსა და შუა აზიაში.

ბალდახინი - 1. გავალაკი; უძრავ ან გადასატან ბოძებზე (ლატნებზე) დამაგრებული ქსოვილის ჩარდახი, საჩრდილობელი; 2. ქვაში, ხეში, ლითონში შესრულებული არქიტექტურული ფორმა - ჩარდახი კოლონებზე ან ბოძებზე (მაგ. სამეფო ტახტის თავზე).

ბალზამ-ფისი - წიწვოვანი ჯიშის ხის ცხოველმოქმედების პროდუქტი. წარმოადგენს ეთერის და ფისის რთულ ნაერთს. ყვითელი ან მუქი ყავისფერი, სურნელოვანი, სქელი, ზეთოვანი სითხე, რომელიც ჰაერზე მყარდება. გროვდება ხის ფისსავალ გზებში და გამოედინება ხის მექანიკური დაზიანების ადგილებიდან. ფართოდ გამოიყენება ოპტიკური ხელსაწყოების დასამზადებლად (სათვალე, ბინოკლი, მიკროსკოპი, ტელესკოპი და სხვ.), რასაც განაპირობებს მასში მზის სხივის გარდატეხის კუთხის ტოლობა მინის გარდატეხის კუთხესთან.

ბალი (ფრანგ.) - 1. ამა თუ იმ მოვლენის (ქარის ქროლვის, ზღვის ღელვის, მიწისძვრის) ინტენსიურობის ციფრობრივი გამოსახულება; 2. მოწაფის ცოდნისა და ყოფაქცევის შეფასების ციფრობრივი გამოხატულება, ნიშანი; 3. დიდი საცეკვაო საღამო; 4. საშუალო სიმაღლის ნაყოფიანი ხე გაზაფხულის ხილით

ბალიასინა (იტალ.) - ბალიუსტრა, რიკული, სურაია; მცირე ფიგურული ბოძი (ხის, ქვის, ლითონის და სხვ.), რომელსაც ეყრდნობა კიბის, აივნის, ტერასის და მისთ. მოაჯირი (ნახ. 1).

ბალისტერი - ცივი იარაღი, ქვის სატყორცნი არბალეტი.

ბალიუსტრადა - აივნების, ტერასების, კიბეების, სახურავის და ა.შ. გამჭოლი შემოღობვა, რომელიც შედგება ფიგურული ბოძების (ბალიუსტრების) მწკრივისაგან (ნახ. 1), რომელიც ზემოდან შეკრულია მოაჯირით (სახელურით).

ბალიშა ლავა - ერთმანეთზე მორგებული ბალიშისებრი, სფერული, ელიფსოიდური და სხვა მსგავსი ფორმის მაგმური სხეულების დაზვავების შედეგად წარმოშობილი მაგმურა ქანი.

ბალიში - ძელის ქვეშ ან სვეტის თავზე საყრდენად გამოყენებული ხის, რეზინის, ლითონის, პლასტმასის ნაჭერი, რომლის დანიშნულებაა ერთი ელემენტიდან ძალა თანაბრად გადანააწილოს მეორე ელემენტზე (ნახ. 1: ქვის ბალიშები კოლონების თავზე).

ბალკერი - სპეციალური ნავი ფხვიერი მასალების გადასატანად.

ბალკონი (ფრანგ.) - 1. მაყურებელთა ადგილი თეატრში; 2. იგივეა, რაც აივანი.

ბალონი - გაზგაუმტარი გარსი დამზადებული დანიშნულების მიხედვით ლითონისაგან, პოლიმერისაგან, ქსოვილისაგან, მინისაგან და სხვ. მაგ., ავტომობილის ბ., ელექტროვაკუუმური ხელსაწყოს ბ., ბ. გაზების შესანახად და ტრანსპორტირებისათვის და სხვ.

ბამბა - მრავალწლოვანი მცენარის გვარი ბალბისებრთა ოჯახისა. სინათლის მოყვარული მცენარე. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა 25…300C; ბამბის ბოჭკოსაგან ამზადებენ ქსოვილებს, ტყავს, რეზინსა და სხვ. თესლიდან ხდიან ზეთს, რომელსაც კვების მრეწველობასა და ტექნიკაში იყენებენ, ხოლო გადამუშავების ნარჩენებს - ცხოველთა საკვებად. ბ. ყველაზე იაფი და გავრცელებული ბუნებრივი ბოჭკოა.

ბამბა ბაზალტის - თბოსაიზოლაციო მასალა, რომელიც შედგება ბაზალტის თხელი ბოჭკოსაგან. მიიღება ვულკანური ქანის გადნობით 15000C ტემპერატურაზე ნადნობის შემდგომი ნაბერით, შემკრავი და წყლის მომცილებელი კომპონენტების დამატებით. გამოიყენება თბოსაიზოლაციო მასალად.

ბამბა კაოლინის - მაღალტემპერატურული (1100...12500C) თბოსაიზოლაციო მასალა, რომელიც გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგებში. სიმკვრივე 80 კგ/მ3. ბ.კ. წარმოების ნედლეულია ტექნიკური თიხამიწა და კვარცის ქვიშა. ის მდგრადია ვიბრაციის მიმართ, ინერტული - წყლის და წყლის ორთქლის მიმართ, აქვს მაღალი ელექტროსაიზოლაციო თვისებები, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება 700...8000C ტემპერატურამდე. მომხმარებელს მიეწოდება რულონების ან სხვადასხვა ფორმის ნაკეთობის სახით.

ბამბა ქვის - ბაზალტის ან სხვა მინერალების ბოჭკოებისგან დამზადებული თბოსაიზოლაციო მასალაა.

ბამბა ცელულოზის (ეკობამბა) - მერქნის ბოჭკოვანი მასალა. მზადდება მაკულატურისაგან. შემადგენლობაში შედის: 80% საგაზეთო ქაღალდი და 20% არააქროლადი დანამატები (ანტისეპტიკები და ანტიპირენები).

ბამბუკი - ხისებრი მარცვლოვნების სახელწოდება. არსებობს მისი 1200-მდე სახეობა. ძირითადად განასხვავებენ ორ ტიპს: ღეროვანს და ბალახისმაგვარს (Olyreae)   ღეროვანი ბამბუკის სიმაღლე შეიძლება იყოს 38 მ, რომლის ღეროს დიამეტრი 25 სმ-ია. ბამბუკი გავრცელებულია დედამიწის ორივე ნახევარსფეროში, თუმცა მისი სამშობლო უცნობია. ძალზედ განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს, რაც სწრაფად გამრავლების საშუალებას აძლევს. ყვავილობს 25 წელიწადში ერთხელ. სწრაფად იზრდება. მაგ., დაფიქსირებულია იაპონური მადაკეს ზრდა დღე-ღამეში 120 სმ. ღეროვანი ბ. პრაქტიკულად ხუთივე კონტინენტზე გვხვდება, ხოლო ბალახიმაგვარი - მხოლოდ ტროპიკებში. ევროპაში ბამბუკი შემოტანილი იქნა ჩინეთიდან და იაპონიიდან და ძირითადად დეკორატიული დანიშნულება ქონდა. ამჟამად მისი იმპორტი წარმოებს აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. ბამბუკის, როგორც სასოფლო-სამეურნეო მცენარის კულტივაცია მხოლოდ იტალიაში ხდება. ბ. იაპონელები საკვებადაც იყენებენ, ხოლო, რადგანაც მისი ფესვები ბლომად შეიცავს სილიციუმის მჟავას (H2SiO3), რომელიც აუცილებელია თმების, კანის და ძვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მას ფართოდ მოიხმარენ ტრადიციულ აღმოსავლურ მედიცინაში. მშენებლობაში ბ. ღეროებს ყველაზე მეტად იყენებენ ტაილანდში და ჩინეთში სახლების, მცირემალიანი ხიდების, გადახურვის გისოსიანი კონსტრუქციების დასამზადებლად საქართველოში გავრცელდა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩინური მადაკე, იაპონური მადაკე, მოსო და სხვ., სულ 20 სახეობა. უმთავრესად იზრდება შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ნახ. 1). ზოგადად, ბ. უამრავ საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ნივთებს ამზადებენ. ასეთებია: ავეჯი, სათხილამურო ჯოხები, ქუდები, დაწნული კალათები, ფარდები, საჭმელი ჩხირები, ქვაბები, ფლიაგები, კონტეინერები, სათევზაო ჯოხები, ხელჯოხები, სალამურები, ფლეიტები, ბანსურები, საჰაერო თოფები, ისრის ბუნიკები, სამურაის მშვილდისრები, შუბები, კიბეები, წყალსადენის მილები. ჩინეთში და იამაიკაზე ბამბუკი ძირითადი მასალაა ქაღალდის წარმოებაში. ბ., როგორც მარადმწვანე დეკორატიული მცენარე, დიდ გამოყენებას ჰპოულობს ძვირფასი სასახლეების და რეზიდენციების ეზოების კეთილმოწყობაში.

ბამპერი (ინგლ.) - ავტომობილის ბუფერი, რომელიც ამცირებს ავარიული დაჯახების ძალას.

ბანაკი - 1. ცის ქვეშ გაშლილი დროებითი სადგომი; 2. საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაჯგუფება.

ბანას ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. აგებული იქნა VII საუკუნეში. მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, შენკაიას რაიონში, ისტორიულ მხარე ამიერ ტაოში, სოფელ ფენეკის დასავლეთით 2 კმ-ში. ბანა თავის დროზე მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრსა და ზოგჯერ მეფეთა სამყოფსაც წარმოადგენდა (აქ დაკრძალულია საქართველოს მეფე ბაგრატ IV). ტაძარი მრგვალ ბორცვზეა აგებული. ბანაც მრგვალად აღიქმება, თუმცა რეალურად მრავალწახნაგა იყო. სამსართულიანი და რთული კომპოზიციის ტაძარი ეკლესიისგან და მრგვალი გალერეისგან შედგებოდა. პირველი სართული 28 წახნაგა გახლდათ, რომელიც მოგვიანებით, სავარაუდოდ XVI საუკუნეში, თურქების შემოსევის დროს გადაუკეთებიათ. ამჟამად მისი ნანგრევებია შემორჩენილი (ნახ. 1).

ბანდვაგენი (გერმ.) - 1. ლენტური ტრანსპორტი, რომელიც დაყენებულია რელსებზე მოძრავ მაღალ ურიკაზე. გამოიყენება ღია სამთო კარიერების დამუშავებისას ქანების ტრანსორტირებისათვის; 2. ოთხთვალა გერმანული ურიკა (ნახ. 1).

ბანდი - წვრილი თოკი ან თასმა.

ბანერი - (ვებ გვერდზე განთავსებული) - სარეკლამო შეტყობინება. ბანერი ძირითადად აქტიური გამოსახულებაა, რადგანაც მასზე ,,დაწკაპუნებით გადავდივართ სხვა საიტზე, რომელიც, როგორც წესი კომერციული ხასიათისაა. ამჟამად სიტყვა ბანერმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა, მაგ., იგი გამოიყენება მასიურ ბაჭვდით საინფორმაციო საშუალებებში, მცირე სარეკლამო ბლოკებში, რომელიც შედგება ტექსტისა და სურათებისაგან.

ბანი (ტერასა) - ერდო; გადაუხურავი (ან გადახურული), ერთი, ორი ან სამი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია მხრიდან (მხარეებიდან) საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემოკავებული ფართობი (ნახ. 1), აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან (მხარეებიდან) შემოსაზღვრულია მოაჯირით ან პარაპეტით. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი.

ბანიანი სახლი - ბრტყელი სახურავით, ბანით გადახურული სახლი.

ბანკეტი (ფრანგ.) - 1. წაგრძელებული მსუბუქი უზურგო მერხი რბილი საჯდომით ერთი ან რამდენიმე ადამიანისათვის (ნახ. 1); 2. დაბალი მიწის ნაყარი გაჭრილი გზის ზედა ნაპირის გასწვრივ.

ბანკი (ფრანგ.) - განსაკუთრებული ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფულადი სახსრების თავმოყრა, კრედიტების გაცემა, ფულადი ანგარიშსწორებები, მიმოქცევაში განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ფულის გაშვება, ფასიანი ქაღალდების ემისია და სხვა. ბანკი წარმოიშვა საქონლურ-ფულად ურთიერთობათა განვითარების შედეგად. მსოფლიოს წამყვანი ბანკებია: ინგლისის ბანკი (დაარსდა 1694 წ., რეზერვები 323 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, ლონდონი); მსოფლიო ბანკი (შეიქმნა 1944 წ. 28 სახელმწიფოს მიერ ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, ვაშინგტონი); ევროპის ცენტრალური ბანკი (დაარსდა 1998 წ., რეზერვები 526 მილიარდი ევრო, მაინის ფრანკფურტი); ჩინეთის საწარმოო და კომერციული ბანკი (Industrial and Commercial Bank of China), კაპიტალი 234 მლრდ დოლარი; ჩინეთის სამშენებლო ბანკი (China Construction Bank), კაპიტალი 226 მლრდ დოლარი; "ეიჩ-ეს-ბი-სი" (HSBC Holdings plc), ბრიტანული ბანკი, კაპიტალი 185 მლრდ დოლარი; უელს ფარგო (Wells Fargo), ამერიკული საფინანსო ჯგუფი, კაპიტალი 165 მლრდ დოლარი; ჯიპი-მორგან ჩეიზი (JPMorgan Chase), ამერიკული საფინანსო კომპანია, კაპიტალი 164 მლრდ დოლარი; ჩინეთის ბანკი (Bank of China), ჩინეთის ყველაზე ძველი ბანკი, კაპიტალი 143 მლრდ დოლარი; სიტიგრუპი (Citigroup), ამერიკული საფინანსო ორგანიზაცია, კაპიტალი 140 მლრდ დოლარი; ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი (Agricultural Bank of China), კაპიტალი 135 მლრდ დოლარი; ამერიკის ბანკი (Bank of America), კაპიტალი 133 მლრდ დოლარი; იტაუ უნიბანკო (Itau Unibanco), ბრაზილიური ბანკი, კაპიტალი 95 მლრდ დოლარი და სხვ

ბანკი ინოვაციური (ინგლ.) - კომერციული ბანკი, სპეციალიზებული ინოვაციური პროექტების, ანუ სხვადასხვა მეცნიერულ-ტექნიკური სიახლის (დაწყებული საცდელი ნიმუშების დაპროექტებიდან და შექმნიდან, დამთავრებული მათი მასობრივად დანერგვით) დაფინანსებასა და დაკრედიტებაზე, რომელთა ვადები, წესები და პირობები დგინდება დასაფინანსებელი სამუშაოების მასშტაბის, სტადიებისა და ხასიათის მიხედვით. გამოიყენება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დაკრედიტება. შესაძლებელია ინვესტიციური დაფინანსებაც იმ კომპანიების აქციების შეძენის გზით, რომლებიც ამუშავებენ და ნერგავენ რაიმე მეცნიერულ-ტექნოლოგიურ იდეას, აგრეთვე დაკავებული არიან ობლიგაციების ხანგრძლივი ვადით გავრცელებით დასაფინანსებელი პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ პირებს შორის. ბ. ი. სხვა ბანკებისაგან გამოირჩევა შემდეგი თავისებურებებით: საკრედიტო დაბანდების უკან დაბრუნების მაღალი რისკით; არსებითი განსხვავებით არა მხოლოდ ვადებში, არამედ სესხების მოცულობაში; მეანაბრის სახსრების დაცვის უზრუნველყოფისათვის დამატებითი გარანტიების აუცილებლობით.

ბანკი იპოთეკური - საკრედიტო დაწესებულება, რომელიც გასცემს იპოთეკურ კრედიტს და უშვებს უძრავი ქონების დაგირავებით უზრუნველყოფილ გირავნობის სიგელს.

ბანკი კომერციული - საბანკო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზებულია დეპოზიტების მიღებაზე, მოკლევადიანი კრედიტების და კლიენტების საანგარიშსწორებო მომსახურებაზე.

ბანკი საემისიო - სახელმწიფო საკრედიტო დაწესებულება, ცენტრალური ბანკი, რომელსაც მინიჭებული აქვს საბანკო ბილეთების გამოშვების, ფულის მიმოქცევის, კრედიტისა და სავალუტო კურსის რეგულირებისა და კონტროლის, ოფიციალური ოქროს სავალუტო რეზერვის დაცვის მონოპოლიური უფლება.

ბანკი საინვესტიციო (ინგლ.) - 1. სპეციალური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც ახდენს გრძელვადიანი სასესხო კაპიტალის მობილიზაციას და შემდეგ გასცემს მას ობლიგაციების ან სხვა სახის სასესხო ვალდებულობათა გამოშვებისა და გავრცელების გზით; 2. ეწევა სხვადასხვა კომპანიის ფასიანი ქაღალდების პირველად განთავსებას და ახორციელებს საბროკერო ოპერაციებს კლიენტთა დავალებით; 3. დაწესებულება, რომელიც აფინანსებს და აკრედიტებს კაპიტალურ დაბანდებებს.

ბანკი ცენტრალური - სახელმწიფო დაწესებულება, რომლის ძირითადი მოვალეობაა: ქვეყანაში ფულადი მიმოქცევის, ფინანსური ბაზრების და ინსტიტუტების კონტროლი, ფულის ემისიის მოცულობის განსაზღვრა, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, ვალუტის კურსის სტაბილურობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, კომერციული ბანკების ზედამხედველობა, საგარეო ვალის მომსახურება და მთავრობის დაკრედიტება

ბანკირი - ბანკის მფლობელი, მსხვილი აქციონერი ან ფულადი კაპიტალის მენეჯერი და მესაკუთრე, რომელიც დახელოვნებულია საბანკო ოპერაციების წარმოებაში

ბანკნოტი (ინგლ.) - 1. საბანკო ბილეთი, საკრედიტო ფულის უმაღლესი ფორმა, რომელსაც უშვებს საემისიო ბანკი და რომელიც ცვლის ლითონის ფულს მიმოქცევაში. 2. ბანკირის თამასუქი, რომლის წარმომდგენსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ფულის მიღება.

ბანკროტი (ფრანგ.) - ვალის გადახდის უნარმოკლებული, ვალაუვალი, გაკოტრებული პირი, მევალე.

ბანური გადახურვა - ბანი, ბრტყელი გადახურვა; შენობის უქანობო სახურავი.

ბაობაბი (ეთიოპ.) - ტროპიკული გიგანტური ხე ბომბაქსისებრთა (ბაობაბისებრთა) ოჯახისა (ნახ. 1). იზრდება აფრიკის სავანებში. აქვს ძალზე მსხვილი ღერო, რომლის გარშემოწერილობა 25 მ-ს აღწევს, სიმაღლე 18…25 მ-ს. აქვს დიდი თეთრი ყვავილები. ცოცხლობს 4000…5000 წელს. ბაობაბის სქელი ქერქისაგან იღებენ ბოჭკოს და ამზადებენ თოკსა და უხეშ ქსოვილებს.

ბაჟი - სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი მოსაკრებელი. ბ. წესდება განსაზღვრული დოკუმენტების (მინდობილობა, ნაჩუქრობის ბარათი და სხვ.) გაცემისათვის და გარკვეული საქონლის საზღვარგარეთ გატანის ან საზღვარგარეთიდან შემოტანისათვის.

ბარათი ვირტუალური - მატერიალური ფორმის არმქონე ბარათი, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების საფუძველზე ემიტენტის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვით ბარათის მფლობელისათვის მიწოდებული რეკვიზიტების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობას, რომლის საშუალებით ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს გადახდები მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით

ბარათი კომერციული - სადებეტო ან საკრედიტო ბარათი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის ანგარიში და შეასრულოს ოპერაციები.

ბარათი საგადახდო - ბანკის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი (საკრედიტო, სადებეტო, წინასწარი გადახდის, პლასტიკური) რომლის საშუალებით ხდება საქონლის (მომსახურების) საფასურის გადახდა, ნაღდი ფულის მიღება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილის განხორციელება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ოპერაციების შესრულება

ბარათი სადებეტო - მის მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტსა და ბარათის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბარათე ანგარიშზე არსებული თანხები, ასევე ისარგებლოს ოვერდრაფტით

ბარათი საკრედიტო - მის მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ოპერაციები განახორციელოს საკრედიტო ხაზის ფარგლებში.

ბარათი წინასწარი გადახდის - არ საჭიროებს ბარათის მფლობელის ან ბარათის შემძენის სახელზე საბარათე ანგარიშის გახსნას. აღნიშნული ბარათით ოპერაციები სრულდება მხოლოდ წინასწარ ჩარიცხული თანხის ფარგლებში

ბარაკი - მარტივი კონსტრუქციის ერთსართულიანი დროებითი ნაგებობა.

ბარანკოსი (ესპ.) - ღრმა ღარი, რომელიც ვულკანური კონუსის ფერდობს სერავს. ბ. რადიალურად ეშვება მწვერვალიდან ძირისაკენ. წარმოიქმნება კალთების ჩამორეცხვის შედეგად.

ბარაჟი (ფრანგ.) - 1. ჰაერში აშვებული და ფოლადის გვარლებით დაბმული აეროსტატების ღობურა; 2. შახტების და კარიერების დაცვის ხერხი წყალგაუმტარი მოწყობილობების საშუალებით

ბარატრია (ინგლ.) - გემის კაპიტნის ან ეკიპაჟის ბოროტგანზრახული მოქმედება ტვირთის პატრონის საზარალოდ. ბ. რისკი ექვემდებარება დაზღვევას.

ბარბაკანი (ფრანგ.) - საფორტიფიკაციო მცირე ზომის ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა ციხე-სიმაგრის შესასვლელის დამატებითი დაცვა (ნახ. 1: ვარშავის ბარბაკანი, პოლონეთი) უმეტესად წარმოადგენდა კოშკს გამოტანილს ციხის კედლებს (გალავანს) გარეთ, რომელიც დაკავშირებული იყო ციხე-სიმაგრესთან მოარშიებული კედლებით (გასასვლელით) ან ხიდით (თუ ბ. აშენებული იყო ხიდის დასაცავად). გავრცელდა XV-XVI საუკუნეებში საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ბარბაცა - მრუდხარა-მცოცი მექანიზმის ნაწილი, რომელიც დგუშის ან მცოცის წინსვლით მოძრაობას გარდაქმნის მრუდხარას ან მუხლა ლილვის ბრუნვით მოძრაობაში. ბარბაცა ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია მარტივი მოძრაობის ყბებიან სამსხვრევში.

ბარდანი - ბლომად დადებული თოვლის ფანტელები.

ბარდოლინი - ბიტუმის ჯავშანი (კრამიტი), რომლის შუა ფენა დრეკადი მინაბოჭკოა, ზედა ფენა - მინერალური წანაყარი, ხოლო ქვედა - კაჟმიწის ქვიშა. გამოიყენება ქანობიანი სახურავების მოსაწყობად (ნახ. 1).

ბარელი - თხევადი და ფხვიერი მასალების საწყაო დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. 1 ბ. = 42 ამერიკულ გალონს = 159 ლიტრს.

ბარელიეფი - სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე, რომლის ყველა ნაწილი სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად არის ამოწეული (ნახ. 1: რუსთაველის დაზიანებული ბარელიეფი ათონის ჯვრის მონასტერში).

ბარი - 1. ლითონის დიდი ნიჩაბი მიწის სამუშაოების შესასრულებლად. შედგება რკინის ნიჩბისა და ხის (ლთონის) სახელურისაგან, რომელსაც ბოლოზე აქვს ტაბიკურა (ნახ. 1); 2. პატარა რესტორანი ან ნაწილი რესტორნისა, სადაც სტუმრებს დახლთან უმასპინძლდებიან; 3. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი პატარა კარადა; 4. მთათაშუა დადაბლებული ადგილი, მოიცავს ვაკე-დაბლობსა და მიმდებარე მთისწინეთს; 5. წნევის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც 105 ნ/მ2-ის ტოლია. ეკვივალენტურია 750,08 მმ სიმაღლისა და 00C ტემპერატურის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წნევისა.

ბარიერი (ფრანგ.) - 1. დაბალი ზღუდე, ტიხარი; 2. სპორტში დოღის, ხტომის, სირბილის დროს გადასალახავი საგანგებო დაბრკოლება; 3. თავისუფლად გავლის შემაფერხებელი ზღუდე.

ბარიკადა (ფრანგ.) - ქუჩებსა და ხიდებზე ბრძოლის დროს თავდასაცავად შექმნილი ხერგილები (ნახ. 1) სხვადასხვა ხელმისაწვდომი საგნებისაგან (მიწით სავსე ტომრები, მორები, ავეჯი, კასრები, საზიდრები და სხვ.).

ბარიტი - მძიმე შპატი ბარიუმის მინერალის სულფატების კლასიდან - BaSO4. სუფთა სახით უფერო, გამჭირვალე ან თეთრი მასალაა, თუმცა ჩვეულებრივად რკინის ოქსიდების, სულფიდების ზემოქმედებით ღებულობს სხვადასხვა ფერს. სიმკვრივე 4,3...4,7 გრ/სმ3. მისი თანამდევი მინერალებია: ფლიორიტი, კალციტი, კვარცი, გემატიტი, ჰალკოპირიტი, ანტიმონიტი, გალენიტი, სფალერიტი, მარკაზიტი. გამოიყენება ბარიუმის მარილების, თეთრას, ემალის, ჭიქურის ნედლეულად; რეზინის, აფსკის, ლინოლეუმის, ქაღალდის დამზადებისას შემავსებელად; საბურღი დუღაბის სიმტკიცის ასამაღლებლად. ბ. გამჭირვალე კრისტალები ფართოდ გამოიყენება ოპტიკურ ხელსაწყოებში და რენტგენის გამოსხივებისაგან დასაცავად. საბადოები გავრცელებულია ინგლისში, რუმინეთში, იტალიაში. საქართველოში ბ. მოპოვება ხდება იმერეთში (ჩორდი, წყალტუბო).

ბარიუმი - Ba, რბილი, ვერცხლისფერ-თეთრი ლითონი. ადვილად იჟანგება ჰაერზე, ენერგიულად რეაგირებს წყალთან, გახურებისას ადვილად აალდება, ინახავენ ნავთში. ბ. და მისი შენადნობები გამოიყენება რადიოტექნიკაში, ქაღალდის წარმოებაში. საკისრებისთვის კომპონენტად, ტიპოგრაფიულ შენადნობებში, ემალის, ჭიქურის დასამზადებლად, რეზინის შემავსებლად, შედის თეთრი საღებავის შემადგენლობაში, შთანთქავს რენტგენის სხივებს.

ბარიუმსულფატი (BaSO4) - გოგირდმჟავა ბარიუმის მარილი. გვხვდება მინერალ ბარიტის სახით

ბარიუმქლორიდი (BaCl2) - მარილი. უფერო კრისტალები.

ბარიცენტრი - გეომეტრიული ფიგურის სიმძიმის ცენტრი.

ბაროგრაფი - ატმოსფერული წნევის ცვალებადობის ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო (ნახ. 1, ბაროგრაფი: 1 - ანეროიდული კოლოფები; 2 - კალამი; 3 - დოლი ქაღალდის ლენტით). ანეროიდული ბ. შედგება: გოფრირებული კოლოფების კომპლექტისაგან, რომელიც განიცდის დეფორმაციას ატმოსფერული წნევის ზემოქმედებით, გადამცემი მექანიზმის, საათის მექანიზმიანი დოლის და კორპუსისაგან. ჩვენების ჩაწერა ხდება კალმით დოლზე დახვეულ ლენტზე.

ბაროკო – XVI...XVIII საუკუნის ევროპის ხელოვნებაში (განსაკუთრებით იტალიაში) გავრცელებული სტილისტური მიმართულება, რომელსაც ახასიათებს დიდი ანსამბლები, რომლებსაც არქიტექტურის პლასტიკური ფორმები, ფერწერა, ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები მაღალფარდოვან, საზეიმო ხასიათს უქმნიან. ბაროკო თამამად არღვევს კლასიკური კანონების პირობით საზღვრებს და მხატვრული შინაარსის გამოსავლენად ჰქმნის არქიტექტურის ახალ საშუალებებს, ახალ კომპოზიციურ ხერხებს.

ბარომეტრი (ბერძ.) - ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყო.

ბაროტრავმა - დაზიანება, გამოწვეული ატმოსფერული წნევის მკვეთრი მერყეობით.

ბარჟა - სატვირთო გემი, რომელიც ბუქსირით მოძრაობს; კარჭაპი.

ბარტერი - პირდაპირი საქონელგაცვლა ფულადი ანგარიშსწორების გარეშე (ნატურალური გაცვლა).

ბარტიზანი - შენობის კუთხეზე ამოყვანილი მცირე კოშკი (ნახ. 1).

ბარხანი - რელიეფის დადებითი ფორმა, დიუნის სახესხვაობა. წარმოადგენს უდაბნოს კონტინენტურ დიუნას, ქარით მოტანილსა და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვს (ნახ. 1). მყარ გრუნტზე დახროვებული ცალკეული და ჯგუფური ბარხანები ქვიშის ნაკლებობისას დაბალია (0,5-იდან რამდენიმე მეტრამდე), მაგრამ შეიძლება 100 მ-ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს. ბ. დამახასიათებელია ნახევარმთვარისებრი და ნამგლისებრი მოხაზულობა, გრძელი და დამრეცი (5…150), საქარე და ციცაბო (30…330) ქარზურგა ფერდობები, რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ „რქებში“ გადადის. ქვიშით ერთიანად დაფარულ ფერდობებზე ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში ბ. სხვადასხვა ფორმა ეძლევა. ბ. წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე იცვლის ადგილს. მოძრავ დიუნებსა და ბარხანებს დიდი ზიანი მოაქვთ, რამეთუ ქვიშის დიდი მასები ფარავენ საზოგადოების მიერ კეთილმოწყობილ ტერიტორიებს (მინდვრებს, ბაღებს და ა.შ.). ბ. უჭირავს ქვიშიანი უდაბნოს მცენარეულობას თითქმის მოკლებული უბნები. ის ბევრია საჰარაში, აგრეთვე შუა აზიის უდაბნოებში - ყარაყუმსა და ყიზილყუმში.

ბარჯა - ბარჯგი, ბოძკინტი; მცირე საყრდენი ძელი (სახლის).

ბარჯგი - იგივეა, რაც ბარჯა (იმერეთსა და გურიაში გავრცელებული კუთხ. ტერმინი).

ბასმა (თათრ.) - 1. ლითონის (ვერცხლის, სპილენძის, ოქროს) თხელი ფურცლები ზედ ამოტვიფრული ნახატით; 2. ლითონის ფირფიტა (ან ბეჭედი), რომელზედაც გამოსახული იყო თათართა ხანი; წარმოადგენდა რწმუნების სიგელს; 3. თმის შავი საღებავი, გამოიყენება ინასთან ერთად

ბასრი - მეტად მჭრელი.

ბასტეა (გერმ.) - ციხე-სიმაგრის ტიპის ხანგრძლივად თავდასაცავი ნაგებობა (ნახ. 1). გაჩნდა XVI საუკუნეში არტილერიის განვითარების შედეგად და იყო საშუალედო ეტაპი გამაგრებულ კოშკსა და ბასტიონს შორის. ბ. წარმოადგენდა კლასიკურ კოშკზე დაბალ, ფართო, მრავალიარუსიან ნაგებობას არტილერიის განსათავსებლად. ცალკეული ქვემეხი შესაძლებელი იყო განელაგებინათ ბრტყელ სახურავზეც. ბ. აშენებდნენ გეგმაში წრის, ნახევარწრის ა, მრავალწახნაგას სახით. წრიულს აგრეთვე უწოდებდნენ რონდელს. ბ. კედელში გაკეთებული იყო ნახვრეტები ქვემეხის ლულის გასაყოფად. მშენებლობისათვის ძირითადად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა და თიხის აგური.

ბასტიონი - 1. გეგმაში მრავალკუთხა (წრიული) მოხაზულობის ფორტიფიკაციული ნაგებობა ციხე-სიმაგრის კუთხეში (ნახ. 1); 2. ბურჯი, ციხე-სიმაგრის გამონაშვერი.

ბატარეა (ფრანგ.) - 1. ერთი ტიპის ხელსაწყოების, აპარატების, მოწყობილობების გაერთიანებით მიღებული სისტემა; 2. ძირითადი საცეცხლე საარტილერიო ქვეგანაყოფი. ჩვეულებრივ შედის საარტილერიო დივიზიის შემადგენლობაში; 3. გამაგრებული ადგილი, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე ქვემეხის პოზიციას

ბატიკი (მალაური) - ქსოვილის მოხატვის ტექნიკა, ამ წესით მოხატული ჭრელი ქსოვილი.

ბატისტი (ფრანგ.) - თხელი, ნახევრად გამჭვირვალე სელის ან ბამბის ტილოს ხლართებიანი ქსოვილი.

ბაუჰაუზი - მშენებლობისა და მხატვრული კონსტრუირების უმაღლესი სკოლა გერმანიაში, რომელიც ითვლება მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სკოლად.

ბაქან-სცენა - ამაღლებული ადგილი შენობაში, რომელიც გამოიყენება სალოცავად, მუსიკალური ნაწარმოების შესასრულებლად, სპექტაკლების ან სხვა გასართობი ღონისძიებების წარმოსადგენად (ნახ. 1); განსაკუთრებული სტუმრებისათვის განკუთვნილი მთავარი მაგიდა; ამაღლებული ადგილი ლექტორებისა და გამომსვლელებისათვის; კრივის და საჭიდაო რინგები; მრგვალი თეატრალური სცენები და ა.შ., რომლის თავზე არ არის ფარდები, დეკორაციები ან სასცენო ეფექტები გარდა განათებისა და ხმის მოწყობილობებისა. დ რ ო ე ბ ი თ ი  ბ ა ქ ა ნ-ს ც ე ნ ა ეწოდება ბაქან-სცენას, რომელიც მონტაჟდება არაუმეტეს 30 დღით. იგი შეიძლება აიგოს ნებისმიერი მასალით.

ბაქანი (ფრანგ) - 1. ეზოში, ბაღ-პარკებში გამოყოფილი მცირე მოედანი სათამაშოდ, საცეკვაოდ და ა.შ.; 2. მიწაყრილის ან სუბსტრაქციებით შექმნილი ნიადაგიდან ამაღლებული თარაზული სიბრტყე; 3. კიბის სვლებს შორის მოქცეული მცირე მოედანი; 4. ძირითადი ობიექტის მომსახურებისათვის საჭირო დამხმარე ჰორიზონტალური ფართობი; 5. ოროკო; “კლდეში მცირე ვაკე რამ” (საბა); 6. სამგზავრო მატარებლების მოკლევადიანი გასაჩერებელი მოედანი, რომლის ზედაპირის ნიშნული მატარებლის კიბის ქვედა საფეხურების ან მატარებლის იატაკის დონეზეა (ნახ. 1).

ბაქტერიები (ბერძ.) - მიკროსკოპული ერთუჯრედიანი ორგანიზმები, მიკრობები, რომლებიც აზიანებენ მერქანს ნაწილობრივ. ისინი მრავლდებიან უჯრედის გაყოფით, ამიტომ ვერ გადაადგილდებიან მერქანში, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც წყალშია. ბ. ქმნიან კოლონიებს მერქნის უჯრედებში და საკვებად იყენებენ ცილას და ლიგნინს. მათი გამრავლების არეა ნაქურთენი. გულს ბ. ვერ აზიანებს, რადგანაც ხის გულის მერქნის შემადგენელი კომპონენტები მედეგი არიან ბ. ბაქტერიების შესწავლა წარმოებს მიკროსკოპის გამოყენებით.

ბაქტერიოლიზინები - ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებები.

ბაქტერიოსკოპია - ბაქტერიების კვლევა მიკროსკოპის საშუალებით.

ბაქტერიციდები - ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ბაქტერიების მოსპობას.

ბაღდადური კედელი - თხელი ფიცრებითა და ტკეჩით ნაგები და ბათქაშით შელესილი მსუბუქი კედელი.

ბაღი - ხელოვნების ნიმუში, დიდ ტერიტორიაზე გაშენებული მცენარეების, ყვავილების, ბილიკების, წყაროების, მცირე ნაგებობების, ხეივნების და სხვ. ერთობლიობა, რომელიც ულამაზეს გარემოს ქმნიან. ის განიხილება, როგორც ისტორიის საგანგებო წყარო. ბ. ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ადამიანის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლისას წარმოიშვა. ბაღის თავდაპირველი დანიშნულება იყო საცხოვრებელთან სასარგებლო მცენარეების მოყვანა. კულტურის განვითარების კვალობაზე, ნარგავებმა თანდათან მოხდენილი სახე მიიღო. დღეისთვის ბაღებს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ეკისრება. ყველაზე მეტი ბ. გაშენებულია დიდ ბრიტანეთში, რომელთაგან უდავოდ საუკეთესოა 121 ჰა-ზე გაშლილი ლონდონის ბოტანიკური ბაღი (ნახ. 1: ლონდონის ბოტანიკური ბაღი).  მასში 7 მილიონამდე სახეობის მცენარეა დაცული, რომლის შესწავლას 650 მეცნიერი ემსახურება. პირველი ბ., რომლებიც უტილიტარულ მიზანს არ ემსახურებოდნენ და სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდნენ, გაჩნდა ძველ აღმოსავლეთში, სადაც ბაღი კლიმატური პირობების გამო დიდ როლს ასრულებდა. ბრწყინვალე ტროპიკული მცენარეების წყალობით ბაღმა ხელოვნების ისეთი უმდიდრესი მასალა მიაწოდა, რომ მან უნებლიეთ დაიმსახურა აღმოსავლეთის ხალხთა სიმპათიები და მათი ცხოვრების განუყრელ ნაილად იქცა. აღმოსავლურ საბაღო სისტემაში ორ სტილს გამოყოფენ: არიულს და სემიტურს. არიული წარმოშობის ენერგიული და მებრძოლი ხალხი, აწყობდნენ უზარმაზარ ბაღებს და პარკებს, სადაც ზოგჯერ ცხოველებსაც ათავისუფლებდნენ. "ცხოველთა ბაღები" - "პარადიზები" ბუნებრივ ტყედ აღიქმებოდა, რომლის შექმნისთვის და შენარჩუნებისთვს წყალი საკმაოდ შორი მანძილიდან გამოჰყავდათ. სემიტური წარმოშობის ხალხი, რომელთაც კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ ჰქონდათ მიდრეკილება, სახლებთან აწყობდნენ მაღალი კლდით შემოღობილ პატარა ბაღებს, სადაც ისინი არამარტო ულამაზეს მცენარეებს და ყვავილებს, არამედ ხელოვნების ნაწარმოებებსაც ათავსებდნენ. სემიტური ტიპის უძველესი ბაღის ყველაზე გრანდიოზული ნიმუშს წარმოადგენდა „ბაბილონის დაკიდებული ბაღები", რომელიც ნაბუქოდონოსორ II-ის ბრძანებით ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში მიდიის მეფის ასულის დედოფალ ამიტას პატივსაცემად გაუშენებიათ. მიუხედავად ამისა ტრადიციისამებრ ამ ბაღებს სემირამიდას ბაღებს უწოდებენ. კლასიკურად არის მიჩნეული ძველი საბერძნეთის და რომის საბაღო სტილი. თავდაპირველად ელადის ბაღები ხილისა და ბოსტნეული მცენარეების ნაკრებს წარმოადგენდა, მაგრამ თანდათან ნარგავთა მოწყობისას ესთეტიკური მხარე სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ძველ ათენში საზოგადოებრივი ბაღებიც არსებობდა. ღრმა წარსულიდანვე ბაღთან იყო დაკავშირებული თითქმის ყველა რწმენა, ყველა თქმულება. მისით მოისახებოდა მიწიერი და ზეციური სამოთხე. ბიბლიის მიხედვით კაცობრიობის წინაპრებს საოცარ ბაღში მიუჩინა ღმერთმა ადგილი, ამ ბაღს „ედემი“ ეწოდებოდა, რაც ძველ ებრაულად განცხრომას, ნეტარებას ნიშნავდა. სპარსულ პარდაიზმს, მოგვიანებით დაესეხნენ ბერძნებიც. პარდაიზმი იქცა მიწიური სამოთხის სინონიმად. ინდური მითოლოგია და სამოთხეც ასევე ბაღშია თავმოყრილი. ყველაზე მდიდრული საიქიო სამოთხე კი შექმნა მუჰამედმა. ბაღი, რომელიც ქრისტიანებისთვის საწყისი იყო, მაჰმადიანებისთვის ის ცხოვრების გზის დასასრულს წარმოადგენდა. XVI საუკუნის მეორე ნახევარი და XVII საუკუნის დასაწყისი ფრანგული საპარკო ხელოვნების ჩასახვის ხანაა. საბოლოო კლასიციზმი მკაფიოდ გამოვლინდა ლენორტის შემოქმედებაში - ვერსალის ბაღში (ნახ. 2: ვერსალის ბაღი). ვერსალის სახით ლენორტმა შექმნა საპარკო შედევრი, რომელშიც ბრწყინვალედ გამოავლინა შემოქმედებითი ნიჭი და მონდომება. ლენორტის შემდეგ მისი სტილი ბაღებში გაჩნდა ყველგან, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში (ნახ. 3: ბაღი კიოკენჰოფში, ნიდერლანდები) და თვით იტალიაშიც. საფრანგეთში პეტრე I-ის მოგზაურობობის შემდეგ რუსეთში შეიქმნა პეტერგოფის ბაღები და პეტრეს ბაღი ქ. მოსკოვში. ბ. უამრავი უმშვენიერესი ბაღები მარგალიტებადაა მიმობნეული აზიის ქვეყნებში, რომელთაგან სანიმუშოა: იაპონია (ნახ. 4: კაიო-შიკის იაპონური ბაღი), ჩინეთი, კორეა, ფილიპინები, ახალი ზელანდია და სხვ. საქართველოში ძველად მხატვრული ბაღების არსებობის თაობაზე ცნობები ძირითადად წერილობით წყაროებში მოიპოვება. ძველი კოლხეთის მხატვრული ბაღების შესახებ მასალებს გვაწვდის ძველი ბერძნული თქმულება არგონავტებზე. პოემაში აღწერილი ბაღი ანტიკური კულტურის ნიშნად არის მიჩნეული, მაგრამ როგორც ფიქრობენ ბაღებს კოლხეთში უფრო დიდი ისტორია აქვს. ვარაუდობენ, რომ მებაღეობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ხელი უნდა შეეწყო ძველი ასურეთის და ბაბილონის საბაღო-საპარკო ხელოვნების კულტურას, რომელმაც განვითარების უმაღლეს დონეს ქრისტეს შობამდე VII - VI საუკუნეებში მიაღწია. ძველ საქართველოში ბაღის შესატყვის სიტყვებად იყენებდნენ ტერნინებს - „სამოთხე“ და „წალკოტი“. სამოთხესა და წალკოტში დეკორატიული მცენარეების გარდა ხეებიც იზრდებოდა. ხოლო ვარდებისათვის ცალკე ადგილი იყო გაკეთებული. ძველად მცენარეები ტოპონიმიკაშიც აისახებოდა. ბიჭვინთის როგორც ქართული ასევე ბერძნული სახელი პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს, ვარციხის - ძველი სახელი მომდინარეობს ვარდიციხიდან. თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ უბანში სეიდაბადში უძველესი დროიდან სამეფო ბაღები ყოფილა გაშენებული, სადაც ქართველი მეფეები სპარსეთისა და ოსმალეთის სამეფო კარის წარმომადგენლებს იღებდნენ. ბაღები ირწყვებოდა მეფის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით. საქართველოში დღეისათვის საუკეთესო ბაღებია გაშენებული ბათუმში (ნახ. 5: ბათუმის ბოტანიკური ბაღი), თბილისში, სოხუმში, ქუთაისში, წინანდალში და სხვ.

ბაღი მოდულური - ყვავილნარის, ბაღის მცირე სივრცის ან პარკის ფრაგმენტის გაფორმების ხერხი, დამყარებული განმეორებით მოდულის გეომეტრიულ სისტემაზე (ნახ. 1). მაგ., კვადრატები, მართკუთხედები, ტრაპეციები და სხვ., შევსებული სხვადასხვა ან ერთგვაროვანი ყვავილებით და ბალახებით, რომლებსაც ირგვლივ შემოწყობილი აქვს კერამიკული ან ბეტონის ფილები.

ბაღი ჩინამპასი - მექსიკური მცურავი ბაღი, ხის ტოტებისა და ლელქაშებისაგან შეკრული მცირე კუნძული, დაფარული ხელოვნურად შემოტანილი გრუნტით, რომელზედაც გაშენებულია მცენარეები (ნახ. 1).

ბაღჩა - პატარა შემოღობილი ნაკვეთი სახლის წინ.

ბაყი - მესერი, წნული ღობე.

ბაშტე - კუთხ. ბოსელი, გომი, გომური. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საზამთრო სადგომი თუშეთში.

ბაცილები (ლათ.) - სპორების წარმომქმნელი ჩხირისებრი ბაქტერიები.

ბგერა - დრეკადი გარემოს ნაწილაკების  რხევითი მოძრაობა, რომელიც ტალღებად ვრცელდება აირისებრ, თხევად და მყარ გარემოში. ბგერის ფიზიკური ცნება არ შემოიფარგლება ადამიანის სმენადობის შესაბამისი სიხშირის ბგერით. ადამიანი შეიგრძნობს 16-დან 20000 ჰც-მდე სიხშირის ბგერებს. 16 ჰერცზე დაბალ ბგერებს  ი ნ ფ რ ა ბ გ ე რ ა  ეწოდება, 20000 ჰერცზე მაღალი სიხშირისას (ბგერას, რომელიც ადამიანის ყურისათვის მისაწვდომი დიაპაზონის მიღმაა),  -  უ ლ ტ რ ა ბ გ ე რ ა.  როდესაც ბ. ყურს მიაღწევს, დაფის აპკის რხევას იწვევს და ბგერა გვესმის. ბგერითი ტალღა მყარ სხეულშიც გადის, სითხეშიცა და აირშიც. იგი მხოლოდ  ვაკუუმში  (ცარიელ სივრცეში) ვერ ვრცელდება. ბგერითი ტალღა ჰაერში 330 მ/წმ სიჩქარით ვრცელდება, თუმცა, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად ეს სიდიდეც იცვლება. ბგერა დაახლოებით მილიონჯერ ნელა ვრცელდება, ვიდრე სინათლე. მყარი ზედაპირი ბგერას ირეკლავს. თუ კლდის წინ, გარკვეულ მანძილზე დავდგებით და დავიყვირებთ, რამდენიმე წამში არეკლილი ბგერა მოგვესმება. ეს ექოა. გემებზე წყალქვეშა ექოს იყენებენ იმის გამოსათველად, თუ რა მანძილია ფსკერამდე(ან სხვა ობიექტამდე). ამ მოწყობილობას  ს ო რ ა ნ ი  ეწოდება. იგი ბგერით იმპულსებს გზავნის და ზომავს იმ იმპულსების დაბრუნებაზე დახარჯულ დროს. რაც უფრო მალე დაბრუნდება არეკლილი ბგერა, მით მცირეა ამა თუ იმ ობიექტამდე მანძილი. როდესაც რაიმე ირხევა, ეს რხევა ამა თუ იმ სიხშირით ხდება. სიხშირე წარმოადგენს ერთ წამში შესრულებულ რხევათა რაოდენობას.  ბგერის სიხშირეს ჰერცით (ჰც) ზომავენ. სიმს, რომელიც წამში 1000–ჯერ ირხევა, 1000 ჰც სიხშირე აქვს. რაც უფრო მაღალია ბგერის სიხშირე, მით მაღალია ბგერა და მით უფრო წვრილი ხმა გვესმის ყურში.

ბგერათამრთმევი - იხ. ადაპტერი.

ბგერაიზოლაცია - 1. ღონისძიებების კომპლექსი ხმაურის დონის შესამცირებლად, რომელიც ვრცელდება სათავსში გარედან. შემომზღუდავი კონსტრუქციების ბგერასაიზოლაციო თვისებების რაოდენობრივი მხარე ფასდება დეციბელებით. გადახურვებში ბგერაიზოლაციის აუცილებლობას განაპირობებს კონსტრუქციული მასალების მახასიათებლები. ტერმინი ბგერაიზოლაცია ყოველთვის გაიგივებული იყო ტერმინთან ხმაურიზოლაცია, თუმცა ბოლო წლებში ინტერნეტის გვერდებზე ტერმინი ბგერაიზოლაცია უმეტესად მიეკუთვნება ხმაურისაგან დაცვას სათავსში, ხოლო ხმაურიზოლაცია - ხმაურისაგან დაცვას ავტომობილებში.

ბგერასაიზოლაციო მასალა - 1.  ბოჭკოვანი აგებულობის დრეკადი მასალა, რომელიც გამოიყენება დარტყმითი და ვიბრაციული ხმაურის საიზოლაციოდ. იგი წარმოადგენს  ელასტიკურ აირშევსებულ პლასტმასისა და რეზინის საფენს. ასეთი მასალების მოქმედების მექანიზმი დამოკიდებულია ბგერითი რხევების ენერგიის სითბოში გადასვლაზე, რომელიც დაფუძნებულია დეფორმირებადი ელემენტების შიგა ხახუნზე (მაგალითად, ბოჭკოების) ან თვით მასალის დრეკად დეფორმაციებზე (რეზინის საფენები);  2. ბაზალტის ქვის ბამბა (მინერალური ბამბა), რომელიც საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა და შევამციროთ ენერგო დანახარჯები შენობის გათბობისა და კონდიცირებისას. გააჩნია კარგი ხანძარსაწინააღმდეგო თვისებები. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა და ეკოლოგიურად სუფთაა;  3. მინა ბამბა  (მინის ბამბა) -  შესანიშნავი თბო- და ხმის საიზოლაციო მასალა, რომელიც დამზადებულია მინის ბოჭკოს საფუძველზე. გამოდის რულონის ან ბრიკეტის სახით; 4. აკუსტიკური მემბრანა;  5. პლასტმასის ნაირსახობები: ქაფპლასტი, ფიჭაპლასტი, პოლისტიროლი, პოლიურეტანი და სხვ.

ბგერაშთანთქმადობა – მასალის უნარი შთანთქოს მასზე დაცემული ბგერა. ბ. დამოკიდებულია მასალის ზედაპირის ხასიათსა და ფორიანობაზე. მასალა კრიალა ზედაპირით, ბგერების მნიშვნელოვან ნაწილს აირეკლავს (სარკის ეფექტი). თუ მასალას აქვს ღია ფორები, მაშინ ბგერითი რხევები შედის მასში (რბილი ავეჯი, ხალიჩები, სპეციალური მოპირკეთება და შელესვა) და შთანთქავს ხმაურს.

ბგერაშთანთქმელობის რევერბერაციული კოექიციენტი - ბგერაშთანთქმელობის კოექიციენტი გაზომილი სარევერბერაციო კამერაში მასალაზე ბგერის ქაოტურად დაცემის დროს.

ბგერაშთანთქმის კოეფიციენტი - აურეკლავი ბგერითი ენერგიის შეფარდება ზედაპირზე დაცემული ბგერების ენერგიასთან.

ბგერაშთანმთქმელი მასალა - მასალა, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობის ღია, ერთმანეთან შეერთებული ფორები, რომელთა მაქსიმალური დიამეტრი არ აღემატება 2 მმ-ს (ასეთი მასალების საერთო ფორიანობა 75%-ზე მეტია). ბ.მ. აქვს მარცვლოვანი ან უჯრედოვანი აგებულება. სიმკვრივე არ აღემატება 500 კგ/მ3-ს. ბგერა ხვდება მასალის ფორებში და გავლისას თავის ენერგიას გადასცემს მასალას. მასალის ფორების კედლებზე ან ბოჭკოებთან ხახუნის შედეგად, ის ბგერით ენერგიას გარდაქმნის თბურ ენერგიად.

ბდღვირი - ჰაერში დამდგარი დიდი მტვერი.

ბებრის ციხე - მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში (ნახ. 1). მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. იგი ანტიკურ ხანაშია აგებული. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობი დაახლოებით 1500 კვ.მ-ია, შიდა ეზოსი კი 600 კვ.მ. მცხეთის ირგვლივ არმაზციხის, წიწამურისა და სარკინეს გარდა, შესაძლოა, სხვა ციხე-სიმაგრეებიც იყო, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ბებრის ციხემ მოაღწია; მისი ნანგრევები დღესაც ამაყად გადასცქერის არაგვის ხეობას. ციხე მეტად კომპაქტურად არის აგებული შემაღლებულ კონცხზე. კომპლექსში განლაგებული შენობებიდან ძირითადია მთავარი ციტადელი, რომელსაც სამხრეთით პატარა ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგან ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთის. იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება. რაც მის არა მარტო თავდაცვით არამედ საცხოვრებელ დანიშნულებასაც მიუთითებს. ჩრდილოეთი კოშკიც იგივე ტიპისაა, მხოლოდ ზომით უფრო მცირე. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შემორჩენილი. ღრმა ნიშებში განლაგებული საბრძოლო ხვრელები. ამ ციხის აგებისას სასროლი იარაღი მშვილდ-ისარი იყო. ციხეს ისეთი ხვრელი ესაჭიროებოდა, საიდანაც მეომრებს შეეძლებოდათ მარჯვედ მოქმედება. ეს კი ვერ მოხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან, თუ მათში განიერი და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა. მესამე აღმოსავლეთის კოშკი აგრეთვე დანგრეულია და მოგვიანებით იმ ადგილას გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკი აუგიათ, რომელიც იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით ცილინდრული ფორმისაა. ციხის ქვედა ეზო ფერდობზე იყო მოთავსებული და ვრცელი ტერიტორია ეკავა. გალავნის აღმოსავლეთის ბოლოში მდგარა ოთხკუთხა კოშკი, რომელიც ზემოთ აღწერილი კოშკების მსგავსია. ციხის კედლები, ადრეული ციხეების მსგავსად, გემოვნებითაა აშენებული თანაბარი ზომის ნატეხი ქვით კირის ხსნარზე.

ბეგი (თურქ.) - 1. მიწის მაღალი კაშხალის, რკინიგზის ყრილის, არხის ან კარიერის ფერდობზე გაკეთებული საფეხური (ნახ. 1), რომლის დანიშნულებაა ფერდობის მდგრადობის გადიდება და მისი დაცვა ატმოსფერული წყლით წარეცხვისაგან; 2. მცირე სიგანის ბაქანი, რომელზედაც სამუშაოები არ წარმოებს; 3. გვაროვნული და ფეოდალური დიდკაცობის ტიტული ახლო და შუა აღმოსავლეთ ქვეყნებში; 4. თურქეთში და აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში - მემამულე, ფეოდალი.

ბედლენდი (ინგლ.) - მეტისმეტად დასერილი, მიწათმოქმედებისათვის გამოუსადეგარი რელიეფი.

ბეთანია - ძვ. სახლი სათნოებისა, დიდებისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი (ნახ. 1). აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი (სასულიერო სტატუსი - მამათა მონასტერი) მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში. მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკის (1196 წ.) და მთავარი ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიისაგან. მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმაში სწორკუთხედის ფორმისაა. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.

ბეთლემი - ძვ. სახლი ცხოვრებისა, სიწმინდისა - გამოქვაბული ხევში (ტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი), მყინვარწვერის მასივზე (ნახ. 1), მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულ ბეთლემის ქედზე (გერგეთისა და აბანოს მყინვარების აუზთა გამყოფი). ზღვის დონიდან დაახლოებით 4100 მ. ბეთლემი გამოკვეთილია ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეში (კლდის ძირიდან 300 მ სიმაღლეზე). გამოქვაბულში ასასვლელად კარიდან გადმოკიდებული იყო 5,5 სიგრძის რკინის ჯაჭვი. სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბ. კარი, სპილენძის შანდალი, საეკლესიო ინვენტარი, მონეტები ბ. კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნით თარიღდება. ბ. შესახებ ხალხში შემონახული თქმულება საფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილს“.

ბეთლემის კიბე - ქვემო კალაში, კლდისუბანში დამრეც ფერდობზე აღმართული ქვემო ბეთლემის ეკლესიისკენ 120 საფეხურიანი კიბე-ქუჩა მიემართება, ბეთლემის უბანში კლდეს აჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება. მის შუა წელზე ქვემო ბეთლემი მდებარეობს. კიბის პროექტი 1850 წ. თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ შეადგინა. პროექტში კიბეს მიუყვებოდა სვეტებზე მოწყობილი სახურავი, მაგრამ პროექტი ბოლომდე არ განხორციელდა და ამასთან, კიბის ტრასაც ნაწილობრივ შეიცვალა.

ბეიდელიტი - თიხის შემადგენლობაში შემავალი მინერალი.

ბეინიტი (ნემსისებრი ტროსტიტი) - აუსტენიტის შუალედური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ფოლადის სტრუქტურა.

ბეისიკი - პროგრამირების ენა.

ბელეტაჟი (ფრანგ., კარგი, ლამაზი სართული) - 1. შენობის მეორე, მთავარი სართული, რომლის ოთახები უფრო მაღალია, ვიდრე პირველი სართულის და ძირითადად საცხოვრებლადაა განკუთვნილი (ნახ. 1); 2. კინოთეატრის, თეატრის და მისთ. მაყურებელთა დარბაზის პარტერისა და ამფითეატრის თავზე მოთავსებული პირველი იარუსი (ნახ. 2).

ბელვედერი (იტალ.) - 1. შემაღლებულ ადგილზე განლაგებული, ცალკე მდგომი, წრიული ან ოვალური ფორმის, სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათოვანი გადახურვის მქონე ნაგებობა (ნახ. 1. ბელვედერი, ქ. ვენა, ავსტრია, XVIII ს.);  2. შენობის დამაგვირგვინებელი ზედნაშენი, კოშკურა (ნახ. 2); 3. ცალკეული სასახლეების დასახელება (სასახლე ვარშავაში, ჰაბსბურგების სასახლე ვენაში, რომის პაპის სასახლე ვატიკანში და ა.შ.).

ბელი - ელექტრონიკაში, რადიოტექნიკაში, აკუსტიკაში ენერგიებისა და სიმძლავრეების მიმართებების გასაზომი ლოგარითმული ერთეული. პრაქტიკაში გამოიყენება ბელის მეათედი (დეციბელი - დბ)

ბელიტი - ორკალციუმიანი სილიკატი 2CaO∙SiO2, ერთ-ერთი ძირითადი ხელოვნური მინერალი, რომელიც მიიღება ცემენტის კლინკერის გამოწვის დროს. კლინკერში მნიშვნელობით და რაოდენობით (20...30%) მეორე მინერალია. ის ნელა მაგრდება, მაგრამ საბოლოოდ აღწევს დიდ სიმტკიცეს.

ბელტინგი - მძიმე, ძალიან მჭიდრო და გამძლე ქსოვილი, რომელიც გამოიყენება ტრანსპორტიორის ლენტის დასამზადებლად.

ბელღარი - იხ. აკვედუკი.

ბელღოჯი - ძვ. ფუღურო კლდეში; ხვრეტი კედელში

ბემონი - ძვ. მაღალი ხარისხი.

ბენგალიური ცეცხლი (ინდოეთის ისტორიული რაიონის - ბენგალიის სახელის მიხედვით) - პიროტექნიკური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ბარიუმის ნიტრატს (განმჟანგველი), ალუმინის ან მაგნიუმის ფხვნილს, რკინის ან ფოლადის ნაქლიბს (საწვავი) და დექსტინს ან სახამებელს (ცემენტატორი). ანთებისას ბ.ც. იწვის ნელა, კაშკაშა, მბრწყინავი ნაპერწკლების გაფრქვევით, რომელიც ქრება ჰაერშივე.

ბენზინი (არაბ.) - ალიფატური (ცხიმების) რიგის თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც მიიღება ნავთობის კრეკინგით (მისი მიღება შეიძლება აგრეთვე ნახშირიდან, ფიქალებიდან). ბ. არსებობს რამდენიმე ხარისხის: საავიაციო, საავტომობილო და სხვ. ფართოდ გამოიყენება შიგაწვის ძრავებისათვის საწვავად თვითმფრინავებში, ავტომობილებში და სხვ. აგრეთვე გამხსნელად - რეზინის და ქიმიურ მრეწველობაში.ბენზინი, როგორც საწვავი, პირველად გამოყენებული იქნა XIX საუკუნის ბოლოს, როცა დაიმლერმა შექმნა შიგაწვის ბენზინის ძრავი. საავტომობილო ბენზინის მრავალი სახეობა არსებობს, რომელსაც განსაზღვრავს ოქტანური რიცხვი. რაც მაღალია ოქტანური რიცხვი, მით უფრო მაღალია ბ. ხარისხი. ყველა ეთილირებულ ბენზინს უმატებენ სხვადასხვა ფერის საღებავის დანამატებს, შესაბამისად მათი შეფერილობაც სხვადასხვაა: А-72 - ვარდისფერი, А-76 - ყვითელი, АI-93 - ნარინჯისფერ-წითელი, АI-98 - ლურჯი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ბენზინის მარკებს სხვადასხვა დასახელებები გააჩნია: Italian Grade motor gasoline, german Grade motor gasoline, unleaded midgrade motor gasoline, unleaded motor gasoline (91RON,92RON,95RON), leaded motor gasoline (97RON), winter grade motor gasoline, summer grade motor gasoline და სხვ

ბენზინი გალოშის (ბენზინი კალოშის) - ნავთობის გადამუშავების პროდუქტი, რომელიც შერეული შემადგენლობის გამხსნელია არომატული ნახშირწყალბადების შემცველობით (0,5...2,5%). გამოიყენება რეზინის, ლაქების, ზეთოვანი საღებავების და საღებარების, მინანქრების, ბიტუმის, წებოს, პოლიეთილენის წარმოებაში; აგრეთვე ელექტრომოწყობილობების, საკისრების, ტყავეულის, ქსოვილების, არმატურის ცხიმგაცლისათვის და სხვ.

ბენზინის კრეკინგი - ნავთობის დამატებითი გადამუშავება. ნავთობის ჩვეულებრივი გადამუშავების დროს მიიღება მხოლოდ 10…20% ბენზინი, ამიტომ ბენზინის რაოდენობის გასაზრდელად, ნავთობის უფრო მძიმე, ან მეტი დუღილის ტემპერატურის უნარის მქონე ფრაქციებს აცხელებენ მათში შემავალი მოლეკულების, ბენზინის შემადგენლობაში შემავალი მოლეკულების ზომამდე დაყვანის მიზნით. ამ პროცესს კრეკინგს უწოდებენ, მისი წყალობით ნავთობიდან 70% ბენზინის მიღება შეიძლება.

ბენზინის პიროლიზი - ეს არის კრეკინგი 700…8000С ტემპერატურაზე. კრეკინგი და პიროლიზი, საშუალებას იძლევა ნავთობიდან ბენზინის ჯამური რაოდენობა გაიზარდოს 85% -მდე.

ბენზინსაჭრისი - აპარატი ლითონის გასახურებლად ჟანგბადით ჭრის დროს, რისთვისაც გამოიყენება თხევადი საწვავი (ნავთი, ბენზინი).

ბენზოლი - უბრალო არომატული ნახშირწყალბადი C6H6. უფერო სითხე, tდუღ = 80,10C, tდნ = 5,50C, სიმკვრივე 879 კგ/მ3. ჰაერთან ქმნის აფეთქებადსაშიშ ნარევს (1,5...8% ბ. მოცულობის მიხედვით). ბ. მომწამვლელი ნივთიერებაა; ჰაერში მისი ზღვრული კონცენტრაცია დახურული სათავსებისათვის შეადგენს 20 მგ/მ3. ბ. - ძვირფასი ნედლეულია საღებავების, წამლების, პოლიმერების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სხვ. წარმოებაში. გამოიყენება, როგორც გამხსნელი (ცხიმების, ფისების, კაუჩუკის), იშვვიათად - როგორც ძრავის საწვავის კომპონენტი.

ბენთალი - წყალსატევის უბანი, სადაც დასახლებულია გრუნტზე ან გრუნტში მობინადრე ორგანიზმები.

ბენთოსი - ზღვისა და კონტინენტური წყალსატევების გრუნტში მობინადრე ორგანიზმების ერთობლიობა.

ბენიფიციარი - პირი, რომლის სასარგებლოდაც იხდიან ფულს და გასცემენ აკრედიტივს; სადაზღვევო პოლისის მიმღები.

ბენტონიტი - ამერიკაში გავრცელებული სახელწოდება ისეთი თიხებისა (ადგილმდებარეობის მიხედვით, აშშ), რომლებიც წარმოიქმნენ ვულკანური მინის ფერფლის დალექვის თანადროული გამოფიტვის გზით. უფრო ხშირად უწოდებენ მონტმორილონიტის ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია მინერალები: ბეიდელიტი, ნონტროლიტი, საპონიტი და სხვ. გამოიყენება, როგორც ადსორბენტი და საიზოლაციო მასალა.

ბენუარი (ფრანგ.) - სცენის დონეზე ან ოდნავ მაღლა განლაგებული ლოჟების რიგი თეატრში (ნახ. 1).

ბენჩი - აბრაზიული ტერასა.

ბენჩმარკინგი - პროცესი, რომლის საშუალებით საწარმო (ფირმა) პერმანენტულად ახორციელებს თავისი მახასიათებლების შედარებას ბიზნესის ლიდერებთან მსოფლიო მასშტაბით და ახდენს თვითშეფასებას, რათა მიიღოს საკუთარი ბიზნესმახასიათებლების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფორმაცია.

ბერა - 1. ორმხრივ მოღობილი საქონლის შესარეკი (ჩვეულებრივ ცხვრის სათვლელად ან საწველად); 2. ძელი ასპარეზზე, რომლის გადაღმა მოჭიდავენი ისვენებენ ან მორბენალნი იწყებენ შეჯიბრს. 3. შლაგბაუმი; გზის ჩასაკეტი მოწყობილობა.

ბერვა - მეტალურგიაში ლითონსადნობ ღუმელებში აირების მიწოდება ლითონთა დნობის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების უზრუნველყოფის ან ინტენსიფიკაციისათვის.

ბერთოლეს მარილი (ფრანგი ქიმიკოსის კ. ლ. ბერთოლეს სახელის მიხედვით) - კალიუმის ქლორატი KClO3, წყალში ხსნადი უფერო კრისტალები. დნობის ტემპერატურა tდნ = 3700C. ძლიერი მჟანგავი (გახურებისას იშლება ჟანგბადის გამოყოფით). გამოიყენება ასანთის და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში.

ბერილიზაცია - ფოლადისა და სხვა შენადნობების ზედაპირული დიფუზური გაჯერება ბერილიუმით. ბ. შედეგად იზრდება ფოლადის სიმაგრე, ცეცხლმედეგობა (800...11000C) და კოროზიამედეგობა.

ბერილიუმი - სალი, მსუბუქი, მყიფე, ბაცი-ნაცრისფერი ლითონი. მისი შენადნობები სპილენძთან, ალუმინთან, მაგნიუმთან, ნიკელთან, ცირკონიუმთან, ტანტალთან ფართოდ გამოიყენება ხელსაწყოთ მშენებლობაში, საავიაციო, კოსმოსურ და ბირთვულ ტექნიკაში ზოგიერთი დეტალის დასამზადებლად. ბ. და მისი ნაერთები გამოიყენება რენტგენის მილაკების და ნეონის მანათი მილების წარმოებაში. ბ. და მისი ნაერთები ძლიერი საწამლავებია, ამიტომ მათთან მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვა.

ბერილიუმიზაცია - ფოლადის ნაკეთობათა ზედაპირის გაჯერება ბერილიუმით.

ბერკეტი - მცირე ძალის საშუალებით დიდი ძალის გასაწონასწორებელი უმარტივესი მექანიზმი (მაგ., აზარმაცი, ოწინარი, ტოლმხარა და სხვ.).

ბერკლიუმი - ბ ე რ კ ე ლ ი უ მ ი (აღმოჩენის ადგილი ქ. ბერკლი, აშშ), - ქიმიური რადიოაქტიური ელემენტი მიღებული ხელოვნური გზით; სიმბოლო Br (ლათ. Berkelium); ატომური ნომერი 97, ყველაზე მდგრადი იზოტოპის მასის ნომერი 247; მიეკუთვნება ა ქ ტ ი ნ ი დ ე ბ ს.

ბერმა - კარიერის არამუშა ბორტზე ჰორიზონტალური მოედანი, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო გზების მოსაწყობად (სატრანსპორტო ბერმა) ან დანადგარ-მოწყობილობათა დასაცავად (დამცავი ბერმა).

ბერსო (ფრანგ.) - კამაროვანი ხეივანი ხის ან ლითონის ნახევრადწრიული კარკასით, რომელზედაც გაშვებულია მცენარეთა (ცაცხვი, რცხილა, სურო და სხვ.) ვარჯი. ზრდის შედეგად ეს ვარჯი ქმნის უწყვეტ მწვანე გვირაბს (ნახ. 1). ბ. ჩამოგავს პერგოლას, მაგრამ უფრო მასიურია, გრძელია და აქვს მჭიდრო მწვანე საფარი. ბ. ბოლოში ხშირად აგებენ ფანჩატურს. გავრცელებული იყო ბაღებისა და პარკების არქიტექტურულ კომპოზიციებად ჯერ კიდევ ბაროკოს ეპოქაში.

ბერტოლიდები - (ფრანგი ქიმიკოსის კ. ლ. ბერტოლეს სახელის მიხედვით) - ცვლადი შემადგენლობის ქიმიური ნაერთები; ბ. წარმოქმნის უამრავი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული ლითონის შენადნობებში, აგრეთვე ჟანგეულებში (ოქსიდებში), სულფიდებში, კარბიდებში, ჰიდრიდებში და სხვ. იხ. აგრეთვე დ ა ლ ტ ო ნ ი დ ე ბ ი.

ბესემერება (ბესემერის პროცესი) - თხევადი თუჯის სხმულ ფოლადად გადამუშავების პროცესი შეკუმშული ჰაერის გატარებით (გაქრევით).

ბესტსელერი - საბირჟო საქონელი, რომელზეც განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნაა.

ბეტა-გამოსხივება - ელექტრონების ნაკადი, რომელიც მოძრაობს სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით (250 000 კმ/წმ). მაქსიმალური გარბენის მანძილი ჰაერში შეადგენს 18 მ. მისი მუხტი უარყოფითია. ალფა-ნაწილაკთან შედარებით ახასიათებს შეღწევადობის გაცილებით დიდი უნარი, ნაკლები მასა (დაახლოებით 7 300-ჯერ), ნაკლები ენერგია და ამის გამო იონიზაციის ნაკლები უნარი. წყალში გავლისას იწვევს ყოველი მე-1000-ე მოლეკულის იონიზაციას.

ბეტა-დეფექტოსკოპია - მეთოდი, ლითონის თხელ ნაკეთობებში უცხო ჩანართების აღმოსაჩენად, რომელიც წარმოებს ბეტა-სხივების გაჭვირვით.

ბეტა-ცელულოზა - 17,5%-იან ნატრიუმის ტუტის ხსნარში გახსნილი ცელულოზა.

ბეტონდამგები - მოწყობილობა, რომელიც ბეტონის ნარევს აწვდის ყალიბში და მისი ბუნკერი აღჭურვილია მკვებავით და მომსწორებელ-გამნაწილებელი მოწყობილობით (ნახ. 1).

ბეტონების კლასიფიკაცია - ის ხდება ოთხი ძირითადი თვისების მიხედვით: 1. სიმკვრივის (მოცულობითი მასის); 2. სიმტკიცის; 3. დანიშნულების; 4. შემკვრელი ნივთიერების სახეობის მიხედვით. ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ბ.კ. სიმკვრივის მიხედვით: 1. განსაკუთრებით მძიმე ანუ ზემძიმე ბეტონი 2500 კგ/მ3 და მეტი; მძიმე (ჩვეულებრივი) ბეტონი 1800...2500 კგ/მ3; 3. მსუბუქი - 500...1800 კგ/მ3. (ზოგჯერ შემსუბუქებული 1800...2200 კგ/მ3); 4. თბოსაიზოლაციო ანუ განსაკუთრებით მსუბუქი ბეტონი 500 კგ/მ3-მდე. ბეტონის სიმკვრივე დიდადაა დამოკიდებული შემვსებზე. მაგ., ზემძიმე ბეტონში გამოიყენება ბარიტი, მაგნეზიტი, თუჯის და ტყვიის საფანტი, ფოლადის ბურბუშელა და ღერო. ჩვეულებრივ ანუ მძიმე ბეტონში შემვსებად გამოიყენება მკვრივი ქანი: გრანიტი, ბაზალტი, კირქვა და ა.შ. მსუბუქ ბეტონში გამოიყენება ბუნებრივი ან ხელოვნური ფოროვანი მსუბუქი მასალა. მსუბუქი ბეტონის დამზადება შეიძლება უქვიშოდ, მარტო მსხვილი შემვსებით (მსხვილფოროვანი ბეტონი); განსაკუთრებით მსუბუქ ბეტონს მიეკუთვნება უჯრედოვანი ბეტონი (აირბეტონი, ქაფბეტონი), რომელიც მიიღება შემკვრელის, დაფქული დანამატის და წყლის ნარევის სპეციალური მეთოდით აფუების შედეგად. უჯრედოვან ბეტონში შემვსებად ფაქტიურად გამოდის ხელოვნურად შექმნილ უჯრედებში მყოფი ჰაერი. სიმტკიცის მიხედვით (კუმშვაზე) ბეტონი იყოფა შემდეგ მარკებად: ზემძიმე - 100...200 კგძ/სმ2 (10...20 მგპა); მძიმე - 100...800 კგძ/სმ2 (10...80 მგპა); მსუბუქი – 10...400 კგძ/სმ2 (1...40 მგპა) და თბოსაიზოლაციო ბეტონი - 10...200 კგძ/სმ2 (1...20 მგპა). დანიშნულების მიხედვით ბეტონი იყოფა: 1. მძიმე (ჩვეუ-ლებრივი) ბეტონი - შენობის და ნაგებობის ბეტონის და რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციების დასამზადებლად; 2. ჰიდროტექნიკური ბეტონი - ჰიდროტექნიკური ნაგებობისათვის; 3. საგზაო ბეტონი - საგზაო ნაგებობისათვის; 4. ბიოლოგიური - გამოსხივებისაგან დამცავი ბეტონი; 5. ცეცხლმედეგი ბეტონი; 6. დეკორატიული ბეტონი; 7. ქიმიური - მჟავა- და ტუტეგამძლე ბეტონი; 8. ჩქარაგამაგრებადი ბეტონი და სხვ. შემკვრელი ნივთიერების მიხედვით ბეტონი არის: 1. ცემენტიანი - ჰიდრავლიკურ შემკვრელზე; 2. თაბაშირიანი - თაბაშირის შემკვრელზე; 3. სილიკატური - ჰაერულ ან ჰიდრავლიკურ კირზე; 4. პოლიმერბეტონი - შემკვრელია ორგანული პოლიმერი ან ფისი.

ბეტონი (ფრანგ.) - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშენი მასალა, რომელიც მიიღება შემკვრელი მასალის, წყლის, ინერტული მსხვილი და წვრილი შემავსებლების და ზოგ შემთხვევაში დანამატების შემჭიდროვებული ნარევის გამაგრების შედეგად. სიმკვრივის მიხედვით ბ. არის განსაკუთრებით მძიმე (ზემძიმე), მძიმე, მსუბუქი და ზემსუბუქი. შემკვრელი მასალის მიხედვით ბ. არის: ცემენტის, კირის, წიდის, სილიკატური, თაბაშირის, ასფალტბეტონი, პოლიმერბეტონი და სხვა. დანიშნულების მიხედვით არსებობს: ჩვეულებრივი (სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა), ჰიდროტექნიკური, საგზაო, თბოსაიზოლაციო, დეკორატიული, სპეცდანიშნულების (ქიმიურად მდგრადი, ცეცხლმედეგი, ყინვამედეგი, წყალშეუღწევი, გამოსხივებისგან დასაცავი და სხვ.). შემვსების მიხედვით ბ. არის მკვრივი (მძიმე ბეტონები), ფოროვანი (მსუბუქი ბეტონები) და სპეციალური (მხურვალმედეგი ან ქიმიური გარებოსადმი მედეგი). სტრუქტურის მიხედვით - მკვრივი სტრუქტურის (შემვსებებს შორის სივრცე მთლიანად შევსებულია გამყარებული მჭიდა მასალით), ფოროვანი, დაფოროვნებული, უჯრედოვანი და მსხვილფოროვანი. გამყარების პირობების მიხედვით - ბუნებრივი გამყარების, თბური დამუშავების (ატმოსფერული წნევისას), ავტოკლავური დამუშავების (მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში). შემვსების სისხოს მიხედვით - ჩვეულებრივი ბ. მსხვილ და წვრილ შემვსებებზე და წვრილმარცვლოვანი, მკვრივი სტრუქტურის ბ., დამზადებული ცემენტის მჭიდა მასალისა და წვრილი, მკვრივი შემვსების - ქვიშის გამოყენებით. მზიდი რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისათვის გამოყენებული ბ. შემოკლებულად იწოდება: მძიმე ბ. (მჭიდა მასალა - ცემენტი, შემვსებები - მკვრივი სტრუქტურის დამსხვრეული მთის ქანები, ღორღი ან მდინარის ხრეში და კვარცის ქვიშა); მსუბუქი ბ. (მჭიდა მასალა - ცემენტი, შემვსებები - ფოროვანი, ბუნებრივი (პემზა, ტუფი, ნიჟარქვა), ხელოვნური (კერამზიტი, წიდა და სხვ.) მსხვილი და წვრილი. ბ. ხარისხის ძირითადი მაჩვენებელია მისი სიმტკიცე კუმშვაზე, რომლის მიხედვითაც დადგინდება ბეტონის კლასი და მარკა. ბეტონი ხისტი მასალაა, მისი სიმტკიცე კუმშვაზე რამდენჯერმე მეტია გაჭიმვის სიმტკიცეზე. გამჭიმი ძაბვების მისაღებად ახდენენ ბ. დაარმირებას ფოლადის ღეროებით, მიიღება რკინაბეტონი. რკინაბეტონში არმატურას აწყობენ ისე, რომ გამჭიმავი ძაბვები გადაეცეს არმატურას, მკუმშავი კი - ბეტონს. ბეტონის და არმატურის ერთობლივი მუშაობა განპირობებულია მათი კარგი შეჭიდულობით და ტემპერატურული გაფართოების თითქმის ერთნაირი კოეფიციენტით. ამასთან ბ. იცავს არმატურას კოროზიისაგან. თუმცა ამ ბოლო წლებში გამოჩნდა და გამოიყენება არალითონური არმატურა (ძირითადად პოლიმერული კომპოზიტი), რომელსაც კოროზია არ ემუქრება. ბ. და რკ.ბ.-ის კონსტრუქცია მზადდება ან უშუალოდ მშენებლობაზე - მონოლითური ბ. და რკ.ბ. ან ქარხანასა და პოლიგონზე, მისი შემდგომი დამონტაჟებით სამშენებლო მოედანზე - ანაკრები ბ. და რკ.ბ.

ბეტონი დამცავი - ბეტონი მძიმე

ბეტონი დაშტამპული - იხ. ბეტონი დაწნეხილი.

ბეტონი დაწნეხილი (რუს. Пресбетон) - მონოლითური ბეტონის სახე (ნახ. 1), რომლის შემჭიდროება წარმოებს მასზე დიდი წნევით მოქმედი გარეგანი ძალის გავლენით. მაგ., გვირაბის ფარის ხერხით გაყვანისას მუდმივი სამაგრის აგების დროს ფარის უკანა ნაწილში - კუდში ეწყობა ლითონის სექციური ყალიბი და ამ ყალიბსა და ქანს შორის სივრცე ივსება ჩვეულებრივი ბეტონით. ამის შემდეგ ბეტონის მიმწოდებელი ხვრელები იკეტება და ფარის დომკრატების საშუალებით ბეტონი იწნეხება. სამაგრი ძლიერ მტკიცე გამოდის და სწრაფად ღებულობს სიმტკიცეს. გამოიყენება ბეტონი შემადგენლობით 1 : 2 : 3, რომლის ჯდომის კონუსის სიდიდეა არანაკლები 8...10 სმ და შემავსებლის დიამეტრი არ აღემატება 35 მმ-ს.

ბეტონი დეკორატიული - მიიღება ჩვეულებრივი ბეტონის ნარევში პიგმენტების (ოხრა, მუმია, სურინჯი და სხვ.) დამატებით ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსები - ტუფი, წითელი კვარციტი, ფერადი მარმარილო, გრანიტი, კირქვა და სხვ. დეკორატიული ბეტონის სიმტკიცეა 15...20 მპა. პიგმენტი საშუალებას იძლევა მივიღოთ ბეტონის ფერის ფართო გამა: წითელი (რკინის ჟანგი), მწვანე (ქრომის ჟანგი), იისფერი (მანგანუმის ჟანგი), შავი (მაგნიუმის ზეჟანგი, მური), თეთრი (ცარცი, კირქვა), ყვითელი (ოხრა) და სხვ. სიმკვრივის გასაზრდელად და ზედაპირის ფერის გამომსახველობისათვის ბ.დ., ჩვეულებრივთან შედარებით, ზრდიან ცემენტის ხარჯს. მაგ., 10 მმ-მდე სიმსხოს შემვსებისათვის ცემენტის ხარჯი შეადგენს 450...500 კგ/მ3. ზედაპირის ფაქტურის შენარჩუნებისათვის იყენებენ ჰიდროფობიზატორს და წმინდად დაფქულ დანამატებს. ზოგჯერ ბეტონის ზედაპირს ჟღენთენ პოლიმერით. ბ.დ. წვრილ შემვსებად გამოიყენება სუფთა კვარცის ქვიშა, მსხვილ შემვსებად - ღია ფერის კირქვა და დოლომიტი, ასევე იყენებენ მარმარილოს, ღორღის, გრანიტის, ტუფისა და სხვა ქანის ნამსხვრევ ქვიშას. ბეტონის ფერზე გავლენას ახდენს შემვსების მხოლოდ წვრილი ნაწილაკი, რომლის ზომა არ აღემატება 0,3 მმ-ს. შემვსები უნდა იყოს ატმოსფერომედეგი, ქონდეს კარგი შეჭიდულობა ცემენტის ქვასთან. მოზაიკური ბეტონის შემვსები გარდა ამისა, უნდა იყოს ცვეთამედეგი. დეკორატიულ ბეტონს, გარდა ფერის და ფაქტურის შენარჩუნებისა, მოეთხოვება სიმკვრივე, სიმტკიცე, ყინვამედეგობა. ბ.დ. გამოიყენება შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული ელემენტების არქიტექტურული მოპირკეთებისათვის, როგორიცაა კედელი, იატაკი, კიბე, ბაღისა და პარკის გზა და ბილიკი, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი, ბარელიეფი, ძეგლი და სპეციალური დანიშნულების ნაკეთობა.

ბეტონი ზემტკიცე - ბეტონის სახეობა, რომლის სიმტკიცე 125 მპა-ზე მეტია. ასეთი ბეტონების წარმოება განაპირობა ბოლო წლებში მიღწეულმა წარმატებებმა ბეტონის ტექნოლოგიაში. დამუშავდა და ფართე გავრცელება პოვა ახალმა ეფექტურმა შემკვრელებმა, ბეტონის და შემკვრელის მოდიფიკატორებმა, აქტიურმა მინერალურმა დანამატებმა და შემავსებლებმა, ბოჭკოებით არმირებამ, სამშენებლო კომპოზიტების მიღების ახალმა ტექნოლოგიურმა საშუალებებმა და მეთოდებმა. არსებითად გამდიდრდა ჩვენი წარმოდგენა ბეტონის სტრუქტურასა და თვისებაზე, სტრუქტურაწარმოქმნის პროცესებზე, გაჩნდა თვისებების პროგნოზირებისა და მასალის მახასიათებლების აქტიური მართვის შესაძლებლობა. წარმატებით ვითარდება ბეტონის კომპიუტერული დაპროექტება და ტექნოლოგიური პროცესების ავტომატური მართვა. ზემტკიცე ბეტონის თვისება ნორმირდება კუმშვის სიმტკიცის მაჩვენებლით. ევროსტანდარტი EN 206 ითვალისწინებს ბეტონის სიმტკიცის B115 კლასს, ნორვეგიული ნორმა - B105 კლასს, იაპონური და ინგლისური - B80, რუსული ნორმა - B60-ია, ამერიკული ნორმებით ზემტკიცე ბეტონის სიმტკიცის ზედა ზღვარი მითითებული არ არის. თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ზემმტკიცე ბეტონების წარმოებაში გამოჩნდა უნივერსალური რეაქტიული ფხვნილის კომპონენტი - სპეციალური მაღალი სიმტკიცის ფიბროშევსებული დუღაბი მიკროკაჟბადისა და სუპერპლასტიფიკატორის შემადგენლობით, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ბეტონი კუმშვის სიმტკიცით მეტი 200 მპა-ზე. ზემტკიცე ბეტონი ეკონომიკურად მეტად ეფექტური საშენი მასალაა, რადგან ამცირებს კონსტრუქციის განივკვეთსა და მასას, არმატურის ხარჯს, საძირკვლის წონას და ა.შ. მაგრამ მისი გამოყენება სეისმურ რეგიონში - საქართველოში პრობლემატურია კონსტრუქციების დიდი სიხისტეების გამო და სათანადო მეცნიერულ შესწავლას და ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავებას საჭიროებს.

ბეტონი ზემძიმე - მკვრივი აგებულების, ცემენტის შემკვრელსა და მკვრივ შემვსებზე (ქვიშა, ბარიტი, მაგნეზიტი, ლიმონიტი, თუჯი, ტყვიის საფანტი და სხვ.) შედგენილი, მსხვილმარცვლოვანი, გამყარების ყოველგვარ პირობებში დამზადებული ბეტონი. სიმკვრივე - მეტი 2500 კგ/მ3-ზე; სიმტკიცე - 10...20 მპა.

ბეტონი თაბაშირიანი - გამოიყენება შენობის შიგა ტიხრების, ჭერისა და კედლის შიგა შელესვისათვის. ამ ბეტონის სახესხვაობაა თაბაშირცემენტიანი ბეტონი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება (მცირე-სართულიანი სახლის კონსტრუქციები, სამშენებლო ბლოკები და სხვ.), რასაც განაპირობებს მისი მაღალი წყალმედეგობა.

ბეტონი მაგნეზიურ შემკვრელზე - მაგნიუმის ოქსიქლორიდზე მიღებული ბეტონის სახეობა. ის არ საჭიროებს გამაგრების დროს ტენიან გარემოს, აქვს ძალიან მაღალი ცეცხლმედეგობა და დაბალი თბოგამტარობა, კარგი ცვეთამედეგობა და სიმტკიცე კუმშვასა და ღუნვაზე. ასეთი ბეტონი ადვილად მიიღება სხვადასხვა სახეობის, არაორგანული (ღორღი, ქვიშა, მარმარილოს ფხვნილი, კირქვა, კაოლინი, გრანულირებული წიდა, მაგნიუმის სულფატი და პიგმენტი) და ორგანული (ნახერხი, ბურბუშელა, დაფქული რეზინი, პლასტმასისა და მუყაოს ნარჩენები და სხვ.) შემვსებისა და შემავსებლისაგან. მაგნეზიურ ბეტონს ახასიათებს ელასტიურობა, მაღალი ადრეული სიმტკიცე, სიმსუბუქე, მედეგობა სხვადასხვა ზეთის, ლაქისა და საღებავის, ორგანული გამხსნელის, ტუტეებისა და მარილების (სულფატების ჩათვლით) მიმართ, აქვს ბაქტერიოციდული თვისება. არამდგრადია წყლისა და ზოგიერთი მჟავას მიმართ. იწვევს ფოლადისა და ალუმინის კოროზიას. გამოიყენება ინდუსტრიულ, სავაჭრო და საცხოვრებელი შენობის იატაკის მოჭიმვისათვის ხალიჩოვანი მასალისა და ლინოლეუმის ქვეშ, კედლების თბოსაიზოლაციოდ, საბათქაშე მასალად და სხვ.

ბეტონი მაღალი სიმტკიცის - განსაკუთრებით მკვრივი, მტკიცე და მონოლითური ბეტონი სიმტკიცით 50...100 მპა. ასეთი ბეტონის მისაღებად გამოიყენება: მაღალი სიმტკიცის ცემენტი და შემვსები, დაბალი წყალცემენტის ფარდობა, ცემენტის ზღვრულად დასაშვები ხარჯი, სუპერპლასტიფიკატორი და კომპლექსური დანამატები, ბეტონის შემადგენელი კომპონენტების ხარისხიანი არევა და შემკვრივება და ბეტონის გამაგრებისათვის საუკეთესო პირობების შექმნა. შემვსები უნდა იყოს სუფთა, კარგი გრანულომეტრიული (მარცვლოვანი) შედგენილობით და ნაკლები ცარიელობით, არ უნდა შეიცავდეს სუსტ მარცვლებს. მსხვილი შემვსების სიმტკიცე 20%-ით მეტი უნდა იყოს ბეტონის სიმტკიცეზე. ბეტონის სიმტკიცის ზრდასთან ერთად შემვსების გავლენა მის სტრუქტურაზე და თვისებებზე იზრდება. ყველა შემვსებს აქვს ზღვარი, უფრო მეტი სიმტკიცის მიღება ძნელია და ეკონომიურად გაუმართლებელია, რადგან ბეტონის სიმტკიცის მცირე მატებისათვის საჭიროა ცემენტის ხარჯის მნიშვნელოვანი გაზრდა. ჩვეულებრივ ეს ხდება, როდესაც ბეტონის სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე მიუახლოვდება შემვსების სიმტკიცეს. განსაკუთრებით მტკიცე ბეტონებისათვის უნდა გამოვიყენოთ მაღალი სიმტკიცის შემვსები დიაბაზის, ბაზალტის, გრანიტის და სხვა ქანებიდან. წყალცემენტის ფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 0,4-ს. მაღალი მარკის ბეტონებში გარანტირებული მკვრივი და მტკიცე სტრუქტურის შექმნისათვის ცემენტის ხარჯი იზღუდება: მასიურ ნაგებობებში - 500 კგ/მ3-მდე, ანაკრებ რკ.ბ.-ის მცირე ზომის ნაკეთობაში - 600 კგ/მ3-მდე. ცემენტის ხარჯს ეფექტურად ამცირებს სუპერპლასტიფიკატორის გამოყენება, რომელიც ამაღლებს ბეტონის ნარევის ძვრადობას (პლასტიკურობას) და შემკვრივების ხარისხს. ბეტონის გამაგრების დასაჩქარებლად გამოიყენება ტემპერატურის აწევის და დაწევის რბილი რეჟიმი (50...600C) და გარემოს მაღალი ფარდობითი ტენიანობა (100%). მაღალი მარკის ბეტონის გამოყენება ამცირებს რკინაბეტონის ნაკეთობის (კონსტრუქციის) მასას და მასალატევადობას, არმატურის ხარჯს, საძირკვლის მოცულობას, ხანგამძლეობას, ხანძარმედეგობას და სხვ.

ბეტონი მაღალხარისხოვანი - ბეტონის ახალი სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია არსებული ბეტონების საუკეთესო საექსპლუატაციო თვისებები (ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 500 წელია). მისი კრიტერიუმებია: მაღალი სიმტკიცე (R28 - 60...120 მპა); დაბალი წყალჟონადობა (W12 და მეტი); მაღალი ყინვამედეგობა (F400 და მეტი); მაღალი ცვეთამედეგობა (არა უმეტეს 0,4 გ/სმ2); მაღალი ქიმიური მედეგობა; დრეკადობის მაღალი მოდული; დაბალი აბსორბციულობა; დიფუზიის დაბალი კოეფიციენტი; ბაქტერიოციდულობა და ფუნგიციდობა; დეფორმაციის რეგულირებადი მაჩვენებლები. მაღალი ხარისხის ბეტონის ტექნოლოგია დაფუძნებულია წარმოების ყველა ეტაპზე ბეტონის სტრუქტურაწარმოქმნის მართვაზე. ამისათვის გამოიყენება მაღალი მარკის პორტლანდცემენტი ან კომპოზიციური შემკვრელი, ბეტონის სტრუქტურისა და თვისების კომპლექსური ქიმიური მოდიფიკატორები, აქტიური დისპერსიული მინერალური კომპონენტები და შემავსებლები, გამაფართოებელი დანამატები, დაბალი წყალმოთხოვნის შემკვრელი. ბეტონის წარმოებისას გამოიყენება ინტენსიური ტექნოლოგია, ზუსტი დოზირება, ნარევის გულმოდგინე არევა და ჰომოგენიზაცია, მისი ხარისხიანი ჩაწყობა და მოვლა. აუცილებლობის შემთხვევაში იყენებენ ნარევის მექანიკურ-ქიმიურ აქტივიზაციას. ბ.მ. ამზადებენ ყველაზე საპასუხისმგებლო კონსტრუქციებსა და ნაკეთობებს.

ბეტონი მონოლითური - ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც მზადდება უშუალოდ მისი განლაგების ადგილზე (ნახ. 1). ის შეიცავს: ყალიბის დამზადებას, რომელიც სივრცეში ქმნის მომავალი კონსტრუქციის მოხაზულობას, არმატურის ჩაწყობას, კონსტრუქციის დაბეტონებასა და გამაგრებადი ბეტონის მოვლას. მონოლითური ბეტონი და რკინაბეტონი, როგორც წესი, ეკონომიურია, განსაკუთრებით შენობის და ნაგებობის მიწისქვეშა ნაწილში, მასიური კედლის კონსტრუქციაში, საგზაო და ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში. ის ხელსაყრელია საქართველოში - სეისმურ რეგიონში, რადგან მონოლითურ-კარკასული მშენებლობა გაცილებით სეისმომედეგია, ვიდრე ასაწყობი. მონოლითური მშენებლობა არქიტექტორ-მშენებელს აძლევს დიდ შემოქმედებით თავისუფლებას დააპროექტოსა და ააშენოს ორგინალური ფორმის შენობა-ნაგებობანი. ყალიბი შეიძლება იყოს მერქნის (ფიცრის, ფანერის), ლითონის, პოლიმერსაფარიანი მერქნის, რკინაბეტონის. ზოგჯერ ყალიბად გამოიყენება რკინაბეტონის ფილა, რომელიც შემდეგ ხდება მონოლითური კონსტრუქციის ნაწილი. არმატურა ეწყობა პროექტის შესაბამისად. მის შესაერთებლად გამოიყენება შედუღება. რიგ შემთხვევაში იხმარება წინასწარ დამზადებული არმატურის კარკასი. საპასუხისმგებლო კონსტრუქციაში იყენებენ ე.წ. ხისტ არმატურას - კუთხოვანის, შველერის, ორტესებრი და სხვ. სპეციალური ნაგლინის სახით. ხშირ შემთხვევაში არმატურის კარკასის შეკვრა ხდება წვრილი სანასკვი მავთულის საშუალებით. დიდი ნაკეთობის ან კონსტრუქციის დაბეტონება ხდება ცალკეულ ბლოკებად, მათ შორის სამუშაო ნაკერების მოწყობით. ბლოკი დაბეტონდება უწყვეტად, ამ შემთხვევაში ბეტონის ყოველი მომდევნო ულუფა ეწყობა და შემკვრივდება მანამ, სანამ შეიკვრება წინა ჩაწყობილი ბეტონი. ბეტონის ნარევი მზადდება ბეტონამრევ კვანძში ან ქარხანაში და მიაქვთ ჩაწყობის ადგილზე. ბეტონის ნარევის ტრანსპორტირება, ჩაწყობა და შემდგომი მოვლა განსაზღვრავს ბეტონის ხარისხს, სამშენებლო-ტექნიკურ თვისებებს და კონსტრუქციის ხანმედეგობას. ბეტონის ნარევის ტრანსპორტირებას ხორციელდება ღარების დახმარებით, ტრანსპორტიორებით, ბადიებით, ვაგონეტებით, ავტოთვითმცლელებით, ავტობეტონსარევებით და მილსატუმბით. ღარებით, ტრანსპორტიორებით და მილსადენებით ბეტონის ნარევის გადატანა ხდება მცირე მანძილზე. დიდ მანძილზე ნარევის გადასატანად გამოიყენება ბადიები და ავტომანქანები. ბადიის ტრანსპორტირება ხორციელდება რკინიგზის პლატფორმით, ავტომანქანით, ამწით ან ამ საშუალებების კომბინაციით. ჩვეულებრივ პირობებში ბეტონის ნარევი კოპაქტურად ეწყობა და შემკვრივდება სიღრმული ან ზედაპირული ვიბრატორის დახმარებით. ვიბრაციის გამოყენებით მიიღება უკეთესი ზედაპირის ბეტონი და მტკიცე სამუშაო ნაკერი. ახალჩაწყობილ ბეტონს იცავენ გამაგრების ადრეულ სტადიაზე ტენიანობის დაკარგვისაგან და ინახავენ იმ ტემპერატურაზე რომელიც ხელს შეუწყობს ცემენტის ჰიდრატაციას.

ბეტონი მჟავამედეგი - მიიღება მჟავამედეგ ცემენტსა და მჟავამედეგ შემვსებზე. ნარევს უმატებენ თხევად მინას. გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში, იგი ცვლის ძვირადღირებულ მასალებს: ფურცლოვან ლითონს, კერამიკას, თლილ ქვას და სხვ. ბ.მ. სიმტკიცე 3 დღე-ღამის შემდეგ არის 11...12 მპა, ხოლო 28 დღე-ღამის შემდეგ - 15 მპა.

ბეტონი მრავალკომპონენტიანი - ბეტონი, რომელშიც ცემენტთან ერთად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების კომპლექსური ქიმიური დანამატი, აქტიური მინერალური შემავსებელი, გამაფართოებადი კომპონენტი. ნედლეულის ფართო ბაზა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სხვადასხვა სტრუქტურის, თვისების და დანიშნულების ბეტონი. ბ.მ. შესაძლებლობა ყველაზე მეტად მჟღავნდება, ე.წ. მაღალხარისხოვან ბეტონში, რომელიც მზადდება კომპოზიტურ შემკვრელზე, დაბალი წყალცემენტის ფარდობით, სპეციალური კომპლექსური დანამატით, განსაკუთრებით წმინდა მინერალური შემვსებით, გაფართოებადი კომპონენტით და რეგულირებადი ინტენსიური ტექნოლოგიით. ასეთი ბეტონი გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, ხანმედეგობით და ექსპლუატაციაში საიმედოობით.

ბეტონი მსუბუქი - მკვრივი აგებულების, ცემენტის შემკვრელზე და მსუბუქ მსხვილ ან წვრილ შემვსებზე (ტუფი, პერლიტი, კერამზიტი, ვერმიკულიტი, არბოლიტი და სხვ.) შედგენილი, მსხვილმარცვლოვანი, გამყარების ყოველგვარ პირობებში დამზადებული ბეტონი (ნახ. 1). სიმკვრივე - 500...1800 კგ/მ3; სიმტკიცე - 1...40 მპა.ფორიანობის შექმნის მეთოდის მიხედვით ცნობილია ბ.მ. შემდეგი სახეები: მსუბუქი ბეტონი მსუბუქ (ფოროვან) შემვსებზე; მსხვილფოროვანი უქვიშო ბეტონი, რომელიც მზადდება ერთფრაქციულ მკვრივ ან ფოროვან შემვსებზე უქვიშოდ; უჯრედოვანი ბეტონი, რომლის სტრუქტურა შექმნილია ხელოვნური უჯრედებით (0.2...2 მმ), რომლებიც ცვლიან შემვსების მარცვლებს. დანიშნულების მიხედვით ბ.მ. არსებობს: თბოსაიზოლაციო (რომელთა დანიშნულებაა თერმული წინააღმდეგობა მიანიჭოს გადამღობ კონსტრუქციას); კონსტრუქციული (რომელიც იღებს დატვირთვებს) და კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო (რომელიც აერთიანებს წინა ორ თვისებას). ბ.მ. ჩვეულებრივი მძიმე ბეტონისაგან განსხვავდება მსუბუქი შემვსების გამო, რომელსაც აქვს ნაკლები სიმკვრივე და გაცილებით ნაკლები სიმტკიცე. შემვსებზე დამოკიდებულებით (მსუბუქი, მკვრივი) მკვეთრად იცვლება ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნილება და წყალშემცველობა, იცვლება ბ.მ. ძირითადი თვისებებიც. მსუბუქ ბეტონში წ/ც ფარდობა 1-მდეა (ზოგჯერ შეიძლება მეტიც იყოს). მსუბუქი ბეტონის სიმტკიცე დამოკიდებულია წყლის ხარჯზე. წყლის რაოდენობის მატება ოპტიმალურამდე ზრდის ბეტონის სიმტკიცეს, შემდგომი ზრდა კი - ამცირებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წყლის ზედმეტი ხარჯი ნაკლებ მავნეა, ვიდრე მისი დაკლება. წყლის ოპტიმალური რაოდენობა დამოკიდებულია შემვსების და შემკვრელის წყალმოთხოვნილებაზე, ნარევის შემკვრივების ინტენსიურობაზე და ბეტონის შედგენილობაზე. შემვსების წყალმოთხოვნილება კი დამოკიდებულია მის მარცვლოვან შემადგენლობაზე და ღია ფორების რაოდენობაზე. ბეტონის სიმკვრივე დამოკიდებულია: შემვსების სიმკვრივეზე და მის მარცვლოვან შემადგენლობაზე, წყლისა და ცემენტის ხარჯზე და შემკვრივების მეთოდზე. თბოსაიზოლაციო თვისება კი - შემვსების ფორიანობასა და მის ხასიათზე ბ.მ. დიდი ფორიანობის გამო, ნაკლებად ყინვამედეგია, მაგრამ მაინც საკმარისი იმისათვის, რომ მისგან ავაგოთ შენობა-ნაგებობანი. ყინვამედეგობის ასამაღლებლად ბეტონში შეჰყავთ ჰიდროფობული დანამატი. შემკვრელის სახეობის შერჩევა ხდება გამაგრების და სხვა პირობის გათვალისწინებით, მაგრამ საერთო კრიტერიუმი არის მაღალი მარკის ცემენტის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა შევამციროთ სიმკვრივე. შემვსებად გამოიყენება ბუნებრივი ან ხელოვნური ფოროვანი მასალა სიმკვრივით არაუმეტეს 1200 კგ/მ3 ქვიშისათვის (მარცვლების სიმსხო 5 მმ-მდე) და არაუმეტეს 1000 კგ/მ3 ხრეშის ან ღორღისათვის (მარცვლების სიმსხო 5...40 მმ). ბ.მ. ბუნებრივი ფოროვანი შემვსები მიიღება ფოროვანი ქვის ქანების - პემზის, ვულკანური წიდებისა და ტუფების, ფოროვანი და ნიჟაროვანი კირქვებისა და სხვათა დამტვრევით. ხელოვნური ფოროვანი შემვსები კი მიიღება წარმოების ნარჩენების (მაგ., წიდის) ან სილიკატური მასალების თერმული დამუშავებით. შემვსების სახეებია: თერმოზიტი, აგროპოლიტი, კერამზიტი, პერლიტი, ვერმიკულიტი და სხვ. მსუბუქ ბეტონს დიდი გამოყენება აქვს მშენებლობაში. მისგან ამზადებენ შენობის კედლებს და გადახურვებს, დაძაბული რკინაბეტონისაგან - ხიდის მალებს, წამწეებს, სავალი ნაწილის ფილებს და სხვ., თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბ.მ. ფორების არსებობა ხელს უწყობს არმატურის კოროზიას და მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად უმჯობესია მძიმე ბეტონების გამოყენება.

ბეტონი მსხვილფოროვანი - ბეტონი, რომელიც მიიღება შემკვრელის (ჩვეულებრივ ცემენტის), მსხვილი შემვსების (ხრეში ან ღორღი) და წყლის ნარევის გამაგრების შედეგად (ქვიშის გარეშე). ცემენტის ქვა აკავშირებს მსხვილი შემვსების ცალკეულ მარცვლებს და ასეთ ბეტონს ზოგჯერ უქვიშოს უწოდებენ. მსხვილ შემვსებად ძირითადად გამოიყენება ფოროვანი, იშვიათად მკვრივი ხრეში ან ღორღი. ცემენტის ხარჯი 1მ3 ბეტონზე 70...150 კგ-ია. მკვრივ შემვსებზე მიღებული ბეტონის სიმკვრივეა 1700...1900 კგ/მ3, ფოროვან შემვსებზე დამზადებულის - 500...700 კგ/მ3. ბეტონის ოპტიმალური შედგენილობა განისაზღვრება სტანდარტული ნიმუშების გამოცდის შედეგებით. რადგან უქვიშო ბეტონში წარმოიქმნება ერთმანეთთან დაკავშირებული ფორები, ამიტომ ამ ბეტონისაგან აგებული შენობის კედლები თბოიზოლაციის თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა შეილესოს ორივე მხრიდან. იშვიათ შემთხვევაში ნარევში შეაქვთ მცირე რაოდენობის ქვიშა, იმ ანგარიშით, რომ ცემენტის, ქვიშის და წყლის ჯამური რაოდენობა ნაკლები იყოს მსხვილი შემვსების მარცვლებს შორის ცარიელობაზე. ასეთ ბეტონს მცირექვიშიანს უწოდებენ.

ბეტონი მძიმე (ჩვეულებრივი ბეტონი) - მკვრივი აგებულების, ცემენტის შემკვრელზე და მკვრივ შემვსებზე (ქვიშა, ხრეში, ღორღი, გრანიტი, ბაზალტი, კირქვა და სხვ.) შედგენილი, მსხვილმარცვლოვანი, გამყარების ყოველგვარ პირობებში დამზადებული ბეტონი (ნახ. 1). სიმკვრივე - 2200...2500 კგ/მ3; სიმტკიცე - 10...80 მპა. შედგენილობის და ნედლეულის შერჩევით შეიძლება მივიღოთ საჭირო წყალუჟონადობის, ყინვამედეგი, სწრაფგამაგრებადი, მაღალი სიმტკიცის და სხვა კომპლექსური თვისებების ბეტონი, რომელიც შეესაბამება პროექტის მოთხოვნას. ბ.მ. გამოიყენება სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სხვადასხვა ნაკეთობასა და კონსტრუქციაში, ჰიდროტექნიკურსა და საგზაო მშენებლობაში, საინჟინრო და სპეციალურ ნაგებობებში. ნაკეთობა და კონსტრუქცია შეიძლება დამზადდეს ქარხანაში ან დაბეტონდეს უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე (მონოლითური ბეტონი). როგორც წესი, ბეტონში იყენებენ ადგილობრივ შემვსებს. მათ არჩევენ იმ თვალსაზრისით, რომ მიიღონ საჭირო თვისების ბეტონი ცემენტის მინიმალური ხარჯით. ბეტონის ნარევის სათანადო ადვილჩაწყობადობას უზრუნველყოფენ წყლის ოპტიმალური ხარჯით, ბეტონის სიმტკიცეს კი - წყალცემენტის ფარდობის და ცემენტის ხარჯის სწორი შერჩევით.

ბეტონი მხურვალმდგრადი - სპეციალური შემადგენლობის მაღალი ტემპერატურის ამტანი ბეტონი, რომელიც ტემპერატურის გავლენით არ განიცდის დეფორმაციას.

ბეტონი მხურვალმედეგი - ბეტონის სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს - შამოტს, ანდეზიტს, დიაბაზს, ბრძმედის წიდას, კორუნდს, ქრომის მადნებს, მაგნეზიტურ და თიხის აგურის ნამტვრევებს და სხვ. შემკვრელად გამოიყენება პორტლანდცემენტი, წიდაპორტლანდცემენტი, თიხამიწიანი ცემენტი და თხევადი მინა. მხურვალმედეგობის ხარისხის მიხედვით ბ.მ. იყოფა შემდეგ ჯგუფებად: 1. მაღალმხურვალმედეგი (უძლებს 17700C და მეტ ტემპერატურას); 2. მხურვალმედეგი (ცეცხლგამძლეობა 1580...17700C); 3. მხურვალგამძლე (უძლებს 15800C-ზე ნაკლებ ტემპერატურას). ბ.მ. შემვსების სახეობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძიმე (სიმკვრივით 3200 კგ/მ3-მდე), მძიმე (2500...2800 კგ/მ3) და მსუბუქი (ნაკლები 2500 კგ/მ3-ზე). ბეტონის დამზადებისას აუცილებელი პირობაა წყლის ან თხევადი მინის რაოდენობის მინიმალურობა. კონუსის ჯდომას აიღება არაუმეტეს 2 სმ-ისა. ადუღაბებისათვის ჩვეულებრივ საჭიროა 170...190 ლიტრი წყალი 1 მ3 ბეტონზე. გამოიყენება საცეცხლე ღუმლების, ორთქლის ქვაბების, ატომური რეაქტორების, საკვამლე მილებისა და სხვ. ასაგებად.

ბეტონი პლასტიკური - ბეტონის სახეობა, რომელშიც მჭიდა მასალად გამოყენებულია სინთეზური პოლიმერული ფისები; წვრილ და მსხვილ შემვსებად - მსუბუქი მინერალური მასალები (ქვიშა, ხრეში, ღორღი და წვრილად ნაფქვავი დანამატები. ბ.პ. სტრუქტურის მიხედვით შეიძლება იყოს მკვრივი, ფორებიანი, უჯრედოვანი და ამის შესაბამისად მძიმე (წყალშეუღწევი და ქიმიურად მედეგი მასალა), მსუბუქი (თბოსაიზოლაციო მასალა) და განსაკუთრებულად მსუბუქი (კერამზიტობეტონი, უჯრედოვანი პერლიტქაპლასტბეტონი).

ბეტონი პლასტიფიცირებული - ბეტონი პლასტიფიკატორების და სუპერპლასტიფიკატორების გამოყენებით (ცემენტის მასიდან 0,1...0,7% რაოდენობით), რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნილება, გაიზარდოს ადვილჩაწყობადობა, გაიზარდოს ბეტონის სიმტკიცე ან შემცირდეს ცემენტის ხარჯი 15...20%-ით.

ბეტონი პოლიმერცემენტის - ბეტონი, დამზადებული ცემენტისა და პოლიმერული ნივთიერებისაგან შედგენილი შერეული შემკვრელით. პოლიმერად გამოიყენება წყალში ხსნადი ფისი და ლატექსი.

ბეტონი რადიოაქტიური გამოსხივებისაგან დამცავი - ასეთი ბეტონის შემვსებად გამოიყენება მძიმე მასალები: ბარიტი, მაგნეტიტი, ლიმონიტი და ლითონი, თუჯის საფანტის, არმატურის ნაჭრების, ლითონის ბურბუშელის და სხვათა სახით, შემკვრელად კი პორტლანდცემენტები. ბეტონის სიმკვრივე იცვლება 2500...5000 კგ/მ3 ფარგლებში. მარკებია: 100; 150; 200.

ბეტონი საგზაო - ბეტონის სახეობა, რომელსაც იყენებენ საავტომობილო გზების მშენებლობაში. გზის საფარის მუშაობის პირობები მეტად არახელსაყრელია - ხშირად სველდება, შრება, იყინება, ლღვება; მასზედ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებები. ბ.ს. წაეყენება გაზრდილი მოთხოვნები სიმტკიცეზე, ცვეთამედეგობაზე, ყინვამედეგობასა და ატმოსფერომედეგობაზე. ერთფენიანი და ორფენიანი ბეტონის საფარისათვის გამოიყენება არანაკლებ M400 მარკის ცემენტი სამკალციუმიანი ალუმინატის 10%-ზე ნაკლები შემცველობით, ბეტონის გზების საფუძვლისათვის - არანაკლებ M300. სასურველია საგზაო პლასტიფიცირებული ან ჰიდროფობული ცემენტის გამოყენება. ერთფენიანის ან ორფენიანის ზედა ფენისათვის გამოიყენება მხოლოდ გარეცხილი ღორღი ან ხრეში, რომელშიდაც თიხოვანი, მტვროვანი და ლამიანი ნაწილაკების მასითი რაოდენობა არ აღემატება 1,5%-ს (ორფენიანის ქვედა ფენისათვის - 2%-ს). ღორღი აუცილებელია იყოს მაღალი სიმტკიცის: ამოფრქვეული ქანიდან - არანაკლებ 120 მპა, დანალექი ქანიდან - არანაკლებ 80 მპა, ქვედა ფენისა და საფუძვლისათვის ამოფრქვეული ქანიდან 80 მპა-ზე მეტი, დანალექი ქანიდან - 60 მპა-ზე მეტი. ხრეშის ან ღორღის მარცვლების უდიდესი ზომაა არანაკლები: ერთფენიანისა და ორფენიანის ზედა ფენისათვის 20 მმ, ორფენიანის ქვედა ფენისათვის - 40 მმ, საფუძვლისათვის - 70 მმ. ბ.ს. ყინვამედეგობის და ნარევის ხარისხის ასამაღლებლად მასში შეჰყავთ ზედაპირულ-აქტიური დანამატი: სუპერპლასტიფიკატორი, ორგანულ-მინერალური, ჰაერჩამთრევი და სხვ. დანამატის ხარჯი ისეთია, რომ უზრუნველყოს ბეტონის ნარევში საჭირო რაოდენობის ჰაერის ჩართვა. რეკომენდებულია ჩათრეული ჰაერის შემდეგი შემცველობა (მოცულობითი): შემვსების მაქსიმალური სიმსხოს (40...70 მმ) დროს - (4,5±1)%, მარცვლების უმცირესი (10...20 მმ) სიმსხოს დროს - (5,5±1)%. საგზაო საფარის დეკორატიული მიზნისათვის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების, გამყოფი ზოლების, პარკის ბილიკების და ქალაქის კეთილმოწყობის ელემენტების დასამზადებლად გამოიყენება ფერადი ბეტონი. ასეთი ბეტონი მიღება ნარევში ტუტე და შუქმედეგი პიგმენტის (ცემენტის მასის 8...10%) დამატებით (ოხრა, მუმია, სურინჯი და სხვ.) ან ფერადი ცემენტის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ფერადი შემვსები, მაგ., ტუფი, წითელი კვარციტი, მარმარილო და სხვა. დეკორატიული ბეტონის სიმტკიცეა 15...20 მპა.

ბეტონი სასაქონლო - ბეტონი გასაცემი (ნაწილობრივი) სიმტკიცით, რომლის დროსაც ნაკეთობები შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს მშენებლობის პერიოდში საპროექტომდე ზრდადი სიმტკიცის ანგარიშით. ბეტონის გასაცემი სიმტკიცე წლის თბილ დროში შეადგენს საპროექტო სიმტკიცის 50...70%-ს, ცივში - 70...90%-ს.

ბეტონი სილიკატური - ბეტონის სახეობა, რომელიც მიიღება კირკაჟმიწოვანი მჭიდა ნივთიერების, არაორგანული შემვსებისა და წყლისაგან შედგენილი ნარევის ავტოკლავებში თბოტენიანი დამუშავებით. ორთქლით დამუშავების პროცესში ნარევი მყარდება (მასში ჰიდროსილიკატებისა და კალციუმის სხვა ნაერთების წარმოქმნის შედეგად) და იძენს სიმტკიცეს კუმშვისას 60 მპა-მდე, ან ზოგჯერ მეტსაც. ბ. ს. დამზადებისას მჭიდა ნივთიერებად იყენებენ ჰაერრკინის ან ჰიდრავლიკური რკინისა და სილიციუმის ორჟანგის შემცველი მასალის (კვარცის ქვიშა, ვულკანური ქანები და სხვ.) წმინდად დაფქულ ნარევს, შემვსებად კი ბუნებრივ ან ხელოვნურ (კარბონატულ, წიდისა და სხვ.) ქვიშას, აგრეთვე მსხვილ შემვსებს. თავისი თვისებებით ბ. ს. უახლოვდება პორტლანდცემენტის საფუძველზე დამზადებულ ბეტონს (სიმკვრივე 1800...2200 კგ/მ3, ყინვამედეგობა - 75...200 ციკლი).

ბეტონი სპეციალური - ბეტონი, რომელიც მზადდება სპეციალური შემკვრელის, სპეციალური შემვსების, სპეციალური ქიმიური დანამატ-მოდიფიკატორისა და ზოგჯერ სპეციალური არმირების გამოყენებით. ამასთან ერთად, მთელ რიგ შემთხვევაში აუცილებელია ბეტონის დამზადების სპეციალური საშუალება და მეთოდი. ბეტონის მრავალგვარობა როგორც კომპოზიციური მასალისა, ყველაზე მეტად ვლინდება სპეციალურ ბეტონებში. ეს ბეტონები გამოირჩევა სამშენებლო-ტექნიკური თვისებების დიდი მრავალფეროვნებით: მაღალი სიმტკიცით, სწრაფგამაგრებადობით , მჟავა- და ცეცხლმედეგობით, რადიოამრეკლავი და რადიოიზოლატორის თვისებებით და სხვა

ბეტონი სულფატმედეგი - ბეტონი, რომელიც დამზადებულია სპეციალურ ცემენტზე (მჟავამედეგი, გოგირდიანი, ფოსფატური, გაფართოებადი, დამძაბავი, მაგნეზიური და სხვ.). ბეტონისათვის მეტად საშიშია სულფატების (გოგირდმჟავას ნაერთების) შემცველი წყალი (თბილისის მიწისქვეშეთში არსებული წყლების აბსოლუტური უმრავლესობა), რომელიც ბეტონის ნელი ფილტრაციის გამო დროთა განმავლობაში შლის მას. აგრესიული მოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება, თუ წყალი წნევით მოქმედებს ბეტონის კონსტრუქციაზე. ამ შემთხვევაში, მცირე წნევის დროსაც, გახსნილი აგრესიული ნივთიერების რაოდენობა, რომელიც აღწევს ცემენტის ქვაში, ბევრად აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც აღწევს მასში დიფუზიის შედეგად. ამიტომ, კონსტრუქციაში რომელიც იმყოფება წნევის ქვეშ, კოროზიული პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. სულფატების შემცველი წყლის აგრესიული მოქმედების შედეგად ბეტონი იჯირჯვება, კონსტრუქციაზე ჩნდება ბზარები. დაშლის ასეთი ხასიათი განპირობებულია იმით, რომ ცემენტის ქვასთან სულფატების ურთიერთქმედებისას ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს რთული კომპლექსური ნაერთების - კალციუმის ჰიდროსულფოალუმინატების წარმოქმნით, ამიტომ მნიშვნელოვანია თბილისის პირობებში მიწისქვეშა მშენებლობა ვაწარმოოთ სულფატმედეგ ცემენტზე (უშვებს რუსთავის ცემენტის ქარხანა) დამზადებული სულფატმედეგი ბეტონით. ბეტონის სულფატმედეგობა მაღლდება ცემენტში პუცოლანის დამატებით ან სულაც ცემენტის ნაწილის შეცვლით პუცოლანით. საშუალო და სუსტ აგრესიულ გარემოში სულფატმედეგი ბეტონის ალტერნატივაა მაღალი სიმკვრივის წყალუჟონადი ბეტონი.

ბეტონი სწრაფმყარებადი - ბეტონის სახეობა, რომელიც ნორმალურ პირობებში გამაგრებისას შედარებით მაღალ სიმტკიცეს აღწევს ადრეულ ასაკში - 1...3 დღეში. ის მიიღწევა სწრაფმყარებადი ცემენტის გამოყენებით ან ცემენტის გამაგრების დაჩქარების სხვა ხერხით. ბეტონის სიმტკიცის ზრდაზე ადრეულ ასაკში ყველაზე მეტი გავლენა აქვს შემკვრელის თვისებებს და წყალცემენტის ფარდობას, აგრეთვე ნარევის მომზადების ტექნოლოგიას. ბეტონის გამაგრების დამაჩქარებელი დანამატებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია კალციუმის ქლორიდი, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს, სხვა დანამატებთან შედარებით. მისი გამოყენება რეკომენდებულია პუცოლანურ, წიდაპორტლანდცემენტსა და ნელამაგრებად პორტლანდცემენტზე დამზადებულ ბეტონებში.

ბეტონი უჯრედოვანი - მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელიც მზადდება ფორწარმომქმელის მეშვეობით აქაფებული შემკვრელის, კაჟმიწა კომპონენტისა და წყლის ნარევის გამყარებით (ნახ. 1). საწყისი ნარევის აქაფებისას წარმოიქმნება დამახასიათებელი ”უჯრედოვანი” სტრუქტურა თანაბარგანაწილებული ჰაერული ფორებით, შედეგად უჯრედოვან ბეტონს აქვს დაბალი სიმკვრივე და მცირე თბოგამტარობა. უჯრედოვანი ბეტონის ფორიანობა შედარებით ადვილად რეგულირდება მომზადების პროცესში, რის შედეგადაც მიიღება სხვადასხვა სიმკვრივის და დანიშნულების ბეტონი. შემკვრელად გამოიყენება პორტლანდცემენტი, კირი, თაბაშირი, ხოლო კომპონენტად - დაფქული კვარცის ქვიშა, წანატაცნაცარი და მეტალურგიული წიდა. კომპონენტი ამცირებს შემკვრელის ხარჯს და ბეტონის შეკლებას, რაც ეკონომიკურად და ეკოლოგიურად სასარგებლოა. ბ.უ. სამი ჯგუფი არსებობს: 1. თბოსაიზოლაციო (სიმკვრივე 500 კგ/მ3-მდე, სიმტკიცე 0,5...1,5 მპა; 2. კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო (სიმკვრივე 500...900 კგ/მ3, სიმტკიცე 2,5...7,5 მპა; 3. კონსტრუქციული (სიმკვრივე 900... 1200 კგ/მ3, სიმტკიცე 7,5...15 მპა. სიმტკიცის კლასი კუმშვაზე B0,35...B12,5-ის ფარგლებში. ბეტონის მისაღებად გამოიყენება შემკვრელის როგორც ბუნებრივი გამაგრება, ისე მისი გააქტიურება გაორთქვლით (ავტოკლავური დამუშავებით). როდესაც შემკვრელად გამოყენებულია კირი, მაშინ ავტოკლავური დამუშავება აუცილებელია. ფოროვანი სტრუქტურის მიღების მეთოდის (შემკვრელის აქაფება) მიხედვით არჩევენ: აირბეტონს, აირსილიკატს, ქაფბეტონსა და ქაფსილიკატს. აირბეტონი და აირსილიკატი მიიღება შემკვრელის ცომის აფუებით იმ აირით, რომელიც გამოიყოფა შემკვრელსა და ქაფწარმომქმნელ ნივთიერებას შორის ქიმიური რეაქციის შედეგად. ყველაზე ხშირად ქაფწარმომქმნელია ალუმინის პუდრი, რომელიც რეაქციაში შედის კალციუმის ჰიდროქსიდთან და გამოყოფს წყალბადს. ქაფბეტონი და ქაფსილიკატი კი მიიღება შემკვრელის ცომის შერევით წინასწარ მომზადებულ მდგრად ტექნიკურ ქაფთან. უჯრედოვანი ბეტონის თვისებას განსაზღვრავს ფორიანობა, შემკვრელის სახეობა და გამაგრების პირობები. უჯრედოვანი ბეტონის მოცულობის 60...85% შედგება 0,2...2 მმ ზომის დახურული ცემენტის ქვის ფორებისაგან (უჯრედებისაგან), რომლებიც დახშულია ჰაერისათვის, მაგრამ ღიაა წყლისათვის. ამიტომ უჯრედოვანი ბეტონის წყალშთანთქმა საკმაოდ მაღალია და ყინვამედეგობა შესაბამისად დაბალი მკვრივი სტრუქტურის ბეტონთან შედარებით. ცემენტის ქვის ჰიდროფილურობა და დიდი ფორიანობა განაპირობებს მაღალ სორბციულ ტენიანობას, რაც გავლენას ახდენს უჯრედოვანი ბეტონის თბოსაიზოლაციო თვისებაზე, ამიტომ გადამღობ კონსტრუქციაში გამოყენების შემთხვევაში, ის დაცული უნდა იქნეს წყალთან კონტაქტისაგან ან მოხდეს მისი ჰიდროფობიზაცია. უჯრედოვანი ბეტონის სიმტკიცე დამოკიდებულია მის საშუალო სიმკვრივეზე და იცვლება 1,5...15 მპა-ის ფარგლებში. დრეკადობის მოდული ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი ბეტონისა, ე.ი. უფრო დეფორმაციულია. გარდა ამისა უჯრედოვან ბეტონს ახასიათებს მომატებული შეკლება და ცოცვადობა. ბ.უ. და მისგან დამზადებული ნაკეთობანი ხასიათდება კარგი ბგერასაიზოლაციო თვისებით, ცეცხლმედეგია და ადვილად მუშავდება (იხერხება, იბურღება, ილურსმნება). უჯრედოვანი ბეტონის გამოყენების სფეროა: გადამღობი კონსტრუქციები (კედელები) საცხოვრებელი და სამრეწველო შენობისათვის; მზიდი კონსტრუქციები - დაბალსართულიანი და არამზიდი - მაღალსართულიანი კარკასული შენობებისათვის. ასევე გავრცელებულია კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო უჯრედოვანი ბეტონი. არმატურის კოროზიისაგან დასაცავად მას ფარავენ ცემენტ-ბიტუმის ან ცემენტ-პოლისტიროლის მასტიკით.

ბეტონი ფოსფატურ ცემენტზე - ფოსფატურ ცემენტზე დამზადებული ბეტონი, რომელიც ძალიან სწრაფად მაგრდება და გამოიყენება სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების სარემონტოდ (ავტოსტრადა, მილგაყვანილობა, ანაკრები რკინაბეტონის ნაკეთობა და სხვ.). ამონიუმფოსფატის ცემენტის შედგენილობა საშუალებას იძლევა 45 წუთში მივიღოთ დაახლოებით 30 მპა სიმტკიცის ბეტონი. სილიკატფოსფატური ცემენტი იკვრება 30 წუთში და 4 საათის შემდეგ აქვს 50 მპა-ზე მეტი სიმტკიცე კუმშვაზე. შემკვრელი ნატრიუმის ჰექსამეტაფოსფატის საფუძველზე, მაგნიუმის ოქსიდთან ერთად, შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შემკვრელი ცეცხლგამძლე ბეტონისათვის, ასევე ელექტროღუმელის აგურით ამოგებისათვის. 12000C ტემპერატურაზე გამაგრებისას 24 საათში მიიღება მდგრადი მასალა, სიმტკიცით 65 მპა და მეტი.

ბეტონი ქიმიურად მედეგი - საერთო სახელწოდება ისეთი ბეტონების ჯგუფისა, რომლებიც თვისებებს ინარჩუნებენ ქიმირად აგრესიულ ნივთიერებათა (ტუტე, მჟავა, ორგანული გამხსნელები და მისთ.) ზემოქმედების პირობებშიც. მისი ძირითადი სახეობებია: მჟავაგამძლე ბეტონი, პოლიმერბეტონი, ასფალტბეტონი და სხვ.

ბეტონი შემსუბუქებული - იგივეა, რაც მსუბუქი ბეტონი. სიმკვრივე 1800...2200 კგ/მ3, შემვსებად გამოყენებულია როგორს მკვრივი, ასევე ფოროვანი საშენი მასალა.

ბეტონი შეუკლებადი - ჩვეულებრივი ბეტონი, დამზადებული შეუკლები, გაფართოებადი და დამძაბავი ცემენტისაგან, რომლის დანიშნულებაა თავიდან იქნეს აცილებული ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციაზე შეკლებითი დეფორმაციის მავნე გავლენა. ამ ცემენტის შემადგენლობაში შედის მინერალური სისტემები, რომელიც გამაგრების პროცესში ფართოვდება. შედეგად მცირდება ან მთლიანად კომპენსირდება შეკლების დეფორმაცია

ბეტონი ცემენტ-პოლიმერის - ცემენტიანი ბეტონი მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთების დამატებით. დანამატის შეყვანა ხდება წყლიანი დისპერსიის სახით, რომელიც არის პოლიმერის ემულსიური პოლიმერიზაციის პროდუქტი. ეს პოლიმერებია: ვინილაცეტატი, ვინილქლორიდი, სტიროლი, ლატექსები და სხვა წყალში ხსნადი კოლოიდები. პოლიმერის გამოყენება ბეტონში საშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ მისი სტრუქტურა და თვისება საჭირო მიმართულებით, ავამაღლოთ მასალის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ცემენტ-პოლიმერის ბეტონი ხასიათდება ორი აქტიური შემადგენლით - მინერალური შემკვრელისა და ორგანული ნივთიერებისაგან. შემკვრელი ნივთიერება წყალთან ერთად ქმნის ცემენტის ქვას, რომელიც კრავს შემვსების მარცვლებს ერთიან მონოლითად. პოლიმერი კი, ბეტონიდან წყლის შემცირების შესაბამისად ფორის, კაპილარის, ცემენტის და შემვსების ზედაპირზე ქმნის თხელ აფსკს, რომელსაც აქვს კარგი ადჰეზია და ხელს უწყობ შემვსებსა და ცემენტის ქვას შორის შეჭიდულობის ზრდას, აუმჯობესებს ბეტონის მონოლითურობას და მინერალური ჩონჩხის მუშაობას, რის შედეგადაც ბეტონი იძენს განსაკუთრებულ თვისებებს: მეტ სიმტკიცეს ღუნვაზე და გაჭიმვაზე, ყინვაგამძლეობას, ცვეთამედეგობასა და წყალშეუღწევადობას ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით. ბეტონში შეყვანილი პოლიმერული მასალის რაოდენობა დგინდება წინასწარი გამოცდით. ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დანამატის გავლენას ცემენტ-პოლიმერის ბეტონზე, არის პოლიმერცემენტის ფარდობა. დანამატის ოპტიმალური რაოდენობა პოლივინილაცეტატის შემთხვევაში, შეადგენს ცემენტის მასის 20%-ს. ლატექსის გამოყენებისას, რომ არ მოხდეს პოლიმერის კოაგულაცია, შეგვყავს სტაბილიზატორი (სოდა, ამონიუმის კაზეინატი და სხვ.). ცემენტ-პოლიმერული ბეტონი მზადდება იმავე ტექნოლოგიით, როგორც ჩვეულებრივი ცემენტიანი ბეტონი. გამოიყენება გზების, იატაკების მოსაწყობად, მოსაპირკეთებელ სამუშაოებში, კოროზიამედეგ გადახურვებში და სხვ.

ბეტონი ცემენტიანი - არის ბეტონებში ყველაზე მეტად გავრცელებული, რომელთა შორის  ძირითადია პორტლანდცემენტი. ცემენტიანი ბეტონის სახეობებია: დეკორატიული ბეტონი, რომელიც მზადდება თეთრი და ფერად ცემენტით; სულფატმედეგი ბეტონი - მზადდება სულფატმედეგი ცემენტით (აუცილებელია თბილისის მიწისქვეშეთის გარემოში); ძაბვადი ცემენტით დამზადებული ბეტონი და სპეციალური დანიშნულების ბეტონი, რომელიც მზადდება თიხამიწოვან, კომპოზიციურ და სხვა სპეციალურ ცემენტზე.

ბეტონი წვრილმარცვლოვანი - წვრილ შემვსებზე (ქვიშაზე) შედგენილი საშუალო სიმკვრივის (1800 კგ/მ3) ბეტონი. ქვიშის მარცვლების ზომები იცვლება 0,15...2,5 მმ-ის ფარგლებში. წყალცემენტის ფარდობა - 0,3...0,4. გამოიყენება თხელკედლიანი (არმოცემენტის) კონსტრუქციების დასამზადებლად. სიმტკიცე 16...28 მპა.

ბეტონი წვრილმარცვლოვანი კომპოზიციური - მაღალეფექტური მრავალკომპონენტიანი ბეტონი, რომელშიც გამოყენებულია კომპოზიციური შემკვრელი ნივთიერება - მასალის სტრუქტურის, თვისების და ტექნოლოგიის ქიმიური მოდიფიკატორების კომპლექსი; აქტიური მინერალური კომპონენტები - სუპერწმინდა გამაფართოებელი და სხვა სპეციალური დანამატი. შემადგენლობის მრავალკომპონენტიანობა საშუალებას იძლევა ეფექტურად ვმართოთ მასალის სტრუქტურის წარმოქმნა ტექნოლოგიის ყველა ეტაპზე, ვუზრუნველყოთ დამზადებული ნაკეთობის და კონსტრუქციის მაღალი ხარისხი. კომპოზიციური შემკვრელი არის პორტლანდცემენტის ან სხვა შემკვრელის რეგლამენტირებულ პირობებში ფიზიკურ-ქიმიური აქტივიზაციის პროდუქტი, იმ ქიმიურ მოდიფიკატორთან ერთად, რომელიც შეიცავს წყალდამწევ კომპონენტს, მინერალურ დანამატს და აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალურ დანამატს, რათა მივიღოთ განსაკუთრებული თვისების შემკვრელი. აქტიურ კომპონენტად გამოიყენება: ქიმიური მოდიფიკატორის კომპლექსი; დისპერსიული შემავსებელ-გამზავებელი; ულტრადისპერსიული შემავსებელ-შემამკვრივებელი და აქტივატორი; კომპონენტები, რომლებიც მართავენ სტრუქტურის მოცულობის ცვლილებას; კომპონენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვმართოთ ბეტონის ნარევის რეოლოგია და გამაგრების პროცესი, ქიმიურ მოდიფიკატორებთან ერთად; კომპონენტები, რომლებიც ბეტონს აძლევს სპეციალურ თვისებას; დისპერსიული ბოჭკოვანი კომპონენტი და კომპონენტები, რომლების არეგულირებენ მასალის შინაგანი სითბოგამოყოფას. კომპოზიციური შემკვრელის, მოდიფიკატორის შედგენილობის და აქტიური კომპონენტის შერჩევა ხდება ბეტონის დანიშნულებისა და მასზე წაყენებული მოთხოვნების მიხედვით, ბეტონის შედგენილობისა და საწყისი შემადგენლების - შემკვრელის და შემვსების თვისებების გათვალისწინებით. სიმტკიცე იზრდება კომპოზიციური შემკვრელის რაოდენობის გაზრდით. ყველაზე მეტი სიმტკიცე აქვს ცემენტის ქვას. მაგრამ ამ შემთხვევაში შესამჩნევად იზრდება მასალის შეკლება, რაც აძნელებს დიდი ზომის ნაკეთობის დამზადებას და მოითხოვს განსაკუთრებული ზომების მიღებას შეკლების კომპენსაციისათვის. ცემენტის ხარჯის გაზრდას მივყავართ მასალის გაძვირებისაკენ, ამ ხარჯის შესამცირებლად ცემენტის ნაწილი უნდა შეიცვალოს აქტიური მინერალური შემავსებლებით: ნაცრით, დაფქული წიდით, მიკროკაჟმიწით და სხვა მსგავსი მასალით, რომელიც საშუალებას იძლევა დავარეგულიროთ გამაგრებად ბეტონში სტრუქტურაწარმოქმნა. ამ მასალების შეყვანა, შეჯერებული უნდა იყოს სხვა კომპლექსურ ქიმიურ მოდიფიკატორთან. შეკლების მნიშვნელოვანი შემცირება მიიღწევა კომპოზიციური შემკვრელით, განსაკუთრებით გაფართოებადი ნივთიერებით და წყალცემენტის ფარდობის შემცირებით, აგრეთვე მიკროკაჟმიწის დანამატის შეყვანით სუპერპლასტიფიკატორთან ერთად. მიკროკაჟმიწის შეყვანა ზრდის წვრილმარცვლოვანი ბეტონის გაჯირჯვებას ტენიან გარემოში, ამიტომ, მიკროკაჟმიწიან წვრილმარცვლოვან ბეტონში უნდა ვერიდოთ ტენიანობის ციკლურ ცვლილებას, რომ კონსტრუქციაში არ გაჩნდეს მიკრობზარები. საწყისი ნედლეულის და ბეტონის რაციონალური შერჩევა საშუალებას იძლევა მივიღოთ შეუკლებადი წვრილმარცვლოვანი კომპოზიციური ბეტონი, რომელსაც აქვს მაღალი ფიზიკურ-ტექნიკური მაჩვენებლები: სიმტკიცე 2 დღის ასაკში აღწევს 30...50 მპა-ს, 28-ე დღეს - 100...150 მპა-ს, წყალუჟონადობა W12 და მეტს, წყალშთანთქმა 1...2%-ს და ყინვამედეგობა F300 და მეტს. ბეტონს აქვს დეფორმაციულობის რეგულირებადი მაჩვენებელი, მათ შორის 14...28 დღის ბუნებრივი გამაგრების დროს შეკლების კომპენსაცია, დაბალი ცვეთადობა და მაღალი აირუჟონადობა. რეალურ პირობებში ასეთი ბეტონის ექსპლუატაციის ვადა აღემატება 100 წელს, მათ შორის მკაცრი კლიმატის პირობებშიც.

ბეტონი ჰიდროტექნიკური - მძიმე, ჩვეულებრივი ბეტონის სახესხვაობა (ნახ. 1). ხასიათდება წყალმედეგობით, წყალუჟონადობით, ყინვამედეგობით, დაბალი სითბოგამოყოფით და ქიმიური მედეგობით. გამოიყენება ნაგებობებისათვის, რომლებიც პერიოდულად ან მუდმივად წყალშია. ბ.ჰ. მძიმე ბეტონის სახესხვაობაა, რომელიც, ჰიდროტექნიკური ნაგებობის კონსტრუქციის ექსპლუატაციის პირობებიდან გამომდინარე, რამდენიმე სახედ კლასიფიცირდება. წყლის დონის მიხედვით არსებობს ჰიდროტექნიკური ბეტონის სახეები: წყალქვეშა ბეტონი (მუდმივად იმყოფება წყალში); ცვალებადი ზონის ბეტონი (პერიოდულად განიცდის წყლით შემორეცხვას); წყალზედა ბეტონი (მდებარეობს წყლის ცვალებადი ზონის ზევით). კონსტრუქციის ზედაპირის ფართობის მიხედვით ბ.ჰ. შეიძლება იყოს მასიური და არამასიური. კონსტრუქციაში მდებარეობის ადგილის მიხედვით - გარეთა და შიგა ზონის. მასიური ნაგებობის შიგა ზონის ბეტონი, რომელიც არ განიცდის წყლის დაწნევას და განლაგებულია გარე ზედაპირიდან არანაკლებ 2 მ-ზე, წარმოადგენს ჩვეულებრივ მძიმე ბეტონს. კონსტრუქციაზე წყლის წნევის მოქმედების მიხედვით განირჩევა სადაწნეო და ჩვეულებრივი (უდაწნეო) ბ.ჰ. ჰიდროტექნიკური ნაგებობის დაპროექტებისას ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები გაითვალისწინება. თუ კონსტრუქცია რამდენიმე ზონაშია განლაგებული, მაშინ მოთხოვნები ბეტონზე მიიღება ყველაზე ცუდი ზონისათვის. მუშაობის პირობებისა და სახეობების მიხედვით ჰიდროტექნიკურ ბეტონს წაეყენება ტექნიკური მოთხოვნები: სიმტკიცეზე (კუმშვა, ღერძული გაჭიმვა), ყინვამედეგობაზე, წყალუჟონადობაზე, წყალშთანთქმადობაზე, ხაზობრივ ჯდომასა და გაჯირჯვებაზე, ცვეთამედეგობასა და ბზარმედეგობაზე. ბეტონის გამაგრების ასაკი, რომელიც აკმაყოფილებს სიმტკიცის მოთხოვნას კუმშვისა და გაჭიმვის კლასზე და წყალუჟონადობაზე, მასიური ჰიდრომელიორაციული ნაგე-ბობისათვის და მდინარის ჰიდროტექნიკური კონსტრუქციებისათვის არის 180 დღე, საზღვაო და სამდინარე სატრანსპორტო ანაკრები ან მონოლითური და თხელკედლიანი ჰიდრომელიორაციული კონსტრუქციებისათვის - 28 დღე, საპროექტო მარკის ყინვამედეგობისათვის მიიღება 28 დღე, მასიური ნაგებობებისათვის ”თბილ” ყალიბში - 60 დღე. ჰიდროტექნიკური ბეტონის კლასი კუმშვაზე შემდეგია: B3,5; B5; B7,5; B10; B12,5; B15; B20; B25; B35; B40; B45; B50; B55; B60; შეიძლება შუალედური B22,5 და B27,5 კლასის ბეტონის გამოყენებაც. კლასი ღერძულ გაჭიმვაზე: B(t)0,4; B(t)0,8; B(t)1,2; B(t)1,6; B(t)2,0; დაძაბული, წვრილმარცვლოვანი და მსუბუქი ბეტონებისათვის - B(t)2,4; B(t)2,8; B(t)3,2; მარკა ყინვამედეგობაზე: F50; F75; F100; F150; F200; F300; F400; F500; F600; F800; F1000 (ყინვამედეგობაზე მოთხოვნა წაეყენება მხოლოდ იმ ბეტონს, რომელიც იმყოფება წყლის დონის ცვალებად ზონაში, ან წყლის დონიდან 2 მ სიმაღლეზე და აგრეთვე წყალზედა ზედაპირულ ბეტონს); მარკა წყალუჟონადობაზე: W2, W4, W6, W8, W10, W12, W14, W16, W18, W20. სადაწნეო კონსტრუქციის ბეტონისათვის მარკა ინიშნება იმ ანგარიშით, რომ მივიღოთ წყალუჟონადი ბეტონი. წყალქვეშა ბეტონისათვის გამოიყენება ყველაზე წყალმედეგი პუცოლანური- და წიდაპორტლანდცემენტი. წყლის ცვალებადი ზონის ბეტონისათვის, რომელიც ყველაზე მძიმე საექსპლუატაციო პირობებშია, საუკეთესოა სულფატომედეგი პორტლანდცემენტი. წყალზედა ბეტონისათვის რეკომენდებულია პორტლანდცემენტი, დანამატიანი პორტლანდცემენტი და წიდაპორტლანდცემენტი. შიგა ზონის ბეტონისთვის გამოიყენება დაბალთერმული პუცოლანური და წიდაპორტლანდცემენტი. შეიძლება პორტლანდცემენტის და დანამატიანი პორტლანდცემენტის გამოყენებაც. სულფატურ-აგრესიული წყლისათვის აუცილებელია სულფატომედეგი პორტლანდცემენტის გამოყენება. ინერტულ შემვსებად გამოიყენება: ბუნებრივი ან დამსხვრეული ქვიშა სიმსხოს მუდულით 1,5...3,5 მმ; ამოფრქვეულ ან დანალექ ქანებიდან მიღებული ღორღი მარცვლების ზომებით 5...220 მმ, სიმტკიცით 60...100 მპა. ბეტონის ხანგამძლეობა დამოკიდებულია წ/ც ფაქტორზე, რომელიც მიიღება 0,5...0,7-ის ფარგლებში.

ბეტონი ჰიდროტექნიკური სხმული - ბეტონი, რომლის ნარევი მზადდება ცემენტის, წყლის და წვრილი წვიშისაგან (სიმსხო ნაკლები 0,16 მმ-ზე), რომლის შემცველობა ნარევში 15%-ია. მათ ემატება წყალდამჭერი (ბეტონიტური თიხა) და მიკროშემვსები (კერამზიტის მტვერი, მიკროკაჟმიწა, წანატაცი-ნაცარი და სხვ.). ასეთ ბეტონს მაღალი დენადობა აქვს და ჩაწყობისას არ საჭიროებს მექანიკურ ზემოქმედებას, ამიტომ მას მიზანმიმართულად იყენებენ თხელკედლიან, ჭარბად დაარმირებულ, რთული კონფიგურაციის კონსტრუქციაში, სადაც ბეტონის ჩაწყობა რთულია, აგრეთვე წყლის არხის მონოლითური მოპირკეთებისათვის, სარწყავი სისტემის ანაკრები კონსტრუქციის დამზადებისათვის და სხვ. ბ.ჰ.ს. ორგანული მინერალების დანამატით (სუპერ- და ჰიპერპლასტიფიკატორით), საშუალებას იძლევა შემცირდეს წყლის ხარჯი არანაკლებ 20%-ით, ამაღლდეს ბეტონის სიმტკიცე ორი მარკით ან შემცირდეს ცემენტის ხარჯი 15...35%-ით, მივიღოთ დუღაბი კონუსის განშლით 180...260 მმ და ბეტონი კონუსის ჯდომით 20...24 სმ და მეტი, შენარჩუნდეს წყალცემენტის ფარდობა, შემცირდეს შრომატევადობა ვიბრირების გამორიცხვით, გაიზარდს ყინვამედეგობა 25...40%-ით, წყალუჟონადობა - 2...4 საფეხურით, ამაღლდეს ბეტონისა და რკ.ბ.-ის მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ.

ბეტონი ჰიდროტექნიკური წვრილმარცვლოვანი - ბეტონი, რომელშიც შემვსების მაქსიმალური ზომაა 10 მმ. იგი შეიძლება ჩაეწყოს ტორკრეტირებით. სარყორცნიდან გამომავალ მშრალ ნარევს ემატება წყალი და დაიტანება ზედაპირზე. ასეთი ბეტონი ხასიათდება მაღალი სიმკვრივით, სიმტკიცით, წყალუჟონადობითა და ყინვამედეგობით. გამოიყენება წყალსატევისა და არხის ფილტრაციის საწინააღმდეგო მოპირკეთების, თხელკედლიანი პანელების, ტროტუარის ფილების, წყლის ავზების, ჰიდროტექნიკური ნაგებობის დეფორმაციული ნაკერის ამოქოლვისთვის და ა.შ. ჰიდროტექნიკური ნაგებობის, აეროდრომის საფარის, არხის მოპირკეთების რემონტისათვის გამოიყენება სწრაფმყარებადი წვრილმარცვლოვანი ბეტონი თხევადი მინის შემკვრელზე, პოლიმერბეტონი და ბეტონპოლიმერი, რომლებიც ხასიათდებიან დიდი სიმტკიცით, სიმკვრივით, ცვეთა- და ქიმიური მედეგობით, კარგი ადჰეზიური თვისებებით.

ბეტონიერი - მანქანა, რომელიც მექანიკურად ურევს ერთმანეთს ბეტონის შემადგენელ ნაწილებს (ნახ. 1).

ბეტონის ადვილჩაწყობადობა - ნარევის თვისება შეავსოს ყალიბი და შემკვრივდეს თავისი სიმძიმის ძალის ან გარე მექანიკური მოქმედების შედეგად. ამის მიხედვით არჩევენ პლასტიკურ და ხისტ ნარევებს. პლასტიკური ბეტონის ნარევის ადვილჩაწყობადობა განისაზღვრება კონუსის ჯდომით, რომელიც იზომება სანტიმეტრობით. ამის მიხედვით, ბეტონის ნარევებია: ხისტი - 0, მცირეძვრადი - 2...4 სმ; ძვრადი - 4...12 სმ; სხმული - 12 სმ და მეტი.

ბეტონის აირწარმომქმნელი დანამატი - გამოიყენება: ალუმინის პუდრი და მეთილსილიკონი. პირიქით, ბეტონის სტრუქტურის შემკვრივებისათვის უმატებენ კალციუმის ნიტრატს, რკინის ქლორიდს, რკინის სულფატს, ალუმინის სულფატს, სხვადასხვა შედგენილობის ფისს და სხვ.

ბეტონის ამონიუმიური კოროზია - ბეტონის კოროზია ამონიუმის მარილების ხსნარებთან ურთიერთქმედებისას.

ბეტონის ბალიში - ამა თუ იმ სახის ნაგებობის ან კონსტრუქციის საყრდენი ელემენტი, რომელიც ბეტონისაგანაა (ან რკ.ბ.-ისაგან) დამზადებული.

ბეტონის გამაგრება - პროცესი, რომლის დროს ბეტონის ბლანტი მასა გადადის მყარ მდგომარეობაში. ის გრძელდება ბეტონის მომზადებიდან 28 დღის განმავლობაში ანუ ბეტონი საპროექტო მარკას (კლასს) აღწევს ამ პერიოდში. ბეტონის გამაგრებისათვის ნორმალურ ტემპერატურულ გარემოდ პირობითად ითვლება 15...200C. ტემპერატურის დაწევისას ბეტონის სიმტკიცე იზრდება ნელა, ვიდრე ნორმალურზე. ნულზე ნაკლები ტემპერატურის დროს ბეტონის გამაგრება პრაქტიკულად ჩერდება, თუ მას არ დავუმატებთ მარილს, რომელიც ამცირებს წყლის გაყინვის წერტილს. ბეტონი, რომელსაც დაწყებული აქვს გამაგრება და გაიყინება, გალღობის შემდეგ სითბოში აგრძელებს გამაგრებას, თუ ის არ იყო დაზიანებული გამაგრების დაწყებისთანავე. მაღალ ტემპერატურაზე ბეტონი მაგრდება უფრო ჩქარა, ვიდრე ნორმალურზე, განსაკუთრებით ტენიან გარემოში. რადგან მაღალ ტემპერატურაზე ბეტონის სწრაფი გამოშრობისაგან დაცვა ძნელია, ამიტომ 800C-ზე მეტად მისი გაცხელება არ შეიძლება. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ მისი დამუშავება წყლის ორთქლით გაჯერებულ, სპეციალურ ჰერმეტულ კამერაში 90...1000C-ზე ან ავტოკლავში წნევის ქვეშ. ბეტონის გამაგრებაზე დიდი გავლენა აქვს მისი მოვლის ორგანიზაციას, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. მოვლის მიზანია შეიქმნას ბეტონის გამაგრებისათვის სათანადო პირობები, საჭირო ტენიანობის გარემოს შენარჩუნებით. ამისათვის ბეტონს ფარავენ პოლიმერული აფსკით, აყრიან ქვიშას ან ნახერხს, რომელსაც მუდმივად ასველებენ, იყენებენ სინთეზური მასალის ლეიბებს, ზედაპირს ფარავენ წყლით ან იყენებენ ბეტონის გამოშრობისაგან დაცვის სხვა მეთოდებს ჰიდრატაციის პროცესისა და სიმტკიცის ზრდის შენელების თავიდან ასაცილებლად. ადრეულ ასაკში ბეტონის გამოშრობა იწვევს შეკლების მნიშვნელოვან დეფორმაციას, ჩნდება მიკრობზარები. შემდეგში სათანადო პირობების შექმნით სტრუქტურის გამოსწორება არ ხერხდება, ამიტომ ბეტონის სათანადო მოვლა ადრეულ ასაკში, აუცილებელი პირობაა ხარისხიანი ბეტონის მისაღებად.

ბეტონის გამაგრების დამაჩქარებელი დანამატი - ბეტონის დანამატი, რომელიც აჩქარებს ბეტონის გამყარების პროცესს. ასეთი დანამატებია: კალციუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატი, კალციუმის ნიტრიტნიტრატქლორიდი და სხვ. ისინი ბეტონის ნარევს ემატება განსაზღვრული რაოდენობით, რადგან უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ მასზე. მაგ., კალციუმის ქლორიდი ხელს უწყობს არმატურის კოროზიას, ამიტომ მისი დანამატი რკ.ბ.-ში შეზღუდულია 2%-მდე, ხოლო გამოყენება წინასწარდაძაბულ არმატურასთან და თხელკედლიან კონსტრუქციაში აკრძალულია. უკანასკნელ დროს მიღებული იქნა ბეტონის უქლორო გამამაგრებლები - ალუმინატი, კალციუმის ფორმიატი, კარბონატი, ჰალოიდი, ტრიეთანოლოამი, ფორმალდეჰიდი და სხვ. რომლებიც აჩქარებენ და ამაღლებენ ბეტონის სიმტკიცეს 7 დღეში 20...40%-ით

ბეტონის დამცავი შრე - რკ.ბ.-ის კონსტრუქციის ბეტონის შრე გარე ზედაპირსა და კონსტრუქციაში მოთავსებული არმატურის ახლომდებარე ზედაპირს შორის. ის უზრუნველყოფს ბეტონისა და არმატურის ერთობლივ მუშაობას კონსტრუქციის მუშაობის ყველა სტადიაზე, აგრეთვე არმატურის დაცვას გარე ატმოსფერული, ტემპერატურული და სხვა მსგავსი ზემოქმედებისაგან. გრძივი მუშა არმატურისათვის (დაუძაბავი და საბჯენებზე დაჭიმვის გზით დაძაბული) დამცავი შრის სისქე უნდა იყოს არანაკლებ ღეროს ან ბაგირის დიამეტრისა და არანაკლები (ზომები მმ-ში): ფილებში და კედლებში სისქით: 100-მდე ჩათვლით - 10; 100-ზე მეტი - 15. კოჭებში და წიბოებში კვეთის სიმაღლით: 250-ზე ნაკლები - 15; 250 და მეტი - 20; სვეტებში - 20; საძირკვლის კოჭებში - 30. საძირკვლებში: ასაწყობში - 30; მონოლითურში, რომელსაც გააჩნია ბეტონის მომზადება - 35; მონოლითურში, რომელსაც არ გააჩნია ბეტონის მომზადება - 70. B7,5 და უფრო დაბალი კლასის დაფოროვნებული და მსუბუქი ბეტონებისაგან დამზადებულ ერთფენოვან კონსტრუქციებში დამცავი შრე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მმ, ხოლო გარე საკედლე პანელებში (ფაქტურის შრის გარეშე) - არანაკლებ 25 მმ-სა. უჯრედოვანი ბეტონის ერთფენოვან კონსტრუქციებში დამცავი შრე ყველა შემთხვევაში მიიღება არანაკლებ 25 მმ-სა. განივი, გამანაწილებელი და კონსტრუქციული არმატურის დამცავი ბეტონის შრის სისქე მიიღება არანაკლებ აღნიშნული არმატურის დიამეტრისა და არანაკლებ (მმ-ით): 250 მმ-ზე ნაკლები სიმაღლის განივკვეთიანი ელემენტებისათვის - 10; 250 მმ-ის ტოლი და მეტი სიმაღლის განივკვეთიანი ელემენტებისათვის - 15. B7,5 და უფრო დაბალი კლასის მსუბუქი და დაფოროვნებული ბეტონების ელემენტებში და უჯრედოვანი ბეტონების ელემენტებში კვეთის სიმაღლის მიუხედავად, განივი არმატურის დამცავი ბეტონის შრის სისქე მიიღება არანაკლებ 15 მმ-ისა. წინასწარ დაძაბული ელემენტების ბოლოებში, ძაბვების გადაცემის ზონაში დამცავი ბეტონის შრის სისქე უნდა შეადგენდეს არანაკლებ: A-IV, A-IIIB კლასის ღეროვანი არმატურისათვის - 2d; A-V, A-VI, AT-VII კლასის ღეროვანი არმატურისათვის - 3d; არმატურის ბაგირებისათვის - 2d (აქ d მმ-შია). გარდა ამისა, დამცავი ბეტონის შრე ელემენტის სიგრძის მითითებულ მონაკვეთზე უნდა იყოს არანაკლები 40 მმ-სა ყველა კლასის ღეროვანი არმატურისათვის და არანაკლები 20 მმ - საარმატურო ბაგირებისათვის. საყრდენთან განლაგებულ კვეთებში დამცავი ბეტონის შრე, ანკერებიანი ან უანკერო დაძაბული არმატურისათვის, დასაშვებია დაინიშნოს ისეთივე, როგორც მალში. წინასწარ დაძაბულ ელემენტებში, ბეტონზე დაჭიმული და არხებში განლაგებული გრძივი არმატურით, მანძილი ელემენტის ზედაპირიდან არხის ძირამდე უნდა იყოს არანაკლები 40 მმ-სა და არანაკლები არხის სიგანისა. გარდა ამისა, მითითებული მანძილი ელემენტის გვერდით წახნაგამდე უნდა იყოს არანაკლები არხის სიმაღლის ნახევრისა. დაძაბული არმატურის განლაგებისას ღარებში ან ელემენტის კვეთის გარედან, დამცავი ბეტონის შრის სისქე, რომელიც წარმოიქმნება ტორკრეტირების შედეგად ან რაიმე სხვა ხერხით, მიიღება არანაკლებ 20-მმ-სა. მთლიანი არმატურის ღეროების, ბადეების ან კარკასების ყალიბებში თავისუფლად ჩაწყობის მიზნით, რომლებიც გაიმართებიან ნაკეთობის მთელ სიგრძეზე ან სიგანეზე, მათი ბოლოები დაშორებული უნდა იყოს ელემენტის წახნაგებიდან: 9 მეტრამდე ნაკეთობის შესაბამისი ზომისას - 10 მმ, 12 მ-დე - 15 მმ, ხოლო 12 მ ზევით - 20 მმ-ით.

ბეტონის დანამატები - ნივთიერებები, რომელიც გამოიყენება ბეტონში ცემენტის ეკონომიისა და ნარევის თვისებების რეგულირებისათვის. არსებობს ორი სახის: ქიმიური დანამატი, რომელიც ემატება ბეტონს მცირე რაოდეობით (0,1...2% ცემენტის მასიდან) და მიზანშეწონილად ცვლის ბეტონის ნარევის და ბეტონის თვისებას და წმინდად დაფქული დანამატი (5...20%) ცემენტის ეკონომიისა და ბეტონის მკვრივი მასის მისაღებად. ქიმიური დანამატის გამოყენება ყველაზე უნივერსალური, ხელმისაწვდომი და მოქნილი მეთოდია ბეტონის ტექნოლოგიის მართვისა და მისი თვისების რეგულირებისათვის. თუ ადრე მშენებლობაში დანამატად გამოიყენებოდა ცალკეული ქიმიური პროდუქტი და წარმოების მოდიფიცირებული ნარჩენი, ამჟამად უფრო პრიოტეტულია სპეციალურად ბეტონისათვის დამზადებული დანამატები, როგორიცაა, მაგ.: პლასტიფიკატორი, სუპერპლასტიფიკატორი, ჰიპერპლასტიფიკარორი, ჰაერჩამთრევი, ჰიდროფობულ-მაპლასტიფიცირებელი, გაყინვის საწინააღმდეგო, აირწარმომქმნელი, შეკვრის შემანელებელი, მინერალური, ორგანულ-მინერალური, ინერტული, კაჟმიწა, კალმატრონი და სხვ. ერთი და იმავე დანამატი სხვადასხვა დოზირების დროს იწვევს სხვადასხვა მოქმედებას, შეუძლია დააჩქაროს ან შეანელოს ბეტონის გამაგრება. მაგ., სუპერპლასტიფიკატორის ზედმეტი რაოდენობა, აყოვნებს ბეტონის გამაგრებას. ბეტონის გამაგრების დამაჩქარებელი დანამატის CaCℓ2-ის დიდი დოზა იწვევს არმატურის კოროზიას, ამიტომ რკ.ბ.-ში მისი რაოდენობა იზღუდება 2%-მდე. ზოგიერთ დანამატს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება, მაგალითად, მაპლასტიფიცირებელი და ჰაერჩამთრევი, აირწარმომქმნელი და მაპლასტიფიცირებელი და სხვ. ამ შემთხვევაში დანამატის კლასიფიცირებას ახდენენ უფრო მეტად გამოსახული მოქმედების ეფექტის მიხედვით. ბ. დ. შერჩევა ხდება სამშენებლო ლაბორატორიაში გამოცდების გზით.

ბეტონის დანამატი აირწარმომქმნელი - ნივთიერება (ალუმინის ფხვნილი, პენოსტრომი, პოლიჰიდროსილოკსანი და სხვ.), რომელიც ცემენტის ჰიდრატაციის პროდუქტებთან ქიმიური ურთიერთქმედებით წარმოქმნის აირებს.

ბეტონის დანამატი დამაფორიზებელი - ნივთიერება (ფისები, წებოები, სულფონოლი, კანიფოლის საპონი, ადიმენტი, პერამინი და სხვ.), რომელიც მიზანმიმართულად უწყობს ხელს ბეტონის მასივში ჰაერის ფორების წარმოქმნას.

ბეტონის დანამატი კოლმატრონული - ნივთიერება (დიეთილენგლიკოლის, ტრიეთილენგილოლის, პოლიამინის ფისები; ბიტუმის ემულსია, რკინის სულფატი, რკინის ქლორიდი, რკინის ნიტრატი, კალციუმის ნიტრატი, ალუმინის სულფატი და სხვ.), რომელიც ბეტონის ფორებს ავსებს წყალში უხსნადი პროდუქტებით.

ბეტონის დანამატი მაპლასტიფიცირებელი - ნივთიერება (პლასტიფიკატორები, ლიგნოსულფონატები და სხვ.), რომელიც ზრდის ბეტონის ნარევის ძვრადობას.

ბეტონის დანამატი მასტაბილიზირებელი - ნივთიერება (გიპანი, მეთილცელულოზა წყალხსნადი, ბენტონიტური თიხა, ადიმენტი, ზიკა პუმპი და სხვ.) რომელიც ამცირებს ბეტონის ნარევის განშრევადობას.

ბეტონის დანამატი პენეტრონ ადმიქსი - ამერიკული წარმოების ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება წყალისა და აგრესიული გარემოს მიმართ ბეტონის ნარევის მედეგობის ასამაღლებლად. დოზირების ნორმა შეადგენს ცემენტის მასის 0,8...2,3%. პენეტრონ ადმიქსის წყალში გარეული ფხვნილი (პროპორციით 1:1) ბეტონის ნარევს ემატება უშუალოდ მიქსერში. ბეტონი ხდება პრაქტიკულად წყალგაუმტარი და მედეგი ყოველგვარი აგრესიული გარემოს მიმართ. გამოიყენება გრუნტთან და წყალთან შეხებაში მყოფი რკ. ბ.-ის კონსტრუქციების დასამზადებლად, აგრეთვე სახურავებში და საგზაო მშენებლობაში. პენეტრონის ფირმის სხვა ჰიდროიზოლაციური ქიმიური დანამატებია: ქსაიპექს ადმიქს ც-1000, ქსაიპექს მოდიფაიტი, პენეტრონ პლუსი, პენეკრიტი, პენეპლაგი (ახდენს წყლის დინების ჰიდროლოკალიზებას 40 წმ-ში), პენესილ PRO, პენებარი (ჰიდროგაფართოებადი ზონარი, ნაკერების ჰიდროიზოლაციისათვის) და სხვ.

ბეტონის დანამატი ქაფწარმომქმნელი - ზედაპირულად აქტიული ორგანული ნივთიერება (სულფონოლი, საპონინი SDO-L, Mapeplast LA, მერქნის საპნიანი ფისი და სხვ.) საჭირო ჯერადობისა და მედეგობის ტექნიკური ქაფის მისაღებად, რომელიც ბეტონის ნარევის კომპონენტებთან შერევისას იძლევა ბეტონის უჯრედოვან და დაფორიზებულ სტრუქტურას.

ბეტონის დანამატი ყინვასაწინაღო - ნივთიერება (პოტაში, ლიგნოპანი, ამიაკის წყალი, ბეტონსანი, ცემენტოლი, შარდოვანა, ნატრიუმის ნიტრატი და სხვ.), რომელიც ამცირებს წყლის გაყინვის ტემპერატურას ბეტონის სამუშაოების წარმოებისას ზამთრის პირობებში.

ბეტონის დანამატი წყალდამჭერი - ნივთიერება (ტიხა, გიპანი, მეთილცელულოზა, პოლიოქსიეთილენი, პოლიეთილენოქსიდი და სხვ.), რომელიც ამცირებს წყლის გამოდევნას ბეტონის ნარევიდან.

ბეტონის დანამატი წყალმარედუცირებელი - ნივთიერება (სუპერპლსტიფიკატორი და კომპლექსური დანამატები მის საფუძველზე), რომლის დამატებით მიიღება საჭირო ჩაწყობადობის ბეტონი წყლის მინიმალური ხარჯით.

ბეტონის დანამატი ჰაერჩამთრევი - ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერება (აეროპლასტი, პოლიპლასტი, ადიმენტი, ვინსოლი, მეგალიტი და სხვ), რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის მასის შერევის პროცესში წვრილდისპერსიული ჰაერის ჩათრევას და ბეტონში მის თანაბრად განაწილებას.

ბეტონის დანამატი ჰიდროფობული - ნივთიერება (ფენილეტოქსისოლოქსანი, ნატრიუმის ალუმინმეთილსილიკონატი, ადიმენტი, ზიკაგარდი, თუთიის სტეარატი, სემენტოლი, ნატრიუმის ეთილსილიკონატი და სხვ.), რომელიც ბეტონის ფორებს და კაპილარებს ანიჭებს ჰიდროფობურ (წყალუკარების) თვისებებს.

ბეტონის დინამიკური სიმტკიცე - ბეტონის დროებითი წინაღობის ზრდა დიდი ინტენსივობისა და ხანმოკლე დინამიკური დატვირთვების (დარტყმა, აფეთქება) მოქმედებისას. რაც ნაკლებია მრღვევი დინამიკური დატვიღტვის მოქმედების დრო ნიმუშზე, მით მეტია ბეტონის სიმტკიცის დინამიკურობის კოეფიციენტი, რომელიც არის კუმშვაზე დინამიკური დროებითი წინაღობის ფარდობა პრიზმულ სიმტკიცესთან.

ბეტონის დროებითი წინაღობა - ბეტონის დინამიკური სიმტკიცე. განისაზღვრება ლაბორატორიულ პირობებში ბეტონის სტანდარტული ნიმუშების გამოცდით ხანმოკლედ მოქმედი დატვირთვების მოქმედებისას.

ბეტონის ვაკუუმირება - ბეტონის ნარევის შემკვრივება მისგან ჭარბი წყლის მოცილებით. ხორციელდება ვაკუუმ-ფარის მეშვეობით, რომელსაც უშუალოდ ადებენ ახლად დაბეტონებულ კონსტრუქციას (ნახ. 1. ვაკუუმ-დანადგარის სქემა: 1-ვაკუუმ-ფარი; 2-ჰაერის შემწოვი სახელოები; 3-კოლექტორი; 4-მაგისტრალური შემწოვი ხაზი; 5-გადასატანი წყალშემკრები; 6-სტაციონალური წყალშემკრები; 7-ვაკუუმ-ტუმბო; 8-ვაკუუმ-სივრცე). ბ.ვ. აჩქარებს განყალიბების პროცესს, ამაღლებს ბეტონის სიმტკიცესა და ყინვამედეგობას, ამცირებს ცემენტის ხარჯს. პორტლანდცემენტზე დამზადებული მასიური ბეტონის ნაკეთობის ვაკუუმირების დრო, ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებში, შეადგენს 40...45 წთ-ს.

ბეტონის თბოგამტარობა - მერყეობს ძალიან დიდ ფარგლებში 0,08...1,74 ვტ/(მ.კ.). ბეტონის თბოგამტარობის კოეფიციენტი იზრდება სიმკვრივის ზრდისას და მცირდება ფორიანობის გაზრდით. ბეტონის სტრუქტურა შეიცავს მყარ ფაზას და ჰაერულ ან წყლის ფორებს. ჰაერის თბოგამტარობა გაცილებით ნაკლებია მყარი ფაზის თბოგამტარობაზე, ამიტომ რაც მეტია ბეტონის ფორიანობა ან ნაკლებია სიმკვრივე, მით ნაკლებია მისი თბოგამტარობა. ფორების წყლით შევსების შედეგად ბ.თ. იზრდება, რადგან წყლის თბოგამტარობა 25-ჯერ მეტია ჰაერის თბოგამტარობაზე. ბეტონის გაყინვისას თბოგამტარობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ყინულის თბოგამტარობა ოთხჯერ მეტია წყლის თბოგამტარობაზე. ბეტონის ტემპერატურის გაზრდით ბ.თ. რამდენადმე იზრდება. ძალიან წვრილი დახურული ფორიანობის ბეტონს აქვს ნაკლები თბოგამტარობა, რადგან მასში სითბოგადაცემა მცირდება. ბეტონის წყლით გაჟღენთვის და გაყინვის შედეგად ბ.თ. ხარისხი იცვლება სიმკვრივეზე დამოკიდებულებით. სიმკვრივის შემცირებით ამ ფაქტორების გავლენა იზრდება.

ბეტონის თბოფიზიკური თვისება - რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისა და ნაგებობების საიმედო ექსპლუატაციისათვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელშიც შედის: თბოგამტარობა, თბოტევადობა და ტემპერატურული დეფორმაცია. შემომზღუდავი კონსტრუქციის მასალის თბოფიზიკური თვისება განსაზღვრავს შენობის თბურ დაცვას, მზიდი კონსტრუქციის მასალის თბოფიზიკური თვისება - მის ქცევას ხანძრის ან სხვა ფაქტორების მოქმედების შედეგად. ეს თვისებები გაითვალისწინება შენობების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების დაპროექტებისას

ბეტონის კაჟმიწა დანამატი - ბეტონის დანამატი, რომელიც ამაღლებს ბეტონის სიმკვრივეს, სიმტკიცეს, წყალუჟონადობას და ხანმედეგობას. კაჟმიწა წარმოადგენს კაჟისშემცველი ნადნობის ნარჩენს (ფეროსილიციუმი, კრისტალური კაჟმიწა და სხვ.). კაზმის დნობის და 18000C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურის დროს კვარცის აღდგენისას წარმოიქმნება აირისებრი კაჟბადი, რომელიც გაცივებისა და ჰაერთან კონტაქტისას იჟანგება SiO2-ად და განიცდის კონდენსაციას კაჟმიწის უწვრილეს ნაწილაკებად. მიკროკაჟმიწაში SiO2 შეადგენს 85...98%-ს. კაჟმიწის ნაწილაკებს აქვს მცირე ზომა (0,1...0,5 მკმ) და დიდი ხვედრითი ზედაპირი (18,,,25 მ2/გ). მიკროკაჟმიწა გამოირჩევა დიდი წყალმოთხოვნილებით: თანაბარპლასტიკურ ნარევში 1 კგ მიკროკაჟმიწის შეყვანა იწვევს წყლის ხარჯის გაზრდას 1 ლიტრით. ამიტომ მას იყენებენ სუპერპლასტიკატორთან ერთად, რათა შეამცირონ წყლის ხარჯი. მიკროკაჟმიწის ხარჯი ბეტონში ცემენტის მასის 5...15%-ია, რაც ნაკლებია, ვიდრე სხვა მინერალური დანამატის გამოყენებისას. მაღალი დისპერსიულობის გამო მიკროკაჟმიწის ნაყარი სიმკვრივე შეადგენს მხოლოდ 150...200 კგ/მ3, რაც აძნელებს მის ტრანსპორტირებას, ამიტომ ბეტონის წარმოებაში ჩვეულებრივ იყენებენ წინასწარ გრანულირებულ ან ბრიკეტირებულ მიკროკაჟმიწას, რაც არსებითად ამსუბუქებს მის ტრანსპორტირებას და გამოყენებას.

ბეტონის კარბონიზაცია - ცემენტის ქვის ნახშირმჟავა გაზთან ურთიერთქმედების პროცესი, რომელიც იწვევს ბეტონის თხევადი ფაზის ტუტიანობის შემცირებას.

ბეტონის კლასი - ბეტონის სიმტკიცის (კუმშვაზე და გაჭიმვაზე) კონტროლირებული მინიმუმი, რომლის ალბათობის საიმედოობა არის 0,95. კუმშვაზე ბეტონის B კლასებია: B7.5, B10, B12.5, B15, B20, B22.5, B25, B30, B35, B40 საერთო დიაპაზონით კლასებში B3.5 დან B80-მდე (მოცემულია ნორმებში, სადაც რიცხვი შეესაბამება სიმტკიცის კონტროლირებულ მინიმუმს კუმშვაზე, გამოხატულს მეგაპასკალებით), ძირითადად გამოიყენება B7.5 - B40. კლასი მიიღება სტანდარტული 150x150x150 მმ ზომის კუბური ნიმუშის კუმშვაზე გამოცდით 20±20C ტემპერატურისა და არანაკლები 90% ფარდობითი ტენიანობის პირობებში გამყარების 28-ე დღეს (ნახ. 1). გამოსაცდელი ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება ერთგვაროვანი ელემენტების ერთობლიობიდან შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, ხოლო ლაბორატორიული გამოცდები წარმოებს სპეციალური სახელმწიფო სტანდარტების დაცვით. ღერძულ გაჭიმვაზე ბეტონის Bt კლასი სიმტკიცის მიხედვით განისაზღვრება ანალოგიურად, ოღონდ შესაბამისი ნიმუშის გამოცდით გაჭიმვაზე (ნახ. 2); ნიმუშის მუშა ნაწილის (კვადრატული განივკვეთის პრიზმა) ზომები მიიღება: 100x100x400, 150x150x600 და 200x200x800 მმ, ან გამოითვლება ემპირიული ფორმულებით. ნორმებში მოცემულია ბეტონის კლასები გაჭიმვაზე Bt0.8-დან Bt3.2-მდე. მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებში ძირითადად გამოიყენება: ჩვეულებრივ (დაუძაბავ) ღუნვად ელემენტებში - ბეტონები B15…B30 კლასის, შეკუმშულ ელემენტებში (მაგ., სვეტებში) - B20…B40, წამწეებში, კამარებში და თაღებში - B30…B50. წინასწარდაძაბულ კონსტრუქციებში ბ.კ. ინიშნება გამოყენებული არმატურის კლასის მიხედვით. მაგ., A-IV კლასის არმატურისათვის არა უმცირესი B15-ისა, A-VI - არა უმცირესი B30-ისა. B7.5 -ზე ნაკლები კლასის მძიმე და წვრილმარცვლოვანი ბეტონის გამოყენება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებში, სამშენებლო ნორმებით დაუშვებელია.

ბეტონის კომპლექსური დანამატი - ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება მრავალფუნქციური მოქმედების ეფექტის მისაღებად. მასში ჩართულია რამდენიმე კომპონენტი (მაგ., დანამატი, რომელიც ერთდროულად ათხევადებს ბეტონის ნარევს და აჩქარებს ბეტონის გამაგრებას). შექმნილია ბ. კ. დ. მრავალი სახეობა, რომელიც ბეტონის ტექნოლოგიისა და თვისებების მართვის საშუალებას იძლევა. პირობითად, ასეთი დანამატის ოთხი ჯგუფი არსებობს: I - ზედაპირულ-აქტიური ნივთიერების ნარევი; II - ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებისა და ელექტროლიტის ნარევი; III - სუპერ-პლასტიფიკატორის საფუძველზე მიღებული კომპლექსური დანამატი; IV - რთული, მრავალკომპონენტიანი კომპლექსური დანამატი. კომპლექსური დანამატი გამოდის მზა პროდუქტის სახით, ან მზადდება უშუალოდ ბეტონსარევ კვანძში ცალკეული კომპონენტებისაგან, რაც მოითხოვს დამატებით მოწყობილობას და ხარჯს

ბეტონის კონსტრუქციები და ნაკეთობები - შენობებისა და ნაგებობების ელემენტები, შესრულებული უარმატურო ან სუსტად დაარმირებული (კონსტრუქციული) ბეტონისაგან. რადგანაც ასეთი კონსტრუქციები ცუდად მუშაობენ ჭიმვაზე, ამიტომ მათ იყენებენ მხოლოდ კუმშვაზე მომუშავე კონსტრუქციებში. ბეტონის ყველაზე გავრცელებული კონსტრუქციებია: საძირკვლები, კედლის ბლოკები, სვეტები, თაღები, ხიდის ბურჯები, საგზაო და ტროტუარის ფილები, ჰიდროტექნიკური ნაგებობების ელემენტები და სხვ. კონსტრუქციულად მასიურ ნაგებობებს (მაგ., კაშხლებს, დიდი ზომის საძირკვლებს, საყრდენ კედლებს), როგორც წესი, აგებენ მონოლითური ბეტონისაგან.

ბეტონის კოროზია - ბეტონის თვისებებისა და მახასიათებლების გაუარესება მისი შემადგენლობიდან ხსნადი ნაწილების გამორეცხვის (გამოტუტვის) შედეგად (პირველი სახის კოროზია); კოროზიის პროდუქტების წარმოქმნა, რომლებსაც არა აქვთ მჭიდა თვისებები (მეორე სახის კოროზია); მცირედხსნადი კრისტალური მარილების დაგროვება, რომელიც ზრდის ბეტონის მოცულობას მყარ ფაზაში (მესამე სახის კოროზია). რკინაბეტონის კოროზია არის რკ.ბ.-ის რღვევა ბეტონისა და (ან) არმატურის კოროზიის შედეგად. კოროზიის გამომწვევი ქიმიური შედგენილობის მიხედვით გამოყოფენ სულფატურს, მაგნეზიურს, მჟავას, ნახშირმჟავას, ტუტეების, ამონიუმის და სხვა სახის კოროზიას.

ბეტონის მარკა - სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს ბეტონის ხარისხს ყინვამედეგობის, წყალშეუღწევობის, საშუალო სიმკვრივის და თვითდაძაბვის თვისებების მიხედვით.

ბეტონის მარკა თვითდაძაბვის მიხედვით - Sp0.6 …SP4. რიცხვები უჩვენებს გაფართოებადი ბეტონისაგან გაჭიმული არმატურის მიერ ბეტონში აღძრულ წინასწარი მკუმშავი ძაბვის სიდიდეს მპა-ში. ეს მარკა ინიშნება თვითძაბვად კონსტრუქციებში წაყენებული ბზარმედეგობისა და სიხისტის მოთხოვნების მიხედვით.

ბეტონის მარკა საშუალო სიმკვრივის მიხედვით - D800-დან D2500 კგ/მ3-მდე. ამ მარკის გათვალისწინება ხდება კონსტრუქციებისათვის, რომელთაც სხვა მოთხოვნებთან ერთად წაეყენებათ თბოიზოლაციის მოთხოვნებიც.

ბეტონის მარკა ყინვამედეგობის მიხედვით - F50-დან F500-მდე. აქ რიცხვი უჩვენებს გაყინვა-გალხობის ციკლების იმ რაოდენობას, რომლის შემდეგ ბეტონის სიმტკიცე შედარებით უმნიშვნელოდ მცირდება (15%-მდე). ამ მარკის გათვალისწინება ხდება კონსტრუქციებისათვის, რომელთაც მუშაობა უხდებათ ტენიან გარემოში.

ბეტონის მარკა წყალშეუღწევობის მიხედვით - W2-დან W12-მდე. რიცხვი აღნიშნავს წყლის ჰიდროსტატიკურ დაწნევას კგძ/სმ2-ობით, რომლის დროსაც 150 მმ სისქის ნიმუშში არ აღინიშნება წყლის გაჟონვა. ამ მარკის გათვალისწინება ხდება ისეთი კონსტრუქციებისათვის, რომელთაც მუშაობა უხდებათ წყლის დაწნევის ქვეშ (რეზერვუარები, სადაწნეო მილები და სხვ.).

ბეტონის მინერალური დანამატი - ბუნებრივი ან ტექნოლოგიური ნედლეულის (ნაცარი, დაფქული წიდა, მთის ქანი, მიკროკაჟმიწა და სხვ.) ფხვნილი. შემვსებისაგან განსხვავებით აქვს წვრილი მარცვლები (0,16 მმ-ზე ნაკლები); არ იხსნება წყალში და ფაქტობრივად ბეტონის მყარი ფაზის წვრილი შემავსებელია. ეწყობა (ლაგდება) რა ცემენტთან ერთად შემვსების სიცარიელეში, ის ამკვრივებს ბეტონის სტრუქტურას და რიგ შემთხვევაში ცემენტის ხარჯის შემცირების საშუალებასაც გვაძლევს. ამიტომ ბ.მ.დ. ხშირად უწოდებენ მინერალურ შემვსებს. თუ ამ დანამატს შევაფასებთ ცემენტის და ბეტონის სტრუქტურაზე გავლენით, მაშინ დისპერსიულობის მიხედვით ის შეიძლება დავყოთ როგორც ცემენტის გამზავებელი და როგორც - შემამკვრივებელი. გამზავებელს, მაგ., ნაცარს, აქვს ცემენტთან მიახლოებული გრანულომეტრიული შედგენილობა (ხვედრითი ზედაპირი 0,2...0,5 მ2/გ), შემამკვრივებელს კი მაგ., მიკროკაჟმიწას, აქვს ცემენტზე 100-ჯერ უფრო წვრილი მარცვალი (ხვედრითი ზედაპირი 20...30 მ2/გ) და წარმოადგენს მეტად ეფექტურ დანამატს, რადგან შეუძლია შეავსოს ცემენტის მარცვლებს შორის სიცარიელე და აქვს რეაქციისადმი მაღალი უნარი. მინერალური დანამატი იყოფა აქტიურ და ინერტულად. აქტიურს უნარი აქვს წყლის თანდასწრებით იმოქმედოს კალციუმის დიოქსიდთან ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, წარმოქმნას ნაერთი, რომელსაც ექნება შემკვრელი თვისება. დანამატის თვისებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს აგრეთვე, მარცვლოვან შედგენილობას, რომელიც განსაზღვრავს ხვედრით ზედაპირს და შესაბამისად მის რეაქციულ თვისებას ან ბეტონის სტრუქტურის შემკვრივების შესაძლებლობას. ინერტული დანამატი (მაგ., საჩხერის დაფქული კვარცის ქვიშა) რომელიც ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ცემენტის კომპონენტებთან რეაქციაში არ შედის, გარკვეულ შემთხვევაში (მაგ., ავტოკლავური გამაგრებისას) ამჟღავნებს რეაქციულ თვისებას. ინერტულ დანამატს ხშირ შემთხვევაში იყენებენ ბეტონის მყარი ფაზის მარცვლოვანი შედგენილობის და სიცარიელის რეგულირებისათვის: შემვსები-ცემენტი-მინერალური დანამატი ბეტონის ნარევის და ბეტონის თვისების რეგულირების მიზნით. ბუნებრივი მინერალური დანამატი მიიღება ბუნებრივი ვულკანური (ტუფი, პემზა, ტრასი) ან დანალექი ქანების (დიატომიტი, ტრეპელი, ოპოკა) წმინდად დაფქვით. ამ დანამატებმა ფართო გამოყენება ჰპოვეს ცემენტის წარმოებაში. მათი ნაკლია მაღალი წყალმოთხოვნილება.

ბეტონის მოზაიკური ფილა - გახეხილი ბეტონის ფილები ზომით 500×500×33 მმ-მდე. ბეტონის შემვსებად გამოიყენება სხვადასხვა ფერის მარმარილოს (გრანიტის) ნაფხვენი. ფილები განკუთვნილია იატაკის დასაგებად საწარმოო სათავსოებში, კიბის უჯრედებში, ვესტიბიულებში, ტროტუარებზე და მისთ.

ბეტონის მსუბუქი შემვსები - მსუბუქ ბეტონებში გამოყენებული შემვსები. მათი კლასიფიკაცია ასეთია: 1. ღორღი ბუნებრივი მთის მჩატე ქანიდან (პემზა, ვულკანური ტუფი და ლავა, ნიჟარქვა და სხვ.); 2. წარმოების ნარჩენი: ა) საწვავის წიდა; ბ) ბრძმედის გრანულირებული წიდა; გ) ნაცრის ხრეში; 3. ხელოვნური ფოროვანი შემვსები: ა) კერამზიტი, თიხის აფუებით მიღებული (ხრეში, ღორღი, ქვიშა); ბ) თერმოზიტი - წიდის პემზა; გ) აგლოპორითი, შეცხობილი საწვავის ან ნაცრის; დ) აფუებული მთის ქანი (პერლიტი, შუნგეზიტი); 4. პოლიმერული ფოროვანი შემვსები (სტრიპორი და სხვ.). ხელოვნური ფორიანი შემვსები უფრო კარგი ხარისხისაა, ვიდრე საწვავის წიდა და საშუალებას გვაძლევს მივიღოთ უფრო მტკიცე, მდგრადი მსუბუქი ბეტონი. მსუბუქი ფორიანი შემვსების სიმკვრივე ნაკლები უნდა იყოს 1000 კგ/მ3-ზე; ფორიანობა შეადგენს 40...75%, მათ შორის უმრავლესობა შეერთებულია ერთმანეთთან და ღიაა წყლის შეღწევისათვის. დახურული ფორიანობა არ აღემატება 10...20%; ცარიელობა დამოკიდებულია მის მარცვლოვან შემადგენლობაზე და შეადგენს 30...45%, როგორც ჩვეულებრივი ქვიშის და ღორღის. მსუბუქ ბეტონში მსხვილი შემვსები (ხრეში, ღორღი) გამოიყენება სტანდარტული 5...10, 10...20, 20...40 ფრაქციის, ხოლო მსუბუქი ქვიშა, მიიღება მსხვილი ფრაქციის დამტვრევით ან სპეციალური გამოწვით. შემვსების ფორიანი სტრუქტურა 50...100-ჯერ ამცირებს მის სიმტკიცეს. მსუბუქი შემვსების გავლენა ბეტონის თვისებებზე განისაზღვრება მისი თვისებების მთელი კომპლექსით, აგებულების თავისებურებით, ბეტონის შედ-გენილობით. დიდი გავლენა აქვს არა მარტო მთლიან ფორიანობას, არამედ მის ხასიათსაც: წვრილფორიანი შემვსებით მიიღება უფრო მაღალი სიმტკიცის და ცემენტის ნაკლები ხარჯის ეკონომიური ბეტონი. ზოგიერთი შემვსების მარცვლების მკვრივი და მაგარი გარსი აუმჯობესებს შემვსების თვისებას (მაგ., კერამზიტი) და მის ეფექტურ გამოყენებას ბეტონში.

ბეტონის ნარევი - რაციონალურად შერჩეული და კარგად არეული ბეტონის კომპონენტები, შეკვრის დაწყებამდე და გამაგრებამდე. ბ. ნ. თვისებებზეა დამოკიდებული არა მარტო ოპტიმალური სტრუქტურის ბეტონის ფორმირება საჭირო ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით, არამედ შესაბამისი ტექნოლოგიური მოწყობილობა-დანადგარების და მანქანების შერჩევა, ბეტონის ნარევის დამზადების, ტრანსპორტირებისა და ჩაწყობა-შემკვრივებისათვის. ბ. ნ. უნდა ჰქონდეს ორი აუცილებელი თვისება: 1 - უნდა იყოს ადვილჩაწყობადი; 2 - ტრანსპორტირებისა და ჩაწყობის დროს შეინარჩუნოს ის ერთგვაროვნება, რომელიც მომზადებისას ჰქონდა, ე.ი. არ განშრევდეს. არსებობს ბ.ნ. ორი ძირითადი სახე: ძვრადი (პლასტიკური) და ხისტი. ისინი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან ვიზუალურად, შედგენილობით და აგებულებით. კარგად დამზადებული ძვრადი ნარევი წარმოადგენს პლასტიკურ მასას, რომელშიც შემვსების მარცვლები იმყოფება შეტივტივებულ მდგომარეობაში, ცემენტის ცომის მთლიან სივრცეში. ძვრადი ბეტონის ნარევს უნარი აქვს შეავსოს ყალიბი საკუთარი სიმძიმის ძალის მოქმედებით ან მცირე მექანიკური ზემოქმედების შედეგად. ხისტი ბ.ნ. წარმოადგენს შემვსების მარცვლების ცალკეული აგრეგატებისაგან შედგენილ მასას, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ცემენტის სქელი წებოთი. ხისტი ნარევი, პლასტიკურიდან განსხვავებით, მკვრივდება მხოლოდ გარეგანი ზემოქმედების შედეგად (ვიბრირება, დაწნეხა, ცენტრიფუგირება და სხვ.). ხისტ ბეტონს აქვს შემდეგი უპირატესობა: ცემენტის ერთიდაიგივე ხარჯის დროს ხისტი ბ.ნ. სიმტკიცე მეტია, ვიდრე ძვრადის; ბეტონი უფრო მკვრივი, წყალუჟონადი და ყინვამედეგია; გამაგრება ადრეულ ასაკში სწრაფად მიმდინარეობს რაც ამაღლებს ყალიბის გამოყენების სიჩქარეს. ამასთან ერთად, ხისტი ნარევის გამოყენება ქმნის გარკვეულ ტექნოლოგიურ და საწარმოო სირთულეს: საჭირო ხდება უფრო მძლავრი მოწყობილობის გამოყენება მისი იძულებითი გადაადგილებისა და შემკვრივებისათვის; იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება; მეტ ყურადღებას მოითხოვს წარმოების ტექნოლოგიური ოპერაციების კონტროლი და სხვ. ბ.ნ. თვისებები ასევე დამოკიდებულია ქვიშის და ღორღის სახეობაზე და მარცვლოვან შედგენილობაზე, მათ ცარიელობაზე, მარცვლების ხვედრით ზედაპირზე, წყალშეკავების უნარზე და სხვ.

ბეტონის ნარევის (ბეტონის) საკონტროლო შედგენილობა - ბეტონის ნარევის ან ბეტონის განსაზღვრული ნორმირებული შედგენილობა დანამატების გარეშე.

ბეტონის ნარევის სიხისტე - განისაზღვრება ვიბრირების იმ დროთი, რომელიც აუცილებელია სპეციალურ ჭურჭელში ფორმირებული ნარევის კონუსის გასწორებისა და შემკვრივებისათვის.

ბეტონის ნარევის შემკვრივება - ჩაწყობილი ბეტონისათვის საჭირო ფორმის მიცემის პროცესი. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბეტონისა და რკ.ბ.-ის კონსხტრუქციების წარმოებაში, რადგან შეუმკვრივება მკვეთრად ამცირებს ბეტონის სიმტკიცეს. ბეტონის ნარევის შემკვრივების მეთოდებიდან ყველაზე მეტადაა გავრცელებული ვიბრირება. ქარხანაში ნაკეთობის ფორმირება ხდება სპეციალურ ვიბრომოედანზე, მონოლითური ბეტონის კონსტრუქციაში შემკვრივება კი ხდება უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე სიღრმითი (ძვრადი ბეტონის ნარევი) ან ზედაპირული ვიბრატორებით. ხისტი ნარევის შესამკვრივებლად გამოიყენება მიტვირთვა, ვიბროწნეხა და ვიბროშტამპვა. მილების დასაყალიბებლად ხშირად მიმართავენ ცენტრიფუგირებას. ცნობილია ბეტონის ნარევის შემკვრივების სხვა მეთოდებიც, თუმცა მოთხოვნა ყველასათვის ერთნაირია - მათ უნდა უზრუნველყონ ბეტონის ნარევის შემკვრივების სათანადო ხარისხი. ჩვეულებრივი მძიმე ბეტონის შემკვრივების კოეფიციენტი, ე.ი. ფაქტიური სიმკვრივის ფარდობა საანგარიშოსთან, უნდა იყოს არანაკლებ 0,98 და უახლოვდებოდეს 1-ს. მაღალი და რთული კონფიგურაციის ნაკეთობების შემკვრივებისათვის გამოიყენება ვიბრირების დარტყმითი მეთოდი (ბეტონის ნარევით შევსებული ლითონის ყალიბის აწევა და დაცემა მცირე სიმაღლიდან). არსებობს ბეტონის ნარევის შემკვრივების არავიბრაციული მეთოდები, როგორიცაა: ჩამოსხმა (მაღალი ძვრადობის ბეტონებისათვის), ჩატკეპნა (დაბალი წყალშემცველობის და დაბალი წყალცემენტის ფარდობის მქონე ბეტონებისათვის), ცენტრიფუგვა (მილებისათვის) და სხვ

ბეტონის ნახშირმჟავა კოროზია - ბეტონის კოროზია წყალში არსებულ აგრესიულ ნახშირმჟავასთან ურთიერთქმედებით.

ბეტონის ნორმატიულ წინაღობა - ბეტონის პრიზმის წინაღობა ღერძული კუმშვისას Rbn (პრიზმული სიმტკიცე) და წინაღობა ღერძული გაჭიმვისას Rbtn. ბეტონის ნორმატიული Rbn წინაღობა (დამრგვალებული) დამოკიდებულია ბეტონის კლასზე კუმშვაზე სიმტკიცის მიხედვით, ხოლო გაჭიმვაზე Rbtn, იმ შემთხვევაში, როდესაც ბეტონის სიმტკიცე გაჭიმვაზე არ კონტროლდება, მიიღება შესაბამისად ბეტონის კლასისა კუმშვაზე სიმტკიცის მიხედვით. ბ.ნ.წ. ღერძულ გაჭიმვაზე Rbtn, როდესაც ბეტონის სიმტკიცე გაჭიმვაზე წარმოებაში კონტროლდება, მიიღება ტოლი გარანტირებული სიმტკიცისა (კლასისა) ღერძულ გაჭიმვაზე.

ბეტონის ორგანულ-მინერალური დანამატი - მიიღება იმ ორგანული და მინერალური კომპონენტების ერთ სისტემაში გაერთიანებით, რომლებსაც აქვს კონკრეტული მადეფიცირებელი ეფექტი. წვრილდისპერსიული მინერალური დანამატი ამაღლებს პლასტიფიკატორის მოქმედების უნარს, ხელს უწყობს მინერალური შემვსების დადებით ზემოქმედებას ბეტონის ნარევსა და ბეტონის სტრუქტურაზე. არსებობს ბეტონის სტრუქტურისა და თვისების კომპლექსური ორგანულ-მინერალური პოლიფუნქციონური მოდიფიკატორი, რომელშიც შედის სუპერპლასტიფიკატორი, მიკროკაჟმიწა და ფხვნილისებრი პროდუქტი ნაყარი სიმკვრივით 750...800 კგ/მ3, რომლის გრანულების ზომა 100 მკმ-ია. გამაგრების რეგულატორად მასში გამოყენებულია ფოსფორორგანული კომპლექსონი. ამ დანამატის გამოყენებისას ბეტონის ნარევის შენახვის ხანგრძლივობა იზრდება და საშუალება გვეძლევა მივიღოთ 100 მპა და მეტი სიმტკიცის ბეტონი, დაბალი წყალგამტარობით და მაღალი ხანმედეგობით. ეს დანამატი გამოდის, როგორც წესი, ფხვნილის სახით, რაც აიოლებს მის შეყვანას ბეტონის ნარევში. გასათვალისწებელია ის, რომ ბეტონის ტექნოლოგიაში დანამატის გამოყენება მოითხოვს დამატებით ხარჯს. უნდა გაკეთდეს დანამატის საწყობი, სატრანსპორტო მაგისტრალი, დანამატის მოსამზადებელი კვანძი, დამატებითი დოზატორი. ზოგიერთი დანამატი საკმაოდ ძვირია და დეფიციტური. ამიტომ, დანამატი პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ იქ, სადაც მოგვცემს ყველაზე მეტ ტექნიკურ-ეკონომიკურ ეფექტს.

ბეტონის პანელი - პანელი კონსტრუქციული არმატურით, რომლის სიმტკიცე ექსპლუატაციის სტადიაში უზრუნველყოფილია მარტო ბეტონით. ბ.პ. მიეკუთვნება აგრეთვე პანელი, რომელშიც მუშა არმატურა მოთავსებულია მხოლოდ შეზღუდულ უბნებზე (მაგ., ღიობის ზღუდარში, კონსოლურ გამონაშვერში, საყრდენ ზონაში, ადგილობრივი დატვირთვისაგან გამოწვეულ ძაბვების კონცენტრაციის ზონებში) და ვერტიკალურ მუშა არმატურას არ საჭიროებს.

ბეტონის საანგარიშო წინაღობა - მიიღება ბეტონის ნორმატიული წინაღობისაგან პირველი (Rb, Rbt) და მეორე (Rb,ser, Rbt,ser) ჯგუფის ზღვრული მდგომარეობებისთვის ნორმატიული წინაღობების გაყოფით ბეტონის შესაბამის საიმედოობის კოეფიციენტებზე γbi - კუმშვის და γbt - გაჭიმვის შემთხვევაში, რომლებიც ბეტონის სახეობებზე დამოკიდებულებით აიღება სამშენებლო ნორმების მიხედვით. ბეტონის საანგარიშო წინაღობები Rb, Rbt, Rb,ser, Rbt,ser (დამრგვალებული) ბეტონის კლასისგან დამოკიდებულებით სიმტკიცის მიხედვით კუმშვაზე და ღერძულ გაჭიმვაზე მოყვანილია ნორმატიულ ლიტერატურაში. ბ.ს.წ. Rb და Rb პირველი ჯგუფის ზღვრული მდგომარეობებისათვის მცირდება (ან იზრდება) ბეტონის მუშაობის პირობების γbi კოეფიციენტებზე გამრავლების გზით, რომლებიც ითვალისწინებს ბეტონის თვისებების თავისებურებებს, ზემოქმედების ხანგრძლივობას, დატვირთვის განმეორების მრავალჯერადობას, კონსტრუქციის მუშაობის პირობებსა და სტადიას, დამზადების ხერხებს, კვეთის ზომებს და ა.შ. ბეტონის საანგარიშო Rb,ser და Rbt,ser წინაღობები მეორე ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებებში, შეჰყავთ ბეტონის მუშაობის პირობების კოეფიციენტით γbi = 1. მსუბუქი ბეტონის ცალკეული სახეობებისთვის დასაშვებია საანგარიშო წინაღობის სხვა მნიშვნელობების მიღება, თუ ეს შეთანხმებულია დადგენილი წესით.

ბეტონის საკედლე ქვები - შენობის მზიდი და გადამღობი კონსტრუქციისათვის მზადდება ზომებით 288×138×138-დან 390×190×188 მმ-მდე, მასით არა უმეტეს 32 კგ, მძიმე და მსუბუქი ბეტონისაგან, ცემენტის, კირის ან თაბაშირის შემკვრელზე. 1600 კგ/მ3-ზე მეტი სიმკვრივის საკედლე ქვები უნდა იყოს აუცილებლად ღრუტანიანი (ნახ. 1). ბ. ს. ქ. მზადდება მხოლოდ მძიმე ბეტონისაგან სიცარიელეების გარეშე. ქვის წინაპირი შეიძლება შეღებილი იყოს რელიეფური ნახატით ან დაფარული დეკორატიული შემვსებით. ქვები იყოფა შვიდ მარკად: 25-დან 200-მდე. 25 და 35 მარკის ქვები მზადდება მსუბუქი ბეტონისაგან მსუბუქ შემვსებზე.

ბეტონის სამუშაოები - სამუშაოები, შესრულებული მონოლითური ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და ნაგებობების ასაგებად. მასში შედის: ბეტონის მომზადება, მიტანა სამშენებლო მოედანზე, ჩაწყობა, განაწილება ყალიბებში, ზედამხედველობა გამყარების პროცესში, ხარისხის კონტროლი (ნიმუშების დამზადება და გამოცდა). ბეტონი, როგორც წესი, მზადდება ბეტონის ქარხნებში ან გადასაადგილებელ ბეტონსაზელ დანადგარებში. ბეტონის ნარევის მიწოდება და განაწილება კი ხდება თვითმოძრავი ბეტონდამგები მანქანებით ან ლენტური კონვეიერებით. გამყარების ძირითადი მეთოდია - ვიბრირება, რომელიც ზრდის ბეტონის მასის დენადობას და ჩაწყობა ხორციელდება საკუთარი წონის ხარჯზე.

ბეტონის სიმკვრივე - ბეტონის უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მის სიმტკიცეზე, დეფორმაციაზე, თბოგამტარობაზე, ყინვამედეგობაზე, წყალუჟონადობასა და სხვ. ბეტონის ნარევსა და გამაგრებულ ბეტონის სიმკვრივეებს შორის საკმაო განსხვავება არსებობს. ბეტონის ნარევი შეიძლება ჩაითვალოს სრულიად მკვრივად, თუ იგი სწორადაა გაანგარიშებული, მჭიდროდაა ჩაწყობილი და არ შეიცავს ჰაერს. ბეტონის ნარევის სიმკვრივის ხარისხი ფასდება Kსიმკ = γ, კოეფიციენტით, სადაც  γ და γ - ბეტონის ნარევის ნამდვილი და საანგარიშო სიმკვრივე. ჩვეულებრივ ცდილობენ, რომ სიმკვრივის კოეფიციენტი იყოს Kსიმკ = 1, მაგრამ ბეტონის ნარევში ჰაერის ჩათრევისა და სხვა ფაქტორების გავლენით ხშირად Kსიმკ = 0.96...0,98. გამაგრებულ ბეტონში წყლის ნაწილი ქიმიურადაა დაკავშირებული ცემენტთან, დარჩენილი ე.წ. თავისუფალი წყალი რჩება ფორებში ან აორთქლდება, ამიტომ ბეტონი არასდროს არ არის აბსოლუტურად მკვრივი. ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ 28 დღის ბეტონის მაღალი სიმკვრივე შეადგენს 85...90%, საშუალო - 75...85%, ხოლო დაბალი - 75%-ზე ნაკლებს. ბეტონის სიმკვრივის გაზრდა შეიძლება შემვსების გრანულომეტრული შედგენილობის სწორი შერჩევით, რომელიც შეამცირებს სიცარიელეს მათ შორის, რაც ცემენტის ხარჯის შემცირების საშუალებას მოგვცემს. რეკომენდებულია სიმკვრივის გასაზრდელად მაღალი სიმტკიცის (პორტლანდცემენტი, თიხამიწოვანი და შეუკლები ცემენტი) ან დიდი აბსოლუტური მოცულობის (პუცოლანური პორტლანდცემეტი) ცემენტის გამოყენება. გარდა აღნიშნულისა, ბეტონის სიმკვრივის გაზრდა სხვა გზებითაც შეიძლება, მაგალითად: წყალცემენტის ფარდობის შემცირებით (მიიღწევა პლასტიფიკატორების გამოყენებით); ცემენტის მარკის გაზრდით; ბეტონის ნარევის ვიბრირებით; ცენტრიფუგირებით; დაწნეხითა და სხვა მექანიკური მეთოდით.

ბეტონის სიმტკიცე - ბეტონის უნარი გაუძლოს გარეშე მექანიკურ ზემოქმედებას. ბეტონის დაშლა დატვირთვის შედეგად ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ელემენტის მთელ განივკვეთში გადაილახება მასალის სიმტკიცის ზღვარი ანუ  ერთი ნაწილის მეორისაგან მოგლეჯის წინაღობა. დაშლას დაძაბულობის კონცენტრაციის ადგილებში, წინ უსწრებს მიკრობზარების გაჩენა, რაც იწვევს ბეტონის სტრუქტურის თანდათანობით შესუსტებას. კუმშვისას ბეტონი იშლება მოქმედი დატვირთვის მართობი მიმართულებით. ბეტონის R სიმტკიცე გარკვეულ დროში და გამაგრების ნორმალურ პირობებში (ტემპერატურა 20±30C და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 90...100%) დამოკიდებულია ორ ძირითადად ფაქტორზე - ცემენტის Rც სიმტკიცეზე (აქტიურობაზე) და წყალცემენტის ფარდობაზე (წ/ც). ბ.ს. პირდაპირ პროპორციულია ცემენტის სიმტკიცის. ბ.ს. წყალცემენტის ფარდობაზე დამოკიდებულებას კი ჰიპერბოლის სახე აქვს,რომელიც აიხსნება შემდეგი მიზეზებით : ცემენტი გამაგრების დროს იერთებს თავისი მასის 10...20% წყალს. ამასთან, ბეტონის ნარევი რომ პლასტიკური იყოს, მას უმატებენ გაცილების მეტ წყალს (ცემენტის მასის 40...70%, წ/ც = 0,4...0,7), რადგან თუ წ/ც ≤ 0,2, მაშინ ბეტონის ნარევი იქნება თითქმის მშრალი და მისი ჩაწყობა კონსტრუქციაში და ნაკეთობაში იქნება შეუძლებელი. ზედმეტი წყალი, რომელიც რეაქციაში არ შედის ცემენტთან, რჩება ბეტონში წყლის წვეთების სახით ან აორთქლდება და დატოვებს თავის ადგილზე ჰაერის ფორებს. ორივე შემთხვევაში ფორების არსებობა ასუსტებს ბეტონს: რაც მეტი იქნება იგი, ე.ი. რაც მეტია წყალცემენტის ფარდობა, მით ნაკლებია ბ.ს. ამგვარად, წყალცემენტის ფარდობის კანონი გვიჩვენებს მის დიდ გავლენას ბეტონის სიმკვრივესა და სიმტკიცეზე. ეს დამოკიდებულება ვრცელდება მხოლოდ წ/ც-ის გარკვეულ საზღვრებში. ძალიან დაბალი წყალცემენტის ფარდობისას, ცემენტის და წყლის დიდი ხარჯის შემთხვევაშიც კი, არ მიიღება ადვილჩაწყობადი და აუცილებელი სიმკვრივის ბეტონი, ამიტომ დამოკიდებულება  ირღვევა - წ/ც ფარდობის შემცირებით ბ.ს. არა თუ იზრდება, არამედ მცირდება. ამ შემთხვევაში ბ.ს. კლებაში გარკვეულ როლს თამაშობს ის, რომ ცემენტის ჰიდრატაცია ნორმალურად სრულად მიმდინარეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა გვაქვს წყლის ზედმეტი (2...3-ჯერ) ხარჯი, ვიდრე საჭიროა ცემენტის ჰიდრატაციისათვის. ამ ზედმეტი წყლის შემცირება გარკვეული საზღვრების ქვემოთ, იწვევს ცემენტის არასრულ ჰიდრატაციას და შესაბამისად ბ.ს. შემცირებას. სიმტკიცის დამოკიდებულება წ/ც-ის ფარდობაზე დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბეტონი მზადდება ერთნაირ მასალაზე, ნარევი ერთი და იმავე ძვრადობისაა და გამოიყენება ბეტონის არევის, მომზადების და ჩაწყობის ერთნაირი მეთოდი. ბ.ს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცემენტის სახეობა, შემვსების ფორმა და ზედაპირის ხასიათი, მომზადების მეთოდი და სხვ. ფაქტორები. წიდაპორტლანდცემენტის, პუცოლანური და ბელიტური პორტლანდცემენტის გამოყენების შემთხვევაში ბ.ს. 28 დღის ასაკში ერთიდაიმავე წყალცემენტის ფარდობით, შეიძლება იყოს 15...20%-ით ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივ პორტლანდცემენტზე დამზადებული ბეტონისა. ხრეშზე დამზადებული ბ.ს. ჩვეულებრივ 10...20%-ით ნაკლებია, ღორღზე დამზადებულ ბეტონის სიმტკიცეზე (ერთნაირი წ/ც-ით), იმიტომ, რომ ღორღის კუთხოვანი ფორმა და ხორკლიანი ზედაპირი უკეთ ეჭიდება ცემენტის დუღაბს. რამდენადმე ნაკლები სიმტკიცე აქვს წვრილ ქვიშაზე დამზადებულ ბეტონს. მნიშვნელოვანი გავლენა ბ.ს. აქვს ქიმიურ დანამატებს. შემვსების სიმტკიცეს არ აქვს მნიშვნელობა, თუ იგი მეტია ცემენტის ქვის სიმტკიცეზე. ამ შემთხვევაში ბეტონი იშლება ყველაზე ნაკლები სიმტკიცის - ცემენტის ქვის საზღვარზე.

ბეტონის სიმტკიცის საზომი (Beton Condtrol) - ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ბეტონის ნაკეთობის ფიზიკურ-მექანიკური თვისება, გამოვავლინოთ არაერთგვაროვნება, ცუდად შემკვრივების ზონა და სხვ. მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია დრეკადი ახსლეტის მეთოდზე და გამოიხატება უკუასხლეტის სიდიდის გაზომვით, რომელიც ხდება ბეტონის ზედაპირზე ხელსაწყოს საცემის დარტყმის შედეგად და არის ბეტონის სიმტკიცის ირიბი მახასიათებელი (ნახ. 1). ბეტონის სიმტკიცეს დადგენა ხდება დამოკიდებულების ”ასხლეტის სიმაღლე - ბეტონის კუმშვის სიმტკიცე”-ს მიხედვით. ეს დამოკიდებულება წინასწარ დადგენილია ბეტონის პარალელური გამოცდით სკლერომეტრით და წნეხით. Beton Condtrol-ის გამორჩეული თავისებურებაა ხელსაწყოს კორპუსზე გასაშუალებული სატატირო ცხრილების არსებობა, რომელიც ითვალისწინებს დარტყმის მიმართულებას. ხელსაწყოს მახასიათებლებია: დარტყმის დიდი ენერგია - ზამბარის შეკუმშვის ძალა - 70 ნ; ინდენტორის ბურთულის ჩაჭდევის დიდი ფართობი - 25±5 მმ2; ჩაჭდევის სამუშაო ზედაპირის და ინდენტორის დიდი სისალე.

ბეტონის ტემპერატურული დეფორმაცია - ბეტონის ნაკეთობის ფორმისა და მოცულობის ცვლილება ტემპერატურის გავლენით. ბეტონი გახურებისას ფართოვდება და გაცივებისას იკუმშება. ბეტონის წრფივი გაფართოების ტემპერატურული კოეფიციენტი საშუალოდ შეადგენს 10∙10−6. მისი სიდიდე იცვლება და დამოკიდებულია შემვსების და შემკვრელის თვისებაზე, ბეტონის შედგენილობაზე. ბეტონში ცემენტის ქვის შემცველობის ზრდით კოეფიციენტი იზრდება. მაგ., ცემენტის ქვის გაფართოების კოეფიციენტი α = 13,1∙10−6, 1:3 შედგენილობის დუღაბის - α = 10,4∙10−6. კოეფიციენტზე გარკვეულ გავლენას ახდენს შემვსების სახეობა. გრანიტის ღორღზე დამზადებული ბეტონის ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტი α = 9,8∙10−6, კერამზიტის ბეტონის - α = 7,4∙10−6, ხოლო კირქვის ბეტონის - α = 8,6∙10−6. ტემპერატურის ცვლილება 0-დან 500C-მდე უმნიშვნელოდ მოქმედებს მშრალი ბეტონის გაფართოების კოეფიციენტზე. ტენიანი ბეტონის ტემპერატურულ დეფორმაციას თან ერთვის შეკლება ან გაფართოება. წყლით გაჟღენთილი ბეტონის გაყინვისას მის დეფორმაციაზე დიდ გავლენას ახდენს ფორებში ყინულის წარმოქმნა, რის შედეგადაც კუმშვის დეფორმაციის ნაცვლად შეიძლება წარმოიქმნას გაფართოების დეფორმაცია, რომელსაც იწვევს ყინულის წნევა. ბ.ტ.დ. ახლოსაა ფოლადის დეფორმაციასთან, რაც უზრუნველყოფს მათ საიმედო ერთობლივ მუშაობას რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში.

ბეტონის ფორიანობა - განპირობებულია ნარევში თავისუფალი წყლის და ჰაერის არსებობით, რაც განაპირობებს სიმტკიცის შემცირებას, განსაკუთრებით ცემენტის ქვისა და შემვსების მარცლების საზღვარზე. ბ.ფ. მით მეტია, რაც მეტია წყლის ხარჯი 1 მ3 ბეტონზე და რაც უფრო დაბალია ბეტონის ნარევის შემკვრივების ხარისხი. რა სიმკვრივისაც არ უნდა იყოს ბეტონი, მასში ყოველთვის არის ფორები.

ბეტონის ქარხანა - მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის ნარევის მომზადების ტექნოლოგიური პროცესის ყველა ოპერაციას: ნედლეულის მიღება და შენახვა საწყობებში; ნარევის კომპონენტების ტრანსპორტირება ბეტონის კვანძის სახარჯავ ბუნკერებში და მათი დოზირება; კომპონენტების შერევა და მზა ნარევის გაცემა მომხმარებელზე. დანიშნულების, სიმძლავრისა და მომხმარებელი ობიექტების თავისებურების მიხედვით ბ.ქ. არის: სტაციონარული (ნახ. 1) მუდმივმოქმედი, რომელიც უშვებს სასაქონლო ბეტონის ნარევს; ნახევრადსტაციონარული (ინვენტარული) და გადასაადგილებელი. სიმძლავრის მიხედვით: დიდი წარმადობის - მეტი 250 ათასი მ3 წელიწადში, საშუალო - 150 ათასი მ3/წლ-მდე და მცირე - 50 ათასი მ3/წლ-მდე. ბ.ქ. ყველა თანამედროვე ტექნოლოგიურ სქემას საფუძვლად უდევს კომპლექსური მექანიზაციისა და ყველა პროცესის ავტომატიზაციის იდეა.

ბეტონის ყინვამედეგობა - ყინვაგამძლეობა ხასიათდება გაყინვა-გალხობის ციკლის იმ რიცხვით, რომელიც შეიძლება აიტანოს ბეტონის (28 დღის) ნიმუშებმა ისე, რომ მათ არ მოაკლდეთ სიმტკიცის 25%-ზე და მასის 5%-ზე მეტი. მძიმე ბეტონის ყინვამედეგობის მარკებია: F50, F100, F150, F200, F300. მას არჩევენ კლიმატური პირობებისა და წყლის დონის ცვალებადობის გათვალისწინებით. დიდი ყინვამედეგობით ხასიათდება მაღალი სიმკვრივის ბეტონი. ბ.ყ. დამოკიდებულია მის აგებულებაზე. მკვრივ ბეტონში არსებობს სხვადასხვა ზომის ფორი. წვრილი ფორი (მიკროფორი, ზომა 10−5 სმ) წყლისათვის შეუღწევადია. მათში ჩვეულებრივ არის ბმული წყალი, რომელიც არ იყინება ძალიან დაბალ ტემპერატურაზეც კი (−700C-მდე). ასეთი მიკროფორები ყინვამედეგობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. უფრო მნიშვნელოვანია მსხვილი ფორები (მაკროფორები), რომელიც წარმოიშობა იმ წყლისაგან, რომელიც ქიმიურ რეაქციაში არ შედის ცემენტთან და აქვს 10−5 სმ-ზე მეტი ზომა. ბეტონის მაკროფორიანობა მცირდება და ყინვამედეგობა იზრდება წ/ც ფარდობის შემცირებით და ბეტონის ასაკის ზრდით. ჩვეულებრივ საკმარისი ყინვამედეგობის ბეტონი მიიღება, როცა ბეტონში წ/ც ფარდობა 0,5-ზე ნაკლებია, რაც თანამედროვე დანამატების (სუპერპლასტიფიკატორების) გამოყენებით, არის შესაძლებელი. ბეტონის ყინამედეგობის ზრდის ეფექტური საშუალებაა ჰაერჩამთრევი დანამატების გამოყენება, რომლებიც ამცირებს ფორების საერთო მოცულობას. ამ შემთხვევაში ბეტონის სიმტკიცე პრაქტიკულად არ მცირდება, რადგან ჩათრეული ჰაერის უარყოფითი გავლენა (1% ჰაერი ბეტონის სიმტკიცეს ამცირებს 3%-ით) კომპენსირდება წყალცემენტის ფარდობის შემცირებით.

ბეტონის ყინვამედეგობის ასამაღლებელი დანამატი - ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება ბეტონის ნარევის გაყინვის საწინააღმდეგოდ (ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი და სხვ.). ეს დანამატები წყლის გაყინვის წერტილს დაბლა სწევენ და ახდენენ ბეტონის გამაგრებას უარყოფით ტემპერატურაზე. რაც ნაკლებია გამაგრების ტემპერატურა, მით მეტი (ცემენტის მასის 10%-მდე) უნდა იყოს დანამატი.

ბეტონის შედგენილობა - საანგარიშო-ექსპერიმენტალური შემცველობა ბეტონში შემკვრელის (ცემენტი), შემვსებისა (მსხვილი და წვრილი ინერტული მასალები) და წყლის. განისაზღვრება ნარევის საცდელი ადუღაბების გზით საკონტროლო ნიმუშების დამზადებით, გამყარებით (მოცემული რეჟიმით) და გამოცდით.

ბეტონის შედგენილობის გაანგარიშება - ბეტონის კომპონენტების რაციონალური შერჩევის პროცესი საჭირო თვისებების ბეტონის მისაღებად. ბ.შ.გ. უამრავი მიახლოებითი ხერხი არსებობს, იმიტომ, რომ ბეტონის გაანგარიშების ზუსტი მათემატიკური მეთოდი არ არსებობს ბეტონის მასის რთული სტრუქტურის გამო, ამიტომ, ბ.შ.გ. ხდება ემპირიული - ცდების შედეგად მიღებული ფორმულებით. ბეტონის შედგენილობის გაანგარიშებისათვის საჭიროა ვიცოდეთ: ბეტონის მარკა Rბ(28), ცემენტის მარკა R, ბეტონის ნარევის ძვრადობა ან სიხისტე (კონუსის დაჯდომა), შემვსების (ქვიშის, ხრეშის, ღორღის) სიმკვრივე და ნამდვილი სიმკვრივე, ქვიშის სისხოს მოდული და ხრეშის (ღორღის) უდიდესი სისხო და ცარიელობა. გაანგარიშების შედეგად უნდა დადგინდეს: წყალცემენტის ფარდობა, წყლის, ცემენტის, ქვიშისა და ხრეშის (ღორღის) ხარჯი. მიღებული შედეგების შემოწმება ხდება საკონტროლო ნიმუშების დამზადებითა და გამოცდით.

ბეტონის შედგენილობის დაპროექტება - ბეტონის შემადგენელი კომპონენტების სერჩევა. ის შეიცავს: 1. ბეტონის მიმართ იმ მოთხოვნის გათვალისწინებას, რომელიც განპირობებულია მისი სახეობის, ექსპლუატაციის თვისებისა და კონსტრუქციის დამზადების ტექნოლოგიით; 2. ბეტონის კომპონენტების შერჩევას მათთვის დამახასიათებელი აუცილებელი თვისების მონაცემების გათვალისწინებით; 3. ბეტონის წინასწარი შედგენილობის განსაზღვრას; 4. შედგენილობის სასინჯ ნარევზე შემოწმებას; 5. დაბეტონებაზე კონტროლს; 6. წარმოების პროცესში შედგენილობის კორექტირებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს წარმოების პროცესში შემვსების თვისების ცვლილებით ან სხვა ფაქტორებით. ბ.შ.დ. ახდენენ იმ დამოკიდებულების საფუძველზე, რომელიც არსებობს ბეტონის სიმტკიცესა და ცემენტის მარკას შორის; წყალცემენტის ფაქტორის, გამოყენებული მასალის ხარისხისა და ბეტონის ნარევის წყლის ხარჯის მიხედვით. ბეტონის მასალების თვისების ყველა მაჩვენებელი მიიღება მათი გარკვეული მეთოდიკით გამოცდის შედეგად. ცემენტის მინიმალური ხარჯი მიიღწევა წვრილი და მსხვილი შემვსების სწორი შერჩევით. მათი რაოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ოპტიმალური თანაფარდობა ქვიშასა და ღორღს შორის. თანამედროვე მეთოდით გაანგარიშების დროს ჩვეულებრივ იყენებენ ღორღის (ხრეშის) მარცვლების დუღაბით გაწევის კოეფიციენტს, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენად აღემატება დუღაბის რაოდენობა სიცარიელეს ღორღში (ხრეშში). კოეფიციენტის შემოტანამ გაამარტივა შედგენილობის გაანგარიშება, გახადა იგი უფრო საიმედო, რადგან კოეფიციენტის ოპტიმალური მნიშვნელობა ირჩევა ბეტონის სტრუქტურის წარმოქმნის ფიზიკური არსიდან.

ბეტონის შეკვრის შემანელებელი დანამატი - ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება ბეტონის შეკვრის პროცესის შესანელებლად. ასეთი დანამატებია: შაქრის დურდო, ნიტრილტრიმეთილენფოსფორული მჟავა და მის საფუძველზე დამზადებული სულფიდსაფუარის დურდო, ნატრიუმის ეთილსილიკონი მომატებული დოზით და სხვ.

ბეტონის შეკლება - ბეტონის მოცულობის შემცირება ბეტონის გამაგრებისას ჰაერზე ან არასაკმარის ტენიან გარემოში. ბეტონის შეკლების საერთო სიდიდე შედგება ტენიანობის, კონტრაქციული და კარბონიზაციური დეფორმაციისაგან. ტენიანობის შეკლება გამოწვეულია ცემენტის ქვაში ტენის განაწილებით, გადაადგილებით და აირთქლებით. ეს შეკლება ძირითადია ბეტონის სრულ შეკლებაში. კონტრაქციული შეკლება გამოწვეულია იმით, რომ ცემენტი და წყალი შედის ქიმიურ რეაქციაში და ახალწარმონაქმნის მოცულობა ნაკლებია ცემენტის და წყლის მოცულობაზე. მცირდება წყლის მიერ დაკავებული მოცულობა, იქმნება ჰაერული ფორები. ეს შეკლება ვითარდება მაშინ, როდესაც ბეტონი ჯერ კიდევ პლასტიკურია, ამიტომ ამ პროცესში მასალა არ განიცდის შესამჩნევ დასკდომას. კარბონიზაციული შეკლება გამოწვეულია კალციუმის ჰიდროჟანგის კარბონიზაციით და ვითარდება თანდათანობით ბეტონის ზედაპირიდან სიღრმეში. ყველაზე მეტ შეკლებას განიცდის ცემენტის ქვა. შემვსების შეყვანა მკვეთრად ამცირებს შეკლებას. მძიმე ბეტონის ნაკეთობის საშუალო წლიური შეკლება შეადგენს 0,0002...0,0004 ანუ 0,2...0,4 მმ/მ. ბეტონის შეკლება მცირდება ცემენტის და წყლის ხარჯის შემცირებით, წყალცემენტის ფარდობის დაწევით. შეკლება იზრდება ბეტონის ასაკთან ერთად და გარემოს ტენიანობის შემცირებით. ბეტონის სწრაფი გამოშრობა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, იწვევს მნიშვნელოვან და არაერთგვაროვან შეკლებას და შეუძლია გამოიწვიოს მასალის ზედაპირზე შეკლებითი ბზარები. ამის ასაცილებლად ბეტონს ამზადებენ ნაკლები ცემენტის ხარჯით, უზრუნველყოფენ გამაგრების ტენიან რეჟიმს, აწყობენ სპეციალური ნაკერს, მასიურ ნაგებობაში ბეტონს აწყობენ ცალკეულ ბლოკებად, იყენებენ ქიმიურ დანამატებს და სხვ. გამაგრების პროცესში ბეტონის მოცულობის დასარეგულირებლად გამოიყენება სხვადასხვა კომპლექსური დანამატი.

ბეტონის შემვსების ცარიელობა - ბეტონის მარცვლოვან შედგენილობასთან უშუალოდ დაკავშირებული სიდიდე, რომელიც განისაზღვრება შემვსების მჭიდროდ ჩაწყობის შესაძლებლობით. ცარიელობაზე გავლენას ახდენს მარცვლების ფორმა. ცარიელობა შემვსების მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან გარკვეული დოზით განსაზღვრავს ცემენტის ხარჯს (რაც მეტია ცარიელობა, მით მეტი ცემენტია საჭირო მის შესავსებად) და ბეტონის სხვა თვისებებს. შემვსების ცარიელობა ზოგადად იცვლება 25...50%-ის ფარგლებში. ბეტონში სასურველია ისეთი შემვსების გამოყენება, რომელიც შედგება რამდენიმე ფრაქციისაგან და აქვს რაც შეიძლება ნაკლები ცარიელობა.

ბეტონის შეუღწევადობა - სითხეების და აირებისათვის მეტად მნიშვნელოვანი თვისება, რომლის თავიდან ასაცილებლად ბეტონს ფარავენ სპეციალური აფსკებით.

ბეტონის ცენტრიფუგირება - მილისებრი განივკვეთის რკ.ბ.-ისა (ნახ. 1) და ბეტონის ელემენტების დამზადება სპეციალურ დაზგებზე (ნახ. 2), სადაც დოლაბების ბრუნვისას წარმოქმნილი ცენტრიდანული ძალის ზემოქმედებით ბეტონი ძლიერ მკვრივდება და ღებულობს მნიშვნელოვან სიმტკიცეს.

ბეტონის ცეცხლმედეგობა - ბეტონი ცეცხლგამძლე მასალაა, მაგრამ 2500C-ზე მეტი ტემპერატურის ხანგრძლივი მოქმედებისას მისი სიმტკიცეზე იკლებს 50%-მდე.

ბეტონის ცოცვადობა - პროცესი, რომლის დროსაც ბეტონში პლასტიკური დეფორმაციები ვითარდება ძაბვის სიდიდის შეუცვლელად.

ბეტონის ცოცვადობის დეფორმაცია - ბეტონის დეფორმაციის თანდათანობითი ზრდა დროში მუდმივი დატვირთვის ქვეშ. ცოცვადობის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ბეტონის და გარემოს ტენიანობა. წყალში მოთავსებული ბეტონის ცოცვადობა გაცილებით ნაკლებია მშრალი ბეტონის ცოცვადობაზე. ცოცვადობა იწვევს სამშენებლო კონსტრუქციის ჩაღუნვის მნიშვნელოვან ზრდას. ის უარყოფითად მოქმედებს წინასწარდაძაბულ რკ.ბ.-ის მუშაობაზე, რადგან ამცირებს წინასწარი დაძაბვის სიდიდეს. ბ.ც.დ. განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს დატვირთვის პირველ დღეებში, შემდეგ კი თანდათანობით კლებულობს. ძაბვის ზრდასთან ერთად ცოცვადობაც იზრდება, დაწყებული 0,4...0,5R-დან, დეფორმაცია ვითარდება არაწრფივად. ხოლო თუ ძაბვა გადააჭარბებს 0,8R-ს, მაშინ დეფორმაციამ შესაძლოა ბეტონის დაშლა გამოიწვიოს. ერთი და იმავე ძაბვის დროს გაჭიმვის ცოცვადობა მეტია, ვიდრე კუმშვის. ცოცვადობაზე მოქმედებს: ცემენტის სახეობა და ხარჯი, წყალცემენტის ფარდობა, შემვსების სახეობა და ზომები, ბეტონის შემკვრივების ხარისხი, დატვირთვის სიდიდე და ხანგრძლივობა, გარემოს ტემპერატურა, ტენიანობა და სხვ. ცოცვადობის დეფორმაცია იზრდება ცემენტის ხარჯის და წყალცემენტის ფარდობის ზრდით, შემვსების ზომების შემცირების და დეფორმაციულობის მატებით (მაგ., მსუბუქი ფორიანი შემვსების გამოყენების დროს). მსუბუქი ბეტონის ცოცვადობა იმავე სიმტკიცის მძიმე ბეტონის ცოცვადობაზე მეტია.

ბეტონის წყალუჟონადობა - ბეტონის მნიშვნელოვანი ფიზიკური თვისება. ის დამოკიდებულია ბეტონის სიმკვრივესა და სტრუქტურაზე. ბ. წ. შეიძლება ავამაღლოთ მისი ზედაპირის დაფარვით მკვრივი დუღაბით, რისთვისაც გამოიყენება პნევმატური მეთოდი (ტორკრეტირება). სითხეები, რომლებსაც აქვთ ერთზე ნაკლები სიმკვრივე და მცირე სიბლანტე (ნავთი, ბენზინი, საპოხი ზეთი და სხვ.), ბეტონში გაიჟონებიან წყალზე თავისუფლად. მძიმე ნავთობპროდუქტების შესანახ ცისტერნების ბეტონის ზედაპირს სამჯერ ფარავენ თხევადი მინით, რომელსაც ამაგრებენ კალციუმის ქლორიდის ხსნარით. ბენზინის და ნავთის გაჟონვისაგან დასაცავად ბეტონის ზედაპირს ფარავენ პლასტმასის აფსკით, ან ბეტონს ამზადებენ სპეციალურ გაფართოებად ან შეუკლებ ცემენტზე.

ბეტონის ხანგამძლეობა - ბეტონის სამსახურის ვადა კონკრეტულ კლიმატურ პირობებში და ექსპლუატაციის რეჟიმში, საექსპლუატაციო თვისებების შენარჩუნებით. რკ. ბ.-ის კონსტრუქციებისათვის გათვალისწინებულია ხანგამძლეობის 3 ხარისხი: პირველი შეესაბამება არა ნაკლებ 100 წლის სამსახურს, მეორე არანაკლებ - 50, მესამე არანაკლებ - 20 წელს. ხანგამძლეობა განისაზღვრება მასალის ფიზიკური, მექანიკური და ქიმიური თვისების ერთიანობით. იგი ფასდება ექსპლუატაციის კონკრეტული პირობის გათვალისწინებით.

ბეტონის ხნოვანება - ხნოვანება, რომელიც შეესაბამება ბეტონის კლასს სიმტკიცის მიხედვით კუმშვაზე და გაჭიმვაზე. ინიშნება დაპროექტებისას, კონსტრუქციაზე საპროექტო დატვირთვების მოდების რეალური ვადებისაგან გამომდინარე, აგების ხერხისა და ბეტონის გამყარების პირობების გათვალისწინებით. ამ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ბეტონის კლასი დგინდება 28 დღის ხნოვანების მიხედვით. ასაწყობი კონსტრუქციების ელემენტებში ბეტონის გასაშვები სიმტკიცე ინიშნება კონკრეტული სახეობის კონსტრუქციებისათვის, სათანადო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

ბეტონის ჰაერჩამთრევი დანამატი - ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება ბეტონის და დუღაბის ყინვამედეგობის ასამაღლებლად. ეს დანამატი ოდნავ ამცირებს ბეტონის სიმტკიცეს (1% ჰაერი ბეტონის სიმტკიცეს კუმშვისას ამცირებს 3%-ით), ამიტომ მისი ბეტონში დიდი რაოდენობით შეყვანა პლასტიფიცირების მიზნით არასასურველია. ბეტონში ჩათრეული ჰაერის შემცველობა შეადგენს ჩვეულებრივ 4...5%-ს. ამ შემთხვევაში ბეტონის სიმტკიცე პრაქტიკულად არ მცირდება, რადგან ჩათრეული ჰაერის უარყოფითი გავლენა კომპენსირდება ცემენტის ქვის სიმტკიცის ამაღლებით, რაც გამოწვეულია წყალცემენტის ფარდობის შემცირებით, დანამატის მაპლასტიფიცირებადი ეფექტის გამო. დანამატი ბეტონის ფორების და კაპილარების ჰიდროფობიზაციას ახდენს, ჰაერის ბუშტუკები კი სარეზერვო მოცულობაა, წყლის გაყინვის შედეგად წარმოქმნილი შინაგანი დაძაბულობის შესამცირებლად. შედეგად იზრდება ბეტონის წყალუჟონადობა და ყინვამედეგობა. ჰაერჩამთრევი დანამატის გამოყენება უფრო ეფექტურია ბეტონებში ცემენტის დაბალი ხარჯით.

ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა (KIM) - ბეტონის არაჰიდროფობური კრისტალური საიზოლაციო დანამატი. წყალთან შერევისას KIM-ი შედის რეაქციაში და წარმოიქმნება მილიონობით ნემსისებრი კრისტალი. ეს კრისტალების იზრდება და ავსებს კაპილარულ ფორებს, მიკრობზარებსა და ნაპრალებს ბეტონში, ბლოკავს წყლის ნაკადს. ეს პროცესი უზრუნველყოფს უწყვეტ ჰიდროიზოლაციას წლების განმავლობასში. ბ.ჰ.მ. ამცირებს ჰიდროიზოლაციის ხარჯებს 40%-მდე, ამცირებს რემონტის ხარჯებს, ზრდის საიმედოობას, უსაფრთხოა სასმელ წყალთან კონტაქტის შემთხვევაში, აჩვენებს უმაღლესი დონის წყალგაუმტარობას, ავლენს თვითჰერმეტიზაციის თვისებას, ახანგრძლივებს ბეტონის საექსპლუატაციო ვადას, იცავს არმატურას კოროზიისაგან, უძლებს მაღალ ჰიდროსტატიკურ ჭნევასა და სხვ. მისი გამოყენება რეკომენდებულია: ყველა სახის ბეტონისათვის, მიწისქვეშა პარკინგების, ჭების, კაშხლების, ხიდის ბურჯების, სარდაფების, გვირაბების, საცურაო აუზების, რეზერვუარების, საძირკვლების, ბეტონის ფილებისა და მისთ. ჰიდროსაიზოლაციოდ.

ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო ჰერმეტიკი (Hidrostoptm) - წყლის ბაზაზე დამზადებული გამჭირვალე მისასხურებელი სითხე, რომელიც ქმნის წყლის არეკვლის ეფექტს ბეტონის, აგურის, სამშენებლო ხსნარისა და ქვის წყობის ზედაპირზე. Hidrostop-ის ჰერმეტიკი მუშაობს უკეთესად და ძლებს უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვეულებრიცი ჰერმეტიკი, რადგან იგი შეიცავს სილანისა და სილოქსანის ნაერთის უნიკალურ ნარევს, რომელიც ქიმიურ რეაქციაში შედის საძირკვლის მასის სიღრმეში არსებულ სილიკატებთან. ამ რეაქციის შედეგად ზედაპირის სტრუქტურაში წარმოიქმნება უხსნადი, წყლის ამრეკლი ბარიერი, რომელიც არ სცილდება მას, არ უფერულდება, არ სკდება, არ იქერცლება. მოპირკეთებული ფენა გარეგნულად უხილავია და უნარჩუნებს ზედაპირს მის პირვანდელ სახეს და სუნთქვის შესაძლებლობას. Hidrostop-ი ეკონომიურია სხვა ჰერმეტიკებთან შედარებით, საუკეთესოდ ირეკლავს და არ უშვებს წყალს კონსტრუქციასთან, ზედაპირს არ უცვლის იერსახეს, მდგრადია მჟავებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების მიმართ, არმატურას იცავს კოროზიისაგან, ხელს უშლის ჟანგის ლაქების, ობისა და ხავსის წარმოქმნას, ზედაპირზე დატანისას არ მოითხოვს სპეციალურ ხელსაწყოებსა და სხვ. გამოიყენება ჰიდროიზოლაციის აღდგენისა და დაცვის სისტემასთან ერთად.

ბეტონის ჰიდროფობულ-მაპლასტიფიცირებელ დანამატი - ბეტონის დანამატი, რომელიც გამოიყენება აგრესიულ გარემოში ბეტონისა და დუღაბის ჰიდროფობური მედეგობის გაზრდისათვის, ბეტონის ხანმედეგობის ასამაღლებლად და უჯრედოვანი ბეტონის ზედაპირის ჰიდროფობიზაციისათვის. მას მიეკუთვნება კაჟბადორგანული სითხეები: ნატრიუმის მეთილსილიკონატი, ნატრიუმის ეთილსილიკონატი და ეთილჰიდროსილიკონის სითხე

ბეტონიტი (ბეტონის ქვა) - სხვადასხვა ზომისა და წონის ჩვეულებრივი ან დაარმატურებული ხელოვნური ქვა (ნახ. 1). ბ. სილიკატური ცემენტისგან მზადდება, მაგრამ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით (აგრესიული წყლების არსებობისას) მათ სპეციალური ცემენტის გამოყენებით ამზადებენ. ზოგჯერ გამომწვარ ქანებსაც იყენებენ.

ბეტონპოლიმერი - პოლიმერის საფუძველზე დამზადებული ბეტონი. ჩვეულებრივი ბეტონის დიდი ნაკლია მასში ფორ=ების, ბზარების, კაპილარებისა და სხვადასხვა მიკროდეფექტების არსებობა, რომლებიც ამცირებს ბეტონის სიმტკიცეს, ხანმედეგობაა და მედეგობას აგრესიულ გარემოსადმი. ბეტონის თვისებები შეიძლება გავაუმჯობესოთ, თუ ფორებსა და კაპილარებს შევავსებთ სხვა მასალით, ამისათვის ბეტონის ან რკინაბეტონის ნაკეთობა სპეციალურად უნდა დავამუშაოთ. ეს ითვალისწინებს ნაკეთობის გამოშრობას, ვაკუუმირებას, სპეციალური მასალით გაჟღენთვას და პოლიმერიზაციას. ბეტონის შრობა საჭიროა იმისათვის, რომ მასალის დეფექტები გავათავისუფლოთ წყლისაგან, რათა უკეთ მოვახდინოთ მათი შევსება. ვაკუუმირება ბეტონიდან დევნის ჰაერს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ზოგიერთი მონომერის პოლიმერიზაციაზე. ზოგიერთ შემთხვევაში სასურველ შედეგს აღწევენ ვაკუუმირების გარეშეც. გაჟღენთისათვის გამოიყენება პეტროლატუმი, განზავებული ფისი, ორგანული ზეთი, გოგირდი, ბიტუმი და სინთეზური ფისით მოდიფიცირებულ ბიტუმი. ამ ნივთიერებიდან ბევრი არ მოითხოვს შემდგომ დამუშავებას და ნაკეთობა მაშინვე შეიძლება გამოვიყენოთ. ბეტონის სტრუქტურის და თვისების საფუძვლიანი შეცვლისათვის გამოიყენება თხევადი მონომერი (მეთილაკრილატი ან სტიროლი), პოლიმერი (ეპოქსიდური და პოლიეთერის ფისი) და სხვადასხვა კომპოზიცია მათ საფუძველზე. გაჟღენთის სიღრმე დამოკიდებულია გამჟღენთი ნივთიერების შემადგენლობაზე, კერძოდ, სიბლანტეზე და ბეტონის გაჟღენთის მიმართულებაზე. ბლანტი ნივთიერებანი (ბიტუმი, პეტროლატუმი) ბეტონს ჟღენთენ 1...3 სმ სიღრმეზე, თხევადი მონომერები (სტიროლი,მეთილმეტაკრილატი - 10...20 სმ-ზე. ბეტონის გასაჟღენთი მონომერის რაოდენობა დამოკიდებულია მის ფორიანობაზე. მკვრივი ბეტონის სრული გაჟღენთისათვის საჭიროა მასის 2...5% მონომერი, მოცულობის - 4...10%. დუღაბის გასაჟღენთად 30...70%-ით მეტი მონომერია საჭირო, ვიდრე ბეტონისათვის. მსუბუქი ფორიანი ბეტონი კი გაცილებით მეტ (30...50%) მონომერს მოითხოვს გასაჟღენთად. თხევადი მონომერის გამოყენებისას ახდენენ მის პოლიმერიზაციას უშუალოდ ბეტონში. პოლიმერიზაცია ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით, მონომერის ბუნების გათვალისწინებით. ყველაზე გავრცელებულია თერმოკატალიზური მეთოდი, როდესაც მონომერში შეჰყავთ პოლიმერიზაციის ინიციატორი ნივთიერება, შემდეგ ნაკეთობას ახურებენ 70...1200C-მდე (მონომერის სახეობის მიხედვით), ის მჭიდროდ შეავსებს ყველა ფორს და დეფექტს და რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიქმნება მყარ პოლიმერად. ამ დამუშავების შედეგად პირველ შემთხვევაში ვაღწევთ ბეტონის ხანმედეგობის და უჟონადობის გაზრდას, თუ მას ვჟღენთ ბლანტი მასალით, პოლიმერიზაციის გარეშე, მაგ., ბიტუმით; მეორე შემთხვევაში ვიღებთ ახალ მასალას, რომელიც თავისი თვისებებით საგრძნობლად სჯობს საწყის ბეტონს, თუ მას ვჟღენთ მონომერით, რომელიც პოლიმერიზაციას განიცდის ბეტონის მასაში და ავსებს ყველა დეფექტს. ასეთმა მასალამ მიიღო სახელწოდება ბეტონპოლიმერი (ნახ. 1, ბეტონპოლიმერის იატაკი პოლიურეთანის საფუძველზე). მისი თვისება დამოკიდებულია ბეტონის და პოლიმერის თვისებაზე და დამუშავების ტექნოლოგიაზე - რაც მტკიცეა პოლიმერი და რაც მეტია მისი რაოდენობა ბეტონში, მით მეტია ბ. სიმტკიცე, რომელიც აღწევს 200 მპა-ს და მეტს. გაჟღენთვის დროს, პოლიმერი და ცემენტის ქვა არ ურთიერთქმედებენ, მაგრამ ცალკეული პოლიმერი ქიმიურ რეაქციაში შედის ბეტონის კომპონენტთან. პოლიმერი ავსებს ცემენტის ქვის სტრუქტურას, შემვსების კონტაქტის ზონას და ათასობით ძაფით აკავშირებს ბეტონის უბნებს, ზრდის ბზარმედეგობას და სიმტკიცეს. ბეტონში წარმოქმნილი პოლიმერის ბადე შეიძლება განვიხილოთ როგორც დისპერსიული არმირება. პოლიმერიზაციის დროს მონომერი ცდილობს შემცირდეს მოცულობაში, რაც იწვევს მასალის მინერალური ნაწილის მოჭიმვას. შედეგად იქმნება მასალის წინასწარდაძაბვის სახესხვაობა, რაც ასევე ხელს უწყობს მისი სიმტკიცის და ბზარმედეგობის გაზრდას. ბეტონის თანმიმდევრული დამუშავება პოლიმერით საშუალებას იძლევა დავარეგულიროთ მისი დეფორმაციულობა, არსებითად გავზარდოთ ხანმედეგობა, ცვეთამედეგობა და სხვა თვისებები. განსაკუთრებით იზრდება ბეტონის მედეგობა აგრესიულ გარემოში. პოლიმერბეტონის გამოყენება პირველ რიგში მიზანშეწონილია ისეთი კონსტრუქციებისათვის, რომლებსაც მუშაობა უხდება მკაცრ კლიმატურ ან აგრესიულ გარემოში ან თუ საჭიროა ბეტონს ჰქონდეს განსაკუთრებული თვისება (აირშეუღწევადობა, ცვეთამედეგობა, ელექტროიზოლაცია, ელექტროგამტარობა, დეკორატიული სახე და სხვ.). ბ. ფართოდ გამოიყენება ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციების აღდგენისა და რემონტის დროს.

ბეტონსაზიდი - დაგების ადგილამდე ბეტონის ტრანსპორტირების საშუალება (არასპეციალიზებული): თვითმცლელები, ბადიები (ნახ. 1), ბუნკერები და სხვ. ისინი თანდათანობით გამოიდევნებიან სპეციალიზებული ბეტონსატრანსპორტო მანქანებით, როგორიცაა ავტობეტონმზიდი, ავტობეტონშემრევი, ბეტონტუმბო და სხვ.

ბეტონსარევი (ბეტონშემრევი) - მანქანა ბეტონის ნარევის მოსამზადებლად კომპონენტების (ცემენტის, წყალი, ქვიშა, ხრეში) შერევით მბრუნავ ან უძრავ დოლში (ვარცლში). ბ. კლასიფიცირდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ექსპლუატაციის პირობების მიხედვით ბ. არის გადასაადგილებელი და სტაციონარული (ნახ. 1); მუშაობის რეჟიმის მიხედვით - ციკლური (პერიოდული) და უწყვეტი; შერევის მეთოდის მიხედვით - თავისუფალი (გრავიტაციული), იძულებითი და კომბინირებული; განტვირთვის ხერხის მიხედვით - დასახრელი და არადასახრელი დოლით.

ბეტონტუმბო - დანადგარი, რომელიც აწარმოებს ბეტონის გადაქაჩვას ავტობეტონსაზიდიდან მილსადენებში და მიწოდებას დაგების ადგილზე (ნახ. 1). მოქმედების პრინციპის მიხედვით არის დგუშიანი და როტორული.

ბეტონჩამწყობი - თვითმავალი მანქანა ბეტონის ნარევის ჩასაგებად საავტომობილო გზების საფარის მოწყობისას (ზოლის სიგანე 3,5...7 მ). გამოიყენება აგრეთვე, ბეტონის ნარევის სწრაფი და თანაბარი ჩაწყობისათვის სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად. არსებობს პორტალური, ნახევრადპორტალური და ხიდური ტიპის, მუხლუხა და პნევმატიკურ თვლებზე გადასაადგილებელი, ლაზერული (ნახ. 1, ლაზერული ბეტონჩამწყობი), უნივერსალური (ნახ. 2, ამერიკური უნივერსალური ბეტონჩამწყობი) და სხვ. ბ. გააჩნია სიხშირული გარდაქმნელი, რომელიც უზრუნველყოფს სვლის სიმდოვრეს. აქვს ბუნკერის ასაწევ-დასაწევი მექანიზმი, რაც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს ბეტონის ნარევის ჩამოსხმა სხვადასხვა დონეზე (მაგ., კასეტურ ფორმებში, გადასაყირავებელ ქვეშებზე და სხვ.). ბ. გამოყენება შესაძლებელია ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა: ხიდები, გამყოფი ბარიერები, რთული კომუნიკაციები, ფეხით სავალი გადასასვლელები, სადრენაჟე გზაგამტარები, ჯებირები, კლუმბები, ჩამდინარი არხები, საგზაო ბორდიურები და ა.შ.%n

ბეღელი - 1. მიწის დონიდან აწეული, სვეტებზე შემდგარი, ხის ნაგებობა მარცვლეულის (პური, ქერი, სიმინდი, ჭვავი, ფეტვი, ლობიო, ცერცვი) შესანახად; 2. კუთხ. საკულტო ემბლემისა და სახატე ჭირნახულის შესანახი შენობა ფშავ-ხევსურეთში.

ბეღო - ფარდული, სადაც გალეწვამდე ძნას აწყობდნენ შესანახად. „საძნე სახლი” (საბა).

ბეჩო - 1. ღრუ ადგილი, ბუნაგი; 2. უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მესტიის მუნიციპალიტეტში; 3. ისტორიული თემი ზემო სვანეთში; 4. სოფელი ზემო სვანეთში (ნახ. 1, უშბა - ხედი ს. ბეჩოდან).

ბეწვბზარი - ფოლადის ნაკეთობის ნაკლი, წვრილი (თმისებრი) მკაფიო მოხაზულობის ბზარის სახით, რომელიც განლაგებულია გაგლინულ ან ჭედვად დეფორმირებად ნაკეთობებში ფოლადის დენადობის გასწვრივ

ბეწვმილი - იხ. კაპილარი.

ბეჭედი - 1. ლითონის, ხის ან რეზინის საბეჭდავი პირუკუღმა ამობურცული წარწერით; 2. თითზე წამოსაცმელი სამკაული

ბზა - ბზისებრთა ოჯახის ორლებნიან მცენარეთა გვარის წარმომადგენელი. მარადმწვანე დაბალი ხე ან ბუჩქი (ნახ. 1). 70-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინების, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარის და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, დასავლეთ ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება ორი სახეობა - კოლხური და ჰირკანული ბზა. საქართველოში მოშენებულია ოთხი უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი, წვრილფოთოლა, იაპონური და ბალეარული ბ. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. ტოტებისა და ფოთლებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს, ქერქი გამოიყენება მედიცინაში. მშენებლობაში ბ. მერქანი შეიძლება გამოვიყენოთ ხის მზიდ კონსტრუქციებში სადებების, ქვესადებების, ზედების, შუადების, წირწკიმალების, სოგმანების სახით.

ბზა კოლხური - ჩვეულებრივი ბზისაგან განსხვავებით აქვს ნაკლები სიმკვრივე. ხარობს კოლხეთის დაბლობზე.

ბზარი - 1. მკვრივ საგანზე მცირედი განახეთქი; 2. მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ბოჭკოების გასწვრივ შიგა ძაბვების ზემოქმედებით მერქნის გაგლეჯის შედეგი. ბ. არღვევს მერქნის მთლიანობას, ამცირებს სიმტკიცეს, ზოგჯერ კი მერქანს საერთოდ უვარგისს ხდის მშენებლობისათვის. სახეობის მიხედვით ბზარების დახარისხებას აზრი აქვს მხოლოდ მსხვილი სორტიმენტებისათვის, მცირედისთვის კი მას იხილავენ, როგორც ერთიან მანკს. გამოყოფენ განივ და ანატკეჩ ბზარებს.

ბზარი ანატკეჩი - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი,  მზარდი ხის ტანის გულში გაჩენილი ბზარი, რომელიც მიმართულია წლიური რგოლების გასწვრივ (ნახ. 1). გადანაჭერში ჩანს, როგორც რკალისმაგვარი ბზარი და რომელიც შევსებული არ არის ფისით.

ბზარი განვითარებული - რკ.ბ.-ის ან ხის კონსტრუქციებში გაჩენილი ბზარი, რომლის გახსნის სისქე 1 მმ-ზე მეტია.

ბზარი გულნაბზარი - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, მზარდი ხის ტანის გულში გაჩენილი ბზარი, რომელიც მიმართულია რადიალურად გულიდან პერიფერიისაკენ და არ აღწევს ტანის ზედაპირს (ნახ.1).

ბზარი ტორსული - ბზარი, რომელიც მხოლოდ ტორსში გამოდის და არა აქვს გამოსასვლელი გვერდებსა და ზედაპირზე.

ბზარი ყინულის - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, მზარდი ხის ტანში ტემპერატურის მკვეთრი დაცემის დროს წარმოქმნილი ბზარი. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ხეზე მეხის დაცემაც.

ბზარი შეკრული - ბზარი, რომლის სიგანე არ აღემატება 2 მმ-ს.

ბზარი შეშრობის - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, გარე ბზარი, რომელიც წარმოიშობა მერქნის შრობის პროცესში და მიმართული ზედაპირიდან გულისაკენ (ნახ. 1). გადანაჭერში ზოგჯერ ჩამოგავს გულნაბზარს და ანატკეჩს.

ბზარწარმოქმნა - მყარ სხეულებზე (ბეტონი, მთის ქანი, მერქანი და სხვ.) ძალის ზემოქმედების შედეგი (მაგ., ამ პრინციპზეა აგებული გაზრდილი სიჩქარეების მქონე მუშა ორგანოებით აღჭურვილი ვიბრაციული წისქვილების მუშაობა).

ბზეფილა - დაწნეხილი ბზისაგან დამზადებული ფილა. გამოიყენება თბოსაიზოლაციო მასალად.

ბზინვარება - სწორი, გლუვი ზედაპირის თვისება, სარკისებურად აირეკლოს სინათლის სხივი.

ბი … (ლათ.) - წინსართი, რომელიც მიუთითებს საგნის ან თვისების ორმაგობაზე, გაორკეცებაზე. მაგ., ბიკვადრატული (ორჯერ კვადრატული), ბინომი (ორწევრი), ბინორმალი (ორჯერ ნორმალი), ბიენალე (გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება) და სხვ.

ბიგ-ბეგი - რბილი კონტეინერები ფხვიერი ტვირთების ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის. გამოიყენება აგრეთვე მეორადი ნედლეულის დასაწყობებისა და საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაგვის გასაზიდად (ნახ. 1). ბ.-ბ. შესაფუთად ყველაზე ეკონომიური სახეობაა მცირე წონისა და ნებისმიერი ფორმის მიღების უნარის გამო.

ბიგი - რაიმეს გასამაგრებლად დაყენებული, სხვადასხვა მასალისაგან (მერქანი, ლითონი, რკ.ბ.-ნი) დამზადებული დგარი.

ბიგი მაღაროს - მაღაროს გვირაბის გვერდებისა და ჭერის სამაგრი ბიგი, რომელიც ძირითადად ხის მორებისაგან მზადდება (ნახ. 1: შახტის ბიგი). შესაძლებელია რ.ბ.-ის ან ფოლადის ბ. გამოყენებაც.

ბიდე (ფრანგ.) - აბაზანის ნიჟარის ნაირსახეობა (ნახ. 1) ადამიანის გენიტალიების დაბანა-გასუფთავებისათვის. აქვს თბილი წყლის წყარო და გადინების სისტემა. შეიქმნა საფრანგეთში XVII საუკუნეში.

ბიდი - საქონლის ყიდვის კონკრეტული შეთავაზება ან კონტრაქტის დადება; საქონლის ყიდვის ვალდებულება კონკრეტული ფასის მიხედვით; ფასის წანამატი აუქციონზე; ფასიანი ქაღალდების, დეპოზიტების განაკვეთი.

ბიდონვილი (ფრანგ.) - ღარიბ-ღატაკთა ქოხმახები ქალაქის გარეუბნებში.

ბიდონი (ფრანგ.) - თავსახურიანი ლითონის ან პლასტმასის ჭურჭელი სითხეებისათვის (ნახ. 1).

ბიენალე (ფრანგ.) - გამოფენა ან ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ბიეფი ზედა - აკვატორია კაშხლიდან მდინარის ზემო წელის მიმართულებით, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება და ხდება მყარი ნატანის დაგროვება (ნახ. 1).

ბიეფი ქვედა - აკვატორია კაშხლიდან მდინარის ქვემო წელის მიმართულებით (ნახ. 1).

ბივრილი (ბერილი) (ბერძ.) - ცისფერი, ხასხასა მწვანე, ვარდისფერი, ოქროსფერი, თეთრი, ყვითელი, მოყვითალო ფერის სილიკატების ჯგუფის მინერალი. სხვადასხვა ფერის ბივრილს სხვადასხვა სახელი ჰქვია: ზურმუხტისებრ მწვანე გამჭვირვალე ბივრილს ზურმუხტი ეწოდება; გამჭვირვალე მოცისფრო ლურჯს - აკვამარინი; ვარდისფერს - ვორობიევიტი; ოქროსფერ ყვითელს ღია მწვანე ელფერით - ჰელიოდორი. გამოიყენება ძვირფასი თვლების დასამზადებლად და ბერილიუმის მისაღებად.

ბივრილი (ბერძ.) - ცისფერი ძვირფასი ქვა; ბერილი, ბივრიტი.

ბიზნეს-გეგმა - დოკუმენტი, რომელშიც ფორმულირებულია საწარმოს მიზნები უახლოეს 3...5 წლის განმავლობაში, რომელიც უნდა შეიცავდეს: საწარმოს საქმიანობის აღწერას, ისტორიას, ფირმის საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირების შესახებ მონაცემებს; ბაზრისა და საწარმოს ბიზნეს-სეგმენტის დახასიათებას; შესაძლო ძირითად მომხმარებლებისა და იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლითაც საწარმო აპირებს შეთავაზებული საქონლის სავარაუდო მყიდველის დარწმუნებას (მარკეტინგისა და გაყიდვების გეგმა); საწარმოს კონკურენტული უპირატესობების საფუძველს (კონკურენტების შანსებთან შედარებით წარმატებების მიღწევის უპირატესობის არგუმენტაცია); მიზნებს, რომლის მიღწევასაც აპირებს საწარმო 3...5 წლის შემდეგ: ბაზრის წილი, გაყიდვების მოცულობა, მოგების მოცულობა, მოთხოვნა ფულად სახსრებზე, ტექნოლოგიის გაუმჯობესება; პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას; ფულად სახსრებზე მოთხოვნის და მათი წყაროების ზედმიწევნით ანალიზს, რომელიც მოიცავს აგრეთვე ყველაზე ცუდი ვარიანტის ანალიზს.

ბიზნესი - 1. ადამიანის საქმიანობაა, რომლის მიზანია შემოსავლის მიღება თავისი ცოდნის, გამოცდილების, საკუთარი კაპიტალის გამოყენების დახმარებით; ეს არის ადამიანის პოტენციალის რეალიზაცია ეკონომიკურ ასპექტში. ბიზნესმენის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის მოგების მიღება. მოგება გვიჩვენებს ბიზნესმენის საქმიანობის ეფექტიანობას; 2. საქმის გაძღოლის სისტემა და ადამიანებისათვის საჭირო პროდუქციის, მომსახურების წარმოება; 3. წარმოების სისტემა, რომელიც ჩვენ შევქმენით ჩვენი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; 4. ფულისგან ფულის კეთების უნარი; 5. სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სავაჭრო, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ბანკის, იურიდიული კონსულტაციის, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამომცემლო, სასწავლო-სააღმზრდელო, სპორტული, გასართობი და სხვა სახის საწარმოსა თუ დაწესებულების შექმნა. არსებობს წვრილი (საოჯახო), მცირე, საშუალო და მსხვილი (დიდი) ბიზნესი.

ბიზნესის დაავანსება - ფულადი სახსრების მოზიდვა, ბიზნეს-პროექტების, ოპერაციების, რეალიზებისთვის და საბოლოო განხორციელებისთვის. დაავანსება შეიძლება განახორციელოს პროექტის დამკვეთმა, პოტენციურმა მყიდველმა, იმპორტიორმა, სახელმწიფო ორგანოებმა, კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირემბა (ინვესტორებმა). ბ. დ. ეიძლება შეფასდეს , როგორც ბიზნეს - გეგმის განხორციელებისთვის ფულის წინასწარი გადახდა.

ბიზნესმენი (ინგლ.) - მეწარმე, კომერსანტი, საქმოსანი, რომელიც ბიზნესს ეწევა.

ბიზნესპროცესი - ერთმანეთთან დაკავშირებული საქმიანობების ან ამოცანების სტრუქტურირებული ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებლისათვის ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის.

ბიკროელასტი - მოდიფიცირებული ბიტუმის საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა. გამოიყენება მცირექანობიანი სახურავის ბურულის მოსაწყობად და შენობებისა და ნაგებობების საძირკვლების ჰიდროსაიზოლაციოდ. შედგება მტკიცე, არალპობადი ორგანული საფუძვლისაგან (მინაქსოვილი, მინატილო. პოლიესთერი), რომელზეც ორი მხრიდან დატანილია მაღალხარისხიანი მოდიფიცირებული ბიტუმის შემკვრელი. თავისუფლად იღუნება −10C ტემპერატურამდე და თბომედეგია +850C ტემპერატურამდე.

ბიკფორდის ზონარი - იგივეა რაც ცეცხლგამტარი ზონარი (ნახ. 1).

ბილიკი - ვიწრო საცალფეხო გზა პარკში, ტყეში, მინდორში, მთაში, კლდეზე და სხვ.

ბილიონი - რიცხვი 109, ე.ი. მილიარდი (ფრანგებისათვის, ამერიკელებისათვის, ძველად რუსებისათვის), ან რიცხვი 1012, ე.ი. ათასი მილიარდი (გერმანელებისათვის, ინგლისელებისა და სხვა ხალხებისათვის)

ბიმეტალი - მასალა, რომელიც შედგება ორი მტკიცედ შეერთებული სხვადასხვა მეტალის ან შენადნობის ფენისაგან (ნახ. 1. ბიმეტალი: ცენტრში - თითბერი, გარე რგოლი - სპილენძ-ნიკელის შენადნობი). ბ. გამოიყენება ძვირფასი და დეფიციტური მასალების ეკონომიის მიზნით, აგრეთვე ისეთი მასალების მისაღებად, რომელსაც საწყისი მეტალების შერწყმული თვისებები აქვს. ბ. დამზადება მიმდინარეობს ერთდროულად 2 მეტალის გლინვითა და დაწნეხით, გალვანური მეთოდით, აგრეთვე დადუღებით - ელექტრო ან პლაზმური გაცხელების გზით. პრაქტიკაში გავრცელებული ბიმეტალებია: ფოლადი და ალუმინი, ტიტანი და მოლიბდენი და სხვ.

ბინა - 1. საცხოვრებელი სახლი, სათავსი, სამყოფი, სადგომი; 2. საცხოვრებელი სახლის შემადგენელი ნაწილი დამოუკიდებელი შესასვლელით, რომელიც ერთ ოჯახზეა გათვალისწინებული და შეიცავს საცხოვრებელ ოთახსა (ოთახებს) და დამხმარე სათავსებს (საზარეულოს, სანიტარულ კვანძს და სხვ.); 3. ცალკე საცხოვრებელი სადგომი სახლში, თავშესაფარი; 4. მწყემსების საცხოვრებელ-სამუშაო ადგილი.

ბინადარი (სპარს.) - მკვიდრი მცხოვრები

ბინარული (ფრანგ.) - 1. ორი ნაწილისაგან შემდგარი, ორმაგი; 2. მათემატიკაში - ორობითი (თვლა).

ბინის მესაკუთრე - უძრავი ქონების კომპლექსში სათავსის მესაკუთრე ან თანამესაკუთრე.

ბინოკლი (ფრანგ) - ხელში დასაჭერი ორი პარალელურ მილიანი ოპტიკური ხელსაწყო შორი საგნების კარგად დასანახავად; დურბინდი (ნახ. 1).

ბიო-ტეკი (არქიტექტურული ბიონიკა) - თანამედროვე არქიტექტურული მიმდინარეობა, რომელიც ბუნებრივ პრინციპებს ეყრდნობა. ამ სტილის ნაგებობები სულ უფრო უახლოვდებოდა ორგანულ, ცოცხალ ბიოლოგიურ ფორმებს, რომლის მაგალითებია: ია მექსიკელი არქიტექტორის, ჰავიერ სენოსიანის "ნაუტილუსი" - ნიჟარის ფორმის საცხოვრებელი სახლი (ნახ. 1), სიდნეის ოპერის თეატრი, ნორმან ფოსტერის ცნობილი ნაგებობა - ლონდონის "სენტ მერი ექსი", რომელსაც შემთხვევით არ შეარქვეს "სიმინდის ტარო" (ნახ. 2), ლონდონის მერიის შენობა და სხვ. ნამდვილ ტექნოლოგიურ ნახტომს, გარღვევას თანამედროვე არქიტექტურაში წარმოადგენს დევიდ ფიშერის "დინამიური ცათამბჯენები" (ნახ. 3), სადაც სართულები არა მარტო ცენტრალური ღერძის გარშემო მოძრაობს, რითიც განათების უფრო ეფექტიანი გამოყენება ხერხდება, არამედ ისინი აგრეთვე აღჭურვილია მზისა და ქარის ტურბინებით, რაც ამ ნაგებობების სრულ ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ბიო-ტეკის არქიტექტურა წარმოაჩენს ფილოსოფიურ კონცეფციას, რომლის არსი მდგომარეობს ადამიანისთვის ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სადაც გაერთიანებული იქნება ბიოლოგიის, საინჟინრო საქმის და არქიტექტურის პრინციპები. სწორედ ეს უწყობს ხელს ასეთი ნაგებობების ეკოლოგიურობას. მაგ., შენობებში აყენებენ მზის და ქარის ბატარეებს, წვიმის წყლის შესაგროვებელ კოლექტორებს, ტერასებს მწვანე ნარგავებისთვის, ითვალისწინებენ ბუნებრივ განათებასა და ვენტილაციას. მწვანე არქიტექტურის პრინციპების შესაბამისად, იდეალში, მომავლის საცხოვრებელი უნდა წარმოადგენდეს ავტონომიურ თვითკმარ სისტემას, რომელიც ორგანულადაა ჩაწერილი ბუნებრივ გარემოში და ჰარმონიულად თანაარსებობს მასთან.

ბიო... - რთული სიტყვის ნაწილი, რომელიც უჩვენებს მის მიმართებას სიცოცხლის, სასიცოცხლო პროცესების და ბიოლოგიისადმი (მაგ., ბიონიკა, ბიოქიმია).

ბიოგაზი - მცენარეული და ცხოველური წარმოშობის გაზების (აირების) ნარევი, რომელიც წარმოიქმნება ორგანული ნარჩენების დაშლით. ბ. მიიღება სპეციალურ დანადგარებში და გამოიყენება საწვავად ბიოღუმელებში.

ბიოგენეზი (ბერძ.) - 1. თეორია, რომელიც ხსნის ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნას მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისაგან; 2. ორგანული შენაერთების წარმოქმნა ცოცხალი ორგანიზმების მიერ.

ბიოზი - რთული სიტყვების ბოლოსართი, აღნიშნავს სიცოცხლესთან მიმართებას (მაგალითად - ანაბიოზი, სიმბიოზი დ ა.შ.).

ბიოლიტი - სხვადასხვა ორგანული ნარჩენებისაგან შემდგარი მთის ქანი. იგი ორი სახისაა: წვადი (კაუსტობიოლიტი) - მური, ქვანახშირი, ტორფი და სხვ., და უწვადი - ცარცი, კირი, დიატომიტი და ა.შ.

ბიოლოგიური კოროზია - საშენი მასალების დაზიანების პროცესი ცოცხალი ორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, ობი, მწერები, მიკროორგანიზმები და სხვ.) ცხოველმოქმედებით. მინერალური საშენი მასალების ბიოდაზიანება გამოწვეულია ამ მასალების შემადგენელ კომპონენტებს შორის შეჭიდულობის დარღვევით, რასაც იწვევს მიკრობული წარმოშობის ორგანული მჟავების ზემოქმედება. მიკროორგანიზმები შეიძლება კონტაქტში იყოს კონსტრუქციის როგორც გარე, ასევე შიდა ზედაპირებთან (ფოროვან მასალებში).

ბიოლოგიური ნარჩენები - ბიოლოგიური ქსოვილები და ორგანოები, დარჩენილი სამედიცინო და ვეტერინალური საოპერაციო პრაქტიკის, სამედიცინო-ბიოლოგიური ექსპერიმენტების, მსხვილფეხა რქიანი ცხოველების, ფრინველების კვდომის შედეგად, აგრეთვე სხვა ნარჩენები, მიღებული ცხოველური წარმოშობის საკვები და არასაკვები პროდუქტების გადამუშავებისას; ბიოტექნოლოგიური მრეწველობის ნარჩენები.

ბიოლოგიური საგანგებო სიტუაცია - საგანგებო სიტუაცია, რომელსაც იწვევს ცოცხალი არსებები და ორგანიზმები.

ბიოლოგიური ტბორი - 1. წყალსაცავი ჩამდინარი წყლების ბიოლოგიური გაწმენდისათვის ბუნებრივ პირობებში; 2. ნაგებობა საქალაქო, სამრეწველო ან ზედაპირული ჩამდინარი წყლების გაწმენდისათვის, რომელიც ხორციელდება ორგანული და მინერალური მინარევების დაჟანგვით ატმოსფერული ჰაერის ჟანგბადის გამოყენებით. ის მომდინარეობს ბუნებრივი ან ხელოვნური აერაციის პირობებში. ბ.ტ. გეგმარდება 3-5 საფეხურად და არანაკლებ ორ, პარალელურ რეჟიმში მომუშავე განყოფილებად. საქალაქო ჩამდინარი წყლები ბ.ტ. გაწმენდის შემდეგ ექვემდებარება დაქლორვას. ტბორის სექციის სიგრძისა და სიგანის თანაფარდობა მიიღება 20:1. თუ ტბორის სიღრმე არ არემატება 2 მ-ს, მაშინ წყლის შემოსასვლელსა და გასასვლელს შორის დონეთა სხვაობაა 10...15 მ. ბ.ტ. წყლის მასის შესვლამდე ხდება ჩამდინარი წყლების უხეში მექანიკური გაწმენდა ცხაურებში გატარებით.

ბიომედეგი მერქანბოჭკოვანი (მერქანბურბუშელოვანი) ფილა - მერქანბოჭკოვანი (მერქანბურბუშელოვანი) ფილა, რომელსაც აქვს ამაღლებული მედეგობა სოკოების, ბაქტერიებისა და მწერების მიმართ.

ბიომედეგობა - მასალების და ნაკეთობების თვისება ხანგრძლივად გაუწიოს წინააღმდეგობა სოკოების და ბაქტერიების ზემოქმედებას, რომლებიც იწვევენ ლპობას ან სხვა მრღვევ ბიოლოგიურ პროცესებს. ბ. უზრუნველყოფა აუცილებელია მცენარეული წარმოშობის მასალებისათვის.

ბიომეტრია - ბიოლოგიის დარგი, რომელიც ამუშავებს ექსპერიმენტებისა და გამოკვლევების შედეგებს.

ბიონიკა (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლის საფუძველზე წყვეტს საინჟინრო პრობლემებს. ბიონიკა სინთეზური მეცნიერებაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ანატომიას, ფიზიოლოგიას, ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას, ელექტრონიკას, ტექნიკასა და სხვა დარგებს. ცხოვრებამ პრაქტიკულად დაამტკიცა ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელ პროცესთა მოდელირების ეფექტურობა და სტიმული მისცა ცოცხალ სისტემათა აგებულებისა და ფუნქციის უფრო ფართო შესწავლას და მიღებულ მონაცემთა გამოყენებას ახალი მოწყობილობების, მექანიზმების, კონსტრუქციების  შესაქმნელად. ადამიანისა და ცხოველის ნერვული სისტემის საიმედოობის მექანიზმთა შესწავლა საშუალებას იძლევა უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა ტექნიკურ სისტემათა საიმედოობა. პერსპექტიულია ცხოველთა ორიენტაციის, ლოკაციისა და ნავიგაციის პრინციპების შესწავლა და გამოყენება ავიაციაში, კოსმონავტიკაში, საზღვაო და წყალქვეშა ფლოტში. ორგანიზმთა მორფოლოგიური თავისებურებების გამოკვლევამ ახალ ტექნოლოგიურ იდეები მისცა კონსტრუქტორებს, არქიტექტორებს, მშენებლებს. მაგ., იტალიელმა არქიტექტორმა პიერ ლუიჯი ნერვიმ ხის ფოთლის კონსტრუქციის პრინციპი გამოიყენა ტურინის საგამოფენო დარბაზის გადახურვისას: ასი მეტრის მალი საყრდენების გარეშე გადახურეს არმოცემენტის მსუბუქი კონსტრუქციით, რომლის სისქეა 4 სანტიმეტრი. აქ გამოყენებული სამაგრები ზუსტად ისეა განაწილებული, როგორც ფოთლის დაძარღვაში. ცდილობენ შექმნან აგრეთვე თვითმარეგულირებელი „მსუნთქავი“ კედლები - ფოთლის ბაგეების ანალოგი და სხვ.

ბიონიური არქიტექტურა (ბიო-ტექ არქიტექტურა) - მიმდინარეობა არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც იდეებს ბუნებრივი (ანუ ბიოლოგიური) ფორმებისგან სესხულობს. მიმდინარეობამ ჩამოყალიბება დაიწყო XXI საუკუნის დასაწყისში, და შესაბამისად, ადრეულ პროექტებში ფორმის ძიება პრაქტიკულობას უსწრებს წინ. ბ.ა.  ეწინააღმდეგება ტრადიციულ მართკუთხა განლაგებასა და დაპროექტების სქემებს, იყენებს რა მრუდ ფორმებსა და ზედაპირებს, რომელიც ბიოლოგიური და ფრაქტალური გეომეტრიის კონსტრუქციებისთვისაა  დამახასიათებელი (ნახ. 1).

ბიოპოლიმერები - ბუნებრივი ნაერთები, რაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურულ საფუძველს წარმოადგენს.

ბიოსაწვავი - საწვავი, მიღებული მცენარეული, ცხოველური, ცოცხალი ორგანიზმის ცხოველმოქმედების ან სამრეწველო ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად. განასხვავებენ თხევად ბ. (შიგა წვის ძრავებისათვის - ეთანოლი, მეთანოლი, ბიოდიზელი), მყარს (შეშა, ბრიკეტები, საწვავი გრანულები, ნაფოტები, ჩალა) და გაზისებრს (სინთეზ-გაზი, ბიოგაზი, წყალბადი). წარმოების ტექნოლოგიის მიხედვით არსებობს პირველი თაობის (ნედლეულად გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურები ცხიმების, სახამებლის და შაქრის დიდი შემცველობით), მეორე თაობის (არასაკვები კულტივირებული მცენარეების ნარჩენები, ბალახეულობა, მერქანი) და მესამე თაობის (წყალმცენარეები) ბიოსაწვავი. ამჟამად ბ. წილი თხევადი საწვავის მოთხოვნის მსოფლიო ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 3%-ს (ძირითადი მწარმოებლებია აშშ და ბრაზილია).

ბიოსინთეზი (ბერძ.) - ცოცხალ ორგანიზმში შედარებით მარტივი ნივთიერებებიდან რთული ორგანული ნივთიერების წარმოქმნის პროცესი.

ბიოსფერო - 1. დედამიწაზე სიცოცხლის გავრცელების არე. მოიცავს ატმოსფეროს ქვედა ფენას, ჰიდროსფეროს და ლითოსფეროს ზედა ფენას, რომელთაც არ განუცდიათ ტექნოგენური ზემოქმედება; 2. დედამიწაზე სიცოცხლის გავრცელების არე - ადამიანის ბინადრობის ერთადერთი ადგილი. ბ. შეუცვლელი გარემოა, რაც განაპირობებს მის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველ დამოკიდებულებას; 3. ორგანიზმებით დასახლებული გარემო. მოიცავს ატმოსფეროს ქვედა ფენებს ოზონის შრეებამდე. მისი სისქე 10...25 კმ-ია და აპკის სახით აკრავს დედამიწას.

ბიოტიტი (ფრანგ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი სილიკატების ჯგუფისა, რკინა-მაგნეზიური ქარსი. შედის გრანიტებისა და ბევრი სხვა ამოფრქვეული და მეტამორფული ქანის შემადგენლობაში. იყენებენ ელექტროსაიზოლაციო მასალად.

ბიოტუალეტი - სანტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ფეკალური მასის გადასამუშავებლად ორგანულ სასუქად ბიოლოგიური ჟანგვის პროცესის მეშვეობით.

ბიოფიზიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს.

ბიოქიმია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ორგანიზმის შედგენილობას, მასში შემავალი ნაერთების სტრუქტურას, თვისებებსა და ლოკალიზაციას.

ბიოქორი - ბიოსფეროს ერთ-ერთი ძირითადი ქვედანაყოფი.

ბიოღუმელი - ღუმელი, რომელიც მუშაობს ბიოლოგიურ საწვავზე და არ საჭიროებს კვამლსადენის მოწყობას. საწვავად გამოიყენება მცენარეული წარმოშობის ბიოეთანოლი, რომლის წვას არ ახლავს კვამლი და ჭვარტლი.

ბიოციკლი (სასიცოცხლო გარემო) - ბიოსფეროს სამი დიდი ქვედანაყოფი: ზღვა, ხმელეთი და შიდა წყალსატევები.

ბიპირამიდა - მრავალწახნაგა, რომელიც წარმოადგენს საერთო ფუძის მქონე ორი პირამიდის ერთობლიობას, როცა ამ პირამიდების წვეროები მდებარეობენ საერთო ფუძის შემცველი სიბრტყის სხვადასხვა მხარეს.

ბიპრიზმა - მრავალწახნაგა, რომელიც წარმოადგენს საერთო ფუძის მქონე ორი პრიზმის ერთობლიობას, როცა ამ პრიზმების მეორე ფუძეები მდებარეობენ საერთო ფუძის შემცველი სიბრტყის სხვადასხვა მხარეს (ნახ. 1).

ბირჟა (ფრანგ.) - იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სასაქონლო, სავალუტო, ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის ორაგნიზებულ ფუნქციონირებას.

ბირჟა ვალუტის - ბაზრის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც წარმოებს უცხოური ვალუტების კურსის კოტირება.

ბირჟა კერძო - აქციონერთა კომპანია ან ჩაკეტილი კორპორაცია, რომლებშიც გარიგებების დადება მხოლოდ მათ წევრ აქციონერებს შეუძლიათ.

ბირჟა სასაქონლო - საბირჟო ვაჭრობის მოწყობისა და რეგულირების მიზნით შექმნილი ორგანიზებული საბითუმო ბაზარი, სადაც ვაჭრობა ხორციელდება საჯაროდ, წინასწარ დადგენილი წესით, განსაზღვრულ ადგილზე და ვადაში

ბირჟა საფონდო - ორგანიზებული ბაზარი, რომელიც მისი წევრი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით უზრუნველყოფს სავაჭრო სისტემაში დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე ვაჭრობისა და დადებული გარიგებების შესრულების ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.

ბირჟა შრომის - სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მუშაობის დაწყების მსურველ უმუშევარ პირთა, აგრეთვე მათი დამქირავებლის მსურველთა რეგისტრაციას,შუამავლურ ოპერაციებს, შრომითი ხელშეკრულებების დადებას დამქირავებელსა და რეგისტრირებულ უმუშევარს შორის გარკვეული ვადით და სხვ.

ბისექტორი (ლათ.) - ხელსაწყო, რომელიც ბრტყელ კუთხეს შუაზე ჰყოფს

ბისექტორული სიბრტყე (ორწახნაგა კუთხის) - სიბრტყე, რომელიც გადის ორწახნაგა კუთხის წიბოზე და ამ კუთხეს შუაზე ყოფს. ბ.ს. არის ბრტყელი კუთხის ბისექტრისის სივრცითი ანალოგი. ზოგჯერ მას ბისექტორს უწოდებენ.

ბისექტრისა (ფრანგ.) - სწორი ხაზი, რომელიც კუთხეს შუაზე ყოფს; ბ. ნებისმიერი წერტილი თანაბრადაა დაშორებული კუთხის გვერდებიდან. სამკუთხედის სამივე ბ. ერთ წერტილში იკვეთება, რომელიც ამ სამკუთხედში ჩახაზული წრის ცენტრს წარმოადგენს.

ბისკვიტი (ფრანგ.) - მოუჭიქავი ფაიფური, იყენებენ ქანდაკებაში.

ბიტულინი - მასალა არაქსოვილურ პოლიესთერის ან მინაბოჭკოს საფუძველზე. მის ორივე მხარეზე დატანილია ბიტუმის მემბრანა პოლიპროპილენის დანამატით. ზედა (მუშა) მხარეზე ბიტუმი დაფარულია ტალკის ფენით, ხოლო ქვედა ფენა დაგების დროს იფარება ცხელი ფირით.

ბიტუმი - ფისოვანი ნივთიერებათა (ასფალტი, გუდრონი, ნავთობი) საერთო სახელწოდება, მყარი ან ფისისმაგვარი პროდუქტი (ნახ. 1), რომელიც შედგება ნახშირწყალბადების და მისით ნაწარმოები აზოტის, წყალბადის, გოგირდის და ლითონის შემცველი ნარევებისაგან. წყალში არ იხსნება, ნაწილობრივ იხსნება ბენზოლში, ქლოროფორმში, გოგირდწყალბადში და სხვა ორგანულ გამხსნელებში. ბუნებრივი ბ. ცხელი მთის მადნის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მიეკუთვნება ჩვეულებრივი ნავთობის პროდუქტები, რომლებიც მიიღება მადნის ქიმიური და ბიოქიმიური განჟანგვით. ასეთებია: ასფალტი, კერიტი, მალტი, იზოკერიტი და სხვ. მოპოვება წარმოებს კარიერული ან შახტური მეთოდით (ბ. შემცველი ქვიშა). ხ ე ლ ო ვ ნ უ რ ი (ტექნიკური) ბიტუმი - ნავთობის, ქვანახშირის და ფენების გადამუშავების შემდეგ ნარჩენი პროდუქტია. შემადგენლობა ანალოგიურია ბუნებრივის.

ბიტუმი ბუნებრივი - სუფთა სახით იშვიათად გვხვდება, მიიღება ბიტუმოვანი ქანების გამოხარშვით ან ორგანულ გამხსნელებში გახსნით. ბიტუმოვანი კირქვების და დოლომიტის ქანები გამოიყენება აგრეთვე წვრილი ფხვნილების სახით, ასფალტოვანი მასტიკის და ასფალტბეტონებისათვის.

ბიტუმიზაცია - 1. ბიტუმის დაჭირხნა წნევის საშუალებით ბზარიან და ქვიშიან გრუნტებში, წყალშეუღწევადობის გაზრდის მიზნით; 2. ორგანული ნივთიერების დაშლა, რომლის დროსაც იზრდება მაღალმოლეკულური ნაერთების შემცველობა

ბიტუმის ემულსია - ემულგატორის წყლის ხსნარი, რომელშიც ბიტუმი იმყოფება დისპერსიულ მდგომარეობაში.

ბიტუმის მასტიკა - გათხევადებული ბიტუმისა და სხვადასხვა დანამატების ნარევი.

ბიტუმის მოდიფიკაცია - ბიტუმის მახასიათებლების გაუმჯობესება პოლიმერულ დანამატებთან შერევის გზით.

ბიტუმის პლასტიკები - გამოიყებება საბურულე მასალის, ჰიდროსაიზოლაციო ფენის დასაწებებლად და კონსტრუქციული ელემენტების შემოგოზვისათვის კოროზიის საწინააღმდეგოდ. საბურულე ცხელი ბ.პ. შედგენილობაა: ბიტუმის ნარევი და შემავსებელი (აზბესტი); ცივის - ბიტუმის ხსნარი მწვანე ზეთში (ნავთობის პროდუქტი), შემავსებელი და დანამატები (ოლეინმჟავა). ბიტუმ-რეზინის ცხელ მასტიკებს უმატებენ უჭიქურო რეზინის ფხვნილს წებვადობის ასამაღლებლად, აგრეთვე მაპლასტიფიცირებელ ნივთიერებებს დენადობის გასაუმჯობესებლად (კანიფოლი).

ბიტუმმზიდი - სპეციალურ ცისტერნიანი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტი თხევადი ბიტუმის მასალების გადასაზიდად ტემპერატურით 2000C-მდე. ბ. მოწყობილია გასაცხელებელი დანადგარებით ან გამათბობლებით დიზელის საწვავზე ან ნავთზე, თერმომეტრებით, ცისტერნის შევსების დონის საზომით, აგრეთვე ლითონის სახელურებით ბიტუმის ჩამოსაცლელად. ბ. ბიტუმის გასაშლელ და გასაწორებელ მანქანასთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ავტოგუდრონატორი გზების, აეროდრომების და ა.შ. მშენებლობაში (ნახ. 1). თანამედროვე ბ. მოცულობაა 3...25 მ3.

ბიტუმოვანი პლასტიკი - პლასტიკური მასა, რომლის საფუძველია ბუნებრივი ან ხელოვნური ნავთობის ბიტუმი, ქვანახშირის სქელფისი ან მათი შენადნობები ორგანულ (ბამბა) და მინერალურ (აზბესტი, დიატომიტის მიწა) შემავსებლებზე. ბ.პ. გამოიყენება სახურავის ბურულის და ჰიდროსაიზოლაციო მასალების (რუბეროიდი), ელექტრო- და რადიოაპარატურის დეტალების, აკუმულიატორების და სხვ. დასამზადებლად.

ბიტუმსაქაჩი დანადგარი - სპეციალური ბიტუმის ტუმბო ან ტუმბოიანი დანადგარი, რომლის საშუალებით წარმოებს ბიტუმის გადაქაჩვა საბიტუმო ბაზის ან ასფალტბეტონის ქარხნების საზღვრებში.

ბიტუმსაცავი - ბიტუმისა და ბიტუმისებრი მასალების შესანახი ბეტონის რეზერვუარი, ძირითადად მიწისქვეშა განლაგებით. არსებობს დროებითი და სტაციონარული ბ. შესაბამისად 0,3...1,0 მ და 3 მ სიღრმით.

ბიუვეტი (ფრანგ.) - მინერალურ წყაროზე მოწყობილი ნაგებობა.

ბიუსტი - ადამიანის ზედა ნაწილის (გულმკერდის ჩათვლით) სკულპტურული გამოსახულება.

ბიუჯეტი (ჰოლანდ.) - 1. სახელმწიფოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს,საოჯახო მეურნეობის და ა.შ. შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა დროის გარკვეულ პერიოდში, ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში; 2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა. არსებობს ბ. სხვადასხვა სახეები: ადგილობრივი, სახელმწიფო, ფედერალური, სამინისტროს, საწარმოს და სხვ.

ბიფორი - დგარით ორად გაყოფილი გოთიკური ფანჯარა (ნახ. 1). გავრცელებული იყო რომანულ არქიტექტურაში.

ბიქრომატი - ორქრომიანი მჟავას მარილი; თანამედროვე დასახელება - დიქრომატი.

ბიჭვინთის ტაძარი - X საუკუნის, ბიჭვინთის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი (ნახ. 1), მდებარეობს ბიჭვინთაში. ბიჭვინთის ტაძარი, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მისი გარეგნული სახე, საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტიურ შენობებთან. ბ.ტ. წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც დასავლეთით ნართექსი აქვს, ხოლო აღმოსავლეთით 3 შვერილი აფსიდი. ტაძრის დასავლეთი მკლავი სამმხრივი პატრონიკეთია აღჭურვილი. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კედლებსა და ორ ბოძს. ბ.ტ. ნაგებია მონაცვლეობით ნაწყობი ბრტყელი აგურისა და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. გუმბათის ყელი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ტაძრის ირგვლივ სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ნაგებობაა - პატარა ეკლესიები, სამლოცველოები, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები და სხვ.

ბიჯი - 1. სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში, შეადგენდა ორ ნაბიჯს (დაახლოებით 1,4 მეტრი); 2. რაიმეს განმეორებადი ან ცვლადი ზომა (მაგ., ხრახნის ბ. - ქანჩის გადაადგილების ზომა მისი ერთი სრული შემობრუნებისას; კოლონებს შორის ბ. - დაშორება კოლონებს შორის სამრეწველო საამქროს გრძივი მიმართულებით და სხვ.).

ბიჯსაზომი - 1. ცილინდრული სწორკბილიანი ან ირიბკბილიანი კბილანა, თვლების ძირითადი ბიჯის საზომი ხელსაწყო; 2. კუთხვილის ბიჯის საზომი ხელსაწყო; 3. ადამიანების ნაბიჯების ავტომატურად აღმრიცხველი ხელსაწყო (იყენებენ თვალზომითი აგეგმვისას).

ბლაგვი - ცუდად მჭრელი ცივი იარაღი.

ბლანკი (ფრანგ.) - 1. დაწესებულების ტიტულის მქონე თაბახის ფურცელი; 2. ნაბეჭდი ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც დატოვებულია თავისუფალი ადგილები შესავსებად

ბლანფიქსი (ფრანგ.) - თეთრი, მეტად გამძლე გოგირდმჟავა ბარიუმის საღებავი.

ბლენდი (გერმ.) - 1. მაღაროს გასანათებელი ფარანი; 2. ფოტო-კინო ობიექტივების დამცავი საშუალება.

ბლინდაჟი - რკ.ბ.- ით ან მიწაწაყრილი მორებით გადახურული სანგარი.

ბლიუმინგი (ბლუმინგი) - დიდმწარმოებლური საგლინავი დგანი, რომლის დანიშნულებაა დიდი განივკვეთის და მასის (1...12 ტ) ფოლადის ბ ლ უ მ ი ს გამოწნეხა მისი შემდგომი გლინვისათვის. გამოიყენება ფოლადის გაგლინული პროფილების დასამზადებლად, როგორიცაა ორტესებრი, შველერი და სხვ., ზოგჯერ - ს ლ ა ბ ი ს გასაგლინავად. თანამედროვე ბ. წარმადობაა 6 მლნ ტ-მდე ბლიუმი წელიწადში.

ბლობიტექტურა (ბლობ-არქიტექტურა, ბლობიზმი) - არქიტექტურული  მიმართულება, რომელსაც შენობა-ნაგებობების ორგანული, ამებასმაგვარი ფორმა ახასიათებს. განვითარდა 1990-იანი წლებიდან. ეფუძნება დაპროექტებაში კომპიუტერული დიზაინის პროგრამების გამოყენებას. ბ. შესანიშნავი მაგალითებია: გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში (ესპანეთი), "წყლის პავილიონი" ნიდერლანდებში, "კუნსტჰაუზი" გრაცში (ავსტრია), "ალიანც არენა" მიუნხენში და ბიბლიოთეკა  ბერლინში (გერმანია), სელფრიჯის უნივერსამის შენობა ბირმინგემში (ინგლისი)(ნახ. 1) და სხვ.

ბლოკ-კონტეინერი - ქარხნული დამზადების მოცულობითი ელემენტი. შეიძლება იყოს ჩაკეტილი, ღია ან ტრანსფორმირებადი. ის არის მობილური შენობებისა და ნაგებობების კონტეინერული ან ასაწყობ-დასაშლელი ტიპის სივრცითი კონსტრუქციული ელემენტები (მაგ., მოდულური შენობების). მზადდება მოცულობითი ფოლადის კონსტრუქციებისაგან პანელური ან კარკასული კედლებითა და გადახურვით (ნახ. 1). ხშირად აკეთებენ ასაწყობ-დასაშლელს ტრანსპორტირებისა და დასაწყობების გამარტივების მიზნით. სამსახურის ვადა შეადგენს 15...20 წელს.

ბლოკი - 1. ბორბალის ფორმის ტვირთამწე მანქანის მარტივი მექანიზმი ან დეტალი წრიული ღარით ბაგირის, გვარლის, ჯაჭვის ან ძაფის დასახვევად; 2. მექანიზმების, მანქანების, დანადგარების, ხელსაწყოების და ა.შ. ან მათი ნაწილების (დეტალების) ერთობლიობა, გაერთიანებული დანიშნულების, განლაგების და ა.შ. მიხედვით; 3. წ ი გ ნ ე ბ ი ს ბ. - თანმიმდევრობით დალაგებული წიგნის ფურცლები შეკრული ძაფით, მავთულით ან წებოთი და მომზადებული წიგნის ყდაში ჩასასმელად; 4. კონსტრუქციულად ასაწყობი ელემენტი ან ნაკეთობა, ძირითადად ქარხნული წესით დამზადებული, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ინდუსტრიულ მშენებლობაში; 5. ს ა მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ. - იხ. ბ. მოცულობითი, ბ. საკედლე; 6. შახტის ველის ნაწილი, რომელსაც დამოუკიდებელი განიავებისათვის აქვს სავენტილაციო გვირაბთა ქსელი და შემოსაზღვრულია შახტის ქვედა და ზედა საზღვრებით, ან მეზობელი ბლოკების საზღვრებით, ან მეზობელი ბლოკის და შახტის ველის საზღვრებით. ბლოკებს აერთიანებს მთელი ჰორიზონტისათვის საერთო მთავარი საზიდი შტრეკი.

ბლოკი გამანაწილებელი - ფუნქციური ბლოკი, რომელიც შეიცავს გამანაწილებელი და ჯგუფური მიზნებით დამცავ აპარატებს და აქვს პანელი გამტარების განთავსებისა და შეერთებისათვის.

ბლოკი გამთანაბრებელი - ბლოკი, რომელიც ათანაბრებს დატვირთვებს ბაგირის ორ ტოტს შორის.

ბლოკი კომუნიკაციების - ასაწყობი ერთეული, რომელშიც შედის მილსადენები, საყრდენები, გარე ზემოქმედებისაგან დაცვის საშუალებები და სხვა მოწყობილობები.

ბლოკი მოცულობითი - კონსტრუქციული სამონტაჟე ელემენტი, რომელიც წარმოადგენს შენობის მოცულობის ნაწილს. ასეთი ბლოკი ძირითადად გამოიყენება ასაწყობი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში (სანტექნიკური კაბინა, ოთახი, ბინა), იშვიათად - სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების ასაგებად (საავადმყოფო სათავსი, ტრანსფორმატორის ქვესადგური). ბ.მ. მასალად გამოიყენება რკინაბეტონი, ლითონი, ხე, პლასტმასა. ყველაზე დიდი გავრცელება პოვა რკინაბეტონის ბლოკებმა. დამზადების მიხედვით არსებობს მონოლითური და შედგენილი (ცალკეული პანელებისაგან). სახლების მშენებლობაში ბ.მ. გამოყენებისას მონტაჟს აწარმოებენ ისრიანი ან ჰიდროამწეთი, იშვიათად - შვეულმფრენით.

ბლოკი რადიატორის - რადიატორის ელემენტი, რომელსაც აქვს რამდენიმე სვეტი ერთ სხმულში.

ბლოკი საბაგირო - მბრუნავი ელემენტი ერთი ან რამდენიმე ღარით ბაგირისათვის მიმართულების მისაცემად (ნახ. 1).

ბლოკი საკედლე - კონსტრუქციული ასაწყობი ელემენტი კედლის ასაშენებლად. არსებობს მასიური (ნახ. 1) და სიღრუებიანი (ნახ. 2). დასამზადებლად გამოიყენება მსუბუქი, უჯრედოვანი ან მძიმე ბეტონი, აგური, ბუნებრივი ქვა, კერამიკა, სილიკატური ბეტონი. წვრილი ბლოკები მზადდება ზომით 19×19×38 სმ, რომელსაც ძირითადად იყენებენ 2-3 სართულიან ბინათმშენებლობაში, ხოლო მსხვილი - გამოიყენება ტიპიური მრავალსართულიანი შენობების ასაგებად.

ბლოკი საყალიბე - ჩაკეტილი ან ღია სივრცითი ყალიბი, აწყობილი პანელების ან ცალკეული ფარების მეშვეობით. განასხვავებენ ხის, ლითონის ან პლასტმასის საყალიბე ბლოკებს.

ბლოკი საცხოვრებელი - ბლოკური საცხოვრებელი სახლის ავტონომიური ნაწილი, რომელშიც შედის ერთი ბინა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე სათავსები.

ბლოკირება - მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის, მანქანის ან სქემის (ელექტრული) მუშა ელემენტების დამაგრებას განსაზღვრულ მდგომარეობაში, რაც შენარჩუნდება მაბლოკირებელი ზემოქმედების მოხსნის შემდეგაც. ბ. ზრდის მოწყობილობის მუშაობის მომსახურებასა და საიმედოობას ტრანსპორტზე, ენერგოსისტემაში, აგრეთვე საწარმოს სხვადასხვა ხელსაწყოებსა და აპარატებში, ელსადგურებში და ქვესადგურებში. ბ. განხორციელება ხდება მექანიკური, ოპტიკური, მაგნიტური ან ელექტრო (სქემა) კავშირების საშუალებით და წყდება ზემოქმედების მიწოდებით, რომელიც აპარატის ან მანქანის ნაწილს აბრუნებს საწყის მდგომარეობაში (ბლოკირებამდე), ან გადაყავს ახალ დასაშვებ მდგომარეობაში.

ბლოკირებული საცხოვრებელი სახლი - დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტიპი თითოეულ ბინაში იზოლირებული შესასვლელით და ბინის მიმდებარე ნაკვეთით. ბ.ს.ს. შეიძლება იყოს: ერთსართულიანი; ორსართულიანი ბინებით ორ დონეზე (კოტეჯის ტიპის); ორსართულიანი ბინების განლაგებით სართულებზე; სამსართულიანი. ბინების მოხერხებული კავშირი მიმდებარე ნაკვეთებთან, ეკონომიურობა და კონსტრუქციული უპირატესობა ბ.ს.ს. ხდის პერსპექტიულს დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში.

ბლოკჰაუზი (გერმ.) - თავდაცვითი ნაგებობა, საიდანაც სროლა შეიძლება ერთ ან რამდენიმე მხარეს.

ბლუმი - კვადრატულგანივჭრილიანი ნამზადი, რომელსაც იღებენ ბლუმინგში ფოლადის ზოდების გაგლინვით.

ბმა - სხეულის ან მექანიკური სისტემის თავისუფალი გადაადგილების შემზღუდავი პირობა. ჩვეულებრივ ეს შეზღუდვები დაკავშირებულია სხეულებს შორის შეხების პირობებით, რაც იმაში გამოისახება, რომ სხეულის ან სისტემის წერტილების კოორდინატები, ამ კოორდინატების წარმოებულები დროით და დრო მოძრაობის განმავლობაში უნდა აკმაყოფილებდნენ რაიმე დამატებით პირობებს, გამოსახულს ტოლობით ან უტოლობით. ბმის ცნება შემოიღო ფრანგმა მათემატიკოსმა ჟან ფურიემ (1798 წ.).

ბმა არასტაციონარული (რეონომური ბმა) - ბმა, რომელიც ცხადად არის დამოკიდებული დროზე. მაგ., იგი გამოისახება ტოლობით: f(x,y,z,t) = 0.

ბმა არაჰოლონომური - იხ. ბმა კინემატიკური.

ბმა გეომეტრიული (ჰოლონომური ბმა) - ბმა, რომელიც ცხადად არ არის დამოკიდებული მექანიკური სისტემის წერტილების სიჩქარეზე, ე.ი. არ ზღუდავს სიჩქარეს. გამოისახება ტოლობით: f(x,y,z) = 0

ბმა დამჭერი (ორმხრივი ბმა) - ბმა, გამოსახული განტოლებით, რომელიც აკავშირებს მექანიკური სისტემის წერტილების კოორდინატებს (შეიძლება მათ წარმოებულებსაც დროით) და დროს.

ბმა იდეალური - ბმა, რომლისთვისაც სისტემის წერტილებზე მოქმედი რეაქციის ძალების მიერ შესრულებული შესაძლო მუშაობათა ჯამი ნებისმიერ შესაძლო გადაადგილებაზე ნულის ტოლია.

ბმა კინემატიკური (არაჰოლონომური ბმა) - ბმა, რომელიც დამოკიდებულია მექანიკური სისტემის წერტილების სიჩქარეზე, ე.ი. ზღუდავს მათ სიჩქარეს

ბმა ორმხრივი - იხ. ბმა დამჭერი.

ბმა რეონომური - იხ. ბმა არასტაციონარული.

ბმა სკლერონომური - იხ. ბმა სტაციონარული.

ბმა სტაციონარული (სკლერონომური ბმა) - ბმა, რომელიც ცხადად არ არის დამოკიდებული დროზე

ბმა ჰოლონომური - იხ. ბმა გეომეტრიული.

ბმის რეაქცია - ბმების მოქმედება არათავისუფალ სხეულზე გამოისახება ძალებით (ქმედებისა და უკუქმედების პრინციპის თანახმად), რომლებსაც ბმის რეაქციები ეწოდება. ბმის რეაქცია მიმართულია მოცემული სხეულის იმ მოძრაობის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ეს ბმა ეწინააღმდეგება.

ბოგა (ბოგირი) - ძვ. მცირე ხიდი

ბოდბის მონასტერი - წმინდა ნინოს სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, სიღნაღში (ნახ. 1). ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, წმ. ნინოს საპატივსაცემოდ, რომელიც აქვეა დაკრძალული. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. მონასტერის გამშვენიერებაში დიდი წვლილი მიუძღვის მეფე დემეტრე I-საც. სამეფო კარი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ბოდბის მონასტერს. აქ ხდებოდა კახთა მეფეების კურთხევა.

ბოვი - შახტური ტიპის (ვერტიკალური) საწვავი ღუმელი თუჯის გამოსადნობად და ფერადი მადნეულის გამოსაწვავად. საწვავად ძირითადად გამოიყენება კოქსი ან ანტრაციტი, რომელთა წვისას მაღალი ტემპერატურა მიიღება ჰაერის ბერვის მეშვეობით (ჰაერსაბერი მანქანებით). ბ. განსხვავდება ბრძმედისაგან იმით, რომ მასში არ ხდება თუჯის შედგენილობის შეცვლის ქიმიური რეაქცია. საჭიროების შემთხვევაში მისი გაჩერება ადვილია, ვიდრე ბრძმედის, შედარებით მცირე გაბარიტების გამო. ბ. წარმადობა დაახლოებით 1...3,5 ტონაა სთ-ში. ბ. წარმოებული თუჯი დაბალი ხარისხისაა, ამიტომ მას გამოიყენებენ მეორეხარისხოვანი ელემენტების დასამზადებლად (საპირწონეები, ბალასტის ბლოკები, ვიწრო ლიანდაგიანი ვაგონეტების ბორბლები და სხვ.).

ბოიენტი - ბაზრის მდგომარეობა, რომელიც არახელსაყრელი ეკონომიკური პირობების გამო ფასების სწრაფი ზრდით ხასიათდება.

ბოილ-მარიოტის კანონი - იდეალური გაზების ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომლის თანახმად მუდმივი ტემპერატურის პირობებში მოცემული იდეალური გაზის ხვედრითი მოცულობა v უკუპროპორციულია წნევის p, ანუ მუდმივი ტემპერატურის პირობებში მოცემული გაზის წნევის ნამრავლი ხვედრით მოცულობაზე - მუდმივი სიდიდეა pv=const.

ბოილერი - 1. მილოვანი თბოგადამცემი, რომელიც გამოიყენება წყლის გასაცხელებლად ორთქლით ან ცხელი წყლით. ორთქლით გაცხელებისას ბ. მილებში გაედირება გასაცხელებელი წყალი, ხოლო მილებს შორის სივრცე ივსება ცხელი ორთქლით. ცხელი წყლით გაცხელებისას კი - მილებს შორის სივრცე ივსება ცხელი წყლით; 2. საოჯახო ბ. - ცხელი წყლის მისაღები დანადგარი ელექტროენერგიის (ნახ.1, საოჯახო ელექტრობოილერი), გაზის, თხევადი ან მყარი საწვავის გამოყენებით; 3. ქსელის წყლის შემთბობი, ორთქლის ან წყლის თბომცვლელი, რომელიც ქვაბის ორთქლის ან ქვაბის წყლის სითბოს იყენებს სხვა პარამეტრების მქონე ცხელი წყლის მისაღებად. ბ. შეიძლება იყოს, ქვაბში ჩაშენებული ან ცალკე მდგარი.

ბოკონი - 1. მორის ბოძები, რომლებზედაც დაყრდნობილია ფიცრული სახლის საძირკვლის დირეები; 2. იგივე ძელსაჯდომი

ბოლი - წვის შედეგად გამოყოფილი აირადი ნივთიერება

ბომონი - იხ. საკერპე.

ბონა - ტივტივა მორი, მცურავი ზღუდე მდინარეებზე და ზღვის უბეებში.

ბონდი - 1. საცალფეხო კიდული ხიდი, რომლის მზიდ ნაწილს წარმოადგენს ფოლადის ბაგირები გაჭიმული ერთი ნაპირიდან მეორემდე, ხოლო სავალ ნაწილად გამოყენებულია ფიცრული ფენილი; 2, ძვ. გაბმული ხიდი

ბონდირებული ტვირთი - იმპორტული საქონლის ტვირთი საბაჟოს საწყობში, რომლისთვისაც ჯერ არც ბაჟია გადახდილი და არც საბაჟო ფორმალობებია დაცული.

ბონდჰოლდერი - აქციების, ფასიანი ქაღალდების მფლობელი.

ბონიტეტი (ლათ.) - მოსაჭრელად განკუთვნილი ტყის ხარისხიანობის მაჩვენებელი ბ. კლასი სპეციალური სატაქსაციო ცხრილის მეშვეობით დგინდება ხეების რაოდენობის, სიმაღლის და დიამეტრის მიხედვით. იგი დამოკიდებულია აგრეთვე ჰავაზე, ნიადაგზე, მოვლაზე.

ბონიფიკაცია - დანამატი საქონლის ფასზე, თუ საქონლის ხარისხი ხელშეკრულებით დადგენილზე მაღალი აღმოჩნდება.

ბონსაი - ჯუჯა მცენარეების ხელოვნური გამოყვანა, რომლებისაგან იაპონელებმა შექმნეს მინიატურული ბაღები.

ბონუსი - 1. დამატებითი გასამრჯელო, პრემია; 2. თანხა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით გადაეცემა სახელმწიფოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ან სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობის და გაზის მარაგების აღმოჩენისას, ანდა ნავთობისა და გაზის მოპოვების გარკვეული დონის მიღწევისას ან სხვა შემთხვევებში.

ბორანი - 1. ერთმანეთთან შეერთებული ორი ბრტყელძირა ნავი; 2. სრუტეებზე, ზღვებზე რკინიგზის ვაგონების, ავტომობილების, საქონლის, ხალხის გადასაყვანი სპეციალური გემი

ბორატები - ბორმჟავას მარილები, იყენებენ წყლის დასარბილებლად, სარეცხი ფხვნილების დასამზადებლად.

ბორბალი - 1. ამა თუ იმ მასალისაგან დამზადებული წრიული რგოლი (წრე). რომელიც ბრუნავს ღერძის გარშემო და ამოძრავებს ავტომობილს, ვაგონს, ეტლს და სხვა მოძრავ საშუალებებს; 2. ღვედური ან ბაგირული გადაცემის დეტალი (ნაწილი). თვალი, რომლის ფერსოს აქვს ცილინდრული ან დაპროფილებული (სოლური ღვედებისთვის) ფორმა. ბ. შეიძლება იყოს ერთი მთლიანი სხმული ან შედგენილი კონსტრუქციის.

ბორდიური (არშია) - გზის, ტროტუარის, მოედნის, ბილიკის გამომყოფი თვალსაჩინო ზოლი (ნახ. 1), რომელიც მეტწილად თლილი, ბუნებრივი, ხელოვნური ქვის ან ბეტონის სხმულებისგანაა შესრულებული (ნახ. 2).

ბორეა (ბორეასი) - ცივი, სუსხიანი ქარი

ბორიო - ძლიერი და მძაფრი ქარი, წარმოიქმნება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში და მკვეთრ აცივებას იწვევს.

ბორობუდური (ბარაბუდური) - მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს (ნახ. 1). მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება. მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია.  ბ. მდებარეობს ქალაქ ჯოკიაკარტიდან 40 კმ-ით ჩრდილოეთით, ორ ტყუპ ვულკანსა (სუნდორო-სუმბინგი და მერბაბუ-მერაპი) და ორ მდინარეს (პროგო და ელო) შორის, შემაღლებულ ადგილას. ბ. ნაგებია როგორც ერთი, ცალკეული დიდი სტუპა. მისი ხედი სიმაღლიდან ვაჯრაიანა ბუდიზმის გიგანტური მანდალის ფორმას იღებს, რაც ერთდროულად განასახიერებს ბუდისტურ კოსმოლიგიასა და აზროვნების ბუნებას. საძირკველი კვადრატულია, დაახლოებით 118 მეტრი ყოველ მხარეს. გააჩნია ცხრა პლატფორმა, რომელთაგან ქვედა ექვსი მართკუთხაა, ზედა სამი კი წრიული (ნახ. 2). ზედა პლატფორმებზე განლაგებულია ოცდაორი პატარა სტუპა, რომლებიც გარს ერტყმიან ერთ დიდ ცენტრალურ სტუპას. თითოეული სტუპა სათუთად ნაკვეთია და გამოირჩევა მრავალი დეკორატიული ნახვრეტით. ბუდას სტატუეტები ჩამწკრივებულია გამოკვეთილი შესასვლელების მიღმა. მონუმენტის სამი დანაყოფი განასახიერებს ბუდისტური კოსმოლოგიის სამ „სამეფოს“, რომელთაც ეწოდებათ კამადჰატუ (სურვილების სამყარო), რუპადჰატუ (ფორმების სამყარო) და ბოლოს არუპადჰატუ (უფორმო სამყარო). ბ. პოლიგრიმობის ერთ-ერთი ფორმაა ჯგუფური ღვთისმსახურება. პოლიგრიმები მიუყვებიან კიბეებისა და კორიდორების სისტემას და მიიწევენ პლატფორმის მწვერვალისკენ. თითოეული პლატფორმა გასხივოსნების ერთ საფეხურს განასახიერებს. ბილიკი, რომელსაც პილიგრიმები მიუყვებიან, ისეა დაპროექტებული, რომ განასახიერებს ბუდისტურ კოსმოლოგიას. საძირკვლის, მთავარი და ზედა ნაწილების 4:6:9 სიმაღლის პროპორციის შესაბამისად ბ. მშენებლობისათვის ახლომდებარე ქვის კარიერიდან 55 000 კუბური მეტრი ანდეზიტის ქვა იქნა მიზიდული. ქვები ზომებად დაიჭრა, შემდეგ გადაიტანეს მშენებლობის ადგილზე და ერთმანეთზე დააწყვეს კირხსნარის გარეშე. ქვების შესაერთებლად გამოყენებულია კოპები, კბილანები და მაკრატლები. ბარელიეფები შეიქმნა მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილზე. მონუმენტი აღჭურვილია კარგი სადრენაჟო სისტემით, რაც აუცილებელი იყო არეალის ატმოსფერული ნალექების მაღალი მაჩვენებლის გამო. დატბორვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კუთხესთან დაყენებულია 100 საწვეთური და თითოეული მათგანისთვის მიცემულია უნიკალური, გიგანტის ფორმის გორგულია. ბ. თავის გენერალური გეგმით შესამჩნევად განსხვავდება ამავე დანიშნულების სხვა მონუმენტებისგან. ნაცვლად ბრტყელი ზედაპირისა, ბ. აღმართულია ბუნებრივ ბორცვზე. მიუხედავად ამისა, მშენებლობის ტექნიკა იავის სხვა ტაძრების მსგავსია. სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, ბ. არ გააჩნია შიდა სივრცე და მისი გენერალური გეგმა პირამიდის ფორმისაა, რის გამოც, უფრო სავარაუდოა, რომ მონუმენტის პირველადი ჩანაფიქრი იყო მისი გამოყენება სტუპად და არა ტაძრად. ზოგჯერ, სტუპები შენდებოდა როგორც მხოლოდ ბუდიზმის განდიდების სიმბოლოები. მეორე მხრივ, ტაძარი გამოიყენება ღვთისმსახურებისათვის. ტაძრის გეგმის ზედმიწევნითი კომპლექსურობა კი უფრო სავარაუდოს ხდის, რომ ბ. სწორედ ტაძარია. მთავარი სტრუქტურა შეიძლება დაიყოს სამ კომპონენტად: საძირკვლად, მთავარ ნაწილად და ზედა ნაწილად. საძირკვლის ზომებია 123×123 მ და 4 მეტრიანი კედლები. მთავარი ნაწილი შედგება ხუთი მართკუთხა პლატფორმისგან, რომელთაგან თითოეულის სიმაღლე თანდათან მცირდება. პირველი ტერასა საძირკვლის კიდეს 7 მეტრითაა დაცილებული. ყოველი მომდევნო ტერასა წინას კიდეს 2 მეტრით შორდება, რაც თითოეულ სართულზე ვიწრო კორიდორს ტოვებს (ნახ. 3). ზედა ნაწილი შედგება სამი წრიული პლატფორმისაგან, რომელთაგან თითოეულ ეტაპზე კონცენტრულ წრეებად ჩამწკრივებულია სტუპები. ცენტრში აღმართულია მთავარი გუმბათი, რომელიც მონუმენტის უმაღლესი მწვერვალია და მიწის ზედაპირიდან 35 მეტრ სიმაღლეზეა. ოთხივე მხრიდან, მწვერვალისკენ მიემართება კიბეები (ნახ. 4), რამდენიმე თაღოვანი შესასვლელითა და აღმართული ლომის 32 ქანდაკებით.  ბორცვის ფერდობებზე არსებული კიბეები მონუმენტს ასევე აკავშირებს შედარებით დაბლა არსებულ ვაკესთან. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

ბორტი - 1. ხელოვნური ქვების (ბლოკების) ჩამოსასხმელი ფორმის ელემენტი, რომლის დანიშნულებაა შექმნას ნაკეთობის გარე პერიმეტრის ნაწილი ქვეშის სიბრტყის მიღმა; 2. ხომალდის კორპუსის გვერდითი ზედაპირი; 3. სატვირთო ავტომობილის ძარის გვერდითი ვერტიკალური ნაწილი; 4. ალმასის ფხვნილი ან სამრეწველო (ტექნიკური) ალმასი, რომელიც გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალების საჭრელად; 5. ნებისმიერი კონკრეტული საჰაერო ხომალდი, როგორც აღრიცხული ერთეული და მართვის ობიექტი (მაგ., „ბორტი 1437 ითხოვს დაჯდომას“); 6. ფიცარზე დაწერილი ხატის გვერდითი ნაწილი; 7. ტანსაცმლის (პალტო, პიჯაკი, ფრაკი და სხვ.) დეტალი; 8. საბილიარდე მაგიდის კიდე.

ბორჯღალი - ქართული წარმართული სიმბოლო, გამოყენებული ქართული ფულის, ლარის სიმბოლიკაში (ნახ. 1). ბ. მზის სიმბოლოა. ის განსხვავდება ქიმთა (სხივთა) რაოდენობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული 7 ქიმიანი ბ. იყო, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართულ ქართულ პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. ბ. ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად ითვლებოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. მას აქტიურად იყენებდნენ ძველი სახლების, კერების და დარბაზების მოჩუქურთმების დროს. ბ. ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე. ბ. უკავშირებდნენ მზეს, ბორბალს.

ბოსელი - მსხვილფეხა საქონლის სადგომი.

ბოსკეტი (ფრანგ.) - დეკორატიული მიზნებით გაშენებული ხშირი ხეების ჯგუფი ბაღში.

ბოტანიკური ბაღი - 1. მწვანე მასივი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარებისათვის ბოტანიკის, მემცენარეობისა და დასახლებული ადგილების გამწვანების მიზნით; 2. ფართობი, რომელიც წარმოადგენს კარგად მოვლილ მცენარეთა ფართო სპექტრს, სადაც თითოეულ მცენარეს მინიჭებული აქვს ბოტანიკური სახელი. აქ შეიძლება შევხვდეთ ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებს, როგორიცაა: კაქტუსები და სუკულენტები, ბაღჩები, სპეციალური მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ა.შ. ბოტანიკურ ბაღში, ასევე შეიძლება განთავსებული იყოს სათბურები, ისეთ სპეციალურ მცენარეთა კოლექციებით გაშენებული, როგორიცაა: ტროპიკული, ალპური ან სხვა ეგზოტიკური მცენარეები. თანამედროვე ბოტანიკური ბაღების წარმოშობა შეიძლება დავუკავშიროთ ევროპულ შუა საუკუნეების სამკურნალო ბაღებს, ცნობილი სამკურნალო ბაღების სახელწოდებით. პირველი ასეთი ბაღი დაარსდა იტალიური რენესანსის პერიოდში, მე -16 საუკუნეში. ამდაგვარი ადრეული დაინტერესება სამკურნალო მცენარეების მიმართ მე -17 საუკუნეში, ევროპის გარედან ახალი მცენარეების შემოტანის და მათი კვლევის ინტერესით შეიცვალა, როგორც კი ბოტანიკის მიმართულება, თანდათანობით, მედიცინისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა. მე -18 საუკუნეში ბოტანიკური ბაღები დაარსებულ იქნა ტროპიკებში, სადაც ბოტანიკური ეკონომიკის მიმართულება გახდა მთავარი აქცენტი, რომლის ცენტრიც იყო კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები, ლონდონის მახლობლად. წლების მანძილზე ბოტანიკური ბაღები, როგორც კულტურული და სამეცნიერო ორგანიზაციები, პასუხობდნენ ბოტანიკისა და მებაღეობის ყველა ინტერესებს. ბოტანიკური ბაღი, სადაც არ უნდა იყოს გაშენებული, ამ ადგილის (ქალაქის) გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა და ადამიანის დასვენებისა და გართობის უმნიშვნელოვანესი გარემოა. საქართველოში ბოტანიკური ბაღები ფუნქციონირებს თბილისში (ნახ. 1), ბათუმში, სოხუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბაკურიანში.

ბოტი - დიდი ნავი, ნიჩბიანი, იალქნიანი თუ მოტორიანი.

ბოფორტის სკალა - ქარის ძალის გასაზომი სკალა მიწისზედა საგნებზე ქარის მოქმედებისა და ზღვის ღელვის მიხედვით (ამჟამად მიღებულია 17-ბალიანი სკალა).

ბოქლომი - ჩამოსაკიდი საკეტი.

ბოქსი - 1. იზოლირებული პალატა, ჰერმეტული კამერა, ავტომობილის ცალკე სადგომი; 2. ერთგვარი ტყავი, ქრომისებურად გამოყვანილი.

ბოქსიტი - ალუმინის ჰიდროჟანგებით მდიდარი დანალექი ან ელუვიური ქანი, რომელიც შემადგენლობითა და თვისებებით ალუმინის მადნების კონდიციებს შეესაბამება. ბ. გადამუშავებით ალუმინის გარდა მიიღება ცეცხლგამძლე მასალები.

ბოყვი - 1. ლითონის ფორმა შევსებული გამდნარი ლითონით, რომელშიც იგი იქცევა ზოდად; 2. ხე ნეკერჩხლის გვარისა; 3. ხის ქერქის ჭურჭელი.

ბოძი - 1. რისამე ქვეშ შედგმული საყრდენი ძელი, ბოსკინტი, დგარი, სადგარი, საკავი, ბიგა; 2. ძვ. მცირე სვეტი.

ბოძკინტი - ამა თუ იმ დანიშნულების პატარა ზომის ბოძი.

ბოჭკო - მოქნილი, მტკიცე, გრძელი, ძაფისმაგვარი ტანი, რომლის სიგრძე მნიშვნელოვნად აღემატება განივკვეთის ზომებს. არსებობს ნ ა ტ უ რ ა ლ უ რ ი (ბუნებრივი) მცენარეული (ბამბა, სელი, ჯუთი), ცხოველური (მატყლი, აბრეშუმი), მინერალური (აზბესტი) წარმოშობის და ქ ი მ ი უ რ ი, რომელიც თავის მხრივ იყოფა ხელოვნურ და სინთეზურ ბოჭკოებად. ხ ე ლ ო ვ ნ უ რ ი მიიღება მაღალმოლეკულური ბუნებრივი ნაერთის - ც ე ლ უ ლ ო ზ ა ს ა გ ა ნ. ცელულოზა იწარმოება მერქნისაგან ან ბამბეულის მრეწველობის ნარჩენებისაგან, ცხოველური და მცენარეული ცილებისაგან (ზეინი, კაზეინი). ს ი ნ თ ე ზ უ რ ი ბ. მზადდება სინთეზური პოლიმერებისაგან: პოლიამიდი, პოლიეთილენტერეფთალატი, პოლიაკრირნიტრილი, პოლიურეტანი, პოლივინილის სპირტი, პოლივინილქლორიდი, პოლიონეფილები და სხვ. ბ. შეიძლება დამზადდეს, როგორც გრძელი უწყვეტი ძაფის სახით, ისე მოკლე ბოჭკოების სახით (შტაპელური). კონსტრუქციული პლასტმასების წარმოებაში (მინაპლასტიკი, მინატექსტოლიტი) მაარმირებლად ფართოდ გამოიყენება მინის ბოჭკო.

ბოჭკო ქიმიური - საფეიქრო ბოჭკო, რომელიც მიიღება ბუნებრივი ან ორგანული პოლიმერების. საწყისი ნედლეულის მიხედვით ბ.ქ. იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ხელოვნური ბოჭკოები (ჰიდრატცელულოზა, აცეტილცელულოზა, ცილა) და სინთეზური ბოჭკოები (კარბოჯაჭვური, ჰეტეროჯაჭვური). ზოგჯერ, ქიმიურ ბოჭკოებს მიაკუთვნებენ აგრეთვე, მინერალურ ბოჭკოებს, რომელიც მიიღება არაორგანული შენაერთებისაგან (მინის, ლითონის, ბაზალტისა და კვარცისაგან). კარბოჯაჭვურ ბოჭკოებს მიეკუთვნება: პოლიაკრილნიტრილური (ნიტრონი, ორლონი, აკრილანი, კაშმილონი, კურტელი, დრალონი, ვოლპრიულა), პოლივინილქლორიდული (ქლორინი, სარანი, ვინონი, რივილი, თევირონი), პოლიეთილენური (სპქტრა, დაინემა, თექმილონი), პოლივინილსპირტული (ვინოლი, მთილანი, ვინილონი, კურალონი, ვინალონი) და პოლიპროპილენური (ჰერკულონი, ულსტრენი, ნაიდენი, მერაკლონი); ჰეტეროჯაჭვურ ბოჭკოებს მიეკუთვნება: პოლიეთერული (ლავსანი, ტერილენი, დაკრონი, ტეტერონი, ელანა, ტერგალი, ტესილი), პოლიამიდური (კაპრონი, ნაილონ-6, პერლონი, დედერონი, ამილანი, ანიდი, როდია-ნაილონი, ნიპლონი, ნომექსი, კერმელი) და პოლიურეთანური (სპანდექსი, ლაიკრა, ვაირინი, ესპა, ნეოლანი, სპანცელი, ვორინი). მრეწველობაში ბ.ქ. გამოდის შტაპელის, ჩალიჩის, კომპლექსური ძაფის და მონოძაფის სახით.

ბოჭკოვანი ცემენტის სამოსი - ხელოვნური ბოჭკოებით არმირებული პროდუქტი, დამზადებული არაორგანული ჰიდრავლიკური ან სილიკატ-კალციუმის შემკვრელისაგან, რომლის ფორმირებაც ხდება ქიმიური რეაქციით და არმირებულია ორგანული ან არაორგანული, ან ორივე, არააზბესტური ბოჭკოებით. დასაშვებია დანამატების გამოყენება, რომლებიც ზრდის წარმოებული პროდუქციის მოცულობას და აუმჯობესებს მის თვისებებს. ბ.ც.ს. აქვს გლუვი ან ტექსტურირებული ზედაპირი და განკუთვნილია ექსტერიერის კედლისათვის.

ბოჯგი (რუს. Кнехт) - 1. რაიმე ნაგებობის, შენობის საყრდენი ბოძი (ხმარობენ იმერეთში); 2. ბაგირის მისამაგრებელი რკინის პალო (ნახ. 1).

ბრა - კედელზე მისამაგრებელი ერთ ან რამდენიმე ელექტრონათურიანი არმატურა; ინტერიერის დეკორატიული უბრანსტვის ელემენტი (ნახ. 1).

ბრაკერაჟი (გერმ.) - მზა საქონლის ხარისხის შემოწმება ოფიციალური საქონელმცოდნეების მიერ; ცუდი ხარისხის ნაწარმის გადარჩევა; წუნდება

ბრანდმაუერი (გერმ.) - კაპიტალური ხანძარსაწინაღო (ცეცხლგამძლე) კედელი, რომელსაც აგებენ შენობებს (სათავსებს) შორის.

ბრანდსპოიტი - 1. მოწყობილობა (ლითონის კონუსური მილი) დაყენებული სახანძრო შლანგის ბოლოზე წყლის ჭავლის ფორმირებისა და მიმართულების მისაცემად (ნახ. 1); 2. გადასატანი ტუმბო, რომელსაც იყენებენ გემზე ცეცხლის ჩასაქრობად, აგრეთვე გემბანის გასარეცხად, სასმელი წყლის ჩასასხმელად და სხვ.

ბრაქისტოქრონი (ბერძ.) - უსწრაფესი დაშვების მრუდი. მისი მოძებნის ამოცანა დასვა გ. გალილეიმ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ვერტიკალურ სიბრტყეში მდებარე A და B წერტილების შემაერთებელ ბრტყელ წირებს შორის ვიპოვოთ ის მოხაზულობა (ნახ. 1), რომლის გასწვრივაც მხოლოდ სიმძიმის ძალის მოქმედებით ზედა A წერტილიდან უსაწყისო სიჩქარით მოძრავი ნივთიერი წერტილი უმოკლეს დროში მიაღწევს ქვედა B წერტილს (A და B წერტილები არ მდებარეობენ ერთ ვერტიკალზე). ამ წირის აღმოჩენა საფუძვლად დაედო ვარიაციათა აღრიცხვის შექმნას და განვითარებას.

ბრაშპილი - გემზე ღუზის ამოსაზიდი ჯალამბარი მომარჯვებული ჰორიზონტალური ლილვითა და ორი მბრუნავი დოლით. ბ. არსებობს ხელის, ორთქლის, ელექტროდენის და ჰიდრავლიკური ამძრავით.

ბრეზენტი (ჰოლანდ.) - მტკიცე აფრისი, გაჟღენთილი ცეცხლგამძლე, წყალსაწინაღო და ლპობასაწინაღო ნივთიერებებით. ფერი ღია-ყვითელიდან ყავისფერამდე (ცეცხლგამძლე გაჟღენთვით) ან ღია-მწვანედან გაჯერებულ მწვანემდე (წყალსაწინაღო გაჟღენთვით). აფრისს ამზადებენ ბუნებრივი მცენარეული ან სინთეზური ბოჭკოსაგან. ბ. სიმკვრივეა 300...900 გ/მ2. გამოიყენება გადასაფარებელი მასალების, კარვების, ტენტების, ზურგჩანთების, სპეციალური ტანსაცმლის, ფეხსაცმელების და ა.შ. დასამზადებლად.

ბრეკვატერი - ქვის ზღუდე ნავსადგურის დასაცავად ტალღებისაგან.

ბრემსბერგი - 1. მოწყობილობა ტვირთის დასაშვებად დახრილ სიბრტყეზე (ნახ. 1). იყენებენ  ხე-ტყის დამზადებისას, სამთო, სამშენებლო და სხვ. სახის სამუშაოების შესასრულებლად; 2. მიწისქვეშა დახრილი გვირაბი, რომელიც არ გამოდის მიწის ზედაპირზე და რომელიც მექანიკური მოწყობილობების საშუალებით ემსახურება ტვირთის ჩაშვებას ჰორიზონტის ზედა დონიდან ქვედამდე.

ბრენდ-მენეჯერი - პასუხისმგებელი მენეჯერი, ფირმის მარკეტინგული გეგმის და სტრატეგიული ნიშნის შემუშავებაში.

ბრენდის მართვა - ეს არის ბრენდის ინდივიდუალური ნიშნების შექმნა, მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ამ ნიშნების ცვლილება და საჭიროების შემთხვევაში ანტიკრიზისული გეგმის შედგენა. ბრენდის ფორმირებისას კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს - უნდა თუ არა მას ბაზარზე ლიდერობა. ბრენდინგში არსებობს ე.წ. „პოზიციურობის პრინციპი“, რომლის თანახმადაც პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებლის ცნობიერებაში თავის პოზიციას დაიკავებს, მას ვეღარასოდეს დაკარგავს.

ბრექჩია (იტალ.) - დაკუთხული ნატეხებით აგებული შეცემენტებული ქანი (ნახ. 1). ნატეხების სისხოა - 2 მმ და მეტი. შედგენილობის მიხედვით შეიძლება იყოს ერთგვაროვანი (მონომიქტური) და არაერთგვაროვანი (პოლიმიქტური). განარჩევენ ვულკანურ, დანალექ და ტექტონიკურ ბრექჩიებს. ვულკანური ბ. წარმოიქმნება ლავის ნაკადის დინების პროცესში თხევადი ლავის მიერ მისივე უკვე გამყარებული ქერქის მსხვრევისა და შეცემენტების შედეგად (ლავური ბრექჩია), ვულკანურ-ნამსხვრევი მასალის დაგროვების გზით (ტუფური ბრექჩია) და ვულკანურ მხარეებში ტალახის ნაკადების ნალექების (ლახარების) დიაგენეზისით. დანალექი ბ. წარმოიქმნება კონტინენტურ პირობებში დელუვიონის, ქვატალახიანი ღვარების ნატანისა და ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი მასალის შეცემენტებით. კარსტული მღვიმეების ჩაქცევისას ჩნდება კარსტული ბრექჩია.

ბრიგადა - მუშათა კოლექტივი 2 და მეტი ადამიანისაგან ბრიგადირის ჩათვლით

ბრიგანტინა - 1. ორანძიანი ზღვის იალქნიანი გემი (ნახ. 1) პირდაპირი იალქნებით ცხვირის ანძაზე (ფოკ-ანძა) და ირიბით - მეორე ანძაზე (გროტ-ანძა); 2. იალქნიანი ფლოტის ადრეულ ეპოქაში მსუბუქი სწრაფმავალი ორანძიანი გემი სამკუთხა იალქნებით. მოგვიანებით ეს გემები შეყვანილი იქნა სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში, როგორც მზვერავი და გასაგზავნ-გამოსაგზავნი.

ბრიგი - 1. ორანძიანი ზღვის იალქნიანი გემი ორივე ანძაზე პირდაპირი იალქნებით; 2. იალქნიანი ფლოტის საბრძოლო ხომალდების კლასი (XVIII – XIX საუკუნე) წყალწყვით 200...400 ტ, შეიარაღებული 24-მდე ქვემეხით და ეკიპაჟის წევრებით 120 კაცამდე. დანიშნულება: დაზვერვა, გაგზავნა-გამოგზავნა, შემოვლა (დათვალიერება), სამხედრო გემების ბადრაგი.

ბრიზანტულობა - ფეთქებადი ნივთიერების უნარი აფეთქებისას გამოიწვიოს გარემოს ადგილობრივი ნგრევა არა უმეტეს მისი 2,5 რადიუსის მანძილზე.

ბრიზი (ფრანგ.) - ადგილობრივი სუსტი ქარი, რომელიც ქრის დღისით ზღვიდან ხმელეთისკენ, ღამით - პირიქით.

ბრიზოლი - ბიტუმ-რეზინოვანი საიზოლაციო მასალა. მიიღება ნავთობის ბიტუმის და რეზინის მარცვლების შერევით. სისქეა - 2 მმ, რულონის ფართობი 25 მ2-მდე. გამოიყენება მიწაში მილების კოროზიისაგან დასაცავად.

ბრიკეტი (ფრანგ.) - აგურის ან ფილების სახით დაწნეხილი მასალა.

ბრიკეტირება - რაიმე მასალისაგან ბრიკეტების დამზადება დაწნეხვის მეშვეობით შემკვრელების დამატებით ან დანამატების გარეშე.

ბრილიანტი (ფრანგ.) - ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდის ფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება, ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს. ბრილიანტის მასას ზომავენ კარატებით. დამუშავებულ ქვებს იყენებენ სამკაულად.

ბრინელის მეთოდი - მასალების სიმაგრის განსაზღვრის მეთოდი გამოსაცდელ ზედაპირზე ნაწრთობი ფოლადის ბურთულას (დიამეტრით 2,5; 5 და 10 მმ) ჩაწნევით, განსაზღვრული დატვირთვისას 625 ნ-დან 30 კნ-მდე. სიმაგრის რიცხვი ბრინელის მიხედვით (HB), არის დატვირთვის (კგძ) ფარდობა ანაბეჭდის (მმ2) ფართობთან. ბრინელის რიცხვი მაგარი მასალებისათვის შეადგენს 130HB-ზე მეტს, საშუალო სიმაგრის - 30...130HB, რბილის - 30HB-ზე ნაკლებს.

ბრინჯაო - შენადნობი სპილენძის საფუძველზე, რომელსაც უმთავრესად დამატებული აქვს კალა, ალუმინი, ბერილიუმი, სილიციუმი, ტყვია, ქრომი და სხვა ლითონური დანამატები თუთიასა და ნიკელის გარდა. უძველესია კალიანი ბრინჯაო. მისი დამზადება და გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ახ. წ.-მდე 3000 წლის წინ იცოდა (ბრინჯაოს ხანა). შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძს სხვადასხვა რაოდენობით უმატებდნენ დარიშხანს, სტიბიუმს, ტყვიას, თუთიას, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც კალიანი ბრინჯაო იყო. საქართველოში ბრინჯაოს დამზადება და გამოყენება ახ. წ.-მდე დაახლოებით 2000 წლის წინ დაიწყეს. კალიანი ბ. კალას 14-18%-ს (ზოგჯერ მეტსაც) შეიცავდა. ასეთი რთული შედგენილობის შენადნობიდან ნივთებს ჭედვით და ჩამოსხმით ამზადებდნენ. კალიან ბ. საუკეთესო სამსხმელო თვისებების გამო ფართოდ იყენებდნენ საომარი და სამეურნეო იარაღის (შუბები, მახვილები, სატევრები, ცულები), მონეტების, მხატვრული ნაკეთობებისა და სამკაულიების დასამზადებლად. შუა საუკუნეებში ბრინჯაოსგან ეკლესიის ზარებს ასხამდნენ. ასეთი ბ. 20%-მდე კალას შეიცავდა. XIX საუკუნიდან დაიწყეს ბ. გამოყენება მანქანათმშენებლობაში (საკისრების მილისების, კბილანების, არმატურისა და სხვათა დასამზადებლად). ამ დარგისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბ. ანტიფრიქციულ (ანტიფრიქციული მასალები) და ანტიკოროზიულ თვისებებს. XX საუკუნეში დაიწყეს ალუმინიანი ბ. დამზადება, რომელიც საუკეთესო თვისებებით გამოირჩეოდა, შემდეგ კი ბერილიუმიანი და კადმიუმიანი, რომელიც სიმტკიცით ფოლადს არ ჩამოუვარდებოდა. საუკეთესო თვისებებისაა აგრეთვე სილიციუმიანი ბ., რომელიც მაღალი პლასტიკურობის გამო ადვილად მუშავდება წნევით. ბ. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მანქანათმშენებლობაში, საავიაციო და სარაკეტო ტექნიკაში.

ბრინჯაოგრაფიტი - ფორებიანი ლითონკერამიკული მასალა, რომელიც შედგება ბრინჯაოს (სპილენძი - საფუძველი, კალა - 8,5...9%) და თანაბრად განაწილებული გრაფიტის ნაწილაკებისაგან (1,5...3%); ამ მასალის ფორები შევსებულია ზეთით. ბ. ამზადებენ სრიალის საკისარის მილისს. ფორებში ზეთის არსებობა საშუალებას იძლევა საკისარი ვამუშაოთ დამატებითი გაპოხვის გარეშე.

ბრისტოლი - მაღალი ხარისხის ქაღალდისაგან დამზადებული მუყაო.

ბროკატელი (ფრანგ.) - 1. ჭრელი იტალიური მარმარილო; 2. მძიმე აბრეშუმის ქსოვილი, ავეჯზე გადასაკრავი

ბროკერი - შუამავალი მყიდველსა და გამყიდველს შორის საკრედიტო და კომერციული, სავალუტო და სადაზღვევო ოპერაციების დროს ხელშეკრულების (კონტრაქტის) დადებისას.

ბროლი (მთის ბროლი) - კვარცის უფერო, გამჭვირვალე სახეობა (იისფერი - ამეთვისტო, ბოლისფერი - რაუხტოპაზი, შავი - მორიონი, ყვითელი კვარცი - ციტრინი).

ბრონირება - არსებული რესურსების, სახსრების ნაწილის შენახვა განსაკუთრებულ სიტუაციაში პიროვნებათა გარკვეული ჯგუფის მიერ მათი შემდგომი გამოყენებისათვის.

ბროჭი - ძვ. ონკანი.

ბრტყელ ძალთა სისტემა - ძალთა სისტემა, რომელთა ფუძეები ერთ სიბრტყეში მდებარეობენ.

ბრტყელ ძალთა სისტემის წონასწორობა - ერთ სიბრტყეში მდებარე ძალთა ნებისმიერი სისტემის წონასწორობისათვის აუცილებელი და საკმარისია, რომ ამ ძალთა სისტემის ნაკრები ვექტორი და ნაკრები სკალარული მომენტი ამ სიბრტყის რომელიმე წერტილის მიმართ იყოს ნულის ტოლი.

ბრტყელი დაძაბული მდგომარეობა - სხეულის მოცემულ სიბრტყეში დაძაბული მდგომარეობა, რომლის დროსაც ამ სიბრტყის პარალელურ ყველა კვეთში ძაბვა ნულის ტოლია. ამ სიბრტყეს  დაძაბულობის სიბრტყე ეწოდება.

ბრტყელი მოძრაობა (ბრტყელი-პარალელური მოძრაობა) - მყარი სხეულის მოძრაობა, რომლის დროსაც ამ სხეულის ყველა წერტილის ტრაექტორია წარმოადგენს პარალელურ სიბრტყეებში მოთავსებულ ბრტყელ წირებს

ბრტყელი მრუდი - მრუდი, რომლის ყველა წერტილი განლაგებულია ერთ სიბრტყეზე. ასეთი მრუდებია: ელიფსი, პარაბოლა, ჰიპერბოლა, ციკლოიდა, სინუსოიდა და ევოლვენტა. მათ ხშირად ლეკალოს მრუდებსაც უწოდებენ, რადგან მათი გამოხაზვა ლეკალოს დახმარებით ხორციელდება.

ბრტყელტუჩა - საზეინკლო-სამონტაჟო ინსტრუმენტი მართკუთხა კვეთის პირამიდული ფორმის ტუჩებით (ნახ. 1). გამოიყენება მცირე ზომის ლითონის დეტალების წატაცებისა და ღუნვისათვის.

ბრუდერი (ინგლ.) - ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილების გასაზრდელი მოწყობილობა.

ბრუდერჰაუზი - სპეციალური შენობა, სადაც ინკუბატორის წიწილებს ზრდიან ბრუდერებში.

ბრუნვა - 1. ღერძის გარშემო - მოძრაობა, რომლის დროსაც მყარი სხეულის ბრუნვის ღერძზე მდებარე ყველა წერტილი არის უძრავი, ხოლო სხეულის დანარჩენი წერტილები აღწერენ წრეწირებს, რომელთა ცენტრები მდებარეობენ ბრუნვის ღერძზე; 2. წერტილის გარშემო - სხეულის მოძრაობა, რომლის დროსაც მისი ერთი წერტილი უძრავია, ხოლო ყველა დანარჩენი მოძრაობს სფერულ ზედაპირებზე ცენტრით O წერტილში.

ბრუნვა თანაბარი - ბრუნვა მუდმივი კუთხური სიჩქარით.

ბრუნვა თანაბრად ცვლადი - ბრუნვა მუდმივი კუთხური აჩქარებით.

ბრუნვათა წყვილი - მყარი სხეულის რთული მოძრაობა, რომელიც შედგება პარალელური ღერძების გარშემო ორი ბრუნვითი მოძრაობისაგან ისეთი კუთხური სიჩქარეებით, რომლებიც სიდიდით ტოლნი არიან და მიმართულნი არიან ურთიერთსაწინააღმდეგოდ.

ბრუნვითი ზედაპირი - ზედაპირი, რომელიც მიიღება ბრტყელი წირის ბრუნვით ამ წირის სიბრტყეში მდებარე ღერძის გარშემო. მაგ., სფეროს ზედაპირი, წრიული ცილინდრი, წრიული კონუსი

ბრუნვითი მოძრაობა - ა) ბრუნვითი მოძრაობა ღერძის ირგვლივ - მყარი სხეულის ისეთი მოძრაობა, როცა მისი რომელიმე ორი წერტილი ყოველთვის უძრავია. ცხადია, უძრავი იქნება ამ ორ წერტილზე გამავალი წრფეც. ამ წრფეს ბრუნვის ღერძი ეწოდება. სხეულის ყოველი წერტილი, რომელიც არ მდებარეობს ბრუნვის ღერძზე, აღწერს წრეწირს, რომელიც ბრუნვის ღერძის მართობ სიბრტყეშია, მისი ცენტრი კი ბრუნვის ღერძზეა.  მყარი სხეულის ბრუნვითი მოძრაობის კინემატიკური მახასიათებლებია კუთხური სიჩქარე (ω ) და კუთხური აჩქარება (ε ), ხოლო დინამიკური მახასიათებლებია ბრუნვის ღერძის მიმართ მოძრაობის  რაოდენობის მომენტი და კინეტიკური ენერგია. ბ) ბრუნვითი მოძრაობა წერტილის ირგვლივ (სფერული მოძრაობა) - მყარი სხეულის მოძრაობა, როცა მისი ერთ-ერთი 0 წერტილი უძრავია, ხოლო დანარჩენი წერტილები მოძრაობენ იმ კონცენტრული სფეროების ზედაპირებზე, რომელთა ცენტრი უძრავ 0 წერტილშია. მყარი სხეულის ბრუნვა უძრავი წერტილის ირგვლივ ხასიათდება სამი კუთხით: φ, ψ, θ (ეილერის კუთხეებით).

ბრუნვის განტოლება - განტოლება, რომელიც განსაზღვრავს მყარი სხეულის მობრუნების კუთხეს, როგორც დროის ფუნქციას: φ = f(t) (იხ. უძრავი ღერძის ან უძრავი წერტილის გარშემო ბრუნვის განტოლებები)

ბრუნვის კუთხე (მობრუნების კუთხე) - ორწახნაგა კუთხე, რომელსაც ქმნიან დროის გარკვეულ შუალედში ბრუნვის ღერძზე გამავალი ნახევარსიბრტყეები, როცა ერთი ნახევარსიბრტყე უძრავია, ხოლო მეორე ნახევარსიბრტყე სხეულთან ერთად ბრუნავს.

ბრუნვის კუთხური სიჩქარე - სიდიდე, რომელიც ახასიათებს მყარი სხეულის მობრუნების კუთხის ცვლილებას. მყარი სხეულის უძრავი ღერძის გარშემო ბრუნვისას კუთხური სიჩქარის სიდიდე ტოლია სხეულის მობრუნების კუთხის წარმოებულისა დროით (ω = dφ/dt). ეს სიდიდე წარმოიდგინება ვექტორით, რომელიც მდებარეობს ბრუნვის ღერძზე და მისი გეზი ისე უნდა შევარჩიოთ, რომ სხეული ვექტორის მიმართ ბრუნავდეს "დადებითი" მიმართულებით.

ბრუნვის მიმართულება - ბრუნვის მიმართულება ღერძის გარშემო (თუ შევხედავთ ღერძის გასწვრივ დადებითი მიმართულებიდან): ა) ბრუნვის მარჯვენა მიმართულება, როცა ბრუნვა წარმოებს საათის ისრის ბრუნვის მიმართულებით. ბ) ბრუნვის მარცხენა მიმართულება, როცა ბრუნვა წარმოებს საათის ისრის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით.

ბრუნვის მყისი ღერძი - წრფე, დაკავშირებული მყარ სხეულთან, როდესაც ეს სხეული ასრულებს ბრტყელ მოძრაობას ან ბრუნავს უძრავი წერტილის გარშემო, ამასთანავე ამ წრფის წერტილების სიჩქარე დროის აღებულ მომენტში ნულის ტოლია.

ბრუნვის მყისი ცენტრი (სიჩქარეთა მყისი ცენტრი) - მყარი სხეულის ბრტყელი მოძრაობის დროს ბრუნვის მყისი ღერძის კვალი მოძრაობის სიბრტყეზე. მყისი ეწოდება იმიტომ, რომ თითოეული ასეთი წერტილის მდებარეობას შეესაბამება დროის გარკვეული მომენტი და არა დროის შუალედი.

ბრუნვის ღერძი - მყარ სხეულთან დაკავშირებული წრფე, რომელიც ამ სხეულის ბრუნვის დროს უძრავი რჩება.

ბრუნვის ცენტრი - მბრუნავი სხეულის ღერძი (წერტილი), რომლის გასწვრივ (ამ მასში) სხეულს არ გააჩნია ბრუნვის სიჩქარე (სიჩქარე ნულის ტოლია).

ბრუნსაკეტი - ნაკეთობა, კარის ან ფანჯრის დასაკეტად ერთი მხრიდან სახელურის მობრუნებით.

ბრუსტვერი - მიწაყრილი; მიწაყრილით შექმნილი შემაღლებული ადგილი, ზღუდე.

ბრუტალიზმი - არქიტექტურული მიმდინარეობა, აღმოცენდა XX საუკუნის 50-იან წლებში დიდ ბრიტანეთში, მოდერნიზმის ერთ-ერთი განშტოება.

ბრუტო - 1. სამშენებლო ელემენტის განივკვეთის ფართობი შესუსტებების გარეშე; 2. საქონლის წონა შესაფუთი მასალის ან ტარის მასასთან ერთად; 3. უხეში.

ბრძანებულება - ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს დადგენილება.

ბრძმედი - რკინის მადნიდან თუჯის გამოსადნობი საგანგებო ღუმელი.

ბრწყინვა (ციალი) - სინათლის სხივების ძლიერი უკუქცევის, ბზინვადობის, ბრჭყვიალის პროცესი.

ბრწყინვალება - ელვარება, ბრწყინვა, კაშკაში.

ბრჭყვიალი - ნაირფრად ელვარება, ბზინვა.

ბრჯენი (კრონშტეინი) - 1. არქიტექტურულად დამუშავებული კონსოლი, რომელიც შენობის გამოწეული ნაწილების ან ქანდაკების საყრდენს წარმოადგენს (ნახ. 1); 2. კონსოლური საყრდენი დეტალი ან კონსტრუქცია, რომლის დანიშნულებაა ვერტიკალურ სიბრტყეზე (კედელზე ან კოლონაზე) რაიმე ნაკეთობის ან ნივთის (მაგ., ტელევიზორის, აკუსტიკური სისტემის და სხვ.) დამაგრება (ნახ. 2).%т

ბუბკო - წებო, დამზადებული სახამებლის, ფქვილისა და წყლის ნარევისაგან. გამოიყენება შპალერის, ტყავეულის დასაწებებლად.

ბუგელი - 1. ფოლადის რგოლი ხიმინჯის თავზე, რომელის ჩასობისას იცავს მას რღვევისაგან (ნახ. 1); 2. დენმიმღების სადგმელი (ტრამვაის, ტროლეიბუსის), რომელიც მოძრაობს საკონტაქტო მავთულზე და იღებს იქედან დენს; 3. რგოლი ხომალდის ანძაზე გემთსართავებისათვის.

ბუდე - სხვადასხვა დეტალის ჩასასმელი ადგილი. მაგ., ბურთულას, კლიტის, საკისრის, სარქვლის, ჩობალის, წირწკიმალის, სოგმანის და სხვათა.

ბუდინაჟი - შრეებში მოქცეული მკვრივი ქანების ფენების ან ძარღვების დანაწევრება ცალკეულ ლინზებად და ბლოკებად.

ბუდობი - წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობისა და გაზის ბუნებრივი თავმოყრა.

ბუდრუგანა - ჯიხური, პატარა ბინა.

ბუერი - 1. ყინულზე მოძრავი სპორტული ციგა. ბ. დამაგრებულია 3 ფოლადის მოკლე ციგურაზე, რომელთაგან უკანა ასრულებს საჭის მოვალეობას. ბ. სიჩქარე აღემატება100 კმ/სთ; 2. მცირე ზომის ერთანძიანი ბრტყელძირა იალქნიანი გემი.

ბუი - სხვადასხვა ფორმისა და ფერის წყლის ზედაპირზე მცურავი მსხვილი სასიგნალო ტივტივა მეჩეჩების, წყალქვეშა ქვების ან სხვა მხრივ სახიფათო ადგილების აღსანიშნავად, აგრეთვე რაიმე საგნის (მაგ., ღუზა) ადგილმდებარეობის დასაფიქსირებლად. ზოგჯერ ბ. აყენებენ მანათობელ ფონარს, ბგერა- და რადიოსიგნალის გადასაცემ მოწყობილობას და სხვ.

ბუკი - 1. დიდი მრგვალი კუნძი, მორი; 2. (სპარს.) - დიდი საყვირი; 3. (კუთხურად) სკა, გეჯა.

ბულატი (სპარს. „პულად“-ფოლადი), ბ უ ლ ა ტ ი ს ფ ო ლ ა დ ი, - ნახშირბადიანი სხმული ფოლადი, რომელიც დამზადების განსაკუთრებულობის გამო და ზედაპირის გარეგნობით („მოხატულობით“) გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და დრეკადობით. შუა საუკუნეებში (ე.წ. „დამასკოს ფოლადი“) და ნაწილობრივ ჩვენს დროში ბ. ამზადებდნენ და ამზადებენ განსაკუთრებული მდგრადობისა და სიმახვილის ცივ იარაღს - ხმალს, ხანჯალს, დაშნას, დანას და სხვ.

ბულდოზერი (ინგლ.) - მიწისმთხრელი სატრანსპორტო მანქანა (ნახ. 1). წარმოადგენს საკიდ მოწყობილობას დანიანი ფარის სახით მუხლუხა ტრაქტორებზე (ნახ. 1) ან თვლიან გამწეებზე და როგორც საცვლელი მუშა ორგანო, გამოიყენება ავტოგრეიდერებზე, ექსკავატორებზე და სხვა საგზაო-სამშენებლო მანქანებზე. განასხვავებენ საერთო დანიშნულების და სპეციალურ ბ. სავალი ნაწილის მიხედვით არის მუხლუხა და თვლებიანი. ფარის კონსტრუქციის მიხედვით - მობრუნებადი და არამობრუნებადი. მობრუნებად ფარიან (ვერტიკალურ სიბრტყეში 80-მდე, ჰორიზონტალურ სიბრტყეში 600-მდე) ბ. უწოდებენ უნივერსალურს. მართვის სისტემის მიხედვით ბ. არის ბაგირული და ჰიდრავლიკური. ბ. მოჭრილ გრუნტს გადაადგილებს 200 მ-მდე მანძილზე. გამოიყენება ძირითადად მოსასწორებელ სამუშაოებზე, ტრანშეების ამოსავსებად, მცირე თხრილების მოსაწყობად, ინერტული საშენი მასალების დასატვირთად კონვეიერებზე. ბ. არის ერთ-ერთი პოპულარული საგზაო მანქანა.

ბულევტერიონი - უმაღლესი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ორგანოების სხდომის შენობა ძველ საბერძნეთში.

ბულენგრინი - სპეციალური გაზონი სპორტული ტიპის, რომლის შუა ნაწილი ჩაწეულია ბრტყელი მთხრებლის სახით (ნახ. 1). გამოიყენება პარკებისა და ბაღების განაშენიანების სივრცითი აღქმის გასაძლიერებლად.

ბული - წითელი ხის ავეჯის სტილი დამახასიათებელი ინკრუსტაციით. შესრულებულია ხის, ბრინჯაოს, სპილოს ძვლის, კუს ბაკნისა და ზოგი სხვა მასალისგან.

ბუნა (გერმ.) - 1. რეგულაციური ნაგებობა, რომელიც ნაპირს (ნახ. 1) ან ჰიდროტექნიკურ ნაგებობას იცავს წარეცხვისაგან; 2. მორებისაგან შედგენილი მცურავი ჯაჭვი სავაჭრო ნავსადურის რომელიმე უბნის გადასაღობავად.

ბუნგალო - ერთსართულიანი მსუბუქი სააგარაკე შენობა ვერანდებით (ნახ. 1). უმეტეს შემთხვევაში ამ ტერმინით აღნიშნავენ ნაგებობას აშშ-ში, სადაც სიტყვა „ბუნგალოს“ ქვეშ იგულისხმება ქალაქგარეთა საცხოვრებლის განსაზღვრული კონსტრუქცია და გეგმარება (ნახ. 2). სამხრეთის ზოგიერთ ქვეყანაში ბ. გამოიყენება, როგორც საცხოვრებელი ბინა ან საოჯახო სახლი, ევროპაში - როგორც ორსართულიანი ნაგებობა მიწის ნაკვეთითა (ბაღით) და მზის აბაზანების მისაღები ტერასით.            

ბუნება (სამყარო) - ადამიანთა საზოგადოების ბუნებრივი არსებობის ერთობლიობა, გარემოს ობიექტური ნაწილი. ბუნება ფართო გაგებით არის ყველაფერი არსებული, მთელი სამყარო მისი ფორმების მრავალფეროვნებით. ტერმინი “ბუნება” გამოიყენება ისეთი ცნებების გვერდით, როგორიცაა: მატერია, უნივერსუმი, ორგანული და არაორგანული სამყარო.

ბუნების დაცვა - ბიოსფეროს, ბუნებრივი რესურსების და ა.შ. დაზოგვა, გაფრთხილება; ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ცოცხალი (მცენარეთა და ცხოველთა სამყარო) და არაცოცხალი (ნიადაგი, წყალი, ატმოსფერო და სხვ.) ბუნების დაცვის, მისი რაციონალური გამოყენებისა და აღდგენისკენ. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მრეწველობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის ინტენსიურად განვითარების, სოფლის მეურნეობის და ყოფა-ცხოვრების ქიმიზაციის, მოსახლეობის ურბანიზაციისა და სხვა ფაქტორების გავლენით მკვეთრად გაძლიერდა ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე; აშკარა გახდა ბუნებრივი რესურსების გამოფიტვის, გარემოს და მთლიანობაში მთელი ბიოსფეროს შეუქცევადი დაბინძურების და ცვლილებების საშიშროება.

ბუნებრივ-ანთროპოგენული ობიექტი - ბუნებრივი ობიექტი, სამეურნეო ან სხვა საქმიანობის შედეგად შეცვლილი ან ხელოვნური ობიექტი, რომელსაც აქვს ბუნებრივი ობიექტის თვისებები ან რეკრეაციული და დაცვითი მნიშვნელობა.

ბუნებრივი - რაც ბუნებას ეკუთვნის, ნამდვილი, კანონზომიერი.

ბუნებრივი აირი (გაზი) - 1. საწვავი ნახშირწყალბადების (მეთანი 92...98% და მისი ჯგუფის აირები, ნაჯერი ნახშირწყალბადები) და არასაწვავი აირების ნარევი, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღიდან, მომზადებულია შორეული ტრანსპორტირებისათვის, გამოიყენება სათბობად ან ნედლეულად და აქვს თბოუნარიანობა სულ ცოტა 31,8 მეგჯ/მ3 (7600 კკალ/მ3); 2. აირი, რომელიც სამთო ქანებისა და მათში არსებული მინერალური მარცვლების ფორებს და სიცარიელეებს ავსებს. გვხვდება დედამიწის ქერქში თავისუფალ მდგომარეობაში, აგრეთვე ხელსაყრელი პირობების დროს წარმოქმნის მსხვილ აიროვან დაგროვებებს თხევადი სახით წყალში და ნავთობში. ბ.ა. საბადოებში ძირითადად შედგება მეთანისაგან, ხოლო ნავთობ და აირკონდენსატურ საბადოებში მეთანის გარდა, შეიცავს უფრო მძიმე ნახშირწყალბადებს (პროპანი, ეთანი, ბუტანი, პენტანი). აირის საბადოების დამუშავებას აწარმოებს გაზის სარეწები - მრეწველობა, რომელიც წარმოადგენს რთულ, დიდ ტერიტორიაზე განლაგებულ მეურნეობას. საშუალო მასშტაბის გაზის სარეწებისათვის არსებობს ათეულობით ჭაბურღილები, რომლებიც ასეულობით კვ.მ. ტერიტორიაზეა განლაგებული. ხშირად გამოიყენება ჭაბურღილების ჯგუფური განლაგება (ნახ. 1), რომლის დროსაც გაადვილებულია მათი მომსახურება, შესაძლებელია შეგროვების, აღრიცხვისა და პროდუქციის დამუშავების პროცესების კომპლექსური ავტომატიზაცია.

ბუნებრივი ბიტუმი - ამორფული ჰიდროფობური მასალა, რომელიც მიიღება ასფალტისა და ორგანული გამხსნელების გამოხარშვით.

ბუნებრივი განათება - სათავსების განათება გარე შემომზღუდავ კონსტრუქციებში მოწყობილ შუქღიობებიდან შემოსული პირდაპირი ან არეკლილი ცის შუქით.

ბუნებრივი განათების უთანაბრობა - სათავსის დამახასიათებელი ჭრილის საზღვრებში ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის საშუალო მნიშვნელობის შეფარდება მის უმცირეს მნიშვნელობასთან

ბუნებრივი განათებულობის გეომეტრიული კოეფიციენტი - საანგარიშო წერტილში თანაბრად მოკაშკაშე ციდან უშუალოდ გამოსული და შეუვსებელი შუქღიობით სათავსში შემოღწეული შუქით შექმნილი ბუნებრივი განათებულობის შეფარდება გარე ჰორიზონტალურ ზედაპირზე ცის კამარის მიერ შექმნილი განათებულობის ერთდროულ მნიშვნელობასთან. ორივე შემთხვევაში პირდაპირი მზის შუქის მონაწილეობა გამორიცხულია; შეფარდების შედეგი გამოისახება პროცენტებში.

ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტი (ბგკ) - სათავსის საანგარიშო წერტილში ცის პირდაპირი ან არეკლილი შუქით შექმნილი ბუნებრივი განათებულობის შეფარდება მთლიანად გახსნილი ცის კამარის შუქით შექმნილ გარე ჰორიზონტალური განათებულობის ერთდროულ მნიშვნელობასთან; გამოისახება პროცენტებში.

ბუნებრივი განათებულობის მარაგის კოეფიციენტი - საანგარიშო კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტისა და ექსპლუატაციის პროცესში განათებულობის მნიშვნელობების შემცირებას შუქგამტარი სინათლის ღიობებისა და სანათი არმატურის გაჭუჭყიანებისა და დაძველების, აგრეთვე სათავსის ზედაპირების ამრეკლავი თვისებების გაუარესების გამო.

ბუნებრივი გარემო - 1. კაცობრიობის ბინადრობისა და საწარმოო საქმიანობის გარემოს ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი - გარემოს ნაწილი; 2. ბუნებრივი გარემოს ბუნებრივი და ბუნებრივ-ანტროპოგენული ობიექტების ერთობლიობა.

ბუნებრივი გარემოს კომპონენტები - დედამიწა, წიაღი, ნიადაგი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ატმოსფერული ჰაერი, მცენარეული და ცხოველური სამყარო და სხვა ორგანიზმები, აგრეთვე ატმოსფეროს ოზონის ფენა და დედამიწის ახლო კოსმოსური სივრცე, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ხელსაყრელ პირობებს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის.

ბუნებრივი დამამიწებელი - მიწაში ჩაღრმავებული შენობებისა და ნაგებობების ლითონის ან რკ.ბ.-ის კონსტრუქციები.

ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემა - ბუნებრივი გარემოს ობიექტურად არსებული ნაწილი, რომელსაც აქვს სივრცითი-ტერიტორიული საზღვრები და რომელშიც ცოცხალი (მცენარეები, ცხოველები და სხვ. ორგანიზმები) და მისი არაცოცხალი ელემენტები ურთიერთქმედებენ, როგორც ერთიანი ფუნქციური სისტემა და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ნივთიერებათა და ენერგიის ცვლით.

ბუნებრივი ვენტილაციის სისტემა - ტექნიკური მოწყობილობა კონსტრუქციული ელემენტებისაგან, სათავსში ჰაერის საჭირო სისუფთავის უზრუნველსაყოფად.

ბუნებრივი ირიბფენიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ბოჭკოების ტანგენციალური დახრილობა, რომელიც წარმოადგენს ბოჭკოების სპირალურ განლაგებას ხის ღერძის ირგვლივ (დახერხილ მასალაში ტანგენციალურ ზედაპირზე ბოჭკოების დახრილ განლაგებას). განისაზღვრება ხის ტანზე ბზარების მიხედვით. იგი ზრდის მერქნის სიმტკიცეს ახლეჩის დროს. ხელს უწყობს გრძივ შეკლებას და დაბრეცას.

ბუნებრივი კაშხალი - იქმნება ბუნებრივი ძალების ზეგავლენით, მაგ., მეწყრის, ღვარცოფის, ზვავის, მიწისძვრის შედეგად, კაშხლის წინ წყლის დინების მიმართულებით გროვდება წყალი და იქმნება ხელოვნური და ბუნებრივი წყალსაცავი.

ბუნებრივი მთის ქანი - გენეტიკური (წარმოშობის) თვალსაზრისით ბ.მ.ქ. იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: 1. პირველადი ანუ ამოფრქვეული; 2. მეორეული ანუ დანალექი; 3. სახეშეცვლილი ანუ მეტამორფული. ეს ძირითადი ჯგუფები კიდევ იყოფა შემდეგნაირად: პირველადი ანუ ამოფრქვეული ქანები: ა) სიღრმითი მასიური: გრანიტი, სიენიტი, გაბრო; ბ) ზედაპირული მასიური: ანდეზიტი, ბაზალტი, პორფირი და სხვ.; გ) ფხვიერი ნამსხვრევი: პემზა, ვულკანური წიდა და ფერფლი; დ) ფხვიერი  შეცემენტებული: ტუფი, პემზა და სხვ.

ბუნებრივი ობიექტი - ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემა, ბუნებრივი ლანდშაფტი და მათი შემადგენელი ელემენტები, რომლებმაც შეინარჩუნეს ბუნებრივი თვისებები.

ბუნებრივი რესურსები - 1. ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი  ნაწილი, რამდენადაც ადამიანის ცხოვრების დონე მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფაზე და მათი გამოყენების ხასიათზე. ბ.რ. ქვეშ იგულისხმება: მადნები, ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ხე-ტყე, წყალი, საკვები პროდუქტები; 2. ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, ბუნებრივი ობიექტები და ბუნებრივ-ანთროპოგენული ობიექტები, რომლებიც სამეურნეო ან სხვა საქმიანობისას გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ენერგიის წყარო, წარმოების პროდუქტები და მოხმარების საგნები და რომლებსაც სამომხმარებლო ღირებულება აქვთ

ბუნებრივი რესურსი - ბუნებრივი მყარი, თხევადი ან გაზისებრი წარმონაქმნი, რომელიც გამოიყენება, გამოიყენებოდა ან შეიძლება გამოყენებულ იქნას სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და ნებისმიერი სახეობის სამეწარმეო საქმიანობისთვის.

ბუნებრივი ფოროვანი შემვსები - მიიღება ფოროვანი ქანების პემზის, ვულკანური წიდის ტუფის, ფოროვანი და ნიჟაროვანი კირქვებისა და სხვათა დამტვრევით.

ბუნებრივი ფუძე - ბუნებრივი განლაგების პირობებში მყოფი ფუძე-გრუნტები.

ბუნებრივი ქვის საშენი მასალები - მასალები სამთო ქანებისაგან, რომელიც გამოიყენება ქვის წყობის, მოპირკეთების, ბურულის, გზის საფარისათვის და ა.შ. დამუშავების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეებად: ქვიშა და ხრეში, მიღებული ფხვიერი სამთო ქანების გაცრითა და გარეცხვით; ყორე ქვა, მოპოვებული კირქვების, ქვიშაქვების და სხვ. ჯდენადი ქანების დამუშავებით (აფეთქებით); ღორღი, მიღებული სამთო ქანების მსხვრევით; დახერხილი ქვები და ბლოკები მსუბუქი სამთო ქანებისაგან (ტუფი, ნიჟარქვა და სხვ.), მოსაპირკეთებელი ქვები (მარმარილოს, გრანიტის, გაბროს და სხვ.), ფილები და ფასონური ნაკეთობები.

ბუნებრივი ხანძრები - ტყის ხანძარი, ყანებისა და ველების ხანძარი, ტორფის ხანძარი.

ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაცია - კოსმოსური ხასიათის განსაკუთრებული მოვლენები. მაგ., უცხო სხეულის (ასტეროიდის ან სხვა რომელიმე კოსმოსური ობიექტის) შეჯახება დედამიწასთან. ამ შემთხვევაში პოტენციური საფრთხისა და ზარალის შეფასებისათვის სარგებლობენ ე. წ. „ტურინის“ სკალით, რომლის მიხედვითაც დედამიწასთან მოახლოების გამო, კოსმოსური ობიექტების მხრიდან, საფრთხის ხარისხი იზომება 0-დან 10 ბალამდე.

ბუნიკი - 1. საყრდენი სვეტის ქვედა ნაწილი, რომელიც თანაბრად ანაწილებს დაწნევას ძირზე; 2. მანქანების დასაყენებელ-გასასწორებელი საყრდენი; 3. ხიმინჯის წამახვილებულ წვეროზე წამოსაცმელი ფოლადის ნაკეთობა.

ბუნკერი (ინგლ.) - 1. ხვიმირი; წაკვეთილი პირამიდის ფორმის დიდი ყუთი, საშენი მასალების დროებით შესანახი ტევადობა, რომელიც შეიძლება იყოს ლითონის (ნახ. 1), ბეტონის, ხის. მათ აყენებენ მასალების ტრანსპორტირების საწყის და საბოლოო ტექნოლოგიურ პოსტებზე, გადატვირთვის ადგილებზე და უზრუნველყოფენ ციკლური და უწყვეტი მანქანების სტაბილურ მუშაობას. ბუნკერების ქვედა, გამოსაშვები ნაწილი აღჭურვილია ჩამკეტებით და მკვებავებით; 2. კარგად გამაგრებული მიწისზედა ან მიწისქვეშა თავდაცვითი ნაგებობა (ნახ. 2: „სტალინის ბუნკერი“ სამარაში, რუსეთი).

ბურბუშელა - ამა თუ იმ სახის მასალის დამუშავებისას მიღებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნარჩენი, ან სპეციალური დანიშნულებისათვის დაქუცმაცებული მასალა.

ბურთულა - 1. ბურთის მოყვანილობის პატარა საგანი; 2. ტექნიკაში საკისარის დეტალი.

ბურთულსაკისარი - გორვის საკისარი, რომლის შიგა და გარე რგოლებს შორის განლაგებულია ბურთულები (ნახ. 1). ახასიათებს მცირე ხახუნის კოეფიციენტი, დიდი ტვირთამწეობა, მონტაჟისა და მომსახურების სიადვილე, შემზეთი მასალების უმნიშვნელო ხარჯი. თუმცა, დიდი ბრუნვის სიხშირეებისა და დატვირთვებისას აქვს დაბალი ხანგამძლეობა და დიდი გარე დიამეტრი, დარტყმითი დატვირთების შეზღუდული ათვისება. გამოიყენება XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან.

ბური - 1. სიცხის დროს ჰაერში დამდგარი მტვერი; 2. ანაორთქლი, ბურუსი.

ბურული - 1. სახურავის (დახურვის) ზედა ელემენტი, რომელიც იცავს შენობას ყველა სახის ატმოსფერული ზემოქმედებისაგან; 2. ძვ. ბურვილი - დაფარებული.

ბურული ნარიმანდიანი - ბურული ფურცლოვანი და რულონური მოთუთიებული ფოლადისაგან, აგრეთვე ფოლადისაგან პოლიმერული საფარვლით, რომლებშიც სახურავის ცალკეული ელემენტების შეერთებები განხორციელებულია ნარიმანდის მეშვეობით (ნახ. 1).

ბურული რადიუსისებრი - სახურავის კეხის ნაწილი, რომლის კონსტრუქცია შესრულებულია ნახევარწრის სახით.

ბურული რბილი - ტოლით, რუბეროიდით და სხვა რბილი მასალით დაფარული სახურავი.

ბურულის განაკიდი - ბურულის ფერდობის გარე ქვედა ზოლი, რომელიც გამოდის კედლის გარე კონტურისა და შენობის ლავგარდანის საზღვრებიდან (ნახ. 1).

ბურულის საფუძველი - სახურავის მზიდი ელემენტების, თბოიზოლაციის ან მოჭიმვის ზედაპირი, რომელზეც დატანილია ჰიდროსაიზოლაციო ხალიჩის (რულონი, მასტიკა) შრე.

ბურუსი - ჰაერში წვრილ-წვრილ წვეთებად დამდგარი ორთქლი, რაც ჰაერს გამჭვირვალობას უკარგავს.

ბურღვა - დეტალში მრგვალი ნახვრეტის (ბუდის) ამოღების პროცესი, რომელიც სრულდება ხელით ან სპეციალური საბურღი ჩარხით. საბურღი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს მექანიკური (ხელის), ელექტრული ან პნევმატიკური.

ბურღვა ჰიდრავლიკური - ხერხის არსი წყლის თხელი ჭავლის ენერგიის გამოყენებაში მდგომარეობს, რომელიც რამდენიმე ათასი ატმოსფერული წნევით და ზებგერითი სიჩქარით გამოიტყორცნება.

ბურღი - 1. გრძივი ღერძის მქონე საჭრელი ინსტრუმენტი ბრუნვითი მოძრაობით, მასალაში ნახვრეტების გასაკეთებლად ან არსებული ნახვრეტის გასაფართოებლად. მუშა ნაწილის კონსტრუქციის მიხედვით ბ. არსებობს: ხრახნული (სპირალური) - ყველაზე გავრცელებული სახეობა, დიამეტრით 0,1...80 მმ, მუშა ნაწილის სიგრძით 275 მმ-მდე; ბრტყელი (ფრთეულა) - დიდი დიამეტრის და სიღრმის ნახვრეტებისათვის; ფორსტნერის - ბრტყელის გაუმჯობესებული ვერსია საჭრისი-ფრეზის დამატებით; საცენტრებელი (ღრმა ბურღვისათვის, ცალმხრივი ჭრის, საზარბაზნე, საიარაღე, რგოლური). დასამუშავებელი მასალის მიხედვით (ნახ. 1. ბურღის ზოგიერთი სახეობა: A-ლითონის; B-ხის; C-ბეტონის; D-ხის პირველი (უძველესი) ბურღი; E-უნივერსალური ლითონის და ბეტონის; F-ფურცვლოვანი ლითონის; G-უნივერსალური ლითონის, ხის და პლასტმასის. ბოლოები: 1, 2 - ცილინდრული; 3 - SDS-plus; 4 - ექვსწახნაგა; 5 - ოთზწახნაგა; 6 - სამწახნაგა; 7 - სჭვალსახრახნისათვის): უნივერსალური, ლითონების და შენადნობების დასამუშავებელი; ბეტონის, აგური, ქვის დასამუშავებელი; მინის, კერამიკის დასამუშავებელი და ხის დასამუშავებელი. გასაბურღი ნახვრეტის ფორმის მიხედვით: ცილინდრული და კონუსური. კუდის ნაწილის კონსტრუქციის მიხედვით: ცილინდრული, კონუსური, სამ-, ოთხ- და ექვსწახნაგა, SDS. დამზადების მიხედვით: მთლიანი, შენადუღი, მყარშენადნობიანი ფირფიტებით (ან შესაცვლელი ფირფიტებით) და მყარშენადნობიანი თავით (საჭრეთელით). ბურღვის ხარისხზე გავლენას ახდენს ბურღის სპირალის დახრის კუთხე, მასალა, პროცესის ტექნოლოგია, გარემო და სხვ; 2. პერფორატორების საბურღი იარაღი - წამოსაცმელი მჭრელი თავი (ბუნიკი), რომელიც წარმოადგენს ოთხწახნაგა ღეროს ღერძული ხვრეტით დიამეტრით 6...12 მმ, მოპირული და თერმულად დამუშავებული სპეციალური ფოლადისაგან დამზადებული ბოლოთი.

ბურჯი - დატვირთვების საძირკველზე გადამცემი მასიური მზიდი კონსტრუქცია (საბჯენი, საყრდენი, მასიური ბოძი, კოშკი).

ბუსტერი (ინგლ.) - დამხმარე მოწყობილობა მანქანის ან მექანიზმის სამუშაო ძალვის და სიჩქარის გასაზრდელად განსაკუთრებით დიდი დატვირთვის დროს (მაგ., ორთქლმავალში, თვითმფრინავში, სარაკეტო ტექნიკაში, ელექტროტექნიკაში).

ბუსტილატი - წებო სინთეზურ საფუძველზე, რომელიც გამოიყენება ლინოლეუმის, ხალიჩების, პოლივინიქლორიდის ფილების და მისთ. დასაგებად იატაკებზე.

ბუტადიენ-ნიტრილური კაუჩუკი (დივინილ-ნიტრილური კაუჩუკი) - ბუტადიენისა და აკრილნიტრილის სოპოლიმერიზაციის პროდუქტი. სიმკვრივე 940...1020 კგ/მ3. გამოდის ღია ყავისფერი ლენტის, ბრიკეტის, ნაფხვენის სახით. მედეგია მინერალური ზეთების, ცხიმების, ბენზინის მიმართ. ხასიათდება ყინვამედეგობით. ბ.-ნ. კ. - კაუჩუკი სპეციალური დანიშნულების; მას იყენებენ ზეთებისა და ბენზინისადმი მედეგი რეზინის ნაკეთობების დასამზადებლად, როგორიცაა შუასადები, ამორტიზატორი, მამჭიდროებელი, მემბრანა, ქსოვილი, დარეზინებული ელემენტი, სახელო და სხვ

ბუტადიენი (დივინილი) - არაზღვრული ნახშირწყალბადი CH2 = CH–CH = CH2; უფერო აირი დამახასიათებელი სუნით; დუღილის ტემპერატურა tდუღ = –4,50C; დნობის ტემპერატურა tდნ = –108,90C; სიმკვრივე 650 კგ/მ3 –60C ტემპერატურაზე. ჰაერთან ქმნის ფეთქებადსაშიშ ნარევს (1,6...10,8% ბუტადიენი); ზღვრული დასაშვები რაოდენობა ჰაერში 100 მლგ/მ3. ბ. ადვილად განიცდის პოლიმერიზაციას და სოპოლიმერიზაციას; გამოიყენება სინთეზური კაუჩუკის წარმოებაში

ბუტაფორია (იტალ.) - 1. თეატრალური წარმოდგენისათვის საჭირო საგნები; 2. მაღაზიის ვიტრინებში გამოსაფენი ყალბი საგნები, ნამდვილი გასაყიდი საქონლის შემცვლელი

ბუტიკი - პატარა მაღაზია, სადაც მოდური საფირმო სამოსი და ნაირგვარი აქსესუარები იყიდება (ნახ. 1).

ბუტილკაუჩუკი - სინთეზური კაუჩუკი, იზობუტილენის და მცირე რაოდენობის (1...5%) იზოპრენის სოპოლიმერიზაციის პროდუქტი. გამოდის ღია ყვითელი ფერის ბრიკეტების სახით. სიმკვრივე 910 კგ/მ3. ახასიათებს მაღალი მედეგობა ქიმიური რეაგენტების, ულტრაიისფერი სხივების, ოზონის მიმართ; კარგი დიელექტრიკია. ჭვარტლით გაჯერებული ბ. რეზინის სიმტკიცე მეტია 20 მპა-ზე; მედეგია დაძველების მიმართ; გამოირჩევა აირგაუმტარობით. გამოიყენება მჟავა- და ტუტემედეგი რეზინის საფუძვლიანი ქსოვილების, ხელთათმანების, შუასადებების, სახელოების, საბურავის კამერების, ელექტროსაიზოლაციო მასალების დასამზადებლად.

ბუფერი - დარტყმის შესარბილებელი სამარჯვი.

ბუფერული მარაგი - საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, მინიმალური მარაგი. ბ.მ. მიეკუთვნება საბრუნავ კაპიტალს და ფინანსდება მოკლევადიანი დავალიანებებიდან და კაპიტალიდან, რომლებიც წარმოადგენს მარაგის წყაროს. ასეთი მარაგი უნდა იყოს მუდმივი და გამოითვლება საწარმოო სტრუქტურის, სამეურნეო საქმიანობის სავარაუდო შედეგების, ფირმის ნედლეულითა და მასალებით მომარაგების დონის, ნედლეულის ფასების მდგომარეობის მიხედვით.

ბუქსაობა - სატრანსპორტო მანქანის სავალი თვლების ადგილზე ბრუნვა (ან მუხლუხების მოძრაობა), რომელსაც თან არ სდევს მანქანის გადაადგილება

ბუქსი (გერმ.) - 1. ლოკომოტივის ან ვაგონის დეტალი; 2. კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ღერძის ბოლო საკისარითურთ

ბუღალტერია - სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ჩანაწერების შესრულების გარკვეული, მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობა. იგი არის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის, მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების შეფასება, რეგისტრაცია, ანალიზი და გადაცემა დაინტერესებული მომხმარებლებისათვის მათთვის მისაღები ფორმით, მოცულობითა და პერიოდულობით, დასაბუთებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ბუღალტრული აღრიცხვა - სამეურნეო სუბიექტების აქტივების, კაპიტალისა და ვალდებულებების არსებობისა და მოძრაობის, სამეურნეო ოპერაციებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის ერთიანი, უწყვეტი, ურთიერთდამოკიდებული და მოწესრიგებული ასახვა, ანალიზი, კლასიფიკაცია და განზოგადება, სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.

ბუღაური (რუს. Подбалка) - 1. სვეტისთავი ან მისი ზედა ნაწილი; 2. სახურავის ჭერის სიმაგრისათვის გადადებული დიდი და მსხვილი კოჭი (ნახ. 1).

ბუშელი (ინგლ.) - ფხვიერი მასალების საწყაო. აშშ-ში 1 ბ = 35,239•10-33 = 35,239 ლ; დიდ ბრიტანეთში 1 ბ = 36,369•10-33 = 36,369 ლ.

ბუჩარდა (რუს. Бучарда) - ლითონის ჩაქუჩი პირამიდულ კბილებიანი ორმხრივი დასარტყმელი სიბრტყეებით. გამოიყენება ქვების დასამუშავებლად ზედაპირისათვის მხატვრული (ხორკლიანი) სახის მისაცემად.

ბუჩქი - მერქნიანი მცენარე, რომელიც ძირიდანვე იტოტება (მაგ., ვარდის ბ., იასამნის ბ., მოცხარის ბ. და სხვ.).

ბუჭულა - „პატარა წისქვილი“ (საბა).

ბუხარი - სახლის კედელში დატანებული ქვის ან აგურის ღია (უკარო) კვამლსადენიანი ღუმელი. მისი ძირი, ცეცხლის სანთები ადგილი - ყვერბია. ზოგჯერ საკვამურის შუა ტანიდან დაშვებულია საკიდელი (ჯაჭვი). ბ. „შუბლი“ თაღოვანია, წინ წამოწეული და ხშირად რელიეფური ჩუქურთმით შემკული. ბუხრის თავი თაროსებრია და სანთლის, ჭრაქის და სხვათა დასადგმელად იყენებენ. ქართულ საცხოვრებელში ბუხარი არსებითად იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც შუა სახლში მოთავსებული კერა (შუაცეცხლი). ბუხრის დიდი ღირსებაა ის, რომ იგი ხელს უწყობს შენობის კარგ ვენტილაციას. მისი ნაკლია დიდძალი საწვავის ხარჯვა და გათბობის დაბალუნარიანობა. ბუხარი გავრცელებულია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით კავკასიასა და ჩრდილოეთის ქვეყნებში. თანამედროვე საცხოვრებლებში ბუხარი ზოგჯერ დეკორაციულ დანიშნულებას ასრულებს.

ბუხრიკა (პატარა ბუხარი) - ღუმელი, კერა, აგებული მშრალად დალაგებული ქვებისაგან შემკრავის გარეშე. ბოლი ბ. გამოდის უშუალოდ სათავსში და გაიწოვება კარებიდან, ფანჯრებიდან ან კედელში სპეციალურად გაკეთებული ნახვრეტიდან. გავრცელებული იყო საქართველოს მთიან რაიონებში, ჩრდილოეთ კავკასიაში, შუა აზიის ქვეყნებში და სხვ.

ბუხტა (გერმ.) - ზღვის, ყურის, ტბის, წყალსაცავის ნაწილი, დაცული წყლის ღია სივრცისაგან ხმელეთის ნაწილებით (სანაპიროს გამონაშვერებით, კლდეებით, კუნძულებითა და სხვ.), რომლებიც იცავს ბ. ტალღებისა და ქარისაგან.

ბუხტი (ჰოლანდ.) - წრეებად, ცილინდრებად ან რვიანის სახით დაწყობილი გვარლი.

ბჭე - 1. დიდი კარი, შესასვლელი; 2. ზღუდე, გალავანი, რომელშიაც განიერი შესასვლელია მოწყობილი; 3. ზღურბლი, კარის გადასასვლელზე გადადებული დირე, კარის ჩარჩოს ქვედა ნაწილი.

გაბარიტი (ფრანგ.) - საგნების, მოწყობილობების და ნაგებობების ზღვრული გარშემოწერილობა - ზომები. შეიძლება განვიხილოთ გ. საკუთრივ კონსტრუქციის, ელემენტის, მანქანის, რომლებიც ყოველთვის მუდმივია (მაგ. მემანქანის კაბინის ან მანქანის ძარის სიმაღლე, მუხლუხების სიგრძე და სიგანე და ა.შ.) და მანქანის მუშა ორგანოების გ., რომელთა მდგომარეობა მუშაობის დროს იცვლება. მუდმივი გ. უნდა იყოს რაც შეიძლება მინიმალური, რაც ამცირებს მანქანის მასას და ზრდის მის მობილურობას. გ. შეიძლება მიეკუთვნოს მანქანის შესვლის კუთხე და კლირენსი.

გაბარიტული - ტვირთი, ნაკეთობა, მოწყობილობა და მისთ., რომელიც თავსდება სტანდარტულ კონტეინერში, მისაბმელსა თუ რკინიგზის ვაგონში.

გაბატონებული ჯიში - ხის ჯიში, რომლის წილად მოდის ტყის კორომის მერქნის მარაგის დიდი ნაწილი.

გაბიონი (ფრანგ.) - ყუთისმაგვარი კონსტრუქციის ფოლადის მავთულის ბადე ექვსკუთხა უჯრედებით, რომელიც ქვით ან კენჭით არის სავსე; მდინარის კალაპოტს იცავს წარეცხვისაგან. იყენებენ აგრეთვე სარეგულაციო და ნაპირების გასამაგრებელ ნაგებობათა მოსაწყობად (ნახ. 1).

გაბრო - მაღალი სიმტკიცის ნაცრისფერი ქანი, გვხვდება მწვანეც და შავიც, ძნელი დასამუშავებელია (ნახ. 1, გაბრო რიკოთის. რიკოთიტი). მისი საბადოები გვაქვს საქართველოში (კვაიშურა, გურიის ტყე, ჯორყვალი, რიკოთი). უკრაინული შავი გაბრო, არის გრანიტის ქვესახეობა, გამოირჩევა თავისი განუმეორებელი თვისებებით. მოიპოვება ჟიტომირის ოლქის სოფელ ბუკში, ერთფეროვანი სიშავის წყალობით მსოფლიო სარიტუალო ინდუსტრიაში მოიპოვა ლიდერის რეპუტაცია და საყოველთაო აღიარება. ჩინური ანალოგისაგან განსხვავებით ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით არ ხუნდება და არ იჟანგება, არის ყინვა- და კაწვრაგამძლე, პირვანდელ სიბრწყინვალეს ინარჩუნებს არაერთი ათწლეული, ერთგვაროვანი სტრუქტურის წყალობით მასზე იხატება პორტრეტის ზუსტი ასლი ჭორფლების და ლაქების გარეშე.

გაგატი - 1. ქვანახშირის სახესხვაობა; 2. იგივეა, რაც გიშერი.

გადაადგილება - 1. წერტილის, წერტილთა სისტემის ან სხეულის მდებარეობის შეცვლა. გადაადგილება განისაზღვრება ვექტორებით, რომელთა სათავე წერტილთა საწყის მდებარეობაშია, ხოლო ბოლო - გადაადგილებული წერტილების საბოლოო მდებარეობაში; 2. მექანიკაში: მიმართული მონაკვეთი, რომელიც აერთებს მოძრავი ნივთიერი წერტილის მდებარეობებს დროის ორი მომენტისათვის; 3. მათემ. ნივთიერი წერტილის რადიუს-ვექტორების სხვაობა მოცემული ათვლის სისტემის მიმართ დროის ბოლო და საწყისი მომენტებისათვის; გამოისახება წერტილის ტრაექტორიის ქორდის სახით იმავე სისტემის მიმართ; 4. სამშენებლო მექანიკაში - კონსტრუქციის წერტილების ხაზოვანი გადახრა, კვეთის მობრუნების კუთხეები, აგრეთვე ამ სიდიდეების კომბინაცია, რომელიც ახასიათებს კონსტრუქციის მდებარეობის შეცვლას ძალოვანი დატვირთვების, ტემპერატურის ზემოქმედების ან საყრდენების დაჯდომის გავლენით.

გადაბმულობა - მექანიზმი, რომელიც აერთებს წამყვან და მიმყოლ ლილვებს და პირველი მეორეს გადასცემს მაბრუნ მომენტს (მაგ., ძრავის ლილვის შეერთება რედუქტორის შემავალ ლილვთან). ასეთ გ. გადაბმულობის ქურო ეწოდება

გადაზღვევა - ოპერაცია ორ სადაზღვევო კომპანიას შორის, რომლის დროსაც დაზღვევის (გადაზღვევის) ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკის ნაწილს სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ. ამ დროს თავდაპირველი მზღვეველი (გადამცემი კომპანია) ჩვეულებრივ დამზღვევის როლში გამოდის, რითაც ამცირებს თავისი რისკის (ან საერთოდ, ნულზე დაჰყავს) დონეს.

გადაიარაღება - სარემონტო სამუშაოების  მიმდინარეობა ნაგებობის საექსპლოატაციო.

გადამგდები - მილსადენის ფასონური დეტალი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი სითხის ნაკადის მიმართულების ცვლილებას. დამზადების ხერხის მიხედვით არსებობს: მოღუნული, ძლიერ მოღუნული, შენადუღი და შენადუღ-დაშტამპული.

გადამეტწვა (გადაწვა) - ლითონის ნაკეთობების გამოუსწორებელი დეფექტი, რომელის ჩნდება მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით (დნობის ტემპერატუტის სიახლოვეს) ჟანგვით გარემოში. ახასიათებს ჟანგიანი ჩანართების გაჩენა, რაც იწვევს ლითონის სიმტკიცისა და პლასტიკურობის შემცირებას. გ. შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე, ლითონური კრისტალების ნაპირებზე თხელი შუაშრის გადნობამ.

გადამკეტი მანქანა - მანქანა ადგილობრივი გამონაშვერების და ჩაღრმავებების გასწორებისათვის ფურცლოვანი ნაკეთობის ზედაპირზე, აგრეთვე მავთულის გამოჭიმვისას.

გადამტანი გარემო - სითხე, რომელთანაც შერეულია მყარი ფხვიერი მასალა და რომლის ენერგიის მეშვეობით ხდება მისი ჰიდრო ტრანსპორტირება (მზიდი სითხე)

გადამტვირთავი - მექანიზმი, რომლის საშუალებითაც წარმოებს ტვირთების მოხსნა და გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე. გამოიყენება რკინიგზის სატვირთო ვაგონების, კონტეინერების, ავტომისაბმელების დასაცლელად.

გადამწოდი ტემპერატურის - დეტალი, საკონტროლო გარემოში ტემპერატურის გასაზომად.

გადარიცხვა - უნაღდო ანგარიშსწორება ორგანიზაციებს (ან ინდ. მეწარმეებს) შორის საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

გადარჩენა - ადამიანთა იძულებითი გადაადგილება სათავიდან გარეთ, მათზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების ან ამ ზემოქმედების გაჩენის უშუალო საფრთხის შემთხვევაში. იგი ხორციელდება დამოუკიდებლად, სახანძრო დაცვის დანაყოფების ან სპეციალურად მომზადებული პერსონალის დახმარებით საევაკუაციო და საავარიო გამოსასვლელების გავლით.

გადასარბენი - ლიანდაგის ნაწილი, რომელიც განლაგებულია ორ მომიჯნავე სადგურს შორის.

გადასატანი ეკრანი - სპეციალური ეკრანი, რომელიც იცავს მომუშავეებს სარემონტო სამუშაოთა იმ უბნებზე, სადაც მოუხერხებელია სტაციონარული ეკრანის გამოყენება.

გადასახადები და მოსაკრებლები - საბიუჯეტო შემოსავლების უზრუნველყოფისთვის ქვეყანაში დაწესებული შემდეგი ძრითადი გადასახადები: დამატებით ღირებულების, მოგების, საშემოსავლო, ქონების და აზარტული თამაშების ბიზნესზე.

გადასახადების ადმინისტრირება - გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების , მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

გადასახადი - თანხა, რომელსაც კერძო პირი და საწარმო უხდის სახელმწიფოს. აკრეფილი გადასახადები ისეთ რაიმეზე იხარჯება, რაც მთელი ქვეყნისთვის სასარგებლოა, მაგალითად, თავდაცვა, არმია, საზღვაო და საჰაერო ფლოტი, ჯანდაცვა, განათლება და გზები. ერთ-ერთი ძირითადი გადასახადი საშემოსავლო გადასახადია. მოსახლეობამ თავისი შემოსავალის (გამომუშავებული ფულის) გარკვეული პროცენტი სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს. დიდი შემოსავლის მოქნე ადამიანი მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდის. კომპანია მოგებული თანხის შესაბამის პროცენტს უხდის სახელმწიფოს. ეს იმ პირდაპირი გადასახადების მაგალითია, რომელიც სავალდებულოა კერძო პირისა და საწარმოსათვის. პირდაპირი გადასახადით შეიძლება დაიბეგროს მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც. არსებობს გადასახადები, რომლებიც საქონლისა და მომსახურების ფასს ემატება. ევროპაში ამგვარი გადასახადის ძირითადი სახეობა დამატებული ღირებულების გადასახადია (დღგ), ხოლო აშშ-ში - ბრუნვის გადასახადი. ასეთი გადასახადები, რომლებსაც ირიბი გადასახადები ჰქვია, ხარჯებს ბეგრავს და არა შემოსავალს. ირიბი გადასახადების მეშვეობით შესაძლოა ადამინის ქცევა შეიცვალოს. მაგალითად, თუ მთავრობას, გარემოს დაბინძურებასთან საბრძოლველად, სურს, რომ მძღოლებმა არაეთილირებული ბენზინი მოიხმარონ, იგი ეთილირებულ ბენზინზე დაწასებულ გადასახადს გაზრდის, ხოლო თუ იმით არის დაინტერესებული, რომ მოსახლეობა თამბაქოს წევას გადააჩვიოს, თამბაქოს ნაწარმზე გაზრდის გადასახადს.

გადასახადი არაპირდაპირი (ირიბი) - 1. გადასახადი საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც უშუალოდ შედის ფასებისა და ტარიფების სტრუქტურაში. ამ გადასახადს იხდის მყიდველი. პირდაპირი გადასახადისაგან განსხვავებით, იგი არ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის შემოსავლებთან. არაპირდაპირი გადასახადია: დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, საბაჟო გადასახადი და სხვ.; 2. გადასახადი საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც დაწესებულია ფასზე ან ტარიფზე დანამატის სახით. მწარმოებელი საქონლის (მომსახურების) ფასში ითვალისწინებს აღნიშნულ დანამატს და სავაჭრო ამონაგებიდან შეაქვს შესაბამისი საგადასახადო თანხა. ირიბი გადასახადის ფაქტიური გადამხდელია მომხმარებელი. ირიბი გადასახადის გავრცელებული სახეებია: აქციზი, ფიქსირებული და საბაჟო გადასახადი; 3. გადასახადი (დღგ, აქციზი და სხვ.), რომელიც დადგინდება მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით. საქონლის შეძენისას არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება ეკისრება საქონლის (სამუშაოს მომსახურების) მიმწოდებელს, რომელიც იწოდება გადასახადის გადამხდელად

გადასახადი იმპორტზე - საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონელზე დაწესებული არაპირდაპირი გადასახადის სახე; გამოიყენება იმპორტის მოცულობისა და სტრუქტურის რეგულირებისათვის.

გადასახადი მოგების - საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლითაც იბეგრება საქართველოსა და უცხოური საწარმოები. საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით, გარდა კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები; საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება; საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება; 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს; 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში; საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან ან ფინანსური მომსახურებიდან ან საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება; საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება; თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგება; არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; სახელმწიფოს ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციითა და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება და ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება; სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა); 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება; ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის ღირებულება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება.

გადასახადი პროგრესული - გადასახადი, რომლის საშუალო განაკვეთიც მაღლდება შემოსავლის ზრდასთან ერთად.

გადასახადი პროპორციული - გადასახადი, რომლის საშუალო განაკვეთი შემოსავლის მიუხედავად უცვლელი რჩება.

გადასახადი რეგრესული - გადასახადი, რომლის საშუალო განაკვეთიც შემოსავლის ზრდასთან ერთად ეცემა.

გადასახადი სააქციზო - არაპირდაპირი გადასახადის ერთ-ერთი სახეობა. წესდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ახასიათებს ორი ძირითადი თავისებურება: 1. ფასისგან დამოუკიდებლად იყიდება განუსაზღვრელი რაოდენობით; 2. არის შეუცვლელი სამომხმარებლო საქონელი. იგი შედის საქონლის (შაქარი, ჩაი, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და სხვ.) ფასში, აგრეთვე სატრანსპორტო, კომუნალურ და სხვა მომსახურების ტარიფებში. ა. სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

გადასახადი საშემოსავლო - გადასახადი, რომელსაც იხდის რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური (იურიდიული) პირი, რომლის დაბეგვრის ობიექტია გამოთვლილი შემოსავალი, როგორც სხვაობა კალენდარული წლის ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვების თანხას შორის.

გადასახადი უარყოფითი - დოტაცია, სუბსიდია.

გადასახადი უარყოფითი საშემოსავლო - სახელმწიფო ანაზღაურების სისტემა იმ ოჯახებისათვის, რომელთა შემოსავალი დაუბეგრავი საშემოსავლო გადასახადის მინიმუმზე ნაკლებია.

გადასახადი ფისკალური - საბაჟო გადასახადი, დადგენილი უმთავრესად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შევსების მიზნით; როგორც წესი, იბეგრება ის სამომხმარებლო საქონელი, რომელსაც მოცემულ ქვეყანაში არ აწარმოებენ.

გადასახადი წმინდა - სხვაობა გადასახადების აკრეფით მიღებულ შემოსავლებსა და სამთავრობო ტრანსფერულ გადასახდელებს შორის.

გადასახსნელი ქანები (გადახსნა) - გეოლოგიური გარემოს ან ტექტოგენური წარმონაქმნების ნაწილი, რომელიც ზევიდან ფარავს სასარგებლო შრეს და ექვემდებარება მოცილებას (გადახსნას).

გადასხმა - წყალგადასაშვები არმატურის კვანძი, ზედმეტი წყლის გადასაღვრელად სანიტარულ-ტექნიკური ხელსაწყოდან, მასში წყლის მაქსიმალური დონის მიღწევისას

გადაღობვა ბორდიურებით - გზის ან ხიდის ვაკისის ელემენტი, რომელიც აფიქსირებს სავალი ნაწილის საზღვარს და ზღუდავს სატრანსპორტო საშუალების გადასვლას მისი საზღვრების იქით (ნახ. 1). გამოიყენება აგრეთვე ეზოებში, ბაღებში, სკვერებში, პარკებსა და მისთ. ყვავილნარების, ბილიკების, მოედნების და ა.შ. გადასაღობად.

გადაღუნვის წერტილი - ბრტყელი წირის გადაღუნვის წერტილი წარმოადგენს ისეთ M წერტილს, რომლის მახლობლობაში მოთავსებული წირი მდებარეობს M წერტილში გამავალი მხების სხვადასხვა მხარეს. წირის სიმრუდე გადაღუნვის წერტილში ნულის ტოლია.

გადაცემა - მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მანქანებში მოძრაობის გადასაცემად. შეიძლება განხორციელდეს სიჩქარის, ძალის ან მომენტის სიდიდისა და მიმართულების ან მოძრაობის სახის (მაგალითად, ბრუნვითი - მიწოდებითში) შეცვლა. არსებობს გ. სხვადასხვა სახეები: ალის, ასაჩქარებელი, ბერკეტული, ბოლო, გვერდული, დამატებითი, დიფერენციალური, ელექტრული, ენერგიის, ეპიციკლური, ექსცენტრიკული, ირიბკბილა, კარდანული, კბილანური, კონუსური, კუთხური, ლარტყული, ლენტური, მთავარი, მოქნილი, მოძრაობის, მრუდმხარა, მუხლუხა, ორსაფეხურიანი, პირდაპირი, პლანეტარული, რედუქტორული, რევერსული, საავარიო, უსაფეხურო, უხმაურო, ფრიქციული, ცვლადი, ცილინდრული, ძალური, ჭიახრახნული, ჯაჭვური, ხისტი, ხრახნული, ჰიდრავლიკური, ჰიპოიდური და სხვ.

გადაცემა ექსცენტრიკული - მრუდმხარული გადაცემის სახეობა, როცა მისი რადიუსი შედარებით მცირეა მრუდხარას რადიუსზე. გამოიყენება ორთქლის მანქანებში და მრავალი სახის სხვა მანქანა-დანადგარებში.

გადაცემა კბილანური - მოძრაობის გარდაქმნელი მექანიზმი კბილებიანი ბორბლების (კბილანას) და კბილებიანი ლარტყების მეშვეობით. ამ მექანიზმის იმ რგოლს, რომელიც ამა თუ იმ ამძრავით მოდის მოძრაობაში, წამყვანი ეწოდება, ხოლო მეორეს - ამყოლი. ღერძების ურთიერთგანლაგების მიხედვით არსებობს გ.კ.: ცილინდრული, კონუსური და ჭიახრახნული.

გადაცემა რევერსული - გადაცემის სახეობა, რომელიც სათანადო მოწყობილობების გამოყენებით ბრუნვათა მიმართულების ცვლის საშუალებას იძლევა.

გადაცემა ფრიქციული - გადაცემის სახეობა, რომელიც ფრიქციული მოწყობილობითაა აღჭურვილი. გამოიყენება ამწეებში, სატრანსპორტო საშუალებებში და სხვაგან, სადაც საჭიროა ამძრავი მოწყობილობის ხშირი ჩართვა-გამორთვა.

გადაცემა ჭიახრახნული - გადაცემის სახეობა, რომელშიც ჩამონტაჟებულია ჭიახრახნული წყვილი (კბილანა და ჭიახრახნი). გამოიყენება ამწეებში, რედუქტორებში, ჯალამბრებში და სხვაგან.

გადაცემა ჰიპოიდური - კონუსური კბილანური გადაცემის სახეობა, სადაც კბილანებ, გარგა განივი სრიალისა, აქვთ გრძივი სრიალის საშუალება. გამოიყენება დიდი სიმძლავრეების გადაცემისას. გამირჩევიან უხმაურობით, თუმცა საჭიროებენ ხშირ გაპოხვას ცვეთის საწინააღმდეგოდ.

გადაცემათა კოლოფი - მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს გადაცემის რიცხვს, ანუ ბრუნვის სიჩქარეს ან მიწოდების სიჩქარეს.

გადაცემათა რიცხვი (გადაცემათა ფარდობა) - წამყვანი რგოლის სიჩქარის ფარდობა ამყოლი რგოლის სიჩქარესთან. ბრუნვითი მოძრაობისას i = w1/w2 = n1/n2 = R2/R1 = z2/z1. აქ i არის ერთმანეთთან ჩაბმაში მყოფი ბორბლების გადაცემათა რიცხვი. w1, n1, R1, z1 და w2, n2, R2, z2 - შესაბამისად წამყვანი და ამყოლი ბორბლების კუთხური სიჩქარე (w), ბრუნთა რიცხვი (n), ბორბლის რადიუსი (R) და კბილანური გადაცემისას კბილთა რიცხვი (z).

გადაცემის თანაფარდობა - მექანიზმის წამყვანი და მიმყოლი რგოლების კუთხური სიჩქარეების ან ბრუნვის სიხშირეების ფარდობა. თანმიმდევრობით შეერთებული რამდენიმე გადაცემის საერთო გადაცემის თანაფარდობა, მათი ცალკეულ გადაცემათა თანაფარდობის ნამრავლის ტოლია.

გადაცემის რიცხვი - კბილანურ გადაცემაში: კბილათვლის კბილთა რიცხვის შეფარდება კბილანის კბილთა რიცხვთან; ჭია გადაცემაში: კბილათვლის კბილთა რიცხვის შეფარდება ჭიას შესავლების რიცხვთან; ჯაჭვურ გადაცემაში: დიდი ვარსკვლავას კბილთა რიცხვის შეფარდება პატარა ვარსკვლავას კბილთა რიცხვთან; ღვედურ გადაცემაში: დიდი ბორბლის დიამეტრის შეფარდება პატარა ბორბლის დიამეტრთან; ფრიქციულ გადაცემაში (თუ იგი არარეგულირებადია): დიდი საგორავის დიამეტრის შეფარდება პატარას დიამეტრთან.

გადაცემის ფარდობა - მექანიზმის ორი მბრუნავი რგოლის კუთხურ სიჩქარეთა ფარდობა.

გადახრა აბსოლუტური - საშუალო მნიშვნელობისაგან გადახრის აბსოლუტური სიდიდე.

გადახურვა – შენობის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც მას სართულებად ყოფს და დატვირთვებს კაპიტალურ კედლებს ან სვეტებს გადასცემს. არსებობს გ. სახურავის და სართულშუა; ასაწყობი და მონოლითური; ხის, რკ.ბ.-ის და ლითონის.

გადახურვის დისკო - ჰორიზონტალური დიაფრაგმა, რომელსაც უნარი აქვს მიიღოს ჰორიზონტალურ სიბრტყეში მოქმედი ძალვები და გააერთიანოს ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციები ერთიან სივრცით სისტემაში (ნახ. 1: სართულშუა გადახურვის სიხისტის დისკო).

გაერთიანებული ენერგოსისტემა - ენერგოსისტემათა ერთობლიობა, გაერთიანებული სისტემათაშორისი კავშირებით პარალელური მუშაობისათვის საერთო ოპერატიული მართვით ერთიანი სადისპეტჩერო პუნქტიდან. გ.ე. ამცირებს ენერგეტიკული დატვირთვის არათანაბრობას ცალკეული ენერგოსისტემების დღეღამური მაქსიმუმების დროში არათანხვედრის გამო, რომლებიც მდებარეობენ დროის სხვადასხვა სარტყელებში, რის გამოც ცალკეული ენერგოსისტემა აღარ არის დამოკიდებული ჰიდროლოგიურ და კლიმატურ პირობებზე, აგრეთვე, გამორიცხავს დიდი სიმძლავრის სარეზერვო ელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობას.

გაერთიანებული სადგური - შენობებისა და ნაგებობების კომპლექსი სხვადასხვა სახის ტრანსპორტის მგზავრთა მომსახურებისათის. გ.ს. შეიძლება იყოს რკინიგზის და ავტობუსების, ავტობუსების და სამდინარო, რკინიგზის და საზღვაო და ა.შ. ტრანსპორტის ერთი სახეობა, ჩვეულებრივ, არის ძირითადი, დანარჩენი - მიბმული. გ.ს. პრინციპული სქემა განისაზღვრება ძირითადი ტრანსპორტის სახეობის შესაბამისი ნაგებობით. გაერთიანება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სადგურების განთავსებით ერთი მეორის გვერდით, ბლოკირებით ან ყველა ძირითადი შენობის ერთ სივრცეში გაერთიანებით.

გავალაკი - ბალდახინი, სალხინებელი. ბოძებზე თუ ლატნებზე დამაგრებული უძრავი ან მოძრავი ჩარდახი (მაგ. სამეფო ტახტის, ტრაპეზის თავზე).

გავიტი - იხ. ჟამატუნი.

გაზგოლდერი - გაზისა და თხევადი აირების მიღების, შენახვისა და გაცემის სტაციონარული ან გადასატანი ჭურჭელი (ნახ. 1).

გაზი (ფრანგ.) - 1. ლითონის ორტუჩა სადურგლო ხელსაწყო (მარწუხი), რაც იხმარება რისამე ამოსაძრობად; 2. ფიზიკური სხეული, რომლის ცალკეული ნაწილაკები ძალიან სუსტად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და მოძრაობენ რა თავისუფლად, მიისწრაფვიან დაიკავონ მთელი სივრცე, რომელშიც არიან მოქცეულნი (მაგ., ჟანგბადი, წყალბადი, აზოტი); 3. საერთო სახელწოდება გაზისებრი ან ორთქლისებრი საწვავი ნივთიერებებისა, რომელთაც იყენებენ გასანათებლად, გასათბობად და სხვ.

გაზის მეურნეობის საწარმო - საწარმო, რომელიც ახორციელებს დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემების ექსპლუატაციას.

გაზის მიწოდების დაბლოკვა - გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა.

გაზის საქვაბე - საქვაბე, რომელშიც მხოლოდ ბუნებრივი გაზის წვა ხდება.

გაზის სახიფათო კონცენტრაცია - კონცენტრაცია (გაზის მოცულობითი წილი), ტოლი გაზის ფეთქებადობის ქვედა ზღვრის 20%-ის.

გაზიფიკაცია (გაზიფიცირება) - 1. მყარი ან თხევადი სათბობის (ქვანახშირი, ტორფი, კოქსი, მერქანი, მაზუთი და სხვ.) ხელოვნურად გარდაქმნა საწვავ გაზად, რისთვისას სათბობს გენერატორებში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, არასრულად ჟანგავენ ჰაერით (ჟანგბადით, წყლის ორთქლით) და უმთავრესად საწვავ პროდუქტებს (ნახშირჟანგი, წყალბადი) ღებულობენ, რომლებსაც გენერატორის გაზსაც უწოდებენ; 2. საცხოვრებელი სახლების, კომუნალური და სამრეწველო საწარმოთა უზრუნველყოფა საწვავი გაზით.

გაზკბილა - საზეინკლო ხელსაწყო, მავთულების საჭრელი ბრტყელტუჩა; მილის, ქანჩისა და ქუროს გადასახვევი, მოსაჭერი (ნახ. 1).

გაზმომარაგება (აირმომარაგება) - 1. გაზის მრეწველობის შემადგენელი ნაწილი; 2. საწვავი (ბუნებრივი) აირის მომხმარებელამდე მიწოდება გაზსადენებით, რომლის სიგრძე შეიძლება იყოს ათასობით კილომეტრი (მაგ., „ურენგოი - პომარი - უჟგოროდი“-ის გაზსადენის სიგრძე 4451 კმ-ია). გაზსადენის ხაზზე აყენებენ გადამქაჩ სადგურებს, სადაც გაზი იკუმშება კომპრესორში 20...50 ატმ-მდე და ამ წნევის გავლენით გადაიქაჩება მომდევნო სადგურამდე და ა. შ.

გაზმოწყობილობა - მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე, გაზის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც გაზი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბობისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიურ ნედლეულად.

გაზოვანი ტრაქტი - საქვაბეს ნაწილი შემომავალ გაზის მილყელსა და სანთურას შორის, რომლითაც მიეწოდება ან არსებობს გაზი.

გაზოილი (ფრანგ.) - ნავთობის გამოხდის შედეგად მიღებული თხევადი პროდუქტი. იყენებენ დიზელებში.

გაზოლინი (ფრანგ.) - 1. ნავთობის გამოხდის შედეგად მიღებული საწვავი სითხე; 2. ბენზინის სახელწოდება აშშ-ში

გაზომეტრი - ჭურჭელი, რომლის საშუალებითაც ახდენენ აირადი ნივთიერებების შეგროვებას და მოცულობის გაზომვას (ნახ. 1. გაზომეტრი: 1-მინის ჭურჭელი; 2-ჭიქა წყლის ჩასასხმელად; 3-შლანგი აირის მისაწოდებლად).

გაზომვის ერთეულის ეტალონი - გაზომვის საშუალება, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური სიდიდის ერთეულის ზომის აღწარმოების, შენახვისა და გადაცემისათვის.

გაზონი (ფრანგ.) - ბაღებში, სკვერებში, ქუჩებში განსაზღვრულ ფართობზე დეკორატიული მიზნით დათესილი ბალახი, ჩვეულებრივ მოკლედ შეკრეჭილი.

გაზონი მავრიტანული - ჭრელყვავილებიანი გაზონი, რომელიც შექმნილია ყვავილოვანი მცენარეების ერთიანობით მრავალწლიან ბალახთან.

გაზოტრონი (ფრანგ.) - ელექტროვაკუუმური აირგანმუხტვის ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ცვლადი დენის მუდმივად გარდასაქმნელად.

გაზსადენების დაცვა კოროზიისაგან - ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან.

გაზსადენების ელექტროქიმიური დაცვა კოროზიისაგან - მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია შესაბამისად, გაზსადენებზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან გაზსადენის ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა.

გაზსადენების იზოლაცია (პასიური დაცვა) - მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების ანტიკოროზიული საფარი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგთან მილის ლითონის შეხებას.

გაზსადენი - საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გაზის (ძირითადად ბუნებრივი გაზის) ტრანსპორტირება გაზსადენის მეშვეობით (ნახ. 1). გაზი გაზსადენსა და გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება გარკვეული წნევით, რომლის სიდიდე დამოკიდებულია მილის დიამეტრზე, მილგაყვანილობის მარშრუტის რელიეფზე, გადამქაჩ სადგურებს შორის მანძილზე და სხვ. არსებობს გ. ორი ძირითადი ჯგუფი: მაგისტრალური (გაზის ტრანსპორტირებისათვის დიდ მანზილებზე; წნევა მილსადენში 2,5...10 მპა) და გამანაწილებელი ქსელები (გაზის მისაწოდებლად მომხმარებლებისათვის; წნევა მილსადენებში 0,005...1,2 მპა). მილების ჩაწყობის სახეობის მიხედვით გ. შეიძლება იყოს: მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა. გ. ტრასა მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მკაცრი კონტროლის და ზედამხედველობის ქვეშ. გაზსადენის კატეგორიებია: I კატეგორია - მაგისტრალური გაზსადენი; II კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (მაღალი და საშუალო წნევის) გაზსადენი; III კატეგორია - გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (დაბალი წნევის) გაზსადენი.

გაზსავსები პუნქტი - მცირე საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

გაზსავსები სადგური - საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზის მიღება რკინიგზის, წყლის, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ავტოცისტერნებითა და ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

გაზსაშიში ადგილი - შენობები, ნაგებობები, ტერიტორიის უბნები, მოცულობები, არეები, არხები, ჭები, შახტები და ა.შ., სადაც სამუშაო ზონის ჰაერში შესაძლებელია მავნე და ფეთქებადსაშიში გაზების კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებ ნორმაზე მეტად ან არასაკმარისია ჟანგბადის შემცველობა.

გაზსაშიში სამუშაო - სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოებისას შესაძლებელია გაზის გაჟონვა.

გათბობა - სათავსში ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევა და შენარჩუნება იმ დონეზე, რომელიც პასუხობს საყოფაცხოვრებო თბური კომფორტის ან ტექნოლოგიური პროცესის მოთხოვნებს. გ. ქვეშ იგულისხმება აგრეთვე ამ ფუნქციის შემსრულებელი მოწყობილობები და სისტემები. შენობის გათბობისათვის თბოგადაცემის ხერხის მიხედვით, გ. შეიძლება იყოს კონვექციური და სხივური.

გათბობა კონვექციური - გათბობის სახეობა, როდესაც სითბო გადაეცემა ცხელი და ცივი ჰაერის მოცულობების გადაადგილებით. ამ მეთოდის უარყოფითი მხარეა ის, რომ სათავსში სითბო ნაწილდება არათანაბრად (ჭერთან მაღალი და იატაკთან დაბალი ტემპერატურა), რაც აძნელებს განიავების პროცესს თბური ენერგიის კარგვის გარეშე.

გათბობა პანელური - გათბობის სახეობა, რომლის დროს სითბო გასათბობ სათავსს გადაეცემა კედელში, ტიხარში ან იატაკში განლაგებული გათბობის პანელების გახურებული ბრტყელი ზედაპირით. გათბობის პანელებს ამზადებენ ბეტონისაგან, რომელშიც მოთავსებულია გასახურებელი ელემენტები - ფოლადის მილები. მილებში ხდება თბოშემცველების (ცხელი წყალი, ორთქლი, ჰაერი) ცირკულაცია. გ.პ. გამოყენება მიზანშეწონილია მსხვილპანელურ მშენებლობაში.

გათბობა სხივური - გათბობის სახეობა, როდესაც სითბო გადაეცემა ძირითადად გამოსხივებით, ნაკლებად - კონვექციით. გამთბობი ხელსაწყოები თავსდება გასათბობი ზონის ქვეშ ან ზემოთ (დამონტაჟებულია იატაკში ან ჭერში, კედლებზე ან ჭერის ქვეშ). გარდა ზემოთჩამოთვლილისა, არსებობს გ. სხვა სახეობებიც: ცეცხლჰაერის, ორთქლის, წყლის, ჰაერის, ინფრაწითელი სხივების, დინამიკური და სხვ.

გათბობა წყლით - ყველაზე მეტად გავრცელებული სათბობი სისტემა, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სამრეწველო შენობებში და რომელიც სითბოს გამოყოფს ცხელი წყლის მეშვეობით გასათბობ სათავსებში განთავსებული სათბობი მოწყობილობებიდან. წყლით გათბობის სისტემაში შედის: წყალგამაცხელებლები, სათბობი მოწყობილობები (რადიატორები, კონვექტორები, პანელები და მისთ.), მილგაყვანილობები, გაფართოებადი ჭურჭელი გაცხელებისას წყლის გაზრდილი მოცულობის მისაღებად, საცობრეგულირებადი არმატურა. გ.წ. შეიძლება იყოს ბუნებრივი, როცა წყლის ცირკულაცია ხდება სისტემაში წყლის ტემპერატურისა და სიმკვრივის სხვაობით წყალგამახცელებელსა და გათბობის საყოფაცხოვრებო არმატურას შორის და მექანიკური, როცა წყლის მიმოცვლა ხდება მილგაყვანილობაზე დამონტაჟებული საცირკულაციო ტუმბოს ხარჯზე

გათბობა ჰაერით - გათბობის სისტემა, სადაც თბოგადამტანის (ჰაერის) გაცხელება ხდება ცეცხლის მეშვეობით.

გათბობის სისტემა - ტექნიკური ელემენტების ერთობლიობა, გათვალისწინებული სითბოს რაოდენობის მიღების, გადატანის და გადაცემისათვის, რომელიც საჭიროა მოცემულ დონეზე ტემპერატურის შესანარჩუნებლად. გ.ს. ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია: სითბოს წყარო (ელემენტი სითბოს მისაღებად), თბოგამტარები (სითბოს გადამტანი ელემენტი სითბოს წყაროდან გამათბობელ ხელსაწყოებამდე) და გამათბობელი ხელსაწყოები (სათავსში სითბოს გამცემი ელემენტი). თბოგამტარებში სითბოს გადატანა წარმოებს სითხის (წყალი, ანტიფრიზი) ან აეროვანი მუშა გარემოთი (ორთქლი, ჰაერი, სათბობის წვის პროდუქტები). გ.ს. შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის: გაზის, გეოთერმული, შეშაზე, მაზუთზე, მზის ენერგიის, ნახშირის, ტორფის, ელექტრული, წყლის, ჰაერის, ორთქლის, კომბინირებული, სხივური, კონვექციული, ბუნებრივი და ხელოვნური ცირკულაციის, ადგილობრივი, ცენტრალური, ერთმილიანი, ორმილიანი და სხვ.

გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირები - ნახშირწყალბადების ნარევი (ძირითადად პროპანი და ბუტანი), რომლებიც შედარებით მცირე წნევის ან ტემპერატურისას თხევად, ნორმალურ პირობებში კი აირად მდგომარეობაშია.

გაიდროპი (ინგლ.) - მსხვილი ბაგირი, რომელიც ავიაციაში დირიჟაბლის დასაშვებად გამოიყენება.

გაკვამლიანება - შავი ფერის კერამიკული სამხატვრო ნაკეთობების მიღების ხერხი.

გაკოტრება - ფინანსური კრახი, რომელიც გამოწვეულია საწარმოს შეუძლებლობით დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნები და სხვა ვალდებულებები. სასამართლოს მიერ გ. ოფიციალურად გამოცხადების დღიდან კომპანია კარგავს თავისი ქონების განკარგვის უფლებას.

გალავანი - ქალაქის, ციხის, ეზოს, ცალკეული არქიტექტურული კომპლექსის (სასახლის, მონასტერის და ა.შ.) გარშემო შემოვლებული, ჩვეულებრივ, ქვის კედელი. ზღუდე (ნახ. 1: ქ. სიღნაღის გალავანი).

გალალითი (ბერძ.) - ცილოვანი ნივთიერებისაგან (კაზეინისაგან) მიღებული რქისებრი პლასტმასა.

გალაქვა - ელემენტის ზედაპირზე თხევადი ლაქ-საღებავის ფენის დატანის პროცესი, რომელიც სრულდება ხელით ან მექანიკურად.

გალე (ფრანგ.) - გაუმჭვირვალი მრავალფენიანი მინის ნაკეთობა.

გალენიტი (ლათ.) - სულფიდების ჯგუფის მოლურჯო, ტყვიისებრ ნაცრისფერი მინერალი (PbS), შეიცავს 86% ტყვიას, აგრეთვე ვერცხლის, თუთიისა და სხვ. ლითონების მინარევებს. სიმკვრივე 7400...7600 კგ/მ3. ტყვიის უმნიშვნელოვანესი მადანი. მშენებლობაში გამოიყენება ხის მასალების გაჟღენთვისათვის.

გალერეა (ფრანგ.) - 1. შენობის სხვადასხვა ნაწილების დამაკავშირებელი გრძელი სათავსი, რომელიც აგებულია სვეტების, კოლონების, კამარების, თაღების, გარსების საშუალებით. სვეტნარი ან თაღედი (ნახ. 1: ერმიტაჟის სურათების გალერეა, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი); 2. მიწისქვეშა გადასასვლელი ციხე-სიმაგრეებში ან შახტებში. 3. თეატრებში - ქანდარა, მაყურებელთა დარბაზის ზედა იარუსი; 4. ბევრი სამხატვრო მუზეუმის სახელი; 5. ჩამოქცევის საწინააღმდეგო ნაგებობა (ძირითადად რკინაბეტონის ნახევრადგვირაბი), რომელიც იცავს რკინიგზის ან საავტომობილო გზის მონაკვეთებს სამთო ჩამოქცევებისაგან.

გალვანიზაცია - მუდმივი ელექტრული დენის გამოყენება სამკურნალო ან ტექნიკური მიზნებისათვის.

გალვანიზება - 1. ელექტრული დენის გატარება რამეში; 2. რაიმე საგნის ზედაპირის ლითონით დაფარვა ელექტროლიზის საშუალებით.

გალვანოგლიფია - გალვანოპლასტიკის საშუალებით რელიეფურ გამოსახულებათა მიღების წესი.

გალვანოკაუსტიკა - 1. ქსოვილების მოწვა გალვანური დენით; 2. სურათის ამოტვიფრვა ლითონზე გალვანური დენის მეშვეობით.

გალვანოკაუტერი - ლითონის ბუნიკი, წვერი, რომლითაც აწარმოებენ ქსოვილების მოწვას.

გალვანომეტრი (ბერძ.) - მაღალმგრძნობიარე ელექტროსაზომი ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს დენის ძალის ან ელექტრული ძაბვის მცირე სიდიდეებზე. უფრო ხშირად გ. გამოიყენება ნულოვანი ინდიკატორების სახით ანუ ელექტრულ წრედში დენის ან ძაბვის ინდიკაციის არარსებობაზე. განასხვავებენ მუდმივი და ცვლადი დენის გ.-ს. მოძრავ ელემენტად, რომელიც მოთავსებულია გალვანომეტრის მუდმივი მაგნიტის ველში, შეიძლება იყოს მარყუჟი მავთულების რამდენიმე ხვიით, მარყუჟი მავთულის ერთი ხვიით ან გამტარი დაჭიმული როგორც სიმი. გამტარში გამავალი დენი ურთიერთქმედებს მუდმივი მაგნიტის ველთან და წარმოშობს მბრუნავ მომენტს, რომელიც იწვევს გ. მოძრავი ნაწილის მობრუნებას და ისრის შესაბამის გადაადგილებას. სარკისებურ გ. მოძრავ ნაწილში ისრის მაგივრად ამაგრებენ მინიატურულ სარკეს, ხოლო ანათვლების შკალას განათავსებენ 1,5...2 მ მანძილით გ.-დან, ამიტომ მოძრავი ნაწილის ძლიერ მცირე კუთხური გადაადგილებებიც იწვევს სინათლის სხივის მნიშვნელოვან გადახრას, რაც აირეკლება სარკიდან და რომელსაც მონიშნავენ შკალაზე. ბალისტიკურ გ. მოძრავი ნაწილის ინერციის მომენტი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ გ.. მას იყენებენ ელექტროობის რაოდენობის გასაზომად შედარებით ხანგრძლივი იმპულსების დროს. დენის ძალის და ცვლადი დენის ძაბვის 5 კჰც-მდე სიხშირის დროს, მცირე სიდიდეების გასაზომად, გამოიყენება ცვლადი დენის ვიბრაციული გ., რომლებსაც გააჩნიათ ცვლადი დენის მუდმივად გარდამქმნელები.

გალვანოპლასტიკა (ბერძ.) - 1. ლითონის დალექვა მისი მარილების ხსნარიდან რაიმე საგნის ზედაპირზე ლითონის ზედაპირის მისაღებად; 2. ლითონის ზუსტი ასლის მიღება ელექტრული დალექვის მეთოდით ლითონის ან არალითონის ორიგინალზე. გავრცელებულია გალვანოსტერეოტიპებისა და გრამფირფიტების შტამპების დასამზადებლად.

გალვანოსკოპი - უმარტივესი ხელსაწყო წრედში მუდმივი დენის გამოსამჟღავნებლად და მისი მიმართულების გასარკვევად.

გალვანოსტეგია (ბერძ.) - ნაკეთობაზე დამცავი ან დეკორატიული ლითონის საფარების დატანა ელექტროლიტური მეთოდით. მას წინ უსწრებს ზედაპირის გაუცხიმოვნება, ამოჭმა, გახეხვა და გაპრიალება. გ. აწარმოებენ გალვანურ აბაზანაში, სადაც ანოდად გამოიყენება ლითონი, რომელიც იხსნება ელექტროლიტში და რომელიც კომპენსაციას უკეთებს დალექილ ლითონს, ხოლო კათოდად - თვით ნაკეთობა. გალვანური დაფარვის ხარისხი და გ. პროცესის სიჩქარე განისაზღვრება ელექტრული დენის სიმკვრივით (ამპერებში ნაკეთობის დასაფარი ზედაპირის 1 დმ2-ზე), ელექტროლიტის შედგენილობითა და ტემპერატურით. ძირითადად გამოიყენება ლითონის ზედაპირის დასაცავად კოროზიისაგან.

გალვანოტექნიკა (ბერძ.) - გამოყენებითი ელექტროქიმიის დარგი, რომელიც იკვლევს ლითონების დალექვას მათი მარილების ხსნარებიდან ელექტროლიზის გზით.  დალექვა შეიძლება მოხდეს ლითონურ ან არალითონურ ნაკეთობის ზედაპირზე.

გალვანური ელემენტი - ელექტრული დენის წყარო, რომელშიც ელექტროქიმიური რეაქციის შედეგად გამოიყოფა უშუალოდ ელექტრული ენერგია. გ.ე. შედგება უარყოფითი (თუთია) და დადებითი (სპილენძი, ნახშირი, ლითონის ჟანგი) ელექტროდებისაგან, რომლებიც ჩაძირულია თხევად ან პასტისმაგვარ (ე.წ. მშრალი გ.ე.) ელექტროლიტის ხსნარში. აღდგენითი რეაქციის შედეგად დადებით ელექტროდზე და დაჟანგულ უარყოფითზე წარმოიქმნება ელექტრული დენი. გ.ე. ელექტრომამოძრავებელი ძალა დამოკიდებულია ელექტროდების მასალაზე და ელექტროლიტების შედგენილობაზე, ხოლო დენის ზღვრული ძალა - ელექტროდების ფორმაზე და ელექტროქიმიური რეაქციის სიჩქარეზე. მშრალი გ.ე. ემძ ტოლია 1,25...1,6 ვ-ის. გამოიყენება როგორც უმნიშვნელო სიმძლავრეების ელექტროკვების ავტონომიური წყარო.

გალვანური საფარველი - ლითონის აფსკი სისქით მკმ-დან მმ-ის მეათედამდე სისქით, რომელიც დაიტანება ელექტროლიტური დალექვის მეთოდით ნაკეთობის ზედაპირზე მისი კოროზიისა და მექანიკური ცვეთისაგან დაცვის მიზნით, დეკორატიული მოპირკეთების, აგრეთვე ზედაპირის ფიზიკური და ქიმიური თვისებების სპეციალური უზრუნველყოფისათვის. უპირატესად გავრცელებულია გალვანური მონიკელება და მოქრომვა

გალია - 1. მავთულის ან რკინის ბადით შემოზღუდული სადგომი ცხოველებისა და ფრინველებისათვის; 2. მდინარე პოსა და ალპებს შორის მდებარე უძველესი ისტორიული რეგიონი.

გალიორკინის მეთოდი - დრეკადი სხეულების სტატიკისა და დინამიკის ამოცანების მიახლოებითი ამოხსნის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია შესაძლო გადაადგილებათა საწყისებზე.

გალიპოტი (ფრანგ.) - ფისი, რომელიც სდის წიწვოვანი ჯიშების მერქანს ჭრილობიდან. შეიცავს სკიპიდარს, კანიფოლსა და წყალს. იყენებენ ლაქების დასამზადებლად.

გალიტი (ბერძ.) - ქვამარილი, უფერო, გამჭვირვალე, იშვიათად მოწითალო ან ლურჯი მინერალი NaCl. სიმკვრივე 2100...2300 კგ/მ3. ბუნებაში წარმოიქმნება ე.წ. მარილოვანი ქანების სახით - ლაგუნებისა და მარილოვანი ტბების დანალექებით. გაწმენდილი სახით არის სუფრის მარილი. გამოიყენება სოდის, ქლორის, მარილმჟავასა და ნატრიუმის მარილების მისაღებად.

გალიუმი - მოვერცხლისფრო-თეთრი რბილი ლითონი. ქიმიური თვისებებით ჩამოგავს ალუმინს, გამოიყენება: ლითონშორისი ნაერთების (ზეგამტარი) და ადვილად ლღობადი შენადნობების მისაღებად (სასიგნალო მოწყობილობისათვის), სპეციალური მინების და სარკეების დასამზადებლად; გამმართველებსა და ნათურებში; თერმომეტრებისა და მანომეტრების შესავსებად (ვერცხლისწყლის ნაცვლად); სპეციალურ ფიზიოთერაპიულ ნათურებში; ელექტრონული მილაკების კათოდებში; თერმორეგულატორებში, სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. გ. და მისი ნაერთები ტოქსიკურია ვერცხლისწყლის მსგავსად.

გალონი - თხევადი და ფხვიერი მასალების საწყაო დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ინგლისური გ.= 4,546 ლ, ამერიკული გ.= 3,785 ლ, არგენტინული გ.= 3,80 ლ. გალონის 1/8 ნაწილს ეწოდება პ ი ნ ტ ა. 1 ამერიკული ბარელი = 42 ამერიკულ გ. = 159 ლ.

გალოპრილი - ხე, რომელსაც ქერქი აქვს შემოცლილი.

გამა - ფერების ერთობლიობის ხასიათი ფერწერაში (მაგ. ნათელი გამა, თბილი გამა და ა.შ.).

გამა-გამოსხივება - თან ახლავს ალფა- და ბეტა-გამოსხივებას კვანტების ანუ ცალკეული ულუფების სახით; წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ტალღების ნაკადს და გარემოში ვრცელდება ვაკუუმში სინათლის ტოლი სიჩქარით - 300 000 კმ/წმ. აქვს შეღწევადობის ყველაზე დიდი უნარი, ხოლო იონიზაციის მხრივ საშუალედო მდგომარეობა. წყალში გავლისას იწვევს ყოველი მე-300-ე წყლის მოლეკულის იონიზაციას. გ. ელექტრული მუხტი არა აქვს. გამოიყენება სხვადასხვა ხელსაწყოებში, როგორებიცაა: გამა-დეფექტოსკოპები, სამედიცინო და კვების მრეწველობის დანადგარებში (პროდუქტების დაკონსერვებისას); არეთვე ფიზიკისა და საშენი მასალების სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, ექსპერტიზის ბიუროები და სხვ.

გამა-დეფექტოსკოპი - γ-სხივებით გაშუქების შედეგად დეფექტების აღმოჩენა ლითონის სხმულებში, ზოდებში, შედუღებულ ნაკერებში და სხვ. ემყარება γ-სხივების შთანთქმის გაზომვას. მუშაობისას აუცილებელია შრომის უსაფრთხოების დაცვა

გამა-ფუნქცია - G(x) ფუნქცია, ფაქტორიალის განზოგადოებული ცნება; მთელი დადებითი x-ის შემთხვევისათვის ტოლია: 1∙2∙3∙...∙(x-1) = (x-1)! = G(x).

გამა-ცელულოზა - ტექნიკური ცელულოზის ფრაქცია, რომელიც შედგება ცელულოზის დაშლის პროდუქტებისაგან, რომლებიც იხსნება 17,5%-იან მწვავე ნატრიუმის ხსნარში შემდგომი გამორეცხვით.

გამაგრება ნაპირის - მდინარის, ზღვის, ტბის, დამბის, წყალსატევის, არხის ნაპირების გამაგრების პროცესი სხვადასხვა მეთოდების და მასალების გამოყენებით (მაგ., ნაყარი ქვებით, ბეტონის ხელოვნური ქვებით, ხიმინჯებით, საყრდენი კედლებით, შპუნტებით, ცემენტაციით და სხვ.).

გამამტკნარებელი - წყლის გამამტკნარებელი მოწყობილობა. დისტილაციური გამამტკნარებლები, რომელთა საშუალებითაც ღებულობენ დედამიწის მტკნარი წყლის მარაგის დაახლოებით 96%, არსებობს ერთ- და მრავალსაფეხურიანი. გ. მილისებრი ამაორთქლებლით წყლის გახურება და აორთქლება პირველ საფეხურზე ხორციელდება ორთქლის ქვაბში გენერირებული ორთქლით; ყოველ შემდეგ საფეხურზე ორთქლი ხურდება წინა საფეხურზე წარმოქმნილი “მეორადი“ ორთქლით. პირველი საფეხურის გამახურებელი ორთქლის კონდენსატი  ბრუნდება ქვაბში, ხოლო დანარჩენ საფეხურებზე წარმოქმნილი კონდენსატი მიემართება მომხარებელთან. მრავალსაფეხურიან გამამტკნარებლებში მარილიანი წყალი მყისიერი ადუღებით თანდათანობით მიეწოდება კამერებს დაქვეითებული წნევით, სადაც ნაწილობრივ ორთქლდება; კონდენსატი გროვდება ქვეშზე (საქვეშეზე), საიდანაც ტუმბოთი გადაიქაჩება.

გამამყარებელი - პლასტმასის და ბეტონის დანამატი, რომლის დანიშნულებაა დააჩქაროს ნაკეთობის გამყარების დრო.

გამართვა - 1. ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც გათვალისწინებულია საინჟინრო მოწყობილობების ექსპლუატაციის ინსტრუქციებით; 2. მანქანის მომზადება მუშაობისათვის: დაკომპლექტება, დამონტაჟება, გაწყობა, საცდელი გაშვება და დარეგულირება.

გამართვა მანქანის - მანქანის ერთობლივი რიგგარეშე დარეგულირება, გამართვის მომზადება (ლითონსაჭრელი დაზგების, ჩარხების, ტუმბოების, კომპრესორების და სხვ.).

გამაღიზიანებელი მოქმედების ნივთიერებები - მჟავები, ტუტეები, აგრეთვე ქლორ-, ფთორ-, გოგირდ- და აზოტშემცველი ნაერთები (ფოსგენი, დიფოსგენი, ამიაკი, გოგირდისა და აზოტის ოქსიდები, გოგირდწყალბადი, V-გაზი), ბერილიუმი, გალიუმი, ვერცხლისწყალი და სხვ. ბიოლოგიურ ქსოვილებთან კონტაქტის შემთხვევაში აღნიშნული ნივთიერებები იწვევენ ანთებით რეაქციას, პირველ რიგში ზიანდება სუნთქვის ორგანოები, კანი და თვალის ლორწოვანი გარსი.

გამაძლიერებელი - მოწყობილობა, რომელიც ზრდის (ამაღლებს) რომელიმე სიდიდეს ენერგიის გარეშე წყაროს მეშვეობით. განასხვავებენ ელექტრული დენის, ძაბვის, ძალის, წნევის და სხვათა გ., რომლებსაც ფართოდ იყენებენ ავტომატიკაში, რადიოტექნიკაში, მომუშავე მანქანების ამძრავებში სხვ. გამოყენებული ენერგიის წყარო შეიძლება იყოს ელექტრულ-მაგნიტური, ჰიდრავლიკური, პნევმატური და სხვ.

გამაძლიერებელი სადები - დაპროფილებული ფოლადის ელემენტი, მოთავსებული მთავარი პროფილის ძირითად კამერაში საექსპლუატაციო დატვირთვების მისაღებად.

გამდიდრება - სასარგებლო არამადნეული წიაღისეულის პირველადი გადამუშავების პროცესი, რომლის დროსაც ხდება ფუჭი, არამტკიცე მასალის მოცილება სხვადასხვა მეთოდით.

გამდიდრებადობა (გამდიდრების უნარი) - სასარგებლო წიაღისეულის კომპონენტების შესაძლო სრული დაყოფის ხარისხის შეფასება გამდიდრებისას.

გამერქნება - მცენარეული წარმოშობის მასის შემადგენელი უჯრედების გაზრდა-გარდაქმნა მერქნული თვისებების მქონე ნივთიერებებად.

გამზავებელი - ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სქლად სრესილი საღებავი შემადგენლობების განზავებისა და მშრალი მინერალური საღებავების გახსნისათვის. გამხსნელებისაგან განსხვავებით, გ. შეიცავს აფსკის წარმომშობ ნივთიერებას. ყველაზე მეტად გავრცელებულ გ. წარმოადგენს ემულსიური სისტემა ,,წყალი ზეთში“. იგი გამოიყენება თუთიისა და ლითოფონის გახსნა-განზავებისათვის, სხვადასხვა ფერადი სქლად სრესილი საღებავი შედგენილობებისათვის და ა.შ. ამ გ. რაოდენობა შეადგენს საღებავი შემადგენლობის მასის არა უმეტეს 22...40%-ს. თუ გ. ეს რაოდენობა არაა საკმარისი მუშა კონსისტენციის საღებავი შედგენილობის მისაღებად, მაშინ საჭიროა საღებავ შედგენილობას დაემატოს გამხსნელი.

გამირი - ერთმანეთისგან დაშორებული გასწვრივი ხეების შემაერთებელი ხარიხა.

გამოგონება - ამოცანის ახალი (მნიშვნელოვანი საიხლის შემცველი) ტექნიკური გადაწყვეტა სახალხო მეოურნეობის ნებისმიერ დარგში, რომელიც იძლევა დადებით ეფექტს. გ. დაცულია საავტორო უფლებითა და პატენტით.

გამოზიდვის კონუსი (გამოტანის კონუსი) - დედამიწის ზედაპირის რელიეფის აკუმულაციური ფორმა, რომელიც გვხვდება მდინარეების, ხევებისა და მთის ნაკადულების შესართავებში. წარმოადგენს ნახევარკონუსისებრ ბუნებრივ ამაღლებას, რომელიც იქმნება მდინარეთა აკუმულაციის შედეგად. სახელდობრ: როდესაც მთის მდინარესა ან ნაკადულს მთისწინეთის დადაბლებულ ადგილებში გამოაქვს მყარი მასალა (ქვიშა, კენჭი, და სხვ.) ხდება ამ მასალის აკუმულირება მთის ძირში და წარმოიქმნება სუსტად ამოზნექილი რელიეფი. დამახასიათებელია საშუალო ან პატარა მდინარეებისათვის, რომლებიც მთის ტერიტორიიდან იჭრებიან მთისწინეთის მოვაკებულ ადგილებში. გამოზიდვის კონუსისთვის ნიშანდობლივია ზრდა, ხოლო ქვემო მონაკვეთში გაგანიერება. მათი ზომები და მოხაზულობა დროთა განმავლობაში იცვლება.

გამოთვლა - საწყისი მონაცემებიდან რაიმე ალგორითმით რიცხვითი შედეგის მიღება.

გამოთვლითი ტექნიკა - 1. ტექნიკური და მათემატიკური საშუალებების ერთობლიობა, გამოყენებული გამოთვლების და ინფორმაციის დამუშავების მათემატიკური პროცესის მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის; 2. ტექნიკის დარგი, დაკავებული გამოთვლითი მანქანების, მოწყობილობების და ხელსაწყოების დამუშავებით, დამზადებით და ექსპლუატაციით.

გამომთვლელი მანქანა - მოწყობილობა, რომლის მიზანია ინფორმაციის დამუშავების და გამოთვლის პროცესების მექანიზაცია და ავტომატიზაცია. პირველი გამომთვლელი მანქანა (საანგარიშო) გამოიგონეს ჩინელებმა ძვ. წ. ა.V ს-ში.

გამომუშავება - პროდუქციის რაოდენობა - გამოსახული ღირებულების ნატურალურ გამოსახულებაში, რომელიც წარმოებულია მომუშავეთა მიერ სამუშაო დროის ფარგლებში.

გამომუშავების ნორმა - პროდუქციის რაოდენობა, რომელიც უნდა აწარმოოს მუშამ დროის ერთეულში. იგი შრომის ნაყოფიერების მაჩვენებელია.

გამოორთქვლა - ხსნარების კონცენტრირება გამხსნელის ნაწილობრივი აორთქლების გზით. წარმოებს გამოსაორთქლ აპარატებში.

გამორეცხვა საყრდენის - ამა თუ იმ საყრდენის, საძირკველის გამორეცხვა ძირითადად გამავალი წყლების მეშვეობით, რამაც შეიძლება ავარიული სიტუაცია გამოიწვიოს.

გამოსადეგობის ვადა - ობიექტის მუშაობის კალენდარული ხანგრძლივობა ექსპლუატაციის დაწყებიდან ერთ-ერთი ზღვრული მდგომარეობის დადგომამდე.

გამოსადეგობის ვადა დანიშნული - ობიექტის ექსპლუატაციის კალენდარული ხანგრძლივობა, რომლის შემდეგ მისი გამოყენება დანიშნულების მიხედვით უნდა შეწყდეს.

გამოსადეგობის ვადა საშუალო - გამოსადეგობის ვადის მათემატიკური ლოდინი.

გამოსავალი - ნედლეულის გადამუშავებისას მიღებული პროდუქციის ოდენობის შეფარდება დახარჯული ნედლეულის რაოდენობასთან, გამოხატული პროცენტებში.

გამოსავალი მოცულობითი - მზა პროდუქციის მოცულობის შეფარდება დახარჯული ნედლეულის მოცულობასთან, გამოხატული პროცენტებში.

გამოსავალი რაოდენობრივი - ნედლეულიდან მზა პროდუქციის გამოსავალი რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით (მაგ., მორის დანაწევრებისას ფიცრის მთლიანი რაოდენობა ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინების გარეშე).

გამოსავალი სასარგებლო - რაიმეს გადამუშავებისას მიღებული სასარგებლო პროდუქციის რაოდენობის შეფარდება დახარჯული ნედლეულის რაოდენობასთან, გამოხატული პროცენტებში.

გამოსავალი სუფთა - პროდუქციის პროცენტული გამოსავალი სუფთა ზომების მიხედვით.

გამოსაწვავი ღუმელი - სხვადასხვა მასალის გამოსაწვავი ღუმელი სამუშაო ტემპერატურით 700-13000C ცეცხლმედეგი თიხის, კირქვის, მაგნეზიტის, დოლომიტის, ცემენტის შიხტის, ლითონის მადნის გამოსაწვავად შავ და ფერად მეტალურგიაში. კონსტრუქციის მიხედვით არის შახტური, მრავალქვედიანი, მილისებრი, მბრუნავი. ცალკეულ შემთხვევებში გამოწვა შეიძლება მიმდინარეობდეს გამოსაწვავი ღუმელის მდუღარე ფენით. მაღალტემპერატურული (10000C და ზევით) გამოსაწვავი ღუმელი გამოიყენება ცეცხლმედეგი აგურის, ფაიფურის და ქაშანურის ნაკეთობების, ჭურჭლის, სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმის, აპარატურის დეტალების ზედაპირზე დატანილი ემალისა და საღებავების დასაფიქსირებლად. კონსტრუქციულად გ.ღ. შეიძლება იყოს კამერიანი, წრიული, გვირაბისმაგვარი, კონვეიერული და ა.შ.

გამოსაჭიმი ხელსაწყო - თავისუფლად მბრუნავი ბლოკი (თვალი) ღვედური ან ბაგირული გადაცემის ამყოლი შტოს რეგულირებისათვის, დაჭიმვისათვის.

გამოტანილი ფილა - უბრალო ან დაპროფილებული თარო მნიშვნელოვანი ზომის ნაშვერით, რომელიც ზოგიერთი ტიპის არქიტექტურული კომპოზიციის (ორდერის კარნიზის) მთავარი ნაწილია (ნახ. 1).

გამოტანის კონუსი - რელიეფის აკუმულაციური ფორმა ხეობების სათავეებთან, ხევებში, ხეობებში, მდინარის მიმდებარე ველებზე. მისი მახასიათებელია დახრილი კონუსის ფორმა (ნახ. 1). შედგება წვრილი და მსხვილი გაფხვიერებული ნატეხების გროვისაგან - წყლის დინების დროებითი და მუდმივი გამონატანით (პროლუვიუმი). დანალექის კონცენტრაცია სივრცეში გამოწვეულია კალაპოტის მკვეთრი გაფართოებითა და ნაკადის ტრანსპორტუნარიანობის შემცირებით. მთიან რაიონებში გ.კ. ფართოდ არის გავრცელებული მდინარის ძირითადი ველების ფსკერზე, შუამთიანეთის ქვაბულებში და წინამთიანეთის მდელოებზე. მცირე და საშუალო წყალშემკრებებზე გ.კ. ფორმირებაში მნიშვნელოვან და ზოგჯერ გადამწყვეტ როლს ღვარცოფული ნაკადები თამაშობს.

გამოტუმბვა - მყარი ნივთიერების ერთი ან რამდენიმე კომპონენტის ხსნარში გადაყვანა წყლთ ან ორგანული გამხსნელით.

გამოფენა - ადამიანთა მატერიალური და სულიერი მოღვაწეობის მიღწევათა საჯარო დემონსტრირება.

გამოფისვა - წიწვოვანი ხეების დაკეჭნა ფისის მისაღებად.

გამოფიტვა - მთის ქანების რღვევის პროცესი ატმოსფეროს, გრუნტის, ზედაპირული წყლების და ორგანიზმების მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების შედეგად.

გამოფიტული ქერქი - სამთო ქანის ფხვიერი ზედაპირული ფენა, რომელსაც წარმოქმნის გამოფიტვა. როგორც წესი, მას აქვს თიხოვანი შედგენილობა.

გამოფრქვევა (გამობოლქვა) არაკონტროლირებადი) - როდესაც ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამონთავისუფლება ხდება ტექნოლოგიური მოწყობილობის, დაცვის სისტემების, რეზერვუარების გარსაცმის ნაწილობრივი ან სრული ნგრევით. მას შეიძლება ახლდეს ხანძრები, აირ- და მტვერჰაერის ნარევების აფეთქებები, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს მოწყობილობის განმეორებით ნგრევას და მეზობელი ობიექტების დაზიანებას

გამოქვაბული (ქვაბი) - კლდეში გამოღრმავებული ადგილი.

გამოყენებითი მექანიკა - ნივთიერი სხეულის მექანიკა, რომელმაც ტექნიკური გამოყენება ჰპოვა.

გამოყვანა (მოსახვა) - ნაგებობის. მისი ცალკეული ელემენტების დამუშავების პროცესი (მოპირკეთება, შეღებვა, შელესვა, გაპრიალება და სხვ.).

გამოშრობა - მასალიდან (სხეულიდან) ტენის მოშორების პროცესი ბუნებრივად ან ხელოვნურად.

გამოშრობის კოეფიციენტი - დატენიანების დროს კედელში შეღწეული წყლის რაოდენობის შეფარდება, ამავე ფართიდან აორთქლებული წყლის რაოდენობასთან.

გამოცდა - 1. მასალის, ნივთიერების, მოქმედების, წარმოების, კონსტრუქციის და სხვათა შემოწმება რისამე ღირსების გამოსარკვევად; 2. გამოკითხვა ცოდნის შემოწმების მიზნით; 3. მშენებლობაში - დეტალების, კონსტრუქციების, ნაკეთობების, ნაგებობების და სხვათა ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლა ლაბორატორიული ან ნატურალური გამოკვლევების ჩატარების გზით. არსებობს გ. სახეები: არქტიკული, ბურთულით, კვლევითი, დარტყმითი, დინამიკური, მექანიკური, საავარიო, საექსპლუატაციო, საკონტროლო, საიმედოობაზე, სამონტაჟო, საქარხნო, სითბური, სტატიკური, სტენდური, ტროპიკული, ქიმიური, ჰიდრავლიკური, კუმშვაზე, გაჭიმვაზე, ღუნვაზე, თელვაზე, ახლეჩაზე, ჭრაზე, გრეხაზე, ცვეთაზე, სისალეზე, სიმძლავრეზე, სიმტკიცეზე, დეფორმაციულობაზე, ხანგამძლეობაზე, ცეცხლმედეგობაზე და სხვ; 4. მანქანის კონსტრუქციული და საექსპლუატაციო თვისებების ექსპერიმენტული განსაზღვრა

გამოცდა მანქანების - მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობის გამოცდის ძირითადი სახეებია: საექსპლუატაციო, სამეცნიერო და სპეციალური. საექსპლუატაციო გამოცდების დანიშნულებაა განისაზღვროს და შეფასდეს მანქანების მუშაობის ხარისხი ტიპიურ პირობებში. სამეცნიერო გამოცდების დროს წარმოებს დინამიკური და ერგონომიკული პროცესების და მაჩვენებლების კვლევა. სპეციალური გამოცდები ტარდება განსაკუთრებულ პირობებში (არქტიკული, ტროპიკული, მაღალმთიანი, უდაბნო). ამას გარდა ტარდება მიღება-ჩაბარების და პერიოდული (საკონტროლო) გამოცდები. მანქანების და მოწყობილობების გამოცდები შეიძლება იყოს ნატურული და სტენდური.

გამოცდის არამრღვევი მეთოდები - მასალებისა და კონსტრუქციების ფიზიკურ-ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა ნაკეთობის დაურღვევლად ან ნიმუშების ამოჭრით. ეფუძნება ზოგიერთი ფიზიკური სიდიდის (აკუსტიკური, ელექტრული, მექანიკური, მაგნიტური და სხვ.) დამოკიდებულებას მასალების განსაზღვრულ თვისებებთან. ეს დამოკიდებულება მყარდება ექსპერიმენტულად ყოველი მასალისათვის ცალ-ცალკე. არამრღვევი მეთოდებით გამოცდის უპირატესობებია: გამოცდის სიმარტივე, შედეგების მიღების სისწრაფე, გამოცდის მრავალჯერადი განმეორებადობა და სხვ.

გამოცდის მრღვევი მეთოდები - მასალებისა და კონსტრუქციების ფიზიკურ-ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა ნაკეთობის დარღვევით. ძირითადად გამოიყენება ბეტონისა და რკ.ბ.-ის ქარხნებში დამზადებული ბეტონის ან ნაკეთობების საკონტროლო ნიმუშების, აგრეთვე ცეცხლმედეგობაზე ნატურული კონსტრუქციების, სამეცნიერო დაწესებულებებში შექმნილი ახალი კონსტრუქციებისა და დეტალების გამოსაცდელად და სხვ

გამოძალვა - ვისამე პირადი საკუთრების ხელყოფა.

გამოწელვა - რაიმეს უფრო წვრილში გატარების, გათრევის პროცესი, მისი განივკვეთის ზომების შემცირების მიზნით. გამოიყენება ლითონდამამუშავებელ მრეწველობაში დაკალიბრებული მავთულის, არმატურის ან ნაგლინის მისაღებად.

გამოწვა - სხვადასხვა მასალების გახურება და დაყოვნება მაღალ ტემპერატურაზე (გამოსაწვავ ღუმელებში) მათთვის საჭირო თვისებების მინიჭების მიზნით (მაგ. თიხების, ცეცხლგამძლე მასალების, კერამიკის, ცემენტის კლინკერის და სხვ.). გამოწვით დაჟანგვას მიმართავენ რკინის მადნიდან გოგირდის, აქროლადი ნივთიერებების და სხვა მინარევების მოსაშორებლად, ხოლო აღდგენითს - რკინის მადნიდან სუსტი მაგნიტური მინერალების მაგნიტურში გადასაყვანად შემდგომი მაგნიტური გამამდიდრებელი სეპარაციის მიზნით. ფერად მეტალურგიაში გამოწვას იყენებენ ძვირფასი ფრაქციების გამოსაცალკავებლად. ზოგჯერ გამოწვას უთავსებენ შეცხობას შემდგომი დამუშავების გასაადვილებლად. სილიკატურ წარმოებაში გამოწვის მეშვეობით ღებულობენ თიხის აგურს, შემკვრელ მასალებს, თიხის, კერამიკის, ფაიფურის, ქაშანურის ჭურჭელს, სანიტარულ-ტექნიკურ ნაწარმს, მანქანებისა და აპარატების დეტალებს.

გამოწვა იზოთერმული - ლითონების (ფოლადი, თუჯი) გამოწვის სახე, რომელიც მიმდინარეობს ლითონის გახურებით აუსტენიტურ მდგომარეობამდე (იხ. აუსტენიტი), დაყოვნებით ამ ტემპერატურაზე, გაცივებით 600...7000C-მდე, ისევ დაყოვნებით აუსტენიტის საბოლოო გაბნევამდე და შემდეგ გაცივებით ოთახის ტემპერატურამდე.

გამოწნეხა - ჭედვის ოპერაცია, რის მიზანიცაა ნამზადის გასქელება სიგრძის ხარჯზე.

გამოწრთობა - არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობის გამომუშავების პროცესი.

გამოჭიმვა (გამოწელვა) - მეთოდი, რომელიც გულისხმობს ფოლადის არმატურის განმტკიცებას (სიმტკიცის ამაღლებას) ცივ მდგომარეობაში. ამ დროს მის ზედაპირზე წარმოიქმნება ცივნაჭედი, რომელიც ამცირებს პლასტიკურობას და ზრდის სიმტკიცის ზღვარს. არმატურის გ. განმტკიცება ხორციელდება სპეციალურ დაზგებზე ჰიდრავლიკური ან მექანიკური ამძრავით.

გამოხდა - პროცესი, როდესაც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების მიღების (გამოყოფის) მიზნით ხდება ძირითადი ნივთიერების დაშლა (მაგ., წყლის დაშლა).

გამოხდა მერქნის - მერქნის მშრალი გამოხდა ვაკუუმში მაღალი ტემპერატურისას (400...5000C), როდესაც მიიღება სხვადასხვა ნივთიერებები (ნახშირი, ეთილის სპირტი, ძმარმჟავა, ფისები და სხვ.).

გამტარი - ნივთიერება, რომელიც ატარებს, გადასცემს სითბოს, ელექტრობას, ბგერას.

გამტარუნარიანობა - 1. რისამე გატარების უნარი; 2. კავშირგაბმულობის არხის გამტარობის უნარი - ინფორმაციის გადაცემის უდიდესი სიჩქარე. იზომება 1 წამში ორმაგი სიმბოლოს გადაცემის რაოდენობით. გადაცემის სიჩქარე დამოკიდებულია არხის ფიზიკურ და დაბრკოლებების სტატიკურ თვისებებზე, სიგნალების გადაცემისა და მიღების ხერხებზე და ა.შ.; 3. ელექტროგადამცემი ხაზების გამტარობის უნარი, ელექტროგადამცემი ხაზის ძირითადი მახასიათებელი, განსაზღვრავს მაქსიმალურ სიმძლავრეს, რომლის გადაცემა შესაძლებელია ხაზზე ყველა შემზღუდველი პირობების გათვალისწინებით (მდგრადობა, გამტარის გადახურება და ა.შ.). გ. დამოკიდებულია ძაბვაზე ხაზის თავსა და ბოლოში, მის სიგრძესა და ტალღურ მახასიათებლებზე (ტალღური წინაღობა და ფაზის ცვლილების კოეფიციენტი).

გამტკნარება წყლის - წყლიდან მასში გახსნილი მარილების მოშორება, წყლის სასმელად ან განსაზაღვრული ტექნიკური მიზნებისათვის გამოყენების მიზნით. გ.წ. შესაძლებელია დისტილაციით, გაყინვით, იონური მიმოცვლით ან ელექტროლიზით.

გამყარება - სითხის სრული ან ნაწილობრივი გადასვლა მყარ მდგომარეობაში. გ. ყველაზე უფრო ტიპური შემთხვევაა სითხიდან კრისტალების გამოყოფა.

გამყარების დრო - ბეტონის ნარევის გამყარების დრო, რომლის განმავლობაში ბეტონი კარგავს პლასტიკურობას და იძენს აუცილებელ სიმტკიცეს.

გამყარების პრინციპი - დეფორმირებად სხეულზე მოდებული ძალების წონასწორობა არ ირღვევა ამ სხეულის გამყარებისას. ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ აბსოლუტურად მყარ სხეულზე მოქმედი ძალების წონასწორობის პირობა უნდა შესრულდეს აგრეთვე დეფორმირებად სხეულზე მოდებული ძალებისთვისაც.

გამშენებელი - ფიზიკური (იურიდიული) პირი ან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისულების ორგანო, რომელსაც, დადგენილი წესით, მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი მშენებლობისათვის ან უძრავი ქონების კომპლექსის რეკონსტრუქციისათვის.

გამძლეობა (ამტანობა) - მასალებისა და კონსტრუქციების უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს განმეორებად (ციკლურ) დატვირთვებს, აგრეთვე რღვევას და შეუქცევად პლასტიკურ დეფორმაციებს (იხ. სიმტკიცე).

გამწვანება - მწვანე ნარგავების შექმნისა და გამოყენების ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. აქვს სანიტარულ-ჰიგიენური, საინჟინრო-ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო და ესთეტიკური მნიშვნელობა.

გამწვანებული ტერიტორია - მიწის ნაკვეთი, რომლის ტერიტორიის არანაკლებ 80%-ისა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოწყობილი იყოს დასასვენებელი (გასართობი) ადგილები (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვ.).

გამჭოლი - რაც რისამე შიგნით გაივლის (მაგ., გამჭოლი ხვრეტი, გამჭოლი კონსრტყქცია და სხვ.).

გამჭუჭყიანებლები (დამაბინძურებლები) - ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ბუნებრივი გარემოს კომპონენტებს (მაგ., ავტომობილების და სამრეწველო საწარმოების გამონაბოლქვები, ჩამდინარე წყლები, გოგირდის და ნახშირბადის ოქსიდები, ქიმიურად ინდიფერენტული გამხსნელები, ბენზინი, ბენზოლი, მეთილის სპირტი, ტყვია და ა.შ. ბუნებრივ გარემოში ისეთი დამაბინძურებლის გამოყოფის პროცესს, რომელიც ბუნებისათვის არაა დამახასიათებელი, გაბინძურება ეწოდება.

გამხსნელი - ინდივიდუალური ქიმიური ნაერთი (ნარევი), რომელიც სხვადასხვა ნივთიერების გახსნის უნარით ხასიათდება. გასახსნელ ნივთიერებებთან იძლევა ცვალებადი შედგენილობის ერთგვაროვან სისტემებს - ხსნარებს. არაორგანული გამხსნელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია წყალი, ორგანულებიდან - მარტივი და რთული ეთერები, კეტონები, ამინები და სხვ.

გამხსნელი გვირაბი - მიწის ზედაპირიდან საბადომდე გაყვანილი გვირაბი.

განათება - სხივური ენერგიის ხილული ნაწილის გამოყენება, სინათლის მიღება.

განათება ავარიული - განათება, მუშა განათების ავარიული გამორთვის დროს მუშობის გაგრძელებისათვის (უსაფრთხოების განათება) ან ხალხის საევაკუაციოდ სათავსოდან (საევაკუაციო განათება).

განათება ბუნებრივი - მზის, მთვარის ან სხვა ბუნებრივი მანათობელი წყაროთი მიღებული სინათლე.

განათება გვერდითი ბუნებრივი - სათავსის ბუნებრივი განათება გარე კედლების ღიობებიდან.

განათება ლოკალური - შენობის ან ნაგებობის ნაწილის, ცალკეული არქიტექტურული ელემენტების (პილონების, შესასვლელების) განათება საერთო განათების არარსებობის შემთხვევაში.

განათება ხელოვნური - განათება, რომელიც მიღებულია ხელოვნური სინათლის წყაროთი (მაგ., ელექტრო განათება).

განათებადობა - განათებული ზედაპირის ფართობის ერთეულზე მოსული სინათლის (შუქის) ოდენობა. გ. ერთეულია ლუქსი და ფოტი.

განათებულობა - მოცემულ ზედაპირზე დაცემული სინათლის ნაკადის სიმკვრივე.

განაკვეთი - 1. გადასახადის ნორმა დასაბეგრავ ობიექტზე; 2. გარკვეული პირობებით განსაზღვრული და ზემდგომი ორგანოებით დამტკიცებული, შრომის ანაზღაურების ნორმა ხელფასი; 3. საშტატო ერთეული.

განაკვეთი თანამდებობრივი - საშტატო ერთეულით განსაზღვრული თანამდებობის პირის ხელფასი - ანაზღაურება.

განაკვეთი სატარიფო - სატარიფო ცხრილით (განაწესით) დადგენილი ხელფასის რაოდენობა, გამოსახული ფულად ერთეულებში.

განაკვეთი ხელფასის - საშტატო ერთეულით გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა, გამოსახული ფულად ერთეულებში.

განაკიდი - შენობის შვეულ კედლებზე გადაცილებული სახურავი, რომელიც განლაგებულია ჰორიზონტალურად გარე კედლების კონტურის გარეთ (ნახ. 1).

განაკიდი ფრონტონური - შენობის შვეულ კედლებზე გადაცილებული სახურავი, რომელიც განლაგებულია დახრილად გარე კედლების კონტურის გარეთ.

განაშენიანება - დასახლებული პუნქტის ზრდასთან დაკავშირებული პროცესი.

განაშენიანების დასარეგულირებელი ხაზი - განაშენიანების საზღვრების მოხაზულობა, რომლის გარეთაც არ უნდა გავიდეს ასაშენებელი ან დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობების კონტური. მისი დაშორება წითელი ხაზებიდან 3...6 მ მიიღება, რაც საშუალებას იძლევა სწორად გადავწყვიტოთ რიგი არქიტექტურულ-მხატვრული და სანიტარულ-ჰიგიენური ამოცანები.

განაშენიანების რეგულირების გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ან მიწათსარგებლობის დეტალური გეგმის საფუძველზე დასახლებათა ტერიტორიის ან მისი ცალკეული ნაწილისათვის აზუსტებს მიწათსარგებლობის ფუნქციურ ზონებს ქვეზონების სახით, განსაზღვრავს განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობა-ნაგებოების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები) - მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი.

განაშენიანების სავალდებულო ხაზები - (ლურჯი ხაზები), – მიწის ნაკვეთისათვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები.

განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა - ტერიტორიებისა და განაშენიანებული გარემოს ჩამოყალიბებული ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ურთიერთმიმართება, სტრუქტურა და მახასიათებელთა სისტემა.

განაშენიანებული მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა - მიწის ნაკვეთის არსებული ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული გამოყენების სახეობა.

განაშენიანებული ტერიტორია - დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო და სამხედრო დანიშნულების ზონას.

განაცხადი - ოფიციალური ხასიათის წინასწარი განცხადება, მოთხოვნა

განაწესი - 1. იურიდიული დოკუმეტი ამა თუ იმ იურიდიული პირის უფლება-მოვალეობათა შესახებ; 2. დადგენილი, დაწესებული, დაკანონებული (განწესება, განწესებული). ამა თუ იმ დაწესებულებაში მიღებული დადგენილება გარკვეული წესების ან წესრიგის დაცვის შესახებ

განაწესი საწარმოო - წერილობითი განკარგულება სამუშაოს წარმოებაზე, ადგილის, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროის, მათი წარმოების პირობების, ბრიგადის შემადგენლობის და სამუშაოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნაზე. მომსახურე პერსონალი სრულად ემორჩილება გ. ს. მოთხოვნებს.

განაჭრი - თაროს (ქუსლის) წარბის გლუვი პროფილის მოჩუქურთმებული დამუშავება ორნამენტის მოტივით, რომელიც მეორდება მთელ სიგრძეზე.

განახერხი - აჟურული გამჭოლი ჩუქურთმა ხეზე, შესრულებული სპეციალური ხერხით. გ. აფორმებენ კარნიზებს, საპირეებს, ფრონტონის ფიცრებს, არშიებს, თამასებს და სხვ. ხის ხუროთმოძღვრებაში.

განგაშის გადამოწმების ფუნქცია - ცეცხლის აღმომჩენი და განგაშის ავტომატური სისტემის ფუნქცია ცრუ განგაშის შესამცირებლად, რომლის საშუალებითაც კვამლის აღმომჩენები ატყობინებენ საავარიო ვითარების შესახებ დროის მინიმალურ პერიოდში ან ადასტურებენ საავარიო ვითარებას მოცემული დროის განმავლობაში, რის შედეგაც ავტომატურად ხდება მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, რაც ნიშნავს, რომ განგაშის სიგნალი უტყუარი იყო.

განგაშის გასავრცელებელი მოწყობილობა - სახანძრო განგაშის სისტემის შემადგენელი ნაწილი, მაგ., ზარი, საყვირი, ეკრანი სინათლის ან ტექსტისათვის, რომლებიც გამოსცემენ ხმოვან, ტაქტილურ ან ვიზუალურ სიგნალებს, ან მათ კომბინაციებს.

განგაშის მრავალბლოკიანი მოწყობილობა - განგაშის ორი ან მეტი ერთბლოკიანი მოწყობილობა, რომლებიც ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ერთის გააქტიურება იწვევს ყველა ინტეგრალური ან დამოუკიდებელი ხმოვანი განგაშის სისტემის ამუშავებას. ის ასევე შეიძლება შედგებოდეს განგაშის ერთბლოკიანი მოწყობილობისგან, რომელიც დაკავშირებულია სხვა აღმომჩენ სისტემებთან ან ხელით მართვად სახანძრო განგაშის კოლოფთან.

განგაშის სიგნალი - სიგნალი, რომელიც მიანიშნებს საავარიო მდგომარეობაზე, რაც მყისიერ რეაგირებას მოითხოვს, მაგ., ცეცხლის მიმანიშნებელი სიგნალი.

განედი - კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც ითვლება 0-დან 900-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. გეოგრაფიული განედი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს (ჩრდილოეთის განედი) დადებითად ითვლება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი - უარყოფითად.

განვითარება - 1. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა; 2. გაზრდა, გაფართოება, გაძლიერება

განზოგადებული იმპულსი - ნივთიერ წერტილთა სისტემის კინეტიკური ენერგიის კერძო წარმოებული განზოგადებული სიჩქარით (როცა კინეტიკური ენერგია გამოსახულია როგორც განზოგადებული კოორდინატის, დროისა და განზოგადებული სიჩქარის ფუნქცია).

განზოგადებული კოორდინატები - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ისეთი პარამეტრები, რომელთა საშუალებითაც დროის ყოველ მომენტში ცალსახად განსაზღვრულია სისტემის მდებარეობა.

განზომილება - ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულების ფორმა იმ სიდიდეებზე, რომლებიც მიღებულია ძირითად სიდიდეებად. ყველაზე უფრო მიზანშეწონილია ამ დამოკიდებულების გამოსახვა L სიგრძის, M მასისა და T დროის მიხედვით.

განზომილებათა თეორია - იმ ფორმულების სახის განსაზღვრის მეთოდი, რომლებიც ამა თუ იმ ფიზიკურ სიდიდეებს შორის დამოკიდებულებას გამოსახავენ. მეთოდი დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ ამ დამოკიდებულების ხასიათი არ უნდა შეიცვალოს გამოყენებულ ერთეულთა მასშტაბების შეცვლისას. თუ ადგილი აქვს ტოლობას ფიზიკური სიდიდეების რომელიმე კომბინაციებს შორის, მაშინ ტოლობის ორივე ნაწილს უნდა ქონდეს ერთი და იგივე განზომილება

განიავება დარეგულირებული - სათავსის განიავების უზრუნველყოფა კონსტრუქციული ელემენტების (კარი, ფანჯარა, სარკმელი, სარქველი და სხვ,) გაღების გზით.

განიერი - რასაც დიდი სიგანე აქვს.

განივი დატვირთვა - ღეროს ღერძის ან ფილის შუალედური სიბრტყის პერპენდიკულარულად მიმართული დატვირთვა.

განივი კვეთის ნომინალური ფართობი - განივი კვეთის ფართობი, ეკვივალენტური მრგვალი გლუვი ღეროს განივი კვეთის ფართობისა, რომელსაც იმავე დიამეტრი აქვს.

განივი ღერო - რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში - ღუნვადი ელემენტების შედუღებული კარკასით დაარმატურების შემთხვევაში განივი არმატურის სახელწოდება.

განივი ძალა - შიგა ძალა, რომელიც განსახილავ კვეთაში ღეროს ღერძის პერპენდიკულარულია.

განივი ძალის ეპიურა - ღეროს სიგრძის გასწვრივ განივი ძალების სიდიდეების ცვლილების გრაფიკული გამოსახულება.

განივკვეთი - რისამე განივი ზომა.

განლაგება - იგივეა, რაც მოწყობილობის შეთანწყობა-დაგეგმარება.

განლექვა - პოლიდისპერსული სუსპენზიის ნელი დალექვის თვისების მქონე წვრილი ნაწილაკების დაცილება სწრაფად დალექვის თვისებების მქონე (უფრო მსხვილი და მძიმე) ნაწილაკებისაგან.

განმაგნიტება - დამამაგნიტებელი ველის მოხსნის შემდეგ ფერომაგნიტურ სხეულში დამაგნიტებულობის შემცირება.

განმბჯენი - 1. თაღოვანი, დაკიდული და ჩარჩოსებრი კონსტრუქციების საყრდენ კვანძებში მოქმედი ჰორიზონტალური ძალა, რომელსაც ღებულობს კონსტრუქციის შემკრავი (შემკოჭი) ან გადაეცემა უშუალოდ საყრდენებზე; 2. ხისტი სამონტაჟე მოწყობილობა, რომელიც მუშაობს მხოლოდ კუმშვაზე და გამოიყენება კონსტრუქციის ორი ელემენტის შიდა მხარეზე გადაადგილების საწინააღმდეგოდ (ნახ. 1).

განმბჯენიანი კონსტრუქცია - კონსტრუქცია, რომელშიც გარე დატვირთვების მოქმედების შედეგად აღძრული საყრდენი რეაქციების მდგენელები არის არა მხოლოდ ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური (განმბჯენი) მიმართულებისაც (მაგ., კამარა, თაღი და სხვ.).

განმზავებელი - სითხეები, შეყვანილი ლაქების შედგენილობაში, რომლებიც სუფთა სახით არ ხსნიან აფსკწარმომქმნელ ნივთიერებებს, მაგრამ გამხსნელებთან ნარევში უზრუნველყოფენ ლაქ-საღებავის აფსკის განსაზღვრულ კონსისტენციას და წარმოქმნის სიჩქარეს. ერთი ტიპის ფისების გამხსნელი შეიძლება იყოს გ. სხვებისთვისაც.

განმმუხტველი - ელექტროტექნიკური მოწყობილობა ორი ან რამდენიმე ელექტროდის სახით განცალკევებული დიელექტრიკული (განმმუხტავი) მონაკვეთებით, რომელთა გამტარობა მკვეთრად იცვლება, როცა ელექტროდებს შორის პოტენციალთა სხვაობა რაღაც კონკრეტულ სიდიდეს აღწევს (ე.წ. გარღვევის ძაბვა). არსებობს ორი სახის: დამცველი და მმართველი. გამოიყენება ელექტროტექნიკაში, რადიოელექტრონიკაში, ავტომატიკაში.

განმტვირთავი თაღი - თაღი, რომელიც, ჩვეულებრივ, კედლის წყობაშია დაყოლებული და შენობის ზედა ნაწილების დატვირთვას ცალკე მდგომ საყრდენებს გადასცემს ან პირიქით, ცალკეული საყრდენების დატვირთვებს საძირკველს გადასცემს.

განმტკიცება - მასალის ან ნაკეთობის ხარისხის გაუმჯობესება სპეციალური ოპერაციების გამოყენების გზით, რომლის დროსაც იზრდება რღვევისადმი წინააღმდეგობა. გამოიყენება გ. მექანიკური, თერმული, ქიმიური და სხვა ხერხი (ზედაპირული, მოცულობითი ან კომბინირებული). მაგ., საარმატურე ფოლადის გ. შეიძლება განხორციელდეს ცივი გამოჭიმვის (გამოწელვის) ან თერმული ხერხით.

განრიგი (განრიგება) - გრაფიკი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას რისამე შესრულების დროის, ადგილის და თანამიმდევრობის შესახებ.

განრჩილვა - ნარჩილი შეერთების განცალკევება მისი გაცხელებით სარჩილის დნობის ტემპერატურაზე ზევით.

განსაზღვრა (ლათ.) - 1. განხილვის საგნის დაზუსტება, მისი ერთმნიშვნელოვანი დახასიათება (რეალური განსაზღვრა); 2. მოქმედება, უკვე ცნობილი მონაცემებისაგან როგორ მივიღოთ განსახილველი საგანი (ცნება). ამ შემთხვევაში გ. ღებულობს განმსაზღვრელი თანაფარდობების სისტემურ სახეს (სქემა, ტოლობა).

განსაკუთრებით საშიში წარმოება - მონაკვეთი, დანადგარი, საამქრო, საცავი, საწყობი, სადგური ან სხვა წარმოება, სადაც ერთდროულად ხდება პოტენციურად საშიში ნივთიერებების გამოყენება, წარმოება, გადამუშავება, შენახვა ან ტრანსპორტირება.

განსაკუთრებულად ტენიანი სათავსო - სათავსო, სადაც ჰაერის ფარდობითი ტენიანობა უახლოვდება 100%-ს (ჭერი, კედლები, იატაკი და ამ შენობაში მყოფი საგნები დაფარულია ტენით).

განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა - „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დედაქალაქის და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების ტერიტორიებზე განსაზღვრული განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა.

განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა - საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

განსახლება - მოსახლეობის, ეკონომიკური და სხვა სახის აქტივობის გადანაწილება ქვეყნის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონის, რაიონის, დასახლების ტერიტორიაზე.

განტოლება - არგუმენტთა იმ მნიშვნელობების მოძებნის ამოცანის ანალიზური ჩაწერა, რომელთათვისაც ორი მოცემული ფუნქციის მნიშვნელობანი ტოლია.

განუზომელი - ძალიან დიდი.

განურჩეველი წონასწორობა - წონასწორობის მდგომარეობა, როდესაც სხეული რაიმე ძალის მოქმედებით ღებულობს მცირე გადახრას წონასწორობის მდებარეობიდან და ამ ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ინარჩუნებს საწყის მდებარეობას.

განფენა (გაშლა) - იხ. ევოლვენტა.

განყალიბება - ყალიბის მოხსნა მონოლითური ბეტონის ნაკეთობებისაგან ან რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისაგან.

განყენებული - 1. საერთო ნიშან-თვისებათა შემცველი; 2. რეალურ სინამდვილეს დაშორებული.

განყოფილება - 1. დაწესებულების ან საწარმოს ნაწილი; 2. ჟურნალის, გაზეთის, წიგნის თემატურად გაერთიანებული ნაწილი.

განშრევება (შრეებად დაშლა) - რამეს შრეებად დაშლის პროცესი.

განჩინება - სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფორმა.

განჩუ (თურქ.) - თიხათაბაშირი, გაჯი, ალებასტრი, - სამშენებლო თიხათაბაშირი, რომელიც მიიღება თაბაშირის მერგელების გამოწვით 160...2500C ტემპერატურაზე და შემდეგში მისი გადაქცევით ფხვნილად. მასალა გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით და წყალმედეგობით. ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, ძირითადად უზბეკეთში, სადაც ფართოდაა გავრცელებული ჩუქურთმების ამოჭრა განჩუზე (ნახ. 1) და კავკასიაში - არქიტექტურულ ნაგებობათა გასაფორმებლად.

განწესი - 1. სპეციალურ ბლანკზე შედგენილი დავალება სამუშაოების უსაფრთხო ჩატარებაზე, რომელიც განსაზღვრავს მის შინაარს, ადგილს, დაწყების და დამთავრების ვადებს, უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს და ბრიგადის შემადგენლობას; 2. დოკუმენტი, განკარგულება რაიმე სამუშაოს შესრულების ან რისამე გაცემა-გაგზავნის შესახებ.

განჯინა – სურსათ-სანოვაგის ან ნივთების შესანახი კედლის კარადა.

გაორთქვლა - 1. ორთქლში გატარება, შეორთქვლა, გათუთქვა, დამდუღვრა, მოწალვა; 2. ხის მასალის ტენთბოდამუშავება შრობის პროცესში; 3. ბეტონის და რკ.ბ.-ის ნაკეთობების ტენთბოდამუშავება ჰიდრატაციის და გამყარების პროცესების დაჩქარების მიზნით. პროცესის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 7...13 საათს, წინასწარი დაყოვნების - 0,5...3 საათს, ხოლო დაყოვნების - 2...6 საათს

გაპეწიანება (რუს. лощение) - ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვის დეკორატიული გამოყვანა. ასეთი გლუვი, მქრქალი ქვის გაპეწიანებული ფაქტურა გამოიყენება იატაკებზე და კიბის საფეხურებზე.

გაპრიალება - ნაკეთობის ზედაპირის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი. გ. მიზანია მაღალი სისუთავის (სარკისებრი) ზედაპირის მიღება. იგი ნაკეთობათა დამუშავების საბოლოო ოპერაციაა. ლითონებსა და ზოგიერთ სხვა მკვრივ მასალას აპრიალებენ ტყავის, თექის, ქეჩისა და მისთ. ელასტიური ქარგოლებით, რომლებზეც მიყრილია აბრაზიული ფხვნილი ან წასმულია საპრიალებელი პასტა. ქვას აპრიალებენ სახეხ ჩარხებზე დატენიანებული ქეჩის ქარგოლებით, რომელთა ზედაპირზე ფხვნილის ფენაა შეზელილი. მერქნის გ. რბილი ტამპონის წრიული მოძრაობით ნამზადის ზედაპირს ფარავენ თხევადი ფენით, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ფისისაგან და გახსნილია აქროლად ორგანულ გამხსნელში.

გაჟღენთა - ფოროვან სხეულში თხევადი ნივთიერების შეყვანის პროცესი (მაგ., მერქნის გაჟღენთა ანტისეპტიკური ნივთიერებებით).

გარანტი (ფრანგ.) - პიროვნება, ორგანიზაცია, სახელმწიფო, რომელიც იძლევა გარკვეულ გარანტიებს და თვალყურს ადევნებს მათ შესრულებას.

გარანტია (ფრანგ.) - თავდებობა, სამართლებრივი პრინციპებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომელიც ვალდებულებათა შესრულებას უზრუნველყოფს.

გარდინა (ჰოლანდ.) - თხელი გამჭირვალე ქსოვილის რბილი ფარდა, რომლის სიგანე, როგორც წესი, ორჯერ და მეტად აჭარბებს ფანჯრის კარნიზის სიგრძეს.

გარე არქიტექტურული განათება - შენობებისა და ნაგებობების, მონუმენტალური ხელოვნების ნაწარმოების და ქალაქის ლანდშაფტის ელემენტების ფასადების ხელოვნური განათება მათი მხატვრული გამომსახველობის ხაზგასმისათვის, რომელიც პასუხობს მხედველობითი აღქმის ეკოლოგიის მოთხოვნებს და სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტურობას.

გარე გაზსადენი - გაზსადენი მაგისტრალური გაზსადენის გამანაწილებელი სადგურიდან გაზის მომხმარებლებამდე (შენობებისა და ნაგებობების გარე კედლებამდე).

გარე დაფინანსება - სესხები და სხვა სახის ფონდები, რომელთაც საწარმო გარედან იღებს.

გარე ელექტროდანადგარი - დასაშვებია: ღია ელექტროდანადგარი - ღია ტერიტორიაზე მყოფი ელექტროდანადგარი, მათ შორის ბადით შემოფარგლული, გადმოხურული და მსგავსად დაცული გ.ე.

გარემო - 1. ორგანიზაციის ფუნქციონირების პირობები და მის საქმიანობაზე მოქმედი ფაქტორების (ცვლადების) ერთობლიობა. მას ყოფენ შიდა და გარე გარემოდ. შიდა ცვლადებს განეკუთვნება მიზნები, სტრუქტურები, ამოცანები, ტექნოლოგიები და ადამიანები. გარე გარემო თავის მხრივ იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: პირდაპირი ზემოქმედების და ირიბი ზემოქმედების ძალები. პირველი ჯგუფი აერთიანებს მიმწოდებლებს, მომხმარებლებს, კონკურენტებს, შრომით რესურსებს, სახელმწიფოებრივი რეგულირების კანონებს და დაწესებულებებს. მეორე ჯგუფში მოიაზრება ეკონომიკის მდგომარეობა, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები, ჯგუფურ ინტერესთა გავლენა და სხვა ქვეყნებში არსებითი მოვლენები. გ. იყოფა მრავალ სახეობად: პოლიტიკური, სოციალური, ინსტიტუციური, ფიზიკური, ეკონომიკური და კულტურული. გ. ცნებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია კულტურული და ეთნიკური სფეროები, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სამკურნალო დაწესებულებები, საავადმყოფოები და სხვა მსგავსი დაწესებულებები; 2. რაიმეს გარემომცველი ადგილი, მიდამო, არემარე; 3. ბუნებრივი გარემოს, ბუნებრივი და ბუნებრივ-ანტროპოგენული ობიექტების და ანტროპოგენული ობიექტების, აგრეთვე მათი ურთიერთქმედების ერთობლიობა; 4. გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს ბუნებით მოსარგებლე; 5. ადამიანის ბინადრობისა და საწარმოო საქმიანობის გარემომცველი ბუნებრივი მატერიალური სამყარო. იგი მოიცავს, როგორც ბუნებრივ, ისე ადამიანის მიერ შექმნილ ხელოვნურ (ტექნიკურ) გარემოს.

გარემო აგრესიული - სიცოცხლისათვის საშიში გარემო (მაგ., ჰაერი მინერალური სასუქების საწყობში; აგრესიული სითხეები და სხვ.).

გარემო ადამიანური - განიხილება, როგორც ბიოსფეროს შემადგენელი ნაწილი

გარემო გეოლოგიური - ლითოსფეროს (დედამიწის ქერქის) ზედა ნაწილი. გ.გ. მოიცავს მთის ქანებს, მიწისქვეშა წყლებს, ბუნებრივ აირს და მიკროორგანიზმებს, რომლებიც იმყოფებიან ურთიერთქმედებაში და დინამიკურ წონასწორობაში. გ.გ. გააჩნია განსაზღვრული ფიზიკური, გეოქიმიური, ბიოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებები, რომლებიც ფასდება ეკოლოგიური ხარისხით. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზანია გარემოზე ტექნოგენური პროცესების ზემოქმედების თავიდან აცილება ან შემცირება.

გარემო დისპერსიული - გარემო, რომელიც შეიცავს დისპერსიულ ნივთიერებებს (მაგ., მერქნის ფქვილის ნაწილაკები, მტვერი, კვამლი და სხვ.).

გარემო დრეკადი - გარემო, რომელიც დრეკადია და შეუძლია გარეგანი ფორმის შეცვლა ამა თუ იმ ზეგავლენის შედეგად.

გარემო ერთგვაროვანი - გარემო, რომელიც შედგება ერთგვაროვანი ნივთიერებისაგან.

გარემო ნეიტრალური - გარემო, რომლის წყალბადის მაჩვენებელი pH=7 (ანუ წყალბადის და ჰიდროქსილის იონების რაოდენობა გათანაბრებულია). იგი არ შედის არავითარ ქიმიურ რეაქციაში.

გარემო ტექნოლოგიური (ანთროპოგენული გარემო, ანთროპოსი) - ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ხელოვნურად შექმნილი გარემო.

გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედება - სამეურნეო და სხვა საქმიანობის ზემოქმედება, რომლის მოქმედება იწვევს გარემოს ხარისხის ნეგატიურ ცვლილებებს.

გარემოზე დასაშვები ზემოქმედების ნორმატივები - ნორმატივები, რომლებიც დადგენილია გარემოზე სამეურნეო და სხვა საქმიანობის ზემოქმედების მაჩვენებლების შესაბამისად და რომელთა დაცვისას სრულდება გარემოს ხარისხის ნორმატივები.

გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება - გარემოში ნებისმიერი უარყოფითი ან დადებითი ცვლილება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ბუნებით მოსარგებლე ორგანიზაციის  საქმიანობის, მისი პროდუქციის ან მომსახურების შედეგს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება - საქმიანობის სახე გარემოზე სამეურნეო და სხვა საქმიანობის ზემოქმედების პირდაპირი, ირიბი და სხვა შედეგის გამოვლენის, ანალიზის და აღწერის მიზნით

გარემოზე მიყენებული ზიანი - დაბინძურების შედეგად გარემოს ნეგატიური ცვლილება, რომელიც იწვევს ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემის რღვევას, დეგრადაციას და ბუნებრივი რესურსების დაზიანება-გამოფიტვას.

გარემოს დაბინძურება - გარემოში ნივთიერების ან ენერგიის გამოყოფა, რომლის თვისებები, მდებარეობა ან რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს გარემოზე.

გარემოს დასნებოვნება ბაქტერიული საშუალებებით - ხდება წყალმომარაგების და კანალიზაციის ობიექტების ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური წესების უხეშად დარღვევის, ცალკეული საწარმოების და სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მუშაობის რეჟიმის დარღვევის, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოში მუშაობის ტექნოლოგიის დარღვევის შედეგად. ბაქტერიული ფაქტორი ადამიანზე მოქმედებს ადამიანის (ცხოველის) ორგანიზმში დაავადების გამომწვევი მიკრობების მოხვედრის შემთხვევაში. მათი დამაზიანებელი მოქმედება მჟღავნდება განსაზღვრული დროის (საინკუბაციო პერიოდის), ხშირად 2...5 დღის, შემდეგ.

გარემოს დაცვა - ყოველივე იმის დაცვა, რაც გარს არტყია ადამიანს - ბუნებრივი გარემო, ქალაქი, სოფელი, საწარმო, საცხოვრებელი, ტყე, მდინარე, კარიერი და სხვ. „ბუნების დაცვა“ და „გარემოს დაცვა“ ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელი ტერმინებია.

გარემოს დაცვის აქტიური პროფილაქტიკური ღონისძიებები - 1. საწარმოო კვამლის აირების და ჩამდინარე წყლების წინასწარი გაწმენდა ატმოსფეროს ჰაერში გამოყოფამდე; 2. ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატურის სრულყოფა

გარემოს დაცვის პასიური პროფილაქტიკური ღონისძიებები - ითვალისწინებს: სამრეწველო საწარმოსა და დასახლებულ პუნქტს შორის დამცავი ზონის მოწყობას, მწვანე ნარგავების გაშენებას, მავნე გამონაბოლქვების გატყორცნას მილიდან ატმოსფეროს მაღალ ფენებში

გარემოს ხარისხის ნორმატივები - გარემოს მდგომარეობის შეფასების მიზნით ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა მაჩვენებლების შესაბამისად დადგენილი ნორმატივები, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს ხელსაყრელი გარემოს არსებობას.

გარეპირი - კამარის წინა და უკანა სიბრტყეები.

გარესახრახნი - კუთხვილსაჭრელი ინსტრუმენტი გარე კუთხვილის ხელით ან ლითონსაჭრელ ჩარხზე მოსაჭრელად. მოჭრის პროცესში გ. და ნაკეთობა ერთდროულად ასრულებენ ბრუნვით მოძრაობას კუთხვილის გრძივი ღერძის ირგვლივ და ხდება თანაბარი ბიჯით კუთხვილის მოჭრა. გ. მზადდება ინსტრუმენტალური სწრაფმჭრელი ფოლადებისაგან. გარე ფორმის მიხედვით განასხვავებენ მრგვალ (ნახ. 1), კვადრატულ, ექვსკუთხა, მილისებრ და სხვა სახის გარესახრახნებს.

გარეუბანი (გარეთუბანი) - 1. დასახლებული პუნქტი ქალაქის პერიფერიულ (განაპირა) ნაწილში; 2. ფეოდალური ხანის თბილისის უბანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კალას ჩრდილოეთითა და დასავლეთით, მისი გალავნის გარეთ.

გარეცხვა - საშენი მასალებისაგან გამაჭუჭყიანებელი ჩანართების მოცილება, რაც ამაღლებს მის ხარისხს (მაგ. გარეცხილი ქვიშა, ხრეში). ამ მიზნით იყენებენ სხვადასხვა დანადგარს წყალში გარეცხვით: სპირალურ კლასიფიკატორებს, დოლურ და ვიბრაციულ გამრეცხებს და სხვ.

გარნიერიტი (ფრანგ.) - ნიკელის სილიკატი რთული და არამუდმივი შემადგენლობისა. წარმოადგენს მადანს, საიდანაც იღებენ ნიკელს.

გარნიზონი (ფრანგ.) - მუდმივად ქალაქში ან ციხე-სიმაგრეში მყოფი სამხედრო ნაწილები და დაწესებულებები.

გარნისაჟი (ფრანგ.) - მყარი დამცავი ფენა; წარმოიქმნება ისეთი მეტალურგიული აგრეგატის კედლების შიდა (მუშა) ზედაპირზე, რომლებიც განიცდის ინტენსიურ გაცივებას. გაჩენის მიზეზია მუშა ზედაპირზე კაზმის და ცეცხლგამძლე მასალების ფიზიკურ-ქიმიური ურთიერთქმედება.

გარნიტური (ფრანგ.) - 1. მოწყობილობა საქვაბე აგრეგატის საკვამლე მომსახურებისათვის: საძრომი (კვმლსადენის საწმენდად), სათვალთვალე (ქვაბის მუშაობაზე დასაკვირვებლად), ღიობი (საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოებისა და შემომქრევი ხელსაწყოების დასაყენებლად), საბრუნი ჩამკეტები, შიბერები და დეტალები (რომლებზეც ეყრდნობა საქვაბე აგრეგატის ელემენტები); 2. ერთი დანიშნულების მქონე საგნების (მაგ., ავეჯის, თეთრეულის) სრული კომპლექტი; 3. პოლიგრ. სხვადასხვა ზომის, მაგრამ ერთნაირი მოხაზულობისა და ხასიათის შრიფტის კომპლექტი.ერთგვარი დანიშნულების საგანთა კომპლექტი.

გარსაცმი - მანქანის გამოშვერილი ან მოძრავი ნაწილების დამცავი შემოზღუდვა (შემოღობვა), მაგ., ძრავის, ჰიდროტურბინის, ღვედური გადაცემის, ღუმელის და სხვ.

გარსთა მომენტური თეორია - გარსთა თეორია, რომელიც ითვალისწინებს გარსის კვეთებში მღუნავ და მგრეხ მომენტებს.

გარსთა უმომენტო თეორია - გარსთა თეორია, რომელიც არ ითვალისწინებს გარსის კვეთებში მღუნავ და მგრეხ მომენტებს

გარსი - 1. ტანის გეომეტრიული ფორმა, რომელსაც ერთი ზომა (სისქე) გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე ორი დანარჩენი. გარსის ტიპის კონსტრუქციებს იყენებენ სამშენებლო საქმეში, ავიაციაში, გემთმშენებლობაში და სხვ. გ. მშენებლობაში უძველესი დროიდან არის ცნობილი გუმბათებისა და თაღების სახით. მასალად გამოიყენება: ქვა, დაწებებული მერქანი, ლითონი, რკ.ბ., პლასტმასი. გ. ძირითადი ღირსებაა მასალის ეკონომიურობა, მაღალი სიხისტე და სიმტკიცე, რაც საშუალებას იძლევა გადაიხუროს დიდი ფართობები; ნაკლი - დამზადებისა და გაანგარიშების სირთულე; 2. აირისებრი ფენა, რომელიც გარს ერტყმის პლანეტებს, ვარსკვლავებს და სხვა ასტრონომიულ ობიექტებს; 3. პროგრამული უზრუნველყოფის მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ინტერფეისს ოპერატიული სისტემის ფუნქციების მომხმარებელთან ურთიერთკავშირისათვის.

გარსი პოლიგონალური - ასაწყობი გარსის სახეობა, რომელიც შედგება სამკუთხა ან ტრაპეციული გეგმის მქონე დადებითი გაუსის სიმრუდის გარსების კომბინაციისაგან (ნახ. 1). ცალკეული გარსები ეყრდნობა წინასწარ მოწყობილ კარკასებზე, ხოლო მთლიანად გარსის კონტური - ფოლადის ან რკ.ბ.-ის კამარებს ან რიგელებს, რომლებიც სახსროვნად არის დამაგებული კოლონებზე (კამარებზე). გამოიყენება სხვადასხვა არქიტექტურულ-კონსტრუქციული ფორმის ნაგებობების გადახურვებში. დასამზადებლად უპირატესობა ენიჭება ალუმინის, ფოლადისა და ხის მასალებს, იშვიათად რკ.ბ.-ს.

გარსული ფორმა - ერთჯერადი ჩამოსასხმელი ფორმა, შემდგარი ორი ერთმანეთთან დამაგრებული რელიეფური ნახევარფორმისაგან კედლის სისქით 6-10 მმ. გ. ფ. მზადდება ნარევისაგან, რომელიც შედგება წვრილმარცვლოვანი კვარცის ქვიშისა და გამამყარებლისაგან - ფენოლფორმალდეჰიდის ფხვნილისებრი თერმორეაქტიური ფისისაგან (პულვერბაკელიტი), რომელიც მიიღება სპეციალურ ავტომატურ და ნახევრადავტომატურ მანქანებზე. თერმორეაქტიური ფისი ლღვება გახურებისას და გარს შემოერტყმება ქვიშის მარცვლებს, შემდგომი გახურებისას კი მყარდება და წარმოქმნის ქვიშის მყარ გარსს. ნახევარფორმების შეწყვილება ხდება ფიქსატორით, კავების, ჭახრაკების ან შეწებების მეშვეობით. გარსული ფორმით ღებულობენ სხმულს მასით 100 კგ-მდე და ჩამოსხმულ მოდელებს. ფორმების ნარევის ხარჯი 8-10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩამოსხმისას ქვიშა-თიხის ფორმის გამოყენებით.

გარსშემოსავლელი - შენობის ნაწილი ღია ტერასის ან გალერეას სახით, რომელიც გარს ერტყმის ნაგებობას (მაგ. ეკლესიას).

გარღვევის ტალღა - ტალღა, წარმოქმნილი კალაპოტში მიმართული წყლის ნაკადის ფრონტზე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს ე. წ. „ქოჩორის“ მნიშვნელოვანი სიმაღლე, მოძრაობის სიჩქარე და გააჩნია დიდი დამანგრეველი ძალა.

გასავლელი - გასასვლელთან მისადგომის შემოუზღუდავი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს და უზრუნველყოფს გასასვლელისაკენ სავალ ბილიკს.

გასათბობი მოცულობა - მოცულობა, შემოსაზღვრული გარე კედლების, ჭერის და იატაკის შიდა ზედაპირული ფართობით.

გასასვლელთან მისადგომი გზაკარი - ოთახიდან, ფართობიდან ან სივრციდან გამომავალი კარი ან მისადგომი წერტილი გასასვლელისკენ სავალი გზის გასწვრივ, სადაც გასასვლელი გზა შედის შუალედურ ოთახში, დერეფანში, გასასვლელთან მისადგომ შემოუზღუდავ კიბეზე ან პანდუსზე.

გასასვლელი - ტერიტორია ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთათვის, რომელშიც შედის სავალი ნაწილი, გზისპირი, კიუვეტი და გამაგრებული ბეგი.

გასასვლელი გზა-დერეფანი - გასასვლელის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შენობის ან ნაგებობის ინტერიერის სხვა სივრცეებისაგან გამიჯნულია ცეცხლმედეგობის კოეფიციენტის მქონე კონსტრუქციით, ღიობის დამცავებით და უზრუნველყოფს სავალ დაცულ გზას ჰორიზონტალური მიმართულებით შენობიდან გამოსასვლელისკენ ან საზოგადოებრივი გზისკენ.

გასასვლელის შემომზღუდავი - გასასვლელის კომპონენტი, რომელიც შენობის ან ნაგებობის ინტერიერის სხვა სივრცეებისაგან გამიჯნულია ცეცხლმედეგობის კოეფიციენტის მქონე კონსტრუქციით, ღიობის დამცავებით და უზრუნველყოფს სავალ დაცულ გზას შვეული ან ჰორიზონტალური მიმართულებით შენობიდან გამოსასვლელამდე ან საზოგადოებრივ გზამდე.

გასაღები -1. რაიმე საკეტის მოსარგები, გამხსნელი სამარჯვი; 2. ნაკეთობა, რომელიც სხვადასხვა ზომის ქანჩისა და ჭანჭიკის მოსაჭერად ან მოსაშვებად გამოიყენება. არსებობს გ. მუდმივი ზომის და დასარეგულირებელი გარკვეულ ზღვრებში; 3. მუსიკაში: სანოტო დგანის დასაწყისში დასმული ნიშანი (ვიოლინოს გასაღები, ბანის გასაღები).

გასაშუალოება - ტექნოლოგიური პროცესის სტაბილიზაციისა და პროდუქციის ხარისხის ასამაღლებლად ნარევის მასაში კომპონენტების თანაბარი განაწილება.

გასტარბაიტერი (გერმ. ) - სამუშაოს საშოვნელად სხვა ქვეყანაში ჩასული პიროვნება.

გასხვისების ზოლი - რკინიგზის მფლობელობაში არსებული მიწის ვაკისი, რომელზედაც განლაგებულია ხელოვნური და სახაზო-სალიანდაგო ნაგებობები, რკინიგზის ელექტრომომარაგებისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები, რკინიგზის სადგურები, დამცავი ტყე-ნარგავები და რკინიგზის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ობიექტები და რკინიგზის სტრუქტურული ერთეულები.

გატანების მოძრაობა - ატმოსფერული წნევის დროს ღია არხებში და ღარებში წყლის ენერგიის მეშვეობით მყარი ფხვიერი მასალების გადატანის შემთხვევა.

გაუბეწვოება (ბეწვის მოშორება) - ტყავიდან ბეწვის საფარველის მოშორება. ის მოსამზადებელი სამუშაოა ტყავის გამოყვანის დროს. ხორციელდება მექანიკური ან ქიმიური გზით

გაუთვალისწინებელი სამუშაოები - სამუშაოები, რომელთა მოცულობა შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ობიექტის მშენებლობის პროცესში და ფინანსდება ხარჯთაღრიცხვაში არსებული სპეციალურად ლიმიტირებული რეზერვით (გაუთვალისწინებელი ხარჯებით).

გაუმართაობის შეტყობინება - სახანძრო განგაშის სისტემის ან ავარიის აღმომჩენი მოწყობილობის მიერ გამოცემული შეტყობინება წრედში ან სისტემის სხვა კომპონენტში დაფიქსირებული გაუმართაობის შესახებ.

გაუნახშირბადოება - ნახშირბადის შემცველობის შემცირება ფოლადის ნაწარმისა და ნაკეთობების ზედაპირულ შრეებში, რომელიც ხდება ჟანგბადისა და წყალბადის შემცველ გარემოში გახურებისას (ცხელი ჰაერი, ღუმელის გაზი), რომლებთანაც ნახშირბადი შედის რეაქციაში და წარმოქმნის გაზისებრ პროდუქტებს. უმეტეს შემთხვევაში გ. არაა სასურველი, რადგანაც ცვლის ფოლადის თვისებებს, კერძოდ, ართულებს წრთობას. გ. თავიდან ასაცილებლად გახურებას ახდენენ გაზის დაცულ გარემოში ან ვაკუუმში. გ. ეწოდება ასევე ლითონების ქიმიურ-თერმული დამუშავების ნაირსახეობას, სადაც ნახშირბადი არის მავნე მინარევი

გაუსის სიმრუდე - ზედაპირის გამრუდება მისი რაიმე წერტილის გარშემო. ის არის ზედაპირის შიდა გეომეტრიის ობიექტი, კერძოდ, არ იცვლება იზომეტრიული ღუნვისას. ორგანზომილებიანი ზედაპირის რაიმე წერტილში ნორმალურ სიმრუდეებს მთავარი მიმართულებებით (მთავარი სიმრუდეები) თუ აღვნიშნავთ r1  და r2-ით, მაშინ სიდიდეს R = r1∙r2  ეწოდება გაუსის სიმრუდე ან უბრალოდ ზედაპირის სიმრუდე. ზედაპირის სიმრუდე შეიძლება იყოს: ნულოვანი (ცილინდრი ან სიბრტყე), დადებითი (სფერო) და უარყოფითი (ჰიპერბოლოიდი) (ნახ. 1. გაუსის სიმრუდეები: მარცხნიდან - უარყოფითი, ნულოვანი და დადებითი).

გაუფასურება - ეროვნული ვალუტის ღირებულების დაცემა უცხოურ ვალუტასთან შედარებით.

გაუცხიმოება (ცხიმგაცლა) - დასამუშავებელი ლითონის ზედაპირიდან ცხიმის მოშორება, რომელიც ხორციელდება დეტალების ტუტიან ხსნარებში ამოვლებით ან ელექტროლიტური ამოჭმით, შემდეგ წყალში გარეცხვითა და გაშრობით.

გაუწყლოება (დეჰიდრირება) - 1. წყლის გაცლა; თავისუფალ (შეკავშირებულ) მდგომარეობაში მყოფი წყლის გამოყოფა ნივთიერებისა ან კრისტალჰიდრატებისაგან კრისტალიზებული წყლის გაცხელებით, ორთქლის წნევის დაწევით ან წყლის წამრთმევ ნივთიერებათა გამოყენებით; 2. რაიმესაგან წყლის მოშორების (მოცილების) პროცესი. გ. სრულდება გაფილტვრით, ცენტროფუგირებით, შრობით და სხვ. გაუწყლოება ფართოდ გამოიყენება სამთო, საშენი მასალების, ქიმიურ, კვების მრეწველობის საწარმოებში.

გაფართოება (გაშლა) - რაიმეს გადიდების, გაძლიერების, გაღმავების პროცესი (მაგ., შენობის ტემპერატურული ბლოკის გ., წარმოების მოცულობის გ., სავაჭრო ურთიერთობების გ.). არსებობს გ. სახეები: ადიაბატური, თერმული, იზობარული, იზოენტროპიული, იზოთერმული, მდორე, მკვეთრი, მოცულობითი, მრავალჯერადი, ნარჩენი, პოლიტროპიული, სითბური, უეცარი, წრფივი და სხვ.

გაფართოება ადიაბატური - გაფართოების სახეობა, რომელიც მიმდინარეობს სითბოს მიწოდების გარეშე, შიგა ენერგიის ხარჯზე

გაფართოება იზობარული - გაფართოების სახეობა, რომელიც ხდება გარედან სითბოს მიწოდებით მუდმივი წნევის პირობებში.

გაფართოება იზოენტროპიული - იხ. გაფართოება ადიაბატური.

გაფართოება იზოთერმული - გაფართოების სახეობა, რომელიც ხდება მუდმივი ტემპერატურის პირობებში.

გაფართოება ნარჩენი - სხვაობა საწყის ზომებსა და იმ ზომებს შორის, რომელიც ექნება გაცხელების შემდეგ საწყის ტემპერატურამდე გაცივებულ მასალას (სხეულს).

გაფართოება პოლიტროპიული - აირის გაფართოების პროცესი, რომელიც ხასიათდება განტოლებით PVn = const, სადაც n იცვლება −∞-დან +∞-მდე.

გაფილტვრა - მყარი ნაწილაკებისა და სითხისგან შედგენილი ნარევის (სუსპენზიის) დაყოფა. დასაყოფად სუსპენზიას ფილტრში ატარებენ. ფილტრზე დარჩენილ მასას ნალექი ეწოდება, ხოლო მასში გასულ სითხეს - ფილტრატი.

გაფორმების ეკონომიკური ზონა - შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება.

გაფრთხილება ღვარცოფული საშიშროების შესახებ - შეტყობინება რომელიმე რაიონში ღვარცოფის შესაძლო ჩამოწოლის შესახებ, რაც ეფუძნება პროგნოზს ან ექსპერტთა დასკვნას პროგნოზულ ნიშან-თვისებებეზე დაყრდნობით. გაფრთხილება ღვარცოფული საშიშროების შესახებ ხორციელდება ღვარცოფსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - დროებითი სტრუქტურული ერთეულის მიერ, რომელიც განლაგებულია ღვარცოფის მაღალი ათვისებისა და აქტივობის რაიონებში. უკანასკნელ პერიოდში ღვარცოფული საშიშროების შესახებ პრაქტიკაში მკვიდრდება შეტყობინების გადაცემა რადიოთი და ტელევიზიით ამინდის პროგნოზთან ერთად. სიგნალი მოძრავი ღვარცოფული ნაკადის შესახებ გადაიცემა რადიოშეტყობინების დახმარებით.

გაფუებული ვინილის კედლის საფარი - (და)წნული ქსოვილის სარჩულიანი კედლის საფარი, გაფუებული ვინილის ფუძე და გაუფუებელი ვინილის საცმი. გაფუებული ვინილის ფუძე-შრე არის ერთგვაროვანი ვინილის შრე, რომელიც შეიცავს საქრევ აგენტს (ქაფწარმომქმნელს). დამუშავების დროს საქრევი აგენტი იშლება შემადგენელ ნაწილებად, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჩაკეტილი უჯრედები და შრე ფუვდება. კედლის საფარის საერთო სისქეა 1,4...1,8 მმ.

გაფხვიერების კოეფიციენტი - მონგრეული მადნის მოცულობის ხელუხლებელ მასივში პირვანდელ მოცულობასთან ფარდობა.

გაყინული გრუნტის კუმშვადობის კოეფიციენტი - დატვირთვის ქვეშ მყოფი გაყინული გრუნტის ფარდობითი დეფორმაცია.

გაშავება (მოსევადობა) - ფოლადის ნაკეთობის ზედაპირზე ოქსიდური ფურჩის (ფენის, აფსკის) შექმნა კოროზიამედეგობის ასამაღლებლად ან დეკორატიული მიზნით. გ. აწარმოებენ ფოლადის ნაკეთობის ჩაძირვით გამდნარ მარილში ან დამუსავებით წყლით განზავებულ ტუტეებში, მჟავებში, მარილებში.

გაშალაშინება (მიჯიფთვა) - ხის ნაწარმის სწორი ან გლუვი ზედაპირის გასწორების პროცესი გაშალაშინებით, რომელიც სრულდება სპეციალური ხელსაწყოს - შალაშინის ან ჩარხის მეშვეობით.

გაშენება - ქალაქებსა და სოფლებში შენობების, ბაღების, ბულვარების, ქარსაფარი ზოლების, ვენახების, სამთო-სათხილამურო კურორტების და მისთ. განთავსების წესრიგი

გაშენების კოეფიციენტი - შენობებისა და ნაგებობების მიერ დაკავებული ფართობის შეფარდება ნაკვეთის სრულ ფართობთან.

გაშენების სიმჭიდროვის კოეფიციენტი - შენობისა და ნაგებობის ყველა სართულის საერთო ფართობის შეფარდება ნაკვეთის მთლიან ფართობთან.

გაშენების შემჭიდროება - საცხოვრებელი ფართობის რაოდენობის გაზრდა ტერიტორიის ერთეულზე არსებული გაშენების რეკონსტრუქციის პირობებში. მიიღწევა: შენობებს შორის არსებული ადგილის გაშენებით, გაშენების სართულიანობის გაზრდით, ძველი გაშენების დანგრევითა და მის ადგილზე ახლის მოწყობით, უფრო შემჭიდროებული გაშენებით, ეზოებისა და გასასვლელების სივრცის შემცირებით, უშენი ადგილების გაშენებითა და სხვ.

გაჩარხვა - ბრუნვის გარე ზედაპირების ჭრით დამუშავება სახარატო დაზგებზე, სადაც მთავარ მუშა (ბრუნვით) მოძრაობას უმეტესად ასრულებს ნამზადი, ხოლო მიწოდების მოძრაობას - საჭრისი.

გაცემის ხაზი - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტის, აგრეთვე, აირის მიწოდებას რეზერვუარიდან სარიგებელ სვეტამდე.

გაცივება ზომიერი - მაცივარაგენტების საშუალებით −500C-მდე გაცივების პროცესი.

გაცივება ღრმა - ძირითადად გამოიყენება აირთა ნარევების დასაყოფად მათი, ჯერ გათხევადების, და შემდეგ რექტიფიკაციის გზით. ღრმა გაცივების პროცესების ტექნიკური გამოყენების მაგალითად გამოდგება ჰაერის დაყოფა ჟანგბადად და აზოტად, კოქსის აირის დაყოფა, ნავთობის პიროლიზის აირების დაყოფა შემადგენელ ნაწილებად და მისთ. რექტიფიკაციის პროცესების ჩასატარებლად აუცილებელია აირთა ნარევების წინასწარი გათხევადება და, შესაბამისად, აირების გათხევადება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღრმა გაცივების ძირითადი ტექნიკური დანიშნულება

გაცხრილვა (გაცხავება) - ფხვიერი მასალების დაყოფა კლასებად სიმსხოს მიხედვით, ანუ ფრაქციონირება ნაჭრების (ნაწილაკების) ზომების მიხედვით მექანიკურ მოწყობილობებზე გაცხრილვით.

გაძგიფვა - წყალსატევის ან მდინარის ზედაპირზე უძრავი ყინულსაფრის წარმოქმნა. პერიოდი, როცა მდინარეზე უძრავი ყინულსაფარია.

გაწყლოვანება - ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა (წყალსაღები ნაგებობა, წყალსაცავი, არხი, წყალსატარი და ა.შ.), რომელიც დამატებით ავსებს ბუნებრივი წყალსადინარების ქსელს (მაგ., მდინარის) და უზრუნველყოფს უწყლო და ნაკლებწყლიანი რაიონების გაწყლოვანებას. ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული და ეფექტური გაწყლოვანების მეთოდია - გამაწყლოვანებელი არხების მოწყობა, რომლებსაც წყალი მიეწოდება თვითდინებით ან წყალსაწევი სადგურებიდან

გაწყლოვანებული ქანი - ქანი, რომელიც შეიცავს თავისუფალ წყალს.

გაჭიმვა - ღეროს (ძელის) გრძივი დეფორმაციის სახე, რომელსაც ადგილი აქვს ღეროს გრძივი ღერძის გასწვრივ გამჭიმავი ძალის მოდებისას. ამ დროს ღეროში გრძივი ძალების ზემოქმედებით ხდება ღეროს გეომეტრიული სიგრძის გაზრდა. სამშენებლო კონსტრუქციებისათვის ძირითადად გ. ორი სახე არსებობს: ცენტრალური (ძალა მოდებულია ღეროს გრძივი ღერძის გასწვრივ) და ექსცენტრული (ძალა მოდებულია ღეროს გრძივი ღერძიდან გადანაცვლებულად). ზოგადად შეკუმშული ელემენტის გაანგარიშება სიმტკიცეზე წარმოებს ფორმულით: σ = N/A ≤ R, სადაც σ - გაჭიმვის ძაბვა; N - მოქმედი გამჭიმავი ძალა; A - ღეროს განივკვეთის ნეტო ფართობი (შესუსტებების გათვალისწინებით); Rგ - მასალის საანგარიშო წინაღობა გაჭიმვაზე. გაჭიმვაზე მუშაობს სამშენებლო კონსტრუქციების ბევრი ელემენტი: წამწის ქვედა სარტყელი და გისოსის ელემენტები, კამარის შემკრავი, კოჭის ქვედა სარტყელი, ბაგირები, ვანტები და სხვ.

გახსნა (გაღება, გაშლა, განზავება) - 1. რაიმე დახურულის ან შეკრულის გახსნა-გაღების ოპერაცია-მოქმედება (მაგ., კარადის კარის გახსნა, ფანჯრის გაღება); რაიმე მოჭერილის მოშვების პროცესი (მაგ., ჭანჭიკის ქანჩის მოშვება); გახსნა-განზავების პროცესი (მაგ., საღებავის განზავება გამხსნელით, ლაქის გახსნა აცეტონით); 2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების სისტემა.

გახურება (გათბობა, გაცხელება) - ნივთიერების (სხეულის), რაიმე მიზნით, ტემპერატურის აწევის პროცესი (მაგ., სადურგლო წებოს გათბობა მოხმარების წინ, ფარის გახურება გალაქვის წინ). ცნობილია გ. სახეები: აირებით, არათანაბარი, განმეორებითი, ელექტრული, იზოთერმული, ინდუქციური, დიელექტრიკული, კონვექციური, კონტაქტური, რადიაციული, წინასწარი, ჰაერით და სხვ.

გაჯერება - მერქანის, ქსოვილის გაჟღენთვა სპეციალური ხსნარებითა და ემულსიებით მათთვის განსაზღვრული თვისებების მისანიჭებლად (ბიომედეგობა, ტენმედეგობა და სხვ.).

გაჯერების ზღვარი - იხ. ჰიგროსკოპულობის ზღვარი.

გაჯერების ფიზიოლოგიური დეფიციტი - სხვაობა 3750C-ზე, ჰაერის მაქსიმალურ და აბსოლუტურ ტენიანობებს შორის.

გაჯერებული დუღაბი - დუღაბი, რომელშიც, მოცემულ ტემპერატურაზე, გასახსნელი ნივთიერება მეტად ვეღარ გაიხსნება.

გაჯი - 1. ჰაერული შემკვრელი ნივთიერება, რომელიც მიიღება ბუნებრივი თიხათაბაშირიანი ქანებისაგან, 150...2500C ტემპერატურაზე გამოწვით. გაჯის სიმკვრივეა 800...1000 კგ/მ3, სიმტკიცე კუმშვაზე 20 მპა-მდე. შეკვრის დასაწყისია 3...5 წუთი, ხოლო დასასრული 30...40 წუთი. გაჯისაგან მზადდება სალესი და წყობის დუღაბები და სამშენებლო ნაკეთობები. გაჯის ტრანსპორტირება და შენახვა აუცილებელია დახურული ტარით, რადგან ტენის მოქმედებით კარგავს აქტივობას; 2. ძვ. მიწა-ცარცი.

გაჯირჯვება - მერქანში შეკავშირებული ტენის გაზრდა აბსოლუტურად მშრალი მდგომარეობიდან ბოჭკოების გაჯერების ზღვრამდე (28%). გ. მაქსიმალური სიდიდე შეინიშნება ბოჭკოების განივად, ხოლო მინიმალური - ბოჭკოების გრძივად. პრაქტიკულად გ. სიდიდე იცვლება 12...15%-ის ფარგლებში. გ. კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობები დამოკიდებულია მერქნის ჯიშზე. გ. დროს ხდება მერქნის გეომეტრიული ზომების და მოცულობის გაზრდა.

გეგმა - 1. შენობის სართულის თარაზული ჭრილის გრაფიკული გამოსახულება; 2. წინასწარ მოფიქრებული რამ, რაც უნდა განხორციელდეს; 3. დაგეგმარების საპროექტო გადაწყვეტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის ამსახველი გენერალური ნახაზი; 4. მუშაობის განრიგი ვადებისა და დანახარჯების მიხედვით.

გეგმა არქიტექტურული - შენობის, შენობების კომპლექსის, დასახლებული პუნქტის ან მათი ნაწილის ჰორიზონტალური პროექციის გამოსახულება შესრულებული განსაზღვრულ მასშტაბში. გეგმაზე შესაძლებელია ნაჩვენები იქნეს კედლების, გადახურვების, საყრდენების, სვეტების კონსტრუქცია, ავეჯისა და მოწყობილობების განლაგება ინტერიერში, საწარმოო სათავსებში ტექნოლოგიური პროცესების სქემა, ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განაწილება და ა.შ.

გეგმა გენერალური - 1. მთავარი, ძირითადი გეგმა, განვითარების მაგისტრალური მიმართულება (მაგ., წარმოების განვითარების გ.გ.); 2. დასახლებული ადგილის ან მისი ნაწილის დაგეგმარების ამსახველი გამოსახულება.

გეგმა კალენდარული - მოქმედების გეგმა, განაწილებული დღეების მიხედვით.

გეგმა პერსპექტიული - განვითარების გეგმა მომავალი პერიოდისათვის.

გეგმა სამრეწველო (ფინანსური) - გეგმა, რომელიც წარმოების განვითარების, მოქმედების ყველა ძირითად მაჩვენებელს მოიცავს (მაგ., ხელფასის ფონდი, პერსონალის რაოდენობა, პროდუქციის რაოდენობა, საბრუნავი ფონდები და სხვ.).

გეგმა საწარმოო - წარმოების განვითარების გეგმა დროის გარკვეულ მონაკვეთში.

გეგმა სიტუაციური - ადგილზე ან მშენებარე ნაგებობაზე მიერთებული არსებული ობიექტის განლაგების მაჩვენებელი.

გეგმა-გრაფიკი - მოქმედების პერიოდულობის გეგმა, დროის გარკვეულ მონაკვეთში.

გეგმაზომიერი - გეგმის შესაბამისი, მოწესრიგებული.

გეგმარებითი დავალება - დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობა, რომლებიც ადგენს დაგეგმვის ამოცანებს, პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, აგრეთვე დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო და სხვა პირობებს.

გეგმარებითი რეგიონი - ისტორიულ-კულტურული ან ეკონომიკური ნიშნით გაერთიანებული, ან სპეციალური სივრცით-ტერიტორიული ამოცანების გადასაწყვეტად ფორმირებული რაიონების ტერიტორიების ერთობლიობა.

გეგმილი (პროექცია) - გეომეტრიული გამოსახულება მიღებული ფიგურის დაგეგმილებით სიბრტყეზე ან რაიმე სხვა ზედაპირზე. ფიგურის გეგმილი არის მისი ცალკეული წერტილების გეგმილთა ერთობლიობა. განიხილავენ გეგმილის სამ სახეობას: ცენტრალურს (პერსპექტივა), პარალელურს და მართკუთხას (ორთოგონალურს).

გეგმიური გამოყენების კოეფიციენტი - ექსპლუატაციის პერიოდის ნაწილი, რომლის განმავლობაში ობიექტი არ უნდა იმყოფებოდეს გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე.

გეგუთის სასახლე (გეგუთის ციხე-დარბაზი) - ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის VIII საუკუნის ძეგლი (ნახ. 1). მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით, მე-7 კმ-ზე, რიონის ნაპირას. ნანგრევებს 2000 მ2-ზე მეტი ფართობი უჭირავს. 1953—1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII—IX სს.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე.წ. „სანადირო სახლია“. მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა. თლილი ქვით ნაგებ სამმეტრიან ცოკოლზე აღმართულია აგურით ნაგები ოთხიარუსიანი მეფეთა სადგომი ციხე-დარბაზი (XII ს.). მისი მთავარი ნაწილია 14 მ-იანი გუმბათით დაგვირგვინებული ოთხმკლავიანი დარბაზი, რომლის აქეთ-იქით საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსებია (საწოლი ოთახი, სალარო, საგანძური, აბანო და სხვ.). მთელ ნაგებობას გარედან ეკვრის კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები. XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია. გადმოცემის თანახმად გეგუთი თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.

გეზენკი (გერმ.) - მიწისქვეშა ვერტიკალური გვირაბი, რომელიც უშუალოდ მიწის ზედაპირზე არ გამოდის. ზოგჯერ გ. დახრილ მდგომარეობაში გაჰყავთ. იყენებენ სასარგებლო წიაღისეულის ჩასაშვებად ზედა ჰორიზონტიდან ქვედა ჰორიზონტამდე, აგრეთვე სავენტილაციოდ და მომუშავეთა მიმოსვლისათვის. გ. შახტაში აერთებს სხვადასხვა საფეხურებს. გეზენკში მუშაობა სახიფათო სამუშაოებს განეკუთვნება.

გეზი - 1. ძვ. უფრთო ისარი; 2. წყლის გასავალი; 3. მიმართულება (მაგ., სვლა-გეზი).

გეიზერი - ვულკანების ახლოს მიწისქვეშა გამთბარი წყლების და ორთქლის პერიოდულად (ან უწვვეტად) ზედაპირზე შადრევნის სახით ამოიფრქვევა (ნახ. 1). გეიზერების სიუხვით გამოირჩევა ისლანდია და კამჩატკის ნახევარკუნძული.

გეკსაედრი (ჰეკსაედრი) - ექვსწახნაგა (მაგ., ხუთკუთხა პირამიდა; კუბი)

გელა - ხის ან რკინის ჯოხი, ძალაყინი, ცეცხლის საჩხრეკი

გელაზი - ბაზალტის ქვისაგან გამოთლილი ბორბალი, ზეთის სახდელი დიდი მრგვალი ქვა.

გელათის აკადემია - ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელი (ნახ.1). დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, („აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“) იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად გეომეტრიის, ფილოსოფიის, რიტორიკის, გრამატიკისა და ასტრონომიის შესწავლას ითვალისწინებდა. გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ და საისტორიო წყარო „გელათური ქორონიკონი“.

გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი (ნახ. 1). აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 1260 კვ. მეტრია, სიმაღლე - 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა. გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოსა და იმერეთის მეფეები: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III; ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვ.

გელი - ნახევრად მყარი კოლოიდურ-დისპერსიული სხეული, რომელიც კოლოიდური ხსნარების კოაგულაციისას წარმოიშობა. გ. შეიძლება წარმოიშვას გაჟღენთვისას (მაგ., ჟელატინის გაჟღენთვისას წყალში, კაუჩუკის გაჟღენთვისას ბენზინში და სხვ.).

გემა – ჩაღრმავებული (ინტალიო) ან ამობურცული (კამეა) რელიეფური ძვირფასი ქვა ზედ ამოკვეთილი წარწერით ან გამოსახულებით.

გემი - საცურაო-სატრანსპორტო საშუალება ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად. არსებობს გ. სხვადასხვა სახეები: აფრიანი, არათვითმავალი (ბარჟა), ატომური, თვითმავალი, მშრალი ტვირთისათვის, საბუქსირო, საკრეისერო, სამგზავრო, სატვირთო, საპატრულო, სასწავლო, სავაჭრო, სატაკელაჟო, სამხედრო, წყალქვეშა, ხე-ტყის საზიდი და სხვ.

გემხარიხა - დაქანებული ფიცარნაგი გემსაშენში გემების ასაწევად და წყალში ჩასაშვებად.

გენეზი (ბერძ.) - რთული სიტყვის ბოლო ნაწილი, რომელიც აღნიშნავს წარმოშობას, აღმოცენებას.

გენერალური დამპროექტებელი - საპროექტო ორგანიზაცია ან ფირმა, რომელიც პასუხისმგებელია საპროექტო და საძიებო სამუშაოების კომპლექსის შესრულებაზე დამკვეთთან ხელშეკრულების საფუძველზე.

გენერალური მოიჯარე - ორგანიზაცია, ფირმა, რომელიც საკუთარი რისკით, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, აწარმოებს კაპიტალურ მშენებლობას. საიჯარო კონტრაქტი, სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, ითვალისწინებს ტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟს და გამართვას.

გენერატორ-ძრავა - ელექტრული გენერატორი, რომელიც ბრუნავს ელექტრული ძრავასაგან. გამოიყენება უპირატესად ცვლადი დენის გარდასაქმნელად მუდმივში და ცვლადი დენის სიხშირის შესაცვლელად.

გენერატორი (ლათ.) - მოწყობილობა, აპარატი, მანქანა, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრულ ენერგიას ან წარმოქმნის ელექტრულ, ელექტრო-მაგნიტურ, სინათლის ან ბგერით სიგნალებს - რხევებს, იმპულსებს (მაგ., ორთქლის გენერატორი, აცეტილენის აირის გენერატორი და სხვ.).

გენერატორი ელექტრული - მოწყობილობა სხვადასხვა სახის ენერგიის (მექანიკური, ქიმიური, სითბური, სინათლის) ელექტრულად გარდასაქმნელად. თითქმის მთელი ენერგია, რომელიც გამოიყენება სახალხო მეურნეობაში, მიიღება მექანიკური ენერგიის გარდაქმნის შედეგად. ქიმიური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულად გალვანური ელემენტებით, სითბური უშუალოდ ელექტრულად - თერმობატარეებში და მაგნიტოჰიდროდინამიკურ გენერატორებში, სინათლის ენერგია - ფოტოელემენტებში.

გენერატორი ჰარტმანის (დანიელი მეცნიერის ი. ჰარტმანის სახელიდან) - აკუსტიკური რხევების აირჭავლური გამომსხივებელი. შედგება საქშენისაგან, რომლისგანაც ზებგერითი სიჩქარით გამოიტყორცნება აირი და დამრეცი რეზონატორისაგან, რომელიც მოთავსებულია ამ აირის ნაკადში. ნაკადში წარმოიქმნება შემკვრივებისა და გაუხშოების პერიოდული რხევები, რომლებთანაც ურთიერთქმედებით რეზონატორი ასხივებს აკუსტიკურ რხევებს.

გეო... (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს მიწასთან, დედამიწასთან კავშირს.

გეოაკუსტიკა - შეისწავლის დედამიწის ქერქში ტალღების გავრცელებას.

გეობადეები - რულონური მასალები ურედოვანი სტრუქტურით, რომლის ელემენტები (მაღალი სიმტკიცის თოკი ან თოკის ძნული) დაკავშირებულია ერთმანეთთან გადახლართვით ან დაწნეხით. არსებობს კომპოზიციური გ. დამზადებული არაქსოვილური მასალებისაგან (პოლიმერული ძაფი ან ლენტი), რომლებსაც ახასიათებთ მაღალი სიმტკიცე და მცირე დეფორმირებადობა. გამოიყენება სუსტი გრუნტების, ავტოგზების (ნახ. 1), რკინიგზის ვაკისების, აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების დასაარმირემლად, აგრეთვე სამშენებლო კონსტრუქციების და ჰიდრონაგებობების განმტკიცებისათვის, ნავთობისა და გაზის მილსადენების საიზოლაციო შრის დაარმირებისათვის და სხვ.

გეოგრაფია (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ზედაპირს, მის ბუნებრივ პირობებს, მოსახლეობის განაწილებას.

გეოგრაფიული ობიექტი - ბუნებრივი თუ ანთროპოგენური წარმოშობის უძრავი ქონების ერთეული, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობების საგანია.

გეოდეზია (ბერძ.) - მეცნიერება დედამიწის ფორმის, ზომების, გრავიტაციული ველებისა და დედამიწის ზედაპირზე გაზომვების მეთოდების შესახებ მათი გეგმებზე და რუკებზე ასახვისათვის, აგრეთვე სხვადასხვა საინჟინრო ღონისძიებების ჩასატარებლად.

გეოდეზია საინჟინრო - გეოდეზიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ინსტრუმენტებსა და გაზომვის მეთოდებს, გამოყენებულს საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაში. მასში შედის: ტერიტორიის დაკვალვა, ობიექტის დაკვალვის ბადე, შენობის მიბმა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური გეგმარება, ნიველირება, კონსტრუქციების საპროექტო მდგომარეობის შემოწმება, დეფორმაციების დაფიქსირება და ა.შ.

გეოდეზიური დაკვალვა - სამშენებლო მოედნის დაყოფა კვადრატებად ან მართკუთხედებად, ხორციელდება სამშენებლო მოედნის გეოდეზიური გეგმის მიხედვით და დგება იმავე მასშტაბში, რომელშიც სამშენებლო გენერალური გეგმაა შესრულებული. დაკვალვის გეგმაში მოცემულია მიბმის სახელმწიფო ქსელი და კონკრეტულად განსახილველი ობიექტის მიბმა არსებულ შენობასთან ან ნაგებობასთან. გეოდეზიური გეგმის შესაბამისად განისაზღვრება ნაგებობის მდებარეობა ადგილზე და ხდება ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიბმა. გ.დ. სამშენებლო ობიექტის მდებარეობის განსაზღვრისათვის კეთდება სამშენებლო ბადე და წითელი ხაზები (ან გაშენების სარეგულირებელი სხვა ხაზები). ბადის ძირითადი ფიგურის გვერდის ზომა შეიძლება იყოს 20...200 მ. სამშენებლო ბადის გაფორმებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი პირობები: 1. ძირითადი შენობები და ნაგებობები მოქცეული უნდა იყოს ბადის შიგნით; 2. ბადის ხაზები უნდა გადიოდეს ასაშენებელი ობიექტის ძირითადი ღერძების პარალელურად და რაც შეიძლება მათთან ახლოს; 3. დაძლეული უნდა იქნეს ყველა წინააღმდეგობა, რომელიც ხელის შემშლელია ხაზოვანი გაზომვებისათვის.

გეოდეზიური მიბმა - ტერიტორიაზე დამაგრებული წერტილების, შენობა-ნაგებობების და მათი ელემენტების მდებარეობის განსაზღვრა მიღებულ კოორდინატთა სისტემაში. მშენებლობის დაწყებისათვის (მიწის და სხვა სამშენებლო სამუშაოები) აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის დაკვალვა, რომელიც ითვალისწინებს: 1. საყრდენი გეოდეზიური ქსელის შექმნას, სამშენებლო მოედნის დაყოფას კვადრატებად წვეროების დამაგრებით (რეპერების მეშვეობით) და ტერიტორიის სამოწმებელ ნიველირებას; 2. შენობებისა და ნაგებობების დაკვალვას ადგილზე, შენობის მიბმას საყრდენ გეოდეზიურ ქსელთან ან არსებულ მეზობელ შენობასთან; 3. შენობის ირგვლივ შემოვლების (ფიცრის დროებითი ზოლი) მოწყობას, ღერძების დამაგრებას. აუცილებელი გეოდეზიური სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება ხელსაწყოები: ნიველირი, თეოდოლიტი, ელექტრული ტახომეტრი, ზენიტ-ხელსაწყო და ლაზერული ამგები.

გეოდეზიური ნიშანი - ხის, ლითონის ან რკინაბეტონის ნაგებობა გეოდეზური პუნქტის ცენტრზე, რომელიც ემსახურება ობიექტის დამიზნებას და ინსტრუმენტის დაყენებას მიწის ზევით კუთხურ და ხაზოვან განზომილებაში. არსებობს შემდეგი სახის: პ ი რ ა მ ი დ ა  (ინსტრუმენტი ყენდება მიწაზე), ტ უ რ ი (მთაში), მ ა რ ტ ი ვ ი  ნ ი შ ა ნ ი (ინსტრუმენტი ყენდება 12 მ-მდე სიმაღლეზე), და რთული ნიშანი (12 მ-ზე ზევით).

გეოდეზიური რეფრაქტომეტრი - ხელსაწყო, გამოყენებული გეოდეზიურ გაზომვებში.

გეოდეზიური საკონტროლო-საზომი აპარატურა - გეოდეზიური ხელსაწყოებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება შენობის, ნაგებობის, მიწის ზედაპირისა და სამთო ქანების დეფორმაციებზე ნატურული გეოდეზიური დაკვირვებისათვის.

გეოდეზიური სამუშაოები - ხაზოვანი, კუთხური, მაღლივი გაზომვები და ნახაზების აგება, რომლებიც წარმოადგენს მშენებლობაში საწარმოო პროცესების განუყოფელ ნაწილს და შეიცავს გეოდეზიური დაკვალვის საფუძვლებს მშენებლობისათვის; გეოდეზიური კონტროლი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გეომეტრიულ სიზუსტის დასადგენად და გეოდეზიური დაკვირვება მშენებარე შენობა-ნაგებობების დე-ფორმაციებზე.

გეოდეზიური სიგრძის საზომი - ხაზის სიგრძის გასაზომი გეოდეზიური ოპტიკური ხელსაწყო. არსებობს სხივური, ლაზერული, ბგერითი და სხვ. გამოიყენება სამშენებლო საქმეში, აერონავიგაციაში, ფოტოხელოვნებაში, სამხედრო ტექნიკაში (სნაიპერულ შაშხანებში, ბომბდამშენ სისტემებში) და ა.შ

გეოდეზიური სიმაღლის საზომი (ალტიმეტრი) - გეოდეზიური ხელსაწყო სიმაღლის ან გადამეტების განსაზღვრისათვის. იყენებენ მშენებლები, გეოლოგები, ალპინისტები, მფრინავები, მეცნიერები და სხვ. მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია სიმაღლის მატების შესაბამისად ჰაერის წნევის დაცემაზე, რაც აისახება ბარომეტრის დანაყოფებიან შკალაზე.

გეოდეზიური სიმრუდე - ზედაპირზე წირის გეოდეზიური სიმრუდე ეწოდება სიმრუდის ვექტორის გეგმილს მხებ სიბრტყეზე, ანუ ზედაპირზე წირის გეოდეზიური სიმრუდე ტოლია მხებ სიბრტყეზე წირის გეგმილის სიმრუდისა. ზედაპირის გაღუნვის დროს წირის გეოდეზიური სიმრუდე არ იცვლება.

გეოდეზიური ქსელი სპეციალური დანიშნულების - საყრდენი გეოდეზიური ქსელის სახესხვაობა, რომელშიც ადგილზე გეომეტრიული პუნქტების მდებარეობის და დამაგრების პირობების განსაზღვრის სიმკვრივე და სიზუსტე დგინდება საინჟინრო ძიების პროგრამით, მშენებლობის კონკრეტული ობიექტის გაანგარიშების საფუძველზე.

გეოდეზიური ცენტრირი - გეოდეზიური ხელსაწყო, გამოყენებული წერტილების შვეული დაპროექტებისათვის ერთი ზედაპირიდან მეორეზე.

გეოდეზიური წირი - ზედაპირზე მდებარე წირი, რომლის ყოველ წერტილში გეოდეზიური სიმრუდე უდრის ნულს, ანუ ეს არის ზედაპირზე წირი, რომლის საკმაოდ მცირე რკალები წარმოადგენენ მათ ბოლოებს შორის უმოკლეს გზას ამ ზედაპირზე. ასეთი წირებია: სიბრტყეზე - წრფე, წრიულ ცილინდრზე - ხრახნწირი, სფეროზე - დიდი წრეწირი. გეოდეზიურ წირს ის თვისება აქვს, რომ მისი მთავარი ნორმალი წარმოადგენს ზედაპირის მთავარ ნორმალს. გეოდეზიური წირი პირველად გვხვდება იოჰან ბერნულისა და ეილერის შრომებში.

გეოთერმია (ბერძ.) - გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქში და მთლიანად დედამიწაში მიმდინარე თბურ პროცესებს.

გეოთერმული გრადიენტი - სამთო ქანების ტემპერატურის მატება მუდმივი ტემპერატურის ზონიდან ყოველ 100 მ ჩაღრმავებაზე. საშუალოდ მიიღება 30C.

გეოთერმული ელექტროსადგური - ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელთა მეშვეობითაც დედამიწის ცხელი წყაროების თბური ენერგია გამოიყენება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად და თბომომარაგებისათვის. გეოთერმული წყლების ტემპერატურა შეიძლება აღწევდეს 2000C და მეტს. გ.ე. შედის: ნაბურღი ჭაბურღილები, რომლებსაც ზედაპირზე გამოაქვთ წყლის ორთქლი ან გადახურებული ორთქლი; აიროვანი და ქიმიური გაწმენდის მოწყობილობები; ელექტროენერგეტიკული დანადგარები; ტექნიკური წყალმომარაგების სისტემა და ა.შ. გ.ე. შედარებით იაფი და მარტივი მოსაწყობია, მაგრამ მიღებულ ორთქლს გააჩნია დაბალი პარამეტრები, რაც აქვეითებს ეკონომიურობას. გ.ე. აგება გამართლებულია იქ, სადაც თერმული წყლები ახლოს არის დედამიწის ზედაპირთან.

გეოიდი (ბერძ.) - დედამიწის საერთო სახის გამომხატველი წარმოდგენითი ფიგურა, რომელიც წარმოიქმნება, თუ მშვიდ მდგომარეობაში მყოფი მსოფლიო ოკეანისა და მასთან დაკავშირებული ზღვების საშუალო დონის მქონე ზედაპირს ხმელეთის ქვეშ ისე გავაგრძელებთ, რომ ამ ზედაპირის ყოველ წერტილში შვეული ნორმალს წარმოადგენდეს. გ. ზედაპირი ხასიათდება მთლიანობით, ამობურცულობითა და ჰორიზონტალურობით. გეოიდის ზედაპირს ადგენენ მიახლოებით, დედამიწის აგებულების შესახებ არსებული წარმოდგენების გათვალისწინებით, და იყენებენ როგორც დამხმარე ზედაპირს დედამიწის ფიზიკურ ზედაპირზე მიღებულ განაზომთა რეფერენც-ელიფსოიდის ზედაპირზე რედუცირებისათვის და ორთომეტრიული სიმაღლეების ასათვლელად.

გეოკარკასი - გეოგისოსის ნაირსახეობა, რომელიც არის ჭადრაკულად ერთმანეთთან შედუღებული ბადე არაქსოვილური ლენტებისაგან (ნახ. 1). გამოიყენება ფერდოების და გზაგამტარების კონუსების ეროზიასაწინააღმდეგო დაცვისათვის, აგრეთვე საყრდენი კედლების მოწყობისა და სუსტი ფუძეების დაარმატურებისათვის.

გეოლოგია (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის შემადგენლობას, აგებულებას და ისტორიას.

გეოლოგია საინჟინრო - გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ქერქის ზედა ჰორიზონტებსა და მათ დინამიკას საინჟინრო-სამშენებლო საქმეში მათი გამოყენების თვალსაზრისით. გ.ს. ქანების შედგენილობას, სტრუქტურას, ტექსტურასა და სხვა თვისებებს განიხილავს გრუნტის თვალსაზრისით, შეიმუშავებს ნაგებობისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული პროცესებისა და მოვლენების პროგნოზს და მათი მავნე გავლენის თავიდან აცილების მეთოდებს.

გეოლოგიური გარემო - ლითოსფეროს (დედამიწის ქერქის) ზედა ნაწილი. გ.გ. მოიცავს მთის ქანებს, მიწისქვეშა წყლებს, ბუნებრივ აირს და მიკროორგანიზმებს, რომლებიც იმყოფებიან ურთიერთქმედებაში და დინამიურ წონასწორობაში. გ.გ. გააჩნია განსაზღვრული ფიზიკური, გეოქიმიური, ბიოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური თვისებები, რომლებიც ფასდება ეკოლოგიურობის ხარისხით.

გეოლოგიური გარემო - ლითოსფეროს ზედა ნაწილი, რომელიც არის მრავალკომპონენტიანი დინამიკური სისტემა (სამთო ქანები, მიწისქვეშა წყლები, აირები, ფიზიკური ველები - გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური და სხვ.) და რომელთა საზღვრებშიც ხორციელდება საინჟინრო-სამეურნეო (მათ შორის საინჟინრო-სამშენებლო) მოქმედება.

გეოლოგიური მარაგი - მიწის წიაღში განლაგებულ საბადოს ან მისი ნაწილის საერთო მარაგი.

გეოლოგიური რუკა - რუკა დედამიწის ქერქის რომელიმე უბნის გეოლოგიური აგებულების გამოსახულებით (სამთო ქანების, მათი ასაკის, სიღრმეზე განლაგების და ა. შ.). გეოლოგიური რუკები იყოფა წვრილ (1:500 000 და უფრო წვრილი), საშუალო (1:100 000, 1:200 000) და მსხვილმასშტაბიანად (1:50 000 და უფრო მსხვილი), აგრეთვე დეტალურებად (1:10 000 და უფრო მსხვილი).

გეოლოგიური სახიფათო მოვლენები - მეწყერი, ღვარცოფი (სელური ნაკადი), კარსტული მოვლენების შედეგად მიწის ზედაპირის ჩავარდნა, აბრაზია, ეროზია, ქვათა ცვენა (ქვების ნაკადი).

გეომატი - მოცულობითი რულონური წყალგამტარი სტრუქტურები (რეგულარულად ან ქაოტურად განლაგებული ბოჭკოები, კონსტრუქციები ზოლებისაგან ფიჭას სახით და სხვ.), დამზადებული სინთეზური ან ბუნებრივი ელემენტებისაგან და შეერთებული ერთმანეთთან თერმული, მექანიკური ან სხვა ხერხით. გამოიყენება მდგრადი მცენარეული საფარის მოსაწყობად წყალსაცავების ფერდოებზე, მდინარეების და გზების ნაპირებზე (ნახ. 1), დრენაჟების გასაუმჯობესებლად, შენობის ფუძეების გაძლიერებისათვის და სხვ.

გეომემბრანა - რულონური მასალა პოლიმერის ან ბიტუმისაგან დაბალი წყალშეღწევადობით (ნახ. 1). გამოიყენება ორთქლ-, ჰიდრო- და აირსაიზოლაციოდ მიწისქვეშა სამშენებლო კონსტრუქციებისათვის, ფილტრაციის საწინააღმდეგო ეკრანების მოსაწყობად და სხვ.

გეომეტრია (ბერძ.) - მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სხეულთა ფორმის სიდიდეს და მდებარეობას სიბრტყეზე ან სივრცეში.

გეომეტრიული ოპტიკა - ოპტიკის ნაწილი, რომელიც განიხილავს სინათლის გავრცელების კანონებს გამჭვირვალე გარემოში სხივური სინათლის ენერგიის წარმოდგენების საფუძველზე. იგი მართებულია იმ შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია სინათლის დიფრაქციის უგულებელყოფა. გ.ო. კანონებს იყენებენ მიკროსკოპების, ტელესკოპების, სპექტრალური ხელსაწყოების, საპროექციო მოწყობილობების, ფოტო- და კინოკამერების და სხვ. ოპტიკური სისტემების გაანგარიშებისას.

გეომექანიკა - მთის ქანების მექანიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მთის ქანების ფიზიკურ-მექანიკურ კანონებს, დაძაბულ მდგომარეობას, დეფორმაციებს და რღვევის პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ბუნებრივი ან ტექნოლოგიური ფაქტორების გავლენით.

გეომორფოლოგია (ბერძ.) - მეცნიერება ხმელეთის რელიეფის, ოკეანეებისა და ზღვების ფსკერის შესახებ (სახის, წარმოშობის, ასაკის, განვითარების ისტორიის). გამოყოფენ გ. დამოუკიდებელ დარგებს: ზოგადს, კერძს, პალეოგეომორფოლოგიას, გამოყენებითს და სხვ.

გეონომია - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ენდოგენურ პროცესებს

გეორგინარიუმი (ლათ.) - გეორგინების ბაღი.

გეოსინთეზური მასალები - მასალები, მთლიანად ან ნაწილობრივ დამზადებული სინთეზური ან ნატურალური პოლიმერებისაგან, რომლებიც გამოიყენება გეოტექნიკაში გრუნტების ან სხვადასხვა სამშენებლო კონსტრუქციის ტექნიკური მახასიათებლების გასაზრდელად.

გეოსფეროები (ბერძ.) - სხვადასხვა სიმკვრივის და ქიმიური შემადგენლობის დედამიწის კონცენტრირებული გარსები. პერიფერიიდან დედამიწის ცენტრის მიმართულებით განასხვავებენ: ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, დედამიწის ქერქს, დედამიწის მანტიას და მის ბირთვს. სამი ზედა გარსი უშუალოდ ჩანს. ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, ჰიდროსფეროს და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილს, ცოცხალი მატერიის ჩათვლით, აერთიანებენ ბიოსფეროს სახელით. დედამიწის ქერქის ქვეშ (70 კმ-მდე) განლაგებულია: მანტია (სისქით დაახლოებით 2900 კმ) და დედამიწის ცენტრში ბირთვი რადიუსით დაახლოებით 3500 კმ

გეოტექნოლოგია - დედამიწის წიაღიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ფიზიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური მეთოდები. გეოტექნოლოგიის მაგალითებია: ქვანახშირის მიწისქვეშა გაზიფიკაცია, ბაქტერიული გამოტუტვა, გოგირდის დნობა, სუბლიმირებული ნივთიერების გამოხდა, თერმული წყლებიდან და ვულკანური გამონატანებიდან მინერალური პროდუქტების გამოყოფა, ნავთობის თერმული მოპოვება და სხვ.

გეოტექსტილი - სინთეზური ბოჭკოსაგან მიღებული ტილოს სახის მასალა, რომელიც გამოიყენება საგზაო მშენებლობაში და აქვს სამი ძირითადი ფუნქცია: მემბრანის, არმატურის და სადრენაჟო.

გეოტექტონიკა (ბერძ.) - გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის ზედა მანტიის სტრუქტურას, მოძრაობას, დეფორმაციებს და განვითარებას მთლიანად დედამიწის განვითარებასთან კავშირში.

გეოტექტურა (ბერძ.) - დედამიწის რელიეფის ყველაზე მსხვილი ფორმები: მატერიკები და ოკეანური ღრმულები

გეოფიზიკა - მეცნიერებათა კომპლექსი, რომელიც სწავლობს როგორც მთლიანად დედამიწის ფიზიკურ თვისებებს, ასევე ფიზიკურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს მის მყარ (ლითოსფერო), თხევად (ჰიდროსფერო) და აიროვან (ატმოსფერო) გარსებში და რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ურთიერთქმედებაში. გ. შემადგენლობაში შედის: გეომაგნეტიზმი (მეცნიერება დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ); მეტეოროლოგია; ოკეანოლოგია (მეცნიერება მსოფლიო ოკეანის შესახებ ზღვის ფიზიკის ჩათვლით); ხმელეთის ჰიდროლოგია; დედამიწის წიაღის ფიზიკა და სხვა მეცნიერებები. ამასთან ერთად ანსხვავებენ ისეთ გამოყენებით გეოფიზიკურ მეცნიერებებს, როგორიცაა დაზვერვითი და სარეწი გეოფიზიკა

გეოფიზიკური სახიფათო მოვლენები - მიწისძვრა, ვულკანის მოქმედება.

გეოფონი (ბერძ.) - დედამიწის ქერქში გავრცელებული ბგერითი ტალღების მიმღები. გამოიყენება სამთო ქანების აკუსტიკური დაზვერვისათვის, სამთო სამაშველო სამუშაოებისას და სხვ. უფრო ხშირად გამოიყენება გ., რომელიც ვიბროგრაფის პრინციპით მოქმედებს. გეოფონს, რომელშიც გარკვეული სიგრძის ბგერითი ტალღების დამჭერი ელემენტია პიეზოკვარცის კრისტალი, ეწოდება პიეზოგეოფონი.

გეოქიმია - დედამიწის ქერქში ქიმიური ელემენტების გავრცელება-კანონზომიერების შემსწავლელი მეცნიერება.

გერგეტის სამება (გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი) - გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია (ნახ. 1). კომპლექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია. წყაროთა უწყებით სამება სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დღეისათვის კი ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული: ყოვლადწმიდა სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო (XV საუკუნე), რომელიც თემის უხუცესთა საბჭოს საკრებულოს წარმოადგენდა. გ.ს. საშუალო ზომის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული. მას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ შესასვლელი შესამჩნევად განიერია დასავლეთისაზე. ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავებიდან გვერდითებს ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები. თვითონ გუმბათი კი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ სვეტზე. გუმბათის ყელი მეტად მაღალია, მას სიმაღლეს მატებს ზემოთ არსებული სამალავების გამო სარკმელების დიდ სიმაღლეზე მოთავსება, თუმცა გარედან აღნიშნული ასიმეტრიულობა არ შეინიშნება. ტაძარი ნაგებია გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი ცალ-ცალკეა და თაღებითაა შემოფარგლული. სარკმლების შემომყოლ ორნამენტოვან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული. ხანგრძლივი დროის მანძილზე გერგეთში ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია - წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.

გერი - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, როკი, დარჩენილი ხის ტანზე ამოსული ტოტის კვდომის (ან ზრდის შეწყვეტის) შედეგად (ნახ.1, „გერი“-ს მანკის ჭრილი ხის ტანზე; ნახ. 2, „გერი“-ს ხედი). ღრმად ჩადის ტანში მახვილი კუთხით, აქვს გაწელილი ოვალის სახე და არღვევს მასალის მთლიანობას, ძლიერ ამცირებს მის სიმტკიცეს გაჭიმვაზე და ღუნვაზე.

გეტერი - ნივთიერება, რომელიც ვაკუუმურ მოცულობაში შთანთქავს აირებს (ინერტულის გარდა) და ბოჭავს მათ ქიმიური შთანთქმის ხარჯზე. გამოიყენება ვაკუუმის გასაუმჯობესებლად ელექტრო ვაკუუმურ ხელსაწყოებში, ვაკუუმურ ტუმბოებში

გეტინაქსი - ქაღალდისა და სინთეზური ფისებისაგან (ფენოლი, ეპოქსიდი) დამზადებული ელექტროსაიზოლაციო დაწნეხილი ფენოვანი პლასტიკი. მასალა გამოირჩევა დაბალი მექანიკური სიმტკიცით, სიიაფით. ადვილად მუშავდება საჭრელი ინსტრუმენტებით. ძირითადად გამოიყენება იაფფასიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაშტამპული ფირფიტების დასამზადებლად (ნახ. 1).

გეტო (იტალ.) - 1. ადამიანთა იძულებითი დასახლებისათვის გამოყოფილი ნაწილი ქალაქისა; 2. ძველად დიდ ქალაქებში ებრაელთა განსაკუთრებული უბნები, რომლის გარეთ ებრაელებს არ ჰქონდათ დასახლების უფლება.

გეჯა - გულამოღებული მოკლე მორი, რომელიც გამოიყენება ცხოველებისათვის წყლის ან საჭმლის ჩასაყრელად, სარეცხის გასარეცხად და სხვა დანიშნულებისათვის.

გვაიაკი კაიმენური - იხ. კუმარუ.

გვაიაკოლი - უფერო, ძლიერი თავისებური სუნის, ადვილად დნობადი კრისტალი, რომელიც მუქდება ჰაერზე და სინათლეში. კარგად იხსნება ეთანოლში, ეთერში, ქლოროფორმში, ცივი ძმრის მჟავაში, ტუტეებში და ცუდად - წყალში და პეტროლეინის (გაზოლინის) ეთერში. შედის მშრალი ფოთლოვანი და წიწვოვანი მერქნის მშრალი გამოხდის პროდუქტში. გამოიყენება სურნელოვანი ნივთიერებების სინთეზისათვის.

გვალვა - ხანგრძლივი უწვიმობა და დიდი სიცხე.

გვარლი - საერთო დასახელება თოკ-ბაგირული ნაკეთობებისა, რომლებიც დამზადებულია ბოჭკოვანი მასალებისაგან ან ფოლადის მავთულისაგან. იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა დანიშნულების: ამწევი, განმტვირთავი, დამჭიმი, მისაბმელი და სადგომის (მცურავი საშუალებების), საბუქსირო, სატვირთო, საწევი, ფოლადის, მავთულის და სხვა.

გვარჯილა - ნიტრატების ჯგუფის მინერალების კრებითი სახელი. თითოეული მინერალის სახელს განსაზღვრავს კათიონი - ნიტრატის გვარჯილა, კალიუმის გვარჯილა, ამონიუმის გვარჯილა და სხვ.

გვერგვი (სალტე, საყველური, კირკალი) - 1. სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული ნაკეთობა (დეტალი), რომელიც გამოიყენება რაიმეს ირგვლივ შემოსავლებად მოჭერის მიზნით; 2. ხის ან წნელის რგოლი, რომელსაც გადააცვამენ ღობის ორ სარს გასამაგრებლად.

გვერდელა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ხის ტანის ძირის ნაწილში აგებულობის ცვალებადობა გვიანი მერქნის წლიური რგოლების შესქელებით ან გამუქებით (ნახ. 1, ადგილობრივი გვერდელა). გადანაჭერზე ჩანს, როგორც რკალისმაგვარი, იშვიათად რგოლური მუქი ფერის უბნები; დახერხილი მასალის გვერდით ზედაპირებზე - ასეთივე ფერის ზოლები. ახასიათებს გაღუნულ და დახრილად მდგარ ხის ტანს და ყველა როკს. ხშირად თან სდევს გულგულას გადანაცვლება (ნახ. 2, გულგულას გადანაცვლება. A - შეშრობის ბზარი; B - მთლიანი გვერდელა; C - გადანაცვლებული გულგულა; D - ფისოვანი ჯიბე). ამაღლებს მერქნის სიმტკიცესა და სიმაგრეს კუმშვისას და სტატიკური ღუნვისას, ხელს უშლის მერქნის მექანიკურ დამუშავებას, ამცირებს დარტყმით სიბლანტეს ღუნვისას და სიმტკიცეს გაჭიმვისას, მკვეთრად ზრდის შეშრობას ბოჭკოების გასწვრივ, რაც მიზეზი ხდება ახლეჩისა და გრძივი დაბრეცის, ეწინააღმდეგება გაჟღენთვას, აუარესებს გარეგნობას. განასხვავებენ შემდეგ სახეებს: ადგილობრივი გვერდელა - წვრილი რკალისებრი უბნების ან ზოლის სახით,რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე წლიურ რგოლს; მთლიანი გვერდელა - მნიშვნელოვანი უწყვეტი უბნების სახით, განლაგებული გულგულისაგან ერთ მხარეს და მოიცავს განივკვეთის ნახევარს ან მეტ ფართობს. 

გვერდი - 1. სხეულის ტანის მარჯვენა ან მარცხენა ნაწილი (მაგ., კარადის გ.); 2. ხაზი, რომელიც გეომეტრიულ სხეულს საზღვრავს (მაგ., კვადრატის გ.); 3. საწერი ქაღალდის ფურცლის ერთ-ერთი მხარე; 4. ინტერნეტში - საიტის შემადგენელი ნაწილი: ვებგვერდი, მთავარი გ., ოფიციალური გ. და სხვ.

გვერდითი ბუნებრივი განათება - სათავსების განათება გარე კედლების შუქღიობებიდან შემოსული პირდაპირი ან არეკლილი ცის შუქით.

გვერდითი სადრენაჟო არხი - წყალმომცილებელი მცირე განივკვეთის ღია არხი, რომელიც აგროვებს გვირაბში შემოღწეულ მიწისქვეშა წყლებს და მიმართავს მას ძირითადი წყალშემკრები ღარისაკენ.

გვირაბგამყვანი ფარი - მოძრავი მექანიზებული სამაგრი, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას სამთო წნევისაგან და ქანების გამონგრევისაგან გვირაბების, მაღაროების და სხვა აგების (გაყვანის) დროს.

გვირაბი - მიწისქვეშა საინჟინრო ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დახრილი ნაგებობა, რომლის სიგრძე გაცილებით აღემატება მისი განივკვეთის ზომებს და დედამიწის ზედაპირთან დაკავშირებულია ერთი ან რამდენიმე შესასვლელით (ნახ. 1: რიკოთის გვირაბი). ის შეიძლება იყოს საექსპლუატაციო, გამხსნელი, განფენილი, დამატებითი, კაპიტალური, მოსამზადებელი, საწმენდი, ღია, ძირითადი, წყალამოსაღვრელი, ხე-ტყის დასაცურებელი და სხვ. დანიშნულების. გამოიყენება ტრანსპორტის მოძრაობისათვის, წყლის გასადინებლად, საქალაქო-სამეურნეო ქსელების გასაყვანად, სამთო-მომპოვებელი სამუშაოებისათვის და სხვ. მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბებია: გოტარდის ბაზისური გვირაბი, სიგრძე 57 კმ (შვეიცარია); სეიკანის გვირაბი, რომელის აკავშირებს კუნძულებს ხონსიუსა და ხოკაიდოს, სიგრძე 53,9 კმ (იაპონია); ევროგვირაბი ლა-მანშის სრუტის ქვეშ, სიგრძე 49,94 კმ; ლიოჩბერგის სახმელეთო გვირაბი ბერნი-მილანის გზაზე, სიგრძე 34 კმ (შვეიცარია); ლერდალის გვირაბი, სიგრძე 24,5 კმ (ნორვეგია) და სხვ.

გვირაბი გამხსნელი - მიწის ზედაპირიდან საბადომდე გაყვანილი გვირაბი.

გვირაბი განფენილი - გამხსნელი, მოსამზადებელი და საწმენდი გვირაბები.

გვირაბი დაზვერვითი - გვირაბი, რომელიც გაყვანილია მარგი წიაღისეულის დაძიების მიზნით.

გვირაბი დამატებითი - შახტის ველის გახსნისათვის განკუთვნილი გვირაბი: კვერშლაგი, ბრმა ჭაური, გეზენკი.

გვირაბი დახრილი - დახრილ გვირაბებს მიეკუთვნება: ჭაური, ბრემსბერგი, ქანობი, სასვლელი, სასულე.

გვირაბი დახრილი საესკალატორო - ნაგებობა,რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მიწისზედა ვესტიბიულსა და მიწისქვეშა სადგურს. მისი დახრის კუთხე ჰორიზონტთან შეადგენს 300-ს.

გვირაბი ვერტიკალური - ვერტიკალურ გვირაბებს მიეკუთვნება ჭაური, გეზენკი, ბრმა ჭაური, შურფი.

გვირაბი კაპიტალური - 1. გვირაბი, რომელიც შახტს დედამიწის ზედაპირთან აკავშირებს და ძირითადად გამოიყენება ტრანსპორტირების მიზნით; 2. დამატებითი გამხსნელი გვირაბი, თუ ის შახტის ველის მთლიანი მარაგის გამომუშავებას მთელი დროით ემსახურება. მაგ., თუ კვერშლაგი (გეზენკი) ემსახურება შახტის ველს და მისი სამსახურის ვადა შახტის არსებობის ვადის ტოლია, მას უწოდებენ კაპიტალურ კვერშლაგს. თუ კვერშლაგი მხოლოდ ერთ ან ორ მოსაზღვრე პანელს (საბრემსბერგო ან საქანობო) ემსახურება, ასეთ კვერშლაგს პანელურს უწოდებენ.

გვირაბი მიწისქვეშა - მიწის ნიშნულის ქვემოთ გაყვანილი, შეკრული კონტურის, გვირაბი

გვირაბი მოსამზადებელი - გვირაბი, რომელიც საბადოს ჰყოფს ამოსაღებ ველებად, უბნებად და ბლოკებად.

გვირაბი საექსპლუატაციო - გვირაბი, რომელიც ემსახურება მარგი წიაღისეულის მოპოვებას. დანიშნულების მიხედვით არსებობს: გამხსნელი, მოსამზადებელი, საწმენდი და კამერული. ადგილს, საიდანაც იწყება გვირაბის გაყვანა, საწყისი, ხოლო საწინააღმდეგოს - ბოლო მხარე ეწოდება.

გვირაბი სატრანსპორტო - გვირაბი, რომლის დანიშნულებაა საავტომობილო, სარკინიგზო და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის (მაგ., მატარებლები მაგნიტურ ან საჰაერო ბალიშზე) გატარება (ნახ. 1). არსებობს ჩვეულებრივი და შეთავსებული (მაგ., საავტომობილო და სარკინიგზო ერთად). ზოგჯერ ასეთ გვირაბებში ორგანიზაციას უკეთებენ საფეხმავლო და საველოსიპედო მოძრაობას. გ.ს. მიეკუთვნება აგრეთვე, გვირაბები სამრეწველო და ჰიდროტექნიკურ კომპლექსებში, დიდი ქალაქების აეროპორტების, სავაჭრო ცენტრების, ავტო- და რკინიგზის სადგურების მისადგომებთან და სხვ.

გვირაბი საწმენდი - გვირაბი, სადაც უშუალოდ წარმოებს მარგი წიაღისეულის ამოღება

გვირაბი ძირითადი - შახტის ველის გახსნისათვის განკუთვნილი გვირაბი: შტოლნი, ვერტიკალური და დახრილი ჭაურები.

გვირაბი ჰორიზონტალური - შტრეკი, კვერშლაგი, შტოლნი, ორტი, გამკვეთი.

გვირაბის გამაგრება - სამაგრის დადგმის პროცესი. სამაგრი შეიძლება იყოს ხის, ლითონის, ბეტონის, რკ. ბ.-ის, ქვის, ხელოვნური ქვის, ანკერული და კომბინირებული.

გვირაბის პირი - მიწის ზედაპირიდან გაყვანილი გვირაბის საწყისი ნაწილი.

გვირაბის სამაგრი - გვირაბში ამოყვანილი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გვირაბის განივკვეთის ზომების დაცვა და ხელოვნურად შექმნილ თავისუფალ სივრცეში მისი გარემომცველი ქანის ნატეხების ვარდნის თავიდან აცილება.

გვირგვინი - 1. დარბაზის ტიპის ქართული საცხოვრებელი სახლის კარვის ფორმის გადახურვა, რომელიც მიიღება ზევითკენ თანმიმდევრობით შემცირებული ოთხკუთხედების ან მრავალკუთხედების წყობით; 2. ჯარგვალი, ჩაჭრით შეუღლებული მორების ან ძელებისაგან შედგენილი მართკუთხედი ან მრავალკუთხედი (ნახ. 1); 3. შენობის ფასადზე კედლის ღიობის ზემოთ განლაგებული მცირე ლავგარდანი, ხანდახან ეყრდნობა კონსოლებს, ხშირად აქვს ფრონტონი; 4. დაწნული ეკალი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის წინ თავზე დაადგეს როგორც მეფის გვირგვინი; 5. ყვავილებისაგან დაწნული თავზე დასადგამი ნაკეთობა; 6. ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით მორთული თავზე დასადგამი სამეფო ნაკეთობა (ნახ. 2: ქართული სამეფო გვირგვინი).

გზა - 1. ადგილსავალი ფეხით და ტრანსპორტით მოსიარულეთათვის, მათ შორის სალიანდაგო და საბაგირო. გზები დანიშნულებისა და ამის შესაბამისად მოწყობის თვალსაზრისით შეიძლება იყოს: გრუნტის, ბეტონის, მაგისტრალური, მოასფალტებული, მოკირწყლული, მოხრეშილი, საურმე, მორსათრევი, სატრანზიტო, სეზონური, სათადარიგო, ხე-ტყის საზიდი და სხვა; 2. მიმართულება, გეზი.

გზა საავტომობილო - მყარი საფარის მქონე ნაგებობათა კომპლექსი - სავალი ზოლი, რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და უმთავრესად განკუთვნილია ინდივიდუალური საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის (ნახ. 1), მათ შორის, ხიდები, ესტაკადები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები. საავტომობილო გზები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სახეობაა. საქართველოზე გამავალი E-60 ავტომაგისტრალი (E-70-თან ერთად) ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთ (ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) ნაწილს აერთიანებს, ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზების ქსელში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს: საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა - 1455 კმ; შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა - 5446 კმ; ადგილობრივი მნიშვნელობის გზა - 15415 კმ; 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - 80კმ; ხიდები - 4632 ერთ. (საერთო სიგრძე 85 კმ); გვირაბები - 16 ერთ. (საერთო სიგრძე 9,9 კმ); თოვლდამცავი გალერეები - საერთო სიგრძე - 3 კმ. არსებობს ს.გ. სამი კატეგორია: I - საერთაშორისო მნიშვნელობის; II - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის; III - ადგილობრივი მნიშვნელობის.

გზაგამტარი - ხიდი სახმელეთო გზების გადაკვეთაზე. უზრუნველყოფს მოძრაობას სხვადასხვა დონეზე (ნახ. 1).

გზატკეცილი - ურელსო ტრანსპორტის მოძრაობისათვის განკუთვნილი მკვრივსაფარიანი გზა.

გზაჯვარედინი - ადგილი, სადაც გზები იყოფა (ნახ. 1).

გზის სამოსი - საავტომობილო გზის ნაწილი, შემდგარი საფარისაგან, ფუძისაგან და ქვენაფენი შრისაგან, დადებული მიწის ვაკისზე, რომელსაც გადაეცემა დატვირთვები ტრანსპორტისაგან. განასხვავებენ ხისტ (ცემენტ-ბეტონის) და არახისტ (ღორღი, ქვიშა, ბიტუმი) გ.ს.

გზის საშენი მასალა - საშენი მასალები, გამოყენებული საგზაო მშენებლობაში - ქვიშა, ღორღი, ხრეში, ცემენტი, ბეტონი, მერქანი, ფისი, ბიტუმი, ასფალტი, ქვა და ა.შ.

გზისპირი - გზის გვერდითი, განაპირა მხარე, სავალი ნაწილის ნაპირი.

გიბსიტი - მეორეული წარმოშობის უფერული ან თეთრი მინერალი. ჩნდება თიხამიწიანი მინერალების გამოფიტვის ხარჯზე ტროპიკული ჰავის პირობებში; გვხვდება ჰიდროთერმული გზით წარმოქმნილიც. გ. ალუმინის ნედლეულია.

გიგა... - ფიზიკური სიდიდის ერთეულის თავსართი, რომელიც შეესაბამება 1 მლრდ საწყის ერთეულს (მაგ., 1 გიგაბაიტი = 1 073 741 824 ბაიტს).

გიგანტი - ძალიან დიდი ზომის, დიდი მასშტაბის.

გიგანტომანია (ბერძ.) - მეტისმეტი, გაუმართლებელი მისწრაფება ყოველგვარი გრანდიოზულობისაკენ.

გირაგი - ხელსაწყო, რომელშიც რაიმე საგანს ამაგრებენ (ნახ. 1), რათა შემდეგ, დაამუშაონ (მაგ., გ. საზეინკლო სამუშაოების ჩატარებისათვის).

გირავნობის სიგელი - უძრავი ქონების დაგირავების საფუძველზე ბანკის მიერ გაცემული სავალო მოწმობა.

გირაო - სავალო ვალდებულება, რომელიც უზრუნველყოფილია კონკრეტული უძრავი ქონებით (მიწა ან შენობა-ნაგებობა). სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხერხი. იმ შემთხვევაში, თუ მევალემ აღებული ვალდებულება არ შეასრულა, გირაოს საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს მიითვისოს საგირავნო ქონება. საგირავნო ურთიერთობები რეგულირდება კანონით გირაოს შესახებ.

გირაცია - სხეულის რხევით-წრიული მოძრაობა.

გირვანქა (ლათ.) - 1. მასის ერთეული მრავალ ქვეყანაში, რომელსაც აქვს განსხვავებული სიდიდე - 317,62-დან 560 გრამამდე; 2. მასის ძირითადი ერთეული ინგლისურ საზომთა სისტემაში, უთანაბრდება 0,4536 კგ-ს, სააფთიაქო და სამონეტო გირვანქა - 0,3732 კგ-ს; 3. მასის ერთეული რუსულ სისტემაში, რომელიც გაუქმდა 1918 წელს. 1 გირვანქა = 1/40 ფუთს = 32 ლოტს = 0,4095 კგ-ს; 4. ზოგიერთი ქვეყნის ფულის ერთეული, მაგ., ინგლისური გირვანქა სტერლინგი, ეგვიპტური გირვანქა და სხვ.

გირლანდა - ყვავილებისა და მცენარეული გამოსახულებისაგან შექმნილი ლენტური ორნამენტი.

გირო... (ბერძნ.) - რთული სიტყვის ნაწილი, რომელიც მიუთითებს მის კავშირს მბრუნავ მოძრაობასთან მოძრავი ღერძის გარშემო, რომელიც უძრავ წერტილზე გადის (მაგ., გიროსკოპი).

გიროთეოდოლიტი - გეოდეზიური და მარკშეიდერული ხელსაწყო (ნახ. 1) ჭეშმარიტი (გეოგრაფიული) აზიმუტების დასადგენად ადგილობრივი საგნების მიმართულებთ. შედგება გირობლოკისგან, რომლის ძირითადი ნაწილი - მძიმე გიროსკოპი, არის ჭეშმარიტი მერიდიანის მიმართულების მაფიქსირებელი, და კუთხესაზომი ნაწილისგან ავტოკოლიმაციური სისტემის მქონე ოპტიკური თეოდოლიტის სახით.

გიროორიენტატორი - გიროსკოპული ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხდება ობიექტის ადგილმდებარეობის დადგენა.

გიროსკოპი - სწრაფად მბრუნავი მყარი სხეული, რომლის ბრუნვის ღერძს შეუძლია სივრცეში მიმართულების შეცვლა. მთავარი ნიშანი (პირობა) იმაში მდგომარეობს, რომ გ. არის ერთგვაროვანი მყარი სხეული, რომელსაც შეუძლია ბრუნვა სხეულთან უძრავად დაკავშირებული სიმეტრიის ღერძის გარშემო ისეთი კუთხური სიჩქარით, რომელიც გაცილებით დიდია თვით სიმეტრიის ღერძის ბრუნვის კუთხურ სიჩქარეზე. გ. აქვთ მრავალი საინტერესო თვისება, რომლებიც შეიმჩნევა მბრუნავ ციურ სხეულებში, საარტილერიო ჭურვებში, საბავშვო ბზრიალაში და სხვ. ამ თვისებებს ფართოდ იყენებენ იმ ხელსაწყოების შესაქმნელად, რომლებიც საჭიროა თვითმფრინავების, რაკეტების, გემების და სხვათა მოძრაობის ავტომატური მართვისას, ტექნიკის მრავალ დარგში. გ. თვისებები ვლინდება შემდეგი ორი პირობის დაცვის შემთხვევაში: 1) გიროსკოპის ბრუნვის ღერძს უნდა ჰქონდეს სივრცეში მიმართულების შეცვლის საშუალება; 2) თავისი ღერძის ირგვლივ გიროსკოპის ბრუნვის კუთხური სიჩქარე ბევრად უნდა აღემატებოდეს იმ კუთხურ სიჩქარეს, რომელიც ექნება თვით ღერძს მიმართულების შეცვლისას. გიროსკოპის მუშაობის პრინციპი (ნახ. 1) მოწყობილობა შემდეგია: გიროსკოპის როტორის მქნევარა (1) თავისუფლად ბრუნავს შიდა ჩარჩოში (2) მთავარი x ღერძის ირგვლივ. თავის მხრივ ჩარჩო (2) თავისუფლად ბრუნავს გარე ჩარჩოში (3) y ღერძის მიმართ, რომელსაც აქვს ორი საყრდენი. გარე ჩარჩო (3) შიდა ჩარჩოსთან (2) და როტორის მქნევარასთან (1) ერთად ბრუნავს გ. ფუძეში გამავალ (г) ღერძის ირგვლივ.

გიროსკოპი სიმეტრიული - გიროსკოპი, რომლისთვისაც უძრავ წერტილში ინერციის ელიფსოიდი წარმოადგენს ბრუნვის ელიფსოიდს.
                                                  

გიროსკოპული ეფექტი - გიროსკოპის საკუთრივი ბრუნვის ღერძის იძულებითი ბრუნვის დროს ინერციის ძალის მომენტის წარმოქმნა

გიროტაქომეტრი - კუთხური სიჩქარის გიროსკოპული საზომი.

გისონი - პარაპეტი; სახურავის, აივნის, ხიდის, სანაპიროსი და მისთ. შემომზღუდავი დაბალი კედელი, რომელიც მეტნაწილად ყრუ, გაუმჭოლ ზღუდეს წარმოადგენს.

გისოსი (ცხაურა) - ცხავის მუშა ნაწილი, რომელიც გამცრელ ზედაპირს წარმოადგენს. გისოსებს სხვადასხვა დანიშნულებითაც იყენებენ, როგორიცაა სანჯღრევი, რკალ-საქრობი, ცეცხლრიკები, ამრეკლი, სივრცითი, წამწის, ფანჯრის, სამილე და სხვა.

გიშერი (სათი) - მურა ნახშირის სახესხვაობა. უკავშირდება ქვანახშირის საბადოებს; გვხვდება დას. საქართველოში. გამოიყენება როგორც სანახელავო ქვა.

გიშის ეკლესია - X–XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - შირიმის ქვით ნაშენი მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესია (ნახ. 1). გუმბათის ყელი მრგვალია, შესასვლელი XIX საუკუნეშია განახლებული. გადაკეთებისა და შელესილობის მიუხედავად, შეინიშნება ძველი ეკლესიის კვალი (დეკორაციული ლილვები გუმბათქვეშა თაღებთან, შიგა გუმბათქვეშა კარნიზის თაროს ქვეშ და სხვ.). ეკლესია მდებარეობდა გიშის წყალზე (ახლანდელი მდინარე ქიშჩაი, საინგილო, აზერბაიჯანი).

გიშრისფერი - ძალიან შავი.

გლანცგოლდი (გერმ.) - „თხევადი ოქრო“, ბლანტი სითხე ფაიფურის მოსახატავად

გლანცზილბერი - „თხევადი ვერცხლი“, ბლანტი სითხე ფაიფურის მოსახატავად

გლასისი - დამრეცი მიწის ყრილი ციხე-სიმაგრეს შემოვლებული თხრილის, ნაგებობის ან საველე სამაგრის წინ.

გლაუკონიტი (ბერძ.) - ცვალებადი ქიმიური შემადგენლობის ჰიდროქარსების ჯგუფის მწვანე ან მოცისფრო-მწვანე მინერალი. გამოიყენება ხისტი წყლის დასარბილებლად, ნიადაგის სასუქად, საღებავების დასამზადებლად.

გლაციოლოგია (ლათ.) - მეცნიერება მყინვარის თვისების, განვითარებისა და მოქმედების შესახებ.

გლედიჩია - ხის ჯიში, რომელიც გავრცელებულია ამერიკაში და კასპიისპირეთში. ცნობილია თორმეტამდე სახეობა. ამერიკული გ. ტანმაღალი ხეა, გული მოვარდისფრო აქვს, მაგარია და წყალში საკმაოდ გამძლე. კასპიის გ. ტანდაბალი ხეა (13 მ-მდე). მერქანი მოყვითალო ფერის აქვს. მაგარია, მაგრამ ადვილად ლპება. საქართველოში გავრცელებულია ორი ჯიში: სამეკალა (ამერიკული) და კასპიის.

გლიეჟი - გამომწვარი ქანი, წარმოქმნილი მიწისქვეშა ხანძრების შედეგად ქვანახშირის ფენებში. გამოიყენება კირის, თაბაშირის, ცემენტის აქტიურ ჰიდრავლიკურ მინერალურ დანამატად (პორტლანდცემენტში არა უმეტეს 15%, ხოლო პუცოლანურ პორტლანდცემენტში - 25...40%).

გლინვა - ლითონების წნევით დამუშავება, რომლის დროსაც ორ მბრუნავ გლინს შორის ლითონის დეფორმაციის პროცესი მიმდინარეობს. საგლინავი წარმოების პროდუქციაა - რელსები, მილები, პროფილები, ფურცლები და სხვ

გლინული - 5...10 მმ დიამეტრის მქონე ცხლადგლინული მავთული, რომელსაც ამზადებენ საგლინავ დაზგებზე. ძირითადი მასა მიდის ცივჭიმული მავთულის დასამზადებლად (0,01 მმ–დე). ფოლადის გ. ამზადებენ გლუვ არმატურას საკიდებისათვის (რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისათვის) და ზამბარებს.

გლიპტიკა (ბერძ.) - დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე, ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე მხატვრული ჭრის ხელოვნება.

გლიპტოთეკა (ბერძ.) – 1. ქანდაკებათა ან ჩუქურთმებიანი ქვების კოლექცია; 2. ქანდაკების მუზეუმი

გლიფთალი - ხელოვნური ფისი, გამოიყენება საღებავი ლაქის დასამზადებლად.

გლიცერინი (გერმ.) - ცხიმებისაგან დამზადებული მოსქო სითხე, იხმარება ტექნიკაში, მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში.

გლობალური (ფრანგ.) - 1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული; 2. მთელი მსოფლიოს მომცველი.

გლობალური საგანგებო სიტუაციები - საგანგებო სიტუაცია, რომელიც თავის შედეგებით მოიცავს რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიას.

გლობულარული (ფრანგ.) - ბურთულისებრი, ბურთისებრი.

გლობულინები (ლათ.) - ბუნებაში დიდად გავრცელებული მცენარეული და ცხოველური ცხიმები.

გლობუსი (ლათ.) - დედამიწის მოდელი. კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროს ზედაპირზე.

გლორიეტა (ფრანგ.) - მცირე საპარკო ნაგებობა ღია კოლონადიანი ფარდულის ფორმისა, რომელიც, როგორც წესი, განლაგებულია ჰორიზონტის ჩამკეტ ამაღლებულ ადგილზე (ნახ. 1). პირველად გაჩნდა საფრანგეთში XVII საუკუნის მეორე ნახევარში.

გლოსარიუმი (გლოსარი) - 1. ტექსტის ლექსიკონი, რომელშიც მოძველებული და გაუგებარი სიტყვებია ახსნილი; 2. კანონებისა და იურიდიული აქტების განმარტებათა კრებული.

გლუვი საყრდენი - საყრდენი, რომლის რეაქციას აქვს მხოლოდ ნორმალური მდგენელი.

გლუვი სხეული - სხეული, რომლის რეაქციაც ყოველთვის მისი ზედაპირის ნორმალურია.

გლუვი ტრაექტორია - ტრაექტორია, რომლის მხები რეაქცია ნულის ტოლია.

გლუვი წირი - წირი, რომელსაც ყველა წერტილში აქვს უწყვეტად ცვალებადი მხები.

გლუტინი (ლათ.) - ცხოველური წებო, რომელიც ხრტილების, მყესების და მისთანათა მოხარშვით მიიღება.

გლჰატუნი (სომხ. „მთავარი სახლი“) - სომხეთის მთიან რეგიონებში დარბაზის ტიპის საცხოვრებელი. დედაბოძზე დაყრდნობილი ქვის ნაგებობა გვირგვინიანი გადახურვით.

გნეისი - გრანიტის სახესხვაობა (ნახ. 1). დედამიწის ქერქში ყველაზე გავრცელებული ქანი. სამშენებლო თვისებები იგივეა, რაც გრანიტის; გამოიყენება საძირკვლის და ცოკოლის წყობისათვის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოსაპირკეთებლად და სხვ.

გნომონი (ბერძ.) - 1. უძველესი ასტრონომიული ხელსაწყო, რითაც არკვევდნენ მზის სიმაღლეს ჰორიზონტიდან; 2. მზის საათი

გობელენი - ავეჯის გადასაკრავად, მოფარდაგებისთვის ან სხვა მიზნისათვის განკუთვნილი ქსოვილი, რომელიც თავდაპირველად (XVII, XVIII სს) ხელით ნაკეთობას წარმოადგენდა და გარკვეულ სიუჟეტს ასახავდა.

გობი - 1. თეფშის მსგავსი დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი; 2. უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს და მშრალი სტეპის გავრცელებული არე ჩინეთსა და მონღოლეთში

გოგირდი (ლათ.) - ყვითელი ფერის, სუსტი ტოქსიკური მოქმედების, მყარი ნივთიერება. გვხვდება ამორფულ და სხვადასხვა კრისტალურ მდგომარეობაში. გოგირდის მტვრის გარემოში ხანგრძლივად ყოფნა იწვევს თავის ტკივილს, დაღლილობას, კანის დაავადებებს (კერძოდ, ეგზემას)

გოგირდიანი ბეტონი - კომპოზიციური მასალა, რომელშიც შემვსებად გამოყენებულია ჩვეულებრივი გოგირდით შეკრული ქვის ნატეხები. გოგირდის შემკვრელის ანუ მატრიცის მოდიფიცირებას ახდენენ პლასტიფიკატორით. გ.ბ. სწრაფად მაგრდება, აქვს კარგი სიმტკიცე, ამიტომ იგი გამოიყენება მინერალური მჟავების ავზებისათვის, სამრეწველო შენობის იატაკებისათვის, მილებისათვის (მათ შორის კანალიზაციის), ხიდის ფენილის სარემონტო სამუშაოებისათვის და ა.შ. ის არასაკმარისად მდგრადია წყლიან გარემოში, ციკლური გაყინვა-გალღობის დროს. წვადი მასალაა - ჟანგბადთან ყოფნისას იწვის და გოგირდის დიოქსიდად გარდაიქმნება. ახასიათებს გაზრდილი ცოცვადობა (ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ცემენტიან ბეტონებს). ყველაფერი ეს ხელს უშლის გოგორდიანი ბეტონის გამოყენებას საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო შენობებში.

გოგირდმჟავა - ძლიერი ორფუძიანი მჟავა (H2SO4). ჩვეულებრივ პირობებში კონცენტრირებული გოგირდმჟავა - მძიმე ზეთისმაგვარი უფერო და უსუნო სითხეა. ტექნიკაში გოგირდმჟავას უწოდებენ როგორც მის წყლის ნარევსაც, ისე გოგირდის ანჰიდრიდთან SO3 ნარევსაც. სიმკვრივე 1,84 ტ/მ3. კარგდდ იხსნება წყალში. მე-XX საუკუნემდე გ. ხშირად უწოდებდნენ შაბიამანს (როგორც წესი ეს იყო კრისტალური ჰიდრატი, რომელიც კონსისტენციით ზეთს ჩამოგავდა) ან შაბიაბნის ზეთს. აქედანაა მისი მარილების სახელწოდებებიც (კერძოდ კი კრისტალ ჰიდრატების). გ. წარმოქმნის მარილების ორ რიგს: საშუალოს - სულფატები და მჟავეს - იჰიდროსულფატებს, ასევე ეთერებს. ცნობილია პეროქსომონოგოგირდმჟავა (ან კაროს მჟავა) H2SO5 და პეროქსოდიგოგირდმჟავა H2S2O8. გახურებისას იშლება CO3-ის გამოყოფით, რომელიც ჰაერში წყლის ორთქლთან წარმოქმნის გ. თეთრ ბოლს, რომლის ჩასუნთქვა იწვევს მწვავე და ქრონიკულ მოწამვლას. გამოყენების სფერო: ლითონდამამუშავებელი, სასუქების, ფეთქებადი ნივთიერებების წარმოება, ნავთობის მრეწველობა, ელექტროლიტი ტყვიის აკუმულატორებში, სხვადასხვაგვარი მინერალური მჟავეებისა და მარილების მიღება, ტექსტილის და ტყავის გადამამუშავებელ დარგებში, ორგანული სინთეზის რეაქციები (დეჰიდრატაცია, ჰიდრატაცია, სულფირება, ალკილირება, ფისების აღდგენა ფილტრებში დისტილირებული წყლის წარმოებაში) და სხვ. გ. მსოფლიო წარმოება მიახლოებით 160 მლნ ტონას შეადგენს წელიწადში. ყველაზე მსხვილი მომხმარებელია - მინერალური სასუქების წარმოება.

გოდოლი - 1. ძვ. დონჟონი, კოშკი. შენობის საერთო მოცულობიდან მკვეთრად გამოყოფილი, გეგმაში, ჩვეულებრივ, კვადრატული, მრავალკუთხა ან წრიული მოხაზულობის ნაწილი, რომლის სიმაღლე საგრძნობლად სჭარბობს ფუძის ზომებს (ნახ. 1: ნარიყალას ციხის გოდოლი). ასეთივე პროპორციების მქონე ცალკე მდგომი ნაგებობა; 2. წრიულგეგმიანი კოშკი.

გოდორი - წნელის ან ტკეჩის მოზრდილი მაღალი ჭურჭელი. გამოიყენება სიმინდის, ლობიოს, თხილის, ცერცვის და მისთ. ჩასაყრელად და გადასატანად.

გოეთიტი - მინერალი, ნემსისებური რკინის მადანი.

გოთიკა - ევროპის ხელოვნების განვითარების პერიოდი, რომელსაც გოთიკური ეწოდა. დაკავშირებულია ვაჭრობის, ხელოსნობის განვითარებისა და ზოგიერთ ქვეყანაში მონარქიის დამკვიდრების ხანასთან (XII საუკუნის ბოლო, XIII და XIV საუკუნეები). გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ მისწრაფებული ტაძრები და საზეიმო ხასიათის რატუშები, წაისრული ფორმები, ახალი კონსტრუქციები (არკბუტანი, კონტრფორსი, ნერვიურიანი კამარა და სხვა), ვიტრაჟები, ქანდაკების, არქიტექტურისა და ფერწერის ღრმა სინთეზი.

გოთიკური არქიტექტურა - არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებშია წარმოდგენილი. გოტიკური არქიტექტურა დაიბადა საფრანგეთში XII საუკუნის მეორე ნახევარში (ნახ. 1: გოთიკური არქიტექტურის შედევრი - სენ-პიერ დე ბოვეს ტაძარი, საფრანგეთი) და სწრაფად გავრცელდა იტალიაში (ნახ. 2: კათოლიკური ტაძარი დუომო, მილანი, იტალია), გერმანიაში, ესპანეთში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში XVI საუკუნის შუა ხანებამდე , იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა. სიტყვა "გოთიკური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოთიკური" ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება. კაპეტინგების მეფობის პერიოდში გოტიკური არქიტექტურა განსკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდი იყო მორწმუნეთა რიცხვი. ამავე პერიოდში ვითარდება ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევს ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას. გოთიკური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ჩრდილოეთ საფრანგეთის საეპისკოპოებს შორის კონკურენცია: ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით.

გოთიკური თაღი - ისრული თაღი; კუთხით გადაკვეთილი ორი რკალისგან შედგენილი წარმმართველის მქონე თაღი (ნახ. 1).

გოთიკური კამარა - ისრული კამარა, რომლის განივკვეთს გოთიკური თაღის მოხაზულობა აქვს (ნახ. 1).

გოთიკური სარკმელი - ისრული, გოთიკური თაღით დაგვირგვინებული სარკმელი (ნახ. 1).

გოთიკური სახურავი - მკვეთრად დაქანებულკალთებიანი, წვეტურიანი სახურავი (ნახ. 1).

გომი - მსხვილფეხა რქიანი საქონლის ზამთრის სადგომი

გომიზი - ძვ. ხის წებო.

გონდოლა - 1. დახურული ვაგონი საჯდომი ადგილებით 2...8 მგზავრისათვის; 2. ერთნიჩბიანი გრძელი და ბრტყელძირა ვენეციური ნავი, რომელსაც აქვს აწეული ფიგურული ცხვირი და მაღალი კიჩო; 3. დირიჟაბლის, აეროსტატის, სტრატოსტატის ნაწილი ("კალათი"), რომელშიც თავსდება ეკიპაჟი, აგრეთვე მექანიზმები, ხელსაწყოები და სხვ. 4. რკინიგზის უსახურავო თვითსაცლელი ნახევარვაგონი.

გონიო (ლათ.) - კუთხედი, მყარი სხეულის ბრტყელ წახნაგებს შორის კუთხის გამზომი ხელსაწყო. გამოიყენება კრისტალოგრაფიაში, გეოდეზიაში, მშენებლობაში და სხვ.

გონიომეტრია (ბერძ.) - 1. ტრიგონომეტრიის შესავალი ნაწილი, რომელიც სწავლობს კუთხეების გაზომვის ხერხებს; 2. კრისტალოგრაფიის ნაწილი, რომლის საგანია კრისტალების გაზომვის ხერხების და მეთოდების შემუშავება

გონიომეტრია - 1. ტრიგონომეტრიის ნაწილი, რომელიც მოიცავს სწავლებას კუთხეების განზომილებებზე, ტრიგონომეტრიული ფუნქციების დადგენასა და მათ შორის ძირითად თანაფარდობებზე; 2. კრისტალოგრაფიის ნაწილი, რომლის საგანია კრისტალების გაზომვის ხერხებისა და მეთოდების შემუშავება

გონიოს ციხე (აფსაროსი) - ისტორიული ციხე-სიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეს (ნახ. 1). ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები - დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.). ანტიკური წყაროების თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს. გ.ც. XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები (ნახ. 2), ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვ.) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრისადმი. 1547 წელს გ.ც. ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როდესაც სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის მართკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).

გორა - 1. მრგვლად ამაღლებული ადგილი, დიდი ბორცვი; 2. ზვინი, გროვა რისამე; 3. მარცვლეულისა და სითხის საწყაო ძველად ლეჩხუმში

გორგალი - დახვეული მავთულის სახით მიწოდებული საარმატურე ფოლადი (d < 14 მმ), რომლის 80%-ის დამუშავება (გასწორება, დაჭრა) ხდება მრავალოპერაციულ ავტომატიზირებულ დაზგებზე. გორგალის სახით გვხვდება აგრეთვე ბაგირები, გვარლები  და სხვ.

გორგოლა - 1. პატარა ბორბალი; 2. პატარა ბურთულა

გორგოლაჭი - ცილინდრული, კონუსური ან კასრისებრი ფორმის სხეული, რომელიც სხვადასხვა მასალებისგან მზადდება და აქვს მრავალგვარი დანიშნულება: დამჭერი, დამჭიმი, მათანაბრებელი, მგორაბი, მიმმართველი, მიმყოლი, მოქანავე, საყრდენი, ფრიქციული, სავალი, საპრიალებელი და სხვა.

გორგოლაჭსაკისარი - გორვის საკისარი ცილინდრული, კონუსური ან კასრისებრი ფორმის გორგოლაჭებით. მისი ნაირსახეობებია: ნახევარღერძის, ნემსოვანი, რადიალური, სფერული, ცილინდრული, კონუსური, გასახსნელი, ხვეულგორგოლაჭებიანი გ. და სხვ.

გორგულია - რაიმე ძალზედ უცნაური (ნახ. 1). გამოიყენებოდა ეკლესიების, მონასტრების, ტაძრების დეკორატიულ ქანდაკებებში.

გორვა - ორი მყარი ზედაპირის ან წირის ფარდობითი მოძრაობა, როდესაც მათი ელემენტები ეხებიან მიმდევრობით და მათი მყისი ფარდობითი მოძრაობები წარმოადგენენ ბრუნვას იმ ღერძების გარშემო, რომლებიც მდებარეობენ შესაბამის საერთო მხებ სიბრტყეებში. ამ ზედაპირების ან წირების შეხების წერტილების ფარდობითი სიჩქარეები ნულის ტოლია.

გორვის სიჩქარე - მგორავი მყარი სხეულის კუთხური სიჩქარე იმ სხეულის მიმართ, რომელზედაც იგი მიგორავს.

გორვის ხახუნი - რეალური (დეფორმირებადი) სხეულის გორვისადმი წინაღობა (იხ. ხახუნი).

გორვის ხახუნის კოეფიციენტი - კოეფიციენტი, რომლის რიცხვითი სიდიდე ტოლია იმ მონაკვეთის სიგრძისა, რომელზეც გადაადგილდება საყრდენის ნორმალური რეაქციის ფუძე გორვის დროს დეფორმაციის შედეგად.

გორის საკათედრო ტაძარი (გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი) - მდებარეობს ქ. გორში (ნახ. 1). აგებულია 1806 -1810 წლებში, როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. ის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესიაა ზომებით გეგმაში 24×15,6 მ, სიმაღლე 25 მ. ნაგებია აგურით. ეკლესიას მაღალი, განიერი და მართკუთხა შესასვლელი დასავლეთით აქვს. შენობის გეგმა ჩაწერილი ჯვარია, რომლის მკლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. გუმბათის ყელი მდიდრულადაა მორთული - 12 მოჩარჩოებულ თაღოვან ფანჯარას შორის, შეწყვილებული ნახევარსვეტების კონაზე გადაყვანილია დეკორატიული თაღები. არეები ფანჯრებსა და დეკორატიულ თაღებს შორის შევსებულია რელიეფური წრეებით. ეკლესია გადახურულია მოთუთიებული თუნუქით. ინტერიერი მოხატულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. სამრეკლოები რვაწახნაგაა, თითოეულს ოთხ-ოთხი თაღი აქვს და დასრულებულია ნახევარსფერული გუმბათებით.

გორის ციხე - ისტორიული ციხე-სიმაგრე ქართლში, ქ. გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე (ნახ. 1). ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გ.ც. არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ციხე-სიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი - „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. სამხრეთის კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანის კამაროვანი ჭიშკარი. სამხეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გ.ც. მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

გორიჯვარი (გორიჯვრის წმ. გიორგის სალოცავი) - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულ მთის წვერზე მდებარე ძველისძველი ტაძარი (ნახ. 1). ისტორიული მასალების თანახმად, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს.-ის ნაგებობა იყო. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ სულ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. გ. ცნობილია საკურთხევლის ხის ჯვარით, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღუმართავთ. ჯვრის სიგრძე 188 სმ-ია, სიგანე 94 სმ. შეძერწილია ვერცხლის ოქროცურვილი ფირფიტებით, რომლებზეც ჭედური სურათებია (ნახ. 2). ჯვარს აქვს საბურავი (ქუდი), რომელიც შექმნილია XIII ს-ში. წმინდა ნინოს დიდი მონდომებით სამი ხის ჯვარი აღიმართა მცხეთას, თხოთის მთაზე და უჯარმას; ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი შეიქმნა გორიჯვრის ჯვარი. მეფე ალექსანდრე პირველმა (1390-1442 წ.) გორიჯვრის ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა. ჯვარი ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. გორიჯვრის აღდგენილ ეკლესიაში კი ამ ჯვრის გალვანური პირია მოთავსებული.

გოფრი - სავარცხლისებრი ან ტალღისებრზედაპირიანი ლითონის, ხის (ნახ. 1) ან პლასტმასის (მინაპლასტიკის) ფურცელი, რომელიც გამოიყენება სახურავის, კედლის დასაფარავად ან მილების (ნახ. 2) დასამზადებლად.

გოფრირება (ფრანგ.) - ლითონის (ფოლადის, ალუმინის და სხვ.) და არალითონის (პლასტმასის, შიფერის, მუყაოს და სხვ.) ფურცლოვანი მასალების მოღუნვა მათი ზედაპირებისათვის ტალღოვანი ფორმის, ტრაპეციული, წრიული, სამკუთხა და სხვა პროფილის მისაცემად სიმტკიცის ამაღლების მიზნით.

გოჯილა - დახერხილი მასალის თაკარებად დაწყობის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც მასალა ეწყობა ნაპირებზე, ხოლო თაკარის ცენტრი თავისუფალია, რაც ბუნებრივი შრობის პროცესს აჩქარებს.

გრადაცია (ლათ.) - თანმიმდევრობა, რაიმეს განლაგების თანდათანობა, დაყოფა, ერთიდან მეორეზე გადასვლის საფეხურები.

გრადიენტი (ლათ.) - ვექტორი, რომელიც გვიჩვენებს მოცემული სკალარული ველის φ(P) უსწრაფეს ცვლილებას, სადაც P არის სივრცის წერტილი, რომელიც აღინიშნება g=gradφ(P). მაგ., ტემპერატურის გ., (და)წნევის გ., პოტენციალის გ.

გრადიენტი ტემპერატურის - მასალაში (ნივთიერებაში) სხვადასხვა წერტილების ტემპერატურების სხვაობის მაჩვენებელი.

გრადიენტი ტენიანობის - მასალაში (ნივთიერებაში) სხვადასხვა წერტილების ტენიანობის სხვაობის მაჩვენებელი.

გრადუირება - მეტროლოგიური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც დგინდება ზომის ან შკალის დანაყოფის მნიშვნელობა გამზომ ხელსაწყოზე და რომელსაც აქვს გასაზომი სიდიდეების მიღებულ ერთეულებთან საჭირო სიზუსტით შესაბამისობა. გ. წარმოებს უფრო ზუსტი გამზომი საშუალებების (სანიმუშო, ეტალონის) ჩვენებებით, ვიდრე გ. ობიექტია.

გრადუსი (ლათ.) - 1. ტემპერატურის (სხვადასხვა ტემპერატურული შკალის) აღმნიშვნელი სიდიდე. განასხვავებენ შემდეგი შკალების გრადუსს: კელვინის, ან კელვინი (K), ცელსიუსის (0C), რეომიურის (0R), ფარენგეიტის (0F); 2. ბრტყელი კუთხის ერთეული, ტოლი მართი კუთხის 1/90 ნაწილისა ან შესაბამისად წრეწირის 1/360-ის; აღინიშნება 0 ნიშნით. 10 = 60′ = 3600″, სადაც ′ არის კუთხური წუთის აღნიშვნა, ″ - კუთხური წამის; 3. სხვადასხვა სიდიდეების პირობითი ერთეული - წყლის სიხისტე, გოგირდმჟავას (ბომეს გრადუსი) ან სპირტის კონცენტრაცია, სითხეების სიბლანტე (წყლის სიბლანტესთან მიმართებაში 200C ტემპერატურაზე - ენგლერის გრადუსი) და ა.შ.

გრავიმეტრი (ლათ.) - სიმძიმის ძალის საზომი ხელსაწყო, იყენებენ მადნეულის ძიებისას.

გრავიმეტრია (ლათ.) - გეოფიზიკის ნაწილი, სწავლობს სიმძიმის ძალის განაწილებას დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა წერტილში.

გრავირება - მყარ მასალებზე (ლითონი, ქვა, ძვალი და სხვ.) წარწერების, ნახატების, მოხატულობის და ა.შ. დატანა საჭრელი საგრავიურო იარაღებით. გ. მეტალზე ასევე წარმოებს მჟავების ზემოქმედებით (ამოჭმით). გ. იყენებენ საბეჭდი ფორმების დამზადებისას საფეიქრო მრეწველობაში, საიუველირო ნაკეთობების მოსართავად და სხვ.

გრავიტაცია (ლათ.) - მსოფლიო მიზიდულობა, უნივერსალური ურთიერთქმედება მატერიის ნებისმიერ სახეთა შორის. არარელატივისტური სხეულების (რომელთა სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე ბევრად ნაკლებია) სუსტი გრავიტაცია ემორჩილება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს. გრავიტაციასთანაა დაკავშირებული უამრავი ფიზიკურ-მექანიკური მოვლენა, როგორიცაა გ. კონდენსაცია (კოსმოსური სხეულების ფორმირების პროცესი); გ. არამდგრადობა (ვარსკვლავების, გალაქტიკების წარმოქმნის საწყისი ფაზა); გ. კაშხალი (ბეტონის ან ქვის კაშხალი, რომლის მდგრადობა ძვრის ძალების მიმართ უზრუნველყოფილია კაშხლის ძირში ხახუნის ძალებით); გ. მუდმივა (პროპორციულობის კოეფიციენტი ნიუტონის მიზიდულობის კანონში - G = (6,67259±0,00085)•10-11 ნ•მ2/კგ2; გ. ენერგია (იგივე პოტენციალური ენერგია, განპირობებული სხეულების გ. ურთიერთქმედებით); გ. გამდიდრება (მაღალი სიმკვრივის მინერალების გამოცალკევება ფუჭი ქანებისაგან წყალში ან ჰაერში - ჰიდროციკლონებში, დამლექ მანქანებში, რაბებში და სხვ.); გ. ველი (რომლის მეშვეობით ხორციელდება სხეულების გრავიტაციული ურთიერთქმედება); გ. კუმშვა, რომლის დროსაც გამოიყოფა ენერგია (კატასტროფულად სწრაფი კუმშვისას ადგილი აქვს გრავიტაციულ კოლაფსს); გ. ტალღები (ცვლადი გ. ველი); გ. კაროტაჟი (შეისწავლის და გამოავლენს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს); გ. ტრანსპორტი (ტვირთების ტრანსპორტირების ხერხი საკუთარი წონის ძალის ზემოქმედებით - მაგ., დახრილ ღარში და სხვ.).

გრავიტაციული ველი - მიზიდულობის ძალის ველი

გრავიურა - 1. ფიცარი ან ფირფიტა, რომელზედაც ამოჭრილია რელიეფური გამოსახულება პოლიგრაფიული ანაბეჭდის მისაღებად; 2. გრავირებული ფიცრის ან ფირფიტის ანაბეჭდი; 3. გრავირებით (რელიეფური ამოჭრით) მხატვრული გამოსახულების შექმნის ხელოვნება.

გრაიზენი (გერმ.) - ქანი, რომელიც შეიცავს კვარცს, თეთრ ქარსებს და სხვა მადნეულ მინერალებს.

გრამ-ძალა - ძალის ერთეული ერთეულთა ტექნიკურ სისტემაში და უდრის 0,001 კილოგრამ-ძალას. გრამ-ძალა არის ძალა, რომელიც 1 გ მასას 980,665 სმ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს. თანაფარდობა გრამ-ძალასა და ნიუტონს შორის: 1გძ = 9,80665∙10-3

გრამა (ბერძ.) - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს გრაფიკულ გამოსახულებას, ჩანაწერს (მაგ., ფონოგრამა, ტელეგრამა, კარდიოგრამა და სხვ.).

გრამი - მასის ძირითადი ერთეული ერთეულთა CGS სისტემაში და უდრის  0,001 კგ -ს. აღინიშნება ქართულად - გ, საერთაშორისო - g.

გრამონიტი - გრანულირებული წყალმედეგი ფეთქებადი ნივთიერება, ამიაკური გვარჯილის ნარევი ტროტილთან და ალუმინის ფხვნილთან. გამოიყენება ღია და მიწისქვეშა აფეთქებით სამუშაოებში.

გრანატები (ლათ.) - სილიკატების კლასის მინერალები, იყენებენ აბრაზიულ მასალად.

გრანიტი - რუხი, ცისფერი ან მუქი წითელი შეფერილობის ბუნებრივი მთის ქანი (ნახ. 1, გრანიტი (ლოქის მასივი)). შედგება კვარცის, მინდვრის შპატის და ქარსისაგან. დედამიწის ქერქში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქანი. სიმკვრივე 2600 კგ/მ3, სიმტკიცე კუმშვაზე 300 მპა. მინერალური შემადგენლობის მიხედვით გ. ორნაირია: პ ლ ა გ ი ო გ რ ა ნ ი ტ ი (ღია გოგირდისფერი, ადგილ-ადგილ ვარდისფერ-წითელი შეფერილობით) და ა ლ ი ა ს კ ი ტ ი (ვარდისფერი, კალიუმ-ნატრიუმის მინდვრის შპატის იშვიათი გამოსახულებით). გ. წარმოადგენს ყველაზე მკვრივ, მაგარ, მტკიცე მასალას. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ფასადების მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესასრულებლად. მედეგია წყლის, ყინვისა და ჭუჭყის მიმართ. ინტერიერებში ხმარობენ კედლების, კიბეების, კოლონების გასალამაზებლად. ბაღებსა და სკვერებში - ძეგლების, სკულპტურების, ბარელიეფების დასამზადებლად, მონოლითური იატაკების თუ მოედნების მოსაწყობად. უნდა გვახსოვდეს, რომ გ. გამოყენება საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებზე მიზანშეუწონელია, რადგანაც ახასიათებს შედარებით მაღალი რადიაციური ფონი. საქართველოში გრანიტის საბადოებია სვანეთში, რაჭაში, აფხაზეთში.

გრანიტიზაცია - დედამიწის ქერქში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები, რომელთა შედეგად ქანები გარდაიქმნება გრანიტოიდულ მინერალურ და ქიმიური შედგენილობის ქანებად.

გრანიტოიდები - გრანიტის რიგის ინტრეზიული ქანების საერთო სახელწოდება

გრანიტოლი - იხ. დერმატინი

გრანტი - 1. უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი ფულადი ან ნატურალური ფორმით გამოხატული სახსრები, რომელიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების, აგრეთვე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის; 2. საჩუქარი, სუბსიდია.

გრანულა (ლათ.) - რაიმე ნივთიერების წვრილი მკვრივი გუნდა, მარცვლის მსგავსი.

გრანულატორ-სამსხვრევი - მექანიზმი, რომელიც გამოიყენება კერამზიტის ხრეშის (თბოსაიზოლაციო მასალა) წარმოებაში ტენიანი თიხის მეორადი დაქუცმაცებისათვის და მისგან გრანულების (მარცვლების) ფორმირებისათვის. ქვებისგან განთავისუფლებული თიხა მიეწოდება გრანულატორის ხვრეტებიან ლილვაკებს, იმსხვრევა, ისრისება, გადის ხვრეტებში და კოშტი-გრანულების სახით გადმოცვივდება ლილვაკის სათავის საცმიდან

გრანულაცია (ლათ.) - რაიმე ნივთიერებისათვის მარცვლის ფორმის მიცემა, მისი წვრილ მარცვლებად ქცევა.

გრანულირება - იხ. გრანულაცია.

გრანულირებული წიდა – წიდის პემზა, რომელიც მიიღება გამდნარი მეტალურგიული წიდის სწრაფი გაცივებით.

გრანულომეტრია - ქანის ან ნიადაგის კომპონენტების ზომი განსაზღვრას და მათი რაოდენობის გამოსახვა პროცენტებით.

გრანულომეტრიული შედგენილობა - 1. ფხვიერ მყარ მასალაში სხვადასხვა სისხოს მყარი ნაწილაკების პროცენტული შემცველობა წონის მიხედვით; 2. ღორღის, ქვიშის, ცემენტის და სხვა მასალების მარცვლოვანი შედგენილობა. იგი ბუნებრივი და ხელოვნური მასალების ფიზიკური თვისებებისა და სტრუქტურის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. გეოლოგიაში, გრუნტმცოდნეობაში, ნიადაგთმცოდნეობაში, ზღვის გეოლოგიასა და ტექნიკაში გამოიყოფა გრანულომეტრიული ფრაქციის საკუთარი კლასიფიკაცია და სახელწოდება. ასე მაგალითად, დანალექ ქანებში განასხვავებენ: მსხვილ (დაახლოებით 500 მმ), საშუალო (500…250 მმ) და წვრილ (250…100 მმ) კაჭარს (რიყის ქვას); მსხვილ (10…5 მმ), და წვრილ (5…2 მმ) კენჭს; აგრეთვე არსებობს: უხეში ქვიშა - 2…1 მმ, მსხვილი ქვიშა - 1…0,5 მმ, საშუალო ქვიშა 0,5…0,25 მმ, წვრილი ქვიშა - 0,25…0,10 მმ, ალევრიტი 0,10…0,05 მმ, მტვერი 0,05…0,005 მმ, თიხა - 0,005 მმ-ზე ნაკლები. გრანულომეტრიული შედგენილობა დგინდება გრანულომეტრიული ანალიზის შედეგად.

გრანულომეტრიული შედგენილობა - სხვადასხვა სიმსხოს ნაწილაკების რაოდენობრივი თანაფარდობა დისპერსიულ გრუნტებში.

გრაუვაკა - მუქი ნაცრისფერი, შავი ან მომწვანო ნაცრისფერი მკვრივი მარცვლოვანი დანალექი ქანი.

გრაფიკა - ხატვის ხელოვნება, სადაც ჭარბობს ფორმის ხაზოვანი ასახვა.

გრაფიკი (ბერძ.) - 1. ნახაზი, რომელიც თვალსაჩინოდ გამოსახავს რაღაც სიდიდეების ურთიერთ დამოკიდებულებას, ფუნქციის ცვალებადობას. მაგ., ფუნქცია y=1/(1+x2) გრაფიკულად შემდეგნაირად გამოსახება: როდესაც x = 0 , y -ის მაქსიმალური მნიშვნელობა 1-ის ტოლია. კოორდინატთა x0y სისტემაში მრუდის წერტილთა აბსცისები შეესაბამება x-ის მნიშვნელობებს, ხოლო წერტილთა ორდინატები y-ისას; 2. საწარმოო გ. - წარმოების მიერ პროდუქციის გამოშვების კალენდარული გეგმა, გამოსახული გრაფიკულად ან წარმოდგენილი ცხრილის სახით; 3. ტრანსპორტის მოძრაობის დაწვრილებითი განრიგება (დღეების, საათების და წუთების მიხედვით). არსებობს გ. შემდეგი სახეები: ავტოგადაზიდვის, დატვირთვის, იძულებითი, მოძრაობის, მოხმარების, მცოცავი, სადისპეტჩერო, სადღეღამესო, ტვირთნაკადთა, ხარშვის, ხე-ტყის დაცურების და სხვ.

გრაფიტი (ბერძ.) - მოშავო ან შავი ფერის მინერალი (ნახშირბადის ნაირსახეობა), რომელიც გავრცელებულია მიწის ქერქში, ფენოვანი სტრუქტურით, ცეცხლგამძლე, დენგამტარი. სიმკვრივე 2200 კგ/მ3. გ. მიიღება ხელოვნურადაც, ანტრაციტის გახურებით უჰაეროდ. მისგან ამზადებენ ფანქრებს, ცეცხლგამძლე ტიგელებს, ელექტროტექნიკურ ნაწარმს. დიდი ბუდობები გვხვდება ქვანახშირის საბადოებში.

გრდემლი - ლითონისაგან ჩამოსხმული და კუნძზე დამაგრებული გლუვზედაპირიანი საკვერავი დაზგა (ნახ. 1). მის გამოწრთობას ახდენენ ცემენტაციის წესით. პატარა გრდემლებს იყენებენ ოქრომჭედლები და მესაათეები. საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი სხვადასხვა მოყვანილობის და ზომის ფოლადის და ქვის გრდემლები. ქართულ მითოლოგიაში გრდემლი დაკავშირებულია ამირანის თქმულებასთან (ამირანის კლდეზე მიჯაჭვა, ხმლის გაჭედვა; ყოველ დიდ ხუთშაბათს მჭედლები გრდემლებს უბრად სამჯერ დაჰკრავდენ უროს, ამირანმა არ აიშვასო). ქართველი ხალხის ძველ რელიგიურ წარმოდგენებში გრდემლი წმინდა („ნაწილიან") საგნად ითვლებოდა და მას მჭედლები ყოველ შაბათს სანთელს უნთებდნენ. ძველთაგანვე სცოდნიათ დამნაშავის გრდემლზე „გადაცემა" დასასჯელად და მისი „ახსნაც" (ცოდვის მიტევება). მოხსენებულია „ვეფხისტყაოსანშიც“ („გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა").

გრეიდერ-ელევატორი - გრეიდერი კონვეიერით (ტრანსპორტიორით) მოჭრილი გრუნტის მისაწოდებლად ნაყარში ან სატრანსპორტო საშუალებებში.

გრეიდერი (ინგლ.) - მისაბმელი ან თვითმავალი მიწისმთხრელი სატრანსპორტო მანქანა (ნახ. 1), რომელიც გამოიყენება საგზაო მშენებლობაზე მიწის ვაკისის აღმართვა-პროფილირებისათვის, საგზაო-სამშენებლო მასალების მოსწორება-გადაადგილებისათვის, მცირე თხრილებისა და ნაყარების მოსაწყობად, გრუნტოვანი გზების მშენებლობაზე, შენახვასა და რემონტზე. მათ იყენებენ აგრეთვე გზების გასაწმენდად თოვლისაგან. გ. მუშა ორგანოს წარმოადგენს ფარი, რომელიც იმართება ხელით ან ჰიდროცილინდრებით იმის მიხედვით, თუ რომელ ტრაქტორზეა აგრეგატირებული. ფარის სიგრძე 2,5...4,5 მ.

გრეიფერი (გერმ.) - ამწევი მექანიზმის ტვირთჩამჭიდი მოწყობილობა თვითჩამკეტი ყბებით (საგდულით). გამოიყენება როგორც ნაყარი მასალების, ასევე მორების, მილების, ლითონის ჯართისა და ბურბუშელის და სხვ. გადასატვირთად (ნახ. 1). ტვირთამწეობა 20 ტ-მდე.

გრემის მონასტერი (გრემის მთავარანგელოზთა მონასტერი) - ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე (ნახ. 1). ის ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდში (XV-XVII სს.) არის შექმნილი, როცა გრემი კახეთის მეფეთა საჯდომი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქი იყო. ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლისათვის, მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით. ტაძარი ნაგებია ე.წ. ქართული კვადრატული აგურით, კირის ხსნარზე, გამოყენებულია რიყის ქვებიც. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და სახრეთის კედლებში. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ პილონზე. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილის ცენტრალური ადგილი უკავია, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნო აქვს მოწყობილი, რომლებიც თითო კარით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ ნაწილს. ეკლესია კრამიტითაა დახურული. გათხრებით აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მოჭიქული კრამიტების მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ეკლესია მოჭიქული კრამიტით ყოფილიყო დაფარული. მთავარანგელოზთა კომპლექსში, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, განლაგებული იყო სხვა ნაგებობანიc - სამსართულიანი სასახლე, სამრეკლო, საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა და სხვ. ქალაქ გრემის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ.

გრეხა - ღეროს განივკვეთში დეფორმაციის და ძაბვის მდგომარეობა, რომლის დროსაც შიგა ძალები ადგენენ წყვილძალას, რომლის ვექტორული მომენტი კვეთის პერპენდიკულარულია ანუ ეს არის დეფორმაციის სახეობა, რომლის დროსაც ღეროს, ლილვის და სხვ. განივკვეთები მათ სიბრტყეში მოქმედი მომენტების (წყვილძალების) ზეგავლენით ერთიმეორის მიმართ მობრუნდებიან. მრგვალი ღეროების (ლილვების) განივკვეთები გრეხის დროს ბრტყელი რჩება.

გრეხა წირის (ანუ მეორე სიმრუდე) - სიდიდე, რომელიც ახასიათებს სივრცითი წირის გადახრას მიმხები სიბრტყიდან. წირის გრეხა არის წირის წერტილში მიმხები სიბრტყის ბრუნვის სიჩქარე ანუ მხების გარშემო ბინორმალის ბრუნვის კუთხური სიჩქარე, როდესაც წერტილი წირზე მოძრაობს თანაბრად ერთეულოვანი სიჩქარით

გრეხილი - 1. გრეხით დამზადებული ავეჯი, სათამაშოები, საგალანტერიო ნაწარმი და მისთ.; 2. მიხვეულ-მოხვეული, კლაკნილი

გრეხის კუთხე (ღეროსი) - კუთხე, რომლითაც გრეხის შედეგად ერთმანეთის მიმართ შემობრუნდება ერთეული მანძილით დაშორებული ღეროს ორი განივი კვეთი.

გრეხის მომენტი (მგრეხი მომენტი) - ღეროს ჩამოჭრილი ნაწილის მიერ მოცემულ კვეთაზე მოქმედი გარე ძალების ნაკრები მომენტის მდგენელი, რომელიც ღეროს კვეთის პერპენდიკულარულია, როცა ნაკრები მომენტი გამოთვლილია ამ კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ.

გრეხის ცენტრი (ღეროსი) - წერტილი, რომლის გარშემოც შემობრუნდება გრეხის დროს ღეროს განივი კვეთი.

გრეხის წინაღობის მომენტი (კვეთის წინაღობის პოლარული მომენტი) - სიდიდე, რომელიც დამოკიდებულია ღეროს განივი კვეთის გეომეტრიულ კონფიგურაციასა და ფართობზე და წარმოადგენს მნიშვნელს იმ ფორმულაში, რომლის მრიცხველია მგრეხი მომენტის სიდიდე, ხოლო განაყოფი - მხები ძაბვის მაქსიმალური სიდიდე

გრიგალი - ძლიერი ქარი, რომლის სიძლიერეს შეესაბამება 12 ბალი ბოფორტის სკალით.

გრიგალი ვექტორული ველის - სითხის ნაკადში ნაწილაკების ბრუნვითი მოძრაობა, რომლისთვისაც მოცემული ვექტორული ველი წარმოადგენს სიჩქარეების ველს. აღინიშნება rota ან curla.

გრიგალური საცეცხლე - კ ა მ ე რ უ ლ ი ს ა ც ე ც ხ ლ ე - კამერაში გაზის გრიგალისებრი მოძრაობა, რომელიც მიიღწევა სანთურას განსაკუთრებული განლაგებით.

გრინპისი (GREENPEACE) - საერთაშორისო საზოგადოებრივი დამოუკიდებელი ეკოლოგიური ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზანია გლობალური ეკოლოგიური პრობლემებისა და ამოცანების გადაწყვეტა. გ. დაარსდა 1971 წელს. ამ ორგანიზაციას 3 მლნ-მდე მხარდამჭერი ჰყავს მსოფლიოში. მისი რეგიონალური ოფისები მოქმედებს 45-ზე მეტ ქვეყანაში.

გრიუნდერი (გერმ.) - საწარმოს, სააქციო საზოგადოების დამაარსებელი.

გრიფი საიდუმლო - განსაზღვრული დონე იერარქიული დონეების საბოლოო სიმრავლეში, რომელზეც, ინფორმაციის მფლობელის აზრით, უნდა განთავსდეს მგრძნობიარე ინფორმაციის ნაწილი.

გრიფონი (ფრანგ.) - გრიფის გამოსახულება ხუროთმოძღვრებაში: ლომის- ან არწივისთავიანი და ლომისტანიანი ფრთოსანი სამკაული რელიეფზე, აკროტერიებზე, ფრიზებზე, ფრონტონის კუთხეში. უძველესი ნიმუშები გვხვდება ასირიაში (ნიმვროდის სასახლე). პირველად ახსენებს არისტეასი (ძვ. წ. 560). იხმარება ჰერალდიკაშიც. ქრისტიანულ ხელოვნებაში აღდგომის სიმბოლოა. ამ აზრით ხშირად გამოუყენებიათ ქართულ ხუროთმოღვრებაშიც.

გროტესკი - 1. ადამიანთა და ცხოველთა ფიგურების, ნიღბებისა და მცენარეულის გამოსახულებათა წნულისგან შედგენილი ორნამენტი (რომაულ გამოქვაბულებებში - გროტებში - აღმოჩენილი მხატვრობის მიხედვით); 2. ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც საგნებს ან პიროვნებებს წარმოადგენს კომიკური, დამახინჯებული სახით, ცალკეულ თვისებათა გადაჭარბებული ხაზგასმით.

გროტი (ფრანგ.) - 1. მღვიმე, გამოქვაბული (ნახ. 1. სათაფლიას კარსტული მღვიმე); 2. ხელოვნური საპარკო ნაგებობა ჩრდილში დასასვენებლად, შექმნილი ბუნებრივი კლდეების მსგავსად ან ბუნებრივი ქვების ნაყარით; 3. რელიეფის ზედაპირული ფორმა, მცირე ჩაღრმავების ჰორიზონტალური მღვიმე კამაროვანი ჭერით და ფართო შესასვლელით (ნახ. 2. გროტი კობა-ჩაირი, ყირიმი, უკრაინა) ან წვრილი შესასვლელით და ფართო სივრცული დარბაზით.

გრუნტები შეცვლილი ფიზიკური ზემოქმედებით - ბუნებრივი გრუნტები, ტექნოგენური ზემოქმედებით (შემკვრივება, გაყინვა, თბური ზემოქმედება და სხვ.) შეცვლილი ფაზური შედგენილობითა და აგებულებით.

გრუნტები შეცვლილი ქიმიურ-ფიზიკური ზემოქმედებით - ბუნებრივი გრუნტები, ტექნოგენური ზემოქმედებით შეცვლილი შედგენილობით, სტრუქტურითა და ტექსტურით.

გრუნტების დამაგრება - გრუნტის ბუნებრივი გავრცელების (ჩაწოლის) პირობებისათვის გრუნტისათვის მათი გაუმჯებესებული ან ახალი ფიზიკო-მექანიკური თვისებების მინიჭება მათში შემკვრელი მასალების შეყვანით (სილიკატიზაცია, ცემენტაცია და სხვ.), აგრეთვე თერმული დამუშავებით (გაყინვა, გამოწვა და სხვ.).

გრუნტების მექანიკა - მეცნიერებია დარგი, რომელიც შეისწავლის შენობა-ნაგებობათა ფუძეების, ბუნებრივი და ხელოვნური ფერდობებისა და მიწის ნაგებობათა დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობას, მდგრადობასა და სიმტკიცეს, ფუძის დეფორმაციასთან დაკავშირებულ ნაგებობათა შესაძლო გადაადგილებებს; გრუნტის წნევას საყრდენ კედლებსა და ნაგებობათა მიწისქვეშა ნაწილებზე და სხვ.

გრუნტი (გერმ.) -1. მთის ქანების კრებსითი სახელი. გ. განლაგებულია უმეტესად მიწის გამოფიტვის ზონების საზღვრებში და განეკუთვნება საინჟინრო-სამშენებლო საქმეში გამოყენების სფეროს. გ. არის კლდოვანი და ფხვიერი. კლდოვანი გ. ეს არის მონოლითური ბუდობის ქანები, ხოლო ფხვიერს მიეკუთვნება მსხვილნატეხებიანი, ქვიშოვანი და თიხოვანი ქანები. გრუნტები (ქანები) კლასიფიცირდება მათი წარმოქმნის, სიმტკიცისა და აბრაზიულობის მიხედვით; 2. ნებისმიერი ქანი ან ნიადაგი (აგრეთვე ადამიანის საწარმოო და სამრეწველო მოღვაწეობის მყარი ნარჩენები), რომლებიც წარმოადგენენ დროში ცვალებად მრავალკომპონენტიან სისტემას და გამოიყენებიან, როგორც საშენი მასალა ან ფუძე შენობა-ნაგებობისა; 3. სპეციალურად დამზადებული ქიმიური ნივთიერება (პიგმენტებისა და შემავსებლების ნარევი), რომელიც ქვედა ფენად ედება შესაღებ (გასალაქ) ზედაპირს ძვირადღირებული საღებავის, ემალის, ლაქის ეკონომიის მიზნით. იგი აგრეთვე უზრუნველყოფს შესაღები ზედაპირის უწყვეტობასა და თანაბრობას; 4. ჰიდროსაიზოლაციო ნაერთი, შედგენილობა (ადვილადმოძრავი დუღაბი), რომელიც ნაწილდება და ნაწილობრივ შეიწოვება დასაცავი კონსტრუქციის ზედაპირზე (მაგ., მოჭიმვა).

გრუნტი ბურცვადი - დისპერსიული გრუნტი, რომელიც ლხობილი მდგომარეობიდან გაყინულში გადასვლისას მოცულობაში იმატებს ყინულის კრისტალების წარმოქმნის გამო და აქვს ყინვადი ბურცვის ფარდობითი დეფორმაცია εfh ≥ 0,01.

გრუნტი გამაგრებული - ხელოვნური ნარევი, მიღებული გზაზე ან შემრევ დანადგარებში გრუნტის შერევით ორგანულ (თხევადი ბიტუმი, ბიტუმის ემულსია, აქაფებული ბიტუმი) ან მინერალურ (ცემენტი, კირი, ნაცარი) შემკვრელთან ან მათ გარეშე. გამოიყენება გზის საფუძვლის ან საფარის მოსაწყობად.

გრუნტი გაყინული - გრუნტი, რომელსაც აქვს უარყოფითი ან ნულოვანი ტემპერატურა, შეიცავს ხილულ ყინულის ჩანართებს და ყინულ-ცემენტს და ახასიათებს კრიოგენური სტრუქტურული კავშირები.

გრუნტი გაყინული ამობურცული - დისპერსიული გრუნტი, რომლის მოცულობა ლხობისას მცირდება.

გრუნტი გაცივებული - გაზინთული მსხვილნატეხებიანი, ქვიშოვანი და თიხოვანი გრუნტები, რომელთა უარყოფითი ტემპერატურა მათი გაყინვის დაწყების ტემპერატურაზე მაღალია.

გრუნტი გაჯირჯვებადი - გრუნტი, რომელიც წყლით ან სხვა სითხით დასველებისას მოცულობაში იმატებს და ფარდობითი გაჯირჯვების დეფორმაცია εsw ≥ 0,04.

გრუნტი დაჯდომადი - გრუნტი, რომელიც გარე დატვირთვისა და საკუთარი წონის ან მარტო საკუთარი წონის მოქმედებით, წყლით ან სხვა სითხით დასველებისას, განიცდის ვერტიკალურ დეფორმაციას (დაჯდენას) და აქვს დაჯდენის ფარდობითი დეფორმაცია εsl ≥ 0,01. დაჯდომად გრუნტებზე ასაგები შენობების სიმტკიცის, მდგრადობისა და ექსპლუატაციური გამოსადეგობის უზრუნველსაყოფად ახორციელებენ გრუნტის ფენის ჩაჭრას, წყალდამცავ და თბოსაიზოლაციო ღონისძიებებს.

გრუნტი დისპერსიული - გრუნტი, შედგენილი ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებული სხვადასხვა ზომის ცალკეული მინერალური ნაწილაკებისაგან (მარცვლებისაგან); ყალიბდება კლდოვანი გრუნტების გამოფიტვის შედეგად, გამოფიტვის პროდუქტების შემდეგი ტრანსპორტირებით წყლიანი ან ეოლური გზით.

გრუნტი ზამთრის - კლდოვანი გრუნტი, რომელსაც აქვს უარყოფითი ტემპერატურა და არ შეიცავს ყინულსა და გაუყინავ წყალს.

გრუნტი თიხოვანი - გრუნტის სახეობა, რომელსაც უნარი აქვს შეიკუმშოს, წაირეცხოს და გაყინვისას - გაჯირჯვდეს. შედგება უწვრილესი ნაწილაკებისაგან 0,005 მმ-ზე ნაკლები ზომით, რომელსაც აქვს ქერცლის ფორმა. აქვს დიდი რაოდენობით თხელი კაპილარები და ნაცილაკების შეხების დიდი კუთრი ზედაპირი. კაპილარები და ფორები შევსებულია წყლით, რის გამოც გ.თ. არის ბლანტი მასა., ხოლო გაყინვისას იზრდება მოცულობაში და ჯირჯვდება. დატვირთვების მოქმედებისას გ,თ. კუმშვის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ქვიშოვანის, ამიტომ ასეთ გრუნტზე აგებული შენობის დაჯდენა მიმდინარეობს ხანგრძლივად. რაც მეტია თიხოვან გრუნტში წყლის რაოდენობა, მით ნაკლებია მისი მზიდუნარიანობა.

გრუნტი კლდოვანი - გრუნტი, შედგენილი ერთი ან რამდენიმე მინერალის კრისტალებისაგან, რომელსაც აქვს კრისტალური ტიპის ხისტი სტრუქტურული კავშირები.

გრუნტი მონალექი - ტექნოგენური გრუნტები, რომელთა გადაადგილება და ჩაწყობა ხორციელდება ჰიდრომექანიზაციის საშუალებების მეშვეობით.

გრუნტი მსხვილნატეხებიანი - შეუკავშირებელი გრუნტი, რომელშიც 2 მმ-ზე მეტი ზომის ნაწილაკების მასა შეადგენს 50%-ზე მეტს.

გრუნტი მუდმივგაყინული - გრუნტი, რომელსაც გააჩნია უარყოფითი ტემპერატურა, შეიცავს ყინულოვან ჩანართებს და არ დნება 3 და მეტი წლის განმავლობაში. მ.გ. მოითხოვს სპეციფიკურ გადაწყვეტებს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, წყალმომარაგების, ტერიტორიების ათვისების დროს წარმოქმნილ სიტუაციებში.

გრუნტი მყარად გაყინული - დისპერსიული გრუნტი, მტკიცედ შეცემენტებული ყინულით, რომელიც ხასიათდება მყიფე რღვევით და გარე დატვირთვების მოქმედებით პრაქტიკულად არ იკუმშება.

გრუნტი მცურავი - ფხვიერი ქვიშოვანი ქანების თავმოყრა, რომელიც წყლით არის გაჯერებული და განსაზღვრულ ჰიდროდინამიკურ პირობებში იძენს დიდ მოძრავადობას (ცურვას). განარჩევენ შემდეგ გ.მ.: ბუნებრივს (ქვიშები, რომლებიც შეიცავენ ჰიგროფობულ კოლოიდებს) და ცრუს (რომელიც არ შეიცავს კოლოიდურ ნაწილაკებს).

გრუნტი ნაყარი - 1. მიწა, ნიადაგი; ნაყარი ზედაფენა მიწისა, ნიადაგისა; 2. ტექნოგენური გრუნტი, რომლის გადაადგილება და დაყრა განხორციელებულია სატრანსპორტო საშუალებებით, აფეთქებით.

გრუნტი ნახევრადკლდოვანი - გრუნტი, შედგენილი ერთი ან რამდენიმე მინერალისაგან, რომელთაც აქვთ ცემენტაციური ტიპის ხისტი სტრუქტურული კავშირები. პირობითი საზღვარი კლდოვან და ნახევრადკლდოვან გრუნტებს შორის მიიღება სიმტკიცის მოხედვით ერთღერძა კუმშვისას (R > 5 მპა - კლდოვანი გრუნტი; R < 5 მპა - ნახევრადკლდოვანი გრუნტი).

გრუნტი პლასიკურად გაყინული - დისპერსიული გრუნტი, შეცემენტებული ყინულით, მაგრამ აღჭურვილი ბლანტი თვისებებით და კუმშვადობით გარე დატვირთვების ქვეშ.

გრუნტი სეზონურად გაყინვადი - გრუნტი, რომელიც ცივი სეზონის განმავლობაში პერიოდულად იმყოფება გაყინულ მდგომარეობაში.

გრუნტი ტექნოგენური - გრუნტი, შექმნილი ადამიანის მიერ სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად.

გრუნტი ტორფიანი - ქვიშისა და ტორფის (10-დან 50%-მდე მასის მიხედვით) შერეული გრუნტი.

გრუნტის გადამეტტენიანობა - გრუნტის სრული გაჯერება წყლით, რაც იწვევს მისი სტრუქტურის რღვევას და ზიდვის უნარის დაკარგვას.

გრუნტის გადასასხსნელი შრე - გრუნტის მინერალური შრე, განლაგებული კონტინენტური კლდოვანი ქანების ზევით, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე ექვემდებარება მოხსნას და გატანას სამშენებლო მოედნიდან, შემდეგში კლდოვანი გრუნტის ეფექტური დამუშავებისათვის ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით.

გრუნტის გამაგრება - გრუნტის თვისებათა ხელოვნური გარდაქმნა ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით. გამაგრების შედეგად იზრდება ნაგებობის ფუძის მზიდუნარიანობა, წარეცხვისადმი წინააღმდეგობა და წყალშეუღწევობა, სიმტკიცე და სხვ. გ.გ. ძირითადი ხერხებია: ცემენტაცია, სილიკატიზაცია, ბიტუმიზაცია, გათიხვა, გაფისვა, ელექტროქიმიური და თერმული ზემოქმედება, ხელოვნური გაყინვა. გრუნტის უკუჩაყრა და დატკეპვნა, გეოსინთეტიკური ბადეების მოწყობა, ელექტროოსმოსური დაშრობა, ელექტროქიმიური გამაგრება, გამოწვა, ტორკრეტბეტონით და ნაშხეფბეტონით დაფარვა და სხვ.

გრუნტის გამოფიტვის კოეფიციენტი - გამოფიტული გრუნტის სიმკვრივის ფარდობა მონოლითური გრუნტის სიმკვრივესთან.

გრუნტის გაყინვა - გრუნტის გადასვლა მდნარი მდგომარეობიდან გაყინულში. აქვს უარყოფითი ან ნულოვანი ტემპერატურა. გ.გ. სიღრმეზე დამოკიდებულია ნაგებობის საძირკვლის ჩაღრმავება ანუ საძირკვლის ძირის ნიშნული, რომელიც უნდა მდებარეობდეს გ.გ. სიღმის ნიშნულის ქვევით. გრუნტის ჩაყინვის სიღრმე გამოითვლება წლის განმავლობაში უარყოფითი საშუალო თვიური ტემპერატურისა და გრუნტის სახეობის მიხედვით.

გრუნტის დაცურება - მიწის ზედაპირის მიმართ დახრილი და ჩაუმაგრებელი ფერდობის გრუნტის გადაადგილება ქვემოთ ფერდის მიმართულებით, რომლის დროსაც სტატიკური წონასწორობა ფერდობისა შენარჩუნებულია მხოლოდ ან ხახუნის ძალის წინაღობით, ან შეჭიდულობის ან სხვა პასიური ძალებით.

გრუნტის დაჯდომა - ვერტიკალურად ძირს მიმართული კუმშვითი დეფორმაცია, რომლის დროსაც გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები უმნიშვნელოდ იცვლება.

გრუნტის დინამიკური ზონდირება - ზონდის გრუნტში ჩაძირვის პროცესი დარტყმითი (დარტყმითი ზონდირება) ან დარტყმით-ვიბრაციული (დარტყმით-ვიბრაციული ზონდირება) ძალის მოქმედებით. გამოიყენება გრუნტის წინაჭობის მაჩვენებლების გასაზომად.

გრუნტის დონე - საკონტროლო დონე, რომელიც წარმოადგენს შენობის ექსტერიერის კედლების მოსაზღვრე გრუნტის დასრულებული ზედაპირის გასაშუალებულ დონეს. თუ გრუნტის დასრულებული ზედაპირის დონე ექსტერიერის კედლებიდან დამრეცად მიდის, საკონტროლო დონე განისაზღვრება შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის მოქცეული ფართობის ყველაზე დაბალი ნიშნულის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთის საზღვარი შენობიდან დაშორებულია 1800 მმ-ზე მეტად, მაშინ შენობასა და შენობიდან 1800 მმ-მდე ფარგლებში მოქცეული ყველაზე დაბალი ნიშნულების მიხედვით.

გრუნტის კრიოგენური სტრუქტურული კავშირები - კრისტალური კავშირები ტენიან დისპერსიულ და ბზარებიან კლდოვან გრუნტებში, წარმოქმნილი უარყოფით ტემპერატურაზე ყინულით შეცემენტების შედეგად.

გრუნტის კრიოგენური ტექსტურა - გაყინული გრუნტის წარმოქმნის ნიშნების ერთობლიობა, განპიროვნებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყინულოვანი წარმონაქმნისა და ყინულ-ცემენტის ორიენტაციით, ფარდობითი განლაგებითა და განაწილებით.

გრუნტის მდგრადობა - გრუნტის ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება ხანგრძლივ პერიოდში. გ.მ. დაკარგვა იწვევს მეწყერებს, შენობების ნგრევას, ლანდშაფტის ცვლილებებს, რაც უარყოფითად მოქმედებს გარემო პირობებზე და ხშირად მიზეზი ხდება დიდი ადამიანური მსხვერპლისა. ფერდობის მდგრადობის პრობლემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ადამიანის საქმიანობის შედეგად დაირღვა მყიფე ბალანსი ადამიანსა და ბუნებას შორის, რაც გამოიხატა ხელოვნური - ნათხარი და ნაყარი ფერდობების დაკონსტრუირების მოთხოვნილების გაზრდაში. ამ უკანასკნელმა კი თავისთავად დღის წესრიგში დააყენა ფერდობების საანგარიშო მეთოდებისა და კვლევების საშუალებების განვითარება, რის მიხედვითაც შესაძლებელი ხდება ფერდობების სტაბილურობის პრობლემების გადაწყვეტა. გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია და გრუნტის თვისებები წარმოადგენს ფერდობის მდგრადობის ცენტრალურ პრინციპულ საკითხებს და შესაბამისად ანგარიშები უნდა ეფუძნებოდეს ფერდობის ისეთ მოდელს, რომელიც ზუსტად ასახავს ფერდობის ზედაპირის პირობებს, გრუნტის ქცევას და ფერდობზე მოსულ დატვირთვას, რაც ასევე დაკავშირებულია ფერდობის წარმოშობასთან - ბუნებრივია ის თუ ხელოვნური

გრუნტის ნივთობრივი შედგენილობა - გრუნტის კატეგორია, რომელიც ხასიათდება მყარი, თხევადი და აირული კომპონენტების ქიმიურ-მინერალური შედგენილობით.

გრუნტის პირობითი დინამიკური წინაღობა - გრუნტის წინაღობა ზონდის ჩაძირვისას ვიბროჩაქუჩით.

გრუნტის სილიკატიზაცია - სუსტი გრუნტების გამაგრება სილიკატური ხსნარების (თხევადი მინა, ქლორკალციუმი) გრუნტში დაჭირხვნით.

გრუნტის სიმტკიცის ზღვარი ერთღერძა კუმშვაზე - ნიმუშზე მოქმედი მრღვევი დატვირთვის ფარდობა ნიმუშის განივი კვეთის საწყის სიდიდესთან.

გრუნტის სტაბილიზაცია - გრუნტის თვისებების შეცვლა მისი დეფორმაციულობის შემცირებისა და სიმტკიცის გაზრდის მიზნით.

გრუნტის სტრუქტურა - გრუნტის კომპონენტების სივრცითი ორგანიზაცია, რომელიც ხასიათდება მორფოლოგიური (ზომა, ნაწილაკების ფორმა, მათი რაოდენობრივი თანაფარდობა), გეომეტრიული (სტრუქტურული ერთეულების სივრცითი კომპოზიცია) და ენერგეტიკული ნიშნების (სტრუქტურული კავშირების ტიპი და სტრუქტურის საერთო ენერგია) ერთობლიობით და განსაზღვრული გრუნტის კომპონენტების შედგენილობით, რაოდენობრივი თანაფარდობითა და ურთიერთმოქმედებით.

გრუნტის შემამჭიდროებელი მანქანები - მოქმედების პრინციპის მიხედვით არის სტატიკური მოქმედების, დარტყმითი და ვიბრაციული. სტატიკური მოქმედების შემამჭიდროებლებს მიეკუთვრება მისაბმელი და თვითმავალი საგორავები გლუვი, წახნაგოვანი და მუშტა ზედაპირიანი დოლებით. დარტყმითი მოქმედების მანქანებს მიეკუთვნება საფეთქებელი სატკეპნები და ფილები. ვიბრაციული მოქმედების შემამჭიდროებლის რხევის სიხშირე უახლოვდება გრუნტის ნაწილაკების საკუთარ რხევათა სიხშირეს, აღიძვრება რეზონანსის მოვლენა, მცირდება ხახუნი გრუნტის ნაწილაკებს შორის, ირღვევა სტრუქტურა და გრუნტის ნაწილაკები ურთიერთგადაადგილების შედეგად იკავებენ უფრო მდგრად და მჭიდრო მდგომარეობას.

გრუნტის წყალი - ხმელეთის ზედაპირის ქვეშ არსებული პირველი უახლოესი, უდაწნეო წყლიანი ჰორიზონტი, რომელიც უმთავრესად წარმოიქმნება ატმოსფერული ნალექების, მდინარეების და სხვა წყლის ინფილტრაციის (ჩაჟონვის) ხარჯზე. გრუნტის წყლის სარკის თავზე გავრცელებულია კაპილარული წყალი. ხმელეთის ზედაპირიდან გრუნტის წყლის სარკემდე არსებულ ზონას აერაციის ზონა ეწოდება, რომელშიც ხდება წყლის ჩაჟონვა ზედაპირიდან, ხოლო ფილტრაციის დაბალი უნარის მქონე ქანებში ჩნდება მიწისქვეშა წყლის დროებითი დანაგროვი, ე. წ. ლეჟერი (ზედა წყალი). გრუნტის წყლის ჰორიზონტს ქვევით მდებარე წყლიან ჰორიზონტებს, რომლებიც მისგან წყალშეუღწევი ქანებითაა გამოყოფილი, ეწოდება შრეთაშორისი წყლის ჰორიზონტები. წყალი აქ, ჩვეულებრივ, ჰიდროსტატიკური წნევის ქვეშ იმყოფება, ზოგჯერ კი უდაწნეოა. შრეთაშორისი გრუნტის წყლის კვების არე განლაგებულია იქ, სადაც წყალშეუღწევადი ქანები ზედაპირზე შიშვლდება.

გრუნტის წყალშეღწევადობის ხარისხი - გრუნტის თვისება გაატაროს წყალი, რომელიც განისაზღვრება ფილტრაციის კოეფიციენტით.

გრუნტმცოდნეობა - საინჟინრო გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის გრუნტების სხვადასხვა გენეტური ტიპების შედგენილობას, მათ აღნაგობასა და ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს სამშენებლო საქმეში გამოყენების თვალსაზრისით.

გრუნტული რეპერი - სანიველირო რეპერი, რომლის ფუძე თავსდება გაყინვის სიღრმის, ლხობის ან გრონტის გადანაცვლების დონის ქვევით და როგორც სიმაღლის გეოდეზიური საფუძველი, ემსახურება გეოდეზიური ქსელის შექმნას.

გრუნტული საშენი მასალები - მასალები, ბუნებრივი და ტექნოგენური წარმოშობის, რომლების გამოიყენება მიწის (გრუნტის) ნაგებობების ასაგებად.

გრუნტული ფუძე - დაგეგმარებული და შემკვრივებული ადგილობრივი ან შემოტანილი გრუნტი, რომლის დანიშნულებაა დატვირთვების მიღება და განაწილება აეროდრომის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის მზიდი კონსტრუქციების ქვეშ.

გრძედი - კუთხე, მოცემულ წერტილში გამავალი მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი ნულოვანი მერიდიანის სიბრტყეს შორის, საიდანაც იწყება გრძედის ათვლა. ამჟამად ნულოვან მერიდიანად ითვლება ის, რომელიც გადის ქალაქ გრინვიჩში მდებარე ძველ ობსერვატორიაზე, და ამიტომ მას გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ. გრძედს 0-დან 180°-მდე ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით უწოდებენ აღმოსავლეთისას, ხოლო დასავლეთით - დასავლეთისას. აღმოსავლეთის გრძედს დადებითს უწოდებენ, დასავლეთისას კი - უარყოფითს.

გრძელვადიანი ინვესტიცია - კაპიტალის ჩადება ერთ წელზე მეტი ვადით.

გრძელვადიანი ხელოვნური წყალსაცავი - ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ზედა ბიეფის, ასევე სარწყავი სისტემის წყალსაცავი.

გრძივა - სვეტების ან სხვა სახის საყრდენების დამაკავშირებელი ჰორიზონტალური კონსტრუქციული ელემენტი, რომელსაც ეყრდნობა გადახურვის კოჭები ან ფილები, ნივნივები და ა.შ.

გრძივი - სახურავის მზიდი კონსტრუქციული ელემენტი, დაყრდნობილი სანივნივე კონსტრუქციების ზედა სარტყელზე (ნახ. 1). მას ამზადებენ ხის ფიცრების (ძელების) ან ფოლადის პროფილებისაგან. კონსტრუქციის დანიშნულებისა და მალის მიხედვით განასხვავებენ ერთმალიან ჭრილ, კონსოლურ-კოჭოვან და მრავალმალიან უჭრ გრძივებს. ქანობიანი სახურავის შემთხვევაში გრძივები ყოველთვის ირიბ ღუნვაზე მუშაობს.

გრძივი დაძაბულობა - დაძაბულობა ღეროს განივ კვეთაში (გავლებული ღეროს ღერძისადმი პერპენდიკულარულად ან დახრილად), რომელიც მიმართულია ღეროს ღერძის პარალელურად.

გრძივი ნაკეთობა - პოლივინილქლორიდისაგან ჩამოსხმული ფუნქციური დანიშნულების, სხვადასხვა ფერის, ნაკეთობა - პლინთუსი, მილი, სახელური და სხვ

გრძივი რხევა (ღეროსი) - რხევა, რომლის დროსაც ღეროს წერტილები ირხევიან ღეროს ღერძის პარალელურად.

გრძივი წიბოვნობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ხის ტანზე ღრმა, გრძივი ჩაღრმავებების არსებობა, რომელიც ვრცელდება სიგრძეში რამდენიმე მეტრზე. ასეთი მანკი შეიძლება ხეს ქონდეს არა მარტო ძირთან, არამედ მთელ ტანზეც. წიბოვნობისკენ მიდრეკილება აქვს წიფელას, რცხილას, თხმელას.

გრძივძელი (ლონჟერონი) (ფრანგ.) - 1. თვითმფრინავის ფრთის გაყოლებაზე სიმაგრისათვის დატანებული ძელი; 2. ავტომობილის, ტრაქტორის ჩარჩოს სიგრძივი ძელი

გრჯღა - დიდი ხის ტანზე განშტოებული მსხვილი ტოტი.

გუაში - გაუმჭვირვალე წყლის საღებავი ან ასეთი საღებავით შესრულებული ფერწერული ნაწარმოები.

გუბე - ხელოვნური წყალსატევი, რომელიც განკუთვნილია სარწყავად, წყალმომარაგების, თევზის გამრავლების, ფრინველებისა და სანიტარულ-სპორტული მოთხოვნილებებისათვის. პირობითად, ხელოვნურ წყალსატევს, რომლის წყლის მოცულობა შეადგენს 1 მლნ. კუბურ მეტრს - გუბე ეწოდება, ხოლო მილიონზე მეტი მოცულობისას კი - წყალსაცავი. გ. საზრდოობს მცირე ნაკადულებით, გრუნტისა და წვიმის წყლებით. სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე გუბეებს ქმნიან გამოყენებადი ადგილების მოსარწყავად, ასევე მშრალი და უწყლო ადგილების წყალმომარაგებისათვის, იქთიოფაუნისა და წყალზემოცურავე ფრინველების გამრავლებისათვის. გ. წყალი გამოიყენება აგრეთვე სარეცხად და საბანაოდ. ხშირად გარშემორტყმულია ხე-მცენარეულობით, რის შედეგადაც ქმნის საკმაოდ კარგ დასასვენებელ ადგილს. გუბე, როგორც წყლის ობიექტი, ჰიდროლოგიური ელემენტია.

გუბერის თეორია (ფორმის ცვლილების პოტენციური ენერგიის თეორია) - ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მასალის სახიფათო მდგომარეობის დადგომა განპირობებულია დეფორმირებადი სხეულის ერთეულ მოცულობაში ფორმის ცვლილებისას პოტენციური ენერგიის დაგროვებით

გუდვილი (ინგლ.)- ფირმის აქტივები, კაპიტალი, რომელიც არ ექვემდებარება მატერიალურ განზომილებას. მაგ., რეპუტაცია, ტექნიკური კომპეტენციები, კავშირები, მარკეტინგული ხერხები, ადგილმდებარეობა და სხვ.

გუდრონატორი - ხელის, მისაბმელი ან თვითმავალი მანქანა ბიტუმისა და კუპრის ტრანსპორტირებისა და განაწილებისათვის გზების მშენებლობისა და რემონტის დროს (ნახ. 1: ხელის გუდრონატორი).

გუდრონი (ფრანგ.) - შავი ფისისებური მასა, რომელიც რჩება ნავთობისაგან სათბობი და საზეთი ფრაქციების გამოხდის შედეგად. გამოიყენება ნავთობბიტუმების მისაღებად საგზაო-სამშენებლო მასალებისა და კრეკინგის ნედლეულის საჭიროებისათვის.

გუთანი - ნიადაგის დასამუშავებელი იარაღი, რომელიც დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით შეიძლება იყოს დისკოიანი, ერთსახნისიანი, მრავალსახნისიანი, საგზაო, სადრენაჟო, არხსათხრელი, უბერკეტო, სექციებიანი, ტრაქტორის და სხვ.

გულგულა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, 5 მმ-მდე დიამეტრის ხის ტანის ცენტრალური ნაწილი, რომელიც შედგება ფხვიერი ქსოვილისაგან მურა, ან მერქანზე უფრო ღია ფერის. არსებობს მისი ორი სახეობა: ორმაგი და გადანაცვლებული.

გულგულა გადანაცვლებული - ექსცენტრულად განთავსებული გულგულა (ნახ. 1). გადანაჭერს ოვალური ფორმა აქვს. ასეთი მანკი მკვეთრად ამცირებს ხის ტანიდან საღი მასალის გამოსავლიანობას.

გულგულა ორმაგი - სორტიმენტში ორი (ან მეტი) დამოუკიდებელი წლიური რგოლების სისტემა, რომელიც გაერთიანებულია შემომფარგვლელ ერთ სისტემაში (ნახ. 1, ორმაგი გულგულა). წარმოშობის მიზეზია ორმაგი წვერიანობა, ტანის გაორმაგება ან ორი მეზობელი ხის შეზრდა (ნახ. 2, ორმაგი შენაზარდი გულგულა). გადანაჭერზე აქვს ოვალური ფორმა და შიგნით ჩანს შენაზარდი ქერქის ნარჩენები.

გულგულას სხივები - მიმართულია გულგულადან ქერქისაკენ და ემსახურება ხის ტანის განივი მიმართულებით წყლის, ჰაერის და ორგანული ნივთიერებების გადატანას. მისი წილი ფოთლოვან ჯიშებში მოცულობის 15%, ხოლო წიწვოვანში 6 %-ია. ზოგიერთი ჯიშის მერქანში (მუხა, წიფელი) კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც.

გული - წარმოიშობა ხის ტანში ცოცხალი უჯრედების „მიძინებით“, წყალგამტარი გზების ჩაკეტვით, ფისების, მარილების, საღებავების დაგროვებით, ამიტომ გული უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე ნაქურთენი. გული ყველაზე მკვრივი, მტკიცე და ღირებული მასალაა.

გუმბათი (იტალ. cupola) - გადახურვის სივრცითი მზიდი კონსტრუქცია, რომელიც ფორმით ახლოსაა ნახევარსფეროსთან ან მრუდის (ელიფსი, პარაბოლა და სხვ.) ბრუნვით ზედაპირთან. გუმბათოვანი კონსტრუქციებით უპირატესად გადაიხურება გეგმაში მრგვალი, მრავალკუთხა ან ელიფსური დიდმალიანი სათავსები დამატებითი საყრდენების გარეშე. ვერტიკალური დატვირთვებისაგან გ. კონსტრყქციებში წარმოიშობა მკუმშავი ძალები, ხოლო საყდენებზე - განმბჯენი. გ. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ სივრცით კონსტრუქციას, რომელიც ძირითადად გამოიყენება სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობებში უძველესი დროიდან. მასალა, რომლისგანაც ამზადებენ გუმბათებს, გავლენას ახდენს კონსტრუქციულ სქემაზე და აგების მეთოდებზე. ძველი რომიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე გ. ასაგებად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა, ბოლო ასწლეულში კი გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა რკინაბეტონმა (მალით 100 მ-მდე), ლითონმა და დაწებებულმა მერქანმა (მალით > 100 მ). გუმბათის მოხაზულობა დამოკიდებულია არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებზე, მასალის სახეობაზე, ელემენტების ტიპიზაციაზე, დამზადების სიმარტივეზე, ტრანსპორტირებაზე და კონსტრუქციის მონტაჟზე. გ. გარსი ითვლება დამრეცად, თუ აწევის ისრის ფარდობა დიამეტრთან ƒ/D ≤ 0,2. გ. მოქმედი დატვირთვების ძირითად სახეობებს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, თოვლი, ტექნოლოგიური დატვირთვები და ქარი. გ. გაანგარიშების მეთოდიკა დამოკიდებულია გარსის ტიპზე და დატვირთვის სახეობაზე. დატვირთვა გ. შეიძლება მოქმედებდეს ღერძულ-სიმეტრიულად ან არასიმეტრიულად. პირველს მიეკუთვნება კონსტუქციის საკუთარი წონა, აგრეთვე, როგორც ვარიანტი, თოვლის თანაბარგანაწილებული დატვირთვა და სიმეტრიულად განლაგებული შეკიდული მოწყობილობების წონა; მეორეს - ქარის დატვირთვა; როგორც ვარიანტი - ცალმხრივი თოვლის და სიმეტრიული მოწყობილობების მასა. კონსტრუქციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ანსხვავებენ წიბოვან, წიბოვან-რგოლურ და ბადისებრ გ. ნებისმიერი, ამ სახის გუმბათებიდან, შედგება წიბოების სისტემისაგან (კარკასი), საყრდენი რგოლებისაგან და შემომფარგვლელი კონსტრუქციებისაგან - ფენილი, შემოსვა, პანელი. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩართული იყოს კარკასის მუშაობაში. არსებობს აგრეთვე სხვა სახის გ. როგორებიცაა თხელკედლიანი და ფულერის გუმბათ-გარსები, გეოდეზიური გუმბათები (ნახ.1, გეოდეზიური გუმბათი დიამეტრით D = 188 მ, აწევის ისარი ƒ= 67 მ. ქ. ნაგოია, იაპონია) და სხვ.

გუმბათი ბადისებრი - ბრუნვით სფერულ ზედაპირში ჩაწერილი მრავალწახნაგები (ნახ. 1). ბადე შედგება სამკუთხედების, ტრაპეციების, რომბების, ხუთკუთხედების, ექვსკუთხედების ან სხვა ფიგურების ერთობლიობისაგან. გისოსის ელემენტები კვანძებში შეერთებულია სახსროვნად. გ.ბ. წარმოადგენს განმბჯენიან სისტემას, რომელსაც ღებულობს ქვედა საყრდენი რგოლი. გუმბათების ბადისებრმა სქემებმა ფართო გავრცელება პოვა დიდი დიამეტრის (257 მეტრამდე) გარსების მშენებლობაში. პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელდა გუმბათები სამკუთხა უჯრედებით, რასაც განსაზღვრავს წიბოვან-რგოლური გუმბათები გისოსოვანი კავშირებით. განასხვავებენ ბადისებრი ზედაპირების მიღების ორ მეთოდს: შედარებით დამრეცი გუმბათებისათვის მისაღებია პირველი მეთოდი, რომელიც ემყარება ბრტყელი ბადის აგებას მრავალი ერთნაირი სივრცითი ზედაპირის სექტორებისაგან და შემდეგ მის დაპროექტებას გუმბათის მრუდწირულ ზედაპირზე. ასეთს მიეკუთვნება ბადისებრი გუმბათების შემდეგი სქემები: წიბოვან-რგოლური გისოსიანი კავშირებით (შვედლერის გუმბათი); ვარსკვლავისებური სქემა (ფეპლის გუმბათი); „ჩივიტას“ სქემა; რომბული სქემა.  ბადისებრი ზედაპირის აგების მეორე მეთოდი უფრო გამოსადეგია შემაღლებული სფერული გუმბათებისათვის და დაფუძნებულია სფეროში ჩაწერილი წესიერი მრავალწახნაგების - დოდეკაედრის (თორმეტწახნაგა) და კოსაედრის (ოცწახნაგა) თანდათანობით დანაწევრებაზე. ელემენტარული სამკუთხედები სფეროს დანაწევრების შემდეგ შეიძლება გაერთიანდნენ რომბულ, სამკუთხა, ექვსკუთხა პანელებად. ბადისებრი ზედაპირის მიღების ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება პლასტმასების, ლითონის და ხის ასაწყობი გუმბათების მშენებლობაში.

გუმბათი ბოლქვისებრი - რუსულ არქიტექტურაში გავრცელებული გუმბათის ფორმა, რომელიც გარეგნულად ბოლქვს წააგავს და, ჩვეულებრივ, ამოყვანილია ცილინდრული ფორმის გუმბათის ყელზე.

გუმბათი წიბოვან-რგოლური - შედგება ისეთივე ძირითადი ელემენტებისაგან, როგორც წიბოვანი. განსხვავება ისაა, რომ მას დამატებული აქვს შუალედი ჰორიზონტალური რგოლები, რომლებიც წარმოადგენენ წესიერ მრავალკუთხედებს. მათი ზომები მცირდება საყრდენიდან კეხისაკენ. ეს რგოლები გუმბათის ყველა წიბოს აერთიანებს ერთიან სივრცით კონსტრუქციად, რომელსაც გააჩნია გაცილებით მეტი ზიდვის უნარი, ვიდრე წიბოვან გუმბათს.

გუმბათი წიბოვანი - წრის რკალის შესაბამისად მოღუნული კამარებისაგან (წიბოებისაგან) შედგენილი გუმბათი. კამარები განლაგებულია მერიდიანული მიმართულებით ერთმანეთისგან თანაბარი დაშორებით, რომელიც მაქსიმალურია ქვედა საყრდენ რგოლთან და მინიმალური ზედასთან. კამარები შეიძლება იყოს მუდმივკვეთიანი ან ცვლადკვეთიანი კვეთის სიმაღლის კლებით ქუსლიდან კეხისაკენ. იმ შემთხვევაში, თუ კამარებად გამოყენებულია სწორხაზოვანი ელემენტები, მაშინ მიიღება კონუსური გუმბათი. ზედა (კეხის) საყრდენი რგოლი შეიძლება იყოს ხის ან ლითონის და ემსახურება კამარების ზედა ბოლოების შეერთებას, ხოლო ქვედა საყრდენი რგოლი, რომელსაც წრის ან წესიერი მრავალკუთხედის ფორმა აქვს, სრულდება რკ.ბ.-ისაგან. გ.წ. გაანგარიშება მისი ღერძის მიმართ ვერტიკალურ სიმეტრიულ დატვირთვაზე დაიყვანება ცალკეული ბრტყელი კამარების გაანგარიშებაზე, რომელთაგანაც თითოეული ღებულობს დატვირთვას სამკუთხედის ფორმის სატვირთვო ფართობიდან. შესაბამისად, ჩვეულებრივი კამარებისაგან განსხვავებით, ნახევარკამარის მალის ფარგლებში მის გრძივ მეტრზე მოსული სატვირთო ფართობი და, აქედან გამომდინარე, კამარის გრძივი მეტრის დატვირთვა ცვალებადია (მაქსიმუმი ქვედა საყრდენთან და მინიმუმი - ზედასთან).

გუმბათის ყელი (დოლი) - ტაძრის (ეკლესიის, შენობის) ცილინდრული ან მრავალწახნაგა მოცულობა (დაბოლოება, კენწერო), რომლის თავზეც გუმბათია.    ასეთ მოცულობაში შიგა სივრცის გასანათებლად სარკმლებია გაჭრილი. იმ შემთხვევაში, როდესაც გუმბათის ყელი კვადრატული შენობის თავზეა ამოყვანილი, კვადრატული საფუძვლისა და გუმბთის ყელის დასაკავშირებლად იყენებდნენ ტრომპს ან აფრას (პანდატივს). თანამედროვე არქიტექტურაში გუმბათის ყელს ათავსებენ სვეტებზე დაყრდობილ რკ.ბ.-ის სარტყელზე. გავრცელებულია ქართულ (ნახ. 1: გუმბათის ყელი, სამთავრო), სომხურ და ძველ რუსულ ხუროთმოძღვრებაში.

გუმბათოვანი სახურავი - გუმბათის ფორმის სახურავი.

გუმბრინი - ბენტონიტური მათეთრებელი თიხის სახეობა, რომლის საბადოები განლაგებულია წყალტუბოს რაიონის სოფ. გუმბრაში. მისი მთავარი ქანთმშენი მინერალია მონტმორილონიტი. შეიცავს აგრეთვე გლაუკონიტს, პლაგიოკლაზს, კრისტობალიტსა და ზოგიერთ სხვა მინერალს. გამოიყენება, როგორც სორბენტი (მშთანთქმელი)

გუმიარაბიკი - ქაღალდის ერთგვარი წებო.

გუმირება - იხ. მორეზინება.

გურზი - შიდა ვიბრატორის ბუნიკი ბეტონის ნარევის გამკვრივებისათვის; წარმოადგენს ჰერმეტულად დახურულ გარსაცმს, რომლის შიგნით განლაგებულია ელექტროძრავა მის ლილვზე დამაგრებული დებალანსით.

გურტი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაპროფილებული ზოლურები შენობის ფასადებსა და ინტერიერებში (ნახ. 1); 2. კამარის შიდა ზედაპირის დამანაწევრებელი დაპროფილებული ზოლი.

დააზოტება (ნიტრირება) - ლითონის დეტალების ზედაპირის გაჯერება აზოტით, მისი სისალის და კოროზიამდეგობის გასადიდებლად.

დაანოდება - 1. ელექტროქიმიური ოქსიდირება; 2. დამცავი ოქსიდური ფურჩის წარმოქმნა ლითონის ზედაპირზე ელექტროლიზით, რაც ლითონს კოროზიისაგან იცავს.

დააფრაკება - იხ. დაბრეცა.

დაბა - 1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტი. ფუნქციის მიხედვით არსებობს მუშათა, საკურორტო, სააგარაკო და სხვა ტიპის დაბები. დაბა ძველი ქართული ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. „დაბა“-ს ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ახალდაბა, ყველდაბა, დაბაძველი, გარდაბანი (გარე დაბანი), უდაბნო (მრავალმნიშვნელოვანი, ე.ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვ.; 2. ძვ. მომცრო ქალაქი.

დაბალასტება - რკინიგზის ხაზზე ბალასტის ჩაწყობაზე, გამოცვლაზე და რემონტზე გაწეული სამუშაოები, რომელიც ხელს უწყობს რკინიგზის ლიანდაგის და მოძრავი შემადგენლობის შენახვას.

დაბალი ძაბვის დანადგარი - ელექტროდანადგარი ნომინალური ძაბვით 36 ვ-დან 400 ვ-ის ჩათვლით.

დაბალსართულიანი საცხოვრებელი დასახლება - დასახლება, სადაც საცხოვრებელი სახლების სიმაღლე არ აღემატება 4 სართულს.

დაბეტონება ზამთრის პირობებში - ზამთარში დაბეტონებულმა ბეტონმა უნდა მიიღოს ისეთი სიმტკიცე, რომელიც საკმარისი იქნება მისი განყალბების, ნაწილობრივი დატვირთვისა და ზოგჯერ ნაგებობის სრული დატვირთვისათვის. ბეტონის ადრეულ ასაკში გაყინვა იწვევს სიმტკიცის მნიშვნელოვან შემცირებას ნორმალურად გამაგრებულ ბეტონთან შედარებით. ეს იმით აიხსნება, რომ ახალჩაწყობილი ბეტონი გაჟღენთილია წყლით, რომელიც გაყინვისას ფართოვდება, ანგრევს კავშირს შემვსების ზედაპირსა და ნაკლებად გამაგრებულ ცემენტის ქვას შორის. ადრეული გაყინვა მნიშვნელოვნად ამცირებს ბეტონის შეჭიდულობას არმატურასთან. როგორი მეთოდითაც არ უნდა ხდებოდეს დაბეტონება, აუცილებელია მისი გაყინვისაგან დაცვა, სანამ არ მიიღებს მინიმალურ სიმტკიცეს, რომელიც უზრუნველ-ყოფს წინაღობას ყინულის დაწნევის მიმართ და შემდეგში დადებით ტემპერატურაზე შეინარჩუნებს გამაგრების უნარს, ძირითადი თვისებების მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე. სწრაფმყარებადი მაღალი მარკის ცემენტის გამოყენების შემთხვევაში ბეტონის გამაგრების დრო მცირდება დაახლოებით 1,5-ჯერ. თუ ბეტონს წაეყენება მაღალი მოთხოვნები ყინვამედეგობაზე და წყალუჟონადობაზე, მაშინ იგი გაყინვისაგან დაცული უნდა იყოს საპროექტო სიმტკიცის მიღწევამდე, რადგან გაყინვამ შეიძლება შესამჩნევად არ იმოქმედოს კუმშვის სიმტკიცეზე, მაგრამ შესაძლებელია რამდენადმე დაარღვიოს ბეტონის სტრუქტურა და გააუარესოს მისი განსაკუთრებული თვისებები. ზამთარში დაბეტონებისას საჭირო სიმტკიცის მისაღებად აუცილებელია ბეტონის გამაგრების თბილი და ტენიანი გარემოს შექმნა, რომელიც მიიღწევა ორი ხერხით: პირველი - ბეტონის სითბოს შიგა მარაგის გამოყენებით; მეორე - ბეტონისათვის დამატებითი სითბოს გარედან მიწოდებით პირველი მეთოდის დროს იყენებენ მაღალი სიმტკიცის სწრაფმყარებად პორტლანდცემენტს, ცემენტის გამაგრების დამაჩქარებელ ქიმიური დანამატს - კალციუმის ქლორიდს, ამცირებენ წყლის ხარჯს ბეტონის ნარევში და მაპლასტი-ფიცირებელი და ჰაერჩამთრევი დანამატის შეყვანით შეამკვრივებენ მაღალი სიხშირის ვიბრატორით. ბეტონში სითბოს შიგა მარაგის შექმნა შეიძლება აგრეთვე მისი კომპონენტების (შემვსები, წყალი) გათბობით. გარდა ამისა, გამაგრებად ბეტონში სითბო გამოიყოფა იმ ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც მიმდინარეობს ცემენტსა და წყალს შორის. ამ სითბოს შესანარჩუნებლად ბეტონის ღია ნაწილს ფარავენ იზოლაციით (მინერალური ბამბა, ქაფპლასტი, ნახერხი, წიდა და სხვ.), რომლის სისქე განისაზღვრება თბოტექნიკური გაანგარიშებით. თხელი კონსტრუქციის ან ცუდი თბოიზოლაციის, აგრეთვე ძლიერი ყინვის დროს, დაბეტონება ხდება სითბოს გარედან მიწოდებით, რომლის სამი სახე არსებობს: გათბობა ორქლით, ელექტროდენით და ჰაერით. გარდა აღწერილი მეთოდებისა, ზამთარში დაბეტონების მარტივი და ეკონომიური საშუალება არსებობს - ქიმიური მარილების გამოყენება (კალციუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ნიტრატი და პოტაში). მარილები ამცირებს წყლის გაყინვის წერტილს და უზრუნველყოფს ბეტონის ყინვაში გამაგრებას, თუმცა ეს მეთოდი ხშირად მიუღებელია, რადგან მარილები იწვევს არმატურის და ზოგჯერ ბეტონის კოროზიასაც.

დაბეტონება წყალქვეშ - ბეტონის სამუშაოების წარმოების პროცესი, რომლის დროსაც ნარევი მიეწოდება  წყალქვეშ. ბეტონის ნარევი გადაადგილდება მილებში ან ბადიაში. ხშირ შემთხვევაში მილებით მიეწოდება მხოლოდ ცემენტის ხსნარი, ხოლო მსხვილი შემავსებელი წყლის ქვეშ წინასწარ არის ჩაყრილი ყალიბში (ე.წ. „აღმავალი ნარევის“ მეთოდი). დ.წ. მიმართავენ ჰიდროტექნიკური ნაგებობის წყლისქვეშა ნაწილის აგების ან რემონტის დროს.

დაბინძურება - 1. ბუნებრივ გარემოში ისეთი ნივთიერების გამოყოფა, რომელიც ბუნებისათვის არაა დამახასიათებელი (გოგირდის და აზოტის ოქსიდები, ტყვია და სხვ.); 2. ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დანაგვიანება მავნე ნივთიერებებით. დ. ძირითადი მიზეზი ადამიანთა უპასუხისმგებლო საქმიანობაა.

დაბინძურება ენერგეტიკული - სამშენებლო, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის ობიექტების, სამრეწველო რეგიონების, ქალაქების, დასახლებული პუნქტების მიერ გამოყოფილი ბუნებრივი გარემოს დამაბინძურებელი ენერგეტიკული წყაროების ერთობლიობა. დ.ე. მიეკუთვნება, აგრეთვე, ვიბრაციული და აკუსტიკური ზემოქმედება, ელექტრომაგნიტური ველები, რადიო-, ტელე- და რადიაციული გამოსხივებების ზემოქმედება.

დაბინძურება მიწის საფარის - დედამიწის ქერქის ზედა ფენების დაზიანება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და მათი გამდიდრების, მშენებლობის, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების მიწაში დამარხვის, სამხედრო სწავლების ჩატარების და მისთ. დროს. ნიადაგის საფარი მნიშვნელოვნად ბინძურდება ატმოსფეროში სხვადასხვა გამონაბოლქვების გაბნევის ზონებში გაჩენილი დანალექებით; სახნავი მიწები ბინძურდება სასუქის ჭარბად შეტანისას და პესტიციდების გამოყენებისას; ყოველწლიურად დედამიწის წიაღიდან იღებენ უაღრესად დიდი რაოდენობის მთის ქანს, რომელთაგან წარმოებაში მოპოვებული მოცულობის მხოლოდ 7% გამოიყენება და თუმცა ნარჩენების ნაწილი მიდის მეორად გადამუშავებაზე, მილიონობით ტონა ნარჩენი მაინც იყრება არაორგანიზებულ საყრელებზე. ნიადაგი მნიშვნელოვნად ბინძურდება ატმოსფერული ტოქსიკური ნივთიერებებით. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ფერადი და შავი მეტალურგიის საწარმოები,  რომელთა გამონაბოლქვებით  გამოწვეული დაბინძურების ზონის რადიუსი 20...50 კმ-ს აღწევს, ხოლო კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებს 100-ჯერ აღემატება. განსაკუთრებით, საშიშ დამბინძურებლებს მიეკუთვნება ნიკელი, ტყვია, ვერცხლისწყალი და სხვ. საშიშია ნაგავსაწვავი ქარხნების გამონაბოლქვებიც, რომლებიც შეიცავენ ტეტრაეთილტყვიას, ვერცხლისწყალს, დიოქსინებს, მაღალი ონკოგენური პოტენციის არომატულ ნახშირწყალბადებს, ვანადიუმის ნაერთებს, რადიონუკლიდებს, მჟავებს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს.

დაბინძურების ინდექსი - მაჩვენებელი, რომელიც ხარისხობრივად და რაოდენობრივად ასახავს გარემოში დამბინძურებელი ნივთიერების არსებობას და ცოცხალ ორგანიზმებზე მისი ზემოქმედების ხარისხს

დაბირი - იხ. საკერპე.

დაბლობი - ხმელეთის ზედაპირი, სწორი ადგილი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრს არ აღემატება

დაბლოკვა - მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა შეჩერდეს გაზის მიწოდება ან აგრეგატის ჩართვა პერსონალის მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო.

დაბრეცა (რუს.  Коробление) - მერქნის სორტიმენტის ფორმის ცვლილება ჭრის, შრობის და შენახვის ოპერაციების ჩატარებისას. არსებობს მისი შემდეგი სახეები: ფენოვანი გრძივი დაბრეცა  (ფიცარი იღუნება ფენის სიბრტყეში);  მარტივი (დაბრეცა ხდება ფენის სიბრტყეში მარტო ერთი გაღუნვით); რთული (ორი ან რამდენიმე გაღუნვით (მაგ.,ფოლადის ორტესებრი კოჭის დ. მდგრადობის დაკარგვის გამო); გრძივი (გაღუნვა წიბოზე - ფიცარი იღუნება წიბოს მხარეზე); განივი (მასალის განივკვეთის ფორმის ცვლილება, მაგ., როდესაც სორტიმენტის განივკვეთი ღებულობს ღარის ან რომბის ფორმას) და ფრთიანობა - სპირალური დაბრეცა სიგრძეზე (ნახ. 1. მერქნის დაბრეცა: 1-განივი; 2-მარტივი, გრძივი ფენოვანი; 3-მარტივი, გრძივი წიბოვანი; 4-რთული, ფრთიანობა).

დაგეგმაება კორიდორული - სათავსების განლაგების არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სქემა დერეფნის ერთ ან ორივე მხარეზე.

დაგეგმარება - შენობათა განლაგება განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

დაგეგმარება ანფილადური - ურთიერთდაკავშირებული სათავსების განაწილება თანმიმდევრობით ერთ ღერძზე ერთმანეთის წინ მდებარე ოთახების კარებების სიმეტრიული განლაგებით.

დაგეგმარება მოქნილი - დაგეგმარების სქემა, რომელიც ითვალისწინებს ზომების ტრანსფორმაციას, ურთიერთ განლაგებას, ცალკეული სათავსების ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ კონფიგურაციას შეპირობებულს ფუნქციური მოთხოვნებით. საჭიროების შემთხვევაში საშუალებას იძლევა დაიყოს შიდა სივრცე ტრანსფორმირებადი ელემენტებით.

დაგეგმარება ურბანული - აგლომერაციის, ქალაქისა თუ თემის სივრცითი მოწყობა. იგი უზრუნველყოფს ქალაქების, თემების, ანაც მათი ნაწილების მდგრადი განვითარების ჩარჩო პირობების შექმნას და განმტკიცებას; ითვალისწინებს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვით ფაქტორებს. ისტორიულად ურბანული განვითარება ხშირად სპონტანური, ქაოტური მოვლენა იყო, ვინემ გაწონასწორებული დაგეგმვის პროცესი. თუმცა გამიზნულად დაგეგმილი ან მართული ქალაქებისა და დასახლებების მაგალითები ანტიკურ ხანამდეც არსებობდა. ბერძენი ჰიპოდამუსი (ძვ. წ. 408) დასავლური ქალაქგეგმარების მამად ითვლება. ალექსანდრეს ბრძანებით მან ალექსანდრიის გეგმა შეადგინა, რაც ხმელთაშუა სამყაროს იდეალიზებული ქალაქგეგმარების ბრწყინვალე ნიმუშია. ძველი რომაელები ქალაქგეგმარებაში კონსოლიდირებულ სქემას იყენებდენენ, რომელიც სამხედრო თავდაცვისა და სამოქალაქო ხელსაყრელობისთვის იყო განვითარებული. ადრეულ რენესანსის პერიოდში გამორჩეული ქალაქი იყო ფლორენცია, რომლის ვარსკვლავის ფორმის ფორტიფიკაციას დიდი გავლენა ჰქონდა რენესანსის ქალაქგეგმარების შემდგომ განვითარებაზე. მე-19 საუკუნის ბოლოს ურბანულ დაგეგმვაზე გავლენას ახდენს ახლად ჩამოყალიბებული არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის დისციპლინები, რომლებმაც თანდათან დაიწყო კოდიფიცირება რაციონალური და სტილისტური მიდგომებისა ქალაქის პრობლემების გადაჭრაში ფიზიკური დიზაინის მეშვეობით. 1920-იანი წლებიდან არქიტექტურაში გაჩნდა მოდერნიზმი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიეცა გასაქანის და გაჩნდა პირველი მოდერნისტული შენობები და მთელი უბნებიც კი (ნახ. 1, ქ. ტორონტოს ურბანული ცენტრი). ამჟამად, ყველაფრის უნიფორმულად და უნაკლოდ გარდაქმნის ნაცვლად ურბანული დაგეგმარების აქცენტი გადატანილია ინდივიდუალიზმსა და მრავალფეროვნებაზე საზოგადოებასა და ეკონომიკაში. ეს არის პოსტმოდერნისტული ერა.

დაგეგმარება ცენტრალური - დაგეგმარების სქემა, რომელიც ითვალისწინებს დიდი მთავარი სათავსის არსებობას, რომლის ირგვლივ განლაგებულია მცირე ზომის დამხმარე სათავსები (ნახ. 1).

დაგეგმვა - სამეურნეო-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების ძირითადი მეთოდი, მოიცავს თვით გეგმის დამუშავებას, მისი განხორციელების ორგანიზაციას და შესრულების კონტროლს.

დაგეროტიპია (ფრანგ.) - ფოტოგრაფირების ძველებური ხერხი; სურათს იღებდნენ იოდოვანი ვერცხლით დაფარულ ლითონის ფირფიტაზე.

დაგრუნტვა - 1. ფხვიერი ფუძის გამაგრება შემდგომი შეღებვისათვის; 2. ნივთიერება, რომელიც ედება შესაერთებელი ელემენტების ზედაპირზე მასტიკის წასმამდე ადჰეზიის გასაუმჯობესებლად.

დაეკრანება - ადამიანების, ხელსაწყოების დაცვა გარეშე მავნე ზემოქმედებისგან (მაგ. ელექტრული და მაგნიტური ველებისგან, რადიაქტიური გამოსხივებისგან, ხმაურისა და ვიბრაციისაგან და მისთ.).

დავით გარეჯის მონასტერი (დავითგარეჯა; დავითის ლავრა) - ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი (ნახ. 1). მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავითგარეჯაში დაცულია ქართველ მეფეთა პორტრეტები (თამარი, გიორგი IV ლაშა, დემეტრე II თავდადებული). გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII-XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.

დაზარალებული - სისხლის სამართლის პროცესში მოქალაქე, რომელსაც დანაშაულმა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზარალი მიაყენა

დაზგა - სამუშაო მაგიდა, რომელიც ნაკეთობის ან დეტალების დასამაგრებელი მოწყობილობითა და ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და იძლევა ტექნოლოგიური ოპერაციის ხელით ან მექანიზირებული მეთოდით ჩატარების შესაძლებლობას. (მაგ., არმატურის დამამზადებელი (მასწორებელ-საჭრელ-საღუნი), საბურღი, სადურგლო, სახუროე, საზეინკლო და სხვა ტიპის). დ. განასხვავებენ: დანიშნულების (საზეინკლო, სადურგლო), მასალის (ლითონის, ხის), ტუმბოების რაოდენობის (ერთ-, ორ- , სამტუმბოიანს) და სამუშაო ადგილების რაოდენობის (ერთადგილიანი, ორადგილიანი) მიხედვით.

დაზგური ქანდაკება - ქანდაკების ცალკეული ნაწარმოებები გამოფენების, სამხატვრო გალერეებისათვის და სხვ.

დაზიანება - კონსტრუქციის დეფექტი გამოწვეული გარე ზემოქმედებით მუშაობის უნარის შენარჩუნებით.

დათვალიერება - ზედამხედველობა და კონტროლი შენობის ელემენტების საექსპლუატაციო პარამეტრებზე. არსებობს დ. შემდეგი სახეები: 1. საერთო (სეზონური) - ითვალისწინებს შენობის ძირითადი ელემენტების და საინჟინრო მოწყობილობების  დათვალიერებას; 2. ნაწილობრივი - ტარდება სპეციალური  გრაფიკის მიხედვით, რომელიც თან ერთვის ცალკეული ელემენტების და მოწყობილობების საპროექტო დოკუმენტაციას; 3. შერჩევითი - ტარდება საგანგებო სიტუაციების დროს. დათვალიერების, როგორც ზედამხედველობის სისტემის, დანიშნულებაა მივიღოთ მიმდინარე ინფორმაცია შენობის მდგომარეობის შესახებ და არანაირად არ ცვლის კომფორტისა და უსაფრთხოების პარამეტრებს.

დათვალიერება პერიოდული - რაიმეს დათვალიერება-გასინჯვა დროის გარკვეულ პერიოდში.

დათვალიერება ტექნიკური - რაიმეს დათვალიერება მისი ტექნიკური ვარგისიანობის დადგენის მიზნით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

დაიკი (ინგლ.) - მაგმური ინტრუზიული სხეული; პარალელურგვერდებიანი, შედარებით ვიწრო, კედლისებური ფორმის გეოლოგიური წარმონაქმნი (ნახ. 1). დ. უმეტესად უწესრიგოდაა განლაგებული (კვეთს შემცველ ქანები ციცაბოდ დახრილი ან ვერტიკალურია). სიგრძე რამდენიმე ათეული მეტრიდან ასეულ კილომეტრამდე და სიგანე რამდენიმე სანტიმეტრიდან 5…10 კმ-მდეა. ხშირია დ. ჯგუფური გამოვლინებებიც. მაშინ ისინი უწესრიგოდ, სარტყლისებურად, წრიულად ან რადიალურად არიან განლაგებული. დ. გამოვლინებულია იქ, სადაც არსებობს მაგმატური პროცესები. ყველაზე ხშირად მაინც ოკეანის ქერქისთვისაა დამახასითებელი, რომელიც საბოლოოდ სპრედინგის მეშვეობით ფორმირდება. დ. ეროზიისადმი მდგრადობის გამო რელიეფის დადებით (კედლისებრ) ფორმებს ქმნის.

დაინტერესებული პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

დაკალიბრება - 1. დაშტამპული ნაჭედის ან ფურცლოვანი ნაკეთობის ზომების კორექტირება საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ან ზედაპირის სიმქისის შემცირება; 2. მასიური ან დახერხილი მერქნის გარანდვის ოპერაცია თანაბარი, ერთნაირი სისქის მასალის მისაღებად. ოპერაცია ძირითადად სრულდება სახეხ-საკალიბრებელ და სარანდავ ჩარხებზე; 3. განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონით (გაზომვის სტანდარტით), უზრუნველყოფს სიდიდის მნიშვნელობას (გაზომვის განუსაზღვრელობით) და შესაბამის ჩვენებას (მათთან დაკავშირებულ გაზომვის განუსაზღვრელობით). მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად. დ. განეკუთვნება სამრეწველო ან სამეცნიერო მეტროლოგიას. ის ნებაყოფლობითი სფეროა.

დაკალიბრებული - ნამზადი, რომელიც ზუსტ ზომაზეა დამუშავებული

დაკეჭნა - ლითონის დეტალის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ხდება ლითონის გარე ფენის პლასტიური დეფორმაცია ან ქვის, ბეტონის და მისთ. ზედაპირებზე მცირე ამონატეხების დატანა ამ ზედაპირების ცემენტის დუღაბით შელესვის მიზნით

დაკვალვა ნაგებობის - ნახაზიდან ნაგებობის აგების ადგილზე ძირითადი ღერძების, ზომებისა და ვერტიკალური ნიშნულების გადატანა, წარმოებული გეოდეზიური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.

დაკვამლიანების ზონა - სივრცის ნაწილი, რომელიც ემიჯნება წვის ზონას და სადაც კვამლის კონცენტრაცია საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, აძნელებს ან შეუძლებელს ხდის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შეუფერხებელ მოქმედებას.

დაკიდებული ბაღი - ხელოვნურად მოწყობილი დეკორატიული (ნახ. 1: კავატი ფუძის ფანტასტიკური დაკიდებული ბაღი, იაპონია) ან ნაყოფიერი ბაღი, აგებული იარუსებად ხელოვნურ ტერასებზე, სახურავებზე, გალერეებზე, სპეციალურ ქვის საყრდენებზე და სხვ.

დაკომპლექტება - მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ დონეზე რაიმეს რაიმეთი შევსების პროცესი.

დაკონსერვება - 1. მასალის, ნაკეთობის, შენობის გარკვეული დროით შენახვის პროცესი, რაც განპირობებულია თვისებების გაუმჯობესების ან შენარჩუნების მიზნით, აგრეთვე ფინანსური ხელმოკლეობით, სტიქიური უბედურებით, საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებით, იურიდიული შეუსაბამობით და სხვ. (მაგ., მერქნის დ., შენობის დ.); 2. ხისა და მერქან-ბურბუშელოვანი ფილების დამუშავება ხსნარებით, რომლებიც ხელს უშლიან ხის დაბერებას, სოკოს გაჩენას და დაცვას ბიომავნებლებისაგან, აგრეთვე ტენის უარყოფითი ზემოქმედებისგან.

დაკრედიტება (ლათ.) - ფულის ან საქონლის გაცემა დროებით სარგებლობაში უკან დაბრუნების პირობით (ჩვეულებრივ კრედიტით სარგებლობისათვის წინასწარ შეთანხმებული პროცენტის გადახდით).

დაკრონი (ინგლ.) - 1. ამერიკული ხელოვნური ბოჭკო; 2. იგივეა, რაც ლავსანი.

დალაბვა - რაიმეს შესქელების, ჟელესმაგვარ მდგომარეობაში გადაყვანის პროცესი. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს ტემპერატურის მატებით, გაცივებით, გამხსნელის აორთქლებით და ქიმიური რეაქციის საფუძველზე.

დალამვა - შეწონილი ნატანის დალექვა ტბებში, წყალსაცავებში და სარწყავი (საშრობი) არხების ტრასებზე.

დალექვა (ინგლ., settling) - თხევადი დისპერსიული სისტემების (ჰიდრონარევი, სუსპენზია, ემულსია) დაყოფა ფაზებად მიზიდულობის ძალის მოქმედებით. ამ მეთოდით შეიძლება სითხეში ან ერთმანეთში უხსნადი, სხვადასხვა სიმკვრივის  მყარი ნივთიერებების განცალკევება (მაგ., რკინა და ხის ნახერხი, ქვიშა და ოქრო, ქვანახშირი და მიწა). დალექვის მეთოდს იყენებენ სითხეების გასაწმენდად მექანიკური მინარევებისაგან. მრეწველობაში დალექვას აწარმოებენ დასალექ აუზებში, (რეზერვუარებში), ქვაბებში) და სხვადასხვა კონსტრუქციის სპეც. აპარატებში. დ. ფართოდ გამოიყენება წყლის გაწმენდისას ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, წყალმომარაგებაში, კანალიზაციაში; ნედლი ნავთობის წყლისაგან გამონთავისუფლებისას; ბევრ ქიმიურ ტექნოლოგიებში.

დალითონება - ნაკეთობის ზედაპირის დაფარვა ლითონის ან შენადნობის ფენით მისთვის ფიზიკური, ქიმიური ან მექანიკური თვისებების მინიჭების მიზნით, რომელიც განსხვავებული იქნება ძირითადი მასალის თვისებებისაგან. გამოიყენება ნაკეთობის დასაცავად კოროზიის, ეროზიისა და ცვეთისაგან და სხვ., აგრეთვე დეტალების აღსადგენად სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს.

დალტონიდები - (ინგლისელი ქიმიკოსისა და ფიზიკოსის ჯ.დალტონის სახელის მიხედვით) - მუდმივი შემადგენლობის ქიმიური ნაერთები; ჩვეულებრივი ქიმიური შენაერთების უმრავლესობა (ისეთების, როგორებიცაა NH3, HCl, Na2SO4). იხ. აგრეთვე ბ ე რ ტ ო ლ ი დ ე ბ ი.

დამაგნიტებულობა - ფიზიკური ვექტორული სიდიდე. განისაზღვრება ერთეულის მოცულობის მაგნიტური მომენტით და ზოგადად ხასიათდება მაგნიტურ სფეროებში მათი შექმნის უნარით.

დამამაგნიტებელი ძალა - ფიზიკური სიდიდე, რომელსაც ახასიათებს მაგნიტური ნაკადის შექმნა.

დამატებით ჰიდროსაიზოლაციო ხალიჩა (რულონური ან მასტიკისა) - რულონური მასალების ან მასტიკების ფენა, არმირებული მინა ან სინთეტიკური მასალა, შენაღარებში ძირითადი ჰიდროსაიზოლაციო ფენის გასაძლიერებლად, ლავგარდანის უბნებში კედლებთან, ჭებთან და სხვა კონსტრუქციულ ელემენტებთან მიერთების და შეწებების ადგილებში. ასბესტისცემენტის ტალღისებრ ფურცლებსა და წვრილმან მასალებში - მინისა და მუყაოს ფუძის ბიტუმის რულონური მასალები ქვედა ჰიდროსაიზოლაციო ფენის სახით.

დამატებითი აჩქარება - იხ. კორიოლისის აჩქარება.

დამატებითი კუთხე - ორ კუთხეს ეწოდება ურთიერთდამატებითი, თუ მათი ჯამი უდრის 900-ს. α კუთხის დამატებითია (900 - α ) კუთხე. 300 კუთხის დამატებითია 600 კუთხე.

დამატებითი ხელოვნური განათება - განათება, რომელიც გამოიყენება სამუშაო დღის განმავლობაში იმ ზონებში, სადაც არასაკმარისი ბუნებრივი განათებაა.

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) - 1. უნივერსალური არაპირდაპირი გადასახადის სახეობა, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სახის საქონელსა და მომსახურებას და იფარება წარმოებული დამატებული ღირებულების მთლიანი თანხიდან; 2. განაკვეთი, რომელიც შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან დასაბეგრი იმპორტის „X“ პროცენტს (საქართველოში 18%). დასაბეგრი ბრუნვა წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ჯამს. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: ა) დასაბეგრი ოპერაცია; ბ) იმპორტი; გ) ექსპორტი; დ) დროებითი შემოტანა. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: არა უგვიანეს მიმწოდებლის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის ან/და თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა; არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/ მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე; დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არა უგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.

დამბა - იხ. ჯებირი.

დამბინძურებელი - ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ბუნებრივი გარემოს კომპონენტებს

დამბინძურებლები ბიოლოგიური - წყალსატევებში მოხვედრილი საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები (კვების, სამედიცინო, ბიოლოგიური, ცელულოზა-ქაღალდის და სხვ.).

დამბინძურებლები ფიზიკური - წყალსატევებში მოხვედრილი სამრეწველო ნარჩენები შახტებიდან, კარიერებიდან, სამრეწველო ზონებიდან, სატრანსპორტო მაგისტრალებიდან და ატმოსფერული მტვრის დალექვის შედეგად.

დამბინძურებლები ქიმიური - წყალსატევებში მოხვედრილი სამრეწველო, ზედაპირული, საყოფაცხოვრებო ნარჩენები (ნავთობპროდუქტები, მძიმე ლითონები და მათი ნაერთები, მინერალური სასუქები, პესტიციდები, სარეცხი საშუალებები და მისთ.).

დამზღვევი ბაგირი - ბაგირი, რომელიც ემსახურება სიმაღლიდან ვარდნის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებას, დამცავი საშუალება.

დამისამართება - გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების არაბული ციფრებით, ქართული ანბანის ასოებით ან ინდექსებით აღნიშვნა იდენტიფიკაციის მიზნით.

დამკვეთი - 1. მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, ან მისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი; 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც მენაშენისაგან ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ იურიდიულ ან მეწარმე ფიზიკურ პირთან უშუალო ურთიერთობის განხორციელების ფუნქციები. 1. დამკვეთი ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია; ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი. დამკვეთს უფლება აქვს: კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გადასცეს თავისი უფლებამოსილება სხვა პირს, რომელიც სამშენებლო საქმიანობის ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნება დამკვეთის უფლებამოსილებით და ორგანიზება გაუწიოს მშენებლობის პროცესის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებას; შეასრულოს სხვა სახის საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.

დამნიფიკაცია - სამართალდარღვევა ზარალის ან დანაკარგის მიყენების გარეშე.

დამოკიდებული მტყუნება - ობიექტის მტყუნება, რომელიც განპირობებულია სხვა ობიექტის მტყუნებით.

დამოუკიდებელი მტყუნება - ობიექტის მტყუნება, რომელიც განპირობებული არ არის სხვა ობიექტის მტყუნებით.

დამოუკიდებელი შუქმფენი - ელექტრომომარაგების გარე წყაროდან განათებული, არა ბატარეებით მომუშავე განათება.

დამოწმება - პროცედურა, რომელიც მოიცავს გაზომვის საშუალების გარეგან დათვალიერებას, დამოწმების ნიშნის დატანას და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. დ. განეკუთვნება საკანონმდებლო მეტროლოგიას. ის რეგულირებული სფეროა.

დამპინგი - ნარჩენების დამარხვა ოკეანეებსა და ზღვებში ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით.

დამრგვალება - მათემატიკაში - ერთი ნამდვილი დადებითი რიცხვის შეცვლა მეორე ისეთი ნამდვილი დადებითი რიცხვით, რომელსაც მოცემული რაოდენობის ათობითი ნიშანი აქვს.

დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი) - ფიზიკური (იურიდიული) პირი, რომელიც ქირაობს ერთ ან მეტ მუშაკს და ვალდებულია შრომის დაცვის კანონის შესაბამისად იზრუნოს თავისი თანამშრომლების სამუშაოთი უზრუნველყოფაზე, ჯანმრთელობაზე და სამუშაო ადგილის უსაფრთხოებაზე

დამტვირთავი - მიეკუთვნება დამტვირთავ-გადამტვირთავი მანქანების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ფხვიერი, ნატეხი და საცალო მასალებისათვის რკინიგზისპირა საწყობებში, საგზაო-სამშენებლო ბაზებსა და ქარხნებში, აგრეთვე სარკინიგზო ვაგონებისა და ბარჟების განტვირთვისთვის. დანიშნულების მიხედვით დამტვირთავები არის ერთციცხვიანი და მრავალციცხვიანი ფხვიერი და ნატეხი მასალებისათვის და ჩანგლებიანი (ნახ.1) საცალო ტვირთებისათვის. სავალი მოწყობილობის მხრივ არის მუხლუხა და პნევმატურთვლიანი, მათ შორის თვლებიან ტრაქტორებზე. ძრავის მიხედვით არის ელექტრული და შიგაწვის ძრავით.

დამტკიცება (დასაბუთება) - მათემატიკაში და სხვა დედუქციურ მეცნიერებაში - სწორ დასკვნათა მწკრივი, ბჭობა, რომლის მიზანია რაიმე დებულების, თეორემის ჭეშმარიტების ან მცდარობის დადგენა, რომელიც გამომდინარეობს მოცემული თეორიის წინამძღვრების ჭეშმარიტი საწყისებიდან (აქსიომებიდან)

დამღა (სპარს.) - საქონელზე დაკრული ბეჭედი ან ნიშანი, რომელიც პროდუქციის სადაურობას და ხარისხს მიუთითებს

დამყარებული ნაკადი - ჰიდრონარევის ჰიდროსატრანსპორტო სისტემის მილსადენში ან ღარში ისეთი მოძრაობა, როდესაც მოძრაობის მთელ პერიოდში მუდმივია სიჩქარე, წნევა და კონცენტრაცია.

დამყარებული რეჟიმი - მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება მანქანა, მექანიზმი, დანადგარი ან სისტემა შემაშფოთებელი ძალებით განპირობებული გარდამავალი პროცესის (რეჟიმის) დასრულების შემდეგ.

დამყოლობა - მაკავშირებელთა უნარი დატვირთვის ქვეშ მომუშავე კონსტრუქციის შესაერთებელ ელემენტებს მისცეს ერთმანეთისადმი გადაადგილების საშუალება. მაკავშირებელთა დამყოლობა აუარესებს შედგენილი განივკვეთის მუშაობას იგივე განივკვეთის მქონე მთლიანკვეთიან ელემენტებთან შედარებით. მცირდება ელემენტის მზიდუნარიანობა, იზრდება დეფორმადობა, იცვლება ძაბვების და ძვრის ძალების განაწილების ხასიათი. ამიტომ შედგენილი ელემენტების დაპროექტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მაკავშირებლების დამყოლობა.

დამცავ-ამომრთველი მოწყობილობა - დამცავ-ამომრთველი ხელსაწყოსა და დამცავი ამომრთველი აპარატის ერთობლიობა.

დამცავი ამორთვის აპარატი - ავტომატური ამომრთველი, რომელიც დანადგარს გამორთავს დამცავი ამორთვის აპარატიდან მიღებული სიგნალით.

დამცავი ამორთვის ხელსაწყო - ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს საკონტროლო სიდიდის ცვლილებაზე და აწვდის სიგნალს დამცავ ამორთვის აპარატს მოქმედებისათვის.

დამცავი გამორთვა - დაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრო დანადგარის სწრაფ ავტომატურ გამორთვას მასში აღძრული ელექტრული დენით ადამიანების (ან ცხოველების) დაზიანების საშიშროების დროს.

დამცავი დამიწება - შეხების ძაბვის შემცირების მიზნით ელექტროდანადგარის ლითონის იმ ნაწილების წინასწარგანზრახული დამიწება, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ძაბვის ქვეშ.

დამცავი ელექტრო იზოლაცია - საიზოლაციო ფენა, რითაც დაფარულია ელექტროდანადგარის ლითონის ის კონსტრუქციული ნაწილები, რომლებიც არ იმყოფებიან ძაბვის ქვეშ და რასაც ეხება ადამიანი (სახელური, კორპუსი და ა. შ.).

დამცავი თერმოსტატი - მოწყობილობა, რომელიც ახდენს დამცავ გამორთვას და ენერგოდამოუკიდებელ დაბლოკვას, რათა გამოირიცხოს წყლის ტემპერატურის აწევა ზღვრულ მნიშვნელობაზე ზევით.

დამცავი საშუალებები მაიზოლირებელი - დამცავი საშუალებები, რომლებიც დამზადებულია საიზოლაციო მასალისაგან და უზრუნველყოფენ ადამიანის ან მისი სხეულის ცალკეული ნაწილების იზოლაციას, ერთის მხრივ ელექტროდანადგარის ნაწილებისაგან, და მეორეს მხრივ - იატაკისაგან, მიწისაგან და ა. შ.

დამცავი საშუალებები სიმაღლეზე - საყრდენებზე, ანძებზე, კოშკებზე, სახლის სახურავებზე და მისთ. მუშაობისას გამოიყენება სპეციალური ქამრები, ჯაჭვები, გვარლები, კიბეები და ამწევი მოწყობილობები. დამცავ ქამრებს ცდიან 2,4 კნ ძალის ქვეშ ყოველ 3 თვეში ერთხელ. მას უნდა ჰქონდეს დიდი მექანიკური სიმტკიცე, რათა დაიცვას ადამიანი ჩამოვარდნისაგან. დამცავი სათვალეები გამოიყენება ელექტრო რკალისაგან თვალის დასაცავად, აგრეთვე გამდნარი ლითონის და გაზების თვალის არეში მოხვედრისაგან.

დამცავი ტანსაცმელი - ტანსაცმელი, რომლის დანიშნულებაა მომუშავის დაცვა მავნე და საშიში მექანიკური, ქიმიური და მეტეოროლოგიური ფაქტორებისაგან. სპეცტანსაცმლის კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს ეფექტური დაცვა, ექსპლუატაციის დროს უნდა იყოს მოხერხებული, ტანსაცმლის შიგნით კანის სუნთქვისათვის შექმნას ნორმალური მიკროკლიმატი, კანის ზედაპირიდან მოახდინოს ჭარბი ნახშირმჟავას გაყვანა. სპეცტანსაცმლის ვენტილაცია ხორციელდება ქსოვილის კარგი ჰაერგამტარობის და ტანსაცმელში სპეციალური სავენტილაციო ნახვრეტების ხარჯზე. სპეცტანსაცმლისათვის განკუთვნილი ქსოვილი უნდა ხასიათდებოდეს მკვრივი სტრუქტურით, საკმარისი სისქით, ცვეთისა და გაგლეჯისადმი საკმაო მდგრადობით.

დამცავი ფენა - სახურავის ელემენტი, რომელიც იცავს ძირითად ჰიდროსაიზოლაციო ხალიჩას მექანიკური დაზიანებებისგან, ატმოსფერული ფაქტორების უშუალო ზემოქმედებისგან, მზის რადიაციისა და სახურავის ზედაპირზე ცეცხლის გავრცელებისაგან.

დამცავი ფენა - ბურულის ელემენტი, რომელიც იცავს ძირითად წყალსაიზოლაციო ხალიჩას მექანიკური დაზიანებების, ატმოსფერული ზემოქმედების, მზის რადიაციისა და ზედაპირზე ცეცხლის გავრცელებისაგან.

დამცავი ქამარი - ინდივიდუალური დაცვის საშუალება (ნახ. 1), რომელიც მაგრდება ადამიანის ტანზე და გამოიყენება ავტონომიურად ან დაცვის სხვა საშუალებებთან ერთად ადამიანის სიმაღლიდან ჩამოვარდნის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე საავარიო სიტუაციებში მისი საშიში ზონიდან ევაკუაციისათვის.

დამცავი შემოღობვა - ძაბვის ქვეშ მყოფ ნაწილებთან შეხების შემზღუდველი შემოღობვა.

დამცველი (მცველი) - მოწყობილობა, რომელიც იცავს მექანიზმს, დანადგარს, ძრავას გადატვირთვისაგან (მაგ., ქურო, ნახევარ ქურო, სარქველი, ზამბარა, ამორტიზატორი, ჩამკეტი ფარი და სხვ.).

დამცველი დაფარვა - ზედაპირული დაფარვა, რომელიც ლითონს, მის შენადნობებს, პლასტმასას და სხვადასხვა ნაკეთობას იცავს კოროზიისაგან, ჟანგისაგან, აირებით გაჯერებისაგან და სხვ. ამ მიზნით გამოიყენება ანოდირება, მონიკელება, მოქრომვა, მოსპილენძება, გალვანიზაცია, აგრეთვე ლაქ-საღებავებით, ემალებით, დუღაბით, აფსკებით, ორგანული ნაერთებით და სხვ. დაფარვა

დამხმარე ნაგებობანი - სამრეწველო საწარმოს სათავსები, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციულ-სამეურნეო და ტექნიკური სამსახურები, აგრეთვე მომუშავეთა საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები.

დამხმარე სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა - შინამეურნეობაში არაკომერციული (არასამეწარმეო) ან სხვა დამხმარე მიზნებისათვის აგებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის უშუალოდ ჩართული საწარმოო ტექნოლოგიურ ციკლში.

დამხმარე შესასვლელი - შესასვლელი, რომელიც უმთავრესად განკუთვნილია საქონლის მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად.

დამხმარე წყალმკვებავი - წყალკმკვებავი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს წნევას მილსადენში მართვის კვანძების ნორმალური მუშაობისათვის, აგრეთვე წყლის საანგარიშო ხარჯს, ძირითადი წყალმკვებავის მუშა რეჟიმზე გასვლამდე.

დანა - 1. მოგრძო ტარიანი საჭრელი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება ტარისაგან და მჭრელი თავისაგან. ის გამოიყენება ქვის ხანიდან, ადრე კეთდებოდა ქვისგან, კაჟისგან და ობსიდიანისგან, მოგვიანებით კი ბრინჯაოსგან, სპილენძისგან, რკინისგან, ფოლადისგან, კერამიკისგან და ტიტანისგან. ბევრ კულტურას აქვს თავისი უნიკალური სახის დანა; 2. რაიმე სახის იარაღის, მანქანის მჭრელი დეტალი. არსებობს დ. ბევრი სახეობა: ამთლელი, ბლაგვი, ბრტყელი, ბურბუშელის, გამხლეჩი, დაკბილული, პურის, საკეპი, სარანდავი, საღარავი, საფრეზო, შპონსახდელი და სხვ.

დანადგარი - საშენი მასალებისა და ნაკეთობების წარმოებაში გარკვეული დანიშნულების მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც იძლევა საბოლოო დანიშნულების პროდუქტს. მაგ., სამსხვრევ-სახარისხებელი, ბეტონშემრევი, საფქვავი დ. და სხვ.

დანადუღი - ლითონის ფენის დადება დეტალზე ან საჭრელ ინსტრუმენტზე უფრო მყარი ზედაპირის მისაღებად. გამოიყენებენ ელექტრო ან გაზით შედუღებას.

დანაზოგი - შემოსავლის ნაწილი, რომელიც მიმდინარე მოხმარებისათვის არ გამოიყენება. სხვა სიტყვებით, იგი წარმოადგენს სხვაობას შემოსავალსა და მოხმარებას შორის. დ. ქმნის როგორც ფირმები, ისე საოჯახო მეურნეობები.

დანაკარგი - 1. მასალის გადამუშავებისას (დამუშავებისას) მიღებული ნარჩენი (მაგ., მერქნის გადამუშავებისას - ნახერხი); 2. ის რაც დაკარგეს.

დანამატი - ბუნებრივი ან ხელოვნური წმინდად ნაფქვავი საშენი მასალა, რომელსაც უმატებენ ბეტონებისა და ხსნარების შემკრავ ნივთიერებებს ამა თუ იმ თვისების გასაუმჯობესებლად და თვითღირებულების შესამცირებლად.

დანამატი მაკორექტირებელი - დანამატი, რომელიც კომპლექსურ გავლენას ახდენს ნედლეულის ძირითადი კომპონენტების თვისებებზე. ასეთებია: თიხის ნედლეულის მამჭლევებელი (კვარცის ქვიშა), პლასტიფიკატორები (წვრილდისპერსიული თიხები), მფლუსავი (მინის ლეწი, პირიტული ნამწვი, წიდა), სათბობ შემცველი (ხის ნახერხი), ნედლეულის კომპონენტი (ბელიტის შლამი ცემენტის წარმოებაში) და სხვ.

დანამატი მამოდიფიცირებელი - გამხსნელები, სტაბილიზატორები, პლასტიფიკატორები, ანტისეპტიკები, სტრუქტურაწარმომქმნელები, გამამყარებლები, და სხვა, რომლებიც შეჰყავთ რბილ საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალებში მათთვის რიგი თვისებების მისანიჭებლად, რაც საჭიროა მათი გამოყენების და ექსპლუატაციის დროს.

დანამატი მაპლასტიფიცირებელი - 1. აგურის წარმოებაში - დანამატი, რომელიც ანიჭებს მცირეპლასტიკურ (მჭლე) თიხოვან ნედლეულს აუცილებელ დაყალიბების უნარს, საშრობი თვისებების გაუმჯობესების და მტკიცე ნაკეთობების მიღების შესაძლებლობას. მაპლასტიფიცირებლად შლიკერის სახით გამოიყენება მაღალპლასტიკური თიხები, ელექტროლიტები; 2. ბეტონის წარმოებაში - დანამატები, რომლებიც ამცირებენ (25%-მდე) ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნილებას და საშუალებას იძლევიან მკვეთრად გაიზარდოს მისი ადვილჩაწყობადობა, სიმტკიცე (20...40%-ით) და შემცირდეს ცემენტის ხარჯი. პლასტიფიკატორების და სუპერპლასტიფიკატორების სახით გამოიყენება ფორმალდეჰიდები, ლიგნოსულფონატები და სხვა ორგანული ნაერთები; 3. პლასტმასის წარმოებაში - დანამატი მაღალმოლეკულური პოლიმერების დარბილების ტემპერატურის შესამცირებლად და მოქნილობის, ელასტიურობის, სითბო- და ყინვამედეგობის ასამაღლებლად. ის ქიმიურად ინერტული, მცირეაქროლადი და უვნებელი ნივთიერებაა. პ. გამოიყენება გლიცერინი, დიოქტილფტალატი, დიმეთილფტალატი, დიბუტილფტალატი, დიეთერი, ქლორირებული პარაფინი, ქლორირებული ნაფტალინი, უმაღლესი რიგის სპირტის ფტალატები, მინერალური მცენარეული ზეთები და სხვ.

დანამატი მაჰიდროფობიზებელი - 1. საპონნავთობის პროდუქტი, ოლეინის მჟავა და სხვა, მცირე რაოდენობით (10%-მდე) დამატებული ცემენტთან, რაც საშუალებას იძლევა მისი გამოყენებით მივიღოთ ბეტონები და დუღაბები, რომლებსაც ახასიათებს გაზრდილი პლასტუკურობა, ადვილჩაწყობადობა, წყალგაუმტარობა და ყინვამედეგობა; 2. ნივთიერება, რომელიც ბეტონის ფორების კედლებს და კაპილიარებს ანიჭებს ჰიდროფობურ თვისებებს.

დანამატი წყალმარედუცირებელი - ნივთიერება, საჭირო ჩაწყობადობის ბეტონის ნარევის მისაღებად წყლის მინიმალური ხარჯისას.

დანამატის ოპტიმალური დოზა - მინიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ბეტონის ან ბეტონის ნარევის ხარისხის მაჩვენებლების მაქსიმალური ტექნოლოგიური ან ტექნიკური ეფექტის მიღწევას.

დანარიმანდება - ძელის ან ფიცრის ფიგურული პროფილი. დ. ეწოდება აგრეთვე რანდას (ერთმაგი, ორმაგი) ფიგურული ჭრილით.

დანაშრევი ნივნივა - ელემენტი, რომელიც ბოლო და შუა ნაწილით ეყრდნობა შენობის კედლებს.

დანაშრევი ნივნივები - ნივნივების ფეხები, რომელთა ქვედა ბოლოები ეყრდნობიან ხის რანდებზე, მიჯნებზე, ან ძელურ შენობებში ზედა გვირგვინებზე, ხის კარკასულ შენობებში - ზედა სარტყელებზე, შემოსაკრავებზე, ქვის შენობებში - საყრდენ ძელებზე (მაუერლატი). ნივნივების განლაგება დამოკიდებულია გეგმაში შენობის კონტურზე და მასში შიდა საყრდენების, საბრჯენების არსებობაზე კედლებისა და კოლონების, სვეტების სახით. დ. ნ. კონსტრუქციულად უფრო მარტივი და ეკონომიურია, თუმცა მათი გამოყენებისათვის აუცილებელია შიდა კედლებისა და მზიდი ტიხრების არსებობა.

დანახარჯი - ნებისმიერი სახის რესურსის გამოყენებით ამა თუ იმ საქმიანობის დროს გაწეული ხარჯი.

დანახშირბადიანება - 1. თხევად ფოლადში ნახშირბადის შემცველი ნივთიერებების (თხევადი ან მყარი თუჯი, კოქსი, ანტრაციტი, ხის ნახშირი და სხვ.) დამატება; 2. ფოლადის ნაკეთობების ზედაპირული ფენის ნახშირბადით გაჯერება (იხ. ცემენტაცია) სიმაგრისა და ცვეთის ასამაღლებლად.

დანახშირება - 1. მერქნის სრული წვის შედეგად ნახშირის მიღების პროცესი; 2. ნაწილობრივი წვის საწყისი ფაზა (მაგ., ხის ხიმინჯების მიწისქვეშა ნაწილის დ. მისი ბიომედეგობის გაზრდის მიზნით).

დაპროექტება - კომპლექსური ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება, რომელიც შეიცავს ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, ნახაზებს, გაანგარიშებებს, მაკეტებს, კალკულაციას, განმარტებით ბარათს და სხვა მასალებს, რაც საჭიროა ნაკეთობის დასამზადებლად. დ. მრავალი მეთოდი არსებობს. კონსტრუქციული უნიფიკაციისა და დეტალების ზომების მოდულური კოორდინაციის დანერგვასთან არის დაკავშირებული დ. სერიული მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკეთობის მთელი რიგი მრავალსახეობების მიღებას ერთიანი საბაზო კონსტრუქციის ბაზაზე.

დაპროექტების ერთიანი ნორმები - სამშენებლო ობიექტის, მანქანის, მოწყობილობის და მისთ. პროექტის შექმნისათვის საჭირო ნორმები, დამუშავებული სათავე საპროექტო ორგანიზაციის მიერ (შეთანხმებული ქვეყნის მთავრობასთან) და აუცილებელი ყველა საპროექტო სამუშაოების შესრულების დროს.

დაპროფილებული ფენილი - ლითონის დაპროფილებული ფურცელი, რომელზეც ზემოდან დატანილია პოლიმერის ფენა, შემდეგ თანმიმდევრობით დაგრუნტვის, პასივატორის და თუთიის ფენები. არსებობს სახურავის და კედლის (ნახ. 1) დ.ფ.

დაჟანგვა - ო ქ ს ი დ ა ც ი ა, - ლითონის ნაკეთობის ზედაპირის ჟანგვა ქიმიური ან ელექტროქიმიური გზით ან ჰაერის ზემოქმედებით მაღალი ტემპერატურის პირობებში. წარმოქმნილი ჟანგის ფურჩი ნაკეთობას იცავს კოროზიისაგან (ალუმინის და მაგნიუმის შენადნობები) ან აქვს დეკორატიული დანიშნულება (იხ. მოსევადება).

დაჟანგული ბიტუმი - ბიტუმის სახეობა, რომლიდანაც გაცხელების შედეგად გამოდევნილია ჰაერი. დაჟანგვის პროცესი ამაღლებს ბიტუმის თბომედეგობას სასურველ დონემდე. ეს პროცესი სახურავზეც გრძელდება, ოღონდ დაძველების სახით.

დარაბა - 1. მერქნის, პლასტმასის ან ლითონის საკეცი კონსტრუქცია ფანჯარაზე ან კარზე ასაფარებლად; 2. სავაჭროსთვის ან სახელოსნოსთვის გამოყენებული დარაბებიანი ოთახი ქუჩის პირას; 3. ფიცრის მოაჯირი მიწური აივნისა (დერეფნისა). დ. არსებობს დასახური, გასაწევი, გადასახსნელი და მისახური; 4. საფარი ფიცარი

დარბაზი – 1. ძვ. ტაძარი (VIII, XI სს.), სრა (XI საუკუნიდან), სასახლე (XV საუკუნიდან), "სამეფო დიდი სახლი" (საბა); 2. სასახლის ის ვრცელი ოთახი "სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანდასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა ხოლმე" (ივ. ჯავ.); 3. ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომლის გადახურვა დედაბოძზე დაყრდნობილ გუმბათისებრ კონსტრუქციას წარმოადგენს (იხ. გვირგვინი); 4. საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი, გათვალისწინებული კრებების, ლექციების, კონცერტების და მისთ. ჩასატარებლად; 5. ზალა, დიდი სასტუმრო ოთახი ბინაში.

დარგი - ცოდნის ან მოქმედების, დაკისრებული კომპეტენციის ფარგლებში რეგულირებადი სფერო.

დარეზერვება - ძირითადი ელემენტის დუბლირებული ელემენტის ჩართვა მუშაობაში ისე, რომ სისტემა აგრძელებს ფუნქციონირებას. დარეზერვებული ელემენტი შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი. მუდმივის დროს სარეზერვო ელემენტი მუშაობს ძირითადთან პარალელურ რეჟიმში, ხოლო დროებითის მუშაობაში ჩართვა ხდება შენობის მოსალოდნელი ავარიის წინა პერიოდში. ბუნებრივია დ. ჭირდება დამატებითი ფინანსები, მაგრამ სამაგიეროდ ზრდის შენობის სისტემის საიმედოობას.

დარიშხანი (ბერძ. არსენიუმი) - აღინიშნება სიმბოლოთი As. მარტივი ნივთიერება წარმოადგენს ფოლადის ფერ მყიფე ნახევარლითონს მეტალოიდს. ცნობილია მიახლოებით 200 დარიშხანშემცველი მინერალი. მცირე კონცენტრაციით ხშირად შეიცავს ტყვიის, სპილენძის და ვერცხლის მადანი. საკმაოდ ხშირად ბუნებაში გვხვდება დარიშხანის ორი ნაერთი გოგირდთან: ნარინჯისფერ-წითელი გამჭვირვალე რეალგარი AsS და ლიმონისფერ-ყვითელი აურიპიგმენტი As2S3. მინერალი რომელსაც გააჩნია სამრეწველო მნიშვნელობა არის - არსენოპირიტი (დარიშხანის კოლჩედანი). დარიშხანის უდიდესი ნაწილი მოიპოვება დარიშხან შემცველი ოქროს, ტყვია-თუთიის, სპილენძის კოლჩედანის და სხვა მადნების პარალელურად დამუშავებისას. არსებობს დარიშხანის მიღების ბევრი ხერხი: ბუნებრივი დარიშხანის სუბლიმაცია, დარიშხანის კოლჩედანის თერმული დაშლის ხერხი, დარიშხანიანი ანჰიდრიდის აღდგენა და სხვ. დ. და მისი ნაერთების გამოყენების არეა: ნახევარგამტარი მასალები, ტყვიის დანამატი საფანტის წარმოებაში, ტიპოგრაფიული შრიფტები, ინსექტიციდები, აირების გაწმენდა, პოლიმერიზაციის რეაქციები, პიროტექნიკა, მერქნის ანტისეპტირება, საღებავები, ტყავის გადამუშავება, სტომატოლოგია და სხვ. დ. და ყველა მისი ნაერთი წამოადგენენ საწამლავებს

დარტყმა - ბიძგი, სხეულების ხანმოკლე ურთიერთქმედება, რომლის დროსაც წარმოებს კინეტიკური ენერგიის გადანაწილება. ფიზიკაში ურთიერთქმედების დრო მხედველობაში არ მიიღება. დარტყმისას სრულდება იმპულსისა და იმპულსის მომენტის შენახვის კანონები, მაგრამ არ სრულდება მექანიკური ენერგიის შენახვის კანონი. ითვლება, რომ დარტყმის მომენტში გარე ძალები სხეულებზე არ მოქმედებენ, რის გამოც სხეულის იმპულსი დარტყმისას შენარჩუნდება. დ. ენერგიის ნაწილი მიდის სხეულის გათბობაზე და ხმაზე. ორი სხეულის დარტყმის შედეგები შეიძლება სრულად გამოვთვალოთ, თუ ვიცით ამ სხეულების მოძრაობის სიჩქარეები დარტყმამდე და მექანიკური ენერგია დარტყმის შემდეგ. იმ სხეულებისათვის, რომლებთანაც ჩვეულებრივ საქმე აქვთ პრაქტიკაში, დარტყმის პროცესი გრძელდება წამის მეათასედ, მეასიათასედ ან მემილიონედ ნაწილში. ვინაიდან დარტყმაში მონაწილე სხეულების მოძრაობის რაოდენობები დარტყმის დროში იცვლება სასრული სიდიდით, ამიტომ სხეულების შეხების (კონტაქტის) ფართობზე ვითარდება ურთიერთქმედების ძალიან დიდი ძალები (ე. წ. მყისი ძალები), რომელთაც ეწოდებათ დარტყმის ძალები. თუ m მასის ნივთიერი წერტილი მოძრაობს ძალის მოქმედებით, მაშინ დარტყმის დროს წარმოიშობა რეაქციის ძალა, რომელსაც დარტყმის ძალას უწოდებენ.

დარტყმა აბსოლუტურად დრეკადი - დარტყმის მოდელი, როდესაც სისტემის კინეტიკური ენერგია სრულად შეინახება, ხოლო ტანის დეფორმაციებს უგულვებელყოფენ. შესაბამისად, ითვლება, რომ ენერგია დეფორმაციებზე არ იხარჯება და ურთიერთქმედება მთელ ტანში ვრცელდება მყისიერად. აბსოლუტურად დრეკადი დარტყმის ნათელი მაგალითია ბილიარდის ბურთულების შეჯახება.

დარტყმა დინამიკური - დარტყმის პროცესი, რომელიც დინამიკური ძალის ზემოქმედებისას წარმოიქმნება. დინამიკური დარტყმის ძალა ორი სახის მუშაობისას გამოიყენება: სხეულის დეფორმაციით დამუშავებისას (ჭედვა, შტამპვა, თელვა და სხვ.) ან სხეულის გადაადგილებისას (ხიმინჯების, ბოძების, ბიგების, ლურსმნების ჩასობა და სხვ.). დ. დ. ადგილი აქვს მიწისძვრების, მილსადენებში სითხეების გადაადგილების, მოძრავი ტრანსპორტის მკვეთრი დამუხრუჭების და ავარიების, მეწყერების, ჩამოქცევების, აფეთქებების, ვულკანების ამოფრქვევების და სხვა დროს.

დარტყმა დრეკადი და არადრეკადი - დარტყმას ეწოდება აბსოლუტურად დრეკადი, თუ სხეულთა შეხების ადგილას ხდება მხოლოდ დრეკადი დეფორმაცია. დარტყმას ეწოდება აბსოლუტურად არადრეკადი, თუ სხეულების შეხების ადგილას ხდება მხოლოდ პლასტიკური დეფორმაცია (ამ დროს ადგილი აქვს მხოლოდ დარტყმის პირველ ფაზას). დარტყმის პროცესს ახასიათებენ აღდგენის კოეფიციენტით (k) - სხეულთა დაახლოებისა და დაშორების დროს მათი შეხების ზედაპირისადმი ნორმალზე სიჩქარეთა პროექციების ფარდობით. თუ k = 1 - დარტყმა აბსოლუტურად დრეკადია; k = 0 - დარტყმა აბსოლუტურად არადრეკადია; 0 < k <1 - დარტყმა დრეკადია.

დარტყმა ექსცენტრული - დარტყმა, როდესაც დარტყმის ნორმალი არ გადის სხეულთა მასების ცენტრებზე.

დარტყმა პირდაპირი და არაპირდაპირი - დარტყმა პირდაპირია, თუ სხეულთა მასების ცენტრების ფარდობითი სიჩქარეები მიმართულნი არიან დარტყმის ნორმალის გასწვრივ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარტყმა ირიბია.

დარტყმა ცენტრალური - დარტყმა, როდესაც დარტყმის ნორმალი გადის სხეულთა მასების ცენტრებზე.

დარტყმა ჰიდრავლიკური - დარტყმა, რომელიც მოძრავი სითხის უცაბედი შეჩერების შედეგად წარმოიშობა და მოძრავი სითხის მასისა და მისი მოძრაობის სიჩქარის პირდაპირ პროპორციულია. ჰ.დ. ძალებს შეუძლიათ შექმნან კრიტიკული (ავარიული) სიტუაცია, რის გამოც ჰიდრავლიკურ ნაგებობებში კეთდება მაკომპენსირებელი აუზი ან არხი, ხოლო მილსადენებში - კომპენსატორები

დარტყმამედეგობა - მასალის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დარტყმის მოქმედებას, ე.ი. იქონიოს დარტყმითი სიბლანტე. განისაზღვრება განსაკუთრებული ფორმის ნიმუშების სპეცილურ ურნალებზე დარტყმით დანგრევით და პირობითად განისაზღვრება ნიმუშების დანგრევაზე დახარჯული მუშაობით. დ. არის იმ მასალის დახასიათება, რომელიც კონსტრუქციის ექსპლუატაციის დროს განიცდის დარტყმით დატვირთვას.

დარტყმითი ტალღა - წარმოიქმნება, საომარი მასალების ან ტექნიკური აფეთქებისას (ქვაბის, აირსადენის, საშიში ტვირთის და სხვ.), აგრეთვე მიწისძვრისას სეისმური ტალღების ზემოქმედებისას. დ.ტ. საგანგებო სიტუაციების ერთ-ერთი ძირითადი დამაზიანებელი ფაქტორია. ესაა გარემოს მკვეთრად შეკუმშვის არე, რომელიც სფერული ფენის სახით ზებგერითი სიჩქარით ვრცელდება აფეთქების ადგილიდან ყველა მიმართულებით. დარტყმით ტალღაში წარმოიქმნება ჭარბი წნევა - სხვაობა ნორმალურ ატმოსფერულ წნევასა და დარტყმითი ტალღის ფრონტში მაქსიმალურ წნევას შორის. დ.ტ. აქვს ორი ფაზა - შეკუმშვის და გაიშვიათების. იმისდა მიხედვით, თუ რომელ გარემოში (ჰაერში, წყალში თუ გრუნტში) წარმოიქმნება და ვრცელდება დ.ტ., განასხვავებენ ჰაერის, ჰიდროდინამიკურ ან სეისმოაფეთქებით დარტყმით ტალღებს. დ.ტ. დამაზიანებელი ქმედება დამოკიდებულია ჭარბ წნევაზე, შეკუმშული აირის სიჩქარეზე, ზემოქმედების ხანგრძლივობაზე, ტალღის გავრცელების ფრონტის მიმართ ადამიანის ან ობიექტის ადგილმდებარეობაზე და მათ დაცულობაზე.

დარტყმის დრო (დარტყმის ხანგრძლივობა) - დროის მცირე შუალედი, რომლის განმავლობაშიც ხდება დარტყმა.

დარტყმის იმპულსი - დარტყმის დროს თითოეულ შემჯახებელ სხეულზე მოქმედი დარტყმითი ძალის იმპულსი. დ.ი. არის მექანიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს დარტყმისას სხეულზე გარე ზემოქმედებას. სხეულთა დარტყმისას ურთიერთქმედების ძალები ძალიან დიდია და მოქმედებენ მოკლე დროში, ამიტომ, მათ მყის ძალებს უწოდებენ

დარტყმის ნორმალი - დასარტყმელი სხეულების შეხების მომენტში მათი ზედაპირების საერთო ნორმალი, რომელიც გადის შეხების წერტილში.

დარტყმის ფაზა - დარტყმის პირველი ფაზა - დროის შუალედი, როცა დარტყმის ძალები იზრდებიან; დარტყმის მეორე ფაზა - დროის შუალედი, როცა დარტყმის ძალები მცირდებიან ნულამდე (ეს შუალედი იწყება იმ მომენტში, როცა სხეულების სიჩქარეები ერთმანეთს უტოლდება).

დარტყმის ცენტრი - მყარი ტანის წერტილი, რომელსაც გააჩნია უძრავი ბრუნვის ღერძი და აქვს ის თვისებები, როგორიც დარტყმაას, მიმართულს ამ წერტილისადმი მართობული სიბრტყის მიმართ, რომელიც გადის ბრუნვის და ინერციის ცენტრზე, არ გადაეცემა ღერძს და არ ახდენს დარტყმით ზემოქმედებას საკისარებზე, რომელზეც ეს ღერძია მიმმაგრებული. დ.ც. მდებარეობს ტანის ბრუნვის ღერძიდან h=J/mℓ მანძილზე, სადაც m - ტანის მ ა ს ა, J- მისი ი ნ ე რ ც ი ი ს მ ო მ ე ნ ტ ი ბრუნვის ღერძის მიმართ, ℓ - მანძილი ბრუნვის ღერძიდან ტანის ინერციის ცენტრამდე.

დარტყმის ძალის იმპულსი - რეაქციის ძალის იმპულსი.

დარჯაკი (დარჯაგი) - ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბი

დასაქმების დონე - დასაქმებულთა საერთო რიცხვის შეფარდება შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის რაოდენობასთან.

დასაქონლება - ამა თუ იმ ორგანიზაციის უზრუნველყოფა სამრეწველო საქონლით, საშენი მასალებით, კვების პროდუქტებით და ა. შ.

დასაშვები მიკროკლიმატური პირობები - მიკროკლიმატის რაოდენობრივი მაჩვენებლების შეხამება, რომელიც ადამიანზე ხანგრძლივი და სისტემატური მოქმედებისას იწვევს ორგანიზმის თბური მდგომარეობის გარდამავალ და ადვილად ნორმალიზებად ცვლილებებს, რასაც თან ახლავს თერმორეგულაციის მექანიზმის დაძაბვა და არ სცილდება ფიზიოლოგიური შეგუების შესაძლებლობების ფარგლებს. ამასთან, ადგილი არა აქვს ჯანმრთელობის დაზიანებას ან დარღვევას, მაგრამ შეიმჩნევა სითბოს დისკომფორტული შეგრძნება, თვითშეგრძნების გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

დასაშვები ფიზიკური ზემოქმედების ნორმატივები - ნორმატივები, რომლებიც დადგენილია გარემოზე ფიზიკური ზემოქმედების დასაშვები დონეების შესაბამისად და რომელთა დაცვა უზრუნველყოფს გარემოს ხარისხის ნორმატივს.

დასაშვები ძაბვა - ძაბვის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება ელემენტმა მისი ექსპლოატაციის პირობებში უსაფრთხოდ აიტანოს.

დასაშრობი სისტემა - ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი ტერიტორიიდან ზედმეტი წყლის მოსაცილებლად და წყლის რეჟიმის შესანარჩუნებლად დასახლებული პუნქტის თუ სამრეწველო საწარმოს მოთხოვნების შესაბამისად. მასში შედის: ჯებირები, წყალშემკრებები, მიწისზედა და მიწისქვეშა არხები და სხვ.

დასახლება - განსახლების განსხვავებული ფორმების (ტიპების) საერთო სახელწოდება (ქალაქი, დაბა, თემი, სოფელი).

დასახლებული ტერიტორია - ქალაქის ნაწილი, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, ბაღები, პარკები და სკვერები, მაგრამ არ არის სამრეწველო საწარმოები.

დასველება - მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების გამომჟღავნება 3 ფაზის - მყარი ტანის, სითხისა და აირის შეხების ზღვარზე, რომელიც გამოისახება სითხის განღვრით მყარი ტანის ზედაპირზე. გაყრის თხევად ზედაპირს, რომელიც კვეთს მყარ ზედაპირს რაღაც წირზე, ეწოდება დასველების პერიმეტრი და ის ქმნის სასაზღვრო კუთხეს, აგრეთვე, დასველება გამომჟღავნდება ჭურჭლის კედლებთან თავისუფალი ზედაპირის გამრუდებით. დ. საზომად ითვლება სიდიდე, cosθ = (σ23 – σ13)∙σ12, სადაც σ23, σ13 და σ12 ზედაპირული დაჭიმულობაა შესაბამისი ფაზების გამყოფ საზღვარზე. სიდიდე σih რაოდენობრივად უდრის სამუშაოს, რომელიც უნდა დაიხარჯოს შექცევად იზოთერმულ პროცესში i და h ფაზების გამყოფი ზედაპირის ფართობის ერთეულის შექმნაზე. ზღვრული შემთხვევები: θ = 0 - სრული დასველება და - θ = 1800 - სრული არდასველება. დ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესისათვის: ღებვის, რჩილვის, მოკალვის, ფლოტაციისას და ა.შ.

დატბორვა - ტერიტორიაზე თავისუფალი წყლის ზედაპირის წარმონაქმნი წყალსატევის, წყალსადინარის ან მიწისქვეშა წყლების დონის აწევის შედეგად.

დატენიანება - რაიმე მასალის ტენიანობის დონის ხელოვნურად ამაღლება სხვადასხვა მიზნით.

დატერასება - ფერდობის ზედაპირის ხელოვნური შეცვლა სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურების უკეთ გამოყენებისა და ეროზიასთან ბრძოლისათვის

დატვირთვა - 1. მექანიკური ზემოქმედება, რომლის საზომია ძალა, ამ ზემოქმედების სიდიდისა და მიმართულების განმსაზღვრავი, იწვევს შენობისა და ნაგებობების კონსტრუქციებში დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის ცვლილებებს; 2. განსახილველ სხეულზე მოქმედი აქტიური გარე ძალების ერთობლიობა, რაიმეს ზემოქმედება, დატვირთვის პროცესი (მაგ., სახურავის დ. თოვლით, ელექტროქსელის დ. ძაბვით, ბაგირის დ. გამჭიმავი ძალით და ა. შ.). დ. გაანგარიშდება სამშენელო კონსტრუქციები, შენობები, ნაგებობები, დეტალები, მცურავი და საფრენი აპარატები, მილსადენები, გაზსადენები, გზები და სხვ. არსებობს დ. უამრავი სახეობა: არათანაბარი, გამგლეჯი, განმეორებითი, დარტყმითი, დასაშვები, დამრღვევი, დინამიკური, დროებითი, ვიბრაციული, ზღვრული, თანაბარგანაწილებული, თბური, თოვლის, კრიტიკული, ლიპყინულის, მუდმივი, მყისი, პერიოდული, სახანძრო, სეისმური, სრული, სტატიკური, ქარის, დროებითი ხანმოკლე, დროებითი ხანგრძლივი, შეყურსული, ვერტიკალური, ჰიდრავლიკური, ჰორიზონტალური და სხვ.

დატვირთვა განსაკუთრებული - დატვირთვა, რომელიც ნაგებობის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში, როგორც წესი, არ მოქმედებს, მაგრამ შესაძლებელია იმოქმედოს განსაკუთრებულ პირობებში. ასეთებია: მიწისძვრა; აფეთქება; მეტეო; გრუნტის არათანაბარი დაჯდომა, რომელსაც თან ახლავს გრუნტის სტრუქტურის ცვლილება; ტექნოლოგიური პროცესების მკვეთრი დარღვევა გამოწვეული მოწყობილობის დროებითი უწესრიგობით ან დამტვრევით.

დატვირთვა დინამიკური - სიდიდით, მდებარეობით და მიმართულებით სწრაფად ცვლადი დატვირთვა, რომელიც კონსტრუქციას გადაეცემა მოძრავი ტრანსპორტის, ქარის დაწოლის; სეისმური, ინერციული, ცენტრიდანული დარტყმების და სხვ. მსგავსი ზემოქმედებისაგან.

დატვირთვა დროებითი - დატვირთვა, რომელიც ნაგებობის მშენებლობის ან ექსპლუატაციის ზოგიერთ პერიოდში არ მოქმედებს. დ. დ. მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს ხ ა ნ გ რ ძ ლ ი ვ ი დროებითი და ხ ა ნ მ ო კ ლ ე დროებითი. ხანგრძლივ დ. დ. მიეკუთვნება: დროებითი ტიხრების წონა; სტაციონალური მოწყობილობების წონა - ჩარხები, აპარატები, ძრავები, მოცულობითი ტევადობები, მილგაყვანილობა არმატურითა და საყრდენი ნაწილებით, ლენტური ტრანსპორტიორები, კონვეინერები, მუდმივი ამწე-მანქანები ბაგირებიანად, თხევადი და მყარი მასალით შევსებული მოწყობილობები; აირების, სითხეების და ფხვიერი მასალების წნევა ტევადობების და მილგაყვანილობების ექსპლუატაციის პროცესში, ჰაერის ჭარბი წნევა და გაზების გაუხშოება შახტების განიავების დროს; დატვირთვა საწყობების, მაცივრების, სამარცვლეულეების, არქივების, ბიბლიოთეკების და სხვა მათი მსგავსი სათავსების გადახურვებზე; დატვირთვა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების სართულშუა გადახურვებზე მოწყობილობებისა და მასალებისაგან (ტექნიკური სართულები, სპეციალური დანიშნულების სათავსები); ტემპერატურული ტექნოლოგიური ზემოქმედება სტაციონალური მოწყობილობებისაგან; ზემოქმედებები გამოწვეული ფუძეების არათანაბარი დეფორმაციისაგან, რომელსაც თან არ ახლავს გრუნტის სტრუქტურული ცვლილება; წყლის ფენის წონა ბრტყელ სახურავზე; დაგროვილი საწარმოო მტვრის წონა; ჩაჯდომის (შეკლების) და ცოცვადობის ზემოქმედება; დატვირთვები ერთი ხიდური ან შეკიდული ამწისაგან გამრავლებული კოეფიციენტებზე: 0,6 - მუშაობის საშუალო რეჟიმის ამწეებისათვის, 0,8 - მუშაობის მძიმე ან ძალიან მძიმე რეჟიმის ამწეებისათვის; დატვირთვა 0,5 კნ/მ2 (50კგ/მ2) საცხოვრებელი სახლის ოთახების, ბაგა-ბაღების და ინტერნატების საძილე კორპუსების, დასასვენებელი სახლების და პანსიონატების საცხოვრებელი სათავსების, საავადმყოფოების და სანატორიუმების სართულშუა გადახურვებზე; დატვირთვა 1 კნ/მ2 (100 კგ/მ2) ადმინიტრაციული, საინჟინრო-ტექნიკური, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების სამსახურებრივი სათავსების, სამრეწველო და სამოქალაქო შენობების და ნაგებობების საყოფაცხოვრებო დანიშნულების (საგარდერობე, საშხაპე, საპირბანე, ტუალეტი) სათავსების, აგრეთვე სამკითხველოების სართულშუა გადახურვებისათვის; დატვირთვა 1,5 კნ/მ2 (150კგ/მ2) კვების ობიექტების (კაფე, რესტორანი, სასადილო, საბანკეტო და სხვ.) სართულშუა გადახურვებისათვის; დატვირთვა 2 კნ/მ2 (200კგ/მ2) კრებების და თათბირების ჩასატარებელი, მოსაცდელების, საკონცერტო და სპორტული დარბაზების სართულშუა გადახურვებისათვის; დატვირთვა რეალური დატვირთვის მიხედვით, მაგრამ არა ნაკლები 2 კნ/მ2 სავაჭრო, საგამოფენო და საექსპოზიციო სათავსების სართულშუა გადახურვებისათვის; III…VI კლიმატური რაიონების შესაბამისი თოვლის დატვირთვა შემცირებული 0,7 კნ/მ2 -ით; ტემპერატურულ-კლიმატური ზემოქმედებები.  ხანმოკლე დ. დ. მიეკუთვნება: ადამიანების, სარემონტო მასალების და მოწყობილობების წონა; დატვირთვები სამშენებლო კონსტრუქციების დამზადების, გადაზიდვის და მონტაჟის, აგრეთვე მშენებლობაზე ნაკეთობებისა და მასალების დროებითი დასაწყობების დროს (გამონაკლისია დატვირთვები სპეციალურად გამოყოფილ იმ ადგილებზე, სადაც მუდმივად წარმოებს მასალების დასაწყობება და შენახვა); დ. დ. ნაყარი გრუნტისაგან; დატვირთვები მოძრავი ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობებისაგან (ხიდური ამწეები, შეკიდული ამწეები, ტელფერები, სატვირთელები) გამოყენებული შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროცესში; თოვლის დატვირთვა; ქარის დატვირთვა; ლიპყინულის დატვირთვა; ტემპერატურული კლიმატური ზემოქმედებები. დ. დ. დატვირთვის საიმედოობის კოეფიციენტი γ = 1,2...1,6. ადამიანის წონა ინსტრუმენტებით მიიღება: ნორმატიული P = 0,1 კნ და საანგარიშო P = P•γ = 0,1•1,2 = 0,12 კნ.

დატვირთვა დროებითი ხანგრძლივად მოქმედი - დატვირთვა, რომელშიც შედის: სტაციონალური დანადგარების წონა; ხანგრძლივი ტემპერატურული ზემოქმედება; წიგნების წონა ბიბლიოთეკებში, სამკითხველოებსა და არქივებში; საწყობების და მაცივრების იატაკებზე მოსული პროდუქციის წონა; სითხეების, აირების, ფხვიერი მასალების დაწოლა და ა.შ. დატვირთვის ეს სახე კონსტრუქციაზე მოქმედებს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში.

დატვირთვა დროებითი ხანმოკლედ მოქმედი - დატვირთვა, რომელშიც შედის: ადამიანების, ავეჯის წონა საცხოვრებელ და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში; ქარისა და თოვლის დატვირთები; დატვირთვები ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობებისაგან; კლიმატურ-ტემპერატურული ზემოქმედება; სამონტაჟო დატვირთები და ა.შ. დატვირთვის ეს სახე კონსტრუქციაზე მოქმედებს ერთი დღეღამის ფარგლებში.

დატვირთვა ელექტრული - ძალა, რომელიც რეალურად მიეწოდება ენერგიის წყაროდ მომხმარებელს (მიმღებს). ძაბვის მცირე ცვლილებისას, ელექტრული დატვირთვა ხასიათდება დენის სიდიდით. ელექტრულ დატვირთვას ხშირად უწოდებენ, თავად ენერგიის მიმღებს (ძრავები, გამანათებლები, მოწყობილობები და სხვ.).

დატვირთვა ენერგოსისტემის - ჯამური ელექტრო ძალა, ყველა მიმღები ელექტროენერგიის დანახარჯით, შეერთებული გამანაწილებლებთან, ქსელურ სისტემებთან,  და ძალა, წამსვლელი ყველა უბნებში ელექტროქსელის დანაკარგების დაფარვაზე (ტრანსფორმატორებში, ელექტროგადამცემ ხაზებში, კონვექტორებში)

დატვირთვა ზღვრული - დატვირთვა, რომელიც შეესაბამება კონსტრუქციის ერთ-ერთ ზღვრულ მდგომარეობას. გამოიყენება რკ.ბ.-ის ასაწყობი ცილინდრული გარსების გაანგარიშებებში.

დატვირთვა თანაბრად განაწილებული - 1. მუდმივი ინტენსივობის განაწილებული დატვირთვა ერთეული სიგრძის (ფართის) ზედაპირზე; 2. დატვირთვა, რომლის ეპიურა წარმოადგენს მართკუთხედს, დატვირთვის ინტენსიუობის ტოლი სიმაღლით.

დატვირთვა თბური - სითბოს რაოდენობა, რომელიც აკუმულირდება ხანძრის დროს სამშენებლო კონსტრუქციის 1 მ2 ფართობის ზედაპირზე. დამოკიდებულებას თბურ დატვირთვასა Q და სახანძრო დატვირთვას q შორის შემდეგი სახე აქვს: Q = μqtFწვ/F, სადაც μ - აკუმულიაციის კოეფიციენტი; t - ხანძრის გავრცელების დრო, სთ; Fწვ - წვის ზედაპირის ფართობი, მ2; Fკ - კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი, მ2.

დატვირთვა თოვლის ნორმატიული (S) - მიიღება მშენებლობის კლიმატური რაიონის მიხედვით და დამოკიდებულია თოვლის საფარის წონაზე S0 გადახურვის ჰორიზონტალური პროექციის 1 მ2-ზე, რომლის მნიშვნელობები მოცემულია სამშენებლო ნორმებში და საცნობარო ლიტერატურაში. ეს სიდიდე, ნორმატიული დატვირთვის მისაღებად, მრავლდება სახურავის ფორმის გამთვალისწინებელ μ კოეფიციენტზე S = μS0. ორქანობიანი სახურავისათვის, როცა სახურავის დახრის კუთხე α ≤ 250, მაშინ μ = 1; როცა α ≥ 600, μ = 0; როცა 600 > α > 250, მაშინ μ = (600−α0)/35. ზოგადად μ კოეფიციენტის მნიშვნელობები სახურავის სხვადასხვა ფორმებისათვის (თაღი, კამარა, სეგმენტური წამწე, ორქანობიანი შუქფარნით, შედური, ორქანობიანი ორმალიანი, ორმალიანი თაღოვანი, ორქანობიანი ორმალიანი შუქფარნებით, ორმალიანი ერთი მალი თაღოვანი მეორე თაღოვანი შუქფარნით, მრავალმალიანი სხვადასხვა ვარიანტებით, ბრტყელი სახურავი პარაპეტით, ბრტყელი სახურავი ადგილ-ადგილ შვეული ამონაშვერებით) მოცემულია სამშენებლო ნორმებში.

დატვირთვა თოვლის საანგარიშო (S) - მიიღება თოვლის ნორმატიული მნიშვნელობის S გადამრავლებით დატვირთვის საიმედოობის γ კოეფიციენტზე S = γS. γ კოეფიციენტის მნიშვნელობა დამოკიდებულია გადახურვის ნორმატიული მუდმივი და თოვლის დატვირთვების ფარდობაზე და როცა g/S > 0,8, მაშინ γ = 1,4, ხოლო როცა g/S ≤ 0,8, მაშინ γ = 1,6, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსუბუქი სახურავისათვის ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა მეტია, ვიდრე მასიური მძიმე სახურავისათვის.

დატვირთვა კრიტიკული - სამშენებლო მექანიკაში, დატვირთვა, რომლის დროს დეფორმირებადი სისტემა (ღერო, ფირფიტა, გარსი და ა.შ.) კარგავს მდგრადობას.

დატვირთვა ლანდშაფტზე - ლანდშაფტზე ანთროპოგენურ-ტექნოგენური გავლენის ზომა. ახასიათებს პროცესებსა და მოვლენებს, წარმოშობილს ლანდშაფტზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად.

დატვირთვა ლიპყინულის - ელექროგადამცემი და საჰაერო ხაზების სადენებზე, შენობის სახურავის შვერილებზე, პარაპეტებზე, ლავგარდინებზე, ბაგირებზე, ვანტებზე, ხიდის ვაკისებზე, ელექტროფიცირებული ტრანსპორტის საკონტაქტო ქსელებზე, ანტენებზე და სხვ. ელემენტებზე, დაბალი ტემტერატურის მოქმედებით, გაჩენილი ყინულის მასის წონა. ლიპყინულის ნორმატიული დატვირთვა სადენების, ბაგირების და გვარლების 1 გრძ.მ-ზე გამოითვლება ფორმულით: P = πbk(d+bk)γ•10-3; დანარჩენი ნაგებობებისათვის P = 0,6bγ, სადაც b - ლიპყინულის კედლის სისქე (მმ) დამოკიდებული სადენის (ბაგირის, გვარლის) მიწის ზედაპირის დონიდან სიმაღლეზე; d - სადენის ((ბაგირის, გვარლის) დიამეტრი (მმ); 0,6 - კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ნაგებობის ელემენტის ზედაპირის ლიპყინულით დაფარული ნაწილის ფარდობას ელემენტის მთელ ზედაპირულ ფართობთან; γ = 0,9 გ/სმ3 (0,9 ტ/მ3) - ლიპყინულის სიმკვრივე.

დატვირთვა მოაჯირებზე - კიბეებისა და აივნების მოაჯირებზე მოსული ჰორიზონტალური თანაბარგანაწილებული ან შეყურსული სახის დატვირთვა. იგი მიიღება: საცხოვრებელი სახლების, სკოლამდელი დაწესებულებების, დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების და სამკურნალო დაწესებულებებისათვის - 0,5 კნ/მ; სპორტული დარბაზებისა და ტრიბუნებისათვის - 1,5 კნ/მ; დანარჩენი შენობებისა და სათავსებისათვის, თუ არ არის სპეციალური მოთხოვნები, - 1 კნ/მ; მომსახურე მოედნების, ბოგების, სახურავისათვის ჰორიზონტალური შეყურსული დატვირთვა მოაჯირის სახელურის სიგრძის ნებისმიერ წერტილში - 0,3 კნ. დ.მ. დატვირთვის საიმედოობის კოეფიციენტი γ=1,2.

დატვირთვა მოძრავი - სამშენებლო მექანიკაში - დატვირთვა, რომლის მოდების ადგილი და მოქმედების მიმართულება შესაძლოა შეიცვალოს ნაგებობის ექსპლუატაციისას (მაგ., მოძრავი მატარებლის წონა ხიდის მალის ნაშენზე).

დატვირთვა მუდმივი - დატვირთვა, რომელიც მისი ნორმატიული ან სხვა უფრო მაღალი მნიშვნელობისას, ნაგებობის მშენებლობის ან ექსპლუატაციის პირობებში მოქმედებს მუდმივად. მას მიეკუთვნება: შენობის მზიდი და შემომფარგვლელი კონსტრუქციების წონა; გრუნტის წონა და დაწნევა, სამთო წნევა; კონსტრუქციების წინასწარი დაძაბვით გამოწვეული ზემოქმედება და სხვ. დ.მ. დატვირთვის საიმედოობის კოეფიციენტი γ=1,1...1,2.

დატვირთვა ნორმატიული - ნაგებობაზე მისი ნორმალური ექსპლუატაციის დროს მოქმედი დატვირთვის მაქსიმალური მნიშვნელობა. დ.ნ. რიცხვითი სიდიდეები აიღება სამშენებლო ნორმებიდან და სხვა საცნობარო ლიტერატურიდან.

დატვირთვა პარაბოლური - დატვირთვა, რომლის ეპიურასაც აქვს პარაბოლის ფორმა.

დატვირთვა რადიალური - რადიუსის გასწვრივ მოქმედი დატვირთვა (გამოიყენება ძალთა სისტემაში, რომელიც განიხილება პოლარულ, სფერულ ან ცილინდრულ კოორდინატებში).

დატვირთვა საანგარიშო - გამოიყენება კონსტრუქციების გაანგარიშებისას, მიიღება ნორმებით გათვალისწინებული (ნორმატიული) დატვირთვის გამრავლებით საიმედოობის შესაბამის კოეფიციენტზე γ, რომლის სიდიდე აიღება დატვირთვის სახეობის მიხედვით და მეტია ერთზე (1,1...1,6).

დატვირთვა სამკუთხა - დატვირთვა, რომლის ეპიურასაც აქვს სამკუთხედის ფორმა. ეს არის ღეროს დატვირთვა, როდესაც ერთ მხრივ მიმართული პარალელური ძალების ინტენსივობა იცვლება წრფივი კანონით.

დატვირთვა სამშენებლო - ძალის მოქმედება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების დეფორმაციას

დატვირთვა სასარგებლო - კონსტრუქციაზე მოქმედი დატვირთვა ამ კონსტრუქციის საკუთარი წონის გამოკლებით.

დატვირთვა სახანძრო - სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა ხანძრისას წვის ზედაპირის ერთეული ფართობიდან დროის ერთეულ მონაკვეთში (ვტ/მ2) და გამოითვლება ფორმულით q = zβQPქვ n, სადაც z - ქიმიური უკმარწვის კოეფიციენტი; β - წვის სიჩქარის ცვალებადობის კოეფიციენტი; QPქვ - წვის სითბოს ქვედა ზღვარი, კჯ/კგ; n - წვის მასიური სიჩქარე, კგ/(მ2∙სთ) ან კგ/(მ2∙წმ). პრაქტიკული გაანგარიშებისათვის ქიმიური უკმარწვის კოეფიციენტი მიიღება: თხევადი ნახშირწყალბადების წვისას - 0,9; მყარი მაგარი ნივთიერებების წვისას - 0,95...0,99.

დატვირთვა სეისმური - ინერციული ძალა, რომელიც წარმოიქმნება გრუნტების სეისმური რხევებით - მიწისძვრისას.

დატვირთვა სტატიკური - მუდმივად მოქმედი ან დროში ნელა ცვალებადი დატვირთვის სახეობა. დ.ს. მიეკუთვნება: კონსტრუქციის საკუთარი წონა, თოვლის წონა, საწარმოო პროდუქციის წონა და სხვ.

დატვირთვა ტემპერატურული - კლიმატური ზემოქმედების შედეგად წარმოშობილი დატვირთვა. იგი შენობებისა და ნაგებობების გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება სამშენებლო ნორმების მოთხოვნების შესაბამისად (გრძელი სამრეწველო შენობები, მაღლივი სამოქალაქო შენობები, დიდმალიანი ხიდები, სპეციალური დანიშნულების კონსტრუქციები და ნაგებობები და სხვ,). ტემპერატურული გაანგარიშებები უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობებში „ზამთარი-ზაფხული“-ის ციკლის დროს წარმოშობილი ადგილობრივი ძაბვების ნეიტრალიზაციას იმ დონემდე, რომ მზიდმა კონსტრუქციებმა არ განიცადოს რღვევა და ნორმაზე მეტი დეფომაციები.

დატვირთვა ტრაპეციისებრი - დატვირთვა, რომლის ეპიურასაც აქვს ტრაპეციის ფორმა.

დატვირთვა უწყვეტი - რაიმე სიგრძეზე ან ფართობზე მოდებული დატვირთვა. ამასთანავე დატვირთვის ინტენსივობა ამ სიგრძეზე ან ფართობზე უწყვეტად იცვლება.

დატვირთვა ქარის - განისაზღვრება, როგორც სტატიკური და დინამიკური მდგენელების ჯამი. სტატიკური მდგენელი, რომელიც შეესაბამება ქარის სიჩქარისეულ დაწნევას, გაითვალისწინება ყოველთვის, ხოლო დანამიკური მდგენელი, რომელსაც წარმოშობს ქარის ჩქაროსნული დაწნევის პულსაცია, გაითვალისწინება: ნაგებობებში საკუთარი რხევის პერიოდით 0,25 წმ (ანძები, კოშკები, საკვამლე მილები, ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები, სატრანსპორტო გალერეები, ღია ეტაჟერები და სხვ.); მრავალსართულიან შენობებში სიმაღლით მეტი 40 მ-ზე; სამრეწველო შენობის ერთსართულიან ერთმალიან ჩარჩოებში სიმაღლით მეტი 36 მ-ზე, როცა სიმაღლის ფარდობა მალთან მეტია 1,5-ზე; მრგვალი ცილინდრული ფორმის მაღლივი ნაგებობები (საკვამლე მილები, ანძები და ა.შ.) აუცილებელია აგრეთვე გაანგარიშდეს რეზონანსულ რხევებზე, რომელიც წარმოიშვება ქარის ისეთი სიჩქარისას, როცა გრიგალის წყვეტის სიხშირე ემთხვევა ნაგებობის საკუთარი სიხშირით რხევას ქარის ნაკადის განივად.

დატვირთვა ქარის ნორმატიული - დამოკიდებულია ქარის ნორმატიულ დაწნევაზე W0, აეროდინამიკურ კოეფიციენტზე c და შენობის სიმაღლის გავლენის გამთვალისწინებელ k კოეფიციენტზე: W = W0•k•c, სადაც W0-ის მნიშვნელობა აიღება მშენებლობის კლიმატური რაიონის მიხედვით; k კოეფიციენტის მნიშვნელობა - შენობის სიმაღლეზე და ადგილმდებარეობაზე დამოკიდებულებით, ხოლო c კოეფიციენტის მნიშვნელობა - სახურავებისა და კონსტრუქციების ტიპზე და გეომეტრიულ მოხაზულობაზე დამოკიდებულებით. თუ სახურავის დახრის კუთხე α ≤ 140, მაშინ ქარის დატვირთვა მოქმედებს როგორც გაწოვა (პასიური მხარე), ამცირებს ძალვებს მზიდ კონსტრუქციებში და მის გავლენას სახურავზე არ ითვალისცინებენ.

დატვირთვა ქარის საანგარიშო - მიიღება ქარის ქარის ნორმატიული დატვირთვის მნიშვნელობის გადამრავლებით დატვირთვის საიმედოობის γ კოეფიციენტზე: W = γ•W0, სადაც γ = 1,2 ჩვეულებრივი შენობებისათვის, ხოლო მაღლივი ნაგებობებისათვის - γ = 1,3, თუ ნაგებობის გაანგარიშების ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული არ არის γ კოეფიციენტის სხვა (სპეციალური) მნიშვნელობა.

დატვირთვა ღერძული - ღეროს ღერძის გასწვრივ მიმართული დატვირთვა.

დატვირთვა შეყურსული - გადახურვის, სახურავის, კიბეების და აივნების მზიდ ელემენტებზე მოქმედი, პირობით შეყურსული, ვერტიკალური დატვირთვა, რომელიც მოდებულია ელემენტის არახელსაყრელ ადგილზე ფართობია ერტეულზე გვერდის ზომით  10 სმ (თუ სხვა რაიმე სახის დროებითი დატვირთვა არ მოქმედებს). მისი მნიშვნელობებია: გადახურვებისა და კიბეებისათვის - 1,5 კნ; სასხვენო გადახურვების, სახურავების, ტერასებისა და აივნებისათვის - 1 კნ; სახურავებისათვის, რომლებზეც გადაადგილება ხდება ტრაპებისა და ბიგების საშუალებით - 0,5 კნ. ელემენტები, რომლებიც აგებისა და ექსპლუატაციის დროს გაანგანიშდება შესაძლო ადგილობრივ დატვირთვებზე მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებებისაგან, დასაშვებია არ გაანგარიშდეს ზემოთ მოყვანილ შეყურსულ დატვირთვებზე. დ. შ. დატვირთვის საიმედოობის კოეფიციენტი γ = 1,2.

დატვირთვა ჰიდრავლიკური ჩამდინარი წყლების - ჩამდინარი წყლების მოცულობა, რომელიც გაედინება დროის ერთეულში, მიკუთვნებული საწმენდი ნაგებობის ზედაპირის ერთეულს ან მოცულობას.

დატვირთვების შეხამება - კონსტრუქციების და ნაგებობების ექსპლუატაციის დროს, შერჩევით, რამდენიმე სახის დატვირთვის ერთდროული ზემოქმედება. გაანგარიშების დროს გაითვალისწინება სხვადასხვა დატვირთვების შეხამების შესაძლებლობა, რისთვისაც შემოტანილია დატვირთვების შეხამების კოეფიციენტი nშეხ<1. არსებობს ძირითადი შეხამება (მუდმივი დატვირთვა + ხანგრძლივი დროებითი) და განსაკუთრებული შეხამება (მუდმივი დატვირთვა + ხანგრძლივი დროებითი + შესაძლო ხანმოკლე დროებითი + ერთ-ერთი განსაკუთრებული სახის დატვირთვა). ძირითადი შეხამების კოეფიციენტი nძირ.შეხ = 0,9; განსაკუთრებულის - nგან.შეხ = 0,8.

დატვირთვის ეპიურა - დატვირთვის ინტენსივობის გრაფიკი, როგორც სხეულის წერტილის მდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატის ფუნქცია.

დატვირთვის ინტენსივობა (კუთრი დატვირთვა) - უწყვეტი დატვირთვა, რომელიც მოქმედებს სიგრძის ან ფართობის ერთეულზე.

დატვირთვის ცენტრი - ღეროს განივი კვეთის წერტილი, რომელზეც გადის ღეროს ჩამოცილებულ ნაწილზე მოქმედი გარე ძალების ტოლქმედის ფუძე.

დატკეპნა - გრუნტის მოსწორება სატკეპნი მანქანით.

დაუკომპლექტებელი სატრანსპორტო საშუალება - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც უნდა გაიაროს დაკომპლექტების მინიმუმ ერთი ეტაპი, რათა დააკმაყოფილოს შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები.

დაუმთავრებელი მშენებლობა - გამშენებლის დანახარჯები სამშენებლო ობიექტების ასაგებად მშენებლობის დაწყებიდან ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლამდე.

დაუმთავრებელი წარმოება - მოიჯარის დანახარჯები სამშენებლო ობიექტების დაუმთავრებელ სამუშაოებზე, შესრულებული მშენებლობაზე ხელშეკრულების შესაბამისად.

დაუმყარებელი (არასტაციონარული) რეჟიმი - მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება მანქანა, მექანიზმი, დანადგარი, სისტემა შემაშფოთებელი ძალებით განპირობებული გარდამავალი ძალების პროცესის წარმოშობის მომენტში და განაგრძობს ამ მდგომარეობაში ყოფნას ამ ძალების მოხსნის შემდგომ პერიოდში, რომელიც ხასიათდება მათ მიერ განვითარებული პარამეტრების ცვალებადობით დროის მიხედვით.

დაუმყარებული ნაკადი - მოძრაობა, როდესაც ჰიდრონარევის მოძრაობის მთელ პერიოდში მუდმივად იცვლება სიჩქარე, წნევა და კონცენტრაცია.

დაუტვირთავი რეზერვი - რეზერვი, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე სარეზერვო ელემენტს, რომლებიც იმყოფებიან დაუტვირთავ რეჟიმში მათ მიერ ძირითადი ელემენტების ფუნქციების შესრულებამდე.

დაუძაბავი არმატურის დაანკერება - პერიოდული პროფილის ღეროები, აგრეთვე გლუვი ღეროები, გამოყენებული შედუღებულ კარკასებში და ბადეებში, მზადდება ბოლოებზე კაუჭის გარეშე. გაჭიმული გლუვი ღეროების ბოლოები შეკრულ კარკასებში და ბადეებში მთავრდება კაუჭით, თათებით ან მარყუჟით. A-I კლასის გლუვი არმატურის ანკერების გამოყენება მისაღებია მხოლოდ მათი ბოლოების გაძლიერების შემთხვევაში ფირფიტებით, გამოტვიფრული თავებით და ზომამოკლე განივი ღეროებით. ასეთი ანკერების სიგრძე განისაზღვრება ბეტონის ამოხლეჩაზე და თელვაზე გაანგარიშებით. ზემოხსენებული ფოლადისაგან კაუჭებით დაბოლოებული ანკერების გამოყენება დასაშვებია კონსტრუქციული დეტალებისათვის. არმატურის ყველა გრძივი ღეროს დაანკერების უზრუნველყოფისათვის, რომელთა გადაყვანა ხდება საყრდენის კიდის იქით, ღუნვადი ელემენტების განაპირა თავისუფალ საყრდენებზე გაჭიმული ღეროს გადაშორების სიგრძე თავისუფალი საყრდენის შიდა კიდის იქით შეადგენს (5-10)d-ს.

დაფა - 1. ოთხკუთხა ფორმის, ბრტყელი, მოჩარჩოებული ნაკეთობა საკლასო ოთახებისა და აუდიტორიებისათვის, მასზე ცარცით ან ფლომასტერით საწერად; 2. სხვადასხვა დანიშნულების ბრტყელი ფიცარი (მაგ., მემორიალური დაფა).

დაფარული სამუშაოები - ისეთი სამშენებლო კონსტრუქციული სამუშაოები, რომლებიც დასრულებულ მდგომარეობაში სხვა მასალებით ან გრუნტით არის დაფარული (მაგ.: ბეტონში მოქცეული არმატურა, საძირკვლის ჰიდროიზოლაცია და სხვ.).

დაფერდების კუთხე - ფერდოს და ჰორიზონტალურ სიბრტყეებს შორის შექმნილი კუთხე.

დაფრაქციებული ქვიშა - ქვიშა, დაყოფილი ორ ან მეტ ფრაქციად სპეციალური გამამდიდრებელი განადგარების გამოყენებით, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს ცალცალკე დადგენილი თანაფარდობით.

დაფრქვევა - დისპერსიულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერების დატანა ნაკეთობათა ან ნახევარფაბრიკატების ზედაპირზე დაცვითი ან დეკორატიული მიზნით.

დაფქვა - ცემენტის, კირის, თაბაშირის, კერამიკული ნაკეთობების და სხვა წარმოებაში საჭიროა მასალის დაქუცმაცება მილიმეტრის მეათედ ზომაზე ნაკლები ზომის ნაწილაკებად, რისთვისაც იყენებენ ბურთულებიან დოლურ დარტმითი მოქმედების, ვიბრაციულ და ჭავლურ წისქვილებს. დაფქვის პროცესი გამოირჩევა დიდი ენერგოტევადობით და მაღალი თვითღირებულებით.

დაფქვის სიწმინდე - მასალის ნაწილაკების სიდიდე დაფქვის შემდეგ. პირობითად გამოითვლება პროცენტებში სტანდარტული ზომების მქონე საცერში გაცრით ან დაწვრილმანებული ფხვნილის ხვედრითი ზედაპირის გაზომვით. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი ცემენტის წარმოებაში.

დაქუცმაცება - ტექნიკაში რაიმე მყარი პროდუქციის (ნივთიერების) წვრილად მსხვრევა (5 მმ-ზე ნაკლები). დაქუცმაცების ძირითადი აპარატები - წისქვილი და რბია. გამოიყენება სამშენებლო, მეტალურგიულ, სამთო, ქიმიურ, კომბინირებული საკვების და მრეწველობის სახვა დარგებში.

დაღლა - 1. მასალის სიმტკიცის შემცირება ცვლადი დატვირთვების მრავალჯერადი მოქმედებისას; 2. ადამიანის შრომისუნარიანობის დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია მძიმე სამუშაოს შესრულებით, დაძაბვით ან ხანგრძლივად მუშაობით და მჟღავნდება შრომის შედეგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუარესებით. დ. შექცევადი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა თუ შრომისუნარიანობა შემდგომი სამუშაოს დაწყებამდე არ აღდგა, შეიძლება დაღლა დაგროვდეს და გადაღლაში გადაიზარდოს, რომელიც შემდგომში ავადმყოფობას იწვევს.

დაღლილობა - მოვლენა დამოკიდებული მასალაში გამჭიმი ძალის მრავალგზის ცვალებადობაზე (გაზრდა-შემცირება). ტექნიკასა და მშენებლობაში ხშირად არის ავარიის მიზეზი. დღეისათვის ნაკლებად არის შესწავლილი, რადგანაც მისი რაოდენობრივი შეფასებისათვის სანდო და ნორმირებული მონაცემები არ არსებობს.

დაღლილობა ლითონის - ლითონის ნაკეთობის თვისება დაიშალოს (დაირღვეს) მასზე მრავალჯერადად ცვლადი მიმართულების დატვირთვების ზემოქმედების შედეგად. ეს ძალა გაცილებით ნაკლებია მის კრიტიკულ მრღვევ ძალასთან შედარებით. ლითონის სიმტკიცე დაღლილობის ზღვრით და მზიდუნარიანობით ხასიათდება, რად ექსპერიმენტულად, ე.წ. „დასაღლელი“ მანქანის მეშვეობით დგინდება.

დაღლილობა მასალის - დროში ცვალებადი ციკლური დეფორმაციებისა და ძაბვების მოქმედების შედეგად მასალის მექანიკური და ფიზიკური თვისებების შეცვლა. დ. წინააღმდეგობა ხასიათდება ამტანობის ზღვარით.

დაღლილობა მერქნის - მერქნის თვისება დაირღვეს (გადატყდეს) მასზე მრავალჯერადად ცვლადი მიმართულების დატვირთვების ზემოქმედების შედეგად. იგი დამოკიდებულია მერქნის ჯიშზე, ტენიანობაზე და სიმკვრივეზე. დ.მ. შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი ვიდრე ლითონებისათვის, რასაც განაპირობებს მერქნის რთული (ანიზოტროპიული) აგებულება.

დაღლილობითი ცვეთა - მექანიკური ცვეთა, რომელიც ხდება დეტალების მიკროზედაპირების განმეორებადი დეფორმირებით გამოწვეული დაღლილობითი რღვევის გამო. ასეთ ცვეთას განიცდის გორვის და სრიალის საკისრები, კბილანების კბილები, ლილვები და სხვა დატვირთული დეტალები.

დაღლილობის მრუდი - ვ ი ო ლ ე რ ი ს მ რ უ დ ი, - გრაფიკული გამოსახულება მასალის უნარისა წინააღმდეგობა გაუწიოს დაღლილობით რღვევას (მაქსიმალური ძააბვის ციკლის დამოკიდებულება რღვევამდე ციკლების რაოდენობასთან). არჩევენ დ.მ. ორ ძირითად ტიპს: 1. ძაბვის განსაზღვრული სიდიდის მიღწევისას ციკლების რაოდენობა რღვევამდე პრაქტიკულად აღარ იცვლება შემდეგში ძაბვის შემცირებისას; 2. ძაბვის შემცირებისას ციკლების რაოდენობა რღვევამდე უწყვეტად მცირდება. დ.მ. ტიპზე დამოკიდებულებით გამოიყენება გამძლეობის ზღვრის (დაღლილობის) განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდი.

დაღმართი - გზა, რომელიც ქვევით მიემართება, დაქანებულია, თავდაღმართია.

დაღორღვა - საძირკვლის კონსტრუქციებს შორის ცარიელი სივრცის შევსება ღორღით.

დაყალიბება - ნაკეთობის მიღება ყალიბებში. მაგ., რკ.ბ.-ის ნაკეთობათა წარმოება ხორციელდება სპეციალურად მომზადებულ ლითონის დასაშლელ ყალიბებში ბეტონის ნარევის შემჭიდროება-გამკვრივებით, რაც ხორციელდება სხვადასხვა მეთოდით: ვიბრირებით, ვიბროჩაწნეხვით, ჩატკეპნით, ცენტრიფუგირებით და სხვ.

დაყვანილი ინერციის მომენტი მექანიზმის - ინერციის მომენტი, რომელიც უნდა გააჩნდეს მექანიზმის ერთ-ერთ რგოლს (დაყვანის რგოლს) ბრუნვის ღერძის მიმართ, რომ ამ რგოლის კინეტიკური ენერგია ტოლი იყოს მექანიზმის ყველა რგოლის კინეტიკურ ენერგიათა ჯამისა.

დაყვანილი მასა - 1. მოძრავ მექანიკურ სისტემაში მასათა განაწილების პირობითი მახასიათებელი, რომელიც დამოკიდებულია სისტემის ფიზიკურ პარამეტრებსა (მასა, ინერციის მომენტები, ინდუქციურობა და სხვ.) და მისი მოძრაობის კანონებზე; 2. მექანიკური სისტემის წარმოსახვითი მასა, რომლის ყოველი ელემენტი განლაგებულია მოცემული ღერძიდან ერთი და იგივე (ნებისმიერ) R მანძილზე, ხოლო სიდიდე Mდ ისეთია, რომ მისი ინერციის მომენტი J ტოლია მოცემული სისტემის ინერციის მომენტისა.

დაყვანილი მასა მექანიზმის - მასა, რომელიც უნდა შევყურსოთ მექანიზმის მოცემულ წერტილში (დაყვანის წერტილში) ისე, რომ ამ მატერიალური წერტილის კინეტიკური ენერგია გაუტოლდეს მექანიზმის ყველა რგოლის კინეტიკურ ენერგიათა ჯამს.

დაყვანილი მომენტი ძალის - დაყვანილი წყვილძალის მომენტი.

დაყვანილი მოქნილობა - შედგენილ კვეთებში მომეტებული მოქნილობა თავისუფალი ღერძის მიმართ

დაყვანილი სიგრძე (ქანქარის) - მათემატიკური ქანქარის სიგრძე, რომლის რხევის პერიოდი მოცემული ფიზიკური ქანქარის რხევის პერიოდის ტოლია.

დაყვანილი ძალა - მექანიზმის ერთ-ერთ წერტილზე (დაყვანის წერტილზე) პირობითად მოდებული ძალა, რომელიც განისაზღვრება მექანიზმის რგოლებზე მოქმედი ძალების და წყვილძალების ელემენტარულ მუშაობათა ჯამისა და ამ ძალის ელემენტარული მუშაობის ტოლობიდან. არჩევენ „დაყვანილ ამძრავ ძალას“, „დაყვანილ წინაღობის ძალას“, „დაყვანილ ინერციის ძალას“ და ა.შ.

დაყვანილი წყვილძალა - მექანიზმის რომელიმე რგოლზე (დაყვანის რგოლზე) პირობითად მოდებული წყვილძალა, რომელიც განისაზღვრება მექანიზმის რგოლებზე მოდებული ძალების და წყვილძალების ელემენტარულ მუშაობათა ჯამისა და ამ წყვილძალის მუშაობათა ტოლობიდან. არჩევენ „დაყვანილ ამძრავ წყვილძალას“, „წინაღობის დაყვანილ წყვილძალას“, „ინერციის დაყვანილ წყვილძალას“ და სხვ.

დაყვანის ცენტრი - წერტილი, რომლის მიმართაც გამოითვლება ძალთა სისტემის ნაკრები მომენტი და რომელზეც უნდა მოვდოთ ძალთა სისტემის ნაკრები ვექტორი, როცა ძალთა სისტემა დაგვყავს ერთ ძალაზე და ერთ წყვილძალაზე.

დაშენება - შენობის რეკონსტრუქციის სახე, რომელიც ითვალისწინებს არსებულ შენობაზე ერთი ან რამდენიმე დამატებითი სართულის მოწყობას.

დაშვებათა სისტემა - ნაკეთობების ზომების ცვალებადობის ზღვრული ნორმები გადიდების ან შემცირების მიმართულებით, რომელიც მიიღება სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.

დაშლის რეაქციები - რეაქციები, რომლის დროს ერთი ნივთერების მოლეკულებისგან წარმოიქმნება ორი ან მეტი ნივთიერების მოლეკულა.

დაშრობა - სამეურნეო საქმიანობის მიზნით წყლის საზიანო ზემოქმედების აცილება ან ლიკვიდაცია. ხორციელდება დასაშრობი და სარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობით.

დაჩრდილვის კონტური - საანგარიშო წერტილის მიმართ დამჩრდილავი ობიექტების (შენობები, აივნები და სხვა) მიერ შექმნილი კონტური, რომლის ფარგლებში მზის ტრაექტორიების ცალკეული მონაკვეთები, ან მთლიანად ტრაექტორია არ მოჩანს.

დაცენტრება - ნამზადის ცენტრალური ხვრელის დამუშავების სახე მისი შემდგომი მექანიკური დამუშავებისათვის ცენტრალურ ნაწილში. ხშირად სრულდება ერთდროულად ორივე მხრიდან. დ. სიზუსტეზეა დამოკიდებული ნამზადის ყველა ზედაპირის შემდგომი დამუშავების სიზუსტე.

დაცვა შემოღობვით - დაცვის საშუალება, განკუთვნილი დენგამტარი ნაწილების დროებით შემოღობვისათვის, მასთან საშიშ მანძილზე მიახლოების თავიდან აცილების ან გაფრთხილების მიზნით.

დაცვითი ნარგაობა - ნიადაგის დაცვის მიზნით გაშენებული მერქნიან მცენარეთა ნარგავები.

დაციტი (ლათ.) - 1. კვარცული ანდეზიტი; 2. მაგმური ქანი, გრანოდიორიტებისა და კვარციანი დიორიტების ეფუზიური კაინოტიპური ანალოგი. შედგება წვრილმარცვლოვანი ან მინისებური ძირითადი მასისა და პლაგიოკლაზის, კვარცის, იშვიათად ბიოტიტის, რქატყუარის, პიროქსენის პორფირული გამონაყოფებისაგან. ხშირად ასოცირდება ანდეზიტებსა და ტრაქიტებთან. ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში. ძირითადად გამოიყენება მშრალი სამშენებლო ნარევების მოსამზადებლად.

დაცული ჭიშკარი - უსაფრთხოების ვესტიბიული, ორი ან მეტი კარით ან ჭიშკრით, რომლის დანიშნულებაა შეაფერხოს უწყვეტად და დაუბრკოლებლად გასვლა და ამის გამო ერთ ჯერზე იღება მხოლოდ ერთი კარი ან ჭიშკარი.

დაცულობა საგანგებო სიტუაციაში - მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება მოსახლეობისათვის, საწარმოო ობიექტებისათვის და ბუნებრივი გარემოსათვის საგანგებო სიტუაციებში პოტენციური საშიშროების წარმოქმნის თავიდან აცილება, დაძლევა ან ნეგატიური შედეგების შემცირება.

დაძაბული არმატურის ძაბვის დანაკარგები - წინასწარ დაძაბული ელემენტების გაანგარიშებისას გათვალისწინებული არმატურის წინასწარი ძაბვის დანაკარგები. საბჯენებზე არმატურის დაჭიმვისას: ა) პირველი დანაკარგები - ანკერების დეფორმაციისგან, არმატურის ხახუნისგან შემომვლებ მოწყობილობაზე, არმატურაში ძაბვების რელაქსაციისგან, არმატურისა და საანკერო მოწყობილობას შორის ტემპერატურული სხვაობისგან, ყალიბის დეფორმაციისგან (არმატურის დაჭიმვისას ყალიბზე), ბეტონის სწრაფმდინარი ცოცვადობისგან; ბ) მეორე დანაკარგები - ბეტონის შეკლებისა და ცოცვადობისგან. ბეტონზე არმატურის დაჭიმვისას: ა) პირველი დანაკარგები - ანკერების დეფორმაციებისგან, არმატურის ხახუნისგან არხების კედლებთან ან კონსტრუქციის ბეტონის ზედაპირთან; ბ) მეორე დანაკარგები - არმატურაში ძაბვების რელაქსაციისგან, ბეტონის შეკლებისა და ცოცვადობისგან, არმატურის ხვეულების ქვეშ ბეტონის მოთელვისაგან, ბლოკებს შორის პირაპირების დეფორმაციისგან (ბლოკებისგან შედგენილი კონსტრუქციებისთვის). არმატურის წინასწარი ძაბვების დანაკარგების ჯამური სიდიდე კონსტრუქციების დაპროექტებისას მიიღება არანაკლებ 100 მპა-სა. დამძაბავი ბეტონის გამოყენებით დამზადებული ელემენტების გაანგარიშებისას გაითვალისწინება წინასწარი ძაბვების დანაკარგები, გამოწვეული მხოლოდ ბეტონის შეკლებისა და ცოცვადობისაგან, რომელთა მნიშვნელობა დამოკიდებულია ბეტონის მარკაზე თვითდაძაბვის მიხედვით და გარემოს ტენიანობაზე. დამძაბავი ბეტონის გამოყენებით დამზადებული კონსტრუქციებისთვის, რომელთა ექსპლუატაციაც ხდება ჭარბი ტენიანობის პირობებში, შეკლების დანაკარგები არ გაითვალისწინება.

დაძაბული მდგომარეობა - ნივთიერი სხეულის მდგომარეობა, რომელიც ამ სხეულის ყოველ წერტილში განისაზღვრება ძაბვის ტენზორით

დაძაბული მდგომარეობა არაერთგვაროვანი - დაძაბული მდგომარეობა, რომლის კომპონენტები წარმოადგენენ სხეულის წერტილების კოორდინატების ფუნქციებს.

დაძაბული მდგომარეობა ბრტყელი - დაძაბული მდგომარეობა, რომლის დროსაც მოცემული სიბრტყის (რომელსაც ძაბვის სიბრტყე ეწოდება) პარალელურ ყველა კვეთაში ძაბვები ნულის ტოლია.

დაძაბული მდგომარეობა ერთგვაროვანი - დაძაბული მდგომარეობა, რომელიც სხეულის ყოველ წერტილში განისაზღვრება ერთი და იმავე კომპონენტებით (კოორდინატთა მართკუთხა სისტემაში).

დაძაბული მდგომარეობა სივრცითი - დაძაბული მდგომარეობა, რომლის დროსაც სამი მთავარი ძაბვიდან თითოეული არ უდრის ნულს.

დაძაბული მდგომარეობა წრფივი - დაძაბული მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა მოცემული ღერძის გასწვრივ მარტივი გაჭიმვისას ან კუმშვისას.

დაძაბულობა - კონსტრუქციის (ელემენტის) მექანიკური მდგომარეობა, როდესაც მასში აღძრულია შინაგანი დეფორმაციის ძალები, გამოწვეული გარეგანი ზემოქმედებით.

დაძაბულობა ამაღლებული - დაძაბულობა, რომელიც თან ახლავს ექსტრემალურ პირობებში მიმდინარე საქმიანობას. ექსტრემალური პირობები მომუშავისაგან მოითხოვს ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების მაქსიმალურად დაძაბვას, რომელიც მკვეთრად გამოდის ფიზიოლოგიური ნორმების ზღვრებიდან. ექსტრემალური რეჟიმი ოპტიმუმის ზღვრებიდან გამოსულ პირობებში მუშაობის რეჟიმია. საქმიანობის ოპტიმალური პირობებიდან გადახრა მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ანუ იწვევს დაძაბულობას. დაძაბულობას ზრდის ისეთი არახელსაყრელი ფაქტორები, როგორიცაა: ფიზიოლოგიური დისკომფორტი, ბიოლოგიური შიში, დროის დეფიციტი მომსახურებაზე, ამოცანის დიდი სიძნელე, მცდარი ქმედებების ამაღლებული მნიშვნელობა, მცდარი ქმედებების ამაღლებული მნიშვნელობა, რელევანტური დაბრკოლების არსებობა, ობიექტური გარემოებების გამო წარუმატებლობა, გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ინფორმაციის დეფიციტი, ინფორმაციის ჩაუტვირთაობა (სენსორული დეპრივაცია), ინფორმაციით გადატვირთვა, კონფლიქტური პირობები.

დაძაბულობა ზომიერი - ნორმალური სამუშაო მდგომარეობაა, რომელიც აღიძვრება შრომითი საქმიანობის მამობილიზირებელი გავლენით. ფსიქიკური აქტივობის ეს მდგომარეობა მოქმედების წარმატებით შესრულების აუცილებელი პირობაა. მას ახლავს ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქციების ზომიერი ცვლილება, მჟღავნდება კარგ გუნება-განწყობაში, მოქმედებების სტაბილურად და თავდაჯერებულად შესრულებაში. ზომიერი დაძაბულობა შეესაბამება ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობას.

დაძაბულობა ძალთა ველის - ძალა, რომელიც მოქმედებს ძალთა ველში მოთავსებული ერთეული მასის ნივთიერ წერტილზე.

დაძველება - 1. ასაკის მატება რამისთვის; 2. ფიზიკურ-მექანიკური, ესთეტიკური, გარეგნული თვისებების და სხვა მაჩვენებლების ცვლის პროცესი დროის გარკვეულ მონაკვეთში (მაგ., შენობის დ., დანადგარის ცვეთა და სხვ.); 3. საშენ მასალაზე სითბოს, ტენის, ოზონის, დროის და დღის სინათლის სპექტრის ულტრაიისფერი გამოსხივების ერთობლივი ზემოქმედების შედეგი. აქვს უარყოფითი გავლენა კონსტრუქციების და დეტალების მზიდუნარიანობაზე; 4. თვისებების გაუმჯობესება დროის გარკვეულ მონაკვეთში (მაგ., მოდიფიცირებული მერქნის დ., ღვინის დ. და სხვ.).

დაძველება ლითონის - ლითონებისა და შენადნობების თვისებების შეცვლა, რომელიც მიმდინარეობს თავისთავად, მათი დაყოვნებისას ხანგრძლივად ოთახის ტემპერატურაზე (ბუნებრივი დაძველება) ან მათი გახურებით (ხელოვნური დაძველება). ამ დროს მატულობს ლითონის სიმტკიცე და სისალე და ამავდროულად მცირდება პლასტიკურობა და დარტყმითი სიბლანტე.

დაწახნაგება - ბუნებრივი და ხელოვნური ქვების მექანიკური დამუშავება ტექნიკური და საიუველირო მიზნით.

დაწებებული კოჭი - შეწებებული თხელი ფიცრების პაკეტი. გეომეტრიული ზომები და განივკვეთის ფორმა პრაქტიკულად შეიძლება იყოს ნებისმიერი და დამოკიდებული არ არის დახერხილი ხის მასალის სორტამენტის შეზღუდვებზე. დამყოლ მაკავშირებლებზე განხორციელებული ელემენტებისაგან განსხვავებით დაწებებული კოჭები ფაქტობრივ მონოლითური (მთლიანკვეთიანი) კონსტრუქციებია (ნახ. 1). კოჭის განივკვეთის სიმაღლე მიიღება (0,08...0,12)ℓ , ხოლო სიგანე შეიძლება იყოს 40 სმ-მდე, თუმცა პრაქტიკაში დაწებებული კოჭის სიგანე მიიღება 17 სმ-მდე, რაც საშუალებას იძლევა, ასეთი ძელები დავამზადოთ სიგანეში მთლიანი ფიცრებისაგან. ფიცრების შეწებებისათვის გამოიყენება სინთეზური წებოები. მერქნის ტენიანობა W ≤ 15%. კოჭის განივკვეთის სიმაღლე საყრდენზე არ შეიძლება იყოს 40 სმ-ზე ნაკლები. ფიცრების სისქე სწორხაზოვან  ელემენტებში δფ ≤ 42 მმ, ხოლო მრუდხაზოვანში - δფ ≤ 42 მმ. დაწებებული კოჭების მდგრადობის უზრუნველყოფისათვის ძელის h სიმაღლის შეფარდება b სიგანესთან შეზღუდულია და დაცული უნდა იქნეს პირობა h/h ≤ 6. დ.კ. გამოიყენება ხის მზიდი კონსტრუქციების (კოჭი, წამწე, კამარა, ჩარჩო, გრძივი, სტრუქტურა, გარსი, ხიდი და სხვ.) დასამზადებლად.

დაწებებული ძელი - მზიდი კონსტრუქციული ელემენტი, დამზადებული ერთმანეთთან შეწებებული თხელი ფიცრებისაგან (ნახ. 1). დაწებებული ძელი (კოჭი) ნატურალური მერქნის წარმოების კანონზომიერი განვითარების შედეგია, რომელმაც მთლიანკვეთიანი ძელი შეცვალა უფრო ხარისხიანი, ესთეტიკურად მიმზიდველი, შესანიშნავი ფიზიკური მახასიათებლების მქონე კონსტრუქციით. დაწებებული ძელების წარმოებაში ევროპაში წინა პოზიციებზეა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრია (28%), გერმანია (26%), იტალია, საფრანგეთი, შვეცია, ფინეთი და დანია. ევროპელი მწარმოებლების ძირითადი პროდუქციაა ფიცრულ-დაწებებული ძელი, რომელსაც იყენებენ მზიდი კონსტრუქციების (კოჭი, კამარა, კოლონა) ძირითადი ელემენტებისათვის სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების აშენებისას. დაწებებული ძელის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, გერმანიაა, რომელიც გამოიყენებს ევროპაში დამზადებული დაწებებული ძელების 33%-ს, იტალია - 27%-ს. აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში დაწებებული ძელის უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელია იაპონია, სადაც საცხოვრებელი სახლების დაახლოებით ნახევარი ამ მასალით შენდება. დაწებებული ძელები ძირითადად გამოიყენება შენობის კარკასის რიგელებად, დგარებად და ქვედა საყრდენ ძელებად.

დაწესებულება - სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ სამეურნეო თუ სამეცნიერო სფეროს მართავს

დაწნევა - 1. დაწოლით აღძრული ძალა (ორთქლის დ., გრუნტის დ., სითხის დ. და სხვ.); ჰიდრავლიკაში - წრფივი სიდიდე, რომელიც გამოსახავს სითხის ნაკადის კუთრ (სითხის წონის ერთეულთან შეფარდებულ) ენერგიას მოცემულ წერტილში. საანგარიშო დ. შეარჩევენ დასმული ამოცანის მიხედვით. მაგ: კაშხლებისათვის ზედა ბიეფის მხრიდან მოქმედი დ. იქნება წყლის სიღრმე ამავე ბიეფში. ხვრელებიდან სითხის ან აირის გამოდინების საკითხებთან დაკავშირებულ ამოცანათა გადაწყვეტის დროს მოქმედ დ. მიღებულია ხვრელის განივი კვეთის ფართობის სიმძიმის ცენტრის ჩაძირვის სიღრმე (სითხის ატმოსფეროში გამოდინებისას). ჰესებში ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბრუტო დ. (ზედა და ქვედა ბიეფების ნიშნულების სხვაობა) და ნეტო დ.. ნეტო დაწნევა უდრის ბრუტო დაწნევას ჰიდრავლიკური წინაღობებით გამოწვეული დანაკარგების გამოკლებით. არსებობს დ. მრავალი სახეობა: აბსოლუტური, დაკარგული, დინამიკური, თავისუფალი, მამოძრავებელი, მუშა, ნეიტრალური, სრული, სტატიკური, ტემპერატურული, ფარდობითი, ჰიდროდინამიკური, ჰიდროსტატიკური და სხვ.

დაწნევა ბგერის - მუდმივი ჭარბი დაწნევა (საშუალო დროის მიხედვით, რომელსაც განიცდის ტანი მასზე ბგერითი ტალღების მოქმედების შედეგად. დ. ბ. განისაზღვრება იმპულსით, რომელიც გადაეცემა ტანის ზედაპირის ერთეულს დროის ერთეულში (მაგ., 1 კვ. სმ-ს 1 წამში). დ.ბ. პირდაპირპროპორციულია ბგერის ინტენსივობის და შესაბამისად, ეფექტური ბგერითი დაწნევის კვადრატის, თუმცა ყოველთვის ნაკლებია ამ უკანასკნელზე.

დაწნევა სინათლის - დაწნევა, რომელსაც ახდენს სინათლე განათებულ ტანზე. მზის სხივი მოქმედებს სხივების სრულად მშთანთქავ ზედაპირზე დაწნევით 5 მკრ. პა, სრულად ამრეკლავზე 2-ჯერ მეტად. დ.ს. თამაშობს უდიდეს როლს კოსმოსურ პროცესებში (კომეტების კუდის გაჩენა, დიდი ვარსკვლავების წონასწორობა და სხვ.).

დაწნევა ჰიდრავლიკაში - ხაზოვანი სიდიდე, რომელიც გამოსახავს მოცემულ წერტილში სითხის ნაკადის კუთრ ენერგიას და განისაზღვრება ბერნულის განტოლებით. არის მრავალი სახის: დინამიკური, მუშა, ტანგენციალური, სტატიკური, ქარის, ჰიდროდინამიკური, ჰიდროსტატიკური და სხვ. დაწნევის განზომილებაა პა

დაწნევიანი ჰიდროტრანსპორტი - მილსადენი, რომლითაც ჰიდრონარევი ჭარბი წნევისა და დამჭირხნი მანქანა-მექანიზმების მეშვეობით (გრუნტის ტუმბოები, მიწასაწოვები, ნახშირსაწოვები და სხვ.) მიეწოდება მომხმარებელს; 2. მილსადენი, რომლითაც ჰიდრონარევი მიეწოდება მომხმარებელს მილსადენის სრულად შევსებული კვეთით მილსადენის საწყის და ბოლო ნიშნულებს შორის სხვაობის ხარჯზე.

დაწნეხა - 1. რაიმეს მიღება, დამზადება დაწნეხით; 2. რაიმეს შემჭიდროების პროცესი.

დაწნეხა ცივი - დაწნეხის პროცესი, როდესაც გამოიყენება ერთსართულიანი წნეხი ცივი ფილებით (მაგ., ავეჯის წარმოებაში დეკორატიული ქაღალდფენოვანი პლასტიკით დაფანერება).

დაწნეხა ცხელი - დაწნეხის პროცესი, როდესაც წნეხის მუშა ორგანოები წინასწარ გაცხელებულია რეჟიმით გათვალისწინებულ ტემპერატურამდე.

დახარისხება - არაერთგვაროვანი საწყისი მასალის სიმსხოს მიხედვით კლასებად გაყოფის პროცესი, რომლის დროსაც მასალისაგან გამოცალკევდება აგრეთვე მინარევები და ჩანართები. დ. მოწყობილობა ეფუძნება მექანიკურ, ჰიდრავლიკურ და საჰაერო პრინციპს და შესაბამისად, მათ ცხავებს, ჰიდროკლასიფიკატორებს და საჰაერო სეპარატორებს უწოდებენ. დ. პროცესი ორი მაჩვენებლით ხასიათდება: დახარისხების ეფექტურობა და პროდუქტის დანაგვიანება.

დახერხვა - 1. ხ ი ს  დ ა მ უ შ ა ვ ე ბ ა შ ი, - ხერხის საშუალებით მრგვალი სორტიმენტების (მორი, კუნძი) ფიცრებად, ძელებად, ძელაკებად, ნაგვერდულებად დანაწევრების პროცესი. არსებობს დ. სახეები: გრძივად, განივად, რადიალურად, ტანგენციურად (წლიური რგოლების მხების მიმართულებით), პირაპირულად, დაშლით, პარალელურად, წიბოზე, სეგმენტურად, სექტორულად, ჯგუფურად, წვერიდან, შერეული, შემობრუნებით, დაყოფით და სხვ.; 2. ქ ვ ი ს დ ა მ უ შ ა ვ ე ბ ა შ ი, - კარიერში მოპოვებული ბუნებრივი ქვის ბლოკების დამუშავება დეკორატიული ფილების (სისქით > 20 მმ) მისაღებად. წარმოებს სახერხ ჩარხზე.

დახერხილი ხე-ტყე - ხის მასალა მიღებული ხის მორის სიგრძეზე (ბოჭკოების გასწვრივ) დახერხვით (ნახ.1, მორის დანაწევრება ფიცრებად, ძელებად და ძელაკებად). არსებობს დახერხვა რადიალური, ტანგენციალური და შერეული. დახერხილ მასალებში განიერ მხარეს ეწოდება ფ ე ნ ა, ვიწრი მხარეს - ნ ა წ ი ბ უ რ ი, ხოლო მათი გადაკვეთის ხაზს - წ ი ბ ო. ფიცარი ეწოდება ისეთ დახერხილ მასალას, რომლის სიგანე ორჯერ და უფრო მეტად ჭარბობს მის სისქეს (ნახ.2, დ,ე,ზ,თ). ფიცრის სისქე იცვლება 1,1...10 სმ-მდე, ხოლო სიგანე - 6...25 სმ. მაქსიმალური სიგრძეა 6,5 მ, გრადაციით 0,25 მ. არსებობს თხელი ფიცარი სისქით h ≤ 3,5 სმ და სქელი ფიცარი h ≥ 3,5 სმ. თუ ფიცარს ოთხივე გვერდი სუფთად აქვს ჩამორანდული, მას სუფთა ფიცარი ეწოდება; თუ ორი დიდი გვერდი გარანდული აქვს, მაშინ იგი ნაშურიან ფიცარს წარმოადგენს. ძელი ეწოდება ისეთ მასალას, რომლის განივკვეთის სისქე და სიგანე მეტია 10 სმ-ზე. იგი შეიძლება იყოს ორი-, სამი- და ოთხნაწიბურიანი. განივკვეთის მაქსიმალური ზომაა 27,5 სმ. პრაქტიკულად ძელი, რომლის განივკვეთის ზომები მეტია 15 სმ-ზე დეფიციტურია, ამიტომ მათი გამოყენება შეზღუდულია. ძელაკი წარმოადგენს ისეთ მასალას, რომელსაც ჩამორანდული აქვს ოთხივე მხარე და მისი განივკვეთის სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე. განივკვეთის გვერდის მაქსიმალური ზომაა 10 სმ. გარდა დახერხილი და მრგვალი ხის მასალისა, მშენებლობაში გამოიყენება შუალედური ფორმის მასალა, როგორიცაა: ნახევარმორი (ფინი), რომელიც მიიღება მორის გრძივი გახერხვით; წოლანა - ორმხრივ ჩამორანდული მორი, რომელიც მიიღება მორისაგან მისი სიგრძეზე ორი სეგმენტის ჩამოხერხვით; ნაგვერდული, რომელიც განივკვეთში წარმოადგენს არასრულ ნახევარმორს (ნახ. 2, დახერხილი ხის მასალის სახეები: ა - ორნაწიბურიანი ძელი; ბ - სამნაწიბურიანი ძელი; გ - ოთხნაწიბურიანი ძელი; დ - ნაშურიანი ფიცარი; ე - სუფთა ფიცარი; ზ - სუფთა ფიცარი ბლაგვი ნაშურით; თ - სუფთა ფიცარი მახვილი ნაშურით; ი - ძელაკი; კ - ნაგვერდული; ლ - ფიცრული ნაგვერდული; მ - ნაშურიანი შპალი (წონალა); ნ - სუფთა შპალი.). ხის ტანის ნაწილს დიამეტრით 8...13 სმ და სიგრძით 3...9 მ ეწოდება ლატანმორი, ხოლო იგივე სიგრძის, მაგრამ უფრო მცირე დიამეტრისას (3...7 სმ) - ლატანი. 20 სმ-ზე მეტი დიამეტრის მორის გადანაჭერს ეწოდება კუნძი. იგი ისეთი სორტიმენტია (სორტიმენტი - განსაზღვრული დანიშნულების ხის მასალა), რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულების ხის პროდუქციის მისაღებად (საავიციო დახერხილი მასალა, დაჩურჩნილი და ანათალი შპონი, შპალი და სხვ.). კუნძების გადანაჭრებს, რომლებიც შეესაბამებიან ხის დამამუშავებელი მოწყობილობების მუშა ზომებს კოტრები ეწოდება. სამშენებლო საქმეში გამოყენებული დეტალების დასამზადებლად აწარმოებენ საერთო და სპეციალური დანიშნულების ნამზადებს. დამუშავების მიხედვით, ნამზადი არის დახერხილი და დაკალიბრებული. დახერხილი ნამზადი მიიღება ძელის დახერხვის შედეგად, ხოლო დაკალიბრებული - უკვე დახერხილი ფიცრის გარანდვის შედეგად მისთვის ზუსტი ზომების მისაცემად სისქეში და სიგანეში. სპეციალური დანიშნულების ნამზადებს მიეკუთვნება: ნამზადი საავიაციო - წიწვოვანი ჯიშის და ფოთლოვანი ჯიშის ; ნამზადი სათხილამურე , რეზონანსული (მუსიკალური ინსტრუმენტებისათვის), სანიჩბე, საცხენოსნო (ოთხთვალას ბორბლის ხის დეტალებისათვის), ძელაკები საფეიქრო მაქოსათვის, მასრასა და კოჭასათვის, ფეხსაცმლის ქუსლებისათვის და ხუნდების სექტორები.

 

დახლი - წინიდან დახურული, გრძელი, ვიწრო მაგიდა - მაღაზიაში გამყიდველის დასადგომი ადგილი.

დახრილი ბურღვა - წინასწარ განსაზღვრული, ვერტიკალიდან გადახრილი მიმართულებით, ბურღვის მეთოდი. გამოიყენება სასარგებლო თხევადი და აიროვანი წიაღისეულის ძიება-მოპოვების სამუშაოების წარმოებისათვის.

დახრილი ნივნივიები - მცირემალიანი მარტივი ტიპის სახურავის მზიდი კონსტრუქცია. ასეთი ნივნივები მზადდება ფიცრების, ძელების ან მორებისაგან და განლაგდება ქანობის მიმართულებით (ნახ. 1). სწორად დაპროექტების შემთხვევაში ისინი უგანმბჯენო კონსტრუქციებს წარმოადგენს. ნივნივებში რომ არ აღიძვრას განმბჯენი, საჭიროა სანივნივო ფეხის მაუერლატზე ან გრძივზე დაყრდნობის სიბრტყე იყოს ჰორიზონტალური. განმბჯენს, რომელიც აღიძვრება სანივნივე ფეხში გრძივი ძალების მოქმედებისაგან, თავის თავზე ღებულობს ჰორიზონტალური რიგელი ან წყვილი შემკრავი.

დახრილობის საზომი - აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება დედამიწის ზედაპირის დახრის კუთხის განსაზღვრის ან მცირედი მოძრაობის სიზუსტის დასადგენად. გამოიყენება მიწისძრის პროგნოზირებისთვის.

დახრის საზომი - ხელსაწყო საწეველას ან კოშკურას დახრის კუთხის გასაზომად და სიგნალის გადასაცემად მუშაობის პროცესში დახრის კუთხის ცვლილების დასაფიქსირებლად. ნორმატიული დოკუმენტაციის თანახმად საწეველას (კოშკურას) დახრის კუთხე მუშაობის პროცესში არ უნდა აღემატებოდეს 30-ს. ხელსაწყო შეიძლება დამაგრდეს მემანქანის კაბინაში ან მართვის პუნქტთან გამოსატან საყრდენებზე. კ. ტიპებია: ქანქარისებრი, ბუშტისებრი (ნახ. 1), ბურთულისებრი და მიკროპროცესორული.

დახურული სააქციო საზოგადოება - სააქციო საზოგადოების ფორმა. სააქციო საზოგადოება შეიძლება იყოს ღია ან დახურული. დ.ს.ს. თავის აქციებს ანაწილებს მხოლოდ საზოგადოების დამფუძნებლებს ან წინასწარ განსაზღვრულ პირთა შორის. დახურული სააქციო საზოგადოებები ვალდებული არიან გამოაქვეყნონ წლიური ანგარიში, საბუღალტრო ბალანსი, მოგებისა და ზარალის ანგარიში მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დაჯამბარება - სამონტაჟო, სატრანსპორტო ან ასაწევი კონსტრუქციების დროებითი შეერთება ტვირთამწე მანქანის კავით.

დაჯდომა - 1. ძალის მოქმედების მიმართულებით კონსტრუქციის საყრდენის გადაადგილება;  2. ნაგებობის დაწევა, რასაც იწვევს მისი ფუძის შეკუმშვა ან ნაგებობის თუ მისი ნაწილების ვერტიკალური ზომების შემცირება შემჭიდროების, მასალის შეშრობის, შეკუმშვის და სხვა მიზეზების შედეგად. დ. არათანაბარი განაწილება განაპირობებს ნაგებობის არასასურველ გადახრას, დეფორმაციების, ბზარების და სხვა დაზიანებების წარმოქმნას. ამის საწინააღმდეგოდ ნაგებობას უკეთებენ ჯდომის ნაკერს, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს დამოუკიდებლად ჯდომის საშუალებას აძლევს; 3. ვერტიკალურად ძირს მიმართული კუმშვითი დეფორმაცია, რომლის დროსაც გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები უმნიშვნელოდ იცვლება.

დაჯდომადი მთის ქანები - ქანები, წარმოქმნილი წყლიან გარემოში მინერალური და ორგანული ნივთიერებების დალექვის და შემდეგ გამკვრივებით. დ.მ.ქ. შეადგენს დედამიწის ქერქის მასის 10%-ს. ჯდენის ხასიათის მიხედვით არსებობს მონატეხი, ქიმიური და ბიოგენური დ.მ.ქ. შედგენილობის მიხედვით - კარბონატული, კაჟიანი, მარილშემცელი (გოგირდმჟავური, ჰალოიდური), ნახშირბადული, ფოსფატური და სხვ. ჯდენად მთის ქანებს შორის ჭარბობს თიხოვანი (თიხა, არგილითი, თიხოვანი ფიქალები), ქვიშისებრი (ქვიშა და სილა) და კარბონატული (კირქვები, დოლომიტები და სხვ.) ქანები. დ.მ.ქ. თავმოყრილია ყველა სასარგებლო წიაღისეულის (ნახშირი, ნავთობი, ტორფი, საწვავი გაზი, ალუმინი, მარგანეცი, ფოსფორიტები, ქვისა და კალიუმის მარილები, კირქვები, დოლომიტები, თიხა, ქვიშნარი და სხვ.) 75%-ზე მეტი

დაჯდომის ნაკერი - ნაკერი, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს - ნაკვეთურებს დამოუკიდებლად ჯდენის საშუალებას აძლევს.

დგანი - დიდი მანქანა ან მანქანათა სისტემა ლითონის მსხვილ ნაკეთობათა დასამზადებლად, მეტწილად გლინვით.

დგარი - 1. რისამე საყრდნობი ძელი; 2. წამწის, ნივნივების სისტემის და მისთ. ვერტიკალური ღერო.

დგარი წყალსადენის - ვერტიკალური მილსადენი (ლითონის, უჟანგავი ლითონის, პლასტმასის) საცხოვრებელი, საზოგადოებრივი ან საწარმოო შენობის შიგნით, რომელიც გადის ყველა სართულში და გამოიყენება მომხმარებლისათვის წყლის (გაზის) მისაწოდებლად განშტოებების მეშვეობით. დგარის დიამეტრი დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობაზე, შენობის სართულიანობაზე და წყლის (გაზის) წნევაზე. დაუშვებელია დგარისათვის ნაკერიანი ან თხელკედლიანი მილების გამოყენება.

დგუში - მოძრავი ნაწილი (დეტალი) ცილინდრში, რომელიც გადაფარავს მას განივ კვეთში და გადაადგილდება მისი გრძივი ღერძის გასწვრივ. გარდაქმნის სითხის ან აირის დაწნევას მექანიკურ მუშაობაში ან პირიქით. არსებობს დ. მრავალსახეობა, როგორც დანიშნულების, ასევე მასალის სახეობის მიხედვით.

დეაერატორი - მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა წყლის დეაერაცია (ე.ი. წყლისგან მასში გახსნილი აირების მოცილება), რადგანაც წყალში გახსნილი კოროზიულ-აქტიური აირები (ჟანგბადი და თავისუფალი ნახშირორჟანგი) ლითონის კოროზიას იწვევს. მოქმედების პრინციპის მიხედვით დ. არის თერმული (ყველაზე მეტად გავრცელებული), დესორბციული, ქიმიური და სხვა.

დეაერაცია - 1. წყალში ან ხსნარში თავისუფალი ჟანგბადის შემცველობის შემცირება; 2. ორთქლის ქვაბებში სითხეში გახსნილი გაზების განდევნა ქვაბის კედლების კოროზიისაგან დასაცავად

დეაერაციის სისტემა - მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარის თავისუფალი სივრცის კავშირს ატმოსფეროსთან.

დებარკადერი - 1. რკინიგზის სადგურის პლატფორმა, სადაც მატარებელი ჩერდება; 2. გემის მოძრავი (მცურავი) სადგომი.

დებენტურა (ლათ.) - საბაჟო მოწმობა ბაჟის დაბრუნების შესახებ.

დებიტანტი - წვრილი ვაჭარი.

დებიტი (ფრანგ.) - სითხის ან აირის მოცულობა, მიღებული ბუნებრივი ან ხელოვნური წყაროდან (ჭაბურღილი, ჭა, მილსადენი და სხვ.) დროის რაიმე ერთეულში (მ3/წმ, მ3/სთ, მ3/დღეში).

დებიტორი (ლათ.) - 1. დავალიანების მქონე პირი; 2. მოცემული საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების ვალის მქონე (მოვალე) იურიდიული ან ფიზიკური პირი.

დებიტორული დავალიანება - ვალი, რომელიც ეკუთვნის ფირმას იურიდიული ან ფიზიკური პირისგან და წარმოიქმნება მათ შორის სამეურნეო ურთიერთობის საფუძველზე.

დებულება - 1. კანონების, წესების, წესდების წერილობითი დოკუმენტი; 2. ჩამოყალიბებული აზრი, მეცნიერული საფუძველი.

დებურსი - აუნაზღაურებელი დანახარჯები.

დეგაზაცია - მომწამლავი ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების, სათავსების, ტანსაცმლის გაუვნებლობა ან მომწამლავი ნივთიერების მოშორება სხვადასხვა ობიექტიდან (მაგ., შახტიდან); დ. ხორციელდება ფიზიკური, მექანიკური და ქიმიური საშუალებებით.

დედაბოძი - ჩვეულებრივ, ქვევითკენ დავიწროებული ხის ბოძი, რომელსაც ეყრდნობა ქართული საცხოვრებელი სახლის დარბაზის გადახურვა.

დედამიწა - მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. წარმოიქმნა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება: დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან ( ეს უკანასკნელი დედამიწის ქერქთან ერთად შეადგენს ლითოსფეროს) და ბირთვისაგან. ეს აგებულება დადგენილ იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით - მეტეორიტების აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით. დედამიწის ქერქი მყარი დედამიწის ზედა ნაწილია, მისი ზედაპირი ძალიან ახალგაზრდაა. მანტია გამოყოფილია სეისმური ტალღის სიჩქარის მკვეთრი გაზრდით - (მოჰოროვიჩიჩის საზღვრით). არსებობს ორი სახეობის ქერქი: ოკეანური და კონტინენტური. კონტინნეტური ქერქის აგებულებაში გამოიყოფა სამი გეოლოგიური შრე: დანალექი სარჩული, გრანიტული და ბაზალტური. ოკეანური ქერქი ძირითადად ფუძური შედგენილობის ქანებისაგან შედგება, რომელსაც ზემოდან ეკვრის დანალექი სარჩული. დედამიწის ქერქი დაყოფილია სხვადასხვა სიდიდის ლითოსფერულ ფილებად, რომლებიც ერთმანეთის მიმართ გადადგილდებიან. ეს ფილებია: ჩრდილოეთი ამერიკის ფილა; სამხრეთი ამერიკის ფილა; ანტარქტიკული ფილა; ევრაზიული; აფრიკული ფილა; ინდოავსტრალიური ფილა; ნასკას ფილა; წყნარი ოკეანის ფილა. არსებობს ოციოდე პატარა ფილაც, როგორიცაა, მაგ. არაბეთის, ფილიპინების და სხვ. ფილების სისქე 60-დან 100 კმ-მდეა. ფილაქნების შედარებით მდგრადი და მოსწორებული უბდენი დედამიწაზე წარმოდგენილია კონტინენტების სახით. ფილაქნები მდებარეობს მანტიის შედარებით რბილ პლასტიკურ ფენაზე, რომელზეც ხდება მათი გადაადგილება, დაცურება. ძალები, რომლებიც ფილაქნების მოძრაობას იწვევენ, წარმოიქმნებიან მანტიის ზედა ნაწილში, ნივთიერებათა გადაადგილების დროს. ამ ნივთიერებათა მძლავრი ნაკადები დედამიწის ქერქში განაპირობებს სიღრმულ რღვევებს. რღვევების ზონები არის, როგორც ხმელეთზე, ისე წყალში. შედარებით მეტია ოკეანის ფსკერზე, სადაც ქერქი უფრო მცირე სისქისაა. მიწისძვრათა ტალღების გავრცელების კვლევით დადგენილია, რომ 2900 კმ სიღრმემდე დედამიწის ნივთიერებათა სიმკვრივე თანდათანობით მატულობს, ხოლო აღნიშნულ სიღრმეზე ნახტომისებრ იზრდება. ამავე სიღრმეზე გადის მკვრივი ბირთვის ზღვარი, რომლის მასა დედამიწის მასის მესამედია. დედამიწის ფორმა, რომელიც სფეროსაგან მცირედ განსხვავდება, არ შეესაბამება არც ერთ წესიერ გეომეტრიულ სხეულს და მას სფეროიდის ან გეოიდის სახე აქვს. დედამიწის გეომეტრიული ზომებია: ეკვატორული რადიუსი - 6378,1 კმ; პოლარული რადიუსი - 6356,8 კმ; საშუალო რადიუსი - 6371 კმ; ეკვატორის სიგრძე - 40075,02 კმ; მერიდიანის სიგრძე - 40007,86 კმ; დედამიწის ზედაპირი - 510,072 მლნ კვ. მ.; მსოფლიო ოკეანის ზედაპირი - 71%; ხმელეთის ზედაპირი - 29%

დედამიწის გარეგანი გარსები - ატმოსფერო, ჰიდროსფერო, ბიოსფერო და ლითოსფერო.

დედამიწის გრავიტაციული ველი - სიმძიმის ძალის ველი, რომელიც გამოწვეულია დედამიწის ყოველ წერტილში მიზიდულობის ძალით და დედამიწის დღეღამური ბრუნვის შედეგად წარმოქმნილი ცენტრიდანული ძალით

დედანი - 1. ტექსტი, რომლიდანაც გადააქვთ ასლი, პირი; 2. ტექსტი იმ სახით, როგორც თავდაპირველად დაიწერა ავტორის მიერ; 3. ნახაზი ან ნახატი, რომელიც სტამბური წესით უნდა გამრავლდეს.

დედაქალაქი - სახელმწიფოს მთავარი ქალაქი, ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა, მართვის განსაკუთრებული სისტემა და რეჟიმი. როგორც წესი, დედაქალაქი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. საქართველოს დედაქალაქი - თბილისი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, უცხო ქვეყნების დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ადგილსამყოფელია.

დედაქანი - ნიადაგმცოდნეობაში ქანის ზედაპირული ფენა, რომელზეც ბიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების, აგრეთვე ადამიანის ჩარევით, წარმოიქმნება ნიადაგი.

დედეპოლისი - 12 ქალაქის ჯგუფი.

დედვეიტი (ინგლ.) - ტვირთის მთელი მასა, რის მიღებაც შეუძლია ხომალდს.

დედუქცია - საგნის შესახებ სხვა საგანთა დახმარებით მოპოვებული ცოდნა.

დედუქციური მეთოდი - მეცნიერული თეორიის ან მისი ნაწილის გარკვეული პრინციპებით აგების ხერხი, რომლის მიზანია ამ თეორიით მოპოვებული ცოდნა გახადოს მაქსიმალურად ცხადი და სარწმუნო.

დევალვაცია (ლათ.) - ფულად ერთეულში (ეროვნულ ვალუტაში) ოქროს შემცველობის ოფიციალური შემცირება ან მისი კურსის დაცემა სხვა ქვეყნების ვალუტებთან შედარებით. საპირისპიროა - რევალვაცია.

დევიზი (ფრანგ.) - 1. მოკლე გამონათქვამი ან სიტყვა, რომელიც გამოხატავს ვისიმე ქცევის ან მოქმედების სახელმძღვანელო აზრს, იდეას; 2. მოკლე გამონათქვამი ან სიტყვა, რომელსაც ავტორი თავისი სახელის ნაცვლად აწერს კონკურსზე წარსადგენ ნაწარმოებს (პროექტს, თხზულებას და მისთ.); 3. ჰერალდიკაში: მოკლე წარწერა გერბზე, ფარზე, ორდენზე და სხვ. 4. ფინანს. თამასუქი, ჩეკი, აკრედიტივი, უცხოური ფასიანი ქაღალდი, ფულადი გზავნილი და მისთ., რომელიც გამოწერილია უცხოური ვალუტით და რომელიც უნდა გაანაღდონ საზღვარგარეთ. საერთაშორისო საგადასახადო საშუალება.

დეზ... (ფრანგ.) - თავსართი, რომელიც ნიშნავს უარყოფას, მოსპობას, რაიმეს მოცილებას ან არყოფნას (მაგ., დეზინფორმაცია, დეზინტეგრატორი.

დეზაქტივაცია - დაბინძურებული ტერიტორიის, ობიექტის, წყლის, სურსათის, საკვები ნედლეულის, საქონლის საკვების, ასევე ადამიანის სხეულის მოწყობილობის, აპარატურის ზედაპირიდან, ტანსაცმლიდან მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური ხერხებით რადიოაქტიური ნივთიერებების მოშორება.

დეზინსექცია (ფრანგ.-ლათ.) - მავნე მწერების, პარაზიტების მოსპობა სპეციალური საშუალებებით.

დეზინტეგრატორი (ლათ.) - 1. წვრილი მსხვრევის სამსხვრევი მყიფე და აბრაზიული მასალებისათვის. საშენი მასალების წარმოებაში თიხის მასების გადამუშავებისა და მისგან ქვების გამოსაცალკევებლად გამოიყენება ე.წ. დეზინტეგრატორული ვალცები. იგი შედგა ორი ლილვაკისაგან, რომელთაგან უფრო დიდი დიამეტრის ლილვაკი გლუვ ზედაპირიანია, ხოლო ნაკლები დიამეტრის ლილვაკზე გათვალისწინებულია 8...10 მმ სიმაღლის წიბოები. მათი ბრუნვის სიჩქარეები შესაბამისად 50...60 და 500...600 ბრ/წთ-ია. საწყისი მასალა ჩაიტვირთება ხვიმირაში და მიეწოდება სწრაფმავალ ლილვაკზე, საიდანაც ქვის ჩანართები წიბოებით გაიტყორცნება გამყვან ღარზე, ხოლო დეფორმირებული თიხა ჩადის ლილვაკებს შორის და ქუცმაცდება; 2. აპარატი, რომლითაც წმენდენ სამრეწველო გაზებს უწვრილესი მაგარი ან თხევადი ნაწილაკებისაგა..

დეზინტეგრაცია - მთელის დაშლა, დანაწევრება შემადგენელ ნაწილებად.

დეზინფექცია - პათოგენური მიკრობების მოსპობა გარემოში (საგნებზე, ნივთებზე, ჰაერში, ნიადაგში, წყალში, ადამიანებში, ცხოველებში და სხვ.). დ. ტარდება წყალში შემავალი მიკროორგანიზმების მოსასპობად. დეზინფექციისათვის გამოიყენება ქლორი. ქლორირება წყლის მომზადების უკანასკნელი სტადიაა. ქლორირების შემდეგ წყალში რჩება 1,5 მგ/ლ ქლორი. წყლის გაუსნებოვნებისათვის გამოიყენება აგრეთვე ოზონირება და ულტრაიისფერი სხივებით ბაქტერიოციდული დასხივება.

დეზინფლაცია - ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპის დაცემის ტენდენცია.

დეზოდორანტი - საყოფაცხოვრებო ნაგებობებში არასასიამოვნო სუნის მომსპობი საშუალება

დეზურბანიზმი - მიმართულება XX საუკუნის ქალაქთმშენებლობაში, თავისუფალი განსახლება ბუნებაში, უარყოფს დიდი ქალაქების დადებით სოციალურ როლს

დეკა (ლათ.) - რელიქტური მარადმწვანე, საშუალო სიმაღლის ბუჩქი, აქვს მოგრძო ფოთლები დამსხვილი მოთეთრო-მოვარდისფრო ყვავილები. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1600…3000 მ-მდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში - პონტოს მთებში. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (14-17%). ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. ცნობილია შქერისა და დეკას ბუნებრივი ჰიბრიდები, რომლებიც დამახასიათებელია კოლხეთის სუბალპური სარტყელისათვის. არსებობს როდოდენდრონის გვარის ჩრდილოამერიკული სახეობებისა და დეკას რამდენიმე ბაღური ჰიბრიდი, რომელიც ამერიკის ბაღებშია მოშენებული.

დეკა … (ბერძ.) - რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მეტრული სისტემის საზომთა სახელწოდებებში შედის და აღნიშნავს ათს, ათჯერ მეტს (ძირითადზე ათჯერ მეტს). მაგ., დეკალიტრი, დეკამეტრი

დეკაედრი (ბერძ.) - სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია ათი სიბრტყით (ნახ. 1).

დეკამეტრი - მეტრული სისტემის სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 10 მეტრს.

დეკანტაცია (ფრანგ.) - სითხიდან ნალექის გამოყოფის ლაბორატორიული და ტექნიკური ხერხი; დაწდომა.

დეკანტირება - იხ. დეკანტაცია.

დეკაპირება - ლითონის ნაკეთობათა დამზადების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს მათს ზედაპირზე წარმოქმნილი ჟანგეულების თხელი ფურჩის მოცილება ქიმიური ან ელექტროქიმიური ხერხით.

დეკაპოლისი - 10 ქალაქის ჯგუფი.

დეკარბადერი (ფრანგ.) - 1. სამდინარო გემების ნავმისადგომი (ნახ. 1); არის სატვირთო (საწყობებით) და სამგზავრო (სასადილოთი, ბიბლიოთეკით, დასასვენებელი ოთახებით და სხვ.). წარმოადგენს სანავსადგურე ნაგებობას გემის ან პონტონის სახით. ის სამდინარო სატრანსპორტო და სასაწყობო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტია; 2. აეროპორტის, რკინიგზის სადგურის მგზავრების პლატფორმის გადახურული ნაწილი; 3. საწყობის ნაწილი, რომლის იატაკი მდებარეობს სატრანსპორტო საშუალებებში ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ნიშნულის დონეზე და დაკომპლექტებული ტვირთის ამწევი და გადამტანი მექანიზმებით.

დეკარბონიზატორი - უზრუნველყოფს ნედლეულის ნარევის - კირქვის (ძირითადი კომპონენტი) მაღალი ხარისხით დეკარბონიზაციას მის მიწოდებამდე მბრუნავ ღუმელში. დეკარბონიზაცია ხორციელდება 10000C ტემპერატურაზე, რომლის დროსაც გამოყოფილი კირი (CaO მყარ ფაზაში) ურთიერთქმედებს კაჟმიწის (SiO2), ალუმინის, რკინის, მაგნიუმის ნაერთებთან და ზონის ბოლოში 9500C ტემპერატურაზე წარმოიქმნება მასალის მსხვილი გრანულები (კოშტები). დეკარბონიზატორი წარმოადგენს მბრუნავი ღუმელის ერთ-ერთ საკვანძო ნაწილს.

დეკარბონიზაცია - СаСО3-ის დაშლის პროცესი დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგისა (CO2) და კირის (CaO) გამოყოფით, რომლებიც იმყოფებიან წმინდა დისპერსულ მდგომარეობაში. დ. მბრუნავ ღუმელებში ცემენტის კლინკერის გამოწვის პროცესის ერთ-ერთი ფაზაა, რომელიც მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე.

დეკარტის კოორდინატები - სიბრტყეზე (ან სივრცეში) წერტილების მდებარეობის განსაზღვრის მეთოდი ორ (ან სამ) ურთიერთპერპენდიკულარულ ფიქსირებულ წრფეებამდე მათი დაშორების მანძილების საშუალებით. ამ მეთოდს ჯერ კიდევ ორი ათას წელზე მეტი ხნის წინათ იცნობდა არქიმედე და თვით ძველი ეგვიპტელებიც კი. ეს იდეა პირველად სისტემურად განავითარა პ. ფერმამ და რ. დეკარტმა. მათ ფორმულირებაში მანძილი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ დადებითი ან ნული. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს მანძილები შეიძლება იყოს უარყოფითებიც, ეკუთვნის ი. ნიუტონს. ამ მანძილებს "კოორდინატები" პირველად უწოდა გ. ლაიბნიცმა.

დეკარტის კოორდინატთა სისტემა - კოორდინატთა მართკუთხა სისტემა სიბრტყეზე ან სივრცეში, რომელშიც მასშტაბი საკოორდინატო ღერძებზე ტოლია. სახელი სისტემას ეწოდა ფრანგი მათემატიკოსის რენე დეკარტის პატივსაცემად, თუმცა თვით დეკარტი იხილავდა ერთ საკოორდინატო მეოთხედს და ეს სისტემა საზოგადოდ იყო ირიბკუთხა. თუ საკოორდინატო ღერძები ურთიერთპერპენდიკულარულია, მაშინ დეკარტის კოორდინატთა სისტემას მართკუთხა ეწოდება.

დეკატონა - მეტრული სისტემის წონის საზომი ერთეული; უდრის 10 ტონას.

დეკვალიფიკაცია - კვალიფიკაციის, პროფესიული ცოდნის და გამოცდილების დაკარგვა

დეკლარანტი - პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება.

დეკლარაცია საშემოსავლო - დოკუმენტი, რომელშიც აისახება ფიზიკური ან იურიდიული პირის შემოსავალი. დ.ს. საფუძველზე ხდება ქვეყანაში დადგენილი საშემოსავლო გადასახადების გადახდა.

დეკლინაცია (ლათ.) - დახრა, გადახრა (მაგ., კომპასის მაგნიტური ისრის გადახრა გეოგრაფიულ მერიდიანზე დამოკიდებულებით; ვარსკვლავების გადახრა ეკვატორის მიმართ და სხვ.); ბრუნება.

დეკოლორაცია (ლათ.) - გაუფერულება, გაფერმკრთალება, ფერის დაკარგვა.

დეკომპენსაცია - 1. წნევის, შეკუმშვის შემცირება; 2. მედიც. ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის წნევის მკვეთრი დაცემით; შეინიშნება კესონური, საყვინთი სამუშაოების დროს და სხვ.

დეკომპრესია - 1. შეკუმშვის შემცირება; 2. ადამიანის ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის წნევის მკვეთრი შემცირებით; შეინიშნება კესონური, საყვინთავი სამუშაოების დროს და ა.შ

დეკონსტრუქტივიზმი (დეკონსტრუქცია) -  პოსტმოდერნისტული არქიტექტურული  მიმდინარეობა, რომელიც სათავეს 1980-იანი წლებიდან იღებს. ის არის თანამედროვე სტილი, რომელიც არქიტექტურული მოდერნის გათვლილ რაციონალურობას უპირისპირდება (ნახ. 1. დეკონსტრუქტივიზმი: ქ. სიეტლის ცენტრალური ბიბლიოთეკა, აშშ). ამ მიმდინარეობას საფუძვლად ფრაგმენტულობა, დიზაინის არალინეარული პროცესები, არაევკლიდესეული გეომეტრია დაპოლარულობის წინააღმდეგობა უდევს. ამ სტილის შენობათა საბოლოო ვიზუალური ეფექტი ხასიათდება მასტიმულირებელი ამოუცნობლობითა და კონტროლირებადი ქაოსით. დ. შეინიშნება მსგავსება ხელოვნებისა და არქიტექტურის ისეთ მიმდინარეობებთან, როგორიცაა: მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი, კუბიზმი, ექსპრესიონიზმი,  მინიმალიზმი და კონტემპორალური ხელოვნება. დ. ზოგადი მცდელობაა მოარიდოს არქიტექტორი მოდერნიზმის მბოჭავ კანონებს, როგორიცაა "ფორმა მოჰყვება ფუნქციას", ფორმის სიწმინდე და სტრუქტურის ექსპრესია.

დეკონტამინაცია (გაუსნებოვნება) - ზღვრულად დასაშვები ნორმების დონემდე ტერიტორიის, ობიექტების, წყლის, სურსათის, საკვები ნედლეულის, საქონლის საკვების, ასევე, ადამიანის სხეულის ზედაპირის რადიოაქტიური და საშიში ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების შემცირება. შესაბამისად, დეზაქტივაციის, დეგაზაციის და დემერკურიზაციის, ხოლო საშიში ბიოლოგიური მასალით დაბინძურებისა და დასნებოვნების შემთხვევაში - დეზინფექციისა და დეტოქსიკაციის გზით.

დეკორატიული - ადგილის დამამშვენებელი, ეფექტური, ლამაზი.

დეკორატიული ნაკეთობანი ლითონის - თუჯის, ბრინჯაოს, ტყვიის, მომინანქრებული ფოლადის ნაკეთობების დამზადება როზეტების, სპირალის, სფეროს და მისთ. სახით; შენობის კონსტრუქციული ელემენტების: კოლონების, კედლების, კარების, შესასვლელთა გადმონაშვერების და მისთ. გაფორმება ჭედვით, ჩამოსხმით, მოქლონვით, შედუღებით და სხვ.; ჭიშკრების, დამცავი გისოსების, რობეების გაფორმება დეკორატიული დეტალებით და სხვ.

დეკორატიული ნაკეთობანი მინის - შენობების ფასადებისა და ინტერიერების გაფორმება ვიტრაჟებით, სახიანი და ფერადი მინით, მინის კიბეებითა და მოაჯირებით, მაგიდებით, აკვარიუმებით და სხვ.

დეკორატიული ნაკეთობანი ხის - ბრტყელი ჭრა - ბარელიეფები, კონტურული ჭრა - აბრისი, რელიეფური - ჰორელიეფი, მოზაიკური ინკრუსტაცია - კედლების, წერის, იატაკის, კარ-ფანჯრების, კიბეების, ტამბურების, მოაჯირების შემოსვა.

დეკორატიული ღორღი (ქვიშა) - ღორღი (ქვიშა), მიღებული მთის ქანების დამსხვრევითა და დანაწევრებით, რომლებსაც აქვთ დეკორატიული თვისებები.

დეკორატიული ხელოვნება - შენობის მხატვრულად მორთვა, გაფორმება და მისი შიდა დიზაინი (ფერწერა, მოზაიკა, ვიტრაჟები, ვიტრინები, მოჩუქურთმება, თეგვა და სხვ.).

დეკორაცია (ფრანგ.) - სანახაობის ვიზუალური ეფექტის მისაღწევად გამიზნული გაფორმება სცენისა, კინოპავილიონისა და ა.შ

დეკორი - შენობა-ნაგებობების ფასადების და ინტერიერების ან ნაკეთობის ზედაპირის მორთულობის (სამკაულების) სისტემა. დ. მაგალითს წარმოადგენს ფასადების შეღებვა ერთ ან სხვადასხვა ტონში, მხატვრული მოხატვა, ზედაპირის ფაქტურის დამუშავება, ორნამენტები, სკულპტურული გამოსახულებები და ა.შ. დ. შენობის არქიტექტურული გამომსახველობის შესანიშნავი საშუალებაა.

დეკორტი - საქონელზე ფასდაკლება ვადამდე გადახდის შემთხვევაში.

დეკორტიკაცია (ლათ.) - ხის მორის, ლატანის, ლატანმორის მერქნისათვის ლაფნის გაძრობა წინასწარ დაუსველებლად

დეკუვერი (ფრანგ.) - სხვაობა ქონების ფასსა და სადაზღვევო თანხას შორის, დატოვებული დამზღვევის რისკზე.

დელატომეტრი (ლათ.) - ხელსაწყო, რომლითაც ადგენენ გათბობის შედეგად ნივთიერების გაფართოების კოეფიციენტს.

დელგმა - დიდი წვიმა.

დელივერი - წერილობითი განკარგულება საქონლის გაცემის შესახებ.

დელტა - მდინარის ქვემო წელის დადაბლება, ზღვაში ან ტბაში შეჭრილი მდინარის შესართავი, რომელიც აგებულია ნარიყით და გადაკვეთილია მეტნაკლებად დატოტვილი მდინარის ნაკადებითა და ფშანებით (ნახ. 1). დ. წარმოიქმნება მდინარის ჩამონადენის, ზღვის ღელვის, მოქცევებისა და წყლის მიმოდენის რთული ურთიერთმოქმედების შედეგად. დ. ზრდას ხელს უწყობს მდინარის მყარი ჩამონადენის სიუხვე, წყალსატევის (ზღვის, ტბის) დონის დაწევა (ან ხმელეთის ნაპირის ამაღლება). განასხვავებენ დელტის ტიპებს: ნისკარტისებრი (ტიბრი), ლაპოტური (მისისიპი), ბლოკირებული (კამჩატკა), გამოშვერილი, მომრგვალებული ზღვის კიდით (ნიგერი), მრავალკუნძულიანი (ვოლგა), ჩაჭრილი (ნევა). ნოყიერი და დანესტიანებული ნიადაგების გამო ზოგი დ. ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონია; ამ მხრივ აღსანიშნავია მდინარეების ნილოსის, ხუანხესა და განგის ვრცელი დელტები. დ. დიდი ნაწილი აგებულია წვრილმარცვლოვანი დანალექებით, ქვიშებით და თიხოვანი მასალით შეზავებული ალევრიტებით. დ. დანალექებისათვის დამახასიათებელია მეტად მრავალფეროვანი ფენობრიობა. დ. დანაგროვების სიმძლავრე აღწევს რამდენიმე ასეულ და ათას მეტრს. მაგ., მდინარე ნიგერის დ. დანალექების სიმძლავრე 8 კილომეტრია. დ. ზრდის სიჩქარე მერყეობს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრამდე წელიწადში. დიდი მდინარეების დელტები ხშირად დიდ ფართობს იკავებს. მდინარე ამაზონის დ. ფართობია 100 000 კმ2, მისისიპისა - 80 000 კმ2, მდინარე ლენისა - 28 000 კმ2, მდინარე ვოლგისა - 19 000 კმ2. დ. წარმოქმნის საქართველოს მდინარეებიც. აღსანიშნავია მდინარეების რიონისა და ჭოროხის დელტები. რიონის დ. გაშენებულია ქალაქი ფოთი თავისი გარეუბნებითა და ნავსადგურით. იგი მოწყვლადი დელტაა. მდინარე ჭოროხის დ. მოიცავს სანაპირო ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან (თურქეთთან) მდინარე ყოროლისწყლის შესართავამდე. მისი ფართობია 85 კმ2. დ. ხმელეთის თითქმის 70% უჭირავს ქალაქ ბათუმს თავისი გარეუბნებით და ადლიის აეროპორტს, 15% აგროსავარგულები და პლაჟებია. აღსანიშნავია აგრეთვე მდინარე მტკვრის დ. აზერბაიჯანში, შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ2-ია.

დელტა სხივები - ელექტრონები, რომლებიც გამოიფრქვევა ატმოსფეროდან კოსმოსური სხივებისა და რადიაქტიური გამოსხივების ნაკადებით.

დელტა-მერქანი (ლინგოფონი) - მერქანფენოვანი პლასტიკის სახეობა. მიიღება ფენოლის ან კრეზოლ-ფორმალდეჰიდურ ფისში გაჟღენთილი ხის შპონის (ძირითადად არყის ხის) ფურცლების მაღალი ტემპერატურის და წნევის ქვეშ დაწნეხით ან შეწებებით. გამოიყენება მშენებლობაში, ავეჯის წარმოებაში და სხვ.

დელტოიდა (რომბოიდი) - ამოზნექილი ოთხკუთხედი (ნახ. 1), რომელსაც აქვს მისი დიაგონალის შემცველი მხოლოდ ერთი სიმეტრიის ღერძი. დელტოიდის დიაგონალები ურთიერთპერპენდიკულარულია. ფართობი ტოლია დიაგონალების სიგრძეთა ნამრავლისა. დ. შეიძლება წრეწირის ჩახაზვა (ვინაიდან მოპირდაპირე გვერდების სიგრძეთა ჯამი ტოლია).

დემარკაცია (ფრანგ.) - 1. სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე; 2. დროებითი სასაზღვრო ხაზი სადავო ტერიტორიაზე; 3. გაყოფა, გამყოფი ხაზის გავლება.

დემერეჯი (ინგ.) - ხელშეკრულება საზღვაო გადაზიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც გემის დამქირავებელი (დამფრახტველი) უხდის ჯარიმას გემის მფლობელს ხელშეკრულებით დადგენილი ზენორმატიული დატვირთვა-გადმორტვითვისათვის.

დემერკურიზაცია - ფართებისა და ნივთების გაუვნებელყოფა (გასუფთავება) ვერცხლისწყლისა და მისი ორთლისაგან.

დემონტაჟი - შენობა-ნაგებობათა დაშლა (დანგრევა) ან კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების, მანქანების დაშლა კვანძებად, ნაწილებად.

დემპინგი (ინგლ.) - საქონლის გაყიდვა ხელოვნურად შემცირებული ფასით, პოტენციური კონკურენტების შევიწროებისა და ბაზრის დაპყრობის მიზნით.

დემპფერი (გერმ.) - მოწყობილობა ან სამარჯვი, რომლის საშუალებით ხდება (წარმოებს) რხევის ენერგიის შთანთქმა, ჩახშობა; აგრეთვე მანქანებისა და ხელსაწყოების მუშაობის დროს მექანიკური რხევების წარმოქმნის აცილება (ნახ. 1: ავტომობილის საჭის დემფერი).

დემპფირება - მავნე რხევების ჩახშობა ან მათი ამპლიტუდის შემცირება დემპფერების გამოყენებით (საშუალებით). მაგალითად, მექანიკური რხევების დ. ხორციელდება სისტემაში ხახუნის გადიდებით ან ზამბარიანი დემპფერების საშუალებით.

დემპფირება რხევებისა - მექანიკური, ელექტრული და სხვა სისტემების რხევათა ხელოვნური ჩახშობა. დემპფირება შესაძლებელია რხევათა მილევის გაზრდის ხარჯზე, რისთვისაც სისტემაზე აყენებენ დემპფერებს (მაგ., ბლანტ არეში მოძრავ დგუშებს). დემპფირება ამცირებს სისტემის ამპლიტუდურ რხევებს. დემპფირებას ფართოდ იყენებენ ხელსაწყოთმშენებლობაში, აგრეთვე ტექნიკაში მანქანების, მექანიზმებისა და სხვა დანადგარების არასასურველი რხევების ჩასახშობად.

დენადობა - 1. დრეკადი მასალის დრეკადი თვისებების დაკარგვა მასალის მიერ დენადობის ზღვრის მიღწევის შემდეგ მასში დაძაბულობის უცვლელად, დ. თვისება გამოიყენება ლითონებში ცხელი და ცივი დამუშავებისას და ჭედვისას; 2. დენის უნარი (მაგ., ფისის დ.), მდინარება; 3. ვითარება, როდესაც მუშახელის მოძრაობას, დენას, ხშირ ცვლას აქვს ადგილი (მაგ., კადრების დ.).

დენადობის ზღვარი - 1. დაძაბულობა, რომლის დროსაც ხდება პლასტიკური დეფორმაციის სწრაფი ზრდა დაძაბულობის მცირე (შეუმჩნეველი) ზრდისას; 2. მასალების, ძირითადად არმატურის (ფოლადის), მექანიკური მახასიათებელი გამოხატული იმ ძაბვით, რომლის დროს დეფორმაციები იზრდება დატვირთვის გაზრდის გარეშე.

დენატურაცია - ცილის მოლეკულის, ნუკლეინის მჟავის და სხვ. ბიოპოლიმერების ბუნებრივი სტრუქტურის ცვლილება, რაც იწვევს ბიოპოლიმერის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების ცვლილებებს (მაგ., სპირტის სასმელად გაუვარგისება მასში შხამიანი ან ცუდი გემოს, ცუდი სუნის მქონე ნივთიერების შერევით). შესაძლოა იყოს სრული ან ნაწილობრივი, შექცევადი ან შეუქცევადი.

დენდრარიუმი - სხვადასხვა ხეებისა და ბუჩქების მწვანე მასივი. გამოიყენება სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად ინტროდუცირებული მცენარეულობის აკლიმატიზაციისათვის, დასახლებული ადგილების გასამწვანებლად, სატყეო მეურნეობაში და სხვ.

დენდროლოგია (ბერძნ.) - ბოტანიკის ნაწილი, რომელიც ხეებისა დ ბუჩქების სახეობებს - ჯიშებს სწავლობს.

დენი გადატვირთვის - ზედენი ელექტრული ჯაჭვის ელექტროდანადგარში, როდესაც ქსელში ელექტროდაზიანება არ აღირიცხება.

დენი დაზიანების - დენი, გაჩენილი იზოლაციის დაზიანებით ან გადაფარვით.

დენი ელექტრული - დამუხტული ნაწილაკების ელექტრონების, იონების მოწესრიგებული, მიმართული მოძრაობა. პირობითად, ე. დ. მიმართულებად თვლიან დადებითად დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის მიმართულებას.

დენის მოკლე ჩართვა - ზედენი, რომელიც ჩნდება სხვადასხვა პოტენციალის მქონე წერტილებს შორის წინაღობის დაზიანებით (გაუფრთხილებლობით), მუშაობის ნორმალურ პირობებში.

დენონსაცია - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ამ ხელშეკრულების დებულების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.

დენსიტომეტრი (ლათ.) - 1. წყალზე მძიმე სითხეების სიმკვრივის საზომი ხელსაწყო; 2. ოპტიკური ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ რამდენად გაშავდა შუქმგრძნობიარე ფენა (ფოტოფირზე, ფოტოქაღალდზე)

დენტიკულები (ლათ.) - კარნიზის პატარა დეკორატიული სწორკუთხა შვერილები (ქონგურები) იონიურ და დორიულ ორდერებში (ნახ. 1).

დენუდაცია (ლათ.) - დედამიწის ზედაპირის ხანგრძლივი ფიზიკურ-ქიმიური პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, მოჰყვება ხმელეთის ამა თუ იმ მონაკვეთის მეტნაკლებად მოსწორება. დ. ქანების გამოფიტვის პროდუქტების ჩამორეცხვა და გადაადგილებაა წყლის, ქარის, ყინულის ან უშუალოდ სიმძიმის ძალის ზეგავლენით, დედამიწის ზედაპირის დადაბლებული ადგილებისაკენ. მის ტემპსა და ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს ტექტონიკური მოძრაობა. დ. პროცესზე გავლენას ახდენს აგრეთვე დედამიწის ზედაპირის ძალებიც (ეგზოგენური პროცესები). სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად მთის ციცაბო კალთებიდან ცვივა მცირე ზომის ნატეხი ქანები, რომელსაც ხშირად ერთვის ზვავი. შემდეგ მყინვარებს გადააქვთ ნატეხები ზემოდან ქვემოთ. ზღვისა და ტბის ტალღებიც ხშირად ახდენენ სანაპიროს წარეცხვას (აბრაზია). დედამიწის უსწორმასწოროებანი განიცდის ასევე მუდმივი ან დროებითი ნაკადების გავლენას, ხოლო წვიმის წყლები აწარმოებენ მთის ფერდობების წარეცხვას (ეროზია). ყოველივეს შედეგად მთის ნაწილები დაბლდება, ხოლო დადაბლებები ივსება. ფართო გაგებით ყველა ამ პროცესს დენუდაცია ეწოდება. ვიწრო გაგებით, დ. გამოფიტული მასალის ზედაპირული წარეცხვაა. ხანგრძლივი დ. შედეგად მთიანი მხარეები შესაძლოა გადაიქცეს ტალღოვან დენუდაციურ ვაკედ (პენეპლენად).

დეპო (ფრანგ.) - საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი შედგენილობის (ვაგონები, ლოკომოტივები, რკინიგზისა და მეტროპოლიტენის ძრავავაგონიანი სექციები, ტრამვაები და სხვ.) ექსპლუატაციასა და რემონტს. მოძრავი შედგენილობის ტიპის მიხედვით დ. შეიძლება იყოს სპეციალიზებული (ლოკომოტივების, ვაგონებისა და სხვ.) და შერეული (ელმავლების, თბომავლების, ძრაბავაგონიანი მატარებლების და სხვ.). დ. ტერიტორიაზე განლაგებულია ტექნოლოგიის, ენერგეტიკის მოწყობილობებით და ამწესატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვილი საწარმოო შენობები, საწყობები, ლიანდაგები და დამხმარე მოწყობილობები.

დეპო მეტროპოლიტენის - დეპო, რომელიც აღჭურვილია ლიანდაგებით მოძრავი შედგენილობის თავშესაფრად და ყველა სახის რემონტის ჩასატარებლად (ძირითადი დეპო), დასათვალიერებლად და სხვა ოპერაციების ჩასატარებლად (საბრუნი დეპო). მეტროპოლიტენის ყოველ ხაზს საკუთარი დეპო აქვს. ტრამვაისა და ტროლეიბუსების დეპოებს აგრეთვე აქვთ დიდი სადგომი პარკები, სადაც ტრამვაის ვაგონებსა და ტროლეიბუსებს არემონტებენ. დეპოებს აშენებენ ტიპობრივი პროექტებით.

დეპო სალოკომოტივო - დეპო (ძირითადი და საბრუნი), რომელიც ემსახურება სალოკომოტივო პარკს და გეგმის შესაბამისად აკონტროლებს და არემონტებს მოძრავ შედგენილობას, აგრეთვე ახდენს მის ეკიპირებას, დათვალიერებასა და უწესივრობების აღმოხვრას.

დეპო სახანძრო - სახანძრო მანქანების სადგომი.

დეპოზიტი (ლათ.) - სახელმწიფო ან კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ანაბარი ან გადახდის სხვა საშუალებები.

დეპოზიტი ვადიანი - კლიენტის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. დ. ვ. იხსნება კონკრეტული ვადითა და კონკრეტული თანხით და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეუძლებელია თანხის დამატება.

დეპოზიტი მოთხოვნამდე - საბანკო ანაბარი, რომლის გამოტანაც მოთხოვნისთანავე შეიძლება.

დეპოზიტი ფიზიკური პირის - ფულადი სახსრები ქართულ ან უცხოურ ვალუტაში, რომელსაც ფიზიკური პირი განათავსებს შენახვისა და შემოსავლის მიღების მიზნით საბანკო ანაბრის ხელშეკრულებით. ის შეიძლება იყოს ვადიანი და მოთხოვნამდე.

დეპონენტი (ლათ.) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესანახად გადასცა საკრედიტო დაწესებულებას (ბანკს) ფული ან ფასიანი ქაღალდები.

დეპონირება - ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების შესანახად გადაცემა საკრედიტო დაწესებულებებისათვის.

დეპრივაცია - ურთიერთობათა უკმარისობა.

დერატიზაცია - მღრღნელების მოსპობა, რის შედეგადაც დაავადების გამომწვევიც ნადგურდება.

დერეფანი - 1. გასასვლელთან მისადგომის შემომზღუდავი დახურული სივრცე (კომპონენტი), რომელიც განსაზღვრავს და უზრუნველყოფს გასასვლელისკენ სავალ გზას; 2. შენობის გრძელი გასასვლელი, ტალანი, კორიდორი; 3. ტყეში გაკაფული, სხვადასხვა დანიშნულების, გრძელი გზა (მაგ., ხე-ტყის გასაზიდად, ტყის გასანიავებლად).

დერივაცია (ლათ.) - 1. ნაგებობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა წყლის გადაგდება მდინარიდან, წყალსაცავიდან ან სხვა წყალსატევიდან ჰესის სადგურის კვანძისაკენ, სატუმბი სადგურისაკენ და ა.შ. (მომყვანი დ.), აგრეთვე წყლის არინება მათგან (სარინი დ.). დ. არის უდაწნეო (არხი, გვირაბი, ღარი) და სადაწნეო (მილსადენი, სადაწნეო გვირაბი); 2. სამხედრ. კუთხვილი იარაღით გასროლილი ტყვიის ან ჭურვის გვერდზე გადახვევა; 3. მათემ. ერთი ფუნქციის მეორესაგან მოძრაობის მეთოდი მუდმივი კოეფიციენტების მეშვეობით.

დერიკი (დერიკ-ამწე) - ამწე, რომლის ირიბულაც ბრუნავს ჰორიზონტალური ღერძის, ხოლო ჩარჩო - ვერტიკალური ღერძის გარშემო. არსებობს სტაციონალური და გადასაადგილებელი. გამოირჩევა დიდი ტვირთამწეობითა და მცირე წონით. ტვირთამწეობა მუდმივი აქვს ფართო დიაპაზონში და დამოკიდებული არ არის ისრის შვერის ზომაზე. კონსტრუქცია მარტივია და ექსპლუატაციაში საიმედო; მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს ასრულებს სწრაფად; ადვილად თავსდება შეზღუდული ფართობის სამშენებლო მოედანზე. ლითონის კონსტრუქციებისაგან დამზადებული დერიკ-ამწეს ძირითადი ელემენტებია (ნახ. 1): კოშკი, ისარი, ორი დგარი-ირიბა, საბრუნი პლატფორმა, ტვირთის ასაწევი მექანიზმი, ტვირთის ჩასაბმელი მოწყობილობა და ბაგირები, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობები ამწის ისრის ასაწევად და ამწის მოსაბრუნებლად. დ. გამოიყენება კარიერებზე, სამთო მრეწველობაში, ხიდების დასამონტაჟებლად, ჰეს-ების მშენებლობაში და სხვ.

დერმატინი (ბერძნ.) - ხელოვნური ტყავი, რომელიც წარმოადგენს პიგმენტების, კასტორის ზეთის და ნიტროცელულოზის ნარევით დაფარულ ბამბის ქსოვილს; იყენებენ ავეჯის, ჩემოდნების, წიგნის ყდის გადასაკრავად და სხვ.; გრანიტოლი.

დესეტინა (რუს.) - მიწის საზომი ერთეული ძველ რუსეთში, უდრის 1,09 ჰექტარს

დესიუპორტი (ფრანგ.) - შესასვლელი კარის თავზე განთავსებული დიდი ზომის ნახატი, პანო

დესორბცია - ადსორბენტებისა და აბსორბენტების რეგენერაციის პროცესი, რაც მდგომარეობს მათ მიერ შთანთქმული ნივთიერების მოშორებაში. ხორციელდება დესორბერებში - გახურების, წნევის დაწევით, ნეიტრალური აირებით განბერვის ან ნეიტრალური ხსნარებით დამუშავების გზით.

დესტამი - მოდიფიცირებული მერქანი, რომელიც ქიმიურ-მექანიკური მეთოდითაა მიღებული და პლასტიფიცირებულია შარდოვანათი.

დესტრუქცია (ლათ.) - რისამე ნორმალური სტრუქტურის დაშლა, დარღვევა (მაგ., პოლიმერის, ლითონის, მერქნის, ბეტონის და მისთ.

დესუბლიმაცია - ორთქლის გარდაქმნა უშუალოდ მყარ ნივთიერებად (იხ. სუბლიმაცია).

დეტალები სამშენებლო - ქვის, ხის, ლითონის, რკ.ბ.-ის, პლასტმასის ან მინისაგან დამზადებული მცირე ზომის ნაკეთობები, რომლებიც გამოიყენება მშენებლობაში (მაგ., ბოძი, ფილა, ცალუღი, ჩუქურთმა, კარი, ფანჯარა და სხვ.).

დეტალების გაცვეთა - მათი ცვეთის პროცესების შედეგი განსაზღვრულ, დადგენილ ერთეულებში (სიგრძის, მოცულობის, მასის ან სხვათა ერთეულებში) და რომელიც გამოვლინდება მასალის მოცილების ან ნარჩენი დეფორმაციის სახით.

დეტალი (ფრანგ.) - 1. ნაკეთობა ან მისი ერთი მთლიანი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არ შეიძლება დაიშალოს უფრო მარტივ ნაწილებად (არმატურის ღერო, საყელური, ზამბარა, ფანჯრის თარო და სხვ.); 2. მთლიანის ნაწილი, ნაგებობის ნაწილი, ცალკეული ელემენტი; 3. მილსადენის ნაწილი, მისი ცალკეული მონაკვეთების შესაერთებლად, მიმართულების გამტარი კვეთის შეცვლით ან შეუცვლელად (არინება, გადასვლა, სამკაპა, მილტუჩი, სახშობი), ან მილსადენის დასამაგრებლად (საყრდენი, საკიდი, ჭანჭიკი, ქანჩი, საყელური, სადები); 4. მშენებლობაში და ტექნიკაში: ნაკეთობა, დამზადებული ერთგვაროვანი მასალისაგან საამწყობო ოპერაციის გამოყენების გარეშე. იგი შეიძლება იყოს დაფარული დამცველი ან დეკორატიული ფენით.

დეტალირება - ნაკეთობის (მანქანის) საამწყობო ნახაზიდან ცალკეული დეტალების (ნაწილების) გამოყოფა (სპეციფიცირება) და გამოხაზვა მათი მუშა ნახაზის დამზადების მიზნით.

დეტანდერი (ფრანგ.) - 1. ორთქლის წნევის შემამცირებელი სარქველი; 2. დგუშიანი მანქანა, რომელიც შეკუმშული აირით მუშაობს. იყენებენ სამაცივრო ტექნიკაში.

დეტერიორაცია - გარემომცველი ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუარესება ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად.

დეტერმინირება (ლათ.) - მოვლენათა ერთი ჯგუფის განსაზღვრა, გაპირობება მოვლენათა სხვა ჯგუფით.

დეტექტორი ალის - მოწყობილობა ცეცხლის აღმოსაჩენად და სიგნალის გადასაცემად მისი არსებობის შესახებ. შედგება გადამწოდის, გამაძლიერებლისა და სიგნალის გადასაცემი რელესაგან, რომლების კომპაქტურადაა მოთავსებული ერთ პროგრამულ ბლოკში.

დეტონატორი - 1. ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც თავისი აფეთქებით იწვევს სხვა ფეთქებქდი ნივთიერების მყისიერ აფეთქებას; 2. კაფსულა, ამნთები, რომელსაც იყენებენ აფეთქებისათვის.

დეტონაცია (ლათ.) - ფეთქებადი ნივთიერების მყისიერი აფეთქება, რაც გამოწვეულია სხვა ნივთიერების აფეთქებით ან დარტყმით. დ. არის ნივთიერების ქიმიური გარდაქმნის სწრაფად მიმდინარე ეგზოთერმული პროცესი, რომლის დროს, როგორც წვის პროცესი, ისე მისი პროდუქტები ვრცელდება ბგერის სიჩქარეზე მეტი სიჩქარით. დეტონაცია ალის გავრცელების განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც ნივთიერებაში დარტყმითი ტალღის გავრცელებითაა განპირობებული, რაც მის შეკუმშვასა და გახურებას იწვევს

დეფეკაცია (ლათ.) - გაწმენდა, ჭუჭყის მოცილება.

დეფექტი - 1. კონსტრუქციის (მასალის) ნებისმიერი შეუსაბამობა დაპროექტების ნორმებთან, ტექნიკურ პირობებთან, პროექტთან; 2. წუნი, ზადი, ნაკლოვანება, ხარვეზი.

დეფექტი მნიშვნელოვანი - დეფექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქციის ხანგამძლეობაზე და გამოყენებაზე პირდაპირი დანიშნულებით, მაგრამ არ არის კრიტიკული.

დეფექტი შენობის ელემენტის - შენობის ელემენტის უწესივრობა, გამოწვეული დარღვევებით მისი დამზადების ნორმების, წესების, ტექნიკური პირობების, მონტაჟის და რემონტის დროს.

დეფექტოსკოპი - მასალის (ნაკეთობის) მთლიანობის დარღვევის გარეშე ზედაპირული და შიდა დეფექტების დამდგენი ხელსაწყო. არსებობს სხვადასხვა სახის: ელექტრული, მაგნიტური, ელექტრო-მაგნიტური, ულტრაბგერითი, რადიაციული, აკუსტიკური და სხვ.).

დეფექტოსკოპი კაპილარული - მოწყობილობა კონსტრუქციების კონტროლის ჩასატარებლად კაპილარული არამრღვევი მეთოდების გამოყენებით. იგი დაფუძნებულია დაზიანებული უბნის ფერკონტრასტულობის ხელოვნურ გაზრდაზე საღ უბანთან შედარებით. ზედაპირულ ბზარებს ავსებენ სპეციალური ინდიკატორული ნივთიერებით (პერეტრანტით), რომელიც იჭრება მასალაში კაპილარული ძალების ზემოქმედებით. პერეტრანტში შეყავთ ლუმინოფორები (ლუმინესცენციისათვის). შემდეგ ზედაპირზე დარჩენილ პენეტრანტს მოაშორებენ და დაადებენ გამამჟღავნებლის თეთრი ფხვნილის თხელ ფენას (მაგნიუმის ჟანგი, ტალკი), რომელსაც აქვს სორბციული თვისება, რის გამოც პერეტრანტის ნაწილაკები ამოდიან ზემოთ, აფიქსირებენ ბზარის კონტურებს და კაშკაშად ანათებენ ულტრაიისფერი სხივების ქვეშ.

დეფექტოსკოპი რადიოტალღური - მუშაობის პრინციპი ემყარება მილიმეტრული და სანტიმეტრული დიაპაზონის რადიოტალღების გავრცელებას სხეულში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ზედაპირული დეფექტების აღმოჩენა არალითონურ ნეკეთობებში. ლითონის კონსტრუქციებში ამ მეთოდის გამოყენება არაეფექტურია რადიოტალღების მასალაში შეღწევის შეზღუდვის გამო.

დეფექტოსკოპი ულტრაბგერითი - ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია დრეკადი რხევების (რომელთა სიხშირე 20 კჰც-ზე მეტია და რომელსაც ადამიანის სმენის ორგანო ვერ შეიგრძნობს) მასალაში შეღწევაზე და ერთი გარემოდან მეორეში გადასვლისას არეკვლის თვისებაზე, რის შედეგად ხდება მასალის სხვადასხვა დეფექტის გამოვლენა. ასეთებია: მიკრო- და მაკრობზარები, ნიჟარები, სიცარიელეები და მასალაში სხვა სახის ნივთიერებათა შემცველობა, რომლის სიმკვრივე ძირითადი მასალის სიმკვრივისაგან განსხვავდება. ულტრაბგერითი რხევის კონა მიიღება პიეზოელექრტული კვარცის ან ბარის ტიტანიტის ფირფიტისაგან. კვლევის ძირითადი მეთოდებია: არეკვლითი და გამოსხივებითი. არსებობს თანამედროვე დ. უ. შემდეგი სახეები: ვიზუალური დეფექტოსკოპი RA3105 (შემუშავებულია საველე პირობებში გამოსაყენებლად), ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი ფაზირებული ცხაურით OLYMPUS OmniScan MX2, ციფრული ულტრაბგერითი სისტემა Ultraprobe 9000, ულტრაბგერითი დეფექტოსკოპი Ultraprobe 10000 და Ultraprobe 15000 და სხვ.

დეფექტოსკოპია (ლათ.-ბერძ.) - არამრღვევი მეთოდები და საშუალებები, რომლებსაც იყენებენ მასალასა და ნაკეთობაში დეფექტების აღმოსაჩენად. არსებობს დ. სახეები: ვიზუალური, რენტგენული, რადიო, მაგნიტური, ელექტროინდუქციური, ულტრაბგერითი, კაპილარული, ელექტროსტატიკური, თერმოელექტრული, ინფრაწითელი, რეზონანსული, იმპედანსური, აკუსტიკური, ელექტროოპტიკური და სხვ.

დეფექტოსკოპია ინდუქციური - დეფექტოსკოპიის მეთოდი, გამოყენებული დენგამტარი მასალების (ლითონური, გფაფიტული და სხვ.) ხარისხის კონტროლისათვის, ძირითადად, გამოსაცდელ ნაკეთობაში გრიგალური დენის აღგზნებით დეფექტოსკოპის გადამწოდის ცვლადი მაგნიტური ველის მეშვეობით და ელექტრული და მაგნიტური ველების ურთიერთქმედების გაზომვით დეფექტოსკოპის ინდიკატორით. ამ მეთით ხდება მასალის სტრუქტურული მდგომარეობის, ქიმიური შედგენილობის, ხაზოვანი ზომების, არამაგნიტური მასალების ელექტროგამტარობის, აზოტირებისა და ცემენტაციის შრეების კონტროლი და სხვ.

დეფექტოსკოპია ლუმინესცენტრული - კაპილარული დეფექტოსკოპიის მეთოდი, რომლითაც დეფექტების აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური ინდიკატორული ნივთიერებები (პენეტრანტები) ლუმინოფორების საფუძველზე (ნავთი, ნურიოლი და სხვ.). ამ შემთხვევაში გამომჟღავნებლად იხმარება თეთრი ფხვნილი - მაგნიუმის ჟანგი, ტალკი და სხვ.

დეფექტოსკოპია მაგნიტური - დეფექტოსკოპიის მეთოდების კომპლექსი, დაფუძნებული ფერომაგნიტური მასალის ნაკეთობების (ძირითადად ფოლადის კონსტრუქციების) ირგვლივ მაგნიტური ველის გამოკვლევაზე. დეფექტების ზონებში (ბზარები, არამაგნიტური ჩანართები განლაგებული ზედაპირიდან მცირე სიღრმეზე) ხდება მაგნიტური ველის გაბნევის პარამეტრების მკვეთრი ცვლილება, დამოკიდებული დეფექტების ზომებზე, ფორმაზე, განთავსების სიღრმეზე, ორიენტაციაზე და რომელთა აღმოჩენა ხორციელდება სხვადასხვა ინდიკატორებით: ბზარის კიდეებზე დალექილი მაგნიტური ფხვნილით (მაგნიტურ-ფხვნილური მეთოდი), შეღებილი ფხვნილებით, რომელიც რეაგირებს ულტრაიისფერ სხივებზე (მაგნიტურ-ლუმინესცენტრული მეთოდი - მუქი ზედაპირის მქონე ნაკეტობებისათვის), სპეციალური მაგნიტომგრძნობიარე ელემენტით - ფეროზონდით, რომელიც აღრიცხავს სუსტ მაგნიტურ ველს ან მის გრადიენტს (ფეროზონდური მეთოდი), აგრეთვე მაგნიტური ლენტით, რომელიც ეკვრება საკონტროლო ნაკეთობის ზედაპირს და მაგნიტდება სხვადასხვა ხარისხით საღ და დეფექტურ ზონებში (მაგნიტოგრაფიკული მეთოდი). მაგნიტური დეფექტოსკოპიის ჩასატარებლად გამოიყენება მაღალი ძაბვის მაგნიტური დეფექტოსკოპი, რომელსაც აქვს მოწყობილობა საკონტროლო ნიმუშის განმაგნიტებისა.

დეფექტოსკოპია რეზონანსული - პიეზომეტრული ვიბრაციის რხევის რეჟიმის განსაზღვრის მეთოდი. აღიძვრება სპეციალური გენერატორის მიერ გამომუშავებული ცვლადი სიხშირის ელექტრული ძაბვებით. გამოიყენება თხელკედლიანი ნაწარმის დეფექტების გამოსავლენად მიჩრჩილვის შემთხვევაში, ასევე ფურცლების და მილების კედლის სისქის გასაზომად ნაკეთობებზე ცალმხრივი შეღწევით.

დეფიბრატორი - მერქნის მექანიკური წესით დასაქუცმაცებელი აპარატი, რომელიც შედგება გამორთქლი აპარატისა და დისკური წისქვილისაგან (რაფინიორი). გამოიყენება ცელულოზა-ქაღალდის წარმოებაში.

დეფიბრერი (ფრანგ.) - მანქანა ხის მასის მისაღებად მერქნის გახეხვით მბრუნავი აბრაზიული ქვის მეშვეობით (ძირითადად გამოიყენება ხელოვნური სახეხი ქვები კვარცის, კორუნდის ან კარბორუნდის საფუძველზე).

დეფიბრირება (ფრანგ.) - მერქნის მექანიკური წესით ბოჭკოებად დაქუცმაცების ტექნოლოგიური პროცესი.

დეფილე (ფრანგ.) - ვიწრო გასასვლელი მთებში ან საწყალოსნო სივრცეებში.

დეფიციტი ( ლათ.) - 1. გასავლის მეტობა შემოსავალზე; 2. რაიმე საქონლის ნაკლებობა (მაგ., როდესაც მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას).

დეფიციტი ბიუჯეტის - ბიუჯეტის ხარჯებისა და დაკრედიტების გადამეტება შემოსავლებსა და ფულად გრანტებზე.

დეფლაგრაცია - ფეთქებადი ნივთიერების წვა აფეთქების გარეშე.

დეფლაცია (ლათ.) - 1. გამოქარვა; ქარის მიერ ნაშალი მასალის განიავება; 2. ბრუნვაში მყოფი ქაღალდის ფულის რაოდენობრივი შემცირება მისი მსყიდველობითუნარიანობის ასაწევად.

დეფლექტორი (ლათ.) - 1. მილის (შახტის) გარეთა ნაწილის ბოლოზე გამწოვი მოწყობილობა სათავსიდან გამოსული ჰაერის გასაწმენდად (ნახ. 1). მუშაობს ქარის ზემოქმედებით; 2. ხელსაწყო აირების, სითხეების, ფხვიერი მასალების, ბგერითი ტალღების ნაკადის მიმართულების გასაზომად; 3. სამარჯვი ჰიდრომონიტორის მართვის გასაადვილებლად. წყლის ჭავლის ღერძი, რომელიც ნორმალურად ემთხვევა ჰიდრომონიტორის ლულის ღერძს, სპეციალური ბუნიკით გადაიხრება რომელიმე მხარეს მცირე კუთხით. ამ დროს აღიძვრება რეაქციის ძალა, რომელიც მოაბრუნებს ლულას საჭირო მიმართულებით. დ. მობრუნება სახელურის საშუალებით არ მოითხოვს დიდ ენერგიას.

დეფოლტი (ინგლ.) - ფასიან ქაღალდზე პროცენტის გაცემის შეწყვეტა.

დეფორმაცია (ლათ.) - მყარი სხეულის წერტილების ურთიერთგანლაგების შეცვლა გარეშე ძალების ზემოქმედებით, რომლის დროსაც იცვლება მანძილი მათ შორის. დ. უწოდებენ დრეკადს, თუ იგი ქრება დატვირთვის მოხსნის შემდეგ, ხოლო პლასტიკურს, თუ იგი მთლიანად არ ქრება. დ. ყველაზე მარტივი და გავრცელებული სახეებია გაჭიმვა, კუმშვა, ღუნვა, გრეხვა, თელვა, ახლეჩა.

დეფორმაცია აქტიური - დეფორმაციის პროცესი, როცა დროის ყოველ მომდევნო მომენტში დაძაბულობისა და დეფორმაციის ინტენსივობები აჭარბებს დროის წინა მომენტში არსებულ მნიშვნელობებს.

დეფორმაცია ბრტყელი - სხეულის დეფორმირებული მდგომარეობა, როდესაც სხეულის ყველა წერტილის გადაადგილება გარკვეული სიბრტყის პარალელურია.

დეფორმაცია დრეკად-პლასტიკური - სხეულის დრეკადი და ნარჩენი დეფორმაციების ერთობლიობა.

დეფორმაცია დრეკადი - დეფორმაცია, რომელიც ისპობა მისი გამომწვევი დატვირთვის (გარე ძალების) მოხსნასთან ერთად.

დეფორმაცია ერთგვაროვანი - დეფორმაცია, რომლის დროსაც სხეულის ყველა წერტილის გადაადგილება წარმოიდგინება მისი კოორდინატების წრფივი ფუნქციის სახით. თვისებები: 1. წრფე რჩება წრფედ; 2. პარალელური წრფეები რჩებიან პარალელურნი; 3. ერთი მიმართულების წრფეები იჭიმებიან ან იკუმშებიან ერთი და იგივე მიმართულებით; 4. სფერო გარდაიქმნება ელიფსად.

დეფორმაცია მოცულობითი (სუფთა დეფორმაცია) - დეფორმაცია, როდესაც იცვლება სხეულის (ან მისი ელემენტის) მხოლოდ მოცულობის სიდიდე ფორმის შეუცვლელად.

დეფორმაცია ნარჩენი - იხ. დეფორმაცია პლასტიკური.

დეფორმაცია პლასტიკური (ნარჩენი დეფორმაცია) - დეფორმაციას ეწოდება პლასტიკური, თუ იგი მთლიანად არ ქრება მისი გამომწვევი დატვირთვის (გარე ძალების) მოხსნის შემდეგ.

დეფორმაცია სივრცითი - დეფორმირებული მდგომარეობა, როდესაც სამი მთავარი წაგრძელებიდან ყველა განსხვავდება ნულისაგან.

დეფორმაცია ტემპერატურული - დეფორმაცია, რომელიც გამოწვეულია სხეულის ტემპერატურის ცვლილების შედეგად.

დეფორმაცია ტენიანობის - სხეულის გეომეტრიული ზომებისა და მოცულობის ცვლილება ტენიანობის გავლენით. მასალის შეშრობისას ზომების და მოცულობის შემცირებას, ეწოდება შეკლება. ზომების და მოცულობის გადიდებას დატენიანებისას ან წყლით გაჟღენთისას, ეწოდება გაჯირჯვება.

დეფორმაცია ფარდობითი - წრფივი ელემენტის სიგრძის, ზედაპირული ელემენტის ფართობის ან მყარი სხეულის ელემენტის მოცულობის ნაზრდის ფარდობა ამ ელემენტის პირველსაწყის სიგრძესთან, ფართობთან ან მოცულობასთან.

დეფორმაცია ცხელი - ლითონების წნევით დამუშავება (ჭედვა, გლინვა და მისთ.) ნამზადის გაცხელების შემდეგ ტემპერატურამდე, რომლის დროსაც უკუქცევის პროცესები დეფორმაციასთან ერთად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში დეფორმაცია შეიძლება გაგრძელდეს უწყვეტად, რადგან უკუქცევა აქრობს დეფორმაციით გამოწვეულ განმტკიცებას.

დეფორმაცია ძვრის (სუფთა ძვრა) - დეფორმაცია, როდესაც იცვლება სხეულის (ან მისი ელემენტის) მხოლოდ ფორმა მოცულობის შეუცვლელად.

დეფორმაციის კუთრი მუშაობა - სხეულის დეფორმაციაზე დახარჯული მუშაობის სიდიდის ფარდობა ამ სხეულის მოცულობასთან.

დეფორმაციის მდგომარეობა - ნივთიერი სხეულის ისეთი მდგომარეობა, რომელიც სხეულის ყოველ წერტილში განისაზღვრება დეფორმაციის ტენზორით.

დეფორმაციის მუშაობა - მუშაობა, რომელსაც ასრულებენ სხეულზე მოქმედი გარე ძალები მისი დეფორმაციის დროს.

დეფორმაციის უნარი - ნივთიერი სხეულების უნარი განიცადოს დეფორმაცია გარე ძალების ან ფიზიკური ფაქტორების გავლენით.

დეფორმაციული ნიშანი - გეოდეზიური ნიშანი (ზედაპირული, სიღრმული) შენობის, ნაგებობის, მიწის ზედაპირის და მთის ქანების დეფორმაციების (გადაადგილებების) აღსარიცხავად.

დეფორმირებადობა - სხეულის თვისება შეიცვალოს ზომები ან ფორმა გარე ძალების, ტემპერატურის, ტენიანობის ზემოქმედებით ან მიკროსტრუქტურის ცვლილების შედეგად.

დექლორაცია - ქლორის განდევნა მის შემცველ ორგანულ ნივთიერებათაგან; წყალსადენის წყლის გაწმენდა ქლორისაგან, რომელიც მასში დარჩა ქლორირების შემდეგ.

დექსტრინი (ფრანგ.) - სახამებლის პროდუქტი, ერთგვარი წებო. მიიღება კრახმალის გაცხელებით ან მასზე სიმჟავეების დამატებით. კარგად იხსნება წყალში. გამოიყენება გუბიარაბიკის მაგიერ და ლითონების ჩამოსასხმელ წარმოებებში.

დეცი... (ლათ.) - რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მეტრული სისტემის საზომთა სახელწოდებებში შედის და აღნიშნავს, რომ მოცემული ერთეული 10-ჯერ ნაკლებია ძირითადზე. მაგ., 1დეციმეტრი = 0,1 მ (1დმ = 0,1მ).

დეციმეტრი (დმ) - სიგრძის საზომი ერთეული. 1 დმ = 10 სმ = 0,1 მ.

დეჰიდრატაცია (ლათ.-ბერძ.) - ნივთიერებისათვის წყლის მოცილება.

დეჰიდრირება - იხ. გაუწყლოება.

დიაბაზი - სრულკრისტალური პალეოტიპური შავი ან მომწვანო ფერის მაგმური ქანი (ნახ. 1, დიაბაზი (ვეშათწყარო)). ქიმიური და მინერალური შედგენილობით ბაზალტის მსგავსია. დ. ანალოგიური კაინოტიპური ქანია დოლერიტი. დ. ფართოდაა გავრცელებული კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და სამხრეთ საქართველოში. გვხვდება ასევე კარელიაში, ყირიმში, ციმბირში, გერმანიაში, ჩეხეთში, დიდბრიტანეთში, სკანდინვიაში, საფრანგეთში და აშშ-ში. დიაბაზებს იყენებენ საავტომობილო და სარკინიგზო ქვებისა და ღორღის დასამზადებლად, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის.

დიაგენეზი (ბერძ.) - წყლის აუზის ფსკერზე ლამიანი ნალექების ქანებად გარდაქმნა.

დიაგენეზისი - იხ. დიაგენეზი.

დიაგონალი (ლათ.) - 1. მათემ. სწორი ხაზი, რომელიც აერთებს მრავალკუთხედის ორი არამოსაზღვრე კუთხის წვეროებს; 2. ირიბად ნაქსოვი ერთგვარი მტკიცე ქსოვილი.

დიაგრამა (ბერძ.) - 1. ნახაზი, გრაფიკული გამოსახულება (სწორკუთხედები, წრე და სხვ.), რომლითაც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი რაიმე სიდიდეების შეფარდება (მაგალითად, გაჭიმვის დ., ძაბვა-დეფორმაციის, სიჩქარეთა, ტვირთბრუნვის, რკინანახშირბადის და სხვ).უფრო მეტად გავრცელება ჰპოვა მართკუთხა (სვეტისებურმა) და სექტორულმა (წრიულმა) დიაგრამებმა. მართკუთხა დიაგრამაზე (ნახ. 1) თითოეული სვეტის სიმაღლე აღებულ მასშტაბში აიგება გამოსასახავი სიდიდის პროპორციულად, ხოლო სვეტის სიგანე აიღება ნებისმიერად. სექტორულ დიაგრამაზე (ნახ. 2) აღებული წრის სექტორის რკალის სიგრძე ასევე აიგება გამოსასახავი სიდიდის პროპორციულად; 2. ჭადრაკის დაფაზე ფიგურების განლაგების გრაფიკული გამოსახულება.

დიაზომეთანი - ცუდი სუნის მქონე ტოქსიკური და ფეთქებადი ყვითელი გაზი.

დიამაგნეტიკი - ნივთიერება, რომელიც მაგნიტდება გარე მაგნიტური ველის მიმართულების საწინააღმდეგოდ

დიამანტი (ფრანგ.) - ძვ. ალმასი, ბრილიანტი.

დიამეტრი (ბერძ.) - წრფის მონაკვეთი, რომელიც აერთებს წრეწირის ორ წერტილს და გადის მის ცენტრში.

დიაპაზონი (ბერძ.) - რომელიმე ფიზიკური ან სხვა სიდიდის ცვალებადობის სფერო, მაგ., რადიომიმღების სიხშირეთა (ტალღების სიგრძეთა) დ., გამზომი ხელსაწყოს გაზომვათა დ. და სხვ.

დიატომიტი (ლათ.) - კიზელგური, ინფუზორიული მიწა, მოთეთრო ან მოყვითალო ცარცისმაგვარი ფოროვანი, მსუბუქი დანალექი ქანი. შეიცავს კვარცის, გლაუკონიტის, თიხის მინარევებს. წარმოიქმნება ზღვისა და ტბის აუზებში დალექილი დიატომეებიანი შლამისაგან. იყენებენ ადსორბენტად და ფილტრად ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობის, აგრეთვე ანტიბიოტიკების, ქაღალდის, პლასტსმასებისა და საღებავების წარმოებაში, ლითონისა და მარმარილოს საპრიალებელი პასტების დასამზადებლად და სხვ. საქართველოში არსებობს ქისათიბის დიატომიტის საბადო (ახალციხის რ-ნი).

დიაფონი - მძლავრი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შუქურიდან იძლევიან ხმოვან სიგნალებს ნისლიან ამინდში.

დიაფრაგმა (ბერძ.) - 1. მთლიანი ან გისოსოვანი დისკო - სიხისტის ელემენტი, ხელს უწყობს სიმტკიცის ზრდას და შენობის კონსტრუქციული სისტემის მდგრადობას (ნახ. 1. კარკასულ-პანელური შენობა: 1-კოლონა; 2-რიგელი; 3-გადახურვის პანელი; 4-დიფრაგმა; 5-გარე კედლის პანელი); 2. ფირფიტა ხვრეტებით ან მის გარეშე, იგივე ტიხარი. არსებობს მრავალი სახის დიაფრაგმა: გოფრირებული, ელასტიკური, კაშხლის, მიკროფონის, რეზინის, ჭვრიტეებიანი, დრეკადი და სხვ.

დიბლიგი - ბუგელი, სათავსი; ხიმინჯს თავზე ჩამოსაცმი რკინის სალტე.

დიდგაბარიტიანი - დიდი ზომის უშლადი დანადგარ-ნაკეთობები (მაგ., ლითონის ცისტერნა, რკ.ბ.-ის ორქანობიანი კოჭი და სხვ.).

დიდი ქალაქი - ქალაქი, რომლის მცხოვრებთა რიცხვი 100.000 კაცს აღემატება. ცნება მიღებული იქნა 1887 წელს, საერთაშორისო სტატისტიკოსთა კონფერენციის მიერ. 2002 წლის აღწერით საქართველოში 4 დიდი ქალაქია: თბილისი (1.090.000), ქუთაისი (185.965), რუსთავი (138.000) და ბათუმი (121.800). მსოფლის მასშტაბით კი დ.ქ. რაოდენობა 1700-ზე მეტია. ქალაქს, სადაც მილიონზე მეტი მაცხოვრებელია, მილიონიანი ქალაქი ჰქვია, რომელთა პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. ტოკიო (37 მლნ), 2. ჯაკარტა (22,63 მლნ), 3. სეული (22,5 მლნ), 4. დელი (22,2 მლნ), 5. შანხაი (20,9 მლნ), 6. მანილა (20,8 მლნ), 7. ყარაჩი (20,7 მლნ), 8. ნიუ იორკი (20,5 მლნ), 9. სან პაულო (20 მლნ), 10. მეხიკო (19,5 მლნ).

დიდნაქურთენიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, მანკის ისეთი სახეობა, როდესაც ხის ტანის განივკვეთში ნაქურთენის ფართობი გაცილებით მეტია გულის ფართობზე (ნახ.1, დიდნაქურთენიანობა, მუხა). ასეთი მერქანი დაბალხარისხიანია. ნაქურთენის სიჭარბე შეიძლება იყოს თანაბრად განაწილებული, შეიძლება - ცალმხრივი.

დიდუბის ეკლესია (დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი) - თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე რენესანსულ-ბაროკოული სტილის გუმბათოვანი მართლმადიდებლური ეკლესია (ნახ. 1). დღევანდელი დიდუბის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი მეექვსე საუკუნით თარიღდება. მას მეცხრამეტე საუკუნემდე ნანგრევების სახით მოუღწევია. ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი დავით სოსლანზე 1189 წელს. დღევანდელი ეკლესია აგებული იქნა XIX საუკუნის ბოლოს. მასში იგრძნობა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არქიტექტურული იერსახის გავლენა. ფრესკები შესრულებულია 1978 წელს მხატვარ ალექსანდრე ბანძელაძის მიერ.

დიელექტრიკი - ნივთიერება, რომელიც პრაქტიკულად არ ატარებს ელექტრულ დენს. იგი შეიძლება იყოს მყარი, თხევადი ან გაზისებრი. დიდი გამოყენება აქვს ელექტროტშენაერთიექნიკაში. დ. მიეკუთვნება ჰაერი, მინა, პლასტმასა, რეზინი, ფისი და სხვა ათასობით ქიმიური შენაერთი, შენადნობი და კომპოზიტური მასალა.

დივანი - ავეჯის ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია რამდენიმე ადამიანის დასაჯდომად მოსვენებით მდგომარეობაში. ჩვეულებრივ, მას რბილი საჯდომი და საზურგე აქვს. სანიდაყვის და გვერდების ქონა აუცილებელი არ არის.

დივანხანე - შირვანშაჰების სასახლე ბაქოში, შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი (ნახ. 1). ანსამბლში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით მართკუთხა საძვალე (1435 წ.), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442 წ.), სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585 წ.), აბანო.

დივერგენცია (ლათ.) - 1. სხვადასხვაობა; გადახრა, განშტოება; 2. მათემ. ვექტორული ველის სკალარული დიფერენციალური ოპერატორი, რომელიც აჩვენებს ველის განშლადობის ტენდენციას მოცემულ წერტილში. დ. ოპერატორი აღინიშნება ასე: div F. დავუშვათ რომ ვექტორული ველი დიფერენცირებულია რაიმე საზღვრებში, მაშინ დეკარტის სამგანზომილებიან სივრცეში დივერგენცია განისაზღვრება გამოსახულებით div F = ∂Fx/∂x + ∂Fy/∂y + ∂Fz/∂z, სადაც F აღნიშნავს ვექტორული ველის სიდიდეს (ინტენსივობას).

დივერსიფიკაცია - 1. ინვესტირებული ან ნასესხები ფულადი კაპიტალის განაწილება დაბანდებების შესაძლო დანაკარგების შემცირების მიზნით; 2. ასორტიმენტის გაფართოება, ფირმის, საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის სახის შეცვლა, ახალი სახის წარმოების ათვისება მისი ეფექტიანობის ამაღლების, ეკონომიკური სარგებლის მიღების, ბანკროტობის აღკვეთის მიზნით; 3. კომპანიის ზრდის ოთხი სტრატეგიიდან ერთ-ერთი, რომელიც ახალ ბაზარზე ახალი პროდუქტით შესვლას გულისხმობს. ახალი პროდუქტი კომპანიის არსებულ ბაზრებზე გატანილი პროდუქტისაგან საგრძნობლად განსხვავდება.

დივიდენდი (ლათ.) - სააქციო საზოგადოების კრების მიერ დადგენილი შემოსავლის ნაწილი, რომელიც გადაეცემა აქციის მფლობელს (მფლობელებს). ოდენობა დამოკიდებულია აქციის სახეზე. პრივილეგირებულ აქციას ფიქსირებული დივიდენდი აქვს.

დივინილი - იხ. ბუტადიენი.

დიზაინი (ინგლ.) - სახვითი ხელოვნების ნაირსახეობა, რომელიც მოიაზრება, როგორც პროცესი ან თავად საბოლოო პროდუქტი და ნიშნავს რაიმე ობიექტის (მანქანის, შენობის, ინტერიერის, ნაკეთობის, პროდუქტის და ა.შ.) მონახაზის, მოდელის ან თვით ობიექტის შექმნის, დამუშავების გეგმას (ან ამ გეგმაზე მუშაობის პროცესს). დ. როგორც წესი, მოითხოვს ობიექტის ესთეტიურ, ფუნქციონალურ და სხვა ასპექტთა გათვალისწინებას, რაც საკმაოდ შრომატევად კვლევას, ფიქრს, მოდელირებას, იტერაციულ დამუშავებასა და რედიზაინს საჭიროებს. დ. გვაძლევს არამარტო საგნის გარეგნულ სახეს, არამედ ძირითად სტრუქტურულ კავშირებს, რომლებიც საგნობრივ გარემოს ანიჭებენ აუცილებელ ფუნქციურ და კომპოზიციურ მთლიანობას, რაც ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობის და პროდუქციის ხარისხის ამაღლებას. დ. სილამაზის კანონებით ადამიანის საქმიანობის ყველაზე განვითარებული და თეორიულად გააზრებული სფეროა. ის მოიცავს მრეწველობის მიერ დამზადებული საგნების პროექტირების, წარმოებისა და გამოყენების სფეროს, ამ საგნების სარგებლობის, მოხერხებულობის და სილამაზის გათვალისწინებით. დიზაინი აღმოცენდა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც რეაქცია ადამიანის საგნობრივი გარემოს ვიზუალური და ფუნქციური თვისებების სტიქიურ ფორმირებაზე.

დიზაჟიო (იტალ.) - ქაღალდის ფულისა და ფასიანი ქაღალდების საბირჟო (საბაზრო) კურსის დაცემა მათ ნომინალურ ღირებულებასთან შედარებით; ანგარიშობენ პროცენტობით.

დიზელი (გერმ.) - დგუშებიანი შიგაწვის ძრავა კუმშვის ანთებით. მუშაობს დიზელის საწვავზე და არის ეკონომიური. გამოიყენება ძირითადად გემებზე, თბომავლებზე, სატვირთო ავტომობილებზე, დიზელის ელექტროსადგურებში. სახელწოდება მიიღო მისი გამომგონებლის რუდოლფ დიზელის პატივსაცემად.

დილატაცია - კუმშვის დროს სხეულის მოცულობის გადიდება, განპირობებული მრავალი მიკრობზარის განვითარებით, აგრეთვე ბზარების მეტი განფენილობით.

დილატოგრაფი (ლათ.) - ხელსაწყო რაიმე საგნის მოცულობის ცვლილების ჩასაწერად.

დილეგი - 1. მიწის ქვეშ მოთავსებული საპყრობილე, საკანი; 2. ციხე-კოშკი, რომლის ქვედა ნაწილი გამოყენებული იყო საპყრობილედ.

დილენები გრძელი - საექსპორტო დანიშნულების წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან დამზადებული მასალა სიგრძით 1500...2400 მმ, გრადაციით 300 მმ; სისქით 16...100 მმ, სიგანით 100...300 მმ.

დილენები მოკლე - საექსპორტო დანიშნულების წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან დამზადებული მასალა სიგრძით 450...1350 მმ, გრადაციით 150 მმ; სისქით 16...100 მმ, სიგანით 100...300 მმ.

დილენი - წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან დამზადებული საექსპორტო მასალა. ტექნ. პირობ. „ჩრდილოეთის დახარისხების დახერხილი ხის მასალა“-ს შესაბამისად: მ ო კ ლ ე დ. - სისქე 16...100 მმ, სიგანე 100...300 მმ, სიგრძე 450...1350 მმ, გრადაციით 300 მმ. გ რ ძ ე ლ ი დ. - სისქე 16...100 მმ, სიგანე 100...300 მმ, სიგრძე 1500...2400 მმ, გრადაციით 300 მმ. გასაგზავნი მასალის ნომინალური (სატრანსპორტო) ტენიანობა ტოლია 22%-ია, ამიტომ მასალა გაგზავნამდე ექვემდებარება ატმოსფერულ ან კამერულ შრობას, ზაფხულობით კი ატმოსფერული შრობის წინ - ანტისეპტირებას.

დილერი (ინგლ.) - საბირჟო მაკლერი - 1. საფონდო ბირჟის წევრი ფიზიკური ან იურიდიული პირი - მოქმედებს თავისი სახელით და ხარჯით, დებს ბროკერებთან ფასიანი ქაღალდების, საქონლისა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო გარიგებებს. დილერის მოგების წყაროა ნაყიდი და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ფასთა შორის სხვაობა; 2. ბანკის თანამშრომელი, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე კონვერსიულ, დეპოზიტის და სხვა სახის ოპერაციებზე სპეციალიზდება; 3. საცალოდ გადაყიდვის მიზნით საქონლის და მომსახურების ბითუმად მყიდველი.

დიმენზიონი - სორტიმენტი, რომელიც ძირითადად იხმარება კოჭების, ნივნივების და სვეტების დასამზადებლად. გამოიყენება ფიჭვის, ნაძვის და სოჭის მერქანი სიგრძით 1220...5490 მმ.

დიმერი - სანათურის სხივის ძალის მდოვრედ დასარეგულირებელი მოწყობილობა.

დინა (ბერძ.) - ძალის ერთეული ზომათა აბსოლუტურ სისტემაში - ძალა, რომელიც ერთ გრამ მასას ერთ წამში ერთი სანტიმეტრით აჩქარებას ანიჭებს.

დინამიკა (ბერძ.) – 1. მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხეულის მოძრაობას მასზე მოდებული ძალების მოქმედებით. ეს ძალები იწვევენ (ან ცვლიან ამ მოძრაობას). დ. საფუძველია გალილეის და ნიუტონის მექანიკის კანონები; 2. რისამე მოძრაობა, ცვალებადობა, განვითარება; 3. გადატ. მოძრაობის, მოქმედების სიჭარბე; 4. მუსიკ. ბგერადობის ძალა.

დინამიკა კლასიკური (ნიუტონის დინამიკა) - მათემატიკური დასკვნების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენენ გალილეის და ნიუტონის ძირითადი კანონების შედეგებს. მასში აქსიომატიკის ხერხით შემოაქვთ უძრავი სივრცის ცნება (ათვლის აბსოლუტურად უძრავი სისტემა, ანუ ინერციული სისტემა) და აბსოლუტური დრო, რომელიც სივრცის ყველა წერტილისათვის ერთნაირია. აბსოლუტურ სივრცეს მიეწერება ევკლიდეს სივრცის გეომეტრიული თვისებები. ნიუტონის კანონები ჩამოყალიბებულია აბსოლუტური სივრცის და აბსოლუტური დროის მიმართ. დინამიკის ძირითადი განტოლებები მართებულია მხოლოდ ათვლის ინერციული სისტემის მიმართ მოძრაობის შესწავლისას.

დინამიკა მექანიკური სისტემის - დინამიკის ნაწილი, რომელიც იხილავს მექანიკური სისტემის მოძრაობას მასზე მოდებული ძალების მოქმედებით.

დინამიკა ნივთიერი წერტილის - დინამიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნივთიერი წერტილის მოძრაობას მასზე მოდებული ძალების მოქმედებით.

დინამიკური - 1. დინამიკასთან, მოძრაობასთან, ძალის მოქმედებასთან დაკავშირებული; 2. მოძრაობით, მოქმედებით, შინაგანი ენერგიით აღსავსე.

დინამიკური სისტემა - მექანიკური სისტემა თავისუფლების ხარისხის სასრული რიცხვით. მაგალითად, სასრული რიცხვის მქონე მატერიალური წერტილების სისტემა, რომელიც მოძრაობს კლასიკური მექანიკის კანონებით. მათი მოძრაობა აღიწერება ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებათა სისტემით.

დინამიტი - ნიტროგლიცერინში გაჟღენთილი ნაქლიბი ან აბსორბენტი. ზოგჯერ უმატებენ სხვა კომპონენტებსაც (სელიტრა). მთელ მასას დაწნეხით აძლევენ ცილინდრულ ფორმას და ათავსებენ ქაღალდის ან პლასტმასის გარსაცმში. აფეთქება წარმოებს კაფსულ-დეტონატორის დახმარებით. არსებობს დ. სამი სახეობა: 1. პლასტიკური (ნიტროეთერების შემცველობა მეტი 40%-ზე); 2. ნახევრადპლასტიკური (15...40%); 3. ფხვნილისებური (15%). ძირითადად გამოიყენება სამთო საქმეში, თუმცა ბოლო დროს მის ნაცვლად ხშირად ხმარობენ ნაკლებად საშიშ ასაფეთქებელ ნივთიერებებს (ამონიტები, გრანულიტები, დეტონიტები). დინამიტი 1866 წელს გამოიგონა შვედმა მეცნიერმა ალფრედ ნობელიმ.

დინამიური მუშაობა - ტვირთის გადაადგილება ზევით, ქვევით ან ჰორიზონტალურად

დინამო (ბერძ.) - რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც შეესაბამება სიტყვა "ძალა", მაგ., დინამომეტრი, დინამომანქანა.

დინამო არენა (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა) - მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში (ნახ. 1). თავდაპირველი ნაგებობა, რომელიც ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი, აიგო 1932-1935 წლებში (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი). 1955-1956 წწ განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორიგია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). სტადიონის ტევადობაა 55 000 მაყურებელი. ს. ძირითადი მზიდი კონსტრუქციები შესრულებულია მონოლითური რკ.ბ.-ისაგან.

დინამოგრაფი (ბერძ.) - ძალის გასაზომი და ავტომატურად ჩამწერი ხელსაწყო.

დინამომეტრი - ძალსაზომი, ხელსაწყო ძალის ან ძალის მომენტის გასაზომად (ნახ. 1: მექანიკური დინამომეტრი). იგი შედგება ძალური რგოლისაგან (დრეკადი ელემენტი) და ათვლის მოწყობილობისაგან. მოქმედების პრინციპის მიხედვით დ. არის მექანიკური (ზამბარიანი ან ბერკეტული), ჰიდრავლიკური და ელექტრული. დანიშნულების მიხედვით - საერთო და სპეციალური.

დინამოსკოპი (ბერძ.) - ადამიანის მოძრაობის გამოსაკვლევი ხელსაწყო.

დინამო… (ბერძ.) - რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიუთითებს ძალაზე, ენერგიაზე დამოკიდებულებას; მაგ.: დინამომეტრი, დინამოსკოპი, დინამოგრაფი.

დინასი - კირიან შემკვრელზე დამზადებული ცეცხლგამძლე აგური, რომელსაც იყენებენ საქარხნო (მარტენის, საკოქსავი და სხვ.) ღუმელების მშენებლობაში.

დინება - 1. ცივი ან თბილი წყლის გადაადგილება განსხვავებული ტემპერატურის მქონე წყალში - წყალშიდა მდინარე. მას მიაქვს ცივი წყალი თბილ ზღებში ან პირიქით. დინებათა წარმოქმნას და მიმართულებებს განაპირობებს ხახუნი წყლისა და ჰაერის მოძრავ მასებს შორის, მზე-მთვარისმიერი მიქცევა-მოქცევა, წყლის სიღრმეში წნევათა სხვადასხვაობა და დედამიწის ბრუნვა; 2. იგივეა, რაც ნაკადი.

დინი - ძალის ერთეული CGS სისტემაში, ანუ ისეთი ძალა, რომელიც 1გ მასას მიანიჭებს 1 სმ/წმ2 აჩქარებას. 1ნ = 105დინი = 0,102 კგ ძალა.

დინიტროცელულოზა - ნიტროცელულოზა, განზავებული სპირტსა და ეთერში, რომელიც წარმოადგენს გამჭვირვალე წებოვან სითხეს და რომელიც გაშრობისას ქმნის სითხეგაუმტარ ზედაპირს.

დიოდი - ორი ელექტროდის (ანოდის და კათოდის) მქონე ელექტრონული მილაკი.

დიოპტრია - ლინზებისა და სხვა ღერძსიმეტრიული ოპტიკური სისტემების ოპტიკური ძალის ერთეული, რომელიც სიდიდით წარმოადგენს ლინზის ფოკუსური მანძილის (მეტრებში) შებრუნებულ მნიშვნელობას.

დიორამა – 1. მინის, ქსოვილის ორივე მხარეზე შესრულებული ნახატი; 2. სურათი, რომლის წინა პლანზე მოცულობითი გამოსახულებაა მოთავსებული.

დიორიტი (გერმ.) - ნაცრისფერი სრულკრისტალური (SiO2-ის შემცველობით 55…65%) საშუალო სიმჟავიანობის მაგმური ინტრუზიული ქანი. ნაკლებადაა გავრცელებული და გვხვდება გრანიტოიდულ ინტრუზიებში უბნების სახით, ზოგჯერ ქმნის შტოკს, დაიკს, ლაკოლითსა და სხვა. დ. საბადოები ცნობილია დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, რუმინეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში. ის ძვირფასი საშენი და მოსაპირკეთებელი მასალაა. მისგან ამზადებენ სხვადასხვაგვარი სახეობის საგზაო ქვას. ზოგიერთი დ. მდიდარია ფერადი ელფერით, კარგად კრიალდება. ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში იყენებდნენ როგორც ქანდაკების მასალას, რადგანაც მაგარი, მტკიცე და სინათლეგაუმტარი დ. ექვემდებარება განზოგადებულ დამუშავებას. გავრცელებულია საქართველოშიც. აღსანიშნავია მოსაპირკეთებელი წიფის კვარციანი დიორიტის საბადო, რომლის აქტიური მარაგი 800 ათას მ3-ს აჭარბებს.სიღრმიდან ამონთხეული ქანი, ძვირფასი საშენი მასალა.

დიოქსინი - ტოქსიკური ნივთიერება, შხამი, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და დიდხანს რჩება გარემოში, საკვებ ნივთიერებასა და ადამიანის ორგანიზმში. გარემოში დ. შეიძლება მრეწველობის ნარჩენების, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ასევე, გამონაბოლქვის შედეგად მოხვდეს. უკანასკნელ ხანებამდე დიოქსინი საშიშ ნივთიერებად არ ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ დიოქსინი დღემდე არსებულ საწამლავებს (ციანიდები, საომარი საშიში ნივთიერებები და სხვ.) შორის ყველაზე საშიშია. დ. არის არა ერთი კონკრეტული ნივთიერება, არამედ ქიმიურ ნივთიერებათა კლასია, რომელიც, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება ბენზოლის ბირთვისგან ჟანგბადის გარემოში ქლორისა და ბრომის თანაარსებობისას, განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურაზე. დ. გამოაფრქვევს გარემოში გრაფიტის გაწმენდის საწარმოები, ჰერბიციდების, ბენზინის საწარმოები, ცელულოზა-ქაღალდის, ელექტროლიზის ქარხნები. დიოქსინები წარმოიქმნება აგრეთვე ნაგვის წვის, ქლორშემცველი ნარჩენების უტილიზაციის, ელექტროსადგურში ხანძრის დროს. 1996 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტომ დიოქსინი ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიშ ნივთიერებათა ნუსხაში შეიტანა.

დიპტერიქსი ჰაეროვანი - იხ. კუმარუ.

დირე - 1. საძირკვლის კოჭი, წყვეტილ საძირკვლებზე, კარკასის კოლონების შვერილებზე ან სპეციალურ სადგარებზე დაყრდნობილი ძელი, რომელიც იღებს კაპიტალური კედლის ნაწილის ან კარკასის შევსების დატვირთვას; 2. ზღურბლი, ბჭე, კარაბანი, კარაპინი, კარნაგელა; კარის ქვეშ, გადასასვლელზე, გადებული ძელი, კარის ჩარჩოს ქვედა ძელი.

დირექტრისა (ფრანგ.) - 1. მათემ. კონუსური კვეთის (ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა) სიბრტყეში მდებარე წრფე, რომელსაც შემდეგი თვისება აქვს: წირის  ნებისმიერი  წერტილიდან ფოკუსამდე და ამ წრფემდე მანძილთა ფარდობა არის მუდმივი სიდიდე, რომელიც ტოლია შესაბამისი წირის ექსცენტრისიტეტისა. ელიფსსა და ჰიპერბოლას აქვთ ორ-ორ დირექტრისა, პარაბოლას - ერთი დირექტრისა (ნახ. 1, პარაბოლას დირექტრისა);  2. სამხედრ. სროლის ძირითადი მიმართულება საარტილერიო პოლიგონზე.

დისბალანსი (ლათ.) - 1. მანქანა-დანადგარის მბრუნავი დეტალის ან კვანძის წონასწორობის დარღვევა ბრუნვის ღერძის მიმართ; 2. სათავსში სავენტილაციო სისტემით მიწოდებული და გაწოვილი ჰაერის რაოდენობებს შორის სხვაობა. არსებობს დ. სხვა სახეებიც, მაგ.: ჰორმონალური, გენდერული, ეკონომიკური, პასუხისმგებლობის, ძალაუფლების და ა.შ.

დისგრეგაცია (ლათ.) - სხეულის შემადგენელი ნაწილაკების ერთმანეთისგან განცალკევება

დისთენი - მინერალი, აქვს სრულყოფილი ტკეჩვადობა, არის ლურჯი, თეთრი, ნაცრისფერი, მომწვანო, ზოგჯერ შავი

დისიპატიური (ლათ.) - ენერგიის დაკარგვასთან დაკავშირებული.

დისიპატიური ძალები - 1. ძალები, რომლებიც მექანიკური სისტემის მოძრაობისას დროის ზრდასთან ერთად იწვევენ სისტემის მექანიკური ენერგიის შემცირებას მისი ენერგიის სხვა ფორმაში გადასვლის შედეგად; 2. არაპოტენციური ძალები, თუ მათი სიმძლავრე უარყოფითი ან ნულის ტოლია. პოტენციურ ძალებს, რომლებისთვისაც მართებულია ენერგიის შენახვის (მუდმივობის) კანონი, კონსერვატულ ძალებს უწოდებენ, ყველა დანარჩენს - არაკონსერვატიულს. არაკონსერვატიულ ძალებში შემავალ მავნე წინაღობის ძალებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სისტემის ენერგია იფანტება (იბნევა), ანუ დისიპაციას განიცდის, დისიპატიური ძალები ეწოდებათ. მექანიკის თვალსაზრისით მექანიკური ენერგიის დისიპაცია არის ენერგიის დაკარგვა, მექანიკური გამოყენების არიდან მისი წასვლა; სინამდვილეში ენერგია არ იკარგება, არამედ გარდაიქმნება სხვა სახეში (თბური, ელექტრული და სხვ.).

დისკო - ჩვეულებრივად ბრტყელი ან მუშტებიანი მგვალი ფორმის ნაკეთობა, რომელიც მრავალგვარი გამოყენებისაა. დანიშნულების მიხედვით დისკოები არის: ანტიფრიქციული, გადაბმულობის, მუშტა, მუხრუჭის, ხერხის, საჭრისის და სხვა მრავალი. სამშენებლო-საგზაო მანქანებში დისკო გამოიყენება, როგორც მუხრუჭებისა და ფრიქციული ქუროების ძირითადი მუშა ელემენტი. მრავალდისკოიანი ქუროები და მუხრუჭები (დისკოების რაოდენობით 8...12) გამოირჩევა მცირე გაბარიტებით და მდორე ჩართვით.

დისკრეტული - ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარი, წყვეტილი, მარცვლოვანი.

დისკრეცია (ლათ.) - ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირების მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ.

დისლოკაცია - 1. გეოლ. დედამიწის ქერქის შრეების (ქანების) გადაადგილება; 2. სამხ. ჯარების განლაგება ქვეყნის ტერიტორიაზე; 3. ფლოტის ხომალდების განაწილება ნავსადგურებზე.

დისლოკაცია დიზიუნქტიური - სამთო ქანების განლაგების ისეთი დარღვევა, რომელიც ხასიათდება მთლიანობის გაწყვეტით და გაწყვეტილი ნაწილების გადაადგილებით. მისი ძირითადი ელემენტია - ნაპრალი

დისლოკაცია პლიკატური - სამთო ქანების განლაგების ისეთი დარღვევა, რომლის დროსაც, ქანების ცალკეული ნაწილების გადაადგილების შედეგად, ამ ქანების მთლიანობის უწყვეტად განლაგების თავდაპირველი ფორმა იცვლება ნაოჭების, ფენის გამსხვილებისა და გათხელების სახით.

დისპენსერი - 1. ბეჭვდითი რეკლამის ერთ-ერთი სახეობა; 2. მოწყობილობა საქონლის ცალობითი შეფუთვისათვის; 3. ავტომატი ნაღდი ფულის გასაცემად.

დისპერგირება (ლათ.) - მყარი სხეულის წმინდა დაქუცმაცება სითხეში, რომლის შედეგად წარმოიქმნება დისპერსიული სისტემები: ფხვნილები, სუსპენზიები, ემულსიები, აეროზოლები. ერთი სითხის დ. მეორეში (როცა ისინი არ აირევიან ერთმანეთში) ემულგირება ეწოდება, ხოლო მყარი სხეულის ან სითხის დისპერგირებას ჰაერში (აირთან) - გაფრქვევა.

დისპერსია (ლათ.) - დაშლა, დაყოფა, დაქუცმაცება,  განბნევა, გაფანტვა - ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკაში დ. წარმოადგენს მონაცემთა გაფანტულობის საზომს. შემთხვევითი სიდიდის დ. ეწოდება რიცხვს, რომელიც გამოხატავს, თუ რამდენადაა გაფანტული შემთხვევითი სიდიდის მნიშვნელობები მისი მათემატიკური ლოდინიდან. დ. წარმოადგენს მეორე რიგის ცენტრალურ მომენტს.

დისპერსიული სისტემები - სისტემები, სადაც, დისპერსიული ფაზის ნაწილაკები ერთმანეთთან და დისპერსიულ გარემოსთან დაკავშირებულნი არიან მოლეკულური, აბსორბციული და სხვა ძალების მეშვეობით და წარმოქმნიან თავისებურ ბადეებს ანუ კარკასებს. ძირითადი მახასიათებლის - ნაწილაკთა ზომის ან დისპერსიულობის მიხედვით - დ.ს იყოფა წმინდა და უხეშ სისტემებად. აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით განარჩევენ შემდეგი სახის წმინდა დ.ს. : თხევადს (ქაფები, ემულსიები, სუსპენზიები, ზოლები); აირულს (აეროზოლები); მყარს (მინისაბრი და კრისტალური სხეულები, რომელშიც ჩართულია უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები). უხეშ დ.ს. მიეკუთვნება: მთის ქანები, გრუნტი, ნიადაგი, საშენი მასალები, საღებავები და მისთ.

დისპერსიულობა - 1. ნივთიერების ნაწილაკებად დაშლის ხარისხი (რამდენადაც წვრილია ნაწილაკი, იმდენად მეტია დისპერსიულობა); 2. ახასიათებს მარცვლების ნაწილაკების ან სითხის წვეთების ზომებს. საშენი მასალა (ცემენტი, თაბაშირი, კირი, პიგმენტები და ა.შ.) წმინდად დაფქულ-დისპერსიულ მდგომარეობაშია და აქვს დიდი ჯამური ზედაპირი. სიდიდეს, რომელიც განსაზღვრავს მასალის დაქუცმაცებულობას - დაფქვას და მისი ზედაპირის ფართობს, ეწოდება კუთრი ზედაპირი - ერთეული მოცულობის ზედაპირი (1მ2/სმ3) ან ერთეული მასის ზედაპირი (სმ2/გ). ნივთიერების კუთრი ზედაპირის გადიდებით, იზრდება მისი ქიმიური აქტივობა.

დისპეტჩერი (ლათ.) - პირი, რომელიც აწესრიგებს ტრანსპორტის მოძრაობას ან საწარმოს მუშაობას ერთი ცენტრალური ადგილიდან.

დისპეტჩერიზაცია - სამშენებლო-სამონტაჟო ობიექტების ცენტრალიზებულ-ოპერატიული ხელმძღვანელობა.

დისტანცია (ლათ.) - 1. მანძილი სტარტსა და ფინიშს შორის, მოძრავ ობიექტებს შორის და სხვ.; 2. რკინიგზის, მაგისტრალის, გზატკეცილის, ტრასისა და მისთ. ადმინისტრაციულ-ტექნიკური უბანი.

დისტანციური ლარტყა (სპეისერი) - მინაპაკეტის პერიმეტრზე მინებს შორის მოთავსებული თხელი მოცულობითი ლარტყა. მისი მეშვეობით რეგულირდება მინაპაკეტის სისქე. როგორც წესი, მზადდება ალუმინისაგან. გამოდის სხვადასხვა სისქის ბიჯით 2 მმ. დ.ლ. შიგნით ათავსებენ ტენშემწოვ ფხვნილს (სილიკოგელს) წვრილი მარცვლების სახით, რომელიც ლარტყაში არსებული ნასვრეტებიდან უზრუნველყოფს მინაპაკეტში მოხვედრილი ზედმეტი ტენის შთანთქმას, რაც გამორიცხავს პაკეტის დაორთქვლას შიდა მხრიდან.

დისტილატი (ლათ.) - გამოხდის თხევადი პროდუქტი (მაგ., ნავთობის დისტილატებია: ნავთი, ბენზინი. მაზუთი და სხვ.).

დისტილაცია (დისტილირება) - გამოხდა, თხევადი ნარევის დაყოფა სხვადასხვა შემადგენლობის ფრაქციებად, აორთქლებით და ორთქლის შემდგომი კონდენსაციით. ეფუძნება კომპონენტების დუღილის ტემპერატურათა სხვაობას. გამოიყენება ქიმიურ, მეტალურგიულ და ნავთობის წარმოებაში.

დისტილირებული - გამოხდილი.

დისტილირებული წყალი - წყალი, რომელიც გაწმენდილია მინარევებისაგან დისტილაციის გზით; გამოიყენებენ საშენი მასალების, ქიმიურ, სამედიცინო და სხვ. სახის ლაბორატორიებში.

დისტრიბუტორი (ინგლ.) - ფირმის აგენტი, რომელსაც ევალება ამ ფირმის პროდუქციის რეალიზაცია განსაზღვრულ რეგიონში. დ. არ არის შუამავალი, იგი ბირჟასთან არ არის დაკავშირებული და მუშაობს არა კლიენტის სახელით ან მისი ანგარიშით, არამედ თავისი სახელით და თავისი ანგარიშით. როგორც წესი, მწარმოებელი ფირმა აძლევს თავის დ. საქონელს გარკვეული ფასდაკლებით, რაც ამ უკანასკნელის შემოსავლის წყაროა.

დიუზა - საშხეფარი, სითხის მისაშხეფებელი მოწყობილობა. გამოიყენება მშენებლობაში სამღებრო სამუშაოებში

დიუკერი (გერმ.) - 1. წნევიანი წყალსატარი მილი, გაყვანილი მდინარის, არხის, გზის ქვეშ, ღრმა ხევის ფერდობებზე ან ფსკერზე და ა.შ. მისი გადამკვეთი წყალდენის გასატარებლად. ეწყობა წყალსადენის, კანალიზაციის, მელიორაციის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების სისტემებში (ნახ. 1); 2. მილსადენის ან გაზსადენის უბნის მოღუნული ნაწილი.

დიუმი (ჰოლანდ.) - ზომათა ინგლისურ სისტემაში სიგრძის წილითი (წილობრივი) ერთეული. 1 დ = 1/12 ფუტი = 0,0254 მ

დიუნა - ეოლური პროცესებით შექმნილი დედამიწის რელიეფის დადებითი ფორმა.

დიფერენციალი (ლათ.) - მექანიზმი ავტომობილის, ტრაქტორის ან სატრანსპორტო მანქანის წამყვანი თვლების ამძრავში, რომელიც უზრუნველყოფს წამყვანი თვლების ბრუნვას სხვადასხვა სიჩქარით (მაგ., გზის მრუდე უბნებზე გავლისას); 2. მათემ. ფუნქციის ნაზრდის მთავარი ნაწილი

დიფერენციალური აღრიცხვა - მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ფუნქციის წარმოებულისა და დიფერენციალის ცნებას და მათი გამოყენების ხერხებს ფუნქციის გამოსაკვლევად. დ.ა. განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინტეგრალური აღრიცხვის განვითარებასთან. განუყოფელია მათი შინაარსიც. ისინი ერთად შეადგენენ მათემატიკური ანალიზის საფუძველს. დ.ა. შექმნის ძირითად წინაპირობას წარმოადგენს მათემატიკაში ცვლადი სიდიდის შემოღება (რ. დეკარტი). დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის აგება ზოგადი სახით ჩამოყალიბებულია ი. ნიუტონის და გ. ლაიბნიცის შრომებში, სადაც შემოღებულია ძირითადი ცნებები - წარმოებული და დიფერენციალი. დ.ა. შემდგომი განვითარება მოცემულია ლ. ეილერის და ჟ. ლაგრანჟის შრომებში. დ.ა. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფუნქციის მთლიანი თვისებების აღსაწერად შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ ფუნქციის ლოკალური თვისებები.

დიფერენციალური განტოლება - განტოლება, რომელიც შეიცავს დამოუკიდებელ ცვლადებს, ერთ ან რამდენიმე საძიებელ (უცნობ) ფუნქციას და მათ ნებისმიერი რიგის წარმოებულებს. დიფერენციალური განტოლებები იყოფა ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებებად, რომლებშიც, როგორც უცნობები, შედიან მხოლოდ ერთი ცვლადის ფუნქციები და კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებებად, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ცვლადის ფუნქციის კერძო წარმოებულებს. კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლების მთავარი განსხვავება ჩვეულებრივისაგან ის არის, რომ მისი ზოგადი ამოხსნა დამოკიდებულია არა ნებისმიერ მუდმივებზე, არამედ ნებისმიერ ფუნქციებზე.

დიფერენციაცია (ლათ.) - რაიმე მთელის დაყოფა, დანაწევრება მრავალგვარ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ნაწილებად, ფორმებად, საფეხურებად და ა.შ.

დიფერენციული ცენტრიფუგირება - ნარევის (ან ქსოვილიანი ჰომოგენატის) გაყოფა შემადგენელ ნაწილებად (ფრაქციებად) სპეციალური აპარატების – ზესიჩქარის ცენტრიფუგების მეშვეობით.

დიფრაქცია (ლათ.) - სინათლის, ბგერის თუ სხვა ტალღების მიერ გზაზე შემხვედრ დაბრკოლებათა შემოვლა.

დიფუზია - მატერიის ან ენერგიის გადასვლა მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი კონცენტრაციის არეში. დიფუზიის შედეგია უშუალო კონტაქტში მყოფი ნივთიერებების ერთმანეთში შერევა; სითბოს ან ელექტრული მუხტის გავრცელება სხეულის ერთი ბოლოდან მეორეში. დ. მიზეზი მოლეკულების უწყვეტ ქაოსურ მოძრაობაში მდგომარეობს. რაც მეტია ამ მოძრაობის სიჩქარე, მით უფრო სწრაფად ხორციელდება დიფუზია. შესაბამისად, აირების მოლეკულების დ. უფრო სწრაფად ხორციელდება, ვიდრე სითხეების და მყარი სხეულების მოლეკულების

დიფუზიური - 1. სხვადასხვა ნაწილის შერწყმით წარმოქმნილი; 2. დაუნაწევრებელი, გაურკვეველი, ბუნდოვანი; 3. განბნეული (ითქმის სინათლეზე).

დიფუნდირება - ორი თხევადი ან აირადი ნივთიერების ურთიერთშერევის პროცესი.

დიქროიზმი (ბერძნ.) - სხეულების თვისება, მიიღონ სხვადასხვა ფერი ხედვის კუთხეზე დამოკიდებულებით

დიქტი (გერმ.) - მრავალშრიანი ფანერი, ფირფიცარი.

დიჰიდროკვერცეტინი - ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც თვისება აქვს მიიზიდოს თავისუფალი რადიკალები ბიოლოგიურ ქსოვილში და ამავდროულად შეაფერხოს ჟანგვის, წვის, ლპობის პროცესები. მის საფუძველზე შექმნილ პრეპარატებს აშშ-ში და ევროპაში იცნობენ, როგორც „ტაქსოფოლინი“. იგი წარმატებით გამოიყენება მილსადენების შიგა ზედაპირების დასაცავად კოროზიისაგან, სოფლის მეურნეობაში - როგორც მცენარეების ზრდის სტიმულიატორი, მედიცინაში - სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად და სხვ. ნანოტექნოლოგიის გამოყენებით წარმოებაში ციმბირული ლარიქსის შრობის პროცესში მერქნისაგან ამოიღებენ წყლის ექსტრაქტს, რომელიც შეიცავს დ. მოლეკულებს, რომლებიც თავის მხრივ მოთავსებულია ანაბინოგალაქტანის მიკრომოლეკულების გარსში. ასეთი უნიკალური მასალანაწილაკები ზომით 20 ნმ, მოდიფიკაციის შემდეგ, გამოიყენება დაბალფასიანი მერქნის (სოჭი, კედარი) სიღრმითი გაჟღენთვისათვის, რაც ამ მასალას ანიჭებს სრულიად ახალ თვისებებს - ამაღლებს ხარისხს, სიმტკიცეს, ცეცხლ- და ბიომედეგობას.

დნობა (ლღობა) - მყარი სხეულის თხევად მდგომარეობაში გადასვლის პროცესი გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებით. ხორციელდება მუდმივ ტემპერატურაზე, ე.წ. დნობის ტემპერატურაზე, რომლის სიდიდეც დამოკიდებულია სხეულის ბუნებასა და გარეშე წნევაზე; დ. თან ახლავს სითბოს შთანთქმა ე.წ. დნობის სითბო.

დნობის კუთრი სითბო - სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მიეწოდოს კრისტალური ნივთიერების წონის ერთ ერთეულს გაწონასწორებულ იზობარულ-იზოთერმულ პროცესში, რათა გადაყვანილ იქნას მყარი კრისტალური მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაზე (სითბოს იგივე რაოდენობა გამოყოფა ნივთიერების კრისტალიზაცის დროსაც). დნობის კუთრი სითბო გამოითვლება ფორმულით: λ = Q/m, სადაც λ - დნობის კუთრი სითბო, Q - სითბოს რაოდენობა, მიღებული ნივთიერების მიერ დნობისას (ან გამოყოფილი კრასტალიზაციისას), m - გასადნობი (კრისტალიზებადი) ნივთიერების წონა.

დოგმა (ბერძ.) - დებულება, რომელიც დასაბუთებული არ არის და რომელსაც ბრმად, კრიტიკის გარეშე იღებენ.

დოდეკაედრი - წესიერი მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი (ნახ. 1). აქვს ხუთკუთხა ფორმის 12 წახნაგი, 30 წიბო, 20 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის 3 წიბო). თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ დ. მოცულობა V = 7,6631b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 20,6457b2.

დოდეკასტილი - ანტიკური ტაძრის სახეობა, რომლის მთავარ ფასადზე თორმეტი სვეტია.

დოზა (ბერძ.) - 1. რისამე გარკვეული რაოდენობა; 2. ზუსტი რაოდენობა ნივთიერებისა, რომელიც შედის ნარევის შემადგენლობაში.

დოზა ტოქსიკური - ქიმიურად საშიში ნივთიერების საშიშროების მახასიათებელი, რომელიც შეესაბამება ცოცხალ ორგანიზმზე მისი ზემოქმედებისას დაზიანების განსაზღვრულ დონეს. განასხვავებენ საშუალო სასიკვდილო ტოქსიკურ დოზას, რომელიც დაზიანებულთა 50% - ის სიკვდილს იწვევს, და საშუალო დოზას, რომელიც ზონაში მოხვედრილი ადამიანების 50%-ის მოწამვლას იწვევს.

დოზატორი - მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მოცემული მასით ან მოცულობით თხევადი ან ფხვიერი მასალების ავტომატური მოზომვისათვის ბეტონის ნარევებისა და სამშენებლო ხსნარების წარმოებაში, აგრეთვე კაზმის მოსამზადებლად შუშისა და კერამიკულ ნაკეთობათა საწარმოებში და სხვა დარგებში. დ. არის ციკლური და უწყვეტი მოქმედების. მათი მართვა ხორციელდება დისტანციურად ან ავტომატურად. მოცულობითი დ. მოწყობილობა მარტივია, მაგრამ მათი სიზუსტე წონით დ. შედარებით დაბალია, რაც უკავშირდება მასალის სიმკვრივის ცვალებადობის გავლენას.

დოზიმეტრია (ბერძ.) - ტექნიკური ფიზიკის დარგი, რომელიც იკვლევს რადიაქტიური ნივთიერების გამოსხივებასა და აქტივობას.

დოზირება - დოზებად დაყოფა; დოზის დადგენა.

დოზის სიმძლავრე - დედამიწაზე დოზის სიმძლავრის საშუალო მნიშვნელობა (ბუნებრივი რადიაქტიური ფონი) ტოლია 4,85∙10-9 გრ/სთ. ადგილებში, სადაც გვხვდება რადიაქტიური მასალების ქანი, დოზის სიმძლავრე იზრდება 1,3-დან 100 გრ/სთ-მდე.

დოკი (ინგლ.) - ნაგებობა, სადაც აწარმოებენ გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილის წმენდას, შეღებვას, რემონტს

დოკუმენტი - 1. ინფორმაცია, რომელიც დაფიქსირებულია მატერიალურ ობიექტზე ტექსტის, ხმოვანი ჩანაწერის, ან გამოსახულების სახით, ბიბლიოგრაფიულად იდენტიფიცირებადია და განკუთვნილია დროსა და სივრცეში გადასაცემად; 2. იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის ან უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი; 3. წერილობითი ცნობა რაიმე ფაქტის შესახებ.

დოკუმენტი პირველადი - დადგენილი წესით შედგენილი წერილობითი საბუთი, რომელიც დამატებითი განმარტებების გარეშე ადასტურებს სამეურნეო ოპერაციის მოხდენის ფაქტს. ცალკეული სახის პირველადი დოკუმენტის ფორმა, შინაარსი და შედგენის წესი რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

დოლაბი - 1. ერდო; ბანში მოწყობილი ღიობი, საიდანაც სინათლე შემოდის და კვამლი გადის; 2. კედელში დატანებული უკარო კარადა; 3. წისქვილის ქვა.

დოლი - მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების შემადგენელი ნაწილი, რომელიც დანიშნულებითა და კონსტრუქციის მიხედვით არის მრავალგვარი, ფორმით – ცილინდრული, კონუსური, წახნაგოვანი. ყველაზე გავრცელებული გამოყენება დ. აქვთ ტვირთამწევ მოწყობილობებში, მართვის ბაგირულ სისტემებში. ცნობილია სამსხვრევ-სახარისხებელი, საშრობი, მადანსარეცხი, ბაგირის დ. და სხვ.

დოლმენი (ფრანგ.) - 1. ქვის დიდი ლოდები და ფილები; 2. უძველესი (ქვის ხანის) სამარხი, აკლდამა, აგებული დიდი ლოდებისა და ფილებისაგან.

დოლომიტი - უფერო, თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი ან მოყავისფრო კარბონატების ჯგუფის მინერალი - CaMg(CO3)2. წარმოადგენს კალციუმისა და მაგნიუმის მარილს. მისი სიმკვრივეა 85 გ/სმ3, სიმაგრე - 3...4; უმთავრესად აქვს თეთრი, ყვითელი ან ნაცრისფერი შეფერილობა.

დომინანტა – ქალაქის, მოედნის, ქუჩის და ა.შ. განაშენიანობაში გაბატონებული ნაგებობა ან მისი ნაწილი (კოშკი, გუმბათი, ბელვედერი და სხვა).

დომკრატი (ჰოლანდ.) - ტვირთების მცირე სიმაღლეზე ასაწევი მექანიზმი. არსებობს ლარტყიანი, ხრახნიანი, ჰიდრავლიკური (ნახ. 1), პნევმატიკური. ტვირთამწეობა რამდენიმე კგ-დან ასეულობით ტ-მდე. გამოიყენება სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. მძლავრი ჰიდრავლიკური დ. შესაძლებელია მთელი შენობის ან ნაგებობის აწევა.

დომკრატი ლარტყული - მთავარი ნაწილია ტვირთმზიდი ლარტყა, რომელსაც აქვს საყრდენი ფილა ტვირთისათვის და ტვირთის ასაწევი თათი. გადამცემი მექანიზმის ტიპის მიხედვით დ.ლ. შეიძლება იყოს ბერკეტული ან კბილა (ნახ. 1). დომკრატის გადამცემი მექანიზმი ერთ-, ორ- ან სამსაფეხურიანია. პირველის ტვირთამწეობა 6 ტ-მდეა, მეორის -15 ტ-მდე, ხოლო მესამისა - 15 ტ-ზე მეტი. ლარტყაზე აწეული ტვირთი მაგრდება გასაჩერებელი მოწყობილობით. ლარტყიანი დომკრატის მქკ ერთი კბილა გადაცემის დროს 0,85 ტოლია, ორი გადაცემისას კი - 0,7.

დომკრატი რკინიგზის - მექანიზმი, რომელსაც იყენებენ მძიმე საცალო ტვირთის, სატრანსპორტო საშუალებების (ავტომობილის, ვაგონის) და სხვათა ასაწევად სარემონტო, სამონტაჟო ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებლად. დ.რ. მცირე ზომისა და მცირე მასისაა (არ აღემატება თავისი ტვირთამწეობის 1%-ს). აწევის სიჩქარეა 0,01...0,25 მ/წმ, აწევის სიმაღლე - 0,15 მ. სპეც. დანიშნულების დომკრატების ტვირთამწეობა რამდენიმე ასეულ ტონას აღწევს, ხოლო ტვირთის აწევის სიმაღლე - რამდენიმე მეტრს (ნახ. 1: ვაგონების ასაწევი დომკრატები). დომკრატი უზრუნველყოფს ტვირთის მდორედ აწევას, მის ზუსტ ფიქსაციას და განსაზღვრულ სიმაღლეზე გაჩერებას. ამძრავის ტიპის მიხედვით განასხვავებენ ხელისა და ელექტროამძრავიან დომკრატებს, ხოლო მოქმედების პრინციპისა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით - ლარტყულს, ხრახნულსა (ნახ. 2: დომკრატი ხრახნული საგზაო) და ჰიდრავლიკურ (ნახ. 3) დომკრატებს.

დომკრატი ხრახნული - დომკრატი, რომლის უმთავრესი დეტალია სახსრულად დამაგრებული ტვირთსაყრდენი თეფში, რომელსაც სახელური ამოძრავებს (ნახ. 1). ჰორიზონტალურ სიბრტყეში ტვირთის გადასაადგილებლად იყენებენ ნალოებიან დომკრატს. დ.ხ. ტვირთი გარკვეულ სიმაღლეზე ხრახნის თვითდამუხრუჭებით ჩერდება, რაც მუშაობის პროცესში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დ.ხ. ტვირთამწეობა არ აღემატება 20 ტ-ს. ამზადებენ სპეც. დანიშნულების დომკრატებს, რომელთა ტვირთამწეობა 2 მ-მდე სიმაღლეზე აწევის დროს 100 ტ და მეტია. დ.ხ. მქკ 0,3...0,4-ს არ აღემატება.

დომკრატი ჰიდრავლიკური - დომკრატი, რომელშიც ტვირთის საყრდენი დგუში იწევა მუშა სითხის ზემოქმედებით (ნახ. 1). ამ სითხეს ჭიქის ქვედა ღრუს აწვდის დგუშიანი ტუმბო, რომელსაც გააჩნია შემწოვი და დასაჭირხნი სარქველები. ტუმბოს ამუშავებენ ხელით (სახელურის მეშვეობით). დ.ჰ. ძირითადად არის პერიოდული მოქმედების (ხელის ამძრავიანი), თუმცა შესაძლებელია იყოს უწყვეტი მოქმედებისაც (მექანიკურ ამძრავიანი). უწყვეტი მოქმედების დომკრატში სითხე გადაეცემა დგუშისზედა სივრცეს, რის გამოც ჭიქა ტვირთთან, რეზერვუართან და დგუშთან ერთად ზემოთ გადაადგილდება. დ.ჰ. აქვს ლარტყული და ხრახნული დომკრატების ყველა ღირსება, მაღალია მისი მქკ (0,75...0,8), მდოვრედ იწევა, თვითდამუხრუჭებით ჩერდება ზუსტად, კომპაქტურია, დიდი ტვირთამწეობისაა (2...200 ტ), მაგრამ გააჩნია ნაკლიც: მცირეა მისი სიჩქარე და ერთ მუშა ციკლში აწევის სიმაღლე.

დონარიტი - ფეთქებადი ნივთიერება ამონიტების ჯგუფისა. იყენებენ სამთო საქმეში

დონორი - ორგანიზაცია, რომელიც ხელშეკრულების ან წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს ჰუმანიტარულ საქონელს მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად.

დონჟონი (ფრანგ.) - ფეოდალური ციხის მთავარი კოშკი, გეგმით ოთხკუთხა ან წრიული, დადგმული ციხის ყველაზე დაცულ (შუა) ადგილას, რომელიც წარმოადგენდა თავშესაფარს მტრის თავდასხმის დროს (ნახ. 1). ციხის გალავნის კოშკებისაგან განსხვავებით დ. წარმოადგენდა ციხეს ციხის შიგნით. მას სუფთად სამხედრო დანიშნულება ჰქონდა და საცხოვრებლად არ გამოიყენებოდა სათავსების სივიწროვის გამო. აგებდნენ ქვისაგან (აგურისაგან) ან ხის მორებისა და ძელებისაგან. დ. ხშირად განლაგებული იყო იარაღის საწყობი, სურსათ-სანოვაგის საწყობი და მთავარი ჭა.

დორა - 1. თიხის ჭურჭელი წყლისათვის; 2. სითხის საზომი ერთეული ძველ საქართველოში... „კოკის ნახევარი ჩაიტიოს“ (საბა)

დორიული ორდერი - არქიტექტურული ორდერი, რომელიც შეიქმნა დორიდაში (დორიდა - ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი პროვინცია); მისთვის დამახასიათებელია გლუვი კოლონები, ფორმთა უბრალოება და პროპორციულობა. დ.ო. (კლასიკური ნიმუშებია პართეონი და პროპოლეონი ათენის აკროპოლისზე) ბაზისი არა აქვს. სვეტი ზევით თანდათან ვიწროვდება და შვეული კანელურებით არის დაღარული, შუა ნაწილი კი გამსხვილებულია (ენტაზისი). სვეტს კაპიტელი ეყრდნობა, მას მოსდევს ქვის კოჭი - არქიტრავი, ტრიგლიფებითა და მეტოპებით დანაწევრებული ფრიზი და შემდეგ კარნიზი (ნახ. 1).

დოტაცია დოტაცია - საჩუქარი, შენაწირი; სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის, საწარმოებისათვის და ფიზიკური პირებისათვის, ზარალის დასაფარავად ან სხვა მიზნებისათვის.

დოუ-ჯონსის ინდექსი - აშშ-ის უმსხვილესი 30 კომპანიის აქციების კურსის საშუალო მაჩვენებელი (ინდექსი), რომლითაც ფასდება საბირჟო რესურსების მოძრაობა ყველა ბირჟაზე. დაკავშირებულია „უოლსტრიტ ჯორნელის“ ყოფილი ხელმძღვანელის ჰ. დოუს სახელთან, მოქმედებს 1897 წლიდან.

დრაგა - მცურავი კომპლექსურ-მექანიზებული სამთო-გამამდიდრებელი აგრეგატი წყალქვეშა დამუშავების მრავალციცხვიანი მუშა ორგანოთი. გამოიყენება ძირითადად წყალქვეშა ქვიშრობებისაგან ძვირფასი ლითონების ამოსაღებად და ფუჭი ქანების დასაწყობად ნაყარში.

დრაგლაინი (ინგლ.) - ერთციცხვიანი ექსკავატორი ისართან ციცხვის დრეკადი კავშირით (ნახ. 1). დრაგლაინის ისრის სიგრძე აღწევს 100 მ, ციცხვის ტევადობა - 80 მ3. ციცხვის ჩაღრმავება გრუნტში წარმოებს საკუთარი წონის ძალით და ამდენად მათი გამოყენება რბილ და ფხვიერ გრუნტებშია მისაღები. დ. იყენებენ აგრეთვე ჰიდროტექნიკურ და მელიორაციულ მშენებლობაზე. მათი სავალი მოწყობილობა მუხლუხა ან მაბიჯია.

დრაივერი (ინგლ.) - კომპიუტერის ამა თუ იმ პერიფერიული მოწყობილობის (კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის და ა.შ.) სამართავი სპეციალური პროგრამა.

დრანკა - სახურავის მოსაწყობი თხლად დაჭრილი ხის ფირფიტა, რომელიც არის კოტრის ანათალი ბოჭკოების გასწვრივ (ნახ. 1). სიგრძე 30; 35; 40 სმ, სიგანე - 6...15 სმ, სისქე - 3...5 მმ. დ. დასამზადებლად გამოიყენება ნაძვის, კედრისა და ვერხვის მერქანი.

დრეზინა (ავტოდრეზინა, მოტოდრეზინა) - სატრანსპორტო მანქანა, რომელიც გადაადგილდება რელსებზე. გამოიყენება ხალხის და ტვირთის გადასაადგილებლად მცირე მანზილებზე; მუშაობს ავტომობილის ან მოტოციკლის ძრავით. პირველი დ. მომარჯვებული იყო ხელის ამძრავით (ბერკეტულით)

დრეკად-პლასტიკური დეფორმაცია - მასალის დრეკადი და ნარჩენი დეფორმაციების ერთობლიობა.

დრეკადი დეფორმაციის ენერგია - დეფორმირებულ სხეულში შიგა ძალების ენერგია.

დრეკადი დეფორმაციის კუთრი ენერგია - დეფორმირებული სხეულის ერთეული მოცულობის დრეკადი დეფორმაციის ენერგია, რომელიც განისაზღვრება ფორმულით: Ф = lim(∆U/∆V), (როცა ∆V→0), სადაც: ∆U - ელემენტის დრეკადი დეფორმაციის ენერგიაა, ∆V - ელემენტის მოცულობა, რომელშიც დრეკადი დეფორმაციის ენერგია ∆U-ს ტოლია.

დრეკადი მასალა - მასალა, რომელსაც აქვს დრეკადი დეფორმაციის უნარი.

დრეკადი სახსარი - შეერთების სახეობა, რომელშიც დეტალების ფარდობითი მობრუნება მიიღწევა შესაერთებელი რგოლის დრეკადი დეფორმაციით.

დრეკადი ტალღები - გარემოში გავრცელებული მექანიკური შეშფოთებები, რომლებსაც აქვთ დრეკადი თვისება. დ.ტ. გავრცელებას თან სდევს დრეკადი დეფორმაციის ენერგიის გადატანა გარკვეული სიჩქარით, რომელიც დამოკიდებულია გარემოს ფიზიკურ თვისებებზე. დ.ტ. განსაკუთრებულ როლს ასრულებენ სხეულების დაჯახებისას (დარტყმისას), აფეთქების დროს, მიწისძვრის დროს და ა.შ.

დრეკადობა - მასალის თვისება, დატვირთვისას განიცადოს დეფორმაცია და მოხსნის შემდეგ დაიბრუნოს საწყისი ფორმა. დრეკადობის მოდული E (იუნგის მოდული) აკავშირებს დრეკად დეფორმაციას ε და ძაბვას σ. იგი გამოისახება ჰუკის კანონით ε = σ/E . დ. განპირობებულია ატომებსა და მოლეკულებს შორის ურთიერთქმედებით და მათი სითბური მოძრაობით. გრეხვით ძვრის დრეკადობის მოდული G არის მხები ძაბვის ფარდობა ნიმუშის ფარდობით ძვრასთან (გრეხვის) დრეკადი დეფორმაციების საზღვრებში, არგასული პროპორციულობის საზღვრებიდან. დრეკადობის მოდულის განზომილება ისეთივეა, როგორც ძაბვის. დრეკადი სხეულების მაგალითია რეზინი, ფოლადი და სხვ. აირებს ახასიათებთ დრეკადობა მხოლოდ ყოველმხრივი შეკუმშვის მიმართ, სითხეებს - ყოველმხრივი შეკუმშვისა და გაჭიმვის მიმართ. პრაქტიკულად დრეკადობა განისაზღვრება როგორც დაძაბულობა, რომლის დროსაც ნარჩენი დეფორმაცია აღწევს გარკვეულ (მცირე) სიდიდეს, რომელიც დადგენილია ტექნიკური პირობებით, მაგალითად, 0,001%; 0,003% და სხვ.

დრეკადობა მოცულობითი - ნივთიერი სხეულების თვისება, აღიდგინონ პირველსაწყისი მოცულობა დეფორმაციის გამომწვევი გარე ძალების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

დრეკადობის ზღვარი - მასალის სხვადასხვა სახის დეფორმაციის (გაჭიმვა, გრეხა და სხვ.) დროს წარმოქმნილი უდიდესი ძაბვა, რომლის დროს არ მჟღავნდება ამ მასალის ნარჩენი (პლასტიკური) დეფორმაცია.

დრეკადობის თეორია - კლასიკური მექანიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მყარ სხეულებში გარე ძალების, გათბობით და სხვა ზემოქმედებით წარმოქმნილ გადაადგილებებს, დრეკად დეფორმაციებს და ძაბვებს. მას საფუძვლად უდევს მყარი სხეულების დრეკადობის თვისება - აღიდგინონ თავიანთი პირვანდელი ფორმა და მოცულობა გარე ზემოქმედების შეწყვეტისთანავე. ეს თვისება ახასიათებს ყველა მყარ სხეულს, მაგრამ მხოლოდ დეფორმაციის გარკვეულ საზღვრებში, რაც სხვადასხვა სხეულებისათვის სხვადასხვაა. დ.თ. იხილავს მხოლოდ სხეულების დაძაბულ - დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრის ამოცანებს. ამ მიზნით რეალური მყარი სხეულები განიხილებიან, როგორც გარკვეული სახის მოდელები, რომლებსაც გარკვეულ პირობებში ახასიათებთ საერთო და ძირითადი თვისებები. მოცემული მყარი სხეულის აღებული მოდელის მიხედვით დრეკადობის თეორია იყოფა კლასიკურ, წრფივ და არაწრფივ თეორიად. დრეკადობის კლასიკური თეორიის საგანს წარმოადგენს ისეთი მყარი სხეულების დაძაბულ - დეფორმირებული მდგომარეობა, რომელთა მოდელებს გააჩნიათ შემდეგი თვისებები: 1) უწყვეტობა; 2) იდეალური დრეკადობა; 3)ძაბვებსა და დეფორმაციებს შორის წრფივი დამოკიდებულება; 4) საკმაო სიხისტე (გადაადგილების სიმცირე); 5) ერთგვაროვნება; 6) იზოტროპიულობა. დრეკადობის წრფივი თეორია შეისწავლის ისეთი მყარი სხეულების დაძაბულ - დეფორმირებულ მდგომარეობას, რომლებიც შეიძლება იყვნენ არაერთგვაროვანი და ანიზოტროპიული, ე.ი. მათი მოდელის აუცილებელი თვისებებია ზემოჩამოთვლილი ექვსი თვისებიდან მხოლოდ პირველი ოთხი. დრეკადობის კლასიკური თეორია წარმოადგენს დრეკადობის წრფივი თეორიის უმარტივეს შემთხვევას. ტექნიკის განვითარებასთან ერთად სხვადასხვა კონსტრუქციებში ახალი დრეკადი ელემენტების გამოყენებამ წარმოშვა ისეთი ამოცანების ამოხსნის აუცილებლობა, რომლებიც წარმოადგენენ დრეკადობის არაწრფივი თეორიის საგანს. ეს ამოცანები შეიძლება იყვნენ ან გეომეტრიულად არაწრფივი (როცა სხეულებს არ გააჩნიათ საკმაო სიხისტე, მაგ., მოქნილი ღეროები) ან ფიზიკურად არაწრფივი (როდესაც სხეულები არ ემორჩილებიან ჰუკის კანონს), აგრეთვე გეომეტრიულად და ფიზიკურად არაწრფივი (როდესაც დეტალები დამზადებულია რეზინისაგან ან რომელიმე პლასტმასისაგან). ყველა ამ ამოცანაში მოდელის აუცილებელ თვისებად ითვლება უწყვეტობა და იდეალური დრეკადობა, ხოლო სხვა თვისებები დგინდება მყარი სხეულის თავისებურებებიდან გამომდინარე. ასე რომ, დრეკადობის არაწრფივ თეორიას აქვს უფრო ზოგადი თვისებები და მოიცავს ამოცანათა საკმაოდ ფართო კლასს, რომლებსაც აყენებს თანამედროვე ტექნიკა. ჰუკის კანონის აღმოჩენა (1660 წ.) და ნავიეს ზოგადი განტოლებების დადგენა (1821 წ.) ორი მნიშვნელოვანი ეტაპია დრეკადობის თეორიის შექმნასა და მის განვითარებაში. ჰუკის კანონმა მოგვცა თეორიის აუცილებელი ექსპერიმენტული დასაბუთება. ეს კანონი და შემდგომ მისი განზოგადებული ფორმა შეადგენს დრეკადობის მათემატიკური თეორიის საფუძველს. ნავიეს ზოგადი განტოლებების მოძებნამ კი შესაძლებელი გახადა დრეკადი სხეულების მცირე დეფორმაციებთან დაკავშირებული ყველა საკითხის მათემატიკურ გამოთვლებზე დაყვანა. სწორედ ნავიემ შემოიღო ძაბვის ცნება და შეუდგა ნაგებობის დაძაბული მდგომარეობის შესწავლას. დ.თ. განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიცაა: კოში, პუასონი, ნიუტონი, ბოშკოვიჩი, იაკობ და დანიელ ბერნულები, ეილერი, ლაგრანჟი, იუნგი, ლაპლასი, სენ-ვენანი, კირხჰოფი, ფოგტი, ლიავი, ჰერცი, მიტჩელი, გრინი, კელვინი, ტიმოშენკო, მუსხელიშვილი, ბუბნოვი, გალიორკინი, კოლოსოვი და სხვ.

დრეკადობის კლასიკური თეორია - დრეკადობის თეორია გადმოცემული დიფერენციალური განტოლებების სახით, რომლებიც მართებულია მხოლოდ ზღვრულ შემთხვევებში, როცა გადაადგილებისა და დეფორმაციის კომპონენტები მიისწრაფიან ნულისაკენ განსახილველი სხეულის მთელ მოცულობაში.

დრეკადობის მოდული - რამდენიმე ფიზიკური სიდიდის საერთო დასახელება, რომელიც ახასიათებს მყარი ტანის (მასალა, ნივთიერება) თვისებას განიცადოს დრეკადი დეფორმაცია მასზე ძალის მოდებისას. დრეკადი დეფორმაციის საზღვრებში ტანის დ.მ. ზოგადად დამოკიდებულია ძაბვაზე და განისაზღვრება ძაბვის დეფორმაციაზე დამოკიდებულების წარმოებულით (გრადიენტით) ანუ ძაბვა-დეფორმაციის დიაგრამის ჰორიზონტთან დახრის კუთხის ტანგენსით. განასხვავებენ დრეკადობის მოდულს ღერძულ გაჭიმვა-კუმშვისას (იუნგის მოდული, ანუ ნორმალური დრეკადობის მოდული); ძვრისას (ძვრის მოდული); ყოველმხრივი შეკუმშვისას (მოცულობითი დრეკადობის მოდული). დ.მ. მნიშვნელოვანია სიმტკიცეზე, სიხისტეზე, მდგრადობაზე გაანგარიშებისას, აგრეთვე როგორც ატომთაშორისი კავშირების ძალის საზომი.

დრეკადობის მოდული გაჭიმვისას (კუმშვისას) - იხ. იუნგის მოდული.

დრეკადობის მოდული ძვრისას - იხ. ძვრის მოდული.

დრეკადობის მოცულობითი მოდული (მოცულობითი შეკუმშვის მოდული) - K. ის განისაზღვრება ნორმალური σ ძაბვის შეფარდებით ∆ ფარდობით მოცულობითს შეკუმშვასთან: K = σ/∆; მოცულობითი მოდული ახასიათებს მასალის წინააღმდეგობის უნარს მოცულობის ცვლილებისადმი უცვლელი ფორმის პირობებში.

დრეკადობის მუდმივები - კოეფიციენტები, რომლებიც გამოიყენებიან დეფორმაციის კომპონენტების ძაბვის კომპონენტებზე წრფივი დამოკიდებულების გამოსახატავად.

დრეკადობის ძალები - შიგა ძალები, რომლებიც დეფორმაციის დროს წარმოიქმნებიან დრეკად სხეულში.

დრელი (გერმ.) - ლითონში, ხეში, პლასტმასაში, ბეტონში ან სხვა მასალაში ნახვრეტების გასაკეთებელი ხელის მანქანა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ელექტრული ან პნევმატიკური ამძრავი (ნახ. 1).

დრენა (ინგლ.) - მიწისქვეშა მილი დაჭაობებული ნიადაგის ამოსაშრობად (დასაწრეტად).

დრენაჟი (ფრანგ.) - მიწისქვეშა არხების სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება მიწის ამოშრობა, ნაგებობებიდან მიწისქვეშა გრუნტის წყლების გაყვანა, მიწის ვაკისის აღმართვა ჰიდრომექანიზაციის საშუალებებით მიწოდებული პულპისაგან

დრენი - მიწისქვეშა ხელოვნური წყალსადინარი (კერამიკული, პლასტმასის ან სხვა მასალის მილი, ჭაბურღილი) ნიადაგში გრუნტის წყლების შეგროვებისა და არინებისათვის.

დრენჩერი (ინგლ.) - წყლის ფარდის შემქმნელი სპეციალური ავტომატური მოწყობილობა შენობის ცეცხლმოუდებელი ნაწილების გადასარჩენად (ნახ. 1). გასაფრქვევი წყლის წვეთების დიამეტრია არა უმეტეს 150 მკრ. არსებობს წყლის წვრილად საფრქვევი სისტემის საქშენების სახეები: ჭავლური მაღალი წნევის, წყლის განაწილებით ჭავლების ურთიერთქმედების შედეგად, წყლის განაწილებით ჭავლების დეფლექტორზე ზემოქმედებით, აირდინამიკური (ორფაზიანი) და სხვ. დ. წყლის ფარდა გამოიყენება კარებების (ჭიშკრების) და ტექნოლოგიური ღიობების, აგრეთვე სათავსების, დერეფნების, საევაკუაციო გასასვლელების და მისთ. დასაცავად ხანძრის პირობებში.

დრო - ფილოსოფიური განმარტებით დ. არის მოვლენათა და მატერიის მდგომარეობათა თანმიმდევრულ ცვალებადობათა ფორმა, რომელიც სივრცესთან ერთად ქმნის მატერიის არსებობის საფუძველს. მისი უნივერსალური თვისებებია - ხანგრძლივობა, განუმეორებლობა, შეუქცევადობა. დროის გაზომვა დამყარებულია ერთნაირი ხანგრძლივობის პერიოდულად განმეორებად პროცესებზე დაკვირვებასა და განხორციელებაზე. დიდი ინტერვალების გასაზომად გამოიყენება წელიწადი. პრაქტიკაში გამოიყენება ე.წ. მზის დრო. გრინვიჩის მერიდიანის ადგილობრივი საშუალო მზის დროს ეწოდება საყოველთაო (მსოფლიო) დრო

დრო აბსოლუტური - იხ. აბსოლუტური დრო.

დროებით დაქირავებული თანამშრომელი - თანამშრომელი, რომლის სამუშაო საათები კვირაში 40 საათზე ნაკლებია

დროებითი დამაგრება - უზრუნველყოფს წამწეების შვეულ დამონტაჟებას, სწორ დაცენტრებას და სტაბილურ მდგომარეობას, რათა შესაძლებელი იყოს სახურავის მონტაჟის პროცესის გაგრძელება. დ.დ. ისე ეწყობა, რომ კავშირებისათვის გამოყენებულმა ფიცრებმა (ძელებმა) ხელი არ შეუშალოს წამწეების მონტაჟის მიმდინარეობას - სახურავის მოწყობას. ზოგჯერ დ.დ. გამოიყენება, როგორც კავშირის სტაციონალური ელემენტი.

დროებითი დამცავი შემოღობვა - გადასატანი მოწყობილობა ფარის, შირმის, ზესადების, გალიის და ა.შ. სახით გამოყენებული ელექტროდანადგარებში მომუშავე პერსონალის ძაბვის ქვეშ მყოფ და სამუშაო ადგილთან ახლო მდებარე დენგამტარ ნაწილებთან შემთხვევით მიახლოებისა და შეხებისაგან დასაცავად. წარმოადგენს შემოსაღობ დაცვის საშუალებას.

დროებითი სამუშაო ადგილი - ადგილი, რომელზეც მუშა იმყოფება თავისი სამუშაო დროის მცირე ნაწილის განმავლობაში (სამუშაო დროის 50%-ზე ნაკლები ან უწყვეტად 2 სთ-ზე ნაკლები).

დროებითი საცხოვრებელი - საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულის გამოყენება არაუმეტეს 30 დღით.

დროებითი შენობა-ნაგებობა - ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები ფუნქციონირებს მშენებლობის პროექტით განსაზღვრული ვადით, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში დროებითი ნაგებობის ფუნქციონირების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის მოქმედების ვადა განისაზღვრება მესაკუთრის მიერ. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები უნდა განთავსდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით განსაზღვრული ვადით. საზოგადოებრივ ან მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა, დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

დროებითი შენობები და ნაგებობები - საწარმოო ან არასაწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომელიც განთავსებულია ობიექტის მშენებლობის ტერიტორიაზე და ემსახურება სამშენებლო წარმოებას და მასში დასაქმებულ მუშაკებს, ხოლო მშენებლობის დამთავრების შემდეგ ექვემდებარება ლიკვიდაციას ან გადატანას სხვა მშენებლობაზე.

დროის მომენტი - დროის საზომის კერძო მნიშვნელობა.

დროის ნორმა - დრო, დადგენილი მუშისათვის განსაზღვრული ოპერაციის შესასრულებლად ან ერთეული პროდუქციის დასამზადებლად. მისი დადგენისათვის გამოიყენება ქრონომეტრაჟის მეთოდი.

დროის საწყისი მომენტი - დროის მომენტი, რომლიდანაც იწყება დროის გაზომვა.

დროის შუალედი - დროის ორ განსაზღვრულ მომენტს შორის მოთავსებული დროის ყველა მომენტის ერთობლიობა.

დროსელ-საფარი - მოწყობილობა, რომლის საშუალებით შეიძლება არხის კვეთის შეცვლა და ამით არხში (მილში) გამავალი აირის ან სითხის რაოდენობის რეგულირება. საფარს, გადაადგილებადს მიმმართველებით, შიბერი ეწოდება.

დროსელი (გერმ.) - სითხის, ორთქლის ან გაზის წნევისა და ხარჯის სარეგულაციო სარქველი.

დროსელირება (გერმ.) - წნევის შემცირება ანუ მოძრავი აირის (სითხის) გაფართოება მილის შევიწროებული ნაწილის ან ფორებიან ტიხარში გავლისას.

დროტი (ინგლ.) - მინის მილი, რომლისგანაც ამზადებენ სინჯარებს, თერმომეტრებს და მისთანებს.

დუბელი (გერმ.) - სამაგრი ნაკეთობა (ხის, პლასტმასის, ლითონის), რომელიც სხვა სამაგრ ნაკეთობასთან ერთად სხვადასხვა მეთოდით მაგრდება მზიდ საფუძველში და იჭერს რაიმე კონსტრუქციას.

დუბლიკატი (ლათ.) - რაიმე წერილობითი დოკუმენტის დედნის ასლი, რომელსაც იურიდიულად დედნის ძალა აქვს.

დუბლირება - დარეზერვება, რომლის დარეზერვების ჯერადობაა ერთი ერთთან.

დუკერი (ლათ.) - იგივეა, რაც დიუკერი.

დუმკარი - მბრუნავი ვაგონი.

დუმპერი - მოკლე მანძილებზე ფხვიერი მასალების გადასაზიდი თვითმავალი მანქანა, რომელიც ხასიათდება კარგი მანევრირებით (ნახ. 1).

დუმპკარი (ინგლ.) - რკინიგზის თვითსაცლელი ნახევარვაგონი ქვანახშირის, მადნის და მისთ. გადასაზიდად (ნახ. 1).

დუნიტი (ინგლ.) - მომწვანო-შავი ფერის სიღრმული მაგმური ქანი. იყენებენ ცეცხლგამძლე მასალად.

დუოპოლია (ლათ.) - მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც არსებობს გარკვეული საქონლის მხოლოდ ორი მიმწოდებელი და მათ შორის არ არის დადებული მონოპოლისტური შეთანხმება გასაღების ბაზრების, ფასების და სხვის შესახებ. ოლიგოპოლიის კერძო შემთხვევა

დურალუმინი - ალუმინისა და სპილენძის შენადნობი, რომელსაც ურევია ცოტაოდენი მანგანუმი, მაგნიუმი, სილიციუმი, რკინა; დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში, განსაკუთრებით ავიამშენებლობაში. დ. ალუმინის შენადნობების 80%-ს შეადგენს. დ. კარგად ყალიბდება ცხელ და ცივ მდგომარეობაში. მისგან ამზადებენ ფურცლებს, წნულებს, ნაგლინს, პროფილს, მილებს, მოსაპირკეთებელ მასალებს. გამოიყენება ავიამშენებლობაში და სამშენებლო კონსტრუქციების (წამწეები, ძალური კარკასები) დასამზადებლად. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია სეისმურ რაიონებში (საქართველოში), დიდმალიან, ასაწყობ-დასაშლელ და აგრესიულ გარემოში მომუშავე კონსტრუქციებში.

დურბინდი (სპარს.) - იხ. ბინოკლი. 

დურგალი - 1. ხის ავეჯის მკეთებელი ხელოსანი.

დურო - სალოდე; ციხე-სიმაგრის ზედა ნაწილის შვერილზე მოწყობილი ხვრეტი ქვის დასაშენად. გავრცელებული იყო საქართველოს მთიანი რაიონების (თუშეთი, ხევსურეთი, ხევი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო ქართლი, საათაბაგო) თავდაცვით ნაგებობებში (ნახ. 1: თუშური კოშკი ზედა ნაწილში სალოდეებით).

დუღაბი დეკორატიული - დუღაბი, რომელიც გამოიყენება სამშენებლო დეტალების და კონსტრუქციების ზედაპირული მოპირკეთებისათვის საქარხნო პირობებში, აგრეთვე შენობების ფასადებისა და ინტერიერებისა მოსაპირკეთებლად ფერის, ფაქტურისა და ატმოსფერომედეგობის მისაცემად.

დუღაბი თბილი - დუღაბი ფორებიანი შემავსებლით (აფუებული პერლიტით, ვერმიკულიტით), რომლის სიმკვრივეა 1200 კგ/მ3. დ.თ. გამორიცხავს ქვის წყობაში ცივი ბოგების არსებობას.

დუღაბი მჟავამედეგი - დუღაბი, რომელსაც თავის ზოგადტექნიკურ თვისებებთან ერთად, საექსპლუატაციო პერიოდში, ხანგრძლივი დროით შეუძლია რღვევის გარეშე იმუშაოს მჟავების კონცენტრირებული ხსნარების აგრესიული ზემოქმედების ქვეშ.

დუღაბი სამშენებლო - სამშენებლო ხსნარი, რომელიც მიიღება რაციონალურად შერჩეული შემკვრელი ნივთიერების, ქვიშის, წყლისა და დანამატების შერევით. გარკვეულ დროში ის მყარდება და ქვისებრ მდგომარეობას იძენს. დ.ს. არის წვრილმარცვლოვანი ბეტონი და ახასიათებს ყველა მისი თვისება. სტრუქტურის და თვისებების გასაუმჯობესებლად მასში შეჰყავთ ქიმიური დანამატები და წმინდად დაფქული მინერალური კომპონენტები. დ.ს., როგორც წესი გამოიყენება თხელ ფენებში (ქვის წყობა, შელესვა და სხვ.), ამიტომ მასში არ შედის მსხვილი შემვსები. დუღაბში ქვიშის მაქსიმალური სიმსხო არ აღემატება 2,5 მმ. დ.ს. არ მოეთხოვება მაღალი სიმტკიცე. მის მოსამზადებლად ფართედ იყენებენ ადგილობრივ მასალას, თავისუფლად ახდენენ სტრუქტურისა და თვისებების ვარირებას. წყობისათვის შეიძლება იმაზე ნაკლები სიმტკიცის დუღაბის გამოვიყენება, ვიდრე აქვს აგურს ან სამშენებლო ბლოკს. დ.ს. შეყავთ ცემენტის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია საჭირო სიმტკიცის მისაღებად, მკვრივი სტრუქტურის მისაღებად კი შემკვრელის რაოდენობას ზრდიან წმინდად დაფქული მინერალური კომპონენტების დამატებით. დ.ს. შეიძლება იყოს მკვრივი ან ფოროვანი სტრუქტურის. დუღაბს, ცემენტის დიდი ხარჯით ეწოდება პოხიერი, ხოლო შემკვრელის ნაკლები ხარჯით - მჭლე. წვრილდისპერსიულ მინერალურ დანამატებად გამოიყენება კირი, თიხა, ნაცარი, წმინდად დაფქული წიდა, ოპოკა, კირქვა, ქვის დამუშავების ნარჩენები და სხვ. სიმკვრივის მიხედვით დ.ს. შეიძლება იყოს: მძიმე (მეტი 1500 კგ/მ3-ზე) ან მსუბუქი (ნაკლები 1500 კგ/მ3-ზე); შემკვრელი ნივთიერების მიხედვით: ცემენტიანი, კირის, თაბაშირის და შერეული - ცემენტ-კირის, ცემენტ-თიხის ან სხვა დანამატით. შემკვრელის შერჩევა დამოკიდებულია დუღაბის დანიშნულებაზე, გამაგრების ტემპერატურულ-ტენიანობით რეჟიმსა და ექსპლუატაციის პირობებზე; დანიშნულების მიხედვით დუღაბი არის: საკალატოზო (წყობის); სალესი; სპეციალური დანიშნულების (აკუსტიკური, ფერადი, წყალუჟონადი, რენტგენოდამცავი და სხვ.). დუღაბი მზადდება ბეტონის ქარხანაში ან დუღაბის მოსამზადებელ კვანძში და აქედან გადააქვთ მშენებლობაზე მზა პლასტიკური ნარევის სახით. მცირე მოცულობის სამუშაოებისათვის დასაშვებია დ.ს. მომზადება ადგილობრივად - სამშენებლო ობიექტზე. დუღაბის ტრანსპორტირება სწარმოებს ავტოთვითმცლელით ან სპეციალური ავტოცისტერნით. ტრანსპორტირება შეიძლება ტუმბოებით, როგორც ვერტიკალური, ისე ჰორიზონტალური მიმართულებებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიყენებთ პლასტიფიკატორებს. ქარხანაში დუღაბის დამზადებისას საზღვრავენ ნარევის ძვრადობას, სიმტკიცეს და გამაგრების ზღვრულ ვადებს.

დუღაბი სპეციალური - დუღაბი, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ცემენტი, დანამატები, წყალი და სპეციალური ქვიშა. არსებობს დ.ს. წყალუჟონადი (ჰიდროსაიზოლაციო), საინექციო, რენტგენოდამცავი, აკუსტიკური, დეკორატიული, ტამპონაჟური, მჟავამედეგი და სხვ. ჰიდროსაიზოლაციო დუღაბი გამოიყენება სარდაფის კედლებისათვის, სხვადასხვა ზედაპირის ჰიდროიზოლაციისათვის, თხევადი პროდუქტების საცავებისათვის და სხვ.; საინექციო - წინასწარდაძაბულ კონსტრუქციებში არხების შესავსებად, არმატურის კოროზიისაგან დასაცავად, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და ანაკრები კონსტრუქციების ნაკერების დამონოლითებისათვის; აკუსტიკური - ბგერაშთანთქმადი ბათქაშის მისაღებად; რენტგენოდამცავი - რენტგენის კაბინეტის კედლების და ჭერის შესალესად; ტამპონაჟური - მთის ქანებში ბზარებისა და სიცარიელეების, შახტებისა და გვირაბების გამონამუშევარსა და ქანებს შორის სივრცის შესავსებად და სამთო დაწნევის სამაგრზე თანაბარი განაწილებისათვის; დეკორატიული - შენობის ფასადების, საკედლე პანელების და ბლოკების ზედაპირების და ინტერიერის მოსაპირკეთებლად; მჟავამედეგი - სამშენებლო კონსტრუქციების საშუალო და მაღალი კონცენტრაციის მჟავების ზემოქმედებისაგან დასაცავად. ჩამოთვლილს გარდა დ.ს. შეიძლება იყოს მხურვალმედეგი, შამოტ-ცემენტის, შამოტ-ბოქსიტის, კალციუმის მინაზე დამზადებული და სხვ.

დუღაბი ცეცხლმედეგი - დუღაბი, რომელიც გარკვეულ ზღვრებში ინარჩუნებს ზოგადტექნიკურ თვისებებს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივად მოქმედების პირობებში. ასეთი დუღაბები გამოიყენება საცეცხლე ღუმელების აგურის წყობაში, სადაც ტემპერატურაა 1300...13500C. ცეცხლმედეგობის ასამაღლებლად დუღაბში შეაქვთ დანამატები, როგორიცაა: ბოქსიტები, შამოტის ქვიშა, ნატრიუმიანი თხევადი მინა, ბენტონიტის თიხა, კერამზითი, ვულკანური ტუფი, გრანულირებული ბრძმედის წიდა და სხვ.

დუღაბი ცივი - დუღაბი ბუნებრივი შემავსებლით (კვარცის ქვიშით მარცვლების მაქსიმალური სიმსხოთი 5 მმ-მდე). დ.ც. ნაკერების სისქე ქვის წყობაში 10...12 მმ-ია.

დუღაბის ადვილჩაწყობადობა - ნარევის თვისება, ენერგიის მინიმალური ხარჯით, თხელ, თანაბარ ფენად ჩაეწყოს და მტკიცედ შეუკავშირდეს საფუძვლის ზედაპირს.

დუღაბის ნარევის ძვრადობა (კონსისტენცია) - საკუთარი მასის ზემოქმედების ან გარე ძალის მოდების შედეგად გადინების შესაძლებლობა. განისაზღვრება მასში ეტალონური კონუსის ჩაფვლის, ჩაძირვის სიღრმით (სმ-ში).

დუღაბის სიმტკიცე - დამოკიდებულია შემკვრელის აქტივობაზე და წ/ც-ის ფარდობაზე. დუღაბის მარკებია: 4, 10, 25, 50, 75, 100, 150, 200, 300. დუღაბის სიმტკიცის მნიშვნელოვანი მატება მიიღწევა მის შედგენილობაში სპეციალური წყალხსნადი პოლიმერული დანამატის შეყვანით (პოლივინილაცეტატი, პოლივინილის სპირტი და სხვ.).

დუღაბის წყალშეკავების უნარი - თვისება, რომ არ განშრევდეს ტრანსპორტირებისას და შეინარჩუნოს საჭირო ტენიანობა თხელ ფენაში.  ფოროვან საფუძველზე დაწყობისას (თიხის აგური, ბეტონი, მერქანი) დუღაბი სწრაფად გასცემს წყალს და ეს გაცემა შეიძლება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მას აღარ ეყოს წყალი ნარევის გამაგრებისათვის. წყალშეკავების უნარს ამაღლებს პლასტიფიკატორი.

დუღაბსარევი (რუს. Растворомешалка) - ხსნარშემრევი; სამშენებლო ხსნარების (დუღაბის) მოსამზადებლად გამოიყენება იძულებითი შერევის ციკლური და უწყვეტი მოქმედების შემრევები მზა ნარევის მოცულობით 60, 100, 250, 800 ლ. იგი წარმოადგენს ვარცლისმაგვარ დოლს, რომელშიც ბრუნავს ხრახნულფრთებიანი ლილვი (ნახ. 1).

დუღია - წვრილად დაფქვილი ჩაუმქრალი კირი, რომელსაც იყენებენ სადუღაბე ხსნარების მოსამზადებლად. აჩქარებს მათ შეკვრასა და გამყარებას.

დუღილი - ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს. სითხე დუღს დუღილის ტემპერატურაზე, რომელიც დამოკიდებულია გარე წნევასა და სითხის ქიმიურ შედგენილობაზე. გამოიყენება უამრავ ტექნოლოგიურ პროცესში.

დღე - 1. დროის მონაკვეთი დილიდან საღამომდე; 2. კალენდარული დღე-ღამე; 3. თვის რომელიმე რიცხვი, თარიღი.

დღის სინათლის ნათურა - ვარვარის ან აირგანმუმხტავი ნათურა, რომლის სინათლის სპექტრალური შემადგენლობა თითქმის ისეთივეა, როგორც დღის სინათლისა.

დღიური - 1. ერთ დღეში შესასრულებელი; 2. ერთი დღის საზღაური; 3. მიწის საზომი ერთეული ძველად; 4. ყოველდღე შესრულებული ჩანაწერი

ებონიტი - შავი ფერის, მაგარი რეზინი, ნატურალური და სინთეზური კაუჩუკის პროდუქტი გოგირდის დიდი შემცველობით (კაუჩუკის მასის 30...50%). შეკავშირებული გოგირდის რაოდენობა ≈ 32%. რბილი რეზინისაგან განსხვავებით, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, ე. არ ახასიათებს მაღალელასტიურობა და გვაგონებს მყარ პლასტმასს. ე. კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, არაჰიგრისკოპულია, არ ატარებს ჰაერს, მდგრადია მჟავების, ფუძეების, მარილების, ცხიმების მიმართ, კარგი ელექტროიზოლატორია. ამჟამად წარმოებაში თითქმის აღარ გვხვდება, რადგან ხმარებიდან პრაქტიკულად გამოაძევა პლასტმასებმა.

ეგვიპტური სამკუთხედი - მართკუთხა სამკუთხედი გვერდების სიგრძეების ფარდობით 3:4:5 (ნახ. 1). ამ ციფრების ჯამი (3+4+5 = 12) ძველ დროში გამოიყენებოდა როგორც ჯერადი ერთეული მართი კუთხის ასაგებად თოკის დახმარებით, რომელიც გაკვანძული იყო მისი სიგრძის 3/12 და 7/12 წერტილებში.

ეგზარაცია (ლათ.) - მყინვარული ეროზია, მყინვარის მოქმედება ხმელეთის ზედაპირზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები.

ეგზემპლარი (ლათ.) - ერთგვაროვანი საგნების ცალკეული ნიმუში.

ეგზო (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს გარეთ, რისამე გარეშე მყოფს.

ეგზოგენური (ბერძ.) - რაც წარმიოქმნება დედამიწის ზედაპირზე გარეშე ძალების ზემოქმედებით (მაგ., ე. ნიადაგები).

ეგზოგენური ძალები - დედამიწაზე მოქმედი გარე ძალები. ეგზოგენურ პროცესებს იწვევს მზის ენერგია, ეგზოგენურ პროცესებს მიეკუთვნება: გამოფიტვა, მიწისქვეშა და მიმდინარე წყლის, ზღვის, ტბის, ჭაობის, მყინვარისა და ქარის მოქმედება. ეგზოგენური პროცესები იწვევს მინერალებისა და ქანების დაშლას, ახლის წარმოშობას, მთების ნგრევას, ჩაღრმავებათა ამოვსებას, ზედაპირის მოსწორებას.

ეგზოთერმული - ამა თუ იმ სახის პროცესი, რომელსაც თან ახლავს სითბოს გამოყოფა

ეგზოთერმული რეაქცია - ქიმიური რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სითბოს გამოყოფა.

ეგზოსფერო - ატმოსფეროს ზედა შრე.

ეგზოტიკური - 1. ევროპის ქვეყნებისათვის, ევროპელთათვის უჩვეულო; 2. (გადატანით) საოცარი, განსაცვიფრებელი

ეგრისი - ფართო მნიშვნელობით - დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდება; 2. ვიწრო მნიშვნელობით - რიონსა და ეგრისწყალს (ვარაუდით დღევანდელი ენგური, ოხოჯა ან ღალიძგა) შორის მოქცეული ტერიტორიის ისტორიული სახელწოდება.

ედრი (ბერძ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, რომელის აღნიშნავს რანდენიმე ზედაპირით, წახნაგით შემოსაზღვრულს (ტეტრაედრი, იკოსაედრი და სხვ.).

ევაკუატორი - 1. სატრანსპორტო ერთეულთა გადაზიდვის საშუალება (ნახ. 1); 2. ტურბაზაში პირი, ვისაც ევალება ტურისტების გამგზავრება, მათთვის სამგზავრო ბილეთების შეძენა და ა.შ.

ევაკუაცია - ადამიანების ორგანიზებული დამოუკიდებელი მოძრაობის პროცესი იმ სათავსოდან გარეთ, რომლებშიც შესაძლებელია მათზე ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედება. იგი ხორციელდება საევაკუაციო გასასვლელებიდან საევაკუაციო გზების გავლით.

ევაპორაცია - ჩამდინარე გაჭუჭყიანებული წყლებიდან აქროლადი ნივთიერებების მოცილების პროცესი წყლის ორთქლის გამოყენებით.

ევკალიპტი - მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, სწრაფმზარდი ხე (ნახ. 1). იზრდება 150…160 მ-მდე. ღერო გლუვი და სწორი აქვს, რომლის დიამეტრი 4-5 მ-ს აღწევს. ვარჯი პირამიდული, კვერცხისებრი, სფეროსებრი ან მტირალა ფორმისაა. ფოთლები შეიცავს ძვირფას ეთეროვან ზეთებს, ქერქი კი 40%-მდე მთრთიმლავ ნივთიერებას. კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე. ბუნებრივ პირობებში ევკალიპტი გავრცელებულია ავსტრალიაში, ტასმანიასა და ახალი გვინეის კუნძულებზე. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროს სუბტრიპიკულ ზონაშიც. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში ევკალიპტის, როგორც დეკორატიული მცენარის, ასამდე სახეობაა კულტივირებული, როგორიცაა: მანეულისებრი, მაკართურის, ლურჯი, ცისფერი, ახოვანი და სხვ. ე. მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიდა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და ა.შ., ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს - მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა. საქართველოში ე. 20…25 წლის განმავლობაში 25-30 მ-ის სიმაღლეს აღწევს. ყინვას შედარებით კარგად უძლებს, მაგრამ ძლიერი ყინვების დროს იღუპება.

ევკლიდეს გეომეტრია - გეომეტრიული თეორია, რომელიც შეუსწავლის ფიგურების იმ თვისებას, რომლებიც არ იცვლება მათი მოძრაობის დროს.

ევკლიდური სივრცე - 1. ვექტორული სივრცე, რომელშიც განსაზღვრულია ვექტორების სკალარული ნამრავლი; 2. სივრცე, რომლის თვისებებს ევკლიდეს აქსიომებით აღწერენ.

ევკომია (ბერძ.) - სწრაფად მზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, ჩინური ხე (ნახ. 1),  სიმაღლით 20  მ-მდე. ველურად იზრდება დასავლეთ და ცენტრალურ ჩინეთის მთიან რაიონებში. საქართველოში გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს გუტას, საიდანაც გუტაპერჩს იღებენ (გამოიყენება ტექნიკასა და მედიცინაში).

ევოლვენტა (ლათ.) - 1. ბრტყელი m წირის ევოლვენტა ეწოდება ისეთ ℓ წირს, რომლისთვისაც m წირი წარმოადგენს ევოლუტას; 2. ბრტყელი მრუდი, რომელიც წარმოადგენს სხვა ბრტყელი მრუდის (ევოლუტის) შლილს (ნახ. 1).

ევოლუტა (ლათ.) - ბრტყელი ℓ წირის სიმრუდის ცენტრების m გეომეტრიულ ადგილს ეწოდება ℓ წირის ევოლუტა (ნახ. 1: ელიფსის ევოლუტა), ℓ წირს კი თავისი ევოლუტის მიმართ - ევოლვენტა. ევოლუტის მხებები წარმოადგენენ ევოლვენტის ნორმალებს. სივრცითი წირის ევოლვენტა შეიძლება განისაზღვროს, როგორც ამ წირის მხებების ორთოგონალური ტრაექტორია.

ევორზია (ლათ.) - ვარდნილი წყლის ეროზიული მოქმედება.

ევრისტიკა - ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის მეთოდი, გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაფუძნებულია ინტუიციაზე, საზრიანობაზე, ანალოგიებზე, გამოცდილებაზე, გამომგონებლობაზე, რაც უნდა ეყრდნობოდეს ადამიანის ტვინის განსაკუთრებულ თვისებებსა და ადამიანის უნარს გადაწყვიტოს ამოცანები, რომლებისთვისაც ფორმალური მათემატიკური ალგორითმი, გადაწყვეტის წესი უცნობია.

ევრო (ინგლ.) - ევროკავშირის 15 ქვეყნის საერთო ვალუტა.

ევროპული სავაგონე ლამფა (რუს. Евровагонка) - ევროპროფილის მქონე ლამფა სისქე 12,5 მმ, მუშა სიგანე კოტის გარეშე - 88 მმ, საერთო სიგანე (კოტით) - 96 მმ (ნახ. 1). გამოირჩევა თხემის გაზრდილი ზომით (8 მმ), რომელიც საშუალებას იძლევა ტენიანობის და ტემპერატურის გავლენით ფიცრის სიგანის ცვლილების გამო ფიცრებს შორის არ გაჩნდეს გამჭოლი ჭვრიტე. ლამფის ფიცარს ქვედა მხარეზე ამოღებული აქვს სავენტილაციო ღარები. მზადდება გამშრალი მასალისაგან ტენიანობით 10...16%. არსებობს მისი 4 ყველაზე გავრცელებული სორტი (კლასი): ექსტრა (უდეფექტო), შემდეგ A (კარგი), B (საშუალო) და ბოლოს დაბალი ხარისხის - C სორტის. დასამზადებლად გამოიყენება: ნაძვი, ფიჭვი, ვერხვი, ცაცხვი და ხის სხვა ჯიშები.

ევსტილი - ანტიკური ტაძარი, რომლის სვეტებს შორის დაშორება სვეტის 2,5 დიამეტრს შეადგენს.

ევტექტიკა - ნივთიერებათა ნარევი, რომელსაც აქვს ლღობის ყველაზე დაბალი ტემპერატურა შედარებით იგივე ნივთიერებათა ნარევებთან, აღებული სხვა თანაფარდობით.

ევტროფიკაცია (ბერძ.) - 1. წყლის ბინადრებში ბიოგენური ელემენტების დაგროვება ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით; 2. ტბების დაძველება და დაჭაობება, რაც გამოწვეულია მკვდარი ქსოვილების გამხრწნელი წყალმცენარეების და მიკროორგანიზმების გამრავლების შედეგად ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირებით; 3. სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ჩამდინარე წყლებში ნიტრატების და ფოსფატების დიდი შემცველობის შედეგად წყალსატევებში მკვდარი ქსოვილების გამხრწნელი წყალმცენარეების და მიკროორგანიზმების გამრავლების შედეგად ჟანგბადის კონცენტრაციის შემცირება.

ეზო - შემოკავებული მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დგას.

ეთერი (ბერძ.) - 1. გარემომცველი საჰაერო სივრცე, სადაც ვრცელდება რადიოტალღები; 2. ორგანული ნაერთი - დიეთილის ეთერი. უფერო, სპეციფიკური სუნის აქროლადი სითხე, ჰაერთან წარმოქმნის ფეთქებადსაშიშ ნარევებს. გამოიყენება ტექნიკაში (გამხსნელად), მედიცინაში (ნარკოზისათვის), პარფიუმერიაში.

ეთერი გარპიუსის - პროდუქტი, რომელიც მიიღება გლიცერინის კანიფოლთან რეაქციით.

ეთილაცეტატი - ძმარმჟავას ეთილური ეთერი CH3COOC2H5; რთული ეთერი; უფერო, ადვილადაქროლადი სითხე ხილის სუნით; tდუღ = 77,10C; სიმკვრივე 900 კგ/მ3. ცუდად იხსნება წყალში, ერევა ბევრ ორგანულ გამხსნელში. აქვს ნარკოტიკული მოქმედება, აღიზიანებს ლორწოვან გარსს; ჰაერში ე. ორთქლის მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია 200 მგ/მ3. გამოიყენება ნიტროცელულოზას, სინთეზური ფისების, ქლორკაუჩუკის გამხსნელად. აგრეთვე, როგორც ხილის ესენციის კომპონენტი.

ეთილენგლიკოლი (ეთანდიოლი) - უმარტივესი ორატომიანი სპირტი, უფერული, უსუნო ტკბილი სითხე. იყენებენ პლასტმასისა და სინთეზური ბოჭკოს წარმოებაში.

ეთილენდიამინი - უფერული სითხე, აქვს ამიაკის სუნი. იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში

ეთილენი (ეთენი) - უფერო საწვავი გაზი, რომელიც შედგება ნახშირბადისა და წყალბადისაგან. შედის სანათი გაზის შემადგენლობაში

ეთილენქლორჰიდრინი - ორგანული ნაერთი, ეთერის სუნის მქონე უფერული სითხე

ეთილი (ბერძ.) - ნახშირბადისა და წყალბადის ატომების ჯგუფი, რომელიც შედის ბევრი ორგანული ნაერთის შემადგენლობაში.

ეთილის სპირტი - ორგანული ნაერთი; იყენებენ როგორც გამხსნელს სინთეზური კაუჩუკის მისაღებად

ეთილცელულოზა - ცელულოზას მარტივი ეთერი. მიიღება ტუტე ცელულოზაზე ქლორეთილის მოქმედებით. გამოიყენება ლაქების, აფსკების და პლასტმასების წარმოებაში.

ეთნოგრაფია (ბერძ.) - 1. ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, ნივთიერ და სულიერ კულტურას; 2. ამა თუ იმ ხალხის ან ტომობრივი გაერთიანების ყოფა-ცხოვრებისა და კულტურის თავისებურებათა ერთობლიობა

ეთნოგრაფიული მუზეუმი - სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება - საბუნებისმეტყველო, მატერიალუტი და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ (ნახ. 1) წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმი განლაგებულია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოიცავს 50 ჰექტარს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები წარმოდგენილია ათ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში, რომელთაგანაც ხუთი - აღმოსავლეთ და ხუთი - დასავლეთ საქართველოს წარმოაჩენს. მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი. ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI სს. სიონის ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწ. დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.

ეიკონალი - ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს ოპტიკური გზის მანძილს ორ შერჩეულ წერტილს შორის.

ეილერის კუთხეები - სამი კუთხე - ψ, φ, θ, რომლებიც განსაზღვრავენ უძრავი 0 წერტილის გარშემო მბრუნავი მყარი სხეულის მდებარეობას იმ უძრავი მართკუთხა კოორდინატთა სისტემის მიმართ, რომლის სათავე მოთავსებულია 0 წერტილში.

ეიფელის კოშკი - ლითონის კოშკი პარიზში (სიმაღლე ანტენის ჩათვლით 324 მეტრი, საერთო წონა 10 100 ტონა), პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო (ნახ. 1). აგებულ იქნა 1889 წელს ა. გ. ეიფელის პროექტით მსოფლიო გამოფენასთან დაკავშირებით. თავის დროზე იგი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში. ეიფელის კოშკის ასლები მდებარეობს მსოფლიოს არაერთ კუთხეში, მათ შორის ლას ვეგასში, კოპენჰაგენში, ვარნაში, ვიენტიანს და სხვა ქალაქებში.

ეკერი (მართმნიშნავი) - გეოდეზიური ხელსაწყო, ფიქსირებული კუთხის ადგილზე დასატანად.

ეკვდერი - 1. ეგვტერი, საჟამნო, სამლოცველო; ეკლესიის სიახლოვეს აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა სალოცავად. “მცირე სამწირვალო” (საბა). 2. ეკლესიას მიდგმული საგვარეულო აკლდამა.

ეკვივალენტი (ლათ.) - 1. რისამე ტოლფასი, თანაბარღირებული რამე; 2. ტოლფასი, თანაბარღირებული, შესატყვისი; 3. საქონელი, რომელშიც სხვა საქონლის ღირებულება გამოიხატება.

ეკიპაჟი (ფრანგ.) – 1. კოსმოსური ხომალდის, თვითმფრინავის, გემის, ტანკის პირადი შემადგენლობა; 2. საერთო სახელწოდება მსუბუქი სამგზავრო საზიდრებისა

ეკლარის ქვა - ზედაცარცული ასაკის სქელშრეებიანი კირქვები. არსებობს ორი სახეობა: მოთეთრო-მონაცრისფრო  და მოვარდისფრო-აგურისფერი (ნახ. 1. ეკლარის ქვის ვარდისფერი ფილა). ე.ქ. ლამაზი შეფერილობისაა და ადვილად დასამუშავებელია, რის გამოც ფართოდ იყენებენ მშენებლობაში. ეკლარის ქვითაა მოპირკეთებული თბილისის სპორტის სასახლე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა შენობები. ეკლარის ქვით იყო ნაშენი თავდაპირველად ბაგრატის ტაძარი. მოიპოვება ქ. ქუთაისის მიდამოებში (სოფ. ჭოგნარი).

ეკლესია - 1. საყდარი, ტაძარი; საკულტო ნაგებობა, სადაც წარმოებს ღვთისმსახურება და რელიგიური წესჩვეულებათა შესრულება.

ეკლექტიზმი - შენობების კომპოზიციასა და მხატვრულ მოპირკეთებაში ძველი ეპოქის სტილის გამოყენება.

ეკლექტიკა (ეკლექტიზმი)(ბერძ.) - შერჩევა-დაკავშირება სხვადასხვა სტილების. ტერმინი შემოტანილ იქნა II საუკუნეში ფილოსოფიური სკოლა ეკლექტიზმის ფუძემდებელ პოტამონის მიერ. ხელოვნებაში სხვადასხვა სტილის, განსხვავებული კომპოზიციური ხერხებისა და ელემენტების აღრევა (ნახ. 1). არქიტექტურაში ე. მიმართულება დომინირებდა ევროპაში 1830-1890-იან წლებში.

ეკლიმეტრი (ბერძ.) - 1. პორტატიული გეოდეზიური ხელსაწყო ტერიტორიის დახრილობის კუთხის გასაზომად (ნახ. 1), გრადუსის მეათედის სიზუსტით; 2. ხელსაწყო ცოცხალი ხეების სიმაღლის გასაზომად (ნახ. 2).

ეკლოგიტი - მასიური, ზოგჯერ ფიქლებრივი, კრისტალურ-მარცვლოვანი ქანი, ძირითადად შედგება პიროქსენისა და გრანიტისაგან.

ეკო-ტეკი - მწვანე არქიტექტურა.

ეკობამბა (ბამბა ცელულოზას) - მერქნის ბოჭკოვანი მასალა. მზადდება მაკულატურისაგან. ე. 80% შეადგენს საგაზეთო ქაღალდს, ხოლო 20% - ადამიანისათვის უვნებელ არააქროლად დანამატებს, რომელიც ასრულებს ანტისეპტიკისა და ანტიპირენის როლს.

ეკოლოგია (ბერძ.) - ბერძნული სიტყვა, რომელიც ნიშნავს მეცნიერებას ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირის შესახებ, აგრეთვე ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას. ეკოლოგია - მეცნიერება „საცხოვრისზე“, რომელშიც განიხილება ადამიანის და ბუნების, ადამიანის და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებების პრობლემები.

ეკოლოგია საინჟინრო - შეისწავლის საზოგადოებრივი წარმოების პროცესში საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთქმედებას. მისი გამოყენების სფეროა: მრეწველობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ყოფა-ცხოვრება. ე.ს. უპირატესობა ენიჭება გარემოს შენარჩუნებისათვის რეალურ ქმედებას.

ეკოლოგიის ამოცანები - ეკოლოგია ბიოლოგიური დისციპლინაა და  ადამიანთა ცხოვრებაში ასოცირდება პრობლემებთან, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის საქმიანობის შედეგად. მისი ამოცანებია: სიცოცხლის კანონომიერებათა გამოკვლევა ბიოსფეროზე ანთროპოგენულ ზემოქმედებებთან კავშირში; ბუნებაში მცენარეული ორგანიზმების წარმოქმნის შესწავლა ნახშირბადის დიოქსიდისა და წყლისაგან (ფოტოსინთეზი); ბიოლოგიური რესურსების ექსპლუატაციის მეცნიერული საფუძვლების შექმნა, ადამიანის საქმიანობის გავლენით ბუნების ცვლილების პროგნოზი და ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების მართვის სისტემების შექმნა, ადამიანის საცხოვრებელი გარემოს შექმნა; ცოცხალი ორგანიზმების რეგულაცია; ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის და გაბინძურების ინდიკაცია და მის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეკოლოგია მჭიდრო კავშირშია ისეთ მეცნიერებებთან, როგორიცაა: ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, მედიცინა, ეკონომიკა, ფილოსოფია, სამართალმცოდნეობა.

ეკოლოგიური ასპექტები - ორგანიზაციის საქმიანობის, მისი პროდუქციის ან მომსახურების ელემენტები, რომელთა შედეგადაც შეიძლება აღიძრას ეკოლოგიური ზემოქმედება.

ეკოლოგიური აუდიტი - დამოუკიდებელი, კომპლექსური, დოკუმენტური შეფასება სამეურნეო და სხვა საქმიანობის სუბიექტის მიერ მოთხოვნათა, მათ შორის გარემოს დაცვის სფეროში ნორმატივებისა და ნორმატიული დოკუმენტების, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაცვის შესახებ და ასეთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების მომზადება.

ეკოლოგიური ზარალი - გარემოს ზარალი, გამოწვეული არახელსაყრელი ზემოქმედებისგან, გამოისახული ნატურალურ მაჩვენებლებში

ეკოლოგიური კატასტროფა - განსაკუთრებით დიდი მასშტაბისა და მძიმე შედეგების მქონე ეკოლოგიური უბედურება, რომელიც, როგორც წესი, ხასიათდება ბუნებაში გარემოს შეუქცევადი ცვლილებებით.

ეკოლოგიური რისკი - ალბათობა გარემოსთვის არახელსაყრელი შედეგების მომტანი მოვლენებისა, რომლებსაც იწვევს სამეურნეო და სხვა საქმიანობის, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების ნეგატიური ზემოქმედებას.

ეკოლოგიური რისკი ინდივიდუალური - რისკი, რომელიც გაიგივებულია იმის ალბათობასთან, რომ ადამიანი ცხოველქმედებისას განიცდის არახელსაყრელ ეკოლოგიურ ზემოქმედებას. ე.რ.ი. ახასიათებს ეკოლოგიურ საშიშროებას სივრცის განსაზღვრულ წერტილში, სადაც იმყოფება ინდივიდუმი, ე.ი. ახასიათებს სივრცეში რისკის გავრცელებას.

ეკოლოგიური რისკის მართვა - რისკის ანალიზის პროცედურა, რომლის შედეგად ეკოლოგიური რისკის შეფასების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ეკოლოგიური რისკის ფასის სიდიდისა და მინიმიზაციის მისაღებლობის შესახებ.

ეკოლოგიური რისკის ფასი - ეკოლოგიური რისკით გამოწვეული გარემოს ეკოლოგიური და ეკონომიკური ზარალის ერთობლივი ეფექტი.

ეკოლოგიური რისკის შეფასება - ეკოლოგიური რისკის ანალიზის პროცედურა, რომელიც მოიცავს არახელსაყრელი ზემოქმედების აღძვრის ალბათობის, გარემოს ობიექტების დაზიანების ალბათობის, ეკოლოგიური რისკის სიდიდის შეფასებას.

ეკოლოგიური საშიშროება - არახელსაყრელი ეკოლოგიური ზემოქმედების ნებისმიერი ეფექტის პოტენციური საფრთხე.

ეკოლოგიური სისტემა (ეკოსისტემა, ბიოგენეზი) - განსაზღვრულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ყველა პოპულაციისა და არაცოცხალი ბუნების ერთობლიობა.

ეკოლოგიური სიტუაცია - ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის პირობების, პროცესებისა და გარემოებების შეხამება, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი ან ბუნებრივ-ტექნიკური სისტემის მდგომარეობას.

ეკოლოგიური უბედურება - ხმელეთის, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს ცვლილებაში გამოწვეული ანთროპოგენური ხასიათის ფაქტორების ზემოქმედების შედეგი, რომელიც გამოიხატება ამ ცვლილებების მკვეთრ და უარყოფით გავლენაში ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათ სულიერ სფეროზე, ეკონომიკასა და გენეტიკურ ფონდზე.

ეკოლოგიური უსაფრთხოება - სამეურნეო და სხვა საქმიანობის, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების და მათი შედეგების ნეგატიური ზემოქმედებისაგან ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცულობის მდგომარეობა.

ეკოლოგიური ფაქტორები - რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება ეკოლოგიური ზემოქმედებისა, რომელიც ხასიათდება სივრცითი და დროითი მასშტაბით, მავნეობით, ნივთიერებათა ტოქსიკურობით, ფიზიკური ზემოქმედებით.

ეკოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციები - 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამთო სამუშაოებისა და ადამიანის სხვა მოქმედება და შედეგად გამოწვეული კატასტროფა: მიწის ჩაქცევები, მეწყერი, მიწის ზედაპირის გასკდომა და სხვ.; 2. ნიადაგში (გრუნტში) დასაშვებზე მაღალი კონცენტრაციის ზემძიმე ლითონების (მათ შორის რადიაქტიური ნივთიერებები) და სხვა მავნე ნივთიერებების არსებობა; 3. გრუნტის ინტენსიური დეგრადაცია, დიდი ტერიტორიების ეროზია, გამოშრობა და დაჭაობება, ბუნებრივი წიაღისეულის მარაგების განადგურების გამო შექმნილი კრიზისული სიტუაციები; 4. საცავების სამრეწველო (ჯართით) და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით (ნაგვით) გადატვირთვა. ატმოსფეროს შემადგენლობის და თვისებების ცვლილებები, ადამიანის ანთროპოგენური მოღვაწეობის შედეგად კლიმატის უეცარი შეცვლა; 5. ატმოსფეროში მავნე მინარევების ზღვრული-დასაშვები კონცენტრაციების გაზრდა, ქალაქზე ტემპერატურული ინვერსია, ქალაქში მწვავე „ჟანგბადის შიმშილი“, ხმაურის ზღვრულ-დასაშვებ დონეზე მნიშვნელოვანი გადამეტება; 6. მჟავური ნალექების მასიური ზონების წარმოშობა, ატმოსფეროს ოზონური ფენის შემცირება, გლობალური დათბობა.

ეკონომაიზერი - 1. საქვაბე დანადგარის ის ნაწილი, რომლის მეშვეობით ქვაბში მისაწოდებელი წყლის წინასწარი გაცხელება კვამლის, გაზების ან ნამუშევარი ორთქლის სითბოს გამოყენებით ხდება. არსებობს თუჯის (წყლის წნევით 16 ატმ.-მდე) და ფოლადის (წყლის წნევით მეტი 16 ატმ.); 2. ავტომობილის ძრავის კარბიურატორში: მოწყობილობა საწვავი ნარევის გასამდიდრებლად მაქსიმალური დატვირთვის პირობებში.

ეკონომაიზერი ავტონომიური - ქვაბში ჩაშენებული ეკონომაიზერი ან აირმავალი, რომლის შემთბარი წყალი სრულად ან ნაწილობრივ გამოიყენება მოცემული ქვაბის გარეთ, ან ცალკე მდგარი ეკონომაიზერი, რომლის შემთბარი წყალი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენება ორთქლის ქვაბში.

ეკონომეტრიკა - მეცნიერება, რომელიც შეიწავლის ეკონომიკური ობიექტებისა და პროცესების კონკრეტულ რაოდენობრივ კანონზომიერებებს მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით.

ეკონომია (ბერძ.) - მომჭირნეობით ხარჯვა რისამე; მომჭირნეობა.

ეკონომიკა (ბერძ.) - 1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს მეურნეობის კონკრეტული მდგომარეობის თეორიულ და პრაქტიკულ ეკონომიკურ კანონებს, ასევე კონკურენციას, გაცვლას, განაწილებასა და მოხმარების პროცესებს; 2. მატერიალური და ადამიანური რესურსების ორგანიზებულად მართვა დოვლათის წარმოების პროცესში. დოვლათის წარმოებასთან, განაწილებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული სოციალური დაწესებულებებისა და ინსტიტუტების სისტემა; 3. ქვეყნის, საწარმოს, ოჯახის, ადამიანთა ჯგუფის წარმოებასთან, განაწილებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული სამეურნეო საქმიანობის ერთობლიობა.

ეკონომიკა ფარული - 1. კანონსაწინააღმდეგო ეკონომიკური საქმიანობა (გადასახადებისათვის თავის არიდება, უკანონო სავალუტო ოპერაციები, კონტრაბანდა, ნარკობიზნესი, ბრაკონიერობა და სხვ.); 2. კანონიერი, მაგრამ არარეგისტრირებული ეკონომიკური საქმიანობა.

ეკონომიკის ობიექტი - სამრეწველო და სოციალური დანიშნულების საწარმო, დაწესებულება ან ორგანიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის განურჩევლად, რომლებიც ხასიათდებიან მართვის ერთიანი სისტემით, სადაც მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობით დამოუკიდებლად ხორციელდება მატერიალური ან ინტელექტუალური პროდუქციის შექმნა ან მომსახურება.

ეკონომიკსი - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საბაზრო სისტემაში საზოგადოებას თავისი უსასრულო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. იგი პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიაა, საბაზრო ეკონომიკის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზია. ე. ეკონომიკური თეორიისგან ძირეულად განსხვავებულ ხედვას ემყარება და პროცესებისა და მოვლენების ანალიზისას მხოლოდ შეზღუდული რესურსებით იფარგლება. დასახული მიზნის მისაღწევად ალტერნატიული ვარიანტებიდან ოპტიმალური არჩევანის გაკეთება მისი ლაიტმოტივია.

ეკონომიკური გარემო - ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მომხმარებლის მსყიდველობით უნარსა და ხარჯვით ტენდენციებზე.

ეკონომიკური დაცემა - დაბალი საქმიანი აქტიურობისა და უმუშევრობის მაღალი დონის პერიოდი, რომელიც ხასიათდება საშუალოსთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ტემპების დაცემით.

ეკონომიკური ზარალი - ეკოლოგიური ზარალის ღირებულებითი გამოსახვა.

ეკონომიკური ზრდა - 1. ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერება, პოტენციური მთლიანი ეროვნული პროდუქტის მატება, გამოხატული მუდმივი ფასებით; 2. სოციალურ ინსტიტუტებში, საკუთრების სტრუქტურაში ცვლილებების პროცესი, რომელიც მოასწავებს ზრდის ერთი სტადიიდან მეორეში გადასვლას.

ეკონომიკური თეორია - ზოგადი მეცნიერება ეკონომიკის შესახებ, თეორიული წარმოდგენები ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებზე, მეურნეობის (ეკონომიკის) ფუნქციონირებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც დაფუძნებულია, ერთი მხრივ, ლოგიკაზე, ისტორიულ გამოცდილებებზე და, მეორე მხრივ, თეორიულ კონცეფციებზე, მეცნიერ-ეკონომისტების (სწავლული ეკონომისტების) შეხედულებებზე. ეკონომიკური თეორია ეკონომიკურ მეცნიერებათა მთელი კომპლექსის - მიკროეკონომიკის, მაკროეკონომიკის, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ა.შ. თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველია.

ეკონომიკური პოლიტიკა - ეკონომიკის მართვის ბერკეტებისა და მეთოდების ერთობლიობა.

ეკონომისტი - ეკონომიკის, ეკონომიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი.

ეკოსისტემა - არეალი, სადაც გარემოსთან ურთიერთკავშირში მყოფი ყველა ცოცხალი ორგანიზმი ფუნქციონირებს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი. არსებობს ე. სამი დონე: მიკროდონე (მაგ., ლპობადი ხე), საშუალო დონე (ტყე, ტბა, გუბურა) და მაკროდონე (ოკეანე, კონტინენტი). ეკოსისტემაში (ბიოსფეროში) გარემოსა და ორგანიზმებს შორის მუდმივად მიდის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლა

ეკოსისტემა ბუნებრივი - მიეკუთვნება: მდელო, ტყე, ტუნდრა, უდაბნო, ზღვა, ტბა, ოკეანე. ბუნებრივ ეკოსისტემებში განსაკუთრებული ადგილი, უკავია წყლის ეკოსისტემებს, რომლებსაც მიეკუთვნება ოკეანეები, ზღვები, ტბები, მდინარეები, ნაკადულები, გუბეები და ჭაობები. ბუნებრივ ეკოსისტემას ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლია არსებობა, მაგრამ ადამიანი თავისი საქმიანობით ნეგატიურად მოქმედებს ეკოსისტემაზე, არღვევს ამ ეკოსისტემაში წონასწორობას.

ეკრანი (ფრანგ.) - 1. ჩარჩოზე გადაჭიმული თეთრი ქსოვილი ან სხვა ზედაპირი, რომელზედაც უჩვენებენ კინოფილმებს, დიაპოზიტივების გამოსახულებებს; 2. მოწყობილობა, რომლის ზედაპირი აირეკლავს, შთანთქავს ან გარდაქმნის სხვადასხვა სახის ენერგიის გამოსხივებას; 3. ზედაპირი, რომელზედაც იღებენ შუქურ გამოსახულებას, სიგნალებს და მისთ (მაგ., ტელევიზორის ეკრანი); 4. მოძრავი ფარი სიცხისაგან ან ზედმეტი სინათლისაგან დასაცავად (დგამენ გახურებულ ბუხართან, სარკმელზე და სხვ.).

ეკრანირება - ადამიანების, ხელსაწყოების დაცვა გარეშე ზემოქმედებისგან, რისამე გავლენისგან.

ეკსტრაქცია (ლათ.) - ხსნარიდან ან მშრალი ნარევიდან ნივთიერების მოცილების მეთოდი შესაფერისი გამხსნელის (ექსტრაგენტის) მეშვეობით, რომელიც რეაქციაში არ შედის საწყის ნარევთან.

ეკუმენოპოლისი - ქალაქი, რომელიც მოიცავს მთელ პლანეტას, ჩვეულებრივ გამოიყენება ფანტასტიკაში.

ელ... - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა, ნიშნავს „ელექტრო“-ს (მაგალითად, ელმავალი, ელსადგური).

ელასტიური მასალები და ნაკეთობები - მასალები და ნაკეთობები დრეკადი თვისებებით, რომელთაც აქვთ უნარი აღიდგინონ საყისი ფორმა დატვირთვების მოხსნის შემდეგ.

ელასტიურობა - მასალის დრეკადი თვისებების სრული აღდგენა გარე ძალების მოხსნის შემდეგ.

ელასტომერი - მაღალმოლეკულური ნივთიერება, რომელსაც ახასიათებს მაღალელასტიური თვისებები ტემპერატურის ფართო ინტერვალში. ე. ჯგუფში შედის: ნატურალური კაუჩუკი, სინთეზური კაუჩუკი, რეზინი, ზოგიერთი არაორგანული პოლიმერი.

ელევატორი (ლათ.) - 1. ტვირთების ვერტიკალურად გადასაადგილებელი ტრანსპორტიორ-კონვეიერი. ცემენტის ქარხნებში ძირითად ტექნოლოგიურ ტრანსპორტს ფხვიერი მასალების გადასაადგილებლად 30 მ და მეტ სიმაღლეზე წარმოადგენს ციცხვებიანი ე. (ნახ. 1).  მას იყენებენ აგრეთვე მოწყობილობის მაღლივი განლაგების ქარხნებში სილოსებიდან დოზატორებში ცემენტის მისაწოდებლად. ცნობილია აგრეთვე ხვეტია ე.;  2. ნაგებობის კომპლექსი დიდი რაოდენობის მარცვლეულის შესანახად (ნახ. 2, მარცვლეულის შესანახი ელევატორი), აგრეთვე მარცვლეულის დასამუშავებლად კონდიციურ მდგომარეობამდე. დანიშნულების მიხედვით არსებობს ე. სახეობები: დამამზადებელი (ხაზოვანი, სიღრმითი), საწარმოო (წისქვილი) და გადასატვირთავი (ბაზისური და საპორტო) დ ა მ ა მ ზ ა დ ე ბ ე ლ ი  ე. აშენებენ რკინიგზის სადგურების და სამდინარო (საზღვაო) ნავმისადგომებთან. მათი დანიშნულებაა - მიიღოს სასაქონლო მარცვლეული მომწოდებლისაგან, გაასუფთაოს, გააშროს, დააჯგუფოს ხარისხის მიხედვით, სეინახოს დანაკარგების გარესე და გადატვირთოს გადამამუშავებელ საწარმოებში.   ს ა წ ა რ მ ო ო  ე. აშენებენ გადამამუშავებელი მრეწველობის ისეთ საწარმოებთან, როგორიცაა: მარცვლეულის, კომბინირებული საკვების, სახამებლის, სპირტის ქარხნები და სხვ. ასეთი ე. ტევადობა და ტექნოლოგიური დანადგარების სიმძლავრეები დამოკიდებულია გადასამუშავებელი ნედლეულის სახეზე და გადამამუშავებელი საწარმოს სიმძლავრეზე. საწარმოო ე. ყოველთვის განალაგებენ გადამამუშავებელ საწარმოსთან ერთ ტექნოლოგიურ ხაზში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მარცვლეულის ტრანსპორტირების ხარჯები. გ ა დ ა ს ა რ ტ ვ ი თ ა ვ ი  ე. შენდება რკინიგზის მსხვილ საკვანძო სადგურებთან, დიდი მდინარეების ნავმისადგომებთან ან საზღვაო პორტებთან, რათა აწარმოოს მარცვლეულის შიგა და საექსპორტო გადატვირთვები. ასეთი ე. მთავარი დანიშლულებაა მოახდინოს ერთნაირი მარცვლეულის დიდი პარტიების მიღება, შენახვა და გადატვირთვა ერთი ტიპის ტრანსპორტიდან მეორეზე. აღჭურვილია მძლავრი მექანიზმებით, სატრანსპორტო და ტექნოლოგიური მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საათში 350...5000 ტ მარცვლეულის მომსახურებას.

ელემენტარული - 1. რაც მხოლოდ რისამე საფუძველს ეხება, დაწყებითი; 2. მარტივი, უბრალო, ყველასათვის ცნობილი.

ელემენტების განივი დაარმატურება - 1. რკინაბეტონის ელემენტების ყველა ზედაპირთან, რომლის მახლობლადაც განლაგდება გრძივი არმატურა, გათვალისწინებული უნდა იქნეს განივი არმატურა, რომელიც შემოევლება განაპირა გრძივ ღეროებს. ამასთან, მანძილი განივ ღეროებს შორის ელემენტის ყოველ ზედაპირთან უნდა იყოს არა უმეტეს 600 მმ და არა უმეტეს ელემენტის წახნაგის ორმაგი სიგანისა. გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში ცენტრულად განლაგებული გრძივი დაძაბული არმატურით (მაგ. ხიმინჯებში), განივი არმატურის მოწყობა საჭირო არ არის, თუ განივი ძალების მოქმედებისადმი წინაღობა უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ ბეტონის მიერ. განივი არმატურა დასაშვებია არ მოეწყოს ღუნვადი ელემენტების ვიწრო წიბოების (150 მმ და ნაკლები სიგანისა) წახნაგებთან, რომელთა სიგანეზე თავსდება მხოლოდ ერთი გრძივი ღერო ან შედუღებული კარკასი. გარეცენტრულად შეკუმშულ ხაზოვან ელემენტებში, აგრეთვე ღუნვად ელემენტებში, რომელთა კვეთის შეკუმშულ ზონაში გაანგარიშებით საჭიროა შეკუმშული გრძივი არმატურა, ცალუღები განლაგდება შემდეგ მანძილებზე: მძიმე, წვრილმარცვლოვანი, მსუბუქი და დაფოროვნებული ბეტონებისაგან დამზადებულ კონსტრუქციებში შეკრული კარკასებისას - (12...15)d; შედუღებული კარკასებისას - (15...20)d; უჯრედოვანი ბეტონისაგან დამზადებულ კონსტრუქციებში შედუღებული კარკასების გამოყენებისას - არა უმეტეს 500 მმ და არა უმეტეს 40d (სადაც d არის შეკუმშული გრძივი ღეროების უმცირესი დიამეტრი, მმ). ამასთან, განივი არმატურის კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს შეკუმშული ღეროების დამაგრება ნებისმიერი მიმართულებით მათი გამობურცვისაგან. გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში მუშა არმატურის პირგადადებით, შედუღების გარეშე შეპირაპირების ადგილებში, ცალუღებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 10d. თუ ელემენტის გაანგარიშებით საჭირო შეკუმშული გრძივი S' არმატურის შემცველობა მეტია 1,5%, ამასთან, თუ ელემენტის მთელი კვეთი შეკუმშულია და მთლიანი S და S' არმატურის შემცველობა კვეთში 3% აღემატება, ცალუღებს შორის მანძილი უნდა იყოს არა უმეტეს 10d და არა უმეტეს 300 მმ-სა. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისას გრძივი შეკუმშული ღეროები, რომლებიც გაანგარიშებით არ არის გათვალისწინებული, მხედველობაში არ მიიღება, თუ ამ ღეროების დიამეტრი არ აღემატება 12 მმ და დამცავი ბეტონის შრის სისქის ნახევარს. შეკრულ კარკასებში ცალუღების ბოლოები უნდა შემოეხვიოს გრძივი ღეროს ირგვლივ და შევიდეს ბეტონის ბირთვში არანაკლებ ცალუღის 6d სიგრძით. ამასთან, სპირალის გამოყენებისას უშუალოდ კვანძთან მომიჯნავე კვეთში სპირალი მიჯრით ორჯერ დაიხვევა;
  2. შეკრული ცალუღების კონსტრუქცია გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში უნდა იყოს ისეთი, რომ გრძივი ღეროები (ყოველ შემთხვევაში თითოს გამოშვებით) განლაგდეს ცალუღების გადაღუნვის ადგილებში, ხოლო ეს გადაღუნვები - არა ნაკლებ 400 მმ მანძილზე ელემენტის წახნაგის სიგანეზე. როცა წახნაგის სიგანე 400 მმ ნაკლებია და გრძივი ღეროების რაოდენობა ამ წახნაგთან არ აღემატება ოთხს, დაიშვება ყველა გრძივი ღეროს ერთი ცალუღით შემოწვდომა. გარეცენტრულად შეკუმშული ელემენტების ბრტყელი შედუღებული კარკასებით დაარმატურებისას ორი ნაპირა კარკასი (მოპირდაპირე წახნაგებთან განლაგებული) ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს სივრცითი კარკასის წარმოსაქმნელად. ამისათვის კარკასის სიბრტყის მართობულ წახნაგებთან უნდა განლაგდეს განივი ღეროები, კონტაქტური შედუღებით შეერთებული კარკასის კუთხის გრძივ ღეროებთან, ან სარჭები, რომლებიც დააკავშირებენ ამ ღეროებს და განლაგდებიან იმავე მანძილზე, როგორც ბრტყელი კარკასების განივი ღეროები. თუ ნაპირა ბრტყელ კარკასებს გააჩნიათ შუალედური გრძივი ღეროები, მაშინ ისინი, არანაკლებ თითოს გამოტოვებით, მაგრამ არა უმეტეს 400 მმ ელემენტის წახნაგის სიგანეზე, უნდა შეერთდნენ მოპირდაპირე წახნაგთან განლაგებულ გრძივ ღეროებთან სარჭებით. სარჭები დასაშვებია არ იქნეს დაყენებული ელემენტის წახნაგთან, რომლის სიგანე არ აღემატება 500 მმ და თუ გრძივი ღეროების რაოდენობა ამ წახნაგთან არ აღემატება 4-ს;
  3. გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში, გაანგარიშებით გათვალისწინებული ირიბი დაარმატურებისას, შედუღებული ბადეების (A-I, A-II, A-III კლასის არმატურა დიამეტრით არა უმეტეს 14 მმ და Bp-I კლასის) ან დაუძაბავი სპირალური ან რგოლური არმატურის სახით, მიღებულ უნდა იქნეს: ა) ბადის უჯრედის ზომები - არანაკლებ 45 მმ-სა, მაგრამ არა უმეტეს ელემენტის კვეთის უმცირესი გვერდის 1/4 და არა უმეტეს 100 მმ; ბ) სპირალის დახვევის ან რგოლების დიამეტრი - არანაკლებ 200 მმ; გ) ბადეების ბიჯი არანაკლებ 60 მმ, მაგრამ არა უმეტეს ელემენტის კვეთის უმცირესი გვერდის 1/3 და არა უმეტეს 150 მმ-სა; დ) სპირალების ან რგოლების ბიჯი - არანაკლებ 40 მმ, მაგრამ არა უმეტეს ელემენტის კვეთის დიამეტრის 1/5-სა და არა უმეტეს 100 მმ-სა. სპირალის კონსტრუქციული თვალსაზისით გამოყენების შემთხვევაში სპირალის ბიჯი მიიღება არა უმეტეს ელემენტის განივკვეთის ზომისა;
  4. შეკრულ კარკასში ცალუღების დიამეტრი, გარეცენტრულად შეკუმშული ხაზოვანი ელემენტებისათვის, მიიღება არანაკლები 0,25d და არანაკლები 5 მმ, სადაც d - გრძივი ღეროების უდიდესი დიამეტრია. გრძივი და განივი ღეროების დიამეტრების თანაფარდობა შედუღებულ ბადეებსა და კარკასებში დგინდება შედუღების პირობებიდან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.
  5. 150 მმ-ზე მეტი სიმაღლის კოჭოვან კონსტრუქციებში, აგრეთვე 300 მმ-ზე მეტი სიმაღლის ღრუტანიან ფილებში (ან ანალოგიურ ხშირწიბოიან კონსტრუქციებში) აუცილებელია განივი არმატურის მოეწყობა; კოჭურ და ფილისებრ კონსტრუქციებში განივი არმატურა ეწყობა: საყრდენებთან მიმდინარე უბნებზე, რომელთა სიგრძე თანაბრად განაწილებული დატვირთვისას მალის 1/4 ტოლია, ხოლო შეყურსული დატვირთვისას - მანძილისა საყრდენიდან უახლოეს შეყურსულ დატვირთვამდე, მაგრამ არანაკლებ მალის 1/4-სა. განივი არმატურის ბიჯი მიიღება: როდესაც ელემენტის კვეთის სიმაღლე ტოლია ან ნაკლები 450 მმ - არა უმეტეს h/2 და არა უმეტეს 150 მმ; ხოლო როდესაც h > 450 მმ - არა უმეტეს h/3 და არა უმეტეს 500 მმ. მალის დანარჩენ ნაწილზე ელემენტის კვეთის 300 მმ-ზე მეტი h სიმაღლისას, განივი არმატურა ეწყობა ბიჯით არა უმეტეს (3/4) h და არა უმეტეს 500 მმ-სა;
  6. განივი არმატურა, რომელიც განკუთვნილია განივი ძალების მისაღებად, ბოლოებით საიმედოდ უნდა იყოს დაანკერებული გრძივ არმატურაზე მიდუღების გზით, ან შეკრული კარკასების გამოყენებისას გრძივ არმატურაზე გარშემოვლებით, რაც უზრუნველყოფს შეერთებების და ცალუღების თანაბარ სიმტკიცეს;
  7. სვეტების მოკლე კონსოლების განივი დაარმატურება ხორციელდება ჰორიზონტალური ან 450 კუთხით დახრილი ცალუღებით. ცალუღების ბიჯი უნდა იყოს არა უმეტეს h/4 და არა უმეტეს 150 მმ (სადაც h - კონსოლის სიმაღლეა);
  8. ელემენტებში, რომლებიც მუშაობენ ღუნვაზე გრეხასთან ერთად, შეკრული კარკასების ცალუღები უნდა იყოს დახურული, ბოლოების საიმედო დაანკერებით 30 d-ს გადიდებით, ხოლო შედუღებული კარკასების გამოყენებისას ორივე მიმართულების ყველა განივი ღერო უნდა მიედუღოს კარკასების კუთხის გრძივ ღეროებს და შეიქმნას შეკრული კონტური. ამასთან, უნდა უზრუნველყოფილ იქნეს შეერთებებისა და ცალუღების თანაბარი სიმტკიცე.
  

ელემენტი (ლათ.) - 1. პირველსაწყისი ნივთიერება, რთული, ერთიანი მთლიანის შემადგენელი ნაწილი, მაგ., გადამცემი, დროის, მართვის, კონსტრუქციის, მზიდი, მუშა, სიხისტის ე. და სხვა მრავალი.; 2. რისამე შემადგენელი მარტივი ნაწილი; 3. ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება; 4. ძველ ბერძნულ მატერიალისტურ ფილოსოფიაში - ბუნების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა)

ელემენტი სარეზერვო - ობიექტის ელემენტი, რომლის დანიშნულებაა ძირითადი ელემენტის ფუნქციების შესრულება ამ უკანასკნელის მტყუნების დროს.

ელემენტი ძირითადი - ობიექტის სტრუქტურის ელემენტი, რომელიც აუცილებელია ობიექტის მიერ მოცემული ფუნქციების შესრულებისათვის, მისი ელემენტების უმტყუნობის შემთხვევაში.

ელექტრიზაცია - 1. ელექტრობით დამუხტვა სხეულისა; 2. ელქტრობით მკურნალობა

ელექტრიკი (ფრანგ.) - ბინებში, ოფისებში და სხვა დაწესებულებებში ელგაყვანილობის დამამონტაჟებელი ხელოსანი; 2. მოლურჯო-ცისფერი.

ელექტრიკოსი - იხ. ელექტროტექნიკოსი.

ელექტრილიზერი - წყალბადის მისაღები სამრეწველო დანადგარი.

ელექტრიფიკაცია (ელექტრიფიცირება) - ელექტრული ენერგიის ფართოდ გამოყენება მეურნეობასა და ყოფა-ცხოვრებაში.

ელექტრიფიცირებული - ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანილი.

ელექტრო... - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა, რაც ნიშნავს ელექტრობასთან დაკავშირებულს, ელექტრულს.

ელექტროაკუსტიკა - გამოყენებითი აკუსტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სიგნალების ელექტრომექანიკური გარდამქმნელების საინჟინრო გაანგარიშებისა და კონსტრუირების თეორიასა მეთოდებს.

ელექტროამძრავი - მანქანების ან მექანიზმების მოძრაობაში მოსაყვანი ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელშიც შედის მექანიკური ენერგიის წყარო  - ელექტროძრავი. ე. შედის აგრეთვე გადამცემი მექანიზმი, გარდამსახი მოწყობილობა და მართვის აპარატურა. ავტომატიზებული ე. მართვა ხორციელდება ავტომატიკის საშუალებებისა და მიკროპროცესორული ტექნიკის გამოყენებით.

ელექტროანალიზი - ნივთიერებათა გამოყოფა და დაყოფა ელექტროლიზის მეშვეობით.

ელექტრობა - ენერგიის ფორმა, რომელიც განპირობებულია მატერიის ნაწილაკების (ელექტრონების, პოზიტრონების, პროტონების) მოძრაობით; 2. ენერგია, რომელსაც იყენებენ საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის.

ელექტრობალასტერი - უწყვეტი მოქმედების დიდმწარმოებლური სალიანდაგო მანქანა, რომელსაც იყენებენ ბალასტის სადოზირებლად და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოს დროს.

ელექტროგადამცემი ხაზი - ელექტრული ქსელის ერთ-ერთი კომპონენტი, ენერგეტიკული მოწყობილობების სისტემა ელექტროენერგიის გადასაცემად ელექტრული დენის მეშვეობით, აგრეთვე ელექტრული ხაზი ასეთი სისტემის შემადგენლობაში, რომელიც გადის ელექტროსადგურის ან ელექტროქვესადგურის საზღვრებს გარეთ. განასხვავებენ საჰაერო და საკაბელო ე.ხ., რომლების არსებობს შემდეგი კატეგორიების: I - სიმძლავრით 330 კვ და მეტი; II - 154...220 კვ; III - 35...110 კვ; IV - 1...20 კვ-მდე; V - 1 კვ-მდე.

ელექტროგადამცემი ხაზი საკაბელო - ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის (გადატანისათვის) განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა).

ელექტროგადამცემი ხაზი საჰაერო - ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა (გადატანა).

ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახდენს საჰაერო ან საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე.

ელექტროგამანაწილებელი პუნქტი - მოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება და განაწილება ერთ ძაბვაზე, გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის გარეშე და რომელიც არ შედის ქვესადგურის შემადგენლობაში.

ელექტროგამტარი - ყველაფერი ის, რაც ელექტრობას ატარებს (ლითონი, ნახშირი, სითხე და სხვ.).

ელექტროგამტარობა - ნივთიერებათა თვისება გაატარონ ელექტრული დენი ელექტრული ძაბვის გავლენით; 2. ელექტრული წინაღობის შებრუნებული სიდიდე

ელექტროგაყვანილობა - ელექტროსაენების სისტემა ელექტრული დენის გასანაწილებლად.

ელექტროგაწმენდა - ჰაერისა და ნამუშევარი აირებისაგან მყარი ნაწილაკების გამოცალკავება აირში შეწონილი ნაწილაკების გატარებით მაღალი ძაბვის ველში (გარემოს გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად).

ელექტროგენერატორი - გადასატანი (ნახ. 1) ან სტაციონარული (ნახ. 2) მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს სათბობის წვის ხარჯზე. ის შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც შემცვლელი ძირითადი ელექტროხაზისა (ავარიის შემთხვევაში) ან როგორც ენერგიის მუდმივი ავტონომიური დენის წყარო; ხშირად აუცილებელი დანადგარია ელექტროშედუღებითი სამუშაოების შესრულებისას. გამოყენებული საწვავის სახეობის მიხედვით ე. არსებობს: ბენზინის (სიმძლავრით 2...5 კვტ), დიზელის (სიმძლავრით 60 კვტ-ზე მეტი) ან აირულ საწვავზე მომუშავე. აირული ძირითადად გამოიყენება ავარიულ სიტუაციებში, თუმცა ზოგჯერ (გაზსადენის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში) წარმატებით ამუშავებენ როგორც მუდმივ დენის წყაროს, რადგანაც ექსპლუატაციაში იაფია, უსაფრთხოა და გათვლილია ხანგრძლივ მუშაობაზე.

ელექტროდანადგარი - ენერგოდანადგარი, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, ტრანსფორმაცია, განაწილება, მოხმარება (ნახ. 1) ან გარდაქმნა სხვა სახის ენერგიად. ე. განასხვავებენ დანიშნულების (წარმომქმნელი, მომხმარებელი და გარდაქმნელ-გამანაწილებელი), დენის წარმომავლობის (მუდმივი, ცვლადი) და ძაბვის (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით) მიხედვით.

ელექტროდანადგარი მოძრავი - სადგარზე დამაგრებული ელექტროდანადგარი, რომელიც მიერთებულია ქსელთან, ბოლო წერტილების გარდა მოქნილი კაბელით (გამტარით). მისი გადატანა შესაძლებელია დემონტაჟის გარეშე.

ელექტროდანადგარი ხელის - გადასატანი ელექტროდანადგარი, რომელიც მუშაობის დროს ხელში უნდა გვეჭიროს და მუშაობის პერიოდში შესაძლებელია მისი გადატანა.

ელექტროდების შემოგოზვა - შედუღების ელექტროდის ზედაპირული შრე, შედენილი წიდის და გაზის წარმომქმნელი, ფოლადის მალეგირებელი და სხვა კომპონენტებისაგან, რომლებიც შედუღების დროს აუმჯობესებენ ელექტრული რკალის ხარისხს და შესაბამისად შედუღების ნაკერის ტექნიკურ მახასიათებლებს.

ელექტროდი (ბერძ) - 1. გამტარი (ფირფიტა, ღერო და მისთ.), რომლის საშუალებითაც ელექტრული დენი შედის სითხეში ან გაზში; 2. მანქანებში, ხელსაწყოებში: ელექტრული დენის ჩართვის (გამორთვის) ადგილი; 3. მაღალი სიმტკიცის, ვიბრომედეგი, ცვეთამედეგი, უჟანგავი ფოლადის, თუჯის, ალუმინისა და შენადნობების მავთული (ღერო), რომელიც გამოიყენება შედუღებითი სამუშაოებისათვის (ნახ. 1).

ელექტროდინამიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ელექტრული მუხტების მოძრაობისა და ურთიერთმოქმედების კანონებს.

ელექტროდის საფარველი - დანაწევრებული კომპონენტებისა და შემკრავი ნივთიერების ნარევი, დატანილი ლითონის ღეროზე დაწნეხის ან ჩაძირვის მეთოდით. შემადგენლობა შეირჩევა გამდნარი ლითონის აირწიდური დაცვის კომბინირებული ბაზის მიხედვით. საფარვლის შედგენილობა დამოკიდებულია შედუღების ავზის ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დაცვის სახეობის მიხედვით (წიდით თუ გაზით). ე.ს. შემადგენლობაში შედის: მასტაბილიზებელი ელემენტები ელექტრორკალის ანთებისა და წვის მდგრადი პროცესისათვის (კალიუმი, ნატრიუმი, ცეზიუმი, კალციუმი); აირწარმომქმნელი კომპონენტები ელექტრორკალისა და შედუღების ავზის აირული დაცვისათვის (სახამებელი, ხის ფქვილი, დექსტრინი და სხვ.); წიდაწარმომქმნელები (მინდვრის შპატი, კაჟმიწა, რუთენიუმის კონცენტრატი, მლხობი შპატი, კაოლინი, ტალკი და სხვ.); განმჟანგავები (ფერომარგანეცი, ფეროსილიციუმი, ფეროტიტანი და სხვ.); მალეგირებელი ელემენტები (მარგანეცი, ქრომი, ნიკელი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი და სხვ.) ნაკერისათვის განსაკუთრებული თვისებების მისანიჭებლად; პლასტიფიკატორები (ქარსი, ცელულოზა, ბეტონიტი, კაოლინი და სხვ.) შემოგოზვის პლასტიკურობის ასამაღლებლად (ზოგჯერ ძნელად მისადგომ ადგილებში საჭირო ხდება ელექტროდის მოღუნვა, რისთვისაც საჭიროა მისი შემოგოზვა, რომ არ მოხდეს საფარვლის აშრევება ელექტროდის ზედაპირიდან); მარაფინირებელი კომპონენტები (მარგანეცის შენაერთი კალციუმის ჟანგთან), რომელიც შედუღების ავზს აცილებს მავნე მინარევებს, როგორიცაა გოგირდი და ფოსფორი; შემკრავი ნივთიერებები (ნატრიუმიანი, კალიუმიანი და ნატრიუმ-კალიუმიანი თხევადი მინა.

ელექტროენერგიის მომხმარებელი - ელექტროენერგიის მიმღები ან მიმღებთა ჯგუფი, გაერთიანებული ტექნოლოგიური პროცესით.

ელექტროთერმია - გამოყენებითი მეცნიერება სამრეწველო მიზნით ელექტრული ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნის პროცესების შესახებ.

ელექტროკალორიფერი - სათბობი ელექტროხელსაწყო (ნახ. 1), რომელიც სითბოს გადასცემს ბუნებრივი კონვექციით (ანალოგიურია ელექტროკონვექტორის). გამოიყენება საცხოვრებელი, საყოფახოვრებო სათავსების, გარაჟების, საწყობების, ჯიხურების, ფარდულების და ა.შ. დამატებითი გათბობისათვის. შედგება კორპყსის, შიდა მილისებრი ელექტროგამახურებლის, ვენტილიატორისა და ტემპერატურის რეგულიატორისაგან. ერთი ე. შესაძლებელია საშუალო ზომის სათავსის გათბობა 400C ტემპერატურამდე.

ელექტროკარი - თვლებიანი ურიკა ელექტრონული ამძრავით, რომელიც იკვებება ურიკაზე დაყენებული აკუმულატორით. გამოიყენება საამქროებში, საწყობებში და სხვ. მცირე ტვირთების გადასატანად.

ელექტროკონვექტორი - სათბობი ელექტროხელსაწყო, რომელიც სითბოს გადასცემს ბუნებრივი კონვექციით (ანალოგიურია ელექტროკალორიფერის)

ელექტროკორუნდი - სინთეზური აბრაზიული მასალა, რომლის ფუძეა კრისტალური ალუმინის ოქსიდი. იყენებენ აბრაზიული იარაღების (სახერხი ქარგოლები, ფხვნილები), ცეცხლგამძლე მასალების და კერამიკული ნაკეთობების დასამზადებლად.

ელექტროლიზი - ნივთიერების შემადგენელ ნაწილებად დაშლისა და ამ ნაწილების ელექტროდებზე დალექვის პროცესი (ელექტროლიტში დენის გავლისას).

ელექტროლიტი - ქიმიური ნითიერება, რომელიც იშლება შემადგენელ ნაწილებად მასში ელექტრული დენის გავლის შედეგად.

ელექტროლუმინესცენცია - ლუმინესცენცია, რომელიც აღიძვრება ელექტრული ველის ზემოქმედებით.

ელექტრომაგნეტიზმი - ელექტროდენით გამოწვეული მაგნიტური მოვლენები.

ელექტრომაგნიტი - ელექტროტექნიკური მოწყობილობა. შედგება ფერომაგნიტური გულანისგან დენგამტარი ხვეულით, რომელიც ელექტრონულ ჯაჭვში ჩართვისას ამაგნიტებს მას. გამოიყენება მაგნიტური ნაკადების შესაქმნელად ელექტრონულ მანქანებსა და აპარატებში, ავტომატიკის მოწყობილობებში და სხვა, აგრეთვე მაგნიტური ველების შესაქმნელად სხვადასხვა სახის გამოკვლევების დროს.

ელექტრომაგნიტური გამოსხივება - ელექტრული მუხტების რხევის შედეგად აღძრული ტალღები. ელექტრომაგნიტური ტალღების ენერგია ფართოდ გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა სფეროში: მრეწველობაში, რადიოკავშირში და რადიომაუწყებლობაში, ტელეხედვაში, რადიოლოკაციაში, რადიომეტეოროლოგიაში და ასტრონომიაში, რადიონავიგაციაში, მედიცინაში. გარემოში ელექტრომაგნიტურ ველებს ავრცელებს ტექნოლოგიური პროცესებისათვის ელექტრომაგნიტური ენერგიის წარმომქმნელი, გადამცემი და გამომყენებელი სისტემები. მაგ., ელექტრომაგნიტური ველები აღიძვრება ელექტროტრანსპორტის მოძრაობისას, ელექტროგადამცემი ხაზების გავლის ზონაში. კოსმოსური აპარატების ფუნქციონირებას თან ახლავს რადიოგადამცემი სისტემების ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ზემოქმედების შედეგად ხურდება იონოსფერო. ეს ართულებს რადიოკავშირს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის მის რეგულირებას. ელექტრომაგნიტური ტალღების ხელოვნური წყაროებია: მოქმედი ელექტროდანადგარი, ინდუქტორი, გენერატორი, ტრანსფორმატორი, ელექტრომაგნიტი, ანტენა, ზემაღალი სიხშირის გენერატორი და სხვ. ე.გ. ბუნებრივი წყაროებია: ატმოსფერული ელექტრობა, მზის და გალაქტიკის რადიოგამოსხივება, დედამიწის ელექტრული და მაგნიტური ველები. ელექტრომაგნიტური ტალღები მასის არმქონე გამოსხივებაა, რომელიც ფოტონებით ვრცელდება. ფოტონი ანუ ქვანტი არის ნულოვანი მასის მქონე ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი. ასეთი ნაკადის სახით ვრცელდება გარემოში რადიოტალღები, ხილული სინათლე, აგრეთვე ლაზერის, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, რენტგენის და გამა-გამოსხივება. ჰაერში ელექტრომაგნიტური ველი ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღების სახით. მისი გავრცელების სიჩქარე სინათლის სიჩქარეს უახლოვდება. ელექტრომაგნიტური რხევების ძირითადი პარამეტრებია: ტალღის სიგრძე, რხევის სიხშირე და გარემოში გავრცელების სიჩქარე. ელექტრომაგნიტური ველი ხასიათდება სივრცეში უწყვეტად გავრცელებით, დამუხტულ ნაწილაკებზე და ელ.დენზე მოქმედების უნარით, რის შედეგადაც ელექტრომაგნიტური ველის ენერგია გარდაიქმნება ენერგიის სხვა სახეში. ელექტრომაგნიტური ველი წარმოადგენს ცვლადი ელექტრული ველისა და მასთან უწყვეტად დაკავშირებული მაგნიტური ველის ერთობლიობას.

ელექტრომაგნიტური ველი - შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორი ველი: ელექტრონული და მაგნიტური. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ელექტროდანადგარებში ელექტრონული ველი წარმოიქმნება დენგამტარ ნაწილებზე ძაბვისას, ხოლო მაგნიტური - როდესაც დენი გაივლის ამ ნაწილებში.

ელექტრომეტრი - ელექტრული ძაბვის საზომი ხელსაწყო.

ელექტრომეტრია - ელექტრულ გაზომვათა ხერხები და მეთოდები.

ელექტრომობილი - ელექტრული ძრავით მომუშავე ავტომობილი.

ელექტრომონტიორი - ელექტრულ მოწყობილობათა მონტაჟისა და გამართვის სპეციალისტი.

ელექტრომოწყობილობა - ნებისმიერი მოწყობილობა ელექტროენერგიის წარმოების, გარდაქმნის, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარებისათვის. მაგ.: მანქანები, აპარატები, ტრანსფორმატორები, გამზომი ხელსაწყოები, დაცვის სისტემები, კაბელები, ელექტრომომღებები და სხვ.

ელექტრონვოლტი - ენერგიის საზომი სისტემის გარეშე ერთეული ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში

ელექტრონი (ბერძ.) - უარყოფითად დამუხტული ელემენტარული ნაწილაკი. იგი ატომის შემადგენელი ნაწილია და მოძრაობს მისი ბირთვის გარშემო. ჩვენს გარშემო არსებული ნივთიერების აგებულებაში უდიდესი წვლილი ელექტრონებს ეკუთვნის, რამეთუ სწორედ ისინი ქმნიან ყველა ქიმიური ელემენტის ელექტრონულ გარსს.

ელექტრონიკა - 1. ფიზიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სწავლობს ელექტრულ პროცესებს ვაკუუმში, აირებში და მაგარ სხეულებში; 2. ტექნიკის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრულ ხელსაწყოთა წარმოებასა და გამოყენებასთან; 3. ელექტრო ხელსაწყოების საწარმოო მარკა რუსეთში.

ელექტროოპტიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ელექტრული ველის მოქმედებას ნივთიერების ოპტიკურ თვისებებზე.

ელექტრორადიატორი - სათბობი ელექტროხელსაწყო, რომელიც სითბოს გადასცემს გამოსხივებითა და გარე მუშა ზედაპირის კონვექციით. ერთ ალუმინის ე. შეუძლია გაათბოს სათავსი 5...25 მ2-მდე სექციების რაოდენობაზე და გამათბობელი ელემენტის სიმძლავრეზე დამოკიდებულებით. ე. აღჭურვილია ჭკვიანი ელექტრონიკით, რომელიც არეგულირებს და ინარჩუნებს ოთახში საჭირო ტემპერატურას. გამოირჩევა მიმზიდველი დიზაინით, სისუფთავითა და საიმედოობით.

ელექტროსადგური - სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრულ ენერგიას. არსებობს ე.: ატომური (თბური ნეიტრონებით, მსუბუქი წყლით, მძიმე წყლით, სწრაფი ნეიტრონებით, გრაფიტის, სუბკრიტიკული, თერმობირთვული)(ნახ. 1: ატომური ელექტროსადგურის საერთო ხედი), ჰიდრო, ქარის (ნახ. 1: ქარის ელექტროსადგურის საერთო ხედი), მზის, აირტურბინული და სხვ.

ელექტროსადგური რაიონული - თბოელექტროსადგური, რომელიც მუშაობს ადგილობრივ თბოსაწვავზე და ელექტროენერგიით ამარაგებს ახლოს განლაგებულ ობიექტებს.

ელექტროსადენი - ელექტრული ენერგიის გადასაცემი სადენი

ელექტროსკოპი - ხელსაწყო, რომლითაც არკვევენ დამუხტულია თუ არა სხეული ელექტრობით

ელექტროტექნიკა - 1. მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ელექტრულ მოვლენებს, ელექტრობის გამომუშავებისა და გამოყენების საშუალებებს; 2. მრეწველობის დარგი, რომელიც დაკავებულია ელექტროენერგიის გამომუშავებით

ელექტროტექნიკოსი - ელექტროტექნიკის სპეციალისტი.

ელექტროუსაფრთხოება - უსაფრთხოების ტექნიკის განაყოფი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანების (ან ცხოველების) ჯანმრთელობაზე ელექტროდენის, ელექტრორკალის ან ელექტრომაგნიტური ველის მავნე მოქმედებისაგან დაცვის საშუალებებს.

ელექტროფაიფური - კერამიკული ფაიფურის მასა, შემდგარი თიხის (კაოლინის), კვარცის და მინდვრის შპატისაგან, დაყალიბებული და გამომწვარი გარკვეული კონფიგურაციის ნაკეთობების სახით. გამოიყენება იზოლატორებად, მათზე მაღალი ძაბვის ელექტროსადენების დასამაგრებლად

ელექტროფიკაციის დონე - საცხოვრებელი ბინების გაჯერება საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრო ხელსაწყოებით.

ელექტროფილტრი - ღუმელებიდან, გამოსაშრობი დოლებიდან, წისქვილებიდან გამოსული ნამუშევარი აირებისა და ასპირაციული ჰაერის გამწმენდი ელექტროაპარატი. ე. მრავალი სახეობა არსებობს: ვერტიკალური და ჰორიზონტალური, მილისებრი და ფირფიტებიანი, მშრალი გაწმენდის ერთ-, ორ- და მეტ ველიანი ფილტრები

ელექტროფორეზი (ბერძ.) - გარეშე ელექტრონული ველის ზემოქმედებით თხევად ან აირისმაგვარ გარემოში მყოფი მყარი ნაწილაკების მოძრაობა, რომელსაც ეფუძნება მტვრისგან აირების გაწმენდა.

ელექტროქვესადგური - ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა (ტრანსფორმატორები, ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელები, გამანაწილებელი მოწყობილობები, სინქრონული კომპენსატორები, სტატიკური კონდენსატორები, მართვის მოწყობილობები და სხვა დამხმარე საშუალებები), რომლის დანიშნულებაა ერთი ძაბვის ელექტროენერგიის სხვა ძაბვის ელექტროენერგიად გარდაქმნა ტრანსფორმატორების ან ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელების საშუალებით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) განაწილება.

ელექტროქვესადგური წევის - ელექტროდანადგარი ელექტროენერგიის გარდაქმნისა და განაწილებისათვის საკონტაქტო ქსელებში, რათა ელექტროენერგიით მოამარაგოს ელმავლები, ტროლეიბუსები და ტრამვაი. ის შეიძლება იყოს მუდმივი ან ცვლადი დენის.

ელექტროქსელი - მომხმარებელთა შორის ელექტრული ენერგიის გამნაწილებელი ხაზების სისტემა.

ელექტროქურა - საყოფაცხოვრებო სათბობი ელექტროხელსაწყო ერთი ან რამდენიმე ელექტროქურატითა და ელექტროკარადით (ნახ. 1).

ელექტროქურატა - საყოფაცხოვრებო სათბობი ელექტროხელსაწყო, რომლის ძირითად ელემენტს შეადგენს ელექტროგამაცხელებელი. არსებობს ბრტყელი (ნახ. 1) და ცილინდრული ფორმის.

ელექტროღუმელი - ამა თუ იმ დანიშნულების ღუმელი, რომელშიც სითბოს გამოყოფა ელექტროდენის მეშვეობით ხდება. გამოიყენება მეტალურგიაში სუფთა შენადნობების მისაღებად, ფოლადის საწრთობად, აგრეთვე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.

ელექტროშედუღება - ლითონთა შედუღება ელექტრული დენით.

ელექტროძრავა - ელექტრული მანქანა, რომელიც ელექტრონულ ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ ენერგიად. ფართედ გამოიყენება მრეწველობაში, ტრანსპორტზე, ყოფაცხოვრებაში. განასხვავებენ მუდმივი და ცვლადი დენის ელძრავებს. ცვლადი დენის ელძრავები არის სინქრონული და ასინქრონული. ძირითადი მახასიათებლებია სიმძლავრე და ბრუნვის სიხშირე.

ელექტროძრავა მუდმივი დენის - ელექტროძრავა, რომელიც მუდმივ დენზე მუშაობს. ძირითადად გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებებზე.

ელექტროძრავა რევერსიული - ელექტროძრავა, რომელიც ბრუნვის მიმართულებას პოლუსების გადართვის შემდეგ იცვლის.

ელექტროძრავა სინქრონული - ცვლადი დენის ელექტროძრავა, რომელშიც ინდუქტირებული ელექტრომამოძრავებელი ძალა ბრუნვის სინქრონულად იცვლება.

ელექტროძრავა ცვლადი დენის - ელექტროძრავა, რომელიც ცვლად დენზე მუშაობს. იგი ფართოდ არის გავრცელებული ტექნიკაში.

ელექტრული - ელექტრონთან დაკავშირებული, ელექტრონზე დამყარებული.

ელექტრული ბიზნესი - ბიზნესი, რომლის ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა ტრანსაქციების განხორციელების დროს დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

ელექტრული დარტყმა (ელექტროდარტყმა) - ორგანიზმის ცოცხალი ქსოვილის აგზნება, გამოწვეული მასში გამავალი დენით, რომელსაც თან სდევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვითი შეკუმშვა. ამ დროს ირღვევა გულის, ფილტვების, ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობა. ყველაზე სუსტი ელექტრული დარტყმა იწვევს დენის შესვლისა და გამოსვლის წერტილებში ოდნავ შესამჩნევ კრუნჩხვით შეკუმშვებს. უარეს შემთხვევაში იგი იწვევს გულისა და ფილტვების ფუნქციონირების დარღვევას, ზოგჯერ მათ შეწყვეტასაც კი, რასაც თან სდევს გულის გაჩერება და სიკვდილი. ამასთან, შესაძლოა გარე ადგილობრივი დაზიანებები არც კი გამოვლინდეს.

ელექტრული მანქანა - მანქანა, რომლის მოქმედება დაფუძნებულია ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენის გამოყენებაზე და გარდაქმნის მექანიკურ ენერგიას ელექტრულში (გენერატორი), ელექტრულ ენერგიას მექანიკურში (ელძრავა) ან ერთი პარამეტრების მქონე ელენერგიას (ძაბვა, სიხშირე და სხვა) სხვა პარამეტრების ელენერგიაში (მაგ., სიხშირის გარდამქმნელი).

ელექტრული სქემა - ელექტრული წრედის ელემენტთა ურთიერთკავშირის გრაფიკული გამოსახულება.

ელექტრული ქსელი - ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება.

ელექტრული ქსელის მფლობელი პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახდენს ელექტრული ქსელის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე.

ელექტრული შოკი (ელექტროშოკი) - ორგანიზმის თავისებური მძიმე ნერვორეფლექტური რეაქცია. ელექტროდენით ძლიერი გაღიზიანებისას, რომელსაც თან სდევს სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა; ე.შ. არის პასუხი ორგანიზმის ელექტროდენით მოჭარბებულ გაღიზიანებაზე, რომელსაც თან სდევს სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, ნივთიერებათა ცვლის სახიფათო მოშლილობა და სხვა დარღვევები. შოკის დროს მცირე ხნით დგება აგზნების ფაზა, როდესაც დაშავებული რეაგირებს გამღიზიანებლებზე, შეიგრძნობს ტკივილს, წნევა მაღლა იწვევს და ა.შ. ამას მოყვება დამუხრუჭების ფაზა, ნერვული სისტემის გამოფიტვა, წნევა ეცემა, პულსი ხშირდება, სუნთქვა იშვიათდება, გვაქვს დეპრესია - დათრგუნული მდგომარეობა და სრული გულგრილობა გარემოს მიმართ შენარჩუნებული ცნობიერებით. შოკური მდგომარეობა გრძელდება წამის მეათედებიდან ერთ დღეღამემდე. ამის შემდეგ შესაძლებელია ადამიანი დაიღუპოს სასიცოცხლოდ არსებთი ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, შესაძლებელია გამოჯანმრთელებაც აქტიური სამკურნალო ჩარევის შედეგად

ელექტრული ძაბვის გამთიშავი მოწყობილობა - ელექტრული ქსელის გათიშვის დროს, როცა ქსელის ძაბვა 500 ვ აღემატება და დენი 1000 ამპერზე მეტია, წარმოიქმნება მძლავრი ელექტრული რკალი, რომლის ტემპერატურა აღწევს 30000C, რაც იწვევს გამთიშველის საკონტაქტო ლითონის ნაწილების გადნობას და ავარიას. ამიტომაც არის, რომ ასეთი ქსელების ამორთვა ხდება არა ხელით, არამედ ძაბვის ამომრთველებით

ელექტრული ჯაჭვი - ელექტრომოწყობილობების ერთობლიობა, შეერთებული ელექტრომავთულებითა და კაბელებით, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ელექტროდენის მიწოდება მომხმარებლისათვის.

ელვა - 1. ატმოსფერული მოვლენა, ელექტრობის სწრაფი განმუხტვა ჰაერში, რაც გამოიხატება ძლიერი კლაკნილი ნათებით (ნახ. 1); 2. ელვარება, ბრწყინვა, ლაპლაპი.

ელინგი (ჰოლანდ.) - გემების, სპორტული იახტების, დირიჟაბლების სამშენებლო ან სარემონტო დახურული ნაგებობა ოკეანის, ზღვის, ტბის ან მდინარის პირას. არსებობს ორი სახის: გრძივი და განივი. პირველი განლაგებულია სახმელეთო ხაზის მართობულად, მეორე - პარალელურად

ელისეს მინდვრები (ელიზიუმი) - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ღმერთების რჩეულ გმირთა მარადიული სამყოფელი; 2. პარიზის ერთ-ერთი უმთავრესი მაგისტრალი, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია - ელისეს სასახლე მდებარეობს.

ელიფსი (ბერძ.) - ჩაკეტილი მრუდი, რომლის ყოველი წერტილის მანძილების ჯამი ორი მოცემული წერტილიდან (F1 და F2 ფოკუსიდან) წარმოადგენს მუდმივ სიდიდეს და უდრის 2a-ს (2a >F1F2), რომელსაც ე. დიდ ღერძს უწოდებენ. ფოკუსებს შორის მანძილს ფოკალური მანძილი ეწოდება და უდრის 2c-ს. დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ე. უმარტივეს (კანონიკურ) განტოლებას აქვს ასეთი სახე: x2/a2+y2/b2 =1, სადაც b2 = a2 - c2. 2b სიდიდეს (მონაკვეთს) ე. მცირე ღერძი ეწოდება (ნახ. 1). e = c/a < 1 სიდიდეს ე. ექსცენტრისიტეტი ეწოდება. F1F2 მონაკვეთის შუა წერტილს ე. ცენტრს უწოდებენ. ხოლო ე. ცენტრზე გამავალ ნებისმიერ წრფეს - ე. დიამეტრს. წრფეს, რომლის განტოლებაა x = ± a/b, ე. დირექტრისა ეწოდება. ელიფსი მიიღება, როგორც წრიული კონუსის გადაკვეთის წირი იმ სიბრტყესთან, რომელიც კვეთს ამ კონუსის ერთ-ერთი კალთის ყველა მსახველს (ნახ. 2).

ელიფსი ინერციის - ბრტყელი ფიგურის ინერციის ელიფსოიდის გეგმილი მის სიბრტყეზე.

ელიფსი ძაბვის - ელიფსი, რომელშიც გარდაიქმნება ძაბვის ელიფსოიდი ბრტყელი დაძაბული მდგომარეობის შემთხვევაში

ელიფსოგრაფი - სამხაზველო ხელსაწყო ელიფსის დასახაზად.

ელიფსოიდი - ზედაპირი, რომელიც მიიღება ელიფსის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი ღერძის ირგვლივ; მეორე რიგის ზედაპირის ერთ-ერთი სახე. დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში მისი კანონიკური (უმარტივესი) განტოლება ასეთი სახისაა: x2/a2+ y2/b2+ z2/c2 =1, სადაც a, b და c - ელიფსოიდის ნახევარღერძებია. ე. ჩაკეტილი ზედაპირია, რომელსაც აქვს სიმეტრიის ცენტრი, სიმეტრიის სამი ღერძი და სიმეტრიის სამი სიბრტყე. ე. ნებისმიერი კვეთა სიბრტყით არის ელიფსი, კერძო შემთხვევაში კვეთა შეიძლება იყოს წრეწირი. თუ ე. ღერძები 2a, 2b, 2c განსხვავებულია, მაშინ ელიფსოიდს ეწოდება სამღერძა. თუ ე. რომელიმე ორი ღერძი ტოლია, მაშინ გვაქვს ბრუნვითი ელიფსოიდი. თუ ე. ყველა ღერძი ტოლია (2a = 2b = 2c), მაშინ ელიფსოიდი გადაიქცევა სფეროდ (ნახ. 1).

ელიფსოიდი ინერციის - მოცემული 0 წერტილიდან მასზე გამავალ ღერძებზე გადაზომილი იმ მონაკვეთების ბოლო წერტილების გეომეტრიული ადგილი, რომელი მონაკვეთების სიგრძეც უკუპროპორციულია შესაბამისად ამ ღერძების მიმართ ინერციის რადიუსებისა. ცნება შემოიღო პუანსომ.

ელიფსოიდი ძაბვის - სხეულის მოცემული წერტილიდან გამომავალი იმ რადიუს-ვექტორების ბოლო წერტილების გეომეტრიული ადგილი, რომლებიც გამოსახავენ მოცემულ წერტილზე გამავალ ელემენტარულ ფართობზე სრულ ძაბვას.

ელიფსური პარაბოლოიდი - მე-2 რიგის ზედაპირი; მისი კანონიკური განტოლებაა: x2/p + у2/q = 2z;  p,q>0. ელიფსური პარაბოლოიდი მოთავსებულია 0xy სიბრტყის ერთ მხარეს და მისი კვეთები 0xy სიბრტყის პარალელური  სიბრტყეებით გვაძლევს  მსგავს  ელიფსებს - ერთი და იგივე ექსცენტრისიტეტებით. თუ p = q, მაშინ ეს კვეთები წრეწირებია, ხოლო პარაბოლოიდს ეწოდება ბრუნვითი პარაბოლოიდი, რომელიც მიიღება პარაბოლის ბრუნვით მისი ღერძის გარშემო; ასეთი პარაბოლოიდის სარკეს ის თვისება აქვს, რომ, თუ სინათლის წყაროს მოვათავსებთ  მის  ფოკუსში, მაშინ სარკისებური ზედაპირიდან არეკლილი სხივები იქნებიან პარალელურნი, რაც გამოიყენება პროჟექტორებში. ელიფსური პარაბოლოიდის კვეთები 0z ღერძზე გამავალი სიბრტყეებით წარმოადგენენ პარაბოლებს (ნახ. 1).

ელიფსური სიჩქარე - იხ. კოსმოსური სიჩქარე.

ელიფსური ცილინდრი - მე-2 რიგის ცილინდრული ზედაპირი, რომლის მიმმართველია ელიფსი: x2/a2+y2/b2 = 1. ამ ელიფსური ცილინდრის მსახველი z ღერძის პარალელურია.

ემალი (მინანქარი) - მტკიცე მინისებრი მასა, რომელიც დაიტანება ნაკეთობის ზედაპირზე მექანიკური ან ელექტროქიმიური მეთოდით. არსებობს გამჭირვალე და გაუმჭვირი. მექანიკური გზით მიღებულ ე. შემადგენლობაში (ძველი რეცეპტი) შედის: ერთი წილი კვარცის ქვიშა, ერთი წილი ბორის მჟავა და ორი წილი ტყვიის სურინჯი; ხოლო თანამედროვე ე. შედის: სილიციუმის ორჟანგი, ბორის ანჰიდრიდი, ტიტანის ჟანგი, ალუმინის ჟანგი, ტუტე და ტუტემიწა ლითონები, თუთია, ტყვია, სხვადასხვა ფთორიდი. ე. გამოიყენება ლითონის, კერამიკული, მინის ნაკეთობების დასაფარავად, რათა დავიცვათ ისინი კოროზიის, გახეხვის, მაღალი ტემპერატურისაგან. მშენებლობაში ზოგჯერ მიმართავენ შავი ლითონების დაფარვას ემალით კოროზიისაგან დასაცავად, რაც საშუალებას იძლევა ძვირადღირებული შენადნობები შევცვალოთ იაფი მასალით. ე. ფარავენ აგრეთვე ინსტრუმენტებს, ჭურჭელს, საიუველირო ნაკეთობებს, ფურნიტურას, სამშენებლო კონსტრუქციების დეტალებს, ქალის სამკაულებს, მილებს, ქიმიურ რეაქტორებს და სხვ. საქართველოში ე. გამოყენება დაიწყო XI საუკუნეში, ძირითადად ხატწერაში - ტიხრული მინანქრის სახით (ნახ. 1: ქართული ტიხრული მინანქარი). დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია, რადგანაც ტიხრების, რომელსაც ოქროსაგან ამზადებდნენ, დნობის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე მინანქრისა, რომლის მისაღებად საჭიროა რამდენიმეჯერ გამოწვა 700...9000C ტემპერატურაზე. მექანიკური გზით მიღებული ძველი მინანქრის ხარისხი ბევრად აღემატება დღევანდელ ელექტროქიმიური გზით მიღებული მინანქრის ხარისხს. არსებობს მრავალი სახის ე.: ზეთოვანი, ნიტროცელულოზის, პერქლორვინილის, პოლიეთერის და სხვ.

ემბარგო (ესპ.) - სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში გარკვეული საქონლის, ფასეულობის, ოქროს, ფასიანი ქაღალდების, ვალუტის გატანის ან შემოტანის აკრძალვა.

ემბლემა (ბერძ.) - 1. რომელიმე ცნების, იდეის სიმბოლური გამოსახულება; 2. სამკაული, საგანი ან საგნის გამოსახულება, გამოყენებული რაიმე იდეის სიმბოლოდ (ნახ. 1, ემბლემა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

ემისია (ლათ.) - მიმოქცევაში საბანკო და სახაზინო ბილეთების, ქაღალდის ფულისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვება.

ემიტენტი (ლათ.) - 1. იურიდიული პირი: ბანკი, დაწესებულება, სახელმწიფო ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების მმართველობის ორგანო, რომელიც მიმოქცევაში უშვებს ფასიან ქაღალდებს და კისრულობს ამ ფასიანი ქაღალდების მფლობელების მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს; 2. საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს.

ემპირიული ფორმულები - მათემატიკური ფორმულები, რომლებიც მიიღებიან ცდებზე უშუალო დაკვირვებით და ექსპერიმენტის საშუალებით.

ემულგატორი (ლათ.) - 1. ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ემულსიებისა და ელექტროლიტების მდგრადობას; 2. ქიმიური ნივთიერება, რომელიც ემატება ემულსიას, რათა შეაფერხოს წყალში კუპრის, ბიტუმის და სხვ. შეერთება. ერთ-ერთ ემულგატორად გამოიყენება საპონი; 3. საკვები დანამატი. არსებობს სიცოცხლისთვის სახიფათო და უსაფრთხო ე. იწვევს სიმსივნეს, ალერგიას, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის, კანისა და სისხლის წნევის გაღიზიანებას. მეტად სახიფათოა ბავშვებისა და ასთმიანებისათვის.

ემულსია (ლათ.) - 1. ორი ერთმანეთში გაუხსნელი სითხის ნარევი, რომელშიც ერთი სითხის უწვრილესი ნაწილაკები შეტივტივებულია მეორეში წვეთების სახით (მაგ., წყალში დამატებული ზეთის ნაწილაკები, ჩვეულებრივი რძე, რომელშიც შეტივტივებულია ცხიმის ნაწილაკები და სხვ.); 2. ერთგვარი შუქმგრძნობიარე პრეპარატი, რომელსაც იყენებენ ფოტოტექნიკაში.

ენდემური - მხოლოდ გარკვეული ადგილისათვის, მხარისათვის დამახასიათებელი; ადგილობრივი.

ენდოგენური (ბერძ.) - რაც აიხსნება შინაგანი მიზეზებით. დედამიწაზე მოქმედი ცვლილებები, რომელიც გამოწვეულია დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებით და რომელსაც იწვევს საკუთარი სითბო. ეს პროცესებია: მიწის წიაღში მიმდინარე რადიოაქტიურ ნივთიერებათა დაშლა, სხვა ქიმიური რეაქციები, ნივთიერებათა გარდაქმნები და დედამიწის შიგნით წარმოშობილ დაძაბულობათა უეცარი განტვირთვა, რაც მიწისძვრების, მაგნიტიზმის, მეტამორფიზმისა და მიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობების სახით ვლინდება. ენდოგენური პროცესები იწვევს მიწის ქერქის დანაოჭებას, დაწყვეტას, ნაწყვეტებისა და ქერქქვეშა მასების გადაადგილებას, ქანების პირვანდელი შედგენილობის, წიაღის ფორმებისა და ტექტონიკური სტრუქტურის შეცვლას, ახალი მთებისა და ტაფობების წარმოქმნას.

ენდოგენური ძალები - დედამიწაზე მოქმედი შიგა ძალები

ენდოვა - იხ. შენაღარი.

ენდოთერმული - ამა თუ იმ სახის პროცესი, რომელსაც თან ახლავს სითბოს შთანთქმა.

ენდოთერმული რეაქცია - ქიმიური რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სითბოს შთანთქმა.

ენდო… (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს „შინაგანს“ (მაგ., ენდოთერმული, ენდოგენური და სხვ.).

ენერგეტიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ენერგიას; 2. ტექნიკის დარგი, რომელიც ამუშავებს სხვადასხვა სახის ენერგიის გამოყენების მეთოდებს

ენერგეტიკული მანქანა - ენერგიის გარდამქმნელი მანქანა.

ენერგია - 1. მოღვაწეობა, მოქმედება; 2. მატერიის მოძრაობის სხვადასხვა ფორმის საერთო რაოდენობრივი საზომი; ე. ძირითადი ფორმებია: სითბური, ელექტრომაგნიტური, მექანიკური, ქიმიური, ბირთვული, გრავიტაციული; ერთი სახის ენერგია შეიძლება გარდაიქმნას სხვა სახის ენერგიად, მკაცრად განსაზღვრული რაოდენობრივი თანაფარდობით; ე. გარდაქმნით მისი საერთო რაოდენობა არ იცვლება (ენერგიის მუდმივობის კანონი); 3. სამოქმედო ძალა, ჟინი, მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა დასახული მიზნის მისაღწევად. ენერგია იზომება შემდეგ ერთეულებში: CGS სისტემაში - ერგი, SI სისტემაში - ჯოული, ტექნიკურ სისტემებში - კილოგრამ-ძალა-მეტრი (კილოგრამომეტრი).

ენერგია დრეკადი დეფორმაციის (დრეკადი დეფორმაციის პოტენციური ენერგია) - დეფორმირებული დრეკადი სხეულის შიგა ძალების პოტენციური ენერგია.

ენერგია კინეტიკური - სხეულის მოძრაობის სიჩქარესთან დაკავშირებული ენერგია.

ენერგია მექანიკური - სხეულთა მექანიკური მოძრაობისა და მათი ურთიერთქმედების ენერგია. განიხილება ორი სახის მექანიკურ ენერგია: კინეტიკური და პოტენციური. ნივთიერი წერტილის მოძრაობისას კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამს სრული მექანიკური ენერგია ეწოდება.

ენერგია მოცულობის ცვლილების - დრეკადი დეფორმაციის პოტენციური ენერგიის ნაწილი, რომელიც წარმოიშობა დეფორმირებული სხეულის მოცულობის ცვლილების შედეგად.

ენერგია პოტენციური - სიდიდე, განსაზღვრული იმ მუშაობით, რომელიც შეიძლება შეასრულონ ძალთა ველში არსებულმა ძალებმა ამ ველში ნივთიერი წერტილის ან სისტემის მდებარეობის შეცვლისას. პოტენციურ ენერგიას აღნიშნავენ P ასოთი. პოტენციურ ენერგიაში გულისხმობენ ნივთიერ სხეულებს შორის ურთიერთქმედების ენერგიას. ეს ენერგია დამოკიდებულია სხეულთა ურთიერთმდებარეობაზე და მათ კოორდინატებზე. სხეულთა შორის ფარდობითი მანძილის ცვლილებისას მათ შორის მოქმედი ძალები ასრულებენ მუშაობას. ამასთანავე, ხდება პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ურთიერთგარდაქმნა. თუ სისტემის სრული მექანიკური ენერგია არ იცვლება, მაშინ ასეთ სისტემას კონსერვატიულს უწოდებენ. პოტენციური ენერგია უპირისპირდება კინეტიკურ ენერგიას იმ აზრით, რომ კინეტიკური ენერგია არის მოძრაობის ენერგია, ხოლო პოტენციური ენერგია დამოკიდებულია სხეულთა ურთიერთმდებარეობაზე.

ენერგია სითბური - ატომებისა და მოლეკულების უწესრიგო (სითბური) მოძრაობის ენერგია. ამ მოძრაობით ხასიათდება სხეულის ტემპერატურა.

ენერგია სრული (მექანიკური) - კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამი.

ენერგია ფორმის ცვლილების - დრეკადი დეფორმაციის პოტენციური ენერგიის ნაწილი, რომელიც წარმოიშობა დეფორმირებული სხეულის ფორმის ცვლილების შედეგად.

ენერგიის ინტეგრალი - გამოსახავს სრული მექანიკური ენერგიის შენახვის კანონს: T+P = h. ე. ი. გვიჩვენებს, რომ თუ ნივთიერი წერტილი (სისტემა) მოძრაობს პოტენციურ ძალთა ველში, მაშინ კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამი (სრული მექანიკური ენერგია) მუდმივი სიდიდეა (მექანიკური ენერგიის შენახვის კანონი). ე. ი. და მის ზოგიერთ განზოგადებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობის მდგრადობის  თეორიაში.

ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონი - ბუნების ზოგადი კანონი, რომლის თანახმად ნებისმიერი ჩაკეტილი ნივთიერი სისტემის სრული ენერგია სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესის დროს უცვლელი რჩება (ინახება). თუ ნივთიერი სისტემა განიცდის გარეშე ზემოქმედებას, რის შედეგადაც იგი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის, მაშინ მისი ენერგიის ნაზრდი (დანაკლისი) უდრის მასთან ურთიერთმოქმედი სხეულებისა და ველების ენერგიების დანაკლისს (ნაზრდს).

ენერგოეფექტურობის პასპორტი - დოკუმენტი, რომელშიც ასახულია შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტურობის საპროექტო, ტექნიკური და საექსპლუატაციო პარამეტრები.

ენერგოსისტემის კვების ცენტრი - გამანაწილებელი მოწყობილობა ენერგოსისტემის ელექტროსადგურის გენერატორული ან დამადაბლებელი ქვესადგურის მეორადი ძაბვისა, რომელთანაც მიერთებულია მოცემული რაიონის გამანაწილებელი ქსელი.

ენერგოტექნოლოგიური ქვაბი - ორთქლის ან წყალგამაცხელებელი ქვაბი, რომლის საცეცხლურში ხორციელდება ტექნოლოგიური მასალების გადამუშავება.

ენთალპია (ბერძ.) - თერმოდინამიკური სისტემის მდგომარეობის ფუნქციაა და შინაგან ენერგიაზე მეტია გაფართოების მუშაობით, ე.ი. იზობარულ პირობებში სისტემისათვის გადაცემული ენერგია იხარჯება ენთალპიის გაზრდაზე.

ენტაზისი (ბერძ.) - სვეტის ტანის გამოზნექილობა კლასიკური კოლონის დაახლოებით 1/3-ის ზევით, რაც სვეტის ტანის შეზნექილობის შთაბეჭდილებას აქარწყლებს.

ენციკლოპედია (ბერძ.) - თავმოყრილი ცნობები ცოდნის ყველა ან რომელიმე ერთი დარგიდან ლექსიკონის სახით.

ენციკლოპედიზმი - ფართე, მრავალმხრივი განათლება ცოდნის სხვადასხვა დარგში.

ენციკლოპედისტი - პირი, რომელსაც ენციკლოპედიური ცოდნა აქვს; მრავალმხრივ განათლებული ადამიანი.

ენციკლოპედიური - ენციკლოპედიასთან დაკავშირებული, ენციკლოპედიური ხასიათისა.

ეოლური - იგივეა, რაც ქარიანი.

ეოლური ნალექები - ქარით გადატანილი მინერალური ნაწილაკების დაგროვებით წარმოქმნილი ქანი (გეოლოგია).

ეპეიროგენეზისი - დედამიწის ქერქის ვრცელი არეების საუკუნეობრივი ვერტიკალური რყევა, რომელიც არ იწვევს ქერქის შიდა სტრუქტურის შეცვლას.

ეპიდიასკოპი (ბერძ.) - ოპტიკური ხელსაწყო (ნახ. 1), რომლის საშუალებითაც ეკრანზე მიიღება, როგორც გამჭვირვალე ობიექტის, ასევე გაუმჭვირი საგნის გამოსახულება.

ეპიდოტი (ფრანგ.) - ქანწარმომქმნელი მინერალი წყლის სილიკატების ჯგუფისა. იყენებენ როგორც სანაკეთო ქვას.

ეპისტილი - 1. კოჭოვანი კონსტრუქციის ქვედა დეტალი, რომლითაც კოჭი უშუალოდ ეყრდნობა საყრდენს; 2. ანტაბლემენტის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ ეყრდნობა კოლონის კაპიტელს. არქიტრავი.

ეპიტაფია - წარწერა საფლავის ქვაზე.

ეპიურა (ფრანგ.) - 1. ნახაზი, რომელზედაც ორთოგონალური დაგეგმილების მეთოდით გამოსახულია სივრცითი ფიგურა, ე.ი. კომპლექსური ნახაზი; 2. რაიმე სიდიდის ცვლილებაზე დამოკიდებულების გრაფიკული გამოსახვა; 3. ელემენტში მოქმედი ძალოვანი ფაქტორის გრაფიკული გამოსახულება (მაგ., განივი ძალის ე., მღუნავი მომენტის ე. და სხვ.)(ნახ. 1: უჭრი კოჭის მრუნავი მომენტის ეპიურა).

ეპიურა დატვირთვის - დატვირთვის ინტენსივობის გრაფიკი, როგორც სხეულის წერტილის მდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატის ფუნქცია.

ეპიცენტრი (ბერძნ.) - ადგილი დედამიწის ზედაპირზე, რომელიც მოთავსებულია რაიმე დამანგრეველი ძალის კერის თავზე ან მის ქვეშ.

ეპიციკლი (ბერძ.) - წრეხაზი, რომლის ცენტრი თანაბარზომიერად მოძრაობს სხვა წრეხაზზე.

ეპიციკლოიდი - ბრტყელი წირი, რომელსაც აღწერს უძრავი წრეწირის გარშემო გარე შეხებაში მყოფი უსრიალოდ მგორავი წრეწირის ნებისმიერი წერტილი (ნახ. 1). უძრავი და მოძრავი წრეწირების რადიუსების შეფარდებაზე დამოკიდებულების მიხედვით მიიღება სხვადასხვა სახის ე. ეპიციკლოიდის პარამეტრულ განტოლებას აქვს შემდეგი სახე: x = (r + R) cosθ − r∙cos[(r +R)∙ θ/r];   y = (r + R) sinθ − r∙sin[(r +R)∙θ/r], სადაც r - მოძრავი, ხოლო R - უძრავი წრეწირების რადიუსები, θ არის კუთხე, რომელიც შეესაბამება  წრეწირების შეხების წერტილებს შორის  მოთავსებულ რკალს. თუ R/r = 1, მაშინ  ე. აქვს ერთი რკალი და მას ეწოდება კარდიოიდა. თუ R/r = m მთელი რიცხვია, მაშინ ე. შედგება გადაუკვეთავი რკალებისაგან. თუ m წილადია, მაშინ რკალები იკვეთებიან.

ეპი… (ბერძ.) - რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიუთითებს რაიმეს ზემოთ, რაიმესთან ახლოს (მაგ., ეპიცენტრი, ეპიციკლოიდი) ან რაიმეს შემდეგ მდებარეობაზე

ეჟექტორი (ფრანგ.) - ჭავლური ტუმბო, რომელშიც ერთი ნაკადის (ჰაერის, წყლის) კინეტიკური ენერგია გადაეცემა მეორეს და ა.შ. ეჟექტორი გამოიყენება გაშვების წინ ჰაერის ამოსატუმბად გრუნტის ტუმბოდან, წყლის ამოსაქაჩად ტრიუმებიდან და სხვ. მას აყენებენ მიწისმწოვებზე დამუშავების სიღრმის გასაზრდელად ან გრუნტის შეწოვის ინტენსიფიკაციისათვის.

ერბოქვა - სამართებლის, დანის და მისთანა მჭრელი იარაღის სალესი პირის ასაწყობი წმინდა ქვა, ერბოს (ან ზეთს) უსვამენ ხოლმე.

ერგი (ბერძ.) - 1. მუშაობისა და ენერგიის საზომი ერთეული ერთეულთა სისტემაში. ტოლია 1 დნ (დინი) ძალის მიერ შესრულებული მუშაობისა 1 სმ გზაზე იმ შემთხვევაში, თუ ძალისა და გადაადგილების მიმართულებანი თანხვდენილია. არსებობს თანაფარდობა 1 ერგ = 10-7 ჯ = 1,02∙10-8 კგძ∙მ = 2,39∙108 კალ.; 2. უმეტესად აფრიკისა და არაბეთის უდაბნოებში გავრცელებული ქვიშიანი მასივების საერთო სახელწოდება. წარმოიქმნება რელიეფის დადაბლებულ ადგილებში. დამახასიათებელია ბარხანების, დიუნების, მფრინავი ქვიშებისა და მლაშობების ერთობლიობა. მოკლებულია ნაწილობრივ ან მთლიანად მცენარეულ საფარს. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთსა და ცენტრალურ აზიასა და ცეტრალურ ავსტრალიაში. სამხრეთ ამერიკაში ერგი შემოფარგლულია ანდების მთათა სისტემით, თუმცა პერუსა და არგენტინის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში გვხვდება დიდი ზომის დიუნები. შედარებით მცირე ფართობზე გვხვდება ბრაზილიის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე. არაბეთში ამგვარ წარმონაქმნებს ნეფუდს უწოდებენ, შუა აზიაში - ყუმს.

ერგონომიკა (ბერძ.) - სამეცნიერო მიმართულება, რომელიც შეისწავლის ადამიანს და მის მოღვაწეობას თანამედროვე საწარმოო პირობებში სამუშაო პროცესის და პირობების, აგრეთვე მოწყობილობების და მანქანების პარამეტრების ოპტიმიზაციის მიზნით. ერგონომიკის გამოკვლევების ძირითადი ობიექტია სისტემა „ადამიანი-მანქანა“. გამოკვლევის მეთოდი - სისტემური მიდგომა. ერგონომიკა შრომით საქმიანობას განიხილავს როგორც ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კანონზომიერთა ერთიანობის გამოვლენას. სწავლობს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე და შრომის უნარიანობაზე (ჰაერის შემადგენლობა, მეტეოროლოგიური პორობები, რადიაცია, ხმაური, ვიბრაცია, განათება და სხვ.).

ერდო - 1. დოლაბი, სახურავში, შუაცეცხლის თავზე, ამოჭრილი ადგილი, რომელსაც სარკმლისა და საკვამურის დანიშნულება აქვს; 2. რაჭაში - ჭერში ამოჭრილი ღიობი, სართულიდან სართულზე გასასვლელად. ხევში - ასეთივე ოთხკუთხა ღიობი, საიდანაც კიბის მეშვეობით საქონლისთვის განკუთვნილ ქვედა სართულში ჩადიან; 3. სახლის ზედა კერძო ბანი, საჩეხი; ბრტყელი სახურავი.

ერექთეიონი - ძველბერძნული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი ათენის აკროპოლისში.

ერექტორი (ინგლ.) - მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხდება გვირაბის მოპირკეთება ლითონის ან რკინა-ბეტონის ასაწყობი ტიუბინგებით ან ბლოკებით.

ერთბლოკიანი კვამლის სიგნალიზატორი - მოწყობილობა, რომელიც ერთიანობაში შეიცავს აღმომჩენს, მაკონტროლებელ აპარატურასა და ხმოვანი განგაშის სისტემას, და მუშაობს ავტონომიურად ან დამონტაჟების წერტილიდან მოწოდებულ ელექტროენერგიაზე.

ერთგვაროვნება - 1. სხეულში (მასალაში) ფიზიკურ-მექანიკური თვისებების თანხვედრა სხეულის ნებისმიერ წერტილში, გარკვეული მიმართულებებით. ე. იზოტროპიის კერძო შემთხვევაა; 2. ალგებრულ განტოლებათა სისტემის, ასევე დიფერენციალური განტოლებების და მათი სისტემების თვისება, რომ მათი ამოხსნის ნამრავლი ნებისმიერ მუდმივ რიცხვზე კვლავ ამოხსნას იძლევა; 3. ფუნქციის თვისება, რომ ყველა ცვლადის ერთ და იმავე a რიცხვზე გამრავლებით ფუნქციის მნიშვნელობა მრავლდება ak -ზე, სადაც k - ერთგვაროვნების ხარისხი

ერთეულთა საერთაშორისო სისტემა - ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა სისტემა, რომლის შემოკლებული აღნიშვნაა - SI (ქართულად - სი, რუსულად - СИ). მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ (1960 წლის ოქტომბერი, პარიზი). იგი წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საზომ ერთეულთა სისტემას, როგორც მეცნიერებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ე.ს.ს. ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოებული ერთეულები. ძირითადი ერთეულებია: სიგრძე - მეტრი (მ); მასა - კილოგრამი (კგ); დრო - წამი (წმ); დენის ძალა - ამპერი (ა); ტემპერატურა - კელვინი (К); ნივთიერების რაოდენობა - მოლი (მოლ); სინათლის ძალა - კანდელა (კდ). წინსართების დამატებით შესაძლებელია ძირითადი ერთეულებისაგან იმავე ფიზიკური სიდიდის აღმწერი უფრო მცირე ან უფრო დიდი ერთეულების წარმოქმნა. ძირითადი და წარმოქმნილი ერთეულები ათის ჯერადი რიცხვით განსხვავდებიან. მაგ., კილო აღნიშნავს ათასჯერ მეტს, ხოლო დეცი ათჯერ ნაკლებს ვიდრე თავდაპირველი ერთეული. რამდენიმე წინსართის ერთად გამოყენება იკრძალება. სხვა გავრცელებული ზომის ერთეულებია: წუთი, საათი, წელიწადი, ცელსიუსი, კოლოვატსაათი, კილომეტრ/საათი, საზღვაო მილი, საზღვაო კვანძი, პარსეკი, სინათლის წელი, ანგსტრემი, ბარნი და სხვ.

ერთეულთა ტექნიკური სისტემა - ერთეულთა სისტემა, რომელშიც ძირითადი ერთეულებია: სიგრძის ერთეული - მეტრი, დროის ერთეული - წამი, ძალის ერთეული - კილოგრამ-ძალა

ერთეული - 1. ერთნიშნა რიცხვი ან მრავალნიშნა რიცხვის უკანასკნელი ციფრი; 2. სიდიდე აღებული სხვა ერთგვაროვან სიდიდეთა საზომად (სიგრძის ე., ფულის ე. და სხვ.); 3. ცალკეული ნაწილი მსგავსთა შორის (ადმინისტრაციული ე., სამეურნეო ე. და სხვ.). არსებობს ე. სახეები: ბაზისური, დროის, ელექტრული, ზომის, მასის, მოცულობის, საბაზისო, საერთაშორისო, სითბური, სიმძლავრის, სიჩქარის, ტექნიკური, ფართობის, ძირითადი, ძაბვის, წარმოებულის, წონისა და სხვ.

ერთეული ვექტორი - ვექტორი, რომლის სიგრძე ერთის ტოლია. ერთეულ ვექტორს ზოგჯერ ორტს უწოდებენ

ერთეული მატრიცა - კვადრატული მატრიცა, რომელშიც მთავარ დიაგონალზე დგანან ერთიანები, ხოლო ყველა სხვა ადგილზე - ნულები.

ერთეული წარმოსახვითი - კომპლექსური რიცხვი (0,1) სახისა. წარმოსახვით ერთეულს აღნიშნავენ i ასოთი და ის წარმოადგენს x2+1 = 0 განტოლების ორი ამონახსნიდან ერთ-ერთს

ერთი სართული - სართული, რომლის იატაკიც მდებარეობს ერთ ნიშნულზე ან იატაკის დონეებს შორის სხვაობა არ აღემატება 1,8 მეტრს.

ერთი შენობა - შენობა, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა.

ერთობლივი ინვესტიცია - ინვესიტირების მთლიანი მოცულობა (ან ინვესტირებული საშუალებების) მთლიანი მოცულობა, დროის განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც მიმართულია ახალი მშენებლობისთვის, წარმოებაში ახალი საშუალებების შეძენისთვის და საქონლის მატერიალური მარაგებისთვის.

ერთობლივი შემოსავალი - ეკონომიკური საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, მათ შორის: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ)ეკონომიკურისაქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან. რეზიდენტი გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. არარეზიდენტი გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან („საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 37).

ერთშრიანი იატაკი - იატაკი, რომელიც შედგება გამასწორებელ ცემენტის მოჭიმვაზე დაგებული საფარვლისაგან (მაგ., ლინოლეუმი თბო- და ბგერასაიზოლაციო საფუძველზე).

ერთშრიანი მემბრანა - სახურავის მემბრანა, რომელიც ადგილზე მონტაჟდება ერთი და არა რამდენიმე სამემბრანე (ჰომოგენური ან კომპოზიტური) შრის გამოყენებით.

ერთშრიანი პანელი - პანელი, რომელსაც აქვს ერთი ძირითადი შრე, შესრულებული ერთი სახის ბეტონისაგან.

ერკერი (გერმ.) - შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოტანილი სხვადასხვა მოხაზულობის (ნახევარწრიული, სამკუთხა, წახნაგოვანი) შემინული მოცულობა (ნახ. 1), რომელიც ზრდის ძირითადი სადგომის ფართობს.

ერმიტაჟი (ფრანგ.) - 1. ქალაქგარეთ მდგარი სახლი, ვილა, პარკში გამართული პავილიონი; 2. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხატვრო და კულტურულ-ისტორიული მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი). დაარსდა 1764 წელს, როგორც ეკატერინე II-ის პირადი კოლექცია. პუბლიკისათვის გაიხსნა 1852 წელს (ნახ. 1).

ეროვნული სატყეო სააგენტო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ტყის ფონდის დაცვის, ტყეების აღდგენა-განახლებისა და ტყის რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ტყეების დაცვა ხანძრისგან, უკანონო ჭრისაგან, მავნე მწერებისა და დაავადებებისაგან, ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვა ფუნქციების მქონე ტყეების შენარჩუნებისა და ხარისხობრივი გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება, ტყის რესურსების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე დადგენილი წესით ზედამხედველობის განხორციელება, სახელმწიფო ტყის ფონდის მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ეროვნული შემოსავალი - ეროვნული წარმოებიდან მიღებული შემოსავალი; ეკონომიკაში ყველა სახის შემოსავლის ჯამი.

ეროზია (ლათ.) - წყლის ნაკადის დამანგრეველი ზემოქმედება კალაპოტის ამგებელ ქანებსა და ნიადაგზე. გაპირობებულია წყლის ჭავლის და ნაკადში ატივტივებული მყარი მასალის უშუალო მექანიკური მოქმედებით კალაპოტზე. აღნიშნული პროცესები, ჩვეულებრივ, ერთდროულად მიმდინარეობს. ნაკადის ეროზიულ უნარს განსაზღვრავს წყლის მასა, დინების სიჩქარე და მყარი მასალის რაოდენობა. ე. შედეგად დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ხაზობრივი გავრცელების მქონე ეროზიული ფორმები - ხრამი, ხევი, ხეობა, კანიონი და სხვ. ე. ზემოქმედება რელიეფის მსხვილ ელემენტებზე (ქედი, მთის მასივი) იწვევს მათ დანაწევრებას და ეროზიული რელიეფის შექმნას, რელიეფის დანაწევრების სიღრმეს განსაზღვრას დედამიწის ქერქის ტექტონიკური მოძრაობის ხასითი. ფართო გაგებით ე. მოიცავს ეგზოგენური პროცესების დამანგრეველ ზემოქმედებას. ცნება ეროზია შემოიღო ამერიკელმა გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1877 წელს; 2. ლითონის ზედაპირის დაშლა მექანიკური ზემოქმედების ან ელექტრული განმუხტვის შედეგად; 3. ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაწყლულება; 4. ზღვის ტალღების მოქმედების შედეგად ხმელეთის დანგრევა.

ერქვანი - ერთ-ერთი უძველესი სახვნელი იარაღი; იყენებდნენ ყანეულის გადასახნავად. შედგება მხრის, ხელნის, კბილას, ხმალასა და სახნისისაგან.

ესთეტიკა (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სინამდვილის შემოქმედებითი შემეცნებისა და გარდაქმნის საერთო კანონებს. ფილოსოფიური მოძღვრება ხელოვნების, მშვენიერების ფორმათა შესახებ მხატვრულ შემოქმედებაში, ბუნებასა და ცხოვრებაში. უფრო ზუსტად, ესთეტიკა შეისწავლის ხელოვნებას და ესთეტური საწყისის გამოვლენას ადამიანთა ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა სფეროში

ესთეტიკა დაგეგმარებითი - მოიცავს სათავსების სტრუქტურას, ზომებს, განთავსებას და ურთიერთკავშირს. ე.დ. იმუშავებს ადამიანთა, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების უმოკლეს გზებს, ქმნის პირობებს პროგრესული ტექნოლოგიის შესაქმნელად და შრომის მწარმოებლურობის ასამაღლებლად.

ესთეტიკა სამშენებლო - წყვეტს განათების, კედლების, ჭერის, იატაკის და სხვა ელემენტების შეფერვის, გამწვანების, სათავსებში მხატვრულ-ესთეტიკური გარემოს საკითხებს.

ესთეტიკა ტექნიკური - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის ჰარმონიული საგნობრივი გარემოს ფორმირების სოციალურ-კულტურულ, ტექნიკურ და ესთეტიკურ პრობლემებს. ე.ტ. მეცნიერების დარგია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების უზრუნველყოფას შრომის, ყოფისა და დასვენების საუკეთესო პირობებით. ის შეისწავლის დიზაინის საზოგადოებრივ ბუნებასა და განვითარების კანონზომიერებს, მხატვრული კონსტრუირების პრინციპებსა და მეთოდებს. ე.ტ. არის დიზაინის თეორია, ე.ი. სამყაროს ათვისება სამრეწველო საშუალებებით სილამაზის კანონების მიხედვით. ტექნიკური ესთეტიკის პრინციპების დახმარებით სერიულად მზადდება შრომის იარაღები (დაზგები, მანქანები) და სხვა საგნები, რომლებშიც შერწყმულია უტილიტარული (პრაქტიკულად სასარგებლო) და ესთეტიკური თვისებები. ტექნიკური ესთეტიკა ყოველმხრივად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბების მძლავრი საშუალებაა. იგი გავლენას ახდენს მუშის ხასიათზე, ჯანმრთელობაზე და შრომისნაყოფიერებაზე. ე.ტ. ზოგავს მის ფიზიკურ ძალას და იცავს ნერვულ სისტემას, ანვითარებს გემოვნებას და ყოველივე ეს ხელსაყრელად მოქმედებს მის მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხზე. ე.ტ კვალიფიციური მუშისგან მოითხოვს კულტურულ დამოკიდებულებას თავისი საქმისადმი, სამუშაო ადგილისადმი, ტანსაცმლისადმი. მოითხოვს აგრეთვე პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფას, დავალების კვალიფიციურად შესრულებას.

ესთეტიკა ტექნოლოგიური - ითვალისწინებს მოწყობილობის, გასასვლელების, საკომუნიკაციო ხაზების და მისთ. შერჩევას და განლაგებას

ესკალატორი - უწყვეტი ქმედების სამგზავრო საწეველა, რომელიც წარმოადგენს მოძრავ საფეხურებიან კიბეს. დადებითი მხარეებია: მაღალი წარმადობა (9 ათასამდე მგზავრი/სთ); მგზავრების მიღების უწყვეტობა; წარმადობის დამოუკიდებლობა აწევის სიმაღლეზე; გადასაყვანი მგზავრების ნაკადის თანაბრობა; გაჩერების შემთხვევაში მისი გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ჩვეულებრივი კიბის. უარყოფითი მხარეებია: მგზავრების იძულებითი ჰორიზონტალური გადაადგილება, რომელიც ზრდის საწეველას სიგრძეს და ენერგიის ხარჯს; ლიფტთან შედარებით აწევის დაბალი სიჩქარე და შედარებითი სიძვირე. მიუხედავად ამისა, ე. წარმოადგენს შვეული ტრანსპორტის საუკეთესო სახეობას მეტროპოლიტენების (ნახ. 1), ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, დიდი უნივერმაღების, მოლების, აეროპორტების გასასვლელების და სხვ. ნაგებობებისათვის. სამგზავროს გარდა არსებობს სატვირთო-სამგზავრო ე., რომელიც გათვალისწინებულია ხელბარგიანი მგზავრების გადასაყვანად.

ესკალაცია (ინგლ.) - აგრესიის განუხრელი გაფართოების, გაძლიერების, დაჩქარების სტრატეგია.

ესკარპი (ფრანგ.) - 1. მიწის სიმაგრის გარეთა თხრილის უკანა, დამრეცი კედელი; 2. ტანკსაწინააღმდეგო დაბრკოლება მიწის სიმაგრის გარეთა თხრილის ციცაბო კედლის სახით

ესკიზი (ფრან.) - მომავალი ნაწარმოების, არქიტექტურული პროექტის, ქანდაკების, კონსტრუქციული გადაწყვეტის და ა.შ. გრაფიკული, ფერწერული ან სკულპტურული ჩანახატი. შემოქმედის (კონსტრუქტორის) ჩანაფიქრის წინასწარი მონახაზი, რომელშიც დაფიქსირებულია ნაგებობის, ნაკეთობის, მანქანის ან მექანიზმის ფორმა, დანიშნულება, მუშაობის პრინციპი. შემდგომში, ესკიზი საფუძვლად ედება მუშა ნახაზების დამუშავებას.

ესპლანადა (ფრანგ.) - 1. ძვ. ფართო ღია სივრცე ციხე-სიმაგრის წინ. აკეთებდნენ ციხე-სიმაგრეზე უეცარი თავდასხმისაგან დასაცავად, რათა მოწინააღმდეგის ჯარი შეუმჩნევლად არ მიახლოებოდა მას; 2. ქუჩა, მის ღერძზე მოქცეული ხეივნით (ნახ. 1: ბულვარი ესპლანადა); 2. მოედანი დიდი ნაგებობის წინ.

ესტაკადა - ქვის, ლითონის, რკინაბეტონის ან ხის სახიდე ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს გზის გატარებას მიწის (წყლის) დონიდან რაღაც სიმაღლეზე, სხვადასხვა კომუნიკაციების გაყვანას, დასატვირთ-განსატვირთ სამუშაოებს. ე. შედგება საყრდენებისა და მალის ნაშენისაგან (ჰორიზონტალური ან დახრილი). დანიშნულების მიხედვით არსებობს კოჭოვანი, დოინჯიანი, ჩარჩოვანი, კამაროვანი და სხვა კონსტრუქციული ტიპის. მას აშენებენ მდინარეების დაბლობებში, ჭაობიან უბნებში, გზაგამტარების მისადგომებთან, ქალაქის დასახლებებში ჩქაროსნული ავტომაგისტრალებისათვის (ნახ. 1, ესტაკადა), მდინარეების გასწვრივ სანაპიროს გაფართოებისა და მოძრაობის ორგანიზებისათვის (მაგ., თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის ზაჰესის მონაკვეთი). საქვეითო ე. გამოიყენება, როგორც გადასასვლელი ხიდი მრავალლიანდაგიან რკინიგზის ხაზებზე და სამგზავრო პლატფორმებზე, აგრეთვე მრეწველობაში ცალკეული შენობების ზედა სართულების დასაკავშირებლად (გალერეა). წყლის, აირის, ნავთობის მილსადენების ტრასაზე დიდი რაოდენობით შენდება ერთიარუსიანი და ორიარუსიანი ე., რომლებიც შედგება სპეციალური ძირითადი და საანკერო საყრდენებისაგან. ე. ფართოდ გამოიყენება დასატვირთ-განსატვირთი სამუშაოების მექანიზაციისათვის ქარხნებში, მეტროპოლიტენების მშენებლობაში, რკინიგზის სადგურებში და პორტებში, ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში, აგრეთვე თბოელექტროსადგურების საწვავის მიწოდების სისტემებში. საზღვაო ნავთობმოპოვების ადგილებში ე. იგება საბურღი პლატფორმის ნაპირთან დასაკავშირებლად.

ესტრიქ-თაბაშირი - მაღალ ტემპერატურაზე გამომწვარი თაბაშირი. იყენებენ, როგორც აჰიდრიტულ ცემენტს. მასზე დამზადებული ნაკეთობები გამოირჩევა მაღალი წყალ- და ყინვამედეგობით.

ესტუარი (ლათ.) - ზღვაში ან ოკეანეში ჩამავალი მდინარის გაფართოებული, ძაბრისებრი შესართავი, ზღვის მოქცევით წალეკილი ნაპირი. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მდინარის მოტანილი მყარი მასალა შესართავთან კი არ ილექება, არამედ ზღვის დინებას ან მიმოქცევას ზღვაში შეაქვს. ესტუართან ზღვა ძალიან ღრმაა.

ეტალონი (ფრანგ.) - 1. დიდი სიზუსტით გაზომვის საშუალება, რომელიც ემყარება ნივთიერებათა ან სხეულთა უცვლელ თვისებას დროში. ეტალონი გამოიყენება საზომი ერთეულების კვლავწარმოებისა და შენახვა-გადაცემისათვის და ემსახურება სხვადასხვა ქვეყანაში გაზომვათა ერთიანობისა და სიზუსტის შენარჩუნებას. იგი შეიძლება იყოს ზუსტი საზომი ან საზომი ხელსაწყო. არსებობს საერთაშორისო და ეროვნული ეტალონები. მასის ერთეულის, კილოგრამის საერთაშორისო ეტალონია პლატინა-ირიდიუმისაგან დამზადებული ცილინდრული ფორმის გირი, რომლის დიამეტრი და სიმაღლე 39 მმ-ია. ტექნიკის განვითარებასთან ერთად მატულობს ეტალონების რაოდენობა და სიზუსტე; 2. გადატანით, რისიმე ზომა, ნიმუში, სტანდარტი.

ეტალონური ქვიშა - კვარცული ბუნებრივი ქვიშა, რომელიც შეიცავს ნორმირებული ქიმიური შედგენილობის მომრგვალებულ მარცვლებს. გამოიყენება შედარებითი გამოცდებისათვის სტანდარტული ნახევრადფრაქციული ქვიშის მიმართ.

ეტაპი (ფრანგ.) - 1. რისამე გზის, დისტანციის ცალკეული მონაკვეთი; 2. საფეხური, სტადია რაიმე მოვლენა განვითარებაში; 3. პუნქტი ჯარების მოძრაობის გზაზე, სადაც სამხედრო პირებს ხვდებათ ღამის გასათევი ადგილი, ეძლევათ სურსათი; 4. პატიმართა გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე.

ეტაჟერი (ფრანგ.) - თაროებიანი დგამი, თაროედი (ნახ. 1). მზადდება ძირითადად ხის მასალისაგან, აგრეთვე ლითონისა და მინისაგან. საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. გამოიყენება წიგნების, დეკორატიული ნივთების, საყვავილეების და მისთ. მოსათავსებლად.

ეტერნიტი (ფრანგ.) - საბურულე მასალა, აზბესტისა და ცემენტის ნარევისაგან გაკეთებული ცეცხლგამძლე და წყალგაუვალი ფილები.

ეტრატი (პერგამენტი) - განსაკუთრებული წესით დამუშავებული ხბოს, ბატკნის ან თიკნის ტყავი. იყენებდნენ საწერ მასალად ქაღალდის გამოგონებამდე. ასეთ მასალაზე შესრულებული ხელნაწერი. ამჟამად, ნახევრადგამჭირვალე, შეწებილი ქაღალდი, შემავსებლის გარეშე, რომელიც ჩვეულებრივ ქაღალდთან შედარებით, გადიდებული მექანიკური თვისებებით გამოირჩევა.

ეტრინგიტი - მინერალი, კალციუმის ჰიდროსულფოალუმინატი; ხელოვნურად წარმოიქმნება პორტლანდცემენტის ჰიდრატაციის დროს.

ეტროლი - პლასტმასის სახეობა ცელულოზის ეთერების ფუძეზე. არსებობს ორი სახის: ეთილცელულოზა და აცეტილენცელულოზა. ე. ახასიათებს წყალმედეგობა, ქიმიური მედეგობა, მაღალი ელექტროსაიზოლაციო თვისებები, ადვილად იღებება, არ იწვის. გამოიყენება ავეჯის წარმოებაში უჯრის სავლელების დასამზადებლად.

ეფემერიდები - 1. დროებითი მსუბუქი ნაგებობები XVIII საუკუნის პარკებში, გათვლილი დროებით ეფექტზე (კარავი, ქვის წყობა, საქვეითო ხიდი ცოცხალი ხეებისაგან და სხვ.); 2. ბეჭდვითი ნაწარმოებები, რომლებიც მალე კარგავენ მნიშვნელობას.

ეფესოს ტაძარი (არტემიდას ტაძარი, დიანას ტაძარი) - მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნულ ქალღმერთ არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში (ნახ. 1: ეფესოს ტაძრის მოდელი, პარკი მინიატურკი, სტამბოლი, თურქეთი.); აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა.

ეფექტი - ძლიერი შთაბეჭდილება; რაიმე მოქმედების გავლენა, შედეგი; ხერხი, საშუალება, რაც შთაბეჭდილებას ქმნის (მაგ., მხატვრული ე., განათების ე. და სხვ.).

ეფექტი გიროსკოპული - გიროსკოპის საკუთრივი ბრუნვის ღერძის იძულებითი ბრუნვის დროს ინერციის ძალების მომენტის გამოვლენა.

ეფექტი დოპლერის - მიმღების ან გადამცემის ურთიერთ მოძრაობით გამოწვეული ტალღის სიგრძისა და სიხშირის ცვლილება. ამ მოვლენას ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, მაგ., როდესაც დამკვირვებლის გვერდით გაივლის მანქანა ჩართული სირენით. წარმოვიდგინოთ რომ სირენა გამოსცემს გარკვეულ ტონს და იგი არ იცვლება. როდესაც მანქანა არ მოძრაობს დამკვირვებლის მიმართ, მას ესმის ზუსტად ის ტონი რომელსაც გამოსცემს სირენა. ხოლო თუ მანქანა მოძრაობს დამკვირვებლისკენ, ხმის ტალღის სიხშირე გაიზრდება, სიგრძე კი შემცირდება (ავტომობილის მოძრაობის გამო ყოველი ახალი ტალღა ნაკლებ დროში აღწევს დამკვირვებლამდე) და დამკვირვებელი გაიგებს უფრო მაღალ ტონს, ვიდრე სინამდვილეში გამოსცემს სირენა. იმ შემთხვევაში როდესაც მანქანა შორდება დამკვირვებელს იგი გაიგებს უფრო დაბალ ტონს, რადგან ხმის ტალღის სიხშირე შემცირდება, სიგრძე კი გაიზრდება (ყოველი ახალი ტალღა მეტ დროს ანდომებს დამკვირვებლამდე მიღწევას). ე.დ. აღწერილი იყო ქ. დოპლერის მიერ 1842 წელს.

ეფექტი დროსტეს - ტერმინი, რომელიც გამოიყენება სპეციფიკური რეკურსიული გამოსახულების აღსანიშნავად.. დროსტეს ეფექტის დროს გამოსახულებაზე გამოჩნდება მისი შემცირებული ვარიანტი, ამ შემცირებულზე კი კვლავ შემცირებული და ა.შ. თეორიულად, ეს პროცესი დაუსრულებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეზღუდულია გამოსახულების ზომის გამო.

ეფექტი კუმულაციური - იხ. კუმულაცია.

ეფექტი პეპლის - ტერმინი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აღნიშნავს ზოგიერთი ქაოსური სისტემის თვისებას. სისტემაზე უმნიშვნელო გავლენამაც კი შეიძლება იქონიოს დიდი და არაპროგნოზირებადი შედეგები სადღაც სხვაგან და სხვა დროს.

ეფექტი პიგმალიონის - როდესაც რაიმე მოვლენის მოლოდინის არსებობა ზრდის ამ მოვლენის განხორციელების შესაძლებლობას. სხვაგვარად ამ ფენომენს მოიხსენიებენ, როგორც თვითქმნად წინასწარმეტყველებას - როდესაც წინასწარმეტყველება პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს რეალობაზე და ცვლის მას იმგვარად, რომ საბოლოოდ ეს წინასწარმეტყველება ხორციელდება.

ეფექტი სათბურის - ატმოსფეროს მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესი. ე. ს. 1824 წელს აღმოაჩინა ი. ფურიემ. სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწის ზედაპირი დღევანდელთან შედარებით 330- ით უფრო ცივი იქნებოდა. ითვლება, რომ XX საუკუნეში დედამიწის კლიმატის გლობალური დათბობა ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების კონცენტრაციის ზრდითაა გამოწვეული. დედამიწის გარდა ე.ს. გააჩნია მარსს და ვენერას.

ეფექტი ჰოტორნის - შრომის ნაყოფიერების ზრდა ქარხანაში (ფაბრიკაში) ნებისმიერი პარამეტრის (შესვენების ხანგრძლიობა, განათება, მუშების ბრიგადებად განაწილება) ნებისმიერი ცვლილებისას. პირველად ეს ეფექტი განხორციელდა ქ. ჩიკაგოში (აშშ) 1927...32 წლებში.

ეფექტიანობა - რესურსთა გამოყენების შეფასების კრიტერიუმი. ბაზრის ე. მიიღწევა მაშინ, როცა რესურსები იმგვარად ნაწილდება, რომ მათი გამოყენებით მიიღება მაქსიმალურად შესაძლებელი წმინდა ეკონომიკური მოგება.

ეფექტურობა (ლათ.) - რაიმე მოქმედების, მუშაობის შედეგი, რომელიც შეფასდება განსაზღვრული პარამეტრით.

ეფუზია (ფრანგ.) - 1. მაგმის ამოფრქვევა დედამიწის ზედაპირზე; 2. გაზის გასვლა ფოროვან ტიხარში

ექეონი (ბერძ.) - ანტიკური ნაგებობის კედელში ჩაფლული აკუსტიკური ჭურჭელი.

ექინი (ბერძ.) - დორიული ორდერის კოლონის კაპიტელის, გეგმაში წრიული მოხაზულობის, მრუდხაზოვანი (ჩვეულებრივ ნაოთხალი ლილვის) პროფილის მქონე ნაწილი (ნახ. 1). მოკლებულია დეკორს და აქვს ამობურცული ფორმა (იონურ ორდერში - ფიგურული პროფილი). ე. დორიული კოლონის განუყოფელი ნაწილია.

ექო (ბერძ.) - ბგერის არეკვლა რაიმე საგნებზე, გამოძახილი

ექოლოტი (ბერძ.) - ხელსაწყო, რითაც ავტომატურად ზომავენ წყლის სიღრმეს.

ექს... (ლათ.) - 1. თავსართი, რომელიც აღნიშნავს მოძრაობას შიგნიდან გარეთ; 2. რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს „ყოფილს“

ექსერგია - მაქსიმალური მუშაობა, რომელიც შეიძლება შეასრულოს თერმოდინამიკურმა სისტემამ მოცემული მდგომარეობიდან გარემოსთან შეგუებულ მდგომარეობაში გადასვლისას.

ექსიკატორი (ლათ.) - მინის (ზოგჯერ ლითონის) სქელკედლიანი ხელსაწყო ისეთ ნივთიერებათა გასაშრობად ან შესანახად, რომლებიც ადვილად იღებენ ჰაერიდან სინესტეს.

ექსკავატორი (ლათ.) - თვითმავალი (პნევმატურთვლიანი, მუხლუხა და მაბიჯი სვლით) მიწასათხრელი მანქანა, რომლის დანიშნულებაა გრუნტის (ქანის) ამოღება ან ამოთხრა და განტვირთვა სატრანსპორტო საშუალებებში ან ნაყარში (ნახ. 1). გამოიყენება სამშენებლო, საკარიერო, ჰიდროტექნიკური და მელიორაციული სამუშაოების შესასრულებლად. ძალური დანადგარი საბრუნ ბაქანზეა დაყენებული. ე. არის ერთ- და მრავალციცხვიანი, უნივერსალური და სპეციალური, პერიოდული და უწყვეტი მოქმედების. უნივერსალური ე. აღჭურვილია სხვადასხვა საცვლელი მუშა ორგანოებით მოსაპირკეთებელი, სამონტაჟო, ხიმინჯჩასასმელი და სხვა სამშენებლო სამუშაოებისათვის, სპეციალური კი - ერთი სახის მუშა ორგანოთი. უნივერსალური ერთციცხვიანი ე. მუშა მოწყობილობაში შედის: პირდაპირი და უკუნიჩაბი, დრაგლაინი, გრეიფერი, ამწე, ურნალი და სხვ. დანიშნულების მიხედვით ერთციცხვიანი ე., რომლებიც პერიოდული მოქმედებისაა, იყოფა შემდეგ ჯგუფებად: სამშენებლო და სამშენებლო-საკარიერო (მასა 2...250 ტ, ციცხვის ტევადობა 0,1...6 მ3); საკარიერო (შესაბამისად 75...1000 ტ. და 2...20 მ3) - ძირითადად მძიმე გრუნტების კარიერებსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობებზე სამუშაოდ; ახდითი (170...13000 ტ და 4...160 მ3) - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან ღია სამთო და ჰიდროტექნიკურ მშენებლობებზე სამუშაოდ; საგვირაბე და საშახტე (16...30 ტ და 0,5...1 მ3) - მიწისქვეშა საინჟინრო ნაგებობების სამუშაოებზე და სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებაზე. ე. არის ერთ (დიზელის ტიპის) და მრავალმოტორიანი (ელექტრული და დიზელ-ელექტრული) მექანიკური, ჰიდრომექანიკური, ჰიდრავლიკური, ელექტრული და შერეული ამძრავებით. საბრუნი ბაქნის მობრუნების საშუალების მიხედვით ერთციცხვიანი ე. არის სრულადსაბრუნი (3600) და არასრულადსაბრუნი (მობრუნების შეზღუდული კუთხით). სავალი მოწყობილობის მოხედვით - მუხლუხა, პნევმატური თვლებით და მაბიჯი; მუშა მოწყობილობის დაკიდების მიხედვით: მოქმნილი დაკიდების ელემენტებით (ბაგირული) და დაკიდების ხისტი ელემენტებით, უმეტესად ჰიდრავლიკური ცილინდრებით. ერთციცხვიანი ე. გრუნტებს ამუშავებენ სადგომის დონეზე მაღლა (პირდაპირი ნიჩაბი) და სადგომის დონეზე დაბლა (უკუნიჩაბი). ამ უკანასკნელს იყენებენ წყალსადენისა და საკანალიზაციო ტრანშეების, შენობების საძირკვლისა და თხრილების მოსაწყობად. დრაგლაინს იყენებენ სადგომის დონეზე გაცილებით დაბლა განლაგებული შედარებით მსუბუქი და ფხვიერი გრუნტების დასამუშავებლად. მისი მუშა მოწყობილობაა წამწესებრი ისარი, ციცხვი მოსაჭიმიანი ბაგირით და ბაგირების სისტემა.  მრავალციცხვიანი ე. აღჭურვილია აქტიური მუშა ორგანოებით (ჯაჭვური ან როტორული) და აწარმოებენ შედარებით სუსტი და ერთგვაროვანი გრუნტის დამუშავებას უწყვეტი სამუშაო ციკლით ერთდროულად მისი ტრანსპორტირებით ნაყარში ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებში. ჯაჭვური ე. მუშა ორგანოა ჩარჩოზე დამაგრებული უსასრულო ჯაჭვი მასზე თანაბრადგანაწილებულად დამაგრებული ციცხვებით. ასეთი ე. არის გრძივი (სატრანშეო) და განივი (არხების ფერდობების) თხრის. როტორული ე. მუშა ორგანოს წარმოადგენს როტორი (დიამეტრით 2...18 მ) მასზე დამაგრებული ციცხვებით 6-12 რაოდენობით და ტევადობით 4500 ლ-მდე. გრუნტის გატანა თხრის ზონიდან ორივე ტიპის ე. მუშაობისას წარმოებს ტრანსპორტიორებით. მათი სავალი მოწყობილობა მუხლუხა ან სარკინიგზო სვლისაა.

ექსკავატორი გადასახსნელი - ექსკავატორი წაგრძელებული ისრიანი პირდაპირი ნიჩბით ან დრაგლაინით (ნახ. 1). გამოიყენება გადასახსნელი ქანების ამოსაღებად ნაყარში განტვირთვით ან ღია სამთო სამუშაოებზე და მსხვილ ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე (ასეთივე სამუშაოს შესასრულებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე დიდი სიმძლავრის მაბიჯი დრაგლაინები). ექსკავატორის მასაა 170...1300 ტ, ჩამჩის ტევადობა - 4...160 მ3.

ექსკავატორი მრავალციცხვიანი - მიწისმთხრელი უწყვეტი მოქმედების მანქანა, რომელიც შეიძლება იყოს ჯაჭვური და როტორული. პირველში ციცხვები განლაგებულია უწყვეტ ჯაჭვზე, ხოლო მეორეში - როტორულ თვალზე. გადაადგილების სახეობის მიხედვით განასხვავებენ რელსურს, მუხლუხოვანს, რელსურ–მუხლუხოვანს, მაბიჯსვლაზე ან მაბიჯ-რელსურ ექსკავატორებს. გამოიყენება რბილი ქანების ამოსაღებად (ნახ. 1).

ექსკავატორი საგვირაბო და საშახტო - ექსკავატორი დამოკლებული სამუშაო მოწყობილობითა და ჩამჩის ტევადობით 0,5...1 მ3. ექსკავატორის მასაა 16...30 ტ. გამოიყენება მიწის ქვეშ საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისა და მარგი წიაღისეულის დამუშავების დროს (ნახ. 1).

ექსკავატორი საკარიერო - ექსკავატორი, რომელიც ძირითადად გათვალისწინებულია მძიმე გრუნტების (IV-VI კატეგორიის) კარიერებში დასამუშავებლად და ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში მათი სატრანსპორტო საშუალებებში ჩასატვირთად (ნახ. 1). ეკსკავატორის მასაა 75...1000 ტ, ჩამჩის ტევადობა 2...20 მ3.

ექსკავატორი სატრანშეო - მანქანა, რომელიც გამოიყენება ვერტიკალურ კედლებიანი ტრანშეის გასათხრელად კავშირგაბმულობის კაბელების, აირ- და ნავთობსადენების, კანალიზაციის მილების და სხვ. ჩასაწყობად (ნახ. 1). მუშა ორგანოს სახის მიხედვით არის: ჯაჭვური ხვეტიებიანი, ჯაჭვური მრავალციცხვიანი, როტორული მრავალციცხვიანი და უციცხვო (ფრეზერული). სავალი ნაწილი შეიძლება იყოს მუხლუხა და სპეციალური პნევმოთვლიანი.

ექსკავატორი უწყვეტი მოქმედების - ექსკავატორი, რომელიც გრუნტის ჭრის, ტრანსპორტირებისა და განტვირთვის ოპერაციებს ასრულებს ერთდროულად და განუწყვეტლივ (ნახ. 1). ამ მანქანის მწარმოებლურობა აღემატება ციკლური მოქმედების ექსკავატორის (ერთჩამჩიანის) მწარმოებლურობას. ე.უ.მ. ნაკლებად უნივერსალურია - გამოიყენება I, II და III კატეგორიის გრუნტებში სამუშაოდ. მათ შეუძლიათ ცალკეული ქვების წატაცება, რომელთა მოცულობა არ აღემატება ჩამჩის ტევადობას ან რომელთა სიმაღლეც ნაკლებია ქვის ფრეზული მჭრელი ორგანოს სიმაღლეზე. ე.უ.მ. არსებობს გრძივად, განივად და რადიალურად მთხრელი. გრძივად მთხრელი გამოიყენება ტრანშეების, არხებისა და სხვ. განსაზღვრული პროფილის მქონე თხრილების გახსნისათვის; განივად მთხრელი - წიაღისეულის დასამუშავებლად, საშენი მასალების კარიერებში, ჰიდროტექნიკურ და სამელიორაციო მსენებლობაში არხების გახსნისა და მოსწორებისათვის, სამელიორაციო არხების გასაწმენდად და შესაკეთებლად; რადიალურად მთხრელი - გადასახსნელი და სამომპოვებლო სამუშაოების შესასრულებლად საშენი მასალების კარიერებში, ქვაბულების სათხრელად სამელიორაციო მშენებლობაში.

ექსკავატორის ძირითადი პარამეტრები - ექსკავატორის მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მისი გამოყენების მიზნობრიობას. ესენია: ჩამჩის ტევადობა, სამუშაო ციკლის ხანგრძლივობა, თხრის რადიუსი, სიმაღლე, სიღრმე, განტვირთვის რადიუსი, გზის ქანობი, ექსკავატორის მშრალი ანუ კონსტრუქციული მასა (სამუშაო მოწყობილობით და საპირწონე ტვირთვით საწვავის გარეშე), ექსკავატორის სამუშაო მასა (სამუშაო მოწყობილობით და საპირწონე ტვირთვით საწვავის გათვალისწინებით), საშუალო დაწნევა გრუნტზე, ექსკავატორის ლიანდი (მანძილი სავალი მოწყობილობის საყრდენი ზედაპირების შუაში გამავალ გრძივ ღერძებს შორის), ბაზა (თვლებიანი ექსკავატორის შემთხვევაში არის მანძილი წინა და უკანა სავალი ურიკების ან თვლების ვერტიკალურ ღერძებს შორის; მუხლუხა ექსკავატორის შემთხვევაში - მანძილი სავალი მოწყობილობის წინა და უკანა თვლების ან საგორავების ვერტიკალურ ღერძებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ დატვირთვების გრუნტზე გადაცემაში).

ექსკავაცია (ლათ.) - ქანების ამოღების პროცესი ექსკავატორის, ბულდოზერის, სკრეპერისა და მისთ. საშუალებით.

ექსკლავი - სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც არ აქვს საერთო საზღვარი სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიასთან და შემოსაზღვრულია სხვა ქვეყნის ტერიტორიით. ამავე დროს არ არის აუცილებელი ის შემოსაზღვრული იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიით, მას შეიძლება ესაზღვრებოდეს რამდენიმე ქვეყანა. (მაგ., ნახჭევანი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს, გარშემორტყმულია სომხეთით, თურქეთით და ირანით). ე., რომელსაც გასასვლელი აქვს ზღვაზე, უწოდებენ ნახევრადექსკლავს (მაგ., კალინინგრადის ოლქი).

ექსპედიტორი - პიროვნება, რომელიც განაგებს რაიმეს გაგზავნის და მიღების ოპერაციებს.

ექსპედიცია (ლათ.) - 1. გაგზავნა, განაწილება რაიმესი (მაგალითად, კორესპონდენციის); 2. დაწესებულების განყოფილება, რომელიც გაგზავნა-განაწილებითაა დაკავებული; 3. ადამიანთა ჯგუფის გამგზავრება რაიმე საგანგებო მიზნის შესასრულებლად.

ექსპერიმენტატორი - ექსპერიმენტის მწარმოებელი.

ექსპერიმენტი (ლათ.) - 1. საგნობრივ-შეგრძნებითი მოღვაწეობა მეცნიერებაში. ვიწრო გაგებით - ცდა, შეცნობის ობიექტის აღწარმოება, ჰიპოთეზების შემოწმება და სხვა; 2. რაიმე თეორიის დადასტურება მოდელის ან ნატურალური ზომის კონსტრუქციის გამოცდით.

ექსპერტი - სპეციალური ცოდნის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, რაც ფორმდება საექსპერტო დასკვნაში. საჭიროების შემთხვევაში ის გასცემს რეკომენდაციას, რომელიც აუცილებელია საპროექტო და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების მინიმალიზაციისათვის. ე. მიერ საექსპერტო შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე. პირისათვის საექსპერტო საქმიანობის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საექსპერტო შეფასებისას დაცული უნდა იქნეს ინტერესთა შეუთავსებლობის პრინციპი. ე. პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული დასკვნების კომპეტენტურობასა და სისწორეზე. დამკვეთი ვალდებულია ე. აუნაზღაუროს საექსპერტო მომსახურეობისათვის განსაზღვრული თანხა იმ შემთხვევაშიც, როცა საექსპერტო დასკვნა არის უარყოფითი. ე. კომპენტეციები არ ვრცელდება სისხლისა და სამოქალაქო საქმეებზე. ყალბი საექსპერტო დასკვნის მიცემისათვის ექსპერტს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ექსპერტიზა - პრობლემის გამოკვლევა დამოუკიდებელი სპეციალისტის მიერ განსახილველ საკითხზე მოტივირებული დასკვნის წარმოდგენით. იგი ტარდება დამკვეთის ხარჯებით, რათა დადასტურებული იყოს შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლიანობა.

ექსპერტიზა ავტო-ტექნიკური (ტრასოლოგიური) - მიეკუთვნება საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზების ნაირსახეობას, რომლის წარმოების პროცესშიც დგინდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზები და გარემოებები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა წარმოადგენს რთულ მექანიზმს, რომლის წარმოშობასაც ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი - დაწყებული ადამიანური (შეურაცხადობა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისადმი დაუდევრობა და ა.შ.) და დამთავრებული სხვადასხვა ტექნიკური ფაქტორებით (ავტომობილის კვანძების გაუმართაობა, გზის საფარის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვ.). აუცილებელია გადაწყვეტილი იქნას შემდეგი საკითხები: 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის განსაზღვრა; 2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრა; 3. ავტომობილების შეჯახების ადგილის განსაზღვრა; 4. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეთა ქმედების საგზაო მოძრაობის წესებთან შესაბამისობის განსაზღვრა; 5. კონკრეტულ ვითარებაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობის დადგენა.

ექსპერტიზა საინჟინრო - ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას, როგორიცაა: 1. მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების საპროექტო მოცემულობების ექსპერტიზა; 2. მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ტექნიკური ნორმების განსაზღვრით მათი შესაბამისობის დადგენა; 3. უძრავი ქონების იდეალური წილების დადგენა და მათი გამოყოფა შესაბამისი ნახაზების შედგენით; 4. საკადასტრო გეგმების შედგენა საჯარო რეესტრის მონაცემებთან მიმართებაში; 5. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვების შედგენა და ასევე უკვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა; 6. ჩატარებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების საკონტროლო აზომვები; ჩატარებული და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების დადგენა; 7. შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის, მდგრადობის და სხვა საკითხების დადგენა; 8. სამშენებლო, სარემონტო და სხვა სახის სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა.

ექსპერტიზა სასაქონლო - ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას, როგორიცაა: 1. უძრავი და მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა; 2. სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის ხარისხისა და ღირებულების განსაზღვრა; 3. ლითონისა და ლითონპროდუქციის რაოდენობის და ღირებულების განსაზღვრა; 4. მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და აპარატურის ვარგისობის და რირებულების დადგენა; 5. საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის რაოდენობისა და ღირებულების განსაზღვრა; 6. ძვრფასი ლითონების და ქვების ხარისხისა და ღირებულების განსაზღვრა.

ექსპერტიზა ფინანსური - ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას, როგორიცაა: 1. კომპანიის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენა; 2. სადაო სიტუაციების გამოკვლევა ბუღალტრული აღრიცხვიანობისა და ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე; 3. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისას სავარაუდო შეცდომების და სამეურნეო საქმიანობაში დარღვევების გამოვლენა; 4. ჩატარებული ოპერაციების კორექტულობის განსაზღვრა.

ექსპერტიზის დასკვნა - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სამრეწველო უსაფრთხოების მოთხოვნებთან ექსპერტიზის ობიექტის შესაბამისობის ან შეუსაბამობის საფუძვლიან დასკვნას.

ექსპერტიზის ობიექტი - საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური მოწყობილობები, საშიში მეტალურგიული და კოქსქიმიური საწარმოო ობიექტზე შენობა-ნაგებობები, სამრეწველო უსაფრთხოების დეკლარაციები, საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.

ექსპლიკაცია - ნახაზზე დართული ტექსტი, რომელიც განმარტავს პირობით აღნიშვნებს.

ექსპლუატატორი - პირი, რომელიც ექსპლუატაციას უწევს სხვის შრომას.

ექსპლუატაცია - 1. ბუნებრივი სიმდიდრის, წარმოების საშუალებების, შენობა-ნაგებობების, ტრანსპორტის გამოყენება დანიშნულების, ტექნიკური პარამეტრებისა და მოთხოვნების შესაბამისად; 2. სხვა ადამიანის შრომის ან რესურსის გამოყენება მოგების მიღების მიზნით; 3. უსამართლობის კერძო ფორმა. ხალხის უსამართლო გამოყენება. სხვისი შრომის მითვისება; 4. ნაკეთობის (შრომის იარაღი, ნაგებობა, ტექნიკური სისტემა და სხვ.) სასიცოცხლო ციკლის ნაწილი, რომლის განმავლობაში იგი გამოიყენება დანიშნულებისამებრ.

ექსპლუატაციის ღირებულება - ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის შესანახი და სარემონტო ყოველწლიური ხარჯები.

ექსპლუატირებადი სახურავი - 1. სახურავი, რომელიც გამოიყენება როგორც პირდაპირი უშუალო დანიშნულებით, ასევე სხვა საექსპლუატაიო მიზნებისათვის: სოლარიუმები, სპორტული მოედნები, დასვენების, რეკრეაციის ზონები, კაფეები; 2. ბრტყელი სახურავი, რომლის ზედაპირი გამოიყენება ადამიანის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც სასიარულო და სპორტული დარბაზები, გაზონები, აუზები.

ექსპოზიცია - 1. დათვალიერების მიზნით რაიმე საგნების განლაგება, გამოფენა (ნახ. 1); 2. აღწერა, გადმოცემა.

ექსპონენტი (იგივეა, რაც ექსპონენციალური ფუნქცია) - მაჩვენებლიანი ფუნქცია: y = ex. ასეც აღინიშნება y = exp∙x. ზოგჯერ ექსპონენციალური ფუნქცია ეწოდება y = ax (a > 0) ფუნქციასაც; იგი ასე აღინიშნება y = expa ∙x.

ექსპონენციალური ზრდა - რაიმე სიდიდის ზრდა, როცა ზრდის სიჩქარე პროპორციულია თვით ამ სისდიდის მნიშვნელობის

ექსპორტი - ერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლისადა მომსახურების გატანა საზღვარგარეთ საგარეო ბაზრებზე რეალიზაციის მიზნით.

ექსპორტიორი - ექსპორტის მაწარმოებელი, საზღვარგარეთ საქონლის გამტანი პირი ან ორგანიზაცია.

ექსპორტის გადასახდელი - გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით.

ექსპრესი (ლათ.) - მატარებელი, ავტობუსი ან გემი, რომელიც შორეული მგზავრობისთვისაა განკუთვნილი და შედარებით მაღალი სიჩქარით მოძრაობს.

ექსტენსიური (ლათ.) - რაც დაკავშირებულია რაოდენობრივ (და არა ხარისხობრივ) ზრდასთან, გაფართოებასთან. (მაგ., ე. სოფლის მეურნეობა, ე. ხე-ტყის მოხმარება).

ექსტერიერი (ფრანგ.) - შენობის გარე ნაწილი.

ექსტერიერის კედელი - მზიდი ან არამზიდი კედელი, რომელიც გამოიყენება, როგორც შენობის შემომსაზღვრელი კედელი, განსხვავებით ხანძარსაწინააღმდეგო კედლისაგან, და რომლის ქანობი ჰორიზონტალურ სიბრტყესთან მიმართებაში მეტია 600-ზე.

ექსტერიერის კედლის კონვერტი - ექსტერიერის კედლის სისტემა ან ანაწყობი, მათ შორის, ექსტერიერის კედლის დამასრულებელი მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობის სტრუქტურული ნაწილების - კარკასის და შესამოსი მასალების, ასევე ინტერიერის კონდიცირებადი სივრცის დაცვას გარემო ეფექტების მავნე ზემოქმედებისაგან.

ექსტერიერის კედლის საფარი - მასალა ან მასალების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ექსტერიერის კედლების გარეთა მხარეს, რათა შექმნას წყალმედეგი ბარიერი, იზოლაცია, ან გამოიყენება უბრალოდ ესთეტიკური მიზნით. მათ შორის შპონები, სამოსი, ექსტერიერის იზოლაცია და დამასრულებელი სისტემები, არქიტექტურული გაფორმება და დეკორაციები, როგორიცაა: კარნიზი, სოფიტი, ლილვაკი, წყალსადინარი ღარი და კიბე.

ექსტერიერის რეკონსტრუქცია - ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების (ელემენტების) გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0,1 მ-ზე მეტად ან არქიტექტურული ნაწილების (ელემენტების), კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება (მოკლება), რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს.

ექსტერიერის საიზოლაციო და მოპირკეთების სისტემები - არასტრუქტურული, არამზიდი ექსტერიერის კედლების საფარი სისტემები, რომლებიც შედგება მიწებებით ან მექანიკურად, ან ორივე მეთოდით, ქვესაგებზე დამაგრებული საიზოლაციო დაფისგან ან ინტეგრალურად არმირებული ფუძე საფარისა და ქსოვილის დამცავი მოსაპირკეთებელი საფარისგან.

ექსტერიტორიულობა (ლათ.) - გარკვეულ უცხოელ პირთა ან უცხოურ ორგანიზაციათა განთავისუფლება ადგილობრივი კანონებისადმი დამორჩილებისაგან და მათთვის ზოგიერთი განსაკუთრებული უფლების მინიჭება.

ექსტრა (ლათ.) - 1. წინსართი, რომელიც აღნიშნავს ზემოთ, დამატებით ან ზღვარსმიღმა ყოფნას; 2. ყველაზე კარგი, საუკეთესო (ითქმის ზოგ საქონელზე).

ექსტრაპოლაცია (ლათ.) - სტატისტიკაში მოვლენის ერთ ნაწილზე დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნების გავრცელება მის მეორე ნაწილზე.

ექსტრაქცია (ლათ.) - ნარევიდან რაიმე ნივთიერების გამოყოფა, გამოცალკავება გამხსნელების (სპირტი, ბენზოლი და სხვ.) საშუალებით. ფართოდ გამოიყენება განზავებული ხსნარებიდან ძვირფასი პროდუქტების ამოსაკრებად, აგრეთვე კონცენტრირებული ხსნარების მისაღებად. არის თხევადი ერთგვაროვანი ნარევების დაყოფის ძირითადი მეთოდი. სარექტიფიკაციო აპარატი შედგება ორი - ზედა და ქვედა ნაწილისაგან ანუ საფეხურისაგან, რომლებზეც ხდება ორთქლისა და სითხის ფაზებს შორის კონტაქტის ზედაპირის ორგანიზება.

ექსტრაჰირება -  ნარევიდან რაიმე ნივთიერების გამოყოფა, გამოცალკევება გამხსნელების (სპირტის, ბენზოლის და მისთ.) საშუალებით

ექსტრემალი - ვარიაციულ აღრიცხვაში გამოყენებული ეილერის დიფერენციალური განტოლების ინტეგრალური წირი

ექსტრემალური ამოცანები - ამოხსნის რიცხვითი მეთოდები - გამოთვლითი მათემატიკის მეთოდები, რომლებიც გამოიყენებიან ფუნქციისა და ფუნქციონალების ექსტრემუმების (მაქსიმუმის ან მინიმუმის) მოსაძებნად.

ექსტრემუმი (ლათ.) - ტერმინი, რომელიც აერთიანებს მაქსიმუმისა და მინიმუმის ცნებას. ეს ტერმინი იხმარება აგრეთვე ვარიაციულ აღრიცხვაში ფუნქციონალის უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების შესწავლისას

ექსტრემუმის წერტილი - ფუნქციის ექსტრემუმის წერტილი ეწოდება იმ წერტილს, რომელშიც ფუნქციას აქვს ექსტრემუმი, ე.ი. მაქსიმუმი ან მინიმუმი. ექსტრემუმის წერტილში ფუნქციის პირველი წარმოებული ნულის ტოლია.

ექსტრუდერი - შპრიც-მანქანა, რომლის დანიშნულებაა პოლიმერული მასალების დარბილება (გადნობა) და სასურველი ფორმის მიცემა (ნახ. 1). ყველაზე მეტადაა გავრცელებული ჭიახრახნული. ე. საშუალებით შეიძლება ჩავატაროთ ბევრი ოპერაცია: გრანულირება; ფირის მიღება და მისი დუბლირება; ფურცლოვანი და რულონური მასალების დამზადება; მილების, შლანგების, წნელების და სხვა დაპროფილებული ნაკეთობების დამზადება; ლითონის მავთულებზე და კაბელებზე საიზოლაციო ფენის გადაკვრა; ქაღალდზე, მუყაოზე, ქსოვილზე, ფოლგაზე თხელკედლიანი ფენის დადება; პოლიმერების შერევა ინგრედიენტებთან და სხვ. პოლიმერული მასალების გადამუშავების პროცესს ე. ეწოდება ე ქ ს ტ რ უ ზ ი ა.

ექსტრუზია - 1. პოლიმერული მასალების ექსტრუდერში გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი; 2. დედამიწის ზედაპირზე ბლანტი ლავის ამონთხევის შედეგად წარმოქმნილი მაგმური სხეული.

ექსცენტრიკი (ლათ.) - მექანიზმის ნაწილი - მრგვალი დისკო ან ცილინდრი, რომლის ბრუნვის ღერძი არ ემთხვევა მის გეომეტრიულ ღერძს (ნახ. 1). მანძილს ამ ღერძებს შორის ექსცენტრისიტეტი ეწოდება. ე. ტექნიკაში ასრულებს მცირე დიამეტრის მქონე მრუდმხარას როლს.

ექსცენტრიკული - ლილვების და მილისების სახეობები, რომლებიც გამოიყენება ყბებიან და კონუსურ ქვასამსხვრევებში, ცხავებში, წისქვილებში, ვიბრატორებში და წარმოადგენენ მთავარ ელემენტს მამოძრავებელ მექანიზმებში. ამ ელემენტების გეომეტრიულ და ბრუნვის ღერძებს შორის არსებობს ექსცენტრისიტეტი, რაც იწვევს ექსცენტრულ დარტყმებს (ვიბრაციას) და რაზედაცაა დამოკიდებული მუშა ელემენტების სვლა ან რხევის ამპლიტუდა.

ექსცენტრისიტეტი (ელიფსისა, ჰიპერბოლისა და პარაბოლისა) - რიცხვი, რომელიც ტოლია კონუსური კვეთის წერტილიდან ფოკუსამდე და ამ წერტილის დირექტრისამდე მანძილთა ფარდობისა. ე. ახასიათებს კონუსური კვეთის ფორმას: ორი კონუსური კვეთა, რომელთაც ტოლი ე. აქვთ, ერთმანეთის მსგავსია. ე. ელიფსისათვის e < 1,  ჰიპერბოლისათვის e >1, ხოლო პარაბოლისათვის e =1

ექსცესი (ლათ.) - 1. რაიმეს უკიდურესი გამოვლინება; ზედმეტობა; 2. რაიმეს ნორმალური მსვლელობის დარღვევა

ექსჰაუსტერი - 1. გამწოვი ვენტილატორი. მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა მწერების, მტვრის, ნახერხის, ბურბუშელისა და სხვ. ნარჩენების გამოწოვა ხის დასამუშავებელ საამქროებში. კონსტრუქციით ე. სხვა ვენტილატორებისაგან დიდად არ განსხვავდება; 2. გამწოვი ვენტილატორი შახტებში.

ექტო... (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს „გარეთას“.

ეშაფოტი - ძველ საფრანგეთში სიკვდილით დასასჯელი ამაღლებული ფიცარნაგი.

ეშელონი (ფრანგ.) - 1. საბრძოლოდ გამზადებული ჯარის ნაწილი, რომელიც განლაგებულია ფრონტზე ან სიღრმეში; 2. სპეციალური მატარებელი, რომლითაც გადაჰყავთ ჯარის ნაწილები ან გადააქვთ სამხედრო ქონება.

ეშმა - იხ. იასპი.

ეჩო (თურქ.) - ხელეჩო; მერქნის დასამუშავებელი სათლელი, ხისტარიანი ხელსაწყო (თოხისმაგვარი), რომელიც სადურგლო (სახუროო) სამუშაოებში გამოიყენება.

ვაგენბურგი (გერმ.) - სამხედრო აღალის გადასატანი ოთხთვალებისაგან აგებული სიმაგრე, რასაც იყენებდნენ მტრის მოსაგერიებლად.

ვაგზალი - მგზავრთათვის განკუთვნილი შენობა რკინიგზის დიდ სადგურში, ნავსადგურში (საზღვაო ვაგზალი), აეროპორტში (აეროვაგზალი), დიდ ავტოსადგურში (ავტოვაგზალი).

ვაგზალი რკინიგზის - შენობა ან შენობათა კომპლექსი რკინიგზის ტრანსპორტის გაჩერების პუნქტებში, რომლის დანიშნულებაა მგზავრთა მომსახურება, მატარებლების მოძრაობის მართვა და მომსახურე პერსონალის განთავსება (ნახ. 1: ქ. ბორჯომის რკინიგზის ვაგზალი). თანამედროვე ვ.რ. ხშირად აერთიანებენ სხვა სახის ტრანსპორტთან და ქმნიან ე.წ. გაერთიანებულ ვაგზლებს (რკინიგზის-საავტომობილო, საზღვაო-საავტომობილო და სხვ.).

ვაგზალი საზღვაო - შენობების, ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი მგზავრთა მომსახურებისათვის საზღვაო პორტებში (ნახ. 1: საზღვაო ვაგზალი, ქ. ბათუმი). განლაგების ადგილის მიხედვით არის ბოლო, საშუალედო და საკვანძო; ოპერაციების სახის მიხედვით - სამგზავრო და სამგზავრო-სატვირთო. ვ.ს. დაგეგმარებისა და მშენებლობისას მხედველობაში მიიღება: წყლის ჰორიზონტის ცვალებადობა, მისაღები გემების დანიშნულება და ტიპები, მგზავრთა ნაკადის რაციონალური ორგანიზაციის პირობები, ხელბარგისა და ტვირთების მიწოდება მგზავრთა და მომხმარებლებისათვის, რეგიონის ინფრასტრუქტურა (გზები, სასტუმროები, კვებისა და დასასვენებელი ობიექტები და სხვ.) და ა.შ.

ვაგონ-დეფექტოსკოპი - ვაგონი, რომელიც აღჭურვილია რელსებში ნიჟარების, სიღრუეებისა და ბზარების გამოსავლენი მოწყობილობით.

ვაგონეტი - ვიქრო ლიანდაგიან გზებზე მოძრავი პატარა სატვირთო ვაგონი ან პლატფორმა.

ვაგონეტი თვითმავალი - პნევმოსაბურავებით აღჭურვილი ვაგონეტი,  რომელიც მოძრაობაში მოდის კონტაქტური ელექტროამძრავით (დიზელამძრავით) ან აკუმულატორული ბატარეებით.

ვაგონი (რუს., Вагон) - რელსებზე მოძრავი ბორბლებიანი დახურული ან ღია სატრანსპორტო საშუალება მგზავრთა გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად.

ვაგონის დამჭერი - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ვაგონის დამუხრუჭებას მზიდ ბაგირში დაჭიმულობის შემცირებისას დასაშვებზე მეტად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საწევი ბაგირის გაწყვეტით ან სხვა რაიმე მიზეზებით.

ვაგონის ტვირთამწეობა - ვაგონში მოთავსებული ტვირთის მაქსიმალური წონა.

ვადა - რაიმეს შესრულებისათვის დანიშნული დრო.

ვადა ამორტიზაციის - ნორმატიული დრო, რომელიც დადგენილია რაიმეს სრული გაცვეთისათვის.

ვადა ნაგებობის მომსახურების - ამა თუ იმ სახის კონსტრუქციის (ნაგებობის) ვარგისიანობის ნორმატიული დრო, რომელიც დამოკიდებულია გარემოზე, ექსპლუატაციის პირობებზე და მასალაზე.

ვაერი - ფოლადის ბაგირი ტრალის ბუქსირებისათვის.

ვაზელინი (ფრანგ.) - ნავთობისაგან მიღებული საცხი. იყენებენ მედიცინასა და ტექნიკაში.

ვაზნა - 1. ჩარხის ფუნქციონალური ნაწილი, დეტალი, რომლის მეშვეობით ხდება რაიმეს დროებითი დაფიქსირება - დაჭერა-მოჭერა. ვ. მრავალი სახისაა: დენთის, ელექტრომაგნიტური, თვითმაცენტრებელი, მომჭერი, მუშტა, ნათურას, ორკონტაქტიანი, ორმუშტა, პნევმატიკური, საბურღი, სადნობი, სამართი, სამმუშტა, საფალიე, ტიპიური, ყალბი, ხრახნსაჭრელი, ჰიდრავლიკური და სხვ.;  2. დენთით და ტყვიით გატენილი თოფის მასრა.

ვაიმა - დანადგარი, რომელშიც რაიმეს შეწებება ან აწყობა ხდება.

ვაკანსია (ლათ.) - დაუკავებელი თანამდებობა (დაწესებულებაში), თავისუფალი ადგილი (სასწავლებელში).

ვაკანტური - დაუკავებელი, თავისუფალი (თანამდებობა).

ვაკე - 1. სწორი, გაშლილი, უმთაგორაკო ადგილი; 2. „ქვეყანა ბრტყელი“ (საბა)

ვაკისი - 1. მიწის ყრილი, რაზედაც რკინიგზის შპალებია დალაგებული; 2. გარკვეული დანიშნულების ფართობი (მაგ., გზის ვ., ხერხის ვ. და სხვ.).

ვაკისი მიწის - მიწის საინჟინრო ნაგებობა, რომელზედაც დაგებულია რკინიგზის ლიანდაგი ან საავტომობილო გზის სამოსი. ვ.მ. აკეთებენ მიწის ყრილის, ნახევართხრილის, ნახევარყრილის ან უშუალოდ მიწის ზედაპირზე ე.წ. ,,ნულოვანი” ვაკისის სახით. ვაკისის სიგანე (მანძილი მის კიდეებს შორის) განისაზღვრება გზის კატეგორიით. ერთლიანდაგიანი რკინიგზისათვის იგი 5,2...7 მ -ია, ხოლო საავტომობილო გზისათვის - 8...27,5 მ. ვ.მ. მდგრადობის უზრუნველსაყოფად მის გვერდებს უკეთება გარკვეული ქანობი, ხოლო ეროზიისა და ჩარეცხვისაგან თავის დასაცავად - ბეტონის ფილები, მწვანე ნარგავები; ზოგიერთ ადგილებში კი ადგილობრივ გრუნტს, მთლიანად ან ნაწილობრივ, შემოზიდული გრუნტით ცვლიან. რთულ რელიეფურსა და გეოლოგიურ პირობებში მიწის ვაკისის მოწყობა მოითხოვს სპეციალური ღონისძიებების გატარებას. მიწის ვაკისის ყრილების ასაგებად იყენებენ ჭრილებიდან, რეზერვებიდან (სპეციალურად მოწყობილი თხრილებიდან) ან კარიერიდან შემოზიდულ გრუნტს, რომელსაც მუშაობის პროცესში ფენებად გაშლიან და დატკეპნიან. ამ მიზნისათვის უკეთესია ქვიშიანი და მსხვილმარცვლოვანი გრუნტები. მტვრისებრი და თიხიანი გრუნტების გამოყენება მოითხოვს სპეციალურ ღონისძიებას ვ.მ. დასველების წინააღმდეგ. ვაკისის დეფორმაციის მთავარი სახეობებია არათანაბარი დაჯდომა და ფერდობების ჩამოშლა. ვ.მ. მიეკუთვნება მასთან დაკავშირებული წყალგამყვანი ნაგებობები: კიუვეტები, არხები, რეზერვები, სადრენაჟო მოწყობილობები. ცნობილია აგრეთვე ტერმინები: მუხლუხას ვაკისი; ხიდის ვაკისი და სხვ.                                                                                                        

ვაკუუმ-ფარი - ვაკუუმ-სივრცე, რომელსაც ქმნის 10...15 მმ სისქის წყალმედეგი დაბაკელიტებული ფანერისაგან დამზადებული ფარი, იმავე ფანერის ზოლოვანი ნაჭრებისაგან შემოწებილი ბორტებით. ფარები ამ ბორტებით ეყრდნობა ნედლი ბეტონის ზედაპირს და ფანერის ფარსა და ბეტონს შორის დარჩენილი სიცარიელის მეშვეობით შეისრუტავს (შეიწოვს) ბეტონიდან ჰაერსა და ჭარბ ტენს. ვ.-ფ. დანადგარი შეიძლება იყოს გადასატანი და სტაციონალური. გადასატანი გამოიყენება მსხვილ სამშენებლო ობიექტებზე მონოლითური კონსტრუქციების ვაკუუმირებისათვის, ხოლო სტაციონალური - ქარხნებში ან პოლიგონებზე, ასაწყობი რკ.ბ.-ის კონსტრუქციების დასამზადებლად. დანადგარის შემადგენლობაში შედის: ვაკუუმ-ტუმბო, წყალგამაცალკევებელი (არეგულირებს გაუხშოების დონეს და ემსახურება წყლისა და მტვრის ნაწილაკების სეპარაციას), ვაკუუმ-კამერები და რეზინის შლანგები. დანიშნულების მიხედვით არსებობს ვ.-ფ. ინვენტარული და საყალიბე. ინვენტარული გამოიყენება ჰორიზონტალური (ან მცირე ქანობიანი) ზედაპირებისათვის; ის შედის ვაკუუმ-დანადგარის კომპლექტში. საყალიბე ვაკუუმ-ფარები კი ერთდროულად გამოიყენება დასაბეტონებელი ვერტიკალური ზედაპირების საყალიბედ და შემდეგ ვაკუუმირებისათვის; მისი ზომები შეესაბამება დასაბეტონებელი კონსტრუქციის ზედაპირების ზომებს.

ვაკუუმ-ფილტრი - აპარატი, რომელიც გამოიყენება სითხეებიდან მყარი ნაწილაკების მოსაცილებლად. მოქმედება ეფუძნება წნევათა სხვაობის შექმნას ფილტრატის გასაწოვად, რისთვისაც შიგა კამერა შეერთებულია ვაკუუმის დანადგარს. გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში, მეტალურგიაში (სასარგებლო წიაღისეულის გასამდიდრებლად) და სხვ.

ვაკუუმი - ჰაერის, აირის გაუხშოებული მდგომარეობა, სიცარიელე, არარსებობა.

ვაკუუმი ფიზიკური - გარემო, რომელშიც არ არის ნივთიერების ან ფიზიკური ველების ნაწილაკები (კვანძები).სისტემის ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ნაწილაკი არ არსებობს - სისტემის ენერგია უმცირესია.

ვაკუუმმეტრი - ვ ა კ უ უ მ უ რ ი მ ა ნ ო მ ე ტ რ ი, გაზების წნევის გასაზომი ხელსაწყო. არსებობს ვ. შემდეგი სახეები: სითხის, მექანიკური (დეფორმაციული, მემბრანული), კომპრესიული, თბური (თერმოწყვილებიანი, თბოელექტრული), იონური, მაგნიტური, ბლანტი, რადიომეტრული. პ ა რ ც ი ა ლ უ რ ი წნევის გასაზომად გამოიყენება მასა-სპექტრომეტრი და სპეციალური ვ.; გაუხშოებული მუშა წნევის დიაპაზონი იცვლება ზღვრებში 10 პა-დან (დაბალი) 10–11 პა-მდე (ზემაღალი)

ვაკუუმმეტრია - მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობა გაუხშოებული გაზების ნარჩენი წნევის (ვაკუუმის) გასაზომად. თანამედროვე ვაკუუმმეტრებით შესაძლებელია წნევის გაზომვა 1 პპა-მდე (10−12 პა).

ვაკუუმური კონდენსატორი - ელექტრული კონდენსატორი, რომელშიც დიელექტრიკის როლს ასრულებს ვაკუუმი. მუშა ძაბვა ვ.კ. 1...45 კვტ. ელტევადობა 10...1000 პფ. ვ.კ. გამოიყენება კოსმოსურ და საავიაციო რადიოაპარატურაში 1...100 მგჰც სიხშირეებზე.

ვაკუუმური მანომეტრი - იხ. ვაკუუმმეტრი.

ვაკუუმური მასალები - მასალები, რომლებიც გამოიყენება ვაკუუმურ აპარატებსა და ხელსაწყოებში: კონსტრუქციული მასალები, გაზმშთანთქმელები (გეტერები), ვაკუუმური ზეთი და მასალები გამოყენებული, როგორც მუშა სითხეები ვაკუუმურ ტუმბოებში და ვაკუუმმეტრებში (ვერცხლისწყალი), საგოზავები, ლაქები, შლიფების და ამწეების მამჭიდროებლები და ა.შ. ვ.მ. წაყენებული ძირითადი მოთხოვნებია: მუშა ტემპერატურაზეე გაჯერებული ორთქლის დაბალი წნევა, დაბალი გაზგამტარობა (გაზშეღწევადობა), საკმარისი სიმტკიცე მაღალ ტემპერატურაზე.

ვაკუუმური ტუმბო - ჭურჭლიდან გაზისა და ორთქლის მოსაცილებელი მოწყობილობა გაუხშოებული გაზის (ვაკუუმის) მისაღებად. არსებობს ვ.ტ. შემდეგი ნაირსახეობები: მექანიკური (დგუშებიანი, წყალრგოლიანი, მოლეკულური), ჭავლური (დიფუზური, ორთქლზეთიანი), სორბციული, იონური, კრიოგენური (კონდესაციური) და კომბინირებული სორბციული (გეტერულ-იონური). ვ.ტ. ძირითადი პარამეტრებია: ზღვრული ვაკუუმი, ამოტუმბვის სიჩქარე.

ვალენტობა (ლათ.) - ატომის თვისება შუერთდეს სხვა ატომების გარკვეულ რაოდენობას.

ვალვა - ოთხფერდა სახურავის სამკუთხა ფერდო, განლაგებული შენობის ტორსის მხრიდან.

ვალვაცია (ფრანგ.) - უცხოური ვალუტის ღირებულების განსაზღვრა ამა თუ იმ სახელმწიფოს ეროვნული ფულადი ერთეულით.

ვალმური სახურავი - იხ. სახურავი ოთხფერდა.

ვალორიზაცია (ფრანგ.) - საქონლის ფასის, ფასიანი ქაღალდების კურსის აწევა სახელმწიფო ღონისძიებების დახმარებით.

ვალუტა (იტალ,) - ამა თუ იმ ქვეყნის ფულის ეროვნული ერთეული (გამონაკლისია ევრო, როგორც სუპრანაციონალური გაერთიანების, ევროპის კავშირის ფულის ერთეული). საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობებში ზოგიერთი ვალუტა იძენს საერთაშორისო ხასიათს. მაგ., აშშ დოლარი ზოგიერთი ქვეყნისთვის წარმოადგენს საერთაშორისო საგადამხდელო საშუალებას. საერთაშორისო სავალუტო ბრუნვაში უპირატესად მონაწილეობს სულ რამდენიმე თავისუფლად კონვერტირებადი ვ., რომლებსაც ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიაკუთვნებს აშშ-ის დოლარს, ევროს, ინგლისურ გირვანქა სტერლინგს და იაპონურ იენს. სწორედ ეს ვალუტები შეადგენს მსოფლიო სავალუტო რეზერვების ძირითად მასას.

ვალუტის კონვერტირება - ერთი ქვეყნის ვალუტის გაცვლა სხვა ქვეყნის ვალუტაზე მოქმედი ვალუტის კურსის მიხედვით ანუ კონვერსიის განხორციელება.

ვალცები (გერმ.) - ცილინდრული ლილვები, რომლებიც ბრუნავენ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და მათ შორის გატარებულ მასალას აბრტყელებენ, ამრგვალებენ, ამსხვრევენ, ფხვნიან და ა.შ. (ნახ. 1). არსებობს ვ. სახეობები: ლაქდამტანი, მიმწოლი, წებოწამცხები, ხერხების, დამტენიანებელი, კბილანა, მიმწოდი, მკვებავი, სამსხვრევი, საჩორტნი, წებოსამსხვრევი და სხვ.

ვალცვა - 1. ლითონების წნევით დამუშავების მეთოდი საჭედ ვალცებში პერიოდული (ფიგურული) ნაგლინის, ბარბაცას ნაკეთობების, ქანჩის გასაღების, კავის, მაკრატელის, ბრტყელტუჩას და ა.შ. დასამზადებლად. ვ. წარმადობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ანალოგიური ნაკეთობების შტამპვა; 2. საგორავებით აღჭურვილი ინსტრუმენტი ლითონის მილების მოსაღუნად.

ვალცი (გერმ.) - სამსხვრევი, საფქვავი, სატვიფრავი და სხვა მანქანების გლინის, ცილინდრის ან კონუსის სახის გლუვი ან დაღარული მუშა ორგანო. მუშა მდგომარეობაში ვ. ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ, რაც უზრუნველყოფს მათ შორის გასატარებელი მასალის ჩაჭიდებას (ჩათრევას) და დამუშავებას.

ვალცირება - ტექნოლოგიური ოპერაცია ნახვრეტების საბოლოო დამუშავებისთვის (მაგ,, მილების), რომელიც სრულდება ლითონის მოჭრის გარეშე (ნახ. 1) და ხდება მხოლოდ ნაწარმის ბოლოების ხვრელის გაფართოებისა და გამკვრივების ხარჯზე (მაგ., მილის ჩამაგრებისას მილტუჩში).

ვანადიუმი - მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონი. აღნიშვნა - V. მიიღება ვანადიუმის მადნებისაგან, ბესემერის წიდისაგან, რომელიც წარმოადგენს თუჯის კონვენტორული გადამუშავების პროდუქტს. გამოიყენება ლეგირებული ფოლადებისა და მაღალხარისხოვანი შენადნობების, ფეროვანადიუმისა და მინის წარმოებაში, საფეიქრო მრეწველობაში, გოგირდმჟავას წარმოებაში. შედის მელნისა და ტიპოგრაფიული საღებავის შემადგენობაში. ვ. მრავალმხრივად შხამიანი ნივთიერებაა. ორგანიზმში ქრონიკულად მოხვედრისას დარიშხანზე უფრო ძლიერად მოქმედებს. იწვევს მწვავე და ქრონიკულ მოწამვლას.

ვანტა - 1. მოქნილი გაჭიმული ელემენტი (საბელი, ჭიმი) ფოლადის ბაგირის სახით კიდული კონსტრუქციების, ანძების, ანტენების და სხვ. დასამაგრებლად; 2. გემის ტაკელაჟის მოწყობილობა, რომელიც ანძასა და ანძის წვეტს ამაგრებს გემის ბორტთან.

ვანტი - ფოლადის მავთულის წნულისაგან დამზადებული ბაგირი, რომლის ბოლოები მაგრდება საგანგებო დასაჭიმი ხელსაწყოებით (ტალპერებით). გამოიყენება კიდული დიდმალიანი კონსტრუქციების (ხიდების) მშენებლობაში; აგრეთვე მაღალი ლითონის მილების, ანძების და მისთ. დასამაგრებლად.

ვანტუზი (ფრანგ.) - 1. მოწყობილობა წყალსადენის მილებში დაგროვებული ჰაერის ავტომატურად გამოსადევნად; 2. დანაგვიანებული სველი წერტილის ჰაერით ჩასაწმენდი ხელსაწყო

ვანტური გადახურვა - გადახურვა, რომლის ძირითად მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს ვანტები (შუალედ საყრდენებზე გადადებული და ბოლოებში დასაჭიმი ხელსაწყოებით დამაგრებული ბაგირები) (ნახ.1).

ვანტური სისტემა - იხ. კიდული სისტემა.

ვაპორი (ლათ.) - ზეთი ორთქლის მანქანის ცილინდრების შესაზეთად.

ვაპორიზაცია (ლათ.) - სითხის გადაქცევა ორთქლად; აორთქლება.

ვაპორიმეტრი (ლათ.) - ხელსაწყო სხვადასხვა სითხის ორთქლის დრეკადობის გასაზომად გარკვეული ტემპერატურის პირობებში.

ვარაყი - ძაფი.

ვარგისიანობა - მასალის (ნაკეთობის) თვისება შეინარჩუნოს მზიდუნარიანობა ექსპლუატაციის გარკვეულ რეჟიმში, სათანადო დროის განმავლობაში, რემონტისათვის იძულებითი შესვენების გარეშე.

ვარდი - 1. არქიტ. ქვის ალათების მრგვალი ფანჯარა ცენტრიდან გამოსული რადიალური სხივების სახით ან რკალების, რომბების და ა.შ. (ნახ. 1: გოთიკური ვარდი); 2. რთული მოხატულობა. გვხვდება რომაული და ძირითადად გოტიკის სტილის ნაგებობებში. ზოგჯერ ვარდს უზარმაზარი ზომა ჰქონდა (10 მ დიამეტრზე მეტი).

ვარდნა - 1. სხეულის ვარდნა - დედამიწის მიზიდულობის ველში სხეულის ვარდნა ნულის ტოლი საწყისი სიჩქარით, როდესაც საწყისი სიჩქარე ნულის ტოლია. ვარდნის სიჩქარე დამოკიდებულია მანძილზე დედამიწის ცენტრამდე და გარემოს (ჰაერი, წყალი) წინააღმდეგობის ძალაზე; 2. სიჩქარის, ბრუნვის სიხშირის, სიმძლავრის, ტემპერატურის, ძაბვის, ეკონომიკის და მისთ. უცაბედი შემცირება (ვარდნა).

ვარდნობი - ჩავარდნილი, მეტად ღრმა ადგილი.

ვარიანტების შერჩევა - წარმოებს ცალკეული ვარიანტების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შედარების საფუძველზე. შედარების ბაზად (ეტალონად), ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრისათვის, მიიღება: ძირითადი მასალების ხარჯი და კონსტრუქციების მასა (კგ; ტ; მ2; მ3); კონსტრუქციების დამზადების და მონტაჟის შრომითი დანახარჯები (კაც-დღე); სამშენებლო კონსტრუქციების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება „საქმეში“ (ლარი), რომელშიც შედის კონსტრუქციების ღირებულება ადგილზე მიტანის ჩათვლით და მათი მონტაჟის ფასი; კონსტრუქციების საექსპლუატაციო დანახარჯები, აგრეთვე მათი მონტაჟისა და ექსპლუატაციის დაყვანილი ხარჯები.

ვარიანტი (ლათ.) - სახეცვლილება, სხვადასხვაგვარობა, რეალიზაციიდან ერთ-ერთი შესაძლებელი

ვარიატორი (ლათ.) - დამოუკიდებელი აგრეგატი ან მანქანაში ჩადგმული კვანძი, რომლის დანიშნულებაა ამძრავში (ტრანსმისიაში) გადაცემის რიცხვის (თანაფარდობის) უსაფეხურო (მდოვრე) შეცვლა. იგი შედგება ერთი ან რამდენიმე უსაფეხურო გადაცემის მექანიზმისაგან, რაც უზრუნველყოფს მის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ვ. უსაფეხურო გადაცემასაც უწოდებენ, რომელიც შეიძლება იყოს მექანიკური (მათ შორის ფრიქციული), ელექტრული და ჰიდრავლიკური.

ვარიაცია - 1. დამოუკიდებელი ცვლადის (არგუმენტის) ან ფუნქციონალის მცირე გადაადგილების აღსანიშნავი ტერმინი; 2. რაიმე ნაწარმოების, გეგმის და სხვა მეორეხარისხოვანი ელემენტების სახეცვლილება ისე, რომ ძირითადი ჩანაფიქრი, შინაარსი უცვლელი იყოს

ვარიაციული აღრიცხვა - მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ფუნქციონალების უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობების კვლევის მეთოდებს.

ვარმეტრი (ბერძ.) - ელექტროენერგიის რეაქტიული სიმძლავრის გასაზომი ხელსაწყო.

ვარსკვლავა - ჯაჭვური ან მუხლუხა გადაცემის ძირითადი ელემენტი, რომელზეც გადადებულია რგოლებიანი ან გორგოლაჭებიანი უსასრულო ჯაჭვი. ვ. კბილებზე მოდებით ჯაჭვი ღებულობს ხაზოვან მოძრაობას. ვ. შეიძლება იყოს: ამძრავის (წამყვანი, მიმყოლი), დასაჭერი, მუხლუხის და სხვ. ვ. გამოყენების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ველოსიპედი.

ვარცლი (რუს. Корыто) - 1. მოგრძო და ღრმა, ორივე მხარეს წაშვერილ თავიანი ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება პლასტიკური მასების ან ბეტონის ნარევების მოსამზადებლად. იგი შეიძლება იყოს ხის ან ლითონის (ნახ. 1: ლითონის ვარცლი). უწყვეტი მოქმედების ბეტონშემრევის ვარცლში ჩადგმულია ნიჩბებიანი შემრევი ლილვები, რომლებიც ბრუნავენ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით და აწარმოებენ ბეტონის არევას და გადაადგილებას ვარცლის გასწვრივ, ჩატვირთვის ნაწილიდან განტვირთვის ბოლოსაკენ; 2. ძვ. ცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი (ნახ. 2: ცომის მოსაზელი ხის ვარცლი).

ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი (ნახ. 1). მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. სამონასტრო კომპლექსი შენდებოდა 1156…1203 წლებში. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184…1213 წწ.) აკურთხეს. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, სასმელი წყლის არსებობით. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184 წწ.) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186 წწ.). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი - კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. მთელი მონასტერი სამხრეთ მხარესაა მიმართული და საცხოვრებლები კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა გამოკვეთილი. მონაზონთა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პალატები 2, 3 და 4 ოთახისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კარიბჭეებთან შექმნილი საგანგებო გასასვლელებით. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ.შ. 25 მარანი 185 ქვევრით. საცხოვრებელი კომპლექსები შედგება ერთ ღერძზე განლაგებული კარიბჭის, საცხოვრებლისა და საკუჭნაოსაგან. კარიბჭე მთავარი არქიტექტურული ელემენტია, რომელიც ვარძიას მის წინამორბედ უდაბნო-მონასტრებისაგან განასხვავებს. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურულ-ტექნიკური ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. საცხოვრებელი თუ საზოგადო დანიშნულების სათავსები ტექნიკურად მაღალ დონეზეა შესრულებული. ვ. არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184…1186 წწ.), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები (ნახ. 2), აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი (მისი თაოსნობითა და სახსრებით იქნა მოხატული ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი). ვ. ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ანანურის ეკლესიაში შემონახული მოხატულობა XVI საუკუნეს განეკუთვნება. ვ. მთელ კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6x8 მ ფართობის დარბაზი. ამავე აღმოსავლეთ ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვ. დასავლეთ ნაწილში - სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - საგანგებო თავშესაფარი (სამალავი ოთახები). გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა.

ვარჯი - ხის ტანის განშტოებული ნაწილი.

ვარჯშეუკვრელი კულტურები - ტყის აღდგენის მიზნით გაშენებული ტყის კულტურები ვარჯების ურთიერთგადაფარვამდე.

ვატერკლოზეტი (ინგლ.) - საპირფარეშო, რომელსაც აქვს წყლით ჩასარეცხი მოწყობილობა (ნახ. 1).

ვატერპასი (ჰოლანდ.) - უმარტივესი ხელსაწყო ჰორიზონტალურობის შესამოწმებლად და დახრილობის მცირე კუთხეების გასაზომად; თარაზო.

ვატერჟაკეტი (ინგლ.) - ერთგვარი შახტური ღუმელი მადნიდან სპილენძის, ტყვიის, ნიკელის, კალის გამოსადნობად; ქვედა ნაწილის კედლები შედგება ფოლადის კოლოფებისაგან (კესონებისაგან), რომლებიც წყლით ცივდება.

ვატი - (დაკავშირებულია ინგლისელი გამომგონებლის ჯემს უატის სახელთან) - 1.მექანიკური სიმძლავრე, რომლის დროს 1 წმ-ში სრულდება 1 ჯოული მუშაობა. აღნიშვნა - ვტ.; 2. ელექტრული წრედის აქტიური სიმძლავრე, რომელიც ექვივალენტურია 1 ვტ მექანიკური სიმძლავრის; 3. თბური ნაკადი, ექვივალენტური 1 ვტ მექანიკური სიმძლავრის; 4. გამოსხივების ნაკადი, ექვივალენტური 1 ვტ მექანიკური სიმძლავრის. ვ. გამოიყენება, აგრეთვე, როგორც ერთეული ხმოვანი სიმძლავრის, ხმოვანი ენერგიის ნაკადის და იონიზირებული გამოსხივების ენერგიის ნაკადის.

ვატიკანი (ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო) - სუვერენული ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს კედლებშემორტყმულ ანკლავს რომში, იტალიის დედაქალაქში. ფართობი 44 ჰექტარი, მოსახლეობა 800 კაცზე მეტი. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს. ფართობი - 0.44 კვ.კმ. ვატიკანს ქალაქ რომისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეკუთვნის სამი ტაძარი, სასახლეები და ვილები საერთო ფართობით 0,7 კვ.კმ. (წმინდა პეტრეს მოედანი, წმინდა პეტრეს, წმინდა კარლოს და ბელვედერის სასახლეები). წმინდა პეტრეს მოედანი (ნახ. 1) ვატიკანის ცენტრად ითვლება და მას აგვირგვინებს მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება - წმინდა პეტრეს ტაძარი (ნახ. 2). მას 23 000 მ2 ფართობი უჭირავს და 60 000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება. აქ დაკრძალულია პეტრე მოციქული (რომლის სახელსაც თავად ტაძარი ატარებს), იესოს თორმეტ მოციქულთაგანი, ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნას ან იქ წამებას არ ასახელებს, ძველი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ იმყოფება. ამ მიზეზით, მრავალი პაპი, პირველის ჩათვლით, ამ ადგილას იმარხება. თანამედროვე ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო 1506 წლის 18 აპრილს, ხოლო დასრულდა 1626 წელს. მის ადგილას უწინ კონსტანტინიანეს ბაზილიკა მდებარეობდა. საყოველთაოდაა ცნობილი ვატიკანის ბაღები (ნახ. 3), რომლებიც განთავსებულია ვატიკანის ტერიტორიის ნახევარზე მეტზე, ქალაქ-სახელმწიფოს სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. ბაღებში განთავსებულია სხვადასხვა შენობები. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 60 მეტრზე მდებარეობს. ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით შემოსაზღვრულია ქვის კედლებით. ბაღები და პარკები რენესანსისა და ბაროკოს პერიოდებში ჩამოყალიბდა და შესაბამისად ფანტანები და ქანდაკებები მათ სახასიათო კომპონენტს წარმოადგენს. ბაღებში ფლორის მრავალი სახეობაა და არემარე განიხილება, როგორც ბიოტოპი.

ვატმეტრი (ბერძ.) - ელექტროენერგიის სიმძლავრის გასაზომი ხელსაწყო.

ვაუჩერი (ინგლ.) - ბარათი, რომელიც პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლებას იძლევა.

ვებერმეტრი (ფლუქსსაზომი) - მაგნიტური ინდუქციის ნაკადის საზომი ხელსაწყო.

ვეგეტატიური - რაც ცხოველებისა და მცენარეების კვებასთან და ზრდასთან არის დაკავშირებული.

ვეგეტაცია (ლათ.) - მცენარის სასიცოცხლო მოქმედება, მისი ზრდის პროცესი.

ვეგი - 1. ზოგიერთი ლითონსაჭრელი ან ხის დასამუშავებელი ჩარხის კვანძის გავრცელებული სახელწოდება; 2. ნივნივის, ნივნივური სისტემის გასამაგრებელი ელემენტი, მზადდება ხის ძელისგან, წამოადგენს ქვესაკრავს ნივნივის ფეხისთვის.

ვეზუვიანი - მინერალი, კალციუმისა და ალუმინის რთული სილიკატი; ზოგჯერ იყენებენ როგორც სანაკეთო ქვას (ვულკან ვეზუვის სახელის მიხედვით).

ველენი (ფრანგ.) - მაღალხარისხოვანი, პერგამენტივით მკვრივი და კრიალა ქაღალდი.

ველი - 1. გრავიტაციული ველი, მიზიდულობის ველი, მიზიდულობის ძალთა ველი და ა.შ.; 2. დიდი მინდორი, ტრამალი, სწორი ზედაპირის მქონე ლანდშაფტი და სხვ.

ველი არასტაციონარული - ძალთა ველი, რომელშიც ძალა ცხადად არის დამოკიდებული t დროზე.

ველი ელექტრული - სივრცე, რომელიც უშუალოდ ელექტროგამტარს ესაზღვრება და რომელშიც ელექტროსტატიკური ძალების მოქმედება ვლინდება - მუხტების მიზიდვა ან განზიდვა. ვ.ე. ნაწილაკზე მოქმედი ელექტრო ძალის სიდიდე ამ ნაწილაკის მუხტის პროპორციულია. ძალის შეფარდება დამუხტვის სიდიდესთან მუდმივია და ძაბვა ეწოდება.

ველი ერთგვაროვან ძალთა - ძალთა ველი, რომლის დაძაბულობა ველის ყველა წერტილში ერთნაირია.

ველი ვექტორული - სივრცითი არე, რომლის ყოველ წერტილს შეესაბამება განსაზღვრული ვექტორი.

ველი პარალელურ ძალთა - ძალთა ველი, რომელშიც ძალთა წირები წარმოადგენენ პარალელურ წრფეებს.

ველი პოტენციური - ვექტორული ველი, რომელშიც ვექტორის გრიგალი (ვექტორის როტორი) ყველგან ნულის ტოლია: rot = 0.

ველი სიმძიმის ძალთა - ძალთა ველი, რომელშიც ნივთიერ წერტილზე მოქმედი ძალა წარმოადგენს სიმძიმის ძალას, ამასთანავე, ეს ველი შემოსაზღვრულია სივრცის იმ ნაწილით, რომელშიც ეს ძალა საკმაო სიზუსტით შეიძლება ჩავთვალოთ მუდმივად სიდიდით და მიმართულებით.

ველი სიჩქარეთა - ვექტორული ველი, რომლის ვექტორები წარმოადგენენ მყარი სხეულის შესაბამისი წერტილების სიჩქარეებს.

ველი სკალარული - სივრცითი არე, რომლის ყოველ წერტილს შეესაბამება სკალარული სიდიდე; ანუ, სკალარული ველი ეწოდება წერტილის სკალარულ ფუნქციას (x, y, z), მისი განსაზღვრის არესთან ერთად.

ველი სტაციონარული - ძალთა ველი, რომელშიც ძალა ცხადად არ არის დამოკიდებული t დროზე. სტაციონარულ ძალთა ველში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოტენციურ (კონსერვატიულ) ძალთა ველს, რომელშიც ძალების მუშაობა არ არის დამოკიდებული ნივთიერი წერტილის მოძრაობის გზაზე (ტრაექტორიაზე) და განისაზღვრება მხოლოდ გზის საწყისი და საბოლოო წერტილების მდებარეობით.

ველი ცენტრალურ ძალთა - ძალთა ველი, რომელშიც ძალთა წირები არიან რაიმე ფიქსირებულ წერტილზე (ცენტრზე) გამავალი წრფეები

ველი ძალთა (ძალთა ველი) - ეწოდება სივრცის ნაწილს, რომლის ყოველ წერტილზე მოქმედებს გარკვეული (X, Y, Z) ძალა, რომელიც ამ წერტილის მდებარეობის ფუნქციაა, ე.ი. სიდიდით და მიმართულებით ცალსახად არის განსაზღვრული დროის ყოველ მომენტში. ეს ნიშნავს, რომ ძალთა ველში ცნობილი უნდა იყოს ერთი ვექტორული ფუნქცია, რომელიც დამოკიდებულია წერტილის რადიუს-ვექტორზე და t დროზე.

ველიურა (ფრანგ.) - ნატურალური ტყავის შესახედაობის მასალა, რომელიც მზადდება მსხვიფეხა რქიანი საქონლის ან ღორის მცირე ზომის მტკიცე ტყავებისაგან.

ვენეციური სარკმელი (ფანჯარა) - სამფრთიანი ფანჯარა შუაში ნახევრადწრიული თაღით (ნახ. 1), რომელიც პილასტრებითაა გამოყოფილი განაპირა, შედარებით წვრილი, ფრთებისაგან (იტალიის ქალაქ ვენეციის სახელის მიხედვით).

ვენტილატორი - მოწყობილობა, რომელიც ქმნის ჰაერის ან სხვა აირის ჭარბ წნევას 15 კპა (1500 მმ. წყ.სვ.), რომელიც გადაადგილებს აერონარევებს მილსადენში და ახდენს სათავსის განიავებას. აგებულების მიხედვით არსებობს ცენტიდანული, ღერძული და დიამეტრალური.

ვენტილაცია (ლათ.) - რეგულირებადი ჰაერცვლა შენობებში, სათავსებში, მეტროპოლიტენში, შახტებში, კარიერებში და სხვ. მისი მიზანია გაწმინდოს ჰაერი და მიანიჭოს მას საჭირო ტენიანობა და ტემპერატურა. ვ. არის: მომდენი, გამწოვი, მომდენ-გამწოვი, ადგილობრივი, ბუნებრივი და მექანიკური.

ვენტილაცია ადგილობრივი - სავენტილაციო სისტემა, რომლითაც ხორციელდება მავნე ნივთიერებების მოცილება უშუალოდ სათავსის იმ ადგილებიდან, სადაც ადგილი აქვს მათ დაგროვებას. ის შეიძლება იყოს მომდენი ან გამწოვი.

ვენტილაცია ბუნებრივი - სავენტილაციო სისტემა, რომელშიც გამოყენებულია სათავსის ღიობები (ფანჯრები, სარკმელები, სამერცხულები და მისთ.) და განიავება ხდება ატმოსფერული ჰაერის ბუნებრივი ცირკულაციით (ნახ. 1). ის ვენტილაციის ყველაზე იაფი სახეა.

ვენტილაცია გამწოვი - სავენტილაციო გამწოვი სისტემა სათავსიდან დაბინძურებული ჰაერის მოსაცილებლად. მისი ყველაზე მარტივი მაგალითია ჩვეულებრივი ერთღერძა საყოფაცხოვრებო ვენტილატორი (ნახ. 1), რომელიც ყენდება კედელში ან ფანჯრის ღიობში. ასეთი დანადგარი ჰაერს გაიწოვს მხოლოდ ახლომდებარე ზონიდან, რითაც ახდენს საერთო ჰაერმიმოცვლას. დიდი მოცულობის დაბინძურებული ჰაერის გასაწოვად გამოიყენება უფრო მძლავრი ცენტრიდანული ტიპის ვენტილატორები (ნახ. 2), რომლებსაც შეუძლიათ 30-40 მ სიგრძის ჰაერსატარის მომსახურება.

ვენტილაცია მექანიკური - სავენტილაციო სისტემა, რომელშიც გამოყენებულია ერთღერძა ვენტილატორები, ჰაერსახურებლები, მტვერსაჭერები და სხვა ენერგიასაჭირო მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც ხდება ჰაერის გადაადგილება მნიშვნელოვან მანძილზე. მართალია ვ.მ. საკმაოდ ძვირი სისტემაა, მაგრამ მაინც ფართოდ გამოიყენება, რადგანაც ის მუშაობს წლის ნებისმიერ დროს, ახდენს ჰაერის გაწმენდას, გათბობას, დატენიანებას, გამდიდრებას, შესაძლებელია მისი ჩართვა-გამორთვა საჭიროების მიხედვით და სხვ.

ვენტილაცია მომდენ-გამწოვი - სავენტილაციო სისტემა, რომელშიც შეთავსებულია მომდენი და გამწოვი სისტემები. მისი ძირითადი ელემენტებია სპეციალური კამერა და მილგაყვანილობის ქსელი. ასეთი ვენტილაცია უზრუნველყოფს ჰაერმიმოცვლის მაქსიმალურად რაციონალურ ორგანიზებას. ის ეფექტურად წყვეტს არა მხოლოდ ჰაერმიმოცვლის, არამედ ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის პრობლემას სათავსში წლის ნებისმიერ დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა მუდმივად საჭიროებს ყურადღებასა და ბალანსირებას. ბ.მ.-გ. მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემის საექსპლუატაციო ხარჯებს, რადგან მომდენი ჰაერის გათბობა ხდება გაწოვილი თბილი ჰაერის თბური ენერგიის ხარჯზე, რაც ხორციელდება სპეციალური დანადგარის - რეკუპერატორის მეშვეობით. ვენტილაციის ეს სისტემა ძირითადად გამოიყენება ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა: ოფისები, რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები, სასტუმროები, კოტეჯები და ზოგიერთი ტიპის სამრეწველო საწარმოები.

ვენტილაცია მომდენი - სავენტილაციო მომდენი სისტემა სათავსში სუფთა ჰაერის მისაწოდებლად დაბინძურებული ჰაერის ნაცვლად (ნახ. 1). მომდენი ჰაერი საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება გაწმენდას, შეთბობას, დატენიანებას და სხვ. მისი შემადგენელი ნაწილებია: ჰაერმიმღები (ჰაერშემკრები) მოწყობილობა, გამათბობელი, მაცივარი, გამწმენდი ფილტრები, სათავსში სუფთა ჰაერის მისაწოდებელი მოწყობილობა. სისტემა 100%-ით მუშაობს ატმოსფერულ ჰაერზე. ვ.მ. არის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების. მომდენი დანადგარები შეიძლება იყოს მონობლოკური და ასაწყობი. ასაწყობი სისტემა იკრიბება ცალკეული კომპონენტებისაგან და უპირატესობაა ის, რომ ასეთი სისტემით შესაძლებელია ნებისმიერი სათავსის ვენტილაცია დაწყებული მცირე ფართობის ბინებითა და ოფისებით და დამთავრებული სავაჭრო ცენტრებით, სუპერმარკეტებითა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით. მონობლოკური სისტემები თავსდება ცალკე ბგერაიზოლირებულ კორპუსში და შესაბამისად გამოირჩევა ხმაურის დაბალი დონით, რაც საშუალებას იძლევა ძირითადად გამოყენებული იქნეს საცხოვრებელ სახლებში. პრაქიკულად, ვენტილაციის მომდენი სისტემა გამოიყენება გამწოვ სისტემასთან ერთად და მას მომდენ-გამწოვ სისტემას უწოდებენ.

ვენტილაცია საერთო მოცულობითი - სავენტილაციო სისტემა, რომლითაც ხორციელდება საამქროდან ან მისი დიდი ნაწილიდან სითბოს, ტენის, ორთქლის, აირების, მტვრისა ან სუნის მოცილება. ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მავნე ფაქტორები გაბნეულია საამქროს მთელ მოცულობაში. ასეთი ტიპის ვენტილაციის მოწყობის აუცილებლობას განსაზღვრავს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

ვენტილი (გერმ.) - მოწყობილობა მილსადენებში სითხის ან აირის ნაკადის რეგულირებისათვის (ხელით ან ავტომატურად) ან მის გადასაკეტად. ვენტილებს ფართოდ იყენებენ სამრეწველო მილსადენებსა და სანტექნიკურ მოწყობილობებში (ნახ. 1).

ვერანდა - 1. დერეფანი; ღია ან შემინული (ჩვეულებრივ, გაუმთბარი) მინაშენი, რომელიც წარმოადგენს გადახურულ სვეტნარს მოაჯირით ან შემინულ გალერეას (ნახ. 1); 2. სახურავიანი აივანი.

ვერე - 1. მდინარე თბილისის ტერიტორიაზე და მცხეთის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი; 2. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი და ციხე მდინარე ვერეს ხეობაში.

ვერიფიკაცია (ფრანგ.) - რისამე ჭეშმარიტების შესწავლა, რისამე სინამდვილის დადგენა.

ვერკბლაი (გერმ.) - შუალედური პროდუქტი, რომელიც ტყვიის მადნის დნობის დროს მიიღება; ძირითადად შედგება ტყვიისაგან, რომელსაც ურევია ცოტაოდენი ვერცხლი, ოქრო და ზოგი სხვა ლითონი (მაგ., სპილენძი, კალა, ბისმუთი).

ვერმიკულიტბეტონი - მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც შემავსებლად გამოყენებულია აქაფებული ვ ე რ მ ი კ უ ლ ი ტ ი. შემკვრელის როლს ასრულებს ცემენტი, ბიტუმი, გამდნარი მინა, სინთეზური ფისი და სხვ. თერმოიზოლაციური ვ., საშუალო სიმკვრივით 250...400 კგ/მ3, გამოიყენება ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელსაც შემდეგ ხმარობენ სამრეწველო მოწყობილობების და მილსადენების თბოსაიზოლაციოდ, აგრეთვე შემომზღუდავი სამშენებლო კონსტრუქციების გამათბუნებლად. კონსტრუქციულ-იზოლაციური, სიმკვრივით 660...900 კგ/მ3 - საკედლე პანელებში, ფილებში, გადახურვებში და სხვ. სიმტკიცე კუმშვაზე 3,5 მპა (35 კგ/სმ2).

ვერმიკულიტი (ფრანგ.) - ყავისფერი ან მომწვანო-ყვითელი ფერის მინერალი; ცეცხლგამძლე საშენი და თბოსაიზოლაციო მასალა (ნახ. 1). გამოიყენება მსუბუქი ბეტონების წარმოებაში.

ვერმიკულიტი აფუებული - თბოსაიზოლაციო მასალა, რომელიც მიიღება ბუნებრივი ვერმიკულიტის (ქარსის ნაირსახეობა) გამოწვით (ნახ. 1). მარცვლების ზომა 10 მმ-მდე, სიმკვრივე - 100...200 კგ/მ3, სიმტკიცე - 3,5...10 მპა. ვ.ა. ამზადებენ ხისტ ფილებს, ნახევარცილინდრებს, სეგმენტებს კონსტრუქციებისა და მოწყობილობების თბური იზოლაციისათვის და სხვ. გამოიყენება ვერმიკულიტბეტონის წარმოებაში.

ვერნიერი - 1. გეოდეზიური და ასტრონომიული ხელსაწყოების ნაწილი - დამატებითი სკალა, რომელიც მოძრაობს ძირითადი (უძრავი) სკალის გაყოლებით; საჭიროა ზუსტი გამოთვლებისათვის; 2. მოწყობილობა რადიომიმღებისა და სხვა რადიოაპარატურის სიზუსტით დასაყენებლად

ვერნისაჟი (ფრანგ.) - სამხატვრო გამოფენის დახურული დათვალიერება, რომელზედაც მოწვეული არიან სპეციალისტები და საპატიო სტუმრები. სამხატვრო გამოფენის საზეიმო გახსნის დღე.

ვერსი (რუს.) - ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 1,06 კმ-ს.

ვერტიკალი სივრცეში - წრფე, რომელიც ჰორიზონტალური სიბრტყის მართობულია.

ვერტიკალური - შვეული, რაც ჰორიზონტალურ სიბრტყესთან ქმნის მართ კუთხეს.

ვერტიკალური გამწვანება - საპარკო და სპეციალური დანიშნულების შენობების ფასადების გამწვანება ლიანებითა და კედელზე მცოცავი სხვა მცენარეებით. ვ.გ. ალამაზებს ფასადებს, იცავს შენობას გადახურების, ხმაურისა და მტვრისაგან; ბაღებსა და პარკებში ერთმანეთისაგან ან გარე გარემოსაგან გამოყოფს (ნახ. 1) გამწვანების ცალკეულ უბნებს და სხვ.

ვერტიკალური გეგმარება ტერიტორიის - ბუნებრივი რელიეფის შეცვლა გრუნტის მოჭრით ან დაყრით და მისი მოყვანა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც პასუხობს მშენებლობის მიზნებსა და ექსპლუატაციას. ის დასახლებული ადგილების კეთილმოწყობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ვ.გ.ტ. პროექტი წარმოადგენს ქალაქის (დასახლების) დაგეგმვისა და განაშენიანების პროექტის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს.

ვერტიკალური დაგეგმარება - განსაზღვრული ტერიტორიის, ქუჩის, მოედნის, კვარტალის და ა.შ. რელიეფის საპროექტო დონეებისა და მათზე შენობების განლაგების სქემა.

ვერტიკალური კუთხეები - ორ კუთხეს ვერტიკალური ეწოდება, თუ ერთი კუთხის გვერდები წარმოადგენენ მეორე კუთხის გვერდების დამატებით სხივებს. ვერტიკალური კუთხეები ტოლია.

ვერტიკალური მოძრაობა - ნივთიერი წერტილის მოძრაობა სიმძიმის ძალთა ველში, როდესაც საწყისი სიჩქარის ვექტორი მიმართულია ვერტიკალურად ზევით.

ვერტიუგადენი - პატარა, ამფითეატრის ტიპის, დატერასებული ამაღლებული ადგილი (ნახ. 1), ნახევრადწრული ამობურცული საფეხურებით გაკრეჭილი მწვანე ბალახის ფონზე. გამოიყენება როგორც სასცენო მოედანი შემკული ქანდაკებებით, ვაზებით და სხვ.

ვერფი - საწარმო, სადაც მიმდინარეობს გემების აგება, გამოცდა და დამკვეთისათვის ჩაბარება. ვ. შესაძლებელია დირიჟაბლების აგებაც.

ვერშოკი (რუს.) - სიგრძის ძველებური რუსული საზომი (არშინის 1/16 ნაწილი), უდრის 4,4 სმ-ს, იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.

ვერცხლი (ლათ.) - ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი Ag. თეთრი, ბზინვარე, რბილი, ძვირფასი ლითონი უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობით. ქიმიურად ნაკლებად აქტიურია. გამოიყენება სხვა კეთილშობილ ლითონებთან და სპილენძთან შენადნობების სახით საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების, ლაბორატორიული ჭურჭლის, სპეციალური აპარატურის ამონაგის, კატალიზატორების დასამზადებლად, ვერცხლ-თუთიის აკუმულატორებში, სარჩილის შემადგენლობაში, ფარმაცევტულ მრეწველობაში და სხვ. ასურეთში და ბაბილონში ვერცხლი ითვლებოდა წმინდა ლითონად და მთვარის სიმბოლო იყო. სასაქონლო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ; XVI ს-დან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა. ცნობილია 50 მეტი ვერცხლის მინერალი, რომელთაგან სამრეწველო მნიშვნელობისაა მხოლოდ 15…20. ვერცხლს იყენებენ მონეტებში, სამკაულებში, ჭურჭელში, ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ელექტროტექნიკაში კონტაქტებისთვის, კატალიზატორად ჟანგვის რეაქციებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებში

ვერცხლისწყალი - მძიმე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის თხევადი ლითონი, რომლის ორთქლი ძალიან საწამლავია. სიმბოლოა Hg. ვ. ერთ-ერთი ქიმიური ელემენტია (ერთადერთი ლითონი), რომლის მარტივი ნივთიერება ნორმალურ პირობებში იმყოფება თხევად აგრეგატულ მდგომარეობაში (მეორე ელემენტია - ბრომი). ბუნებაში არსებობს, როგორც თვითნაბადი ვერცხლისწყალი, ისე მინერალების შემადგენლობაში. ყველაზე ხშირად ვერცხლისწყალს ღებულობენ მისი მინერალიდან - კინოვარიდან მისი აღდგენით. ხსნის ოქროს, ვერცხლს, თუთიას, ტყვიას, სპილენძს, კალას, ნატრიუმს და ზოგიერთ სხვა ლითონს. ვ. და მისი შენაერთები გამოიყენება ტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში.

ვერხვი - ტირიფისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთოლმცვენი ხე (ნახ. 1). სწრაფმზარდია, კარგად ხარობს დრენირებულ, ტენიან ნიადაგზე, თუმცა გაშენება ყველანაირ ნიადაგზეა შესაძლებელი. ვერ იტანს დაჭაობებას, სინათლის მოყვარულია, ქარგამძლე, ფართოდ იყენებენ გასამწვანებლად. იზრდება მთისა და მდინარიპირა ტყეებში. ცნობილია 100-ზე მეტი სახეობა. ჩვენში მთისა და ჭალის ტყეებში ვერხვის 8 სახეობა იზრდება, მათ შორის ოფი, თეთრი ხვალო, კანადური, პირამიდული, მთრთოლავი ვ. და სხვ. ვ. ტყეებს პრაქტიკულად ყველგან შეიძლება შეხვდეთ. ჩრდილოეთით მისი გავრცელების საზღვარი 70-ე განედზე გადის, სამხრეთის საზღვარი კი მისთვის საერთოდ არ არსებობს, ის ნებისმიერ ადგილზე ხარობს, სადაც სითბო და ტენია. კავკასიის მთის ტყეებში ვერხვი მუხისა და სოჭის ხშირი თანამგზავრია, განსაკუთრებით კი მდინარისპირა ტერიტორიებზე. ვერხვი საერთაშორისო ჯიშია, იგი შეიძლება ნახოთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთში. რუსეთში მისი ტყეების ფართობი 18 მლნ ჰექტარია. ვ. მერქანი რბილი და მსუბუქია. გამოიყენება მშენებლობაზე, წვრილი სამეურნეო ინვენტარის, ევროპული სავაგონე ლამფის დასამზადებლად, ქაღალდის წარმოებაში. შეუცვლელი მასალაა ასანთის ღეროების, კასრების და ტარის დასამზადებლად.

ვერხვი თეთრი - 35 მ-მდე სიმაღლის 40 სმ-მდე დიამეტრის ხე, ფართო ქოლგისმაგვარი ვარჯით. ტანი და ტოტები დაფარული აქვს ღია ფერის ქერქით. იზრდება მდინარეების გასწვრივ. გამოიყენება ბაღ-პარკების გასაშენებლად და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად. მისი სამშობლოა ჩინეთი და ჰიმალაი.

ვერხვი შავი - 30 მ-მდე სიმაღლის 75 სმ-მდე დიამეტრის ხე, ძლიერი ვარჯით, მსხვილი ტოტებით. ხარობს დიდი მდინარეების სანაპიროებზე. სწრაფად იზრდება, მისი წლიური რგოლების (შრეების) სისქე 12 მმ-მდე აღწევს. ძირითადად გამოიყენება ქარსაცავი ზოლებისათვის (ნახ. 1), აგრეთვე დახერხილი მასალის დასამზადებლად. ვ.შ. სამშობლოა დასავლეთი ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა და მცირე აზია.

ვესტვერკი (გერმ.) - ეკლესიის მონუმენტური დასავლეთის ფასადი განლაგებული მთავარი ნეფის მართობულად. მასში მოთავსებულია ეკლესიის მთავარი პორტალი და პატრონიკე. ემსახურებოდა მეფის კარის საცერემონიო ღონისძიებებს და მიზნებს. პირველად ვ. გაჩნდა სირიაში, შემდეგ საფრანგეთში, გერმანიაში (ნახ. 1. უძველესი ვესტვერკი კორვეის სააბატოში, გერმანია) და ა.შ.

ვესტიბიული - 1. სადგომი საზოგადოებრივ შენობის შესასვლელთან, რომელიც ამ უკანასკნელს ძირითად ოთახებთან ან კიბის უჯრედთან აკავშირებს (ნახ. 1: აბუ-დაბის სასტუმროს ვესტიბიული - არაბთა გაერთიანებული საამიროები); 2. ტალანი რომაულ სახლში.

ვექტორები ანტიპარალელური - ორი ვექტორი, რომელთა სიდიდეები ტოლია, არიან პარალელური და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართულნი.

ვექტორები კოლინეარული - ერთი და იმავე წრფის პარალელური ვექტორები (იხ. კოლინეარობა).

ვექტორები კომპლანარული - ერთი და იმავე სიბრტყის პარალელური ვექტორები (იხ. კომპლანარობა).

ვექტორები ორთოგონალური - ვექტორები, რომელთა ერთმანეთზე სკალარული ნამრავლი ნულის ტოლია.

ვექტორების სხვაობა - ვექტორი, რომელიც ვექტორთან შეკრებისას გვაძლევს ვექტორს.

ვექტორების ტოლობა - ერთნაირი მიმართულების ვექტორები, რომელთა აბსოლუტური სიდიდეები ტოლია

ვექტორი (ლათ.) - ზოგიერთი ფიზიკური სიდიდე (მაგ., ძალა, სიჩქარე, აჩქარება) არ შეიძლება აიწეროს მხოლოდ თავისი რიცხობრივი მნიშვნელობით, ვინაიდან მათი სრული აღწერისათვის საჭიროა მიმართულების მითითებაც. ასეთ სიდიდეებს ვექტორული სიდიდეები ეწოდება. გეომეტრიული გაგებით ვექტორი არის მიმართული მონაკვეთი, რომელზეც ერთ-ერთი მიმართულება მიღებულია დადებითად.

ვექტორი აქსიალური (ღერძული ვექტორი) - ვექტორი, რომლის მიმართულება იცვლება კოორდინატთა მარჯვენა სისტემიდან მარცხენაზე გადასვლისას ან მარცხენიდან მარჯვენა სისტემაზე გადასვლისას. ასეთ ვექტორს ზოგჯერ ფსევდოვექტორს უწოდებენ.

ვექტორი ბმული - ვექტორი, რომლის სათავე იმყოფება სივრცის გარკვეულ წერტილში.

ვექტორი გადაადგილების - ვექტორი, რომელიც გამოსახავს წერტილის გადაადგილებას გარკვეული მიმართულებით; ამასთანავე, ვექტორის სათავე შეესაბამება წერტილის საწყის მდებარეობას, ხოლო ვექტორის ბოლო - წერტილის საბოლოო მდებარეობას.

ვექტორი თავისუფალი - ვექტორი, რომლის სათავე შეიძლება ავიღოთ სივრცის ნებისმიერ წერტილში, ე.ი. ეს არის ვექტორი, რომლის მიმართულება არ არის რაიმე განსაზღვრული წრფე.

ვექტორი საკუთრივი - ვექტორი, რომელიც მოცემული წრფივი გარდაქმნისას არ იცვლის თავის მიმართულებას დამხოლოდ სკალარზე მრავლდება.

ვექტორი სრიალა - ვექტორი, რომლის სათავე შეგვიძლია ნებისმიერად გადავაადგილოთ იმ წრფეზე, რომელზედაც ეს ვექტორი მდებარეობს.

ვექტორი უძრავი - იხ. ვექტორი ბმული.

ვექტორის აბსოლუტური სიდიდე (ვექტორის სიგრძე) - იმ მონაკვეთის სიგრძე, რომელსაც ვექტორი წარმოადგენს.

ვექტორის ბოლო - ვექტორის ორი ბოლოდან ის, რომელსაც გავივლით ბოლოს ვექტორის გასწვრივ მისი მიმართულების შესაბამისად გადაადგილებისას.

ვექტორის გეგმილი სიბრტყეზე (ღერძზე) - ვექტორი, რომლის სათავე მოცემული ვექტორის სათავის გეგმილია, ხოლო ბოლო მოცემული ვექტორის ბოლოს გეგმილია მოცემულ სიბრტყეზე. მოცემული ვექტორის გეგმილი რომელიმე x ღერძზე არის სკალარული სიდიდე, რომელიც უდრის ვექტორის სიდიდისა და ამ ვექტორის მიერ x ღერძის დადებით მიმართულებასთან შედგენილი კუთხის კოსინუსის ნამრავლს: გეგმ. x = a∙cosα, სადაც a - ვექტორის სიგრძე, α - კუთხე ვექტორსა და x ღერძის მიმართულებას შორის

ვექტორის მდგენელი (ვექტორის კომპონენტი) - თითოეული იმ ვექტორთაგანი, რომელთა ჯამსაც წარმოადგენს მოცემული ვექტორი.

ვექტორის მომენტი ღერძის მიმართ - ვექტორის მომენტი მოცემული ღერძის მიმართ ტოლია ამ ღერძის ნებისმიერი წერტილის მიმართ ვექტორის ვექტორული მომენტის გეგმილისა მოცემულ ღერძზე.

ვექტორის სათავე - ვექტორის ორი ბოლოდან ის, რომელსაც გავივლით პირველად ვექტორის გასწვრივ მისი მიმართულების შესაბამისად გადაადგილებისას.

ვექტორული აჩქარება - წერტილის ვექტორული აჩქარება დროის აღებულ მომენტში ეწოდება ვექტორული სიჩქარის პირველ წარმოებულს დროით ან წერტილის რადიუს-ვექტორის მეორე წარმოებულს დროით.

ვექტორული სივრცე - იგივეა, რაც წრფივი სივრცე. ზოგჯერ ტერმინს იყენებენ ნამდვილ რიცხვთა ველზე სასრული წრფივი სივრცის სინონიმად.

ვექტორული სიჩქარე - წერტილის ვექტორული სიჩქარე დროის აღებულ მომენტში ეწოდება რადიუს-ვექტორის პირველ წარმოებულს დროით.

ვიადუკი - ხიდი ღრმა ხრამებსა და ხეობებზე; არსებობს რკ.ბ.-ის, ლითონის, ქვის, ხის. მუშაობის სქემის მიხედვით - მრავალმალიანი (კამაროვანი, კოჭური) მაღალ საყრდენებზე (ნახ. 1).

ვიბრატორი (ლათ.) - სისტემა, რომელშიც შეიძლება აღიძვრას რხევები (მექანიკური, ელექტრომაგნიტური და სხვა). მაშასადამე, მოწყობილობას, რომლის დანიშნულებაა ვიბრაციის აღძვრა და გამოიყენება დამოუკიდებლად ან შედის მანქანების და ხელსაწყოების შემადგენლობაში, ვიბროაღმძვრელებს (ვიბრატორებს) უწოდებენ. მათ ფართო გამოყენება აქვთ მრეწველობაში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და ყოფა-ცხოვრებაში. ვ. იყენებენ ბეტონისა და რკინაბეტონის ნაკეთობების დამზადებისას, გრუნტებისა და საგზაო საფუძვლების შესამჭიდროებლად, ბუნკერებიდან მასალების ადვილად განტვირთვისათვის, ვიბროღარებსა და ვიბროკონვეიერებში ფხვიერი მასალის ტრანსპორტირებისათვის. ვ. საშუალებით აღძრული რხევების ამპლიტუდა და რხევის სიხშირე განსაზღვრავს ვიბრაციული წისქვილებისა და ცხავების მუშაობის ეფექტურობას. ყველაზე ფართო გავრცელება ცენტრიდანულმა ვ. მოიპოვეს. საშუალო ძრაობის ბეტონის ნარევებისა და საგზაო საფარების (200 მმ-მდე სისქით) შესამჭიდროვებლად გამოიყენება ზედაპირული ვ. – ვიბროაღმძვრელზე დამაგრებული ფოლადის ფილები. სიღრმითი ვ. გამოიყენება მონოლითურ და მსხვილ ასაკრებ რკინაბეტონის კონსტრუქციებში ბეტონის ნარევების შესამჭიდროვებლად. მათ აქვთ ელექტრული ან პნევმატური ამძრავი.

ვიბრაცია (ლათ.) - მექანიკური რხევები ტექნიკაში (მანქანებში, კონსტრუქციებში და სხვ.). სასარგებლო რხევების აღძვრა წარმოებს წინასწარ განზრახვით ვიბრატორების საშუალებით (ვიბრაციული მანქანების მუშა ორგანოებით) და მათ იყენებენ სხვადასხვა დარგში გარკვეული დანიშნულებით. მავნე ვ. თავად აღიძვრება მანქანების მუშაობის პროცესში და მისი გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. იგი არღვევს მანქანების მუშაობის რეჟიმს და იწვევს მანქანების მწყობრიდან გამოყვანას, მოქმედებს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობაზე. ასეთი ვ. ზემოქმედების ასაცილებლად მიმართავენ ვიბროიზოლაციას, მის ლიკვიდაციას ან შემცირებას.

ვიბრაციის ჩახშობა - დამყარებულია რხევების დინამიკური ჩახშობის პრინციპზე. ვიბროჩამხშობი ამორტიზატორებით უერთდება იმ დანადგარს, რომლის რხევებიც უნდა ჩავახშოთ. მისი მასა და ამორტიზატორთა სიხისტე ისე შეირჩევა, რომ იგი რეზონანსში მოხვდება რხევად მანქანა-დანადგართან და რხევები ჩაქრება. სამშენებლო პრაქტიკაში ვიბროჩამხშობები გამოიყენება ქარის დატვირთვის ქვეშ მყოფი მაღალი ნაგებობების ვიბრაციის შესამცირებლად. ასეთებია: თბოელექტროსადგურების საკვამლე მილები, ანტენის ანძები, წყალსაწნეო კოშკები და სხვ.

ვიბრაციული დაავადება - პროფესიული დაავადება, რომელსაც იწვევს სისტემატური მუშაობა ვიბრაციულ ჩარხზე, მანქანაზე, სტენდზე და სხვა ანალოგიურ დანადგარზე. ვ ი ბ რ ა ც ი ი ს ტრამვული მოქმედება დამოკიდებულია არა მარტო დრეკადი სხეულების კონსტრუქციების, ნაგებობების (როტორული მანქანები, საბურღი და სახეხი ჩარხები, ელექტრობურღი, სამოქლონავი ჩაქუჩი და სხვ.) ინტენსიურ და ხანგრძლივ რხევებზე, არამედ ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაზეც. ვ.დ. ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი ხელების და ფეხების მიდამოებში, ხელის თითების გათეთრება, ხელების და ფეხების კრუნჩხვა, მგრძნობიარობის მოშლა, ცუდი ძილი, თავის ტკივილი. მკურნალობა - სამკურნალო ტანვარჯიში, საკურორტო მკურნალობა, ვიტამინები, სისხლძარღვების გამაფართოებელი, განგრენის მაბლოკირებელი საშუალებები.

ვიბრაციული მანქანა - მანქანა, რომელსაც ტექნოლოგიური პროცესის შესასრულებლად ან ინტენსიფიკაციისათვის ესაჭიროება მუშა ორგანოსათვის რხევითი მოძრაობის მინიჭება. განასხვავებენ ვ. მ. მონო-, ბი- და მრავალჰარმონიული რხევებით და დარტყმისგარეშე და დარტყმით-ვიბრაციულს. გამოიყენებიან სამშენებლო წარმოებაში ბეტონის ნარევების შესამჭიდროვებლად; რკ.ბ.-ის ნაკეთობების დაყალიბებისათვის; გრუნტში ხიმინჯებისა და მილების ჩასასმელად; მასალების დასახარისხებლად ცხავებზე (ვიბროცხავი); მასალების ტრანსპორტირებისათვის (ვიბროკონვეიერები); მასალების დაფქვისათვის ვიბრაციულ წისქვილებში; კვების მრეწველობის დანადგარებში და სხვ

ვიბრაციული მოედანი - სტაციონარული ვიბრაციული დანადგარი ბეტონის ნარევის შესამჭიდროვებლად (ნახ. 1). გამოიყენება ძირითადად ასაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების დამზადების დროს. მუშა ორგანოს მოძრაობის ტრაექტორიის მიხედვით ვ.მ. არის ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად მიმართული და წრიული რხევებით, ხოლო მოძრაობის ხასიათის მიხედვით - ვიბრაციული და დარტყმით-ვიბრაციული. რხევების აღძვრა ხორციელდება ძალური (დებალანსებით) და კინემატიკური (მრუდხარა-ბარბაცა ამძრავი) მეთოდებით. სხვადასხვა ტვირთამწეობის ვ. სხვადასხვა რაოდენობის ვიბრობლოკებით აღიჭურვება. კონსტრუქციული შესრულების მიხედვით ვ. არის ჩარჩოიანი და უჩარჩოო, ხოლო ყალიბების მოედანზე დამაგრების მიხედვით - დამაგრების გარეშე და მექანიკური, პნევმატური, ჰიდრავლიკური და ელექტრომაგნიტური დამაგრებით. კონსტრუქციის მიხედვით ვ.მ. არსებობს სტაციონალური (რკ.ბ.-ის კონსტრუქციების ქარხნებისათვის) და გადასატანი (ნახ. 2), ტვირთამწეობის მიხედვით - მცირე (0,25...1 ტ), საშუალო (1...5 ტ) და მაღალი (5...20 ტ) ტვირთამწეობის.

ვიბრაციული სატკეპნები - მასალების შესამჭიდროებელი დანადგარი  იმპულსების ენერგიით, რომელიც ნაწილაკებს ანიჭებს აჩქარებას და აღძრავს ინერციის ძალებს. ნაწილაკების ურთიერთგადაადგილება იწვევს ნარევის შემჭიდროვებას. გლუვვალცებიანი ვიბრაციული თვითმავალი სატკეპნები მასით 6...8 ტ გამოიყენება ასფალტბეტონის, ხრეშის და სხვა მასალების საგზაო საფარების შესამჭიდროვებლად. ვ.ს. აღჭურვილია ვიბროვალცის რხევის ამპლიტუდის სარეგულირებელი მოწყობილობით. არსებობს თვითგადაადგილებადი (ბენზინის ან დიზელის ძრავით)(იხ. სატკეპნი) და ხელის (ნახ. 1).

ვიბრაციული ტრანსპორტი - ფხვიერ-ნატეხი მასალებისა და სითხეების გადაადგილება სატრანსპორტო მანქანების მოვიბრირე მუშა ორგანოებით. მას მიეკუთვნება ვიბრაციული კონვეიერები, მკვებავები, ბუნკერები, სარკინიგზო ვაგონების დამცლელები, ვიბრაციული ტუმბოები. ვ. ტ. განსაკუთრებით ეფექტურია მარცვლოვანი და წვრილნატეხი მასალების ტრანსპორტირებისათვის.

ვიბრაციული ურო (ჩამსობი) - ვიბრაციულ-დარტყმითი მოწყობილობა, რომელსაც იყენებენ რკ.ბ.-ის, ხისა და ლითონის ხიმინჯების, ბოძების, მილების, შპუნტების და სხვა ელემენტების ჩასასობად გრუნტში (ნახ. 1), გაყინული მასალების გასაფხვიერებლად, გრუნტის შესამკვრივებლად და ა.შ., დარტყმებისა და ვიბრაციის ერთობლივი მოქმედების გზით.

ვიბრაციული ცხავები - მანქანა მადნების, ხრეშის, ღორღის და სხვა ფხვიერი მასალების მარცვლების სორტირებისათვის სისხოს მიხედვით. არის ორი სახის: დახრილი - ინერციული წრიული რხევებით და ჰორიზონტალური - ინერციული მიმართული რხევებით (ნახ.1). დიდი მწარმოებლობის მსხვილგაბარიტიან ცხავებზე რეკომენდებულია მოდულური ვიბრობლოკის დაყენება, რომელიც შედგება მოკლე ლილვისაგან, რომლის კონსოლებზე დამაგრებულია საცვლელი დებალანსები.

ვიბრაციული წისქვილი - 1. წისქვილი, რომელიც გამოიყენება ცემენტის ზეწმინდა დაფქვისათვის (ნახ. 1. ვიბრაციული წისქვილი: 1-მუშა კამერა; 2-ჩასატვირთი მილყელი; 3-განტვირთვის სარქველი; 4-დრეკადი ელემენტები; 5-საყრდენი კონსტრუქცია; 6-ელექტროძრავი). არის ორი სახის: ინერციული და გირაციული. პირველში ვიბრაცია წისქვილის კორპუსს გადაეცემა დებალანსიანი ლილვისაგან, ხოლო მეორეში - წისქვილის დოლი წრიულ რხევით (გირაციულ) მოძრაობაში მოდის ექსცენტრიკული ლილვისაგან, რომელსაც იგი ეყრდნობა. ინერციული წისქვილის დოლის რხევის სიხშირე, რომელიც ეყრდნობა ზამბარებს, აღწევს 1500...3000 წთ-1; 2. ვიბრაციის პრინციპზე მომუშავე რაიმე ნივთიერების წვრილი ფრაქციის მისაღები მოწყობილობა. ვ. ხასიათდება დიდი წარმადობითა და ეკონომიურობით (მაგ., ქვიშისა და კირის მისაღები ვ. მშენებლობაზე, გრაფიტის წვრილი ფრაქციის მიმღები ვ. ფანქრების წარმოებაში და სხვ.).

ვიბრაციული ჭრა - ლითონების ჭრით დამუშავება, რომლის დროს მჭრელი ინსტრუმენტი (საჭრისი, ხერხი, ბურღი, დანა და სხვ.), ძირითადის გარდა, ასრულებს დამატებით მოძრაობას - ვიბრაციას. ვ.ჭ. გამოიყენება ძნელადდასამუშავებელი მასალების (უჟანგავი და მხურვალგამძლე შენადნობები) დამუშავების შესამსუბუქებლად. ჭრის დროს ხდება ბურბუშელას ავტომატურად დანაწევრებაც.

ვიბრობაქანი - ბეტონის ნარევის შესამკვრივებელი ვიბრაციული მანქანა, რომელსაც იყენებენ ქარხანაში და პოლიგონზე ბეტონისა და რკ.ბ.-ის ნაკეთობათა დამზადებისას (ნახ. 1). არსებობს წრიული, ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების.

ვიბროგრამა - ვიბრაციის პროცესის გრაფიკული გამოსახულება.

ვიბროგრაფი - იხ. ვიბრომეტრი.

ვიბროგურზი (რუს. Вибробулава) - მექანიზმი სიღრმითი ვიბრაციის შესაქმნელად ბეტონის ნარევის სრული ჩაწყობისა და გამკვრივებისათვის (ნახ. 1). გამოიყენება მასიური რკ.ბ.-ის კონსტრუქციების დასამზადებლად (კაშხალი, საძირკველი, სქელი საძირკვლის ფილა, საყრდენი კედელი და სხვ.).

ვიბროდემპფირება - მასალის მიერ მექანკური რხევის ენერგიის შთანთქმის და გაბნევის უნარი. მასალის დრეკადი დეფორმაციისას რხევითი ენერგია იხარჯება ხახუნზე და გარდაიქმნება თბურ ენერგიად. ვიბრომშთანთქმელით (ვიბრო მადემპფირებელი) დაფარვა გამოიყენება ფოლადის ფურლებისაგან დამზადებული გარსაცმების, შემოღობვის და სხვა დეტალების ვიბრაციის შესამცირებლად. ამ მიზნით ვიბრირებულ ზედაპირს ფარავენ დიდი შინაგანი ხახუნის მქონე მასალით.

ვიბროიზოლაცია - კეთდება შენობის საძირკველსა (კონსტრუქციას) და რხევად მანქანა-დანადგარს შორის ხისტი კავშირის მოცილების მიზნით, რისთვისაც ვიბრაციის წყაროსა და ფუნდამენტს შორის ათავსებენ დრეკად მასალას - ამორტიზატორს (რეზინი, ფოლადის, ზამბარა-რეზინის ან პნევმატიკური ამორტიზატორები და სხვ.).

ვიბრომეტრი - ხელსაწყო, რომელიც ზომავს რხევადი (მოვიბრირე) ტანის გადაადგილებას (ნახ. 1). ვ. ჩასაწერი მოწყობილობით ეწოდება ვ ი ბ რ ო გ რ ა ფ ი. გადაადგილების გაზომვის დიაპაზონი 0,1 მკმ-დან 1 მ-მდე რხევის სიხშირისას 10 ჰც - 20 კჰც. გამოიყენება სეისმოლოგიაში, გეოფიზიკაში, აგრეთვე სხვადასხვა მოწყობილობების ვიბრაციის შესასწავლად.

ვიბრორეცხვა - გამოიყენება მსუბუქი, საშუალო და ძნელადმოსაცილებელი მინარევებისაგან ქვიშების გასათავისუფლებლად. მარტივი ვიბრორეცხვა წარმოებს ვიბრაციულ ცხავებზე დასველების სისტემით მასალების ერთდროული რეცხვა-დახარისხებით. ძლიერგამრეცხი ვიბრაციული მანქანა წარმოადგენს ორ პარალელურ მილ-აბაზანას, ქვედა ნაწილში ხვრეტებით. აბაზანა ყენდება დახრილად ან ჰორიზონტალურად ზამბარიან ამორტიზატორებზე და ღებულობს წრიულ განივ რხევებს ინერციული ვიბრატორისაგან. თითოეულ მილ-აბაზანაში დაყენებულია წყლის გამშხეფი მოწყობილობა.

ვიბროსატკეპნი - საგზაო სატკეპნი, რომლის ერთ-ერთი ვალცი ასრულებს რხევით მოძრაობას.

ვიბროფილა - მამჭიდროებელი მანქანის ან დამოუკიდებელი ვიბრაციული დანადგარის მუშა ორგანო, რომელიც გამოიყენება შეუკვრელი გრუნტის, ქვიშა-ღორღის და სხვა მასალების შესამჭიდროებლად (შესამკვრივებლად). ყველაზე მეტადაა გავრცელებული შიგაწვის ძრავიანი თვითმავალი ვ.

ვიბროშტამპვა - რთული ფორმის რკ.ბ.-ის (წიბოვანი პანელი, გარსი, კიბის მარში და ა.შ.) ასაწყობი კონსტრყქციების და ნაკეთობების ფორმირების მექანიზებული მეთოდი, რომელიც ეფუძნება ბეტონის ვიბრაციის და შტამპისაგან (წნევა) დატვირთვის ერთობლივ მოქმედებას.

ვიბროჩაქუჩი - დარტყმითი მოქმედების ინსტრუმენტი მცირე მასის გადაადგილებადი მასით, გადაადგილების დიდი სიჩქარით და დარტყმის რაოდენობით 6000-მდე 1 წთ-ში. ამძრავი ჩვეულებრივ პნევმატიკურია. ვ. მიეკუთვნება სამოქლონო და ჩამრაზი პნევმატიკური ჩაქუჩები, ვიბრაციული სატკეპნელები და სხვ.

ვიგვამი - ჩრდილოამერიკელი ინდიელების (კერძოდ, ალგონკინების) გუმბათისებრი საცხოვრებელი სახლი (ნახ. 1). აკეთებენ ხის ტოტების, ლერწმის, ტყავისა და მისთანათაგან.

ვივარიუმი (ლათ.) - შენობა უპირატესად ლაბორატორიული ცხოველების შესანახად და გასამრავლებლად.

ვიზუალური (ლათ.) - მხედველობითი, თვალით წარმოებული.

ვითერიტი - მინერალი; მადანი რომლიდანაც იღებენ ბარიუმსა და მის მარილებს.

ვილა (ლათ.) - ქალაქგარეთა მდიდრული სახლი, აგარაკი (ნახ. 1). ძველ რომში ის გამოიყენებოდა, როგორც სეზონური საცხოვრებელი, კედლებს აშენებდნენ ქვისა და აგურისაგან, ინტერიერის მოსაწყობად კი უპირატესობა ეძლეოდა მარმარილოსა და გრანიტს, როტონდას სტილს, კოლონებსა და ძვირფას ფრესკებს. თანამედროვე ვ. არის ხმელთაშუაზღვის სტილის შედარებით მცირე არქიტექტურული ფორმა მიმდებარე მიწის ნაკვეთითა და გამწვანებით. როგორც წესი, ის არის ერთ- ან ორსართულიანი შენობა, აგებული ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან (ძირითადად მერქნისაგან), ორიგინალური სახურავითა  და ეზოში საცურაო აუზებით, კოლონადებით, პერგოლებით, ატრიუმებით, ტერასებით, ინტეგრირებული ზამთრის ბაღებითა და ა.შ. (ნახ. 2: ხის ვილა). ვ. აშენებენ საქვეყნოდ ცნობილ კურორტებზე და ის ყოველთვის მიბმულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილია დაცვის სათანადო სისტემითა და ელ- და წყალმომარაგების საინჟინრო კომუნიკაციებით. ნაციონალური და კლიმატური პირობების გავლენით ჩამოყალიბდა თანამედროვე ვილების 6 სახეობა: კლასიკური ხმელთაშუაზღვის, ესპანურ-მავრიტანული (ყველაზე მეტად გავრცელდა აშშ-ის სამხრეთში), ახალ ინგლისური, სკანდინავიური და თანამედროვე.

ვიმანა (სანსკრ.) - ინდურ არქიტექტურაში ტაძარი ან მისი მთავარი ნაწილი (ნახ. 1: ბრიჰადეშვარას X საუკუნის ინდუისტური ტაძარი თანჯავურთან, ტამილნადუს შტატში, ინდოეთი).

ვიმინალი - ერთ-ერთი შვიდ ბორცვთაგანი, რომელზედაც ქალაქი რომია გაშენებული.

ვიმპერგი (გერმ.) - გოთიკური შენობის კარების ან სარკმლის ღიობის თავზე მოთავსებული წვეტიანი, სამკუთხა მოჩუქურთმებული ფრონტონი (ნახ. 1).

ვინდიკაცია (ლათ.) - მესაკუთრის უფლება გამოითხოვოს თავისი ქონება სასამართლოს მეშვეობით იმ პირისაგან, რომელიც უკანონოდ ფლობს მას.

ვინდროზა - მცირე ზომის, ჩვეულებრივ, მრავალფრთიანი ქარბორბალი. მისი დანიშნულებაა ქარის ძრავის ავტომატური ორიენტაცია ჰაერის ნაკადის მიმართ.

ვინიეტი (ფრანგ.) - 1. ნაძერწი სამკაული ფანჯრის, კარის თავზე (ნახ. 1); 2. წიგნის ან ხელნაწერის თავში ან ბოლოში დართული გრაფიკული სამკაული ორნამენტის სახით; 3. მცირე ზომის ფერადი ეტიკეტი მიკრული ავტომობილის საქარე მინაზე შესაბამისი გადასახადის გადახდის დასადასტურებლად.

ვინილაცეტატი - ძმარმჟავას რთული ვინილური ეთერი CH3COOCH=CH2; უფერო სითხე სუსტი ცრემლმდენი მოქმედებით; tდუღ = 730C; სიმკვრივე 934 კგ/მ3; ადვილად განიცდის პოლიმერიზაციას პ ო ლ ი ვ ი ნ ი ლ ა ც ე ტ ა ტ ი ს მიღებით და სოპოლიმერიზაციას სხვა ვინილურ მონომერებთან ერთად. ვ. გამოიყენება პლასტმასების, ლაქების და წებოების დასამზადებლად

ვინილაცეტილენი - გაუჯერებელი ნახშირწყალბადი; მწვავე სუნის უფერო გაზი; tდუღ = 5,50C, სიმკვრივე 00C-ზე 687 კგ/მ3. ვ. ადვილად იჟანგება და განიცდის პოლიმერიზაციას. გამოიყენება წებოების მისაღებად და, როგორც ნედლეული, ქლოროპრენული კაუჩუკის წარმოებაში.

ვინილი - იხ. პოლივინილქლორიდი.

ვინილის სამოსი - გარკვეული ფორმის მასალა, დამზადებული სპეციალურად მაგარი (მტკიცე) პოლივინილქლორიდისაგან (PVC), რომელიც გამოიყენება, როგორც ექსტერიერის კედლის საფარი.

ვინილქლორიდი (ქლორიანი ვინილი, ქლორვინილი, ქლორეთილენი, ეთილქლორიდი) - უფერო აირი ქლოროფორმის მსგავსი სუსტი სუნით; ფორმულა C2H3Cl; tდუღ = –13,80C; სიმკვრივე -150C-ზე 973 კგ/მ3. ქ. არის ცეცხლ- და ფეთქებადსაშიში ტოქსიკური ნივთიერება. გამოიყენება პოლივინილქლორიდის და ძვირფასი სამრეწველო დანიშნულების სოპოლიმერების წარმოებაში.

ვინიპლასტი - გაუმჭვირი ხისტი თერმოპლასტიკური მასა, მიღებული პოლივინილქლორიდის და პერქლორვინილის საფუძველზე. მასში შედის აგრეთვე თერმო- და შუქსტაბილიზატორი, ანტიოქსიდანტები (მასალა, რომელიც ხელს უშლის მასალის რღვევას ექსპლუატაციის და გადამუშავების დროს), საპოხი მასალები (რომლებიც ამსუბუქებენ დამუშავებისა და გადამუშავების პროცესს), პიგმენტები (ფერადი ნაკეთობების მისაღებად). არ შედის პლასტიფიკატორი. ვ. უწვადი მასალაა, არა აქვს სუნი, კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, შედუღებას, შეწებებას, მედეგია მჟავებისა და ტუტეების მიმართ, მაგრამ არამედეგია არომატული და ქლორირებული ნახშირწყალბადების მიმართ. შესანიშნავად ეკვრის ხის, ლითონის და ბეტონის ზედაპირებს. გამოიყენება მილგაყვანილობის, ჭურჭლების, ფურცლების, პროფილების, იატაკის და კედლების მოსაპირკეთებელი ფილების დასამზადებლად. მშენებლობისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ფურცლოვანი ვ., რომელიც ქიმიურად მდგრადი პოლიმერული მასალაა. მზადდება სამი მარკის: BH - გაუმჭვირი ნატურალური ფერის ან შეღებილი; BП - გამჭირვალე, უფერო ან შეღებილი; ВНТ - გაუმჭვირი, არატოქსიკური. ფურცლის ზომებია: სიგრძე 1300...1500 მმ, სიგანე 500...650 მმ, სისქე 2...20 მმ. სიმკვრივე 1,3...1,6 გ/სმ3.

ვინკელი (გერმ.) - მართი კუთხის შესამოწმებელი სადურგლო იარაღი; გონიო.

ვინოლი - იხ. პოლივინილქლორიდი.

ვინტაჟი (ფრანგ) - 1. შენობის ინტერიერის სტილი, სადაც დეკორის ელემენტები ძველებურია ან შესრულებულია ძველებურ სტილში და გაერთიანებულია თანამედროვე ინტერიერთან; 2. სტილიზებული მიმართულება მოდაში, განსაკუთრებით ტანსაცმელში და სახლის ნივთებში, რომელიც გასული თაობების, ეპოქების, მოდის მიმართულებების აღორძინებაზეა ორიენტირებული; 3. ძველებური, კარგად შენახული და ფუნქციურად გამოსაყენებელი მექანიზმები და ხელსაწყოები; 4. ღვინო ან მოსავალი განსაზღვრული წლისა და ასაკის; 5. ძველებური, კარგად შენახული ხმის ჩამწერი აპარატი (ვინტაჟური ტექნიკა, Hi-End).

ვიოლერის მრუდი - იხ. დაღლილობის მრუდი.

ვირა - მშენებელთა, პორტის მტვირთავთა და მეზღვაურთა ტერმინოლოგიაში სიტყვა, რომელიც ამა თუ იმ ტვირთის მაღლა ატანის ბრძანებას შეესაბამება.

ვირაჟი (ფრანგ.) - 1. საავტომობილო გზის, ავტოსტრადის, ავტოდრომის, ველოტრეკის ან სპორტული ბილიკის ცენტრისკენ დაქანებული მოსახვევი ტრანსპორტის გვერდული სრიალის თავიდან აცილების მიზნით (ნახ. 1); 2. მობრუნება, მოხვევა, მრუდ ხაზზე მოძრაობა (თვითმფრინავისა, ავტომობილისა, გემისა და სხვ.); 3. ქიმიური ხსნარი, რომელშიც ავლებენ დაბეჭდილ სურათს გარკვეული შეფერილობის მისაცემად.

ვირემენტი (ფრანგ.) - საბანკო ოპერაცია, ერთი პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გადატანა მეორე პირის მიმდინარე ანგარიშზე.

ვირიდარიუმი - საცხოვრებელი სახლის გამწვანებული ეზო ან მცირე ბაღი მონასტრის პერისტილურ ეზოში (ნახ. 1). აქვს გეომეტრიული გეგმარება პატარა შადრევნით ან აუზით ეზოს ცენტრში და ყვავილნარები. ბაღის შემომზღუდავი სახლის კედლები დაფარულია ფრესკებით, რომელზედაც გამოსახულია მითიური ბაღის ხედები.

ვირტუალური - 1. რაც შეიძლება გამოვლინდეს სათანადო პირობებში, შესაძლებელი; 2. კომპიუტერულ (ინტერნეტურ) სამყაროსთან დაკავშირებული, წარმოსახვითი სინამდვილე.

ვირტუალური სიგრძე - ჰორიზინტალური სწორი გზის პირობითი სიგრძე, რომლის გავლაზე იხარჯება იგივე მუშაობა (იმდენივე დრო, საწვავი), რაც ნამდვილ უბანზე მთელი თავისი აღმართებითა და მოსახვევებით.

ვისგუერო - იხ. კუმარუ.

ვისკოზა - წყალში გაზავებული ცელულოზას ქსანტოგენატის ბლანტი ხსნარი NaOH. მიიღება ცელულოზას NaOH-ის ხსნარში (მერსერიზაცია) დამუშავების შედეგად - მიღებული ტუტოვანი ცელულოზას დაყოვნებით და შემდგომი დამუშავებით გოგირდნახშირბადში (CS2). ვ. აკეთებენ ვისკოზურ ბოჭკოს და ფირს (ცელოფანი).

ვისკოზიმეტრი - სიბლანტის გასაზომი ხელსაწყო. არსებობს ვ. კაპილარული, ბურთულოვანი, როტაციული და ულტრაბგერითი.

ვისკოზიმეტრია - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სიბლანტის გასაზომ მეთოდებს. სიბლანტის მნიშვნელობების დიდი დიაპაზონი (10–5 პა.წმ-დან გაზებისათვის 10–12 პა.წმ-მდე პოლიმერებისათვის), აგრეთვე სიბლანტის გაზომვის აუცილებლობა დაბალ და მაღალი ტემპერატურის და წნევის პირობებში (შეკუმშული გაზები, გამდნარი ლითონები და ა.შ.) მოითხოვს გაზომვის მეთოდების და შესაბამისად ვისკოზიმეტრების კონსტრუქციების მრავალფეროვნებას.

ვისკოზინი (ლათ.) - გამჭვირვალე ზეთი, რომელიც მიიღება მაზუთისაგან; იყენებენ ორთქლის მანქანების ცილინდრის შესაზეთად.

ვისკოზური ბოჭკო - ხელოვნური ბოჭკო, რომელიც მიიღება ვისკოზას ფორმირებით. დანიშნულების მიხედვით გამოდის უწყვეტი ძაფის ან შტაპელის სახით. ვ.ბ. მდგრადია ორგანული გამხსნელების მიმართ; იშლება ნორმალურ ტემპერატურაზე განზავებული მჟავების ზემოქმედებით. ვ.ბ. ნაკეთობა ხანმოკლე დროით შეიძლება გამოვიყენოთ 100...1200C ტემპერატურაზე. ხასიათდება დაბალი ელასტიურობით და დასველებისას კარგავს სიმტკიცის 25...30%. ვ.ბ. ქსოვილები გამოირჩევა კარგი შესახედაობით, ადვილად იღებება სხვადასხვა ფერად. მაღალი ტენშთანთქმის უნარის გამო სხვა სინთეზური ბოჭკოების ქსოვილებისაგან გამოირჩევა მაღალი ჰიგიენური თვისებებით.

ვიტრაჟი - სურათი ან ორნამენტული კომპოზიცია, რომელიც ავსებს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების და ნაგებობების სინათლის ღიობებს, ნიშებს და ა. შ.; მონუმენტალურ-დეკორატიული ხელოვნების სახეობა (მხატვრობა მინაზე); დიდი ფართობის მქონე შემინული სინათლის ღიობი (ნახ. 1). მზადდება ლითონის, პლასტმასის, ხის კარკასში ჩასმული ჩვეულებრივი ან ფერადი სხივგამტარი მასალისაგან (კვარცის მინა, ნაწრთობი მინა, ორგანული მინა, მინატექსტოლიტი და სხვ.).

ვოლასტონიტი - სილიკატების კლასის მინერალი.

ვოლიერი (ფრანგ.) - შემოღობილი ადგილი, სათავსი ცხოველებისა და ფრინველებისათვის.

ვოლიუტა (ლათ.) - ხვიარა სპირალის სახით, სკულპტურულად შესრულებული ორნამენტული დეტალი ცენტრში მოთავსებული რგოლით („საჭვრეტელით“). ვოლიუტა იონური, კორინთული, კომპოზიტური კაპიტელებისა და სხვა არქიტექტურული ფორმების (მაგ. ბაროკულ არქიტექტურაში კარ-ფანჯრების მოჩარჩოების) შემადგენელი ნაწილია (ნახ. 1).

ვოლტამპერფაზომეტრი - ავტომატიზირებული უნივერსალური ხელსაწყო, რომლის დანიშნულებაა წარმოების მთავარი ენერგეტიკოსის, ავტომატიკისა და სარელეო დაცვის სამსახურის, ენერგოზედამხედველობისა და ენერგოგასაღების მუშაობის უზრუნველყოფა. მას შეუძლია მუდმივი ძაბვის, სამრეწველო სიხშირის, ცვლადი დენისა და ძაბვის, ძაბვასა და ძაბვას, დენსა და დენს, დენსა და ძაბვას შორის ძვრის კუთხისა და ერთდროულად წრედის სრული სიმძლავრის სიხშირის და სამფაზა სისტემაში ფაზათა თანმიმდევრობის განსაზღვრა.

ვოლტი - ელექტრული ძაბვის, ელექტრულ პოტენციალთა სხვაობის, ელექტრო-მამოძრავებელი ძალის (ემძ) ერთეული, რომელიც შედის SI სისტემაში. ქართული აღნიშვნაა ვ, საერთაშორისო - V. 1 ვ არის ძაბვა, რომელიც ელექტრულ წრედში იწვევს 1 ა ძალის მუდმივ დენს 1 ვტ სიმძლავრის დროს.

ვოლტმეტრი - მუდმივი და ცვლადი დენის წრედში ელექტრული ძაბვის გასაზომი ხელსაწყო. არსებობს ანალოგური (ისრული და შუქური მაჩვენებლით) და ციფრული (მექანიკური, ელექტრომექანიკური და ელექტრული ინდიკატორებით). ირთვება დენის წრედში დატვირთვის ან ელექტრული ენერგიის წყაროს პარალელურად. გაზომვის ზღვრის გასაფართოებლად იყენებენ დამატებით წინააღმდეგობას, გამყოფს და ძაბვის ტრანსფორმატორს. ვ. ძაბვის გაზომვის დიაპაზონი - მილივოლტის ნაწილიდან კილოვოლტამდე. თუ გასაზომი ძაბვა მეტია 1 კვ-ზე, მაშინ გამოიყენება ს ტ ა ტ ი კ უ რ ი  ვ ო ლ ტ მ ე ტ რ ი.

ვოლფრამი - ქიმიური ელემენტი, სიმბოლო W, ატ. მ. 183,85. მძიმე ძნელდნობადი ღია-ნაცრისფერი მეტალი; სიმკვრივე 19300 კგ/მ3, tდნ = 34100C. ბუნებაში გვხვდება ვოლფრამის მინერალის (Fe, Mn)WO4 და შეელიტის (CaWO4) სახით, საიდანაც მას ღებულობენ. ფართოდ გამოიყენება ფოლადის ლეგირებისათვის, მაგარი, ცვეთამედეგი და მხურვალმედეგი შენადნობების წარმოებაში (იხ. ვოლფრამის შენადნობები), ნათურებში ვარვარების ძაფისათვის, აგრეთვე რადიოტექნიკაში და რადიოელექტრონიკაში დეტალების დასამზადებლად.

ვოლფრამის შენადნობები - შენადნობები ვოლფრამის საფუძველზე მალეგირებელი ელემენტების დამატებით. ლეგირებისათვის გამოიყენება მეტალები (მოლიბდენი, სპილენძი, ნიკელი, ვერცხლი, რენიუმი და სხვ.), ჟანგეულები (ThO2), კარბიდი (TaC) და სხვ. შენაერთები. ვ. შ. მიიღება ფხვნილთა მეტალურგიით ან კომპონენტების დნობით რკალურ და ელექტროსხივურ ღუმელებში. პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება შ ე ც ხ ო ბ ი ლ ი ვ. შ.

ვორსონიტი - რულონური საფარი იატაკისათვის ქიმიური ბოჭკოების საფუძველზე (ნახ. 1). მიიღება პოლიპროპილენისა და პოლიამიდის ქიმიური შტაპელური ბოჭკოების დასვრეტით, ქიმიური და ბუნებრივი ბოჭკოების ნარჩენების დამატებით და შემდგომი გაჟღენთვით შემკვრელ პოლიმერებში. გამოიყენება იატაკზე დასაფენად, როგორც მეორადი საფენი (ხალიჩა), ისეთ სათავსებში, სადაც არ არის ხალხის ინტენსიური მოძრაობა და ზედაპირზე გამორიცხულია წყლის, ზეთის, ცხიმის და აბრაზიული მასალების მოხვედრა. გამოდის რულონების სახით, რომლის სიგრძეა 12...20 მ, სიგანე - 1,3...1,7 მ, სისქე - 5 მმ.

ვულკანი - 1. კონუსური მთა, რომლის მიწის წიაღიდან დროდადრო ცეცხლი, გავარვარებული ლავა და ფერფლი ზედაპირზე ამოინთხევა; 2. ცეცხლისა და მჭედლობის მფარველი ღმერთი რომში, იგივეა, რაც ბერძნული ჰეფესტო. გამოისახებოდა ღონიერ ვაჟკაცად, რომელსაც ხელში სამჭედლო ურო ეჭირა.

ვულკანიზატორი - 1. აპარატი, რომლითაც არემონტებენ ავტომობილის, ველოსიპედის და მისთ. დაზიანებულ კამერებსა და საბურავებს; 2. ნივთიერება, რომელიც კაუჩუკთან შეერთებით წარმოქმნის რეზინს; 3. მუშა, რომელიც ვულკანიზაციაზე მუშაობს.

ვულკანიზაცია (ვულკანიზება) - კაუჩუკის დამუშავება გოგირდით ან სხვა ნივთიერებით მისგან რეზინის მისაღებად.

ვულკანოგენური - ვულკანური წარმოშობისა.

ვულკანური - ვულკანის მოქმედებასთან დაკავშირებული.

ვულკანური წიდა - ვულკანური წარმოშობის ფორებიანი ქანი. გამოიყენება მსუბუქი ბეტონის დასამზადებლად. დიდი რაოდენობით მოიპოვება საქართველოში (ოკამის კარიერი).

ვულკანუსი - იხ. ვულკანი.

ვულკანფიბრა (ლათ.) - ვულკანიზებული ფიბრა, ძალიან მაგარი ტყავისებრი მასალა, რომელსაც იღებენ ქაღალდის და სხვა ბოჭკოვანი მასალის ვულკანიზაციით; იყენებენ ღვედების, ჩემოდნების, საიზოლაციო ფირფიტების დასამზადებლად.

ვუტი - რკ.ბ.-ის კონსტრუქციის განივკვეთის მდოვრე გამსხვილება საყრდენთან.

ზათქი - ძლიერი, გამაყრუებელი ხმა, ხმაური.

ზაკომარა - შენობის გარე კედლების ნახავარწრიული ზედა ნაწილი (ნახ. 1). იმეორებს კედლის უკან მდებარე ცილინდრული კამარის მოხაზულობას (რუსულ არქიტექტურაში გავრცელებული ტერმინი).

ზამბარა - 1. ფოლადის დრეკადი ზოლი (ან მავთული), უპირატესად სპირალის სახით დახვეული, რომელიც დატვირთვისას  განიცდის დიდ დეფორმაციას; 2. მანქანის ან მექანიზმის ნაწილი (დეტალი), რომელიც დეფორმირების შემთხვევაში შთანთქავს, აგროვებს და გასცემს მექანიკურ ენერგიას. ზ. შეიძლება იყოს ცილინდრული (ნახ. 1), კონუსური, თეფშისებრი, რგოლური, ფირფიტებიანი და სხვა. განასხვავებენ ღუნვის, გრეხვისა და გაჭიმვა-კუმშვის ზ.; ზ. ფართო გამოყენება აქვთ ტექნიკაში: დარტყმითი დატვირთვების შესარბილებლად, ვიბროიზოლაციისათვის, ძალების გასაზომად (დინამომეტრებში), მექანიზმების ასამოძრავებლად და სხვა. მათ ამზადებენ მაღალნახშირბადიანი ლეგირებული (მანგანუმით, კაჟით, ქრომით) ფოლადებისაგან. ზ. წარმოადგენს სხეულების მასის გასაზომი ხელსაწყოების ძირითად მუშა ელემენტს.

ზამთრის ბაღი - დიდი შემინული სათავსი ან სათავსის ნაწილი ეგზოტიკური მცენარეების გამოსაყვანად (ნახ. 1). აფორმებენ წყლის აუზებით, ფონტანებით, ქანდაკებებით და ა.შ.

ზანდუკი - 1. ხის სახურავიანი ყუთი, გარედან ჩვეულებრივ თუნუქით შემოჭედილი; ხმარობენ საოჯახო ნივთების (ზოგჯერ სანოვაგის) შესანახავად (სკივრი); 2. სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუდამაყრის ხეობაში; 3. უცხო სიტყვა, რომელსაც ქართულად კიდობანი ქვია; 4. ძვ. სარჩევი (წიგნისა).

ზანზალაკი - მცირე ზომის ზარი.

ზანზარი - ძლიერი და სწრაფი რყევა ძალიან დიდი საგნებისა.

ზარადხანა - ძვ. არსენალი; შენობა, სადაც წარმოებდა სამხედრო იარაღის დამზადება, შეკეთება და შენახვა.

ზარაზინი - ძვ. დიდი ეჟვანი.

ზარალი - სახელმწიფოს, მეწარმის, მომხმარებლის ან შუამავლის მატერიალური, ქონებრივი და ფინანსური დანაკარგი, რაც გამოწვეულია სამეურნეო-ფინანსური კავშირების მოშლით, სასაქონლო და ფულადი მასის ბალანსის დარღვევით, გაფიცვებით, სტიქიური უბედურებით, შენობა-ნაგებობების ავარიებით, კონფლიქტებით, საომარი მოქმედებებით და ა.შ.

ზარაფხანა - მონეტების, ორდერების, ფულის და სხვა სახელმწიფო ნიშნების დამამზადებელი სახელმწიფო საწარმო.

ზარდახშა - მცირე ზომის, ყუთი ან კოლოფი, რომელსაც მაღალ დეკორატიულად გაფორმებული გარე ზედაპირი აქვს.

ზარზმის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტი). შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში (ნახ. 1). უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს მეფე დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ. ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას). ზ.მ. სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

ზარი - 1. სპილენძის შენადნობისაგან ჩამოსხმული ღრუ ნაკეთობა კონუსის ფორმისა, რომელსაც შიგნით თავმსხვილი ღერო (ენა) ჰკიდია ხმის გამოსაცემად (ნახ. 1: საეკლესიო ზარი); 2. „რვალის დიდი სარეკელი“ (საბა); 3. მოწყობილობა ბგერითი სიგნალისათვის; 4. ზარის ხმა; 5. (სპარს.) უზომო შიშით ან რაიმე საშინელი სანახაობით, ამბით გამოწვეული შეშფოთება, ელდა; 6. (სპარს.) სამგლოვიარო, უსიტყვო გალობა მიცვალებულის გასვენებისას; 7. (სპარს.) მოთქმით ტირილი, დატირება, ვისიმე გლოვა.

ზარნიში (სპარს.) - ლითონის ნივთებზე ამოჭრილი სხვადასხვა სახე, ოქროთი ან ვერცხლით ამოვსებული.

ზასტრუგა - უძრავი, ქარის მიმართულებით გადაჭიმული ვიწრო და მყარი თოვლის თხემის სახელწოდება. სიგრძე რამდენიმე მეტრამდე, სიმაღლე 1,5 მ (ჩვეულებრივ 20…30 სმ). წარმოიქმნება თოვლის ზედაპირზე ქარისმიერი ეროზიისა და აკუმულაციის შედეგად. გვხვდება პოლარულ და ზომიერ სარტყლებში. ქვიშის დიუნებისგან განსხვავდება იმით, რომ შესამჩნევად არის გაბატონებული ქარის მიმართულებით. აქვს მომრგვალო ქარპირა და ციცაბო ქარზურგა კალთები. ის ზედაპირის უსწორმასწორობათა ერთობლიობაა, წარმოქმნილი ქარისმიერი ეროზიის, თოვლის ნაწილაკების სალტაციისა და აკუმულაციის ხარჯზე. ქარპირა მხარეს ხშირად წარმოქმნის კარნიზებს. დიდი ველები იქმნება ფართო ქარიან მოსწორებულ ზედაპირებზე, განსაკუთრებით მსხვილი მყინვარული საფრების ფერდობებზე, სადაც დამახასიათებელია კატაბიტიკური ქარი. ზასტრუგის სახელწოდებით ზოგჯერ აღნიშნავენ ქვიშაქვის ან კენჭნარის წყალქვეშა ცელას. ზასტრუგა საერთაშორისო მნიშვნელობის ტერმინია.

ზაჰესი - 1. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ნახ. 1); 2. ყოფილი მუშათა დასახლება მცხეთის მუნიციპალიტეტში.

ზებგერითი - რაც აღემატება ბგერის გავრცელების სიჩქარეს.

ზეგამტარობა - ლითონის ელექტრული წინაღობის პრაქტიკულად სრული გაქრობის მოვლენა მისი გაცივებისას გარკვეულ, ე.წ. კრიზისულ ტემპერატურაზე დაბლა.

ზეგანაკვეთური მუშაობა - სამუშაო, რომელიც სრულდება სამუშაო დროის დაწესებული ხანგრძლივობის დამთავრების შემდეგ. ზ.მ. არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში და 120 საათს - ერთი წლის განმავლობაში.

ზეგანი - 1. ვაკე ადგილი მთაზე, მაღლობზე; 2. ვაკე (ან მცირე გორაკებიანი) ადგილი ზღვის დონიდან 200 (და მეტ) სიმაღლეზე

ზედა ბუნებრივი განათება - სათავსების ბუნებრივი განათება სანათურებით, გადახურვის შუქღიობებით და შენობებს შორის სიმაღლეთა ვარდნილობის ადგილებში გარე კედლების შუქღიობებით.

ზედა სახის დამუშავება - სხვადასხვა მადნეულის ღია მოპოვება, სამთო-ქიმიური მრეწველობისათვის განკუთვნილი ნედლეული და სამშენებლო ქანები, ძალზედ იშვიათად ნახშირის ბუდობები.

ზედაბალი ძაბვის დანადგარი - ელექტროდანადგარი ნომინალური ძაბვით 36 ვ-ის ჩათვლით.

ზედადგარი - 1. რკინის სამფეხა - ქვაბისა და მისთ. ცეცხლზე შესადგმელად; 2. „ქვაბთ დასადგმელი“ (საბა)

ზედაზნის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე (ზღ.დ. 1390 მ), საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე. კომპლექსში შედის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (ნახ. 1), ციხე-გალავანი და კლდეში ნაკვეთი სენაკები. ისტორიული ცნობებით, ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წელს) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა). VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე. ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა.

ზედამხედველობა მშენებლობაში - ზედამხედველობა ასაშენებელი ობიექტის ხარისხიანად შესრულებაზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ფუნქციების მიხედვით განასხვავებენ საავტორო, ტექნიკურსა და სახელმწიფო ზედამხედველობას.

ზედამხედველობა საავტორო - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე დაწესებული ზედამხედველობა, რომელსაც აწარმოებს საპროექტო ორგანიზაცია.

ზედამხედველობა სახელმწიფო - ობიექტის მშენებლობაზე ზედამხედველობა პროექტიდან გადაცდომების და დარღვევების გამოვლენის და მათი აღმოფხვრის მიზნით; ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების და სტანდარტების დაცვა. ახორციელებს სახელმწიფო ორგანოები.

ზედამხედველობა ტექნიკური - სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად შესრულების მიმდინარეობაზე დაწესებული ზედამხედველობა, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ზედამხედველობა ხარისხზე - ობიექტის მდგომარეობაზე უწყვეტი დაკვირვება და შემოწმება, აგრეთვე ოქმების ანალიზი დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.

ზედაპირები იზოსტატიკური - სამ ორთოგონალურ ზედაპირთა სისტემა, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ მთავარი ძაბვების წირების გასწვრივ.

ზედაპირთა თეორია - დიფერენციალური  გეომეტრიის  დარგი,  რომელიც შეისწავლის ზედაპირთა თვისებებს. ზედაპირთა თეორიაში იკვლევენ ზედაპირის ფორმას, მის სიმრუდეს, ზედაპირზე სხვადასხვა გვარის წირების თვისებებს და სხვ

ზედაპირი - 1. გეომეტრიის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. ლოგიკური დაზუსტების დროს ეს ცნება გეომეტრიის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. ევკლიდეს სამგანზომილებიან სივრცეში ზედაპირი ეწოდება წერტილთა სიმრავლეს, რომელთა კოორდინატები აკმაყოფილებენ  w(x,y,z) = 0 სახის განტოლებას (ზედაპირის არაცხადი სახის განტოლება)  ან განტოლებას  z = f(x,y) (ცხადი სახის  განტოლება). ზედაპირის განტოლება ხშირად ჩაიწერება პარამეტრული სახით:  x = x(u,v),  y = y(u,v),  z = z(u,v), სადაც u, v ადგენენ წერტილთა რაიმე სიმრავლეს  (არეს)  (u,v) სიბრტყეზე. ანალიზურ გეომეტრიაში ზედაპირები სივრცეში გამოისახება განტოლებებით, რომლებიც აკავშირებენ მათ კოორდინატებს, მაგ. Ax+By+Cz+D = 0 სიბრტყის განტოლება და x2+y2+z2 = R2 - სფეროს განტოლება. პირველი რიგის ზედაპირებია სიბრტყეები, ხოლო მეორე რიგისა - ელიფსოიდები, ჰიპერბოლოიდები, პარალოიდები, კონუსური და ცილინდრული ზედაპირები, რომელთა მიმმართველებია მეორე რიგის წირები; 2. რისამე გარეთა, ზედა მხარე. ზედა ნაწილი

ზედაპირი ეკვიპოტენციური - პოტენციალთა დონის ზედაპირი, რომლის ყველა წერტილს აქვს ერთნაირი პოტენციალი

ზედაპირი ნივთიერი - ზედაპირის ფორმის უწყვეტი გარემო, რომელიც წარმოქმნილია უწყვეტად განაწილებული ნივთიერი წერტილებით.

ზედაპირი ცალპირა - ზედაპირი, რომელსაც არა აქვს ორი განსხვავებული მხარე

ზედაპირის გამოსხივების კოეფიციენტი - კონსტრუქციის ზედაპირის ერთეულის მიერ თბური გამოსხივების სიდიდის შეფარდება აბსოლუტურად შავი ტანის ზედაპირის ერთეულის თბური გამოსხივების სიდიდესთან, ერთნაირი ტემპერატურის პირობებში.

ზედაპირის დამცავი დამუშავება - სამშენებლო ნაკეთობის ან კონსტრუქციის ზედაპირის ქიმიური, ფიზიკური ან ელექტროქიმიური დამუშავება, რომელიც ამაღლებს ზედაპირული შრის კოროზიამედეგობას.

ზედაპირის სიმქისე - მცირებიჯიან უსწორობათა ერთობლიობა, რომელიც ქმნის ზედაპირის რელიეფს. მისი რიცხობრივი განსაზღვრის პარამეტრები, ტერმინები და აღნიშვნები სტანდარტიზებულია.

ზედაპირის შლილი - ღუნვადი მრუდე ზედაპირის შლილი - ბრტყელი ფიგურების სიმრავლე, რომლებიც მოცემული ზედაპირის ნაჭრების იზომეტრულია და რომლებიდანაც შეიძლება ამ ზედაპირის შეწებება. მაგ., მართი წრიული კონუსის შლილი არის წრიული სექტორი. მართი წრიული ცილინდრის შლილია მართკუთხედი

ზედაპირულად აქტიური ნივთიერება - ნივთიერება, რომელსაც ფაზათა გაყოფის ზედაპირზე ადსორბირებისა და ზედაპირული დაჭიმულობის მნიშვნელოვნად შემცირების უნარი აქვს. ზ. ა. ნ. ახასიათებს მყარი სხეულების წყლით დასველებადობის და დისპერსიული სისტემების (ემულსიის, ქაფის, სუსპენზიის) მდგრადობის ცვლილების უნარი. ტიპური წარმომადგენლებია საპონი და სარეცხი საშუალებები.

ზედაპირული ენერგია - თერმოდინამიკაში ენერგიის სიჭარბე სხეულთა (ფაზების) შეხების ზედაპირზე ნივთიერების თხელ ფენაში, იმ ენერგიასთან შედარებით, რომელიც სხეულის შიგნითაა.

ზედაპირული სახის დამუშავება - ბუნებრივი სამშენებლო ქანების და მადნეული საბადოების უმნიშვნელო ნაწილის დამუშავება ჰორიზონტალური და დამრეცი ბუდობების არსებობისას. კარიერები ამ დროს არაღრმაა (40...60 მ). აქვს შედარებით მუდმივი სიღრმე. გადასახსნელი ქანები სხვადასხვაგვარია, უფრო ხშირად რბილი და ნახევრადკლდოვანი.

ზედაპირული სიმტკიცე - გაჭიმული ღეროს თხელი ზედაპირული ფენის სიმტკიცე, რომელიც ზოგჯერ გაცილებით მეტია ღეროს შიგნით მასალის სიმტკიცეზე.

ზედაპირული ტალღები - დრეკადი ტალღები, რომლებიც გავრცელებულია მყარი სხეულის თავისუფალ ზედაპირზე ან მყარი სხეულის სხვა სხეულთან საზღვრის გასწვრივ. საზღვრიდან დაშორებისას ეს ტალღები ქრება.

ზედაპირული ძალა - 1. მექანიკაში - ძალა, რომელიც მოდებულია სხეულის ზედაპირის წერტილებზე. ასეთი ძალებია ყოველგვარი საყრდენის რეაქცია, წევის ძალა, გარემოს წინაღობის ძალა და ა.შ.; 2. ძალა, რომლის მოქმედება განაწილებულია სხეულის ზედაპირზე ან მის ნაწილზე. მაგ., დატვირთვა, რომელიც აღებულ სხეულზე სხვა სხეულის დაწოლით წარმოიშობა ან დაწოლა, რომლითაც სხეულის ნაწილები მოქმედებენ ერთიმეორეზე იმ კვეთაზე, რომელიც მას ჰყოფს ორ ნაწილად.

ზედაციხე - შიდაციხე, შუაციხე, ციტადელი; დასახლების (ქალაქის) შიგნით, ჩვეულებრივ, მაღალ, გაბატონებულ ადგილზე განლაგებული ციხე-სიმაგრე.

ზედენადობა - კვანტური სითხის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც სითხე უხახუნოდ გაედინება ვიწრო ხვრელებსა და კაპილარებში.

ზედნადები - საბუთი, რომელიც თან მიჰყვება სადმე გადასატან ტვირთს, ვინმესთვის გადასაცემ საქონელს.

ზედნადები დანახარჯი - ამა თუ იმ რესურსის გამოყენებაზე გაწეული დანახარჯი, რაც იზომება ამ რესურსის ყველაზე უკეთესი ალტერნატიული გზის გამოუყენებლობით გამოწვეული დანაკარგებით. ხელიდან გაშვებული, გამოუყენებელი შესაძლებლობების დანახარჯი.

ზედნადები ხარჯები - 1. სამშენებლო წარმოების მართვისა და სამეურნეო მომსახურეობის ხარჯები, რომელიც შედის (დიფერენცირებულ ზომებში) პირდაპირ ხარჯებთან ერთად სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებაში; 2. ირიბი ხარჯები, რომლებიც წარმოების ტექნოლოგიურ პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობენ (წარმოების მართვისა და მომსახურების ხარჯები, არამწარმოებლური ხარჯები და სხვ.). ზ.ხ. წარმოების მოცულობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მუდმივი ან ცვალებადი.

ზედსადები - დეტალი, რომელიც რაიმეზე ზემოდან დასადებად გამოიყენება.

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში - მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი (ნახ. 1). ის ფიდიოსის ნამუშევარია; დამზადებული იყო ხისგან და მოპირქეთებული ოქროთი და სპილოს ძვლით. ზ.ქ.ო. - ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა. ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე - 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯდარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს - ოქროს ფოთლები, ცალ ხელში ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსის სავარძლი სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროს ქანდაკებებით ყოფილა დამშვენებული.

ზეთი - ცხიმოვანი თხევადი ნივთიერება, რომელიც მცენარეული და მინერალური ნივთიერებების გადამუშავებით მიიღება. არსებობს ზ. უამრავი სახეობა, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ: აბუსალათინის, ბელეკონის, ეთერის, ვაზელინის, ზეითუნის, კანაფის, კედარის, მერქნის, საავიაციო, საავტომობილო, საკომპრესორო, სამანქანო, საპოხი, სატრანსფორმატორო, სინთეზური, ზეთისხილის, ტუნგოს, ფისოვანი, ფიჭვის, შრობადი, ძრავის და სხვ

ზეთი ინდუსტრიული - ნავთობის საპოხი ზეთი სამრეწველო დანიშნულების ჩარხებისა და მექანიზმებისათვის.

ზეთი ნამუშევარი - ტექნიკური ზეთი, რომელმაც ამოწურა მუშაობის ვადა ან დაკარგა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი საექსპლუატაციო თვისებები და გადმოსხმულია მუშა სისტემიდან.

ზეთი რეგენერაციული - ტექნიკური ზეთი აღდგენილი საექსპლუატაციო თვისებებით, რომელიც მიიღება ნამუშევარი ზეთის გაწმენდით ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით.

ზეთი ტექნიკური - მინერალური ნავთობპროდუქტი, რომელიც გამოიყენება, როგორც შემზეთ-გამაგრილებელი სითხე, პლასტიკური შეზეთვის კომპონენტი, საიზოლაციო მასალა და ა.შ.

ზეთი ტრანსმისიური - ნავთობის სპეციალური ზეთი სიჩქარის გადაცემათა კოლოფისა და წამყვანი ხიდის მექანიკური ტრანსმისიისათვის. მისი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ საზეთ ზედაპირებზე ქმნის მტკიცე ფირს, რომელიც დეტალების კონტაქტისას უძლებს დიდ დატვირთვებს.

ზეთი ძრავის - ნავთობის საპოხი ზეთი შიგაწვის დგუშიანი ძრავისათვის.

ზეიგერვა - მყარი შენადნობების შემადგენელ ნაწილებად დაყოფის ხერხი, რომელიც დაფუძნებულია მათი დნობის ტემპერატურის სხვადასხვაობაზე. ზ. გამოიყენება ცეცხლის ალის ამრეკლი ღუმელი დახრილი ქვედით.

ზეინკალი - ხელოსანი, რომელიც ლითონის ნაკეთობების დამზადებაზე, აწყობაზე და შეკეთებაზე მუშაობს.

ზეკარი - იგივეა, რაც უღელტეხილი

ზემო ბეთლემი - თბილისში ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი XVIII-XIX ს. სახით არის მოღწეული (ნახ. 1). 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ნაგებობაა და ქვით მოპირკეთებული აგურის სუბსტრუქციაზეა აღმართული. გუმბათი აბსიდის შვერილებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. მკვეთრად წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში ბურჯების კიდევ ერთი წყვილია. ყვითელი ქვის პერანგითაა შემოსილი აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადები, გუმბათი. კარნიზები ქვისაა; შერეული წყობაა სამხრეთ ფასადზეც. ეზოში, აღმოსავლეთ კუთხეში XVII საუკუნის, თაღებით გახსნილი სამრეკლო დგას. პირველი ორი სართული აგურისაა, მესამე ქვისაა და ახლად დაშენებული.

ზემოქმედება - ერთი ობიექტის მეორესთან ურთიერთქმედების პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს სტატიკური, დარტყმითი, იმპულსური, შემაშფოთებელი, ჰარმონიული, ზოგადად - სტატიკური და დინამიკური.

ზემსუბუქი - სხეული, რომლის წონა (ზღვის დონეზე) მისი მოცულობის ჰაერის წონაზე ნაკლებია.

ზენზუბელი (გერმ.) - სადურგლო იარაღი, ფალცის (ნარიმანდის) ამოსაღები რანდა (ნახ. 1).

ზენიტ-ხელსაწყო - ხელსაწყო, დაკვალვის ღერძების მკაცრად ვერტიკალურად გადასატანად. გამოიყენება მრავალსართულიანი და მაღლივი ნაგებობების მშენებლობის პროცესში ყოველი ახალი სართულის საბაზისო ელემენტის მდებარეობის დასაფიქსირებლად. პროცესი ხორციელდება ოპტიკური სხივის მეშვეობით.

ზენკერვა - ლითონის დეტალებში ნახვრეტის ზედაპირის სუფთად დამუშავება. სრულდება საბურღ, რევოლვერულ და შიგსაჩარხ დაზგებზე ზენკერის დახმარებით.

ზენკერი - მრავალპირიანი საჭრელი ინსტრუმენტი ლითონის, პლასტმასის და სხვ. დეტალებში ცილინდრული ნახვრეტის ზენკერვისათვის. არსებობს ჩამოსაცმელი, ყრუ, სპირალური და საცენტრავი კომბინირებული ზ.

ზესადები - რელსების პირაპირის დამაკავშირებელი სამაგრი.

ზესხვენი - იმერეთში სამზარეულო სახლის, ბეღლის და მისთანების ჭერი, გაკეთებული ფიცრისაგან ან ჩელტისაგან. მასზე შესანახად ან გასახმობად ყრიან ღომს, სიმინდს და სხვ.

ზეტპროფილი - სპეციალური დანიშნულების მეტალურგიული პროდუქცია - ცხლადჭიმული ფასონური რკინის პროფილი. გამოიყენება სამშენებლო საქმეში.

ზვავი (თოვლის) - მთიდან დიდ გროვად წამოსული, ჩამორღვეული ან დაგორებული თოვლის მასა ან მიწა (ნახ. 1).

ზვინული - გრძლად ამაღლებულად დაყრილი მიწა და მისთ.

ზვირთი - დიდი ტალღა (ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე).

ზვირთსამსხვრევი - ზღვის ღელვისაგან ნავსადგურის დასაცავად აგებული ზღუდე (ქვისა, ბეტონისა).

ზვირთცემა - ზვირთების ცემა, ხეთქება ზღვის, მდინარის ნაპირებზე.

ზიარჭურჭელი - ერთმანეთთან ქვედა ნაწილებით შეერთებული ორი ან რამდენიმე ჭურჭელი.

ზიგზაგი (ფრანგ.) - ტეხილი ხაზი.

ზიკურატი - ძველი მესოპოტამიის არქიტექტურაში საკულტო კოშკი, რომელსაც ჰქონდა 3-დან (შუმერების) 7 იარუსამდე (ბაბილონელების) ერთმანეთზე დადგმული წაკვეთილი პირამიდები ან პარალელეპიპედები ინტერიერის გარეშე (გამონაკლისი იყო მხოლოდ ზედა მოცულობა, სადაც მოთავსებული იყო სალოცავი). მშენებლობისათვის გამოყენებული იყი ხამი (ნედლი) აგური. სხვადასხვა ფერად შეღებილი ზ. ტერასები შეერთებული იყო ერთმანეთთან კიბეებით ან პანდუსებით (ნახ. 1: ბაბილონის ზიკურატი). კედლები დაყოფილი იყო მართკუთხა წალოებით (ნიშებით). პლატფორმების დამჭერი კედლების შიგნით განთავსებული იყო დიდი რაოდენობით ოთახები, სადაც ცხოვრობდნენ წმინდანები და ტაძრის მოსამსახურეები. ზ. გვერდით ყოველთვის შენდებოდა ტაძარი, რომელიც ღმერთის საცხოვრებლად ითვლებოდა და მას სალოცავის ფუნქცია არ ჰქონდა.

ზინდანი (სპარს.) - 1. პატარა გრდემლი; 2. ოქრომჭედლის პატარა კვერი.

ზოგადი დეკლარირება - საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისათვის.

ზოდი - გამოდნობით მიღებული ლითონის მთლიანი ნაჭერი.

ზოლი - 1. ამა თუ იმ მასალიდან გამოჭრილი ვიწრო ზოლი (მაგ., ქაღალდის ზოლი, შპონის ზოლი); 2. ვიწრო, გრძელი სიბრტყე რაიმეზე გავლებული, დამჩნეული (ზოლი გაფისული); 3. ვიწრო და გრძელი ფართობი სხვადასხვა დანიშნულებისა (ტყის ზოლი, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი).

ზოლურა - კედლის სიბრტყიდან უმნიშვნელოდ გამოწეული, თარაზული, ხშირად არქიტექტურული დეტალების მომჩარჩოებელი, დაპროფილებული (ქვის ან მობათქაშებული) სარტყელი (ნახ. 1: ზოლურა ფანჯრისქვეშა).

ზომა - მიუთითებს ზღვარს, რომლის იქით რაოდენობის შეცვლა იწვევს ობიექტის თვისობრიობის შეცვლას და პირიქით. მაშასადამე, იგი არის გარკვეული ზონა, რომლის ფარგლებში მოცემული თვისობრიობის მოდიფიცირება ხდება, მაგრამ ისე, რომ ობიექტის არსებითი თვისობრივი მახასიათებლები არ იცვლება. გამოიყენება როგორც განზომილების ერთეული. ტექნიკაში ცნობილია ზომები: გაბარიტული, დასაყენებელი, დუიმური, ზღვრული, თავისუფალი, მთავარი, მისაერთებელი, ნამდვილი, ნომინალური, პირველადი, სარემონტო, სამუშაო, შესაუღლებელი და სხვა.

ზომა ნამდვილი - რაიმეს ფაქტიური ზომა.

ზომა ნომინალური - რაიმეს დადგენილი, მიღებული, ოპტიმალური ზომა.

ზომაგადასული ეკოლოგიური საშიშროება - ეკოლოგიური საშიშროება ეკოლოგიური ფაქტორების ისეთი დონით, რომლის დროსაც ირღვევა ცოცხალი ბუნების თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების შესაბამისობა.

ზომათა ჯაჭვი - მანქანათნშენებლობაში - ჩაკეტილ კონტურში განსაზღვრული თანმიმდევრობით განლაგებულ ხაზოვან და კუთხურ ზომათა რიგი, რომლებიც განსაზღვრავენ დეტალებში ზედაპირების, კვანძებში დეტალების და მანქანაში კვანძების ურთიერთ განლაგებას. მისი საშუალებით დადგინდება ნახაზებზე დეტალების ზომების განთავსების რაციონალური სისტემა და ოპტიმალური დაშვებები კონსტრუქციის სრული ურთიერთშეცვლადობის პირობებიდან გამომდინარე.

ზონა - გარკვეული ფართობი დაცულ შენობაში, რომელიც განსაზღვრავს ფართობს, საიდანაც შეიძლება შეტყობინების მიღება, გაგზავნა ან გარკვეული სახის კონტროლის განხორციელება.

ზონა გავრცელების - ავარიის რაიონის ფარგლებს გარეთა ტერიტორია, სადაც ჰაერის ქიმიურ დაბინძურებას იწვევს ქარის მიმართულებით ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გავრცელება.

ზონა განაშენიანების - გაშენებული ან გაშენებას დაქვემდებარებული ტერიტორია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცით დადგენილი საზღვრებით და მიზნობრივი ფუნქციური დანიშნულების რეჟიმით. როგორც წესი, არის პროექტის დეტალური დაგეგმარების დამუშავების ობიექტი.

ზონა დამაზიანებელი ტოქსოდოზის - ზონა, რომლის გარეთა საზღვრის 50%-ზე ადამიანები ღებულობენ დამაზიანებელ ტოქსიკურ დოზას.

ზონა დენის გადინების - ზონა ჩამამიწებლის გარშემო, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა წერტილებს შორის შეიძლება წარმოიშვას ძაბვა, განპირობებული ჩამამიწებლიდან გადინების დენით.

ზონა დისკომფორტული - ზონა რომლის გარეთა საზღვარზე ადამიანები განიცდიან დისკომფორტს, იწყება ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება ან მჟღავნდება ინტოქსიკაციის პირველი ნიშნები.

ზონა ეკოლოგიური უბედურების - ტერიტორიის ნაწილი, სადაც სამეურნეო ან სხვა საქმიანობით ხდება ბუნებრივი გარემოს ღრმა შეუქცევადი ცვლილებები, რომელსაც თან სდევს მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ბუნებრივი წონასწორობის დისბალანსი, ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემის რღვევა, ფლორისა და ფაუნის გადაგვარება და სხვ.

ზონა მეხდაცვის - სივრცე, რომლის შიგნით შენობა ან ნაგებობა დაცულია მეხის პირდაპირი დაცემისაგან, საიმედოობით არანაკლები განსაზღვრული მნიშვნელობისა. მეხდაცვის ზონაში საიმედოობა შეადგენს 95...99,5%-ს.

ზონა საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციის - ტერიტორიის ნაწილი, სადაც სამეურნეო ან სხვა მოქმედებით, მიმდინარეობს გარემოს მდგრადი უარყოფითი ცვლილებები, რომლებიც ემუქრება ადამიანების ჯანმრთელობას, ბუნებრივ ეკოლოგიურ სისტემას, ფლორისა და ფაუნის გენეტიკურ ფონდს და სხვ.

ზონა სამუშაო - 1. სივრცე იატაკის ან ფართობის დონიდან 2 მ-მდე სიმაღლეზე, რომელზეც მდებარეობს მუდმივი თუ დროებითი სამუშაო ადგილი; 2. სამუშაო ფრონტის ან სამშენებლო მოედნის ნაწილი, სადაც უშუალოდ ხორციელდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები და განთავსებულია საჭირო მანქანები და მოწყობილობები, აგრეთვე სამუშაოებისათვის გამზადებული მასალები და კონსტრუქციები.

ზონა სანიტარიულ-დამცავი - გათვალისწინებულია ქიმიურად საშიში ობიექტისათვის. სანიტარიულ-დამცავ ზონაში აკრძალულია საცხოვრებელი შენობების, საბავშვო და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების, აგრეთვე სხვა ობიექტების განთავსება. სამრეწველო საწარმოთა დაპროექტების სანიტარიული ნორმებით დადგენილია სანიტარიულ-დამცავი ზონის ზომები: 1000 მ - სანიტარიული კლასიფიკაციით I კლასის  საწარმოებისათვის; 500 მ - II კლასის საწარმოებისათვის; 300 მ - III კლასის საწარმოებისათვის; 100 მ - IVკლასის საწარმოებისათვის; 50 მ - V კლასის საწარმოებისათვის. საშიში საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობის სანიტარიულ-დამცავი ზონის სიგანეა არანაკლებ 300 მ.

ზონა სასიკვდილო ტოქსიკური დოზის - ზონა, რომლის გარეთა საზღვრის 50%-ზე ადამიანები ღებულობენ სასიკვდილო ტოქსიკურ დოზას (ტოქსოდოზას).

ზონა სასუნთქი - ადამიანის ირგვლივ სივრცე რადიუსით 0,5 მ.

ზონა საშიში - 1. სივრცე, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების დროს მუდმივად მოქმედებს ან პოტენციურად შეიძლება მოქმედებდეს საშიში და მავნე საწარმოო ფაქტორები და ზემოქმედებები; 2.ზონა, სადაც არსებობს ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტროდანადგარებთან შეხების ან მიახლოების საშიშროება იმ მანძილზე, რომელზედაც შეიძლება მოხდეს საჰაერო შუალედის გარღვევა.

ზონა სახანძრო სიგნალიზაციის კონტროლის - ობიექტის სათავსის ფართობების, მოცულობების ერთობლიობა, რომელშიც ხანძრის ფაქტორების აღმოჩენა ხდება სახანძრო გამაფრთხილებლებით.

ზონა ტექნიკური (დამცავი) - საზღვრები ტერიტორიისა, რომელიც გამოიყენება მიწისზედა და მიწისქვეშა სატრანსპორტო და საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნიკაციების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის

ზონა უსაფრთხოების - ამა თუ იმ ობიექტის უსაფრთხოებისათვის ირგვლივ შემოვლებული ზონა.

ზონა ფუნქციური - ტერიტორია კონკრეტული საზღვრებით, დადგენილი ფუნქციური დანიშნულებითა და გამოყენების რეჟიმით.

ზონა ქიმიური მოწამვლის - ზონა, რომლის ფარგლებშიც მჟღავნდება ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების დამაზიანებელი მოქმედება და მოიცავს სასიკვდილო და დამაზიანებელი ტოქსიდოზების ზონებს, აგრეთვე დისკომფორტის ზონას

ზონა შეტბორვის - ტერიტორია, რომელიც ექვემდებარება შეტბორვას წყალსაცავის ან წყლის სხვა ობიექტების მშენებლობისას.

ზონარი - დაგრეხილი ძაფებისაგან ან მათი კონების დაწვნით მიღებული ნაკეთობა, რომლის დიამეტრია 10...12 მმ. შეიძლება იყოს ბამბის, აბრეშუმის, აზბესტის, გუტაპერჩის, ქერლის, ხელოვნური ბოჭკოსი, ლითონის, ელექტრული და სხვ. იყენებენ ნაკეთობათა გასაწყობად. ელექტრულ ზ. აქვს ლითონის (ძირითადად სპილენძის) მავთულებისაგან დაგრეხილი და პლასტმასის ან რეზინის იზოლაციანი 2 ან 3 ძარღვი.

ზონები სპეციალური რეგულირების - ზონები, გამოყოფილი სანიტარულ-ეკოლოგიური და ტექნიკური მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც ზღუდავს ამ ტერიტორიების გამოყენებას სამეურნეო და სხვა დანიშნულებით.

ზონირება - 1. სისტემის დაყოფა ისეთ ზონებად, რომელთა მტყუნება არ იწვევს მთელი სისტემის გამოსვლას წყობიდან; 2. ტერიტორიის დაყოფა ზონებად ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების დროს, ტერიტორიების ამა თუ იმ დანიშნულებით გამოყენების ან არ გამოყენების მიზნით.

ზუმერი (გერმ.) - ელექტრომოწყობილობა ხმოვანი სიგნალების მისაღებად (მაგ., ტელეფონის ზუმერი).

ზუმპფი (გერმ.) - 1. წყლის ჩასასვლელი ორმო მაღაროს ფსკერზე; 2. სააკუმულაციო ტევადობა, მოწყობილი მთის ქანებში წყლის ან ჰიდრონარევების შესაგროვებლად

ზუმფარა (რუს. Шкурка) - მაგარი მინერალი, რომლითაც ქსოვილი, ტყავი ან ქაღალდი იფარება მერქნის ან ლითონის ნაკეთობათა ზედაპირების გასახეხად (ნახ. 1). არსებობს ზ. ნაირსახეობები: ალმასის, კარბორუნდის, კვარცის, კორუნდის, მინის, ძოწის, მსხვილმარცვლოვანი, ნავთობმედეგი, წყალმედეგი, წვრილმარცვლოვანი და სხვ.

ზურგქარი - ქარი, რომელიც უბერავს ზურგის მხრიდან.

ზურმუხტი - ღია–მწვანე ფერის ბივრილის ნაირსახეობა, რომელიც შეიცავს ქრომს.  I კლასის ძვირფასი ქვა. გამჭირვალე და უდეფექტო. ზ. ღირებულება ზოგჯერ აჭარბებს ალმასის ღირებულებას.

ზურმუხტის მწვანა - ზურმუხტის ჟანგი, საღებავების წარმოებაში გამოიყენება, როგორც პიგმენტი.

ზღარბი (რუს. Ежи) - რკ.ბ.-ის ან რელსებისაგან შექმნილი სინჟინრო ზღუდე (ნახ. 1). სპეციალური საშუალებები “ზღარბი დიანა” და “სპეციალური ბადე” განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალებათა იძულებითი წესით გასაჩერებლად (ნახ. 2).



ზღვართა თეორია - თეორია, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მათემატიკური ანალიზის საფუძველს. ზღვართა თეორია შეისწავლის ზღვრების თვისებებს და ადგენს მათი არსებობის პირობებს და იმ წესებს, რომლებითაც შესაძლებელია (ვიცით რა რამდენიმე მარტივი ცვლადის სიდიდის ზღვარი) განვსაზღვროთ ამ სიდიდეების მარტივი ფუნქციების ზღვარი. ზ.თ. ადგენს მთელ რიგ თეორემებს, რომლებიც აადვილებენ ზღვრების მოძებნას.

ზღვარი - 1. მასალების მექანიკური მახასიათებლების მაქსიმალურად შესაძლებელი მნიშვნელობები, განსაზღვრული თეორიული ან ექსპერიმენტული გზით, რომლებიც აფიქსირებენ საზღვარს ამ მახასიათებლებს შორის ანუ რაოდენობრიობის გადასვლას თვისობრიობაში. არსებობს მასალის პროპორციულობის, დენადობის, სიმტკიცის და დრეკადობის ზღვარი; 2. მათემატიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება. ზ. მუდმივი სიდიდეა, მას უსაზღვროდ უახლოვდება რაიმე ცვლადი სიდიდე, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია სხვა ცვლადზე, ამ უკანასკნელის გარკვეულად ცვლილებისას. ზ. განმარტებისას ძირითადია განსახილველი ობიექტების სიახლოვის ცნება; მხოლოდ მისი შემოღების შემდეგ ღებულობს ზ. ზუსტ აზრს. ზღვართან დაკავშირებულია მათემატიკური ანალიზის ძირითადი ცნებები: უწყვეტობა, წარმოებული, დიფერენციალი, ინტეგრალი. უმარტივესს წარმოადგენს რიცხვითი მიმდევრობის ზ. ცნება, რომლის დახმარებით შეიძლება განისაზღვროს ფუნქციის ზ. ცნება, სივრცის წერტილთა მიმდევრობის ზღვარი, ინტეგრალური ჯამების ზღვარი; 3. საზღვარი, მიჯნა; 4. ის, რაც აშორებს, ყოფს, განასხვავებს ერთმანეთისგან ორ რასმე; 5. რისამე უმაღლესი, უკიდურესი დონე, საფეხური, ხარისხი

ზღვარი პროპორციულობის - უდიდესი დაძაბულობა, რომლის ფარგლებშიც ადგილი აქვს ჰუკის კანონს მოქმედებას..

ზღვაური - ზღვის მხრიდან მონაბერი ძლიერი ქარი.

ზღვის მრღნელები - აზიანებენ მერქნის იმ ნაწილს, რომელიც წყალშია. ზ.მ. მიეკუთვნება: მოლუსკები, კიბორჩხალები, ლიმნორია, ხელიურა, ხომალდის ჭია და სხვ.

ზღვრული დასაშვები ეკოლოგიური რისკი - მისაღები ეკოლოგიური რისკის მაქსიმალური დონე. განისაზღვრება არახელსაყრელი ეკოლოგიური ეფექტების ერთობლიობის მიხედვით და არ უნდა აღემატებოდეს მას ეკონომიკური და სოციალური სისტემების ინტერესებისგან დამოუკიდებლად.

ზღვრული დრეკადობა - დრეკადობა, რომლის დროსაც ღეროში კრიტიკული დაძაბულობა სიდიდით ტოლია პროპორციულობის ზღვრისა ღეროს მასალისათვის.

ზღვრული მდგომარეობა - სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდი. კონსტრუქციის მდგომარეობა ზღვრულია, როცა იგი ვეღარ აკმაყოფილებს წაყენებულ საექსპლუატაციო მოთხოვნებს, ე.ი. არის მზიდუნარიანობის ამოწურვის ზღვარზე და დაკარგული აქვს გარეგანი ზემოქმედებისადმი წინაღობის უნარი, ან არ არის დაცული ნორმალური საექსპლუატაციო პირობები, რადგან დეფორმაციებმა მიაღწიეს ზღვრულ დასაშვებზე მეტ სიდიდეს. გაანგარიშების მიზანია ის, რომ კონსტრუქციამ ექსპლუატაციის პირობებში არ მიაღწიოს და არ გადალახოს ზღვრული მდგომარეობა. ზოგადად კონსტრუქციების გაანგარიშებისას იყენებენ სამი ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობას: Ι ჯგუფი ითვალისწინებს გაანგარიშებას სიმტკიცესა და მდგრადობაზე; ΙΙ ჯგუფი - გაანგარიშებას დეფორმაციებზე და III - გაანგარიშებას ბზარმედეგობაზე.

ზღვრული მდგომარეობის კრიტერიუმი - ობიექტის ზღვრული მდგომარეობის ნიშანი ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც დადგენილია ნორმატიულ-ტექნიკური და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციით.

ზღვრული სიჩქარე ვარდნისას - ვარდნილი სხეულის სიჩქარე, რომლის დროსაც მოძრაობისადმი წინაღობის ძალა აწონასწორებს სიმძიმის ძალას.

ზღვრული შემოსავალი - საქონლის დამატებითი ერთეულის გაყიდვის შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავალი, ე.ი. ზღვრული (ბოლო) პროდუქტით მიღებული შემოსავალი.

ზღუდარი - 1. ზღუდე; ქალაქის ან სხვა დასახლების, ეზოსი და მისთ. გარშემო შემოვლებული კედელი (ღობე, გალავანი და ა.შ.); 2. ბარიერი, ნაგებობა, რომელიც აფერხებს თავისუფალ გასვლას; 3. კაშხალი, მოლო, ოფო, ონჯარი, რაბი, სათავანი ჯებირი; წყლის დასაგუბებლად დინების განივად ამოყვანილი კედელი; 4. ბალავარი, გამირი; 5. კონსტრუქციული ელემენტი (ქვის, ხის, ლითონის, რკ.ბ-ის), რომლითაც გადაიხურება კარის ან ფანჯრის ღიობი (ნახ. 1: ფანჯრის ზღუდარი ფოლადის კუთხედებისაგან).

ზღუდე - რისამე დასაცავად გარშემოვლებული კედელი, ღობე, დაბრკოლება, საზღვარი, გალავანი და მისთ. ზ. შეიძლება იყოს ქვის, აგურის, ბეტონის, ქვითკირის და სხვ.

ზღურბლი - ბჭე, დირე (კარისა), კარობანი, კარაპინი, კარნაგელა; კარის ჩარჩოს ქვედა ძელი ან ის უხილავი ხაზი, რომელიც გასდევს დახურულ კარს იატაკზე (ნახ. 1).

თაბაშირბეტონი - თაბაშირის მჭიდა (შემკვრელი) მასალების ბაზაზე დამზადებული ბეტონი. გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობების დასამზადებლად, როგორიცაა ტიხრის პანელები და ფილები, სანტექნიკისა და სავენტილაციო ბლოკები, თბოსაიზოლაციო და ცეცხლდამცავი ფილები და სხვა.

თაბაშირბოჭკოს ფურცელი - ფურცლოვანი მოსაპირკეთებელი ნაკეთობა, რომელიც მზადდება სამშენებლო თაბაშირის, ცელულოზის ბოჭკოსა და სხვადასხვა ტექნოლოგიური დანამატებისაგან. მასალა უფრო ძვირია, ვიდრე პოპულარული თაბაშირმუყაო, მაგრამ აქვს რიგი უპირატესობებისა, მაგ., ერთგვაროვნება, მაღალი სიმკვრივე (1250 კგ/მ3), ყინვამედეგობა (15 ციკლი თაბაშირმუყაოს 4 ციკლის საწინააღმდეგოდ), კარგი თბოიზოლაცია და მაღალი ცეცხლმედეგობა.

თაბაშირი (ბერძ.) - სულფატების კლასის მინერალი (CaSO4•2H2O), უფერო, თეთრი, რუხი კრისტალებით, დანალექი ქანი (ნახ. 1). მისგან ჰაერული შემკვრელი ნივთიერება მიიღება ბუნებრივი თ. ქვის გამოწვით 140...1700С ტემპერატურაზე (სამშენებლო თ. ძველი სახელწოდებაა ალებასტრი). ატმოსფერულ წნევაზე გამოწვისას მიიღება დაბალი სიმტკიცის ნახევარწყლიანი კალციუმის სულფატი. ავტოკლავში 0,15...3 მპა წნევის და 105...1100С ტემპერატურაზე - მაღალი სიმტკიცის თ.. სამშენებლო თ. ხასიათდება მაღალი წყალმოთხოვნილებით (55...65%) და შედარებით დაბალი სიმტკიცით (2...7 მპა). მაღალი სიმტკიცის თ. წყალმოთხოვნილებაა 35...40% და აქვს მეტი სიმტკიცე (10...25 მპა). თაბაშიროვანი ყველა შემკვრელი არის სწრაფშემკვრელი (როგორც წესი, 2...20 წთ) და სწრაფგამაგრებადი. შეკვრის პროცესის შესანელებლად იყენებენ: სხვადასხვა დანამატს: ხის წებოს, სულფიდსაფუარს, ბორის მჟავას, პოლივინილაცეტატს და სხვ. სიმტკიცის მიხედვით თ. იყოფა თორმეტ მარკად Г-2-დან Г-25-მდე, მშენებლობაში ძირითადად იყენებენ Г-4... Г-7 მარკის თაბაშირს. თ. გამაგრების დროს ფართოვდება (მოცულობის 0,2%), რაც სასარგებლოა არქიტექტურულ-დეკორატიული ნაკეთობის დამზადებისას. თ. კარგად ეჭიდება მერქანს და მიზანშეწონილია მისი დაარმირება მერქნის ლარტყით, მუყაო-ქაღალდით და სხვა მსგავსი მასალით. გამაგრებული თ. სიმკვრივე შეადგენს 1200...1500 კგ/მ3, ფორიანობა - 30...60%. თ. ახასიათებს მაღალი ჰიგროსკოპულობა, ამიტომ, თ. ნაკეთობის გამოყენება მიზანშეწონილია მშრალ პირობებში. ჩვეულებრივ პირობებში თ. შერევა ცემენტთან არ შეიძლება, რადგან მათი ურთიერთმოქმედების შედეგად წარმოიქმნება არამდგრადი მასალა, რომელიც დეფორმირდება და იშლება კალციუმის ჰიდროსულფოალუმინატის მაღალსულფატური ფორმის წარმოქმნით, კრისტალიზდება წყლის მოლეკულასთან შეერთებით და მნიშვნელოვნად მატულობს მოცულობაში. შედარებით სტაბილური თაბაშირის ქვის მისაღებად მას უმატებენ აქტიურ დანამატებს. არსებობს კომპოზიტური თაბაშიროვანი შემკვრელი, რომელშიც მცირე რაოდენობით შედის პორტლანდცემენტი, აქტიური მინერალური კომპონენტი, სუპერპლასტიფიკატორი, კაჟმიწა და სხვ. ეს შემკვრელი 1,2...2-ჯერ მტკიცეა, ვიდრე აქტიურ დანამატიანი და გაცილებით წყალმედეგია. თაბაშიროვანი შემკვრელები წარმოადგენენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, მზადდება შედარებით მარტივად, ენერგიის ნაკლები დანახარჯით, რაც განაპირობებს მის ფართედ გამოყენებას მშენებლობაში.

თაბაშირი ანჰიდრიდული - ხასიათდება შენელებული შეკვრის უნარით. შეკვრის დასაწყისი არა უადრეს 30 წუთისა, დასასრული კი - არა უგვიანეს 24 საათისა. მისი მარკებია 5; 10; 15; 20 მპა. გამოიყენება წყობისა და სალესი დუღაბებისათვის, ბეტონებისათვის, ხელოვნური მარმარილოს და თბოსაიზოლაციო მასალების წარმოებაში.

თაბაშირი საყალიბო - ჩვეულებრივისაგან განსხვავებით, უნდა იყოს წმინდად დაფქული. იყენებენ არქიტექტურული დეტალების, ყალიბების, კერამიკული ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე სხვა დარგებში.

თაბაშირის მჭიდა მასალები - ჰაერული შემკვრელი მასალები, რომლებიც მიიღება ნახევრად წყლიანი ან უწყლო კალციუმის სულფატის საფუძველზე (ანჰიდრიტული შემკვრელები). ენერგეტიკული დამუშავების პირობების, ასევე შეკვრისა და გამაგრების სიჩქარის მიხედვით თ.მ.მ. იყოფა 2 ჯგუფად: დაბალგამოწვის (სწრაფმჭიდი და სწრაფგამყარებადი) - სამშენებლო და საყალიბე თაბაშირი, მაღალი სიმტკიცის თაბაშირი, თაბაშირცემენტოპუცოლანური შემკვრელები; მაღალგამოწვის (ნელამჭიდი და ნელაგამყარებადი) - ანჰიდრიტული ცემენტი, მაღალგამოწვის თაბაშირი.

თაბაშირმუყაოს ფურცლები - ფურცლოვანი ნაკეთობა თაბაშირის უწვი შუა შრისაგან, რომლის სიბრტყეები, ტორსული ნაწიბურების გარდა, შუა შრესთან მჭიდროდ მიწებებული მუყაოთია შემოსილი.

თაბაშირსხმული - თაბაშირის სხმული ნაკეთობა, რომელიც მზადდება პლასტიკური თაბაშირის უწყვეტი ჩამოსხმის საშუალებით. შეიძლება იყოს არმირებული მინის ბოჭკოთი, მინის ბადით, ბაზალტის ბოჭკოთი და სხვ.

თაბაშირწიდაბეტონი - ბეტონი, რომელშიც მჭიდაა სამშენებლო თაბაშირი, ხოლო შემვსებია წიდა. გამოიყენება ისეთ კონსტრუქციებში, რომლებიც არ ტენიანდება.

თაბახი - გარკვეული ზომის საწერი ქაღალდის ფურცელი; 2. ხის დიდი ლანგარი, გობის მსგავსი; 3. ერთი ნაბეჭდი ფურცლის დაკეცვით მიღებული თექვსმეტი გვერდი, რომლებისგანაც იკინძება წიგნი (საავტორო თაბახი, ნაბეჭდი თაბახი).

თავანი - იხ. პლაფონი.

თავდაცვითი - თავდაცვისათვის განკუთვნილი.

თავთხელი - თხელი, არაღრმა ადგილი წყალში.

თავი - 1. მაღალი, ვერტიკალური ნაგებობის, კონსტრუქციის, ელემენტის, დეტალის და მისთ. ზედა ნაწილი; 2. რაიმეს ზედა, ასახდელი ნაწილი; 3. რაიმეს წინა ნაწილი, დასაწყისი; 4. რაიმე თხზულების დასრულებული ნაწილი; 5. ადამიანის ან ცხოველის სხეულის ყელსზევითა ნაწილი, რომელშიც მოქცეულია ტვინი, აგრეთვე შეგრძნების მთავარი ორგანოები.

თავისებურება - ვისიმე, რისამე დამახასიათებელი, სხვებისგან განსხვავებული თვისება.

თავისუფალდგუშიანი ელექტროკომპრესორი - თავისუფალდგუშიანი კომპრესორი დგუშების ელექტრომაგნიტური ამძრავით.

თავისუფალდგუშიანი კომპრესორი - დგუშიანი კომპრესორი, რომელშიც ამძრავიდან დგუშებზე მოძრაობის გადაცემა ხორციელდება უშუალოდ, მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის გარეშე.

თავისუფალი - ვინც, რაც იძულებას, ძალდატანებას არ განიცდის; რასაც არაფერი არ აფერხებს დარაც დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად ხდება; რაც დაკავებული არ არის

თავისუფალი (საკუთრივი) რხევები - რხევები, რომლებიც ხდება გარე ზემოქმედების გარეშე.

თავისუფალი ეკონომიკური ზონა - ქვეყნის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის საფუძველზე იქმნება ხელსაყრელი პირობები სხვადასხვაგვარი საგარეო-ეკონომიკური ოპერაციებისათვის. მისთვის დამახასიათებელი ნიშანია თავისუფალი ან შეღავათიანი მეწარმეობა, რომელიც იძლევა უახლესი ტექნოლოგიის, ნოუ-ჰაუს შესაძენად საჭირო დროისა და დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, ხელს უწყობს ვალუტის მოზიდვას საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხარჯზე და ზრდის უცხოურ კაპიტალდაბანდებებს.

თავისუფალი ვარდნის აჩქარება (სიმძიმის ძალის აჩქარება) - აჩქარება, რომელსაც სიმძიმის ძალა ანიჭებს თავისუფალ ნივთიერ (მატერიალურ) წერტილს. როგორც სიმძიმის ძალა, ისე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაც დამოკიდებულია ადგილის განედსა და ზღვის დონიდან მის სიმაღლეზე. თბილისის განედისათვის ზღვის დონეზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება g = 9,80320 მ/წმ2

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - თავისუფალი ზონის ნაირსახეობა, სადაც საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები. ამ ზონაში უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება იმპორტად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები. საწარმო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოა, თუ ის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ამ ზონაში საქმიანობას ეწევიან მხოლოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები და სხვა საწარმოების ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოების სურვილის შემთხვევაში, მათ სერთიფიკატის საფუძველზე მიენიჭებათ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი, საგადასახადო შეღავათების მიღების მიზნით. მთავარი შეღავათები შემდეგია: ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგება; ბ) დღგ-ისგან, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია საერთაშორისო საწარმოებს შორის საქონლის/მომსახურების მიწოდება; გ) ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება. მიზანი, რის საფუძველზეც შემოღებულ იქნა აღნიშნული სტატუსი, არის საქართველოს გარკვეული ტერიტორიების საქონლის/მომსახურების წარმოებისა და ყიდვა–გაყიდვის საერთაშორისო ცენტრებად ჩამოყალიბება.

თავისუფალი მექანიკური სისტემა - მექანიკური სისტემა, რომლის მოძრაობის შესაძლებლობა არავითარი ბმებით არ არის შეზღუდული.

თავისუფალი მეწარმეობის ზონა - სახელმწიფოს ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც იქმნება ხელსაყრელი პირობები ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობისათვის. ასეთ ზონებში შემოღებული აქვთ განსაკუთრებული შეღავათიანი რეჟიმი, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის უცხოური კაპიტალის ინვესტირებისათვის.

თავისუფალი ნაპირი (კიდე) - ფირფიტის ნაპირი, რომელზეც არავითარი ძალა არ მოქმედებს.

თავისუფალი ნივთიერი წერტილი - ნივთიერი წერტილი, რომელსაც შეუძლია სივრცეში მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით.

თავისუფალი ღერძი - სხეულის ბრუნვის ღერძი, რომლის გარშემო ბრუნვა არ იწვევს საკისრების რეაქციას. სხეულის თავისუფალ ღერძებს წარმოადგენენ ინერციის მთავარი ცენტრალური ღერძები

თავისუფალი წყალი - მერქნის ბოჭკოებს შორის არსებული წყალი.

თავისუფლების ხარისხის რიცხვი - კოორდინატთა რიცხვი, რომელიც აუცილებელია და საკმარისი წერტილის, წერტილთა სისტემის ან სხეულის მდებარეობის განსასაზღვრავად სივრცეში. საზოგადოდ, სისტემის თავისუფლების ხარისხის რიცხვი განისაზღვრება, როგორც იმ დამოუკიდებელ გადაადგილებათა რიცხვი, რომელიც სისტემას გააჩნია.

თავკოჭი - იხ. მაუერლატი

თავლა - ცხენების სადგომი ნაგებობა, საჯინიბო.

თავმოყრილ ძალთა სისტემა - ძალთა სისტემას ეწოდება თავმოყრილი, თუ მათი ფუძეები ერთ წერტილში გადაიკვეთება. ამ წერტილს თავმოყრის წერტილი (თავმოყრის ცენტრი) ეწოდება.

თავსართი - 1. სხვადასხვა პროფილის დეკორატიული თაღი, რომელიც შემოფარგლავს სარკმლის ნახევარწრიულ ნაწილს ან კარების თავზე მოთავსებული ამგვარივე ელემენტი; 2. რელიეფის ეროზიული ფორმის (ტერასა, ორმო, მიწაყრილი, ხრამი) დამრეცი ფლატეს ზედა ნაპირი; 3. წიგნის ან მისი რომელიმე ნაწილის თავში დართული ორნამენტი, ნახატი, - თავსამკაული.

თავსართი გზის - მიწის ვაკისის ყრილის გზისპირისა და ფერდოს გადაკვეთის ხაზი.

თავსახური - რასაც თავზე ახურავენ რასმე (მაგ., ქვაბის თავსახური, კოლბის თავსახური და სხვ.).

თავსებადობა - განტოლებათა სისტემის თვისება ჰქონდეთ ყველა განტოლებისათვის თუნდაც ერთი საერთო ამოხსნა.

თავშესაფარი - სპეციალური ნაგებობა მოსახლეობის დასაცავად სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებებისაგან.

თავშესაფრის ფართობი - ფართობი, სადაც სათანადო ინსტრუქციების მიღებამდე ან ევაკუაციამდე დროებით შეუძლიათ გაჩერება იმ ადამიანებს, რომელთაც არ ძალუძთ კიბეგზების გამოყენება.

თავხე - მთავარი კოჭი, რომელიც სახლის სახურავის გასამართავადაა გადებული.

თაკარა - გარკვეული წესით დალაგებული, დაწყობილი ხის მასალა. არსებობს თ. სახეები: გადამბული, გოჯილა, კვადრატული, ლარტყებიანი, შუასადებებიანი (ნახ. 1), ჩაძირული, წყალქვეშა და სხვ.

თაკარა გოჯილა - თაკარა, რომლის მეზობელ ფენებში (რიგებში) მასალა ურთიერთმართობულადაა დალაგებული.

თაკარის ფორმირება - დახერხილი ხე-ტყის თაკარად დაწყობა-დალაგების პროცესი.

თაკვერი - ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში; ფართო მნიშვნელობით მოიცავდა ახლანდელ რაჭა-ლეჩხუმს, ვიწრო მნიშვნელობით - ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და ლაჯანურის ხეობას შორის მოქცეულ ტერიტორიას.

თალფაქი - 1. ხუფი, სახურავი; 2. „ქართული ქუდი“ (საბა).

თამასა - სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული ვიწრო, თხელი ფირფიტა (ძელაკი).

თამასა დამცავ-დეკორატიული - ნაკეთობა, დაყენებული კარებზე ან ფანჯარაზე სახელურის, საკეტის ცილინდრული მექანიზმის, გასაღების მოსარგები ნახვრეტის დეკორატიული გაფორმებისა და დაცვის მიზნით.

თამასუქი - ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს თამასუქის გამცემის (ბანკის) უპირობო ფულად სავალო ცალმხრივ ვალდებულებას გადაუხადოს ვადის დადგომისას თამასუქის მფლობელს განსაზღვრული თანხა. ზოგჯერ ბანკები კრედიტს გასცემენ თამასუქის სახით, რითაც ისინი იღებენ დეპოზიტს იმავე ვადითა და თანხით. სათამასუქო დაკრედიტება საკმაოდ გავრცელებულია იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ტექნოლოგიური და ფინანსური ჯაჭვით.

თამელი - ტანმაღალი, 25 მ-მდე სიმაღლის ხე დიდი გაშლილი ვარჯით. მერქანი თეთრი ფერისაა, თუმცა ზოგჯერ მოვარდისფრო ლაქები ახასიათებს. გავრცელებულია შუა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, სირიაში, ირანსა და მცირე აზიაში. გვხვდება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში არც ისე იშვიათია; იზრდება მუხნარში, რცხილნარსა და წაბლნარში ერთეულ ხედ ან ჯგუფებად, მთაში ზღვის დონიდან 1700 მ-მდე გვხვდება. აქვს მაგარი და გამძლე მერქანი, რომელსაც სახარატო და საავეჯო წარმოებაში იყენებენ. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.

თანაბარი ბრუნვა - ბრუნვა მუდმივი კუთხური სიჩქარით.

თანაბარი დაძაბული მდგომარეობა (ერთგვაროვანი დაძაბული მდგომარეობა) - დაძაბული მდგომარეობა, რომელიც ყოველ წერტილში განისაზღვრება ერთი და იმავე კომპონენტებით (დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში).

თანაბარი მოძრაობა - მოძრაობა წერტილის, რომლის რიცხვითი მნიშვნელობა v სიჩქარისას არის მუდმივი. გავლილი ∆s გზა წერტილის თანაბარი მოძრაობისას ∆t დროის შუალედში ტოლია: ∆s = v∆t. მყარ სხეულს შეუძლია შეასრულოს წინსვლითი თანაბარი მოძრაობა, რომლის დროსაც ზემოთ ნათქვამი ვრცელდება სხეულის ყველა წერტილზე.

თანაბრად ცვლადი ბრუნვა - ბრუნვა მუდმივი კუთხური აჩქარებით.

თანაბრადცვლადი მოძრაობა - მოძრაობა, რომლის მხები (wτ) აჩქარების სიდიდე მუდმივია. თუ wτ > 0 - მოძრაობა აჩქარებულია, თუ wτ < 0 - მოძრაობა შენელებულია.

თანაზომადი სიდიდეები - ორი ერთგვაროვანი სიდიდე (მაგ., სიგრძე, ფართობი და სხვ.), რომლებსაც აქვთ საერთო საზომი (რომელიც ორივე სიდიდეში მთელ რიცხვჯერ მოთავსდება). თანაზომადი სიდიდეების ფარდობა წარმოადგენს რაციონალურ რიცხვს

თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება - 1) ჩინეთის დიდი კედელი (აზია, ჩინეთი); 2) კოლოზეუმი (ევროპა, იტალია); 3) მაჩუ-პიქჩუ (ნახ. 1) (სამხრეთ ამერიკა, პერუ); 4) პეტრა (ნახ. 2) (აზია, იორდანია); 5) თაჯ-მაჰალი (აზია, ინდოეთი); 6) ქრისტეს ქანდაკება (სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია); 7) ჩიჩენ-იცა (ნახ. 3) (ჩრდილოეთ ამერიკა, მექსიკა).

თანამშრომელი - შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასაქმებული.

თანამშრომლების სამუშაო ფართობი - მთლიანი სივრცე ან მისი რომელიმე ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თანამშრომელთათვის და მხოლოდ სამუშაოს საწარმოებლად. დერეფანი, ტუალეტი, სამზარეულო და დასასვენებელი ოთახები თანამშრომლების სამუშაო ფართობში არ შედის.

თანაღერძულობა - ორი მანქანის, კვანძის ან დეტალის ღერძების დამთხვევა

თანგი (რუს. Вайма) - 1. სადურგლო ინსტრუმენტი - კავი მტკიცე მერქნისაგან, რომელშიც ჩაიდება დასაწებებელი ფიცრები მათი დაწნეხვისათვის სოლების მეშვეობით; 2. მოწყობილობა ხის ნაკეთობების ან მათი ნაწილების ასაწყობად (შესაწებებლად). უმარტივესი თ. - ლითონის ჩარჩო მოძრავი და უძრავი საბჯენებით. არსებობს: ხელის თ. ხრახნული ან ბერკეტული მოჭიმვით და ავტომატიზირებული - პნევმატური, ჰიდრავლიკური (ნახ. 1) ან ელექტრული ამძრავით.

თანგირა - სპილენძის მოზრდილი ქვაბი, ფართოპირიანი, რომელსაც ამზადებდნენ სამჭედლოში.

თანრიგი - ჯგუფი, ხარისხი, კატეგორია.

თარაზო - ხაზებისა და სიბრტყეების ჰორიზონტალურობის შესამოწმებელი ხელსაწყო, აგრეთვე მცირე დახრის კუთხის გასაზომი (ნახ. 1). ძირითადი ნაწილია შუშის ამპულა, შევსებული მსუბუქი სითხით (სპირტით), გარდა მცირე მოცულობისა (ბუშტულა). თ. არის ასტრონომიული, გეოდეზიური და სხვა ხელსაწყო-იარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი. გამოიყენება აგრეთვე სამშენებლო ტექნიკასა და მანქანათმშენებლობაში. ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული ლაზერული თ.

თარაზო ლაზერული - გეოდეზიური ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება წერტილის კოორდინატების გადასატანად ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ და დახრილ სიბრტყეებში ლაზერის სხივის მეშვეობით (ნახ. 1: თვითსწორებადი წერტილოვანი ლაზერული თარაზო).

თარგი - 1. შაბლონი, არქიტექტურული დეტალის ნატურალური სიდიდით შესრულებული ნახაზი; 2. ნაკეთობის დასამზადებელი ნიმუში.

თარო - 1. კედელზე ან ნიშში (დოლაბში) დამაგრებული ჰორიზონტალური ფიცარი ჭურჭლის, წიგნების და მისთ. დასადებად; 2. არქიტექტურული პროფილი სწორკუთხოვანი შვერილის სახით.

თაუნ-ჰაუსი (ინგლ.) - დაბალსართულიანი კოტეჯების კომპლექსი დამოუკიდებელი შესასვლელებით, რომლებიც შეთავსებულია ერთმანეთთან გვერდითი კედლებით და როგორც წესი, აქვთ მცირე საკუთარი მიწის ნაკვეთი (1...4 მეასედი).

თაფა - მიწის ყრილი, ბორცვი, გორაკი ველზე.

თაღედი - არკადა; სვეტებზე ან ბოძებზე დაყრდნობილი ტოლი სიდიდის თაღების რიგი.

თაღი - ორ საყრდენს შორის ამოყვანილი მრუდხაზოვანი მზიდი სივრცითი კონსტრუქცია (ნახ. 1). არსებობს მრავალნაირი თ.: ამაღლებული, განმტვირთავი, გარესაყრდნობი, გოთიკური, დამრეცი, ელიფსური, ისრული (შეისრული), კილისებრი, კოლოფა, კბილანა, კონცენტრული, კუმშვილი, მრავალფრთიანი, მშვილდა, მცოცავი, ნალისებრი, ნახევარწრიული, პარაბოლური, პერსპექტიული, სამფრთიანი, სამცენტრიანი, სატრიუმფო, სოლისებრი, შეკიდული, შემაღლებული, ხოკერული, ცრუ, ტიუდორის. თ. განმბჯენიანი კონსტრუქციაა და ძირითადად კუმშვაზე მუშაობს. განმბჯენს ღებულობს შემკრავი, კონტრფორსები, განივი კედლები, რკინაბეტონის გადახურვები, გვერდითი სათავსის საზღვრებში მოქცეული ჩარჩოები, მიწის დონის ზევით განლაგებული საძირკვლები. აწევის ისარი მიიღება ƒ = (0,5...0,1)ℓ, სადაც ℓ თაღის მალია.

თაღი ამაღლებული - თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრის ქვევით, ქუსლებამდე სწორხაზოვანი მონაკვეთებით გრძელდება (ნახ. 1).

თაღი განმტვირთავი - თაღი, რომელის ჩვეულებრივ კედელშია დაყოლებული და დატვირთვას ანაწილებს შენობის ზედა ნაწილებიდან საყრდენებზე (ნახ. 1) ან პირიქით - ცალკეული საყრდენების დატვირთვას ანაწილებს საძირკლებზე (იხ. ყირათაღი).

თაღი გოთიკური - იხ. თაღი ისრული.

თაღი დამრეცი - თაღი, რომლის ქუსლები რკალის ცენტრის ზევით მდებარეობს. ისინი შეიძლება განლაგებული იყვნენ ერთ- ან სხვადასხვა დონეზე.

თაღი ელიფსური - თაღი, რომლის რკალი ელიფსის ფორმისაა.

თაღი ისრული - თაღი, შედგენილი ორი რკალისაგან, რომლებიც კეხში ურთიერთ გადაკვეთისას ქმნიან კუთხეს (ნახ. 1: ვესტმინსტერის სააბატოს ისრული თაღები, ინგლისი).

თაღი კბილანა - თაღი, რომლის შიდა წარმმართველი შედგება ნახევარწრიული რკალებისაგან, რომლებიც გადაკვეთის წერტილებში კბილანებს წარმოქმნიან.

თაღი კილისებრი - თაღი, რომლის მოხაზულობა ამობრუნებულ კილიან გემს ან ნავს წააგავს (ნახ. 1). მას შემდეგ, რაც ევროპაში გამოჩნდა ნახევრადწრიული თაღები, ყველაზე მოთხოვნადი გახდა კილისებრი (გოთიკური) თაღი, რომლებიც წარმოადგენდა გოთიკური თაღის სტილისტურად განვითარებულ ელეგანტურ კონსტრუქციას. მას ძირითადად იყენებდნენ საცხოვრებელი სახლების, სასახლეების, ეკლესიების, ტაძრების და მისთ. ფასადების გასალამაზებლად.

თაღი კოლოფა - სამი (სამცენტრიანი) ან ხუთი (ხუთცენტრიანი) ცენტრიდან მოხაზული რკალის ფორმის თაღი (ნახ. 1. თაღი კოლოფა: 1-კედლის წყობა; 2-ზღუდარი; 3-ქუსლი; 4-კეხის კლიტის ქვა).

თაღი კონცენტრული - იხ. თაღი პერსპექტიული.

თაღი კუმშვადი - იხ. თაღი დამრეცი.

თაღი მრავალფრთიანი - რამდენიმე რკალისაგან შედგენილი შიდა წარმმართველი თაღი.

თაღი მშვილდა - დაუჭიმავი მშვილდის ფორმის მაგვარი ბრტყელი რკალის მოხაზულობის მქონე თაღი.

თაღი ნალისებრი - თაღი, რომელიც ფორმით ნალს წააგავს. მისი წარმმართველი ცენტრის ქვევით გაგრძელებული ნახევარწრიული რკალია.

თაღი ნახევარწრიულ - თაღი, რომლის რკალი ნახევარწრეა. ქუსლები, როგორც წესი, განლაგებულია ცენტრის დონეზე, რომლიდანაც ნახევარწრეა შემოხაზული (ნახ. 1).

თაღი პერსპექტიული - კედლის სიღრმისაკენ თანმიმდევრულად შემცირებული რადიუსის მქონე თაღების ერთობლიობა. მისი ყოველი ელემენტი თავისთავად წარმოადგენს ისრულ, ნახევარწრიულ ან რომელიმე სხვა სახის თაღს.

თაღი საბრჯენი - თაღი, რომელიც ამაგრებს კამარის კონსტრუქციას სხვადასხვა წერტილებში და ჩვეულებრივ კამარის სიბრტყიდან წიბოს სახით გამოიყოფა.

თაღი სამფრთიანი - თაღი, რომელიც შედგება სამი პატარა თაღისაგან.

თაღი სამცენტრიანი - იხ. თაღი კოლოფა.

თაღი სოლური - სოლისებრი ან მართკუთხოვანი ფორმის ქვებით ამოყვანილი ნაწიბურებიანი თაღი (ნახ. 1. თაღი სოლური: 1-კეხი; 2-ქუსლი; 3-სოლისებრი აგური; 4-აგურის კედელი).

თაღი ტიუდორის - ოდნავ შეისრული სამცენტრიანი თაღი.

თაღი შეკიდული - თაღი, შედგენილი ორი რკალისაგან, რომელთა გადაკვეთა ხდება თაღის უმაღლესი წერტილის (კეხის) ქვევით.

თაღი ცრუ - თაღი, რომელიც არ წარმოშობს ჰორიზონტალურ განმბრჯენს და ამოყვანილია ქვების თანდათანობით წანამატით (ნახ. 1).

თაღნარი (არკატურა) - დეკორატიულ-პლასტიკური დამუშავების მიზნით შენობის ფასადზე ან სათავსის შიდა კედლებზე გამოყვანილი ყრუ თაღედი (ნახ. 1), რომელიც ზოგჯერ ოთხივე მხარეს გასდევს შენობას. X-XII საუკუნეებში ქართულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული იყო ფასადების ხუთთაღიანი კომპოზიცია (ოშკის, ბაგრატის, ალავერდის, სვეტიცხოველის და სხვა ტაძრები).

თაღოვანი კარები - თაღით გადახურული ღიობიანი კარები.

თაღოვანი ფანჯარა - თაღოვანი ზღუდარით დამთავრებული ფანჯარა (ნახ. 1).

თახჩა (არაბ.-სპარს.) - კედელში დატანებული სათავსი, ჩვეულებრივ უკარო, ჭურჭლისა და სურსათისათვის.

თბილი - რასაც სითბო აქვს; რაც სითბოს ინახავს

თბილი პერიოდი - წელიწადის პერიოდი, რომელსაც ახასიათებს გარე ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა +80C-ზე მეტი.

თბილისის აეროპორტი - (თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი) - საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში (ნახ. 1; ნახ. 2), რომელიც მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. მას საათში 2 000 მგზავრის მომსახურება შეუძლია და კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე აეროპორტისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის ყველანაირი მომსახურებით, ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით.

თბილისის მშვიდობის ხიდი - საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის (ნახ. 1). ხიდი აიგო 2009-2010 წლებში. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი. ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის (ფოლადის) ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადის სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. ბილიკი მდინარის თავზე 5 მ-მდე სიგანისაა, ბოლოებისკენ კი 2 მ-მდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა. არქიტექტურული თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, რაც ძველი თბილისის ტერიტორაზე გარკვეულ სიახლედ აღიქმება.

თბილისის რუსული ეკლესია (წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია) - მდებარეობს თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე (ნახ. 1). ტაძარი აშენდა 1864 წელს მორწმუნეთა პირადი შენაწირებით, აგრეთვე, რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი თანხის მეშვეობით. მშენებლობისათვის გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ქართული აგური. 1886 წელს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭით და ქვის კიბით. ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში - რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II მირონცხების პატივსაცემად. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აშენდა.

თბილისის სიონი - თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე (ნახ. 1). გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. ტაძარს საფუძვლად დაედო ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე გეთსამანიის ბაღში აღმართული ტაძრის გეგმა. სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც მალევე აღადგინეს. თემურ ლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. 1556 წელს ტაძარი კვლავ გაანადგურა შაჰ-თამაზმა, ხოლო 1616 წელს კი შაჰ-აბაზმა. ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1667 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. 1803 წელს ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს და 1861 წლის 17 დეკემბერს მოხდა სიონის ტაძრის ხელახალი კურთხევა. სიონის ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის შენობაა. ნაგებია ალგეთის თლილი ქვით. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. საკურთხევლის აქეთ-იქით ასევე აფსიდიანი დამატებითი სათავსებია. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი. ტაძრის გეგმა XII ს-ის შემდეგ არსებითად აღარ შეცვლილა. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად XIX ს-ისაა, თუმცა შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ - სოლარული სიმბოლო, გარდიგარდმო - ფასკუნჯების გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთ დასავლეთ ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული. გუმბათი მთლიანად 1710 წელს არის ამოყვანილი. ის გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი სარკმელია. დასავლეთ მხარეს ორ წახნაგზე გამოსახულია ჯვარი და მიჯაჭვული ლომი, ჩრდილოეთ მხარეს - წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხეველი წმინდანი წიგნით ხელში. 1850 წელს მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გადაწყდა ტაძრის მოხატვა, რომელიც 1851-55 წლებში შესრულდა გრიგოლ გაგარინის მიერ. ტაძრის დასავლეთი ნაწილი 1978-79 წლებში ხელახლა მოხატა ლ. ცუცქირიძემ. საკურთხევლის წინ მდგომი კანკელი გაკეთდა 1980-იან წლებში ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით. სიონის ტაძარში მრავალი ხატი თუ წმინდა ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი რომელიც ეხმაურება თავად ტაძარს, ესაა სიონის ღვთისმშობლის ხატი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი.

თბილისის სპორტის სასახლე (გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლე) - სპორტული დარბაზი ქ. თბილისში (ნახ. 1). გაიხსნა 1961 წელს (არქიტ.: ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე; კონსტრუქტორი დ. ქაჯაია). შენობა გეგმით კვადრატის ფორმისაა გვერდის ზომით 88 მ და იტევს 9305 მაყურებელს. გადახურვა შესრულებულია 76 მ მალის მქონე სფერული გუმბათით, რომელიც განხორციელებულია ტრაპეციული მოხაზულობის ასაწყობი რკ.ბ.-ის ფილებისაგან (შეტანილია ინდივიდუალურ კონსტრუქციათა საერთაშორისო კატალოგში), რომელთა კონსტრუქციულმა გადაწყვეტამ საშუალება მისცა მშენებლებს გუმბათის მონტაჟი ეწარმოებინათ ხარაჩოების გარეშე.

თბო... - პირველი ნაწილი რთული ფუძეებისა, ნიშნავს სითბურს, სითბოსთან, სითბურ ენერგიასთან დაკავშირებულს.

თბოათვისება - მასალის თვისება აითვისოს სითბო სხვა მასალებთან კონტაქტით.

თბოგადამტანი - თხევადი ან აეროვანი მუშა გარემო, რომელიც გადაადგილდება გათბობის სისტემაში.

თბოგადამცემი აპარატი - მოწყობილობა, რომელშიც ხდება თბოგადაცემა ორ ან რამდენიმე თბოგადამტანს ანდა თბოგადამტანსა და მყარი სხეულის ზედაპირს შორის. მოქმედების პრინციპის მიხედვით ორგვარია: ზედაპირული და შემრევი. თავის მხრივ ზედაპირულიც ორგვარია: რეკუპერაციული და რეგენერაციული. თ.ა. გამოიყენება ნავთობგადამამუშავებელ, ნავთობქიმიურ, ატომურ, სამაცივრო, აირების და მრეწველობის სხვა დარგების ტექნოლოგიურ პროცესებში, ენერგეტიკაში და კომუნალურ მეურნეობაში. ამჟამად, მრეწველობაში გავრცელებული რეკუპერაციული თბოგადამცემის სახეებია: გარსაცმ-მილოვანი, სექციური, ორმილიანი „მილი მილში“ (ნახ. 1: უმარტივესი თბოგადამცემი „მილი მილში“), ხვეული, ჩაძირული, სარწყავი, წიბოვანი, სპირალური, ფირფიტოვანი, ფირფიტოვან-წიბოვანი, მინი არხიანი, გრაფიტიანი და სხვ.

თბოგადაცემა - 1. სითბოს გადაცემის პროცესი ერთი გარემოდან მეორეში მათი გამყოფი კედლის მეშვეობით; 2. ფართე მნიშვნელობით - სითბოს გადატანის პროცესი.

თბოგადაცემის კოეფიციენტი (თბომიღება ან თბოგაცემა) - სიდიდე, რიცხობრივად ტოლი თბური ნაკადისა კონსტრუქციის ზედაპირსა და გარემოს შორის, რომელიც ტოლია თბური ნაკადის ზედაპირული სიმკვრივისა, როდესაც ტემპერატურა ზედაპირსა და გარემოს შორის 10C-ით იცვლება (შესაბამისად გარე და შიდა ზედაპირებისათვის).

თბოგადაცემის კოეფიციენტი შემომზღუდავი კონსტრუქციის (ტრანსმისიული) - სიდიდე, რიცხობრივად ტოლი შემომზღუდავ კონსტრუქციაში გამავალი თბური ნაკადის ზედაპირული სიმკვრივისა, როცა შიდა და გარე ჰაერის ტემპერატურებს შორის სხვაობა შეადგენს 10C-ს.

თბოგადაცემის წინაღობა - სიდიდე, უკუპროპორციული თბოგადაცემის კოეფიციენტის.

თბოგამოსხივება - ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც წარმოიშობა ტანის (სხეულის) შიდა ენერგიის ხარჯზე. აქვს უწყვეტი სპექტრი, რომლის მაქსიმუმი დამოკიდებულია ტანის ტემპერატურაზე. გაცივებისას ტანის ტემპერატურა გადაინაცვლებს სპექტრის გრძელტალღიან ნაწილში, ანუ რაც მეტია ტემპერატურა, მით ნაკლებია სპექტრში მისი შესაბამისი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტალღის სიგრძე. თ. შესანიშნავი მაგალითებია: გაცხელებული ლითონი, ამოფრქვეული ვულკანის მაგმა, მიწის ატმოსფერო და სხვ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმიც გამოასხივებს სითბოს (ნახ. 1), რასაც კარგად იყენებენ სამაშველო სამსახურები, კრიმინალისტები, ბუნების მკვლევარების და სხვ.

თბოგამტარი - სითბოს გამტარი.

თბოგამტარობა (თბოგამტარობის კოეფიციენტი) - ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს ნივთიერების ტემპერატურის ცვლილების (გათანასწორების) სიჩქარეს არათანაბარ სითბურ მოვლენებში. მყარი სხეულის, სითხისა თუ აირის თბოგამტარობა განისაზღვრება სიჩქარით, რომლითაც მატერიის გახურება ხდება. თბოგამტარობა ასევე ეწოდება მატერიის თერმული ენერგიის ტრანსპორტირების უნარს სითბოს გატარების მეშვეობით. მატერიის თბოგამტარობა (λ), გვიჩვენებს, სითბოს რა რაოდენობა Q გაედინება მოცემულ ფართობზე A დროის მოცემულ მონაკვეთში, t გარკვეული ტემპერატურული განსხვავებისას ΔT. სპეციფიკური თბოგამტარობა λ გაანგარიშდება გაზომილი თბოგამტარობის G და საპირისპირო გვერდებს შორის მანძილის ℓ ნამრავლის გვერდის ფართობთან A შეფარდებით: λ = G∙ ℓ/A. სითბოს ნაკადი Q ვატებში (Q - სითბოს რაოდენობა) შემდეგნაირად გამოითვლება: dQ/dt = λ∙A∙ΔT/ℓ.

თბოგამტარობის კოეფიციენტი მასალის - სიდიდე, რიცხობრივად ტოლი 1 მ სისქის მასალაში გამავალი თბური ნაკადის სიმკვრივისა, როცა მის ზედაპირებზე ტემპერატურებს შორის სხვაობა შეადგენს 10C-ს.

თბოგაცემა - სითბოს გადატანა კონსტრუქციის ზედაპირიდან გარემოში კონვექტური ან სხივური თბოცვლით.

თბოდაცვა - ღონისძიებათა კომპლექსი ნორმალური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფისათვის შენობაში, სათავსოში, დანადგარში, აპარატში და ა.შ. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრებელი სახლების დაპროექტების და მშენებლობის დროს. სწორი თ. ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს, ენერგიას, ქმნის შესანიშნავ საცხოვრებელ მიკროკლიმატს, რომლის პარამეტრები, სამშენებლო ნორმების თანახმად, შემდეგია: ტემპერატურა ბინაში - 20...220C; ტემპერატურა კედლის შიდა ზედაპირზე (მინიმალური) - 16...180C; იატაკის ოპტიმალური ტემპერატურა - 22...240C; ჰაერის ფარდობითი ტენიანობა - 55%; გამჭოლი ჰაერის მოძრაობა - 0,2 მ/წმ; კედლებს უნდა გააჩნდეს მაღალი თბური ინერცია (სითბოს დაგროვების მიზნით, რათა არ მოხდეს ბინის სწრაფი გაცივება ან გათბობა).

თბოიზოლაცია - 1. სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების შენობების, თბოდანადგარების, მილსადენების, მაცივრის კამერების და მისთ. დაცვა გარემოს თბური კონტაქტისაგან, რის შედეგად მცირდება თბოდანაკარგი და სითბოს ხარჯი, შემომზღუდავი კონსტრუქციების სისქე, საშენი მასალის ხარჯი, ნაგებობის წონა და ღირებულება; 2. სითბოს ან სიცივის ერთი გარემოდან მეორეში გადაცემის შემცირება.

თბოკვანძი - მოწყობილობების კომპლექსი თბომომხმარებლის სისტემის მისაერთებლად თბოქსელთან.

თბომედეგობა - იხ. თერმომედეგობა.

თბომომარაგება - სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების შენობების და ტექნოლოგიური მომხმარებლების გათბობის და ცხელი წყალმომარაგების სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება ცხელი წყლით (ორთქლით).

თბომომარაგების დახურული წყლის სისტემა - თბომომარაგების წყლის სისტემა წყლის ცირკულაციით, რომელიც არის თბომატარებელი და ამ სისტემიდან მისი გადინება სხვა დანიშნულებით არ ხდება.

თბოპუნქტი - თბური კვანძი თბოგადამტანის გასანაწილებლად სითბოს მოთხოვნის სახეების მიხედვით.

თბოსადგური - 1. სადგური-ობიექტი, საიდანაც თბური ენერგიით მომარაგება წარმოებს; 2. სადგური, სადაც თბური ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება, ამა თუ იმ საწვავის წვის შედეგად. ამჟამად საქართველოში მუშაობს გარდაბნის თბოელექრტოსადგური სიმძლავრით 230 მგვ (ნახ. 1).

თბოსადენი - მილსადენი თბოგადამტანის (ცხელი წყლის, აირისა და ორთქლის) ტრანსპორტირებისათვის თბომომარაგების სისტემაში.

თბოსაიზოლაციო მასალები - საშენი მასალები, რომელთაც გააჩნიათ თბოგამტარობა არაუმეტეს 0,175 ვატი 250С ტემპერატურაზე. მსგავსი მასალები გამოიყენება ნაგებობების, ტექნოლოგიური მოწყობილობების, მილსადენების სითბური იზოლაციისათვის.

თბოტევადობა - მასალის თვისება შთანთქოს სითბო გაცხელებისას. დიდი თბოტევადობის მასალა გაცივებისას გამოყოფს მეტ სითბოს. ამიტომ, ასეთი მასალების გამოყენებისას, შენობაში შეიძლება მუდმივი ტემპერატურა შენარჩუნებულ იქნეს დიდი ხნის განმავლობაში. თ. ხასიათდება კოეფიციენტით, ანუ სითბოს იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა 1 კგ მასალის 10C -ით გასათბობად. ტენიანობის გაზრდით თბოტევადობა იზრდება, მაგრამ მასთან ერთად მატულობს თბოგამტარობა.

თბოტევადობა კუთრი - სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა ერთეული მოცულობის მასალის (ნივთიერების) ტემპერატურის ასაწევად ერთი გრადუსით. მისი ერთეულია - კჯ/კგ.0C.

თბოუნარი - სითბოს რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა მყარი, თხევადი ან აირადი სათბობის მასის ან მოცულობის ერთეულის დაწვის დროს. განზომილების ერთეულია კკალ/კგ ან კკალ/მ3.

თბოქსელი - თბოგამტარების სისტემა, რომელთა საშუალებით თბოცენტრალიდან თბური ენერგია მიეწოდება მომხმარებელს.

თბოშემცველობა - იხ. ენთალპია.

თბოცენტრალი - სადგური ან დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს თბურ ენერგიას რაიონული თბოსაქვაბის ან თბოელექტროცენტრალის თბომომარაგებისათვის.

თბოცვლითი აპარატები - აპარეტები, რომლებიც განკუთვნილია თბური პროცესების ჩასატარებლად. მოქმედების პრინციპის მიხედვით არსებობს რეკუპერატორები, რეგენერატორები და შემრევები. რეკუპერატორში თბომატარებლები ერთმანეთისგან გამოყოფილია კედლით და სითბო ერთი თბომატარებლიდან მეორეს ამ გამყოფი კედლიდან გადაეცემა. რეგენერატორში მყარი სხეულის ზედაპირს ერთმანეთის მონაცვლეობით შემოედინება სხვადასხვა თბომატარებელი. შემრევში სითბოს გადაცემა ხდება თბომატარებლების უშუალოდ შეხებისას და შერევისას.

თბური გამოსხივება - სხვადასხვა ტემპერატურის მქონე ორ სხეულს შორის მათი გამყოფი სივრცის გავლით ენერგიის გადაცემის პროცესი. გამოსხივების გზით სითბო ჩვეულებრივ გადაეცემა გარკვეული დიაპაზონის სიხშირისა და სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების სახით. გამოსხივებით თბოგადაცემის ხასიათი დამოკიდებულია გამომსხივებელი და შთანმთქმელი სხეულების ტემპერატურაზე, მასალაზე და ზედაპირების თვისებებზე.

თბური დარტყმა - ხანგრძლივი საერთო გადახურების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, ძალების მზარდი დაქვეითების ფონზე, რაც იწვევს ფიზიკური და გონებრივი მუშაობის გაძნელებას, ყურადღების ფუნქციის შეფერხებას, სიტუაციის შეფასების და გადაწყვეტილების მიღების შენელებას, მოძრაობების კოორდინნაციის დარღვევას. თ. სიმპტომები „მზის დარტყმის“ სიმპტომების ანალოგიურია.

თბური იმპულსები - ღია ცეცხლი, ნაპერწკალი, გახურებული ზედაპირი, ბოლომდე დაუწვავი მასალის ზედაპირი და ა.შ.

თბური ნაკადი - სითბოს რაოდენობა, გამავალი კონსტრუქციაში ან გარემოში დროის ერთეულში.

თბური საკეტი - ჩამკეტი თერმომგრძნობიარე ელემენტი, რომელიც იღება განსაზღვრულ ტემპერატურაზე.

თეატრონი - 1. მაყურებელთა ადგილები ძველ ბერძნულ თეატრში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნახევარწრიულ რიგებად იყო განლაგებული მთის კალთებზე (ნახ. 1); 2. ძველ ქართულში თეატრის ცნების აღმნიშვნელი სიტყვა. ტერმინი შემოსულია საბერძნეთიდან და გამოიყენებოდა ქართული სიტყვის, „სახილველის“ პარალელურად.

თეგი (საკვერი) - 1. ვარაყის (დამღის) დასაკვერი ხელსაწყო-ტვიფრი (მაგ., მორის ტორსზე მისი ხარისხის, დიამეტრის და სხვა მონაცემების ამოტვიფრა); 2. რკინის საჭრისი, ტარდაგებული ხელსაწყო-იარაღი, რომელსაც დაფოლადებული ან ნაწრთობი პირი ჰქონდა.

თეზაფი (სპარს)(რუს., Царская водка) - ყვითელი ფერის სითხე, ქლორისა და აზოტის ოქსიდების სუნით. ძლიერი დამჟანგველი. ხსნის ოქროს, პლატინას, ლითონებს და შენადნობებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, მინერალურ მჟავებში არ იხსნება. გამოიყენება სამრეწველო ნარჩენებიდან ისეთი კეთილშობილი ლითონების გამოსაყოფად, როგორიცაა ოქრო და პლატინა, აგრეთვე ნანომასალების მისაღებად.

თეთრა (რუს. белила) - წყალში უხსნადი მინერალური პიგმენტები: ლითოპონი; ბარიტის, თუთიის, ტიტანის, ტყვიის თეთრა. გამოიყენება საღებავების და საგოზავების დასამზადებლად.

თეთრი და ფერადი პორტლანდცემენტი - მიიღება კლინკერისაგან, რომელიც მზადდება სუფთა კირქვის და თეთრი კაოლონისაგან. ფერადი პორტლანდცემენტი მიიღება თეთრ ცემენტში საღებავი პიგმენტების (ოხრა, მუმია, სურინჯი...) 10%-მდე დამატებით. იგი გამოიყენება დეკორატიული მიზნებისათვის. მარკებია: 400; 500.

თეთრი კაკალი (დიმორფანტი) - იშვიათი ჯიშის, 30 მ-მდე სიმაღლის ხე (ნახ. 1). დიამეტრი 0,9 მ-ს აღწევს. მერქანი ადვილად მუშავდება და აქვს თეთრი, სუსტად მოყვითალო ფერი. ახასიათებს ოქროსფერი ბზინვარება. კარგად პრიალდება. ხარობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კორეასა და იაპონიაში. ძირითადად გამოიყენება ანათალი შპონისა და ავეჯის წარმოებაში.

თელა - მერქნიან მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახიდან (ნახ. 1). ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ მარადმწვანე (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) ხე, იშვითად ბუჩქი. სიმაღლე 30...40 მ აღწევს. ცოცხლობს 200...400 წელს. გვარი მოიცავს 50-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში. კავკასიაში იზრდება 9 სახეობა, აქედან ერთი - ქართული თელა (Ulmus georgica) საქართველოს ენდემია. იზრდება შირაქის ხევებში, მეტად მშრალ და მეჩხერ ტყეში. თ. წმინდა კორომები ძალზე იშვიათია. საქართველოს ფოთლოვან ტყეებში შერეულია თელადუმა (თელამუში), რომელიც გავრცელებულია მთის ტყეების შუა სარტყელამდე. თ. ყინვაგამძლე და ჩრდილის ამტანი მცენარეა. ეტანება ნოყიერ და ტენიან ნიადაგს, ბევრი სახეობა გვალვასა და სუსტად დამლაშებულ ნიადაგსაც ეგუება. განვითარებული გვერდითი ფესვების გამო ქარი ვერ აქცევს. იყენებენ ბაღ-პარკებისა და მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად, ქუჩებისა და გზების გასამწვანებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გვალვაგამძლე შუააზიის ენდემი - „ლალბანდი“. თ. მერქანი გამძლე და მაგარია, ძვირფასი საავეჯე მასალაა. გამოიყენება მშენებლობაშიც შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის, კარ-ფანჯრების, დახვეული კიბის კონსტრუქციების, კიბის საფეხურების, მოაჯირების, თაროების და სხვ. დასამზადებლად.

თელამუში - თელას ნაირსახეობა, 35 მ-მდე სიმაღლის და 1,5 მ-მდე დიამეტრის მქონე ხე დიდი გაშლილი ვარჯით. მერქანი მუქი აქვს მოყავისფრო გულით, მეტად ლამაზი ტექსტურით. გამოიყენება მშენებლობაში და ავეჯის წარმოებაში. საქართველოში ხარობს მთის ტყეების შუა სარტყელამდე.

თელვა - ადგილობრივი პლასტიკური დეფორმაციის სახეობა, რომელსაც ადგილი აქვს ორი, კუმშვაზე მომუშავე, ელემენტის საკონტაქტო ზედაპირებზე. მასალის თელვა იწყება მაშინ, როცა ძაბვის ინტენსივობა მიაღწევს დენადობის ზღვარს. დატვირთვის სტატიკური მოქმედებისას ეს პროცესი იწყება ერთდროულად კონტაქტის მთელ ფართობზე, ხოლო დინამიკური დატვირთვისას თ. მოიცავს კონტაქტის ფართობს თანდათანობით. მოთელილი ფენის სისქე დამოკიდებულია დატვირთვის სიდიდეზე, ხასიათზე, ზემოქმედების დროზე და მასალის ტემპერატურაზე. თელვას ადგილი აქვს არა მარტო პლასტიკურ მასალებში (ბერქანი, პლასტმასი და სხვ.), არამედ მყიფე მასალებშიც (ფოლადი, თუჯი და სხვ.). თ. ადგილი აქვს ჭანჭიკებით, მოქლონებით, სოგმანებით და სხვა მაკავშირებლებით განხორციელებულ შეერთებებში (ძირითადად კონსტრუქციების საყრდენ ელემენტებში). ზოგადად თელვაზე გაანგარიშება ხდება ფორმულით: σ = N/A ≤ Rთ,α, სადაც σ - თელვის ძაბვა; N - თელვის საანგარიშო ძალა; A - თელვის ფართობი; Rთ,α - მასალის საანგარიშო წინაღობა თელვაზე ძალის მოქმედების კუთხის გათვალისწინებით.

თეოდოლიტი (ბერძ.) - ჰორიზონტალური და ვერტიკალური კუთხსაზომი გეოდეზიური ხელსაწყო (ნახ. 1, ოპტიკური თეოდოლიტი). იყენებენ მშენებლობაში, ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და სამარკშეიდერო გადაღებებში, ასტრონომიაში, არტილერიაში, ავიაციაში დასხვ. თ. შეიძლება გაიზომოს მანძილი და მაგნიტური აზიმუტი. თეოდოლიტის კონსტრუქციის ალტერნატიულ სახესხვაობას წარმოადგენს გიროთეოდოლიტი, კინოთეოდოლიტი და ტაქეომეტრი.

თეოდოლიტი ასტრონომიური - თეოდოლიტი, რომლის მიზანია ასტრონომიული დაკვირვებების ჩატარება განედის, გრძედის და აზიმუტის განსაზღვრისათვის.

თეოდოლიტი განმეორებითი - თეოდოლიტი, რომლის კონსტრუქცია ალიდადას ბრუნვის საშუალებას იძლევა ლიმბისაგან დამოუკიდებლად ან მასთან ერთად.

თეორემა (ბერძ.) - მათემატიკური დებულება, რომლის მართებულებას ადგენენ მტკიცების გზით; ანუ ეს არის მათემატიკური წინადადება (მტკიცება), რომლის ჭეშმარიტება შეიძლება დამტკიცდეს მოცემულ აქსიომებზე დაყრდნობით. აქსიომები მიიღება დაუმტკიცებლად და მოცემული დარგის ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს.

თეორია (ბერძ.) - 1. გამოცდილების, საზოგადოებრივი პრაქტიკის ლოგიკური განზოგადება; ასახავს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონზომიერებას; 2. იმ განზოგადებულ დებულებათა ერთოლიობა, რომლებიც ქმნიან რაიმე მეცნიერებას ან მის ერთ-ერთ დარგს; მეცნიერების დარგის ზოგადი, განყენებული საფუძვლები; 3. აბსტრაქტული აზროვნების რაციონალური ფორმა; 4. ადამიანის გონებრივი მოღვაწეობის ფორმა, რომლის მიზანია ცდებისა და გამოცდილების საფუძველზე სინამდვილის ამა თუ იმ სფეროს შესახებ ცოდნის მოპოვება და მისი ერთიანი სახით წარმოდგენა. ტექნიკურ მეცნიერებაში არსებობს მრავალი თეორია: ალბათობის, ატომურ-მოლეკულური, დრეკადობის, ზღვრული მდგომარეობის, ინფორმაციისა და კავშირის, კინეტიკური, მსგავსების, საიმედოობის, ფარდობითობის და სხვ.

თეორიული მექანიკა - მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ნივთიერი სხეულების მექანიკურ მოძრაობას და ადგენს ამ მოძრაობის ზოგად კანონებს. თ.მ. თავისი საფუძვლებიდანვე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექნიკასთან. იგი იქმნებოდა და ვითარდებოდა ტექნიკის განვითარებასთან ერთად. თავის მხრივ, მექანიკაც დიდ ზეგავლენას ახდენდა და ხელს უწყობდა ტექნიკურ პროგრესს. თ.მ. არის ერთ-ერთი ის ფუნდამენტური საგანი, რომელზეც დაფუძნებულია თანამედროვე ტექნიკის ყველა დარგი. მას კვლევის საფუძვლად უდევს დაკვირვება, ცდა, პრაქტიკა. თ.მ. ფართოდ გამოიყენება მათემატიკური მეთოდები, აბსტრაქტული (განყენებული) ცნებები, მოვლენათა მოდელები, ლოგიკის კანონები. თ.მ. შემოღებული თითქმის ყველა საწყისი ცნება არსებითად წარმოადგენს გარკვეულ აბსტრაქციას ან მოდელს. მათი შემოღებისას გათვალისწინებულია ის ძირითადი, განმსაზღვრელი, რაც არსებითია განსახილველ მექანიკურ მოძრაობაში. ასე, მაგ., რეალური ნივთიერი სხეულის მაგივრად მექანიკაში განიხილავენ მის ისეთ აბსტრაქტულ მოდელს, როგორიცაა ნივთიერი წერტილი, აბსოლუტურად მყარი სხეული და სხვ. მხოლოდ ასეთ მოდელებზე აგებული მექანიკისათვის შეიძლება შემუშავდეს ის მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევიან შევისწავლოთ რეალური ობიექტების მოძრაობა. შემდეგ მიღებული თეორიული შედეგები მოწმდება ცდით, პრაქტიკით. თ.მ. კურსი იყოფა სამ ნაწილად: სტატიკად, კინემატიკად და დინამიკად.

თერმები (ლათ.) - 1. ძველ რომში საზოგადოებრივი აბანოები; 2. მიწისქვეშა თბილი ან ცხელი მინერალური წყლები

თერმისტი - ლითონის თერმული დამუშავების სპეციალისტი.

თერმიტები - გარეგნულად თეთრ ჭიწნჭველებს ჩამოგავს. ცხოვრობენ დიდ კოლონიებად. აზიანებენ გრუნტში და გრუნტთან შეხებაში მყოფ მერქანს. გავრცელებულია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

თერმიტული ნარევი (ბერძ.) - ალუმინის ფხვნილისებრი ნარევი (იშვიათად მაგნიუმის) სხვადასხვა მეტალის ჟანგეულებთან (ძირითადად რკინასთან). აალებისას ინტენსიურად იწვის და გამოყოფს დიდი რაოდენობით სითბოს (ნახ. 1, აალებული თერმიტული ნარევი). წვის ტემპერატურაა 2300...27000C, ხოლო ძლიერი მჟანგავების (ქრომი, ვოლფრამი) გამოყენებისას - გაცილებით მეტი. ყველაზე გავრცელებულია რკინაალუმინის თერმიტი (Fe2O3 = 75 %, Al = 25 %), რომელიც გამოიყენება რკინიგზის რელსების შესადუღებლად და მსხვილი დეტალების ჩამოსასხმელად. არსებობს თერმიტები სატელეფონო, სატელეგრაფო და ელექტროდენის გადამცემი სადენების შესადუღებლად. სამხედრო საქმეში თერმიტები გამოიყენება ამნთები ნარევის დასამზადებლად. ფეროშენადნობების წარმოებაში თერმიტის და ფლიუსის ნარევს კაზმი ეწოდება. თერმიტულ ნარევში ალუმინის გარდა შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა მეტალებიც: Mg (31 %) + Fe2O3 (69 %); Ca (43 %) + Fe2O3 (57 %); Ti (31 %) + Fe2O3 (69 %) და Si (21 %) + Fe2O3 (79 %).

თერმო... (ბერძ.) - რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს სითბოსთან, ტემპერატურასთან კავშირს. მაგ. თერმოდამუშავება, თერმოიზოლაცია, თერმოდინამიკა და სხვ.

თერმოგრაფი (ბერძ.) - ტემპერატურის ცვლილების ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო.

თერმოდინამიკა - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის სითბური მოძრაობის კანონზომიერებას და სითბური მოძრაობის გავლენას სხეულთა ფიზიკურ თვისებებზე. თ. ეფუძნება კანონთა მცირე რიცხვს ანუ თერმოდინამიკის საწყისებს, რომლებიც დადგენილია დიდი რაოდენობის ექსპერიმენტული მასალის განზოგადების შედეგად. თ. ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა თერმოდინამიკური სისტემა, რომელიც განისაზღვრება, როგორც იმ ფიზიკურ სხეულთა ერთობლიობა, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთსა და სხვა სხეულებს შორის ენერგიისა და ნივთიერების გაცვლა (ასეთია, მაგ., სისტემა, რომელიც შედგება მოლეკულების, ატომების, ელექტრონებისა და სხვა ნაწილაკების ძალიან დიდი რიცხვისაგან).

თერმოზიტი - ფოროვანი მასა, მიღებული მჟავე ბრძმედის წიდებისაგან, მათი წყლით სწრაფი გაცივების გზით. ამ დროს წარმოქმნილი ორთქლი ანიჭებს მყარებად მასას უჯრედოვან სტრუქტურას. გამოიყენება ბეტონების წარმოებაში მსუბუქ შემვსებად.

თერმოლიტი - მასალა, მიღებული ღორღის ან კაჟბადის ოპალური ქანების წინასწარ მომზადებილი გრანულების (დიატომიტი, ტრეპელი, ოპოკა) გამოწვით.

თერმომედეგობა (თბომედეგობა) - ცეცხლმედეგი და მყიფე მასალების უნარი დაუშლელად გაუძლოს ძაბვებს, რომელსაც იწვევს ტემპერატურული ცვლილებები. ჩვეულებრივ ფასდება თბოცვლების რიცხვით (გახურებისა და გაცივების ციკლები) ნაწილობრივ ან სრულ რღვევამდე და ტემპერატურული გრადიენტით (ბზარების გაჩენით). თერმომედეგობაზე გაანგარისებისას ითვალისწინებენ მასალის თერმული გაფართოების კოეფიციენტს, თბოგამტარობას, დრეკად თვისებებს და ნაკეთობის ფორმასა და ზომებს.

თერმომეტრი - ტემპერატურის საზომი ხელსაწყო, რომლის მოქმედება ემყარება მასში გამოყენებული ნივთიერების რომელიმე ფიზიკური თვისების ტემპერატურაზე დამოკიდებულებას, როგორიცაა სითბური გაფართოება (სითხიანი და მანომეტრული თ.), ლითონებისა და ნახევრად გამტარების ელექტრული წინაღობა (თერმისტორი და წინაღობის თ.) და სხვ. მრეწველობაში −600C-დან +5500C-მდე ტემპერატურის გასაზომად სარგებლობენ მანომეტრული თ.

თერმომოდიფიკაცია - მაღალი ტემპერატურის გავლენით მერქნის ფიზიკური თვისებების გაუმჯობესების ერთ-ერთ მოწინავე მიმართულება, რომელიც საშუალებას იძლევა  საკმაოდ ცნობილი ხის ჯიშები (არყის ხე, წიფელი, მუხა, ნაძვი, ცაცხვი, ლარიქსი, თხმელა, ფიჭვი, კოპიტი და სხვ.) თერმულად იქნეს დამუშავებული სპეციალური ტექნოლოგიით, რაც ამაღლებს მერქნის მდგრადობას გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისადმი, სიმტკიცეს, სტაბილიზაციას უკეთებს გეომეტრიულ ზომებს.

თერმოპროფილი - მოთუთიებული ფურცლის ცივნაგლინი ელემენტი პროფილის სპეციალური ფორმითა და პერფორაციით (ნახ. 1). შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შენობის მასიური კარკასის ასაწყობად (ნახ. 2), ასევე სარეკონსტრუქციო ან ახლადმშენებარე ობიექტების ცალკეული ელემენტების მონტაჟისათვის: გარე და შიდა კედლებისათვის, ტიხრებისათვის, კიბეებს შორის გადაფარვებისათვის, მანსარდის ნივნივური კონსტრუქციებისათვის, სახურავებისათვის და სხვ.

თერმორეგულატორი - ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იცავს განსაზღვრულ ტემპერატურას.

თერმოსიფონი (ბერძ.) - შიგაწვის ძრავის წყლით გაცივების სისტემა, რომელშიც გამთბარი წყალი ადის ზევით, ხოლო ცივი - ჩადის ქვევით.

თერმოსტატი - ტემპერატურის მუდმივობის შესანარჩუნებელი ხელსაწყო. გამოიენება ლაბორატორიული გამოცდების ჩასატარებლად.

თერმოფილა - თბოსაიზოლაციო მასალისაგან დამზადებული სხვადასხვა ზომის ფილა (ნახ. 1: თერმოფილა კნაუფის სისტემის). გამოიყენება გადახურვებისა და კედლების თბოსაიზოლაციოდ.

თერმოფორმა - ფორმა, რომლის ელემენტებში განთავსებულია სითბოს წყაროები ან თბოგადამტანები.

თერმოქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქიმიური რეაქციებით გამოწვეულ სითბურ პროცესებს.

თერმოწყვილი - თბოელექტრული ხელსაწყოების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომელის შედგება ორი სხვადასხვა, ერთმანეთთან მიერთებული მეტალის გამტარის ან ნახევარგამტარისაგან. თ. დანიშნულებაა გაზომოს ტემპერატურა ძნელად მისადგომ ადგილებში.

თერმული ბურღვა - ქანების სწრაფად გახურება მაღალი ტემპერატურის დიდი სიჩქარის აირის ჭავლით (2000...25000C), რომელიც იწვევს ქანის ახლეჩვას ფირფიტების სახით ანუ მის მყიფედ რღვევას. თერმულ მეთოდს იყენებენ ჭაბურღილებისა და შპურების გასაყვანად, ბუნებრივი საშენი ქვის მოსაპოვებლად და მისი ზედაპირის დასამუშავებლად

თერმული დამუშავება - ლითონებისა და შენადნობების გარკვეულ ტემპერატურამდე გახურების, დაყოვნების და გაცივების ოპერაციათა ერთობლიობა, რომლის შედეგად იცვლება მათი სტრუქტურა და თვისებები. თერმოდამუშავება მოიცავს მოწვას, წრთობას, ნორმალიზაციას, მოშვებას და დაძველებას. თერმული დამუშავების შედეგად არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფი ლითონი ან შენადნობი უფრო მდგრად მდგომარეობაში გადადის. თერმულ დამუშავებას ექვემდებარება მაღალნახშირბადიანი ფოლადები.

თერმული ზემოქმედების ზონა - სივრცის ნაწილი, რომელიც ემიჯნება წვის ზონას, ცვლის მასალებისა და კონსტრუქციების ნორმალურ მდგომარეობას და შეუძლებელს ხდის იქ ადამიანების ყოფნას, თბური ზემოქმედებისაგან დაცვის სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე (თბოდამცავი კოსტუმები, ამრეკლი ეკრანები, წყლის ფარდები).

თეფშა მკვებავი - ფხვიერი მასალების (ქვიშა, ცემენტი, ცარცი, მარმარილოს ნამსხვრევები და სხვ.) ყველაზე გავრცელებული სადოზირებელი მოწყობილობა (ნახ. 1). წარმოადგენს ვერტიკალურ ღერძზე მბრუნავ ბრტყელ თეფშს, რომლის თავზეც მდებარეობს ასაწევი ცილინდრული მილყელი, რომელიც გადაადგილდება ბუნკერის ყელის გასწვრივ. თეფშზე დაყრილ მასალას აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. ბრუნვისას ხვეტიას მეშვეობით მასალის ნაწილი იხსნება თეფშიდან და იყრება მიმღებ მოწყობილობაში.

თექა (ფეტრი) - საუკეთესო ხარისხის ქეჩა. გამოიყენება თბოსაიზოლაციო მასალად.

თვალაკები - პლატინის, ოქრო-პლატინის ჯამი (ხუფი) წვრილი დაკალიბრებული ნახვრეტებით, განლაგებული კონცენტრული წრეებით, რომლებშიც გამოიწელება გამდნარი მინის ძაფები მინის ბოჭკოს მიღების დროს.

თვალაკი - 1. სათვალთვალო ჭუჭრუტანა სხვადასხვა აპარატში; 2. ძაბრი ან ფირფიტა ნახვრეტით მავთულის ასადიდვად; 3. ნაკეთობა, რომლითაც შესაძლებელია გარე სივრცის დათვალიერება სათავსის შიგნიდან კარის გაღების გარეშე (ნახ. 1).

თვალზომითი აგეგმვა - გამარტივებული ტოპოგრაფიული აგეგმვა ადგილმდებარეობის მცირე უბნებისა, შესრულებული პლანშეტზე კომპასის, სამიზნებელი სახაზავისა და ფარგლის დახმარებით. მსხვილმაშტაბიანი რუკების უქონლობისას თ.ა. მონაცემების მიხედვით ადგენენ გეოდეზიურ, გრავიმეტრული და ასტრონომიული პუნქტების განლაგების ესკიზებს.

თვალი - 1. მრავალი მუშა და სატრანსპორტო მანქანის მოძრაობის მთავარი ელემენტი (სარელსო თ., პნევმატურსაბურავიანი თ.). აქვს მანებიანი ან დისკის გარსაკრის ფორმა. წარმოადგენს ბრუნვითი მოძრაობის გადაცემის ან გარდაქმნის ძირითად საშუალებას. მანქანებში თ. გამოიყენება ბრუნვის სიხშირის შესაცვლელად (ღვედური, კბილანური, ჭია გადაცემები) ან მოძრაობის მიმართულების შესაცვლელად (კონუსური კბილანური გადაცემა); 2. ძვირფასი ქვა; 3. მხედველობის ორგანო.

თვითაალება - ანთების პროცესი, რომლის დროსაც ხდება წვადი ნივთიერების გახურება, გარეგანი სითბოს ზეგავლენით, განსაზღვრულ ტემპერატურამდე, რის შედეგადაც იგი თვითონ აალდება და განაგრძობს წვას. მინიმალურ ტემპერატურას, რომლის დროსაც იწყება თვითაალება, თვითაალების ტემპერატურა ეწოდება.

თვითამწე - ამწე, დამაგრებული მშენებარე ნაგებობის კონსტრუქციაზე. მისი გადაადგილება ხდება საკუთარი მექანიზმებით შენობის სიმაღლეში მატების შესაბამისად (ნახ. 1).

თვითდაფინანსება - წარმოების გაფართოების დაფინანსება მოგების ან ახალი აქციების გამოშვების ხარჯზე.

თვითდაძაბული კონსტრუქცია - რკ.ბ.-ის კონსტრუქცია დამზადებული დამძაბავ ცემენტზე, რომელიც ბეტონის გამყარების პროცესში გაფართოების ხარჯზე ქმნის დაძაბულ მდგომარეობას. გამოიყენება რეზერვუარების მშენებლობისას, სადაწნეო მილების დამზადებისას, გზის საფარის მოწყობისას და სხვ.

თვითმავალი სატრანსპორტო საშუალებები - ნებისმიერი სახის თვითმავალი ტრანსპორტი, რომელიც დაპროექტებული და კონსტრუირებულია კონკრეტულად იმ სახის სამუშაოს სისრულეში მოსაყვანად, რაც, მისი კონსტრუირების მახასიათებლებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მგზავრების გადასაყვანად ან ტვირთის გადასატანად. ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შასზე დამონტაჟებული მექანიზმები არ ითვლება თვითმავალ სატრანსპორტო საშუალებებად.

თვითმაშველი - მიწისქვეშა ავარიის (აფეთქება, ხანძარი, აირის უეცარი გამოტყორცნა, ჩამოქცევა) შემთხვევაში ადამიანის სუნთქვისათვის უვარგის გარემოში ინდივიდუალური დაცვისათვის ერთჯერადი გამოყენების აპარატი (ნახ. 1).

თვითმზიდი კედელი - კედელი, რომელიც ასრულებს შემომზღუდავ ფუნქციებს და არ ზიდავს ვერტიკალურ დატვირთვებს გარდა საკუთარი წონისა.

თვითმომსახურებადი სათავსო საშუალება - უძრავი ქონება, რომელიც დაპროექტებულია და გამოიყენება, როგორც კლიენტებზე ქირით ან იჯარით გაცემული ინდივიდუალური სათავსო სივრცეები პირადი ქონების შესანახად, თვითმომსახურების საფუძველზე.

თვითნაბადი - ბუნებრივად ხალასი; სხვა რამესთან შეურეველი (მაგ., თვითნაბადი ოქრო).

თვითნაკეთი - თავისი, შინაური, არაპროფესიული საშუალებებით დამზადებული.

თვითნებური განაშენიანება - შენობის ან სხვა ნაგებობის მშენებლობა მიწის ნაკვეთზე, რომელიც გამოყოფილი არ არის დადგენილი წესით, კანონის შესაბამისად. პირს, რომელიც ახორციელებს ასეთ განაშენიანებას, ვერ მიიღებს უფლებას აშენებული ობიექტების საკუთრებაზე (ვერ დაიკანონებს).

თვითღირებულება - ერთეული წარმოების დანახარჯი, რომელიც გამოითვლება მთლიანი დანახარჯის გაყოფით წარმოებული ერთეულების რაოდენობაზე.

თვითწვა - მყარი ნივთიერების წვა, რომელიც გამოწვეულია ნივთიერების შიგნით მიმდინარე ქიმიური, მიკრობიოლოგიური ან მექანიკური პროცესით გამოყოფილი სითბოს დაგროვებით. ასეთი ნივთიერებებია: ტორფი, ნახერხი, ბამბა და სხვა ფოროვანი მასალები, რომლებსაც ჰაერთან შეხების დიდი ფართი აქვთ. ამ ნივთიერებების არასწორმა შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს თვითწვა. ნივთიერება თვითწვადია, თუ მისი თვითაალების ტემპერატურა 500C-ზე ნაკლებია. თვითწვადი მასალები ქმნიან ხანძრის წარმოშობის დიდ საფრთხეს.

თვისება - 1. ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს საგნის (ნივთიერების) იმ მხარეს, რაც განაპირობებს მის განსხვავებას (ან პირიქით, საერთოს) სხვა საგნებისაგან (ნივთიერებებისაგან) და თავს იჩენს მათი ურთიერთ შედარებისას; 2. ვისიმე ან რაიმეს დამახასიათებელი ნიშანი, ბუნება, თავისებურება. თ. შეიძლება იყოს: აკუსტიკური, დინამიკური, მექანიკური, მჟავური, სამუშაო, სასარგებლო, ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, თბოინერციული, ელექტრული, ტექნოლოგიური და სხვ.

თვისებრიობა - ისეთი არსებითი ნიშანთვისება, თავისებურება, რაც ერთ საგანს ან მოვლენას განასხვავებს მეორისაგან.

თვლის ორობითი სისტემა - თვლის სისტემა, რომელიც აგებულია პოზიციურ პრინციპზე 2-ის ფუძით. ამ სისტემაში იყენებენ მხოლოდ ორ ციფრს 0 და 1. აქაც, ისევე როგორც ყოველ პოზიციურ სისტემაში, ციფრის მნიშვნელობა დამატებით დამოკიდებულია მის მიერ დაკავებულ ადგილზე. რიცხვი 2 ითვლება მეორე თანრიგის ერთეულად და ასე ჩაიწერება: 10 (იკითხება: "ერთი ნული"). შემდეგი თანრიგის ყოველი ერთეული ორჯერ მეტია წინაზე, ე.ი. ეს ერთეულები ადგენენ რიცხვთა მიმდევრობას: 2, 4, 8, 16, . . . , 2n,… მაგ., რიცხვი 900 ორობით სისტემაში ასე ჩაიწერება: 1110000100.

თითბერი - 1. სპილენძისა (Cu) და ცინკის (Zn) შენადნობი, ზოგჯერ სხვა ელემენტების დამატებით (Al, Sn, Mn, Ni, Si, P და სხვ.) კარგად ექვემდებარება წნევით დამუშავებას, აქვს თვისებების დიდი დიაპაზონი, ლამაზი ყვითელი ფერი და იაფია; 2. "ყვითელი სპილენძი ბუნებით" (საბა)

თირატრონი (ბერძნ.) - იონური ხელსაწყო, რომელიც თავისი მოქმედებით რელეს ანალოგიურია.

თირი - 1. ნაცრისფერი რბილი ქვა; მჭადაქვა; ადვილად ითლება, ცეცხლზე არ სკდება; მისგან აკეთებენ კერას; 2. მიწა ერთგვარი,რომელსაც იყენებენ ქოთნების, ქვევრევის და მისთ. დასამზადებლად.

თიქსოტროპია - ზოგიერთი ნაცრის და გელის ერთმანეთში გადასვლის თვისება მექანიკური ზემოქმედების - არევის, შენჯღრევის დროს.

თიხა - დანალექი და ჰიდროთერმულად შეცვლილი ქანი, რომელიც ძირითადად შედგება თიხის მინერალებისაგან (ნახ. 1). თ. გრანულომეტრიული (მარცვლოვანი) შედგენილობა ასეთია: 5...0,16 მმ ქვიშოვანი ფრაქცია, 0,16...0,005 მმ მტვროვანი ფრაქცია, 0,005 მმ-ზე ნაკლები - თიხოვანი ფრაქცია. რაც მეტია თიხოვანი ფრაქცია, მით უფრო პლასტიკურია თიხა. თიხებში რელიქტური და ტერიგენული მინერალების ( კვარცი, მინდვრის შპატი, ქარსი) ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატობედეს 30...40%. თიხის მინერალთა დიდი კონცენტრაცია განაპირობებს მის მაღალ ხარისხს. თიხის მინერალოგიური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (იონთა გაცვლის უნარი, კოლოიდურობა, წყლიანი სუსპენზიების ტიქსოტროპიულობა, პლასტიკურობა, ცეცხლგამძლეობა და სხვ.) განსაზრვრავს მის ეფექტურ გამოყენებას კერამიკულ მრეწველობაში, სამსხმელო, ნავთობის, ცემენტის, დუღაბის წარმოებაში, აგრეთვე ქანდაკების ორიგინალის შესაქმნელად და სხვ. მეტამორფიზმის შედეგად თ. გარდაიქმნება არგილიტად, თიხაფიქლად, ფილიტად. თიხის საბადოები ცნობილია საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, მექსიკაში, იტალიაში, რუმინეთში, აშშ-ში და სხვ. მისი ძირითადი ქანწარმომქმნელი მინერალია მინდვრის შპატი. თ. ადვილად იჟღინთება წყლით და პლასტიკური ხდება. საქართველოში თ. მდიდარი რეგიონებია: ზემო იმერეთი, გურია, აჭარა, კახეთი. ცნობილია თ. მრავალი სახეობა: აბისალური წითელი, ბენტონიტური, ბლანტი, გამომწვარი, განლექილი, ზელილი, თეთრი, თხევადი, კაოლინური, კერამიკული, კირიანი, მაგნეზიური, მათეთრებელი, მიკროშრეული, მონატანი, მონომინერალური, მფუვანი, მწვარი, მჭლე, ნედლი, ორგანოგენური, პლასტიკური, ოლიმიქტური, პოხიერი, რკინოვანი, სააგურე, საადსორბციო, სამეთუნეო, საყალიბო, საძერწი, სუსტდნობადი, ტერიგენული, ფაიფურის, ქვიშოვანი, შაბიანი, შთანთქმელი, ცეცხლგამძლე, წითელი ოკეანური და სხვ.


თიხა აბისალური - წყლის ქვეშ ღრმად განლაგებული (3000 მ და მეტი) ქანი, რომელსაც უჭირავს მსოფლიო ოკეანის ფსკერის ფართობის 90%-მდე. არსებობს ორგანოგენური და პოლიგენური წარმომავლობის. ორგანოგენურს მიეკუთვნება ფხვიერი ან შემკვრივებული ნალექები, წარმოქმნილი პლანქტონური ორგანიზმების ჩონჩხებისაგან, მაგ., კირიანი (ფორამინიფერული, გლობიგერინული) და კაჟბადიანი (დიატომიტური, რადიოლიერული) ლამი. პოლიგენური კი წარმოდგენილია წითელი თიხის სახით, რომელსაც წითელ შეფერილობას აძლევს რკინა-მარგანეცის კონკრეციები.

თიხა ბენტონიტური - კოლოიდური თიხა, რომელიც შედგება ძირითადად მონტმორილონიტის ჯგუფის მინერალებისაგან.

თიხა ბლანტი - დაბალტემპერატურული შეცხობის სველი თიხა მინარევებისა და ქვიშის გარეშე. მისი დანაწევრება ხდება ჭრით, წნევით ან ხეხვით გლუვ ვალცებზე ან რბიების მეშვეობით. შემკვრივება მიმდინარეობს ნელა და არათანაბრად, აუცილებელია დამუშავდევს წნეხებში გრძელი ცილინდრებით, რათა თიხის მასას მეტი დრო ჰქონდეს შემკვრივებისათვის.

თიხა გამომწვარი - მიიღება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა წითელი თიხის გაშრობით, დანაწევრებითა და გამოწვით მაღალ ტემპერატურაზე საჭირო ტექნოლოგიის დაცვით.

თიხა თეთრი - 1. თეთრი ფერის თიხა, რომელსაც კოსმეტიკური გამოყენება აქვს; 2. იხ. კაოლინი.

თიხა მათეთრებელი - თიხოვანი მთის ქანი, მეტწილად მონტმორილონიტური შედგენილობის, მკვეთრად გამოხატული სორბციული თვისებებით. გამოიყენება სითხეების გასაწმენდად.

თიხა სააგურე - თიხის სახეობა, რომელიც ძითადად შედგება კაოლინიტის, ჰიდროქარსების, მონტმორილონიტის (კვარცის, კარბონატებისა და რკინის ჟანგის მინარევებით) და სხვა მინერალებისაგან. თ.ს. შეიცავს თიხოვან ნაწილაკებს (ფრაქციით <0,005 მმ), მტვრის ნაწილაკებს (ფრაქციით - 0,065-0,05 მმ) და ქვიშის ნაწილაკებს (ფრაქციით 0,05-2 მმ). ამ ფრაქციების პროცენტული თანაფარდობის მიხედვით განასხვავებენ თიხას, თიხნარსა და ქვიშნარს. სააგურე თიხას მიეკუთვნება თიხოვანი ქანები, რომელთა თიხის მოდული (თიხოვანი ნივთიერების, პროცენტებში, ფარდობა ქვიშისა და მტვრის ჯამურ შემცველობაზე) ტოლია 0,11-დან 0,43-მდე. მრეწველობაში გამოყენებისათვის თ.ს. მნიშვნელოვანი თვისებებია: მაღალი ბმულობა (მშრალი ნიმუშების სიმტკიცის ზღვარი კუმშვისას - 3-50 კგ/სმ2, სიმტკიცის ზღვარი ჭიმვისას - 0,8-9,5 კგ/სმ2), წებვადობა, გაჯირჯვებადობა წყალში (4-41% საწყისი მოცულობიდან), წყალთან შერევით სუსპენზიის წარმოქმნის უნარი, ცომის თვისება მიიღოს ნებისმიერი ფორმა ნედლ მდგომარეობაში და შეინარჩუნოს ის გაშრობისა და გამოწვის შემდეგ, ადვილდნობადობა, ცეცხლგამძლეობა (1100-13500С), შეცხობის ტემპერატურა 1000-11800С. თ.ს. ძირითადად გამოიყენება სამშენებლო კერამიკული ნაკეთობების (აგური, ბლოკი, კრამიტი და მისთ.) დასამზადებლად.

თიხა ფაიფურის - უმაღლესი ხარისხის თეთრი თიხა.

თიხა ცეცხლგამძლე - წვრილად დანაწევრებული, სხვადასხვა ქიმიურ-მინერალური შედგენილობის დანალექი მთის ქანი, რომელიც გვხვდება ბუნებაში ფხვიერ ან შემკვრივებულ მდგომარეობაში. გამოწვისას კარგავს შეკავშირებულ წყალს და შემდეგში ტემპერატურის აწევით იძენს მექანიკურ სიმტკიცეს, რომელიც ახასიათებს ბუნებრივ ქვას. მის შემადგენლობაში ძირითადად შედის ალუმინისა და ტიტანის ჟანგეულები (Al2О3; Ti02). გამოიყენება შამოტის აგურის და ნახევრადმჟავე, სხვადასხვა ხარისხისა და ასორტიმენტის ცეცხლგამძლე ნაკეთობების დასამზადებლად. ცეცხლგამძლედ ითვლება თიხოვანი ქანები, რომელთა დნობის ტემპერატურაა არანაკლები 15800С (ძნელდნობადია - 1350-15800С; ადვილდნობადი <13500С).

თიხაბზე - ჰაერზე გამომშრალი აგური, დამზადებული თიხის, ქვიშისა და ჩალისაგან (ბზესაგან).

თიხათაბაშირი - იხ. განჩუ.

თიხამიწა - ალუმინის ოქსიდი, თეთრი ფხვნილი. მიიღება ისეთი მინერალებისაგან, როგორიცაა ბოქსიტი, ნეფელინი, კაოლინი. გამოიყენება მეტალური ალუმინის და კორუნდის მისაღებად.

თიხასაზელი - აგრეგატი, რომელიც გამოიყენება თიხის მასის მეორადი დაქუცმაცებისა და დამუშავებისათვის (ნახ. 1). თ. ძირითადი ელემენტებია: ნასვრეტიანი ვალცები, რბიები და თიხასაზელები.

თიხასათქვეფი - 1. აპარატი, რომელიც გამოიყენება ცემენტის კლინკერის წარმოებაში ნედლეულის კომპონენტების (თიხა, კირქვა, მერგელი და სხვ.) წყალში შესარევად და დასაქუცმაცებლად, აგრეთვე დისპერგირებისა და მათი ნაწილაკების შეწონილ მდგომარეობაში მოსაყვანად. იგი არის მექანიკური ტიპის სტაციონარული შემრევი ერთი ცენტრალური ამძრავით პლანეტარული რედუქტორის ბაზაზე. შლამი, რომელიც მოთავსებულია ავზში, შეირევა ტრავერსაზე ჯაჭვებით დაკიდებული ფარცხებით. ტრავერსა ბრუნვით მოძრაობაში მოდის ძრავით პლანეტარული რედუქტორის საშუალებით, რომელიც დაყენებულია მბრუნავ ტრავერსაზე. ელექტროენერგია ძრავთან მიდის დენის ამრთმევით. ავზი ზემოდან დახურულია სექციებიანი გადახურვით. მზა შლამი გამოედინება ავზის ქვედა ნაწილში მოთავსებული გამომშვები ფანჯრიდან; 2. აპარატი პლასტიკური ნედლი მასალების დაქუცმაცებისათვის და დალექვისათვის, რომლებიც დისპერგირდებიან წყლით (ცარცი, თიხა და სხვ.).

თიხასარევი - მოწყობილობა თიხის ხსნარის მოსამზადებლად (ნახ. 1).

თიხასაჭრელი - ერთ- ან მრავალსიმიანი ავტომატი, რომელიც ახორციელებს ლენტური წნეხის სატუჩედან გამოსული თიხის ძელის ჭრას აგურის საჭირო ზომით.

თიხაფიქალები - ნაცრისფერი, მოყვითალო ან მოშავო-მონაცრისფრო სუსტად მეტამორფიზებული ქანები. ახასიათებს წვრილმარცვლოვანება, ფიქლებრივი სტრუქტურა და მკვრივი აგებულება.

თიხნარი - ფხვიერი თიხა-ქვიშის ჯდენადი მთის ქანი, რომლის შემადგენლობაში 10...30% (მასის მიხედვით) თიხის ნაწილაკებია (ზომით ნაკლები 0,005 მმ-ზე), ხოლო დანარჩენი - ქანებისა და მინერალების სხვადასხვა ზომის ნატეხები. თ. არსებობს უხეშქვიშიანი, წვრილქვიშიანი და მტვროვანი (ნახ. 1). ძირითადად გამოიყენება აგურ-კრამიტის წარმოებაში და სამშენებლო საქმეში.

თიხურა - 600...7000C-ზე გამომწვარი და შემდეგ დაფქვილი თიხა. გამოიყენება კირის, ცემენტის აქტიურ ჰიდრავლიკურ დანამატად.

თლილი - გათლილი, ნატიფი, დახვეწილი.

თმისებრი ბზარი - ჭიქურის წვრილი თმისებრი ბზარი, რომელიც ჩნდება თიხის ნაკეთობის მოჭიქულ ზედაპირზე თიხასა და ჭიქურის თერმული გაფართოების კოეფიციენტებს შორის სხვაობის გამო.

თმოგვის ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში (ნახ. 1), ჯავახეთში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ასპინძის მუნიციპალიტეტი). პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ციხის კედლების საშენ მასალად გამოყენებულია ტუფი და ნატეხი ქვა. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 წ.წ.).

თოვლი - ატმოსფერული ნალექი, წყლის კრისტალები, ყინვისაგან შეკავშირებული თეთრ ფიფქებად; ასეთი ფიფქების მასა.

თოვლსაწმენდი - მანქანა, რომელიც გამოიყენება გზების, მოედნების, ტროტუარების, მაგისტრალების თოვლის მასისაგან გასაწმენდად (ნახ. 1). გააჩნიათ სხვადასხვა სახის მუშა ორგანოები: ჯაგრისებიანი, ფრეზებიანი, გუთნიანი, როტორული და კომბინირებული.

თოკი დამზღვევი - ძირითადი თოკის პარალელურად ჩამოშვებული თოკი, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სისტემაში დამჭერი კვანძების (ან მომჭერების) და თვითდაზღვევის მარყუჟების მეშვეობით (ნახ. 1). უზრუნველყოფს ავარიულ დაზღვევას ძირითადი თოკის დაზიანების (გაწყვეტის) შემთხვევაში ან ალპინისტის მიერ წონასწორობის დაკარგვისას.

თოკის მრავალკუთხედი - გრაფიკული მეთოდი, რომელიც გამოიყენება ძალთა სისტემის ტოლქმედის ან საყრდენთა რეაქციების განსაზღვრისას, მღუნავი მომენტების ეპიურების აგებისას, თაღოვანი და კიდული სისტემების რაციონალური მოხაზულობის განსაზღვრისას, ბრტყელი სისტემების სტატიკის სხვადასხვა ამოცანების ამოხსნისას. მის აგებას საფუძვლად უდევს ისეთი მრავალკუთხედის წარმოდგენა, რომელიც მიიღება ორივე ბოლოთი ჩამაგრებულ უწონად წრფივ თოკზე (ძაფზე) მოქმედი ძალებით დაჭიმვისას.

თოკწირი - წირი, რომელშიც თოკის მრავალკუთხედი გარდაიქმნება უწყვეტად განაწილებული ძალებისათვის.

თონე - მიწაში ჩადგმული, გამომწვარი თიხის უძირო ცილინდრული ან სფერული მოხაზულობის ღუმელი, რომელშიც პურს აცხობენ (ნახ. 1).

თორიტი - იშვიათი მინერალი, რომელსაც ახასიათებს ძლიერი რადიოაქტივობა; თ. მადნისაგან მიიღება თორიუმი.

თოფრა - პატარა ტომარა.

თოში - ზედაპირზე ამოტივტივებული ან ნაკადის სიღრმეში ჩატანილი წყალშიგა ყინულის ერთობლიობა.

თოხი - ხის ტარზე წამოცმული ბრტყელპირიანი რკინის იარაღი, რომელიც გამოიყენება დუღაბის მოსარევად, მიწის გასაფხვიერებლად, მცირე ზომის ღრმულის ამოსაწმენდად და სხვ.

თრაში - იხ. ფაცეტი.

თუთია (ლათ. Zincum) - მყიფე მოვარდისფრო-თეთრი ფერის ლითონი. აღინიშნება სიმბოლოთი Zn. თ. ბუნებაში როგორც თვითნაბადი ლითონი არ გვხვდება. ცნობილია მისი 66 მინერალი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია - ცინკიტი, სფალერიტი, ვილემიტი, კალამინი, სმიტსონიტი, ფრანკ-ლინიტი. თუთიისა და სპილენძის შენადნობი (თითბერი) ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში (VII ს.), ჩინეთში (XI ს.). თ. მიღების ძირითადი ხერხია - ელექტროლიტური (ჰიდრომეტალურგიული). გახურებულ გამომწვარ კონცენტრატს ამუშავებენ გოგირდმჟავათი; მიღებულ სულფატურ ხსნარს წმენდენ მინარევებისაგან და აბაზანებში ახდენენ მის ელექტროლიზს. თ. ილექება ალუმინის კათოდზე, საიდანაც მას ყოველდღე აცილებენ და ადნობენ ინდუქციურ ღუმელებში. ჩვეულებრივ ელექტროლიტური თუთიის სიწმინდეა 99,95 %. თუთიას გამოყენების სფეროა: ფოლადის დაცვა კოროზიისაგან (მოთუთიება), კეთილშობილი ლითონების აღდგენა, ვერცხლისა და ოქროს გამოყოფა (და სხვა ლითონების) შავი ტყვიიდან, ბატარეები და აკუმულატორები, სარჩილავი მასალები, მედიცინა (ანტისეპტიკი), მანქანათმშენებლობა, იარაღის წარმოება, ნავარგამტარები და სხვ.

თუთიის მწვანა - თუთიის ჟანგი, საღებავების წარმოებაში გამოიყენება, როგორც პიგმენტი.

თუთიის სულფატი (გოგირდმჟავა თუთია) - უფერული კრისტალები. წყალში კარგად იხსნება. ჩვეულებრივ პირობებში წყალხსნარებიდან გამოიყოფა კრისტალჰიდრატის, ე.წ. თუთიის აჯასპის სახით.

თუთიის სულფიდი (გოგირდოვანი თუთია) - თეთრი ფხვნილი, წყალში არ იხსნება, მჟავაში იხსნება და წარმოქმნის შესაბამის მარილებს. იყენებენ ნახევრად გამტარულ მასალად

თუთიის ქლორიდი (ქლოროვანი თუთია) - თეთრი ჰიგროსკოპული კრისტალები. წყალში იხსნება. იყენებენ ლითონთა მოსარჩილავად.

თუთუბო (რუს. Сумах) - 1. ხე ან ბუჩქნარი, რომელიც იზრდება საქართველოს სამხრეთ რაიონებში. გვხვდება ზღვის დონიდან 1000 მ-მდე, მშრალ ქვიან ფერდობებზე და გამეჩხერებულ ბუჩქნარებში. მისი ფოთლები და ნორჩი ყლორტი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ფოთლების, ღეროს ქერქისა და ნაყოფისაგან მიიღება სხვადასხვა ფერის საღებავი. აქვს  ძლიერ მკვრივი მერქანი, ხასიათდება ლამაზი ტექსტურით. გამოიყენება სადურგლო და სახარატო საქმეში; 2. ძმრის ხე (ნახ. 1).

თუთქი - 1. ცხელი ნაცარი; 2. ბოჭკოვანი ნახევარფაბრიკატების ხარშვისას წარმოქმნილი ხსნარი.

თუნი - ჭურჭლის გამოსაწვავი, საცეცხლე.

თუნუქი (რუს. Жесть) - ცივნაგლინი გამომწვარი ფურცლოვანი ფოლადი სისქით 0,1...1,2 მმ (ნახ. 1), დაფარული კალით, ან სპეციალური საფარველით (ლაქი, თუთია, ქრომი და სხვ.) გამოდის ზომებით: 512×1000 და 712×1200 მმ ან რულონებად სიგანით 1 მ-მდე, მასით 15 ტ-მდე. არსებობს შავი, თეთრი, მოთუთიებული და ფერადი თ. სახლების სახურავებისათვის უმეტესად გამოიყენება გოფრირებული თუნუქი.

თურში (რუს. Медведка) - გადასატანი სახვრეტი წნეხი. გამოიყენება ლითონის კონსტრუქციების მონტაჟის დროს.

თუჯი - რკინის შენადნობი ნახშირბადთან (2...4,5%), მანგანუმის მცირე რაოდენობასთან (1,5%-მდე), კაჟთან (4,5%-მდე), გოგირდთან (<0,08%), ფოსფორთან (<1,8%) და სხვა. თ. არის რკინის მადნის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ბრძმედის ღუმელებში. ცნობილია თეთრი თ. (შეკავშირებული რკინის კარბიდი Fe3C) და რუხი თ., თავისუფალ მდგომარეობაში გრაფიტის სახით. თ. ხასიათდება მაღალი სამსხმელო თვისებებით, რაც განაპირობებს საკონსტრუქციო მასალად მის გამოყენებას ხახუნის კვანძებსა და უძრავ შეერთებებში.

თუჯი თეთრი - თუჯი, რომელშიც ნახშირბადი (5,8%-მდე) შედის რკინის კარბიდის ან ცემენტიტის სახით. დნობის ტემპერატურაა 1180...12200C. გამოდნობა მიმდინარეობს თხევადად და მისგან ფოლადის მიღება რთულია. თ.თ. კარგად ეწინააღმდეგება ცვეთას, აქვს დიდი სისალე, პრაქტიკულად არ ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას. თუჯის ამ თვისებას იყენებენ დეტალების ჩამოსასხმელად, რომლების არ საჭიროებენ შემდეგ მექანიკურ დამუშავებას (საგზაო მანქანების საგორავები, სამსხვრევი აპარატის ფრთები, სილასაქრევი მანქანის თავის ჩამჩა და სხვ.), ზოგჯერ თუჯისაგან მცირე ზომის საჭრელ ინსტრუმენტებსაც ასხამენ. მარგანეცით მდიდარ თეთრ თუჯს ფერომარგანეცი ეწოდება.

თუჯი ლეგირებული - თუჯი, რომელიც ჩვეულებრივ კომპონენტებთან ერთად, შეიცავს სპეციალურ დანამატებს (ქრომი, ნიკელი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ტიტანი, ალუმინი, სპილენძი, ცირკონიუმი და სხვ.), რომლების აძლევენ თუჯს განსაზღვრულ თვისებებს (ცეცხლ-, ცვეთა-, კოროზიამედეგობას, ანტიფრიქციულობას და სხვ.). თ.ლ. კლასიფიკაცია ხდება ქიმიური შედგენილობის მიხედვით (ქრომიანი, ნიკელიანი, ვანადიუმიანი და ა.შ.). თუ მალეგირებელი ელემენტები შედის მადნის შემადგენლობაში, მაშინ თუჯს უწოდებენ ბუნებრივად ლეგირებულს.

თუჯი მაღალი სიმტკიცის - თუჯი, რომელშიც ნახშირბადი შედის სფეროსებრი გრაფიტის სახით. გამოიყენება მანქანათმშენებლობაში საპასუხისმგებლო ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე მაღალი სიმტკიცის მილების წარმოებაში (წყალმომარაგება, წყალარინება, აირ- და ნავთობსადენები). ნაკეთობები და მილები თ.მ.ს. გამოირჩევა სიმტკიცით, ხანგამძლეობითა და მაღალი საექსპლუატაციო თვისებებით.

თუჯი რუხი - თუჯი, რომელშიც ნახშირბადი შედის ფირფიტის ან ბოჭკოვანი გრაფიტის სახით. ახასიათებს მაღალი საჩამომსხმელო თვისებები (კრისტალიზაციის დაბალი ტემპერატურა, დენადობა თხევად მდგომარეობაში, მცირე შეკლება) და არის ძირითადი მასალა საჩამომსხმელო წარმოებებში. გამოიყენება მანქანათმშენებლობაში ჩარხებისა და მექანიზმების სადგარების, გუშების, ცილინდრების და ა.შ. ჩამოსასხმელად.

თუჯი სამსხმელო - ბრძმედის ღუმელში ჩამოსხმული თუჯი.

თუჯი სარკისებრი - ფოლადის წარმოებაში გამოყენებული თუჯი მარგანეცის შემცველობით 10...15%; უხეშმარცვლოვან ტეხილს (თუჯის ნატეხს) აქვს სარკისებური ბზინვა.

თუჯი ჭედადი - რბილი და ბლანტი თუჯის სახეობა. მიიღება თეთრი თუჯის სხმულების ხანგრძლივი მოწვით და შემდეგი თერმული დამუშავებით. ამ დროს ნახშირბადი ღებულობს ფიფქისებრი გრაფიტის სახეს. გრაფიტიზაციის პროცესის დასაჩქარებლად და თვისებების გასაუმჯობესებლად მიმართავენ ჭედადი თუჯის მოდიფიცირებას მეტალური დანამატებით, როგორიცაა: ალუმინი, ბორი, სტიბიუმი, ტიტანი, ტანტალი, ნიბიუმი, თუთია, ბისმუტი და სხვ. მეტალურგიული ქარხნები ძირითადად აწარმოებენ ფერიტულ და პერლიტურ ჭედად თუჯს, რომლისაგანაც ამზადებენ მანქანების მუხლა და გამანაწილებელ ლილვებს, დიზელის ძრავების დგუშებს, მოჭიდების დეტალებს, სარქველების მხრეულებს და ა.შ. თ.ჯ. კარგად მუშაობს მაღალი ტემპერატურის პირობებში, კარგად აქრობს ვიბრაციას, აქვს მაღალი დაღლილობითი სიმტკიცე და სხვ.

თხევადი აგრესიული გარემო - გარემო, რომლის აგრესიული მოქმედება განისაზღვრება მისი შედგენილობის თხევადი ფაზით.

თხელი - რასაც მცირე განივკვეთი აქვს; დალეული, გამხდარი; ნაკლებად მკვრივი (სითხე, ორთქლი...), არახშირი, მეჩხერი.

თხელკანიანი - რასაც თხელი კანი აქვს

თხელკედლიანი კონსტრუქციები - სამშენებლო კონსტრუქციები, რომლებსაც ერთი ზომა (სისქე) სხვა ორ ზომასთან შედარებით გაცილებით მცირე აქვთ (გარსები, გუმბათები და სხვ.)(ნახ. 1: თხელკედლიანი გარსი. ჩქაროსნული რკინიგზის სადგური ქ. ლიეჟში, ბელგია).

თხელტანიანი - მცირე მოცულობისა (წიგნი, დავთარი).

თხემი (ქიმი) - ორ- ან ოთხფერდა სახურავის დაქანებული ფერდების ზედა შემაერთებელი ხაზის არქიტექტურულად გაფორმებული დეტალი, რომელიც წიბოს მიყვება უწყვეტად.

თხრილი - ნათხარი, გაჭრილი, გათხრილი მიწა, გრძლად გაჭრილი ორმო (ნახ. 1). არსებობს თ. მრავალი სახეობა: სადრენაჟო, სარწყავი, წყალსაღობი, წყალსარინი, წყალმიმღები, წყალსაკრები, წყალსადინარი და სხვ.

იაგუნდი - მინერალ კორუნდის გამჭვირვალე, სხვადასხვა ფერის სახესხვაობათა კრებითი სახელი. ძვირფასი ქვა წითელი ან ლურჯი ფერისა.

იარაღი (ლათ., ინსტრუმენტი) - 1. მრეწველობაში, - ფართო გაგებით სამუშაო იარაღი. განასხვავებენ ხელის (ჩაქუჩი, სატეხი, გაზი), ჩარხის (საჭრისები, ფრეზები, ბურღები...), მექანიზებულ (ელექტრული, ჰიდრავლიკური ან პნევმატური ამძრავით - ე.წ. ხელის მანქანები: სატეხი, სახერხი, საბურღი, სახეხი, მოქლონვის და ა.შ.), აგრეთვე საკონტროლო-საზომ (კალიბრები, სახაზავები, შტანგენფარგლები, მიკრომეტრები და ა.შ.) იარაღებს; 2. ბრძოლისა და თავდაცვის საშუალება; 3. რაიმე მიზნის მისაღწევი საშუალება, ღონისძიება, სახსარი.

იარდანგი - რელიეფის ეოლური ფორმა. წარმოიქმნება ქარის მოქმედების შედეგად, უმეტესწილად არიდული კლიმატის რაიონებში (უდაბნო, ნახევარუდაბნო). არის ვიწრო პარალელური, ქარის მიმართულებით გადაჭიმული რელიეფის დადებითი ფორმა (ნახ. 1). აქვს ასიმეტრიული ციცაბო კალთები, რომელსაც ნაოჭები გასდევს. ძირითადად თიხიან ნიადაგზე ვითარდება. სიგრძე რამდენიმეჯერ სჭარბობს სიგანეს. ი. გამოქარვისა და კოროზიის ნაოჭია, რომლის ჩაჭრის სიღრმე რამდენიმე სმ-იდან რამდენიმე მ-მდეა. დამახასიათებელია ცენტრალური აზიის უდაბნოებისათვის. გვხვდება აგრეთვე ტიბეტის პლატოსა და არიზონაში ფენიქსისა და უინდიუ-როკის გასწვრივ. ტერმინი თურქული წარმოშობისაა (Yardang) და იხმარება ცენტრალური აზიის უდაბნოების რელიეფის აღსანიშნავად. კოსმოსური აპარატის - Mars Global Surveyor-ის მიღებული გამოსახულებების შემდეგ, დადასტურდა მათი არსებობა პლანეტა მარსზეც.

იარდი (ინგლ.) - ინგლისური სიგრძის საზომი ერთეული 1 ი = 3 ფუტი = 36 დუიმი = 0,911 მ.

იარუსი - 1. მაყურებელთათვის განკუთვნილი სართული თეატრში; 2. სართულებად მოწყობილი რიგი, წყება; 3. გეოლ. დანალექი ქანების, პლასტების ერთობლიობა; სართული.

იასპი (ეშმა) - მასიური წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც ძირითადად ნაგებია კვარცით, ქალცედონითა და სხვა მინერალებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლამაზი სანეხელავო ქვაა. გამოირჩევა სიმაგრითა და სიმტკიცით, მრავალფეროვანი შეფერილობით. კარგად კრიალდება. ი. გაუმჭვირვალეა, აქვს კიბოსებრი ტეხილი. პოლიგენური წარმონაქმნია. საკუთრივ იასპი - მეტწილად მეტამორფიზებული კაჟბადიანი რადიოლარიული ან თიხოვან-კაჟბადიანი ნალექია, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებულია ეფუზივებთან და ტუფებთან.

იატაკი - სართულშუა გადახურვაზე ან მიწაზე მოწყობილი სხვადასხვა მასალის (ხის, ქვის, მოზაიკის, ასფალტის, ბეტონის, ცემენტის, ლინოლეუმის და სხვ.) ფენილი სადგომში.

იატაკი აქტიურად თბილი - იატაკი, რომლის საფუძველში ჩაწყობილია იატაკის ქვედა მხრიდან გასათბობი ელემენტები, როგორიცაა მილსადენები ცხელი თბომატარებლებით (ნახ. 1), ელექტროკაბელები და სხვ.

იატაკი თბილი - იატაკი, რომლის საფუძვლად გამოყენებულია სითბოს ათვისების დაბალი კოეფიციენტის მქონე მასალები.

იატაკი მცურავი - იატაკი, რომელიც შედგება საფარვლის, ხისტი საფუძვლისა და უწყვეტი ბგერასაიზოლაციო შრისაგან რბილი დრეკადი ან ფხვიერი მასალისაგან, დაგებული უშუალოდ გადახურვის ფილებზე.

იატაკი სუფთა - იატაკის ზედა ხილული ზედაპირი.

იატაკი ფენოვანი - იატაკი, რომელიც შედგება მყარი საფარისა და თხელი ბგერასაიზოლაციო ფენებისაგან, დაგებული უშუალოდ გადახურვის ფილებზე ან ცემენტის მოჭიმვაზე.

იატაკი შავი - პარკეტის ან ლინოლეუმის ქვეშ დაგებული ფიცრები.

იატაკი ჩასასხმელი - იატაკის მონოლითური საფარი, დამზადებული დენადი პოლიმერშემცველი ნივთიერებებისაგან წინასწარ მომზადებულ საფუძველზე ან მოჭიმვაზე.

იატაკის მოპირკეთების ზედაპირი - იატაკის მზიდი კონსტრუქციის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) ზედა მოპირკეთებული ზედაპირის ნიშნული.

იატაკის საფუძველი (მოჭიმვა) - იატაკის შრე, რომელიც ასწორებს მის ქვევით მდებარე გადახურვის მზიდი კონსტრუქციის ზედაპირს, საჭიროების შემთხვევაში აძლევს დახრას, ფარავს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო გაყვანილობებს, ღრეჩოებს, ნაპრალებს, ნახეთქებს და ზედაპირს აძლევს დასრულებულ სუფთა სახეს მასზე საექსპლუატაციო იატაკის მოსაწყობად (ნახ. 1).

იატაკის სუფთა ფართობი - სასარგებლო რეალური ფართობი, რომელშიც არ შედის დამხმარე სარგებლობები: დერეფნები, კიბეგზები, ტუალეტის ოთახები, მექანიკური აღჭურვილობის ოთახები და საკუჭნაოები.

იატაკის ფართობი - შენობის გარე კედლების შიდა პერიმეტრის საზღვრებში მოქცეული იატაკის ფართობი, დერეფნების, კიბეგზების, საკუჭნაოების, ინტერიერის კედლების სისქის, სვეტების ან სხვა ნაწილების ჩათვლით, მაგრამ სავენტილაციო შახტებისა და შიდა ეზოების გამოკლებით. შენობის ან მისი ნაწილის იატაკის ფართობი, შემოუზღუდავი გარე კედლებით, უნდა იყოს გამოყენებადი ფართობი სახურავის ჰორიზონტალური ნაშვერის ან ზემოთ მდებარე იატაკის ქვეშ. იატაკის მთლიან ფართობში არ შედის ღიობების არმქონე შახტები და ინტერიერის შიდა ეზოები.

იატაკის ქვენაფენი - იატაკის ფენა (შრე), რომელიც დატვირთვას ანაწილებს გრუნტზე.

იატაკის ჰიდროსაიზოლაციო შრე - იატაკის შრე (შრეები), რომელიც ეწინააღმდეგება იატაკში ჩამდინარი წყლების და სხვა სითხრეების გავლას, აგეთვე გრუნტის წყლების ამოსვლას (გამოჟონვას).

იგივური გარდაქმნა - ცვლადების შემცველი ერთი გამოსახულების (ალგებრული, ანალიზური გამოსახულების) შეცვლა სხვა, მისი იგივურად ტოლი გამოსახულებით, რომელიც იღებს იმავე მნიშვნელობებს ამ გამოსახულებაში შემავალი ასოების ყველა დასაშვები მნიშვნელობისათვის (ცვლადების ყველა იმ მნიშვნელობისათვის, რომელთაც აქვთ აზრი). ი.გ. დიდ როლს თამაშობს ალგებრაში განტოლებების, უტოლობების და მათი სისტემების ამოხსნისას, თეორემის ან იგივეობის დამტკიცებისას. ი.გ. მაგალითებია: წილადის შეკვეცა, ფრჩხილების გახსნა, თანამამრავლის გამოტანა ფრჩხილებს გარეთ, შეკრების ფორმულები ტრიგონომეტრიაში, კვადრატული მრავალწევრის დაშლა მამრავლებად და სხვ.

იგლუ - კანადელი ესკიმოსების ზამთრის საცხოვრებელი (ნახ. 1). შენდება თოვლის ბლოკებისგან და წარმოადგენს გუმბათისებრ კონსტრუქციას. როგორც წესი, ი. დიამეტრია 3-4 მეტრი და სიმაღლე 2 მეტრამდე. ღრმა თოვლისას შესასვლელი კეთდება თოვლში გათხრილი გვირაბის სახით, ხოლო თუ თოვლის საფარი არაა სქელი, მაშინ გარედან თოვლის ბლოკებისგან კეთდება დერეფანი, ეს ი. ქარისგან იცავს. თოვლი კარგი თბოიზოლატორია, ამიტომ როდესაც ჰაერის ტემპერატურა −40 −45 გრადუსია, შიგნით ტემპერატურა შესაძლოა მერყეობდეს −7-დან +26 გრადუსამდე. ი. სპეციალურად არ ათბობენ. ცივი ჰაერის შემოდინება უზრუნველყოფს თოვლის შიდა ზედაპირის გაყინვას, რაც არ აძლევს საშუალებას რომ ი. დადნეს. მის ასაშენებლად აუცილებელია დიდხანს ნადები, კარგად გამაგრებული თოვლი. ბლოკების დაჭრა ნებისმიერი მჭრელი ინსტრუმენტით შეიძლება. გამოჭრა იმ მხრიდან იწყება, საიდანაც ქარი უბერავს, რადგან აქ თოვლი უფრო მკვრივია. ხანდახან თოვლის ბლოკებთან ერთად ყინულიც გამოიყენება, რათა ი. სინათლემ შეაღწიოს. ი. ჭერში ტოვებენ ღია ხვრელს ვენტილაციისათვის და განათებისთვის. ი. არქიტექტურა უნიკალურია. მისი ბლოკები სპირალურად ლაგდება ისე, რომ კედლები თავისუფლად იტანს სახურავის სიმძიმეს (ნახ. 2: იგლუს მშენებლობის სქემა), ხოლო ვენტილაცია არ აძლევს თოვლს გადნობის საშუალებას. ი. დასაძინებელი ადგილები ამაღლებულ პლატფორმაზეა, ვინაიდან თბილი ჰაერი ზემოთ ადის, ხოლო ცივი ქვემოთ ჩადის. ხშირად იგლუში ცხოველთა ტყავებს აფენენ მეტი სითბოსთვის.

იდეალურად პლასტიკური ტანი - სხეული, კონსტრუქციის ელემენტი, რომელსაც აქვს იდეალურად დრეკად-პლასტიკური თვისებები, რომელიც გამოისახება ნახ. 1-ზე ნაჩვენები დამოკიდებულებით „ძალა - გადაადგილება“ („ძაბვა - დეფორმაცია“). ი.პ.ტ. დიაგრამაზე შეესაბამება ჰორიზონტალური ხაზი.

იდეალური - 1. მხოლოდ შემეცნებაში, წარმოდგენაში არსებული; 2. საუკეთესო, სამაგალითო, სრულყოფილი.

იდეალური ბმები - ბმების სახეობა, როდესაც ამ ბმების რეაქციების მიერ შესრულებული ელემენტარულ მუშაობათა ჯამი ყოველ შესაძლო გადაადგილებაზე უდრის ნულს.

იდეალური გაზი - 1. გაზი, რომლის მოლეკულებს შორის ურთიერთქმედება განსახილველ ამოცანებში შეიძლება უგულვებელვყოთ, ი.გ.მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება კლაპეირონის განტოლება. რეალური გაზები თავისი თვისებებით ახლოს არის, ი.გ., თუ ისინი საკმარისადაა გაუხშოებული (მაგ., ჰაერი ნორმალურ წნევაზე და ტემპერატურაზე); 2. სტატისტიკურ ფიზიკაში - დიდი რაოდენობის ნაწილაკების ერთობლიობა (კვაზინაწილაკები), რომელთა შორის ურთიერთქმედება შეიძლება უგულვებელვყოთ. მაგ., ელექტრული გაზი ლითონებში, ფონონების გაზი კრისტალებში, ფოტონური გაზი.

იდეალური სითხე - სითხე, რომლის ს ი ბ ლ ა ნ ტ ე და კუმშვადობა განსახილველ ამოცანებში შეიძლება უგულებელვყოთ. ამ ტერმინით ხშირად სარგებლობენ მცირე სიჩქარეების ჰიდრო და აეროდინამიკაში.

იდეალური ხსნარი - ხსნარის ზღვრული მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა სახის მოლეკულებს შორის მოქმედი ძალები ერთი სახის მოლეკულებს შორის მოქმედი ძალების ტოლია.

იდემპოტენტური - ტოლძალოვანი

იდენტიფიკაცია - 1. იგივეობის დასაბუთება (მიღება, აღიარება) ობიექტების გაიგივებით, გამოცნობა; 2. რაიმე ობიექტის (მოვლენის, პროცესების) ოპტიმალური მოდელის შექმნა, რომელიც ასახავს რეალური ორიგინალური ობიექტის კანონზომიერებას. ი. - მოდელირების პირველი ეტაპი, რომლის მიზანია ობიექტის მოცემული ობიექტის ოპტიმალური შეფასება. ვიწრო გაგებით ი. - მოცემული ობიექტის ოპტიმალური პარამეტრების განსაზღვრა, ხოლო ფართო გაგებით - ობიექტის და მისი პარამეტრების, წრფივობის, სტაციონალურობის, იზომორფულობის და სხვა აღწერა და განსაზღვრა.

იდიომორფიზმი (ბერძ.) - ქანების შემადგენელი კრისტალური მარცვლების თვისება, მიიღოს ისეთი მოხაზულობა, რომელიც შეესაბამება მათს საკუთარ კრისტალოგრაფიულ ფორმებს.

იდოტოლი - დნობადი და ხსნადი ხელოვნური ფისი, რომელიც ფენოლისა და ფორმალდეჰიდის კონდენსაციით და მარილმჟავას თანხლებით მიიღება. გამოიყენება სპირტიანი ლაქების დასამზადებლად.

იერიშობანა - ზედმეტად აჩქარებული, არარიტმული მუშაობა ჩამორჩენის გამოსასწორებლად.

იესგუერო - იხ. კუმარუ.

იზო - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი რაც ნიშნავს თანაბარს, მსგავსს.

იზო... (ბერძ.) - წინსართი, რომელიც შედის მრავალ ტერმინში, აღნიშნავს - ტოლს, ერთნაირს, თანაბარს, ფორმით ან დანიშნულებით მსგავსს (მაგ., იზოკლინა - ტოლი დახრილობის წრფე; იზოპერიმეტრული - ტოლი სიგრძის, ტოლპერიმეტრიანი; იზოტროპული - ერთნაირი მიმართულების და სხვ.).

იზობარი - 1. ხაზი, რომელიც აღნიშნავს მდგომარეობის დიაგრამაზე წონასწორულ პროცესს; 2. ხაზი გეოგრაფიულ რუქაზე, რომელიც აერთებს ერთნაირი ატმოსფერული წნევის ადგილებს დროის განსაზღვრულ პერიოდში; 3. სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ატომები, რომელთაც აქვთ ერთნაირი მასური რიცხვი. ი. ბირთვი შეიცავს პროტონების სხვადასხვა რაოდენობას, მაგრამ ნაწილაკების (პროტონები და ნეიტრონები) საერთო რაოდენობა მათში, ერთნაირია.

იზობატი - ხაზი გეოგრაფიულ რუქაზე, რომელიც აერთებს ერთნაირი სიღმის მქონე ადგილებს (ოკეანის, ზღვის, ტბის და ა.შ.).

იზოგეოთერმები - დედამიწის ქერქის იმ წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე, რომლებშიც ტემპერატურა თანაბარია.

იზოგონები - 1. თანაბარი მაგნიტური გადახრის წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე; 2. ქარის ერთი და იგივე მიმართულების აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები.

იზოგონური ტრაექტორია - წირთა მოცემული ოჯახის იზოგონური ტრაექტორია არის წირი, რომელიც ყველა მოცემულ წირს კვეთს ერთი და იგივე α კუთხით. თუ α = 900, მაშინ იზოგონურ ტრაექტორიებს ორთოგონალური ეწოდება. მაგ., დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში y = kx წრფეთა კონის იზოგონური ტრაექტორია არის ნებისმიერი x2+ y2 = R2  წრეწირი

იზოთერმა - 1. ხაზი, რომელიც გამოსახავს მდგომარეობის დიაგრამაზე იზოთერმული პროცესის წონასწორობას; 2. ხაზი გეოგრაფიულ რუქაზე, ჰიდროგეოლოგიურ ჭრილებში და ა.შ. რომელიც აერთებს ჰაერის, წყლის ან ნიადაგის ერთნაირი ტემპერატურის მქონე წერტილებს დროის გარკვეულ პერიოდში.

იზოთერმია - 1. ჰაერის შუალედური მდგომარეობა, რომლის დროსაც ჰაერის აღმავალი ნაკადი განვითარებულია ძალიან სუსტად, ხოლო ნიადაგის ტემპერატურა პრაქტიკულად ტოლია ჰაერის ტემპერატურის. შეიმჩნევა წლისა და დღეღამის ყველა დროს მოღრუბლულ და ნახევრად მოწმენდილ ამინდში; 2. მედიც. სხეულის ტემპერატურის შედარებითი მუდმივობა, რომელსაც ადამიანებსა და თბილსისხლიან ცხოველებში უზრუნველყოფს თერმორეგულაციის ფიზიოლოგიური მექანიზმები.

იზოთერმული პროცესი - მუდმივ ტემპერატურაზე მიმდინარე თერმოდინამიკური პროცესი.

იზოკლინა - ხაზი გეოგრაფიულ რუქაზე, რომელიც აერთებს ერთნაირი მაგნიტური დახრილობის მქონე წერტილებს, ანუ იმ კუთხით, რომელიც ფიქსირდება მაგნიტურ იასარსა და სიბრტყის ჰორიზონტს შორის.

იზოლატორი - 1. ნივთიერება, რომელიც არ ატარებს ელექტრულ დენს; დიელექტრიკი; 2. ფაიფურის, პლასტმასის და მისთ. დეტალი ელექტროსადენების საიზოლაციოდ და დასამაგრებლად.

იზოლატორი ელექტრული - 1. ძალიან მაღალი კუთრი ელექტროწინაღობის (დიელექტრიკი) მქონე ნივთიერება. აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით არსებობს: გაზისებრი, თხევადი და მყარი; 2. ელექტროტექნიკური მოწყობილობა ელექტროდანადგარების ნაწილების იზოლაციისათვის, რომლებიც იმყოფება განსხვავებულ ელექტრულ პოტენციალების ქვეშ, და აცილებს მოკლე ჩართვას მიწასთან, კორპუსთან, ნაგებობასთან (ნახ. 1). არსებობს: სახაზო (საკიდი, ღეროვანი, საქუსლე, კერამიკული, ფაიფურის, ჯაჭვური, საფიდერო, სამყელიანი, უნაგირა, წიბოვანი, საკომუტაციო, ანტენის და ა.შ.), სტაციონალური (საყრდენი, გამავალი) და აპარატული (ელექტრულ აპარატებში და მანქანებში დეტალების ჩამაგრებისა და განცალკევებისათვის); 3. ლითონის ი.ე. - მაღალი სიხშირის კავშირგაბმულობის რადიოკონსტრუქციების საყრდენებისათვის. გამოირჩევა მაღალი ელექტრული წინააღმდეგობით (პრაქტიკულად უსასრულოთი).

იზოლაცია (ფრანგ.) - 1. განმხოლოება, განცალკევება, დაშორიშორება, გამიჯვნა; 2. ელექტრული - არასასურველი ელექტრული კონტაქტების აცილების მეთოდი (საშუალება) ელექტროტექნიკურ მოწყობილობებში. ამ მიზნით გამოიყენება დიელექტრიკული მასალები და ნაკეთობები; 3. სითბური – შენობა-ნაგებობების, თბური დანადგარების, მილსადენების და სხვათა დაცვა არასასურველი სითბოგაცვლითი პროცესებისაგან.  მშენებლობაში გამოყენებული ტერმინებია: ჰიდროიზოლაცია - წყლის (ტენის) შეღწევისაგან დაცვა; თბოიზოლაცია - სითბოს ან სიცივის ერთი გარემოდან მეორეში გადაცემის შემცირება; ბგერაიზოლაცია - ღონისძიებების კომპლექსი ხმაურის დონის შესამცირებლად.

იზოლაცია ამრეკლი - საშუალება თბური დანაკარგების შესამცირებლად. შედგება ორი ნაწილისაგან: საფუძველისა და ამრეკლი ფენისაგან. საფუძვლად გამოიყენება კარგი ამრეკლი თვისებების მქონე მასალები (ქაფპოლიეთილენი, აფუებული კაუჩუკი, მინაბოჭკო და სხვ.). ამრეკლად - ალუმინის ფოლგა ან პოლიპროპილენის მეტალური ფირი. ი.ა. გამოიყენება სამრეწველო მშენებლობაში, საავტომობილო და გემთმშენებლობაში, სათავსების (საუნა, აბანო) შიდა მოპირკეთებისათვის, სავენტილაციო სისტემების და მილსადენების დასამონტაჟებლად და სხვ.

იზოლაცია გაძლიერებული - გაუმჯებესებული მუშა იზოლაცია, რომელიც უზრუნველყოფს დაცვას ელექტროდენის დარტყმისაგან იმ ხარისხით, როგორც ორმაგი იზოლაცია.

იზოლაცია დამცავი - საიზოლაციო ფენა, რითაც დაფარულია ელექტროდანადგარის ლითონის ის კონსრუქციული ნაწილები, რომლებიც ნომინალურად არ იმყოებიან ძაბვის ქვეშ და რასაც ეხება ადამიანი (სახელური, კორპუსი და ა.შ.).

იზოლაცია ელექტრული - ელექტროტექნიკური მოწყობილობის ნაწილების შორის ელექტრული კონტაქტის აცილების ხერხი.

იზოლაცია ორმაგი - ელექტრომიმღებში ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და ნომინალურ ძაბვაზე გათვლილი იზოლაციის საფეხურების არსებობა, ისე შესრულებული, რომ რომელიმე მათგანის დაზიანება არ იწვევს ძაბვის გაჩენას ელექტრომიმღების შეხებისათვის ხელმისაწვდომ ლითონის კონსტრუქციულ ნაწილებზე.

იზოლაციის ავტომატური კონტროლი - იზოლაციის წინაღობის გაზომვა ხელსაწყოს საშუალებით, რომელიც მოქმედებს იზოლაციის დაზიანებისას სიგნალზე ან გამორთვაზე და შეიძლება ჰქონდეს ვიზუალური ანათვალი ან თვითჩამწერი.

იზოლაციის მუდმივი კონტროლი - იზოლაციის კონტროლი, რომლის დროსაც გასაზომი წინაღობის სიდიდე ფიქსირდება საზომი ხელსაწყოებით და სასიგნალო მოწყობილობებით, ელექტროდანადგარის მუშაობის მთელი დროის განმავლობაში.

იზოლაციის პერიოდული კონტროლი - იზოლაციის კონტროლი, შესრულებული პერიოდულად

იზოლი - ჰიდროსაიზოლაციო და საბურულე რაციონალური მასალა, რომლის შემადგენლობაში შედის: რეზინაბიტუმის შემკვრელი, პლასტიფიკატორი, შემავსებელი და აზბესტი. ი. მიმაგრება წარმოებს ნავთობის ბიტუმის ან ბიტუმის მასტიკის საშუალებით.

იზოლირებული ლენტი (იზოლენტი) - ლენტი, გაჟღენთილი წებოვანი რეზინით (ნახ. 1). გამოიყენება სადენების (გაყვანილობების) ელექტროსაიზოლაციოდ. არსებობს ი.ლ. მრავალი სახეობა: ქარსის, მინაქსვილის (უძლებს 2000С ტემპერატურას), ქაღალდის, პოლიეთერული, პოლიამიდური, პოლიტეტრაფთორ-ეთილური, ეპოქსიდური, აცეტატური ქსოვილის, პოლივინილქლორიდის საფუძველზე და სხვ.  ლენტი, გაჟღენთილი წებოვანი რეზინით. გამოიყენება სადენების (გაყვანილობების) ელექტროსაიზოლაციოდ.

იზოლირებული წერტილი - ნივთიერ წერტილს ეწოდება იზოლირებული, თუ იგი არ ურთიერთმოქმედებს სხვა სხეულებთან ან თუ წერტილზე მოქმედი ძალები აწონასწორებს ერთმანეთს.

იზომერები - ნაერთები, რომლებსაც ერთნაირი შემადგენლობა და მოლეკულური წონა, მაგრამ სხვადასხვანაირი აგებულება, განსხვავებული ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქვს.

იზომერია - ქიმიური მოვლენა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ერთნაირი შემადგენლობისა და მოლეკულური წონის, მაგრამ სხვადასხვანაირი აგებულების, განსხვავებული ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე ნაერთები.

იზომეტრია - იხ. აქსონომეტრია.

იზომორფიზმი - ქიმიური შემადგენლობით და კრისტალური ფორმით ერთნაირ ნივთიერებათა უნარი - გამოიყონ ხსნარისაგან შერეული შემადგენლობის კრისტალების სახით.

იზომორფული - რასაც იზომორფიზმი ახასიათებს; რაც გამოირჩევა კრისტალთა ერთნაირი აგებულებით.

იზონეფები - ერთგვარი ღრუბლიანობის ადგილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოპლასტი - 1. საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო ბიტუმ-პოლიმერული რულონური მიმართვადი მასალა პრემიუმის კლასის. მზადდება მინის ტილოს საფუძველზე ბიტუმის შემცველი ბიტუმ-პოლიმერული შემკვრელის, მოდიფიკატორისა და შემავსებლისაგან. ექსპლუატაციის ხანგრძლივობა - 30 წლამდე; 2. იხ. რუბიტექსი.

იზოპრენი - CH2 = C(CH3)-CH = CH2 - გაუჯერებელი ნახშირწყალბდი, უფერო სითხე: tდნ = −1460C, tდუღ = −34,070C, სიმკვრივე 681 კგ/მ3. იხსნება სპირტში და დიეთერში; ჰაერში დასაშვები კონცენტრაცია მუშა სათავსებში - 40 მგ/მ3, აფეთქებასაშიში კონცენტრაცია მოცულობის მიხედვით 1,66...11,5%. გამოირჩევა კარგი დინამიკური თვისებებით, ელასტიურობით, სიმტკიცით გაგლეჯაზე, ელექტროსაიზოლაციო თვისებებით, წყალმედეგობით. არამდგრადია მაღალი ტემპერატურისა და მზის სხივების მიმართ. მნიშვნელოვანი თვისება - პოლიმერიზაცია გამოიყენება ზოგიერთი სახის ხელოვნური კაუჩუკის (ბუტილკაუჩუკი, იზოპრენული კაუჩუკი) მისაღებად.

იზოსეისტები - იმ წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე, სადაც მიწისძვრა თანაბარი ძალით გამოვლინდა.

იზოსტატიკური ზედაპირები - სამი ორთოგონალური ზედაპირის სისტემა, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ მთავარი ძაბვების წირის გასწვრივ.

იზოტაქები (ბერძ.) - წყლის დინების, ქარისა და მისთ. თანაბარი სიჩქარის აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოტონია (ბერძ.) - ძაბვის ან წნევის ერთგვარობა.

იზოტოპები - ერთი და იმავე ქიმიური ელემენტის სახესხვაობები, რომლებიც განსხვავდებიან ატომური მასით. იზოტოპთა ატომური ბირთვები განსხვავდებიან ნეიტრონების რიცხვით, მაგრამ შეიცავენ პროტონთა ერთნაირ რიცხვს და ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ერთი და იგივე ადგილი უკავიათ. განასხვავებენ სტაბილურ და რადიაქტიურ იზოტოპებს. ცნობილია 270-ზე მეტი სტაბილური და 1000-ზე მეტი რადიაქტიური იზოტოპი. იზოტოპები გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგში.

იზოტროპია (ბერძ.) - სხეულში (მასალაში) ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ერთგვაროვნება სხეულის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი მიმართულებით.

იზოტროპიული მასალა - მასალა, რომლის ფიზიკური თვისებები ერთნაირია და არ არის დამოკიდებული მასალის კვლევის მიმართულების არჩევაზე.

იზოტროპიული წრფე - ფსევდოევკლიდური სივრცის წრფე, რომლის მიმმართველი ვექტორის სიგრძე ნულის ტოლია.

იზოქომენები (ბერძ.) - ზამთარში ჰაერის ერთნაირი ტემპერატურის ადგილთა შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოქორები (ბერძ.) - ხაზები, რომლებითაც გამოხატულია დამოკიდებულება ფიზიკურ სიდიდეებს შორის უცვლელი მოცულობის პირობებში.

იზოქორული პროცესი - ფიზიკური ან ქიმიური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უცვლელი მოცულობის პირობებში.

იზოქრომატული - ერთგვარი, მსგავსი ფერის მქონე.

იზოქრონული - თანაბარი დრო ერთი და იმავე ხანგრძლივობისა.

იზოქრონულობა - რხევის თვისება, რომლის თანახმად რხევის პერიოდი, აგრეთვე რხევის სიხშირე არ არიან დამოკიდებული რხევის საწყის პირობებზე.

იზოხაზი - ზედაპირზე რაიმე სიდიდის განაწილების თანაბარი მნიშვნელობის ხაზი, კერძოდ სიბრტყეზე (გეოგრაფიული რუქა, შვეული ჭრილი ან გრაფიკა). იზოხაზი ასახავს გამოსაკვლევი ობიექტის უწყვეტ ცვლილებას 2 სხვა ცვლადზე დამოკიდებულებით, მაგ. რუქაზე გეოგრაფიული განედი და გრძედი.

იზოჰალინები (ბერძ.) - წყლის თანაბარი მარილიანობის აღმნიშვნელი წერტილების შემაერთებელი ხაზები რუკაზე.

იზოჰეტი - ხაზი გეოგრაფიულ რუქაზე, რომელიც აერთებს ერთნაირი ნალექების მქონე ადგილებს, რომელიც მოდის განსაზღვრულ პერიოდში (წელი, თვე, დღე-ღამე და ა.შ.).

იზოჰიპსი (ბერძ.) - ზღვის დონიდან ერთნაირ სიმაღლეზე მყოფი წერტილების (ნიშნულების) შემაერთებელი ხაზი გეოგრაფიულ რუქაზე, რომელიც წარმოადგენას გვაძლევს დედამიწის ზედაპირის რელიეფზე (ნახ. 1).

იკარუსი - უნგრული წარმოების ავტობუსი.

იკორთა - „ფიცრის თარო“ (საბა)

იკოსაედრი - წესიერი მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი (ნახ. 1). აქვს სამკუთხა ფორმის 20 წახნაგი, 30 წიბო, 12 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის 5 წიბო). თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ი. მოცულობა V = 2,1817b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 8,6603b2.

ილორის ეკლესია (ილორის წმ. გიორგის ეკლესია) - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში. ის შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. გამოირჩევა პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების მაღალი ტექნიკური დონით. ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა (ნახ. 1), რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა.

ილუმინატორი (ლათ.) - მრგვალი ან მართკუთხა ფორმის ფანჯარა, რომელიც მოთავსებულია სატრანსპორტო საშუალების (გემი, კოსმოსური ხომალდი, თვითმფრინავი, ყველგანმავალი და სხვ.) კორპუსზე. ი. მრგვალი ფორმა ყველაზე გავრცელებულია, რადგან მრგვალი ნახვრეტი ნაკლებად ასუსტებს კონსტრუქციას, ვიდრე მარკუთხა ფორმის. ი., როგორც წესი, ჰერმეტულია (წყალგაუმტარია). მძიმე ატმოსფერული ზემოქმედებისაგან (მაგ., ქარბუქი, სეტყვა) დასაცავად ილუმინატორებს ხშირად უკეთებენ ფოლადის დამცავ შრეს

ილუმინაცია (ლათ.) - შენობის ფასადების, ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვ. საზეიმო, დეკორატიული განათება-გაჩირაღდნება (ნახ. 1); 2. ზღვათა, მდინარეთა და მისთ. კონტურების გაფერადება რუკაზე ან გეგმაზე.

იმიგრანტი (ლათ.) - უცხოელი, რომელიც სამუდამოდ დასახლდა ამა თუ იმ ქვეყანაში.

იმიგრაცია და იმიგრირება - უცხოელთა შესვლა ამა თუ იმ სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად.

იმიტაცია (ლათ.) – 1. ზუსტი მიბაძვა, მიმსგავსება (ვისიმე ან რისამე ხმისა, მიხვრა-მოხვრისა და სხვ.); 2. არანამდვილი, მაგრამ ნამდვილს დამსგავსებული რამე (მაგ., ტყავის იმიტაცია, მარგალიტის იმიტაცია); 3. მუსიკ. მუსიკალური თემის ან მოტივის გამეორება სხვა ხმაზე რაიმე ინტერვალით მაღლა ან დაბლა; 4. რაიმეს აღწარმოება მაქსიმალურთან მიახლოებული სიზუსტით.

იმიჯი - საქონლის, მომსახურების, საწარმოს და ა.შ. რეპუტაცია. ის საქონელი. მომსახურება, საწარმო და ა.შ., რომლის „სახემაც“ მომხმარებელთა აღიარება მოიპოვა.

იმობილიზაცია - ეკონომიკაში, მოძრავი ქონების უძრავად ქცევა.

იმპლემენტაცია - საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების სახელმწიფოს მიერ შესრულება, განხორციელება.

იმპორტი - საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების და მისთ. საზღვარგარეთიდან შემოტანა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე მათი ქვეყნიდან გატანის ვალდებულების გარეშე.

იმპორტიორი - იმპორტის მწარმოებელი, საზღვარგარეთიდან საქონლის შემომტანი პირი ან ორგანიზაცია.

იმპორტის გადასახადი - საიმპორტო ბაჟი; საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონელზე დაწესებული არაპირდაპირი გადასახადის სახე; ი.გ. დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება.

იმპოსტი -1. ბრტყელი ან დაპროფილებული თარო, რომელსაც ეყრდნობა თაღის (კამარის) ქუსლი (ნახ. 1); 2. წახნაგოვანი მოცულობის (ბიზანტიური არქიტექტურა) ან ანტაბლემენტის ფრაგმენტის ფორმის მქონე ბალიში სვეტისთავსა და თაღის ქუსლს შორის; 3. ფანჯრის ან კარის გამყოფი განივი ძელი; 4. ფანჯრის ალათებს შორის მოქცეული ვერტიკალური ძელი, სვეტი (ნახ. 2).

იმპრეგანაცია (იმპრეგნირება) - მერქნის, ქსოვილის გაჟღენთვა სპეციალური ხსნარით ან ემულსიით განსაკუთრებული თვისებების მისანიჭებლად (ულპობობა, თელვამედეგობა და სხვა).

იმპულსი (ლათ.) - 1. - შინაგანი მისწრაფება, ბიძგი, რაც იწვევს რაიმე მოქმედების შესრულებას; 2. ტექნ. მოძრაობის რაოდენობა, მექანიკური მოძრაობის საზომი ერთეული, რომელიც მატერიალური წერტილისთვის ტოლია ამ წერტილის მასის ნამრავლისა მის სიჩქარეზე (mv).

იმპულსი ელემენტარული - ვექტორული სიდიდე, რომელიც ტოლია ძალისა და ამ ძალის მოქმედების დროის ელემენტარული შუალედის ნამრავლისა.

იმპულსი ელექტრული - დენის ან ძაბვის სწრაფი ცალკეული ნახტომი ელექტრულ წრედში.

იმპულსი ტალღური - ერთჯერადი შეშფოთება, რაც სივრცეში ან გარემოში ვრცელდება. მაგ., ბგერითი იმპულსი (თოფის გასროლის შედეგად წარმოქმნილი იმპულსი) და სინათლის იმპულსი.

იმპულსური - იმპულსით გამოწვეული.

იმპულსური გენერატორი - მოწყობილობა, რომელიც იძლევა ცვალებად დენს იმპულსების, მოკლე ბიძგების სახით.

ინგრედიენტი - რაიმე რთული ნაერთის ან ნარევის შემადგენელი ნაწილი.

ინდენტორი - განსაზღვრული გეომეტრიული ფორმის (სფერო, პირამიდა, კონუსი) მყარი ტანი (ალმასი, ნაწრთობი ფოლადი), რომლის ჩაწნევითაც ნიმუშში წარმოებს მასალის სიმაგრის დადგენა.

ინდექსაცია (ლათ.) - გამოიყენება ტექნიკაში მანქანების მთავარი მახასიათებლების გამოსახვისათვის საინფორმაციო-საძიებო სისტემის ტერმინებით. მაგალითად, თუ 1986 წლამდე ექსკავატორების ინდექსში ნაჩვენები იყო მოცემული მანქანის ციცხვის ტევადობა და მოდელის რიგითი ნომერი, რაც არ იძლეოდა წარმოდგენას არც სავალი მოწყობილობის სახეობაზე, არც მუშა ორგანოს შესრულებაზე, ამჟამად ექსკავატორის ინდექსში შედის ოთხი ციფრი, რომლებიც აღნიშნავენ მანქანის ზომის ჯგუფს, სავალი მოწყობილობის ტიპს, მუშა მოწყობილობის კონსტრუქციულ შესრულებას და მოდელის მოცემული ტიპზომის რიგით ნომერს.

ინდექსი (ლათ.) - 1. ეკონომიკურ-სტატისტიკური მაჩვენებელი; შეფარდებითი სახით გამოხატავს რაიმე ეკონომიკური მოვლენის ცვალებადობას დროში. მაგ., ფასების ინდექსი, ხელფასის ინდექსი და მისთ; 2. რიცხვითი, ასოითი ან სხვა მაჩვენებელი, რომლის დახმარებითაც ანსხვავებენ ერთი და იმავე ასოთი (სიმბოლოთი) აღნიშნულ გამოსახულებებს. განასხვავებენ ქვედა (სტრიქონსქვედა) და ზედა (სტრიქონსზედა) ინდექსებს.

ინდექსი აქტიურობის - რაიმე მოვლენის აქტიურობის დონის მაჩვენებელი.

ინდიგო - მუქი ლურჯი ფერის მცენარეული საღებავი.

ინდივიდუალური გამშენებლების კოლექტივი - მოქალაქეების ნებაყოფლობითი ორგანიზაციის იურიდიული ფორმა საგზაო და საინჟინრო ქსელის, ტერიტორიის კეთილმოწყობის, ერთ- და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწარმოებლად.

ინდივიდუალური საბინაო მშენებლობა - მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფორმა სახლების მშენებლობითა და მათზე პირადი საკუთრების უფლებით, რომელიც ხორციელდება ამ მოქალაქეების მონაწილეობით ან მათი სახსრებით.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი - საცხოვრებელი სახლი, რომელიც განკუთვნილია ერთი ოჯახისათვის.

ინდიკატორი (ლათ.) - 1. ხელსაწყო, მოწყობილობა, საინფორმაციო სისტემა, ნივთიერება, რომელთაც იყენებენ ფიზიკური სიდიდეების (მაგ., წნევის, დატვირთვის, დეფორმაციის, ძაბვის და სხვ.) გასაზომად (ნახ. 1, დეფორმაციების საზომი ინდიკატორი; ნახ. 2, ელექტროძაბვის საზომი ინდიკატორი); 2. ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ხსნარში მასში მიმდინარე ქიმიური პროცესის გამოსამჟღავნებლად (მაგ., ლაკმუსი, რომელიც ფერს იცვლის მჟავასთან ან ტუტესთან შეერთებით); 3. ბიბლიოთეკებში: სპეციალური კარტოთეკა, რომლიდანაც შეიძლება გაგება, არის თუ არა ადგილზე ესა თუ ის წიგნი; 4. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მიზნის მიღწევის დონის მაჩვენებელი; 5. განვითარების მაჩვენებლების საზომი.

ინდიუმი - მოვერცხლისფერო თეთრი ადვილდნობადი რბილი ლითონი. აღნიშვნა Jn; სიმკვრივე 7362კგ/მ3, tდნ = 156,20C. მიიღება ტყვიის, თუთიის, სპილენძის ნარჩენებისაგან, რომლებშიც შედის სულფიდური მინერალების სახით. გამოიყენება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაში, ანტიკოროზიულ საფარველად, მსუბუქი შენადნობების დასამზადებლად, სარჩილად მინის ლითონთან შესაწბებლად და სხვ.

ინდოლი - ორგანული ნაერთი, უფერო კრისტალები; აქვს უსიამოვნო სუნი; შედის ქვანახშირის შემადგენლობაში, აგრეთვე ბევრ ეთეროვან ზეთში.

ინდუსტრია (ლათ.) - მრეწველობა, რომლის ფაბრიკა-ქარხნები აღჭურვილია სამანქანო ტექნიკით.

ინდუსტრიალიზაცია - ქვეყნის სამრეწველო განვითარება მსხვილი სამანქანო ტექნიკის დანერგვა მის სახალხო მეურნეობაში.

ინდუსტრიული - ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული, სამრეწველო.

ინდუსტრიული საინჟინრო-ტექნიკური სისტემები - სისტემური სამშენებლო პროცესები, რომლებიც ითვალისწინებს ობიექტების დაგეგმვას, დაპროექტებას, წარმოებას, დაკომპლექტებას და მონტაჟს. სისტემის კონსტრუქციული ელემენტების დამზადება წარმოებს საქარხნო (ან საქარხნოსთან გათანაბრებულ) პირობებში.

ინდუსტრიული სტილი - ტენდენცია დიზაინის სფეროში, რომელიც ითვალისწინებს მკვეთრ აქცენტებს, უხეშ შტრიხებს, ურბანულ ელემენტებს.

ინდუქტორი - 1. ცვლადი დენის მისაღები ელექტრული მანქანა ხელის ამძრავით; 2. მაგნიტი დინამომანქანაში, რომელიც წარმოქმნის ინდუქციური დენის აღმძვრელ მაგნიტურ ველს.

ინდუქცია (ლათ.) - 1. მაგნიტური ველის ცვლილებით გამტარში ელექტრული დენის აღძვრა; 2. ლოგ. აზროვნების მეთოდი - კერძო ფაქტებიდან, ცალკეული დებულებებიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა (საპირისპიროა - დედუქცია); ანუ ეს არის აზროვნების ფორმა, რომლის საშუალებითაც აზრი მიიყვანება რაიმე ზოგად მტკიცებაზე ან დებულებაზე, რაც ახასიათებს რაიმე ერთობლიობის ყველა ცალკეულ საგანს. ინდუქცია ხშირად გამოიყენება აზროვნების სხვა ფორმასთან, დედუქციასთან  შერწყმით. მათემატიკაში გამოიყენება ინდუქციის ოთხი სახე: არასრული, სრული, მათემატიკური და ტრანსფინიტური.

ინდუქცია არასრული - დასკვნა კერძოდან ზოგადისაკენ, ე.ი. ზოგადი დასკვნა, რომელიც დაფუძნებულია ცალკეული, კერძო ფაქტების (კერძო დაკვირვების ან ექსპერიმენტების) შესწავლაზე.

ინდუქცია ელექრტომაგნიტური - ელექტროგამტარის მაგნიტური ძალხაზების გადაკვეთისას ელექტრომამოძრავებელი ძალის წარმოქმნის პროცესი. ამ პრინციპზეა აგებული ელექტროძრავების მუშაობა.

ინდუქცია ელექტროსტატიკური - ელექტროსტატიკურ ველში მყოფ გამტარში აღძრული ელექტრო მუხტების გადანაწილება, რომელსაც ინდუქცირებულს ან მიმართულს უწოდებენ.

ინდუქცია სრული - დასკვნა, რომელიც დაფუძნებულია ყველა კერძო ფაქტის (ობიექტის, ფიგურების, რიცხვების) ან მოცემული სასრული სიმრავლის ყველა ელემენტის განხილვაზე.

ინერტული - უმოძრაო, უმოქმედო, დუნე, უსიცოცხლო.

ინერტული მასალები - საშენი მასალები, რომლებიც გამოიყენება ბეტონის ნაკეთობების დასამზადებლად (შემავსებელი) და რომლებიც რეაქციაში არ შედიან ცემენტთან, წყალთან, ჰაერთან  (ქვა, ქვიშა, ხრეში, ღორღი და მისთ.).

ინერტული ნარჩენები - ნარჩენები, რომელთა არსებობა ნეგატიურად არ მოქმედებს ადამიანებზე და გარემოზე.

ინერტულობა (ლათ.) - 1. აქტიურობის არქონა. მაგალითად, ინერტული მასალები არანაირად არ შედიან რეაქციაში სხვა მასალებთან ან სითხეებთან. ასეთი მასალებია რიყის ქვა, ხრეში, ქვიშა, ღორღი; 2. მექანიკაში - სხეულის (მატერიალური წერტილის) თვისება შეინარჩუნოს თანაბარმოძრაობის ან უძრაობის მდგომარეობა, როდესაც მასზე არ მოქმედებენ გარეშე ძალები ანდა ისინი გაწონასწორებული არიან; 3. ნივთიერი სხეულის თვისება - წინააღმდეგობა გაუწიოს მისი სიჩქარის ცვლილებას.

ინერცია - 1. სხეულების თვისება გარეგანი ზემოქმედების არ არსებობისას შეინარჩუნონ უცვლელად თავისი მოძრაობის მდგომარეობა ან შეიცვალონ იგი მხოლოდ თანდათანობით, ე.ი. შეიძინონ საბოლოო აჩქარება. რაც მეტია სხეულის ი., მით ნელა იცვლება მისი მოძრაობა. ი. საზომად გადაადგილებით მოძრაობისას მიიჩნევა სხეულის მასა, ხოლო ბრუნვითი მოძრაობისას უძრავი ღერძის მიმართ - სხეულის ინერციის მომენტი ამ ბრუნვის ღერძის მიმართ; 2. ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკა მიმდინარე პერიოდში, დაფუძნებული წინა პერიოდის ტენდენციაზე.

ინერციის კანონი (ნიუტონის პირველი კანონი) - თუ ნივთიერ წერტილზე არავითარი ძალა არ მოქმედებს, მაშინ ის უძრავია ან ასრულებს წრფივ და თანაბარ მოძრაობას. ეს კანონი ან როგორც მას ხშირად უწოდებენ - ინერციის პრინციპი, პირველად აღმოაჩინა გალილეიმ.

ინერციის მთავარი ღერძი - თუ აღებული საკოორდინატო ღერძის აღმნიშვნელი ინდექსის მქონე ორივე ცენტრიდანული ინერციის მომენტი ნულის ტოლია, მაშინ ამ ღერძს ეწოდება მექანიკური სისტემის ინერციის მთავარი ღერძი აღებულ წერტილში. მაგ., თუ Jxy = Jxz = 0, მაშინ x ღერძი ინერციის მთავარი ღერძია

ინერციის მთავარი ცენტრალური ღერძი - ინერციის მთავარი ღერძი, რომელიც გადის მექანიკური სისტემის მასების ცენტრში.

ინერციის მომენტი - ნივთიერ წერტილთა სისტემაში ან მყარ სხეულში მასების განაწილების მახასიათებელი. ი.მ. არის სხეულის ინერტულობის საზომი მისი რაიმე ცენტრის ან ღერძის გარშემო ბრუნვისას. ნივთიერ წერტილთა სისტემის ინერციის მომენტი რაიმე ცენტრის (ღერძის ან სიბრტყის) მიმართ ეწოდება სკალარულ სიდიდეს, რომელიც ტოლია სისტემაში შემავალი წერტილების მასებისა და აღებულ ცენტრამდე (ღერძამდე ან სიბრტყემდე) მათი მანძილების კვადრატების ნამრავლთა ჯამისა. რთული კონფიგურაციის სხეულის ინერციის მომენტს ჩვეულებრივ განსაზღვრავენ ექსპერიმენტულად. ინერციის მომენტის ცნება ფართოდ გამოიყენება მექანიკისა და ტექნიკის მრავალი ამოცანის ამოხსნისას.

ინერციის რადიუსი - მოცემული ცენტრის (ღერძის) მიმართ მექანიკური სისტემის ან სხეულის ინერციის რადიუსი - ეს არის წარმოსახვითი ღრუ სფეროს (წრიული ცილინდრის) რადიუსი, რომელი სფეროც (ცილინდრიც) აგებულია ამ ცენტრის (ღერძის) გარშემო და რომელსაც გააჩნია იგივე მასა და იგივე ინერციის მომენტი ამ ცენტრის (ღერძის) მიმართ, რაც მოცემულ მექანიკურ სისტემას ან სხეულს.

ინერციის ცენტრი - წერტილი C, რომელიც ახასიათებს მასების განაწილებას მექანიკურ სისტემაში. N მატერიალური წერტილებისაგან შემდგარი სისტემის ი. ც. რადიუს-ვექტორი rc = (1/M)∙∑mi∙ri, სადაც mi და ri - i-ური წერტილის მასა და რადიუს-ვექტორი, ხოლო M = ∑mi - მთელი სისტემის მასა. სისტემის მოძრაობისას ი. ც. მოძრაობს, როგორც მატერიალური წერტილი, რომელშიც თავმოყრილია მთელი სისტემის მატერიალური მასა და რომელზეც მოქმედებს სისტემაზე მოდებული გარე ძალები. მექანიკური სისტემის ი მ პ უ ლ ს ი წარმოადგენს მისი მასის M ნამრავლს მოძრაობის სიჩქარეზე Vc = drc/dt.

ინერციული მოძრაობა - სხეულის მოძრაობა, როდესაც მასზე არ მოქმედებს აქტიური ძალები.

ინვარი (ლათ.) - რკინისა და ნიკელის შენადნობი, რომელიც გათბობა-გაცივებით თითქმის არ იცვლის მოცულობას. იყენებენ ზუსტი ხელსაწყოების დასამზადებლად.

ინვარიანტი (ლათ.) - ფიზიკური პირობებისაგან დამოუკიდებელი. ინვარიანტული ეწოდება რაიმე მათემატიკურ ობიექტთან დაკავშირებულ რიცხვებს, ალგებრულ გამოსახულებებს და ა.შ., რომლებიც უცვლელნი არიან ამ ობიექტების გარკვეული გარდაქმნის ან იმ ათვლის სისტემის გარდაქმნის დროს, რომელშიც ეს ობიექტები განიხილება.

ინვენტარი (ლათ.) - საწარმოო დანიშნულებისა და სამეურნეო მოხმარების საგნები.

ინვენტარიზაცია - 1. ინვენტარის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერა-დადგენა; 2. ქონების აღწერა; 3. სამეურნეო სუბიექტის აქტივების, ვალდებულებებისა და ანგარიშსწორებების არსებობისა და მდგომარეობის შესახებ ბუღალტრული მონაცემების შემოწმების პროცედურა, კონკრეტული თარიღისათვის. ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდულობა, მოცულობა და წესი განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით. ინვენტარიზაციით ან დასტურდება, ან არ დასტურდება სააღრიცხვო მონაცემები. უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მიზეზების დეტალური ანალიზი და მაკორექტირებელი პროცედურების შესრულება

ინვერსია - 1. ჰაერის ისეთი მდგომარეობა, როდესაც აღმავალი ნაკადი არ არსებობს. ნიადაგის ტემპერატურა კი ჰაერის ტემპერატურაზე დაბალია. ინვერსია წარმოიქმნება მზის ამოსვლიდან ერთი საათის შემდეგ. იგი შეიმჩნევა ქარის დაბალი სიჩქარისა და მოწმენდილი ამინდის დროს; 2. ატმოსფეროს ჰაერის ტემპერატურის მატება ქვევიდან ზედა ფენებისკენ

ინვერსიული ფენა - გახურებული ჰაერის ფენა, რომელიც „გაწოლილია“ ქალაქის თავზე და ჰაერის ქვედა, უფრო ცივ ფენას არ აძლევს გასასვლელს. ინვერსიული ფენა არ შეიცავს ტენს და გააჩნია მაქსიმალური გამჭვირვალობა მზის გამოსხივებისათვის. ამის შედეგად ხდება ჰაერის ქვედა ფენაში შეჩერებული მეორადი გამბინძურებლების დაგროვება. ასეთ პირობებში აღძრული ფოტოქიმიური სმოგის შემჩნევა ხშირად შეიძლება ცხელ ამინდში ქალაქის თავზე კვამლის სახით. ეს კვამლი განპირობებულია სმოგის ნაწილაკებით.

ინვერტორი - მოწყობილობა, რომელიც მუდმივ დენს გარდაქმნის ცვლად დენად.

ინვესტიცია - 1. ნებისმიერი სახის ფულადი, ქონებრივი და ინტელექტუალური ფასეულობის ან უფლების გრძელვადიანი დაბანდება სამეწარმეო ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით; 2. სახელმწიფოს მიერ საწარმოებში, საინვესტიციო პროგრამებსა და პროექტებში კაპიტალის დაბანდება ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედების და წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირების მიზნით. ინვესტიციები დოვლათის წარმოებისა და არა საბოლოო მოხმარებისათვის გამიზნული ხარჯების ნაკადია. იგი მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური და ინტელექტუალური ფასეულობების გრძელვადიანი დაბანდებაა ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მოგების ან სოციალური ეფექტის მიღების მიზნით.

ინვესტორი (ლათ.) - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს, აბანდებს საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ სახსრებს მისთვის სასურველ პროექტში.

ინვოისი (ინგლ.) - ანგარიშ-ფაქტურა; ზედნადები.

ინიციატორი - ვინც ინიციატივა გამოიჩინა; ვისაც ინიციატივა ეკუთვნის. წამომწყები, მოთავე.

ინკასო - უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა. სათანადო დოკუმენტების წარდგენით ფულის მიღება მრწმუნებლის დავალებით.

ინკორპორაცია (ლათ.) - 1. თავის შემადგენლობაში სხვა ორგანიზაციის ჩართვა, შემოერთება; 2. ადრე გამოცემულ კანონთა თავმოყრა და სისტემატიზაცია მათში არსებითი ცვლილების შეუტანლად.

ინკრუსტაცია - რაიმე ზედაპირის ფენით, ქერქით დაფარვა. მშენებლობაში - ნაკეთობის ან შენობის ფასადის, ინტერიერის მოპირკეთება მარმარილოს, კერამიკის, ლითონის, მერქნის, პერლამუტრის, ბაზალტის, გრანიტის, მარმარილოს, ქარვის და სხვა ნატურის ნატეხებისაგან, რომლებიც ჩასმულია კედელში და განსხვავდება მისგან ფერითა და მასალით. მერქნის მერქანზე ი. ეწოდება ი ნ ტ ა რ ს ი ა, ლითონი ლითონზე - ჭ დ ე ვ ა.

ინოვაცია (ახალშემონაღები) - 1. ახალი, ეფექტიანი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის და შემდგომში შიდა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგი. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება ინოვაციური პროცესებიდან მოუწყვეტლივ; 2. ფულის დაბანდება მეცნიერებაში, ტექნიკა-ტექნოლოგიის განახლებაში.

ინოვაციური ინფრასტრუქტურა - ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ უნარი უზრუნველყონ ინოვაციური საქმიანობა (ინოვაციური-ტექნიკური ცენტრები, ტექნოლოგიური ინკუბატორები, ტექნოპარკები, სასწავლო-ბიზნეს ცენტრები და სხვა ცენტრალიზებული სტრუქტურები).

ინოვაციური მარკეტინგი - განახლებული მარკეტინგის პრინციპი, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაციამ უნდა მუდმივად განახორციელოს თავისი პროდუქტების და ინსტრუმენტების ხარისხობრივი სრულყოფა და რომელიც გამოყენებულია მარკეტინგისათვის.

ინოვაციური პროგრამა - (სახელმწიფო, სახელმწიფოთშორისი, რეგიონული, რეგიონათშორისო) – ინოვაციური პროექტების და ღონისძიებების კომპლექსი, პრინციპულად ახალი სახის პროდუქტის (ტექნოლოგიების) რაციონალურად ათვისებისა და გავრცელების ამოცანის ეფექტურად გადაწყვეტისათვის, რომელშიც განსაზღვრულია რესურსები, შემსრულებლები და შესრულების თარიღები.

ინოვაციური პროცესი - მეცნიერული ცოდნის ინოვაციებად გარდაქმნის პროცესია. იგი მთლიანობაში მოიაზრება, როგორც საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობათა მუდმივ ძიებას, დასმული ამოცანების გადასაწყვეტად სხვადასხვა რესურსული წყაროების გამოძებნას, მოზიდვას და კვლავწარმოებით პროცესში ჩართვას, მეცნიერებატევადი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების საშუალებით.

ინოვაციური საქმიანობა - ინოვაციური საქმიანობას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს წარმოების ტექნოლოგიური დონისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. იგი მიმართულია სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების შედეგების გამოყენებაზე ახალი ან სრუყოფილი საქონლისა თუ მომსახურეობის მიღების, მათი წარმოების წესისა და შიგა და საგარეო ბაზარზე შემდგომი ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით.

ინჟექტორი (ფრანგ.) - 1. ჭავლური ტუმბო აირის ან სითხის დასაჭირხნად რეზერვუარებში, მაგ., სასმელი წყლის ორთქლის ქვაბში; 2. ხაზოვანი ამჩქარებელი დამუხტული ნაწილაკების შესაყვანად ძირითად ამჩქარებელში; 3. ფრქვევანა - სითხის, აირის, საწვავის მექანიკური გამფრქვევი (ძრავებში), აგრეთვე ბენზინის შიგაწვის ძრავის შეპკურების სისტემის ნაწილი (ნახ. 1).

ინჟექცია - გაიშვიათება სითხის, აირის ან ორთქლის გადასაადგილებლად მათი ნაკადის კინეტიკური ენერგიის გამოყენებით.

ინჟინერი - უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე პირი.

ინჟინირინგი (ინგლ.) - ახალი საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანი მომსახურების ერთ-ერთი სახეობა, ინტელექტუალური საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს კომერციულ საფუზველზე ამა თუ იმ საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. ი. ეწევიან როგორც სპეციალიზებული საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმები, ისე სამრეწველო, სამშენებლო და სხვა კომპანიები.

ინჟირინგი - კომერციულ საფუძველზე გაწეული სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და დაპროექტების ინჟინრულ-კონსულტაციური მომსახურებათა კომლექსი.

ინსაიდერი (ინგლ.) - პირი, რომელიც დაშვებულია ფირმის საქმიანობის საიდუმლო (არასაჯარო) ინფორმაციებზე თავისი თანამდებობის წყალობით.

ინსექტიციდი - ქიმიური პრეპარატი მავნე მწერების გასანადგურებლად - მცენარეების მავნებლები, ინფექციის გადამტანები, პროდუქტების და მასალების (მერქანი, ქსოვილი) მავნებლები. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით არსებობს ასზე მეტი დასახელების ი. მათშორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული: ქლორორგანული (ДДТ, ჰექსაქლორანი, ქლორპირიფოსი); ფოსფორორგანული (ტიოფოსი,კარბოფოსი, მეთილმერკაფთოროსი, დიქლოფოსი, დიაზინონი); კარბამინის ნჟავების წარმოებულები (მეთილკარბამატი, პროპოკსური); ბუნებრივი პირეტრინები და სინთეზური პირეტროიდები (ციპერმეტრინი); დარიშხანის შემცველი პრეპარატები (კალციუმის და ნატრიუმის არსენიტები, კალციუმის არსენატი); გოგირდის პრეპერატები; მინერალური ზეთები; მცენარეული წარმოშობის შხამები; ხიტინის სანთეზის ინგიბიტორები (დიფლუბენზურონი), ფენილპირაზოლი (ფიპრონილი) და სხვ.

ინსოლაცია - ნებისმიერი ზედაპირის მზის სხივებით განათება. არქიტექტურულ დაპროექტებაში ინსოლაცია შენობებში გულისხმობს მათ დასხივებას შუქგამტარი ღიობებიდან.

ინსოლაციის სექტორი - საანგარიშო წერტილიდან ხილული მზის ტრაექტორიის დაუჩრდილავი ნაწილი (გრად.).

ინსპექტირება - ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირებისა და დოკუმენტური კონტროლის ფორმით, პროფესიული შეფასების საფუძველზე.

ინსპექტირება ტექნიკური - საინსპექციო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება.

ინსპექცია - სახელმწიფო მართვის ორგანო, რომელიც ასრულებს ზედამხედველობის, შემოწმების (კონტროლის) ფუნქციებს იმისათვის, რომ სათანადოდ შესრულდეს საწარმოების (ფირმების) საქმიანობის ოფიციალურად დადგენილი წესები და ნორმები.

ინსპექცია სანიტარული ზედამხედველობის - ორგანიზაცია, რომელიც შრომის დაცვის სანიტარულ წესებს და ნორმებს ამუშავებს (ვენტილაცია, გათბობა, განათება, წყალმომარაგება, დასუთავება, კანალიზაცია და სხვ.), არეგულირებს ჰაერის გაჭუჭყიანების, ხმაურის, ვიბრაციის, გამოსხივების ნორმებს, ადგენს სამუშაო დროის ხანგრძლივობას და აკონტროლებს ამ კანონმდებლობის სწორედ შესრულებას.

ინსპექცია სახანძრო - ინსპექცია, რომელიც ამუშავებს სამრეწველო საწარმოების, დაწესებულებების, მეურნეობებისა და დასახლებული ადგილებისათვის ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებსა და წესებს, შემდეგ კი მათი შესრულების შემოწმებას აწარმოებს.

ინსტალაცია (ინგლ.) - 1. სამონტაჟო საქმეები, განათების ქსელის გაყვანა, პროგრამის დაყენება კომპიუტერზე და ა.შ.; 2. მხატვრული ექსპოზიციის ხერხი, რის წყალობითაც ნაწარმოები ან მათი ერთიანობა აქტიურად ვრცელდება გარემოში.

ინსტანცია (ლათ.) - ერთმანეთს დაქვემდებარებული სახელმწიფო მმართველობის, პროფკავშირული, სასამართლო და სხვა ორგანოების რგოლი, საფეხური.

ინსტიტუტი - 1. სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების დასახელება; 2. საზოგადოებრივი წყობილების ფორმა ან საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე სფეროს სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა.

ინსტრუმენტარიუმი - რაიმე გარკვეულ საქმეში გამოსაყენებელ ინსტრუმენტთა ერთობლიობა.

ინსტრუმენტი - ფართო გაგებით შრომის იარაღი, მაგ. ინსტრუმენტი სამჭედლო, საზეინკლო, ლითონსაჭრელი, ხის დასამუშავებელი და ა.შ. ი. არსებობს: ხ ე ლ ი ს (სატეხი, ჩაქუჩი, მარწუხი და სხვა), ს ა ჩ ა რ ხ ო (საჭრისი, ბურღი, ფრეზი და სხვა) და მ ე ქ ა ნ ი ზ ე ბ უ ლ ი, მათ შორის ელექტრული, ჰიდრავლიკური ან პნევმატიური ამძრავით (ე.წ. ხელის მანქანები - სარანდავი, საბურღი, სამოქლონავი, მოსახუფი, საჭედი, საკალავი, პერფორაციული, სარეცხი, შესაწამლი, როტაციული, საკები, სახეხი და .აშ.). ი. მიეკუთვნება აგრეთვე ზიგიერთ მოწყობილობა - შტამპი, სამსხმელო მოდელი, კოკელი. გასაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს საკონტროლო-საზომი ი.: სახაზავი, ფარგალი, სამკუთხედი, სინჯი, კალიბრი და ა.შ.

ინსტრუმენტი სამშენებლო-სამონტაჟო - ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება დეტალის დასამაგრებლად ბეტონზე, აგურის წყობაზე ან სამშენებლო კონსტრუქციაზე (მაგ., სამშენებლო-სამონტაჟო პისტოლეტი). ასეთ ინსტრუმენტს უნდა გააჩნდეს დამცავი მექანიზმი, რომელიც არ მისცემს საშუალებას განხორციელდეს სამაგრი ელემენტის გასროლა მანამადე, ვიდრე დამცავი მოწყობილობა არ იქნება განლაგებული იმ ადგილას, სადაც უნდა დაყენდეს დეტალი. ამასთან, აუცილებელია დამცავი ჩაფხუტი, მხედველობისა და სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები. ზონა იმ ადგილების გარშემო, სადაც სრულდება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, უნდა იყოს უცხო პირებისგან თავისუფალი, რათა არ მოხდეს უბედური შემთხვევა საშენი მასალის ნატეხების გაფრქვევის, სამაგრი ელემენტების გადახრის ან რიკოშეტის გამო. თუ სამაგრი ელემენტების გასროლა ხდება ძალიან რბილ ან თხელ მასალაში, შესაძლებელია მოხდეს მასალის გამჭოლი გახვრეტა და შედეგად იმ ადამიანის დაზიანება, რომელიც იმყოფება საპირისპირო მხარეს. ასეთი ინსტრუმენტიდან გასროლით გამოწვეულმა უკუცემამ შესაძლებელია გამოიწვიოს წონასწორობის დაკარგვა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ამ ინსტრუმენტის გამოყენება კიბეზე დგომისას.

ინსტრუმენტული ფოლადი - მაღალი სიმაგრის, სიმტკიცის და ცვეთამედეგობის ფოლადი სხვადასხვა ინსტრუმენტების ან მათი მუშა ნაწილების დასამზადებლად. დაბალსიჩქარიანი საჭრელი ინსტრუმენტისათვის, როცა დასამუშავებელი დეტალის ნაწიბური ცხელდება 200...3000C, გამოიყენება ნახშირბადიანი ფოლადი (0,6...1,3% C), უფრო მაღალი სიჩქარის ჭრის დროს - ლეგირებული ფოლადი, რომელიც შეიცავს ქრომის, ვოლფრამის, ვანდიუმის და სხვა ელემენტების დანამატებს, მათ შორის სწრაფმჭრელი ფოლადი 9 ან 18% ვოლფრამის დანამატით, რომელიც გამოირჩევა მაღალი წითელმედეგობით.

ინსტრუქტაჟი - 1. ინსტრუქციების მიცემა; 2. შრომის დაცვისათვის გასატარებელი სამუშაოს ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს მუშის მომზადებას უსაფრთხო მუშაობისათვის. არსებობს ი.: პირველადი, განმეორებადი, გეგმიური და არაგეგმიური.

ინსტრუქტაჟი განმეორებითი - უტარდება ყველა მუშას ყოველ სამ თვეში ერთხელ (ადგილობრივი წესებით შეიძლება დაწესდეს სხვა ვადები, მაგრამ არა უგვიანეს 6 თვისა).

ინსტრუქტაჟი მიმდინარე - ტარდება იმ სამუშაოების დაწყების წინ, რომლებზედაც საჭიროა გაფორმებული იქნეს განაწესი-დაშვება.

ინსტრუქტაჟი პირველადი - უტარდება ყველა ახლად მიღებულს სამუშაო ადგილზე. მას ატარებს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი (მექანიკოსი, ენერგეტიკოსი, ოსტატი, სამუშაოს მწარმოებელი, უბნის უფროსი, უფროსი სამუშაოს მწარმოებელი), რომლის დაქვემდებარებაშიც იგზავნება მუშა.

ინსტრუქტაჟი რიგგარეშე - ტარდება სამუშაოს პირობებისა და ხასიათის შეცვლის შემთხვევაში, შრომის დაცვის წესებში ცვლილების შეტანის შემდეგ, წარმოების ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კონსტრუქციის და ნაწარმის გამოყენებისას, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოყვეს (ტრავმა, ავარია, აფეთქება ან ხანძარი), აგრეთვე, იმ შემთხვევაში როდესაც სამუშაოებს შორის წყვეტა შეადგენს 60 კალენდარულ დღეს. უსაფრთხოების ტექნიკაში გაზრდილი (დამატებითი) მოთხოვნების შემთხვევაში წყვეტა 30 დღეზე მეტი არ უნდა იყოს.

ინსტრუქტაჟი შესავალი - უტარდება ყველა მუშას, მოსამსახურესა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, სტუდენტებს, რომლებიც გამოგზავნილი არიან ორგანიზაციაში საწარმოო პრაქტიკის გასავლელად

ინსტრუქცია - მითითება. რაიმეს შესრულების, განხორციელების წესის და პირობების დამდგენი დებულებების კრებული.

ინსტრუქცია ექსპლუატაციის - დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მონაცემები, ნაკეთობის სწორი ექსპლუატაციისა (გამოყენება, ტრანსპორტირება, შენახვა, ტექნიკური მომსახურება) და მუდმივად მზადყოფნისათვის.

ინსტრუქცია თანამდებობრივი - ობიექტის მიერ დამტკიცებული ხელმძღვანელების და სპეციალისტების უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

ინსტრუქცია ტექნიკური მომსახურების - დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია წესები ნაკეთობის (დანადგარის) ტექნიკური მომსახურებისათვის.

ინსულა (ლათ.) - 3...6 სართულიანი თანამედროვე სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი ძველ რომში, კორიდორული განლაგების ოთახებითა და ბინებით, რომელთა გაქირავებით მეპატრონე ღებულობდა შემოსავალს. ი. გათვლილი იყო რომის მოსახლეობის დაბალ ფენაზე.

ინტალიო - იხ. გემა.

ინტარსია (იტალ.) - დეკორირების ხერხი სახვით ხელოვნებაში, ინკრუსტაციის სახეობა, ხით ხის (ავეჯის, კედლების, ჩარჩოების და სხვ.) საგნების მორთვა: ფაქტურითა და ფერით განსხვავებული ხის ფირფიტების ორნამენტი ან გამოსახულება ჩასმულია ხისივე საგნის ზედაპირში (ნახ.1). ი. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია XV საუკუნის იტალიაში.

ინტეგრალი (ლათ.) - მთელი სიდიდე, რომელსაც განიხილავენ როგორც თავის უსასრულოდ მცირე ნაწილების ჯამს.

ინტეგრაფი - ხელსაწყო ინტეგრალური მრუდის დასახაზავად მოცემული დიფერენციალური განტოლების მიხედვით.

ინტეგრაცია (ლათ.) - 1. ცნება, რომელიც აღნიშნავს სისტემის ცალკეული დიფერენცირებული ნაწილების ან ფუნქციების ურთიერთკავშირის მდგომარეობას ერთ მთლიანში, აგრეთვე პროცესს, რომელსაც მივყევართ ამგვარ მდგომარეობასთან; 2. მეცნიერებათა დაახლოებისა და კავშირის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მათი დიფერენცირების პროცესთან ერთად; 3. აღგდენა, შევსება, შერწყმა.

ინტენსივობა - 1. სწრაფად მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები; 2. მკვეთრი, ინტენსიური შეფერილობა; 3. დაძაბული შრომა; 4. მოქმედება, ზემოქმედება (მაგ., დატვირთვის ინტენსივობა, გამოსხივების ინტენსივობა და სხვ.).

ინტენსიური (ლათ.) - 1. დაძაბული, გაძლიერებული, უკეთესი შედეგის, ნაყოფიერების მომცემი.

ინტენსიურობა - მოქმედების ან პროცესის დაჩქანება-გაძლიერება.

ინტენსიფიკაცია (ლათ.) - გაძლიერება, გაზრდა დაძაბულობისა, მწარმოებლობისა, ქმედუნარიანობისა. წარმოების ი. გულისხმობს მის განვითარებას ყველა ეფექტური საშუალებისა და ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით, შრომის ორგანიზაციის მოწინავე მეთოდების გამოყენებით, სამეცნიერო პროგრესის მიღწევათა დანერგვით.

ინტერვალი - 1. მანძილი, სივრცე ორ საგანს შორის; 2. დროის შუალედი; 3. სხვაობა ორ ბგერას შორის მათი სიმაღლის მიხედვით; 4. პროცესის ან მოქმედების განმეორებადობის დრო.

ინტერიერი - შენობის ან სათავსის არქიტექტურულად გაფორმებული შიდა სივრცე (ნახ. 1). ი. არქიტექტურული გადაწყვეტა განსაზღვრულია მისი ფუნქციონალური დატვირთვით. ი. დასამშვენებლად იქმნება მონუმენტური მხატვრობა, ქანდაკებები, მოზაიკა. შესაძლებელია ინტერიერის დანაწილება ზონებად.

ინტერიერის მოპირკეთება - ინტერიერის კედლისა და ჭერის, ასევე იატაკის მოპირკეთება.

ინტერიორიზაცია (ფრანგ.) - მოძრაობებსა და გარეგან ობიექტებზე მანიპულაციით განხორციელებული აქტივობის გადაქცევა შინაგან აქტივობად კომპონენტების თანდათანობითი შეკვეცის გზით.

ინტერმეტალიდი (ინტერმეტალიდური ნაერთი) - ორი ან მეტი მეტალის ქიმიური ნაერთი, რომელთაც აქვთ შემადგენელი კომპონენტების ფიქსირებული თანაფარდობა. თითქმის ყველა ი. მსხვრევადი მასალაა, რადგან კრისტალურ მესერში ატომებს შორის კავშირს აქვს არა მეტალური, არამედ კოვალენტური ან იონური ხასიათი. ზოგიერთი ი. ნახევრად გამტარია - ელემენტების თანაფარდობა რაც უფრო ახლოსაა სტექიომეტრიასთან, მით უფრო მაღალია ელექტრული წინაღობა.

ინტერნეტი - 1. მსოფლიო საინფორმაციო კომპიუტერული ქსელი, რომელიც წარმოადგენს რეგიონალური კომპიუტერული ქსელებისა და კომპიუტერების სიმრავლის გაერთიანებას. მათ შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება სატელეკომუნიკაციო საშუალებებით; 2. ინფორმაციის გაცვლის გლობალურ ქსელი, მსოფლიოს უმსხვილესი ქსელი, „მსოფლიო ქსელი” ან „ქსელთა ქსელი”.

ინტერპოლაცია - ფუნქციის შუალედ მნიშვნელობათა მონახვა მისი ზოგიერთი ცნობილი მნიშვნელობების მიხედვით.

ინტერპრეტაცია (ლათ.) - განმარტება, უფრო გასაგებ ენაზე გადმოცემა, მისებრ აღქმა ფაქტის და ა.შ.

ინტერფეისი - უნიფიცირებული სიგნალების და აპარატურის დამაკავშირებელი სისტემა, რომლის დანიშნულება საგამომთვლელო სისტემებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფაა.

ინტერფერენცია (ლათ.) - მოვლენა, რომელიც აღიძვრება ორი ან რამდენიმე ტალღის ერთმანეთზე დადებით და მდგომარეობს დროში მდგრად ურთიერთ გაძლიერებაში სივრცის რომელიღაც წერტილში და ურთიერთ შესუსტებაში სხვა წერტილში, რაც დამოკიდებული იქნება ტალღების ფაზების ურთიერთ თანაფარდობაზე. ინტერფერირება შეიძლება მხოლოდ კოგერენტული ტალღებისა ანუ ისეთი ტალღებისა, რომელთა ფაზების სხვაობა განსახილველ წერტილში არ არის დამოკიდებული დროზე.

ინტროსკოპი (ლათ.) - ხელსაწყო, გაუმჭვირი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შიგნით მიმდინარე პროცესებზე დასაკვირვებლად (ულტრაიისფერი ან რენტგენის სხივებით).

ინტრუზია (ლათ.) - 1. დედამიწის ქერქში მაგმის შეჭრის პროცესი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ინტრუზიული ქანები, ეგრეთ წოდებული სიღრმის ქანები, რომელიც უპირისპირდება ეფუზიურ ქანებს; 2. დედამიწის ქერქში მაგმის გაცივებისა და კრისტალიზაციის შედეგად წარმოქმნილი მაგმური სხეული, ინტრუზივი (ნახ. 1, ინტრუზივი, დევილზ-ტაუერი, აშშ).

ინტუიციონიზმი - მათემატიკის მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ მათემატიკურ ცნებებსა და წინადადებებს არ აქვს ობიექტური აზრი, რადგანაც ისინი თითქოს დამოკიდებულია მათემატიკოსის ფსიქიკაზე.

ინფილტრაცია (ლათ.) - 1. გაჟონვა; 2. მედ. ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებში უცხო ნივთიერებათა შეჭრა.

ინფილტრაციული ნაგებობა - ნაგებობა მიწისქვესა წყლების ასაღებად ან მათი ხელოვნურად შესავსებად.

ინფლაცია (ლათ.) - მიმოქცევის არხებში ჭარბი ქაღალდის ფულისა და დაუხურდავებელი ბანკნოტების დაგროვება, რაც იწვევს მათ გაუფასურებასა და ფასების საერთო დონის ზრდას. ამ პროცესს თან ახლავს ოქროზე ლაჟის და ქაღალდის ფულზე დიზაჟიოს წარმოშობა, უცხოური ვალუტის კურსის ზრდა და იმ ქვეყნის ვალუტის კურსის დაცემა, სადაც ინფლაციაა. ინფლაციის ძირითადი განმაპირობელი ფაქტორებია: 1. დისპროპორციის წარმოშობა ფულად და სასაქონლო მასას შორის, ფულადი მასის დაუსაქონლება; 2. მოხმარების საგნების წარმოების ჩამორჩენა მოსახლეობის მოთხოვნასთან შედარებით. მოთხოვნა წინ უსწრებს მიწოდებას. ამის გამო წარმოიქმნება ფულადი სახსრების სიჭარბე, საქონლის დეფიციტი, რაც ხელს უწყობს ფასების ზრდას; 3. ბაზარზე ისეთი საქონლის მიწოდება, რომელზეც მოთხოვნა არ არის. ეს გარემოება ფარულად განაპირობებს ფულის გაუფასურებას.

ინფლაციის დონე - ფასების დონის პროცენტული ცვალებადობა დროის გარკვეულ მონაკვეთში (თვე, წელი).

ინფორმატიკა (ფრანგ.) - დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სამეცნიერო ინფორმაციის სტრუქტურასა და ზოგად თვისებებს, აგრეთვე მის გადაცემასა და გამოყენებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.

ინფორმაცია (ლათ.) - 1. ცნობები, რომელიც გადაიცემა ადამიანებს შორის ზეპირი, წერილობითი ან სხვა ფორმით. ასევე ზოგადმეცნიერული ცნება, რომელიც შეიცავს ცნობების გაცვლას ადამიანებს შორის, ადამიანსა და ავტომატს შორის, ავტომატსა და ავტომატს შორის; სიგნალების გაცვლას ცხოველთა სამყაროში და სხვა. ინფორმაცია არის კიბერნეტიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება; 2. ცნობათა ერთობლიობა, რომელიც ამცირებს სხვადასხვა შესაძლებლობის არჩევის განუსაზღვრელობას.

ინფორმაციის თეორია - კიბერნეტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ინფორმაციის შეფასების, გადაცემის, შენახვის, მიღების და კლასიფიკაციის აღწერის მეთოდებსა და საშუალებებს.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - საჯარო რეესტრსა და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თავისუფალი გაცნობისა და გაცემის უზრუნველყოფა.

ინფორმაციული სისტემა - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან გადაწყვეტილების მიღებას.

ინფრაბგერა (ლათ.) - დაბალი სიხშირის (20 ჰერცზე ნაკლები) მექანიკური რხევები, რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ვრცელდება დრეკად გარემოში. ინფრაბგერული რხევა ძირითადად ბგერული რხევის კანონებს ემორჩილება, მაგრამ დაბალი სიხშირე გარკვეულ თავისებურებებსაც ანიჭებს. კერძოდ, სმენადი ბგერებისგან განსხვავებით ი. ჰაერის გარემოში დიდ მანზილზე ვრცელდება (მისი ენერგიის მცირედ შთანთქმის გამო). საწარმოო პირობებში შერწყმულია დაბალსიხშირულ ხმაურთან, ხოლო მთელ რიგ შემთხვევაში - დაბალსიხშირულ ვიბრაციასთან. ინფრაბგერის წყარო შეიძლება გახდეს დანადგარი, რომლის მუშა ციკლთა რიცხვი წამში 20-ზე ნაკლებია (მაგ., ვენტილატორი, დგუშიანი კომპრესორი, შიდაწვის ძრავა, ელექტრორკალური ღუმელი და ა.შ.). ინფრაბგერული ტალღები ახლავს ბევრ ბუნებრივ პროცესს - მიწისძვრას, ვულკანის ამოფრქვევას, ქარიშხალს. ი. ადამიანისათვის საშიშ ფაქტორს წარმოადგენს

ინფრასტრუქტურა (ლათ.) - 1. საზოგადოების ან ორგანიზაციის საბაზისო სტრუქტურა, დაგროვილი კაპიტალური აღჭურვილობის ფონდი (სატრანსპორტო საშუალებები, სკოლები, ფაბრიკები, გზები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, წყალმომარაგება, სამშენებლო ობიექტები და ა.შ.); 2. სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც დაქვემდებარებული, დამხმარე ხასიათი აქვს, მაგრამ მთელი სისტემის ფუნქციონირებას განაპირობებს. ი. უზრუნველყოფს კვლავწარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს წარმოების და მიმოქცევის სფეროს. განვითარებულ ქვეყნებში ი. იყოფა ოთხ დარგობრივ ჯგუფად: საწარმოო, სოციალური, ინსტიტუციონალური და ეკოლოგიური; 3. მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც ემსახურება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას; 4. საინჟინრო-ტექნიკური და სოციალური მომსახურების, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა; 5. სამხედრო საქმეში - ზურგის ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ჯარების მოქმედებას.

ინფრაწითელი გამოსხივება - 10000C-ზე დაბალ ტემპერატურაზე გამთბარი სხეულის გამოსხივების სპექტრში უხილავი სხივების ნაკადის 76…750 მკრ-ის სიგრძის ტალღა. სხეულების მიერ ინფრაწითელი სხივების შთანთქმას თან ახლავს ელექტრო მაგნიტური ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნა.

ინფრაწითელი სპექტროსკოპია - სპექტროსკოპიის სახეობა, რომელიც შეისწავლის სხივების შთანთქმას სპექტრის გრძელტალღოვან ნაწილში. ი.ს. მეშვეობით შესაძლებელია ნივთიერების მოლეკულებში სხვადასხვა ატომური დაჯგუფებების არსებობის, მოლეკულის ქიმიური აგებულების, მათი მოძრაობის ხასიათის დადგენა. გამოიყენება ხელსაწყო - ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრი.

ინცერტი (ლათ.) - ბეტონის ზედაპირის მოპირკეთება ბუნებრივი ან ხელოვნური უსწორო ქვებით (ნახ. 1).

ინციდენტი - 1. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელმაც არ გამოიწვია ტრავმა; 2. საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის მტყუნება ან დაზიანება, ტექნოლოგიური რეჟიმის პროცესიდან გადახრა, ნორმატიული საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე საშიშ საწარმოო ობიექტზე მუშაობის წესების განმსაზღვრელი ნორმატიული ტექნიკური აქტების დარღვევა; 3. ოპერატორის არასწორი მოქმედებებით გამოწვეული ტექნიკური სისტემის მტყუნება.

ინჰიბირება (ლათ.) - რაიმეს შენელება, თავიდან აცილება.

ინჰიბიტორი - ქიმიური პროცესების შემაფერხებელი (შემნელებელი, შემწყვეტი) ნივთიერება. არსებობს ი. კოროზიის, ჯაჭვური ქიმიური რეაქციის (პოლიმერიზაცია), ჟანგვის (ჟანგვაწინაღობა) და სხვ. მაგ., ტექნეციუმის ნაერთები წარმოადგენს ფოლადის კოროზიის ინჰიბიტორს. ატმოსფერული კოროზიის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ი. ნატრიუმის ნიტრიტი, რომელიც ფოლადის და თუჯის ნაკეთობების  კონსერვაციისათვის გამოიყენება. ი. უარყოფითი კატალიზატორია, რომელიც ისე ამუხრუჭებს რეაქციას, რომ წვის ტემპერატურა არ მცირდება. ი. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს წვადი ნივთიერების დაჟანგვისას რეაქციის ჯაჭვის გაწყვეტაში. ი. ადვილად რეაგირებს რეაქციის აქტიურ ცენტრებთან, გარდაქმნის რა მათ მდგრად პროდუქტებად. წვის ინჰიბიტორად ძირითადად სხვადასხვა ჰალოიდწარმოებულები გამოიყენება. წვის ი. ძირითადად გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად და აფეთქების აქტიურად ჩასახშობად. ტექნოლოგიურ პროცესებში ზოგჯერ გამოიყენება მაღალი თბოტევადობის ფლეგმატიზატორები, რომლებსაც ინჰიბიტორული აქტივობა და თბური ზემოქმედებაც ახასიათებთ. ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება, მაგ., წვადი ნახშირწყალბადოვანი აირები, რომლებსაც უმატებენ აცეტილენს, რაც მაღალ ტემპერატურაზე და 20 მპა-მდე წნევის პირობებში აცეტილენისგან ორგანულ ნივთიერებათა სინთეზის ფეთქებადუსაფრთხო ტექნოლოგიური სქემების შექმნის საშუალებას იძლევა.

ინჰიბიტორი არმატურის კოროზიის - ნივთიერება, რომელიც გამოიყენება არმატურის კოროზიის აღმოსაფხვრელად ან კოროზიის სიჩქარის შესამცირებლად. ინჰიბიტორი შეჰყავთ ბეტონის ან არმატურის დამცავი საფარვლის შემადგენლობაში.

იოლი - მცირე ზომის ორანძიანი იალქნიანი გემი დახრილი (ირიბი) იალქნებით. ი. ტიპის მოწყობილობებს ზოგჯერ დიდი ზომის იახტებზეც იყენებენ.

იონიკები (ბერძ.) - ორნამენტი, რომელიც, ჩვეულებრივ, ამშვენებს ნაოთხალ ლილვს და მიიღება ოვალური ამოზნექილობის, კვერცხლისებრი და ფოთლოვანი მწკრივების მონაცვლეობით. გამოიყენება იონიური და კორინთული არქიტექტურული ორდერების სვეტისთავებსა და კარნიზებში (ნახ. 1).

იონიტები (ბერძ.) - მაგარი ნივთიერებები, რომლებიც წყალში ან ორგანულ გამხსნელებში არ იხსნება და თვისება აქვთ გაცვალონ თავისი იონები გარემოს იონებთან; იყენებენ წყლის "დასარბილებლად" (დემინერალიზაციისათვის) და სხვ.

იონიური ორდერი - სამი მთავარი ბერძნული არქიტექტურული ორდერიდან ერთ-ერთი. ი. ო. ძირითადი, მცირეაზიური, ვარიანტი ჩამოყალიბდა ძვ. საბერძნეთის იონიური პროვინციების ქვის ხუროთმოძღვრებაში ძვ. წ. 560…500 (არტემიდას ტაძარი ეფესოში). ი. ო. პროპორციები მსუბუქია და მისი ყველა ნაწილის დეკორიც მდიდრული (ნახ. 1, იონიური ორდერი: 1 - ენტაბლატურა, 2 - სვეტი, 3 - კარნიზი, 4 - ფრიზი, 5 - არქიტრავი, 6 - კაპიტელი, 7 - ტანი, 8 - ბაზისი, 9 - სტილობატი, 10 - სტერეობატი). სხვა არქიტექტურულ ორდერთაგან განსხვავებით, მისი სვეტისთავი შემკულია ვოლუტებით. იონიური ორდერის რამდენიმე ვარიანტი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ელინიზმის ეპოქაში.



იპოდრომი (ბერძ.) - ცხენთსარბიელი, საგანგებოდ მოწყობილი ასპარეზი შეჯიბრებების ჩასატარებლად ცხენოსნობაში და ჩორთმავალი ცხენების გამოსაცდელად, აგრეთვე ცხენების გამოსაფენად და გამოსაყვანად. აქვს სხვადასხვა სიგრძის საჭენებელი ოვალური თიხნარი ბილიკები. ჩორთმავალი ცხენებისთვის განკუთვნილი ბილიკის სიგრძეა არანაკლებ 800 მ, სიგანე - არანაკლებ 15 მ, ფინიშის სწორი - 250 მ და მეტი. საჯდომი ცხენების საჭენებელი წრე იმავე სიგანისაა, საერთო სიგრძე - არანაკლებ 1600 მ, ფინიშის სწორი - არანაკლებ 400 მ. ცენტრიდანული ძალის ზემოქმედების შესამცირებლად მოსახვევებში კეთდება 10…12-გრადუსიანი ვირაჟები. ბილიკის შიგნითა კიდეში ჩადგმული ბოძებით აღინიშნება სტარტისა და ფინიშის ადგილები, დისტანციის ცალკეული მონაკვეთები. დიდი ი. შიდა მოედნებს იყენებენ სტიპლ-ჩეიზის სპეციალური ტრასის მოსაწყობად და სხვადასხვა ცხენოსნური სპორტული თამაშობისთვის. ფინიშის მონაკვეთის გასწვრივ განლაგებულია მაყურებელთა ტრიბუნა, ფინიშის ბოძთან - სამსაჯო კოშკი. ი. ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს განთავსებულია თავლა, ვეტერინალური ლაზარეთი, კარანტინი, სამჭედლო და სხვა სამეურნეო სამსახურები. შუა საუკუნეების თბილისის მთავარი ცხენთსარბიელი მდებარეობდა გარეთუბანში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 1840-იან წლებში გაიხსნა დიდუბის ი., ერთი საუკუნის შემდეგ კი ცხენთგამოცდის მთავარ ასპარეზად იქცა დელისის იპოდრომი (ნახ. 1). ამჟამად თბილისის ი. მდებარეობს ლისის ტბის მიდამოებში.

იპოთეკა (ბერძ.) - 1. უძრავი ქონების დაგირავება (უმეტესად, მიწის ან ნაგებობის) სესხის მისაღებად; 2. თვით დაგირავებული უძრავი ქონება.

ირაციონალური (ლათ.) - კანონზომიერებას მოკლებული, გონებისთვის მიუწვდომელი; ლოგიკის ცნებებით აუხსნელი.

ირეგულარული დაგეგმარება – არარეგულარული დაგეგმარება; დასახლებული ადგილის დაგეგმარების ხასიათი, რომელსაც რეგულარული დაგეგმარებისაგან განსხვავებით საფუძვლად არ უდევს ქუჩების ქსელის რამდენადმე გეომეტრიული ან რაიმე ღერძის მიმართ სიმეტრიულად განლაგების პრინციპი. ასეთი დაგეგმარება გვხვდება რთულ მთაგორიან რელიეფზე განლაგებულ დასახლებებში, შუა საუკუნეების ქალაქების უმრავლესობაში, უეცრად, ქაოტურად წარმოქმნილ დასახლებებში.

ირიბანა - სამშენებლო კონსტრუქციის (წამწის, კარკასის) ელემენტი, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს კონსტრუქციის ორ შემადგენელ ნაწილს და განსაზღვრული კუთხით არის მიმართული დგარებისა და ჰორიზონტალური სარტყელის მიმართ (ნახ. 1. ხის წამწის ნაწილი: 1-დგარი; 2-ირიბანა; 3-ჭდობა; 4-5 - ლურსმნები).

ირიბბოჭკოიანობა - იხ. ხვეულობა.

ირიბგონიო - სადურგლო ხელსაწყო, რომლის გვერდები გარკვეული კუთხით ირიბად (გარდა მართი კუთხისა) არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. გამოიყენება კარ-ფანჯრის ჩარჩოს დეტალებზე კოტის ირიბად ჩასაჭრელად მათი კუთხურად შეერთებისას.

ირიბი დარტყმა - დარტყმა, რომლის დროსაც სხეულთა მასების ცენტრების ფარდობითი სიჩქარეები შეხების მომენტში არ არიან დარტყმის ნორმალის პარალელურნი.

ირიბი მოძრაობა (ჰორიზონტისადმი დახრილად გასროლილი ნივთიერი წერტილის მოძრაობა) - ნივთიერი წერტილის მოძრაობა სიმძიმის ძალის ველში, როდესაც საწყისი სიჩქარის ვექტორი მიმართულია ჰორიზონტისადმი მახვილი კუთხით.

ირიბი ღუნვა - 1. ღუნვა, რომლის დროსაც მღუნავი მომენტის ვექტორი არ ემთხვევა ღეროს განივი კვეთის ინერციის მთავარი ცენტრალური ღერძების არც ერთ მიმართულებას; 2. ღუნვა, რომლის დროსაც ელემენტზე მოქმედი დატვირთვის მიმართულება არ ემთხვევა განივკვეთის ერთ-ერთი მთავარი ღერძის მიმართულებას. მისი კლასიკური მაგალითია დახრილი სახურავის მართკუთხა განივკვეთის გრძივი (ნახ. 1).

ირიბი ჩაჭრა - შეერთების სახეობა ძელების ან მორების სიგანეში წასაზრდელად. ამისთვის შესაერთებელი ბოლოები ჩაიჭრება ირიბად, დაედება ერთმანეთს და მოიჭიმება ჭანჭიკით ან ჩაწებდება. ჩაჭრის სიგრძე კონსტრუქციულად მიიღება ℓჩაჭ = 2h, სადაც h განივკვეთის სიმაღლეა. ამ ტიპის შეერთებებს იყენებენ გრძივების სიგრძეში წასაზრდელად ან ძელურა სათავსის კუთხეების ამოსაყვანად (ნახ. 1).

ირიბულა - დახრილად დაყენებული ძელი ან სამკუთხა კონსტრუქცია, რომელიც ტვირთის ჩამოსაკიდებლად ან ასაწევად (კრონშტეინის დახმარებით) გამოიყენება.
                                                    

ირიგატორი - ირიგაციის სპეციალისტი.

ირიგაცია (ლათ.) - მიწების ხელოვნური რწყვის ღონისძიებათა სისტემა (არხები, წყალსაწნეო სადგურები, ტუმბოები, ფილტრები, წვეთოვანი ირიგაცია (მორწყვა), ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენება, მიკრო მიმაპკურებლები და სხვ.).

ირიზაცია - ოპტიკური მოვლენა, ფერთა თამაში ზოგიერთი მინერალის კრისტალების წახნაგებსა და ტკეჩვადობის სიბრტყეებზე.

ისარი - 1. მშვილდის სატყორცნი, მახვილწვერიანი სწორი, წვრილი ჯოხი; 2. მიმართულების მაჩვენებელი ნიშანი; 3. რკინიგზის ლიანდაგის შეერთების ადგილზე გაკეთებული მოწყობილობა, რომლითაც მოძრავი შემადგენლობა ერთი ხაზიდან მეორეზე გადაჰყავთ; 4. ამწის მუშა ორგანო, რომლითაც ტვირთის აწევა-დაშვება წარმოებს; 5. სამშენებლო კონსტრუქციის ჩარუნვის (დეფორმაციის) მაჩვენებელი (მაგ., ჩაღუნვის ისარი).

იტალიკი - ამა თუ იმ კომპიუტერული შრიფტის დახრილი სახესხვაობა.

იტალიური კლასიკა - იტალიური რენესანსით (იტალ.: rinascimento) დაიწყო რენესანსის პერიოდის საწყისი ფაზა, პერიოდი, რომელმაც რომ უდიდესი კულტურული ცვლილებები და მიღწევები გამოიწვია ევროპაში მე-14 საუკუნის ბოლოდან ერთი საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა მე-14 საუკუნის ადრეულ წლებში ჩაისახა, ამ პერიოდში იტალიური კულტურა ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივი იყო და რენესანსი სრული ძალით მხოლოდ საუკუნის ბოლოს გაბატონდა. სიტყვა ”რენესანსი” ფრანგულად ნიშნავს ”ხელმეორედ დაბადებას” და ეს ხანა ხასიათდება კლასიკური ანტიკურობისადმი განახლებული ინტერესის გაღვივებით ე.წ. ”ბნელი ხანის” შემდეგ. ეს ცვლილებები უმეტესწილად შეეხო ელიტარულ ფენებს, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრება კი შუა საუკუნეების შემდეგ დიდად არ შეცვლილა. იტალიური რენესანსი დაიწყო ტოსკანაში (ნახ. 1), ცენტრებით ფლორენციასა და სიენაში. შემდეგ ის სამხრეთშიც ვრცელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რომზე (ნახ. 2), რომელიც თითქმის თავიდან აიგო რენესანსის პაპების მმართველობის პერიოდში. იტალიურმა რენესანსმა პიკს მე-15 საუკუნის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგად უცხოელი დამპყრობლების შემოსევებმა კულტურული ცხოვრების დაქვეითება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, რენესანსის იდეები და იდეალები დანარჩენ ევროპაშიც ვრცელდება, დასაბამს აძლევს რა ჩრდილოეთის რენესანსსა და ინგლისურ რენესანსს.

იტალიური პანდუსი - დამრეცი კიბე პანდუსის გაგრძელებაზე ფართო დახრილი საფეხურებით (ნახ. 1).

იტერაცია - მიმდევრობითი მიახლოების მეთოდით განტოლების ამოხსნის დროს მათემატიკური ოპერაციების ერთობლიობის განმეორებითი გამოყენების შედეგი (n-ჯერ გამოყენების შედეგს n-ური იტერაცია ეწოდება).

იუველირი (ჰოლანდ.) - ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისაგან სამკაულების, ფუფუნების საგნების დამზადების ოსტატი. ასეთი ქვებით მოვაჭრე; ოქრომჭედელი.

იუნგის მოდული - დრეკადობის რიცხვითი მახასიათებელი გაჭიმვისას ან კუმშვისას, რომელიცშემოიღო თ. იუნგმა (1807 წ.) - E მუდმივა, რომელიც გამოსახავს დამოკიდებულებას ნორმალურ σ ძაბვასა და ფარდობით ε წაგრძელებას შორის ისეთი დეფორმაციისათვის, რომელიც ემორჩილება ჰუკის კანონს: ε = σ/E. თ. იუნგმა განსაზღვრა "რაიმე ნივთიერების დრეკადობის მოდული", როგორც იმავე ნივთიერების სვეტი (კოლონა), რომლის ფუძეზე დაწოლის (წნევის) ფარდობა იმ დატვირთვასთან, რომელიც საჭიროა ნივთიერების გარკვეულ შეკუმშვამდე მისაყვანად, ტოლია საწყისი სიგრძისა და დამოკლების ფარდობისა; რასაც ახლა იუნგის მოდულს ვუწოდებთ, არის ამ სვეტის (კოლონის) წონა, რომელიც მოდის ფუძის ფართობის ერთეულზე

იურიდიული პირი - 1. განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ი.პ., რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, უნდა შეიქმნას მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით. ი.პ., რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს, როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი; 2. სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. იურიდიული პირის ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი; 3. ი.პ. შეიძლება იყოს კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მათგან დამოუკიდებელი და ეწევა ან არ ეწევა მეწარმეობას.

იურისდიქცია - 1. სასამართლო საქმის წარმოების უფლება, განსჯადობა; 2. საქმეები, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულების წარმოებას ექვემდებარება

იურისკონსულტი (ლათ.) - წარმოების, დაწესებულების, საზოგადოებრივი ორგანიზაციის მუდმივი კონსულტანტ-იურისტი. ევალება თავის ორგანიზაციის ინტერესების დაცვა სასამართლო ორგანოებში, აგრეთვე სხვადასხვა უფლებრივი დოკუმენტაციის შედგენა-გაფორმება

იურისტი - იურიდიული განათლების მქონე, იურისპრუდენციის დარგში მომუშავე პირი; სამართლისმცოდნე

იუსტირება - დანადგარის აწყობა, შემოწმება, დარეგულირება.

იფანი - იხ. კოპიტი.

იყალთოს აკადემია - ქართული უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნეებში (ნახ.1), რასაც ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. აკედემიაში ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას,  რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და ა.შ. ისწავლებოდა აგრეთვე მჭედლობა, კერამიკა („მეკეცეობა“) და მევენახეობა-მეღვინეობა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქ აღმოჩენილ იქნა ფირუზისფერი კრამიტები, ასეთები მხოლოდ ეკლესია მონასტრებთან გვხვდება. იყო ასევე საჭურჭლე ქარხანაც, რომელიც მონასტრის გარეთაა. 1938 წელს შენობის გაწმენდის დროს აღმოაჩინეს ბუხარი, რომლის წინა ოთახი სამჭედლო ყოფილა.

იშელი - ძვ. საღორე სახლი.

იშხანი - შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (ნახ. 1). მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა., ხოლო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, საბას მიერ აშენებული იქნა ახალი ტაძარი, რომელმაც დასრულებული სახე XI საუკუნეში ბაგრატ IV-ის მეფობის დროს მიიღო. ტაძარი მდიდარია უნიკალური ქართული ჩუქურთმებითა და ხვეულებით, რომლებიც ი. ტაძარს საოცარ ხიბლს მატებენ (ნახ. 2).

იჩქითი (თურქ.) - სწრაფი, მყისი, ანაზდეული, მოულოდნელი.

იჯარა (არაბ.) - ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარე გადასცემს მოიჯარეს განსაზღვრულ ქონებას დროებით სარგებლობაში. მეიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა გადაცემული ქონებიდან, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს დათქმული საიჯარო ქირა.

კაბარე (ფრანგ.) - პატარა გასართობი დაწესებულება გარკვეულ მხატვრულ-გასართობი პროგრამით, რომელიც შედგება შანსონის სიმღერების, ერთაქტიანი პიესების, სკეტჩების, საცეკვაო ნომერებისგან და ა.შ.

კაბელ-ამწე - ამწე სტაციონარული ან გადასაადგილებელი საყრდენებით, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან მზიდი ბაგირით და რომლებზედაც გადაადგილდება სატვირთო ურიკა (ნახ. 1). ტვირთამწეობა შეადგენს 5...50 ტ. გამოიყენება ტვირთების აწევა-გადატანისათვის 100...1500 მ მანძილზე მდინარეების, ხეობების და სხვ. თავზე. ფაქტიურად იგი არის ერთმალიანი საბაგირო გზა ღია სამთამადნო დამუშავების ადგილებიდან მადნის, ქვის მასალების, მშენებლობაში კი დიდი რაოდენობის მიწის, ბეტონისა და სხვათა გადასატანად.

კაბელი (ჰოლანდ.) - 1. ჰერმეტულ გარსში მოთავსებული მოქნილი ელექრტოსადენი (ან სადენები), რომელსაც ჩვეულებრივ ზემოდან დამცავი საფარი აქვს. იყენებენ დიდ მანძილზე ელექტროენერგიის ან სიგნალების გადასაცემად; 2. საზღვაო საქმეში: ფოლადის ბაგირი. კ. ძირითადი ნაირსახეობებია: ელექტრული, ოპტიკური, მაღალი სიხშირის, ზეთვსებული, მრავალძარღვა, მოჯავშნული, მანაწილებელი, წყალქვეშა, ძალური, სატელეფონო, სატელევიზიო, დაეკრანებული, სასიგნალო და სხვ.

კაბელი გამთბობი - ელექტრული კაბელი გამოყენებული გათბობისათვის. მრეწველობაში თვითრეგულირებადი კ.გ. გამოიყენება მილსადენების, ცისტერნების, წყალჩასადინარების, ბურულების გაყინვისაგან დასაცავად, აგრეთვე „თბილი იატაკების“ მოსაწყობად.

კაბელი ელექტრული - ერთი ან რამდენიმე იზორილებული გამტარი, რომელიც მოთავსებულია ჰერმეტრულ გარსში და გარედან, როგორც წესი, შემოზღუდულია დამცავი ფენით (ჯავშნით). კ. გამოიყენება მანძილზე ელექტრული ენერგიის ან სიგნალების გადასაცემად (დაბალი და მაღალი ძაბვის კაბელური ელეტროენერგიის გადამცემი ხაზები; მართვისა და სიგნალიზაციის საკონტროლო კაბელი; კავშირგაბმულობის მაგისტრალური ხაზები; ექსკავატორების, მანქანების, მექანიზმების კვება ელექტროენერგიით; გემების, საფრენი აპარატების და ა.შ. ელექტრომოწყობილობა და სხვ.). ნებისმიერი ტიპის კ. აქვს საერთო კონსტრუქციული ელემენტები: დენგამტარი ძარღვი, იზოლაცია და გარსი. ტ ე ნ გ ა მ ტ ა რ ი ძ ა რ ღ ვ ი მზადდება სპილენძის ან ალუმინისაგან; დანიშნულების მიხედვით, იგი შეიძლება იყოს ერთ- და მრავალძარღვა. ძალოვან კაბელებში დენგამტარი ძარღვები შეირჩევა განივკვეთის ფართობის მიხედვით, კავშირგაბმულობის კაბელებში - დიამეტრის. ძალოვან კ., როგორც წესი, სამი ძარღვია (სამი ფაზისათვის), კავშირგაბმულობის კაბელებში - ათეულობით და ასეულობით. კ . ი ზ ო ლ ა ც ი ა კეთდება დიელექტრიკისაგან, რომელიც დენგამტარ ძარღვებს ანცალკევებს ერთმანეთისაგან და გარსისაგან. მ ი ლ ი ს ე ბ რ ი  გ ა რ ს ი გარედან ემსახურება დენგამტარი ძარღვის იზოლაციის ფიქსაციას და ტენისა და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან დაცვას. ძირითადად გამოიყენება ტყვიის, ალუმინის, პლასტმასის და ფოლადის გარსები; პლასტმასის იზოლაციის მქონე კ. აქვთ პოლივინლქლორიდის ან მურის პიგმენტიანი პოლიეთილენის გარსი; თუ იზოლაცია რეზინისაა, მაშინ გარსიც კეთდება რეზინისაგან. მექანიკური დაზიანებებისაგან დასაცავად კაბელს გარედან უკეთდება დ ა მ ც ა ვ ი  ს ა ფ ა რ ი (ბრონი) ფოლადის ლენტის ან მავთულისაგან. ცნობილია კ.ე. 1000-ზე მეტი სახეობა, რომელთა ნიშანდება, ასორტიმენტი, დანიშნულება, კონსტრუქცია და მახასიათებლები მოცემულია მწარმოებელი ქვეყნის შესაბამის სტანდარტებში.

კაბელი ზეთვსებული - მაღალი ძაბვის ძალური კაბელი, რომელიც ჩასმულია ლითონის გარსში და შევსებულია ზეთით (ნახ. 1, სამძარღვიანი ზეთვსებული კაბელი: 1 - დენგამტარი ძარღვები; 2 - ზეთი; 3 - ანტიკოროზიული იზოლაცია; 4 - ფოლადის გარსი). ზეთის წნევის შენარჩუნება ექსლპლუატაციის პერიოდში წარმოებს მისი დამატებითი მიწოდებით სპეციალური მკვებავი მოწყობილობის მეშვეობით. გამოიყენება ელექტროენერგიის გამოსაყვანად მსხვილი ელექტროსადგურებიდან და მიწისქვეშა ჰესებიდან გამანაწილებელ ქსელამდე მისაწოდებლად, ელექტროენერგის გადამცემი ხაზებისათვის დიდ მდინარეებზე გადასასვლელად, დიდი ელექტროენერგიის მომხმარებელი ქალაქების მომსახურებისათვის და სხვ.

კაბელი კოაქსიალური - კაბელი, რომელიც შედგება ორი ერთმანეთისგან იზოლირებული სადენისაგან; ერთი მათგანი გატარებულია მეორეში. იყენებენ ძალიან მაღალი სიხშირის ენერგიის გადასაცემად

კაბელი საკონტროლო - ელექტრომოწყობილობის სიგნალიზაციის, კონტროლისა და მართვის ელექტრული კაბელი (ნახ. 1). შეიცავს 4...52 ცალ სპილენძის ან ალუმინის ძარღვს (სადენს) განიკვეთით 0,75...10 მმ2, რომლებიც იზოლირებულია რეზინით ან პლასტმასით. ს.კ. ძარღვები მოთავსებულია ტყვიის, პოლივინილქლორიდის ან რეზინის გარსში და უმეტესად დაცულია ჯავშნით. გამოიყენება 660 ვ ცვლადი და 1000 ვ-მდე მუდმივი დენის ქვეშ სამუშაოების შესასრულებლად. ს.კ. სარგებლობა შეიძლება შენობის შიგნით, ღია ჰაერზე, მიწაში და წყალშიც კი (დამოკიდებულია კაბელის ტიპზე).

კაბელის თანაგამტარი ძარღვი - მზადდება სპილენძის ან ალუმინისაგან; დანიშნულების მიხედვით, იგი შეიძლება იყოს ერთ- და მრავალძარღვა. ძალოვან კაბელებში დენგამტარი ძარღვები შეირჩევა განივკვეთის ფართობის მიხედვით, კავშირგაბმულობის კაბელებში - დიამეტრის. ძალოვან კაბელებში, როგორც წესი, სამი ძარღვია (სამი ფაზისათვის), კავშირგაბმულობის კაბელებში - ათეულობით და ასეულობით.

კაბელის ქურო - მოწყობილობა ცალკეული კაბელების ერთმანეთთან გადასაბმელად (შესაერთებლად). განასხვავებენ მაერთებელ, განმაშტოებელ და კიდურ ქუროებს (ნახ. 1, შემაერთებელი სწრაფგასართი ქურო: 1 - თბომედეგი საიზოლაციო მასალით დამზადებული კორპუსი; 2 - ქანჩი; 3 და 4 - ნახევარქუროები; 5 - კონუსი).

კაბელმაძიებელი - ხელსაწყოთა კომპლექტი, რომლითაც ადგენენ მიწისქვეშა და წყალქვეშა კაბელების ტრასისა და ჩაწყობის სიღრმეს, აგრეთვე მათი ძარღვების დაზიანების ადგილს იმ შემთხვევაში, როცა ისინი მთლიანადაა ჩამიწებული.

კაბელჩამწყობი - მისაბმელი ან თვითმავალი მექანიზმი, რომელიც კაბელს აწყობს მიწისქვეშ ან წყალქვეშ. კაბელჩამწყობი მიწის ქვეშ წარმოქმნის ღრუს ან ტრანშეას და თან აწყობს მასში კაბელს. კაბელჩამწყობი არის დანიანი და როტორული.

კაბესტანი (ფრანგ.) - ტვირთის გადასაადგილებელი მექანიზმი, შემდგარი ვერტიკალური ლილვისაგან, რომელზედაც იხვევა ჯაჭვი, გვარლი ან ბაგირი (ნახ. 1). გამოიყენება ტვირთების ასაწევად და გადასაადგილებლად ჰორიზონტალური მიმართულებით, გემის ნაპირთან მოსაზიდავად, ღუზის ასაწევად და სხვ.

კაბინა - სპეციალური დანიშნულების, სხვადასხვა ფორმისა და კონსტრუქციის პატარა სათავსო (მაგ., მართვის კაბინა, მძღოლის კაბინა და სხვ.).

კაბინეტი - 1. მეცადინეობისათვის, საქმიანობისათვის განკუთვნილი ოთახი; 2. მთავრობაში შემავალი მინისტრების შემადგენლობა; 3. თანამდებობის პირის სამუშაო ოთახი; 4. ბოსკეტის შიდა სივრცითი ბაღ-პარკის კომპოზიციის ელემენტი, შექმნილი გაკრეჭილი ცაცხვისა და რცხილის ხეებისაგან. XVII-XVIII საუკუნის საფრანგეთის ბაღებსა და პარკებში კ. უმეტესობა მორთული იყო პარტერებით, ავზებით, ქანდაკებებითა და სხვ. ბაღ-პარკის ნაგებობებით.

კადასტრი - 1. რეესტრი, რომელიც შეიცავს ობიექტის შეფასებისა და საშუალო შემოსავლიანობის შესახებ მონაცემებს; 2. ამა თუ იმ ბუნებრივი ობიექტის შესახებ ძირითადი მონაცემების სისტემატიზებული ერთობლიობა. მაგ., მიწის კ., წყლის კ. და სხვ.; 3. იმ პირთა სია, რომლებზეც ვრცელდება სულადობრივი დაბეგვრა.

კადასტრი საქალაქთმშენებლო - სახელმწიფო რეგისტრაციის საინფორმაციო, სამართლებრივი სისტემა საქალაქთმშენებლო მოქმედების ობიექტების ტერიტორიის გამოყენებისა. კადასტრის საფუძველს შეადგენს საქალაქთმშენებლო და საპროექტო დოკუმენტაცია. კ.ს. წარმოებაში შესვლა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით.

კავალიერი (ფრანგ.) - მიწაყრილი გზის გაყოლებაზე. კეთდება ამოღებული გრუნტით ნამქერისა და ჩამდინარი წყლებისაგან დასაცავად (ნახ. 1. რკინიგზის კავალიერი: 1-არინების ზოლი; 2-ზედა მხრის თხრილი; 3-კავალიერი; 4-ბანკეტის ზედა თხრილი; 5-ბანკეტი; 6-კიუვეტი; 7-ბალასტის ფენა; 8-გზისპირი).

კავერნა (ლათ.) - 1. 1 მმ-ზე დიდი დიამეტრის მქონე სხვადასხვა ფორმის სიცარიელე მთის ქანებში (ნახ. 1) ან ხელოვნურ ნაკეთობებში; 2. უხარისხო შედუღების შედეგად ფოლადის მილებში ან სექციებში წარმოშობილი ღრუები და ნახვრეტები.

კავეული - წვრილი, ძირითადად ლითონური ნაწილები, გამოყენებული სამშენებლო, სადურგლო, სახუროე სამუშაოებში (კავი, გონიო, საკვალთი და სხვ.).

კავი - 1. ტვირთამწევი მანქანების ნაწილი (დეტალი) ტვირთის ან ტვირთჩამჭერი მოწყობილობის ჩამოსაკიდად ამწევი მექანიზმის ბაგირებზე ან ჯაჭვებზე (ნახ.1), აგრეთვე ტრაქტორებისა და გამწეებისაგან წევის ძალის გადასაცემად მისაბმელებზე. სატვირთო კ. ამზადებენ ერთ და ორ რქიანს, ფოლადისაგან ნაჭედს ან სხმულს, ტვირთამწეობით 75 ტ-მდე ან ფოლადის დატვიფრული ფირფიტებისაგან ტვირთამწეობით 75 ტ და მეტი. კ. ძირითადი პარამეტრები სტანდარტიზებულია; 2. ბოლოში მოკაკული, მოკაუჭებული რკინა (ჯოხი...) რამეზე გამოსადებად, რისამე დასაკიდად და მისთ., კაუჭი; 3. ნავის ღუზა.

კავისებრი ნაკეთობები - მცირე ზომის ლითონის დეტალები (ძირითადად სამაგრები), რომლებიც გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებისათვის და სადურგლო და სახუროე ნაკეთობების (კავები, საკვალთები, კაუჭები, ტაბიკურები, კუთხედები, კარისა და ფანჯრის სახელურები, საკიდები და ა.შ.) დასამზადებლად.

კავიტაცია (ლათ.) - სითხისშიგნითა მთლიანობის დარღვევა, ე.ი. სითხის შიგნით სიღრუეების წარმოქმნა, რომლებიც შევსებულია აირით, ორთქლით ან მათი ნარევით. იგი აღიძვრება ადგილობრივად, წნევის შემცირებით კრიტიკულზე დაბლა და შეიძლება იყოს ჰიდროდინამიკური ან აკუსტიკური.

კავიტაციური ცვეთა - აირის ჰიდროეროზიული ცვეთა, რომელიც ხდება მყარი სხეულის სითხის მიმართ მოძრაობისას, ამ დროს აირის ბუშტულაკები სკდება ზედაპირთან ახლოს, რაც იწვევს წნევისა და ტემპერატურის ადგილობრივ ზრდას, წერტილოვანი „წყლულების“ წარმოქმნას და დეტალის მთლიან პერფორაციას. ასეთი სახის ცვეთას განიცდის რადიატორი, წყლის პერანგი და სხვ.

კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) - 1. ხაზობრივი ნაგებობის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა და მომხმარებლს შორის; 2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედების, სახაზო ტრაქტების ან მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსი. მოიცავს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საკომუნიკაციო მაგისტრალურ ხაზებსა და ადგილობრივი ელექტრული საკომუნიკაციო ქსელების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ხაზებს. ქსელის გაყვანა-მონტაჟი ხორციელდება მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებში ან გვირაბებში. თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გასაყვან-სამონტაჟო ტერიტორიაზე არ არსებობს მოქმედი მიწისქვეშა საინჟინრო-კომუნალური ქსელების ინფრასტრუქტურა ან შეუძლებელია ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება, მაშინ ის უნდა განხორციელდეს ახალი ტრანშეების მოწყობის ან საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანის (მონტაჟის) გზით. თუ საჰაერო კ.ხ. გადის საავტომობილო გზების (ქუჩების) გასწვრივ, აგრეთვე ამ საავტომობილო გზებისა და ქუჩების გადაკვეთაზე, ამ შემთხვევაში საჰაერო კ.ხ. (ქსელი) უნდა იქნეს გაყვანილი გრუნტის (სავალი ნაწილის) ზედაპირიდან არანაკლებ 5 მეტრის სიმაღლეზე. თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა (მონტაჟი) დაგეგმილია არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების გამოყენებით (ღარები, არხები, შახტები, გვირაბები, ხიდები, ანძები და ა.შ.), აღნიშნული უნდა შეთანხმდეს არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების მესაკუთრეებთან. ტრანშეის გათხრის ან საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზების გაყვანის შემთხვევაში საჭიროა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, ხოლო საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა.

კავშირები - ნაგებობის ელემენტები, რომლებიც მზიდ კონსტრუქციებს (წამწეები, კოჭები, სვეტები, ჩარჩოები, კამარები და ა. შ.) ხისტ სივრცობრივ სისტემაში აერთიანებს. იგი შეიძლება იყოს ვერტიკალური, დახრილი, განივი ან ჰორიზონტალური (ნახ. 1: ლითონის წამწეების ზედა სარტყლის განივი კავშირები). კ. თავის თავზე ღებულობენ ძირითადად ჰორიზონტალურ დატვირთვებს, როგორიცაა ქარის დატვირთვა, სეისმური დატვირთვა, ხიდურა ამწის ურიკის ან ხიდის დამუხრუჭების ძალები და სხვ.

კავშირი - 1. ის, რაც აერთებს, აახლოებს, ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის რასმე; ახლო, მჭიდრო ურთიერთობა; 2. საერთო მიზნების, ინტერესების, საქმიანობის საფუძველზე წარმოშობილი გაერთიანება, ორგანიზაცია.

კავშირიანი სისტემა - სისტემა, რომელიც შედგება კარკასის ჩარჩოებისა და დიაფრაგმებისაგან, კედლებისაგან ან სიხისტის ბირთვებისაგან, სადაც ჰორიზონტალურ დატვირთვებს ღებულობს მხოლოდ დიაფრაგმები, კედლები ან სიხისტის ბირთვები.

კაზეინი (ლათ.) - 1. ცილოვანი ნივთიერება, რძის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყოფა მოხაჭოების დროს; ფართოდ იყენებენ საღებავების, პლასტიკური მასების, წებოს და მისთ. წარმოებაში; 2. ცხოველური წარმოშობის, თეთრი ან ღია ყვითელი ფერის, წებო. აქვს ამორფული ფხვნილის სახე. არ იხსნება წყალში, სპირტში, ეთერებში. კარგად იხსნება ტუტეებში.

კაზემატი (ფრანგ.) - 1. თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია არტილერიის ცეცხლისაგან და ავიაბომბებისაგან დასაცავად (ნახ. 1); 2. შეჯავშნული სათავსი სამხედრო გემზე ქვემეხების დასადგმელად; 3. საკანი ციხე-სიმაგრეში, სადაც ათავსებენ მხოლოდ ერთ ტუსაღს.

კაზინო - იხ. სამორინე.

კაზმი - ნედლეული მასალების ნარევი, რომელიც უნდა გადამუშავდეს მეტალურგიულ, ქიმიურ და სხვა აგრეგატებში. ზოგ შემთხვევაში კ. სათბობიც შედის, მაგ., თუჯის გამოდნობისას ბრძმედის ღუმელში. კ. ჩატვირთვა ხდება თანაბარი ნარევის სახით, რომელიც მომზადდება აგრეგატის გარეთ ან შემადგენელი კომპონენტების პორციების (ფენების) სახით.

კათედრა (ბერძ.) - 1. უმაღლეს სასწავლებელში - სასწავლო-სამეცნიერო დანაყოფი, რომელიც ეწევა სასწავლო-აღმზრდელობით, მეთოდოლოგიის და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ერთი ან რამდენიმე მონათესავე დისციპლინის დარგში, ამზადებს სამეცნიერო-პედაგოგიურ კადრებს, ხელმძღვანელობს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას; 2. სასწავლო დაწესებულებებში, ლექტორიუმებში, სააქტო დარბაზებში - მასწავლებლის, მომხსენებლის ადგილი; 3. ძველ საბერძნეთსა და რომში - ფილოსოფოსებისა და რიტორების გამოსასვლელი ადგილი; 4. ქრისტიანულ ეკლესიაში - ადგილი, საიდანაც ქადაგებენ; 5. ეპისკოპოსის (არქიელის) სავარძელი ღვთისმსახურების დროს; გადატანით - ეპარქია (საეპისკოპოსო ოლქი); 6. მაღალი, მაგიდის მსგავსი, დადგმული ვიწრო ნაკეთობა სიტყვის წარმოსათქმელად ან ლექციის წასაკითხად.

კათეტი - მართკუთხა სამკუთხედში მართი კუთხის მიმდებარე გვერდი.

კათეტომეტრი (ბერძ.) - ორ წერტილს შორის ვერტიკალური მანძილის ზუსტად გასაზომი ხელსაწყო.

კათიონები (ბერძ.) - ელექტროლიტის ხსნარში კათოდისკენ მოძრავი დადებითად დამუხტული ნაწილაკები.

კათოდი (ბერძ.) - უარყოფითად დამუხტული ელექტროდი (საპირისპ. ანოდი). ნაწილაკები, რომლებიც ელექტროლიტის ხსნარში მოძრაობენ კათოდისკენ ეწოდებათ კათიონები და ისინი დადებითად არიან დამუხტულები.

კათხა - თავსახურავიანი ხის ჭურჭელი ყოველგვარი სითხისათვის.

კაიუტა (შვედ.) - ოთახისმაგვარი ცალკეული სადგომი გემზე ეკიპაჟისა თუ მგზავრთათვის, აგრეთვე სასამსახურო მიზნებისათვის.

კაკალი (ნიგვზის ხე) - კაკლისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი ხე (ნახ. 1: შავი კაკლის ხე). სიმაღლე 20...30 მ. ტანის დიამეტრი 1,5 მ. ბუნებრივად გავრცელებულია მცირე აზიაში, ბალკანეთში, ირანში, ჩინეთში კავკასიასა და შუა აზიაში. ამიერკავკასიაში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ქმნის მცირე კორომებს. მეტწილად კი ერთეული ხეებია. მდინარისპირა ვაკეთა ტყეებში შერეულია მუხასთან, თელასა და რცხილასთან. სიმკვრივე 450...750 კგ/მ3.  საქართველოში ველური კ. ყველაზე დიდი კორომია მდინარე ალაზნის ნაპირებზე პანკისის ხეობაში (10 ჰა) და ჯუმას ყურეში (ალაზნის ველის ჭალაში, 40 ჰა). სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში სიცივე აზიანებს. უძლებს −220C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა. კარგად ხარობს ნოყიერ ნიადაგზე, თიხნარ-კირნარზე. აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა. კ. მაგარი, არადრეკადი ხისტი მასალაა. მედეგია ტენის მიმართ, ადვილად მუშავდება, კარგად პრიალდება და იღებება. მერქნის ფერი განივკვეთში და სიგრძეზე განსხვავებულია, რაც იძლევა ტექსტურის განუმეორებელ სახეს. მერქანი წარმოადგენს შესანიშნავ ძვირფას მასალას, რომელიც წარმატებით გამოიყენება შენობების ინტერიერების გასაწყობად და ხარისხიანი ნივთების დასამზადებლად, კერძოდ, კ. ამზადებენ: სანადირო თოფის ხის ნაწილებს, პარკეტს, ავტომანქანების სალონის გასალამაზებელ დეტალებს, ძვირფას ავეჯს.  გავრცელებულია მოსაზრება, რომ საუკეთესო კ. მერქანი მისი ფესვებიდან მზადდება, რომ არსებობს სწრაფად და ნელა მზარდი კაკლის ჯიშები, რომ, მაგალითად თოფის კონდახისათვის საუკეთესოა თურქული კაკალი და ა.შ. სინამდვილე კი ასეთია: არ არსებობს თურქული, ქართული, რუსული, ფრანგული და ა.შ. კაკალი, არსებობს ბერძნული კ., რომელიც იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამხრეთ განედებში. ბარში კ. სწრაფად იზრდება, მაგრამ მისგან ამოღებული მასალა დაბალი ხარისხისაა, რადგან გააჩნია უამრავი ფორები, არ გააჩნია ისეთი ლამაზი ნახატი, რაც ასე ახარებს ადამიანის თვალს, ფერიც მორუხოა და მის ზედაპირზე ფრჩხილითაც კი შეიძლება ნაკაწრის გაკეთება. რაც შეეხება მთის კ., ეს უკვე სხვა ამბავია. ასეთი კ. ძალზედ რთულ პირობებში იზრდება, წლიური ნამატი ზომაში მცირეა, მისი ფესვები ნიადაგში ღრმად არის გადგმული, საიდანაც ხე ღებულობს სხვადასხვა მინერალურ მარილებს, რაც მას ლამაზ მდიდარ ტექსტურას ანიჭებს. მერქანი ძალზედ მყარია და ნაკლებად განიცდის აშრევებას, სწორედ ამიტომ ითვლება ასეთი მასალა იდეალურად.  მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნაა იტალიურ, გერმანულ, კავკასიურ და ფრანგულ კ. მერქანზე.  მშენებლობაში კ. მერქანი გამოიყენება მოსაპირკეთებელი მასალის, პარკეტის, კარ-ფანჯრების, შიგა კიბეების დასამზადებლად. ბოლო მონაცემებით კ. მერქნის დამამზადებელი (ათას ტონებში) ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ჩინეთი - 980, აშშ - 380, თურქეთი - 180, ირანი - 140, უკრაინა - 85, მექსიკა - 70, საფრანგეთი - 41, რუმინეთი 40, ინდოეთი - 36, ეგვიპტე - 27.

კაკვი - იგივეა რაც კავი, ოღონდ უფრო გამოყენებული გამწეებზე ან მცირე ტვირთამწეობის მოწყობილობებზე (ნახ. 1). არსებობს ბუქსირის, გადასაბმელი, მისაბმელი, საბჯენი, საწევი, ჭოჭონაქის კ. და სხვ. ასრულებენ ერთრქიანი ან ორრქიანი ელემენტების სახით, მთლიანნაჭედი ან ჩამოსხმული ფოლადისაგან - ტვირთამწეობით 75 ტ-მდე და დაშტამპული ფოლადის ფირფიტებისგან - ტვირთამწეობით მეტი 75 ტ-ზე.

კალა (ბერძ. stannum) - პლასტიკური, ჭედადი, ადვილად დნობადი ბრჭყვიალა, მბზინვარე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის რბილი ლითონი. აღინიშნება სიმბოლოთი Sn. მიეკუთვნება მსუბუქ ლითონებს. ჰაერზე ადვილად არ იჟანგება, რის გამოც გამოიყენება სხვა ლითონების დასაფარად კოროზიისგან დასაცავად, ბრინჯაოს, თითბრის, ბაბიტების, ტიპოგრაფიული და ადვილდნობადი შენადნობების, ფოლგის დასამზადებლად, თეთრი თუნუქის წარმოებაში, ზეგამტარი სადენების შესაქმნელად. ფართოდ გამოიყენება კალას შენადნობები, განსაკუთრებით ტყვიასთან. კალას და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად. კალას ყველაზე მნიშვნელოვანი შენადნობია - ბრინჯაო (სპილენძთან). კოროზიასთან ბრძოლის კარგი მაგალითია ფოლადის მოკალვა. კალას დაბალი ტოქსიკურობის გამო, მოკალული ფოლადი გამოიყენება საკვების შესაფუთად, კონსერვის ბანკების სახით. ბუნებაში კ. ძირითადად მოიპოვება მინერალ კასიტერიტიდან, რომელიც შეიცავს კალას, კალის დიოქსიდის სახით

კალათა - წნელის, ტკეჩის, შპონის ჩამონაჭრების და სხვა მსგავსი მასალისაგან დაწნული სახელურიანი ჭურჭელი.

კალამინი (ლათ.) - მინერალი თუთიის წყლიანი სილიკატების ჯგუფისა; წარმოადგენს მადანს, საიდანაც თუთიას იღებენ

კალანდრი (ფრანგ.) - წნეხი, რომლის ლილვებს შორისაც ატარებენ ქსოვილს, ქაღალდს, რეზინს და სხვ. - სიგლუვის მისაცემად, გასაპრიალებლად ან მოსახატავად.

კალანჩა - შენობაზე აღმართული სახანძრო დანიშნულების მაღალი სამეთვალყურეო კოშკი (ნახ. 1).

კალაპოტი - 1. ხეობის ნაწილი, რომელიც წყლის მოძრავ ნაკადს უკავია (ნახ. 1). კალაპოტი შესაძლოა რამდენიმე მეტრიდან ათეული კილომეტრი სიგანის იყოს. ბარის მდინარეთა კალაპოტი მეტწილად დაკლაკნილი ან დატოტვილია და მოფენილია უმთავრესად ლამით, ქვიშითა და ხრეშით. მთის მდინარეთა კალაპოტი უფრო სწორი, ლოდნარიანი, ჭორომიანი და ჩანჩქერიანია; 2. ფეხის ტერფის მოყვანილობის მერქნის ნაკეთობა, რომელიც ფეხსაცმლის კერვისას გამოიყენება, როგორც შაბლონი.

კალასვა - მერქნის ფერის შეცვლის პროცესი, რისთვისაც გამოიყენება წყალი, ფუძეები, მარილები, მთრიმლავი ნივთიერებები და სხვ.

კალასი - მუხის მერქანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში (10 წელზე მეტი ხნით) განუწყვეტლივ იმყოფებოდა ტბაში ან მდორე დინების მდინარეში.

კალდერა (ესპ.) - წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული (ნახ. 1). აქვს ციცაბო ან საფეხურებიანი კედლები და თითქმის ბრტყელი ფსკერი. დიამეტრი 10…15 კმ, ზოგჯერ მეტიც, სიღრმე - რამდენიმე ასეული მ. განარჩევენ აფეთქებითსა და ჩაქცევით კ. პირველი წარმოიქმნება ვულკანურ ყელში დაგროვილი აირების აფეთქებით, მეორე - დაცარიელებული მაგმური კერის სახურავზე გაჩენილი წრიული რღვევების გასწვრივ ხმელეთის ზედაპირის ჩაქცევით. ასეთი კ. უფრო დიდია და უფრო ხშირად გვხვდება. კალდერა ხშირად დაკავებულია ტბებით. რელიეფის ასეთი ფორმები გვხვდება იაპონიაში, ფილიპინებში, ალასკაში და სხვ. მოზრდილი კ. გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც, მათ შორის აღსანიშნავია მთა სამსარის ვულკანური კონუსის შიგნით არსებული 3 კმ დიამეტრის კ., რომლის ფსკერი სხვადასხვა მყინვარული მასალითაა მოფენილი, სადაც გაბნეულია წვრილ-წვრილი ტბები.

კალთა - 1. ფრთა (შენობის); გვერდი, ფერდობი, კალთა (მთის); 2. მთის დაქანებული, დაფერდებული მხარე; 3. კაბის, ჩოხის და მისთ. ქვედა ნაწილი; 4. რაიმეს დასაცავი ან მიმმართველი (მაგ., ჩარჩო-ხერხის ნახერხის მიმმართველი კალთა, მოწყობილობის დამცავი კალთა).

კალთა ტყის - მთის ფერდობი, დაფარული ტყით.

კალიბრი (იტალ.) - 1. უსკალო საზომი ინსტრუმენტი დეტალების ზომისა და ფორმის შესამოწმებლად; 2. ლულის არხის დიამეტრი (მმ, მ, დიუმი) ღარების ან ველების მიხედვით; ერთ-ერთი იმ ძირითადი სიდიდეებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ ცეცხლსასროლი იარაღის სიმძლავრეს. არსებობს კ. სახეობები: არგამავალი, გამავალი, გრძივი, ერთმხრივი, ზღვრული, მოსამზადებელი, ნომინალური, ნორმალური, ორმხრივი, საბოლოო, საკონტროლო, წუნმდებლის, ხისტი და სხვ.

კალიბრომეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ მავთულის, ფურცლოვანი რკინის და მისთანების სისქეს; კალიბრსაზომი

კალის შენადნობები - კალის ბაზაზე მიღებული შენადნობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალის შენადნობები ტყვიასთან, სპილენძთან (ბრინჯაო), სტიბიუმთან, რომლებიც გამოიყენება ანტიფრიქციულ შენადნობებად - ბაბიტებად, კალა-ტყვიის შენადნობი - სარჩილად, მხატვრული ნაკეთობის, ჭურჭლის, ხელსაწყოთა დეტალების, ფოლგის ჩამოსასხმელად.

კალიუმი (ლათ.) - მსუბუქი, რბილი, მოვერცხლისფრო-თეთრი მეტალი. აღინიშნება სიმბოლოთი K. სიმკვრივე 860 კგ/მ3. შედის სხვადასხვა მინერალების და მთის ქანების - სილიკატების შედგენილობაში. მიწის ზედაპირის მყარ ქერქში ის ასზე მეტ მინერალს წარმოშობს, გარდა ამისა, მცირე რაოდენობით ასეულობით სხვა მინერალების შემადგენლობაშიც შედის. ძირითადად გამოიყენება სასუქების წარმოებაში (კალიუმის მარილები), აგრეთვე ელექტროტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მეტალურგიაში და სხვ.

კალკი (ფრანგ.) - საგანგებოდ დამუშავებული გამჭვირვალე ქაღალდი ან ქსოვილი, რომლის საშუალებითაც იღებენ ნახაზების პირს.

კალკულატორი - პირი, რომელიც სამშენებლო ობიექტის სამუშაოების კალკულაციას ადგენს; 2. პორტატული გამომთვლელი მოწყობილობა

კალკულაცია (ლათ.) - 1. პროდუქციის, მომსახურების ან შესრულებული სამუშაოს ერთეულის თვითღირებულების დათვლა, ასევე ასეთი გამოთვლის შედეგი;  2. საქონლის თვითღირებულების ყველა ელემენტისა და გასაყიდი ფასის გამოანგარიშება დანახარჯების ელემენტების მიხედვით (მაგ., დანახარჯები მასალაზე, სათბობზე, ელექტროენერგიაზე, ხელფასზე, ამორტიზაციაზე, პროდუქციის გასაღებაზე და სხვ.);  3. სამეურნეო აღრიცხვის სფერო, რომელიც დაკავებულია საწარმოში წარმოების, მართვის და მიმოქცევის ხარჯების განსაზღვრით.

კალმატრონი - ცნობილი ამერიკული საშენი მასალა, ბეტონის დანამატი, შეღწევადი მოქმედების ჰიდროიზოლაცია, ეკლოგიურად სუფთა, არატოქსიკური პროდუქტი. ბეტონის ნარევში ემატება ცემენტის მასის 2...3% (ოპტიმალურია 10 კგ/მ3), ზრდის წყალუჟონადობას W6...W20-მდე, სიმტკიცეს (40%-მდე) და აგრესიულ გარემოში ექსპლუატაციის ვადას 5...10-ჯერ. კ. ნარევი ბეტონი უზრუნველყოფს სრულ წყალშეუღწევადობას ფუძე-საძირკვლებში, ბრტყელ გადახურვებში, წყალსაცავებში, აუზებში, გვირაბებში, სარდაფებში, მიწისქვეშა ავტოფარეხებში, კაშხლებში და სხვ. უძლებს როგორც დაბალ, ისე მაღალ ტემოერატურას - −55-დან +15000C-მდე. გააჩნია ბიოციდური თვისებები და გამოყენებადია კვების მრეწველობაში, სასმელი წყლის საცავებში, საცურაო აუზებში. ბეტონში ასრულებს პლასტიფილატორის ფუნქცისაც. 2011 წლის მარტიდან იწარმოება საქართველოში.

კალო - დახურული სალეწი ფარდული მარცვლეულის გასასუფთავებლად.

კალორია (ლათ.) - სითბოს რაოდენობის საზომი ერთეული.

კალორიზაცია (ლათ.) - ფოლადის ან თუჯის ზედაპირის გაჯერება ალუმინით მხურვალმედეგობის მისაცემად.

კალორიმეტრი - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ რაიმე სხეულის მიერ გამოყოფილი ან შთანთქმული სითბოს რაოდენობას.

კალორიმეტრია - ფიზიკის დარგი, რომელიც ახდენს სხვადასხვა სხეულის თბოტევადობის გაზომვას.

კალორიფერი (ფრანგ.) - ჰაერის გასახურებელი მოწყობილობა (მილების სისტემა, რომელშიც მოძრაობს ცხელი წყალი, ორთქლი და სხვ.). გამოიყენება ცენტრალური გათბობისათვის, ვენტილაციისათვის, ჰაერის კონდიციონირების სისტემებში, რისამე გასაშრობად. აგრეგატის სახის მიხედვით არსებობს წყლის, ცხელი აირების და ორთქლის კ., აგრეთვე ფართოდ გამოიყენება ელექტრო კალორიფერები.

კალცინა (ლათ.) - კალის შენადნობი ტყვიასთან; გამოიყენება ჭიქურის დასამზადებლად

კალცინაცია (ლათ.) - ნივთიერების გავარვარება ან გამოწვა დაჟანგვის ან დაშლის მიზნით

კალციტი (ბერძ.) - კარბონატების ჯგუფის უფერო ან რძისებრ თეთრი, იშვიათად ყვითელი, მოწითალო, გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე, ზოგჯერ არაგამჭვირვალე მინერალი (CaCO3). სიმკვრივე 2720...2800 კგ/მ3. კირქვების და მერგელების შემადგენელი ნაწილი. კ. გამჭირვალე სახეობა - ისლანდიური შპატი - გამოიყენება ოპტიკურ სისტემებში.

კალციუმის კარბიდი - კალციუმის ნაერთი ნახშირბადთან, გამჭირვალე კრისტალები (CaC2); სიმკვრივე 2210 კგ/მ3, tდნ = 23000C. წყალთან ურთიერთობით წარმოშობს აცეტილენს. გაცხელებისას უერთდება აზოტს და ქმნის კალციუმის ც ი ა ნ ა მ ი დ ს CaCN2. გამოიყენება აცეტილენის, კალციუმის ციანამიდის მისაღებად და ტუტე მეტალების აღსადგენად.

კამარა (რუს. Свод) - 1. არქიტექტურაში გადახურვის ტიპი ან სივრცის (სათავსის) სახურავი, შემოსაზღვრული კედლებით, კოჭებით ან სვეტებით - კონსტრუქცია, რომელიც შექმნილია დახრილი სწორხაზოვანი ან მრუდწირული ზედაპირებით (ნახ. 1). კ. საშუალებას იძლევა გადაიხუროს მნიშვნელოვანი სივრცე დამატებითი შუა საყრდენების გარეშე. ძირითადად გამოიყენება გეგმით წრიული, მრავალკუთხა ან ელიფსური ფორმის შენობებში. კამარაზე, როგორც წესი, მოქმედებს დატვირთვა საკუთარი წონისა და ატმოსფერული ზემოქმედებისაგან. ის ძირითადად კუმშვაზე მუშაობს, რომლის შედეგად აღძრული კუმშვის ძალვები უშუალოდ საყრდენებს გადაეცემა. ზოგიერთი ტიპის კ. აღიძვრება დამატებითი - ჰორიზონტალური ძალები (განმბჯენი), რომელიც გადაეცემა რგოლურ შემკრავს ან კამარის ტანში ჩადებულ არმატურას. კონსტრუქციული ფორმის მიხედვით კ. არის: შემაღლებული - (ƒ/ℓ) ≤ 1/2 (სადაც ƒ არის კამარის აწევის ისარი, ℓ - კამარის მალი); დაწეული - (ƒ/ℓ) = 1/4 -1/2; ბრტყელი - (ƒ/ℓ) < 1/4. კამაროვანი გადახურვები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა რელიგიურ და საზოგადოებრივ შენობებში. განსაკუთრებით დიდი გასაქანი მიეცა მას საკრალურ არქიტექტურაში, რომელიც ერთმანეთს უთავსებდა შენობის თავისუფალ შიდა მოცულობასა და სილამაზეს. კამაროვანი გადახურვების ბრწყინვალე მაგალითია სტალინური არქიტექტურის შედევრი - მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურები, რომელთა შორისაც გამოირჩევა სადგური „მაიაკოვსკის მოედანი“ (ნახ. 2). კ. სახეობაზე დამოკიდებულებით მას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ელემენტები: საკეტი (ქვის საკეტი, კამარის გასაღები), სარკე, ღარი, ქვერკალი, კამარის უბე, აფრა, საყრდენი კამარა, კამარის მალი, ქუსლი, აწევის ისარი, ლიუნეტი, ნერვიურა და სხვ.; 2. ნაგებობის ან მოწყობილობის ამაღლებული ზედა ნაწილი (მაგ., ხიდის, შენობის, ღუმელის და სხვ,). კ. შეიძლება იყოს სხვადასხვა დანიშნულების, მასალის, კონსტრუქციის და ფორმის. არსებობს კ. სახეები: აკუსტიკური, აფროვანი, აღმავალი, ბადისებრი, გუმბათის, დამრეცი, ელიფსური, მახვილწახნაგა, მონოლითური, რკ.ბ.-ის, სამწახნაგა, ტალღოვანი, ქვის, ქოლგისებრი, შემაღლებული, ცილინდრული, წიბოვანი, ხის, ხრახნული, ჯვარედინი და სხვ.

კამარა აფრიანი - 1. კამარა, რომელიც მიღებულია გუმბათის სფერული ზედაპირის ნაწილების წაკვეთით ვერტიკალური სიბრტყეებით (ნახ. 1); 2. აფრებზე დაყრდნობილი კამარა; 3. სფერული გადახურვა საყრდენი კედლების სიბრტყეში წაკვეთილი გვერდებით.

კამარა ბრტყელი - კამარა, რომლის აწევის ისრის ფარდობა კამარის მალთან 1/4-ზე ნაკლებია.

კამარა გუმბათოვანი - იხ. გუმბათი.

კამარა დამრეცი - კამარა, რომლის აწევის ისრის ფარდობა კამარის მალთან იცვლება ზღვრებში - 1/2 - 1/4.

კამარა ვარსკვლავა - კამარა, რომლის საფუძველია ნერვიურიანი კამარის თხელი კარკასი მასში ჩართული დამატებითი წიბოებით (წიბოების რაოდენობა 5 და მეტი); გოთიკური ჯვრისებრი კამარის სახესხვაობა (ნახ. 1).

კამარა ისრული - ცილინდრული კამარის სახეობა ორი ნახევარწრიული ელემენტისაგან, რომლებიც იკვეთებიან კამარის კეხში.

კამარა მარაოსებრი (ნორმანდიული კამარა) - ნერვიურიანი კამარის სახეობა, რომელშიც ერთი კუთხიდან მარაოსებრ განშტოებული, ერთნაირი სიმრუდის ნერვიურები (წიბოები) ძაბრისებრ ზედაპირს წარმოქმნიან (ნახ. 1).

კამარა ნახევარწრიული - ცილინდრული კამარა; კამარა, რომლის წარმმართველი ნახევარწრის მოხაზულობისაა.

კამარა ნერვიურიანი - 1. კამარა, ამოყვანილი ნერვიურიან კარკასზე; 2. იხ. კამარა მარაოსებრი.

კამარა ორმაგი სიმრუდის - კამარა, რომელიც მიიღება მრუდხაზოვანი წარმომქმნელის მოძრაობით ასეთივე წარმმართველის გასწვრივ. მას ზოგჯერ კასრულ კამარასაც უწოდებენ.

კამარა სარკისებრი - შეკრული კამარა, ჰორიზონტალური სიბრტყით წაკვეთილი ზედა ნაწილით, როლიც ქმნის კამარის სარკეს (ნახ. 1).

კამარა სოლისებრი - კამარა, ამოყვანილი სოლისებრი ქვებით (აგურით) ან ასეთივე ფორმის ნაკერებით (ნახ. 1).

კამარა შეკრული - გადახურული სათავსის მთელ პერიმეტრზე დაყრდნობილი კამარა.

კამარა შემაღლებული - კამარა, რომლის აწევის ისრის ფარდობა კამარის მალთან 1/2-ზე მეტია.

კამარა ცილინდრული - კამარა დაყრდნობილი პარალელურ საყრდენებზე, რომელიც მიიღება მრუდხაზოვანი წარმომქმნელის (წრის, რკალის, პარაბოლას, ელიფსის და ა.შ.) მოძრაობითს წორხაზოვანი წარმმართველის გასწვრივ (ნახ. 1).

კამარა წიბოვანი - კამარა, რომლის ძირითად მზიდ ელემენტებს წარმოადგენს მრუდხაზოვანი წიბოები (კოჭები), რომლებიც ღებულობენ კამარაზე მოსულ დატვირთვებს და გადასცემენ საყრდენებს.

კამარა ჯვრისებრი - ერთი და იმავე შემაღლების ისრის მქონე ორი ცილინდრული კამარის გადაკვეთით წარმოქმნილი კამარა (ნახ. 1).

კამარის საკეტი (კამარის გასაღები) - კამარის კეხის შუა ქვა (ნახ. 1), რომელსაც ზოგჯერ დეკორატიული დანიშნულებაც აქვს.

კამარის სარკე - სარკისებრი კამარის ჰორიზონტალური, ბრტყელი სიბრტყე, ჭერის პლაფონი (ნებისმიერი გლუვი ფილის ზედაპირი ქვის წყობაში).

კამბიუმი - ხის ტანში სათუთი თხელკედლიანი ქსოვილის ფენა, რომელიც ცოცხალ ხის ქერქსა და მერქანს შორისაა მოთავსებული. იგი ხელს უწყობს ხის ზრდას სისქეში. ზაფხულში წარმოშობს მკვრივ (ნაგვიანებ) მერქანს, შემოდგომაზე კი ფხვიერს (ადრეულს). კამბიუმის მოქმედება ზამთარში წყდება.

კამეა - იხ. გემა.

კამერა (ბერძ.) - 1. ჩაკეტილი სივრცე ამა თუ იმ მანქანაში, მაგ., წვის კ. ძრავაში, სამსხვრევი კ. ყბებიან და დარტყმითი მოქმედების სამსხვრევებში, კ. ასაფეთქებელი მუხტის ჩასადებად, შემრევი კ. და სხვ.; 2. ფოტოხელოვნებაში - ფოტოკამერა, კინოკამერა, ვიდეოკამერა და სხვ.; 3. სამთ. მცირე სირგრძის გვირაბი, რომელსაც განივკვეთის დიდი ფართობი აქვს; 4. ზოგიერთ დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების სადგომი ოთახი; 5. ციხეში - ოთახი პატიმართათვის, საკანი; 6. ტყავის ბურთის ანდა ავტომობილის, ველოსიპედის სალტის შიგნითა, გასაბერი გარსი რეზინისა; 7. პროფილის კედლებით შექმნილი ღრუ (მაგ., პლასტმასისა და ალუმინის პროფილებში).


კამერა გამწოვი - გამწოვი ვენტილაციის სისტემის მთავარი ელემენტი. შედგება ელექტროძრავიანი ვენტილატორისა და მილების (არხების) სისტემისაგან. ყენდება ძირითადად სხვენში (ნახ. 1. მომდენ-გამწოვი ვენტილაციის სქემა კამერითა და ჰაერის რეკუპერაციით). ნამუშევარი ჰაერი გამწოვი შახტების მეშვეობით გაიტყორცნება ბურულის ზევით (გატყორცნის სიჩქარეა 1,5...6 მ/წმ). კ.გ. მოქმედების რადიუსია 30...40 მ; დიდ შენობებში მისი სიგრძე შეიძლება იყოს 100 მ-მდე. გამოიყენება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში (თეატრი, კინოდარბაზი, სპორტის სასახლე, აუდიტორია და მისთ.), საწარმოებში მავნე აირების დიდი კონცენტრაციით, ცემენტის, ბეტონის, ქიმიურ და მეტალურგიულ ქარხნებში, ხის გადამამუშავებელ კომბინატებში, წიაღისეულის მომპოვებელ შახტებში, სატრანსპორტო გვირაბებში და სხვ.

კამერა მომდენი - მომდენი ვენტილაციის სისტემის მთავარი ელემენტი. მისი ძირითადი დანიშნულებაა - ჰაერის მომზადება (გაწმენდა მტვრის ნაწილაკებისაგან, შეთბობა, ზოგჯერ - დატენიანება). კ.მ. განლაგება დამოკიდებულია შენობის კონსტრუქციულ სქემაზე, დანიშნულებაზე, ცალკეული მომდენი სავენტილაციო სისტემის რაოდენობაზე, მათ სიმძლავრეზე. ეს კამერები, როგორც წესი, თავსდება სათავსის ცენტრში, ჰაერის შეკრების ადგილის სიახლოვეს.

კამპანია (ფრანგ.) 1. მუშაობა, რომელიც ტარდება გარკვეულ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად; 2. საერთო სტრატეგიული მიზნით გაერთიანებულ საომარ ოპერაციათა ერთობლიობა.

კამპანილა (იტალ.) - შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის იტალიურ არქიტექტურაში ეკლესიისაგან მოშორებით აგებული სამრეკლო (ნახ. 1).

კამპეშის ხე - ხე, რომლის სამშობლოც ტროპიკული ამერიკაა; მისგან ამზადებენ ძვირფას ავეჯს და პარკეტს.

კამუფლეტი (ფრანგ.) - 1. საარტილერიო ჭურვის აფეთქება მიწის ქვეშ; 2. მიწისქვეშა აფეთქება შენობა-ნაგებობათა დასაზიანებლად; 3. (გადატანით) მოულოდნელი წარუმატებლობა.

კანალიზაცია (ფრანგ.) - მილების, მიწისქვეშა არხებისა და სხვა სანიტარიულ-ტექნიკურ ნაგებობათა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ქალაქიდან ან სხვა დასახლებული პუნქტიდან გაედინება თხევადი ფეკალური მასები და ჩამდინარე წყლები. დანიშნულებისა და მდებარეობის მიხედვით არსებობს: გარე (საბინაო), შიდა (ქუჩის) და სადრენაჟო (სხვადასხვა გრუნტის წყლის გადამყვანი) კანალიზაცია. არქეოლოგურად დადასტურებული ყველაზე ძველი კ. ჰქონდა ინდის ცივილიზაციას, ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში.

კანაპე (ფრანგ.) - პატარა დივანი, რომელსაც ერთი მხარე ცოტათი აწეული აქვს.

კანდელა (ლათ.) - სინათლის ძალის ერთეული.

კანეკალონი - მაღალტექნოლოგიური სინთეზური ბოჭკო, მიღებული უნიკალური იაპონური ტექნოლოგიით. მის ძირითაგ ღირსებად ითვლება სირბილე: ის ისეთივე სათუთია შეხების დროს, როგორც ნატურალური ბეწვი ან ადამიანის თმა, აქვს შესანიშნავი ბზინვარება და მაღალი ცეცხლმედეგობა.

კანელურა (ფრანგ.) - სვეტის ან პილასტრის ტანზე ამოღებული ვერტიკალური ღარაკი (ნახ. 1); ჰორიზონტალური ღარაკები იონური ბაზის ლილვზე.

კანეფორა - შენობის არქიტექტურაში ორგანულად ჩაწერილი ქალის ფიგურის ორგანული გამოსახულება, რომელსაც კონსტრუქციული როლი აქვს - ასრულებს კოლონის ფუნქციას (ნახ. 1).

კანიონი (ესპ.) - მდინარის ღრმა ხეობა, ძალზე ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც, ჩვეულებრივ, მთლიანად მდინარის კალაპოტს უკავია (ნახ. 1). მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კანიონის - დიდი კანიონის (მდინარე კოლორადო, აშშ), სიგრძეა 320 კმ, სიღრმე - 1800 მ-მდე. კანიონები გვხვდება მთიან მხარეებში და მაღალ ვაკეებზე.

კანიფოლი - პლასტმასის ნაირსახეობა, მსხვრევადი, მინისებრი, ამორფული ნივთიერება მუქი-წითელიდან ღია-ყვითელ ფერამდე. შედის წიწვოვანი ხის ფისის შემადგენლობაში და მიიღება ხის წვენისაგან, რომელიც ჩამოედინება „დაჭრილ“ ხის ტანს. იგი იხსნება ორგანულ გამხსნელებში (სპირტი, აცეტონი, ეთერი, ბენზოლი, ქლოროფორმი), მაგრამ არ იხსნება წყალში. გამოყენების სფერო: კაუჩუკის, რეზინის, პლასტმასების, ხელოვნური ტყავის, ლინოლეუმის, საპნის, ლაქების, საღებავების წარმოება. მეტად გავრცელებულია, როგორც ფლიუსი ლითონის ელემენტების ერთმანეთთან შესადუღებლად.

კანონი - 1. საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი ყველასთვის სავალდებულო წესი; 2. აუცილებელი, არსებითი, მდგრადი, განმეორებადი ურთიერთკავშირი მოვლენებს შორის ბუნებასა და საზოგადოებაში. კ.; 3 ძირითადი ჯგუფი არსებობს: სპეციფიკური ანუ კერძო (სიჩქარეთა შეკრების შესახებ მექანიკაში); საერთო - მოვლენათა დიდი ჯგუფისათვის (ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის; ბუნებრივი შერჩევის); საზოგადო ანუ უნივერსალური (დიალექტიკის). კ. აქვთ სუბიექტური ხასიათი და არსებობენ ადამიანების შემეცნებისაგან დამოუკიდებლად. ცნობილია: არქიმედეს, ნიუტონის, მსოფლიო მიზიდულობის, ენერგიის მუდმივობის, მოქმედ მასათა, გამოცდილების დაგროვებისა და სხვ. მრავალი კ.

კანონიერი მოსარგებლე - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

კანონიკური (ბერძ.) - 1. მტკიცედ დადგენილი, ნიმუშად მიღებული; 2. საეკლესიო კანონთან დაკავშირებული

კანონიკური განტოლება - ყოველნაირი განტოლება (მათ შორის დიფერენციალურიც), რომელიც შეიძლება გარდაიქმნას კოორდინატების შეცვლით.

კანონმდებლობა ანტიდემპინგური - დემპინგის წინააღმდეგ მიმართული სპეციალური სამართლებრივი აქტები და დებულებები.

კანონმდებლობა ანტიმონოპოლიური - ქვეყნის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს წარმოების მეტისმეტი მონოპოლიზაციის შეზღუდვას (ფირმების შერწყმა, ერთი ფირმის მიერ მეორის შთანთქმა, კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებები ბაზრების განაწილებისა და ფასების დადგენის მიზნით და სხვ.).

კანტი (არშია, კიდე) - რაიმე მასალის ვიწრო ზოლი, შემოვლებული რაიმეს კიდეზე. გამოიყენება რბილი ავეჯის წარმოებაში და საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად.

კანტორა (გერმ.) - წარმოების, დაწესებულების ადმინისტრაციულ-საკანცელარიო განყოფილება.

კანცელარია (ლათ.) - დაწესებულების განყოფილება, რომელიც განაგებს საქმის წარმოებას.

კაოლინი (ჩინ.) - თეტრი ცეცხლგამძლე თიხა, რომელიც მიიღება მინერალ კაოლინიტისაგან. მისი ჩამოყალიბება ხდება გრანიტის, გნაისის და სხვა მინდვრის შპატის შემცველი მთის ქანების დაშლის (გამოქარვის) შედეგად. კ. ძირითადი თვისებებია: მაღალი ცეცხლმედეგობა, დაბალი პლასტიკურობა და შემკვრელობის უნარი. როგორც წესი კ. ამდიდრებენ, აცილებენ მავნე ნაერთებს (ჰიდროქსიტები, სულფიდები), რომლებიც ამცირებენ კ. სითეთრეს და ცეცხლმედეგობას. გამდიდრებული კ. გამოიყენება, როგორც ნედლეული, შემდეგი მასალების წარმოებაში: ფაიფური, ქაშანური, ქაღალდი, მუყაო, რეზინი, პლასტმასი, თხელი ელექტროტექნიკური კერამიკა, ულტრამარინები, პესტიციდები, პარფიუმერია, კოლენკორი და სხვ.

კაოლინიტი (ჩინ., მაღალი მთა) - უფერო ან თეთრი ფერის თიხების ჯგუფის მინერალი.

კაპელა (იტალ.) - კათოლიკურ და ანგლიკანურ არქიტექტურაში, მცირე ნაგებობა ან სათავსი ერთი ცნობილი ოჯახის წევრების სალოცავად, რელიქვიების შესანახად, მგალობლების მოსათავსებლად და ა.შ. კ. შეადგენდა ტაძრების, ციხე-სიმაგრეების და სასახლეების ნაწილს, თუმცა ისტორიამ შემოგვინახა ცალკე მდგომი კაპელაც - მაგ., სიქსტის კაპელა (ნახ. 1), მოხატული მიქელანჯელოს მიერ, სადაც მან შექმნა ახალი ეპოქა მხატვრობის ისტორიაში, შედევრი, რომელსაც ყოველდღიურად 20 000 მნახველი ყავს.

კაპეტოლიონი - "სამსჯავრო ტაძარი" (საბა)

კაპილალდაბანდება - ძირითადი საშუალებების კვლავწარმოებისაკენ მიმართული ეკონომიკური რესურსების ერთობლიობა.

კაპილარი (ბეწვმილი) - ძალიან მცირე შიდა დიამეტრის მქონე მილაკი.

კაპილარული წყალი - იხ. თავისუფალი წყალი

კაპიტალი - 1. ღირებულება, რომელიც დაქირავებული შრომის გამოყენებით შექმნილი ზედნადები ღირებულების მიღების საშუალება; 2. ფული, ფულის დიდი მასა; 3. ზეგავლენა, ავტორიტეტი; 4. ფონდი; 5. ეკონომიკურ თეორიაში წარმოების სამი ძირითადი საშუალებიდან (მიწა, შრომა, კაპიტალი) ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილია ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადის მქონე, წარმოებული პროდუქციით, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება წარმოების პროცესში; 6. იურიდიული პირის საკუთრებაში დამფუძნებლების (აქციონერების) მიერ გადაცემული, სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებული ფულადი ან სხვა მატერიალური საშუალებების ერთობლიობა; 7. ფართო გაგებით - ყველაფერი, რასაც შემოსავლის მოტანა შეუძლია ან ხალხის მიერ საქონლისა და მომსახურების წარმოებისათვის შექმნილი რესურსები. ვიწრო გაგებით - საქმეში დაბანდებული, შემოსავლის მომტანი წყარო წარმოების საშუალებების სახით (ფიზიკური კაპიტალი).

კაპიტალი აქტიური - კაპიტალი, რომელიც თავისუფალია ვალდებულებებისა და ვალისაგან.

კაპიტალური (ლათ.) - საფუძვლიანი, ძირითადი, მთავარი.

კაპიტალური დაბანდება - კაპიტალური მშენებლობისათვის გაცემული სახსრები.

კაპიტალური კედელი - შენობის, ნაგებობის ძირითადი (მზიდი) კედელი, რომელსაც ეყრდნობა სახურავი.

კაპიტალური მშენებლობის საძიებო სამუშაოები - ეკონომიკური და ტექნიკური კვლევების კომპლექსი, მშენებლობის მიზანშეწონილობისა და ადგილმდებარეობის დასაბუთების მიზნით, აგრეთვე დაპროექტებისათვის აუცილებელი მონაცემების შესაგროვებლად.

კაპიტალური შემოსავალი - სახელმწიფო ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

კაპიტალური ხარჯები (ძირითადი კაპიტალის შეძენა) - 1. სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად სახელმწიფო დაკვეთებით ანდა ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯები; 2. საბიუჯეტო ასიგნება, რომელიც წარიმართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამების და ღონიძიებების დასაფინანსებლად. აგრეთვე, კაპიტალის გადიდებასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი.

კაპიტელი (ლათ.) - სვეტისთავი. ვერტიკალური საყრდენის (ბოძის ან სვეტის) დამაგვირგვინებელი ნაწილი (ნახ. 1). იგი საყრდენს გადასცემს არქიტრავისა და მის ზემოთ მდებარე ნაწილების დატვირთვას. ანტიკურ ეპოქაში ჩამოყალიბდა კაპიტელის სამი ძირითადი ტიპი: დორიული, იონიური და კორინთული, ორი უკანასკნელის შეხამებას წარმოადგენს კომპოზიტური კ. კაპიტელის თავისებური ტიპები ცნობილია ჩინურ, იაპონურ, მექსიკურ, ბიზანტიურ, რომანულ, ძველ რუსულ, ქართულ, სომხურ, შუა აზიის სახელმწიფოთა და სხვა არქიტექტურაში.

კაპიტოლიუმი - ძველი რომის 7 ბორცვთაგან ერთ-ერთი; ქალაქის გამაგრებული ნაწილი; 2. აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე კონგრესის შენობა.

კაპონირი (ფრანგ.) - 1. თავდაცვითი ნაგებობა, რომლიდანაც შესაძლებელია ცეცხლის წარმართვა ორი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით; 2. თვითმფრინავის საფარი, თავშესაფარი.

კაპოტი (ფრანგ.) - სხვადასხვა მექანიზმის ასახდელი ლითონის საფარი ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დასაცავად.

კაპტაჟი (ფრანგ.) - 1. საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლის, ნავთობის და აირის მოქცევას მილებში, ჭებში და მისთ. მიწის ზედაპირზე მის ამოსაყვანად ექსპლუატაციის ოპტიმალური მაჩვენებლების (დებიტი, ტემპერატურა, ქიმიური შედგენილობა) შენარჩუნებით; 2. ჭა ან მიმღები კამერა მიწისქვეშა წყაროს წყლების თავმოყრისათვის მათ მისაწოდებლად მიწის ზედაპირზე.

კაჟბადი - იხ. სილიციუმი.

კაჟი (ძვ. ქართ. - ტალი, საღრტილი) - ნაცრისფერი, ყავისფერი, წითელი ან შავი ფარულკრისტალური კვარცის ჯგუფის მინერალი. გვხვდება დანალექ (კირქვებში) ქანებში. გამოიყოფა ზღვის წყლიდან ან კოლოიდური ხსნარებიდან. ადამიანი იყენებდა უხსოვარი დროიდან საჭრელი ინსტრუმენტების, ისრის პირების, ტალკვესების დასამზადებლად და სხვა. გამოიყენება სანახელავო ქვადაც.

კაჟმიწა - 1. ყვითელი ფერის ბუნებრივი მინერალური საღებავი. შედგება ძირითადად რკინის ჟანგით გამდიდრებული თიხისაგან (15% და მეტი). მშენებლობაში გამოიყენება სამღებრო სამუშაოების შესასრულებლად; 2. იხ. სილიციუმის ორჟანგი.

კარაბინი - 1. ხერხის დასაჭიმი სხვადასხვა კონსტრუქციის (ექსცენტრიკიანი, სოლიანი, ხრახნიანი) მოწყობილობა; 2. ჩვეულებრივი დამოკლებული და შემსუბუქებული საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი - შაშხანა, რომელიც კავალერიაში და მოტორიზებულ სამხედრო შენაერთებში გამოიყენება.

კარაბური - ქვებით ამოვსებული ლერწმის ან ფიჩხის წნული, რომელსაც აწყობენ ფერდობებზე სარწყავი არხებისა და დამბების სათავო ნაგებობის გასამაგრებლად.

კარადა - ავეჯის ნაკეთობა, რომელიც რაიმეს (თეთრეული, ტანსაცმელი, წიგნები და სხვ.) შესანახად გამოიყენება (ნახ.1). არსებობს ჩვეულებრივი და სპეციალური დანიშნულების: აფთიაქის, გამწოვი, კედლის, კედელში ჩაშენებული, სამზარეულოი, საანაფორე, საიარაღო, სამრეცხაოს, საშრობი, ჭურჭლის, ხელსაბანქვეშა და სხვ.

კარაველა - მაღალბორტიანი საზღვაო იალქნიანი გემი 3 ან 4 ანძით და მაღალი ნაშენით ცხვირზე და კიჩოზე. გავრცელებული იყო XII-XVII საუკუნეებში. კ. ფლოტილიით ქრისტეფორე კოლუმბმა 1492 წელს გადაცურა ატლანტიკის ოკეანე, ხოლო 1498 წელს ვასკო და გამამ იმოგზაურა ევროპიდან ინდოეთში.

კარავი (ფარდული) - დროებითი სადგომი, რომელიც საბრჯენებზე გადაჭიმულ ქსოვილს, ქეჩას, ბრეზენტს ან ტყავს წარმოადგენს (ნახ.1). ტყის პირობებში იგი შეიძლება აგებული იყოს დაწნული ტოტებისაგან (მწყემსის კარავი).

კარავი საშრობი - 1. ნაგებობა დახურული, მეტწილად, ყავრით, რომელიც რაიმეს (მაგ., თამბაქოს ფურცლების) გასაშრობად გამოიყენება; 2. ძვ. საჩრდილობელი.

კარაკინა (რუს. Кронциркуль) - 1. საზომი იარაღი დეტალთა გარე ხაზოვანი ზომების შესადარებლად მასშტაბური სახაზავის ან კალიბრის მიხედვით აღებულ ზომებთან; 2. სახაზავი ინსტრუმენტი ზამბარიანი ფარგლის სახით, აღჭურვილი მიკროსაზომი ხრახნით მცირედიამეტრიანი წრეწირის (2...80 მმ) გასატარებლად.

კარატი - ძვირფასი ქვების და მარგალიტების მასის საზომი არასისტემური ერთეული. 1კარ = 0,2გ = 200 მგ.

კარბა (რკალი) - ძროების არმქონე კონუსური ან ცილინდრული ფორმის დოლი ფურცლოვანი მასალისაგან. გამოიყენება ნამზადი ქვაბების, მბრუნავი ღუმელების და სხვა ფურცლოვანი ლითონის ნაკეთობათა დასამზადებლად (ნახ. 1).

კარბამიდი - იხ. შარდოვანა.

კარბამიდფორმალდეჰიდური ფისი - პლასტმასის ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს კარბამიდის ფორმალდეჰიდთან პოლიმერიზაციის პროდუქტს. ძირითადი მწარმოებელია რუსეთი. მარკები: КФ-МТ-15, КФЖM, КФ-ХТ-П, ВПС-Г. გამოიყენება ჰაერაფუებადი მეთოდით ქაფპლასტის დასამზადებლად, აგრეთვე მერქანბურბუშელოვანი და მერქანბოჭკოვანი ფილების წარმოებაში შემკვრელად.

კარბიდი (ლათ.) - ნახშირბადის ნაერთი ზოგიერთ ლითონთან (მაგ., კალციუმის კარბიდი).

კარბიდი ბორის - ხელოვნური აბრაზიული მასალა, დამზადებული ბორისა და ნახშირბადის შემცველი ნივთიერებებისაგან თერმული გზით.

კარბიდი კაჟმიწის - ხელოვნური აბრაზიული მასალა, რომელიც ძირითადად შედგება კაჟმიწის კარბიდის ჰექსაგონალური კრისტალებისაგან. მიიღება კვარცისა და ნახშირბადის შემცველი ნივთიერებების თერმული დამუშავებით. განასხვავებენ კაჟმიწის მწვანე და შავ კარბიდს.

კარბინოლი - იხ. მეთანოლი.

კარბიურატორი (ფრანგ.) - ხელსაწყო, რომელიც დგუშიანი შიდაწვის ძრავებისათვის ამზადებს მსუბუქი თხევადი საწვავისა (უმთავრესად ბენზინისა) და ჰაერისაგან შემდგარ საწვავ ნარევს. საწვავი ნარევის შემზადების პროცესში იგი უზრუნველყოფს საწვავის დოზირებას, მის წმინდად გაფრქვევასა და განსაზღვრული რაოდენობის ჰაერთან შერევას, შემდეგ კი აორთქლებას. კ. საწვავს ავტომობილის მუშაობის ყოველი რეჟიმის შესაბამისად ისეთი თანაფარდობით ამზადებს, რომ იგი ოპტიმალურია ძრავას მუშაობის ყოველი რეჟიმისათვის და უზრუნველყოფს მანქანის საუკეთესო ეკონომიური და დინამიური მაჩვენებლების მიღებას.

კარბოლიტი - პლასტმასის სახეობა; ფენოლფორმალდეჰიდური ფისი გამაგრებული ნავთობის სულფომჟავას თანხლებით.

კარბონადო (ესპ.) - ალმასის სახესხვაობა, წვრილმარცვლოვანი კრისტალური აგრეგატი მომურო-შავი ფერისა. გამოიყენება, როგორც აბრაზიული მასალა საბურღი გვირგვინის (ჭაბურღილის) დასაარმირებლად, აგრეთვე მაგარი ქანების დასამუშავებლად, ძვირფასი ქვების გასაპრიალებლად და სხვ.

კარბონატების და სულფატების ჯგუფი - კარბონატულ ჯგუფში შედის კალციტი, მაგნეზიტი, დოლომიტი. კალციტი კალციუმის კარბონატია – CaCO3. მას კრისტალური აგებულება აქვს; სიმკვრივეა 2,7 გ/სმ3. თეთრი ან მოყვითალო ფერისაა. ქანს, რომელიც კალციტის მინერალებისაგან შედგება, კირქვა ეწოდება.

კარბონატი - 1. ნახშირმჟავა მარილი (სოდა, პოტასი და სხვ.); 2. საერთო სახელწოდება მინერალებისა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ლითონის ნახშირმჟავა ნაერთებს; 3. წვრილმარცვლოვანი აგებულების შავი ალმასი, იყენებენ საბურღავად, სახეხად და სხვ.

კარბონიზაცია (კარბონირება) - რაიმე ხსნარის ან სითხის გაჯერება ნახშირმჟავა აირით

კარბორუნდი (ლათ.-ბერძ.) - კაჟბადისა და ნახშირბადის ნაერთი. უფერო, მაგარი კრისტალური ნივთიერება (ტექნიკური კ. შავი ან მწვანე ფერისაა). გამოიყენებ ქვების, ფოლადის სახეხად, აგრეთვე, როგორც აბრაზიული და ცეცხლგამძლე მასალა, ქიმიური აპარატების და მეტალურგიული ღუმელების შიდა ზედაპირების ამოსაგებ-მოსაპირკეთებლად.

კარდიოიდა (ბერძ.) - ბრტყელი წირი, რომელსაც აღწერს წრის ფიქსირებული წერტილი, როცა ერთი წრე გორავს მეორე იმავე რადიუსის უძრავ წრეზე სრიალის გარეშე (ნახ. 1).

კარე - გეგმაში კვადრატული შენობა მართკუთხა შიდა ეზოთი.

კარი (გერმ.) - 1. ნაგებობაში, ოთახში, სათავსოში შესასვლელ-გამოსასვლელი კონსტრუქციული ელემენტი. მზადდება ხის, ლითონის, პლასტმასის და მინისაგან. კარის უამრავი სახეობა არსებობს: გასაწევი, გისოსოვანი, დასაშვები, დაფანერებული, კიდული, მინის, მომინული, მრავალსაგდულიანი, ორმაგი, ორსაგდულიანი, რაბის, საბრუნი, სათადარიგო, საკეცი, ფანერის, ფარის, ყრუ, ჩუქურთმიანი (ნახ. 1), ცალმაგი, ცალსაგდულიანი, ძელური, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვ.; 2. სავარძლისებრი ბუნებრვი ჩაღრმავება მთის კალთაზე (ნახ. 2). აქვს ციცაბო, კლდოვანი კედლები და ჩაზნექილი ფსკერი. წარმოიქმნება პატარა მყინვარის ან თოვლნარის ზემოქმედებით და ნივაციის შედეგად. ზოგიერთი კარი ამოვსებულია კარული მყინვარით ან ფირნით, ზოგში სეზონური თოვლია დაგროვილი. კ. ფსკერზე ხშირად მყინვარული ტბებია გავრცელებული. განაპირა მხარეს გააჩნია საშუალო სიმაღლის საფეხურები (რიგელი). ხშირად კ. ქვემო ნაწილიდან კალთებზე მიცოცავს ეროზიული წარმოშობის არაღრმა ვიწრო ღარტაფი, სადაც გაზაფხულზე ჩაედინება გამდნარი წყალი ან მუდმივი ნაკადული. კ. გაფართოების შემდეგ მათი ახლო მდებარე კედლები განიცდიან ერთმანეთის გადაკვეთას და შედეგად იქმნება ციცაბო თხემები და რელიეფის სპეციფიური ფორმა - კარლინგი. ხანგრძლივი გაფართოების შედეგად კარები ერთმანეთს ერწყმიან და ქმნიან ცირკს. უკანა კედლების დამსხვრევის შედეგად კარი ქმნის - ტროგს. საქართველოში კ. ფართოდაა გავრცელებული. ხშირად იგი მყინვარული ტბებითაა დაკავებული (მაგ.: ადუედა აძიჟი, ტანიეს ტბა და სხვ.).

კარი გაწონასწორებული - ორღერძიანი მექანიზმით აღჭურვილი კარი, რომელიც ისეა დამონტაჟებული, რომ გაღების დროს ასრულებს ნახევრად გაწონასწორებულ ბრუნს.

კარი-კუპე - კარი, რომელიც გამოიყენება კარადა-კუპეს ფასადად ან მოძრავ ტიხრად.

კარიატიდი (ბერძ.) - შენობის კოჭების საყრდენი კოლონა, რომელიც წარმოადგენს ქალის ქანდაკებას (ნახ. 1).

კარიბჭე - ციხე-ქალაქის, სასახლის და მისთ. გალავანში საზეიმო შესასვლელი. შენობის წინ გამოწეული ნაწილი, რომელიც სახურავის საყრდენი სვეტებით ან თაღებით არის შექმნილი და ღიაა ერთი ან სამი მხრიდან. დაგვირგვინებულია ფრონტონით და ატიკით. ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ ეპოქაში ძველ საბერძნეთში. ამ პერიოდში ხშირად განცალკევებულად მდგომ კარიბჭეებსაც აგებდნენ. კარიბჭემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ევროპის არქიტექტურაში (ძირითადად კლასიციზმის ხანაში - XVIII -XIX საუკუნეები). საქართველოს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ეკლესიებს სამხრეთის ან სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან  უკეთებდნენ კარიბჭეებს, რომლებსაც ხშირად ამკობდნენ მდიდრული დეკორით. ცნობილია დმანისის სიონის, ნიკორწმინდის, სვეტიცხოვლის, მანგლისის, ბეთანიის ტაძართა, აგრეთვე რაბათის ციხის (ნახ. 1) კარიბჭეები.

კარიერი (ლათ.) - ქვასატეხი, - დედამიწის ქერქში სამთო გამონამუშევართა ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება ღია წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას სამთამადნო სამუშაოების წარმოების შედეგად. კ. შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სამთო წარმოება, როგორიცაა ქვის, ბალასტის, ქვიშის და სხვ.; 2. დამოუკიდებელი სამთო საწარმო; 3. ადგილი, საიდანაც რია წესით იღებენ (ნახ. 1) არაღრმად განლაგებულ წიაღისეულს (ქვანახშირი, თიხა, ქვიშა, მარგანეცი, ტორფი, ბარიტი და სხვ.).

კარიერის გვერდი - საფეხუროვანი ზედაპირი, რომელიც კარიერს შემოფარგლავს გვერდებიდან.

კარიერის გვერდის ფერდო - პირობითი ზედაპირი, რომელიც გადის კარიერის ზედა და ქვედა კონტურებზე.

კარიერის ველი - საბადო ან საბადოს ნაწილი, რომელიც მუშავდება ერთი კარიერით. კ. ვ. მოცულობითი გეომეტრიული ფიგურაა, რომელიც ხასიათდება ზომებით გეგმაში, სიღრმით და გვერდების (ბორტების) დაფერდების კუთხეებით. იგი შედის კარიერისათვის გამოყოფილი მიწის ფართობის შემადგენლობაში, რომლის ფარგლებშიც განლაგებულია აგრეთვე სანაყაროები, სამრეწველო მოედანი და სხვა საწარმოო ნაგებობები. კ.ვ. ზომები განსაზღვრავს სამთო სამუშაოების საერთო მოცულობას და კარიერის შესაძლო საწარმოო სიმძლავრეს.

კარიერის ზედა და ქვედა კონტური - კარიერის გვერდის (გვერდების) გადაკვეთის ხაზი, შესაბამისად დღისეულ ზედაპირთან და კარიერის ძირთან.

კარიერის სიღრმე - ვერტიკალური მანძილი კარიერის ძირსა და ზედაპირის გაშუალედებულ ნიშნულს შორის.

კარიერის ძირი - ზედაპირი, რომელიც კარიერს საზღვრავს ქვემოდან.

კარის ბლოკი - კარისა და მისი ჩარჩოსაგან შემდგარი ნაკეთობა.

კარის დასახური ზედა განლაგებით - ნაკეთობა, კარის ავტომატურად დახურვისათვის დამატებითი დამუხრუჭებით დაკატვის წინ, დაყენებული კარის ზედა ნაწილში.

კარის დასახური ქვედა განლაგებით - ნაკეთობა, კარის დახურვისა და ბრუნვისათვის, დაყენებული სათავსის იატაკის ზედაპირის ნიშნულის ქვევით.

კარის რეგულატორი - მოწყობილობა კარის გაღების ან დაკეტვის სიჩქარის დასარეგულირებლად.

კარკასი - 1. ზოგადად რაიმე ნაკეთობის, ნაგებობის ჩონჩხი, სადგარი, რომელიც შედგება ცალკეული ერთმანეთზე გადაბმული ღეროებისა და კოჭების და სხვა ელემენტებისაგან; 2. მშენ. მზიდი კონსტრუქცია, შვეული დგარებისა (კოლონების) და მათზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ელემენტებისაგან (კოჭი, რიგელი, გრძივი, წამწე), რომელიც ღებულობს ძირითად დატვირთვებს და უზრუნველყოფს მთლიანად შენობის სიმტკიცესა და მდგრადობას.

კარკასი შევსებით - შედგება ჩარჩოებისაგან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შევსებულია ბუნებრივი ან ხელოვნური ქვის (აგურის) წყობით.

კარკასი ხის - შენობის ჩონჩხი, რომელიც შედგება ცალკეული ელემენტებისაგან, როგორიცაა ფიცრები, ძელები და სხვადასხვა კონფიგურაციის კომბინირებული კოჭები (ნახ. 1). ეს სივრცითი ასაწყობი კონსტრუქცია საზღვრავს საჭირო სამშენებლო მოცულობას და ღებულობს ობიექტზე მოქმედ დატვირთვებს. დეტალების სწორი შერჩევა გეომეტრიული ზომების, განლაგების და შეერთებების მიხედვით განსაზღვრავს კედლების მზიდუნარიანობას, მშენებლობის მონტაჟის, კედლის კონსტრუქციების თბოსაიზოლაციო მასალით შევსების, კარკასის ფანერით ან ფარებით შემოსვის პირობებს. კარკასს, როგორც წესი, ქვედა ნაწილში გააჩნია ძელებისაგან შეკრული სარტყელი, რომელზეც ეყრდნობა ფიცრული (ძელური) დგარები. ეს დგარები განსაზღვრავს ფანჯრის და კარების ღიობის ზომებს. სარტყელზე ეყრდნობა ნაგებობის მთელი კონსტრუქცია. გარე კედლების დგარები წარმოადგენს შვეულ ელემენტებს, რომელზეც მიემაგრება შიდა და ფასადის შემოსვები. შენობის კარკასზე ეკვრება საკედლე შემოსვა ხის მასალებისაგან (ფიცარი, ფანერი და სხვ.), ან სავაგონე ლამფა. შიგა და გარე შემოსვებს შორის სივრცე ივსება თბოსაიზოლაციო მასალით. ხის კარკასული სახლების მშენებლობის ტექნოლოგიის უპირატესობებია: მშენებლობა წლის ნებისმიერ დროს; მშენებლობის მაღალი ტემპი (150 მ2 ფართობის ხის კარკასული სახლის მშენებლობას ჭირდება 50...55 დღე); მშენებლობის პროცესში საჭირო არ არის მძიმე ასაწევი ტექნიკა და ტრანსპორტი; კონსტრუქციების მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებები; კონსტრუქციების სიმსუბუქე; მაღალი სეისმომედეგობა ბეტონისა და აგურის სახლებთან შედარებით; მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოების სიმარტივე; კომუნიკაციების კედლის შიდა სივრცეში განლაგების შესაძლებლობა; მობილურობა - შენობის სტრუქტურის ან საინჟინრო სისტემების შეცვლა მშენებლობის პროცესში, რაც შეიძლება განხორციელდეს სერიოზული პრობლემების გარეშე და სხვ.

კარკასულ-პანელური შენობები - შენობები, რომელიც შედგება კარკასის მზიდი (კოლონები, რიგელები) და შემომზღუდავი ელემენტებისაგან (კედელი, სართულშუა გადახურვა, სახურავი)(ნახ. 1: რკინაბეტონის კარკასულ-პანელური შენობა). შემომზღუდავ ელემენტებად ყველაზე მეტადაა გავრცელებული ბეტონის, რკ.ბ.-ის და ხის სამფენოვანი პანელები. კ.-პ.კ. შეიძლება იყოს ხის, ლითონის ან რკ.ბ.-ის. ლითონის კ.-პ.კ. რაციონალურია  30 სართული და მეტი სიმაღლის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში.

კარკასული შენობები - შენობები მზიდი ჩარჩოებით, რომლებიც მთლიანად იღებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს (ნახ. 1: კარკასული შენობა ლითონის კონსტრქციებისაგან).

კარნიზი (ლავგარდანი) - ჰორიზონტალური დაპროფილებული შვერილი, რომელიც წარმოადგენს მთლიანი ფასადის გვირგვინს (გვირგვინოვანი კარნიზი). იგი უზუნველოყოფს ბურულის სიმყარეს და შენობის დაცვას ატმოსფერული წყლებისგან (ნახ. 1). არსებობს უფრო მცირე არქიტექტურული დეტალი - შუალედური კარნიზი, რომელიც, როგორც წესი, ჩვეულებრივი დეკორატიული ელემენტია (ნახ. 2).

კარნოტიტი - მინერალი, კალიუმისა და ურანის რთული ვანდატი. ურანისა და ვანადიუმის ძვირფასი მადანი.

კარსაკრავი (რუს. Дверной оклад) - 1. საპირე; კარ-ფანჯრების დაპროფილებული მოჩარჩოება, რომელიც ფარავს კარის ჩარჩოსა და ღიობის პირაპირს (ნახ. 1); 2. მაღაროს ხის მარტივი სამაგრი, ტრაპეციის ფორმის, რომელიც შედგება ზედა ძელის, ქვედა წოლანასა და ორი დგარისაგან (სრული კ.), ან ორი დგარისა და ზედა ძელისაგან (არასრული კ.).

კარსტი - რელიეფის თავისებური ფორმები იმ ადგილებში, სადაც ნიადაგი შედგება მსხვილმარცვლოვანი ხსნადი ქანებისგან (კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი). კარსტულ პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ქანების ქიმიურ ხსნადობას. კარბონატული ქანები იხსნება თავისუფალი ნახშირორჟანგის ან სხვა მინერალური და ორგანული მჟავების ზეგავლენით. ქანების გახსნასთან ერთად ხდება მათი მექანიკური გადარეცხვა და წარმოიქმნება კარსტის ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების კომპლექსი (ძაბრები, აბაზანები, ქვაბულები, ღრმა ხეობები, ჭები, შახტები, უფსკრულები და სხვ.). კარსტული პროცესების შედეგად ხშირად ჩნდება ოვალური ფორმის ქვაბულები, რომელიც წყლით ივსება. იქმნება კარსტული ტბები. კარსტვად ქანებში, განსაკუთრებით ნაპრალების გასწვრივ, ყალიბდება მიწისქვეშა სიცარიელეები, მღვიმეები. ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების კომპლექსი სრულად არის წარმოდგენილი შიშველ კარსტში, სადაც კარსტვადი ქანების ზედაპირი გაშიშვლებულია (ნახ. 1). თუ კარსტვადი ქანები დაფარულია ნიადაგითა და კორდით, გვექნება კორდიანი კარსტი; თუ ზედაპირს უხსნადი ფხვიერი ნაფენები ფარავს - დაფარული კარსტი, თუ ზედაპირი კლდოვანი წარმონაქმნებითაა დაფარული - ჯავშნიანი კარსტი, თუ ხსნადი ქანები ღრმად არის განლაგებული არაკარსტვადი ქანების ქვეშ - დამარხული კარსტი. კარსტული მხარე ღარიბია ზედაპირული წყლის ნაკადებით, რადგან მდინარეები და ნაკადულები მიწისქვეშ იკარგება.

კარსტული მოვლენა - ზედაპირული წყლის ნაწილის არსებული ნაპრალებით დედამიწის ქერქში მოხვედრის შედეგად წარმოქმნილი გამოქვაბული, რომელიც ხშირად გვხვდება კირქვიან ქანებში.

კარტელი (იტალ.) - მონოპოლიის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა; მეწარმეთა გაერთიანება, რომლის მონაწილენიც ერთმანეთს უთანხმდებიან წარმოების მოცულობაზე, გასაღების ბაზრებზე, გაყიდვის პირობებზე, გადახდის ვადებზე და ა. შ. კომერციული და წარმოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებით.

კარტერი - ლითონის კოლოფი, რომელიც იცავს შიგაწვის ძრავას (რედუქტორს, ტუმბოს) დაზიანებისა და გაჭუჭყიანებისაგან, წარმოადგენს საყრდენს მუშა დეტალებისათვის და ამავდროულად შემზეთი მასალის „რეზერვუარიცაა“.

კარტოგრამა (გერმ.) - რუკა, რომელზედაც გრაფიკულად არის გამოსახული რაიმე მოვლენის სტატისტიკური მონაცემები.

კარტოგრაფია - მეცნიერება, რომელიც მოიცავს გეოგრაფიული რუკების შექმნის თეორიას, მეთოდიკას და ტექნიკურ ხერხებს.

კარტოთეკა - გარკვეული ოდენობის ბარათების მთლიანობა, რაც სისტემატიზირებული ინფორმაციის შემცველია.

კარტომეტრია - კარტოგრაფიის ნაწილი, რომელიც რუკის საშუალებით მანძილის, ფართობის, კუთხეების და სხვა პარამეტრების გამოთვლის საშუალებას იძლევა.

კარტუში (ფრანგ.) - ნაძერწი ან გრაფიკული სამკაული შენობის ფასადზე (ნახ. 1), რომელიც წარმოადგენს ხვიებით მოჩარჩოებულ ფარს ან ბოლომდე გაუხსნელ გრაგნილს. მასზე ათავსებენ წარწერას, გერბს და მისთ.

კარუსელი (ფრანგ.) - გასართობი ატრაქციონი მბრუნავი პლატფორმით, რომელზეც დამაგრებულია დასაჯდომები ხისგან (პლასტმასისგან) დამზადებული ცხენებისა თუ სხვა ცხოველების სახით.

კარჩხა - მოჭრილი ხე, რომელსაც შერჩენილი აქვს ტოტების ნაწილი.

კარცერი (ლათ.) - სპეციალური სათავსი საპყრობილეში, არმიაში, სასწავლო დაწესებულებაში წესრიგის დამრღვევ პირთათვის.

კარჭაპი - იხ. ბარჟა.

კასეტი (ფრანგ.) - 1. მოწყობილობა ჩარხისაგან განცალკევებით ან ჩარხზე დადგმული, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე ნამზადი მაგრდება, შემდგომში მათი მუშა ორგანოსათვის მისაწოდებლად (ნახ. 1: კასეტი ბეტონის ბორდიურების დასამზადებლად); 2. არქიტექტურულად გაფორმებული ჭერისეულა, რომელიც ავსებს შუალედს ჰორიზონტალური გადახურვის კოჭებს ან კამარის წიბოებს შორის; 3. შუქშეუვალი ბრტყელი კოლოფი ფოტოგრაფიული ფირფიტებისათვის ან ცილინდრული ბუდე ფოტო- და კინოფირებისათვის; 4. დაბალბორტებიანი ღია ყუთი პურ-ფუნთუშეულის გადასატანად ქარხნიდან მაღაზიაში; 5. მაგნიტოფონის კასეტი.

კასიტერიტი (ბერძ.) - მთავარი მადნეული მინერალი კალას მისაღებად.

კასკა (ფრანგ.) - ქუდი, დამზადებული ლითონის ან პლასტმასისაგან.

კასკადი (ფრანგ.) - საფეხურებად გადმომჩქეფი ბუნებრივი ან ხელოვნური წყალვარდნილი ან ჩანჩქერების სისტემა (ნახ. 1); 2. გარე განათების გამანაწილებელი ხაზების ჯგუფი, მართვის კასკადური სქემით; 3. ერთ მდინარეზე ერთმანეთის მიყოლებით აგებული 2 ან მეტი ჰიდროელექტროსადგურების ერთობლიობა (მაგ., ხრამის ჰესების კასკადი, სუფსას ჰესების კასკადი, რიონის ჰესების კასკადი და სხვ.).


კასკო (იტალ.) - გადასაზიდი საშუალებების (გემი, თვითმფრინავი, ავტომობილი, ვაგონი, ცისტერნა და სხვ.) დაზღვევა.

კასონე - ორნამენტებით დამშვენებული ხის ზანდუკი აღორძინების ეპოქის იტალიაში.

კასრი - ხის, პლასტმასის ან ლითონის ბრტყელძირიანი დიდი ჭურჭელი, რომელსაც ცილინდრული ფორმა და ცოტათი გამოზნექილი მუცელი აქვს.

კატაკომბები (ლათ.) - 1. მუმიების მიწისქვეშა საკრძალავი ძველ ეგვიპტეში; 2. მიწისქვეშა გალერეების სისტემა, რომელიც ქრისტიანების დევნის პერიოდში წარმოადგენდა რელიგიურ წესჩვეულებათა შესრულებისა და მიცვალებულთა დაკრძალვის ადგილს. ცნობილთა შორის ყველაზე ვრცელია რომის კ., რომელთა საერთო სიგრძე 900 კმ-ს აღწევს.

კატალიზატორი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც აჩქარებს რეაქციას, მაგრამ თვითონ არ შედის რეაქციის პროდუქტში. კ. რაოდენობა სხვა რეაგენტებისაგან განსხვავებით, რეაქციის შემდეგ არ იცვლება. არსებობს ჰომოგენური და ჰეტეროგენური კ. ჰომოგენური კ. იმყოფება ერთ ფაზაში სარეაქციო ნივთიერებასთან, ხოლო ჰეტეროგენური - ქმნის დამოუკიდებელ ფაზას. ტიპიური ჰომოგენური კ. მჟავები და ფუძეები, ხოლო ჰეტეროგენური - ლითონები, მათი ოქსიდები და სულფიდები. ბიოქიმიურ რეაქციებში კ. როლს ასრულებს ფერმენტები.

კატალიზი (ბერძ.) - ქიმიური რეაქციის რამდენიმე შესაძლო თერმოდინამიკურად ნებადართული მიმართულების შერჩევითი დაჩქარება კატალიზატორის მეშვეობით, რომელიც რეაქციის უბნებთან შუალედურ ქიმიურ ურთიერთქმედებაში მრავალჯერ აღწევს და ყოველი შუალედური ქიმიური ურთიერთქმედების ციკლის შემდეგ აღიდგენს საკუთარ ქიმიურ შემადგენლობას. კ. ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში (ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში, გოგირდმჟავის, ამიაკის, აზოტმჟავის წარმოებაში და ა.შ.). შემთხვევას, როცა კატალიზატორს წარმოადგენს რეაქციის ერთ-ერთი პროდუქტი ან მისი საწყისი ნივთიერება, ეწოდება ავტოკატალიზი.

კატალოგი - გარკვეული ნიშნით შერჩეული საგნების (საცნობარო ლიტერატურის) სისტემური ნუსხა. არსებობს კ. სახეები: ასტრონომიური, სამრეწველო მოწყობილობების, ტიპობრივი პროექტების, საბიბლიოთეკო, საფოსტო მარკების, სავაჭრო ობიექტების, სამხატვრო ნაწარმოებების, პერიოდული გამოცემების, სამშენებლო კონსტრუქციების (კოჭების, წამწეების, კამარების, ჩარჩოების), ფაილების სისტემის, ინტერნეტში რესურსების და სხვ.

კატარაქტა (ბერძ.) - 1. პატარა სიმაღლიდან გადმომავალი განიერი ჩანჩქერი; 2. იგივეა, რაც დემპფერი.

კატასტროფა - შენობის ან ნაგებობის უეცარი, მოულოდნელი ნგრევა. კ. გამომწვევი მიზეზიებია: მიწისძვრა, ქარიშხალი, აფეთქება, ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერული მოვლენები, კარსტულ - სუფოზიონური პროცესები და სხვ. თუ ავარიის დროს ირღვევა ცალკეული კონსტრუქციები ან შენობის ცალკეული ნაწილები, კ. დროს შენობა და ნაგებობა განიცდის სრულ ნგრევას და ფაქტიურად გამოუსადეგარი ხდება შემდგომი ექსპლუატაციისათვის

კატასტროფა სამრეწველო - მსხვილი სამრეწველო ავარია, რომელსაც მოსდევს ადამიანური მსხვერპლი, ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანება ან ობიექტების, დიდი რაოდენობის მატერიალურ ფასეულობათა ნგრევა და განადგურება, აგრეთვე ბუნებრივ გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენება.

კატასტროფული დატბორვის ზონა - ტერიტორია, სადაც დატბორვამ შეიძლება გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების ნგრევა, ხალხის დაღუპვა, სამრეწველო წარმოებათა მთავარი დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა და სხვა მატერიალური ფასეულობების განადგურება.

კატაფოტი - წვრილი ბურთულების შედნობით მიღებული მასალა, რომელსაც ათავსებენ საგზაო ნიშნების ფარებში. იგი ეფექტურად ირეკლავს ავტომობილის ფარების სინათლეს. არსებობს წითელი, მწვანე და სხვა ფერის.

კატეგორირებული ობიექტი - განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკონომიკის ობიექტი, აგრეთვე ობიექტი, რომელიც მიეკუთვნება სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით პირველ ან მეორე ჯგუფს ეროვნულ მეურნეობასა და ქვეყნის თავდაცვაში მისი მნიშვნელობით. ობიექტების სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორიებად დაყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

კატეგორირებული ქალაქი - ქალაქი, რომელიც მიეკუთვნება სამოქალაქო უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ, პირველ, მეორე ან მესამე ჯგუფს მისი ადმინისტრაციულ - პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვითი მნიშვნელობით. ქალაქების სამოქალაქო უსაფრთხოების მიხედვით კატეგორიებად დაყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

კაუსტიკური სოდა (ბერძ.) - 1. ქიმიური პროდუქტი - ნატრიუმის ჰიდროჟანგი; ძლიერი ტუტე, რომელიც დამარღვევლად მოქმედებს ცხოველურ ქსოვილზე; ფართოდ იყენებენ საპნის, ქაღალდის წარმოებაში, საფეიქრო საქმეში, ნავთობპროდუქტების გასაწმენდად და სხვ.; 2. მწვავე ნატრი.

კაუჩუკი - ნატურალური ან სინთეზური ელასტომერი, რომელიც ხასიათდება ელასტიურობით, წყალუჟონადობით, ელექტროიზოლაციის თვისებებით და მისი ვულკანიზაციით მიირება რეზინა და ებონიტი. ნატურალური კ. არ იხსნება წყალში, სპირტში, აცეტონში. 2000C ტემპერატურაზე იშლება და წარმოიქმნება დაბალმოლეკულური ნახშირწყალბადები. ნატურალური კ. სამრეწველო მასშტაბებით იწარმოება ინდონეზიაში, მალაიზიაში, ვიეტნამში. სინთეზური კ. წარმოება კი 1931 წელს დაიწყეს საბჭოთა კავშირში (ნატრიუმბუტადიენური), ხოლო 1964 წელს პირველად მიიღენ იზოპრენული კ., რომელიც თვისებებით არ ჩამოუვარდება ნატურალურ კ.   სინთეზური კ. სახეობებია: იზოპრენული, ბუტადიენური, ბუტადიენ-მეთილსტიროლური, ბუტილკაუჩუკი, ეთილენ-პროპილენური, ბუტადიენ-ნინრილური, ქლორპრენოვური, სილიკსანური, ფთორკაუჩუკი, ტიოკოლი. კ. გამოიყენება: რეზინის წარმოებისათვის, რომლისაგანაც შემდეგ ამზადებენ ავტომობილის საბურავებს; შენობის დეტალების თბო-, ბგერა-, ჰაერსაიზოლაციო, სანტექნიკის, სავენტილაციო, ელექტროგაყვანილობის სისტემების ჰიდროიზოლაციისათვის, აგრეთვე სარაკეტო ტექნიკაში მყარი საწვავის დასამზადებლად.

კაუჩუკი აკრილური - სინთეზური კაუჩუკი, აკრილატების (აკრილის მჟავა) ეთერის სოპოლიმერიზაციის პროდუქტი. ყველაზე გავრცელებული კ. ა. - ბუტილაკრილატის სოპოლიმერები აკრილნიტრილით. კ. ა. დამზადებული რეზინი მდგრადია ნავთობის გამხსნელების, ცხოველური და მცენარეული ზეთების, ოზონის, სინათლის მიმართ. გამოირჩევიან დაბალი აირგამტარობით. უარყოფითი თვისებებია - დაბალი ელასტურობა და ყინვამედეგობა (მსხვრევადობის ტემპერატურა −250C). კ. ა. დამზადებული რეზინის სიმტკიცე გაჭიმვაზე ≈10 მპა (100 კგ/სმ2); ფარდობითი წაგრძელება 300...400%. ა. კ. ძირითადად ამზადებენ პროდუქციას საავტომობილო მრეწველობისათვის (მამჭიდროებლები, რგოლები, შუასადებები და სხვ.), აგრეთვე ლილვების, ცისტერნების, სატრანსპორტიერო ლენტების შემონაფენებს და სხვ.

კაუჩუკი ბუტადიენ-სტიროლის (დივინილ-სტიროლის კაუჩუკი) - სინთეზური კაუჩუკი, ბუტადიენისა და სტიროლის სოპოლიმერიზაციის პროდუქტი. გამოდის ღია ფერის ბრიკეტის ან ლენტის სახით. სიმკვრივე 900...990 კგ/მ3. ზეთის ან ჭვარტლის დამატებით მიიღება გაუმჯობესებული ტექნიკური თვისებების კაუჩუკი. ჭვარტლით გაჯერებული რეზინის სიმტკიცე გაჭიმვაზე 25...30 კგ/მ3. კ. ბ.-ს. წარმოადგენს საერთო სარგებლობის კაუჩუკს. მისგან ამზადებენ საბურავებს, ლენტებს, ფეხსაცმელს, სახელოებს; აგრეთვე ყინვაგამძლე რეზინის ნაკეთობებს.

კაუჩუკი ბუტადიენური (დივინილური კაუჩუკი) - სინთეზური კაუჩუკი, ბუტადიენის პოლიმერიზაციის პროდუქტი. გამოდის ბრიკეტის ან უფორმო მასის სახით, ფერი კრემისფერიდან მუქ ყავისფრამდე; სიმკვრივე 900...920 კგ/მ3. კ. ბ. ჭვარტლით გაჯერებული რეზინის სიმტკიცე გაჭიმვაზე 16...22 კგ/მ3 მპა, იგი ცვეთამედეგობის მხრივ უკეთესია, ვიდრე რეზინი ნატურალური კაუჩუკისაგან. გამოყენების ძირითადი არეა საბურავების და საკონვეიერო ლენტების წარმოება

კაუჩუკი ვინილპირიდინული - სინთეზური კაუჩუკი, დიენური ნახშირწყალბადების ვინილპირიდინებთან სოპოლიმერიზაციის პროდუქტი. სიმკვრივე 920...980 კგ/მ3. სიმტკიცე გაჭიმვაზე ჭვარტლით შევსებული რეზინის ვ.კ.-ისაგან - 25...35 მპა (250...350 კგ/სმ2). ვ.კ. ძირითადად გამოიყენება, როგორც ლ ა ტ ე ქ ს ი საბურავის კორდის გასაჟღენთად.

კაუჩუკი იზოპრენული - ხელოვნური კაუჩუკი, იზოპრენის პოლიმერიზაციის პრდუქტი. სტრუქტურით ჩამოგავს ნატურალურ კაუჩუკს. სიმკვრივე 910...920 კგ/მ3. გამოიყენება ავტომობილის საბურავების, კონვეირული ლენტების, საყოფაცხოვრებო და სამედიცინო დანიშნულების ნივთების დასამზადებლად.

კაუჩუკი კარბოქსილატური - კარბოქსილის შემცველი სინთეზური კაუჩუკი. მისი ძირითადი სახეობებია ბუტადიენის სოპილიმერები ან ბუტადიენისა და სტიროლის (ან აკრილნიტრილის) ნარევი მეტაკრილურ მჟავასთან. ნარევში კარბოქსილატების არსებობა ხელს უწყობს ვულკანიზაციის მიმდინარეობას არა მარტო გოგირდის, არამედ მეტალების ჟანგეულებითაც, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალი სიმტკიცის რეზინი, რომლის სიმტკიცე ჭიმვაზე 30...40 მპა-ს აღწევს.

კაუჩუკი ნატურალური - ბუნებრივი პოლიმერი, რომელსაც ნორმალურ ტემპერატურაზე აქვს მაღალელასტიკური თვისებები და გამოიყენება რეზინის მასალებად (ის. ვულკანიზაცია). კ.ნ. შედის კაუჩუკის ხის რძეწვენში (ლატექსი); მოიპოვება ძირითადად სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია). სიმკვრივე 910...920კგ/მ3. მდგრადია წყლის მიმართ, კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, იჯირჯვება ზეთებში. დიდი ხნით შენახვისას 100C ტემპერატურაზე ქვევით, აგრეთვე გაჭიმვისას, განიცდის კრისტალიზაციას, რაც საფუძველია იმისა, რომ კაუჩუკისაგან დამზადებულ რეზინას დიდი წინაღობა აქვს გაჭიმვაზე (≈ 30 მპა). რეზინას ახასიათებს აგრეთვე მაღალი პლასტიკურობა, ცვეთა და ყინვამედეგობა, დაბალი მედეგობა ზეთების და გამხსნელების მიმართ. კ.ნ. გამოყენების ძირითადი სფეროა - საბურავები, საკონვეიერო ლენტები, ამძრავი ღვედები, ამორტიზატორები. კ.ნ. მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენება, როგორც ლატექსი

კაუჩუკი პოლისულფიდური - იხ. ტიოკოლი.

კაფელი (შორენკეცი) - კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილები კედლების, ღუმელების, არხების და ა.შ. მოსაპირკეთებლად (ნახ. 1). შეიძლება იყოს გლუვი, რელიეფური, მოჭიქული (მაიოლიკური), მოუჭიქავი (ტერაკოტული). უკანა მხრიდან აქვს ღარაკები წყობაში დასამაგრებლად.

კაშპო (ფრანგ.) - დეკორატიული ნაკეთობა კერამიკის, პლასტმასის, ხის ან ლერწისაგან შენობის ინტერიერში (ან გარეთ) მოსათავსებლად.

კაშხალი - ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც ეწყობა მდინარის განივად მის ზედა და ქვედა უბნებს შორის დაწნევის და წყალსაცავის შესაქმნელად. ძველად კაშხალს უმეტესად ირიგაციისათვის აშენებდნენ. კაშხლის მშენებლობის შესახებ ცნობები დაცულია ეგვიპტეში (ძველი წელთაღრიცხვის 4000 წწ), ინდოეთში (ძველი წელთაღრიცხვის 4000 წწ), ჩინეთში და სხვ. ძველად კ. უმთავრესად მიწისგან ან ხისგან აგებდნენ და მცირე სიმაღლე ჰქონდა. კ. მშენებლობა ფართოდ გაიშალა XIX საუკუნის II ნახევრიდან, როდესაც დაიწყეს ჰიდროელექტროსადგურების აგება. დანიშნულების მიხედვით არსებობს წყალსაცავის და წყალსაწევი კ. არის აგრეთვე ყრუ და წყალგადასაშვები კ. კონსტრუქციის მიხედვით კაშხლები იყოფა: გრავიტაციულ, კონტრფორსულ, თაღოვან კაშხლებად. ძირითადი საშენი მასალის მიხედვით კ. შეიძლება იყოს მიწის, ქვის, შერეული, ბეტონის, რკინაბეტონის და სხვ. მიწის კაშხალი - უძველესია და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; ქვის კაშხალი - შენდება ქვის, ღორღის ან კენჭის დაყრით; შერეული ტიპის კაშხალი - ქვაყრილისა და მიწის ან ქვაყრილისა და ბეტონისაგან; ბეტონისა და რკინაბეტონის კაშხალი - თავის მხრივ 3 სახისაა: გრავიტაციული, თაღოვანი და კონტრფორსებიანი; ხის კაშხალი - ჩვეულებრივ წყალგადასაშვები ხასიათისაა. ხშირად მდინარეზე შენდება მცირე სიმაღლის წყალსაშვებიანი დასაშლელი კაშხლები. ისინი შედგება დაბალი ზღრუბლისაგან და მასზე განლაგებული საყრდენებისა და ბურჯებისაგან. სიმაღლის მიხედვით განასხვავებენ: მაღალ - (>50 მ), საშუალო - (10...50 მ) და დაბალდაწნევიან (<10 მ) კ. მსოფლიოში აგებულია უნიკალური მაღლივი კაშხლების დიდი რაოდენობა, რომელთაგან აღსანიშნავია: 1. ნურეკი, სიმაღლე 300 მ, ყველაზე მაღალი კაშხალი მსოფლიოში, ტაჯიკეთი; 2. კლეზონ-დიკსენსი, სიმაღლე 285 მ, შვეიცარია; 3. ენგური, სიმაღლე 271,5 მ, საქართველო (ნახ. 1); 4. ტერი, სიმაღლე 261 მ, ინდოეთი; 5. ლაკსივა, სიმაღლე 250 მ, ჩინეთი; 6. ჩირკეისკი, სიმაღლე 232,5 მ, რუსეთი (ნახ. 2); 7. დვორჟაკი, სიმაღლე 219 მ, აშშ (ნახ. 3), 8. ლუცონე, სიმაღლე 225 მ, შვეიცარია (ნახ. 4) და სხვ.

კაშხალი ბეტონის - თანამედროვე ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში ყველაზე გავრცელებილი კაშხლის ტიპი, რომლის ძირითადი კონსტრუქციები შესრულებულია ბეტონით. კ.ბ. წაეყენება სპეციალური მოთხოვნები ბეტონის შემადგენლობის, დამზადებისა და ჩაწყობის მიხედვით (იხ. ჰიდროტექნიკური ბეტონი). კ.ბ. აშეიძლება იყოს ყრუ (არ ატარება წყალს) და წყალგადასაშვები; გრავიტაციული, თაღოვანი და კონტრფორსებიანი (იხ. კაშხალი).

კაშხალი გრავიტაციული - ბეტონის, ქვის, მიწის მასიური ჰიდროტექნიკური კონსტრუქცია, რომლის მდგრადობას ძვრის ძალების (წყლის, მიწის, ყინულის, ქარის) მიმართ უზრუნველყოფს კაშხალის ძირსა და არსებულ გრუნტს შორის გაჩენილი ხახუნის ძალა, რომელიც წონის პროპორციულია.

კაშხალი თაღოვანი - ბეტონის, რკ.ბ.-ის ან ქვის წყობისგან შესრულებული, გეგმით მრუდწირული მოხაზულობის კაშხლის სახეობა, რომლის სიმტკიცე გრავიტაციული და თაღ-გრავიტაციული კაშხლისაგან განსხვავებით, უზრუნველყოფილია მისი მუშაობით როგორც თაღის - წყლისაგან გადმოცემული ჰორიზონტალური დაწნევის ძალების გადაცემით კაშხლის საყრდენ გრუნტზე ან სანაპირო ბურჯებზე და არა საკუთრივ ნაგებობის წონით. კ.თ. ძირითადად აშენებენ რკ.ბ.-ისაგან მტკიცე კლდოვანი ნაპირების არსებობის შემთხვევაში (ნახ. 1. კაშხალი თაღოვანი. კაშხალი „სალმონ-კრიკ“, ალიასკა, აშშ). . კაშხლის სიმრუდე (ამობურცული ნაწილი) ყოველთვის მიმართულია წყლის საგუბარის მხარეზე. კაშხლის ძირის სისქის (b) მის სიმაღლესთან (h) ფარდობის მიხედვით განასხვავებენ კაშხალს თაღოვანს [(b/h) = 0,023-0,25] და გრავიტაციულ-თაღოვანს [(b/h) = 0,4-0,6]. კ.თ. შედარებით მცირე სისქე და შესაბამისად, საშენი მასალების მცირე ხარჯი, ასეთ კაშხალს შეუცვლელს ხდის მთის მდინარეებზე ჰიდროტექნიკური კვანძის მოსაწყობად, რისი თვალსაჩინო მაგალითია ენგურჰესი (იხ. კაშხალი, ნახ. 1).

კაშხალი კონსოლური - კაშხალი, რომლის მდგრადობა მნიშვნელოვნად უზრუნველყოფილია ნაგებობის სიღრმული შეერთებით კლდოვან გრუნტთან (კაშხალი ღრმა საანკერო კბილით) ან კაშხლის კონსტრუქციის ჩამაგრებით არაკლდოვან გრუნტში (ხიმინჯოვანი ან შპუნტიანი კაშხალი).

კაშხალი მიწის - კაშხალი, რომელიც აგებულია გრუნტული მასალებისაგან (ქვიშაქვა, თიხნარი და სხვ.) და განივკვეთში აქვს ტრაპეციული მოხაზულობა (ნახ. 1. ჟინვალჰესის მიწის კაშხალი: სიმაღლე 101 მ, სიგრძე თხემზე 415 მ, სიგანე ფუძეში 500 მ, სიგანე თხემზე 9 მ). კ.მ., როგორც წესი, იგება ყრუ (თხემზე წყლის გადასვლის გარეშე) ნებისმიერი სახის ფუძეზე. აგების მეთოდის მიხედვით შეიძლება იყოს ნაყარი და მონალექი. დრენაჟს უკეთებენ სადრენაჟო პრიზმის ამ კაშხლის ტანში ჩაღრმავებული დრენაჟის ლეიბისაგან. თხემის გადარეცხვის საწინაარმდეგოდ იყენებენ ქვის მინაყარს - მძიმე ბეტონის ან რკ.ბ.-ის ფილების სახით, ფერდოს დასაცავად - ბალახის დათესვას, მობელტვას, ხრეშისა და ღორღის მოყრას და სხვ. მიწის სამუშაოების თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა ავაგოთ კ.მ. 150 მ და მეტი სიმაღლის.

კაშხალი მოკლევადიანი ბუნებრივი - წარმოიქმნება მდინარის გადაკეტვის შედეგად ფხვიერი გრუნტით, თოვლით ან ყინულით.

კაშხალი მოკლევადიანი ხელოვნური - კაშხალი, რომელსაც აგებენ მდინარის დინების მიმართულების დროებით შესაცლელად ჰიდროელექტროსადგურის ან სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობის დროს.

კაშხალი მონალექი - ნაგებობა (ქვის, ბეტონის, მიწის), რომელიც გზას უღობავს მოძრავ წყლის ნაკადს და ამაღლებს მდინარეში წყლის დონეს ან აგროვებს წყლის დიდ მარაგს

კაშხალი რკინაბეტონის - კაშხალი, რომელიც ძირითადად აგებულია რკ.ბ.-საგან, რომელიც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმტკიცეს. ბეტონის მასიური კაშხლებისაგან განსხვავებით ის, როგორც წესი, თხელკედლიანი კონსტრუქციაა. კ.რ. უნდა გააჩნდეს საჭირო სიმტკიცე, წყალუჟონადობა, ბზარმედეგობა, ყინვაგამძლეობა, ჩამონატანების მიმართ ცვეთამედეგობა, აგრესიული წყლის მიმართ მედეგობა და ხანგამძლეობა. მშენებლობა მიმდინარეობს მაღალი სიმტკიცის ბეტონების და არმატურის ნაკეთობების გამოყენებით. კ.რ. შეიძლება იყოს ყრუ (მაღალი დაწნევისა) და წყალსაკრები (სხვადასხვა დაწნევის). ზოგიერთ შემთხვევებში გამოიყენება სიღრმითი ხვრელები. კონსტრუქციული ნიშნების მიხედვით კ.რ. არის: გრავიტაციული, კონტრფორსული და თაღოვანი.

კაშხალი ქვის - კაშხალი, რომელიც აგებულია ძირითადად ქვის მასალებისაგან შემკვრელის გარეშე. განასხვავებენ ქვაყრილ (ნაყარ) და ნახევრად ყრილს (მშრალი წყობით). კ.ქ., როგორც წესი, შენდება ყრუ წყალსაგდებით ნაპირებთან. ასეთი კაშხლის ეკონომიურობას განაპირობებს ადგილობრივი საშენი მასალების გამოყენება სხვადსხვა გეოგრაფიულ რაიონში, აგრეთვე მცირე საექსპლუატაციო ხარჯები. კ.ქ. ძირითადად გამოიყენება ნაკლები ტევადობის წყალსაცავებისათვის (ნახ. 1).

კაშხალი ყრუ - საიდანაც არ ხდება წყლის ჩამოგდება. წყლის გაშვება ხდება კაშხალის კვეთიდან (თუ ეს საჭიროა), სანაპირო წყალგამშვები მოწყობილობებით ან ხვრელიდან, რომლებიც გაკეთებულია კაშხალის ტანში ან მის ფუძეში, მაგრამ აქვს ძალიან მცირე სიგანე კაშხალის სიგრძესთან შედარებით.

კაშხალი წყალგადამგდები (წყალგამშვები) - კაშხალი, რომლის სიგრძეზე მოწყობილია საკმაოდ ფართე (კაშხალის სიგრძესთან შედარებით) წყალგამშვები ღიობები (დამწნევი ან არადამწნევი).

კაცხის სვეტი - კირქვის სვეტისებრი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე (ნახ. 1). სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ზედა ბაქანზე დგას მცირე ზომის ორი ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). 2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში აღმოჩენილი იქნა (მამა მაქსიმეს მიერ) კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41×21 სმ), რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება.

კაჭარი (რუს. Валун) - 1. სამთო ქანების მომრგვალო ფორმის მსხვილი ნატეხები ზომით 10...100 სმ. უფრო დიდ ნატეხებს ლოდი ეწოდება. გამოიყენება აუზების, ფონტანების, წყალვარდნილების მოსაწყობად, აგრეთვე ლანდშაფტურ დიზაინში; 2. იხ. რიყის ქვა.

კბილა გადაცემა - მექანიზმი, რომლის დანიშნულებაა ბრუნვითი მოძრაობის გადაცემა ლილვებს შორის და მათი ბრუნვის სიხშირეების შეცვლა (ნახ. 1). შედგება წყვილებისაგან: კბილათვალი - კბილანა; კბილათვალი - ლარტყა; ჭიათვალი - ჭიახრახნი. მარტივი ერთსაფეხურიანი კბილა გადაცემა შედგება წამყვანი და მიმყოლი თვლებისაგან, ხოლო მრავალსაფეხურიანი წარმოიქმნება თანმიმდევრობით შეერთებული რამდენიმე ერთსაფეხურიანისაგან. კბილების სახის მიხედვით იგი არის სწორკბილებიანი, ირიბკბილებიანი და შევრონული (კომბინირებული), ხოლო ბრუნვის ღერძების განლაგების მიხედვით - ცილინდრული, პარალელური ღერძებით; კონუსური - მართობული და ჰიპერბოლოიდური - გადაჯვარედინებული ღერძებით კბილა გადაცემა შეიძლება ჩადგმულ იქნას მანქანაში, მოწყობილობაში ან შესრულებულ იქნას როგორც დამოუკიდებელი აგრეგატი - რედუქტორი. მას მიეკუთვნება სიჩქარის კოლოფები, პლანეტარული გადაცემები, დიფერენციალური მექანიზმები და სხვ., აგრეთვე ტალღური გადაცემები მოქნილი კბილათვლებით.

კბილა თვალი - კბილაგადაცემის დეტალი, რომელსაც აქვს კბილების ჩაკეტილი სისტემა და უზრუნველყოფს მეორე, მასთან მოდებაში მყოფი დეტალის (კბილანა, ჭია, ლარტყა) უწყვეტ მოძრაობას (ბრუნვას). ფორმის მიხედვით განასხვავებენ ცილინდრულ და კონუსურ კ. სწორი, ირიბი და მრუდხაზოვანი კბილებით. მას ამზადებენ ფოლადისაგან, ფერადი ლითონების შენადნობისა და პლასტმასისაგან. ძირითადი პარამეტრებია ბიჯი, მოდული.

კბილა ლარტყა - იხილეთ ლარტყა.

კბილანა - შეუღლებული კბილანური გადაცემის (კბილათვლების) პატარა თვალი. იგი შეიძლება იყოს ამძრავი, ირიბკბილებიანი, კონუსური, მანაწილებელი, პარაზიტული, სატელიტის, პლანეტარული, წამყვანი, ცილინდრული, ჯაჭვური, სწორკბილებიანი, ხრახნული და სხვა.

კბილანა ქურო - ამძრავების ქურო, რომლის დანიშნულებაა ისეთი ლილვების შეერთება, რომლებსაც აქვთ მცირე ურთირთგადახრა (1,50-მდე), რაც გამოწვეულია ლილვების დამზადებისა და მონტაჟის უზუსტობებით, აგრეთვე მათი დრეკადი დეფორმაციებით. კბილანა ქურო შედგება ორი მილისისაგან კბილების გარე განლაგებით და ორი გარსაცმისაგან კბილების შიგა განლაგებით. ისინი მოდიან მოდებაში კბილებით და შეკავშირებული არიან ერთმანეთთან ჭანჭიკებით. ავტომობილების სიჩქარეთა კოლოფებში გამოიყენება სპეციალური მართვადი კბილანური ქუროები სინქრონიზატორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მდოვრე ჩართვას უშუალოდ მუშაობისას.

კბილანური მოდება - ორი კბილანური რგოლის ურთიერთქმედება, რომელთა კბილების თანმიმდევრობით შეხებისას ხდება მოძრაობის გადაცემა ერთი რგოლიდან მეორეზე. კბილათვალი შეიძლება მოვიდეს მოდებაში კბილა ლარტყასთან და ბრუნვითი მოძრაობა გადავიდეს გადატანით მოძრაობაში, როგორც ეს ხდება ერთციცხვიანი ექსკავატორის დაწნევის მექანიზმში. ყველაზე მეტი საექსპლუატაციო და ტექნოლოგიური უპირატესობა გააჩნია ევოლვენტურ მოდებას. იყენებენ აგრეთვე ციკლოიდურ და ნოვიკოვის მოდებას, რომელშიც კბილის პროფილი შემოიწერება წრეწირის რკალებით.

კბოდე - მიუდგომელი კლდოვანი ნაპირი ზღვისა, მდინარისა.

კეგელბანი - საგანგებოდ მოწყობილი შენობა კეგლის სათამაშოდ.

კეგელი - საბეჭდავი ასოს სიმაღლე.

კედარი - მარადმწვანე წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახიდან (ნახ. 1, ჰიმალაიური კედარი). გვარი მოიცავს 4 სახეობას, რომელთაგან 3 (ლიბანური, ატლასური და მოკლეწიწვა) გავცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, ერთი (ჰიმალაიური) - ჰიმალაის მთების დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე ყირიმში, კავკასისა და შუა აზიის სამხრეთ ფართობებზე, სადაც კულტივირებულია 3 სახეობა: ლიბანური, ატლასური და ჰიმალაიური კედარი. საქართველოში მოშენებულია ჰიმალაიურის ჯიში, რომლის სიმაღლეა 50... 60 მ, დიამეტრი ძირთან აღწევს 3,5 მეტრს. კ. სხვა წიწვოვან ჯიშებთან შედარებით ყველაზე რბილი და მსუბუქი მასალაა სიმკვრივით 400...450 კგ/მ3. გული განსხვავდება ნაქურთენისაგან მუქი ფერით. აქვს ფისსავალი გზები და კარგად შეინიშნება გულგულას სხივები. როკები მთელ ტანზე თანაბრად აქვს განაწილებული ბოჭკოების მიმართ მახვილი კუთხით. კედარის მერქანი უფრო ლამაზია, ვიდრე ფიჭვის. ადვილი დასამუშავებელია, კარგად პრიალდება და შესანიშნავი მოსაპირკეთებელი მასალაა. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ხუროთმოძღვრებაში. რუსეთის ბევრ ქალაქში (ტიუმენი, ტობოლსკი, ტომსკი, ვოლოგდა, ვლადიმირი) საკმაო რაოდენობის შენობებია შემკობილი კედარის ფიცრისაგან ხერხითა და საჭრეთლით გამოჭრილი უცნაური ხვეულებით.  საქართველოში შემოიტანეს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარული ხეა, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ყინვაგამძლეც გამოდგა თბილისსა და მის მიდამოებში. სწრაფმზარდია, კარგად ხარობს ზღვის დონიდან 1200 მ სიმაღლემდე, ცოცხლობს 1000 წლამდე. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი. გამოიყენება მშენებლობაში, საავეჯო წარმოებაში, გემთმშენებლობაში, აგრეთვე სახეივნო ჯიშად.

კედელი - 1. შენობის სათავსის ვერტიკალური შემომზღუდავი კონსტრუქცია, რომელიც ამ სათავსს გამოყოფს გარემოსაგან ან მეზობელი სათავსისაგან. კონსტრუქციული სქემის მიხედვით კ. შეიძლება იყოს მზიდი, თვითმზიდი, არამზიდი (ღებულობს დატვირთვებს საკუთარი წონისაგან და ქარის დატვირთვისაგან ერთი სართულის ფარგლებში) და ტიხარი. მასალის მიხედვით: ქვის, ხის, ლითონის, ბეტონის, რკ.ბ.-ის, მინის, სამფენოვანი სენდვიჩ-პანელების (ფილა+გამათბუნებელი+ფილა). გარდა ჩამოთვლილისა არსებობს სხვა ტიპის კედლებიც, როგორიცაა: დამცავი (ჩინეთის დიდი კედელი), გამყოფი (არსებობს ინდოეთში, კორეაში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, ისრაელში, კუნძულ კიპროსზე, ესპანეთში, მაროკოში, ჩრდ. ირლანდიაში), ქალაქის, ციხე-სიმაგრის, საყრდენის და სხვ.

კედელი კაპიტალური - კედელი, რომელიც ღებულობს და საძირკველს გადასცემს კონსტრუქციულ დატვირთვებს.

კედელი ღრუ - კედელი, რომლის სისქის შუა ნაწილში სიცარიელეებია.

კედელი ყრუ - კედელი, რომელსაც ღიობი არ გააჩნია.

კედლის ბაღი - დეკორატიული ნაგებობა დაწყობილი ქვებისაგან ფერდოს ან საყრდენი კედლის სახით. ქვებს შორის აყოლებენ მიწას და რგავენ დეკორატიულ ბალახისებრ მცენარეულობას - ქსეროფიტებს (ნახ. 1).

კედლის ზღვრული ტემპერატურა - ქვაბის დეტალის ან მილსადენის მაქსიმალური ტემპერატურა უდიდესი ტემპერატურის მქონე არეს მხრიდან, რომელიც განისაზღვრება თბური და ჰიდრავლიკური გაანგარიშებებით ან გამოცდებით გათბობის დროებითი მომატების გაუთვალისწინებლად (საანგარიშო რესურსის არაუმეტეს 5%-სა)

კედლის ღარი - მოწყობილობა ქანობებიდან, ფერდობებიდან ჩამონადენი წყლის მისაღებად და წყალსადინარ მილში გადასაყვანად.

კევლარი - იხ. არამიდი.

კეთილმოწყობა - 1. სამუშაოების და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც სრულდება მოსახლეობის ჯანმრთელი, მოსახერხებელი და კულტურული ცხოვრების პირობების შესაქმნელად. კ. მიმდინერეობს ქალაქებში, დაბებში, სოფლებში, კურორტებზე, აგრეთვე დიდი ობიექტების თანამგზავრ მუშათა დასახლებებში. კ. შედის: დაგეგმვა და განაშენიანება, საბინაო და კომუნალური მეურნეობა, ტრანსპორტი, გზები, გამწვანება, სამედიცინო და კულტურული მომსახურების ქსელი, სავაჭრო და კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, ელექტრო და გაზგაყვანილობა, ბრძოლა ხმაურთან და ა. შ.; 2. საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების შიდა მოცულობის ფუნქციონალური გამოყენების ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა მოხერხებული გეგმისა და ყველა სახის საინჟინრო მოწყობილობით აღჭურვის გზით.

კეთილშობილი ლითონები - ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინის ჯგუფის ლითონები (პალადიუმი, ირიდიუმი, როდიუმი, რუტენიუმი და ოსმიუმი), რომლებმაც დასახელება მიიღეს ნაკეთობებში მაღალი ქიმიური მედეგობისა და სილამაზის გამო. გარდა ამისა, ოქრო, ვერცხლი და პლატინა გამოირჩევა მაღალი პლასტიკურობით, ხოლო პლატინის ჯგუფის ლითონები - ძნელდნობადობით. ეს ღირსებები კარგად არის შერწყმული კ.ლ. შენადნობებში, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში.

კეიტონი - ძვ. სამშობიარო სახლი.

კეკი (ინგლ.) - გამკვრივება, მყარი ნარჩენი პულპის ფილტრაციის შემდეგ. შეიცავს 12...20% ტენს.

კელვინი - თერმოდინამიკური ტემპერატურის ერთეული SI სისტემაში. აღნიშვნა - K (ინგლისელი ფიზიკოსის ლორდ კელვინის პატისაცემად).

კელმა (გერმ.) - იხ. ქაფჩა.

კელმენი - უხეშად წნული ჭილობი.

კემპასი - ფოთლოვანი ხის ჯიში. აქვს მოწითალო-ყვითელი მერქანი თანაბარი წვრილძარღვიანი ტექსტურით. იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გამოირჩევა სიმაგრით, სიმტკიცითა და ტენმედეგობით. ძირითადად გამოიყენება იატაკების მოსაწყობად (ნახ. 1).

კემპინგი (ინგლ.) - ავტოტურისტებისათვის მოწყობილი საზაფხულო ბანაკი, სადაც შესაძლებელია კარვების ან მსუბუქი სახლების დაყენება (ნახ. 1). კ. ასევე შეიძლება მოიცავდეს მომსახურეობრივი სფეროს ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, ავტოსამრეცხაოები და სხვ.

კენიგის თეორემა - ნივთიერ წერტილთა სისტემის კინეტიკური ენერგია ტოლია მისი მასების ცენტრის კინეტიკური ენერგიისა, რომელშიც თავმოყრილია (შეკუმშულია) მთელი სისტემის მასა და მასების ცენტრის მიმართ სისტემის ფარდობითი მოძრაობის კინეტიკური ენერგიის ჯამისა.

კენჭი - მცირე ზომის ქვა.

კერა - ცეცხლის გასაჩაღებელი და შესანარჩუნებელი ადგილი საცხოვრებელში. მისი გამოყენება ადამიანმა ისწავლა განვითარების ადრინდელ საფეხურზე. დროთა ვითარებაში ჩამოყალიბდა კ. სხვადასხვა ფორმა - მრგვალი, სწორკუთხედი, ორმოსებრი, მიწის ზედაპირზე გამართული და ა.შ. მრგვალ საცხოვრებელში კ. ჩვეულებრივ შუა ადგილზე იყო (ნენები, ევენკები, ჩრდილოეთის სხვა ხალხები), სწორკუთხედებში - კედლის ახლოს, ზოგჯერ შესასვლელის პირდაპირ (დაღესტნელი ხალხები), გარდამავალ ტიპადაა მიჩნეული კედლისპირა კერა, რომლისგანაც შემდგომში ბუხარი განვითარდა. ქართველი ხალხის ძველ საცხოვრებელ ნაგებობებში (მთის სახლი, დასავლეთ საქართველოს ოდა, დარბაზული სახლი) კ. საცხოვრებლის ცენტრში იყო გამართული (ნახ. 1). აქ შედიოდა ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი - ყვერბი, პურის გამოსაცხობი ოთხფეხა კერა (სვანეთი), ჯაჭვის ჩამოსაკიდებელი - აყარი და სასანთლე - საკვარე. კ. სრულდებოდა სხვადასხვა საწესო ჩვევები, მაგ., პატარძლის წაღმა დაბრუნება, მესისხლეთა შერიგება და სხვ. კ. იყენებდნენ გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად. აგრეთვე კერამიკული საშენი ფილებისა და კრამიტის გამოსაწვავად.

კერამზიტბეტონი - მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც შემვსებად გამოყენებულია კერამზიტი, ტოლო შემკვრელად - ცემენტი, თაბაშირი ან სინთეზური ფისი. ფენოვანი შემომსაზღვრელი კონსტრუქციების თბოსაიზოლაციო კ. სიმკვრივეა 350...600 კგ/მ3, კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციოსი - 700...1200 კგ/მ3, ხოლო მზიდი კონსტრუქციებისა და საინჟინრო ნაგებობების ელემენტების - 1400-1800 კგ/მ3.

კერამზიტი (ბერძ.) - საშენი მასალა, რომელიც მიიღება მაღალ ტემპერატურაზე ადვილდნობადი თიხის სწრაფი აფუებით. აქვს მომრგვალებული ფორმა. კერამზიტის ხრეშის სიმკვრივეა 150...800 კგ/მ3 (საშუალოდ - 500 კგ/მ3), სიმტკიცე - 0,6...6 მპა. კერამზიტის ქვიშა მიიღება კ. ხრეშის დამსხვრევით ან როგორც დამოუკიდებელი ფრაქცია გამოწვისას. გამოიყენება მსუბუქი ბეტონების წარმოებაში.

კერამიკა (ბერძ.) - თიხისა და მინერალების ნარევის გამოწვით მიღებული მასალა. განასხვავებენ უხეშ კერამიკასა და წმინდას. პირველი ხასიათდება მსხვილმარცვლოვანი არაერთგვაროვანი სტრუქტურით, ხოლო მეორე წვრილმარცვლოვანი ერთგვაროვანი სტრუქტურით. კერამიკული მრეწველობის ძირითად ნედლეულს წარმოადგენს თიხა და კაოლინები. ცნობილია კერამიკული ნაწარმის ფართო გამოყენება საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა ტექნიკურ დარგებში.

კერამიკული საფარი - თხელი (15...150 მკრ) აფსკები, უმეტესად ცეცხლგამძლე მეტალების ჟანგეულების საფუძველზე, მიღებული ლითონის ან სხვა მასალის (მაგ., გრაფიტის) ზედაპირზე მომინანქრებით ან ალიანი დაფრქვევით, მისი ქიმიური, თერმული და მექანიკური მედეგობის ასამაღლებლად. გამოიყენება ჰოდრო-, აირ- და ელექტროტურბინების ფრთების ზედაპირის საფარად, შიგაწვის ძრავის ცილინდრის დგუშისა და სათავის გასაწყობად და სხვ.

კერამიკული ფილის ყინვამედეგობა - კერამიკული ფილის უნარი, გაუძლოს გაყინვა-გალღობის ციკლის გარკვეულ რაოდენობას განსაზღვრულ პირობებში ისე, რომ მოჭიქულ ზედაპირზე არ გაჩნდეს დეფექტები და არ დაირღვეს საფუძველი.

კერამიკული ფილის წყალშთანთქმა - წყლის რაოდენობა, რომელიც ავსებს ფილის ფორებს განსაკუთრებულ პირობებში. გამოისახება პროცენტებში მშრალი ნიმუშის მასასთან მიმართებით.

კერამიტი (ბერძ.) - 1. კარგად გამომწვარი აგური ძელაკის ფორმისა, გზების მოსაპირკეთებელი. მზადდება ალუმინის ჟანგის, თიხისა და კვარცის ქვიშის შერევით. არის მექანიკურად მტკიცე და მაღალი ელექტროსაიზოლაციო თვისებების მქონე მასალა. ახასიათებს ფორიანობა და აირგამტარობა. კარგი მასალაა აირებისა და სითხეების გაყოფის, გაწმენდისა და გამდიდრებისათვის.

კერარგიტი (ბერძ.) - მადანი (მინერალი) რომლისგანაც იღებენ ვერცხლს.

კერატოფირი - ეფუზიური ან ძარღვოვანი ტუტე მთის ქანი მინდვრის შპატისა და ფერადი მინერალების პორფირული გამონაყოფებით.

კერმეტი (ლითონკერამიკა) - ფხვნილისებრი მასალა, რომელიც შედგება ძნელდნობადი მეტალებისა და მჟანგავი ნივთიერებებისაგან. მიიღება ლითონური და კერამიკული ფვნილების შეცხობით. გამოიყენება ჰიდროტურბინებსა და საავიაციო ძრავებში, საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად და სხვ.

კერნერი (გერმ.) - საზეინკლო ხელსაწყო - ფოლადის წაწვეტებული ღერო; იყენებენ წერტილების დასასმელად დეტალების მონიშვნის დროს.

კერნი (გერმ.) - 1. ქანის ცილინდრული სვეტი, რომელსაც ჭაბურღილიდან გამოიღებენ გეოლოგიური ჭრილის შესასწავლად, ქანის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დასადგენად და სხვა; 2. კერნერით დასმული წერტილი იმ დეტალების მოსანიშნავად, რომლებიც მექანიკურად უნდა დამუშავდეს (მაგ., გაიბურღოს).

კერძო საქონელი - ყველა საქონელი თუ მომსახურება, რომელიც საბაზრო მექანიზმის ორბიტაში მოექცევა. მოხმარების ხასიათიდან გამომდინარე, „კერძო საქონელი“, ისევე როგორც „საზოგადოებრივი საქონელი“, იყოფა ინდივიდუალური და კოლექტიური მოხმარების საქონლად. ინდივიდუალური მოხმარების კ.ს. მიეკუთვნება: კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი, შრომის იარაღები და სხვ., ხოლო კოლექტიური მოხმარებისას - საზოგადოებრივი კვების კერძო ფირმების მომსახურება, კერძო საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვა, კერძო თეატრების, კინოთეატრების, სასტუმროების, აბანოების მომსახურება და ა.შ

კესონი - 1. წყალშეუვალი დიდი კამერა, რომელიც იდგმება ზღვის ან მდინარის ფსკერზე წყალქვეშა სამუშაოებისათვის (ნახ. 1); 2. შახტური მეტალურგიული ღუმელის კედლის ელემენტი ფოლადის ყუთის სახით, რომელიც წყლით ცივდება; 3. არქიტ. მხატვრულად გაფორმებული კვადრატული ან მრავალკუთხოვანი ჩაღრმავება ჭერზე, თაღის შიგნითა ზედაპირზე (ნახ. 2: კესონური გუმბათი).

კეჩი (ინგლ.) - ორანძიანი, აფრიანი გემი, რომელსაც კიჩოს ანძა საჭის ღერძის წინა აქვს. კეჩის ტიპის საიალქნო აღჭურვილობა (ბერმუდის ან გაფელის) აქვს ზოგიერთ თევზმჭერ გემს და დიდ სპორტულ იახტებს. 

კეხი - დახრილი სახურავის ქანობის სიბრტყეების გადაკვეთის წიბო; ზედა ჰორიზონტალური ხაზი.

კვადრანტი (ლათ.) - 1. მათემ. წრის მეოთხედი ნაწილი; 2. ძველებური ასტრონომიული ხელსაწყო ცის მნათობების სიმაღლის გასაზომად; 3. ქვემეხის სამიზნო ხელსაწყო.

კვადრატი (ლათ.) - 1. მართკუთხედი, რომლის ყველა გვერდი ტოლია. კ. აქვს სიმეტრიის ცენტრი და სიმეტრიის ოთხი ღერძი. კ. შეიძლება წრეწირის შემოხაზვა და მასში შეიძლება წრეწირის ჩახაზვა; 2. a რიცხვის კვადრატი ეწოდება a×a = a2 ნამრავლს. სახელწოდება იმასთანაა დაკავშირებული, რომ ასეთი ნამრავლით გამოისახება კვადრატის ფართობი, რომლის გვერდი a -ს ტოლია.

კვადრატრისა - ბრტყელი წირი, რომლის განტოლება დეკარტის მართკუთხა კოორდინატებში ასეთი სახისაა: y = xctg(πx/2r), სადაც r არის იმ E წერტილის AD რადიუსის სიგრძე, რომლის ცენტრი კოორდინატთა სისტემის A სათავეშია (0x ღერძი ემთხვევა კვადრატის AD გვერდს, ხოლო 0y – AB გვერდს) (ნახ.1). კვადრატრისა შეიძლება განისაზღვროს, როგორც იმ გადაკვეთის F წერტილთა გეომეტრიული ადგილი, რომლებიც მიიღებიან A წერტილის გარშემო საათის ისრის მიმართულებით თანაბრად მბრუნავი AD წრფის და 0y ღერძის პარალელური A' B წრფის გადაკვეთით, როდესაც ეს წრფე თანაბრად გადაადგილდება 0x ღერძის გასწვრივ.

კვადრატურა (ლათ.) - ბრტყელი ფიგურის ფართობის ან ზედაპირის ფართობის გამოთვლა მათი ტოლდიდი კვადრატის აგებით.კვადრატურას უწოდებენ აგრეთვე რომელიმე ინტეგრალის შედგენის ოპერაციას.

კვადრატურა ფიგურის - მისი ფართობის გამოთვლა.

კვადრი (იტალ.) - მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ქვის გათლილი ბლოკი; ქვის კედლის ელემენტი (ნახ. 1).

კვადრილიონი - რიცხვი, რომელიც გამოისახება ერთიანით და 15 ნულით, ანუ 1015.

კვაზიდრეკადი ძალა - ნივთიერ წერტილზე მოქმედი ცვლადი ძალა, რომელიც წონასწორობის მდებარეობიდან წერტილის წანაცვლების პროპორციულია და მიმართულებით მისი საწინააღმდეგოა. კ.ძ. ცდილობს დააბრუნოს ნივთიერი წერტილი წონასწორობის მდებარეობაში. თუ სხვა ძალები არ არსებობენ, იგი იწვევს ამ წერტილის ჰარმონიულ რხევას.

კვაზიღვარცოფული ნაკადები - დედამიწის ღვარცოფული და ღვარცოფმაგვარი ნაკადების ერთ-ერთი ჯგუფი ზღვის ფსკერზე და ოკეანეებში. კვაზიღვარცოფული ნაკადების პარამეტრები აღემატება ხმელეთის მძლავრ ულტრაღვარცოფული ნაკადების პარამეტრებს. მათი სისქე აღწევს 100...200 მ, გავლის სიგრძე - ასეული კოლომეტრია, ნაკადის სიგანე შეადგენს რამდენიმე ათეულ კმ-ს. ყველაზე მსხვილი კვაზიღვარცოფული ნაკადები წარმოიქმნება რვა და რვაზე მეტბალიანი მიწისძვრის შედეგად.

კვაზი… (ლათ.) - რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს მოჩვენებითს, არანამდვილს. მაგ., კვაზიმეცნიერული, კვაზიპერიოდული, კვაზიდრეკადი და სხვ.

კვალიტეტი (ლათ.) - დეტალის (ნაკეთობის) დამზადების სიზუსტე, რომელიც განსაზღვრავს დაშვებებს, დამუშავების მეთოდებს და საშუალებებს.

კვალიფიკაცია - 1. შრომის რომელიმე სახეობისთვის ვინმეს ვარგისიანობის, მომზადების ხარისხის განსაზღვრა; 2. პროფესია, სპეციალიზაცია; 3. კანონის შესაბამისად დანაშაულის სამართლებრივი შეფასება.

კვალსაკვეთი - პნევმატიკური (ელექტრული) ხელის მანქანა კილოს ამოსაღებად ქვის და ბეტონის კონსტრუქციებში კაბელების, ელექტროსადენების, მილების და მისთ. ჩასაწყობად (ნახ. 1). კ. საჭრელი ინსტრუმენტია ცილინდრული ფრეზი ან აბრაზიული დისკი.

კვამლი - წვისას ჰაერში წარმოქმნილი ხილვადი ტივტივარი, რომელიც შედგება ნივთიერების (მასალების, ნარევის) არასრული წვისას გამოდევნილი მყარი და თხევადი ნაწილაკებისაგან.

კვამლის აღმომჩენი - მოწყობილობა, რომელიც შეიგრძნობს წვის ხილულ და უხილავ ნაწილაკებს.

კვამლის განვითარების ინდექსი - შედარებითი მაჩვენებელი, გამოხატული განუსაზღვრელი რიცხვით, რომელიც აღნიშნავს მასალის კვამლით დაბურვისთვის საჭირო დროს.

კვამლის სიგნალიზატორი - ერთი ან მრავალბლოკიანი განგაშის სისტემა, რომელიც რეაგირებს კვამლზე.

კვამლსადენი - მილი რომლითაც კვამლი ადის საკვამურში; საკვამლე მილი.

კვამლსაწინააღმდეგო ბარიერი - ვერტიკალური ან ჰორიზონტალური უწყვეტი მემბრანა, როგორიცაა: აწყობილი კედელი, იატაკი ან ჭერი, რომლებიც დაპროექტებული და აგებულია კვამლის გადაადგილების შესაზღუდად.

კვამლსაწინააღმდეგო სარქველი - მექანიზმი, რომელიც მონტაჟდება არხებსა და ჰაერცვლის ღიობებში და განკუთვნილია კვამლის გადაადგილების შესაკავებლად. მექანიზმი ავტომატურად მუშაობს და კონტროლდება კვამლაღმომჩენი სისტემით, საჭიროების შემთხვევაში კი, მისი მართვა შესაძლებელია სახანძრო მართვის ცენტრიდან.

კვამლსაწოვი - წევასაბერი მოწყობილობა ღუმელების აუცილებელი საწევი რეჟიმის შესაქმნელად და სათბობის დასაწვავად პირველადი ჰაერის მიწოდებისათვის.

კვამლშეუღწევადი განყოფილება - სივრცე შენობაში, რომელიც ყველა მხრიდან, მათ შორის, ზემოდან და ქვემოდან, შემოზღუდულია კვამლსაწინააღმდეგო ბარიერებით.

კვამლშეუღწევადი შემოზღუდული სივრცე - გასასვლელი კიბეგზა, რომელიც ისეა დაპროექტებული და აგებული, რომ შეიზღუდოს ხანძრით გამოწვეული წვის პროდუქტების გადაადგილება შენობის ნებისმიერი ნაწილიდან შემოზღუდულ სივრცეში.

კვანტი - რაიმე ენერგიის უმცირესი რაოდენობა (მაგ., სინათლის კვანტი - იგივეა რაც ფოტონი.

კვანტილი - მათემატიკურ სტატისტიკაში შემთხვევითი სიდიდეების ერთ-ერთი რიცხობრივი მახასიათებელი.

კვანტიფიკაცია - ხარისხობრივი მონაცემების გამოთვლა რაოდენობრივი სახით.

კვანძი - 1. მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, გვხვდება ნაძვის ხეებში და წარმოადგენს ზედაპირული შეზრდილი როკების ერთობლიობას ყვითების სახით, სადაც უსისტემოდ დიდი რაოდენობის ტოტებია ამოზრდილი (ნახ. 1). 2. ადგილი, სადაც თავს იყრის, ერთმანეთს უერთდება რამდენიმე დეტალი, ან სხვა რამე (წამწის კვანძი, სარკინიგზო კვანძი, სატელეფონო კვანძი და სხვ.); 3. თოკის, ძაფის, ბაწარის, ბარირის ერთმანეთთან გადაბმის ადგილი; 4. გემის მოძრაობის (სიჩქარის) ერთეული, რომელიც ტოლია 1,852 კმ/სთ (0,514 მ/წმ).

კვანძი კონსტრუქციული - ამა თუ სახისა და დანიშნულების კონსტრუქციის დეტალების შეერთების ადგილი.

კვანძი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა - ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა თავშეყრის ადგილი (მაგ., მიმღებ-გამანაწილებელი დამბა, აუზი და სხვ.).

კვანძის მუშა ნახაზი - სამშენებლო კვანძის ნახაზი, რომელზეც დატანილია ყველა გეომეტრიული ზომა, შესაერთებელი და სამაგრი ნაკეთობების მარკები, მასალის სახეობა და სხვ. მახასიათებლები, აუცილებელი სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად.

კვარი - 1. ფიჭვის ან ნაძვის ანახეთქი ფისიანი ნაჭერი, რომელიც სანთელივით იწვის (ძველად სოფლებში ხმარობდნენ გასანათებლად); 2. ძლიერ გაფისულ-გაჟღენთილი წიწვოვანი ჯიშის მერქანი, რომელიც ფისის გამოხდისათვის კანიფოლ-ექსტრატების საწარმოებლად გამოიყენება.

კვარტალი (გერმ.) - 1. წლის მეოთხედი (სამი თვე). 2. ქალაქის ნაწილი, რომელიც მოქცეულია ოთხ ქუჩას შორის.

კვარცი - კვარცის ჯგუფის მინერალი. უმეტესად გვხვდება მჭიდრო აგრეგატების სახით. ფიზიკური თვისებები: კვარცი ფერის მიხედვით მრავალგვარია და მათ ყველას თავისი სახელი ჰქვია, ამ მინერალის წყლისფერ გამჭვირვალე კრისტალებს მთის ბროლი ეწოდება; იისფერ სახესხვაობებს - ამეთვისტო; ბოლისფერ კვარცს - კვამლაკვარცი (რაუხტოპაზი); მუქ თითქმის შავ კვარცს მორიონი; ოქროსფერი ელფერის ყვითელს - ციტრინი. ყველა ეს ჩამოთვლილი სახესხვაობა გამჭვირვალეა. ასეთების გვერდით არსებობს არაგამჭვირვალე, სახესხვაობები რომლებსაც კრისტალები არა აქვთ: პრაზემი, ავანტიურინი, ქალცედონი, სარდიონი, სარდერი და სხვ.

კვარცის ჯგუფი - მიწის ქერქში - ლითოსფეროში, ყველაზე მეტადაა გავრცელებული კაჟმიწა - SiO2. კვარცის სიმტკიცე 2000 მპა-მდე აღწევს, სიმკვრივე - 2,65 გ/სმ3, სიმაგრე - 7, იგი მჟავა- და ატმოსფერომედეგია; 17100C - ზე დნება და სწრაფი გაციებისას წარმოქმნის ამორფულ კაჟმიწას - კვარცის მინას.

კვარციტი – კვარცის სახესხვაობა, მაღალი სიმტკიცის (400 მპა) თეთრი, წითელი ან ნაცრისფერი ქანი. იყენებენ განსაკუთრებით მტკიცე ბეტონების დასამზადებლად. საქართველოში მისი საბადოა ბოლნისის რაიონში.

კვარცხლბეკი - 1. ამაღლებული საფუძველი (პოსტამენტი), რომელზედაც დადგმულია ძეგლი, ქანდაკება, ობელისკი, ლარნაკი და მისთ. (ნახ. 1); 2. არქიტექტურული ორდერის ქვედა ნაწილი; 3. მეფეთა და მღვდელმთავართა საჯდომის (ტახტის) საფეხური (ფეხის დასადგმელი).

კვეთი - სხეულის ვერტიკალური ან ჰორიზონტალური სიბრტყით გადაკვეთით მიღებული გეომეტრიული ფიგურა (სიბრტყეზე), რომელიც შეიძლება დავახასიათოთ შემდეგი პარამეტრებით: პერიმეტრი (მ), ინერციის რადიუსი (მ), ფართობი (მ2), წინაღობის მომენტი (მ3), სტატიკური მომენტი (მ3) და ინერციის მომენტი (მ4). კ. არის გრძივი და განივი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კვადრატული, მართკუთხა, სწორკუთხა, წრიული, ორტესებრი, რგოლური, ოვალური და ა. შ. ფორმა. ცნობილია ე. წ. მიდელის კ., რომელიც არის წაგრძელებული სხეულის უდიდესი (ფართის მხრივ) განივი კვეთი გრძივი ღერძის მართობულ სიბრტყეში მდორე მრუდხაზოვანი გარშემონავლებით (გემის კორპუსი, რაკეტა, თვითმფრინავის ფუზელაჟი და სხვ.).

კვეთი ბრტყელი - სხეულის განკვეთის შედეგად მიღებული ბრტყელი ზედაპირი.

კვეთი განივი (განივკვეთი)- სხეულის განივად განკვეთის შედეგად მიღებული სიბრტყე.

კვეთი გრძივი - სხეულის გრძივად განკვეთის შედეგად მიღებული სიბრტყე (მაგ., მორის გრძივი გახერხვით მიღებული სიბრტყე).

კვეთი დახრილი - სხეულის დახრილად განკვეთის შედეგად მიღებული სიბრტყე.

კვეთი ვერტიკალური - ვერტიკალურ სიბრტყეში განკვეთის შედეგად მიღებული ადგილი.

კვეთი მდინარის - მდინარის კალაპოტის განივი კვეთი.

კვეთი ტანგენტალური - ტანგენციალურად ჭრის შედეგად მიღებული სიბრტყე (მაგ., მორის ტანგენციალური მიმართულებით ჭრის შედეგად მიღებული კვეთი).

კვეთი ტორსული - იხ. განივი კვეთი.

კვეთი ჰორიზონტალური - ჰორიზონტალურ სიბრტყეში განკვეთის შედეგად მიღებული ადგილი.

კვეჟო - სადურგლო ინსტრუმენტი, მაგარი ჯიშის მერქნისაგან დამზადებული ჩაქუჩი (ნახ. 1). გამოიყენება სატეხ და საჭრეთელ ინსტრუმენტებთან სამუშაოდ.

კვერი - მცირე ზომის ხისტარიანი ჩაქუჩი მრგვალი სფერული ფორმის ზედაპირით. გამოიყენება რაიმეს გამოსაკვერად, გამოსაჭედად საიუველირო საქმეში, თუნუქის და სპილენძის ჭურჭლის დამზადებისას და სხვაგან.

კვერშლაგი - იხ. გეზენკი.

კვესი - ფოლადის ნაჭერი, რომელიც ტალზე (კაჟზე) ჩამოკვრით ცეცხლს აჩენს.

კვინტილიონი - რიცხვი, რომელიც გამოიხატება ერთიანით და თვრამეტი ნულით, ანუ 1018; ათასი კვადრილიონი.

კვიპაროსი (ბერძ.) - მარადმწვანე წიწვოვანი ჯიშის ხე სიმაღლით 25 მ-მდე (ნახ. 1). აქვს სწორი ტანი დიამეტრით 0,7 მ-დე და პირამიდული ვარჯი. ცოცხლობს 2000 წლამდე. მერქანი სურნელოვანია, აქვს მოწითალო-მოყავისფრო გული და თეთრი ფერის ნაქურთენი (ცილა), მკვრივია, საშუალო წონის, გამძლეა ტენიან ადგილებში (მიწაში, წყალში). გამოიყენება საავეჯო და სახარატო საქმეში, გემთმშენებლობაში და სხვ.

კვიპაროსი ჭაობის - მარადმწვანე წიწვოვანი ჯიშის ხე სიმაღლით 36 მ-მდე. აქვს სწორი ტანი დიამეტრით 1,5 მ-დე და ცილინდრული ვარჯი. მერქანი მოყვითალო ფერისაა, საშუალო სიმკვრივის და კარგი მექანიკური მონაცემების. მისი სამშობლოა ჩრდ. ამერიკა, ხარობს ჭაობებში, წითელმიწიან ნიადაგში. საქართველოში გავრცელებულია შავი ზღვისპირა რაიონებში და დეკორატიულ მცენარედ ითვლება.

კვირინალი - 1. ძველი რომის 7 ბორცვთაგან ერთ-ერთი, რომლებზეც ქალაქი იყო განლაგებული; 2. ამ ბორცვზე აშენებული სასახლე იტალიის მეფისა (ამჟამად - პრეზიდენტისა).

კვლევა - (გამოკვლევა), - ახალი ცოდნის გამომუშავების სამეცნიერო პროცესი, ადამიანის შემეცნებითი საქმიანობის ერთერთი სახე. ხასიათდება ობიექტურობით, აღწარმოებადობით, დასაბუთებადობით, სიზუსტით. აქვს ორი დონე: ემპირიული და თეორიული. ყველაზე უფრო გავრცელებულია კ. დაყოფა ფუნდამენტურ და გამოყენებით, რაოდენობრივ და ხარისხობრივ (თვისობრივ) და უნიკალურ და კომპლექსურ ნაწილებად.

კვოტა (ლათ.) - 1. ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული საქონლის რაოდენობის ზედა ზღვარი, რომელსაც მთავრობა აწესებს. იგი გამოიყენება საქონლის საზღვარგარეთ შეძენის შესაზღუდად, ხოლო საექსპორტო კვოტები - ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნების საექსპორტო შემოსავლის სტაბილიზაციისა და მიწოდების შეზღუდვისათვის ფასების შენარჩუნების მიზნით; 2. ნაწილი, წილი, ნორმა, პაი; 3. წარმოებასა და გასაღებაში დადგენილი წილი საკარტელო შეთანხმების ფარგლებში მისი თითოეული მონაწილისათვის.

კვოტა საგადასახადო - დაბეგვრის განსაზღვრული ერთეულიდან აკრეფილი გადასახადის სიდიდე.

კი - ბილიარდის სათამაშო ჯოხი, იდეალურად სწორი, გრძივი, დამძიმებული ქვედა ტანით, მაღალხარისხოვნად დამუშავებული ზედაპირით.

კიარიზი - ჰიდროტექნიკური ნაგებობა, მიწისვეშა სარწყავი არხი გრუნტის წყლების შესაგროვებლად

კიბე - 1. სიმაღლის ცვლილება საფეხურებრივად ჰორიზონტალური სიბრტყის ერთი ან მეტი ამაღლებით; 2. ერთი ჰორიზონტალური დონიდან მეორე ჰორიზონტალურ დონეზე ასასვლელი, შვეული ან დახრილი, საფეხურებიანი კონსტრუქცია (ნახ. 1).

კიბე დახრილი - კიბე ჰორიზონტთან დახრის კუთხით 60...750.

კიბე ვერტიკალური - კიბე ჰორიზონტთან დახრის კუთხით მეტი 750-ზე.

კიბე მინის - კიბის სახეობა ნაწრთობი მინისაგან (ნახ. 1). მზიდი კონსტრუქციები და მაკავშირებლები მზადდება ჩვეულებრივი (უჟანგავი) ფოლადისაგან ან ფერადი ლითონებისაგან (ბრინჯაო, სპილენძი, ტიტანი, თითბერი). მოაჯირებისათვის გამოიყენება ნაწრთობი მინა სისქით 10...12 მმ ან „ტრიპლექსი“-ის ტიპის მინა. კიბის ძირითადი ელემენტების - საფეხურებისათვის იყენებენ მრავალფენიან, მაღალი სიმტკიცის ნაწრთობ მინას სისქით 40 მმ-მდე, რომელსაც გააჩნია სიმტკიცის საკმარისი მარაგი, უძლებენ მნიშვნელოვან დატვირთვებს და დარტყმით იმპულსებს. მინის კიბის საფეხურებს და მოაჯირებს ფარავენ სრიალსაწინააღმდეგო საფარველით, ამუშავებენ ქვიშის ჭავლით ან უკეთებენ აბრეშუმოგრაფიას. ექსკლუზიურად გამჭირვალე კიბეები ინტერიერს მატებენ სილამაზეს, სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას.

კიბე სამონტაჟო - კიბის გამარტივებული ნაკეთობა მოაჯირების გარეშე, მუშებისათვის, რომლებიც დაშვებული არიან სიმაღლეზე სამუშაოდ ან შედუღების სამუშაოების საწარმოებლად.

კიბე ჩასასმელი (ამწის) - კიბე ხიდურა ამწესთან მისასვლელად ჰორიზონტთან დახრის კუთხით 600-მდე.

კიბე-პწკალა - მისადგმელი, ორმხრივი მოწყობილობა კიბის სახით, რომელიც ერთ მხარეს მოძრავადაა გადაბმული, ანუ აქვს ურთიერთმობრუნების საშუალება სხვადასხვა კუთხით. გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ადამიანის სხვადასხვა სიმაღლეზე ასასვლელად, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო სამუშაოებისათვის.

კიბეგზა - კიბის ერთი ან მეტი მარში, შენობის გარეთ ან შიგნით, დამაკავშირებელი ბაქნებითა და მოედნებით, რომელიც ქმნის უწყვეტ გადასასვლელს ერთი დონიდან მეორეზე (ნახ. 1).

კიბერნეტიკა (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს მანქანებისა და ცოცხალი ორგანიზმების მიერ მიღებული ინფორმაციის მიღებას, შენახვასა და გადაცემას, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენებას.

კიბერნეტიკა ტექნიკური - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ტექნიკური სისტემების მართვას. გამოკვლევების მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ავტომატური და ავტომატიზირებული მართვის სისტემების დაპროექტება და შექმნა. კ.ტ. მოიცავს: ბიონიკას და საინჟინრო ფსიქოლოგიას.

კიბის ბაქანი - ჰორიზონტალური სიბრტყე, რომელსაც უერთდება კიბის სვლა (ნახ. 1).

კიბის მარში - კიბის ნაწილი ორ მეზობელ ბაქანს შორის (ნახ. 1).

კიბის სვლა - კიბის დახრილი ნაწილი, რომელიც შედგება საფეხურებისაგან და მზიდი კოჭებისაგან.

კიბის უჯრედი (საკიბური) - კედლებით შემოსაზღვრული შენობის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია კიბე.

კიბისა და ლიფტის კვანძი - სათავსი, შენობის ვერტიკალური კომუნიკაციების: კიბის უჯრედისა და ლიფტის განსათავსებლად.

კიბორიუმი - იხ. გავალაკი.

კიდე - რკინიგზის ლიანდაგის წიბო, გამოყოფილი გვერდითი ბალასტის წრისაგან, აგრეთვე ამონაღების ფერდოს ზედა წიბო.

კიდობანი - იხ. ზანდუკი.

კიდული ბაგირგზა - სატრანსპორტო ნაგებობა, რომლის მოძრავი შემადგენლობა გადადგილდება კიდულ ბაგირზე.

კიდული გალერეა - გალერეა, რომელსაც იჭერს შენობიდან გამოშვერილი კონსოლები.

კიდული კონსტრუქციები - სამშენებლო კონსტრუქციები, რომლის ძირითადი მზიდი ელემენტები (ბაგირი, კაბელი, კაჭვი, ბადეები, ფურცლოვანი მემბრანა და ა.შ.) გაჭიმვაზე მუშაობენ. გაჭიმვაზე მუშაობა შესაძლებლობას იძლევა სრულად იქნეს გამოყენებული მაღალი სიმტკიცის მასალების (ფოლადი, კაპრონი, არამიდი, ტეფლონი) მექანიკური თვისებები, ხოლო მცირე წონა - გადაიხუროს დიდმალიანი ნაგებობები. კ.კ. ადვილი დასამზადებელია, მოსახერხებელი და საიმედოა ექსპლუატაციაში, გამოირჩევა შესანიშნავი არქიტექტურული გამომსახველობით (ნახ. 1, კიდული კონსტრუქცია). უარყოფითი მხარეა განმბჯენის არსებობა და დიდი დეფორმაციები ადგილობრივი დატვირთვების ზემოქმედების დროს. კ.კ. შეიძლება იყოს ბ რ ტ ყ ე ლ ი და ს ი ვ რ ც ი თ ი. ბრტყელი ძირითადად გამოიყენება კიდულ ხიდებში, საბაგირო გზებში, მილსადენების ჩამოსაკიდად გადასასვლელებზე და სხვ.; სივრცითი - დიდმალიან სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში.

კიდული სისტემა - სისტემა მშენებლობაში (მზიდი კონსტრუქციები), რომლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს გაჭიმული მოქნილი ელემენტები (ბაგირები); სხვა სისტემებისაგან განსხვავებით კ.ს. გამოირჩევა მცირე სიხისტით და შიგა და გარე განმბჯენების არსებობით. საანგარიშო სქემებში განიხილება, როგორც მ ო ქ ნ ი ლ ი ძ ა ფ ი, სახსროვან-ღეროვანი მრავალკუთხედი ან მოქნილი გარსი, რომელიც დამაგრებულია კონტურზე და მუშაობს მასთან ერთად ან ცალკე (იხ. კიდული კონსტრუქციები).

კიდული ხიდი - ხიდი, რომლის ძირითადი მზიდი კონსტრუქციები, როგორც წესი, წარმოადგენს მოქნილ ელემენტებს (ბაგირი, ჯაჭვი, ლითონის კაბელი და სხვ.), რომელიც ეყრდნობა პილონებს (კოშკებს), ხოლო ბოლოები ჩამაგრებულია ნაპირებზე (ნახ. 1). მოქნილ ელემენტებზე შეკიდულია ხიდის სავალი ნაწილი (წამწეების ან კოჭების სისტემა), რომელიც ამაღლებს ხიდის სიხისტეს და ამცირებს დეფორმაციებს ადგილობრივი დატვირთვების ქვეშ. კ.ხ. მალი შეიძლება იყოს 1300 მ-მდე.

კილიტა (პოლონ.) - იხ. ფოლგა.

კილიტაიზოლი (ფოლგაიზოლი) - რულონური ორფენიანი თხელი დატალღული ან სწორი კილიტებისაგან შემდგარი მასალა, რომელიც ქვედა მხრიდან დაფარულია დამცავი ბიტუმპოლიმერული ფენით. კ. წყალგაუმტარი, გამძლე მასალაა, რომელსაც არ სჭირდება არავითარი მოვლა ექსპლუატაციის პირობებში. გამოიყენება პანელების პირაპირების ჰერმეტიზაციისათვის, სახურავებში ორთქლსაიზოლაციოდ და სხვ.

კილო (ბერძ.) - 1. თავსართი იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 1000 ამოსავალ ერთეულს (კილოგრამი, კილომეტრი, კილოვატი და სხვ.); 2. დეტალის წახნაგში გრძივად ამოღებული ჭრილი (ღარი), რომელშიც შედის მეორე შესაერთებელ დეტალზე გაკეთებული შვერილი - ნარიმანდი ან მასში იდგმება ძელაკი ორი დეტალის წებოთი შესაერთებლად; 3. ზმნის გრამატიკული კატეგორია, რომელიც გამოხატავს მოლაპარაკის დამოკიდებულებას ზმნით გამოხატული მოქმედებისადმი (თხრობითი, კავშირებითი, ბრძანებითი); 4. საერთო-სახალხო ენის განშტოება, რომელზედაც ლაპარაკობენ ამა თუ იმ კუთხეში.

კილო... (ბერძ.) - წინსართი ათეულის ჯერადი საზომი ერთეულის წარმოსაქმნელად, რომელიც შეესაბამება 103-ს. აღინიშნება - კ. მაგ., ჯერადი ერთეულის წარმოქმნა:1 კვტ = 103 ვტ; 1 კნ = 103 ნ; 1 კმ = 103 მ.

კილოგრამ-ძალა - ძალის ერთეული ერთეულთა ტექნიკურ სისტემაში. ის ტოლია ძალისა, რომლითაც დედამიწა მიიზიდავს 1000 გ მასის სხეულს იმ ადგილას, სადაც სიმძიმის ძალის აჩქარება 9,80665 მ/წმ2 -ის ტოლია. აღინიშნება: კგ, კგძ. 1კგძ = 9,80665 ნ. კგძ-ს ევროპის ბევრ ქვეყანაში ეწოდება კილოპონდი (kp)

კილოგრამი - მასის ძირითადი ერთეული SI სისტემაში, აღინიშნება - კგ. კილოგრამი ტოლია საერთაშორისო პროტოტიპის მასისა, რომელიც ინახება ზომის და წონის საერთაშორისო ბიუროში (ქ. სერვე, პარიზის მახლობლად). კოლოგრამის პროტოტიპი დამზადებულია ცილინდრული გირის სახით პლატინა-ირიდიუმის შენადნობისაგან. 1 კგ = 1000 გრამს.

კილოგრამმეტრი (კილოგრამ-ძალა-მეტრი) - მუშაობის საზომი ერთეული ერთეულთა ტექნიკურ სისტემაში. ის ტოლია მუშაობისა, რომელსაც ასრულებს 1 კგ ძალა მისი მოდების წერტილის ამ ძალის მიმართულებით 1 მეტრ მანძილზე გადაადგილებისას. აღინიშნება: კგმ, კგძ მ . 1კგძ მ = 9,80665ჯ.

კილოვატ-საათი - ენერგიის ან მუშაობის სისტემგარეშე ერთეული, რომელიც ძირითადად გამოიყენება ელექტროტექნიკაში. აღნიშვნა: კვტ.სთ. 1 კვტ.სთ = 3,6•106 ჯოული.

კილოვატი - დენის სიმძლავრის საზომი ერთეული, რომელიც 1000 ვატის ტოლია.

კილომეტრაჟი (ფრანგ.) - კილომეტრებით გაანგარიშებული გავლილი ან გასავლელი მანძილი

კილომეტრი - მანძილის საზომი ერთეული, უდრის 1000 მეტრს

კილოჰერცი - რხევათა სიხშირის საზომი ერთეული; 1 კილოჰერცი = 1000 ჰერცს

კიმატიონი (ბერძ.) - 1. ნებისმიერი მრუდწირული ნატეხი; 2. კარნიზის, კვარცხლბეკის და მისთ. ზედა მუდწირული ნატეხი (ნახ. 1: დორიული ორდერის კიმატიონი).

კინელი - იხ. დუღია.

კინემატიკა (ბერძ.) - მექანიკის განყოფილება, რომელიც შეისწავლის სხეულების მოძრაობის გეომეტრიულ თვისებებს მათი მასებისა და მათზე მოქმედი ძალების გათვალისწინების გარეშე. თეორიულ მექანიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს კ. განასხვავებენ კინემატიკურ ანალიზსა და სინთეზს. კინემატიკური ანალიზის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: მექანიზმების რგოლების მდებარეობის, მექანიზმის ცალკეული წერტილების ტრაექტორიის, კუთხური სიჩქარეებისა და აჩქარებების განსაზღვრა მოცემული ძირითადი ზომებისას, რომლებიც განსაზღვრავენ კინემატიკურ სქემას და წამყვანი რგოლების მოძრაობის კანონებს. მექანიზმის კ. ამოცანების ამოხსნა შეიძლება გრაფიკულად, ანალიტიკურად და ექსპერიმენტალურად.

კინემატიკური სქემა - სქემა, რომელზედაც პირობითი აღნიშვნებით გამოსახულია მექანიზმის რგოლები და კინემატიკური წყვილები ზომების მითითებით, რაც აუცილებელია კინემატიკური ანალიზისათვის

კინემატიკური შეერთება - კინემატიკური ჯაჭვი, რომელიც კონსტრუქციულად კინემატიკური წყვილის შემცვლელია მექანიზმში.

კინემატიკური წყვილი - ორი ურთიერთშემხები რგოლის შეერთება, რომელიც დასაშვებს ხდის მათ ფარდობით მოძრაობას. წერტილები, ხაზები, ზედაპირები, რომლებითაც ერთი რგოლი ეხება მეორე რგოლს, წარმოადგენენ რგოლის ელემენტებს. კ.წ. არის დაბალი, თუ შეხება მიდის ზედაპირზე (მაგ.. ბრუნვითი - სახსარი; მიწოდებითი - მცოცი და მიმმართველი). თუ რგოლების შეხება ხდება წერტილებზე და ხაზებზე, მაშინ იგი არის მაღალი კლასის (მაგ., კბილა გადაცემა)

კინემატიკური წყვილის ელემენტი - რგოლის ზედაპირების, ხაზებისა და ცალკეული წერტილების ერთობლიობა, რომლითაც მას შეუძლია იყოს კონტაქტში კინემატიკურ წყვილში შემავალ მეორე რგოლთან.

კინემატიკური წყვილის კლასი - რგოლების ფარდობით მოძრაობაზე დადებულ ბმათა რიცხვი.

კინემატიკური ჯაჭვი - ერთმანეთთან კინემატიკური წყვილებით დაკავშირებული რგოლთა სისტემა.

კინემატიკური ჯაჭვი ღია - კინემატიკური ჯაჭვი, რომლის რგოლები არ ქმნის შეკრულ კონტურებს.

კინემატიკური ჯაჭვი შეკრული - კინემატიკური ჯაჭვი, რომლის რგოლები ქმნის ერთ ან რამოდენიმე შეკრულ კონტურს.

კინეტიკა (ბერძ.) - თეორიული მექანიკის განყოფილება, რომელიც აერთიანებს სტატიკასა და დინამიკას. განასხვავებენ ფიზიკურ და ქიმიურ კ., კინეტიკურ ტემპერატურასა და აირების კ., ანალიზის კინეტიკურ მეთოდებს, კინეტიკურ მომენტსა (იმპულსის ანუ მოძრაობის რაოდენობის მომენტი) და კინეტიკურ ენერგიას, კინეტიკურ განტოლებებს, კინეტოსტატიკასა და მექანიზმების კინეტოსტატიკას და სხვ.

კინეტიკური ენერგია - დამატებითი ენერგია, რომელსაც სხეული იძენს მისი მოძრაობის გამო და ტოლია სხეულის მასისა და სიჩქარის კვადრატის ნამრავლის ნახევრისა. იგი აღინიშნება ფორმულით E = mv2/2. M მასის უძრავ სხეულს, რომ მიენიჭოს V სიჩქარე, საჭიროა რაღაც ენერგია. გარკვეული სიჩქარით მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგია ტოლია იმ მუშაობისა, რომელიც უნდა შესრულდეს, რომ უძრავ სხეულს მიენიჭოს ეს სიჩქარე. ყველა მოძრავ სხეულს გააჩნია კ. ე. რაც მეტია სხეულის სიჩქარე მით მეტია მისი კ.ე. დედამიწის ზედაპირზე დავარდნილი სხეულის კ.ე. მით უფრო მეტია, რაც მეტია ამ სხეულის მასა და ვარდნის სიმაღლე. მაგ., ვარდნილ წყალს აქვს კინეტიკური ენერგია, რადგან კაშხალში არსებული წყლის პოტენციური ვარდნისას გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიად, რომელსაც იყენებენ ელექტროენერგიის მისაღებად. ვარდნილი წყალი ეცემა ტურბინას და იწვევს ელექტროგენერატორის ამოძრავებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ელექტრული დენი.

კინეტიკური ხახუნი - ხახუნი ორი შემხები სხეულის ფარდობითი მოძრაობისას.

კინეტოსტატიკა - დინამიკის დარგი, რომელიც იხილავს მოძრავი არათავისუფალი მექანიკური სისტემების ბმის რეაქციების განსაზღვრის ხერხებს.

კინოსტუდია - საწარმო, სადაც იღებენ კინოფილმებს.

კინტი - 1. მრავალკუთხა საყელურის, ჭანჭიკის ან ხრახნის საყრდენ ზედაპირზე გამონაშვერი ცილინდრის ან წაკვეთილი კონუსის ფორმის, რომლის დიამეტრი მეტია, ვიდრე ძირითადი ელემენტის დიამეტრია. გამოიყენება სამაგრ ნაკეთობებში; 2. ხის ქვედა ტანი - ძირი ფესვების გარეშე.

კიოსკი - წვრილი საქონლით სავაჭრო მცირე ზომის ნაგებობა, პავილიონი, ფარდული.

კიპრეგელი (გერმ.) - გეოდეზიური ხელსაწყო ვერტიკალური კუთხეების, მანძილის, გადამეტებისა და გრაფიკული აგებულობის მიმართულების გასაზომად ტოპოგრაფიული გადაღებების დროს (ნახ. 1).

კირ-ფიფქი - ჩამქრალი კირის ტექნიკური სახელწოდება.

კირბერილი - პატარა ძაბრები კირის ბათქაშში, წარმოქმნილი ჩაუმქრალი კირის მოქმედების შედეგად.

კირდუღია - წმინდად დაფქული ჩაუმქრალი კირი. გამოიყენება წინასწარი ჩაქრობის გარეშე ხსნარებში წყობისათვის, ბათქაშისათვის და სხვ., უზრუნველყოფს რა მათ სწრაფ შეკვრას, გამყარებას, გამოშრობას.

კირზა (ბერძ.) - ტყავის შემცვლელი ერთგვარი მკვრივი ქსოვილი სინესტისაგან დასაცავად (მაგ., კირზის ჩექმა).

კირი - უძველესი შემკვრელი ნივთიერება, რომელიც დღესაც ფართედ გამოიყენება სილიკატური ბეტონის, აგურის, დუღაბის, დაბალი სიმტკიცის ბეტონის და ქვის დასამზადებლად. ჰაერული კ. ნედლეულია კარბონატული მთის ქანი: კირქვა, ცარცი, ნიჟარქვა, დოლომიტოვანი კირქვა და ზოგჯერ ქიმიური წარმოების ნარჩენი. ისინი 8%-ზე მეტ თიხოვან მინარევს არ უნდა შეიცავდეს. მშენებლობაში გამოიყენება ჩაუმქრალი კ., რომლის ძირითადი ნაწილია კალციუმის ოქსიდი CaO და ჩამქრალი კ., რომელიც მიიღება მასზე წყლის ზემოქმედებით და შედგება Ca(OH)2 -საგან. ჰაერულ კ. ზოგჯერ უმატებენ მინერალურ დანამატს - მთის დაფქულ ქანს (პემზა, ტუფი, თაბაშირის ქვა, კვარცის ქვიშა), ასევე წარმოების ნარჩენებს (ბრძმედის წიდა, ნაცარი). კ. აქტიური CaO და MgO შემცველობის მიხედვით იყოფა 2 ხარისხად. უდანამატო I ხარისხის კ. მათი შემცველობა უნდა იყოს 90%, დანამატიანში - 64%, II ხარისხის უდანამატო კ. - 80% და დანამატიანში - 52%. ჩაქრობის სიჩქარის მიხედვით არჩევენ სწრაფქრობადს (ჩაქრობის სიჩქარე 20 წთ-მდე) და ნელქრობად კ. (ჩაქრობის სიჩქარე 20 წთ-ზე მეტი). კ. სუსტი შემკვრელია, მასზე დამზადებული დუღაბის და ბეტონის სიმტკიცე 28 დღის შემდეგ შეადგენს 0,5...2 მპა. სიმტკიცე მნიშვნელოვნად იზრდება ავტოკლავური დამუშავებისას, 0,8...1 მპა წნევისა და 1750C ტემპერატურის პირობებში. ამ რეჟიმით შეიძლება 20...40 მპა და მეტი სიმტკიცის ავტოკლავური მძიმე სილიკატური ბეტონის მიღება. ასეთივე რეჟიმით ამზადებენ უჯრედოვან ბეტონს. ავტოკლავური სილიკატური მასალის დასამზადებლად გამოიყენება სწრაფქრობადი კ., მაგნიუმის ოქსიდის არაუმეტეს 5% შემცველობით. დაფქული კ. თვეზე მეტი არ უნდა შევინახოთ, რადგან ჰაერიდან იძენს ტენს და კარგავს აქტიურობას.

კირი ჩამქრალი - კირქვის გამოწვის შედეგად მიღებული თეთრი ნივთიერება, რომელიც შემდეგ გახსნილია წყალში. გამოიყენება მშენებლობაში, წებოს წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში, ხეების ტანის სადეზინფექციოდ და სხვ.

კირი ჩაუმქრალი (CaO) - გამოიყენება, ისევე როგორც ჩამქრალი კირი, ცემენტის წარმოებაში, მეტალურგიაში (ფლუსად), ღუმლის ამოსაგებად, მშენებლობაში (შემკვრელ მასალად), შაქრის და ტყავის წარმოებაში, კვების მრეწვალობაში, მინის წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში, ჩამდინარე წყლების გასაწმენდად. ჩაქუჩებიანი სამსხვრევი - მიეკუთვნება დარტმითი მოქმედების ქვასამსხვრევებს, რომელშიც მექანიკური დარტყმის ზემოქმედებით მასალა იმსხვრევა - მოძრავი სხეულების (ჩაქუჩების) კინეტიკური ენერგია მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის დეფორმაციისა და რღვევის ენერგიაში. ჩაქუჩებიანი სამსხვრევი, ისევე, როგორც როტორული, ხასიათდება მაღალი მსხვრევის ხარისხით (50-მდე), მაღალი ხვედრითი მწარმოებლობით, კონსტრუქციის სიმარტივით, პროდუქტის მაღალი ხარისხით.

კირი ჰიდრავლიკური - მიიღება მერგელოვანი კირქვების გამოწვით, რომლის პროცესში წარმოიშობა დაბალფუძიანი სილიკატები და რომლებიც კირს აძლევს ჰიდრავლიკურ თვისებებს. ჰ.კ. გამაგრებას იწყებს ჰაერზე, აგრძელებს და იმატებს სიმტკიცეს წყალში. სიმტკიცე კუმშვაზე (დუღაბის ფარდობით 1:3) 28 დღის შემდეგ (7 დღე ჰაერზე, 21 - წყალში) - 1,7...5 მპა. შეკვრის დასაწყისია 0,5...2 სთ, დასასრული - 8...16 სთ.

კირის ჩაქრობა - ჩაუმქრალი კირის (კირდუღიას) წყალთან ქიმიური შეერთების პროცესი.

კირის წყალი - კალციუმის ჰიდროჟანგის Ca(OH)2 გაჯერებული ხსნარი (ჩამქრალი კირი). ტექნიკაში გამოიყენება, როგორც იაფფასიანი ტუტე.

კირკალი - იხ. გვერგვი.

კირქვა - CaCO3, დანალექი მთის ქანი შედგება უმთავრესად კალციტისაგან, იშვიათად - არაგონიტისაგან, შეიძლება შეიცავდეს ტერიგენული ან აუტიგენური მინერალებისა და ქანების ნატეხებსაც. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ ბიოგენურ (ზოოგენურ, ფიტოგენურ), ქემოგენურ და შერეული წარმოშობის კ. გვხვდება ნამსხვრევი და მეტასომატური კირქვებიც. მეტამორფიზმის შედეგად კ. გადაიქცევა მარმარილოდ. კ. ჩვეულებრივ, ილექება ზღვებში, იშვიათად ლაგუნებშიც. იყენებენ მშენებლობაში, მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში. კ. სიმტკიცე იცვლება დიდ ფარგლებში (5...20 მპა), სიმკვრივე 800...2600 კგ/მ3. საქართველოში კირქვების საბადოებია: საჩხერეში, წითელწყაროში, ქუთაისის მახლობლად. მეტამორფული ქანებია გნეისი, მარმარილო, კვარციტი.

კიუბელი (გერმ.) - ტვირთსატაცი მოწყობილობა ფხვიერი ტვირთების მექანიზირებული გადატვირთვისათვის (ნახ. 1). არსებობს სამი სახის: გადასაყირავებელი, გადასახსნელი და კედლების ან ძროს გახსნით.

კიუვეტა - ლაბორატორიული ნაკეთობა, აბაზანა ქიმიკატებთან მუშაობისათვის.

კიუვეტი (ფრანგ.) - გზის, ქუჩის გასწვრივ გაყვანილი თხრილი, მოპირკეთებული მაგარი საფარით (რიყის ქვა, კერამიკული ფილები, ხელოვნური ქვის ფილები და სხვ.) ზედაპირული წყლების შესაგროვებლად; 2. პატარა აბაზანა ფოტოგრაფიული ფირფიტებისა და ანაბეჭდების დასამუშავებლად.

კიჩო - გემის, თვითმფრინავის უკანა ნაწილი.

კლაკნილა - თბოგადამცემი აპარატის ელემენტი, ჩვეულებრივ მილი, მოღუნული სპირალის სახით ან ზიგზაგურად, სითხეების გამოსახდელად.

კლამერი - ქანობიანი სახურავის ბურულისათვის გამოყენებული ფოლადის ფურცლები ერთმანეთს გადაებმება ნარიმანდის მეშვეობით (ნახ. 1), ხოლო მათ დასამაგრებლად მოლარტყვაზე გამოიყენება სპეციალურად დამზადებული სახურავის ლითონის ნაჭერი - კლამერი, რომლის ერთი ბოლო მაგრდება ფურცლების ნარიმანდიან პირაპირში, ხოლო მეორე ბოლოთი ემაგრება ლარტყას.

კლანი (ინგლ.) - ვიწრო გაგებით - შოტლანდიელთა და ირლანდიელთა გვაროვნული თემი; ფართო გაგებით - ჯგუფი ან გვარი ნათესავებისა, რომლებიც გაერთიანებული არიან სამეურნეო ან საზოგადოებრივი ურთიერთობებით. აქედან წარმოდგება სიტყვა კლანიზმი, რომელიც გამოხატავს მიმართულებას საზოგადოებაში.

კლაპეირონის თეორემა - დეფორმაციის პოტენციური ენერგია სიდიდით ტოლია განზოგადებული გარე ძალებისა და მათი შესაბამისი განზოგადებული გადაადგილებების ნამრავლთა ჯამის ნახევრისა.

კლასი (ლათ.) - 1. საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელთაც საწარმოო საშუალებებთან ერთნაირი დამოკიდებულება აერთიანებს (მაგ., მუშათა კლასი);  2. ლოგ. ერთგვარ საგანთა ერთობლიობა, რომელთაც აქვს გარკვეული თვისება, თვისებრიობა, მიმართება; 3. ბიოლ. მცენარეთა ან ცხოველთა კლასიფიკაციის ერთ-ერთი მსხვილი ერთეული (მაგ., ძუძუმწოვართა კ.); 4. დაწყებით და საშუალო სკოლაში: იმ მოსწავლეთა ჯგუფი, რომლებიც ერთად, ერთი პროგრამით სწავლობენ; სკოლის ოთახი, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს.

კლასი ბონიტეტის - ხეების დაყოფა სიმაღლისა და ზრდის სიჩქარის მიხედვით.

კლასიკა - ისტორიული გაგება, რომელიც ეხება ლიტერატურას, ხელოვნებას, არქიტექტურას და ძველი მსოფლიოს კულტურის (ძველი საბერძნეთი, ძველი რომი) აყვავების პერიოდს. ფართო გაგებით კ. ქვეშ იგულისხმება ყველაფერი სამაგალითო, სრულყოფილი, რომელიც გამოირჩევა ფორმისა და შინაარსის ერთობლიობით. კლასიკურ არქიტექტურას ახასიათებს ფუნქციონალური მიზანმიმართულება, ტექნიკური ლოგიკურობა, ეკონომიურობა და ნაგებობის იდეურ-მხატვრული გამომსახველობა. ამ მნიშვნელობით კ. და კლასიკური ნიმუშები - ეს არის თითოეული ეპოქის საუკეთესო ნიმუშები, რომელიც უცილობლადაა დაკავშირებული საზოგადოების მოთხოვნებთან, სოციოლოგიურ, მატერიალურ და იდეოლოგიურ პირობებთან. კ. მიეკუთვნება გოთიკური თუ რენესანსული ეპოქის ისეთი ნაგებობები, როგორიცაა: ათენის პანთენონი, პარიზის ტრიუმფალური თაღი, რომის კოლიზეუმი, ვენის ჰაბსბურგების სასახლე და სხვ.

კლასიკური მექანიკა - მექანიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნიუტონის კანონები. კლასიკური მექანიკა შეისწავლის მაკროსკოპულ ნივთიერ სხეულთა მოძრაობას, როდესაც ამ მოძრაობის სიჩქარე გაცილებით მცირეა სინათლის სიჩქარესთან შედარებით. კ.მ. ძირითადი ცნებებია სივრცის, დროის, ნივთიერი წერტილის და ძალის ცნებები, ხოლო "მექანიკის ფუნდამენტად" ითვლება ნიუტონის ყველა სისტემის მიმართ. არსებობს კლასიკური მექანიკის პრინციპების აგების სამი სხვადასხვა მეთოდი: 1) ჩვეულებრივი, სადაც ძირითად დამოუკიდებელ ცნებებთან - სივრცე, დრო და მასა, შემოაქვთ ძალის ცნებაც. დინამიკის ძირითადი განტოლება გარკვეულად აკავშირებს ყველა ამ ცნებას. ასეთი "ძალოვანი" კონცეფცია უპირატესად მექანიკის ტექნიკური გამოყენების საფუძველია; 2) ე.წ. " ენერგეტიკული" აგება, რომელიც ფართოდ გამოიყენება თეორიულ ფიზიკაში. აქ ამოსავალი ცნებაა არა ძალა, არამედ ენერგია. დინამიკის ძირითადი განტოლების ადგილს იკავებს ენერგიის მუდმივობის კანონი; 3) გ. ჰერცის აგება, რომელიც მხოლოდ სივრცის, მასის და დროის ცნებებს იყენებს. ძალა და ენერგია მათგან ნაწარმოები ცნებებია. ამ კონცეფციას უფრო მეთოდოლოგიური ხასიათი აქვს. კლასიკურ მექანიკაში მიღებულია ორი ძირითადი დაშვება: პირველის თანახმად დროის მიმდინარეობა დამოუკიდებელია ათვლის სისტემის შერჩევისაგან, ე.ი. დრო აბსოლუტურია. მეორე დაშვების თანახმად მონაკვეთის სიგრძე არ არის დამოკიდებული ათვლის სისტემის შერჩევაზე, ე.ი. მონაკვეთის სიგრძე აბსოლუტურია (იხ. მექანიკა).

კლასიკური ოსცილატორი - მექანიკური სისტემა, რომელიც ირხევა მდგრადი წონასწორობის მდებარეობის მახლობლობაში. ოსცილატორის ცნებას იყენებენ აგრეთვე არამექანიკური მერხევი სისტემების მიმართ ელექტრომაგნეტიზმში, აკუსტიკაში, მიზიდულობის თეორიაში და ა.შ.

კლასიკური ხელოვნება - ჩვენს დრომდე ნიმუშად შემონახული ხელოვნების საუკეთესო ნაწარმოებები (ხუროთმოძღვრება, ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა), რომელიც არის ანტიკური ხანის ძველბერძნული და ძველრომაული სამყაროს კულტურა.

კლასიფიკატორი (ლათ.) - აპარატი, რომელიც გამოიყენება მინერალური ნარევების ნაწილაკების გასაცალკევებლად სიმსხოს, ფორმისა და სიმკვრივის მიხედვით. გარემო, რომელშიც მიმდინარეობს მასალის განცალკევება, შეიძლება იყოს ჰიდრავლიკური ან პნევმატური (საჰაერო). პირველს ჰიდროკლასიფიკატორებს, ხოლო მეორეს საჰაერო სეპარატორებს უწოდებენ. გაყოფის მეთოდის ანუ გამოყენებული ძალების მიხედვით კ. არის გრავიტაციული და ცენტრიდანული. ყველაზე დიდი გამოყენება მოიპოვა სველმა მექანიკურმა და ელექტრულმა კ.

კლასიფიკაცია - 1. საგნების, მოვლენების ცნებების დაყოფა კლასებად და ჯგუფებად ამა თუ იმ ნისან-თვისებათა მიხედვით; 2. საშენი მასალების წარმოებაში დამსხვრეული ქვის მასალების დახარისხება ზომისა და ფორმის (ფრაქციონირება, კლასებად დაყოფა), აგრეთვე სიმკვრივის ანუ სიმტკიცის (გამდიდრება) მიხედვით. კ. წარმოებს მექანიკურ (გაცხავება), ჰიდრავლიკურ (კლასიფიკაცია) და პნევმატურ (სეპარაცია) მოწყობილობებში.

კლასიციზმი (ლათ.) - XVII საუკუნის საფრანგეთში წარმოშობილი ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. არქიტექტურაში კლასიციზმმა ფეხი მოიკიდა XVII საუკუნიდან და აქტუალური რჩებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. მიმდინარეობის მთავარი დამახასიათებელი თვისება ანტიკური ხუროთმოძღვრების ფორმებთან მიბრუნება იყო, როგორც ჰარმონიის, უბრალოების, სიმკაცრის, ლოგიკური სიმარტივისა და მონუმენტალობის ეტალონისკენ. კლასიციზმის არქიტექტურისთვის ზოგადად დამახასიათებელია დაგეგმვისა და ფორმის უნიფორმულობა. მის საფუძველს ანტიკურობასთან მიახლოებული ფორმებისა და პროპორციების ორდერი, თავშეკავებული დეკორაციული გაფორმება და რეგულარული სისტემა წარმოადგენდა. კლასიციზმი გააზრებული და რაციონალური ხელოვნებაა. კ. ბრწყინვალე ნიმუშებია: მოსკოვის დიდი თეატრი, პარიზის ლუვრი, ვარშავის დიდი თეატრი (ნახ. 1), სტოკჰოლმის (შვედეთი) საქალაქო ბიბლიოთეკა და სხვ.

კლდოვანი გრუნტი - მაგმური, ჯდენადი ან მეტამორფული მთის ქანი მარცვლებს შორის ხისტი კავშირით (შედუღებული ან შეცემენტებული), რომელიც განლაგებულია მასივის ან დაბზარული ფენის სახით.

კლდოვანი ქანები - რომელთა ამოღება გაფხვიერების გარეშე შეუძლებელია (მაგარი ნალექი, მაგმური და მეტამორფული ქანები).

კლერკი (ფრანგ.) - 1. საქმის მწარმოებელი პარლამენტში, სასამართლოში, ნოტარიატში, სავაჭრო-სამრეწველო საწარმოში და ა. შ.; 2. შუა საუკუნეების საფრანგეთსა და ინგლისში სასულიერო პირი.

კლიკ-ნარიმანდი - ცალკე მდგომი თვითჩამკეტი ნარიმანდი, გამოიყენება რულონური სახურავის ნარიმანდის დასაყენებლად.

კლიმატი აკუსტიკური - გარემოს ზოგიერთი ბუნებრივ-კლიმატური და აკუსტიკური მახასიათებლების ერთობლიობა (ქარების მიმართულება, განფენილი ზედაპირების სახე, სატრანსპორტო და საწარმოო ხმაურის დონე და სხვ.), რომელიც განსაზღვრავს ქალაქთმშენებლობისა და მოცულობითი გეგმარებისადმი სხვადასხვა მიდგომას ხმაურისაგან დაცვის თვალსაზრისით და, შესაბამისად, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განაშენიანების გეგმარებით და კონსტრუქციულ გადაწყვეტებზე.

კლიმატი სითბური - გარემოს რადიაციული, ტემპერატურულ-ტენიანობითი და აერაციული მდგომარეობის ბუნებრივი მახასიათებლების ერთობლიობა (სითბური მზის რადიაცია, ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე და მიმართულება), რომელიც განსაზღვრავს მიკრიკლიმატის კომფორტულობას სათავსებში, ქალაქის სივრცეში, სითბოსა და სიცივის დანაკარგებს შენობაში, შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და მასალების ტიპს და სხვ.

კლიმატი სინათლის - განათებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების (რაოდენობა, განათების სპექტრი და კონტრასტულობა, ნათელი და ღრუბლიანი დღეების სიკაშკაშე, მზის ნათების ხანგრძლივობა, ულტრაიისფერი რადიაციის რაოდენობა და სპექტრი) ბუნებრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის ნორმატიულ მნიშვნელობას, ინსოლაციასა და მზისაგან დაცვას; შესაბამისად, - განაშენიანების სიმჭიდროვეს და მის დაგეგმარებით გადაწყვეტას, შუქღიობების ზომებსა და პროპორციებს, ფასადების პლასტიკასა და მასშტაბურობას. როგორც წესი, ამა თუ იმ რეგიონის კ.ა. შეესაბამება ბუნებრივი გარემოს თავისებურებებს, რომელშიც არქიტექტორი ათავსებს დასაპროექტებელ ობიექტს.

კლიმატიზაცია - ღონისძიებების კომპლექსი (გათბობა, რადიაციული და კონვექციული გაცივება, ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება), რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური კლიმატის შექმნას სათავსში ან სამუშაო ადგილზე.

კლიმატის მზიანობის კოეფიციენტი - ითვალისწინებს წლის განმავლობაში შუქღიობებიდან სათავსში შემოსული პირდაპირი და ქვეფენილიდან არეკლილი მზის შუქის ნაკადის შედეგად წარმოშობილ დამატებითი შუქის ნაკადს.

კლიმატრონი - გუმბათისებრი ან სხვა ფორმის სათავსი გამჭვირვალე მასალისა, რომელშიც ხელოვნურად არის შექმნილი ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონის კლიმატი.

კლინკერი (გერმ.) - დაქუცმაცებული ნედლეულის თანაბრად გამომწვარი ნარევის პროდუქტი. გამოიყენება ცემენტის წარმოებაში. ცემენტის კ. მიიღება კირქვისა და თიხის წვრილმარცვლოვანი ნარევის გამოწვით მბრუნავ ღუმელებში მაღალ ტემპერატურაზე (ნახ. 1). კ. ფქვავენ მშრალი დაფქვის წისქვილებში და მიღებულ პროდუქტს (ცემენტს) გასცემენ მომხმარებელზე ორი კვირის დაყოვნების შემდეგ.

კლინკერი თიხამიწის (მაღალთიხამიწიანი) - კლინკერი, შედგენილი დაბალფუძიანი კალციუმის ალუმინატებისაგან.

კლინკერი პორტლანდცემენტის - პორტლანდცემენტის ხარისხს განსაზღვრავს კლინკერი, ხოლო დანამატები არეგულირებს მის თვისებებს. კლინკერის ხარისხი დამოკიდებულია მის ქიმიურ და მინერალურ შედგენილობაზე. კლინკერი ჩვეულებრივ შედგება 10...40 მმ ზომის შეცხობილი გრანულებისაგან. აქვს რთული მიკრისტრუქტურა, რადგან შეიცავს კრისტალური ფაზის მთელ რიგს და მინისებრი ფაზის მცირე რაოდენობას. კლინკერის ძირითადი მინერალებია: ალიტი, ბელიტი, სამკალციუმიანი ალუმინატი და კალციუმის ალუმინოფერიტი. კლინკერის ქიმიური შედგენილობა ანუ ოქსიდების მასითი რაოდენობა პროცენტებში ასეთია: CaO – 63...66%, SiO2 – 21...24%, Aℓ2O3 – 4-8% და Fe2O3 – 2...4%. მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 95...97%-ს. მცირე რაოდენობით შეიძლება იყოს MgO, SiO3, Na2O, K2O, TiO2, Cr2O da P2O3. შეცხობამდე მიყვანილ გამოწვის პროცესში მთავარი ოქსიდები წარმოქმნიან კალციუმის სილიკატს, ალუმინატს და ალუმინოფერატს, კრისტალური სტრუქტურის მინერალების სახით, მცირე ნაწილი კი შედის მინისებრ ფაზაში.

კლინკერი სულფოალუმინატური (ფერიტული) - კლინკერი, რომელიც ძირითადად შედგება კალციუმის სულფოალუმინატისაგან (ფერიტისაგან).

კლინკერის ფაზური შემადგენლობა - ძირითადი კლინკერული ფაზის შედგენილობა, განსაზღვრული ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით.

კლინკერული მინა - შედის კლინკერის წარმოების შუალედ ნივთიერებაში 5...15% რაოდენობით. მასში თავისუფალი CaO და MgO რაოდენობა არ უნდა იყოს შესაბამისად 1% და 5%-ზე მეტი, რადგან მეტი რაოდენობა ამცირებს ცემენტის ხარისხს და შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის ცვლილების არათანაბარზომიერება.

კლინკერული მინერალი - ხელოვნური შენაერთი სტექიომეტრული შედგენილობის, რომელიც არის კლინკერული ფაზის კრისტალოქიმიური საფუძველი.

კლინკერული ფაზა - კლინკერის შემადგენელი ნაწილი მყარი ნარევის სახით კლინკერული მინერალის, ცალკეული ჟანგეულების და მინის საფუძველზე.

კლირენსი - არარეკომენდებული დასახელება. საგზაო კ. (ანუ საშუქი ღრეჩო) არის საგზაო, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვ. მანქანების საყრდენი ზედაპირიდან მათს ყველაზე დაბალ წერტილამდე (კონსტრუქციის ელემენტამდე) მანძილი.

კლირინგი - მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისათვის. ხორციელდება ბანკების ან სპეციალური საანგარიშო პალატების მეშვეობით.

კლიროსი - შემაღლებული ადგილი ტაძარში მგალობლებისა და მედავითნეებისათვის.

კლიტე (საკეტი, შეერთება) - 1. ხის კონსტრუქციებში შეერთების სპეციალური სახეობა (კბილური, თატური, კოტათი, კილოებით); 2. ფართო გაგებით მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს  მანქანების  და  მექანიზმების  მოძრავი  ნაწილების შეპირაპირებას (მაგ., ქ ა ნ ჩ ს ა კ ე ტ ი - ხელს უშლის ქანჩის თვითმოშვებას); 3. მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სათავსის, კარადის, ყუთის, ტევადი ჭურჭლის, კარის, ჭიშკრის და ა.შ. ჩასარაზად. არსებობს კ. მრავალი სახეობა: ავეჯის, გვერგვლის, ორსაბრული, სასხლეტიანი, საჩერიანი, უსაჩერი, შპინგალეტი, ჩამოსაკიდი, ჩასასმელი, ჯაჭვის და სხვ.; 4. არქიტ. - კამარის ზედა ჩამკეტი ქვა (ნახ. 1, კამარისებრი ღიობის კლიტე (მითითებულია ისრით). ზოგჯერ გამოირჩევა სკულპტურული დამუშავებით.

კლიფი (ინგლ.) - ზღვის ტალღების მოქმედებით წარმოქმნილი აბრაზიული ფლატე, რომელიც გამოიხატება ზღვისა და ტბის სანაპიროებზე. განარჩევენ აქტიურ და მომკვდარ კლიფებს. აქტიურია ისეთი კლიფი, რომელიც თანადროულ დროში წყლის ტალღების გავლენით დანგრევას განიცდის, ხოლო მომკვდარი კლიფი თანამედროვე დროში აღარ ექვემდებარება ტალღების ზემოქმედებას. კ. გვხვდება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ირლანდიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, ისლანდიაში, უკრაინაში, აშშ და სხვ. კ. ზღვის სანაპიროდან კლდეებივით არის ამართული და სიმაღლეში ხშირად ასეულ მეტრს აღემატება. ზოგჯერ კლიფებზე განლაგებულია არქეოლოგიური ძეგლებიც. კ. სინონიმია აბრაზიული საფეხური. მას ესაზღვრება აბრაზიული ტერასა - ბენჩი.

კლოაკა (ლათ.) - 1. სიბინძურის სადინარი მიწისქვეშა არხი დიდ ქალაქებში; 2. სიბინძურის, ნაგვის დასაყრელი ადგილი.

კლუაზონე - მომინანქრებული კერამიკის ან ლითონის ნაკეთობა დამშვენებული რთული მოხატულობით, სადაც სხვადასხვა ფერის ნაწილები გამოყოფილია ერთმანეთისაგან საფუძველზე მიმაგრებული სპილენძის მავთულით. ტექნოლოგია დამუშავებული იქნა ძველ ჩინეთში XI საუკუნეში და დღემდე გამოიყენება ძვირფასი საიუველირო ნივთების დასამზადებლად.

კლუატრი (ფრანგ.) - დახურული გალერეა, რომელიც კათოლიკური მონასტრის ეზოს გასდევს (ნახ. 1); ახასიათებს რომანულ და გოთურ არქიტექტურას.

კლუბი - მოსახლეობის თავშეყრის ადგილი კულტურულ-საგანმანათებლო სამუშაოების ჩასატარებლად; შენობა, სადაც წარმოებს საზოგადოებრივი დისკუსიები, კულტურული ურთიერთობები, პოლიტიკური ცოდნის პროპაგანდა; ტექნიკის, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების მიღწევების დემონსტრირება; მხატვრული თვითშემოქმედების, დასკვნებისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება. კ. შეიძლება იყოს: სასოფლო, სარაიონო, საბავშვო, მუშათა, შემოქმედებითი კავშირების, სპეციალიზირებული (სპორტული, საჭადრაკო, ღამის, ტექნიკის და ა.შ.). კ. ძირითადი სათავსებია: სამაყურებლო დარბაზი და მომსახურე და ადმინისტრაციულ-სამეურნეო დანიშნულების ოთახები. სამაყურებლო დარბაზი ტევადობის მიხედვით არსებობს: მცირე (400-მდე ადგილი), საშუალო (400...600 ადგილი) და დიდი (800 ადგილზე მეტი) კ. სამაყურებლო დარბაზი შეიძლება გამოყენებული იქნეს არა მარტო ხალხის თავშეყრისათვის, არამედ მხატვრული და სპორტული სექციების მუშაობისთვისაც.

კოაგულანტი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც ემატება ხსნარს კოაგულაციის მიზნით.

კოაგულატი - ნალექი, რომელიც ჩნდება კოლოიდური ხსნარის კოაგულაციის შედეგად.

კოაგულატორი - ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კოლოიდური ხსნარის გადაქმნას ლაბისმაგვარ, ლაბოვან მასად.

კოაგულაცია (ლათ.) - კოლოიდურ ხსნარში დისპერსიულობის შემცირების პროცესი, რასაც თან ახლავს ნივთიერების ნაწილაკების ნალექად გამოყოფის, შედედების პროცესი. კ. გამოწვევა შეიძლება ელექტროლიტებით, კონცენტრაციის ან ტემპერატურის შეცვლით.

კოალესცენცია (ლათ.) - სითხის წვეთების შერწყმა ერთმანეთთან შეხებისას (წვიმის ან ცვარის სახით), ატმოსფერული ნალექების გამოყოფა (ქაფის და ემულსიის დაშლა, გაფრქვევით ლაქ-საღებავებით დაფარვა).

კობალტი (ლათ.) - მოვერცხლისფრო-თეთრი, ცოტათი მოყვითალო-მოვარდისფრო ან მოლურჯო ელფერის სალი ლითონი. აღინიშნება სიმბოლოთი Co. ცნობილია მიახლოებით 30-მდე კობალტშემცველი მინერალი. კობალტს თან სდევს რკინა, ნიკელი, მანგანუმი და სპილენძი. ძირითადად მიიღება ნიკელის მადნებიდან, მათი დამუშავებით გოგირდმჟავათი ან ამიაკით. კ. გამოყენების სფეროა: ფოლადის ლეგირება, მაგნიტური ჩაწერის აპარატურა, ტრანსფორმატორები, ელექტროძრავები, ქიმიური რეაქციების კატალიზატორი, აკუმულატორები, თერმოელექტროგენერატორები, გამა-დეფექტოსკოპია, რადიოიზოტოპიური ენერგიის წყაროები, მედიცინა და სხვ.

კოგეზია - ერთი და იმავე მყარი ან თხევადი სხეულის ნაწილაკების შეერთება, გადაბმა, მიზიდულობა, რომელიც აერთიანებს ამ ნაწილაკებს ერთ სხეულად და განაპირობებს მოლეკულათაშორის ურთიერთქმედებას.

კოგეზიური მოწყვეტა - მასალის მოწყვეტა ფუძისგან ბიტუმის რულონური და ბიტუმ-პოლიმერული მასალების დალაგების ხარისხის შემოწმებისას. სამუშოს ხარისხიანად შესრულებისას, სახურავის მასალას შრეებად ჰყოფენ და არ წყვეტენ მის ფუძეს.

კოგერენტულობა (ლათ.) - რამდენიმე რხევითი და ტალღური პროცესის შეთანწყობილი მიმდინარეობა დროში, რომელიც გამოვლინდება მათი შეკრებისას, მაგალითად, ტალღების ინტერფერენციისას.

კოდექსი - კოდიფიცირებულ კანონთა, ნორმათა კრებული. კ. არის ერთიანი სისტემატური საკანონმდებლო აქტი, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობის რომელიმე სფეროს არეგულირებს.

კოდი (ლათ.) - 1. მარცვლეულის საწყაო საქართველოში; 2. გულამოღებული უძირო მორი, რომელიც მიწიდან ამომდინარე წყაროშია შვეულად ჩადგმული წყლის შესაკრებად და გამოსადენად; 3. პირობითი ნიშნების სისტემა; 4. კავშირგაბმულობის საშუალებით სამხედრო ხასიათის საიდუმლო ცნობების ფარულად გადასაცემი პირობითი ნიშნები; 5. დენის იმპულსების ერთობლიობა; 6. სიგნალების სისტემა; 7. პირობითი ნიშნების სისტემა ციფრულ-გამომთვლელ მანქანებში.

კოემაროე - იხ. კუმარუ.

კოეფიციენტი - 1.  ჩვეულებრივ, ციფრებით გამოსახული მამრავლი. თუ გამოსახულებაში არის ერთი ან რამოდენიმე უცნობი ან ცვლადი სიდიდე, მაშინ ყველა მუდმივას გამოსახულება, მათ შორის ასოითის, იწოდება კოეფიციენტად. კ. აქვთ განსაკუთრებული დასახელებები, მაგ., აეროდინამიკური, არეკვლის, გაფართოების, დატვირთვის, დრეკადობის, ვარიაციის, მარაგის, ეფექტურობის, ერთგვაროვნების, მარგიქმედების, მუშაობის პირობების, დანაკარგების, გაფხვიერების, გაჯირჯვების, საიმედოობის, ფორიანობის, შევსების, შეშრობის, შთანთქმის, ხახუნის  და ა.შ.;  2. უგანზომილებო რიცხვითი მამრავლი ალგებრულ გამოსახულებაში, ან ცვლადი სიდიდის მუდმივი მამრავლი.

კოეფიციენტი გადატვირთვის - ითვალისწინებს დატვირთვების შემთხვევით შესაძლო გაზრდას.

კოეფიციენტი ერთგვაროვნების - ითვალისწინებს სიმტკიცის მახასიათებლების შესაძლო გადახრებს.

კოეფიციენტი მუშაობის პირობების - ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის ან კონსტრუქციის მუშაობის გარემო ფაქტორებს, როგორიცაა რეჟიმი, ტემპერატურა, ტენიანობა, აგრესიული გარემო და სხვ.

კოველინი - სულფიდების ჯგუფის ფოლადისფერი ან მოლურჯო ელფერის მინერალი. კ. საბადოები სპილენძის მადნების საბადოებია.

კოილანაგლიფი - ჩაღრმავებული კონტურისა და ამობურცული სახის მქონე რელიეფური გამოსახულება (ნახ. 1). გავრცელებული იყო ძველი ეგვიპტის, ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური ხანის არქიტექტურაში.

კოკა - 1. 10 ლიტრი; 2. თიხის ჭურჭელი ტევადობით 10 ლ.

კოკილსხმული - ფასონური სხმულების ჩამოსხმა ლითონის ყალიბებში - კოკილებში. სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით (წნევის ქვეშ, ცენტრიდანული) სხმულის მისაღებად კოკილში ჩასხმული შენადნობი მყარდება ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარესე. კოკილის მაღალი სიმტკიცე საშუალებას იძლევა დავამზადოთ ზუსტი ზომის სხმულები ნაწიბურების გარესე, რომლებიც არ საჭიროებს დამატებით მექანიკურ დამუშავებას. კ. გამიყენება თუჯის, ფოლადის, ალუმინის, მაგნიუმის და სხვ. შენადნობები.

კოკოშნიკი - XVII საუკუნის რუსული არქიტექტურის დეკორატიული მოტივი, ნახევარწრიული ან კილისებრი ფორმის ზაკომარას იმიტაცია (ნახ. 1). კ. აგვირგვინებენ კედლის ზედა ნაწილს, გუმბათის ყელს; ზოგჯერ თანდათან შემცირებულ იარუსებად არიან განლაგებული (ნახ. 1: ხუთ იარუსად განლაგებული კოკოშნიკები, ქ. კოლომნა, რუსეთი). ეტიმოლოგიური ტერმინი უკავშირდება ტრადიციულ რუსულ თავსამკაულს კოკოშკინს.

კოლაჟი (ფრანგ.) - განსხვავებული ფორმების ნაწილებისგან ახალი მთლიანის შექმნა-შეკოწიწება. მაგ. კოლაჟი ხელოვნებაში შეიძლება შეიცავდეს ერთ მთლიან თაბახზე ან ტილოზე დაწებებულ საგაზეთო ამონაჭრებს, ბაფთებს, ზონრებს, ხელნაკეთი ფერადი ქაღალდების ნაჭრებს, ფოტოებსა და სხვ. არსებობს ფოტო კ., ვიდეო კ., სპორტული კ. და ა.შ.

კოლბა (გერმ.) - მაღალყელიანი, ცეცხლგამძლე, ძნელდნობადი მინის ჭურჭელი მრგვალი ან კონუსური ფორმისა, რომელიც ქიმიურ ლაბორატორიებში ექსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენება.

კოლენკორი - წებოთი გაჟღენთილი ბამბის ქსოვილი, რომელსაც იყენებენ წიგნის ყუაზე ან ყდაზე გადასაკრავად.

კოლერი (ლათ.) - 1. ფერწერაში - საღებავი ფერი, ელფერი, ფერის სიმკვეთრე; 2. რისამე შესაღებად გამზადებული საღებავი.

კოლექტივი (ლათ.) - 1. ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც საერთო საქმიანობა, მიზნები და ინტერესები აკავშირებთ; 2. იგივეა რაც ძველად კოლმეურნეობა.

კოლექტორი (ლათ.) - 1. მოწყობილობა რაიმეს შესაგროვებლად, შესაკრებად; 2. დიდი მილსადენი, რომლითაც მიედინება სხვა, უფრო პატარა მილსადენებიდან შემოსული გაზები ან სითხეები (მაგ., საკანალიზაციო კოლექტორი); 3. დიდ ქალაქებში: მიწისქვეშა გალერეა, რომელშიც აწყობენ მილებს ან კაბელებს; 4. დაწესებულება, სადაც თავს უყრიან რასმე შემდგომი განაწილების მიზნით; 5. პირი, რომელიც კრებს და ინახავს რისამე ნიმუშებს (მაგ., ქანების, ნიადაგების) და, აგრეთვე, აღწერს მათ; 6. ტექ. დინამომანქანის ნაწილი, რომელშიც ცვალებადი დენი გარდაიქმნება მუდმივ დენად.

კოლექტორი საკანალიზაციო - საკანალიზაციო ქსელის უბანი, რომელიც თავს უყრის ჩამდინარე წყლებს საკანალიზაციო აუზებიდან. მისი მშენებლობისათვის გამოიყენება კერამიკული და ხელოვნური ქვის ფილები, ბუნებრივი ქვა, ბეტონი, რკ.ბ., პოლიმერული მასალის მილები და მსხვილი ასაწყობი კონსტრუქციები.

კოლიზეი (კოლიზეუმი) (ლათ.) - 1. უზარმაზარი ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც აშენდა რომში I საუკუნეში (ნახ. 1). დღემდე მოღწეულია მისი ნანგრევები. ანტიკური მსოფლიოს უდიდესი ამფითეატრის მშენებლობა, რომლის ტევადობა 50 ათასზე მეტი ადამიანი იყო და რომლის მშენებლობაზე 100 ათასზე მეტი მონა მუშაობდა, რვა წელს გრძელდებოდა და დამთავრდა ახალი წელთაღრიცხვით 80 წელს იმპერატორ ვესპასიანეს დროს. კ. წარმოადგენს გეგმაში ელიფსის ფორმის ნაგებობას, რომლის შუაში ასევე ელიფსის ფორმის არენაა (ნახ. 2). მაყურებლის ადგილები განლაგებულია არენის ირგვლივ კონცენტრირებული ელიფსური რგოლების სახით. გარე ელიფსის სიგრძეა 524 მ, დიდი ღერძის - 187,77 მ, პატარა ღერძის - 155,64 მ. არენის სიგრძეა 85,75 მ, სიგანე - 53,62 მ; კედლების სიმაღლე 48...50 მ. ნაგებობის კონსტრუქციულ საფუძველს წარმოადგენს 80 რადიალური მიმართულების კედელი სვეტებით, რომლებიც ღებულობენ დატვირთვებს მზიდი თაღოვანი გადახურვებისაგან. ფუნდამენტის სისქე შეადგენს 13 მეტრს. საკედლე ბლოკები ერთმანეთთან გადაბმულია რკინის მაკავშირებლებით. საშენ მასალად გამოყენებულია ტრავერტინის ქვა და მარმარილო, აგრეთვე ტუფი და თიხის გამომწვარი აგური. აღსანიშნავია, რომ რომის კოლიზეუმის არქიტექტურულ-ლოჯისტიკური გადაწყვეტები დღესაც გამოიყენება თანამედროვე სტადიონების და სპორტული არენების მშენებლობაში; 2. აშშ-ში მანეჟი (20 ათასამდე ადგილის მქონე), სადაც ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები, კონცერტები და სხვ.

კოლიმატორი (ლათ.) - 1. ოპტიკურ ხელსაწყოებში მოწყობილობა პარალელურ სხივთა კონის მისაღებად; 2. რადიოლოგიურ ხელსაწყოებში მოწყობილობა, რომელიც ზღუდავს იმ გამოსხივების ნაკადს, რაც ხვდება გამოსხივებათა მრიცხველის მგრძნობიარე ნაწილს

კოლინეარული ვექტორები - ერთ წრფეზე ან პარალელურ წრფეებზე მდებარე ვექტორები.

კოლინეაცია (პროექციულ გეომეტრიაში) - სიბრტყის ყოველგვარი გარდაქმნა, რომლის დროსაც წრფე გარდაიქმნება (აისახება) წრფეში.

კოლმატაჟი (ფრანგ.) - მიწის ნაკვეთზე წყლის მიგდებით შლამის დალექვა ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით.

კოლოიდი (ბერძნ.) - ნივთიერება (ცილა, სახამებელი, წებო და სხვ.), რომელიც არ კრისტალდება და რომლის ხსნარი არ გადის მცენარეულ და ცხოველურ აპკში.

კოლოიდური - კოლოიდთან დაკავშირებული. მაგ., ნივთიერების კ. თვისება., კ. მდგომარეობა. კ. ხსნარი - სითხე, რომელშიც შეტივტივებულია უწვრილესი, მაგრამ მოლეკულებზე მსხვილი ნაწილაკები.

კოლონა - შენობის, ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის შვეული ღეროვანი ელემენტი, რომელიც მასზე დაყრდნობილი კონსტრუქციებიდან დატვირთვებს გადასცემს საძირკვლებს და წარმოადგენს შენობის არქიტექტურული კომპოზიციის მნიშვნელოვან ელემენტს. კ. ძირითადი ნაწილებია: ტანი, სათავე და ბაზა. იგი შეიძლება იყოს მთლიანკვეთიანი, შედგენილი გა გამჭოლი. ტანის განივკვეთის მიხედვით - კვადრატული, მართკუთხა, წრიული, ორტესებრი. სიმაღლის მიხედვით - მთლიან- და ცვლადკვეთიანი. მასალის მიხედვით - ქვის (ნახ. 1), ხის, ლითონის (ნახ. 2), რკ.ბ-ის (ნახ. 3).

კოლონა როსტრალური (ლათ.) - ცალკე მდგარი კოლონა, შემკული ხომალდის ცხვირის სკულპტურული გამოსახულებებით. კ.რ. აგებდნენ საზღვაო ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ან ქვეყნის საზღვაო სიძლიერის სიმბოლოდ (ნახ. 1: როსტრალური კოლონა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთი). ტრადიცია მოდის ძველი რომიდან.

კოლორიმეტრი (ლათ.-ბერძ.) - ხელსაწყო, რომლითაც შეფერადებული ხსნარის ფერის ან კონცენტრაციის დადგენა წარმოებს, საცდელი ნიმუშის და სტანდარტული ხსნარის მონაცემების შედარების გზით.

კოლოსი - 1. მსოფლიოს სვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - ძველბერძნული ქანდაკება, რომლის სიდიდე აღემატება ნატურალურ ზომებს (ნახ. 1, როდოსის კოლოსი); 2. თავისი მნიშვნელობით ან სიდიდით გამოჩენილი ვინმე.

კოლოფი (ლათ.) - მხატვრულად გაფორმებული ყუთი ძვრფასეულობის შესანახად; 2. მცირე ზომების ყუთი რაიმეს ჩასაწყობად (მაგ., ასანთის, სიგარეტის ღერების და სხვ.).

კოლოქსილინი - იხ. დინიტროცელულოზა.

კოლჩედანი (ბერძ.) (ქართ. - მურდასანგი) - ლითონთა სულფიდების, სულფომარილების კრებითი სახელი. კ. დამახასიათებელია სიმაგრე, ლითონური ელვარება, ბრინჯაოსებრი ანტითბრისებრი ყვითელი, ზოგჯერ ნაცრისფერი ან თეთრი ფერი. მაგ., რკინის კ., სპილენძის კ. და სხვ.

კომბაინი - თვითმავალი რთული აგებულების მანქანა-მექანიზმი, რომელიც რამდენიმე სამუშაო ოპერაციას ასრულებს.

კომბინატი - 1. სხვადასხვა დარგის, ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით ერთმანეთთან დაკავშირებულ, მცირე საწარმოთა მსხვილი სამრეწველო გაერთიანება (მაგ., მეტალურგიული კომბინატი); 2. ადგილობრივი მრეწველობის წვრილ საწარმოთა ანდა საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოთა (საპარიკმახეროების, სამრეცხაოების და მისთ.) გაერთიანება (მაგ., საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი).

კომბინატორიკა - ელემენტარული მათემატიკის დარგი, რომელშიც სასრული სიმრავლეებისათვის განიხილება ელემენტთა სხვადასხვა შეერთება, ისეთი, როგორიცაა: წყობა, გადანაცვლება, ჯუფთება და სხვ.

კომბინაცია (ლათ.) - შეერთება, შეხამება, ურთიერთგანლაგება, შეთანწყობა, მაგ., ციფრების კომბინაცია. განასხვავებენ კოდურ და წრფივ კომბინაციებს.

კომბინიზონი - სამუშაო სპეცტანსაცმელი, გაერთიანებული ქურთუკი და შარვალი.

კომბინირება - ცნობილია კომბინირებული სისტემები, კომბინირებული წარმოება, კომბინირებული აგრეგატი, კომბინირებული იარაღი, დაზგა და სხვა. წარმოების კომბინირება გულისხმობს მის კონცენტრაციას, რომელიც ემყარება სხვადასხვა დარგის წარმოებების გაერთიანებას ან ნედლეულის გადამუშავების თანმიმდევრობით საფეხურებს ანდა როცა ერთი ასრულებს დამხმარე როლს მეორის მიმართ.

კომბინირებული ბუნებრივი განათება - ზედა და გვერდითი ბუნებრივ განათებათა შეხამება.

კომბინირებული განათება - საერთო და ადგილობრივ განათებათა შეხამება.

კომბინირებული დამცავი საფარველი - დამცავი საფარველი, შექმნილი ლითონისა და ლაქ-საღებავების შეხამებით.

კომბინირებული პნევმატიკური კონსტრუქციები - ჰაერზე დაყრდნობილი და პნევმოკარკასული კონსტრუქციების ერთობლიობა. ფაქტიურად იგი პნევმოკარკასულია, მაგრამ სათავსოს ექსპლუატაციის განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც გადახურვაზე მოქმედებს დიდი ინტენსივობის თოვლის ან ქარის დატვირთვები, სათავსოს შიგნით ჰაერის დატუმბვით შეიქმნება ჭარბი წნევა და გაიზრდება გადახურვის მზიდუნარიანობა. კ.პ.კ. ღირებულება მეტია, ვიდრე ჰაერზე დაყრდნობილის ან პნევმოკარკასულის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი მალების გადახურვებისათვის მათ უპირატესობა ენიჭებათ.

კომერსანტი (ფრანგ.) - პირი, რომელიც კომერციას მისდევს; ვაჭარი.

კომერცია (ლათ.) - ვაჭრობა და სავაჭრო-საშუამავლო საქმიანობა მოგების მისაღებად.

კომერცია ელექტრონული - სავაჭრო საქმიანობა, რომლის ძირითადი მიზანია მოგების მიღება და დამყარებულია კომერციული ციკლის კომპლექსურ ავტომატიზაციაზე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით.

კომივოიაჟერი (ფრანგ.) - სავაჭრო ფირმის მოგზაური აგენტი, რომელიც მყიდველებს ადგილზე სთავაზობს საქონელს ნიმუშისა და კატალოგების მიხედვით.

კომისია (ლათ.) - 1. ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მინდობილი აქვს გარკვეული დავალების შესრულება; 2. სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს.

კომპანიონი (ფრანგ.) - ფირმის თანამფლობელი; ფირმაში შეამხანაგებული პირი.

კომპარატორი - 1. ოპტიკური სიგრძის საზომი ხელსაწყო ეტალონთან შეფარდების, შედარების წესით. არსებობს გრძივი და განივი კ. 2. ხელსაწყო, რომლის მეშვეობით ორი ან მეტი სიგრძივი განზომილების შეფარდება ხდება. გამოიყენება გეოდეზიური ბაზისებისა და სხვა განზომილების დასადგენად საველე პირობებში.

კომპარატორი ციფრული - ადარებს ორობით რიცხვებს და გამოიმუშავებს სხვადასხვა სასიგნალო ბიტს, რომელიც შეესაბამება შედარების შედეგს.

კომპაუნდი - თერმოაქტიური, თერმოპლასტიკური პოლიმერული ფისი (მყარდება ბუნებრივ პირობებში) და ელასტიკური მასალა შემვსებით და დანამატებით ან მათ გარეშე გამყარების შემდეგ (პოლიმერის საფუძველზე მიღებული კომპოზიტი). გამოიყენება, როგორც ელექტროსაიზოლაციო მასალა და აფეთქებადამცავი საშუალება, კაბელებისა და ვანტების გასაჟღენთად წყლის აგრესიული ზემოქმედების საწინააღმდეგოდ, დენგამტარი სქემების და ნაწილების ამოვსების (ნახ. 1, ელექტროსქემის ამოვსება კომპაუნდით) ან გაჟღენთვისათვის მათი ელექტროიზოლაციის მიზნით და სხვ.

კომპაქტურობა (ლათ.) - მანქანაში კვანძებისა და მექანიზმების, წარმოებაში - მოწყობილობების მჭიდროდ განლაგება, რაც იძლევა დაკავებული ფართის ეკონომიას და მომსახურების გაადვილებას.

კომპაქტუსი (ლათ.) - სისტემა კარადებისა, სტელაჟებისა, რომლებიც მოძრაობს იატაკზე დაგებულ ან ზემოთ დაკიდებულ რელსებზე.

კომპენსატორი - მოწყობილობა ან შემავსებელი, რომელიც ანაზღაურებს ან აწონასწორებს სხვადასხვა ფაქტორების (ტემპერატურა, წნევა, მდგომარეობა და სხვ.) გავლენას ნაგებობის, სისტემის, მანქანის, ხელსაწყოების მდგომარეობასა და მუშაობაზე. მანქანების აწყობისა და ექსპლუატაციის დროს გამოყენებული კ. კონსტრუქცია განისაზღვრება კომპენსაციის ზღვრული მნიშვნელობებითა და საჭირო სიზუსტით. განასხვავებენ უძრავ კ. (საფენები, სადებები, რგოლები, შემავსებლები და ა.შ.) და მოძრავს, მაგ., სარეგულირებელი ხრახნები, ექსცენტრული მილისები, ორმაგი სახსარი (ჰუკის სახსარი) და სხვ. კ. გამოყენება ხელს უწყობს დეტალების ურთიერთშეცვლადობის ფარ-თოდ დანერგვას, ამაღლებს მანქანების გამძლეობას და რემონტუნარიანობას ცალკეული ელემენტების ნაკლებად ზუსტი დამზადების შემთხვევაში

კომპენსაცია (ლათ.) - ოპერაციათა ერთობლიობა, რომელიც წარმოებს მანქანების ან მისი ნაწილების აწყობისას და რომლის მიზანია დეტალების ზედაპირების ურთიერთგანლაგების ცთომილების, ზომებისა და ფორმების დამახინჯების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია მანქანის დამზადების ან წინასწარი აწყობის შედეგებთან და რაც გავლენას ახდენს მისი მუშაობის ხარისხზე. აწყობის კ. მიიღწევა სპეციალური დეტალების - კომპენსატორების გამოყენებით.

კომპეტენტური დაწესებულება - სახელმწიფო დეპარტამენტი ან სხვა ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს ორგანიზაციებში მართვის სისტემის ეროვნული სტრუქტურა, განსაზღვროს ეროვნული პოლიტიკა და ჩამოაყალიბოს შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები.

კომპეტენტური პირი - პირი, რომელსაც აქვს აუცილებელი მომზადება და საკმარისი ცოდნა, უნარი და გამოცდილება კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად.

კომპეტენცია (ლათ.) - ცოდნა, გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში.

კომპიუტერი (ინგლ. computer) - მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაციებს ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება. კ. შედგება სულ ცოტა, ერთი პასუხისმგებელი მოწყობილობისგან - პროცესორისგან და კომპიუტერული მეხსიერების რამე სახის ფორმისგან. პროცესორი აწარმოებს არითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციების შესრულებას. მიმდინარეობების და კონტროლის მოწყობილობა ცვლის ოპერაციების თანმიმდევრობას შენახული ინფორმაციის თანახმად. პერიფერიული მოწყობილობებით ხდება ინფორმაციის მოპოვება გარე წყაროდან, შემდეგ კი - ოპერაციების შედეგების შენახვა და შემდგომი მოძიება. მარტივი კ. თავსდება მობილურ მოწყობილობებში. მობილური კ. იკვებება მცირე ზომის ბატარეებით. პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა სახით, წარმოადგენენ საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოს. ამჟამად გავრცელებული კ. სახეებია: პერსონალური კომპიუტერი, ნოუთბუკი, ულტრაბუქი, პლანშეტი, კპკ (ჯიბის კომპიუტერი), სმარტფონი.

კომპლანარობა (ლათ.) - ბრტყელი, ჰორიზონტალური, ერთ სიბრტყეში თანამდებარე

კომპლექსი (ლათ.) - საგანთა, მოვლენათა ან თვისებათა ერთობლიობა, რომლებიც შეადგენენ ერთ მთლიანს (მაგ., სპორტული კ., საყოფაცხოვრებო კ. და სხვ.).

კომპლექსური ავტომატიზაცია - წარმოების ავტომატიზაციის ეტაპი, რომლის დროსაც საწარმოო პროცესების ყველა ოპერაციის კომპლექსი, პროდუქციის კონტროლისა და ტრანსპორტირების ჩათვლით ხორციელდება ავტომატური მანქანების და ტექნოლოგიური აგრეგატების სისტემებით წინასწარ დასახული პროგრამებითა და რეჟიმებით სხვადასხვა ავტომატური მოწყობილობების დახმარებით, რომლებიც მართვის ერთიან სისტემაშია გაერთიანებული.

კომპლექსური გაშენება - ტერიტორიის გაშენება, რომელიც ითვალისწინებს შენობებისა და ნაგებობების გეგმაზომიერ განლაგებას, დაკავშირებულს ფუნქციონალური პროცესების, დაგეგმვითი გადაწყვეტის, მშენებლობის თანმიმდევრობის ერთობლიობასთან. ტერმინი კ.გ. ძირითადად მიეკუთვნება საცხოვრებელ რაიონებს, სადაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ხორციელდება საზოგადოებრივი შენობების მშენებლობის, ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოების პარალელურად.

კომპლექსური კონსტრუქციები - 1. ქარხნული წესით დამზადებული მსხვილზომიანი კონსტრუქციები, რომელშიც შეთავსებულია ფუნქციონალურად ერთმანეთთან დაკავშირებული გადაწყვეტები (მაგ. საკედლე პანელი ჩამონტაჟებული ფანჯრისა და კარის ბლოკებით, სახურავის პანელი გამათბუნებლით, სახურავის პანელი ბურულით და სხვა). კ.კ. ხელს უწყობს მშენებლობის ინდუსტრიალიზაციას; 2. კონსტრუქცია ქვის წყობით (კედელი, შუაკედელი, სვეტი), მასში ჩატანებული რკინაბეტონის ელემენტებით, ფოლადის ან ლითონის ბადეებით.

კომპლექსური მექანიზაცია - წარმოების პროცესში ყველა ძირითადი და დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად მანქანებისა და მექანიზმების გამოყენება. კ.მ. ეფუძნება წარმოების ნაკადური მეთოდების განვითარებას, უახლესი კონსტრუქციის მანქანების გამოყენებას და ხასიათდება ტექნოლოგიური პროცესების მაღალი დონით. წარმოების ყოვლისმომცველი ინტენსიფიკაცია და ავტომატიზაციის პირობების შექმნა, შრომის პირობების გაუმჯობესება და სამუშაო ძალის გამოყენების შემცირება უკავშირდება კომპლექსურ მექანიზაციას.

კომპლექტი - 1. ორი ან მეტი ნაკეთობა, რომლებიც არ არის შეერთებული საამწყობო ოპერაციებით (ავეჯის კომპლექტი, დანების კომპლექტი და სხვ.); 2. ნაკეთობათა ნაკრები, რომლებსაც აქვთ დამხმარე ხასიათის საექსპლუტაციის დანიშნულება (სათადარიგო ნაწილები, იარაღების ნაკრები და სხვა); 3. გარკვეული დანიშნულებისათვის საჭირო საგანთა სრული რიცხვი, სრული შემადგენლობა.

კომპლიუვიუმი (ლათ.) - სწორკუთხა ხვრელი ძველრომაულ სახლებში, რაც წვიმის წყლის დასაგროვებლად იყო გათვალისწინიბელი სპეციალურ ავზში.

კომპოზიტური მასალა (კომპოზიტი) - ხელოვნურად შექმნილი არაერთგვაროვანი უწყვეტი მყარი მასალა, რომელიც შედგება ორი ან მეტი კომპონენტისაგან, რომლებიც ზუსტი საზღვრებითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. კომპოზიტების უმრავლესობაში (გარდა ფენოვანის) კომპონენტები შეიძლება დაიყოს მატრიცად (შემკვრელი) და მაარმირებელ ელემენტებად (შემვსები). კონსტრუქციული დანიშნულების კომპოზიტებში მაარმირებელი ელემენტები უზრუნველყოფენ მასალის მექანიკურ მახასიათებლებს (სიმტკიცე, სიხისტე და ა.შ.), ხოლო მატრიცა - არმირებული ელემენტების ერთობლივ მუშაობას და მათ დაცვას მექანიკური დაზიანებისა და ქიმიურად აგრესიული გარემოსაგან. კ. მ. დამზადებული ნაკეთობის მახასიათებლები და თვისებები დამოკიდებულია საწყისი კომპონენტების შერჩევაზე და მათი შეერთების ტექნოლოგიაზე. კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მაარმირებელი შემვსები და მატრიცები. ესენია: გეტინაქსი და ტექსტოლიტი (ფენოვანი პლასტიკები ქაღალდისა და ქსოვილისაგან შეწებებული ტერმორეაქტიული წებოთი), მინა- და გრაფიტოპლასტი (ქსოვილი ან დახვეული ბოჭკო მინისა და გრაფიტისაგან შეერთებული ეპოქსიდური წებოთი), ფანერა, ბულატი (ერთ-ერთი უძველესი კომპოზიტური მასალა, რომელშიც მაღალნახშირბადოვანი ფოლადის უთხელესი ფენები ან უწვრილესი ძაფები „შეწებებულია“ რბილ მცირენახშირბადიან რკინასთან). არსებობს აგრეთვე მასალები, რომლებშიც მაღალი სიმტკიცის შენადნობების წვრილი ბოჭკოები ამოვსებულია თხევადი ალუმინის მასით. გავრცელებულია კ. მ. შემდეგი სახეები: ბოჭკოვანი, ფენოვანი; პოლიმერული, კერამიკული, ლითონის მატრიცით და სხვ. დადებითი თვისებები: მაღალი ხვედრითი სიმტკიცე, სიხისტე, ცვეთამედეგობა, დაღლილობითი სიმტკიცე და სიმსუბუქე. კ. მ. შიძლება დამზადდეს სტაბილური გეომეტრიული ზომების კონსტრუქციები. ნაკლოვანებები: მაღალი ფასი, ანიზოტროპიულობა, დაბალი დარტყმითი სიბლანტე, მაღალი ხვედრითი მოცულობა, ჰიგროსკოპულობა, ტოქსიკურობა, დაბალი საექსპლუატაციო ტექნოლოგიურობა და სხვ. გამოყენების სფერო: რკინაბეტონი, მინაპლასტიკის ნაკეთობები, საავტომობილო საბურავები, ლითონკომპოზიტები, სპორტული ველოსიპედები, თხილამურები, ჰოკიჯოხები (ჰოკეის), ციგურები, კანოე, ბაიდარკები, სარბოლო ავტომობილების და მოტოციკლების ძარის დეტალები, მუზარადები, შიგაწვის ძრავის დგუშები და ბარბაცები და სხვ.

კომპოზიტური ორდერი (რთული ორდერი) - კორინთული და იონიური ორდერების სახესხვაობა. მზიდი ნაწილებია სვეტი კაპიტელითა (სვეტისთავი) და ბაზისითურთ, რომლებზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი (ნახ. 1).

კომპოზიცია (ლათ.) - 1. შერწყმა, შედგენა, შეერთება ცალკეული ნაწილისა ერთ მთლიანობაში რაიმე იდეის შესაბამისად; 2. სხვადასხვა ლითონის შენადნობი; 3. თემით, სიუჟეტით გაერთიანებულ ლიტერატურულ, მუსიკალურ ნაწარმოებთა ან მათ ნაწილთა შეხამება, შეკავშირება; 4. საჭადრაკო (ან საშაშო) ამოცანებისა და ეტიუდების შედგენა.

კომპონენტი  (ლათ.) - რაღაცის შემადგენელი ნაწილი, ელემენტი; ანუ ერთ-ერთი იმ ელემენტებიდან, რომელთა ერთობლიობა განსაზღვრავს მოცემულ მათემატიკურ ობიექტს. მაგ., ვექტორის კოორდინატებს, ჯამის შესაკრებს, ნამრავლის თანამამრავლს შესაბამისად ვექტორის, ჯამის, ნამრავლის კომპონენტები ეწოდება. დრეკადობის თეორიაში იხმარება ტერმინები: "ძაბვის კომპონენტები", "დეფორმაციის კომპონენტები" და სხვ.

კომპოსტერი - ხელსაწყო (აპარატი), რომლის საშუალებითაც სამგზავრო ბილეთებზე, საბანკო რეკვიზიტებზე და სხვა დოკუმენტებზე გაჩხვლეტით სვამენ საკონტროლო ნიშნებს, (მაგ. რკინიგზის ბილეთებზე - გასვლის თარიღის დროს, მატარებლის ნომერს და მისთ).

კომპოსტი - წყლის ქვეშ მიწასთან შერეული დამპალი ნარჩენები.

კომპოსტირება - კომპოსტერით რაიმე ნიშნის დასმა.

კომპრესია - ჰაერის, აირის ან საწვავი ნარევის შეკუმშვა (ცილინდრებში).

კომპრესორი - ჰაერის, გაზის, ორთქლის შესაკუმში მანქანა ჭარბი წნევით არა ნაკლები 0,2 მპა. ჰაერის მცირე წნევით (0,2 მპა-მდე) შესაკუმშ მანქანას მიეკუთვნება ვენტილიატორი. კ. აგებულების მიხედვით არსებობს: მ ო ც უ ლ ო ბ ი თ ი (დგუშიანი და როტაციული), რომელშიც გაზის შეკუმშვა ხორციელდება ჩაკეტილი მოცულობის შემცირებით; ფ რ თ ი ა ნ ი (ცენტრიდანული და ღერძული), რომელშიც გაზზე ძალოვანი ზემოქმედება ხორცილედება მბრუნავი ფრთებით, და ჭ ა ვ ლ უ რ ი, რომლის მოქმედების პრინციპი ჭავლური ტუმბოების ანალოგიურია.

კომპრესორი აირული - კომპრესორი აირის ან აირების ნარევის შეკუმშვისათვის (ჰაერის გარდა). აირის სახეობის მიხედვით განასხვავებენ ჟანგბადის, წყალბადის, ამიაკისა და სხვ. კ. კომპრესორს, რომელიც ახდენს აირის შეკუმშვას შენაცვლებით ეწოდება მრავალმიზნობრივი, ხოლო სპეციალურ კ. ერთდროულად სხვადასხვა აირის შეკუმშვისათვის - მრავალსამოსამსახურო. კ., რომელშიც ხდება აირის შეკუმშვა სამუშაო ციკლის ერთ-ერთ სტადიაზე მაინც, აქვს კრიოგენული (დაბალი) ტემპერატურა.

კომპრესორი აქსიალურ-დგუშიანი - დგუშიანი კომპრესორი მოძრაობის მექანიზმით, რომლის ლილვის ბრუნვის ღერძი პარალელურია მუშა ცილინდრების ღერძების ან ადგენს მასთან კუთხეს არაუმეტეს 450.

კომპრესორი დგუშ-მემბრანული - კომბინირებული კომპრესორი, რომლის საფეხურის ერთი ნაწილი დგუშის, ხოლო მეორე - მემბრანის ტიპისაა.

კომპრესორი დგუშიანი - მოცულობითი მოქმედების კომპრესორი, რომელშიც მუშა მოცულობების ცვალებადობა ხდება დგუშებით, რომლებიც ასრულებს სწორხაზოვან უკუქცევით-წინსვლით მოძრაობას.

კომპრესორი დინამიკური მოქმედების - კომპრესორი, რომელშიც მუშა პროცესი მიმდინარეობს შესაკუმში აირის უწყვეტ ნაკადზე დინამიკური ზემოქმედებით. თუ ეს ზემოქმედება ხდება ცხაურის ფრთების ბრუნვით, მას ეწოდება ტურბოკომპრესორი.

კომპრესორი თხევად-რგოლური - როტორული კომპრესორი, რომლის გამოჩარხულ ცილინდრულ კორპუსში ბრუნავს ექსცენტრულად დაყენებული როტორი, რომელიც არის ლილვი მასზე უძრავად დამაგრებული რადიალური ან აღუნული ფრთებით, ხოლო ღრეჩო ფრთების ბოლოებსა და ცილინდრის შიგა ზედაპირს შორის შემჭიდროებულია თხევადი რგოლის მეშვეობით, რომელიც ფორმირდება როტორის ფრთების ბრუნვითა და ცენტრიდანული ძალებით (ნახ. 1, კომპრესორი თხევად-რგოლური: 1-ფრთებიანი როტორი; 2-კორპუსი; 3-შემწოვი სარკმელი; 4-მუშა სითხე; 5-დაჭირხნის სარკმელი). თუ შესამჭიდროებელ სითხედ გამოყენებულია წყალი, მაშინ მას ეწოდება წყალ-რგოლური კომპრესორი.

კომპრესორი კბილანური - როტორული კომპრესორი ორი როტორით, რომელსაც აქვს პროფილის კბილანური შეერთება (ნახ. 1).

კომპრესორი მემბრანული - მოცულობითი მოქმედების კომპრესორი, რომელშიც მუშა კამერის მოცულობის ცვლილება ხორციელდება ციკლურად რხევადი მემბრანით.

კომპრესორი მოცულობითი მოქმედების - კომპრესორი, რომელშიც მუშა პროცესი ხორციელდება მუშა კამერების მოცულობების ციკლური ცვლილებით (ნახ. 1).

კომპრესორი რადიალური - ტურბოკომპრესორი, რომელშიც ნაკადს მბრუნავი ცხაურის ფრთებში მერიდიანულ სიბრტყეში უპირატესად აქვს რადიალური მიმართულება.

კომპრესორი როტორულ-დგუშიანი - როტორული კომპრესორი, რომელშიც კორპუსის შიგა ზედაპირსა და როტორს მიცემული აქვთ სპეციალური პროფილი და როტორის ბრუნვის ღერძი ირგვლივ შემოურბენს გაჩარხული ცილინდრის ღერძს.

კომპრესორი როტორული - მოცულობითი მოქმედების კომპრესორი (ნახ. 1), რომელშიც მუშა კამერები იქმნება კორპუსის გამოჩარხვით და მასში განთავსებული როტორით (როტორებით). კ.რ. ერთი როტორით ეწოდება ერთროტორიანი, ორი და მეტი როტორით - მრავალროტორიანი. თუ კომპრესორი ერთ კორპუსშია მოთავსებული, მაშინ მას ეწოდება ერთკორპუსიანი (ერთცილინდრიანი), ხოლო თუ განთავსებულია ორ ან მეტ დამოუკიდებელ კორპუსში - მრავალკორპუსიანი (მრავალცილინდრიანი).

კომპრესორი უზეთო - სპეციალური დგუშიანი კომპრესორი უზეთო ცილინდრებითა და ჩობალებით ან როტორული კომპრესორი კუმშვის ღრუში ზეთის მიუწოდებლად.

კომპრესორი ფირფიტოვანი - როტორული კომპრესორი, რომლის გამოჩარხულ ცილინდრულ კორპუსში ბრუნავს ექსცენტრულად დაყენებული როტორი, რომელიც წარმოადგენს ლილვს მასზე დამაგრებული რადიალური ან წრიული მოქნილი ფირფიტებით (ნახ. 1, კომპრესორი ფირფიტოვანი: 1-კორპუსი; 2-როტორი; 3-ფირფიტა; 4-პერანგი; 5-დაჭირხნის სარკმელი; 6-სარქველი; 7-შემწოვი სარკმელი; 8-კუმშვის კამერა).

კომპრესორი ღერძული - ტურბოკომპრესორი, რომლის ფრთების მბრუნავ ცხაურში, მერიდიანულ სიბრტყეში, ნაკადი მიმართულია ღერძის გასწვრივ (ნახ. 1).

კომპრესორი ცენტრიდანული - რადიალური კომპრესორი, რომლის ფრთების მბრუნავ ცხაურში, მერიდიანულ სიბრტყეში, ნაკადი მიმართულია ცენტრიდან პერიფერიისაკენ.

კომპრესორი ცენტრისკენული - რადიალური კომპრესორი, რომლის ფრთების მბრუნავ ცხაურში, მერიდიანულ სიბრტყეში, ნაკადი მიმართულია პერიფერიიდან ცენტრისაკენ.

კომპრესორი ხრახნული - როტორული კომპრესორი, რომელშიც მუშა კამერას ქმნის კორპუსი და სხვადასხვა პროფილის კბილებიანი ხრახნული როტორი (ნახ. 1).

კომუნალური - საერთო, ზოგადი, საქალაქო მეურნეობასთან დაკავშირებული.

კომუნალური მანქანა - კომუნალური მეურნეობის მანქანა, რომელიც გამოიყენება დასახლებული პუნქტების, საზოგადოებრივი დანიშნულების სათავსების, ტანსაცმლისა და თეთრეულის ქიმიური წმენდის დაწესებულებების, გზების, ტროტუარების და ა.შ. სანიტარული გაწმენდისა და დასუფთავებისათვის; აგრეთვე მცირე მანძილზე ტვირთის გადასატანად.

კომუნიკაცია - 1. ერთი ადგილის მეორესთან დამაკავშირებელი გზა ან კავშირგაბმულობის საშუალება (მაგ. ქალაქის კომუნიკაციები, ფრონტის კომუნიკაციები და სხვა); 2. ენის საშუალებით აზრების გადაცემა, ურთიერთობა.

კომუნიკაციის ტრასა - არასატყეო მიწების კატეგორია, რომლებიც ქმნიან ზოლებს, გაჭრილს ტყის ფონდის ტერიტორიაზე, კომუნიკაციების (მილსადენები, კავშირგაბმულობის ხაზები, ელექტროკაბელები და სხვ.) გაყვანის მიზნით.

კომუტატორი (ფრანგ.) - ადგილობრივი სატელეფონო სადგურის სახეობა, სადაც აბონენტებთან დაკავშირება არამექანიზებულია.

კომფორტი (ესპ.) - კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობების ერთობლიობა; ბინების, საზოგადოებრივი დაწესებულებების, მიმოსვლის საშუალებების (ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი, გემი და მისთ.) კეთილმოწყობა.

კომფორტული ზონა - 1. ზონა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილი სითბოს გაცემას გარემოზე; 2. სივრცე, სადაც ადამიანი კარგად გრძნობს თავს.

კომფორტული პირობები - გარემო პირობები, რომლებიც განაპირობებენ ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ოპტიმალურ ცვლას, რომლის დროსაც არ აღინიშნება არასასიამოვნო შეგრძნებები და თერმორეგულაციის სისტემის დაძაბვა.

კონგლომერატი (ლათ.) - 1. სამთო ქანი, რომელიც შედგება ერთმანეთთან შეერთებული (შეცხობილი, შეცემენტებული) სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნატეხებისაგან. კ. ფორმაციასთან ხშირადაა დაკავშირებული ოქროს, პლატინის, ურანის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდგებარეობა; 2. სხვადასხვა დარგის საწარმოების გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირი წარმოებრივი კოოპერაციით არ არიან დაკავშირებული.

კონგლომერაცია (ლათ.) - რაიმე ნაწილაკების ან საგნების ისეთი შეკავშირება, როდესაც ისინი ინარჩუნებენ თავიანთ თვისებებს და ნიშნებს.

კონგრუენტული (ლათ.) - რაც ერთიმეორეზე დადებისას ერთმანეთს ემთხვევა (ითქმის გეომეტრიულ ფიგურებზე).

კონგრუენტულობა (ლათ.) - გეომეტრიული ტერმინი, რომელსაც ელემენტარულ გეომეტრიაში იყენებენ ფიგურათა ტოლობის აღსანიშნავად; იგი ითვლება ელემენტარული გეომეტრიის ერთ-ერთ ძირითად ცნებად. მაგალითად, ორ ფიგურას ეწოდება კონგრუენტული, თუ ერთ-ერთი მათგანის მეორეში გადაყვანა შეიძლება მოძრაობის საშუალებით.

კონდენსატი (ლათ.) - პროდუქტი, მიღებული ორთქლის კონდენსაციის შედეგად, რაც გამოიხატება მისი აირადი მდგომარეობიდან თხევადში გადასვლით.

კონდენსატორი - 1. ორ გამომყვანიანი პასიური ელექტრონული კომპონენტი, რომელიც ელექტრულ სქემებში ელექტრული ტევადობის ფუნქციას ასრულებს და განკუთვნილია ელექტრული მუხტის დასაგროვებლად. შედგება ლითონის ფირიტებისაგან (ელექტროდებისაგან) და მათ შორის მოთავსებული საიზოლაციო მასალისაგან (დიელექტრიკისაგან). ელექტროქსელში ჩართვისას, ფირფიტებზე ელექტრული პოტენციალის დაგროვება ხდება, ქსელიდან გამორთვის შემდეგ კი ეს პოტენციალი ფირფიტებზე ინახება და მისი დაბრუნება მხოლოდ მოკლე ჩართვით შეიძლება. გამოიყენება ელექტროტექნიკაში; 2. მოწყობილობა, რომელშიც ორთქლის კონდენსაცია ხდება. არსებობს ორი ტიპის: ზედაპირული და შემრევი. გამოიყენება სამაცივრო ტექნიკაში, საქვაბე მეურნეობაში და სხვ.

კონდენსაცია - 1. შესქელება, გამკვრივება; დაგროვება (მაგ., ენერგიის); 2. ორთქლის ან აირის სითხედ გადაქცევა.

კონდიცია (ლათ.) - ნორმა, სტანდარტი, რომელსაც, სახელშეკრულებო პირობების თანახმად, უნდა შეესაბამებოდეს ესა თუ ის საქონელი.

კონდიციონერი - აგრეგატი ბინებში, სახლებში, ოფისებში, ავტომობილებში კლიმატური პირობების ოპტიმიზაციისათვის, ასევე შენობებში ჰაერის გასუფთავებისათვის არასასურველი ნაწილაკებისაგან. არსებობს კ. სახეობები: ცენტრალური, პრეციზიული და ავტონომიური. ჰაერის კონდიციონერს, რომელიც მუშაობს გარე ჰაერზე, უწოდებენ ჰაერმიწოდებადს; შიდა ჰაერზე - რეცირკულაციურს; გარე და შიდა ჰაერის ნარევზე - კონდიციონერს რეცირკულაციით. კ. მუშაობის პრინციპული სქემა შემდეგია (ნახ. 1, კონდიციონერის მუშაობის პრინციპული სქემა: 1 - კონდენსატორი;  2 - თერმორეგულირებადი სარქველი;  3 - ამაორთქლებელი;  4 - კომპრესორი): კომპრესორი - კუმშავს მუშა გარემოს - მაცივარ აგენტს (როგორც წესი - ფრეონი) და ხელს უწყობს მის მოძრაობას მაცივრის კონტურში;  კონდენსატორი - (რადიატორი), რომელიც მდებარეობს გარე ბლოკში, ახდენს ფრეონის გადასვლას აირის მდგომარეობიდან თხევად ფაზაში (კონდენსაცია). მაღალი ეფექტურობისათვის და ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის უპირატესად მას ამზადებენ სპილენძის ან ალუმინისაგან;   ამაორთქლებელი  (რადიატორი), რომელიც მდებარეობს შიდა ბლოკში  და  ფრეონი გადაყავს თხევადი ფაზიდან აიროვანში (აორთქლება). მასაც ამზადებენ სპილენძის ან ალუმინისაგან;  თერმორეგულირებადი სარქველი - მილსადენური დროსელი, რომელიც ამცირებს ფრეონის წნევას ამაორთქლებლის წინ;  ვენტილატორი -  ჰაერის ნაკადით უბერავს ამაორთქლებელს და კონდენსატორს.

კონდიცირება ჰაერის - საწარმოო და საზოგადოებრივ სათავსებში გარკვეული კლიმატური პირობების ავტომატური დაცვა.

კონდუქტომეტრია - ანალიზის ელექტროქიმიური მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ხსნარების ელგამტარობის გაზომვაზე. გამოიყენება მარილების, მჟავების, ფუძეების ხსნარების კონცენტრაციის გასაზომად, ზოგიერთი სამრეწველო ხსნარის შედგენილობის კონტროლისათვის.

კონდუქტორი - მდგრადი სივრცითი სამონტაჟო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება კონსტრუქციის ერთი ან რამდენიმე ელემენტის დროებით დამაგრებისა და საპროექტო მდგომარეობაში მოსაყვანად (ნახ. 1, სვეტის სამონტაჟო კონდუქტორი).

კონვეიერი (ინგლ.) - ტრანსპორტიორი, უწყვეტი მოქმედების დანადგარი, რომელიც განკუთვნილია ფხვიერი, ნაჭროვანი ან საცალო ტვირთების გადასაადგილებლად (ნახ. 1). კლასიფიცირდება წევისა და ტვირთმზიდი ორგანოების მიხედვით. განასხვავებენ კ. ლენტური, ჭავლური, ბაგირული და სხვა წევის ორგანოებით და წევის ორგანოების გარეშე - ხრახნული, ინერციული, ვიბრაციული, გორგოლაჭებიანი. ტვირთმზიდი ორგანოს მიხედვით არის - ლენტიანი, ფირფიტებიანი, ხვეტიებიანი, ურიკიანი და სხვა. კ. გამოიყენება მრეწველობის სხვადასხვა დარგში დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოებზე, უწყვეტი ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფად, ნაკადურ წარმოებაში (მაგ., რკ.ბ.-ის ნაკეთობების) რიგი ოპერაციების მიმდევრობით შესრულებისას. კ. წარმოადგენს ერთერთ ძირითად საშუალებას წარმოების კომპლექსური მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის.

კონვენცია (ლათ.) - საერთაშორისო ხელშეკრულება ამა თუ იმ სპეციალურ საკითხზე (მაგ., კ. საავტორო უფლების შენარჩუნების შესახებ; სარკინიგზო, საფოსტო-სატელეგრაფო კ. და ა.შ.

კონვერსია (ლათ.) - 1. საზოგადოებრივი წარმოების გარდაქმნა; 2. სამხედრო წარმოების გარდაქმნა სამოქალაქო პროდუქციის წარმოებად.

კონვერსია აირების (ლათ.) - აირების გადამუშავების პროცესი საწყისი აირის შედგენილობის შეცვლის მიზნით

კონვერსია ვალუტის - ერთი ქვეყნის ვალუტის მეორე ქვეყნის ვალუტაზე გაცვლის (კონვერსიის) შესაძლებლობა მოქმედი ვალუტის კურსით; ოქროს სტანდარტის დროს - საბანკო ბილეთების ოქროზე გადახურდავების სხვადასხვა ფორმა.

კონვერსია პროფესიული - კადრების მომზადების პროფილის შეცვლა.

კონვერსია სამრეწველო - მრეწველობის გარდაქმნა.

კონვერსია სესხის - ადრე აღებული სესხის შეცვლა ახლით.

კონვერტირება (ლათ.) - 1. მეტალურგიაში - თუჯის ან შტაინის კონვერტერში გაქრევა; 2. ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის გადაყვანა უცხო ქვეყნის ვალუტაზე

კონვექტორი - გასათბობი ხელსაწყო (ნახ. 1), რომელშიც სითბო თბომატარებელიდან ან გამაცხელებელი ელემენტიდან გასათბობ სათავსს გადაეცემა კონვექციის გზით. კ. წარმოადგენს გარსაცმს, რომელშიც ქვევიდან შედის ოთახის ჰაერი, ხოლო ზევიდან ოთახში გამოდის გახურებული ჰაერი (გარსაცმში მოთავსებულია გამხურებელი ელემენტი).

კონვექცია (ლათ.) - სითბოს ან ელმუხტების გადატანა მოძრავი გარემოს (ჰაერის, ორთქლის, წყლის და მისთ.) დინების მიერ.

კონიმეტრი (ბერძ.) - 1. კონუსების გასაზომი ხელსაწყო; 2. ხელსაწყო საწარმოო შენობაში ან უბანზე ჰაერში მტვერის შემცველობის განსაზღვრისათვის, რომელიც წარმოებს ხელსაწყოში დალექილი მტვრის ნამცეცების რიცხვის დათვლით მიკროსკოპში.

კონიუნქტურა (ლათ.) - 1. ნიშნების ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია გარკვეულ პერიოდში ეკონომიკის მდგომარეობისათვის; 2. ურთიერთდაკავშირებული პირობების ერთობლიობა, ჩამოყალიბებული ვითარება.

კონკორსი (იტალ.) - 1. ქალაქის მოედანი, რომელსაც უერთდება რამდენიმე ქუჩა; 2. გამანაწილებელი დარბაზი რკინიგზისა (ნახ. 1) და საზღვაო ვაგზლებში, მეტროპოლიტენის სადგურებში; 3. ვაგზალის მთავარი ვესტიბიული.

კონკრეცია (ლათ.) - რადიალურ-სხივური აგებულების მომრგვალო ფორმის მინერალური აგრეგატი, რომელიც დანალექ ქანებსა და ფხვიერ ნალექებში წარმოიქმნება. ფორმის მიხედვით განარჩევენ სფეროსებრ, ელიფსოიდურ, ლინზისებრ და შეზრდილ კონკრეციებს. აქვს სხვადასხვა აგებულება: უხეშზოლიანი, გლობალური და სხვ. ამ მინერალური წარმონაქმნების ზომები იცვლება მმ-დან რამდენიმე სმ-მდე, ზოგჯერ 1 მ-საც აღწევს. შედგენილობით არის კარბონატული - Fe, Mn, Si და AL ჟანგეულების, სულფატებისა და სულფიდების კონკრეციები. კ. უმეტესად დიაგენეზის პროცესში წარმოიქმნება. ოკეანის ფსკერზე გავრცელებულია რკინა-მანგანუმის კონკრეციები, რომელთაც სამრეწველო მნიშვნელობა აქვს.

კონკურენტი (ლათ.) - ზოგადი ცნება, რომელიც გამოიყენება ნებისმიერ დარგში; ეკონომიკაში, ხელოვნებაში და ა.შ. კონკურენტები შეიძლება იყვნენ როგორც ცალკეული პირები, ისე გარკვეული ჯგუფები, ფირმები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ერთდროულად დაინტერესებული არიან საერთო მიზნის მიღწევით. სიტყვა „კონკურენტი“ ხშირად იხმარება სამეურნეო საქმიანობაში მეტოქეობის გამოსახატავად.

კონკურენცია - 1. მეტოქეობა საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის ხელსაყრელი პირობებისთვის; 2. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის მრავალი მწარმოებელი (გამყიდველი) და მრავალი მომხმარებელი (მყიდველი); 3. მწარმოებლებს, გამყიდველებს, ნებისმიერ ეკონომიკურ, საბაზრო სუბიექტებს შორის შეჯიბრი უფრო მაღალი შემოსავლის, მოგების მიღების მიზნით; 4, არსებობისათვის ბრძოლის ცივილიზებული, ლეგალური ფორმა და საბაზრო ეკონომიკაში შერჩევის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი.

კონკურსი - მშენებლობაში და საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენი მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს კონტრაქტის შესრულების საუკეთესო პირობებს.

კონოსამენტი - გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი), რომელიც ტვირთის მფლობელს (გამგზავნს) ეძლევა იმის დასადასტურებლად, რომ ტვირთი მიღებულია საზღვაო გზით გადასაზიდად (სხვა საბირჟო საქონელთან და კონტრაქტებთან ერთად კონოსამენტი შესაძლებელია გახდეს ბირჟაზე ვაჭრობის საგანი და იქცეს საქონელგანმანაწილებელ დოკუმენტად).

კონსალტინგი (ინგლ.) - სამმართველო კონსულტირება, განხორციელებული სპეციალიზებული კომერციული ფირმების მიერ წარმოების მართვის ორგანიზაციისა და სრულყოფის სფეროში ახალშექმნილი საწარმოების საქმიანობის დაფუძნების, მარკეტინგული კვლევის მიზნით.

კონსერვატიული სისტემა (ლათ.) - მექანიკური სისტემა, რომლისთვისაც მართებულია მექანიკური ენერგიის შენახვის კანონი: მექანიკური სისტემის კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამი მუდმივია.

კონსერვაცია (ლათ.) - მოქმედება, რომელიც მიმართულია ობიექტის ხანგრძლივი შენახვისაკენ (მაგ., მერქანი, საკვები პროდუქტები, წარმოება, ისტორიული ძეგლი და სხვ.).

კონსერვაცია მანქანების (ლათ.) - ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის გამართულ მდგომარეობაში შენახვას ხანგრძლივი დროით ან ტრანსპორტირებისას. კონსერვაციისას მანქანის დამუშავებულ ზედაპირებსა და შეერთებებს ფარავენ დამცავი აფსკით. კონსერვაცია არის აგრეთვე რაიმე სამუშაოს შეჩერება ხანგრძლივი დროით, მაგ., მშენებლობის. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს შენობა-ნაგებობის კონსერვაცია წინასწარ შემუშავებული მეთოდით.

კონსიგნანტი (ლათ.) - საქონლის მფლობელი, რომელიც საზღვარგარეთ ყიდის საქონელს კომისიონერის მეშვეობით.

კონსიგნაცია (ლათ.) - საქონლის უცხოეთში საკომისიო გაყიდვის ფორმა, რომლის დროსაც საქონლის მეპატრონე (კონსიგნატი) საქონელს უგზავნის უცხოეთში მყოფ პარტნიორს (კონსიგნატორს), რათა მან თავისი საწყობიდან მოახდინოს რეალიზაცია.

კონსისტენცია (ლათ.) - 1. ცნება, რომელიც ახასიათებს ან ასახავს ბლანტი სითხეების სისქელეს, ძრაობას, მათ შორის ბიტუმების, პასტების, საცხების და სხვ.; 2. ნივთიერების სიმკვრივის, სიბლანტის ხარისხი.

კონსისტენციის ერთეული - პირობითი სიდიდე, ცემენტის ცომის კონსისტენციის მახასიათებელი, რომელიც იზომება ანათვალით კონსისტომეტრის შკალაზე.

კონსისტომეტრი - ხელსაწყო ნახევრად თხევადი სხეულების კონსისტენციის გასარკვევად.

კონსოლი (ფრანგ.) - კოჭი, წამწე ან სხვა მზიდი კონსტრუქცია, რომელიც ერთი ბოლოთი ხისტადაა ჩამაგრებული, ხოლო მეორე ბოლო თავისუფალია (ნახ. 1); ან კონსტრუქციის ის ნაწილი, რომელიც საყრდენსაა გადაცილებული. კონსოლის გაანგარიშება წარმოებს მისი გამოშვერილი ნაწილის წონასწორობის პირობების გათვალისწინებით.

კონსორციუმი (ლათ.) - სამრეწველო კომპანიების, ფირმების ან ბანკების დროებითი შეთანხმება, გაერთიანება სესხის ერთობლივი გავრცელებისათვის, ფართო მასშტაბის ფინანსური ან კომერციული ოპერაციების ჩატარებისათვის, მსხვილი სამრეწველო მშენებლობის ან კაპიტალტევადი პროექტის განხორციელებისათვის და ა.შ

კონსტანტა (ლათ.) - მუდმივი სიდიდე. რომელიმე x სიდიდის მუდმივობას სიმბოლურად აღნიშნავენ x = const. მუდმივას ხშირად აღნიშნავენ k და c ასოებით. კ. მაგალითებია: წრეწირის სიგრძის შეფარდება მისი დიამეტრის სიგრძესთან, ევკლიდეს გეომეტრიაში ნებისმიერი სამკუთხედის კუთხეების სიდიდეთა ჯამი და სხვ.

კონსტრუქტივიზმი - პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელებული მიმართულება არქიტექტურაში, რომელიც მიისწრაფის თანამედროვე საშენი მასალების გამოყენების პირობებში ფორმების მიზანშეწონილობისათვის და ფუნქციური შინაარსის მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტისადმი.

კონსტრუქტორი - 1. საინჟინრო-ტექნიკური განათლების მქონე პირი, რომელიც რისამე კონსტრუქციას ქმნის (ამუშავებს); 2. კომპლექტი ნაწილებისა და დეტალებისა, რომელთაგანაც ბავშვები აგებენ სხვადასხვა სათამაშო მანქანას, ნაგებობას; 3. სახაზავი შავი ფანქრის ნაირსახეობა

კონსტრუქტორული დოკუმენტაცია - გრაფიკული და ტქსტური დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავს ნაკეთობის სახეს, შემადგენლობას და შეიცავს აუცილებელ მონაცემებს მისი დამზადების, დამუშავების, კონტროლის, მიღების, ექსპლუატაციისა და რემონტის მიზნით.

კონსტრუქცია - 1. შედგენა, აგებულება, სტრუქტურა, შენაერთი, კავშირი, მოწყობილობა; 2. რაიმე ნაგებობის, მექანიზმის შემადგენლობა, შემადგენელი ნაწილების ურთიერთგანლაგება; 3. შენობის ან ნაგებობის ცალკეული მზიდი ან არამზიდი ელემენტი - კოჭი, წამწე, კამარა, დგარი, ირიბანი, გრძივი, სარტყელი, საძირკველი, კედელი და სხვ.

კონსტრუქცია პნევმოკარკასული - შედგება ცალკეული სწორხაზოვანი ან მრუდი ფორმის ჰერმეტულად ჩაკეტილი წრიული განივკვეთის ბალონებისაგან (პნევმოღეროებისაგან)(ნახ. 1). ბალონის დიამეტრი შეიძლება იყოს 0,2...0,5 მ. მისი გარსი მზადდება 2 ან 3 ფენა მაღალი სიმტკიცის ჰაერგაუმტარი ქსოვილისაგან, რომელსაც დამატებული აქვს რეზინის კამერა გარსის ჰაერგაუმტარობის ასამაღლებლად. ბალონის შიგნით ჰაერის წნევაა 0,5 მპა. კარკასის გრძივი და განივი სიხისტე და მდგრადობა უზრუნველყოფილია კარკასის ბოლოებში ჩამაგრებული სპეციალური საჭიმარებით. პ.კ. მზიდუნარიანობა ჰაერზე დაყრდნობილთან შედარებით დაბალია, ამიტომ მას მცირე მალებში (6...15 მ) იყენებენ.

კონსტრუქციები ვანტური - კიდული გადახურვები, ბურული, ხიდები (ნახ. 1) და სხვა კონსტრუქციები, რომელთა მუშაობა ეფუძნება ხისტი საყრდენების და გაჭიმული ბაგირების (ღეროების) ერთობლივ მუშაობას.

კონსტრუქციები მონოლითური - სამშენებლო კონსტრუქციები, რომლის ძირითადი ნაწილები შესრულებულია უშუალოდ შენობებისა და ნაგებობების აგების ადგილას, როგორც ერთიანი, მთლიანი (ძირითადად ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები)(ნახ. 1: მონოლითური შენობა).

კონსტრუქციები პნევმატიკური - სამშენებლო კონსტრუქცია, რომლის მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია ჰაერის შიგა ჭარბი წნევით. მის ძირითად ელემენტს წარმოადგენს გარსი, რომელშიც დაჭირხნილია ჰაერი (ნახ. 1). გარსის დასამზადებლად გამოიყენება პლასტმასის აფსკები ან ელასტიკური ჰაერგაუმტარი ქსოვილები. პ.კ. ხასიათდება სიმსუბუქით, სეისმომდგრადობით, ტრანსპორტაბელურობით, კომპაქტურობით, მონტაჟის და აწყობის სიმარტივით. უარყოფითი მხარეებია: დიდი დეფორმადობა, ადგილობრივი მექანიკური დაზიანების შესაძლებლობა, ცეცხლსაშიშროება და ექსპლუატაციის მცირე დრო. არსებობს პ.კ. შემდეგი სახეები: ჰაერზე დაყრდნობილი, პნევმოკარკასული, ვანტურ-პნევმატიკური და ლინზისმაგვარი. აქედან ყველაზე გავრცელებულია პირველი ორი.

კონსტრუქციები ტენტოვანი - გადახურვის სახეობა, რომლის მზიდი ზედაპირი შექმნილია წინასწარ დაძაბული ტენტით ან ვანტებით გაძლიერებული ტენტით (ნახ. 1).

კონსტრუქციები ფოლადის - სამშენებლო კონსტრუქციები, რომელთა მზიდი ელემენტები დამზადებულია ფოლადისაგან (ნახ. 1) და შეერთებულია შედუღებით, ჭანჭიკებით ან მოქლონებით. მშენებლობაში გამოიყენება ჩვეულებრივი ნახშირბადიანი და მცირედ ლეგირებული მაღალი სიმტკიცის ფოლადები, ხოლო მათგან დამზადებული კონსტრუქციები - ღეროვანი ან ფურცლოვანი სისტემების სახით. ღეროვანს მიეკუთვნება: კოჭები, წამწეები, სვეტები, ხიდები, მაღლივი კარკასული შენობები, დიდმალიანი გადახურვები, სტრუქტურები, ანძები, კოშკები, შახტის ურნალები, ესტაკადები, ამწეები და სხვ. ფურცლოვან სისტემებში შედის: რეზერვუარები, ბუნკერები, სილოსები, ბრძმედები, ელევატორები, დიდი დიამეტრის მილსადენები, საკვამლე მილები, გარსები და სხვ. კ.ფ. ფართო გამოყენებას განაპირობებს მისი სიმსუბუქე, მაღალი სიმტკიცე, საიმედოობა, აირ- და წყალშეუღწევადობა, შედუღებადობა, დამზადების სიმარტივე, თუმცა აქვს უარყოფითი თვისებებიც, როგორიცაა დეფიციტურობა, კოროზია, დაბალი ცეცხლმედეგობა, მაღალი ღირებულება. მშენებლობაში კ.ფ. პირველად გამოჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ამჟამად ფოლადის კონსტრუქციებს ძირითადად იყენებენ მაღლივი კარკასული შენობების, დიდმალიანი ვანტური ხიდების, სატელევიზიო და რადიოანძების (კოშკების) ასაგებად, აგრეთვე სპორტული ნაგებობების გადახურვებში.

კონსტრუქციები ქვის - შენობა-ნაგებობათა მზიდი და შემომზღუდი კონსტრუქციები, რომელიც შესრულებულია ქვის წყობისაგან (საძირკველი, კედელი, სვეტი, ზღუდარი, კამარა, თაღი, ხიდი, ვიადუკი და სხვ.)(ნახ. 1). კ.ქ. სტრუქტურის მიხედვით არის სიღრუეებიანი და მთლიანკვეთიანი; დამზადების მიხედვით - ბუნებრივი (ტუფი, კირქვა, ნიჟარქვა, ქვიშაქვა, ტრეპელი, დიატომიტი) და ხელოვნური (თიხის აგური, კერამიკული ბლოკები, მსუბუქი და მძიმე ბეტონის მასიური და სიღრუეებიანი ბლოკები, სილიკატური მსხვილი ბლოკები, უჯრედობანი ბეტონის ქვები და სხვ.). ქვის წყობის ხარისხი დამოკიდებულია შემკვრელ დუღაბზე, რომელიც შეიძლება იყოს ცემენტის, კირის, თიხის და შერეული. ყველა სახის დუღაბი მზადდება შემკვრელის, წვრილმარცვლოვანი შემვსების (ქვიშა), წყლისა და პლასტიფიკატორისაგან. კ.ქ. ხანგამძლე და ცეცხლმედეგია. შეიძლება დამზადდეს ადგილობრივი საშენი მასალისაგან, წყობა კარგად მუშაობს კუმშვაზე, მაგრამ ცუდად - გაჭიმვაზე, ამიტომ ამ ნაკლის გამოსასწორებლად ხშირად მიმართავენ წყობის მოცულობით არმირებას ან ზედაპირულ გარსაკრით დაარმატურებას.

კონსტრუქციები ხის - სამშენებლო კონსტრუქციები, რომელთა მზიდი ელემენტები ძირითადად დამზადებულია ხისაგან. შეერთებებში გამოიყენება: წებო, ჭანჭიკები, წირწკიმალები, ჭდობები, სოგმანები, ხრახნები, საკიდები, ჩანგლები, ლითონის დაკბილული ფირფიტები, კოტები, ნარანდი და სხვ. მერქანი ტრადიციულად წარმოადგენს ყველაზე მოთხოვნად საშენ მასალას, რასაც განაპირობებს მისი შესანიშნავი დეკორატიული თვისებები, ფართო გავრცელება, მოპოვების და დამუშავების სიმარტივე, ყინვამედეგობა, სიმსუბუქე, წებვადობა, ანტისეისმურობა, ფერთა სასიამოვნო გამა, აგრესიული გარემოს მიმართ მდგრადობა, ეკოლოგიურობა, მაღალი სიმტკიცე მცირე სიმკვრივესთან ერთად, ხოლო რაც შეეხება ისეთ უარყოფით მხარეებს, როგორიცაა წვადობა, დაბალი ბიომედეგობა, სოკოვანი დაავადებები, ლპობისაკენ მიდრეკილება, მავნებლების გაჩენა და სხვა - ეს თვისებები შედარებით ადვილად აღმოიფხვრება მერქნის კონსერვირების გზით, რაც ითვალისწინებს მის დამუშავებას ანტისეპტიკებით, ანტიპირენებით, ზეთებით, საღებავებით, ლაქებით. ხის ნაგებობებმა თავიდანვე დიდი გამოყენება პოვეს ტყით მდიდარ რეგიონებში, სადაც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან აგებდნენ სხვადასხვა დანიშნულების ხის შენობებს - საცხოვრებელ სახლებს, სასახლეებს, ტაძრებს, ციხე-სიმაგრეებს, საფორტიფიკაციო ხიდებს და სხვ. ყველაზე ხანდაზმულ, დღემდე შემორჩენილ ნაგებობად, ითვლება ათას ხუთასი წლის წინ იაპონიაში აშენებული ტაძარი, რომელიც ადგილობრივი წითელი ხის მერქნისაგან იყო აგებული. ძველ რომშიც საკმაოდ გავრცელებული იყო ხის კონსტრუქციები საცხოვრებელი სახლების, ტაძრების გადახურვების და ხიდების ასაშენებლად. საქართველოშიც ფართოდ იყენებდნენ მერქანს საცხოვრებელი სახლების (ე.წ. „დარბაზის“ ტიპის), ეკლესიების, სასახლეების და თავდაცვითი ნაგებობების ასაშენებლად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველების უპირველესი საკათედრო ტაძარი - სვეტიცხოველი - თავდაპირველად ხის კონსტრუქციებისაგან ყოფილა აგებული. საცხოვრებლის საინტერესო სახეობას წარმოადგენდა ხის „ოდა“ სახლი (ნახ. 1), რომელიც ყურადღებას იპყრობდა ჰაეროვნობით და ქართული ჩუქურთმებით დამშვენებული ფასადებით. ხის სახლების უნიკალური თვალსაჩინოებაა თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ხის კონსტრუქციებს იყენებენ სამრეწველო, სამოქალაქო (ნახ. 2, ხის საცხოვრებელი სახლი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობების გადასახურავად, აგრეთვე ხიდებში (ნახ. 3, ხის თაღოვანი ხიდი სიგრძით 118,57 მ, ქ. ბაკლი, აშშ, ვაშინგტონის შტატი), ესტაკადებში, ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებად და სხვ. ბოლო პერიოდში მსოფლიოში მრავალი დიდმალიანი (მალით 150 მ და მეტი) გადახურვა (ძირითადად გუმბათები) იქნა აგებული, სადაც მზიდ ელემენტებად გამოყენებულია თერმული- და ნანოტექნოლოგიებით დამუშავებული ხის კონსტრუქციები.

კონსტრუქციული - 1. კონსტრუქციასთან დაკავშირებული (მაგ., კ. ცვლილება); 2. რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს შემდგომ მუშაობას (მაგ., კ. წინადადება); 3. რეალური შედეგის მქონე, პრობლემის გადაწყვეტის საფუძვლად ვარგისი რაიმე.

კონსტრუქციული გადაწყვეტა - ითვალისწინებს შენობის კონსტრუქციული სქემის ტიპებს: კარკასული, ჩარჩოვანი, უკარკასო; მზიდი და შემომფარგვლელი კონსტრუქციების მასალის სახეობებს: ხე, ლითონი, რკ.ბ.-ნი, პლასტმასა, ქვა, მინა; ცალკეული კონსტრუქციული ელემენტის ტიპებს და გაბარიტებს; კვანძებს და შეერთებებს.

კონსტრუქციული დახერხილი მასალა - დახერხილი მასალა სიმტკიცის გარანტირებული მაჩვენებლებით მზიდი კონსტრუქციებისა და დეტალების დასამზადებლად. კ.დ.მ. დახარისხება ხდება EN338 (ევროპული სტანდარტი) და BS 4978 (დიდი ბრიტანეთის სტანდარტი) სტანდარტების მიხედვით. კერძოდ, სტანდარტი BS 4978 ყოფს დახერხილ მასალას SS (საერთო კონსტრუქციული) და GS სორტებად (სპეციალური კონსტრუქციული), აგრეთვე სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად გამოუსადეგარ მასალად. ასეთი დაყოფა საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს მზიდი კონსტრუქციების კომპიუტერული დაპროექტება, რაც უზრუნველყოფს მშენებლობაში ხის კონსტრუქციული მასალების გამოყენებით მერქნის 15...20% ეკონომიას. კ.დ.მ. ამზადებენ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სანივნივე და კარკასულ კონსტრუქციებს, რომლების ადვილად ექვემდებარება ცეცხლ- და ბიოდამცავი საშუალებებით დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ხანგამძლეობასა და ცეცხლმედეგობას.

კონსტრუქციული ელემენტი - კონსტრუქციის (ნაგებობის, მექანიზმის) რაღაც ნაწილი გათვალისწინებული გაანგარიშებისათვის.

კონსტრუქციული კვანძი - კონსტრუქციული ელემენტებისა და დეტალების შეუღლება.

კონსტრუქციული მასალები - მასალები, გამოყენებული სამშენებლო კონსტრუქციების და დეტალების, მანქანათა ნაწილების, სატრანსპორტო საშუალებების, ხელსაწყოების, აპარატების, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის და ა.შ. დასამზადებლად. კ.მ. მოეკუთვნება: ფოლადი, ლითონის შენადნობები, მერქანი, ბეტონი, მინა, პლასტმასები, რეზინი, პნევმოქსოვილები, კერამიკა, კომპოზიტური მასალების და სხვ

კონსტრუქციული მდგრადობა - შენობა-ნაგებობის უნარი შეინარჩუნოს მდგრადობა საანგარიშო ტვირთვების ზეგავლენისას.

კონსტრუქციული მტყუნება - მტყუნება, რომელიც წარმოიშობა ობიექტის კონსტრუირების დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგად.

კონსტრუქციული საიმედოობა - შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სისტემის, სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება მისი გამოყენების მთელ პერიოდში.

კონსტრუქციული სიმტკიცე - მოწყობილობის კონსტრუქციული ელემენტების (შედუღებული კვანძი, მუხლა ლილვი, ჭანჭიკები, მოქლონები, წირწკიმალები, ტურბინის ფრთები და სხვ.) თვისება, გარკვეულ პირობებში, რღვევის გარეშე მიიღოს ესა თუ ის ზემოქმედება (დატვირთვები; ტემპერატურული, მაგნიტური, ელექტრული ცვლილებები; არათანაბრად მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები და სხვ.). შეუსაბამობა კონსტრუქციულ სიმტკიცესა და მასალის სიმტკიცეს შორის განისაზღვრება კონსტრუქციის ფორმით, ზომითა და დამზადების ტექნოლოგიით.

კონსტრუქციული სისტემა - განსაზღვრული ტიპის მზიდი სისტემა, რომელსაც ახასიათებს შემადგენელი ელემენტების კონსტრუქციული გადაწყვეტა, ურთიერთგანლაგება და ძალვების გადაცემის ხერხები. შენობა, კონსტრუქციული სისტემის ასაწყობი ელემენტების მიხედვით არსებობს შემდეგი ტიპის: პანელური, მსხვილპანელური, ბლოკური, პანელურ-ბლოკური, მოცულობით-ბლოკური, კარკასული, კარკასულ-პანელური და სხვ.

კონსტრუქციული სქემის შემადგენლობა - 1. ნაგებობების (მათ შორის, ხაზობრივი ნაგებობების) მშენებლობის შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა მოიცავს: ა) განმარტებით ბარათს; ბ) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ნაგებობების განთავსება); გ) ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას; ე) ხედების (ფასადების) ფასადების სქემატურ ნახაზებს; ვ) ნაგებობ(ებ)ის  მახასიათებელ ჭრილებს; ზ) არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას; 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით მისი სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილ(ებ)ზე, საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციული სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს ნაგებობის ციფრულ ვიზუალიზაციას; 3. დამკვეთის გადაწყვეტილებით კონსტრუქციული სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: ა) ტერიტორიის ფოტოებს; ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას ან მაკეტს.

კონტაქტი (ლათ.) - შეხება, შეერთება რაღაცეებისა ან ზედაპირი, ადგილი, ზონა რაღაცის შეხებისა. კ. მრავალგვარია: არამჭიდრო, ბლოკირების, მჭიდრო, სრიალა, უძრავი, შერთვად-განრთვადი და სხვ.

კონტაქტური როფი - ფლოტორეაგენტების პულპა ფლოტაციის მეთოდით სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების წინ.

კონტეინერი (ინგლ.) - გასახსნელი სტანდარტული ტევადობა, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა სახის ტრანსპორტით ტვირთების გადატანა ისე, რომ მიმღებთან მიტანამდე შეიძლება შეიცვალოს ტრანსპორტის სახე, მაგრამ არ მოხდეს თვით ტვირთის გადატვირთვა-გადმოტვირთვა (ნახ. 1). კონტეინერების გამოყენება უზრუნველყოფს ტვირთის შენახვას, სატრანსპორტო საშუალებების ტვირთბრუნვას, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას და სხვ. კ. შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობას და ზომებს. დანიშნულებით კ. არის უნივერსალური, სპეციალური და სპეციალიზებული. მზადდება ტევადობით 1,25; 2,5; 5; 10; 20 და 30 ტ.

კონტეინერმზიდი - საავტომობილო გზებზე ტვირთვის გადასაზიდი სპეციალური მანქანა, რომელსაც გააჩნია შასიზე ქვემოთ განთავსებული ჩარჩო და საბრჯენი კონტეინერის დასამაგრებლად და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. დატვირთვა და განტვირთვა კ. წარმოებს ავტოამწეების დახმარებით

კონტინუალური (ფრანგ.) - უწყვეტი, მუდმივი, უწყვეტად განმეორებადი.

კონტრაქტაცია (ლათ.) - პროდუქციის დამზადება იმ ხელშეკრულებათა საფუძველზე, რომლებსაც ყოველწლიურად დებენ დამამზადებელი ორგანიზაციები მწარმოებლებთან.

კონტრაქტი - რეგისტრირებული საბირჟო გარიგება მოლაპარაკებულ მხარეებს - კონტრაგენტებს შორის, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, მათი შესრულების პირობები, ვადები და პასუხისმგებლობა კონტრაქტის შეუსრულებლობისათვის.

კონტრაქტი გრძელვადიანი - კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზეან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

კონტრაჰენტი - ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც მისასვლელი ლიანდაგის ფარგლებში აქვს თავისი სასაქონლო საწყობები, დატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი შესაბამისი ადგილები და მასთან მიერთებული სარკინიგზო ლიანდაგები.

კონტრეილერი (ლათ.) - ერთგვარი პნევმატიკურ ბორბლებიანი კონტეინერი გამიზნული ტვირთის გადასატანად რკინიგზის პლატფორმაზე. ტვირთამწეობა 6...30 ტ.

კონტროლი (ფრანგ.) - ზედამხედველობა, მეთვალყურეობა, შემოწმება.

კონტროლი ამორჩევითი - კონტროლი, როდესაც ხდება პარტიაში პროდუქციის ზოგიერთი (შემთხვევით შერჩეული) ერთეულის შემოწმება.

კონტროლი დოკუმენტური - ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციისა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით საინსპექციო ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება.

კონტროლი მისაღები - პროდუქციის კონტროლი, რომლის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება ამ პროდუქციის ვარგისიანობის შესახებ.

კონტროლი მიყოლებული - კონტროლი, როდესაც ხდება პარტიაში პროდუქციის ყველა ერთეულის შემოწმება.

კონტროლი ოპერაციული - პროდუქციის ან პროცესის კონტროლი ტექნოლოგიური ოპერაციის შესრულების დროს ან მისი დამთავრების შემდეგ.

კონტროლი შესავალი - კონტროლი პროდუქციისა, რომელსაც მომწოდებელი აწვდის მომხმარებელს ან დამკვეთს და რომელიც გამოიყენება პროდუქციის დამზადების, რემონტის ან ექსპლუატაციისათვის.

კონტრრელსი - რკინიგზის რელსებს შიგნით, მათ პარალელურად დამაგრებული რელსი (მოსახვევებში, ხიდებზე და სხვ.) კონსტრუქციის სიხისტის გასაზრდელად ან მოძრავი შემადგენლობის ბორბლების მიმართულების შესანარჩუნებლად (ნახ. 1).

კონტრროტორული აგრეგატი - შედგება თანაღერძული ჰიდროტურბინისა და ელექტრონული კონტრროტორული გენერატორის, როტორის ღუზის (რომელზეც დამაგრებულია შიდა ტურბინის ლილვი), და სტატორისაგან. გენერატორის როტორი და კონტრროტორი ბრუნავს სხვადასხვა მხარეს. კ.ა. დამახასიათებელია გამწოვი მილის კარგი მუშაობა, ასევე როტორის მაღალი სისუფთავე კონტრროტორის მიმართ, რაც ამცირებს გენერატორში პოლუსების რიცხვს და შესაბამისად მის გაბარიტებსაც.

კონტრფორსი (ფრანგ.) - გვერდსამაგრი, კედლის ბურჯი; კედლის ვერტიკალური ან დახრილი მასიური შვერილი (ნახ. 1), რომელსაც გადაეცემა გვერდული განმბრჯენი და ზრდის კედლის მდგრადობას. იგი განსაკუთრებით გავრცელებულია გოთიკურ არქიტექტურაში. ის შეიძლება იყოს მზიდი კედლის ნაწილი ან მისგან მოშორებული 2-3 მეტრით და დაკავშირებული ამ კედელთან გადაკიდებული თაღების - არკბუტანების მეშვეობით.

კონტრქანჩი - დამატებითი ქანჩი, რომელიც ეხრახნება ჭანჭიკს ან სარჭს ძირითადი ქანჩის ზემოთ, რომ არ მოხდეს თვითამოხრახნა.

კონტრხრახნი - უძრავი ფრთები ხრახნის თხემის წინ ან უკან, ხრახნის მოძრაობის საწინააღმდეგოდ

კონტური (ფრანგ.) - საგნის მოხაზულობა, აბრისი, ფორმის შემომხაზველი ხაზი.

კონურბაცია (ლათ.) - განაშენიანების შედეგად ახლომახლო ქალაქების შერწყმა.

კონუსი (კონუსური ზედაპირი) - 1. გეომეტრიული სხეული, რომელიც წარმოიქმნება სწორკუთხა სამკუთხედის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი კათეტის გარშემო (ნახ. 1); 2. სივრცის იმ წრფეების (მსახველების) გეომეტრიული ადგილი, რომლებიც აერთებენ რაიმე წირის (მიმმართველის) ყველა წერტილს სივრცის მოცემულ წერტილთან (წვეროსთან). ეს წირი (მიმმართველი) და წერტილი (წვერო) ერთ სიბრტყეში არ მდებარეობენ. მიმმართველის მიხედვით კ. შეიძლება იყოს წრიული, ელიფსური და სხვ. კ. შორის უმარტივესია წრიული კონუსური ზედაპირი, რომლის მიმმართველია წრეწირი, ხოლო წვერო ორთოგონალურად გეგმილდება მის ცენტრში. წრიული კ. წარმოადგენს გეომეტრიულ სხეულს, რომელიც შემოსაზღვრულია წრიული კ. ზედაპირით და მიმმართველი წრეწირის მომცველი სიბრტყით. კონუსური კვეთები ეწოდება წირებს, რომლებიც მიიღებიან წრიული კ. ზედაპირის იმ სიბრტყესთან გადაკვეთისას, რომელიც არ გადის კ. წვეროზე. კონუსურ კვეთებს სხვანაირად მეორე რიგის წირებს უწოდებენ. თუ სიბრტყე კვეთს კ. ყველა მსახველს, კვეთაში მიიღება ელიფსი (კერძო შეთხვევაში წრე). თუ კონუსური ზედაპირი იკვეთება ერთ-ერთი მსახველის პარალელური სიბრტყით, კვეთაში მიიღება პარაბოლა. თუ მკვეთი სიბრტყე პარალელურია კონუსური ზედაპირის ორი მსახველისა, კვეთაში მიიღება ჰიპერბოლა. კონუსური კვეთების სახის წირებს ფართოდ იყენებენ ტექნიკაში, მაგ., ელიფსურ კბილანებში, პროჟექტორებში (პარაბოლური სარკე) და სხვ. მზის სისტემის ყველა პლანეტა მოძრაობს ელიფსზე, რომლის ერთ-ერთ ფოკუსში მოთავსებულია მზე. კომეტები მოძრაობენ როგორც ელიფსზე, ასევე პარაბოლურ და ჰიპერბოლურ ტრაექტორიაზე.

კონუსი ზეგერის - ხელსაწყო საქარხნო ღუმელებში მაღალი ტემპერატურის არაპირდაპირი განსაზღვრისათვის. შედგება 4-5 სმ სიმაღლის კერამიკული კონუსების ნაკრებისაგან, რომლებიც დამზადებულია წინასწარ ცნობილი ტემპერატურის მქონე თიხებისაგან 600...19000C დიაპაზონში. შემოლხობილი კონუსის ნომრის მიხედვით მსჯელობენ ღუმელში ტემპერატურის შესახებ.

კონუსი წაკვეთილი - გეომეტრიული სხეული, მოთავსებული კონუსის ფუძესა და ფუძის პარალელურ სიბრტყეს შორის, რომელიც კვეთს კონუსს (ნახ. 1. კონუსი წაკვეთილი: H -  სიმაღლე; A და B - ზედა და ქვედა ფუძეების რადიუსები).

კონუსურობა - სწორი კონუსის ფუძის წრეხაზის დიამეტრის ფარდობა მის სიმაღლესთან D/H, ხოლო წაკვეთილი კონუსისათვის - ფუძეების დიამეტრების სხვაობის ფარდობა მის სიმაღლესთან (D−d)/h = 2tgα, სადაც α არის კუთხე კონუსის მსახველსა და სიმაღლეს შორის.

კონფიგურაცია (ლათ.) - რისამე გარეგანი მოხაზულობა, ფორმა, საგანთა განლაგება ერთმანეთის მიმართ.

კონფიდენციალური ინფორმაცია - ფინანსური, ეკონომიკური, კომერციული, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური ინფორმაცია, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (სახელწოდება) თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

კონფისკაცია (ლათ.) - ქონების, ფულის და ა.შ. იძულებითი და აუნაზღაურებელი გადაცემა სახელმწიფოს საკუთრებაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ადმინისტრაციული აქტით.

კონფორმული გარდაქმნა (ლათ.) - უწყვეტი ასახვა, რომელიც ინარჩუნებს უსასრულოდ მცირე ფიგურების ფორმას, ანუ ეს არის ერთი ფიგურის (არის) მეორეზე ასახვა, რომლის დროსაც პირველი ფიგურის შიგა წერტილში რაიმე კუთხით გადამკვეთი ორი წირი გადადის მეორე ფიგურის იმავე კუთხით გადამკვეთ წირებში. ერთი არის მეორეზე კონფორმული ასახვის დროს ათვლის მიმართულება ან უცვლელია (პირველი გვარის კონფორმული ასახვა), ან იცვლება საწინააღმდეგოდ (მეორე გვარის კონფორმული ასახვა). კონფორმულ ასახვას ფართოდ იყენებენ კარტოგრაფიაში, აერო - და ჰიდრომექანიკაში, დრეკადობის თეორიაში და სხვ.

კონფრონტაცია (ლათ.) - წინააღმდეგობა, დაპირისპირება, შეჯახება (სოციალური სისტემების, კლასთა ინტერესების, იდეურ-პოლიტიკური პრინციპების და ა.შ.).

კონქა - იხ. კონქი.

კონქი - 1. შენობის ნახევრადცილინდრული ნაწილის (აფსიდი, ნიშა) ნახევარგუმბათის ფორმის გადახურვა (ნახ. 1: გელათის ტაძრის საკურთხევლის კონქი); 2. კამარა, თაღი.

კონცენტრატი - 1. გამდიდრებული მადანი; 2. საქონლის მეტად ყუათიანი საკვები (მარცვლეული, ქატო, კოპტონი, ღერღილი და სხვ.); 3. ნახევრად შემზადებული, გამხმარ-დაწნეხილი საკვები პროდუქტი ადამიანისათვის (მოხერხებულია შესანახავად და კერძის სწრაფად დასამზადებლად).

კონცენტრაცია (ლათ.) - რისამე თავმოყრა, დაგროვება, შეკრება ერთ ადგილზე ან ერთი ცენტრის ირგვლივ (მაგალითად, მტვრის შემცველობა ჰაერში).

კონცენტრაცია ძაბვების - ძაბვების მნიშვნელოვანი ზრდა ნაკეთობის ფორმის მკვეთრად შეცვლის ადგილებში. ძაბვების კონცენტრაციის ზონები მეტად დატვირთულია და წარმოადგენს პლასტიკური დეფორმაციებისა და რღვევის დაწყების ადგილებს. კ.ძ. შეფასდება კოეფიციენტით, რომელიც განისაზღვრება ადგილობრივი (უდიდესი ძაბვა კონცენტრაციის ადგილზე) ძაბვის შეფარდებით ნომინალურთან. შინაგანი ძაბვების კონცენტრაცია აღიძვრება მასალის არაერთგვაროვან სტრუქტურაში.

კონცენტრაცია წონითი - მყარი ფხვიერი მასალის მასის ფარდობა ჰიდრონარევში წყლის მასასთან.

კონცენტრული წრეწირები - საერთო ცენტრის მქონე წრეწირები, რომლებიც მდებარეობენ ერთ სიბრტყეში

კონცერნი - დამოუკიდებელი სამრეწველო, საფინანსო და სავაჭრო საწარმოების გაერთიანება, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკური, საინვესტიციო, საფინანსო, საგარეო-ეკონომიკური და სხვა ფუნქციების ნებაყოფლობით ცენტრალიზაციის საფუძველზე ეწევიან ერთობლივ საქმიანობას; კ. წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ერთი საწარმო სხვა საწარმოში მონაწილეობს ოცდახუთ პროცენტზე მეტი წილით. კ. არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

კონცესია (ლათ.) - 1. სახელმწიფოს მიერ კერძო მრეწველთან, უცხოეთის ფირმასთან დადებული ხელშეკრულება გარკვეული ვადით სახელმწიფოს კუთვნილი სიმდიდრეების, საწარმოების და სხვა სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში გადაცემაზე; 2. ასეთი ხელშეკრულების მიხედვით ორგანიზებული საწარმო.

კონცხი - ზღვაში, ტბაში ან მდინარეში შეჭრილი ხმელეთის სანაპიროს ნაწილი (ნახ. 1: მწვანე კონცხი, მახინჯაური). აგებულია მკვრივი ქანებით ან ნატანით. მათი წარმოშობა, როგორც წესი, დაკავშირებულია ეროზიულ პროცესებთან. კონცხის წარმოქმნას ხელ უწყობს სანაპირო ზონაში არსებული რბილი და მყარი ქანების ერთობლიობა. რბილი ქანები (მაგ., ქვიშა), ტალღების ზეგავლენით გაცილებით სწრაფად იმსხვრევა, ვიდრე მყარი ქანი, რის შედეგად წარმოიქნება კონცხი. სწორედ კონცხზე გაივლება ამა თუ იმ კონტინენტის უკიდურესი დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი წერტილები.

კოოპერაცია (ლათ.) - 1. შრომის ორგანიზაციის ფორმა, რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობენ ერთსა და იმავე შრომის პროცესში; 2. მასობრივი საწამოო, სავაჭრო და მისთ. გაერთიანება, რომლებიც იქმნება მისი წევრების (მეპაიეების) სახსრებით.

კოორდინატები (ლათ.) - გარკვეული რიგით აღებული რიცხვები, რომლებიც ახასიათებენ წერტილის ან რაიმე ელემენტის მდებარეობას სიბრტყეზე, ზედაპირზე ან სივრცეში. არსებობს გეომეტრიული (დეკარტეს), გეოგრაფიული და გალაქტიკური კოორდინატები. მათემატიკის და ფიზიკის ზოგიერთ დარგში კოორდინატებს სხვა სახელწოდებაც აქვს, მაგ., ვექტორული სივრცის ელემენტის (ვექტორის) კოორდინატებს მის კომპონენტებს უწოდებენ. ამა თუ იმ ობიექტის კვლევის მიზნისა და ხასიათის მიხედვით ირჩევენ კოორდინატთა სხვადასხვა სისტემას, რომელთა დახმარებითაც სივრცის ყოველ წერტილს მიეკუთვნება რიცხვთა განსაზღვრული ერთობლიობა - წერტილის კოორდინატები. წერტილის კოორდინატთა სხვადასხვა სისტემას შორის გამოირჩევა წრფივი კოორდინატები, სადაც საკოორდინატო წირები წარმოადგენენ წრფეებს. ასეთია, მაგ., დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა, ბუნებრივი (ტეტრაედრული) კოორდინატთა სისტემა, პროექციული კოორდინატები და სხვ. კოორდინატთა სისტემას, რომლისთვისაც ზოგიერთი საკოორდინატო წირი არ არის წრფე, ეწოდება მრუდწირული კოორდინატთა სისტემა. ასეთი კოორდინატები გამოიყენება როგორც სიბრტყეზე (მაგალითად, პოლარული კოორდინატები, ელიფსური კოორდინატები, პარაბოლური კოორდინატები და სხვ.), ასევე ზედაპირზეც (გეოდეზიური კოორდინატები). მრუდწირული კოორდინატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კლასს წარმოადგენს კოორდინატთა ორთოგონალური სისტემა, რომელშიც საკოორდინატო წირები გადაიკვეთებიან მართი კუთხით. კოორდინატთა სხვადასხვა სახე სიბრტყეზე (ზედაპირზე) განზოგადდება სივრცის შემთხვევაში. მაგალითად, სიბრტყეზე პოლარული კოორდინატების ცნებას მივყავართ სივრცეში პოლარული კოორდინატების ცნებაზე (სფერული კოორდინატები და ცილინდრული კოორდინატები), სიბრტყეზე ელიფსური კოორდინატების ცნებას კი - სივრცეში ელიფსოიდური კოორდინატების ცნებაზე.

კოორდინატები გეოგრაფიული - გრძედი და განედი განსაზღვრავს წერტილის (პუნქტის) მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე (ნახ. 1, გეოგრაფიულ კოორდინატთა სფერო).

კოორდინატები დეკარტის - განსაზღვრავს ნებისმიერი წერტილის მდებარეობას სიბრტყეზე ორი რიცხვის, კოორდინატების მეშვეობით (x და y), რომლებიც არიან დადებითი ან უარყოფითი რიცხვები (ნახ. 1). და რომლებიც განსაზღვრავენ მანძილს ამ წერტილიდან ორ ფიქსირებულ ურთიერთმართობულ წრფეებამდე (კოორდინატთა ღერძებამდე - ox და oy). კოორდინატთა ღერძებს ხშირად უბრალოდ ღერძებს უწოდებენ, ხოლო მათი გადაკვეთის წერტილს კი კოორდინატთა სათავეს. ეს პრინციპი მარტივად შეიძლება განზოგადდეს სამგანზომილებიანი სივრცის შემთხვევაში. სამგანზომილებიან სივრცეში გვექნება სამი ურთიერთმართობული კოორდინატთა ღერძი (ox, oy და oz) და რაიმე წერტილის მდებარეობა სივრცეში განისაზღვრება როგორც მანძილი ამ წერტილიდან კოორდინატთა ღერძების წყვილებზე გავლებულ სიბრტყეებამდე ანალოგიურად, n განზომილებიან სირცეში, წერტილის მდებარეობა შეიძლება დახასიათდეს n დეკარტის კოორდინატით.

კოორდინატები მრუდწირული - კოორდინატები სახეობა, როდესაც ზედაპირზე (სიბრტყეზე) აღებული საკოორდინატო u და v წირები არიან მრუდები და არა წრფეები. კ.მ. შემოღება ზედაპირზე საშუალებას იძლევა ზედაპირთა გეომეტრიული თვისებების შესასწავლად გამოვიყენოთ დიფერენციალური გეომეტრიის მეთოდები; გარდა ამისა, ამარტივებს ზოგიერთი ინტეგრალის გამოთვლას.

კოორდინატები პოლარული - ორი სიდიდე ρ და φ, რომლებიც შემდეგნაირად განსაზღვრავენ წერტილის მდებარეობას სიბრტყეზე: სიბრტყეზე აღებულია რაიმე 0 წერტილი (პოლუსი) და სხივი (პოლარული ღერძი), სათავით 0 წერტილში (ნახ. 1). სიბრტყის ნებისმიერ M წერტილს შეესაბამება ორი რიცხვი: ρ - პოლარული რადიუსი, რომელიც 0M მონაკვეთის სიგრძის ტოლია და φ - პოლარული კუთხე, რომელიც პოლარულ ღერძსა და 0M სხივს შორის კუთხის ტოლია; ამასთანავე, 0 ≤ ρ < ∞; 0 ≤ φ < 2π; (ზოგჯერ 0 ≤ φ < 2πk).

კოორდინატები სფერული - სამი სიდიდე r, φ, θ, რომლებიც განსაზღვრავენ წერტილის მდებარეობას სივრცეში (ნახ. 1).

კოორდინატები ცილინდრული - სივრცეში M წერტილის მდებარეობის განმსაზღვრელი სამი სიდიდე r, φ, z; მათთვის r = const საკოორდინატო ზედაპირი წარმოადგენს ცილინდრს, რომლის მსახველი 0z ღერძის პარალელურია. დეკარტის და ცილინდრულ კოორდინატებს შორის კავშირი გამოისახება ტოლობებით: x = r cosφ, y = r sinφ, z = z.

კოორდინატთა სისტემა - იმ პირობების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ წერტილის ან რაიმე ობიექტის მდებარეობას წრფეზე, სიბრტყეზე, სივრცეში. კოორდინატთა სისტემის ცნება შემოიღეს გეოდეზიაში და ასტრონომიაში დედამიწაზე ან ცის თაღზე წერტილის მდებარეობის განსასაზღვრავად.

კოორდინაცია (ლათ.) - შესწორება, მანქანებსა და მექანიზმებში შეცდომების და უარყოფითი მხარეების გასწორება, რაც მათი მუშაობის შედეგებზე, გაზომვებზე, მოძრაობის ტრაექტორიებზე აისახება. კორექციას ახდენენ მექანიზმების საანგარიშო მონაცემებში ცვლილებების გზით ან სპეციალური მოწყობილობების - კორექტორების გამოყენებით.

კოპალი - მცენარეული წარმოშობის უფერული ფისი, რომელსაც ძირითადად პარკოსანთა ოჯახის ტროპიკული ხეები გამოყოფენ ან მიიღება მათი მიწაზე დაყრილი ნარჩენებისაგან. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში და ადვილად ერევა მცენარეულ ზეთებს. კოპალისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი ზეთოვანი ლაქი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ავეჯის წარმოებაში. სანდარაკთან შერეული კოპალი ითვლება მჟღერადი მუსიკალური ინსტრუმენტების (გიტარა, მანდოლინა, ფანდური და სხვ.) ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად.

კოპერი - იხ. ურნალი.

კოპირი - საჭრელი ხელსაწყოს მიმართულებით მოძრავი დეტალი, რომელიც თავის ანალოგიურ დეტალს ამზადებს.

კოპიტი (იფანი) - მოთეთრო-წაბლისფერი ფოთლოვანი ჯიშის მერქანი სიმკვრივით 570...940 კგ/მ3. აქვს სასიამოვნო ტეხსტურა, ადვილად იხერხება და პრიალდება, ელასტიკურია, ნაკლებად იბრიცება და სკდება. სიმაგრით თითქმის არ ჩამოუვარდება მუხას. ცუდად ეწინააღმდეგება ტენს. მიეკუთვნება მერქნის დეფიციტურ ჯიშს. შეუცვლელი მასალაა სადურგლო საქმიანობაში. გაორთქვლის შემდეგ კარგად იღუნება, რაც საშუალებას იძლევა მისგან დავამზადოთ მრუდი მოხაზულობის დაწებებული კონსტრუქციები. მისი 67 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ძირითადად 3 სახეობაა გავრცელებული - ჩვეულებრივი, თუთუფოთოლა და მახვილნაყოფა, რომლებიც გვხვდება თითქმის ყველა რეგიონში (ნახ. 1). გარდა ამისა, საქართველოში კ. 24 ეგზოტიკური სახეობა იზრდება. მათ იყენებენ ბაღების, პარკების და ქუჩების გასამწვანებლად. კ. მასალა, კარგი დრეკადი თვისებების და სიმტკიცის გამო, გამოიყენებოდა საბრძოლო და შრომის იარაღების დასამზადებლად. მისგან აკეთებდნენ შუბებს, ხელკეტებს, მშვილდ-ისრებს და სხვ. ძველ დროში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა კ. მერქნისაგან დამზადებული, ჩუქურთმებით დამშვენებული, საოჯახო ჭურჭელი. კარგად დამუშავებული და გამშრალი ფიცრები გამოიყენებოდა გემთმშენებლობაში. კ. ტექსტურა არ ჩამოუვარდება წითელი და შავი ხის ტექსტურას. მე-19 საუკუნეში კ. დიდი გასავალი ქონდა ეტლების, ციგების, თხილამურების, ნიჩბების, ორთვალას ბორბლების, ბილიარდის კიას, ბეისბოლის ბიტების დასამზადებლად. მშენებლობაში კ. მერქანს იყენებენ გადახურვის კოჭების, სახურავის სანივნივე ელემენტების, კარ-ფანჯრების, ჭერის, იატაკის, მოაჯირების, საბაღე სკამების დასამზადებლად, აგრეთვე ხის სახლების კედლების გარედან მოსაპირკეთებლად (კარგად უძლებს ატმოსფერულ ზემოქმედებას).

კოპიტულა - მერქნისაგან გამოჭრილი ან გამოთლილი სორტიმენტი სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად (მაგ., საუნაგირე კოპიტულა).

კორაზია (ლათ.) - ქანების მექანიკური გაცვეთა ჩამონამტვრევი მასალის მოძრავი მასებისგან, რომლებიც მოაქვს წყალს, ყინულს, ქარს.

კორდელი - საიზოლაციო მასალის ელემენტი ნებისმიერი კვეთის, რომელიც გამოიყენება ნახევრადჰაეროვანი იზოლაციის შემვსებად ან კარკასის შესაქმნელად.

კორდი (ფრანგ.) - 1. ბამბის ან ხელოვნური ბოჭკოს ძლიერ გრეხილი მაგარი ძაფი კორდის ქსოვილის გამოსამუშავებლად ავტომობილების და თვითმფრინავების საბურავების დასამზადებლად; 2. გრძელი თოკი, რომელსაც იყენებენ საჯდომი ცხენების წვრთნის დროს; 3. ბალახიანი მიწის ნაკვეთი, რომელიც წლების მანძილზე არ დამუშავებულა და ბალახის ფესვებითაა შეკრული.

კორდიერიტი - სილიკატების კლასის მინერალი, რომელიც გამოიყენება ნედლეულად კერამიკული ნაკეთობების წარმოებაში.

კორდის სკამი - კორდისაგან გაკეთებული დასაჯდომი ღობის გასწვრივ (ნახ. 1). შუა საუკუნეების ბაღებში ფართოდ გავრცელებული ელემენტი.

კორდონი (ფრანგ.) - სასაზღვრო დაცვის რაზმი; მისი განლაგების ადგილი; 2. მტრისათვის გზის გადამღობი რაზმი; 3. ტყის (ნაკრძალის) მცველი რაზმი: მისი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი.

კორელაცია (ლათ.) - 1. მათემ. ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირი, რომლის დროსაც ერთი ცვლადის მნიშვნელობის სისტემატურ ზრდას თან სდევს მეორე ცვლადის მნიშვნელობის სისტემატური ზრდა ან კლება. ასეთი სტატისტიკური კავშირი ტრადიციულად გამოიყენება ერთი ცვლადის მეტნაკლებად მოსალოდნელი მნიშვნელობისათვის სავარაუდოდ იმ პირობებში, როცა მეორე ცვლადის მნიშვნელობა ცნობილია. რაც უფრო დიდია კ. (ანუ კ. კოეფიციენტი), მით უფრო მეტია ვარაუდის სიზუსტის სანდოობა; 2. მოვლენათა შორის ნებისმიერი კავშირი, რომლის დროსაც ერთი ცვლადის ცვლილებების კვალდაკვალ ვლინდება ზოგიერთი თანმდევი ან დამოკუდებული ცვლილება მეორეში (ან სხვა ცვლადებში). ორივე სახის გამოყენებისას ივარაუდება ცვლადებს შორის მიზეზობრივი კავშირი. კ. ცვლადთა შორის კავშირის დამტკიცებაა

კორექტორი (ლათ.) - 1. მოწყობილობა ელექტროგამზომი ხელსაწყოს შკალაზე მაჩვენებელი ისრის ნულოვან ნიშნულზე დასაბრუნებლად; 2. სტამბის ან გამომცემლობის მუშაკი, რომელიც კორექტურას აკეთებს.

კორექცია (ლათ.) - განზომილების, სიჩქარის, სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის, ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციის მონტაჟის და ა.შ. შესწორება, გასწორება.

კორიდორი (ფრანგ.) - დერეფანი, ტალანი; შენობა-ნაგებობების ოთახებს შორის გასასვლელი ან რაიმეს გასატარებელი ადგილი (ფართი).

კორინთული ორდერი - ერთ-ერთი არქიტექტურული ორდერი (ძველი საბერძნეთის ქალაქ კორინთის სახელის მიხედვით, სადაც იგი შეიქმნა). კ.ო. ყველაზე დეკორაციულია ბერძნულ ორდერთა შორის (ნახ. 1). პირველად გამოყენებული იყო აპოლონის ტაძარში (ძვ. წ. 430). კაპიტელი შემკულია აკანთოს სტილიზებული ფოთლებითა და ხვიებით (ვოლუტებით).

კორიოლისის აჩქარება - წერტილის რთული მოძრაობისას აჩქარების ნაწილი, რომელიც გამოწვეულია ათვლის ძირითადი (უძრავი) სისტემის მიმართ საფარდი (მოძრავი) სისტემის ბრუნვითი მოძრაობით

კორიოლისის თეორემა - აჩქარებათა შეკრების თეორემა - წერტილის რთული მოძრაობის დროს წერტილის აბსოლუტური აჩქარება ფარდობითი, წარმტანი და კორიოლისის აჩქარებების გეომეტრიული ჯამის ტოლია.

კორიოლისის ინერციის ძალა - ინერციის ძალა, რომელიც ტოლია ნივთიერი წერტილის მასისა და კორიოლისის აჩქარების ნამრავლისა აღებული მინუს ნიშნით.

კორიოლისის ძალა - მუდმივი კუთხური სიჩქარით ათვლის მბრუნავ სისტემაში არსებული ფიქტიური ძალა. ეს ძალა წარმოიშვება იმ შემთხვევაში თუ ამ სისტემის მიმართ სხეული მოძრაობს, ანუ ეს ძალა არის ინერციული ძალის სახეობა.

კორკოშელა - მცირე ზომის მრგვალი სორტიმენტი, რომლის სიგრძე არ აღემატება ხის დამამუშავებელ ჩარხებზე მასალის დასამუშავებელ ზღვრულ ზომებს.

კოროზია (ლათ.) - 1. მყარი სხეულების თავისდაუნებურად დარღვევა, რომელსაც იწვევს გარემოსთან მისი ურთიერთქმედებისას განვითარებული ქიმიური და ელექტროქიმიური პროცესები. განსაკუთრებით ზიანის მომტანია ლითონების კ. მისი გავრცელებული სახეა - რკინის დაჟანგვა. კოროზიის საწინააღმდეგოდ მიმართავენ ზედაპირების დამცველ დაფარვას ლაქ-საღებავებით და კოროზიამედეგი მასალების გამოყენებით. კ. დამანგრეველ ზემოქმედებას განიცდის აგრეთვე ბეტონი, სამშენებლო ქვა, ხე, ზოგიერთი სახის პლასტმასი და, რა თქმა უნდა, რკ.ბ. დაცვის საშუალებებია: მაღალი სიმკვრივის ბეტონის გამოყენება, წყალგაუმტარი დანამატების შეყვანა ბეტონში, არმატურის დაფარვა დამცავი ფენით, ლითონის მოთუთიება და სხვ.; 2. გარემო პირობების გავლენით მეტალების გარდაქმნის ფიზიკო-ქიმიური პროცესი.

კოროზია ლითონების - ლითონების რღვევა კოროზიულ გარემოზე ქიმიური ან ელექროქიმიური ზემოქმედების შედეგად. გამოყოფენ კოროზიის სახეებს: აირული, ატმოსფერული, კოროზია თხევად გარემოში (ნაწილობრივი ჩაძირვით, ვატერხაზის მიხედვით, სრული ჩაძირვით), წყლისქვეშა, მიწისქვეშა, ბიოკოროზია, ხახუნით, ელექტროქიმიური (გარე, მოხეტიალე და კონტაქტური დენით) და სხვ.

კოროზია მერქნის - მერქნის სტრუქტურის რღვევა აგრესიული გარემოს ზემოქმედებისას.

კოროზია რკინაბეტონის - რკ.ბ.-ის რღვევა ბეტონისა და არმატურის კოროზიის შედეგად.

კოროზია საშენი მასალის - კონსტრუქციული საშენი მასალის თვისებების და მახასიათებლების გაუარესების შეუქცევადი პროცესი ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური ან ბიოლოგიური ზემოქმედებით ან პროცესებით უშუალოდ მასალაში.

კოროზია ქიმიური - ლითონის ნაკეთობების ზედაპირის დაშლის პროცესი მჟავეების, ტუტეების, მარილების და მისთ. ზემოქმედებით.

კოროზიამედეგობა - მასალის უნარი, გაუძლოს გარემოს ზემოქმედებით გამოწვეულ ზედაპირის დაზიანებას ან თვისებების დაკარგავას.

კოროზიისაგან დაცვა - კოროზიისაგან დაცვის ყველაზე გავრცელებული და მარტივი მეთოდია ლითონის ზედაპირის დაფარვა დამცველი აფსკის (ლაქის, საღებავის, ემალის და ა.შ.) ფენით. ასეთ აფსკს დაბალი აირ- და ორთქლშეღწევადობა და მაღალი წყალამრიდი თვისებები გააჩნია, რითაც აბრკოლებს ლითონის ზედაპირთან წყლის, ჟანგბადის და ატმოსფეროში შემავალი აგრესიული კომპონენტების შეღწევას. ფაქტიურად, ლაქსაღებავების ფენა მხოლოდ ამუხრუჭებს კოროზიის პროცესს. ამიტომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაფარვის ხარისხს: ფენის სისქეს, მის სიმკვრივეს, თანაბრობას, წყლის შეღწევადობას, შეჭიდულობის სიმტკიცეს (ადგეზიას). ფოლადის ელემენტების კ.დ. საუკეთესო საშუალებაა - მოთუთიება.

კოროზიისაგან მეორადი დაცვა - კონსტრუქციის დამზადების შემდეგ მასზე მავნე გარემოს მოქმედების შეზღუდვა ან გამორიცხვა.

კოროზიისაგან პირველადი დაცვა - კოროზიისაგან დაცვა, რომელიც მიიღწევა სამშენებლო კონსტრუქციის დამზადებამდე ან დამზადების პროცესში მასალის შედგენილობის ან სტრუქტურის შეცვლით და კოროზიამედეგი მასალის შერჩევით.

კოროზიული გამოცდა - საშენი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციებისა და დამცავი საფარვლების გამოცდა აგრესიულ გარემოში მათი კოროზიამედეგობისა და დაცვის უნარის განსაზღვრის მიზნით.

კოროზიული დაღლილობა - მასალის მზიდუნარიანობის შემცირება მრავალჯერმეორებადი დატვირთვებისა და აგრესიული გარემოს ერთდროული მოქმედების პირობებში.

კორომი - მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული ტყის ნაწილი.

კორპის ხე (ხავერდის ხე, პორტუგალიური მუხა) - ხე ტეგანისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში იზრდება 25-28 მეტრამდე. ღეროს დიამეტრია 90-120 სმ. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, შორეულ აღმოსავლეთში, მანჯურიაში, რუსეთში, ამურისპირეთში, ჩინეთში, კორეაში, ტიავანსა და იაპონიაში. ძირითადად ხარობს მთების ფერდობებზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლეზე. კორპი არის ქერქის გარეთა შრე, რომელიც კორპის მუხისგან მიიღება (ნახ. 1). მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ქერქი. ის არის მსუბუქი, ცეცხლგამძლე და ელასტიკური. კორპის  მუხა ყოველ წელს იძლევა გამძლე ქერქს, თუ მას არ შეეხებიან. ასეთ შემთხვევაში ქერქს შეუძლია სისქეში 25 სანტიმეტრი გაიზარდოს. ეს ხისთვის ერთგვარი ქურქია, რომელიც მას სიცხის, სიცივისა და  ტყეში გაჩენილი ცეცხლისგან იცავს. თუ ხეს შეეხებიან და  ქერქს გააცლიან, კორპის მუხას დაახლოებით ათ წელიწადში ექნება ახალი ქერქი. მერქანს აქვს ლამაზი ტექსტურა (ნახ. 2), მტკიცეა, ადვილად მუშავდება, არ იკარებს წყალს, არ ლპება. გარეგნულად ჩამოგავს კოპიტს, მაგრამ უფრო მუქი ფერისაა. გამოიყენება მშენებლობაში ფანერისა და იატაკის პლინთუსების, აგრეთვე ავეჯის დასამზადებლად. კ.ხ. ძირითადი დანიშნულებაა კორპის საცობების წარმოება.

კორპორაცია (ლათ.) - მეწარმეობის, ბიზნესის ერთ-ერთი ორგანიზაციული ფორმა. მისი თანამესაკუთრეა აქციის მფლობელთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელსაც აკისრია შეზღუდული პასუხისმგებლობა კორპორაციის აქციონერულ კაპიტალში. თავისი წილის ოდენობის მიხედვით კორპორაციის მთელი მოგება, რომელიც მის აქციონერებს ეკუთვნით, იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილდება აქციების მფლობელებს შორის დივიდენდის სახით, მეორე კი ხმარდება რეინვესტირებას. ამ ფორმის ძირითადი უპირატესობაა ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით დამატებითი კაპიტალის მობილიზაციის შესაძლებლობა. კ. ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციის მფლობელი იღებს წილს, რომელიც მან შეიტანა ფირმის აქციონერულ კაპიტალში.

კორპუსი - 1. ერთი ტიპის შენობებით განაშენიანებული დასახლების ცალკე მდგარი შენობა ან რაიმე დაწესებულების ნაწილი (მაგ., ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი); 2. რაიმეს მაგარი გარსი, რომელშიც რაიმე მექანიზმია მოთავსებული (მაგ., საათის კორპუსი, გემის კორპუსი და სხვ.); 3. ტიპოგრაფიული შრიფტი, რომლის კეგელი უდრის 10 პუნქტს; 4. მსხვილი საჯარისო შენაერთი (მაგ., სატანკო კორპუსი); 5. რაიმე ტექსტების სრული კრებული - კორპუსული ლინგვისტიკის შესწავლის საგანი; 6. ერთნაირი სპეციალობის მქონე პირთა ერთობლიობა, რომლებსაც რაიმე ოფიციალური სამსახურეობრივი მდგომარეობა უჭირავთ (მაგ., დიპლომატიური კორპუსი, საკანონმდებლო კორპუსი და სხვ.).

კორპუსკული - (ლათ.) მატერიის ნაწილაკი.

კორპუსკულური თეორია - თეორია, რომლის მიხედვითაც სინათლე განსაკუთრებული ნაწილაკების - კორპუსკულების ნაკადს წარმოადგენს.

კორტამე - მოკლე ფიცრები, ნაძვის მერქნისაგან დამზადებული საექსპორტო მასალა, ტექნ. პირობ. „შავი ზღვის დახარისხებული ხის დახერხილი მასალა“-ს შესაბამისად - სიგრძე 1000...3750 მმ, სისქე და სიგანე დამკვეთის სურვილის მიხედვით.

კორუნდი - პირველი ხარისხის თეთრი ფერის საიუველირო მინერალი. ქიმიური შედგენილობა: ქრომის, რკინის, მანგანუმის, ტიტანის უმნიშვნელო შემცველობა განსაზღვრავს მის ფერს - ქრომი აძლევს წითელ კაშკაშა ფერს, ტიტანი ლურჯს, რკინა - შავს. წითელ კ. ლალი ეწოდება, ლურჯს – საფირონი.

კორძი (თია, კოჟრი) - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ხის ტანის ადგილობრივი გასქელება, რომელსაც თან ახლავს მერქნის ჯავარიანობა (ნახ. 1). მისი სიმკვრივე მეტია, ვიდრე მერქნის. წარმოქმნის მიზეზია ხის სხვადასხვა გამღიზიანებლები და კამბიუმის ფენის დამზიანებლები. კორძს იყენებენ, როგორც მოსაპირკეთებელ მასალას. მისგან ამზადებენ მცირე ზომის მხატვრულ ნაკეთობებს. ძირითადად გვხვდება ფოთლოვან ჯიშებში: არყის ხე, ნეკერჩხალი, თხმელა, მუხა. კორძიანი მერქანი ძნელად ემორჩილება დამუშავებას, მაგრამ გამოირჩევა ლამაზი ტექსტურით.

კოსმოპოლისი - დიდი ქალაქი სხვადასხვა კულტურის ხალხის მოსახლეობით.

კოსმოსი (ბერძ.) - კოსმოსური სივრცე ყველა მისი ობიექტით; მოიცავს: დედამიწისახლო, პლანეტათაშორის, ვარსკვლავთაშორისა და გალაქტიკათაშორის სივრცეს ყველა მისი ობიექტით.

კოსოური - კიბის სვლის დახრილი მზიდი კოჭი, რომელსაც საფეხურები ეყრდნობიან ზემოდან. მზადდება ხის, ლითონის ან რკ. ბ.-ისაგან (ნახ. 1).



კოტა - მერქნულ ნაკეთობათა დეტალების ურთიერთ შეერთების საშუალება. ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს ბრტყელი, მრგვალი ან ტრაპეციული. კონსტრუქციის მიხედვით - მთლიანი, დეტალთან ერთად დამზადებული ან ჩასასმელი, მრგვალი ცილინდრული ფორმის, სიგრძით 20...30 მმ.

კოტანგესი (ლათ.) - მახვილი კუთხის ტრიტონომეტრიული ფუნქცია, რომელიც სწორკუთხა სამკუთხედში უდრის მოცემული კუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდებას მეორე კათეტთან.

კოტეჯების ჯგუფი - ერთ ტერიტორიაზე განთავსებული კოტეჯები რაოდენობით 2-დან 6-მდე

კოტეჯი (ინგლ.) - ერთ ან ორსართულიანი სახლი მცირე საცხოვრებელი ფართობით ერთი ნუკლეარული ოჯახისათვის საბაღე ნაკვეთით და ეზოს საერთო ფართობით მეტი 100 კვ.მ.-ზე (ნახ. 1).

კოტეჯური განაშენიანების ნაკვეთების ჯგუფი - კოტეჯური განაშენიანების ტერიტორია 5 ჰა-მდე (ზოგჯერ 8 ჰა-მდე) ფართობის, რომელიც ფუნქციურად, კომპოზიციურად და გეგმარებით ჩართულია უფრო დიდი საცხოვრებელი წარმონაქმნების (მიკრორაიონი, კოტეჯური დასახლება, კოტეჯური განაშენიანების კომპლექსი) შემადგენლობაში ან ქალაქის სტრუქტურულ ნაწილში.

კოტირება (ფრანგ.) - საქონლის, ფასიანი ქაღალდების, უცხოური ვალუტის საბირჟო ფასის დადგენა ბირჟაზე მოქმედი საკანონმდებლო ნორმებისა და ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად.

კოტრი - კუნძის გადანაჭერი, რომელიც სიგრძეში შეესაბამება ხის დამამუშავებელი მოწყობილობების მუშა ზომებს. კ. ექვემდებარება ჰიდროთერმიულ დამუშავებას მაღალი ხარისხის შპონის მისაღებად. დიამეტრი მეტია 160 მმ-ზე, ხოლო სიგრძე მიიღება 0,6...2,5 მ.

კოუში (ჰოლან.) - მრგვალი ან ოვალური ფორმის გარსაკრი გარეთა მხრიდან ღარით. კ. ათავსებენ ბაგირის მარყუჟში, რათა დაცულ იქნას იგი ხეხვით გამოწვეული გაცვეთისაგან. კ. ჩაიდება ჩანგალი ან ლილვაკი ბაგირის ჩასაბმელად ჭაღთან, კავთან ან სხვა ბაგირთან.

კოქსი (გერმ.) - მყარი ხელოვნური საწვავი; მიიღება სხვადასხვა ბუნებრივი საწვავის ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გახურებისას მაღალ ტემპერატურაზე (950…10500C) ჰაერის შეუღწევლად. განარჩევენ ქვანახშირის, ელექტროდულ სქელფისოვან და ნავთობის კ. ძირითადად აწარმოებენ ქვანახშირისაგან. ქვანახშირის კოქსს იყენებენ ბრძმედულ პროცესში თუჯის გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი), კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და რკინის მადნის აღმდგენელია. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ სამსხმელო წარმოებაში (სამსხმელო კოქსი), მადნების აგლომერაციისთვის, ქიმიურ მრეწველობაში, ფერად და შავ მეტალურგიაში და სხვ

კოქსის აირი - აირადი პროდუქტი, რომელიც ქვანახშირის დაკოქსვის შედეგად წარმოქმნილი ნარევის გაცივებისას არ კონდენსირდება. კ.ა. შეიცავს წვად აირებს: მეთანს, წყალბადს, ნახშირბადის ოქსიდს და სხვ. აგრეთვე უწვად აირებს: ნახშირბადის დიოქსიდს, ამიაკს, აზოტს. ამიაკის დაჭერა ხდება გოგირდმჟავით, რის შედეგადაც მიიღება ამონიუმის სულფატი - ძვირფასი სასუქი, მიიღება აგრეთვე ბენზოლი, გოგირდწყალბადი და სხვა პროდუქტები. გაწმენდილი კ.ა. გამოიყენება, როგორც საწვავი ან როგორც ქიმიური ნედლეული

კოშელი - 1. გლეხის სახლი, გავრცელებული ჩრდილოეთ რუსეთის ტერიტორიებზე (ნახ. 1); 2. საცხოვრებელი და სამეურნეო ზონების პარალელური განლაგება ერთი ასიმეტრიული სახურავის ქვეშ არსებული სახლისა; 3. დიდი ქისა; 4. სპეციალური მცურავი დაბრკოლება მორებისაგან მდინარეზე ხე-ტყის დასაცურებლად.

კოშკი - თავისუფლად მდგომი მაღლივი ნაგებობა. ანძისაგან განსხვავებით მის მდგრადობას უზრუნველყოფს მისივე ძირითადი კონსტრუქცია საჭიმარის გარეშე (ნახ. 1: ლებაისკარის კოშკი დათვიჯვრის უღელტეხილზე). კოშკს აგებენ ფოლადისგან, ხისგან, რ/ბეტონისგან, ქვისგან და ა.შ. მისი დანიშნულება მრავალმხრივია: ბეტონ-სასხმელი, სადაწნეო, საშრობი, წყალსაწევი, წყალსატევი, რადიოსარელეო, თავდაცვითი, სათვალთვალო და ა.შ.

კოშკი წყალსაწნევი - წყლის რეზერვუარი ხელოვნურ საყრდენ კონსტრუქციაზე, რომელიც არის წყალსადენის ქსელში წყლის ნაკადის, ხარჯის, მარაგის და სატუმბი სადგურების მუშაობის გრაფიკის მარეგულირებელი ნაგებობა (ნახ. 1. კოშკი წყალსაწნევი ცილინდრული რეზერვუარითა და ფოლადის კონსტრუქციების საყრდენით). კ.წ. ძირითადი ნაწილებია: ავზი (რეზერვუარი) და საყრდენი კონსტრუქცია (ტანი). ავზის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ლითონი (ფოლადის ან ალუმინის ფურცლები) ან რკ.ბ., ხოლო ტანისათვის - ფოლადი, რკ.ბ. და აგური. მეტწილად გავრცელებულია ცილინდრული, სფერული და მართკუთხა ფორმის რეზერვუარები. კოშკის მაქსიმალური სიმაღლეა 30 მ, ტევადობა - რამდენიმე ათეული მ3-დან (მცირე წყალსადენების) რამდენიმე ათას მ3-მდე (დიდი ქალაქების და სამრეწველო ცენტრების წყალსადენები). კ.წ. აღჭურვილია ასავსები და დასაცლელი მილების სისტემით. ავზი, წყლის გაყინვის საწინააღმდეგოდ, შეფუთულია თბოსაიზოლაციო მასალით. წყლის მიწოდება წარმოებს სატუმბი დანადგარების მეშვეობით. მოხმარების ხარჯის მიხედვით რეზერვუარში წყლის რეგულირება ხდება ტელესიგნალების საშუალებით, რომელიც მიეწოდება სადისპეტჩეროს.

კოშკურა - 1. ტვირთამწევი მანქანა წყვეტილი მოქმედებით, რომლის დანიშნულებაა ადამიანების გადაყვანა ვერტიკალურად ინსტრუმენტებთან და მასალებთან ერთად; 2. მოძრავი კონსტრუქცია ხანმოკლე სამუშაოების შესასრულებლად სიმაღლეზე (ნახ. 1); 3. სპეციალური უძრავი კონსტრუქცია რაიმე სამუშაოების შესასრულებლად სიმაღლეზე (ნახ. 2; სათვალთვალო კოშკურა).

კოშკური საცხოვრებელი სახლი - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც აქვს შვეული კომუნიკაციების (კიბე, ლიფტი) ერთი კვანძი და გეგმაში შედარებით მცირე ზომები. კ.ს.ს. უპირატესობაა ბინების ინსოლიაციის და განიავების კარგი პირობები. ასეთ სახლებს აშენებენ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, დამრეც რელიეფზე, აგრეთვე სხვა ტიპის სახლებთან ერთობლიობაში განაშენიანების რაიონის სივრცითი კომპოზიციის გასაუმჯობესებლად.

კოჭ-ამწე - ხიდური ამწის ნაირსახეობა, რომლის ელექტრული ან ხელის ტალი გადაადგილდება სავალ კოჭზე თვლებით. სავალი კოჭის ბოლოები აღჭურვილია სავალი ურიკებით, რომლებიც გადაადგილდებიან ამწისქვეშა სვეტებზე დაყრდნობილ კოჭებზე. კოჭ-ამწის ტვირთამწეობა 5 ტ-მდეა.

კოჭა - 1. ხის პატარა ღრუ ცილინდრი, თავსა და ბოლოში გაგანიერებული თავებით, რომელიც ძაფის დასახვევად გამოიყენება; 2. გამხოლოებული მავთულის ხვია ელეტრო-მაგნიტურ ხელსაწყოებში, ელექტროძრავებში, გენერატორებში; 3. შუაში გახვრეტილი და მავთულზე აცმული ხის რგოლი - საანგარიშოს დეტალი; 4. მერქნის პატარა სათამაშო რგოლი.

კოჭაკი - კარების საკეტის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ჯერ რაზა ეცმება, შემდეგ კი - ბოქლომი ეყრება.

კოჭი - 1. შენობებისა და ნაგებობების ჰორიზონტალური მზიდი კონსტრუქცია ორი ან მეტი საყრდენით; 2. ძელის სახის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც ძირითადად მუშაობს ღუნვაზე. მას ფართოდ იყენებენ მშენებლობასა და მანქანათმშენებლობაში: შენობების, ხიდების, ესტაკადების, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების, ჩარხების და სხვათა კონსტრუქციებში. კ. ძირითადად ამზადებენ ხისგან, ბეტონისა და ლითონისაგან. საყრდენების რაოდენობაზე დამოკიდებულებით კოჭი შეიძლება იყოს ერთ და მრავალმალიანი, კონსოლური და ჩამაგრებული ბოლოებით. განივი კვეთის ფორმის მიხედვით - მართკუთხა, ტესებრი, ორტესებრი და სხვ. კონსტრუქციული სქემის მიხედვით - ჭრილი ან უჭრი.

კოჭი უჭრი - კოჭი, რომელსაც აქვს ორი და მეტი მალი და რამდენიმე საყრდენი.

კოჭი ჭრილი - კოჭი, რომელსაც აქვს ერთი მალი და ორი სახსრული საყრდენი.

კოხლეოიდა (ბერძ.) - წირი, რომლის განტოლებას პოლარულ კოორდინატებში აქვს სახე: ρ = a Sinφ /φ

კოჰეზია - 1. მყარი და თხევადი სხეულების თვისება წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ამ სხეულის ნაწილაკების განცალკევებას. ეს თვისება უფრო მეტად გააჩნიათ მყარ სხეულებს, ვიდრე სითხეებს, ხოლო აირად სხეულებს ეს თვისება არ გააჩნიათ; 2. შეჭიდულობა, გადაბმა-ურთიერთმიზიდულობა მოლეკულებს, ატომებსა და იონებს შორის (იხ. ადჰეზია).

კრამიტი - გამომწვარი თიხის (თიხის კრამიტი), ცემენტქვიშის ხსნარის (ცემენტის კრამიტი) ან (იშვიათად) კირქვიშის ხსნარისაგან (სილიკატური კრამიტი) დამზადებული ცალობითი საბურულე მასალა (ნახ. 1). ფორმისა და დაწნეხის მეთოდის მიხედვით კრამიტი არის კილოებიანი (დაშტამპული და ლენტური) და ბრტყელი (ლენტური). კრამიტს ქვემოდან უკეთებენ ბეტერიან კოტას სახურავის ლარტყებზე მისამაგრებლად. კ. ხანგამძლე და ცეცხლმედეგია. მცირეა მისი საექსპლუატაციო ხარჯები, მაგრამ დიდი წონის, სიმყიფისა და სახურავის დიდი ქანობის აუცილებლობის გამო აძვირებს სამშენებლო კონსტრუქციას. კ. წარმოება დაიწყო ძვ. წ. VI საუკუნეში. საბერძნეთში იყენებდნენ ორი სახის კრამიტს ბრტყელს და ღარისებრს. ბრტყელი გვერდებაწეული კ. სახურავზე ეწყობოდა გვერდიგვერდ: ყოველი ზედა რიგის კ. ქვედა ბოლო გადადიოდა ქვედა რიგის კრამიტზე. ღარისებრ კ. აფარებდნენ ბრტყელი გვერდით წიბოებით. სახურავის კეხს ზოგჯერ სპეციალური კეხის კ. ხურავდნენ. სახურავის ქვედა რიგის ღარისებრი კ. ქვედა ბოლოებს ხშირად ჰქონდა დეკორატიული რელიეფი, რომელსაც ანტეფიქსს უწოდებდნენ. კ. საბერძნეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, განსაკუთრებით ელინიურ ხანაში. ძველ რომში შემოიღეს უფრო ეკონომიური S-ებრი განივკვეთის კ. ხმარობდნენ ღარისებრ კ., რომელსაც სახურავზე წაღმა-უკუღმა აწყობდნენ. როგორც S-ებრი, ისე ღარისებრი კრამიტი, დასავლეთ ევროპაში ბოლო დრომდე შემორჩა, პირველი ე ს პ ა ნ უ რ ი, ხოლო მეორე თ უ რ ქ უ ლ ი კრამიტის სახელწოდებით. ორივე ტიპი ამერიკაშიც გავრცელდა. ძველ ჩინეთსა და იაპონიაშიც პრინციპულად იმავე ტიპის კ. იყო გავრცელებული, როგორიც ძველ საბერძნეთში, ოღონდ ჩინური და იაპინური კრამიტი კაშკაშა ფერადი ჭიქურითაა დაფარული. ჩინეთში ტაძრებზე უპირატესად ყვითლი კ. იხმარებოდა. იაპონიის ბუდისტურ ტაძრებს ხურავდნენ რუხი ფერის კ., რომელიც დაფარული იყო სპეციალური საღებავით - ლუსტრით. საქართველოში კ. გავრცელდა ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს შავიზღვისპირეთის ბერძნების ახალშენებიდან. კ. ქართული სახელწოდებაც ძვ. ბერძნულიდან მომდინარეობს (karamidos). ანტიკური ხანის ქართული (ე. წ. მ ც ხ ე თ უ რ ი) კ. ბერძნული პროტოტიპებისაგან განსხვავდება კონსტრუქციის ცალკეული დეტალებით, ნაწილობრივ დამზადების ტექნიკითაც. გვიანდელ ანტიკურ ხანაში კ. წარმოება ფართოდ გავრცელდა მთელ საქართველოში. შუა საუკუნეებში კრამიტის ტიპი არ შეცვლილა, ოღონდ გავრცელდა კრამიტის ფერადი (მწვანე, ცისფერი და სხვ.) ჭიქურით დაფარვის წესი. შედარებით იშვიათად იხმარებოდა ღარისებრი კ., რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში კ ა ხ უ რ ი კ რ ა მ ი ტ ი ს სახელწოდებითაა ცნობილი. ცნობილია აგრეთვე თევზის ქერცლის ფორმის ბრტყელი ქართული კრამიტი, XX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში დაიწყო ევროპული ე.წ. მარსელის კრამიტის ქარხნული წარმოება.

კრაფტ-ქაღალდი - მაღალი სიმტკიცის ქაღალდი. მზადდება გრძელბოჭკოვანი სულფატური ცელულოზასაგან. გამოიყენება შესაფუთად, აგრეთვე ქაღალდის ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელთაც მოეთხოვებათ სიმტკიცე და ცვეთამედეგობა: გოფრირებული მუყაო, კტაფტ-ტომარა, პაკეტები, კონვერტები და სხვ

კრაფტ-ცელულოზა - სუსტად გამოხარშული გრძელბოჭკოიანი ხის ცელულოზა, რომლისგანაც კრაფტ-ქაღალდს, ქაღალდის ნართს, თოკს და ხეზს ამზადებენ.

კრახმალი - კარტოფილის, სიმინდის და მისთ. სახამებელი. ძირითადად გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში. მშენებლობაში იყენებენ შპალერის გასაკრავად, საღებავების შესასქელებლად და სხვ.

კრედიტი (ლათ.) - დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების ან საქონლის გაცემა ვალად განსაზღვრული ვადით ფიქსირებული პროცენტის საფასურად.

კრედიტი აქცეპტურ-რამბუსნული - აქცეპტური კრედიტის გართულებული ფორმა, რომლის დროსაც თამასუქი წარედგინება არა იმპორტიორის ბანკს, არამედ, ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე, რომელიმე პირველხარისხოვან ბანკს საერთაშორისო ბაზარზე.

კრედიტი აქცეპტური - ბანკების მიერ გაცემული კრედიტი კლიენტის წარდგენილი გადასაპირებელი თამასუქის აქცეპტირების გზით.

კრედიტი გრძელვადიანი - ფულადი სახსრების სესხად გაცემა ხანგრძლივი პერიოდით - 10-დან 60 წლამდე.

კრედიტი იპოთეკური - კრედიტის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმა, სესხი, რომელსაც გასცემს იპოთეკური ბანკი ხანგრძლივი ვადით (10-დან 15 წლამდე) უძრავი ქონების (მიწა, შენობა-ნაგებობები) გირაოდ დატოვების საფუძველზე.

კრედიტი კომერციული - კრედიტი, რომელსაც გამყიდველი აძლევს მყიდველს იმ პირობით, რომ იგი ნაყიდი საქონლის საფასურს განვადებით გადაიხდის.

კრედიტი როლოვერული - ითვალისწინებს პროცენტის განაკვეთის პერიოდულ გადასინჯვას პროცენტული განაკვეთისა და ვალუტის კურსის ცვალებადობის გათვალისწინებით. სახელშეკრულებო ვადა იყოფა მოკლე პერიოდებად (3...6 თვე). კ.რ. თავიდან აცილებს საბაზრო რისკს როგორც კრედიტორს, ისე მსესხებელს.

კრედიტი საბანკო - ბანკის მიერ აკუმულირებული თავისუფალი ფულადი სახსრებისა და საკუთარი კაპიტალის გაცემა კლიენტებზე დროებითი სარგებლობისათვის.

კრედიტი საერთაშორისო - კრედიტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის ფირმებსა და სახელმწიფოებს შორის საკრედიტო ურთიერთობაში. არსებობს კომერციული, საბაჟო და სახელმწიფო კრედიტის სახით.

კრედიტი საექსპერტო - კრედიტი, რომელიც გაიცემა საზღვარგარეთის ქვეყნებში იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საქონლისა და მომსახურების ექსპორტის დაფინანსების მიზნით.

კრედიტი სავალუტო - კრედიტი, აღებული უცხოური ვალუტით.

კრედიტი სამომხმარებლო - კრედიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს საქონლის გაყიდვას უშუალოდ მომხმარებლების მიერ საფასურის განვადებით გადახდის პირობით.

კრედიტის დაფარვის პირობები - 1. პერიოდულად: თვის, კვარტალის, ნახევარი ან ერთი წლის განმავლობაში; 2. თანაბარ ნაწილებად გადახდა: ძირითადი თახისა და დარიცხული პროცენტების გადახდა თანაბარი ოდენობით დათქმული ვადის განმავლობაში; 3. მზარდი ჯამით გადახდა: ვალის დაფარვისათვის დათქმულ პერიოდში ყოველ მომდევნო წელს გადასახადი თანხის წილის გაზრდა; 4. ნაშთის ერთჯერადი დაფარვა ფულის საბოლოო გადახდა ვადის დადგომისას. ჩვეულებრივ გადასახდელი თანხა ვალის საერთო რაოდენობის 15...25%-ს არ აღემატება.

კრედიტორი (ლათ.) - სესხის გამცემი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ვალად იძლევა რაიმე თანხას.

კრეკინგი - 1. ნახშირწალბადების თერმული და თერმოქიმიური დაშლის პროცესი; 2. მძიმე ნავთობპროდუქტების (მაგ., მაზუთის) გადამუშავება სპეციალურ დანადგარებში ბენზინის მისაღებად.

კრენტი - დანამატი, რომელსაც აძლევენ ცემენტს დაფქვისას მისი თვისებების გასაუმჯობესებლად.

კრეოზოტი - ზეთოვანი პროდუქტი, ფენოლის სხვადასხვა ეთერების ნარევი, რომელშიც აჭარბებს კრეოზოლი და გვაიაკოლი. მიიღება მშრალი მერქნის გამოხდით (წიფელი). აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება. ძირითადად გამოიყენება მერქნის გასაჟღენთად, როგორც ანტისეპტიკი (რკინიგზის შპალები).

კრია - ძვ. ქვიანი მიწა.

კრიზისი (ფრანგ.) - 1. დიდი გარდატეხა, მკვეთრი ცვლილება; მძიმე გარდამავალი პერიოდი; 2. ეკონომიკაში - საქონლის პერიოდული ჭარბწარმოება, რასაც თან სდევს წვრილ მეწარმეთა გაღატაკება; 3. რისამე მწვავე ნაკლებობა.

კრიმინალისტიკა (ლათ.) - იურიდიული დისციპლინა, რომელიც სწავლობს სისხლის სამართლის დანაშაულის კვლევის მეთოდიკას, ტაქტიკასა და ტექნიკას.

კრიოგენეზი (ბერძ.) - ერთობლიობა ფიზიკურ, ქიმიურ და სხვა პროცესებისა, რომლებიც მიმდინარეობს კრიოსფეროს ფარგლებში და რომლებსაც თან სდევს ყინულის წარმოქმნა.

კრიოგენული (ბერძ.) - დაბალ ტემპერატურასთან დაკავშირებული.

კრიოლითი (ბერძ.) - მინერალი ბუნებრივი ფიორიდების ჯგუფისა; ფართოდ იყენებენ ალუმინის მეტალურგიაში.

კრიოსტატი (ბერძ.) - ერთგვარი თერმოსტატი; იყენებენ კრიოგენურ ტექნიკაში.

კრიპტე (ბერძ.) - 1. ძველ რომში - კამარებიანი მიწისქვეშა სათავსი; 2. ძველი რომის კატაკომბებში სადგომი, სადაც პირველი ქრისტიანები ასრულებდნენ ღვთისმსახურებას და მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულებს; 3. ძველ ევროპაში - მიწისქვეშა სამლოცველო.

კრიპტოდეპრესია (ბერძ.) - ისეთი ჩავარდნილი ადგილი, ღრმული დედამიწისა, რომლის ფსკერი ზღვის დონეზე დაბლაა, ხოლო მასში არსებული წყლის დონე - ზღვის დონეზე მაღლა.

კრიპტოპორტიკი - გადახურვაში მოწყობილი ღიობების საშუალებით განათებული მიწისქვეშა გალერეა.

კრიპტო… (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ფარულ, საიდუმლო რასმე.

კრისტალი - მყარი მაგარი სხეული, რომელსაც ბუნებრივად აქვს სწორი სიმეტრიული მრავალკუთხედის ფორმა. მასში ატომები განლაგებულია კანონზომიერად, რომლებიც ქმნიან სამგანზომილებიან პერიოდულ სივრცით წყობას - კრისტალურ მესერს. არსებობს იდეალური კ. (მათემატიკოსებისათვის) და რეალური კ. (პრაქტიკოსი ინჟინრებისათვის). კ. შემსწავლელი ფიზიკური დარგებია: კრისტალოგრაფია, სტრუქტურული კრისტალოგრაფია, კრისტალოოპტიკა და კრისტალოქიმია.

კრისტალიზაცია - პროცესი ნივთიერების ფაზური გადასვლისა თხევადი, აირადი, ნადნობი, ამორფული მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში, კრისტალების წარმოქმნით, რის შედეგად ნივთიერების ქიმიური შემადგენლობა, სტრუქტურა და თვისებები იცვლება ნახტომისებურად. ქიმიურ მრეწველობაში კ. პროცესი გამოიყენება ნივთიერებების სუფთა სახით მისაღებად.

კრისტალოფიზიკა - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის კრისტალებისა და კრისტალური აგრეგატების ფიზიკურ თვისებებს

კრისტალური - კრისტალებისაგან შემდგარი; წმინდა, ანკარა, კამკამა

კრისტალური მესერი - მესერი, რომლის საკვანძო წერტილებში ნივთიერების მილეკულებია მოთავსებული.

კრიტერიუმი (ბერძ.) - რაიმე მტკიცების შესრულების კრიტერიუმი. ამ მტკიცების აუცილებელი და საკმარისი ნიშან-თვისება. კ. ეწოდება არა ყველა აუცილებელ და საკმარის პირობას, არამედ მხოლოდ იმათ, რომლებიც წარმოადგენენ მათემატიკის ამა თუ იმ დარგის, ამა თუ იმ მათემატიკური თეორიის ყველაზე საჭიროს და აუცილებელს. კ. არის ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც რაიმეს აფასებენ, განსაზღვრავენ, რისამე კლასიფიკაციას ახდენენ; მსჯელობის შეფასების საზომი, მაგ., კრებადობის, მდგრადობის, მსგავსების, ოპტიმალურობის, სიმტკიცის და სხვ.

კრიტერიუმი გენეტიკური - ყველა ცოცხალი არსებისათვის (სახეობისათვის) დამახასიათებელი, მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის, ფორმისა და ზომის ქრომოსომათა კომპლექტი. ეს სახეობის მთავარი ნიშანია. სხვადასხვა სახეობის ინდივიდებს ქრომოსომათა განმასხვავებელი კომპლექტები აქვთ და ამის გამო არ შეუძლიათ ერთმანეთთან შეჯვარება, რის შედეგადაც ბუნებრივ პირობებში გამოცალკევებული არიან ერთმანეთისაგან.

კრიტერიუმი გეოგრაფიული - გარკვეული არეალი (ტერიტორია, აკვატორია), რომელიც სახეობას უკავია ბუნებაში. ის შეიძლება იყოს დიდი ან მცირე, მთლიანი ან წყვეტილი. არსებობს ძალზედ ფართოდ გავრცელებული სახეობები, რაც ხშირად ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული (მაგ., სარეველა მცენარეებისა და მავნებელი მწერების მრავალი სახეობა).

კრიტიკული ზომა - უმცირესი აქტიური ზონის მქონე ბირთვული რეაქტორი, რომლის დროსაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ბირთვული საწვავის დაშლის თვითშენარჩუნების რეაქცია. ჩვეულებრივ, კრიტიკულ ზომად იღებენ ე.წ. აქტიური ზონის კრიტიკულ მოცულობას. კრიტიკული ზომა დამოკიდებულია რეაქტორის კონსტრუქციაზე, ბირთვული საწვავის სახეზე და საწვავის შემადგენლობაზე. ნეირონების ამრეკლის გამოყენებისას მცირდება კრიტიკული ზომა.

კრიტიკული ინფრასტრუქტურა - სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის ურთიერთდაკავშირებული მომსახურების სტრუქტურებისა და ეკონომიკის ობიექტების კომპლექსი, რომელთა უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს გარკვეული პრობლემის გადაჭრის უზრუნველყოფა; მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები, რომლებიც თავად შეიძლება წარმოადგენდნენ პოტენციურ საფრთხეს, იქ მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების განვითარების თვალსაზრისით, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურისათვის, ასევე ზოგადად ქვეყნისა და მოსახლეობისათვის.

კრიტიკული მდგომარეობა - მდგომარეობა, რომლის დროსაც ორი განსხვავებული ფაზა იმყოფება წონასწორობაში და იდენტური ხდება ყველა თავისი თვისებით. კ.მ. შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი თანაარსებობის ფაზა თვისობრივად მსგავსია, უფრო სწორედ, ორივე იზოტროპულია (სითხე - ორთქლი, სითხე - სითხე, გაზი - გაზი) ან ორივე კრისტალურია ერთი და იმავე ტიპის კრისტალური მესერით. წერტილს მდგომარეობის დიაგრამზე, რომელიც შეესაბამება კრიტიკულ მდგომარეობას, ეწოდება კრიტიკული წერტილი. ერთკომპონეტიანი სისტემის შემთხვევაში (სუფთა ნივთიერება) კ.მ. შესაძლებელია მხოლოდ წონასწორობისას სითხე - ორთქლი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ სისტემის პარამეტრებს ეწოდებათ კრიტიკული პარამეტრები: კრიტიკული ტემპერატურა Tკრ, წნევა Pკრ, და მოლური მოცულობა Vμკრ. წყლისათვის Tკრ = 547,3K, Pკრ = 22.1 მპა და Vμკრ = 5,6.10−53 ∙მოლ. ორკომპონეტიანი სისტემაში მდგომარეობა ხასიათდება 4 პარამეტრით (ტემპერატურა, წნევა, მოცულობა და შემადგენლობა) და ნაცვლად ერთი კრიტიკული წერტილისა გვაქვს კრიტიკული წერტილების მრუდი. კრიტიკულ და მასთან ახლოს მყოფი მდგომარეობის სისტემა თვისებებით მკვეთრად განსხვავდება სხვა არეში მყოფი სისტემის თვისებებისაგან. კ.მ. მოლეკულური დიფუზიის სიჩქარე ეცემა ნულამდე და მკვეთრად იზრდება ფლუქტაციის ზომები, რაც ვლიდება, მაგ., კრიტიკულ ოპალესცენციაში.

კრიტიკული ტემპერატურა - ნივთიერების ტემპერატურა მისი კრიტიკული მდგომარეობისას. სუფთა ნივთიერებებისათვის კ.ტ. - მაქსიმალური ტემპერატურაა, რომლის დროსაც რეალურია სითხის არსებობა ორთქლთან წონასწორობაში. აირის გათხევადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი ტემპერატურა ნაკლებია კ.ტ.-ზე.

კრიტიკული წერტილი - წერტილი მდგომარეობის დიაგრამაზე, სადაც ორი თანაარსებობის ფაზა თვისობრივად ერთნაირია და იმყოფება წონასწორობით მდგომარეობაში

კრიჭა - პატარა ღარი, წისქვილის ხვიმირას ქვეშ მიკრული, დასაფქვავი მარცვლეულის სადენად.

კრიჭა შალაშინის - შალაშინის დანასა და კალაპოტს შორის შუალედური ჭვრეტი, საიდანაც ბურბუშელა ჭრის ზედაპირიდან გარეთ გამოდის.

კროკი - იხ. ესკიზი.

კროკუსი (ლათ.-ბერძ.) - ფხვნილისებრი, კრისტალური რკინის ჟანგი. გამოიყენება, როგორც აბრაზივი ძვირფასი ქვების, მინის, ლითონების გასაპრიალებლად.

კრომლეხი (ინგლ.) - ჰორიზონტალური ფილებით გადახურული, წრეხაზზე შვეულად დაყენებული ქვები, ნეოლითის და, უმთავრესად, ბრინჯაოს ხანის მეგალითური საკულტო ნაგებობა (ნახ. 1).

კრონა (რუს.) - 1. სინთეზური არაორგანული პიგმენტი, რომლის ფერს განსაზღვრავს ქრომოფორმი. ტყვიის კ. - კრონა ლიმონის ფერიდან წითლამდე, არის ერთდროულად დალექილი ტყვიის ქრომატი და სულფატი ან ტყვიის ოქსიქრომატი. ტყვია-მოლიბდენის კრონა - კრონა ნარინჯისფრიდან წითელ ფერამდე, არის ერთდროულად დალექილი ტყვიის ქრომატი და მოლიბდენი ან ტყვიის სულფატი. სტრონციუმის კრონა - კრონა მოყვითალო ფერის, არის სტრონციუმის ქრომატი. თუთიის კრონა - კრონა ყვითელი ფერის, არის თუთიის ტეტრაოქსიქრომატის ან თუთიის ტრიოქსიქრომატის ან ერთდროულად დალექილი თუთიისა და კალის ქრომატები. გამოიყენება საღებავების წარმოებაში; 2. ხის ვარჯი; ხის ტოტები ერთობლივ; 3. ფულის ერთეული ჩეხეთში, შვედეთში, ნორვეგიაში და სხვ. ქვეყნებში.

კრონმინა (რუს. Кронглас) - ოპტიკური მინა, რომელიც არ შეიცავს ტყვიას და გამოირჩევა სხვადასხვა სიგრძის სინათლის ტალღების გარდატეხის მაჩვენებლების მცირე სხვაობით.

კრონშტეინი (გერმ.) - 1. ბრჯენი, კონსოლი; არქიტექტურულად დამუშავებული კონსოლი, რომელიც შენობის გამოწეული ნაწილების ან ქანდაკების საყრდენს წარმოადგენს; 2. საყრდენი დეტალი ან კონსტრუქცია ვერტიკალურ კედლებზე ან სვეტებზე, ჰორიზონტალური მიმართულებით გამოშვერილი მანქანათა ნაწილების (ელექტროძრავების, ტრანსმისიური საკისარის და ა.შ.) ან ნაგებობების დასამაგრებლად.

კროსინგი - გვირაბების ურთიერთგადამკვეთი, საჰაერო ჭავლების გამმიჯნავი სავენტილაციო ნაგებობა.

კუბატურა - რისამე მოცულობა, კუბური ერთეულებით გამოსახული.

კუბი - წესიერი მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი (ნახ. 1). აქვს კვადრატული ფორმის 6 წახნაგი, 12 წიბო, 8 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის ურთიერთმართობულად განლაგებული 3 წიბო). თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ კ. მოცულობა V = b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 6b2.


კუბიზმი (ფრანგ.) - მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც რეალური საგნების გამოხატულებას ცვლის გეომეტრიული ფიგურების კომბინაციით

კუთრი მასა - ნივთიერების მოცულობის ერთეულის მასა. სიმკვრივისაგან განსხვავებით კ.მ. არ არის ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებელი, ვინაიდან დამოკიდებულია გაზომვის ადგილზე.

კუთრი მოცულობა - ფიზიკური სიდიდე v, რომელიც ტოლია ნივთიერების მიერ დაკავებული მოცულობის ფარდობისა მის მასასთან: v = dV/dm, სადაც dm-ნივთიერების მასა, რომელიც მოთავსებულია dV მოცულობაში. კ.მ. სიმკვრივის ρ შებრუნებული სიდიდეა: v =1/ρ. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში კ.მ. განზომილებაა მ3/კგ.

კუთრი სიმტკიცე - მასალის სიმტკიცის მახასიათებლის ფარდობა ამ მასალის სიმკვრივესთან.

კუთრი წონა - ფიზიკური სიდიდე γ, რომელიც ტოლია სხეულის წონის ფარდობის მის მოცულობასთან: γ = dP/dV, სადაც dP-სხეულის უსასრულოდ მცირე ელემენტის წონა; dV-ამ ელემენტის მოცულობა. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში კ.წ. განზომილებაა ნ/მ3.

კუთხე - 1. მათემატიკაში - ერთი წერტილიდან გამოსულ ორ სწორ ხაზს შუა მოქცეული ფართობი; 2. ადგილი, სივრცის ნაწილი, სადაც ერთმანეთს კვეთს ორი საგანი ან საგნის ორი მხარე; 3. ქვეყნის ნაწილი, მხარე.

კუთხე ბრტყელი - გეომეტრიული ფიგურა, შედგენილი ერთი წვეროდან გამოსული ორი სხივის მიერ. კუთხის საზომი ერთეულებია გრადუსი და რადიანი. კუთხე შეიძლება იყოს მახვილი, მართი და ბლაგვი. კუთხე, როგორც ერთ-ერთი პარამეტრი, ფართოდ გამოიყენება ადგილმდებარეობის დაგეგმვის, მშენებლობის, კონსტრუქციების დამზადების, მონტაჟის, რეკონსტრუქციის, აღდგენა-გაძლიერების, მანქანების სამუშაო მდგომარეობის, მუშა პროცესის და სხვათა მახასიათებლად. მაგ.: ასვლის, ბრუნვის, ფერდოს, ყალიბის დაყენების და დახრილობის, მობრუნების, მოდების, მოხვევის, შიგა ხახუნის, ძვრის, ჭრის, ხახუნის, დარტყმის, კვეთის მობრუნების და სხვა კუთხეები.

კუთხედი - 1. სახაზავი, საზეინკლო, სადურგლო ინსტრუმენტი კუთხეების ასაგებად. ყველაზე მეტად გავრცელებულია მართკუთხა სამკუთხა მახვილი კუთხეებით 300 და 600 ან ორივე მახვილი კუთხე 450. ძირითადად ამზადებენ ხისა და პლასტმასისაგან, იშვიათად - ლითონისაგან. კ. ერთ-ერთ გვერდზე დაიტანება დანაყოფები (მმ, სმ); 2. ინსტრუმენტი მანქანათა ნაწილების ზედაპირების ურთიერთ პერპენდიკულარობის შესამოწმებლად; 3. იხ. გონიო; 4. მილგაყვანილობების მოკლე შემაერთებელი რგოლი (ფიტინგი); 5. ცხლად ან ცივად ნაგლინი ლითონის ან პლასტმასის პროფილი.

კუთხესაზომი - ხელსაწყო კონტაქტური მეთოდით მანქანათა ნაწილების და სხვა ნაკეთობების სიბრტყეებს შორის კუთხეების გასაზომად.

კუთხესანიშნი - სახუროე, სადურგლო სახაზავი, რომლითაც კუთხეების მონიშვნას აწარმოებენ.

კუთხვილი (რუს. Резьба) - ბრუნვით სხეულზე მონაცვლეობითი შვერები და ღრმულები, რომლებიც განლაგებულია ხრახნულ ხაზზე. გამოიყენება როგორც შემაერთებელი, შემამჭიდროებელი და მოცემული გადაადგილების საშუალებები მანქანების, მექანიზმების, ხელსაწყოების და სხვათა ნაწილებში (ნახ. 1: კონუსური კუთხვილი). შვერის კვეთის ფორმის მიხედვით არის სამკუთხა, ტრაპეციული, ნახევრადმრგვალი და სხვ. ძირითადი პარამეტრებია: გარე, საშუალო და შიგა დიამეტრები, ბიჯი და კუთხე პროფილის წვერზე (α). განასხვავებენ მეტრულ (α = 600 ) და მილისებრ (α = 550) კუთხვილებს.

კუთხვილის საზომი ინსტრუმენტი – ხელსაწყო კუთხვილის ცალკეული მონაკვეთების ხრახნის ელემენტების შემოწმებისათვის. კ.ს.ი. მიეკუთვნება: თარგები (შაბლონები), მიკრომეტრები, ლოგარითმული სახაზავები, მზომი მიკროსკოპები, ოპტიმეტრები, დომკრატები და სხვა.

კუთხვილსაკეჭნი ინსტრუმენტი - სხვადასხვა დეტალებზე გარე (შიდა) კუთხვილების მოსაჭრელი ინსტრუმენტი (მაგ. მრგვალი ნაკეჭნი გორგოლაჭი, ბრტყელი დაკეჭნილი გარესახსარი). კ.ი. მასიურად გამოიყენება მოკლე მომჭერი კუთხვილების დასამზადებლად (ნახ. 1: შიდა კუთხვილსაკეჭნი გორგოლაჭი).

კუთხვილური შეერთება - დეტალების შეერთება კუთხვილის მეშვეობით. კუთხვილური შეერთებები ქმნიან მოქმედ მექანიზმებს, როგორებიცაა: ხრახნული წნეხი, დომკრატი, მოძრავი ჭანჭიკი ლითონმჭრელ ჩარხებში და სხვ.

კუთხის ტრისექცია - ამოცანა კუთხის სამ ტოლ ნაწილად დაყოფის შესახებ.

კუთხური აჩქარება - ვექტორული სიდიდე, რომელიც ახასიათებს მყარი სხეულის კუთხური სიჩქარის ცვალებადობის სისწრაფეს. სხეულის ბრუნვისას უძრავი ღერძის გარშემო, როდესაც მისი კუთხური სიჩქარე ω იზრდება (ან მცირდება) თანაბრად, კუთხური აჩქარების აბსოლუტური სიდიდე ტოლია ε = ∆ω/∆t , სადაც ∆ω არის კუთხური სიჩქარის ნამატი დროის ∆t მონაკვეთში.

კუთხური მომენტი - იგივეა, რაც მოძრაობის რაოდენობის მომენტი.

კუთხური სიჩქარე - ვექტორული სიდიდე, რომელიც ახასიათებს მყარი სხეულის ბრუნვის სისწრაფეს. უძრავი ღერძის გარშემო სხეულის თანაბარი ბრუნვისას მისი კუთხური სიჩქარის აბსოლუტური სიდიდე ω = ∆φ/∆t , სადაც ∆φ არის მობრუნების კუთხის ნამატი დროის ∆t შუალედში.

კუთხური სიხშირე - რხევების რიცხვი, შესრულებული 2π წამის განმავლობაში: ω = 2πν = 2π/T, სადაც ν - რხევების რიცხვი წამში, T - რხევების პერიოდი.

კულისა - ბერკეტული მექანიზმის რგოლი, რომელიც ბრუნავს უძრავი ღერძის ირგვლივ და მეორე მოძრავ რგოლთან ქმნის წინსვლით წყვილს.

კულისები (ფრანგ.) - რამპის პარალელურად განლაგებული, მოხატული ტილოთი ან მკვრივი ქსოვილით გადაკრული ჩარჩოების რიგი, რომელიც მაყურებლისგან ფარავს სცენის გვერდით ნაწილს.

კულმანი - დახრილად დამაგრებული სპეციალური დაფა ხაზვისათვის.

კულმინაცია - რაღაცის დაძაბულობის, აწევის, განვითარების უმაღლესი წერტილი.

კულონი - ელექტრობის რაოდენობის საზომი ერთეული. ერთი კულონი არის ელექტრული მუხტის ის რაოდენობა, რომელსაც გადაიტანს ერთი წამის განმავლობაში ერთი ამპერი მუდმივი ელექტრული დენი, ან ერთი კულონი არის აგრეთვე ელექტრული მუხტის ის რაოდენობა, რომელიც არის მოთავსებული ერთი ფარადი ტევადობის მქონე სხეულზე როდესაც პოტენციალთა სხვაობა 1 ვოლტის ტოლია.

კულუარები (ფრანგ.) - სხდომათა დარბაზის გვერდით განლაგებული დასავენებელი ოთახების ჯგუფი.

კუმარინი - კუმარუს ხის ფისი.

კუმარუ - (ჰაეროვანი დიპტერიქსი, კოემაროე, კაიმენური გვაიაკი, შიხუახუაკო, ვისგუერო, მუიმაპაჟე, იესგუერო) - ფოთლოვანი ხის ტროპიკული ჯიში, რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. სიმაღლე აღწევს 48 მ-ს, დიამეტრი 2 მ-მდე და მეტს. მას ხშირად ბრაზილიურ ტიკსაც უწოდებენ. მერქანი ყვითელ-ყავისფერი აქვს. გამოირჩევა მაღალი სიმკვრივითა (1100 კგ/მ3) და სიმაგრით (10 კგ/მმ2 ბრინელის მიხედვით). ჯიშის მექანიკური მდგრადობა საშუალებას იძლევა კ. გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ტენის და ამინდის პირობებში. მედეგია ლპობისა და ბიომავნებლების მიმართ. ადვილად შრება, კარგად იჭერს ლურსმნებს, თუმცა საკმაოდ რთული დასამუშავებელია (მაღალი სიმკვრივის გამო აფუჭებს საჭრელ ინსტრუმენტებს), ცუდად წებდება. შესანიშნავი მექანიკური მახასიათებლების გამო ფართოდ გამოიყენება მრეწველობასა და ყოფა-ცხოვრებაში. კ. მერქნისაგან მზადდება: ტერასული ფიცრები (ნახ. 1), გემის გემბანი, გემმისადგომები, მასიური ძელები და ფიცრები სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობისათვის, უმაღლესი ხარისხის ავეჯი, ხელსაწყოების სახელურები, საცურაო აუზების საფარი (ნახ. 2), რკინიგზის შპალები, ხის შპონი, სადურგლო პროდუქცია და სხვ., ხოლო კ. ფისს (კუმარინს) მოიხმარებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კვების მრეწველობაში და ა.შ.

კუმულაცია (ლათ.) - 1. ფიზიკ. აფეთქების ენერგიის კონცენტრაცია გარკვეული მიმართულებით, რომელიც მიიღწევა ყუმბარის კონსტრუქციის განსაკუთრებულობით ან ასაფეთქებელი ნივთიერების მუხტის ფორმით; 2. ლიტ. თხრობითი და დრამატული სიუჟეტების კომპოზიციის აგების მეთოდი; 3. მედიც. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების დაგროვება (მატერიალური კუმულიაცია) ან მისი ეფექტი (ფუნქციონალური კუმულიაცია) წამლებისა და შხამების განმეორებითი გამოყენებისას; ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო პრეპარატების, ტოქსინების და დასხივების დოზების დაგროვება, შეჯამება; 4. სამოქ. ერთ ადგილზე დაზღვეული ობიექტების თავმოყრა; 5. ბიზნ. საინვესტიციო შემოსავლის მიღების მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ინვესტორს ერთდროულად, ან გარკვეული ხნის მანძილზე თანაბარ წილებად მიიღოს რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი შემოსავალი.

კუმშვა - 1. ღეროს (ძელის) გრძივი დეფორმაციის სახე, რომელსაც ადგილი აქვს ღეროს გრძივი ღერძის გასწვრივ მკუმშავი ძალის მოდებისას. ამ დროს ღეროში გრძივი ძალების ზემოქმედებით ხდება ღეროს გეომეტრიული სიგრძის შემცირება. სამშენებლო კონსტრუქციებისათვის ძირითადად კ. ორი სახე არსებობს: ცენტრალური (ძალა მოდებულია ღეროს გრძივი ღერძის გასწვრივ) და ექსცენტრული (ძალა მოდებულია ღეროს გრძივი ღერძიდან გადანაცვლებულად). ზოგადად შეკუმშული ელემენტის გაანგარიშება სიმტკიცეზე წარმოებს ფორმულით: σ = N/A ≤ R, სადაც σ - კუმშვის ძაბვა;  N - მოქმედი მკუმშავი ძალა; A - ღეროს განივკვეთის ნეტო ფართობი (შესუსტებების გათვალისწინებით); R - მასალის საანგარიშო წინაღობა კუმშვაზე; 2. თერმოდინამიკაში - გაზის მოცულობის შემცირება გაცივებისას; 3. გაზების კომპრესიაში - გაზისმაგვარ ტანზე ძალური ზემოქმედება, რასაც თან ახლავს დაკავებული მოცულობის შემცირება, ხოლო წნევისა და ტემპერატურის გაზრდა. კომპრესია ხორციელდება კომპრესორის ან შიდაწვის ძრავის გამოყენებით. კუმშვაზე მუშაობს სამშენებლო კონსტრუქციების ბევრი ელემენტი: სვეტი, კოლონა, საძირკველი, ნივნივი, წამწის გისოსის ელემენტები და სხვ.

კუნსტკამერა (გერმ.) - სხვადასხვა იშვიათი საბუნებისმეტყველო, პათოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული თუ არქეოლოგიური საგნების კოლექცია; ასეთი კოლექციის საცავი. პირველი მუზეუმი რუსეთში. დაარსა პეტრე დიდმა ნევის პირას (სანკტ-პეტერბურგში) ზამთრის სასახლის მოპირდაპირედ. პეტრინის ბაროკოს სტილის შენობა მუზეუმისთვის 1727 წელს გაიხსნა.

კუნძი - 20 სმ-ზე მეტი დიამეტრის მორის გადანაჭერი. იგი ისეთი სორტიმენტია რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულების ხის პროდუქციის მისაღებად (საავიციო დახერხილი მასალა, დაჩურჩნილი და ანათალი შპონი, შპალი და სხვ.)

კუნწუხი - ხის კენწერო.

კუპე - 1. მატარებლის ვაგონში რამდენიმე კაცისათვის განკუთვნილი ცალკე განყოფილება; 2. კარადა-კუპე - ბინის შემოსასვლელში განთავსებული კარადა განკუთვნილი ტანისამოსის (უპირატესად სეზონური მოხმარების) და ფეხსაცმლების შესანახად.

კუპელჰალე (გერმ.) - გუმბათიანი დარბაზი, გუმბათოვანი დარბაზის ტიპის ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტი. სვეტებით დაუნაწევრებელი, დარბაზივით ერთიანი სივრცის ტაძარი, რომელსაც გუმბათი აგვირგვინებს. ის (გუმბათი) აფსიდის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან პერპენდიკულარულად გამოწეულ შვერილებს ეყრდნობა და არა ცალკე მდგომ ბურჯებს (ნახ. 1).

კუპიურა - ნომინალური ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ქაღალდის ფულზე, ბანკნოტებზე, ობლიგაციებზე და სხვა ფასიან ქაღალდებზე, აგრეთვე თვით ეს ქაღალდის ფული, ბანკნოტი, ობლიგაცია და სხვ.

კუპონი - ფასიანი ქაღალდის ნაწილი, რომელიც იჭრება და ხელწერილის ნაცვლად ეძლევა პროცენტის ან დივიდენდის მიმღებს.

კუპრბეტონი - კუპრის, ღორღისა და წიდის ნაერთი; გამოიყენება გზების, აეროდრომებისა და სხვა სახის მშენებლობებში.

კუპრი - შავი ან ყავისფერი ბლანტი სითხე, მყარი სათბობის მშრალად გადამუშავების პროდუქტი. მიიღება ქვანახშირის, ტორფის, მერქნის, ფიქლების მშრალი გამოხდით. ამის მიხედვით, არჩევენ: ქვანახშირის, ტორფის, მერქნის და ფიქალის კუპრს. გამოიყენება საგზაო მშენებლობაზე.

კურანტი (ფრანგ.) - კოშკის ან კედლის ძველებური საათი, რომელიც რეკავს და თან ასრულებს რაიმე პატარა მუსიკალურ ნაწარმოებს (ნახ. 1: მოსკოვის კრემლის კურანტები); ასეთი საათის მუსიკალური მექანიზმი.

კურდონერი (ფრანგ.) - ბერძნული ასო П-ს მოყვანილობის შენობის გამონაშვერებით ან ცალკე მდგომი კორპუსებით წარმოქმნილი საპარადო ეზო, რომელიც ქუჩის მხარეს გახსნილია (ნახ. 1).

კურვატურა (ლათ.) - სწორხაზოვანი არქიტექტურული ელემენტების უმნიშვნელო გამრუდება, რომელსაც მიმართავენ რაკურსით აღქმისას შესაძლებელი დამახინჯების თავიდან ასაცილებლად.

კურვიმეტრი (ლათ.) - ხელსაწყო მრუდი ხაზების სიგრძის გასაზომად რუკასა და გეგმებზე.

კურზალი (გერმ.) - კონცერტების, კრებებისა და მისთანებისთვის განკუთვნილი შენობა, სადგომი კურორტებზე.

კურია (ლათ.) - ძველი რომის სენატის შენობა.

კურორტი (გერმ.) - ადგილი, სადაც არის ბუნებრივი პირობები მკურნალობისა და დასვენებისათვის.

კურსი (ლათ.) - 1. სვლის მიმართულება; 2. მიმართულება, გეზი, ორიენტაცია (პოლიტიკაში); 3. რაიმე მეცნიერების ან მისი ნაწილის სისტემატური გადმოცემა უმაღლეს სასწავლებელში; 4. სწავლების დასრულებული ციკლი.

კურსორი - მოძრავი ნიშანი, რომელიც კომპიუტერის მონიტორზე აისახება და სამუშაო წერტილს აღნიშნავს.

კურტინა (ფრანგ.) - 1. პარკში გაზონის ღია ნაკვეთი, რომელიც შემოსაზღვრულია სუფთად გაკრეჭილი ბუჩქებით ან ხეებით; ცალკე ჯგუფად მდგარი ხეები, ბუჩქები; 2. ბაღის, ტყის ცალკე გამოყოფილი ნაკვეთი; 3. ძვ. ციხე-დარბაზის მეზობელ ბასტიონებს შორის მიწის ნაყარი (ზღუდე), აგებული თავდაცვის მიზნით (ნახ. 1); 4. ზეწარი, ფარდა (ნახ. 2).

კუტი - მანქანის ურნალის დასარტყმელი ნაწილი ქვის სამსხვრევად, ხიმინჯის ჩასასობად.

კუტიკარი - პატარა ჭიშკარი.

ლაბიერი - ჭერის კოჭებს ზევით აყვანილი კედელი.

ლაბირინთი (ბერძ.) - ლავრინთო; ქუჩების, ხეივნების (ნახ. 1), კორიდორების და სხვა რთული, დახლართული განლაგება.

ლაბორატორია - 1. დაწესებულება, სადაც ეწევიან ექსპერიმენტულ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; 2. სპეციალურად აღჭურვილი სათავსი სამეცნიერო, სამრეწველო-საკონტროლო ან სასწავლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.

ლაბრადორიტი - გაბროს ჯგუფის მაგმური ქანი. მეტწილად მსხვილმარცვლოვანი შავი ან მუქი ნაცრისფერი ქვა, რომლის მონატეხზე ან პოლირებულ ზედაპირზე ლაბრადორის კრისტალები მოცისფრო-მომწვანოდ ბზინავს. გამოიყენება შენობების, ძეგლების, ობელისკების და ა.შ. მოსაპირკეთებლად.

ლაგი - 1. იხ. წოლანა; 2. დროის გარკვეული მონაკვეთი მიზეზ-შედეგობრივ კავშირში მყოფ მოვლენებსა და პროცესებს შორის.

ლაგი ადაპტაციის - დრო, რომელიც აუცილებელია ცვლადი სიდიდის, მაგ., ძირითადი კაპიტალის განმსაზღვრელი ფაქტორების ცვლილებათა ადაპტაციისათვის.

ლაგი ადმინისტრაციული - ლაგის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გავლენას ახდენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე; დროის მონაკვეთი იმ მომენტს შორის, როდესაც ხელისუფლება განსაზღვრავს, რომ მოქმედება აუცილებელია, და იმ მომენტს შორის, როდესაც ეს მოქმედება ხორციელდება. ამ დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ხელისუფლების ეფექტიანობაზე და იმაზე, რასაც ისინი ეყრდნობიან: სწრაფ რეაგირებაზე თუ იშვიათ, მაგრამ უფრო რადიკალურ ცვლილებებზე.

ლაგი გადაწყვეტილების მიღების - დროის მონაკვეთი ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტისათვის მოქმედების აუცილებლობის დადგენის მომენტსა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტს შორის. იგი შიდა (პოლიტიკური) ლაგის შემადგენელი ნაწილია.

ლაგი მოქმედების - დროის შუალედი პოლიტიკურ გადაწყვეტილებასა და მის განხორციელებას შორის. ჩვეულებრივ მოქმედების ლაგს წინ უსწრებს გადაწყვეტილების ლაგი. ეს უკანასკნელი პოლიტიკური ლაგის შემადგენელი ნაწილია.

ლაგი შიდა - შეფერხება დროში მოქმედების აუცილებლობის დადგენის მომენტსა და მის განხორციელებას შორის. იგი პოლიტიკური ლაგია და შეიძლება დაიყოს სამ შემადგენელ ნაწილად: გამოვლენის, გადაწყვეტილების მიღების და მოქმედების ლაგი.

ლაგრანჟის განტოლებები - მეორე რიგის დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რომელიც აღწერს ექანიკური სისტემის მოძრაობას მასზე მოდებული ძალების მოქმედებით.

ლაგუნა (იტალ.) - 1. მეჩხერი ბუნებრივი წყალსატევი, რომელიც ზღვასთან ვიწრო სრუტითაა შეერთებული; 2. ზღვის ნაწილი მარჯნის კუნძულებსა და მატერიკის ნაპირს შორის.

ლავა (იტალ.) - 1. ცეცხლოვანი სილიკატური მდნარი, რომელიც ამოინთხევა დედამიწის ზედაპირზე ვულკანური ამოფრქვევების დროს. მაგმისაგან განსხვავებით, ლავა არ შეიცავს აირებს, ისინი ამონთხევისას ქროლდებიან; 2. გრძელი საწმენდი გვირაბი ორი გამოსასვლელით.

ლავგარდანი (კარნიზი) - 1. კედლის ან მისი ნაწილის დამაგვირგვინებელი, ჩვეულებრივ, დაპროფილებული ელემენტი; 2. ანტაბლემენტის ზედა ნაწილი.

ლავგარდანის განაკიდი - სახურავის პერიმეტრის ქვედა კიდე, რომელიც გადასულია გარე კედლების სიბრტყეზე.

ლავრა (ბერძ.) - მამათა დიდი მონასტერი.

ლავსანი - პოლიეთილენტერეფტალატისაგან მიღებული სინთეზური ჰეტეროჯაჭვური ბოჭკო. მისი სინონიმებია: ტერილენი (ინგლისი), დაკრონი (აშშ), ლანონი (გერმანია). გამოიყენება პნევმოქსოვილების დასამზადებლად.

ლავური ნაკადი (ლავური ღვარი) - ლავის განლაგების ფორმა, რომელიც წარმოიქმნება ლავის ამონთხევის შედეგად. წარმოადგენს სიგრძეში გადაჭიმულ გეოლოგიურ სხეულს, რომლის სიგრძე და სიგანე დამოკიდებულია ლავის სიბლანტეზე და ტერიტორიის დახრილობაზე. ჩვეულებრივ, მჟავა ლავური ნაკადის სიგრძე უმნიშვნელოა (1…10 კმ), თუმცა დამახასიათებელია დიდი სისქე (25…30 მ). ბაზალტური ლავური ნაკადებისთვის ნიშანდობლივია დიდი სიგრძე (რამდენიე ათეული კილომეტრი), შედარებით მცირე სიგანე და სისქე. ნაკადის სიჩქარე აგრეთვე დამოკიდებულია ლავის სიბლანტეზე და რელიეფზე. ლავური ღვარების ყველაზე დიდი სიჩქარე შეინიშნება ვულკანური კრატერიდან ლავის გადმოდინებისას, ხოლო შემდეგ გზის გაგრძელებისას სიჩქარე თანდათანობით იკლებს. ლ.ნ. ზედაპირი ზოგჯერ ხეობებითაა გართულებული დამასზე წარმოდგენილია მცენარეულობა. ლავა თანდათანობით ცივდება, ხოლო შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში ჩერდება (დამოკიდებულია გადმოდინების სისქეზე). ამასთანავე ღვარზე წარმოქმნილი მცენარეულობა, ზოგჯერ ნამდვილ ტყეში გადადის. ნაკადები თავის ბოლოს, ტბაში, ან სულაც ზღვაში პოულობენ. საქართველოში ფართოდ არის განვითარებული ლ.ნ. (ღვარები), რომლებიც ხაზობრივად არის წარმოდგენილი და კლასიკურად გამოხატულია სამხრეთ საქართველოსა და ყელის რაიონში. ზოგი მათგანი მოკლე სიგრძით გამოირჩევა, ზოგსაც კი პირიქით, დიდი სიგრძე ახასიათებს. საქართველოს ყველაზე დიდი ლ.ნ. - ხუნანის ლავური ღვარი (სიგრძე 125 კმ), რომელიც მეოთხეულში ჯავახეთის ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამოვიდა და თავისი ბოლოებით მარნეულის ვაკემდე მიდის (უფრო ზუსტად მდინარე ხრამის ხეობამდე)

ლავური პლატო (ვულკანური პლატო) - ვულკანური მოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირზე შექმნილი ვრცელი პლატოები ან ვაკეები (ნახ. 1). წარმოიქმნება უმთავრესად ფუძე (ბაზალტური) ლავის ამონთხევის შედეგად, რომელიც იღვრება აფეთქებითი პროცესების გარეშე, რამეთუ ბაზალტური ლავისთვის ნიშანდობლივია მცირე სიბლანტე და აირების სიმცირე. შედეგად, ნაკადის გავლენით იქმნება ხმელეთის ზედაპირის რელიეფის უსწორმასწორო ფორმები. ლ.პ. ფართობი შეადგენს რამდენიმე ასობით ათას კვადრატულ კილომეტრს. მასზე შესაძლოა წარმოიქმნას ფარისებრი ვულკანი, შლაკური კონუსი და სხვა ვულკანური რელიეფის ფორმები. ზოგჯერ, ლ.პ. არის კონკრეტულად რომელიმე ვულკანის ნაწილი. ლ.პ. ხშირად დაკავებულია ტბებით. დამახასიათებელია კანიონისებური ხეობები. საქართველოში გავრცელებული ლ.პ. აღსანიშნავია ახალქალაქის ლ.პ., რომელიც შეადგენს ჯავახეთის ზეგნის ცენტრალურ ნაწილს. ზედაპირი ბრტყელია, თუმცა აქა-იქ გართულებულია მცირედ ამაღლებული ბორცვებით. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყელის ზეგანი, რომელიც შეიქმნა მეოთხეული ვულკანების მოქმედების შედეგად. წარმოადგენს ლავურ ფარს, რომელიც დაბალი საფეხურებით ეშვება სამხრეთით - არხის ქედისკენ და აღმოსავლეთით - არაგვის სათავეებისაკენ. არის ტაფობები. პლატოდან გაწვდილია სხვადასხვა მიმართულების ლავების მეტად ან ნაკლებად გრძელი შტოები - ლავური ღვარები, რომლებიც ძველ ხეობებს მიჰყვებიან.

ლაზარეთი (ფრანგ.) - სამკურნალო დაწესებულება სამხედრო ნაწილში ავადმყოფთა სტაციონარული მომსახურებისათვის.

ლაზერი (ინგლ.) - მოწყობილობა, რომელშიც ენერგია (სითბური, ქიმიური, ელექტრული) გარდაიქმნება ელექტრომაგნიტური ველის ენერგიად - ლაზერულ სხივად. ასეთი გარდაქმნისას, ენერგიის გარკვეული ნაწილი იკარგება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიღებული ლაზერული ენერგია მაღალი ხარისხისაა. ლაზერული ენერგიის ხარისხი განისაზღვრება მისი კონცენტრაციით სივრცეში და იმით, თუ რამდენად შორ მანძილებზე შეიძლება გადაგზავნა. ლ. წარმოადგენენ სინათლის ყველაზე მძლავრ წყაროს, რომელსაც შეუძლია შექმნას ძალიან მცირე გაშლის კუთხის მქონე სინათლის კონა (დაახლოებით 10-5 რად). დედამიწიდან მთვარეზე გაშვებული ასეთი კონა მთვარის ზედაპირზე შექმნის 2 კმ დიამეტრის ლაქას. ჩვეულებრივი სინათლის წყაროსაგან განსხვავებით, სადაც ატომები დამოუკიდებლად ასხივებენ სინათლეს, ლაზერებში ატომები სინათლეს შეთანხმებულად ასხივებენ. ამიტომ ტალღების ფაზები არ განიცდიან არარეგულარულ ცვალებადობას. ლაზერების გამოყენების პერსპექტიული მიმართულებებია: კომუნიკაცია, განსაკუთრებით კოსმოსურ სივრცეში, სადაც არაა სინათლის შთანთქმელი ღრუბლები; ინფორმაციის ჩაწერა და შენახვა (ლაზერული დისკები, სკანერები, პრინტერები); მძლავრი სხივებით სხვადასხვა ნივთიერებების აორთქლება, შედუღება; ქირურგიული ოპერაციების ჩატარება; მოცულობითი გამოსახულებების მიღება (ჰოლოგრამა); შუქლოკატორები, რომელთა დახმარებითაც საგნამდე მანძილის გაზომა ხდება რამდენიმე მილიმეტრის სიზუსტით; ატომებისა და მოლეკულების აღგზნება ქიმიური რეაქციების ჩასატარებლად; ძლიერი სხივების გამოყენება თერმობირთვული რეაქციების წარმართვისათვის და სხვ. ლაზერის სხივების პირველ აღმომჩენებად ითვლებიან, ნობელის პრემიის ლაურეატები: ნ. ბასოვი, ა. პროხოროვი (რუსეთი) და ჩ. ტაუნსი (აშშ).

ლაზურიტი (ლილაქვა) - ალუმინის სილიკატის, ნატრიუმისა და კალციუმის ნაზავი, რომელსაც ღია ლურჯი, ცისფერი ამ მწვანე-მოცისფრო ფერი დაკრავს. ლ. კრისტალები იშვიათად გვხვდება, უმეტესად მათი ზომა ბარდის მარცვალს არ აღემატება. მაღალი ხარისხის ლ. მოიპოვება ავღანეთში, სადაც განასხვავებენ ძვირფას (ინდიგო-ლურჯი ფერის), ნაკლებად ძვირფას (ცისფერ-ლურჯი) და იაფფასიან (მომწვანო-მოცისფრო) ლაზურიტს. აღმოსავლეთის ქვეყნებში ლ. „ცის ქვას“ უწოდებდნენ.

ლაინერი - 1. შორეული ნაოსნობის დიდი სწრაფმავალი სატრანსპორტო გემი (უმეტესად სამგზავრო), რომელიც განრიგის მიხედვით ასრულებს რეგულარულ რეისებს; 2. მრავალადგილიანი, ჩქაროსნული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ემსახურება მგზავრთა გადაყვანას დიდ მანძილებზე.

ლაკმუსი - ზოგიერთი სახის ხავსურასაგან მიღებული საღებავი ნივთიერება. ტუტოვან გარემოში ღებულობს ლურჯ ფერს, მჟავა გარემოში - წითელს. გამოიყენება, როგორც ქიმიური ინდიკატორი.

ლაკოილი - პიროლიზის პროდუქტების ფრაქცია, გამოყოფილი გუდრონიდან არომატული ნახშირწყალბედების გასუფთავებისას გოგირდმჟავათი. გამოიყენება ხელოვნური ოლიფისა და ელექტროსაიზოლაციო საფარვლის დამზადებისას. მისი მნიშვნელოვანი თვისებაა - აფსკის სწრაფი გაშრობა.

ლაკოლითი (ბერძ.) - ინტრუზიული მასივი (ამოფრქვეული ქანების უზარმაზარი მასა), რომელსაც ჭრილში გააჩნია სოკოსებრი ან გუმბათისებრი ფორმა (ნახ. 1). წარმოიქმნება ბუნებრივი პროცესების შედეგად, როდესაც მიწის წიაღში მიმდინარეობს მჟავე შედგენილობის ბლანტი მაგმის დაგროვება, რომელმაც ამოფრქვევისას დედამიწის ზედაპირს ვერ მიაღწია და გაქვავდა დანალექი ქანების ფენებს შორის. ასეთ შემთხვევაში ლაკოლითის ზედა ფენა აზევებულია გუმბათების სახით. ლაკოლითი წარმოიქმნება შედარებით არაღრმა სივრცეებში, როდესაც გროვდება ბლანტი მაგმა, რომელიც კრისტალიზაციას ახდენს დიორიტებში, გრანოდიორიტებსა და გრანიტებში. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.

ლალი (ლათ., წითელი) - წითელი ფერის ქვა, მინერალ შპინელის ქართული ხალხური სახელწოდება, ზოგჯერ ბადახშსაც უწოდებენ. კორუნდის სახესხვაობა. უმაღლესი ხრისხის საიუველირო ქვა, განსაკუთრებით ფასობს გამჭვირვალე ლ. კომერციულ წრეებში ლ. ხშირად წითელ ქვასაც უწოდებენ: მაგ., პიროპი - ამერიკული ლ.; ანკონა - წითელი კვარცი; ციმბირის ლ. - წითელი ტურმალინი და სხვ.

ლალი სინთეზური - ლალის მინა, შეფერილი წითლად. მიიღება ოქროს, სელენის ან სპილენძის მცირე რაოდენობის შეყვანის საშუალებით. გამოიყენება შუქფილტრების სახით, როგორც სასიგნალო წითელი მინა.

ლამბრეკენი (ფრანგ.) - 1. ხის ჩუქურთმა სახურავის შვერილებზე, კარ-ფანჯრის თავზე (ნახ. 1); 2. კარის ან ფანჯრის ღიობის ზედა ნაწილის მორთულობა მტკიცე მძიმე ქსოვილის ფარდებით, რომელიც გაწყობილია არშიებით, ნაოჭებითა და ფოჩებით (ნახ. 2).

ლამინანტი - ფართოდ გავრცელებული იატაკის ფენოვანი საფარველი მაღალი სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილების საფუძველზე, რომლის ზედა ფენა წარმოადგენს დამცავ-დეკორატიულ ცვეთამედეგ აფსკს (ნახ. 1). ლ. ფიცარი წარმოადგენს კონსტრუქციას, რომელიც შედგება ოთხი ფენისაგან: 1. ქვედა მასტაბილიზირებელი ფენის დანიშნულებაა დაიცვას ფიცარი დეფორმაციისაგან და გაზარდოს სიხისტე; 2. მზიდი ფენა, რომელიც ლ. ფიცრის საფუძველია, მზადდება მაღალი სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილებისაგან, რომელიც პარალელურად ასრულებს თბო- და ბგერასაიზოლაციო ფუნქციას. ფიცრის ნაპირებზე, ერთ მხარეზე ამოღებულია ღარი, ხოლო მეორე მხარეზე - კოტა, რომელთა საშუალებით ხდება ლამინანტების ერთმანეთთან შეერთება. ლ. ტენმედეგობა უშუალოდაა დამოკიდებული მზიდი ფენის ხარისხზე; 3. დეკორატიული ფენა, რომელიც ასრულებს გაფორმების ფუნქციას - ესაა ქაღალდის ფენა, რომელზეც დატანილია მერქნის, ქვის, ფილის და სხვა ტექსტურა; 4. ზედა ფენა, რომელიც წარმოადგენს მელამინის ან აკრილის ფისს, უზრუნველყოფს ფიცრის დაცვას ცვეთისა და დარტყმითი დატვირთვებისაგან.

ლამინარული დინება - ბლანტი სითხის (ან აირის) მოწესრიგებული დინება, როდესაც სითხის მეზობელი შრეები ერთმანეთს არ ერევა.

ლამინირება - რაიმე დეტალის, ნაკეთობის ზედაპირის დაფანერება-მოპირკეთების მეთოდი. გამოიყენება ხის შპონი, ბუნებრივი და ორგანული ფისები, პოლიმერული აფსკები და სხვა - მერქნის, პლასტმასის, მერქანბოჭკოვანი ფილების, მეტალოპლასტმასის პროფილების (ნახ. 1, ლამინირებული მეტალოპლასტმასის პროფილი) და მისთ. გარეგნული სახის გასალამაზებლად.

ლამპა (ფრანგ.) - გასანათებელი (ან გასახურებელი) ხელსაწყო სხვადასხვა მოწყობილობისა.

ლამპა აირგანმუმხტავი - განმუმხტავი ლამპა, რომელშიც ელექტრული განმუხტვა აირში ხდება. აირის სახეობის მიხედვით არსებობს ნეონური, ქსენონური, ჰელიუმიანი და სხვ. ლამპები.

ლამპა ბაქტერიოციდული - ვერცხლისწყლიანი ლამპა დაბალი წნევის, რომლის კოლბა გამჭირვალეა ბაქტერიოციდული ულტრაიისფერი გამოსხივებისათვის.

ლამპა გალოგენური - აირსავსე ლამპა, რომლის შიდა ჩაკეტილი სივრცე შევსებულია აირით, გალოგენებით ან მათი შენაერთით.

ლამპა განმუმხტავი - ელექტროლამპა, რომელშიც შუქი მიიღება აირის, ლითონის ორთქლის ან აირისა და ორთქლის ნარევის ელექტრული განმუხტვით.

ლამპა ელექტროლუმინესცენციური - ელექტროლამპა, რომელშიც შუქი მიიღება ელექტროლუმინესცენციის შედეგად.

ლამპა ვერცხლისწყლიანი - განმუმხტავი ლამპა, სადაც სინათლის წყარო ძირითადად ვერცხლისწყლის ორთქლია. ლ.ვ., რომელშიც ორთქლის პარციალური წნევა დამყარებულ რეჟიმში აღწევს 1 000 000 პა-ს და მეტს უწოდებენ ზემაღალი წნევის ვერცხლისწყლიან ლამპას; 100 000-დან 1 000 000 პა-მდე - მაღალი წნევისას; ნაკლები 100 პა-ზე - დაბალი წნევისას.

ლამპა სოფიტური - ელექტროლამპა კოლბის მილისებრი ფორმით, რომლის დენის შემყვანები განლაგებულია ერთ ღერძზე და მიმართულია სხვადასხვა მხარეს.

ლამპა სპქტრალური - განმუმხტავი ლამპა, რომელშიც სინათლე მიიღება ნატრიუმის ორთქლის გამოსხივებით. თუ ლამპაში პარციალური წნევა დამყარებულ რეჟიმში უტოლდება 10 000 პა, მაშინ მას ეწოდება მაღალი წნევის ნატრიუმის ლამპა; თუ წნევა არ აჭარბებს 100 პა-ს - დაბალი წნევის ნატრიუმის ლამპა.

ლამპა ულტრაიისფერი - ვერცხლისწყლის ლამპა ულტრაიისფერი გამოსხივების დაბალი წნევით, რომლის სინათლის ხარისხს დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

ლამპა შუქმიმმართველი - ელექტროლამპა კოლბის განსაკუთრებული ფორმით ან ნაწილობრივ დაფარული ამრეკლავი ფენით სინათლის გადანაწილების ან კონცენტრაციისათვის.

ლამპარი - სანათი არმატურა.

ლამპიონი (ფრანგ.) - ფერადმინიანი სანათი.

ლამფა - ჭერის გარანდული თხელი ფიცარი პროფილიანი წახნაგებითა და ზედაპირით, სისქით 20 მმ-მდე.

ლანდშაფტი - 1. რაიმე ადგილის (სოფელი, ტყე, მინდორი და სხვ.) საერთო ხედი; ასეთი ადგილის ამსახველი ნახატი, სურათი, პეიზაჟი (ნახ.1); 2. დასავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში: სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი სახეობა. იქმნებოდა ომიანობის დროს, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

ლანდშაფტის პოტენციალი (ლანდშაფტის ტევადობა) - განსახილველი ტერიტორიის რესურსები გამოხატული რაოდენობრივ მაჩვენებლებში, რომელიც ლანდშაფტის თვითრეგულაციის ზიანის გარეშე, შეიძლება გამოყენებული იქნეს ადამიანების რეკრეაციული, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და ა.შ. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ლანდშაფტის რღვევა - ლანდშაფტური კომპონენტების სისტემაში ბუნებრივი ეკოლოგიური კავშირებისა და მთლიანობის რღვევის პროცესი. უმეტესად მიმდინარეობს სამრეწველო და სხვა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად

ლანდშაფტური მშენებლობა - პარკის, ბაღის, ბულვარის, სკვერის მშენებლობა და სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ლანდშაფტის კეთილმოწყობა, აგრეთვე ნარგავების, გაზონებისა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობა.

ლანდშაფტური პარკი - პეიზაჟური პარკი; არარეგულარული დაგეგმარების მქონე პარკი, რომელიც მეტად წააგავს ბუნებრივ ადგილს და ხშირად მოიცავს ტყეს პატარა მინდვრებით, ხევებს და ა.შ.

ლანონი - იხ. ლავსანი.

ლანჟერონი (ფრანგ.) - იხ. გრძივძელი.

ლანძვი - 1. ძვ. ვიწრო და მაღალი სარკმელი; 2. კერა, ყვერბი, საცეცხლური; შუაცეცხლის ადგილი სახლში; 3. გისოსი, კანკელი, ცხაური; ლითონის ან ხის ზოლებით შექმნილი ბადე.

ლაპიდარული (ლათ.) - 1. ქვაზე ამოკაწრული ლაკონური აზრის შემცველი წარწერა (ნახ. 1); 2. რაიმესთან მიმართებით: მოკლე, მკაფიო და აღსაქმელი (ლაპიდარული გამონათქვამი); 3. სტილი, რომელიც მოკლედ, სხარტად და ამავე დროს მკაფიოდ გამოხატავს აზრს, გრძნობას (ასეთი სტილი ახასიათებს ძველი რომაული ძეგლების წარწერებს).

ლაპიტელი (იტალ.) - სვეტის ან ბოძის ზედა დამაგვირგვინებელი ნაწილი განვითარებული საყრდენით ანტაბლემენტის ან კოჭისათვის.

ლაჟი (იტალ.) - იხ. აჟიო.

ლართხი - წოლანა; მიწაზე გადებული ხის ძელი, რომელზედაც ლაგდება იატაკის ფიცარფენილი.

ლარი - 1. კუთხ. ფაცხა, ჩოდოლი, ლაჭყორი; წნულის ქოხი იმერეთში; 2. კუთხ. გრძელი და განიერი სკამი, რომელიც საწოლადაც გამოიყენება; 3. საქართველოს ეროვნული ფულის ერთეული; 4. საქონლის ნაწლავისაგან ან მყესისაგან დამზადებული სიმი (მაგ., ჩონგურისათვის, ფანდურისათვის); 5. ძვ. ძვირფასი ნივთეულობა, განძი, საუნჯე.

ლარინგოფონი - სპეციალური კონსტრუქციის ტელეფონის აპარატი, რომელიც უშუალოდ ედება ხორხს (ნახ. 1, პიეზოელექტრული ლარინგოფონი: 1 - ხორხზე მისადები კორპუსის დეტალი; 2 - პიეზოელემენტი; 3 - ბგერითი სიხშირის ელექტრული ძაბვის გამომყვანი სადენები; 4 - პიეზოელემენტის საყრდენები). როგორც წესი 2 ცალი ლ. განთავსდება ხორხის ორ მხარეზე მუზარადის ღვედის საშუალებით, რომელიც აღჭურვილია აგრეთვე თავზე დასამაგრებელი (ყურებზე მისადები) ტელეფონებით. გამოიყენება სატელეფონო საუბრებისათვის ხმაურის პირობებში (მშენებლობა, თვითმფრინავი, ტანკი, ძრავების საცდელი პოლიგონი, ჰიდროელექტროსადგური და ა.შ.).

ლარიქსი (ფოთლოვანა) - წიწვოვანთა ოჯახის წარმომადგენელი (ნახ. 1, ციმბირული ლარიქსი). თვისებებით ჩამოგავს ფიჭვს, თუმცა აქვს უფრო მეტი მუქი ნაცრისფერ-წითელი ჩამქრალი ფერი. გული ვიწროზოლოვან ნაქურთენთან შედარებით მუქი ფერისაა. გაცილებით მდიდარია ფისებით ვიდრე ფიჭვი და მშვენიერ საშენ მასალას წარმოადგენს იმ კონსტრუქციებისათვის, რომლებიც შეხებაში არიან წყალთან და გრუნტთან. რუსეთის და ევროპის ჩრდილოეთ რაიონებში დღესაც მრავლადაა საცხოვრებელი სახლები თუ საკულტო ნაგებობები, რომლებიც ლარიქსის მორებისაგან დამზადებულ ხიმინჯოვან საძირკვლებს ეყრდნობიან. მისი სიმტკიცე, სიმკვრივე და სიმაგრე დაახლოებით 30 %-ით მეტია ფიჭვისაზე. სიმკვრივე 700...1100 კგ/მ3. როკები უფრო მცირე ზომის აქვს და ამავე დროს ისინი მთელ ტანზე განლაგებულია თანაბრად. ლ. 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იგი ბუნებრივად არ იზრდება. ინტროდუცირებულია აქა-იქ მცირე რაოდენობით, მაგრამ ტენის ნაკლებობისას მალევე იღუპება. ყველაზე ხნიერი ეგზემპლიარები (22...30 მ სიმაღლისა და 55...70 წლისა) გვხვდება შავი ზღვის სანაპიროზე, წინანდლის პარკში და ბაკურიანში, ბორჯომში, ზემო სვანეთში. ყველაზე მრავლადაა გაშენებული ახალქალაქში. ძალიან ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა. კარგად ხარობს ზომიერად ტენიან და ფხვიერ ნიადაგებზე. ზაფხულის სიცხისა და გვალვისადმი მგრძნობიარეა და სამხრეთ ქვეყნებში მისი კულტივირება მხოლოდ გრილ ადგილებშია შესაძლებელი. ძლიერ სწრაფლმზარდია. მტკიცე და მაგარი მერქანი აქვს, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში, წყალქვეშა ნაგებობებში, გემთმშენებლობაში და სხვ. მერქნის გამძლეობითა და სიმძიმით, უთხოვართან ერთად, პირველი ადგილი უკავია წიწვოვანთა შორის. იძლევა ძვირფას ფისს, რომლისგანაც მზადდება სკიპიდარი და კანიფოლი. ლ. ძალიან გავრცელებული ჯიშია რუსეთში (ტყეების 41 %), მაგრამ მისი დამზადება უმნიშვნელოა, რადგან დიდი სიმკვრივის გამო მორების მდინარით დაცურება რთულია და ძნელდება მისი მიტანა გადამამუშავებელ ქარხნებამდე. გარდა ამისა, ტანში ასებულ ფისებს ადვილად გამოყავს წყობიდან ხის საჭრელი ინსტრუმენტები. პირიქითაა საქმე ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ლ. წარმოადგენს უპირველეს მერქანს მშენებლობაში დუგლასის ნაძვთან ერთად, რასაც განაპირობებს ხის გადამამუშავებელი საწარმოო ბაზის მაღალი დონე. მსოფლიოში ლ. გავრცელებული ჯიშებია: ციმბირული, დაურიის, იაპონური, გმელინის, კაიანდერასი, კამჩატკის, კურილიის, სუკაჩოვის, დრიფიტცის, დასავლეთის, ამერიკული და სხვ.

ლარიქსი ამერიკული - 12...24 მ სიმაღლის და 30...60 სმ დიამეტრის წიწვოვანი ჯიშის ხე, კონუსური ვარჯით და დაკლაკნილი ტოტებით (ნახ. 1). ხარობს ჩრდილოეთ ამერიკაში. ძირითადად გამოიყენება როგორც სამელიორაციო ნარგაობა.

ლარიქსი ევროპული - 30 მ-მდე სიმაღლის წიწვოვანი ჯიშის ხე. აქვს მძიმე, მკვრივი, მაგარი მერქანი, რომელიც წითელი გულით და თეთრი ნაქურთენით გამოირჩევა. გავრცელებულია ევროპის მთიან რეგიონებში. შესანიშნავი საშენი მასალაა. გამოირჩევა ლამაზი ტექსტურით და ტენმედეგობით. ფართოდ იყენებენ, როგორც დეკორატიულ მცენარეს (ნახ. 1).

ლარტყა -  1. ს ა ნ ი ვ ე ლ ი რ ე   გ ე ო დ ე ზ ი უ რ ი  ლ. - გამოიყენება ნიველირთან ერთად 2 წერტილის სიმაღლის (ნიშნულის) დასადგენად. არსებობს ჭადრაკული ან დაშტრიხული სკალით. მაღალი სიზუსტის ნიველირებისათვის გამოიყენება 3 მ სიგრძის, ხოლო ტექნიკური ნიველირებისათვის - 4 მ-იანი დასაკეცი ლარტყა;  2. მ ა ნ ძ ი ლ ს ა ზ ო მ ი   გ ე ო დ ე ზ ი უ რ ი ლ. (კიდური, დაშტრიხული, სკალური) - გამოიყენება ოპტიკურ-მექანიკური მანძილმზომი ხელსაწყოს ცვლად და მუდმივ ბაზისად; 3. დახერხილი მასალის სახესხვაობა, რომელიც მიიღება ჩამოუგანავი ფიცრების ნაწიბურების ჩამოხურვისას; 4. ლარტყის კბილა მოდების დეტალი. წარმოადგენს პრიზმულ ან ცილინდრულ ღეროს, რომლის ერთ გერდზე ამოჭრილია კბილები. გამოიყენება ჩარხების, ამწეების, დასარტვით-განსარტვითი და სხვა მანქანების მექანიზმებში; 5. დეკორატიული პლასტმასის ღერო მინაპაკეტის დასამაგრებლად ჩარჩოში. ლ. სიგრძეზე გასდევა ღარი, რომელშიც ისმება დამატებითი შემამჭიდროებელი სპეციალური რეზინის სახით.

ლარტყა საბათქაშე - მერქნის წვრილი ლარტყები, განივკვეთით 3×15 მმ-ზე. მზადდება ყავრის ახდის წესით ან ჩარხზე დახერხვით. გამოიყენება კედლის ან ჭერის ბათქაშით გალესვის დროს.

ლარტყულა - მოლარტყვის ელემენტი, რომელიც მზადდება ხის ძელების, ლარტყის ან თამასისგან. იგი წარმოადგენს I ან II წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან დამზადებულ ძელს როკების გარეშე, რომელზეც მაგრდება კრამიტი. ძელის მინიმალური განივკვეთია 30x50 მმ.

ლატანი - 1. ხის ტანის ნაწილი დიამეტრით 3...7 სმ და სიგრძით 3...9 მ; 2. ძვ. წვრილი და გრძელი ძელი.

ლატანმორი - მცირე დიამეტრის სამშენებლო მორი დამხმარე და დროებითი ნაგებობებისათვის: D = 6...13 სმ წიწვოვანი და D = 8...11 სმ ფოთლოვანი ხის ჯიშისათვის. სიგრძე 3...9 მ.

ლატენტური (ლათ.) - გამოუმჟღავნებელი, ფარული (მაგ., ავადმყოფობა, სითბო, მანკი).

ლატერიტი (ლათ.) - 1. მზეზე გამომწვარი, გამომშრალი აგური; 2. ნოტიო ტროპიკული და სუბტროპიკლი ჰავის პირობებში ლატერიტიზაციის შედეგად წარმოქმნილი ალუმინსილიკატების გამოფიტვის ელუვიური პროდუქტი (ნახ. 1: ლატერიტი აფრიკაში). ლ. გამოფიტვის ქერქის გათბობის, ორგანული ნივთიერების სწრაფი დაჟანგვისა და Fe-ის ძნელად გატანის გამო წითელი ფერისაა. იგი ძირითადად შედგება კაოლინიტის, რკინის ჟანგის, ტიტანის ორჟანგის, ჯიბსიტის, მაგნეტიტისა და ჰალუაზიტისაგან. Fe-ის შემცველ ულტრაფუძე ქანებზე განვითარებულ ლატერიტებთანაა დაკავშირებული რკინის მადნები, Ni-საზე - ნიკლის სილიკატური მადნები (ზოგჯერ Cr-ისა და Co-ის მნიშვნელოვანი შემცველობით), ტუტე ქანების გამოფიტვასთან კი - ბოქსიტის ელუვიური საბადოები.

ლატექსი - კაუჩუკისმაგვარი პოლიმერების წყლის კოლოიდური დისპერსიები, სხვადასხვა ელასტიურობის მქონე რეზინის ნაკეთობების დასამზადებლად. ნატურალური ლ. - სითხე, რომელიც გარეგნულად რძეს ჩამოგავს. მისი გამოყენების არეალი ძალიან ფართოა. მშენებლობაში ლ. ამზადებენ: საღებავებს, ტრანსპორტიორის ლენტებს, ამძრავი მექანიზმების ქამრებს, ცემენტ-ლატექსის ნარევს (პოლიმერბეტონის ელასტიკური ზედაპირის მისაღებად), ჰიდროტექნიკური ნაგებობების გასამაგრებელ დეტალებს და ელემენტებს, ლატექსის წებოებს, რომელიც ერთმანეთთან აწებებს მინას, ფაიფურს, ქვას, აგურს, ლითონს, მერქანს და სხვ. საგზაო მშენებლობაში იგი გამოიყენება ბიტუმის დანამატად, სამთო საქმეში - შახტებში ხანძრის ჩასაქრობად.

ლატექსი სინთეზური - სინთეზური კაუჩუკის წყლიანი დისპერსია, რომელიც მიიღება ემულსიური პოლიმერიზაციით. ფართედ გამოიყენება ტექნიკაში თხელკედლიანი უნაკერო ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე სამშენებლო ხსნარებში დანამატის სახით.

ლატექსი ხელოვნური - „მზა“ პოლიმერების წყალში დისპერგირებით მიღებული დასპერსია.

ლაფანი ( ლაფნის ხე) - 1. ხის ტანში კამბიუმის მოსაზღვრე ფენა, რომელიც შედგება ცოცხალი უჯრედებისაგან და წარმოადგენს ბარჯისაგან საკვები ნივთიერებების გადამტანს ტანსა და ფესვებში. ლაფანში გროვდება აგრეთვე საკვები ნივთიერებების მარაგი; 2. კაკლისებრთა ოჯახის ზაფხულმწვანე მცენარე. სიმაღლეში იზრდება 35 მ-მდე. არსებობს 11-მდე სახეობა. გავრცელებულია ევრაზიის სუბტროპიკულ და ზომიერად თბილ ქვეყნებში. უმრავლესობა თავმოყრილია აღმოსავლეთ აზიაში. იზრდება მთის ხეობებში და ზოგან ზღვის დონიდან 3500 მ აღწევს. საქართველოში ბუნებრივად ხარობს მხოლოდ ერთი სახეობა - კავკასიური ლაფანი. ჩვეულებრივ შერეულია ფოთლოვან ტყეში მურყანთან, თელადუმასთან, წიფელთან, რცხილასთან, იფანთან და სხვ. ლაფანის წმინდა კორომები - ლაფნიანები იშვიათია. სწრაფმზარდია, ცოცხლობს 250 წლამდე. რგავენ ხეივნებად, ეულად, ტენიან ადგილებში ტყის გასაშენებლად, მდინარისა და წყალსატევების ნაპირების გასამაგრებლად. თეთრი რბილი მერქნისაგსნ ამზადებენ საყოფაცხოვრებო ნივთებს. ლ. მშენებლობაში პრაქტიკულად არ გამოიყენება.

ლაფანჭამია - მწერების კლასის, ხოჭოების რიგის წარმომადგენელი, წიწვიან მცენარეთა, განსაკუთრებით ნაძვის, მავნებელი. ბინადრობს ქერქის ქვეშ, იკვებება ლაფნით, ძლიერ აზიანებს კამბიალურ ზონასდა ხელს უშლის ხის ზრდა-განვითარებას.

ლაფარო (ლაფარე) - ადგილი შენობის ირგვლივ, რომელსაც სახურავის გამოშვერილი ნაწილი ფარავს.

ლაფეტი (ფრანგ.) - 1. სპეციალური მოწყობილობა, საყრდენი, რომელზეც მაგრდება ქვემეხის ლულა საკეტით (ნახ. 1, ქვემეხის ლაფეტი). არსებობს მოძრავი, სტაციონალური და ნახევრადსტაციონალური; 2. სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ღია პლატფორმა კონტეინერების, მსუბუქი ავტომობილების და სხვა ტვირთების გადასაზიდად (ნახ. 2, საავტომობილო ლაფეტი); 3. დახერხილი ხე-ტყის ჩამოუგანავი მასალა, ფიცრის სახეობა, რომლის სისქე 50 მმ-ს აღემატება და მორის სიგრძეზე დახერხვით მიიღება.

ლაქი - სინთეზური ან ბუნებრივი ნივთიერების კოლოიდური ხსნარი ორგანულ გამხსნელში. გამოიყენება დამცველი ან დეკორატიული დაფარვებისათვის, მასალების ელექტროსაიზოლაციო გაჟღენთისათვის, ემალის საღებავის დასამზადებლად და სხვ.

ლაქი ბაკელიტის - ბაკელიტისაგან დამზადებული ლაქი, რომელიც ტექსტოლიტის და ელექტროსაიზოლაციო ფურცლოვანი მასალის დასამზადებლად გამოიყენება.

ლაქი გარპიუსის - იხ. ლაქი კანიფოლის.

ლაქი ეთერცელულოზის - ცელულოზის ეთერის ფუძეზე დამზადებული ლაქი, რომელიც შედგება ცელულოზის ნიტრატისაგან (კილოქსილინი აზოტის შემცველობით 10...12,5%), პლასტიფიკატორისაგან (კასტორის ზეთი, დიბუთილფტალატი), ფისისაგან (შარდოვანა-ფორმალდეჰიდის, გლიფტალის) და აქროლადი ნაწილისაგან (გამხსნელები და განმაზავებლები). გამოიყენება ავეჯის წარმოებაში.

ლაქი კანიფოლის (გარპიუსის ლაქი) - ბუნებრივი ფისის საფუძველზე მიღებული ღია ყვითელი ან მოყავისფრო ფერის ლაქი. კარგად იხსნება სპირტში, აცეტონში, სკიპიდარში, ბენზოლში, ბენზინში. მიიღება წიწვოვანი ხის ჯიშების გამონადენიდან. ძირითადად ავეჯის წარმოებაში გამოიყენება.

ლაქიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ფოთლოვანი ჯიშის მერქნის ნაქურთენის შეფერილობა ლაქების ან ზოლების სახით. იგი არ ამცირებს მერქნის სიმკვრივეს. ძირითადად თავსდება გულისა და ნაქურთენის საზღვარზე. განასხვავებენ ლაქიანოიბის ორ სახეობას: ტანგენციალური - წრიული რგოლების გასწვრივ, მიყვება ხის ტანს ფესვებიდან წვეროსაკენ რამდენიმე მეტრის სიგრძეზე, ზოგჯერ წვერომდეც, და რადიალური - მერქნის შეფერილობის მკვეთრი ცვლა როკების და ჭრილობების სიახლოვეს. განივკვეთზე მიმართულია ზედაპირისაკენ რადიუსის გასწვრივ. გვხვდება ყველა ფოთლოვანი ჯიშის მერქანში. აქვს წაგრძელებული, სოლისმაგვარი ბოლოებით, ზოლის სახე და ხშირად უწოდებენ „მაქოს“ (ნახ. 1).

ლაქსაღებავები - თხევადი ან პასტისმაგვარი შენაერთები, რომლებიც მკვრივ ზედაპირზე თხელი ფენის დატანით წარმოშობენ აფსკს და ზედაპირს ეკვრის ადგეზიური ძალების საშუალებიტ. ლ. მიეკუთვნება ლაქები, სარებავები, დაგრუნტვა, შეფითხნა.

ლაჭყორი - ლერწმით ან წკეპლით წნული ქოხი დასავლეთ საქართველოში; ფაცხა, ჩოდოლი.

ლაჰარი - ღვარცოფული ნაკადის ადგილობრივი დასახელება (ინდონეზია), ჩნდება მოქმედი ვულკანების რაიონებში. ანსხვავებენ ცხელ ლაჰარებს, რომლებიც დაკავშირებულია ვულკანის ამოფრქვევასთან და ცივს, რომელიც არ არის დაკავშირებული ვულკანის ამოფრქვევასთან. ასეთი ტიპის ლ. წარმოქმნის მიზეზი არის კოკისპირული წვიმები ან კრატერული ტბების გარღვევა (ნახ. 1). თანამედროვე ვულკანიზმის რაიონებში აქტიური ღვარცოფული მოვლენების მთავარ მიზეზს ფხვიერნატეხიანი მასალის გარეცხვადი ფენების სიუხვე წარმოადგენს.

ლეგირება (ლათ.) - ლითონების შენადნობებში მალეგირებელი ელემენტების შეყვანა მათთვის განსაზღვრული ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შეცვლის მიზნით. მაგ, ფოლადში მანგანუმის დამატება ზრდის მის ცვეთამედეგობას. ექსკავატორის ციცხვის კბილები, სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანებისა და ბეტონშემრევების მუშა ორგანოების ზედაპირები, ბურთულებიანი წისქვილების ჯავშანფილები ცვეთამედეგი მანგანუმიანი ფოლადებისაგან მზადდება.

ლედებურიტი - რკინანახშირბადოვანი შენადნობების (თუჯი) ერთ-ერთი ძირითადი სტრუქტურული შემადგენელი - ევტექტიკური (ელექტრული) აუსტენიტისა და ცემენტიტის ნარევი, რომელიც წარმოიქმნება 11450С-ზე დაბალ ტემპერატურაზე (სუფთა რკინანახშირბადოვანი შენადნობები).

ლეკალო - 1. სახაზავი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ნახაზზე მრუდი ხაზების გასავლებად ან გავლებული მრუდი ხაზების შესამოწმებლად. არსებობს მუდმივი და ცვლადი სიმრუდის ლ.; 2. საზომი ლეკალო - უშკალო საზომი ინსტრუმენტი ან დასაკვალავი მოწყობილობა (შაბლიონი), რომელიც ძირითადად გამოიყენება მანქანათმშენებლობაში და გემთმშენებლობაში ფასონური დეტალების მრუდი კონტურების შესამოწმებლად. ლ. დასამზადებელი მასალებია: ფოლადი, მერქანი, პლასტმასა, მინა.

ლეკაჟი (გერმ.) - სითხის გაჟონვა, საქონლის გაშრობა ტრანსპორტირების დროს.

ლელიტი - წნეხილი ლელქაშის, ლერწმის ფარი. იყენებენ მშენებლობაში სახურავების ტიხრების მოსაწყობად.

ლელქაში - ისლისებრთა ოჯახის ჭაობის მცენარე. გამოიყენება ჭილობებისა და კალათების მოსაქსოვად, შესაფუთავ და საშენ მასალად, საიზოლაციო მასალის დასამზადებლად.

ლემა (ბერძ.) - დამხმარე თეორემა, რომელიც აუცილებელია სხვა თეორემის დასამტკიცებლად.

ლემექსი (რუს. Лемех) – 1. საბურულე მასალა მცირე ზომის ხის ფირფიტების სახით. გამოიყენებოდა ძველ რუსეთში მართლმადიდებლური ტაძრის გუმბათების (ნახ. 1), წყლის კასრების, ქანობიანი სახურავების, ფარდულების და მისთ. მოსაპირკეთებლად. ამზადებდნენ ვერხვის ხის ფიცრებისაგან სიგრძით 50 სმ-მდე. ლ. ერთი ბოლო სწორად იყო წაჭრილი, მეორეს კი ჰქონდა მრგვალი, სამკუთხა ან საფეხურებიანი ფორმა; 2. იხ. სახნისი.

ლენტა რანტური - აფუებული პოლიეთილენის ზოლი (ნახ. 1) სისქით არანაკლები 5 მმ სისქისა და სიგანით 120...180 მმ, ცემენტის მოჭიმვის ან ბეტონის თბილი იატაკის (ნახ. 2) ტემპერატურული გაფართოების საკომპენსაციოდ.

ლენტი (ლათ.) - მზადდება სხვადასხვა მასალისაგან. ცნობილია ასბესტის, რეზინის, რეზინ-ქსოვილის, ფოლადის, სინთეზური, ცივად და ცხლადგლინული, ქაღალდ-ქარსის, ასანთის შპონის და სხვ. გამოყენების სახის მიხედვით არის კონვეიერის, მუხლუხას, სამუხრუჭე, ტრანსპორტიორის, მკვებავების, განმტვირთი, ჩამტვირთავი, ზესადების, საიზოლაციო და სხვ. ლ. განასხვავებენ აგრეთვე ფრიქციულ, ხერხისებრ, ჯაჭვურ, ღარებიან და სხვ. ლ. ლენტაში მასალის ბოჭკოები გასწორებული და მეტნაკლებად პარალელურია.

ლენტური მკვებავი - ტრანსპორტიორი ბუნკერებიდან ფხვიერი მასალებისა და ბეტონის მისაწოდებლად ტექნოლოგიურ მანქანებში. წარმოადგენს მცირე სიგრძის ლენტურ ტრანსპორტიორს გვერდულებით (ნახ. 1). ლენტის მუშა ტოტი ეყრდნობა გორგოლაჭებს და მოძრობაში მოდის წამყვანი დოლით ამძრავისაგან. ლენტის დაჭიმვა ხორციელდება ხრახნული დამჭიმი მოწყობილობით.

ლენტური ტრანსპორტიორი - უწყვეტი მოქმედების სატრანსპორტო დანადგარი, რომლის ტვირთმზიდ ელემენტს წარმოადგენს ლენტა. ლ.ტ. ფართოდ იყენებენ შემავსებლების მისაწოდებლად ბეტონშემრევ დანადგარებში, ინერტული მასალების ღია ტიპის საწყობების მოსაწყობად სამსხვრევ-სახარისხებელ ქარხნებში, მრავალციცხვიანი ექსკავატორების მიერ დამუშავებული გრუნტის გასატანად ნაყარში და სხვ.

ლეპიდოკროკიტი - ლალის ქარსაკი, ჰიდროქსიდის კლასის მინერალი, ფენოვანი აგებულების რკინის ჟანგის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა.

ლერწამი (რუს. Тростник) - მარცვლოვანი ოჯახის ტანმაღალი მცენარე, რომელიც მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში იზრდება. გამოიყენება საწვავად და საშენ მასალად, ჭიგოებად და ღობედ, ჭილობის, კალათებისა და მისთ. საქსოვად, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში. აშენებენ სარწყავი არხების ნაპირებისა და ქვიშიანი ადგილების გასამაგრებლად. ლ. ზოგიერთი სახეობიდან ღებულობენ შაქარს.

ლესვა - 1. ლითონის საჭრისების გალესვის პროცესი გარკვეული ზომების, ფორმის და მჭრელი კუთხეების მისაღებად. სრულდება ხელით ან მექანიკურ დაზგებზე აბრაზიული, ალმასის ან ელბორის რგოლების გამოყენებით; 2. კედლის ბათქაშით დაფარვის პროცესი.

ლექსიკოგრაფია (ბერძ.) - 1. ენათმეცნიერების დარგი, რომელიც  ამუშავებს ლექსიკონების შედგენის თეორიის საკითხებს; 2. ლექსიკონის შედგენა, სალექსიკონო მუშაობა.

ლექსიკონი - 1. საცნობარო წიგნი, სადაც თავმოყრილია ანბანურად დალაგებული სიტყვები და მათი განმარტებანი; ცნობარი; 2. სიტყვათა და გამოთქმათა მარაგი.

ლეღი - თოვლის დნობა.

ლეღმა - 1. ტემპერატურის აწევა  00C-ზე და უფრო მაღლა ზამთრის ყინვიან პერიოდში; 2. ყინული ან შეყინული თოვლი, რომელიც დნობას იწყებს.

ლიანდაგი - ნაგებობების და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც ქმნის გზას მიმმართველი რელსის ლიანდაგით. იგი შეიძლება იყოს დეპოს, საერთო მოხმარების, მთავარი, მისასვლელი, საპარკო, სასადგურე, სატვირთავი, ჩიხის, კარიერის, ამწისქვეშა, შეკიდული ტრანსპორტის, შემაერთებელი და სხვ.

ლიანდაგი რკინიგზის - ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც ქმნის გზას მიმმართველი სარელსო ლიანდით. შედგება ზედნაშენისაგან (რელსები, შპალები, საისრო გადამყვანები, ბალასტის ფენა), მიწის ვაკისისაგან (ყრილები, თხრილები) სადრენაჟე მოწყობილობით, აგრეთვე ხელოვნული ნაგებობებისაგან (ხიდები, გვირაბები), სასიგნალო მოწყობილობებისაგან.

ლიანდაგის ზედნაშენი - რკინიგზის ლიანდაგის ნაწილი, რომელშიც შედის რელსი, შპალი, ბალასტის შრე, ისრული გადამყვანი და ყრუ გადაკვეთები.

ლიანდაგსაგები - ამწეებით აღჭურვილი მანქანებისა და მექანიზმების კომპლექტი, რკინიგზის გამზადებული რელსებისა და შპალების სამონტაჟო ერთეულის ტრანსპორტირებისა და დაგებისათვის მექანიზებული წესით. გამოიყენება ახალი რკინიგზის მშენებლობისა (ნახ. 1) და ძველის რემონტის დროს.

ლიანდი - ავტომობილის, ტრაქტორის ან სხვა სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების თვლებს შორის მანძილი თითოეულ ღერძზე, რომელიც ახასიათებს მის მდგრადობას (გვერდითი გადაყირავების საწინააღმდეგოდ) სიმძიმის ცენტრის განსაზღვრული მდებარეობისას. ხშირად წინა და უკანა ღერძებს სხვადასხვა ლიანდი აქვთ.

ლიანები - ხვიარა მცენარეეები, რომლებიც ხის ტოტებზე მოხვედრილი თესლიდან იზრდება და ნიადაგისკენ ეშვება (ნახ. 1). გამოიყენება ბაღების, სკვერების, ხეივნების, ეზოების, სახლის აივნების და ა.შ. გასაფორმებლად.

ლიაპუნოვის მეთოდი (რუს.) - მეთოდი ეძღვნება არაწრფივი მეთოდების გამოკვლევას. ლიაპუნოვის პირველი მეთოდი ეფუძნება აგზნებული მოძრაობის განტოლების ამონახსნის მოძებნასა და გადაწყვეტას, რომელიც რაღაც მიზეზით (მაგ., შემთხვევითი ბიძგით) განსხვავდება შემთხვევითი არააგზნებადი მოძრაობისაგან. მეორე მეთოდი ითვალისწინებს სისტემის კოორდინატის რაღაც ფუნქციის (ლიაპუნოვის ფუნქციის) შერჩევას, რომლის თვისებების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ მოძრაობის მდგრადობაზე.

ლიბრიფორმი (ლათ.) - ფოთლოვანი ჯიშის ხეების მექანიკური ქსოვილის ძირითადი ნაწილი, რომელიც ხის ტანის 35...75%-ს მოიცავს. ლ. ბოჭკო ტიპიური პროზენქიმული უჯრედია, წაგრძელებული, წამახვილებული ბოლოებით, ვიწრო სიღრუეებით და ძლიერი კედლებით.

ლიგნამონი - ქიმიურ-მექანიკური მეთოდით და ამიაკით მოდიფიცირებული მერქანი, რომელიც გამოიყენება პარკეტის წარმოებაში, ვაგონთმშენებლობაში, გემთმშენებლობაში და სხვ.

ლიგნინი (ლათ.) - 1. ნახშირბადით მდიდარი, არომატული ბუნების მაღალმოლეკულური ნივთიერება, რომელიც მერქნისა და ქერქის უჯრედის შემადგენლობაში შედის. წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის მერქნის შემცველი ლ. ქიმიური აღნაგობით ერთი და იგივეა. ცელულოზასთან შედარებით ლ. ნაკლებ ქიმიურად მედეგია, ადვილად იჟანგება, ურთიერთქმედებს ქლორთან, გათბობისას ადვილად იხსნება ტუტეებში, გოგირდმჟავას წყალხსნარებში და მათ მჟავა მარილებში; 2. ჭრილობის შესახვევი მასალა სიფრიფანა ფურცლების სახით, რომელსაც იღებენ წიწვოვანი მცენარეების მერქნისაგან; „ხის ბამბა“.

ლიგნიტი (ლათ.) - მურა ქვანახშირი დაბალი ხარისხისა.

ლიგნოსტონი - წნეხილი ხის მასალა მაღალი მექანიკური მახასიათებლებით. იწარმოება მერქნის ან მისი ნარჩენების (ნაფოტი, ბურბუშელა, ნახერხი, ბოჭკო) გადამუშავებით. დამზადების მეთოდების მიხედვით ლ. შეიძლება მივიღოთ: მერქან-ცემენტის მასისაგან, მერქან-ბოჭკოვანი მასისაგან, მთლიან-დაწნეხილი მერქნისაგან და მერქნის პიეზოთერმული დამუშავებით.

ლიგნოფონი (ლათ.) - იხ. დელტა-მერქანი.

ლიგროინი - ნავთობის გამოხდის ერთ-ერთი პრიდუქტი; ე.წ. „მძიმე ბენზინი“.

ლივლივი - ტალღისებრი რიტმული მოძრაობა რხევა, ქანაობა.

ლიზიმეტრი (ბერძნ.) - მოწყობილობა, რომლითაც ზომავენ გაჟონვის სიღრმეს.

ლიზინგი - საფინანსო იჯარა. საწარმოო გამოყენების მიზნით გრძელვადიანი იჯარით გაცემა - მექანიზმების და მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საწარმოო დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობის, რომლებიც შესყიდულია ან დამზადებულია ლ. გამცემის მიერ ლ. მიმღებისათვის. ლ. გამცემი ინარჩუნებს მათზე საკუთრების უფლებას ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. სალიზინგო კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ არენდატორს შეუძლია შეიძინოს მოწყობილობები დარჩენილი ღირებულების გადახდის კვალობაზე, დადოს ახალი შეთანხმება ან მატერიალური ფასეულობები დაუბრუნოს სალიზინგო კომპანიას.

ლიზინგი ოპერატიული - მანქანებისა და მოწყობილობების არენდა 3-დან 5 წლამდე ვადით, არენდის პერიოდში მათი ნაწილობრივი ამორტიზაციით.

ლიზინგი საექსორტო - მანქანების, მოწყობილობების და სხვა ქონების არენდა, გაცემული უცხოელ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე.

ლიზინგი ფინანსური - მანქანებისა და მოწყობილობების არენდა 10-დან 15 წლამდე ვადით, არენდის პერიოდში მათი სრული ამორტიზაციით.

ლიზინგის საგანი - ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებები. ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღნიშნული ძირითადი საშუალებები აისახება იჯარის მიმღების ბალანსზე.

ლიზოლი (ბერძ.) - გამჭვირვალე ზეთოვანი სითხე შავ-წითელი ფერისა, სადეზინფექციო საშუალება.

ლიზოფორმი - სადეზინფექციო საშუალება - კალიუმის საპნისა და ფორმალინის სპირტის ხსნარი.

ლითოგლიფიკა - ქვაზე ამოჭრის საქმე.

ლითოგრაფია (რუს.) - 1. ბრტყელი ბეჭდვის ნაირსახეობა, რომლის დროსაც გამოსახულება და ტექსტი ფოტომექანიკური წესით ან ხელით გადააქვთ ლითოგრაფიულ ქვაზე, ალუმინის ან თუთიის თხელ ფირფიტაზე, საიდანაც იგი უშუალოდ აღიბეჭდება ქაღალდზე; 2. აღნიშნული წესით დაბეჭდილი გამოსახულება; 3. პოლიგრაფიული დაწესებულება,რომელიც მხოლოდ ლითოგრაფიული წესით აწარმოებს ბეჭდვას.

ლითოლოგია - მეცნიერება რომელიც სწავლობს დაჯდომად მთის ქანებს: შემადგენლობას, სტრუქტურას, ტექსტურას, ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, განლაგების პირობებს, წარმოშობას და ცვალებადობის პროცესებს. ინრლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში ტერმინი „ლ.“ ხშირად აღნიშნავს ნებისმიერი წარმოშობის სამთო ქანების შემადგენლობის შესწავლას.

ლითონები (გერმ. მეტალები) - ნივთიერებები, რომლებსაც მაღალი თბო- და ელექტროგამტარობა, ჭედვადობა, პლასტიკურობა, ბზინვა ახასიათებთ, რაც განპირობებულია მათ კრისტალურ მესერში თავისუფლად გადაადგილებადი ელექტრონების დიდი რაოდენობით. ამ თვისებებს ატარებს 80-ზე მეტი მარტივი ნივთიერება (ელემენტი) და ბევრი ლითონის შენადნობი. ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მსგავსების გარდა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. მაგ., კალა, ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისაგან განსხვავებით უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია. ზოგიერთი მეტალი, როგორიცაა კალიუმი და ნატრიუმი, აქტიური ნივთიერებებია და კარგად შედიან რეაქციაში, ზოგი კი, მაგ.,ოქრო და პლატინა, არააქტიურია. ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი, დანარჩენი მეტალები კი ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არამეტალებთანაა ნაერთში. მაგ., რკინის ძირითადი მინერალები რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია. ლ. გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით. ქიმიური აქტივობის მიხედვით დალაგებულ მწტრივს ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს  მ წ კ რ ი ვ ი ეწოდება: li, K, Ca, Na, Mg, Al, Zn, Cr, N, Fe, Sn, Pb, [H], Cu, Ag, Hg, Pt, Au. შუა საუკუნეებამდე ცნობილი იყო მხოლოდ 7 მეტალი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, კალა, ტყვია, რკინა , ვერცხლისწყალი. 1789 წელს ცნობილმა მეცნიერმა ლაუაზიემ, ლითონებს მიაკუთვნა იმ დროისათვის ცნობილი 17 მარტივი ნივთიერება - Sb, Ag,As, Bi, Co, Cu, Sn, Fe, Mn, Hg, Mo, Ni, Au, Pt, Pb, W. Zn. ლ. საერთო ქიმიური თვისებაა ის, რომ მათი ატომები ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. რაც ადვილად გასცემს ლ. ატომი ელექტრონს, მით მეტი აქტიურია იგი. ლ. რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან, მჟავებთან და წყალთან  ლ. და მისი შენადნობები იყოფა ორ ჯგუფად: შ ა ვ ი (რკინა და რკინის შენადნობები, რომელთა წილად მოდის მსოფლიოში წარმოებული ლითონპროდუქციის 95%) და  ფ ე რ ა დ ი (იხ. ფერადი ლითონები). პრაქტიკაში ლ. გამოიყენება ძურითადად შენადნობების სახით (10 ათასზე მეტი). განსაკუთრებულად სუფთა ლითონები კი (99,999% და მეტი) გამოიყენება ატომურ ტექნიკაში. თანამედროვე მშენებლობა წარმოუდგენილია ლ. და მისი შენადნობების (ფოლადი, დურალუმინი, ბრონზა, თითბერი და ა.შ.) გარეშე, რომლისაგან დამზადებული ელემენტები და კონსტრუქციები (წამწეები, კოჭები, კამარები, კოლონები, ჩარჩოები, სტრუქტურები, გარსები, ფურცლები, პროფილები და სხვ.) ფართოდ გამოიყენება სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ნაგებობებისათვის.

ლითონების გამოწვა - ლითონების თერმული დამუშავების სახე, რომელიც ითვალისწინებს წინა დამუშავების შედეგად არამდგრად მდგომარეობაში მყოფი ლითონების ან მისი შენადნობების გაცხელებას მაღალ ტემპერატურაზე და შემდეგ თანდათანობით გაგრილებას წონასწორული მდგომარეობის მიღწევის მიზნით. ლ.გ. აუმჯობესებს დამუშავებადობას, პლასტიკურობას და ამცირებს კონსტრუქციებში ნარჩენი ძაბვების გაჩენის ალბათობას.

ლითონების დაცვა - ლითონის ზედაპირის ხელოვნური კათოდური პოლარიზაციით ელექტროქიმიური დაცვა კოროზიისაგან. გამოიყენება მიწისქვეშა და წყალქვეშა მილსადენების, ძალური კაბელებისა და კავშირგაბმულობის კაბელების, რეზერვუარების და ქიმიური აპარატების შიგა ზედაპირების, აგრეთვე გემების, ხიმინჯების, ესტაკადების კოროზიისაგან დასაცავად.

ლითონების შედუღებადობა - ლითონის თვისება ან თვისებათა შეხამება შედუღების ტექნოლოგიის დადგენისას, წარმოქმნას დაუშლადი შეერთება, რომელიც პასუხობს ექსპლუატაციის მოთხოვნებს.

ლითონების წნევით დამუშავება - ტექნოლოგიური პროცესების ერთობლიობა, რომელის შედეგად ხდება ნაკეთობის ფორმის ცვლილება მთლიანობის დარღვევის გარეშე ანუ პლასტიური დეფორმაცია გარეგანი ძალის გავლენით. ლ.წ.დ. წნევით დამუშავების ძირითადი მეთოდებია: გლინვა, წნეხა, ადიდვა, ჭედვა, შტამპვა. როგორც წესი, მეტალების წნევით დამუშავების შედეგად მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები უმჯობესდება.

ლითონთერმია (მეტალოთერმია) - ლითონების აღდგენა მათი ნაერთებიდან სხვა, ქიმიურად უფრო აქტიური ლითონებით, მაღალ ტემპერატურაზე. აღმდგენის სახეობის მიხედვით განასხვავებენ ალუმინოთერმიას, სილიკოთერმიას, მაგნიუმთერმიას, კალციუმთერმიას და სხვ. ლითონთერმია გამოიყენება ზოგიერთი ფერადი და იშვიათი ლითონის წარმოებისათვის.

ლითონით დაფარვა - ლითონის ან ლითონის შენადნობებით ლითონური (სხვა ქიმიური შედგენილობის) ან არალითონური ნაკეთობების ზედაპირის დაფარვა ნაკეთობის დასაცავად კოროზიის, ცვეთა- და მხურვალმედეგობის ასამაღლებლად, აგრეთვე დეკორატიული მიზნით.

ლითონის განმტკიცება აფეთქებით - ლითონის მექანიკური თვისებების ცვლილება დეფორმაციით, რომელსაც იწვევს დ ა რ ტ ყ მ ი თ ი ტ ა ლ ღ ა. დარტყმითი ტალღა ლითონში ჩნდება ასაფეთქებელი ნივთიერების კონტაქტური მუხტის აფეთქებით ან აჩქარებული თანადარტყმით. ლ.გ.ა. წარმოებს ლითონის შტამპვა ან შედუღება აფეთქებით. ლ.გ.ა. დროს ლითონის სიმაგრე და სიმტკიცე იზრდება, პლასტიკურობა და დარტყმითი სიბლანტე კი მცირდება. განმტკიცება გამოიყენება ისეთი დეტალების დასამზადებლად, როგორიცაა: ექსკავატორის ჩამჩის კბილები, სამსხვრევი ჩაქუჩის მუშა კბილი, რკინიგზის ელმავლის და ვაგონების ჯვარედის გულანა და სხვ.

ლითონის გორგალი - უნივერსალური სავენტილაციო თვითწებვადი რულონური ელემენტი კეხსა და ქედზე დასამაგრებლად. გამოიყენება ნებისმიერი პროფილის კრამიტთან.

ლითონის დაკბილული ფირფიტა (ლდფ) - ფოლადის ფურცლისაგან დამზადებული 1,2...2 მმ სისქის ფირფიტა, რომელშიც ამოშტამპულია ლურსმნისმაგვარი კბილები ამოღუნული 900. ხის ელემენტების ლდფ-ზე განხორციელებული შეერთებების უპირატესობაა მაღალი ინდუსტრიულობა და ეკონომიურობა. შეერთების აწყობა ხდება ერთდოულად ორივე მხრიდან წნეხის საშუალებით (წნევა 5 მპა), სპეციალიზირებულ საწარმოებში ან ხის გადამამუშავებელ საამქროებში. ლდფ ძირითადად გამოიყენება ფიცრული წამწეების (ნახ.1), ჩარჩოების, კარკასების, გადახურვის ფილების, საკედლე პანელების) და სხვა კონსტრუქციების კვანძების და პირაპირების შეერთებებში. კონსტრუქციის წინასწარ აწყობილი და ფიქსირებული ელემენტების შეერთებები ხორციელდება სპეციალურ მაგიდაზე დასაწნეხი მექანიზებული მოწყობილობების საშუალებით და არ მოითხოვს რაიმე რთულ ტექნოლოგიურ პროცესს.

ლითონის დუღილი - გამდნარი ლითონიდან გაზის ბუშტულების გამოყოფა. გამოიყენება ლითონსადნობ პროცესებში ფოლადის დეგაზაციისათვის.

ლითონის კომპოზიტური მასალა - ქარხნული წარმოების პანელი, რომლის პლასტმასის გული ორივე მხრიდან ლითონითაა დაფარული.

ლითონის კომპოზიტური მასალის სისტემა - ლითონშემცველი მასალის გამოყენებით წარმოებული საფარი ექსტერიერის კედლისათვის სპეციფიკურ ანაწყობებში გამოსაყენებლად, მათ შორის: გადაბმებში, ნაკერებში, მიმაგრებებში, საყრდენებზე, კარკასსა და სხვა დეტალებზე, როგორც მოითხოვს ცალკეული პროექტი (დიზაინი).

ლითონის კონსტრუქციების ცხელი დამცავი საფარველი - დამცავი საფარველი, მიღებული დასაცავი ლითონის კონსტრუქციების ან მისი ელემენტების ჩაძირვით დამცავი ლითონის ნადნობში.

ლითონის მემკვიდრეობითობა - ფორმის და კრისტალოგრაფიული ორიენტაციის შენარჩუნება ლითონის ელემენტის სტრუქტურაში პირდაპირი (გაცივება) და საპირისპირო (გაცხელება) პოლიმორფული გარდაქმნებისას.

ლითონის ნაწარმი (რუს. Метизы) - სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობანი, დამზადებული ფოლადის მავთულის, გლინულას და ლენტისაგან (შედუღების ელექტროდები, ბადეები, ჭიმები, სამაგრი ელემენტები და სხვ.).

ლითონის პროფილები - სხვადასხვა განივკვეთის ლითონის გრძელი პროფილები ფოლადისა (გაგლინული, შენადუღი, ცივნაჭედი) და ალუმინის შენადნობებისაგან (გაგლინული და დაწნეხილი). ფოლადის პროფილები გამოდის კუთხოვანების, შველერების, ორტესებრების, ტესებრების, ფურცლების, ზოლურების, რულონების, ლენტების, კვადრატების, მილების, რელსების და ა.შ., ხოლო ალუმინის შენადნობების - კუთხოვანების, შველერების, ორტესებრების, ტესებრების, ფურცლების, წნელების, მავთულების და ა.შ. სახით. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ფოლადის პროფილები (ნახ. 1).

ლითონის რბილი მავთული - მავთული, გამოყენებული ფანჯრის საწვიმარის, გვირგვინების, პარაპეტების, საკვამურის ხუფების საფარველების სარტყელის გასამაგრებლად.

ლითონის ფული - 1. მონეტა, ლითონის ზოდი, რომელსაც კანონით დადგენილი წონითი შემცველობა და ფორმა აქვს. იგი წარმოადგენს მიმოქცევისა და გადახდის საშუალებას, არის მრგვალი, დისკური ფორმის. გამოიყენება უძველესი დროიდან, რადგან მიმოქცევაში უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ქაღალდის ფული. თითოეულ მონეტაზე არსებობს განსაზღვრული გამოსახულება (გერბი, სახელი, ტიტული და წარწერა); 2. ფულის ლითონურ-ჭედური ფორმა, ლითონის მონეტებისგან შემდგარი ნაღდი ფულის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა სრულფასოვან ოქროსა და ვერცხლის მონეტებად. ეს უკანასკნელი ქაღალდის ფულის ნაირსახეობაა, რომლის ნომინალური ღირებულება აღემატება მის შინაგან ღირებულებას (ლითონის ღირებულება და მისი მოჭრის ხარჯები).

ლითონკერამიკა - ფხვნილოვანი მეტალურგიის მეთოდით მიღებული შეცხობილი მასალების არარეკომენდებული დასახელება.

ლითონკერამიკული მასალები - ლითონური და კერამიკული ფხვნილების შეცხობით მიღებული ხელოვნური მასალები. მათში შერწყმულია კერამიკულ ნივთიერებათა და ლითონების ძვირფასი თვისებები. გამოიყენება ტურბინების და საავიაციო ძრავების, მჭრელი ინსტრუმენტებისა და სხვა დეტალების დასამზადებლად.

ლითონკრამიტი - დაპროფილებული მოთუთიებული ფოლადის ფურცელი ორივე მხარეზე დაფარული პოლიმერული დეკორატიული ნივთიერებით. გარეგნულად ჩამოგავს ტრადიციულ კერამიკულ კრამიტს (ნახ. 1).

ლითონმზიდი - სპეციალიზებული ნახევარმისაბმელი დიდგანზომოლებიანი ლითონის კონსტრუქციების გადასაზიდად. აქვს ღია პლატფორმა (ძარა) და ავტონომიური ამწე-მოწყობილობა ტვირთის ასაწევად (ნახ. 1). გადასატანი ნაკეთობის სიგრძე შეიძლება იყოს 14 მ-მდე.

ლითონმცოდნეობა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კავშირს ლითონებისა და შენადნობების შემადგენლობას, აგებულებასა და თვისებებს შორის, აგრეთვე მათი ცვალებადობის კანონზომიერებებს თბური, მექანიკური და სხვა ზემოქმედებათა შედეგად. ლ. სხვადასხვა მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებების მქონე მასალის შემადგენლობის, დამზადებისა და დამუშავების ხერხების შერჩვის მეცნიერული საფუძველია. ლ. განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა რენტგენოსტრუქტურულმა ანალიზმა, რომელმაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ფაზის კრისტალური სტრუქტურის დადგენა, მათი ცვლილებების აღწერა ფაზური გადასვლების, თერმული დამუშავებისა და დეფორმაციის შედეგად. ლ. ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო ფაზური გარდაქმნების თეორიის შექმნა, ლითონებისა და შენადნობების ატომურ-კრისტალური და ელექტრონული აგებულების, მექანიკური, თბური, ელექტრული და მაგნიტური თვისებების შესწავლა. ლითონების ატომურკრისტალური აგებულების შესასწავლად რენტგენოსტრუქტურული ანალიზის გარდა იყენებენ ნეიტრონოგრაფიის, მიკრორენტგენოსპექტრული ანალიზის, კალორიმეტრიის, მაგნიტომეტრიის და სხვა მეთოდებს, აგრეთვე ელექტრონულ მიკროსკოპს. განასხვავებენ თეორიულ და გამოყენებით (ტექნიკურ) ლ.. თეორიული ლ. ლითონთა და შენადნობთა აგებულებისა და სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად მიმდინარე პროცესების ზოგად კანონზომიერებებს იხილავს. გამოყენებითი კი შეისწავლის ლითონური მასალის კონკრეტულ კლასებს და დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების საფუძვლებს.

ლითონსაჭრელი ინსტრუმენტი - ლითონის ნამზადის დასამუშავებელი ინსტრუმენტი ბურბუშელას მოხსნით. აქვს საჭირო სიმტკიცე და გეომეტრიული ფორმა. საჩარხო ლ.ი. ძირითადი სახეებია: საჭრისი, ბურღი, საწელავი, საღარავი; აბრაზიული, საკუთხვილე და კბილსაჭრელი ინსტრუმენტები, ხოლო ხელის ინსტრუმენტებია: ღოჯი, ქლიბი, ხერხუნა, სახეწი და სხვ., აგრეთვე სხვადასხვა ხელის მანქანა.

ლითონტევადობა - წარმოებაში დაყენებული მოწყობილობის ლითონის მასა. ეს მასა მოსული პროდუქციის ერთეულზე იწოდება ლითონტევადობის კოეფიციენტად.

ლითონური მადნები - მთის ქანები, რომლებიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე სასარგებლო ლითონს ისეთ ნაერთში, ისეთი კონცენტრაციით და რაოდენობით, რომ ტექნიკის თანამედროვე დონის პირობებში შესაძლებელია და ეკონომიურად მასაღებია მათი ამოწვილვა.

ლითოსფერო - დედამიწის ყველაზე გარე, მაგარი გარსი. შედგება დანალექი, გრანიტული და ბაზალტური შრეებისაგან. მაქსიმალური სისქე 70 კმ

ლითოფონი - თეთრი მინერალური პიგმენტი (ბარიუმის სულფატისა და თუთიის სულფიდის ნარევი), რომელიც გამოიყენება ლაქ-საღებავების მასალების პიგმენტაციისათვის, მუშამბის, დერმატინის, რეზინის საფუძველზე დამზადებული საყოფაცხოვრებო ნაკეთობების წარმოებაში და სხვ.

ლიკვაცია - 1. ლითონთა შენადნობების კრისტალიზაციის პროცესში წარმოქმნილი ქიმიური არაერთგვაროვნება; 2. მაგმურ კერაში მდნარების სრული დიფერენციაცია და მადნიანი ხსნარების წარმოქმნა; მაგმის ორ შეურევად მდნარად გაყოფის პროცესი ტემპერატურის დაწევის დროს.

ლიკვიდაცია (ფრანგ.) - 1. იურიდიული პირის (საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად მისი უფლებები და მოვალეობები არ გადადის სამართალემკვიდრეობის წესით სხვა პირებზე; 2. სასამართლოს ან იურიდიული პირის დამფუძნებელთა მიერ ლიკვიდაციის პირობების საფუძველზე რისამე (საწარმოს, დაწესებულების და მისთ.) საქმიანობის შეწყვეტა, დახურვა, გაუქმება; 3. რისამე (ვინმეს) მოსპობა, რამესთვის (ან ვინმესთვის) ბოლოს მოღება.

ლიკვიდობა - ფასიანი ქაღალდების უნარი, სწრაფად გაიყიდოს და გადაიქცეს ფულად სახსრებად ნაღდი და უნაღდო ფორმით, მფლობელისათვის არსებითი დანაკარგების გარეშე.

ლიკვიდური სახსრები - ნაღდი ფულადი სახსრები, ბანკში მიმდინარე ანგარიშზე არსებული ნაშთი, ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდები, საბრუნავი კაპიტალის ელემენტები და სხვ., რომელთა გამოყენება შეიძლება სესხის აღებისას ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ლიკვიდურობა - 1. ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს სხვადასხვა აქტივის ფულად გარდაქმნის შესაძლებლობას; აქტივის გადახდის საშუალებად გამოყენების შესაძლებლობა მათი ნომინალური ღირებულების შეუცვლელად; 2. ფირმის შესაძლებლობა, დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ლიკვიდურობის დონეს განსაზღვრავს ადვილად რეალიზებადი აქტივების ხვედრითი წილი, კრედიტების ოპერატიული მობილიზების შესაძლებლობები, დავალიანების ოდენობისა და კონკრეტულ მომენტში ფირმის განკარგულებაში არსებული ლიკვიდური სახსრების თანაფარდობა და სხვ. გასაღების სირთულეები და წარმოების დაუტვირთაობა ფირმას აიძულებს აიღოს მეტისმეტად დიდი კრედიტები, რაც აუარესებს მის ლიკვიდურობას.

ლილა - ლურჯი საღებავი.

ლილაქვა - იხ. ლაზურიტი.

ლილვაკი - სამსხვრევი და საფქვავი მანქანების გლუვი ან დაღარული ზედაპირის მქონე მუშა ორგანო. ლილვაკის ფორმა ცილინდრულია და იგი ბრუნავს ჰორიზონტალური ღერძის გარშემო. არსებობს ლ. სახეები: ანჯამის, გამანაწილებელი, გამთანაბრებელი, დამწოლი, დამხმარე, მიმწოგი, მკვებავი, მღებავი, სავალი, საზომი, სექციური, საჩერებელი, საწმენდი, ხერხის და სხვ.

ლილვაკი საღებავი - ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ლაქ-საღებავების დასატანად და თანაბრად გასანაწილებლად ნაკეთობის ზედაპირზე (ნახ. 1). კორპუსი მზადდება მაღალი სიმტკიცის პოლიეთილენის ან ალუმინის შენადნობებისაგან; საკისრები - პოლიეთილენის, ფოლადის ან ალუმინის შენადნობებისაგან; საგორავი გორგოლაჭების ზედაპირზე გადასაკრავად იყენებენ ბეწვიან ქსოვილებს (ლაქ-საღებავებისათვის) ან ქაფპოლიურეთანს (წყალზე დამზადებული საღებავებისათვის). პრაქტიკაში ფართედ გამოიყენება ლილვაკი-საცმები (გორგოლაჭები) დამზადებული პოლიამიდის (პერლონი, ნეილონი), პოლიაკრილის (კანეკარონი, მოდაკრილი, მერილი), პოლიესთერის, ველიურის (შალი და პოლიაკრილი), პოროლონის (მოლტოპრენი) და სხვ. სტრუქტურული საღებავების და ბათქაშის ზედაპირისათვის წვრილმარცვლოვანი ფაქტურის მისაცემად გამოიყენება სტრუქტურული ლილვაკები; დეკორატიული ეფექტის მისაღებად - რელიეფური ლილვაკები; თაბაშირმუყაოს პერფორაციისათვის და ძველი შპალერის მოსაცილებლად - ნემსისებრ ზედაპირიანი ლილვაკები; იატაკის გაუმყარებელი ზედა ფენისაგან ჰაერის მოსაცილებლად (დეაერაციისათვის) - ლილვაკები სხმული იატაკებისათვის.

ლილვი - მანქანის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მაბრუნი (მგრეხი) მომენტის გადასაცემად და მასზე დასმული დეტალის შესაკავებლად (საყრდენად), ზოგიერთი ლ. გამოკლებით (მაგ. კარდანული, დრეკადი, ტორსული). მარტივი კონსტრუქციის სწორ ლ. აქვთ მბრუნავი სხეულის ფორმა. ცნობილია ე.წ. სიმძლავრის ამრთმევი ლ., რომლის მეშვეობითაც მანქანის (ტრაქტორის) ძრავის სიმძლავრის ნაწილი გადაეცემა მისაბმელი ან საკიდი მოწყობილობის მუშა ორგანოებს. დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით არსებობს: ამძრავი, შუალედური და მიმყოლი, აგრეთვე გამანაწილებელი, დამხმარე, დანებიანი, მუშა, მუშტა, მუხლა, საგლუვი, საუთოებელი, სავალი, სახსრიანი, სოგმანიანი, რევერსიულ-სელექციური, ღარობიანი, წამყვანი, ჭიახრახნული, ხრახნული და სხვა ლ.

ლილო - 1. ალაგ-ალაგ გამდნარი თოვლი; 2. აჭრელებული მინდორი, ადგილი (ჩრდილებით, ნაირ-ნაირი ყვავილებით).

ლიმნოგენური ღვარცოფი - ღვარცოფის ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი, რომელიც დაკავშირებულია ტბის ბუნებრივი კაშხლების გარღვევასთან და მთის ტბის სრულ ან ნაწილობრივ დაცლასთან. გარღვევადსაშიში ტბები შეტბორილი ტიპისაა. ისინი წარმოიქმნება მდინარის შეტბორვის, მეწყერის ჩამოწოლის, ვულკანური ლავის დინების, ძველი მყინვარების მორენების გარღვევის და გვერდითი შენაკადების გამოტანის კონუსის წარმოქმნის ხარჯზე.

ლიმონარიუმი (იტალ.) - ნაგებობა, სადაც სათანადო პირობების შექმნით ხარობს ლიმონი და სხვა ციტრუსოვნები (ნახ. 1).

ლიმონითი - რკინის მადანი, მურა რკინაქვა, ბუნებრივად წვრილ ან ფარულკრისტალური, ზოგჯერ ამორფულ მინერალთა აგრეგატები, რომლებიც სამვალენტიანი რკინის ჰიდროჟანგების გოეთიტის, ჰიდროგოეთიტის, ლეპიდოკროკიტის, ჰიდროლეპიდოკროკიტისა და ჰიდროჰემატიტის ნარევს წარმოადგენს. ლ. ჩვეულებრივ წარმოიქმნება რკინის სულფიდებისა და სხვა რკინიანი მინერალების დაჟანგვის დროს. ცნობილია აგრეთვე, რომ ლ. წარმოიქმნება ვულკანური აირებიდან ან მინერალური წყაროებიდან. ქმნის მთლიან მასებს, ფოროვან, წიდისებრ ან მიწისებრ აგრეგატებს, ოოლითებს და კონკრეციებს. ლ. რკინის მნიშვნელოვანი მადანს წარმოადგენს.

ლიმუზინი - უმაღლესი კლასის დახურულძარიანი ავტომობილი.

ლინგი - ძვ. ფიცრის კიდე.

ლინგოფოლი - იხ. დელტა-მერქანი.

ლინგოფონი - იხ. დელტა-მერქანი.

ლინეამენტი - რელიეფისა და ლანდშაფტის სწორხაზოვანი ელემენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია დედამიწის ქერქის ნაპრალებსა და რღვევებთან.

ლინზა (გერმ.) - ერთგვაროვანი შუქგამტარი მასალის (მინა, ოპტიკური მინა, კვარცი, ოპტიკური გამჭირვალე პლასტმასი და სხვ.) სხეული შემოსაზღვრული ორი ბრუნვითი ზედაპირით (მაგ., სფერული ზედაპირებით ან სფერული და ბრტყელი ზედაპირებით). ლ. უწოდებენ აგრეთვე სხვა ოპტიკურ ხელსაწყოებს და მოვლენებს, რომლებიც ქმნიან ლინზისმაგვარ ოპტიკურ ეფექტს (მაგ., ბრტყელი ლ., ფრენელის ლ., ფრენელის ზონური ფირფიტა, გრავიტაციული ლ., მაგნიტური ლ. და სხვ.). ლ. სფერული ზედაპირების ცენტრების შემაერთებელ სწორ ხაზს ო პ ტ ი კ უ რ ი  ღ ე რ ძ ი ეწოდება. ლ. ეწოდება თხელი, თუ ოპტიკურ ღერძზე მდებარე მრუდწირული ზედაპირების 2 წერტილს შორის მანძილი ნაკლებია, ვიდრე ამ ზედაპირების სიმრუდის რადიუსები. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს წერტილები შერწყმულია ერთმანეთთან ერთ წერტილში, რომელიც წარმოადგენს ლ. ო პ ტ ი კ უ რ  ც ე ნ ტ რ ს. ოპტიკურ ცენტრში გამავალ ყველა სწორ ხაზს, რომელიც არ ემთხვევა ოპტიკურ ღერძს, ეწოდება თ ა ნ ა ღ ე რ ძ ი. ოპტიკურ ცენტრში გამავალი სინათლის სხივი არ გადატყდება და ინარჩუნებს მიმართულებას. ფორმის მიხედვით განასხვავებენ შემკრებ (დადებითი, ამოზნექილი ზედაპირებით) და გამბნევ (უარყოფითი, ჩაზნექილი ზედაპირებით) ლ. (ნახ. 1, ლინზის სახეობები: 1; 2; 3 - შემკრები; 4; 5; 6 - გამბნევი). თუ შემკრები ლ. რაღაც მანძილზე მოვათავსებთ მანათებელ S წერტილს, რომელიც მდებარეობს ოპტიკურ ღერძზე, მაშინ სინათლის სხივი, რომელიც გაივლის ოპტიკურ ცენტრში, არ გადატყდება, ხოლო დანარჩენი სხივები გადატყდებიან ოპტიკური ღერძის მხარეს და გადაიკვეთებიან ერთ F წერტილში, რომელიც წარმოადგენს S წერტილის გამოსახულებას, და რომელსაც შ ე თ ა ვ ს ე ბ უ ლ ი  ფ ო კ უ ს ი ეწოდება (ნახ. 2, ლინზის ძირითადი ელემენთები: NN - ოპტიკური ღერძი; O - ოპტიკური ცენტრი; F - შეთავსებული ფოკუსი; F' - მთავარი ფოკუსი; OF' - ფოკუსური მანძილი), ხოლო F' წერტილს მ თ ა ვ ა რ ი (ნ ა მ დ ვ ი ლ ი) ფოკუსი. ოპტიკური ღერძის პარალელური სინათლის სხივები გამბნევი ლ. გავლის შემდეგ გაიშლება (ნახ. 3, გამბნევი ლ. წარმოსახვითი ფოკუსი) ისე, რომ მიმართულების საწინააღმდეგოდ გაგრძელების შემდეგ თავს იყრის F' წერტილში, რომელსაც მ თ ა ვ ა რ ი (წ ა რ მ ო ს ა ხ ვ ი თ ი) ფოკუსი ეწოდება. მანძილს ლ. ცენტრიდან ფოკუსამდე კი - ფ ო კ უ ს უ რ ი  მ ა ნ ძ ი ლ ი.

ლინზა ლიუმბერგის - სფერული ლინზა რადიოგამჭირვალე მასალისაგან, ცვლადი გარდატეხის კოეფიციენტით რადიალური მიმართულებით. გამოიყენება ლინზურ ანტენებში მიმართულების დიაგრამის მაქსიმუმის მმართული მდგომარეობით.

ლინზა ჩამოსაცმელი - ლინზა, რომელიც ამცირებს ფოტო- ან კინოაპარატის ობიექტივის ფოკუსურ მანძილს. დადებითი ლ.ჩ. ამცირებს ამ მანძილს, უარყოფთი - ადიდებს.

ლინკრუსტი (ლათ.) - კედლის შესამოსი რელიეფურნახატიანი მუყაო (ნახ. 1). უმთავრესად იყენებენ ადმინისრტაციული შენობების და სატრანსპორტო საშუალებების (ვაგონი, კაიუტა) კედლების შიდა მოპირკეთებისათვის.

ლინოლეუმი - ჯვალოს ტილო დაფარული ერთი მხრიდან ფისის, სელის ზეთის, კანიფოლის, კორპის ფქვილისა და მინერალური საღებავების მინარევებით, ხოლო მეორე მხარეს ლპობის საწინააღმდეგო შემადგენლობით. გამოიყენება იატაკის საფენად. ძირითადი საწყისი ნედლეულის (შემკვრელის) მიხედვით არსებობს: პოლივინილქლორიდის, გლიფთალის (ალკიდის), კოლოქსილინის (ნიტროლინოლეუმი), რეზინის (რელინი) და სხვ. გამოდის რულონების სახით (ნახ. 1), რომელთა სიგრძეა 6…20 მ, სიგანე - 2 მ-მდე, სისქე - 1,5…4 მმ.



ლიოსი - თიხოვანი გრუნტის განსაკუთრებულ სახე. მშრალ გარემოში ინარჩუნებს შვეულ მდგომარეობას დიდ სიმაღლეზე (400 მ-მდე) და უძლებს საგრძნობ დატვირთვას (2...4 ნ/სმ2), ხოლო დასველების შემთხვევაში სწრაფად იცვლის ფიზიკურ თვისებებს და იძლევა დიდ ჩაჯდომებს, რაც ხშირად ხდება შენობა-ნაგებობის ნგრევის მიზეზი. ლ. გარეგნულად კირქვოვანი, ღია-მოყვითალო ფერის, მაკროფოროვანი ქანია, ძირითადად ფენოვანი სტრუქტურისაა და არ შეიცავს კენჭნარისა და ქვიშის შუა შრეებს. ხასიათდება დაბალი ტენიანობით, დიდი ფორიანობით, წყალში ადვილად ხსნადი მარილებით, კარბონატებით და თაბაშირის ჭარბი შემცველობით. ქ. თბილისში ლიოსისებრი გრუნტის განლაგების რაიონებია ღრმაღელე, ავჭალა, დიდუბე, საბურთალო. საქართველოში გავრცელებული ლიოსისებრი გრუნტების ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებია: სიმკვრივე - 2,6...2,69 გ/სმ3; მოცულობითი წონა - 1,33...2,09 გ/სმ3; ფორიანობა - 38...59%; საწყისი ფილტრაციის კოეფიციენტი შვეული მიმართულებით - 0,3∙10−5...0,15∙10−5 სმ/წმ, იგივე ჰორიზონტალური მიმართულებით 0,1∙10−5...0,8∙10−6 სმ/წმ, დარღვეული გრუნტებისათვის კი - 0,4∙10−6...0,6∙10−6 სმ/წმ.

ლიპარიტი (იტალ.) - რიოლითი, ვულკანური ქანი, რომელიც ქიმიური შედგენილობით გრანიტს ჩამოგავს. მდიდარია მინით, ხშირად აქვს პორფირისებური ჩანაწინწკლები. გამოიყენება გზების მოსაკირწყლავად და სამშენებლო საქმეში.

ლიპი - გაყინული ადგილი.

ლიპყინული - მეტეოროლოგიური ტერმინია და ნიშნავს დაბალი ტემპერატურის პირობებში საავტომობილო გზების საფარის მოყინვას. გზის საფარზე ლიპყინული წარმოიქმნება დათბობის და შემდეგ უეცრად ატმოსფერული ნალექის მოსვლის შედეგად. ლ. ჩნდება აგრეთვე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სადენებზე ლოლუების სახით (ნახ. 1).

ლირსი - 1. ირიბად პირწაჭრილი ფიცარი; 2. კედლის სხვადასხვაფრად შეღებილი ნაწილების გამყოფი ვიწრო ფერადი ზოლი; 3. კედლის ზედაპირის მოჩარჩოებული ნაწილი; 4. კარების, ტიხრის, კარადის კარკასის შემავსებელი ფიცრის, ფანერის ან პლასტმასის ფარი (ნახ. 1: ავეჯის ფასადის ლირსები).

ლისაჟუს ფიგურები - ჩაკეტილი ტრაექტორიები, შემოწერილი იმ წერტილის მიერ, რომელიც ერთდროულად ასრულებს ორ ჰარმონიულ რხევით მოძრაობას ორი ურთიერთპერპენდიკულარული მიმართულებით (ნახ. 1). ლისაჟუს ფიგურების სახე დამოკიდებულია ორი რხევის პერიოდს (სიხშირეებს), ფაზასა და ამპლიტუდას შორის თანაფარდობაზე.

ლისტინგი - საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების (კოტირებადი ფასიანი ქაღალდების სიაში შეტანის) პროცედურა, რომელიც მოიცავს ემიტენტის სამეურნეო და საფინანსო მდგომარეობის, ფასიანი ქაღალდის ექსპერტიზას, საფონდო ბირჟის მოთხოვნების დაცვის გარანტირებას ემიტენტის მიერ. ლ. მეშვეობით საბირჟო ვაჭრობაზე დაიშვება მხოლოდ ის ფასიანი ქაღალდი, რომელიც გაივლის ექსპერტიზას ხარისხსა და საიმედოობაზე.

ლიტონი (ხმის გამაძლიერებელი) - 1. სპილენძის, კერამიკის ჭურჭელი ან მცირე ზომის კამერა, ჩატანებული კედლის წყობაში ან კამარაში და მიმართული შენობის შიდა სივრცისაკენ. ემსახურება ბგერის გაძლიერებას; ლ. იყენებდნენ ბიზანტიურ ხუროთმოძღვრებაში და დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების მშენებლობაში ეკლესიის დახურული სივრცის აკუსტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად (ნახ. 1); 2. რეზონატორი.

ლიტრი (ფრანგ.) - მოცულობის საზომი ერთეული: 1 ლ = 10−33 = 1 დმ3 (კუბური დეციმეტრი) = 103 სმ3 (კუბური სანტიმეტრი). ლიტრიდან წარმოებული ერთეულებია: სანტილიტრი (სლ), მილილიტრი (მლ, ml), მიკროლიტრი, დეკალიტრი (დალ, dal) და ჰექტალიტრი (ჰლ). 1 მლ = 10−3 ლ = 10−63 = 1 სმ3; 1 დალ = 10 ლ = 10−23; 1 ჰექტალიტრი = 100 ლ.

ლიუკი - ნახვრეტი ღუმელში, დოლში, ბუნკერში, რეზერვუარში და სხვ. შეიძლება იყოს: ასახდელი, ბომბის, გამომშვები, გვერდის, სავენტილაციო, საკანალიზაციო (ნახ. 1, საკანალიზაციო ლიუკი), სათვალიერებელი, შესავალი,  ჩასასხმელი, ჩამტვირთავი და სხვ.

ლიუსტრი (ფრან.) - თხელი გამჭირვალე აპკი, რომელიც დაიტანება ჭიქურაზე მისთვის ცისარტყელასებრი ელვარების მისანიჭებლად. ლ. მისაღებად ლითონების ჟანგს ამატებენ ტუტოვან სილიკატებს. ლ. ოქროს ელფერის მისანიჭებლად იხმარება: გოგირდიანი სპილენძი, გოგირდიანი ვერცხლი და რკინის ჟანგი, ხოლო წითელი ელფერისათვის - კალას ჟანგი და ჭვარტლი

ლიფტების ერთრიგა განლაგება - ლიფტების ცალმხრივი განლაგება ლიფტების ჰოლში.

ლიფტების ორრიგა განლაგება - ლიფტების ურთიერთსაპირისპირო განლაგება ლიფტების ჰოლში.

ლიფტების ჯგუფი - ორი ან მეტი ლიფტი ერთნაირი დანიშნულების, რომლებიც ჩართულია ჯგუფური მართვის სისტემაში და აქვთ საერთო ექსპლუატაციისა და მომსახურების ჰოლი.

ლიფტი - წყვეტილი მოქმედების სტაციონალური საწეველა კაბინის ან პლატფორმის შვეული გადაადგილებით ხისტი მიმმართველების საშუალებით, რომლებიც დაყენებულია ყველა მხრიდან შემოსაზღვრულ შახტაში. არსებობს ლ. ს ა მ გ ზ ა ვ რ ო (ჩვეულებრივი, ჩქაროსნული, საავადმყოფოსი) ტვირთამწეობით 320...1600 კგ და ს ა ტ ვ ი რ თ ო  (საერთო დანიშნულების და სპეციალური)  ტვირთამწეობით 10 ტ-მდე. სამგზავრო ლ. მოძრაობის სიჩქარეა  0,5...4 მ/წმ (7 მ/წმ - უნიკალურ კონსტრუქციებში), სატვირთოსი - 0,18...0,5 მ/წმ. ლ. შახტის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სიმაღლეზე.

ლიფტის კვანძი - შენობის მოცულობით-დაგეგმარებითი ელემენტი, რომელშიც შედის ლიფტის ჰოლი, შახტი და ერთი ლიფტის, ლიფტების ჯგუფის ან რამდენიმე ლიფტების ჯგუფის სამანქანო განყოფილება, განლაგებული ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს.

ლიფტის ჰოლი - სათავსი, რომელშიც გამოდის ლიფტის კარები.

ლიფტის ჰოლის სიგანე - მანძილი ლიფტის შახტის წინა კედლიდან საწინააღმდეგო კედლამდე (ლიფტების ერთრიგად განლაგებისას) ან ლიფტების წინა კედლებს შორის (ლიფტების ორრიგად განლაგებისას).

ლიცენზია (ლათ.) - 1. სახელმწიფოს მიერ გაცემული ოფიციალური ნებართვა სხვადასხვა სახის სამეურნეო საქმიანობის წარმოებისათვის, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელებისათვის და მისთ.; 2. ნებართვის დამადასტურებელი საბუთი; 3. პატენტით დაცული გამოგონების, ტექნოლოგიის გამოყენების უფლების გაცემა განსაზღვრული ვადით - საპატენტო ლიცენზია. სალიცენზიო შეთანხმების ვადა დამოკიდებულია პატენტის მოქმედების ვადაზე, პატენტების რაოდენობაზე, ლიცენზიის ასათვისებლად საჭირო დროზე, სალიცენზიო ობიექტის მორალურად ცვეთის ვადებზე, საგადასახადო პირობებზე და ა.შ. საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება სალიცენზიო შეთანხმების სამი ძირითადი სახე: მარტივი, განსაკუთრებული და სრული. მარტივი სახის სალიცენზიო შეთანხმებისას ლიცენზიარი გასცემს და, ამავე დროს, თვითონაც იტოვებს გამოგონების ან "ნოუ-ჰაუს" გამოყენების უფლებას. ამასთან, მას შეუძლია, ეს უფლება სხვა დაინტერესებულ პირებსაც გადასცეს ანალოგიური პირობებით.

ლიცენზირება სამშენებლო საქმიანობის - ნებართვა, რომელსაც გასცემს პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოები საძიებო, საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და მისთ. სამუშაოების ჩატარებაზე.

ლობზიკი (ბეწვა ხერხი) - ხელის ინსტრუმენტი თხელი და ვიწრო (0,5...8,5 მმ) ლენტური (ფირფიტოვანი) ხერხით, რომელიც გამოიყენება მერქნისა და რბილი ლითონების მრუდწირული კონტურის მქონე დეტალების გამოსაჭრელად. არსებობს მექანიკური (ნახ. 1) და ელექტრო ლ. (ნახ. 2).

ლოგარითმი (ფრანგ.) - ხარისხის მაჩვენებელი, რაშიც უნდა აყვანილ იქნეს ესა თუ ის განსაზღვრული რიცხვი, რათა მივიღოთ მოცემული რიცხვი

ლოგი - რთული სიტყვების ბოლოსართი, აღნიშნავს ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტს, მეცნიერს (მაგ., ბიოლოგი, გეოლოგი და სხვ.).

ლოგია - რთული სიტყვების ბოლოსართი, ნიშნავს მოძღვრებას, მეცნიერებას, ცოდნას (მაგ., ბიოლოგია, გეოლოგია და სხვ.).

ლოგისტიკა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვის საკითხებს.

ლოგომეტრი - ელექტროსაზომი ხელსაწყო, რომლის ჩვენება ორი ელექტრული სიდიდის თანაფარდობის პროპორციულია.

ლოკალიზაცია (ლათ.) - რაიმე ადგილის შემოფარგვლა; გარკვეული ადგილიდან რაიმეს გავრცელებისათვის ხელის შეშლა.

ლოკალური ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელები - კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაში არსებული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელები, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალური სარგებლობის მიზნით.

ლოკალური რღვევა - შენობის კონსტრუქციული ელემენტების რღვევა (მზიდუნარიანობის დაკარგვა) ერთი სართულის 40 მ2-მდე ფართობზე.

ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელები -კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაში არსებული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელები, რომლებიც გამოიყენება საერთო სარგებლობის მიზნით.

ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელები - კონკრეტული მიწის ნაკვეთის კომუნალური მომსახურებისათვის აუცილებელი საინჟინრო ქსელების სისტემა.

ლოკატორი (ლათ.) - აპარატი, რომელიც განსაზღვრავს სხეულის ადგილმდებარეობას მისგან არეკლილი ბგერითი- ან რადიოტალღების საშუალებით.

ლოკაცია (ბგერითი) - განსაზღვრა მიმართულებისა ობიექტისაკენ და ობიექტის ადგილმდებარეობისა მის მიერვე შექმნილი ბგერითი ველის მიხედვით.

ლოკომოტივი - მანქანა, რომელიც მოძრაობს რკინიგზის ლიანდაგებზე და მიჰყავს ვაგონები. ლ. არსებობს სითბურ საწვავზე მომუშავე და ელექტრონული.

ლოკომოტივი დიზელმავალი - დიზელის ძრავათი აღჭურვილი ლოკომოტივები, რომლის მასა მასა 22 ტ-მდეა და სიმძლავრე 70...150 ცხ.ძ. წარმოადგენს ჰაერმავალი ლოკომოტივის სახეობას, რომლის მამოძრავებელი ძალის წყარო ბალონებში დაწნეხილი (100...200 ატმ) შეკუმშული ჰაერის ენერგიაა.

ლოლუა - შენობის სახურავზე, ხის ტოტებზე, ელექტროსადენებზე, ბაგირებზე, ვანტებზე და მისთანებზე წარმოქმნილი გრძელი, წვეტიანი ყინული.

ლონდონური ფარდა - რბილი ქსოვილის ფარდა, რომლის ქვედა ბოლო აწეულ მდგომარეობაში ქმნის თავისუფალ გირლანდას (ნახ. 1).

ლოჟა (ფრანგ.) - ტიხრებით ან მოაჯირით გამოყოფილი განცალკევებული ადგილი მაყურებელთა დარბაზში, სადაც რამოდენიმე სავარძელი დგას (ნახ. 1).

ლორენცის მრუდი - გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს შემოსავლის ან სიმდიდრის განაწილებაში უთანაბრობის ხარისხს.

ლორფინი  - 1. ლოფინი; თხელი ქვის ფილა. "ქვის ფიცარი" (საბა); 2. ღუმელის ფსკერი ამოგებული ცეცხლგამძლე აგურით ან ნატენი ცეცხლგამძლე მასით.

ლოსორიონი - ბიზანტიური ხანის ციხე-სიმაგრე, მდებარეობდა ნოსირის მიდამოებში.

ლოტი (ჰოლანდ.) - საზომი ერთეული საბირჟო გარიგებისას. როგორც წესი, გამოიყენება მასშტაბურ გარიგებებში. საფონდო ბირჟებზე განასხვავებენ სრულ და არასრულ ლოტს.

ლოტი არასრული - სარეალიზაციო ფასიანი ქაღალდების პარტია (რაოდენობა), რომელიც არ ფიქსირდება საფონდო ბირჟებზე და ჩვეულებრივ მცირე გარიგებებში გამოიყენება.

ლოტი სრული - სარეალიზაციო ფასიანი ქაღალდების ყოველი ბირჟისათვის მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა.

ლოფტი (ინგლ.) - XX-XXI საუკუნეების არქიტექტურული სტილი, რომელიც ითვალისწინებს სამრეწველო დანიშნულების შენობის ზედა ნაწილის გამოყენებას საცხოვრებლად, სახელოსნოდ ან საოფისე ფართობად. ლოფტის სტილში გამოყენებულია ცივი ფერები (ფოლადის, ლურჯი და ა.შ.). მაგ., კონტრასტისათვის ოთახის ოთხი კედლიდან  3 აგურისაა, ხოლო მეოთხე შებათქაშებული და შეღებილია ფოლადისფრად. ასეთი ეფექტის საჭიროება აიხსნება ოთახში ზონების განაწილებით. ავეჯი ძირითადად უბრალოა (ხის ან ლითონის) და ხშირად გამოიყენება ოთახის გასატიხრად. არქიტექტურული თვალსაზრისით ყურადღება ექცევა დეტალებს (კიბეები, სხვადასხვა მილები, ვენტილაციის სისტემები, საქარხნო მოწყობილობები და ა.შ.), აგრეთვე ფანჯრებს, რომლებიც, შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ფართო და მაღალი (იწყებოდეს იატაკის დონიდან) ფარდების გარეშე ინტერიერის მაქსიმალურად გასანათებლად.

ლოქაუტი (ინგლ.) - საწარმოს დახურვა და მუშების მასობრივი გათავისუფლება.

ლოქსოდრომი (ბერძ.) - სფეროზე ან რომელიმე ბრუნვით ზედაპირზე მდებარე წირი, რომელიც ამ ზედაპირის ყველა მერიდიანს კვეთს მუდმივი კუთხით. ლოქსოდრომის ფორმა აქვს  ოკეანეში გემის ან დედამიწის ზედაპირისადმი თვითმფრინავის გზას მათი მუდმივი კურსით მოძრაობისას.

ლოწობანი - ისტორიული ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფელ იკოთთან (ახალგორის მუნიციპალიტეტი).

ლოჯია (იტალ.) - სამი ან ორი მხრიდან კედლებით შემოზღუდული შენობის ღია ნაწილი - აივანი (ნახ. 1).

ლპობა - რთული აზოტშემცველი ნივთიერების (ძირითადად ცილების) დაშლა ლპობის ბაქტერიების შემწეობით.

ლუბრიკატორი - მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად აწვდის ზეთს მანქანის მოხახუნე ნაწილებს.

ლუბრმა - 1. ჩქერებს შორის მოქცეული მდინარის უფრო ღრმა მონაკვეთი; 2. ძვ. ღრმა, მდოვრე მდინარე.

ლუგვი - ძვ. ლითონის ზოდი.

ლუვერსი - მრგვალი ნახვრეტი იალქანზე, ტენტზე, შალითაზე, ფარდაზე და ა.შ. სართავის გასატარებლად. გაგლეჯის თავიდან ასაცილებლად ლ. ამოახვევენ თოკით ან ძაფით. ლუვერსის მეშვეობით ფარდას ამაგრებენ კარნიზთან (ნახ. 1).

ლუვრი (ფრანგ.) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმი მსოფლიოში (ნახ. 1). მდებარეობს პარიზში, საფრანგეთში. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში განთავსებულია მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლ. პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს, რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლ. სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ლ. XIII საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლემ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლ. მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკომ (1510-1574) ააგო სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გუჟონმა. მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლ. მეფეთა რეზიდენცია აღარაა. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო 1793 წლიდან კონვერტის დეკრეტით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.

ლუკარნა (ფრანგ.) - სარკმელი სხვენის სახურავსა (ნახ. 1) და გუმბათურ გადახურვაში (ნახ. 2). ლ. ხშირად დეკორატიული დანიშნულება აქვს. გარედან ჩვეულებრივ, შემკულია საპირეებით, ნაძერწი მორთულობით და სხვ.

ლულა - ცეცხლსასროლი იარაღის მილი, განკუთვნილი ჭურვის, მინის, ყუმბარისა და ტყვიის სროლისთვის გარკვეული საწყისი სიჩქარით და სასურველი მიმართულებით.

ლუმენი (ლით.) - სინათლის ნაკადის საზომი ერთეული.

ლუმინესცენცია (ცივი ნათება) - სითბურ გამოსხივებასთან შედარებით ჭარბი გამოსხივება, რომელიც გრძელდება სინათლის რხევის პერიოდზე ბევრად უფრო მეტი დროის განმავლობაში. ლუმინესენციის ბუნებრივი მოვლენებია: პოლარული ნათება, ზოგიერთი მწერის , მინერალის, ლპობადი ხის ნათება. ლ. კლასიფიკაცია შეიძლება აგზნების ტიპის, ენერგიის გარდაქმნის მექანიზმისა და ნათების დროითი მახასიათებლების მიხედვით. აგზნების ტიპის მიხედვით შეიძლება გავარჩიოთ ფოტოლუმინესცენცია, რადიოლუმინესცენცია, ელექტროლუმინესცენცია, ტრიბოლუმინესცენცია, ქემილუმინესცენცია, კანდოლუმინესცენცია. გამოსხივების ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ ფლუორესცენციას და ფოსფორესცენციას. ელემენტარული პროცესების მექანიზმის შესაბამისად ლ. შეიძლება იყოს რეზონანსული, სპონტანური, იძულებითი და რეკომბინაციული. ლ.ს ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებია აგზნების ტიპი, გამოსხივების სპექტრი, პოლარიზაცია, გამოსხივების გამოსავალი - შთანთქმული ენერგიის შეფარდება გამოსხივებულ ენერგიასთან. ლუმინესცენციას ფართოდ იყენებენ პრაქტიკაში. მაგ., ლუმინესცენციურ ნათურებში, ელექტრონულ ხელსაწყოებში (ოსცილოგრაფი, ტელევიზორი, ლოკატორი) ეკრანების ნათებისათვის. ცნობილია აგრეთვე ლუმინესცენციური საღებავები და სხვ.

ლუმინოფორები - ნივთიერებები, რომლებსაც აქვს მის მიერ შთანთქმული ენერგიის სინათლის ენერგიად გარდაქმნის უნარი. განასხვავებენ ორგანულ და არაორგანულ ლუმინოფორებს. არაორგანული ლ. გამოიყენება ლუმინესცენციურ ნათურებში, ელექტრონულ-სხივურ მილაკებში, რენტგენის ეკრანების დასამზადებლად და სხვ. ორგანული ლ. - ქიმიაში, ბიოლოგიაში, მედიცინაში, გეოლოგიასა და კრიმინალისტიკაში.

ლუნეტი (ფრანგ.) - 1. კამარის ან გუმბათის წყობაში დატოვებული სასინათლო ღიობი (ნახ. 1); 2. აფრებზე ან სხვა ნაწილებზე მოთავსებული ნაძერწი ან ფერწერული სამკაული.

ლურსმანი - ლითონის (რკინის, ფოლადის, პლასტმასის, ხის) თავბრტყელი და ბოლოწვეტიანი ღერო; იხმარება რისამე დასაჭედებლად, დასამაგრებლად. დამზადების მეთოდის მიხედვით არსებობს ნაჭედი და მავთულოვანი ლ.. ნაჭედი წარმოადგენს კონუსური ფორმის ღეროს ქუდით. ისინი, როგორც წესი, მზადდება დიდი ზომის და ძირითადად კონტეინერების, ვაგონების, ყუთების დასამზადებლად გამოიყენება, აგრეთვე მორებისაგან აშენებულ სახლებში მორების, ძელების, კოჭების, რიგელების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მავთულოვანი ლ. მზადდება ქარხნული წესით მავთულისაგან. მათ წრიული ან ოთხკუთხა განივკვეთი აქვთ ქუდით, წვერო კი წამახვილებულია.  სხვადასხვა სიგრძის 0,7...9,4 მმ-მდე დიამეტრის ლ. ამზადებენ რბილი (მცირედ ნახშირბადიანი) ფოლადისაგან; ზოგჯერ დაჟანგვის საწინააღმდეგოდ ზედაპირს ფარავენ თუთიათი ან სპილენძით. არსებობს სპილენძის ლ. ლ. გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა, როცა თხელი ელემენტებია (ფიცარი, ფანერი, ძელაკი) შესაერთებელი სქელ ელემენტებთან. ამ შემთხვევაში ლ. სიგრძე აიღება თხელი ელემენტის სისქეზე 2,5...4-ჯერ მეტი. გამოიყენება მსხვილი (d ≥ 6 მმ) და წვრილი (d < 6 მმ) ლ.  მერქანში ლ. ჩასობა ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ეს ოპერაცია მოითხოვს გარკვეულ ცოდნასა და მოხერხებულობას. მაგ., თუ ლ. ვასობთ ადვილად მსკდომარე ფიცარში, უმჯობესია მარწუხით წავაჭრათ წაწვეტილი ბოლო ან ეს ბოლო ჩაქუჩით დავაბლაგვოთ. თუ რამდენიმე ლ. ჩასასობი, მაშინ უმჯობესია ლ. განვალაგოთ ჭადრაკულად და არა ერთ რიგზე. არსებობს ლ. ბევრი სახეობა: გლუვთავა, თავბურცა, თავფართო, მრგვალთავა, ნატვიფრთავიანი, ნაწედი, საავეჯო, საანჯამე, საკასრე, სამშენებლო (დიამეტრი 0,8…8 მმ, სიგრძე - 8…250 მმ), საპარკეტე, სარუბეროიდე, სატკეჩე, საყავრე, საშპალერე, სახურავის, ფასონური, ფხიანი, წკირა (ხის) და სხვ.

ლურსმანი თხევადი - წებო მაღალი ადჰეზიური თვისებებით. წებო დაიტანება შესაწებებელ მასალაზე არა უწყვეტ ფენად, არამედ წერტილოვნად იმ ადგილებზე, სადაც უნდა დაეჭედოს ლურსმანი ან დუბელი.

ლურჯი - ცისარტყელას შვიდ ფერთაგან (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჟი, იისფერი) ერთ-ერთი.

ლუსტრი - თხელი, გამჭირვალე აფსკი, დაიტანილი ფაიფურის და ქაშანური ნაკეთობის მოჭიქულ ზედაპირზე გამოწვის შემდეგ ლითონური ბზინვის მისაცემად ცისარტყელას ფერებში.

ლუსტჰაუზი - დიდი ფანჩატურის ტიპის საბაღე პავილიონი, ძვირფასი არქიტექტურული მოპირკეთებით (ნახ. 1). ფართოდ იყო გავრცელებული XVIII საუკუნის დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში.

ლუქსი (ლათ.) - 1. განათებულობის საზომი ერთეული: 1 მ2 ფართობის ზედაპირის განათებულობა, რომელზეც ეცემა 1 ლუმენი სინათლის სხივების ნაკადი. 2. განსაკუთრებით მდიდრულად მოწყობილი რისამე აღნიშვნა.

ლუქსმეტრი - ფოტომეტრიული გადასატანი ხელსაწყო განათებულობის გასაზომად, რომელიც ჩვენებებს იძლევა ლუქსებში

ლღობა (ლხობა) - დნობა.

ლხობა - იგივეა, რაც დნობა.

მაარი (გერმ.) - ძაბრისებრი ან ცილინდრის ფორმის თითქმის ბრტყელძირიანი აფეთქების კრატერი, რომლის უკონუსო ყელს გარს აკრავს ამოფრქვეული ფხვიერი მასალის ზვინული (ნახ. 1). წარმოიქმნება ვულკანური აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად (ლავის ამოუღვრელად). მ. განიკვეთი 200-დან 3200 მ-მდეა, სიღრმე - 400 მ-მდე. მისთვის დამახასისათებელია შლაკური საფრის უმნიშვნელო განვითარება, ლავური ნაკადების არყოფნა, მოკლე პერიოდული ამონთხევა და დაწყებითი აფეთქების დიდი ძალა. მ. განსაკუთრებით განვითარებულია გერმანიასა (ეიფელი) და საფრანგეთში (ოვერნი). გვხვდება აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკასა (აშშ, კანადა) და სამხრეთ ამერიკაში (პატაგონია). გამოიყოფა ტუფური, ბაზალტური, აირული და ფსევდო მაარები.

მაარმირებელი - პლასტმასის დანამატი. გამოიყენება ფენოვანი პლასტიკატების სიმტკიცის ასამაღლებლად. მისი სახეებია: ქაღალდი, მინის ბოჭკო, ხის შპონი, წვრილი მავთული, ბოჭკოვანი ქსოვილის ნაირსახეობები და სხვ.

მაარმირებელი პროფილი - მოთუთიებული ფოლადის თხელკედლიანი გამაძლიერებელი ელემენტი, რომელიც თავსდება პლასტმასის (მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების) პროფილებში კარ-ფანჯრის კონსტრუქციებისათვის სიხისტის გასაძლიერებლად (ნახ. 1).

მაგალითი - 1. მათემატიკური გამოსახულება, რომელიც მოითხოვს გარდაქმნას და ამოხსნას; 2. რაიმე დებულების ცხადსაყოფად მოყვანილი ცალკეული ფაქტი, ნიმუში; 3. სხვისთვის მისაბაძი საქციელი თუ მოვლენა.

მაგიდა - ავეჯის ნაკეთობა, რომელსაც ფუნქციონალურად ხელმისაწვდომი სიმაღლის მქონე ზედაპირი აქვს. გამოიყენება სამუშაოდ, საკვების მისაღებად, ნივთების დასაწყობად და სხვ. არსებობს მ. მრავალი სახეობა: ასაწევი, ბილიარდის, გასაშლელი, გორგოლაჭებიანი, ჟურნალ-გაზეთების, კომბინირებული, ლომბერის, მბრუნავი (გამოიყენება ჩარხთმშენებლობაში), მგორავი (საავადმყოფოებისათვის), მისადგმელი, მოძრავი, მოწაფის, მრგვალი, ოვალური, ოთხკუთხა, საბანკეტო, საბავშვო, საკაბინეტო (ნახ. 1), საკანცელარიო, საკეცი, სამზარეულოს, სასადილო, სატელეფონო, ტუალეტის (აღჭურვილი სარკეებითა და უჯრებით), საწერი, საჭადრაკო, სახაზავი, სახარისხებელი, ტელევიზორის, ჩაშენებული, ჭურჭლის და სხვ.

მაგისტრალი (ლათ.) - 1. მთავარი ხაზი, ძირითადი მიმართულება; 2. დიდი ქალაქის ფართო ქუჩა ტრანსპორტის ინტებსიური მოძრაობით; 3. წყალსადენისა და კანალიზაციის მთავარი მილი, ელექტრობის, ტელეფონის და ა.შ. სისტემის მთავარი კაბელი.

მაგისტრალური გაზსადენი - ნაგებობა გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე.

მაგისტრალური ტრანსპორტი - 1. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ტრანსპორტი: მატარებელი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი და სხვ.; 2. სატრანსპორტო საშუალებების და მოწყობილობების ერთობლიობა, რომლებიც განლაგებულია მთავარ ჰორიზონტალურ და კაპიტალურ დახრილ გვირაბებში და რომლებითაც ტრანსპორტირდება ყველა სახის ტვირთი ამოსაღები უბნიდან ჭაურმიმდებარე ეზომდე, ხოლო დახრილი ჭაურის არსებობის შემთვევაში - ზედაპირამდე.

მაგისტრალური ქსელი - ელექტრული ქსელი, რომელშიც ენერგიის რამდენიმე მომხმარებელი იკვებება ერთი საერთო (მაგისტრალური) ხაზიდან. არის დაურეზერვირებელი (ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის) და დარეზერვირებული (პასუხსაგები მომხმარებლისათვის). მ.ქ. გამანაწილებელ ქსელში ძაბვა 35 კვტ-მდეა.

მაგისტრი - 1. მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის - მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება; 2. ზოგიერთ ქვეყანაში, ბაკალავრის შემდგომი მეორე სამეცნიერო ხარისხი, აგრეთვე პირი, რომელსაც მიენიჭა ეს ხარისხი.

მაგმა (ბერძ.) - სილიკატური (სულფიდური) შედგენილობის გამდნარი მასა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში. გაცივების შედეგად მ. წარმოქმნის მაგმურ ქანებს. მ. ტემპერატურა, ქიმიური შედგენილობის შესაბამისად, ცვალებადობს 600…12000C ფარგლებში. ვულკანურ მხარეებში მაგმა აღწევს დედამიწის ზედაპირს და ამოინთხევა ლავის სახით. დედამიწის სიღრმეში გაცივებული მაგმა წარმოქმნის ინტრუზივებს.

მაგნალიუმი - ალუმინის შენადნობი მაგნიუმთან (1...13%) და სხვა ელემენტებთან (სილიციუმთან, რკინასთან, სპილენძთან). მარგანეცი ამაღლებს შენადნობის სიმტკიცეს. მოდიფიკატორად გამოიყენება ტიტანი. მ. ახასიათებს მაღალი პლასტიკურობა, კოროზიამედეგობა, კარგად ემორჩილება არგონორკალურ შედუღებას. შენადნობი მაგნიუმის დაბალი შემცველობით გამოიყენება ნაკეთობების დასამზადებლად ამაღლებული დეკორატიულობით და სხივების არეკვლის საუკეთესი უნარით, ხოლო მაღალი შემცველობით - მცირედ დატვირთულ შენადუღ კონსტრუქციებში, რომლებსაც ხანგრძლივად უხდებათ მუშაობა ქიმიურად აგრესიულ გარემოში; უფრო მაღალი შემცველობისას - შენადუღ კონსტრუქციებში ფურცვლოვანი რეზერვუარების დასამზადებლად.

მაგნატი (ინგლ.) - მსხვილი სამრეწველო ან საბანკო კაპიტალის წარმომადგენელი.

მაგნეზია (ლათ.) - თეთრი ფხვნილი ან ხსნარი, რომელიც წარმოადგენს მაგნიუმის მარილს. თხევადი მ. კარგად აცილებს ცხიმოვან ლაქებს ქსოვილებზე, ქაღალდზე, მატყლზე, სწრაფად აშრობს სველ ხელებს, ზრდის ხელის მტევნის შეჭიდულობას სხეულებთან (მაგ., მთასვლელებს კლდეზე ასვლისას მუდმივად თან აქვთ მაგნეზიის ფხვნილით სავსე პარკი, ძალოსნები სიმძიმის აწევის წინ ხელებს იპოხავენ მაგნეზიის ფხვნილით და სხვ.). მწვარი მ. გამოიყენება სამშენებლო საქმეშიც (ცემენტის წარმოება, ცეცხლმედეგი მასალების წარმოება).

მაგნეზია მწვარი - მაგნიუმის ოქსიდი, რომელიც მიიღება მინერალების მაგნეზიტისა და დოლომიტის გამოწვით. გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალების და ცემენტის წარმოებაში.

მაგნეზიტი - მინერალი თეთრი ან მოყვითალო ფერისა, მაგნიუმის ნახშირმჟავა მარილი - MgCO3, სიმკვრივე 3 გ/სმ3, სიმაგრე - 4, აქვს ყვითელი, თეთრი ან ნაცრისფერი შეფერილობა. იყენებენ როგორც ცეცხლგამძლე მასალას და სხვ.

მაგნეტიზმი - 1. მაგნიტის, აგრეთვე ელექტრობით დამუხტული გამტარის თვისება მიიზიდოს ან განიზიდოს ზოგიერთი სხეული; 2. დედამიწის მაგნეტიზმი - დედამიწის მაგნიტური თვისებები; 3. გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის მაგნიტურ ველს.

მაგნეტიტი (ბერძ.) - მაგნიტური თვისებების მქონე, რკინისებრ შავი, შპინელის ჯგუფის მინერალი. გვხვდება მკვრივი მასების, ოქტაედრებისა და რომბოდოდეკაედრის ფორმის კრისტალების სახით. ძლიერ მაგნიტურია პარაგენეტული მინერალები: ილმენიტი, ჰემატიტი, პირიტი, პირონიტი, გალენიტი, სფალერიტი, ქალკოპირიტი და სხვ. ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში.

მაგნეტო (ფრანგ.) - შიგაწვის ძრავის ცილინდრში ელექტრომაგნიტური გენერატორი საწვავი ნარევის ასარევად.

მაგნიტი - სხეული (რკინა, ფოლადი), რომელსაც აქვს ზოგი სხეულის მიზიდვის ან განზიდვის უნარი. ძველ ქართულში - ანდამატი.

მაგნიტომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო მაგნიტური გაზომვებისათვის (მაგნიტური მომენტი, ფერომაგნიტური მასალების მაგნიტურობა, მთის ქანების არამაგნიტური თვისებები, მაგნიტური ველის დაძაბულობა და სხვ.).

მაგნიტუდა - მიწისძვრის სტანდარტული ეპიცენტრიდან განსაზღვრულ მანძილზე ნიადაგის მოძრაობის მაქსიმალური ამპლიტუდის ათობითი ლოგარითმი. მაგნიტუდა ენერგიის პირდაპირპროპორციული სიდიდეა, რომელიც, როგორც წესი, იცვლება 0-დან 9-მდე (იშვიათ შემთხვევაში მეტი) რიხტერის შკალის მიხედვით.

მაგნიტური ლენტა - ინფორმაციის მაგნიტური მატარებელი მოქნილი ლენტის სახით, დაფარული თხელი მაგნიტური შრით; თვით ლენტი დამზადებულია არამაგნიტური მასალისაგან (პოლიეთილენტერეფთალატი, პოლივინილქლორიდი, დი- და ტრიაცეტატი, ფოსტორული ბრინჯაო). გამოიყენება ხმის ჩასაწერად, ვიდეო და გამოთვლით ტექნიკაში, ავტომატიკაში, სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოებში და სხვ. გამოირჩევა დასამახსოვრებელი ინფორმაციის დიდი ტევადობით (ასეული მლნ სიტყვა) და შენახვის საიმედოობით.

მაგნიტური ლინზა - მოწყობილობა ელექტრონების ან იონების ნაკადის ფოკუსირებისათვის მაგნიტური ველის მეშვეობით, რომელსაც შესაბამისი სიმეტრია გააჩნია. მ.ლ. ელექტრული ლინზის კერძო შემთხვევაა.

მაგნიტური პოლუსი - დედამიწის ზედაპირის პირობითი წერტილი, რომელშიც მაგნიტური ველის ძალხაზები მიმართულია ზედაპირისადმი მკაცრად 900-ით. განასხვავებენ ჩრდილოეთის და სამხრეთის მაგნიტურ პოლუსებს. ჩრდილოეთის მ.პ. ეწოდება ადგილს, საიდანაც გამოდის მაგნიტური ინდუქციის ძალხაზები, ხოლო სამხრეთის - ადგილს, სადაც შედის ეს ძალხაზები (ნახ. 1).

მაგნიუმი (ლათ. Magnium) - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო, რბილი, მბრწყინავი, მსუბუქი, ჭედადი ლითონი. სიმბოლოა Mg. წვის დროს გამოსცემს თეთრ კაშკაშა ალს. გამოიყენება: მსუბუქი შენადნობების დასამზადებლად; მეტალურგიაში - განმჟანგავად; ტიტანის, ცირკონიუმის, ვანადიუმის, ურანის, ბერილიუმის წარმოებაში (ე.წ. მაგნიუმთერმული მეთოდი); მაღალი სიმტკიცის თუჯის წარმოებაში; მედიცინაში; ფოტოგრაფიაში; პიროტექნიკაში და სხვ.

მაგნიუმის შენადნობები - სამსხმელო და დეფორმირებადი შენადნობები, რომლის საფუძველია მაგნიუმი, ალუმინის, თუთიის, მარგანეცის, ცირკონიუმის და სხვა მეტალების დანამატებით. სიმკვრივე 1760...1810 კგ/მ3. გამოირჩევა მაღალი მექანიკური თვისებებით, ადვილი დასამუშავებელია. გამოიყენება მშენებლობაში, ავიაციაში, სარაკეტო ტექნიკაში, საავტომობილო მრეწველობაში, სხვადასხვა აპარატურის დასამზადებლად და ა.შ.

მაგროვებელი - მოწყობილობა რომელიც უშუალოდ იმახსოვრებს ინფორმაციას.

მადანი - ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნი, რომელიც შეიცავს რომელიმე ლითონს გარკვეული კონცენტრაციით, აგრეთვე არალითონურ სასარგებლო წიაღისეულს, რომელთა ამოღება ეკონომიკურად მიზანშეწონილია. ცნობილია დარიშხანის, ბარიტის, ასბესტის, აპატიტების, სილიკატური ტალკის, კალციტ-მაგნეტიტის და სხვათა საბადოები.

მადნის მოპოვება - მიწის წიაღში მოთავსებული მარგი წიაღისეულის ამოტანა მიწის ზედაპირზე.

მადრიერი - ნაძვის მერქნისაგან დამზადებული საექსპორტო მასალა, ტექნ. პირობ. „შავი ზღვის დახარისხებული ხის დახერხილი მასალა“-ს შესაბამისად - სიგრძე 4000 მმ, სისქე და სიგანე დამკვეთის სურვილის მიხედვით.

მავზოლეუმი - მონუმენტური სამარხის სახელწოდება, რომლის წარმოშობა დაკავშირებულია მეფე მავზოლის სამარხთან ჰალიკარნასში (მე-4 ს. ძვ. წ. აღ.).

მავთული - ლითონური ნაკეთობა, ძაფი, ზონარი, მეტწილად მრგვალი, იშვიათად - კვადრატული, ექვსკუთხა, ტრაპეციული ან ოვალური კვეთის. მასალად გამოიყენება ფოლადი, ალუმინი, სპილენძი, ნიკელი, ტიტანი, თუთია, ვოლფრამი, მათი შენადნობები და სხვა ლითონები. არსებობს აგრეთვე ბიმეტალური და ნახევრადლითონური მავთულები. მ. მიიღება ადიდვის გზით. გამოდის დიამეტრით 0,005...17 მმ. გამოიყენება ელექტროსადენების, ზამბარების, ბურღების, თერმოწყვილების, ელექტროდების, ელექტროხელსაწყოების და სხვ. დასამზადებლად. არსებობს მ. მრავალი სახეობა: ბრტყელი, ეკლიანი, ინვარის, მაგნიტური, მინის, მისადუღი, მოთუთიებული, მომინანქრებული, ნიკელის, ნიქრომის, რკინის, საარმატურო, საამკინძაო, სამაგრი, სამოქლონე, საფუთავი, საჭანჭიკე და სხვ.

მავნე აირები - აირები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება ან ადამიანის მოწამვლა.

მავნე ბიოლოგიური ფაქტორები - მათ მიეკუთვნება სხვადასხვა სახის მიკრობების, ფაგების, შხამების და სხვათა გავრცელება საწარმოო გარემოში.

მავნე ნივთიერებები - ნივთიერებები, რომელთათვისაც საიტარული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადგენილია მავნე ნივთიერებების ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია.

მავნე საწარმოო ფაქტორი - ფაქტორი, რომელიც გარკვეულ პირობებში ადამიანზე ზემოქმედებისას იწვევს მის დაავადებას ან შრომისუნარიანობის დაქვეითებას. საწარმოო ფაქტორის დონისა და ზემოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით საწარმოო ფაქტორი შეიძლება საშიში გახდეს. მ.ს.ფ. მიეკუთვნება: მუშა ზონაში მაღალი მტვრიანობა; მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე; ხმაურისა და ვიბრაციის მაღალი დონე; ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური ველების ამაღლებული დონე; მაიონიზირებელი, თბური და ულტრაიისფერი გამოსხივების ამაღლებული დონე; არასაკმარისი განათებულობა და სხვ.

მავნე ფიზიკური ფაქტორები - ვიბრაცია; ხმაური; მაიონებელი, თბური, ელექტრომაგნიტური გამოსხივების მაღალი დონე; ელექტრული და მაგნიტური  ველის მაღალი დაძაბულობა; სინათლის სხივის გაზრდილი ენერგია; ულტრაიისფერი ან ინფრაწითელი რადიაციის მაღალი დონე და სხვ.

მავნე ქიმიური ფაქტორები - ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებული სხვადასხვა ტოქსიკური, ფეთქებადი, წვადი და შხამიანი ნივთიერებების გავრცელება საწარმოო გარემოში. აღნიშნული ნივთიერებები შესაძლებელია აგრეთვე იყოს ტექნოლოგიური პროცესის საბოლოო ან საშუალედო პროდუქტი.

მაზარი (არაბ.) - მუსლიმანთა წმინდანის საფლავი, აკლდამა.

მაზიდა (რუს. Тачка) - მარტივი მოწყობილობა (ურიკა) მცირე ტვირთების გადასატანად, რომელშიც გამოყენებულია ბერკეტის პრინციპი მოდებული ძალის შესამცირებლად. შედგება სატვირთო ძარის, ერთი ან რამდენიმე ბორბლის და სახელურებისაგან (ნახ. 1). მ. სამშენებლო ობიექტის განუყოფელი ატრიბუტია.

მაზუთი - ნავთობისაგან ბენზინისა და ნავთის გამოხდის შედეგად მიღებული შავი ფერის ნარჩენი.

მათარა - მრავალჯერადი მოხმარების სატრანსპორტო ტარა, რომელსაც აქვს ბრტყელი, ცილინდრული ან ოვალური ფორმის კორპუსი და შედარებით მცირე დიამეტრის ყელი, აგრეთვე თავსახური ჩამკეტით (ნახ. 1). ხშირად ჩასმულია ქსოვილის შალითაში (სველი შალითა აგრილებს მათარაში ჩასხმულ სითხეს) და თან ახლავს ღვედი მხარზე გადასაკიდად ან წელზე მისამაგრებლად. ამზადებენ ალუმინის, ლითონის, პლასტმასის ან ხისაგან. მ. შედის ჯარისკაცის აღჭურვილობაში, როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი (სასმელი წყლის მარაგისათვის).

მათემატიკური ლოდინი (იგივე ლოდინი ან პირველი რიგის მომენტი) - ალბათობის თეორიაში შემთხვევითი სიდიდის ყველა მნიშვნელობათა ალბათობით შეწონილი საშუალო. დისკრეტული შემთხვევითი სიდიდის შემთხვევაში შეწონვა ხდება მნიშვნელობათა ალბათობებით, ხოლო უწყვეტი შემთხვევითი სიდიდის შემთხვევაში - მისი განაწილების სიმკვრივით. ტერმინი „მათემატიკური ლოდინი“ მიგვანიშნებს, თუ საშუალოდ რა მნიშვნელობის მოსვლას უნდა ველოდოთ. აუცილებელი არაა, რომ შემთხვევითი სიდიდის მათემატიკური ლოდინი მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა იყოს. მაგ., თუ იდეალური მონეტის აგდებისას გერბის მოსვლას აღვნიშნავთ 0-თ, ხოლო საფასურისას - 1-ით, მაშინ მათემატიური ლოდინი იქნება 0,5. მ.ლ. არ განისაზღვრება ყველანაირი განაწილებისთვის. მაგ., კოშის განაწილებას მათემატიკური ლოდინი არ გააჩნია.

მათემატიკური ნიშნები - პირობითი აღნიშვნები (სიმბოლოები), რომლებსაც იყენებენ მათემატიკური ცნებების, წინადადებებისა და გამოთვლების ჩასაწერად.

მათემატიკური სტატისტიკა - მათემატიკის დარგი, რომელიც მეცნიერული და პრაქტიკული დასკვნებისათვის სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაციის, ანალიზისა და გამოყენების მეთოდებს შეისწავლის. მათემატიკური სტატისტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ალბათობათა თეორიასთან. ალბათურ კანონზომიერებებს დაქვემდებარებული შემთხვევითი მოვლენების სტატისტიკური შესწავლა გულისხმობს სტატისტიკური მონაცემებით ამ კანონზომიერებათა დადგენას, რისთვისაც იყენებენ ისეთ დარგებს, როგორიცაა: ალბათობის განაწილების სტატისტიკური შეფასების თეორია, ალბათურ ჰიპოთეზათა სტატისტიკური შემოწმების თეორია და ა.შ., რომლებიც ალბათობის თეორიას ემყარებიან.

მათემატიკური ფიზიკა - მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიზიკური მოვლენების მათემატიკური მოდელების თეორიას; ამასთანავე, ძირითადად განიხილება მხოლოდ ის პროცესები (მოვლენები), რომლებიც აღიწერებიან კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებით, აგრეთვე ინტეგრალური ან ინტეგრალურ - დიფერენციალური განტოლებებით. გარდა ამისა, ფიზიკური მოვლენების მათემატიკური მოდელების აღწერისას იყენებენ აგრეთვე ვარიაციულ მეთოდებს, პოტენციალის თეორიას, კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის მეთოდებს და მათემატიკის სხვა დარგებს.

მათემატიკური ქანქარა - ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ნივთიერი წერტილი, რომელიც დაკიდებულია იდეალურად დრეკად, უწონად და უჭიმად ძაფზე და რომელსაც შეუძლია პერიოდული მოძრაობა ვერტიკალურ სიბრტყეში

მაიდანი (თურქ.) - აღმოსავლეთის ფეოდალური ქალაქის მთავარი სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის მოედანი.

მაიოლიკა - მსხვილფორებიანი კერამიკული ნაკეთობა წარწერებით ნედლ გაუმჭვირ კალის ჭიქურზე შეერთებული საღებავთან გამოწვის პროცესში. მიეკუთვნება XV–XVI საუკუნეების ესპანურ და იტალიურ კერამიკას. მ. ფარტედ იყენებდნენ ძვირფასი კერამიკული ჭურჭლის (ნახ. 1: აღორძინების ეპოქის იტალიური მაიოლიკის თეფში), ფანჯრისა და კარის მოსავარაყებელი თამასების, შორენკეცების, დეკორატიული პანოების, სკულპტურების, სუვენირების და სხვ. დასამზადებლად, აგრეთვე ტაძრებისა და მეჩეთების ინტერიერების (ნახ. 2: სანკტ-პეტერბურგის მეჩეთის ინტერიერი) გასამშვენიერებლად.

მაიონიზირებელი გამოსხივება - გამოსხივება, რომელსაც ქსოვილებში გავლისას ატომებისა და მოლეკულების იონიზაციის უნარი გააჩნია. მ.გ. მიეკუთვნება: რენტგენის, γ -სხივები, α - და β -ნაწილაკები, პოზიტრონები და ნეიტრონები. მ.გ. მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი დასხივებისას და იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს დასხივების დოზის მიხედვით, ამიტომ ასეთ წარმოებებში მომსახურე პერსონალისათვის აუცილებებლია რადიაციის მოქმედებისაგან დაცვის საშუალებების ამოქმედება (დაცვა დროით, მანძილით, ეკრანით; სამედიცინო დაცვა და სხვ.).

მაიორატი (ბერძ.) - 1. მემკვიდრეობის სისტემა, რომლის დროსაც მთელი ქონება განუყოფლად გადადის გვარში უფროსზე ან გარდაცვლილის უფროს ვაჟზე; 2. უძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის გვარში უფროსზე ან გარდაცვლილის უფროს ვაჟზე.

მაკეტი  (ფრანგ.) - მცირე ზომის ნიმუში (მოდელი) ასაშენებელი ან უკვე არსებული ნაგებობისა (ნახ. 1: საცხოვრებელი სახლის მაკეტი).

მაკლერი (გერმ.) - შუამავალი, რწმუნებული გარიგების დადებისას საფონდო, საქონლისა და სავალუტო ბირჟებზე. საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების მ. ვაჭრობის მონაწილეა, რომელიც აფიქსირებს გარიგებებს საფონდო ბირჟის წევრებს (ბროკერები, დილერები) შორის. მ. შემოსავალს (კურტაჟს) შეადგენს ბირჟის იმ წევრების მიერ გადახდილი თანხა, რომელთა გარიგებებსაც იგი აფიქსირებს. ბირჟაზე მ. მოქმედებს, როგორც რწმუნებული და არ შეიძლება უშუალოდ მონაწილეობდეს გარიგებაში თავისი სახელითა და თავისი ხარჯით. საბირჟო მაკლერად მუშაობისათვის საჭიროა სახელმწიფო ლიცენზია.

მაკრატელი - ხელის იარაღი, მოწყობილობა ან მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მასალის საჭრელად. არსებობს მ. მრავალი სახეობა: ალიგატორული, ბერკეტიანი, გილიოტინის, დასკური, ლითონის საჭრელი, მექანიკური, მრუდმხარა, როტაციული, საბურღი, სამედიცინო, საზეინკლო, სასხლავი, საყოფაცხოვრებო და სხვ

მაკრო (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს დიდს, მსხვილს.

მაკროგარემო - ეკონომიკური, ბუნებრივი, სოციალურ-კულტურული, პოლიტიკური გარემო, რომლის პირობებშიც ფუნქციონირებს წარმოება, ორგანიზაცია, ფირმა და ა.შ.

მაკროეკონომიკა (ბერძ.) - 1. ეკონომიკური ანალიზის მეთოდი, რომელიც ყოვლისმომცველი მაჩვენებლების შეფასებას ემყარება; ქვეყნის მთლიანი მეურნეობა; გამოხატავს ეკონომიკის ზოგად მდგომარეობას, განიცდის საბიუჯეტო-საფინანსო, საკრედიტო-ფულად და სხვა სამთავრობო პოლიტიკის გავლენას; 2. ეკონომიკური მეცნიერება, როგორც ერთიანი მთლიანის წარმართვის შესახებ; სწავლობს მსხვილმასშტაბიან ეკონომიკურ პრობლემებს (მაგ., შრომა, კაპიტალი, ბიზნესი, სახელმწიფო სექტორი და სხვ.).

მაკროერგონომიკა - ეკონომიკის მიმართულება, რომელიც სისტემას იკვლევს და აპროექტებს მთლიანობაში, ითვალისწინებს ყველა ფაქტორს: ტექნიკურს, სოციალურს, ორგანიზაციულს. მ. მიზანია მთელი სიტემისა და სისტემის ყველა ელემენტის ჰარმონიული, შეთანხმებული, საიმედო მუშაობა.

მაკრომარკეტინგი - შედარებით ჩაკეტილი ბაზრის პირობებში სამეურნეო საქმიანობის სისტემა, საქონლის ნაკადის მიმართულებით - მწარმოებლიდან მომხმარებლისაკენ. გათვალისწინებულია საქონლის მწარმოებლების მონაწილეობა წარმოების პროცესში პარიტეტულ საწყისებზე, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დაკმაყოფილებას პროდუქტებით.

მაკრორელიეფი - რელიეფის დიდი ფორმები, რაც განსაზღვრავს დედამიწის ზედაპირის აგებულების საერთო ხასიათს.

მაკროსეისმური რყევა - მიწისძვრის დროს ნიადაგის ისეთი რყევა, რომელსაც უშუალოდ ადამიანის გრძნობის ორგანოები აღიქვამენ.

მაკროსტრუქტურა (ლათ.) - მყარი სხეულის (მაგ., ქვის, მერქნის, ბეტონის, მინერალის, ლითონის, შენადნობის) აგებულება, რომელიც ჩანს უმიკროსკოპოდ (შეუიარაღებელი თვალით ან ლუპით) გახეხილ და ამოჭმულ ნიმუშებზე.

მაკროსტრუქტურა ბეტონის - ბეტონის სტრუქტურული აგებულება, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით ან გამადიდებელი ლუპით. ბეტონის აგებულება არაერთგვაროვანია (ნახ. 1, ქაფბეტონის მაკროსტრუქტურა). სქემატურად ბეტონი წარმოადგენს ცემენტის ქვის სივრცულ მესერს - მატრიცას, რომელშიაც ჩართულია შემვსებების მარცვლები - მსხვილი და წვრილი; ბუნებრივი (ღორღი, ხრეში, კვარცის ქვიშა, პემზა, პერლიტი, ვულკანური წიდები) და ხელოვნური (წიდა, კერამზიტი); მკვრივი და ფოროვანი. საკუთრივ ცემენტის ქვაც არაერთგვაროვანი აგებულებისაა და შედგება შენაზარდის, გელის და ჰაერითა და წყლით შევსებული, დიდი რაოდენობის ფორებისა და კაპილარებისაგან.

მაკროსტრუქტურა ლითონის - ლითონის სტრუქტურული აგებულება, რომელიც ჩანს შეუიარაღებელი თვალით ან გამადიდებელი ლუპით (გამადიდებლობით 25-მდე). კვლევის წარმოება ხდება ბრტყელ ნიმუშზე, რომლის ზედაპირი სუფთავდება, იხეხება და მუშავდება მჟავას ან ტუტეს ხსნარით. კვლევის შედეგად შეიძლება აღმოჩენილი იქნეს ლითონის მთლიანობის დარღვევა (ნიჟარები, ჰაერის ბუშტები, სიფაშრე, ბზარები, განშრევება და სხვ.), მინარევების და არალითონური ჩანართების არსებობა, კრისტალების ფორმა და განლაგება ნაკეთობის სხვადასხვა ნაწილებში; ზოგჯერ შესაძლებელია დაფიქსირდეს მეტალის მარცვლების აგებულების განსაკუთრებულება. მაკროსტრუქტურის შესწავლა საშუალებას იძლევა გავაკეთოთ სწორი დასკვნა ნაკეთობის ხარისხის თაობაზე.

მაკულატურა (გერმ.) - ვადაგასული ქაღალდისა და მუყაოს ნაკეთობანი, აგრეთვე პოლიგრაფიული და სხვა საწარმოთა ქაღალდის ნარჩენები. იყენებენ ქაღალდის ფაბრიკებში მეორად ნედლეულად. მ. უტილიზაციას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. იგი საშუალებას იძლევა, დავზოგოთ მერქნის ნედლეული და შევამციროთ მზა პროდუქციის თვითღირებულება. მ. 1,5…2,5-ჯერ იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი ბოჭკოვანი ნახევარფაბრიკატი. იგი ძირითადი ნედლეულია მუყაო-რუბეროიდის წარმოებაში.

მალაქიტი (ფრანგ.) - კარბონატების კლასის მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა ფერის მინერალი. სიმკვრივე 3900…4100 კგ/მ3. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში. ძვირფასი სანახელავო ქვა. გამოიყენება შენობის ინტერიერების მოსაპირკეთებლად, სამკაულად და სხვ.

მალეგირებელი - ლითონები, რომლებსაც ფოლადის ან თუჯის მინარევებში ურევენ მათი ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური თვისებების შესაცვლელად (სიმაგრე, კოროზიამედეგობა, ცვეთამედეგობა და სხვ.), მეტწილად სიმტკიცის ასამაღლებლად. მ. ლითონებია: ნიკელი, ქრომი, მოლიბდენი, სპილენძი, მარგანეცი, ვოლფრამი, ტიტანი, ვანადიუმი, კადმიუმი, თუთია, ტანტალი, ალუმინი, სილიციუმი, კობალტი, ბორი და სხვ.

მალი - 1. მანძილი ორ კედელს, სვეტს ან საყრდენს შორის; 2. ორ საყრდენზე მდებარე კონსტრუქციის (კოჭი, წამწე, კამარა, თაღი და ა.შ.) სიგრძე.

მალი კოჭის - კოჭის საყრდენებს შორის გეომეტრიული მანძილი.

მალი კოჭის საანგარიშო - კოჭის მალის (ℓ) ნამრავლი კოჭის ბოლოების ჩამაგრების სახეობის გამთვალისწინებელ (μ) კოეფიციენტზე: ℓ0 = μ∙ℓ.

მამრავლი (მათემ.) - რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენჯერ უნდა გავამრავლოთ შესაკრებად მეორე რიცხვი, რომ მივიღოთ ნამრავლი.

მანგანინი - სპილენძის (83%) შენადნობი მანგანუმთან (13%) და ნიკელთან (4%), რომლის ელექტროგამტარობა თითქმის არ იცვლება ტემპერატურის გავლენით. გამოიყენება მავთულის, წინაღობის ეტალონის და ელექტროტექნიკური ხელსაწყოებს დასამზადებლად.

მანგანიტი (ლათ.) - მინერალი, მანგანუმის წყალჟანგი, წარმოადგენს მადანს მანგანუმის მისაღებად.

მანგანუმი (მარგანეცი) - ქიმიური ელემენტი, რომლის ატომური ნომერია - 25. აღინიშნება სიმბოლოთი Mn. მაგარი, მყიფე ღია-რუხი მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის ლითონი. ცნობილია მისი ხუთი ალოტროპიული მოდიფიკაცია - ოთხი კუბური და ერთი ტეტრაგონალური კრისტალური მესერით. მ. ერთერთი ძირითადი მინერალია - პიროლუზიტი (შეიცავს 63,2 %-მდე მანგანუმს), რომელიც ძველ დროში ცნობილი იყო როგორც შავი მაგნეზია და გამოიყენებოდა მინის ხარშვის დროს მის გასაღიავებლად. ცნობილია აგრეთვე სხვა მინერალებიც: მანგანიტი (მურა მანგანუმის მადანი), ბრაუნიტი, გაუსმანიტი, როდოქროზიტი (მანგანუმის შპატი, ჟოლოსფერი შპატი), პსილომელანი, პურპურიტი. მრეწველობაში მ. ფერომანგანუმის სახით გამოიყენება ფოლადების დნობისას მისი შემადგენლობიდან ჟანგბადის მოსაცილებლად. ამასთან, ის აკავშირებს გოგირდს, რაც აუმჯობესებს ფოლადების თვისებებს. ფოლადში მანგანუმის დამატება ხდება 12…13 %-მდე (ეგრეთ წოდებული გადფილდის ფოლადი), ზოგჯერ სხვა მალეგირებელ ლითონებთან ერთად, ძლიერ ამტკიცებს ფოლადს, ხდის მას მაგარს, ცვეთისა და დარტყმის მიმართ მდგრადს. მ. შედის ბრინჯაოსა და თითბერის შემადგენლობაში, მ. ტელურიდი პერსპექტიული თერმოელექტრონული მასალაა და სხვ. მ. მადნის 90...95%-ს მეტალურგიული წარმოება მოიხმარს. მანგანუმის მადანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს წიაღისეულ სიმდიდრეთა შორის. ჭიათურის მანგანუმის საბადო 135 წელია ფუნქციონირებს და ექსპლოატაციის დაწყებიდან მიიქცია მსოფლიოს ყურადღება მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგით და მოხერხებული გეოგრაფიული მდებაროებით

მანგლისის სიონი - მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი. მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან (ნახ. 1). აგებული იქნა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნის I მეოთხედში, გიორგი I-ის მეფობის დროს (1014-1027 წწ), იგი საფუძვლიანად გადააკეთეს და გააფართოვეს. გალავანს შიგნით ტაძარს სამი მხრიდან სწორი მოედანი ეკვრის, ჩრდილოეთიდან კი - ფერდობი, რომელიც ჩრდილოეთ ფასადიდან ორიოდე მეტრის დაშორებით წყდება. მანგლისის ტაძარი დიდი გუმბათიანი ნაგებობაა, რომელიც დღევანდელი სახით არ წარმოადგენს ერთი რომელიმე ეპოქის მხატვრული შემოქმედების ნაყოფს. ამის გამო ის ძლიერ გართულებულია, როგორც გარედან, ისე შიგნით. ტაძარი გარედან მრავალწახნაგაა, წაგრძელებული აღმოსავლეთის მხრიდან, კარიბჭეეებით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით, რომელთა წინ კარიბჭეებია. ტაძრის ცენტრალური ნაწილი საკმაოდ კარგად არის განათებული. სარკმლები თითო-თითო ყველა აფსიდშია მოთავსებული. ტაძრის განათების მთავარ წყაროს გუმბათის ყელში მოთავსებული ექვსი დიდი სარკმელი წარმოადგენს, საიდანაც უხვად იღვრება შუქი. ტაძრის ყველა უბანს თავისი დამოუკიდებელი განათების წყარო აქვს. შვიდი წახნაგისა და ტრანსეპტის სახურავების რადიალურად განლაგებულ კეხებს შორის აღმართულია თორმეტწახნაგა გუმბათი, რომელიც მრგვალ ყელს ეყრდნობა და აფრების გადამხურავი კედლების მიერ შექმნილი კვადრატიდან ოდნავ გაწეულია აღმოსავლეთით. აფრები ორფერდა სახურავებითაა გადახურული. მათი კეხები ძლიერ მაღლაა აწეული და გუმბათის თაღედის საყრდნობ პილასტრთა ბაზისებს ნაწილობრივ ჰფარავს. გუმბათის ყელს სარკმლების ზევით ორლილვიანი თაღედი უვლის. თაღები წახნაგთა შეხვედრის კუთხეებში მაღალი სამლილვიანი პილასტრების მოჩუქურთმებულ კაპიტელებს ეყრდნობა. გუმბათის ყელში თითო წახნაგის გამოშვებით ექვსი მაღალი სარკმელია გაჭრილი. გუმბათი ტაძრის მთლიანი მასის ცენტრიდან დასავლეთით არის გაწეული, რაც ქართულ ძეგლებზე გუმბათის მოთავსების საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებულ და განმტკიცებულ ტრადიციას რადიკალურად ეწინააღმდეგება (ქართულ ტაძრებში გუმბათი თუ ცენტრში არ არის მოთავსებული, მაშინ, პირიქით აღმოსავლეთითაა გაწეული). გუმბათის ყელი მძლავრი, ფართო მოჩუქურთმებული კარნიზით მთავრდება. გუმბათი დაგვირგვინებულია კრამიტის კონუსური სახურავით. კონუსის წვერში ჩამაგრებულ მძლავრ ქვის ბაზისზე აღმართულია დიდი რკინის ჯვარი (ეს ჯვარი XIX საუკუნეში რემონტის დროს გაუკეთეს). ტაძრის გადახურვა მოწყობილია მოწითალო ფერის კრამიტით. აღსანიშნვია გუმბათზე და სამხრეთ კარიბჭის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილი ამოზნექილზურგიანი ნაპირა კრამიტები, რომელთა შუბლზე ზუსტად გამოყვანილი ლამაზი ტოლმკლავებიანი რელიეფური ჯვრებია გამოსახული. კარიბჭეები გამოირჩევა თავის მდიდრული და დანაწევრებული ორნამენტული შემკულობით. მანგლისის ტაძარზე ჩუქურთმა დიდი თავდაჭერით არის მოხმარებული, ის გამოყენებულია მხოლოდ ამა თუ იმ არქიტექტურული ნაწილის ხაზგასასმელად, და ისიც არა ყველგან. არქიტექტურას მოწყვეტილი, მოჩუქურთმებული ქვა ტაძარზე არ არის. ყველა არქიტექტურულ დეტალს თავისი შესაფერისი ზომის ჩუქურთმა აქვს შერჩეული, სიმშვიდე და წონასწორობა ყველგანაა დაცული. მანგლისის ტაძარზე გამოყენებულია რუხი ბაზალტის ქვა. გუმბათზე მოთავსებული ორნამენტები გამოირჩევა ღრმა რელიეფითა და მაღალ ოსტატური შესრულებით.

მანდატი (ლათ.) - 1. დოკუმენტი, რომელიც გარკვეული პირის უფლებებსა და უფლებამოსილებას მოწმობს; 2. ვისიმე რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მანდური - ძვ. ყორით ნაგები ნიში.

მანევრი (ფრანგ.) - 1. ლოკომოტივებისა და ვაგონების მოძრაობა სადგურის ხაზებზე მატარებლების დასაკომპლექტებლად; 2. ჯარების ტაქტიკური მეცადინეობა, ომის მდგომარეობასთან მიახლოებულ პირობებში; 3. ჯარების მოძრაობა ომის დროს მტრისათვის დარტყმების მისაყენებლად

მანეჟი (ფრანგ.) - 1. შემოღობილი მოედანი ან დიდი შენობა, რომელიც მოწყობილია ცხენების სახედნად, საწვრთნელად ან ცხენოსნობის სასწავლებლად (ნახ. 1, მოსკოვის საცხენოსნო მანეჟი, აშენდა 1817 წელს); 2. ცირკის წრე, მოედანი; 3. პატარა გადასატანი შემოღობილი მოედანი ბავშვებისათვის; 4. მოედანი ან შენობა მოფარიკავეთა სავარჯიშოდ; 5. დახურული შენობა სამხედრო მოსამსახურეების სავარჯიშოდ (ძველად ეწოდებოდა - ეკზერცირგაუზი); 6. დახურული სტადიონი მძლეოსნობისათვის.

მანერიზმი (გვიანი რენესანსის პერიოდი) - მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც 1520-1580 წლებში არსებობდა. იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს: დანაწევრებული სივრცე, ბუნდოვანი და არეული სურათი, სხეულთა დეფორმაცია, მოძრაობის გამოსახვა.  დინამიურობისა და მოძრაობისადმი ინტერესით მ. ბაროკოს მოასწავებს, ამიტომ მას ზოგჯერ პრებაროკოულ პერიოდადაც მოიხსენიებენ.

მანეული (ლათ.) - ყვითელი ტირიფი. მის ტოტებს გოდრების, კალათების და სააგარაკე დაწნული ავეჯის დასამზადებლად იყენებენ

მანზილსაზომი ორმაგი გამოსახულებით - ოპტიკური მანზილსაზომი, რომელიც აღჭურვილია მოწყობილობით დასამზერი ორი ობიექტის გამოსახულების დასაფიქსირებლად და ერთმანეთის მიმართ გადაადგილების გასაზომად.

მანიერა (ფრანგ.) - ხის ფიცარი, რომელშიც ამოხვრეტილია რაიმე ნახატი; იყენებენ რისამე შეღებვისას, ქსოვილებსა და შპალერზე ნაჩითის, სახეების გამოსაყვანად.

მანიპულატორი (ლათ.) - მოწყობილობა დამხმარე ოპერაციების საწარმოებლად სხვადასხვა დარგში. ამძრავის სახის მიხედვით მ. არის მექანიკური, ჰიდრავლიკური და ელექტრული.

მანკი - რაიმეს უარყოფითი თვისება, ნაკლი, რომელიც ამცირებს ხარისხს და ზღუდავს გამოყენების შესაძლებლობას.

მანოდეტანტერი (ბერძ.-ფრანგ.) - შეკუმშული აირის წნევის დასაწევი ხელსაწყო ერთი ჭურჭლიდან მეორეში მისი გამოდინების დროს; იყენებენ უპირატესად საშემდუღებლო საქმეში.

მანოვაკუუმეტრი - ჭარბი წნევისა და ვაკუუმის გასაზომი ხელსაწყო.

მანომეტრი - ხელსაწყო სითხის ან აირის წნევის გასაზომად დახშულ სივრცეში.

მანჟეტი (ფრანგ.) - სხვადასხვა ფორმისა და კონსტრუქციის თვითმოქმედი მოწყობილობა ცილინდრული ზედაპირის მქონე დეტალების შესამჭიდროებლად (ნახ. 1: საკანალიზაციო მილის რეზინის მანჟეტი). მზადდება დრეკადი მასალებისაგან (კაუჩუკი, რეზინი, ტყავი, პლასტმასა). გამოიყენება მშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, სითხის ან აირის გაჟონვის საწინააღმდეგოდ; 2. დგუშიანი ტუმბოს ნაწილი - ტყავის რგოლი, რომელიც სითხეს (გაზს) არ უშვებს; 3. პერანგის მაჯა, მიბმული ან მიკერებული.

მანსარდა - სათავსი (ძირითადად საცხოვრებელი) შენობის სხვენში, რომლის სახურავის ყოველი ფერდი შედგება ზემო - დამრეცი და ქვემო - ციცაბო ნაწილებისაგან. მ. იძლევა დამატებით სასარგებლო ფართობს, ხოლო მანსარდული სახურავი ზრდის შენობის მოცულობას. სახურავის ეს კონსტრუქცია პირველად გამოიყენა არქიტექტორმა ფ. მანსარმა, რომლის გვარიდანაც მოდის მანსარდის სახელწოდება. ფართო გაგებით, მ. ეწოდება მაღალი სახურავის ქვეშ მოთავსებულ ნებისმიერ სათავსს (ნახ. 1).

მანსარდას სიმაღლე - იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა და ჭერის კონსტრუქციის ქვედა ზედაპირს შორის არსებული საშუალო მანძილი.

მანსარდასა და სხვენის მოცულობა - მისი ფუძის კონტურის ჰორიზონტალური კვეთის ფართობის ნამრავლი მის საშუალო სიმაღლეზე.

მანუფაქტურა (ლათ.) - მანუფაქტურული წარმოება, რომელიც დასავლეთ ევროპაში XVI-XVII საუკენეებში ბატონობდა; წარმოების წესი და საწარმოთა ტიპი, რომელიც ხასიათდება შრომის დანაწილებითა და მისი კოოპერაციით, მაგრამ ხელით შრომის შენარჩუნების, გამოყენებული ტექნიკის დაბალი დონის პირობებში.

მანქანა (ლათ.) - მოწყობილობა, რომელიც ასრულებს მოძრაობებს ენერგიის, მასალების ან ინფორმაციების გარდასაქმნელად. მანქანის ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის საწარმოო ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა (შეთავსება) შრომის შემსუბუქების ან მწარმოებლურობის გადიდების მიზნით. განასხვავებენ ენერგეტიკულ, სამუშაო და საინფორმაციო მანქანებს. ზოგადად მ. უამრავი სახეობა არსებობს: ამძრავი, ანალოგური, ასაფეთქებელი, ასაჩეჩი, გამომთვლელი, გამომცდელი, დამწყობი, გასალაქი, გვირაბგასაყვანი, დგუშიანი, ელექტრონული. ელექტროსტატიკური, ელექტროფორული, ელექტრული, ზეთსახდელი, თერმოელექტრული, თვითმავალი, კარუსელური, კიბერნეტიკული, ლიანდაგსაგები, ლოგიკური, მაბალანსირებელი, მადანსარეცხი, მახარისხებელი, მიწასაზელი, მიწასათხრელი, მიწახაპია, მტვირთავი, ოქროსარეცხი, ორთქლის, პერფორაციული, პნევმატიკური, როტაციული, საამწყობო, საანგარიშო, საბეჭდი, საბურღი, საბრტყელებელი, საგამომჭრელო, საზელი, სათესი, საკეპი, საკეჭნი, საკოპე, საკრეჭი, სამსხვრევი, სამშენებლო, სანამავი, საპენტი, საწეწი, სართავი, სარგავი, სარეცხი, სატყორცნი, საფუთავი,საფხვნელი, საყალიბო, სატვირთავი, საშემდუღებლო, საცდელი, საძირკვავი, სახანძრო, საჭიმი, საჭრელი, სახეხი, სინქრონული, სწრაფმავალი, ქაღალდსაჭრელი, ჩამომსხმელი, ჩამტვირთავი და სხვ.

მანქანა ავტომატი - მანქანა, რომელშიც ენერგიის, მასალის და ინფორმაციის გარდაქმნა სრულდება ადამიანის უშუალო მონაწილეობის გარეშე.

მანქანა ენერგეტიკული - ენერგიის გარდამქმნელი მანქანა.

მანქანა კუთხვილსაჭერი - ხელის მანქანა კუთხვილური შეერთებების მოსაჭერად (ნახ. 1). საბურღი მანქანისაგან განასხვავებს ტრანსმისიის ქუროს ზღვრული მომენტის არსებობა, რომლის მიღწევისას ის თიშავს მუშა ორგანოს ძრავისაგან. მუშა ინსტრუმენტი - ტორსული ქანჩები ჭანჭიკებთან, ხრახნებთან და მისთ. და სახრახნისები შურუპებთან და სარჭებთან სამუშაოდ.

მანქანა მასწორებელი - სიმრუდის (მრუდხაზოვნების, ტალღოვანობის) აღმომფხვრელი მანქანა ლითონის ნამზადებსა და ნაკეთობებში: ფურცლოვანი, სორტამენტისა და პროფილური ნაგლინების გასწორება, აგრეთვე ლილვების, ღერძების და სხვ.

მანქანა საბურღი (ხელის) - ტექნოლოგიური მანქანა ძრავით ყრუ და გამჭოლი ნახვრეტების გასაკეთებლად სხვადასხვა მასალაში: ქვაში, აგურში, მერქანში, ლითონში, რკინაბეტონში, პლასტმასაში. ამძრავი - ელექტრული, პნევმატიკური, ჰიდრავლიკური, მექანიკური. შეიძლება იყოს: რევერსული და ურევერსო, ერთ- და მრავალსიჩქარიანი, პირდაპირი და კუთხური, ჩვეულებრივი და დარტყმით-ბრუნვითი მოქმედების (საცემელათი). ეს მანქანები ხელის მანქანებს შორის, ყველაზე გავრცელებული სახეობაა და ხშირად წარმოადგენს ბაზისურ უნივერსალურ მანქანას ნაცმის კომპლექტით ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, როგორიცაა: ბურღვა, ნახვრეტის გაფართოება, ნაზოლის მოხსნა, ჭრა, კუთხვილის მოჭრა, კუთხვილური შეერთებების აწყობა და სხვ.

მანქანა საინფორმაციო - მანქანა, რომლის დანიშნულებაა ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, დამახსოვრება და გადაგზავნა ადრესატისათვის.

მანქანა სამაცივრო (მაცივარი) - მანქანა, რომელსაც სითბო დაბალი ტემპერატურული დონიდან გადააქვს უფრო მაღალ ტემპერატურულ დონეზე გაცივების მიზნით. არსებობს სხვადასხვა სახის: კომპრესორული, ორთქლ-, აირ- და ჰაერ-კომპრესორული.

მანქანა სატრანსპორტო - მანქანა, რომლის დანიშნულებაა ხალხის და ტვირთის გადაადგილება.

მანქანა სახეხი (ხელის) - ტექნოლოგიური მანქანა ძრავით ნაკეთობის ზედაპირის სახეხად, საპრიალებლად და გასასუფთავებლად. არსებობს სხვადასხვა სახის: რადიალურად სახეხი (მუშა ელემენტია მბრუნავი აბრაზიული დისკი), ტორსების სახეხი (მუშა ელემენტია მბრუნავი ჯამისებრი ან ელასტიური დისკი), ბრტყლად სახეხი (მუშა ელემენტია ერთი პლატფორმა, რომელიც ასრულებს ორბიტალურ ბრტყელ-პარალელურ მოძრაობას ან რამდენიმე პლატფორმა უკუქცევით-წინსვლითი ბრტყელ-პარალელური მოძრაობით დასამუშავებელი ზედაპირის მიმართ) და ლენტით სახეხი (მუშა ელემენტია უსასრულო აბრაზიული ლენტა) ხელის მანქანა.

მანქანა სტაციონალური - მანქანა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა და რომელიც სამუშაო ადგილზე გასამართავად საჭიროებს გარკვეულ სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.

მანქანა ტექნოლოგიური - მანქანა, რომლის დანიშნულებაა შეუცვალოს დასამუშავებელ საგანს ზომები, ფორმა, თვისებები ან მდგომარეობა

მანქანა ხელის - ტექნოლოგიური მანქანა ძრავით, რომლის მუშაობის დროს დატვირთვა მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა ოპერატორის ხელებს. ამძრავის მიხედვით განასხვავებენ: პნევმატიკურ, ელექტრულ (ქსელის და აკუმულიატორის), იშვიათად ჰიდრავლიკურ მ.ხ.; მექანიკური მუშაობის შესრულების მიხედვით - პირდაპირს (მუშა ორგანოს და ამძრავის ღერძები პარალელურია ან თანხვდენილი) და კუთხურს (მუშა ორგანოს და ამძრავის ღერძები განლაგებულია ერთმანეთის მიმართ კუთხით, რაც საშუალებას იძლევა სამუშაო ვაწარმოოთ ძნელად მისადგომ ადგილებში); მუშა ორგანოს ბრუნვის მიხედვით - რესივერიანს (ბრუნვა ორი მიმართულებით) და ურესივეროს (ბრუნვა ერთი მიმართულებით).

მანქანა-გენერატორი - ენერგეტიკული მანქანა, რომლის დანიშნულებაა მყარი სხეულის მექანიკური ენერგია გარდაქმნას სხვა ნებისმიერი სახის ენერგიად.

მანქანა-დანადგარების კაპიტალური რემონტი - რემონტი, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის წესივრულობის რესურსს, მთლიანი (ან ნაწილობრივი) საამწყობო ერთეულებისა და ნაწილების (ბაზურის ჩათვლით) აღდგენისა და შეცვლის გზით.

მანქანა-დანადგარების მიმდინარე რემონტი - ცალკეული საამწყობო ერთეულების და ნაწილების აღდგენის და შეცვლის გზით მანქანის გარანტირებული მუშაუნარიანობის უზრუნველყოფა მორიგი გეგმიური რემონტის ჩატარებამდე. მასში შედის აგრეთვე მანქანა-დანადგარების გაწმენდა, გარეცხვა და დაშლა, დეფექტების უწყისების შედგენა, შეუღლებებში ჩასმების აღდგენა, მანქანის სტენდური დამოცდა, შეღებვა და სხვ.

მანქანა-დანადგარების რემონტთშორისი პერიოდი - დრო ორ თანმიმდევრობით შესრულებულ რემონტებს შორის.

მანქანა-დანადგარების საგეგმო მომსახურება - ტექნიკური მომსახურება, რომელიც სრულდება ნამუშევარის დადგენილი სიდიდის შემდეგ. საგეგმო მომსახურებაში შედის ყოველცვლური მომსახურების ყველა ოპერაცია, გამოვლენილი უწესივრობების ლიკვიდაცია, უწესივრობათა აღმოფხვრა ელექტრო, ჰიდრავლიკურ და პნევმატიკურ სისტემებში და სხვ. მის შესრულებაზე პასუხისმგებელია მემანქანე, ზეინკალი და ელექტრიკი. შესრულებულ შემოწმებას ენიჭება რიგითი ნომერი.

მანქანა-დანადგარების სარემონტო ციკლი - მანქანების ექსპლუატაციის უმცირესი განმეორებადი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გარკვეული თანმიმდევრობით ხორციელდება ნორმატიული დოკუმენტაციით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურება და რემონტის დადგენილი სახეები.

მანქანა-დანადგარების სეზონური მომსახურება - მომსახურება, რომელიც სრულდება წელიწადში ორჯერ მანქანის მომზადების დროს შემდეგი სეზონის (ზამთრის ან ზაფხულის) პერიოდში გამოსაყენებლად. მასში შედის: კაბინების, ძრავებისა და აკუმულატორების დათბუნება, დამუხტვა, ზეთისა და ჰიდრავლიკური სითხის შეცვლა, სისტემაში ანტიფრიზის ჩასხმა და სხვ.

მანქანა-დანადგარების ტექნიკური მომსახურება - სამუშაოების კომპლექსი მანქანის წესივრულობის ან მხოლოდ მანქანის მუშაუნარიანობის შესანარჩუნებლად, მისი მომზადებისა და დანიშნულების მიხედვით გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს.

მანქანა-დანადგარების ყოველცვლური მომსახურება - მომსახურება, რომელიც სრულდება რეგულარულად სამუშაო ცვლის დაწყების წინ, ცვლის განმავლობაში ან სამუშაო ცვლის შემდეგ. მასში შედის: მანქანის გასუფთავება მტვრის, ჭუჭყის, ბეტონის, დუღაბისაგან და ა.შ.; შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ყველა გარე დამაგრებების მოჭიმვა; ღვედების, ბაგირების, ჯაჭვების მდგომარეობის, მათი დამაგრების ადგილებისა და დაჭიმულობების, საზეთი, გასაშვები, სამუხრუჭე, მოწყობილობების შემოწმება და სხვ. მომსახურებას ახორციელებს მემანქანე, რომელზედაც განპირობებულია მანქანა.

მანქანა-ძრავა - ენერგეტიკული მანქანა, რომლის დანიშნულებაა ნებისმიერი სახის ენერგია გარდაქმნას მყარი სხეულის მექანიკურ ენერგიად.

მანქანათმშენებლობა - მძიმე მრეწველობის დარგების კომპლექსი, რომელიც ამზადებს შრომის იარაღებს სახალხო მეურნეობისათვის, სატრანსპორტო საშუალებებს, აგრეთვე მოხმარების საგნებსა და თავდაცვის პროდუქციას. მ. არის მატერიალური წარმოების ინტენსიფიკაციისა და მისი ეფექტურობის გაზრდის ბაზა.

მანქანათმცოდნეობა - მეცნიერება მანქანების შესახებ, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო გამოკვლევათა კომპლექსს მანქანათმშენებლობასთან დაკავშირებულ საერთო საკითხებზე დარგის კუთვნილებისა და მანქანების მიზნობრივი დანიშნულების მიუხედავად. მ. შედის: მექანიზმებისა და მანქანების თეორია; ლითონმცოდნეობა; დრეკადობის თეორია; მასალათა გამძლეობა; მანქანათა ნაწილები.

მანქანის ამძრავი - ძრავასა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობათა სისტემა, რომლის დანიშნულებაა მოძრაობაში მოიყვანოს მანქანის შემადგენლობაში შემავალი ერთი ან რამდენიმე მყარი სხეული.

მანქანის მართვის სისტემა - სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის პროგრამის მიხედვით ყველა არსებული ორგანოების შეთანხმებულ გადაადგილებებს დასახული პროგრამის მიხედვით.

მანციპაცია (ლათ.) - ძვ. რომის სამართალში რაიმეზე საკუთრების უფლების ფორმალურად გადაცემა.

მანძილი - იხმარება სხვადასხვა მნიშვნელობით, როგორიცაა: ატომებს შორის მანძილი, დამუხრუჭების, მწკრივთაშორისი, პოლუსური, ფოკუსური, ცენტრთაშორისი, საყრდენთშორისი და სხვ.

მანძილსაზომი - ხელსაწყო, რომლის დანიშნულებაა მანძილის გაზომვა დამკვირვებლიდან ობიექტამდე. მოქმედების პრინციპის მიხედვით იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ოპტიკური (ნახ. 1, ოპტიკური ლაზერული მანძილსაზომი) და აკუსტიკური. მუშაობის პრინციპი ემყარება ობიექტამდე გაშვებული სხივის (ბგერის) არეკვლას და უკან მიღებას გამშვები ხელსაწყოს მიერ. გამოიყენება მშენებლობაში, გეოდეზიაში, ტოპოგრაფიაში, ფოტოგრაფიაში, ბომბსატყორცნებში და სხვ.

მანძილსაზომი დიფერენციალური - მანძილსაზომი გაორმაგებული გამოსახულებითა და დიფერენციალური მიკრომეტრით.

მანძილსაზომი იმპულსური - ელექტრომაგნიტური მანძილსაზომი გამოსხივების იმპულსის გამოყენებით.

მანძილსაზომი ფაზური - ელექტრომაგნიტური მანძილსაზომი, რომელშიც ტალღის გავლის დროის განსაზღვრისათვის ზომავენ უწყვეტი გამოსხივების ფაზებს შორის სხვაობას.

მანჭვალი (რუს. Штырь) - ღერო, რომელზეც რაიმე ბრუნავს.

მანჭუალი - ჩასაყრელი ლურსმანი.

მაჟორიზაცია - პირობითი, რეკლამის მიზნით ინვესტორის აქციებზე წინასწარ ხელმოწერაში მონაწილეობა.

მარაგი - რაც მომავალში გამოყენების მიზნით არის დაგროვებული, შესანახად გადადებული; გარკვეული რაოდენობა რისამე, ერთობლიობა. გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით. მაგ., სასარგებლო წიაღისეულის მ. - მინერალური ნედლეულის რაოდენობა მიწის წიაღში, რომელიც განისაზღვრება გეოლოგიური დაზვერვით. ანალოგიური მნიშვნელობებისაა: ენერგიის, მადნის, საწვავის, სიმძლავრის მ., აგრეთვე, მდგრადობისა და სიმტკიცის მ. სამშენებლო კონსტრუქციებში, მანქანათა ნაწილებში და სხვ

მარაკანის სტადიონი - ღია ცის სტადიონი ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში (ნახ. 1). მდებარეობს მარაკანის რაიონში; სახელი ეწოდა მდინარე მარაკანისგან, რომელიც დღეს არხშია მოქცეული. გაიხსნა 1950 წელს, ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამასპინძლოდ. მიუხედავად იმისა, რომ 1950 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალს მარაკანაზე 199 854 მაყურებელი დაესწრო (ამ დროისათვის მსოფლიოს უდიდესი სტადიონი იყო), ამჟამად, მოდერნიზაციის სამუშაოების ჩატარების შემდეგ,  ის 82 238 მაყურებელს იტევს და წარმოადგენს ბრაზილიისა და სამხრეთ ამერიკის უდიდეს სტადიონს.

მარბლიტი - შესქელებული, ბრტყელი, გაუმჭვირი ფერადი მინა. აქვს გაპრიალებული, გახეხილი ან ნაჭედი პირის მხარე და დაღარული უკუზედაპირი. გამოიყენება მოსაპირკეთებელი ფილების წარმოებაში.

მარგი ქმედების კოეფიციენტი - სასარგებლო სიმძლავრის შეფარდება სრულ დახარჯულ სიმძლავრესთან.

მარგი წიაღისეული - მიწის წიაღიდან ამოღებულ ბუნებრივი მინერალური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება სახალხო მეურნეობაში.

მარგილი - წვერწაჭრილი დასარჭობი ხის ბოძი, ძელი, ღერო, ჯოხი და მისთ.

მარეოგრაფი (ლათ.) - ჰიდროლოგიური ხელსაწყო წყლის დონის ცვლილების რეგისტრაციისათვის ზღვებში, ტბებში, წყალსაცავებსა და მდინარეებში.

მარზანი (იტალ.) - ლითონის ან სხვა მასალის ძელაკი სწორკუთხედის ფორმისა; იყენებენ ანაწყობის დიდ-დიდი ხარვეზების, თავისუფალი ადგილების შესავსებად.

მართვა - განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული მოქმედებების ერთობლიობა, მიმართული ობიექტის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ან გასაუმჯო-ბესებლად მოცემული პროგრამის შესაბამისად. მართვის სისტემა უნდა იყოს ადაპტური ე.ი. შეძლოს შეიცვალოს თავისი სტრუქტურა და მოქმედების (ფუნქციონირების) კანონები დაგროვილი გამოცდილების და ცვალებადი მიზნებისა და პირობების შესაბამისად. ტექნიკური სისტემების მ. წარმოებს ობიექტის სარეგულირებელ ორგანოებზე ზემოქმედებით.

მართვის პულტი - მოწყობილობა მაგიდის, სტენდის, ყუთის სახით, რომელიც აწარმოებს დანადგარებისა და პროცესების მუშაობის კონტროლსა და მართვას (ნახ. 1). ოპერატორი მ.პ. მეშვეობით ზემოქმედებას ახდენს მართვად ობიექტზე, მის თვისებით ან რაოდენობით მახასიათებლებზე. მ.პ. შედგება ცალკეული ბლოკებისაგან: ინფორმაციის თავმოყრის, მართვის, სასიგნალო და სხვ.

მართკუთხედი - პარალელოგრამი, რომლის ყველა კუთხე ტოლია (ე. ი. მართია).

მართლზომიერი მფლობელი - დაინტერესებული პირი, რომლის სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა სარეგისტრაციო ობიექტზე ყადაღის, განკარგვის აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციამდე, ამასთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, ან ყადაღის, განკარგვის აკრძალვის მიუხედავად სარეგისტრაციო დოკუმენტის გამოცემა, მიღება ან შედგენა უშუალოდ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე პირი, რომელიც არის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის საგნის მესაკუთრის უფლებამონაცვლე.

მართლმადიდებლური ეკლესია - მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეკლესია არის ყველა წმიდის და ცოდვილის თავშესაფარი ამ სოფელში. თუ ეკლესია სადმე მკვიდრობს, ეს არის ცა, მაგრამ მას, ცის მკვიდრს, სოფელშიც ჰყავს თავისი შვილები. ცაში მკვიდრობის ამ იდეას გამოხატავს ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესიები, რომელთა გუმბათი მდგრადობის, უძრაობის, თითქოს ციური გუმბათის მიწაზე გარდამოსვლისა და მასზე დავანების განცდას ბადებს. მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური (სახელმწიფო) რელიგია გახდა, მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა უფლის სახლის - ეკლესიების მშენებლობა. შენობა ღვთისმსახურებას უნდა ყოფილიყო მისადაგებული, ამან განსაზღვრა მისი შიდა სივრცის ფორმა. მიუხედავად საეკლესიო შენობების განსხვავებებისა დროსა და სივრცეში, ეკლესიის შიდა სივრცე, ლიტურგიული საჭიროებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ნაწილად განიყოფება: ტერიტორია, რომელიც მრევლისთვის არის განკუთვნილი და ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია საკურთხევლისთვის. ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულია ტიხრით (კანკელით) იმის ნიშნად, რომ მრევლს არ აქვს უფლება შევიდეს იქ, სადაც აღესრულება საღვთო ლიტურგიის ყველაზე დიდი და წმიდა საიდუმლო (პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად). ქრისტიანული ეკლესიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ბაზილიკა, ანუ სიგრძივი დაგეგმარების შენობა, რომელიც ხომალდის ასოციაციას იწვევს; ჯვარ-გუმბათიანი, გუმბათიანი ბაზილიკა; ცენტრალურ-გუმბათოვანი; წრიული (როტონდა); რვაკუთხა (ოქტოგონი) შენობები. ეკლესიის შენობა, როგორც წესი, საკურთხევლით აღმოსავლეთისკენ არის მიმართული, იმ მხარისკენ, საითაც, ჩვეულებრივ, მლოცველია მიპყრობილი. შენობას ადგას ჯვარი, ახლავს სამრეკლო, რომელიც მის შორიახლო შენდება. ზარი, რომლის ხმა უნდა წვდებოდეს მორწმუნეებს, ამცნობს მათ ღვთისმსახურების - წირვა-ლოცვის დაწყებას. მსოფლიოს 10 უდიდესი მართლმადიდებული ეკლესიების ჩამონათვალი ასეთია: 1. მაცხოვრის საკათედრო ტაძარი (ნახ. 1), მოსკოვი, რუსეთი, სიმაღლე - 103 მ, აშენების თარიღი - 1995-2000 წ; 2. ისააკის ტაძარი, სანკტ-პეტერბურგი (ნახ. 2), რუსეთი, სიმაღლე - 101,5 მ, აშენების თარიღი - 1818-1858 წ; 3. სამების საკათედრო ტაძარი, თბილისი, საქართველო, სიმაღლე 98 მ, აშენების თარიღი 1995-2002 წ; 4. მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი (ნახ. 3), ხაბაროვსკი, რუსეთი, სიმაღლე - 96 მ, აშენების თარიღი - 2001-2004 წ; 5. სმოლნის ტაძარი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, სიმაღლე - 93,7 მ, აშენების თარიღი - 1751-1835 წ; 6. ალექსანდრე ნეველის ეკლესია, ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი, სიმაღლე - 87 მ, აშენების თარიღი - 1867-1880 წ; 7. ბლაგოვეშჩენსკის ეკლესია (ნახ. 4), ვორონეჟი, რუსეთი, სიმაღლე - 85 მ, აშენების თარიღი - 1998-2009 წ; 8. ტიმოაშარას ეკლესია (ნახ. 5), ტიმოაშარა, რუმინეთი, სიმაღლე - 83,7 მ, აშენების თარიღი - 1934-1946 წ; 9. ქრისტეს აღდგომის ტაძარი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, სიმაღლე - 81 მ, აშენების თარიღი - 1883-1907 წ; 10. იზმაილოვის სამების ტაძარი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი, სიმაღლე - 80 მ, აშენების თარიღი - 1828-1835 წ.

მარილები - რთული ქიმიური ნივთიერება, რომელიც შედგება მეტალის ატომისა და მჟავას ნაშთისგან. მათი უმეტესობა კარგად იხსნება პოლარულ გამხსნელებში, განსაკუთრებით წყალში. გამოიყენება ქაღალდ-მუყაოს და საღებავების წარმოებაში, ხე-ტყის გადამამუშავებელ, კვების და ქიმიურ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ. არსებობს მ. უამრავი სახეობა: აზოტის, ამონიუმის, ბერთოლეს, გლაუბერის, ვერცხლისწყლის, ზღვის, კალიუმის, კარბონმჟავების, კომპლექსური, მანგანუმის, მოლიბდენკალციუმის, ჰიდრო, მყარი, მცოცავი, ნეიტრალური, ორნახშირმჟავა, ფუძე, ყვითელი რკინაციანიდის, წითელი რკინაციანიდის, სუფრის და სხვ.

მარილი აზოტის - აზოტმჟავაზე ტუტეების მოქმედებით მიღებული მარილი (ნიტრატი).

მარილი ბერთოლეს - უფერო კრისტალური ნივთიერება, რომელიც კალიუმქლორის ხსნარის ელექტროლიზით მიიღება. ხასიათდება ძლიერი ზეჟანგვის თვისებით. გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად, ასევე ქიმიურ მრეწველობაში.

მარილი გლაუბერის (მირაბილიტი) - სულფატების კლასის მინერალი, რომლისაგან მიიღება სოდა.

მარილი ზღვის - ზღვის წყლის აორთქლების შედეგად მიღებული მარილი, რომელიც თვისებებით განსხვავებულია მოპოვების ადგილმდებარეობაზე დამოკიდებულებით. გამოიყენება მედიცინაში და ქიმიურ მრეწველობაში.

მარილი სუფრის - მლაშე გემოს თეთრი ან მოლურჯო კრისტალური ნივთიერება (ნატრიუმის ქლორიდი), რომელიც საჭმლის შესაზავებლად იხმარება. ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას.

მარილმჟავა (ქლორწყალბადის მჟავა) - HCl, ქლორწყალბადის წყლის უფერო, აქროლვადი ხსნარი (ტექნიკური მ. მოყვითალო ფერისაა); ძლიერი ერთფუძიანი მჟავა. მას ჰაერზე «კვამლი» ასდის. მარილმჟავას მარილებს - ქლორიდებს უწოდებენ. გამოიყენება ჰიდრომეტალურგიაში და გალვანოპლასტიკაში, ლითონის ზედაპირის გასასუფთავებლად რჩილვის წინ, თუთიის, მანგანუმის, რკინის და სხვა ლითონების ქლორიდების მისაღებად. აქტიურ ნივთიერებებთან ერთად გამოიყენება კერამიკული და ლითონის ნაკეთობების გასაწმენდად (აქ საჭიროა ინგიბირებული მჟავა) და დეზინფექციისათვის.

მარკა (გერმ.) - 1. საშენი მასალების სიმტკიცის მახასიათებელი (ცემენტის მარკა, ბეტონის მარკა, დუღაბის მარკა და სხვ.); 2. სავაჭრო ნიშანი (დამღა) რაიმე ნაწარმზე (პროდუქციაზე); 3. რაიმე გამოსახულების მქონე პატარა, ოთხკუთხა საფოსტო ქაღალდი (საფოსტო მარკა); 4. ხარისხი, ღირსება, სორტი საქონლის (მაგ., მაღალი ხარისხის ავეჯი); 5. ზოგირთი ქვეყნის ფულადი ერთეული (გერმანული მარკა, ფინური მარკა); 6. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ზოგიერთ ფეოდალურ სახელმწიფოში; 7. ვერცხლისა და ოქროს წონითი ერთეული შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში; 8. ნიშანი, ჟეტონი რაიმეს გადახდის დასადასტურებლად (რესტორანში შეკვეთების ჯამი, ქულები აზარტულ თამაშებში და სხვ.).

მარკა საშენი მასალის - საშენი მასალის მაჩვენებელი, დადგენილი ტექნიკური ნორმებით ძირითად საექსპლუატაციო თვისებების (მაგ., კუმშვა) ან მასალის მთავარი თვისებების კომპლექსის მიხედვით (მაგ., ღუნვა, კუმშვა და სხვ.).

მარკაზიტი (ლათ.) - მინერალი, გოგორდის ან რკინის ალმადანი; იყენებენ გოგირდმჟავას მისაღებად.

მარკეტინგი (ინგლ.) - 1. სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომლის დანიშნულებაა ბაზრის, პროდუქციის წარმოების, მიწოდების, საბაზრო მოთხოვნის შესწავლა და გათვალისწინება ადამიანთა საჭიროებებისა და კეთილდღეობის ამაღლებისათვის. მ. მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებული საქონლის და მომსახურების ორიენტაციის, სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების, სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ; 2. საქონელსა და მომსახურებაზე ყველანაირი მოთხოვნის შესწავლა ბაზრის კომპლექსური გამოკვლევითა და მისი განვითარების პროგნოზირებით; 3. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავების ორგანიზაცია; 4. პროდუქციის (მომსახურების) გასაღების სისტემისა და მეთოდების ორგანიზაცია და სრულყოფა; 5. ფირმის საქმიანობის რეგულირება, დაფინანსების კოორდინირება, წარმოების დაგეგმვა, პროდუქციის შეფუთვა, ტრანსპორტირება, ტექნიკური მომსახურება, მუშაკთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სარეკლამო სტრატეგია და ა. შ.

მარკეტრი (ფრანგ.) - ინკრუსტაციის სახეობა - საფუძველზე დაწებებული ფანერის შპონის ფიგურული ფირფიტები (ფერითა და ტექსტურით განსხვავებული). იყენებენ ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების, აგრეთვე პანოების და სურათების დასამზადებლად (ნახ. 1). მ. ხელოვნებამ უდიდეს აყვავებას მიაღწია იტალიაში აღორძინების ეპოქაში, შემდეგ კი გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.

მარკიზა (ფრანგ.) - სამზეური; მზის სხივებისგან სათავსის დაცვის მიზნით შენობის გარე მხრიდან, ფანჯრის თავზე მოწყობილი საჩრდილობელი, ქოლგა.

მარკირება (ფრანგ.) - პირობითი ნიშანი, რომელიც კეთდება საფუთავზე ან თვითონ საქონელზე და მოიცავს ცნობებს, მონაცემებს საქონლის შესახებ.

მარკშეიდერი (ბერძ.) - სამთო ინჟინერი.

მარკშეიდერია - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის საბადოს სტრუქტურას, სასარგებლო წიაღისეულის ფორმასა და ზომას, სასარგებლო და მავნე კომპონენტების განაწილებას, შემცველი ქანების თვისებებს, გვირაბების სივრცულ მდებარეობას, სამთო სამუშაოებით გამოწვეული ქანებისა და მიწის ზედაპირის დეფორმაციებს, აგრეთვე ასახავს სამთო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების დინამიკას.

მარმარილო - ერთიანი მეტამორფული კლდოვანი მინერალური წარმონაქმნი, რომელიც კირქვების და დოლომიტის გადაკრისტალებით წარმოიქმნება და ძირითადად კალციტისგან შედგება (კალციუმის კარბონატის, CaCO3 კრისტალიზებული სახე). მარმარილო ფერადი დეკორატიული ქანია (ნახ. 1, სალიეთის მარმარილო), კარგად იხერხება, იხეხება და კრიალდება. საქართველოში ცნობილია სალიეთის, ლოპოტას, ჭუბერის, შროშის, სადახლოს კარიერები. მ. უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ფეშენებელური სასახლეების, ეკლესია-მონასტრების, ბულვარების, ტრიუმფალური თაღების, ქანდაკებების (ნახ. 2, ვენერა მილოსელის მარმარილოს ქანდაკება) და სხვ. სამოქალაქო დანიშნულების შენობების ასაგებად.

მარმარილო ბერგამის - ღია ცისფერი მარმარილო (მოიპოვება ქ. ბერგამოში, იტალია).

მარმარილო ხელოვნური (აკრილის ქვა) - მიიღება აკრილის ფისის, ნატურალური მინერალური შემავსებლებისა და პიგმენტური დანამატებისაგან. ის აბსოლუტურად უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალაა. ადვილად დასამუშავებელია, თერმოფორმირებადი თვისების გამო, შესაძლებელია მიეცეს ნებისმიერი ფორმა. მ.ხ. არის პრემიუმ კლასის, მტკიცე, საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, გლუვი ზედაპირის, უფორებო, ანტიბაქტერიული, მრავალფეროვანი და უხილავად შეწებების უნარის მქონე ინოვაციური ქვა, რომელიც გამოიყენება ყველაზე ესთეტიური და პრაქტიკული ინტერიერისა და ექსტერიერის შესაქმნელად.

მარმარილოს მოზაიკა - მარმარილოს ნამტვრევების ერთობლიობა, დაკავშირებული ერთმანეთთან ცემენტის ხსნარით. გამოირჩევა სიმტკიცით, წყალშეუღწევადობით, დეკორატიულობით, ყინვაგამძლეობით და სხვ.

მარმარილოს ნაფხვენი - დეკორატიული ბეტონებისა და საბათქაშე დუღაბების შემვსები. მიიღება მარმარილოს კარიერების დამუშავებისა და მარმარილოს ნაკეთობების დამზადებისას ნარჩენების დამსხვრევით.

მარმარილოს პუდრი - ფხვნილისებრ მდგომარეობამდე გაქუცმაცებული თეთრი მარმარილო. გამოიყენება ცემენტის, კირის ან თაბაშირის დანამატად დეკორატიული საბათქაშე დუღაბების დასამზადებლად.

მარჟა (ფრანგ.) - 1. მყიდველის ფასსა და გამყიდველის ფასს შორის სხვაობა; 2. საქონლის ფასებს, ფასიანი ქაღალდის ფასებს, პროცენტულ განაკვეთებს და სხვა მაჩვენებლებს შორის (ვაჭრობაში, საბირჟო და საბანკო პრაქტიკაში) სხვაობის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი. გამოიყენება სავაჭრო, საბირჟო, სადაზღვევო და საბანკო პრაქტიკაში.

მარტენის ღუმელი (ფრანგი მეტალურგის პ. მარტენის გვარის მიხედვით) - ალქმედი რეგენერატორიანი ღუმელი ფოლადის გამოსადნობად თუჯისა და ფოლადის ჯართისაგან (ნახ. 1, მარტენის ღუმელის მოწყობილობა: 1- ჩასატვირთი საკრკმელი; 2. ფოლადსაშვები ხვრელი; 3 - მუშა სივრცე; 4 - თაღი; 5 - წიდის გამოსაშვები ხვრელი; 6 - ქვედი; 7 - სათავე; 8 - ვერტიკალური არხები; 9 - საწინდარი; 10 - ალიბჭე; 11 - რეგენერატორების ნაცმი; 12 - რეგენერეტარები; 13 - წინა კედელი; 14 - უკანა კედელი; 15 - სამუშაო მოედანი). პირველი მ. ღ. აგებული იქნა 1864 წ. საფრანგეთში. კონსტრუქცია შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: ზედა ნაწილი, რომელიც შედგება მუშა სივრცისა და სათავისაგან განლაგებული მის ორ ბოლოში და რომელიც შენაცვლებით ემსახურება 1100...12000C-ზე გახურებული ძირითადი აეროვანი საწვავისა და ჰაერის მიწოდებას რეგენერატორებში, აგრეთვე წვის პროდუქტების არინებას (გაწოვას); ქვედა ნაწილი, რომელიც შედგება 2 წყვილი საწიდარისაგან, რომელიც კრიბავს საკვამურის აირებში არსებულ მტვერს (წიდას) და 2 წყვილი (გაზისა და ჰაერის) რეგენერატორისაგან, რომლებიც ახდენენ წვის პროდუქტების სითბოს აკუმულაციას, რომ შემდეგ ეს სითბო გადასცეს გაზსა და ჰაერს. საწვავად შეიძლება გამოყენებული იქნეს აირადი (კოქსოდომენტური და ბუნებრივი გაზი), თხევადი (მაზუთი, ქვანახშირის ფისი) და მტვრისებრი (ნახშირის მტვერი). საწვავის წვის ინტესიფიკაციისათვის ჰაერს უმატებენ ჟანგბადს. ღუმელის კედლები ამოყვანილია ცეცხლგამძლე (ცეცხლმედეგი) მასალებისაგან. მ.ღ. ნომინალური ტევადობა შეიძლება იყოს 900 ტ-მდე.

მარტყოფის მონასტერი (მარტყოფის ღვთაების მონასტერი) - მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე, ტყით დაფარულ იალნოს ქედზე (ნახ. 1). დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. მონასტერი სამხედრო დანიშნულებისა იყო. მას გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის სიგრძე 1400 მეტრს აღწევდა, სიმაღლე - 8 მ, სიგანე - 2 მ. დღეისთვის მისი ნაშთებია შემორჩენილი. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონასტრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია ,,ხელთუქმნელი ხატის გუმბათიანი ტაძარი“, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ანტონ მარტყოფელის საფლავია. ტაძრის აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო.

მარყუჟი - საკილოე; რაზის გასაყრელი რგოლი.

მარშალიტი - ბუნებრივი ან ხელოვნური ხალასი თეთრი ფერის კვარცის პუდრი. გამოიყენება რეზინის, პლასტმასების, მინის, ფაიფურის, ქაშანურის, ცეცხლგამძლე საგოზავების, მჟავამედეგი ცემენტების, ავტოკლავური სამშენებლო მასალების, წებოების, საღებავების, სპეციალური ქაღალდის წარმოებაში შემვსებად, ბეტონების მიკროდანამატად და სხვ.

მარში - მართკუთხა საფეხურების, მოხვევის საფეხურების ან მათი კომბინაციის უწყვეტი სვლა ერთი ბაქნიდან მეორისკენ.

მარშრუტი (გერმ.) - 1. წინასწარ განსაზღვრული ან ჩვეულებრივად დადგენილი მოძრაობის მიმართულება;  სატრანსპორტო საშუალების სვლა-გეზი; 2. პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური ოპერაციების თანმიმდევრობა.

მარცვალსაცავი - სპეციალური ნაგებობა მარცვლეულის შესანახად

მარცვლოვნება - სახეხი მასალის პირობითი აღნიშვნა, რომელიც შეესაბამება აბრაზიული მარცვლების ძირითადი ფრაქციის ზომებს.

მარცხენა საკეტ-კავეული - ნაკეთობა, გამოყენებული მარცხენა გაღების კარის (ნახ. 1) ან ფანჯრის დასაკეტად.

მარწუხი - იხ. გაზი.

მარჯვენა საკეტ-კავეული - ნაკეთობა, გამოყენებული მარჯვენა გაღების კარის (ნახ. 1) ან ფანჯრის დასაკეტად.

მას-სპექტრომეტრი - ხელსაწყო ნივთიერების დაიონებული ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების) დასაყოფად მათი მასის მიხედვით; მაგნიტური და ელექტრული ველები ზემოქმედებას ახდენს ვაკუუმში მფრინავი იონების კონებზე.

მასა (ლათ.) - 1. მატერიის ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური მახასიათებელი, რომელიც წარმოადგენს მისი ინერციული და გრავიტაციული თვისებების საზომს. ნიუტონის კლასიკურ მექანიკაში სხეულის მ. ტოლია მისი ყველა მცირე ნაწილების (მატერიალური წერტილების) მასების ჯამის და არ არის დამოკიდებული მისი მოძრაობის სიჩქარეზე. სხეულის ინერტულობა გამოვლინდება მაშინ, რომ გარეგანი ძალების მოქმედებით იგი იცვლის თავის სიჩქარეს თანდათან და ღებულობს საბოლოო აჩქარებას. ნიუტონის მეორე კანონში შემავალი მ. ახასიათებს სხეულის ინერტულობას და მას ინერტული მასა ეწოდება. მ., რომელიც შედის ნიუტონის მიზიდულობის კანონში, ახასიათებს სხეულის გრავიტაციულ თვისებებს და იწოდება გრავიტაციულ (მძიმე) მასად. შესაბამისი გრავიტაციული მუდმივას შერჩევისას შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თითოეული სხეულისათვის გრავიტაციული და ინერტული მ. ტოლია. სხეულის მ. განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ ბერკეტული სასწორით. ენერგიის შენახვის კანონიდან გამომდინარეობს მ. შენახვის კანონიც: ჩაკეტილ სისტემაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესებისას ამ სისტემის მ. უცვლელი რჩება; 2. მატერიალური ნაწილაკების (ატომების, მოლეკულების, იონების) ერთობლიობა მოცემულ სხეულში. მ. აქვს გარკვეული მოცულობა, ე. ი. იკავებს სივრცის ნაწილს; მუდმივია მოცემული ნივთიერებისათვის და არაა დამოკიდებული მის მოძრაობაზე და სივრცეში მდგომარეობაზე. ერთი და იგივე მოცულობის, მაგრამ სხვადასხვა ნივთიერებისაგან შედგენილ სხეულს აქვს სხვადასხვა მასა. ისეთი ნივთიერებების განსხვავებისათვის, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მოცულობა და სხვადასხვა მასა, შემოღებულია სიმკვრივის ცნება (ჭეშმარიტი და ზოგადი სიმკვრივე); 3. სხეულის ინრტულობის ზომა. SI სისტემაში მასის ერთეულია კილოგრამი (კგ).

მასა მოცულობითი - მასალის მოცულობის ერთეულის მასა, რომელიც აღებულია ბუნებრივ მდგომარეობაში, ფორებთან ერთად.

მასა ნივთიერ წერტილთა სისტემის - ეწოდება სისტემაში შემავალი წერტილების მასების ჯამს.

მასა ნივთიერი წერტილის - ნივთიერი წერტილის ინერციულობის ზომა, რომელიც ტოლია წერტილზე მოქმედი ძალის და ამ ძალის მოქმედებით გამოწვეული წერტილის აჩქარების შეფარდებისა

მასალა - 1. ნივთიერება, რომელიც გამოიყენება საგნების და ფიზიკური სხეულების დასამზადებლად; 2. მატერიის სახეობა, რომელსაც აქვს გარკვეული ნივთიერი შედგენილობა, სტრუქტურა და თვისებები, რაც უზრუნველყოფს მის ეფექტურ გამოყენებას მშენებლობაში, მრეწველობაში, ყოფა-ცხოვრებაში და სხვ.

მასალა აბრაზიული - მაღალი სისალის მასალა ბუნებრივი ან ხელოვნური წარმოშობის, რომელიც გამოიყენება სახეხი ხელსაწყოებისა და იარაღების დასამზადებლად (ზუმფარა, სალესი, სახეხი ქვები და სხვ.).

მასალა ანიზოტროპიული - მასალა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ფიზიკურ-მექანიკური თვისებები აქვს (მაგ., მერქანი).

მასალა არაერთგვაროვანი - მასალა, რომლის ფიზიკური თვისებები სხვადასხვა წერტილში სხვადასხვაა.

მასალა ბლანტი - დრეკადი მასალა, რომლის დატვირთვის შედეგად მასში წარმოქმნილი ძაბვები და დეფორმაციები იცვლებიან დროში მაშინაც კი, როცა დატვირთვები მუდმივია; ე.ი. ასეთი მასალებისათვის, დამოკიდებულება ძაბვებსა და დეფორმაციებს შორის შეიცავს დროსაც. ასეთ მასალებს მიეკუთვნება: პოლიმერები, კომპოზიტები, შენადნობები, ბეტონი, გრუნტი, ყინული და სხვ. ბლანტ - დრეკად მასალებს ახასიათებთ რელაქსაციის (ძაბვის ცვლა მუდმივი დეფორმაციის შემთხვევაში) და ცოცვადობის (დეფორმაციის ცვლა მუდმივი ძაბვების შემთხვევაში) თვისებები.

მასალა დრეკად-წრფივი - მასალა, რომელიც ემორჩილება ჰუკის კანონს.

მასალა დრეკადი - მასალა, რომელიც გარეგანი ძალის მოქმედებით თავის ფორმას და ზომებს იცვლის, ხოლო ამ ძალის მოქმედების შეწყვეტისთანავე უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას (მაგ., კაუჩუკი, რეზინი და სხვ.)

მასალა ერთგვაროვანი - მასალა, რომელსაც სხვადასხვა წერტილში, ერთი და იმავე მიმართულებით, ერთნაირი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები აქვს.

მასალა იზოტროპიული - მასალა, რომელსაც ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი მიმართულებით, ერთნაირი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები აქვს.

მასალა მერქნის - მიიღება მორების დანაწევრების შედეგად. განივკვეთის ფორმისა და ზომების მიხედვით დახერხილ მ.მ. მიეკუთვნება: ძელი, ძელაკი, ფიცარი, ნახევარმორი, წოლანა, ნაგვერდული. აშშ-ის სტანდარტების მიხედვით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის დახერხილი მასალის სიგრძეებია 1,22 მ; 1,525 მ; 1,83 მ და ა.შ. 4,88 მ-მდე, გრადაციით 0,305 მ. განივკვეთის ზომები იცვლება 6,35 მმ-დან 101,5 მმ-მდე. ფოთლოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა იყოფა სორტებად: I; II - შერჩეული; №1, №2, №3ა და №3ბ - ჩვეულებრივი. აქედან ყველაზე უკეთესია შერჩეული I სორტის მასალა, რომლის ზედაპირის 92% აბსოლუტურად სუფთაა. წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: ჩვეულებრივი, კონსტრუქციული („ტიმბერსი“) და სანაკეთო. ჩვეულებრივს (yard lumber) მიეკუთვნება: მოსაპირკეთებელი (finish), ფიცრები (common boards), დიმენზიონები (common dimensions). კონსტრუქციულს (structural lumber)- კოჭები და თამასები (joists and planks), ბიმსები და სტრინგერები (beams and stringers), სვეტები და ტიმბერსები (posts and timbers); ხოლო სანაკეთო მასალას მიეკუთვნება მასალა ქარხნული სადურგლო დეტალებისათვის (factory planks) და საერთო დანიშნულების (shop lumber).  დახერხილი ხის მასალის სორტამენტი და დახერხვის კლასები მოცემულია გერმანულ სტანდარტებში: DIN 4071, DIN 7073, DIN 4074, DIN 68365. აკრძალულია მასალის მიწოდება შემკვეთისათვის განივკვეთის გვერდის ზომით 30 სმ-ზე ზევით. მასალის ზომებია: სისქე 16...75 მმ, სიგანე 75...300 მმ, სიგრძე 1500...6000 მმ. როგორც წესი, გერმანიაში მომხმარებელს დახერხილი ხის მასალა მიეწოდება დაუმუშავებელი სახით.

მასალა მეტალოკერამიკული - მასალა, მიღებული ფხვნილისა და არამეტალური დანამატებისაგან (გრაფიტი, ლითონის ჟანგეულები, აზბესტი და სხვ.) ფხვნილოვანი მეტალურგიის მეთოდებით. გამოიყენება საჭრელი ინსტრუმენტების, საკისრების, მაგნიტების, ფილტრების, ელექტროკონტაქტების, მაღალ ტემპერატურაზე მომუშავე დეტალების და სხვ. დასამზადებლად.

მასალა პლასტიკური - მასალა, რომელსაც აქვს პლასტიკური დეფორმაციის თვისება.

მასალა პრეციზიული - მაღალი სიზუსტის მასალა (ზუსტი შემადგენლობის ლითონური შენადნობი).

მასალა უკუმშვადი (არაკუმშვადი) - მასალა, რომელსაც არ შეუძლია მოცულობითი დეფორმაცია.

მასალა უწვი - მასალა, რომელიც ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არ აალდება, არ ღვივდება და არ ნახშირდება; უწვი მასალები ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არ აალდებიან, არ ღვივიან და არ ნახშირდებიან. მათ მიეკუთვნება ყველა არაორგანული საშენი მასალა: ბეტონი, რკინაბეტონი, აზბესტი, აგური, ბუნებრივი ქვები, ცემენტი, კირი, აგრეთვე თაბაშირისა და თაბაშირბოჭკოვანი ფილები, რომლებშიც ორგანული მასა მთელი მასის 8% შეადგენს.

მასალა უწყვეტი - მასალა, რომელსაც არა აქვს სიცარიელეები, ბზარები, ფორები, ჩანართები და ა.შ. ითვლება, რომ ასეთი მასალა მთლიანად ავსებს კონსტრუქციის ელემენტის მოცულობას და მხედველობაში არ მიიღება მასალის კონკრეტული სტრუქტურა (კრისტალური, ბოჭკოვანი, ფენოვანი და სხვ.).

მასალა ცეცხლგამძლე - მასალა, რომელსაც აქვს თვისება, გაუძლოს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას ისე, რომ, არ გადნეს, არ შეიცვალოს შედგენილობა და არ შემცირდეს მისი მექანიკური თვისებები. მასალის ცეცხლგამძლეობა ტემპერატურის გრადუსებში ან კერამიკის პიროქსილების ნომრებით გამოიხატება.

მასალა ცეცხლმედეგი - მასალები, რომლებსაც უნარი აქვთ არ დაიწვან და არ განიცადონ მნიშვნელოვანი დეფორმაციები ხანძრის პირობებში (აგური, დამუშავებული მერქანი და სხვ.).

მასალა ძნელადწვადი - მასალა, რომელიც ცეცხლისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით აალდება, ღვივდება ან ნახშირდება და აგრძელებს წვას, ფუჟვას ან დანახშირებას თბური წყაროს არსებობისას, მისი მოშორების შემდეგ კი წვა და ფუჟვა წყდება; ძნელადწვადი მასალები ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის მოქმედებით ძნელად აალდებიან, ღვივიან ან ნახშირდებიან და განაგრძობენ წვას ან გაღვივებას, ვიდრე მათზე მოქმედებს ცეცხლის წყარო. ცეცხლის მოშორებით ისინი წყვეტენ წვას ან გაღვივებას. ამ ჯგუფს ეკუთვნის: ორგანული და არაორგანული წარმოშობის შერეული საშენი მასალები; ღრუტანიანი რკ.ბ.-ის ნაკეთობები, რომელთა შიგნით წვადი თბოსაიზოლაციო მასალაა; ფიბროლიტი - მერქნის ბურბუშელისა და ცემენტის ხსნარის ნარევი; ხე, დამუშავებული ღრმად გაჟღენთვის მეთოდით ცეცხლდამცავი მასალებით; შელესილი ხის კონსტრუქციები; მინერალური ბამბის ფილები ბიტუმის საფუძველზე; ასფალტბეტონი; ქეჩა, გაჟღენთილი თიხის ხსნარით; ზოგიერთი პოლიმერი.

მასალა წვადი - მასალა, რომელიც ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად აალდება, ღვივდება ან ნახშირდება და აგრძელებს წვას, ფუჟვას, დანახშირებას მოკიდების წყაროს მოშორების შემდეგაც. წვადი მასალები ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის მოქმედებით აალდებიან ან ღვივიან და აგრძელებენ წვას ან გაღვივებას ცეცხლის წყაროს მოცილების შემდეგ. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ორგანული წარმოშობის მასალები: მერქანი, ტორფის ფილები, სახურავის რულონური მასალები (ტოლი, რუბეროიდი), რეზინა, ლინოლიუმი, პოლიქლორვინილი, ბიტუმი, ასფალტი. სითხეს ეწოდება წვადი, თუ ცეცხლის წყაროს მოცილების შემდეგ იგი აგრძელებს წვას და აქვს ფეთქვის ტემპერატურა 610C-ზე მეტი. აირს ეწოდება წვადი, თუ მას შეუძლია შექმნას ჰაერთან აალებადი და აფეთქებასაშიში ნარევი არაუმეტეს 550C ტემპერატურის დროს

მასალათა გამძლეობა - მეცნიერება, დეფორმირებადი მყარი ტანის მექანიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ცალკეული ღეროებისა და ფირფიტების გაანგარიშების მეთოდებს სიმტკიცეზე, სიხისტეზე და მდგრადობაზე, ერთდროულად საიმედოობის, ეკონომიურობის და ხანგამძლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებით. მ.გ. ეყრდნობა განსაზღვრებას „სიმტკიცე“, რომელიც წარმოადგენს მასალის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს გარე დატვირთვებს და ზემოქმედებებს რღვევის გარეშე. განიხილება ისეთი ცნებები, როგორიცაა: შიდა ძალები, ძაბვები და დეფორმაციები. გარე დატვირთვის მოქმედება წარმოშობს მასალის რეაქციას, ანუ ძაბვას, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ პროპორციულია ტანის დეფორმაციის. დეფორმაცია არსებობს წრფივი (წაგრძელება, დამოკლება, ძვრა) და კუთხური (კვეთის მობრუნება). მ.გ. ძირითადად განიხილავს კონსტრუქციის ღეროვანი ელემენტების ერთგანზომილებიან ამოცანებს (მრავალგანზომილებიანს შეისწავლის "დრეკადობის თეორია").

მასალათა მედეგობა - საშენი მასალების გამძლეობა გარემომცველი პირობების ზემოქმედების მიმართ.

მასალათა წვადობის ჯგუფი - მასალების სახანძრო საშიშროების მახასიათებელი, რომელიც განისაზღვრება წვადობაზე სტანდარტული გამოცდით.

მასალატევადობა - მატერიალური რესურსების ხარჯის მაჩვენებელი რომელიმე პროდუქციის წარმოებისათვის. გამოისახება პროდუქციის ერთეულის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის, მასალების, სათბობის და ენერგიის ხარჯით ნატურალურ ერთეულებში, ან პროცენტებში გამოყენებული მატერიალური რესურსების ღირებულების მიმართ პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურაში.

მასალები არამაგნიტური - პარა-, დია- და სუსტფერომაგნიტური მასალები, რომლებსაც მიეკუთვნება: აუსტენიტური ფოლადი და ზოგიერთი სპეციალური თუჯი; ზოგიერთი შენადნობები სპილენძის, ტიტანის და ალუმინის საფუძველზე, აგრეთვე მერქანი, პოლიმერები, მინა და სხვ. მ.ა. ამზადებენ მანქანებისა და გემების კორპუსებს, საათის მექანიზმის დეტალებს, კომპასის ყუთებს, წყალქვეშა გემების მოწყობილობებს, ელექტროგამანაწილებელ ფარებს და სხვ.

მასალების გამოცდა - მასალების თვისებების განსაზღვრა სპეციალურ მანქანებით, ხელსაწყოებითა და მოწყობილობებთ სხვადასხვა ტემპერატურაზე. მისი სახეებია: მექანიკური (ჭიმვა, კუმშვა, ღუნვა, ჭრა, გრეხა, თელვა, ახლეჩა, დაღლილობა, ცოცვადობა, დარტყმა და სხვ.), ფიზიკური (ელექტრო- და სითბოგამტარობა, მაგნიტური და სხვ. თვისებები), ქიმიური (ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა, კოროზიამედეგობა და სხვ.) და სტრუქტურული (მიკრო-, მაკრო- და კრისტალური სტრუქტურები და სხვ.). მ.გ. გამოიყენება მრღვევი და არამრღვევი მეთოდები.

მასალის დახარისხება - წუნდებული მასალის გამორჩევა, რომელსაც მიუღებელი დაზიანებები გააჩნია. ეს პროცესი დღემდე სრულდება ვიზუალურად, ხელით და მოითხოვს მუშახელის მაღალ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას.

მასალის ორთქლშეღწევადობის კოეფიციენტი - სიდიდე, ტოლი წყლის ორთქლის სტაციონალური ნაკადის სიმკვრივისა, რომელის გადის დროის ერთეულში, იზოთერმულ პირობებში, მასალის ფენაში სისქით ერთი მეტრი, როდესაც პარციალური წნევების სხვაობა შეადგენს 1 პა-ს.

მასალის რღევა - მასალის ერთიანობის მიკროსროპული რღვევა, რომელიც ხშირად ვითარდება ერთდროულად დრეკადი და პლასტიკური დეფორმაციების შედეგად. განასხვავებენ საწყის რღვევას (ფორების, ბზარების და მისთ. გაჩენა და განვითარება); სრულ რღვევას (სხეულის დანაწილება ორ ან მეტ ნაწილად); მყიფე რღვევას (უმნიშვნელო პლასტიკური დეფორმაციების შემთხვევაში) და პლასტიკურ (ბლანტ) რღვევას. განიხილავენ აგრეთვე დაღლილობით, ხანგრძლივ და სხვა სახის რღვევებს. რღვევების თეორია ეყრდნობა მექანიკური რღვევის ფიზიკურ, მექანიკურ, მათემატიკურ, სტრუქტურულ და ქიმიურ კანონზომიერებებს.

მასალის სორბციული ტენიანობა - მასალის წონასწორული ფარდობითი ტენიანობა აირულ გარემოში მუდმივი ფარდობითი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში.

მასვერკი (გერმ.) - გოთიკური დეკორატიული კარკასული აჟურული ორნამენტი, რომლის ყველა ელემენტი აგებულია ცირკულის მეშვეობით (ნახ. 1). შედგება სამ- ან ოთხფოთლიანი ფიგურების, წრეებისა და მათი ფრაგმენტებისაგან. სრულდება ღრმა რელიეფის სახით ხის ან ქვის კონსტრუქციის ზედაპირზე. გოთიკურ არქიტექტურაში გვხვდება ფანჯრებისა და ბალიუსტრადების გაფორმებისას, აგრეთვე ავეჯის წარმოებაში.

მასივი - გეოგრაფიულად ერთგვაროვანი დიდი სივრცე (ტყის მასივი, მთის მასივი, საცხოვრებელი მასივი და სხვ.).

მასიკოტი (ფრანგ.) - ტყვიის წითელი ამორფული მურდასანგი (ტყვიის ჟანგი); იყენებენ ყვითელი საღებავის, ტყვიის, თეთრას, ჭიქურის, საგოზავის და სხვათა დასამზადებლად.

მასის ცენტრი - იგივეა რაც ინერციის ცენტრი.

მასიური - მასობრივი, დიდი, მძიმე, უწყვეტი.

მასიური ტანი - კონსტრუქციული ელემენტი, რომლის ყველა ზომა ერთი რიგისაა.

მასიური ხანძარი - განცალკევებული და მთლიანი ხანძრების ერთობლიობა.

მასკარონი (ფრანგ.) - დეკორატიული რელიეფი ნიღაბის სახით, რომელიც გამოსახავს (გროტესკულ ან ფანტასტიკურ ჟანრში) ადამიანის სახეს ან ცხოველის თავს. მას, ძირითადად, ათავსებენ კამარის (თაღის) კეხში, კარისა და ფანჯრის ღიობის თავზე (ნახ. 1), ავეჯის მოსართავად, აგრეთვე წყლის სატყორცნ დეკორატიულ ელემენტად წყლის აუზებსა და შადრევნებზე.

მასობრივი პანიკა - ხალხის ქცევის ერთ-ერთი სახე, რომელიც ფსიქოლოგიურად ხასიათდება რეალური ან წარმოსახვითი საშიშროების წინაშე მასობრივი შიშის მდგომარეობით. მ.პ. ურთიერთგადამდებ პროცესში იზრდება და ბლოკირებას უკეთებს სიტუაციის რაციონალურად შეფასების, ნებისყოფის რესურსების მობილიზებისა და ერთობლივი წინააღმდეგობის ორგანიზების უნარს. ადამიანთა ურთიერთმოქმედი ჯგუფი მით უფრო ადვილად გადადის  პანიკურ ბრბოში, რაც უფრო ნაკლებადაა გამოკვეთილი ან სუბიექტური მნიშვნელობის მქონეა საერთო მიზნები, მით უფრო დაბალია ჯგუფის დარაზმულობა და მისი ლიდერის ავტორიტეტი.

მასობრივი წარმოება - დიდი რაოდენობით ნაკეთობების დამზადება, რაც ხასიათდება დამზადების დეტალური ტექნოლოგიით, სპეციალური მოწყობილობების ფართო გამოყენებით, წარმოების ნაკადურობით, პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის მაღალი დონით, წარმოების რიტმულობით. მ. წ. გამოირჩევა მაღალი მწარმოებლურობით, პროდუქციის დაბალი თვითღირებულებით, ნედლეულის, მასალებისა და ენერგიის ეფექტური გამოყენებით.

მასტაბა (არაბ.) - ძველეგვიპტური (ფარაონების პირველი დინასტიის 3000...2800 წ.ჩვ.ერამდე) აკლდამის თანამედროვე სახელი. შედგება ვერტიკალური შახტით შეერთებული მიწისზედა, გეგმით მართკუთხა ნაგებობის (დაწოლილი პარალელეპიპედის სახით) ცენტრისკენ დახრილი კედლებით და მიწისქვეშა დასაკრძალავი სათავსებისაგან, მორთული ქანდაკებებით, რელიეფებითა და წარწერებით.

მასტიკები - განსაზღვრული პროპორციით დოზირებული ორგანული შემკვრელისა და შემავსებლის მაგარი ან სქელი კონსისტენციის თხევადი ნარევი. შემკვრელის მიხედვით მ. შეიძლება იყოს: 1. ბიტუმის (მზადდება ნავთობის ბიტუმისაგან ან ნავთობისა და ბუნებრივი ბიტუმების ნარევის საფუძველზე); 2. კუპრის (მზადდება ქვანახშირის კუპრით, ქვანახშირისა და ფიქალსაწვავის კუპრის ნარევით ან ქვანახშირის კუპრისა და ქვანახშირის სქელფისის ნარევით); 3. კუპრ-ბიტუმის (მზადდება ქვანახშირის კუპრისა და ნავთობის ბიტუმის ნარევის საფუძველზე); 4. ე.წ. ,,გუდროკამის“ (კამ - ქვანახშირს ნიშნავს) (მზადდება ქვანახშირის ზეთისა და ნავთობის გუდრონის ნარევის, ზოგჯერ სქელფისის დანამატითაც, ერთად დაჟანგული შემკვრელის საფუძველზე). შემავსებელი, რომელსაც მ. დასამზადებლად იყენებენ, შეიძლება იყოს სამი სახის: 1. მტვრისებრი - წვრილად დაფქული კირქვა, მარმარილო, კვარცი, ცარცი, დოლომიტი, აგური, აგრეთვე მტვრისებრი ტალკი, ტრეპელი, დიატომიტი და მრეწველობის ნარჩენი პროდუქტები (ქვანახშირის მტვერი, ჭვარტლი, სხვადასხვა საწვავი ნაცარი, დაფქული წიდა და ა.შ.); 2. ბოჭკოვანი მასალები, VII და VIII ხარისხის ქრიზოტილ-აზბესტი, აზბესტის მტვერი, მოკლებოჭკოებიანი მინერალური ბამბა და ა.შ.; 3. კომბინირებული - პირველი ორი სახის შემავსებლის ნარევი. გამოყენების მიხედვით მ. ორი სახისაა: ცხელი (ბიტუმისა 160...1800С-ზე, კუპრისა - 120...1300С-ზე გათბობით; დანიშნულების მიხედვით ის შეიძლება იყოს: სახურავის, საწებავი, ჰიდროსაიზოლაციო, ასფალტის და ა.შ.) და ცივი, რომელიც წარმოადგენს შავი ფერის თხევად ძვრად მასალას; მზადდება განზავებული ორგანული შემკვრელისა და ბიტუმის პასტისაგან (ასფალტის მასტიკა) შემავსებლის, პლასტიფიკატორისა და ანტისეპტიკის დანამატით). ყველა სახის ცივი მ. 18±20С ტემპერატურაზე არის ერთგვაროვანი, ძვრადი და ადვილად დაიტანება ფუძეზე; ცხელი მ. განსხვავებით, რომლებიც მაგრდება გაცივებისთანავე, ცივი მ. გამაგრება ხდება დიდი ხნის განმავლობაში (24...48 სთ). ცივი მასტიკები გაცილებით ეკონომიურია ცხელ მასტიკებთან შედარებით. იგი ფუძეზე დაიტანება უფრო ნაკლები სისქით, რაც გადახურვის 1 მ2-ზე 1,5...1,7 კგ ბიტუმის ეკონომიის საშუალებას იძლევა. ცივი მ. გამოყენება შეიძლება დაბალ ტემპერატურულ გარემოში და სამუშაოს წარმოების დრის არ საჭიროებს გათბობას. ზოგი სახეობის ცივი მასტიკების ნაკლია ის, რომ მათი წარმოებისათვის საჭიროა შედარებით ძვირადღირებული გამზავებელი - ნავთობის პროდუქტები: ბენზინი, ზეთი ან ნავთი

მასშტაბი - ნახაზზე, გეგმაზე ან რუქაზე დატანილი ხაზის სიგრძის შეფარდება შესაბამისი ხაზის სიგრძესთან ნატურაში. მასშტაბის გამოსახვა შეიძლება იყოს რიცხვითი და ხაზოვანი (გრაფიკული). რიცხვითი მასშტაბი აღინიშნება წილადის სახით, რომლის მრიცხველია 1, ხოლო მნიშვნელი გვიჩვენებს რამდენჯერ მცირდება ხაზის სიგრძე (მაგ. 1:10000) არის შემცირების მასშტაბი. ნახაზების მასშტაბი ხშირად 1-ზე მეტია (მაგ., 10:1 არის გადიდების მასშტაბი).

მასშტაბური კოეფიციენტი - მიღებულ ერთეულებში არსებული ფიზიკური სიდიდის რიცხვითი მნიშვნელობის ფარდობა ამ სიდიდის ამსახველი მონაკვეთის სიგრძესთან მილიმეტრებით (სქემაზე, გრაფიკზე და სხვ.).

მასწორებელი (გამმართველი მანქანა) - სიმრუდის (მრუდხაზოვნების, ტალღოვანობის) აღმომფხვრელი მანქანა ლითონის ნამზადებსა და ნაკეთობებში ფურცლოვანი, სორტიმენტისა და პროფილური ნაგლინების გასწორება.

მატარებელი - 1. ერთმანეთზე გადაბმული სარკინიგზო ვაგონების შემადგენლობა, რომელიც ჩვეულებრივ, ლოკომოტივს დაჰყავს და სხვადასხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენება (მატარებელი სამგზავრო, მატარებელი სახანძრო, მატარებელი თოვლსაღები და სხვ.); 2. მოწყობილობა, რომელსაც შორს მანძილზე გადააქვს რამე (მაგ., რაკეტა-მატარებელი).

მატერია (ლათ.) - 1. ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ყველა ფიზიკური სხეული; 2. მატერიალური ფილოსოფიის ძირითადი ცნება, რომლის მიხედვითაც მატერია წარმოადგენს სამყაროს სუბსტანციას (საწყისს), რომელიც არ წარმოშობილა, არ ისპობა, მარადიულად მოძრაობს დროში და სივრცეში, განიცდის განვითარებას და ამ განვითარების შედეგს წარმოადგენს; 3. ქსოვილი.

მატერიალური (ნივთიერი) სხეული - მატერიალურ წერტილთა ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვიგულისხმოთ ერთი მთლიანი წირის, ზედაპირის ან სხეულის სახით.

მატერიალური ზედაპირი - ზედაპირის ფორმის უწყვეტი გარემო, რომელიც შედგება უწყვეტად განაწილებული მატერიალური წერტილებისაგან.

მატერიალური წერტილი (ნივთიერი წერტილი) - 1. სხეული, რომლის განზომილებები და ფორმა მოცემულ შემთხვევაში შეიძლება უგულებელვყოთ; 2. გეომეტრიული წერტილი, რომელსაც აქვს სასრული მასა. მოცემული სხეული პრაქტიკულად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნივთიერი (მატერიალური) წერტილი, როცა სხეულის წერტილების მიერ განვლილი მანძილები ბევრად დიდია თვით ამ სხეულის ზომებთან შედარებით.

მატერიალური წირი - წირის ფორმის უწყვეტი გარემო, რომელიც შედგება უწყვეტად განაწილებული მატერიალური წერტილებისაგან.

მატიცა - ჭერის მთავარი (მზიდი) ხის კოჭი (ძელი ან მორი), რომელიც იჭერს სახურავის სანივნივე სისტემას და ჭერის ფენილს.

მატრიცა (გერმ.) - 1. გარკვეული წესით განლაგებულ მათემატიკურ სიდიდეთა ცხრილი; 2. (პოლიგრ.) ლითონის ჩაღრმავებული ფორმა შრიფტის ჩამოსასხმელად.

მატუარი (ფრანგ.) - ლითონზე გრავირებისათვის, ჭრისათვის საჭირო ხელსაწყო.

მაუერლატი (გერმ.) - თავკოჭი; ქვის გარე კედლის შენაჭრზე მოთავსებული ხის (ძელური ან მორული) სარტყელი (ნახ. 1), რომელსაც ეყრდნობა ხისვე დახრილი ნივნივები.

მაქსიმუმი (ლათ. Maximum) - 1. რაიმესთან შედარებით უდიდესი, უმაღლესი დონე; 2. ექსტრემუმის წერტილი; 3. მათემ. ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა მის სხვა მნიშვნელობებთან შედარებით მასთან საკმაოდ ახლო წერტილებში.

მაღაზია - სადგომი, შენობა, სადაც რამეთი ვაჭრობენ.

მაღალი ძაბვის დანადგარი - ელექტროდანადგარი ნომინალური ძაბვით 1000 ვ-ზე ზევით.

მაღარო - საწარმო, სადაც მოიპოვებენ მინერალებს ან სხვა გეოლოგიურ მასალებს. სხვადასხვა სიღრმის მაღაროს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგ., ალმასის და ოქროს მაღაროსთვის საჭიროა 4 კილომეტრი სიღრმე. კარგი მაღაროთი სარგებლობის ხანგრძლივობაა 50...75 წელი და მეტიც. უძველეს დროიდან ადამიანები აშენებდნენ მაღაროებს სხვადასხვა მასალების მოსაპოვებლად. საქართველოში ცნობილია ქვანახშირის (ტყიბული, ტყვარჩელი), მარგანეცის (ჭიათურა), ოქროს (საყდრისი) და სხვ. მაღაროები.

მაღლივი სამუშაოები - სამშენებლო-სამონტაჟო, სამონტაჟო, სადემონტაჟო და სხვა სახის სამუშაოები, რომლების სრულდება დიდ სიმაღლეზე და ძნელად მისადგომ ადგილებზე.

მაშკი - ძვ. კარვის კალთა.

მაჩვენებელი - გამოიყენება სხვადასხვა მოვლენის, თვისების, სიდიდის შესაფასებლად. მაგ., გარდატეხის, გზის, ზეთის დონის, კორექციის, კოროზიის, კურსის, მიმართულების, მოსახვევის, საგნობრივი, სიმტკიცის, სისალის, სიხისტის, ქანობის, ტექნიკურ-ეკონომიკური, ფერის და სხვ. მრავალი.

მაცივარი - ნაგებობა ან დანადგარი, კვების ან სხვა სახის პროდუქტების შესანახად ტემპერატურაზე, რომელიც გარემოს ტემპერატურაზე ნაკლებია. არსებობს საოჯახო და სამრეწველო დანიშნულების მ. ეს უკანასკნელი თავის მხრივ იყოფა საწარმოო და გამანაწილებელ მ. ძირითადად გამოიყენება კვების პროდუქტების საწარმოებში, სავაჭრო ქსელში და სხვ.

მაძლიერებელი (გამაძლიერებელი) - მოწყობილობა, რომელიც ზრდის (ამაღლებს) რომელიმე სიდიდეს ენერგიის გარეშე წყაროს მეშვეობით. განასხვავებენ ელექტრული დენის ძაბვისა და ძალის, წნევის და სხვათა გ., რომლებსაც ფართოდ იყენებენ ავტომატიკაში, რადიოტექნიკაში, მომუშავე მანქანების ამძრავებში და სხვ. გამოყენებული ენერგიის წყარო შეიძლება იყოს ელექტრული, მაგნიტური, ჰიდრავლიკური, პნევმატური და სხვ.

მახასიათებელი - ურთიერთკავშირი დამოუკიდებელ და დამოკიდებულ, შემავალ და გამომავალ სიდიდეებს შორის, რომელიც განსაზღვრავს ტექნიკური სისტემის პროცესის, ხელსაწყოს, მანქანის, ობიექტის მდგომარეობას, რაც გამოისახება ტექსტის, გრაფიკის, ფორმულის და სხვ. სახით. განსაზღვრის მეთოდის მიხედვით არის სტატიკური, დინამიკური და სტატიკური მ. (მაგ., აეროდინამიკური, გარე, დამტვირთავი, დრეკადი, ელექტრომექანიკური, რეოლოგიური, საექსპლუატაციო, სითბური, ტექნოლოგიური, ძრავას, წევის, ჰიდრავლიკური, ხისტი და სხვ.).

მბიძგავი - მანქანის ნაწილი ან მექანიზმი, რომელიც გადასცემს მოძრაობას სხვა ნაწილს ან მექანიზმს, სისტემას. მაგ., შიგაწვის ძრავაში მბიძგავი მოძრაობას გადასცემს მუშტადან სარქველის მხრეულს, ანალოგიურ როლს ასრულებს მბიძგავი სხვა მუშტა მექანიზმებში. ბუჩქსაჭრელი მუშა ორგანოსთან ერთად აღჭურვულია მბიძგავი ჩარჩოთი, ხოლო ზოგიერთი ბულდოზერის ფარი – მბიძგავი ძელებით.

მბრუნავი მექანიზმები - ტუმბოები, ვენტილატორები, მბრუნავი ბადეები და სხვ.

მბრუნავი ღუმელი (მილოვანი ღუმელი, დოლური ღუმელი) - ცილინდრული ფორმის სამრეწველო ღუმელი მბრუნავი მოძრაობით გრძივი ღერძის გარშემო. მ.ღ. დანიშნულებაა მასალების გაცხელება მათი შემდეგი გადამუშავებისათვის. მ.ღ. კლასიფიცირდება : თბოგადაცემის პრინციპის, საწვავის სახეობისა და ენერგიის გადაცემის წესის მიხედვით. მ.ღ. გამოიყენება მეტალურგიაში, ცემენტისა და ქიმიურ მრეწველობაში. ძირითადი ზომები მერყეობს საზღვრებში: სიგრძე 50...230 მ, დიამეტრი - 3...7,5 მ. წარმადობა აღწევს 150 ტონას საათში.

მბჯენი - იხ. კრონშტეინი.

მგრგვინავი აირი - 2 მოცულობა წყალბადისა და 1 მოცულობა ჟანგბადის ნარევი. ფეთქდება დიდი რაოდენობის სითბოს გამოყოფით. ტემპერატურა 28000C აღწევს. გამოიყენება ტექნიკაში კვარცისა და პლატინის დნობისათვის, ლითონთა ავტოგენური ჭრისა და მირჩილვისათვის.

მგრძნობიარე ელემენტი - მილსადენებში არმატურის კვანძი ავტომატური მართვით (სილფონი, მემბრანა, დგუში, მკვეთარა და სხვ.), დაკავშირებული ჩამკეტის მოძრავ ნაწილთან, რომელიც ღებულობს და გარდაქმნის მუშა გარემოს პარამეტრებს მასზე მოქმედი ძალების ცვლილების შესაბამისად და რომელიც უზრუნველყოფს მარეგულირებელი ან ჩამკეტი ელემენტის გადაადგილებას.

მდგომარეობა - ამა თუ იმ პირობებში ყოფნა. მ. სახეებია: აგრეგატული, აირისებრი, ამოსავალი, ამორფული, ბლანტი, ბუნებრივი, დამუხრუჭების, დანამცეცებული, დაძაბული, დენადი, დეფორმირებული, ეკონომიური, ზღვრული, თავისუფალი, თხევადი, პოლიტიკური, სანიტარული, მყარი, ნეიტრალური, ორთქლისებრი, სამუშაო, სატრანსპორტო, საწყისი, უძრაობის, ფარდობითი, ღერძული, შეტივტივებული, ძაბვის, წონასწორობის, ჰომოგენური და სხვ

მდგომარეობა სისტემის - განისაზღვრება ამ სისტემისთვის დამახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების ერთობლიობით, რომელსაც მდგომარეობის პარამეტრები ჰქვია. მაგ., მექანიკური სისტემის მდგომარეობა დროის ნებისმიერ მომენტში ხასიათდება ამ სისტემის ყველა მატერიალური წერტილის კოორდინატების და იმპულსების მნიშვნელობით

მდგრადი რეჟიმი - მანქანა-მექანიზმის, დანადგარის ან სისტემის უნარი შემაშფოთებელი ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ ავტომატურად - გარე ძალების ან ოპერატორის ჩარევის გარეშე აღადგინოს მუშაობის ნორმალური რეჟიმი.

მდგრადობა - გარკვეული ძალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი შეკუმშული სამშენებლო ელემენტის, მექანიკური სისტემის, მანქანის, სატრანსპორტო საშუალების უნარი შეინარჩუნოს წონასწორობა ან აღიდგინოს იგი სწრაფად. მ. შეფასდება მდგრადობის კოეფიციენტით და ზოგადად იგი წარმოადგენს დამჭერი მომენტის შეფარდებას გადამყირავებელ მომენტთან. განასხვავებენ განივ, გვერდულ, გრძივ, წონასწორობის, მოძრაობის, სტატიკურ მდგრადობას და სხვ. სისტემა მდგრადია, თუ იგი შემაშფოთებელი ზემოქმედებით წონასწორობის რეჟიმიდან გამოყვანილი, ამ ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ უბრუნდება წონასწორობის საწყის (ან მასთან ახლოს) მდებარეობას. სისტემა არამდგრადია, თუ იგი შემაშფოთებელი ზემოქმედებით წონასწორობის რეჟიმიდან გამოყვანილი, ამ ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ განაგრძობს კიდევ უფრო დაშორებას წონასწორობის საწყისი მდებარეობიდან. სისტემის მოძრაობა მდგრადია, თუ მცირე შემაშფოთებელი ზემოქმედება არ წვევს შეშფოთებული და პირველსაწყისი მოძრაობის გარკვეულ პარამეტრებს შორის დაშორებას. სისტემის მოძრაობა არამდგრადია, თუ მცირე შემაშფოთებელი ზემოქმედება იწვევს შეშფოთებული და პირველსაწყისი მოძრაობის გარკვეულ პარამეტრებს შორის სხვაობის თანდათანობით გაზრდას.

მდებარეობა - 1. დედამიწის ზედაპირზე რაიმე პუნქტის ან ტერიტორიის მდებარეობა სხვა ობიექტის მიმართ, რომელიც განისაზღვრება გეოგრაფიული კოორდინატებით; 2. სივრცეში, ან რაიმეს მიმართ მდებარეობა.

მდივანი (ფრანგ.) - 1. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან სახელმწიფო დაწესებულების არჩევითი ან დანიშნული ხელმძღვანელი; 2. სახელმწიფო მომსახურების რანგი; 3. პირი, რომელიც მართავს კრების, სხდომის ოქმს; 4. საქმის წარმოების შემსრულებელი მუშაკი (მაგ., აწარმოებს მიმოწერას რომელიმე პირთან ან ორგანიზაციასთან).

მდინარე - წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს. მ. აქვს სათავე და შესართავი, ერთვის შენაკადები და მიედინება ხეობაში. ხეობის ძირის ყველაზე დაბალი ნაწილია კალაპოტი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ წყალდიდობის დროს იფარება წყლით - ჭალაა. სათავისა და შესართავის სიმაღლეთა სხვაობას მ. ვარდნა ეწოდება. მ. მნიშვნელოვანი ელემენტებია: სიგრძე, სიგანე, სიღრმე, წყლის დონე, დინების სიჩქარე, წყლისა და ნატანის ხარჯი. რელიეფის შესაბამისად არსებობს მთისა და ვაკის მ. მდინარის ხასიათი და განვითარება დამოკიდებულია კლიმატზე, რელიეფზე, გეოლოგიურ სტრუქტურასა და აუზის სიდიდეზე. დედამიწის ზედაპირზე მდინარეები არათანაბრადაა განაწილებული. მ. ქსელი ხშირია ჭარბად ნესტიან მხარეებში და მეჩხერდება ჰავის სიმშრალის ზრდის შესაბამისად. უდაბნოში მხოლოდ დროებითი (ეპიზოდური) და ტრანზიტული მდინარეებია. დედამიწის მთავარი წყალგამყოფი კონტინენტების ზედაპირს ორ ძირითად აუზად ჰყოფს: ატლანტიკურ-არქტიკული აუზის წყალი ერთვის ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებს, წყნაროკეანური აუზისა - წყნარსა და ინდოეთის ოკეანეებს. პირველი აუზის ჩამონადენი ბევრად მეტია, ვიდრე მეორისა. მ. საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. საზრდოობის თავისებურების მიხედვით დადგენილია მ. წყლის რეჟიმის სამი ძირითადი ფაზა: წყალდიდობა, წყალმოვარდნა და წყალმცირობა. ზომიერი და ცივი სარტყელის მ. ახასიათებს ყინულოვანი მოვლენები: გაძგიფვა, თოშხერგილი, ყინულსვლა და სხვა. მეტად დიდია მ. როლი სახალხო მეურნეობაში. იგი არის სასმელი და ინდუსტრიული წყლის მომწოდებებელი, ბუნებრივი წყლის გზა, ჰიდროენერგიის წყარო, თევზების და სხვა ორგანიზმების საცხოვრებელი. მ. ალუვიონში ვხვდებით სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, პლატინა, ალმასი და სხვ.) ქვიშრობულ საბადოებს.

მდინარე ვაკის - მიედინება განიერ, კარგად გამომუშავებულ ხეობაში, კალაპოტი დაკლაკნილი და დატოტვილი აქვს, დახრილობა - უმნიშვნელო, დინება - წყნარი.

მდინარე მთის - მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში, გამოირჩეოდა მჩქეფარე დინებით, კალაპოტი ჭორომიანი აქვს და აჩენს ჩანჩქერებს.

მდინარე სეზონური - მდინარე, რომელიც სეზონურად შრება. ისინი მდებარეობენ საჰარაში და მსგავსი კლიმატური პირობების რეგიონებში. მათი კალაპოტები მშრალია, ივსება მხოლოდ დიდი წვიმების შემდეგ.

მდინარეთა სისტემა - მთავარი მდინარე თავის შენაკადებთან ერთად.

მდინარეთა ხეობები - უარყოფითი სწორხაზოვნად გაჭიმული რელიეფის ფორმები, რომელსაც გააჩნია საერთო ქანობი მდინარის სათავიდან დაბლობისაკენ და ფორმირდება, უმეტესად, მდინარეების ეროზიული მოქმედების შედეგად. მთიან რეგიონებში შეიძლება გამოიყოს მ.ხ. რამდენიმე ძირითადი მორფოლოგიური ტიპი: 1. ვიწრობის, ხეობისა და კანიონის ტიპის: გვერდები თითქმის ვერტიკალურია ან საფეხურისებრი, კალაპოტს მთლიანად უკავია ფსკერი, გრძივი პროფილი საფეხურისებრი ფორმისაა; 2. V-სებრი ხეობა - კალაპოტს მთლიანად უკავია ფსკერი, მაგრამ ფერდობები ზევითკენ ფართოდ იშლება; 3. ყუთისებრი ფორმის ხეობა - გააჩნია ბრტყელი ფსკერი, რომელშიც შეჭრილია კალაპოტი და ჭალა; 4. დატერასებული ხეობა - გააჩნია ბრტყელი ფსკერი, ჭალა და ტერასები. მიუხედავად იმისა, რომ მდინარეების ხეობების ტიპების ჩამონათვალში გამოყენებულია მათი განივი პროფილის ფორმები, აღნიშნული რიგი გამოხატავს ევოლუციის საერთო ეტაპებს. მდინარეთა მიმდებარე ველების პირველი ორი ტიპი წარმოადგენს ახალგზარდა დაუმუშავებულ ეროზიულ ხეობებს, მეორე ორი ტიპი - დამუშავებულ, შედარებით მდგრად წარმონაქმნს, რომელშიც წარმოჩენილია მდინარის მუშაობის მთავარი ატრიბუტები - ალუვიონი, ჭალა, ტერასები. ღვარცოფული პროცესები უპირატესად განეკუთვნება მ.ხ. ახალგაზრდა დაუმუშავებელ ტიპებს, განსაკუთრებით V-ტიპის ხეობებს.

მდინარის აუზი - ამა თუ იმ მდინარის სისტემის წყალშემკრები აუზი, რომელიც სხვა მდინარეთა სისტემებისაგან გამოყოფილია წყალგამყოფებით.

მდინარის ვარდნა - სათავისა და შესართავის სიმაღლეთა სხვაობა.

მდინარის კალაპოტი - ხეობის ძირის ყველაზე დაბალი ნაწილი, სადაც მიედინება მდინარე.

მდინარის სათავე - ადგილი, საიდანაც იწყება მდინარე.

მდინარის ღვარცოფული მდგომარეობა - მდგომარეობა, როდესაც მდინარე დინების მცირე მონაკვეთზე იძენს ღვარცოფული ნაკადის თვისებებს. ძირითადად, დამახასიათებელია მთის მდინარეების იმ უბნებისათვის, რომლებიც განლაგებულია უშუალოდ ღვარცოფული ნაკადების ჩადინების ქვემოთ, სადაც გამოტანილია ჩამონამტვრევი მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მდინარის შესართავი - ადგილი, სადაც მდინარე ზღვას, ტბას ან სხვა მდინარეს უერთდება.

მეანდრი (ბერძ.) - 1. (გეოლ.) ვაკის მდინარის კლაკნილი, რომლის სიმრუდის რადიუსი დამოკიდებულია მდინარის წყლიანობასა და სიჩქარეზე. მ. გეოლოგიურად მდინარის კალაპოტის დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად ვითარდება ვაკის მდინარეების ქვემო დინებებში (ნახ. 1), იქ სადაც ნელი დინებაა. ჩაღუნული ნაპირი როგორც წესი ციცაბოა, ხოლო ამობურცული ნაწილი - აღმართია. მ. მსოფლიოს მრავალი მდინარე ქმნის. საქართველოში დიდ სიგრძეზე მ. ახასიათებს მდინარე იორს; 2. (ხელოვნ.) ორნამენტის გავრცელებული სახეობა, წარმოადგენს ხვეულ ან ტეხილ ხაზს.

მებეტონე - მუშა, რომელიც ბეტონის სამუშაოებს ასრულებს.

მებიგე - მუშა, რომელიც მაღაროს ჭერსა და კედლებს ბიგებით ამაგრებს.

მებრძმედე - მუშა, რომელიც ბრძმედზე მუშაობს.

მეგალითი - დიდი ზომის გაუთლელი ქვა; ლოდი.

მეგალითური ნაგებობა - უძველეს დროში დიდი ზომის გაუთლელი ქვებით (მეგალითებით) ამოყვანილი ნაგებობა.

მეგაპოლისი - რამდენიმე ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიების გაერთიანება.

მეგარელიეფი (ბერძ.) - (გეოგრ.) დედამიწის რელიეფის ყველაზე დიდ უსწორმასწორობათა ერთობლიობა.

მეგარონი (ბერძ.) - ბერძნული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომელიც გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხოვან ნაგებობას ანტებიანი პორტიკით მთავარ ფასადზე. კერა და საკვამური (სახურავში დატოვებული ღიობის სახით) თავსდებოდა დარბაზის ცენტრში.

მეგაჰერცი - სიხშირის საზომი ერთეული, 1მჰც = 1 000 000 ჰც.

მეგა… (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს: 1. დიდი ზომისას, უზარმაზარს; 2. მილიონჯერ მეტს ძირითად ერთეულზე (რომელიც ნაჩვენებია სიტყვის მეორე ნაწილით).

მეგერი (ბერძ.) - გადასატანი ხელსაწყო დიდ ელექტრულ (10000 მეგაომამდე) წინაღობათა გასაზომად. იყენებენ კავშირგაბმულობის ტექნიკაში იზოლაციის წინაღობის გასარკვევად.

მედალიონი (იტალ.) - სამკაული, რელიეფური გამოსახულება ან ორნამენტი წრიული ან ოვალური ფორმის. ფართოდ გამოიყენებოდა შენობის კედლებისა (ნახ. 1) და ბაროკოს სტილის ავეჯის მოსართავად, აგრეთვე საიუველირო ხელოვნებაში.

მედეგობა - მასალის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ბუნებრივ, ატმოსფერულ, ქიმიურ, ცვეთის და სხვა სახის ზემოქმედებას და შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი მექანიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. განასხვავებენ კოროზიულ, ქიმიურ, თერმულ, საიზოლაციო და სხვა მედეგობას. მშენებლობაში მნიშვნელოვანია ლითონის მ. კოროზიის მიმართ, მერქნის მ. ლპობისა და ბიოლოგიური მავნებლების მიმართ და სხვ.

მედიანა (ლათ.) - სამკუთხედის ერთ-ერთი წვეროს მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილთან შემაერთებელი მონაკვეთი. სამკუთხედის სამივე მ. იკვეთება ერთ წერტილში -სამკუთხედის მასების ცენტრში. ეს წერტილი ყოფს მ. (სამკუთხედის წვეროდან) შეფარდებით 2:1. თუ ცნობილია სამკუთხედის სამივე მ., შეიძლება ფარგლითა და სახაზავით ავაგოთ ეს სამკუთხედი.

მედრესე (მადრასა) - საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი მეჩეთში ან მეჩეთთან, სადაც ასწავლიდნენ სუნიტური ისლამის რელიგიას და იურიდიულ დოგმებს, ამზადებდნენ სასულიერო და საერო მოხელეებს. პირველი მ. გაჩნდა X საუკუნეში ირანში (ქალაქ ნიშაბურში). შემდეგ გავრცელდა მუსლიმურ ქვეყნებში ცენტრალური აზიიდან ესპანეთამდე. ბევრი მ. იყო რევოლუციამდელ რუსეთში მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში (ცენტრალური აზია, ვოლგისპირეთი). თურქების მიერ დაპყრობილ საქართველოს სამხრეთ ნაწილში მ., როგორც ჩანს, დაწყებითი და საშუალო სასწავლებლები იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბათუმის, ქობულეთის, ქედის, ხულოს და სხვა მედრესეები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებასა და საბჭოთა სასკოლო სისტემის გავრცელებასთან ერთად 1928 წლისათვის საქართველოში მ. აღარ მოქმედებდა. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ბევრ მუსლიმანურ ქვეყანაში მოქმედებს საერო და სასულიერო მ. მედრესე, როგორც არქიტექტურული ნაგებობის ტიპი, X-XI საუკუნეებში ჩამოყალიბდა მუსლიმური სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილში, ნიზამიესი ხარგერდში (ირანი XI საუკუნე). XII-XIII საუკუნეებიდან მ. ააშენეს ახლო აღმოსავლეთში (დამასკოში XII საუკუნე), XIII-XIV საუკუნეებიდან კი აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში (ჰასანის მედრესე კაიროში XIV საუკუნე). მ. წარმოადგენს 1-2 სართულიან შენობას. იგი მოიცავს გეგმით მართკუთხა ეზოს ირგვლივ განლაგებულ სენაკებს, მეჩეთს, აუდიტორიებს, სხვადასხვა მხარის მ. ერთმანეთისაგან განსხვავდება კონსტრუქციულად და დაგეგმარებით (ნახ. 1: მედრესე ბოსნიაში). მ. უხვად ამკობდნენ ქვასა და ხეზე ამოკვეთილი ორნამენტით. საქვეყნოდ ცნობილია ბუ-ინანიის მ. ფესში (XIV საუკუნე), ულუღ ბეგის სამარყანდში (XV საუკუნე) (ნახ. 2), მირი არაბისა ბუხარაში (XVI საუკუნე) და სხვ.

მეზანინი (იტალ.) - იხ. ანტრესოლი.

მეზოკლიმატი (ბერძ.) - კლიმატი შედარებით პატარა ტერიტორიაზე, საშუალო მაკროკლიმატსა და მიკროკლიმატს შორის, ადგილობრივი კლიმატი.

მეზონეტი (ინგლ.) - ტრადიციული ინგლისური ტიპის მიხედვით ორსართულად დაგეგმარებული ბინა მრავალსართულიან სახლში.

მეზონინი (მეზონინიანი სახლი) - მცირე სიმაღლის დაშენება, ჩვეულებრივ, ცენტრალურ ნაწილზე მცირესართულიანი საცხოვრებელი სახლისა, რომელსაც გააჩნია საერთო სახურავისგან გამოყოფილი შემაღლებული საკუთარი სახურავი (ნახ. 1).

მეზორელიეფი (ბერძ.) - დედამიწის რელიეფის შუალედური ფორმები მაკრორელიეფსა და მიკრორელიეფს შორის.

მეთანალი - იხ. ფორმალდეჰიდი.

მეთანი - უმარტივესი ნახშირწყალბადი. ქიმიური ფორმულაა CH4. ბუნებრივი აირის ძირითადი კომპონენტი. არა აქვს სუნი, ფერი და გემო. იწვის ღია ცისფერი ალით. გვხვდება საბადოების დამუშავებისას, ნაგვის ლპობისას. ბუნებრივი აირი, რომელსაც საწვავად ვიყენებთ ძირითადად მეთანია. მას სხვანაირად „ჭაობის გაზსაც“ უწოდებენ. ძალზედ საშიშია მეთანის გაზის კონცენტრაცია ქვანახშირის შახტებში.

მეთანოლი (ხის სპირტი, კარბინოლი, მეთილის სპირტი) - მარტივი ერთატომიანი სპირტი აციკლური რიგის; გამხსნელი, ძლიერი საწამლავი, ნედლეული ეთერების და სხვა პროდუქტების წარმოებაში. ქიმიურ მრეწველობაში ნედლეულად გამოიყენება, ხოლო მერქნის გადამამუშავებელ, რეზინის, მანქანათმშენებლობის და მრეწველობის სხვა დარგებში - როგორც ცხიმების, კაუჩუკის, ფისების, ლაქების გამხსნელი.

მეთვალყურე - ვინც თვალყურს ადევნებს ვისმე, რასმე, ზედამხედველი.

მეთილის სპირტი - იხ. მეთანოლი.

მეთოდი (ბერძ.) - რაღაც მიზნის მიღწევის, კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის ხერხი, რაც ემყარება სინამდვილის თეორიულ შემეცნებასა და პრაქტიკული ოპერაციებისა და ხერხების ერთობლიობას. განასხვავებენ მ. უამრავ ხერხს სხვადასხვა სფეროებსა და დარგებში: აბსტრაქტული მოდელის, ანალიზის პოტენციომეტრულ, ანალოგიის, გაზომვათა, გაკვეთის, ოპტიკურ, დაყვანის, ზედნადების, ზღვრული მდგომარეობის, ლაბორატორიულ, ნორმირების, ოპერატორულ, ჰიდროსტატიკურ და სხვ. მ.

მეთოდური - რაიმე მეთოდთან დაკავშირებული; სისტემატური, თანამიმდევრული.

მეთუნეობა - გამომწვარი თიხისაგან ჭურჭლის დამზადება. გამოწვა შეიძლება იყოს ჟანგვითი (რომლის დროსაც მიიღება წითელკეციანი კერამიკა) და აღდგენითი (ჟანგბადის სიმცირის გამო წითელი თიხისაგან მიიღება რუხი ფერის კერამიკა).

მეთუნუქე - ხელოსანი, რომელიც თუნუქის ნაწარმს ამზადებს ან თუნუქის სახურავს აკეთებს.

მეიარაღე - მომსახურე პერსონალი, რომელიც იარაღის დამზადების, გამართვის, ალესვის ოპერაციებს ასრულებს და ამა თუ იმ სახის იარაღის მიღება-შენახვა-გაცემა ევალება.

მეკრამიტე - კრამიტის მკეთებელი მუშა.

მელიორაცია (ლათ.) - ღონისძიებათა სისტემა (ჭაობების ამოშრობა, მშრალი მიწების ხელოვნური მორწყვა, ხეთა რგვა, ქვიშრობების გამაგრება და სხვ.), რომელიც ტარდება მიწის არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებისა და მისი ნაყოფიერების გაზრდის მიზნით.

მელქიორი - სპილენძის შენადნობი ნიკელთან. ზოგჯერ უმატებენ რკინას, მარგანეცს, თუთიას ან ვერცხლს. გარეგნულად ჩამოგავს ვერცხლს, მაგრამ შედგენილობის მიხედვით აქვს სხვადასხვა შეფერილობა. თუ შედგენილობაში შედის ცოტაოდენი ვერცხლიც კი, მაშინ მ. გარეგნულად ძნელი გასარჩევია სუფთა ვერცხლისაგან. მ. ადვილი დასამუშავებელია. არქიტექტურაში გამოიყენება სანაკეთო მასალად.

მემბრანა (ლათ.) - აბსოლუტურად დრეკადი (მოქნილი) თხელი ფირფიტა ან გარსი, რომლის სიხისტე ღუნვისას ნულის ტოლია. კონტურის გასწვრივ ჩამაგრებული მ. დრეკადი სისტემაა და შეიძლება მისი გამოყენება კონსტრუქციად. კონტურის გარე ფორმის მიხედვით მ. შეიძლება იყოს მართკუთხა, მრგვალი, ელიფსური და ა.შ.

მემბრანები - სახურავის პოლიმერული მასალები, ჩვეულებრივ ЭПДМ (ეთილენ-პროპილენდიენის მონომერი), ПВХ (პოლივინილქლორიდი) ან ТПО (პოლიოლიფინირებული მემბრანები) - ის ბაზაზე. ესენია რბილი ტექნოლოგიის ახალი თაობის გადასახური მასალები. ისინი მიეკუთვნება პოლიმერული რულონური მასალების ტიპს. რუსეთში მ. კლასიფიკაციას მიაკუთვნებენ 1,5 მ-ზე მეტი სიგანის ტილოს პოლიმერულ რულონურ მასალებს.

მემორიალი (ფრანგ.) - არქიტექტურული ნაგებობა, აშენებული ცალკეული ცნობილი პიროვნების უკვდავსაყოფად ან რომელიმე ისტორიული ამბის სადიდებლად (ნახ. 1, სამასი არაგველის მემორიალი თბილისში).

მემორიალური ნაგებობა - ცალკეული პიროვნების ხსოვნის უკვდავსაყოფად ან რაიმე ისტორიული ფაქტის სადიდებლად აშენებული ნაგებობა (ტრიუმფალური თაღი, ობელისკი, საფლავის ქვა და ა.შ.).

მენა - ძვ. სადგომი; სამყოფი.

მენაჟერეა (ფრანგ.) - ფრინველების საცხოვრებელი სახლი, როგორც წესი, აგებენ წყალსატევების ნაპირას, ადრეთვე პარკებში, ხეივნებში, აგარაკებზე და სხვ.

მენარდე - 1. იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს წინასაპროექტო, საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართ სამუშაოებს, დადგენილი წესით მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია და პასუხისმგებელია მის და ქვემენარდის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე; 2. იურიდიული პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მომსახურებას უწევს სამუშაოს მიმცემს მის სამუშაო ადგილზე, შეთანხმებული ვადის და პირობების შესაბამისად.

მენაშენე - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც ხელშეკრულების საფუძველზე, დამკვეთის მეშვეობით ან უშუალოდ, ურთიერთობა აქვს წინასაპროექტო, საპროექტო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართი სამუშაოების შემსრულებელ მენარდესთან და რომლისგანაც მას საექსპლუატაციოდ გადაეცემა დასრულებული ობიექტი ან მისი ნაწილი.

მენგირი - მეგალითური ძეგლის ერთ-ერთი სახე, რომელიც არის ცალკე, ვერტიკალურად მდგარი წაგრძელებული ქვა (ნახ. 1), ზოგჯერ ასეთი ქვებისაგან აკეთებდნენ რამდენიმე კმ-ის სიგრძის რიგებს.

მენეჯერი (ინგლ.) - დაქირავებული ხელმძღვანელი პირი საკუთარი კაპიტალის გარეშე, რომელიც პასუხს აგებს შრომის ორგანიზაციასა და კონტროლზე დაწესებულებასა თუ საწარმოში. მენეჯერის ინსტიტუტის წარმოშობა დაკავშირებულია დიდი საწარმოების გაჩენასთან, როცა მოხდა წარმოების მესაკუთრისა და ხელმძღვანელის ფუნქციათა გამიჯვნა. მენეჯერების სამი რგოლი არსებობს: უფროსი, საშუალო და უმცროსი.

მენეჯმენტი - ბიზნეს-ორგანიზაციული მოქმედება, წარმოების მართვა, საქმიანობა სასურველი მიზნების შესასრულებლად. მ. მთავარი ხუთი ფუნქციაა: დაგეგმვა, ორგანიზება, ბრძანება, კოორდინირება და კონტროლი. მ. შეიძლება განვიხილოთ, როგორც წარმოებისა და მომსახურების ორგანიზაციის, მეთოდების, ტექნიკის და ტექნოლოგიის, ადამიანური ურთიერთობათა განვითარების კანონზომიერებათა შესახებ ცოდნის სისტემა.

მენზულა (ლათ.) - საველე სახაზავი მაგიდა, რომელზეც კიპრეგელია დამაგრებული (ნახ. 1). იყენებენ გეოდეზიაში ადგილის გეგმის ან რუკის შესადგენად გრაფიკული მეთოდით.

მეოთხედით შეერთება - ფიცრების სიგანეში ნაწიბურებით შეერთების სახეობა. ამისათვის თითოეული ფიცრის ერთ ნაწიბურზე ზევით ამოიღება ცალმხრივი ღარი, ხოლო მეორე ნაწიბურზე იგივე - ქვევით. ასეთ შეერთებებს ძირითადად იყენებენ გარე კედლების შეფიცვრისათვის, რათა დაიცვან კედლები ქარისა და ატმოსფერული ნალექების შეღწევისაგან.

მეორეული მსხვრევა - ქანის მსხვილი ნატეხების დაქუცმაცების ოპერაცია (პირველადი მსხვრევა გულისხმობს მონგრევას).

მეპაიე - პირი, რომელმაც შეიტანა პაი და გახდა საზოგადოების წევრი.

მერგელი (ლათ.) - თიხაკარბონატული (50...75% კარბონატული მინარევები, 25...50% თიხა) დანალექი მთის ქანი. ძირითადად გამოიყენება ცემენტის წარმოებაში

მერია (ფრანგ.) - ქალაქის თვითმართველობის ორგანო, მუნიციპალიტეტი

მერიდიანი (ლათ.) - 1. ბრუნვითი ზედაპირის თანაკვეთის წირი იმ ნახევარსიბრტყესთან, რომლის საზღვარს ბრუნვის ღერძი წარმოადგენს (ნახ. 1); 2. დედამიწის პოლუსების შემაერთებელი წრეხაზები. მ. ერთგრადუსიანი რკალის სიგრძე საშუალოდ 111,1 კმ-ს შეადგენს, საშუალო სიგრძე 40 009 კმ-ს. მ. გრადუსების ათვლა იწყება გრინვიჩის მერიდიანიდან. მაგნიტური მ. თავს იყრის დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტურ პოლუსებში. მაგნიტურ მ. გამავალ ვერტიკალურ სიბრტყეს მაგნიტური მ. სიბრტყე ეწოდება. დედამიწის ზედაპირის მოცემულ წერტილში მაგნიტური მ. სიბრტყე არ ემთხვევა გეოგრაფიული მ. სიბრტყეს; 3. გეომაგნიტური ველის ძალწირის პროექცია დედამიწის ზედაპირზე.

მერიდიანი გრინვიჩის - გრძედის ათვლის ნულოვანი მერიდიანი, რომელიც გადის გრინვიჩზე - გრინვიჩის ძველი ობსერვატორიის შენობაში. ის არამარტო გეოგრაფიულ გრძედის ათვლის ადგილს, არამედ ასევე დროითი სარტყლის ნულოვან ადგილს წარმოადგენს. შემოღებულია 1851 წელს.

მერკანტილიზმი (ფრანგ.) - XVI-XVIII საუკუნეების ევროპის სავაჭრო ბურჟუაზიის ეკონომიკური მოძღვრება და პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის კეთილდღეობა თითქოს დამოკიდებულია არა წარმოების განვითარებაზე, არამედ სხვა ქვეყნებში საქონლის გატანაზე და ამ გზით ფულის დაგროვებაზე.

მერკაპტანი - ორგანული გოგირდშემცველი ნაერთი ფუნქციური მერკაპტოჯგუფით. დამახასიათებელია არასასიამოვნო სუნი. გამოიყენება ბუნებრივი საწვავი აირისათვის სუნის მისაცემად, რათა გაადვილდეს აირსადენის დაზიანების აღმოჩენა.

მერტელი (ბერძნ.) - ქვიშისა და ჩამქრალი კირის წმინდად დაქუცმაცებული ცეცხლგამძლე ნარევი, რომელიც გამოიყენება სამრეწველო ღუმელების აგების დროს.

მერქანბოჭკოვანი ფილა ბიტუმოვანი - მერქანბოჭკოვანი ფილა ბიტუმის დანამატით.

მერქანბოჭკოვანი ფილა დაპროფილებული - მერქანბოჭკოვანი ფილა, რომლის ზედაპირს მიცემული აქვს დადგენილი პროფილის სახე.

მერქანბოჭკოვანი ფილა ზემაგარი - მაგარი მერქანბოჭკოვანი ფილა, დამატებით განმტკიცებული სპეციალური დამუშავებით.

მერქანბოჭკოვანი ფილა თხელდისპერსიული ზედაპირული შრით - მერქანბოჭკოვანი ფილა, რომლის ზედაპირი შექმნილია წვრილი ფრაქციის მერქნის ბოჭკოებისაგან, განსხვავებით ფილის დანარჩენი მასისაგან.

მერქანბოჭკოვანი ფილა მაგარი - დაწნეხილი მერქანბოჭკოვანი ფილა სიმკვრივით 400 კგ/მ3-მდე.

მერქანბოჭკოვანი ფილა ნახევრად მაგარი - წარმოების სველი მეთოდით დაწნეხილი მერქანბოჭკოვანი ფილა სიმკვრივით 400-800 კგ/მ3.

მერქანბოჭკოვანი ფილა რბილი - მერქანბოჭკოვანი ფილა სიმკვრივით 400 კგ/მ3-მდე, დამზადებული ხალიჩის შრობის მეთოდით.

მერქანბოჭკოვანი ფილა საშუალო სიმკვრივის - წარმოების მშრალი მეთოდით დაწნეხილი მერქანბოჭკოვანი ფილა სიმკვრივით 600-800 კგ/მ3.

მერქანბოჭკოვანი ფილა წყალმედეგი - მერქანბოჭკოვანი ფილა, წყლის ზემოქმედების მიმართ ამაღლებული მედეგობით.

მერქანბოჭკოვანი ფილები (ДВП) - თბო-, ბგერასაიზოლაციო და კონსტრუქციული ფურცლოვანი მასალა, რომელიც მიიღება დაქუცმაცებული მერქნის ნარჩენების, სინთეზური პოლიმერის და ტექნოლოგიური დანამატის ცხელი დაწნეხით. სიმკვრივის მიხედვით არსებობს ხუთი სახეობის: ზემაგარი, მაგარი, ნახევრადმაგარი,რბილი და საიზოლაციო (საიზოლაციო-მოსაპირკეთებელი). საექსპლუატაციო თვისებების გაუმჯობესების მიზნით მ.ფ. დამზადების პროცესში უმატებენ პარაფინს, კანიფოლს, ფენოლფორმალდეჰიდურ, კარბამიდულ და სხვა სახის ფისებს, ანტისეპტიკებს და ა.შ. მ.ფ. გამოიყენება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების შიგა კედლების მოსაპირკეთებლად, აგრეთვე ისეთი ობიექტების შიგა კედლების მოსაპირკეთებლად, რომლებსაც მოეთხოვებათ მაღალი აკუსტიკური თვისებები (თეატრი, კინოთეატრი, რადიოკვანძი, საკონფერენციო დარბაზი და სხვ.). გამოშვებული პროდუქციის ზომებია: სისქე 3...6 მმ, სიგრძე 1200...3600 მმ, სიგანე 1000...1800 მმ.

მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა ბიომედეგი - მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა, რომელსაც ამაღლებული მედეგობა აქვს ობის, სოკოების, ბაქტერიებისა და მწერების მიმართ.

მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა ერთშრიანი - მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა, რომელსაც სისქეში ერთგვაროვანი სტრუქტურა აქვს მერქნის ბოჭკოების, ნაწილაკების, მათი ორიენტაციის, სიმკვრივისა და შემკვრელის წილის მიხედვით.

მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა კარბამიდულ შემკვრელზე - მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა, რომლის შემკვრელის ძირითადი კომპონენტია კარბამიდულფორმალდეჰიდური ფისი.

მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა მრავალშრიანიანი - მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა, რომელსაც სისქეში სამი და მეტი შრე აქვს.

მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა ფენოლურ შემკვრელზე - მერქანბურბუშელოვანი (მერქანბოჭკოვანი) ფილა, რომლის შემკვრელის ძირითადი კომპონენტია ფენოლფორმალდეჰიდური ფისი.

მერქანბურბუშელოვანი ფილა არმირებული - მერქანბურბუშელოვანი ფილა, რომლის კონსტრუქციაში შედის გამაძლიერებელი ელემენტები.

მერქანბურბუშელოვანი ფილა ბრტყელი დაწნეხვის - მერქანბურბუშელოვანი ფილა, მერქნის ნაწილაკების განლაგებით ფენის გასწვრივ, დამზადებული დაწნეხით, როცა დამწნეხი ძალის მიმართულება ფენის (ფილის ზედაპირის) პერპენდიკულარულია.

მერქანბურბუშელოვანი ფილა დაარმირებული - მერქანბურბუშელოვანი ფილა, რომლის კონსტრუქციაში შედის გამაძლიერებელი ელემენტები (მავთული, ბოჭკო, სხვადასხვა ტიპის ბადეები და მისთ.).

მერქანბურბუშელოვანი ფილა ექსტრუზიული დაწნეხის - მერქანბურბუშელოვანი ფილა, რომლის მერქნის ნაწილაკები უმეტესად განლაგებულია ფენის (ფილის ზედაპირის) პერპენდიკულარულად.

მერქანბურბუშელოვანი ფილა მასიური - მერქანბურბუშელოვანი ფილა სიღრუეებისა და არხების გარეშე.

მერქანბურბუშელოვანი ფილა მრავალღრუიანი - მერქანბურბუშელოვანი ფილა სიღრუეებითა და არხებით.

მერქანბურბუშელოვანი ფილა ჩვეულებრივი ზედაპირით - მერქანბურბუშელოვანი ფილა გარე ზედაპირებით მერქნის ნაწილაკებისაგან, დამატებითი დანაწევრების გარეშე.

მერქანბურბუშელოვანი ფილა წყალმედეგი - მერქანბურბუშელოვანი ფილა, წყლის ზემოქმედების მიმართ ამაღლებული მედეგობით.

მერქანბურბუშელოვანი ფილები (ДСП) - ხელოვნური მასალა ფილის სახით, რომელიც მზადდება მერქნის ბურბუშელასა და სინთეზური ფისების ნარევის ცხელი დაწნეხით (ნახ.1, მერქანბურბუშელოვანი ფილები (ДСП)). ფისის სახეობის მიხედვით შეიძლება იყოს წყალმედეგი და დაბალი წყალმედეგობის. მ.ფ. მუშა ზედაპირი უმეტესად სუფთაა. სიმკვრივე 550...800კგ/მ3. სისქე 6...75 მმ, სიგანე 1200...1800 მმ, სიგრძე 2400...3600 მმ. მ.ფ. დიდი უპირატესობაა: იაფი ნედლეულის ბაზა, მცირე შრომატევადობა, წარმოებაში დაბალი კაპიტალდაბანდება. გამოყენების არეალია: მშენებლობა, ავეჯის წარმოება, გემთ- და ვაგონთმშენებლობა.

მერქანი - ძვირფასი სამშენებლო კონსტრუქციული მასალა. იგი ტყის პროდუქტია, რომლის მარაგი რაციონალური დამზადების პირობებში ექვემდებარება მუდმივ აღდგენას. ტყის მასივებს ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ფართობი (30%) უჭირავს და ძირითადად გავრცელებულია მესხეთისა და კავკასიონის მთების მისადგომებთან, აჭარაში, აფხაზეთში, გურიაში და ზემო იმერეთში. საქართველოს ტყეებში უმეტესად გავრცელებულია ფოთლოვანი ჯიშები (75%), ხოლო წიწვოვან ჯიშებს შედარებით მოკრძალებული (25%) რაოდენობა უჭირავს. ტყეების საშუალო წლოვანებაა 97 წელი. 1 ჰა ფართობიდან მზადდება 0,46 მ3 მასალა, რაც რუსეთის მაჩვენებელს 4-ჯერ ჩამორჩება, ხოლო ევროპული სახელმწიფოების მაჩვენებლებს - 7...8-ჯერ, რაც მკვეთრად მიუთითებს არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის მნიშვნელოვან ჩამორჩენას იმ დონესთან შედარებით, რომელსაც მიაღწიეს ტყის რესურსების მერქანწარმოებაში და მერქანგამოყენებაში ევროპულმა სახელმწიფოებმა. სამშენებლო ინდუსტრიაში ძირითადად გამოიყენება წიწვოვანი ჯიშის მ. (ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი, სოჭი და კედარი), რომელიც ხასიათდება დიდი სიმტკიცით, ხის ტანის სწორი ფორმით, რაც მასალის მოცულობის მაქსიმალური გამოსავლიანობის შესაძლებლობას იძლევა და ნაკლებად ლპობასაშიშია ფოთლოვან ჯიშებთან შედარებით, რადგანაც მის ტანში ფისების საკმაო რაოდენობაა. მ. მილოვანი (ფენოვან-ბოჭკოვანი) აღნაგობა აქვს. მის ძირითად მასას წარმოადგენს ხის ტანის მიმართულებით განლაგებული ბოჭკოები, რომლებიც წაგრძელებული სწორკუთხოვანი განივკვეთის სიღრუეებიანი უჯრედებისაგან - ტრაქეიდებისაგან შედგება. კედელი კი ორგანული ნივთიერების-ლიგნინის და ცელულოზისაგან. ხის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე (ნახ. 1) მკვეთრად ჩანს წლიური რგოლები, რომელთა რაოდენობა მკაცრად შეესაბამება ხის წლოვანებას. ხის ტანის შემადგენლობა ასეთია: ქერქი, ლაფანი, ნაქურთენი, გული, გულგულა. წიწვოვან მ. გააჩნია შვეული და ჰორიზონტალური ფისსავალი გზები და ერთრიგა და მრავალრიგა გულგულას სხივები, რომლებიც ასევე ემსახურება მერქანში ფისის გადაადგილებას.

მერქანი გაწელილი - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი,  ფოთლოვანი ჯიშის მერქნის აგებულობის ცვლილება ტანის გაჭიმულ ზონაში, რომელიც აისახება წლიური რგოლების სისქის მკვეთრ ზრდაში. შეიმჩნევა ზედაპირის შეფერილობის ცვლით. ტორსულ გადანაჭერში აქვს რკალისმაგვარი უბნები, დახერხილ მასალაში, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული წლიური რგოლები (მუხა, კოპიტი) - ვიწრო რგოლების სახით. ზრდის მერქნის სიმტკიცეს გაჭიმვაზე ბოჭკოების გასწვრივ და დარტყმით სიბლანტეს ღუნვისას, ამცირებს სიმტკიცეს კუმშვისას ბოჭკოების გასწვრივ და სტატიკური ღუნვისას, აძლიერებს შეშრობას ყველა მიმართულებით, რაც იწვევს დაბრეცას და ბზარების გაჩენას, აძნელებს დამუშავებას.

მერქანი მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული - მოდიფიცირების ახალი სახეობა, რომელშიც მოდიფიკატორად გამოიყენება კარბამიდი. ტექნოლოგია ასეთია: პირველ ეტაპზე მერქანი იჟღინთება წყალში გახსნილი კარბამიდის ხსნარით მეთოდით „ცხელი-ცივი აბაზანა“ (დიფუზური) ან ავტოკლავი (იძულებითი); შემდეგ მიმდინარეობს შრობა (თუ საჭიროა დაწნეხაც) და ბოლოს თერმოდამუშავება, რომელიც აფიქსირებს მერქნის ახალ თვისებებს. თუ გამოვიყენებთ სხვადასხვა დანამატებს მოდიფიკატორზე, შეიძლება მივიღოთ ამაღლებული სიმტკიცის, სიმაგრის, ცვეთაგამძლე მერქანი, რომელიც მედეგია ლპობისა და ცეცხლისადმი.

მერქანი მოდიფიცირებული - მერქანი, რომელიც დამუშავებულია რომელიმე ქიმიური ნივთიერებით (სინთეზური ფისი, ამიაკი და სხვ.) მექანიკური სიმტკიცის ასამაღლებლად და წყალმედეგობის მისანიჭებლად. გაჟღენთვა წარმოებს მაღალი წნევის ქვეშ. მერქანში შესაყვანი ქიმიური ნივთიერებების (მონომერები, ოლიგომერები) პოლიმერიზაცია და პოლიკონდენსაცია მიიღწევა თერმიული დამუშავებით, რენტგენის ან α, β და γ სხივების საშუალებით კატალიზატორებთან ერთად. მ. მ. ჩვეულებრივთან შედარებით ზრდის სიმტკიცეს სტატიკურ ღუნვაზე 75%-ით, ამცირებს წყალშთანთქმას 3...5-ჯერ და ზედაპირულ ცვეთას 1,5...2-ჯერ. მერქნის მოდიფიკაციის თერმული პროცესი (ნახ. 1, ხის მასალის თერმული დამუშავება) მოიცავს ტექნოლოგიას, რომლის დროს ხის მასალა ექვემდებარება ტემპერატურულ ზემოქმედებას სპეციალურ კამერაში ტემპერატურით 160...2500C, რის შემდეგაც მერქანი ღებულობს საუკეთესო ტექსტურას, ხოლო ჩვეულებრივი მერქანი სიმტკიცით ისეთივე ხდება, როგორც მუხა და წითელი კედარი. მერქნის თერმოდამუშავება პირველად დაიწყეს გერმანიაში და აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში. დამუშავება ხდებოდა 180...2200C ტემპერატურაზე წყლის ორთქლთან ერთად. მიღებული იქნა მასალა „THERMOWOOD” შესანიშნავი მახასიათებლებით. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა დღესაც გამოყენებაშია. თერმომოდიფიცირებული მერქანი პრაქტიკულად არ ექვემდებარება დაზიანებას ბიომავნებლების მიმართ, არ ეშინია ტენის, აქვს ამაღლებული ცეცხლმედეგობა და არ ლპება. ასეთი დამუშავების შემდეგ მერქანი ხდება ელიტური მოსაპირკეთებელი და საშენი მასალა, რომელიც არ ითხოვს რემონტს ან შეცვლას დიდი ხნის განმავლობაში. მერქნის ქიმიური პლასტიფიკაცია აირული ან წყალში გახსნილი ამიაკით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე გაორთქვლა. იგი კარგად იღუნება და ფორმის მიცემის შემდეგ სწრაფად თავისუფლდება შიგა ძაბვებისაგან. ამიაკით მოდიფიცირება წარმატებით გამოიყენება ფოთლოვანი ჯიშის მერქნისთვისაც. მაგ., ასეთი დამუშავებით არყის ხის და ვერხვის მერქანი თვისებებით ისეთივე ხდება, როგორც მუხა. კომერციული თვალსაზრისით უმჯობესია მოვახდინოთ დაბალხარისხოვანი და იაფი ჯიშის მერქნის (არყის ხე, ვერხვი, თხმელა, ცაცხვი) მოდიფიცირება, რითაც საბოლოო პროდუქტი იძენს ისეთ ახალ თვისებებს, რომელიც საჭიროა ექსპლუატაციისათვის.

მერქანი პოლიმერ-მოდიფიცირებული - გარეგნულად ჩამოგავს ჩვეულებრივ მერქანს. წარმოებისათვის საჭიროა მშრალი მერქანი. გაჟღენთვა მიმდინარეობს მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში მაღალშეღწევადობის პოლიმერებით, რომელთა სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე ნაკლებია. პოლიმერი შეაღწევს რა მერქანში, გადადის მკვრივ მდგომარეობაში შიგა ენერგიის ზემოქმედებით. მიიღება მყარი სტრუქტურა. მასალა ინარჩუნებს ბუნებრივი მერქნის გარეგნობას, აქვს მაღალი სიმტკიცე, მედეგია ტენისა და ტემპერატურის მიმართ, წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, გამოირჩევა კარგი თბოსაიზოლაციო და დიელექტრიკული თვისებებით. გაპრიალების შემდეგ ზედაპირს არ ჭირდება შეღებვა და გალაქვა. ექსპლუატაციაში არ იცვლის ფერს, ფორმას, გეომეტრიულ ზომებს. აქვს მაღალი სიმტკიცე, სიმაგრე, სიმკვრივე, დარტყმითი სიბლანტე; არ ეშინია ჭუჭყის, ტენის; არ იბრიცება. უძლებს ტემპერატურულ ცვალებადობას −150-დან +1500C-მდე. მ.პ.-მ. გამოყენების არეა: პარკეტი, კარ-ფანჯრები, ჩარჩოები, მოპირკეთება, ხის კონსტრუქციების ელემენტები, გარე კიბეები, მოაჯირები, ზღვისპირა ნაგებობები, სააგარაკე სახლები, ავეჯი და სხვ.

მერქანი სპეციალური - განსაკუთრებული დანიშნულებისათვის სპეციალურად შერჩეული მერქანი (მაგ., საავიაციო, რეზონანსული, სანიჩბე, საანძე და სხვ.).

მერქანფენოვანი პლასტიკი - სინთეზურ ფისში გაჟღენთილი ხის შპონის პაკეტების ცხელი დაწნეხით მიღებული ფურცლოვანი მასალა. ძირითადად გამოიყენება არყის ხის, წიფელასა და ცაცხვის შპონი. გეომეტრიული ზომები: სისქე 1...60 მმ, სიგანე 800...1200 მმ, სიგრძე 700...5600 მმ. მ.პ. შესანიშნავი მასალაა, მაგრამ მისი გამოყენება მშენებლობაში შეზღუდულია მაღალი ფასის გამო, თუმცა შეუცვლელი მასალაა ხის ელემენტების გაძლიერებისა და რემონტის დროს, აგრეთვე ხის კონსტრუქციების ელემენტების შეერთების საშუალებათა დასამზადებლად - წირწკიმალების, სოგმანების, ზედების, სადებების და სხვათა სახით.

მერქნის აალება - შეიძლება მოხდეს როგორც ცეცხლთან შეხებით, ისე ცხელი გაზების ზემოქმედებით. დასაწყისში, ტემპერატურის აწევით მერქანში სწრაფად ორთქლდება ტენი და ვიდრე მისგან მთლიანად არ განთავისუფლდება მერქანი, მისი ტემპერატურა არ აღემატება 1000C . ტემპერატურის აწევით 150...2100C -მდე მერქანი შრება, იცვლის ფერს (ყვითელდება) და ჩნდება ქიმიური დესტრუქციის (პიროლიზის) პირველი ნიშანი - დანახშირება. აალება იწყება 2100C ტემპერატურის ზევით და მასალა გადადის წვის ეგზოთერმულ სტადიაში (სითბოს გამოყოფა). 2600C ტემპერატურაზე კი უკვე იწყება გამოყოფილი ნივთიერებების ხანგრძლივი და მყარი წვა და შესაბამისად ტემპერატურის აწევა, ხოლო 4500C -ს ზევით ალით წვა გადადის ნახშირის უალო წვაში და ტემპერატურა აღწევს 9000C -ს.

მერქნის აბსოლუტური ტენიანობა - მერქანში არსებული ტენის მასის შეფარდება აბსოლუტურად მშრალი მერქნის მასასთან, გამოხატული პროცენტებში. ტენის პროცენტული შემცველობის მიხედვით მრგვალი და დახერხილი ხის მასალა, ჯიშისაგან დამოუკიდებლად, იყოფა ხუთ ძირითად ჯგუფად: 1. სველი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო წყალში, W > 100% ; 2. ახლად მოჭრილი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ცოცხალი ხის ტენი, W = 50-100%; 3. ნედლი, W = 25%; 4. ჰაერზე გამშრალი , W = 20%; 5. ოთახში გამშრალი, W < 15%. გარდა ამ ჯგუფებისა, შეიძლება იყოს აგრეთვე აბსოლუტურად მშრალი (W = 0) მერქანი, რომლის გამოშრობა ხდება 103±20C ტემპერატურაზე დაჩქარებული მეთოდით.

მერქნის ბიოლოგიური დაზიანებები - მანკების სახეობები, როგორიცაა ზედაპირული სიღრმითი და გამჭოლი ჭიანაჭამები (ნახ.1, წითელმკერდა ჭიანჭველას მიერ დაზიანებული მერქანი), დაზიანებები პარაზიტი მცენარეებისაგან, მწერებისაგან, ფრინველებისაგან და სხვ. ბიოლოგიური დაზიანებების გამომწვევია: ხოჭოები, მოლუსკები, თერმიტები, ჭიანჭველები, პეპლები, კოდალები, ტარაკანები, კიბორჩხალები და ა. შ.

მერქნის ბუნებრივი ტენიანობა - მერქანში ბუნებრივად არსებული ტენიანობა.

მერქნის გადამუშავება - პროცესი, როდესაც იცვლება მერქნის ფორმა, ზომები, ქიმიური შემადგენლობა ამა თუ იმ დანიშნულების პროდუქციის მისაღებად.

მერქნის გამოწვა - მერქნის ზედაპირის ნაწილი, გამუქებული მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, რომელსაც იწვევს საჭრელი ინსტრუმენტის ხახუნი მერქანთან.

მერქნის გაჟღენთა - მერქანში დამცავი საშუალებების, სითხეების ან აირების შეყვანა, რომლებიც უნარჩუნებენ ან აუმჯობესებენ მის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს. მ. გ. სახეები შემდეგია: ადგილობრივი, ავტოკლავური, დიფუზიური, დასველებით, დაჩხვლეტით, ინექციური, ვაკუუმური, კაპილარული, კომბინირებული, პანელური, პულსირებული, ციკლური, ცივ და ცხელ აბაზანებში, წნევის ქვეშ და სხვ. გაჟღენთა ამაღლებს მერქნის ცეცხლმედეგობას, ხანგამძლეობას, მედეგობას ბიომავნებლების მიმართ, მაგრამ აუარესებს ზედაპირის ტექსტურას, წებვადობას, რის გამოც ასეთი მერქნის გამოყენება დაწებებულ კონსტრუქციებში რეკომენდებული არ არის.

მერქნის გაყინვა - მერქნის (ძირითადად მრგვალი საფანერე მორების) შენახვის ერთ-ერთი მეთოდი, როდესაც თაკარა (შტაბელი) მთლიანად ისმება თოვლისა და ყინულის მასაში.

მერქნის გულის სოკოვანი ლაქები - მ ე რ ქ ნ ი ს ს ო კ ო ვ ა ნ ი დ ა ა ვ ა დ ე ბ ა,  ჩნდება მზარდ ხეში, უცვლის ფერს, მაგრამ არ ამცირებს მერქნის სიმაგრეს და არ აზიანებს სტრუქტურას.

მერქნის დაბრეცა - სორტიმენტის ფორმის ცვლილება ჭრის, შრობის და შენახვის ოპერაციების ჩატარებისას. არსებობს მ.დ. შემდეგი სახეები: ფენოვანი გრძივი დაბრეცა - ფიცარი იღუნება ფენის სიბრტყეში. განასხვავებენ მარტივს და რთულს. მარტივია, როცა დაბრეცა ხდება ფენის სიბრტყეში მარტო ერთი გაღუნვით, რთული კი ორი ან რამდენიმე გაღუნვით; გრძივი გაღუნვა წიბოზე - ფიცარი იღუნება წიბოს მხარეზე; განივი დაბრეცა - მასალის განივკვეთის ფორმის ცვლილება, მაგ., როდესაც სორტიმენტის განივკვეთი ღებულობს ღარის ან რომბის ფორმას; ფრთიანობა - სპირალური დაბრეცა სიგრძეზე.

მერქნის დამუშავება - მერქნის ამა თუ იმ წესით დამუშავება (მექანიკური, ქიმიური, თბური), მისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის მისაღებად (მაგ., პარკეტის, ტარის, შპალის და სხვ.).

მერქნის დამუშავება პირველადი - მრგვალი ხე-ტყის დახერხვის პროცესი სხვადასხვა სახის სორტიმენტის მასალის მისაღებად (ფიცარი, კოტრი, ნაგვერდული, შეშა და სხვ.).

მერქნის დამუშავება საბოლოო - ბოლო ტექნოლოგიური ოპერაციები, რომლის შემდეგაც მზა პროდუქცია მიიღება.

მერქნის დამუშავება საწყისი - მერქნის დამუშავების ოპერაციები, რომლებიც მეტწილად ტყეკაფებში და ზედა საწყობებში სრულდება (ტოტებისა და როკების მოცილება, გაქერქვა, განივად დაჭრა და სხვ.).

მერქნის დამუშავება ქიმიური - დამუშავება ქიმიური პროცესების გამოყენებით, რის შემდეგაც მიიღება მთელი რიგი ნივთიერებები, როგორიცაა: ცელულოზა, ეთილის სპირტი, მეთილის სპირტი, მუყაო, ქაღალდი, მთრიმლავი ნივთიერებები და სხვ.

მერქნის დამუშავება შუალედური - მერქნის დამუშავების ოპერაციები, რომელთა ჩატარება აუცილებელია მისგან ამა თუ იმ ნაკეთობის (პროდუქციის) დამზადების დაწყებამდე (სტერილიზაცია, მოდიფიცირება, ანტისეპტირება და სხვ.).

მერქნის დანახშირება - შეიძლება დაიწყოს ცეცხლთან შეხებით ან ცხელი გაზების ზემოქმედებით. ტემპერატურის აწევით 150...2100C-მდე მერქანი შრება, იცვლის ფერს (ყვითლდება), ჩნდება ქიმიური დესტრუქციის (პიროლიზის) პირველი ნიშანი - დანახშირება. 4500C ტემპერატურის ზევით ალით წვა გადადის ნახშირის უშუალო წვაში. საბოლოო ჯამში მერქნის ადგილზე წარმოიქმნება ნახშირი, რომელიც აგრძელებს წვას, მაგრამ თვით ნახშირის ფენა წარმოადგენს კარგ თბოიზოლატორს და ამუხრუჭებს განივკვეთის შიგა ფენებისაკენ წვის პროცესს, აგრეთვე ნამწვი აირების გარეთ გამოსვლას და ჰაერის შეხებას მერქნის შიგა ფენებთან. მ.დ. სიჩქარის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს ხის კონსტრუქციების ცეცხლმედეგობაზე გაანგარიშებისათვის. დანახშირების სიჩქარეზე გავლენას ახდენს: სითბური ზემოქმედების ინტენსივობა, მასალის სიმკვრივე, ტენიანობა, ბოჭკოების მიმართულება, ცეცხლდაცვის ხარისხი, გარსშემომვლელი ჰაერის მოძრაობა, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ელემენტის კონსტრუქციული გაფორმება და სხვ. ბოლო მონაცემების მიხედვით მ.დ. სიჩქარე შემდეგია: ფიჭვი - 0,71 მმ/წთ, ლარიქსი - 0,6 მმ/წთ, სოჭი და ნაძვი - 0,8 მმ/წთ, წითელი კედარი - 0,78 მმ/წთ, რბილი წიწვოვანი ჯიშები - 0,67 მმ/წთ, მაგარი ფოთლოვანი ჯიშები (მუხა, აკაცია, კოპიტი) – 0,5 მმ/წთ; დაწებებული ფიჭვი - 0,65...0,69 მმ/წთ, დაწებებული ლარიქსი - 0,53...0,54 მმ/წთ.

მერქნის დაცვა კონსტრუქციული - ხის კონსტრუქციების ექსპლუატაციის ისეთი რეჟიმი, როდესაც ტენიანობა არ აღემატება ლპობისათვის ხელშემწყობ დონეს. იგი მიიღწევა შედეგი ღონისძიებების გატარებით: სახურავის საკმაოდ დიდი შვერის და ფასადებს დაშორებული ჩაშენებული დეტალების მოწყობა, სახურავიდან წყლის სწრაფი გადაყვანა, კონსტრუქციებისა და შეფიცვრისათვის რაციონალური პროფილების შერჩევა, შენობაზე საფარველის, საცვრეს, წვეთოვანი არხების და სხვათა სწორი განლაგება, წყლის შემკრები კუთხეების, ღარების, პირაპირების შესაძლო მინიმალური რაოდენობა, დასველებული ელემენტების სწრაფი შრობის უზრუნველყოფა და სხვ. გარდა აღნიშნულისა, მიიღება სიფრთხილის შემდეგი ზომები: შეერთებებში გამოყენებული ლითონის დეტალები უნდა იყოს უჟანგავი ან მოთუთიებული; ჰორიზონტალური და დახრილი ხის ზედაპირები იმოსება ბურულით; ნაკერები ხის ელემენტებს შორის ისე ეწყობა, რომ გამოცვლა და რემონტი შესაძლებელი იყოს სახიფათო შედეგების გარეშე; ნესტიან და სველ სათავსებში (სააბაზანე, საშხაპე, ცხენსადგომი, საძროხე, საღორე და სხვ.) აუცილებლად ეწყობა გასანიავებელი საშუალებები და სხვ

მერქნის დაცვა პროფილაქტიკური - მერქნის ფიზიკური დაცვა წინასწარი, პროფილაქტიკური მიზნით, რათა არ მოხდეს მომავალში მისი დაზიანება.

მერქნის დაცვა ფიზიკური - მერქნის ფიზიკური მეთოდებით დაცვა, რომლების თავიდან გვაცილებენ, ართულებენ ან მთლიანად აჩერებენ მერქნის დაზიანების პროცესს.

მერქნის დაცვა ქიმიური - მერქნის დაცვის ქიმიური მეთოდები, რომლებიც  ტემპერატურული ზემოქმედების, ტენიანობის, ბაქტერიების, სოკოვანი დაავადებების და სხვა მავნე ზემოქმედებისაგან იცავენ მერქანს. დაცვის ეს მეთოდი თავიდან გვაცილებს, ართულებს ან აჩერებს მერქნის დაშლას. ქიმიური დაცვა აუცილებელია იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია კონსტრუქციის დატენიანება (ხიდები, ანძები, კოშკები, ხიმინჯები, ესტაკადები, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების საყრდენები და სხვ.). ამ კონსტრუქციების ლპობისაგან ქიმიური დაცვა ხდება მათი გაჟღენთვით ან დაფარვით სოკოების მომწამლავი ნივთიერებებით - ანტისეპტიკებით, რომლებიც ძირითადად ორი სახისაა: ზეთოვანი (პეტროლატუმი, პარაფინი, ბიტუმი, გოგირდი, მცენარეული ზეთები, სილიციუმის ორგანული პოლიმერები, პოლიეთილენგლიკოლი) და წყალში ხსნადი (ფტორი, დინიტროფენოლი, ნატრიუმის ქლორიდი, პენტაქლორფენოლი, თუთიის ქრომქლორიდი). წყალში ხსნად ანტისეპტიკებს არა აქვთ სუნი და ფერი, ისინი ადამიანისათვის უვნებელია, ამიტომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია დახურულ შენობებში. ზეთოვანი ანტისეპტიკები კი ძლიერი მომწამლავი ნივთიერებებია სოკოებისათვის, აქვთ არასასიამოვნო სუნი და მავნეა ადამიანებისათვის, ამიტომ ისინი იხმარება ისეთი კონსტრუქციების დასაცავად, რომლებსაც ექსპლუატაცია უხდებათ ღია ცის ქვეშ, წყალში ან მიწაში. ანტისეპტირებას ექვემდებარება ძირითადად ფიცრული კონსტრუქციები და კედლისა და სახურავის სამფენოვანი პანელების წებო-ფანერის კარკასები, რომლებსაც მუშაობა უხდებათ ტენიან პირობებში. ღრმა გაჟღენთვისათვის გამოიყენება ავტოკლავური მეთოდი, რომელიც აუცილებლად მიმდინარეობს საქარხნო პირობებში მაღალი წნევის ქვეშ. ამჟამად, ყველაზე გავრცელებულ ანტისეპტიკებს წარმოადგენს; TEKNOS (ფინეთი); Lignofix , Бохемит(ჩეხეთი); ББ-32, ХМБ-444, ХМ-11, ХМФ-БФ, ХМФ-221, ФБС-211 (რუსეთი); МБ-1 (ლატვია); აგრეთვე მსოფლიოში გავრცელებული სხვა მარკები, როგორიცაა: К-33, АСФОР-Экстра, СГК-1, КСД-Ф, Щгракс-В-СК, ПП, МС, Нортекс, БС-13, Дефендер W, Novaflar FR1, Щит-1, 1030 WOOD BLISS, 1035 NANMOS, BIOFA 8750, Lifeline Ultra-2, Foreks-2, Biocent, NEOMID Base Eco, ECOSEPTPRO-TRANC, EKOSEPT 440, BIOFA, ECOSEPT 400, FEIDAL, DERUFA PNOFI, Protec 100, Protec 245, PINOTEX, Древотекс, Сенеж და სხვ.

მერქნის დაცვა ცეცხლისაგან - მერქნის დაცვის მეთოდი, დასაცავ ობიექტზე ცეცხლის გაჩენის შესაძლებლობის შემცირების მიზნით. მერქნისა და მერქნის მასალების ცეცხლდაცვისათვის იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც კომპლექსურად ეწინააღმდეგებიან წვას: აირად ფაზაში ამცირებენ მერქნის დაშლის პროდუქტების დაჟანგვას, ხოლო მყარ ფაზაში ცვლიან ცელულოზამასალების დაშლას. მერქნის დასაცავად ცეცხლისაგან ძირითადად გამოიყენება ანტიპირენი - ნივთიერება, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მერქნის აალებას და ზღუდავს ზედაპირზე ცეცხლის (ალის) გავრცელებას. არსებობს ანტიპირენის ორი ძირითადი სახეობა: მარილიანი და უმარილო. ისტორიულად ყველაზე „ძველ“ მეთოდს მიეკუთვნება მერქნის გაჟღენთა მარილებით, რომელიც წარმოადგენს მინერალური მჟავის მარილების კონცენტრირებულ გამხსნელებს (ქვანახშირის, ფოსფორის, ბორის). მათი უპირატესობაა შემადგენელი ნივთიერებების ხელმისაწვდომობა და დაბალი ფასი, უარყოფითი - მოხმარების მაღალი დოზა და შედარებით მცირე „სიცოცხლისუნარიანობა“. ეფექტურობის მხრივ უფრო მისაღებად ითვლება უბრალო ანტიპირენები. ორივე სახეობისათვის მიმართავენ ზედაპირულ და სიღრმით გაჟღენთას. ცეცხლის ზემოქმედებებისაგან ისინი ექვემდებარებიან დაშლას და იქცევიან უწვად მასად, რომელიც ქაფდება და ფარავს კონსტრუქციის ზედაპირს. ამით ის სითბოს აშორებს ზედაპირს, ამავე დროს ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას მივიდეს აალებულ კონსტრუქციამდე და საბოლოოდ ხელს უშლის წვის პროცესს. აირებიდან წვას ყველაზე მეტად უშლის ხელს ამიაკი. ფოსფატები - ფუჟვის საუკეთესო ინგიბიტორია. ფოსფორ-აზოტის სისტემას ახასიათებს სინერგიზმი - კომპონენტების ურთიერთგაძლიერება ცეცხლდაცვის პროცესში. ქიმიური თვალსაზრისით ანტიპირენები შეიძლება იყოს ინერტული და აქტიური. ინერტული იცავს მერქანს ცეცხლისაგან ისე, რომ მერქანთან არ შედის ქიმიურ რეაქციაში. აქტიური კი - პირიქით.

მერქნის თერმოდამუშავება - მოდიფიკაციის თერმული ტექნოლოგია, რომლის დროს ხის მასალა ექვემდებარება ტემპერატურულ ზემოქმედებას სპეციალურ კამერაში ტემპერატურით 160...2500C, რის შემდეგაც მერქანი ღებულობს საუკეთესო ტექსტურას, ხოლო ჩვეულებრივი მერქანი სიმტკიცით ისეთივე ხდება, როგორც მუხა და წითელი კედარი. თერმომოდიფიცირებული მერქანი პრაქტიკულად არ ექვემდებარება დაზიანებას ბიომავნებლების მიმართ, არ ეშინია ტენის, აქვს ამაღლებული ცეცხლმედეგობა და არ ლპება. ასეთი დამუშავების შემდეგ მერქანი ხდება ელიტური მოსაპირკეთებელი და საშენი მასალა, რომელიც არ ითხოვს რემონტს ან შეცვლას დიდი ხნის განმავლობაში.

მერქნის კრიტიკული ტენიანობა - მერქნის უჯრედის კედლების გაჯერების ზღვარი ანუ ტენის ის ზღვრული რაოდენობა, რომელსაც იგი შეიწოვს წყალში დასველებისას და რომლის შემდეგ მისი ზრდა აღარ ხდება. ხის უმრავლესი ჯიშისათვის კრიტიკული ტენიანობა, ნორმალური ტემპერატურის (18-200C) პირობებში, 30%-ია.

მერქნის მანკი - ხის ტანის და ცალკეული ნაწილების განსაკუთრებული ნაკლი, რომელიც ზღუდავს მის გამოყენებას. ბუნებრივი მანკი წარმოიშობა ხის ზრდის პროცესში არასასურველი კლიმატური პირობების და ადგილმდებარეობის, შემთხვევითი მექანიკური დაზიანებების, ბუნებრივი დაბერების, მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედებების, მავნე მწერების, ფრინველების და მრღნელების ზემოქმედების შედეგად. ყველაზე ცუდ მანკად ითვლება მპალა, რადგან დამპალი მერქანი აბსოლუტურად უვარგისია გამოსაყენებლად. მერქნის ძირითადი მანკებია: როკები; ბზარები; ხის ტანის ფორმის მანკები (წოწება, გრძივი წიბოვნობა, ოვალურობა, ორმაგი წვერიანობა, კორძიანობა, კვანძოვნობა, სიმრუდე); ხის ტანის აგებულობის მანკები (ბუნებრივი ირიბფენიანობა, ხელოვნური ირიბფენიანობა, გვერდელა, გაწელილი მერქანი, ფართოშრიანობა, ჯავარიანობა, ხვეულა, ჭვრიტე (თვალი), ჯიბე, გულგულა, გერი, მშრალგვერდიანობა, შენაზარდი, კიბო, ფისიანობა, ცრუ გული, ლაქიანობა, შიგა ნაქურთენი, დიდნაქურთენიანობა, წყალფენიანობა); ქიმიური  შეფერილობები (ლაქიანობა, წყალფენიანობა, ქიმიური შეფერილობა, სიყვითლე, სილურჯე);  სოკოვანი დაავადებები (ტყის, საწყობის, სახლის); ბიოლოგიური დაზიანებები (ზედაპირული სიღრმითი და გამჭოლი ჭიანაჭამები, დაზიანებები პარაზიტი მცენარეებისაგან, მწერებისაგან, ფრინველებისაგან); მექანიკური დაზიანებები და დამუშავების მანკები (ტყის ჭრა, ხეების გასუფთავება ტოტებისაგან, დატვირთვა-ჩამოტვირთვა, შრობა, დახერხვა, დაკალიბრება, გაჟღენთვა, მონტაჟი); დაბრეცა.

მერქნის მექანიკური დაზიანებების და დამუშავების მანკები - მოიცავს მექანიკური დაზიანებების ფართო ჯგუფს, რომელსაც ადგილი აქვს ადამიანის ჩარევის შედეგად. ასეთებია: ტყის ჭრა, ხეების გასუფთავება ტოტებისაგან, დატვირთვა-ჩამოტვირთვა, შრობა, დახერხვა, დაკალიბრება, გაჟღენთვა, მონტაჟი და სხვ.

მერქნის მშრალგვერდიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს მ ა ნკ ი - ხის ტანის ზრდის პროცესში რაღაც ნაწილის კვდომა, რომელსაც იწვევს მექანიკური დაზიანებები (ნახ.1). როგორც წესი, არა აქვს ქერქი, ჩაღრმავებულია ტანში და შემოსაზღვრულია ზრდადი მერქნისა და ქერქის ზვინულით.

მერქნის პარაფინირება - მერქნის გაჟღენთვა პარაფინში ან პარაფინისა და ცერეზინის ნარევში აირ- და ტენშეუღწევლობის შესამცირებლად, აგრეთვე დიელექტრიკული თვისებების გასაუმჯობესებლად. გამოიყენება ავეჯის, ფანქრებისა და ასანთის ღერების წარმოებაში და სხვ.

მერქნის სიდამპლე - მერქნის მანკი - ხის მრღვევი სოკოების ცხოველმოქმედების შედეგი. სოკოებით (ტყის, საწყობის, სახლის) დაზიანებული მერქანი ფერს იცვლის და ხდება მურა ან ყავისფერი, მცირდება მისი მექანიკური სიმტკიცე. პროცესს თან ახლავს მერქნის სკდომა და ბოლოს, მისი დაშლა. დამპალი მერქანი სამშენებლო საქმეში არ გამოიყენება.

მერქნის სიმტკიცე - მერქანს საკმაოდ მაღალი სიმტკიცე ახასიათებს ძალის მოქმედებისას ბოჭკოების გასწვრივ. ამ დროს ბოჭკოების უჯრედის გარსი მუშაობს ყველაზე ხელსაყრელ პირობებში და მერქანს გააჩნია მაქსიმალური სიმტკიცე. მაგალითად, სუფთა ფიჭვის მერქნის სიმტკიცის ზღვრის საშუალო მნიშვნელობებია: გაჭიმვაზე - 100 მპა, ღუნვაზე - 75 მპა, კუმშვაზე - 40 მპა, მაგრამ რეალურ კონსტრუქციებში არ ხერხდება ასეთი მაღალი სიმტკიცის სრული გამოყენება, რადგანაც ხის კონსტრუქციების მზიდუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეალური მერქნის ბუნებრივი მანკები - ბზარები, როკები, ირიბბოჭკოიანობა, ორგულიანობა, აგრეთვე კონსტრუქციაზე დატვირთვების მოქმედების მიმართულება და ხანგრძლივობა ბოჭკოების განივი მიმართულებით ძალის მოქმედების დროს უჯრედის გარსი ადვილად იჭყლიტება ან შრეებად იშლება, ამიტომ კუმშვაზე, გაჭიმვაზე, ახლეჩაზე მერქნის სიმტკიცე დაბალია და არ აღემატება 6,5 მპა-ს. გარდა აღნიშნულისა მერქნის სიმტკიცე დამოკიდებულია მის მილოვან-ბოჭკოვან, ანიზოტროპიულ და არაერთგვაროვან აღნაგობაზე, აგრეთვე ხის ჯიშზე, ნაგვიანები მერქნის პროცენტულ შემცველობაზე, ტენიანობაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე.

მერქნის სტერილიზაცია - მაღალტემპერატურული შრობის საშუალება ჰაერზე ან კამერაში. მერქნის ბიომავნებლები (მწერები, მოლუსკები, ხოჭოები, სოკოები, ობი და სხვ.) პრაქტიკულად ისპობიან მერქნის გახურებისას 800C ტემპერატურაზე, რის შემდეგ მიმარტავენ მასალის ქიმიურ დამუშავებას ზეთოვანი საღებავებით. თუ კონსტრუქციები ექსპლუატაციაშია ჰაერზე (ხიდები, ანძები, კოშკები, ესტაკადები), მაშინ მიმართავენ სტერილიზაციას - შებოლვას საწამლავი აირებით ან ხვრელებში საწამლავი ნივთიერებების შესხურებით.

მერქნის ტენთბოდამუშავება - მერქნის დამუშავების პროცესი მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შრობის დამთავრების მომენტში ან ძაბვების ნიშნის ცვლილების დროს მერქანზე მოქმედებენ მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ჰაერით, რომლის საშუალებითაც ზედაპირული ფენები (რომლებშიც მოქმედებენ მკუმშავი ძაბვები) ტენიანდება და წარმოიშვება შეკლების ნარჩენი დეფორმაციები, რომლებიც კომპენსაციას უკეთებენ შრობის ადრეულ ეტაპზე გაჩენილ წაგრძელების დეფორმაციებს და ამგვარად ქრება ძაბვების წარმოშვების მიზეზი. რაც უფრო სქელია მასალა, მით უფრო მეტია სისქეში ტენიანობის ცვლილება და შესაბამისად, შიდა ძაბვების მოსახსნელად საჭირო ხდება ტენთბოდამუშავების მრავალჯერადი ჩატარება. ტენთბოდამუშავება ჩვეულებრივ საშრობ კამერებში არ წარმოებს. მისთვის შექმნილია სპეციალური ჰერმეტული კამერა აღჭურვილი კალორიფერებით და წყლის გასაფრქვევი მილებით. ჩვეულებრივი ფიცრების ( δ = 22...31 მმ) ტენთბოდამუშავების ხანგრძლივობა გრძელდება 2...6 სთ. შრობის დამთავრების შემდეგ მასალა კამერაში რჩება 1...2 დღე, რათა გაცივდეს 30...400C ტემპერატურამდე და შემდეგ ხდება მისი გადმოტვირთვა და გაგზავნა დანიშნულებისამებრ.

მერქნის ფისიანობა - წიწვოვანი ჯიშის ხის ტანის უბანი, რომელიც უხვად არის გაჟღენთილი ფისისაგან. აქვს მუქი ფერი. პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს მერქნის სიმტკიცეზე, მაგრამ ამცირებს ჰიგროსკოპულობას, აძნელებს შეწებებას და ზედაპირის დამუშავებას.

მერქნის ქიმიური შეფერილობა - ახლადმოჭრილი მერქნის უბნების არანორმალური შეფერილობა. იგი ჩნდება ქიმიური და მთრიმლავი პროცესების შედეგად, უმეტესად მთრიმლავინივთიერებების დაჟანგვით. განთავსებულია ძირითადად ხის ტანის გარე ფენებში (1...5 მმ). მერქნის ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე გავლენას არ ახდენს, ცვლის მხოლოდ დახერხილი მასალის ზედაპირის ტექსტურას.

მერქნის შეკლება - მერქნის ზომებისა და მოცულობის შემცირების პროცესი გაშრობის დროს. დამოკიდებულია მერქნის ჯიშზე, ტენიანობაზე, კუთრ წონასა და ბოჭკოების მიმართულებაზე. მ.შ. სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაა. ყველაზე მეტია ბოჭკოების განივად ტანგენციალურ კვეთში, შედარებით ნაკლებია რადიალურ კვეთში და თითქმის შეუმჩნევია ბოჭკოების მიმართულებით.

მერქნის შენაზარდი - შეზრდილი ჭრილობა, რომელსაც თან ახლავს გრძივი ღრეჩო (ნაპრალი, ჭვრიტე, ხვრელი) შევსებული ქერქისა და მკვდარი ქსოვილების ნარჩენებით. არსებობს ღია, დახურული, შეზრდილი, ცალმხრივი და გამჭოლი ღია და მუქი ფერის მ.შ.

მერქნის წყალფენიანობა - მანკის ისეთი სახეობა, როცა ხის გულის უბნები, ტენის გავლენით, არანორმალურად შავი ფერისაა. იგი უმეტესად გვხვდება ხის ძირის ნაწილში, განივკვეთში ლაქების სახე აქვს, ხოლო სორტიმენტის გრძივ ჭრილში - ზოლების. გამოშრობის შემდეგ მუქი შეფერილობა ქრება და ფერმკრთალდება, მაგრამ ზედაპირზე წარმოიშობა წვრილი ბზარები. ახასიათებს ყველა სახის მერქანს.

მერქნის ხანგრძლივი წინაღობა - მერქნის სიმტკიცეზე დიდ გავლენას ახდენს დატვირთვების მოდების სიჩქარე და ხანგრძლივობა. თუ ელემენტში ძაბვა არ აღემატება გარკვეულ ზღვარს, მაშინ დეფორმაციებს აქვს მილევადი ხასიათი, ხოლო თუ ძაბვა აჭარბებს ამ ზღვარს, მაშინ დეფორმაციები დროში იზრდება და ელემენტი ირღვევა. სტანდარტული ნიმუშების გამოცდით დადგენილია, რომ რაც მეტია დატვირთვა (ძაბვა), მით უფრო სწრაფად ირღვევა ნიმუში. ასევე ექსპერიმენტებით დადგენილ იქნა, რომ მერქნის წინაღობა დატვირთვის ხანგრძლივობასთან ერთად მცირდება და მიისწრაფის გარკვეული მუდმივი სიდიდისაკენ, რომელსაც მერქნის ხანგრძლივი წინაღობის ზღვარი ეწოდება. ამის შემდეგ, რაც არ უნდა ხანგრძლივად მოქმედებდეს დატვირთვა, ნიმუში არ ირღვევა. მიღებულია, რომ მერქნისათვის ხანგრძლივი წინაღობის კოეფიციენტი kხგ = σხგ.ს.ზღ. = 0,66, სადაც σხგ - ხანგრძლივი წინაღობა; σს.ზღ. - სიმტკიცის ზღვარი (დროებითი წინაღობა).

მერქნის ხარისხი (კლასი) - დამუშავების სიზუსტის, სისუფთავის და მანკების რაოდენობის მიხედვით დადგენილია ხის მასალის ხარისხები - I, II, III და IV. აქედან მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება II და III ხარისხის მასალა. I ხარისხის მასალას იყენებენ მანქანათმშენებლობაში, გემთმშენებლობაში, ვაგონთმშენებლობაში და სხვ., ხოლო IV ხარისხისას - ხარაჩოების, ქარგილების, ყალიბების, ხის ტარის დასამზადებლად.

მერქნისათვის ქერქის მოშორება - ერთ-ერთი ძირითადი ოპერაცია მერქნის მოსამზადებლად ქიმიური და მექანიკური გადამუშავებისათვის, რომელიც მდგომარეობს ხის ტანიდან ქერქის მოცილებაში, ქერქის მოსაცილებელი დაზგებით ან ხელის ინსტრუმენტებით.

მერჩანდაიზინგი - ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის განხორციელებაც ზრდის დისტრიბუტორებისა და გამყიდველების ინტერესს, რათა მათ თავის მხრივ, პროდუქტის პრომოუშენი და სასურველი პროდუქტისადმი მომხმარებლის დაინტერესება შეძლონ. მ. მეშვეობით ხორციელდება თითოეული ბრენდის ან ნაწარმის ადგილმდებარეობის განსაზღვრა სავაჭრო ადგილებში. პროდუქტის, მისი დიზაინის, შეფუთვის, ფასის დარეგულირების მეშვეობით ხდება მომხმარებლის მაქსიმალური დაინტერესება. არსებობს მ. კომპლექსური პროგრამები, როგორიცაა: გაყიდვის ადგილის გაფორმება, სავაჭრო მოწყობილობების მონტაჟი, შენობის მიმზიდველი ინტერიერი და ექსტერიერი და სხვა აუცილებელი ტექნიკური უზრუნველყოფა. მერჩანდაიზინგული მოსაზრებებით განისაზღვრება თუ რომელი პროდუქტი ვის, როდის, რა რაოდენობით და ფასით უნდა მიეწოდონ.

მერწყერი ნაკადური - ნაკადის ტიპის მეწყერი, რომლის დროსაც მეწყერის ტანში გრუნტი გადადის ფარდობითად მყარიდან თითქმის გათხევადებულ მდგომარეობაში და შემდეგ იწყებს დენას ფერდობზე. მისი გამომწვევია ფხვიერი სტრუქტურიანი გაჯერებული ქვიშის ან წვიმით დასველებული ლიოსის გათხევადება მიწისძვრის დროს. ამ დროს გრუნტის მოცულობა მცირდება, იცვლება გრუნტის ნაწილაკებს შორის დაწნევა და ნეიტრალური დაწნევა გარე დატვირთვის მიხედვით. ამას თან ერთვის გრუნტის დაჯდომა და ბზარების გაჩენა. გრუნტის მასივის შიგნით იზრდება ძვრის ძაბვები და მცირდება ძვრისადმი სიმტკიცე, რაც იწვევს მეწყერული პროცესების განვითარებას.

მესაკუთრე - ნებისმიერი პირი, წარმომადგენელი, ფირმა ან კორპორაცია, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ერთსა და იმავე ნივთს შეიძლება ჰყავდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მესაკუთრე. ასეთ მესაკუთრეებს ეწოდებათ თანამესაკუთრეები, ხოლო საკუთრებას - თანასაკუთრება.

მესერი - კედელი, შედგენილი მიწაში მჭიდროდ ჩარჭობილი ბოძების ერთობლიობით სიმაღლით რამდენიმე მეტრი.

მეტა... (ბერძ.) - რთული სიტყვის ნაწილი, ნიშნავს შუალედურობას, თანმიმდევრობას, მდგომარეობის შეცვლას, სახეცვლილებას (მაგ., მეტაგალაქტიკა, მეტაცენტრი).

მეტალი - ქიმიური ელემენტი, რომლის ატომის გარე ელეტრონულ შრეზე ერთი ან ორი ელექტრონია მოთავსებული. რაც უფრო ადვილად გასცემს ატომი ელექტრონს, მით უფრო ძლიერია ელემენტის მეტალური ბუნება. მეტალებს ეძახიან ამ ელემენტების შესაბამის მარტივ ნივთიერებებსაც. მეტალები მყარი ნივთიერებებია (გამონაკლისია ვერცხლისწყალი). მათ ახასიათებთ სითბო და ელექტროგამტარობა, ჭედადობა და გლინვადობა. მეტალებია: Li, Na, K, Ca, Cu, Al, Fe და ა.შ.

მეტალიზაცია (მოლითონება) - 1. მ. გ ა ფ რ ქ ვ ე ვ ი თ - სხვადასხვა მასალის ნაკეთობის ზედაპირის გამდნარი ლითონის თხელი ფენით დაფარვა გაფრქვევით, რისთვისაც გამოიყენება შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე სპეციალური აპარატები. ტარდება დეკორატიული მიზნით ნაკეთობის ზედაპირზე არსებული მანკების დასაფარავად, აგრეთვე ცვეთა- და კოროზიამედეგობის ასამაღლებლად; 2. მ. დ ი ფ უ ზ უ რ ი - ლითონის ნაკეთობების (ძირითადად ფოლადის) ზედაპირული ფენების გაჯერება სხვადასხვა ლითონური ელემენტებით (ალუმინი, ქრომი, თუთია, ბერილიუმი, ბორი, სილიციუმი), რომელიც ხორციელდება დიფუზიის გზით მაღალ ტემპერატურაზე. მ. ძირითადი მიზანია ნაკეთობის მხურვალგამძლეობის, კოროზიამედეგობის, მჟავაგამძლეობის, სიმაგრის, ცვეთამედეგობის ამაღლება.

მეტალოგენია (ბერძ.) - სასარგებლო წიაღისეულთა შესახებ მოძღვრების ნაწილი, შეისწავლის დედამიწის ქერქში მადნის საბადოების განლაგების კანონზომიერებებს

მეტალოგრაფია (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ლითონთა და შენადნობთა შინაგან აგებულებასა და ფიზიკურ თვისებებს

მეტალოგრაფიული მიკროსკოპი - ოპტიკური ხელსაწყო ლითონის ზედაპირის დასათვალიერებლად არეკლილი სხივებით. აქვს სპეციალური გასანათებელი სისტემა. გამოიყენება ლითონებისა და ლითონის შენადნობების მიკროსტრუქტურის ფოტოგრაფირებისა და შესაწავლისათვის. მ.მ. გამადიდებლობა შეადგენს 2000-ს.

მეტალოთერმია (ბერძ.) - 1. ლითონთა აღდგენის მეტალურგიული პროცესი მათი ჟანგეულობიდან, აღმდგენლებად იყენებენ სხვა უფრო აქტიურ ლითონებს (ალუმინს, მაგნიუმს, სილიციუმს და სხვა), რომლებიც ადვილად უერთდებიან ჟანგბადს; 2. იგივეა, რაც ლითონთერმია.

მეტალოიდი (ბერძ.) - მოძველებული სახელწოდება ისეთი ქიმიური ელემენტებისა, რომელიც არ წარმოადგენს ლითონს, არალითონი.

მეტალოოპტიკა - ოპტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ლითონების ოპტიკურ თვისებებს.

მეტალოპლასტი - ფოლადის ზოლი პოლიმერული საფარველით. განსაკუთრებულ შემთხვევებში წარმატებით ცვლის უჟანგავ ფოლადს, ფერად ლითონებს და მათ შენადნობებს. პოლიმერული საფარველი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს შავი ლითონების ხანგამძლეობას.

მეტალურგია (ბერძ.) - 1. ლითონების დამამუშავებელი მრეწველობა; 2. მეცნიერება ლითონების წარმოებისა და მათი პირველადი დამუშავების შესახებ.

მეტალური ნაკეთობები - იხ. მეტიზები.

მეტამორფიზმი - ქანების გარდაქმნები და ცვლილებები, რომელნიც მიმდინარეობენ ცვალებადი ფიზიკურ-ქიმიური პირობების და ენდოგენური ძალების გავლენით.

მეტამორფული ქანები - მაგმური ან ნალექი ქანების მაღალი წნევის, ტემპერატურისა და ცხელი აირ-წყლიანი ხსნარების ზეგავლენით გამოწვეული გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ქანები - კვარციტი, კრისტალური ფიქალი, გნეისი, მარმარილო.

მეტაფოსი - ყვითელი ან მუქი-ყავისფერი არასასიამოვნო სუნის ზეთისებრი სითხე. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, ახასიათებს მცირედი აქროლადობა. მრეწველობა უშვებს 2,5%-იანი დუსტისა და კონცენტრატის სახით.

მეტაცენტრი (ბერძ.) - წერტილი, რომლის მდებარეობაზედაც არის დამოკიდებული მცურავი სხეულის მდგრადობა.

მეტეორა - არქიტექტურული კომპლექსი თესალიაში (საბერძნეთი), შედგება კლდეებში განლაგებული 24 მონასტრისა და სავანისაგან.

მეტეორი (ბერძ.) - გავარვარებული სხეული კოსმოსური წარმოშობისა, რომელიც სწრაფად მოძრაობს დედამიწის ატმოსფეროში.

მეტეორიტი - საპლანეტათშორისო სივრციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ლითონის ან ქვის სხეული.

მეტეოროლოგია (ბერძ.) - მეცნიერება ატმოსფეროსა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ. მისი ძირითადი დარგია ატმოსფეროს ფიზიკა, რომელიც იკვლევს იმ ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ატმოსფეროს ქვედა ფენებში (ჰაერის მიწისპირა ფენის ფიზიკა); თავისუფალ ატმოსფეროში, სადაც დედამიწის ზედაპირის გავლენა უმნიშვნელოა; ატმოსფეროს ზედა ფენებში; აგრეთვე მზის რადიაციას ატმოსფეროში. ოპტიკურ მოვლენებს, ატმოსფერულ ელექტრობასა და ატმოსფერულ აკუსტიკას. მეტეოროლოგიური კვლევა ძირითადად ემყარება მეტეოროლოგიურ სადგურებში მოპოვებულ დაკვირვების მასალას. ეს სადგურები გაერთიანებულია სახელმწიფო მეტეოროლოგიურ ქსელში. მ. ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს ხსნის, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვებათა მასალის სტატისტიკური ანალიზით. თანამედროვე მ. ატმოსფეროს მდგომარეობას შეისწავლის დედამიწის ხელოვნური მეტეოროლოგიური თანამგზავრებისა და რადიოლოკატორების საშუალებით. უკანასკნელ წლებში სწრაფად განვითარდა თანამგზავრული მ. და გამოყენებითი დისციპლინები - საავიაციო მ., აგრომეტეოროლოგია, სამშენებლო კლიმატოლოგია და სხვ. მ. ძირითადი ამოცანაა ამინდის სხვადასხვავადიანი პროგნოზი. მეტად მნიშვნელოვანია ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების (სეტყვასთან ბრძოლა, ზემოქმედება ღრუბლიანობასა და ნალექებზე, მცენარეთა დაცვა წაყინვებისაგან) პრაქტიკული მნიშვნელობა. სამშენებლო კლიმატოლოგიის მონაცემთა საფუძველზე (თოვლისა და ქარის დატვირთვები, ქარის გაბატონებული მიმართულებები, რადიაცია და სხვ.), წარმოებს სამშენებლო კონსტრუქციებისა და შენობა-ნაგებობების გაანგარიშება.

მეტეოროლოგიური სადგური - დაწესებულება, ატმოსფეროს მდგომარეობაზე რეგულარული დაკვირვებებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ატმოსფერული წნევის, ტემპერატურის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების, ღრუბლიანობის, ნალექების, მზის რადიაციის და მისთ. დაფიქსირებასა და პროგნოზირებას.

მეტეოროლოგიური სახიფათო მოვლენები - თოვლის ზვავი, გრიგალი, შტორმი (ქარიშხალი), ქარბორბალა (ტორნადო), ქარტეხილი, ქარის ვერტიკალური ნაკადები, მსხვილი სეტყვა, ძლიერი კოკისპირული წვიმა, დიდთოვლიანობა (თოვლის ნამქერი), ძლიერი ჭექა-ქუხილი, ძლიერი ყინვები, ძლიერი ქარბუქი, ძლიერი სიცხე, ძლიერი ნისლი, გვალვა, ხორშაკი (ცხელი ქარები).

მეტეხი (თბილისი) - თბილისის ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში (ნახ. 1, მეტეხის უბანი ამჟამად). ეს იყო ყველაზე ადრეული დასახლება ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხე-სიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს.

მეტეხის ტაძარი (მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი) - ტაძარი თბილისის ისტორიულ უბანში ავლაბარში, მეტეხის ციხის ტერიტორიაზე, რომელიც V-VI საუკუნეებში ვახტანგ გორგასლის მიერ იქნა აგებული. XII საუკუნეში ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. XIII საუკუნეში რუსუდანის მეფობისას მონღოლებმა დაანგრიეს მ.ტ.. ეკლესიის შენობა, რომელიც ღვთიური მფარველობის ნიშნად დაჰყურებს თბილისს, წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულმა აღადგენინა და აქ მონასტერიც დააარსა (ნახ. 1). XVII საუკუნის II ნახევარში მ.ტ. მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V ტაძარი აღადგინა. XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მ.ტ. კვლავ შეუკეთებიათ. ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება და აგებულია თლილი მომწვანო-რუხი ქვით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს მართკუთხედს, რომლის შუაშიც გუმბათის საყრდენი ოთხი ბურჯია აღმართული. საკურთხევლის მხარეს განლაგებულია სამი ნახევრად ცილინდრული ფორმის აფსიდი. აღმოსავლეთის ფასადს დიდი ჯვარი და სარკმლის ქვემოთ ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს. ესაა სამთავისის ტაძრის ცნობილი სქემა. საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა და მასში მკაფიოდ აღინიშნება სხვადსხვა ეპოქის კვალი: XIII საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილია აღმოსავლეთისა და ჩრდიოლოეთის კედლები კამარებამდე, დასავლეთის კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. XVI-XVII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები და სხვა. ერეკლე მეფის დროსაა აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. არის XIX საუკუნის ფენებიც.

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი - XIII საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში (ნახ. 1). შედგება ტაძრის, გალავნის, კოშკებისა და სამრეკლოსაგან. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღდგენილია ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები, ორნამენტიანი სამკაულები. ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (15 X 20 მ). ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით. ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. გუმბათი აღმართულია აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯზე. ნახევარწრიული აფსიდი იატაკის საერთო დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა. აფსიდთან მხოლოდ სამკვეთლოა უშუალოდ დაკავშირებული. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე სამალავი საკნებია. ტაძრის განივი მკლავები ტოლია, ხოლო გრძივი მკლავები გათანაბრებულია საკურთხეველზე ღრმა ბემის დამატებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია და ორი საფეხურისგან შედგება. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენს. გუმბათის ყელი ზევით ძლიერ შევიწროებულია. მასში 12 სარკმელია. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. კამარებში ორ-ორი სარკმელია. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღები ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯს ეყრდნობა, ხოლო მეორე მხარეს - ორნაწილიან პილასტრებს. ოთხივე ფასადზე ერთი და იმავე ძირითადი დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი და სარკმლების მოჩარჩოება, უამრავი მედალიონი. ისინი უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი. აღმოსავლეთ ფასადის ჯვარი, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, გლუვი ლილვებისაგან შედგება. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული. მდიდრულად მორთული სამკუთხა ნიშების დეკორისაგან მხოლოდ ზედა თაღოვანი ნაწილებია შემორჩენილი. დანარჩენ ფასადებზე დეკორატიული ჯვრების ქვედა მკლავი წყვილ სარკმლებს შორისაა ჩაყოლებული. არშია დასავლეთ ფასადზე გლუვია, გრძივ ფასადებზე კი ორნამენტული წნულითაა შევსებული. გლუვია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების სარკმლების მოჩარჩოებაც. გალავანი (70 X 60 მ, კედლის სისქე 0,7 მ) კომპლექსს გარს უვლის. ნაგებია ნატეხი ქვით, ბევრგან ჩართულია მოზრდილი ზომის ლოდები, წყობაში გვხვდება აგური და რიყის ქვაც. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩაშენებულია კოშკები. ერთი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება (დიამეტრი 4,4 მ). კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. სამრეკლო ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ნაგებია აგურით და ოთხივე მხარეს თაღოვანი ღიადებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.

მეტიზი - სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობა, დამზადებული ფოლადის მავთულის, გლინულას ან ლენტისაგან (შედუღების ელექტროდები, ბადეები, ჭიმები, სამაგრი ნაკეთობანი და სხვ.).

მეტლახის ფილა - გამომწვარი თიხის გლუვზედაპირიანი, ფერადი, მცირე ზომის ფილა, რომელსაც იატაკზე დასაგებად ხმარობენ.

მეტოპა (ბერძ.) - დორიული ფრიზის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ტრიგლიფებს შორის მოთავსებულ მართკუთხა (ჩვეულებრივ კვადრატულ) ხშირად ფერწერულ ან სკულპტურულ რელიეფით შემკულ ფილას (ნახ. 1, პართენონის ფრიზის მეტოპი).

მეტრაჟი (ფრანგ.) - 1. მეტრებში გამოსახული რაიმეს სიგრძე; 2. რაიმეს ფართობი, გამოხატული კვადრატულ მეტრებში.

მეტრი (ფრან.) - 1. საზომთა მეტრული სისტემისა და ერთეულთა საერთაშორისო სისტემის (Si) სიგრძის ერთეული, რომელიც დაახლოებით პარიზის მერიდიანის ერთ მემილიონედს უდრის.

მეტრია (ბერძ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს ზომვას, გაზომვას.

მეტროლოგია (ბერძ.) - მეცნიერება გაზომვებისა და მათი გამოყენების შესახებ; საზომსაწონთამცოდნეობა. მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად მიმართულებას: საერთაშორისოდ აღიარებული გაზომვის ერთეულების განსაზღვრა (მაგ: მეტრი, კილოგრამი); გაზომვის ერთეულების აღწარმოება მეცნიერული მეთოდებით, ეტალონების შექმნა, განვითარება, მოვლა (მაგ. მეტრის აღწარმოება ლაზერის მეშვეობით); მიკვლევადობის ჯაჭვების ჩამოყალიბება, გაზომვის მნიშვნელობისა და სიზუსტის განსაზღვრით და დოკუმენტირებით (რათა კილოგრამი ერთ ქვეყანაში იმავეს იწონიდეს, რასაც მეორე ქვეყანაში).

მეტროლოგიის კატეგორიები - მეტროლოგია იყოფა სამ კატეგორიად სირთულისა და სიზუსტის სხვადასხვა დონის მიხედვით: 1. სამეცნიერო (ფუნდამენტური) მეტროლოგია, რომელიც უკავშირდება გაზომვის პირველადი ეტალონების შექმნასა და განვითარებას, მათ მოვლას შედარებების უზრუნველყოფას და ა.შ. ის ძირითადად გამოხატავს უმაღლესი დონის სიზუსტეს მოცემულ სფეროში; 2. სამრეწველო მეტროლოგია, რომელიც უზრუნველყოფს იმ გაზომვის საშუალებების სათანადო ფუნქციონირებას, რომელიც გამოიყენება მრეწველობაში, წარმოებასა და საგამოცდო პროცესებში; 3. საკანონმდებლო მეტროლოგია, რომელიც უკავშირდება საგადასახადო მიზნებისათვის გამოყენებული გაზომვის საშუალებების დამოწმებას ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად (მაგ., კომერციულ გარიგებებში).

მეტრონომი (ბერძ.) - ქანქარიანი ხელსაწყო, რომელიც დარტყმებით აღნიშნავს დროის მცირე მონაკვეთებს, იყენებენ ლაბორატორიებში ზუსტი გაზომვებისათვის და სხვ.

მეტროპოლია - ძველბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს – პოლისის დასახელება მის მიერ სხვა ტერიტორიებზე დაარსებულ დასახლებათა მიმართ.

მეტროპოლისი - ქალაქი რომელმაც შექმნა თავისი კოლონიები სხვა მიწებზე; არქიეპისკოპოსის დედაქალაქი.

მეტროპოლიტენი - რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობა, რომლის გზები განლაგებულია ქუჩებისგან განცალკევებით, როგორც წესი, მიწისქვეშ. მატარებელთა მოძრაობა მ. რეგულარულია, განრიგის მიხედვით. ტრანსპორტის ეს სახეობა გამოირჩევა მაღალი წარმადობით. მას საათში საშუალოდ 50...60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. თითო მატარებელი 4-8 ვაგონს ატარებს. გვირაბის დიამეტრი 5-6 მეტრს შეადგენს. სადგურების პლატფორმები სიგრძეში 160 მეტრს არ აღემატება, სიგანეში კი 16 მ-ს. მ. ხაზის ერთი კმ-ს გაყვანა საშუალოდ 50 მლნ აშშ დოლარამდე ჯდება. მ. სიდიდე მერყეობს 2 კმ-ანი ხაზიდან ქ. ჰაიფა (ისრაელი) ნიუ-იორკის მიწისქვეშა მ. სისტემამდე, რომლის საერთო სიგრძე 1300 კმ-ს აღემატება. თბილისის მ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). ამჟამად თბილისის მეტროში 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებულია გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 6 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. მას წელიწადში დაახლოებით 200 მლნ ადამიანი გადაჰყავს. მსოფლიოში ყველაზე ძველი მეტროპოლიტენებია: ლონდონის (გაიხსნა 1863 წელს), ჩიკაგოს (1892), გლაზგოს, ბუდაპეშტის (1896), ბოსტონის (1897), პარიზის (1900), ბერლინის (1902), ათენის, ნიუ-იორკის (1904), ფილადელფიის (1907), მოსკოვის (1935).

მეტროპოლიტენის ტექნიკური ზონა - ქალაქის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც განლაგებულია მიწისქვეშა მცირე და დიდი ჩაღრმავების ნაგებობების ზემოთ, აგრეთვე უშუალოდ მისი ან მეტროპოლიტენის მიწისზედა ობიექტების მომიჯნავე ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სადგურისაკენ მგზავრთა ნორმალური გავლის ორგანიზების, მოწყობილობათა და ნაგებობათა რემონტისა და რეკონსტრუქციისათვის, აგრეთვე მათ დასაცავად ქალაქის განაშენიანებისაგან, საინჟინრო კომუნიკაციების ჩაწყობისა და ექსპლოატაციისაგან.

მეურნეობა - 1. წარმოების საზოგადოებრივი ფორმა, ამა თუ იმ საზოგადოებრივი წყობის საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა; 2. წარმოება, ეკონომიკა, ყველაფერი ის, რაც წარმოებას შეადგენს, წარმოებისთვისაა განკუთვნილი; 3. საწარმოო ერთეული, ორგანიზაცია; 4. იგივეა, რაც სოფლის მეურნეობა; 5. (გადატანით.) აღრიცხვა, აღრიცხვის საქმე რაიმე საქმიანობაში.

მეფოლადე - ფოლადის გამოდნობის სპეციალისტი.

მექანიზაცია (ბერძ.) - ხელით შრომის შეცვლა მანქანებითა და მექანიზმებით, რომლის მიზანია ადამიანის გათავისუფლება ხელის მძიმე შრომისაგან და მწარმოებლურობის ამაღლება. საწარმოო პროცესების ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ნაწილობრივ და კომპლექსურ მ., რომელიც ქმნის წარმოების ავტომატიზაციის წინაპირობას.

მექანიზმი - 1. სხეულთა (ელემენტთა) სისტემა, რომლის დანიშნულებაა ერთი ან რამდენიმე ელემენტის მოძრაობის გარდაქმნა სხვა სხეულების საჭირო მოძრაობაში. თუ მოძრაობის გარდაქმნაში მონაწილეობს თხევადი ან აირული „სხეულები“, მაშინ მ. ეწოდება ჰიდრავლიკური ან პნევმატური. ჩვეულებრივ, მ. გააჩნია ერთი შემავალი რგოლი, რომელიც მოძრაობას ღებულობს ძრავისაგან და ერთი გამომავალი, რომელიც უკავშირდება მუშა ორგანოს. განასხვავებენ ბრტყელ და სივრცით მ.; 2. მანქანის შემადგენელ ნაწილთა სისტემა, რომელზეც ძალების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი მოძრაობა (პირდაპირი ან სახეშეცვლილი) გადაეცემა მანქანის სხვა ნაწილებს. მ. შემადგენელი ნაწილები ერთმანეთის მიმართ მოძრავად დაკავშირებული წევრებია. მექანიზმის ერთი ან რამდენიმე წევრის გადაადგილებას უნდა შეესაბამებოდეს სხვა წევრების გარკვეული, მიზანდასახული გადაადგილება.

მექანიკა (ბერძ.) - მანქანების აგების ხელოვნება – მეცნიერება სივრცეში სხეულების გადაადგილებასა და მათ შორის ურთიერთქმედებაზე. მ. გულისხმობს ნიუტონის კლასიკურ მექანიკას, რომელსაც საფუძვლად უდევს ნიუტონის მექანიკის კანონები და რომელიც იკვლევს მაკროსკოპიული სხეულების მოძრაობას ვაკუუმში სინათლის სიჩ-ქარეზე ნაკლები (მცირე) სიჩქარით. სხეულების დიდი სიჩქარით მოძრაობას (≈ სინათლის) განიხილავს ფარდობითობის თეორია, ხოლო მიკრონაწილაკების მოძრაობა განიხილება ქვანტურ მექანიკაში. მ. განყოფილებებია (ნაწილებია): კინემატიკა, დინამიკა და სტატიკა. განასხვავებენ მატერიალური წერტილის, წერტილთა სისტემისა და აბსოლუტურად მყარი სხეულების მ.. ცნობილია მ.: ანალიზური, გრუნტების, ფხვიერი მასალების, თეორიული, სამთო, სამშენებლო ქანების და სხვა. მექანიკის დასკვნები მნიშვნელოვანია გამოყენებითი მეცნიერებებისთვის.

მექანიკის (დინამიკის) ზოგადი განტოლება - წარმოადგენს შესაძლო გადაადგილებათა პრინციპის განზოგადებას დალამბერის პრინციპის საშუალებით და გამოსახავს მექანიკის ზოგად კანონს: გეომეტრიული იდეალური ბმების მქონე მექანიკური სისტემის ყოველი მდებარეობისათვის ყველა მოცემული (აქტიური) ძალის და ინერციის ძალის მიერ შესრულებულ ელემენტარულ მუშაობათა ჯამი სისტემის ყოველ შესაძლო გადაადგილებაზე ნულის ტოლია.

მექანიკის ვარიაციული პრინციპები - დებულებები, რომლებიც გამოსახავენ მექანიკური სისტემის იმდენად ზოგად თვისებებს, რომ მათგან, როგორც შედეგი, მიიღება მოცემული სისტემის მოძრაობის ყველა განტოლება (ან წონასწორობის პირობები). ფორმის მიხედვით მექანიკის ვარიაციული პრინციპები იყოფა დიფერენციალურ და ინტეგრალურ პრინციპებად. დიფერენციალურ პრინციპებს განეკუთვნებიან: შესაძლო გადაადგილებათა პრინციპი, დალამბერ-ლაგრანჟის პრინციპი, უმცირესი სიმრუდის პრინციპი, ხოლო ინტეგრალურს განეკუთვნება უმცირესი ქმედების პრინციპი.

მექანიკური - მექანიკის კანონებზე დამყარებული; მანქანების, მექანიზმების საშუალებით მოქმედი; (გადატანით) ავტომატური, არაცნობიერი.

მექანიკური გამოცდები - ტარდება მასალებისა და ნაკეთობების მექანიკური თვისებების განსაზღვრის მიზნით. განასხვავებენ სტატიკურ, დინამიკურ (დარტყმით) და დაღლილობით მ.გ. გამოცდების ცალკე ჯგუფს მიეკუთვნება ხანგრძლივი გამოცდები მაღალ ტემპერატურაზე.

მექანიკური ენერგია - მექანიკური მოძრაობის და სხეულების ან მათი ნაწილების ურთიერთქმედების ენერგია. სხეულთა სისტემის მ.ე. ტოლია ამ სისტემის კინეტიკური და პოტე-ციალური ენერგიების ჯამისა.

მექანიკური ვენტილაციის სისტემა - ტექნიკური მოწყობილობა ერთმანეთთან კონსტრუქციული ელემენტებით დაკავშირებული დანადგარების კომპლექტისაგან, სათავსში ჰაერის საჭირო სისუფთავის უზრუნველსაყოფად.

მექანიკური თვისებები - სხეულების (უმეტესად, მყარი) მდგომარეობის შეფასება მექანიკური ძაბვების ზემოქმედებისას, როგორიცაა მექანიკური ძაბვა (სიმტკიცე), დეფორმაცია (პლასტიკურობა), ხანგამძლეობა (ხანგრძლივი სიმტკიცე) და სხვ. მ.თ. მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა სხეულის ფორმა და ზომა, დატვირთვის სიჩქარე, ზედაპირების მდგომარეობა, გარემო. მ.თ. განსაზღვრავენ მექანიკური გამოცდების შედეგების მიხედვით.

მექანიკური კავშირები - ბმები, რომელიც განსახილველი მექანიკური სისტემის სივრცეში მდებარეობაზე ან მოძრაობაზეა დადებული. ის ხორციელდება უშუალოდ რაღაც ტანის (ძაფი, ღერო, სახსარი, საკისარი და სხვ.) მეშვეობით. არათავისუფალი მექანიკური სისტემა შეიძლება განვიხილოთ როგორც თავისუფალი, რომელიც მოძრაობაშია მასზე მოდებულ ყველა ძალასთან (მათ შორის რეაქციის ძალასთან) ერთად.

მექანიკური მოძრაობა - ნივთიერი სხეულების გადაადგილება სხვა სხეულების მიმართ სივრცესა და დროში. მ.მ. განხილვისას სივრცესა და დროში საჭიროა ვიცოდეთ რა მოძრაობს, ე.ი. განვსაზღვროთ მოძრავი ობიექტი. მექანიკაში ძირითადად განიხილავენ მოძრავი სხეულის ორ მნიშვნელოვან ნიშანს: მის განფენილობას (ნივთიერი სხეულის გეომეტრიულ ფორმას) და ნივთიერებას (მასას და მის განაწილებას მოცემულ გეომეტრიულ სივრცეში). ამასთანავე, მიღებულია დაშვება, რომ ამ სხეულების ყველა სხვა ფიზიკური თვისებები ერთნაირია. თავისი ამოცანების მიხედვით მექანიკას ყოფენ რამდენიმე ნაწილად: ნივთიერი წერტილის მექანიკა, ნივთიერ წერტილთა სისტემის მექანიკა, მყარი სხეულის მექანიკა და უწყვეტ ტანთა მექანიკა; ეს უკანასკნელი მოიცავს დრეკადობის თეორიასა და ჰიდროაერომექანიკას. მექანიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია თეორიული მექანიკა, რომელიც იკვლევს ნივთიერი წერტილის, ნივთიერ წერტილთა სისტემის და მყარი სხეულის მოძრაობის ზოგად კანონებს, მათი გამოყენების მეთოდებს.

მექანიკური მოწყობილობის საფარი - ესთეტიკური (კონსტრუქციული) მიზნით გამოყენებული, ნაწილობრივ შემოზღუდული, სახურავის ზედაპირზე განთავსებული სტრუქტურა, რომელიც თვალისაგან ფარავს სათბობ, სავენტილაციო და კონდიცირების ელექტრო ან მექანიკურ მოწყობილობებს.

მექანიკური ნიჩაბი - თვითმავალი სრულსაბრუნი ამოსათხრელ-განმტვირთავი მანქანა (ერთჩამჩიანი ექსკავატორი), რომლის მოძრავი მუშა ელემენტები გადაადგილდება მექანიკური მოწყობილობებით. მუშა ციკლი შედგება ოთხი ფაზისაგან: ამოთხრა, მობრუნება, ჩამჩის განტვირთვა და მობრუნება ახალი ციკლის დასაწყებად. ჩამჩის მოძრაობის მიხედვით მ.ნ. არის პირდაპირ (ნახ. 1) და შებრუნებულ ჩამჩიანი (ნახ. 2). დანიშნულების მიხედვით - სამშენებლო, საკარიერო, გასაშლელ და საკარიერო-სამშენებლო. სამშენებლო ძირითადად გამოიყენება ქვაბულების ამოსათხრელად, კარიერული - უშუალოდ კარიერების დასამუშავებლად, გასაშლელი - გრუნტის ზედა ფენის მოსახსნელად (კარიერულისაგან განსხვავებით აქვს გრძელი ისარი), ხოლო საკარიერო-სამშენებლო - კარიერებსა და მშენებლობაზე.

მექანიკური სისტემა - ნივთიერ წერტილთა (სხეულთა) ერთობლიობა, რომელშიც ყოველი წერტილის (სხეულის) მდებარეობა ან მოძრაობა დამოკიდებულია ამ სისტემის სხვა წერტილების (სხეულების) მდებარეობაზე ან მოძრაობაზე.

მექანიკური სისტემის მდგრადობა (დეფორმაციის მდგრადობა) - გეომეტრიულად უცვლადი სისტემის და კონსტრუქციის ცალკეული ელემენტების თვისება - შეინარჩუნოს წონასწორობის ფორმა (დეფორმაციის ფორმა) მათზე დატვირთვის მოქმედებისას. უმცირეს დატვირთვას (ძალას), რომლის დროსაც ირღვევა დეფორმაციის მდგრადობა, ეწოდება კრიტიკული; ეს ძალა განსაზღვრავს აგრეთვე კრიტიკულ ძაბვას. კრიტიკული დატვირთვის სიდიდის განსაზღვრა წარმოადგენს მექანიკური სისტემის მდგრადობის თეორიის მთავარ ამოცანას; ამასთანავე, იგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნაგებობებისა და კონსტრუქციების საინჟინრო გათვლებში.

მექანიკური სისტემის წონასწორობა - ძალთა ზემოქმედების ქვეშ მყოფი მექანიკური სისტემის მდგომარეობა, რომლის დროსაც მისი ყველა წერტილი (სხეული) უძრავია განსახილველი ათვლის სისტემის მიმართ. თუ ათვლის სისტემა ინერციულია, წონასწორობას ეწოდება აბსოლუტური, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - ფარდობითი. მექანიკური სისტემის წონასწორობის პირობის რიცხვი უდრის სისტემის თავისუფლების ხარისხის რიცხვს. სივრცეში თავისუფალი მყარი სხეულის წონასწორობისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა სხეულზე მოქმედი ყველა ძალის ნაკრები ვექტორისა და ნებისმიერი წერტილის მიმართ ამ ძალების ნაკრები მომენტის ნულთან ტოლობა.

მექანიკური ფიქსატორი - თბო- და ხმის საიზოლაციო, რბილი სახურავის მასალის სამაგრი ლითონის, ხის და ბეტონის ფუძესთან, აგრეთვე სავენტილაციო ფასადური სისტემების თბოიზოლაციის დასამაგრებლად.

მექვაბე - 1. ქვაბის მკეთებელი ან შემკეთებელი მუშა; 2. მუშა, რომელიც ორთქლის ქვაბს ემსახურება.

მეჩეთი (არაბ.) - მუსლიმანთა სამლოცველო, ტაძარი (ნახ. 1: “თურქმენბაში რუხის მეჩეთი”, თურქმენეთი).

მეცენატი - უანგარო მფარველი, რომელიც მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით პირადი სახსრებიდან მატერიალურ დახმარებას გამოყოფს.

მეწამული - მუქი წითელი ფერი; სისხლის ფერი.

მეწარმე - 1. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ამ საქმიანობის ნაწილში; 2. წარმოების პროცესის მაორგანიზებელი დამოუკიდებელი ფაქტორი.

მეწარმეობა - ინიციატივიანი, დამოუკიდებელი, თავისი სახელით, რისკით, ქონებრივი პასუხისმგებლობით ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა, რომლის მიზანია შემოსავლის, მოგების სისტემატური მიღება ქონების გამოყენებით, საქონლის გაყიდვით, სამუშაოების შესრულებით, მომსახურების გაწევით. მ. ასევე მიზნად ისახავს მეწარმის იმიჯის, სტატუსის ამაღლებას.

მეწყერი - მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით (ნახ. 1). წარმოიქმნება მთის ქანების სიმტკიცის წონასწორობის დარღვევის ან მთის ქანების სიმტკიცის შესუსტების შედეგად, რაც გამოწვეულია როგორც ბუნებრივი მიზეზით (გრუნტის ჭარბტენიანობით, ფერდობის ძირის გამორეცხვით, სეისმური ძვრებით და სხვ.), ასევე ადამიანის ზემოქმედებით (სამშენებლო და საგზაო სამუშაოები, ტყეების გაჩეხვა, არასწორი აგროტექნიკა და სხვ.). მ. ხშირად ვითარდება მდინარის ხეობის ფერდობებზე, ზღვების, ტბების, წყალსაცავების სანაპიროზე. მ. აქტიურად მონაწილეობს ღვარცოფების ფორმირების პროცესში. სიღრმული მ. ხერგავს მდინარის ხეობას, ხელს უწყობს ტბების შემდგომ გარღვევას და ღვარცოფების წარმოქმნას. ზედაპირული მ. უზრუნველყოფს ღვარცოფების მყარ შემადგენელს, ხოლო დიდი სიჩქარეების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ღვარცოფულ ნაკადად გადაქცევა.

მეხდაცვა - დამცავი მოწყობილობისა და ღონისძიებათა სისტემა, რომელიც გამოიყენება სამრეწველო და სამოქალაქო (მათ შორის საცხოვრებელი) ნაგებობების მეხის მოხვედრისაგან დასაცავად. მ. მოწყობილობებს მიეკუთვნება: მეხამრიდი, მეხდმაცავი ბაგირები, განმმუხტველები და სხვ.

მეხი (ელვა) - 1. ატმოსფერული ელექტროობის გიგანტური ნაპერწკლოვანი განმუხტვა, რომელიც ხდება ღრუბლებს შორის ან დედამიწასა და ღრუბლებს შორის. ცნობილია ელვა ხაზოვანი (ყველაზე ხშირად), სფერული (ზოგიერთ შემთხვევაში - ხაზოვანი ელვის განმუხტვის შედეგი) და კრიალოსნური (კაშკაშა სფეროებისაგან შემდგარი, ჩნდება იშვიათად). ხაზოვანი (ზოლოვანი) ელვის დენის ძალა 100 კილოამპერამდეა, ხანგრძლივობა 0,1მწმ (10-4 წმ), სიგრძე - რამდენიმე კილომეტრი. მეხისაგან დასაცავად იყენებენ მეხსარიდს; 2. დედამიწაზე ელექტრონული ნაპერწკლის გრგვინვით დაცემა ატმოსფერული ელექტროობის განმუხტვის დროს; იწვევს ხანძარს, ნგრევას.

მეხიდე - 1. ხიდზე გზის ჩამკეტ-გამხსნელი; 2. ხიდების მშენებლობის სპეციალისტი.

მეხსამრიდი ბაგიროვანი - მეხსამრიდი, მეხის მიმღები ბაგირების ჰორიზონტალური განლაგებით, რომელიც დამაგრებულია ჩამიწებულ ორ საყრდენზე.

მეხსარიდი - მეხსარინი; შენობაზე ან მის სიახლოვეს დადგმული საგანგებო მოწყობილობა, რომელიც იცავს ნაგებობას მეხისაგან. შედგება მეხმიმღების, დამმიწებლისა და მეხმიმღების დამმიწებელთან შესაერთებელი სადენისაგან. არსებობს ღეროიანი (ერთმაგი ან ორმაგი), გვარლური ან ანტენური და ბადისებრი. მათი შერჩევა ხდება დასაცავი ობიექტის დანიშულებისა და ზომების მიხედვით.

მეხსარიდი ბადისებრი - მრავალჯერადი ჰორიზონტალური მეხის მიმღებები, განლაგებული ურთიერთმართობულად და დამონტაჟებული დასაცავ ობიექტზე.

მეხსარიდი ღეროვანი - მეხსარიდი მეხის მომღების ვერტიკალური განლაგებით.

მზიდი ბაგირი - ბაგირი, რომელზედაც გადაადგილდება ბაგირგზის მოძრავი შემადგენლობა.

მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია - მზიდი კონსტრუქციის ახლით ან სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული (მწყობრიდან გამოსული) მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა.

მზიდი კედელი - კედელი, რომელსაც გადაეცემა კონსტრუქციული დატვირთვები.

მზიდი კონსტრუქცია - კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც ღებულობს ძირითად დატვირთვებს, გადასცემს საძირკვლებს და უზრუნველყოფს ნაგებობის (შენობის) სიმტკიცეს, სიხისტეს და მდგრადობას. მ.კ. მზადდება ხისაგან, ლითონისაგან, რკ.ბ.-ისაგან, პლასტმასისაგან და  ბუნებრივი ან ხელოვნური ქვის მასალებისაგან. მ.კ. მიეკუთვნება: საძირკვლები, საძირკვლის კოჭები, კედლები, სვეტები, რიგელები, კოჭები, წამწეები, კამარები, თაღები, ჩარჩოები, გარსები, დაკიდული სისტემები, ანძები, კოშკები და სხვ.

მზის დარტყმა - ვითარდება ადამიანის დაუცველ თავზე მზის სხივების პირდაპირი ქმედებისას, რაც განპირობებულია იმით, რომ მზის ინფრაწითელ გამოსხივებას შეუძლია ტავის ტვინის ქსოვილებში შეღწევა და გადახურების ეფექტის გამოწვევა.

მზის კოორდინატები - განსაზღვრავენ მზის ადგილმდებარეობას პირობით ცის კამარაზე დროის გარკვეულ მომენტში. კოორდინატების ჰორიზონტალურ სისტემაში მზის მდებარეობა განისაზღვრება დგომის სიმაღლით ho და აზიმუტით Ao. მზის სიმაღლე არის ვერტიკალური კუთხე მზის სხივსა და ჰორიზონტის სიბრტყეს შორის. აზიმუტს უწოდებენ თარაზულ კუთხეს მზის სხივის ჰორიზონტალურ სიბრტყეზე პროექციასა და ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებას შორის.

მზის რადიაცია - ინსოლაციის შედეგად ზედაპირზე მოსული სითბოს რაოდენობა.

მზის ტრაექტორია - პირობით ცის გუმბათზე თვეების და საათების მიხედვით მზის გადაადგილების კვალი.

მზისაგან დამცავი მოწყობილობა - მოწყობილობა მზის ჭარბი სხივებისაგან დასაცავად. მას მიეკუთვნება: ეკრანები აივნებსა და ლოჯიაში, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზები ფანჯრებზე, წინაფრები ფანჯრისა და კარის ღიობების გარე მხარეზე, მზის სხივებისაგან დამცავი სპეციალური მინები და მინაპაკეტები ფანჯრებზე, ვიტრინებსა და ვიტრაჟებზე და სხვ.

მთავარი მდინარე - მდინარე, რომელიც უშუალოდ ერთვის ზღვას, ტბას, ჭაობს ან ქვიშებში იკარგება.

მთავარი ნორმალური კვეთები - ზედაპირის M წერტილში გამავალი ის ნორმალური კვეთები, რომელთათვისაც სიმრუდე აღწევს უდიდეს და უმცირეს მნიშვნელობას.

მთავარი სიმრუდეები - ზედაპირის M წერტილში გამავალი ნორმალური კვეთების სიმრუდეებიდან უდიდესი და უმცირესი სიმრუდეები.

მთავარი შესასვლელი - შენობაში ძირითადი შესასვლელი, რომელიც არ წარმოადგენს დამხმარე შესასვლელს ან შეზღუდულ შესასვლელს.

მთაწმინდა - 1. მთა თბილისში, მთაწმინდის ქედზე; 2. მთა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე; 3. მთა ახლაგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედზე; 4. მთა დუშეთის მუნიციპალიტეტში, მთიულეთის ქედზე.

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია - თბილისში, მთაწმინდის შუაწელზე აღმართული გუმბათოვანი ტაძარი (ნახ. 1). აგებულია 1859-1871 წლებში. ტაძრის სიმაღლეა 25,7 მ, სიგრძე - 17,2 მ, სიგანე - 10,7 მ. შენობაში თავისუფლად ეტევა 400 კაცი. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს შემოუყვება დეკორატიული თაღედი და აბსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აბსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას. მხატვრობის უმეტეს ნაწილს ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს. საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა. ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო ასევე აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი-სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი. ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება. 1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.

მთელი - რასაც არაფერი აკლია, ერთიანი, დაუნაწევრებელი, დაუნაწილებელი; თავიდან ბოლომდე სრული.

მთიანეთი - ამაღლებული ადგილი, რომელიც მოიცავს ზეგნებს, მთის მასივებს და ხეობებს.

მთლელი - ვინც თლის რასმე, ვისაც თლით გამოჰყავს რამე.

მთლიანი - ერთიანი, დაუნაწევრებელი, სრული, მთელი.

მთლიანი ეროვნული შემოსავალი - მთლიან შიდა პროდუქტს დამატებული უცხოეთიდან წმინდა შემოსავლების ჯამი.

მთლიანი შიდა პროდუქტი - მაკროეკონომიკური ინდიკატორი, შიდა ეკონომიკის ფუნქციონირების ყველაზე განზოგადებული მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს განსაზღვრული დროის განმავლობაში მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ ტერიტორიაზე რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების ერთობლივ საბაზრო ღირებულებას. მ.შ.პ. ამოსავალ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლად ითვლება გაეროს ეროვნული ანგარიშების სისტემაში.

მთლიანი ხანძარი - განაშენიანების გარკვეულ უბანზე შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვანი რაოდენობის ინტენსიური წვის პროცესი. ამ შემთხვევაში ტექნიკისა და ადამიანების გადაადგილება, მთლიანი ხანძრის უბნებზე, შენობათა შორის შეუძლებელია თბური გამოსხივებისაგან სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე.

მთლიანი ხანძრის ფრონტი - მთლიანი ხანძრის საზღვარი, რომლის გასწვრივაც ცეცხლი ვრცელდება დიდი სიჩქარით.

მთხრებლი (რუს. Котлован) - 1. ხელოვნური ჩაღრმავება გრუნტში შენობებისა და ნაგებობების ფუძეებისა და საძირკვლების მოსაწყობად; 2. იხ. ქვაბული.

მიაზმები (ბერძ.) - რისამე ლპობის შედეგად გაჩენილი შხამიანი ანაორთქლი.

მიახლოებითი გამოთვლები - გამოთვლები, რომლებშიც მოცემულობები და შედეგი რიცხვები შესაბამისი სიდიდეების მნიშვნელობების მიახლოებით გამომსახველი რიცხვებია. მიახლოებით გამოთვლებს აწარმოებენ ამოცანების რიცხვითი მეთოდებით ამოხსნის დროს.

მიბმა - განმეორებადი ან მრავალჯერ მოხმარებად პროექტში შეტანილი დამატებანი გამოწვეული კონკრეტული ბუნებრივი პირობებით და სხვა ობიექტური ფაქტორებით.

მიგრაცია (ლათ.) - ადამიანების გადაადგილება ან გადასახლება სხვადასხვა ვადით (რამდენიმე საათიდან სიცოცხლის ბოლომდე), რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების (ძირითადად ქალაქის, ქვეყნის და სხვა ადმინისტრაციული საზღვრების) გადაკვეთაში გამოიხატება. განასხვავებენ: მუდმივ მიგრაციას, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის სამუდამოდ შეცვლასთან; დროებით მიგრაციას, როდესაც გადასახლება ხდება საკმაოდ ხანგრძლივი დროით დასეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე, იძულებით და სხვა სახის მიგრაციებს.

მიდამო - რაიმე ადგილის გარემომცველი სივრცე, ახლომახლო ადგილები, არემარე, გარემო.

მიზგითი - იხ. მეჩეთი.

მითითება - ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ან სამშენებლო საქმიანობაზე სხვა სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

მიკრო... (ბერძ.) - მცირე, პატარა, - რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი.

მიკროამვსები - მინერალური ფხვნილები წმინდაფოროვანი სტრუქტურით (ტრეპელი, ოპოკა, ცარცი, კირქვა), რომლებიც აუმჯობესებენ მასალის ფიზიკურ თვისებებს, ამაღლებენ ბზარმედეგობას, ხელს უწყობენ მასალის ხანმედეგობის გაზრდას.

მიკროდენსიტომეტრი - იხ. მიკროფოტომეტრი.

მიკროეკონომიკა (ბერძ.) - 1. ეროვნული მეურნეობის ნაწილის (სექტორის, დარგის, საწარმოს) ეკონომიკა; 2. ეკონომიკური თეორიის განყოფილება, რომელიც სწავლობს ცალკეული სამეურნეო ერთეულების (ჰაუსჰოლდის ბლოკი, საოჯახო მეურნეობის ბიზნესის ბლოკი, სამთავრობო დაწესებულებები) საქმიანობას.

მიკროკლიმატი (ბერძ.) - 1. საწარმოო სათავსის გარემოში მეტეოროლოგიური პირობები, რომელიც განისაზღვრება ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობის, ჰაერის მოძრაობის სიჩქარისა და გახურებული ზედაპირებიდან თბური გამოსხივებით. საწარმოო მიკროკლიმატი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფუნქციონალურ მოღვაწეობაზე, მის გუნება-განწყობილებაზე, ჯანმრთელობაზე და მართვის საშუალებების საიმედოობაზე; 2. ატმოსფეროს მიწისზედა ფენის კლიმატი ლოკალურ ტერიტორიაზე; 3. დახურულ შენობაში ხელოვნურად შექმნილი კლიმატური პირობები.

მიკროკლიმატის დასაშვები პარამეტრები - მიკროკლიმატის მაჩვენებლების შეხამება, რომელსაც ადამიანზე ხანგრძლივი და სისტემატური ზემოქმედებით შეუძლია გამოიწვიოს საერთო და ლოკალური ხასიათის დისკომფორტის შეგრძნება, თერმორეგულაციის მექანიზმების ზომიერი დაძაბულობა, რომლებიც არ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მიკროკლინი (ბერძნ.) - მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი. უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს მინარევებს (Ca, Ba, Fe, Rb, Cs). ჩვეულებრივ, ვარდისფერია, იშვიათად - თეთრი, მოყვითალო, მოცისფრო-მომწვანო; ელვარება - მინისებრი, სადაფისებრი. მ. მსხვილ კრისტალებს, რომლებსაც პეგმატიტებიდან იღებენ, იყენებენ კერამიკულ წარმოებაში. მ. მოცისფრო-მომწვანო სახესხვაობა - ამაზონიტი - სანახელავო ქვაა.

მიკროლანდშაფტი (ბერძ.) - მიწის ნაკვეთი, რომელიც განსხვავებულია ახლომახლო ადგილებისაგან რაიმე ნიშნებით (ჭაობი ან ტყე მინდორში და სხვ.).

მიკრომანიპულატორი (ბერძ.) - ლაბორატორიული ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც ხერხდება მიკროინსტრუმენტების ფაქიზი და ზუსტი მოძრაობა და სრულდება რთული ოპერაციები მიკროსკოპის ქვეშ მოთავსებულ უჯრედზე.

მიკრომანომეტრი (ბერძ.) - მგრძნობიარე მანომეტრი წნევის მცირე სხვაობათა გასაზომად

მიკრომეტრი - სიგრძის ერთეულის წილ(ად)ობრივი ერთეული SI სისტემაში, ტოლია 10-6 მ. აღნიშვნა მკმ. ასევე: კონტაქტური მეთოდით სიგრძის საზომი ხელსაწყო (მილების კედლის სისქის, კბილსაზომი, ფურცლების სისქის და სხვ.).

მიკრონი (ბერძნ.) - სიგრძის წილობითი ერთეული - მეტრის მემილიონედი ანუ მილიმეტრის მეათასედი ნაწილი: 1 მიკრონი = 0,001 მილიმეტრს.

მიკროპროცესორი - ინფორმაციის დამუშავების პროგრამულად მართული მოწყობილობა, რომელიც შესრულებულია ერთ კრისტალზე ან რამდენიმე დიდ ინტეგრალურ სქემაზე, იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მიკრომანქანებში, ავტომატური მართვის სისტემებში.

მიკრორაიონი - ტერიტორიის დაყოფის სტრუქტურულ-დაგეგმარებითი ერთეული, რომელიც შედგება საცხოვრებელი სახლებისა და სამომსახურეო ობიექტებისაგან.

მიკროსკოპი - 1. გამზომი ინსტრუმენტალური (საიარაღო) ხელსაწყო, ოპტიკური,  მექანიკური ან ელექტრული, რთული ფორმის დეტალების ხაზოვანი და კუთხური ზომების გასაზომად; 2. ოპტიკური ხელსაწყო თვალით უხილავი საგნების (მიკრობები, ბაქტერიები) დასანახად.

მიკროსკოპი ელკომეტრ 900 - ბეტონზე ბზარის სიგანის გასაზომი სპეციალური მიკროსკოპი (ნახ. 1). მ. აღჭურვილია საზომი სკალით, რომლის დანაყოფის რაოდენობის დათვლით სწრაფად განისაზღვრება ბზარის გახსნის სიგანე; გამადიდებლობაა 50 სკალის ზომა 2,5 მმ, სკალის დანაყოფის ფასი 0,2 მმ.

მიკროსკოპი საზომი (ინსტრუმენტული) - საზომი ხელსაწყო, რომლის სამიზნებელ მოწყობილობას წარმოადგენს მიკროსკოპი. არსებობს მექანიკური და ოპტიკური. გამოიყენება რთული ფორმის დეტალების გრძივი და კუთხური ზომების გასაზომად მართკუთხა და პოლარულ კოორდინატებში (მაგ., კბილა-გადაცემის, ხრახნული შეერთების, დაპროფილებული შაბლონების, საჭრელი ინსტრუმენტების დეტალები).

მიკროსტრუქტურა - მყარ ნივთიერებათა აგებულება, რის დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპის მეშვეობითაა შესაძლებელი.

მიკროტრავმა - ტრავმა, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას ერთ დღეზე ნაკლები დროით.

მიკროფორიტი - თბოსაიზოლაციო საშენი მასალა, მსუბუქი კირქვიანი ბეტონი, რომლის გამყარება ჩქარდება გაორთქლვით.

მიკროფოტომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო, აღჭურვილი მიკროსკოპული ოპტიკით ოპტიკური სიმკვრივეების გასაზომად ფოტოგრაფიულ გამოსახულებათა (სპექტროგრამის, რენტგენოგრამის, ასტრონომიული ფოტოგრაფიის და სხვ.) მცირე უბნებზე.

მიკროშედუღება - შედუღება ელექტრო და ნახევარგამტარული ხელსაწყოების დეტალებისა სისქით 0,5 მმ-მდე და კვეთით 10 მმ2-მდე, ოპტიკური მოწყობილობის (ლინზა ან მიკრისკოპი) დახმარებით შედუღების ნაკერის კონტროლისათვის. მ. სახეებია: ელექტროკონტაქტური, კონდენსატორული, ცივი, ულტრაბგერითი და სხვ.

მიკროჰავა - იხ. მიკროკლიმატი.

მიკსბორდერი - წაგრძელებული ფორმის ყვავილნარი, სადაც ხარობს მრავალწლიანი მცენარეები უწყვეტი ყვავილობით (ნახ. 1).

მილები ბეტონის და რკინაბეტონის - ბეტონისა და რკ.ბ.-საგან დამზადებული ღრუ ცილინდრული ან დაპროფილებული ნაკეთობები, რომელთაც განივკვეთთან შედარებით დიდი სიგრძე აქვთ. განასხვავებენ სადაწნეო და უდაწნეო მილებს. უდაწნეო ისეთი მილებია (მილსადენებია), რომელშიც სითხის ტრანსპორტირება ხდება თვითდინებით (შევსების მაქსიმალური კოეფიციენტით 0,95), ხოლო უდაწნეო მილებით სითხის ტრანსპორტირება ხდება წნევის ქვეშ. უდაწნეო მილებში პირაპირების შემჭიდროება ხდება ჰერმეტიკების გამოყენებით, სადაწნეოში კი - რეზინის სალტეებითა და შუადებით.

მილი - ღრუ ნაკეთობა, უმეტესად წრიული განივკვეთის და შედარებით დიდი სიგრძისა, რომელსაც უმეტესად იყენებენ მილსადენების და სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად. მასალის მიხედვით შეიძლება იყოს ლითონის, კერამიკის, აზბესტცემენტის, ხის, პლასტმასის (პოლიპროპილენის), რკინაბეტონის და სხვ. დანიშნულების მიხედვით - გამწოვი, წყალსადენი, გაზმომარაგების, კანალიზაციის, სადაწნეო, სავენტილაციო, საკვამლე, სადერივაციო, ჩასადენი და სხვ.

მილი ფოლადის - ფოლადის ნაკეთობა რგოლის, ოვალის, მრავალწახნაგის ან სხვა ფორმის განივკვეთისა (ნახ. 1: წყალ- და აირსადენი ფოლადის მილები). წარმოების ხერხის მიხედვით არის უნაკერო და შენადუღი. არსებობს უნაკერო მ.ფ. შემდეგი სახეები: ცხლად გლინული, ცხლად წნეხილი, ცხლად დეფორმირებული, ცხლად ნაჭედი, თბოდეფორმირებული, თბოგლინული, თბონაჭიმი, ცივად დეფორმირებული, ცივად გლინული, ცივად ნაჭიმი, ცენტრიდანულ სხმული. შენადუღი მ.ფ. იყოფა ორ ჯგუფად: ელექტროშენადუღი (პირდაპირი და სპირალური ნაკერით და ღუმელური შედუღებით) და ნარჩილი.

მილი ფოლადის ნარჩილი - ფოლადის შენადუღი მილი დამზადებული შტრიფსებისაგან დაყალიბებითა და რჩილვით.

მილი ფოლადის შენადუღი - ფოლადის მილი, დამზადებული შტრიფსებისაგან ან ფურცლებისაგან დაყალიბებითა და შედუღებით (ნახ. 1). მ.ფ.შ.-ს დამზადებულს ლითონის შტრიფსებისაგან ან გაგლინული ფურცლებისაგან დაყალიბებითა და ელექტროშედუღებით, ეწოდება ელექტროშენადუღი ფოლადის მილი; თუ შედუღების ნაკერი პარალელურია მილის გრძივი ღერძის, მაშინ ასეთ შენადუღ მილს ეწოდება პირდაპირნაკერიანი; თუ ნაკერი სპირალის ფორმისაა - სპირალურნაკერიანი; თუ შედუღება მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე ღუმელში - ფოლადის მილი ღუმელური შედუღებით.

მილი ფოლადის ცივად დეფორმირებული - ფოლადის უნაკერო გაგლინული მილი, რომლის საჭირო ზომები მიიღება ცივი დეფორმაციის მეთოდით.

მილი წყალარინების - ჩამდინარი წყლის მოსაშორებელ სისტემაში გამოყენებული ფოლადის ან პლასტმასის მილი. არსებობს სამი კატეგორიის: I - დიამეტრით 1500 მმ-ზე მეტი; II - 600...1500 მმ; III - 600 მმ-მდე.

მილი... (ლათ.) - 1. რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ამოსავალი ერთეულის მეათასედ ნაწილს. მაგ.: მილიმეტრი - მეტრის მეათასედი ნაწილი; 2. ინგლისური მილი - ათასი ორმაგი რომაული ნაბიჯი.

მილიარდი - ათასი მილიონი, რომელიც გამოისახება 109 რიცხვით.

მილიმეტრი - საზომი ერთეული, რომელიც უდრის 10-3 მ = 1/1000 მ. აღნიშვნა მმ.

მილიონი - ათასჯერ ათასი, რომელიც გამოისახება 106 რიცხვით.

მილისი - მანქანის ცილინდრული ან კონუსური ნაწილი ღერძული (გრძივი) ნახვრეტით, რომელშიც ჯდება შეუღლებული დეტალი. გამოიყენება საკისრის, სამაგრი, გადასაყვანი და სხვა დანიშნულების მ.

მილკაბრა - მილის ან მილყელის ბოლოში გაფართოება სხვა მილთან ან არმატურასთან შესაერთებლად. მილკაბრათი შეერთება ჩვეულებრივ გამოიყენება თუჯის და კერამიკული მილებისათვის.

მილსადენი - ნავთობის, გაზის, წყლის, ფხვიერი მასალების, ქვანახშირისა და ქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირების სპეციფიკური საშუალება მოპოვების ადგილიდან მოხმარების ბაზრამდე.

მილსადენი მკვებავი - მილსადენი, რომელიც მართვის კვანძს აერთებს გამანაწილებელ მილსადენთან.

მილსადენის არმატურა - მოწყობილობა მილსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირების ნაკადების მართვისათვის. იყოფა სამ ძირითად კლასად: ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი.

მილსადენის გადამყვანი - მილსადენის ფასონური დეტალი სატრანსპორტო ნაკადის გასაფართოებლად ან შესავიწროებლად. დამზადების სახეობის მიხედვით არსებობს: უნაკერო, დავალცული და ფურცლისებრი.

მილტუჩი (გერმ.) - მილების, არმატურების, რეზერვუარების, ლილვების შემაერთებელი ნა=წილი, რომელიც, ჩვეულებრივ, არის ბრტყელი რგოლი ან დისკი თანაბრადგანლაგებული ხვრეტებით ჭანჭიკების ან სარჭებისათვის (ნახ. 1: ბრტყელი მილტუჩი). საჭირო შემთხვევაში მილტუჩა შემამჭიდროვებლით უზრუნველყოფს შიგა ღრუების ჰერმეტულობას. ბრუნვით დეტალებში იგი უზრუნველყოფს საკმაო სიმტკიცეს ძალების გადასაცემად. მაგალითისათვის შეიძლება განვიხილოთ მილისებრი წისქვილის მილტუჩი, რომელიც დოლის კორპუსთან ჭანჭიკებითაა დაკავშირებული.

მილყელი - მოკლე მილი აირის, ორთქლის ან სითხის გასატანად ძირითადი მილგაყვანილობიდან ან რეზერვუარიდან (ნახ. 1: მილყელის ნაირსახეობები). მილყელს ეწოდება გადამყვანი, თუ მისი ბოლოები განსხვავებულია ფორმით და ზომით (ნახ. 2: მილყელი მილსადენის განშტოებისათვის). მილყელია აგრეთვე შემაერთებელი მილგაყვანილობა სხეულების ტრანსპორტირებისათვის დაწნევათა სხვაობის მეთოდით.

მილჩამწყობი - ამწე, რომელსაც იყენებენ სპეციალურ მანქანებთან ერთად მილსადენების გაყვანის დროს. მისი დანიშნულებაა მილების გადაადგილება, აწევა და ტრანშეაში ჩაწყობა საპროექტო მდგომარეობაში (ნახ. 1). მაგისტრალური მილსადენების მონტაჟის დროს შესაძლებელია ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში მუშაობდეს რამდენიმე მ. ჩასალაგებელი მილების დიამეტრის და ერთდროულად შესასრულებელი მოძრაობის რიცხვის მიხედვით განასხვავებენ სამი ჯგუფის მ.: პირველი ჯგუფის მილჩამწყობებით ალაგებენ მილებს დიამეტრით 530 მმ-მდე, მეორე ჯგუფი - 1200 მმ-მდე და მესამე ჯგუფი - 1420 მმ-მდე.

მიმართულება - მრავლისმომცველი ტერმინი, რომელიც მიანიშნებს, მიუთითებს რაიმე მოვლენის, შესასრულებელი სამუშაოს, აზროვნების, მეცნიერული კვლევის, მისწრაფების და სხვათა განსაკუთრებულად გამოყოფის, აღნიშვნის საჭიროებაზე. მაგალითად, საჭიროა ვიცოდეთ რეგიონში გაბატონებული ქარის მ., სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი ძარღვის მ., მეცნიერული კვლევისა და ძიების, მართული აფეთქების, მიწის სამუშაოების დროს გრუნტის ამოღების და სატვირთო მ. და სხვ.

მიმოსვლის ბილიკი - ერთი ადგილიდან მეორესთან მისასვლელი გზა ექსტერიერში ან ინტერიერში, ფეხით მოსიარულეთათვის.

მიმწოდებელი - სარეალიზაციო  ან მომსახურების ბაზარზე პროდუქტის  განმათავსებელი პირი.

მინა (შუშა) - ხელოვნური ან მინერალური ნედლეულის დნობით მიღებული მასალა, რომლის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა შუქგამტარობა და სიხისტე. მ. პრივილეგირებული საშენი მასალაა. რომლის გამოყენების არეალი პრაქტიკულად ამოუწურავია. მ. ამზადებენ კვარციტის ქვიშისაგან, რომლის შემადგენლობა მასში დაახლოებით 70 პროცენტია. ერთმანეთში არეული ქვიშა, კირქვა, დოლომიტი და შემაფერადებლები მინის ლეწთან ერთად ჯერ ბუნკერში თავსდება, შემდეგ კი ავტომატური დანადგარის საშუალებით ღუმელში გასადნობად იყრება. მ. არქიტექტურაში და მშენებლობაში, როგორც წესი, გამოიყენება მასალად, რომელიც შუქს, სინათლეს ატარებს. არც ისე დიდი ხნის წინ მინას ამ მხრივ მეტოქე არ გააჩნდა, მაგრამ ახლაც, როცა გამოჩნდა ახალი შუქგამტარი პოლიმერული მასალები, მ. რჩება ძირითად მასალად სინათლის ღიობებისათვის, ვინაიდან პოლიმერებისაგან განსხვავებით იგი პრაქტიკულად არ ძველდება და არ იწვის. მ., როგორც საშენი მასალის, ძირითად თვისებად ითვლება მისი ოპტიკური მახასიათებლები, რაც დაკავშირებულია ქიმიურ შემადგენლობასთან, მ. სტრუქტურასთან, მისი ზედაპირების მახასიათებლებთან და ასევე დამატებითი დამფარავი ფირების თვისებებთან. ამასთან, ყველაზე ძირითადად ითვლება სინათლის ოპტიკური დიაპაზონის გარდატეხის, გამტარობის, არეკვლის და შთანთქმის მახასიათებლები და ასევე ფერადოვნება. იმისათვის, რომ მ. მივცეთ სასურველი ფერი მის შემადგენლობაში ამატებენ მეტალის ოქსიდებს, მაგ., რკინის ოქსიდი მას შესძენს ცისფერ ფერს, ურანის ოქსიდი - ღია ყვითელს, ნიკელი - ყავისფერს მ. უმთავრეს თვისებად ითვლება მის მიერ სინათლის გატარების უნარი. ეს თვისება ხასიათდება შუქგამტარობის კოეფიციენტით τ, რომელიც ტოლია მ. გამავალი Fτ და მასზე დაცემული Fi სინათლის ნაკადების ფარდობის -  τ = Fτ/Fi. შუქგამტარობის კოეფიციენტი პირდაპირაა დამოკიდებული მ. ზედაპირის ამრეკლავი და შთანმთქმელი თვისებისა, ამიტომ თეორიულად იდეალურ მ. კი არ შეუძლია გაატაროს სინათლის 92%-ზე მეტი, ვინაიდან მისი ორივე ზედაპირი აირეკლავს სინათლის სხივების მინიმუმ 8%-ს  მ. ბუნებრივ დაშლას სჭირდება 1 მილიონი წელი. იგი არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი მასალათაგან, რომლებიც გადამუშავების შემდეგ 100 პროცენტით ინარჩუნებს ხარისხს. მ. წარმოადგენს ამორფულ (კრისტალური აგებულების არმქონე) მასალას, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ცხელ შუშას სწრაფად გავაცივებთ ის არ გამყარდება. როცა მ. ტყდება, ბზარი მოძრაობს 4828 კმ/სთ სიჩქარით. ყველაზე სქელი მ. გამოყენებულია სიდნეის (ავსტრალია) აკვარიუმში. მისი სისქეა 26 სმ, ხოლო ეკრანის ზომებია 7X4 მ. თუმცა უფრო დიდი აკვარიუმებისათვის გამოიყენება პანელები აკრილისაგან. ყველაზე დიდი აკრილის პანელი, რომელიც შესულია გინესის რეკორდების წიგნში არის დუბაის აკვარიუმში და მისი ზომებია 8X32 მ., სისქე 75 სმ.  მ. სიმტკიცეს ძალიან ამცირებს ნაკაწრები, რაზედაცაა დაფუძნებული მისი დაჭრა ალმასით. სიმტკიცე კუმშვაზე დიდი აქვს - 900...1000 მპა, ე. ი. თითქმის ისეთივე, როგორც ფოლადსა და თუჯს. მ. სამშობლოდ ითვლება არაბული სამყარო, კერძოდ ეგვიპტე, სადაც მ. დამზადება დაიწყეს 5000 წლის წინათ.

მინა არამსხვრევადი - ორფენიანი მ., რომლის ფენებს შორის მოთავსებულია პოლიმერული ფირი. გამოგონებული იქნა 1903 წელს ფრანგი მეცნიერის ედუარდ ბენედიქტუსის მიერ. გამოიყენება ავტომანქანის საქარე მინად, აგრეთვე მშენებლობაში ვიტრინებისა და ვიტრაჟების მოსაწყობად.

მინა აფსკური - მოქნილი, თხელი (სისქე 10...200 მკმ) ბრტყელი მინა, რომლის მექანიკური სიმტკიცე რამდენჯერმე აჭარბებს მასიური სილიკატური მინის სიმკვრივეს. გამოირჩევა მაღალი თბომედეგობითა და შუქგამტარობით. მიიღება თხევადი მინის მასის გამოწელვით (ლენტის სახით) ზევიდან ქვევით მაფორმირებელი მოწყობილობის მეშვეობით. გამოიყენება ელექტროსაიზოლაციო და მაღალტემპერატურული ქაღალდის, მაღალხარისხოვანი კონდენსატორების, მიკროსკოპის საფარის დასამზადებლად და სხვ.

მინა დაარმირებული - მიიღება გამდნარ მინის მასაში ქრომირებული მავთულის ბადის ჩაწნეხით. ბადე იჭერს მინის ნატეხებს დაზიანების დროს (ნახ.1). ლამინირებულ მინას ამტკიცებენ იმ ელასტიკური პოლიმერული აფსკის საშუალებით, რომელიც იწნეხება მინის ფენებს შორის. ასეთ მინას, უწოდებენ „ტრიპლექსს“. მსგავსი კომპოზიციური ფურცლოვანი მასალა, შედგენილი 3-4 ფენა განმტკიცებული მინის და 2-3 ფენა პოლიმერული აფსკისაგან, მინას ხდის ტყვიაგაუმტარს.

მინა დამცავი - გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით. დამტვრევის დროს ასეთი მინა იმსხვრევა წვრილ (5...10 მმ) კუბის ფორმის ნატეხებად, რომლებიც უვნებელია ადამიანისათვის.

მინა დარტყმამედეგი - დამცავი მინა, რომელიც უძლებს თავისუფლად ვარდნილი სხეულის მრავალგზის დარტყმას ნირმირებული მაჩვენებლით.

მინა თბოიზოლაციური - ჩვეულებრივისაგან გამოირჩევა იმით, რომ შიგა მხრიდან დაფარულია თხელი სპეციალური აფსკით, რომელიც ამცირებს სითბოს კარგვას სპექტრის ინფრაწითელი სხივების არეკვლით და უკან შენობაში დაბრუნებით. ასეთი მინების სინათლეგამტარობაა 72...79%.

მინა თხევადი -  კალიუმის ან ნატრიუმის სილიკატი.  მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ნატრიუმის მ.თ. იგი მხოლოდ ჰაერზე მაგრდება ნახშირორჟანგის ზემოქმედებით. მ.თ. გამოიყენება მჟავამედეგი ცემენტის მისაღებად, ცეცხლდამცავი საღებავებისა და საგოზავებისათვის, გრუნტების გასამაგრებლად (სილიკატიზაცია), ბუნებრივი ქვის მასალების დასაცავად.

მინა ლამინირებული - იხ. ტრიპლექსი.

მინა მოჯავშნილი - მაღალი სიმტკიცის ტყვიაგაუმტარი მინა, რომლის მისაღებად რამდენიმე ფენა მინას ერთმანეთზე აწყობენ და მათ შორის ათავსებენ სპეციალურ პოლიმერულ ფირს. ამის შემდეგ მას აცხელებენ სპეციალურ ღუმელში და ატარებენ დაზგაზე დიდი წნევის ქვეშ.

მინა მქრქალი - გაუმჭვირი მინა ხორკლიანი ზედაპირით.

მინა ნაწრთობი (რუს. Сталинит) - მინა, მრავალჯერ გაცხელებული წრთობის ტემპერატურამდე (540...5600C), შემდეგ კი სწრაფად და თანაბრად გაცივებული ჰაერით.

მინა ოპტიკური - მაღალი გამჭვირვალობის ერთგვაროვანი ქიმიურად მდგრადი მინა. მზადდება ზუსტად მოცემული ოპტიკური თვისებებით - გარდატეხის მაჩვენებელი (1,4-დან 2,04-მდე) და დისპერსიის კოეფიციენტი (70-დან 78-მდე), რომელთა შეთავსებითაც ოპტიკური მინა შეიძლება დაიყოს კრონებად (მცირე გარდატეხა და მომატებული დისპერსია) და ფლინტებად (საპირისპირო თვისებებით). მ.ო. გამოიყენება ოპტიკური ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დასამზადებლად.

მინა ორგანული - გამჭვირვალე მყიფე მასალა, რომელიც მიიღება შუშაწარმომქმნელი კომპონენტების (კაჟი, ბორი, ალუმინი, ფოსფორი, ტიტანი და სხვ. ჟანგები) და ლითონების (ლითიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ტყვია და სხვ. ჟანგები) შენადნობების გაციებით. შუშაწარმომქმნელი კომპონენტების ტიპის მიხედვით განასხვავებენ სილიკატურ, ბორატულ, ბოროსილიკატურ, ალუმინოსილიკატურ, ბორალუმინოსილიკატურ და სხვ. ორგანულ მინებს. იმის გამო, რომ მ.ო. შეიძლება მივანიჭოთ სხვადასხვა თვისებები ოპტიკური, მექანიკური, თერმული, ქიმიური და სხვ., ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, მრეწველობაში, ტექნიკაში, დეკორატიულ ხელოვნებაში და სხვ.

მინა პირექსი - სილიკატური მინა კაჟმიწის და ბორის ანჰიდრიდის მაღალი შემცველობით. გამოირჩევა დიდი ქიმიური, მექანიკური და თერმული მედეგობით.

მინა სითბოდამცავი (მზედამცავი) - ასრულებს უკუფუნქციას, ის აირეკლავს დაცემულ სხივურ ენერგიას და არ უშვებს მას შენობაში, ეს მიიღწევა მინაზე ლითონის ძალიან თხელი ფენის დატანით, რომელიც მუშაობს, როგორც სარკე. მ.ს. განსაკუთრებული სახეობაა ფოტოქრომული მინა, რომელიც უზრუნველყოფს შენობაში სითბოს შესვლის ავტომატურ რეგულირებას. მზის სხივების მოქმედებით ის მუქდება, რადიაციის შემცირებისას კი სინათლეგამტარობას აღიდგენს.

მინა სილიკატური - მიიღება კვარცის ქვიშის, ცარცის, სოდისა და სხვა კომპონენტებისაგან (ნახ. 1, სილიკატური მინა). გამჭვირვალობა და ნებისმიერ ფერად შეღებვის უნარი, მაღალი ქიმიური მედეგობა, დიდი სიმტკიცე და სიმაგრე, ელექტროიზოლაციური და სხვა დადებითი თვისება, მ. ს. ხდის შეუცვლელ მასალად. იყენებენ არა მარტო შუქგამტარ კონსტრუქციებში (ფანჯარა, ვიტრაჟი, მაშუქი), არამედ როგორც მოსაპირკეთებელ და კონსტრუქციულ მასალას. თანამედროვე მშენებლობაში მაღლივ შენობებს ხშირად აქვს გაუმჯობესებული დეკორატიული, სინათლე ამრეკლავი და თბოდამცავი მინისაგან დამზადებული ფასადები. გარდა ამისა, მინისაგან მზადდება სხვადასხვა ნაკეთობა (ბლოკი, მილი, პროფილი), ეფექტური თბოსაიზოლაციო მასალები (ქაფმინა, მინის ბამბა), მინაბოჭკო და მინაქსოვილი. სიმკვრივე დამოკიდებულია ქიმიურ შედგენილობაზე და ჩვეულებრივი სამშენებლო მინისათვის შეადგენს 2400...2600 კგ/მ3-ს. ფორიანობა და წყალშთანთქმა პრაქტიკულად ნულის ტოლი აქვს. სიმაგრე მოოსის სკალით შეადგენს 5...7-ს. ქიმიური მედეგობა, მ.ს. ერთ-ერთი უნიკალური თვისებაა. იგი კარგად უძლებს წყლის, ტუტეებისა და მჟავების (გარდა მდნობი და ფოსფორის) ზემოქმედებას.

მინა სპეციალური (ფუნქციური) - არა მარტო სინათლეს ატარებს, არამედ ასრულებს სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს: 1.თბოიზოლაცია ზამთარში და თბოდაცვა ზაფხულში; 2. ბგერაიზოლაცია და ინფორმაციის გაჟონვის დაცვა; 3. მექანიკური დაზიანებებისაგან დაცვა; 4. დეკორატიული ეფექტის შექმნა.

მინა ტყვიაგაუმტარი - დამცავი მინა, რომელიც უძლებს ცეცხლსასროლი იარაღის ზემოქმედებას და ეწინააღმდეგება სავნები ელემენტის გამჭოლ გაღწევას მასში.

მინა უვიოლური - მინა, გამორჩეული მაღალი გამჭირვალობით სპექტრის ულტრაიისფერი ნაწილის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვან წილად შთაინთქმება ჩვეულებრივი მინით. მიიღება სუთა ნედლეულისგან, რომელშიც რკინის ოქსიდების შემცველობა დაყვანილია 5-ის მეათასედ ნაწილამდე. გამოიყენება საავადმყოფოების, სანატორიუმების, ორანჟერეების შესამინად.

მინა უჯრედოვანი (ქაფმინა) - უჯრედოვანი თბოსაიზოლაციო მასალა, მიღებული მინის ფხვნილის შეცხობით ღუმელში და ერთდროული აქაფებით ქაფწარმომქმნელის დამატებით (საშუალო სიმკვრივე - 1200 კგ/მ3).

მინა ფერადი - დეკორატიული არქიტექტურული მინა, რომლისთვისაც ფერის მიცემა ხდება მინის მასაში საღებრების - ლითონის ოქსიდების შეყვანით. მაგ., NiO ფერავს მინას წითელ-იისფრად, CoO - ლურჯად, Cr2O3 - მწვანედ, CuO და FeO - ლურჯ-მწვანედ, Fe2O3 - ყვითლად.

მინაბეტონის კონსტრუქციები - სამშენებლო კონსტრუქციები, რომლებიც განკუთვნილია შუქშეღწევადი შემომზღუდავი ელემენტების მოსაწყობად საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სამრეწველო ნაგებობებში (ტიხრები, სანათურები, კიბის უჯრედები, ლიფტის შახტები და სხვ.). მ.კ. შეიძლება მომზადდეს ქარხანაში (ჩვეულებრივ ეს არის პანელი, რომელიც წარმოადგენს ბეტონის მჭიდეში მოთავსებულ მინის ბლოკებს) ან შეიძლება აეწყოს მშენებლობაზე. მინაბლოკებს შორის ნაკერებში აწყობენ არმატურას, რომელიც ანკერდება ბეტონის სარტყელში.

მინაბლოკი - ღრუტანიანი მინის ნაკეთობა, რომელიც მიიღება ორი ნახევარბლოკის შედუღებით. გააჩნია კარგი შუქგამტარობა (არანაკლები 50%-ისა), თბო- და ბგერათსაიზოლაციო თვისებები, საკმაო სიმტკიცე. ამზადებენ შუქგამფანტავ, შუქმიმმართველ, მზისგან დამცავ, ფერად მ. გამოიყენება შენობების გარე შუქღიობების შესავსებად, შუქგამჭვირვალე ტიხრების მოსაწყობად, კიბის უჯრედების შესამინად და სხვ.

მინაბოჭკო - მიიღება მინის ნადნობის ფილერიდან გამოწნეხით. ბოჭკოს დიამეტრია 3...10 მკმ. სიგრძე - 20 კმ-მდე, იყენებენ როგორც მინაპლასტიკის მაარმირებელ კომპონენტს, აგრეთვე ფუძედ რულონური სახურავის და ჰიდროსაიზოლაციო მასალების წარმოებაში.

მინადუღი - მყარი დანალექი, რომელიც წარმოიქმნება ორთქლის ქვაბის მილების, წყლის ეკონომაიზერების, ორთქლის გადამეტსახურებლების, საორთქლებლებისა და სხვა თბოგადამცემი აპარატების შიდა კედლებზე, როცა ამ მოწყობილობებში ხდება რომელიმე მარილის შემცველი წყლის აორთქლება ან გაცხელება. მ. ძალიან თხელი შრეც დიდ თერმულ წინაღობას ქმნის და იწვევს დანადგარების სახიფათო გადამეტხურებას. მ. აცილებენ მექანიკური და ქიმიური ხერხებით.

მინაელასტი - რულონური დნობადი საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა (ნახ. 1). გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების შენობების საბურულე ხალიჩის მოსაწყობად, აგრეთვე საძირკვლების, ხიდების, გვირაბების ჰიდროსაიზოლაციოდ. ინარჩუნებს ელასტიკურობას −250C, თბომედეგობას კი +1000C ტემპერატურამდე. შედგება არალპობადი საფუძვლისა (მინის ტილო, კომბინირებული ქსოვილი, მინის ქსოვილი, პოლიესთერი) და ზედაპირზე ორმხრივად დატანილი მოდიფიცირებული პოლიმერ-ბიტუმის შემკვრელისაგან. მონტაჟის დროს დნება პროპანის ან დიზელის სანთურით (ნახ. 2) და მჭიდროდ ეწებება ჰორიზონტალურ, დახრილ და ვერტიკალურ ზედაპირებს, რომლებიც დამზადებულია უწვი მასალისაგან (ცემენტ-ქვიშის მოჭიმვა, მინერალური ბამბის გამათბუნებელი და სხვ.).

მინაიზოლი - რულონური ჰიდროსაიზოლაციო მასალა. მიიღება მინის საფუძველზე დამზადებული ტილოს ორივე მხრიდან რეზინობიტუმით დაფარვით; სისქე - 2 მმ, 1 მ2-ის მასა - 2 კგ. ინარჩუნებს თვისებებს –10-დან +850C ტემპერატურის ფარგლებში.

მინაკაჟბადზიტი - მინაკრისტალური დეკორატიული ფილები კედლების შიდა და გარე მოპირკეთებისათვის.

მინამარმარილო - მარბლიტის სახესხვაობა, რომელსაც აქვს ერთი ტონის შეფერილობა. გამოიყენება კედლების მოსაპირკეთებლად შენობების შიგნით.

მინანქარი - იხ. ემალი.

მინაპაკეტი - სამშენებლო ნაკეთობა, რომელიც წარმოადგენს პერიმეტრზე ჩარჩოთი (მჭიდით) ჰერმეტულად შეერთებულ ორ ან მეტ მინის ფურცელს (ნახ. 1). მინებს შორის წარმოქმნილ სივრცეს ავსებენ გამომშრალი ჰაერით, რაც გამორიცხავს მათ დაორთქვლას ან კონდენსატის წარმოქმნას. მ. იყენებენ შენობა-ნაგებობების შუქღიობების შესამინად (ორმაგ ჩარჩოში ორმაგი შემინვის ნაცვლად). დამზადების ხერხებისა და კონსტრუქციული თავისებერებების თვალსაზრისით მზადდება დაწებებული, ნარჩილი და შენადუღი მ. ნარჩილ მინაპაკეტებში განივ ჩარჩოდ გამოიყენება ტყვიის შენადნობისაგან დამზადებული ლარტყა (ზოლი), რომელიც ჩაისმება მ. კონტურის გასწვრივ და მიერჩილება ორივე მინას მაღალ ტემპერატურაზე სარჩილავის გამოყენებით, ხოლო შენადუღ მ. ხდება კონტურის (კიდეების) გაცხელება მაღალ ტემპერატურაზე და შემდეგში მინის მასის ფორმირება და შედუღება. პრაქტიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული ორფენიანი დაწებებული მ., რომელთა დასამზადებლად გამოიყენება ალუმინის ლარტყა, რომლის საშუალებითაც კონტურზე ეწებება მინები და ამგვარად მიიღება ჩაკეტილი კოლოფისმაგვარი კონსტრუქცია. ლარტყა უზრუნველყოფს მინებს შორის საჭირო დაშორებას და ნაკეთობის საერთო სიხისტეს. მინებსა და ჩარჩოს შორის წარმოქმნილი ტემპერატურული დეფორმაციები კომპენსირდება დასაწებებელი ელასტიკური მასით (ტიოკოლი) ან პლასტიკური მასტიკებით, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის ხანმედეგობას. დასაწებებლად გამოიყენება ისეთი მასალები, რომლებიც ექსპლუატაციის პირობებში ხანგრძლივად ინარჩუნებენ ელასტიკურობას, აქვს კარგი ადგეზიური თვისებები მინისა და ჩარჩოს მასალის მიმართ, არ ატარებენ ორთქლსა და ჰაერს და მედეგი არიან მზის სხივებისა და ტემპერატურის მიმართ. მასა უნდა იყოს დენადი და კარგად ავსებდეს ღრეჩოებს მინასა და ჩარჩოს შორის, ჰქონდეს ვულკანიზაციის თვისება და გამრკვრივებისას არ გამოყოფდეს აქროლად ნივთიერებებს. ჩარჩოს ლარტყაში იყრება ტენის გამწოვი ნივთიერება (სილიკოგელი), რომელიც ლარტყის შიდა არსებული ნასვრეტებიდან უზრუნველყოფს პაკეტში მოხვედრილი ზედმეტი ტენის შთანთქმას, რაც გამოიცხავს მ. დაორთქვლას შიდა მხრიდან. მ. დამზადების ტექნოლოგიური ციკლი შედგება შემდეგი ძირითადი ოპერაციებისაგან: მინის დაჭრა, გარეცხვა და გაშრობა; ალუმინის ლარტყის პროფილების დაჭრა და მათი ზედაპირების გასუფთავება ცხიმისაგან; ალუმინის ლარტყის დაჭრილი პროფილების გავსება სილიკოგელის ტენმშთანთქავი ფხვნილით და ჩარჩოების აწყობა პლასტმასის სპეციალური კეთხედების (“კლიფსების”) გამოყენებით; პაკეტის აწყობა მინებისა და გამზადებული ალუმინის ლარტყის ჩარჩოების საშუალებით; მ. კონტურის შევსება ტიოკოლის ჰერმეტიკის გამოყენებით; ტიოკოლის ჰერმეტიკის ვულკანიზაცია ბუნებრივ პირობებში ან თერმოკამერაში 600C ტემპერატურაზე. ტიოკოლის ჰერმეტიკის მომზადება წარმოებს საამქროში თეთრი (კომპონენტი A) და შავი (კომპონენტი B) მასების შერევით, თანაფარდობით 10:1. ბუნებრივ პირობებში მასის გამყარებისათვის საკმარისია 2 საათი. მინაპლასტების თბოიზოლაცია პროპორციულ დამოკიდებულებაშია მის სისქესთან. პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება 20…24 მმ სისქის მ., რომელიც შედგება ორი ფენა 4 მმ სისქის მინებისა და 12…16 მმ სისქის ალუმინის ლარტყისაგან. იშვიათად ხმარობენ 6 და 9 მმ სისქის ლარტყებსაც. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, 20 მმ სისქის პაკეტის (მინების სისქით 4 + 4 მმ) ზედაპირის მაქსიმალური ფართობი მიზანშეწონილია არ აღემეტებოდეს 4 მ2-ს, ხოლო თუ პაკეტში ერთი ფენა მინის სისქეა 6 მმ, მაშინ - 6 მ2-ს. მინაპაკეტების ტრანსპორტირება და მონტაჟი წარმოებს შვეულ მდგომარეობაში სპეციალური საფენების, სტელაჟების და ვაკუუმური სამარჯვების გამოყენებით. ჰერმეტიზაცია დარღვეული მ. ექსპლუატაციისათვის უვარგისია.

მინაპლასტიკი - პლასტმასის ნაირსახეობა რომელიც შედგება შემკვრელისა და მაარმირებლისაგან. შემკვრელად ძირითადად თერმორეაქტიული ფისები (პოლიეთერი, ეპოქსიდი, ფენოლფორმალდეჰიდი) გამოიყენება, ხოლო მაარმირებლად - მინის ბოჭკო, მინის ძაფი, მინის ქსოვილი, კვარცის ბოჭკო. გვხვდება გამჭირვალე და გაუმჭვირი სახით. სიმტკიცე 1,5...1,9 გ/სმ3. მიეკუთვნება ძნელად წვადი მასალების ჯგუფს. სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად არსებობს სამი ტიპის: უწყვეტი მინის ბოჭკოთი არმირებული, ქაოსურად განლაგებული დანაწევრებული მინაბოჭკოთი არმირებული და მინის ბოჭკოსაგან დამზადებული უხეში ტილოთი არმირებული („გლაკრეზიტი“). მშენებლობაში განსაკუთრებით გავრცელებულია მინის ბოჭკოთი არმირებული პოლიეთერული მ. მისგან ამზადებენ კარებისა და ფანჯრის პროფილებს, სამფენოვან ფილებს და პანელებს, საკედლე ბლოკებს, კიბის სახელურებს, ბრტყელ და ტალღოვან ფურცლებს (ნახ. 1), ელექტროობის არგამტარ კიბეებს, დიდი წნევის მილებს; აგრეთვე წყლის ნავებს, კანოეებს, ტელეფონის (ტაქსოფონის) კაბინებს, მყარ საწვავზე მომუშავე რაკეტის ძრავის კორპუსებს, მსუბუქი ავტომობილების ძარას და სხვ. მ. შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ფორმა, ფერი და სისქე. რუსეთში გამომავალი მ. მარკებია: АГ-4С, СВАМ, АГ-4В.

მინაპროფილი - კოლოფისებრი ან შველერის კვეთის გრძელზომიანი (5 მ) უფერო ან ფერადი, დაარმატურებული ან არადაარმატურებული, გლუვი, მოხატული ან დაღარული პროფილი. გამოიყენება მზიდი კედლების, ტიხრების და გამჭვირვალე სახურავებისათვის, საგამოფენო და სპორტულ ნაგებობებში.

მინაპროფილიტი - სხვადასხვა პროფილის მინისაგან შემდგარი მსხვილგაბარიტიანი სამშენებლო ნაკეთობა. მზადდება უწყვეტი გაგლინვის მეთოდით არმირებული და არაარმირებული, უფერო და შეღებილი მინისაგან. განივკვეთის ფორმის მიხედვით განასხვავებენ ტალღოვან, ყუთისებრ, შველერისებრ, კუთხოვანისებრ, ტრაპეციულ და სხვ. მ. გამოიყენება შენობა-ნაგებობების შუქშეღწევადი შემომზღუდავი კონსტრუქციების მოსაწყობად.

მინარეთი (არაბ.) - ისლამურ არქიტექტურაში კოშკი (გეგმით მრგვალი, კვადრატული ან მრავალწახნაგა) მეჩეთთან, რომლიდანაც მუეძინი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს (ნახ. 1). ადრეული ხანის მ. ჰქონდა სპირალური კიბე ან პანდუსი გარედან, შემდეგ კი კიბე კოშკის შიგნით გადაიტანეს. არქიტექტურული კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს: ოთხკუთხას (ჩრდილოეთ აფრიკა) და მრგვალს (ახლო აღმოსავლეთი). მ. მორთულია ფიგურული აგურის წყობით, ორნამენტებით, ხვეულებით, მოჭიქული კერამიკით, აჟურული აივნებით და სხვ.

მინარუბეროიდი - რულონური მასალა, მიიღება მინაბოჭკოვან ტილოზე ბიტუმის შემკვრელის (ბიტუმრეზინის, ბიტუმპოლიმერის) ორმხრივი დატანით. გამოიყენება ბურულის ხალიჩის ზედა და ქვედა ფენებისათვის, აგრეთვე ასაკრავი ჰიდროიზოლაციისათვის. ორივე მხარეს უკეთებენ ქვიშის ხალიჩას. სისქე - 2,5 მმ, სიგანე - 96...100 სმ. გამოდის რულონის სახით (ნახ. 1).

მინატექსტოლიტი - მინაპლასტიკის მსგავსი თერმორეაქტიული პლასტმასა. წარმოადგენს ფენოვან პლასტიკს მინაქსოვილის და პოლიმერული შემკვრელის საფუძველზე. ყველაზე ეფექტური მასალაა, რომელიც გამოიყენება დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციებში. ფურცლის ზომება: სისქე 0,7...7 მმ, სიგანე 600...1200 მმ, სიგრძე 2400 მმ. სიმკვრივე 1,85 გ/სმ3. რუსეთში გამოდის შემდეგი მარკის მ.: КАСТ-В, ВФТ-С.

მინაფორები - გრანულები, მიღებული გათხევადებული მინის ან ნატრიუმის (კალიუმის) გაცივებული ნადნობის აქაფებით. აქაფებისათვის იყენებენ მინერალურ დანამატებს (ცარცი, დაფქული ქვიშა, ნაცარი). სიმკვრივე - 200...300 კგ/მ3. სხვა მჭიდა მასალებთან ერთად გამოიყენება თბოიზოლაციის დასამზადებლად.

მინაშენი - შენობის ნაწილი, განლაგებული კაპიტალური კედლების კონტურის გარეთ. იგი წარმოადგენს დამხმარე ნაგებობას და ძირითად შენობასთან შეიძლება ქონდეს ერთი ან რამდენიმე საერთო კაპიტალური კედელი. მ. აგებენ ხისაგან ან აგურისაგან (ნახ. 1), თუმცა შესაძლებელია სხვა მასალების გამოყენებაც.

მინაშპალერი - რულონური ცეცხლგამძლე მასალა ტვიფრული მინაბოჭკოს საფუძველზე.

მინდა ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესის მახლობლად (ნახ. 1). შემორჩენილია გალავანი და სამი კოშკი, რომელთაგან დასავლეთისა ცილინდრულია, ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთისა - ოთხკუთხა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. მ.ც. რაჭის საერისთავოს მნიშვნელოვანი ციხე იყო. მასზე გადიოდა ონიდან ქვემო რაჭაში და ქვემო სვანეთიდან რაჭაში მიმავალი გზები.

მინდობილობა - დოკუმენტი, რომლითაც მრწმუნებელი ადასტურებს იმას, რომ მან უფლება მისცა თავის წარმომადგენელს (ნდობით აღჭურვილ პირს ) მოახდინოს გარკვეული, დოკუმენტში მითითებული ქმედება მრწმუნებლის სახელით (ანუ თავისი სახელით). დოკუმენტი წერილობითი სახით განსაზღვრული ვადით დგება. მ. მოწმდება მრწმუნებლის ხელის მოწერით და, ჩვეულებრივ, დაწესებულების ბეჭდით.

მინერალი - ბუნებრივი ქიმიური ნაერთი ან ელემენტი, რომელიც შედის დედამიწის ქერქის შედგენილობაში. შეიძლება იყოს აირადი, თხევადი და მყარი. მიწის ქერში მ. არათანაბრადაა განაწილებული. ქიმიური ელემენტები, ბუნების ეს დამოუკიდებელი ერთეულები, მიწის ქერქში განიცდიან გადაადგილებას, მიგრაციას, უერთდებიან ერთმანეთს და ა.შ. მ. შედგება მთის ქანები, მაგმები და სხვა გეოლოგიური სხეულები. დედამიწის ქერქში გავრცელებული მ. - სილიკატები (25%-მდე); ჟანგები და ჰიდროჟანგები (12,5%- მდე); სულფიდური შენაერთები და მათი ანალოგები (14%-მდე); ფოსფატები და მათი ანალოგები (18%-მდე). ცნობილია 2500-ზე მეტი ბუნებრივი მ. სახეობა.

მინერალიზატორები - ნივთიერებები (ლითონის ოქსიდები), რომლებსაც მცირე რაოდენობით უმატებენ ცემენტის კლინკერის ცეცხლგამძლე ნაკეთობების ნედლეულის ნარევში, სილიკატურ ნალღობებში მინერალწარმოქმნის პროცესების ხელშეწყობისათვის.

მინერალოგია - მეცნიერება მინერალების შესახებ, რომელიც შეისწავლის მათი შემადგენლობის ფიზიკური და ქიმიური თვისებების თავისებურებებს და მათ კავშირს სტრუქტურასთან, მინერალების წარმოქმნის კანონზომიერებას და ბუნებაში მათი მოპოვების პირობებს და პრაქტიკულ გამოყენებას. მ. შედის გეოლოგიურ მეცნიერებათა კომპლექსში.

მინერალური - მინერალებისაგან შემდგარი, მინერალების შემცველი.

მინერალური ბამბა - სინთეზური მინერალური ბოჭკოს იზოლაცია, რომელიც მზადდება ვულკანური წარმოშობის ქანების ან ღუმელის წიდის და სხვა არაორგანული ნივთიერებების დნობით და შემდეგ გამდნარი მასის ფიზიკურად გარდაქმნით ბოჭკოებად. გამოდის რულონების (ნახ. 1) ან ფილების (ნახ. 2) სახით. გამოიყენება სახურავების, კედლების, იატაკების გასათბუნებლად; აგრეთვე ცხელი წყლის მილების და მისთ. თბოსაიზოლაციოდ.

მინერალური ბოჭკოს საიზოლაციო მასალა - ძირითადი ბოჭკოებით შექმნილი იზოლაცია, რომელიც წარმოებულია ქანების, წიდის ან მინისაგან, შემკვრელებით ან მათ გარეშე.

მინერალური ნედლეული - ბუნებრივი მინერალური სხეულები (სასარგებლო წიაღისეული), აგრეთვე მარილშემცველი რეზერვუარები - ზღვები, ტბები, მიწისზედა წყლები), რომლებიც წარმოადგენენ მადანს მრეწველობისათვის საჭირო ლითონებისა და სხვა ქიმიური ელემენტების ამოსაღებად. მ.ნ. გამოიყენება ენერგეტიკის საჭიროებისათვის (ნახშირი, ნავთობი, აირი), მშენებლობისათვის, ქიმიური მრეწველობისათვის, ელექტროტექნიკისათვის და სხვ.

მინერალური ქეჩა - მიიღება ბიტუმის ემულსიით ან სინთეტიკური ფისით გაჟღენთილი ბამბის შემკვრივებით. მზადდება 100...200 მარკის რულონების ან 30...60 მმ სისქის ფილების სახით.

მინიმალიზმი - 1. მოთხოვნათა დაყვანა მინიმუმამდე; 2. ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობა, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან. უარყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე.  მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან. ის უარყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

მინიმეტრი (ლათ.) - ბერკეტული ისრიანი ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება კალიბრის ხაზოვანი ზომების, მანქანათა დეტალების და სხვ. გასაზომად კონტაქტური მეთოდით. გამზომი ღერძი დაკავშირებულია საჩვენებელ ისართან ბერკეტების მეშვეობით. გაზომვათა დიაპაზონია 20-დან 600 მკმ-მდე. ცდომილება შეადგენს 0,5...2,5 მკმ-ს.

მინიმი (ინგლ.) - მოცულობის ბრიტანული ერთეული. 1M (აშშ) = 59,1938 მმ3; 1M (დ. ბრიტ) = 61,6119 მმ3.

მინიმუმი (ლათ. Minimum) - 1. რაიმესთან შედარებით უმცირესი, უდაბლესი დონე; 2. ექსტრემუმის წერტილი; 3. მათემ. ფუნქციის უმცირესი მნიშვნელობა მის სხვა მნიშვნელობებთან შედარებით მასთან საკმაოდ ახლო წერტილებში.

მინის ბამბა - მასალა, რომელიც შედგება უწესრიგოდ განლაგებული მინის ბოჭკოებისაგან (ნახ. 1). სიმკვრივე - 75...125 კგ/მ3, თბოგამტარობა - 0,04...0,052 ვტ/(მ•კ). მ.ბ. გამოყენების მაქსიმალური ტემპერატურაა 4500C, მისგან ამზადებენ საგებს, ფილებს, ზოლებს და სხვა ნაკეთობებს, მათ შორის ქსოვილსაც. გამოიყენება გამათბუნებელ საშენ მასალად.

მინის ბლოკი - მიიღება დაწნეხილი ორი ნახევარბლოკის პერიმეტრზე შედუღებით (ნახ. 1). მზადდება კვადრატული (194×194×98 მმ) და სწორკუთხა ფორმის (294×194×98 მმ). შეიძლება იყოს შეუღებავი და ფერადი. ბლოკის ღირსებაა თბოგამტარობის დაბალი კოეფიციენტი – 0,4...0,45 ვატ/(მ•კ), თითქმის 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აგურის. მ.ბ. იყენებენ შენობის სინათლეგამტარ ზღუდარებში, კედლებში (ნახ. 2), ლიფტის შახტების შემინვისა და არქიტექტურულ-დეკორატიული მიზნებისათვის.

მინის ბოჭკო - მრგვალი ან პროფილური კვეთის ბოჭკო; ამზადებენ გამდნარი მინისაგან ელემენტარული ბოჭკოების სახით. მ.ბ. ორი სახისაა: უწყვეტი და შტაპელური. ფართოდ გამოიყენება გამამტკიცებელ მასალად მინაპლასტიკების და სხვა კომპოზიციური მასალების წარმოებაში, აგრეთვე საფილტრავი მასალის, ელექტროიზოლაციის და ოპტიკური კაბელების დასამზადებლად.

მინის მილი - მაღალი ქიმიური მედეგობის, გლუვი, გამჭვირვალე პროფილი. წარმატებით ცვლის ლითონის მილებს. მათი გამტარობა 5...10%-ით მეტია, ვიდრე იმავე დიამეტრის ფოლადის მილისა.

მინის მოზაიკური ფილა - მცირე (ხშირად კვადრატული) ზომის მოსაპირკეთებელი ფილა, რომელიც მზადდება გაუმჭვირი ფერადი მინისაგან უწყვეტი გლინვის მეთოდით ზომით 20×20 და 25×25 სმ, სისქით 5...6 მმ. გამოიყენება შენობა-ნაგებობების გარე და შიდა მოპირკეთებისათვის. აგრეთვე გამოიყენება დეკორატიულ-მხატვრული მოზაიკური სამუშაოებისათვის (იხ. სმალტა).

მინორატი (ლათ.) - 1. მემკვიდრეობის სისტემა, რომლის დროსაც მთელი ქონება განუყოფლად გადადის გვარში უმცროსზე ან გარდაცვლილის უმცროს ვაჟზე; 2. უძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობით გადადის გვარში უმცროსზე ან გარდაცვლილის უმცროს ვაჟზე.

მინუტი (ლათ.) - ბრტყელი კუთხის სიდიდის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 1/ 60 გრადუსს. აღინიშნება ირიბი შტრიხით. მინუტის ცნება ასახავს დღემდე შემორჩენილი სამოცობითი თვლის სისტემის ნაშთს.

მირაბილიტი - იხ. მარილი გლაუბერის.

მისაბმელი - 1. ერთ-, ორ- და მეტღერძიანი უძრავო საზიდარი (ნახ. 1), რომელიც ბუქსირდება ავტომობილით ან ტრაქტორით. გამოიყენება სხვადასხვა  ტვირთების გადასატანად; 2. ორღერძიანი მისაბმელი სკრეპერები, გრეიდერები, ვიბრაციული საგორავები, რომელთა გამწედ გამოიყენება მუხლუხა ან თვლებიანი ტრაქტორები.

მისაბმელი ზონარი - ზონარი, რომელიც გაჭიმულია კარნიზის გასწვრივ და ემსახურება სახურავის ლავგარდანის წყობის შემოწმებას.

მისაბრჯენი (ქვესაბრჯენი) - გისოსის ხის ელემენტი, რომელიც დაბოლოებულია მზიდი, გადამტანი კონსტრუქციის ზედა და ქვედა სარტყელებით, ზოლებით.

მისადგომები - 1. ადგილი, გზა, რითაც მიადგებიან რაიმე დასახლებულ პუნქტს; 2. ზღვის (მდინარის) ნაპირზე გემების მისადგომი საგანგებოდ მოწყობილი ადგილი.

მისაქსელი - პნევმოქსოვილის (გამოიყენება პნევმატიკურ კონსტრუქციებში) დამხმარე განივი ძაფები.

მისტრალი (ფრანგ.) - ცივი და მშრალი ზამთრის თვეებისთვის დამახასიათებელი ჩრდილოეთ-დასავლეთის ქარი, რომელიც უმეტესად ქრის სევენიდან რონის ხეობის გავლით ხმელთაშუაზღვის სანაპიროსკენ საფრანგეთში. რამდენიმე დღის განმავლობაში მისტრალი ქრის უწყვეტლივ და აღწევს ძალიან დიდ სიჩქარეს, დაახლოებით 100 კმ/სთ-მდე და დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. ზოგჯერ იმდენად ძლიერად ქრის, რომ ფესვებიანად გლიჯავს ხეებს. კატაბიტიკური ქარის ნაირსახეობაა. ლაჟვარდოვანი ნაპირის აღმოსავლეთით მისი გავლენა შესუსტებულია. მ. წარმოიქმება ატლანტური ანტიციკლონისა და ჩრდილოეთის ზღვის ციკლონის კონტაქტის შედეგად.

მიქა (იტალ.) - ქრისტიანობის ლექსიკონი.

მიქსერი (ინგლ.) - ცილინდრული ან კასრის ფორმის ჰერმეტული ლითონის ჭურჭელი (დოლი), რომელიც მოთავსებულია სატვირთო ავტომანქანაზე (ნახ. 1) და ძრავის მეშვეობით ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო (შეიძლება იყოს სტაციონალურიც). ის თავის მხრივ მოძრავი, დიდი ზომის ბეტონმრევია. ჰერმეტულობა იცავს ბეტონის მასას ატმოსფერული ნალექების მოხვედრისაგან და უზრუნველყოფს მის უწყვეტ შერევას ტრანსპორტირებისას. გამოიყენება დიდი მოცულობის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, როგორიცაა: საძირკვლების, საყრდენი კედლების, კაშხლების, ქვაბულების, ხიდის ბურჯების და მისთ. დაბეტონება. მ. დიდი გამოყენება აქვთ მეტალურგიაში - ბრძმედული თუჯის გასაწმენდად მავნე მინარევებისაგან (მაგ., გოგირდისაგან), აგრეთვე ყოფაცხოვრებაში ელექტრომიქსერების სახით.

მიშენება-დაშენება - შენობის ან სტრუქტურის იატაკის ფართობის გადიდება ან სიმაღლეში გაზრდა.

მიცელები (ლათ.) - კოლოიდურ სისტემებში თხევადი გარემოთი გარსშემორტყმული მცირე ზომის ნაწილაკები (მაგ., საპნის ნაწილაკები წყლის ხსნარებში).

მიცელიუმი (ბერძ.) - სოკოს ვეგეტატიური სხეული (ქსოვილი), რომელიც შედგება უწვრილესი განშტოებული ძაფებისაგან.

მიწა - წარმოების მატერიალური წყარო, რომელიც როგორც წარმოების საშუალება, არ ექვემდებარება აღწარმოებას. მ. ხასიათდება ნაყოფიერებით, მადნეული და არამადნეული წიაღისეულის შემცველობით. მ. მრავალფეროვანია  ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით.

მიწა-წყალი - 1. ქვეყნის მიწა, ტერიტორია; 2. სახნავ-სათესი მიწა, ადგილ-მამული.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

მიწათსარგებლობის დაგეგმვა - საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს მიწის (დასახლებათა ტერიტორიების) გამოყენების სახეობას, ინტენსივობას და პირობებს ზონირების მეთოდით.

მიწათსარგებლობის დეტალური გეგმა - მიწათსარდებლობის გენერალურ გეგმაზე დაფუძნებული ან დამოუკიდებლად არსებული, დასახლებათა ან/და მათი ცალკეული ტერიტორიების განვითარების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც ადგენს ზოგად ფუნქციურ ზონებს ან აზუსტებს მათ ქვეზონების სახით.

მიწათსარგებლობის ზონის ტიპი - ზონის ტერიტორიის გამოყენების (მიწათსარგებლობის) სახეობა, რომელიც განისაზღვრება ზონის ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთების გამოყენების და ინფრასტრუქტურის სახეობით.

მიწასათხრელი მანქანები - გამოიყენება მიწის სამუშაოების შესასრულებლად შენობა-ნაგებობების, გზების, მილსადენების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ჰიდროტექნიკური და საირიგაციო ნაგებობების მშენებლობებზე, აგრეთვე კარიერებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე. მ.მ. აწარმოებენ მხოლოდ გრუნტის თხრას და განტვირთვას სატრანსპორტო საშუალებებში ან ნაყარში. ამ ჯგუფის მანქანებს მიეკუთვნება ერთციცხვიანი და მრავალციცხვიანი ექსკავატორები.

მიწასათხრელი-სატრანსპორტო მანქანები - უზრუნველყოფენ გრუნტის მოთხრას საკუთარი ან გამწეს ძალით მბიძგავთან ერთად და სპეციალური ტრანსპორტის გამოყე-ნების გარეშე გადაადგილებენ მას დაგების (განტვირთვის) ადგილზე. მუშა ორგანოს კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ ციცხვებიან (სკრეპერები) და ფარის ფორმის დანებიან მანქანებს (ბულდოზერები, გრეიდერები) საკიდი მოწყობილობის სახით საბაზო მუხლუხა ან თვლებიან გამწეებზე (ტრაქტორებზე), იშვიათად სპეციალურ შასიზე ან მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი მოწყობილობის სახით მუხლუხა ან თვლიან გამწეებთან.

მიწასაწოვი დანადგარი - მოტივტივე მიწასათხრელი მანქანა, რომელიც შეიწოვს წყალქვეშა გრუნტს წყალ-გრუნტის ნარევის (პულპის) სახით (ჰიდრონარევი) და გადაიტანს მას ნაყარში ან ასაშენებელი ნაგებობის ტანში. მ.დ. ორგვარია: გრუნტსადენებით პულპის გადასატუმბავი და თვითგადამზიდი (ნახ. 1, მიწასაწოვი თვითგადამზიდი). არსებობს მ.დ. სტაციონალური და მოძრავი.

მიწასაწოვი იარაღი - მცურავი მიწასაწოვი დანადგარი გათხევადებული გრუნტ-პულპის დაქუცმაცების, აწევისა და გადაადგილებისათვის (ნახ. 1, მიწასაწოვი იარაღი). გამოიყენება ზღვის და მდინარის ფსკერის ჩასაღრმავებელ სამუშაოებზე ხრეშის, ქვიშის, შლამის მოპოვების დროს.

მიწასაწოვი ჭურვი - მცურავი მიწისმთხრელი დანადგარი, რომელიც იღებს გრუნტს წყალქვეშ წყალთან ერთად (პულპა) და აწვდის მილსადენით დაგების ადგილზე (ნაპირზე, ჯებირზე, ნაყარში). აქვს რამდენიმე საცვლელი მუშა ორგანო (გამაფხვიერებელი, შემწოვი, მრავალციცხვიანი). გამოიყენება ძირის გასაღრმავებელ სამუშაოებზე, ნაპირსამაგრი, ჯებირების და ყრილების მოსაწყობად, ქვიშის მოსაპოვებლად და სხვ. მიწასაწოვს მრავალციცხვიანი მუშა ორგანოთი მიწახაპიას და დრაგას უწოდებენ.

მიწახაპია დანადგარი - მოტივტივე მიწასათხრელი მანქანა, რომელსაც აქვს ჩამჩის მოწყობილობა წყალქვეშა გრუნტის ამოსაღებად.

მიწის გამონაყოფი - კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სარგებლობაში მიცემის თაობაზე მიზნის და სარგებლობის ძირითადი პირობების ჩვენებით.

მიწის ნაგებობები - საინჟინრო ნაგებობების ერთობლიობა გრუნტის მასივში ან გრუნტისაგან აგებული. მ.ნ. ეწოდება თხრილი, თუ ის განთავსებულია მიწის ზედაპირის ქვევით, და ყრილი - თუ ის აგებულია მიწის ზედაპირის ზევით. დანიშნულების მიხედვით მ.ნ. არის ჰიდროტექნიკური (კაშხალი, ჯებირი, არხი, სანაპირო და სხვ.) და სამელიორაციო (ტბორი, წყალსაკავი და გამწმენდი ნაგებობები, წყალმიმწოდებელი, გამანაწილებელი და საშრობი არხები); საგზაო (ნახ. 1)(მიწის ვაკისი რკინიგზის და საავტომობილო გზებისათვის); სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ნაგებობები (მთხრებლი, თხრილი) და სხვ.

მიწის ნაკვეთი - საკუთრების უფლების ობიექტი, შემოსაზღვრული ერთი უწყვეტი წირით, რომელიც წარმოადგენს საკადასტრო ერთეულს და შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამშენებლო საქმიანობის განვითარების მიზნით.

მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური - მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის (ბინის) მიმდებარედ, რომელშიც გასვლა უშუალოდ სახლიდან (ბინიდან) არის შესაძლებელი.

მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა - მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ან დასახლებათა განვითარების დაგეგმარების დოკუმენტებით განსაზღვრული გამოყენების სახეობა (სამშენებლო მიწის ნაკვეთი, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ და სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი).

მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაუფარავი ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით.

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) - მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან მეათედის სიზუსტით.

მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი (კ-1) - მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან მეათედის სიზუსტით.

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი - მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი.

მიწის ნაკვეთის საზღვრების ცვლილება - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ ეფექტიანად გამოყენებისათვის საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა, სათანადო ხელშეკრულების, მათ შორის, ნატურალური ან ფულადი კომპენსაციის საფუძველზე. ცვლილების საფუძველია მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის დადებული შეთანხმება მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე. საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა ხორციელდება მესაკუთრეთა ინტერესების დაცვითა და სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე - საკუთრების უფლებათა გადანაწილებით.

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები - პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები.

მიწის ნაკვეთის ფართობი - მიწის ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექციის ფართობი.

მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევა - მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთხვევაში - შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში). კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება. კვლევების ჩატარება, შემადგენლობა, მოცულობა და ჩატარების მეთოდი დამოკიდებულია: შენობა-ნაგებობების დანიშნულებასა და სახეობაზე; კონსტრუქციულ თავისებურებებზე, ტექნიკურ სირთულესა და ისეთ პოტენციურ საშიშროებაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობის დეფორმაცია; ტოპოგრაფიული, საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური, კლიმატური პირობების სირთულეებზე, აღნიშნული პირობების შესახებ არსებული კვლევების შედეგების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე. ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას ხდება იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა. ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება.

მიწის სამუშაოები - სამშენებლო სამუშაოების კომპლექსი, რომელიც მოიცავს გრუნტის დამუშავებას (ამოღებას), მის გადაადგილებას და დაგებას განსაზღვრულ ადგილზე გრუნტის შემჭიდროებით. მ.ს. დანიშნულებაა გრუნტისაგან საინჟინრო ნაგებობების შექმნა, როგორიცაა კაშხალი, სარკინიგზო და საავტომობილო გზები, არხები და სხვა; აგრეთვე ნულოვანი სამუშაოების, ტერიტორიების მოსწორების, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ფუჭი ქანების გადასახსნელი და სხვა სამუშაოების ჩატარება. მ.ს. არის ღია (მიწის ზედაპირზე), მიწისქვეშა და წყალქვეშა. თანამედროვე პირობებში მ.ს. თითქმის მთლიანად მექანიზებულია და სრულდება მაღალმწარმოებლური მანქანებით (ექსკავატორები, სკრეპერები, ბულდოზერები, გრეიდერები), ჰიდრომექანიზაციის საშუალებებით, აფეთქებით და სხვ.

მიწისზედა ნაგებობები - ნაგებობები, განთავსებული მიწის ზედაპირის დონის ზევით, მიწისზედა სივრცეში.

მიწისზედა საბაგირო გზა - სატრანსპორტო საშუალება გამწევი ბაგირით. ვაგონების გადაადგილდება ხდება ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო ტრასაზე, რომელიც მოწყობლია მიწაზე ან ესტაკადაზე.

მიწისმზომელი - (ძვ.) მიწის აზომვა-გამიჯვნისა და მიწათმოწყობის სპეციალისტი.

მიწისპირა სართული - სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა, ხოლო მისი ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს აღემატება.

მიწისქვეშა აირები - გრუნტში არსებული სუნთქვისათვის მავნე აირები, რომლებიც თავისუფლდებიან მათი მდებარეობის ადგილას სამთო გამონამუშევარის გაყვანის დროს. ყველაზე ხშირად გვხვდება ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4), გოგირდწყალბადი (H2S), აზოტი (N) და სხვ. ნახშირორჟანგი გამოიყოფა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებათა გახრწნით. სამთო გამონამუშევრებში იგი ხშირად გვხვდება. ის ჰაერზე 1,5-ჯერ მძიმეა და ამის გამო თავს იყრის გამონამუშევრის ქვედა ნაწილში. ნახშირორჟანგი ადვილად აღწევს ქანის ყველა სიცარიელეში და ბზარში. მეთანი ხშირად გვხვდება ისეთ მიწისქვეშა გამონამუშევრებში, რომლებიც გადიან ნავთობიან, ნახშიროვან და ბიტუმოვან ფენებში. მეთანი უფერო და უსუნო გაზია, ამიტომ მისი წარმოშობა გამონამუშევარში შეიძლება შეუმჩნეველი იყოს. მეთანი თითქმის 2-ჯერ მსუბუქია ჰაერზე და ამიტომ გროვდება გამონამუშევრის ზედა ნაწილში. მეთანი ფეთქებადსაშიშია, როცა მისი კონცენტრაცია ჰაერში 5...16%-ს აღწევს. გოგირდწყალბადი ძლიერ მომწამლავი გაზია, მაგრამ მისი გამოცნობა იოლდება მძაფრი სუნის გამო; როდესაც კონცენტრაცია ჰაერში 0,1%-ს აღწევს ადამიანი გრძნობას კარგავს. აზოტი დიდი რაოდენობით არ გამოიყოფა და ამდენად ადამიანისათვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს. აზოტი ჰაერზე მსუბუქია და მისი თავმოყრა სამთო გამონამუშევრის ზედა ნაწილში ხდება

მიწისქვეშა გვირაბი - მიწის ნიშნულის ქვემოთ გაყვანილი შეკრული კონტურის გვირაბი.

მიწისქვეშა მეურნეობა - საინჟინრო კომუნიკაციებისა და დამხმარე მოწყობილობების მიწისქვეშ განლაგებული ქსელი, დასახლებული პუნქტის კომუნალური მეურნეობის მომსახურებისათვის (წყალსადენი, კანალიზაცია, გათბობა, ვენტილაცია, წყალჩასადინარი, წყალგადასაშვები, კავშირგაბმულობის კაბელები, საექსპლუატაციო ჭები და სადგურები). თანამედროვე საქალაქო მეურნეობაში მიწისქვეშა მილსადენები ეწყობა საერთო კოლექტორებში ძირითადი მაგისტრალებისა და ქუჩების გასწვრივ.

მიწისქვეშა ნაგებობა - გრუნტის ზედაპირის ქვემოთ, მიწაში განლაგებული არხები, კოლექტორები, წყალსატარები, კამერები, შახტები, გვირაბები, ჭები, თავშესაფრები, მაცივრები, საწყობები და სხვ.

მიწისქვეშა რეზერვუარი - რეზერვუარი, რომელშიც სითხის მაქსიმალური შევსების დონე, სულ მცირე 0,2 მ-ით დაბლაა მიმდებარე მოედნის (რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 3 მ-ის ფარგლებში) უდაბლეს საპროექტო ნიშნულზე.

მიწისქვეშა სართული - სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება.

მიწისქვეშა შენობა - ადამიანის სარგებლობისათვის განკუთვნილი სივრცე, სადაც იატაკის დონე შენობიდან გამოსასვლელი ყველაზე ქვედა დონის მოპირკეთებულ იატაკზე 9150 მმ-ზე ქვემოთ მდებარეობს.

მიწისქვეშა წყალი - დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის ქანებში თხევად, მყარ და აირად მდგომარეობაში მყოფი წყალი. მ.წ. თავმოყრილია ფხვიერ, ფორიან და ნაპრალოვან ქანებში, აგრეთვე კარსტულ სიცარიეელებში. სიმძიმის ძალის გავლენით მოძრავ მიწისქვეშა წყალს ეწოდება გრავიტაციული ანუ თავისუფალი წყალი, ხოლო ქანებთან მოლეკულური ძალებით შეკავშირებულს - ბმული წყალი (ჰიგროსკოპული, აფსკური, კაპილარული და კრისტალიზაციური). მ.წ. გაჟღენთილ ქანთა ფენების (წყლიანი ჰორიზონტების) ერთობლიობა ქმნის წყლიან კომპლექსს. ქანებს წყალშეღწევადობისა და წყალგაცემის სხვადასხვა უნარი აქვს. წყალშეღწევადობის უნარის მიხედვით არჩევენ: წყალშეღწევად (ფხვიერი და დანაპრალებული მასიური ქანები), ნაწილობრივ წყალშეღწევად (წვრილმარცვლოვანი და თიხიანი ქვიშაქვები, ლიოსი, ტორფი, მერგელი) და წყალშეუღწევ (თიხები, დაუნაპრალებელი მასიური მაგმური, მეტამორფული ქანები და სხვ.) ქანებს. მ.წ. ბუნებრივი ხსნარია, რომელიც 60-ზე მეტ ქიმიურ ელემენტს შეიცავს. მასში გვხვდება მიკროორგანიზმებიც. მ.წ. გავრცელების კანონზომიერება განპირობებულია მრავალი გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორით. ბაქნებსა და კიდური როფების არეებში უმეტესად გავრცელებულია არტეზიული აუზები, ნაოჭა სისტემებში კი უფრო ხშირად ნაპრალური ტიპის მ.წ. გვხვდება. მ.წ. დედამიწის წყლის რესურსების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ მის შესწავლას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მ.წ. ერთ-ეთი მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულია.

მიწისძვრა - ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც თან ახლავს მსხვერპლი. მ. სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. ის ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მ. კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მ. სიძლიერე მაგნიტუდით (ტალღების საერთო ენერგიით) და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მ. სიძლიერით და თანმდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 8-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიყენებული მატერიარული ზარალისა და ადამინთა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით მ. ყველაზე მასშტაბური დამანგრეველი სტიქიაა. მისგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მ. ხდება. საქართველოში მ. მაღალი აქტიურობით ჯავახეთის ვულკანური მთიანეთი და კავკასიონი გამოირჩევა. მ. ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სტიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავი, ღვარცოფი, ხანძარი და სხვ.

მიწისძვრის ინტენსივობა - ანუ მიწისძვრის შედეგად დედამიწის ზედაპირის რყევის ინტენსივობა, წარმოადგენს დედამიწის ზედაპირზე კონკრეტულ წერტილში მიწისძვრის დამანგრეველი შედეგის ვიზუალური შეფასების მიხედვით დადგენილ სიდიდეს. იგი მიწისძვრის შედეგად დედამიწის ზედაპირზე რყევების აჩქარებასა და ნაგებობებზე (სხეულებზე) მოქმედ სეისმურ ძალას ახასიათებს. დამოკიდებულია მაგნიტუდაზე, ჰიპოცენტრიდან დაშორების მანძილზე და ტერიტორიის გეოლოგიურ სტრუქტურაზე. მისი მნიშვნელობა მცირდება ცენტრიდან პერიფერიისაკენ. ინტენსივობა იზომება ბალებში 0-დან 12-მდე ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით.

მიწისძვრის სიმძლავრე - მიწისძვრის დროს, სეისმური ტალღების სახით, გამოყოფილი ენერგიის განმსაზღვრელი სიდიდე. იზომება მაგნიტუდებში.

მიჯიფთვა - იხ. გაშალაშინება.

მიჯნა - მცირე რამ საზღვრის ნიშანი.

მკვებავი - მოწყობილობა, რომელიც ბუნკერიდან თუ სხვა ჩამტვირთავი ღარიდან სატრანსპორტო და გადამამუშავებელ მანქანებს თანაბრად და რეგულარულად აწვდის ფხვიერსა და საცალო ტვირთს (ნახ. 1). არსებობს მ. სახეები: ვიბრაციული, ლენტური, მოქანავე, ფირფიტოვანი, ხრახნული, ჯაჭვური და სხვ.

მკვეთარა - სითბური ან მექანიკური პროცესის მართვის სისტემის მოძრავი ელემენტი, რომელიც მიმართავს მუშა სითხის ან გაზის ნაკადს საჭირო არხში ნახვრეტების მეშვეობით ზედაპირზე, რომელზედაც იგი სრიალებს.

მკვეთი - წრფე, რომელსაც მოცემულ წირთან აქვს სულ მცირე ორი საერთო წერტილი.

მკრები - იხ. კოლექტორი.

მლაშე - 1. რასაც მარილის გემო აქვს, მარილიანი; 2. მარილიანი ადგილი, მლაშობი.

მმართველი - 1. ორგანიზაციის სათავეში მყოფი, ხელმძღვანელი, უფროსი; 2. პირი, რომელიც განაგებს რაიმე დაწესებულების, საწარმოს, მეურნეობის საქმეებს

მნიშვნელოვანი - ზომით, ძალით დიდი, საგულისხმო, ანგარიშგასაწევი.

მოასფალტება - საავტომობილო გზების, ქუჩების, მოედნების, აეროდრომების და მისთ. დაფარვა ცხელი, თბილი ან ცივი ასფალტბეტონით. მ. მიმდინარეობს ერთ ან ორ ფენად: 4...6 სმ სისქის ქვედა ფენას აგებენ მსხვილმარცვლოვანი ნარევისაგან (მარცვლების ზომა 15...35 მმ), 3...4 სმ სისქის ზედა ფენას კი - წვრილმარცვლოვანისაგან (მარცვლების ზომა <15 მმ-ზე). დიდი მოცულობის სამუშაოებს აწარმოებენ ასფალტსაგები მანქანებით, ხოლო მცირე სამუშაოებს - ხელის საგორავების გამოყენებით.

მოაჯირი - შენობის ელემენტი ან ელემენტების სისტემა, რომელიც მდებარეობს სხვადასხვა დონეზე სავალი ზედაპირების საზღვართან ან მასთან ახლოს ღია მხარეს და ამცირებს სავალი ზედაპირიდან ქვედა დონეზე ჩავარდნის რისკს (ნახ. 1).

მობინადრე - 1. ბინის დამქირავებელი; ბინის მეპატრონე; 2. მცხოვრები, მოსახლე, ბინადარი, მკვიდრი.

მობრუნება - მოძრაობა, რომლის დროსაც ფიქსირებული წერტილი რჩება უძრავი.

მოგება - 1. სხვაობა საბითუმო ფასებში წარმოების ამონაგებსა და რეალიზებული პროდუქციის სრულ თვითღირებულებას შორის; 2. გაყიდვის მოცულობის (რეალიზაციიდან ამონაგების) მეტობა ხარჯებსა და გასავლებზე საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში; შემოსავლის ნამეტი ხარჯებზე. აუცილებელი არაა მოგებამ გაზარდოს ფულადი სახსრები, იგი შეიძლება ასახულ იქნეს გადიდებულ აქტივებში ან შემცირებულ ვალდებულებებში, მაგრამ იგი ყოველთვის ზრდის მფლობელთა კაპიტალს

მოგება აბსოლუტური - მოგება, რომელსაც გამყიდველი იღებს საქონლის გაყიდვით დანახარჯების გამოქვითის შემდეგ.

მოგება ბუღალტრული - ერთობლივი შემოსავალი აშკარა დანახარჯების გამოკლებით.

მოგება მთლიანი - საწარმოს მოგების მთლიანი თანხა დაქვითვასა და გადარიცხვამდე. იგი დამატებული ღირებულების ის ნაწილია, რომელიც რჩება მეწარმეებს დაქირავებული მუშაკების შრომის ანაზღაურების, წარმოებასა და იმპორტზე წმინდა გადასახადებთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის შემდეგ. მთლიანი წმინდა მოგება წმინდა მოგებისა და ძირითადი კაპიტალის მოხმარების ჯამია.

მოგება პროდუქციის რეალიზაციიდან - პროდუქციის გაყიდვით მიღებული თანხა, რომლის სიდიდე დამოკიდებულია რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე, ასორტიმენტზე, ხარისხსა და ფასზე.

მოგება საბალანსო - საწარმოს მოგების მთლიანი თანხა, მირებული წარმოებრივი საქმიანობის ყველა სახიდან და ასახული მის ბალანსში.

მოგება შეფარდებითი - მოგება, რომელსაც გამყიდველი ირებს ყოველ გაყიდულ ნაწარმზე დანახარჯების გამოქვითვით.

მოგება წმინდა - თანხა, რომელიც რჩება ფირმის ერთობლივი შემოსავლიდან აშკარა და ფარული დანახარჯების გამოქვითვის შემდეგ. მ.წ. წარმოადგენს სხვაობას ბუღალტრულ მოგებასა და იმპლიციტურ დანახარჯებს შორის.

მოგობვა (მოქიმვა) - 1. ლითონის ფურცლის პირის გადაღუნვა მის შესაერთებლად სხვა პირთან ან სხვა ფურცელთან (შედუღებით, მოქლონებით და ა.შ.); 2. ფურცლოვანი შტამპვის ოპერაცია.

მოგორვა (გასახმარისება) - 1. მანქანების ექსპლუატაციის საწყისი პერიოდი (ახლადდამზადებულის ან კაპიტალურად შეკეთებულის), რომლის დროსაც ადგილი აქვს დეტალების მუშა ზედაპირების დამუშავებას, სადებების დაჯდომას და ა.შ. ხასიათდება განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში დეტალების ცვეთის ინტენსივობის თანდათანობითი შემცირებით. მ. დამთავრების შემდეგ, ნორმალურ პირობებში, ცვეთის ინტენსივობა ხდება მუდმივი; 2. ბრუნვითი სხეულების ფორმის მქონე ფურცლოვანი მასალის ნაკეთობის ფორმაწარმოქმნის ოპერაცია (მაგ., ცისტერნებისა და სხვა ტევადობის ჭურჭლის ძირის, ჩამოსასხმელი ჩამჩის, კონვერტერების ძირის). ნაკეთობების ფორმის მიცემა ხდება საწნეხ დაზგაზე.

მოდაკრილი - სინთეზური ბოჭკო, მიღებული აკრილნიტრილის სოპოლიმერების და ვინიქლორიდის (40...60%) ან ვინილდენქლორიდის (20...50%) საფუძველზე. ზოგჯერ საღებავებთან დასამსგავსებლად მის შემადგენლობაში შეჰყავთ მესამე სოპოლიმერი (მაგ., ნატრიუმის ვინილსულფონატი 1...2%). მ. ბოჭკოს ძირითადი დანიშნულებაა ხელოვნური ბოჭკოს შექმნა გარეული ცხოველების ბეწვის იმიტაციით. გამოიყენება საღებავი ლილვაკების, ხალიჩების, ავეჯის გადასაკრავი ხაოიანი ქსოვილების, პარიკების, საბავშვო სათამაშოების და სხვ. დასამზადებლად.

მოდელი (ფრანგ.) - 1. ფიზიკური სისტემა (მოწყობილობა, სქემა, დანადგარი, მანქანათა სისტემა) ან კომპონენტებისა და ფუნქციების აღწერა, რომელიც ასახავს რომელიმე ობიექტის პროცესის ან მოვლენის არსებით თვისებებს; 2. ნიმუში, რომელიც წარმოადგენს ეტალონს მასიური და სერიული კვლავწარმოებისათვის; 3. ყალიბი (დამზადებული ხისგან, თიხისგან, სანთლისგან, თაბაშირისგან და სხვა), რომელშიც ნაკეთობა მზადდება სხვა მასალისგან  (ლითონი, თაბაშირი, ქვა და სხვ.); 4. მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს იმიტაციას (ჩვეულებრივ შემცირებულ მასშტაბში) სხვა (ნამდვილი) მოწყობილობისა - გამოიყენება კვლევითი, სპორტული ან გასართობი მიზნით.

მოდელირება - 1. რთული აგრეგატების ან პროცესების ექსპერიმენტის დადგმისა და დამუშავების შესწავლის მეთოდი მოდელებზე ან რეალურ აგრეგატებზე მსგავსების თეორიის გამოყენებით. მსგავსების (ანალოგების) მეთოდით რაიმე პროცესის შესწავლა გულისხმობს ხარისხობრივად სხვა ფიზიკური პროცესის შესწავლას, რომლის აღწერა ხდება იგივე ფორმის შესაბამისი მათემატიკური ტოლობებით. მ. ამ შემთხვევას ეწოდება მათემატიკური მ. მისგან განსხვავებულია ფიზიკური მ., რომლის დროსაც ფიზიკურ პროცესი შესასწავლ ობიექტზე და მის მოდელზე ხარისხობრივად ერთნაირია. ამ დროს იგულისხმება, რომ ყველა პროცესი მსგავსია (სრული მსგავსება) ან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესია მსგავსი (ლოკალური მსგავსება) და შესწავლის დროს ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ წერტილში განსაზღვრული ოდენობით განსხვავდებიან სხვა მოვლენის შესაბამისი პარამეტრებისგან. მ. გამოიყენება მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგებში. მაგ., ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ჰიდრავლიკური, თბური და ელექტრული მანქანები, თვითმფრინავები, თბოტექნიკური და ქიმიური აპარატები და დანადგარები და სხვ.; 2. თვითმფრინავების, გემების, მანქანების და ა.შ. მოდელების დამზადება კვლევითი, სპორტული ან გასართობი მიზნით.

მოდელური ფილა - ლითონის ფილა, რომელსაც ემაგრება მოდელი, რომელიც წარმოადგენს ჩამოსასხმელ ნახევარფორმას დაყალიბებისათვის.

მოდერნი (ფრანგ.) – მიმდინარეობა ხელოვნებაში (უმთავრესად არქიტექტურაში) რომელიც გავრცელდა ევროპაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში და წინ უსწრებდა კონსტრუქტივიზმს. მოდერნიზმის მიმდევარნი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი სტილი და ხაზგასმით იყენებდნენ არქიტექტურული ელემენტების მიღებული წყობის ნებისმიერი გარდაქმნით შექმნილ მანერულ ფორმებს. სამკაულში ბატონობდა სიმბოლიკა, ცალკეული ფორმებისა და მოტივების სტილიზაცია.

მოდერნიზაცია (ფრანგ.) - 1. შენობების კაპიტალური რემონტის ნაირსახეობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა შენობის ცვეთის შეჩერება. ცვეთის მიზეზი შეიძლება იყოს დაგეგმარების შეუსაბამობა თანამედროვე ნორმატიულ მოთხოვნებთან; 2. სამრეწველო ნაკეთობის ფუნქციონალური თვისებების და საექსპლუატაციო საიმედოობის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა ზოგიერთი დეტალის და კვანძის კონსტრუქციისა და გარეგანი ფორმის შეცვლის გზით, პრინციპიალური გარდაქმნის გარეშე. იგი სამრეწველო მოწყობილობის გაუმჯობესების ძალზე ეკონომიური ხერხია, რომელიც არ მოითხოვს მათი დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გარდაქმნას.

მოდილიონი (იტალ.) - არქიტექტურულად დამუშავებული კონსოლი, რომელზედაც დაყრდნობილია კორინთული ან კომპოზიტის ორდერის ლავგარდნის დამაგვირგვინებელი ნაწილი (ნახ. 1).

მოდიფიკატორი - ნივთიერება, რომელიც მცირე დოზებით (ჩვეულებრივ პროცენტის მეათედებში) შეყვანისას აუმჯობესებს ლითონის მექანიკურ თვისებებს, რადგან ხელს უწყობს სტრუქტურული მდგენელების კრისტალიზაციას დაქუცმაცებულ ფორმაში. ფოლადისა და თუჯის მოდიფიკატორებად გამოიყენება მაგნიუმი, ფეროსილიციურმი, სილიკოკალციუმი, ალუმინი, ტიტანი.

მოდიფიკაცია (ლათ.) - რაიმეს გარდაქმნა, დახვეწა, სახეცვლილება ახალი თვისებების შეძენით. მ. - ხარისხობრივად განსხვავებული მდგომარეობა ან სახესხვაობა. ტექნიკაში იგი ითვალისწინებს ახალ ტექნოლოგიას, ან რაიმე მოწყობილობის, მექანიზმის, ხელსაწყოს ახალი მოდელის შექმნას.

მოდულატორი - მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს რხევათა მოდულაციის პროცესს. იყენებენ რადიოგადაცემებში, კინოაპარატებში და სხვ.

მოდულაცია (მოდულირება) (ლათ.) - (ფიზ.) მაღალი სიხშირის რხევათა შეცვლა უფრო დაბალი სიხშირის რხევებით.

მოდული - 1. გაზომვის ამოსავალი ერთეული, რომელსაც ადგენენ მოცემული არქიტექტურული ნაგებობისათვის და იყენებენ საზომად შენობის ცალკეული ნაწილის თანაზომიერების დასაცავად; 2. ზუსტ მეცნიერებაში: ზოგიერთი მნიშვნელოვანი კოეფიციენტის სახელწოდება; მსახვარი; 3. მათემატიკაში: რიცხვი, რომელზეც უნდა გავამრავლოთ ერთი სისტემის ლოგარითმი მეორე სისტემის ლოგარითმის მისაღებად; 4. რაიმე სისტემის, ორგანიზაციის, მოწყობილობის პირობითად გამყოფი, დამოუკიდებელი ნაწილი; 5. სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მ. განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანამიმდევრობა. სასწავლო გეგმა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე მოდულისაგან; 6. რომელიმე განსაკუთრებული ფიზიკური სიდიდისა და კოეფიციენტის სახელწოდება (მაგ., დრეკადობის მ., ზომების მ., კბილების მ. და სხვ.); 7. უნიფიცირებული კვანძი (ან რთული ჯაჭვის ნაწილი), რომელიც შედგება მასიური წარმოების ურთიერთშეცვლადი დეტალების კომპლექსისაგან და ასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებში; 8. ლიტერატურაში მიღებული კოსმოსური ხომალდის ნაწილების დასახელება (მაგ. "აპოლონი", რომელიც დაჯდა მთვარეზე, შედგებოდა ორი მოდულისაგან - ძირითადი ანუ ორბიტალური და მთვარის ანუ დასაჯდომი).

მოდული კბილანის - გეომეტრიული პარამეტრი, ხაზოვანი სიდიდე, რომელიც კბილანის ზომის პროპორციულია. არჩევენ წრიულ, ღერძულ და ნორმალურ მოდულებს.

მოდულორი - სივრცის პროპორციული ორგანიზაციის საშუალება ფრანგი არქიტექტორის ლე კორბუზეს მიერ ლოგიკურად დამუშავებული ზომის სახაზავის მეშვეობით, რომელსაც მან „მოდულორი“ უწოდა. მიიღო რა საწყის სიდიდედ ადამიანის პროპორციები - საშუალო სიმაღლე (1,83 მ) და სიმაღლე აწეული ხელით (2,26 მ), ლე კორბუზემ შექმნა ზომის ორი შკალა, რომლის მეტრული რიგი წარმატებითაა შეთავსებული ადამიანის ყველა პარამეტრთან, რომელიც ამარტივებს ამ უკანასკნელის ურთიერთდამოკიდებულებას სივრცის სამშენებლო გაბარიტებთან (ნახ. 1). მ. მონაცემები ჩადებულია ქარხნული წესით დამზადებულ ასაწყობ სამშენებლო კონსტრუქციების ზომებში.

მოდუსი (ლათ.) – 1. საგნის გარდამავალი, არამუდმივი მდგომარეობა ან თვისება; 2. (ფილოს.) რისამე წესი, ხერხი; 3. (ლოგ.) აზროვნების ნაირსახეობა

მოედანი - 1. რამდენიმე ქუჩით გადაკვეთილი განაშენიანებისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი დანიშნულების არქიტექტურულად მოწესრიგებული სივრცე დასახლებულ ადგილში; 2. მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოსაზღვრულია მიწის ნაკვეთის საკუთრების ხაზით ან გამოყოფილი საზოგადოებრივი გზის ნაწილით.

მოვერცხვლა - ნაწარმის ვერცხლით დაფარვა გალვანური მეთოდით, რომლის დანიშნულებაა ნაწარმის დაცვა კოროზიისაგან, ოპტიკური არეკვლის გაძლიერება, ზედაპირისათვის დეკორატიული სახის მიცემა და სხვ.

მოვლენა - საგნის ან მისი არსებობის გარეგნული ფორმის ასე თუ ისე აღმოჩენა. ცნობიერებაში იგი ერთერთი საფეხურია საგნის განცდისა. მოვლენები არის: აეროდინა-მიკური, ატმოსფერული, დიფუზური, კარსტული და ა.შ.

მოვლითი ჭრა - სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განისაზღვრება მოვლითი ჭრის შემდეგი სახეები: განათებითი; გაწმენდითი; გამოხშირვითი; გავლითი; სანიტარიული და სარეკონსტრუქციო.

მოზაიკა - საროთი, სოფიის კენჭი; მონუმენტური ფერწერის სახეობა, სადაც გამოსახულება მიიღება სხვადასხვა მასალის (მარმარილოს, გრანიტის, მინის, კენჭების და მისთ.) ნაჭრების მჭიდროთ შეერთებით (ნახ. 1); ასეთი წესით მიღებული, კედლის, იატაკის და სხვა ზედაპირი.

მოთუთიება - 1. ფოლადის ან თუჯის ნაკეთობების ზედაპირის დაფარვა თუთიის ფენით კოროზიის საწინააღბდეგოდ. ტარდება ცხელი მეთოდით (ნაკეთობის ჩაძირვა გამდნარ თუთიაში), ელექტროლიზით (იხ.გალვანოსტეგია), გამდნარი თუთიის გაფრქვევით; 2. ფოლადის ნაკეთობების ზედაპირული ფენების გაჯერება თუთიის მტვრით (იხ. მეტალიზაცია).

მოთხოვნა სამშენებლო პროდუქციაზე - შენობა-ნაგებობების საჭიროება, რომელიც აუცილებელია ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ადამიანებისათვის და საზოგადოების ფუნქციონირებისათვის.

მოთხოვნები წაყენებული ბეტონისადმი - 1. ნაკეთობის და კონსტრუქციის დამზადების ტექნოლოგია ბეტონის ნარევს და ბეტონს უყენებს თავის მოთხოვნას, რომელთა უზრუნველსაყოფად აუცილებელია ნედლეულის და ბეტონის შედგენილობის შერჩევა. გამოყენებული ტექნოლოგიის მიხედვით განასხვავებენ: ბეტონს დამზადებულს ხისტი ნარევისაგან, რომელიც ნაკეთობის სწრაფად განყალიბების საშუალებას იძლევა; სხმული ბეტონი, რომელიც ნაკეთობის ან კონსტრუქციის ფორმაში ადვილად ისხმება და ავსებს მას ყოველგვარი შემკვრივების გარეშე; სწრაფადგამაგრებადი; შეუკლები; გაფართოებადი; გაორთქლილი; ავტოკლავური გამაგრების; უარყოფით ტემპერატურაზე გამაგრებადი ბეტონი და სხვ.; 2. საერთო მოთხოვნები ასეთია: ბეტონის ნარევის მომზადება, ტრანსპორტირება უნდა იყოს მოსახერხებელი, ადვილი და არ უნდა განშრევდეს; ბეტონს უნდა ჰქონდეს გამაგრების გარკვეული სიჩქარე, შესაბამისი მისი განყალიბების, კონსტრუქციის ან ნაგებობის ექსპლუატაციის ვადასთან; ცემენტის ხარჯი და ბეტონის ღირებულება უნდა იყოს მინიმალური; 3. ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციის დამზადების განსაკუთრებული მახასიათებელია ის, რომ მასალის ხარისხზე წინასწარ არ შეიძლება მსჯელობა. საჭირო თვისებას ბეტონი იღებს კონსტრუქციის დამზადების პროცესში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მასალის სწორი შერჩევა, ბეტონის შედგენილობის დაპროექტება კონსტრუქციის დამზადების ტექნოლოგიის მიღებული მეთოდით. ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა, წარმოების ოპერაციული კონტროლი; 4. ბეტონი მიეკუთვნება ხელოვნური ქვის კონგლომერატს, წარმოადგენს კომპოზიციური მასალის სახესხვაობას, ამიტომ, სხვადასხვა ბეტონისათვის დამახასიათებელია როგორც საკუთარი - კერძო, ისე ზოგადი კანონზომიერებანი. თანამედროვე ტექნოლოგიური და ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშება ბეტონის ტექნოლოგიაში დაფუძნებულია იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც აკავშირებს ბეტონის შედგენილობას და სტრუქტურას მის თვისებასთან. ეს დამოკიდებულება ფიზიკურ-ქიმიური ხასიათისაა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მიღებულია ექსპერიმენტული გზა. ის უნდა შემოწმდეს და დაზუსტდეს წარმოების კონკრეტული პირობების გათვალისწინებით ანუ ბეტონის ქარხნებში (ბეტონის კვანძებში) აუცილებელია მომზადებული ბეტონის პარტია შემოწმდეს სტანდარტული ნიმუშების ლაბორატორიული გამოცდით ბეტონის მახასიათებლების საპროექტოსთან შესაბამისობის მიზნით

მოიჯარე - მეპატრონე, პატრონი, მესაკუთრე.

მოკალვა - 1. მასალის ზედაპირზე ლითონის ფენის წარმოქმნა სარჩილის გადნობით, დატანით და შემდეგი დაკრისტალებით; 2. ზედაპირის დაფარვა კალის თხელი ფენით.

მოკიდება - წვის ინიცირება (დაწყება).

მოკიდების წყარო - ანთების გამომწვევი თბური ენერგია.

მოლარე (გერმ.) - პირი, რომელსაც ევალება ფულის აღრიცხვა, მიღება, შენახვა და სალაროდან გაცემა. მ. წერილობით ვალდებულებას იღებს მატერიალურ პასუხისმგებლობაზე. მ. თანამდებობრივ ვალდებულებებში შედის: ოპერაციების განხორცილება ფულადი ფასიანი ქაღალდების მიღების, აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის შესახებ, მისი დაცვის უზრუნველყოფის წესების აუცილებელი შესრულებით. მ. აფორმებს დოკუმენტებს და შესაბამისად დაწესებული წესის მიხედვით იღებს ფულად საშუალებებსა და ფასიან ქაღალდებს ბანკის დაწესებულებებში ხელფასის, პრემიების ასანაზღაურებლად. შემოსავლების და გასავლების დოკუმენტების საფუძველზე აწარმოებს სალაროს წიგნს. ადარებს ფაქტობრივ ნაღდ ფულად და ფასიანი ქაღალდების თანხებს წიგნის ნაშთთან. ადგენს სალაროს ანგარიშგებას.

მოლარტყვა - ძელი ან ფიცარი, რომელიც მიმაგრებულია ნივნივებზე (ნახ. 1) და წარმოადგენს სახურავის საფარის ფუძეს, საფუძველს.

მოლბერტი (გერმ.) - საყრდენი (ჩვეულებრივ სამ- ან ოთხფეხა), რომელზედაც მხატვარი ათავსებს ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოს მუშაობის დროს. ძირითადად მზადდება ხის მასალისაგან.

მოლდინგი - გადასასვლელი დეკორატიული პროფილი, რომელიც გამოიყენება დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილების, საკედლე პანელენის და სხვ. პირაპირების შესავსებად.

მოლეკულა (ლათ.) - მოცემული ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი, რომელსაც გააჩნია ამ ნივთიერების ქიმიური თვისებები. მ. შედგება ერთნაირი ატომებისგან (მარტივი ნივთიერება) ან სხვადასხვა ატომებისგან (ქიმიური შენაერთი). ატომები გაერთიანებულია ერთ მთლიანში ქიმიური კავშირების მეშვეობით. მოცემული ნივთიერების მ. აგებულება და შემადგენლობა არ არის დამოკიდებული მისი მიღების ხერხებზე. მ. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა გამოიხატება ნივთიერების ქიმიური ფორმულით. მ. ატომების კავშირების რიგითობა და მათი ვალენტობის მნიშვნელობა ასახულია მოლეკულის სტრუქტურულ ფორმულაში. მ. ფორმა და ზომები დამოკიდებულია ატომთშორისი კავშირების სიგრძეზე და მათ შორის კუთხეებზე (ვალენტური კუთხე). ერთატომიან მ. (მაგ., ინერტული გაზების მ.) ცნება მოლეკულა და ატომი ემთხვევა. ქიმიური შენაერთების მ. ატომების რაოდენობა სხვადასხვაა. მაღალი ტემპერატურის პირობებში ყველა აირის მ. იშლება (დისოცორდება) ატომებად. კონდენსირებული (თხევად ან მყარ) მდგომარეობაში მოლეკულებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ან არ  შეინარჩუნონ ინდივიდუალური თვისებები. მაგ., მოლეკულური კრისტალები და ბევრი სითხე შედგება მოლეკულებისგან, ხოლო ატომურ, იონურ და ლითონის კრისტალებს არ გააჩნია ცალკეული მ. (იხ. კრისტალები). მ. მნიშვნელოვან მახასიათებლებს წარმოადგენს მისი ატომებად დაშლის ენერგია, რომელიც ტოლია იმ ენერგიისა, რომელიც გამოიყოფა ატომებისგან მ. შექმნისას. შენაერთების მდგრადობა, მათი რეაქციის უნარი და მათ მიერ განვლილი ქიმიური სახეცვლილების მიმართულება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მ. შემავალი ატომებს შორის კავშირების ენერგიით. მ. ელექტრული და მაგნიტური თვისებები ხასიათდება მისი პოლარიზებულობით, დიპოლური მომენტით და მაგნიტური მომენტით. მ. იმყოფებიან მუდმივ მოძრაობაში. წინსვლითი მოძრაობისა და ბრუნვის გარდა მ. განიცდიან შიდა მოძრაობას - ატომების რხევა წონასწორობის მდგომარეობასთან ახლოს და ელექტრონების მდგომარეობის ცვლილება. მ. ენერგია, გარდა იმ ენერგიისა, რომელიც ხმარდება წინსვლით მოძრაობას, კვანტურია; ე.ი. შეუძლია მიიღოს მხოლოდ რიგი განსაზღვრული დისკრეტული მნიშვნელობები. მ. გადასვლისას ერთი კვანტური მდგომარეობიდან მეორეში, გამოიყოფა ან შთაინთქმება ერთი კვანტი ენერგია.

მოლეკულური ოპტიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ნივთიერებაში სინათლის გავრცელების კანონზომიერებებს მის მოლეკულურ აგებულებასთან მიმართებაში. მ.ო. განიხილება სხვადასხვა გარემოში სინათლის შთანთქმა, დისპერსია, გაბნევა, გარდატეხა და არეკვლა, ოპტიკური აქტიურობა, გარემოზე გარეშე ელქტრული და მაგნიტური ველების ზემოქმედებასთან დაკავშირებული ოპტიკური მოვლენები და სხვ.

მოლეკულური სპექტრი - მოლეკულების ენერგიის ერთი დონიდან მეორეზე გადასვლისას წარმოშობილი შუქის შთანთქმის, გამოსხივების და გაფანტვის კომბინაციების ოპტიკური სპექტრი. მ.ს. შედგება მეტნაკლებად ფართო ზოლებისგან, რომლებიც წარმოქმნილია მრავალი მჭიდროდ განლაგებული სპექტრული ხაზისაგან. ზოლოვანი მ.ს. სირთულე ხაზოვან ატომურ სპექტრისგან განსხვავებით აიხსნება იმით, რომ მოლეკულებში ატომის ბირთვის მიმართ ელექტრონების მოძრაობასთან ერთად, არსებობს სხვა მოძრაობები: ბირთვის რხევა მოლეკულებში წონასწორობის მდგომარეობასთან ახლოს, აგრეთვე მოლეკულის, როგორც ერთი მთლიანის ბრუნვა. მოძრაობის ყველა ეს სახე კვანტურია. ე.ი. მათ შესაბამისმა ენერგიამ შეიძლება მიიღოს მხოლოდ განსაზღვრული დისკრეტული მნიშვნელობა. მოლეკულათა ენერგიის შესაბამის დონეთა შორის გადასვლები, განსხვავებით ატომური სპექტრისა, იწვევს მ.ს. დამატებით ხაზების გაჩენას. მ.ს. კონკრეტული სტრუქტურა განსხვავებულია სხვადასხვა მოლეკულებისათვის და როგორც წესი, რთულდება მოლეკულაში ატომის რიცხვის ზრდასთან ერთად. მ.ს. შესწავლა გვაძლევს ღირებულ ინფორმაციას მოლეკულის აგებულების შესახებ (ატომშორის მანძილის, ინერციის მომენტის, რხევათა სიხშირის, ძალოვანი მუდმივას, დისოციაციის ენერგიის, მოლეკულის სტრუქტურის და ა.შ. განსაზღვრას). მ.ს. ხარისხობრივი და რაოდენობრივი მოლეკულური სპექტრალური ანალიზის საფუძველია.

მოლეკულური ფიზიკა - ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხეულების ფიზიკურ თვისებებს, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის (აირი, სითხე და კრისტალი) თავისებურებებს, სხეულების მოლეკულურ აგებულებაზე დამოკიდებულ ფაზური გადასვლების პროცესებს, მოლეკულების (ატომების, იონების) ურთიერთმოქმედების ძალებს და ამ ნაწილების თბური მოძრაობის ხასიათს

მოლი (იტალ.) - 1. რაიმე ნივთიერების რაოდენობა, რომელიც შეიცავს იმდენივე სტრუქტურულ ელემენტს (მაგ., ატომს, მოლეკულას, იონს, ელექტრონს) რამდენ ატომსაც შეიცავს 12 გრამი ნახშირბადი; 2. ჰიდროტექნიკური შემომზღუდავი ნაგებობა, რომელიც ეწყობა ვერტიკალური ან დახრილი კედლის სახით. მ. გამოიყენება ნავსადგურის აკვატორიის ღელვისაგან დასაცავად. მ. ერთი ბოლოთი ესაზღვრება ნაპირს. გაფართოებული პროფილის მ. გააჩნია როგორც დამცველი ისე ნავმისადგომის ფუნქცია; 3. დიდი სავაჭრო დაწესებულება, რომელშიც ყველა სავაჭრო დერეფანი (გალერეა) თავს იყრის ერთ ცენტრალურ სივრცეში (ნახ. 1: თბილისი მოლი); 4. მოლი ახლად ამოსული ხშირი და წმინდა ბალახი.

მოლიბდენიტი - მოლბდენური კრიალა მინერალი - MoS2 , რუხი ტყვიისფერი, ქერცლოვანი ლითონის ბზივარების მქონე გროვა; შეიცავს 60% მოლიბდენს. მინერალოგიური სკალით სიმაგრე - 1; სიმკვრივე - 4700-4800კგ/მ3. მ. მოლიბდენის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი მადანია.

მოლითონება - (იხ. მეტალიზაცია).

მოლირება (ლათ.) - მინის ფორმირების მეთოდი, რომელიც ეფუძნება პლასტიკურ მდგომარეობამდე გაცხელებული მინის მასის უნარს განიცადოს დეფორმაცია საკუთარი წონის ზემოქმედებით. მ. აწარმოებენ მინის დარბილების ტემპერატურაზე - 600-7000C. გამოიყენება ნაწრთობი პანორამული და ნახევრადპანორამული საავტომობილო მინებისა და მხატვრული ფიგურული ნაკეთობების დასამზადებლად.

მოლტოპრენი - იხ. პოროლონი.

მოლური მასა - სიდიდე, რომელიც ტოლია ნივთიერების მასის ფარდობისა რაოდენობასთან. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI) მ.მ.-ის განზომილებაა - კგ/მოლი.

მომენტთა თეორია (გარსების) - გარსთა თეორია, რომელიც მხედველობაში იღებს გარსის კვეთებში მღუნავ და მგრეხ მომენტებს.

მომენტი (ლათ.) - მამოძრავებელი ძალა, ბიძგი, მაიძულებელი საწყისი, მათემატიკური ცნება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მექანიკაში და ალბათობათა თეორიაში. მექანიკაში პირველი რიგის მომენტსეწოდებასტატიკური მომენტი, ხოლო მეორე რიგის მომენტს - ინერციის მომენტი. თუ მ. გამოსახულებაში ყველა აბსცისს შევცვლით მათი აბსოლუტური მნიშვნელობით, მიიღება ე.წ. აბსოლუტური მომენტი. სისტემის მასების ცენტრის მიმართ გამოთვლილ მ. ეწოდება ცენტრალური. პირველი რიგის ცენტრალური მ. ყოველგვარი სისტემისათვის ნულის ტოლია.

მომენტი სატვირთო - კონსოლის L მალის (შვერის) ნამრავლი მის Q ტვირთამწეობაზე: M = L∙Q.

მომეტებული ტექნიკური საფრთხე - საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტი, ასევე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება, მშენებლობა, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის  საფრთხეს და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის.

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი - ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნავი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს.

მომსახურება - 1. ნებისმიერი სახის საქმიანობა, ან სარგებელი, რომელსაც ერთი მხარე სთავაზობს მეორეს; 2. შრომის ეკონომიკური ფორმა, კატეგორია, რომელიც გამოხატავს ურთიერთობას შრომის სარგებლიანობის საფუძველზე. მ. სასარგებლო ეფექტი ვლინდება მატერიალური და არამატერიალური მ. სახით. გამოყოფენ მ. შემდეგ ჯგუფებს: ა) წარმოებაზე ორიენტირებული; ბ) სავაჭრო; გ) პირადი; დ) სოციალური მომსახურება.

მომსახურების გაწევა - პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

მომჭიმი დგანი - მაღალმწარმოებლური საგლინი დგანი, რომელიც განკუთვნილია მსხვილი ფოლადის ზოდების მოსაჭიმად ბლიუმად, სლაბად, ფასონურ ნაკეთობად (დიდი ორი T- სებრი კოჭი, შველერები და სხვ.)

მომხმარებელი - ცალკე პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მოხმარების მიზნით იძენს რაიმე ნაწარმს, ტექნოლოგიურ პროცესს, მოწყობილობას და მისთ.; მყიდველი.

მონაზომი - შენობებისა და ნაგებობების მონოლითური კონსტრუქციების ნაწილი, რომლის დაბეტონება წარმოებს ერთ ციკლში (ერთდროულად) და რომელზედაც მთლიანად ყენდება ყალიბი.

მონაკვეთი - 1. დროის ან სივრცის გასაზომი ნაწილი; 2. გეომეტრ. სწორი ხაზის ნაწილი, შემოსაზღვრული ორი წერტილით.

მონასტერი (ბერძ.) - განდეგილის სენაკი - ბუდიზმისა და ქრისტიანობაში ერთი და იმავე წესდებით მცხოვრები რელიგიური თემი. ქრისტიანობაში ცნობილია მამათა და ქალთა მ. უძველესი მ. წარმოიქმნა ინდოეთში ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანაში. პირველი ქრისტიანული მ. ჩამოყალიბდა IV საუკუნეში ტაბენისში (ეგვიპტე). საქართველოში, როგორც უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, ფუნქციონირებს ასობით მ., რომელთაგან ყველაზე ცნობილი მონასტრებია: გელათის, ზედაზნის, მცხეთის ჯვრის (ნახ. 1), ბეთანიის, ალავერდის, შავნაბადას, ბოდბის, კაცხის, ქვათახევის, შემოქმედის, ნეკრესის, სამთავისის, მარტვილის, ატენის, შუამთის, ზარზმის, ფიტარეთის, ხობის, ლურჯი, ფერიცვალების, პეტრიწონის და სხვ. ქართული მონასტრები არსებობს საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, კვიპროსზე, რუსეთში.

მონაცემთა ბაზა - სისტემური ან მეთოდური წესით დალაგებული ნაწარმოებების ან სხვა მონაცემებისა და მასალების კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ეს ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს.

მონაცემთა კომპიუტერული ბაზა - ავარიული სიტუაციების ბანკი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის მრავალ დარგში საგანგებო შემთხვევათა შესახებ მონაცემებს, შემთხვევათა გენეზისსა და დეტალებს; საწარმოს პერსონალის ძირითად შეცდომებს; ზარალის სიდიდეს; ამ შედეგების ლიკვიდაციისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების გათვლების პროგრამას. ავარიულ სიტუაციათა ბანკი გამოიყენება საწარმოს სპეციალისტებისა და მაშველთა სწავლებისას, აგრეთვე ავარიულ სიტუაციათა პროფილაქტიკისათვის.

მონაცემი - ფაქტებისა და იდეების წარმოდგენა ფორმალიზებული სახით, რომელიც მათ გამოსადეგს ხდის საინფორმაციო პროცესში გადაცემისა და დამუშავებისათვის.

მონაცემის დამუშავება - მონაცემის შეგროვება, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, ნახვა, ამოღება, გამოყენება, გადაცემა, კომბინირება, დახურვა, წაშლა ან განადგურება, ან ამ ქმედებების ნებისმიერი ერთობლიობა, ქმედების განხორციელების ან გამოყენებული საშუალების მიუხედავად.

მონელ-ლითონი (ინგლ.) - შენადნობების სერია ნიკელის საფუძველზე, რომელიც შეიცავს 67%-მდე ნიკელსა და 38%-მდე სპილენძს. ტერმინი „მონელი“ სავაჭრო მარკის დასახელებაა. ფოლადთან შედარებით მ.-ნ. რთული დასამუშავებელია, რადგან მისი წრთობა მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე. გამოირჩევა პლასტიკურობით, კოროზიამედეგობით, მაღალი სიმტკიცის ზღვრით. ზოგიერთი ნაერთი ცეცხლმედეგია, ზოგიერთი - არამაგნიტური. მცირე რაოდენობით ალუმინისა და ტიტანის დამატებით მიიღება შენადნობი (К-500) იმავე კოროზიამედეგობით, მაგრამ უფრო მაღალი სიმტკიცით. მ.-ნ. სიმკვრივეა 8820 კგ/მ3. ის გაცილებით ძვირი მასალაა, ვიდრე უჟანგავი ფოლადი. გამოიყენება ქიმიურ, ნავთობის, გემთმშენებლობის, სამედიცინო მრეწველობაში; ხელსაწყოების წარმოებაში ზედაპირების დასაცავად კოროზიისაგან; სამშენებლო საქმეში, როგორც კონსტრუქციული მასალა (ბიმეტალები, კომპოზიტური მასალები, განსაკუთრებული დანიშნულების ფოლადის კონსტრუქციების ზედაპირების დაცვა აგრესიული გარემოს ზემოქმედებისაგან და სხვ.).

მონეტა (ლათ.) - ლითონის ფულის ნიშანი, რომელიც დამზადებულია ლითონისაგან - ოქროსაგან, ვერცხლისაგან, სხვადასხვა შენადნობისაგან. სიტყვა ,,მონეტა’’ წარმოიშვა იუნონამონეტას სახელწოდებიდან ძველ რომში, სადაც გახსნილი იყო პირველი ზარაფხანა. თანამედროვე მონეტები მრგვალი ფორმისაა და ორი მხარე აქვს: წინა - ავერსი და უკანა - რევერსი. შენაჭერზე (გურტზე) არის საგერბო, სატიტულო გამოსახულებები და წარწერები (ლეგენდა), რომლებიც მიუთითებენ მონეტის ღირსებას, მისი გამომშვები სახელმწიფოს დასახელებას, მოჭრის წელიწადს. ქაღალდის ფულისა და უნაღდო ფულის მიმოქცევის გამოჩენით, მონეტის, როგორც ფულადი საშუალების როლი მკვეთრად დაეცა.

მონიკელება - ლითონის ნაკეთობათა დაფარვა ნიკელის თხელი შრით (20...30 მკმ) კოროზიისაგან დაცვის ან დეკორატიული მიზნით. გამოიყენება ავტომობილების, ველოსიპედების, სხვადასხვა ხელსაწყოს, ქირურგიული ინსტრუმენტის დამცველ-დეკორატიული დაფარვისათვის.

მონიტორინგი - 1 .რაიმე ობიექტის მდგომარეობაზე სპეციალურად ორგანიზებული სისტემური დაკვირვებების კომპლექსი; 2. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა; 3. რაიმე პროცესზე სისტემატური დაკვირვება, ამ პროცესის არსებულ და სავარაუდო რეზულტატს შორის შესაბამისობის (ან შეუსაბამობის) ფიქსირების მიზნით; 4. სპეციფიკური ინდიკატორების (მაჩვენებლების) მიხედვით მონაცემების შეგროვების და გაანალიზების სისტემური პროცესი; 5. კონკრეტული საკითხის ან ვითარების ირგვლივ ინფორმაციის სისტემური მიღება და დამუშავება; 6. ნიადაგში მიმდინარე პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში.

მონიტორინგი ანთროპოგენული - დაკვირვებისა და კონტროლის სისტემა ბუნებრივი გარემოს ყოველგვარ ცვლილებაზე, რომელიც გამოწვეულია ადამიანის სამეურნეო საქმიანობით. მონიტორინგი არის ბუნებრივი გარემოს თანამედროვე მდგომარეობის შესახებ მრავალმხრივი ინფორმაციის წყარო, რომელიც ყველაზე არახელსაყრელი რაიონების გამოვლენის, გარემოს შესაძლო უარყოფითი ცვლილების თავიდან აცილების, სამეცნიერო პროგნოზების შემუშავების, აგრეთვე მომავალში მდგომარეობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

მონიტორინგი აქტიური - მიმდინარე საქმიანობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საშიში საწარმოო ფაქტორების და რისკების თავიდან ასაცილებელი და დამცავი, აგრეთვე მართვის სისტემის გამოყენების ღონისძიებები, დადგენილ კრიტერიუმებს.

მონიტორინგი ბიოლოგიური (სანიტარიული) - უზრუნველყოფს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებას და კონტროლს, რომლის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობაზე და ცხოველქმედებაზე მისი ზემოქმედების შესწავლა.

მონიტორინგი ბიოსფერული - უზრუნველყოფს დაკვირვებას და კონტროლს ბიოსფეროს გლობალურ ფონურ ცვლილებაზე და იძლევა ამ ცვლილებათა ეკოლოგიურ შეფასებას

მონიტორინგი გეოეკოლოგიური (ბუნებრივ-სამეურნეო) - დაკვირვება და კონტროლი გეოსისტემის, მათ შორის, ბუნებრივი და ბუნებრივ-ტექნიკური ეკოსისტემის ცვლილებაზე.

მონიტორინგი გლობალური - დაკვირვება ბიოსფეროს ფონურ ანუ ბაზურ მდგომარეობაზე და მის ცვლილებაზე. ფონური დაკვირვების სადგურთა ქსელი შედის მონიტორინგის საერთაშორისო გლობალური სისტემის შემადგენლობაში, რომლის მიზანია დაკვირვება დედამიწის ბიოსფეროს თანამედროვე და პროგნოზირებად მდგომარეობაზე მთლიანობაში. მ. გ. სადგურთა ქსელში შედის სადგურები, რომლებიც განლაგებულია ბიოსფერულ ნაკრძალებში და ათვისებულ ტერიტორიებზე.

მონიტორინგი ლოკალური - დაბინძურებულ ატმოსფეროში, წყალში, ნიადაგში, მცენარეულობაში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების შემცველობაზე კონტროლი; ლოკალური მონიტორინგის მიზანია ეკოლოგიური სტაბილურობის მიღწევა. მონიტორინგის ლოკალურ დონეზე ფუნქციონირებს სადგურების ყველაზე განტოტვილი ქსელი. სადგურები მოქმედებენ წყალზე, ჰაერში, ნიადაგზე და მცენარეებზე დაბინძურების წყაროების უშუალო ზემოქმედების ადგილებში. ამ დონეზე დაკვირვების ძირითადი ობიექტებია კონკრეტული ბუნებრივ-ტექნიკური გეოსისტემები. მ. ლ. კაცობრიობას გეოსისტემის მართვის საშუალებას აძლევს.

მონიტორინგი რეაქტიული - შემოწმება იმისა, რომ საშიში საწარმოო ფაქტორების და რისკების თავიდან აცილებისა და ზემოქმედებისაგან დაცვის საკონტროლო ღონისძიებების და მართვის სისტემის ნაკლოვანებები არიან იდენტიფიცირებული და მოქმედებენ.

მონო... . (ბერძ.) - რთული სიტყვის შემადგენელი, რომელიც ნიშნავს ერთს, ერთიანს (მონოლითური, მონოპოლური, მონოგრაფია, მონოკრისტალი და სხვ.)

მონობაღი - ბაღი (როზარიუმი, გეორგინარიუმი, სირენგარიუმი და ა.შ.), რომელშიც ძირითადია ერთი რომელიმე მცენარე.

მონობოჭკო (მონოძაფი) - ერთმაგი ბოჭკო, რომელიც არ იშლება სიგრძეზე. მიიღება პოლიამიდის, პოლიურეთანის, პოლიეთერის და პოლიოლეფინისაგან. მ. ამზადებენ ბაგირებს, მოსაპირკეთებელ მასალებს, თევზსაჭერ ბადეებს, ქირურგიულ ძაფება და სხვ.

მონოგრაფიული ანალიზი - შრომასთან დაკავშირებული რომელიმე ცალკე აღებული მაჩვენებლის ყოველმხრივი გამოკვლევა. სრულდება სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ერთობლივი მეცადინეობით (მაგ., მონოგრაფიულად შესაძლებელია გამოკვლეული იქნეს მუშაობის ხერხები რომელიმე ერთი ოპერაციისათვის ან რომელიმე ერთ ინსტრუმენტზე და შეფასდეს გამოყენებული ხერხების უსაფრთხოება)

მონოკოტურა - დაწნეხილი გამომწვარი ფილა ფერადი ან თეთრი მინანქრით (ნახ. 1). მ. წარმოების ტექნოლოგია ითვალისწინებს მხოლოდ ერთ პროცედურას - საფუძვლის და მინანქრის ერთდროულ გამოწვას.

მონოკრისტალი - ცალკე გამოყოფილი, ერთგვაროვანი კრისტალი, რომელსაც აქვს უწყვეტი კრისტალური გისოსი და ზოგჯერ ახასიათებს ფიზიკური თვისებების ანიზოტროპია. მ. გარეგნულ ფორმას განაპირობებს მისი კრისტალური გისოსის ერთგვაროვნება და წარმოქმნის სიჩქარე. ნელი ტემპით წარმოქმნის დროს მ. ზედაპირი დანაწევრებულია (დაკუთხვილია), საშუალო სიჩქარის დროს - მცირედ დანაწევრებული, ხოლო დიდი სიჩქარეების დროს - წარმოიქმნება ერთგვაროვანი პოლიკრისტალები და პოლიკრისტალური აგრეგატები, რომლებიც შედგება მრავალრიცხოვანი სხვადასხვაგვარად ორიენტირებული მცირე ზომის მონოკრისტალებისაგან. დაკუთხვილი მ. თვალსაჩინო მაგალითია კვარცი, ქვის მარილი, ისლანდიური შპატი, ალმასი, ტოპაზი. მრეწველობაში დიდი გამოყენება აქვს ნახევარგამტარების და დიელექტრიკების მონოკრისტალებს, რომლებსაც ღებულობენ სპეციალურ პირობებში, ხოლო რაც შეეხება ლითონებისა და მათი შენადნობების მ., მათ განსაკუთრებული თვისებები არ გააჩნიათ და პრაქტიკულად არ გამოიყენება.

მონოლითი - ქვის მთლიანი ზოდი; ქვის მთლიან ზოდში გამოთლილი ნაგებობა (ძეგლი) ან მისი ნაწილი (სვეტი და სხვა).

მონოლითური - მთლიანი, მყარი, მტკიცე, მასიური, შერწყმულის მსგავსად ერთი ლოდიდან გამოკვეთილი.

მონოლითური უკოჭო გადახურვა - გადახურვის მთლიანი ფილა, რომელიც მონოლითურად არის დაკავშირებული სვეტის კაპიტელთან (ნახ. 1: 1 - სვეტი; 2 - კაპიტელი; 3 - მონოლითური ფილა; 4 - ფილის არმირება). ფილის სისქე აიღება (1/32...1/35)ℓ, სადაც ℓ - სვეტებს შორის მალი. ფილის დაარმატურება წარმოებს რულონური ან ბრტყელი შედუღებული ბადეებით, მღუნავი მომენტების ეპიურის მიხედვით. მალის მომენტების ასატანად ბადეები ლაგდება ფილის ქვედა კიდესთან, ხოლო საყრდენი მომენტებისა - ფილის ზედა კიდესთან.

მონომეტალიზმი (ბერძ.) - ფულადი სისტემა, რომლის დროსაც ერთი ლითონი არის საყოველთაო ეკვივალენტი და ფულადი მიმოქცევის საფუძველი. იმის მიხედვით, თუ რომელი ლითონი ასრულებს ამ როლს, მონომეტალიზმი შეიძლება იყოს: სპილენძის, ვერცხლისა ან ოქროსი. სპილენძის მონომეტალიზმი არსებობდა რომში ძვ. წ. III–II საუკუნეებში, ვერცხლისა - რუსეთში (1843-1852 წწ.), ჰოლანდიაში (1847-1875 წწ.), ინდოეთში (1852-1893 წწ.). ჩინეთში დიდხანს არსებობდა ვერცხლის მონომეტალიზმი, რომელიც ოფიციალურად შეიცვალა 1935 წელს. ოქროს მონომეტალიზმი შემოიღეს XVIII საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში და XIX საუკუნის ბოლოს ევროპის სხვა ქვეყნებში, რუსეთსა და იაპონიაში - 1897 წელს, აშშ-ში - 1900 წელს.

მონოპოლია - 1. რომელიმე სახელმწიფოს ან ჯგუფის გამორჩეული უფლება. მ. შეიძლება ვრცელდებოდეს სრულიად სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე, მაგ., საგარეო ვაჭრობაზე, მიწაზე ან რაიმეს წარმოებაზე; 2. წარმოების, ვაჭრობის, რეწვის და ა.შ. განსაკუთრებული უფლება, რომელიც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა განსაზღვრულ ჯგუფს ან სახელმწიფოს; 3. მსხვილ მეწარმეთა გაერთიანება, რომელიც წარმოიქმნება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის საფუძველზე; 4. საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის ერთი მწარმოებელი და მრავალი მომხმარებელი.

მონოპოლიზება - მონოპოლიის დამყარება რამეზე.

მონოპოლისტი - 1. ის ვინც რაიმე დარგში მონოპოლიას ფლობს; 2. მსხვილი კაპიტალისტი, მონოპოლიის წარმომადგენელი.

მონოპსონია - საბაზრო სიტუაციის ერთ-ერთი სახე, როდესაც ბაზარზე არის მრავალი მწარმოებელი (გამყიდველი) და ერთი მომხმარებელი (მყიდველი). საპირისპიროა - მონოპოლია. თუ ბაზარზე არის რამდენიმე გამყიდველი და ერთი მყიდველი, მაშინ მ. შეზღუდულია.

მონოპტეროსი (ბერძ.) - ანტიკური ტაძარი, რომელიც წარმოადგენს წრიულად განლაგებულ გადახურულ სვეტნარს, შეყენებულს სიმაღლეზე საფეხურებით დანაწვრებულ მრგვალ პოდიუმზე.

მონორელსი - სატრანსპორტო ნაგებობა, რომელშიც საკიდ რელსზე (კოჭზე) გადაადგილდება სატვირთო ურიკები ან ვაგონები (ნახ.1). მ. დაყენებულია ცალკეულ საყრდენებზე ან ესტაკადაზე ან მის ქვემოდან (საკიდი მ.).

მონოქრომატული - ერთი ფერის მქონე (მაგ., მონოქრომატული სხივები).

მონტაჟი - სამშენებლო კონსტრუქციების, ტექნოლოგიური მოწყობილობის, აგრეგატების, მანქანების, ხელსაწყოების, აწყობა და დაყენება. მ. მოიცავს ტექნოლოგიური მოწყობილობის საპროექტო მდგომარეობაში დაყენებას, მასთან კონტროლისა და ავტომატიკის მიერთებას, აგრეთვე კომუნიკაციების გამართვას ნედლეულის, წყლის, ორთქლის, შეკუმშული ჰაერის, ელექტროენერგიის და ა.შ. მისაწოდებლად და ტექნოლოგიური მოწყობილობის საექსპლუატაციო მდგომარეობამდე მიყვანას. მ. დროს გამოიყენება სამონტაჟო იარაღები და სამარჯვები.

მონტიორი (ფრანგ.) - 1. მანქანების ამწყობი და დამდგმელი; მემონტაჟე; 2. ელექტრომოწყობილობის, ელექტროგაყვანილობის სპეციალისტი; ელექტრომონტიორი.

მონტიორის საცოცი - მოწყობილობა, რომელიც მაგრდება ადამიანის ფეხებზე, არ გააჩნია წვეტები და უზრუნველყოფს ბოძზე (საყრდენზე) ასვლის და ჩამოსვლას. წარმოადგენს დამცავ საშუალებას.

მონტიორის ქამარი (დამცავი ქამარი) - ქამარი, რომელიც იცავს ადამიანს სიმაღლიდან ვარდნისაგან ბოძებზე, ელექტროგადამცემ საჰაერო ხაზებზე, გამანაწილებელ მოწყობილობის კონსტრუქციებზე ან მოწყობილობებზე მუშაობისას. წარმოადგენს დამცავ საშუალებას.

მონტიორის ჩანგალი - მოწყობილობა წვეტიანი კავის სახით, რომელიც მაგრდება ადამიანის ფეხებზე და უზრუნველყოფს ბოძზე (საყრდენზე) ასვლას და ჩამოსვლას. წარმოადგენს დამცავ საშუალებას.

მონტმორილონიტი (ფრანგ.) - თიხოვანი მინერალი, რომელიც მიეკუთვნება ბენტონიტის ძირითად კომპონენტს - ფენოვან სილიკატებს. აქვს ძლიერი გაჯირჯვების უნარი და მკვეთრად გამოხატული სორბციული თვისებები.

მონუმენტი (ლათ.) - ისტორიული ამბის აღსანიშნავად ან გამოჩენილი პიროვნების უკვდავსაყოფად აღმართული მემორიალური ნაგებობა.

მონუმენტური - გრანდიოზული, შთაბეჭდილების მომხდენი, საფუძვლიანი, ღრმაშინაარსიანი.

მონუმენტური ქანდაკება - საზოგადოებრივი მოვლენების, იდეური ჩანაფიქრების ამსახველი დიდი ზომის ქანდაკება (ნახ. 1: ქართვლის დედა, ავტ. ე. ამაშუკელი, ქ. თბილისი; ნახ. 2: თავისუფლების ქანდაკება, ავტ. ფრედერიკ-ოგიუსტ ბარტოლდი, ქ. ნიუ-იორკი, აშშ).

მონუმენტური ხელოვნება - ხელოვნება, რომელიც გამოირჩევა იდეური შინაარსის სიდიადითა და მნიშვნელობით.

მოოქროვება - ნივთზე ოქროს თხელი ფენის დატანა დეკორატიული, დაცვითი ან დაცვით-დეკორატიული მიზნებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგია დაფუძნებულია გალვანიზაციის პროცესზე, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ ძალზედ თხელი ოქროს ფენა.

მოპირკეთება - საფარველი შრე ბუნებრივი ან ხელოვნური მასალებისაგან რომელიც შენობის მოპირკეთებულ ზედაპირს იცავს მექანიკური და ატმოსფერული ზეგავლენისაგან და ემსახურება არქიტექტურული გაფორმების მიზნებს. მ. შეიძლება იყოს გარე და შიდა. მასალის მოხედვით ცნობილია მ. სახეები: აგურის, ბაზალტის, გრანიტის, მარმარილოს, ტუფის, ეკლარის, მოზაიკური და მისთ. ქვით.

მოპირკეთება მიწისქვეშა ნაგებობის - კონსტრუქცია, რომელიც მიწისქვეშა ნაგებობების (გვირაბები, მიწისქვეშა ჰესები, საწყობები, რეზერვუარები და ა.შ.) გასამაგრებელად გამოიყენება და წარმოქნის შიდა ზედაპირს. ის შეიძლება იყოს მზიდი, რომელიც გათვლილია დატვირთვების მოქმედებაზე და ასევე საპირე, რომელიც იცავს მთის ქანებს გამოფიტვისაგან. მას აგებენ მონოლითური ბეტონით, რკინაბეტონით, ანაკრები რკინაბეტონით, ლითონით და კომბინირებული წესით, ხოლო მისი მოპირკეთება ხდება დეკორატიული მასალებით

მოპოვება - მადნეული ან არამადნეული წიაღისეულის ამოღება საბადოდან. საბადოს განლაგების მიხედვით (მიწისზედა, მიწისქვეშა, მდინარეებისა და ზღვის ფსკერზე) გამოი-ყენება მოპოვების სხვადასხვა ხერხი და მის შესაბამისად, მექანიზებული მომპოვებელი დანადგარები.

მორალი - ნაძვის მერქნისაგან დამზადებული, კვადრატული განივკვეთის ძელაკები, საექსპორტო მასალა, ტექნ. პირობ. „შავი ზღვის დახარისხებული ხის დახერხილი მასალა“-ს შესაბამისად - სიგრძე 4000 მმ, განივკვეთის გვერდის ზომა დამკვეთის სურვილის მიხედვით.

მორატორიუმი - 1. საგარეო ან საშინაო ვალდებულებების შესრულების შეჩერება. მ. ვადა განცხადებაში ან მითითებულია, ან არა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მ. უვადოდ ითვლება და ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს. გარდა ამისა, მ. შეიძლება ვრცელდებოდეს ვალდებულებათა მთელ ბლოკზე ან შეიძლება შემოიზღუდოს მხოლოდ ერთი რომელიმე პუნქტით; 2. სახელმწიფო ვალის გადახდის გადავადება გარკვეული ვადით ან შესაბამისი პირობის დადგომამდე, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფო ხელისუფლების სპეციალური აქტით ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მიიღწევა (ორმხრივი ან მრავალმხრივი); 3. სავალო გადახდის შეწყვეტა ვადის დათქმის გარეშე.

მორგვი - თვლის ცენტრალური, ჩვეულებისამებრ გასქელებული ნაწილი ნახვრეტით ღერძზე ან ლილვზე დასასმელად. მორგვს აერთებენ თვლის ფერსოსთან ჩხირით ან დისკით. იგი შეიძლება იყოს მოსახსნელი, ყრუ, ცილინდრული.

მორგი (ფრანგ.) - გვამებისათვის განკუთვნილი ადგილი, შენობა (საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში), საცხედრე

მორეზინება (გუმირება) - აპარატების, მილსადენების, ცენტრიფუგების, წისქვილების და ა. შ. შიდა ზედაპირების რეზინით დაფარვა.

მორთულობა - თამასები (კარნიზები) იატაკ-კედლის გადაკვეთაში, სახელურები, სურათის, კარისა და ფანჯრის ჩარჩოები, სკამის საზურგით კედლის დაზიანებისაგან დასაცავი ზოლები და სხვა მსგავსი დეკორატიული თუ დამცავი მასალები.

მორი - სუფთად ჩამოხერხილი ბოლოებითა და ქერქისა და ტოტებისაგან გაწმენდილი, გარკვეული სიგრძის, ხის ტანის მონაჭერი (ნახ. 1). გამოიყენება ხის სახლების, ხიდების, ანძების, კოშკების ასაგებად, ხიმინჯებად, ბიგებად მაღაროში, მაღაროსზედა ურნალების დასამზადებლად, ქარ- და თოვლსაფარი ფარების მოსაწყობად და სხვ., აგრეთვე მისგან დახერხილი მასალის და ანათალი შპონის მისაღებად. მორს წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს და ახასიათებს წოწება (დიამეტრის ცვალებადობა სიგრძეში), რომელიც ყოველ გრძივ მეტრზე შეადგენს 1 სმ-ს. მორების სტანდარტული სიგრძეებია: 4; 4,5; 5; 5,5; 6 და 6,5 მ.

მორიგე პერსონალი - ცვლაში მყოფი პირები, რომლების დაშვებული არიან დანადგარების სამართავ-გადასართავად (მუშაკები, რომლებიც ემსახურებიან თბოპუნქტებს, საკონდენსატო სადგურებს, ტექნოლოგიურ საამქროებს, ენერგომომარაგების სადისპეტჩეროებს და სხვ.).

მორიგება - მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებაა განაცხადით წამოწყებული სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. როცა მხარეები ამგვარად ასრულებენ დავას, შედეგად, როგორც წესი, განმცხადებელი შესაბამისი სახელმწიფოსგან იღებს გარკვეული ოდენობის თანხას. მ. პირობების გაცნობის შემდეგ, თუკი ადამიანის უფლებათა დაცვის საჭიროება არ მოითხოვს სამართალწარმოების განგრძობას, სასამართლო ამორიცხავს საჩივარს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. სასამართლო მუდამ წაახალისებს მხარეებს, მორიგებით დაასრულონ პროცედურა. თუკი ეს შეუძლებელია, ის შეუდგება განაცხადის არსებით განხილვას.

მორკინვა - 1. ლითონის ნაკეთობის ზედაპირის დაფარვა რკინის თხელი ფენით. სიმტკიცის ზღვარი - 350...450 მპა, ფარდობითი წაგრძელება - 5...10%, სიმაგრე ბრინელის მიხედვით - 100...240 (ელექტროლიტის შემადგენლობაზე დამოკიდებულებით); 2. ბეტონის ზედაპირის სპეციალური დამუშავება სიმტკიცისა და წყალშეუღწევადობის ამაღლების მიზნით. არის სამი სახის: მშრალი, სველი და პოლიმერული. განსაკუთრებით ეფექტურია ბეტონის იატაკების მოწყობისას. ელექტროლიტური გზით ნაკეთობის ზედაპირზე დატანილი რკინა გამოირჩევა მაღალი ქიმიური სისუფთავითა და შესაბამისად, კოროზიამედეგობით.

მორწყვა (ირიგაცია) - ჰიდროტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა ნიადაგის ტენიანობის ხელოვნური ამაღლებისათვის მასში ხელსაყრელი რეჟიმის შექმნელად, რაც აუცილებელია მაღალი და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო მოსავლის მისაღებად. მორწყვის ძირითადი სახეებია: ზედაპირული - წყალი თვითდინებით ნაწილდება მოსარწყავ უბანზე; წვიმისებრი - წყალი გაიფრქვევა საწვიმარი მოწყობილობით მოსარწყავ უბნებზე და მცენარეებზე; ნიადაქვეშა - წყალი მიეწოდება ნიადაგს გრუნტში ჩაწყობილი მილები მეშვეობით

მოსაკრებელი - აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისა თუ სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის.

მოსაკრებელი ადგილობრივი - აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

მოსაპირკეთებელი სამუშაოები - შენობის ან ნაგებობის კონსტრუქციული ელემენტების მოპირკეთება. განასხვავებენ შენობის შიგა კედლების და გარეთა ფასადების მ.ს. შენობის შიგნით მოპირკეთება ხდება კერამიკული, მინის, ხის ან პლასტმასის ფილებით. მოსაპირკეთებელი მასალა მაგრდება ზედაპირზე ხსნარებით, მასტიკებით, წებოთი ან ლითონის სამაგრი დეტალებით. შენობის ფასადების მოპირკეთებისას გამოიყენება დეკორატიული აგური, კერამიკული ფილები, ბუნებრივი ქვები (გრანიტი, მარმარილო, კირქვა, ტუფი და ა. შ.), ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალა და სხვ.

მოსაპირკეთებელი საფარი - შესამოსი, რომელიც მაგრდება კედელზე გაფორმების, დაცვისა და იზოლირების მიზნით, მაგრამ არ აძლევს კედელს დამატებით სიმტკიცეს.

მოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

მოსახვევი საფეხური - საფეხური, რომლის ჰორიზონტალური ზედაპირების კიდეები არ არის პარალელური.

მოსახლეობის ქიმიური დაცვა - ორგანიზაციულ, საინჟინრო-ტექნიკური და სპეციალურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია საგანგებო სიტუაციაში ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან აცილებისა და შესუსტებისკენ.

მოსევადება - ნახშირბადიანი ან მცირედ ლეგირებული ფოლადის (ან თუჯის) დეტალების და ნაკეთობების ზედაპირზე რკინის ჟანგის ფურჩის (სისქით 1...10 მკმ) დადება. გამოიყენება დეკორატიული მოპირკეთებისათვის - ყავისფერის, მუქი ლურჯი ან შავი ფერის მისაცემად ზედაპირისათვის, ერთდროულად ლითონის ბზინვის შენარჩუნებით. მ. - დაჟანგვის კერძო შემთხვევა.

მოტელი (ინგლ.) - სასტუმრო ავტოტურისტებისათვის ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავგასამართი სადგურებით, ავტოსადგომებითა და გარაჟით.

მოტივაცია (ფრანგ.) - 1. ვისიმე განზრახვა საქმიანობისადმი რაიმე მიზნის მისაღწევად; 2. რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევი მიზეზი.

მოტივი (ფრანგ.) - 1. რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევი მიზეზი.

მოტოდრომი - სპეციალურად მოწყობილი ადგილი მოტოციკლების შესაჯიბრებლად ან გამოსაცდელად.

მოტოკომპრესორი - დგუშიანი ან მემბრანული კომპრესორი მოძრაობის მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმით და შიგაწვის ამძრავი ძრავით, რომლებსაც აქვთ საერთო სადგარი, კარტერი და მუხლა ლილვი (ნახ. 1).

მოტორსვა (ტორსის ჩარხვა) - დეტალის დამუშავება სპეციალური ზენკერითნახვრეტის ირგვლივ სუფტა ზედაპირიანი სიბრტყის ან ჩაღრმავების მისსაღებად. გამოიყენება ჭანჭიკის თავის ან საყელურის ქვეშ.

მოქიმვა - იხ. მოგობვა.

მოქლიბვა - ერთ-ერთი საზეინკლო ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს მასალის ჭრასა და ქლიბით დამუშავებას ხელით ან ჩარხის საშუალებით.

მოქლონვა - ორი ან მეტი ლითონის თხელი ელემენტის დაუშლელი შეერთების სახეობა მოქლონების გამოყენებით.

მოქლონი - სამაგრი დეტალი, რომელიც შედგება ღეროსა და ჩასატანებელი (ამოსავსები) თავისაგან. მ ო ქ ლ ო ნ უ რ შ ე ე რ თ ე ბ ა შ ი ღეროს თავისუფალ ბოლოს უკეთებენ განმოქლონვას ჩამკეტი თავის შექმნისათვის. თუ მოქლონად გამოიყენება უბრალო გლუვზედაპირიანი ლითონის ღერო, მაშინ ორივე ჩამკეტი თავი ერთდროულად დაიშტამპება სპეციალური დანადგარის (მანქანის) საშუალებით. პრაქტიკაში ცნობილია ასაფეთქებელი მოქლონიც, რომლის ღეროს თავისუფალი ბოლო განმოქლონდება მინიაფეთქების საშუალებით. მ. მასალა ისეთივე უნდა იყოს, როგორც შესაერთებელი ელემენტების, რათა ადგილი არ ქონდეს ელექტროქიმიურ კოროზიას და შეერთებებში ტემპერატურული ძალვების გაჩენას.

მოქლონური შეერთება - დეტალების დაუშლელი შეერთება მოქლონების მეშვეობით (ნახ. 1). გამოიყენება დარტყმითი და ვიბრაციული დატვირთვების პირობებში მომუშავე კონსტრუქციებში, მცირე სისქის დეტალების შესაერთებლად, სხვადასხვა მასალებისა და არაშედუღებადი მასალებისაგან დამზადებული დეტალების შესაკავშირებლად, როდესაც მათი გახურება არ არის დასაშვები. ბოლო ხანებში მ.შ. იცვლება უფრო ეკონომიური შედუღებული და შეწებებული შეერთებებით.

მოქნილი ლილვი - ხასიათდება დიდი სიხისტით გრეხაზე და მცირეთი ღუნვაზე. გამოყენება ბრუნვისა და მგრეხი მომენტების გადასაცემად ისეთ დეტალებზე, რომლებიც მუშაობის დროს იცვლიან მდგომარეობას (ხელის მექანიზებულ იარაღებში, ბორმანქანებში კბილების სამკურნალოდ და სხვ.).

მოქნილობა - ღეროს მოქნილობა λ (მასალათა გამძლეობაში) არის ღეროს საანგარიშო სიგრძის ℓ0 ფარდობა მისი განივი კვეთის A უმცირეს ინერციის რადიუსთან r და ახასიათებს მის უნარს, შეინარჩუნოს მდგრადობა გრძივი ღუნვის პირობებში: λ = ℓ0/r, სადაც ℓ0 = μℓ, μ - ღეროს ბოლოების ჩამაგრების ტიპზე დამოკიდებული კოეფიციენტი; ℓ - ღეროს გეომეტრიული სიგრძე.

მოქრომვა - ქრომის თხელი შრის ელექტროლიტური დადება ლითონური ნაკეთობის ზედაპირზე ან ფოლადის ნაკეთობების ზედაპირული შრის ქრომით დიფუზიური გაჯერება კოროზიისაგან დაცვის ან დეკორატიული მიზნით.

მოღუნვა - ნაკეთობის ნაწილებს შორის კუთხის შეცვლა ან მისთვის მრუდი მოხაზულობის მიცემა.

მოშვება - ფოლადის თერმული დამუშავების სახე, რომელიც ხორციელდება წრთობის შემდეგ რაღაც ტემპერატურამდე გაცხელებით და შემდეგი გაცივებით (ჰაერზე ან წყალში). მ. შემდეგ ფოლადი ხდება მყიფე, რაც სასურველი არ არის, ამიტომ, ფოლადის სიმტკიცისა და პლასტიკურობის საჭირო ფარდობის მიხედვით, განასხვავებენ მ. სამ სახეს: დაბალს (120...2500C), საშუალოს (300...4000C) და მაღალს (450...6500C). ფერად ლითონებში მოშვების პროცესს ხელოვნური დაძველება ეწოდება.

მოციკლვა (მოხვეწა) - ხის ნაკეთობების ზედაპირების, ხის პარკეტის იატაკის მოსწორება.

მოცულობა - სხეულის გეომეტრიის ერთერთი რაოდენობრივი მახასიათებელი. მაგ., მართკუთხა პარალელეპიპედის მ. მისი გვერდების სიგრძეთა (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) ნამრავლის ტოლია. ნებისმიერი სხეულის მ. განისაზღვრება როგორც მასში ჩაწერილ ან მასზე გარშემოწერილ საფეხურებრივ სხეულთა საერთო მოცულობის ზღვარი. მოცულობასთანაა დაკავშირებული მრავალი ფიზიკური სიდიდე, კერძოდ მოცულობითი სიბლანტე, ძალა, მუხტი და სხვ.

მოცულობა ხვედრითი - ნივთიერების ერთეული მასის მოცულობა (მ3/კგ), რომელიც სიმკვრივის შებრუნებული სიდიდეა.

მოცულობითი აფეთქება - აირისა და ჰაერის, მტვერისა და ჰაერის ან მტვერისა და აირის ღრუბლის დეტონაციური ან დეფლაგრაციული აფეთქება.

მოძრავი ელექტროსადგური - გადასაადგილებელ ტრანსპორტზე განთავსებული ელექტროსადგური, რომელიც შედგება გენერატორის, ძრავის, მართვის და საკონტროლო აპარატურისაგან. მ.ე. ტიპებია: ავტომობილით გადასატანი, მისაბმელი, რკინიგზის და მცურავი; სიმძლავრის მიხედვით - მცირე (10 კვტ-მდე), საშუალო (10...150 კვტ) და დიდი (150 კვტ-ზე მეტი). არსებობს მუდმივ და ცვლად (ერთ- ან სამფაზიან) დენზე მომუშავე. გამოიყენება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში, ხიდმშენებლობაში, ნავთობ- და გაზსადენების სამონტაჟო სამუშაოებში და ყველა იმ სამშენებლო ობიექტზე, სადაც არ არსებობს სტაციონალური დენის წყარო.

მოძრავი ნივთი - ნებისმიერი ნივთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ არის უძრავი, გარდა მექანიკური სატრანსპორტო, საფრენი და მცურავი საშუალებებისა.

მოძრავი ტროტუარი - მგზავრთა კონვეიერი - მოწყობილობა ქვეითად მოსიარულეთა გადასაადგილებლად (ნახ. 1). არის მოქნილი ლენტი მოძრავი გორგოლაჭებზე (1 მ/წმ სიჩქარით), სიგრძით 1500 მ-მდე, გამტარუნარიანობით 10 ათასი ადამიანი სთ-ში. გამოიყენება გადასასვლელებზე, აეროპორტებში, მეტროპოლიტენებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში, რკინიგზის სადგურებში და სხვ.

მოძრაობა - 1. წერტილის, წერტილთა სისტემის ან სხეულის მდებარეობის შეცვლა დროში; 2. მატერიის არსებობის წყარო, მისი არსებითი ატრიბუტი, ზოგადად, მატერიალური ობიექტების ყოველგვარი ცვალებადობა და ურთიერთქმედება. არ არის მატერია მ. გარეშე და მ. მატერიის გარეშე - მატერია და მ. ერთიანია. მოძრაობა უსასრულოა, თუმცა ის რეალურად სასრული პროცესების სახით არსებობს. ყველაფერი, რაც არსებობს, განუწყვეტელ მოძრაობაშია, ყოველგვარი უძრაობა კი შეფარდებითია და საყოველთაო მოძრაობის ერთ-ერთი მომენტია. ცნობილია უამრავი სახის მ.: აბსოლუტური, არათანაბარი, აჩქარებული, ბრუნვითი, გადატანითი, დამყარებული, თანაბარი, თბური, ინერციით, იძულებითი, ლამინარული, რხევითი, ფარდობითი, წინსვლა-უკუქცევითი, წრფივი, წყვეტილი და სხვ.

მოძრაობა არასტაციონალური - ჰიდროდინამიკაში სითხეებისა და აირების მოძრაობა, რომელიც ხასიათდება დროში სიჩქარისა და წნევის ცვალებადობით. ასეთებია: ტურბულენტური დინება, მოძრაობა აღძრული დარტყმითი ტალღით და სხვ.

მოძრაობა გადატანითი - მყარი სხეულის ისეთი მოძრაობა, როდესაც მასში ნებისმიერად აღებული წრფის მონაკვეთი ყოველთვის რჩება თავისი პირვანდელი მდებარეობის პარალელური. გადატანითად მოძრავი მყარი სხეულის ყველა წერტილი აღწერს ერთსა და იმავე ტრაექტორიას და დროის ყოველ აღებულ მომენტში სხეულის ყველა წერტილს აქვს ერთი და იგივე სიჩქარე და აჩქარება.

მოძრაობა სტაციონალური - ჰიდროდინამიკაში სითხეებისა და აირების მოძრაობა, რომლის ნაკადის ნებისმიერ წერტილში წნევა და სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ იცვლება დროში.

მოძრაობის განტოლება - განტოლება, რომელიც განსაზღვრავს წერტილის (სხეულის) მდებარეობის ცვლილებას დროში.

მოძრაობის მიმართულება - მოძრავი წერტილის სიჩქარის ვექტორის მიმართულება.

მოძრაობის რაოდენობა - მექანიკისა და ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი სიდიდე. ა) ნივთიერი წერტილის მოძრაობის რაოდენობა ეწოდება ვექტორულ სიდიდეს, რომელიც ტოლია წერტილის მასისა და ვექტორული სიჩქარის ნამრავლისა; ბ) ნივთიერ წერტილთა სისტემის მოძრაობის რაოდენობა ეწოდება ვექტორულ სიდიდეს, რომელიც ტოლია სისტემაში შემავალი წერტილების მოძრაობის რაოდენობების გეომეტრიული ჯამისა, ან მთელი სისტემის M მასის ნამრავლისა მისი მასების ცენტრის სიჩქარეზე.ნივთიერების (მატერიის) ყველა ფორმას გააჩნია მოძრაობის რაოდენობა, მათ შორის ველსაც; ელექტრომაგნიტური, გრავიტაციული და სხვ. ველებისათვის მოძრაობის რაოდენობის ვექტორები და მისი სიმკვრივე გამოისახებიან დაძაბულობის, პოტენციალების და ა.შ. სიდიდეების საშუალებით

მოძრაობის ტაქტი - დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც არ იცვლება მდგომარეობა (არსებობა ან არარსებობა მოძრაობისა) არც ერთი შემსრულებელი ორგანოსი.

მოწამეთას მონასტერი (მოწამეთას ხუროთმოძღვრული კომპლექსი) - მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის აღმოსავლეთით 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში. კომპლექსში შედის: ეკლესია, სამრეკლო, ორი კოშკი, გალავანი და წინამძღვრის სახლი. მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. VIII საუკუნეში, როცა საქართველოს მურვან ყრუ შემოესია, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბთა სარდლისთვის, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულან. განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება გმირულად აიტანეს. ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მათი წმინდა ნაწილები თვდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული. XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები. წყალწითელას ხეობა, სადაც მოწამეთას მონასტერი მდებარეობს მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული (ნახ. 1). მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს. ეკლესიას აქვს ორი კარი - დასავლეთისა და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აგებულია მიტროპოლიტ დავითის განკარგულებით 1845 წელს. ნაშენებია თლილი ქვით. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკის ნაშთი. ერთი მათგანი ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ხოლო მეორე - ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1884 წლის ამ კოშკების აღწერილობაში ჩანს, რომ მათ კედლებში ყოფილა ვიწრო სანათურები და სათოფურები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკში გამართული იყო სანახები, სადაც ინახებოდა მონასტრის ძვირფასი ნივთები. მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. ტაძრის დასავლეთ მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულია წაგრძელებული ფორმის წინამძღვრის სახლი (მოსაცდელი).

მოწამვლის კერა - ტერიტორია, რომლის საზღვრებშიც ქიმიურად საშიშ ობიექტზე ავარიის შედეგად მოხდა ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა მასიურად დაზიანება.

მოწვა - თერმული დამუშავების სახეობა, რომელსაც მიმართავენ მექანიკური დამუშავების შედეგად დეტალის ლითონში (შენადნობში) განვითარებული სტრუქტურული ცვლილებების გამოსწორების მიზნით მისი გახურებით და შემდგომ ნელი გაცივებით. მოწვა აუმჯობესებს დამუშავებადობას, ზრდის პლასტიკურობას, ამცირებს ნარჩენ დეფორმაციებს

მოწყვლადობა - შესაძლო საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ მოსახლეობის, ეკონომიკის დარგისა და ობიექტების, ასევე ბუნებრივი გარემოს დაუცველობის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება ადამიანების სასიცოცხლო ქმედითუნარიანობის, ინფრასტრუქტურის მართვის სისტემისა და საინჟინრო-ტექნიკური კომპლექსების იმ სუსტი წერტილებით, რომლებიც განაპირობებენ საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ფაქტორების ესკალაციასა და აქედან გამომდინარე, მათ კატასტროფულ შედეგებს.

მოწყობილობა - 1. მექანიზმები, ჩარხები, დანადგარები, სისტემები, რომლებიც, ამა თუ იმ მასალის დასამუშავებლად, ასაწევად, გადასატანად, განსათავსებლად, დასამონტაჟებლად და ა.შ. გამოიყენება; 2. რაიმე საქმისათვის საჭირო საგანთა ერთობლიობა, გამართულობა, აღჭურვილობა; 3. ამა თუ იმ დანიშნულების ოთახის, სათავსის, დარბაზის გასაწყობი ნაკეთობები, ავეჯი და სხვ.

მოწყობილობა ალის საკონტროლო - მოწყობილობა მგრძნობიარე ელემენტით, რომელიც არეგულირებს სანთურაში გაზის მიწოდებას ალის არსებობის ან არარსებობის პირობებში.

მოწყობილობა ამწე-სატრანსპორტო - ყველა სახის ტვირთამწე და სატრანსპორტო დანადგარების ერთობლიობა.

მოწყობილობა ასამუშავებელი - ამა თუ ინ კონსტრუქციისა და დანიშნულების მოწყობილობა, რომელიც რაიმეს ასამუშავებლადაა განკუთვნილი (მაგ., ელექტრო-, პნევმო- ან ინერციული სტარტერი ძრავის ასამუსავებლად, ტრაქტორის გამშვები ბენზინის ძრავა და სხვ.).

მოწყობილობა გადამტვირთავი - ამა თუ იმ სახის კონსტრუქციის მოწყობილობა, რომელიც რაიმეს გადასატვირთავად გამოიყენება (მაგ., ტრანსპორტიორები).

მოწყობილობა განმტვირთავი - ამა თუ იმ კონსტრუქციისა და დანიშნულების მოწყობილობა, რომელიც რაიმეს განტვირთვის, ჩამოტვირთვის, ჩამოგდების, ჩამოცურების ოპერაციებს ასრულებს (მაგ., წნეხიდან დაფანერებული ნამზადების განტვირთვა, ჩარჩო-ხერხის ტრანსპორტიორიდან მორის ჩამოგდება და სხვ.).

მოწყობილობა ელექტროძალური - მოწყობილობა, რომელსიც ელექტრული ენერგია ძალურ მუშაობას ასრულებს (ელექტროძრავა, ძალური ტრანსფორმატორი, ძალური გამანაწილებელი კარადა და სხვ.).

მოწყობილობა ელექტრული - სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობა, რომელიც ელექტროდენით მუშაობს (ელექრტოტუმბო, ელექტროხერხი, ელექტროგენერატორი და სხ.).

მოწყობილობა თბოგადაცემის - მოწყობილობა სითბოს გადასაცემად, ტექნოლოგიური პროცესის ნორმალურად მიმდინარეობის მიზნით.

მოწყობილობა პნევმატური - სხვადასხვა ტექნოლოგიური ოპერაციების შესასრულებელი მოწყობილობები, რომელშიც მუშა აგენტად შეკუმშული ჰაერია გამოყენებული (პნევმოტრანსპორტი, ლაქ-საღებავების გამფრქვევები, სავენტილაციო დანადგარები, პნევმოსახრახნისები, კომპრესორები და ა. შ.).

მოწყობილობა სარინი - სხვა მხარეს გადამყვანი, გადამგდები, ამცილებელი (მაგ., წყალ-სარინი მოწყობილობა).

მოწყობილობა წყლის ხარჯის საკონტროლო - მოწყობილობა, რომელიც წყვეტს გაზის მიწოდებას ძირითადი სანთურისათვის, როდესაც წყლის ხარჯი საქვაბეში დადგენილზე ნაკლებია, და ავტომატურად ანახლებს გაზის მიწოდებას, როცა საქვაბეში წყლის ხარჯი ნორმის ფარგლებშია.

მოწყობილობა ხანძარსაქრობი - სტაციონალური ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა ხანძრის ჩასაქრობად გამოშვებული (გამოტყორცნილი) ხანძარსაქრობი ნივთიერების (ქაფის) მეშვეობით (ნახ. 1).

მოწყობილობა ხანძარსაწინააღმდეგო - ყველა სახის სტაციონალური ან გადასატანი მოწყობილობა ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების შესასრულებლად (მაგ., ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობა, სახანძრო ჰიდრანტები, ხანძარსაქრობები, სახანძრო მანქანები და სხვ.).

მოჭიმვა (ქერქი) - 1. თხელი და შედარებით მტკიცე ფენა შენობის მრავალშრიან გადახურვაში. იგი თავის თავზე ღებულობს დატვირთვებს (ადამიანების, ტვირთის, მოწყობილობების) და გადასცემს ქვედა ფენას (თბო- ან ბგერასაიზოლაციო ფენა). მ. არსებობს მონოლითური (ცემენტ-ქვიშოვანი, ასფალტბეტონის და სხვ.) და ანაკრები (თაბაშირცემენტის ან კერამზიტბეტონის); 2. ნაკეთობის სისქის შემცირება ჩაქუჩით (წნეხით) ან გაჭიმვით (გაწელვით), რომელსაც აბსოლუტური მოჭიმვა ეწოდება. არსებობს აგრეთვე ფარდობით მოჭიმვა ანუ მოჭიმვის ხარისხი - ნაკეთობის საწყისი და საბოლოო სისქის სხვაობის შეფარდება მის საწყის სისქესთან. ფარდობითი მოჭიმვა წარმოადგენს ლითონის დეფორმაციის ხარისხის მაჩვენებელს.

მოჭიქვა - კერამიკული ნაკეთობის ჭიქურით დაფარვა. განასხვავებენ მ. რამდენიმე მეთოდს: ნაკეთობის ამოვლება ჭიქურის სუსპენზიაში, დასხმა მშრალ ან გამომწვარ ფილაზე, სუსპენზიის გაფრქვევა ფილებზე ცენტრიდანული ან საჰაერო საფრქვეველას მეშვეობით და სხვ.

მოხარატება - რაიმეს გლუვი ზედაპირის შექმნა დამუშავებისას სახარატო დაზგაზე.

მოხვეწა - იხ. მოციკლვა.

მოხმარება - საქონლისა და მომსახურების გამოყენების პროცესი.

მპალა - მერქნის სოკოვანი დაავადება, რომელიც მერქანს აძლევს არანორმალურ შეფერილობას და იწვევსსიმტკიცის შემცირებას. ასეთებია: ჭრელი საცრისებური, მურა ბზარისმაგვარი, თეთრი ბოჭკოვანი, გარე ფაშარი, გულის, ნაქურთენის და სხვა სახის სიდამპლე.

მჟავაგამძლე - მასალა ან ნივთიერება, რომელიც მჟავების მოქმედებას უძლებს (მჟავამედეგია). ასეთი მასალების შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს ქიმიური მრეწველობის საწარმოებში, სამედიცინო და ბიოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში და მისთ. იატაკების მოსაწყობად, ავეჯის გასაწყობად და სხვ.

მჟავაგამძლეობა - მასალის მედეგობის უნარი მჟავების რღვევითი მოქმედების მიმართ. არალითონურ მასალათა მ. ფასდება გაჯირჯვების ხარისხით და მექანიკური თვისებების შეცვლით.

მჟავამედეგი დუღაბი (ბეტონი) - დუღაბი (ბეტონი), რომელიც შედგება კალიუმის ან ნატრიუმის ხსნადი სილიკატების მჭიდა მასალის, გამაგრების ინიციატორის, ქვიშის, მტვრისებრი და მჟავამედეგი დანამატებისაგან.

მჟავამედეგი კერამიკული ფილა - კერამიკული ფილის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს განსაზღვრული კონცენტრაციის მჟავას მოჭიქული ზედაპირისა და სფუძვლის დაუზიანებლად.

მჟავამედეგი მასალები - მასალები, გათვალისწინებული ნაგებობებისა და კონსტრუქციებისათვის, რომლებსაც მუშაობა უხდებათ აგრესიულ გარემოში. განასხვავებენ მეტალურ (მცირედ ლეგირებული და უხვად ლეგირებული ფოლადები) და არამეტალურს (ბუნებრივს - გრანიტი, კვარციტი, ტუფი, კერამიკა, აზბესტი და ხელოვნურს - ცემენტი, ბეტონი, დუღაბი). მშენებლობაში გამოიყენება სავენტილაციო და საკვამლე მილების, რეზერვუარების და სხვ. მოსაწყობად.

მჟავები - ქიმიური ნაერთები, რომელთა შემადგენლობაში შემავალ წყალბადის ატომებს ლითონებით ჩანაცვლების უნარი აქვთ, რის შედეგად წარმოიქმნება მარილები. მ. ისეთ ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდებიან და წარმოქმნიან წყალბად-იონებს. ნებისმიერი მჟავა შეიცავს წყალბადს და ელემენტს, რომელიც წყალბადთან ერთად მჟავას წარმოქმნის. ზოგიერთი მ. ამ ორი ელემენტის გარდა ჟანგბადსაც შეიცავს, ასეთ მ. ჟანგბადიანი მჟავები ეწოდება. შესაბამისად, შედგენილობის მიხედვით გვაქვს ჟანგბადიანი და უჟანგბადო მ. მეტალის ატომებით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ატომების რიცხვით განასხვავებენ ერთფუძიან, ორფუძიან და სამფუძიან მჟავებს. მაგ., მარილმჟავა - ერთფუძიანია, გოგირდმჟავა - ორფუძიანი, ფოსფორმჟავა - სამფუძიანი და ა.შ. ცნობილია მჟავების შემდეგი სახეობები: მარილმჟავა (ქლორწყალბადმჟავა) (HCl), ფტორწყალბადმჟავა (HF), ბრომწყალბადმჟავა (HBr), გოგირდწყალბადმჟავა (H2S), იოდმჟავა (HI), აზოტმჟავა (HNO3), გოგირდმჟავა (H2SO4), გოგირდოვანი მჟავა (H2SO3), ნახშირმჟავა (H2CO3), ქლორის მჟავა (HClO4), ფოსფორმჟავა (H3PO4), სილიციუმის მჟავა (H2SiO3), მეტაფოსფორმჟავა (HPO3) და სხვ. მარილმჟავა, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა და ზოგი სხვა მ. უფერო სითხეებია. ფოსფორმჟავა, ბორისმჟავა, მეტაფოსფორმჟავა მყარი კრისტალური ნივთიერებებია. თითქმის ყველა მ. იხსნება წყალში და მიღებულ ხსნარს აქვს მჟავე გემო, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ორგანული მჟავებით. სილიციუმის (H2SiO3) მჟავა წყალში უხსნადია. მჟავათა ხსნარები ფერს უცვლის ინდიკატორებს. მჟავას ხსნარში ლაკმუსი წითლდება, მეთილნარინჯი ვარდისფერი ხდება, ფენოლფთალეინი ფერს არ იცვლის.

მჟავიანობა - სითხეში წყალბადის თავისუალი იონების კონცენტრაცია. ყოველი სითხე ხასიათდება სამიდან ერთ-ერთი მჟავიანობით: მჟავა, ტუტე ან ნეიტრალურით. მჟავიანობის მაჩვენებელი მერყეობს 1-დან 15-მდე. ნეიტრალური რეაქციის დროს წყალბადის იონების კონცენტრაცია pH = 7, თუ ეს მაჩვენებელი 7-ზე მეტია, მაშინ სითხე ხასიათდება ტუტე რეაქციით, თუ 7-ზე ნაკლებია, მაშინ მჟავე რექციით.

მჟანგველი ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ან იწვევენ სხვა ნივთიერებების აალებას ან წვას.

მრავალგანზომილებიანი სივრცე - სივრცე, რომელსაც გააჩნია სამზე მეტი განზომილება. რეალურ სივრცეს გააჩნია 3 განზომილება, სიბრტყეს - 2, ხაზს - 1. ადამიანის ჩვეულებრივი `სივრცითი ინტუიცია~ შემოზღუდულია სამი განზომილებით. 4 და მეტი განზომილების მქონე სივრცეების შესახებ მცნების შემოღება საშუალებას გვაძლევს ამოვხსნათ ბევრი საკითხი გეომეტრიული ანალოგების მეშვეობით. მ.ს. მაგალითები: n განზომილებიანი სივრცე - ევკლიდეს სივრცე; ოთხგანზომილებიანი სივრცე - დრო ალბათობის თეორიაში; ფაზური სივრცეები მექანიკურ და სხვა სისტემებში.

მრავალკუთხედი - ჩაკეტილი ტეხილი წირის გაერთიანება მის შიგა არესთან. თვით ჩაკეტილ წირს, რომელიც შედგება სწორხაზოვანი მონაკვეთებისაგან, ეწოდება მ. საზღვარი. ტეხილის ცალკეულ სწორხაზოვან მონაკვეთს ეწოდება მ. გვერდი, ტეხილის წვეროებს კი მ. წვეროები. მონაკვეთს, რომელიც აერთებს მ. ორ არამოსაზღვრე წვეროს, ეწოდება დიაგონალი. მ. ეწოდება ამოზნექილი, თუ იგი მთლიანად მდებარეობს მისი ნებისმიერი გვერდის შემცველი წრფის ცალ მხარეს. ამოზნექილ მ. ეწოდება წესიერი, თუ ტოლია მისი ყველა გვერდი და ყველა შიდა კუთხე (ნახ. 1, წესიერი მრავალკუთხედები). მ. გავლებული ყველა დიაგონალის რაოდენობა უდრის n(n-3)/2. ზოგჯერ მ. მრავალგვერდას უწოდებენ.

მრავალრკალური შედუღება - შედუღება წარმოებს ერთდროულად რამდენიმე ელექტროდით. განასხვავებენ ორ ელექტროდიან და ელექტროდების კონით შედუღებებს. მ. შ. გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის შრომის ნაყოფიერებას.

მრავალსართულიანი ერთეული - საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომლის საცხოვრებლად გამოყენებული სივრცე განთავსებულია ორ ან მეტ სართულზე.

მრავალფენა ფოლადი - სხვადასხვა შემადგენლობის რამდენიმე ფენისგან შემდგარი ფურცლოვანი ფოლადი. მ.ფ. მიიღება სხვადასხვა შემადგენლობის ფოლადების ჩასხმით სპეციალური კონსტრუქტორის საერთო ბოყვში (გამყოფ კედლებიანი) და მიღებული ფოლადის ზოდის შემდგომი გაგლინვით ან ფოლადის რამდენიმე ფირფიტის შედუღებით. გამოიყენება მასალის საექსპლუატაციო პირობების ასამაღლებლად და ძვირადღირებული ფოლადების შესაცვლელად.

მრავალფუნქციური ტესტერი - ელექტროდანადგარების კომპლექსური შემოწმების ხელსაწყო, რომლის ხელსაწყოს დახმარებით ადვილად და რისკის გარეშე სრულდება ელექტროდანადგარების სტანდარტით რეკომენდებული გაზომვები. ხელსაწყო შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კომპიუტერული პროგრამა CA 6115-N საშუალებას იძლევა ხელსაწყოს მეხსიერებიდან მივიღოთ გაზომვის შედეგები ცხრილის სახით და ყველა შედეგი ამოიბეჭდოს A6 ფორმატით.

მრავალწახნაგა - - გეომეტრიული სხეული, რომლის საზღვარიც წარმოადგენს სასრული რაოდენობის მრავალკუთხედების გაერთიანებას (ნახ. 1). მრავალწახნაგას შემადგენელ მრავალკუთხედებს წახნაგები ეწოდება, მათ გვერდებს - წიბოები, მათ წვეროებს - მრავალწახნაგას წვეროები. მ. ეწოდება ამოზნექილი, თუ იგი თავისი ყოველი წახნაგის სიბრტყის ერთ მხარესაა. ამოზნექილ მ. ეწოდება წესიერი, თუ მისი ყველა წახნაგი წესიერი კონგრუენტული მრავალკუთხედია და ყველა მ. კუთხე კონგრუენტულია. ჯერ კიდევ ევკლიდეს "საწყისებში" იყო დამტკიცებული, რომ წესიერი მრავალწახნაგა მხოლოდ ხუთი ტიპისაა: ტეტრაედრი (4 წახნაგი, 4 წვერო, 6 წიბო); ოქტაედრი (8 წახნაგი, 6 წვერო, 12 წიბო); ჰეკსაედრი (6 წახნაგი, 8 წვერო, 12 წიბო); იკოსაედრი (20 წახნაგი, 12 წვერო, 30 წიბო); დოდეკაედრი (12 წახნაგი, 20 წვერო, 30 წიბო). (ნახ. 1: 1- ტეტრაედრი, 2 - ოქტაედრი, 3 - ჰექსაედრი (კუბი), 4 - იკოსაედრი, 5 - დოდეკაედრი). ამ ფიგურებს ზოგჯერ "კოსმიურ ფიგურებს", "იდეალურ ფიგურებს", "პლატონის სხეულებს" უწოდებენ. არქიმედმა აღმოაჩინა 13, ე.წ. ნახევრადწესიერი მრავალწახნაგა ("არქიმედის სხეულები"), რომელთაგან თითოეული შემოსაზღვრულია არაერთსახელა წესიერი მრავალკუთხედით; ამასთანავე, ტოლნი არიან მრავალწახნაგა კუთხეები და ერთსახელა მრავალკუთხედები; ყოველ წვეროში თავს იყრის ერთნაირი წახნაგების ერთი და იგივე რიცხვი, ერთი და იმავე მიმდევრობით. ასეთი სხეულების წახნაგების რიცხვი მოთავსებულია 8-სა და 92 -ს შორის. ყოველი ეს სხეული შეიძლება სფეროში ჩაიხაზოს.

მრავალწახნაგას შლილი - მრავალკუთხედი, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს სხვა მრავალკუთხედების გაერთიანებას, რომელნიც მოცემული მრავალწახნაგას წახნაგების კონგრუენტულნი არიან და რომელთათვისაც მითითებულია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ ისინი ერთმანეთს გვერდებისა და წვეროების მიხედვით, რომ მივიღოთ მოცემული მრავალწახნაგა.

მრავალწევრი - (მათემ.) ალგებრული გამოსახულება, რომელიც რამდენიმე ერთწევრის ჯამს ან სხვაობას წარმოადგენს

მრგვალი ხე-ტყე (მორი) - ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.

მრგვალი ხის მასალა (მორი) - სუფთად ჩამოხერხილი ბოლოებითა და ქერქისა და როკებისგან გაწმენდილი ტანის ნაწილი, რომელსაც დამატებითი დამუშავების გარეშე იყენებენ ანძების, კოშკების, წამწეების, ხარაჩოების, ქარგილების, ხიდების მოსაწყობად, აგრეთვე ხიმინჯებად საძირკვლების ქვეშ. მორს წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს და ახასიათებს წოწება (დიამეტრის ცვალებადობა სიგრძეში), რომელიც ყოველ გრძივ მეტრზე შეადგენს 1 სმ-ს. დიამეტრი ჩვეულებრივად აიღება წვრილი ბოლოს ზომის მიხედვით. მრგვალი ხის მასალა დიამეტრის შესაბამისად მზადდება კუნძების (40...60 სმ), მორების (16...39 სმ), ლატანმორების (8...15 სმ) და ლატანების (2...7 სმ) სახით. მორის დიამეტრი მისი სიგრძის შუაში შეიძლება გამოვთვალოთ ფორმულით dსაშ = d + 0,4ℓ, სადაც d - წვრილი ბოლოს დიამეტრი, ℓ - მორის სიგრძე. მორების სტანდარტული სიგრძეებია: 4; 4,5; 5; 5,5; 6 და 6,5 მ.

მრგვალტუჩა - მაშა მრგვალი ან ბრტყელი ტუჩებით (ნახ. 1). გამოიყენება მავთულების გადასაღუნად და სხვა ოპერაციებისათვის, მაგ., ელექტროსამუშაოების წარმოებისას.

მრეწველობა - სახალხო მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს საზოგადოების საწარმოო ძალთა განვითარების დონეზე. მ. განასხვავებენ მოპოვებითსა (მადნეულის და არამადნეულის წიაღისეულის, ყველა სახის სათბობის მომპოვებელი საწარმოები, ჰესები, ხე-ტყის ექსპლუატაციის და სხვ.) და დამუშავების (ყველა სახის შრომის იარაღების, შრომის საგნებისა და მოხმარების საგნების დამამზადებელი საწარმოები). ეკონომიკური დანიშნულების მიხედვით მ. გამოყოფენ წარმოების საშუალებათა და მოხმარების საგნების მწარმოებელ დარგებს. ზოგადად მ. დარგებია: მეტალურგია, ენერგეტიკა, სამთო-მოპოვებითი მ., მანქანათმშენებლობა, ქიმიური მ., კვების მ., მსუბუქი მ., საშენი მასალების მ., მძიმე მ.

მრეწველობა ადგილობრივი - სახალხო მეურნეობის სახეობა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებას ეწევა (არაა გამორიცხული ნაწილობრივ გამოიყენოს შემოზიდული ნედლეულიც). მისი მოგების ანარიცხები ადგილობრივ ბიუჯეტის შევსებას ხმარდება.

მრიცხველი - 1. სპეციალური მოწყობილობა დახარჯული ენერგიისა და მისთ. აღრიცხვისათვის; 2. (მათემ.) წილადში რიცხვი, რომელიც იყოფა მნიშვნელზე.

მრუდე - 1. გაღუნული, გახრილი, არასწორი; 2. (გადატანით) უმართებულო, არასწორი, უკუღმართი.

მრუდი - 1. რაიმე პროცესის რიცხობრივი მაჩვენებლების გამოხატვა მრუდე ხაზით; 2. იგივეა, რაც მრუდე.

მრუდმხარა მექანიზმი - მექანიზმი, რომელიც ერთი სახის მოძრაობას გარდაქმნის მეორე სახის მოძრაობად. მ.მ. აქვს ბრუნვითი ან გადატანითი (წინსვლით - უკუქცევითი) მოძრავი კინემატიკური წყვილები. მ.მ. სამი სახეობისაა: სახსრული (აქვს ბრუნთა კინემატიკური წყვილები) ოთხწევრიანი, მრუდმხარა ცოცია და მრუდმხარა - კულისური.

მსახურობის ვადა – დრო (წელიწადი, თვე, დღე-ღამე) ნაკეთობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან ზღვრული მდგომარეობის დადგომამდე, რომელიც მოცემულია ტექნიკურ პირობებში ან ჩამოწერამდე. მ.ვ. ერთი ტიპის დანადგარებისათვის შესაძლებელია იყოს სხვადასხვა, რადგანაც მათზე მოქმედებს მრავალი შემთხვევითი ფაქტორი (მაგ., დანადგარის სტრუქტურა, მისი ექსპლუატაციის პირობები და სხვ.). თუ დანადგარის ექსპლუატაცია უწყვეტია, მაშინ მისი მ.ვ. ემთხვევა ტექნიკურ რესურს.

მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხის თანხას ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მსოფლიო - 1. მთელი ქვეყანა, ქვეყნიერება, დედამიწა; 2. რაც, ვინც მთელ ქვეყანას, ქვეყნიერებას განეკუთვნება; 3. იგივეა, რაც სამყარო

მსოფლიო სავალუტო სისტემა - საერთაშორისო სავალუტო ურთიერთობის ორგანიზაციის ფორმათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო მიმოქცევას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროს. მ.ს.ს. განვითარება დაიწყო მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან. იგი ცნობილია ოქროს სტანდარტის თავდაპირველი ფორმის - ოქრომონეტური სტანდარტის სახით, რომელიც გულისხმობდა: 1) ოქროს მონეტების თავისუფალ მოჭრას; 2) ღირებულების ნიშნების თავისუფალ გადახურდავებას ოქროს მონეტებზე; 3) ოქროს თავისუფალ ექსპორტ-იმპორტს. ვალუტის შექცევადობის სრულყოფილი ხასიათი, რაც გამოიხატებოდა ერთი ქვეყნის ვალუტის ფიქსირებული პარიტეტის მიხედვით გაცვლაში არა მხოლოდ სხვა ვალუტაზე, არამედ ოქროზეც, ოქრომონეტური სტანდარტის კრახამდე შემორჩა. ოქრო, რომელიც სავალუტო სისტემაში მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, გამოიდევნა საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროდან. მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი საბოლოო დემონეტიზაციის შესახებ. მთავარი ვალუტის სტატუსი მიენიჭა ამერიკულ დოლარს, ხოლო განმსაზღვრელი როლი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს. დოლარი ფაქტობრივად დარჩა საერთაშორისო საგადასახადო და სარეზერვო საშუალებად. ეს ძირითადად განაპირობა აშშ-ის მთავარმა ეკონომიკურმა პოტენციალმა და მსოფლიოში მისმა ყველაზე დიდმა უქროს მარაგმა (მსოფლიოში არსებული ოქროს მარაგის 35,8 ათასი ტონიდან აშშ-ზე მოდის 8,14 ათასი ტონა). შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე სავალუტო სისტემას დოლარის სტანდარტსაც უწოდებენ.

მსუბუქი მეტალები - მეტალები, რომლებსაც აქვთ დაბალი სიმკვრივე. მ.მ. მიეკუთვნება: ლითიუმი, ბერილიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ალუმინი, კალიუმი, კალციუმი, ტიტანი, რუბიდიუმი, სტრონციუმი, ცეზიუმი და ბარიუმი. მათგან ყველაზე მსუბუქია ლითიუმი (534 კგ/მ3), ხოლო მძიმე - ტიტანი (4505 კგ/მ3). მ.მ. ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების მსუბუქი შენადნობების დასამზადებლად, აგრეთვე მალეგირებელ ელემენტებად ფოლადისა და თუჯის წარმოებაში.

მსუბუქი ფიზიკური სამუშაო - სამუშაოები, რომლებიც სრულდება მჯდომარე მდგომარეობაში და ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბულობა (ზუსტ ხელსაწყოთა და მანქანათმშენებლობის საწარმოებში; საათის, სამკერვალო წარმოებაში; მართვის სფეროში და სხვ.).

მსუბუქი შენადნობები - კონსტრუქციული შენადნობები რომლებსაც აქვთ დაბალი სიმკვრივე. მათ ახასიათებთ მაღალი კუთრი სიმტკიცე, ვიდრე, მაგ., კონსტრუქციულ შენადნობებს რკინისა და ნიკელის საფუძველზე. ერთნაირი სიმტკიცის პირობებში დურალუმინი სამჯერ მსუბუქია ფოლადზე ანუ მისი კუთრი სიმტკიცე სამჯერ მეტია. მ.შ. გამოიყენება თვითმფრინავ-, რაკეტ-, გემთ- და ავტომშენებლობაში, ელექტროტექნიკაში, ატომურ ენერგეტიკაში და მშენებლობაში (ალუმინის წამწეები, მოსაპირკეთებელი მასალები, სამფენოვანი პანელები და სხვ.). ალუმინის შენადნობები ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრემო ნივთების დასამზადებლად.

მსხალი - ფოთლოვანი ჯიშის ხე, რომლის მერქანი კარგად მუშავდება მექანიკური წესით, პრიალდება, აქვს ლამაზი ფაქტურა. გამოიყენება ავეჯის, სახაზავების და სადურგლო-სახარატო ნაკეთობების წარმოებაში.

მსხვილბლოკური კონსტრუქციები - საქარხნო წესით დამზადებული შენობის კონსტრუქციები (კედლები, საძირკვლები), დამონტაჟებული დიდი ზომის მოცულობითი ელემენტებისაგან (ბლოკებისაგან). კედლის ბლოკებისათვის გამოიყენება მსუბუქი და უჯრედოვანი ბეტონები, აგური, ბუნებრივი ქვა; საძირკვლებში - რკინაბეტონი, მძიმე ბეტონი. მ.კ. გამოიყენება საცხოვრებელი სახლების (ნახ. 1: ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი მსხვილი ბლოკებისაგან), სამოქალაქო და სამრეწველო შენობებისა და ნაგებობების ასაგებად. მსხვილი ბლოკების მასა არ აღემატება 3 ტ-ს. მ.კ. მიეკუთვნება აგრეთვე სამზარეულოს, სანკვანძის, ლიფტის შახტის და ა.შ. ბლოკები.

მსხვილი - 1. დიდი დიამეტრის მქონე, დიდი სისქისა, დიდი ზომისა; 2. დიდი მოცულობისა, მასშტაბისა, დიდი მნიშვნელობის მქონე

მსხვილპანელური კონტრუქციები - ინდუსტრიული კონსტრუქციები მსხვილზომიანი ბრტყელი ასაწყობი ელემენტებისგან (სართულშუა გადახურვის ფენილები, შენობების გადახურვის პანელები, კედლის პანელები და სხვ.); მზადდება სპეციალურ საწარმოებში და მონტაჟდება სამშენებლო მოედანზე. მ.კ. გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების, გზების, აეროდრომების, სანაპიროების, კაშხლების, არხებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობისას. მ.კ. გამოყენებისას მცირდება შენობების აგების ვადები და შრომის დანახარჯები სამონტაჟო სამუშაოებზე. ძირითადად გამოიყენება შენობის ორი ტიპის კონსტრუქციულ სქემებში: კარკასულ-პანელურსა (კარკასულ-პანელური კონტრუქციები) და პანელურში (უკარკასო).

მსხვილძირიანობა - მერქნის მანკი, რომელიც წარმოადგენს ხის ძირის გასქელებას ან დიამეტრის გაზრდას ხის ტანთან შედარებით. ხის ტანის ამ ნაწილისაგან ფიცრების დამზადებისას დარდუვალია დიდი რაოდენობის ნარჩენები, ამოღებული მასალა დაბალი ხარისხისაა, რადგანაც ფიცრების (ძელების) ზედაპირებზე წარმოიქმნება გადანაჭერი ბოჭკოების დიდი რაოდენობა.

მსხვრევა - მყარი მასალის ნაჭრის ზომების თანდათანობითი შემცირების პროცესი საწყისი სიმსხოდან საჭირომდე. მ. პროცესი შეიძლება იყოს მოსამზადებელი და დამოუკიდებელი. მაგ.,, ცემენტის წარმოებაში მსხვრევა არის მოსამზადებელი პროცესი, ხოლო ღორღის წარმოებაში, როდესაც მ. შედეგად მიიღება სასაქონლო პრო-დუქტი (ღორღი), იგი არის დამოუკიდებელი. მ. პროდუქტის სიმსხოს მიხედვით განასხვავებენ: მსხვრევა - მსხვილი 100...230 მმ, საშუალო 40...100 მმ, წვრილი 5...40მმ; დაფქვა - უხეში 5...01 მმ, წმინდა 0,1...0,05 მმ, ზეწმინდა < 0,05 მმ. მსხვრევის ძირითადი მეთოდებია: გასრესვა (დაწნევა), გაპობა, გახეხვა და დარტყმა.

მტვერი - 1. მსხვრევისა და დაფქვის პროცესების (განსაკუთრებით ცემენტის, კირის, თაბაშირის) თანმდევი მავნე პროდუქტი, რომელიც აჭუჭყიანებს გარემოს და წარმოადგენს აბრაზიული ცვეთის წყაროს სამშენებლო მანქანების მუშა ორგანოებისათვის. მტვრისაგან გარემოს გასაწმენდად გამოიყენება მექანიკური მშრალი გაწმენდა ციკლონებში, ნაჭრის ფილტრებში, ელექტრულ ფილტრებში და სველი გაწმენდა ვერტიკალურ სკრუბერებში. სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ყოველთვის თან ახლავს დიდი რაოდენობის მ. გამოყოფა, ამიტომ მშენებლობის ხელმძღვანელობა ვალდებულია ობიექტზე დასაქმებული მუშები და მომსახურე პერსონალი მოამარაგოს მ. დამცავი რესპირატორებით. ზოგჯერ მ. დიდი მასა ნამდვილი უბედურება ხდება დასახლებული პუნქტებისა თუ ქალაქებისათვის (ნახ. 1); 2. მოყვითალო ფხვნილისებრი მასა, რომელიც ყვავილედში წარმოიქმნება (ყვავილის მ.).

მტვერსასრუტი - ჰაერშემწოვი მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა სათავსების დასუფთავება, ავეჯის, ტანსაცმლის, ხალიჩის და მისთ. გაწმენდა (ნახ. 1). მ. ძირითადი კვანძებია კოლექტორიანი ელექტროძრავა და ცენტრიდანული ვენტილატორი. დანიშნულების მიხედვით არსებობს მ. საყოფაცხოვრებო და სამრეწველო; მობილურობის მიხედვით - გადასატანი და სტაციონალური; ჰაერის ნაკადის მიხედვით - წრფივი და ბრუნვითი ნაკადის მქონე. სიმძლავრე იცვლება 150 ვატიდან 750 ვატამდე.


მტვერსაჭერი - მოწყობილობა მტვრისა და სხვა მექანიკური მინარევების დასაჭერად, რომელიც თან ახლავს დამტვერიანებულ ჰაერს, ღუმელებსა და საშრობებში - გამავალ აირებს და სხვ. ყველაზე გავრცელებული ტიპებია - სახელოებიანი ფილტრი და ციკლონი, რომელშიც იჭერენ 10 მკმ-ზე მეტი ზომის მტვრის ნაწილაკების 80...90%-ს; ელექტროფილტრები (იჭერს 99%-მდე მტვერს). არსებობს აგრეთვე, გრავიტაციული (მტვერსალექი კამერით), ინერციულ-მშრალი (ციკლონები), დიფუზურ-კონდიცირებადი, ფოროვანი, ქსოვილისებრი, ბადისებრი, ფხვიერი მასალების ფენების საფილტრავი, ლითონკერამიკის, აალებად-ელექტრული, ულტრაბგერითი. გამოიყენება მეტალურგიულ და ქიმიურ მრეწველობაში, ცემენტის, თაბაშირის, ხის, ქვის და მისთ. წარმოებებში, გამწოვ ვენტილიაციაში და სამრეწველო დანადგარებში გაზის გასაწმენდად. ტიპის არჩევა დამოკიდებულია ჰაერის დამტვერიანებაზე და მისი გაწმენდის მოთხოვნებზე.

მტვრის აბრაზიულობა - მტვრის უნარი, გამოიწვიოს ცვეთა კონსტრუქციებისა და აპარატების კედლების, რომლებსაც ეხება მტვერიან აირის ნაკადი. მტვრის აბრაზიულობა დამოკიდებულია ნივთიერების სისალესა და სიმკვრივეზე, ნაწილაკების ზომაზე, ფორმასა და ნაკადის სიჩქარეზე.

მტვრის ტენიანობა - სათავსში ტენის რაოდენობის ფარდობა მტვრის საერთო რაოდენობასთან

მტვრის ტენშემცველობა - სათავსში ტენის რაოდენობის ფარდობა აბსოლუტურად მშრალი მტვრის საერთო რაოდენობასთან.

მტვრის ფხვიერება - ახასიათებს მტვრის ნაწილაკების ძვრადობას ერთმანეთის მიმართ და გარეგანი ძალის მოქმედებით გადაადგილების უნარს. ფხვიერება დამოკიდებულია ნაწილაკების ზომაზე, ტენიანობაზე და სიმკვრივის ხარისხზე.

მტვრის ჰიგროსკოპულობა - მტვრის მიერ ჰაერიდან ტენის შთანთქმის უნარი. ტენის შთანთქმა გავლენას ახდენს მტვრის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა ელექტროგამტარობა, მიწებება, ფხვიერება. მტვერში ტენის შემცველობა ასახავს ტენშემცველობას და ტენიანობას. ტენშემცველობა არის ტენის რაოდენობის ფარდობა აბსოლუტურად მშრალი მტვრის საერთო რაოდენობასთან. ტენიანობა არის ტენის რაოდენობის ფარდობა მტვრის საერთო რაოდენობასთან.

მტკიცე - მაგარი, მყარი, მკვიდრი; ურყევი, უდრეკი; დაწესებული, დადგენილი, ასასრულებლად სავალდებულო

მტკნარი - 1. არამლაშე მდინარის ან ტბის წყალი; 2. (გადატანით) პირწმინდა, აშკარა; უფერული, ფერმიხდილი

მტყუნება - 1. ელემენტის მზიდუნარიანობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა. მ. დადგომის ალბათობა დამოკიდებულია გარე და შიდა ფაქტორებზე: მასალის ხარისხი, სამშენებლო ელემენტის დამზადების და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხი, გარემომცველი ფაქტორები, საექსპლუატაციო ღონისძიებების დონე და სხვ.; 2. საიმედოობის ერთ-ერთი ცნება ტექნიკაში. იგი განსაზღვრავს ტექნიკური ობიექტის მუშაუნარიანობის დაკარგვას სხვადასხვა შემთხვევითი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა პარამეტრების დაუშვებელი შეცვლა, ქიმიური და კლიმატური ზემოქმედება და სხვ.

მტყუნება დამოკიდებული - ობიექტის მტყუნება, რომელიც განპირობებულია სხვა ობიექტის მტყუნებით.

მტყუნება დამოუკიდებელი - ობიექტის მტყუნება, რომელიც განპირობებული არ არის სხვა ობიექტის მტყუნებით.

მტყუნება თანდათანობითი - მტყუნება, რომელიც ხასიათდება ობიექტის ერთი ან რამდენიმე მოცემული პარამეტრის მნიშვნელობათა თანდათანობითი ცვლილებით.

მტყუნება თვითაღმოფხვრის - მტყუნება, რომელიც იწვევს ობიექტის მუშაობის უნარის დროებით დაკარგვას.

მტყუნება კონსტრუქციული - მტყუნება, რომელიც წარმოიშობა ობიექტის დაპროექტების დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგად.

მტყუნება მოულოდნელი - უმეტეს შემთხვევაში ესაა ელემენტების მექანიკური ან ელექტრული დაზიანება, რომელიც მყისიერად იწვევს მთელი სისტემის მტყუნებას.

მტყუნება ნაწილობრივი - მტყუნება, რომლის გამოსწორებამდე სისტემას შეუძლია ნაწილობრივად შეასრულოს თავისი ფუნქცია

მტყუნება საბოლოო - მტყუნება, რომელიც არის ელემენტებში შეუქცევადი პროცესების შედეგი და რომელიც აღმოსაფხვრელად სპეციალურ ღონისძიებებს მოითხოვს.

მტყუნება საექსპლუატაციო - მტყუნება, რომელიც წარმოიშობა ობიექტის ექსპლუატაციის დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევის შედეგად.

მტყუნება საწარმოო - მტყუნება, რომელიც წარმოიშობა ობიექტის დამზადების ან რემონტით დადგენილი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის შედეგად.

მტყუნება სრული - მტყუნება, რომელიც შეუძლებელს ხდის სისტემის შემდგომ გამოყენებას.

მტყუნება უეცარი - მტყუნება, რომელიც ხასიათდება ობიექტის ერთი ან რამდენიმე მოცემული პარამეტრის მნიშვნელობის ნახტომისებური ცვლილებით.

მტყუნება შეუქცევადი - მტყუნება, რომელიც იწვევს ამ სისტემით მართული ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტას

მტყუნება შექცევადი - მტყუნება, რომლის აღმოსაფხვრელად საჭირო არაა ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტა.

მტყუნებათა ინტენსივობა - არააღსადგენი ობიექტის მტყუნებათა წარმოშობის პირობითი ალბათობის სიმკვრივე, რომელიც განიხილება დროის მოცემულ მომენტში იმ პირობით, რომ ამ მომენტამდე მტყუნება არ მომხდარა.

მტყუნებათა ნაკადის პარამეტრი - სარემონტო შენობის (კონსტრუქციის) საიმედოობის მაჩვენებელი. ხასიათდება სარემონტო შენობის (კონსტრუქციის) მტყუნებების საშუალო რიცხვის ფარდობით დროის ერთეულთან: λ(t) = n/∆t, სადაც n არის მტყუნებების რიცხვი ∆t დროში.

მტყუნების ალბათობა - ალბათობა იმისა, რომ ამ პირობებში მოცემული დროის განმავლობაში ადგილი ექნება მტყუნებას.

მტყუნების მიზეზი - მოვლენები, პროცესები, ცდომილობები და მდგომარეობა, რომლებიც განაპირობებენ ობიექტის მტყუნების წარმოშობას.

მტყუნების შედეგი - მოვლენები, პროცესები, ცდომილობები და მდგომარეობები, რომლებიც განპირობებულია ობიექტის მტყუნების წარმოშობით.

მუდმივა - იხ. კონსტანტა.

მუდმივი სამუშაო ადგილი - ადგილი, რომელზეც მუშა იმყოფება თავისი სამუშაო დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. თუ სამუშაო სრულდება სამუშაო ზონის სხვადასხვა პუნქტში, მაშინ მუდმივ სამუშაო ადგილად ითვლება მთელი სამუშაო ზონა.

მუდმივი სიდიდე - იხ. კონსტანტა

მუზეუმი (ბერძ.) - ქვეყნის მატერიალური კულტურისა და ხელოვნების, ისტორიული ძეგლების შესაგროვებელი, შესანახი და საგამოფენო დაწესებულება. მ. შეიძლება იყოს სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო ან საოჯახო. თანამედროვე მ. გარკვეულ ობიექტზე არიან კონცეტრირებული და მათი უმრავლესობა შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს ეკუთვნის ხოლმე: სახვითი ხელოვნება, არქეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია, ისტორია, კულტურის ისტორია, მეცნიერება, ტექნოლოგია, ბუნებისმეტყველება. ამ კატეგორიებში შეიძლება უფრო სპეციალიზირებული მ. არსებობდეს, მაგ. თანამედროვე ხელოვნების მ., ადგილობრივი ისტორიის, ავიაციის ისტორიის, სასოფლო-სამეურნეო ან გეოლოგიის მ. მათში, როგორც წესი, გამოფენილი ან შენახულია მოცემული სფეროს მნიშვნელოვანი ნიმუშები. ეს ნიმუშები კატეგორიზებულია და რეგისტრირებულია მ. კოლექციაში ნიმუშის ნომრით და მის წარმოშობასა და მნიშვნელობაზე დეტალური ჩანაწერი არსებობს. ცნობილია მუზეუმ-ქალაქები, ღია-ცისქვეშა მუზეუმები და სხვ.

მუიმაპაჟე - იხ. კუმარუ.

მულდა (ბერძ.) - ფოლადის სხმული კოლოფი კაზმის (ნედლეულის) ჩასატვირთად ფოლადსადნობ ღუმელში; 2. საბრძმედე წარმოებაში: ყალიბი თუჯის ზოდების ჩამოსასხმელად.

მულტიმედია - კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ინფორმაციის (ტექსტი, ხმა, ფოტო, ნახატი, ანიმაცია, ვიდეო) ურთიერთკავშირს და თავმოყრას ერთ ობიექტ-კონტეინერში; ამ ინფორმაციის შემცველი ბლოკი.

მულტიციკლონი - აპარატი აირის გასაწმენდად მასში შეტივტივებული მაგარი ან თხევადი ნაწილაკებისაგან (მტვრისაგან).

მულტი… (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მრავალჯერობას, სიმრავლეს, მრავალსახეობას.

მუნიციპალიზაცია (ლათ.) - სახელმწიფო ხელისუფლების მიერ კერძო პირთათვის საკუთრების ჩამორთმევა და გადაცემა ქალაქის ან სოფლის თვითმმართველობისათვის - მუნიციპალიტეტისათვის.

მუნიციპალიტეტი (ლათ.) - 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე შენობა, რომელიც ამ ორგანოს უკავია; 2. დაბალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ავსტრალიაში, ვენესუელაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

მურა (მორუხო) - 1. რუხ-წითელი, შავ-წითელი ფერი (მაგ., კაკლის ზოგიერთი ჯიშის მერქანი); 2. მდარე ხარისხის ნახშირი.

მური (ტექნიკური ნახშირბადი) - შავი ფერის წვრილდისპერსიული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანული სათბობის არასრული წვის ან თერმული დაშლის შედეგად. კვამლში მ. არსებობა მიუთითებს სათბობის არასრულ წვაზე. მ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოიყოფა თბოელექტროსადგურში ქვანახშირის არასრული წვისას, დიზელის ძრავის მუშაობისას და ა.შ. გარდა იმისა, რომ თვითონ მ. ნაწილაკები ტოქსიკურია, მის ზედაპირზე ადსორბირდება კანცეროგენული ნივთიერებები, მაგ., პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები. მ. ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში: რეზინის ნაკეთობათა, ტიპოგრაფიული საღებავის, ტუშის და ა.შ. დასამზადებლად.

მურყანი (თხმელა) - მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ალჟირში. საქართველოში 2 სახეობაა: შავი (სიმაღლით 30...38 მ) და ნაცარა (სიმაღლით 15...18 მ). გავრცელებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. იზრდება დაბლობებში, თუმცა ზოგჯერ მთის ტერასებზეც გვხვდება ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლემდე. ჭაობიან, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს - მურყნარს. სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ცოცხლობს 50...60 წელს (იშვიათად 100 წელსაც). მ. მერქანი არ გამოირჩევა სიმტკიცით, მაგრამ ერთგვაროვანი აგებულობა აქვს, რაც აადვილებს მის დამუშავებას. კარგად ძლებს წყალქვეშ, ამიტომ გამოიყენება მცირე ზომის წყალქვეშა ნაგებობებში. მისი ნახშირისაგან წარმატებით ამზადებენ სანადირო დენთს. მერქანს ხმარობენ ელექტრო გიტარების კორპუსის დასამზადებლად, ასანთის, ქაღალდის, ფანერის, ტარის წარმოებაში. მშენებლობაში ნაკლებად გამოიყენება. საქართველოში გავრცელებულია მ. ოთხი სახეობა: ბუსუსიანი, შავი, ნაცრისფერი და გულფოთოლა.

მუტაცია (ლათ.) - 1. რაიმეს ნახტომისებური განვითარება;  2. ბიოლ. რაიმე ახალი ნიშანთვისების უეცარი გამოვლენა ცხოველებსა და მცენარეებში. უჯრედების კვდომა ან ფუნქციური ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება, ნაადრევი დაბერება, ზოგიერთ შემთხვევაში კი - მძიმე დაავადებები; 3. ყმაწვილის ხმის შეცვლა (დაბოხება) ასაკში შესვლის გამო.

მუტული - ბრტყელი დახრილი შვერილი ლავგარდანის გამოტანილი ფილის ქვეშ დორიულ ორდერში.

მუფელი (გერმ.) - ცეცხლგამძლე მასალის ან სიცხეგამძლე ფოლადის კამერა, რომელშიც გასახურებლად ან გამოსაწვავად ათავსებენ სხვადასხვა ნაკეთობას (წვის პროდუქტების ზემოქმედებისაგან დასაცავად).

მუყაო - მაგარი სქელი ქაღალდი ზედაპირული სიმკვრივით (1მ2-ის მასა) 250 გ/მ2 და მეტი. მზადდება უხეში ბოჭკოვანი მასალისაგან (მერქანი, ნახევრადცელულოზა, სულფატური ცელულოზა, მაკულატურა). დანიშნულებისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მიხედვით არსებობს მ.: სატარე, პოლიგრაფიული, სახურავი, უწვავი, წყალშეუღწევი, საფეხსაცმლე, ელექტროსაიზოლაციო, საფეიქრო, ჩვეულებრივი, წნეხილი, საშენი, საფილტრავი, შესაფუთი და სხვ

მუყაო გოფრირებული - მუყაოს სახეობა, რომელსაც ტალღისებური ზედაპირი აქვს ან შედგება გოფრირებული შიდა ფენისა და გლუვი ზედაპირებისაგან. გამოიყენება სხვადასხვა მყარი პროდუქტების შესაფუთად, ყუთების დასამზადებლად და სხვ.

მუყაო დაარმირებული - წვრილი მავთულით, ბოჭკოებით, ძაფით დაარმირებული მუყაო, მისი სიმტკიცის გადიდების მიზნით.

მუყაო სამშენებლო - მუყაოს სახეობა, რომელის კარგი ტექნიკური მონაცემებით ხასიათდება და გამოიყენება მშენებლობაზე შიგა კედლების, სათავსების, ტიხრების, შიდა კარებების და მისთ. დასამზადებლად.

მუყაო სახურავის (ჭერის) - მუყაოს სახეობა, რომელიც ტენ- და წყალმედეგობით ხასიათდება და ზედაპირი ჰიდროფობული ნივთიერებებით აქვს დაფარული. გამოიყენება მსუბუქი შენობების სახურავებად და შეკიდული ჭერების მოსაწყობად.

მუშა - პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ სამუშაოს ასრულებს ფირმასთან (წარმოებასთან) წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. არსებობს მუშების სხვადასხვა კატეგორია: ძირითადი, დამხმარე, სეზონური, დღიური და სხვ.

მუშა აგენტი - გაზისებრი ან თხევადი ნივთერება მანქანებში მუშა ენერგიის გარდასაქმნელად. ყველაზე ხშირად მ.ა. იყენებენ წყლის ორთქლს (ორთქლის მანქანებში და ტურბინებში), ამიაკს, ნახშირორჟანგს, გამაცივებლებს და სხვ. (სამაცივრო დანადგარებში); ჰაერს (პნევმატიკურ ძრავებში); გაზებს (გაზის ტურბინებში, შიგაწვის ძრავებში); სარაკეტო საწვავს (რაკეტებში) და სხვ.

მუშა ზედაპირი - ზედაპირი, რომელიც სამუშაო ფუნქციებს ასრულებს, ან მასზე ამა თუ იმ სახის სამუშაო სრულდება.

მუშა მოედანი - ჰორიზონტალური მოედანი, რომელიც განკუთვნილია საბურღი, ამომღები, სამშენებლო და სატრანსპორტო მოწყობილობათა განსალაგებლად. მუშა მოედნის სიგანე იცვლება 10...60 მ ზღვრებში და ზოგჯერ 100 მეტრსაც აღწევს.

მუშა მოცულობა - შიგაწვის დგუშიანი ძრავის მოცულობა ცილინდრში დგუშის გადაადგილებისას მინიმალური მოცულობის წერტილიდან მაქსიმალური მოცულობის წერტილამდე (კუმშვის კამერის მოცულობიდან მთლიან მოცულობამდე). მუშა მოცულობა უდრის დგუშის მუშა ფართობის ნამრავლს სვლის სიგრძეზე. ის იზომება მ3-სა და ლიტრებში, ხოლო მოტოციკლეტისა და ნავის დაკიდულ ძრავებში - სმ3-ში.

მუშა ნახაზები - სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ან სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დასამზადებელი საშემსრულებლო ნახაზები.

მუშა ფართობი - იხ. საწარმოო ფართობი.

მუშაკი - ნებისმიერი პირი, რომელიც სამუშაოს მიმცემისათვის მუდმივად ან დროებით ასრულებს სამუშაოს.

მუშამბა (რუს. Клеенка) - ქსოვილი, რომლის ცალი ან ორივე პირი დაფარულია წყალგაუმტარი ფენით. გამოიყენება წიგნის ყდის გადასაკრავად, დედისა და ბავშვის საფენად და სხვ.

მუშამბა რეზინის - მუშამბა, რომლის გარე (კარგი) ზედაპირი რეზინითაა (კაუჩუკითაა) დაფარული.

მუშაობა - 1. სიდიდე, რომელიც ახასიათებს ენერგიის ერთი ფაზიდან სხვა ფაზაში გარდაქმნას განსახილველ ფიზიკურ პროცესში. სხეულის მოძრაობისას მასზე მოდებული ძალის მოქმედების ეფექტი დამოკიდებულია არა მარტო ძალის მოქმედების დროზე, არამედ ძალის მიმართულებაზეც და იმ გზაზეც, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ძალა. სხეულზე მოქმედი ძალის მოდების წერტილის რაიმე გადაადგილების დროს მისი მოძრაობის დასახასიათებლად შემოაქვთ მუშაობის ცნება. მ. არსებობს გონებრივი და ფიზიკური; 2. მოქმედების პროცესი რაიმეს შესაქმნელად.

მუშაობა დეფორმაციის - მუშაობის რაოდენობა, რომელიც სხეულის გარკვეული დეფორმაციისათვის იხარჯება.

მუშაობა კუთრი - დანადგარის მუშა ორგანოს მიერ შესრულებული მუშაობის რაოდენობის ფარდობა ამ დანადგარის პარამეტრებთან: წონასთან, მოცულობასთან, გაბარიტულ ზომებთან და სხვ. (მაგ., შიგაწვის ძრავის სიმძლავრე შეფარდებული მის წონასთან, გაბარიტულ ზომებთან, საწვავის ხარჯთან და სხვ.).

მუშაობა სამეცნიერო-კვლევითი - მუშაობის სახეობა მეცნიერული კვლევა-ძიების ჩასატარებლად, გარკვეული მოვლენებისა და შედეგების კანონზომიერებების დასადგენად. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ქვეყნის ამა თუ იმ დარგის განვითარების ქვაკუთხედია. იგი უზრუნველყოფს მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და ა.შ. უპირობო პროგრესს - ახალი ტექნოლოგიების, მასალების, სამშენებლო კონსტრუქციების, მანქანა-დანადგარების, გაანგარიშების მეთოდების, მომსახურების სახეების, ეკონომიკის, მოტივაციის, თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის და სხვა მსგავსი მიმართულებების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტების გზით. ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმმართველი ძირითადი ორგანიზაციებია: უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ლაბორატორიები, მსხვილი საწარმოები, ცალკეული მეცნიერები, მეცნიერთა ჯგუფები და სხვ.

მუშაობა ძალის - - მოცემულ გზაზე ნივთიერი წერტილის გადაადგილებისას სხვა ნივთიერი სხეულების მექანიკური ზემოქმედების საზომი. ძალის მუშაობა სკალარული სიდიდეა. იგი აღინიშნება A ასოთი. მუშაობის საზომი ერთეულებია: ჯოული, ერგი და კილოგრამ-ძალა მეტრზე (1 კგძმ = 9,81 ჯ). წერტილზე მოქმედი მუდმივი მ.ძ. წრფივი გადაადგილების დროს ტოლია ძალის სიდიდის, გადაადგილების და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსის ნამრავლის. ძალა შეიძლება იყოს წერტილზე მოქმედი რამდენიმე ძალის ტოლქმედი. ნივთიერ წერტილთა სისტემაზე (მექანიკურ სისტემაზე) მოქმედი ყვა გარე და შიდა ძალების მუშაობა დროის რაიმე შუალედში ტოლია სისტემის კინეტიკური ენერგიის ცვლილებისა დროის იმავე შუალედში.

მუშაობის ვადა - ნაგებობის ან მისი ელემენტების ექსპლუატაციის კალენდარული განგრძობადობა ზღვრული მდგომარეობის მომენტის გაჩენამდე. განასხვავებენ ნორმატიულ და ფაქტობრივ მ.ვ.

მუშაობის უნარი - ობიექტის მდგომარეობა, რომლის დროსაც პარამეტრის მნიშვნელობა, რომელიც ახასიათებს მოცემული ფუნქციების შესრულების უნარს, შეესაბამება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

მუშაობის უნარის აღდგენის ალბათობა - ალბათობა იმისა, რომ ობიექტის მუშაობის უნარის აღდგენის დრო არ გადააჭარბებს მოცემულს.

მუშაობის უნარის აღდგენის დრო - ობიექტის მუშაობის უნარის აღდგენის ხანგრძლივობა.

მუშაობის უნარის უქონლობა - ობიექტის მდგომარეობა, რომლის დროსაც თუ გინდ ერთი იმ პარამეტრთაგანის მნიშვნელობა, რომელიც ახასიათებს მოცემული ფუნქციების შესრულების უნარს, არ შეესაბამება ნორმატიული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს.

მუშტა - რგოლი, რომელსაც გააჩნია უმაღლესი წყვილის ელემენტი და წარმოადგენს ცვალებადი სიმრუდის მქონე ზედაპირს.

მუხა - ფოთლოვანი მერქნის ჯიშებიდან ყველაზე ძვირფასი მასალა. მისი მერქანი ნაცრისფერ-ყავისფერია. მკვეთრად აქვს გამოხატული გულგულას სხივები, წლიური რგოლები და რადიალური წყლის სავალი გზები. გული მუქი ფერისაა და საგრძნობლად განსხვავდება ნაქურთენისაგან. სიმკვრივე 540...900 კგ/მ3. სიცოცხლის ხანგრძლივობა - 500 წელი. მდგრადია ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ, რის გამოც მიზანშეწონილია მისი გამოყენება ხიდებში და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში. ტექსტურა მეტად ლამაზია, ადვილად მუშავდება, იხერხება და იღებება. არსებობს მისი 450-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში; მცირე ნაწილი - სამხრეთ ამერიკაში. კავკასიაში 18-მდე სახეობაა, საქართველოში - 9 (ჰართვისის, ჭალის, იმერული, პონტის, ქართული, აღმოსავლური, ჭოროხის, კორპის, წაბლისფოთოლა). საქართველოში გავრცელებულ ჯიშებს შორის ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს ქართულ მუხას (ნახ. 1, ქართული გიგანტური მ.). იგი 20...28 მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს სქელი მუქი ქერქით დაფარული მოკლე და მსხვილი ღერო, ტყავისებრი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან მოყვითალო-მონაცრისფრო ან მურა ბუსუსით მოფენილი ფოთლები. იზრდება 1700...2400 მ სიმაღლეზე და სამხრეთის მშრალ ფერდობებზე ქმნის მეჩხერ ტყეებს. ხარობს ტენიან ფერდობებზეც. ცოცხლობს 450 წლამდე. მისი ხელუხლებელი მასივები შემორჩენილია საღორიისა და აჯამეთის ტყეებში. დანარჩენი ჯიშები გავრცელებულია მდინარეების მტკვრის, არაგვის, იორის, ალაზანის და მათი შენაკადების ჭალებში, ტერასებზე, დაბლობებში, ხევებზე და ტაფობებში. მ. სითბოსა და სინათლის მოყვარულია, საკმაოდ ყინვაგამძლეა. აქვს მაღალი ღირსების მერქანი. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება ზედების, სადებების, ქვესადებების, შუასადებების, წირწკიმალების, სოგმანების, პარკეტის, კარ-ფანჯრების და სხვ. დასამზადელად. მ. მერქანს, მაღალი ფასის გამო, სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად არ იყენებენ.  ძველ საბერძნეთში მ. იყო ზევსისა და ჰერაკლეს თაყვანისცემის, აგრეთვე სულიერი და ფიზიკური ძალის დღეგრძელობის სიმბოლო. მუხის ტოტი განასახიერებდა ძალას, სიძლიერეს და პოპულარობას. ტოტებისაგან დამზადებული გვირგვინებით ამკობდნენ ყველაზე გულადი მეომრების საფლავებს. მასიური მ. ხე ითვლებოდა ზევსის სკულპტურად.  ძველ რომში მ. იყო იუპიტერის თაყვანისცემის სიმბოლო, ხოლო რკოს იუპიტერის ნაყოფს უწოდებდნენ. თუ რომელიმე ადამიანი რომის მოქალაქეს გადაარჩენდა სიკვდილისაგან, მას აჯილდოებდნენ მ. ტოტებისაგან მოწნული გვირგვინით. ძველ ტევტონებსა და ლიტველებში მ. ითვლებოდა ჭექა-ქუხილის ღმერთად, რომელიც მოსახლეობას უგზავნიდა წვიმას მიწის გასანაყოფიერებლად. კელტები მ. ხედავდნენ ამტანობისა და გამარჯვების სიმბოლოს. გალებს მ. მიაჩნდათ დედამიწის ღერძად. რევოლუციური ეპოქის საფრანგეთში მ. იყო იმედისა და თავისუფლების სიმბოლო. მისი მოჭრა კანონით აკრძალული იყო. მ. ვარჯის ქვეშ ხდებოდა ფასიანი ქაღალდებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა და ბეჭდის დასმა.

მუხა აღმოსავლური - საშუალო სიმაღლის ან ტანდაბალი ხე (8...10 მ-მდე), გაშლილი ვარჯით და მრუდე ღეროთი. გვხვდება ქართლში, სამაჩაბლოში, კახეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, თრიალეთში, მესხეთში, სვანეთში და რაჭა-ლეჩხუმში. თვისებებით ჩამოგავს ქართულ მუხას.

მუხა იმერული - ტანმაღალი, 25...30 მ-მდე სიმაღლის ხე, გაშლილი ვარჯით (ნახ. 1). გავრცელებულია მხოლოდ საქართველოში (აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, ქვემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი). ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლიერი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწრებულ ნიადაგებზე. იმერული მუხის მასივები უფრო მეტად შემონახულია ქუთაისისა და ბაღდათის რაიონებში; ძელქვასთან ერთად იგი დაცულია აჯამეთის ნაკრძალში. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბოტანიკურ ბაღებში. გამოსადეგია დასავლეთ საქართველოში ტყის გასაშენებლად. თვისებებით ჩამოგავს ქართულ მუხას.

მუხა ქართული - 18...20 მ-მდე სიმაღლის ხე, გაშლილი ვარჯით. აქვს მუქი ფერის მაგარი, გამძლე მერქანი სიმკვრივით 710 კგ/მ3. გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გამოიყენება პარკეტის, ანათალი შპონის, ავეჯის, კარ-ფანჯრების, ღვინისა და ლუდის კასრების დასამზადებლად, აგრეთვე როგორც მთრიმლავი ნივთიერება, მთრიმლავ-საექსტრაციო წარმოებაში და სხვ.

მუხა ჭალის (გრძელყუნწა) - 30 მ-მდე სიმაღლის ხე. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ჭალებში. მისი მერქანი გამოირჩევა შესანიშნავი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით და პრაქტიკულად სახალხო მეურნეობის ყველა დარგში გამოიყენება.

მუხა ჰართვისის (კოლხური) - 25 მ-მდე სიმაღლის ფოთლოვანი ჯიშის ხე. საქართველოს ფლორის ერთ-ერთი იშვიათი, უძველესი სახეობა; სწრაფმზარდი, მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე დეკორატიული მცენარე; უმთავრესად გვხვდება დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა). თვისებებით ჩამოგავს ქართულ მუხას. საქართველოს გარდა ხარობს შავი ზღვის სანაპიროზე (მზიმთის აუზიდან გელენჯიკამდე), მცირე აზიაში, იმიერკავკასიაში.

მუხლუხა სვლა - თვითმავალი მანქანების მამოძრავებელი მექანიზმი, რომელსაც აქვს მამოძრავებელი უწყვეტი სვლა მუხლუხების უწყვეტი დაგებით თვლების ქვეშ, რითაც თვლებისათვის წარმოქმნის უსასრულო გზას. გადაადგილების წინააღმდეგობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რბილ გრუნტებზე. უზრუნველყოფს ტრაქტორებისა და ექსკავატორების მაღალ გამავლობას. მუხლუხები არის: მოქნილი, მცირე და მრავალსაყრდენიანი, ჩარჩოიანი და უჩარჩოთი, სწრაფმავალი და უხმაურო და სხვ.

მუხლუხი - სახრულად შეერთებული რგოლებისაგან შედგენილი მთლიანი ლენტი ან ჯაჭვი, რომელიც გამოიყენება მუხლუხა სავალ მოწყობილობაში. ფართო გამოყენება აქვთ ლითონის მუხლუხებს დასაშლელი და დაუშლელი რგოლებით.

მუხნარი - ტყის გარკვეული ფართობი, რომელიც მთლიანად ან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია მუხის ხეებით.

მუხრუჭი - მექანიზმი (მოწყობილობა) მანქანის სიჩქარის შესამცირებლად ან მისი სრული გაჩერებისათვის. სატრანსპორტო მანქანებზე მ. გამოიყენება სავალ თვლებზე, იშვიათად ტრანსმისიის რომელიმე ლილვზე ზემოქმედებისათვის. მ. ამძრავი შეიძლება იყოს მექანიკური, ჰიდრავლიკური, პნევმატური და ელექტრული. მობილურ მანქანებზე გამოიყენება ხუნდებიანი, დისკებიანი და ლენტური მ.

მუხრუჭი დისკური - მუხრუჭი, რომლითაც დამუხრუჭება ხორციელდება მბრუნავი დისკოს მიჭერით უძრავზე.

მუხრუჭი ლენტური - მუხრუჭი, რომლითაც დამუხრუჭება ხორციელდება ლენტის მიჭერით სამუხრუჭო ბორბალზე.

მუხრუჭი ხუნდიანი - მუხრუჭი, რომლითაც დამუხრუჭება ხორციელდება ხუნდების მიჭერით სამუხრუჭო ბორბალზე.

მუხტი - 1. ამა თუ იმ სხეულში არსებული ელექტრობის რაოდენობა; 2. ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც გარკვეული რაოდენობით შეიცავს ჭურვი, ბომბი, ვაზნა და მისთ

მქისე (ხორკლიანი) - ნაკეთობის ზედაპირი, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის უსწორობებით ხასიათდება.

მქრქალი - ფერნაკლები, ფერმკრთალი, ფერგადასული; ბრწყინვას, ელვარებას მოკლებული, არაპრიალა, გაუმჭვირი.

მღვიმე -  ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად. ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები. ისინი წარმოქმნიან მრავალკილომეტრიან და მრავალსართულიან რთულ მ. სისტემებს, რომლებშიც მიწისქვეშა მდინარეები გადის, ზოგჯერ გვხვდება ტბები, ჩანჩქერები, სტალაქტიტები, სტალაგმიტები და სხვა კარსტული ფორმები. მსოფლიოს უგრძესი მ. სისტემებია: მამონტ-ფლინტ-რიჯი (აშშ) - (გამოკვლეული ნაწილის სიგრძე - 587 კმ) (აშშ), ჰელოხი (შვეიცარია) - 194 კმ, ოპტიმისტური (უკრაინა) - 230 კმ, ახალი ათონის მღვიმე - (საქართველო) - 3,3 კმ (ნახ. 1). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: კრუბერის გამოქვაბული (საქართველო) - 2190 მ, თოვლიანი უფსკრული - 1753 მ (საქართველო, ბზიფის ქედი), ლამპრეჰტსოფენი (ავსტრია) - 1632 მ,  ჟან-ბერნარი (საფრანგეთი) - 1602 მ, ტორკა-დელ-სიერა (ესპანეთი) - 1589 მ, პიერ-სენ-მარტენი (საფრანგეთი) - 1342 მ. გვხვდება მრავალსართულიანი მ. (მაგ., ცუცხვათის მღვიმე). საქართველოში 1500 მ-დე მღვიმეა (მრავალი მათგანი შესწავლილია). კარსტული რელიეფი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია, აღმოსავლეთ საქართველოში კარსტი სპორადულადაა განვითარებული და წარმოდგენილია თრუსოს ხეობაში, მდ. ქსნის სათავეში, ასევე გომბორის ქედზე და ა.შ. საქართველოში ფართოდ გვხვდება კლასტოკარსტი. მისი გავრცელების უდიდესი რაიონებია ცენტრალური სამეგრელო და აფხაზეთი. კლასტოკარსტი დაკავშირებულია კარბონატული ცემენტის მქონე ნგრეულ ქანებთან - ეს ქანებია ქვიშაქვა, კონგლომერატი და ბრექჩია. საქართველოს მღვიმეები მდიდარია მიწისქვეშა წყლებითა და ტბებით. გვხვდება ისეთი მდინარეებიც რომლებიც იკვებებიან ზედაპირული წყლებით, მაგრამ მიწისქვეშეთში გაედინებიან. ასეთ მდინარეებს კარსტულ მდინარეებს უწოდებენ. ამის მაგალითია კელასურ-ბასლას კარსტული მდინარე, ასევე ამტყელის მიწისქვეშა დინება, თურჩუ-ტობი და სხვ. საქართველოს მღვიმეებში ბევრია ტბებიც. ზოგი მათგანი შეგუბებული ტიპისაა, ზოგიც კი ჩანჩქერის ვარდნის ადგილზეა გაჩენილი. საქართველოს მ. არის ასევე სტალაქტიტები და სტალაგმიტები. ფართოდ გვხვდება სტალაქტიტები, რომელიც მრავალ მ. მიკვლეული. სტალაქტიტები სხვადასხვს ფორმისა არიან - არის ფირფიტისებრი, წვრილმილისებრი, კონუსისებრი და სხვა ფორმის სტალაქტიტები. გიგანტური სტალაქტიტები გვხვდება ახალი ათონის, აბრსკილისა და სხვ. მღვიმეებში. მღვიმეებს ფართოდ იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მაცივარ-სათავსოებად, სამკურნალო, ტურიზმისა და სხვა მიზნით.

მღვიმევის დედათა მონასტერი - განლაგებულია მდინარე ყვირილის ხეობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად (ნახ. 1). მონასტერში მოხვედრა შესაძლებელია ვიწრო და გრძელი კიბით, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია ხელოვნურ გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში - ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.

მღუნავი მომენტი - იხ. ღეროს მღუნავი მომენტი.

მყარი ნადები - ნადები, წარმოქმნილი გასათბობი მოწყობილობების აპარატების ზედაპირზე, სადაც ხდება წყლის ადუღება (დუღილი, აორთქლება,) გახსნილი მარილების დაკრისტალებით.

მყარი ქანები (კლდოვანი ქანები) - სამთო ქანების სახეობები, რომლებშიც მინერალთა ნაწილაკებს შორის კავშირი ხისტია და დრეკადი (ქვიშაქვა, გრანიტი, დიაბაზი, გნეისი). კლდოვან ქანებში მინერალთა მარცვლების ურთიერთკავშირი ყველაზე მაღალი სიმტკიცით ხასიათდება.

მყისი - ანაზდეული, უეცარი, მსწრაფლი.

მყისი მოძრაობა - მოძრაობა, რომელიც მიმდინარეობს დროის ელემენტარულ შუალედში.

მყისი ძალა - ძალა, რომელიც მოქმედებს დროის უსასრულოდ მცირე შუალედში.

მყიფე (მსხვრევადი) - რაც ადვილად ტყდება, იმტვრევა, იმსხვრევა (მაგ., მინა, სარკე, შპონი, თაბაშირი, ყინული და სხვ.).

მშენებლობა - 1. მატერიალური წარმოების დარგი, რომელშიც წარმოიქმნება საწარმოო და არასაწარმოო ძირითადი ფონდები. მშენებლობა მეურნეობის დამოუკიდებელი დარგია, მშენებლობის ნაწარმია - გამზადებული ან რეკონსტრუირებული სამრეწველო ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები, მილსადენები, კაშხლები და სხვ. მშენებლობის შედეგად წარმოებს ძირითადი ფონდების გაფართოებული კვლავწარმოება. სამშენებლო ინდუსტრიის საფუძველს წარმოადგენს საიჯარო, სამშენებლო და სამონტაჟო ორგანიზაციების ერთობლიობა, აგრეთვე საპროექტო, საძიებო და სამეცნიერო ორგანიზაციები; 2. შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესი, რომელიც შეიცავს აგრეთვე მოწყობილობების მონტაჟის, ტრანსპორტირების, დამხმარე ნაგებობების აგების და სხვ. სამუშაოებს. მშენებლობას მიეკუთვნება აგრეთვე შენობა-ნაგებობების რემონტი, რეკონსტრუქცია, აღდგენა, დემონტაჟი, საკომუნიკაციო ქსელების აგება, ლანდშაფტური მშენებლობა და სხვ.

მშენებლობა დაუმთავრებელი - დაუმთავრებელი და ექსპლოატაციაში გადაუცემელი ობიექტები და მათი ცალკეული ნაწილები, რომლებიც მიღებულია და ანაზღაურებულია დამკვეთის მიერ.

მშენებლობა ინდუსტრიული - შენობებისა და ნაგებობების აგების მექანიზებული ნაკადური პროცესი ქარნული წესით დამზადებული მსხვილზომიანი კონსტრუქციებისა და დეტალებისაგან.

მშენებლობა კაპიტალური - სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების, იურიდიული და კერძო პირების საქმიანობა, მიმართული საწარმოო თუ არასაწარმოო დანიშნულების ახალი ძირითადი ფონდების შექმნისაკენ ან არსებული საწარმოო ფონდების გაფართოება-რეკონსტრუქციისაკენ. მ.კ. წარმოადგენს მატერიალური წარმოების უმნიშვნელოვანეს დარგს და კვლავწარმობის საფუძველს. მ.კ. მიეკუთვნება აგრეთვე საპროექტო-საძიებო სამუშაოები და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც აუცილებებლია სამშენებლო, სამონტაჟო და სხვა კაპიტალური სამუშაოების შესასრულებლად.

მშენებლობა ნაკადური - სამუშაოთა ორგანიზაციის ფორმა მშენებლობაზე (წარმოების კონვეირული სისტემა).

მშენებლობა საგზაო - საავტომობილო გზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი (გზის ვაკისი და საფარი, ხიდები, გვირაბები, გზაგამტარები, ესტაკადები, საგზაო ნიშნები, საყრდენი კედლები და სხვ.).

მშენებლობა სამოქალაქო - 1. სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის პროცესი; 2. მშენებლობის დარგი, რომელიც ემსახურება ეკონომიკის არასაწარმოო სფეროს ობიექტების მშენებლობას. მას მიეკუთვნება: საცხოვრებელი სახლები (ნახ. 1), საერთო საცხოვრებლები, სასტუმროები; სასწავლო, სამედიცინო და საბავშვო დაწესებულებები; თეატრები, სპორტული ნაგებობები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები და ადმინისტრაციული შენობები. მ.ს. აქვს უდიდესი სოციალური მნიშვნელობა, რადგანაც არის დაკავშირებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების ხარისხობრივ გაუმჯობესებასთან. მისთვის დამახასიათებელია კომპლექსურობა - საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პარალელურად გვარდება ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, კეთილმოწყობის და მიმდებარე ტერიტორიების გამწვანების საკითხები. თანამედროვე პირობებში მეტად მნიშვნელოვან და პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს საოფისე შენობების (ხშირად ცათამბჯენების), აგრეთვე საშუალო და მცირე ფორმის ოფისების მშენებლობა. როგორც წესი, ასეთი შენობების ასაგებად გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული სამშენებლო კონსტრუქციები, რასაც ემატება შესანიშნავი არქიტექტურული გამომსახველობა.

მშენებლობა სამრეწველო - კაპიტალური მშენებლობის დარგი, რომელიც ქმნის მრეწველობის ძირითად ფონდებს. მისი ამოცანაა სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოთა მთელი კომპლექსის შესრულება, ახალი საწარმოების ამოქმედება ან მოქმედ საწარმოთა გაფართოება-რეკონსტრუქცია. მ.ს. მიეკუთვნება მხოლოდ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა (ფაბრიკები, ქარხნები, კომბინატები, ჰიდროკვანძები, სამელიორაციო ნაგებობები და სხვ.).

მშენებლობა სარკინიგზო - სარკინიგზო გზის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი (ლიანდაგები, ხიდები, გვირაბები, გზაგამტარები, ესტაკადები, ბაქნები, სადგურები და სხვ.).

მშენებლობა სატრანსპორტო - მშენებლობის ერთ-ერთი დარგი, რომელიც მოიცავს ყველა სახის ტრანსპორტის ნაგებობათა და მოწყობილობათა მშენებლობას. მ.ს. ობიექტებია: სარკინიგზო ხაზები, საავტომობილო გზები, მაგისტრალური მილსადენები, სანაოსნო არხები, სამრეწველო საწარმოთა მისასვლელი სარკინიგზო ლიანდაგები, ხიდები, გვირაბები, გზაგამტარები, სადგურები, სატვირთო ეზოები და საწყობები, ვაგზლები, აეროდრომები, გარაჟები, დეპოები, ნავსადგურები და მისადგომები, საქალაქო ელექტრული ტრანსპორტის გზები, საბაგირო გზები მიწისპირა (ფუნიკულორი), კიდული და სხვა ნაგებობები.

მშენებლობა უნებართვო - მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა - საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი პირობები.

მშენებლობის გეოდეზიური საფუძველი - გეოდეზიური ბადის პუნქტების (წერტილების) ერთობლიობა საკვლევ ტერიტორიაზე (რაიონი, მოედანი, უბანი, ტრასა), რომელიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად და მოიცავს საყრდენ და გეგმარებით გეოდეზიურ ბადეს, აგრეთვე გეოდეზიური დაკვალვის პუნქტებს.

მშენებლობის კონსერვაცია - დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6 თვეზე მეტ ხანს შეჩერების შემთხვევაში ხდება მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რის შესახებაც ეცნობება მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. კონსერვაცია გულისხმობს ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვას, მისი კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობებისა და ტერიტორიების უსაფრთხოებას. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პროცესი მოიცავს: ა) სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერებას; ბ) კონსერვაციის პირობების განსაზღვრას და კონსერვაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას; გ) დამკვეთის მიერ ობიექტის პერიოდულ დათვალიერებას უსაფრთხოების მიზნით. ობიექტის კონსერვაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ მოხდეს მისი ფიზიკური ცვეთა, კერძოდ: ობიექტიდან გატანილი უნდა იქნეს ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები; არ უნდა მოხდეს ლითონის კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და ელემენტების კოროზია; რკ.ბ.-ის კვანძები ბეტონით უნდა დაიფაროს ბეტონით; საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა იქნეს ფერდების ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგროვებისაგან; დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები; ყოველგვარი მასალა (ფიცრები, ყალიბები, ცემენტი, გაჯი და სხვ.) ისე უნდა დასაწყობდეს, რომ არ მოხდეს მათი ჩამოვარდნა, ჩამოცვენა, გაფრქვევა, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ან დაზიანება, არ მოჰყვეს სხვა გაუთვალისწინებელი შედეგები; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი); დაკონსერვებული ობიექტი არ უნდა იქნეს გამოყენებული საწყობად, სათავსოდ, დროებით საცხოვრებლად, სხვა დანიშნულებით; ამწე-მექანიზმები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგომარეობაში, რაც უზრუნველყოფს უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას ნებისმიერი ამინდის პირობებში; საინფორმაციო დაფაზე უნდა გაკეთდეს თვალსაჩინო აღნიშვნა ობიექტის კონსერვაციის შესახებ და სხვ. შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას დგება კონსერვაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერს ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) და კონკრეტული ობიექტისათვის სახელმწიფო ზედამხედველობის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. შენობა-ნაგებობის კონსერვაცია შესაძლებელია არა უმეტეს სამი წლისა, ხოლო განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში - არა უმეტეს ერთი წლისა.

მშენებლობის ნებართვა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს; განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა. როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია - ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტეტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: I კლასი - შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; II კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; III კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; IV კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; V კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს. მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე და სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

მშენებლობის ორგანიზების პროექტი (მოპ) - მშენებლობის პროექტის განუყოფელი ნაწილი, სადაც დეტალურადაა ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე, მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი, მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით, დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, ამა თუ იმ სამუშაოს განხორციელების ოპტიმალური ვადები და სხვ.

მშენებლობის რიგი - სამშენებლო ობიექტის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს სიმძლავრეების (საწარმოო, გამტარუნარიანობის, მოცულობის, სასარგებლო ფართობის) მოქმედებაში შესვლას იმ პირობებითა და მოცულობით, რომელიც გათვალისწინებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით.

მშენებლობის სამეურნეო მეთოდი - სამშენებლო სამუშაოების ორგანიზაციული ფორმა, როდესაც სამუშაოები სრულდება გამშენებლის საკუთარი ძალებით, გარე სანარდო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე.

მშენებლობის საპროექტო მომზადება - სამუშაოების კომპლექსი, ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვისა და ორდერის გაფორმების მიზნით. მოიცავს: საპროექტო და სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავებას, შეთანხმებასა და დამტკიცებას სათანადო ზემდგომი ორგანოების მიერ.

მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - ყველა დანახარჯის ერთობლიობა გაწეული საწარმოს, ცალკეული შენობის, ნაგებობის ან მათი კომპლექსის მშენებლობისას (რეკონსტრუქციისას).

მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა - მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სანებართვო პირობების შესრულების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების კონტროლი, ასევე უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება.

მშენებლობის სიტუაციური გეგმა - გეგმა, რომელიც გვიჩვენებს ობიექტის განლაგებას სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის, ენერგო-, თბო- და წყალმომარაგების, კანალიზაციის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ქსელების, კარიერების მიმართ, აგრეთვე ტერიტორიის ძირითად თავისებურებებსა და პირობებს მშენებლობის რაიონში.

მშენებლობის სტატისტიკა - სტატისტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის კაპიტალდაბანდებას, მათ მოცულობასა და სტრუქტურას.

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა - დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესში, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების კონტროლის ნებაყოფლობითი მექანიზმი.

მშენებლობის ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა - ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა მოიცავს: განმარტებით ბარათს, მიწის ნაკვეთის გეგმას, ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას, ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნახაზებს, ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს, შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემასა და ყველა სართულის გეგმას. დამკვეთის გადაწყვეტილებით ტექნოლოგიური სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: ტერიტორიის ფოტოებსა და ციფრულ ვიზუალიზაციას ან მაკეტს.

მშრალი სათავსი - სათავსი, რომელშიც ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 60% არ აღემატება.

მშრალი წყობა - ცალობითი მასალის (აგური, ბლოკი, ქვა და სხვ.) წყობა გასამაგრებელი ხსნარის გამოუყენებლად, მაგრამ საგების ქვების შერჩევით და აუცილებელი დაღორღვით. გამოიყენება მცირე სიმაღლის საყრდენი და შესაღობი კედლების მოსაწყობად

მცდარი - შეცდომაზე დამყარებული, შეცდომიდან გამომდინარე, არასწორი, უმართებულო.

მცველი - ვინც, რაც იცავს, დამცველი, მფარველი, დარაჯი რისამეю

მცველი არმატურა - მოწყობილობა გაზსადენებზე გაზის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.

მცირე - პატარა, ცოტა, არასაკმარისი.

მცირე ბიზნესი - მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.

მცირე პრივატიზაცია - სახელმწიფო საკუთრების კერძო საკუთრებად გარდაქმნა ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში, აგრეთვე მრეწველობისა და სხვა დარგების მცირე საწარმოებში. იგი მოკლე დროში ხორციელდება, რასაც უზრუნველყოფს ღონისძიებათა კომპლექსის გამოყენება საბოლოო შედეგებით პრივატიზაციის მონაწილეთა მატერიალური დაინტერესებისათვის. შრომით კოლექტივებს ეძლევათ ფინანსური შეღავათები საწარმოთა შესაძენად. მ.პ. ობიექტებს მიეკუთვნება: 150 კვ. მ-ზე ნაკლები ფართობის მქონე მაღაზიები, საზოგადოებრივი კვების საწარმოები, სადაც 50-ზე ნაკლები დასაჯდომი ადგილია, პავილიონები, ფარდულები, კიოსკები, სავაჭრო ავტომატები და სხვა წვრილი ობიექტები. მ.პ. ფორმდება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებით.

მცურავი ქანი - წყლით გაჯერებული ფხვიერი გრუნტი, რომელიც მექანიკური ზემოქმედებით გადადის დენად მდგომარეობაში.

მცხოვრები - ამა თუ იმ ადგილის მკვიდრი, ბინადარი, მოსახლეю

მძიმე - 1. რაც, ვინც ბევრს იწონის, რასაც დიდი ძალა, ენერგია სჭირდება; 2. გაჭირვებით შესასრულებელი, ძნელად შესავსები, დიდი, ბევრი; 3. დინჯი, ნელი, აუჩქარებელი.

მძიმე მეტალები - ქიმიური ელემენტების ჯგუფი ატომური მასით მეტი 50-ზე (Pb, Cd, Ni, Cr, Zn, Cu, Hg), რომლებსაც გარკვეული კონცენტრაციის დროს, შეიძლება ჰქონდეთ ტოქსიკური მოქმედება. მ.მ. ფართოდ გამოიყენება სამრეწველო საწარმოებში, ამიტომ, მიუხედავად მრავალგვარი გამწმენდი ღონისძიებებისა, მძიმე მეტალები საკმაოდ დიდი რაოდენობით ხვდება ჩამდინარ წყლებში, ჰაერში კვამლისა და მტვრის სახით და სხვ. ისინი ქმნიან ორგანულ ნაერთებს, რომლებიც აკუმულაციას ახდენენ ბუნებრივ წყლებშიც კი. გარემოს დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით, აუცილებელია მ.მ. მუშაობის დროს ზედმიწევნით იქნეს დაცული უსაფრთხოების ნორმები.

მწარმოებელი - ვინც აწარმოებს, აკეთებს, ქმნის რასმე.

მწარმოებლობა - ნებისმიერი მანქანის მწარმოებლობა არის დროის ერთეულში შესრულებული სამუშაოს (პროდუქციის) რაოდენობა, რომელიც დამოკიდებულია მისი გამოყენების ეფექტურობაზე დროში (ექსტენსიური გამოყენება) და მუშაობის რეჟიმზე (ინტენსიური გამოყენება). ცნობილია მ. სამი სახე - თეორიული, ტექნიკური და საექსპლუატაციო. პერიოდული მოქმედების მანქანებისათვის საათური თეორიული მ.  Q = q•n მ3/სთ (ტ/სთ), სადაც q არის ერთი მუშა ციკლის დროს მიღებული სამუშაოს მოცულობა (მასა), ხოლო n - მუშა ციკლების რაოდენობა საათში. ტექნიკური მ. ითვალისწინებს მუშაობის ტექნიკურ პირობებს Q = Q•k. საექსპლუატაციო მ. ითვალისწინებს დროის დანაკარგებს ყველა შესაძლო მოცდენების გამო: უწყვეტი მოქმედების მანქანებისათვის Q = 3600sν მ3/სთ = 3600 sνρ ტ/სთ, სადაც s არის უწყვეტად გამოსული პროდუქციის ნაკადის განივი კვეთის ფართობი, მ2; ν ნაკადის სიჩქარე, მ/წმ; ρ - მასალის სიმკვრივე, ტ/მ3. ამ ფორმულების ანალიზი აჩვენებს, რომ მანქანის მ. უპირველესად გავლენას ახდენს მუშა ორგანოების პარამეტრები (q, s) და მანქანის სიჩქარული მახასიათებლები (n, ν). ზოგადად არსებობს მ. სახეები: საათობრივი, დღე-ღამური, თვიური, წლიური, მოცულობითი, ნამდვილი, საპროექტო და სხვ.

მწარმოებლურობა - რესურსების ერთეულზე წარმოების მოცულობა. მ. ზრდა კაპიტალისა და შრომის გამოყენების ეფექტიანობის ზრდის შედეგია, თუმცა ხშირად შეუძლებელია კაპიტალისა და შრომის მ. გამიჯვნა. პრაქტიკაში ეს ტერმინი, ჩვეულებრივ, გამოიყენება შრომის მწარმოებლურობასთან მიმართებაში.

მწვანა - 1. ხის ფოთლები და წიწვები; 2. ამა თუ იმ ლითონის ჟანგი (მაგ., ქრომის მწვანა).

მწვანე მასივი - პარკული ლანდშაფტის ყველაზე მსხვილი ერთეული. ოპტიმალური სიგანე, რომელიც იცავს ადამიანებს ხმაურისა და მტვრისაგან შეადგენს 100...150 მ-ს.

მწვანე მშენებლობა - დაგეგმილი ღონისძიებების სისტემა, რომელიც ემსახურება ქალაქებში, ქალაქის ტიპის დასახლებებში, სამრეწველო ობიექტებზე და მისთ. მწვანე ნარგავების შენარჩუნებისა და გაფართოების საქმეს.

მწირი მიწა - ტყის მიწა დაფარული ბუჩქნარით და უფრო დაბალი ბონიტეტის კლასით, რომელიც უვარგისია პროდუქტიული ტყის გასაშენებლად.

მწკრივი - ერთიმეორის მიყოლებით სიგრძივ განლაგებული ადამიანები, ცხოველები, საგნები, რიგი.

მწკრივული განაშენიანება - სახლების განლაგება ერთ მწკრივში ან საფეხურებად ერთმანეთისაგან დაშორებით, ერთიანი სივრცითი ეზოს გარეშე (ნახ. 1).

მჭადაქვა - რბილი ქვა ერთგვარი, თირი.

მჭედელი - ხელოსანი, რომელიც ჭედვით, ფერვით ლითონისაგან რასმე აკეთებს

მჭიდა მასალები - მინერალური და ორგანული ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ ბეტონისა და დუღაბის დასამზადებლად, სამშენებლო კონსტრუქციების ცალკეული ელემენტების დასამაგრებლად, ჰიდროსაიზოლაციოდ და სხვ. მინერალური მ.მ. ფხვნილისებრია; წყალთან (ზოგჯერ სხვა ამდუღაბებელთან) აზელისას წარმოქმნის პლასტიკურ მასას, რომელიც მყარდება და მტკიცე ქვისებრ სხეულად იქცევა. შედგენილობის, გამყარების პირობების, ძირითადი თვისებებისა და გამოყენების სფეროს მიხედვით მ.მ. არის ჰიდრავლიკური, ჰაერული, ავტოკლავური გამყარებისა და მჟავამედეგი. ჰიდრავლიკური მ.მ. წყალთან აზელისა და ჰაერზე წინასწარი გამყარების შემდეგ უფრო მტკიცდება და დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს ჰაერზეც და წყალშიც ან მხოლოდ წყალში (პორტლანდცემენტი და მისი სახესხვაობანი, პუცოლანიანი, წიდისა და თიხამიწოვანი ცემენტი, ჰიდრავლიკური კირი და სხვ.). ჰაერული მ.მ. მყარდება და ხანგრძლივად ინარჩუნებს სიმტკიცეს მხოლოდ ჰაერზე (სამშენებლო თაბაშირი, ანჰიდრიდული ცემენტი, კაუსტიკური მაგნეზიტი, დოლომიტი). ავტოკლავური გამყარების (კირ-კაჟმიწოვანი, ქვიშოვანი პორტლანდცემენტი) ეფექტურად მყარდება მხოლოდ ავტოკლავებში მაღალი წნევის წყლის ორთქლით დამუშავებისას. მჟავამედეგი მ.მ. ჰაერზე გამყარების შემდეგ ხანგრძლივად ინარჩუნებენ სიმტკიცეს მჟავების ზემოქმედებისას. ორგანული მ.მ. (ასფალტი, ბიტუმი, კუპრი და სხვ.), რომლებსაც შეუძლიათ პლასტიკური მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლა.

მჭიდა ჰაერული ნივთიერებები - მჭიდა მასალების ჯგუფი (კირი ჰაერული ჩამქრალი, კირი დაფქული ჩაუმქრალი, თაბაშიროვანი, მაგნეზიური შემკვრელი, თხევადი მინა), რომლებიც მხოლოდ ჰაერზე მაგრდებიან და იღებენ სიმტკიცეს

მჭიდა ჰიდრავლიკური ნივთიერებები - შემკვრელების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელთა გამაგრება, სიმტკიცის მიღება და შენარჩუნება ხდება ჰაერზე და წყალში (ჰიდრავლიკური ცემენტი, პორტლანდცემენტი, რომანცემენტი და სხვ.).

მჭიდრო - რაც ერთმანეთთან მიჯრით, მტკიცედ დაკავშირებული ნაწილებისაგან შედგება.

მხაზველობითი გეომეტრია - გეომეტრია, რომელიც სიბრტყეზე დაპროექტების საშუალებით წყვეტს სივრცით ამოცანებს.

მხარე - 1. მიმართულება ან ადგილმდებარეობა ვისიმე, რისამე მიმართ, ნაწილი, გვერდი, ზედაპირი; 2. მოწინააღმდეგე; 3. ქვეყანა, მიწა-წყალი.

მხარი - რაიმე დეტალის სიგრძე მისი საყრდენი წერტილიდან იმ წერტილამდე, რომელსიც მოდებულია რაიმე ტვირთი, ძალა ან სხვა რამ.

მხარი ბერკეტის - ბერკეტის სიგრძე საყრდენიდან მასზე მოქმედი ზალის მოდების წერტილამდე.

მხარულები - კონსტრუქციის ზედა ნაწილში გაფართოებული დეტალი, რომელიც ქმნის შვერილს.

მხატვრული - 1. ხელოვნებასთან, ხელოვნების რაიმე დარგში მოღვაწეობასთან დაკავშირებული, სამხატვრო; 2. რაც ხელოვნების მოთხოვნილებებს, ესთეტიკურ გემოვნებას უპასუხებს, ესთეტიკური, ლამაზი; 3. ისეთი ნაწარმოები, რომელშიც სინამდვილე მოცემულია სახეებში.

მხები წრეწირის - სწორი ხაზი, რომელსაც ჩაკეტილ მრუდთან (ან წრეხაზთან) მხოლოდ ერთი შეხების წერტილი აქვს (ნახ. 1: 1-1, 2-2 და ა.შ. წარმოადგენენ AB პარაბოლას მხებს).

მხერხავი - მუშა, რომელიც ხერხით ჭრის, ხერხით მომუშავე

მხურვალგამძლეობა - მეტალებისა და მათი შენადნობების თვისება მაღალი ტემპერატურის პირობებში წინააღმდეგობა გაუწიონ ქიმიურ ზემოქმედებას, კერძოდ ჟანგვას ჰაერზე ან სხვა აირულ გარემოში.

მხურვალმედეგი კონსტრუქციები (რკ.ბ.-ის) - კონსტრუქციები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში ინარჩუნებენ კონსტრუქციულ თვისებებს. გამოიყენება სამრეწველო ღუმელებში, საკვამლე მილებში, თბურ აგრეგატებში; წარმატებით ცვლიან ცეცხლგამძლე ფასონურ ფილებსა და ლითონის გარსაცმებს. მ.კ. 4500C ტემპერატურამდე იყენებენ ჩვეულებრივ, ხოლო უფრო მაღალი ტემპერატურისას - ლეგირებულ და სპეციალურ მხურვალმედეგ ფოლადებს (იხ. ბეტონი მხურვალმედეგი).

მხურვალმედეგი შენადნობები - მხურვალგამძლე ლითონის მასალები, რომლებსაც აქვთ მაღალი წინაღობა აირების ზემოქმედებისადმი მაღალი ტემპერატურის პირობებში. მათი უმრავლესობა შეიცავს ქრომს, ალუმინსა და სილიციუმს, რომლებიც შენადნობის ზედაპირზე ქმნიან ჟანგის დამცავ აფსკებს.

მხურვალმედეგობა - მასალის (ნივთიერების) ცეცხლმედეგობის უნარი (თვისება). (მაგ., მხურვალმედეგი ბეტონი, მხურვალმედეგი თიხა, მხურვალმედეგი აგური და სხვ.).

მხურვალმტკიცე - მასალის (ძირითადად ლითონის შენადნობების) თვისება მაღალი ტემპერატურის პირობებში გაუძლოს მექანიკურ დატვირთვებს რღვევის გარეშე.

მხურვალმტკიცე შენადნობები - ლითონური შენადნობები, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში არ განიცდიან დენადობასა და რღვევას. ასეთებია: რკინის, ნიკელის, კობალტის, ტიტანის, მოლიბდენის, ნიობიუმის და ბერილიუმის საფუძველზე მიღებული შენადნობები. გამოიყენება ორთქლისა და აირტურბინების მუშა და მიმმართველი ფრთების, ტურბინის დისკოების, ძრავის დეტალების, ზებგერითი საფრენი აპარატების გარე ელემენტების დასამზადებლად და სხვ.

მხურვალმტკიცობა - მასალის თვისება, არ განიცადოს დეფორმაცია სითბოს ზემოქმედების დროს.

ნაგავი - უვარგისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჭუჭყი, მტვერი

ნაგავსატარი - ნაგვის ბუნკერში ჩასაშვები ლითონის, კერამიკის ან პლასტმასის სპეციალური არხი (ტანი, ჭაური) მრავალსართულიან შენობაში, რომელსაც ყოველ სართულზე ნაგვის ჩასაყრელი სარკმელი აქვს. ყველაზე გავრცელებულია ე.წ. მშრალი ნ., რომელიც შედგება ტანის, სავენტილაციო მილის (ტანის ზედა ნაწილი), ჩასატვირთი სარქველების (სართულებზე ან სამზარეულოებში) და ნაგვის შემკრები ბუნკერისაგან (განთავსებულია პირველ სართულზე ან სარდაფში). ტანს მილის დიამეტრია 400 მმ და აქვს მკაცრად ვერტიკალური მიმართულება, გლუვი შიდა ზედაპირი და ბგერასაიზოლაციო მოპირკეთება. შემკრები ბუნკერის ზომები დამოკიდებულია შენობის სართულიანობაზე და არ უნდა აღემატებოდეს მოცულობით 9 მ3-ს. პერსპექტიულია ნ. მიერთება ვაკუუმ-პნევმატიკურ სისტემასთან

ნაგავსაყრელი - დროებითი ტერიტორია საწარმოო და სამომხმარებლო ნარჩენების განსათავსებლად.

ნაგებობა - 1. საშენი მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. მათ მიეკუთვნება: სტადიონები, მილსადენები, ჰიდროტექნიკური კომპლექსები, სატრანსპორტო გზები და მაგისტრალები, აკვედუკები, ესტაკადები, ვიადუკები, ენერგიისა და ინფორმაციის გადამცემი ხაზები, კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზები, ანძები, კოშკები, შხეფსაცივრები და სხვ.; 2. გამაგრების, საყრდენი, დამცავი, გამიჯვნის, საწარმოო, ტვირთებისა და ადამიანთა გადაადგილების, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზნით აგებული მიწისზედა, მიწაზე მდებარე ან მიწისქვეშა ხაზოვანი, ორგანზომილებიანი ან სივრცითი სამშენებლო სისტემა, რომელშიც ადამიანთა ყოფნა გათვალისწინებულია ხანმოკლე ვადით, აგრეთვე განპირობებულია ნაგებობის მომსახურებით ან სხვა განსაკუთრებული მიზნებით.

ნაგებობა ნაპირსამაგრებელი - ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც ზღვის, ტბის, წყალსაცავის, მდინარის ნაპირების გასამაგრებლად გამოიყენება.

ნაგებობა სათაო - საინჟინრო ნაგებობა, რომელიც განსახილველი გაშენების (ობიექტის) ენერგომომარაგებისა და უზრუნველყოფის წყაროა.

ნაგებობა ხელოვნური - პირობითი დასახელება ნაგებობებისა, რომლებსაც აშენებენ გზების გადაკვეთის ადგილებში ბუნებრივ წინააღმდეგობებზე (მდინარე, ხევი, ხეობა, ხრამი და სხვ.) გადასასვლელად. ნ.ხ. მიეკუთვნება: ხიდი, ესტაკადა, გზაგამტარი, ვიადუკი, გვირაბი, დიდი დიამეტრის მილი, ღარი და სხვ.

ნაგებობა ჰიდროტექნიკური - ყველა სახის ნაგებობა, რომელიც წყლის რესურსების გამოყენებასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე ნაგებობა, წყლის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ნ.ჰ. მიეკუთვნება: კაშხალი, ჰიდროელექტროსადგური, წყალსაკრები, წყალჩასაშვები და წყალგასაშვები ნაგებობები, გვირაბები, არხები, სატუმბო სადგურები, გემთსავალი რაბები, ჯებირები, გემთამწეები; წყალსაცავების და მდინარეების ნაპირსამაგრებელი ნაგებობები და სხვ. ნ.ჰ. მეშვეობით წყდება საკითხები, რომელიც ეხება წყლის რესურსების დაცვას და გამოყენებას, წყლის მავნე ზემოქმედებასთან ბრძოლას და სხვ.

ნაგებობათა დინამიკა (ნაგებობათა რხევების თეორია) - სამშენებლო მექანიკის დარგი, რომელიც სწავლობს კონსტრუქციების დინამიკური დატვირთვით გამოწვეული რხევების განსაზღვრის მეთოდებს და რხევათა კორექტირების ხერხებს. დინამიკური დატვირთვები დროში სწრაფად იცვლის სიდიდეს, მიმართულებას და მოდების წერტილს, რაც იწვევს ნაგებობის რხევებს, რომელიც აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს გაანგარიშების დროს. დინამიკური დატვირთვები წარმოიშვება მანქანების მუშაობისას გაუწონასწორებელი მოძრავი მასებით, მასიური სხეულების დარტყმისას, მიწისძვრებისა და აფეთქებების დროს. რხევითი ხასიათი აქვს არა მარტო ნაგებობის გადაადგილებად წერტილებს, არამედ ელემენტებში შიდა ძალვებსა და ძაბვებს. დინამიკური დატვირთვების ქვეშ მყოფი ნაგებობის მოსალოდნელი გადაადგილების ამპლიტუდის, შიდა ძალვებისა და ძაბვების განსაზღვრა, ანუ იძულებითი რხევების დროს და მათი შედარება დასაშვებ მნიშვნელობებთან, წარმოადგენს ნაგებობათა დინამიკური გაანგარიშების ძირითად შინაარსს. შიდა ძალვების ამპლიტუდების დასაშვები მნიშვნელობები განპირობებულია სამშენებლო კონსტრუქციების სიმტკიცისა და ხანგამძლეობის მოთხოვნებით, ხოლო რხევების სიჩქარეების და აჩქარებების ამპლიტუდები შენობებისათვის, რომლებშიც იმყოფებიან ადამიანები ან განთავსებულია ზუსტი ტექნოლოგიის წარმოებები - ადამიანებზე და გამოშვებული პროდუქციის ხარისხზე მოთხოვნებით. კვლევის მეთოდების მიხედვით განასხვავებენ ექსპერიმენტულ და თეორიულ ნ. დ. ძირითადი პრობლემის გადაწყვეტის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დინამიკური დატვირთვის და ნაგებობის საანგარიშო სქემის სახეზე.

ნაგებობათა მდგრადობა - ნაგებობის ან მისი რომელიმე მზიდი ელემენტის უნარი დატვირთვის ქვეშ შეინარჩუნოს ფორმა და წონასწორობა. მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭიროა ჩატარდეს ნაგებობის გაანგარიშება გადაყირავებაზე და ძვრაზე, ხოლო შეკუმშული ელემენტის - გრძივ ღუნვაზე, ანუ მდგრადობაზე კუმშვის ძალის ზემოქმედების შედეგად საწყისი სწორხაზოვანი ფორმის შენარჩუნებაზე კრიტიკული ძალისა და მარაგის კოეფიციენტის გათვალისწინებით.

ნაგებობათა რხევების თეორია - იხ. ნაგებობათა დინამიკა

ნაგებობის გაანგარიშება - ძალვების და დეფორმაციების (გადაადგილებების) განსაზღვრა ნაგებობების ელემენტებში და მათი სიმტკიცის, სიხისტის, მდგრადობის, ცეცხლმედეგობის და რხევების დადგენა სტატიკური და დინამიკური დატვირთვების ზემოქმედების დროს ნაგებობის საიმედოობის და ხანმედეგობის უზრუნველყოფის მიზნით მასალების მინიმალური ხარჯის პირობებში.

ნაგებობის ფუძე - ბუნებრივი ან ხელოვნური (გამკვრივებული) გრუნტის მასივის ნაწილი, რომელსაც საძირკვლის მეშვეობით გადაეცემა ნაგებობის მთელი დატვირთვა.

ნაგვერდული - მორის სიგრძეში დახერხვის პირველი განაპირა არასრული ნახევარმორი (ნახ. 1). გამოიყენება ხარაჩოების, ცემენტის შესანახი ბუნკერების, დროებითი გადასასვლელი გალერეების კედლების, ღობეების და სხვა მეორეხარისხოვანი ნაგებობების მოსაწყობად.

ნაგლინი - გაგლინვით მიღებული ლითონის სხვადასხვა ნაკეთობა (მილი, კუთხოვანი, შველერი და ა.შ.).

ნაგლინი სორტული - საგლინავი წარმოების ერთ-ერთი ძირითადი სახე; მთლიანკვეთიანი სხვადასხვა განივკვეთის ნაკეთობების (პროფილების) გლინვა. ნ.ს. იყოფა მარტივ (წრე, კვადრატი, ზოლურა, ექვსკუთხედი), ფასონურ (რელსი, კუთხოვანი, შველერი, ტესებრი, ორტესებრი) და სპეციალურ (სფერო, თვალი, არტახი და სხვ.) პროფილებად.

ნაგლინის ნაღუნი პროფილი - ნაგლინის (უმეტესად ფურცლოვანის) პროფილი, რომელიც მიიღება ნაკეთობის დაპროფილებით პროფილსაღუნ აგრეგატზე. ნ.ნ.პ. თაროებით, კედლითა და გოფრით ეწოდება ნაგლინის სორტული ნაღუნი პროფილი. არის სხვადასხვა სახის: Z-მაგვარი (ნახ. 1), ვარცლისებრი (ნახ. 2), C-მაგვარი (ნახ. 3), ჩაკეტილი (ნახ. 4) და სხვ.

ნაგლინის პროფილი - ცივი და ცხელი გლინვით მიღებული სხვადასხვა ფორმისა და კვეთის ლითონის ნაკეთობა. საერთო დანიშნულების პროფილებია: მრგვალი, კვადრატული კვეთის, ზოლოვანი, კუთხოვანი ფოლადი, შველერები, ლენტი, მავთული და სხვა სპეციალური დანიშნულებისა - რელსები, T-სებრი, ორტესებრი და ა. შ. ნაგლინის პროფილების გამოყენების ძირითადი სფეროა სამოქალაქო, სამრეწველო, ხიდების, შახტების, ანძების, კოშკების და მისთ. მშენებლობა ლითონის და რკ. ბ.-ის კონსტრუქციებით.

ნადელი (რუს.) - რევოლუციამდელი რუსეთის სოფელში მიწის პატარა ნაკვეთი, რომელსაც აძლევდნენ გლეხის ოჯახს სარგებლობისათვის; ნაწყალობევი მიწა.

ნავთი - ნავთობის გადამუშავებით მიღებული მოლურჯო ფერის საწვავი სითხე.

ნავთობი - აალებადი სითხე, რომელიც შედგება სხვადასხვა მოლეკულური მასის ნახშირწყალბადებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისაგან. არის მუქი ყავისფერი ან შავი, ხანდახან კი მომწვანო ან მოყვითალო ფერის. აქვს სპეციფიური სუნი. გავრცელებულია დედამიწის დანალექ ფენაში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასარგებლო წიაღისეულს. დღეს მსოფლიოში ნ. უდიდესი მწარმოებელია საუდის არაბეთი, რომელიც ნავთობის პროდუქციის 13%-ს უზრუნველყოფს. შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები ერთობლივად მსოფლიოს ნავთობის 31%-ს მოიპოვებენ. მათ მოსდევს რუსეთის ფედერაცია (12%), აშშ (9%), მექსიკა (5%), ჩინეთი (4,5%), ვენესუელა (4%) და კანადა (3,8%). წარმოება იცვლება მოთხოვნილების შესაბამისად. ნ. წარმოიქმნება იმ უმცირესი მცენარეებისა და ცხოველების ნარჩენებისაგან, რომლებიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ. ნ. როგორც წესი დიდ სიღრმეზე ფორმირდება და მის მოსაპოვოვებლად სპეციალური ტექნიკაა საჭირო. ნ. აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია მაგნიტური დაზვერვა. დანალექი ქანები, როგორც წესი არამაგნიტურია, თუმცა მათი ქვედა ფენები მაგნიტიზებულია. მაგნიტური ველის გაზომვა დანალექი ნ. ადგილსამყოფელისა და მისი სისქის გასაგებად არის საჭირო. ბოლო მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიო დღეში მოიხმარს დაახლოებით 88 მლნ. ბარელ ნ. (1 ბარელი = 159 ლ). ყველაზე დიდი მომხმარებლებია: აშშ, კანადა, ირანი და ნორვეგია. საქართველოში საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 70,6 ათას ტონას, რომელიც ნაწილდება შემდეგ საბადოებზე: მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი, სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთი თაღი, თელეთი.

ნავთობპროდუქტები - ნახშირწყალბადებისა და მათი ზოგიერთი ნაწარმის ნარევი, აგრეთვე ინდივიდუალური ქიმიური ნაერთები, რომლებიც ნედლი ნავთობის გადამუშავებით მიიღება. ასეთებია: ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, ბიტუმი, თხევადი გაზი, იზობუტანი, საზეთი მასალები, პარაფინი, ვაზელინი და სხვა პროდუქტები, რომლებიც შეესაბამება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 271000270, 271000290, 271000320, 271000510, 271000550, 271000590, 271000690, 271000740, 271000980 კოდებით განსაზღვრულ საქონელს.

ნავთობსადენი - ნაგებობათა კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატანა მომხმარებლებთან (ნახ. 1). ნ. მოიცავს: მილსადენებს, სახაზო არმატურას, ნავთობგადასატუმბ სადგურებს, ნავთობსაცავებს, სახაზო და დამხმარე ნაგებობებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი - 1.760 კმ სიგრძის სადენია, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის შირაქ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი (პირველია დრუჟბას ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს - მილსადენების სიგრზეა 8900 კმ). ნავთობსადენის კატეგორიებია: I კატეგორია - მაგისტრალური ნავთობსადენი; II კატეგორია - შიდასარეწაო ან შიდასაობიექტო ნავთობსადენი.

ნავთობსაცავი - ნავთობის ან ნავთობპროდუქტების შესანახი ხელოვნური რეზერვუარი. მდებარეობის მიხედვით არის მიწისზედა, ნახევრად მიწისქვეშა და მიწისქვეშა. მასალის მიხედვით - ფოლადის, ალუმინის, რკინაბეტონის.

ნავი - 1. არქიტ. ბაზილიკის ერთ-ერთი გრძივი (ზოგჯერ, განივი) ნაწილთაგანი, რომელიც გამოყოფილია სვეტების რიგით; 2. მცირე ზომის გემი სიგრძით 9 მ-მდე, სიგანით 3 მ-მდე და ტვირთამწეობით 5 ტ-მდე. არსებობს მოსასმელ ნიჩბებიანი და იალქნებიანი (სპორტული იახტა), შეკიდულ ძრავიანი და სტაციონალურ ძრავიანი (კატერი). ნ. დასამზადებლად გამოიყენება მსუბუქი შენადნობები (ძირითადად დურალუმინი), მერქანი, პოლიმერები და კომპოზიტური მასალები. ნავის განსაკუთრებული სახეა - გასაბერი ნ. ხისტი ძირითა და გასაბერი ბორტებით. ნ. გამოიყენება სათევზაოდ, დასასვენებლად, მცირე ტვირთების გადასაზიდად, წყალდიდობისას სამაშველო საშუალებად (კანჯო) და სხვ. გარდა ამისა, ტერმინი „ნავი“ ტრადიციულად გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ხომალდების მისამართით, მაგ., წყალქვეშა ნავი, ქვემეხიანი ნავი; 3. იხ. ნაოსი.

ნავიგაცია - გემის მიმოსვლა, აგრეთვე გემების სარეისო მოძრაობა; გემის ტარების ოსტატობა; გემის ტარების მეცნიერება.

ნავიგაცია კოსმოსური - საფრენი აპარატების, ან ზოგიერთი წერტილის ადგილმდებარეობის დადგენა დედამიწაზე და მისი მოძრაობის პროგნოზირება ხელოვნური თანამგზავრის მეშვეობით. ნ. ამოცანაა განსაზღვროს გრძედი, განედი და ზღვის დონიდან წერტილი დედამიწაზე.

ნავიგაცია საჰაერო - მეცნიერება, თვითმფრინავის მართვის მეთოდების და საშუალებების შესახებ მოცემული ან ოპერატიულად შერჩეული დროის - სივრცულ ტრაექტორიაზე.

ნავიე-სტოკსის განტოლება - დიფერენციალურ განტოლებათა სისტემა, რომელიც აღწერს ბლანტი სითხის (გაზის) მოძრაობას. ნ.-ს. გ. ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიდროდინამიკაში და გამოიყენება მრავალი ბუნებრივი და ტექნიკური პრობლემის მათემატიკურ მოდელირებაში.

ნავსადგური - ადგილი ზღვის (ოკეანის, ტბის, დიდი მდინარის) სანაპიროზე, სადაც ხდება გემების დგომა და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები (დატვირთვა, გადმოტვირთვა, საწვავით შევსება და სხვ.). საქართველოს ნ.: ფოთი, ბათუმი, სოხუმი, ანაკლია.

ნავსადგური მოქცევის - ნავსადგური, რომელიც ზღვის მოქცევისაგან დასაცავად განლაგებულია ნაპირზე გათხრილ აუზში, რომელიც ზღვისაგან ნახევარრაბით არის გამოყოფილი და რის გამოც წყლის დონე მუდმივია ზღვის დონის ცვალებადობის მიუხედავად. ასეთ ნავსადგურებში გემები შედიან და გადიან მხოლოდ ზღვის მოქცევის დროს.

ნავსადგური სატრანსპორტო - ნავსადგური, რომელიც ტვირთს და მგზავრებს იღებს ზღვის ტრანსპორტიდან და გადასცემს მას სახმელეთო ტრანსპორტს.

ნავსადგური ღია - ნავსადგური, რომელიც წყლის მოქცევის მნიშვნელოვან გავლენას არ განიცდის.

ნავსადგურის გამტარუნარიანობა - ერთი წლის განმავლობაში ნავსადგურში გამავალი ტვირთების ნაკადი ანუ ტვირთის ის რაოდენობა, რომელსაც ნავსადგური გზავნის და იღებს ზღვით.

ნავსადგურის ტვირთბრუნვა - ტვირთის ის საერთო რაოდენობა, რომელიც დროის გარკვეულ პერიოდში გადმოიტვირთება გემებიდან და ჩაიტვირთება გემებში ნავსადგურის მისაბმელ ხაზებთან და მცურავ მდგომარეობაში.

ნავსადგურის შიგა აკვატორია - წყლის მასივი, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნავსადგურის ტერიტორიას და მასთან შეუღლებულია გემმისადგომი ნაგებობებით. მისი ფართობი და სიღრმეები ისე შეირჩევა, რომ გემებს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ნაზოლი - (რუს., Фаска) - ზედაპირი, რომელიც მიიღება მასალის ტორსული ნაწიბურის ირიბი წაჭრით (ცერობით). გამოიყენება ტექნოლოგიური, ტექნიკური და დეკორატიული მიზნით. ნაზოლის ცარობის კუთხე ინიშნება კონსტრუქციული მოსაზრებით, მაგრამ, როგორც წესი, მიიღება ტოლი 450C. ნ. მოჭრა ხორციელდება ზენკერვით, ფრეზვით, სახარატო ჩარხზე, აბრაზიული დამუშავებით და საჭრეთელით. ნ. შეიძლება გაუკეთდეს ქვის, ხის (ნახ.1), ლითონის (ნახ.2), მინის ნაკეთობებს.

ნათალი - რაც გაითალა, გათლილი; რისამე გათლის შედეგად მიღებული.

ნათელი - 1. სინათლით მოცული, განათებული, მზიანი; 2. სინათლე, შუქი; 3. ცხადი, გასაგები, გარკვეული, აშკარა.

ნათითხნი - ცუდად, დაუდევრად აზელილი, გაქნილი.

ნათურა ელექტრული - ოპტიკური გამოსხივების წყარო, რომელსაც ქმნის ელექტროენერგიის გარდაქმნა.

ნათურა ვარვარის - ელექტრონათურა, რომელშიც შუქი მიიღება ტანის გამოსხივებით, რომელიც ვარვარდება მასში ელექტრული დენის გავლის შედეგად. თუ ნათურის კოლბაში ვაკუუმია, მაშინ ასეთ ნ.ვ. ეწოდება ვაკუუმური, ხოლო თუ შევსებულია ინერტული აირით - აირსავსე ლამპა.

ნათურა ინფრაწითელი - ინფრაწითელი გამოსხივების ელექტროლამპა, რომლის სინათლის ხარისხს დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

ნათურა მექანიკურად მტკიცე - ელექტრონათურა, რომლის კონსტრუქცია უძლებს მექანიკურ რყევებს და ვიბრაციას.

ნათურა ფიქსირებული ცოკოლით - ვარვარის ნათურა, რომლის მანათობელი ტანის მდებარეობა ზუსტადაა ფიქსირებული მაფოკუსირებელი მოწყობილობის მიმართ, რომელიც ცოკოლის ნაწილია.

ნათურა წერტილოვანი - მაღალი სიკაშკაშის ნათურა, რომელიც წარმოადგენს სინათლის წერტილოვან წყაროს.

ნაილონი - იხ. პერლონი.

ნაკადი - 1. სწრაფად მიმდინარე წყლის მასა; 2. გარკვეული მიმართულებით მოძრავი  საგნების მასა (მაგ., ადამიანების, ავტომობილების და სხვ.); 3. ამა თუ იმ პროდუქციის დამზადების საწარმოო პროცესი.

ნაკადი საწარმოო - პროდუქციის (ნახევარფაბრიკატების) დასამზადებლად საჭირო ცარხ-დანადგარების თანმიმდევრობითი განლაგება ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულების მიხედვით, დაწყებული ნედლეულიდან (ნახევარფაბრიკატებიდან), დამთავრებული მზა პროდუქციით, რომელიც კოოპერირების გზით გაიცემა.

ნაკადი სითბური - თბური ენერგიის უწყვეტი ნაკადი სითბოს წყაროსა და მისი გადამტანი რეაგენტის მეშვეობით (მაგ., თბილი ჰაერის ნაკადი).

ნაკადი ტრანსპორტის - სატრანსპორტო საშუალებათა უწყვეტი მოძრაობა გარკვეული მიმართულებით.

ნაკადული - ბუნებრივ კალაპოტში მიმდინარე მცირე წყალი

ნაკადური - რაც სრულდება კონვეიერის საშუალებით (მაგ., სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება ნაკადური მეთოდით)

ნაკადწარმომქმნელი - ამა თუ იმ სახისა და კონსტრუქციის დანადგარ-მოწყობილობა, რომელიც ნაკადს წარმოქმნის (მაგ., ტუმბო წყლის ნაკადის წარმოქმნისათვის, კომპრესორი ან ვენტილატორი ჰაერის ნაკადის წარმოქმნისათვის და სხვ.).

ნაკეთობა - 1. ნებისმიერი საგანი ან საგანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება წარმოებაში დამზადებას. ნ. შეიძლება იყოს არასპეციფიცირებული (რომელსაც არ გააჩნია შემადგენელი ნაწილი) - დეტალი და სპეციფიცირებული (შედგენილი ორი ან მეტი ნაწილისაგან) - საამწყობო ერთეული - კვანძი, კვანძების ჯგუფი, მანქანა. ნ შეიძლება იყოს სტანდარტული - ჭანჭიკები, ქანჩები, საკისრები და ა.შ. ნაკეთობის მისაღებად საჭიროა მისი დამუშავება (კონსტრუქციული და ტექნოლოგიური) და მთელი რიგი კონტროლირებადი ეტაპების გავლა; 2. სამრეწველო პროდუქციის ერთეული, რომლის რაოდენობა გამოისახება ცალობით.

ნაკეთობა მზა - სრულყოფილი, საბოლოო სახის მქონე ნაკეთობა, რომელსაც სხვა დამუშავება აღარ სჭირდება.

ნაკეთობა სერიული - ნაკეთობა, რომელიც სერიებად, პარტიებად იწარმოება და მოსალოდნელია მათი წარმოების განმეორება. სერიების სიდიდის მიხედვით განასხვავებენ წვრილ, საშუალო და მსხვილსერიებად დამზადებულ ნაკეთობებს (მაგ., გადახურვის კოჭები და პანელები, წამწეები, სვეტები, ფილები, მაგიდები, სკამები და მისთ.).

ნაკეთობის კუთრი საწარმოო ენერგოტევადობა - ნაკეთობის ტექნოლოგიურობის კუთრი მაჩვენებელი (ენერგოტევადობის მიხედვით), მახასიათებელი ენერგორესურსების ნორმირებული ხარჯისა, აუცილებელი ნაკეთობის დამზადების, რემონტისა და უტილიზაციისათვის.

ნაკეთობის კუთრი საწარმოო მასალატევადობა - ნაკეთობის ტექნოლოგიურობის კუთრი მაჩვენებელი (რესურსტევადობის მიხედვით), მახასიათებელი მასალის ნორმირებული ხარჯისა ნაკეთობის დამზადებისა და რემონტის დროს, რომელიც შედგება მასალების დამზადებისა და რემონტის აუცილებელი დანახარჯებისაგან, ტექნოლოგიური ნარჩენებისა და ტექნოლოგიური დანაკარგებისაგან.

ნაკეთობის საექსპლუატაციო რესურსეკონომიურობა - ნაკეთობის სტრუქტურულ-ტექნიკური თვისებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მომსახურებას ექსპლუატაციის (რემონტის) სტადიაზე მინიმალური დანახარჯებითა და რესურსების კარგვით (მატერიალური რესურსები, საწვავ-ენერგეტიკული რესურსები).

ნაკერი - 1. დეტალების, კონსტრუქციების შეერთების ადგილი, მიღებული კონტაქტური შედუღებით; 2. კონსტრუქციული „ნაკერი“ - რომელიც აცალკევებს ნაწილებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი ძაბვები მათი გადაადგილება-დეფორმირების დროს, მაგ., ბეტონის გზის საფარზე; 3. ნაგებობების, შენობების, კონსტრუქციების დეტალების შეერთებისა და დამაგრების ადგილი; 4. დიდი სიგრძის შენობებში ან კონსტრუქციებში დატოვებული მუდმივი ჭრილი (ჭვრიტე), რომელიც დაცალკევებულ ნაწილებს დამოუკიდებელი გადაადგილებისა და დეფორმაციის საშუალებას აძლევს (მაგ., დეფორმაციული ნ., დაჯდომის ნ., ტემპერატურული ნ., ანტისესმური ნ.). ჰიდროტექნიკური ნაგებობების და გვირაბების ნ. წყალშეუღწევადობის მიზნით ბიტუმის მასით ავსებენ.

ნაკერი ანტისეისმური - ნაკერი, რომელიც დიდი ზომის და რთული კონფიგურაციის შენობას დამოუკიდებლად რხევის უნარის მქონე ცალკეულ ნაკვეთურებად ჰყოფს.

ნაკერი დაჯდომის (ჩაჯდომის) - ნაკერი, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს დამოუკიდებელი დაჯდომის საშუალებას აძლევს. ამ შემთხვევაში შენობა იჭრება მთლიანად საძირკვლების ჩათვლით. ნ.დ. აუცილებლობას განაპირობებს ნაკერის გასწვრივ ორივე მხარეზე გრუნტის სხვადასხვაობა ან შენობის განსხვავებული სართულიანობა (დატვირთვების დიდი სხვაობა).

ნაკერი დეფორმაციული - ნაგებობის კონსტრუქციის გამჭოლი განაჭერი, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს დამოუკიდებელი დეფორმაციის საშუალებას აძლევს (ნახ. 1. დეფორმაციული ნაკერი: 1-შენობის მიწისზედა ნაწილი; 2-შენობის მიწისქვეშა ნაწილი; 3-დეფორმაციული ნაკერი).

ნაკერი ტემპერატურული - ნაკერი, რომელიც შენობას საძირკვლამდე ჭრის და საშუალებას აძლევს მის მიერ გამოყოფილ ნაკვეთურებს დამოუკიდებლად განიცადონ ტემპერატურის ცვალებადობით გამოწვეული დეფორმაცია. ტემპერატურულ ნაკერებს შორის დაშორება აიღება: რკ.ბ.-ის კარკასულ შენობებში - 72 მ; ლითონის კარკასულ შენობებში - 200...230 მ; ხის შენობებში - არ საჭიროებენ ნ. ტ. კოლონების (სვეტების) დიდი მოქნილობის გამო.

ნაკეცები - შენობის სახურავის ზედაპირი, რომელიც შექმნილია დახრილი ბრტყელი წახნაგების სისტემისაგან. ისინი ერთმანეთს უერთდებიან დიდი გვერდებით რაღაც კუთხით და ეყრდნობიან ტორსულ დიაფრაგმებს ან წიბოებს მოკლე გვერდებით. ნ. ზედაპირის ფორმა შეიძლება იყოს სამკუთხა, ტრაპეციული ან მართკუთხა (ნახ.1, ნაკეცოვანი გადახურვების სქემები: ა - მართკუთხა წახნაგებით; ბ - სამკუთხა წახნაგებით; გ - მრავალტალღიანი ნაკეცის პროფილის ფორმები; დ - ნაკეცის პარამეტრები; ე - მრავალკუთხა რადიალური ნაკეცები). ხშირად გამოიყენება მრავალტალღიანი კონსტრუქცია, იშვიათად ერთტალღიანი. მიუხედავად ამ კონსტრუქციების მაღალი მასალატევადობისა, ისინი ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში დამზადების სიადვილისა და ორიგინალური არქიტექტურული გამომსახველობის გამო. ნ. გადახურული შენობის გეგმა შეიძლება იყოს მართკუთხა, მრავალკუთხა ან მრუდწირული მოხაზულობის (წრიული, ოვალური და სხვ.): ბოლო შემთხვევაში ნ. განლაგდება რადიალურად. მზიდუნარიანობის ასამაღლებლად ზოგჯერ ნაკეცებს აპროექტებენ განმტვირთავი კონსოლებით. ნ. მზადდება მერქნის, პლასტმასის ან ლითონისაგან. წახნაგებად გამოიყენება ხის დაწებებული, წებო-ფანერის, მერქანბურბუშელოვანი ფილები, ფიცრულ-ლურსმნოვანი და ფოლადის კოჭური ელემენტები და ბრტყელი სამფენოვანი პანელები. განივი სიხისტის ასამაღლებლად იყენებენ განმბჯენებს, სიხისტის წიბოებს ან შემკრავებს, რომლებსაც განალაგებენ ნ. გრძივი მიმართულებით. ნ. მალი - მანძილი საყრდენ ელემენტებს შორის, როგორც წესი, მიიღება 20…30 მ-ის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ აღწევს 45 მერტსაც. აწევის ისრის (ƒ) ფარდობა მალთან (ℓ ) მიიღება 0,5...0,1 ტოლი (პოლიმერული მასალებისათვის კი 0,06...0,05), ნაკეცების სიგანე იცვლება 1,8-დან 6,8-მდე ზღვრებში, ხოლო პოლიმერულის - 1 მ-მდე. კონსტრუქციული თვალსაზრისით ნ. შეიძლება იყოს თხელკედლიანი, წიბოვანი და სამფენოვანი. პირველ შემთხვევაში ნაკეცის წახნაგები წარმოადგენს ფიცრულ-ლურსმნოვან, ფიცრულ-წებოვან, წებო-ფანერის ან ფოლადის ორტესებრ კოჭს. წიბოვან ნაკეცებს ამზადებენ ხის ძელებისაგან განვიკვეთის მაქსიმალური ზომით 15 სმ, რომლებსაც ერთ ან ორივე მხარეზე წებოს ან ლურსმნების საშუალებით ამაგრებენ ფურცლოვანი მასალის ან ფიცრის შემოსვას. სამფენოვანი ნ. ელემენტები კი ყველაზე ხშირად მზადდება პლასტმასისგან (გარე ფენები - მინაპლასტიკი, შუა - ქაფპლასტი) სამშენებლო ფანერისაგან ან ლითონისაგან.

ნაკვეთი - 1. მიწის ფართობი, რომელიც ვისიმე სარგებლობაშია; 2. გამოკვეთილი, გამოჭრილი.

ნაკვეთური - ცალკე გამოყოფილი ნაწილი სპეციალური სათავსისა, სადგომისა.

ნაკვერჩხალი - ცეცხლმოკიდებული შეშის გავარვარებული ნაწილები, გავარვარებული ნახშირი.

ნაკვთი - 1. (მათემატ.) სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ჩაკეტილი ტეხილი ან მრუდი ხაზით; 2. ფორმა, გარეგნობა, მოხაზულობა რისამე; 3. სახის ან სხეულის ესა თუ ის გარეგანი, თვალით შესამჩნევი ნაწილი.

ნაკლები - შედარებით ცოტა, შედარებით მცირე; უარესი, ცუდი.

ნაკრძალი - ტერიტორიის (აკვატორიის) ნაწილი, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები. ნ. ჩვეულებრივ ცხადდება ის ადგილი, რომელიც ან ტიპობრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვ.). ნ. შეიძლება გამოცხადდეს მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ისტორიულ-მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა აქვს. ნ. ბუნების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა. საქართველოში ამჟამად 14 სახელმწიფო ნ., რომელთა საერთო ფართობი 159900 ჰექტარს შეადგენს. ეს ნაკრძალებია: ბაბანეურის, ბაწარის, ბიჭვინთა-მიუსერას, ბორჯომის, ფსხუ-გუმისთის, ვაშლოვანის, თუშეთის, კინტრიშის, ლაგოდეხის, ლიახვის, მარიამჯვრის, რიწის, სათაფლიის და ქობულეთის.

ნალექი - 1. სითხეში შერეული გაუხსნელი ნივთიერება, რომელიც უმცირესი ნაწილაკების სახით გროვდება მდინარის, ტბის ფსკერზე, რაიმე ჭურჭლის ფსკერსა და კედლებზე; ლექი; 2. ატმოსფერული ტენი, რომელიც დედამიწაზე წვიმის ან თოვლის სახით მოდის.

ნალია - ღომის თაველის გასახმობი შენობა, „საღომე სახლი“ (საბა), რომელშიც სხვა მარცვლეულ კულტურებსაც აშრობდნენ (ნახ. 1). XIX-XX საუკუნის დასაწყისში გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, უპირატესად გურია-სამეგრელოსა და იმერეთში. ნ. იყო მოწნული, ძელური და ფიცრული. იგი სასიმინდეს წააგავდა, მაგრამ უფრო დაბალი და გრძელი იყო. ზოგან ღომის თაველს აშრობდნენ ნელი ცეცხლის შებოლვით. დასავლეთ საქართველოს რაიონებში (გურია, ზემო იმერეთი, ქვემო სვანეთი) ნ. სასიმინდესაც ერქვა.

ნალო - ჩარხის, მექანიზმის ან მანქანის დეტალი, რომელიც თავის თავზე ღებულობს მოძრავი მუშა ორგანოს დაწოლას. ნ. უწოდებენ აგრეთვე უძრავ ლითონის კოჭს, რომელზეც ექსპლუატაციის პროცესში გადაადგილდება მექანიზმი ან მანქანა (მაგ., ხიდურა ამწეების ამწქვეშა კოჭი).

ნამდინარევი (ნარიონალი) - მდინარისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფილი ძველი კალაპოტის მონაკვეთი.

ნამეტი (რუს. Припуск) - სამშენებლო ნაკერების, ლითონის ან ხის ნაკეთობათა ზომების გადიდება მათი შემდგომი დამუშავების მიზნით.

ნამზადი (მანქანათმშენებლობაში) - წარმოების საგანი, რომლისგანაც ფორმის, ზომების, ზედაპირის სისუფთავის და მასალის თვისებების ნაწილობრივი შეცვლით მზადდება დეტალი ან (არასაშლელი) დაუშლელი საამწყობო ერთეული. ნ. შეიძლება იყოს თუჯის, ფოლადის, ლითონ-კერამიკული, ფურცლოვანი და სხვ.

ნამზადი დაპროფილებისათვის - ფურცლოვანი, ზოლოვანი ნაგლინი და ლენტა, რომელიც გამოიყენება ნაღუნი პროფილების დასამზადებლად.

ნამზადი ხის - მიიღება მასალის დანაწევრების შედეგად. სასაქონლო პროდუქციის სახით გამოდის საერთო და სპეციალური დანიშნულების ნ. საერთო დანიშნულების ნ. სამშენებლო საქმეში გამოიყენება დეტალების დასამზადებლად. არსებობს დახერხილი და დაკალიბრებული ნ. დახერხილი ნ. მიიღება ძელის დახერხვის შედეგად, ხოლო დაკალიბრებული - უკვე დახერხილი ფიცრის გარანდვის შედეგად მისთვის ზუსტი ზომების მისაცემად სისქეში და სიგანეში. არსებობს დაწებებული ნამზადიც. წიწვოვანი მერქნის ნ. მაქსიმალური სისქეა 100 მმ, სიგანე - 200 მმ, სორტამენტი კი ისეთივეა, როგორც დახერხილი ხის მასალის. ანალოგიური ზომები ფოთლოვანი ჯიშის მერქნის ნ. შემდეგია: სისქე 75, სიგანე 150 მმ. სპეციალური დანიშნულების ნ. მიეკუთვნება: საავიაციო, სათხილამურე, რეზონანსული (მუსიკალური ინსტრუმენტებისათვის), სანიჩბე, საცხენოსნო (ოთხთვალას ბორბლის ხის დეტალებისათვის), ძელაკები საფეიქრო მაქოს, მასრასა და კოჭასათვის, ფეხსაცმლის ქუსლების და ხუნდების სექტორები.

ნამუშევარი - რაც მუშაობით, შრომით შეიქმნა, ნაშრომი, ნაღვაწი, შემოქმედების შედეგი.

ნამწვი - პროდუქტი, მიღებული სულფიდური მადნების (პირიტების) გამოწვით. რკინის მნიშვნელოვანი შემცველობის გამო (35%-მდე) გამოიყენება დანამატად ცემენტის კაზმში, კლინკერში ე. წ. შუალედური ნივთიერების, კალციუმის ალუმოფერიტის (ბრაუნმილერიტის) რაოდენობის გადიდების მიზნით.

ნანგრევები - რაიმე ნაგებობის ან დასახლებული პუნქტის ნანგრევები, რომელიც ითვლება არქეოლოგიურ ან ისტორიულ ძეგლად.

ნანო (ბერძ.) - რთული თავსართი იმ წილობითი ერთეულების საწარმოებლად, რომლებიც სიდიდით საწყისი ერთეულების ერთი მემილიარდედი ნაწილის ტოლია. აღნიშვნები: ქართული ნ., საერთაშორისო n.

ნანორელიეფი (ბერძ.) - გეოგრაფიაში - რელიეფის ფორმები რამდენიმე ათეულ სანტიმეტრამდე სიმაღლისა (სხვანაირად ქონდარა რელიეფი, ჯუჯა რელიეფი).

ნანოტექნოლოგია - ტექნოლოგიური პროცესი დაბალი ხარისხის მასალის გადასაყვანად მაღალი ხარისხის მასალაში.

ნაოთხალი - 1. იგივეა, რაც მეოთხედი; 2. მარცვლეულის საწყაო დასავლეთ საქართველოში

ნაოთხალი ლილვი – არქიტექტურული პროფილი, რომელსაც წრის მეოთხედი მოხაზულობა აქვს.

ნაორთქლი - დაორთქლილი; აორთქლებული.

ნაოსი (ბერძ.) - 1. ბერძნული ტაძრის მთავარი სათავსი (შეესატყვისება ლათინურ ცელას)(ნახ. 1. ნაოსი გალილეას წმ. პეტრეს ეკლესიაში, ისრაელი); 2. იგივეა რაც ნავი.

ნაოჭი - 1. ტალღოვანი ნაკეცი; 2. დედამიწის ქერქის ამგები ქანების გაღუნვით დეფორმირებული უწყვეტი შრეების სტრუქტურული ფორმა.

ნაპერწკალი - 1. ცეცხლმოკიდებული ან გავარვარებული ნივთიერების უმცირესი ნაწილაკი; 2. (გადატანით) რისამე ძალინ მცირე ნიშანი, ნატამალი.

ნაპირი - 1. ადგილი ხმელეთზე, სადაც წყალი, წყლის სივრცე იწყება, კიდე, პირი; 2. რისამე გარეთა, უკიდურესი ნაწილი.

ნაპრალი - ვიწრო და წაგრძელებული ხვრელი, გახეთქილი, ჩანგრეული ადგილი, დიდი და ღრმა ნაბზარი ორ ობიექტს შორის (ნახ. 1).

ნარანდი (შპუნტი) - 1. ნარიმანდი; ფიცარზე ან ძელზე ამოღებული სხვადასხვა ზომის თუ ფორმის გრძივი ღარი, რომელშიაც ჯდება მეზობელი ფიცრის გასწვრივი შვერილი; 2. ხის, ლითონის ან რკინაბეტონის ხიმინჯი, რომლესაც სხვა ამგვარ ხიმინჯებთან შესაერთებლად ერთ გვერდზე აქვს გასწვრივი ღარი, მეორეზე კი ამობურცული კბილი; 3. ფოლადის ღერო ქვის დასამუშავებლად.

ნარანდი ხიმინჯები - ჩაღრმავებული კილოს ფორმის მასიური ხიმინჯები, რომლებიც გრუნტში ერჭობა ქვაბულის, მაღაროს, კაშხალის კონტურის მიხედვით.

ნარანდიანი კედელი - მთლიანი კედელი, წარმოქმნილი გრუნტში ჩასობილი ხიმინჯებით; გამოიყენება ჰიდროტექნიკური ნაგებობების შემოღობვის მოწყობისას.

ნარანდით შეუღლება - ფიცრების ან ძელების შემჭიდროება ნაწიბურებით, როდესაც ფიცრის (ძელის) ერთ ნაწიბურზე სისქის შუაში ამოღებულია ღარი, ხოლო მეორე ნაწიბურზე გამონაშვერი, რომლებიც აწყობის დროს მჭიდროდ შედიან ერთმანეთში და ქმნიან შეერთებას (ნახ. 1). ასეთ შეერთებებს იყენებენ ფენილების მოსაწყობად, რათა ფიცრებმა (ძელებმა) ღუნვაზე ერთობლივად იმუშაონ და იმავე დროს სახურავში არ ჩამოცვივდეს გამათბუნებლად გამოყენებული წიდის ნაფხვენები ან მინერალური ბამბის ბოჭკოები.

ნარდი (რუს. Подряд) - ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე (მოიჯარე) ვალდებულია შეასრულოს სამუშაო მეორე მხარის (შემკვეთი) დავალებით, ხოლო შემკვეთი ვალდებულია მიიღოს და გაანაღდოს შესრულებული სამუშაო.

ნარევი - სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში მოითხოვება ერთგვაროვანი მასის შექმნა, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისაგან შედგება. სხვა შემთხვევაში საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას რეაგირებაში მყოფი კომპონენტების სრული და თანაბარი კონტაქტი მთლიან მოცულობაში. ამისთვის საჭიროა კომპონენტების შერევის პროცესის წარმართვა სხვადასხვა შემრევ მანქანებში, რომლის შედეგად მიიღება ნ. იგი შეიძლება იყოს: მშრალი და სველი, ხისტი და პლასტიკური. სილიკატური ნაკეთობების წარმოებაში ნ. ამზადებენ ქვიშის, კირისა და წყლისაგან, ხოლო ბეტონის ნაკეთობების დამზადებისას – ცემენტის, ხრეშის, ქვიშისა და წყლისაგან. აირისა და მასალის (წვრილმარცვლოვანი მყარი ნაწილაკები) ნ. იყენებენ სეპარატორებში მასალის ზომებად დახარისხებისათვის.

ნარვალი - ოღროჩოღრო, ოკრობოკრო ადგილი.

ნართექსი (ლათ.) - ქრისტიანული ტაძრის შესასვლელი სათავსი, რომელიც მას აკრავს, ჩვეულებრივ, დასავლეთის მხარეზე; განკუთვნილია მათთვის, ვისაც მლოცველთა მთავარ სადგომში შესვლის უფლება არა აქვს

ნარიმანდვა (ფარცვა) - დეტალების, სხვადასხვა ელემენტებისა და ფურცლოვანი მასალების დამაგრების მეთოდი ნაკერების დახმარებით, რომელიც მიიღება დასამაგრებელი ნაწიბურების მოღუნვითა და თავსებადი მოჭიმვით, შეკუმშვით.

ნარიმანდი - 1. ნაკერის სახეობა, რომელიც აერთიანებს ორ, ხის ან ლითონის ბრტყელ ელემენტს; 2. სწორკუთხა ამოჭრა ფიცრის ან ფარის პირზე.

ნარინჯისფერი - რაც ფერით ნარინჯს მოგვაგონებს, მოწითალო-მოყვითალო.

ნარიყალას ციხე - უძველესი დროის ციხე-სიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს (ნახ. 1). ნარიყალა თბილისის ციხის - კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა. ციხე-სიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხე-სიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია. ციხე-სიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრატების სახით. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხე-სიმაგრედ არის მიჩნეული. ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

ნარიყალი - ადგილი, სადაც წინათ რიყე იყო.

ნარმა - ბამბის მტკიცე ქსოვილი ძაფების გადახლართვით (ტილოს მსგავსად). ნ. გამოირჩევა ისეთი დადებითი თვისებებით, როგორიცაა: ჰიგიენურობა, ეკოლოგიურობა, სიმსუბუქე, ნაკლებნაოჭიანობა, მასზე გაკეთებული ნახატის ხანგრძლივად შენარჩუნება და სხვ. თეთრ ნარმას ტილოსაც უწოდებენ.

ნარჩენების დამარხვა - ნარჩენების განთავსება შესანახად განსაზღვრულ ადგილზე განუსაზღვრელი ვადით, იმ ტექნოლოგიური პროცედურების დაცვით, რომელიც გამორიცხავს ნარჩენების საშიშ ზემოქმედებას ადამიანებზე და ბუნაბრივ გარემოზე.

ნარჩილი - მდნარი კონკრეტული შემავსებლით ლითონის ზედაპირის დაფარვა (ნახ. 1). ნარჩილს იყენებენ ინსტრუმენტების ასაწყობი ბიმეტალური დეტალების დამზადებისას, მყარი შემდუღებელი ფირფიტის მეშვეობით კაბელის ბოლო წვეროების ლითონზე დამაგრებისათვის და სხვ.

ნასამალა (რუს. Третник) - ტყვიისა და კალის შენადნობი, რომელშიც 1/3 ტყვიაა (მესამედი). გამოიყენება სარჩილავად რადიოტექნიკაში და სპილენძისა და რკინის შენადნობის მისაღებად.

ნასაყდრალი - ადგილი, სადაც წინათ საყდარი იყო, საყდრის ნანგრევები. მიტოვებული საყდარი.

ნასკვი - თოკის, ძაფის და მისთ. ერთმანეთთან გადაბმის ადგილი, კვანძი.

ნასტურანი (ბერძ.) - ძლიერი რადიოაქტიური მინერალი, ურანინიტის სახესხვაობა, ერთ-ერთი ძირითადი მადანი ურანის მისაღებად.

ნატანების მოძრაობა - ატმოსფერული წნევის დროს ღია არხებში და ღარებში, წყლის ენერგიის მეშვეობით, მყარი ფხვიერი მასალების გადატანა.

ნატაძრევი - სადაც წინათ ტაძარი იყო, ტაძრის ნანგრევები.

ნატეხი - რაიმეზე მოტეხილი ნაწილი; 2. გატეხილი, დამტვრეული.

ნატიფი - ლამაზად გამოკვეთილი, მშვენიერი, მოხდენილი, ფაქიზი.

ნატკეჩი - ფიცრის, ხისა და მისთ. თხელი ანახეთქი.

ნატურა (ლათ.) - რაც არსებობს სინამდვილეში, ბუნებრივი, ნამდ=ვილი გარემო; 2. საქონელი, პროდუქტები და მისთანები, როგორც ფულის ნაცვლად გადასახდელი საშუალება.

ნატურალური - 1. სუფთა, შეურეველი, ბუნებრივი სახით არსებული; 2. რასაც პროდუქტებით, საქონლით იხდიან.

ნატურალური მეურნეობა - მეურნეობა, სადაც პროდუქტებს აწარმოებენ პირადი მოხმარებისათვის და არა გასაყიდად.

ნატურმორტი - სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს. უსულო საგნების გარდა ნ. ასახულია ბუნებრივი გარემოსაგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები - თევზები, ყვავილები, მწერები, ჩიტები, ცხოველები. ადამიანები მხოლოდ ავსებენ ძირითად მოტივს და კომპოზიციაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. ნ. მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საგნების სტრუქტურას, მოცულობას, მათი ზედაპირის ფაქტურას. ნ. ძირითადი ნიშანია დეკორატიულობა, ნატურის გადმოცემის ილუზიური სიზუსტე. ყველაზე ცნობილი ნატურმორტებია: ვან გოგის „მზესუმზირები“, სეზანის „ფორთოხლები“, მატისის „თევზები“, შარდენის „ყურძენი და ბროწეულები“, ფიროსმანის „ნატურმორტი“ და სხვ.

ნატყევარი - ადგილი, სადაც წინათ ტყე იყო.

ნაუტოფონი (ბერძ.) - შუქურაზე გამართული ელექტროაკუსტიკური აპარატი გემებისათვის მკვეთრი ხმოვანი სიგნალის მისაცემად ნისლის ან ღრუბლიანი ამინდის დროს.

ნაფიფქი (ნადები, ბრკე) - თხელი ფენა, ნალექი რაიმე ზედაპირზე, ზედაპირის დაფარვა საღებავით, გრუნტით (ძალიან თხელი ფენა).

ნაფოტი (ტკეჩი) - 1. ნახევარფაბრიკატი, რომელიც მიიღება მერქნის ნედლეულის დანაწევრებით. განასხვავებენ ნ. ტექნოლოგიურს, მწვანესა (ხის ფოთლები, ქერქი) და სათბობისას. ტექნოლოგიური ნ. გამოიყენება მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილების წარმოებაში; 2. ნაპობი ხე-ტყე, რომელიც მიდის შემდგომ გადამუშავებაზე ხის ფქვილის მისაღებად.

ნაფტალინი - მძაფრი სუნის მქონე თეთრი კრისტალური ნივთიერება; გამოიყენება მედიცინასა და ტექნიკაში, აგრეთვე ჩრჩილისაგან ტანსაცმელის დასაცავად.

ნაფტოლები (ოქსინაფტალინი) - ნაფტალინისაგან წარმოებული ჰიდროქსილის ჯგუფის ნივთიერება. განასხვავებენ α და β ჰიდროქსილის ჯგუფის ნ. ძირითადად გამოიყენება ორგანული საღებავების წარმოებაში.

ნაფშვენი - რაც დაიფშვნა, რისამე ფშვნის შედეგად დარჩენილი

ნაქალაქარი - 1. ადგილი, სადაც წინათ ქალაქი იყო; 2. ძველი ქალაქის ნაშთები, არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია

ნაქერქალი - ხის გამხმარი ქერქი

ნაქურთენი - ხის ტანის შედარებით ახალგაზრდა ნაწილი, გამოირჩევა მოქნილობით, ნაკლებად მედეგია ლპობის მიმართ. მონაწილეობს ხის ზრდის ფიზიოლოგიურ პროცესებში. ნ. სისქე დამოკიდებულია ხის ჯიშზე. მაგ., ზოგიერთი ჯიშის ხეს გული უჩნდება მესამე წელს (ურთხელი, თეთრი აკაცია), ზოგიერთს კი 30...35 წლის შემდეგ (ფიჭვი), ამიტომ ურთხელის ნ. ვიწროა, ფიჭვის - განიერი.

ნაქურთენის ფერადი ლაქები - მერქნის სოკოვანი დაავადება, მერქნის ნარინჯისფერი, ყვითელი, ვარდისფერი და ყავისფერი შეფერილობები.

ნაღვარევი - ადგილი, სადაც ღვარი მოედინებოდა; მშრალი ხევი.

ნაღვენთი - რაც დაეღვენთა, გამდნარი სანთლისა და მისთ. დაღვენთებული წვეთი.

ნაღრანტი - წყლისაგან ჩაღრმავებული, ჩანათხარი, ჩახრამული (მაგ., ხევი).

ნაღუნი კუთხოვანა - სორტული ნაღუნი პროფილი, რომელიც შედგება მართი კუთხით განლაგებული ორი თაროსაგან (ნახ. 1). თაროების ზომების მიხედვით კუთხოვანა შეიძლება იყოს თანაბარ- ან არათანაბართაროებიანი.

ნაღუნი შველერი (U-მაგვარი ნაღუნი პროფილი) - სორტული ნაღუნი პროფილი, რომელიც შედგება კედლისა და ორი თაროსაგან, განლაგებული კედლის ორივე მხარეზე მართი კუთხით (ნახ. 1). თაროების ზომების მიხედვით ნ.შ. შეიძლება იყოს თანაბარ- ან არათანაბართაროებიანი.

ნაყარი - 1. ხელოვნური ყრილი ფუჭი ქანების, არაკონდიციური სასარგებლო წიაღისეულის, გამდიდრების ნარჩენების, წიდებისა და სხვ. მასალებისაგან; 2. მიწის ნაგებობანი, რომლებიც ეწყობა მილსადენების ჩასალაგებლად რთულ და ჩავარდნილ უბნებზე, აგრეთვე სამშენებლო მოედნის გასწორებისათვის, გზის საფარის მოწყობისათვის და სხვ.

ნაყარი მასა - მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს თავისუფალი ნაყარი მასალის მასას (წონას) ტონებში კუბურ მეტრზე. დამოკიდებულია ნატეხების სისხოზე და ფორმაზე. ხრეშის ნ. მ. შეადგენს: 1,8...2,0; კირქვის - 1,6...2,0; ბრძმედის წიდის - 0,6...1,0; ნაცრის - 0,4...0,6 ტ/მ3-ს.

ნაშალი - გადმოშლილი, ჩამოშლილი, ნანგრევი.

ნაშენი - რაც ააშენეს, აშენებული, ნაგები; მონაგები, ნამატი.

ნაშვერი - კონსოლი (ჩაკიდებული ფილა), რომელიც ერთი ბოლოთი ჩამაგრებულია შენობის კონსტრუქციაში. ემსახურება კედელზე ჩამოკიდებული ლავგარდანის, აივნის წარმოქმნას.

ნაშთი - 1. რისამე არსებობის კვალი, ადრე არსებულის ნიშანი; გადმონაშთი, ნარჩენი; 2. (მათემ.) რიცხვი, რომელსაც მივიღებთ გასაყოფს რომ განაყოფის მთელი ნაწილისა და გამყოფის ნამრავლი გამოვაკლოთ.

ნაშური - ჩამოგანილი დახერხილი ხე-ტყის ან დეტალების გვერდებზე (წახნაგებზე) შემორჩენილი ჩამოუხერხავი ქერქიანი მორის ნაწილი.

ნაშურიანი მასალა - დახერხილი მასალა (ნამზადი) ჩამოუხერხავი ან ნაწილობრივ ჩამოხერხილი ნაწიბურებით, დასაშვებზე მეტი ზომის ნაშურით.

ნაშხეფ-ბეტონი - ცემენტის, ქვიშისა და ხრეშის (ღორღის) მშრალი ნარევი, რომელიც საჭირო ზედაპირზე დაიტანება დაშხეფებით 4...6 ატმ წნევის ქვეშ. ნარევი შლანგიდან გამოსვლის წინ წყლით სველდება. იგი 100...120 მ/წმ სიჩქარით ეშხეფება დასაბეტონებელ ადგილს და ეკვრის მას, რითაც ქმნის ბეტონის მტკიცე ფენას. ნ.-ბ. თითოეული ფენის მინიმალური სისქეა 25...30 მმ. მისი დატანა ხდება ჰორიზონტალურ ზოლებად ქვევიდან ზევით. ზოლების სიგანე მექანიზირებული დაშხეფებისას უნდა იყოს 40...50 სმ, ხოლო ხე...ლით დაშხეფებისას - 60...70 სმ. ნ.-ბ. მოწყობის ტექნოლოგია თავისებური პროცესია, რის გამოც მის შემადგენელ ნაწილებს წაეყენება სპეციფიკური მოთხოვნები. ნ.-ბ. ძირითადად გამოიყენება გვირაბებში დროებით და მუდმივ სამაგრებად.

ნაცადი - რაც სცადეს, გამოსცადეს; გამოცდილი. გამოცდილების მქონე.

ნაცარი - უწვადი ნაშთი (მტვერის სახით), წარმოქმნილი საწვავის მინერალური მინარევებისაგან მისი სრული დაწვის შედეგად. გამოიყენება ბეტონის წარმოებაში დანამატად.

ნაცარწიდა - სამთო ქანების თერმულად გარდაქმნილი კომპლექსური პროდუქტი ან მყარი საწვავის წვის შედეგად მიღებული ნარჩენი.

ნაცეცხლარი - ადგილი, რასაც ცეცხლის კვალი ატყვია, სადაც ცეცხლი ენთო.

ნაცრისფერი სხეული - სხეული, რომლის ელექტრომაგნიტური გამოსხივების შთანთქმის კოეფიციენტი ერთზე ნაკლებია და არაა დამოკიდებული ტალღის სიგრძეზე (სიხშირეზე). ნ.ს. სითბური გამოსხივება სპექტრულად იგივეა, რაც აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივება, რომელსაც იმავე ტემპერატურა გააჩნია, მაგრამ განსხვავდება მისგან ნაკლები ენერგეტიკული ნათებით. ხილვადი სხივის არეში ნაცრისფერ სხეულთან ახლოსაა პლატინის სევადი, ნახშირი, მური.

ნაძერწი - რელიეფური მორთულობა (ფიგურული და ორნამენტული) შენობების ფასადებსა და ინტერიერებში, როგორც წესი, ჩამოსხმული ან დაწნეხილი თაბაშირის, დუღაბის, ბეტონის ან სხვა მასალისაგან.

ნაძვი - ისევე, როგორც ფიჭვი, საკმაოდ გავრცელებული ჯიშია (ნახ. 1). მერქანი გამოირჩევა თეთრი ფერით, სირბილით, ფისების ნაკლები შემცველობით (5...10 კგ ფისი 1 მ3 მერქანზე). ფიჭვთან შედარებით ნაკლებად მკვრივია. ტანი მასაც სწორი და ცილინდრული აქვს. გულის ფერი განსხვავდება ნაქურთენის ფერისაგან. აქვს დიდი რაოდენობით როკები, რომელთა ფერი მცირედ განსხვავდება მერქნის ფერისაგან. სიმკვრივეა 350...650 კგ/მ3. ნ. ადვილად ლპობადია და ატმოსფერული ზემოქმედებისაგან სწრაფად ღებულობს რუხ ფერს. ცვლადი ტენიანობის და ხანგრძლივი საექსპლატაციო ვადის მქონე კონსტრუქციებში მიზანშეწონილია კონსერვირებული ნ. მერქნის გამოყენება. ნ. სიცოცხლის პირველ წლებში სიმაღლეში ნელა იზრდება, სულ რამდენიმე სანტიმეტრს იმატებს, მაგრამ შემდეგ სწრაფად ინაზღაურებს დანაკარგს და 80...100 წლის ასაკში, როდესაც ჭრის დრო მოდის, 35 მეტრს აღწევს. სწორი, წვრილფენოვანი ნ. მერქანი თითქმის ერთადერთი მასალაა როიალების, პიანინოების და სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად. ნ. მერქანი, ფიჭვის მერქანთან ერთად, ყველაზე მეტად გამოყენებადი მასალაა მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების, დეტალების, ხის კარკასების, ნივნივების და კავშირების დასამზადებლად. ნ. მარადმწვანე ტანმაღალი ხეა. აერთიანებს 40-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია თურქეთში, ჩრდილო კავკასიაში, კარპატისპირეთში, ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე, ევროპისა და რუსეთის ჩრდილოეთში, კორეაში, იაპონიაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა - აღმოსავლური ნ.. ნაძვნარი ტყეებით დაფარულია დასავლეთ საქართველოს, ბორჯომის ხეობის და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ფერდობები. იზრდება ზღვის დონიდან 2200...2300 მეტრამდე. საქართველოში, გარდა ჩამოთვლილისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში, გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული, ჰიმალაური, ვერცხლისფერი (მჩხვლეტავი) ნ. და სხვ. ცოცხლობს 250...300, იშვიათად 500 წლამდე.

ნაძვი აღმოსავლური - მარადმწვანე წიწვოვანი ხე, სიმაღლე - 40…60 მ, ვარჯი - კონუსისებური, დახრილი ტოტებით; ასაკოვანი ხის ქერქი - მუქი რუხი ფერის, დახეთქილი, შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს; გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, აჭარა-თრიალეთის ქედზე თბილისამდე და კავკასიონის ქედზე მდ. არაგვის ხეობამდე, ზღ. დ. 300…2400 მ-მდე. გამოიყენება სამშენებლო კონსრტუქციების, დახერხილი მასალის, ხის ტარის დასამზადებლად, აგრეთვე ბაღებსა და პარკებში, როგორც დეკორატიული ხე.

ნაწარმი - საქონელი, პროდუქცია, რომელსაც უშვებს ქარხანა, ფაბრიკა და მისთ.

ნაწვიმარი - წვიმისაგან დასველებული; ამინდი წვიმის შემდეგ.

ნაწიბური - ბრტყელი მასალის გრძივი ვიწრო მხარე.

ნაწილი - 1. მთელის შემადგენელი ერთეული; ის, რისგანაც მთელი შედგება; ის, რაც მთლიან სისტემაში შედის და რის ცალ-ცალკე გამოყოფაც შეიძლება (მაგ., შენობის ნაწილი, ტექნოლოგიური ციკლის ნაწილი და სხვ.); 2. რაიმე სახელმძღვანელოს, ნაწარმოების, თხზულების დასრულებული მონაკვეთი; 3. ზოგი დაწესებულების განყოფილება, რომელიც ამა თუ იმ დარგს განაგებს; 4. ცალკეული საჯარისო ერთეული.

ნაწრთობი - რაც აწრთეს, გამოაწრთეს (მაგ., საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთი, საჭრელის თავაკი, ჭანჭიკი და სხვ.).

ნაჭა - შუა ცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდი ჯაჭვი, საკიდელი.

ნაჭედი - ჭედვით გამოყვანილი, გამოჭედილი, მოჭედილი, დაჭედილი.

ნახაზი - საგნების, ტექნიკური მოწყობილობებისა და დეტალების გამოსახულება, შესრულებული მათი ზომების, მასშტაბის, შემადგენლობისა და ა.შ. ჩვენებით (მითი-თებით), რაც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამ საგნებს და მათი დამზადებისა და კონტროლის მონაცემებს. პრაქტიკაში ნ. ადგენენ სამუშაო, საამწყობო, გაბარიტულ, სამონტაჟო, სარემონტო და სხვა დანიშნულებისათვის. ნ. შესრულება დადგენილია ერთიანი საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის სისტემით. სამშენებლო ნახაზები ობიექტის სახის მიხედვით შეიძლება იყოს: არქიტექტურულ-სამშენებლო (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობები); საინჟინრო-სამშენებლო (საინჟინრო ნაგებობების ნახაზები - ხიდები, გზები, გვირაბები, ესტაკადები, ვიადუკები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და სხვ.) და  ტოპოგრაფიული (დედამიწის ზედაპირის, ადგილის რელიეფის ნახაზები).

ნახაზი დეტალის - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალის გამოსახულებას და ყველა აუცილებელ მონაცემს მისი დამზადებისა და კონტროლისათვის.

ნახაზი საამწყობო - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ასაწყობი ერთეულის გამოსახულებას და ყველა აუცილებელ მონაცემს საამწყობო სამუშაოების ჩატარებისა და კონტროლისათვის.

ნახაზი საერთო სახის - დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნაკეთობის კონსტრუქციულ გადაწყვეტას, მისი ნაწილების ურთიერთგანლაგებას და მუშაობის პრინციპს.

ნახაზი სამონტაჟო - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ნაკეთობის ან მისი ნაწილების გამარტივებულ გამოსახულებას და აუცილებელ მონაცემებს მათი მონტაჟისა და დაყენებისათვის.

ნახატი - ხელით შესრულებული (კონკრეტული ხაზის, შტრიხის, ლაქის და სხვა შერწყმით მიღებული) გრაფიკული გამოსახულება.

ნახევარგამტარი - ნივთიერება, რომლის ელექტროგამტარობის სიდიდე ლითონთა და იზოლატორთა ელექტროგამტარობას შორისაა. ლითონებისაგან განსხვავებით ნ. გამტარების დამახასიათებელი თვისებაა ელექტროგამტარობის ზრდა ტემპერატურის ზრდის მიხედვით, ამასთან ერთად ტემპერატურის ცვლილების საკმარისად დიდ ინტერვალში კუთრი გამტარობა, როგორც წესი, იზრდება ექსპონენციალური კანონით. ნ. ელგამტარობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე, მინარევების რაოდენობასა და ბუნებაზე, ელექტრული ველის გავლენაზე, სინათლეზე და სხვა გარეგან ფაქტორებზე. ნახევარგამტარებია: მარტივი ნივთიერებები (ბორი, ნახშირბადი, სილიციუმი, გერმანიუმი, კალა, სელენი, ტელური); ნაერთები: სილიციუმის კარბიდი, ინდიუმ-დარიშხანი, ინდიუმ-სტიბიუმი, გალიუმ-სტიბიუმი, ალუმინ-სტიბიუმი და სხვ. ნ. გამოიყენება ტექნიკის სხვადასხვა დარგში, რადიოტექნიკაში, ავტომატიკაში.

ნახევარვაგონი - რკინიგზის მაღალბორტებიანი ღია სატვირთო ვაგონი. იყენებენ მადნის, ნახშირის, ხე-ტყის და მისთ. გადასაზიდად. კონსტრუქციის მიხედვით ნ. შეიძლება იყოს: ჰოპერი, დუმკარი ან ტრანსფერკარი.

ნახევარი - 1. რაიმე მთელის ორი თანაბარი ნაწილიდან ერთ-ერთი; 2. დროის მონაკვეთის შუა ნაწილი.

ნახევარკოლონა - კოლონა გამოწეული კედლის სიბრტყიდან ნახევარი დიამეტრით (ნახ. 1). კონსტრუქციულად ნ. კედლისათვის ასრულებს კონტრფორსის დანიშნულებას.

ნახევარმისაბმელი - ერთ-, ორ- ან სამღერძა უძრავო მისამბმელის სახეობა, რომელიც წინა ნაწილით ეყრდნობა საწევარს (ნახ. 1). ნ. სატრანსორტო საშუალებაა, რომლითაც გადააქვთ სხვადასხვა ტვირთი (ზოგჯერ ხალხის გადასაყვანადაც გამოიყენება) ყველა კატეგორიის გზებზე. ექსპლუატაციისა და ძარის კონსტრუქციის მიხედვით არსებობს ნ. სახეები: ბორტიანი, ტენტიანი, ფარდისებრი, ფარდისებრ-ბორტიანი, მთლიანლითონური ფურგონი, იზოთერმული, რეფრიჟერატორი, კონტეინერმზიდი, თვითმცლელი, ჯაგვი (ტრალი), ცისტერნა და ხე-ტყის საზიდი.

ნახევარმორი (ფინი) - შუალედური ფორმის მასალა, რომელიც მიიღება მორის გრძივი გახერხვით.

ნახევარსახეხელა - საბათქაშე ხელის ინსტრუმენტი, მართკუთხა ფორმის ხის (ლითონის, პლასტმასის) ფარი სახელურით (ნახ. 1). გამოიყენება სამშენებლო ნარევის წასაცხებად, გასასწორებლად და გასაგლუვებლად.

ნახევარსვეტი - აყრდნობილი სვეტი, პილასტრი, კედლის სვეტი; სვეტი, რომელიც კედლის სიბრტყიდან თავის სისქის ნახევარზეა გამოწეული.

ნახევარტომპაკი - თითბერისა (Zn) და სპილენძის (Cu) შენადნობი, რომლის შემადგენლობაში თითბერის წილია 10...20%. გამოირჩევა მაღალი კოროზიამედეგობით, კარგი მექანიკური თვისებებით. მისგან ამზადებენ მოქნილ შლანგებს, საკონდენსაციო მილებს, ბადეებას და სხვ.

ნახევარფაბრიკატი - ნაკეთობა, რომელმაც გაიარა პირველადი დამუშავება, მაგრამ მოითხოვს საბოლოო დამუშავებას, რათა ვარგისი გახდეს მოხმარებისათვის. მშენებლობაში ნ. მიეკუთვნება: დახერხილი ხის ნაწარმი (ფიცრები, ძელები, ძალაკები, პლინთუსები, სახელურები, პარკეტი და ა.შ.), ფანერი, პლასტმასის დეტალები, გადახურვის კოჭები, წამწეების ელემენტები, ქანობისა და ტიხრის ფარები, საყალიბე ფარები, მაკავშირებლები, ფურნიტურა, არმატურა, ჩასატანებელი დეტალები, სხვადასხვა ტიპის ლენტები, ბეტონისა და ცემენტის დანამატები და ა.შ.

ნახევარფრთა - ფრთა, რომლის ქანობის სიგრძე დამოკლებულია სახურავის კეხის მხრიდან ან შენობის ტორსების მხრიდან.

ნახევარფრონტონი - ფრონტონის სახეობა, რომელშიაც ამოღებულია ჰორიზონტალური ზოლურას შუა ნაწილი.

ნახევრად გამტარი მასალები - მასალები, რომელთა ელექტროგამტარობას აქვს შუალედური მნიშვნელობა ლითონების და დიელექტრიკების ელექტროგამტარებლობებს შორის, ძირითადად გამოიყენება კრისტალური ნ.გ.მ. - სილიციუმის ან გერმანიუმის მონოკრისტალები.

ნახევრულა - აგურის ნახევარი.

ნახერხი ხის - მსუბუქი ფხვიერი პროდუქტი (ნარჩენი), რომელიც მიიღება ხე-ტყის დახერხვის შედეგად. გამოიყენება შემვსებად ხე-პლასტმასის ფილების და წებოს წარმოებაში, საშენ მასალათა რიგ წარმოებებში ამოსაწვავი დანამატის სახით, საწვავად ინდივიდუალურ გათბობის ღუმელებში და სხვ.

ნახვრეტი - რაიმე სიბრტყეში, საგანში გაკეთებული წვრილი სიცარიელე; ჭუჭრუტანა, ხვრელი.

ნახტომი - სწრაფი გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში; ერთბაშად მომხდარი ცვლილება.

ნახშირბადი - დ.ი.მენდელეევის პერიოდული სისტემის ქიმიური ელემენტი სიმბოლოთი C და ატომური ნომრით 6. მიეკუთვნება არამეტალებს. ცნობილია მისი რამდენიმე ალოტროპიული სახეცვლილება - გრაფიტი, ალმასი და ამორფული ნახშირი. ალმასი ცნობილია, როგორც უფერო, გამჭირვალე, ძალიან მაგარი ნივთიერება, გრაფიტი კი შავი ფერის, რბილი ნივთიერებაა, რომელიც ფურცელზე ტოვებს კვალს. არაორგანული ნ. უდიდესი წყაროა კირქვა, დოლომიტი და ნ. დიოქსიდი, თუმცა მნიშვნელოვანი რაოდენობა გვხვდება ქვანახშირის ორგანულ ფენებში, ნავთობში, ტორფში. მეოთხე ელემენტია მთელ სამყაროში გავრცელების მიხედვით - წყალბადის, ჰელიუმის და ჟანგბადის შემდეგ (მასის მიხედვით). ნ. უნიკალური თვისება დედამიწაზე არსებულ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე წარმოქმნას პოლიმერული ფორმები, მას ხდის სიცოცხლის ქიმიურ საწყისად ყველა სხვა ცნობილ ელემენტებს შორის. ნ. ქმნის ათ მილიონ სხვადასხვა ნაერთს! ნახშირბადთან დაკავშირებული წყალბადი იძლევა სხვადასხვა ნახშირწყალბადს, რომლებიც მნიშვნელოვანია ინდუსტრიაში, როგორც გამაცივებელი აგენტები, ასევე გამხსნელები, საცხი ნივთიერებები; ასევე წარმოადგენენ ქიმიურ წყაროს პლასტმასების და საწვავი ნივთიერებების წარმოებაში. ჟანგბადთან და წყალბადთან შეერთებით ნ. შეუძლია მოგვცეს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნაერთები, მათ შორის შაქრები, ლიგნინები, ხიტინები, ალკოჰოლები, ცხიმები და არომატული ეთერები, კაროტინოიდები და ტერპენები. აზოტთან იგი წარმოქმნის ალკალოიდებს და გოგირდთან შეერთებით იძლევა ანტიბიოტიკებს, ამინომჟავებს და რეზინის პროდუქტებს ნ. აღმოჩენილი იქნა დიდი ხნის წინ და ცნობილი იყო ადრეულ ცივილიზაციაში ჭვარტლის და ქვანახშირის სახით. ალმასი აღმოჩენილი იყო ჩინეთში ჩვ.წ.-მდე 2500 წლის წინათ. ნ. ქვანახშირის სახით რომის იმპერიის დროიდან მიიღებოდა იგივე ქიმიით, რაც დღეს - ხის მშრალი გამოხდით. 1722 წელს რიმორმა აჩვენა, რომ რკინა შეიძლება გადაიქცეს ფოლადად ზოგიერთი ნივთიერების შთანთქმისას და ეს ნივთიერება ცნობილია, რომ არის ნ. 1722 წელს ა.ლავუაზიემ უჩვენა, რომ ალმასი არის ნახშირბადის ფორმა, როდესაც იგი იწვის. კ. შეელემ უჩვენა, რომ გრაფიტი, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ის არის ტყვიის ერთ-ერთი ფორმა, სინამდვილეში არის ნახშირბადი. 1786 წელს ფრანგმა მეცნიერებმა კ. ბერთოლემ, გ. მონგმა და ს. ვანდერმონდმა შემდგომში უჩვენეს, რომ ეს ნივთიერება ნახშირბადია. ალმასის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დეპოზირებულია აფრიკაში, უმეტესად სამხრეთ აფრიკაში, ნამიბიასა და კონგოში. იგი არის აგრეთვე კანადაში, ბრაზილიაში, რუსეთის არქტიკაში, ავსტრიაში. გრაფიტის კომერციული ბუნებრივი მარაგი გვხვდება დედამიწის ბევრ ნაწილში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში და ჩრდილოეთ კორეაში. ნ. და მისი ნაერთების გამოყენების სფერო განუსაზღვრელია. დღეისათვის წარმოუდგენელია ნ. გარეშე ისეთი წარმოებების ფუნქციონირება, როგორიცაა: მეტალურგია, ქიმიური ინდუსტრია, პლასტმასები, მინა, სამშენებლო მასალები,, მსუბუქი მრეწველობა, კვების მრეწველობა, მედიცინა და ა.შ.

ნახშირბადიანი ფოლადი - არალეგირებული ფოლადი, რომელშიც ნახშირბადის შემცველობა 0,04...2%-ია და მუდმივი მინარევები – მარგანეცი, კაჟი, გოგირდი და ფოსფორი არ აღემატება 1%-ს. ნახშირბადის პროცენტული შემცველობის მიხედვით ნახშირბადიანი ფოლადები არის: დაბალნახშირბადიანი (0,25%-მდე), საშუალონახშირბადიანი (0,25...0,6%) და მაღალნახშირბადიანი (>0,6%).

ნახშირი - დანალექი მყარი საწვავი სასარგებლო წიაღისეული. ნ. შედგება ორგანული ნივთიერებებისგან (პლანქტონური მიკროორგანიზმების მეშვეობით გარდაქმნილი უმაღლესი და უდაბლესი მცენარეების ნაშთები), შავი ფერის მინერალური მინარევებისგან და ტენისგან. ნ. დედამიწის ქერქში გვხვდება ფენებრივი და ლინზისებური ბუდობების სახით. აქვს მიწისებრი, მასიური, შრეებრივი ან მარცვლოვანი სტრუქტურა. ნ. წარმოქმნის საწყის სტადიაში მცენარეული ნაშთები გარდაიქმნება ტორფად. ტორფი, განამარხების შემდეგ, შედარებით დაბალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მურანახშირად; ეს უკანასკნელი გადიდებული წნევისა და ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნება ქვანახშირად; ქვანახშირი - ანთრაციტად. ამ სტადიებზე თანდათანობით იზრდება ნახშირბადის შეფარდებითი შემცველობა, რასაც თან სდევს ნახშირის თბოუნარიანობის ზრდაც. საქართველოში ნ. საბადოებია: ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო, ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო, ახალციხის მურა ნახშირის საბადო. ნ. წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ენერგეტიკულ ნედლეულს, ამას გარდა მას ფართოდ იყენებენ შავ და ფერად მეტალურგიაში, ქიმიურ და სატრანსპორტო მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და სხვ

ნახშირორჟანგი - ნახშირბადის დიოქსიდი, აირი - CO2. თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე მყარდება და წარმოქმნის თეთრ თოვლისებრ მასას („მშრალი ყინული“). ნ. რეაგირებს წყალთან, რომელიც წარმოქმნის სუსტ ნახშირმჟავას - H2CO3, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის მარილებს - კარბონატებს. დედამიწაზე ფართოდაა გავრცელებული კარბონატები: კალციუმის კარბონატი (მინერალური ფორმებია - ცარცი, მარმარილო, კალციტი, კირქვა და სხვა) და მაგნიუმის კარბონატი (მინერალური ფორმაა დოლომიტი).

ნახშირპლასტიკი (კარბონი, კარბონოპლასტი) - პოლიმერული კომპოზიტური მასალა, დაარმირებული ურთიერთგადახლართული ნახშირბადის ბოჭკოებისაგან, რომლებიც განლაგებულია პოლიმერული ფისების (მაგ., ეპოქსიდის) მატრიცაში. სიმკვრივე 1450...2000 კგ/მ3. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიხისტითა და მცირე მასით. კუთრი მახასიათებლებით ხშირად აჭარბებს მაღალი სიმტკიცის ფოლადს. გამოყენების სფეროა: სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკა, ავიატექნიკა, გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, რკ.ბ.-ის კონსტრუქციების გაძლიერება, სპორტული ინვენტარი, სამედიცინო ტექნიკა, პროთეზები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მოდელირება, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვ.

ნახშირჟანგი - ნახშირბადის ოქსიდი (CO); უფერო და უსუნო აირი (მხუთავი აირი). ნ. ძლიერი საწამლავია. იწვის ჰაერზე და გამოყოფს სითბოს დიდ რაოდენობას. საწარმოო შენობებში მისი დასაშვები კონცენტრაციაა 0,02 მგ/ლ.

ნახშირწყალბადები - ორგანული ნაერთების კლასი, რომელშიც შედის მხოლოდ წყალბადისა (H) და ნახშირბადის (C) ატომები.

ნეგოცია - კომერციული გარიგება.

ნედლეული - 1. ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბუნებრივ მდგომარეობაში, იმპორტირებული ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის; 2. შრომის საგანი, რომელმაც შრომის ზემოქმედებით განიცადა გარკვეული ცვლილება და საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას. ნ. ორი სახისაა: სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო. სამრეწველო თავის მხრივ არის მინერალური და ხელოვნური. მინერალური ნ. გამოყენების სფეროს მიხედვით სხვადასხვაგვარია: სათბობ-ენერგეტიკული, მეტალურგიული, სამთო-ქიმიური, საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ნ. და სხვ. მრეწველობის ზოგიერთ დარგში პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ნ. დაყოფას პირველად და მეორად ნედლეულად. მეორადი ნ. (ჯართი, მაკულატურა) სწორი გამოყენება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი შრომის ეკონომიას.

ნედლი წყალი - ქიმიურად დაუმუშავებელი და მექანიკური მონარევებისგან გაუწმენდავი წყალი.

ნეიზელბერი - სპილენძის შენადნობი ნიკელთან (13,5...16,5%) და თუთიასთან (18...22%). ჰაერზე არ იჟანგება. გამოიყენება სამედიცინო ინსტრუმენტების, სატელეფონო აპარატურის, ჭურჭლის, მხატვრული ნაკეთობების დასამზადებლად.

ნეიტრალური (ლათ.) - 1. ვინც არ ემხრობა არც ერთ მხარეს; 2. ქვეყანა (ტერიტორია), სადაც საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით არ შეიძლება ომის წარმოება, სამხედრო ძალების განლაგება; 3. კონსტრუქციის გაანგარიშებისას ღერძი ან სიბრტყე, რომელიც ერთმანეთისაგან ყოფს ტანის გაჭიმულ და შეკუმშულ ნაწილებს (მაგ., გაღუნული კოჭის განივკვეთის ნეიტრალური შრე და სხვ.).

ნეიტრალური დაწნევა - მასალის ფორებში არსებული წყლის დაწნევა.

ნეიტრალური ფენა - ძელის ბოჭკოთა ფენა, რომლებიც არ იცვლიან თავის სიგრძეს ძელის ღუნვისას.

ნეიტრალური ღერძი - გაღუნული ძელის განივკვეთში მდებარე წრფე, რომლის გასწვრივაც ნორმალური ძაბვა ნულის ტოლია.

ნეიტრონი - ატომის ბირთვში შემავალი ნაწილაკი, რომელსაც არა აქვს ელექტრული მუხტი.

ნეკერჩხალი - 5...40 მ სიმაღლის ფოთოლმცვივანი ხე (ნახ. 1). შეიცავს 150-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ზონდის არქიპელაგის კუნძულებზე, ზომიერი და სუბტროპიკული ჰავის პირობებში, ნოყიერ და დაწრეტილ ნიადაგებზე. ზოგი ეგუება ნიადაგის სუსტ დამლაშებას. ყინვაგამძლე მცენარეა. კავკასიაში 11 სახეობაა, საქართველოში - 9. გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყელამდე. ნ. მერქანი მკვრივი, გამძლე და მაგარია, კარგად პრიალდება. სიმკვრივე 510...770 კგ/მ3. იყენებენ ავეჯის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად. გავრცელებული ჯიშებია: სოსნოვსკის, თათრული, ამერიკის წითელი, შაქრის, იფანფოთოლა, თათისებრი ნეკერჩხალი, მაღალმთის ბოყვი, ლეკა, აზიური „გინალა“ და სხვ. მშენებლობაში მისი გამოყენება შეზღუდულია სიძვირის გამო.

ნეკერჩხალი ქართული - ფოთლოვანი ხის ჯიში, სიმაღლით 5…15 მ, აქვს კოხტა, ლამაზი ვარჯი ხშირი ტოტებით; ფოთლები - მომწვანო, სამნაკვთიანი, წვრილი და ხორციანი, სწორად მდგომ მტევნისებურ ყვავილედებად შეკრული, მერქანი - მკვრივი და ლამაზი ტექსტურის. გავრცელებულია, ძირითადად, ქიზიყში (კახეთი) და ქვემო ქართლში. გამოიყენება ავეჯის, სპორტული იარაღის, საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, აგრეთვე, როგორც დეკორატიული ხე ბაღებისა და პარკების მოსაწყობად.

ნეკი (ინგლ.) - მაგმური ქანის სვეტისებრი სხეული, რომლითაც ამოვსებულია ვულკანის ყელი (ლავა, ტუფები, შერეული გენეზისის ბრექჩიები და სხვ.). გვხვდება აგრეთვე დედამიწის ზედაპირზე ექსტრუზივის სახით. განივკვეთში ნეკი მომრგვალოა, ოვალური ან დარღვეული გარშემოხაზულობის, რომლის ზომები რამდენიმე მეტრიდან 1,5 კმ-მდეა. ფხვიერი ვულკანური მასალის დამტვრევის შემდეგ ნ., ჩვეულებრივ ძლიერ არის სახეშეცვლილი პოსტმაგმატური აირჰიდროთერმებით. რბილ ქანებთან შეღწევის შემდეგ ნ. ეროზიის გავლენით იღებს სვეტისებურ ამონაწევს (ნახ. 1).

ნეკრესი - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი (IV-VI საუკუნე) ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი კახეთში (ნახ. 1). მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. ნ. სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. ნ. ეს უადრესი ეკლესია გეგმაში ზომით 4,6×3,8 მ, მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა, ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელშიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება. მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის საკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით, კუთხეებსა და ყველა კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ დეკორაციულ ელემენტს დასავლეთ ფასადზე გამოკვეთილი ჯვარი წარმოადგენს, აღმოსავლეთ ფასადზე კი, იმავე შირიმის წარბი სარკმლის თავზე. ინტერიერში მთავარი ეკლესია ღრმა საკურთხევლით სრულდება. მის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორუმებია განთავსებული (სამსხვერპლო და სადიაკვნე), ხოლო მათ გაგრძელებაზე, სიმეტრიულად, აპსიდებით დასრულებული გვერდითი "ეკლესიებია" მოცემული. ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული და ამ ტიპის ეკლესიათა ჩამოყალიებულ, კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ და თითქმის სრულადაა შემონახული ბაზილიკის ცენტალურ ეკლესიაში. აქ დაცულია ქართული და ნაწილობრივ ბერძნული ფრესკული წარწერები. ნ. გუმბათიანი ეკლესია განთავსებულია მონასტრის კომპლექსის დასავლეთ ნაწილში, იგი აღიქმება როგორც ანსამბლის კომპოზიციის დამასრულებელი წერტილი. დაახლოებით ამავე დროს, გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას აუგიათ გძელი, ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. სასახლის ოთახები ანფილადური წესით არის განლაგებული; პირველი სართულის მთავარ დარბაზში შემორჩენილია რვაწახნაგა სვეტი, რომელსაც ზედა სართულის იატაკის სისტემის მთავარი კოჭები ეყრდნობა. მოგვიანებით, ამ სვეტის ორივე მხარეს, კედელი ჩაუშენებიათ. სასახლის დარბაზში უამრავი ნიში და უზარმაზარი ბუხრებია მოწყობილი. სასახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანია მოწყობილი. მარნის თავზე XVI საუკუნეში ააშენეს ოთხასართულიანი ოთხკუთხა თავდაცვითი დანიშნულების მქონე კოშკი, რომელშიც მოხვედრა უშუალოდ მარნიდანაა შესაძლებელი. კოშკი მაღალია, სართულშუა გადახურვები ხისაა. ანსაბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით. შემოსასვლელი გალავანს სამხერთ-დასავლეთით ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში კომპლექსს მცირე ზომის, კოხტა დარბაზული სამლოველო შეემატა. ნ. მონასტერი საუკუნეთა განმავლობაში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.



ნეკროპოლი - პირდაპირ ნიშნავს «გარდაცვლილთა ქალაქს», სასაფლაო.

ნეკროპოლისი (ბერძ.) - ანტიკური ქალაქის განაპირას მოწყობილი სასაფლაო.

ნეო-ბაროკო - არქიტექტურის, მხატვრობისა და დეკორატიული ხელოვნების ქმნილებები, რომელშიც გამოყენებულია ბაროკოს სტილის მნიშვნელოვანი ასპექტები. ნ.-ბ. არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშებია: აშტონის მემორიალი (ლანკასტერი, ინგლისი); ბელოსელსკი-ბელოზერსკის სასახლე (ნახ. 1)(სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი); კრისტიანსბორგის სასახლე (კოპენჰაგენი, დანია); ორთაქის მეჩეთი (სტამბოლი, თურქეთი); გარნიეს სასახლე (პარიზის ოპერა, საფრანგეთი); ზემპერის ოპერა (ნახ. 2)(დრეზდენი, გერმანია); სცეჩენის სამკურნალო აბანო (ბუდაპეშტი, უნგრეთი); მოცეკვავე სახლი (ნახ. 3)(პრაღა, ჩეხეთი) და სხვ.

ნეო-კლასიკა - ნეოკლასიციზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია. ნ. ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი "მაღალ გემოვნებაში" მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო (ნახ. 1).

ნეოკლასიციზმი - ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. ის ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია. ნ. ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო. მშენებლობაში ნ. ნიმუშებია: პრადოს მუზეუმი მადრიდში (ესპანეთი),  შოტლანდიის სამეფო აკადემია (ნახ. 1), კანის მერია (საფრანგეთი), ყოფილი მთავარმართებლის სასახლე თბილისში (ნახ. 2) და სხვ.

ნეოლითი (ბერძ.) - ახალი ქვის ხანა; ქვის ხანის უკანასკნელი ეპოქა.

ნეონის ნათურა - სინათლის აირგანმუხტვადი წყარო, რომელშიც გამოყენებულია დაბალი წნევის ნეონის განმუხტვის გამოსხივება. გამოიყენება სასიგნალო, დეკორატიული და სარეკლამო განათებისათვის.

ნეოტექტონიკა - ტექტონიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის დედამიწის ნეოგენის და ანთროპოპოგენისდროინდელ ტექტონიკურ მოძრაობას; ეს მოძრაობა განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს თანამედროვე რელიეფის წარმოქმნაში.

ნეო… - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს „ახალს“.

ნერვიურა (ლათ.) - 1. კამარის გამობურცული წიბო; ნერვიურათა სისტემა ქმნის კარკასს; დამახასიათებელია გოთიკური ნაგებობათათვის (ნახ. 1); 2. გურტი; კამარის შიდა ზედაპირის დამანაწევრებელი დაპროფილებული ზოლი, წიბო.

ნეტო (იტალ.) - 1. საქონლის სუფთა მასა ტარის გარეშე; 2. პროდუქციის წმინდა მასა; 3. მოგების სიდიდე; 4. ბიუჯეტის მოცულობა დანაკარგების, გადარიცხვებისა და სხვა გამონაკლისებით.

ნეფელინი (ბერძ.) - ღია ნაცრისფერი ან მომწვანო ფერის სილიკატების კლასის მინერალი, რომელიც წარმოადგენს ტუტე ქანების ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს. მისგან მიიღება ალუმინი, სოდა, სილიკოგელი და სხვ. გამოიყენება ცემენტის და სასუქების წარმოებაში.

ნეფი - ბაზილიკური შენობის ერთ-ერთი გრძივი ნაწილთაგანი.

ნეფოსკოპი (ბერძ.) - ხელსაწყო, რომლითაც განსაზღვრავენ ღრუბელთა მოძრაობის სიჩქარეს და მიმართულებას.

ნეშომპალა (ჰუმუსი) - ნიადაგის ორგანული, ჩვეულებრივ, მუქად შეფერილი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილია მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად. მის შედგენილობაში შედის ჰუმინომჟავები (დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის ნაყოფიერებისათვის) და ფულვომჟავები (კრენისა და აპოკრენის). შეიცავს მცენარის კვებისათვის საჭირო ყველა ელემენტს, რომლებიც მიკროორგანიზმების ზემოქმედებით მცენარისათვის ადვილად შესათვისებელია. ნ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავმიწები. შედარებით მცირე რაოდენობითაა ეწერ და რუხ ნიადაგებში.

ნეჭა - სუფთად წნული ჭილობი.

ნიადაგთმცოდნეობა - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნიადაგებს.

ნიადაგი - 1. დედამიწის ქერქის ზედა შრე; 2. (გადატანით) რისამე საფუძველი, საყრდენი.

ნიავი - სუსტი, ნელი ქარი, სიო.

ნიაღვარი - მოვარდნილი წყალი; ჩნდება დიდი წვიმების ან უხვი თოვლის დნობის შედეგად.

ნიგროლი (ლათ.) - იყენებენ ავტომობილის, ტრაქტორის და სხვ. ბენზინისა და დიზელის ძრავების შესაზეთად. მიიღება ნავთობის გადამუშავებით.

ნიველირება (ნიველობა) - 1. დედამიწის ზედაპირის წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის დონესთან შედარებით; 2. ნიველირება - მოქმედებათა ერთობლიობა, ადგილზე წერტილთა შორის არსებული სიმაღლეთა სხვაობების განსაზღვრისათვის რაიმე პირობითი დონის მიმართ. ნ. აწარმოებენ თარაზული (ჰორიზონტალური) ან დახრილი სვლით ან ფიზიკური მეთოდებით: 1. თარაზული (ჰორიზონტალური) სხივით ნიველირება (ნახ. 1) სრულდება ვატერპასით ან ნიველირით. პირველ შემთხვევაში იყენებენ ლარტყას შვეულითა და თარაზოთი. ნიველირთან ერთად კი საჭიროა ორი ერთნაირი სანიველირე ლარტყა. ნიველირს აყენებენ ორ წერტილს შორის და საზღვრავენ h აღმატებას ფორმულით: h = a+b, სადაც a და b არის ანათვლები უკანა და წინა ლარტყაზე. ვინაიდან ინსტრუმენტი ლარტყებიდან ტოლ მანძილზეა დაყენებული, აღმატების განსაზღვრაზე გავლენას არ ახდენს დედამიწის სიმრუდის, რეფრაქციისა და ინსტრუმენტის შეცდომები. იმ შემთხვევაში, როცა წერტილებს შორის მანძილი დიდია, მათ შორის დაბრკოლებაა ან მანძილი მოკლეა, მაგრამ დიდია დაქანება, საჭირო ხდება რთული ნ. შესრულება (ინსტრუმენტის რამდენჯერმე გადადგმა); 2. დახრილი სხივით ნიველირება სრულდება თეოდოლიტით ან კიპრეგელით. წერტილთა შორის არსებული სიმაღლეთა სხვაობა (აღმატება) განისაზღვრება ფორმულით: h = L0∙tgD+i-v+f , სადაც L0 არის წერტილთა შორის ხაზების ქვედებული; D - თეოდოლიტის ჭოგრის სამიზნის ღერძის დახრის კუთხე; i - ინსტრუმენტის სიმაღლე; v - ლარტყის სიმაღლე მისი ფუძიდან დამიზნების წერტილამდე; f - დედამიწის სიმრუდისა და რეფრაქციის გავლენა, რომელიც გამოითვლება ფორმულით: ƒ = (1 – k)∙L0/2R, სადაც k არის რეფრაქციის კოეფიციენტი; R - დედამიწის რადიუსი (R = 6380 კმ); L0 - ის განსაზღვრა შეიძლება ტრიგონომეტრიული წესით, მექანიკური გაზომვით ან მანძილმზომით; 3. ფიზიკური მეთოდით ნიველირება სრულდება ჰიდროსტატიკური ნიველირებით ან ბარომეტრით. პირველ შემთხვევაში აღმატებები განისაზღვრება ჰიდროსტატიკური ნიველირების მილაკიანი ლარტყების შკალებზე ანათვლების სხვაობით, ხოლო მეორე შემთხვევაში მიმართავენ ბარომეტრულ ნიველირებას; 3. გადატ. განსხვავების მოსპობა, გათანაბრება.

ნიველირი (ფრანგ.) - გეოდეზიური ოპტიკური ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს ტერიტორიის ნიველირება - ვერტიკალური გეგმარება, აგრეთვე ხაზებისა და სიბრტყეების საჭირო დახრის კუთხით დაკვალვა. იგი შეუცვლელი ხელსაწყოა მშენებლობაში. არსებობს ოპტკური და ლაზერული ნ. ოპტიკური (ნახ. 1, ოპტიკური ნიველირი) - მომარჯვებულია გამადიდებელი ლინზებიანი ობიექტივით და გრადუსებად დაყოფილი მბრუნავი ლიმბით. მას ძირითადად იყენებენ გაშლილი ადგილების ნიველირებისათვის. ეს ხელსაწყო შეიძლება იყოს ზუსტი (ტექნიკური) ან მაღალი სიზუსტის. ზუსტი (ტექნიკური) ნ. დასამზერი ჭოგრიტი წარმოადგენს მილს პირდაპირი გამოსახულებით, ხოლო მაღალი სიზუსტის - პირდაპირი და შებრუნებული გამოსახულებით, რაც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ ანათვლების აღება დიდი სიზუსტით. ლაზერულ ნიველირს (ნახ. 2, ლაზერული ნიველირი) აქვს მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ახდენს ლაზერის სხივის პროექტირებას სიბრტყეზე, რაც საშუალებას გვაძლევს ზომები დავიტანოთ კედლებზე, ჭერზე, იატაკზე როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ. აქვს სხივების ორი ან მეტი მიმართულება (ვერტიკალური და ჰორიზონტალური - აუცილებლად).

ნივთი - 1. უსულო საგანი, ჩვეულებრივ ადამიანის ხელით გაკეთებული; 2. ყოველი საგანი, რაც გრძნობის ორგანოებით აღიქმება.

ნივთიერ წერტილთა სისტემა - იხ. მექანიკური სისტემა.

ნივთიერება - ქიმიური მატერიის ფორმა, სუბსტანცია, რომელიც ყველგან გვხვდება. ნ. შეიძლება იყოს - ბუნებრივი მაგ., წყალი, ჟანგბადი; ასევე ხელოვნური - მაგ., კაპრონი, პოლიპროპილენი და სხვ. დღეისათვის ცნობილია ათ მილიონზე მეტი ნ. და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ერთ ნაწილს ბუნებაში პოულობენ, მეორეს კი ადამიანი ღებულობს სინთეზით. ნ. რომელიც გამოიყენება საგნების, ფიზიკური სხეულების დასამზადებლად მასალას უწოდებენ. ჩვენს ირგვლივ უამრავი სხეულია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით, ფერით, სიდიდით და სხვა თვისებებით. მაგრამ ისინი შეიძლება ერთი და იგივე მასალისაგან იყვნენ დამზადებული. მაგ., ხის კოვზი, ხის მაგიდა და სხვა ხის საგნები (სხეულები) შედგებიან ერთი და იგივე - ხის მასალისაგან, ხოლო მთავარი ნ. რაც წარმოქმნის ხეს არის - ცელულოზა. აღსანიშნავია რომ ძალიან ხშირად ნ. და მასალის (რისგანაც შედგება სხეული) სახელი ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ნ. რისგანაც ამზადებენ რამეს, წარმოადგენს მასალას. ასე რომ რკინის ჩაქუჩი, განსხვავდება სიდიდითა და ფორმით ლურსმნისაგან, მავთულისაგან და სხვა რკინის სხეულებისაგან; მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ეს რკინის საგანი ერთმანეთის მსგავსია, იმით რომ დამზადებულნი არიან ერთი და იგივე მასალისაგან - რკინისაგან და ერთი და იგივე ნ. - რკინისაგან. რკინის ლურსმანი, სპილენძის ფირფიტა და ალუმინის მავთული - ფიზიკური სხეულებია. რკინა, სპილენძი და ალუმინი - მასალებია, რისგანაც დამზადებულია ეს სხეულები და ამასთანავე არიან ნ. არსებობს მარტივი და რთული ნ., რომელთაც განასხვავებენ ერთმანეთისაგან ფიზიკური და ქიმიური თვისებებით. ფიზიკურ თვისებებს მიეკუთვნება: ფერი, ბზინვარება, სუნი, გემო და ასე შემდეგ. ეს თვისებები ვლინდება უშუალო დაკვირვების დროს. მაგ., სპილენძი შესაძლებელია გარჩეულ იქნას სხვა ნ. მისი ბზინვარებით და ფერით. ზოგი ნ. ადვილი გასარჩევია სუნით (ნიშადურის სპირტი, ძმარი) ან გემოთი (მარილი). აღსანიშნავია რომ ყველა ფიზიკურ თვისებას ვერ განვსაზღვრავთ გრძნობათა ორგანოებით, ამიტომაც მათ განსაზღვრავენ ხელსაწყოების საშუალებით - ესენია: დუღილის ტემპერატურა, დნობის ტემპერატურა, სიმკვრივე, სიმტკიცე, ელექტროგამტარობა, თბოგამტარობა და სხვ. ნ. ქიმიური თვისებები ვლინდება უშუალოდ ერთი ნივთიერებიდან მეორეზე გარდაქმნისას. ჟანგბადის უნარი ხელი შეუწყოს წვის პროცესს არის მისი ქიმიური თვისება.

ნივთიერება მარტივი - ნივთიერება, რომელიც შედგება ერთი ელემენტის ატომებისაგან.

ნივთიერება რთული - ნივთიერება, რომლის ატომგულები სხვადასხვა სახის ატომებისაგან შედგება. ასეთ ნ.რ. ქიმიურ ნაერთსაც უწოდებენ.

ნივთიერება ცილოვანი - ორგანული ნივთიერება, რომელიც ნახშირწყლებს, წყალბადს, ჟანგბადს, აზოტს, გოგირდს, ზოგჯერ ფოსფორს და სხვა ელემენტებს შეიცავს.

ნივთიერი (მატერიალური) სხეული - ნივთიერ წერტილთა ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ცნობილი მთლიანი წირი, ზედაპირი ან სხეული.

ნივთიერი (მატერიალური) წერტილი - სხეული, რომლის განზომილებები მოცემულ შემთხვევაში შეიძლება უგულებელვყოთ.

ნივნივი - 1. ერთი იმ ორ დახრილ ძელთაგან, რომლებიც ზედა ბოლოთი ერთმანეთთან არიან შეერთებული, ხოლო ქვედა ბოლოებით კედელს ეყრდნობიან და ქმნიან სახურავის ჩონჩხს; 2. დახრილი სახურავის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც თავის თავზე ღებულობს სახურავის წონას, აგრეთვე თოვლისა და ქარის დატვირთვებს; 3. ძვ. სართულის გარდანაჭდობი.

ნივნივის ფეხი - სახურავის კონსტრუქციის ელემენტი, რომელიც ქვედა ბოლოთი დამაგრებულია საპირისპირო ნივნივის ფეხის კუთხესთან.

ნივნივსქვეშა ძელი - ძელი, რომელშიც შეჭრილია ნივნივსქვეშა ფეხების ქვედა ბოლოები.

ნიკელი (გერმ.) - მოვერცხლისფრო-თეთრი მბზინვარე ლითონი მცირე ოქროსფერი შეფერილობით. აღინიშნება სიმბოლოთი Ni. ნ. კოროზიისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, რის გამოც მას იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად, მონეტების წარმოებაში, მაგნიტებსა და მრავალი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოსა თუ ნივთის დასამზადებლად, ნიკელიანი და ქრომნიკელიანი ფოლადის წარმოებაში, სპილენძთან, რკინასთან, ალუმინთან სხვადასხვა შენადნობის წარმოებაში; ცხიმების ჰიდროგენიზაციის პროცესში კატალიზატორად, აკუმულატორების წარმოებაში და სხვ.

ნიკელინი (გერმ.) - სპილენძის შენადნობი ნიკელთან (25...35% Ni). შეიცავს მანგანუმის, რკინის, თუთიის მინარევებს. ხასიათდება მაღალი ელექტროწინაღობით. გამოიყენება რეოსტატების და სხვ. ელექტროხელსაწყოების დასამზადებლად.

ნიკელის შენადნობები - შენადნობები ნიკელის საუძველზე ქრომის, მოლიბდენის, ვოლფრამის, კობალტის, ალუმინის, ტიტანის და სხვა ელემენტების დანამატით. გამოირჩევა მხურვალ- და კოროზიამედეგობით, მაღალი ელექტროწინაღობით და სხვ. გამოიყენება ქიმიური აპარატურის შედუღებებში, რომლებსაც მუშაობა უხდებათ მძიმე პირობებში (თხევადი ქლორის, კაუსტიკური სოდის, სოდის წარმოება; დაჟანგვა-აღდგენის პროცესები და სხვ.

ნიკორწმინდა - გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის რაიონის სოფ. ნიკორწმინდაში (ნახ. 1). აგებულ იქნა საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით რაჭის საერისთავოს შექმნის აღსანიშნავად, რომელიც შემდეგ ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. ნ. ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნ. დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა (ნახ. 2, ფასადის ფრაგმენტი). ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია, რაც იშვიათი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. ეკლესია ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. ტაძრის ექსტერიერი რთულია. ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ნ. ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია ფერისცვალების სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.

ნიმუში (სპარს.) - საჩვენებლი ან სასინჯი, საცდელი ნაწარმი, რომელიც ამა თუ იმ სახის დეტალის (ნაკეთობის) ბაზად ან ეტალონად მიიღება; სახეობა, ფორმა რისამე.

ნიმფეი - 1. ბუნების ძალების განმასახიერებელი, ანტიკური ქალღმერთებისადმი, ნიმფებისადმი მიძღვნილი ნაგებობა (შადრევანის, აუზის სახით); 2. კედელში ან ხელოვნურ მღვიმეში მოთავსებული შადრევნებისა და სხვადასხვა არქიტექტურული კაზმულობის სისტემა (ნახ. 1. ნიმფეი: დიდი შადრევნის სახლი, ძვ.წ. II საუკუნე, პომპეი, იტალია).

ნიმფეონი (ბერძ.) - ანტიკურ არქიტექტურაში - ნიმფების სახელობაზე აგებული ტაძარი

ნიპელი (ინგლ.) - ლითონის მილაკი, რომელსაც ორივე ბოლოზე ხრახნი აქვს. იყენებენ მილების, მილსადენებისა და მისთ. გადასაბმელად.

ნიჟარა - 1. სხვადასხვა ზომისა და ფორმის სიცარიელე მასალებში, რომელიც წარმოიქმნება ზოდის შიგნით ან ზედაპირზე; 2. სამზარეულოს (ტუალეტის) თეფშისებრი აქსესუარი, რომელიც გამოიყენება ხელ-პირის დასაბანად და მცირე ზომის საგნების გასარეცხად (ნახ. 1). არსებობს კერამიკული, ფაიფურის, ლითონის, პლასტმასის და სხვ. მასალებისაგან დამზადებული ნ.

ნიჟარქვა - ფოროვანი კირქვა, თითქმის მთლიანად შემდგარი მთელი ან დამსხვრეული ზღვის ორგანიზმების ნიჟარებისაგან. გამოიყენება მშენებლობაში.

ნისლი - ჰაერი, რომელიც აეროზოლის სახით შეიცავს წყლის უწვრილეს წვეთებს. წარმოიქმნება ჰაერში გადაჯერებული წყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად.

ნიტრატები - აზოტმჟავას მარილები; იყენებენ აზოტიან სასუქად, ფეთქებად ნივთიერებათა წარმოებაში, საღებავების დასამზადებლად და სხვ.

ნიტრიდები - აზოტის ნაერთები ელექტროდადებით ელემენტებთან, უმთავრესად ლითონებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანის ბორის ნიტრიდები. მათთვის დამახასიათებელია მაღალი ქიმიური მდგრადობა, მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, სიმტკიცე და სხვ.

ნიტრიფიკაცია - ჰერმეტულ რეზერვუარებში ჩამდინარე წყლების გაწმენდა, აქტიური ლამის გამოყენებით.

ნიტროგლიცერინი - თხევადი ზეთოვანი ნივთიერება, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას ნაერთი გლიცერინთან; გამოიყენება, როგორც ფეთქებადი ნივთიერება და როგორც სამკურნალო პრეპარატი (უმცირესი დოზებით) სისხლძარღვების გასაფართოებლად.

ნიტროემალი (ნიტრომინანქარი) - საღებავი ნიტროლაქის საფუძველზე. გამოიყენება ლითონის, ხის, ქსოვილის და ტყავის შესაღებად.

ნიტროლაქი - ლაქი ცელულოზის ნიტრატის საფუძველზე. გამოიყენება ლითონისა და ხის ზედაპირების შესაღებად, აგრეთვე ნახევარფაბრიკატად ნიტროემალების წარმოებაში.

ნიტრომეტრი (ბერძ.) - ხელსაწყო აზოტის შემცველობის გასარკვევად მის ჟანგეულებში.

ნიტროსაღებავები - საღებავები ნიტროლაქების საფუძველზე. ქმნიან დეკორატიულ საფარვლებს. ძირითადად გამოიყენება ავეჯის წარმოებაში და ტყავეულის შესაღებად.

ნიტროცემენტაცია - ფოლადის და თუჯის ქიმიურ-თერმული დამუშავების სახეობა, რაც გამოიხატება ლითონის ზედაპირის დიფუზურ გაჯერებაში აზოტითა და ნახშირბადით აირად გარემოში 500...7000C (დაბალტემპერატურული) ან 840...9300C (მაღალტემპერატურული) ტემპერატურის პირობებში. ამაღლებს ლითონის ცვეთა- და კოროზიამედეგობას, დაღლილობით და კონტაქტურ სიმტკიცეს. არსებობს იონური, ვაკუუმური, გაზური ნ. გამოიყენება მანქანათა დეტალების საიმედოობის გაზრდისათვის.

ნიტრო… (ბერძ.) - რთულის სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ამ სიტყვების კავშირს აზოტთან.

ნიუტონი - ერთეულთა საერთაშორისო სისტემის (Si) ძალის ერთეული; უდრის ძალას, რომელიც 1კგ მასის სხეულს ანიჭებს 1 მ/წმ2 აჩქარებას. ეს სახელი ეწოდა ი. ნიუტონის პატივსაცემად. ქართულად ასე აღინიშნება - ნ; საერთაშორისო აღნიშვნაა - N. 1 ნ = 0,102 კგძ (კილოგრამ-ძალა).

ნიუტონის კანონები (მექანიკისა) - სამი კანონი, რომლებიც საფუძვლად უდევს კლასიკურ მექანიკას. კლასიკურ მექანიკაში მიღებულია დაშვება, რომ არსებობს ათვლის აბსოლუტურად უძრავი სისტემა, რომლის მიმართაც მართებულია შემდეგი ძირითადი კანონები (გალილეი - ნიუტონის კანონები): პირველი კანონი (ინერციის კანონი): თუ ნივთიერ წერტილზე არავითარი ძალა არ მოქმედებს, მაშინ ეს წერტილი წონასწორობაშია (უძრავია ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად). მათემატიკურად ასე ჩაიწერება: თუ ნივთიერ წერტილზე მოქმედი ძალა F = 0, მაშინ წერტილის სიჩქარე v = const (კერძოდ, შესაძლებელია v = 0). ათვლის სისტემას, რომელშიც სამართლიანია ეს კანონი, ათვლის ინერციული სისტემა ეწოდება. მეორე კანონი (დინამიკის ძირითადი კანონი): ნივთიერ წერტილზე მოქმედი (F ) ძალა მას ანიჭებს აჩქარებას (a), რომელსაც ძალის მიმართულება აქვს და სიდიდით ძალის მოდულის პროპორციულია. მათემატიკურად ასე ჩაიწერება : F = ma, სადაც m - პროპორციულობის კოეფიციენტია. მას ინერტულ მასას უწოდებენ. ეს კანონი გამოხატავს დამოკიდებულებას ნივთიერ წერტილზე მოქმედ ძალასა და მის მიერ მინიჭებულ აჩქარებას შორის. მესამე კანონი (ქმედებისა და უკუქმედების ტოლობა): ძალები, რომლებითაც ურთიერთმოქმედებს ორი ნივთიერი წერტილი, სიდიდით ტოლნი არიან და ამ წერტილების შემაერთებელი წრფის გასწვრივ ურთიერთსაწინააღმდეგოდ არიან მიმართულნი. მათემატიკურად ასე ჩაიწერება F = − F. ეს კანონები, რომლებიც ნიუტონმა ჩამოაყალიბა 1687 წელს, არის გალილეის, ჰიუგენსის, თვით ნიუტონის და სხვათა მრავალი დაკვირვების, ცდების და თეორიული კვლევის შედეგი. დღეისათვის ნიუტონის კანონები მართებული აღარ არის ძალიან მცირე ზომის ობიექტების (ელემენტარული ნაწილაკების) მოძრაობისათვის და სინათლის სიჩქარეს მიახლოებული სიჩქარეებით მოძრაობისას.

ნიქოზი (ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია) - კომპლექსი გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსში შედის ოთხი სხვადასხვა დროის ნაგებობა: ღვთაების ეკლესია (ნახ. 1), სამრეკლო, ეპისკოპოსის სასახლე და გალავანი. ღვთაების ეკლესია აგებულია V-VI საუკუნეებში ვახტანგ გორგასლის დაკვეთით. ნაგებობა თავდაპირველად სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა. ეკლესია ამჟამად ჯვარ-გუმბათოვანია (16,7×11,15 მ), შიგნით და გარეთ შემოსილია თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით (ამოქოლილია) აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავი დანარჩენთან შედარებით დაგრძელებულია. ოთხივე მკლავში თითო სარკმელია. საკურთხევლის აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსი მართკუთხაა. აფსიდის წინ ღრმა ბემაა, რომელიც გვერდებზე დიდი თაღებითაა გახსნილი. დასავლეთის მკლავი კამარით გადახურულ გვერდის ნავებს უკავშირდება შეისრული თაღით. გუმბათი აღმოსავლეთ კედლის კუთხეებსა და დასავლეთის კედლის დიდ შვერილ პილონებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში რვა სარკმელია, რომლებიც ჩუქურთმებითაა დამშვენებული. იატაკისათვის გამოყენებულია ნატეხი ქვა და ძველი ქართული აგური. ფასადებზე ძნელად გასარჩევი ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერებია. სამრეკლო დგას გალავნის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ნაგებობა ორსართულიანია (5,45×5,35 მ), ფასადები შემოსილია რუხი ფერის თლილი ქვით. დასავლეთის კედელზე ჯვრის სამი გამოსახულებაა. ეპისკოპოსის სასახლე დგას გალავნის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება IX-X საუკუნეებით. სასახლე გეგმით მართკუთხაა (11,2×21 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვითა და აგურით.

ნიქრომი - ნიკელის (60...80%) შენადნობი ქრომთან (10...25%). გამოირჩევა მხურვალმედეგობით და მაღალი ელექტროწინაღობით. ნ. მავთული გამოიყენება რეოსტატების და სხვადასხვა გამხურებელი ხელსაწყოების დასამზადებლად.

ნიშადური (ამონიუმის ქლორიდი) - თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის კრისტალური ნივთიერება, რომელიც ამიაკისა და უწყლო მარილმჟავას ურთიერთქმედებით მიიღება. კარგად იხსნება წყალში. ტექნიკური პროდუქტი შეიცავს 98...99% ამონიუმის ქლორიდს და 1...2% ტენს. მრეწველობაში ნ. ღებულობენ, როგორც თანაპროდუქტს ამიაკური ხერხით სოდის წარმოებისას. ნ. იყენებენ მშრალი გალვანური ელემენტების წარმოებაში, მოკალვისა და რჩილვისას, ხის გადამამუშავებელ კომბინატებში კარბამიდის ფისების გასამყარებლად მაღალ ტემპერატურაზე, აგრეთვე მედიცინაში.

ნიშანი (სპარს.) - 1. პირობითი გამოსახულება; რისამე სიმბოლო; 2. საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი, სხვა საგნების ან მოვლენებისაგან განმასხვავებელი თვისება; 3. დაღი, კვალი, ნაჭრილობევი; 4. ლითონის ან პლასტმასის პატარა ზომის საგანი სხვადასხვა მოყვანილობისა, უპირატესად მკერდზე სატარებელი, რომელზედაც რაიმე გამოსახულებაა; 5. მუქი ფერის (ყავისფერი, შავი, მწვანე) წერტილი.

ნიჩაბი - სამუშაო იარაღი მიწის, ბალასტის და სხვა ნაყარი და ფხვიერი მასალის ასაღებად (გადაყრა ნაყარში, დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაზე და სხვ.). ცნობილია ხელის და მექანიკური ნიჩბები. პრაქტიკაში დამკვიდრებულია და პირობითად უწოდებენ ერთციცხვიან ექსკავატორებს ნიჩბებიანს – პირდაპირი და უკუნიჩბით.

ნიხრი - იხ. პრეისკურანტი.

ნოვატორი (ლათ.) - ადამიანი, რომელსაც სიახლე შეაქვს რაიმე დარგში.

ნოვაცია (ლათ.) - ვალდებულების გაუქმება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მისი ახალი ვალდებულებით შეცვლის გზით; განახლება, ცვლილება.

ნოლი (ნული) - 1. ციფრობრივი ნიშანი 0, ცალკე აღნიშნავს სიდიდის არარსებობას, ხოლო რაიმე რიცხვს მიწერილი მარჯვნივ - ზრდის მას ათჯერ; 2. პირობითი სიდიდე, რომელთან მიმართებითაც იანგარიშება რისამე ტემპერატურა.

ნომენკლატურა (ლათ.) - 1. სია ტერმინთა და სახელწოდებათა, რომლებიც იხმარება მეცნიერების, ხელოვნების, წარმოების და სხვათა ამა თუ იმ დარგში; 2. მუშაკების ერთობლიობა, რომლებიც პერსონალურად ინიშნებიან თანამდებობებზე უმაღლესი ინსტანციის მიერ.

ნომერი (ფრანგ.) - 1. ნატურალური რიცხვი, რომელიც შეესაბამება მიმდევრობის მოცემულ ელემენტს; 2. ცალკე სადგომი სასტუმროში, აბანოში; 3. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის სიდიდის პირობითი აღნიშვნა.

ნომინალი (ლათ.) - ღირებულება, რომელიც აღნიშნულია ფასიან ქაღალდებზე, ქაღალდის ფულის ნიშნებზე, საქონელზე.

ნომინალური საქონელი - საქონელი, რომელზეც მოთხოვნა იზრდება სამომხმარებლო შემოსავლების ზრდასთან ერთად.

ნომინალური ღირებულება - ღირებულება, რომელზეც მოთხოვნა იზრდება სამომხმარებლო შემოსავლების ზრდასთან ერთად.

ნომინალური ძაბვა - ძაბვა ან ძაბვის დიაპაზონი, მითითებული მწარმოებლის მიერ, რომლის დროს ესა თუ ის მანქანა-დანადგარი ნორმალურად მუშაობს.

ნომინალური წნევა - გაზის სტატიკური წნევა შესაბამისი დანადგარზე მიყვანილი თბური სიმძლავრისა, როცა დანადგარი მუშაობს ეტალონურ გაზზე.

ნომოგრამა (ბერძ.) - გეომეტრიულ სიდიდეთა გრაფიკი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა გაანგარიშების დროს.

ნომოგრაფია (ბერძ.) - მათემატიკის ნაწილი, რომელიც აერთიანებს ნომოგრამების აგების თეორიასა და პრაქტიკულ მეთოდებს.

ნორდ-ვესტი (გერმ.) - 1. ჩრდილო-დასავლეთი; 2. ჩრდილო-დასავლეთის ქარი.

ნორდ-ოსტი (გერმ.) - 1. ჩრდილო-აღმოსავლეთი; 2. ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი.

ნორდი (გერმ.) - 1; ჩრდილოეთი; 2. ჩრდილოეთის ქარი.

ნორია (ესპ.) - უწყვეტი მოქმედების ამწევი მოწყობილობა - დაუსრულებელი ჯაჭვი ან ლენტი, რომელზედაც ჩამოკიდებულია ჩამჩები, დოქები, სათლები და მისთ. განკუთვნილია სითხეებისა და ფხვიერი მასალების გადასაზიდად 25 მეტრამდე სიმაღლეზე. იყენებენ ასევე წყლის ასაზიდად მცირე აკვედუკებში, მოსარწყავად, ან სხვა მიზნებისთვის (ნახ. 1).

ნორმა - 1. მიღებული, დადგენილი წესი (მაგ., სალიტერატურო ენის ნორმა); 2. დაწესებული რაოდენობა (მაგ., მუშაობის ნორმა); 3. საშუალო, ჩვეულებრივი რაოდენობა (მაგ., ტემპერატურის ნორმა).

ნორმა მასალის ხარჯის - ერთეული პროდუქციის გამოსაშვებად საჭირო მასალის დადგენილი, ოპტიმალური რაოდენობა (მაგ., 1 მ3 დახერხილი მასალის მისაღებად დადგენილი სახერხი ნედლეულის ნორმა).

ნორმა მომსახურების - დეტალის, ნაკეთობის და მისთ. ნორმალური მუშაობისათვის განკუთვნილი დრო.

ნორმა-საათი - შრომატევადობის საზომი ერთეული.

ნორმაიზოლი - ქიმიურად ნაქსოვი პოლიეთილენის ქაფი, დაფარული ალუმინის კილიტით (ფოლგით), რაც უზრუნველყოფს თბომაგნიტური ტალღების 97%-ით არეკვლას. გამოდის სამი სახის: 1) ერთ მხარეს დაფარული ალუმინის კილიტით - გამოყენების ძირითადი სფეროა სახურავების თბოიზოლაცია, თბოგამტარობა 0,7-0,8 ვტ/(მ•კ); 2) ორივე მხარეს დაფარული ალუმინის კილიტით - გამოყენების სფეროა: სახურავები, კედლები და ე.წ. თბილი იატაკი, თბოგამტარობა 1,2...1,4 ვტ/(მ•კ); 3. ერთი მხარე დაფარულია კილიტით, მეორეზე აქვს წებვადი ზედაპირი - გამოიყენება მილების, მილგაყვანილობების, ფოლადის კონსტრუქციების თბოიზოლაციისათვის, თბოგამტარობა 2,1...2,4 ვტ/(მ•კ).

ნორმალე - საექსპორტო დანიშნულების წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან დამზადებული მასალა - ფართე ფიცრები (სიგანით 179...300 მმ).

ნორმალი (ლათ.) - წირის (ზედაპირის) ნორმალი მოცემულ წერტილში ეწოდება წრფეს, რომელიც გადის ამ წერტილზე და პერპენდიკულარულია ამავე წერტილზე გამავალი მხები წრფისა (მხები სიბრტყისა) (ნახ. 1). ნორმალს, რომელიც მდებარეობს წირის მიმხებ სიბრტყეში, ეწოდება მთავარი ნორმალი, ხოლო ნორმალს, რომელიც მიმხები სიბრტყის პერპენდიკულარულია - ბინორმალი. წირის მხები, მთავარი ნორმალი და ბინორმალი ერთად ქმნიან წირის მოძრავ ტრიედრს (ბუნებრივ სამღერძს).

ნორმალი დარტყმის - იხ. დარტყმის ნორმალი.

ნორმალიზაცია ფოლადის - ფოლადის თერმული დამუშავება გახურებით 750...9500C ტემპერატურაზე, რაც აუმჯობესებს მის მექანიკურ თვისებებს. გახურების შემდეგ მას აყოვნებენ და შემდგომ ჰაერზე აცივებენ. ფოლადი ადვილად დამუშავებადი ხდება. ნორმალიზაცია ხშირად წინ უსწრებს წრთობას.

ნორმალიზება - 1. ნორმასთან მიახლოება, ნორმისადმი დაქვემდებარება; 2. ფოლადის თერმული დამუშავების სახე, რომელიც მდგომარეობს გახურებაში (ზედა კრიტიკული წერტილის ზევით), დაყოვნებაში და შემდგომ ჰაერზე გაცივებაში. მიზანი - რკინის შენადნობებისათვის ერთგვაროვანი წვრილმარცვლოვანი სტრუქტურის მიცემა, პლასტიკურობისა და დარტყმითი სიბლანტის ასამაღლებლად.

ნორმალური (ლათ.) - ჩვეულებრივი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

ნორმალური რეაქცია - სხეულის ზედაპირის პერპენდიკულარული რეაქცია.

ნორმალური სათავსი - მშრალი სათავსი, სადაც არ აღინიშნება ცხელი, მტვრიანი და ქიმიურად აქტიური გარემოს ნიშნები.

ნორმალური ხსნარი - ხსნარი, რომელიც შეიცავს ნივთიერების ერთ გრამ-ექვივალენტს 1 ლ-ში; ხსნარები, რომლებიც 1 ლ-ში შეიცავენ გრამ-ექვივალენტის მეათედ, მეასედ და ა.შ. ნაწილს, არის დეცინორმალური, სანტინორმალური და ა.შ.

ნორმატივი (ლათ.) - 1. უნივერსალური, ფართოდ გავრცელებული ნორმა; 2. ეკონომიკური ან ტექნიკური მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც სრულდება სამუშაო.

ნორმატიული - 1. რასაც ნორმატივის საშუალებით ადგენენ  (ნორმატიული წინაღობა, ნორმატიული დატვირთვა და სხვ.); 2. რაც ნორმას განსაზღვრავს.

ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი - ქვეყნის ტერიტორიული განვითარების სქემები, დასახლებული პუნქტების გენერალური გეგმები, საწარმოო, სამეურნეო და სხვა ფუნქციური ზონების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, სამშენებლო ნორმები, წესები და სტანდარტები, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული საპროექტო დოკუმენტაცია.

ნორმირება - რაიმე ზღვრის, შეზღუდვების დადგენა, ნორმის შემოტანა.

ნოტარიატი - საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება

ნოტარიუსი (ლათ.) - სანოტარო საქმიანობის (სხვადასხვაგვარი იურიდიული აქტების, საქმიანი გარიგებების, ხელშეკრულებების დამოწმება-გაფორმება და სხვ.) განმახორციელებელი სპეციალურად უფლებამოსილი პირი, სახელმწიფო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი კონკურსის წესით.

ნოუ-ჰაუ (ინგლ) - 1. ტექნიკური, კომერციული, საწარმოო, საფინანსო, ადმინისტრაციული და სხვა ცოდნის ერთობლიობა გაფორმებული ტექნიკური დოკუმენტაციის სახით, გამოხატული სასარგებლო ჩვევებით, გამოცდილებით, რაც საჭიროა ამა თუ იმ წარმოების ორგანიზაციისათვის. პრაქტიკულად გამოიყენება საწარმოო ან პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამავე დროს რაიმე მიზეზის გამო არ არის დაპატენტებული; 2. საწარმოო-კომერციული საიდუმლო, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით. ნ-ჰ. განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1105).

ნოუთბუქი - პორტატიული მიკროკომპიუტერი.

ნოქალაქევი - ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის რაიონის სოფ. ნაქალაქევში, მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ადრინდელ ქართულ ქრონიკებში ნოქალაქევს ციხეგოჯს (ქუჯის ციხეს) უწოდებდნენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპიროვებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ქალაქი 3 ნაწილისაგან შედგებოდა (საერთო ფართობი 15 ჰა) და გალავნით იყო გარშემორტყმული (ნახ. 1; ნოქალაქევის აღმოსავლეთ კარიბჭე). მთავარი ნაწილი განლაგებული იყო მდინარის ნაპირას, გარნიზონის სამყოფელი მდებარეობდა ფერდობზე, ხოლო შიდა ციხე (ციტადელი) - მთის წვერზე. ქვედა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ეგრისის მეფეთა IV საუკუნის სასახლისა და V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. ციტადელის ეზოში ადრინდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის დარბაზული ტიპის ორმოც მოწამეთა ეკლესია დგას (ნახ. 2). ნ. ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლით მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა. ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქს აუღებელ ციხე-სიმაგრედ აქცევდა.

ნოქვი - ძვ. ძნელად სავალი გზა.

ნოხი (ხალიჩა, ხალი) - ნაკეთობა მძიმე ხაოიანი ქსოვილისაგან. გამოიყენება იატაკზე დასაფენად, კედლის მოსართველად.

ნუკლეარული - ოჯახის ტიპი, სადაც მთავარი ბირთვი დაუშლელია (ცოლ-ქმარი).

ნული - იგივეა, რაც ნოლი.

ნულიფიკაცია (ლათ.) - ძალის, მნიშვნელობის დაკარგვა, გაუქმება რისამე.

ნულოვანი ნიშნული - შენობა-ნაგებობის საკონტროლო ნიშნული, რომელიც წარმოადგენს მიწისპირა ან პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ნიშნულს.

ნულოვანი ციკლი - მშენებლობაში გავრცელებული ტერმინი (ნორმატიულ დოკუმენტებში არარსებული), რომელიც სამშენებლო ობიექტზე მოსამზადებელ სამუშაოებს აღნიშნავს (საძირკვლის ფუძიდან პირველი სართულის იატაკამდე).

ნუმერატორი (ლათ.) - 1. აპარატი, რომლითაც მიყოლებით იბეჭდება რიგითი ნომრები ბილეთებზე, კუპონებზე და მისთანებზე; 2. ელექტროზართან არსებული მოწყობილობა, რომელიც აჩვენებს ნომერს იმ ადგილისას, საიდანაც ზარს იძლევიან; 3. პატარა სატელეფონო კომუტატორი; 4. აპარატი, რომლითაც ფიქსირდება გამოცდილი ნიმუშების რაოდენობა ლაბორატორიის პირობებში.

ნუმერაცია (ლათ.) - 1. რიცხვების დასახელებისა და აღნიშვნების ხერხების ერთობლიობა; 2. მიმდევრობით დალაგებული საგნების რიგის ციფრული აღნიშვნა.მათემატიკის განვითარების ისტორიაში სხვადასხვა ხალხისათვის ცნობილი იყო სხვადასხვა ნუმერაცია: რომაული, არაბული (გადმოვიდა ინდოეთიდან) და სხვ.ნუმერაციას ეწოდება დათვლა, აღრიცხვა. არაბული ნუმერაცია: რიცხვების აღნიშვნის სისტემა 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ციფრების დახმარებით, რომლებიც თავისი მდებარეობის მიხედვით ყოველ თანრიგში აღნიშნავენ ერთეულთა რაოდენობას. რომაული ნუმერაცია: რიცხვების აღნიშვნის სისტემა I, X, C, M ციფრებით, რომლებიც აღნიშნავენ ათეულ თანრიგებს 1, 10, 100, 1000 და V, L, D, რომლებიც აღნიშნავენ თანრიგების ნახევარს, ე.ი. 5, 50; 500; 3. ქუჩის, პროსპექტის (გამზირის), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, მოედნის, სკვერის, ბულვარის, მრავალბინიან სახლში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან ინდექსების მეშვეობით.

ნუსელტის რიცხვი - უგანზომილებო პარამეტრი, რაც ახასიათებს სხეულის ზედაპირსა და აირის (სითხის) ნაკადს შორის კონვექციისა და თბოგამტარობის ინტენსიურობას.

ნუტაცია (ლათ.) - უძრავი წერტილის გარშემო მყარი სხეულის ბრუნვითი მოძრაობა, რომელიც პრეცესიასთან ერთად ხდება და რომლის დროსაც იცვლება θ კუთხე სხეულის საკუთარი ბრუნვის ღერძსა და პრეცესიული მოძრაობის შესაბამის ღერძს შორის. θ კუთხეს ნუტაციის კუთხეს უწოდებენ. ასტრონომიაში ნუტაცია არის დედამიწის ღერძის მცირე რხევები, რომლებიც ერთვის მის საუკუნეებრივ პრეცესიულ მოძრაობას; ამ რხევებს განაპირობებს მბრუნავ სფეროიდულ დედამიწაზე მთვარისა და მზის შემაშფოთებელი გავლენა.

ოაზისი (ბერძ.) - ხემცენარეებით ან ბუჩქნარითა და ბალახით შემოსილი ნაკვეთები, აგრეთვე ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონები უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს სარწყავ მიწებზე. ოაზისი მეზობელ რაიონებთან შედარებით უფრო ნესტიანი ადგილია, რაც გამოწვეულია გრუნტის წყლის მაღალი დონით, წყაროების სიუხვით, მდინარეების პერიოდული ადიდებით, ხელოვნური რწყვით. ოაზისის ზომები მერყეობს რამდენიმე ჰა-დან რამდენიმე ათეულ ათას კმ2-მდე. ხშირ შემთხევაში შეიცავს მიწისქვეშა წყლებს, ზოგჯერ არტეზიულსაც. ოაზისს უწოდებენ აგრეთვე ყინულისაგან თავისუფალ ადგილს ანტარქტიდაში. ოაზისური მეურნეობა, დღეს მიწათმოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

ობელისკი (ბერძ.) – მონუმენტის სახეობა, რომელიც წარმოადგენს ზევითკენ დავიწროებულ ქვის წახნაგოვან ბოძს პირამიდულად წაწვეტებული დაბოლოებით.

ობი - მ ე რ ქ ნ ი ს ს ო კ ო ვ ა ნ ი დ ა ა ვ ა დ ე ბ ა, აფუჭებს მერქნის გარეგნობას და ბიძგს აძლევს ლპობის დაწყებას.

ობიექტი - რეალურად არსებული მოვლენა, საგანი, პირი, საწარმო, მშენებლობა, რისამე ცალკეული უბანი, მატერიალური სინამდვილე, რომლისკენაც არის მიმართული ვისიმე მოქმედება, ყურადღება და ა.შ. უფრო ფართო გაგებით - ნებისმიერი საგანი საერთოდ. არსებობს ო. სხვადასხვა სახეობები: კოსმოსური, სამშენებლო, ხელოვნების, ლინგვისტიკის, ფსიქოლოგიის, დაბეგვრის, სამართალდარღვევის, დაპროგრამების, მონაცემთა ბაზის და სხვ.

ობიექტი არააღსადგენი - ობიექტი, რომლისთვისაც განსახილველ სიტუაციაში მუშაობის უნარის აღდგენა არ არის გათვალისწინებული ნორმატიულ-ტექნიკური ან საკონსტრუქტორო დოკუმენტაციით.

ობიექტი აღსადგენი - ობიექტი, რომლისთვისაც განსახილველ სიტუაციაში მუშაობის უნარის აღდგენა გათვალისწინებულია ნორმატიულ-ტექნიკური ან საპროექტო დოკუმენტაციით.

ობიექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის - ობიექტი, რომლის სიმტკიცისა და მდგრადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და რომლის მშენებლობის პროექტი ექვემდებარება სავალდებულო ექსპერტიზას და მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

ობიექტი მშენებლობადამთავრებული - მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ობიექტი, მათ შორის შენობა-ნაგებობის ცალკეული, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული მათი ჯგუფი, რომლებზეც დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები ისე, რომ მათი ფუნქციონირება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა შენობა-ნაგებობათა კომპლექსში.

ობიექტი ნარჩენების განსათავსებელი - პოლიგონი, შლამსაცავი, ნარჩენსაცავი და სხვა ნაგებობა, რომელიც მოწყობილი და ექსპლუატაციაშია ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად.

ობიექტი რეალური - კონსტრუქციული ელემენტი აღებული ყველა მისი მახასიათებლებით: გეომეტრიული, ფიზიკური, მექანიკური და სხვ.

ობიექტი საინჟინრო დაცვის - ცალკეული ნაგებობები ტერიტორიის საინჟინრო დაცვისა, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო-სამეურნეო ობიექტების, დასახლებული პუნქტების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვას დატბორვისაგან.

ობიექტი სანებართვო - სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან რომელზეც უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს.

ობიექტი ცეცხლდაცვის - მასალა, კონსტრუქცია ან ნაკეთობა დამუშავებული ცეცხლდამცავი საშუალებებით, მათი სახანძრო საშიშროების და (ან) ცეცხლმედეგობის გაზრდის მიზნით.

ობიექტივი - (ლათ.) ლინზური ან სარკულ-ლინზური ოპტიკური სისტემა, რომელიც გამოიყენება ხელსაწყოებში ობიექტების ნამდვილი ან წარმოსახვითი გამოსახულების მისაღებად. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: სათვალთვალო მილს (მაგ., ტელესკოპი), რომელიც იძლევა შემცირებულ გამოსახულებას; მიკროსკოპს, რომელიც იძლევა გადიდებულ გამოსახულებას; ხელსაწყოებს ფოტო-, კინოგადაღებისა და კინოპროექციის, რომლებიც იძლევა  შემცირებულ, გადიდებულ და ნატურალური სიდიდის გამოსახულებას. ფოტო- და კინოაპარატურის ო. ძირითადი მახასიათებლებია: ფოკუსური მანძილი, გამოსახულების ველის კუთხე (მხედველობა), დასაშვები ძალა, ფარდობითი ხვრელი (სინათლის ძალა) და სხვ. ისინი იყოფა მოკლეფოკუსიან (ფართოკუთხიან), ნორმალურ და გრძელფოკუსიან (ნორმალურ ობიექტივებში ფოკუსური მანძილი დაახლოებით დიაგონალის კვადრატის ტოლია, მოკლეფოკუსიანში - ნაკლებია, გრძელფოკუსიანში - მეტი) ობიექტივებად. ო. ბუდეზე ჩვეულებრივ დატანილია დიაფრაგმის სიდიდე. ფოტო- და კინოგადაღების ო. მზადდება მუდმივი ან ცვლადი ფოკუსური მანძილით.

ობიექტის გაშვება ექსპლუატაციაში - დამკვეთის მიერ დასრულებული სამშენებლო ობიექტის იურიდიული გაფორმება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში.

ობიექტის ინვენტარული ღირებულება - გამშენებლის დანახარჯები ობიექტის ასაშენებლად ხელშეკრულების შესაბამისად - დაწყებიდან ექსპლუატაციაში შესვლამდე.

ობიექტის მომხმარებელი (მოსარგებლე) - მესაკუთრის მიერ უფლებამოსილი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ობიექტის გამოყენებას.

ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია - ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს: ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ; ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ, ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ,  ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს და სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს.

ობიექტური (ლათ.) - 1. რაც ჩვენი ცნობიერების გარეთ, მისგან დამოუკიდებლად არსებობს; 2. მიუკერძოებელი; 3. შეფასებული საერთო პოზიციიდან და არა დაინტერესებული პირების მხრიდან.

ობლიგაცია (ლათ.) - 1. განსაზღვრული ვადით გამოშვებული მყარი კურსის მქონე ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს ობლიგაციის გამომშვები იურიდიული პირის სასესხო ვალდებულებას და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას მიიღოს ობლიგაციაზე მითითებული ნომინალური ღირებულება წინასწარ დადგენილ ვადაში და სარგებელი დადგენილი პერიოდულობით. ობლიგაციის გამოშვებით ემიტენტი იღებს ვალს, რომლის გასტუმრება, როგორც წესი, კუპონების გაცემით და ო. დაფარვის მომენტში სრული თანხის დაბრუნებით ხდება. ო. უშვებენ სახელმწიფო და აქციონერთა საზოგადოებები; 2. ფიქციური კაპიტალის ერთ-ერთი ფორმა.

ობსერვატორია (ლათ.) - შენობა ან შენობათა ჯგუფი, სადაც მოთავსებულია ასტრონომიული, მეტეოროლოგიური, სეისმური და მისთ. დაკვირვებების ჩასატარებლად საჭირო ხელსაწყოები.

ობსიდიანი - ერთგვარი მაგმური ქანი, რომელიც შედგება ვულკანური მინისგან. ჩვეულებრივ შავი, მოწითალო შავი ფერის მინერალი (ნახ. 1). აქვს ნიჟარისებრი, ბასრი მონატეხი, შეიცავს 0,5%-მდე წყალს. გამოიყენება პორტლანდცემენტის, მუქი მინის წარმოებაში, მსუბუქი ბეტონის შემვსებად, სანახელავო ქვად და სხვ. ძველად მისგან აკეთებდნენ შრომის იარაღებს, საბრძოლო იარაღებს, აქსესურაებს და მისთ. ო. დიდი რაოდენობით არის საქართველოს, ირანის, თურქეთის და სომხეთის ტერიტორიაზე.

ობტიურატორი (ფრანგ.) - შემომზღუდავი, ჩამკეტი, რომელიც პერიოდულად გადაფარავს სინათლის ნაკადს გამზომ აპარატებში.

ოდა (თურქ.) - 1. საცხოვრებელი სახლის ტიპი, რომელიც გავრცელებულია მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთსა და დასავლეთ საქართველოში. იგი წარმოადგენს გეგმაში კვადრატული ფორმის, 3…6-ოთახიან, ფანჯრებიან ფიცრულ სახლს, რომელსაც ხის აივანი და ჭერ-იატაკი აქვს. ო. ჰქონდა ოთხფერდიანი სახურავი. გადასახურავად იყენებდნენ ყავარს და კრამიტს. იდგა ქვის ან ხის ბოძებზე. ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტაში უმთავრესი მნიშვნელობა შეიძინა აივანმა, რომლის განვითარებაში 3 საფეხური შეიმჩნევა: ადრეული ტიპისათვის დამახასიათებელია კვადრატული კვეთის უხვად მოჩუქურთმებული სვეტები კუთხეებში გამოყვანილი ნაშვერებით და გარსშემოყოლებული მერხებით. მომდევნო ხანებში გაჩნდა მრგვალი, ჩარხზე დამუშავებული სვეტები, თაღოვანი კარ-ფანჯრები, გაქრა მერხები და ამაღლდა რიკულებიანი მოაჯირი. განვითარების ბოლო საფეხურზე ბოძები შემსუბუქდა და 4 (8)-კუთხოვანი ფორმა დაუბრუნდა; ფიცრული აივანი აჟურულია, იმკობა სვეტების ზედა ნაწილი, ჩნდება ფიცრული აჟურული თარედი ან ფრიზი. საცხოვრებელის ეს ტიპი დღესაც ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში (ნახ. 1); 2. ოთახი, სენაკი; 3. კუთხ. ქართლში - ბოსლის ის ნაწილი, სადაც საქონელი არ იმყოფება.

ოდა-სახლი - ხის ან ქვის ბოძებზე შეყენებული ფიცრული სახლი.

ოდაღაჯი (რკინის ხე) - მარადმწვანე ხეების გვარი ორყურასებრთა ოჯახისა. იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. მაღალი ხეებია, აქვთ მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც იყენებენ მანქანათმშენებლობაში საკისრების, ღერძების, ჩარჩოხერხის ცოციების და სხვა დეტალების დასამზადებლად.

ოდეონი (ბერძ.) - 1. მუსიკალური წარმოდგენების და დეკლამაციისათვის განკუთვნილი წრიული მოხაზულობის სათავსი ბერძნულ თეატრში (ნახ. 1. ოდეონი: პატრი, საბერძნეთი); 2. სხვადასხვა ქვეყანაში - შენობა კონცერტების, ცეკვების, კონკურსების, შოუების და მისთ. ჩასატარებლად.

ოდორანტი - ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ აირში ოდორიზაციისათვის.

ოდორიზაცია (ლათ.) - დამახასიათებელი სუნის მიცემა აირისათვის (რომ მისი გაჟონვა შენიშნონ); ამ მიზნით მას უმატებენ მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებებს (ოდორანტებს).

ოდრიკალი - 1. ორივე ბოლოთი დამაგრებული მოხრილი წკეპლა ან სხვა რამ რკალის ფორმისა; 2. მათემატიკაში - მრუდი ხაზის ნაწილი, რომელიც მრუდის ორ წერტილს შორის არის მოქცეული

ოვალი (ფრანგ.) - 1. ჩაკეტილი ამოზნექილი წირი, რომელსაც გააჩნია უწყვეტად ცვალებადი მხები; 2. შეკრული ჩაკეტილი ამოზნექილი მრუდე სიბრტყე. გამოიყენება სამშენებლო კონსტრუქციებში; 3. გეომეტრ. რომბში ჩახაზული წესიერი გეომეტრიული ფიგურა (ნახ. 1).

ოვალურობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, მრგვალი მასალის ტორსის ფორმა. წარმოქმნის მიზეზია ქარი, მზის სხივებით გადახურება და სხვ. ხშირად თან სდევს ისეთ მანკს, როგორიცაა გულის გადაწევა. წლიური რგოლების სისქეები რადიუსების შესაბამისად, სხვადასხვაა. ოვალურობა მიუთითებს ხის ტანში გვერდელას არსებობაზე.

ოვები (ლათ.) - იონიკები; ჩვეულებრივ ნაოთხალ ლილვზე გამოყვანილი ჩუქურთმა, რომელიც მიიღება ოვალური ამოზნექილობების, ისრისებრი წიბოებისა და ფოთლოვანი მოტივების შენაცვლებით.

ოვერდრაფტი - საბანკო დაკრედიტების სისტემა, მოკლევადიანი სესხი, რომელიც დაიშვება მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშზე და აძლევს საშუალებას გამოიყენოს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე რეალურად აქვს განთავსებული. ო. მაქსიმალური თანხა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლის (ხელფასის) შესაბამისად. ო. ძალიან გავს საკრედიტო ბარათს. განსხვავება ისაა, რომ ო. ჩვეულებრივ, მიბმულია მოხმარბლის ხელფასზე და ათვისებულ თანხაზე არ მოქმედებს საშეღავათო პერიოდი. ბანკს შეუძლია მოითხოვოს ან არ მოითხოვოს კრედიტის უზრუნველყოფა.

ოვნა - ძვ. მზის სახლი.

ოზები (შვედ.) - ხაზობრივად გადაჭიმული, ვიწრო და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის ზვინულები. სიგრძე ათეული კილომეტრიდან ასეულ კილომეტრამდე მერყეობს. აგებულია ჰორიზონტალური, უფრო ხშირად ირიბშრეებრივი ქვიშებით, ხრეშითა და კენჭით, რომლებშიც შერეულია კაჭარი. წარმოადგენს მყინვარისშიგა წყლის ნაკადების ფსკერულ ნალექს. ოზების სიგრძე მერყეობს 40-იდან 500 კმ-მდე, ხოლო სიგანე სიგრძეზე ბევრად მცირეა (რამდენიმე მეტრიდან 2-3 კმ-მდე). გავრცელებულია ძველი გამყინვარების არეებში: შვედეთში, ფინეთში, კანადასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ რუსეთში. თავის მაქსიმალურ სიგრძეს ოზური სერები აღწევენ კანადაში, სადაც გვხვდება დაახლოებით 800 კმ სიგრძის ოზები. კლასიკურად არის გამოხატული ოზები ასევე სკანდინავიის ნახევარეკუნძულზე; მ.შ. აღსანიშნავია ტამერფორს-კანგასალსის ოზური სერი (ფინეთი), რომლის სიმაღლე 80 მ-ს აღწევს.

ოზოკერიტი (გერმ.) - მინერალი ბიტუმის ჯგუფიდან. ქიმიური შემადგენლობით - მკვრივი ნაჯერი ნახშირწყალბადების ნარევი. ფერი ყვითელი, მურა, მომწვანო; დნობის ტემპერატურა 52-850C. ო. გენეტიკურად დაკავშირებულია პარაფინური ნავთობის საბადოებთან, გვხვდება ძარღვებსა და ფენებში. გახურებისას რბილდება და ხდება დრეკადი. გასუფთავებულ ო. უწოდებენ ცერეზინს. გამოიყენება ლაქსაღებავების წარმოებაში, მედიცინაში და სხვა

ოზონი - დამახასიათებელი სუნის მქონე, არამდგრადი, ძლიერი დამჟანგველი აირი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს. წარმოიქმნება ჟანგბადისაგან ჭექა-ქუხილის დროს, შედუღებითი სამუშაოებისას, ჟანგბადზე სწრაფი ნაწილაკების ზემოქმედებით და სხვ. ო. ფენა თითქმის სრულად შთანთქავს მოკლე ტალღის სიგრძის მზის სხივებს, იცავს დედამიწაზე ცოცხალ ორგანიზმებს მზის რადიაციის (მოკლე ულტრაიისფერი სხივების) მავნე მოქმედებისაგან. გამოიყენება: ჰაერის გასაწმენდად და კონდიცირებისათვის; ორგანული ნივთიერებების სინთეზისათვის; კვების მრეწველობაში - როგორც ბაქტეროციდული საშუალება; წყლის გაუსნებოვნებისათვის; აგრეთვე ქაფურის, ვანილინის, ცხიმოვანი მჟავებისა და სხვ. მისაღებად.

ოზონირება - 1. ჰაერის ხელოვნური გამდიდრება ოზონით, გაუსნებოვნებისა და დეზოდორაციის მიზნით; 2. ჰაერის გამდიდრება ჟანგბადით ცუდი სუნის მოსასპობად; 3. წყლის დამუშავება ოზონით, გაუსნებოვნების, გაუფერულებისა და დეზოდორაციის მიზნით.

ოზონომეტრი (ბერძნ.) - ხელსაწყო ატმოსფეროში ოზონის შედგენილობის განსაზღვრისათვის. მოქმედების პრინციპი დამყარებულია მზის ან მთვარის პირდაპირი სხივების სპექტრის ულტრაიისფერი უბნის ინტენსივობის გაზომვაზე, რომელიც ატმოსფეროს შრის გავლისას, სუსტდება ოზონით. ო. რაოდენობა განისაზღვრება ხელსაწყომდე მიღწეული დასუსტებული სხივის ინტენსივობით.

ოთახი - სადგომი, სათავსი; საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობის ნაწილი, რომელიც კედლებით გამოყოფილ სივრცეს წარმოადგენს.

ოკეანოლოგია - სამეცნიერო დისციპლინათა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ოკეანესა და ზღვაში მიმდინარე ფიზიკურ, ქიმიურ, გეოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს.

ოკლუზია (ლათ.) - (ფიზიკაში) გამდნარი ან მაგარი ლითონების მიერ აირების შთანთქმა. ოკლუზიის დროს, ადსორბციისაგან განსხვავებით, გაზები ნაწილდება მშთანთქმელის მთელ მოცულობაში. ამ გაგებით ოკლუზია მსგავსია აბსორბციისა - სითხეში გაზების გახსნისა. ოკლუდირებული გაზი ლითონებთან იძლევა მყარ ხსნარს; ზოგჯერ შთანთქმული გაზის ნაწილი ლითონებთან წარმოქმნის ქიმიურ ნაერთებს (ჰიდრიდები, ნიტრიდები და სხვ.).

ოკტასტილი (ლათ.) - ბერძნული ტაძრის სახეობა, რომლის მთავარ ფასადზე რვა სვეტია განლაგებული.

ოლეუმი (ლათ.) - აჯასპის ზეთი, მბოლავი გოგირდმჟავა, გოგირდის ანჰიდრიდის ხსნარი უწყლო გოგირდმჟავაში. გამოიყენება ორგანული ნაერთების სულფირებისათვის; საღებავების, სამკურნალო პრეპარატების, კაპროლაქტამის, ფეთქებადი ნითიერებების წარმოებაში; ნავთობპროდუქტების გასაწმენდად.

ოლთისი (ოლთისნი) - ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში (ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა).

ოლიგარქია (ბერძ.) - მმართველობის ფორმა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

ოლიგომერები (ბერძ.) - დაბალი მოლური მასის პოლიმერები (ჩვეულებრივ არა უმეტეს რამოდენიმე ათასეულისა), რომლებშიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა მაკრომოლეკულების მოქნილობასთან დაკავშირებული სპეციფიკური თვისებების გამოვლენა. გადამუშავების პროცესში ოლიგომერებისაგან მიიღება მაღალმოლეკულური პოლიმერები.

ოლიგოპოლია - 1. ბაზარზე ისეთი მდგომარეობა, როდესაც მსხვილი ფირმების მცირე რაოდენობა აწარმოებს მთელი დარგის პროდუქციის ძირითად ნაწილს; 2. ეკონომიკური სიტუაცია, როდესაც ბაზარზე რამდენიმე მწარმოებელი (გამყიდველი) და მრავალი მომხმარებელია (მყიდველია).

ოლიგოპოლია (ბერძ.) - მეურნეობის დარგის საბაზრო სტრუქტურა, რომლის დროსაც რამდენიმე მსხვილ ფირმას აქვს მონოპოლია პროდუქციის ძირითადი მასის წარმოებასა და გასაღებაზე.

ოლივინი (ლათ.) - სილიკატების კლასის მოყვითალო მწვანე ფერის მინერალი (Mg, Fe)2SiO4, რომელიც შედის ვულკანური ქანების შემადგენლობაში. იგი ფორსტერიტისა და ფაიალიტის იზომორფული ნარევია. ო. გამჭირვალე სახესხვაობა - ქრიზოლითი - ძვირფასი ქვაა. ო. მცირე რაოდენობით რკინაშემცველი სახესხვაობა გამოიყენება როგორც ცეცხლგამძლე ნედლეული.

ოლიფა - შემკვრელის სახეობა, მიღებული გაშრობადი ზეთისაგან, რომელიც თხელ ფენად გამაგრების შემდეგ ქმნის მტკიცე, ელასტიკურ აფსკს. გამოიყენება საღებავების გასახსნელად, დაგრუნტვისათვის, შეფითხვნისათვის. ო. უნდა „გაშრეს“ 24 საათის განმავლობაში, 200C ტემპერატურაზე.

ოლიფა ნატურალური - აფსკის წარმომქმნელი ნივთიერება, რომელიც მზადდება მცენარეული ზეთისაგან (სელის, კანაფის და სხვ.) მისი თერმული დამუშავებით. ძირითადად გამოიყენება ლაქ-საღებავების წარმოებაში.

ომბოხო - ნაკეთობა ლავგარდანის თამასის მუყაოების დასამაგრებლად.

ომნიბუსი (ლათ.) - ცხენებშებმული მრავალადგილიანი კარეტა ფასიანი ადგილებით იმ მგზავრებისათვის, რომლებიც რეგულარულად მგზავრობენ ქალაქში ან ქალაქებს შორის; საზოგადოებრივი ტრანსპორტის უძველესი სახეობა. ომნიბუსის ექსპლუატაცია შეწყდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. საფრანგეთში ტერმინი „ომნიბუსი“ აღნიშნავს სამგზავრო მატარებელს. ტერმინის დასასრული „ბუსი“ შევიდა სიტყვების - „ავტობუსი“, „ტროლეიბუსი“ და ა.შ. შედგენილობაში.

ონდოგრაფი (ფრანგ.) - ელექტრული ძაბვის ცვალებადობის რეგისტრაციის (ჩასაწერი) ხელსაწყო.

ონდულინი - ბურულის ტალღოვანი ფურცლოვანი მასალა ბოჭკოვანი შემავსებლით (ნახ. 1). არ შეიცავს აზბესტსს.

ონკანი (ჰოლანდ.) - ჩამკეტი მოწყობილობა, რომლის მოძრავ დეტალს აქვს ბრუნვითი სხეული ნახვრეტით ნაკადის გასაშვებად. მისი გადაკეტვით ჩერდება ნაკადის გავლა. ნაკადის მიმართულების მიხედვით არის გამტარი (ნაკადის სწორხაზოვანი მოძრაობით), კუთხური (ნაკადის გადახრით 900-ით) და სამსვლიანი (სამი მილსადენით). ო. დანიშნულების მიხედვით გვხვდება: ბურთულიანი, გადამშვები, გამომშვები, მკვებავი, საავარიო, საკონტროლო, სასინჯი, საქრევი, სახანძრო, საჩერებელი, საჰაერო, შემშვები, ჩამოსაშვები, ჩამკეტი, წყალსაზომი, წყალსაღები, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვ.

ონკანი დროსელის ტიპის - ონკანი, რომლის მარეგულირებელი კვანძი ნემსის ფორმისაა უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობით.

ონკანი ვენტილური ტიპის - ონკანი, რომლის მარეგულირებელი კვანძი არის უკუქცევით-წინსვლითი მკვეთარა.

ონკანი მარეგულირებელი - მილსადენის არმატურის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს ონკანში გამავალი თბომატარებლი სითხის (აირის) რაოდენობრივ ცვალებადობას.

ონკანი საცობის ტიპის - ონკანი, რომლის მარეგულირებელი კვანძი შესრულებულია საბრუნი საცობის სახით.

ონკანი სახანძრო - სახანძრო წყალგაყვანილობის ონკანი, რომლის ერთი ბოლო სახანძრო შლანგის შესაერთებლად სპეციალური მილტუჩითაა აღჭურვილი.

ონკანი სფერული ტიპის (ბურთულიანი ონკანი) - ონკანი, რომლის მარეგულირებელ კვანძში მოთავსებულია სფერული ბურთულა.

ონკანი წყალსადენისა - წყალდასახარჯი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიღებას წყალმომარაგების სისტემიდან და წყლის ხარჯის რეგულირებას მომხმარებლის მიერ.

ონკანი წყალსაზომი - მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს დახარჯული წყლის რაოდენობას.

ონკანი ხანძარსაწინააღმდეგო - სპეციალური, ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარის (სპინკლერის) ონკანი, რომელიც გარკვეული ტემპერატურისას იხსნება და ხანძარსაწინააღმდეგო წყლის გამოფრქვევა ხდება. გამოიყენება ხანძარსაშიშ წარმოებებში (მაგ., ავეჯის წარმოება, სამღებრო საამქრო და სხვ.)

ონკოლი (ინგლ.) - სპეციალური მიმდინარე ანაგრიში, რომელსაც ხსნიან ბანკები საწინდრით - იმ პირობით, რომ სესხი დაიფარება ყოველ მომენტში (მოთხოვნისთანავე) ერთ-ერთი მხარის (ბანკის ან კლიენტის) მოთხოვნით.

ოოლითი (ბერძ.) - სფერული ან ელიფსოიდური ფორმის მინერალური წარმონაქმნი, რომელიც შედგება რკინის და მანგანუმის ჟანგეულებისაგან, სილიკატებისაგან, კარბონატებისაგან და სხვ. ოოლითი ზომით რამდენიმე მკმ-იდან 15…25 მმ-მდეა. 5 მმ-ზე მსხვილ ოოლითს პიზოლითი ეწოდება.

ოპალესცენცია (ლათ.) - ოპტიკური მოვლენა, რომელსაც თან ახლავს სინათლის სხივის გაბნევის მკვეთრი ზრდა სუფთა ნარევებში, სითხეებსა და აირებში კრიტიკული წერტილის მიღწევისას. ო. მიზეზია ნივთიერების არაერთგვაროვნება და კუმშვადობის სწრაფი მატება სიმკვრივის ფლუქტუაციისას, რომლის საშუალებითაც ხდება სინათლის გაბნევა.

ოპალი (ლათ.) - ცისარტყელასებრი ფერების, ძვირფასი საიუველირო ქვა, კვარცის ჯგუფის მინერალი.

ოპერატიული რემონტის პერსონალი - სპეციალურად მომზადებული პერსონალი მათზე მიმაგრებული დანადგარების (საქვაბე, ბეტონის კვანძი, სითბური ღუმელი, წნეხი, სატრანსფორმატორო, ლაბორატორია და ა.შ.) საექსპლუატაციო-სარემონტო მომსახურებისათვის.

ოპერატორი (ლათ.) - პირი, რომელიც ახორციელებს რაიმე საწარმოო პროცესებს, ოპერაციებს.

ოპერაცია (ლათ.) - ტექნოლოგიური პროცესის ნაწილი სრულდება ერთ სამუშაო ადგილზე. იგი ძირითადი საანგარიშო ერთეულია მწარმოებლობისა და შრომის ტექნოლოგიური ნორმირებისათვის. ოპერაცია შეიძლება იყოს საბოლოო, მოსამზადებელი, სატვირთო, ტექნიკური, ტექნოლოგიური, შესასრულებელი და სხვ.

ოპერაცია საწარმოო - სამუშაოების თანმიმდევრობა, რომელიც ძირითადი მასალებისა და ნედლეულისაგან მზა პროდუქსიის დასამზადებლადა საჭირო.

ოპერაცია ტექნიკური - ოპერაცია, რომელიც ჩარხების, დანადგარების, მანქანების და მისთ. სამუშაო მდგომარეობაში გამართულად ყოფნისათვის, ძირითადი საწარმოო პროცესების შეუფერხებელი შესრულებისთვისაა აუცილებელი.

ოპერაცია ტექნოლოგიური - ოპერაციათა ერთობლიობა, რომლის დროსაც წარმოებს მასალებისა და ნედლეულის მექანიკური, ქიმიური, თერმიული და მისთ. დამუშავება მზა პროდუქციის დასამზადებალად (მაგ., ბეტონის დამზადება, მერქნის შრობა, დუღაბის მომზადება და სხვ.).

ოპერაციული აღრიცხვა - გამოყენებითი მათემატიკური ანალიზის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას იძლევა ზოგიერთ შემთხვევაში მარტივი და ეკონომიური წესების გამოყენებით ამოიხსნას რთული მათემატიკური ამოცანები (წრფივი დიფერენციალური განტოლებები, ინტეგრალური განტოლებების ზოგიერთი ტიპი და სხვ.). ამასთან დაკავშირებით ოპერაციული აღრიცხვის მეთოდებმა საკმაოდ ფართო გამოყენება ჰპოვეს მექანიკაში, ელექტროტექნიკაში, ავტომატიკაში და მრავალ სხვა დარგში.

ოპისტოდომოსი (ბერძ.) - სადგომი ბერძნულ ტაძარში, რომელიც განლაგებულია მთავარი შესასვლელის საწინააღმდეგო მხარეს და დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს.

ოპოკა - მსუბუქი, მყარი, წვრილფოროვანი კაჟმიწა მთის ქანი, მდიდარი (97%-მდე) ამორფული კაჟმიწით, ქვიშისა და თიხოვანი ნაწილაკების მინარევით. ო. სუფთა სახეობები წარმოადგენენ ძლიერ ადსორბენტებს.

ოპტიკური რეზონატორი - ამრეკლი ზედაპირების სისტემა, რომლებშიც აღიძვრება და შენარჩუნდება თავისუფალ სივრცეში გამოსხივებული ოპტიკური დიაპაზონის ტალღის სიგრძის ელექტრომაგნიტური რხევები. უმარტივესი ო.რ. შედგება ერთმანეთისაგან გარკვეულ მანძილზე დაშორებული ორი თხელი პარალელური სარკისაგან. გამოიყენება როგორც ოპტიკური კვანტური გენერატორის (ლაზერები) რხევითი სისტემები (რეზონატორი)

ოპტიმალური (ლათ.) - ყველაზე ხელსაყრელი, ყველაზე უფრო შესაფერი, საუკეთესო (ოპტიმალური პირობები, ოპტიმალური ვადა და სხვ.).

ოპტიმიზაცია (ლათ.) - შესაძლებელი ვარიანტების სიმრავლისაგან ყველაზე ხელსაყრელის არჩევა.

ოპტიმუმი (ლათ.) - ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობების ერთობლიობა.

ოპციონი - კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ მხარეს ენიჭება უფლება, მომავალში კონტრაქტით დადგენილი ფასით და დროის განსაზღვრულ მონაკვეთში იყიდოს საქონელი ან ფასიანი ქაღალდი. თუ, ვთქვათ, ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასი იზრდება, მაშინ მყიდველი სარგებლობს დადებული კონტრაქტით და ყიდულობს მას საბაზროზე დაბალ ფასად.

ორანჟერეა - სპეციალური ყოველმხრივ შემინული სათავსი, სადაც სინათლის, წყლის და სითბოს საჭირო პირობების დაცვით აშენებენ თბილი ქვეყნების მცენარეებს, ხილს, ბოსტნეულს, ყვავილებს სეზონისაგან დამოუკიდებლად.

ორბიტა (ლათ.) - ციური სხეულის მოძრაობის გზა; ტრაექტორია, რომელზეც მოძრაობენ ციური სხეულები კოსმოსში.

ორგანიზაცია - 1. კომპანია, ფირმა, ქარხანა, ფაბრიკა, საწარმო, დაწესებულება ან ასოციაცია, ან მათი ნაწილი, საზოგადოებრივი ან კერძო, რომელთაც აქვთ საკუთარი ფუნქციები და ადმინისტრაცია. თუ სტრუქტურაში ერთზე მეტი სტრუქტურული ქვედანაყოფია, ცალკე აღებული სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება განისაზღვროს როგორც ორგანიზაცია; 2. გარკვეულ საზღვრებში შეგნებულად კოორდინირებადი სოციალური წარმონაქმნი, რომელიც ფუნქციონირებს შედარებით მუდმივად ერთი საერთო მიზნის ან მიზნების მიაღწევად.

ორგანიზაციულ-ეკონომიკური გადაწყვეტა - არეგულირებს სამშენებლო ობიექტების დაპროექტების დროს ობიექტების განლაგებას, საწარმოო სიმძლავრეებს, სპეციალიზაციის პროფილს, მომარაგების აუცილებელ საწარმოო რესურსებს, მმართველობის სისტემებს და შრომის ორგანიზაციას.

ორგანოგენული დანალექი ქანები – კირქვა, დიატომიტი, ტრეპელი წარმოიქმნა წყლებში მყოფი ცოცხალი ორგანიზმებისა და წყალმცენარეების დაშლის და დალექვის შედეგად.

ორგანულ-მინერალური ნარევი - ხელოვნური ნარევი, რომელიც მიიღება ქვიშის, ხრეშის, ღორღის, მინერალური ფხვნილის (მათ შორის სამრეწველო ფხვნილისებრი ნარჩენები), ორგანული შემკვრელისა და აქტიური დანამატების შერევით.

ორგანული - 1. ორგანიზმთან დაკავშირებული; სასიცოცხლო პროცესებით დახასიათებული; ცოცხალი. მაგ., ო. ბუნება; 2. მცენარეული ან ცხოველური ორგანიზმების დაშლის შედეგად წარმოქმნილი; ასეთი დაშლის პროდუქტი. მაგ., ო. სასუქი. ო. ქიმია - ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ნახშირბადის შემცველ ნაერთებს; 3. ორგანოსთან დაკავშირებული, რაც ადამიანის ორგანოების შინაგან აგებულებას ეხება. მაგ., ო. დაავადება; 4. რაც რისამე არსს, საფუძვლებს ეხება; რაიმესთან განუყრელად დაკავშირებული. მაგ., ო. ნაკლი, ო. ნაწილი.

ორგანული მინა (პოლიმეთილმეტაკრილატი) - კონსტრუქციული პლასტმასა, რომელიც მთლიანად შედგება თერმოპლასტიკური პოლიმეთილმეტაკრილატის ფისისაგან დანამატების გარეშე. იგი გამჭირველე მსუბუქი მასალაა სიმკვრივით 1,18...1,19 გ/სმ3, სინათლის სხივგამტარობით 90%, ულტრაიისფერი მზის სხივების გატარებით 75%. ადვილი დასამუშავებელია, წებვადია და კარგად დუღდება. გააჩნია მაღალი სიმტკიცე ღუნვაზე (10 მპა), მაგრამ სიმაგრის, სიხისტის და თბომედეგობის დაბალი მაჩვენებლები აქვს. თბომედეგობის ასამაღლებლად უმატებენ ფოტომასტაბილიზირებელ და თერმომასტაბილიზირებელ დანამატებს. ფანჯრის ჩვეულებრივ (სილიკატურ) მინასთან შედარებით ო.მ. არ არის მსხვრევადი. მშენებლობაში წარმატებით გამოიყენება გადახურვებში, საკედლე პანელებში, აგრეთვე ისეთი სათავსების ასაგებად, სადაც საჭიროა ადამიანისათვის გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატის შექმნა (მზის აბაზანების მისაღები, სათავსები სანატორიუმებში, სასტუმროებში, დასასვენებელ სახლებში), ხოლო ფორმის მიღების სიმარტივე და ნორმალური თბომედეგობა საშუალებას იძლევა მისგან დავამზადოთ გადახურვის მრუდი მოხაზულობის კონსტრუქციები (თაღები, კამარები, გარსები, შუქფარნები). გარემოს ტემპერატურის მიხედვით ო.მ. მუშაობის დიაპაზონია − 60-დან +1600C - მდე.

ორგანული ქიმია - საბუნებისმეტყველო ქიმიური სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ნახშირბადის სხვა ელემენტებთან ნაერთებს (ე. წ. ორგანულ ნაერთებს), ასევე ამ ნივთიერებათა გარდაქმნის კანონებს. მრავალრიცხოვანი ორგანული ნაერთების სინთეზმა მიგვიყვანა მრეწველობის ახალი, მნიშვნელოვანი დარგების შექმნამდე: სინთეზური საღებავები და საღებრები, პლასტმასი, სინთეზური კაუჩუკი, ხელოვნური თხევადი საწვავი და ა.შ. ორგანული ქიმიის წარმატებები იძლევა საშუალებას იძლევა რაციონალურად იქნეს გამოყენებული ქვანახშირი, ნავთობი, ტყის ნედლეული და სხვ. ორგანული ქიმიის მეთოდებით სარგებლობით შესაძლებელი გახდა დადგენილიყო ცილის, ნუკლეინის მჟავების და სხვ. რთული ბუნებრივი ნაერთების სტრუქტურა, ზოგიერთ ვიტამინის სინთეზი და სხვა. ამჟამად ცნობილია ორგანულ ნივთიერებათა ნაერთების სამ მილიონამდე სახეობა. ტერმინი „ორგანული ქიმია“ შემოიღო იჰ. ბერცელიუსმა 1827 წელს.

ორგტექნიკა (ორგანიზაციული ტექნიკა) - ტექნიკურ საშუალებათა კომპლექსი მექანიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესების და საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების სამართავად. ო. განვითარება განაპირობა მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, სადისპეტჩერო მომსახურებისა და მართვის სისტემების გართულებამ ანუ გადასამუშავებული ინფორმაციის მნიშვნელოვანმა გაზრდამ. ო. საშუალებებს მიეკუთვნება: კომპიუტერი, გამოთვლითი მანქანები, კოპირებისა და გასამრავლებელი მოწყობილობები, ფოტო-საბეჭდი აპარატები, მიკროფილმები, კართოტეკები, სახაზავ-საკონსტრუქტორო ტექნიკა (მაგიდები, სახაზავი დაფები, სამარჯვები, ნახაზებისა და გრაფიკული სამუშაოებისათვის მექანიზმები და ინსტრუმენტები და ა.შ.), ადმინისტრაციულ-წარმოებითი კავშირის საშუალებები (ტელეფონის, ტელეგრაფის, ფაქსის აპარატურა, საწარმოს ტელეხედვა), შენობა-ნაგებობათა და სამუშაო ადგილების აღჭურვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნიკით და სხვ.

ორდინატა - წერტილის ერთ-ერთი (მეორე) კოორდინატი დეკარტის კოორდინატთა სისტემაში, რომელიც აღინიშნება y-ით

ორთავი - 1. ზღურბლი, ბჭე, დირე, კარიბანი, კარაპინი, კარნაგელა; კარის გადასასვლელზე დადებული ძელი; 2. ანყოლი; კარის ღიობის (ჩარჩოს) შიდა გვერდითი სიბრტყეები; 3. კარძელი, ზღუდარი; კარის ღიობის შემკვრელი ზედა ძელი.

ორთოგონალი - არქიტ. გეგმის ან ფასადის გამოსახულებათა სისტემა. სრულდება სწორ ხაზებში პერსპექტივის შემოკლებების გარეშე.

ორთოგონალურობა (ბერძ.) - პერპენდიკულარობის განზოგადება (ხშირად მისი სინონიმი).

ორთოდრომია (ბერძ.) - უმოკლესი ხაზი ორ წერტილს შორის სფეროს ზედაპირზე (დიდი წრის რკალი).

ორთოკლაზი (ბერძ.) - სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი (ნახ. 1); ქიმიური შედგენილობა К(АlSi3О8). მინარევებია: Na, Bа, Fe, Cа, Rb, Cs. კრისტალებს პრიზმის ფორმა აქვს. ფერი - მურა-ყვითელი ან ვარდისფერი. ელვარებს მინისებურად. სიმკვრივე 2550...2580 კგ/მ3. მაგმური ქანების ერთ-ერთი ძირითადი ქანთმაშენი მინერალი. გვხვდება აგრეთვე პეგმატიტურ ძარღვებსა და მეტამორფულ ქანებში. იყენებენ კერამიკულ და მინის მრეწველობაში.

ორთოსტატი - ქვის კედლის ქვედა ნაწილის ვერტიკალური ფიები. ზოგჯერ ო. კეთდება სკულპტურული რელიეფი (ნახ. 1).

ორთოტროპია - ანიზოტროპიის სახეობა, როდესაც არსებობს თვისებების სიმეტრიის ურთიერთმართობული სიბრტყე.

ორთოტროპული სხეული (ორთოგონალურად იზოტროპული) - (ორთოგონალურად იზოტროპული) - წრფივი ანიზოტროპული სხეული, თუ მის ყოველ წერტილზე გადის სამი ურთიერთპერპენდიკულარული დრეკადი სიმეტრიის სიბრტყე; ანუ ყოველ წერტილზე გადის სამი ორთოგონალური მთავარი მიმართულება (შესაბამისად პარალელურნი სხვადასხვა წერტილისათვის). ორთოტროპული სხეულებისათვის დამოუკიდებელი დრეკადი მუდმივების რიცხვია ცხრა.

ორთოტროპული ფირფიტა - ანიზოტროპული მასალისაგან დამზადებული ფირფიტა, რომელიც ხასიათდება იმით, რომ მასში დრეკადობის მთავარი მიმართულებანი ურთიერთპერპენდიკულარულია.

ორთქლ- და აირშეღწევადობა - მასალის უნარი, გაატაროს წყლის ორთქლი ან აირი (ჰაერი). ორთქლშეღწევადობა ხასიათდება კოეფიციენტით. რიცხობრივად იგი ტოლია წყლის ორთქლისა, რომელიც გადის 1 მ2 ფართობის 1 მ სისქის მასალაში 1 წამის განმავლობაში, როდესაც წნევათა სხვაობა 133,3 პასკალია. ანალოგიურია აირშეღწევადობის (ჰაერშეღწევადობის) კოეფიციენტი. საცხოვრებელი სახლის კედლის მასალა უნდა იყოს გარკვეული შეღწევადობის, რათა გარე კედლების საშუალებით მოხდეს სათავსის ბუნებრივი ვენტილაცია.

ორთქლი - ნივთიერება აირისმაგვარ მდგომარეობაში, როდესაც აირის ფაზა იმყოფება ამავე ნივთიერების მყარ ფაზასთან წონასწორობის პირობებში, ე.ი. კრიტიკული ტემპერატურისა და წნევის ქვემოთ. დაბალი წნევისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში ო. თვისებები უახლოვდება იდეალური აირის თვისებებს. ო. დიდი გამოყენება აქვს სამშენებლო ინდუსტრიაში.

ორთქლი გადამეტხურებული - ორთქლი, რომლის ტემპერატურა მისი შესაბამისი წნევის ტემპერატურაზე მეტია. იგი მშრალ ნაჯერ ორთქლზე, მუდმივი წნევის დროს, სითბოს მიწოდებისას მიიღება.

ორთქლი დაბალი წნევის - ორთქლი, რომლის წნევა 5 ატმოსფეროს არ აღემატება. ძირითადად გამოიყენება თერმო-ტექნოლოგიური პროცესებისათვის (მაგ., შენობების გასათბობად, მერქნის ჰიდროთერმიულ დამუშავებაში და სხვ.).

ორთქლი მაღალი წნევის - ორთქლი, რომლის წნევა 300 კგ/სმ2 და მეტია, ხოლო ტემპერატურა - 600...6500C.

ორთქლი მშრალი - ორთქლი, რომელიც მიიღება შეჯერებული ორთქლის გადახურებით წნევის შეუცვლელად. ამ დროს იზრდება მოცულობა, ტემპერატურა კი მოცემული წნევისას, დუღილის ტემპერატურაზე მეტია.

ორთქლი მშრალი ნაჯერი - ორთქლი, რომელიც ტენიან ნაჯერ ორთქლში წყლის უკანასკნელი წვეთის აორთქლების შედეგად მიიღება, სითბოს მიწოდებისას. ორთქლის ეს მდგომარეობა არამდგრადია, დამატებით მცირე რაოდენობით სითბოს მიწოდებისას ის გადამეტხურებული ორთქლის მდგომარეობაში გადადის, ხოლო სითბოს შემდგომი შემცირებისას - ტენიანი ნაჯერი ორთქლის მდგომარეობაში.

ორთქლი ნაჯერი - ორთქლი, რომელშიც მშრალი ორთქლის რაოდენობა შეწონასწორებულია მასში წყლის რაოდენობასთან (მუდმივ ტემპერატურაზე მოცულობის შემცირებისას ორთქლის წნევა არ იცვლება, რადგან ორთქლის ნაწილი კვლავ თხევად მდგომარეობაში გადადის და შეცვლილ პირობებში ორთქლი კვლავ შეჯერებულია სითხესთან).

ორთქლი პირველადი - საქვაბე დანადგარიდან მიღებული ორთქლი, რომელიც ჯერ გამოუყენებელია.

ორთქლი ტენიანი - ორთქლი, რომელიც დუღილის ტემპერატურამდე გაცხელებულ წყლის წვეთებსაც შეიცავს.

ორთქლი წყლის - ორთქლი, რომელიც წყლის აორთქლებისას წარმოიშობა. გამოიყენება მრეწველობაში გათბობის მიზნით (ტენიანი ორთქლი) და მექანიკური ენერგიის მისაღებად (გადახურებული ორთქლი).

ორთქლიზოლაცია - წყალ- და ორთქლგაუმტარი მასალის ფენა თბოიზოლაციის ქვეშ. იცავს გამათბუნებელს დასველებისგან, რომელიც გამოწვეული ნაგებობიდან შეღწეული ტენის გავლენით. მას აგებენ თბოიზოლაციის ქვემოთ თბილი სათავსოს, ნაგებობის მხრიდან.

ორთქლის ან სითხის ქვაბი მაღალ ორგანული თბომატარებლით - ქვაბი, რომელშიც სამუშაო არეს სახით გამოიყენება ორთქლსითხიანი ან თხევად მდგომარეობაში მყოფი მაღალ ორგანული თბომატარებელი.

ორთქლის გადამხურებელი (გადამხურებელი) - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ქვაბში შესაბამის წნევაზე ნაჯერობის ტემპერატურის ასამაღლებლად.

ორთქლის ქვაბი - საცეცხლურის მქონე დახშული ჭურჭელი, რომელშიც გამომუშავდება ატმოსფერულზე მაღალი წნევის ორთქლი.

ორთქლმავალი - ლოკომოტივი, რომელსაც ორთქლის ძრავა აქვს.

ორთქლსადენი - მილსადენი, რომლის მეშვეობით ორთქლის ქვაბებში გამომუშავებული ორთქლი გადაეცემა მომხმარებელს (ორთქლის ტურბინა, ტუმბო, რკ.ბ.-ის საამქრო, ხის საშრობი კამერა და სხვ.). ო. გაჰყავთ როგორც გრუნტში, ისე მის ზედაპირზე და აუცილებლად დაცულია თბოიზოლაციით.

ორთქლწყალგამაცხელებელი ქვაბი - მომხმარებლისათვის ორთქლის და ცხელი წყლის მისაწოდებლად განკუთვნილი ქვაბი.

ორიარუსიანი სალექარი - სალექარი, რომელშიც ჩამდინარი წყლის დალექვის და მოსული ნალექის დადუღების პროცესები შეთავსებულია და მიმდინარეობს კონსტრუქციულად განცალკევებულ მოცულობებში.

ორიგინალი (ლათ.) - რაიმე დოკუმენტის თავდაპირველი, ძირითადი ეგზემპლარი; დედანი.

ორიენტაცია (ბერძ.) - 1. წრფეზე მიმართულების ცნების განზოგადება უფრო რთული სტრუქტურის გეომეტრიულ ფიგურებზე. განიხილავენ ორიენტაციას წრფეზე, წირზე, სიბრტყეზე, ზედაპირზე და სივრცეში; 2. ვექტორის ორიენტაცია განიხილება იმ წრფის მიმართულებით, რომელზეც ეს ვექტორი მდებარეობს და ამ წრფეზე მიმართულების მითითებით.

ორიენტაცია შენობის - შენობის განლაგება ქვეყანის მხარეების და სინათლის წყაროს მიმართ. ო.შ. - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი ხერხია, რომელიც საშუალებას იძლევა გააძლიეროს ან შეასუსტოს ადამიანზე ბუნებრივ-კლიმატური ფაქტორების ზემოქმედება. შენობის დანიშნულების და მშენებლობის რაიონის შესაბამისად სამშენებლო ნორმები და წესების არეგულირებს შენობის ორიენტაციას. ტიპური პროექტები კი მუშავდება შენობისათვის ყველაზე ხელსაყრელი ორიენტაციის გათვალისწინებით.

ორიენტირი - უძრავი ცალკე მდგომი საგანი, რომელიც კარგად ჩანს და გამოდგება ადგილმდებარეობაში გასარკვევად.

ორკარედი - ორსაგდულიანი კარი.

ორმაგი (მრავალჯერადი) მეხამრიდი - ორი (ან მეტი) ღეროვანი ან ბაგიროვანი მეხამრიდი, რომლების ქმნიან დაცვის საერთო ზონას.

ორმაგი გულიანობა - მერქნის მანკი - კარგად ჩანს ხის ტანის გადანაჭერზე, რომლის ფორმაც ამ ადგილზე ოვალურია. ხშირად ორ გულს შორის ჩანს ჩანაზარდი ჭრილობა (ხის ქერქის ჩანაზარდი). ორგულიანობა აძნელებს მერქნის დამუსავებას, ზრდის ნარჩენების რაოდენობას, ხელს უწყობს მასალის დასკდომას. ზოგჯერ გადანაჭერის არაჩვეულებრივმა ფორმამ და ტექსტურამ შეიძლება მოგვცეს საინტერესო დეკორატიული ეფექტი.

ორმაგი ფიზიკური ქანქარა - ფიზიკური ქანქარა, რომელიც შედგება ერთმანეთთან სახსრით შეერთებული ორი სხეულისაგან; ამასთანავე, ამ სხეულებიდან ერთ - ერთს შეუძლია ბრუნვა უძრავი ჰორიზონტალური ღერძის გარშემო

ორმაგი წვერი - ხის მანკი, რომელიც წარმოიშობა წვერის წოწების სიკვდილით და მის ნაცვლად ორი გვერდითი შვეული ტოტის გაჩენით (ნახ. 1). ადგილს, სადაც მოხდა წვერის გაორება, - განშტოებას ეძახიან. ხის ტანის ეს ნაწილი უვარგისია და დამუშავების დროს მიდის ნარჩენებში.

ორმხრივი (მაკრატელა) კიბე - ორი ერთმანეთთან სახსროვნად დაკავშირებული მსუბუქი კიბის მარში (ნახ. 1), რომლის დასამზადებლად იყენებენ ხეს, ფოლადს, ალუმინს ან პლასტმასას. ასეთი კიბეები გამოირჩევა სიმსუბუქით, მობილურობით და საიმედოობით. იგი პრაქტიკულად ყველა კერძო მოსახლის და სააგარაკე სახლის შეუცვლელი ნივთია.

ორმხრივი მონოპოლია - შრომის ბაზარზე მდგომარეობა, როდესაც არის მყიდველი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს და არის ერთ-ერთი გამყიდველი მონოპოლისტი. გვხვდება შრომის ბაზარზე, სადაც არის ორი მონოპოლიური ძალა - პროფკავშირები და მეწარმეთა ორგანიზაციები.

ორნამენტი (ლათ.) - 1. ჩუქურთმა; 2. მხატვრული, გრაფიკული რიტმულად განმეორებული ელემენტებისაგან შემდგარი სამკაული, რომელიც წარმოადგენს გეომეტრიული ფიგურების ანდა სტილიზებული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებებს. ო., როგორც წესი, ავლენს და აქცენტს უკეთებს არქიტექტონიკას ნივთისა, რომელზეც იგია გამოსახულია. ო., ძირითადად, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ხოლო ეს სიმბოლოები ფესვმაგარი და ძლიერი ხალხის ყოფიდან, რწმენიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებდა სათავეს. შესანიშნავი ორნამენტებითაა შემკობილი ქართული ხუროთმოძღვრების ასეულობით ძეგლი, მათ შორის, მაგ., ნიკორწმინდა (ნახ. 1), იშხანი (ნახ. 2), გელათი (ნახ. 3), სვეტიცხოველი, ქაშვეთი, ფიტარეთი, ატენის სიონი, ბაგრატი, მცხეთის ჯვარი და ა.შ. ო. უდიდესი ისტორია აქვს ქართული ტანსაცმლის, ხალიჩების და ფარდაგების ქსოვაში (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი, სვანეთი). ქართული ორნამენტების ზოგიერთი სახეობა (ნახ. 4; ნახ. 5) გასცდა საქართველოს საზღვრებს და საკმაო რაოდენობით გვხვდება რომაულ, ბერძნულ, არაბულ თუ ევროპულ არქიტექტურაში.



ორნამენტი გეომეტრიული - წრეების, სპირალების, სწორი და ტეხილი ხაზებისა და სხვ. ჩამონაჭრები.

ორნამენტი გროტესკური - ორნამენტი, შედგენილი ნიღბების, ცხოველებისა და მცენარეების წნულისაგან.

ორნამენტი ზოომორფული - ორნამენტი, რომლის ძირითად შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს სტილიზებული გამოსახულება.

ორნამენტი მოდერნული - მოგონილი, ხელოვნურად შექმნილი ფორმები.

ორნამენტი რომანული - თაღების (კამარების), ნახევართაღების (ნახევარკამარების) შეხამება, შერწყმა.

ორნამენტი სკევომორფული - ცხოველთა სამყაროს, მცენარეულობის, ყურძნის, ყურძნის ფოთლებისა და სხვ. გამოსახულება.

ორნამენტიკა (ლათ.) - ამა თუ იმ ძეგლის, შენობის სხვადასხვა სახის ორნამენტთა ერთობლიობა.

ოროკო - მთაგორიან რელიეფზე საფეხურებად გამოყვანილი ტერასები - ვაკე ადგილები.

ორომი - ვარცლის ხის საფარებელი.

ორტარი - ხელის ინსტრუმენტი საჭრელი ინსტრუმენტების (ევოლვენტა, შიგსახრახნი, ბურღი, მრგვალი გარესახრახნი და სხვ.) ბრუნვისათვის. ხშირად ო. აკეთებენ უნივერსალურს გადასაწყობი გარესახრახნი ტუჩებით სხვადასხვა ზომის კვადრატული ფორმის ჭარჭიკის (ბურღის) თავის მოსაჭერად.

ორტესებრი კოჭი - სპეციალური დანიშნულების ფოლადის კოჭი. მალისა და მოქმედი დატვირთვების სიდიდის მიხედვით შეიძლება იყოს გაგლინული პროფილის ან შედგენილი. გაგლინული გამოდის ორი სახის - ჩვეულებრივი განივკვეთის (ნახ. 1; ნახ. 2), სიმაღლით 100...700 მმ და შემსუბუქებული, სიმაღლით 160...300 მმ. პროფილის ნომერს შეესაბამება მისი სიმაღლე სმ-ში. ასეთ კოჭებს ძირითადად იყენებენ მცირე (3...6 მ) მალების გადასახურავად, რადგან მალის ზრდასთან ერთად მკვეთრად იზრდება მასალის ხარჯი, რაც ეკონომიკური და კონსტრუქციული მოსაზრებით მიუღებელია. დიდი მალების გადახურვის შემთხვევაში (6...24 მ), როცა კოჭის განივკვეთის სიმაღლე მეტია 70 სმ-ზე, მიმართავენ შედგენილი ო. კ. გამოყენებას (ნახ. 3), რომელიც შეიძლება იყოს შენადუღი ან იშვიათად მოქლონური. შენადუღი ო. კ., უმეტეს შემთხვევაში, შედგება ერთი ვერტიკალური კედლისა და ორი ჰორიზონტალური სარტყელისაგან (ზედა და ქვედა თაროები). კედლის ფურცლის ოპტიმალური სისქეა δ = 6...12 მმ, ხოლო თაროების - δ = 8...40 მმ. სასურველია დაცული იყოს პირობა: δ < (2,5...3)δ, რადგან ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, კედელსა და თაროებს შორის შედუღების ნაკერში განვითარდება არასასურველი ჩაჯდომის ძაბვები. კოჭის კედლის ადგილობრივი და კოჭის საერთო მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ხშირად, ეწყობა განივი და გრძივი სიხისტის წიბოები. ზოგადად, კოჭის გაანგარიშების თანმიმდევრობა შემდეგია: დატვირთვების შეკრება, კოჭის საანგარიშო სქემის დადგენა, კოჭის ოპტიმალური სიმაღლის განსაზღვრა, სარტყელებისა და კედლის ფურცლების ზომების განსაზღვრა, შემოწმება ნორმალურ, მხებ და ადგილობრივ ძაბვებზე, სიხისტეზე და საერთო მდგრადობაზე.

ორტი (გერმ.) - 1. ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი არა აქვს ზედაპირზე და გაიყვანება მარგი წიაღისეულის სისქეში განვრცობის ჯვარედინად ან მისდამი რაიმე კუთხით. ორტის დანიშნულებაა მიწის სიღრმეში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადაადგილება მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალთან; 2. ერთეული სიგრძის ვექტორი.

ორტიტი ( ბერძ.) - იგივეა, რაც ალანიტი - სილიკატების ჯგუფის მინერალი, შეიცავს ცერიუმს, თორიუმს, ურანს და სხვა იშვიათმიწათა ელემენტებს; ფერი მურადან შავამდეა, ფისის ბრწყინვალებით. სიმკვრივე 4150 კგ/მ3. გვხვდება, ძირითადად გრანიტებსა და პეგმატიტებში. რადიოაქტიურია. გამოიყენება იშვიათმიწათა ელემენტების მისაღებად.

ორტოსტატი (ბერძ.) - ორფოსტატი; ქვის კედლის ქვედა ნაწილის რელიეფით დამუშავებული ვერტიკალური ფილები.

ორფენოვანი პანელი - ფენოვანი პანელი, შემდგარი ორი ძირითადი ფენისაგან. მთლიანკვეთიან ო.პ. აქვს ორი დაარმირებული ბეტონის ფენა: მზიდი და თბოსაიზოლაციო. ეკრანიან ო.პ. კი - შიდა ფენა დაარმირებული კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო ბეტონისა და გარე ეკრანისაგან.

ორფოსტატი - ქვის კედლის ქვედა ნაწილის რელიეფით დამუშავებული ვერტიკალური ფილები.

ორქესტრა (ბერძ.) - 1. ბერძნული ტრაგედიის მოქმედი პირების ან გუნდის გამოსვლისათვის განკუთვნილი წრიული მოხაზულობის ბაქანი ბერძნულ თეატრში; 2. საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილი ნახევრწარიული ფორმის ბაქანი ბერძნულ თეატრში.

ორღობე - გასასვლელი ორ პარალელურ ღობეს შორის.

ორშუქა დარბაზი - ორი სართულის სიმაღლე დარბაზი.

ორჩხომელა - 1. ბრტყელძირიანი სატვირთე იალქნიანი ნავი (ნახ. 1); 2. უხეშად ნაგები მდინარის გემი ხის ლურსმნებზე.

ორწახნაგა კუთხე - სივრცის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ერთი წრფიდან გამოსული ორი ნახევარსიბრტყით. ამ ნახევარსიბრტყეებს ეწოდება ორწახნაგა კუთხის წახნაგები, ხოლო მათ საერთო წრფეს - წიბო.

ოსმოსი (ბერძ.) - ნაწილობრივგამტარი მემბრანით სითხის (ძირითადად გამხსნელის) დიფუზიის განსაკუთრებული ტიპი. მემბრანა ატარებს გამხსნელის მოლეკულებს და არ ატარებს ხსნარის მოლეკულებს. სითხე ნაკლებად კონცენტრირებული (ჰიპოტონიური) ხსნარიდან მეტად კონცენტრირებულ (ჰიპერტონიულ) ხსნარში გადადის თანდათანობით და ასე გრძელდება მანამ, სანამ ორივე ხსნარის კონცენტრაცია ერთმანეთს გაუტოლდება. ერთი და იმავე კონცენტრაციის ხსნარებს იზოტონური ხსნარები ეწოდება. ოსმოსის შედეგად წარმოიქმნება ოსმოსური წნევა, რომელიც დამოკიდებულია ხსნარის კონცენტრაციაზე და გახსნილი ნივთიერების თვისებებზე (ბუნებაზე).

ოსმოსური წნევა - ხსნარის ჰიდროსტატიკური ჭარბი წნევა, რომელიც ეწინააღმდეგება გამხსნელის დიფუზიას ნაწილობრივგამტარი მემბრანის გავლით.

ოსტატი (არაბ.-სპარს.) – 1. თავისი საქმის კარგად მცოდნე ხელოსანი; 2. წარმოების, საამქროს სპეციალური დარგის ერთი რომელიმე პატარა უბნის ხელმძღვანელი; 3. (გადატანით) რაიმე საქმეში დიდად გამოცდილი, დახელოვნებული ადამიანი.

ოსუარიუმი (ლათ.) - 1. მიცვალებულის ფერფლის ან ძვლების შესანახის ქვის ან თიხის ყუთი; 2. ნეშტის მოსათავსებელი ნიშებიანი კედელი.

ოსცილატორი (ლათ.) - ფიზიკური სისტემა, რომელიც რხევას განიცდის.

ოსცილოგრაფი (ლათ.) - ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს ვიზუალური ან ჩაწერით დაკვირვება ელექტრული დენის ან ძაბვის ცვალებადობაზე დროში. არაელექტრული სიდიდეების გარდაქმნით ელექტრულად ოსცილოგრაფით შეიძლება დავაკვირდეთ ან დავარეგისტრიროთ სწრაფად ცვალებადი ფიზიკური პროცესების პარამეტრები, როგორიცაა წნევა, ტემპერატურა, აჩქარება, სიჩქარე, ბრუნვითი სიხშირე და სხვ.

ოტელი (ფრანგ.) - 1. სასტუმრო; 2. საცხოვრებელი ოთახების, საზეიმო დარბაზებისა და სასამსახურო სათავსების შემცველი შენობის დასახელება ფრანგულ არქიტექტურაში.

ოფერტი (ლათ.) - 1. გარიგების შესახებ წინადადების ფორმალური შეთავაზება ამა თუ იმ პირისათვის ყველა აუცილებელი პირობის მითითებით; 2. გარკვეული ფორმის ოფიციალური განაცხადი საკონკურსო ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ.

ოფისი - შენობა, სადაც განთავსებულია ამა თუ იმ დაწესებულების (ფირმის) მმართველი ორგანო.

ოფიციალური (ლათ.) - 1. ხელისუფლების მიერ მიღებული, დაკანონებული, თანამდებობრივი; 2. ესათუ ის მოქმედება, რომელიც ყველა წესის, ყველა ფორმალობის დაცვით მიმდინარეობს

ოფორტი (ფრანგ.) - ლითონის ზედაპირის მჟავებით ამოყვანის გზით მიღებული გრავიურა.

ოფშორი (ინგლ.) - ნაპირს გარეთ, სანაპიროდან დაშორებით, ღია ზღვაში; კომერციული საქმიანობის ორგანიზაციის სპეციფიკური ფორმა. სპეციალური ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი სახეობა.

ოფშორული ზონა - კონკრეტული სახელმწიფო ან მისი ტერიტორიის ნაწილი, სადაც არარეზიდენტებისათვის (დროებით მცხოვრები უცხოელები) მიმზიდველი (კეთილსასურველი) ეკონომიკურ-სამართლებრივი რეჟიმებია დაწესებული.

ოფციონი - ხელშეკრულება, რომლითაც პოტენციური მყიდველი და პოტენციური გამყიდველი იღებენ უფლებას (არა ვალდებულებას) გაყიდონ ან იყიდონ საქონელი (ფასიანი ქაღალდები) წინასწარ შეთანხმებულ ფასად მომავალში, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომენტში, ან დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. ო. განეკუთვნება წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს და შეიძლება იყოს: ოფციონი ყიდვაზე, გაყიდვაზე, ორმხრივი, საბირჟო, არასაბირჟო და სხვა.

ოქმი (არაბ.) - 1. საბუთი, რომელშიც აღწერილია კრების, სხდომის, დაკითხვის მსვლელობა; 2. რაიმე ფაქტის დამადასტურებელი საბუთი; 3. აქტი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ.

ოქრო (ლათ. Aurum) - რბილი, კეთილშობილი, ძლიერპლასტიკური, მბზინვარე ყვითელი ფერის ლითონი. აღინიშნება სიმბოლოთი Au. გვხვდება თვითნაბადი სახით ქვებსა და ალუვიონებში. ო. ძალიან მძიმე ლითონია: სუფთა ო. სიმკვრივე ტოლია 19621 კგ/მ3. წმინდა ო. კაშკაშა ყვითელი ფერი და ელვარება აქვს და ტრადიციულად ითვლება მომხიბვლელად, რასაც იგი აღწევს კოროზიისადმი მდგრადობით ჰაერსა თუ წყალში. ო. მიჩნეულია სიმდიდრის სიმბოლოდ და დაგროვების ობიექტია. იგი საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციასაც ასრულებს. როგორც ფულად საქონელს მასაც გააჩნია საუკეთესო ფიზიკური და ქიმიური თვისებები: ერთგვაროვნება, გაყოფადობა, პორტატიულობა (მცირე მასა და მოცულობა და დიდი ღირებულება) და სხვ. ო. სტანდარტები განსაზღვრავს მონეტარული პოლიტიკის საფუძვლებს. ო. მრავალგვარი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს. გამოიყენება: საიუველირო ნაკეთობათა და მონეტების დასამზადებლად, დეკორატიული დაფარვებისათვის, სხვა ლითონებთან შენადნობებში, ქიმიურად მდგრადი აპარატურის დასამზადებლად, ელექტროტექნიკაში, სტომატოლოგიაში, ფარმაკოლოგიაში. ო. ყველაზე დიდი რაოდენობით მომპოვებელი ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ, ავსტრალია, პერუ, რუსეთი, კანადა, ინდონეზია და ა.შ., ხოლო ო. მარაგის მიხედვით (ტონებში) ქვეყნები ასე ნაწილდება: აშშ - 8134, გერმანია - 3407, სსფ (IMF) - 2967, იტალია - 2452, საფრანგეთი - 2435, ჩინეთი - 1054, შვეიცარია - 1040, იაპონია - 765, რუსეთი - 669, ნიდერლანდები - 613 და ა.შ. ო. მოპოვება საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა, რასაც ადასტურებს ოქროს საწმისის ლეგენდა, რომელშიც ბერძნები კოლხეთს ოქრომრავალ ქვეყანად მოიხსენიებენ. ამჟამად (ბოლნისის მადნეული) საქართველო მოიპოვებს წელიწადში დაახლოებით 2 ტ ოქროს.

ოქრო ბაჯაღლო - მაღალი სისუფთავის (სინჯის) ოქროს სახელწოდება, რომელიც ადრე გამოიყენებოდა ოქროს თუმნიანების მოსაჭრელად.

ოქროს ვარაყი - უწვრილესი (ზოგადად მიღებულია 100 ნმ) ოქროს ფურცელი, რომელიც გამოიყენება დეკორატიული მოპირკეთებისათვის. ოქროს ვარაყის გამოყენება სხვადასხვა ნივთების მოოქროვებისათვის, პრაქტიკულად ერთადერთი მეთოდია, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებით მასშტაბურ ობიექტებში (თაღები , ძეგლები, ქანდაკებები და სხვ.).

ოქროს კვეთა - მონაკვეთის სიგრძის (ანუ მთელის) გაყოფა ისეთ ორ არატოლ ნაწილად, რომ მათ შორის უდიდესი წარმოადგენს მცირე ნაწილის და მთელი მონაკვეთის სიგრძის (მთელის) საშუალო გეომეტრიულს. მაგ., თუ a - მთელი მონაკვეთის სიგრძეა, x - მისი დიდი ნაწილი, მაშინ მონაკვეთის ოქროს კვეთა ჩაიწერება პროპორციით: a/x = x/(a−x). ეს პროპორცია ჩაიწერება განტოლების სახით: x2 + ax − a2 = 0, რომლის ამოხსნა გვაძლევს მონაკვეთის დიდი ნაწილის სიგრძეს. სახელწოდება "ოქროს კვეთა" შემოიღო ლეონარდო და ვინჩმა. მონაკვეთის ოქროს კვეთას ზოგიერთი ავტორი "ღვთიურ პროპორციას" უწოდებს. ოქროს კვეთა გვხვდება ბუნებასა და ხელოვნებაში. არც კომპოზიტორები და პოეტები დარჩენილან "გულგრილნი" ოქროს კვეთის მიმართ

ოქროს პარიტეტი - თანაფარდობა სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებს შორის ოქროს წონითი რაოდენობის, ოქროს შემცველობის მიხედვით. ოქროს პარიტეტი გაუქმდა 1978 წელს (იხ. მსოფლიო სავალუტო სისტემა).

ოქროს ციხე - ციხე-სიმაგრე ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად (ნახ. 1). იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. ციხის ზემო ნაწილი კლდოვანი ქედის კეხზეა. მისი კედლები ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ეშვება. ციხის უდიდესი ნაწილი სამხრეთის ფრთაზეა, სადაც კედლების რამდენიმე (თითქმის პარალელური) მწკრივია. კედლების მცირე ბურჯების გარდა, ციხის ფარგლებში რამდენიმე უფრო მოზრდილი კოშკიცაა. ერთი მათგანი უმაღლეს კლდეზე დგას და მთელ ციხეს დაჰყურებს. ციხის გეგმა რთულია. დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კედლები კლდეებთანაა შეზრდილი, მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს. კედლები უხეშად დამუშავებული ლოდებითაა ნაშენი და ზოგან 10 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა შენარჩუნებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. იგი ოთხივე მხრივ დიდი ლოდებითაა შემოფარგლული, სიმაღლით დაახლოებით 1,5 მეტრია, სიგანით კი - უფრო ნაკლები. კედლის სისქე შესასვლელთან ორ მეტრს აღემატება. შესასვლელის წინ დამატებითი კედელია აშენებული, ხოლო ზედ შესასვლელის თავზე გაკეთებულია დიდი სალოდე; ამ ადგილამდის შემოჭრილ მტერს ზედ თავზე აყრიდნენ ქვებს, ასხამდნენ ცხელ ფისს. შიგ ციხის ფარგლებში შეღწევის შემდეგაც თავდამსხმელს ბევრი სიძნელე ეღობებოდა წინ. დამცველებს ცალკეულ კოშკებშიც შეეძლოთ გამაგრება. ო.ც. ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და სლესის, წროხის, ოძრხის, ერემჭალის, აწყურის, ასპინძის, ხერთვისისა და სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში.

ოქსალატები (ბერძ.) - მჟაუნმჟავს მარილები. არსებობს მჟავე (მაგ., HOOC-COOK) და საშუალო (მაგ., NaOOC-COONa). ო. კრისტალებია; ვარვარებისას იშლება დნობის გარეშე; ცუდად იხსნება წყალში; ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში. გამოიყენება ანალიზურ ქიმიაში (ამონიუმის ო.), სამღებრო სამუშაოებში (ალუმინის და სტიბიუმის ო.), ფოტოგრაფიაში (სამჟღავნი).

ოქსი... (ბერძ.) - 1. რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს მჟავე გარემოსთან ან ჟანგბადთან დაკავშირებულს

ოქსიდაცია - იხ. დაჟანგვა.

ოქსიდები - იხ. ჟანგეულები.

ოქსიდირება (ბერძ.) - ლითონის ნაკეთობათა ზედაპირის ხელოვნურად დაჟანგვა კოროზიისაგან დაცვის ან სილამაზის მიზნით (მაგ., ვერცხლის ნივთების ოქსიდირება).

ოქსილიკვიტები (ლათ.) - თხევადი ჟანგბადის ფეთქებადი ნარევი მყარი ორგანული ფოროვანი ნივთიერებებით (მშთანთქმელებით).

ოქსილიტი (ბერძნ.) - ქიმიური პრეპარატი; შეიცავს ნატრიუმის ზეჟანგს. იყენებენ ჰაერის რეგენარაციისათვის

ოქსინაფტალინი - იხ. ნაფტოლები.

ოქსინო - ოქროქსოვილი ხავედის ფარდაგი. "ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა" (ვეფხისტყაოსანი).

ოქტა (ოქტო) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს რვა რისამე შემცველს

ოქტაედრი (ბერძ.) - წესიერი მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი (ნახ. 1). აქვს სამკუთხა ფორმის 8 წახნაგი, 12 წიბო, 6 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის 4 წიბო). თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ო. მოცულობა V = 0,4714b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 3,4641b2.

ოქტანტი (ბერძ.) - საკოორდინატო 0xy, 0xz, 0yz სიბრტყეების მიერ წყვილ - წყვილად ურთიერთგადაკვეთის შედეგად მიღებული 8 მართი სამწახნაგა კუთხიდან ერთ-ერთი

ოქტანური რიცხვი - ძრავის საწვავის დეტონაციური თვისება. ამ მხრივ ბენზინი უტოლდება იზოოქტანის (რომელიც პირობითად მიღებულია როგორც 100 ერთეული) და ნორმალური ჰეპტანის (მიღებულია როგორც 0) ნარევს. თუ ბენზინის ოქტანობა 95-ია, ეს ნიშნავს, რომ ის დეტონირდება, როგორც იზოოქტანის 95% და ჰეპტანის 5% -ის ნარევი. ბენზინის ოქტანური რიცხვი, ნავთობის პირველადი გამოხდის შედეგად, როგორც წესი, არ აჭარბებს 70 -ს.

ოქტოგენი - მძლავრი ფეთქებადი ნივთიერება (ფეთქების მახასიათებლებით აღემატება ჰექსოგენს). მაღალი თბომომედეგობა და დნობის ტემპერატურა (278,5-2800C) საშუალებას იძლევა ის გამოყენებული იქნეს ასაფეთქებელი სამუშაოებისათვის მაღალი ტემპერატურის პირობებში (მაგ., ღრმა და ძალიან ღრმა ჭაბურღილები)

ოღროჩოღრო - უსწორმასწორო ზედაპირის მქონე, ზოგგან ჩაღრმავებული, ზოგგან ამობურცული.

ოშკი - X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტრო ცენტრი ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში (ნახ. 1). ოთხ დიდ კათედრალთაგან პირველი (იხ. სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). ტაძარი ერთიანდება სამონასტრო კომპლექსში, შემორჩენილი სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიებით. ტაძრის არქიტექტურა იმეორებს მისი წინამორბედების სახასიათო მოტივებს და უფრო გამდიდრებული და გართულებული სახით წარმოგვიდგენს მას. ო. ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძარი წარმოადგენს ტეტრაკონქს, თავისუფალი გუმბათით. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარესახეშიც, თუმცა აფსიდების სიმრგვალე არ ვლინდება, მოქცეულია რა სწორკუთხა მკლავებში. ო. უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ჩუქურთმებით. მოხატულობიდან მცირედია შემონახული. ო. ტაძრის გეგმა (ნახ. 2) იმეორებს იშხნის ტაძრის გეგმას, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით და ამასთან უფრო გართულებულია. მისი სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 38,5 მ-ია (დასავლეთ ეკვდერის გამოკვლებით); სიგანე შუა ნაწილში ≈36 მ, ხოლო სიმაღლე ≈ 40 მ. ო. კარგად იყო განათებული მრავალრიცხოვანი სარკმლებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია[15], საკურთხეველში 3, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახალი დროის ტიპური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფის სიმდიდრით ო. ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. ტაძრის კედლებისა და სვეტების საშენ მასალად ძირითადად გამოყენებულია თლილი ქვა, ხილო სახურავისათვის - წითელი და ყვითელი მოჭიქული აგური. აღსანიშნავია ექვთიმე თაყაიშვილის სამი უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომლის დროსაც მთლიანად იქნა აღწერილი და აზომილი ო. მონასტერი.

ოშფორული კომპანია - ფირმა, რომელიც მთლიანად თავისუფლდება გადასახადებისაგან ან სარგებლობს დიდი საგადასახადო შეღავათებით. იგი, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს თავისი ოფიციალური იურისდიქციის რეზიდენტი, ე.ი. არარეზიდენტულია იმ ტერიტორიაზე, სადაც დარეგისტრირებულია. აქედან წარმოდგება ტერმინი „ოშფორი“, რაც „ნაპირს გარეთ“ საქმიანობას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მართვის ცენტრი საზღვარგარეთ მდებარეობს. აღნიშნული ტერმინი პირველად გამოიყენეს დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი ამავე დროს ნიშნავს საქმიანობას „საზღვრის გარეთაც".

ოწინარი - წინასწარ გამზადებული ხის ძელი დიდი ქვების ასაღებად და მაღლა ხარაჩოზე მისაწოდებლად

ოხერი - მიტოვებულ-გაუკაცრიელებული უძრავი ქონება (სახლ-კარი, მამული) ძველ საქართველოში. ასეთი ქონების სახელად იხმარებოდა აგრეთვე „ნაოხარი“, „ოხერქმნილი“ და „პარტახი“

ოხრა - იხ. კაჟმიწა.

ოჯინჯალი - ხის მოწყობილობა შუაცეცხლის თავზე, რომელზედაც ჯაჭვია შეკიდული (გურიასა და იმერეთში გავრცელებული ტერმინი).

პაბლისიტი (ინგლ.) - 1. რეკლამის სახელწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში; 2. რეკლამა, პოპულარობა; საქონელმიმოქცევის არხებში ინფორმაციის გავრცელება საქონლისა და მომსახურების და მათი მწარმოებელი ფირმების შესახებ მოთხოვნის სტიმულირების მიზნით; 3. პროპაგანდისტული კომპანია.

პაგოდა (პორტუგ.) - ბუდისტური მემორიალური ნაგებობა და რელიკვიების საცავი. ის პირველად გაჩნდა ჩინეთში, შემდეგ ნეპალში, ინდოეთში, კორეაში, იაპონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებში. აქვს ფარდულის ან მრავალიარუსიანი კოშკის ფორმა (ნახ. 1) გეგმით კვადრატული ან 6-, 8- და 12-კუთხა. საშენ მასალად გამოიყენებოდა მერქანი, ქვა, აგური, ლითონი. ტაილანდში, ბირმაში, შრი-ლანკაში, ლაოსსა და კამბოჯაში პ. უწოდებდნენ ბუდისტურ მორგს, რომელის ხშირად წარმოადგენდა წმინდა საგნების საცავს ან მემორიალურ კომპლექსებს.

პავილიონი (ფრანგ.) - 1. მსუბუქი შენობა ბაღ-პარკებში; 2. ცალკე შენობა ან მინაშენი სახელდახელო ვაჭრობისათვის; 3. გამოფენის რომელიმე განყოფილებისადმი განკუთვნილი შენობა; 4. კინო, ფოტო ან ვიდეოგადაღებისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა.

პაი (თურქ.) - ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რაიმე საერთო საქმეში თითოეულის მიერ შეტანილი წილი.

პაკელაჟი (გერმ.) - შარაგზის ქვის საფუძვლის სახეობა. შედგება ღორღით მოშანდაკებულ და მოსწორებულ მიწის ვაკისზე დალაგებული ქვებისაგან.

პაკეტი (გერმ.) - 1. სააქციო საზოგადოების აქციების საერთო რაოდენობის უმეტესი ნაწილი (ჩვეულებრივ, 50%-ს + 1 ხმა), რომელიც მის მესაკუთრეს ამ საზოგადოების მენეჯმენტში გადამწყვეტი ხმის უფლებას აძლევს; 2. ერთად დაწყობილი, მეტწილად ფურცლოვანი მასალა ერთდროული დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირებისათვის; 3. რაიმე მომსახურების, შეთავაზების, სარგებლობის და მისთ. სახეობა. მაგ., აქციების პაკეტი, ინტერნეტ-პაკეტი, სატელევიზიო არხების პაკეტი და ა.შ.; 4. შეფუთული რაიმე, როგორც წესი, ქაღალდის ან პლასტმასის; 5. ერთჯერადი სამომხმარებლო რბილი ტარა, რომლის კორპუსს აქვს სახელოს ფორმა ფსკერით და ღია თავით, ტევადობით 20 მ3-მდე; 6. გამოყენებითი პროგრამების პ.; 7. კომპიუტერული პროგრამების კრებული; 8. ტალღური პ. ფიზიკაში.

პაკჰაუზი (გერმ.) - რკინიგზის სადგურთან ან ნავსადგურთან ტვირთის დროებითი შესანახი სასაწყობო შენობა.

პალატა (ლათ.) - 1. სასახლე; ძვირფასად მორთული სასახლის დარბაზი; 2. ზოგ ქვეყანაში წარმომადგენლობითი საკანონმდებლო დაწესებულების სახელწოდება (მაგ., თემთა პალატა - ინგლისის პარლამენტის ქვედა პალატა; ლორდთა პალატა - ინგლისის პარლამენტის ზედა პალატა); 3. ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო დაწესებულების სახელწოდება (მაგ., წიგნის პალატა, სავაჭრო პალატა); 4. საავადმყოფოს ოთახი, რომელშიც ავადმყოფები წვანან.

პალატი (ლათ.) - 1. ძვ. სასახლის აღმნიშვნელი ტერმინი შუასაუკუნეების ქართულში; 2. დარბაზი სასახლეში; საგანგებოდ ძვირფასად მორთული ოთახი; 3. ქვედა არასაცხოვრებელი სართული ხის ან ქვის სახლში. გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებით.

პალაცე (იტალ.) - იტალური სასახლის სახეობა, რომელიც ჩამოყალიბდა აღორძინების ხანაში და წარმოადგენს ორ ან სამსართულიან შენობას, სადაც დამხმარე სადგომები განლაგებულია ქვედა, ხოლო პარადული და საცხოვრებელი ოთახები - ზედა სართულზე.

პალეო… (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს ძველს, უძველესს, ძველ დროსთან დაკავშირებულს

პალესტრა (ბერძ.) - ფიზიკური აღზრდის სკოლა ანტიკურ საბერძნეთში, რომელიც სპორტულ ნაგებობათა კომპლექსს მოიცავდა.

პალეტი (ფრანგ.) - გამჭვირვალე ქაღალდი, მინა ან ცელულოზის ფირფიტა, რომელზედაც დახაზულია გარკვეული ზომის კვადრატების შემცველი ბადე; იყენებენ უბნის ფართობის განსაზღვრისათვის გეგმაზე ან რუკაზე.

პალისადი (ფრანგ.) - 1. მიწაში ჩარჭობილი ხიმინჯების მწკრივი (მიწაყრილისა და ფლატეს გასამაგრებლად); 2. სამხედრო საქმეში - წაწვეტებული მორებისაგან გაკეთებული თავდაცვითი მესერი ძველებურ სიმაგრეებში

პალისანდრა (ფრანგ.) - ტროპიკული საშუალო სიმაღლის ხე, ძვირფასი, მკვრივი მერქნით. გამოიყენება მცირე ზომის მაღალხარისხოვანი ნაკეთობების დასამზადებლად და ინტარსიის სამუშაოების შესრულებისას (ნახ. 1).

პალიტრა (ფრანგ.) - 1. გადატანითი მნიშვნელობით - ფერების შერჩევა; 2. გამომსახველობით საშუალებათა ერთობლიობა მწერლის, კომპოზიტორისა და სხვათა შემოქმედებაში; 3. თხელი ფიცარი, რომელსაც მხატვრები ხმარობენ საღებავების შესაზავებლად; აქვს ნახვრეტი - მარცხენა ხელის ცერზე წამოსაცმელად.

პალმეტა (ფრანგ.) - ფერწერული ან სკულპტურული ორნამენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს მცენარის (ჩვეულებრივ პალმის) ფოთლის სტილიზებული გამოსახულება (ნახ. 1). პ. ფართოდ იყო გამოყენებული წინა აზიის ქვეყნების, ანტიკური საბერძნეთისა და შემდგომში ევროპის არქიტექტურაში.

პალო - მოკლე და მსხვილი ჯოხი, რომელსაც ბოლო წაწვეტებული აქვს

პანამა (ფრანგ.) - 1. თანამდებობის პირების მოსყიდვასთან დაკავშირებული მსხვილი თაღლითობა. სიტყვა გაჩნდა იმ კრახთან დაკავშირებით, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ განიცადა 1889 წ. პანამის არხის გათხრისას გრანდიოზული გაფლანგვისა და ბოროტმოქმედებათა შედეგად; 2. ფართოფარფლიანი საზაფხულო ქუდი ერთგვარი; 3. ხელოვნური აბრეშუმის ქსოვილი ერთგვარი.

პანამის არხი (ესპ. Canal de Panamá) - სანაოსნო არხი პანამაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს (ნახ. 1). არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის ორივე დაბოლოება სპეციალური რაბებითაა დაკეტილი, რათა მოხდეს გემების აწევა გატუნის ტბის სიმაღლემდე, ზღვის დონიდან 26 მეტრზე. გატუნის ტბა ხელოვნურად შეიქმნა არხის მშენებლობისას. არხის სიგრძეა 77,1 კმ. ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა, იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. მოკლე, სწრაფმა და უსაფრთხო გზამ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და წყნარი ოკეანის ნაპირზე მდებარე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელთ საშუალება მისცა, უფრო ინტეგრირებულნი გამხდარიყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში. არხი შედგება ხელოვნური ტბების, რამდენიმე ხელოვნური არხისა და სამი წყვილი ჩამკეტებისაგან (ნახ. 2: გატუნის ჩამკეტები). დამატებითი ხელოვნური ტბა ალახუელა არხის დამატებით რეზერვუარად გამოიყენება. ჩამკეტების ზომები (სიგანე - 33,53 მ, სიგრძე 320 მ) განსაზღვრავს იმ გემის მაქსიმალურ ზომას, რომელსაც არხში გავლა შეუძლია. საერთაშორისო ვაჭრობაში არხის მნიშვნელობის გამო, ბევრი გემი სწორედ ამ მაქსიმალურ ზომაზეა აგებული. ამ გემებს პანამაქსს უწოდებენ. პანამაქსის სატვირთო გემების დედვეიტ ტონაჟი (DWT, საზომი) 65 000...80 000 ტონაა, მაგრამ მისი რეალური ტვირთი შემცირებულია 52 500 ტონამდე, რადგან არხში გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილის მაქსიმალური სიღრმე 12,6 მეტრამდეა შეზღუდული. ამჟამად მიმდინარეობს მესამე წყვილი ჩამკეტების მონტაჟი, რაც უფრო ფართო და ღრმა არხების საშუალებით დიდ გემებს მისცემს გავლის შესაძლებლობას. გემების ზომა გაიზრდება 25%-ით სიგრძეში და 26%-ით სიღრმეში; შესაბამისად, განისაზღვრება პანამაქსის ახალი სტანდარტიც. ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.

პანდატივი (ფრანგ.) - აფრა, ყურე; კამარის სფერული სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება გადასვლა კვადრატული ფუძიდან წრიული გუმბათისკენ.

პანდუსი (ფრანგ.) - 1. სწორი ან მრუდხი მოხაზულობის დახრილი სიბრტყე (ნახ. 1), რომელიც ცვლის კიბეს და, ხშირად, გამიზნულია ტრანსპორტის ასასვლელად; 2. დახრილი სავალი ზედაპირი, რომლის ქანობი შეადგენს 1:20 (5%) და უფრო მეტს, ანუ ზედაპირის აწევა 20 ჰორიზონტალურ გრძივ მეტრზე შეადგენს 1 მეტრს.

პანდუქსიონი (ბერძ.) - ქარვასლა; სასტუმრო მგზავრებისა და ქარავნებისათვის.

პანელი (გერმ.) - 1. მოპირკეთებით გამოყოფილი კედლის ქვედა ნაწილი ოთახში; 2. კედლის შემადგენელი ელემენტი ანაკრებ მშენებლობაში, რომელიც წარმოადგენს წიბოზე დადგმულ ფილას; 3. გადახურვის ანაკრები ელემენტი დიდი ზომის რკინაბეტონის (ნახ. 1), ლითონის, ხის ან პლასტმასის ფილის სახით; 4. ტროტუარი; ასფალტის, ქვის ან ხის ფენილი ქუჩის ნაპირზე ქვეითათ მოსიარულეთათვის.

პანელი არამზიდი - პანელი, რომელზედაც არ ეყრდნობა შენობის კონსტრუქცია (გარდა ფანჯრის და კარის ბლოკებისა და მსუბუქი ფანჯრებსშორისი სადგმელისა).

პანელი ეკრანით - ფენოვანი პანელი, რომლის გარე ფენას შეადგენს ეკრანი. ის პანელის ძირითადი კონსტრუქციისაგან გამოყოფილია ჰაერის შრით. ეკრანები გამოიყენება კედლის ძირითადი კონსტრუქციის დასაცავად ატმოსფერული ზემოქმედებისაგან, ვენტილაციისათვის, თბომედეგობის ასამაღლებლად და ამზადებენ დაარმირებული ბეტონის, ფოლადის, ალუმინის ფურცლებისაგან და სხვა მასალებისაგან.

პანელი თერმოსტრუქტურული - სამფენიანი პანელი, დამზადებული ბლანტი პოლისტიროლის აქაფების მეთოდით, რომლის შედეგად წარმოიქმნება ჰაერით შევსებული მიკროფორები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ბგერა- და თბოსაიზოლაციო შუა ფენას. შუა ფენა შემოსვებთან დაკავშირებულია წებოს მეშვეობით.

პანელი მზიდი - პანელი, რომელზეც ეყრდნობა შენობის კონსტრუქცია.

პანელი მთლიანი - პანელი, რომლის კონსტრუქციის მთლიანობა ხდება დამზადების პროცესში.

პანელი „სენდვიჩი“ - სამფენიანი პანელი, რომლის თბოსაიზოლაციო შუა ფენისათვის გამოყენებულია მინერალური ბამბა, ქაფპოლისტიროლი ან ქაფპოლიურეთანი, ხოლო გარე და შიდა ხისტი ფენები (შემოსვები) დამზადებულია ფოლადის, ფანერის ან პლასტმასის ფურცლებისაგან (ნახ. 1). შუა ფენა შემოსვებთან დაკავშირებულია წებოს მეშვეობით.

პანელის გარე დეკორატიული შრე - არაძირითადი შრე, განლაგებული პანელის გარე (ფასადის) ზედაპირზე, რომელიც ასრულებს მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციებს. ის შედგება ერთი ან ორი ფენა გამოსაყვანი საფარველისაგან ან მოპირკეთებისაგან, რომელიც პანელის ზედაპირს აძლევს საჭირო ფერს (ფაქტურას) და არა აქვს დამცავი ფუნქცია.

პანელის ძირითადი შრეები - პანელის ყველა შრე სისქეში, მათ შორის თბოსაიზოლაციო შრე და გარე ეკრანი. პ.ძ.შ. არ შედის გარე დეკორატიული, დამცავი და შიდა მოპირკეთების შრეები, რულონური და აფსკური მასალები და ჰაერის შუა ფენა.

პანელური გადახურვა - პანელებით შედგენილი სართულშუა გადახურვა.

პანთეონი (გერმ.) - 1. "ყველა ღმერთის ტაძარი" ძველ რომში; 2. გამოჩენილი ადამიანების საძვალე; 3. თბილისში - მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (ნახ. 1).

პანიკადილო (ბერძ.) - იხ. ქორკანდელი.

პანკისის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). წყაროებში პირველად XI საუკუნიდან მოიხსენიება. პანკისის ციხე რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, გარს ევლება ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. ციხე შედგება სხვადასხვა დონეზე (დონეებს შორის სხვაობა 20 მეტრია) მდებარე 2 ნაწილისაგან, ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. შესასვლელი ქვედა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში ყოფილა. ციტადელს, რომლის ფართობი დაახლოებით 400 კვ. მეტრია, ციხის ყველაზე მაღალი ნაწილი უკავია. გეგმით იგი თითქმის წრიულია. შესასვლელი ზღუდის სამხრეთ ნაწილშია გაჭრილი, რომელიც ციტადელს ქვედა ციხესთან აკავშირებს. ქვედა ციხე მთის სამხრეთ ციცაბო ფერდობზე მდებარეობს და ფართობით ციტადელს დაახლოებით 4–ჯერ აღემატება. მისი გეგმა სამხრეთიდან ჩრდილოეთით წაგრძელებული მრავალგვერდაა. ქვედა ციხის დასავლეთ კუთხეში და სამხრეთ კედელში თითო სწორკუთხა კოშკი ყოფილა ჩართული. ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავნის სისქე ქვედა ნაწილში 2,5 მეტრია, ზოგან 3,6 მეტრსაც აღწევს. ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილში დგას პატარა დარბაზული ეკლესია. ქვედა ციხის სამხრეთ-დასავლეთით 60 მ-ში დგას ზემოთ ოდნავ შევიწროვებული ცილინდრული კოშკი (დიამეტრი ფუძესთან 8 მ, კედლის სისქე 1,2 მ). შემორჩენილია სართულნახევარი (4…5,5 მ). I სართულის ჩრდილოეთ ნაწილში ნატეხი ქვის კამარით გადახურული წყლის მოზრდილი რეზერვუარია, რომლიდანაც წყლის ამოღება მეორე სართულის იატაკში მოწყობილი ხვრელიდან (დიამეტრი 0,6 მ) ხდებოდა. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია ძელების ბუდეები). ცილინდრული კოშკის სამხრეთით დაახლოებით 60 მ–ში დგას კიდევ ერთი კოშკი, რომელიც ციხისკენ მიმავალ გზას კეტავს. XVI საუკუნიდან საიმედოდ დაცულ პანკისის ციხეში ინახებოდა კახეთის სამეფო განძის დიდი ნაწილი, რომელიც 1614 წელს უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ყიზილბაშებმა იგდეს ხელთ. 1664 წელს ალყაშემორტყმულ პანკისის ციხეში 7 თვე იმყოფებოდა ერეკლე I.

პანო (ფრან.) - ძერწული ან სხვა სახის ჩარჩოთი შემოსაზღვრული კედლის ნაწილი, რომელიც ხშირად შევსებულია რელიეფით, ფერწერით ან ტილოზე შესრულებული სურათით (ნახ. 1).

პანორამა (ბერძ.) - მოცულობრივი გამოსახულებებით დამუშავებული წინა პლანის მქონე სურათი, რომელიც წრიული შენობის კედელზეა მოთავსებული და ზედა სინათლით ნათდება და რომელიც შენობაში მყოფ მაყურებელს ჰორიზონტის მთელ წრეზე რეალური სივრცის ილუზიას უქმნის (ნახ. 1, ბოროდინოს ბრძოლის პანორამის ფრაგმენტი. ავტ. ფრანც რუბო).

პანსიონატი (ფრანგ.) - სასტუმრო ან დასასვენებელი სახლის ნაირსახეობა

პანსიონი (ფრანგ.) - 1. დახურული სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ბინით და კვებით; 2. კერძო სასტუმრო, სადაც მდგმურები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ბინით და მოვლით

პანტოგრაფი (ბერძ.) - 1. ნახაზიდან პირის გადასაღები ხელსაწყო; 2. ელმავლის ან ძრავიანი ვაგონის სახურავზე გამართული მოწყობილობა საკონტაქტო სადენიდან (მავთულიდან) დენის მისაღებად; დენმიმღები.

პანტომეტრი (ბერძ.) - გეოდეზიური ხელსაწყო ადგილზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური კუთხეების გასაზომად.

პაპერტი - სათავსი ეკლესიაში შესასვლელის წინ მცირე გალერეას სახით.

პაპიე-მაშე (ფრანგ.) - პლასტიკური ნივთიერება, რომელიც მიიღება ქაღალდის მასაში წებოს, სახამებლის, თაბაშირის, ცარცისა და სხვ. შერევით; იყენებენ სხვადასხვაგვარი ნივთების დასამზადებლად დაწნეხვის მეთოდით

პარაბოლა - სიბრტყის წერტილთა სიმრავლე, რომლის ყოველი წერტილი თანაბრად არის დაშორებული იმავე სიბრტყეზე მდებარე მოცემული F წერტილიდან (ფოკუსიდან) და მოცემული d წრფიდან (დირექტრისიდან). პ. მეორე რიგის მრუდია. მისი ზოგადი განტოლებაა: y = ax2+bx+c. დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში პ. უმარტივესი (კანონიკური) სახის განტოლებაა: y2 = 2px, სადაც p არის მანძილი მოცემული F წერტილიდან მოცემულ d წრფემდე. დირექტრისის განტოლებას აქვს სახე: x = − p/2; p-ს უწოდებენ პ. პარამეტრს, 0x ღერძს - პ. ღერძს. (ნახ. 1). პ. მიიღება კონუსის კვეთით იმ სიბრტყით, რომელიც ერთ-ერთი მსახველის პარალელურია.

პარაბოლოიდი - მე-2 რიგის ზედაპირი, რომელიც მიიღება პარაბოლას ბრუნვით მისი ღერძის გარშემო.  პ. არის უცენტრო არაჩაკეტილი ზედაპირი, რომლის უმარტივეს განტოლებებს დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში აქვს შემდეგი სახე: x2/p2 + y2/q2 = 2z (ელიფსური პარაბოლოიდი - ნახ. 1), x2/p2 – y2/q2 = 2z (ჰიპერბოლური პარაბოლოიდი - ნახ. 2). p>0,  q>0.


პარაბოლური თაღი - თაღი, რომელსაც პარაბოლის მოხაზულობა აქვს.

პარადიზი (სპარს.) - ძველსპარსული ბაღი, გამორჩეული ბევრი ვარდებით, შადრევნებითა და წყალსატევებით (ნახ. 1).

პარალელეპიპედი (ბერძ.) - პრიზმა, რომელსაც ფუძედ აქვს პარალელოგრამი (ნახ. 1). პ. წახნაგები წყვილ-წყვილად ტოლი პარალელოგრამებია. პ. აქვს 6 წახნაგი, 8 წვერო, 12 წიბო. თუ გვერდითი წახნაგები ფუძის პერპენდიკულარულია, მაშინ პ. ეწოდება მართი. თუ, ამასთანავე, ფუძე მართკუთხედია, მაშინ პ. მართკუთხას უწოდებენ. თუ პ. ყოველი წახნაგი კვადრატია, მაშინ პარალელეპიპედს ეწოდება კუბი. მართკუთხა პ. ერთი წვეროდან გამომავალ სამივე წიბოს სიგრძეს პ. განზომილებებს უწოდებენ. ყოველ პ. აქვს სიმეტრიის ცენტრი - დიაგონალების გადაკვეთის წერტილი.

პარალელი (ბერძ.) - 1. პარალელური ხაზი; 2. ეკვატორის პარალელურად გატარებული წარმოსახვითი ხაზი დედამიწის ზედაპირზე; 3. შედარება, შეპირისპირება

პარალელიზმი - 1. (მათემატ.) - ხაზების ან სიბრტყეების ერთმანეთისგან თანაბარი დაშორება; 2. ორი მოვლენის, მოქმედების მუდმივი თანაფარდობა და თანაარსებობა; 3. ორი პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ ერთგვარი სამუშაოს შესრულება ერთმანეთთან შეუთანხმებლად; დუბლირება.

პარალელურ ძალთა სისტემა - ძალთა სისტემა, რომელთა ფუძეები ურთიერთპარალელურია.

პარალელურ ძალთა ცენტრი - წერტილი, რომელზეც გადის პარალელურ ძალთა სისტემის ტოლქმედის ფუძე; მისი მდებარეობა დამოკიდებულია სისტემის შემადგენელი ძალების სიდიდეებზე, მათი მოდების წერტილების მდებარეობაზე და არ არის დამოკიდებული ამ ძალების მიმართულებაზე სივრცეში.

პარალელური გადატანა - სივრცის ან მისი ნაწილის გარდაქმნა თავის თავზე, რომლის დროსაც ყველა წერტილი გადაადგილდება ერთი და იმავე მიმართულებით და ერთი და იმავე მანძილით. ევკლიდეს გეომეტრიაში პარალელურ გადატანას უწოდებენ გადატანას ან ვექტორს (თავისუფალ ვექტორს).

პარალელური ძალების ცენტრი - წერტილი, რომელზეც გადის პარალელური ძალების სისტემის ტოლქმედი ამ წერტილის მიმართ სისტემის ერთი მიმართულებით და ერთი და იგივე კუთხით მობრუნების დროს. პ.ს.ც. რადიუს-ვექტორი r0 = ∑Fi∙ri/∑Fi, სადაც ri - Fi ძალის წერტილში მოდების რადიუს-ვექტორი; n - ძალების საერთო რაოდენობა სისტემაში. პ.ძ.ც. მაგალითს წარმოადგენს ს ი მ ძ ი მ ი ს ც ე ნ ტ რ ი.

პარალელური წრფეები - ევკლიდეს გეომეტრიაში - ერთ სიბრტყეში მდებარე წრფეები, რომლებსაც არა აქვთ საერთო წერტილი (არ იკვეთებიან) ან ერთმანეთს ემთხვევიან. ერთ სიბრტყეში მოთავსებული წრფის გარეთ მდებარე წერტილზე შეიძლება გაივლოს მოცემული წრფის პარალელური ერთი და მხოლოდ ერთი წრფე.

პარამეტრი (ბერძ.) - სიდიდე, რომელიც წარმოადგენს სისტემის, ტექნიკური მოწყობილობის, მოვლენის ან პროცესის მახასიათებელს. მაგ., მექანიკურ სისტემებში ასეთ სიდიდეებს მიეკუთვნება მასა, ძრავის სიმძლავრე, წარმადობა, ტევადობა, სიჩქარე, ბრუნვის სიხშირე და ა.შ. იგი განსაზღვრავს ნაკეთობის კონსტრუქციულ-ტექნოლოგიურ და საექსპლუატაციო თვისებებს და შეიძლება იყოს მთავარი და მეორეხარისხოვანი. მანქანების პარამეტრული (ტიპზომის) რიგი არის სხვადასხვა ტიპზომათა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ რაციონალურად შერჩეული მთავარი პ.. მანქანების (კვანძების) პარამეტრული ოპტიმალური რიგი არის რიგი ისეთი მთავარი პ., რომელიც უზრუნველყოფს დაგეგმილი მოცულობის სამუშაოს შესრულებას მინიმალური დანახარჯებით.

პარამეტრი ხრახნული მოძრაობის - ხრახნული მოძრაობისას წარმტანი მოძრაობის სიჩქარის ფარდობა ბრუნვის კუთხურ სიჩქარესთან.

პარამეტრული რხევა - ცვლადი სიხისტის მექანიკური სისტემის რხევა. ასეთი რხევები განისაზღვრებიან დიფერენციალური განტოლებებით, რომელთა კოეფიციენტები წარმოადგენენ დროის პერიოდულ ფუნქციებს.

პარაპეტი (მოაჯირი) - სახურავის, აივნის, ხიდის, ტერასის, სანაპიროს და მისთ. მცირე სიმაღლის მასიური უწყვეტი კედელი (ნახ. 1).

პარასკენიუმი (ბერძ.) - ანტიკური თეატრის შენობის გამოწეული ნაწილები, რომელნიც გვერდებიდან ზღუდავენ სცენას, ემსახურებიან აკუსტიკის გაუმჯობესების მიზნებს და, შესაძლოა, გამოიყენებოდა დეკორაციების ან სხვა თეატრალური ინვერტარის შესანახად.

პარასტაზისი (ბერძ.) - ბერძნული სახლის შიდა ეზოს შესასვლელში მოთავსებული ბოძების ან სვეტების რიგი.

პარაფინი - თეთრი ფერის, ცვილისებრი კრისტალური აგებულების, უგემო და უსუნო, ნახშირწყლების ნაერთი ნივთიერება. მიიღება ნავთობის გადამუშავებით. გამოყენების სფეროებია: მოძრავი და მბრუნავი ხის დეტალების გაპოხვა, გასანათებელი სანთლები, ქაღალდის წარმოება, ანტიკოროზიული საფარველი, მედიცინა, რადიოწარმოება, ტრანსფორმატორები, ძრავები.

პარაფირება (ფრანგ.) - საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ცალკეული მუხლების წინასწარი დამოწმება ხელშემკვრელი მხარეების რწმუნებულთა მიერ თავთავიანთი ინიციალებით. პარაფირების დანიშნულებაა იმის ფიქსაცია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების მოცემული ტექსტი საბოლოოდ შეთანხმებულია, მაგრამ პარაფირება არ ნიშნავს ხელის მოწერას და ვერ შეცვლის მას.

პარენქიმა (ბერძ.) - მცენარეული რბილი ქსოვილი, რომელიც შედგება მომრგვალებული ფორმის წაგრძელებული უჯრედებისაგან. წარმოადგენს ხის ძირითად ქსოვილს - იმარაგებს მაცოცხლებელ ნივთიერებებს და წყალს. მისი რაოდენობა დამოკიდებულია ხის ჯიშზე. წიწვოვანებში ის მცირე რაოდენობითაა, ხოლო ფოთლოვნებში - მეტი რაოდენობით, რადგან ფოთლოვან ჯიშებს ფოთლების ჩამოცვენის შემდეგ მეტი საკვები მარაგი ჭირდება არსებობისათვის.

პარენქიმა გრძივი - პარენქიმის უჯრედებიფოთლოვან ჯიშებში, რომლებიც ხის ტანის გრძივადაა განლაგებული.

პარენქიმა დიფუზიური - პარენქიმის უჯრედები, რომლებიც ხის ტანში (მერქანში) თანაბრადაა განლაგებული.

პარენქიმა ვერტიკალური - იგივეა, რაც მერქნის პარენქიმა, რომელიც ხის ტანს ფოთლოვან ჯიშებში ვერტიკალურად გასდევს.

პარენქიმა მერქნის - პარენქიმა, რომლებიც ხის ტანში ცალკეული უჯრედების ან უჯრედთა რიგის (მწკრივის) სახით დამოუკიდებლად არსებობენ. მათი დანიშნულებაა საკვები მარაგის შენახვა.

პარენქიმა მეტატრაქეალური - პარენქიმა, რომლებიც ბოჭკოებისაგან დამოუკიდებლად, მათ გარეშე კონცენტრირებულ რიგებს ქმნიან (მაგ., არყის ხეში, წიფელში, მუხაში და სხვ.).

პარენქიმა სხივური - მერქნის პარენქიმა, რომელიც გულგულას სხივების შემადგენლობაში შედის როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ჯიშებში.

პართენონი (ბერძ.) - ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად (ნახ. 1). მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პ. ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მონუმენტია. შენობას ერქვა ქალღმერთ ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (ქალწული). პ. შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პ. იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა დელოსთა ლიგის საგანძური, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა. სწორედ აქ პართენონში იდგა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ეს იყო ზევსის ქანდაკება. ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური აღდგენით-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტაძარსა და მის შემოგარენზე. მალე პ. და მთლიანად აკროპოლისი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

პარიტეტი (ლათ.) - 1. თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა, ტოლობა, ტოლფასოვნება, თანაბარი მდგომარეობა; 2.თანაფარდობა სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებს შორის, რომელსაც ადგენენ მოცემულ სავალუტო ერთეულში ოქროს შემცველობით ან მისი მსყიდველობითი უნარის მიხედვით

პარკერიზაცია - ლითონის ნაწარმის კოროზიისაგან დაცვის ხერხი ფოსფატების ხსნარში მისი ჩაყურსვის და შემდგომ ლაქსაღებავების დაფარვის გზით

პარკეტი (ფრანგ.) - პატარა ზომის ოთხკუთხა ან სხვა გეომეტრიული ფორმის ბრტყელი ფიცრები იატაკის შესაქმნელად. ასეთი ფიცრებით შექმნილი იატაკი. პ. შეიძლება იყოს ცალობითი, ფარისებრი, მოზაიკური, ლარტყული, მხატვრული, წებილი და სხვ.

პარკეტი ლარტყული - ცალობითი პარკეტი, რომლის სიგრძე მეტია ჩვეულებრივ სტანდარტულ პარკეტის სიგრძესთან შედარებით.

პარკეტი მოზაიკური (ასაწყობი) - წარმოადგენს სპეციალურ ქაღალდზე ან ქსოვილზე დაწებებულ გარკვეული ნახატის შემქმნელ მცირე ზომის (40×40 მმ; 60×60 მმ) პარკეტის თამასებს; სისქე - 8...18 მმ, რომელიც შემდეგ წებდება ასაწყობ ფილაზე (ფუძეზე). მოზაიკური სახე მიიღება მერქნის ბოჭკოების მიმართულებების ცვალებადობით, ან თამასებისათვის სხვადასხვა ჯიშის (შეფერილობის) მერქნის გამოყენებით (ნახ. 1, მოზაიკური პარკეტი).

პარკეტი მხატვრული - სხვადასხვა ძვირფასი ჯიშისაგან დამზადებული და მხატვრულად დალაგებული პარკეტი (ნახ. 1, პარკეტი მხატვრული).

პარკეტი ფარისებრი - პარკეტის სახეობა, რომელიც შედგება ხის ნარჩენებისაგან დამზადებული ფარისაგან (ძირითადად ოთხკუთხედის ფორმის) ზედაპირზე დაწებებული ცალობითი პარკეტის თამასებით. პ.ფ. ადვილი დასაგებია, ეკონომიურია, ინდუსტრიულია, ვიდრე ცალობითი პარკეტი, თუმცა მოითხოვს ფუძის (ფარის) ზუსტ მომზადებას.

პარკეტი ცალობითი - შედგება ცალკეული თამასებისგან, რომლებიც ერთმანეთთან შესაკავშირებლად მზადდება კილოთი და ქიმით. პარკეტის თამასების ზომებია: სიგრძე - 150...400 მმ, სიგანე - 30…60 მმ და სისქე - 15...18 მმ.

პარკეტი წებილი - პარკეტის სახეობა, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მერქნის ურთიერთ შეწებებითაა დამზადებული. ზედაპირზე ძვირფასი ჯიშის, ხოლო ფუძედ ნაკლებად ღირებული მერქანია გამოყენებული.

პარკეტის თამასა მარცხენა - პარკეტის თამასა, რომელსაც თუ შევხედავთ წინაპირის მხრიდან, ტორსული ქიმი მდებარეობს მარცხნივ, ხოლო ნაწიბურის ქიმი - დამკვირვებლის მხარეზე.

პარკეტის თამასა მარჯვენა - პარკეტის თამასა, რომელსაც თუ შევხედავთ წინაპირის მხრიდან, ტორსული ქიმი მდებარეობს მარჯვნივ, ხოლო ნაწიბურის ქიმი - დამკვირვებლის მხარეზე (ნახ. 1. პარკეტის თამასა მარჯვენა: 1-წინაპირი; 2-ქიმი; 3-ღარი; 4-ცვეთის სისქე).

პარკეტის თამასის უკანა მხარე - პარკეტის მუშა ზედაპირის საპირისპირო მხარე.

პარკეტის ცვეთის შრე - პარკეტის თამასის ზედა შრე საპირე მხარეზე ქიმის ან ღარის ზედა ნაწილამდე, რომლის ცვეთა განსაზღვრავს პარკეტის სამსახურის ვადას.

პარკი - 1. მიწის ნაკვეთი ბუნებრივი ან სპეციალურად დარგული მცენარეულობით, გზებით, ხეივნებით, წყალსატევებით, შადრევნებით, ატრაქციონებით, სპორტული მოედნებით, რომლებიც ქმნიან საპარკო არქიტექტურულ ანსამბლს; 2. მანქანების ერთობლიობა მეურნეობაში, დარგში, ორგანიზაციაში; მაგ., ავტომობილების პ., ვაგონეტების პ. და სხვ. საქართველოში ცნობილი პარკებია: მთაწმინდის, ვაკის (ნახ. 1), ბათუმის, მწვანე კონცხის, ქუთაისის (ბესიკის), სოხუმის (ნახ. 2) და სხვ.

პარკი რეგულარული - ხეივნებისა და ყვავილნარების სწორად დაგეგმარებული პარკი, სადაც ჭარბობს დეკორატიული მცენარეულობა.

პარკი ტერასული (იტალიური) - პარკი, გაშენებული ბილიკებად მთის ფერდობზე, ნაგებობებზე, შენობებზე და მისთ., რომელიც შემორგულია ბუჩქებით, ხვიარა მცენარეებითა და ყვავილნარებით (ნახ. 1: ტერასული პარკი ქ. ოსაკაში, იაპონია).

პარტერი (ფრანგ.) – 1. თეატრში - მაყურებელთა დარბაზის ნაწილი, სცენის დონეზე დაბლა მდებარე; 2. პარკის, ბაღის ღია ნაწილი, გაზონებით, ყვავილნარებით, შადრევნებით შემკული

პარტერი ინგლისური - კლასიკური საბაღე პარტერის სახესხვაობა, რომელიც გამოირჩევა შედარებით მარტივი ნახატით, შესრულებული გაზონებით, ქვიშითა და ყვავილებით.

პარტერი მაქმანისა - საბაღე პარტერის სახე რთული ნახატით, შესრულებული „მკვდარი“ მასალით ქვიშის ფონზე. გავრცელებული იყო კლასიკური საბაღე ხელოვნების აყვავების პერიოდში XVII- XVIII საუკუნეების ევროპაში.

პარტია (ფრანგ.) - 1. რაიმე საქონლის, საგნების, მასალების, კონსტრუქციების და მისთ. გარკვეული რაოდენობა; 2. საერთო ინტერესებით, შეხედულებებით გაერთიანებულ პირთა ჯგუფი, ბანაკი, დაჯგუფება

პარტნიორობა - ფირმის ერთ-ერთი ორგანიზაციული ფორმა, რომელიც აერთიანებს ორი ან მეტი სამეურნეო სუბიექტის კაპიტალს. არსებობს პ. ორი სახე: გენერალური და შეზღუდული. გენერალური გულისხმობს ფირმის ყველა ვალდებულებაზე მისი თითოეული მესაკუთრის შეუზღუდავ პასუხისმგებლობას. მაგ., ფირმის გაკოტრების შემთხვევაში კომპანიონი, რომელსაც ეკუთვნის ფირმის საკუთრების 1%, ისევე პასუხისმგებელია, როგორც ის, ვისაც დანარჩენი 99% ეკუთვნის. შეზღუდული პ. ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება კომპანიონებს შორის იურიდიულად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

პარცელა (ფრანგ.) - მიწის მცირე ნაკვეთი, რომელზეც მეურნეობას ეწევიან.

პარციალური (ლათ.) - ნაწილობრივი; რისამე შემადგენელი ნაწილი.

პარციალური წნევა (გაზის) - წნევა, რომელიც ექნებოდა გაზს, თუკი ის მთლიანად დაიკავებდა იმ მოცულობას, რომელსაც ავსებს გაზების ნარევი, რომელშიც განსახილველი გაზიც მონაწილეობს.

პასაჟი (ფრანგ.) - სავაჭრო შენობის სახეობა, რომლის სათავსები განლაგებულია, ჩვეულებრივ, ზემოდან განათებულ და პარალელურ ქუჩებზე გამავალ გალერეის ორივე მხარეზე (ნახ. 1).

პასი (ფრან.) - გოთიკური სამკაულის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სამფურცლა მცენარის სტილიზებულ გამოსახულებას წარმოადგენს.

პასივაცია (ლათ.) - 1. კოროზიის სიჩქარის მკვეთრი შემცირება ლითონის იონიზაციის ანოდური რეაქციის დამუხრუჭების შედეგად, როცა ლითონის ზედაპირზე ჩნდება ფაზური და ადსორბციული შრეები. პასივაციის პირობა: ყველა პირობის ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია ლითონის პასიური მდგომარეობის დადგომისათვის; 2. ჟანგეულის თხელი ფენის შექმნა ლითონის ზედაპირზე კოროზიისაგან დაცვის მიზნით

პასიური (ლათ.) - უმოქმედო, არაენერგიული; განურჩეველი (მაგ., პასიური ქარის დატვირთვა და სხვ.)

პასკალი - წნევისა და მექანიკური ძაბვის ერთეული. 1 პასკალი (პა) = 1 ნ/მ2 = 1 კგ/(მ·წმ2).

პასკალის კანონი - ჰიდროსტატიკის კანონი, რომლის თანახმად, გარე ძალებით სითხის ზედაპირზე წარმოქმნილ წნევას სითხე თანაბრად გადასცემს ყველა მიმართულებით.

პასპორტი (ფრანგ.) - 1. ვისიმე პირადობის, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სარეგისტრაციო მოწმობა, რომელშიც შეტანილია ცნობები რაიმე წარმოების, მოწყობილობის, საყოფაცხოვრებო საგნის და მისთ. შესახებ.

პასპორტი წარმოების - წარმოების სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური აღწერილობა ყველა ძირითადი მონაცემების და პარამეტრების ჩვენებით.

პასპორტიზაცია - 1. პასპორტის შემოღება; რისამე პასპორტების შედგენა; 2. მოწყობილობის ფიქსირებული მაჩვენებლების შემცველი ტექნიკური დოკუმენტების დამუშავება, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ მოცემული აგრეგატის დანიშნულებას, მუშაობის ოპტიმალურ პირობებს, ხარჯვის ნორმატივებს და სხვა საექსპლუატაციო მახასიათებლებს

პასტა - ცომის კონსისტენციის მქონე მასა - ცემენტის, პოლიმერული, თიხის და სხვ.

პასტა სარჩილავი - ფხვნილისებრი სარჩილის პასტისმაგვარი ნარევი ფლუსით და მჭიდა ნივთიერებით (ან რომელიმე ერთით). მჭიდა ნივთიერების დანიშნულებაა უზრუნველყოს კავშირი სარჩილის ნაწილაკებს შორის.

პასტადა (ბერძ.) - 1. ერთმხრივ გახსნილი სათავსი; გვერდებიდან კედლებით შემოსაზღვრული პორტიკი; 2. ძველი ბერძნული სახლის სათავსი, რომლის მეშვეობით საცხოვრებელი ოთახები შიდა ეზოს უკავშირდებიან.

პასტელი (იტალ.) - 1. რბილი ფერადი ფანქრები ფერწერისათვის; მიიღება სარებავი ფხვნილის დაწნეხვით; 2. ფერწერის ტექნიკა, რომელიც ემყარება ამ ფანქრების გამოყენებას; 3. ასეთი ფანქრებით შესრულებული ნახატი.

პასტოფორიონი - ტაძარი სამე(უ)ფო.

პატარა - ზომით, სიდიდით ჩვეულებრივზე ნაკლები; მცირე ასაკისა, მცირეწლოვანი; მცირე ღირებულებისა, უმნიშვნელო

პატენტი - 1. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფოს მიერ გამოგონების ტექნიკურ გადაწყვეტის აღიარებას და ამაგრებს პიროვნებაზე (პატენტის მფლობელი) განსაკუთრებულ უფლებას ამ გამოგონებაზე. გაიცემა სახელმწიფო ორგანოს მიერ. პატენტი მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც გასცა იგი. მოქმედების ვადაა 15...20 წელი; 2. დოკუმენტი, რომელიც იძლევა კერძო ვაჭრობის ან რეწვის უფლებას.

პატერნა - გრძივი გალერეა, წნევის ქვეშ მყოფი ბეტონისა და რკ.ბ.-ის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში. განკუთვნილია სადრენაჟო სისტემის მიერ ნაგებობის საძირკველიდან და ტანიდან შეკრებილი წყლის გაყვანისათვის (მოცილებისათვის).

პატერნოსტერი (გერმ.) - შენობის ვერტიკალური ტრანსპორტის სახეობა, რომელიც წარმოადგენს განუწყვეტლივ მოძრავ ბაგირზე შეკიდულ ღია კაბინების რიგს.

პატინა (იტალ.) - სხვადასხვა ფერის თხელი ფენა ჟანგისა, რომელიც ჩნდება სპილენძის, ბრინჯაოს და თითბრის ზედაპირზე (ბუნებრივად ან სპეციალური დამუშავების შედეგად), რომელიც იცავს ნაკეთობას კოროზიისაგან და ერთდროულად აქვს დეკორატიული მნიშვნელობა. ზოგჯერ პ. უწოდებენ თაბაშირის ნაკეთობას შეფერილს ბრინჯაოსფრად.

პატიო (ესპან.) - საცხოვრებლის ღია შიგა ეზო (ნახ. 1), შემოსაზღვრული კედლებით, გალერეებით, ჭიშკრებით, გისოსებით და ა.შ. ან მწვანე ბუჩქნარითა და ხეებით. ის გავრცელებული იქნა ანტიკურ და შუა საუკუნეებში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში (უმეტესად ესპანეთში), ხოლო შემდეგ სამხრეთ ამერიკაში და ისლამურ სამყაროში. პ. არის არქიტექტურული ოსტატობის ესპანურ-მავრიტანული სტილის კლასიკური ელემენტი, რომელიც ამჟამად მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. პ. შემადგენლობაში შედის: მცირე მოედანი (მოედნები) დასვენებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების; ფარდული მაგიდით, სკამებით, სავარძლებით, დივანით და სხვ.; აუზი, შადრევანი, ტბორი, გუბურა და სხვ.; დრენაჟის სისტემა წვიმის წყლის გასაყვანად ტერიტორიიდან, ზოგჯერ კი პირიქეთ - წვიმის წყლის აკუმულაციისათვის; ყვავილების გაზონი, ბაღი, სკვერი, პერგოლა, გალიები მგალობელი ფრინველებისათვის და ა.შ. ეზოს ნაწილი ყოველთვის დაფენილია მოზაიკური, დეკორატიული ან სხვა სახის ფილებით. პ. აშენებდნენ არა მარტო საცხოვრებელ სექტორში, არამედ ეკლესიების, სამლოცველოების, ადმინისტრაციული შენობების, დასასვენებელი სახლების, სასტუმროების ეზოებშიც.

პატოჰნი - ძვ. არმარი, სარკმელი.

პატრონი - რისამე მქონე, მესაკუთრე, მფლობელი; მფარველი, მზრუნველი, მომვლელი

პატრონიკე (ბერძ.) - 1. საპატრონიკე, პატრონიკონი; ტაძარში მეორე იარუსზე, ანტრესოლის მსგავსად მოწყობილი ვიწრო ბაქანი მანდილოსნებისთვის; 2. ზედა, ღია გალერეა, აივანი დარბაზში; 3. საეკლესიო შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, საკურთხევლის გვერდით მგალობელთათვის გამოყოფილი ადგილი.

პეგმატიტი (ფრანგ.) - მაგმური წარმოშობის მსხვილმარცვლოვანი ქანი. ძირითადად გრანიტული შედგენილობის. პ.ს ამგები მინერალები დიდი რაოდენობით შეიცავს აქროლად კომპონენტებსა და იშვიათად გაფანტულ ელემენტებს. გვხვდება ბუდობების, უმეტესად კი გამკვეთი ძარღვების სახით მასთან გენეტურად დაკავშირებულ მაგმურ, აგრეთვე მეტამორფულ და დანალექ ქანებში. პ. შეიცავენ მრავალ სასარგებლო კომპონენტს (მინდვრის შპატი, მუსკოვიტი, ნეფელინი). იყენებენ მინისა და კერამიკის წარმოებაში. პ. ჩამოყალიბების დროს წარმოიქმნება მინერალთა სამრეწველო დანაგროვები, ე.წ. პეგმატიტური საბადოები, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული აგებულება და მორფოლოგია, აგრეთვე სასარგებლო კომპონენტების ცვალებადი კონცენტრაცია.

პედესტალი (ფრანგ.) - 1. კვარცხლბეკი, პოსტამენტი; სკულპტურის, ვაზის, ობელისკის ქვესადგამი; 2. არქიტექტურული ორდერის ქვედა, საყრდენი ნაწილი (სურათი).

პედიმენტი (ინგლ.) - მთისპირა დახრილი ვაკე, რომელიც გამომუშავებულია მკვიდრ ქანებში და დაფარულია ფხვიერი ნალექების თხელი ფენით. პ. წარმოიქმნება უმთავრესად არიდული და ნახევრად არიდული ჰავის პირობებში წარეცხვის შედეგად ციცაბო ფერდობების პარარელული უკანდახევის დროს. იგი სუსტად არის დახრილი, ნაგებია ფუნდამენტური ქანებით, რომლებიც ზედაპირზე დაფარულია სუსტი სიმძლავრის მქონე ფხვიერი ფენების დანალექებით. დამახასიათებელია მთიან-ფიქლოვანი რელიეფისათვის. წარმოადგენს პოლიგენეტური ტიპის მთისპირა დახრილ ვაკეს, რომელსაც ხშირად საფეხურებისებრი პროფილი გააჩნია.

პედიპლენი (ინგლ.) - დენუდაციური ვაკე, რომელიც წარმოიქმნება მთიანი ან ბორცვიანი რელიეფის ადგილას, არიდული ან ნახევრად არიდული ჰავის პირობებში ხეობის ღერძიდან ფერდობების პარარელური უკანდახევისა და ცალკეული მოსწორებული უბნების (პედიმენტების) შეერთების შედეგად. წარმოადგენს მთებიდან სუსტადდახრილ (30-მდე) ზედაპირს, რომელიც ფარგლავს ცალკეულ ქედებსა და ბორცვების პერიფერიებს. პ. ზედაპირი გამომუშავებულია ეგზოგენური პროცესებით, ძირითადად, ფლუვიალური და ეოლური კომპლექსით.

პედომეტრი (ლათ.) - ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად ითვლის გადადგმულ ნაბიჯებს; ბიჯსაზომი

პეზაჟური დაგეგმარება - საბაღე-საპარკო ხელოვნების ხერხი, გავრცელებული ძველად იაპონიასა და ჩინეთში, რომელმაც განვითარება ჰპოვა ევროპის ქვეყნებში XVIII-XIXსაუკუნეებში.

პეიზაჟი (ფრანგ.) - 1. ლანდშაფტი; 2. ადგილმდებარეობის ხასიათი; ხედი გარემომცველ ბუნებაზე; 3. მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ბუნებას ასახავს.

პეიზაჟური პარკი - ლანდშაფტური პარკი; არარეგულარი დაგეგმარების პარკი, რომელიც მეტად წააგავს ბუნებრივ ადგილს და, ხშირად, მოცავს ტყეს პატარა მინდვრებით, ხევებს და მისთ.

პეკი (ჰოლანდ.) - მაგარი ან ბლანტი მასა შავი ფერისა; წარმოადგენს ხის, ტორფის ან ქვანახშირის კუპრის გამოხდის ნარჩენს; იყენებენ ჰიდროსაიზოლაციო მასალების, ნახშირის ბრიკეტების, ტოლისა და სხვათა დასამზადებლად

პემზა - ფოროვანი, ღრუბლოვან-დაჩვრეტილი მინისებრი ვულკანური ქანი (ნახ.1). წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევისას, მჟავა ლავების აფუებისა და სწრაფი გამაგრების შედეგად. პემზის ფორიანობა აღწევს 80%-ს. მოცულობითი მასა 400…900 კგ/მ3. თეთრი, რუხი და მოყვითალო ფერისაა. ლღვება 1300...14500С ტემპერატურაზე. დამახასიათებელია მცირე თბოგამტარობა. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის გასაპრიალებლად, ლაქების ამოსაყვანად და სხვ. პემზური ქვიშა და ფერფლი გამოიყენება ცემენტში ჰიდრავლიკური დანამატის სახით. პ. საბადოები გვხვდება ვულკანიზმის ოლქებში. იგი ხშირად განლაგებულია სხვადასხვაგვარ ვულკანურ ფერფლთან და ტუფებთან ერთად. მაღალი ხარისხის პ. მოიპოვება ლიპარის კუნძულებზე. პ. საბადო ცნობილია აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში.

პემზა წიდური - უჯრედოვანი სტრუქტურის ხელოვნური ფორებიანი შემვსები, მიღებული მეტალურგიული და ქიმიური წარმოების ნარჩენი წიდების ნადნობის წყლით, ჰაერით ან ორთქლით სწრაფი გაცივებით. მსუბუქი ბეტონების ასეთი შემვსების ეფექტურობა იმით აიხსნება, რომ პ.წ. მისაღებად გამოიყენება მზა ნადნობი, რომელსაც აქვს 13000C-მდე ტემპერატურა და მისი დაფოროვნება ხორციელდება უმარტივესი გზით.

პემზაბეტონი - მსუბუქი ბეტონი, რომლის შემვსებია ბუნებრივი პემზა. გამოირჩევა კარგი თბოსაიზოლაციო თვისებებით. გამოიყენება ძირითადად შენობების შემომზღუდავ კონსტრუქციებში.

პენდელტურა - ანჯამებზე მოქანავე ორმხნივად გასაღები კარი.

პენეპლენი (ინგლ.) - ხმელეთის გასწორებული უბანი (ვაკე), რომელიც წარმოიქმნა მთიანი ქვეყნის ძალიან ხანგრძლივი ნგრევის შედეგად შედარებითი ტექტონიკური სიმშვიდისა და ჰუმიდური ჰავის პირობებში (ნახ. 1). პენეპლენი და პენეპლენიზაცია გეომორფოლოგიური პროცესების ერთობლიობაა. აკუმულაციური მოსწორების ზედაპირისაგან განსხვავებით პენეპლენი არის დენუდაციური ვაკე, რომელსაც ნაოჭა ან კრისტალური სუბსტრატი გააჩნია და რომელიც წარმოქმნილია დიდი ტექტონიკური ციკლების ბოლოს (დედამიწის ქერქის განვითარების ოროგენიული ეტაპიდან ბაქნურზე გადასვლის დროს). ხშირად პენეპლენი დაფარულია ქიმიური გამოფიტვის ქერქით, რომლის სიმძლავრემ შეიძლება რამდენიმე ათეულ მეტრს მიაღწიოს.

პენეტრომეტრი - ხელსაწყო ნახევრადთხევადი ნივთიერებების (ბიტუმი, საღებრები, ცხიმები, საცხები და მისთ.) კონცენტრაციის დასადგენად.

პენეტრონი - ბეტონის სტრუქტურის ზედაპირზე წასასმელი მასალა, რომელიც ბეტონს ანიჭებს წყალგაუმტარობას. იგი შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისაგან. გამოყენების სფერო: საძირკვლის ფილები და კედლები, გვირაბები და მიწისქვეშა ნაგებობები, ავტოფარეხები, ხიდები და სხვ.

პენტაგონი (ინგლ.) - ხუთკუთხიანი შენობა, რომელშიც განთავსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო.

პენტაგრამა (ბერძ.) - 1. წესიერი ხუთკუთხედი, რომლის ყოველ გვერდზე აგებულია ტოლფერდა სამკუთხედები (ნახ. 1). პენტაგრამა - ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ფიგურა, რომელიც გამოიყენება მაგიურ და ოკულტურ სიმბოლოდ გნოსტიკების, მასონების, კაბალისტების, მაგების, ვიკანების, სატანისტების და სხვათა მიერ. ყვლაზე გავრცელებული აზრით პენტაგრამის ხუთი ქიმი აღნიშნავს ჰაერს, ცეცხლს, მიწას, წყალს და სულს; 2. სწორი ხუთკუთხედი, რომლის გვერდებიც გაგრძელებულია გადაკვეთის წერტილამდე.

პენტაპლასტი - პენტაერითრიტის ქლორირებით მიღებული მაღალმოლეკულური პოლიეთერი. მედეგია ტუტეებისა და მჟავების მიმართ, ადვილად მუშავდება და ინარჩუნებს მოცემულ ზომებს მძიმე საექსპლუატაციო პირობებში. მისგან მზადდება კოროზიამედეგი მასალები: მილები, ფიტინგები, კლაპანები, მოქნილი მილები, რეზერვუარები, პლასტმასის ჭურჭელი და სხვ.

პენტაპოლისი - 5 ქალაქის ჯგუფი.

პენტასტილი (ფრანგ.) - ბერძნული ტაძრის სახეობა, ხუთსვეტიანი პორტიკით მთავარ ფასადზე.

პენტაქლორფენოლი - ორგანული ანტისეპტიკი (C6Cℓ5OH), მოყვითალო-მონაცრისფერო გრანულები. მიიღება ფენოლის ქლორირებით. კარგად იხსნება გამხსნელებში, მინერალური და მცენარეული წარმოშობის ზეთებში. ხასიათდება მაღალი ქიმიური მდგრადობით და მცირე აქროლადობით, აქვს მძაფრი არასასიამოვნო სუნი. მერქანში მისი შეღწევადობა დამოკიდებულია გამხსნელის სახეობაზე. კარგად ინახავს მერქანს მწერების ზემოქმედებისაგან და ლპობისაგან.

პენტაქლორფენოლიატი - ნატრიუმის ანტისეპტიკი. მერქანს ანიჭებს ბიომედეგობას. მიიღება ნატრიუმის ტუტის ზემოქმედებით პენტაქლორფენოლზე. კარგად იხსნება წყალში. მერქნის დასამუშავებლად გამოიყენება 3-15%-იანი კონცენტრაციის ხსნარი ობისა და მერქანმშლელი სოკოების წინააღმდეგ.

პენტა… (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს „ხუთს“.

პენტჰაუზი (ინგლ.) - აშშ-ში - იზოლირებული ფეშენებელური ბინა მრავალსართულიანი სახლის ბანზე.

პენტჰაუსი - შემოზღუდული, გამოუყენებელი სტრუქტურა შენობის სახურავის ზემოთ, რომელიც არ წარმოადგენს ავზს, კოშკს, პირამიდულ სახურავს, გუმბათს, სახურაბზე ასასვლელს ან ელევატორის ზედა ოთახს.

პეპტიზაცია (ბერძ.) - გაუხსნელი ნივთიერების გადასვლის პროცესი კოლოიდური ხსნარის მდგომარეობაში - განსაკუთრებულ ნივთიერებათა (პეპტიზატორების) მოქმედების შედეგად. იგი კოაგულაციის შებრუნებული პროცესია.

პერგამენტი - 1. ცხიმგაუმტარი ქაღალდი, რომელიც გამოიყენება პროდუქციის შეფუთვისათვის, დაფასოებისათვის და ტექნიკური მიზნებისათვის; 2. იხ. ეტრატი.

პერგამინი - 1. ნავთობის ბიტუმში გაჟღენთილი სახურავის მუყაო. არა აქვს ზედაპირზე დამცავი შრე. გამოიყენებენა როგორც რუბეროიდის ქვედა საფენი და  ორთქლიზოლაცია. გამოდის დახვეული რულონის სახით, რომლის მასა დაახლოებით 15 კგ-ია; 2. ნახევრადგამჭვირვალე წებოიანი ქაღალდი უშემვსებო თეთრი ცელულოზისაგან. გამოიყენება კალკის დასამზადებლად.

პერგოლა (იტალ.) - თალარი; ბაღ-პარკული ნაგებობა. წარმოადგენს ზემოდან მოლარტყვით შეერთებულ თაღების ან ჩარჩოების რიგს, რომლის ირგვლივ დარგულია ხვიარა მცენარეულობა (ნახ. 1).

პერიგეა - დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის ან მთვარის ორბიტის წერტილი, რომელიც დედამიწის ცენტრიდან მინიმალურადაა დაშორებული.

პერიმეტრი (ბერძ.) - ჩაკეტილი კონტურის სიგრძე (მაგ., მრავალკუთხედის პერიმეტრი ეწოდება მისი ყველა გვერდის სიგრძეთა ჯამს).

პერიმეტრიული განაშენიანება - ისეთი სახის განაშენიანება, სადაც სახლები კვარტალის პერიმეტრზეა განლაგებული.

პერიოდი - 1. დროის შუალედი, რომლის განმავლობაში სრულდება რაიმე პროცესი; 2. ნულისაგან განსხვავებული რიცხვი, რომლის არგუმენტზე მიმატებით ფუნქციის  მნიშვნელობა არ იცვლება; 3. ციფრთა ჯგუფი, რომელიც მეორდება პერიოდული წილადის ათწილადის სახით ჩაწერისას; 4. დედამიწისა და მისი ორგანული სამყაროს ბუნებრივი განვითარების ეტაპი, რომლის განმავლობაში წარმოიქმნა გეოლოგიური სისტემის შემადგენელი ქანები.

პერიოდი მოძრაობის - დროის უმცირესი შუალედი დროის იმ ორ მომენტს შორის, რომლებშიც, ასრულებს რა პერიოდულ მოძრაობას, წერტილი გადის ერთსა და იმავე მდებარეობას ერთი და იმავე მიმართულებით.

პერიოდი რხევის - დროის შუალედი, რომელიც საჭიროა ერთი სრული რხევის შესასრულებლად.

პერიოდული რხევა (პერიოდული მოძრაობა) - რხევა, რომლის დროსაც ყველა მახასიათებელი სიდიდე წარმოადგენს დროის პერიოდულ ფუნქციას ერთნაირი პერიოდით.

პერიპტეროსი (ბერძ.) - არქაიკისა და კლასიკური პერიოდების ძველბერძნული ტაძრების ძირითადი ტიპი. გეგმით მართკუთხა შენობა, რომელიც ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია კოლონადებით (ნახ. 1: დემეტრეს ტაძარი პესტუმში, საბერძნეთი).

პერისტაზისი (ბერძ.) - პტერონი; სვეტნარი, რომელიც გარს ერტყმის ანტიკურ ტაძარს.

პერისტილი (ბერძ.) - სვეტნარით გარშემორტყმული შიდა ეზო ან მოედანი (ნახ. 1); თვით სვეტნარი, რომელიც გარს ერტყმის ასეთ მოედანს ან ეზოს.

პერიფერია (ბერძ.) - 1. ქვეყნის განაპირა მხარე, ცენტრიდან დაშორებული ადგილი; 2. აქიტექტურაში - ნაგებობის გარე ნაწილი, რომელიც მისი ცენტრიდან დაშორებულია.

პერიცენტრი - ციური სხეულის ორბიტის უახლოესი წერტილი იმ ცენტრალურ სხეულთან, რომლის გარშემოც იგი მოძრაობს.

პერიჰელიუმი - მზის ირგვლივ გარემომქცევი სხეულის ორბიტის ის წერტილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა მზესთან. პლანეტების შემაშფოთებელი გავლენის გამო პერიჰელიუმი სივრცეში რამდენადმე გადაინაცვლებს.

პერკოლაცია - ლითონის ან მისი ქიმიური ნაერთის ამოკრეფა თხევადი რეაგენტის (ხსნარის) გატარებით ძირითადად დაჟანგული სპილენძისა და ოქროს შემცველი დაქუცმაცებული მადნის, ქვიშისა და სხვა ფენაში.

პერლიტბეტონი - მსუბუქი ბეტონი, რომლის შემვსებია აფუებული პერლიტი. გამოირცევა მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებებით. გამოიყენება შენობების ასაწყობი შემომზღუდავი კონსტრუქციებისათვის.

პერლიტი - ბუნებრივად წარმოქმნილი, ეკოლოგიურად სუფთა ვულკანური მიწა, რომელიც 11000C ტემპერატურაზე ჩატარებული სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის შედეგად იძენს განსაკუთრებულ თვისებებს, რის შედეგადაც იგი წარმატებით და ეფექტურად გამოიყენება მშენებლობაში - შიგა კედლების და გარე ფასადების შესალესად, თვითმზიდი კედლების შემავსებლად, მსუბუქი ბეტონების, ბლოკებისა და აგურის წარმოებაში (ნახ. 1).

პერლიტი აფუებული - მიიღება ვულკანური წყალშემცველი ქანის (პერლიტი, ობსიდიანი) გამოწვით ხრეშის ან ქვიშის სახით (ნახ. 1). სიმკვრივე - 150...460 კგ/მ3. გამოიყენება მსუბუქი ბეტონების წარმოებაში.

პერლონი - კაპრონის ტიპის ჰეტეროჯაჭვური სინთეზური ბოჭკო - კაპროლაქტამის პოლიმერიზაციის პროდუქტი. გამოდის გერმანიაში ჩვეულებრივი მაღალი სიმტკიცის ფილამენტური ძაფის და მონობოჭკოს სახით. მისი დასახელება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა: კაპრონი (რუსეთი, საქართველო), ნაილონი (აშშ), სილონი (ჩეხეთი, სლოვაკეთი), სტილონი (პოლონეთი), ენკალონი (ჰოლანდია).

პერლონი -5 - პოლიურეტანისაგან მიღებული ჰეტეროჯაჭვური სინთეზური ბოჭკო - ჰექსამეთილენდიაზოციანიდისა და ტეტრამეთილენგლიკოლის პოლიკონდენსაციის პროდუქტი. გამოდის გერმანიაში სამრეწველო მასშტაბით მონობოჭკოს სახით.

პერმანენტული (ლათ.) - მუდმივი, რაც განუწყვეტლივ გრძელდება

პერმუტირება - წყლის ქიმიური დამუშავების ხერხი მისი სიხისტის შესამცირებლად პერმუტიტის (ალუმინსილიკატის) ან ცეოლითის დახმარებით.

პერმუტიტები (ლათ.) - ხელოვნური მინერალური ნივთიერებანი, რომლებიც ქიმიური შემადგენლობითა და თვისებებით ახლოსაა ბუნებრივ ცეოლითებთან; გამოიყენება ხამი წყლის დასარბილებლად.

პერონი (ფრანგ.) - რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ მოწყობილი ბაქანი.

პერპენდიკულარი (ლათ.) - a წრფისადმი პერპენდიკულარი (მართობი) ეწოდება b წრფეს, რომელიც a წრფეს კვეთს მართი კუთხით. a სიბრტყისადმი პერპენდიკულარი ეწოდება b წრფეს, რომელიც კვეთს a სიბრტყეს და პერპენდიკულარულია გადაკვეთის წერტილში გამავალ სიბრტყეზე მდებარე ნებისმიერი წრფისა.

პერსონალი (ლათ.) - 1. რაიმე დაწესებულების, საწარმოს და მისთ. პირადი შემადგენლობა; 2. ერთი და იმავე პროფესიის ადამიანთა ერთობლიობა; 3. მოსამსახურეთა ჯგუფი, რომელის ამა თუ იმ გარკვეულ სამუშაოს ასრულებს (მაგ., აკადემიური პერსონალი, საწარმოო პერსონალი, ტექნიკური პერსონალი და სხვ.).

პერსპექტივა (ლათ.) - სახვით ხელოვნებაში "პერსპექტივა" არის ხერხი, რომლითაც სივრცით სხეულს (ფიგურას) გამოსახავენ სიბრტყეზე ისე, როგორიც ის ჩანს ერთი უძრავი წერტილიდან

პერფობარათი (პერფორაციული ბარათი) - ქაღალდის, მუყაოს ან პლასტმასის სტანდარტული ფორმისა და ზომის ინფორმაციის მატარებელი ბარათი, რომელზედაც ინფორმაცია გადააქვთ პერფორაციის მეშვეობით. იყენებენ უმთავრესად ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებში, მონაცემების შეტანა-გამოტანისათვის.

პერფოლენტი - ქაღალდის, ცელულოიდის ან ლავსანის ლენტის ფორმის ინფორმაციის მატარებელი, რომელზედაც ინფორმაცია გადააქვთ პერფორაციის მეშვეობით.

პერფორატორი (ლათ.) - საბურღი ჩაქუჩის დასახელება. ელექტროპერფორატორის დანიშნულებაა სხვადასხვა დიამეტრის ნახვრეტის გაბურღვა აგურის წყობაში, ბეტონში, კირქვასა და საშუალო სიმტკიცის ქანებში მიწის, ბურღვა-აფეთქების, რკინაბეტონის, ბეტონის და საგზაო სამუშაოების წარმოების დროს. პ. მუშაობს დარტყმა-ბრუნვითი ბურღვის პრინციპით: იარაღის უწყვეტი ბრუნვა ერთდროულად სტატიკური ღერძული ძალის მოდებით და დარტყმითი იმპულსი ბურღის ბოლოზე ერთეული დარტყმების ენერგიის ხარჯზე. ამასთან იარაღი მოძრაობს საფეხურებიან ხრახნულ ხაზზე. პ. შეიძლება იყოს მრავალი დანიშნულების

პერფორატორი ხელის - პნევმატიკური (ელექტრული, ჰიდრავლიკური) ხელის მანქანა დარტყმა-ბრუნვითი მოქმედების, მთის ქანებში და სამშენებლო კონსტრუქციებში საჭირო ზომის ნახვრეტის გასაკეთებლად. მისი მუშა ორგანო მუშაობისას ღებულობს ძალოვან იმპულსებს და ერთდროულად ასრულებს უწყვეტ ან წყვეტილ ბრუნვას

პერფორაცია (ლათ.) - 1. ლითონის, პლასტმასის, ხის თხელი ბრტყელი ფილების ან ფირფიტების გამჭოლი გახვრეტა (ნახ. 1); 2. ქანების გაბურღვა.

პერფორაცია ეფეროიდული - ფირფიტა, რომელსაც მცირე რაოდენობით მოჩარჩოებული მსხვილი ან ექვსკუთხა ნახვრეტები აქვს.

პერქლორვინილი - ნივთიერება, რომელიც მიიღება 100...1150C ტემპერატურის პოლიმერის აირადი ქლორით ქლორირებისას. შეიცავს 60...68% ქლორს. კარგად იხსნება კეტონებში, რთულ ეთერებში, არომატულ ნახშირწყლებში. გამოიყენება წებოს დასამზადებლად, რომელიც ფართოდ მოიხმარება ავეჯის წარმოებაში ორგანული და ხელოვნური მასალების მერქანზე დასაწებებლად.

პერჰიდროლი - 30%-იანი წყალბადის ზეჟანგის H2O2 წყალხსნარის ტექნიკური სახელწოდება. გამოიყენება წარმოებებში მათეთრებლად. 1...3%-იანი ხსნარი წარმოადგენს სადეზინფექციო საშუალებას.

პესპექტიული თაღი - კედლის სიღრმისკენ თანამიმდევრულად შემცირებული რადიუსის მქონე თაღების ერთობლიობა.

პეტროგრაფია (ბერძ.) - გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ქანებს, მათ შემადგენლობას, გავრცელების და წარმოქმნის კანონზომიერებებს, სტრუქტურას, განლაგების ფორმებს და სხვ. ქანების კვლევის დროს იყენებენ ოპტიკურ მიკროსკოპიას, რენტგენოსკოპიულ, ანალიზური ქიმიის კლასიკურ და თანამედროვე მეთოდებს. საქართველოში პეტროგრაფიული კვლევის ფუძემდებელია ალექსანდრე თვალჭრელიძე. მისი ხელმძღვანელობით 1930-იანი წლებიდან საქართველოს ტერიტორიის პეტროგრაფიის შესწავლას მიეცა გეგმაზომიერი ხასიათი.

პეტროლატუმი (ლათ.) - მაგარი პარაფინისა და ნავთობის მაღალბლანტი ზეთის ნარევი. გამოიყენება სხვადასხვა საპოხი მასალების, ტექნიკური ვაზელინის, კოსმეტიკური მალამოების და სხვ. დასამზადებლად; სამშენებლო საქმეში - ხის შპალებისა და სახიდე ძელების ანტისეპტირებისათვის.

პეშტაკი - პორტალი, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურაში.

პიგმენტაცია - ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილების შეღებვა პიგმენტებით.

პიგმენტი (ლათ.) - ცოცხალ ორგანოთა ქსოვილების შედგენილობაში შემავალი ფერადი ნივთიერებანი. გამოიყენება პლასტმასების, ქაღალდის, კერამიკული და ბეტონის ნაკეთობების შესაღებად. ჩვეულებრივი საღებავესაგან განსხვავდება წყალში უხსნადობით და მდგრადობით ატმოსფერული ზემოქმედებისაგან.

პიგმენტის ატმოსფერომედეგობა - პიგმენტის უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა ტემპერატურის, სინესტის და სხვა გარემო აგენტების ერთობლივ მოქმედებას.

პიგმენტის სინათლემედეგობა - პიგმენტის უნარი შეინარჩუნოს ფერი სინათლის მოქმედების შედეგად.

პიგმენტის ქიმიური მედეგობა - პიგმენტის უნარი შეინარჩუნოს ფერი ტუტეების მოქმედების შედეგად.

პიგმენტის შემვსები - თეთრი ფერის მინერალური ნივთიერება, რომელსაც შემთხვევაში ლაქსაღებავებს პიგმენტის ეკონომიისათვის. ამაღლებს პიგმენტის  სიმტკიცეს, მჟავამედეგობას და სხვ.

პიგმენტის შუქმედეგობა - პიგმენტის თვისება შეინარჩუნოს თავისი ფერი ბუნებრივი და ხელოვნური დღის სინათლის ზემოქმედებისას.

პიგმენტის ცეცხლმედეგობა - პიგმენტის უნარი გაუძლოს მაღალ ტემპერატურას დაუშლელად და ფერის შეუცვლელად.

პიეზომეტრი (ბერძ.) - მოწყობილობა ნივთიერების შეკუმშვის ხარისხის გასაზომად ყოველი მხრიდან წნევის ზემოქმედებით.

პიეზო… (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს წნევას, დაწოლას.

პიკეტაჟი (ფრანგ.) - წერტილების ამორჩევა ადგილზე და მათი დაფიქსირება პალოებით ტერიტორიის ნიველირების დროს.

პიკეტი (ფრანგ.) - 1. ტრასის (ლიანდაგის, გვირაბის, საავტომობილო გზის) სიგრძის საზომი ერთეული - 100 მ სიგრძის მონაკვეთი, რომელსაც გააჩნია ნუმერაცია. 100 მ სიგრძის მონაკვეთს სტანდარტული პ. ეწოდება. ზოგ შემთხვევაში, საპროექტო მოსაზრებით, პ. ამოკლებენ ან აგრძელებენ. ასეთ პ. არასტანდარტული პ. ეწოდება; 2. გეოდ. ადგილის წერტილი, რომელიც გარკვეული მანძილით არის დაშორებული სხვა ასეთ წერტილებს და დანიშნულია მიწაში ჩარჭობილი პალოთი; ნომრიანი პალო, რომელიც ჩარჭობილია მიწაში ნიველირების დროს და რჩება იქვე შემდეგი სამუშაოებისათვის; 3. პატარა საგუშაგო რაზმი; 4. გაფიცულ მუშათა ჯგუფი, რომელიც საწარმოს შესასვლელთან მორიგეობს, რათა სამუშაოზე არ დაუშვას მოსამსახურეები; დემონსტრანტების ჯგუფი, რომელიც დემონსტრაციას იცავს თავდასხმისაგან და ამყარებს წესრიგს.

პიკი (ფრანგ.) - 1. წარმოების აღმავლობის ზედა წერტილი, რომელიც ხასიათდება ეკონომიკური ზრდის უმაღლესი ტემპით; 2. მთის წაწვეტებული მწვერვალი; 3. უმაღლესი წერტილი, ხანმოკლე მკვეთრი გადიდება ქალაქის ტრანსპორტის, ელექტროსადგურის და მისთ. დატვირთვისა გარკვეულ საათებში („პიკის საათი“).

პიკნოზონდი (ბერძ.) - ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად განსაზღვრავენ ზღვის წყლის სიმკვრივეს სხვადასხვა სიღრმეზე.

პიკნომეტრი (ბერძ.) - ხელსაწყო, რომლითაც განისაზღვრება მცირე მოცულობის სითხისა და მყარი სხეულების სიმკვრივე (კუთრი წონა).

პიკო... (ესპ.) - რთული სიტყვის თავსართი, რომელიც აღნიშნავს ამოსავალი ერთეულის 10−12 ნაწილს. აღნიშვნა - პ (მაგ., 1 პფ = 10−12 ფ).

პიკური დატვირთვა (პიკური სიმძლავრე) - ელექტროსადგურის (ენერგოსისტემის) მაქსიმალური ელექტრული დატვირთვა (სიმძლავრე) გარკვეულ პერიოდში (მაგ., დღე-ღამეში დილის და საღამოს). მის მოსახსნელად ირთვება ენერგოსისტემის სარეზერვო სიმძლავრეები ან სპეციალური პიკური ელექტროსადგური.

პიკური ელექტროსადგური - ელექტროსადგური, რომლის ნაწილი ან ყველა აგრეგატი მუშაობაში ერთვება მაშინ, როცა ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარება, მოკლე დროის განმავლობაში, მკვეთრად იზრდება. პ.ე. შეიძლება იყოს: ჰესი, რომელსაც აქვს წყალსაცავი და უზრუნველყოფს აგრეგატების სწრაფ ჩართვას, აირტურბინული, ჰიდროაკუმულიაციური, მოქცევის ან კონდენსაციური.

პილასტრა (იტალ.) - აყრდნობილი სვეტი, კედლის სვეტი; კედლის სიბრტყიდან გამოწეული ვერტიკალური ზოლი, რომელიც იმეორებს რომელიმე ორდერის სვეტის მწყობრს და წარმოადგენს დეკორაციულ ელემენტს ან კედლის კონსტრუქციულ შესქელებას (ნახ. 1).

პილონი (ბერძ.) - 1. კუთხი; მასიური ბოძი, რომელიც წარმოადგენს კამარის, გუმბათის ან სხვა კონსტრუქციის ერთ-ერთ საყრდენს; 2. ხიდის ბურჯი (ნახ. 1); 3. ტრაპეციის კვეთის მქონე, მონუმენტური კოშკური მოცულობა. პილონები, ჩვეულებრივ, ორი მხრიდან ზღუდავს შენობის შესასვლელს.

პინა (ბერძ.) - 1. ხის დიდი ჯამი; 2. ბერკეტიანი სასწორის ერთ-ერთი ჯამი.

პინაკლი (ფრანგ.) - მოგვიანოგერმანული და გოთიკური ეკლესიების კონტრფორსებზე აღმართული პატარა დეკორატიული კოშკები, არკბუტანების მიერთების ადგილებში, ძვრის ძალების მისაღებად. გვხვდება რომანულ არქიტექტურაში.

პინაკოტეკა  (ბერძ.) - ფერწერულ ნაწარმოებთა საცავი ძველ საბერძნეთში.

პინია (ლათ.) - იტალიური ფიჭვი; აქვს ქოლგისებრი ვარჯი; იზრდება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში; მის მსუბუქ და მაგარ მერქანს იყენებენ მშენებლობაში და წვრილ-წვრილ ნაკეთობათა დასამზადებლად.

პინტა - თხევადი და ფხვიერი მასალების საწყაო დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და რიგ სხვა ქვეყნებში. 1პ =1/8 ამერიკულ გალონს (0,473 ლიტრი).

პირადი დამხმარე მეურნეობა - მცირე საბაღე მეურნეობა, რომელიც ითვალისწინებს შინაური ცხოველებისა და ფრინველების შენახვას, ბაღისა და ბოსტნის მოვლას, მიწის ნაკვეთის გალამაზებას, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფას და სხვ.

პირამიდა (ბერძ.) - მრავალწახნაგა, რომლის ერთ-ერთი წახნაგი წარმოადგენს მრავალკუთხედს, ხოლო დანარჩენი წახნაგები - საერთო წვეროს მქონე სამკუთხედებს. მრავალკუთხა წახნაგს ეწოდება პ. ფუძე, დანარჩენ (სამკუთხა) წახნაგებს - პ. გვერდითი წახნაგები, ხოლო მათ საერთო წვეროს - პ. წვერო. პ. წვეროდან ფუძის სიბრტყეზე დაშვებული პერპენდიკულარის მონაკვეთს ეწოდება პ. სიმაღლე. პ. მოცულობა გამოითვლება ფორმულით: V = (1/3)Sh, სადაც S - ფუძის ფართობია, h - სიმაღლე. ძველ ეგვიპტეში ფარაონების აკლდამებს ჰქონდათ პირამიდის ფორმა (ნახ. 1, ეგვიპტის პირამიდები). ჩვ. ერ-დე III ათასწლეულში ეგვიპტელები ქვის ბლოკებისაგან აგებდნენ საფეხურებიან პირამიდებს, რომლებმაც შემდგომ უფრო წესიერი გეომეტრიული ფორმა მიიღეს; ყველაზე დიდი, ხეოფსის პირამიდას სიმაღლე 147 მ-ია.

პირამიდა წაკვეთილი - პირამიდის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია პირამიდის ქვედა ფუძესა და ფუძის პარალელურ სიბრტყეს შორის, რომელიც კვეთს პირამიდას (ნახ. 1).

პირამიდული სახურავი - კარვისებრი სახურავი; მრავალკალთიანი, წვეტიანი სახურავი, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს.

პირაპირა შენადუღი შეერთება - შეერთება, რომელშიც შედუღებადი ელემენტები მირთულნი არი ან ერთმანეთთან ტორსული ზედაპირებით და შეიცავენ ნაკერს და თერმული გავლენის ზონას.

პირაპირი - 1. ორი ნაწილის, დეტალის (მაგ. კედლის და იატაკის, სარკმლის მომიჯნავე ალათების და ა.შ.) მიჯრის ხაზი; 2. ორი ერთმანეთის გაგრძელებაზე მყოფი დეტალის ან კონსტრუქციის მაგ., რელსების (ნახ. 1), კოჭების, ფურცლების, პანელების შეერთების ადგილი.

პირდაპირთანაწინააღმდეგი ძალები - მყარ სხეულზე მოქმედი ორი ძალა, რომლებიც სიდიდით ტოლნი არიან, ერთ ფუძეზე მდებარეობენ და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არიან მიმართულნი.

პირდაპირი გადასახადი (საშემოსავლო-ქონებრივი) - გადასახადი გადასახადის გადამხდელის მატერიალურ ფასეულობათა წარმოებისა და დაგროვების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან, ან ქონებიდან. გადასახადის გადამხდელისთვის მისი ოდენობა წინასწარაა ცნობილი. დაბეგვრის ობიექტების მიხედვით განასხვავებენ პ. გ. შემდეგ სახეებს: საშემოსავლო, კაპიტალის ნამატზე, კაპიტალის შემოსავალზე, კორპორაციის მოგებაზე, მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებულ ქონებაზე.

პირდაპირი პრეცესია - პრეცესია, რომლის დროსაც პრეცესიის კუთხური სიჩქარის ვექტორი საკუთარი ბრუნვის კუთხური სიჩქარის ვექტორთან ადგენს მახვილ კუთხეს.

პირდაპირპროპორციული სიდიდეები - ორ სიდიდეს ეწოდება პირდაპირპროპორციული, თუ მათი განაყოფი მუდმივია.

პირველადი ლითონები - ტექნიკური დასახელება ზოგიერთი ფერადი ლითონისა, რომელიც მადნიდან ამოღების პირველი სტადიის შემდეგ კოდევ შეიცავს დიდი რაოდენობით მინარევს და მოითხოვს შემდგომ გადამუშავებას - რაფინირებას.

პირველადი საგადასახადო დოკუმენტი - წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი, მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დამთავრებიდან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

პირველადი საცხოვრებელი კომპლექსი - საცხოვრებელი სახლების ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია მოსახლეობის პირველადი მომსახურების დაწესებულებებით, განლაგებული კომპლექსიდან 300 მ-მდე რადიუსში.

პირველსაცხოვრისი - თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილი.

პირი - დანის, ცულის, ბულდოზერის ფარის, სკრეპერის ციცხვის, ნიჩბის და ა.შ. წამახვილებული მჭრელი ნაწილი.

პირიტი (ბერძ.) - ოქროსფერი მინერალი (ნახ. 1), რომელიც წარმოადგენს გოგირდისა და რკინის ნაერთს FeS2; გოგირდის (რკინის) ალმადანი; იყენებენ გოგირდმჟავას მისაღებად. პ. ნამწვი გამოიყენება ცემენტის წარმოებაში.

პირობა - წინასწარი მოთხოვნა რაიმე მოვლენის შესწავლის ან მუშაობის დროს, რომლის დაცვა აუცილებელია. მაგ., პარალელურობის და მართობულობის დაცვა მონტაჟის დროს; წონასწორობის მდგომარეობისა და საანგარიშო ძალების განსაზღვრა; საწყისი, ტექნიკური და სიმტკიცის პირობები და სხვ.

პირობითი სამუშაო ზედაპირი - პირობითად მიღებული ჰორიზონტალური სამუშაო ზედაპირი, განლაგებული იატაკის ნიშნულიდან 0,8 მ სიმაღლეზე.

პიროგრაფია - მერქნის ამოწვის სახე. პ. მუშა ორგანოს წარმოადგენს გავარვარებული პლატინის ნემსი. სამუშაო სრულდება ხელით, სპეციალური მოწყობილობის დახმარებით. გამოიყენება დეკორატიულ და სამხატვრო გრაფიკაში (ნახ. 1).

პიროკლასტური - ფერფლოვანი.

პიროკლასტური ნაკადი - ვულკანური აირების, ფერფლისა და ქვების მაღალტემპერატურული ნარევი, რომელიც წარმოიშობა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად (ნახ. 1). ნაკადის სიჩქარე აღწევს 700 კმ/სთ-ს, აირების ტემპერატურა - 100...8000С. გამოირჩევა დიდი გამანადგურებელი ძალით.

პიროლიზი (ბერძ.) - ორგანულ ნივთიერებათა ქიმიური გარდაქმნები მაღალ ტემპერატურაზე (400...12000C) ჰაერის და ქიმიური რეაგენტების შეღწევის გარეშე. პიროლიზის დროს დესტრუქციის პროცესებთან ერთად მიმდინარეობს მოლეკულების გამკვრივების, იზომერიზაციის რეაქციები და სხვ. ნახშირწყალბადების პიროლიზში იგულისხმება ნავთობის კრეკინგი 7000C -მდე ტემპერატურაზე ჰაერის შეღწევის გარეშე, აგრეთვე ხე-ტყის, ტორფის და ნახშირის მშრალი გამოხდა (კოქსვა)

პიროლუზიტი - ჟანგეულების კლასის მინერალი, მანგანუმის ორჟანგი MnO2; იყენებენ ფერომანგანუმის გამოსადნობად, მინის გასაუფერულებლად, ქიმიური პრეპარატების დასამზადებლად, ფაიფურის, მშრალი ბატარეების და სხვ. წარმოებაში.

პირომეტალურგია - მეტალურგიის დარგი, რომელიც დაკავშირებულია ლითონების (შენადნობების) მიღებასა და გაწმენდასთან მაღალ ტემპერატურაზე (გამოწვა, დნობა და სხვ.). პირომეტალურგიას მიეკუთვნება თუჯის, ფოლადის, სპილენძის, ტყვიის, ნიკელის და სხვა ლითონების წარმოება.

პირომეტრი (ბერძ.) - უკონტაქტო მეთოდით გაუმჭვირი სხეულების ტემპერატურის საზომი ხელსაწყო. მისი მოქმედების პრინციპი ემყარება გახურებული სხეულების მიერ საკუთარ თბურ გამოსხივებას და შესაბამისად, განსაზღვრულ დიაპაზონში გამოსხივების სპექტრალურ ანალიზს. პ. არის: აირის, თერმოელექტრული, კონტაქტური, რადიაციული, ოპტიკური, წინაღობის და სხვ.

პირონი (ბერძ.) - სამსჭვალი; ლითონის ღერო (ნახ. 1), რომელიც სპეციალურ კილოებში მოთავსებით აკავშირებს ქვის ბლოკებს.

პიროსკოპი - იხ. კონუსი ზეგერის.

პიროფილიტი (ბერძ.) - მინერალი, ალუმინის ძირითადი სილიკატი; გავრცელებულია ფურცლოვანი ან მკვრივი ქერცლოვანი აგრეგატების სახით; იყენებენ როგორც ნედლეულს ცეცხლგამძლე ნაკეთობათა დასამზადებლად, როგორც საიზოლაციო მასალას.

პიროქსილი (ბერძნ.) - უკვამლო დენთი.

პიროქსილინი (ბერძნ.) - ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც მიიღება მერქნის ბოჭკოების დამუშავებით აზოტისა და გოგირდის მჟავებში. გამოიყენება ასაფეთქებელ სამუშაოებში და უკვამლო დენთის წარმოებაში.

პირსაბანი - 1. პირის დასაბანად განკუთვნილი; 2. პირის, ხელის დასაბანი მოწყობილობა (ნახ. 1); წყლის სათავსი, რომელსაც აქვს ონკანი; 3. ოთახი, სადგომი, რომელიც განკუთვნილია ხელის, პირის დასაბანად.

პირსი (ინგლ.) - ნავსადგურის ნაგებობა, რომელიც ვიწრო ზოლად არის შეჭრილი წყალში და ორივე გრძივ მხარეზე ნავსაბმელი აქვს მოწყობილი.

პიტალო - სალი, მაგარი (კლდე, ქვა); 2. (გადატანით) სწორზედაპირიანი შიშველი, პრიალა; 3. წმინდა, შეურეველი (ლითონი).

პლაზმა - 1. ელექტრულად ნეიტრალური ნივთიერება, რომელიც შედგება დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკებისგან - თავისუფალი ელექტრონებისა და აირადი იონებისაგან. დამუხტული ნაწილაკების არსებობა განაპირობებს იმას, რომ პ. ელექტული დენის გამტარია, რის გამოც იგი ძლიერად რეაგირებს მასზე მოდებულ ელექტრომაგნიტურ ველებზე. პ. თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება მყარი სხეულების, სითხეებისა და აირების თვისებებისგან, რის გამოც პ. ნივთიერების განსხვავებულ მდგომარეობად განიხილება. იონიზაციის შედეგად პ. ელექტრონეიტრალურია (კვაზინეიტრალურია), რამდენადაც თანაბარი იონების დადებითი და უარყოფითი მუხტები ანეიტრალებენ ერთმანეთს. პლაზმური მდგომარეობა წარმოიქმნება ელექტრულ რკალში, მექანიკურ და ელექტრომაგნიტურ დარტყმით მილაკებში, მაღალსიხშირულ აირად განმუხტავებში, ბირთვულ რეაქტორებში და მისთ. პლაზმურ-ქიმიური პროცესების შესაძლებლობები და მიმართულება უსაზღვროა - შეიძლება წავიდეს ისეთი რეაქციები, რომელთა განხორციელება სხვა პირობებში შეუძლებელია. პ. მდგომარეობაშია სამყაროს უდიდესი ნაწილი: ვარსკვლავები, გალაქტიკური ნისლეული და ვარსკვლავთშორისი არე. დედამიწის ახლოს პ. არსებობს მზიური ქარისა და იონოსფეროს. პ. გამოყენების დიდი შესაძლლებლობები დაკავშირებულია მართვად თერმობირთვულ რეაქციებთან და თბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნასთან; 2. ბიოლ. სისხლის თხევადი ნაწილი.

პლაზმატრონი (პლაზმური გენერატორი) - პლაზმის მისაღები აირგანმუხტავი მოწყობილობა. გავრცელებულია მაღალსიხშირული და რადიკალური. გამოიყენება პლაზმურ მეტალურგიაში, პლაზმურ დამუშავებაში, პლაზმურ ქიმიაში.

პლაზმური ღუმელი - ელექტრული ღუმელი, რომელშიც პლაზმატრონის საშუალებით ხდება ლითონებისა და შენადნობების გახურება, დნობა და მეტალურგიული დამუშავება. განასხვავებენ პლაზმურ-რკალურ და პლაზმურ-მაღალსიხშირულ ღუმელს. გამოიყენება: მაღალხარისხიანი ლითონებისა და შენადნობების წარმოებაში; მონოკრისტალების გამოსაყვანად.

პლაკატი (გერმ.) - ნახატი, რომელსაც ახლავს სააგიტაციო, სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე ტექსტი.

პლაკე (ფრანგ.) - უბრალო ლითონის ან ხის ნაკეთობა, რომელიც დაფარულია ძვირფასი ლითონის სიფრიფანა ფურცლებით ან ძვირფასი ჯიშის ხის ფირფიტებით.

პლაკეტი (ფრანგ.) - ლითონის, კერამიკის ან სხვა მასალის ფირფიტა, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებაა.

პლაკირება (ფრანგ.) - 1. ლითონის ნაკეთობათა ზედაპირის დაფარვა სხვა ძვირფასი ან უფრო გამძლე ლითონის თხელი ფენით; 2. ხის ნივთების ზედაპირის დაფარვა ძვირფასი ხის თხელი ფურცლებით; 3. ფერდობზე ბალახიანი ბელტების დაწყობა (მეწყერის და ჩამორეცხვისგან დასაცავად)

პლანეტარიუმი (ლათ.) - 1. სპეციალური შენობა, რომელშიც დადგმულია აპარატი გუმბათისებრ ეკრანზე პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის საჩვენებლად (ნახ. 1: მოსკოვის პლანეტარიუმი).

პლანეტარული გადაცემა - ბრუნვითი მოძრაობის გადასაცემი ცილინდრული ან კონუსური კბილათვლებიანი მექანიზმი.

პლანეტები (ლათ.) - მზის ირგვლივ, მზის არეკვლილი სინათლით მნათი ცის სხეულები, რომელთა ზომები და მასები რამდენიმე რიგით ნაკლებია მზისაზე. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ადამიანმა ცაზე დიდი სიკაშკაშისა და ხილული მოძრაობის თავისებურებათა მიხედვით გამოყო შვიდი მნათობი, რომელთაც შემდგომში დაემატა ახლად აღმოჩენილი სამი პ.: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. პ. მზის გარშემო მოიქცევა ელიფსურ ორბიტაზე კეპლერის კანონების მიხედვით. მზესა და პ. შორის მოქმედებს ურთიერთმიზიდულობა, რომელიც აღიწერება ნიუტონის მიზიდულობის კანონით. ნიუტონისა და კეპლერის კანონების საფუძველზე დამუშავებული მათემატიკური მეთოდების გამოყენებით ხერხდება პ. მდებარეობათა წინასწარი გამოთვლა დიდი სიზუსტით. იმავე მეთოდების საფუძველზე ასრულებენ გამოთვლებს, რომლებიც აუცილებელია დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების გასაშვებად წინასწარ დაგეგმილი ტრაექტორიების გასწვრივ.

პლანიმეტრი (ლათ.) - მარტივი მათემატიკური ხელსაწყო, ბრტყელი ფიგურების ფართობების გამოსათვლელად.

პლანიმეტრია (ლათ.) - ელემენტარული გეომეტრიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სიბრტყეზე მოცემულ ფიგურებს.

პლანშეტი (ლათ.) - ცალკეული (მოძრავი) ფარებით შედგენილი სცენის იატაკი.

პლაჟი (ფრანგ.) - ზღვის სანაპირო ზოლი, რომელიც აგებულია ზვირთცემის ნაკადის მოქმედების ზონაში დაგროვილი ნატანი მასალით (ნახ. 1). განასხვავებენ კენჭიან, ხრეშიან, ქვიშიან, ნიჟარიან პლაჟებს. პ. არის ზვირთცემისაგან ნაპირის დაცვის ბუნებრივი საშუალება. მორფოლოგიურად განარჩევენ სრული და არასრული პროფილის პ. პირველს დამრეცი ზვინულის ფორმა აქვს, მეორე - ზღვისაკენ დახრილი ნატანის გროვაა, რომლის ზურგი ნაპირის ბექს ებჯინება. ზვირთცემის პირდაპირი და უკუდინების სიჩქარეთა განსხვავების გამო პ. ხდება ნატანი მასალის დახარისხება სიდიდისა და სიმკვრივის მიხედვით. გარკვეულ ხელსაყრელ პირობებში პ. წარმოიქმნება სასარგებლო წიაღისეულის ქვიშრობული საბადოები. სოლარიუმებისა და აერარიუმებით მოწყობილ პლაჟებს იყენებენ მკურნალობისათვის. ფართო გაგებით პლაჟი იქმნება არა მხოლოდ ზღვაზე, არამედ ტბაზე, წყალსატევებზე და სხვ. სანაპირო ზოლები პ. სახით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მ.შ. შესანიშნავი საერთაშორისო საზღვაო კურორტები სანაპირო ფართო და ვიწრო პლაჟის სახით გააჩნია საქართველოს საზღვაო ქალაქებსაც (ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, სოხუმი, გაგრა და სხვ.), რომლებიც ათვისებულია რეკრეაციული მიზნებისათვის.

პლასტი (ბერძ.) - გრუნტის ფენა, შრე.

პლასტიზოლი - ლითონის ფურცელი 0,5 მმ სისქით, რომლის გარე ზედაპირზე დატანილია 200 მკმ სისქის პოლიმერი, გრუნტის ფენა, პასივატორი და თუთიის შრე. შიდა მხრიდან - თუთიის შრე, პასივატორი და სპეციალური საფარველი ეპოქსიდური ფისის საფუძველზე. გამოიყენება საბურულე მასალად.

პლასტიკა (ბერძ.) - ძერწვის, ჭრის, გამოქანდაკების, მოჩუქურთმების ხელოვნება; 2. მოცულობითი ფორმის ჰარმონიულობა, გამომსახველობა, რელიეფურობა.

პლასტიკატი - პოლივინილქლორიდის საფუძველზე მიღებული თერმოპლასტიკური რბილი მასალა, რომლის შემადგენლობაში შედის აგრეთვე პლასტიფიკატორი, თერმო- და შუქსტაბილიზატორი, ანტიოქსიდანტი, საპოხი, საღებარი ან პიგმენტი, შემავსებელი (კაოლინი, აეროსილი, ცარცი და სხვ.). მიიღება კომპონენტების შერევით ნარევის შემდგომი პლასტიფიცირებით ვალცებში ან ექსტრუდერში. ზოგიერთი ტიპის პ. ყინვამედეგობა აღწევს –650C. გამოდის ლენტის, ჩალიჩის და გრანულის სახით. გადამუშავება ხდება ექსტრუზიით, კალანდვრით, ჩამოსხმით წნევის ქვეშ. გამოიყენება მშენებლობაში ბრტყელი ფურცლების სახით მოპირკეთებისათვის, იზოლაციისათვის; მრეწველობაში - მავთულების და კაბელების იზოლაციისათვის; ელასტიური პროფილების, ლენტების, მილების, შლანგების, მემბრანების, მილისების დასამზადებლად.

პლასტიკურ-ელასტიური მასალები და ნაკეთობები - მასალები და ნაკეთობები, რომლებსაც პლასტიკურ თვისებებთან ერთად ახასიათებთ მცირე დრეკადობა, რაც საშუალებას აძლევს მათ, დატვირთვის მოხსნის შემდეგ, აღიდგინონ საწყისი ფორმა.

პლასტიკური მასალები და ნაკეთობები - არადრეკადი მასალები და ნაკეთობები, რომლებიც ინარჩუნებენ ფორმას და იცვლიან მას, მხოლოდ დატვირთვის ხელმეორედ მოქმედებისას.

პლასტიკურობა - მასალის უნარი, ძალვის ზეგავლენის ქვეშ, ნაოჭების გაჩენის გარეშე, შეიცვალოს თავისი ზომები და ფორმა და შეინარჩუნოს იგი დატვირთვის მოხსნის შემდეგ. ეს მახასიათებელი პირდაპირაა დამოკიდებული მასალის ტემპერატურაზე.

პლასტიკურობის თეორია - მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მყარი სხეულის დეფორმაციას დრეკადობის ზღვარს ზემოთ. პლასტიკურობის თეორია იხილავს პლასტიკური დეფორმაციის პროცესში სხეულში აღძრული ძაბვებისა და დეფორმაციების განაწილების განსაზღვრის მეთოდებს. მისი ძირითადი ამოცანაა დაადგინოს კავშირი იმ ტენზორულ სიდიდეებს შორის, რომლებიც განსაზღვრავენ მასალის რთულ დაძაბულ და დეფორმირებულ მდგომარეობას.

პლასტილინი - საძერწი მასალა, თიხის, სანთლის, ცხიმის და სხვა ნივთიერების ნარევი.

პლასტიფიკატორი - 1. პლასტმასის დანამატი მაღალმოლეკულური პოლიმერის დარბილების ტემპერატურის შესამცირებლად და მოქნილობის, ელასტიურობის, სითბო- და ყინვამედეგობის ასამაღლებლად. ის ქიმიურად ინერტული, მცირეაქროლადი და უვნებელი ნივთიერებაა. პ. გამოიყენება გლიცერინი, დიოქტილფტალატი, დიმეთილფტალატი, დიბუტილფტალატი, დიეთერი, ქლორირებული პარაფინი, ქლორირებული ნაფტალინი, უმაღლესი რიგის სპირტის ფტალატები, მინერალური მცენარეული ზეთები. 2. კალციუმის ლინგოსულფონატი, შეიძლება შევიყვანოთ ცემენტში 0,15...0,25%, როგორც დაფქვის დროს, ისე ბეტონის ნარევის მომზადებისას. მისი მოლეკულები ცემენტის მარცვალზე ქმნიან გარსს, რომელიც ასრულებს ჰიდროდინამიკური საცხის როლს. ამის გამო წ/ც ფარდობა შეიძლება შევამციროთ 5...10%-ით. მისი მარკებია 300, 400, 500. ჩვეულებრივი ცემენტების მაგივრად ფართედ გამოიყენება რკ.ბ.-ის კონსტრუქციების (სვეტები, კოჭები, საძირკვლები) წარმოებაში ბეტონისათვის დენადობის თვისების ასამაღლებლად, აგრეთვე საგზაო და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში.

პლასტმასების შედუღება - წარმოადგენს ზოგიერთი თერმოპლასტიკური პლასტმასის დიდ უპირატესობას სხვა მასალებთან შედარებით, რადგან შედუღება წარმოებს დაბალ ტემპერატურებზე. შედუღებად პლასტმასებს მიეკუთვნება: ვინიპლასტი, პოლიეთილენი, პოლიმეტილმეთაკრილატი, პოლიიზობუტილენი, პოლიამიდი და სხვ. პ.შ. განსხვავდება ლითონების შედურებისაგან. პლასტმასას არ გააჩნია დნობის გამოკვეთილი წერტილი და გაცხელებისას თანდათან გადადის მყარიდან პლასტიკურ და ბლანტ-დენად მდგომარეობაში, რომლის დროსაც პლასტმასა ხდება მწებვარე და მცირე წნევის დროსაც კი უერთდებიან ერთმანეთს. პ.შ. შეიძლება განხორციელდეს მისართი (მისადუღი) მასალის გარეშე და მისართითაც. არსებობს პ.შ. შემდეგი მეთოდები: კონტაქტური სითბოთი, ცხელი აირით, მაღალი სიხშირის დენით, ულტრაბგერით, ხახუნის სითბოთი, ექსტრუზიის სითბოთი და სხვ. აქედან ყველაზე მეტადაა გავრცელებული შედურება ცხელი აირით (ჰაერი, აზოტი, ნახშირმჟავა აირი), რომლის დროსაც მისადუღ მასალად იყენებენ წნელს, ზოლს, მარცვლებს. პ.შ. დროს უნდა გვახსოვდეს, რომ პლასტმასის (ფისის) გახურების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს მასალის დაშლის ტემპერატურას და იგი უნდა იყოს ხანმოკლე.

პლასტმასი - მასალა, რომლის საფუძველს შეადგენს ხელოვნური ან ბუნებრივი მაღალმოლეკულური სინთეზური პოლიმერები, რომლებსაც თვისება აქვთ მაღალი ტემპერატურის და წნევის გავლენით მიიღონ ნებისმიერი ფორმა და გაცივების შემდეგ შეინარჩუნონ იგი ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. პ. კომპოზიტური მასალაა და მისი შემადგენელი კომპონენტებია: შემკვრელი, შემავსებელი, მაარმირებელი, პლასტიფიკატორი, გამამაგრებელი, სტაბილიზატორი, შემაფერადებელი, კატალიზატორი, ფორმაწარმომქმნელი, ანტისტატიკი. პოლიმერული ორგანული, ადვილად ფორმირებადი, მასალების დიდი ჯგუფი საშუალებას იძლევა მივიღოთ მსუბუქი, მტკიცე, ხისტი, კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი ნაკეთობები. ეს მასალები ძირითადად შედგება ნახშირბადის (C), წყალბადის (H), ჟანგბადის (O) და აზოტის (N) ატომებისაგან. ბუნებრივ ნედლეულს წარმოადგენს ცელულოზა, კაუჩუკი და კანიფოლი. პ. შემადგენლობის და ტემპერატურის გავლენის მიხედვით განირჩევა ორი ჯგუფი: თერმოპლასტიკური და თერმორეაქტიული. თერმოპლასტიკური პ. გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადიან მყარ მდგომარეობაში. თერმორეაქტიული პ. ღებულობენ პლასტიკურობას მხოლოდ დამზადების პროცესში და გაცივებისას მყარდებიან, ხოლო ხელმეორედ გახურებისას აღარ გადადიან პლასტიკურ მდგომარეობაში. მშენებლობაში და მრეწველობაში გამოყენებული პ. ნაირსახეობებია: მინაპლასტიკი (გადახურვები, სამფენოვანი პანელები, საკედლე ბლოკები, კიბის სახელურები, ლავგარდანის საჩეხი, წყალშემკრები მილები, ღარები, შველერი, კუთხოვანა, ფასადების შემოსვა, რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების დამცავი ფენა, ქიმიურად აგრესიული გარემო, თავისუფალი ფორმის გარსები); მინატექსტოლიტი (დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე კონსტრუქციები); პოლიმეთილმეტაკრილატი ანუ ორგანული მინა (გადახურვები, საკედლე პანელები, მზის აბაზანების მისაღები სათავსები სანატორიუმებში, თაღები, კამარები, გარსები, შუქფარნები, გასანათებელი ხელსაწყოები, ლინზები, შუქფილტრები, სათვალეები, მანათობელი პანელები და ტაბლო); ვინიპლასტი (თვითმზიდი პანელები, წყალშემკრები მილები და ღარები, სანტექნიკა, იატაკი, კიბის საფეხურების ზედაფენები, კიბის მოაჯირის გარსაცმები, ანტიკოროზიული მასალა, საფანჯრე ბლოკები მოქნილი შემამჭიდროებელი თამასებითურთ); აფუებადი ზემსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალები (ქაფპლასტი, ფოროპლასტი, ფიჭაპლასტი); მერქანფენოვანი პლასტიკები; მერქანბოჭკოვანი ფილები; მერქანბურბუშელოვანი ფილები (შიგა კედლების მოპირკეთება, სახურავის ბურულისქვეშა ფენილი, პარკეტისქვესა იატაკი, ავეჯის წარმოება, ვაგონთმშენებლობა); კაუჩუკი (რეზინი, ავტომობილის საბურავები, იზოლაცია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტროიზოლაცია, სამედიცინო ხელსაწყოები); ცელოფანი (ერთ-ერთი ძირითადი შესაფუთი მასალა); ეთილენვინილაცეტატი (ფირები, ფილები, საკაბელო გარსაცმი, მილები, ფეხსაცმლის ლანჩები, სათამაშოები, წებო); პოლიამიდი (მაღალი წნევის მილები); პოლიკარბონატი (ჩამრთველ-გამომრთველები, ლაქები, გამჭირვალე და დარტყმამედეგი ვიტრინები, კომპაქტ-დისკები); თეფლონი ანუ ფთოროპლასტი (გადახურვები, შემამჭიდროებლები, საიზოლაციო ფოლგა, მოქნილი მილები); არამიდი ანუ კევლარი, რომლის სიმტკიცე უახლოვდება ფოლადის სიმტკიცეს (დიდმალიანი გადახურვები, დაკიდებული სისტემები, გარსები). პ. მთავარი უპირატესობა ლითონთან შედარებით ისაა, რომ მისი თვისებები ადვილად რეგულირდება, ამიტომ იგი მარტივად შეიძლება მოვარგოთ პრაქტიკის ნებისმიერ მოთხოვნებს; კოროზია-, ტუტე- და მჟავამედეგია, შეიძლება მივცეთ ნებისმიერი ფორმა, ადვილად იღებება და საუკეთესო ელექტრო- და თბოსაიზოლაციო თვისებებით ხასიათდება.

პლასტმასი აირშევსებული - ფორიანი (90-95%) მასალა სინთეზურ პოლიმერებზე. მისი სიმკვრივე არ აღემატება 100 კგ/მ3-ს, მაგრამ შეიძლება იყოს 10 კგ/მ3 (მაგ., ქაფპლასტი-მიპორა). ფორიანობის ხასიათის და მისი მიღების მეთოდების მიხედვით, პ.ა. არსებობს: ქაფპლასტი (წვრილი, დახურული, სფეროსებრი ფორმის ფორებით); ფოროპლასტი (შეერთებული - გამჭოლი ფორებით); ფიჭაპლასტი (ფორების სტრუქტურა წარმოდგენილია სწორი გეომეტრიული ფორმის უჯრედებით). მშენებლობაში ყველაზე გავრცელებულია ქაფპლასტი. მის საფუძველზე მზადდება სამფენიანი ფილები და პანელები, რომელთა გარე ფენა შესრულებულია ალუმინის, მინაპლასტიკის ან ფანერის, შუაგული კი შევსებულია ქაფპლასტით. სამფენიანი პანელები გამოიყენება სამრეწველო და სპეციალური შენობების შეკიდული კედლების მოსაწყობად. იგი გამოირჩევა სიმსუბუქით, ადვილი დასამონტაჟებელია და აქვს მაღალი თბოსაიზოლაციო თვისება. 1 მ2 სამფენიანი საკედლე პანელის მასაა 20...30 კგ (შედარებისთვის 1 მ2 კერამზიტბეტონის პანელის მასა - 250 კგ).

პლასტმასი თერმოპლასტიკური - პლასტმასის სახეობა, რომელიც გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. ასეთი პლასტმასა ადვილად ჯირჯვდება და იხსნება სხვადასხვა ორგანულ გამხსნელში. მშენებლობაში გამოყენებული პ.თ.: პოლიმეთილმეტაკრილატი (ორგანული მინა, პლეკსიგლასი), ვინიპლასტი, პოლისტიროლი, პოლიეთილენი, დაბალი და მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი, ნეილონი, აცეტილცელულოზა, პოლივინილაცეტატი, აცეტალსოპოლიმერი, პოლიტეტრაფთორეთილენი, აკრილნიტრილბუტადიენსტიროლი, პოლივინილფთორიდი, პოლიკარბონატი, ეთილცელულოზა.

პლასტმასი თერმორეაქტიული (რეაქტოპლასტი) - პლასტმასის სახეობა, რომელიც პლასტიკურობას ღებულობს მხოლოდ დამზადების პროცესში და გაცივებისას მყარდება, ხოლო ხელმეორედ გახურებისას ინარჩუნებს სტრუქტურასა და ფორმას თვით დაშლისა და წვის პროცესშიც კი, ანუ ხელმეორედ გახურებისას აღარ გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში. არსებობს მაღალი სიმტკიცის პ.თ. შემდეგი ჯგუფები: ფენოპლასტი (ფენოლფორმალდეჰიდური ფისის საფუძველზე), ამინოპლასტი (შარდოვანა- და მელამინო-ფორმალდეჰიდური ფისის საფუძველზე), ეპოქსიპლასტი (ეპოქსიდური ფისის საფუძველზე), ეთეროპლასტი (აკრილური ოლიგომერების საფუძველზე), იმიდოპლასტი (ოლიგომიდების საფუძველზე). მსუბუქი პ.თ. ყველაზე გავრცელებული მასალებია ქაფფენოპლასტი და ქაფპოლიურეტანი. პ.თ. დადებითი თვისებებია: მაღალი სიმტკიცე (50...100 მპა), რომელიც ზოგიერთი ტიპის პლასტმასისათვის აღემატება ფოლადის სიმტკიცეს (1000 მპა); მცირე სიმკვრივე, რომელიც იცვლება 20 კგ/მ3-დან (ქაფპლასტი) 2000 კგ/მ3-მდე (მინაპლასტიკი); ელექტრომაგნიტური სხივების დაუბრკოლებელი გატარება; ანტიმაგნირურობა, მაღალი ელექტროიზოლაცია, ქიმიური და ბიომედეგობა, გადამუშავების სიმარტივე, ელემენტისათვის სხვადასხვა ფორმის მიცემის შედარებითი სიადვილე, აფსკებისა და ქსოვილების წარმოება, წებოვანი და შედუღებით შეერთების განხორციელების სიმარტივე და სხვ. ტექნოლოგიური თვისებების რეგულირებისათვის ფართოდ გამოიყენება გამხსნელები, გამამყარებლები და საპოხი მასალები, აგრეთვე პლასტიფიკატორები და ელასტიკურობის მიმნიჭებელი დანამატები.

პლასტმასი კონსტრუქციული - პლასტმასა, რომელიც სამშენებლო კონსტრუქციების და დეტალების დასამზადებლად გამოიყენება. ასეთი პლასტმასები გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიხისტით, ცეცხლგამძლეობით და საკმარისი მედეგობით ატმოსფერული ზემოქმედებისადმი. მათ მიეკუთვნება: მინაპლასიკი, ორგანული მინა, პოლიკარბონატი, პოლივინილქლორიდი, ქაფპლასტი, ფოროპლასტი, ფიჭაპლასტი, მერქანფენოვანი პლასტიკი, მერქანბოჭკოვანი ფილები, მერქანბურბუშელოვანი ფილები, აფსკები, ჰაერგაუმტარი ქსოვილები, პოლიეთილენი, პოლისტიროლი, ფენოპლასტი, ამინოპლასტი, ტექსტოლიტი, დელტა-მერქანი, გეტინაქსი, არამიდი, ანტიფრიქციული პლასტმასა (პოლიამიდი, ფთოროპლასტი); ფენო-, ანილინო-, მელამინოპლასტი; კომპოზიტური პოლიმერული მასალები - პოლიმერის კომბინაცია ლითონთან და სილიკატურ ან კერამიკულ მასალებთან - კერამოპლასტი, ტრიპლეკსი, ბიმასალები, ფუტირებული მილები და სხვ.

პლასტმასის ნარჩენები - ექსპლუატაციაში ნამყოფი პლასტმასები, რომლებმაც ამოწურეს სამსახურის ვადა ან გარეგნული სახით ვეღარ აკმაყოფილებენ წაყენებულ მოთხოვნებს. პ.ნ. წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანის, ფლორისა და ფაუნის საკმაოდ მძიმე პრობლემას, რადგანაც პლასტიკის დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, ხოლო დაშლას ჭირდება 100...200 წელი. მსოფლიო ოკეანეში ამჟამად შეინიშნება პ.ნ. თავმოყრის ხუთი დიდი ლაქა - ორ-ორი წყნარ და ატლანტიკის და ერთი - ინდოეთის ოკეანეში. ნაგვის ეს ნარევები ძირითადად შედგება პლასტმასის ნარჩენებისაგან, რომლებსაც კონტინენტების მჭიდროდ დასახლებული სანაპიროებიდან ყრიან ზღვებსა და ოკეანეებში, რაც დიდ საშიშროებას ქმნის ზღვის ცხოველებისათვის - პირდაპირ ზიანთან ერთად პ.ნ. აქტიურად იწოვს წყლიდან ორგანულ გამჭუჭყიანებლებს, როგორიცაა პოლივინილქლორირებული ბიფენილი, დიქლორდიფენილტრიქლორმეთილმეთანი (ДДТ) და ნახევრადარომატული ნახშირწყალბადები. ამიტომ მიზანშეწონილია მოხდეს პ.ნ. მეორადი გადამუშავება - პიროლიზი, ჰიდრილიზი, გლიკოლიზი და მეთანოლიზი. 2010 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უორკის უნივერსიტეტიდან იან ბაიენსმა შემოგვთავაზა ნებისმიერი სახის პ.ნ. გადამუშავების ახალი ტექნოლოგია მაღალი ტემპერატურის გამოყენებით. გადამუშავების საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს სტიროლი, მეთილმეტაკრილატი, ნახშირბადი, ცვილი და ტერეფთალის მჟავა, რომლებიც მსუბუქი მრეწველობისათვის გამოსაყენებელი ნედლეულია. ეს მეთოდი კომერციული თვალსაზრისითაც მიმზიდველია. პ.ნ. უტილიზაციის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს - დამარხვა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით პრაქტიკულად მიუღებელია.

პლატინა (ლათ.) - ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pt. სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეში ესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს და "platina del Pinto" უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც "პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი". პ. იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში. ის მკვრივი, ძნელადდნობადი, კოროზიამედეგი, ძვირფასი მონაცრისფრო-თეთრი გარდამავალი ლითონია. დნობის ტემპერატურა - 1773,50C, სიმკვრივე - 21500 კგ/მ3. ხშირად გვხვდება ნიკელსა და სპილენძთან ერთად, ძირითადად სამხრეთ აფრიკაში, რომელიც ამ ლითონის 80%-ის მომწოდებელია მსოფლიო ბაზარზე. პ. ფართო გამოყენება აქვს: მისგან ამზადებენ კატალიტურ გარდამქმნელებს, ლაბორატორიის აღჭურვილობას, ელექტრულ კონტაქტებსა და ელექტროდებს, ბიმეტალებს, თერმორეზისტორებს, საიუველირო ნაკეთობებს და სხვ. გამოიყენება ატომურ და ქიმიურ რეაქტორებში.

პლატფორმა - იხ. ბაქანი.

პლაფონი (ფრან.) - 1. ფერწერით ან რელიეფით შემკული ჭერი ან მისი ნაწილი; ასეთივე კამაროვანი ან გუმბათოვანი გადახურვა; 2. ჭერის სიბრტყიდან ოდნავ გამოწეული ან მასთან თანხვდენილი სანათი არმატურა.

პლაცდარმი (ფრანგ.) - ტერიტორია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწყის პუნქტად საომარი მოქმედებისათვის.

პლაცი (გერმ.) - მოედანი ჯარის სავარჯიშოდ და სააღლუმოდ.

პლექსიგლასი - იხ. პოლიმეთილმეტაკრილატი; ორგანული მინა.

პლინთუსი (ბერძ.) - კედლისა და იატაკის პირაპირის საფარი დაპროფილებული თამასა (ნახ. 1). დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ხე, იშვიათად პლასტმასი, ქვა, რეზინი.

პლინტი (ბერძ.) - 1. სვეტის ბაზისის ქვედა ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კვადრატულ ან მრავალწახნაგა ფილას (ნახ. 1); 2. სპორტ. სატანვარჯიშო იარაღი; წარმოადგენს ხის წაკვეთილ პირამიდას; 3. იგივეა, რაც პლინთუსი.

პლინფა (ბერძ.) - 1. ფართო, თხელი და ბრტყელი, კვადრატული ფორმის, გამომწვარი აგური (ცნობილი "ქართული აგურის" მსგავსი); გამოიყენებოდა ბიზანტიისა და X-XIII საუკუნეების რუსულ ხუროთმოძღვრებაში ძირითად საშენ მასალად (ნახ. 1). აგურის ზომები იყო: 350×300×25 მმ.

პლომბი (გერმ.) - სპეციალური ბეჭდით ჩაჭყლეტილი ტყვიის ან სხვა პლასტიკური მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც ნიშნად ადებენ დაკეტილ კარს, შეფუთულ საქონელს და სხვ.

პნევმატიკური (ბერძ.) - შეკუმშული ჰაერით მოქმედი.

პნევმატიკური გარსების გაანგარიშება - ნებისმიერი სახის სამშენებლო კონსტრუქციის (პსკ) გაანგარიშების მიზანია რბილი გარსის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა. გარსი ჰაერის შიგა ჭარბი წნევისა და გარე დატვირთვების მოქმედების შედეგად ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს წონასწორობაში. თოვლის დატვირთვა პსკ-ზე დაახლოებით 5...6-ჯერ მცირეა, ვიდრე მისი მასალის წონის ნორმატიული მნიშვნელობა. გარსის გაკრიალებულ ზედაპირზე, რომელიც სისტემურ რხევებს განიცდის ქარის დატვირთვისაგან, თოვლის მრავალდღიანი დაგროვება არ ხდება. თოვლის განაწილებას გარსის ზედაპირზე აწარმოებენ შემდეგი კანონით: S(φ) = S0∙cosφ, სადაც S0 - თოვლის დატვირთვის ნორმატიული მნიშვნელობა რბილი გარსებისათვის; φ - კუთხე გარსის ნორმალსა და შვეულ ხაზს შორის. ქარის დატვირთვა გამოითვლება ფორმულით: W = W0∙k, სადაც W0 = V2/1,6 - ქარის დაწოლის ნორმატიული მნიშვნელობა; V - ქარის სიჩქარე, მ/წმ; k- კოეფიციენტი, რომელიც ითვალისწინებს ქარის დაწოლას სიმაღლეზე დამოკიდებულებით. აეროდინამიკური კოეფიციენტის c მნიშვნელობა განისაზღვრება რბილი მოდელის აეროდინამიკურ მილში გამოცდით და დამოკიდებულია გარსის ფორმაზე, ფარდობით სიმაღლეზე, წინასწარი დაძაბვის ხარისხზე და ქარის მიმართულებასა და ნაგებობის გრძივ ღერძს შორის კუთხეზე.  პსკ-ს დაპროექტება მოიცავს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას: 1. გარსის ოპტიმალური ფორმის შერჩევა; 2. დატვირთვების დადგენა; 3. გარსის მასალის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დაზუსტება და საანგარიშო წინაღობის მნიშვნელობის დასაბუთება; 4. დეფორმაციების (გადაადგილებების) განსაზღვრა; 5. გარსის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა. არსებობს ჰაერზე დაყრდნობილი გარსების გაანგარიშებისადმი მიდგომის სამი ეტაპი: I. გარსების თეორიის წრფივი უმომენტო (მემბრანული) განტოლებების გამოყენება; II. გარსის წონასწორობის განტოლებების შედგენა შიგა ჭარბი წნევისა და გარე ძალების ერთობლივი მოქმედებისას მასალის დრეკადი თვისებების და ანიზოტროპიულობის გათვალისწინებით, გარსთა კლასიკური თეორიის საფუძველზე; III. გაანგარიშების რიცხვითი მეთოდების გამოყენება, კერძოდ, სასრული ელემენტების მეთოდი, რომელიც ეფუძნება კონტინუალური ამოცანების შეცვლას დისკრეტულით.

პნევმატურ საბურავებიანი სატკეპნი - აღჭურვილია გლუვი ან დაპროფილებული მუშა ზედაპირის მქონე პნევმატური თვლებით. შესამჭიდროვებელ მასალაზე პნევმატური საბურავების საკონტაქტო ფართის შესაცვლელად პნევმოსისტემა უზრუნველყოფს საბურავში ჰაერის წნევის ცენტრალიზებულ რეგულირებას (10...100 გ/სმ2). სატკეპნის გაწყობა საწვავითა და წყლით, აგრეთვე თვლებზე წყლის შეშხეფვა არის ავტომატური. მოტკეპნვა ხორციელდება სიმძიმის ძალით, რომელიც თვითმავალ მანქანებში ყველა თვალზე ნაწილდება თანაბრად.

პნევმატური აკუმულატორი - ჰაერის ან სხვა აირის რეზერვუარი, რომელიც აღჭურვილია სარეგულირებელი დამცველი სარქველით. იგი გამოიყენება რთულ პნევმატურ ქსელებში მუშა წნევის გასათანაბრებლად და სხვ.

პნევმატური ამწევი - ტვირთამწევი მექანიზმი საკიდი ცილინდრით, დგუშითა და ჭოკით, რომელზეც ჩამოკიდებულია კავი ან ჩამჭერი. ძირითადად გამოიყენება მანქანათმშენებელ ქარხნებში. ტვირთამწეობა 1 ტ-მდე, აწევის სიმაღლე 0,5...1 მ.

პნევმატური გამდიდრება - სასარგებლო წიაღისეულის გრავიტაციული გამდიდრება ჰაერის გარემოში. გამოიყენება ასბესტის, ნახშირის და სხვათა გასამდიდრებლად.

პნევმატური იარაღი - ხელის მანქანა პნევმოამძრავით. გავრცელებულია ქანჩსახრახნი, მოქლონვისა და საბურღი ჩაქუჩები, საბურღი და საპრიალებელი იარაღები, მოლითონების პისტოლეტები, ქვიშის საფანტები და სხვ.

პნევმატური ტრანსპორტი - შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ფხვიერი, საცალო და ბლანტ-პლასტიკური მასალების გადასატანად, როგორიცაა ცემენტი, წიდა, ნახერხი, ქვიშა და სხვ. ტვირთის გადაადგილება ხორციელდება ჰაერის ნაკადში. გამოყენება მოიპოვა პნევმომილსადენმა დიამეტრით 2 მ-მდე, რომელშიც ჭარბი წნევის გავლენით გადაადგილდება დატვირთული თვლებიანი კონტეინერები სიჩქარით 20...30 კმ/სთ. შედგება ძალური დანადგარისაგან კომპრესორით და ვაკუუმური ტუმბოთი, დამტვირთავი და განმტვირთავი მოწყობილობებისაგან - მკვებავები, ჩამკეტები და სხვა (ციკლონები, ფილტრები). იგი სამრეწველო ტრანსპორტის ერთერთი სახეა. ასეთი დანადგარი პირველად ამოქმედდა შულავერი-ლილოს ხაზზე.

პნევმატური ძრავი - მანქანა, რომელიც შეკუმშული ჰაერის ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ მუშაობაში. შეკუმშული ჰაერის წნევა 0,3...0,6 მპა. კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ მოცულობითს და ტურბინულს. მათი სიმძლავრე არ აღემატება 2,5 კვტ-ს. გამოყენების სფერო - ფეთქებადსაშიში გარემო ტენიანობის გაზრდილი შემცველობით (დრელებში, სანგრევ ჩაქუჩებში და სხვ.).

პნევმერკატორი (ბერძ.) - პნევმატიკური ხელსაწყო, რომლითაც განსაზღვრავენ სითხის დონეს რეზერვუარებში, ცისტერნებში, გემის ნაკვეთურებში და სხვ.

პნევმოამძრავი - პნევმატური შემსრულებელი მექანიზმი, - პნევმატური ძალური დანადგარი, რომლის დანიშნულებაა მართვის ავტომატური სისტემის მარეგულირებელ ორგანოზე ზემოქმედება. პ. არის დგუშიანი და მემბრანული. მათ აგრეთვე იყენებენ მუშა მანქანების ამძრავებად.

პნევმოგამანაწილებელი - იგივე ჰაერგამანაწილებელი, - მოწყობილობა, რომელიც ანაწილებს (მიმართულების მიწოდებისა და გადაკეტვის შეცვლა) ჰაერის ნაკადს, რომელიც მიეწოდება პნევმატურ მოწყობილობას.

პნევმოდარტყმითი ბურღვა - პნევმოდამრტყმელით მთის ქანების ბურღვის მეთოდი, რომლის დროსაც იგი ჩაშვებულია ჭაბურღილში და შეერთებულია ბურღის გვირგვინთან. პნევმოდამრტყმელთან მიყვანილია შეკუმშული ჰაერი, რომლითაც ჭაბურღილიდან ერთდროულად ამოდის ნაბურღი წვრილმანი. გამოიყენება ასაფეთქებელი ჭაბურღილების გასაბურღად.

პნევმოდაყალიბება - ფურცლოვანი თერმოპლასტებისაგან ნაკეთობების დამზადების ხერხი. გამოიყენება სანტექნიკის დეტალების, კონტეინერების, დეკორატიული პანელების და სხვათა დასამზადებლად.

პნევმოკამერა (ბერძ.) - მოცულობა (ბალონი) შევსებული შეკუმშული ჰაერით (ან სხვა აირით) ჭარბი წნევის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს პ. მუშაობას პნევმოკარკასული კონსტრუქციის შემადგენლობაში. პ. გარსი შედგება ორი ან სამი ფენა მაღალი სიმტკიცის ჰაერგაუმტარი ქსოვილის ან ვულკანიზებული, დაარმირებული რეზინისაგან. ბალონის სიგნით წნევა 0,5 მპა-მდეა, რასაც ავითარებს კომპრესორი ან ავტომობილის ტუმბო.

პნევმომანქანა - ენერგეტიკული მანქანა, რომლის დანიშნულებაა მყარი სხეულის მექანიკური ენერგია გარდაქმნას აირის მექანიკურ ენერგიად (ან პირიქით).

პნევმომოწყობილობა - 1. პნევმომოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც შედის პნევმოამძრავის შემადგენლობაში; 2. ტექნიკური მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა განსაზღვრული დამოუკიდებელი ფუნქციების შესრულება მუშა გარემოსთან ურთიერთქმედების გზით.

პნევმოპანელი - კონსტრუქცია, რომელიც შედგება ორი კალთისაგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია გრძივი ან წერტილოვანი ელემენტებით. პ. ზედაპირი შეიძლება იყოს ბრტყელი ან მრუდი ერთი ან ორი მიმართულებით. გამოიყენება, როგორც კონსტრუქციული ელემენტი თაღების, მსუბუქი თვითმზიდი კედლების, გარსების, მცირე ზომის გადახურვების და მისთ. მოსაწყობად. პ. ჰაერის ჭარბი წნევა იქმნება კომპრესორის დახმარებით და შენარჩუნდება ექსლპუატაციის მთელ პერიოდში; შესაბამისად, პ. წაეყენებათ მაღალი მოთხოვნები ჰერმეტულობის თვალსაზრისით.

პნევმოსაგორავი - განსაკუთრებული კონსტრუქციის საბურავი, რომელიც გამოიყენება თვითმავალი მანქანების გამავლობის ასამაღლებლად თოვლზე, დაჭაობებულ და ქვებიან გრუნტებზე და სხვ. საგორავის სიგანე 1,5-ჯერ მეტია მის გარე დიამეტრზე. შინაგანი ჭარბი წნევა დაბალია (20...25 მპა), რაც უზრუნველყოფს საგორავის მუშაობას დიდი დეფორმაციებითა და გრუნტზე დაბალი დაწნევით.

პნევმოტუმბო - პნევმომანქანა, რომლის დანიშნულებაა აირის მიმართული დინების შექმნა.

პნევმოქსოვილი (პნევმატიკური გარსის ქსოვილი) - წსოვილი, რომელიც პნევმოკარკასული გარსის დასამზადებლად გამოიყენება. ახასიათებთ სიმტკიცე, სირბილე, ელასტიკურობა, სიმსუბუქე, ხანმედეგობა; არ ატარებენ ტენსა და ჰაერს. არის გაუმჭვირი და ზოგჯერ გამჭვირვალე. პ. მზადდება ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეზური ბოჭკოებისაგან. ბუნებრივს მიეკუთვნება: ბამბა, სელი, ქერელი; ხელოვნურს - ვისკოზა, მინაბოჭკო. სინთეზური ბოჭკოები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოიყენება ქსოვილებში, იყოფა ჯგუფებად: პოლიამიდური (კაპრონი, ნეილონი, დედერონი, პერლონი, სილონი, სტილონი და სხვ.); პოლიეთერული (ლავსანი, დაკრონი, გრიზუტენი, დიოლენი, ტრევირა, ტეტერონი, ტერილენი და სხვ.); პოლიაკრილნიტრინული (ნიტრონი, ორდოი, დრალონი და სხვ.); პოლივინილსპირტული (ვინოლი, ვინილონი და სხვ.). ჰაერ- და ტენგაუმტარობის მიზნით პ. ფარავენ სინთეზური კაუჩუკის ან პოლივინილქლორიდის ფისით. ქსოვილების ერთმანეთთან შეერთება ხდება დაწებებით ან ძაფური გვირისტით (გაანგარიშებებში კვეთის გვირისტით შესუსტებას ითვალისწინებენ კოეფიციენტით, რომელიც ტოლია 0,85. ბოლო წლებში, დიდმალიან პნევმატიკურ კონსტრუქციებში წარმატებით გამოიყენება ამერიკული წარმოების პ., როგორიცაა: ტეფლონი, შირფილი, არამიდი და სხვ.

პნევმოქსოვილის საანგარიშო წინაღობა - ნორმატიული წინაღობის R სიდიდის ნამრავლი ერთგვაროვნობის კოეფიციენტზე Kერთგ, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო კონსტრუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ერთ-ერთ პარამეტრს. პნევმოქსოვილისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ დატვირთვის ხანგრძლივი მოქმედება და მასალის მუშაობის პირობები, ამიტომ უნდა დადგინდეს ძირითადი წინაღობა R და საანგარიშო წინაღობა R მასალის დაძველების გათვალისწინებით. ძირითადი საანგარიშო წინაღობა R = R∙Kერთგ∙k, სადაც k = 0,7-ხანგრძლივი სიმტკიცის კოეფიციენტი; R-ქსოვილის ნორმატიული წინაღობა, მიიღება ნიმუშების ლაბორატორიული გამოცდების შედეგად მიღებული მონაცემების სტსტისტიკური დამუშავებით; Kერთგ = 1-3ν - მასალის ერთგვაროვნობის კოეფიციენტი (0,6...0,8). ქსოვილის საფუძველის მიმართულებით Kერთგ = 0,8, მისაქსელის მიმართულებით - 0,7. საანგარიშო წინაღობა R = R∙Kდაძ, სადაც Kდაძ = 0,8 - მასალის დაძველების კოეფიციენტი. საანგარიშო წინაღობის მნიშვნელობა დამოკიდებულია მხოლოდ ქსოვილის საფეიქრო საფუძვლის კონსტრუქციაზე, რაც საშუალებას იძლევა არ ვაწარმოოთ კონსტრუქციის გადაანგარიშება მასალის დამცველი ფენის, ფერის, ოპტიკური თვისებების, შეფერილობის ცვლილების შემთხვევაში.

პნევმოძრავა - პნევმომანქანა, რომელიც აირის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის მყარი სხეულის მექანიკურ ენერგიად.

პობედიტი - ლითონკერამიკული შენადნობი ვოლფრამის კარბიდის (90%) და კობალტის (10%) ფუძეზე; გამოირჩევა მაღალი სისალით. გამოიყენება: ლითონდამმუშავებელ მრეწველობაში მჭრელი იარაღების და სხვა დეტალების დასამზადებლად, საადიდვო თვალაკის, სამთო სამუშაოების ინსტრუმენტების დასამზადებლად.

პოდიუმი (ბერძ.) - 1. შენობის ძირი მაღალი ბაქნის სახით, რომლის წინა მხარეზე კიბეა მოთავსებული; 2. მაღალი ბაქანი, რომელზედაც აშენებდნენ ანტიკურ (უპირატესად რომაულ) ტაძრებს; 3. მოდის სიახლეთა სადემონსტრაციო სცენა.

პოლარიზაცია (ლათ.) - 1. ელექტრომაგნიტურ და სინათლის რხევათა თვისება - განლაგდნენ, იყონ ერთ გარკვეულ სიბრტყეში; 2. ელექტროდებზე დალექვა სხვადასხვა ნივთიერებისა, რომლებიც დენის ძალას ასუსტებენ; 3. სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებში სხვაობის გაზრდა, დაპირისპირება (პოლარულობა). პ. შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაპირისპირების ფორმა სხვადასხვა კლასებს, ფენებს, სოციალურ ჯგუფებს, პარტიებსა და ა.შ. შორის.

პოლარული (ლათ.) - პოლუსთან, პოლუსის რაიონთან დაკავშირებული (მაგ., პ. ყინულები; პ. ექსპედიცია    და სხვ.); 2. ფიზ. რაც დაკავშირებულია დადებითი და უარყოფითი მუხტების არსებობასთან (მაგ., ატომთა პოლარული ჯგუფი); 3. გადატ. სრულიად სხვაგვარი, საწინააღმდეგო, საპირისპირო.

პოლარული დღე - პოლარული წრის იქით: წლის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მზე არ ჩადის.

პოლარული ვექტორი - ვექტორი, რომლის მიმართულება არ იცვლება კოორდინატთა მარჯვენა სისტემიდან მარცხენაზე გადასვლისას ან პირიქით.

პოლარული ნათება - ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება, რომელიც იცის პოლარული წრის იქით.

პოლარული ღამე - პოლარული წრის იქით: წლის ნაწილი, რომლის განმავლობაში მზე არ ამოდის.

პოლარული წრე - დედამიწის ზედაპირზე პოლუსიდან 23027' -ის დაშორებით გავლებული წარმოსახვითი ხაზი; ითვლება ცივი კლიმატური სარტყლის საზღვრად.

პოლიაკრილატი - თერმოპლასტიკური პლასტმასა, რომელიც წარმოადგენს აკრილის, მეტაკრილის ან ციანაკრილის რთული ეთერების მჟავების პოლიმერს. იგი გამჭირვალე მასალაა კარგი ოპტიკური თვისებებით, რის გამოც მასიურად გამოიყენება, როგორც კონსტრუქციული მასალა მშენებლობაში (ტყვიაგაუმტარი ფანჯრები, ვიტრაჟები) და ავიამრეწველობაში (თვითმფრინავის ილუმინატორები). პ. საფუძველზე მზადდება პოლიმერული კომპოზიციები - საღებავები და ლაქები, რომლებიც ლითონის ზედაპირზე წასმისას სწრაფად შრებიან და წარმოქმნიან მდგრად კოროზიასაწინააღმდეგო აფსკს.

პოლიაკრილნიტრილი - სინთეზური პოლიმერი, თეთრი მაგარი ნივთიერება, სიმკვრივე - 1140...1150 კგ/მ3. მდგრადია გამხსნელების, ცხიმების მიმართ, არ იცვლის თვისებებს ატმოსფერულ პირობებში. გამოიყენება პოლიაკრილნიტრილის ბოჭკოს წარმოებაში.

პოლიამიდი - კონსტრუქციული პოლიმერული მასალა - სინთეზური პოლიმერი, მაგარი, თეთრი რქისებრი ნივთიერება. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიმაგრით, ელასტიურობით, ცვეთა- და თბომედეგობით; მდგრადია ქიმიური რეაგენტების მიმართ. გამოიყენება სინთეზური ბოჭკოების, ფირების, ქაღალდის, წებოების წარმოებაში, აგრეთვე, ანტიფრიქციული, ელექტრო- და რადიოტექნიკური ნაკეთობების დასამზადებლად.

პოლიბუტადიენი - ბუტადიენის პოლიმერიზაციის პროდუქტი. იყენებენ შენობებში იატაკების საფენებისა და სხვადასსხვა ტექნიკური ნაწარმის დასამზადებლად.

პოლიგონი (ბერძ.) - 1. ღია მოედანი მოწყობილობებითა და დანადგარებით, ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციებისა და დეტალების დასამზადებლად. პ. განთავსებულია: ბეტონსარევი, ბეტონსაზელი, ბეტონჩასაგები, ბეტონმანაწილებელი კვანძი, ფორმები ბეტონის ნაკეტობებისათვის, ვიბრომოედნები, საორთქლი კამერები, ამწეები, არმატურის სახელოსნოები, საწყობები, საცდელი ლაბორატორია, საქვაბე სპეციალური საავტომობილო და სატრაქტორო ტექნიკა და სხვ.; 2. ხმელეთის ან წყლის სპეციალურად მოწყობილი ადგილი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის, სამხედრო მასალის გამოსაცდელად, აგრეთვე სახმელეთო (ან საზღვაო) საჯარისო ნაწილების სავარჯიშოდ.

პოლიგონომეტრია (ბერძ.) - გეოდეზიურ გაზომვათა ერთ-ერთი მეთოდი.

პოლიგრაფია (ბერძ.) - ტექნიკის დარგი, ტექნიკურ საშუალებათა ერთობლიობა ბეჭდური პროდუქციის დასამზადებლად (წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, ბროშურა და ა. შ.). მისი კლასიკური ვარიანტი შედგება სამი ძირითადი საწარმოო პროცესისაგან: საბეჭდი ფორმების მომზადება, უშუალოდ ბეჭდვა და ნაბეჭდი პროდუქტის საბოლოო სახემდე დაყვანა (მაგ., წიგნის აკინძვა, კოლოფის ამოკვეთა, ეტიკეტის მოოქროვება და ა.შ).

პოლიეთილენი - თერმოპლასტიკური პლასტმასა, რომელიც მიიღება ეთილენის პოლიმერისაგან. იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პლასტიკია. წარმოადგენს თეთრი ფერის ცვილისმაგვარ მასას (თხელი ფურცლები გამჭირვალე და უფეროა), კარგი იზოლატორია, ყინვა- და დარტყმამედეგია, გახურებისას რბილდება (80...1200C), გაცივებისას მყარდება, აქვს ადგეზიის ძალიან დაბალი უნარი. ცხოვრებაში აიგივებენ ცელოფანთან, რაც მცდარი შეხედულებაა. პ. არ მოქმედებს წყალი, ტუტეები, მარილები - გარდა აზოტმჟავასი და თხევადი ან აქროლადი ქლორისა და ფთორისა. პ. არსებობს სამი სახის: მაღალი, საშუალო და დაბალი წნევით მიღებული. დაბალი წნევის პ. გამოიყენება ნარჩენების გადასამუშავებელი პოლიგონის მშენებლობაზე ნიადაგის დაბინძურებისაგან დასაცავად, აგრეთვე წყალ- და გაზმომარაგების, საკანალიზაციო მილების გამოსაშვებად, დრენაჟის მოსაწყობად, ელექტროსაიზოლაციო მასალებისათვის, ნავებისა და ყველგანმავლების კორპუსების დასამზადებლად და სხვ.

პოლიეთილენი დაბალი წნევის (მაღალი სიმკვრივის) - პოლიეთილენი მიღებული დაბალი წნევის ქვეშ. არსებობს მისი მიღების სამი მეთოდი: სუსპენზიური რეაქცია. რეაქცია ხსნარში და პოლიმერიზაცია აირად ფაზაში. სუსპენზიური პოლიეთილენი გამოდის დანამატის გარეშე და კომპოზიტის სახით საღებარებისა და სტაბილიზატორების საფუძველზე. აირულფაზიანი - კომპოზიტის სახით მასტაბილიზირებელი დანამატით. პ.დ.წ. არის ელასტიური მსუბუქი მასალა კრისტალიზაციის უნარით. ხასიათდება მაღალი დარტყმითი სიმტკიცით, თბომედეგობით (1100С-მდე), დიელექტრიკული თვისებებით. ადვილი დასამუშავებელია. დასაშვებია მისი გაცივება −800С-მდე. ის უფრო ხისტი და მკვრივი მასალაა, ვიდრე მაღალი წნევის პოლიეთილენი. სიმკვრივე - 0,94-0,95 გ/სმ3. გამოიყენება ტექნიკური ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ნივთების და სათამაშოების დასამზადებლად.

პოლიეთილენი მაღალი წნევის (დაბალი სიმკვრივის) - პოლიეთილენის სახეობა. ის ყველაზე მეტად გავრცელებული შესაფუთი მასალაა; დაბალი კრისტალურობის გამო არის მოქნილი და რბილი პოლიმერი. მიიღება ეთილენის პოლიმერიზაციით ავტოკლავებში ან მილისებრ რეაქტორებში. სიმკვრივეა 0,91-0,92 გ/სმ3. იწვის მოლურჯო ნათელი ალით დნობითა და ანთებული პოლიმერის ჩამოღვენთით. წვისას ხდება გამჭვირვალე. ეს თვისება შენარჩუნდება დიდხანს ალის ჩაქრობის შემდეგაც, იწვის კვამლის გარეშე. ცეცხლმოდებული გამდნარი წვეთები გარკვეული სიმაღლიდან (≈ 1,5 მ) იატაკზე დაცემისას გამოსცემენ თავისებურ ხმას; გაცივების შემდეგ ეს წვეთები ჩამოგავს მყარ პარაფინს, რბილია. თითებით გასრესისას იწვევს ცხიმის შეგრძნებას. ჩამქრალი პოლიეთილენის ბოლს პარაფინის სუნი აქვს.

პოლიეთილენის ბოჭკო - ბოჭკო, მიღებული პოლიეთილენტერეფტალატის ნადნობისაგან. ის თბომედეგობით ბევრად აჭარბებს სხვა ცნობილ ბუნებრივ და ქიმიურ ბოჭკოებს. მდგრადია თელვის, ცვეთის, სინათლის სხივის, მჟავების, დამჟანგველების მიმართ; აქვს კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებები; ნაკლებად მდგრადის ტემპერატურის და ტუტეების მიმართ. გამოიყენება ბაგირების, გვარლების, თოკების, კონვეიერის ლენტების, ამძრავი ქამრების, საფილტრავი მასალების დასამზადებლად და სხვ. პ.ბ. გავრცელებული სავაჭრო დასახელებებია: ლავსანი (რუსეთი), ტერილენი (დიდი ბრიტანეთი), დაკრონი (აშშ), ელანა (პოლონეთი), ტესილი (ჩეხეთი).

პოლიეთილენტერაფთალატი (პეტ) - მსუბუქი, მტკიცე და ხისტი პლასტმასი. სიმკვრივე 1,36 გ/სმ3. გამოირჩევა თბომედეგობით −40-დან +2000C ტემპერატურის დიაპაზონში. მდგრადია განზავებული მჟავების, ზეთების, სპირტების, მინერალური მარილებისა და უმეტესი ორგა- ნული ნაერთების მიმართ (ძლიერი ტუტეებისა და ზოგიერთი გამხსნელების გარდა). იწვის ძლიერი კვამლის გამოყოფით. ცეცხლიდან მოცილების შემდეგ ახასიათებს თვითჩაქრობა.

პოლივინილაცეტატი - სინთეზური პოლიმერი, მაგარი, გამჭვირვალე, უფერო არატოქსიკური ნივთიერება. ახასიათებს ცივდენადობა. კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში. არ იხსნება ბენზინში, ნავთში, სკიპიდარში, მინერალურ ზეთებში, წყალში. გამოიყენება წებოების, გამჟღენთი ნივთიერებების, ემულსიური საღებავების დასამზადებლად, აგრეთვე, ბეტონის დანამატად ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

პოლივინილქლორიდი - (პვქ, პოლიქრომვინილი, ვინილი, ვესტოლიტი, ხოსტალიტი, ვინოლი, კორვიკი, სიკრონი, დჟეონი, ნიპეონი, სუმილიტი, ლუკოვილი, ხელვიკი, ნორვიკი) - თეთრი ფერის პლასტმასა, რომელიც მიიღება ვინილქლორიდის სუსპენზიური ან ემულსიური პოლიმერიზაციით. სიმკვრივე 1,35...1,43 გ/სმ3, დარბილების ტემპერატურა 75...800C, დნობის ტემპერატურა 150...2200C; მედეგია წყლის, მჟავების, ტუტეების, გახსნილი მარილების, ბენზინის, ნავთის, ქონის, სპირტების მიმართ, შესანიშნავი დიელექტრიკული მასალაა. ამჟამად პ. გამოყენების ძირითადი სფეროა: კარ-ფანჯრები, ვიტრინები, ვიტრაჟები, შეკიდული ჭერები, წყლის, გაზის და საკანალიზაციო მილები, ფურცლები, მავთულებისა და კაბელების ელექტროიზოლაცია, ლინოლეუმი, ხელოვნური ტყავი, პვქ-ს ბოჭკო, ავეჯის წარმოება. ძირითადი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია პ. გამოყენებასთან უტილიზაციაა - დაწვისას გამოიყოფა მაღალტოქსიკური ორგანული ქლორის შენაერთი (დიოქსინი), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა

პოლივინილქლორიდი არაპლასტიფიცირებული - იხ. ვინიპლასტი.

პოლიიზობუტილენი - სინთეზური პოლიმერი. მაღალმოლეკულური პ. - კაუჩუკისებრი პროდუქტი; დაბალმოლეკულური - ბლანტი სითხე. ახასიათებს ცივდენადობა. მდგრადია წენის, მჟავებისა და ტუტეების მიმართ. ძირითადად გამოიყენება ელექტრო და ანტიკოროზიულ მასალად (პოლიეთილენთან, პოლისტიროლთან ან ნატურალურ კაუჩუკთან ნარევში).

პოლიკარბონატი - თერმოპლასტიკური პლასტმასა, რომელიც მიიღება ფენოლისა და აცეტონის კონდენსატის ბისფენოლ A-სთან სინთეზით. მსოფლიო ბაზარზე გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა 3 მლნ ტონაზე მეტია წელიწადში. მაღალი სიმტკიცისა და დარდყმითი სიბლანტის გამო პ. იყენებენ მრეწველობის სხვადასხვა დარგში კონსტრუქციულ მასალად, ხშირად მისი მექანიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ამატებენ მინაბოჭკოს; ფურცლოვან-ფოროვან პ. დიდი გამოყენება აქვს მშენებლობაში შუქგამტარი მასალის სახით.

პოლიკონდენსაცია - დაბალი მოლეკულური მასის მქონე ნივთიერებებისაგან პოლიმერის წარნმოქმნის პროცესი, რომელსაც თან ახლავს წყლის (ზოგჯერ სხვა დაბალმოლეკულური მასის მქონე ნივთიერების) წარმოქმნა.

პოლიმეთილმეტაკრილატი - იხ. ორგანული მინა.

პოლიმერბეტონი - პოლიმერულ შემკვრელზე დამზადებული ბეტონი, რომლის საფუძველია ფისი (ეპოქსიდური, პოლიეთერის, აკრილის, კარბამიდის, ფორმალდეჰიდის, ფურანისა და სხვ.) ან მონომერი (ფურფურულაცეტონური და სხვ.) და რომელიც ბეტონში მაგრდება სპეციალური დანამატის მეშვეობით. შემვსებია ქვიშა და ღორღი. ბეტონის თვისებების გასაუმჯობესებლად და ფისის ეკონომიისათვის, მასში ზოგჯერ შეჰყავთ წმინდად დაფქული შემავსებელი. გამაგრების დაჩქარებისა და თვისების გასაუმჯობესებლად იყენებენ გამამაგრებელს, პლასტიფიკატორს და სხვა სპეციალურ დანამატს. პ. თვისება დამოკიდებულია ფისის სახეობაზე, ბეტონის შედგენილობაზე და ტექნოლოგიაზე. ის კარგად ეწინააღმდეგება მჟავების, მარილების, ორგანული გამხსნელებისა და ნავთობპროდუქტების მოქმედებას. ქიმიურად მედეგი პ. გამოიყენება დეფექტების (ფორები, კაპილარები, მიკროდეფექტები) ამოსავსებად. აგრეთვე აგრესიულ გარემოში, სადაც ჩვეულებრივი ბეტონი სწრაფად იშლება (მჟავების, მინერალური სასუქების, ხელოვნური ბოჭკოს, ცელულოზის, შაქრისა და სხვ. წარმოება). გაჟღენთვა ზრდის ბეტონის სიმტკიცეს 2...10-ჯერ. სიმტკიცე გაჭიმვაზე იზრდება 3...10-ჯერ. პოლიმერბეტონის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთ კონსტრუქციებში, სადაც სრულად ვლენდება მისი დადებითი თვისებები. მაგ., კონსტრუქცია რომელიც განიცდის ძლიერ ცვეთას (ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ზოგიერთი მილსადენი), ქიმიური მრეწველობის კოროზიამედეგი კონსტრუქცია, სანტექნიკური ნაკეთობა და სხვ. მაღალი ცოცვადობა და არასაკმარისი ტემპერატურული მედეგობა, ზღუდავს პოლიმერბეტონის გამოყენებას შენობის მზიდ კონსტრუქციაში.   

პოლიმერების დაძველება - სინათლის, სითბოს, ჟანგბადის, ოზონის, მაიონიზირებელი გამოსხივებისა და სხვა ზემოქმედებით პოლიმერების თვისებების შეუქცევი შეცვლა. დაძველების მიზეზია მაკრომოლეკულის ქიმიური გარდაქმნა, რომელიც იწვევს პოლიმერების დესტრუქციას და განტოტვილი ან სამგანზომილებიანი სტრუქტურის წარმოქმნას.

პოლიმერი - მაღალმოლეკულური მასის ქიმიური ნაერთი, რომლის მოლეკულები შედგება განმეორებადი მრავალრიცხოვანი დაჯგუფებებისაგან. მექანიკური სიმტკიცის, ელესტიკურობის, ელექტროსაიზოლაციო და სხვა ძვირფასი თვისებების გამო პ. დამზადებულ ნაწარმს იყენებენ მრეწველობაში, მშენებლობაში, ყოფაცხოვრების მრავალ სფეროში და სხვ.

პოლიმერიზაცია (ბერძ.) - 1. რეაქცია, რომლის საშუალებითაც მონომერიდან მიიღება პოლიმერი. მისი ყველაზე გავრცელებული სახეობებია: შემაერთებელი (ადიციური) პ. და პოლიკონდენსაცია. ეს რეაქციები წარმოადგენს სინთეზური პლასტმასების მიღების საფუძველს; 2. მაღალი მოლეკულური წონის მქონე ორგანულ ნაერთთა წარმოქმნა დაბალმოლეკულური ნაერთებისაგან.

პოლიმერიზაციის ხარისხი - რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს პოლიმერში ელემენტარული რგოლების რაოდენობას.

პოლიმერსილიკატი - თხევადი მინის საფუძველზე დამზადებული, პოლიმერის დამატებით მიღებული ბეტონი.

პოლიპროპილენი - თერმოპლასტიკური პლასტმასა, რომელიც მიიღება პროპილენის პოლიმერიზაციით კომპლექსური ლითონების კატალიზატორების თანხლებით. გამოდის თეთრი ფერის ფხვნილის ან გრანულების სახით. სიმკვრივე 0,91 გ/სმ3, რაც ყველა ტიპის პლასტმასას შორის მინიმალური მაჩვენებელია. გამოყენების სფერო: ვიბრო- და ბგერასაიზოლაციო სართულშუა გადახურვების მოწყობა სისტემაში „მცურავი იატაკი“, დეკორატიული პროფილები ქაფპოლიპროპილენისაგან, მილები, ტომრები, ტარა, ტექნიკური აპარატურის დეტალები. ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურაა 120...1400C.

პოლისი (ბერძ.) - 1. მონათმფლობელური ქალაქი-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში; 2. იმ დეკლარაციების, კონვენციების კანონების, ნორმატიული აქტების, შეთანხმებების, ბრძანებულებებისა თუ კონტრაქტების ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერი სტრუქტურისა თუ საზოგფადოებრივი მოძრაობის სამართლებრივ ბაზას წარმოადგენს; 3. ძვ. წ. VI ს-ში საბერძნეთში აღმოცენებული სახელმწიფო მოწყობის სამოქალაქო-დემოკრატიული ფორმა, სადაც უარყოფილ იქნა ტირანიისა და არისტოკრატიის ხელისუფლება; 4. სიცოცხლის, ქონების და სხვათა დაზღვევის ხელწერილი, ქვითარი, მოწმობა. იგი ადასტურებს საჭიროების შემთხვევაში პირისათვის გარკვეული სახეობის მომსახურების გაწევის აუცილებლობას საფასურის ნაწილის წინასწარ გადახდის საფუძველზე.

პოლისპასტი (ბერძ.) - მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს ბაგირებითა და გვარლებით შეერთებულ, რამდენიმე უძრავი და მოძრავი ბლოკის ერთობლიობას (ნახ. 1). გამოიყენება მძიმე ტვირთების ასაწევად როგორც დამოუკიდებელი მოწყობილობა, ან როგორც მუშა ორგანო ტვირთამწევ მანქანებში.

პოლისტიროლი - თერმოპლასტიკური პლასტმასა, რომელიც წარმოადგენს სტიროლის (ვინილბენზოლის) პოლიმერიზაციის პროდუქტს. იგი მაგარი, მყიფე, გამჭირვალე მასალაა ფერების ფართე გამით. შეიძლება იყოს ბლანტი, საშუალო ან მაღალი დარტყმითი სიმტკიცის. სიმკვრივე 1,06 გ/სმ3. თერმულად მდგრადია 1050C ტემპერატურამდე, კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, წებვადია, წყალმედეგია. გრანულებისგან ამზადებენ თბოსაიზოლაციო ფილებს, ექსტრუზიის მეთოდით - უჯრედოვან ქაფპოლისტიროლს.

პოლიტეტრაფთორეთილენი - იხ. ტეფლონი.

პოლიტექნიკური - ტექნიკის სხვადასხვა დარგის შესწავლასა და გამოყენებასთან დაკავშირებული (მაგ., პოლიტექნიკური ინსტიტუტი).

პოლიტიკა - საზოგადოებრივი საქმეების მართვის ხელოვნება.

პოლიტურა (ლათ.) - ბუნებრივი ფისის (ჩვეულებრივ შელაქის) 10...20%-იანი სპირტიანი ლაქი, რომელსაც იყენებენ მერქნის ნაკეთობების ზედაპირის გასაპრიალებლად.

პოლიურეთანი - ჰეტეროჯაჭვური პოლიმერი, მიეკუთვნება სინთეზურ ელასტომერებს. მიიღება პოლიზოციანიტების შეერთებისას ჰიდროქსილის ჯგუფის ნაერთებთან (რთული და მარტივი პოლიეთერები). გამოიყენება წებოების, ლაქების, საღებრების, ჰერმეტიკების, იზოლატორების, დამცავი საფენების, სადებების, შემამჭიდროებლების, სპორტული საბურავების, დეკორატიული ქვების ჩამოსასხამი ფორმების და სხვ. დასამზადებლად. პ. ნაკეთობანი შეიძლება იყოს ნახევრადგამჭირვალე მოყვითალო ელფერით (ნახ. 1) ან შეღებილი სხვადასხვა ფერად.

პოლიფენი - იხ. ტეფლონი.

პოლიფორმალდეჰიდი - (პოლიოოქსიმეთილენი, პოლიაცეტალი) - ფორმალდეჰიდის პოლიმერიზაციის პროდუქტი მოლეკულური მასით 40...120 ათასი. თეთრი კრისტალური ფხვნილი დნობის ტემპერატურით 1800C. მისგან დამზადებული დეტალები გამოირჩევა სტაბილურობით, ინარჩუნებენ სიხისტესა და მექანიკურ სიმტკიცეს 1200C ტემპერატურამდე; მედეგია ცვეთის, დინამიკური დატვირთვის, ორგანული გამხსნელების და ზეთების მიმართ. ადვილი დასამუშავებელია.

პოლიქრომია (ბერძ.) - მრავალფერიანობა არქიტექტურის, სკულპტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებში.

პოლოიდა (პოლოდია) - მოძრავი ან უძრავი ცენტროიდა.

პოლუსი (ბერძ.) - 1. პოლარულ კოორდინატთა სისტემაში - წერტილი, რომლიდანაც აითვლება პოლარული რადიუსი. გარდა ამისა, პოლუსი ეწოდება წერტილს, რომლისთვისაც მოცემული წრფე წარმოადგენს მოცემული მე-2 რიგის წირის პოლარს; 2. დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის მიერ დედამიწის ზედაპირის გადაკვეთის წერტილი; ამ წერტილთან ახლოს მდებარე ადგილი; 3. ელექტრული წრედის ორი ბოლოდან ერთ-ერთი; 4. მაგნიტის ან ელექტრომაგნიტის ორი ბოლოდან ერთ-ერთი; 5. საპირისპირო, საწინააღმდეგო.

პომპა - მცირე სიმძლავრის ტუმბო.

პომპეუსის ხიდი (მოგვთა ხიდი) - არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი (ნახ. 1) მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში, ამჟამად მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში. მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები - დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. ტრადიცია ხიდის სახელს რომაელ მხედართმთავარს გნეუს პომპეუს უკავშირებს, რომელმაც ძვ. წ. 65 წელს დალაშქრა საქართველო და გზად ლეგიონერების ხელით ააგო ხიდი. არქეოლოგიურმა გათხრებმა პ.ხ. ადგილას აღმოაჩინა ხის ხიდის კონსტრუქციის ფრაგმენტები, რომელიც ადრე მოგვთა ხიდის სახელით იყო ცნობილი. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს პ.ხ. საფუძვლიანად გადაუკეთებიათ.  XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პ.ხ. გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი, რომელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. 1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები, რის გამოც პ.ხ. წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამმალიანი ხიდი.

პონტონი - 1. ბრტყელძირიანი ნავი, რომელიც გამოიყენება დროებითი ხიდის ან რაიმე დროებითი ნაგებობის საყრდენად წყალზე; ნავტიკი; 2. მცურავი ხიდი; 3. ხის, ლითონის ან რკ,ბ.-ის მცურავი ნაგებობა წყლის ზედაპირზე სხვადასხვა მოწყობილობების დასაჭერად.

პოპ-არტი (ინგლ.) - XX საუკუნის ერთ-ერთი მძლავრი, პოპულარული ვიზუალური ხელოვნების მიმდინარეობა. წარმოიშვა 1950-იანი წლებში ბრიტანეთში, მოგვიანებით კი პარალელურად ვითარდებოდა აშშ-შიც.  პ.-ა. დამახასიათებელია თემები და ტექნიკა ნასესხები პოპულარული მასკულტურიდან, როგორიცაა რეკლამა და კომიქსები და შესაბამისად, საყოველთაოდ გაიგივებული იყო, როგორც რეაქცია იმ დროისთვის დომინირებულ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან ან მასზე დაფუძნებულ ექსპანსიასთან. პოპ-არტი პოპ-მუსიკის მსგავსად იყენებს პოპულარულ სახეებს ხელოვნების ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ და ხაზს უსვამს ბანალურს ან ე.წ. კიტჩურ ელემენტებს ნებისმიერ მოცემულ კულტურაში. პ.-ა. უმეტესად აკადემიურად აღიქმება, ვინაიდან მის მიმდევართა მიერ გამოყენებული არატრადიციული ორგანიზაციული პრაქტიკა ზოგიერთისთვის ძნელად გასაგებია. პოპ-არტი მინიმალიზმთან ერთად მოიაზრება, როგორც უკანასკნელი მოდერნისტული ხელოვნების მიმდინარეობ და შესაბამისად, პოსტმოდერნისტული ხელოვნების წინამორბედებად ითვლება.

პოროლონი - ქაფპოლიურეთანის სავაჭრო დასახელება - რბილი პოლიურეთანის ქაფი, 90% ჰაერის შემცველობით, რომელიც მასალას აძლევს სირბილეს და დრეკადობას. წვრილფოროვანი სტრუქტურის გამო პ. აქვს კარგი ელასტიურობა და ჰაერგამტარობა.

პორტალი (ლათ.) - 1. კარიბჭე; არქიტექტურულად დამუშავებული შესასავლელი სვეტების, სკულპტურის, ფერწერის გამოყენებით (ნახ. 1: სან პეტრინოს ეკლესიის პორტალი, ქ. ბოლონია, იტალია, XV ს.). მდიდრულად გაფორმებული პ. შენობას (ნაგებობას) ანიჭებს ეფექტურობას, სიდიადეს, მიმზიდველობას, გრანდიოზულობას; 2. გვირაბში შესასვლელის არქიტექტურულად გაფორმებული ადგილი, რომელიც შესასვლელის სიბრტყიდან რამდენადმე წინ არის გამოწეული. გვირაბის პ. გააჩნია შემდეგი დანიშნულება: შუბლა და გვერდითი ფერდობების მდგრადობის უზრუნველყოფა; შუბლა ფერდობებიდან ჩამონადენი წყლის გვირაბიდან მოცილება და გვირაბის შესასვლელის არქიტექტურულად გაფორმება. გვირაბის პ. შემდეგი სახისაა: 1. პირდაპირი (გვირაბის ფერდობში შეჭრისას ჰორიზონტის მიმართ მართი ან მისი მახლობელი კუთხით); 2. ირიბი (გვირაბის ფერდობში შეჭრისას ჰორიზონტისადმი 60º-იანი კუთხით); 3. საფეხუროვანი (გვირაბის ფერდობში შეჭრისას 60º-ზე ნაკლები მახვილი კუთხით და მისასვლელი ჭრილის მაღალი ფერდობების არსებობისას). პ. ასაგებ მასალად გამოიყენება მონოლითური ბეტონი, ყორებეტონი და რკ.ბ.). პ. მდებარეობის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიურ და კონსტრუქციულ მოსაზრებებს ადგილობრივი კონკრეტული პირობების გათვალისწინებით.

პორტატიული (ფრანგ.) - პატარა ზომის, თანსატარებლად მარჯვე, ადვილად გადასატანი.

პორტი (ლათ.) - ნავსადგური; გემების მისასვლელი და სადგომი ნაგებობა.

პორტიერა (ფრანგ.) - კარის ან ფანჯრის მძიმე ქსოვილის სქელი ფარდა, რომელიც შედგება ერთი ან ორი ვერტიკალური ნაწილისაგან (ნახ. 1).

პორტიკი (ლათ.) - ფრონტონით ან ატიკით დაგვირგვინებული სვეტნარი, რომელიც ხშირად, შენობის მთავარ შესასვლელს წარმოადგენს (ნახ. 1).

პორტლანდიტი - კალციუმის ჰიდროქსიდი. ბუნებაში იშვიათად არსებული მინერალი, რადგან ადვილად გადადის კალციტში. ხელოვნური პ. - მიიღება კირისა და პორტლანდცემენტის ჰიდრატაციის შედეგად. მისი რაოდენობა გამყარებულ ცემენტის ქვაში შეადგენს 20...25%-ს.

პორტლანდცემენტი - ძირითადი საშენი მასალა თანამედროვე სამრეწველო, სამოქალაქო, საგზაო, ჰიდროტექნიკურ და სხვა მშენებლობაში. მისი წარმოება საქართველოში 1,5 მლნ ტონაა. პ. ჰიდრავლიკური შემკვრელია, მაგრდება როგორც წყალში, ისე ჰაერზე. იგი წარმოადგენს სათანადო ნედლეულის შეცხობის ტემპერატურაზე გამოწვის შედეგად მიღებული კლინკერის დაფქვის პროდუქტს. დაფქვის დროს მას 3...5% თაბაშირი ემატება, შეკვრის ვადების რეგულირებისათვის და აგრეთვე 15%-მდე წიდა ან სხვა აქტიური კაჟმიწა დანამატი. სიმკვრივე (მოცულობითი მასა) ფხვიერ მდგომარეობაში შეადგენს 1100 კგ/მ3-ს, შემკვრივებულის (დატკეპნილის) 1600 კგ/მ3-ს, ხოლო საშუალოდ აიღება 1300 კგ/მ3. დაფქვის სიწმინდე - რაც უფრო წმინდადაა ცემენტი დაფქული, მით მეტია მისი სიმტკიცე და სწრაფად მაგრდება. წყალმოთხოვნილება - წყლის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ნორმალური სისქის ცემენტის ცომის მისაღებად. პ. ნორმალური სისქე და შეკვრის ვადები განისაზღვრება ვიკას ხელსაწყოთი, ნორმალური სისქის ცომის გამოცდით. ცემენტის შეკვრის დასაწყისი არ უნდა იყოს 45 წთ-ზე ადრე, დასასრული კი - 10 საათზე გვიან. ცემენტის შეკვრის დაჩქარება შეიძლება დაფქვის სიწმინდის გაზრდით, მინერალოგიური შედგენილობის რეგულირებით, წყალ-ცემენტის ფარდობის შემცირებით, ტემპერატურის გაზრდით, ცემენტში დანამატების შეტანით და სხვ. პ. და მის ნაირსახეობაზე მოდის ცემენტების 95%, უამრავი სხვადასხვა სახის ცემენტზე კი მხოლოდ - 5%.

პორტლანდცემენტი გაფართოებადი - მიიღება პორტლანდცემენტის კლინკერის (58...63%), თიხამიწოვანი წიდის ან კლინკერის (5...7%), თაბაშირის (7...10%), ბრძმედის გრანულირებული წიდის ან სხვა აქტიური მინერალური დანამატის (23...28%) ერთად დაფქვით. მისი მარკებია: 400, 500, 600, რომელიც განისაზღვრება 28-ე დღეს. გაფართოებად ცემენტებზე დამზადებული ბეტონი წყალში ფართოვდება 0,3...1%-მდე. ჰაერზე მისი გაფართოება ხდება თუ მუდმივად დავატენიანებთ პირველი სამი დღეღამის განმავლობაში. იგი მცირეხნიანი გაორთქვლისას სწრაფი გამაგრებით გამოირჩევა, რაც საშუალებას იძლევა ყალიბი გამოვიყენოთ უფრო ინტენსიურად. პ. გ. წყალუჟონადია 1,1 მპა წნევის დროს.

პორტლანდცემენტი თეთრი და ფერადი - მიიღება კლინკერისაგან, რომელიც მზადდება სუფთა კირქვის (ან მარმარილოს) და თეთრი კაოლინისაგან, რომლებიც თითქმის არ შეიცავს რკინის და მარგანეცის ჟანგს. ისინი ჩვეულებრივ პორტლანდცემენტს აძლევენ მომწვანო-მორუხო ფერს. გამოწვა ხდება უნაცრო საწვავით. თეთრი პორტლანდცემენტი ძვირია. ფერადი პორტლანდცემენტი კი მიიღება თეთრ ცემენტში საღებავი პიგმენტების (ოხრა, მუმია, სურინჯი და სხვ.) დამატებით (10%-მდე). ამ ცემენტებს იყენებენ დეკორატიული მიზნებისათვის. მისი მარკებია: 400, 500.

პორტლანდცემენტი პლასტიფიცირებული - შეიცავს აქტიურ ზედაპირულ პლასტიფიცირებულ დანამატს, რომელიც ამაღლებს ბეტონის ნარევის პლასტიკურობას, ადვილჩაწყობადობასა და ყინვამედეგობას. მისი მარკებია: 300; 400; 500. იგი შეიძლება ჩვეულებრივი ცემენტის მაგივრად გამოვიყენოთ საგზაო და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში.

პორტლანდცემენტი პუცოლანიანი - მიიღება კლინკერის, თაბაშირისა და აქტიური მინერალური დანამატის ერთად დაფქვით ან ცალ-ცალკე დაფქვითა და კარგად არევით. მას ემატება ვულკანური წარმოშობის დანამატი პემზა, ტუფი, ასევე გლიეჟი ან სათბობის ნაცარი (25...40%), დანალექი ქანები დიატომიტი, ტრეპელი, ოპოკა (20...30%). დაფქვის სიწმინდის, შეკვრის ვადების და სხვა თვისებების მიხედვით მას წაეყენება იგივე მოთხოვნები რაც ჩვეულებრივ პორტლანდცემენტს. ნორმალური სისქის ცომის მისაღებად, ჩვეულებრივთან შედარებით, 30...50%-ით მეტი წყალია საჭირო. შენახვისას ადრე კარგავს აქტიურობას. ფოლადის არმატურასთან კარგი შეჭიდულობა აქვს. ჰაერზე გამაგრებისას ხასიათდება დიდი დეფორმადობით. ძირითადად იყენებენ მიწისქვეშა და წყლიან გარემოში, სადაც საჭიროა დიდი წყალუჟონადობა და წყალმედეგობა, ნაკლები სითბოგამოყოფა. ნაკლებად ყინვამედეგია და ზამთარში დაბეტონებისათვის არ გამოიყენება. მისი მარკებია 300, 400, 500.

პორტლანდცემენტი სატამპონაჟო - ცემენტი, რომელიც მიიღება კლინკერის, თაბაშირის და სპეციალური დანამატის დაფქვით. გამოიყენება ნავთობისა და გაზის ჭაბურღილის დაცემენტებისათვის. ცივი ჭაბურღილისათვის ცემენტის გამოცდა ხდება 22±20C, ცხელისათვის - 75±30C ტემპერატურაზე. ძირითადი მახასიათებელია სიმტკიცე ღუნვაზე. გამოდის სხვადასხვა სახის - მარილმედეგი, დაბალჰიგროსკოპული და სხვ.

პორტლანდცემენტი სულფატომედეგი - გამოიყენება მტკნარ წყლებში. კარგ შედეგებს იძლევა თბილისში, გოგირდოვანი წყლების გარემოში. იგი ნაკლებ ეგზოთერმულია, ცოტა ნელა მაგრდება. არსებობს 300; 400; 500 მარკის.

პორტლანდცემენტი სწრაფშემკვრელი - ცემენტი, რომელიც სწრაფად კრეფს სიმტკიცეს. ეს მიიღწევა მისი წმინდად დაფქვით და მინერალოგიური შემადგენლობის მართვით. ამ ცემენტის ხვედრითი ზედაპირია 3500...4000 სმ2/გ. დაფქვისას მას შეიძლება დავუმატოთ აქტიური მინერალური დანამატები 10%-მდე და ბრძმედის გრანულირებული წიდა - 15%-მდე. სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით 3 დღიან დუღაბს ფარდობით 1/3, სიმტკიცე კუმშვაზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 25 მპა, ღუნვაზე არანაკლებ 4 მპა. ხოლო 28 დღის სიმტკიცე R28 - 40 მპა. დანარჩენი თვისებებით პ. ს. ჩვეულებრივი ცემენტისაგან არ გამოირჩევა. მისი მარკებია 300, 400, 500

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური დაბალი ტემპერატურისათვის - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, რომელიც გამოიყენება სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად −5...+150C ტემპერატურის ფარგლებში.

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური დამძიმებული - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, განღვრადობით 180...220 მმ და ცემენტის ცომის სიმკვრივით 1950...2350 კგ/მ3.

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური ზომიერი ტემპერატურისათვის - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, რომელიც გამოიყენება სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 50...1000C ტემპერატურის ფარგლებში.

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური მაღალი ტემპერატურისათვის - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, რომელიც გამოიყენება სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 100...1500C ტემპერატურის ფარგლებში.

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური ნორმალური სიმკვრივის - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, წ/ც ფარდობით 0,5 და ცემენტის ცომის სიმკვრივით 1600...1950 კგ/მ3.

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური ნორმალური ტემპერატურისათვის - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, რომელიც გამოიყენება სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 15...500C ტემპერატურის ფარგლებში.

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური სულფატომედეგი - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, მიღებული ნორმირებული პორტლანდცემენტის კლინკერის, თაბაშირისა და საჭიროების შემთხვევაში დანამატების დაქუცმაცებით, რომელიც გამოირჩევა ამაღლებული კოროზიამედეგობით სულფატ-იონების შემცველ აგრესიული გარემოს მიმართ.

პორტლანდცემენტი ტამპონაჟური შემსუბუქებული - ტამპონაჟური პორტლანდცემენტი, განღვრადობით 180...220 მმ და ცემენტის ცომის სიმკვრივით 1350...1650 კგ/მ3.

პორტლანდცემენტი უთაბაშირო - პორტლანდცემენტი, რომლის შედგენილობაში არ შედის თაბაშირი. გამოიყენება ზამთარში, უარყოფით ტემპერატურაზე, რკინაბეტონის კონსტრუქციების დასამზადებლად. პორტლანდცემენტი უთაბაშიროდ იკვრება რამდენიმე წუთში. შეკვრის ვადების დარეგულირებისათვის პორტლანდცემენტის წმინდად დაფქულ კლინკერში შეჰყავთ ორგანულ-მინერალური დანამატის კომპლექსი, რომელიც შეიცავს, როგორც წესი, ორ კომპონენტს: სულფიდოსაფუარის ბარდას ან სუპერპლასტიფიკატორს და ტუტე ლითონის კარბონატს ან სილიკატს. პირველი კომპონენტი ანელებს შეკვრის ვადას და ახდენს ბეტონის ნარევის პლასტიფიცირებას, მეორე კი ბეტონის გამაგრების კატალიზატორია და უზრუნველყოფს ბეტონის გამაგრებას უარყოფით ტემპერატურაზე (ამცირებს წყალხსნარის გაყინვის წერტილს). ჩვეულებრივ ცემენტიან ბეტონში პოტაში (K2CO3) ნაწილობრივ უკავშირდება თაბაშირს და ამიტომ საჭირო ხდება მისი რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც რამდენადმე აუარესებს ბეტონის სტრუქტურას და მის სიმტკიცეს. უთაბაშირო ცემენტში კი გამოიყენება კარბონატების მინიმალური დოზა, რომელიც აუცილებელია უარყოფით ტემპერატურაზე გამაგრებისათვის და რომელიც ბეტონის მკვრივ სტრუქტურასა და მაღალ სიმტკიცეს უზრუნველყოფს. პ.უ. სწრაფადშეკვრადი და სწრაფადმაგრებადი ცემენტია. ის ხასიათდება დაბალი წყალმოთხოვნით რაც საშუალებას იძლევა დავამზადოთ დაბალი წ/ც ფარდობის და მაღალი სიმტკიცის ბეტონი.

პორტლანდცემენტი ძაბვადი - მიიღება პორტლანდცემენტის (65...75%), თიხამიწოვანი ცემენტის (13...20%) და თაბაშირის (6...10%) წმინდად დაფქვით და არევით. ის თავდაპირველად მაგრდება და იძენს საკმაო სიმტკიცეს, შემდეგ ფართოვდება და ძაბავს რკ.ბ.-ს. შეკვრა იწყება 30 წუთის შემდეგ, სრულდება - 4 საათში. ძაბვადი ცემენტი სწრაფად მაგრდება. მისი სიმტკიცე 1 დღეღამის გამაგრების შემდეგ შეადგენს 15 მპა-ს, 28-ე დღეს კი უახლოვდება 50 მპა-ს. ძაბვადი ცემენტისაგან დამზადებული რკ.ბ.-ის ნაკეთობა გამოირჩევა მაღალი ბზარმედეგობით. მას იყენებენ აირგაუმტარი კონსტრუქციებისათვის, ბენზინის საცავების, მიწისქვეშა და წყლისქვეშა სადაწნეო ნაგებობებისა და სასპორტო ობიექტების მშენებლობისათვის..

პორტლანდცემენტი ჰიდროფობური - შეიცავს 0,06...0,3% ჰიდროფობულ (წყალუკარება) დანამატს (საპონნავთი, ასიდოლი, ასიდოლ-საპონნავთი, ოლეინის მჟავა, ნავთობის მჟავები, კაჟბადორგანული პოლიმერები და სხვ.). ეს დანამატები ცემენტის მარცვლებზე წარმოქმნის თხელ (მონომოლეკულურ) აფსკს, რომელიც ამცირებს ელემენტის თვისებას - დასველდეს წყლით, შეიძინოს ტენი. ასეთი ცემენტი ტენიან გარემოშიც ინარჩუნებს აქტივობას და არ გუნდავდება, არევის დროს კი ეს აფსკი ცემენტის მარცვლებს ძვრება და ხელს არ უშლის ნორმალურ ჰიდრატაციას. ასეთი ცემენტები უფრო მეტად წყალმედეგი და წყალუჟონადია. სიმტკიცე პირველ დღეებში ნაკლები აქვთ, მაგრამ 28 დღეში მაინც იძენენ საპროექტო მარკას. ჰიდროფობული ცემენტი გამოდის 300 და 400 მარკის.

პორტო-ფრანკო (იტალ.) - ნავსადგურის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ნებადართულია საქონლის შეტანა და გატანა უბაჟოდ.

პორტრეტი (ფრანგ.) - ადამიანის ფერწერული, სკულპტურული ან სხვაგვარი გამოსახულება.

პორფირი - წვრილკრისტალური ამონაფრქვევი მთის ქანი, რომელიც ხასიათდება მინისებრი სტრუქტურით და კვარცის კრისტალების ჩანართებით (ნახ. 1). ქიმიური შედგენილობით ჩამოგავს გრანიტს. არსებობს პ. კვარცული (რიოლიტი, დაციტი) და არაკვარცული (ორთოფირი). მშენებლობაში გამოიყენება, როგორც მოსაპირკეთებელი მასალა. ძველ რომში პ. ამზადებდნენ ქანდაკებებს, სარკოფაგებს, დეკორატიულ ვაზებს (ნახ.2) და ფუფუნების საგნებს. დაუმუშავებელი პ. არაეფექტურია, მაგრამ გახეხვის და გაპრიალების შემდეგ იძენს კეთილშობილ მუქ წითელ ფერს. ამჟამად ხელოვნურ პორფირსაც კი ამზადებენ.


პოსესია (ლათ.) - მიწის არენდული მფლობელობა.

პოსტამენტი (იტალ.) - იგივეა რაც პედესტალი.

პოსტი - ადგილი (ფარდული, კოშკურა, სათავსი), სადაც გუშაგი (ყარაული) დგას ამა თუ იმ ობიექტის დაცვისათვის.

პოსტულატი (ლათ.) - მეცნიერული თეორიის დებულება, პრინციპი ან წესი, რომელიც დასაბუთების გარეშეა მიღებული ამ თეორიაში და გამოიყენება სხვა დებულებათა დასასაბუთებლად. პოსტულატის მიღებისას ეყრდნობიან ცდას, პრაქტიკაზე ან თეორიულ წყაროებზე დაფუძნებულ ინტუიციურ მოსაზრებებს, რათა ნათელი გახდეს მისი მიღების მართებულობა.

პოტაში (ინგლ.) - თეთრი კრისტალური ნივთიერება, რომელიც მიიღება ხის ნაცრის ან ქლოროვანი კალიუმისაგან; გამოიყენება მინის, თხევადი საპნის წარმოებაში, ფოტოგრაფიაში და სხვ.

პოტენციალი (ლათ.) - სიდიდე, რომელიც აღწერს ვექტორული ხასიათის ფიზიკური ველების ფართო კლასს (ელექტრული ველი, გრავიტაციული ველი და სხვ.).

პოტენციალი ბუნებრივი - ბუნებრივი სისტემის უნარი, შეასრულოს ადამიანების სამეურნეო საქმიანობის რაიმე ფუნქცია. გამოისახება განსაზღვრულ ეკოლოგიურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

პოტენციალი რეკრეაციული - ბუნებრივი ტერიტორიის თვისება მოახდინოს ადამიანზე დადებითი ფიზიკური, ფსიქიკური და ჰიგიენური ზემოქმედება. ძირითადად ვლინდება დასვენების დროს.

პოტენციალის თეორია - მათემატიკური ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მიმზიდველი მასებით, მუხტებით და ა.შ. შექმნილ ძალთა ველების პოტენციალებს.

პოტენციალური ენერგია - მექანიკური სისტემის ენერგიის ნაწილი, დამოკიდებული მისი კონფიგურაციისაგან, ე.ი. სისტემის ნაწილაკების ურთიერთგანლაგებისა და გარეშე ძალურ ველში მათი მდგომარეობისაგან (მდებარეობისაგან). სისტემის პ.ე. ტოლია იმ მუშაობის, რომელსაც ასრულებს სისტემის ყველა ნაწილაკზე მოქმედი შინაგანი და გარეგანი პოტენციალური ძალები სისტემის განსახილველი კონფიგურაციიდან ე.წ. ნულოვან კონფიგურაციამდე, რომლისთვისაც სისტემის პ.ე. ნულის ტოლია. ათვლის დასაწყისის არჩევა ნებისმიერია.

პოტენციალური ძალები - იგივე კონსერვატიული ძალები - ძალები, რომელთა მუშაობა დამოკიდებულია მხოლოდ მათი მოდების წერტილის მდებარეობაზე და არ არის დამოკიდებული ამ წერტილის მოძრაობის ტრაექტორიაზე და არც მისი მოძრაობის კანონებზე. პოტენციალური ძალების მაგალითია მიზიდულობის ძალა და ელექტრული მუხტების ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების ძალები.

პოტენციომეტრი (ლათ.-ბერძ.) - 1. ხელსაწყო ელექტრომამოძრავებელი ძალისა და ძაბვის გასაზომად კომპენსაციის მეთოდით; 2. ხელსაწყო ძაბვის მდოვრედ შესაცვლელად.

პოტენციურ ძალთა ველი - ძალთა ველი, რომელსაც გააჩნია პოტენციალი.

პოტენციურად საშიში ობიექტი - ობიექტი სადაც ხდება მიღება, გადამუშავება, შენახვა და ტრანსპორტირება რადიოაქტიური, ხანძარფეთქებადსაშიში, საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებისა, რომლებიც საგანგებო სიტუაციის წყაროს შექმნის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ. - ობიექტი სადაც ხდება მიღება, გადამუშავება, შენახვა და ტრანსპორტირება რადიოაქტიური, ხანძარფეთქებადსაშიში, საშიში ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებებისა, რომლებიც საგანგებო სიტუაციის წყაროს შექმნის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ.

პოტენციური - პოტენციის სახით, ფარულად არსებული (მაგ., პოტენციური ძალა); შესაძლებელი.

პოტენციური ენერგია დრეკადი დეფორმაციის - დეფორმირებული დრეკადი სხეულის შიგა ძალების პოტენციური ენერგია.

პოტენციური ველი - კონსერვატიული ველი; ვექტორული ველი, რომელშიც ვექტორის როტორი ყველგან ნულის ტოლია. თუ პოტენციური ველი ძალთა ველია, მაშინ ნებისმიერი ჩაკეტილი ტრაექტორიის გასწვრივ ძალთა მუშაობა ნულის ტოლი იქნება.

პოტენციური ძალა - კონსერვატიული ძალა; ძალა, რომლის მუშაობა დამოკიდებულია მისი მოდების წერტილის საწყისსა და ბოლო მდებარეობაზე და არაა დამოკიდებული არც ამ წერტილის ტრაექტორიის სახეზე, არც მისი მოძრაობის კანონზე.

პოტერნა (ფრანგ.) - მიწისქვეშა დერეფანი (გალერეა, გვირაბი) საფორტიფიკაციო ნაგებობებს, ციხე-სიმაგრის ფორტებს ან გამაგრებულ საყრდენ რაიონებს შორის (ნახ. 1: პეტრე-პავლეს ციხე-სიმაგრის პოტერნა; სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), აგრეთვე მასიური ნაგებობის შიგნით (მაგ., კაშხლის). აგებდნენ ქვის, აგურის, რკ.ბ.-ის, ლითონის კონსტრუქციების მეშვეობით. ჰიდროტექნიკურ ნაგებობაში პ. არის ტექნოლოგიური დანიშნულების სათავსი ჰეს-ის ქვედა ნიშნულზე გაჟონილი წყლის შესაკრებად და გასაყვანად ნაგებობის გარეთ.

პოჭოჭიკი - ლილვის ან ღერძის ის ნაწილი, რომელიც ეყრდნობა საკისარს. პ. ლილვის ბოლოზე უწოდებენ კოტას, ხოლო შუა ნაწილზე - ყელს.

პრადოს მუზეუმი - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში (ნახ. 1), სადაც XIV-XIX საუკუნეების ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული. მუზეო დელ პრადო ერთ-ერთ შენობათაგანია აშენებული კარლოს III-ის მეფობის დროს გრანდიოზული მშენებლობის პროექტში, რომლის მიზანი მადრიდისთვის მონუმენტური ურბანული დაგეგმარების შექმნა იყო. შენობა გვიანდელი კლასიციზმის ბრწყინვალე ნიმუშია.

პრაქტიკა (ბერძ.) - 1. ადამიანთა მოქმედება, რომლითაც ისინი ზეგავლენას ახდენენ ობიექტურ, მატერიალურ სამყაროზე და გარდაქმნიან მას; 2. გამოცდილება, დახელოვნება რაიმე საქმიანობაში; 3. თეორიული ცოდნის გამოყენება და საქმეში განმტკიცება, როგორც სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი (მაგ., სტუდენტთა პედაგოგიური პრაქტიკა, საწარმოო პრაქტიკა); 4. ექიმის ან იურისტის საქმიანობა.

პრევენცია (ლათ.) - წინასწარი ზომების მიღება რისამე თავიდან ასაცილებლად.

პრეზენტაცია (ლათ.) - 1. რაიმე საკითხის აუდიტორიის წინაშე საჯარო წარდგენის პროცესი სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენებით (კომპიუტერული პროგრამები, პლაკატები, ნახაზები, სქემები, დიაგრამები, ფილმები, ფლიპჩარტი და ა.შ.); 2. გადასაპირებელი თამასუქის წარდგენა ტრასატისათვის.

პრეისკურანტი (ფრანგ.) - ცნობარი, რომელიც შეიცავს რაიმე პროდუქციის, საქონლის, მანქანა-მოწყობილობების, აგრეთვე მომსახურების სისტემატურ ნუსხას ფასების მითითებით.

პრემია (ლათ.) - 1. ფულადი ან მატერიალური ჯილდო რაიმე დარგში დამსახურებისათვის; 2. მუშაკთა დამატებითი ფულადი ანაზღაურება; 3. განსხვავება ფასიანი ქაღალდის საბირჟო და ნომინალურ ღირებულებას შორის; 4. თანხა, რომელსაც ოფციონის მყიდველი უხდის მის გამყიდველს გარკვეული უფლების შესაძენად; 5. დაზღვევის გადასახადი.

პრესბიტერიონი (ბერძ.) - ადრექრისტიანული და კათოლიკური ეკლესიის საკურთხევლის უკან განლაგებული ნაწილი, სასულიერო პირთათვის განკუთვნილი რიგებად დალაგებული საჯდომებით.

პრესფორმა (ბერძ.) - მოწყობილობა, რომელსაც იყენებენ პლასტმასისაგან, ლითონისაგან, რეზინის, თაბაშირის და სხვა მასალისაგან მოცულობითი ნამზადების (ნაკეთობების) მისაღებად დაწნეხვის გზით. არსებობს ხელის, ნახევრად მოსახსნელი და სტაციონალური პ. ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში (ნახ. 1, საკედლე ბლოკების ჩამოსასხმელი პრესფორმა), მანქანათმშენებლობაში, საავტომობილო, მეტალურგიულ, ქიმიურ, კვების და მისთ. წარმოებაში.

პრესფხვნილი - ფხვნილისებრი ან გრანულირებული რეაქტოპლასტები, რომლებსაც იყენებენ პრესფორმებში ნედლეულად პლასტმასის ნაკეთობების დასამზადებლად (საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, ხელოვნური ქვის ფილების ჩამოსასხმელი ფორმები, ავტომობილის ნაწილები და სხვ.).

პრესშპანი - თხელი, მკვრივი, პრიალა დაწნეხილი საიზოლაციო მუყაო. მიიღება ჩამოსხმის გზით.

პრეფერენცია (ლათ.) - ორ ან მეტ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით ერთმანეთისათვის მინიჭებული უპირატესობა, შეღავათი, შეღავათიანი საბაჟო გადასახადები ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაფართოების მიზნით.

პრეცესია - მოვლენა, რომლის დროს მბრუნავი ობიექტის ღერძი იხრება, მაგალითად გარეშე ფაქტორის გავლენით.

პრეცესია რეგულარული - პრეცესიის კერძო შემთხვევა, როცა ნუტაციის კუთხე მუდმივია, ხოლო პრეცესიის და საკუთარი ბრუნვის კუთხეები - დროის წრფივი ფუნქციები.

პრეციზიული (ფრანგ.) - რაც დიდი სიზუსტით გამოირჩევა.

პრივატიზაცია (ლათ.) - სახელმწიფო საკუთრების გრდაქმნა კერძო საკუთრებად.

პრივატიზება (ლათ.) - საკუთრების განსახელმწიფოებრიობა წარმოების საშუალებებზე, პირად ქონებაზე.

პრივატული (ლათ.) - კერძო; არაოფიციალური.

პრიზმა (ბერძ.) - მრავალწახნაგა, რომლის ორი წახნაგი პარალელურ სიბრტყეებში მდებარე კონგრუენტული n-კუთხედია, ხოლო დანარჩენი (გვერდითი) წახნაგი - პარალელოგრამი (ნახ. 1, პრიზმა). პ. ეწოდება მართი, თუ გვერდითი წახნაგების სიბრტყეები პერპენდიკულარულია ფუძის სიბრტყისა (ნახ. 2, მართი პრიზმა). თუ პ. ფუძეები წარმოადგენენ წესიერ მრავალკუთხედებს, მაშინ პ. ეწოდება წესიერი. პ., რომლის ფუძეა პარალელოგრამი, ეწოდება პარალელეპიპედი. პ. ფუძეებს შორის მანძილს პ. სიმაღლეს უწოდებენ. პ. ყოველ ორ მეზობელ გვერდით წახნაგს აქვს საერთო წიბო, რომელსაც პ. გვერდითი წიბო ეწოდება.

პრიზმატოიდი (პრიზმის სახეობა) - მრავალწახნაგა, რომლის ორი წახნაგი პარალელურ სიბრტყეებშია მოთავსებული, ხოლო დანარჩენი წახნაგები სამკუთხედები ან ტრაპეციებია, ამასთანავე სამკუთხედის ერთი გვერდი და ტრაპეციის ორივე ფუძე წარმოადგენს პრიზმატოიდის ფუძის გვერდებს (ნახ. 1).

პრიზმული ღერო - ღერო, რომელსაც აქვს პრიზმის ან ცილინდრის ფორმა.

პრინციპი (ლათ.) - 1. რომელიმე თეორიის ძირითადი, ამოსავალი დებულება; აქსიომა; კანონზომიერება; 2. მოქმედების დადგენილი ნორმა, წესი; 3. რომელიმე მანქანის, კონსტრუქციის, ხელსაწყოს და სხვ. მოწყობილობის მუშაობის და მოქმედების საფუძველი. ცნობილია: ენერგიის შენახვის, ფარდობითობის, ქმედებისა და უკუქმედების ტოლობის, შექცევადობის, ძალთა მოქმედების დამოუკიდებლობის და სხვა პ.

პრინციპიალური სქემა - სქემა, რომელიც განსაზღვრავს ნაკეთობის ელემენტების სრულ შემადგენლობას, იძლევა დაწვრილებით წარმოდგენას მისი მუშაობის პრინციპზე და არის საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველი.

პრიორიტეტი (ბერძ.) - 1. პირველობა მეცნიერულ აღმოჩენაში, გამოგონებაში, გამოკვლევაში და მისთ.; 2. უპირველესი მნიშვნელობა, უპირატესობა (მაგ., საერთაშორისო კანონის პრიორიტეტი).

პრობლემა (ბერძ.) - ამოცანა, რომელსაც მოცემულ დარგში აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

პროგნოზი - გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით რაიმე მოვლენის, პროცესის განვითარებაში მოსალოდნელ ცვლილებათა წინასწარ განჭვრეტა, წინასწარმეტყველება (მაგ., ამინდის პ., სპორტული მატჩების შედეგების პ., რაიმე აღმოჩენის მიმართ მეცნიერული პ. და სხვ.).

პროგნოზირება (ბერძ.) - ყოველგვარი კონკრეტული წინასწარმეტყველება და განხილვა რომელიმე ნებისმიერ მოვლენაზე მომავალში, აგრეთვე სხვადასხვა პროცესების, სისტემების, ობიექტების, შრომითი რესურსების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე. პ. წინ უსწრებს დაგეგმვას, რომლის დროსაც შემუშავდება მიზნის მიღწევის მეთოდები და ხერხები. პ. შეიძლება იყოს მოკლევადიანი (3...5 წლ), საშუალოვადიანი (10 წლამდე) და გრძელვადიანი (>15...20 წლ). პ. უტყუარობას განსაზღვრავს სტატისტიკური ინფორმაციების სიზუსტე და სისრულე, პროცესების კანონზომიერებათა გამოკვლევის ხარისხი, განვითარებული ძირითადი ტენდენციების ანალიზის სიღრმე წარსულში, აწყმოსა და მომავალში, საექსპერტო შეფასებები, ინფორმაციების ნაკადის ანალიზი და სხვა. საწარმოო ძალების, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, დემოგრაფიული და ბუნებრივი რესურსების კომპლექსური პ. წარმოადგენს ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის ეფექტური დაგეგმვისა და რაციონალური გამოყენების წინაპირობას. პროგნოზირებისადმი ორი მიდგომა არსებობს, ხარისხობრივი და რაოდენობრივი, რომელთაგან თითოეული რამდენიმე მეთოდს აერთიანებს. პროგნოზირების ხარისხობრივ მეთოდებს იყენებენ ბუნდოვან სიტუაციებში და მონაცემების ნაკლებობის შემთხვევაში. ეს მეთოდები ძირითადად ეფუძნება პროგნოზისტთა პირად გამოცდილებას და ინტუიციას. რაოდენობრივი მეთოდები გამოიყენება სტაბილურ სიტუაციებში, მონაცემების არსებობის პირობებში და ყოველი მათგანი იყენებს მეტ-ნაკლები სირთულის მათემატიკურ აპარატს.

პროგრამა - რაიმე პროცესის შესრულებისათვის წინასწარ ჩამოყალიბებული თანმიმდევრობა, სამოქმედო დოკუმენტი, განცხადება, განაწესი. ტერმინი პროგრამა რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება, მათ შორის: გაცვლითი, დახმარების, კომპიუტერული, სატელევიზიო, სამოქმედო, სახელმწიფო, სადოქტორო, სამაგისტრო, სამშენებლო, რადიო, ჯანმრთელობის ერთიანი დაზღვევის და სხვ.

პროგრამირება - 1. პროგრამის შედგენის პროცესი, რომელიც რეალიზებას უკეთებს მოცემულ ალგორითმს ეგმ-ზე; 2. დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მოცემული პროგრამის შედგენის მეთოდებსა და ხერხებს.

პროგრესი (ლათ.) - განვითარება, წინსვლა; განვითარების უფრო დაბალი საფეხურებიდან უფრო მაღალ საფეხურებზე გადასვლა.

პროგრესი ტექნიკური - ღონისძიებების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს არსებული საწარმოო სიმძლავრეების (მანქანა-დანადგარების) გაუმჯობესებას, გამარტივებას, მოდერნიზებას, მაღალეფექტური მასალების შექმნას, დანერგვას და ა.შ.

პროდუქტი (ლათ.) - შრომის ნივთობრივი (მაგ., მსხვრევისა და დახარისხების პ. - ქვიშა, ღორღი, ცემენტი და ა.შ.) ან არამატერიალური შედეგი (მეცნიერული აღმოჩენა, იდეა და სხვ.). პ. მიეკუთვნება აგრეთვე წარმოებაში გამოყენებული მანქანა-დანადგარები და სხვა მატერიალური ნაკეთობები.

პროდუქტი კრიოგენული - პროდუქტი, რომლის დუღილის ტემპერატურა მინუს 1200C-ზე დაბალია.

პროდუქტი მზა - პროდუქციის მდგომარეობა, როდესაც ის შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს გამოსაყენებლად.

პროდუქტი საბოლოო - პროდუქტი, რომელსაც გავლილი აქვს ყველა ტექნოლოგიური პროცესი და მზა პროდუქციის სახით მიიღება.

პროდუქცია (ლათ.) – 1. ქვეყანაში, მეურნეობის დარგში, საწარმოში, ფირმაში, ცალკეული მუშაკების მიერ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში წარმოებული პროდუქტების ერთობლიობა; 2. საქონელი, მომსახურება, სამუშაო; 3. ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება მიუხედავად იმისა განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მოწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის; 4. სამრეწველო-ტექნიკური დანიშნულების ნაწარმი (ცემენტი, ბეტონი, დახერხილი ხე-ტყე, ლითონის პროფილები, სამფენოვანი პანელები, აგური, კრამიტი, ფენილი და სხვ.), რომლის წარმოებაში, ტრანსპორტირებაში, შენახვასა და გამოყენებაში უშუალოდ მონაწილეობს ადამიანი; მოსახლეობის მიერ პირადი ან საყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული საქონელი, საკვები პ. თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი, აგრეთვე მათი წარმოებისათვის საჭირო ნედლეული და ინგრედიენტები.

პროდუქცია სასაქონლო - პროდუქცია განსაზღვრული სარეალიზაციოდ ან სხვა წარმოებისათვის გადასაცემად.

პროდუქცია სერიული - საწარმოო პირობებში, გარკვეულ პარტიებად და რაოდენობით გამოშვებული პროდუქცია, რომელიც შეიძლება განმეორდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში (მაგ., გადახურვის ფილების, საკედლე პანელების, მაგიდების, კარადების და სხვ.).

პროდუქცია სტანდარტული - პროდუქცია, რომელიც ფორმით, ზომით, ხარისხით და სხვა მონაცემებით შეესაბამება სახელმწიო სტანდარტებს ან სხვა ტექნიკურ პირობებს.

პროდუქციის ნომენკლატურა - საწარმოების მიერ გამოშვებული მატერიალური დოვლათის კლასიფიცირებული ჩამონათვალი. დეტალიზაციის მიხედვით პ. ნ. სხვადასხვაგვარია: ხარისხის, არტიკულების, ზომების, პროფილების, მარკების, ტიპების მიხედვით გაშლილი; ჯგუფური, რომელშიც გაშლილი ნომენკლატურის ცალკეული პოზიციები გაერთიანებულია ერთიანი დასახელების ერთგვაროვან ჯგუფებში; საგეგმო-კრებსისთი - პროდუქციის უფრო გამსხვილებული სია.

პროდუქციის რეალიზაცია - საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის ჩართვა სამეურნეო ბრუნვაში და მისი ანაზღაურება მოქმედი ფასებით. რეალიზებულად ითვლება ის პროდუქცია, რომელიც გაგზავნილია მოქმედი სამრეწველო საწარმოს ფარგლებს გარეთ და ღირებულება გადახდილია მომხმარებლის ან სავაჭრო ორგანიზაციის მიერ.

პროდუქციის ხარისხი - პროდუქციის თვისებათა ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს მის უნარს დააკმაყოფილოს სახალხო მეურნეობის ან მოსახლეობის განსაზღვრული მოთხოვნილება. იგი პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყანაში საწარმოო ძალების განვითარებასთან. პ.ხ. მართვა გულისხმობს ხარისხის მაჩვენებლების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებსა და სხვა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციებთან. გამოშვებული პროდუქციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საწარმოში მომუშავე ადამიანების ორგანიზაციულ ქცევასა და მოტივაციაზე. ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომა ეფუძნება არა დეფექტების აღმოჩენას და გამოსწორებას, არამედ მათ პრევენციას. ეს ხორციელდება პროცესების, ნაკეთობების, მომსახურების ყოველმხრივ და გულდასმით შემოწმების ფონზე. ხშირად ტესტირება ტარდება არა წუნის გამოსავლენად, არამედ იმის დასადასტურებლადაც, რომ საქონელი ხარისხიანია. გარდა ამისა, ხარისხის უზრუნველყოფა აღარ არის ერთი სტრუქტურული ერთეულის პრეროგატივა და ის მთელი ორგანიზაციის საზრუნავია. ამგვარი მიდგომა პირველად იაპონიაში დაინერგა და მერე გავრცელდა დასავლეთში, რაც მის ეფექტურობაზე მეტყველებს. მიმწოდებლები აღარ განიხილება შესაძლო კონფლიქტის წყაროდ, არამედ მათთან ვითარდება მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები. თანამედროვე მსოფლიოში ხარისხთან ასოცირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა ISO (International Organization for Standardization), რომელიც 1947 წელს დაარსდა და მას შემდეგ ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევა საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებისა და ხარისხის დაცვის მხრივ. ამ ორგანიზაციამ შექმნა ხარისხის სერტიფიცირების მთელი სისტემა, რომელთაგან ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ISO9000 ჯგუფის სტანდარტები, რომლებიც ხარისხის მენეჯმენტს უკავშირდება. ამჟამად ამ ორგანიზაციის წევრია 164 სახელმწიფო, რომელთაგან ნამდვილი წევრია 111, ხოლო საქართველო იმ 49 სახელმწიფოს შორისაა, რომლებსაც წევრ-კორესპონდენტის სტატუსი გააჩნიათ. კიდევ ოთხი ქვეყანა წევრი აბონენტის უფლებებით სარგებლობს.

პროდუცენტი (ლათ.) - რაიმე საქონლის მწარმოებელი (ფირმა, ქვეყანა).

პროექტანტი - პირი, რომელიც პროექტს ადგენს; დამპროექტებელი.

პროექტი (ლათ.) - 1. დოკუმენტების (ანგარიშები, ნახაზები და სხვა) ერთობლიობა რომელიმე ნაკეთობის (ნაგებობების, მანქანის) შესაქმნელად. პ. შეიძლება იყოს ესკიზური, ინდივიდუალური, სამუშაო, ტექნიკური, ტიპური; 2. რაიმე დოკუმენტის (ხელშეკრულების) წინასწარი ტექსტი; 3. ობიექტის ჩანაფიქრი, გეგმა, პროტოტიპი, პირველსახე.

პროექტი დაგეგმვის - ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს ტერიტორიის გეგმარებით სტრუქტურის, განაშენიანების, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო მომსახურების, საინჟინრო უზრუნველყოფის წინადადებებს და ადგენს ქალაქმშენებლობის ზონირებული ტერიტორიის რეგლამენტს და მისი განვითარების ძირითად მაჩვენებლებს.

პროექტი ესკიზური - საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ერთობლიობა, რომელიც პრინციპულ საკონსტრუქტორო გადაწყვეტილებებს შეიცავს და ნაკეთობაზე და მისი მუსაობის პრინციპზე საერთო წარმოდგენას იძლევა. აგრეთვე, შეიცავს ნაგებობის არქიტექტურულ მონაცემებს, დანიშნულებას, გაბარიტულ ზომებს და სხვ.

პროექტი სამუშაო (მუშა) - საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია, რომელშიც მოცემულია: ნაკეთობის (ნაგებობის) გარე ხედი, გაბარიტული და ფუნქციონალური ზომები, კვანძები, ჭრილები და ცალკეული დეტალის ნახაზები, აგრეთვე ახსნა-განმარტებითი ბარათი ნაკეთობაზე(ნაგებობაზე).

პროექტი ტექნიკური - საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ერთობლიობა, რომელიც საბოლოო ტექნიკურ გადაწყვეტილებას შეიცავს და სრულ წარმოდგენას იძლევა ნაკეთობის სახეზე, ზომაზე, ფორმაზე, აგრეთვე შეიცავს მონაცემებს სამუშაო დოკუმენტაციის დამუშავებისათვის. პ.ტ. დამტკიცების შემდეგ გათვალისწინებულია ნაკეთობის მაკეტის დამზადებაც

პროექტის ანალიზი - პროექტის დოკუმენტური, ყოველმხრივი და სისტემური შემოწმება მისი ხარისხის შეფასების, პრობლემების გამოვლენის და გადაწყვეტის მეთოდების განსაზღვრის მიზნით.

პროექცია (ლათ.) - 1. სივრცითი ფიგურების გამოსახვა სიბრტყეზე ან სხვა რომელიმე ზედაპირზე. განასხვავებენ ცენტრალურ, პარალელურ და ორთოგონალურ (სწორკუთხა) პროექციებს სხვადასხვა სახით: აქსონომეტრიული, დიამეტრული, იზომეტრული, პოლარული, ტრიმეტრიული, შვეული, წრიული, ჰორიზონტალური, კარტოგრაფიული და სხვ; 2. იხ. გეგმილი.

პროვინცია (ლათ.) - 1. დედაქალაქს ან მსხვილ კულტურულ ცენტრს დაშორებული პატარა ქალაქი, სოფელი, ადგილი, კუთხე; 2. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ზოგიერთ სახელმწიფოში; 3. ძვ. რომაელების მიერ დაპყრობილი ტერიტორია.

პროზენქიმა (ბერძ.) - მცენარეული ქსოვილი, რომელიც შედგება წაგრძელებული, ბოლოებში წამახვილებული, სხვადასხვა წარმოშვების და ფუნქციის უჯრედებისაგან. უჯრედის კედლები შედგება ცელულოზასა და ლიგნინისაგან. თუ უჯრედები ბოლოებში წამახვილებული არ არის, მაშინ ასეთ ქსოვილს უწოდებენ პარენქიმას.

პროთეზი - სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც ერთვება გასაძლიერებელი კონსტრუქციის მუშაობაში დაზიანებული ნაწილის შესაცვლელად.

პროლონგაცია - ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.

პროლუვიუმი - ფლუვიალური ჯგუფის კონტინეტური დანალექი ქანების ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი, რომელიც ხასიათდება მონატეხი მასალის ცუდი დახარისხებითა და მცირე სიმრგვალით. ფორმირდება დროებითი და ნათლად გამოხატული ცვალებადი რეჟიმის მქონე ნაკადების ზემოქმედებით, ღვარცოფული ნაკადების ჩათვლით. პ. მონაწილეობს მდინარის ტერასების ჩამოყალიბების პროცესში, ქმნის გამოტანის კონუსებსა და პროლუვიალურ შლეიფებს. პროლუვიალური გამოტანის კონუსებში, მათი წვეროდან ძირის მიმართულებით, მონატეხი მასალის გრანულომეტრული შემადგენლობა იცვლება წვრილმარცვლოვანი შევსების მქონე ღორღიდან მტვრისებრ-თიხნარ ნარიყამდე.

პრომილე - რიცხვის მეათასედი ნაწილი. ასე აღინიშნება: 0/00. პრომილეს იყენებენ შენადნობის კომპონენტების რაოდენობრივი შეფასებისას, ოქროს სინჯის გამოთვლისას, სააფთიაქო (წამლების) აწონისას. მაგ., ოქროს სინჯი 900, 800 და ა.შ. ნიშნავს, რომ შენადნობის 1000 ნაწილზე შესაბამისად მოდის სუფთა ოქროს 900 ან 800 ნაწილი.

პრონაოსი (ბერძ.) - ანტიკური ტაძრის შესასვლელის ნახევრად ღია ნაწილი პორტიკსა და ნაოსს შორის (ნახ. 1: ეგვიპტური ტაძრის პრონაოსი); წინადარბაზი.

პროპელერი (ლათ.) - ხრახნისებრი ფრთა, რომელიც არის ჰაერის (თვითმფრინავებში, შვეულმფრენებში) ან სითხის (შემრევებში) მამოძრავებელი. დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით არსებობს მრავალი სახის პ.

პროპილეა (ბერძ.) – მონუმენტური კარიბჭე; აკროპოლისში ან სხვა არქიტექტურულ ანსამბლში შესასვლელი.

პროპილენი - პროპენი, CH2=CH-CH3, არანაჯერი ნახშირბადი; საწვავი გაზი სუსტი სუნით; tდუღ. - 47,70C, tაალებ. - 4550C. ხასიათდება მაღალი რეაქციული თვისებებით. გამოიყენება პოლიპროპილენის, ეთილენ-პროპილენური კაუჩუკის, გლიცერინის, აკრილნიტრილისა და სხვა მნიშვნელოვანი ქიმიური ნედლეულისა და ძრავის საწვავის მისაღებად.

პროპორცია (ლათ.) - 1. ელემენტების თანაშეზომილობა, შენობებისა და ნაგებობების ნაწილების ფარდობის სისტემა ერთმანეთთან და მთლიანთან, რითიც მათ ენიჭებათ ჰარმონიული მთლიანობა და მხატვრული დასრულება. პ. ჩნდება, როგორც არქიტექტურის ფუნქციონალური და კონსტრუქციული კავშირების მხატვრული შედეგი. თანამედროვე არქიტექტურაში ფართოდ გამოიყენება მოდულური პ. (ჯერადი ფარდობები), რომლებიც პასუხობს ინდუსტრიული მეთოდებით დამზადებული ელემენტების უნიფიცირებისა და სტანდარტიზაციის მოთხოვნებს; 2. მათემატ. ოთხი სიდიდის a,b,c,d, ორ ფარდობას შორის ტოლობა a/b= c/d. სიდიდეებს a,b,c,d-ს ეწოდება პ. წევრები; a და d - განაპირა, b და c - შუა. პ. შუა წევრების ნამრავლი ტოლია განაპირა წევრების ნამრავლისა; bc= ad - პ. ძირითადი თვისება, რომლითაც სარგებლობენ მისი სისწორის შემოწმების მიზნით.

პროპორციულობა - დამოკიდებულება ორ სიდიდეს შორის, როდესაც ერთის გადიდება (ან შემცირება) იწვევს მეორის იმდენჯერვე გადიდებას (ან შემცირებას).

პროპორციულობის ზღვარი - მასალების მექანიკური მახასიათებელი: ძაბვა, რომლის დროსაც გადახრა წრფივი დამოკიდებულების ძაბვასა და დეფორმაციას შორის აღწევს ტექნიკური პირობებით დადგენილ მნიშვნელობას. იგი ზღუდავს ჰუკის კანონის სამართლიანობის არეს. სიმტკიცეზე პრაქტიკული გაანგარიშებების დროს იგი მიიღება დენადობის ზღვარის ტოლი. აღინიშნება σp -თი

პროჟექტორი (ფრანგ.) - მძლავრი გასანათებელი ხელსაწყო აღჭურვილი ოპტიკური სისტემით, რომელიც იძლევა პარალელური კონცენტრირებული სხივების კონას საჭირო მიმართულებით.

პრორანი - ვიწრო სადინარი კაშხლის ტანში (ყრილში), მდინარის დელტაში ან მდინარის სწორი მონაკვეთი, წარმოქმნილი წყალდიდობების დროს მდინარის კლაკნილის ჩარეცხვის შედეგად.

პროსპექტი (ლათ.) - 1. გამზირი; ქალაქის სწორი, განიერი და გრძელი ქუჩა; 2. ბეჭვდითი გამოცემის სახე (ბუკლეტი, ბროშურა) რომელიც გასაყდ ან ექსპონირებისათვის განკუთვნილი საქონლის ჩამონათვალს შეიცავს.

პროსტადა - ბერძნული სახლის მთავარი დარბაზის წინ მდებარე, შიდა ეზოსკენ მიმართული პორტიკი.

პროსტაზა - ძველბერძნული სახლის სათავსების დამაკავშირებელი ღია დერეფანი.

პროსტილი (ბერძ.) - ანტიკური ტაძრის სახეობა, რომელსაც პორტიკი მხოლოდ მთავარ ფასადზე აქვს.

პროსცენიუმი (ბერძ.) - ავანსცენა; მაყურებლისათვის სცენის უახლოესი ნაწილი.

პროტექტორი (ლათ.) - 1. ავტომობილის და მისთ. საბურავის გარეთა ზედაპირის უფრო სქელი და მაგარი ნაწილი; 2. პირი, რომელიც პროტექციას უწევს ვინმეს. დამხმარე, მფარველი.

პროტოტიპი (ბერძ.) - 1. რისამე პირველადი ნიმუში, პირველსახე, დედანი; 2. ნამდვილი პიროვნება, რომლის მიხედვითაც ავტორმა შექმნა ლიტერატურული ტიპი, სახე, რომელიც გამოიყენა ნიმუშად სხვა ავტორმა.

პროფესია (ლათ.) - ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება და ცოდნა სჭირდება.

პროფესიული დაავადება - ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საწარმოო გარემოს ან წარმოების პირობების მუდმივი მავნე ზემოქმედების შედეგი. ეს ზემოქმედება შესაძლებელია იყოს ვიბრაციის, ხმაურის, მავნე აირების, მტვრის, სხვადასხვა გამოსხივების და სხვათა სახით. როგორც წესი, ასეთი პროფესიული დაავადება ქრონიკულია.

პროფილაქტიკა (ბერძ.) - გეგმიურ-გამაფრთხილებელი ოპერაციები, რომელთა მიზანია მოწყობილობის (ნაკეთობის) გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება დასახული მუშაუნარიანობითა და საიმედოობით. ტარდება წინასწარ დასახულ ვადებში და ითვალისწინებს ნაკეთობის დათვალიერება-შემოწმებას, ზოგიერთი დეტალისა და კვანძის შეცვლა-შეკეთებას, შეზეთვას, რეგულირებას და სხვ.

პროფილაქტორიუმი - 1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება; 2. სადგომი, სადაც აწარმოებენ ავტომობილების, მანქანების და მისთანების პროფილაქტიკურ რემონტს.

პროფილე (ფრანგ.) - არქიტექტურული დეტალის, გზის და სხვათა მოხაზულობა, განივკვეთი.

პროფილი (ფრანგ.) - 1. სახის ან საგნის გამოსახულება, შესახედაობა გვერდიდან; 2. ლითონის მოღუნული, დაწნეხილი, ნაგლინი; 3. გზის გრძივი პროფილი - ვერტიკალური კვეთა რკინიგზის ან საავტომობილო გზის მიწის ვაკისის ღერძზე; 4. პოფილური (უსოგმანო) შეერთება - მანქანის ნაწილების (დეტალების) შეერთება მათი ურთიერთკონტაქტის ზედაპირით, რომელსაც აქვს მდორე არაწრიული კონტური.

პროფილოგრაფი - 1. გეოდეზიური ხელსაწყო, დამონტაჟებული მოძრავ საფუძველზე. გამოიყენება გზის პროფილის გამოსახაზავად ან ადგილმდებარეობაზე დარეგისტრირებული წერტილების სიმაღლის დასადგენად; 2. ხელსაწყო, რკინიგზის რელსის პროფილის (განივკვეთის) მოხაზულობის გადასაღებად; 3. ხელსაწყო ზედაპირის უთანაბრობის გასაზომად. შედეგებს იძლევა მრუდის (პროფილოგრამის) სახით, რომელიც ახასიათებს ზედაპირის ტალღოვნობას და სიმქისეს.

პროფორმა (ლათ.) - რისამე შესრულება ფორმალურად, მოსაჩვენებლად.

პროცენტი (ლათ.) - 1. მეასედი ნაწილი რაიმე რიცხვისა, რომელიც მიღებულია მთელად, ერთეულად (აღინიშნება %-ით); რისამე რაოდენობა, გამოანგარიშებული მეასედი ნაწილებით; 2. შემოსავალი, რომელსაც იღებენ კაპიტალის ყოველ ას მანეთზე (ან ფულის ყოველ ას სხვა ერთეულზე). პროცენტის ცნება ხშირად გამოიყენება ტექნიკაში, ბიზნესში, მათემატიკაში, სამეურნეო და სტატისტიკურ გამოთვლებში. პროცენტის მეათედს პრომილე ეწოდება.

პროცესი (ლათ.) - 1. რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა, რისამე განვითარების გზა; 2. სასამართლო საქმის გარჩევა; კანონით დადგენილი წესი სასამართლო საქმის გარჩევისა.

პროცესი გამყარების - პროცესი, როდესაც თხევადი ნივთიერება მყარ მდგომარეობაში გადადის.

პროცესი გაჯირჯვების - ხის მასალის სითხით გაჟღენთვის პროცესი, რასაც თან ახლავს მასალის მოცულობის გაზრდა.

პროცესი დატენიანების - პროცესი, როდესაც რაიმე სხეულის დატენიანება ხდება მასში ტენის შემცველობის გაზრდის მიზნით.

პროცესი თბური - პროცესი, რომლის დროსაც თბური ენერგია გამოიყენება.

პროცესი კამერული - პროცესი, რომელიც დახშულ კამერაში მიმდინარეობს (მაგ., მერქნის გაორთქვლა გასაორთქლ კამერაში).

პროცესი სველი - პროცესი, რომელიც ტენიან გარემოში მიმდინარეობს.

პროცესი ტექნოლოგიური - პროცესი, რომელიც ნაკეთობის (პროდუქციის) დამზადების ყველა ტექნოლოგიურ ოპერაციას ითვალისწინებს.

პროცესი შექცევადი -  სისტემის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის პროცესი, რომელსაც შეიძლება დავუპირისპიროთ რეალურად შესაძლო საპირისპირო გადასვლა, განსახილველი პროცესის ყველა შუალედური მდგომარეობის თანმიმდევრული განმეორებით. პ.შ. მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კვაზისტატიკური პროცესია. ყველა რეალური პროცესი, მკაცრად რომ ვთქვათ, შეუქცევადია. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი იდეალურ პირობებში შეიძლება განვიხილოთ როგორც შექცევადი პროცესი. შ.პ. შესწავლასთან დაკავშირებულია მექანიკის, ელექტროდინამიკის, ჰიდროდინამიკის, თბოტექნიკის და სხვათა მრავალი ამოცანა.

პროცესი შეშრობის - მერქნის ტენშემცველობის ნაწილობრიბ შემცირების პროცესი.

პროცესი შრობის - რაიმე მასალისაგან (ნივთიერებისაგან) ტენის მოშორების პროცესი, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს ბუნებრივად ან ხელოვნურად საშრობი კამერის გამოყენებით.

პროცესორი - მოწყობილობა, რომელიც ასრულებს ინფორმაციების გარდაქმნას დასახული პროგრამით და ახორციელებს ყველა გამოთვლითი პროცესისა და მანქანის მოწყობილობის ურთიერთქმედების მართვას. მისი ძირითადი ნაწილებია არითმეტიკული და მართვის მოწყობილობები, აგრეთვე ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა, დაცვის ბლოკი, პროგრამის შეწყვეტის სისტემა და სხვ.

პუანსონი (ფრანგ.) - დაზგის მოძრავი ნაწილი, რომლის საშუალებითაც ხდება უშუალო ზემოქმედება მასალის ზედაპირზე მისი დაწნეხვის დროს; 2. პრესფორმის მოძრავი ნაწილი; 3. შტამპის ზედა, ამობურცული ნაწილი, რითაც ლითონს ტვიფრავენ. შტამპვისას პუანსონი უშუალოდ აწვება ნამზადს, რომელიც იმყოფება შტამპის მეორე ნაწილში - მატრიცაში (ნახ. 1, შტამპი: ზედა ნაწილი - პუანსონი, ქვედა - მატრიცა); დაწნეხისას პ. პრესსაყელურის დახმარებით წნევას გადასცემს ნაკეთობას. ხშირად შტამპის ერთი და იმავე ნაწილი ერთდროულად არის პუანსონიც და მატრიცაც (მაგ., ამოჭრის და გაჭიმვისათვის განკუთვნილი შეთავსებული შტამპი).

პუასონის კოეფიციენტი - განივი და გრძივი ფარდობითი დეფორმაციების ფარდობის აბსოლუტური მნიშვნელობა სწორი ძელის გრძივი გაჭიმვა-კუმშვის დეფორმაციისას, რომელიც იმყოფება ჰუკის კანონის მოქმედების არეში. პ.კ. ახასიათებს მასალის დრეკად თვისებას.

პუებლო (ესპ.) - თემური სახლის სახეობა მექსიკაში (ნახ. 1); 2. საშშ-ის სამხრეთ-დასავლეთით და მექსიკის ჩრდილოეთით მცხოვრებ მიწათმოქმედ ინდიელთა ტომების საერთო სახელწოდება.

პულვერიზატორი (ფრანგ.) - სითხის მისასხურებელი მოწყობილობა.

პულპა (ლათ.) - სასარგებლო წიაღისეულის წვრილად დაფქული (0.5 მმ ნაკლები) ნარევი წყალთან. მზადდება მადნის დაფქვით მისი გამდიდრების წინ ჰიდრომოპოვების, ჰიდროტრანსპორტირებისა და ა. შ. საჭიროებისათვის.

პულსატორი - მანქანა, რომელიც აწარმოებს რხევად მოძრაობას.

პულსოქსიმეტრი - იხ. სატურატორი.

პულტი - სათავსი, მაგიდა, სტენდი, სვეტი, სადაც თავმოყრილია მართვის, კონტროლის და მისთ. ელექტრული მოწყობილობა (მაგ., სადისპეტჩერო პულტი, ნახ. 1).

პუნქტი (ლათ.) - 1. რაიმესათვის განკუთვნილი ადგილი, სადგომი, მცირე ზომის შენობა, ფარდული და მისთ. რომელიც მოწყობილია მუშაობისთვის, საქმიანობისთვის, შეკრებისათვის და სხვ.; 2. ოფიციალური დოკუმენტი ან რაიმე ტექსტის პატარა ნაწილი, რომელიც გამოყოფილია ნომრით ან ასოთი.

პუნქტირი (ლათ.) - წყვეტილი ხაზი, რომელიც შედგება წერტილების ან პატარ-პატარა ხაზებისგან

პუფი (ფრანგ.) - ტაბურეტი, რომელსაც აქვს რბილი (ჩვეულებრივ, მრგვალი) დასაჯდომი.

პუცოლანი (იტალ.) - ვულკანური ამონაფრქვევის ფხვიერი პროდუქტი (ფერფლი, პემზა), ნალექი ქანი, აგრეთვე ქარხნის პროდუქტი (წიდა, ნაცარი), რომელსაც ურევენ სამშენებლო დუღაბებში წყალგამძლეობის ასამაღლებლად. გამოიყენება პუცოლანიანი ცემენტის დასამზადებლად.

პწკაროვანი სტრუქტურა - ლითონში სტრუქტურის შემადგენლების (მათ შორის არალითონურის) განლაგება ზოლებად, პწკარების სახით. პ.ს. განაპირობებს სხვაობას მექანიკურ და სხვ. თვისებებში პწკარების განივად და გრძივად. ამცირებს სიბლანტეს დარტყმისას.

პწკარული განაშენიანება - ისეთი სახის განაშენიანება, სადაც სახლები ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული კვარტალის შემომფარგვლელი ქუჩების მიმართულებისდა მიუხედავად.

ჟალეთის ბაზილიკა - ჟალეთის IX-X საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა (ნახ. 1). მდებარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყარაულოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. აშენებულია ადგილობრივი ქვითა და კირის ხსნარით. ბაზილიკას გვერდზე სანათლავიც ჰქონდა მიშენებული, რომელიც ამჟამად დანგრეულია. ჟალეთის ბაზილიკაში აღმოჩენილია ემბაზი (სანათლავი), რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ემბაზზე ამოჩუქურთმებულია მაცხოვრის ნათლისღების სცენა და ბოლნისური ჯვარი. აღსანიშნავია, რომ ეკლესიაში, საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც სავარაუდოდ ქვის ჯვარი უნდა ყოფილიყო აღმართული. ჯვრის ერთი, ჩუქურთმებიანი ფრთაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

ჟალუზი (ფრანგ.) - 1. დარაბა ან შტორი, რომელიც შედგება ერთმანეთის პარალელურად განლაგებული ფირფიტებისაგან. აკეთებენ ფანჯარაზე სინათლისა და ჰაერის სარეგულაციოდ (ნახ. 1); 2. ცხაური დარაბა, რომლის შემადგენელი ხის, პლასტმასის ან ლითონის ფირფიტები ბრუნავს გრძივი ღერძის გარშემო.

ჟამატუნი (გავიტი) - შუა საუკუნეების სომხურ არქიტექტურაში გუმბათოვანი სალოცავი დარბაზი.

ჟანგარო - სპილენძის ჟანგი; შავი საღებავი.

ჟანგბადი (ლათ. Oxygenium) - მეორე ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტი დედამიწაზე. აღინიშნება სიმბოლოთი O. თავისუფალ მდგომარეობაში О2 არ გააჩნია ფერი, სუნი და გემო. ჟ. თავისუფალი სახით გვხვდება ორი მოდიფიკაციის О2 („ჩვეულებრივი“ ჟანგბადი) და О3 (ოზონი) სახით. სიმკვრივე 1,42897 კგ/მ3. ჟ. დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ელემენტია, რომლის წილზე მოდის დედამიწის ქერქის მთელი მასის დაახლოებით ნახევარი, ხოლო მსოფლიო ოკეანის მასის 89%. თავისუფალი ჟ. მხოლოდ ატმოსფეროშია, სადაც ჟ. წილზე მოდის მასის 23%, ანუ მოცულობის 21%. ატმოსფეროში ჟ. ასეთი კონცენტრაციის შენარჩუნება ხდება ფოტოსინთეზის პროცესის წყალობით, რომლის დროსაც მწვანე მცენარეები მზის სხივების მოქმედებით ნახშირბადის დიოქსიდს და წყალს გარდაქმნიან ნახშირწყლებად და ჟანგბადად. ჟ. აუცილებელია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ჟ. პრაქტიკულად ყველგან და ყველაფერში გამოიყენება.

ჟანგეულები - ქიმიური ელემენტების ნაერთი ჟანგბადთან. ქიმიური თვისებების მიხედვით ჟ. იყოფა მარილწარმომქმნელ და მარილ არწარმომქმნელებად. მარილწარმომქნელი ჟ. იყოფა ფუძე, მჟავა და ამფოტერულებად (მათი ჰიდროოქსიდები შესაბამისად არიან ფუძეები, მჟავები ან ავლენენ ამფოტერულობას). მრავალი ჟანგეული გვხვდება ბუნებაში; ასეთებია წყალი H2O, ნახშირორჟანგი CO2, კაჟმიწა SiO2 - მთის ქანების მთავარი შემადგენელი ნაწილი და სხვ. ჟ. (რკინის, ალუმინის და ა. შ.) წარმოადგენენ შესაბამისი ლითონების მიღების ძირითად წყაროს. ჟ. ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში, მაგ., ჩაუმქრალი კირი CaO - სამშენებლო საქმეში, - NO2, SO2 -აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას წარმოებაში. საერთაშორისო ქიმიური ნომენკლატურის მიხედვით ჟანგეულებს ეწოდებათ ოქსიდები.

ჟანგვა (ჟანგვითი პროცესი) - ამ სიტყვის ვიწრო გაგებით - რომელიმე ნივთიერების ჟანგბადთან შეერთება. ფართო გაგებით - ყოველგვარი ქიმიური რეაქცია, რომლის არსიცაა ატომებისა ან იონებისაგან ელექტრონების წართმევა (იხ. ჟანგვა-აღდგენა). უმნიშვნელოვანეს მჟანგველებს მიეკუთვნება: ჟანგბადი O2, ოზონი O3, წყალბადის ზეჟანგი H2O2, ქლორი Cl2, ფტორი F2, კალიუმის პერმანგანატი KMnO4 და სხვ.

ჟანგვა-აღდგენა - ქიმიური რეაქციების კლასი, რომელიც ხორციელდება ელექტრონების ნაწილობრივი ან სრული გადასვლით ერთი ატომებიდან მეორეზე. ელექტრონების გაცემას ეწოდება ჟანგვა, ელექტრონების მიერთებას - აღდგენა. ჟანგვა-აღდგენის მარტივი მაგალითია მეტალური თუთიის გახსნა მარილმჟავაში: Zn+2HCl = ZnCl2+H2. აქ Zn-ის ატომი კარგავს 2 ელექტრონს და გარდაიქცევათუთიის იონად, ხოლო წყალბადის იონი ღებულობს ელექტრონს, გარდაიქმნება ნეიტრალურ H-ის ატომად, უფრო ზუსტად H2 მოლეკულად. თუთია იჟანგება, წყალბადი აღდგება. თუთია აღმდგენია, წყალბადი - მჟანგავი. ჟანგვა-აღდგენის რეაქციები მიეკუთვნება ბუნებასა და ტექნიკაში ყველაზე გავრცელებულ რეაქციებს. ასეთებია ყველა სახის საწვავის წვა, მეტალთა კოროზია, მადნებიდან უმრავლესი მეტალების აღდგენა, აზოტმჟავას, გოგირდმჟავას და სხვა ქიმიური პროდუქტების მიღება.

ჟანგი - რკინის ნაწილობრივ ჰიდრატირებული ოქსიდების შრე, რომელიც წარმოიქმნება რკინის ნაკეთობის ზედაპირზე კოროზიის შედეგად, გამოწვეული ძირითადად ჟანგბადის და სინესტის ზემოქმედებით. დაჟანგული ფენის გაჩენა ლითონის კონსტრუქციის ზედაპირზე ძალზედ უარყოფითი მოვლენაა, რადგან იწვევს ნაკეთობის განივი კვეთის შემცირებას, რასაც თან სდევს მთლიანად კონსტრუქციის მზიდუნარიანობის კლება და ავარიების რისკის ზრდა. ამიტომ ლითონის კონსრუქციების ექსპლუატაციის პროცესში დიდი ყურადღება ექცევა კონსტრუქციების დაცვას კოროზიისაგან.

ჟანგმიწა (რუს. Охра ) - ფხვნილისებრი და მიწისებრი ბუნებრივი რკინის ოქსიდი (ლიმონიტი); ბუნებაში გარდა რკინის ოქსიდისა, გვხვდება სხვა მრავალი ქიმიური ელემენტის ჟ.: ვანადიუმის, სტიბიუმის, მანგანუმის, ვოლფრამის, კობალტის, კადმიუმის, ტანტალის, ურანის და სხვ. ჟ. წყალში არ იხსნება. გამოიყენება მერქნის, ფაიფურის, შპალერის, თიხის ნაკეთობათა და სხვათა შესაღებად.

ჟანრი - 1. განსაკუთრებული ტიპის მხატვრული ფორმა არქიტექტურაში; 2. ხელოვნების რომელიმე დარგის ნაწარმოებთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ნაირსახეობა, რომელიც გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილური ნიშნებით, თემატიკით, გამომსახველობითი საშუალებებით და ა.შ.

ჟელატინი (ფრანგ.) - ცხოველური წარმოშობის ცილოვანი ნივთიერება, რომლის ხსნარი გაცივებისას იქცევა სქელ ფაფისებურ მასად. სუფთა ჟ. გამჭირვალე და უფერულია, ჯირჯვდება ცივ წყალში, იხსნება ცხელ წყალში. გამოიყენება ტექნიკაში ფეთქებადი ნივთიერებების დასამზადებლად, შუქმგრძნობიარე ემულსიების მისაღებად, მედიცინაში, კულინარიაში და სხვ.

ჟეოდა - ქანში არსებული დიდი ბუნებრივი სიცარიელე (სეკრეცია), რომელიც ნაწილობრივ ამოვსებულია მინერალთა ფარული ან აშკარად კრისტალური აგრეგატებით

ჟიკლიორი (ფრანგ.) - დაკალიბრებული ნახვრეტი დეტალში, რომლითაც ხდება აირის ან სითხის დოზირება. მაგ., კარბურატორის შემრევ კოლოფში საწვავის მიწოდება ხდება ჟ. საშუალებით.

ჟირანდოლი (ფრანგ.) - კედელზე დამაგრებული სანათი არმატურა - შანდალი სანთლის რამდენიმე ბუდით (ნახ. 1).

ჟირო (იტალ.) - 1. უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა; 2. წერილობითი ბრძანება, დავალება ბანკისადმი კლიენტის მხრივ განსაზღვრული ოდენობის ფულის გადარიცხვის აუცილებლობის შესახებ ამ კლიენტის ანგარიშიდან მესამე პირის ანგარიშზე, რომლისთვისაც კლიენტს სურს ფულის გადაცემა.

ჟიური (ფრანგ.) - სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც გამოყოფილია კონკურსზე, გამოფენასა და მათ მსგავს ღონისძიებებზე პრემიების, ჯილდოების მისანიჭებლად.

ჟორანტი (იტალ.) - თანხის გადაგზავნა.

ჟღალობა - მეტალის თვისება შეიცვალოს შეფერილობა გაცხელებისას.

რაბათი (თურქ.) - ვაჭარ-ხელოსანთა დასახლება შუა საუკუნეების ქალაქის ან მონასტრის კედლებთან.

რაბათკა - ვიწრო, გრძელი რიგი ყვავილებისა ბილიკის, გზის ან კედლის გასწვრივ (ნახ. 1).

რაბი - 1. აპარატი, რომელიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებაში. წარმოადგენს დახრილ ღარს უსწორმასწოროებებით, რომლებშიც ხდება მძიმე ნაწილაკების შეკავება მასზე წყალთან შერეული ქანების ნარევის გაშვებისას. არსებობს მრავალიარუსიანი და ავტომატური რაბები;  2. ჰიდრავლიკური სამშენებლო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო გემების გადაყვანას წყლის ერთი დონიდან მეორეზე; 3. სათავანი, ჯებირი, კაშხალი, ხერგი; ნაგებობა, რომელიც მდინარის დინების განივად აიგება, კეტავს წყლის დინებას და ქმნის წყალსატევს; 4. სავენტილაციო ჭავლების გამმიჯნავი დროებითი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სუფთა და ნამუშევარჭავლიან ჰაერს.

რაბი წყალჩასაშვები - ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის მეშვეობით ხორციელდება წყლის ჩაშვება მდინარესი ან არხში.

რადარი (ინგლ.) - 1. დანადგარი, რომელიც იყენებს რადიო ტალღებს ობიექტების მოსაძებნად (თვითმფრინავი, გემი, წვიმა). რ. ძირითადი ნაწილებია: გადამცემი, რომელიც ქმნის რადიო ტალღებს; ანტენა, რომელიც ხელმძღვანელობს რადიო ტალღებს და მიმღები, რომელიც ზომავს ტალღებს, რომლებიც უკან ბრუნდებიან ობიექტზე არეკვლის შემდეგ. ამით რადარს შეუძლია დაადგინოს სად მდებარეობს ობიექტი. რ. გამოიყენება აგრეთვე სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად: სისწრაფის დადგენა, მოძრაობის დადგენა და ა.შ.; 2. რადიოლოკატორისა და რადიოლოკაციის შემოკლებული სახელწოდება.

რადიალური - რაც რადიუსის სახით არის მიმართული, განლაგებული; სხივისებრი.

რადიანი (ლათ.) - მათემატიკის ყველა სფეროში (ელემენტარულის ზევით), ბრტყელი კუთხეების საზომი ერთეული, რომელიც 1800/π-ს ტოლია, ანუ დაახლოებით 57,29580-ის. ერთი რადიანი ტოლია წრეწირის ორ რადიუსს შორი მოთავსებული კუთხის, რომელთა შორის რკალის სიგრძე რადიუსის ტოლია (ნახ. 1). კუთხები 300, 450, 600 და 900  რადიანებში შესაბამისად ტოლია π/6, π/4, π/3 და π/2.

რადიატორი (ლათ.) - 1. ცენტრალური გათბობის მილების სისტემა, რომელშიც ცხელი წყალი ან ცხელი ორთქლი მოძრაობს; 2. ავტომობილის , ტრაქტორის და მისთ. შიგაწვის ძრავაში: თბოგადამცემი - გამაცივებელი სითხის ან ზეთის ტემპერატურის დასაწევად; 3. ინდივიდუალური გათბობის ხელსაწყო, რომელშიც სითბოს გადამტანად გამოყენებულია ცხელი წყალი (ნახ. 1) ან ზეთი (ნახ. 2).

რადიაქტიურად საშიში ობიექტი - ობიექტი, რომელზეც ინახავენ, გადაამუშავებენ, იყენებენ ან გადააქვთ რადიოაქტიური ნივთიერებები.

რადიაქტიური ნივთიერებები - ბირთვული, რადიაციული ან სხვა მავნე მაიონებელი გამოსხივების მქონე ნივთიერებები.

რადიაქტიურობა - ქიმიური ელემენტის ატომგულის თვითნებური ან ხელოვნურად დაშლა (გახლეჩა), სხვადასხვა ობიექტის აღმოჩენა და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

რადიაცია (ლათ.) - 1. რაიმე სხეულის მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოსხივება, (მაგ., მზის რადიაცია); 2. რისამე გავრცელება ცენტრიდან რადიუსის მიმართულებით.

რადიაციული დამცავი მინა - მინა, რომელიც შთანთქავს სხივებს ან სწრაფ და ნელ (სითბურ) ნეიტრონებს. გამოირჩევა ტყვიის ოქსიდების, ბისმუტის, ბარიუმის ( v-სხივების შთანთქმის) ან ბორის, კადმიუმის, ინდიუმის (ნეიტრონების შთანთქმის) მაღალი შემცვლელობით. გამოიყენება რადიაციული რეაქციების წარმოებისას სამზერი სარკმლების მოსაწყობად

რადიაციული მედეგობა - მასალის თვისება, შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებები იონიზებული გამოსხივების შემდეგ. დამცავი თვისებების შეფასებისათვის იღებენ მასალის იმ სისქეს, რომელიც 2-ჯერ ამცირებს გამოსხივების ინტენსივობას.

რადიკალი - ატომთა ჯგუფი, რომელიც ქიმიური რეაქციების დროს ერთი ნაერთიდან უცვლელად გადადის მეორეში.

რადიოასტრონომია - ასტრონომიის ნაწილი, რომელიც იკვლევს ციურ სხეულებს მათი რადიოგამოსხივების მიხედვით რადიოტელესკოპების მეშვეობით, რომელთა შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება ოპტიკური ტელესკოპების შესაძლებლობებს.

რადიოზონდი - სხვადასხვა სიმაღლეზე წნევის, ტემპერატურისა და ტენიანობის გასაზომი მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც რადიოთი ავტომატურად გადმოსცემს გაზომვის შედეგებს; ატმოსფეროში უშვებენ პატარა ჰაერბურთის საშუალებით.

რადიოლოკაცია - რადიოტალღების საშუალებით სხვადასხვა ობიექტის აღმოჩენა და მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრა.

რადიომეტრია - 1. სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია რადიოაქტიურობის გაზომვაზე; იყენებენ რადიოაქტიური მადნის და წყლის რესურსების დაზვერვის დროს; 2. ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სხივური ენერგიის გაზომვის წესებს.

რადიონავიგაცია - გემებისა და თვითმფრინავების მართვა რადიოტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

რადიოპელენგატორი - რადიომიმღები მოწყობილობა, რომლითაც განსაზღვრავენ მიმართულებას გადამცემი სადგურებისაკენ.

რადიოსპექტროსკოპია - ნივთიერების კვლევის მეთოდების ერთობლიობა მათი ატომების, იონებისა და მოლეკულების მიერ რადიოდიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღების შთანთქმის სპექტრების მიხედვით.

რადიოტალღები - ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც იყენებენ ბგერებისა და სიგნალების უმავთულოდ გადასაცემად შორ მანძილზე.

რადიოტელემეტრია - სხვადასხვა ფიზიკური, ტექნიკური სიდიდის გაზომვა შორი მანძილიდან, რომლის დროსაც გასაზომი სიდიდე გარდაიქმნება რადიოსიგნალად.

რადიოტექნიკა - 1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ რხევებსა და რადიოტალღებს; 2. ტექნიკის დარგი, რომელიც ახორციელებს მათ გამოყენებას კავშირგაბმულობის, რადიოლოკაციის, ტელეხედვის, ნავიგაციისათვის და სხვ.

რადიოფიკაცია (რადიოფიცირება) - 1. რადიოსადგურებისა და რადიოდანადგარების ქსელის მოწყობა; 2. რადიოაპარატურით აღჭურვა რისამე.

რადიუს-ვექტორი - სივრცის ნებისმიერი M წერტილის რადიუს-ვექტორი ეწოდება  ვექტორს, რომლის სათავე ემთხვევა რაიმე ფიქსირებულ 0 წერტილს (პოლუსს), ხოლო ბოლო - M წერტილს. 0 წერტილი ჩვეულებრივ წარმოადგენს კოორდინატთა პოლარული სისტემის პოლუსს ან დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემის სათავეს.

რადიუსი (ლათ.) - წრფის მონაკვეთი, რომელიც აერთებს წრეწირის ან სფეროს ცენტრს მის რომელიმე წერტილთან. კვეთის ინერციის რადიუსი მისი გეომეტრიული მახასიათებელია. ტერმინი „რადიუსი“ მრავალი მნიშვნელობით გამოიყენება,  როგორიცაა მაგ., ბრუნვის, ვირაჟის, ინერციის, მოხვევის, მოქმედების, სიმრუდის, შეუღლების, ჰიდრავლიკური და სხვ.

რაველინი (ფრანგ.) - მომიჯნავე ბასტიონებს შორის განლაგებული ფორტიფიკაციური ნაგებობა, როგორც წესი, სამკუთხედის ფორმის (ნახ. 1).

რაზა - 1. ზირზა, კავი, რკინა, რომელიც კარის დასაკეტად კოჭაკს გადაეცმება; 2. ურდული; რკინისტარიანი ზოლი, რომელიც კარის დასაკეტად მარყუჟში გაეყრება; 3. საგდული; წყლის დინების გადასაღობი ფარი.

რაიონი (ფრანგ.) - 1. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული; 2. დასახლებული ადგილის ნაწილი; 3. რაიმე ნიშნის მიხედვით გამოყოფილი ადგილი, სივრცე.

რაიონული გეგმარება - ქვეყნის ცალკეული რაიონების კომპლექსური მოხმარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს: მეურნეობების, კურორტების, სამრეწველო ინდუსტრიის ობიექტების, სატრანსპორტო ნაგებობების, კავშირგაბმულობის, ქალაქების, სოფლების და მოსახლეობის მოხერხებულ განლაგებას, ტექნიკურად დასაბუთებულ საინჟინრო ნაგებობების მოწყობას (წყალმომარაგება, კანალიზაცია და სხვ.), სანიტარული პირობების უზრუნველყოფას და ბუნების დაცვას.

რაიონული დაგეგმარება - ეკონომიკური ან ადმინისტრაციული რეგიონის კომპლექსური ტერიტორიულ-სამეურნეო მოწყობის დაპროექტება და მისი დაგეგმარებითი სტრუქტურის ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს მრეწველობის დარგების, სასოფლო-სამეურნეო წარმოებებს, განსახლების, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სოციალური მომსახურების ცენტრების, მოსახლეობის მასობრივი დასასვენებელი ადგილების რაციონალურ განლაგებას; საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების და საინჟინრო ნაგებობების განვითარებას; სანიტარულ-ჰიგიენური და გარემოს დაცვის პირობების გაუმჯობესებას. რ.დ. ითვალისწინებს რეგიონის ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენებას სამეცნიერო და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტასა და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი პირობების შექმნაში. რ.დ. სქემა საწყისი მასალაა ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების განვითარების პერსპექტივების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისათვის.

რაიონული ელექტრული ქსელები - ქსელები დიდი რაიონების ელექტრომომარაგებისათვის და ელექტროსადგურების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ელექტროძაბვა შეადგენს 35...330კვტ. როგორც წესი, ძაბვის  გადაცემა ხორციელდება საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების საშუალებით - ჩაკეტილი, რადიალური და მაგისტრალური ქსელების სახით.

რაისფედერი - სახაზავი ინსტრუმენტი ტუშით და თხევადი საღებავებით ხაზების გასავლებად. რ. შედგება სახელურის და ფოლადის ღეროებისაგან, რომლის თითებს შორის მანძილი რეგულირდება ხრახნით (0,08...1,6 მმ - ხაზის სისქე). გაღუნულ თავებიან რეისფედერებს იყენებენ წრიული ხაზების გასავლებად.

რაისშინა (გერმ.) - T-მაგვარი ხის ან ლითონის სახაზავი პარალელური ხაზების გასატარებლად.

რაიტერი (გერმ.) – 1. ლითონის ან პლასტმასის მომჭერი, რომელიც ჩამოცმულია ცალკეულ ბარათებზე (კართოტეკაში) და რომელზედაც აღნიშნულია ბარათის ნომერი ან სპეციალური კოდი; 2. მოღუნული მავთულის საწონი, რომელიც რამდენიმე მილიგრამს იწონის; იყენებენ ზუსტი აწონისათვის ანალიზურ სასწორზე, რომლის მხრეულზედაც არის იგი ჩამოცმული და გადაადგილდება აქეთ-იქით; 3. მოძრავი ქვესადგამი (შტატივი), რომლითაც ოპტიკურ ხელსაწყოებს, მათ დეტალებსა და კვანძებს ამაგრებენ ოპტიკურ მერხზე.

რაკეტა (გერმ.) - რეაქტიული ძრავის მქონე საფრენი აპარატი, რომელიც ავითარებს დიდ სისწრაფეს და მიფრინავს ძალიან შორს (მაგ., კოსმოსში); 2. დენთით დატენილი ჰილზი, რომელიც აფეთქებისას მაღლა მიდის და გამოსცემს სხვადასხვა ფერის სინათლეს; იყენებენ ფოიერვერკისათვის (ნახ. 2), აგრეთვე სამხედრო საქმეში სიგნალიზაციისათვის და ადგილმდებარეობის გასანათებლად; შუშხუნა; 3. მიწის ან მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ჩოგანი, ტარიანი ოვალური ჩარჩო.

რაკეტადრომი - საგანგებოდ მოწყობილი ადგილი, საიდანაც რაკეტებს უშვებენ

რაკურსი (ფრანგ.) - არქიტექტურული ფორმების, ფიგურების, საგნების გამოსახვა პერსპექტივაში (შემცირებულ ზომებში)

რამენი (ნაძვნარი) - მაღალი ხარისხის მერქნიანი ნაძვის ხშირი ტყე.

რამპა (ფრანგ.) - 1. ავანსცენის კიდულის გასწვრივ მოთავსებული სანათი არმატურის სისტემა; 2. მრუდწირული მოხაზულობის პანდუსი; 3. მოედანი განლაგებული სასაწყობო შენობის შესასვლელის წინ, აწეული მიწის ზედაპირიდან 1,15 მ-ზე, რათა ადვილად მოხდეს დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოები; სიგანე მიიღება 3...6 მ. ტრანსპორტის შესასვლელად რამპაზე გათვალისწინებულია ტორსულ ნაწილში პანდუსის მოწყობა.

რანგი (ინგ.) - წოდება, ჩინი; თანრიგი, დონე.

რანდა - 1. უწყვეტი მოქმედების მიწისმთხრელი მანქანა გრუნტის ფენებად მოჭრისათვის. მუშაობს კომპლექსში გადამყრელ კონვეიერთან ან გრუნტსატყორცნთან და არის თვითმავალი ან მისაბმელი ტრაქტორთან. გამოიყენება არხების გასაყვანად ან დიდი მოცულობის მოსასწორებელი სამუშაოების შესასრულებლად; 2. სამშენებლო ექსკავატორების მუშა მოწყობილობის სახეობა კარიერებში თხელი ფენების ამოსაღებად; 3. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი მიწისქვეშა დანადგარის მუშა ორგანო; 4. სადურგლო ხელსაწყო ფიცრის სარანდავად, იგივეა რაც გრძელი შალაშინი. არსებობს მისი მრავალი სახეობა: ცალმაგი, ორმაგი, ფხაჭნია, ხუშტარა, საშპუნტავი, ღართმანდი, ნარიმანდსაღები, კუზა და სხვ.; 5. სალიანდაგო რანდა; 6. რანდა - გრეიდერი

რანდა ორმაგი - ორმაგი დანით აღჭურვილი შალაშინი, რომელთაგანაც ერთ-ერთი მჭრელია, ხოლო მასზე ზემოდან (0,5...1 მმ სიდიდეზე) დამაგრებული მეორე დანა (ფირფიტა) ბურბუშელის გადატეხის ფუნქციას ასრულებს. გამოიყენება მერქნის ზედაპირის სუთად დასამუშავებლად.

რანდა ცალმაგი - რანდა, რომელიც მხოლოდ ერთი საჭრისითაა აღჭურვილი. იძლევა შედარებით არაგლუვ ზედაპირს

რანდვა (ათლა) - სიბრტყეების და გამოყვანილი ზედაპირების დამუშავება. სწორხაზოვანი ზედაპირების დამუშავება. სწორხაზოვანი მდგენელით ბურბუშელას მოხსნა დასამუშავებელი ნაკეთობისა და ხელსაწყოს პირობითი წინსვლით-უკუქცევადი (ხშირ შემთხვევაში სწორხაზოვან) გადაადგილებისას. ხის დამუშავებისას რანდვა ნიშნავს ხის ზედაპირიდან თხელი ფენის, ნახევარფაბრიკატის, ე.წ. „შპონის“ მოხსნას.

რანდკოჭი - დირე, საძირკვლის კოჭი; წყვეტილ საძირკვლებზე ან კარკასის დგარების შვერილებზე დაყრდნობილი კოჭი, რომელიც ღებულობს კაპიტალური კედლების ნაწილის ან კარკასის შევსების დატვირთვას.

რანჟირება (გერმ.) - დონეებად დაყოფა, დახარისხება.

რანტიე (ფრანგ.) - გასესხებული კაპიტალის სარგებლით, ფასიანი ქაღალდების (აქციების, ობლიგაციების) შემოსავლით მცხოვრები პიროვნება

რანჩო (ესპან.) - ლათინურ ამერიკაში კარ-მიდამო, სახლკარი. აშშ-ს დასავლეთ შტატებში მესაქონლეობის ფერმა

რაოდენობა - რისამე რიცხვი, სიმრავლე

რაოდენობრივი - რაოდენობაზე დამყარებული, რაოდენობის გამომხატველი

რაპაკივი (ფინ.) - პორფირისებრი სტრუქტურის მქონე გრანიტი; ძვირფასი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვა

რაპორტი (ფრანგ.) - ორნამენტის, ნახატის განმეორებადი ელემენტი.

რასტაბაზარი (სპარს.) - შუა საუკუნეების თბილისის საქმიანი უბანი, რიგებად განლაგებული ბაზარი და სავაჭრო-სახელოსნოები

რასტრი (გერმ.) – 1. ოპტიკური, გრაფიკული ან სხვა წესით რაიმე ზედაპირზე გარკვეული თანამიმდევრობით გავლებული ხაზების სისტემა; 2. მოწყობილობა, რომელიც შედგება შესაბამისად განლაგებული ძაფების, ზოლების, პრიზმების, ლინზებისა და მისთ. სისტემისგან; 3. მნათი სტრიქონები ტელევიზორის ეკრანზე

რატუშა (ჰოლანდ.) - ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მიღებული დასახელება შენობისა, სადაც თავსდება ქალაქის მმართველი ორგანო (ნახ. 1, ქ. ვენის რატუშა).

რაუსი - მოხეტიალე ცირკის მაღალი გარეთა აივანი.

რაფა - საფანვალი; ფანჯრის ღიობის შიგა მოჩარჩოების ქვედა თარაზული ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კედლის სიბრტყიდან გამოწეულ ფიცარს ან ფილას.

რაფინიორი - დისკური წისქვილი, დამაქუცმაცებელი.

რაფინირება (ფრანგ.) - 1. გაწმენდა მინარევებისაგან (მაგ., ნავთობის რაფინირება); 2. რაფინადის დამზადება შაქრის ფხვნილისაგან.

რაციონალიზატორი - პირი, რომელიც წარმოების რაციონალიზაციას ახდენს

რაციონალიზაცია (ლათ.) - წარმოებისა და მუშაობის მეთოდების სრულყოფა-გაუმჯობესება.

რბია - მანქანა მყარი ნივთიერების დანამცეცებისა და შერევისათვის, რისთვისაც გამოიყენება გაჭყლეტა და ცვეთა. რბია შედგება თუჯის ჯამისაგან, რომლის ფსკერზე დაგორავს მასიური თუჯის საგორავები, რომელთა ბრუნვა ხდება, როგორც საკუთარი (ჰორიზონტალური), ისე შვეული ღერძის (ჯვარედის საშუალებით, რომლებზეც ისინია მიმაგრებული) მიმართ. გამოიყენება საშენი მასალების სწარმოებაში, სამთო საქმეში, მეტალურგიაში. რ. ზოგჯერ ჩილურ წისქვილსაც უწოდებენ.

რბილი გარსები - სივრცითი კონსტრუქციები, დამზადებული მაღალი სიმტკიცის  ჭიმვაზე მომუშავე მასალებისაგან, გაძლიერებული (დაარმირებული) პლასტმასის, მინის, ლითონის ბოჭკოების ან ფირებისაგან ისეთი ხარისხით, რომ ისინი არ იღებენ სხვა სახის დეფორმაციებს. რ.გ. მზიდუნარიანობა დამყარებულია კონსტრუქციებში წინასწარი გამჭიმი ძალების შექმნაზე, რაც მიიღწევა ორი ძირითადი ხერხით - პნევმატიკურით (აეროსტატიკურით) და მექანიკურით. მესამე ხერხი - ჰიდროსტატიკური, გამოიყენება ჰიდროტექნიკურ ობიექტებში. აქედან მომდინარეობს რბილი გარსების დასახელება - პნევმატიკური (ნახ. 1) და ტენტოვანი.

რგოლი - 1. ამა თუ იმ მასალისაგან დამზადებული წრეხაზის ფორმის საგანი, რომელიც შემოფარგლულია ორი სხვადასხვა სიგრძის რადიუსის რკალით და რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით (მაგ., რეზინის რგოლი, საკისარის რგოლი და სხვ.); 2. დეტალების ერთობლიობა, რომელიც შედის მექანიზმის შემადგენლობაში და არა აქვთ ერთმანეთის მიმართ გადაადგილების საშუალება. მაგ., მუხლუხისა და მრავალციცხვიანი ექსკავატორის მუშა ორგანოს ჯაჭვის რგოლები.

რგოლი ამყოლი - რგოლი, რომელზეც მოდებული გარე ძალების ელემენტარული მუშაობა უარყოფითია.

რგოლი გამავალი - რგოლი, რომლის მოძრაობის მისაღებადაც დანიშნულია მექანიზმი.

რგოლი დაწყებითი - რგოლი, რომელსაც ენიჭება მექანიზმის ერთი ან რამდენიმე განზოგადებული კოორდინატი.

რგოლი შემავალი - რგოლი, რომელსაც ენიჭება მოძრაობა და მექანიზმის მიერ გარდაიქმნება სხვა რგოლების საჭირო მოძრაობად.

რგოლი წამყვანი - რგოლი, რომელზეც მოდებული გარე ძალების ელემენტარული მუშაობა დადებითია.

რგოლისებრი ღრეჩო - სიცარიელე ხვრეტილში გამავალი გაყვანილობის ირგვლივ.

რგოლური ღუმელი - სამრეწველო ღუმელი, რომელშიც ნაკეთობის გაცხელება წარმოებს რგოლური მბრუნავი ქვედის საშუალებით (ნახ.1). გამოიყენება მილსაგლინ, სამჭედლო და სხვ. წარმოებებში ლითონის ნაკეთობების თერმული დამუშავების და კერამიკული დეტალების გამოწვისათვის.

რეაბილიტაცია (ინგლ.) - 1. ვარგისიანობა, უნარიანობა; 2. იურიდიული უფლებების აღდგენა; 3. ადრინდელი რეპუტაციის, კარგი სახელის აღდგენა; 4. შენობის დაზიანებული ნაწილების, კონსტრუქციების, დეტალების აღდგენა.

რეაგენტი (ლათ.) - ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ნივთიერება

რეაგირება (ლათ.) - 1. გამოხმაურება, საპასუხო მოქმედება, პასუხი შთაბეჭდილებაზე, გარე ზემოქმედებაზე; 2. მონაწილეობა ქიმიურ რეაქციაში

რეალია (ლათ.) - ნამდვილად არსებული ნივთი, მატერიალური კულტურის ყოველი საგანი

რეალიზაცია (ლათ.) - 1. დამზადებული პროდუქციის გაყიდვა; 2. რისამე განხორციელება, ცხოვრებაში გატარება; 3. ქონების ან ფასიანი ქაღალდების ფულად ქცევა.

რეალური (ლათ.) - ნამდვილად არსებული; ჭეშმარიტი, ნამდვილი; 2. ის რისი განხორციელებაც შესაძლებელია დარაც ემყარება სინამდვილეში არსებული პირობების გაგებას და გათვალისწინებას

რეალური საქონელი - სახეზე (საწყობში) არსებული საქონელი, რომლის მიწოდება ბითუმად ყიდვა-გაყიდვით შესაძლებელია დაუყოვნებლივი მოთხოვნით და აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები.

რეაქტივი (ფრანგ.) - ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიებში სხვადასხვა სახის სამუშაოებისათვის. რ. რომელიმე განსაზღვრულ ნივთიერებაზე იძლევა დამახასიათებელ რეაქციას ამ ნივთიერებასთან, რასაც მოგყვება ფერის შეცვლა, ნალექის გამოყოფა და ა.შ.

რეაქტიული - 1. რასაც რეაქტივად იყენებენ ქიმიური რეაქციის დროს (მაგ., რეაქტიული ნივთიერება); 2. რაც უკუცემის ძალის მოქმედებით წარმოიქმნება (მაგ., რეაქტიული მოძრაობა); 3. რაც ასეთ ძალას იყენებს (მაგ., რეაქტიული თვითმფრინავი).

რეაქტიული ლაქ-საღებავები - რეაქტიული მასალები, რომლების ქმნიან აფსკს ქიმიური რეაქციის სედეგად ძირითად კომპონენტებს (ფისი და გამამაგრებელი) შორის, რომლების გარკვეული პროპორციებით შერევის შემდეგ იძენენ შეზღუდულ ცხოველუნარიანობას.

რეაქტორი - ატომური დანადგარი, რომელშიც ხორციელდება ატომგულების გაყოფის ჯაჭვური რეაქცია; იყენებენ ატომური ენერგიის უწყვეტად მიღებისათვის.

რეაქცია (ფრანგ.) - 1. რაიმე ზემოქმედების საპასუხო მოქმედება, მაგ., საყრდენის რ., გრუნტის რ.; 2. ორი ან რამდენიმე ნივთიერების ურთიერთ მოქმედება, რომლის შედეგად წარმოიშვება ახალი ნივთიერება; 3. სულიერი განწყობის მკვეთრი ცვლილება ძლიერი აღგზნების შემდეგ.

რეაქცია მხები - სხეულის ზედაპირისადმი მხები რეაქცია.

რეაქცია ნეიტრალიზაციის - ქიმიური რეაქცია ძლიერ მჟავასა და ძლიერ ფუძეს შორის, რომლის დროსაც წყალი წარმოიქმნება (მაგ., მარილმჟავასა და ნატრიუმის ტუტის ურთიერთმოქმედებისას მარილი და წყალი მიიღება).

რეაქცია ნორმალური - სხეულის ზედაპირისადმი პერპენდიკულარული რეაქცია.

რეაქცია ტრაექტორიის - არათავისუფალ ნივთიერ წერტილზე მოქმედი პასიური ძალა, როდესაც ეს წერტილი იძულებულია იმოძრაოს გარკვეული წირის ან გარკვეული ზედაპირის გასწვრივ.

რებორდა (ფრანგ.) - თვლის ან ბორბლის ფერსოს გამოწეული ნაწილი, რომელიც იცავს თვალს ლიანდაგიდან გადასვლისაგან, მიმართავს მას გვერდითი გზისაკენ საისრო გადამყვანზე მოძრაობისას ან აკავებს ბაგირს, გვარლს ან ღვედს ბორბალზე; ნაწიბური.

რეგალია (ლათ.) - 1. სამეფო ხელისუფლების გამოსარჩევი გარე სიმბოლიკა - გვირგვინი, სკიპტრა და სხვ.; 2. წარჩინების ნიშანი, ერთი პირის მიერ მოპოვებული ორდენების, მედლების, წოდებების და სხვათა ერთობლიობა; 3. მეფური, მეფის კუთვნილი, მონარქიული ძალაუფლების სიმბოლო.

რეგენერატი (ლათ.) - გამოყენებული მასალა, რომელსაც აღდგენილი აქვს თავისი პირვანდელი თვისებები

რეგენერატორი (ლათ.) - მეტალურგიული ღუმლის ნაწილი, კამერა, რომელშიც ხურდება ღუმელში შემავალი ჰაერი.

რეგენერაცია (ლათ. - აღდგენა, განახლება, აღორძინება) - 1. გადამუშავებული საყალიბე ნარევის (სამსხმელო წარმოებაში), ნამუშევარი ცხელი აირების (სხვა აირების ან მასალების შესათბობად), ნამუშევარი ზეთების (განმეორებით გამოყენებისათვის), სუსპენზიების (მძიმე სითხეების იმიტაციისათვის) და სხვ. თავდაპირველი თვისებების აღდგენა; 2. რადიომიმღების მიერ დამოუკიდებელი რადიოტალღების გამოსხივება; 3. ხელსაწყოს მეხსიერებაში შეყვანილი ინფორმაციის დაკარგული (დამახინჯებული) ვარიანტის აღდგენა, განახლება.

რეგიონალიზმი - 1. სტილისტიკური თავისებურებანი, რომელიც განისაზღვრება კლიმატით, ტერიტორიით, მატერიალური და სოციალური ფაქტორებით; 2. მიმდინარეობა ხელოვნებაში, განსაკუთრებით ფერწერაში, რომლის წევრებიც თავს არიდებენ ქალაქს და სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ პროცესებს; 3. შეხედულებებისა და იდეების კომპლექსი, რომელიც მოსახლეობას შიდა სახელმწიფოებრივ ან საერთაშორისო დონეზე არსებული რეგიონის მიმართ აქვს; 4. სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმა.

რეგიონი (ლათ.) - ოლქი, რაიონი, ტერიტორია, ქვეყნის ნაწილი, რომელიც ბუნებრივი ან ისტორიულად ჩამოყალიბებული ეკონომიკურ-გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის ერთობლიობით გამოირჩევა. 2. ქვეყნის დიდი რაიონი.

რეგიონის ფინანსური უზრუნველყოფის მაჩვენებელი - რეგიონალური შემოსავლების დონე, ერთ სულ მოსახლეზე.

რეგიონული საინჟინრო გეოლოგია - გეოლოგიის დარგი, რომელიც იკვლევს ამა თუ იმ ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებს.

რეგისტანი - სააღლუმო მოედანი აღმოსავლეთის (ერაყი, ირანი, შუა აზია) ქალაქებში. ყველაზე ცნობილია სამარყანდის (უზბეკეთი) რეგისტანი.

რეგისტრაცია - ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის), უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

რეგისტრი (ლათ.) – 1. რაიმე ცნობარი, რისამე საძიებელი, სია, ჩანაწერების წიგნი, სააღრიცხვო დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს (მაგ., კომერციული რ., კრედიტორების რ., უძრავი ქონების რ., ფასიანი ქაღალდების რ. და სხვ.); 2. სპეციალური ორგანო, რომელიც მართვის სპეციალურ დარგში ზედამხედველობის ფუნქციას ასრულებს; 3. მუსიკალური საკრავის ან მომღერლის ხმის ბგერითი დიაპაზონის მონაკვეთი (მაგ., მაღალი რეგისტრი, დაბალი რეგისტრი)

რეგლამენტი (ფრანგ.) - 1. წესები, რომლებიც ადგენენ, არეგულირებენ ღონისძიებათა და მოქმედებათა ჩატარების წესსა და დროს, საქმიანობის განხორციელებას; 2. საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების ზოგიერთი აქტის სახელწოდება.

რეგრესი (ლათ.) - 1.განვითარების უფრო მაღალი ფორმიდან დაბალზე გადასვლა უკან სვლა, დაქვეითება, ცვლილება უარესისაკენ; 2. რომელიმე პირის ან დაწესებულების უკუმოთხოვნილება, რომელიც წარედგინება ისეთ პირს ან ორგანიზაციას, რომლის ვალდებულება მან შეცვალა, ანუ ზარალის ანაზრაურების მოთხოვნა, რომელსაც ერთი პირი წარუდგენს მეორეს

რეგულა (ლათ.) - მოკლე ღერო, მოთავსებული ტრიგლიფის ქვემოთ და ტოლი ტრიგლიფის სიგანის (იხ. ნახ. 1, ტრიგლიფი).

რეგულარული (ლათ.) - თანაზომიერი, სწორი, სისტემატური; თანაბრად და სწორად მიმდინარე

რეგულარული დაგეგმარება - დასახლებული ადგილის, მისი ნაწილის, პარკის და ა.შ. ისეთი დაგეგმარება, სადაც ქუჩების ქსელის სისტემა ძირითადად ემყარება განსაზღვრულ გეომეტრიულობას ან რაიმე ღერძის სიმეტრიულად არის განლაგებული.

რეგულატორი - მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად უნარჩუნებს მექანიზმს თანაბარ მუშაობას, სიჩქარეს, ტემპერატურას და სხვ.

რეგულატორი გაზი ხარჯის - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს გაზის ხარჯს დადგენილ ზღვრებში შესასვლელზე და გამოსასვლელზე გაზის წნევისაგან დამოუკიდებლად.

რეგულატორი გაზის წნევის - მოწყობილობა (დეტალი), რომელიც გამოსასვლელზე უზრუნველყოფს გაზის წნევას დადგენილ ზღვრებში შესასვლელზე გაზის ხარჯისა და წნევისაგან დამოუკიდებლად.

რეგულირება (ლათ. - ვაწესრიგებ) - მოწესრიგება. სისტემების და მექანიზმების მოყვანა ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ისინი უკვე შეძლებენ სწორად, ნორმალურად და გამართულად მუშაობას.

რეგულირება ავტომატური - ავტომატური მართვის სახესხვაობა, რომლის დანიშნულებაა მანქანებსა და აპარატებში ან სხვა ტექნიკურ მოწყობილობებში მიმდინარე პროცესის რომელიმე მახასიათებელი სიდიდის შენარჩუნება ან გარკვეული კანონით ცვლილება, რაც ხორციელდება ავტომატური რეგულატორის საშუალებით.

რედანი (ფრანგ.) - ღია საველე საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელსაც წინ გამოწეული კუთხის ფორმა აქვს

რედემარკაცია (ფრანგ.) - სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების აღდგენა.

რედუტი (ფრანგ.) - მიწაში მოწყობილი საველე სიმაგრე, სანგარი.

რედუქტორი (ლათ. - უკუამძრავი, უკან წამყვანი) - 1. კბილანური (მათ შორის ჭია) ან ჰიდრავლიკური დახურული გადაცემა, რომლის დანიშნულებაა კუთხური სიჩქარეების შემცირებით (ზოგჯერ გადიდება) შესაბამისი მაბრუნი მომენტების გადიდება (შემცირება); 2. ხელსაწყო, რომელიც საჭიროა მილსადენში მიმდინარე სითხის ან გაზის წნევის შესამცირებლად ანდა მუდმივი წნევის შესანარჩუნებლად. კბილანური გადაცემის სახის მიხედვით რ. არის: ცილინდრული, კონუსური, ცილინდრულ-კონუსური და ჭიახრახნული. კბილანური რედუქტორის ერთერთ სახეს მიეკუთვნება პლანეტარული რედუქტორი.

რედუქცია (ლათ.) – 1. რედუცირება; 2. რთულის შეცვლა მარტივით; შემცირება, შესუსტება; 3. ნივთიერების განთავისუფლება ჟანგბადისაგან

რეესტრი (ლათ.) - 1. ობიექტების ჩამონათვალი, აღწერა, რეესტრული სია; 2. იხ. კადასტრი.

რეექსპორტი (ლათ.) - ადრე იმპორტირებული საქონლის გატანა (გადამუშავების გარეშე) მესამე ქვეყანაში

რევერბერაცია (ლათ.) - ჟღერადობა დახურულ სათავსოში, შენარჩუნებული ბგერის წყაროს მოქმედების შეწყვეტის შემდეგ იმის გამო, რომ სათავსის კედლებიდან მრავალგზის აირეკლება ბგერის ტალღები.

რევერბერაციის ხანგრძლივობა - დრო, რომლის განმავლობაში ისმის არეკლილი ბგერითი სიგნალი.

რევერსი (ლათ.) - 1. მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მანქანის ან მისი ცალკეული ელემენტების მოძრაობის მიმართულების შესაცვლელად (საწინააღმდეგოდ); 2. ქონების დაბრუნება თავდაპირველი მლობელისათვის.

რევერსირება (ლათ. - მობრუნება უკან, დაბრუნება) - მანქანის მუშა მოძრაობების მიმართულების შეცვლა. გამოიყენება ტვირთამწევ მანქანებში (ტვირთის აწევისა და დაშვების მექანიზმებში), ელექტროძრავებში, ბეტონშემრევ მიქსერებში და სხვ.

რევიზია - 1. რაიმე დანადგარის (აპარატის, მოწყობილობის, კონვეიერის და მისთ.) მუშაობის შემოწმების პროცესი შესაბამისი რევიზიის აქტის გაფორმებით; 2. საფინანსო კონტროლის ძირითადი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოსგან უფლებამოსილი არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ საწარმოს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, თანამდებობის პირის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმებას მუშაობაში ნაკლოვანებების გამოვლენისა და დაძლევის, აგრეთვე, მათი მოქმედების კანონიერების დადგენის მიზნით

რეზალის თეორემა - მოძრაობის რაოდენობის მომენტის (კინეტიკური მომენტის) ვექტორის ბოლო წერტილის სიჩქარე ტოლია გარე ძალების ნაკრები მომენტისა.

რეზერვაჟი (ფრანგ.) - შეღებვის ხერხი, რომელსაც იყენებენ კერამიკული ნაკეთობების შესაღებად ორ ფერად.

რეზერვაცია (ლათ.) - 1. ტერიტორია, რომლის ბუნებრივი სიმდიდრეები (მცენარეები თუ ცხოველები) დაცულია სახელმწიფოს მიერ; 2. ადგილი, სადაც იძულებითი წესით არიან დასახლებული ადგილობრივი მკვიდრნი

რეზერვი (ფრანგ., ვინახავ) - რისამე მარაგი, რომელიც საჭიროა ნაკეთობის ფუნქციის (დანიშნულების) შესასრულებლად საიმედოობის გასაზრდელად

რეზერვუარი (ლათ.) – ტევადობა სითხეების ან აირების შესანახად (ნახ. 1). რ. ძირითადად ამზადებენ ლითონის ან რკ.ბ.-ისაგან, იშვიათად ხის, ქვის ან მინისაგან.

რეზერვუარი კონტაქტური - წყლის გამწმენდი სისტემის კვანძი; წყლის ავზის მსგავსი ნაგებობა, სადაც სალექარიდან ჩაედინება უკვე ქლორის ხსნარით გასუფთავებული ან ქლორიანი კირით დეზინფექცირებული წყალი

რეზერვუარი მიწისქვეშა - რეზერვუარი, რომელშიც სითხის მაქსიმალური შევსების დონე, სულ მცირე 0,2 მ-ით დაბლაა მიმდებარე მოედნის (რეზერვუარის კედლიდან არანაკლებ 3 მ-ის ფარგლებში) უდაბლეს საპროექტო ნიშნულზე.

რეზიდენტი (ფრანგ.) - 1. იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ხანგრძლივად (ერთ წელზე უფრო მეტ ხანს) უცხო ქვეყანაში ცხოვრობს; 2. დაზვერვის საიდუმლო წარმომადგენელი უცხო სახელმწიფოს გარკვეულ რაიონში; 3. იმპერიალისტური სახელმწიფოს წარმომადგენელი მისი პროტექტორატის ქვეშ მყოფ ქვეყანაში, ფაქტობრივად ამ ქვეყნის მმართველი.

რეზიდენცია (ლათ.) - სახელმწიფოს ან მთავრობის ხელმძღვანელის, აგრეთვე მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ პოსტზე მყოფი პიროვნების მუდმივი ადგილსამყოფელი (ნახ. 1, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია).

რეზინი - ელასტიური მასალა, რომელიც მიიღება კაუჩუკის ვულკანიზაციით. იგი კონსტრუქციული მასალაა აღჭურვილი უნიკალური თვისებების კომპლექსით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ელასტიურობა ტემპერატურის დიდ დიაპაზონში. გოგირდის შემცველობის მიხედვით არჩევენ რბილ (1...3% გოგირდი) და ნახევრადმაგარ ან მაგარ (30% გოგირდი) რეზინს. სპეცთვისებებიდან მნიშვნელოვანია თბო-, ბენზინ-, ცხიმ-, ყინვამედეგობა, აგრეთვე მედეგობა რადიაციის და აგრესიული გარემოს (ტუტეები, ჟანგბადი, ოზონი) მიმართ. რ. მექანიკური თვისებები დამოკიდებულია მისი ნარევის და შემავსებლების ტიპზე, რომლის მიხედვით რ. ყოფენ ორ ჯგუფად: 1. ს ა ე რ თ ო  დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე ბ ი ს (საბურავები, ლენტები, ქამრები, ხელთათმანები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვ.);  2. ს პ ე ც ი ა ლ უ რ ი დ ა ნ ი შ ნ უ ლ ე ბ ი ს (აღჭურვილი სპეცთვისებებით). მშენებლობაში რ. იყენებენ სადებებად, ქვესადებებად, ჰერმეტიზაციისა და იზოლაციისათვის გადახურვებში, სარდაფებში, საძირკვლებში და ა.შ.

რეზისტინი (ლათ.) - სპილენძის, მანგანუმისა და რკინის შენადნობი; იყენებენ ელექტროსახურებელი ხელსაწყოების წარმოებაში

რეზიუმე (ფრანგ.) - შრომის, მოხსენების, სტატიის და მისთ. მოკლე შინაარსი, დასკვნა.

რეზოლვომეტრია (ლათ.) - ფოტოგრაფიული სენსიტომეტრიის ნაწილი, რომელიც განიხილავს ფოტომასალების მკაფიოობის გაზომვის მეთოდებს

რეზოლი (ლათ.) - 1. სითხე, რომელიც შედგება ხის კუპრის, სპირტისა და მწვავე კალისაგან; იყენებენ სანაგვე ორმოების დეზინფექციისათვის; 2. რეზოლური ტიპის ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისი, რომელიც სამშენებლო ფანერის წარმოებაში გამოიყენება.

რეზოლუცია (ლათ.) - კოლეგიური ორგანოს სხდომაზე (ყრილობაზე, კონფერენციაზე, სესიაზე, კრებაზე) ამა თუ იმ საკითხის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.

რეზონანსი - 1. სხეულის ბგერადობის გამოწვევა მასთან შეთანხმებულად აწყობილი მეორე მბგერი სხეულის მიერ; თანაბარბგერადობა; 2. ზოგი სათავსის უნარი გაადიდოს ბგერის ძალა და ხანგრძლივობა სათავსის შიგნითა ზედაპირების მიერ ბგერის არეკვლის შედეგად; 3. დამყარებული იძულებითი რხევის ამპლიტუდის მკვეთრი გაზრდა გარე ჰარმონიული ზემოქმედების სიხშირის მიახლოებისას სისტემის ერთ-ერთი საკუთარ რხევის სიხშირესთან; 4. სიტუაცია, როდესაც ნაგებობის საკუთარი რხევის სიხშირე ემთხვევა იზულებითი რხევის სიხშირეს. რ. მოვლენა ხშირად გვხვდება ბუნებაში. იგი დიდ როლს ასრულებს ტექნიკაში. რხევის ამპლიტუდის მკვეთრად ზრდამ  შეიძლება გამოიწვიოს ნაგებობების ან მანქანების ნგრევა. ამის თავიდან ასაცილებლად ცდილობენ სისტემის თვისებების ისეთნაირად შერჩევას, რომ მისი ნორმალური რხევის სიხშირეები რაც შეიძლება შორს იყოს გარე პერიოდული ზემოქმედების შესაძლო სიხშირეებისაგან. ზოგ შემთხვევაში რ. ასრულებს დადებით როლს. მაგ., რადიოტექნიკაში რეზონანსი თითქმის ერთადერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა საჭირო რადიოსიგნალი გამოვყოთ სხვა რადიოსადგურების სიგნალებისაგან.

რეზონანსული სიხშირე - იძულებითი რხევის სიხშირე, რომლის დროსაც იწყება რეზონანსი

რეზონატორი (ლათ.) - სისტემა (ან ტანი), რომელშიც შეიძლება წარმოიშვას რეზონანსული მოვლენა. შეიძლება იყოს აკუსტიკური - სიმი, კამერტონი, მემბრანა, საჰაერო ღრუტანიანი (ჰელმგოლცის რ.) და სხვ., და ელექტრული - რხევითი კონტური, მოცულობითი (მაღალი სიხშირის), კვარცული. ხშირ შემთხვევაში რ. ეხმაურება ჰარმონიულ ზემოქმედებას, რომელთა სიხშირე ახლოსაა მის საკუთარ რხევასთან.

რეზორბცია - მეორეული შთანთქმა; შეწოვა.

რეზოფანი - სამფენიანი ფურცლოვანი მასალა, რომელიც ცხელი დაწნეხით მიიღება. შიგა ფენას წარმოადგენს ელასტიკურ არავულკანიზებულ რეზინს, გარე ფენები კი დამზადებულია ხის შპონისაგან.

რეზულტატი (ინგლ.) - რისამე დამთავრების აღმნიშვნელი საბოლოო შედეგი.

რეიმპორტი - ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გატანილი სამამულო საქონლის უკან შემოტანა დადგენილ ვადებში, საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა გამოუყენებლად.

რეისმასი - იხ. რეისმუსი.

რეისმუსი - სადურგლო ხელსაწყო, რომელიც ფიცრის (ძელის) ზედაპირზე საბაზო ხაზის პარალელური ხაზების დასატანად გამოიყენება (ნახ. 1). რ. მეშვეობით აგრეთვე შესაძლებელია ზომების გადატანა ნახაზიდან ნამზადზე.


რეკვიზიტი - (საჭირო, აუცილებელი) - 1. დოკუმენტის ან აქტის სავალდებულო ელემენტი, რომელიც აუცილებელია მისი სრულყოფილი იურიდიული გაფორმებისათვის; 2. იურიდიული პირის სახელწოდება და ინფორმაცია, მისი იურიდიული მისამართის შესახებ: საფოსტო ინდექსი, ქალაქის, ქუჩის მისამართი, დაწესებულების დასახელება, ტელეფონის ნომერი. იმეილი და ა.შ.; 3. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი და ა.შ.

რეკლამა - (ლათ., ყვირილი) - ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისათვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის ან ინტერესის გაღვივების მიზნით. რ. ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია მართვადია. რ. სახეობებია: გაზეთები, ჟურნალები, სარეკლამო ფურცლები, რადიო, ტელევიზია, ფილმები, ბილბორდები, ინტერნეტი, მოძრავი ტრანსპორტი, სპორტსმენების მაისურები და სხვ. რ. განიხილება, როგორც მარკეტინგის მნიშვნელოვანი კომპონენტი. რ. მეურნეობის სისტემაში - საინფორმაციო პროპაგანდისტული ღონისძიებების ერთობლიობა გათვლილი მოსახლეობის ინტერესებზე. სარეკლამო ინფორმაცია - მყიდველებისათვის შეტყობინების მიწოდება საქონლის, მისი თვისებების, გაყიდვის ადგილის და პირობების, შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონლის პროპაგანდა - საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველზე ზემოქმედების მიზნით რ. ძირითადი პრინციპია გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა. რ. აქვს სამი ძირითადი ფუნქცია: ინფორმირება, მარკის ან საქონლის შესახებ მოქმედებისაკენ წაქეზება, შეხსენება და იმიჯის შექმნა.

რეკლამაცია - 1. უკმაყოფილების გამოხატვა, პრეტენზია, საჩივარი; 2. განცხადება მიწოდებული პროდუქციის ან შესრულებული სამუშაოს არასათანადო ხარისხიანობის თაობაზე, რომელიც შეიცავს მოთხოვნას აღმოჩენილი დეფექტების მოცილების, ფასის შემცირების ან დანაკარგის ანაზღაურების შესახებ.

რეკოგნოსცირება (ლათ.) - 1. (გეოდეზიაში) წინასწარი დათვალიერება, გამოკვლევა (ადგილმდებარეობისა) გეოდეზიურ სამუშაოთა საწარმოებლად; 2. (სამხედრო საქმეში) დაზვერვა პირადად მეთაურის ან შტაბის ოფიცრის მიერ საბრძოლო მოქმედების დაწყების წინ

რეკონსტრუქცია (ლათ.) - 1. კაპიტალური მშენებლობის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ნაგებობის ფუნქციონალური, კონსტრუქციული და ესთეტიკური თვისებების გაუმჯობესებასთან. იგი ხორციელდება საჭიროების შემთხვევაში ექსპლუატაციის ნებისმიერ პერიოდში. მის შემადგენლობაში შედის სარემონტო სამუშაოები და ახალი მშენებლობაც. რ. შედეგად იცვლება შენობის მოცულობით-დაგეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა; 2. შენობის, არქიტექტურული კომპლექსის, ქალაქის და ა.შ. ძირეული გადაკეთება ახალი პრინციპების შესაბამისად; 3. არქიტექტურული, სკულპტურული ან სხვა ძეგლის გრაფიკული აღდგენა. რ., განსხვავებით რესტავრაციისაგან, მიზნათ არ ისახავს ძეგლის ნატურაში აღდგენას; 4. საწარმოში ძირითადი საშუალებების, ტექნიკისა და ტექნოლოგიის გარდაქმნა იმ მიზნით, რომ ამაღლდეს გამოსაშვები პროდუქციის დონე და ხარისხი, ათვისებულ იქნეს ახალ ნაკეთობათა გამოშვება.

რეკონსტრუქცია ექსტერიერის - ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების (ელემენტების) გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0,1 მეტრზე მეტად ან არქიტექტურული ნაწილების (ელემენტების), კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება (მოკლება), რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს.

რეკონსტრუქცია მზიდი ელემენტების - მზიდი კონსტრუქციის ახლით ან სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა,  ასევე დაზიანებული (მწყობრიდან გამოსული) მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის  მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა.

რეკონსტრუქცია ქსელების - შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება.

რეკონსტრუქცია შენობა-ნაგებობის - შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის  განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად.

რეკრეაციული - დასასვენებელი, ადამიანის ძალების აღსადგენი.

რეკტიფიკაცია (ლათ.) - ქვიშის კომპონენტებისაგან შედგენილი თხევადი მასების გამოყოფის ხერხი. რ. დაფუძნებულია სითხის ერთჯერად ან მრავალჯერად აორთქლებაზე, შემდგომში კომპონენტების მრავალსაფეხურიანი კონდენსაციით; რ. იყენებენ ქიმიურ და ნავთობგადამმუშავებელ წარმოებებში.

რეკუპერატორი (ლათ.) - თბომცვლელი, რომელშიც ხორციელდება თბოცვლა თბომატარებლებს შორის. თბომატარებლები განცალკევებულია გამყოფი კედლით. გამოიყენება წარმავალი აირების სითბოს უტილიზაციის მიზნით.

რეკუპერაცია (ლათ.) - 1. წარმოების ნარჩენების დაჭერა და გამოყენება; 2. მასალების ან ენერგიის ნაწილის დაბრუნება იმავე ტექნოლოგიურ პროცესში ხელმეორედ გამოყენების მიზნით.

რელასკოპი - ხელსაწყო ტყეში ხის სიმაღლის, მანძილის, დახრის კუთხის და სხვ. გასაზომად.

რელატივისტური დინამიკა - ფარდობითობის კერძო თეორიის დარგი, რომელიც შეისწავლის ნივთიერი სხეულების მოძრაობას მასზე მოდებული ძალების მოქმედებით.

რელატივისტური მექანიკა - მექანიკა, რომელიც დაფუძნებულია სივრცისა და დროის ფარდობითობის პრინციპზე. რ.მ. განიხილავს სხეულთა (ნაწილაკთა) მოძრაობის კლასიკურ კანონებს სინათლის სიჩქარის მახლობელი სიჩქარით მოძრაობისას.

რელატივისტური სიჩქარე - სიჩქარე, რომელიც უახლოვდება სინათლის სიჩქარეს ვაკუუმში. რ.ს. მოძრავ ნაწილაკებს რელატივისტურს უწოდებენ.

რელაქსაცია (ლათ.) - 1. სხეულის რაიმე მდგომარეობის თანდათანობით შესუსტება ამ მდგომარეობის გამომწვევი ფაქტორების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. რ. შეფასება ხდება იმ დროთი (პერიოდით), როდესაც მასალაში ზაბვა მცირდება ℓ = 2,718-ჯერ, სადაც ℓ - ნატურალური ლოგარითმის ფუძე. რელაქსაციის პერიოდი შეადგენს 1∙10-10 წამიდან, თხევადი კონსისტენციის მასალისათვის, 1∙1010 წამამდე (ათეულობით წელიწადი), მყარი მასალისათვის; 2. არმატურაში წინასწარი ძაბვების თანდათანობითი შემცირება მუდმივი დეფორმაციის პირობებში. ამ პროცესს ადგილი აქვს მაღალი ძაბვების მოქმედების დროს (წინასწარდაძაბულ კონსტრუქციებში). რ. ინტენსიურად მიმდინარეობს არმატურის დაჭიმვიდან უახლოესი დროის (პირველი საათები, პირველი დღეები) განმავლობაში, შემდეგ თანდათან ნელდება და წყდება; 3. არათანაბრად გახურებული სხეულის ტემპერატურის გაწონასწორება.

რელე (ფრანგ.) - ავტომატური ხელსაწყო, რომელიც რეაგირებს რაიმე დანადგარის ერთ¬ერთი პარამეტრის (მაგ., ძაბვის, წნევის, ტემპერატურის) ცვლილებაზე და მცირე სიმძლავრის საშუალებით ჩართავს ან განრთავს დენის გაცილებით უფრო მძლავრ დამხმარე წყაროს. ცნობილია აკუსტიკური, მაგნიტური, მექანიკური, სითბური, ელექტრული, ელექტრომაგნიტური და სხვ. ტიპის რ.

რელევანტური (ინგლ.) - შესაბამისი; შესატყვისი; საქმესთან დაკავშირებული; არსებითი; ფასეული.

რელიეფი (იტალ.) - 1. მიწის ზედაპირის ხასიათი; 2. ამობურცული სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე.

რელიეფის უარყოფითი ფორმები - ხმელეთის ზედაპირის ან წყალსაცავის ფსკერის მიმართ ჩაღრმავებული ნაწილი: ხეობა, ღრმული (ნახ. 1), ხრამი, სამშენებლო მთხრებლი და სხვ.

რელიეფის ფორმები - დედამიწის ზედაპირის უსწორმასწოროებების ერთობლიობა, რომლებიც გეომორფოლოგიურ ერთეულებს წარმოადგენენ. დედამიწის ზედაპირზე გვხვდება საშუალო, დიდი და პატარა ზომის ხმელეთის ზედაპირის ელემენტები, რომლებიც გამოირჩევიან კარგად გამოხატული მოხაზულობითა და წარმოშობის ისტორიით. რ.ფ. იყოფა დადებით, უარყოფით, მარტივ, რთულ, ჩაკეტილ და გახსნილ ფორმებად. მარტივი რ.ფ. წარმოქმნილია ერთი (ჩვეულებრივ ეგზოგენური) რელიეფწარმომქმნელი პროცესებით; რთული რ.ფ. იქმნება რამდენიმე ეგზოგენური პროცესების შედეგად. დედამიწის რ.ფ. მიეკუთვნება შემდეგი ფორმები: მთათა (ქედი, მთა, მთიანეთი, პლატო, ბორცვი, ზეგანი, ხეობა, ხევი); დადაბლებული (ვაკე, დაბლობი, ველი, ქვაბული, პენეპლენი, პედიმენტი, პედიპლენი); მდინარეული (დელტა, კალაპოტი, მდინარე, მეანდრი, ჩანჩქერი, ჭორომი); ფლუვიალური (გამოზიდვის კონუსი, პლაჟი, კანიონი, მღვიმე, კლიფი, ჭალა, ოაზისი, ჭაობი, გუბე); მყინვარული (ვერძის შუბლი, კარი, მყინვარი, მყინვარული ნაკაწრი, ოზები, რიგელი, ტროგი, ფიორდი, ცირკი); ოკეანური და სანაპირო (ატოლი, ესტუარი, კუნძული, ლაგუნა, მარჯნის რიფი, ნახევარკუნძული, ნაპირი, შუაოკეანური ქედები, შელფი, ყელი, ყურე, კონცხი, წყალქვეშა მთა); ვულკანური (გეიზერი, დაიკი, ვულკანი, კრატერი, გუმბათი, კონუსი, კალდერა, ლავური ნაკადი, ლავური პლატო, ლაკოლითი, მაარი, ბარანკოსი, ნეკი); ეოლური (უდაბნო, ერგი, დიუნა, ბარხანი, იარდანგი, ზასტრუგა, თოვლის კარნიზი); ანთროპოგენური (არხი, გზა, გვირაბი, კარიერი, კაშხალი, მაღარო, პოლდერი, რკინიგზა, შენობა, ჯებირი, წყალსაცავი, ხიდი, ხელოვნური კუნძული).

რელიკვია (ლათ.) - 1. ნივთი, რომელსაც ინახავენ როგორც წარსულის მოსაგონარ, განსაკუთრებით ძვირფას სახსოვარს; 2. რელიგიური თაყვანისცემის საგანი (ჩვეულებრივ, წმინდანთა ნაშთები: წმინდა ნაწილები, ტანსაცმელი და სხვ.), რომელსაც ეკლესია სასწაულმოქმედ ძალას მიაწერს.

რელინი - რეზინის ლინოლეუმი; იატაკის საფარი, რომელსაც ამზადებენ სინთეზური კაუჩუკის საფუძველზე.

რელსი (ინგლ. ძელაკი) - ფოლადის ვიწრო ძელი (ნახ. 1: რელსი P50), რომელსაც აქვს სპეციალური პროფილი (ამობერილი მომრგვალებული ან ღარისებრი თავით). ორი რ., დაგებული ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე, წარმოქმნის სარელსო ლიანდაგს მოძრავი შემადგენლობის გადასაადგილებლად (მატარებლის, ტრამვაის), აგრეთვე ტვირთამწევი მანქანების (ხიდური, კოშკურა, ხარიხა, პორტალური) ამწისქვეშა გზას. ზოგჯერ გამოიყენება ერთი რ., მაგ., მონორელსური გზისათვის. სარელსო ფოლადში, რკინის გარდა, შედის შემდეგი ქიმიური ელემენტები: ნახშირბადი (0,67...0.82%), მანგანუმი (0,75...1,05%), სილიციუმი (0,13...0,28%), ფოსფორი (0,035%-მდე) და გოგირდი (0,045%-მდე). ნახშირბადი ზრდის სიმაგრეს; სილიციუმი - სიმაგრესა და ცვეთამედეგობას; ფოსფორი და გოგირდი მავნე დანამატებია და მათი არსებობა დაკავშირებულია რკინის მადანში მათ შემცველობასთან. რ. სტანდარტული სიგრძეა 25 მ.

რელსი დეფექტური - რელსი, რომელსაც რაიმე დეფექტი გააჩნია. დეფექტის მიზეზებია: ლიანდაგის ცუდი მოვლა-შენახვა, მოძრავი შემადგენლობის სავალი ნაწილების ცუდი მდგომარეობა, ქარხნული წუნი (არასათანადო ქიმიური შედგენილობა, უხარისხო გაგლინვა, ლითონის არათანაბარი სტრუქტურა და ა.შ.). დეფექტების აღმოჩენა წარმოებს როგორც გარეგნული დათვალიერებით, ისე დეფექტოსკოპების გამოყენებით. რელსის დეფექტების სახეებია: 1. რელსის გატეხვა პირაპირის ხვრელებზე ან რელსის თავის მოტეხვა პირაპირთან ხვრეტების გარეთ; 2. რელსის თავის ლითონის გრძივი განშრევება; 3. რელსის თავის გათელვა რელსის ბოლოებში ან მთელ სიგრძეზე; 4. რელსის ფუძის ამოტეხვა ან რელსის ფიცხი გატეხვა; 5. რელსის ფიცხი გატეხვა ხილული დეფექტების გარეშე; 6. ბზარების გაჩენა თვლების დამუხრუჭებისა და სრიალის (ბუქსაობის გარეშე) მიზეზით; 7. რელსის გატეხვა მუქი ან ღია ფერის ოვალური ლაქის გამოჩენით გატეხვის ზედაპირზე; 8. გრძივი ბზარი რელსის თავის ქვეშ, ყელზე ან ფუძის მახლობლად; 9. ფურჩები რელსის თავის ზედაპირზე. 10. რელსის ფუძის დაჟანგვა; 11. ლითონის აცვენა რელსის თავიდან. დაზიანების ხარისხის და სახეობის მიხედვით რ.დ. ექვემდებარება შეცვლას ან აღდგენას. დეფექტების რაოდენობრივი მახასიათებლები მოცემულია ნორმატიულ ლიტერატურაში.

რელსის სამაგრი (ქვეშსადები) - მექანიკური მოწყობილობა რკინიგზის რელსის შპალებთან მისამაგრებლად (ნახ.1).

რელსის ქვესადები - ლიანდაგის ზედნაშენის დეტალი, რომელიც იდება რელსის ძირსა და შპალს შორის (ნახ. 1). ქ. ზედა მუშა ზედაპირს აქვს დახრა 1 : 20 ქვედა ზედაპირს მიმართ. P65 ტიპის რელსებისათვის ნაწილობრივ გამოიყენება ქ., რომელთა დახრა შეადგენს 1 : 40. საისრო გადამყვანებისათვის გამოიყენება ბრტყელი ქ., რომლებსაც ზემოთ აღნიშნული დახრა არ გააჩნიათ (არსებობს საისრო გადამყვანები, რომელთა ქ. აქვთ დახრა 1:20). 500 მ და ნაკლები რადიუსის მქონე უბნებში ლიანდაგის ორივე ძაფის ქვეშ, ხოლო 501...800 მ რადიუსიან უბნებში გარე ძაფის ქვეშ გამოიყენება შპალის ბოლოსაკენ დაგრძელებული მხარის მქონე ქ.

რემარკა (ფრანგ.) - 1. შენიშვნა, ტექსტის ავტორისეული განმარტება, რომელიც ეხება პერსონაჟებს, გარემოს და სხვ.; 2. შენიშვნა, მინაწერი ან აღნიშვნა სავაჭრო წიგნში, ანგარიშში და სხვ.

რემისია (ლათ.) - კომერციული ფასჩამოკლება ანგარიშის მიხედვით გადასახდელი თანხის დამრგვალების მიზნით.

რემონტების სისტემა - მიმდინარე გეგმიური, ავარიული, ამორჩევითი ან კომპლექსური რემონტები. რ.ს. აქვს პროფილაქტიკური ფუნქცია ნაგებობის (შენობის) და მისი ელემენტების ნაადრევი ცვეთის გამოვლენისკენ მიმართული.

რემონტვარგისიანობა - კონსტრუქციის (ელემენტის, ნაკეთობის) თვისება, დაექვემდებაროს დაზიანებების მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრას და ტექნიკური მომსახურეობისა და რემონტის შედეგად აღიდგინოს მზიდუნარიანობა.

რემონტი - 1. სამუშაოები, რომელთა საშუალებით ხდება შენობის, ნაგებობის, კონსტრუქციის თვისებების დაკარგვის აღდგენა საპროექტო დონემდე. მისი ნაირსახეობებია მიმდინარე, კაპიტალური და კომპლექსური რ.; 2. ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ნაკეთობის მუშაუნარიანობის აღსადგენად. რ. სახეებია: მიმდინარე, საშუალო და კაპიტალური. მიმდინარე რ. დროს აღმოიფხვრება მანქანის ან მოწყობილობის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი უწესივრობები და მტყუნებები; საშუალო და კაპიტალური რ. დროს ხდება მანქანის რესურსის ნაწილობრივი ან მთლიანი აღდგენა; 3. მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების შეკეთება; გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება (განახლება); ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

რემონტი ავარიული - ტარდება მოულოდნელი ავარიის შედეგების სალიკვიდაციოდ (მეწყერი, ხანძარი, აფეთქება, ქარიშხალი, წყალდიდობა და სხვ.).

რემონტი ამორჩევითი კაპიტალური - ითვალისწინებს ზოგიერთ სასწრაფო და აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას და რომელიც ვერ დაელოდება მიმდინარე ან კაპიტალური რემონტის ჩატარებას.

რემონტი გაუთვალისწინებელი - სამუშაოებები გაუთვალისწინებელი უწესივრობების აღმოსაფხვრელად

რემონტი გეგმიური კაპიტალური - 1. შენობის ელემენტების აღდგენის საექსპლუატაციო მახასიათებლების და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; 2. კონსტრუქციის და საინჟინრო სისტემის ნაწილობრივი ან მთლიანი შეცვლა შენობის გადაგეგმარებით.

რემონტი გეგმიური მიმდინარე - ითვალისწინებს სამუშაოების ჩატარებას შენობის ელემენტების უდროოდ ცვეთის აღსაკვეთად. შესაბამისად, მიმდინარე და კაპიტალურ რემონტებს შორის განსხვავება ისაა, რომ მიმდინარე რემონტისას სრულდება ის სამუშაოები, რომელიც იცავს შენობის ელემენტებს გარემოს ზემოქმედებისაგან განსაზღვრული დროის ინტერვალში, ხოლო კაპიტალური რემონტი ლიკვიდაციას უკეთებს კონსტრუქციის ფიზიკურ და მორალურ ცვეთას მისი საექსპლუატაციო თვისებების აღდგენის გზით. რ.გ.მ. წარმოადგენს სამშენებლო და საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც ემსახურება შენობის ელემენტების უწესივრობის აღდგენას და საექსპლუატაციო მაჩვენებლების ნორმალური დონის შენარჩუნებას.

რემონტი კაპიტალური - სრული რემონტი, რომელიც ეხება შენობის, განადგარისა და სხვ. ძირითად ნაწილებს.

რემონტი მიმდინარე - მცირე დეფექტების აღმოფხვრა.

რემონტი რეგლამენტირებული  (გეგმიური) - რომელიც სრულდება ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად ელემენტის ტექნიკური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად.

რემონტი ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით -  სრულდება პერიოდულად ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. მისი მიზანია ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი. მოცულობა და რემონტის დაწყება დამოკიდებულია ობიექტის ტექნიკურ მდგომარეობაზე.

რენესანსი (აღორძინება)(ფრანგ.) -  გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV-XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა (ნახ. 1). აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.

რენტა - რეგულარული შემოსავალი, რომელსაც იძლევა კაპიტალი, ქონება ამ მიწა, ისე, რომ მის მფლობელს არ სჭირდება სამეწარმეო საქმიანობა.

რენტაბელობა - საწარმოს ეკონომიკური ეფექტიანობის განმაზოგადოებელი მაჩვენებელი, რომელიც გვიხასიათებს მათ მომგებიანობას, შემოსავლიანობას.

რენტგენის სხივები - უხილავი სხივები, რომელიც წარმოადგენს მოკლე ელექტრომაგნიტურ ტალღებს; ახასიათებს გაუმჭვირ საგნებში შეღწევის უნარი; 2. რენტგენის სხივებით გასაშუქებელი აპარატი (გერმ. ფიზიკოსის გვარის მიხედვით, რომელმაც 1895 წ. აღმოაჩინა ეს სხივები).

რენტგენოგრაფია - რენტგენის სხივების საშუალებით გაუმჭვირი საგნების შინაგანი აგებულების ფოტოგრაფირება.

რენტგენოსპექტრული ანალიზი - ანალიზური ქიმიის მეთოდი, რომელშიც ნივთიერების შედგენილობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ქიმიური ელემენტების რენტგენული სპექტრი.

რენტგენოსტრუქტურული ანალიზი - ნივთიერების აგებულების კვლევის მეთოდი, რომელიც იყენებს რენტგენის სხივების დიფრაქციას (გაბნევას). ამ მეთოდით შესაძლებელია კრისტალის სტრუქტურის განსაზღვრა კრისტალის სივრცეში განლაგებული ნივთიერებების ნაწილაკების მიერ რენტგენის სხივების დიფრაქციის მიხედვით.

რეოლოგია (ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების დეფორმაციასა და დენადობას. იგი იხილავს პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია ნარჩენ დეფორმაციებთან, სხვადასხვაგვარ ბლანტ და პლასტიკურ მასალებთან, ძაბვების რელაქსაციის მოვლენებთან და სხვ. რ. მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიდრომექანიკასასთან, დრეკადობის, პლასტიკურობის და დენადობის თეორიებთან. რ. შესწავლისას ფართოდ მიმართავენ ვ ი ს კ ო ზ ი მ ე ტ რ ი ი ს მეთოდებს; მოიცავს ფიზიკის მნიშვნელოვან დარგებს (პოლიმერების ფიზიკა, დისპერსიული სისტემების ფიზიკა, ბიოფიზიკა). გ რ უ ნ ტ ე ბ ი ს რ. - გრუნტების მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის დროში გრუნტების მდგომარეობის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის წარმოქმნისა და ცვალებადობის საკითხებს.

რეომეტრი - აირის მოცულობითი ხარჯის გასაზომი ხელსაწყო. იყენებენ 104 ლ/სთ-მდე აირის ხარჯის გასაზომად.

რეორგანიზაცია (რეორგანიზება) - დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა.

რეოსტატი (ბერძ.) - ელექტრული ხელსაწყო, რომელიც დენის ძალის ან ძაბვის რეგულირებას ახდენს ელექტრულ წრედში (ნახ. 1). დენის ძალის ან ძაბვის გასაზომად მცირე ზღვრებში, რეოსტატი ირთვება ელექტროქსელში მიმდევრობით.

რეპერი - ნიშანი, საწყისი წერტილი - 1. გ ე ო დ ე ზ ი ა შ ი გასაკუთრებული ნიშანი, რომელიც ჩამაგრებულია ქვის შენობის კედელში ან გრუნტში. აღნიშნავს ამ წერტილის სიმაღლეს ზღვის დონიდან, რომელიც განსაზღვრულია ნიველირებით. ფიზიკურად რ. არის 5 სმ დიამეტრის ლითონის დისკი, რომელზეც დატანილია ნომერი და მითითებულია ის უწყება, ვისაც ეკუთვნის ის ტერიტორია, სადაც განთავსებულია რ.; 2. მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა შ ი - სივრცეში (სიბრტყეზე) 3(2) ვექტორის ერთობლიობა საერთო სათავით (საწყისით), რომლებიც არ დევს ერთ სიბრტყეში (ერთ სწორზე) და აგებულია განსაზღვრული რიგით.

რეპო - ფინანსური ოპერაცია, ხელშეკრულება გაყიდული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის თაობაზე. რეპოს ხელშეკრულებით, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, გამოისყიდოს მის მიერ გაყიდული ფასიანი ქაღალდები შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ, შეთანხმებულ ფასად. ხელშეკრულება ითვალისწინებს მყიდველის შემხვედრ ვალდებულებას ფასიანი ქაღალდების გაყიდვის თაობაზე.

რეპროდუქცია - 1. ტექსტისა და გამოსახულების (ნახატის, ნახაზის, ფოტოსურათის) ასლის გამრავლება ფოტოგრაფიის საშუალებებით; 2. ორგანიზმების მიერ თავისივე მსგავსის წარმოქმნა; იგივეა რაც გამრავლება; 3. საზოგადოებრივი წარმების განმეორებითი პროცესი; აღწარმოება, კვლავწარმოება; 4. მეხსიერებაში შემონახული რისამე აღდგენა, გახსენება.

რეჟიმი (ფრანგ.) - 1. სახელმწიფო წყობილება, მმართველობის წესი; 2. რაიმე პროცესის (მუშაობის) მიმდინარეობის დამახასიათებელი პირობები, მაგ., მანქანის მუშაობის რეჟიმი. რ. მრავალი სახე არსებობს, როგორებიცაა ავარიული, ავტომატური, გამოწვის, დატვირთვის, დინამიკური, იძულებითი, ლამინარული, მაღალტემპერატურული, ნორმალური, ოპტიმალური, პერიოდული, რეზონანსული, სამანევრო, სამუხრუჭო, სტატიკური, უწყვეტი, ფორსირებული, ჭრის, ჰიდრავლიკური და სხვ.

რეჟიმი არამდგრადი - პროცესი, როდესაც მექანიზმს, დანადგარს ან სისტემას არ გააჩნია უნარი შემაშფოთებელი ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ, ავტომატურად, გარე ძალების ან ოპერატორის ჩარევის გარეშე, აღადგინოს ნორმალური რეჟიმი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გააგრძელოს მათ მიერ განვითარებული პარამეტრების ცვალებადობა მნიშვნელოვან დიაპაზონში.

რეჟიმი გარდამავალი - დინამიკური სისტემისათვის დამახასიათებელი დროის მიხედვით ცვალებადი პროცესი, რომელიც წარმოიქმნება ერთი დამყარებული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლისას მასზე მინიჭებული შემაშფოთებელი ძალის მოქმედებით; მაგ., გრუნტის ტუმბოების, მიწასაწოვების ან ჰიდრონარევის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული სხვა დინამიკური მანქანების ამუშავებისა და გაჩერებისას.

რეჟიმი დამყარებული - მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება მანქანა, მექანიზმი, დანადგარი ან სისტემა შემაშფოთებელი ძალებით განპირობებული გარდამავალი პროცესის (რეჟიმის) დასრულების შემდეგ.

რეჟიმი დაუმყარებელი (არასტაციონარული) - მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება მანქანა, მექანიზმი, დანადგარი ან სისტემა შემაშფოთებელი ძალებით განპირობებული გარდამავალი ძალების პროცესის წარმოშობის მომენტში და განაგრძობს ამ მდგომარეობაში ყოფნას ამ ძალების მოხსნის შემდგომ პერიოდში, რომელიც ხასიათდება მათ მიერ განვითარებული პარამეტრების ცვალებადობით დროის მიხედვით.

რეჟიმი თბური დედამიწის - დედამიწაზე თბური ნაკადების განაწილების განმსაზღვრელი ფაქტორების ერთობლიობა.

რეჟიმი თბური ნიადაგის - ტემპერატურული ბალანსის ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს ნიადაგში სითბოს განაწილებაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში.

რეჟიმი თბური შენობის - ერთობლიობა ფაქტორებისა, რომლების განსაზღვრავენ სათავსის მიკროკლიმატს.

რეჟიმი ინტერაქტიური - უშუალო (პირდაპირი) ურთიერთქმედება, მაგ., ადამიანისა და კომპიუტერის.

რეჟიმი მდგრადი - მანქანა-მექანიზმის, დანადგარის ან სისტემის უნარი შემაშფოთებელი ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ ავტომატურად, გარე ძალების ან ოპერატორის ჩარევის გარეშე, აღადგინოს მუშაობის ნორმალური რეჟიმი.

რეჟიმი მუშაობის - მექანიზმების მუშა მდგომარეობა. მაგ., მანქანის მუშა რეჟიმი; ძრავის მუშაობის რეჟიმი (ავიაციაში); აფრენის რეჟიმი, ნომინალური რეჟიმი და სხვ.

რეჟიმი წყლის - წყლის დონის ცვლილება წყალსატევებში.

რესივერი (ინგლ. მიღება, ჩატევა) - ჭურჭელი აირის ან ორთქლის შესაგროვებლად, რომელშიც ხდება წნევის ცვალებადობის გათანაბრება, რაც გამოწვეულია პულსირებული მიწოდებითა და წყვეტილი ხარჯით. საკომპრესორო დანადგარის რ. წარმოებს აირის გაცივება და ტენისა და ზეთის წვეთების მოცილება.

რესორი (ფრანგ. წამოხტომა) - დრეკადი ელემენტი ავტომობილის, ვაგონის, ეკიპაჟის და მისთ. დაკიდების მოწყობილობაში დარტყმების შესარბილებლად, რაც შეიძლება გამიოწვიოს გზის უთანაბრობამ. რ. ინარჩუნებს მუშა დატვირთვას ნარჩენი დეფორმაციის გარეშე. განასხვავებენ რესორებს ფურცლოვანს, ტორსიონისას და ხრახნულს.

რესპირატორი (ლათ. ) - ინდივიდუალური მოწყობილობა სასუნთქი ორგანოების დასაცავად მავნე აირებისა და მტვრისაგან, რომელიც შედგება სახის მასკისებრი ნაწილისაგან და ფილტრისაგან. ფილტრად გამოყენებულია ბამბა, სპეციალური მუყაო, მკვრივი ქსოვილი და სხვ. რ. არის ხანგრძლივი მოხმარების - სარქველიანი და ერთჯერადი მოხმარების - უსარქველო.

რესტავრაცია (ლათ.) - არქიტექტურული, ფერწერული, სკულპტურული და სხვა ძეგლების პირვანდელი სახის აღდგენა.

რესტანტი (ფრანგ.) - ჩაწოლილი საქონელი; ნარჩენები.

რესტრიქცია (ლათ.) - წარმოების, გაყიდვისა და ექსპორტის შეზღუდვა, რომელსაც მიმართავენ მონოპოლიები (განსაკუთრებით საერთაშორისო კარტელები) საქონელზე ფასების აწევისა და მაქსიმალური მოგების მიზნით.

რესურსი (ფრანგ.) - 1. რისამე მარაგი; 2. ფულადი სახსრები;  3. ტექნიკური მოწყობილობის (მანქანა, სისტემა) ნამუშევარი იქამდე, სანამ ეს მოწყობილობა მიაღწევს ზღვრულ მდგომარეობას, რომლის დროსაც მისი შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია ან არ არის სასურველი ეფექტურობის შემცირების ან ადამიანისათვის გაზრდილი საფრთხის გამო (სხვანაირად: ტექნიკური რესურსი).

რესურსი გამოყენებული - რესურსი, ელემენტის რემონტის დაწყებიდან განსაზღვრულ დრომდე.

რესურსი მაქსიმალური - რესურსი, აღსადგენი ელემენტების კაპიტალურ რემონტებს შორის.

რესურსი ნარჩენი - რესურსი, განსაზღვრული დროის მომენტიდან აღსადგენი ნაკეთობის კაპიტალურ რემონტამდე.

რესურსი სრული - ელემენტის რესურსი ექსპლუატაციის ბოლომდე (კაპიტალურ რემონტამდე).

რესურსული მეთოდი - ლოკალური ხარჯთაღრიცხვის შედგენის მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს სახელმწიფო ელემენტური სახარჯთაღრიცხვო ნორმების კრებულები. რ.მ. შედგენილი ხარჯთაღრიცხვა ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავს ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას.

რეტიკულატი (ლათ.) - კედლის მოპირკეთება ოთხკუთხა ქვებით, რომლებიც სწორ ბადეს ქმნიან. გამოიყენებოდა ანტიკურ რომში.

რეტროსპექტული (ლათ.) - წარსულისაკენ მიმართული, წარსულის განხილვისადმი მიძღვნილი.

რეტუში (ფრანგ.) - ფოტოგრაფიული ანაბეჭდის (პოზიტივის), ნახატის, ნეგატივის ან დიაპოზიტივის შესწორება, შელამაზება ფანქრით, საღებავით ან ტუშით.

რეფერენდუმი (ლათ.) - საერთო-სახალო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად. რ. ეწყობა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილეს აქვს ერთი ხმა. რ. მზადდება და იმართება ღიად და საჯაროდ. მასში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც რ. გამართვის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. რ. მონაწილეობა თავისუფალია, მოქალაქეების ნება-სურვილის გამოვლინებისადმი კონტროლი დაუშვებელია.

რეფერენენსი - იხ. საბუთის უნიკალური კოდი.

რეფერენცია (ლათ.) - 1. ცნობა სამსახურის შესახებ; აზრის გამოთქმა, გამოხმაურება; 2. ფირმის, დაწესებულების და მისთანების გადახდისუნარიანობის დამოწმება; რეკომენდაცია

რეფლექტომეტრი (ლათ.) - ხელსაწყო არეკვლის კოეფიციენტის გასარკვევად.

რეფლექტორი (ლათ.) - 1. ტელესკოპი, რომელშიც ცის მანათობელი სხეულების გამოსახულება მიიღება ჩაზნექილი სარკით ან სარკეთა სისტემით; 2. სხივების ამრეკლავი მოწყობილობა; 3. გამათბობელი ხელსაწყო, რომელიც შედგება ელექტრული ლამპისა და ამრეკლავისაგან.

რეფრაქტორი (ლათ.) - ტელესკოპი, რომელშიც ცის სხეულების გამოსახულება მიიღება ლინზების საშუალებით.

რეფრაქცია ტალღებისა - ტალღების გავრცელების მიმართულების დამახინჯება არაერთგვაროვან გარემოში, რომელშიც ტალღების სიჩქარე კოორდინატების უწყვეტი ფუნქციაა. ბგერის რეფრაქცია ატმოსფეროში განპირობებულია ჰაერის ტემპერატურის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების სივრცობრივი ცვლილებით. რადიოტალღების რეფრაქცია ატმოსფეროში თავს იჩენს დედამიწის ზედაპირის გასწვრივ რადიოტალღების გავრცელებისას. სინათლის რეფრაქციას ატმოსფეროში იწვევს მისი სიმკვრივის ცვლილება სიმაღლის მიხედვით.

რეფრიჟერატორი (ლათ.) - სამაცივრო დანადგარებიანი საშუალება (ავტომობილი, ვაგონი, გემი და სხვ.), რომლითაც ხდება სწრაფად ფუჭებადი ტვირთების გადაზიდვა (ნახ. 1). რ. სამაცივრო-გასათბობი დანადგარი დამონტაჟებულია იზოთერმულ ფურგონში 2-120 მ3 მოცულობით, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას −300С-დან +120С-მდე. რ. ძირითადი ელემენტებია: კომპრესორი, საორთქლებელი, კონდენსატორი და თერმორეგულიატორი.

რეფულიორი - იხ. მიწასაწოვი დანადგარი.

რექტიფიკაცია (რექტიფიცირება) - თხევადი ერთგვაროვანი ნარევების დაყოფა შემადგენელ ნივთიერებებად ან შემადგენელ ნივთიერებათა ჯგუფებად ორთქლების ნარევისა და თხევადი ნარევის ურთიერთქმედების შედეგად. რ. თხევადი ნარევის დაშლა მის შემადგენელ კომპონენტებად განპირობებულია იმით, რომ თხევადი ნარევის თავზე წარმოქმნილი ორთქლის შემადგენლობა განსხვავდება თხევადი ნარევის შემადგენლობისგან ორთქლისა და სითხის წონასწორული მდგომარეობის პირობებში. სარექტიფიკაციო აპარატი შედგება ორი - ზედა და ქვედა ნაწილისაგან ანუ საფეხურისაგან, თითოეულ მათგანზე ხდება ორთქლისა და სითხის ფაზებს შორის კონტაქტის ზედაპირის ორგანიზება. ქვედა საფეხურზე ხდება საწყისი, დასაყოფი ნარევის ურთიერთქმედება ორთქლთან, რომლის საწყისი შემადგენლობა ნაშთის შემადგენლობის ტოლია; ამ ურთიერთქმედების შედეგად ნარევიდან ხდება ადვილადაქროლადი კომპონენტის ამოკრება. ზედა საფეხურზე საწყისი შემადგენლობის ორთქლი, რომელიც შეესაბამება საწყისი ნარევის შემადგენლობას, ურთიერთქმედებს სითხესთან, რომლის საწყისი შემადგენლობა დისტილატის შემადგენლობის ტოლია. ამის შედეგად ორთქლი გარკვეულ ზღვრამდე მდიდრდება ადვილადაქროლადი კომპონენტით, ხოლო აქროლადი კომპონენტი ამოიკრიფება ორთქლის ფაზიდან. სარექტიფიკაციო აპარატის კვებისათვის საჭირო ორთქლი მიიღება ნაშთის შემადგენლობის მქონე სითხის მრავალჯერადი აორთქლების შედეგად, ხოლო სითხე - დისტილატის შემადგენლობის მქონე ორთქლის მრავალჯერადი აორთქლებით.

რეცეპტი (ლათ.) - რისამე დამზადების წესი (მაგ., ბეტონის, ცემენტის, დუღაბის, საღებარის, მჟავას, წამლის და სხვ.).

რეცესია (ინგლ.) - უკან დახევა; წარმოების ვარდნა ან ზრდის ტემპების შენელება.

რეციკლინგი (რეცირკულაცია) - აირის, სითხის ან მყარი ნივთიერების მრავალჯერადი სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება ტექნოლოგიურ პროცესში ტემპერატურის, ნარევში კომპონენტების კონცენტრაციის რეგულირებისა და მიზნობრივი ნივთიერების გამოსავლის გაზრდის მიზნით.

რეციპიენტი - წნევის ქვეშ მყოფი აირის მიმღები, შესანახი და გამცემი ერთი ან რამდენიმე ჭურჭელი.

რეცირკულაცია (ლათ.) - აირების, სითხეების, მყარი ნივთიერებების მრავალჯერადი სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება დანადგარში (აპარატში) საწარმოო პროცესის რეგულირების და გამოსავალის გადიდების მიზნით.

რვალი - ძვ. სპილენძისა და კალის შენადნობი, რომლისაგან ასხამდნენ საეკლესიო ზარებს, ცხოველების ყელზე ჩამოსაკიდებელ ეჟვნებს და სხვ.

რვიანა (რუს. Восьмерик) - რვაწახნაგოვანი მორის ნაჭერი.

რვილი - ერქვნის ხე.

რთული - ბევრი ნაწილისგან შემდგარი; ძნელად გამოსაცნობი, არეულ-დარეული, დახლართულიю

რთული გენზისის ღვარცოფული მოვლენები - ღვარცოფული მოვლენების გარდამავალი ან პოლიგენეტიკური ტიპი, რომელთა ფორმირების პროცესში ერთდროულად მონაწილეობს წარმოშობის ერთი და რამდენიმე მიზეზი, და შესაბამისად, მათი წარმოშობის მექანიზმი გართულებულია. მოვლენის ამსახველი მაგალითები: თანამედროვე მყინვარების მორენების მიდამოებსა და მრავალწლიანი ყინვების პირობებში, წვიმის ღვარცოფების ფორმირების დროს, გარდა ნალექების ინტენსიურობისა და რაოდენობისა, ღვარცოფების წარმოქმნა განპირობებულია გრუნტის მდნარი ფენის სისქით. წყალთოვლიანი ნაკადის დინება, უმეტეს შემთხვევებში, გაზაფხულზე თოვლის ინტენსიური დნობით ხდება, თუმცა მატერიკების დასავლეთ სანაპიროების კლიმატის პირობებში (სკანდინავიის მთები) იგი განპირობებულია ზამთრის თავსხმა წვიმებით დათბობის პერიოდში. ულტრაღვარცოფების ფორმირების დროს, უასკარანის მთის (პერუ) მიდამოებში, მოხდა მოწყვეტილი მყინვარის თანმიმდევრული ტრანსფორმაცია თოვლქვიან ზვავად, ტალახის მასის ჩამოშლა გამოიწვია მიწისძვრამ.

რთული დააფრაკება - დახერხილი მასალის ფენის გრძივი დააფრაკება, რომელიც ხასიათდება რამდენიმე ადგილის გაღუნვით.

რთული მოძრაობა - წერტილის (სხეულის) მოძრაობა ათვლის ორი (ან მეტი) სისტემის მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩათვლილია ძირითად ("უძრავ") ათვლის სისტემად, ხოლო ათვლის სხვა სისტემები მოძრაობენ მის მიმართ. ძირითადი ათვლის სისტემის მიმართ წერტილის მოძრაობას, სიჩქარესა და აჩქარებას პირობითად უწოდებენ აბსოლუტურს, ხოლო მოძრავი სისტემის მიმართ - ფარდობითს.

რთული სიმრუდე - სორტიმენტის სიმრუდე, რომელიც ხასიათდება ორი ან მეტი გაღუნული ადგილით ერთ ან რამდენიმე სიბრტყეში.

რთული წინაღობა - მასალათა გამძლეობაში - კონსტრუქციებისა და მანქანების ელემენტებში 2 ან მეტი სახის დეფორმაციების გაჩენა ერთდროულად, მაგ., გაჭიმვა-კუმშვა, კუმშვა-ღუნვა, გრეხა-ღუნვა და სხვ. მცირე სიდიდის დრეკადი დეფორმაციების არსებობისას, რთულ წინაღობაზე გაანგარიშება ხდება ძალთა დამოუკიდებლობის პრინციპით.

რიგელი (გერმ.) - 1. მწეკოჭი; შემკვრელი კოჭი, მზიდი კონსტრუქციის ჰორიზონტალური ელემენტი - სვეტების შემაერთებელი ძელი (ნახ. 1). კარკასულ შენობებში წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მზიდ ელემენტს, რომელზეც ეყრდნობა სართულშუა გადახურვის ფილები, კედლები, ტიხრები, დიაფრაგმები და სხვ.; 2. განივი კლდოვანი ჭორომი მყინვარული ხეობის ძირზე. წარმოიქმნება ხეობის ფსკერზე გაშიშვლებული მკვრივი ქანებით ან მყინვარის გაძლიერებული მოქმედების შედეგად ხეობის გაღრმავებით. რ. ისევე როგორც ვერძის შუბლი, იქმნება ეგზარაციის შედეგად. ამასთან რბილი ქანები იმსხვრევა და მყინვარს გადააქვს, ხოლო შედარებით მაგარი ქანები, რჩებიან და საფეხურებს ქმნიან. რ. წარმოიქმნება ასევე მყინვარების შერწყმის ადგილას, სადაც ინტენსიურად აწარმოებს ფსკერის დახვნასა და ამით უფრო მეტად აღრმავებს ხეობის ძირს. რიგელი შეიძლება მთლიანად იყოს დაფარული ყინულით ან მასზე ამოშვერილი ნუნატაკით. ტროგული ხეობის გრძივ პროფილს გააჩნია საფეხურებისებური ფორმა, რომელიც განპირობებულია ამოწეული კლდოვანი საფეხურების მონაცვლეობით, ე.ი. რიგელით, და ასევე ჩაზნექილი მონაკვეთებით - ამოფხეკილი აუზებით. თუ მყინვარებმა ადგილი გადაინაცვლეს, მაშინ აუზები, როგორც წესი, ემსახურებიან ტბათა აბაზანებს ან ამოვსებული არიან მდინარეთა ნატანებით, ხოლო რ. ამ დროს გაშიშვლებულია. ვერძის შუბლის მსგავსად რ. მკვეთრად ასიმეტრიულია.

რიგი - 1. ერთ ხაზზე განლაგებული საგნების, კონსტრუქციების, კოლონების, სვეტების, ბალიასინების, დეტალების, ადამიანების ორგანიზებული ჯგუფების წყება; 2. ჯერი, თანამიმდევრობა; 3. ქალაქის ვიწრო ქუჩა, რომლის ორივე მხარეს განლაგებულია სახელოსნოები, სავაჭროები და მისთ.

რიზალიტი (იტალ.) - სამხრე; შენობის გამოწეული ნაწილი.

რითმი (ბერძ.) - არქიტექტურაში ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რომლის დახმარებითაც მიიღწევა აუცილებელი თანაზომიერება და გამომსახველობა არქიტექტურულ კომპოზიციაში. რ. იქმნება სხვადსხვა ელემენტებით და მათი დანაწევრებით, რომელთაც ახასიათებს მეტრული განმეორებადობა ან მზარდობითი განლაგება ან კლებადობა კონკრეტული კომპოზიციის, ამოცანის გადაწყვეტისას.

რიკოშეტი (ფრანგ.) - სწრაფად მოძრავი სხეულის ასხლეტა გარკვეული კუთხით რაიმე ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ.

რიკული - ბალიასინა, სურაია; მცირე ზომის ფიგურული ბოძი, რომელსაც ეყრდნობა კიბის, აივნის და მისთ. მოაჯირი.

რიოლითი - იხ. ლიპარიტი.

რისკ-ფაქტორი - საშიშროების რაოდენობრივი მახასიათებელი. განისაზღვრება, როგორც საშიშროების რაოდენობის შეფარდება მოსალოდნელ საშიშროების რაოდენობასთან. რ. ისაზღვრება დროის კონკრეტული პერიოდისათვის და შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური.

რისკების მართვა - სისტემატური მუშაობა, რათა სამუშაო ადგილზე არ იქნეს დაშვებული შრომის პირობების გაუარესება და უზრუნველყოფი იყოს პერსონალის კარგი სამუშაო განწყობა. რ.მ. მოიცავს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უნდა განხორციელდეს რისკების ლიკვიდაციის ან შემცირების მიზნით. რ.მ. პრინციპებში ჩადებულია სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნები. სტრატეგიულ მიზნებში გამოხატულია მთლიანად საზოგადოების სწრაფვა კეთილდღეობის მაქსიმალურად შესაძლო დონის მიღწევისკენ, ხოლო ტაქტიკურ მიზნებში - მოსახლეობის სწრაფვა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდისკენ.

რისკების შეფასება - რისკების შეფასება წარმოადგენს საფრთხეების სრულყოფილ და სისტემატურ გამოვლენას და რისკების სიდიდის განსაზღვრას. რ.შ. გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ არასასურველი მოქმედებები და უბედური შემთხვევები, რომლებსაც ადრე ჰქონდა ადგილი, არამედ საფრთხეები, რომლებსაც ჯერ არ გამოუწვევიათ არასასურველი შედეგები. რ.შ. საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ისეთი საფრთხეები, რომლებიც დამახასიათებელია მოცემული სამუშაოსთვის. მანამდე, სანამ ისინი გამოიწვევენ უბედურ შემთხვევებს ან ზიანს მიაყენებენ მომუშავეს. რ.შ. წარმოადგენს სისტემატურ უწყვეტ პროცესს. ის ხორციელდება ეტაპობრივად, ადრე გამოვლენილი საფრთხეების გათვალისწინებით. რ.შ. საფუძველს წარმოადგენს იმ საფრთხეების გამოვლენა, რომელიც წარმოიშვება სამუშაო პროცესის დროს. თუ ამ საფრთხეების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, საჭიროა მოხდეს მომუშავეების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ამ რისკების ზემოქმედების შეფასება. შეფასების საფუძველზე შესაძლებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება უსაფრთხოების ამაღლებისთვის. რისკების კარგი შეფასება ასახავს შრომის უსაფრთხოების ყველაზე მწვავე პრობლემებს. რისკის სიდიდის განსაზღვრა ისე უნდა შესრულდეს, რომ მასში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამორჩეული იყოს ყველაზე უფრო გამოხატული და მნიშვნელოვანი რისკები. მეორეს მხრივ, რისკების შეფასებისას უნდა გამოვყოთ ის რისკებიც, რომლის მიმართაც არაა საჭირო სპეციალური ღონისძიებები ან დამატებითი განმარტებები. შეფასების შედეგები გამოყენებული უნდა იყოს რისკების მართვის კონკრეტული ღონისძიებების შემუშავების დროს. რ.შ. ატარებს პროფილაქტიკურ ხასიათს. ის ეყრდნობა ორგანიზაციის მონაცემებს რისკების შესახებ და ადრე მომხდარ საშიშ სიტუაციებს, უბედურ შემთხვევებს, ასევე უახლოესი პერიოდის ინციდენტებს. საარქივო მონაცემებთან ერთად, გაითვალისწინება პოტენციური საფრთხეები, რომლებიც ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ სამუშაო პროცესში მათი წარმოშობის ალბათობა შესაძლებელია. ასევე ფასდება საკმარისი იყო თუ არა შრომის უსაფრთხოების ადრე განხორციელებული ღონისძიებები.

რისკების შეფასების მიზანი - რისკების შეფასების ძირითადი მიზანია შრომის უსაფრთხოების დონის ამაღლება, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საშიშროებების გამოვლენა, მათი სიდიდის და წარმოქმნილი რისკების მნიშვნელობის განსაზღვრა.

რისკების შეფასების მიზანი - რისკების შეფასების ძირითადი მიზანია შრომის უსაფრთხოების დონის ამაღლება, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი საშიშროებების გამოვლენა, მათი სიდიდის და წარმოქმნილი რისკების მნიშვნელობის განსაზღვრა.

რისკი - 1. დანაკარგების საფრთხე; 2. იმ შედეგის დადგომის ალბათობა, რომელიც წარმოადგენს გადახრას; 3. მრავალკომპონენტიანი სიდიდე, რომელიც ხასიათდება ამა თუ იმ საშიში ფაქტორის ზემოქდებით გამოწვეული ზარალით, აღნიშნული ფაქტორის გაჩენის ალბათობით და როგორც ზარალის, ისე ალბათობის სიდიდეებში გაურკვევლობით. რისკისათვის დამახასიათებელია საშიში სიტუაციის მოულოდნელობა, რაც განაპირობებს სწრაფი გადამწყვეტი ქმედებების აუცილებლობას; 4. ადამიანის ყოფნის ზონაში ნეგატიური ზემოქმედების რეალიზაციის ალბათობა.

რისკი ეკოლოგიური - ისეთი გამოუსწორებელი ეკოლოგიური მოვლენების განვითარების შესაძლებლობა, როგორიცაა: სათბურის ეფექტის განვითარება, ოზონის შრის დაზიანება, რადიაქტიური დაბინძურება, მჟავური წვიმები. თანამედროვე პირობებში ეკოლოგიური რ. ძირითადი წყაროა გარემოზე ტექნოგენური ზემოქმედება; წყალსატევების , ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით; ნიადაგის დაბინძურება საწარმოო ნარჩენებით; ჰაერის შემადგენლობის ცვლილება; ბიოსფეროს ენერგეტიკული დაბინძურება.

რისკი ეკონომიკური - რისკი განისაზღვრება გარკვეული საქმიანობით საზოგადოების მიერ მიღებული სარგებლისა და ზიანის თანაფარდობით.

რისკი ინდივიდუალური - რისკი, რომელიც განისაზღვრება, როგორც იმის ალბათობა, რომ ადამიანი საქმიანობის დროს განიცდის გარკვეულ ზემოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დაღუპვა; საწარმოო სფეროში ინდივიდუალური რისკის წყაროა პროფესიული საქმიანობა, ხოლო ყველაზე გავრცელებული რისკის ფაქტორია საშიში და მავნე საწარმოო ფაქტორები. ინდივიდუალური რისკი საფრთხეს უქმნის ცალკეულ ადამიანებს.

რისკი კოლექტიური (ჯგუფური, სოციალური) - გარკვეული სოციალური ან პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფისათვის შექმნილი საშიშროების რაოდენობა.

რისკი მისაღები - ადამიანთა სიკვდილიანობის, ტრავმატიზმის და დაინვალიდების ისეთი დაბალი დონე, რომელიც გავლენას არ ახდენს საწარმოს, ეკონომიკის დარგის ან სახელმწიფოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

რისკი მოტივირებული (საფუძვლიანი) - რისკი, რომელიც აღემატება მისაღებს და რომელზეც ადამიანს უხდება წასვლა საწარმოო ავარიების, ხანძრების შემთხვევაში ადამიანებისა და მატერიალური ფასეულობების გადასარჩენად. მთელი რიგი საშიში ფაქტორებისათვის, მაგ., რადიაციული ავარიის შემთხვევაში. დადგენილია მოტივირებული რისკის სიდიდეები, რომლებიც აღემატება მისაღებს.

რისკი სოციალური - მისი ძირითადი წყაროებია სამრეწველო ტექნოლოგიები და ამაღლებული საშიშროების ობიექტები, ხოლო შესაბამისი ფაქტორები - ავარიები ატომურ ელექტროსადგურებზე, თბოელექტროსადგურებზე, ქიმიურ კომბინატებში, მილსადენებზე, სატრანსპორტო კატასტროფები, გარემოს ტექნოგენური დაბინძურება.  რ. ს. განისაზღვრება როგორც თანაფარდობა ავარიის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობასა და ამ ავარიის ალბათობას შორის.

რისკი ტექნოგენური - ტექნოსფეროს ელემენტების საიმედოობის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციისას, ტექნოლოგიური პროცესების რეალიზაციისას, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას ავარიებისა და კატასტროფების ალბათობას. ტექნოგენური რისკის ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია: პოტენციურად საშიში კონსტრუქციული სქემების და ტექნიკური სისტემების ქმედების პრინციპების შერჩევა; შეცდომები საექსპლუატაციო დატვირთების განსაზღვრაში; კონსტრუქციული მასალების არასწორად შერჩევა; სიმტკიცის არასაკმარისი მარაგი; კონსტრუქციული ზომების არასაკმარისი სიზუსტე; ტექნიკის გამოყენება არადანიშნულებისამებრ; ექსპლუატაციის საპასპორტო (საპროექტო) რეჟიმის დარღვევა; დაგვიანებული პროფილაქტიკური დათვალიერება და რემონტი; ტრანსპორტირებისა და შენახვის მოთხოვნათა დარღვევა და სხვ. რ.ტ. ტექნოსფეროს ელემენტების საიმედოობის კომპლექსური მაჩვენებელია და გამოხატავს მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციისას, ტექნოლოგიური პროცესების რეალიზაციისას, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციისას ავარიებისა და კატასტროფების ალბათობას.

რისკი უმოტივაციო (უსაფუძვლო) - რისკი, რომელიც აღემატება მისაღებს და რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც მომუშავეს არ სურს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და ა.შ.

რისკის ხარისხი - გარკვეული საშიში მოვლენის სიხშირის (ან ალბათობის) და მისი შედეგების შერწყმა.

რიტმი - კონვეიერული წესით ერთი დეტალის ან ნაკეთობის დამზადებისათვის საჭირო დრო.

რიყის ქვა (კაჭარი) - მომცრო მომრგვალო ფორმის ქვა, ლოდის სახესხვაობა. წარმოადგენს უხეშად დამუშავებულ ქვის მასალას. გამოიყენება ქვაფენილების დასაგებად და გვერდობების გასამაგრებლად, აგრეთვე სარკინიგზო ხაზის ბალასტირებისათვის და სხვ. გვევლინება როგორც საწყისი მასალა ღორღის მისაღებად. რიყის ქვა, როგორც საშენი მასალა უძველესი დროიდან არის ცნობილი. ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. რიყის ქვას გზების დასაგებას იყენებდნენ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში. რომაელებმა გააუმჯობესეს რიყის ქვებით დაგებული გზების ტექნოლოგია; ასეთ დაგებულ გზებს ქვაფენილი ეწოდება.

რიცხვი - 1. რაოდენობის გამომხატველი ცნება; სიდიდე, რომლის საშუალებითაც ითვლიან, ანგარიშობენ; 2. რიგის მიხედვით ესა თუ ის დღე თვისა.

რიცხვი ნატურალური - მთელი დადებითი რიცხვი (1, 2, 3, 4, ...) ან მთელი არაუარყოფითი რიცხვი (0, 1, 2, 3, 4, ...). პირველი განსაზღვრება გამოიყენება რიცხვთა თეორიაში, მეორე კი სიმრავლეთა თეორიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში. ნ. რ. აქვთ ორი ძირითადი დანიშნულება: მათი გამოყენება შეიძლება დასათვლელად (მაგ., ფასადზე 8 ფანჯარაა) ან რიგობითობის მისანიჭებლად (მაგ., ეს სიდიდით მე-2 ქალაქია ქვეყანაში). არსებობს რიცხვის სახეები: მთელი, წილადი, ათობითი, დადებითი, უარყოფითი, მუდმივი და სხვ.

რკალი - 1. წრის ნაწილი მის ორ წერტილს შორის; 2. იხ. კარბა; 3. სპორტ. ფიგურული სრიალის საბაზო ელემენტი.

რკალი ელექტრული - ფიზიკური მოვლენა, აირად გარემოში ელექტრული განმუხტვის ერთ-ერთი სახე.

რკალი რადიოლოკაციური - საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის სტარტის ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურის სისტემის ძირითადი ელემენტი.

რკინა - ქიმიური ელემენტი, რომლის სიმბოლოა Fe (ლათ., Ferrum), ატომური ნომრით 26. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლითონია დედამიწის ქერქში (მეორე ადგილზეა ალუმინის შემდეგ). ჭედადი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ლითონია. სწრაფად განიცდის კოროზიას ჰაერის, ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. სუფთა ჟანგბადში რ. იწვის, ხოლო მცირედისპერსიულ მდგომარეობაში ჰაერზეც თვითაალდება. სუფთა რკინის ზედაპირი მბზინავია. იგი მიეკუთვნება მძიმე ლითონებს. სიმკვრივე 7,84 გ/სმ3, ლღობის ტემპერატურა 15390C. პლასტიკურია, ადვილად იჭედება, იგლინება, იწელება მავთულად. სხვა ლითონებს შორის გამოირჩევა მაგნიტური თვისებებით. მიიზიდება მაგნიტით და თვითონაც მაგნიტდება მაგნიტურ ველში. მეცნიერები თვლიან, რომ დედამიწის ბირთვი 3500 კმ რადიუსით ძირითადად რ. და ნიკელისაგან შედგება. ეს ბირთვი ქმნის დედამიწის მაგნიტურ ველს, რომლის მსგავსიც, როგორც ჩანს, არა აქვს მთვარესა და მეზობელ პლანეტებს. რ. გამოყენება ეფუძნება მის სტრუქტურულ მდგრადობას. სუფთა რ. რბილია (ალუმინზე რბილიც), მაგრამ მასალა შესამჩნევად მაგრდება მცირე რაოდენობით ნახშირბადის დამატების დროს. ასეთია, მაგ., ფოლადი, რომელიც 1000-ჯერ უფრო მაგარია სუფთა რკინაზე. პრაქტიკაში, ფოლადთან ერთად, ყველაზე მეტად გამოიყენება თუჯი.  ბუნებაში რ. გვხვდება მინერალების - ჰ ე მ ა ტ ი ტ ი ს (წითელი რკინის ქვა - Fe2O3) და მ ა გ ნ ე ტ ი ტ ი ს (მაგნიტური რკინის ქვა - Fe3O4) სახით, ასევე გავრცელებულია დ ო ლ ო მ ი ტ ი (მურა რკინის ქვა) - 2Fe2O3×3H2O, ს დ ე რ ი ტ ი (რკინის შპატი) – FeCO3, პ ი რ ი ტ ი (რკინის კოლჩედანი) – FeS2. რ. შედის მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმის შემადგენლობაში. მას შეიცავს ჰემოგლობინი, რომელსაც ჟანგბადი ფილტვებიდან გადააქვს ქსოვილებში (სისხლის წითელი ფერი განპირობებულია რ. შემცველი პროტეინის - ჰემოგლობინის შემცველობით).

რკინაბეტონი - საშენი მასალა, რომელიც მიიღება ბეტონისა და მასში გარკვეული წესით ჩალაგებული ფოლადის არმატურის კონსტრუქციული შეერთებით, რომელიც რაციონალურად არის გაერთიანებული ელემენტებში, როგორც ერთიანი, მთლიანი სხეული გარე დატვირთვისა და ზემოქმედების ასატანად. რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში გამჭიმ ძალებს ღებულობს ფოლადი, მკუმშავს - ბეტონი. რ.ბ.-ის გამოყენება ყველაზე სასარგებლოა ისეთ ელემენტებში, რომლებიც განიცდიან ღუნვას. ფოლადის და ბეტონის ერთობლივ მუშაობას განაპირობებს: 1. ბეტონის სრული შეჭიდულობა ფოლადთან, რის გამოც ორივე მასალა მუშაობს ერთდროულად; 2. ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტების დაახლოებით ერთნაირი სიდიდე, რაც უზრუნველყოფს რკ.ბ.-ის მონოლითურობას; 3. ბეტონისაგან ფოლადის არმატურის დაცვა კოროზიისგან. არმირების ხერხების და არმატურის მდგომარეობის მიხედვით განასხვავებენ რ.ბ.-ის ნაკეთობას ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული არმირებით. ჩვეულებრივ არმირებულ რ.ბ.-ის მიეკუთვნება ნაკეთობა, სადაც სიმტკიცის ზრდა მიიღწევა ბეტონში არმატურის ღეროების, ბადის ან კარკასის ჩაწყობით. მაგრამ არმირების ეს მეთოდი არ იცავს რ.ბ.-ის ნაკეთობას ბზარების წარმოქმნისაგან ბეტონის გაჭიმულ ზონაში, რაც უარყოფითად მოქმედებს მის მუშაობაზე. ბზარების თავიდან აცილება შეიძლება გაჭიმული ბეტონის წინასწარი შეკუმშვით, რომელსაც ახდენენ არმატურის წინასწარი დაძაბვით (გაჭიმვით). ის ეწინააღმდეგება ბზარების გაჩენას, ამცირებს კონსტრუქციის მასასა და არმატურის ხარჯს; ზრდის მის სიხისტესა და ხანგამძლეობას. რკ.ბ.-საგან პრაქტიკულად ყველა სახის სამშენებლო კონსტრუქცია მზადდება (ნახ. 1).

რკინაბეტონი წინასწარ დაძაბული - რკინაბეტონის კონსტრუქციები, რომლებშიც საექსპლუატაციო დატვირთვების მოქმედებამდე წინასწარ აღძრულია არმატურაში გამჭიმი, ხოლო ბეტონში მკუმშავი ძაბვები ბზარმედეგობისა და სიხისტის გასაზრდელად.

რკინაბეტონის ელემენტების გრძივი დაარმატურება - გრძივი არმატურის კვეთის ფართობი რკინაბეტონის ელემენტებში მიიღება ბეტონის კვეთის ფართობის (0,05...0,25)%-ის ფარგლებში. ელემენტებში, რომელთა გრძივი არმატურა თანაბრადაა განლაგებული კვეთის კონტურზე, აგრეთვე ცენტრულად გაჭიმულ ელემენტებში, მთელი გრძივი არმატურის კვეთის მინიმალური ფართობი აიღება (0,1...0,5)%-ის ფარგლებში. S და S' არმატურის შემცველობის მინიმალური პროცენტი გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში, რომელთა მზიდუნარიანობა საანგარიშო ექსცენტრისიტეტისას 50%-ზე ნაკლებადაა გამოყენებული, მოქნილობის მიუხედავად მიიღება 0,05-ის ტოლი. შეკუმშული ელემენტის გრძივი ღეროების დიამეტრი, მმ, არ უნდა აღემატებოდეს, ბეტონისათვის: ა) მძიმე და წვრილმარცვლოვანი: ა.ა) B25 კლასზე ნაკლები - 40; ბ) მსუბუქი და დაფოროვნებული, კლასებისათვის: ბ.ა) B12,5 და ნაკლები - 16; ბ.ბ) B15-B25 - 25; ბ.გ) B30 და მეტი - 40; გ) უჯრედოვანი, კლასებისათვის: გ.ა) B10 და ნაკლები - 16; გ.ბ) B12,5-B15 - 20. მსუბუქი ბეტონებისაგან დამზადებულ ღუნვად ელემენტებში A-IV და დაბალი კლასის არმატურის გამოყენებისას, გრძივი ღეროების დიამეტრი, მმ, არ უნდა აღემატებოდეს ბეტონის კლასების მიხედვით: ა) B12,5 და ნაკლები - 16; ბ) B15-B25 - 25; გ) B30 და მეტი - 32. B10 და უფრო დაბალი კლასის უჯრედოვანი ბეტონისაგან დამზადებულ ღუნვად ელემენტებში გრძივი არმატურის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 16 მმ. გარეცენტრულად შეკუმშული ელემენტების გრძივი ღეროების დიამეტრი მონოლითურ კონსტრუქციებში უნდა იყოს არანაკლებ 12 მმ-სა. გარეცენტრულად შეკუმშულ ხაზოვან ელემენტებში გრძივი არმატურის ღეროებს შორის მანძილი უნდა იქნეს მიღებული: ღუნვის სიბრტყის მართობული მიმართულებით არა უმეტეს 400 მმ, ხოლო ღუნვის სიბრტყის მიმართულებით - არა უმეტეს 500 მმ. 150 მმ-ზე უფრო განიერ კოჭებში გრძივი მუშა ღეროების რაოდენობა, რომელიც გადაიყვანება საყრდენის კიდის იქით, უნდა იყოს არანაკლებ ორისა. ასაწყობი რკინაბეტონის პანელების, ფილების, ხშირწიბოვანი გადახურვის და ა.შ. წიბოებში, რომელთა სიგანე 150 მმ და ნაკლებია, დასაშვებია საყრდენამდე ერთი გრძივი მუშა ღეროს მიყვანა. ფილებში იმ გრძივი არმატურის ღეროებს შორის მანძილები, რომელნიც საყრდენის კიდის იქით უნდა იქნეს მიყვანილი, არ უნდა აღემატებოდეს 400 მმ; ამასთან, ამ ღეროების განივკვეთის ფართობი ფილის 1 მ სიგანეზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1/3 ფილის მალში განლაგებული ღეროების ფართობისა, რომელიც განსაზღვრულია უდიდეს მღუნავ მომენტზე გაანგარიშებით. 300 მმ და ნაკლები სიმაღლის, მძიმე ბეტონზე დამზადებულ წინასწარ დაძაბულ ღრუტანიან (წრიული სიცარიელეებით) ფილებში საყრდენის კიდის იქით მისაყვან დაძაბულ არმატურებს შორის მანძილი დასაშვებია გადიდდეს 600 მმ-მდე, თუ ფილის გრძივი ღერძისადმი ნორმალური კვეთის ბზარწარმოქმნის მომენტის სიდიდე, გარე დატვირთვებისაგან მომენტის სიდიდის არანაკლებ 80% შეადგენს, რომელიც მიიღება დატვირთვის მიხედვით საიმედოობის კოეფიციენტით γf = 1,0. უჭრი ფილების შედუღებული რულონური ბადეებით დაარმატურებისას დასაშვებია შუალედ საყრდენებთან ყველა ქვედა ღერო გადაყვანილ იქნეს ზედა ზონაში. მუშა ღეროების ღერძებს შორის მანძილი ფილის შუა ნაწილში და საყრდენზე (ზემოთ) უნდა იყოს არა უმეტეს 200 მმ, როდესაც ფილის სისქე 150 მმ-დეა და არა უმეტეს 1,5 h - 150 მმ-ზე მეტი ფილის სისქისა, სადაც h - ფილის სისქეა. ღუნვად ელემენტებში, რომელთა კვეთის სიმაღლე 700 მმ-მეტია, გვერდით წახნაგებთან უნდა განლაგდეს კონსტრუქციული გრძივი ღეროები, მათ შორის მანძილით სიმაღლეზე, არა უმეტეს 400 მმ-სა და კვეთის ფართობით, არანაკლებ ბეტონის კვეთის ფართობის 0,1%-ისა, რომლის ზომებია ელემენტის სიმაღლეზე ამ ღეროებს შორის მანძილის ტოლი, სიგანეზე - ელემენტის წიბოს სიგანის ნახევარი, მაგრამ არა უმეტეს 200 მმ-სა. გრძივი არმატურის შედუღებული პირაპირები ეწყობა ელემენტის ნებისმიერ კვეთში. ამასთან, ერთ კვეთში ერთდება არაუმეტეს ყოველი მეორე ღეროსი, ხოლო შეერთებათა შორის მანძილი ელემენტის სიგრძეზე შეადგენს არანაკლებ 100 მმ.

რკინაბეტონის ელემენტების კვეთის უმცირესი ზომები - ბეტონისა და რკინაბეტონის ელემენტების კვეთის მინიმალური ზომები, რომლებიც განისაზღვრება მოქმედი ძალვების და შესაბამის ზღვრულ მდგომარეობათა ჯგუფების მიხედვით, გაანგარიშების საფუძველზე ინიშნება ეკონომიკური მოთხოვნების, საჭირო საყალიბე ფორმებისა და დაარმატურების უნიფიკაციის აუცილებლობის, აგრეთვე კონსტრუქციების დამზადების მიღებული ტექნოლოგიის პირობების გათვალისწინებით. გარდა ამისა, მიღებულ უნდა იქნეს რკინაბეტონის კონსტრუქციების ელემენტების კვეთის ისეთი ზომები, რომ დაკმაყოფილდეს კვეთში არმატურის განლაგებისა (ბეტონის დამცავი შრეების სისქეები, ღეროებს შორის მანძილები და ა.შ.) და არმატურის დაანკერების მოთხოვნები. მონოლითური ფილების სისქე მიიღება არანაკლები (მმ): ა) სახურავებისათვის - 40; ბ) სართულთშორისი გადახურვისათვის საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში - 50; გ) სართულთშორისი გადახურვისათვის საწარმოო შენობებში - 60; დ) მსუბუქი ბეტონის ფილებისათვის B7,5 და მასზე დაბალი კლასის ბეტონისაგან, ყველა შემთხვევაში - 70. ასაწყობი ფილების მინიმალური სისქე უნდა განისაზღვროს დამცავი ბეტონის შრის საჭირო სისქის უზრუნველყოფისა და ფილის სისქეში არმატურის განლაგების პირობებიდან გამომდინარე. გარეცენტრულად შეკუმშული ელემენტების კვეთების ზომები ისე უნდა დაინიშნოს, რომ მათი მოქნილობა ℓ0/i ნებისმიერი მიმართულებით არ აღემატებოდეს: ა) რკინაბეტონის ელემენტებისათვის მძიმე, წვრილმარცვლოვანი და მსუბუქი ბეტონისაგან - 200; ბ) სვეტებისათვის, რომლებიც შენობათა ელემენტებს წარმოადგენენ - 120; გ) ბეტონის ელემენტებისათვის მძიმე, წვრილმარცვლოვანი, მსუბუქი და დაფოროვნებული ბეტონისაგან - 90; დ) ბეტონის და რკინაბეტონის ელემენტებისათვის უჯრედოვანი ბეტონისაგან - 70.

რკინაბეტონის კონსტრუქციები - მონოლითური ან ასაწყობი კონსტრუქციები, დამზადებული ერთდროულად მომუშავე ფოლადის არმატურის კარკასისა და ბეტონისაგან.

რკინაბეტონის კონსტრუქციების დეფორმაცია - რკ.ბ.-ის კონსტრუქციების ჩაღუნვები და გადაადგილებები მოქმედი დატვირთვების შედეგად. ის არ უნდა აღემატებოდეს შემდეგი მოთხოვნებით დადგენილ ზღვრულ დასაშვებ მნიშვნელობებს: ა) ტექნოლოგიურს (ამწეების, ტექნოლოგიური დანადგარების, მანქანების და სხვათა ნორმალური ექსპლუატაციის პირობების უზრუნველყოფა); ბ) კონსტრუქციულს (დეფორმაციების შემზღუდველი მოსაზღვრე ელემენტების გავლენისა და მოცემული ქანობების შენარჩუნების უზრუნველყოფა); გ) ფიზიოლოგიურს (მავნე ზემოქმედებების და დისკომფორტის შეგრძნების თავიდან აცილების უზრუნველყოფა რხევების დროს); დ) ესთეტიკურ-ფსიქოლოგიურს (კონსტრუქციების გარეგნული შესახედაობის სასურველი შთაბეჭდილების და საშიშროების შეგრძნების არიდების უზრუნველყოფა). დასაშვები ჩაღუნვების ზღვრული მნიშვნელობები მოყვანილია ნორმატიულ-საცნობარო ლეტერატურაში. კონსტრუქციული ელემენტების ჩაღუნვების და გადაადგილებების უფრო ფართო დიაპაზონის მონაცემების გათვალისწინება მიზანშეწონილია სათანადო ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით. დეფორმაციები გაანგარიშებულ უნდა იქნეს: ტექნოლოგიური ან კონსტრუქციული მოთხოვნების მიხედვით - მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედებაზე; ესთეტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხოვნებით - მუდმივი და ხანგრძლივი დატვირთვების მოქმედებაზე. მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედებისას რკ.ბ.-ის კოჭისა და ფილის ჩაღუნვა, ყველა შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს მალის 1/150 და კონსოლის შვერილის 1/75, ამწქვეშა კოჭებისათვის - 1/500, სახურავებისათვის - 1/250, სართულშუა გადახურვებისათვის - 1/400 და ა.შ. ზღვრული დასაშვები ჩაღუნვების მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს სამშენებლო აწევის სიდიდით, თუ ეს არ იზღუდება ტექნოლოგიური ან კონსტრუქციული მოთხოვნებით.

რკინაბეტონის კონსტრუქციების ძირითადი საანგარიშო მოთხოვნები - 1. ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები უნდა აკმაყოფილებდეს მზიდუნარიანობის მიხედვით გაანგარიშებისა და ექსპლუატაციისათვის სრული უვარგისობის გამორიცხვის (პირველი ჯგუფის ზღვრული მდგომარეობები), აგრეთვე ნორმალური ექსპლუატაციისათვის ვარგისობის (მეორე ჯგუფის ზღვრული მდგომარეობები) მოთხოვნებს: ა) ზღვრულ მდგომარეობათა პირველი ჯგუფის მიხედვით გაანგარიშებამ უნდა უზრუნველყოს კონსტრუქციების დაცვა: მყიფე, ბლანტი, პლასტიკური, დაღლილობითი ან სხვა ხასიათის რღვევისაგან (სიმტკიცის მიხედვით გაანგარიშება, საჭიროების შემთხვევაში, რღვევის წინ კონსტრუქციის ჩაღუნვის გათვალისწინებით); კონსტრუქციის ფორმის მდგრადობის (თხელკედლიანი კონსტრუქციების გაანგარიშება მდგრადობაზე და სხვ.) ან მდებარეობის მდგრადობის დაკარგვისაგან (საყრდენი კედლების, გარეცენტრულად დატვირთული საძირკვლების, გადაყირავებაზე და დაცურებაზე გაანგარიშება; მიწისქვეშა ან ჩაღრმავებული რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და სხვ. ამოტივტივებაზე გაანგარიშება); დაღლილობითი რღვევისაგან (მრავალჯერ განმეორებადი დატვირთვების მოძრავი, პულსირებადი ზემოქმედების ქვეშ მყოფი კონსტრუქციების: ამწისქვეშა კოჭები, შპალები, ჩარჩოვანი საძირკვლები, გადახურვები ზოგიერთი გაუწონასწორებელი მანქანების ქვეშ და სხვა, გაანგარიშება გამძლეობაზე); ძალური ფაქტორებისა და გარემოს არახელსაყრელი გავლენის ერთობლივი ზემოქმედების შედეგად გამოწვეული რღვევისგან (სეისმური, აგრესიული გარემოს პერიოდული ან მუდმივი ზემოქმედება, მონაცვლეობითი გაყინვა-გალღობის ქმედება, ხანძრის ზემოქმედება და სხვ.); ბ) მეორე ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებით კონსტრუქციები დაცული უნდა იქნეს: ბზარების წარმოქმნისაგან, აგრეთვე მათი მეტისმეტად ან ხანგრძლივი გახსნისაგან (თუ ექსპლუატაციის პირობების თანახმად და კონსტრუქციის საიმედოობის უზრუნველყოფისათვის ბზარის წარმოქმნა ან ხანგრძლივი გახსნა დაუშვებელია); დასაშვებზე მეტი გადაადგილებისაგან (ჩაღუნვა, გადახრისა და მობრუნების კუთხეები, რხევები).
  2. კონსტრუქციის მთლიანად, ან მისი ცალკეული ელემენტების ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშება უნდა მოხდეს ყველა სტადიისათვის - დამზადების, ტრანსპორტირების, აგებისა და ექსპლუატაციის. ამასთან საანგარიშო სქემა უნდა პასუხობდეს მიღებულ კონსტრუქციულ გადაწყვეტებს.
  3. დატვირთვებისა და ზემოქმედებების მნიშვნელობები, აგრეთვე დატვირთვების მიხედვით საიმედოობის კოეფიციენტები, შეხამების კოეფიციენტები და დატვირთვების დაყოფა მუდმივად და დროებითად მიიღება ნორმატიული ლიტერატურის მოთხოვნების შესაბამისად. დატვირთვების მნიშვნელობები, შენობისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის შესაბამისად უნდა გამრავლდეს საიმედოობის კოეფიციენტზე დანიშნულების მიხედვით, კონსტრუქციების დაპროექტების დროს შენობა-ნაგებობათა პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით.
  4. მეორე ჯგუფის ზღვრულ მდგომარეობათა მიხედვით გაანგარიშებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს საექსპლუატაციო დატვირთვები, ამასთან, ხანგრძლივ დატვირთვებს მიეკუთვნება ხანმოკლე დატვირთვების სრული მნიშვნელობის ნაწილი, ხოლო გაანგარიშებებში შესატანი ხანმოკლე დატვირთვა უნდა შემცირდეს ხანგრძლივ დატვირთვებში გათვალისწინებული ხანმოკლე დატვირთვის სიდიდით. დატვირთვების შეხამებისა და შემცირების კოეფიციენტები მიეკუთვნება ხანმოკლე დატვირთვების სრულ მნიშვნელობას. მზის რადიაციისაგან დაუცავი კონსტრუქციების გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტემპერატურული კლიმატური ზემოქმედება.
  5. ასაწყობი კონსტრუქციების ელემენტების გაანგარიშებისას იმ ძალვების ზემოქმედებაზე, რომლებიც წარმოიშვება მათი აწევის, ტრანსპორტირების და მონტაჟის დროს, დატვირთვა ელემენტის წონისაგან გაანგარიშებებში უნდა შევიდეს დინამიკურობის კოეფიციენტით, ტოლი: აწევისა და მონტაჟის დროს -1,40, ტრანსპორტირების დროს -1,60. დინამიკურობის კოეფიციენტი შეიძლება შემცირდეს სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, მაგრამ მიიღება არანაკლები - 1,25-სა.
  6. ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციები, აგრეთვე მონოლითური კონსტრუქციები ხისტი არმატურით, უნდა გაანგარიშდეს სიმტკიცეზე, დეფორმაციებზე, ბზარების წარმოქმნასა და გახსნის სიდიდეზე.
  7. დატვირთვებისა და იძულებითი გადაადგილებისაგან (ტემპერატურის ცვალებადობის, ბეტონის ტენიანობის, საყრდენების გადანაცვლების და სხვა ფაქტორების შედეგად), გამოწვეული ძალვები რკინაბეტონის სტატიკურად ურკვევ კონსტრუქციებში, აგრეთვე ძალვები სტატიკურად რკვევად კონსტრუქციებში მათი დეფორმირებული სქემით გაანგარიშებისას უნდა განისაზღვროს ბეტონისა და არმატურის არადრეკადი დეფორმაციებისა და ბზარების არსებობის გათვალისწინებით.
  8. დაცული უნდა იყოს კონსტრუქციების (ან მათი ნაწილების) ბზარმედეგობისადმი წაყენებული მოთხოვნები, მუშაობის პირობებისა და გამოყენებული არმატურის სახეობის გათვალისწინებით. გრძივი ბზარების გახსნის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა კონსტრუქციული ღონისძიებების ჩატარება (შესაბამისი განივი არმატურის მოწყობა). წინასწარ დაძაბული ელემენტებისათვის, გარდა ამისა, მოკუმშვის სტადიაზე უნდა შეიზღუდოს ბეტონის მკუმშავი ძაბვების მნიშვნელობები. უანკერო არმატურიანი წინასწარ დაძაბული ელემენტების განაპირა უბნებზე, ძაბვების გადაცემის ზონის სიგრძის ფარგლებში, დაუშვებელია ბზარების წარმოქმნა მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედების დროს. ამასთან, ძაბვათა გადაცემის ზონის სიგრძეზე წინასწარი ძაბვები არმატურაში მიიღება წრფივად მზარდი, ნულიდან მაქსიმალურ საანგარიშო სიდიდემდე. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება არ იქნეს გათვალისწინებული კვეთის იმ ნაწილისათვის, რომელიც მდებარეობს დაყვანილი კვეთის სიმძიმის ცენტრიდან წინასწარი მოკუმშვის ძალების ზემოქმედებით გაჭიმულ წახნაგამდე, თუ ამ ნაწილში უანკერო დაძაბული არმატურა არ არის.
  9. რკინაბეტონის კონსტრუქციების ელემენტების ჩაღუნვები და გადადგილებები არ უნდა აღემატებოდეს ტექნოლოგიურ, კონსტრუქციულ, ფიზიოლოგიურ და ესთეტიკურ-ფსიქოლოგიურ მოთხოვნებით დადგენილ ზღვრულ დასაშვებ მნიშვნელობებს. მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების მოქმედებისას კოჭისა და ფილის ჩაღუნვა, ყველა შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს მალის 1/150 და კონსოლის შვერილის 1/75. ზღვრული დასაშვები ჩაღუნვების მნიშვნელობები შეიძლება გაიზარდოს სამშენებლო აწევის სიდიდით, თუ ეს არ იზღუდება ტექნოლოგიური ან კონსტრუქციული მოთხოვნებით.
  10. ბეტონისა და რკინაბეტონის ელემენტების გრძივი მკუმშავი ძალის მოქმედებაზე სიმტკიცის მიხედვით გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, გაანგარიშებაში გაუთვალისწინებელი ფაქტორებისაგან გამოწვეული, შემთხვევითი ექსცენტრისიტეტი ea. ექსცენტრისიტეტი ყველა შემთხვევაში მიიღება არანაკლები ელემენტის სიგრძის ან მის, გადაადგილებისაგან დაცულ, დამაგრებულ კვეთებს შორის მანძილის 1/600-ისა და კვეთის სიმაღლის 1/30-ისა. გარდა ამისა, ასაწყობი ელემენტებისაგან შედგენილი კონსტრუქციისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ელემენტების შესაძლო ურთიერთგადანაცვლება, რომელიც დამოკიდებულია კონსტრუქციის სახეობაზე, მონტაჟის საშუალებებზე და ა.შ.
  

რკინაბეტონის კოროზია - რკ.ბ.-ის რღვევა ბეტონისა და (ან) არმატურის კოროზიის შედეგად.

რკინაბეტონის სამუშაოები - სამუშაოები, რომელიც საჭირო მონოლითური რკ.ბ.-ის ნაგებობებისა და კონსტრუქციების, აგრეთვე ასაწყობ-მონოლითური კონსტრუქციების მონოლითური ნაწილების დასაბეტონებლად - საყალიბე, საარმატურე და ბეტონის სამუშაოები.

რკინიგზა - კომპლექსური სატრანსპორტო საწარმო, რომელიც აღჭურვილია მგზავრების გადასაყვანი, ტვირთის, ფოსტის და მისთ. გადასაზიდი ტექნიკით. დანიშნულების მიხედვით არის საერთო სარგებლობის, სამრეწველო ტრანსპორტის, საქალაქო; ლიანდაგის მიხედვით - ფართოლიანდაგიანი, ვიწროლიანდაგიანი; წევის სახეობის მიხედვით - ელექტრული, დიზელის, ტურბინული და ორთქლის წევისა. რ. ძირითადი ელემენტებია: ლიანდაგის ზედა ნაშენი, მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები (სარკინიგზო ხიდები, გვირაბები, ვიადუკები, სადრენაჟე მილები, საყრდენი კედლები და ა.შ.). ლიანდაგის გეგმა წარმოადგენს ლიანდაგის ღერძის პროექციას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, ხოლო გრძივი პროფილი - ვერტიკალურ ჭრილს მის ღერძზე. გეგმა და გრძივი პროფილი განსაზღვრავს ლიანდაგის ტრასას. რ. შედგება სწორი და მრუდე უბნებისაგან. მოძრავი შემადგენლობის მდოვრედ გადასვლისათვის სწორი უბნიდან მრუდზე ეწყობა გადამყვანი მრუდი. რ. ტრასას გააჩნია გარკვეული ქანობები. სადგურის პირობებში ცდილობენ შეინარჩუნონ ნულოვანი ქანობი ან არა უმეტეს 0,025%. რ. არსებობს ორი კატეგორიის: I - მაგისტრალური; II - ჩიხები და შიდასაწარმოო. საქართველოს რ. წარმოადგენს შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. 1871 წ. ფოთი-ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რ. „დაბადების დღედ“. ამჟამად საქართველოს რ. გაშლილი სიგრძეა 1879 კმ. საექსპლუატაციო სიგრძე - 1575 კმ, ორლიანდაგებიანი ხაზების სიგრძე - 290 კმ, ერთლიანდაგებიანის - 1285 კმ, ვიწროლიანდაგებიანის კი 37 კმ.

რკინიგზა ელექტრული - ელექტროფიცირებული რკინიგზა, რომელსაც შეუძლია ელმავლები და სამგზავრო მატარებლები გაატაროს.

რკინიგზა ერთლიანდაგიანი - რკინიგზა, სადაც ორრელსიანი ერთი ლიანდაგია დაგებული. მასზე მატარებლების მოძრაობა პერიოდულად ხდება - ხან ერთ ხან მეორე მიმართულებით (ნახ. 1).

რკინიგზა ერთრელსიანი - სპეციალური სახისა და დანიშნულების რკინიგზა, სადაც მხოლოდ ერთი რელსისგან შემდგარი ლიანდაგია დაგებული (ნახ. 1). ასეთ რკინიგზაზე მოძრაობს ვაგონი, რომლის წონასწორობა გიროსკოპის მუშაობის პრინციპზეა დაფუძნებული.

რკინიგზა ვიწროლიანდაგიანი - 750, 900 ან 1000 მმ სიგანის რკინიგზა, რომელიც მეტწილად, ადგილობრივი დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად, მუშათა გადასაყვანად, დიდი მოცულობის ხე-ტყის დამამზადებელ მეურნეობებში ან სხვა მომპოვებელ წარმოებებში გამოიყენება.

რკინიგზა მაგისტრალური - მაგისტრალური დანიშნულების რკინიგზა, რომელსაც დიდი სახელმწოფოებრივი და სამეურნეო დანიშნულება აქვს. ის ქვეყნის ცენტრალურ სარკინიგზო არტერიას წარმოადგენს.

რკინიგზა ორლიანდაგიანი - რკინიგზა, სადაც ორი წყვილი ლიანდაგია დაგებული. ის ერთდროულად ორმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს (ნახ. 1).

რკინიგზა ჩიხური - მოკლე სიგრძის რკინიგზა, რომელიც დიდ წარმოებას ან ბაზას მაგისტრალური რკინიგზის სადგურთან აკავშირებს.

რკინიგზის ასაღები მოძრავი ერთეულები - ლიანდაგისა და საკონტაქტო რელსის შესამოწმებელი ლიანდაგსაზომი, დეფექტოსკოპიისა და საინსტრუმენტო ურიკები, საგაბარიტო და საგორავი ტვიფრები, რომელთა ლიანდაგიდან აღება ხელით არის შესაძლებელი.

რკინიგზის გადამყვანი ძელები - შპალების სახეობა, რომელიც გამოიყენება საისრო გადამყვანების საფუძვლად და მათ დასამაგრებლად. სიგრძე - 3...5,5 მ. განივკვეთის ზომების მიხედვით რ.გ.ძ. იყოფა სამ ტიპად: I - მთავარი ლიანდაგებისათვის; II - მცირედ დატვირთული მთავარი, მიმღებ-გამშვები და დამახარისხებელი გორაკებისათვის; III - სამრეწველო საწარმოებთან მისასვლელი ლიანდაგებისათვის. განივკვეთის ფორმის მიხედვით ორი სახისაა: ა) ჩამოგანული (რომელსაც ჩამოგანული აქვს ოთხივე გვერდი) და ჩამოუგანავი (რომელსაც ჩამოგანული აქვს ორი მოპირდაპირე გვერდი). გადამყვანი ძელები, როგორც წესი, კეთდება ხის. ისინი ეწყობა საისრო გადამყვანების ჩადების ეპიურის შესაბამისად.

რკინიგზის დამცავი ისარი - ისარი, რომელიც მატარებლის მიღებისა და გაგზავნის მიმართულების გამზადების დროს დაყენებულია ისეთ მდგომარეობაში, რომელიც გამორიცხავს გამზადებულ მარშრუტზე მოძრავი შემადგენლობის გამოსვლის შესაძლებლობას.

რკინიგზის დამცავი უბანი - ლიანდაგის უბანი, რომელზეც გამოტანილია შუქნიშანი და მისი ავტოსდექი შემოზღუდული უბნის საწყისიდან მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, რათა ავტოსდექით დამუხრუჭებულ მატარებელს შეეძლოს შემოზღუდულ უბანზე მისვლამდე გაჩერება.

რკინიგზის კვანძი - პუნქტი, რომელშიც თავს იყრის ან იკვეთება რამდენიმე რკინიგზის ხაზი. ძირითადი ფუნქციებია: ტრანზიტული მატარებლების გატარება, ტვირთების დაგვირთვა და გადმოტვირთვა, მატარებლების გადაცემა კვანძის ერთი სადგურიდან მეორეზე, მგზავრების გადასხდომა და სხვ. დიდ ქალაქებს ზოგჯერ გააჩნიათ გარემომცველი წრიული რკინიგზა, რომელიც აერთიანებს კვანძის სადგურებს.

რკინიგზის მაგისტრალი - საერთო სახელმწიფო მნიშვნელობის რკინიგზა მატარებლების ინტენსიური მოძრაობით.

რკინიგზის პლატფორმა - 1. ნაგებობა რკინიგზის გასწვრივ მგზავრების მატარებელში ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის (ნახ. 1), აგრეთვე ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა (სატვირთო რ.პ.) და მცირე ტვირთების დახარისხებისათვის (ტვირთსახარისხებელი რ.პ.); 2. ღია სატვირთო ვაგონი ისეთი ტვირთების გადასატანად, რომლებიც არ საჭიროებენ ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დაცვას (ბეტონისა და რკ.ბ.-ის კონსტრუქციები, ქვიშა, ღორღი, ხრეში, ქვა და სხვ.)(ნახ. 2).

რკინიგზის სადგური - რკინიგზის ტრანსპორტის ძირითადი საექსპლუატაციო დაწესებულება რკინიგზების სისტემით მატარებლების მიღების, გასტუმრების, გადაჯვარედინებისა და გასწრების უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე მოწყობილობებით მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისა და ტვირთების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. განასხვავებენ საკვანძო, საშუალედო, საუბნო, სახარისხებელ და სხვ. რ.ს.

რკინიგზის ხაზი - ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც ქმნის გზას მიმართული რელსური ლიანდებით. რ.ხ. აქვს შემდეგი ნაწილები: ზედა აგებულება (რელსები, სამაგრები, ისრული გადამყვანები, ძვრასაწინაღო მოწყობილობები, შპალები, ძელები, ბალასტის შრე), რომელიც უსუალოდ ღებულობს დატვირთვებს მოძრავი შემადგენლობის თვლებისაგან; მიწის ვაკისი (ნაყარი, ნათხარი), რომელიც ზედა აგებულობის საფუძველია და ხელოვნური ნაგებობები (ხიდები, გზაგამტარები, გვირაბები, საყრდენი კედლები, წყალსატარი მილები). რ.ხ. მთელ სიგრძეზე თან გასდევს სპეციალური საგზაო ნიშნები.

რკინის შენადნობები - ლითონური შენადნობები რკინის საფუძვლეზე: ნახშირბადიანი ფოლადი, თუჯი, ლეგირებული ფოლადი, ფეროშენადნობები.

რკინის ჭიქური - ლურჯი ფერის სინთეზური არაორგანული პიგმენტი, შეპირობებული ქრომოფორით, რომელიც არის რკინისა და კალიუმის ფეროციანიდი.

რკონი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, თეძმის ხეობის ზედა ნაწილში (ნახ. 1). რ. კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. რ. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება და თარირდება VII საუკუნის II მეოთხედით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (18,2X12,1 მ), სამი მხრიდან შესასვლელით (ჩრდილოეთი კარი ამოქოლილია), აფსიდის გვერდით სადიაკვნე და სამკვეთლოა. სამივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი წყვილი სვეტით. სვეტებზე დაყრდნობილი თაღები ნახევარწრიული მოხაზულობისაა. გადახურვა კამაროვანია. ადრეული საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნალისებური თაღები, რომელიც ეკლესიას ამკობდა, ახლა მხოლოდ დასავლეთ კარის თავზე და სადიაკვნის სარკმლის შიდა მხარეს გვხვდება. ინტერიერში შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები გვიანი მოხატულობის, რომელიც სხვადასხვა დროსაა შესრულებული. კარიბჭე (3,8X9,5 მ) ეკლესიისთვის XIII საუკუნის მეორე ნახევარშია მშენებული, რომელიც დასავლეთით გახსნილია განიერი თაღით. იგი სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას განეკუთვნება. სამლოცველოც განეკუთვნება სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას. იგი დარბაზული ეკლესიააა (5,8X3,6 მ). ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული და დეკორატიული თაღებით და ჩუქურთმებითაა შემკული. სამრეკლო დგას ღვთისმშობლის ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება XVII-XVIII სს. იგი სამონასტრო ცხოვრების მესამე ფენას განეკუთვნება. სამრეკლო ორსართულიანია. მეორე სართული რვა ღია თაღზე აგურით ამოყვანილი ცილინდრული ფანჩატურია, რომელსაც გარშემო თლილი ქვის ლავგარდანი შემოუყვება. ნათლისმცემლის ეკლესია დგას ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით. თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4,3 მ). ნაგებია კარგად გათლილი ქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომლის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. ფასადები, გარდა სამხრეთისა, საითკენაც ღრმა ხევია, მორთულია დეკორატიული თაღედით, რომლის ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები მოჩუქურთმებულია. ასევე მოჩუქურთმებულია სარკმლებიც. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე თამარის ხიდი (სიგრძე 12,5 მ, სიგანე 2,2 მ), რომელიც სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდინარე თეძამზეა გადებული (ნახ. 2). რ. სამონასტრო კომპლექსსა და ნასოფლარს შორის მდებარეობს რკონის ციხე (XVII ს. შუა წლები). მის ტერიტორიაზე გალავნის, კოშკის, სასახლის, ერთნავიანი ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია.

რობოტი (ჩეხ.) - 1. მანქანა რომელსაც განსაზღვრული პროგრამის მიხედვით შეუძლია სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება (ტერმინი შემოიტანა ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა). რ. პროგრამულ უზრუნველყოფაში წინასწარაა ჩადებული გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმები, მაგრამ იგი ასევე შეიცავს ხელოვური ინტელექტის ელემენტებსაც, კერძოდ, თვითსწავლებად სისტემებს, რომელთაც აქვთ თავისი შესაძლებლობების საზღვრები; 2. ავტომატური მანქანა, მოწყობილობა, რომელიც რთულ ოპერაციებს ასრულებს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ადამიანი მოქმედებსო. რ. სავსებით ან ნაწილობრივ ცვლის ადამიანს.

როდოდენდრონი (ბერძნ.) - დეკის, შქერისა და ინდური იელის საერთო სახელწოდება.

როდოსის კოლოსი - მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მზის ღმერთის - ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე (საბერძნეთი). როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში. ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია.

როზარიუმი (ლათ.) - ვარდების ბაღი.

როზეტი (ფრანგ.) - 1. პლასტმასის, ფაიფურის და მისთ. ნახვრეტებიანი პატარა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც გასახურებელ ან გასანათებელ ხელსაწყოებს რთავენ ელექტრულ ქსელში (იხ. შტეფსელი); 2. არქიტექტურაში - გაშლილი ვარდის მსგავსი ორნამენტი (ნახ. 1).

როიალტი - 1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური; 2. საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; 3. სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; 4. ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი; 5. კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; 6. საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი; 7. ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი.

როკაილი (ფრანგ.) - როკოკოს სტილი; ორნამენტული მოტივი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნიჟარის გამოსახულება (ნახ. 1).

როკარიუმი - ბაღი, პარკის ნაწილი, სკვერი, რომელიც გაშენებულია დეკორატიული მცენარეებისა და ქვების ერთობლიობით.

როკველის მეთოდი - (ამერიკელი მეტალურგი ს. პ. როკველი, მეთოდის შემქმნელი), რომლის მიხედვით დგინდება მასალის სიმაგრე (ძირითადად ლითონებში) ზედაპირზე ალმასის იდენტორის 1200 კუთხით (A და C შკალით) ან ლითონის ბურთულის, დიამეტრით 1,558 მმ (შკალა B) ჩაწნევით. როკველის სიმაგრე იზომება ერთეულის ფარგლებში. სიმაგრის მახასიათებლად მიღებულია ბუნიკის ღერძული გადაადგილება 0,002 მკმ. რ. მ. გამოცდა მიმდინარეობს სამაგიდო ხელსაწყო - ინდიკატორით (სიმაგრის გაზომვით), რომელიც გვიჩვენებს სიმაგრის მაჩვენებელს გამოცდის დამთავრებისთანავე.

როკი - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ხის ტოტის ჩანაზარდი ტანში (ნახ. 1, მუქი ჯანმრთელი როკი (ფიჭვი)). არსებობს რ. სხვადასხვა სახეობა. იგი შეიძლება იყოს ღია ან მუქი ფერის, მკვრივი ან ფხვიერი, შეზრდილი მერქანთან ან თავისუფალი (გამოვარდნილი), ჯანმრთელი ან დამპალი. არსებობს თამბაქოვანი რ., რომელიც წარმოადგენს რღვევის ბოლო სტადიას და თამბაქოს ფერი აქვს. რ. აუარესებს მერქნის გარეგნობას, არღვევს ანატომიური აგებულობის ერთგვაროვნობას, იწვევს წლიური რგოლების და ბოჭკოების გამრუდებას, ამცირებს მერქნის სიმტკიცეს ღუნვაზე და გაჭიმვაზე ბოჭკოების გასწვრივ, თუმცა ზრდის სიმტკიცეს განივი კუმშვის და გრძივი ახლეჩის დროს. როკიანობა ამცირებს დახერხილი ხის მასალის ხარისხს და შესაბამისად მის ღირებულებას. რ. უამრავი სახეა ცნობილი: ბზარებიანი, გამჭოლი, გაშლილი, გაფანტული, გულნათელი, ოვალური, რქისებრი, ფაშარი, ფისიანი, გადაზრდილი, განივი, გარე, დამპალი, თათისებრი, თამბაქოსებრი, კვირტა, კიდული, ლპობადი, მარტოული, მოგრძო, მრგვალი, მახვილი, მუქი, ნაბზარიანი, ნემსისებრი, ტორსული, შავი ფისიანი, შავი ფხვნადი, შეზრდილი, შესუსტებული, შეუზრდელი, შიგა, ჩაზრდილი, ცალმხრივი, ცოცხალი, წვრილი, ჯანმრთელი და სხვ.

როკოკო (ფრან.) - სტილისტური მიმართულება ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ხელოვნებაში, რომელიც გავრცელდა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში და ხასიათდება დანაწევრებული და პრეტენციოზული ფორმების გამოყენებით. ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია ამ პერიოდში გავრცელებული ორნამენტული მოტივის როკაილის (ნიჟარის) სახელწოდებიდან.

როლანდი (გერმ.) - ქანდაკებათა ანსამბლი გერმანიის ქალაქების მოედნებზე.

როლგანგი (გერმ.) - გორგოლაჭებიანი კონვეიერი - მოწყობილობა მასიური საცალო ტვირთების ტრანსპორტორებისათვის ერთმანეთისაგან მცირე მანძილით დაშორებულ გორგოლაჭებზე, რომლებიც განლაგებულია საყრდენ სადგარზე. რ. არის ამძრავიანი და ამძრავის გარეშე. ამ უკანასკნელში საცალო ტვირთები გადაადგილდება ხელით ან სიმძიმის ძალის გავლენით (დახრილ როლგანგზე), ხოლო ამძრავიანში გორგოლაჭები ბრუნავენ უსასრულო ჯაჭვის ან ლენტის დახმარებით. ზოგ შემთხვევაში თითოეული გორგოლაჭი ბრუნავს ინდივიდუალური ელექტროძრავისაგან. ამძრავიან რ. იყენებენ მეტალურგიულ ქარხნებში საგლინავ დაზგებზე და საშენი მასალების წარმოებაში. სამრეწველო საწარმოებსა და საწყობებში გამოიყენება რ. ამძრავის გარეშე.

როლერი - ხელის ურიკა მშენებლობებზე წვრილმანი ტვირთის გადასაზიდად.

როლი - აპარატი ბოჭკოვანი მასალების (ცელულოზა, აზბესტი და სხვ.) დასაფქველად. გამოიყენება ქიმიურ და ქაღალდის წარმოებაში.

რომანტიზმი - მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გავრცელდა. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთური ხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს (ნახ. 1).



რომანული არქიტექტურა - გავნითარდა ევროპაში შუა საუკუნეებში (ნახ. 1: სენტ-ოსტრემუანის სააბატო, ისუარი). ხასიათდება ანტიკური რომაული ტექნიკის, კერძოდ ქვის თაღის შემოტანით. კოლონები, რომლებსაც უჭირავს თაღი, ტიპიური ცილინდრული ფორმისაა და ბოლოვდება მეტ-ნაკლებად გეომეტრიული ფორმის სიმბოლოების, ცხოველებისა თუ მცენარეების გამოსახულებიანი კაპიტელით (ნახ. 2). ინტელექტუალური ცენტრი ამ პერიოდში მდებარეობდა სააბატოებსა და მონასტრებში, სადაც ვითარდებოდა რომანული არქიტექტურული ხელოვნება. რ.ა. დამახასიათებელია ტაძრის მასიური ქვის კონსტრუქციების ლაკონურობა, გარე სახის სიმკაცრე, მცირე რაოდენობის, წვრილი ფანჯრის ღიობები, მძლავრი კოშკები სადა დეკორით (არკატურის სარტყლების სახით). რ.ა. მაგალითებია შუა საუკუნეების ფეოდალური ციხეები, საქალაქო სიმაგრეები, მონასტრები, ტაძრები, საცხოვრებელი სახლები და ა.შ.

რომანცემენტი - უძველესი ჰიდრავლიკური მჭიდა ნივთიერება (რომაული ცემენტი). მიღებული კირიანი ან მაგნეზიალური მერგელების დაბალტემპერატურული (9000C) გამოწვით შემდგომი წმინდა დაფქვით. ძირითადად იყენებდნენ ხსნარებისათვის წყობაში და გარე ბათქაშისათვის. თანამედროვე მშენებლობაში თითქმის მთლიანად შეიცვალა პორტლანდცემენტითა და მისი ნაირსახეობებით

რომბი (ბერძ.) - პარალელოგრამი, რომლის ყველა გვერდი კონგრუენტულია (ტოლი სიგრძისაა). რ. დიაგონალები ურთიერთმართობულია და რ. კუთხეებს შუაზე ყოფენ.

რომბოედრი - დახრილი პარალელეპიპედი, რომლის ყველა წახნაგი კონგრუენტული რომბია. რ. ორი წვერო მაინც აქვს ისეთი, რომლებთანაც მდებარე ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლია. რ. ფორმა აქვს ზოგიერთ კრისტალს, მაგ., ისლანდიური შპატის კრისტალს.

რომბოიდა - იხ. დელტოიდი.

რონდელი - 1. ნახევარფაბრიკატი, ფურცლების, ზოლების და ლენტების დაშტამპვით ან დაჭრილი წნელების სახით, რომელიც გამოიყენება დეტალების დასამზადებლად გამოწნევის მეთოდით; 2. გეგმით მრგვალი ან ნახევარწრიული სიმაგრე; 3. ალუმინის ნამზადი ტუბებისა და აეროზოლის ბალონების დასამზადებლად.

როსტვერკი - ხიმინჯების ერთ სისტემად გამაერთიანებელი ბალიში ფილის ან კოჭის სახით, რომელიც შენობიდან გადმოცემულ დატვირთვებს თანაბრად გადასცემს საფუძველს. რ. შეიძლება იყოს ხის (ნახ. 1), ლითონის ან რკ.ბ.-ის (ნახ. 2).

როსტრა - დეკორატიული მოტივი, გემის წინა ნაწილის ქანდაკური გამოსახულება.

როტაცია (ინგლ.) - 1. წრიული, ბრუნვითი მოძრაობა; 2. მონაცვლეობა, ცვლა; უფლებამოსილი ორგანოს შემადგენლობის პერიოდული განახლება; 3. ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების დიპლომატიური თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლება.

როტონდა (იტალ.) - წრიული გეგმის მქონე, ჩვეულებრივ გუმბათით დახურული ნაგებობა (ნახ.1).

როტორი (ლათ. ვბრუნავ) - 1. მანქანის მბრუნავი ნაწილი, რომელიც განლაგებულია სტატორის შიგნით. რ. აქვს ყველა რ. მანქანას, მათ შორის ელექტროამძრავებს, ტურბინებს, ვენტილატორებს, კომპრესორებს და სხვა მანქანებს, რომლებშიც იგი წარმოადგენს მუშა ორგანოს. მაგ., ჰიდროტურბინები შედგება მუშა თვლისა და ლილვისაგან; გარდაქმნის წყლის მექანიკურ ენერგიას მბრუნავი ლილვის ენერგიაში და გადასცემს მას ჰიდროგენერატორის რ.; 2. ცნობილია რ. სამსხვრევები, შემრევები და ექსკავატორები, რომლებშიც მუშა ორგანოს წარმოადგენს მბრუნავი რ., მასზე დამაგრებული საცემებით, ნიჩბებითა და ციცხვებით.

როფი - დიდი თავღია ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება რაიმეს ასადუღებლად, სინთეზური შპონის ქაღალდის ფისში გასაჟღენთად, ასფალტის ან გუდრონის სახარშავად და სხვ.

რუბეროიდი - ხელოვნური საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რომელიც მზადდება საბურულე მუყაოს გაჟღენთვით ადვილადდნობად ნავთობის ბიტუმში, შემდგომში ორივე მხრიდან ძნელადდნობადი ბიტუმით დაფარვით და დამცველ ფენად აზბესტის, ტალკის, ქვიშის ფხვნილის მოყრით (ნახ. 1). რ. დასამზადებლად გამოიყენება: ნავთობის საბურულე ბიტუმი (სამშენებლო), ნავთობის საგზაო ბლანტი ბიტუმი, საბურულე მუყაო, მინაქსოვილი, ტალკი ან ტალკმაგნეზიტი, მსხვილმარცვლოვანი ფერადი ფხვნილი, სამშენებლო ქვიშა და კირი. რ. ძირითადად გამოიყენება ბურულების, საძირკვლების და სარდაფების ჰიდროიზოლაციისათვის. მისი დადებითი თვისებებია: სიმსუბუქე, ხანგამძლეობა, ნებისმიერი ქანობის მქონე სახურავებში გამოყენების შესაძლებლობა. უარყოფითი - დაბალი სიმტკიცე, აალებადობა, სარდაფებში გრუნტის წყლების შეუკავებლობა. არამიზნობრივი - მყარ საწვავზე მომუშავე ღუმელებში საწვავად გამოყენება.

რუბიტექსი - რულონური საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების სახურავის ბურულის ხალიჩის მოსაწყობად, აგრეთვე ხიდების, საძირკვლების, გვირაბების ჰიდროსაიზოლაციოდ (ნახ. 1). ინარჩუნებს ელასტიკურობას −25...+1000C ტემპერატურის ფარგლებში. შედგება არმირებული საფუძვლისაგან (მინატილო, კომბინირებული ქსოვილი, კარკასული მინაქსოვილი, პოლიეთერული არაქსოვილური ბოჭკო), რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია ბიტუმ-პოლიმერული მჭიდა მასალით. აქვს შესანიშნავი ადგეზია საფუძველთან (მოჭიმვა, ბეტონი, ლითონი და სხვ.), მაღალი თბომედეგობა და მდგრადობა ტემპერატურის ციკლურ ცვლილებასთან მიმართებაში. რ. ანალოგს წარმოადგენს ჰიდროსაიზოლაციო მასალები: იზოპლასტი, ფილიზოლი, მინაიზოლი,  ტექნონიკოლი, ტექნოელასტი და სხვ.

რუკა გეოგრაფიული - დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილების შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. ყოველ რუკაზე წარმოდგენილია მასშტაბი, გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია სანაპირო ხაზი, მდინარეები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახასიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები წარმოჩინდება. რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის შემცირების ხარისხს მასშტაბი განსაზღვრავს. მასშტაბს ჩვეულებრივ წილადით აღნიშნავენ. ზოგჯერ რუკაზე მოცემულია ხაზოვანი მასშტაბი, რომელიც დაყოფილია სანტიმეტრებად, ყოველ სანტიმეტრს კი შეესაბამება კონკრეტული მანძილი დედამიწის ზედაპირზე. ამჟამად ქაღალდის რუკების გარდა არსებობს ელექტრონული რუკები - რუკები, რომელიც გამოსახულია კომპიუტერის ეკრანზე. ამგვარი რუკების მეშვეობით მანძილების და სხვა კარტოგრაფიული გაზომვების ჩატარება ბევრად ადვილი, სწრაფი და ზუსტია. მასზე მხოლოდ ხაზის გატარებაა საჭირო ნებისმიერ ორ პუნქტს შორის, მონაცემებს კი სპეციალური პროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთი ამგვარი კომპიუტერული პროგრამაა Google Earth.

რულეტი (ფრანგ.) - 1. სიგრძის საზომი ხელსაწყო, დანაყოფებიანი ვიწრო ლენტი (ფოლადისა, ტილოსი ან მუშამბისა), რომელიც დახვეულია ლილვზე და მოთავსებულია ბუდეში (ნახ. 1); 2. სპეციალური მოწყობილობა აზარტული თამაშისათვის - დანომრილი დანაყოფების მქონე მბრუნავი წრე, რომელშიც აგორებენ ბურთულას (ნახ. 2); წაგებ-მოგება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად გაჩერდება ბურთულა; თვით ეს თამაში.

რუნდუკი - 1. სახლზე გარედან მიდგმული ხის კიბის დახურული ბაქანი; 2. ძველ რუსულ ხუროთმოძღვრებაში, შენობაზე მიშენებული პარმაღის ბაქანი (ნახ. 1: ვასილი ნეტარის ტაძრის პარმაღის ორი რუნდუკი, დახურული კარვებით. რუსეთი, ქ. მოსკოვი), აგრეთვე პარმაღის წინკარი, ფარდული.

რუპორი - ხმის გამაძლიერებელი მილი კონუსური ფორმისა.

რუსთავის სიონი (რუსთავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი) - აიგო 2011 წელს ქ. რუსთავში (პროექტის ავტორები: დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ნიკოლოზ აბაშიძე და ნიკოლოზ დადიანი). ტაძარი აშენებულია ძველი სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით - ქვითა და კირით, ცემენტისა და არმატურის გარეშე. ნაგებობის არქიტექტურაში შერწყმულია თავისუფალი ჯვრისა და მრგვალი ტაძრის მახასიათებლები (ნახ. 1). საძირკველი 1 მ სისქის ბალასტის ბალიშზე, რომელიც წარმოადგენს დახერხილი ბაზალტის ქვის დიდ კვადრებს. შემკვრელია კეცის ქვიშაზე მომზადებული მაღალი სიმტკიცის ჰიდრავლური კირდუღაბი. ქვების ჰორიზონტალური ბმებისთვის გამოყენებულია როგორც წყობაში კეტვის პრინციპი, ასევე ე.წ. „ გამერები“ (ქვაში ამოკვეთილ ფოსოებსა და ღარებში ჩასხმულ გამდნარ ტყვიაში ჩაძირული მეტალის ჩანგლები). ტაძრის პერანგის ქვად ძირითადად გამოყენებულია ხეკორძულა-ნიჩბისის მოლურჯო-მოყვითალო შეფერილობის ქვიშაქვები. ეს სწორედ ის ხვლიკისფერი ქვაა, რომლითაც თავის დროზე სვეტიცხოველი ააშენეს. კარიერიდამ მოტანილი ქვის ლოდები ხელით იქნა გათლილი, მოჩუქურთმებული და დამონტაჟებული. სვეტიცხოველის ტაძრის ანალოგიურად, კედლის პერანგის ფერადოვნების გასამშვენებლად გამოყენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოტანილი ქვები: თეძმისა და თეთრიწყაროს მომწვანო და მოყვითალო ტუფები, დმანისისა და ახალქალაქის შინდისფერი და მოწითალო პემზა-ტუფები. სარკმლებში ჩამონტაჟებულია ბოლნისის მწვანე ტუფში გამოთლილი ორნამენტული ჭვირული, რომელიც მზის სხივს ფანტავს და ტაძარში განფენილ სინათლეს წარმოქმნის. სახურავის საბურველად გამოყენებულია ლორფინი (ქვის კრამიტი), რომელიც მარნეულის ბაზალტისა და ყაზბეგის ანდეზიტო-დაციტის ლოდებიდან იქნა გათლილი. რუსთავის სიონის მშენებლობაში გამოყენებულია შუა საუკუნეების საქართველოს საუკეთესო ტაძრების (ნიკორწმინდა, ფიტარეთი, გელათი, ქვათახევი, ბანა, ოშკი, ხახული, სვეტიცხოველი, სამთავრო, ჰუჯაბი, დმანისი, ბოლნისი და სხვ.) არქიტექტურა და სამშენებლო გამოცდილება. ტაძრის გეგმარებაა თავისუფალი ჯვარი, რომელსაც აქვს წრიული გარშემოსავლები, რაც აადვილებს ტაძრის ლიტურგიულ გარშემოვლას. ასეთი სტილის ტაძარი საქართველოში პირველად აშენდა. მრგვალი ტაძრისა და თავისუფალი ჯვრის შერწყმამ წარმოქმნა ტაძრის გარშემოსავლები უბეებით, ასე რომ, შემოსულ ადამიანს თავისუფლად შეუძლია სწრაფად მოილოცოს და ისე გავიდეს ტაძრიდან, რომ წირვა-ლოცვას ხელი არ შეუშალოს და მრევლი არ დააბრკოლოს.



რუსტი (ლათ.) - კედლის მოსაპირკეთბელი ქვა, რომელსაც წინა პირი გაუთლელი, უხეშად დამუშავებული აქვს.

რუსხმული - აკვედუკი; ხიდი, რომლის საშუალებით წყალგაყვანილობის მილები, სარწყავი და ჰიდროტექნიკური არხები ხევებზე, გზებზე და მდინარეებზე გადაყავთ.

რუტერი - 1. რკინის კბილებიანი გრუნტის გასაფხვიერებელი მანქანა; 2. უნივერსალური, კომპიუტერული მართვის ქვეშ მყოფი მანქანა, რომელიც განკუთვნილია მყარი მასალების საჭრელად, როგორიცაა: კომპოზიტები, ხე, ალუმინი, ფოლადი, პლასტმასი, ქიმიური ქაფი და ა.შ.

რუტილი (ლათ.) - მინერალი, ტიტანის ორჟანგი TiO2. გამოიყენება ტიტანის შემცველი პრეპaრატების დასამზადებლად, ფეროტიტანის გამოსადნობად, კერამიკულ მრეწველობაში, რადიოტექნიკაში და სხვ.

რჩილვა - მასალების ხისტი შეერთების პროცესი, როდესაც მასალები ცხელდება მათი დნობის ტემპერატურაზე ოდნავ ნაკლებად და შეერთება ხორციელდება გამდნარი სარჩილით. რჩილვის დროს ხდება ძირითადი მასალის და სარჩილის ერთდროული დნობა და დიფუზია და მიღებული მასით შესაერთებელ ნაკეთობებს შორის ღრეჩოს შევსება. გამოიყენება ფოლადის, სპილენძის, თუჯის, მინის, გრაფიტის, კერამიკის, პოლიმერების და მისთ. ნაკეთობების სარჩილად. შესადუღებებელი ადგილის გასაცხელებლად გამოიყენება ელექტრო- ან აირგამახურებელი (ნახ. 1).

რცხილა - მერქნიან მცენარეთა გვარი თხილისებრთა ოჯახიდან. ზაფხულმწვანე ხეები ან მაღალი ბუჩქებია, აქვს რუხი ფერის გლუვი და ოდნავ დამსკდარი ქერქი. არსებობს 50-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 2 სახეობა იზრდება - კავკასიური რცხილა და ჯაგრცხილა. იგი ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული მცენარეა. ყინვა ვერ აზიანებს. ნიადაგის მიმართ მომთხოვნია, თუმცა ჯაგრცხილა მშრალ და ხრიოკ მთის კათებზეც ხარობს. მერქანს იყენებენ მუსიკალური საკრავების დასამზადებლად, აგრეთვე საწვავად ბუხრებში და ღუმელებში.

რხევა (რხევითი მოძრაობა) - მოძრაობა, რომლის დროსაც პერიოდულად იცვლება მოძრაობის მიმართულება. სხვადასხვა ბუნების მქონე რ. ახასიათებს საერთო კანონზომიერებანი, რომლებსაც შეისწავლის რხევათა თეორია. ამ თეორიის მათემატიკური აპარატია დიფერენციალური განტოლებები.

რხევა იძულებითი - სისტემის რხევა, რომელიც მიმდინარეობს გარე პერიოდული ძალის ზემოქმედების შედეგად. რ.ი. ამპლიტუდა დამოკიდებულია ამ ზემოქმედების სიხშირესა და სისტემის საკუთარი რხევების სიხშირეს შორის არსებულ თანაფარდობაზე. რ.ი. ამპლიტუდას მკვეთრი მაქსიმუმი აქვს მაშინ, როდესაც ეს სიხშირეები ემთხვევა ერთმანეთს; ამ მოვლენას რეზონანსი ეწოდება.

რხევა მთავარი - რამდენიმე თავისუფლების ხარისხის მქონე მექანიკური სისტემის თითოეული შესაძლო პერიოდული თავისუფალი რხევა.

რხევა მილევადი - ნივთიერი წერტილის წრფივი მოძრაობა დრეკადი აღმდგენი ძალის მოქმედებით წინაღობის მქონე გარემოში, როდესაც გარემოს წინაღობის ძალა წერტილის სიჩქარის პირველი ხარისხის პროპორციულია და მიმართულია მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

რხევა პერიოდული (პერიოდული მოძრაობა) - რხევა, რომლის დროსაც ყველა მახასიათებელი სიდიდე არის დროის პერიოდული ფუნქცია ერთი და იგივე პერიოდით.

რხევა ფუნქციის - რაიმე სიმრავლის ზედა და ქვედა საზღვრებზე ფუნქციის მნიშვნელობათა სხვაობა.

რხევა ჰარმონიული (სინუსოიდური რხევა) - რხევა, რომელიც წარმოებს წონასწორობიდან წანაცვლების სიდიდის პროპორციული და წონასწორობის მდებარეობისაკენ მიმართული ძალის მოქმედებით რომლის დროსაც მახასიათებელი (ფიზიკური) სიდიდე დროის განმავლობაში იცვლება სინუსის ან კოსინუსის კანონით. ჰარმონიული რხევის დროს აჩქარება წანაცვლების პროპორციულია და მიმართულია მის საპირისპიროდ.

რხევები არაწრფივი - დრეკადი მექანიკური სისტემის რხევები იმ შემთხვევაში, როდესაც შიგა ძალების მდგენელებსა და გადაადგილების კომპონენტებს შორის არსებობს არაწრფივი დამოკიდებულება

რხევები განივი (ღეროს) - რხევები, რომლის დროსაც ხდება ღეროს ღუნვა.

რხევები გასწვრივი (ღეროს) - რხევები, რომლის დროსაც ღეროს წერტილები ირხევიან ღეროს ღერძის პარალელურად.

რხევები თავისუფალი - რხევები, რომლებიც მიმდინარეობენ გარე ზემოქმედების გარეშე. ის მხოლოდ დედამიწის მიზიდულობის ძალითაა გამოწვეული და დროის გარკვეულ შუალედში მუდმივია.

რხევები იძულებითი - რხევები, მიმდინარე გარე ზემოქმედების არსებობისას, რომლებიც წარმოადგენენ დროის პერიოდულ ფუნქციებს.

რხევები მგრეხი (ღეროს) - რხევები, რომლის დროსაც ხდება ღეროს გრეხა.

რხევები პარამეტრული - ცვალებადი სიხისტის მექანიკური სისტემის რხევები, რომლებიც განისაზღვრებიან დიფერენციალური განტოლებების დახმარებით, რომელთა კოეფიციენტები წარმოადგენს დროის პერიოდულ ფუნქციებს.

რხევები საკუთრივი - იხ. რხევები თავისუფალი.

რხევები სინქრონული - რხევები, რომლებიც მიმდინარეობს ერთი და იმავე სიხშირით.

რხევები წრფივი - დრეკადი მექანიკური სისტემის რხევები იმ შემთხვევაში, როდესაც შიდა ძალების მდგენელებსა და გადაადგილების კომპონენტებს შორის არსებობს წრფივი დამოკიდებულება.

რხევების დემპფირება - მავნე მექანიკური რხევების ჩახშობის ან მათი ამპლიტუდისა და სიხშირის დასაშვებ მნიშვნელობამდე შემცირების პროცესი.

რხევის პერიოდი - დროის უმცირესი შუალედი, რომლის შემდეგ მერხევი სისტემა ხელახლა უბრუნდება ნებისმიერად არჩეულ საწყის მდგომარეობას, ე.ი. რხევის პერიოდი არის დრო, რომელიც საჭიროა ერთი სრული რხევის შესასრულებლად.

რხევის სიხშირე - სრულ რხევათა რიცხვი დროის ერთეულში. პერიოდული რხევებისათვის რხევის სიხშირე n = 1/T, სადაც T - რხევის პერიოდი

რხევის ფაზა - სიდიდე, რომლის კოსინუსი (სინუსი) ტოლია ჰარმონიული მოძრაობისას [x = acos(kt+α)] დროის მოცემულ t მომენტში მერხევი სიდიდის x მნიშვნელობის ფარდობისა რხევის (A) ამპლიტუდასთან ანუ, ეს არის სიდიდე (kt+α). აქ k - რხევის წრიული სიხშირე, t - დრო, α - რხევის საწყისი ფაზა (ე.ი. რხევის ფაზა დროის საწყის მომენტში)

სააბატო - კათოლიკური მონასტერი.

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური - პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით)

საავადმყოფო - დაწესებულება, სადაც სტაციონალურ განყოფილებებში მკურნალობენ მწოლიარე ავადმყოფებს. დანიშნულების მიხედვით არსებობს: რესპუბლიკური, ცენტრალური, კლინიკური, ინფექციური, ონკოლოგიური, ბავშვთა, ოფთალმოლოგიური, თერაპიული, ქირურგიული, ტრავმატომალოგიური, კანისა და ვენერიული დაავადებების, ნეიროქირურგიული, ნევროლოგიის, ფსიქიატრიული, სამეანო-გინეკოლოგიური, კარდიო-რევმატოლოგიური და სხვ.

საავარიო-აღდგენითი სამუშაოები - საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევისა და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციის, ნავთობისა და გაზის მაგისტრალურ სადენებზე, კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე, სამრეწველო ობიექტებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელი, მოსახლეობის სიცოცხლის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შესაქმნელი, აგრეთვე ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნებისათვის, პირველრიგში, შესასრულებელი სამუშაოები.

საავარიო-სამაშველო სამუშაოები - საგანგებო სიტუაციის ზონაში ხანძრების ლოკალიზაციისა და ჩაქრობის, თხევადი სათბობის, აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების წყაროების ავარიული გამორთვის, ადამიანთა ძებნისა და გადარჩენის, დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საჭიროების შემთხვევაში, მათი საგანგებო სიტუაციის ზონის გარეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ევაკუაციისათვის შესასრულებელი სამუშაოები.

საავეჯო - ავეჯის დასამზადებლად განკუთვნილი.

საავტომობილო ბენზინი (AI-95) - გაუმჯობესებული ხარისხის ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე და გაზის ბენზინის დამატების საფუძველზე. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. АI-95-ს აწარმოებენ არაეთილირებულს (უფეროს), ტყვიას შეიცავს არა უმეტეს 0,013 გ/ლ

საავტომობილო ბენზინი (АI-91) - ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს, აწარმოებენ არაეთილირებულს (უფერო), ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. გოგორდის შემცველობა არა უმეტეს 0,1%

საავტომობილო ბენზინი (АI-93)- ნორმალური ხარისხის ბენზინი. ეთილირებულ ამზადებენ ეთილირებულს მსუბუქი რეჟიმის კატალიტური რიფორმინგის საფუძველზე, ტოლუოლისა და ალკილბენზინის დამატებით და არაეთილირებულს - უხეში რეჟიმის კატალიტური რიფორმინგის საფუძველზე, ალკილობენზინის, იზოპენტანის და ბუტან-ბუტანური ფრაქციის დამატებით. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. АI-93 მზადდება ეთილირებული (ნარინჯისფერ-მოწითალო ფერის), ტყვიის არა უმეტეს 0,37 გ/ლ შემცველობისა და არაეთილირებული (უფერო), ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობისა. გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0,1%.

საავტომობილო ბენზინი (АI-95, »ექსტრა») - გაუმჯობესებული ხარისხის ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე და გაზის ბენზინის დამატების საფუძველზე. შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. АI-95- ს აწარმოებენ არაეთილირებულს (უფეროს), ტყვიას არ შეიცავს. გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0,05%.

საავტომობილო ბენზინი (АI-98) - მაღალი ხარისხის ბენზინი, ამზადებენ იზოპარაფინული და არომატული კომპონენტების შემცველი მსუბუქი, დისტილირებული (გამოხდილი) ნედლეულის კატალიტური კრეკინგის საფუძველზე. არაეთილირებულია, ტყვიას არ შეიცავს.

საავტომობილო ბენზინი А-72 - არაეთილირებული დაბალი ხარისხის ბენზინი. შეიცავს თერმული და კატალიტური კრეკინგის, პიროლიზისა და კოქსირების პროდუქტებს, ანტიმჟანგავ ნაერთებს. ტყვიის შემცველობა არა უმეტეს 0,013 გ/ლ.

საავტომობილო ბენზინი А-76 - არაეთილირებული დაბალი ხარისხის ბენზინი, შეიცავს თერმული და კატალიტური კრეკინგის, პიროლიზისა და კოქსირების პროდუქტებს, ანტიმჟანგავ და ანტიდეტონაციურ ნაერთებს. ტყვიის შემცველობა 0,013...0,017 გ/ლ.

საავტომობილო ბენზინი А-80 - ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. ტყვიის შემცველობა 0,013...0,15 გ/ლ.

საავტომობილო ბენზინი А-92 - ნორმალური ხარისხის ბენზინი, შეიცავს ანტიდეტონაციურ ნაერთებს. აწარმოებენ ეთილირებულს, ტყვიის არა უმეტეს 0,15 გ/ლ შემცველობით და არაეთილირებულს ტყვიის არა უმეტეს 0,013 გ/ლ შემცველობით. გოგირდის შემცველობა არა უმეტეს 0,5%.

საავტორო ზედამხედველობა - პროექტის ავტორის ზედამხედველობა მშენებლობის მსვლელობაზე შესრულებული სამუშაოების დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

საავტორო მოწმობა - დოკუმენტი, რომელიც ეძლევა გამოგონების ავტორს და რომლითაც დასტურდება წინადადების აღიარება გამოგონებად, მისი ავტორობა, გამოგონების პრიორიტეტი, აგრეთვე სახელმწიფოს განსაკუთრებული უფლება გამოგონებით სარგებლობაზე. გამომგონებელს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ თავისი ავტორობის აღიარება.

საათი - 1. დროის ჯერადი ერთეული, რომელიც ტოლია 3600 წამის. აღინიშნება - სთ; 2. დროის საზომი ხელსაწყო. ს. მოქმედება ეფუძნება მუდმივ პერიოდულ პროცესებს: დედამიწის ბრუნვა, ელექტრული რხევები; ქანქარას, კვარცული ფირფიტის და მოლეკულის ატომების რხევები და სხვ. არსებობს საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკის და სხვ.) და სპეციალური დანიშნულების (რადიოშუქურა, სასიგნალო, პროცედურული, ასტრონომიული, საჭადრაკო, ტაბელური და სხვ.) საათები. ყველაზე ზუსტ ს. წარმოადგენს კ ა მ ე რ ტ ო ნ უ ლ ი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები, ისრის სვლის სიზუსტით ±0,1 წმ დღე-ღამეში; კ ვ ა რ ც უ ლ ი (პიეზზოელექტრული ეფექტი) სიზუსტით100 ნწმ-მდე (10–7 წმ) და ატომური (ისრის სვლა რეგულირდება მოლეკულური გენერატორით) – 1 ნწმ-მდე (10–9 წმ).

საამორტიზაციო ხარჯები - საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული ამორტიზაცია.

საამფეთქებლო საქმე - ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა.

საამფეთქებლო საქმის ხელსაწყო - დენის წყაროს წარმომქმნელი ასაფეთქებელი ხელსაწყო, წინაღობის გამზომი აპარატურა.

საამქრო - სამრეწველო საწარმოს ძირითადი ქვეგანყოფილება, რომელიც ასრულებს განსაზღვრულ ტექნოლოგიურ პროცესებს (მაგ., თერმული დამუშავება, ზედაპირის გალვანიზაცია, სამღებრო სამუშაოები), ან ამზადებს გარკვეულ პროდუქციას (მაგ., დეტალები, კვანძები, ბლოკები, კონსტრუქციები და სხვ.). ს. არსებობს ძირითადი, დამხმარე, თანამდევი. თავის მხრივ ს. იყოფა მალებად, უბნებად და სექციებად.

საამწყობო ერთეული - ნაკეთობა, რომლის შემადგენელი ნაწილები ექვემდებარება ერთმანეთთან შეერთებას საწარმო-დამამზადებლის საამწყობო ოპერაციებით.

საანგარიშო ოთახები ბინაში - საცხოვრებელი ბინის სასარგებლო ფართობში შემავალი ოთახების რაოდენობა, რომელთა მოცულობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ნორმირებული ინსოლაციით.

საანგარიშო სიტუაცია - სიტუაცია, გათვალისწინებული პირობების კომპლექსის გაანგარიშებაში, რომელიც განსაზღვრავს კონსტრუქციების საანგარიშო მოთხოვნებს.

საანგარიშო სქემა - რეალური ობიექტი, რომელსაც მოშორებული აქვს ყველა დეტალი, რომლებიც დაკავშირებული არ არის გაანგარიშებასთან და მისი გავლენა შეცვლილია ძალოვანი ზემოქმედებით.

საანგარიშო წნევა - დეტალში მაქსიმალური ჭარბი წნევა, რომელზეც წარმოებს სიმტკიცეზე გაანგარიშება საანგარიშო რესურსის განმავლობაში საიმედო მუშაობის უზრუნველმყოფი ძირითადი ზომების დასაბუთების დროს.

საანგარიშსწორებო პერიოდი - საოპერაციო დღის ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც ხდება კლიენტურის საგადახდო საბუთების საფუძველზე ფულადი სახსრების გადარიცხვები მიმდინარე კალენდარული თარიღით.

საარმატურე ნაწარმი (ნაკეთობა) - მუშა და სამონტაჟო არმატურების გაერთიანება შენადუღი ან შეკრული (ნაქსოვი) ბადეების და კარკასების სახით, რომლებსაც განათავსებენ რკინაბეტონის ელემენტებში დატვირთვის ქვეშ მათი მუშაობის ხასიათის შესაბამისად.

საარმატურო ფოლადის შერჩევა - წარმოებს კონსტრუქციის ტიპის, წინასწარი დაძაბვის არსებობის, აგრეთვე, შენობებისა და ნაგებობების აგებისა და ექსპლუატაციის პირობებისაგან დამოკიდებულებითა და არმატურის კლასების, დიამეტრის და ა.შ. მიხედვით უნიფიკაციის გათვალისწინებით. დაუძაბავი რკ.ბ.-ის კონსტრუქციების არმატურისთვის მიიღება: ა) A-III და AT-IIIC კლასის ღეროვანი არმატურა - გრძივი და განივი არმატურისთვის; ბ) AT-IVC კლასის ღეროვანი არმატურა - გრძივი არმატურისთვის; გ) Bp-I კლასის საარმატურო მავთული - კარკასებში განივი არმატურის სახით და შედუღებულ ბადეებში; დ) A-I, A-II და AC-II კლასის ღეროვანი არმატურა - განივი არმატურისთვის, აგრეთვე გრძივი არმატურისთვის, თუ დაუძაბავი არმატურის სხვა სახეობების გამოყენება შეუძლებელია; ე) A-IV, AT-IV და AT-IVK კლასის ღეროვანი არმატურა - შეკრული კარკასებისა და ბადეების გრძივი არმატურისთვის; ვ) A-V, AT-V, AT-VK, AT-VCK, A-VI, AT-VII, AT-VII კლასების ღეროვანი არმატურა - გრძივი შეკუმშული არმატურისთვის, აგრეთვე გრძივი შეკუმშული და გაჭიმული არმატურისთვის კონსტრუქციების შერეული დაარმატურებისას (მათში დაძაბული და დაუძაბავი არმატურის არსებობის შემთხვევაში), შეკრულ კარკასებსა და ბადეებში. დაუძაბავი არმატურის სახით დასაშვებია A-IIIB კლასის არმატურის გამოყენება შეკრული კარკასების და ბადეების გრძივი გაჭიმული არმატურისთვის. A-III, AT-IIIC, AT-IVC, Bp-I, A-I, A-II, AC-II კლასების არმატურა გამოიყენება შედუღებულ კარკასებსა და ბადეებში. გაზების, სითხეებისა და ფხვიერი სხეულების წნევის ქვეშ მყოფ დაუძაბავ კონსტრუქციებში გამოყენებულ უნდა იქნეს A-I, A-II, A-III და AT-IIIC კლასების ღეროვანი არმატურა და Bp-I კლასის საარმატურო მავთული. წინასწარ დაძაბული კონსტრუქციების დაძაბული არმატურის სახით უნდა იქნეს გამოყენებული: ა) ღეროვანი არმატურა A-V, AT-V, AT-VK, AT-VCK, A-VI, AT-VIK, AT-VII კლასების; ბ) საარმატურო მავთული B-II, Bp-II კლასისა და საარმატურო ბაგირები K-7 და K-19 კლასისა. დაძაბული არმატურის სახით დასაშვებია ღეროვანი არმატურის გამოყენება A-IV, AT-IV, AT-IVC, AT-IVK, A-IIIB კლასების. 12 მ-დე სიგრძის კონსტრუქციებში უპირატესად უნდა იქნეს გამოყენებული ღეროვანი არმატურა AT-VII, AT-VI და AT-V კლასებისა. (შენიშვნა. B7,5-B12,5 კლასის მსუბუქი ბეტონისაგან დამზადებული წინასწარ დაძაბული კონსტრუქციების დასაარმატურებლად გამოყენებულ უნდა იქნეს A-IV, AT-IV, AT-IVC, AT-IVK და A-IIIB კლასის ღეროვანი არმატურა). აირების, სითხეებისა და ფხვიერი სხეულების ზემოქმედების ქვეშ მყოფი წინასწარ დაძაბული რკ.ბ.-ის ელემენტებისთვის დაძაბული არმატურის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს: ა) საარმატურო მავთული B-II, Bp-II კლასის და K-7 და K-19 კლასის ბაგირები; ბ) ღეროვანი არმატურა A-V, AT-V, AT-VK, AT-VCK, A-VI, AT-VI, AT-VIK, AT-VII კლასების; გ) ღეროვანი არმატურა A-IV, AT-IV, AT-IVK და AT-IVC კლასების. ასეთ კონსტრუქციებში დასაშვებია აგრეთვე A-IIIB კლასის არმატურის გამოყენება. აგრესიულ გარემოში მუშაობისათვის განკუთვნილი კონსტრუქციების დაძაბული არმატურისთვის უპირატესად უნდა გამოიყენებოდეს AA-IV კლასის არმატურა, აგრეთვე AT-VIK, AT-VK, AT-VCK, AT-IVK. გაანგარიშებით საჭირო არმატურისთვის ფოლადის სახეობისა და მარკის, აგრეთვე, ჩასატანებელი დეტალებისათვის გაგლინული ფოლადის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კონსტრუქციების ექსპლუატაციის ტემპერატურული პირობები და დატვირთვის ხასიათი. რკ.ბ.-ის და ბეტონის კონსტრუქციების ასაწყობი ელემენტების სამონტაჟო (ასაწევი) მარყუჟებისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს ცხლად გლინული A-I და Ac-II კლასის საარმატურო ფოლადი.

სააქციო საზოგადოება - იხ. აქციონერთა საზოგადოება.

სააღრიცხვო დოკუმენტაცია - პირველადი დოკუმენტები ( მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საბადო - ადამიანისთვის საჭირო მინერალების ბუნებრივი თავმოყრა, რომელიც რაოდენობით, ხარისხითა და განლაგების პირობებით ვარგისია და ხელსაყრელი სამრეწველო გამოყენებისათვის, როგორც არსებული ტექნიკური დონის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

საბაზისო მომსახურება - მომსახურების სახე, რომელიც აკმაყოფილებს მყიდველის (დამკვეთის) ძირითად მოთხოვნებს (მაგ., სნარდო სამშენებლო ორგანიზაციის შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება). ორგანიზაციას შეუძლია დამკვეთს შესთავაზოს საბაზისო მომსახურების პარალელურად, სხვა, დამატებითი მომსახურებაც, რომლებიც ხელსაყრელ პირობებს ქმნიან.

საბაზისო ფასი - საქონლის ასორტიმენტის ან ხარისხის შესაბამისი ფასი, რომელიც მხარეთა მიერ გათვალისწინებულია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში და წარმოადგენს ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბოლოო ფასის დადგენის საფუძველს. საბაზისო ფასის საფუძვლად აღებულიდან განსხვავებული ხარისხის საქონლის მიწოდების დროს გათვალისწინებულია ფასდანამატი და ფასჩამოკლება წინასწარ დათქმული ოდენობით.

საბაზისო ხელსაწყო - გეოდეზიური ხელსაწყო ხაზის სიგრძის გასაზომად უშუალოდ საზომი მავთულის გაჭიმვით.

საბაზო სატრანსპორტო საშუალება - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ტიპის მრავალეტაპიანი დამტკიცების პროცესის საწყის ეტაპზე.

საბაზრო ეკონომიკა - თვითრეგულაციის საწყისებზე ორგანიზებული ეკონომიკა, რომელშიც მოქმედებათა კოორდინაცია ხორციელდება ბაზრებზე თავისუფალ კერძო მეწარმეთა და თავისუფალ ინდივიდუალურ მომხმარებელთა ურთიერთქმედებით. იგი ემყარება შემდეგ პრინციპებს: თავისუფალ მეწარმეობას, წარმოების საშუალებებზე საკუთრების მრავალფეროვნებას, საბაზრო ფასწარმოქმნას, ბაზრის სუბიექტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებს. ს.ე. სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მისი მართვა ხორციელდება კონკურენციის პირობებში ბაზრების სისტემის მეშვეობით. ს.ე. თვითონ ადგენს, საზოგადოებამ რა, როგორ და ვისთვის უნდა აწარმოოს საქონელი თუ მომსახურება, რითაც საზოგადოება აღწევს არსებული რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

საბაზრო რისკი - ბანკის აქტივებსა და ბალანსგარეშე ვალდებულებებზე ზარალის მიღების რისკი, რომელიც შესაძლებელია გამოიწვიოს ბაზარზე ფასების მერყეობამ. საბაზრო რისკი მოიცავს საპროცენტო, საფონდო, სავალუტო და სასაქონლო პოზიციის რისკებს. საბაზრო რისკში ჩაითვლება მხოლოდ სავალუტო რისკი.

საბანკო ანგარიში - ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური სააღრიცხვო პოზიცია, რომელიც მოცემულ მომენტში პირის საკუთრებაა და გახსნილია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტის საფუძველზე.

საბანკო საქმე - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საბანკო ფინანსების მართვას

საბაჟო - სახელმწიფო სამსახური, რომელიც ახორციელებს ს. ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და გადაადგილებაზე ს. კონტროლს. საბაჟო დეპარტამენტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულ ერთეულს. ს. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ლოჯისტიკის სამმართველო; ბ) ანალიზისა და მეთოდოლოგიის სამმართველო; გ) მონიტორინგისა და რისკების მართვის სამმართველო;დ) სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო; ე) საბაჟო გამშვები პუნქტები: სადახლო, წითელი ხიდი, ახკერპი, გარდაბანი და მტკვარი, გუგუთი, ლაგოდეხი,სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ბათუმის პორტი, ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თბილისის აეროპორტი, ბათუმის აეროპორტი. დეპარტამენტის ფუნქციებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს: საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და გადადგილებაზე საბაჟო კონტროლი; საბაჟო გამშვებ პუნქტებში სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა; ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაცია; სანიტარულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი და სხვ.

საბაჟო გადასახადი - არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება საიმპორტო, საექსპორტო და ტრანზიტულ საქონელზე დაწესებული განაკვეთების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია საბაჟო ტარიფებში.

საბაჟო გამშვები პუნქტი - საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება კოდექსით დადგენილი პროცედურები.

საბაჟო დეკლარაცია - დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას.

საბაჟო ზედამხედველობა - შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა.

საბაჟო კონტროლი - შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

საბაჟო ტერმინალი - შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის შენახვა.

საბეგველა - მოწყობილობა (დანადგარი), რომელშიც მარცვლეულს ბეგვავენ.

საბერველი - დაკეცილი ტყავის გვერდების მქონე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სამჭედლოებში ცეცხლის გასაღვივებლად.

საბინაო და სამოქალაქო მშენებლობა - კაპიტალური მშენებლობის დარგი, სპეციალიზებული საცხოვრებელი სახლების და საცხოვრებელი კომპლექსების (კვარტალების, მიკრორაიონების) აგებაზე, აგრეთვე ქალაქთმშენებლობის ამოცანების გადაწყვეტაზე.

საბინაო ფონდი - ყველა საცხოვრებელი სათავსის ერთობლიობა დამოუკიდებლად საკუთრების ფორმისა, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, სპეციალური სახლი (საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო-თავშესაფარი, მარტოხელა მოხუცების თავშესაფარი, ინვალიდებისა და ვეტერანების ინტერნატი), ბინა, სასამსახურო საცხოვრებელი სათავსი და სხვა ტიპის ფართები ვარგისი საცხოვრებელად.

საბირჟო მაკლერი - იხ. დილერი.

საბირჟო საქონელი - ბირჟის მიერ დადგენილი წესით საბირჟო ვაჭრობაზე დაშვებული, ბრუნვაში მყოფი, გარკვეული სახეობისა და ხარისხის სტანდარტული საქონელი, მათ შორის, ამ საქონლის სტანდარტული კონტრაქტი და კონოსამენტი.

საბიძგებელა (რუს. Толкатель) - მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ბიძგისებური მოძრაობისათვის რაიმე სისტემაში. მაგ., მოწყობილობა გვირაბღუმელში ვაგონეტების წაბიძგებისათვის. არის ჯაჭვური, ჰიდრავლიკური და სხვ. ტიპის.

საბიჯელი - კიბის საფეხურის ზედა ჰორიზონტალური ელემენტი; საფეხურებს შორის მანძილი.

საბმური - იხ. კავშირები.

საბორტე აღკაზმულობა - 1. ფორმაწარმომქმნელი ელემენტების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ნაკეთობის ზედაპირის შექმნა ქვეშის სიბრტყის მიღმა; 2. საბორტე ქვები, ფილები და სხვ., რომლებიც გზის სავალ ნაწილს გამოყოფენ ტროტუარის, გვერდასა და გაზონისაგან; 3. დაბალი მცენარეების ვიწრო ზოლი, რომელიც ერთმანეთისაგან გამოყოფს გაზონებს, ბილიკებს, უბნებს ბაღებსა და პარკებში.

საბროკერო კომპანია - სავაჭრო შუამავალი (იურიდიული პირი), სასაქონლო ბირჟაზე გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგებათა დადებისას, რომელიც მოქმედებს კლიენტის დავალებითა და კლიენტის ხარჯით, აგრეთვე თავისი სახელით და კლიენტის ხარჯით, ან კლიენტის სახელით და თავისი ხარჯით.

საბრუნი (გადამყირავებელი) - მექანიზმი, რომლის დანიშნულებაა ნაკეთობათა გადაბრუნება მათი დამზადების, ტრანსპორტირების ან შეფუთვის დროს.

საბუთის უნიკალური კოდი (რეფერენსი) - სპეციალური კოდი, რომელიც ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებებით ავტომატურად ენიჭება თითოეულ ელექტრონულ საგადახდო საბუთს ქაღალდის საგადახდო საბუთიდან ელექტრონულ ფორმატში გადაყვანისას.

საბურულე მასალა - შენობა-ნაგებობათა სახურავის ბურულის მოსაწყობი საშენი მასალა. ს.მ. არის რულონური (რუბეროიდი, პერგამინი, მინარუბეროიდი, ტოლი), მასტიკის ტიპის (პოლიმერებით მოდიფიცირებული ბიტუმისა და კუპრის საბურულე მასტიკები) და ცალობითი - საბურულე გლუვი და დაპროფილებული ფოლადის ფურცლები, თუნუქი, ხის, ხელოვნური ქვისა და პოლიმერული მასალები (მინაპლასტიკის ფურცლები). გამოყენებული ნედლეულის სახეობის მიხედვით - ორგანული (ბიტუმის, კუპრის, ხისა და პოლიმერული), სილიკატური (კრამიტი, ბუნებრივი ქვის გათლილი ფილები) და ლითონის (საბურულე ფოლადი, თუნუქი). ს.მ. უნდა იყოს მსუბუქი, მტკიცე, წყალშეუღწევი, ატმოსფერო- და ყინვამედეგი, ხანგამძლე, მცირედ ანთებადი, იაფი და ნაკლებად შრომატევადი.

საბურულე სამუშაოები - შენობებისა და ნაგებობების ბურულების მოწყობის სამუშაოები საბურულე მასალისაგან. რულონური და მასტიკური მასალების გამოყენებისას საბურულე სამუშაოების შემადგენლობაში შედის: გადახურვის კონსტრუქციის ფუძის ორთქლიზოლაცია საბურულე მასტიკების ან პრაიმერების დატანით ან სხვადასხვა სახის რულონური მასალების ან აფსკების დაწებებით თხელ და ცივ მასტიკებზე; თბოიზოლაცია (ფილების, მონოლითური ან ფხვიერი მათბუნებლისაგან); გამასწორებელი ქერქი (მოჭიმვა); საბურულე ხალიჩა დამცავი ფენით. ს.ს. ცალობრივი მასალების გამოყენებით მოიცავს ფენილს ფურცლების, ფილების, კრამიტის ან საბურულე მასალისაგან, ხის მოლარტყვაზე, სხვადასხვა სახის ფანერზე, რკინაბეტონის, ფოლადის ან ხის გრძივებზე (კოჭებზე) მოწყობით.

საბურულე ფოლადი (საბურულე რკინა) - თხელი ფურცლები (სისქით 0.25...2 მმ) მცირედ ლეგირებული ფოლადისგან; ძირითადად გათვალისწინებულია შენობის ბურულის მოსაწყობად, აგრეთვე ლითონის ტარისა და ფართე მოხმარების ნაკეთობების დასამზადებლად. ს.ფ. ხშირად ფარავენ თუთიის თხელი ფენით ჟანგისაგან დასაცავად (მოთუთიებული საბურულე ფოლადი). გამოდის გოფრის ან ბრტყელი ფურცლების სახით.

საბურღი მანქანა - მშენებლობაში გამოიყენება მცირე სიღრმის ჭაბურღილების გასაბურღად ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების საყრდენების, საგზაო ნიშნებისა და შემოღობვების ბოძების, შენობა-ნაგებობების საძირკვლების ხიმინჯების, ხიდების საყრდენების ქვეშ, აფეთქების სამუშაოებისას და სხვ. ს.მ. ძირითადი მუშა ნაწილებია: ბურღი, საბურღი ძელი, მაბრუნი, მიწოდების მექანიზმი, ძელის მიმმართველი ანძა, პნევმოდამრტყმელი, ტვირთამწევი მექანიზმი. აღსანიშნავია თანამედროვე საბურღი მოდულური მისადგამი ავტონომიური დიზელის ან ელექტრული ამძრავით, რომელიც მონტაჟდება ისრიან ამწეებზე.

საბძელი - პირუტყვისათვის საჭირო საკვების (ბზა, თივა, ნამჯა, ჩალა) შესანახი სათავსი. აშენებდნენ სხვადასხვა მასალისაგან (ქვითკირი, ქვა, ფიცარი, წნელი და სხვ.). ს. უმეტესად წაგრძელებული ოთხკუთხა ფორმის ტოლფერდა სახურავიანი ნაგებობა იყო. საბძელში ინახავდნენ აგრეთვე სამეურნეო იარაღებს. საქართველოში სიდიდით განთქმული იყო ჯავახეთის ს.. ზოგიერთ კუთხეში საბძელიშივე იყო მოწყობილი კალო, სადაც ხორბლეულს უმეტესად პირუტყვის ფეხით ლეწავდნენ.

საბჯენი - სამონტაჟო მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციის ელემენტის მდებარეობას ზღუდავს ერთი ან ორი მიმართულებით (გრძივი და განივი).

საგადასახადო ბაზა - გადასახადით დასაბეგრი ობიექტის რაოდენობრივი გამოსახულება, რომელიც გამოითვლება დაბეგვრის ობიექტისა და გადასახადის ერთეულის ბაზაზე.

საგადასახადო განაკვეთი - შემოსავლების, სამომხმარებლო ხარჯების ან მოგების პროცენტული წილი, რომელსაც სახელმწიფოს უხდის ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი, თუკი მათ ქვეყნის კანონმდებლობით შესაბამისი დაბეგვრა ეხებათ.

საგადასახადო კოდექსი - სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საგადასახადო პერიოდი - დროა, რომლის განმავლობაშიც მთავრდება გადასახადით დასაბეგრი ბაზის ფორმირების პროცესი და განისაზღვრება საგადასახადო ვალდებულებების ოდენობა. ს.პ. მოიცავს იმ დროს, რომლის განმავლობაში საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაფიქსირდეს საგადასახადო-საანგარიშსწორებო დოკუმენტში - საგადასახადო დეკლარაციაში და წარდგენილ იქნეს საგადასახადო ორგანოებში დადგენილ ვადებში (თანამედროვე პირობებში გამოიყენება ელექტრონული დეკლარაციები).

საგადასახადო სარგო - არის გადასახადის თანხა, რომელსაც სუბიექტი ერთი ობიექტიდან იხდის.

საგადასახადო სისტემა - სახელმწიფოს მიერ გადასახადის ადმინისტრირების წესების, (გადასახადის გაანგარიშების და ამოღების წესების) ფორმების, მეთოდების და ინსტიტუტების ერთობლიობა.

საგადასახადო ტვირთი (საგადასახადო სიმძიმე) - განზოგადებული მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს გადასახადების როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და განისაზღვრება საგადასახადო შემოსავლების საერთო ჯამის ერთობლივ ეროვნულ პროდუქტთან შეფარდებით.

საგადახდო დავალება - ანგარიშის მფლობელის (გადამხდელის) მიერ საგადახდო საბუთის სახით გაფორმებული განკარგულება მისი მომსახურე ბანკისათვის, სახსრების მიმღების ამავე ან სხვა ბანკში გახსნილ ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის შესახებ.

საგადახდო სისტემა - საგადახდო ურთიერთობების სუბიექტებს შორის ფულადი სახსრების მიმოქცევის ორგანიზაციულ-ტექნიკური ფორმების, ფულადი სახსრების ანგარიშსწორების, ინსტრუმენტებისა და პროცედურების ერთობლიობა.

საგანგებო ვითარება - საგანგებო სიტუაციათა ზონის ან მისი სივრცეში და დროში განვითარების კონკრეტული დახასიათება, გამოვლენილი დროის გარკვეული მომენტისათვის და გარკვეული ტერიტორიის კონკრეტულ უბანზე, რომელიც მოიცავს საერთო მდგომარეობის, დაზიანების შედეგების, არსებული რესურსების, ჩატარებული სამუშაოებისა და აგრეთვე გარემო პირობების შესახებ მონაცემებს. ს.ვ. თავისი ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს: რადიაციული, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, სახანძრო (თერმული) და საინჟინრო, ასევე კომბინირებული, როდესაც ორი ან რამდენიმე საგანგებო ვითარება ერთდროულად იქმნება.

საგანგებო მდგომარეობა - დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

საგანგებო მოვლენა - არასასურველი, დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელიც არღვევს მოვლენათა ჩვეულებრივ მსვლელობას და რომელიც მიდის დროის შედარებით მცირე მონაკვეთში.

საგანგებო სიტუაცია - ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურებების, აგრეთვე, დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო.

საგანგებო სიტუაცია ლოკალური - ისეთი სიტუაცია, რომლის შედეგები არ სცილდება სამუშაო ადგილს, სამუშაო უბანს, ბინას ან კერძო ნაკვეთს. ამასთან, დაღუპული ან დაზარალებული ადამიანთა რაოდენობა არ აღემატება 10-ს, ხოლო მატერიალური ზარალი - 4000 აშშ დოლარს.

საგანგებო სიტუაცია მუნიციპალური - რომლის შედეგად საგანგებო სიტუაციის ზონა არ გამოდის ერთი დასახლების ტერიტორიის საზღვრებიდან, ამასთან დაზარალებულთა რაოდენობა არ აღემატება 50 კაცს, ხოლო მატერიალური ზარალი - 200 ათას აშშ დოლარს.

საგანგებო სიტუაცია რეგიონალური - რომლის შედეგად საგანგებო სიტუაციის ზონა არ სცილდება ერთი რეგიონის ტერიტორიას, ამასთან, დაზარალებულთა რაოდენობა აღემატება 50 კაცს, მაგრამ არაუმეტეს 500 კაცისა, ან მატერიალური ზარალი შეადგენს 200 000...20 000 000 აშშ დოლარს.

საგანგებო სიტუაცია სახელმწიფო - რომლის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა აღემატება 500 კაცს ან მატერიალური ზარალი 20 მლნ აშშ დოლარს.

საგანგებო სიტუაციაში დაცულობა - მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება მოსახლეობისათვის, ეკონომიკის ობიექტებისათვის და ბუნებრივი გარემოსათვის საგანგებო სიტუაციებში პოტენციური საშიშროების წარმოქმნის თავიდან აცილება, დაძლევა ან ნეგატიური შედეგების შემცირება.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საშუალებები - ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პროდუქცია. მათ შორის: სპეციალიზებული მართვისა და კავშირის საშუალებები, ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა და სხვადასხვა ფასეულობა, რომელიც განკუთვნილია საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად. ასევე, მეთოდური ლიტერატურა, ვიდეო, კინო, ფოტო მასალები საავარიო-სამაშველო სამუშაოების ტექნოლოგიებზე, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების პროგრამული პროდუქტი და მონაცემთა ბაზა.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები - ცენტრალური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები, რომლებიც შედგება საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებისაგან, სახანძრო და სამაშველო დანაყოფებისაგან.

საგანგებო სიტუაციები ანთროპოგენული - საგანგებო სიტუაციები, რომლებიც წარმოადგენს ადამიანების მცდარი ქმედებების შედეგებს. უწყებრივი კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ საგანგებო სიტუაციებს: მრეწველობაში, მშენებლობაზე, ტრანსპორტზე, საცხოვრებელ-კომუნალურ სფეროში, სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობაში და ა.შ. მასშტაბის მიხედვით განასხვავებენ აგრეთვე საგანგებო შემთხვევას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტექნიკური სისტემების, ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების ნგრევა, დაზიანება, მაგრამ რომელსაც არ ახლავს ადამიანური მსხვერპლი, და კატასტროფებს, რომელსაც ახლავს არა მარტო მატერიალური ფასეულობის დაზიანება, არამედ ადამიანთა დაღუპვაც.

საგანგებო სიტუაციები სოციალური - საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები: ეროვნებათშორისი კონფლიქტი, ტერორიზმი, ძარცვა, გენოციდი, ომები, ლოკალური და რეგიონალური კონფლიქტები (ეროვნებათშორისო, კონფედერაციათშორისო და სხვ.), შიმშილი, მსხვილი გაფიცვები, მასობრივი უწესრიგობა, დარბევა, დაწვა და სხვ.

საგანგებო სიტუაციების მიტიგაცია - მზადყოფნის ამაღლებისა და მოწყვლადობის შემცირების მიზნით, საგანგებო სიტუაციების შედეგების შემამცირებელი (შემარბილებელი) წინასწარ გასატარებელი ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელება.

საგანგებო სიტუაციის ზონა - განსაზღვრული ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია.

საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია - საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას ჩატარებული ავარიულ-სამაშველო სამუშაოები, რომლებიც მიმართულია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ბუნებრივი გარემოს ზიანის და მატერიალური ზარალის შესამცირებლად, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ზონის ლოკალიზებისთვის და მისთვის დამახასიათებელი საშიში ფაქტორების მოქმედების შესამცირებლად.

საგანგებო სიტუაციის პრევენცია - სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ბუნებრივ გარემოსა და საშიშ საწარმოო ობიექტზე მონიტორინგისა და კონტროლის ორგანიზების, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის, საგანგებო სიტუაციისათვის მომზადების, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში -ზარალის (შედეგების) შემცირების (მიტიგაციის) მიზნით.

საგანგებო სიტუაციის რისკი - 1. საფრთხიდან საგანგებო სიტუაციის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც განისაზღვრება საგანგებო სიტუაციის წყაროს (საფრთხის) განვითარების ალბათობითა (ან სიხშირით); 2. საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა ან სიხშირე, რომელიც განისაზღვრება რისკის შესაბამისი მაჩვენებლებით.

საგანგებო სიტუაციის წყარო - საშიში ბუნებრივი მოვლენა, ავარია ან სახიფათო ტექნოგენური შემთხვევა, ადამიანების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადება და მცენარეთა საკარანტინო მავნებლები, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებების გამოყენება, რის შედეგადაც წარმოიქმნა ან შეიძლება წარმოიქმნას საგანგებო სიტუაცია.

საგანგებო შემთხვევა - ადამიანებზე, ბუნებრივ და მატერიალურ რესურსებზე მოკლე დროის განმავლობაში განვითარებული მაღალი დონის ნეგატიური ზემოქმედება. ს. შ. მიეკუთვნება დიდი ავარიები, კატასტროფები და სტიქიური უბედურებები.

საგარაჟე კომპლექსი - შენობა ან შენობების ჯგუფი, ავტომანქანების შენახვის, პარკირების, ტექნიკური მომასახურების და სხვა მიზნით, დაკავშირებული მანქანებისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვასა და ავტოსერვისთან. ა.კ. შესაძლებელია მცირე ზომის ავტოგასამართი სადგურის და სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ობიექტების მოწყობაც.

საგდები - სხვა მხარეს გადასაშვები, გადასაყვანი; სარინი.

საგდული - 1. ფანჭრის, კარების, ჭიშკრის მოძრავი ნაწილი; 2. კარის საკეტი, ურდული, რაზა.

საგები - კედელი ან ზედაპირი, რომელზეც მაგრდება მოპიკეთება.

საგები გაკერილი - თბოსაიზოლაციო ნაკეთობა, მიღებული მინერალური ბამბისა და სინთეზური შემკვრელის საფუძველზე. გამოიყენება სამრეწველო მოწყობილობის და მილსადენების თბოიზოლაციისათვის.

საგვერდული - საბძლის ან გომის გვერდის ბოძებზე გადებული ძელი, რომელზედაც ეწყობა კოჭები სახურავის მოსაწყობად.

საგზაო ბეტონი - გამოიყენება საგზაო საფარების, აგრეთვე გაუმჯობესებული საფარების საფუძვლების მოსაწყობად. მას წაეყენება გაზრდილი მოთხოვნები სიმტკიცის, ცვეთამედეგობის, ყინვაგამძლეობისა და ჰაერმედეგობისადმი. ს. ბ. გამოიყენება საგზაო პორტლანდცემენტი.

საგზაო მოძრაობის ორგანიზება - ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო საშუალებათა საუკეთესო ეფექტური გადაადგილებისათვის ქუჩებსა და გზებზე. მისი გაუმჯობესება მიიღწევა მოძრაობის რეგულირების პროგრესული საშუალებების გამოყენებით (შუქნიშნების მუშაობის მეთოდი სისტემით „მწვანე ტალღა“, ქუჩებსა და გზებზე სარეზერვო ზოლების გამოყენება, ზოგიერთი სავალი გზის გადასვლა ცალმხრივ მოძრაობაზე და ა.შ), სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების რაციონალური არჩევით და სხვ. საგზაო მოძრაობის სწორად ორგანიზებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერული სისტემების გამოყენებით ავტობუსებისა და ტროლეიბუსების, ასევე დიდი სატვირთო ავტომობილების ოპტიმალური მოძრაობის გრაფიკების შედგენას. ავტომობილებსა და ავტობუსებზე მყარდება ორმხრივი რადიოკავშირი მოძრაობის ორგანიზებულობის ასამაღლებლად, ხორციელდება მოძრაობის გრაფიკის შესრულებაზე საგზაო კონტროლი.

საგზაო მშენებლობა - საავტომობილო გზების, გზაგამტარების, ესტაკადების და ხიდების მშენებლობა და შეკეთება, მათზე „საგზაო სამოსის“ დატანა, შემდგარი საფარისაგან, ფუძისაგან და ქვედაფენისაგან, რომელიც დაიდება მიწის ვაკისზე. საფარი შეიძლება იყოს ცემენტ-ბეტონის (ხისტი), ღორღის, ქვიშის, ბიტუმის (არახისტი).

საგზაო ნაყარი - მიწის ვაკისის ნაწილი, მოწყობილი ნაყარ გრუნტზე, რომლის საზღვრებში, სავალი ნაწილის ზედაპირი, განლაგებულია მიწის ზედაპირის დონიდან მაღლა.

საგზაო სამოსი - გზის სამოძრაო ნაწილის მრავალშრიანი კონსტრუქცია, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვისაა განკუთვნილი და მათგან გამოწვეულ დატვირთვას გადასცემს მიწის ვაკისს. საავტომობილო გზების სამოსები ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად: 1. გაუმჯობესებული ტიპის საფარები მტკიცე საფუძველზე (კაპიტალური და შემსუბუქებული); 2. გარდამავალი ტიპის, რომელთაც აქვთ ცვეთისადმი შემცირებული წინააღმდეგობა - ხრეშის, ღორღისა და წიდის, დამუშავებული შემკვრელი მასალებით; 3. დაბალი ტიპის - გრუნტის სამოსები, გამაგრებული ხრეშით ან ღორღით. კაპიტალურს მიეკუთვნება ცემენტბეტონისა და ასფალტბეტონის სამოსები, ხოლო შემსუბუქებულს - ხრეშისა და ღორღის ორგანული შემკვრელებით დამუშავებული სამოსები.

საგზაო-სამშენებლო მანქანები - მანქანები, გამოყენებული საავტომობილო გზების მშენებლობის, შენახვისა და რემონტისათვის, აგრეთვე რკინიგზის, აეროდრომების, სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების და სხვ. ობიექტების მშენებლობისათვის. მოსამზადებელი სამუშაოებისათვის გამოიყენება: ხესაქცევი, ბუჩქსაჭრელი, საძირკვავი, ქვასამსხვრევი და სხვ.; მიწის სამუშაოებისათვის - სკრეპერი, ბულდორეზი და სხვა მიწასათხრელი მანქანები; გრუნტის, საფუძვლისა და საფარველის შემკვრივებისათვის - საგზაო საგორავი, ვიბროფილა, სატკეპნელა და სხვ.; საფარველის მოსაწყობად - ბიტუმზიდი, გუდრონატორი, ცემენტმზიდი, გრუნტსარევი, ბეტონსაზელი და სხვ.; რემონტისა და ექსპლუატაციისათვის - ავტოგრეიდერი, ბეტონსატეხი, თოვლსაწმენდი და სხვ.

საგზაო-სამშენებლო მასალები - მასალები, რომლებიც გამოიყენება საავტომობილო გზებისა და მოედნების მშენებლობისათვის: გრუნტის, ქვის, კერამიკული, ორგანული და მინერალური შემკვრელები, ბეტონი, პოლიმერული მასალები და სხვ.

საგიტალური (ლათ.) - რაც სხეულს სიგრძივ ყოფს მარჯვენა და მარცხენა თანაბარ ნაწილებად.

საგოვანები - შიშველთესლოვან მცენარეთა კლასი, ხისებრი მცენარეები.

საგოზავი - 1. ცარცის, ოლიფის, გლიცერინის, თუთიის ქლორჟანგის, მაგნიუმის ქლორჟანგის (სორელის ცემენტი) ან ტყვიასურინჯოვანი თეთრასაგან დამზადებული ნივთიერება, რომელიც მერქნის ნაკეთობების წაგლესისათვის გამოიყენება; 2. წებოვანი, ბლანტი ნივთიერება ჭუჭრუტანებისა და ბზარების ამოსავსებად.

საგორავი - მოტკეპნვით გრუნტის საგზაო საფუძვლისა და საფარების შემამჭიდროებელი მანქანა (ნახ. 1, საგზაო სატკეპნი). მის მუშა ორგამოს წარმოადგენს ცილინდრული ვალცი (გლუვი, მუშტა) ან პნევმატურსაბურავებიანი თვლები. გავრცელებულია ვიბრაციული საგორავებიც, რომლებშიც საკუთარი წონის ძალის სტატიკური მოქმედების გარდა გამოყენებულია ვიბრაციული ზემოქმედება. საგზაო საგორავები არის თვითმავალი და მისაბმელი, მასით 0,5...50 ტ, სიჩქარით 1...8 კმ/სთ.

საგუბარი - წყლის დასაგუბებელი ბუნებრივი ან ხელოვნური ტაფობი.

საგუშაგო (სადარაჯო) - დროებითი ან მუდმივი ნაგებობა ქალაქის, სოფლის, დასახლებული პუნქტის, საზღვრის, სამხედრო ნაწილის, სასჯელაღსრულების დაწესებულების და ა.შ. ტერიტორიაზე ადამიანთა გადაადგილების საკონტოლოდ. აგებენ ხის, მეტონის, ლითონის, ქვის კონსტრუქციებისაგან (ნახ. 1: ქართველი მესაზღვრეების საგუშაგო კირნათში).

სადაზღვევო კომპანია - ორგანიზაცია, რომელიც ეწევა მომსახურებას დაზღვევის სფეროში და გამოდის თავისი კლიენტების ქონებისა და სიცოცხლის დამზღვევის როლში. საკუთრების მიხედვით ს.კ. შეიძლება იყოს სახელმწიფო, სახელმწიფო-კომერციული, აქციონერული, კოოპერაციული და კერძო.

სადარაჯო - იხ. საგუშაგო.

სადაფი - მოლუსკის ნიჟარის შიდა შრე, რომელსაც გამოყოფს მანტია. ს. შედგება არაგონიტის (კალციუმის კარბონატის სახეობა) თხელი ფირფიტებისაგან, რომლებიც ნიჟარის ზედაპირის პარალელურადაა განლაგებული. არსებობს სადაფის ზღვისა და მტკნარი წყლის სახესხვაობები, რომლებსაც სხვადასხვა მოლუსკის ნიჟარიდან იღებენ (ნახ. 1). ს. იყენებენ ღილების, სამკაულების დასამზადებლად, ავეჯისა და შენობის შიდა მოსართავების ინკრუსტაციისათვის. მისი განსაკუთრებული სახესხვაობაა მარგალიტი.

სადაყუდებლო - სამამაო, სოხასტერი; განდეგილის სადგომი. "სადაყუდებლო ქართული სიტყვაა, ისეთ ნაგებობას აღნიშნავს, სადაც ბერი შედიოდა და იშვიათად უნდა გამოსულიყო იქიდან. დაყუდება ძველ ქართულში გაჩუმებას ნიშნავს" (ივ. ჯავახიშვილი).

სადაწნეო ტრაქტი - გზა, რომელსაც წყალი გაივლის წყალსაცავის ზედა ბიეფიდან ჰიდროტურბინამდე. იდი შედგება წყალმიმღების, ღია ან დახურული ტიპის დერივაციისა და სატურბინო მილსადენისაგან.

სადგარი - მანქანის ძირითადი კორპუსის უძრავი ნაწილი, რომელზედაც ხორციელდება მექანიზმებისა და სხვა ნაწილების კოორდინაცია, განლაგება და კინემატიკური კავშირები. ს. იღებს მანქანის მუშაობის შედეგად აღძრულ ძალებს და სხვა ნაწილების წონის ძალით გამოწვეულ დატვირთვებს.

სადგისი - ხისტარიანი წვეტიანი ლითონის ჩხირი რაიმეს (ძირითადად ტყავის) გასახვრეტად.

სადგომი - 1. ოთახი, სათავსი, კედლებით გამოყოფილი სივრცე შენობაში; 2. მანქანების დასაყენებლად გამოყოფილი ადგილი, ბაქანი; 3. პალეოლითისა და ნეოლითის დასახლების ნარჩენები; 4. შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ცხოველთა სადგომად.

სადგური - 1. სახმელეთო ტრანსპორტის გაჩერების ადგილი, პუნქტი; 2. ზოგიერთი სპეციალური დანიშნულების დაწესებულების ან წარმოების სახელწოდება; 3. იგივეა, რაც სადგომი; 4. მოძრავი ლაბორატორია

სადები - სრიალის საკისარის შესაცვლელი დეტალი, რომელზეც ეყრდნობა მბრუნავი ლილვის პოჭოჭიკი. ც. ჩვეულებრივ მზადდება ბიმეტალური: თხელი ანტიფრიქციული ფენის გადაკვრით ფილადის, თუჯის ან ბრინჯაოს საფუძველზე. ს. შეიძლება იყოს მთლიანი ან მილისური (მაგ., ბარბაცას დგუშის თავზე), ჭრილი - 2 ან მეტი ნაწილისაგან. არსებობს აგრეთვე თხელკედლიანი ს. ბიმეტალური ლენტისაგან ფოლადის საფუძველზე.

სადემარკაციო ხაზი - დროებითი გასამიჯნი ხაზი მეომარ მხარეთა შორის ან სადავო ტერიტორიაზე (საბოლოო საზღვრის დადგენამდე).

სადენი - ერთი ან რამდენიმე მავთულისაგან შემდგარი ლითონის გამტარი, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა, ელექტრული მანქანების, ტრანსფორმატორების და ა. შ. დენგამტარი გრაგნილების დამზადება და ელექტრული ქსელების მონტაჟი.

სადერივაციო არხი - წყლის ჰიდრავლიკური ტურბინებისაკენ მიმყვანი არხი (დერივაცია - წყლის გადაყვანა მდინარის მთავარი კალაპოტიდან).

სადერფომაციო ნაკერი - ნაგებობის კონსტრუქციის გამჭოლი განაჭერი, რომელიც შენობის ცალკეულ ნაწილებს დამოუკიდებელი დეფორმაციის საშუალებას აძლევს.

სადილეგო (სპარ.) - დილეგი, საპყრობილე; ტყვეების, ტუსაღების დასამწყვდევი, მიწისქვეშ მოთავსებული საკანი.

სადრენაჟო მილები - ჰორიზონტალური დრენაჟის კონსტრუქციის ნაწილი, რომელიც ასრულებს წყალმიმღები და წყალსარინი ელემენტის ფუნქციას. გამოიყენება: კერამიკული, ბეტონის, რკ.ბ.-ის, პლასტმასისა და ხის მილები. ყველაზე მეტად გავრცელებულია კერამიკული ს.მ., რომლებსაც კარგი კოროზიამედეგობა და ხანგამძლეობა აქვთ. მილის დიამეტრი დამოკიდებულია ტერიტორიის ფართობზე, ქანობზე და დრენაჟის სახეობაზე (სათავო, დონის დასაწევი, ზედაპირული, კიუვეტქვეშა, განივი, გრძივი, კედლისპირული და სხვ.).

სადროშო - სამხედრო-ტერიტორიული ერთეული ძველ საქართველოში.

სადურგლო ნაერთები - ულურსმნოდ შეერთებული ხის ნაკეთობები.

სადურგლო ნაკეთობანი - ნაკეთობანი, დამზადებული ხის მასალისაგან.

სადურგლო ფილა - შედგება ლარტყების ფარებისაგან ირგვლივ შემოწებებული შპონით. არსებობს შემდეგი სახის ფილები: შემოსილი ფანერით ერთ ან ორ მხარეზე და შეუმოსავი; გახეხილი ერთ ან ორ მხარეს და გაუხეხავი; შეწებებული სინთეზური ან ცილის წებოთი. ფარებს ამზადებენ წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯისის მერქნისაგან. კიდეების და ზედაპირების შემოსვისათვის იყენებენ არყის ხის, წიფელის, ფიჭვის, თხმელის შპონს და სადურგლო ფანერას.

საებგურო - შენობაზე აღმართული კოშკი.

საევაკუაციო გასასვლელი - ხანძრისას შენობიდან უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ადგილას გასასვლელი.

საევაკუაციო გზა - ხანძრისას ხალხის ევაკუაციის უსაფრთხო გზა, რომელსაც მივყავართ საევაკუაციო გასასვლელთან.

საევუაკაციო გასასვლელი - ხანძრისას შენობიდან უშუალოდ გარეთ ან უსაფრთხო ადგილას გასასვლელი. გასასვლელი ითვლება საევაკუაციოდ, თუ იგი გამოდის: პირველი სართულის სათავსებიდან უშუალოდ გარეთ, ან დერეფნის, ვესტიბიულის, ფოიეს, კიბის უჯრედის გავლით, ნებისმიერი სართულის სათავსებიდან - უშუალოდ კიბის უჯრედზე, დერეფანში, ჰოლში, ფოიეში ან გარე კიბეზე. სარდაფისა და ცოკოლის სართულებიდან გამოსასვლელები უნდა გამოდიოდეს უშუალოდ გარეთ შენობის საერთო კიბის უჯრედიდან დამოუკიდებლად. შენობებისათვის, რომელთა სიმაღლე აღემატება 10 მ-ს, საჭიროა სახურავზე გასასვლელის მოწყობა კიბის უჯრედიდან ან სხვენიდან გარე ღია ან სახანძრო კიბეებით. 15 მ-მდე სიმაღლის შენობებში დასაშვებია სხვენზე ან სახურავზე 0,6×0,8 მ ზომის ლიუკით გამოსასვლელების მოწყობა კედელში ჩამაგრებული ლითონის შვეული პწკალის ტიპის კიბის საშუალებით. ტექნიკურ სართულებში საევაკუაციო გასასვლელის სუფთა სიმაღლე უნდა იყოს არა ნაკლებ 1.9 მ, ხოლო სიგანე - 1,2 მ. თუ სარდაფის სართული გამოყენებულია მანქანების სადგომად ან წარმოებისათვის, აუცილებელია მას ჰქონდეს ერთი ძირითადი და მეორე საევაკუაციო გასასვლელი. გამოსასვლელები არ ჩაითვლება საევაკუაციოდ, თუ მათ ღიობში მოწყობილია გასაწევი და ასაწევ-დასაწევი კიბეები და ჭიშკრები, რკინიგზის შემადგენლობის გასასვლელი ჭიშკარი, მბრუნავი კარები ან ტურნიკეტი. აივანზე ან ლოჯიაზე გასასვლელ შემინულ ღიობებს შორის მანძილი უნდა იყოს არა ნაკლებს 1,6 მ.

საემისიო კაპიტალი - სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე.

საერთაშორისო (რეგიონალური) ორგანიზაციის სტანდარტი - სტანდარტიზაციის საერთაშორისო (რეგიონალური) ორგანიზაციის (ISO, IEC ან CEN, CENELEC) მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქართველოში მიღებულ იქნას საქართველოს სტანდარტად.

საერთაშორისო გადაზიდვა - ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება: ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის; ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.

საერთაშორისო სამშენებლო კოდი (IBC) - საერთაშორისო კოდების საბჭოს (International Code Council (ICC)) მიერ შემუშავებული არასავალდებულო ძალის მქონე სამშენებელო ნორმების კრებული. პირველი რედაქცია გამოიცა 2000 წელს.

საერთაშორისო საწარმო - თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომელსაც კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი.

საერთო განათება - განათება, როცა სანათურები თანაბრადაა განლაგებული სათავსის ზედა ზონაში (საერთო თანაბარი განათება) ან დაზგა-დანადგარების თავზე (საერთო ლოკალური განათება).

საერთო ინვესტიცია - ინვესტირების მთლიანი მოცულობა დროის განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც მიმართულია ახალი მშენებლობის, წარმოებაში ახალი საშუალებების შეძენის და საქონლის მატერიალური მარაგებისათვის.

საექსპერტო ორგანიზაცია - ორგანიზაცია, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამრეწველო უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვს.

საექსპერტო შეფასება - მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის. ის არის კანონმდებლობასთან და სამშენებლო რეგლამენტებთან შესაბამისობის დადასტურება. ს.შ. სფეროს განეკუთვნება: მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების, შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტაპებისა და არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ს.შ. სამშენებლო საქმიანობაში სავალდებულო ს.შ. არის სამი სახის: ა) მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების ნაწილების ს.შ.; ბ) შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ეტაპების ს.შ.; გ) დამკვეთისათვის უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების შემთხვევაში, სავალდებულო ს.შ. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და სამშენებლო რეგლამენტებთან შესაბამისობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია: სამშენებლო საქმიანობაში ყველა სახის ს.შ. დამკვეთის, მესაკუთრის ან მოსარგებლის ინიციატივით, ხარჯებითა და მისი ინტერესების შესაბამისად. ს.შ. ჩატარების საფუძველია: ა) მშენებლობის ნებართვის მისაღებად და დასრულებისათვის სამთავრობო დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნა; ბ) დამკვეთის ან მესაკუთრის გადაწყვეტილება; გ) სასამართლოს გადაწყვეტილება; დ) მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საექსპლუატაციო ხარჯები - საამორტიზაციო დანახარჯები და კონსტრუქციების მიმდინარე და კაპიტალურ რემონტზე გაწეული დანახარჯების ჯამი.

საექსპლუატაციოდ მიმღები კომისია - დადგენილი წესით შექმნილი და დამტკიცებული სპეციალისტების ჯგუფი, რომლის ამოცანაა დამთავრებული შენობებისა და ნაგებობების საექსპლუატაციოდ მზადყოფნის დადგენა შესაბამისი დოკუმენტით.

სავაგონე ლამფა - მერქნის გრძივი მასალა - დაფრეზილი თხელი ფიცარი (კილოთი, თხემით, მეოთხედით) კედლებისა და ჭერის შესამოსად. ის ეკოლოგიურად სუფთა მასალაა.

სავალუტო პარიტეტი - ორი ქვეყნის ვალუტების თანაფარდობა, დაფუძნებული მათი მეტალური (ოქროს) შემცველობის ტოლობაზე.

სავალუტო რისკი - უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შემთხვევაში ბანკის უცხოურ ვალუტაში ფორმირებული აქტივების გაუფასურების რისკი, ვინაიდან ასეთმა ცვლილებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბანკის მოგებაზე, კაპიტალზე, ლიკვდობასა და გადახდისუნარიანობაზე. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას ექვემდებარება ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში ფორმირებული სესხები, დებიტორული დავალიანებები და მათზე დარიცხული მისაღები პროცენტები.

სავანა (ესპ. Sabana) - აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში: სახელწოდება ბალახეული (უპირატესად მარცვლოვანი) მცენარეებით დაფარული ვრცელი ვაკისა, სადაც ჯგუფ-ჯგუფად ხარობს ხეები და ბუჩქები (ბაობაბი, პალმა, ევკალიპტი, აკაცია და სხვ.); მათ მნიშვნელოვან ნაწილს იყენებენ საძოვრებად და სახნავად.

სავანე - მონასტრის კუთვნილი ადგილ-მამული.

სავანტილაციო კამერა - შენობაში სპეციალურად გამოყოფილი სათავსი ჰაერის გამწმენდი მექანიზმებისა და მოწყობილობებისათვის.

სავაჟინე - მარანი.

სავარგული - სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი არასატყეო კატეგორიის მიწა ამა თუ იმ კულტურის გასაშენებლად.

სავარცხელი - 1. ინსტრუმენტი კბილა ლარტყის სახით კბილანების ამოჭრისათვის; 2. საჭრისი კუთხვილის ამოჭრისათვის.

სავაჭრო დახლი - სავაჭრო საქონლის დასაწყობი ადგილი, რომელიც გარშემორტყმულია გასასვლელებით, პერმამენტული სამარჯვებით (კაზმულობით) ან კედლებით. ს.დ. შეიცავს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: არაფიქსირებული და მოძრავი მოწყობილობები, ვიტრინები, სტელაჟები, დახლები და ტიხრები, სადაც კლიენტები ათვალიერებენ ან ყიდულობენ საქონელს.

სავაჭრო მარკა - სპეციალური დიზაინი, სახელი ან სიმბოლო, რომელიც გამოიყენება საქონლის, მომსახურების ან ფირმის იდენტიფიკაციისათვის და, როგორც წესი, რეგისტრირებული და კანონით დაცულია.

სავაჭრო მარკა - სავაჭრო საწარმოს სახელწოდება, ნიშანი - სიმბოლო ან ემბლემა. საფირმო მარკისაგან განსხვავებით, ნაწარმი ს.მ. შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ იმ საწარმოს სავაჭრო ქსელიდან, რომლის მარკითაც არის გამოშვებული საქონელი.

სავაჭრო პოლიტიკა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო (იმპორტის გადასახადი) და არასატარიფო ღონისძიებები (ნებართვები, ლიცენზიები, აკრძალვები, შეზღუდვები).

სავენტილაციო ჭავლის რევერსია - გვირაბში ჰაერის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოზე ხელოვნური შეცვლა.

სავტორო უფლება - გამოგონებაზე სამართლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ცნობა საავტორო უფლების შესახებ ქვეყნდება გამოგონებების დამარეგისტრირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

საზეთი მასალა - ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ მექანიზმების მოხახუნე ზედაპირებს შორის მექანიზმის ნაწილების ცვეთის შესამცირებლად და მათი მარგი ქმედების ასამაღლებლად. ცალკე ჯგუფს შეადგენს საზეთ-მაცივებელი სითხეები, რომლებიც გამოიყენება მასალების დამუშავებისას (ჭრით, წნევით).

საზეთური - მანქანებისა და მექანიზმების მოხახუნე ზედაპირებზე შემზეთი მასალების მისაწოდებელი მოწყობილობა. ავტომატური თხევადი შემზეთებისთვის გამოიყენება პატრუქიანი ს., რომელიც ჩაიხრახნება შეზეთვის ღარაკის წინ და ლუბრიკატორები. სქელი შემზეთის მიწოდება ხორციელდება დეტალში ხუფიანი თალფაქ-საზეთურით. ს. გვხვდება ბურთულა, ზამბარიანი, მექანიკური, მტვერშეუღწევადი, მუზარადიანი, მწვეთარა, საჭირხნი, ხელის და სხვ.

საზეინკლო სამუშაოები - სამუშაოები ლითონების ან ლითონის შენადნობების დასამუშავებლად.

საზეინკლო ხელსაწყოები - ლითონისა და ხის მასალებისა და ნაკეთობების დასამუშავებელი ხელსაწყოები: ბრტყელტუჩა, ჭანჭიკსაჭრელი, სახვრეტელა, დაზგა, ორტარი, სასვრეტელა, ზენკერი, საღრუვი, ღოჯი, კაბელსაჭრელი, კერნერი, კვეჟო, დაღი, ციბრუტი, თენგი, მრგვალტუჩა, მრგვალკბილა, სანგი, მკვნეტარა, კუთხესანიშნი, შიგსახრახნი, ჩაქუჩი, ქლიბი, დანა, მაკრატელი, სახრახნისი, ხერხი, გაზკბილა, გარესახრახნი, გასახსნელი საჭექი, შაბლონები, გირაგი, მილსაღუნი, ტორსის საჩარხი, სახეწი, ღარობსაწელი, ღარობსაფრეზავი სხვ.

საზოგადოებრივი - საზოგადოების დამახასიათებელი, საზოგადოებაში არსებული, საზოგადოებაში ადამიანთა საქმიანობასთან დაკავშირებული, საზოგადოების კეთილდღეობისათვის განკუთვნილი.

საზოგადოებრივი ადგილი - დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიათა ფარგლებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყალსატევების სანაპირო ზოლი და სხვა ადგილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის.

საზოგადოებრივი გამოყენების ფართობი - ოთახი ან სივრცე შენობის შიგნით ან გარეთ, რომლის გამოყენება ყველას შეუძლია.

საზოგადოებრივი გზა - ქუჩა, ჩიხი ან მიწის სხვა ნაწილი, რომელიც გამოყოფილია საზოგადოებრივი გამოყენების მიზნით, და რომლის სუფთა სიგანე და სიმაღლე არ არის 3000 მმ-ზე ნაკლები.

საზოგადოებრივი ტერიტორია (სივრცე) - განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის.

საზომთა მეტრული სისტემა - საზომთა სისტემა, რომელიც ემყარება ორ ძირითად ერთეულს: სიგრძის ერთეულს (მეტრი - მ) და მასის ერთეულს (კილოგრამი - კგ). საზომთა მეტრული სისტემა შექმნეს საფრანგეთში XVIII ს-ის ბოლოს. 1875 წელს პარიზში 17 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მეტრულ კონვენციას და შეიქმნა ზომა - წონათა საერთაშორისო კომიტეტი. საზომთა მეტრულ სისტემაში შედიოდა შემდეგი ერთეულები: სიგრძის (მეტრი), ფართობის (კვადრატული მეტრი), მოცულობის (სტერი - 1 მ წიბოს მქონე კუბის მოცულობა), თხევადი და ფხვიერი სხეულების ტევადობის (ლიტრი - 0,1მ წიბოს მქონე კუბის მოცულობა) და მასისა (კილოგრამი - 0,1მ წიბოს მქონე კუბის შემავსებელი წყლის მასა). მეცნიერებისა და ტექნიკის შემდგომმა განვითარებამ გამოიწვია მრავალი ფიზიკური სიდიდის ერთეულის დადგენის აუცილებლობა. შეიქმნა ერთეულთა დარგობრივი მეტრული სისტემები მექანიკური, ელექტრული და მაგნიტური, სითბური, აკუსტიკური და სინათლის სიდიდეებისათვის. დარგობრივი სისტემების ბაზაზე მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა დარგისათვის დამუშავებულია უნივერსალური ერთეულთა საერთაშორისო სისტემა (SI), რომელიც დაამტკიცა ზომა-წონათა XI გენერალურმა კონფერენციამ 1960 წელს.

საზომი - საზომი ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს სხვადასხვა სიდიდეთა გაზომვა. შესაბამისად, გვაქვს დახრილობის, დაქანების, დონის, დროის, კორელაციის, მეტრული, მუშაობის, სიგრძის, სიმკვრივის, სისალის, სიღრმის, სიჩქარის, ტევადობის, მასის და სხვ. საზომები.

საზღვაო საინჟინრო გეოლოგია - გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს წყალქვეშა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სათადარიგო - რისამე ან ვისიმე შემცვლელად გამოსადეგი; სამარქაფო; სარეზერვო.

სათავე - 1. ადგილი, სადაც წყლის დინება იწყება; 2. თავბანდი, თავხე; სახურავის ზედა ჰორიზონტალური ძელი, რომელზედაც ნივნივებია შეკიდული; 3. რისამე დასაწყისი, თავი, მიზეზი, წყარო, საფუძველი; 4. შარვალზე ან ქვედატანზე მიკერებული სარტყელი.

სათავისი - 1. საკვამური ან სავენტილაციო მილის ზედა ნაწილი; 2. ზოგიერთი სამშენებლო კონსტრუქციის ბოლო ნაწილი.

სათავსი - კედლებით გამოყოფილი შენობის ნაწილი, ოთახი.

სათავსი ბუნებრივი განათების გარეშე - სათავსი, რომელსაც გარე კედლებში არა აქვს ფანჯრები ან სხვა სახის სინათლის ღიობები და ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტი ნორმირებულ წერტილში 0,1-ზე ნაკლებია.

სათავსი ელექტროტექნიკური - სათავსი (ან ბადით შემოფარგლული შენობის ნაწილი) ხელმისაწვდომი მხოლოდ მომსახურე ელექტროტექნიკური პერსონალისათვის, სადაც დადგმულია ექსპლუატაციაში მყოფი ელექტროდანადგარი, რომლის დანიშნულებაა წარმოება, გარდაქმნა, განაწილება ან ელექტროენერგიის მოხმარება.

სათავსი მტვრიანი - სათავსი, რომელშიც მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შედეგად გამოიყოფა მტვერი ისეთი რაოდენობით, რომ შეიძლება დაედოს სადენებს, შეაღწიოს მანქანებში, აპარატებში და ა.შ. მტვრიანი სათავსი იყოფა დენგამტარ მტვრიან და დენგაუმტარ მტვრიან სათავსებად.

სათავსი მშრალი - სათავსი, რომელშიც ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 60%-ს არ აღემატება.

სათავსი ნორმალური - მშრალი სათავსი, სადაც არ აღინიშნება ცხელი, მტვრიანი და ქიმიურად აქტიური გარემოს სათავსის ნიშნები.

სათავსი საზოგადოებრივი დანიშნულების - საცხოვრებელ სახლზე მიშენებული (ან ჩაშენებული) სათავსი, ადგილობრივი მაცხოვრებლების ინდივიდუალური სამეწარმეო ან სხვა საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

სათავსი საწარმოო - სადაც შესაძლებელია არაელექტროტექნიკური სპეციალობის პირთათვის ადვილად მისადგომ ელექტროდანადგარებთან ან ელექტროქსელების ნაწილებთან შეხება.

სათავსი ტენიანი - სათავსი, რომელშიც წყლის ორთქლი ან კონდენსირებული ტენი გამოიყოფა დროებით, მცირე რაოდენობით და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა მეტია 60%-ზე, მაგრამ არ აღემატება 75%-ს.

სათავსი ქიმიურად აქტიური გარემოთი - სათავსი, რომელშიც წარმოების პირობების გამო მუდმივად ან ხანგრძლივად იმყოფება ორთქლი ან წარმოიშობა ნალექი, რომელიც შლის ელექტროდანადგარის იზოლაციასა და დენგამტარ ნაწილებს.

სათავსი ცხელი - სათავსი, სადაც ჰაერის ტემპერატურა ხანგრძლივად აღემატება +300C.

სათავსის არაჰერმეტულობის პარამეტრი - სიდიდე, რომელიც რიცხობრივად ასახავს დაცული სათავსის არაჰარმეტულობას. განისაზღვრება როგორც ფარდობა მუდმივად ღია ღიობების ჯამური ფართობისა დაცული სათავსის მოცულობასთან.

სათავსის ზედა ზონა - სათავსის ზონა, განლაგებული მომსახურების ან სამუშაო ზონის ზემოთ.

სათანჯოს ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდელი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯთან, სათანჯოს მთის უკიდურეს მაღლობზე. აგებულია VIII-X საუკუნეებში. ციხის კედლები მთის მომრგვალებულ ზედაპირს შემოუყვება და მისი გეგმა ოვალურია. ციხის შიგნით მხოლოდ ერთი კოშკია. კედლების სისქე ძირში თითქმის ორი მეტრია. უფრო სქელი კედლები აქვს კოშკს. კედლების წყობა ეგრისულია და IV-VII საუკუნეთა ციხეების კედლების წყობას იმეორებს. გემოვნებით ნაწყობი კედელი საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს და მტკიცედ და მხატვრულად გამოიყურება. კედლების სიმაღლეა 5…7 მ. ს.ც. ზღვიდან კარგად მოჩანდა, ამიტომ ორიენტირადაც იყენებდნენ. დღეისათვის ციხის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

სათბობი - საწვავი ნივთიერება, რომლის შემადგენლობაში შედის ძირითადად ნახშირბადი. მისი წვისას მიიღება თბური ენერგია და ნედლეული ქიმიური მრეწველობისათვის. აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით ს. არის მყარი, თხევადი და აირისებრი; წარმოქმნის მიხედვით - ბუნებრივი და ხელოვნური. ტექნიკის ახალი დარგების განვითარების გამო ტერმინი „სათბობი” უფრო ფართო გაგებით გამოიყენება - ყველა მასალა, რომელიც ენერგიის წყაროა (ატომური, სარაკეტო), სათბობად იწოდება.

სათბობი მარგი წიაღისეული - ნახშირი, საწვავი ფიქალი, ტორფი, ნავთობი, საწვავი აირები.

სათბური - იხ. ორანჟერეა.

სათელი - ჰალტელი; დაპროფილებული თამასა, რომელიც იხმარება პირაპირა ნაკერების, წიბოების და მისთ. დასაფარავად.

სათვალე დამცავი - თვალის დაცვის ინდივიდუალური საშუალება საწარმოო ფაქტორების მავნე და საშიში ზემოქმედებისაგან. მზადდება გამჭვირი, შავი და ფერადი მინებით, შუქფილტრით და მის გარეშე, ჩვეულებრივი და ჰერმეტული, თვალებზე ან ჩაჩქანზე მისამაგრებელი, ფიქსირებული და გადასახსნელი., ცეცხლგამძლე ან შეჯავშნული მინებით და სხვ.

სათოფური (სათოფე) - ციხე-სიმაგრის კედელში ან სხვა ნაგებობაში დატანებული პატარა სარკმელი (ხვრეტი) შიგნიდან გარეთ თოფის სასროლად.

საიზოლაციო ბაგირი - ბაგირი მოქნილი დიელექტრიკისაგან, განკუთვნილი საგნების სიმაღლეზე ასაწევად და დასაშვებად საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე ძაბვის ქვეშ მუშაობისას. წარმოადგენს ძირითად მაიზოლირებელ დამცავ საშუალებას.

საიმედოობა -  ნაკეთობის (ნაგებობის, კონსტრუქციის, საინჟინრო მოწყობილობის) თვისება შეინარჩუნოს თავისი საექსპლუატაციო მაჩვენებლები გარკვეულ საზღვრებში, მოცემულ მუშაობის რეჟიმსა და ნაკეთობის გამოყენების, მომსახურების, რემონტისა და ტრანსპორტირების პირობებში. ს. უზრუნველყოფს ნაკეთობის გამოყენების ტექნიკურ შესაძლებლობებს საჭირო დროითა და საჭირო ეფექტურობით. ს. კომპლექსური თვისებაა და მოიცავს უმტყუნებლობას, ხანგამძლეობას, რემონტვარგისიანობას, შენახვებადობას.

საიმედოობა შენობის - შენობის თვისება, შეინარჩუნოს მასში ჩადებული პარამეტრები გარკვეულ ზღვრებში. იგი ფასდება მოცემული ექსპლუატაციის საჭირო პარამეტრების შენარჩუნების ალბათობით ნორმატიული დროის განმავლობაში. შენობის საიმედოობის უზრუნველყოფა ხდება მშენებლობის პროცესში მაღალხარისხოვანი სამშენი მასალების გამოყენებითა და ტექნოლოგიური პროცესების სრული დაცვით, ხოლო ექსპლუატაციის პროცესში იგი მცირდება შენობის ცვეთისა და სამსახურის ვადის ზრდის პროპორციულად, აგრეთვე ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად, ამიტომ დროთა განმავლობაში შენობის საჭირო საიმედოობის შესანარჩუნებლად საჭირო ხდება მოხდეს ავარიული ელემენტების დროული აღდგენა, შესუსტებული ელემენტების შეცვლა ან გაძლიერება და სხვ. ს.შ. ფასდება სამი ძირითადი მახასიათებლით: შეუფერხებელი მუშაობის ალბათობით (ვარგისობით), ხანგამძლეობით და სარემონტოდ ვარგისობით. მიუხედავად იმისა, რომ საიმედოობის გაზომვა შეუძლებელია, მისი რაოდენობრივი მახასიათებლები მაინც იძლევა საშუალებას, სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების შედარებისას, შეფასდეს საიმედოობა რიცხვითი გამოსახულებით და დაისახოს მისი გაზრდის გზები. კონკრეტულად საიმედოობა წარმოადგენს კონსტრუქციის  (ნაგებობის) აუცილებელი თვისებების შენარჩუნების ზომას და სხვადასხვა ტიპის შემთხვევითი ფაქტორებისადმი წინააღმდეგობის უნარს, რომლებიც პრაქტიკულად არღვევენ ამ თვისებებს. ანუ, საიმედოობა დაკავშირებულია ობიექტის მუშაობის მახასიათებელ შემთხვევით ბუნებრივ სიდიდესთან და რაოდენობრივად აღიწერება ალბათობის თეორიის აპარატით. თეორიულად აბსოლუტური საიმედოობა, რომელიც რიცხობრივად ერთის ტოლია, არ არსებობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყოველთვის არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ კონსტრუქციამ დაკარგოს საექსპლოატაციო თვისებები. პრაქტიკულად სრული საიმედოობის მიღწევა შესაძლებელია დიდი ფინანსური დანახარჯებით, რაც კომერციული თვალსაზრისით მისაღები არაა. უმჯობესია შევქმნათ ისეთი საიმედოობა, რომელიც ახლოსაა ერთთან და შესაბამისად ფინანსური დანახარჯებიც გაცილებით ნაკლებია.

საიმედოობის კოეფიციენტი - სიდიდე, რომელიც ითვალისწინებს დატვირთვის შესაძლო ცვალებადობას ან გადახრას და მიიღება გატვირთვის საანგარიშო მნიშვნელობის ფარდობით მის ნორმატიულ სიდიდესთან: γ = P/P. მისი რიცხვითი სიდიდეები დატვირტვის სხვადასხვა სახეობებისათვის შემდეგია: მუდმივი - 1,1...1,2; ქარი - 1,2...1,3; თოვლი - 1,4...1,6; დროებითი - 1,2...1,6; შეყურსული - 1,2; აივნების და კიბეების მოაჯირები - 1,2.

საიმედოობის მაჩვენებელი - ობიექტის საიმედოობის შემადგენელი თვისებებიდან ერთი ან რამდენიმე მათგანის რაოდენობრივი მახსიათებელი.

საიმპორტო ბაჟი - იხ. გადასახადი იმპორტზე.

საინკასო დავალება - საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის (ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ბიუროები, კერძო აღმასრულებელი, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური) მიერ ბანკისთვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან თანხმობის გარეშე სახსრების უპირობო ჩამოწერაზე.

საინჟინრო - ინჟინრის საქმიანობასთან დაკავშირებული.

საინჟინრო დაცვა - კომპლექსი საინჟინრო ნაგებობების, საინჟინრო-ტექნიკური, ორგანიზაციულ-სამეურნეო და სოციალურ-სამართლებრივი ღონისძიებების, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო მეურნეობის ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვას წყალდიდობის, წყალმოვარდნის, ღვარცოფის, მეწყერის, ნაპირების რღვევის და სხვა პროცესების ზემოქმედებისაგან.

საინჟინრო კვლევა-ძიება - საველე-ლაბორატორიული და კამერული გეოდეზიური, გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელი საპროექტო და სამშენებლო მონაცემების მიღებას მოედნისა და მშენებლობის რაიონის ბუნებრივი პირობების შესახებ.

საინჟინრო ნაგებობა - სპეციალური პროექტის მიხედვით შექმნილი ტექნიკური ნაგებობა.

საინჟინრო სეისმოლოგია - გეოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის საინჟინრო საქმიანობის ზეგავლენას დედამიწის ქერქის ღრმა ჰორიზონტებზე, აგრეთვე სეისმურ მოვლენებს საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისი.

საინჟინრო ტექნოლოგია - ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის პროცესებს, მანქანის ზემოქმედებას ადამიანზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლისას. ამ დარგის უმთავრესი მიზანია გადაწყვეტილების მიღების შესწავლა დროის უმოკლეს ვადაში.

საინჟინრო-გეოლოგიური პირობები - გამოსაკვლევი ტერიტორიის გეოლოგიური გარემოს კომპონენტების მახასიათებლების ერთობლიობა (რელიეფი, მთის ქანების შემადგენლობა და მდგომარეობა, მათ შორის, მიწისქვეშა წყლები, გეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური პროცესები და მოვლენები), რომელიც გავლენას ახდენს დაპროექტებაზე, მშენებლობაზე და შესაბამისი დანიშნულების საინჟინრო ნაგებობის ექსპლუატაციაზე.

საინჟინრო-გეოლოგიური პროცესი - გეოლოგიური გარემოს კომპონენტების მდგომარეობის ცვალებადობა დროში და სივრცეში ტექნოგენური ფაქტორების ზემოქმედებისას.

საინჟინრო-კომუნალური ქსელები - დასახლებათა ტერიტორიებზე, მათ შორის, სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ან მის ფარგლებს გარეთ არსებული ძირითადი, საერთო ან ლოკალური წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობის, ნავთობპროდუქტებისა და სხვადასხვა აირების მილსადენების სისტემა, აგრეთვე ელექტრომომარაგებისა და უკაბელო ან საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები (ქსელები).

საინსპექციო ორგანო - ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

საინსტრუმენტო - ინსტრუმენტისათვის განკუთვნილი, ინსტრუმენტის დასამზადებელი.

საინფორმაციო ტექნოლოგიები - კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.

საირიგაციო - ყველაფერი, რაც განკუთვნილია ირიგაციისათვის (არხები, წყალსაწნეო სადგურები, ტუმბოები, ფილტრები და სხვ.).

საიტი - ვებგვერდების, სურათების, ვიდეოების და ა. შ. ერთობლიობა, რომელიც ატვირთული არის ერთ ან რამდენიმე სერვერზე და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ტელეფონით.

საკაბელო არხი - გრუნტში, იატაკში, გადახურვაში და ა.შ. ჩაღრმავებული დახურული ნაგებობა ელექტრული კაბელების განსათავსებლად.

საკაბელო გალერეა - მიწისქვეშა (მიწისზედა) ჰორიზონტალური (დახრილი) გრძელი გასავლელი ნაგებობა ელექტრული კაბელების ჩასაწყობად.

საკაბელო ელექტროხაზი - ელექტროენეგიის გადმცემი ხაზი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური კაბელისაგან შესაერთებელი, საჩერი და ტორსული ქუროების და სამაგრი დეტალების, ხოლო ზეთვსებული კაბელებისათვის, დამატებით, ზეთის წნევის სასიგნალო სისტემისა და ზეთის დასამატებელი აპარატურისაგან.

საკაბელო კამერა - მიწისქვეშა საკაბელო ნაგებობა, გადახურული ყრუ ასაწყობი ფილებით, რომელიც გამოყენება კაბელის ქუროების ჩასაწყობად ან კაბელის გაწელვისათვის ბლოკებად.

საკაბელო ნაკეთობა - ელექტრული ნაკეთობა, ინფორმაციის ელექტრული სიგნალების გადასაცემად ან ელექტრული მოწყობილობებისათვის მოქნილი გრაგნილების დასამზადებლად.

საკაბელო ღარი - ღია კონსტრუქცია კაბელებისა და გამტარების ჩასაწყობად.

საკაბელო შახტა - მიწისქვეშა ვერტიკალური საკაბელო ნაგებობა, რომლის სიმაღლე რამდენჯერმე მეტია სიგანეზე და აღჭურვილია კავებით ან კიბით ადამიანების გადაადგილებისათვის.

საკაბელო ჭა - საკაბელო კამერა, რომელსაც აქვს ლიუკი მასში შესასვლელად.

საკადასტრო მონაცემების ზედდება - უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

საკანალიზაციო ქსელის შევსების კოეფიციენტი - მილსადენში ან არხში თვითდინებით მოძრავი წყლის მასის სიღრმის შეფარდება მილსადენის დიამეტრთან ან საკანალიზაციო არხში თვითდინებით მოძრავი წყლის მასის სიღრმის შეფარდება არხის საანგარიშო წერტილში წყლის სიღრმესთან.

საკანალიზაციო ჩამშვები - მილსადენი, შენობა-ნაგებობებიდან ჩამდინარი წყლების გასაყვანად საკანალიზაციო ქსელში.

საკანი - პატიმართა ან დაკავებულ პირთა დასამწყვდევი სათავსი საპყრობილეში.

საკარიერო ველი - საბადო ან მისი ნაწილი, რომელიც მუშავდება ერთი კარიერით. ს.ვ. დამუშავების პროცესში ჰორიზონტალურ შრეებად იყოფა; მათი ამოღება წარმოებს ზედა შრეთა წინსწრებით, რის გამოც კარიერი ღებულობს საფეხურების ფორმას.

საკარიერო ტრანსპორტი - სასარგებლო წიაღისეულის ან ფუჭი ქანის გადასატანი (გადასაზიდი) ტრანსპორტი. დატვირთვის საწყისი პუნქტია კარიერის სანგრევი; განტვირთვის - ბუნკერები, მამდიდრებელი, სასარგებლო წიაღისეულის საწყობები. ს.ტ. ორგვარია: წყვეტილი მოქმედების (რკინიგზის, საავტომობილო და ა.შ.) და უწყვეტი მოქმედების (კონვეიერული, საბაგირო, მილსადენის და სხვ.). კარიერებში იყენებენ აგრეთვე ტრაქტორებს, დრაგლაინებს, სკრეპერებს, ბულდოზერებს.

საკარმიდამო ნაგებობები - ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთზე განლაგებული გარაჟი, აბანო, ფანჩატური, ფარდული, საზაფხულო სამზარეულო, სამეურნეო ნაგებობები ბაღ-ბოსტნის ინვენტარების შესანახად, საქონლის და ფრინველების მოსავლელად და სხვ.

საკარმიდამო ტუალეტი - მსუბუქი ნაგებობა, დადგმული ამოსაწმენდი ორმოს თავზე.

საკარცხული - მოჩუქურთმებული ხის სკამი ოჯახის უფროსის ან პატივსაცემი სტუმრისათვის.

საკედლე მასალა - შენობის ან ნაგებობის კედლების ამოსაყვანი საშენი მასალა და ნაკეთობები. ყველაზე მეტადაა გავრცელებული ქვის მასალები - წვრილცალეული (მაქსიმალური ზომა 500×300×200 მმ) და მსხვილზომიანი. წვრილცალეულს მიეკუთვნება თიხის და სილიკატური აგური, კერამიკული მრავალსიღრუიანი ქვები, ბეტონის წვრილი ბლოკები, მსუბუქი ქანების დახერხილი ქვები. ამ მასალების გამოყენებით კედლის ამოყვანა წარმოებს ხელით. მსხვილზომიანი - ბეტონის მსხვილი ბლოკები და პანელები. შემომზღუდავ პანელებს ამზადებენ ერთშრიანს (მსუბუქი ბეტონისაგან) ან მრავალშრიანს (მზიმე ბეტონისაგან) და ფარავენ თბოსაიზოლაციო შრით. ს.მ. მიეკუთვნება აგრეთვე: პლასტიკატები, მერქანმასალები, გაზობეტონის ბლოკები, პერლიტის ბლოკები და სხვ.

საკერპე (ბომონი, დაბირი) - საკულტო ნაგებობა აღმოსავლეთ სლავების არქიტექტურაში.

საკეტი - სამარჯვი, რომელიც ფარავს რომელიმე ნახვრეტს, რათა შეწყვიტოს ან რეგულირება მოახდინოს სითხის, ორთქლის, აირის ან ფხვიერი მასალის მიწოდების. ყველაზე მეტად გავრცელებულია სარქველიანი გადასაგდები (გადასახსნელი), სარქველიანი დამწნევი, ერთსაბრუნი, ორსაბრუნი, სასხლეტიანი, ტკაცუნა, ჩასასმელი, სექტორული, თითებიანი, ჯაჭვებიანი, შიბერული და სხვა სახის ს.

საკვალთი (რუს. Задвижка) - მოწყობილობა ნახვრეტის სრული ან ნაწილობრივი დაკეტვისათვის, მისი ღერძის მართობი ჩამკეტი ორგანოს გადაადგილების მეშვეობით. გამოიყენება წყალ-, ორთქლ- და აირსადენებში.

საკვამური (საკვამლე მილი) - 1. მოწყობილობა საწვავის (ნავთობპროდუქტები, ნახშირი, ტორფი, შეშა და სხვ.) წვის დროს წარმოქმნილი აირების არინებისათვის და წნევის შესაქმნელად, რომელიც აუცილებელია წვის დროს ჰაერის ნაკადისათვის (ნახ. 1). მზადდება ცეცხლგამძლე მასალისაგან; 2. ნაგებობიდან კვამლის ამოსასვლელი; კვამლსადენი.

საკიდელა (რუს. Люлька) - კიდული მოწყობილობა მოსაპირკეთებელი, სამღებრო, საბათქაშე და სხვა სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად (ნახ. 1). სამაგრები ეწყობა შენობის სახურავზე (ნახ. 2), რომელზეც ფოლადის ბაგირების მეშვეობით ჩამოეკიდება ს. ზევით-ქვევით გადასაადგილებლად ს. აღჭურვილია ელექტროძრავებით.

საკიდი - 1. რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში - ღუნვადი ელემენტების ცალკეული ღეროებით დაარმატურების შემთხვევაში განივი არმატურის სახელწოდება; 2. სატრანსპორტო მანქანებში - მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც აკავშირებს თვლებს ძარას ჩარჩოსთან და ამცირებს დინამიკურ დატვირთვებს ავტომობილზე, გამოწვეულს გზის უსწორმასწორობებით; 3. კავის ფორმით მოღუნული ლითონის ღერო, რომელიც ემსახურება მილების დამაგრებას, ხის ძელების, ხიმინჯების გადაბმას და სხვ.

საკისარი - მბრუნავი ან მოქანავე ღერძის ან ლილვის საყრდენის ნაწილი, რომელიც მათგან იღებს რადიალურ, ღერძულ და რადიალურ-ღერძულ დატვირთვებს. ს. არის სრიალის, რომლებშიც ლილვის სატაცი (ყელი) სრიალებს უშუალოდ საყრდენ ზედაპირზე და გორვის, რომლებშიც მბრუნავი დეტალისა და საყრდენი რგოლის ზედაპირებს შორის განლაგებულია ბურთულები ან გორგოლაჭები (ნახ. 1). სრიალის ს. საყრდენ ზედაპირებს შეიძლება ჰქონდეთ ცილინდრული, კონუსური ან სფერული ფორმა და მუშაობდნენ მშრალი, თხევადი ან შერეული ხახუნის პირობებში. სრიალის ს. გამოიყენება ანტიფრიქციული მასალები. გორვის ს. შედგება გარე და შიგა რგოლებისაგან, გორვის სხეულებისაგან და სეპარატორისაგან, რომელიც აკავებს მათ განსაზღვრულ მდგომარეობაში. მოქმედი დატვირთვების მიმართულების მიხედვით გორვის ს. არის რადიალური, რადიალურ-მისაბრჯენი, მისაბრჯენი; გორვის სხეულების ფორმის მიხედვით - ბურთულა, ბურთულა-სფერული, გორგოლაჭებიანი ცილინდრული, კონუსური, სფერული (თვითდაყენებადი); გორვის სხეულების განლაგების რიგების მიხედვით - ერთ- და მრავალრიგიანი. დანიშნულების მიხედვით ს. მრავალი სახეა ცნობილი.

საკმარისი პირობა - პირობა, რომლის შესრულებისას მოცემული მტკიცებულება უეჭველად სწორია.

საკმლის ხე - ფოთლოვანი რელიქტური იშვიათი ხის ჯიში, სიმაღლით 2…15 მ, აქვს ფართოდ გადაშლილი და ხშირად მიწის პირამდე ჩამოსული მომრგვალო ვარჯი (ნახ. 1). გავრცელებულია მცირე აზიიდან დასავლეთ ირანამდე, ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე (ანაპა, გელენჯიკი), აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში იზრდება ქართლში, გარე კახეთსა და ქიზიყში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი, კარგად შენახული კორომია შირაქის ზეგანზე (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი). მეორე დიდი მასივი არის აზერბაიჯანში ყარაბაღის ველზე (სულთადის კორომი, ისიც ნაკრძალია). სინათლისა და სითბოს მოყვარულია, კარგად ეგუება ნიადაგისა და ჰაერის სიმშრალეს. ხარობს ვაკეებსა და მთისწინეთში, გვხვდება მთის კალთებზეც, სადაც შერეულია სხვა ქსეროფილურ მერქნიან სახეობებთან (ქართული ნეკერჩხალი, მუხა, თელა, ჯაგრცხილა, ღვია და სხვ.). მთებში ზღვის დონიდან 1000 მ-მდე აღწევს. პერსპექტიულია მშრალი და ხრიოკი ადგილების გასამწვანებლად. იზრდება ძალიან ნელა (120 წლისა 5 მ სიმაღლეს აღწევს). ცოცხლობს 250…300 წელს (გვხვდება 1000 წლისაც). აქვს მკვრივი, მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენმშრალ ფისს ხმარობენ კევად, საღებავის დასამზადებლად, პარფიუმერიაში. ნაყოფი შეიცავს 60%-მდე ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის იყენებენ.

საკომპრესორო დანადგარი - კომპრესორის აგრეგატი დამატებითი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მის მუშაობას ანუ შეკუმშული ჰაერის მიღებას. ის შეიძლება იყოს სტაციონალური და გადასაადგილებელი. სტაციონალურში იყენებენ ჰაერის ერთ- და მრავალსაფეხურიან შეკუმშვას. სტაციონალური ერთსაფეხურიანი ს.დ. ძირითადი ელემენტებია: ფილტრი, კომპრესორი, ძრავი, ჰაერის გამტარი მილები, ვენტილი, ჩამკეტი, გამზომი ხელსაწყოები (მანომეტრი, თერმომეტრი და სხვ.), დამცავი და შექცეული სარქველები, ავტომატიკის, სიგნალიზაციის და მართვის ხელსაწყოები, ხოლო მრავალსაფეხურიანის - დამატებით შუალედური ჰაერგამაცივებლები. ყველა ს.დ. აღჭურვილია შეზეთვის ცირკულაციური სისტემით. გადასაადგილებელი დანადგარი მონტაჟდება ავტომისაბმელზე ან ავტომობილის შასიზე. კომპრესორის ასამუშავებლად გამოიყენება ელექტროძრავი, შიგაწვის ძრავი ან ორთქლის ტურბინები. ს.დ. ემსახურება საბრძმედე და ფოლადსასხმელ საამქროებს, მანქანათმშენებელ ქარხნებს, სამშენებლო ობიექტებს, სამთომადნო წარმოებებს, ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ საწარმოებს, ბუნებრივი აირის აირსადენებს და სხვ.

საკომპრესორო სადგური - შენობა, რომელშიც განთავსებულია ერთი ან რამდენიმე საკომპრესორო დანადგარი და ემსახურება ფაბრიკის, ქარხნის, საამქროს, სამშენებლო მოედნის და მისთ. მუშაობას.

საკონკურსო დოკუმენტაცია - დოკუმენტების კომპლექტი, რომელშიც დაფიქსირებულია შემსრულებლისადმი მოთხოვნები და კრიტერიუმები ფინანსური მდგომარეობის და კვალიფიკაციის შესახებ, ობიექტის ტექნიკური, კომერციული, ორგანიზაციული და სხვ. სწყისი ინფორმაციები, კონკურსის ჩატარების პირობები და პროცედურები.

საკონკურსო კომისია - კოლეგიალური მუშა ორგანო, შექმნილი კონკურსის ორგანიზატორის მიერ, წინასწარი შერჩევის ჩასატარებლად, საკონკურსო დოკუმენტაციის დასამტკიცებლად, საკონკურსო პროცედურების განსახორციელებლად, განაცხადების მისაღებად და ბოლოს, კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად.

საკონტროლო შეტყობინება - სიგნალი, რომელიც მიანიშნებს, რომ საჭიროა შემოვლითი მარშრუტის განხორციელება, ცეცხლსაქრობი სისტემების ან მოწყობილობის ან მასთან დაკავშირებული სისტემების განსაკუთრებული ფუნქციების გააქტიურება.

საკონტროლო-სასიგნალო მოწყობილობა - მოწყობილობა, როგორიცაა: სარქველის საკონტროლო ჩამრთველი, წყლის დონის ინდიკატორი ან ჰაერის დაბალი წნევის ჩამრთველი მშრალ საშხეფებელ სისტემაზე, რომლის მდგომარეობის შეცვლისას გამოიცემა სიგნალი, რომელიც მიანიშნებს არაბუნებრივ მდგომარეობაზე. სიგნალი გამოიცემა ასევე სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას და დამცავი ციკლის, დაკავშირებული ცეცხლსაქრობი სისტემების ან მოწყობილობის ან მასთან დაკავშირებული სისტემების განსაკუთრებული ფუნქციების გააქტიურების საჭიროებისას.

საკოჭი - ამა თუ იმ კონსტრუქციის (ნივნივების, თაღის, კამარისა და ა.შ.) ჰორიზონტალური შემკვრელი ძელი ან ლითონის ღერო, რომელიც აერთებს სამშენებლო კონსტრუქციის ბოლო კვანძებს.

საკრებელი - სტაციონალური ჭურჭელი ტექნოლოგიური პროცესის დროს ნივთიერების მოსაგროვებლად.

საკრებულო - 1. სამამაო; ბერების შესაკრები სადგომი მონასტერში; 2. ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იქმნება შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრებისაგან. ს. ახორციელებს თვითმმართველობას, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს ქალაქის მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საკრებულოს რეგლამენტით მისთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

საკუთრება - ყველაფერი ის, რასაც აქვს ფასი და ეკუთვნის ვინმეს. ს. თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.

საკუთრებაში გადაცემა - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არა იზოლირებული) ფართობზე კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭება.

საკუთრებით სარგებლობა - ცნება მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ, აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით.

საკუთრების განკარგვა - ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლება, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, განადგურება და სხვ.

საკუთრების უფლება - უფლება, რომელიც განსაზღვრავს რესურსების, მატერიალურ-ნივთობრივი დოვლათისა და მომსახურების გამოყენების ნებართვას.

საკუთრების ფლობა - ნივთის, ობიექტის და ა.შ. უშუალო ფლობა.

საკუთხვილე თავი - მრავალსაჭრისიანი ინსტრუმენტი გარეთა კუთხვილების (ხრახნების) გასაკეთებლად. მარტივი ს.თ. შედგება მრგვალი გარესახრახნისისა და სადებებისაგან, ასევე კორპუსისა და ურთიერთმონაცვლე წრიული ან პრიზმული ფორმის საკუთხვილე სავარცხლებისაგან.

საკუთხვილე ინსტრუმენტი - ინსტრუმენტი სხვადასხვა დეტალებზე კუთხვილების გასაკეთებლად. გარეთა (ჭანჭიკები, საჭრისები) და შიდა (ქანჩები, მილები) კუთხვილების გასაკეთებელი ინსტრუმენტები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ს.ი. მიეკუთვნება: საჭრისები, საკუთხვილე თავები, საღარავები, შიდასახრახნები და სხვ.

საკუთხვილე ჩარხი - ლითონსაჭრელი ჩარხი კუთხვილების მოსაჭრელად ჭანჭიკებზე, ხრახნებზე, ქანჩებზე და სხვა დეტალებზე. ტექნოლოგიური დანიშნულების მიხედვით ს.ჩ. არსებობს: საზეინკლო-ხრახნმჭრელი (მოძრავი ხრახნით, მაგრამ უმოძრაო ლილვით) - მაღალი სიზუსტის ჭანჭიკებაზე ხრახნების მოსაჭრელად;  ხრახნსაღარავი - გრძელი ხრახნების მოსაჭრელად; ხრახნგამხეხავი - ზუსტი ხრახნების გასასუფთავებლად პროფილური რგოლით; ქანჩის და ჭანჭიკის ხრახნის მოსაჭრელი - ჩვეულებრივი გარესახრახნების, საჭრისების, საკუთხვილე თავების და სხვ. გამოყენებით. ს.ჩ. მიეკუთვნება აგრეთვე მილებისა და ქუროების დასაჭრელი ჩარხები.

საკურთხეველი - 1. სამსხვერპლო; მსხვერპლის შეწირვის ადგილი; 2. კანკელით გამოყოფილი ნაწილი ქრისტიანული ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში.

საკურტნე კრამიტი - კეხის გასწვრივ დალაგებული საგანგებო ფორმის (უმეტესად ნახევარწრიული განივკვეთის) კრამიტი.

საკუჭნაო - 1. სურსათ-სანოვაგისა და სხვა ნივთების შესანახი სათავსი (ოთახი, ნაგებობა.); 2. „საჭმელთ სამარხავი სახლი“ (საბა).

სალარო - 1. დაწესებულებაში ფულადი ოპერაციების (მიღება, გაცემა) საწარმოებელი სათავსი; 2. „ლართ საუნჯე“ (საბა), განძსაცავი ძველ საქართველოში.

სალდო (იტალ.) - სხვაობა საწარმოს (ფირმის) ფულად შემოსავლებსა და დანახარჯებს შორის დროის განსაზღვრულ პერიოდში; სხვაობა ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის ღირებულებას შორის (სავაჭრო ბალანსის სალდო), საზღვარგარეთიდან სახსრების შემოსვლას შორის (ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის სალდო). დადებითი, აქტიური სალდო ნიშნავს შემოსავლების გადამეტებას ხარჯებზე, ხოლო უარყოფითი - პირიქით.

სალექარი - აუზი, რომელშიც დაბალი სიჩქარით მოძრავი სითხის ნაკადიდან გამოიყოფა და დაილექება მასში შეტივტივებული მინარევები. ს. იყენებენ წყლის გასაწმენდად ჰიდროკვანძების, საირიგაციო ნაგებობების, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებში და სხვ.

სალეწი (მანქანა) - მანქანა ან მანქანის (კომბაინის) ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სასოფლო–სამეურნეო კულტურების სალეწად. განასხვავებენ ს. დანიშნულების მიხედვით: მარცვლოვანი კულტურების სალეწად; სელსალეწი - თავაკების სახეხად და თესლის საწმენდად; ბოსტნეულის ს. და სხვ. უმარტივესი მარცვლოვანი ს. მუშა ორგანო შედგება: დოლურასაგან (წკილოვანი ან კბილანა) და დოლურასქვეშა ცხაურისგან. ის ლეწავს ჩატვირთულ მასას, მაგრამ არ გამოყოფს მარცვალს. უფრო რთულ ს., დოლურასა და ცხაურის გარდა გააჩნია ბურდოსაბერტყი, მარცვლის გამრჩევი და სხვა მოწყობილობები. ის სრულიად არჩევს მარცვალს და ახარისხებს მას. ს. ამძრავად გამოიყენება ან შიდაწვის ძრავა ან ელექტროძრავა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მარცვლოვანი სალეწების გამოშვება და გამოყენება შეწყდა და ის გამოიყენება მხოლოდ კომბაინებში სხვა დანადგარებთან ერთად.

სალი - „მაღალი ტინი, კლდე“ (საბა).

სალიანდაგო - რკინიგზის ლიანდაგისათვის განკუთვნილი, მის გამოყენებასთან დაკავშირებული.

სალიცილი (ლათ. Salix) - იხ. სალიცილმჟავა.

სალიცილმჟავა - ორგანული ნივთიერება; იყენებენ სამკურნალო ნივთიერებათა და საღებრების წარმოებაში.

სალოდე - იხ. დურო.

სალოკომოტივო ტრანსპრტი - მიწისქვეშა ტრანსპორტის ძირითადი სახე. გამოყენებულია ჰორიზონტალურ გვირაბებში მარგი წიაღისეულის, ფუჭი ქანისა და სხვა ტვირთის რკინიგზაზე მოძრავი ვაგონებით და ლოკომოტივებით ტრანსპორტირებისატვის.

სალონი (ფრანგ. Salon) - 1. კომფორტულად მოწყობილი საერთო ადგილი მგზავრებისათვის (გემზე, მატარებლის ვაგონში, ავტობუსში, თვითმფრინავში, ტროლეიბუსში, ტრამვაიში და მისთ.); 2. ზოგი სავაჭრო საქონლის (ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ხელსაწყოების, ძვირფასეულობის, ნახატების და სხვ.) სადემონსტრაციო დარბაზი; 3. კოსმოსური ტექნიკის, საფრენი აპარატების, ავტომობილების, მოტოციკლეტების, ველოსიპედების და მისთ. საერთაშორისო გამოფენა; 4. მდიდარი (ბურჟუაზიულ-არისტოკრატიული) სტუმრების მისაღები დარბაზი; 5. თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში: მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეთაგან შემდგარი წრე, რომელიც სისტემატურად იკრიბება ვისიმე სახლში; 6. საფრანგეთში (ამა თუ იმ ეპოქაში): თანამედროვე მხატვართა სურათების გამოფენა.

სალოცავი - სამლოცველო, ლოცვისათვის განკუთვნილი შენობა ან სადგომი.

სალტე - იხ. გვერგვი.

სალტესაღუნი - მოწყობილობა სპილენძის და ალუმინის დენგამტარი სალტეების მოსაღუნად. ძირითადი ტექნიკური პარამეტრები: ძალა (ტ); სალტის მაქსიმალური სიგანე და სისქე (მმ); მოღუნვის კუთხის დიაპაზონი (გრად.); მასა (კგ). არსებობს ს. ჰიდრავლიკური ელექტროამძრავით და ხელის მექანიკური. ს. მობილურობა და კომპაქტურობა საშუალებას იძლევა სამუშაოების ჩასატარებლად ადგილზე.

სალტესაჭრელი - მოწყობილობა სპილენძის და ალუმინის დენგამტარი სალტეების საჭრელად.

სალხინობელი - 1. კივორიუმი; საკურთხეველში ქვის ტრაპეზე დადგმული, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი საჩრდილობელი; 2. ჩარდახი, ბალდახილი; ბოძებზე ან ლატნებზე დამაგრებული უძრავი ან გადასატანი საჩრდილობელი.

სამაგრი - 1. შენობის ძირი ან ყორღანის საყრდენი კედელი; 2. ხის, ლითონის ან რკინა-ბეტონის სპეციალური კონსტრუქცია სანგრის, გვირაბის, შახტისა და მისთ. გასამაგრებლად.

სამაგრი მასალა - საშენი მასალები, გამოყენებული სამთო სამაგრისათვის: ხე, ბეტონი, რკინაბეტონი, ცემენტი, ტოლი, რუბეროიდი, თხევადი მინა და სხვ.

სამამაო - 1. საკრებულო; საპატიო სტუმრების მისაღები და საერთო სამონასტრო საქმეებზე მსჯელობისათვის განკუთვნილი საკრებულო დარბაზი მონასტერში; 2. სადაყუდებლო, სოხასტერი; განდეგილის სადგომი.

სამანი (თურქ.) - ჰაერზე გამომშრალი აგური, დამზადებული ქვიშის, თიხისა და ჩალის ნარევისაგან. გამოიყენება საშენ მასალად ტყით ღარიბ ადგილებში.

სამართალი - ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემა, რომელთა შესრულებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. სამართლის დარგებია: ეროვნული, კერძო, სამოქალაქო, სავაჭრო, შრომის, საჯარო, კონსტიტუციური, ადმინისტრაციული და სხვ.

სამართი (საწრფევი) - საბათქაშე ხელის ინსტრუმენტი, გლუვი ხის ძელი (ძელაკი) სიგრძით, როგორც წესი, 2 მ-მდე. გამოიყენება ნედლი ბეტონის (დუღაბის) ზედაპირის გასასწორებლად. არსებობს სხვადასხვა სახის: სწორი, კბილა, ირიბად წაჭრილი ნაწიბურით და ყულფი.

სამარკო - მაღალი ხარისხისა, ღირსებისა.

სამარტვილე - 1. ქრისტიანთა სამლოცველო; 2. წამებულ ქრისტიანთა სასაფლაო.

სამარხი - დასაფლავების ადგილი. ვიწრო გაგებით სამარხები მიეკუთვნება ყორღანების ტიპის საფლავებს, რომელთაც არ გააჩნიათ ზედნაყარი.

სამარჯვი - ტექნიკური აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ნამზადებისა და მჭრელი იარაღების დასამაგრებლად საჭირო მდგომარეობაში, აგრეთვე საამწყობო ოპერაციების საწარმოებლად. ს. არის; სპეციალური, უნივერსალურ-გასაწყობი და უნივერსალური.

სამაცივრო დანადგარი - სამაცივრო მანქანებისა და დამატებითი მოწყობილობების კომპლექსი, გამოყენებული ხელოვნური გაცივებისათვის. დამატებითში შედის მოწყობილობები კონდენსატორული წყლის გაცივებისა და მიწოდებისათვის, სიცივის გადამტანი აგენტის მომზადება და სხვ. მომხმარებლის ტექნოლოგიური მოწყობილობა ს.დ. შემადგენლობაში არ შედის.

სამაჯური - შემამჭიდროებელი დეტალი, რომელიც ეწინააღმდეგება სითხის შეღწევას მარალი წნევის არედან დაბალში მაშინ, როდესაც მათ შორის გადაადგილდება დეტალი (ჩვეულებრივ ცილინდრული ფორმის). იგი მზადდება რგოლის სახის П-სებრი კვეთის მქონე ტყავის ან რეზინისაგან. მისი ცილინდრული ზედაპირები მჭიდროდ ეკვრის უძრავი და გადასაადგილებელი დეტალის ზედაპირებს.

სამდინარო სადგური - შენობების, ნაგებობების და მოწყობილობების კომპლექსი სამდინარო ტრანსპორტის მგზავრების მომსახურებისათვის. ს.ს. განლაგებულია სათავსები: სალაროების დარბაზი, მოსაცდელი დარბაზი, ბარგის შესანახი საკნები, საყოფაცხოვრებო მომსახურების, ტექნიკური, დამხმარე სათავსები და სხვ.

სამება (თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი) - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში (ნახ. 1); მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ტიპოლოგიურად წმიდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან - დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია, რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად კათედრალის ერთიან მთავარ მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მ-ია. გუმბათის ყელს გარშემოსავლელი ბაქანი შემოუყვება. წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დასავლეთ ფასადზე სამი, სამნავიანი შვერილია, რომელთა პროპორციები მასიურს ქმნის ტაძრის საერთო მოცულობას. წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადი ასევე საკმაოდ რთული კონსტრუქციითაა გადაწყვეტილი. ტაძრის ფასადის მორთულობის მხრივ, აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე მდიდრულადაა გადაწყვეტილი. აღმოსავლეთ შუა შვერილზე თითქოსდა მიდგმულია მრავალწახნაგა აფსიდი, რომელზეც მასიური ჩუქურთმადამშვენებული ჯვარია გამოსახული. ოთხივე ფასადი მრავალფეროვანი ჩუქურთმის მწკრივითა და თაღებითაა შემკული. იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება - მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86,10 მეტრია (უშუალოდ ჯვარის კონსტრუქციის სიმაღლე 7,5 მ-ია). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი 14,07 მ-ის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07 მ-ზე (ამას ემატება ერთი მეტრის სისქის ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მ-ია. წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მ, სიგანე კი 64,68 მ-ია.

სამეთვალყურეო სადგური - შენობა-ნაგებობა ან მისი ნაწილი, სადაც მიდის შეტყობინებები და მუდმივად იმყოფება პერსონალი ამ შეტყობინებებზე რეაგირებისათვის.

სამეთვალყურეო სამსახური - სამსახური, რომელსაც ევალება შენობის (ტერიტორიის) შემოვლა დადგენილი მარშრუტის შესაბამისად, ასევე, სტაციონალური ცეცხლსაქრობი სისტემების ან სხვა სისტემების მუშაობის კონტროლი, რომელიც განკუთვნილია სიცოცხლისა და ქონების დასაცავად.

სამელიორაციო - მელიორაციასთან დაკავშირებული.

სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა - ნაგებობა ან ნაგებობათა სისტემა, რომელიც ემსახურება ტერიტორიების რწყვას (არხები, წყალსაწნეო სადგურები, ტუმბოები, ფილტრები და სხვ.). წარმადობის მიხედვით არსებობს ორი კატეგორიის: I - წარმადობით 10 მ3-ზე მეტი წყალგატარება წმ-ში; II - 1...10 მ3-მდე წყალგატარება წმ-ში.

სამერცხლე (სამტრედე) - 1. სხვადასხვა ფორმის (მრგვალი, სამკუთხა, სწორკუთხა, მრავალკუთხა) ფანჯრის ღიობი სხვენის სართულის ქანობიან სახურავზე (ნახ. 1), განკუთვნილი სხვენის გასანათლებლად და გასანიავებლად; 2. სხვენიდან სახურავზე გასასვლელი ფანჯარა.

სამერხული - 1. არქიტრავი; ძელი, რომელიც აერთიანებს ცალკეულ საყრდენებს, სვეტნარს და მას გადასცემს ზევით მდებარე კონსტრუქციების დატვირთვას; 2. იხ. ბუღაური.

სამეურნეო - მეურნეობისათვის განკუთვნილი, მეურნეობასთან დაკავშირებული, მეურნეობის ხასიათისა.

სამზადი - სამზარეულოს სახელწოდება იმერეთსა და გურიაში.

სამზარეულო - 1. ცალკე შენობა (ნაგებობა) ან ოთახი, რომელშიც გამართულია ღუმელი, ქურა, სამრეცხაო, მაგიდა, თაროები, კარადები და მისთ. საჭმლის მოსამზადებლად; 2. მზარეულის საქმიანობასთან, საჭმლის მომზადებასთან დაკავშირებული.

სამზეური - მარკიზა, საჩეხი; მზის სხივებისგან დაცვის მიზნით შენობის გარედან, სარკმლის თავზე მოწყობილი საჩრდილობელი.

სამთავრო - 1. შუა საუკუნეებში - სახელმწიფოს ნაწილი, მონარქიული წარმონაქმნი, რომელსაც მთავარი მართავდა; 2. ძვ. საბატონო; 3. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე (ნახ. 1). სამთავროს მთავარი ტაძარი წარმოადგენს გეგმით მართკუთხა ნაგებობას. გუმბათი ეყრდნობა 2 ბოძსა და საკურთხევლის შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებულია გვერდითი სათავსები. ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კამარებით გადახურული დიდი ეგვტერი - კარიბჭე. მეორე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად აღდგენილი.

სამთო ზედამხედველობა - სახელმწიფო კონტროლი წესების, ნორმების და ინსტრუქციების დაცვაზე, პროფილაქტიკური ზომების დამუშავებაზე და გატარებაზე უსაფრთხოების ტექნიკაში და წიაღისეულის დაცვაში

სამთო მასა - მიწის ზედაპირზე ამოტანილი მადნისა და ფუჭი ქანის მთლიანი მასა.

სამთო სამუშაოები - მარგი წიაღისეულის ამოღების მიზნით წარმოებული სამუშაოები.

სამთო საქმე - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც მოიცავს მიწის წიაღიდან სასარგებლო წიაღისეულის ამოღებას.

სამთო ტექნიკური პირობები (ფაქტორები) - გეოლოგიური გარემოსა და ტექნოგენური წარმონაქმნების კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს გრუნტული საშენი მასალებისა და მათი დასამუშავებელი მექანიზმების სისტემის შერჩევას.

სამთო წნევა - ხელოვნურად გაყვანილ მიწისქვეშა გამონამუშევრის ირგვლივ არსებულ ქანებში წარმოქმნილი დაძაბულობა.

სამთო-სამაშველო სამსახური - ობიექტის შემადგენლობაში მყოფი ან სახელშეკრულებო საწყისებზე მოწვეული სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი და საგანგებოდ მომზადებული სამსახური, რომლის დანიშნულებაა ობიექტზე ავარიის თავიდან აცილება, აგრეთვე, ავარიის შემთხვევაში ადამიანების გადარჩენა და ავარიის ლიკვიდაცია.

სამიკიტნო - ძვ. სასადილო-დუქანი, სადაც უმთავრესად მაგარი სასმელებით ვაჭრობდნენ; სახამრო, სარაჯხანა.

სამინისტრო - სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რომელიმე ცალკეულ დარგს.

სამკაპა - დეტალი ძირითად მილგაყვანილობათან მისი შტოების (მილების) მისაერთებლად. ამზადებენ ლითონისა და პლასტმასებისაგან.

სამკაპა დაშტამპულ-შენადუღი - სამკაპა, დამზადებული ფურცლოვანი ნაგლინისაგან ცხელი შტამპვის მეთოდით, ყელის მოქიმვით და ნაკერების ელექტროშედუღებით (ნახ. 1).

სამკაპა უნაკერო - სამკაპა, დამზადებული უნაკერო მილისაგან ცხელი შტამპვის ან ჰიდროშტამპვის მეთოდით.

სამკაპა შენადუღი - სამკაპა, დამზადებული უნაკერო ან ელექტროშენადუღი მილისაგან შტუცერის ჩაჭრის მეთოდით.

სამკარედი - ტრიპტიხი (ნახ.1); სამფრთიანი საკეცი (სურათი, შირმა და ა.შ.).

სამკვეთლო - საკურთხევლის ჩრდილოეთ მხარეზე მოქცეული სადგომი, სადაც ღვთისმასახურების ერთ-ერთი წესის აღსრულება - “კვეთა” წარმოებს, რაც სეფისკვერიდან ნაწილის ამოღებას ნიშნავს.

სამკითხველო - ბიბლიოთეკაში, კლუბში, სასწავლო კორპუსში გამოყოფილი ოთახი ან დარბაზი, სადაც წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს კითხულობენ.

სამლოცველო - 1. იგივეა, რაც სალოცავი (ნახ.1); 2. ეკვდერი, საჟამნო; ეკლესიას მიშენებული სადგომი ან მის შორიახლოს აგებული შენობა სალოცავად.

სამონტაჟო - მონტაჟისათვის განკუთვნილი, მონტაჟთან დაკავშირებული.

სამონტაჟო სამუშაოები - ლითონისა და ანაკრები რკ.ბ.-ის მზიდი კონსტრუქციების საინჟინრო (მათ შორის სანტექნიკური და ელექტროტექნიკური) და სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები.

სამონტაჟო სამუშაოები სიმაღლეზე - სიმაღლეზე სამუშაოების კომპლექსი (მონტაჟი, დემონტაჟი, რემონტი) სამშენებლო კონსტრუქციების, ანტენების, გარე რეკლამის, ჰაერსატარების, წყალშემკრებების, ვიდეოკონტროლის და სხვ. სახით. სამრეწველო ალპინიზმში ს.ს.ს. სრულდება მსხვილი ამწე-სატრანსპორტო ტექნიკის გამოყენების გარეშე.

სამონტაჟო ღიობი - პროექტით გათვალისწინებული ღიობი შენობის (ნაგებობის) კედელში ან გადახურვაში დიდგაბარიტიანი მოწყობილობების ან კონსტრუქციის მსხვილი კვანძების ადგილზე მისატანად.

სამორიგეო განათება - განათება არასამუშაო დროს.

სამორიგეო სადგური - შენობაში გამოყოფილი ადგილი, რომელსაც მუდმივად ემსახურება კვალიფიციური პერსონალი, სადაც ხდება განგაშისა და საზედამხედველო სიგნალების მონიტორინგი და უზრუნველყოფილია სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის სიგნალის გაგზავნის საშუალებით.

სამორინე - სპეციალური სათამაშო დაწესებულება, სადაც სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სათამაშო მაგიდების, კამათლების, სათამაშო აპარატებისა და სხვა ინვენტარის საშუალებით ხორციელდება ფულადი მოგების გათამაშება.

სამოსახლო ტერიტორია - 1. ტერიტორია, განკუთვნილი საქალაქო მშენებლობისათვის; 2. მიწის ნაკვეთები, დაკავებული ქალაქების და ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტებით.

სამოქალაქო თავდაცვა - ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დროს ან ამ მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეებისგან მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის ღონისძიებათა სისტემა

სამრავალკაცო - ყორღანი; სამაგრით გარშემორტყმული სამარხი, რომელიც რამდენიმე აკლდამას მოიცავს.

სამრეკლო - ცალკე მდგომი ნაგებობა ან ტაძრის ნაწილი, სადაც ზარებია ჩამოკიდებული (ნახ. 1).

სამრეცხაო დანადგარი - სატრანსპორტო მანქანების მექანიკური რეცხვისათვის განკუთვნილი დანადგარების კომპლექსი. ს.დ. არსებობს მოძრავი, რომელიც მონტაჟდება ურიკაზე; სტაციონარული - მბრუნავი ისრები, რომლებზეც დამაგრებულია ჯაგრისები; თაღოვანი რუსული П-ს ფორმის, რომლის პერიმეტრზე დამაგრებული შემფრქვევლები და ვერტიკალური და ჰორიზონტალური დიდი ჯაგრისები. მანქანების ქვევიდან გასარეცხად გამოიყენება ს.დ. მოძრავი ეტლებითა და მბრუნავი შემფრქვევლებით.

სამრეწველო - მრეწველობისათვის განკუთვნილი, მრეწველობასთან დაკავშირებული, მრეწველობის დამახასიათებელი.

სამრეწველო ალპინიზმი - მაღლივი სამუშაოების შესრულების ტექნოლოგია სამრეწველო და სხვა ობიექტებზე, როდესაც სამუშაო ადგილზე წვდომა ხორციელდება საწევარას ან გვარლზე (ბაგირზე) დაკიდების მეშვეობით.

სამრეწველო დამასხივებელი - ნაგებობა (ან მოწყობილობა) სხვადასხვა ნივთიერების მაიონიზირებელი სხივების დიდი დოზით დასასხივებლად.  გამოიყენება ქიმიური პროცესების ინტენსიფიკაციისათვის, ახალი ნივთიერებების სინთეზისათვის, მედიკამენტების, გადასახვევი მასალის, საკვები პროდუქტების სტერილიზაციისათვის, ახალი საშენი მასალების ლაბორატორიული კვლევისათვის და ა.შ.

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალები - სამრეწველო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ფეთქებადი ნივთიერებები (მათ შორის დენთი), აფეთქების გამომწვევი (მაიინიცირებელი) საშუალებები და პიროტექნიკური ნაკეთობები.

სამრეწველო ნაგებობანი - ნაგებობები, რომლებიც ასრულებენ გარკვეულ ფუნქციებს საწარმოო პროცესში ან ზიდავს ტექნოლოგიური მოწყობილობით, ნედლეულით, კომუნიკაციებით და მისთ. გამოწვეულ დატვირთვებს. მათი წილი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა საერთო ღირებულებაში შეადგენს 25%-ზე მეტს. ს. ნ. ტიპებისა და სახეობების ნომენკლატურა მოიცავს 100-ზე მეტ სახელწოდებას. მათ ყოფენ შემდეგ ძირითად ჯგუფებად: კომუნიკაციური დანიშნულების - გვირაბები, არხები, მილსადენები, ელექტროგადაცემის ხაზები, განათებისა და კავშირგაბმულობის საყრდენები, საკვამლე მილები, და სხვ.; სატრანსპორტო ნაგებობები - გზაგამტარები, ესტაკადები, გალერეები; აირისებრი და თხევადი პროდუქტებისა და ფხვიერი მასალების შესანახი, წყალ- და აირმომარაგების, ვენტილაციისა და კანალიზაციის სისტემების ნაგებობები - ბუნკერები, გაზგოლდერები, ნავთობსაცავები, სილოსები, წყალსადაწნეო კოშკები და რეზერვუარები, საშხეფი აუზები, შხეფსაცივრები, სალექარები, წყალსაღები და საწმენდი ნაგებობები და სხვ.; ნაგებობები ტექნოლოგიური მოწყობილობის დასაყრდნობლად და განსალაგებლად - დანადგარების საძირკვლები, ტექნოლოგიური აპარატურის დასადგმელი პოსტამენტები, ჩასაშვები ჭები, თაროები და სხვ.

სამრეწველო საწარმო - ჩაკეტილი სივრცე სპეციალური დანიშნულების შენობებსა და ნაგებობებში, სადაც მუდმივად (ცვლების მიხედვით) ან პერიდულად (სამუშაო დღის განმავლობაში) ხორციელდება ადამიანების შრომითი საქმიანობა.

სამრეწველო ტრანსპორტი - სამრეწველო საწარმოთა წარმოებრივი ტრანსპორტი, რომელიც წარმოების სფეროში გადაადგილებს შრომის საგნებსა და პროდუქტებს. ს.ტ. სახეობებს მიეკუთვნება: კონვეიერული, განუწყვეტელი მოქმედებისა და დიდი მწარმოებლურობისა; მონორელსური: საბაგირო მიწისზედა გზა, საჰაერო გზა (ბაგირზე დაკიდული ვაგონეტებითურთ); ჰიდრავლიკური მილსადენი ან წყლის ღარიანი ტრანსპორტი; პნევმოკაფსულური ანუ პნევმოკონტეინერული მილსადენი ტრანსპორტი. არასამრეწველო დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად ფართოდ იყენებენ ჩვეულებრივ და სპეციალურ საავტომობილო ტრანსპორტს (ბორტიანი და თვითმცლელი ავტომანქანები, ცისტერნები, ცემენტმზიდები და სხვ.).

სამრეწველო უსაფრთხოება - საშიშ საწარმოო ობიექტებზე ავარიისგან და მისი შედეგებისგან პიროვნებისა და საზოგადოების სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ინტერესების დაცულობის მდგომარეობა.

სამრეწველო უსაფრთხოება საგანგებო სიტუაციაში - საგანგებო სიტუაციის ზონაში სამრეწველო ავარიების და კატასტროფების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მოსახლეობის, საწარმოს პერსონალის, ეკონომიკის ობიექტების და ბუნებრივი გარემოს დაცულობის მდგომარეობა.

სამრეწველო უსაფრთხოების ექსპერტიზის სისტემა - სამრეწველო უსაფრთხოების ექსპერტიზის მონაწილეთა, აგრეთვე ნორმების, წესების, მეთოდების, პირობების, კრიტერიუმებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელთა ფარგლებშიც მიდის საექსპერტო საქმიანობის ორგანიზება.

სამრეწველო შენობები - სამრეწველო წარმოებისათვის განკუთვნილი შენობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიური პროცესების შესრულებისა და შრომისათვის საჭირო პირობებს. ს.შ. განასხვავებენ წარმოების დარგისა (მეტალურგია, სამთო მრეწველობა და ა.შ.) და სახეობის, ხოლო ცალკეული საწარმოებისათვის დანიშნულების მიხედვით. საწარმოოა ძირითადი და დამხმარე წარმოებისათვის გათვალისწინებული შენობები: ენერგეტიკული - თბოელექტროსადგური, საქვაბე, საკომპრესორო და სხვ.; სატრანსპორტო-სასაწყობო; დამხმარე - ადმინისტრაციული, საყოფაცხოვრებო (ნახ. 1, „სმარტი“-ის სავაჭრო ცენტრი თბილისი-ხაშურის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე), სამედიცინო და სხვ. ს.შ. შეიძლება იყოს ერთ-, ორ- ან მრავალსართულიანი, რომელთაგან ძირითადია ერთსართულიანი. ორ- და მრავალსართულიან ს.შ. იყენებენ შედარებით მსუბუქი ტექნოლოგიური მოწყობილობების მქონე წარმოებისათვის. ერთსართულიანი შენობებისათვის მიზანშეწონილია გამოვიყენოთ ანაკრები რკ.ბ.-ის მზიდი კონსტრუქციები, ხოლო მრავალსართულიანებში - მონოლითური რკ.ბ.-ის და ფოლადის კონსტრუქციები. კედლის ღიობების შესავსებად პრიორიტეტულია მსუბუი სამფენოვანი შეკიდული პანელების გამოყენება, რომელიც მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებებით გამოირჩევა. სამრეწველო შენობების ტიპის შერჩევისას ითვალისწინებენ საწარმოო პროცესების ხასიათს, მშენებლობის რაიონის კლიმატურ თავისებურებებს, ქალაქმშენებლობის პირობებს, უნიფიცირების, ტიპიზაციისა და ეკონომიკის მოთხოვნებს.

სამსახური - 1. დაწესებულება, ადგილი, სადაც მსახურობს ვინმე; 2. წარმოების რაიმე დარგი, მუშაობის რაიმე სპეციალური სფერო; 3. ვისიმე, რისამე სასარგებლო მუშაობა, საქმიანობა; ღვაწლი.

სამსახურის ნორმატიული დრო - ექსპლუატაციის რეკომენდებული დრო სარემონტო სამუშაოებამდე, რომელიც განისაზღვრება ლაბორატორიული გამოცდების შედეგების საფუძველზე შექმნილი ტექნიკური დოკუმენტაციით ან ანალოგიური კონსტრუქციის ექსპლუატაციის სტატისტიკური მონაცემებით.

სამსახურის ოპტიმალური დრო - სამსახურის ვადა, რომლის დროსაც კუთრი დანახარჯები შენობის ექსპლუატაციაზე იქნება მინიმალური.

სამსახურის საშუალო დრო - ერთი ტიპის კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადა, გამოთვლილი ამ კონსტრუქციის მტყუნებების სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე ექსპლუატაციის გარკვეულ პერიოდში.

სამსახურის ფაქტიური დრო - კონკრეტული კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადა მზიდუნარიანობის დაკარგვამდე.

სამსჭვალი - 1. ქვის ბლოკების დამაკავშირებელი ლითონის ღერო; 2. ძვ. ლურსმანი.

სამსხვერპლო - დაბირი, საზორავი; მსხვერპლად შეწირვის ადგილი.

სამსხვრევ-სახარისხებელი - ქარხნები და დანადგარები, რომლებშიც მასალა იმსხვრევა რამდენიმე სტადიად სხვადასხვა სამსხვრევების გამოყენებით და ხარისხდება ზომის მიხედვით ფრაქციებად, რაც მოითხოვს რთული ტექნოლოგიური პროცესების შესრულებას დიდი რაოდენობით სხვადასხვა მანქანების გამოყენებით. ს.-ს. ქარხნები ძირითადად განთავსდება არამადნეული წიაღისეულის განლაგებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სიახლოვეს. საგზაო მშენებლობისას ეფექტურია ადგილობრივი არამადნეული წიაღისეულით სარგებლობა, რომელიც მოიპოვება მცირე სიმძლავრის ტრასისპირა დროებით კარიერებში. ასეთ დამუშავებას ახორციელებენ გადასაადგილებელ სამსხვრევ-სახარისხებელ დანადგარებში.

სამსხვრეველა - მანქანა, რომელიც გამოიყენება მსხვილნაჭროვანი ქვის მასალების (მინერალური ქანების) დასაქუცმაცებლად. დანიშნულების, კონსტრუქციისა და მოქმედების პრინციპის მიხედვით ს. არის: 1. ყბებიანი, რომლებშიც მასალა იმსხვრევა დაწნევით, გაპობით და ნაწილობრივ გახეხვით ორ ყბას (მოძრავ და უძრავ) შორის. იგი პერიოდული მოქმედებისაა და გამოიყენება მსხვილი და საშუალო მსხვრევისათვის; 2. კონუსური, რომლებშიც მასალა იმსხვრევა დაწნევით, გადაღუნვითა და ნაწილობრივ გახეხვით ორ კონუსურ ზედაპირს (გარე და შიდა) შორის, უწყვეტად და გამოიყენება საშუალო და მსხვილი მსხვრევისათვის; 3. ლილვაკებიანი, რომლებშიც მასალა იმსხვრევა ორ, ერთმანეთის საპირისპიროდ მბრუნავ ლილვაკს შორის, უწყვეტად და გამოიყენება საშუალო და წვრილი მსხვრევისათვის; 4. დარტყმითი მოქმედების, რომლებშიც მასალა იმსხვრევა ჩაქუჩების ან საცემების დარტყმით, უწყვეტად; 5. რბიები და დეზინტეგრატორები (მიეკუთვნებიან, როგორც სამსხვრევ, ისე საფქვავ მანქანებს).

სამსხვრევი ჩაქუჩებიანი - დარტყმითი მოქმედების ქვასამსხვრევი, რომელშიც მექანიკური დარტყმის ზემოქმედებით მასალა იმსხვრევა – მოძრავი სხეულების (ჩაქუჩების) კინეტიკური ენერგია მთლიანად ან ნაწილობრივ გადადის დეფორმაციისა და რღვევის ენერგიაში. ს.ჩ., ისევე. როგორც როტორული, ხასიათდება მაღალი ხვედრითი მწარმოებლობით, კონსტრუქციის სიმარტივით და პროდუქტის მაღალი ხარისხით.

სამტეხლო - სხვადასხვა სახის ქვის საბადო, სადაც წარმოებს მისი ამოღება-დამუშავება.

სამუაშაო დროის გამოყენების მაჩვენებელი - გამომუშავებული სამუშაო დღეები, გამომუშავებული სამუშაო საათები, სამუშაო დღის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, კალენდარული დღეების და დროის ბალანსი.

სამურავი - აკლდამა; მიცვალებულის ნეშტის შესანახი ადგილი.

სამუშაო ადგილების კვოტირება (კვოტა) - მოსახლეობის მინიმალური რიცხოვნობის განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება შრომით მოწყობას ამა თუ იმ ორგანიზაციაში. მუნიციპალური საკუთრების ორგანიზაციებში კვოტირების უფლება აქვს მართვის ადგილობრივ ორგანოებს, საკუთრების სხვა ფორმების ორგანიზაციებში კი კვოტები დგინდება დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის ხელშეკრულების საფუძველზე.

სამუშაო ადგილი - 1. საწარმოთა წარმოებრივი სტრუქტურის ის პირველადი რგოლი, სადაც უშუალოდ ხორციელდება წარმოების პროცესი; 2. მომუშავეთა მუდმივი ან პერიოდული ყოფნის ადგილი, რომელიც საჭიროა საწარმოო პროცესების ჩატარებისა და მათზე დაკვირვებისათვის; 3. სივრცის ნაწილი გამოყენებული თანამშრომლების (ან თანამშრომელთა ჯგუფის) მიერ საწარმოო სამუშაო დავალების შესასრულებლად; ს.ა. შეიცავს: საწარმოო საშუალებებს (ჩარხები, მექანიზმები, აგრეგატები, დამცავი საშუალებები, ენერგეტიკული დანადგარები, კომუნიკაციის საშუალებები და სხვ.), ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ საშუალებებს, მოწყობილობებს, ინსტრუმენტებს (სამონტაჟო მაგიდები, დაზგები, თაროები და სხვ.). განასხვავებენ სამუშაო ადგილებს ძირითად, დამხმარე და მოსამსახურე მუშების, ინჟინერ-ტექნიკური და ადმინისტრაციულ-მმართველობითი პერსონაჟისთვის. ს.ა. ორგანიზებისას გაითვალისწინება საწარმოს ტექნიკური მონაცემები, შრომის ორგანიზაციის მეცნიერული მიღწევები, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ჰიგიენის რეკომენდაციები; შრომის დაცვის, ერგონომიკის, საინჟინრო ფსიქოლოგიისა და ტექნიკური ესთეტიკის მოთხოვნები და სხვ.

სამუშაო ადგილი ოპერატორის - ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ინფორმაციის ასახვის საჭირო საშუალებებით და დამხმარე მოწყობილობებით. სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს ინდივიდუალური და კოლექტიური. სამუშაო ადგილის ორგანიზება დამოკიდებულია ოპერატორის მიერ გადასაწყვეტი ამოცანების ხასიათზე და საგნობრივ-სივრცობრივი გარემოს თავისებურებაზე, რომლებიც განსაზღვრავენ ოპერატორის სხეულის მუშა მდგომარეობას, დასვენებისათვის პაუზების შესაძლებლობას, მართვის და ასახვის საშუალებების განლაგებას, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების აუცილებლობას, მოწყობილობების რემონტისათვის და აღჭურვისათვის საჭირო სივრცეს.

სამუშაო ადგილი ფიზიკური (ინდივიდუალური) - ზონა, რომელიც აღჭურვილია აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით და რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ერთი შემსრულებლის შრომითი საქმიანობა ერთ ცვლაში

სამუშაო ადგილის ორგანიზაცია - სამუშაო ადგილის ორგანიზაციაში იგულისხმება ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე მაღალმწარმოებლურ შრომასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვების აუცილებელი პირობების შექმნას, მოწყობილობის საუკეთესოდ გამოყენებას, შრომის შინაარსიანობისა და მიმზიდველობის ამაღლებას, მომუშავეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

სამუშაო დრო - შრომით საქმიანობაში მონაწილეობის დრო, რომელიც იზომება სამუშაო დღის, კვირის, თვის ან წლის ხანგრძლივობით (საათებში). სამუშაო დღისა და სამუშაო კვირის ხანგრძლივობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მეურნეობის დარგის, მუშაობის პირობების, პროფესიებისა და სხვათა მიხედვითაც. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, რომ კვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 41 საათს.

სამუშაო დროის დანაკარგები - სიდიდე, რომლითაც მცირდება სამუშაო დღეთა კალენდარული ფონდი ან სამუშაო დღის ნორმალური (ნორმირებული) ხანგრძლივობა. სამუშაო დროის დანაკარგებს ყოფენ ორ ჯგუფად: 1) მოქმედი კანონმდებლობით და სამუშაო დროის ბალანსში გათვალისწინებული გეგმური დანაკარგები; 2) წარმოებრივი პროცესის შეფერხებითა და მომუშავეთა უდისციპლინობით გამოწვეული სამუშაო დროის დანაკარგები. ამ უკანასკნელს ყოფენ მთელდღიურ და შიგაცვლურ მოცდენებად. მთელდღიურში იგულისხმება გაცდენილი სამუშაო დღეების რაოდენობა, ხოლო შიგაცვლურში - სამუშაო დღის შიგნით გაცდენილი საათების რაოდენობა.

სამუშაო დროის მოქნილი რეჟიმები - სამუშაო დროის ორგანიზაციის ფორმა, რომლის დროსაც ცალკეული მუშაკისათვის ან ორგანიზაციის დანაყოფთა მომუშავეთათვის, განსაზღვრულ პირობებში, დასაშვებია (ნებადართულია) სამუშაო დღის, სამუშაო კვირისა და სამუშაო წლის სამუშაო დროის მოქნილი რეჟიმებით ხანგრძლივობის თვითრეგულირება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობის შენარჩუნება. სამუშაო დროის მოქნილი რეჟიმების გამოყენების ძირითადი საფუძველია ობიექტური მიზეზებით სამუშაო დროის დანაკარგების შემცირება, ამ რეჟიმების მაქსიმალური თანაშეწყობით წარმოების მოთხოვნილებებთან და მომუშავეთა შესაძლებლობებთან. სამუშაო დროის მოქნილ რეჟიმებს მიეკუთვნება: მოქნილი სამუშაო წელი, მოქნილი (შეკუმშული) სამუშაო კვირა და სხვ.

სამუშაო დროის ფონდი - ერთი მომუშავის, საწარმოს, დარგის, ეკონომიკის (სახალხო მეურნეობის) მუშაობის ერთობლივი დაგეგმილი ან ფაქტობრივი დრო წლის, კვარტლის, თვის განმავლობაში. იზომება საათებში (კაცსაათებში) ან დღეებში (კაცდღეებში). ერთ მუშაზე გაანგარიშებულ სამუშაო დროის ფონდის მაჩვენებელს იყენებენ მუშათა საჭირო რიცხოვნობის განსაზღვრისათვის. განასხვავებენ კალენდარულ, ნომინალურ და სასარგებლო სამუშაო დროის ფონდს. კალენდარული ფონდი, ესაა გეგმური ან საანგარიშო პერიოდის კალენდარულ დღეთა რიცხვი; ნომინალური - კალენდარულ ფონდს გამოკლებული ამავე პერიოდში გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეების რაოდენობა; სამუშაო დროის სასარგებლო ფონდი კი გამოითვლება ნომინალურ ფონდს გამოკლებული იმავე პერიოდში სამუშაოზე სხვადასხვა მიზეზით გამოუსვლელობათა დღეების რაოდენობა. ეს მაჩვენებელი აუცილებელია წელიწადში (კვარტალში, თვეში) ერთი მუშის (მომუშავის) ნამუშევარი სამუშაო დღეების ან საათების რაოდენობის გასაანგარიშებლად. იგი გაიანგარიშება ერთი მუშის (მომუშავის) სამუშაო დროის ბალანსის საფუძველზე. ცხადია, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება სამუშაო დროის შიგაცვლური მოცდენები (დანაკარგები).

სამუშაო დროის შიგაცვლური დანაკარგები (მოცდენები) - წარმოებრივი პროცესის დადგენილი რეჟიმისა და მომუშავეთა მხრიდან შრომითი დისციპლინის დარღვევით გამოწვეული, მუშაობაში არარეგულარულ შესვენებათა დრო. პირველი ჯგუფის ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზებია: შრომისა და წარმოების ცუდი ორგანიზაცია, სამუშაო ადგილებზე ნედლეულისა და მასალების მიწოდებაში შეფერხება, აუცილებელი აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების უქონლობა, არადროული და უხარისხო მომსახურება, ელექტროენერგიის უქონლობა და ა.შ. მეორე ჯგუფის დანაკარგებია: არასაპატიო გაცდენები, დაგვიანება სამუშაოზე ან სამუშაოდან ადრე წასვლა და ა.შ.

სამუშაო დღე - კანონმდებლობით დადგენილი მუშაობის (სამუშაო დროის) ხანგრძლივობა დღე-ღამეში. განასხვავებენ ნორმირებულ და არანორმირებულ ს.დ. მათ შორის განსხვავების ძირითადი საფუძველია მათი გაანგარიშების სხვადასხვა (განსხვავებული) მეთოდიკა. ნორმირებული სამუშაო დღის ხანგრძლივობა დგინდება წინასწარ, სამუშაო დროის განსაზღვრული რაოდენობის საათებში. ნორმირებული სამუშაო დღე შეიძლება იყოს: ნორმალური (სრული), არასრული, შემოკლებული, შეღავათიანი. არანორმირებული სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

სამუშაო დღე არასრული - ზოგიერთი მუშა-მოსამსახურისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შემცირებული სამუშაო დრო.

სამუშაო დღის განაწესი - სამუშაო დღის განმავლობაში მუშაობისა და დასვენების დროის განსაზღვრული სახის მონაცვლეობის მარეგულირებელი დადგენილი წესი (რეჟიმი). მისი დამუშავების მიზანია მომუშავის შრომისუნარიანობის უზრუნველყოფა, დასვენებისას შრომისუნარიანობის სრული აღდგენა. მუშაობისა და დასვენების რაციონალური მონაცვლეობა აუცილებელია როგორც ფიზიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

სამუშაო ეტალონი (ფრან.) - ზომა ან საზომი ხელსაწყო, რომელიც ემსახურება რაიმე სიდიდის ერთეულის კვლავწარმოებას, შენახვასა და გადაცემას. ეტალონს, დამტკიცებულს როგორც ამოსავალს ქვეყნისათვის, ეწოდება სახელმწიფო ეტალონი.

სამუშაო ზედაპირი - ზედაპირი, რომელზედაც წარმოებს მუშაობა და რომლის მიმართ ხდება განათებულობის ნორმირება და ანგარიში.

სამუშაო იზოლაცია - ელექტრული იზოლაცია ელექტროდანადგარის ძაბვის ქვეშ მყოფი დენგამტარი ნაწილებისა, რომლების განაპირობებენ მის ნორმალურ მუშაობას და დაცვას ელექტროდენის დარტყმისაგან.

სამუშაო საათები მოქნილი - გარკვეული ნორმების ფარგლებში, მუშა-მოსამსახურეთა მიერ დაწესებული თავიანთი ყოველდღიური სამუშაო გრაფიკები (ჩვეულებრივ ყველა მოსამსახურე ადგილზე უნდა იყოს „ძირითად“ სამუშაო პერიოდში).

სამუშაო საათები ცვალებადი - სხვადასხვა კომპანიის ან ორგანიზაციის მიერ დაწესებული მუშაობის დაწყების და დასრულების დრო. კანონმდებლობით, ნებისმიერ კერძო კომპანიას უფლება აქვს თვითონ დააწესოს სამუშაო საათები, მაგრამ იგი რაოდენობრივად არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ნორმატივს.

სამუშაო ფრონტი - სამშენებლო ობიექტის უბანი (შემოფარგლული ზოლების, მოედნების ან მოცულობების სახით), რომელიც შეიცავს სამუშაო (სამონტაჟო) ან მოსამზადებელ ზონას, რომელიც აუცილებელია სამუშაო ადგილების, სამშენებლო მანქანების, ინსტრუმენტების, მოწყობილობების, გამოსაყენებელი მასალებისა და ნაკეთობების განთავსებისათვის.

სამუშაო ციკლის დრო - დრო, დახარჯული ერთი ნორმირებული სამუშაო ციკლის შესრულებაზე.

სამუშაო ძალა - ფიზიკურ და სულიერ უნართა ერთობლიობა, რომელიც რეალიზდება შრომის ბაზარზე. ზოგჯერ მასში გულისხმობენ რეალურ და პოტენციურ მომუშავეებს, რაც იგივე «შრომითი რესურსებია». ხშირად ამ ცნებას იყენებენ ვიწრო გაგებით და მასში გულისხმობენ მომუშავეთა საერთო რაოდენობას ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკის რომელიმე კონკრეტულ დარგში ან ქვეყნის რომელიმე რეგიონში.

სამუშაო ძალის ხარისხი - ადამიანების თვისებების ერთობლიობა, რომელიც გვევლინება შრომის პროცესში და რომელიც მოიცავს კვალიფიკაციასა და მომუშავის ისეთ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, როგორიცაა ფიზიოლოგიური და სოციალურ- ფსიქოლოგიური თავისებურებანი (ჯანმრთელობის მდგომარეობა, გონებრივი შესაძლებლობანი), ადაპტირებულობა, მობილურობა და ა.შ.

სამუშაოები ავარიულ-სამაშველო - სამუშაოები საგანგებო სიტუაციის ზონაში, რომლის მიზანია ადამიანთა, მატერიალური და კულტურული ფასეულობების გადარჩენა, გარემოს დაცვა და საშიში ფაქტორების მოსპობა ან შესაძლო მინიმალურ დონემდე დაყვანა. ავარიულ-სამაშველო სამუშაოები ხასიათდება ისეთი ფაქტორების არსებობით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ სამუშაოების შემსრულებელ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მოითხოვენ სპეციალურ მომზადებას, ეკიპირებას და აღჭურვილობას.

სამუშაოები დამატებითი - სამუშაოები, რომელთა შესრულების აუცილებლობა გამოვლენილია ობიექტის მშენებლობის პროცეში. იგი ფინანსდება დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად და ექვემდებარება იმ ინსტანციის მიერ დამტკიცებას, რომელმაც დაამტკიცა ძირითადი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

სამუშაოები ზამთრის - სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც სრულდება ზამთრის პირობებში (ტემპერატურა ნაკლები +5ºC-ზე) და მოითხოვს სპეციალური ტექნოლოგიების ან საორგანიზაციო ზომების გატარებას მშენებლობის რაიონის ტემპერატურის შესაბამისად.

სამუშაოები ძაბვის ქვეშ - სამუშაოები ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ უბნებზე.

სამუშაოების ორგანიზაცია - ღონისძიებების კომპლექსი სამუშაოების მომზადებისა და შესრულებისათვის; მოსამსახურეებისათვის სამუშაოს შესრულების, მომზადების, შემოწმების, მოწყობილობების წუნდების, სამუშაო ადგილის მომზადების (შემოღობვის ჩათვლით), პერსონალის განათლების, კადრების ოპტიმალური განაწილების, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სხვ. პირობების გაცნობა.

სამუშაოების წარმოების პროექტი - ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს სამუშაოთა წარმოების შედარებით რთული საწარმოო პროცესებისათვის შენობის ან მისი ნაწილების მშენებლობის პროცესში, აგრეთვე ოპერატიული გეგმარებისას.

სამუშაოზე დაშვება - სამუშაოზე დაშვების ნებართვა სამუშაო ადგილის მიღების, გაფორმების, ბრიგადის შემადგენლობის შემოწმებისა და მისი შესაბამისი ინსტრუქტირების შემდეგ.

სამუშაოზე მიღება - პერსონალის დაქირავების დასკვნითი ეტაპი, რომელიც გამოიხატება პიროვნების ორგანიზაციის თანამშრომლად მიღების იურიდიული გაფორმებით. თანამშრომლის სამუშაოზე მიღების შესახებ ბრძანების (განკარგულების) გამოცემის საფუძველია შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი).

სამუშაოთა კატეგორიები - სამუშაოთა დაყოფა სიმძიმის მიხედვით ორგანიზმის საერთო ენერგოდანახარჯების საფუძველზე: I კატეგორია - მსუბუქი ფიზიკური სამუშაოები; II კატეგორია - საშუალო სიმძიმის ფიზიკური სამუშაოები; III კატეგორია - მძიმე ფიზიკური სამუშაოები.

სამუშაოს ანალიზი - სამუშაოს სისტემატური კვლევის პროცესი, რომლის მიზანია მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებისა და მოცემული სამუშაოს შესრულებისადმი წაყენებული მოთხოვნების განსაზღვრა.

სამუშაოს სპეციფიკაცია - სამუშაოს ანალიზის საფუძველზე შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ თანამდებობაზე ან სამუშაო ადგილზე მუშაობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

სამუშაოს შემსრულებელი (მენარდე) - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს და უწევს სხვა მომსახურებას დამკვეთს სანარდო ხელშეკრულების შესაბამისად.

სამუხრუჭე გზა - მანძილი, რომელსაც გაივლის მოძრავი ტრანსპორტი დამუხრუჭების დაწყებიდან მის სრულ გაჩერებამდე.

სამფენიანი პანელი - სამი ძირითადი შრისაგან შედგენილი პანელი. გარე შრეები (შემოსვები) მზადდება ფანერის, ლითონის, პლასტმასის ან ბეტონისაგან, ხოლო შუა - თბოსაიზოლაციო მასალისაგან. კონსტრუქციის მიხედვით ს.პ. არსებობს: ხე-ფანერის (შემოსვები - ფანერის, მოჩარჩოება და სიხისტის წიბოები - ხის, შუა შრე - მინერალური ბამბის, ქაფპლასტის, ქაფპოლისტიროლის ან ქაფპოლიურეთანის), ალუმინის (შემოსვები - ალუმინის, მოჩარჩოება ალუმინის შველერი, სიხისტის წიბოები - ალუმინის პროფილები, შუა შრე - მინერალური ბამბის, ქაფპლასტის, ქაფპოლისტიროლის ან ქაფპოლიურეთანის); ფოლადის (შემოსვები - ფოლადის, მოჩარჩოება - ფოლადის შველერის, სიხისტის წიბოები - ფოლადის პროფილები, შუა შრე - მინერალური ბამბის, ქაფპლასტის, ქაფპოლისტიროლის ან ქაფპოლიურეთანის); პლასტმასის (შემოსვები - მინაპლასტიკის, მოჩარჩოება - მინაპლასიკის შველერი, სიხისტის წიბოები - მინაპლასტიკის პროფილები, შუა შრე - მინერალური ბამბის, ქაფპლასტის, ქაფპოლისტიროლის ან ქაფპოლიურეთანის); ბეტონის (ნახ. 1. გარე შრე - დაარმირებული მძიმე ან მსუბუქი ბეტონის და მოპირკეთებული დეკორატიული მასალებით, როგორიცაა ბუნებრივი ქვა, ხელოვნური ქვა, მარმარილოს ნაფხვენი და სხვ., შუა შრე - მინერალური ბამბის ან ქფპოლისტიროლის, შიდა შრე - დაარმირებული ბეტონის); „სენდვიჩ“ პანელი (ნახ. 2. შემოსვები ძირითადად ფოლადის ფურცლების, შუა შრე - ქაფპოლიურეთანი ან ქაფპოლისტიროლი). ზოგჯერ ს.პ. აკეთებენ ეკრანით (ხმაურისა და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დასაცავად), რომელიც არის პანელის გარე შრე, ხოლო შიდა შრე მზადდება დაარმირებული ბეტონისაგან, შუა - თბოსაიზოლაციო მასალისაგან.

სამქადაგებლო - ამბიონი, საფსალმუნე; ქადაგების წარმოსათქმელად მოწყობილი შემაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ. ადრე ქრისტიანულ არქიტექტურაში ტაძრის გუმბათის ქვეით ან პატრონიკეს გასწვრივ მოთავსებული კათედრა.

სამღებრო აპარატი - მანქანებისა და მოწყობილობების კომპლექტი ლაქ-საღებავებით ზედაპირების შესაღებად, რომელიც მიეწოდება შეკუმშული ჰაერით. ს.ა. შედგება საღებავის საჭირხნი ავზის, კომპრესორის, ლაქ-საფრქვევი დამბაჩის, მილებისა და შეკუმშული ჰაერისაგან. ს.ა. მწარმოებლობაა 600 მ2/სთ.

სამღებრო სამუშაოები - შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციების ზედაპირის დაფარვა საღებავით ამ კონსტრუქციების გამოსადეგობის ვადის გაზრდის, სათავსებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის ლამაზი იერსახის მინიჭების მიზნით. გარე ფასადების შესაღებად იყენებენ ზეთიან საღებავებს, შიგა სათავსების კედლებს ღებავენ წებოვანი წყალემულსიური საღებავებით, ხოლო მაღალი ტენიანობის სათავსებს, სადურგლო და ლითონის ნაკეთობებს - უნივერსალური სინთეზური საღებავებით.

სამღებრო ფუნჯი - სამღებრო ინსტრუმენტი საღებავის დასატანად შებათქაშებულ, ხის, ლითონის, ქვის, პლასტმასის და სხვ. ზედაპირზე. მისი დამზადებისათვის გამოიყენება ჯაგარი, ცხენის ძუა, წებო და ჯაგრის ნარევი. დანიშნულების მიხედვით ს.ფ. არის შემდეგი სახის: ხელის (ზედაპირის დაგრუნტვისა და შეღებვისათვის); ბრტყელი (ზედაპირის დაგრუნტვის, შეღებვისა და ლაქის წასასმელად); მქნევარა (ზედაპირების გარეცხვის, დაგრუნტვის, შეთეთრებისა და შეღებვისათვის); ჩასაწები (ზედაპირის შესაღებად წყალხსნარებით); სალირსე (მოსაპირკეთებელი ოპერაციებისათვის); შუბლა (ახლად შეღებილი ზედაპირის დასამუშავებლად და მისთვის ხორკლიანი სახის მისაცემად) და სხვ.

სამყოფი - შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც გამოიყენება ადამიანთა ხანგრძლივი დროით დაყოვნებისათვის. სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისათვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის) გამოყენებული ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის, არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ შედის ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). არსებობის შემთხვევაში ს. ფართობში შედის ლოჯიისა და ვერანდის ფართობები.

სამშენებლო - მშნებლობისათვის განკუთვნილი, მშენებლობასთან დაკავშირებული.

სამშენებლო არმატურის სახეები - მშენებლობაში სამშენებლო არმატურას უწოდებენ სხვადასხვა კვეთისა და ფორმის ფოლადის ღეროებს, ფოლადის ბაგირებსა და წნულებს, რომლებიც ღებულობენ გამჭიმ და მხებ ძაბვებს, წარმოშობილს რკინაბეტონის ელემენტებში გარე დატვირთვებისა და კონსტრუქციის საკუთარი წონისაგან. არმატურა არის მუდმივი კვეთის (გლუვზედაპირიანი ღეროები) და პერიოდული პროფილის. დამზადების შრომატევადობისა და დიამეტრის მიხედვით არმატურა შეიძლება იყოს მსუბუქი (12 მმ-მდე დიამეტრის) და მძიმე (დიამეტრით 12...40 მმ). რკ.ბ.-ის კონსტრუქციებსა და ნაგებობებში გამოყენებული არმატურა იყოფა სახეებად: მუშა, გამანაწილებელი, საკიდები და სამონტაჟო (ნახ. 1. არმატურის განლაგება რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში: 1-ფილა; 2-ფილის ბადის მუშა არმატურა; 3-ფილის ბადის სამონტაჟო არმატურა; 4-კოლონის განივი არმატურა (საკიდები); 5-კოლონის გრძივი მუშა არმატურა; 6-კოჭის განივი არმატურა; 8-კოჭის კარკასის გრძივი მუშა არმატურა; 9-კოჭი; 10-კოლონა). მუშა არმატურა ღებულობს გამჭიმ ძალებს; გამანაწილებელი - იჭერს მუშა არმატურის ღეროებს საპროექტო მდგომარეობაში და ანაწილებს დატვირთვებს მათ შორის; საკიდები კრავს არმატურებს ერთიან კარკასად და იცავს ბეტონს დახრილი ბზარების გაჩენისაგან საყრდენებთან; სამონტაჟო არმატურა არავითარ ძალებს არ ღებულობს, ის ემსახურება არმატურის კარკასის აწყობას და უზრუნველყოფს მუშა არმატურისა და საკიდების ზუსტ განლაგებას კონსტრუქციის დაბეტონებისას. დაბეტონების პროცესში რომ არ მოხდეს გრძივი არმატურის ცოცვა ბეტონში, ახდენენ მისი ბოლოების მოღუნვას კაკვის სახით. პერიოდული პროფილის არმატურის გამოყენება ხშირად გამორიცხავს ბოლოების მოღუნვის ოპერაციის აუცილებლობას მისი ბეტონთან კარგი შეჭიდულობის გამო, რაც იძლევა არმატურის მასალის ეკონომიას.  როცა მუშა არმატურა განლაგებულია არა მარტო გაჭიმულ, არამედ შეკუმშულ ზონებშიც, მაშინ მას უწოდებენ ორმაგ დაარმატურებას. დაყენების ხერხის მიხედვით არმატურა არსებობს: ღეროვანი (ნახ. 2), არმატურის ბადეები, არმატურის კარკასები და არმატურული კონსტრუქციები. ღეროვანი არმატურა შეიძლება იყოს წრიული კვეთის მავთულოვანი (ნახ. 3) ან ხისტი გაგლინული ფოლადის პროფილებით (ორტესებრი, შველერი, კუთხოვანა, რელსი, მილი და სხვ.). გამოიყენება მცირე მოცულობის სამუშაოების შესრულების დროს. ბადეები არის ურთიერთგადამკვეთი ღეროების ერთობლიობა, შეერთებული გადაკვეთის წერტილებში შედუღებით ან მავთულით. გამოიყენება ძირითადად ფილების დასაარმირებლად. კარკასები შედგება გრძივი მუშა არმატურისა და მათი შემაერთებელი განივი არმატურისაგან (საკიდებისაგან). ის შეიძლება იყოს ბრტყელი ან სივრცითი. ძირითადად გამოიყენება კოჭებისა და კოლონების დაარმირებისათვის. არმატურულ კონსტრუქციებს მიეკუთვნება გამზადებული შენადუღი ბადეები და კარკასები. განივკვეთის პროფილის მიხედვით არმატურა არის წრიული კვეთის, გლუვზედაპირიანი (ნაჭდევების გარეშე) და პერიოდული პროფილის (ნაჭდევებით). წინასწარ დაძაბული კონსტრუქციებისათვის მაღალი სიმტკიცის ღეროების პარალელურად გამოიყენება ფოლადის ბაგირები, წნელები და წნულები, დამზადებული მაღალი სიმტკიცის მავთულისაგან დიამეტრით 3 მმ.

სამშენებლო აწევა - მცირე აღუნვა თაღის, გუმბათის შექმნა სამშენებლო კონსტრუქციების დამზადების პროცესში. ის საშუალებას აძლევს ნაგებობას მიიღოს საპროექტო ფორმა საექსპლუატაციო დატვირთვების გავლენის ქვეშ. სამშენებლო აწევა აუმჯობესებს კონსტრუქციის საექსპლუატაციო და არქიტექტურულ ხარისხს. ის გაითვალისწინება სხვადასხვა კონსტრუქციების დამზადებისას (მაგ. გადახურვებში, ხიდის კონსტრუქციებში და სხვ.).

სამშენებლო დოკუმენტები - 1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი მომზადებული ან შეკრებილი ვერბალური, გრაფიკული და ილუსტრირებული დოკუმენტები, რომლებიც აღწერენ პროექტის ელემენტების დაპროექტებას (დიზაინს), მდებარეობას და ფიზიკურ მახასიათებლებს; 2. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს.

სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა - შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის სამშენებლო დოკუმენტისაგან ისეთი განსხვავებული განხორციელება (მშენებლობა), რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.

სამშენებლო ეზო - იგივეა რაც საქმიანი ეზო, სადაც თავმოყრილია მშენებლობისათვის საჭირო დამხმარე მცირე წარმოებები - ბეტონის, ლითონის, ხის საამქროები, საწყობები, სამშენებლო ტექნიკისა და ავტომობილების სადგომი, სამუშაოთა მწარმოებლის ოფისი და სხვ.

სამშენებლო თბოტექნიკა - სამშენებლო ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სითბოს გადაცემის პროცესს და მის გავლენას სხვა ფიზიკურ პროცესებზე, რომლებიც წარმოებს შენობა-ნაგებობებში და მათ კონსტრუქციებში, სამშენებლო თბოტექნიკის ძირითადი ამოცანაა - შემომზღუდავი კონსტრუქციების თბოტექნიკური თვისებების დადგენა, რომლებიც უზრუნველყოფენ (გათბობის სისტემებს, ვენტილაციის, ჰაერის კონდიცირების გავლენის გათვალისწინებით) ტემპერატურული და ტენიანობის ჰიგიენური პირობების შენარჩუნებას საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და საწარმოო სათავსების შიგნით. სამშენებლო თბოტექნიკის როლი იზრდება შემსუბუქებული შემომზღუდავი კონსტრუქციების მშენებლობაში გამოყენებასთან ერთად.

სამშენებლო ინდუსტრია - ქვეყნის სამრეწველო საწარმოების ერთობლიობა ნაკეთობების, დეტალების, კონსტრუქციების და ა.შ. დასამზადებლად, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო, სამრეწველო, სამხედრო, სპეციალური და სხვ. დანიშნულების სამშენებლო ობიექტების ასაგებად.

სამშენებლო კერამიკა - კერამიკისგან დამზადებული მასალები და ნაკეთობები, რომლებიც გამოიყენება მშენებლობაში. ს.კ. მიეკუთვნება: საკედლე მასალები, გადახურვის ღრუტანიანი ნაკეთობები, ფასადების და შიდა ზედაპირების დასაფარი ფილები (როგორც კედლებისათვის, ისე იატაკისათვის). სახურავის მასალები (კრამიტი) სანიტარულ-ტექნიკური მილები, მჟავამედეგი ნაკეთობები (აგური, ფილები), მოსაპირკეთებელი თბოსაიზოლაციო მასალები, სპეცდანიშნულების ნაკეთობები (კლინკერი, ქვები მიწისქვეშა ნაგებობებისათვის).

სამშენებლო კვანძი - კვანძი, სადაც ხდება სამშენებლო კონსტრუქციების, სამშენებლო კონსტრუქციების ელემენტებისა და მისი შემადგენელი ნაწილების შეერთება (ნახ. 1. ლითონის წამწის კვანძები: 1-ქვედა სარტყელი; 2-ზედა სარტყელი; 3-ირიბანა; 4-კვანძის ფასონურა; 5-ფურცლოვანი ზედი; 6-საბურულე მზიდი Z-პროფილი; 7-ჭანჭიკები). ზოგადად, შენობა-ნაგებობას გააჩნია უამრავი კვანძი, მაგ.: საძირკვლის შეერთება კოლონასთან, კოლონის - სანივნივე კონსტრუქციასთან, კოლონის - საკედლე პანელებთან, გადახურვის ფილის - რიგელთან, რიგელების - კოლონებთან, კარნიზის, ცოკოლის, კეხის და ა.შ.

სამშენებლო კლიმატოლოგია - სამშენებლო ფიზიკის ნაწილი, რომელიც განიხილავს კლიმატური ფაქტორების გავლენას შენობა-ნაგებობებზე. ის ვითარდება ატმოსფეროს ფიზიკისა და საერთო კლიმატოლოგიის მიღწევათა საფუძველზე.

სამშენებლო კომპლექსი - სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო, საშენი მასალებისა და ნაკეთობების, სპეციალიზებული მექანიზაციისა და ტრანსპორტის საჯარო სამართლის იურიდიულ და კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ერთობლიობა.

სამშენებლო კონსტრუქციები - შენობა-ნაგებობის ელემენტები, რომლებიც ასრულებენ მზიდ, შემომზღუდავ ან ორივე ფუნქციას ერთად. ძირითად მასალაზე დამოკიდებულებით განასხვავებენ შემდეგ სამშენებლო კონსტრუქციებს: ლითონის (ფოლადის, მსუბუქი შენადნობების), რკინაბეტონის, ხის, ქვის, პლასტმასის და მინის. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ - მზიდ, დატვირთვების მიმღებ და სხვა კონსტრუქციებზე გადამცემს, და შემომზღუდავს, რომელიც წარმოადგენს შენობის გარე გარსს და შიდა ნაწილებად დამყოფს. ს.კ. იზოლაციას უკეთებენ ადამიანებს და შენობის სათავსებს გარე ატმოსფერული ზემოქმედებისაგან (სიცივე, სიცხე, ქარი, ნალექები და სხვ.). ბეტონისა და რკ.ბ.-ის კონსტრუქციები ძირითადად გამოიყენება საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო დანიშნულების ობიექტების, ხიდის საყრდენების, ესტაკადების, ვიადუკების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მისთ. ასაშენებლად. ფოლადის კონსტრუქციები - მრავალსართულიანი შენობების კარკასებად, დიდმალიან ნაგებობებში, დიდი ტევადობის რეზერვუარებში, მილსადენებში, ხიდებში, კოშკებში, ანძებში, ღეროვან სისტემებში და სხვ. ხის კონსტრუქციების (მოდიფიცირებული და გაკეთილშობილებური) გამოყენების არეც დიდია - საცხოვრებელი სახლები, სტრუქტურები, დიდმალიანი გადახურვები (წიბოვანი და წიბოვან-რგოლური გუმბათები), გათბუნებული სახურავის და საკედლე პანელები, ღეროვანი კონსტრუქციები, საცურაო აუზები, საციგურაოები და სხვ. მერქანი შეუცვლელი მასალაა ისეთი ნაგებობების მოსაწყობად, სადაც ქიმიურად აგრესიული გარემოა. პლასტმასის კონსტრუქციები (ძირითადად პნევმატიკური) გამოიყენება დროებითი საწარმოების, საწყობების, სპორტული და გასართობი ნაგებობების, მარცვლეულის საცავების ასაგებად. მშენებლობაში გვხვდება აგრეთვე კონსტრუქციები, რომლის დასამზადებლად გამოიყენება ქვა, აგური, ბლოკი, მინა, მსუბუქი შენადნობები, ვანტები, ბაგირები და სხვ

სამშენებლო მანქანები - მშენებლობაში გამოყენებული მანქანები. შესასრულებელი სამუშაოთა სახეობების მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად: მოსამზადებელი (ბუჩქმჭრელი, ამომძირკველი, გამაფხვიერებელი); მიწის მთხრელები (ექკავატორები, მიწისმთხრელ-სატრანსპორტო მანქანები, მანქანები მიწის სამუშაოების ჰიდრომექანიზაციისათვის; შემამკვრივებელი (სტატიკური და ვიბრაციული მოქმედების მგორავი სატკეპნები,  ვიბროშემამკვრივებელი მანქანები); საბურღი მანქანები (დარტყმით-ბაგიროვანი, ბრუნვადი, პნევმოდარტყმითი, საბურღი ჩაქუჩები); ხიმინჯის ჩასასობი მანქანები (ხიმინჯის უროები, ვიბროჩამსმელები და სხვ.); ამწე-სატრანსპორტო (ამწე კრანები, ჯალამბრები, დომკრატები და სხვ.); საგზაო-სამშენებლო (ბეტონჩასაგები, გუდრონატორი, ასფალტბეტონჩასაგები და სხვ.), სამსხვრევ-დამახარისხებელი მოწყობილობა (სამსხვრეველა, ცხავი და სხვ.); შემრევები (ბეტონშემრევი, დუღაბშემრევი); მოსაპირკეთებელი მანქანები (საბათქაშე, სამღებრო, იატაკის მოსახვეწი და სხვ.); ქვიშაჭავლური აპარატები, სახეხ-სალესი მანქანები, საღებავ-საშხეფი, პარკეტ-მოსაპირკეთებელი მანქანები და სხვ.); ხელის მანქანები (მექანიზებული ხერხები, შემამკვრივებლები, გამპრიალებლები და სხვ.).

სამშენებლო მექანიკა - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ღეროვანი სისტემების სიხისტეზე, სიმტკიცეზე და მდგრადობაზე გაანგარიშების მეთოდებს. ს.მ. ძირითად ამოცანებს წარმოადგენს - გარე დატვირთვების, ტემპერატურული ცვლილებების და სხვ. გავლენის შედეგად ნაგებობათა ნაწილებში წარმოქმნილი შინაგანი ძალვების განსაზღვრის მეთოდების დამუშავება, დეფორმაციის განსაზღვრის მეთოდების დამუშავება, მდგრადობის პირობების შესწავლა და ა.შ. ს.მ. მჭიდროდ არის დაკავშირებული თეორიული მექანიკასთან, მასალათა გამძლეობასთან, დრეკადობის თეორიასთან, პლასტიკურობის თეორიასთან.

სამშენებლო მინა - გამოიყენება შუქღიობების შესამინად, გამჭვირვალე ტიხრების მოსაწყობად, ნაგებობების გარე და შიდა მოპირკეთებისათვის და სხვ. ს.მ. მიეკუთვნება: ჩვეულებრივი ფურცლოვანი მინა (ფანჯრის, ვიტრინის); სპეციალური (თბოშთანთქმელი, არმირებული); დეკორატიული (ფერადი, მაროლიტი, სტემალიტი, მოხატული); კონსტრუქციულ-სამშენებლო ნაკეთობები (მინაბლოკი, მინაპაკეტი, მინაპროფილიტი, ნაწრთობი მინის ნაკეთობები); დეკორატიულ-მოსაპირკეთებელი ნაკეთობები (ფილები, მოზაიკა, სმალტა, ვიტრაჟები); თბოსაიზოლაციო მასალები (ქაფმინა, მინაბამბა და მისგან დამზადებული ნაკეთობები, სათავსოების შიდა მოწყობილობების ნაკეთობები (კარის დეტალები, ჩაშენებული ავეჯი, გამანათებელი არმატურა).

სამშენებლო მიწის ნაკვეთი - 1. საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია; 2. საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელსაც უკავშირდება არანაკლებ ერთი მისასვლელი, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით.

სამშენებლო მოდული - პირობითად მიღებული პარამეტრები ან ზომები, რომლებიც გამოიყენება შენობა-ნაგებობების, კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობებისა და მათი ელემენტების ზომების საკოორდინაციოდ და საუნიფიკაციოდ.

სამშენებლო მოედანი - 1. ტერიტორია, რომელზედაც განლაგებულია მშენებლობაში მყოფი ნაგებობები, დროებითი, ადმინისტრაციული და სამეურნეო შენობები, დამხმარე წარმოებები, საწყობები და ამ მშენებლობისათვის საჭირო სხვა ნაგებობები; 2. მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყოფილია დადგენილი წესით სამშენებლო ობიექტის განსანთავსებლად და შეიცავს აგრეთვე მშენებლობის საჭიროებისათვის აუცილებელ დროებით ფართობებს.

სამშენებლო მოედნის კვლევა - სამშენებლო მოედანზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე შესასრულებელი სამუშაოები, რაც აუცილებელია კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასადგენად, კერძოდ, ტოპოგეოდეზიური, საინჟინრო-გეოლოგიური და მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების კვლევა.

სამშენებლო მოედნის საანგარიშო სეისმური ინტენსიურობა - სეისმური ზემოქმედების საანგარიშო სიდიდე, გამოსახული ბალებში სეისმური სკალის მიხედვით, აჩქარებებში ან სხვა ფიზიკური სიდიდეებით

სამშენებლო მრეწველობა - სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც საშენ მასალებს (ცემენტი, ბეტონი, აგური, ბლოკი, ფიცარი, ძელი, საღებავები და სხვ.), სამშენებლო კონსტრუქციებს და მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ნაკეთობებს (კარ-ფანჯრები, პარკეტი, კიბის საფეხურები, კოსოურები, დაპროფილებული ფოლადი, ხელოვნური ქვის ფილები, პლასტმასის მილები და ა.შ.) აწარმოებს.

სამშენებლო ნაკეთობა - სამშენებლო კონსტრუქციის ელემენტი (ან კონსტრუქცია მთლიანად), დამზადებული არა გამოყენების ადგილზე (კედლის პანელი, სანივნივე კოჭი, გადახურვის ფილა, კიბის მარში, ჰაერსატარის რგოლი, ჭის რგოლი, ფანჯრის თაროს ფიცარი, სანიტარულ-ტექნიკური კაბინა და სხვ.).

სამშენებლო ნორმები და წესები (რუს., СНиП) - სავალდებულო ნორმატიულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება მშენებლობაში. შედგება 4 ნაწილისაგან: 1. საერთო დებულებები; 2. დაპროექტების ნორმები; 3. სამუშაოთა წარმოების და ჩაბარების ნორმები; 4. სახარჯთაღრიცხვო ნორმები და წესები (შესაბამის სახარჯთაღრიცხვო ნორმების კრებულების თანხლებით).

სამშენებლო ობიექტი - ცალკე მდგომი შენობა ან ნაგებობა, სამუშაოს სახე ან კომპლექსი, რომელზედაც უნდა შედგეს ინდივიდუალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

სამშენებლო ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელი - რაოდენობრივი მაჩვენებელი (დროის განსაზღვრული მომენტისთვის), შუალედური მაჩვენებელი (ანგარიშის პერიოდისთვის). რაოდენობრივი მაჩვენებლიდან გამოყოფენ, როგორც ფაქტიურად, ისე ფარულ მომუშავეთა მაჩვენებელს.

სამშენებლო პროდუქციაზე მოთხოვნილება - შენობა-ნაგებობების საჭიროება, რომელიც აუცილებელია ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, ადამიანებისთვის და საზოგადოების ფუნქციონირებისთვის.

სამშენებლო რეგლამენტი - სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტ(ებ)ი, რომელიც მოიცავს სამშენებლო-ტექნიკურ ნორმებს, სამშენებლო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს.

სამშენებლო სამართალდარღვევა - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კანონით.

სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა (არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას).

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება - სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან დამრღვევისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება.

სამშენებლო სამუშაოები - საწარმოო პროცესთა ერთობლიობა, რომელიც სრულდება სამშენებლო მოედანზე შენობა-ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან შეკეთება-აღდგენის მიზნით. იგი ორგვარია: საერთო-სამშენებლო და სპეციალური. საერთო-სამშენებლო პროდუქციას წარმოადგენს შენობა-ნაგებობათა ნაწილები და კონსტრუქციები. სპეციალურ სამუშაოებს ასრულებენ სპეციალური დანიშნულების ნაგებობებისა და კონსტრუქციების ასაგებად, სხვადასხვა დანიშნულების ქსელებისა და სისტემების მოსაწყობად, სპეციალური იზოლაციის შესაქმნელად და ა.შ. სამშენებლო სამუშაოები იყოფა მთავარ, დამხმარე და სატრანსპორტო პროცესებად, ხოლო ტექნოლოგიური სირთულის მიხედვით - უმარტივეს, მარტივ და რთულ პროცესებად. სასურველია ს.ს. მაქსიმალურად იყოს მექანიზებული.

სამშენებლო საქმიანობა - არქიტექტურული პროექტების მომზადების, სამშენებლო მოედნის, შენობა-ნაგებობებისა და სხვა საჭირო კვლევების განხორციელების, შენობა-ნაგებობათა ან მათი ნაწილების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მომზადების, მშენებლობის წარმოებისა და სანებართვო პირობების შესრულების მთელი პროცესი.

სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი - სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას.

სამშენებლო საქმიანობის ობიექტი - მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ძირითადი, დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები. ს.ს.ო. შექმნა და გამოყენება რეგულირდება კანონმდებლობის და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით.

სამშენებლო საქმიანობის ძირითადი სპეციალისტები - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, მომდინარეობას და ექსპლუატაციაში გადაცემას. მათ მიეკუთვნება: ა) ტერიტორიისა და დასახლებათა დამგეგმარებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარებას; ბ) გეოდეზისტი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის აგეგმვასა და შენობა-ნაგებობების დაკვალვას; გ) ინჟინერ-გეოლოგი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს მიწის ნაკვეთის და საჭიროების შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას; დ) არქიტექტორი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების სივრცით-გეგმარებით დაპროექტებას შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობების არქიტექტორი; ლანდშაფტის არქიტექტორი; შენობების ინტერიერის არქიტექტორი (დიზაინერი); ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის არქიტექტორი); ე) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-დამპროექტებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების კონსტრუქციული სისტემებისა და ელემენტების დაპროექტებას; ვ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების დაპროექტებას; ზ) ელექტროსისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების დაპროექტებას; თ) მექანიკური სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მექანიკური სისტემების დაპროექტებას; ი) გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების დაპროექტებას; კ) აირმომარაგების სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების დაპროექტებას; ლ) შენობა-ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობას; მ) ხაზობრივი ნაგებობების ინჟინერ-მშენებელი - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ხაზობრივი ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობას; ნ) წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მემონტაჟე - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს წყლისა და წყალარინების სისტემების მონტაჟს; ო) ელექტროსისტემების მემონტაჟე - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს ელექტროსისტემების მონტაჟს; პ) მექანიკური სისტემების მემონტაჟე - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მექანიკური სისტემების მონტაჟს; ჟ) გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მემონტაჟე - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების გათბობა-ცხელი წყლით მომარაგების სისტემების მონტაჟს; რ) აირმომარაგების სისტემების მემონტაჟე - სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს აირმომარაგების სისტემების მონტაჟს. ეს სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებული დოკუმენტის სისწორისათვის ან შესრულებული სამუშაოსათვის.

სამშენებლო ტექნიკა - მანქანები, მექანიზმები, ინსტრუმენტები, აპარატურა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის. მათ მიეკუთვნება: ამწე, მიწასათხრელი მანქანები, ბულდოზერები, სატვირთო ავტოტრანსპორტი, ბეტონსაზელი კვანძი, კომპრესორები, სტენდები, ელექტროშემდუღებელი მოწყობილობა, გეოდეზიური ხელსაწყოები და სხვ.

სამშენებლო ურნალი - 1. ხიმინჯსასობი მოწყობილობის დამჭერი, აგრეთვე გრუნტში ჩასობისას ხიმინჯის მიმმართველი მანქანა. კონსტრუქციის მიხედვით არსებობს კოშკური (სტაციონალური) და ამწეს სახის (თვითმავალი) ს.უ.; 2. იხ. ურნალი.

სამშენებლო ფიზიკა - სამეცნიერო დისციპლინათა კომპლექსი (გამოყენებითი ფიზიკის ნაწილები), რომელიც შეისწავლის შემომზღუდავ და სხვა კონსტრუქციებში, ნაგებობებში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან კლიმატურ პირობებზე და ექსპლუატაციის რეჟიმზე. ძირითადი ნაწილებია - სამშენებლო კლიმაქტოლოგია; სამშენებლო თბოტექნიკა; სამშენებლო აკუსტიკა; სამშენებლო შუქტექნიკა.

სამშენებლო ფოლადი - დაბალნახშირბადიანი ჩვეულებრივი ხარისხის ფოლადი. ხასიათდება კარგი შედუღებადობით და დამაკმაყოფილებელი მექანიკური თვისებებით (დამატებითი თერმული დამუშავების გარეშე).

სამშენებლო შუქტექნიკა - 1. სამშენებლო ფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მშენებლობასა და არქიტექტურაში სხივური ენერგიის სპექტრის ოპტიკური ნაწილის გამოყენებას; 2. სამშენებლო ტექნიკის ნაწილი, რომელიც ამუშავებს ულტრაიისფერი, ხილული და ინფრაწითელი გამოსხივებების გამოყენებას შენობათა და შემომზღუდავი კონსტრუქციების დაპროექტებისას; განათების გამოყენებას უტილიტარული და სამხატრო მიზნებისათვის. შუქტექნიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დაპროექტების მეთოდები და განათების დაყენება.

სამშენებლო წარმოება - მოსამზადებელი და ძირითადი სამშენებლო-სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების კომპლექსის შესრულება ყველა ტიპის შენობებისა და ნაგებობების აგების, რეკონსტრუქციის, ტექნიკური გადაიარაღებისა და კაპიტალური რემონტისათვის, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

სამშენებლო წიაღისეულის ჯგუფი - გრანიტი, გნეისი, კირქვები, მარმარილო, თიხები, ხრეში, ქვიშა, თიხნარი და სხვ.

სამშენებლო ხის ფილა - 1. ძელაკებისა და ლარტყებისაგან შედგენილი ხის ფილა (ნახ. 1), რომელიც გარეგნულად ჩამოგავს მერქანბურბუშელოვან ფილას, მაგრამ მისგან ძირეულად განსხვავდება.   სისქეში ერთნაირი და სიგანეში სხვადასხვა ზომის ეს ელემენტები შეწებდება და დაიფარება მოსაპირკეთებელი მასალით, როგორიცაა შპონი, მერქანბოჭკოვანი ან მერქანბურბუშელოვანი ფილა. შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პლასტიკების გამოყენებაც. რადგანაც ასეთ ფილაში წებოს მცირე რაოდენობაა, ის საკმაოდ მსუბუქი მასალაა და ერთდროულად მტკიცეა. მას მშენებლობის გარდა წარმატებით იყენებენ ავეჯის წარმოებაშიც; 2. წიწვოვანი ჯიშის ხის ნაფოტებისგან (ანათალი, ბურბუშელა) დამზადებული საშენი მასალა (ნახ. 2), რომელიც გამოიყენება სახურავის, იატაკის, შიდა და გარე კედლების ასაშენებლად და სხვ.

სამშენებლო ჯალამბრები - ჯალამბრები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ასაწევი-სატრანსპორტო ოპერაციების შესასრულებლად, ლითონის კონსტრუქციებისა და მოწყობილობების დასამონტაჟებლად, ურნალებისა და საწეველების დაკომპლექტებისათვის და სხვა სახის სატვირთავ-გასატვირთი სამუშაოების შესასრულებლად. ს.ჯ. შეიძლება იყოს: სამანევრო, ფრიქციული, ხელის, ბერკეტული და სხვ.

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები - მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, საწარმოთა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვის, აღდგენითი და სარესტავრაციო სამუშაოები.

სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი - ნაკვეთი, რომელიც მოქცეულია შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონების საზღვრებში: ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა; ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა; გ) სარეკრეაციო ზონა; დ) სპეციალური ზონა; ე) სატრანსპორტო ზონა 1; ვ) სანიტარიული ზონა; ზ) სამხედრო დანიშნულების ზონა 2. ს.შ.მ.ნ. დაშვებულია ტერიტორიის ძირითადი ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, საკომლო მეურნეობის მიწის ნაკვეთებზე. სხვა დანარჩენი ობიექტების მშენებლობისათვის საჭიროა განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილება. განვითარების პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით.

სამწახნაგა - 1. ერთი წერტილიდან გამოსული სამი არაკოლინეარული ვექტორისაგან შექმნილი გეომეტრიული ფიგურა; 2. სამწახნაგა, რომელსაც ქმნის სივრცითი წირის ყოველ წერტილში გავლებული მხების, ნორმალის და ბინორმალის მგეზავი ერთეულოვანი ვექტორები. ეს ვექტორები ურთიერთმართობულებია და შეიძლება ისინი მივიღოთ კოორდინატთა სისტემის ღერძებად. ამ სისტემას უწოდებენ კოორდინატთა ბუნებრივ სისტემას ანუ ბუნებრივ სამღერძს აღებულ წერტილში.

სამჭედლო ინსტრუმენტი - ინსტრუმენტი ხელით და მანქანური ჭედვისათვის. სამჭედლო-საშტამპავი სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება, როგორც გადასაადგილებელი, დამჭერი, მომჭერი, გამზომი ხელით ჭედვის სამჭედლო ინსტრუმენტები (გრდემლი, სანგი, ხელჩაქუჩი, მარწუხი, სახვრეტელა, ღოჯი, ქვესარტყამი, მოსაჭიმი), ისე სტაციონალური მანქანური ჭედვის სამჭედლო ინსტრუმენტები (ბრტყელი საცემი, ამოჭრილი საცემი, მომრგვალებული საცემი, მოსაჭიმი, საბრტყელებელი, გამწევი, ვაზნა და სხვ).

სამხატვრო გალერეა - შენობა, სადაც ეწყობა სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა გამოფენა (ნახ. 1, თბილისის სამხატვრო გალერეა).

სამხრე - რიზალიტი; შენობის გამოწეული ნაწილი.

სანაგვე (საყრელი) - ადგილი, სადაც ყრიან სხვადასხვა ნარჩენებს.

სანათლავი - ცალკე შენობა ან ტაძრის ნაწილი, სადაც წარმოებს ნათლისღების წესის შესრულება.

სანათური - 1. სარკმელი, მცირე სასინათლო ღიობი; 2. სხვადასხვა სახის სანათი არმატურა. იგი შეიძლება იყოს ღია, გადახურული, მტვერშეუღწევი, ჰერმეტული, აფეთქებისგან დაცული და სხვ.

სანაპირო - 1. ნაგებობა, რომელიც გარს ეკვრის წყალსატევის ნაპირს და იცავს მას წარეცხვისაგან; 2. გასასვლელი წყალსატევის ნაპირის გასწვრივ; 3. წყლის ნაპირას მდებარე ტერიტორია (ქვეყანა, მხარე...); 4. კედლით ამოშენებული წყლის ნაპირი; ასეთ ნაპირას გამავალი ქუჩა; 5. საერთოდ რისამე განაპირას მდებარე ადგილი; 6. საზღვართან მდებარე ადგილი; სასაზღვრო.

სანარდო - ნარდად მუშაობისათვის განკუთვნილი.

სანარდო ვაჭრობა - მშენებლობისთვის შეკვეთების გაფართოებისთვის,  განიხილება, მოიჯარის არჩევანი შესასრულებელ სამუშაოსა და გაწეულ მომსახურებას შორის. კონკურენციის პირობებში.

სანატორიუმი (ლათ.) - სამკურნალო-დასასვენებელი დაწესებულება აგარაკზე.

სანაყარო - ადგილი, სადაც თავსდება ფუჭი ქანი.

სანაყი - პატარა წისქვილი ქვის მასალის გასაფხვიერებლად და დასამუშავებლად.

სანგარი - 1. გრძელი და ვიწრო თხრილი (ტრანშეა) მიწაში; 2. ჭა, დატოვებული ბეტონის საძირკველში ან იატაკში საანკერო ჭანჭიკების ან მოწყობილობების დასაყენებლად; 3. მცირე ზომის მიწის საფორტიფიკაციო ნაგებობა საარტილერიო იარაღის დასაცავად (ნახ. 1).

სანგი (რუს. Кувалда) - 1. ურო წონით 2-დან 10 კგ-მდე ხელით ჭედვისათვის; 2. ძვ. რკინის დიდი კვერი.

სანგრევი - ექსკავატორით სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დამუშავების ადგილი, რაც მოითხოვს ს. სიმაღლის სწორად შერჩევას, რათა არ მოხდეს გრუნტის ჩამოქცევა ტრანსპორტში გრუნტის ჩატვირთვისას. პირდაპირი ნიჩბით მუშაობა შეიძლება წარმოებდეს ორი ხერხით: გვერდითი სანგრევით – სატრანსპორტო გზების განლაგებით ექსკავატორის გავლის გასწვრივ და შუბლური ს. – ტრანსპორტის მიწოდებით ექსკავატორის უკანა მხრიდან თხრილის ძირში. ს. სიგანე და მანძილი გზის ღერძსა და ექსკავატორის გრძივ ღერძს შორის უნდა უზრუნველყოფდეს ბაქნის მობრუნებას გეგმაში მინიმალური კუთხით.

სანდალი (არაბ.) - მარადმწვანე არომატულ მერქნიანი ტროპიკული ხე, რომლის მერქანი მდიდარია ეთეროვანი ზეთებით. გამოიყენება სანაკეთო სამუშაოებისათვის და წითელი ფერის საღებავის მისაღებად.

სანდარაკი (ბერძ. Sandarake) - ყვითელი ფისი, რომელსაც იღებენ კვიპაროსის ოჯახის ზოგი ხისაგან; მისგან დამზადებულ ლაქებს იყენებენ სურათების დასაფარავად (ფერწერაში), მუყაოს გასაჟღენთად და სხვ.

სანდრიკი (ლათ.) - კარის ან ფანჯრის ღიობის თავზე მოთავსებული მცირე ზომის ლავგარდანი – კლასიკური არქიტექტურული ფორმა, რომელიც გამოიყენება, როგორც ინტერიერის, ასევე ფასადების დამუშავებისას.

სანთურა (რუს. Горелка) - აირისებრი, თხევადი ან მტვრისებრი სათბობისა და ჰაერის ან ჟანგბადის ნარევის შესაქმნელი და დაწვის ადგილზე მისი მისაწოდებელი მოწყობილობა (ნახ. 1). ს. მიეკუთვნება: აირის სანთურა, ფრქვევანა და მტვრისებრი სათბობისათვის განკუთვნილი სასანთურე მოწყობილობა.

სანიველირე ნიშანი - ტერიტორიაზე (მიწაზე) ჩამაგრებული ნიშანი გეოდეზიური წერტილის ფიქსაციისათვის, რომლის სიმაღლე განსაზღვრულია ნიველირებით. ს. ნ. სახეებია: ფუნდამენტური რეპერი, გრუნტის რეპერი, საკედლე თუჯის ნიშანი (მარკა), საკედლე თუჯის რეპერი.

სანიტარია (ლათ.) - სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა.

სანიტარულ-დამცავი ზონა - ზონა, რომელიც სამრეწველო საწარმოს გამოჰყოფს სამოსახლო ტერიტორიისაგან. ს.-დ.ზ. დადგენა აუცილებელი მოთხოვნაა სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს. ამ ზონის სიგანე მიიღება სამრეწველო წარმოების მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებების გათვალისწინებით

სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმი - საშენ მასალათა მრეწველობაში ერთ-ერთი ქვედარგის პირობითი სახელწოდება, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი სათავსების სანიტარულ კეთილმოწყობას (უნიტაზი, პირსაბანი, სიფონი, სასაპნე, ჩამრეცხი ავზი და ა.შ.).

სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოები - სამშენებლო სამუშაოები დაკავშირებული შენობაში გათბობის, ვენტილაციის, სითბოს, გაზმომარაგების, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების დამონტაჟებასთან. განარჩევენ ს.-ტ.ს. ორ ძირითად ჯგუფს: გარეთას, რომელიც მოიცავს დასახლებული პუნქტებისა და საწარმოების გარე ქსელების ჩაწყობას და წყალმომარაგებისა და კანალიზაციისათვის სათაო ნაგებობების მშენებლობას და შიდას, რომელიც ითვალისწინებს სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობებში სან.-ტექნიკური, გათბობა-ვენტილაციისა და გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებს

სანიტარული კვანძი - მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა, რომელშიც განლაგებულია სანიტარული ხელსაწყოები, მათთან დაკავშირებული მილსადენები და სხვა მოწყობილობა (საპირფარეშო, სააბაზანე, საშხაპე, სამრეცხაოდა სხვ.). ინდუსტრიული ხერხით აგებული შენობებისათვის არსებობს სპეციალური სანიტარული ბლოკები, რომლებიც წარმოადგენს ბეტონის პანელს სისქეში ჩატანებული სანიტარული დანიშნულების მილებით.

სანიტარული ტექნიკა - წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის, განიავების, თბომომარაგების, აირმომარაგების და სხვა სისტემების ტექნიკურ საშუალებათა ერთობლიობა.

სანიტარული ხელსაწყოები - ჩამდინარე წყლების მიმღებები (უნიტაზი, ნიჟარა, ბაკანი და სხვ.), რომლებსაც დგამენ საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და საწარმოო შენობებში. ს.ხ. უერთებენ წყალსადენისა და კანალიზაციის შიგა ქსელებს, დგამენ სააბაზანოებში, პირის დასაბან და საშხაპე სათავსებში, ტუალეტისა და საპირფარეშოს სათავსებში, სამზარეულოში. ს.ხ. დასამზადებლად გამოიყენება მომინანქრებული თუჯი, კერამიკა, მომინანქრებული ფურცლოვანი ფოლადი, პლასტმასები და სხვ. ს.ხ. აყენებენ აგრეთვე წყალდასახარჯავ არმატურაზე წყლის ხარჯის დასაფიქსირებლად, საკანალიზაციო სიფონებზე - გაჭუჭყიანებული ჰაერისაგან სათავსის დასაცავად და სხვ.

სანკვანძი შეთავსებული - სათავსი, გაწყობილი უნიტაზით, აბაზანით (ან შხაპით) და პირსაბანით.

სანტექნიკა - სხვადასხვა სახის ნაკეთობები, რომლებიც წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, გათბობის, ვენტილაციის, კონდიციონერების და ნაგავგამტარების მოსაწყობად გამოიყენება. სანტექნიკურ ნაკეთობებს მიეკუთვნება: აბაზანა, ხელსაბანი, ნიჟარა, ბიდე, ხელსაბანი, ნიჟარა, უნიტაზი, კარები, კაფელი, მეტლახი, საშხაპე კაბინა, პისუარი, დუშკაბინა, დუში, ონკანი, ფიტინგი, ლამინანტი, ბუნებრივი ქვის ფილები, ვენტილები, ლითონის და პლასტმასის მილები და ა.შ

სანტი... (ფრანგ.) - ერთეულის დასახელების თავსართი: სანტიმეტრი; სანტილიტრი. 1 სმ = 10-2 მ; 1 სლ = 10-2 ლ.

სანტიმეტრი - სიგრძის ძირითადი ერთეული ერთეულთა CGS სისტემაში; ტოლია 0,01 მეტრისა.

სანქცია (ლათ. Sanctio დაკანონება, დაწესება) - 1. ზემდგომი ორგანოს მიერ რაიმე აქტის დამტკიცება, რაც მას იურიდიულ ძალას ანიჭებს; 2. იძულების, ზემოქმედების ზომა კანონის დარღვევისათვის; 3. ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო ღონისძიებები გამოყენებული საერთაშორისო სამართალში იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებმაც დაარღვიეს საერთაშორისო ხელშეკრულებები; 4. მოწონება, დადასტურება, თანხმობა, ნებართვა.

საოპერაციო დღე - სამუშაო დღის ის ნაწილი, რომლის განმავლობაშიც ბანკი ახდენს კლიენტურის, ან „კლიენტ-ბანკის“ სისტემით ელექტრონული საგადახდო საბუთების მიღებას და ანგარიშსწორებას; საოპერაციო დღის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ბანკი.

საორბისი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიცესის მიდამოებში.

საორთქლებელი - სითხის ასაორთქლებელი თბოგადამცემი აპარატი.

საოსტიგნე - სატრაპეზო; მონასტრის სასადილო დამხმარე სათავსებით (საკუჭნაოებით).

საპატიმრო - ტუსაღების დასამწყვდევი შენობა; საპყრობილე.

საპატრონიკე - პატრონიკე, პატრონიკონი, საქცეველი, ტრიფორიუმი; ტაძარში გრძივი თაღედის თავზე მოწყობილი ვიწრო ბაქანი, რომელიც მანდილოსნებისათვის იყო განკუთვნილი.

საპირე - 1. პირი; ფანჯრის, კარის ღიობის და მისთ. გლუვი ან დაპროფილებული მოჩარჩოება; 2. თამასა.

საპირე ქვა - ბუნებრივი ან ხელოვნური მოსაპირკეტებელი ქვა.

საპირფარეშო - 1. ოთახი, სადაც იცვამენ და ირთვებიან მსახიობები (თეატრში); 2. მორთვა-მოკაზმვისათვის განკუთვნილი; 3) ოთახი ან ნაგებობა ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად

საპირწონე - ტვირთი, რომელიც გამოიყენება მანქანებში მოქმედი ძალებისა და მომენტების გასაწონასწორებლად. დანიშნულების მიხედვით გვხვდება მრავალი სახის საპირწონე: ამწევი, აწყობილი, ბორბლის, განმხოლოებული, მოძრავი, შეწონასწორებული, ჩამიწებული, ჭარბი და სხვ.

საპონიტი (ლათ.) - შრეული სილიკატების ქვეკლასის მინერალი; აქვს ბენტონიტის თვისება. იყენებენ ნავთობის გაწმენდისა და კრეკინგის დროს.

საპროგენური ბაქტერიები (ბერძ.) - ლპობის გამომწვევი ბაქტერიები.

საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) - კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის სამშენებლო კომპლექსისათვის, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს.

საპროექტო მოცემულობა - პროეტის შედგენის პირველი ეტაპი, რომელიც ასაბუთებს ნაგებობის ტექნიკურ შესაძლებლობას და ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.

საპროექტო სამუშაოები - სამუშაოთა ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები.

საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები - მონაცემები (დოკუმენტები, ინფორმაცია), რომელიც აუცილებელია საპროექტო სამუშაოების დასაწყებად. მას განეკუთვნება: ა) მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინფორმაცია); ბ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500, 1:1000); გ) მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა (ძირითადი მონაცემები); დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნები, როდესაც მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში; ე) საჭიროების მიხედვით სხვა მონაცემები (დოკუმენტები, ინფორმაცია) კანონმდებლობის მოთხოვნით ან დამკვეთის გადაწყვეტილების საფუძველზე.

საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია - სპეციალური ნებართვა, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას ეწეოდეს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობას ლიცენზიით ნებადართული სამშენებლო სახეობების ჩამონათვალის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ლიცენზია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. უცხო ქვეყნებში გაცემული ლიცენზიები საქართველოში არ მოქმედებს.

საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახეობები - ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები; ბ) ქალაქთგეგმარება; გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება; დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობათა დაპროექტება; ე)სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება; ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება; ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება; თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა; ი) ისტორიისა და კულტურის ძეგლების კონსერვაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ადაპტაცია; კ) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება; ლ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა; მ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა; ნ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა; ო) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა; პ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა; ჟ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა; რ) საკაბელო ხაზების, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზების, რადიოსადგურების მშენებლობა; ს) სპეციალური ნაგებობების მშენებლობა; ტ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა; უ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა; ფ) ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები

საპროექტო-საძიებო სამუშაოები - ტოპოგრაფიულ, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, ლაბორატორიულ კვლევებთან, მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, კაპიტალურ შეკეთებასთან, აღდგენასთან, რესტავრაციასთან და საწარმოთა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვასთან დაკავშირებული კომპლექსური ტექნიკური დოკუმენტაცია.

საპროპელი (ბერძ.) - დამდგარი წყალსატევების ლამიანი ნალექები, რომლებიც უხვად შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს კოლოიდურ მდგომარეობაში.

საპროპელიტები - მაგარი საწვავი სასარგებლო წიაღისეული; წარმოიქმნება წყლის უდაბლესი ცხოველური და მცენარეული ნარჩენების გარდაქმნით (სხვანაირად: საპროპელური ნახშირი).

საპროფესორო - 1. პროფესორისათვის განკუთვნილი; 2. უმაღლეს სასწავლებელში - ოთახი პროფესორ-მასწავლებელთა დასასვენებლად

საპროცენტო განაკვეთი - განისაზღრება მოლაპარაკებათა პროცესში და ყალიბდება სასესხო კაპიტალების ბაზარზე კრედიტზე მოთხოვნისა და მისი მიწოდების გავლენით. განაკვეთი ვარირებს ასევე იმ რისკზე დამოკიდებულებით, რომელიც ახლავს მოცემულ სესხს მის სიდიდეზე, დაფარვის ვადაზე, მსესხებლის სადეპოზიტო ანგარიშის მდგომარეობასა და უზრუნველყოფაზე დამოკიდებულებით

საჟამნო - ეკვდერი, სალოცავი, სამლოცველო; ეკლესიის შორიახლოს აგებული ან ეკლესიას მიშენებული მცირე ნაგებობა სალოცავად.

საჟენი (რუს.) - ძველი რუსული სიგრძის ერთეული; უდრის 3 არშინს (2 მეტრსა და 13 სმ-ს).

სარანდი დაზგა (ჩარხი) - 1. ლითონსაჭრელი დაზგა, რომელიც გამოიყენება ბრტყელი და მრუდი ზედაპირების დასამუშავებლად. მთავარი მოძრაობა - უკუქცევით-წინსვლითი, გადაცემის მოძრაობა - წინსვლითი პერიოდული. განივსარანდი დაზგების მუშაობისას მთავარ მოძრაობას ასრულებს საჭრისი ცოციასთან ერთად, ხოლო გრძივსარანდ დაზგების შემთხვევაში - თავად ნაკეთობა; 2. ხის დამამუშავებელი დაზგა - მბრუნავი დანები, რომლებიც გლუვი ზედაპირის მისაღებად გამოიყენება (უმთავრესად გახერხვის კვალის მოსასპობად, ზუსტი ზომების, მრუდი ზედაპირის და ა.შ. მისაღებად).

სარაჯი (არაბ.) - 1. ქვაში ან ხეში ამოკვეთილი ხელოვნური რუ, არხი; 2. აუზი შადრევნით.

სარბიელი - ასპარეზი; სპორტული თამაშების, შეჯიბრების ჩასატარებლად საგანგებოდ მოწყობილი მოედანი, ბილიკი და ა.შ.; 2. მოქმედების, მოღვაწეობის არე; 3. მოედანი მასობრივი ცეკვებისათვის.

სარბოდი (სერბოდი) - 1. მიწისქვეშა ნაგებობა შუასაუკუნეების ქალაქებში; 2. თოვლშესანახი ნაგებობა, მაცივარი; 3. წყლის ცისტერნები საქარავნო გზებზე შუა აზიის ქვეყნებში.

სარგულა - დასამუშავებელი ნაკეთობის ან მჭრელი იარაღის ლითონსაჭრელ ჩარხზე დასამაგრებელი სამარჯვი, რომელსაც აქვს ცენტრში ნახვრეტი.

სარდაფი (სპარ.) - 1. საცხოვრებელი ან საწარმოო შენობის პირველი სართულის ქვევით, მიწის დონეზე დაბლა მდებარე სართული; იყენებენ რისამე შესანახად (ზოგჯერ საცხოვრებლადაც); 2. სპეციალური შენობა (ჩვეულებრივ მიწის ზემოთ) ღვინის შესანახად; 3. სამიკიტნო, რომელიც მიწის დონეზე ქვემოთ მდებარე სართულში იყო მოწყობილი.

სარდაფი თბილი - სარდაფი, რომელშიც განთავსებულია გასათბობი ხელსაწყოები საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

სარდაფი ცივი - სარდაფი, რომელშიც განთავსებული არ არის გასათბობი ხელსაწყოები.

სარეგისტრაციო დოკუმენტაცია - რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სარეგისტრაციო ობიექტი - უძრავი ან მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

სარეგისტრაციო წარმოება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

სარევი - მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მშრალი და თხევადი მასალების (სუსპენზიების) ასარევად. ს. არის დისკოიანი, მექანიკური, პლანეტარული, პროპელერიანი, ფრთებიანი, ხრახნიანი, ჯაჭვური.

სარეზერვო დანადგარი - სტაციონალური (ან გადასაადგილებელი) დანადგარი, რომელიც რეზერვუარებიდან თხევადი გაზით ამარაგებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, საზოგადოებრივ შენობებს, კომუნალურ, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს.

სარეზერვო ელემენტი - ობიექტის ელემენტი, რომლის დანიშნულებაა ძირითადი ელემენტის ფუნქციების შესრულება ამ უკანასკნელის მტყუნების დროს.

სარეკრეაციო ტერიტორია - საქართველოს დასახლებული ან დაუსახლებელი ტერიტორია, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა დასვენებისათვის, მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სარემონტოდ ვარგისობა - ელემენტის მზადყოფნა (თვისება) რემონტის ან ტექნიკური მომსახურების მიმართ, ანუ აღიდგინოს წესივრულობა და მუშაობის უნარი.

სარეცხელა - აპარატი, რომელიც გამოიყენება გაზის ნარევიდან მყარი (მტვერი, ფისი და სხვ.) და გაზისებრი (გოგირდწყალბადი, ამიაკი და სხვ.) მინარევების დასაჭერად. ს. არის: ღრუ საცმის გარეშე, რომლებშიც მინარევების დაჭერა ხდება გაფრქვეული სითხით; საცმით (კერამიკული ან ფაიფურის რგოლებით), გაზისა და სითხის მიმხების ადგილზე განვითარებული ტენიანი ზედაპირის შექმნისათვის; მექანიკურები, რომლებშიც გაზებთან მშთანთქავი სითხის შერევა ხორციელდება მბრუნავი ნიჩბებით, ხდება მშთანთქავის დაშლა მისი ზევიდან ქვევით მოძრაობისას, გაზი ამ დროს მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით.

სარეცხი დოლი - მბრუნავი ცილინდრული ან კონუსური დოლი, გამოყენებული ქვიშის გარეცხვისათვის (ნახ. 1).

სართული (ფრანგ. étage) - 1. სივრცის ნაწილი შენობის ორ ჰორიზონტალურ გადახურვას შორის (იატაკსა და ჭერს შორის), სადაც განთავსდება სათავსები; 2. შახტის ველის საზღვრებში განვრცობით გავრცელებული ფენის ნაწილი, რომელიც აღმავლობით და დაქანებით შემოსაზღვრულია შახტის ველის საზღვრებამდე გაყვანილი ძირითადი შტრეკებით.

სართული არასრული - სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ზედაპირის ნიშნულიდან ჭერის ზედაპირამდე 1,8 მ-დან 2,5 მ-მდეა.

სართული სრული - სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე არის 2,5 მეტრი ან მეტი.

სართული ტექნიკური - საინჟინრო მოწყობილობათა განსათავსებელი ან კომუნიკაციების გასაყვანი სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე 1,8 მ-ზე ნაკლებია.

სართულიანობა - მიწისზედა სართულების რაოდენობა, მათ შორის ტექნიკური სართული, მანსარდი, აგრეთვე ცოკოლის სართული, თუ მისი ჭერის ნიშნული მიწის საპროექტო ნიშნულზე 2 მ-ით და მეტით მაღლაა. ს. მიხედვით შენობები არსებობს: მცირესართულიანი, საშუალოსართულიანი, მრავალსართულიანი და ცათამბჯენები, რომელთა სართულიანობა შეიძლება 100 და მეტი იყოს. დღეისათვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი (162 სართული, სიმაღლე 829.8 მ შპილის ჩათვლით, 643 მ სახურავის მიხედვით) აშენებულია ქ. დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული ემირატები).

სართულის განაშენიანების ფართობი - სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული ფართობი, ტერასების ფართობების გამოკლებით.

სართულის სიმაღლე - 1. იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა და სართულშუა გადახურვის ძირითადი კონსტრუქცი(ებ)ის ზედა ნიშნულ(ებ)ს შორის საშუალო ვერტიკალური მანძილი (როდესაც იატაკი მდებარეობს ერთ ნიშნულზე); 2. სართულის დონეების საშუალო სიმაღლე (როდესაც იატაკი მდებარეობს სხვადასხვა ნიშნულზე).

სართულის ფართობი - სართულის შემომსაზღვრელ კედლებსა და კოლონებს შორის არსებული ფართობი მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გამოკლებით, აივნებისა და ტერასების ფართობების დამატებით.

სართულშუა გადახურვა - შენობის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც მას სართულებად ყოფს, იღებს ტიხრების, მოწყობილობის, ავეჯის, ადამიანთა და სხვ. დატვირთვებს და მათ კაპიტალურ კედლებს გადასცემს. ს.გ. შეიძლება მოეწყოს ხის, ლითონის, რკ.ბ.-ის, პლასტმასის ან მინის კონსტრუქციებისაგან.

სართულშუა სიმაღლე - მანძილი იატაკიდან ჭერამდე.

სარკე - გაპრიალებული ზედაპირიანი ტანი, რომელიც იძლევა საგნების ოპტიკურ გამოსახულებას (მათ შორის სინათლის წყაროს) და ირეკლავს სინათლის სხივებს. სარკე არსებობს: ბ რ ტ ყ ე ლ ი რომელიც იძლევა უაბერაციო გამოსახულებას (იხ. აბერაცია); ჩ ა ზ ნ ე ქ ი ლ ი  დ ა  ა მ ო ზ ნ ე ქ ი ლ ი სხვადასხვა ფორმის ზედაპირებით, რომლებიც ფლობენ ყველა სახის აბერაციას (ქრომატიულის გარდა). ტექნიკური დანიშნულების მინის ს. მზადდება ამრეკლავი ფენით, რომლისთვისაც გამოიყენება ოქრო, ვერცლი, ტყვია, ალუმინი, პალადიუმი, პლატინა, ქრომი, ნიკელი და სხვა. ტექნიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული ჩაზნექილზედაპირიანი სარკეები (ტელესკოპი, სამედიცინო რეფლექტორი, პროჟექტორი და სხვა). ლინზებთან ერთობლიობაში სარკე ქმნის სარკე-ლინზის სისტემების ფართო ჯგუფს, რომელიც წარმატებით გამოიყენება სამრეწველო ხელსაწყოებში, ასტრონომიაში, ფოტოგრაფიაში და სხვ. მშენებლობაში ს. გამოიყენება ინტერიერებისა და ფასადების მოსაწყობად, ტიხრებად დარბაზებში და ა.შ.

სარკინიგზო - რკინიგზასთან დაკავშირებული; რკინიგზისათვის განკუთვნილი; რაც რკინიგზაზე წარმოებს.

სარკმელი - 1. საჰაერო, შუკუმი; ფანჯრის საგდული ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლად იღება და სადგომის გასანიავებლად არის განკუთვნილი; 2. ფანჯარა; შემინული ღიობი კედელში, შენობის განათების და განიავებისათვის (ნახ. 1).

სარკმლის ალათა - მინების დასამაგრებელი კარკასი; თავსდება სარკმლის ჩარჩოში.

სარკოფაგი - 1. ლუსკუმა; მოხატვით ან რელიეფით შემკული მონუმენტური კუბო; 2. კუბოს ფორმის აკლდამა.

საროტი - მოზაიკა, სოფიის კენჭი; მონუმენტური ფერწერის სახეობა, სადაც გამოსახულება მიიღება სხვადასხვა მასალის (მარმარილოს, მინის, კენჭების და ა.შ,) ნაჭრების მიჯრით დალაგებით.

სარტყელი - 1. კარკასული შენობის კედლის ჰორიზონტალური ელემენტი. შეიძლება იყოს ზედა ან ქვედა. ქვედა სარტყელი წარმოადგენს კარკასის დასაყრდენს, საფუძველს; 2. სართულშორისი ლავგარდნები, შესრულებული უწყვეტი (მთლიანი) ლენტის სახით, რომლებიც იცავენ შენობის კედლებს წვიმისაგან; 3. შენობის სართულის გარე პერიმეტრზე გაყოლებული უწყვეტი რკ.ბ.-ის მონოლითური კონსტრუქცია, რომელსაც ანტისეისმური დანიშნულება აქვს

სარქველი - 1. დეტალი ან მოწყობილობა გაზის, ორთქლის ან სითხის ხარჯის სამართავად მანქანებში ან მილსადენებში, რომელიც მიიღწევა გამტარის განივკვეთის შემცირებით. მანქანებში (ტუმბო, კომპრესორი, შიგაწვის ძრავა, ჰაერსაბერი და სხვ.) და მილსადენებში (ნახ. 1, მილსადენის სარქველი) წარმოადგენს ნივთიერების ხარჯვის განაწილების მექანიზმს ან მართვის მექანიზმის ნაწილს. აქვს კორპუსი და ჩამკეტი, რომელიც გადაადგილდება კორპუსში და ცვლის გამტარი განივკვეთის ფართობს, და, შესაბამისად, ს. გამტანუნარიანობას. ს. დანიშნულებაა შექმნას წნევათა სხვაობა, არ დაუშვას სითხის უკუდინება, მოახდინოს გაზის, ორთქლის, სითხის ნაწილობრივი გაშვება წნევის აწევისას დადგენილზე ზევით, დაარეგულიროს წნევა ან ხარჯი, შეამციროს წნევა ან დაიჭიროს იგი მუდმივ დონეზე. ამას გარდა ს. გამოიყენება, როგორც ჩამკეტი არმატურა მილსადენების, ტექნოლოგიური აპარატების, თბოენერგეტიკული დანადგარების და სხვ. ჰერმეტული გათიშვებისათვის; 2. რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლის დროს; 3. თავსახური, სახურავი, ხუფი.

სარქველი დამცავი - ავტომატური სარქველი ჩაკეტილ მოცულობაში ან სისტემაში წნევის დასარეგულირებლად. არსებობს ბერკეტული და ზამბარული, რომლებშიც წნევა რეგულირდება შესაბამისად ბერკეტის სიგრძითა და ზამბარის შესაკუმში ძალით.

სარქველი საკვამლე - სარქველი ნორმირებული ცეცხლმედეგობის ზღვრით, რომელიც იხსნება ხანძრის დროს.

სარჩელი - სასამართლოში შეტანილი განცხადება რაიმე დავის გადასაწყვეტად.

სარჩილავი - 1. ხელის იარაღი, რომელიც გამოიყენება ლითონების მისარჩილად. მისი სპილენძის ნაწილი ცხელდება ელექტრული დენით (ელექტროსარჩილავი).

სარჩილი - ლითონი ან შენადნობი (კალა, ტყვია, სპილენძი, ალუმინი და სხვ.), შეყვანილი შესაერთებელი დეტალების ღრეჩოში. რჩილვის პროცესში ხდება დიფუზია სარჩილსა დეტალების მასალას შორის და მიიღება ხისტი შეერთება. რჩილვის ტემპერატურა მეტია, ვიდრე შესაერთებელი დეტალების ნაწიბურების.

სარჩილი კომპოზიციური - სარჩილი, რომელიც თავის მოცულობაში შეიცავს შემავსებელს ანუ მასალას, რომელიც შესადუღებელ ღრეჩოში ქმნის კაპილარების სისტემას და შეერთებას აძლევს განსაკუთრებულ თვისებებს.

სარჩილი მილისებრი - მილის ან მრავალარხიანი ღეროს ფორმის სარჩილი, რომლის შიდა მოცულობა შევსებულია ფლუსით ან სარჩილის კომპონენტებით.

სარჩილი ფლუსური - სარჩილი, რომელსაც ფლუსის თვისებები აქვს.

სარჩილი ფორმირებული - სარჩილი მოცემული ფორმის ნაკეთობის სახით.

სარჩილი ფხვნილის - სარჩილი ფხვნილის ან ლითონის ფხვნილის სახით, რომელიც დნება რჩილვის პროცესში და ხისტად აერთებს დეტალებს.

სარძირკველი უწყვეტი - ლენტური საძირკველი; კაპიტალური კედლის ქვეშ მთელ პერიმეტრზე ამოყვანილი საძირკველი.

სარწყავ-სავენტილაციო დანადგარი - თვითმავალი მანქანა კარიერების გასანიავებლად და მოსარწყავად. განიავება ხდება საავიაციო ძრავით და საჰაერო ხრახნით, მორწყვა - ჰიდრომონიტორისა და ფრქვევანა კოლექტორის საშუალებით. ჰორზონტალურად ჰაერის ნაკადის შორსმსროლობა ჰორზონტალურად დაახლოებით 1000 მ-ია, ვერტიკალურად - დაახლოებით 140 მ.

სარწყავი - მოწყობილობა წყალხსნარის გასაშხეფებლად.

სარწყავი სისტემა - ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსი წყლის წყაროდან წყლის ასაღებად, გასანაწილებლად მოსარწყავ ფართობზე და მელიორაციისათვის. რეგულარულად მოქმედი თვითდინებადი ს.ს. შემადგენლობაში შედის: წყლის წყარო, მთავარი წყალმიმღები ნაგებობა, მაგისტრალური არხი, გამანაწილებელი არხების ქსელი, შიდასამეურნეო არხების ქსელი, წყლის საღვრელი (სადრენაჟე) ქსელი, ნაგებობები არხებზე (წყლის ასაღები, ვარდნილი, სწრაფსადენები, წყლის გადამგდები, აკვედუკი, დიუკერი და სხვა). მექანიკურ სარწყავ სისტემებზე, გარდა ამისა, არის სატუმბი სადგურები, საწვიმარი დანადგარები, გამყვანი მილები და სხვ

სარჭი (რუს. Шпилька) - ლითონის სამაგრი ნაკეთობა ღეროს სახით გარე ხრახნით, რომელიც ქმნის შეერთებას ქანჩთან ან ხრახნულ ნახვრეტთან ერთად (ნახ. 1).

სასამართლო - 1. ორგანო, რომელიც კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით იხილავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს; ამ ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული. საქართველოში მოქმედებს შემდეგი სახის სასამართლოები: უზენაესი, სააპელაციო, საკონსტუტიციო და საერთო (საოლქო, საქალაქო).

სასანთურე მოწყობილობა - სანთურა, ინტეგრირებული ამნთებ მოწყობილობასთან, სათბობის ჩამკეტ სარქველებთან, სამზერთან, ავტომატური მართვის, რეგულირების და სიგნალიზაციის საშუალებებთან (თუ ისინი გათვალისწინებულია კონსტრუქციით).

სასარგებლო წიაღისეული - დედამიწის ქერქის მინერალური წარმონაქმნები, რომელთა ქიმიური შედგენილობა და ფიზიკური თვისებები საშუალებას იძლევა ეფექტურად გამოვიყენოთ მატერიალური წარმოების სფეროში. არსებობს მყარი (ნახშირები, მადნები, არამადნეული), თხევადი (ნავთობი, მინერალური წყლები) და აირმაგვარი (ბუნებრივი აირები).

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება - მინერალური ნედლეულის (მადანი, ნახშირი და სხვ.) გადამუშავების ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების ერთობლიობა, რომელთა მიზანია ფუჭი ქანების მოცილება და სასარგებლო წიაღისეულის სუფთა კონცენტრატის მიღება. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება დაფუძნებულია სიმკვრივის მიხედვით თითოეული შემადგენლის დაცალკევებაზე (გრავიტაციული გამდიდრება), მაგნიტურ მგრძნობელობაზე (მაგნიტური გამდიდრება), ზედაპირების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე (ფლოტაცია) და ა.შ. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების შედეგად მიიღება პროდუქტები ძვირფასი შემადგენლობის მაღალი შემცველობით - კონცენტრატები, რომლებიც შემდეგ ექვემდებარებიან დამუშავებას და გამდიდრების ნარჩენები, ე.წ. კუდები. სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება ხდება სპეციალურ საამქროებში და გამამდიდრებელ ფაბრიკებში.

სასაქონლო ნიშანი - 1. ამა თუ იმ ქვეყანაში დადგენილი წესით რეგისტრირებული, ორიგინალურად გაფორმებული გრაფიკული, ტექსტური, რელიეფური ან სხვაგვარი ნიშანი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საწარმოთა მიერ წარმოებული ერთგვაროვანი ნაწარმის ერთმანეთისგან გასამიჯნავად. არსებობს მისი ორი სახე: სავაჭრო მარკა და სავაჭრო სახელწოდება; 2. სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა და მომსახურებისგან. სიმბოლო შეიძლება იყოს სიტყვა ან სიტყვები (ნახ. 1), აგრეთვე, ადამიანის სახელი, ასოები, ციფრები, გამოსახულება, სამგანზომილებიანი ფიგურა ან ასოებისა და სიტყვების გარკვეული შეხამება.

სასვლელი - მისასვლელი, გამოსასვლელი, შესასვლელი და ა.შ.

სასვრეტელა (რუს. Дрель) - ხელის, პნევმატიკური ან ელექტრული ხელსაწყო, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ბურღი ან სხვა მჭრელი ინსტრუმენტი ნაკეთობაში სვრეტის (ნახვრეტის) გასაკეთებლად (ნახ. 1). გამოიყენება სამშენებლო, სადურგლო, საზეინკლო და სხვა სახის სამუშაოების შესასრულებლად.

სასიმინდე - სიმინდის შესანახი ნაგებობა (წნული ან ფიცრული).

სასმენი ფანჯრები - ღიობი სხვენის ნაგებობის განათებისა და განიავებისათვის, აგრეთვე სახურავზე გასასვლელად.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - მიწის სახეობა, რომელშიც შედის: ა) სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწები; გ) საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები; დ) დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; ე) ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებართულია კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით; ვ) სამელიორაციო ქსელებით დაკავებული მიწები; ზ) სხვა მიწა, რომელიც “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია - საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში გადაყვანა

სასრული - ყოველი შემოსაზღვრული ნივთი, პროცესი ან მოვლენა, რაც მჟღავნდება მისი ზღვარდებული არსებობით დროსა და სივრცეში ან მისი რაოდენობრივი და თვისებრივი მრავალფეროვნების ამოწურვადობით. ლოგიკასა და სიმრავლეთა თეორიაში სასრულის ცნებები მოდელირდება სასრულ სიმრავლეთა ცნებებით.

სასტუმრო - 1. ჩამომსვლელთა დასაბინავებელი სახლი, სადაც ქირავდება ავეჯით მოწყობილი ოთახები; 2. სტუმრის მისაღები ოთახი (ბინაში).

სასულე - ღუმელიდან გახურებული ჰაერის გამოსაშვები ხვრეტი.

სასწავლებელი - 1. დაწესებულება, სადაც მოსწავლეებს ასწავლიან; სკოლა; 2. რაც უნდა ისწავლონ; სასწავლი.

სასწორი - ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება მასის გასაზომად და რომელშიც გამოყენებულია გრავიტაციული ძალების ეფექტი. მოქმედების პრინციპის მიხედვით ს. არის ბერკეტული, ელექტრული, ჰიდროსტატიკური, ზამბარული. დანიშნულების მიხედვით არჩევენ ს.: სანიმუშო, ლაბორატორიული, საერთო დანიშნულების, სპეციალიზებული. საერთო დანიშნულების ს. არის: მაგიდის - < 50 კგ, გადასატანი - 50...6000 კგ და სტაციონარული - 5...200 ტ.

სატარიფო განაკვეთი - ამა თუ იმ ჯგუფის, კატეგორიისა და თანრიგის (მომუშავის) ანაზღაურების აბსოლუტური სიდიდე სამუშაო დროის ერთეულში (საათი, დღე, თვე), ფულად ერთეულში. განასხვავებენ საათობრივ, დღიურ და თვიურ სატარიფო განაკვეთებს. სატარიფო განაკვეთის სიდიდე დგინდება შრომის ნორმალურ პირობებში მარტივ და მსუბუქ სამუშაოებზე დასაქმებული მომუშავეების სამუშაო ძალის კვლავწარმოების აუცილებელი დანახარჯების გათვალისწინებით.

სატარიფო თანრიგი - სამუშაოს სირთულისა და მომუშავის კვალიფიკაციის დონის მაჩვენებელი. ყველა სახის სამუშაო, მათი შესრულების სირთულის შესაბამისად, იყოფა რამდენიმე საკვალიფიკაციო ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეკუთვნება საკვალიფიკაციო თანრიგი. სატარიფო ბადეში თანრიგის რიგითი ნომერი მიუთითებს, რომელ საკვალიფიკაციო ჯგუფს მიეკუთვნება იგი. სირთულის მიხედვით უმარტივესი სამუშაოები მიეკუთვნება პირველ თანრიგს. სამუშაოთა სირთულის ზრდასთან ერთად იზრდება მისი სატარიფო თანრიგის ნომერიც. ხელფასის ორგანიზაციისას პრაქტიკაში ადგილი აქვს როგორც სამუშაოების, ისე მომუშავეთა (მუშების) ტარიფიკაციას. სამუშაოთა ტარიფიკაცია ხდება ერთიანი სატარიფო-საკვალიფიკაციო ცნობარების შესაბამისად. მუშების ტარიფიკაცია კი გულისხმობს მათთვის საკვალიფიკაციო თანრიგების მიკუთვნებას საკვალიფიკაციო მომზადების დონიდან გამომდინარე.

სატარიფო კოეფიციენტი - სატარიფო კოეფიციენტები გვიჩვენებს მეორე თანრიგიდან დაწყებული სატარიფო განაკვეთი რამდენჯერ აღემატება პირველი თანრიგის სატარიფო განაკვეთს. კვალიფიკაციის ამაღლებით მუშაკთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, სატარიფო ბადეებში თანრიგის ზრდასთან ერთად ადგილი აქვს ს.კ. როგორც აბსოლუტურ, ისე შეფარდებით ამაღლებას. თითოეული შემდგომი ს.კ. წინასთან შედარებით შეფარდებითი ამაღლება გვიჩვენებს მოცემული თანრიგის მომუშავის ანაზღაურების დონე რამდენჯერ აღემატება წინა თანრიგის მომუშავის ანაზღაურების დონეს.

სატაცი - 1. ამწევ ბაგირზე ან ჯაჭვზე ჩამოკიდებული ტვირთამწევი მანქანის ნაწილი ტვირთების წატაცებისათვის და შეკავებისათვის (ერთმაგი და ორმაგი კაკვები, კავები, გრეიფერები, ელექტრომაგნიტები და სხვ.); 2. ღერძებისა და ლილვების ნაწილები, რომლებიც უშუალოდ ეხება საკისრებს.

სატელიტი (ლათ. Satelles (Satellitis) თანამგზავრი; თანამზრახველი) - 1. ქალაქის მახლობლად განლაგებული დასახლება, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქალაქში მუშაობს; ქალაქი-თანამგზავრი; 2. ასტრ. პლანეტის თანამგზავრი; 3. ტექნ. კბილანა, რომელიც გადაბმულია მეორე, წამყვან კბილანაზე; 4. ფიზიკ. სპექტრის სუსტი ზოლი ძლიერი ზოლის მეზობლად; 5. სახელმწიფო ან მთავრობა, რომელიც ფორმალურად დამოუკიდებელია, მაგრამ სინამდვილეში ემორჩილება სხვა სახელმწიფოს.

სატენი - 1. თბოიზოლაციისა და ფილტრაციის, აგრეთვე ხმაურისა და დატყმების, ხახუნისა და ცვეთის შესამცირებელი საშუალება. ცნობილი სხვადასხვა სახის ს.: აზბესტის, ბაბიტის, ლითონის, მავთულის, მფილტრავი, ტყავის, ქეჩის, ჩობალის და სხვ.; 2. ძენძი, ბოჭკოვანი ქსოვილი, რომელიც გამოიყენება მილტუჩზე დასახვევად მათი ჩახრახვნით შეერთების დროს.

სატერფული - 1. იგივე პედალი; 2. ბარის ტარზე გვერდიდან გაკეთებული კოტა ფეხის დასაჭერად; 3. მართვის სისტემის დეტალი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ზემოქმედება სამუხრუჭო გამშვებ ელემენტებზე. ს. არის: გამშვები, აქსელერატორის, გადაბმულობის, გადაცემის ამომრთველი, გასათიში, დროსელიანი, მუხრუჭის, ფეხის, ქუროსი და სხვ.

სატეხი - 1. იარაღი ან ხელსაწყო, რომლითაც ტეხენ რასმე; სამტვრევი; 2. სადურგლო იარაღი, რითაც ხეზე ჭრიან ნახვრეტებს, ღრუებს და მისთანებს; 3. ქვაზე ჩუქურთმის საჭრელი იარაღი; 4. საბურღი იარაღის ძირითადი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ბურღვის პროცესში მთის ქანების დასარღვევად საბურღ ჭაბურღილში. იგი შეიძლება იყოს ექსცენტრიკული, საფხვიერებელი, ხელის.

სატვირთველი - თვითმავალი სატვირთო მანქანა, რომლის დანიშნულებაა ტვირთის წატაცების, აწევის, გადატანის და სატრანსპორტო საშუალებებში თაკარებად ან ნაყარად დაწყობის ოპერაციების შესრულება. განასხვავებენ ზოგადი დანიშნულების (უნივერსალურ) და სპეციალურ ს. ყველაზე მეტადაა გავრცელებული ავტოსატვირთველი და ელექტროსატვირთველი.

სატვირთო ამწევი - გამოიყენება მხოლოდ საცალო და დაფასოებული სამშენებლო ტვირთების გადასაადგილებლად. დაყენების სახის მიხედვით არის თავისუფლადმდგომი - გადასაყენებელი და გადასაადგილებელი სარელსო გზაზე (9...12 მ სიმაღლის) და მისადგმელი (75...100 მ სიმაღლის).

სატვირთო ეფექტი - ძალა, ძაბვა, დეფორმაცია, ბზარების გახსნა, გამოწვეული ძალოვანი ზემოქმედებით.

სატიტულო სია - კაპიტალური მშენებლობის იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა პროექტები და ხარჯთაღრიცხვა უკვე დამტკიცებულია.

სატკეპნი (რუს. Каток) - მანქანა, გრუნტის ან ასფალტის დასატკეპნად. ს. ძირითადი ელემენტია ცილინდრული ფორმის ფოლადის ვალცი (თვალი), რომელიც განლაგებულია ბორბლის ადგილზე. ს. თავისი დიდი წონით ტკეპნის შესამჭიდროებელ ნივთიერებას. მანქანას აქვს წამყვანი ვალცი, რომელსაც ძრავისაგან გადაეცემა მგრეხი მომენტი და ამყოლი ვალცი, რომელიც ასრულებს მიმმართველის ფუნქციას (ნახ. 1). თანამედროვე ს. ძირითადად აღჭურვილია ჰიდრავლიკური მექანიზმით, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მანქანის საიმედოობას მუშაობაში.

სატრანსპორტო კატასტროფა - დიდი ავარია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი ახლავს.

სატრანსპორტო საშუალება - ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი

სატრანსფორმატორო ქვესადგური - ელექტროდანადგარი ერთი ძაბვის ელექტროენერგიის გარდასაქმნელად მეორე ძაბვის ელექტროენერგიად ტრანსფორმატორის მეშვეობით.

სატრაპეზო - საოსტიგნე; მონასტრის სასადილო დამხმარე სათავსები.

სატრაქტორო მატარებელი - ტანდემი, რომელიც შედგება ტრაქტორისა და მისაბმელისაგან (ამ მისაბმელებისაგან). მისაბმელი შეიძლება იყოს ერთ-, ორ- ან სამღერძა. გამოიყენება ნახევარმისაბმელი საშუალებებიც. მისაბმელების დანიშნულებაა ფხვიერი და წვრილნატეხი საშენი მასალების (ქვიშა, გრუნტი, მოზაიკა და სხვ.) ტრანსპორტირება ტარის გარეშე საბაზო მანქანის მეშვეობით (ნახ. 1). გადაზიდვის ოპტიმალური მანძილია 0,5...1 კმ.

სატუმბი სადგური - ნაგებობის, მანქანების და მოწყობილობების კომპლექსი, სითხის გადასაადგილებლად წნევის მეშვეობით. ჩვეულებრივ შედგება: წყალმიმღები მოწყობილობის, შემწოვი მილებისაგან, ტუმბოებისაგან, ძრავებისაგან და სადაწნეო მილებისაგან. ს.ს. შედის წყალმომარაგების, კანალიზაციის, მელიორაციის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ნავთობსადენების და მისთ. სისტემის შემადგენლობაში

სატურატორი (ლათ.) - აპარატი (პულსოქსიმეტრი) სითხეების გასაჯერებლად ნახშირორჟანგით.

სატურაცია (ლათ.) - 1. სითხის გაჯერება ნახშირმჟავა გაზით; 2. შაქრის წარმოებაში: შაქრის წვენის ქიმიური დამუშავება ნახშირმჟავათი (კირის მოსაშორებლად, გამოსადევნად).

სატყეო მიწები - მიწების კატეგორია, რომელიც ვარგისი და გამოყენებულია ტყის მოსაშენებლად. ს.მ. იყოფა შემდეგ სახეებად: დაფარული ტყით, დაუფარავი ტყით, შეუკრავი ტყის კულტურები, ტყის პლანტაციები და სანერგეები, ბუნებრივი კორომები.

სატყეო უბანი - სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა ოპტიმალურად ორგანიზების მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია.

სატყეო ურთიერთობები - სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის დროს წარმოშობილი ურთიერთობები.

სატყეო ფონდი - ერთობლიობა ადმინისტრაციულ-სამეურნეო ტერიტორიების (სატყეო, ტყის საწარმო, რაიონი, მხარე, რესპუბლიკა, ქვეყანა) სატყეო და არასატყეო მიწებისა.

საუკეთესო არსებული ტექნოლოგია - ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება მეცნიერებისა და ტექნიკის უკანასკნელ მიღწევებს, რომელიც მიმართულია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისკენ და რომელსაც გააჩნია პრაქტიკული გამოყენების დადგენილი ვადა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით.

საფართი - 1. საჭრელი ინსტრუმენტი, გამოყენებული გაბურღული ნახვრეტის კიდეების საბოლოოდ გასასუფთავებლად. არსებობს ხელის და ჩარხზე სამუშაო. ფორმის მიხედვით განასხვავებენ ცილინდრულ და კონუსურ ს.

საფარი - 1. კონსტრუქციის, გზის სამოსის და მისთ. ზედა ფენა, რომელიც ქმნის სწორ ზედაპირს და უზრუნველყოფს გზის საექსპლუატაციო მახასიათებლებს. 2. მოწყობილობა, რომლითაც ხდება არხის, ღარის და ა.შ. კვეთის ფართობის შეცვლა და ამგვარად, მასში გამავალი აირის, სითხის მოცულობის რეგულირება. ს. კეთდება მოსაბრუნებელი, დამაგრებული ღერძზე (დროსელის) და მასალის ნაკადის მართობულად გადასაადგილებელი (შიბერები). სკრეპერის ციცხვის წინა ს. ხდება მასში შესული (თხრის პროცესში) და გამოსული (განტვირთვის პროცესში) გრუნტის რაოდენობის რეგულირება.

საფარის მონასტერი - დაარსებულია X საუკუნეში სოფელ ღრელთან, ძირძველი ქართული მხარის მესხეთის მიწაზე, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით (ნახ. 1). საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომლის ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, წმ. საბას ტაძარი, რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა მიძინების ერთნავიანი ეკლესია, წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. წმინდა საბას ტაძარი შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ტაძრის ასაშენებლად რთულ რელიეფიან ხევში მშენებლებს საგანგებო ბაქანი შეუქმნიათ და ამისთვის ხელსაყრელ ადგილად უკვე არსებული მიძინების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მიუჩნევიათ, ამიტომაც წმიდა საბას ტაძარი უშუალოდ არის მიდგმული ძველ საყდართან. ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ ხატმწერს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია. გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. მონასტრის ტერიტორიაზე გაფანტული სხვა სამლოცველოები XIV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება. მონასტერს თავს დაჰყურებდა ციხე, რომელსაც გარშემო დიდი გალავანი ერტყა.

საფეხურები გამჭვირვალე - კიბის საფეხურები, როდესაც კიბის სვლის ქვედა საფეხურის ზედა ჰორიზონტალურ სიბრტყესა და ზედა საფეხურის ვერტიკალურ სიბრტყეს შორის ცარიელი სივრცეა.

საფეხური - 1. კიბის სვლის ნაწილი, რომელიც შეიცავს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებს; 2. სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგენილი, ზედაპირზე წარმოქმნილი სიმაღლეთა სხვაობა; 3. განვითარება, დაწინაურება, ცოდნის დონე, სწავლების დონე, ზევით ასასვლელი ადგილი.

საფეხური კონსოლური - გამჭვირვალე საფეხური, რომელიც მიმაგრებულია ერთი გვერდითი მხარით დახრილ მზიდ კოჭთან (კოსოურთან, ჩანასთან).

საფეხური შემორბენითი - საფეხური, რომლის ერთი გვერდის სიგრძე მეორე გვერდის სიგრძეზე ნაკლებია; გვხვდება კიბის სვლის მოხვევისას.

საფეხურის ნაშვერი - კიბის საფეხურების ჰორიზონტალური ზედაპირების ან კიბის მარშების თავში მდებარე ბაქნების წინა კიდეები.

საფეხურქვეში - კიბის კონსტრუქციული დეტალი: საფეხურის ვერტიკალური ელემენტი.

საფითხი (რუს. Шпатель) - ინსტრუმენტი სამღებრო, საფითხნი და სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესასრულებლად. ამზადებენ თხელი, დრეკადი, სწორპირიანი უჟანგავი ფოლადის ზოლისაგან სახელურით (ნახ. 1). გამოიყენება ბზარების, ღრეჩოების ამოსავსებად, კედლის უთანაბრო ზედაპირების გასასწორებლად, კედლებიდან და ჭერიდან ძველი საღებავების, წებოს და შპალერის მოსაცილებლად და სხვ.

საფითხნი - ნივთიერება, რომელიც გამოიყენება წებოვანი ან სილიკატური საღებავების ქვეშ შესაღები ზედაპირის გასასწორებლად.

საფინანსო ეკონომიკა - ეკონომიკური მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის კავშირს ისეთ ფინანსურ სიდიდეებს შორის, როგორებიცაა: ფასი, დამატებითი ღირებულება, სააქციო კაპიტალი და ა.შ. ამ დარგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - რეალური ეკონომიკური მაჩვენებლების ფინანსურ მაჩვენებლებზე გავლენის შესწავლა.

საფირმო მარკა - სახელწოდება ან ემბლემა, ნიშანი, სიმბოლო, რომელიც იძლევა საშუალებას, მოცემული საქონელი სხვა საქონლის მასისაგან გამოიყოს. იგი საქონლის „სახის“ განუყოფელი ელემენტია. საქონელი საფირმო მარკით შეიძლება გაიყიდოს ნებისმიერი სავაჭრო ობიექტიდან

საფირონი (ბერძ.) - ლურჯი, უმაღლესი კატეგორიის ძვირფასი საიუველირო ქვა, ჟანგეულების ჯგუფის მინერალი. ს. მიეკუთვნება ყველა არაწითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ლურჯ, მწვანე, შავ და სხვა ფერის კორუნდს. ძირითად ქანებში გვხვდება მარმარილოებში, ბაზალტებსა და პეგმატიტებში

საფრთხე - ბუნებრივი ან საწარმოო სიტუაცია, რომელმაც გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები ან პროცესები, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს: ავარიებს ან კატასტროფებს ტექნოსფეროში; ადამიანების ჯანმრთელობის და გარემოს მდგომარეობის გაუარესებას. ს. სიტუაციაა, რომელიც მუდმივად არსებობს ბუნებრივ და საწარმოო გარემოში, და რომელსაც გარკვეულ პირობებში არახელსაყრელი მოვლენების (საშიში ფაქტორების) რეალიზაციის უნარი აქვს. ს. რეალიზაცია, ჩვეულებრივ, შემთხვევითი მოვლენაა და საშიში ფაქტორის აღძვრა ხასიათდება მოვლენის ალბათობით. ს. აღწერს ტექნიკური, ბუნებრივი და სოციალური ხასიათის ზოგიერთი პირობის განხორციელების შესაძლებლობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არახელსაყრელი მოვლენები და პროცესები, მაგ., ავარიები სამრეწველო საწარმოში, ბუნებრივი კატასტროფები ან უბედურებები, ეკონომიკური ან სოციალური კრიზისები. ს. ცოცხალი ან არაცოცხალი მატერიის ნეგატიური თვისებაა, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს თვით მატერიას - ადამიანებს, გარემოს , მატერიალურ ფასეულობებს. ს. წყარო შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი, და საფრთხე ემუქრება როგორც ცოცხალს, ისე არაცოცხალს. საფრთხე არსებობს სივრცესა და დროში. განასხვავებენ ბუნებრივი, ტექნოგენური და ანტროპოგენული წარმოშობის საფრთხეებს. ბუნებრივ საფრთხეებს ქმნის სტიქიური მოვლენები, კლიმატური პირობები, რელიეფი.

საფრთხე ანტროპოგენული - ადამიანების მცდარი ან არასანქცირებული ქმედებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხე.

საფრთხე რეალური - სივრცესა და დროში კოორდინირებული საფრთხე, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია კონკრეტულ საშიშროებასთან. (მაგ., გზატკეცილზე მოძრავი ცისტერნა, წარწერით „ცეცხლსაშიშია”, გზის სიახლოვეს მყოფი ადამიანისათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. როგორც კი ავტოცისტერნა გავა ადამიანის ყოფნის ზონიდან, იგი გადაიქცევა ადამიანის მიმართ პოტენციური საფრთხის წყაროდ).

საფრთხე ტექნოგენური - 1. ტექნიკური სისტემის, სამრეწველო ან სატრანსპორტო ობიექტისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, რომელიც რეალიზდება ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას ადამიანზე და გარემოზე ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წყაროს გამანადგურებელი ზემოქმედების სახით ან ამ ობიექტების ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში ადამიანისა და გარემოსთვის პირდაპირი ან ირიბი ზიანის სახით. 2. ტექნიკური საშუალებებით შექმნილი საფრთხე.

საფრთხეები ბუნებრივი - ქმნის სტიქიური მოვლენები, კლიმატური პირობები, რელიეფი: მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ქარიშხალი, გრიგალი, მეწყერი, ზვავი და სხვ.

საფრქვეველ-გამომშრობი - გამოიყენება კერამიკული ფილების წარმოებაში. საშუალებას იძლევა ტექნოლოგიური პროცესიდან ამოვარდეს მასის შრობისა და გრანულაციის ოპერაცია და პირდაპირ იქნას მიღებული სტაბილური მარცვლოვანი შედგენილობისა და ტენიანობის საწნეხი ფხვნილი.

საფუძველი - 1. ბაზისი; სვეტის, კედლის, ანტის ქვედა საყრდენი ნაწილი; 2. ცოკოლი, ზეძირკველი; შენობის ქვედა, შეკიბული ნაწილი; 3. საგზაო სამოსის ქვედა კონსტრუქციული ფენა, ფენილი, გრუნტი. მტკიცე საგზაო სამოსი შეიძლება აიგოს მხოლოდ ერთგვაროვანი, კარგად შემჭიდროებული და გამოშრობილი გრუნტის საფუძველზე; 4. პნევმოქსოვილის (გამოიყენება პნევმატიკურ კონსტრუქციებში) ძირითადი შრე - გრძივი ძაფები.

საფხვიერებელი - მისაბმელი ან საკიდი მოწყობილობა მუხლუხა ტრაქტორზე მძიმე ქანების, აგრეთვე ძველი ასფალტბეტონის საგზაო საფარების მოსანგრევად წინასწარი გაფხვიერებისათვის საავტომობილო გზის რემონტის დროს. მისი მუშა ორგანო დამონტაჟებულია მზიდ ჩარჩოზე და აღჭურვილია ცვეთამედეგი ბუნიკით.

საქალაქთმშენებლო დოკუმენტაცია - გრაფოანალიზური, კარტოგრაფიული, ტექსტური, საანგარიშო და სხვ. ტიპის მასალების კომპლექტი, დაფუძნებული ტერიტორიისა და მისი გაშენების მეცნიერულ პროგნოზზე.

საქალაქთმშენებლო რეგლამენტი - გაშენების წესებით და ნორმებით დადგენილი პარამეტრებისა და სახეების ერთობლიობა მიწის ნაკვეთებისა და უძრავი ქონების გამოყენებისათვის ქალაქისა და სოფლის დასახლებებში, მუნიციპალურ წარმონაქმნებში, აგრეთვე თითოეული ზონის ფარგლებში, საქალაქთმშენებლო მოქმედების განხორციელებისას, უძრავი ქონების ობიექტების შესაძლო ცვლილებები.

საქალაქთმშენებლო წესდება (კოდექსი) - საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს მის ტერიტორიაზე საქალაქთმშენებლო მოქმედების განხორციელების წესს.

საქალაქო აგლომერაცია - ქალაქის, რაიონის, უბნის, სასოფლო დასახლების მიწების გარე საზღვარი, რომელიც გამიჯნავს მას სხვა კატეგორიის მიწებისაგან.

საქალაქო გზები - საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი გზები არასაცხოვრებელ უბნებში, ქვეითად მოსიარულეებისაგან სრული იზოლაციით; ქუჩისებისაგან განსხვავებით ს.გ. არ გააჩნიათ პირდაპირი კავშირი გარემომცველ განაშენიანებასთან და მისგან გამოიყოფა გამწვანების ზოლებით ან შემოღობვით. ჩქაროსნული ს.გ. უმეტესად გამოიყენება ქალაქისაგან მოშორებული უბნების და საავტომობილო გზების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ბევრ შემთხვევაში ს.გ. განალაგებენ ნათხარებზე, ყრილებსა და ესტაკადებზე. ადგილობრივი მოძრაობის ს.გ. დანიშნულებაა დააკავშიროს სამრეწველო საწარმოები და საწყობები მაგისტრალურ ქუჩებსა და გზებთან.

საქალაქო ხიდი - ხიდი ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთათვის, რომელიც განლაგებულია ქალაქის საზღვრებში. ყველაზე მეტად გავრცელებულია რკ.ბ.-ისა და ფოლადის ხიდები ზედა სვლით. მალის კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ თაღოვანს, კოჭოვანს, კონსოლურ-კოჭოვანს, კიდულს. ხიდის სიგანეს ადგენენ ტრანსპორტის მოძრაობის ზოლების მიხედვით და იღებენ 3,5-ის ჯერადს. ს.ხ წინა მოედნებზე ხდება სატრანსპორტო ნაკადის ორგანიზებული განტვირთვა.

საქართველოს მინერალური რესურსები - საქართველოს საკმაოდ მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებრივი რესურსები გააჩნია. ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრებიიდან მნიშვნელოვანია სათბობ-ენერგეტიკული რესურსები: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი,  აგრეთვე მინერალები, ფერადი ლითონები, მინერალური წყლები და სხვ. ნავთობის დაზვერილი მარაგი საქართველოში მხოლოდ 13 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა მაღალია მისი ხარისხი. სავარაუდო რეზერვი 580 მლნ ტონაა, აქედან 200 მლნ ტონას ვარაუდობენ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე და მის შელფზე, 380 მლნ. ტონას კი - ხმელეთზე. ძალზე პერსპექტიულად ითვლება ტარიბანის ნავთობის საბადო, სადაც, წინასწარი გათვლებით, ერთი მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგია. ქვანახშირის  მოპოვება დაიწყო XIX ს-ის 20-იან წლებში,  შემდეგ კი გაიხსნა ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოც. დღეისთვის ქვანახშირის არსებული რეზერვი 450 მლნ ტონაა, რომელიც შეიძლება კიდევ 700 მილიონი ტონით გაიზარდოს. სამწუხაროდ, ქვანახშირის უმეტესი ნაწილი შედარებით დაბალი ხარისხისაა. ნავთობის თანმხლები ბუნებრივი აირის მოპოვება წარმოებს სამგორ-პატარძეულსა და თელეთის საბადოებზე. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საქართველოს შელფურ ზონაში ბუნებრივი აირის მარაგი 1,8 მლრდ კუბ. მ-ია. მანგანუმს ჭიათურასა და საჩხერეში მოიპოვებენ. იგი შავი მეტალურგიის განვითარებისთვის მეტად საჭირო ნედლეულია. პერსპექტიული თვალსაზრისით, საყურადღებოა ჩხარი-აჯამეთის საბადო ქუთაისისა და თერჯოლის მიდამოებში, აგრეთვე შქმერის, აგარისა და ჯავის საბადოები. სულ საქართველოში გამოვლენილი მანგანუმის სავარაუდო მარაგი 0,5 მლრდ ტონას შეადგენს. რკინის მადნის საბადოებიდან ყველაზე მძლავრია ფოლადაურის საბადო და მაგნეტიტური ქვიშები გურიის ზღვისპირა ზოლში. აქ რკინის მარაგი 150…200 მლნ ტონაა. აღსანიშნავია, აგრეთვე, ძამის საბადო, რომლის მარაგი 20 მლნ ტონას შეადგენს. საქართველოში ფერადი ლითონების საბადოებია: სპილენძ-ტყვია-თუთიის (მადნეული), ტყვია-თუთიის (კვაისა), დარიშხნის (ცანის და ლუხუნის). მშენებლობასა და ქიმიურ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება ანდეზიტი (მარაგი 13 მლნ კუბ.მ). სოფლის მეურნეობაში სასუქად და გაზის მრეწველობაში გამწმენდ საშუალებად წარმატებით იყენებენ ცეოლითებს. ნავთობ-ქიმიური მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ნედლეულია ბენტონიტური თიხები. საქართველოში მისი სავარაუდო მარაგი 180 მლნ ტონამდეა. იგი გამოიყენება ლითონჩამოსასხმელ საწარმოებში, როგორც საყალიბე მასალა, ასევე როგორც ნავთობის, ცხიმებისა და ღვინის გამწმენდი საშუალება. ტალკი და სერპენტინიტი ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ძირულას მასივის ტერიტორიაზე მოიპოვება. მათ რუბეროიდის წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში იყენებენ. საქართველოში მოიპოვებენ მოსაპირკეთებელ ქვებს: აქატს (ახალციხის მუნიციპალიტეტი), საიუველირო აქატს (მარნეულის მუნიციპალიტეტი), ობსიდიანს (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მათ ზუსტი ხელსაწყოების, საათების წარმოებასა და საიუველირო საქმეში იყენებენ. საქართველოში დიდი რაოდენობით მოიპოვება საშენი მასალები - ქვიშა, ღორღი, ხრეში, რიყის ქვა, კირქვები, ტუფი, მარმარილო, გრანიტი, თაბაშირი, კირი და სხვ. მინერალურ რესურსებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მინერალურ წყლებს. ზოგიერთი მათგანი (ბორჯომი, წყალტუბო და სხვ.) მსოფლიო მნიშვნელობისაა. ჩვენში მინერალური წყლების გამოვლინების ორი ძირითადი რეგიონია, კერძოდ: კავკასიონის სამხრეთ კალთებისა და მცირე კავკასიონის. ჯერჯერობით, მინერალური წყაროების უმრავლესობა არასაკმარისადაა შესწავლილი.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე (ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი) - საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია (ნახ. 1). მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში (აქედან მომდინარეობს სახელიც). სასახლე აშენდა 2004-2009 წლებში. პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გიორგი ბათიაშვილი და იტალიელი მიკელე დე ლუკი. რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ უშუალოდ კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ იხსნება თავისუფალი ხედით. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია - სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მარტივი მოცულობის, გეგმაში „Γ“-ს ფორმის, შენობა, განკუთვნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის (კანცელარიისთვის), რომელიც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს. კომპლექსი დაახლოებით 22000 მ² ფართობის მქონე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 1500 მ² უშუალოდ საპრეზიდენტო სასახლეს უკავია და დაახლოებთ ამდენივე პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსს. სასახლის ეზო ლანდშაფტური არქიტექტურის ელემენტებით არის დაფარული. მთელი შენობა გამართულია მცირედ სახეცვლილი დორიული კოლოსალური ორდერით. ძველი შენობის მოცულობითი კომპოზიციიდან, დასავლეთ ფასადზე ის იმეორებს მხოლოდ 3 პორტიკს, მაგრამ განსხვავებით ძველი შენობისგან, სასახლე სივრცით-მოცულობითი კომპოზიციისაა (გუმბათის გამო). სასახლე ოთხსართულიანია, სარკული სიმეტრიის მქონე, შედგება სამი ნაწილისგან: ცენტრალური, სარიტუალო ნაწილი - გუმბათქვეშა სივრცე; მარცხენა ფლიგელი - პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი, სათათბირო ოთახები; მარჯვენა ფლიგელი - პრეზიდენცის კანცელარია და მოსასვენებელი. ცენტრალური ნაწილი - ჰოლი, სიმაღლეში ორ სართულს იკავებს. მის სივრცეს შუაში კვეთს ფლიგელების შემაერთებელი შუშის მოაიჯრებიანი, ქვევიდან ხით შემოსილი ხიდი. ჰოლის თავზე, მესამე სართულზე, გუმბათქვეშა სივრცეა, განკუთვნილი სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. აქედანვე ხდება ასვლა გუბათქვეშა პანდუსზე. შენობის ფასადები მთელ სიბრტყეზე ჰორიზონტალურადაა დაყოფილი სართულშუა სარტყელებით. ფასადების ჰორიზონტალურ დაყოფას ხაზს უსვამს ფანჯრების მონოტონური რიგები ყველა სართულზე. შენობის სამი სართული ერთი მძლავრი კარნიზით სრულდება. გუმბათის მარჯვნივ და მარცხნივ შენობის მე-4 სართულია ამოყვანილი, ის ოდნავ შეწეულია დასავლეთის ფასადის სიბრტყიდან და ტერასას ქმნის. სასახლის პირველ სართულზე მუზეუმია განთავსებული, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის საჩუქრად მიძღვნილი ნივთები. მეორე სართულზე მდებარეობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი, რომელიც განკუთვნილია ოფიციალური და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებისათვის. საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ოთახი შედგება კაბინეტისა და ბიბლიოთეკისგან და განლაგებულია ორ სართულზე. სასახლის გუმბათი, შენობის კოპოზიციაში დომინანტი ელემენტი, შესრულებულია ლითონში და მინაში. მინა სფერული სეგმენტების სახითაა ჩასმული ლითონის კარკასში. გუმბათი დამზადებულია გერმანიაში და ქართველი არქიტექტორის ვახტანგ ზესაშვილისა და იტალიელი არქიტექტორის ფრანკო ძაგარის ერთობლივი ნამუშევარია. სასახლის ეზოში განთავსებულია რამდენიმე მცირე არქიტექტურული ფორმა: მოძრავი მონუმენტი - გამოხატავს ხელისუფლების სამ შტოს - საკანონმდებლოს, აღმასრულებელსა და სასამართლოს (ავტორი: გერმანელი მოქანდაკე გაბრიელა ვან ჰაბსბურგი), საქართველოს მრავალეთნიკურობის ამსახველი მონუმენტი - შექმნილი გულის ფორმის 67 გამჭვირვალე შუშით (ავტორი - ესპანელი მოქანდაკე ალბერტო დომინგო), წყლის სარკე - მოზაიკური კომპოზიცია „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ“, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებით (კომპოზიციის ავტორი - ქართველი მხატვარი ნატა ამირეჯიბი).

საქართველოს ტყის ფონდი - სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობა.

საქვაბე დანადგარი - მოწყობილობებისა და აგრეგატების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ორთქლის ან ცხელი წყლის მიღებას სათბობის წვის ხარჯზე. შედგება საქვაბე აგრეგატისა და დამხმარე მოწყობილობებისაგან.

საქმიანი მერქანი - მრგვალი ან ნაპობი ხე-ტყე, გარდა შეშისა და მერქნისა, რომელიც უვარგისია სამრეწველო გადამუშავებისათვის.

საქმიანი ნარჩენები - ნარჩენები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობების დასამზადებლად.

საქმიანობა - ნებისმიერი, ტექნიკური, სამრეწველო ან სამეურნეო პროექტი, საკანონმდებლო დებულება, პროგრამა ან გადაწყვეტა, რომელიც ეხება გარემოს.

საქონელი - საწარმოო და პირადი მოხმარების საგნები და მომსახურება, რომლებიც განკუთვნილია ამა თუ იმ სახის მოთხოვნილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის დარაც იყიდება ბაზარზე. ის შეიძლება იყოს ნივთი, მომსახურება, იდეა, სამუშაო ძალა, ადგილი, საწარმოო, ორგანიზაცია და სხვ. გამოყენების დროის ხანგრძლივობის მიხედვით ს. შეიძლება იყოს: ხანმოკლე სარგებლობის, ხანგრძლივი სარგებლობის და აგრეთვე მისი სპეციფიკური ფორმა - მომსახურება. მომსახურების ხასიათის გათვალისწინებით ს. შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად : ფართო მოხმარებლის საქონლად და საწარმოო დანიშნულების საქონლად.

საქონელმცოდნეობა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს საქონლის სახმარ ღირებულებას.

საქონლის გამოსავლიანობა - გადამუშავებული საქონლის რაოდენობა ან პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია გადამუშავების პროცესში მოქცეული გარკვეული ოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად.

საქონლის გაფორმება - საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

საქონლის გაშვება - დეკლარანტისთვის საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად.

საქონლის დეკლარირება - ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას.

საქონლის მიწოდება - პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქონლის წარდგენა - შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

საქრევი - სავენტილაციო ღიობები, ნახვრეტები ქანობიან სახურავზე.

საქსაული - ხის ჯიში, დაბალი ტანის, მეტწილად ბუჩქის სახით იზრდება, ზოგჯერ სიმაღლე 12 მ-ს აღწევს (ნახ. 1). აქვს ფაშარი ან ხშირი ვარჯი, ზოგჯერ დაკიდებული, მტვრევადი ტოტებით. დანაწევრებულ მწვანე ყლორტებზე უფერული, ქერქლისებრი, წვრილი ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ, ზოგჯერ ისინი ხორკლის მსგავსია. ს. 10-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში, ირანში, ავღანეთში, შუა აზიაში, ბირმასა და ჩინეთში, უმეტესად ბარის ქვიშიან და მლაშობ უდაბნოებში. ის საუკეთესო მცენარეა გასამწვანებლად და მოძრავი ქვიშის გასამაგრებლად. მერქანი მაღალი მექანიკური თვისებებით ხასიათდება. გამოიყენება წვრილი ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე საწვავ მასალად (შეშად), რადგან ახალმოჭრილი ს. ტენიანობა 20%-ს არ აღემატება.

საქუსლე - საყრდენი მოწყობილობა, რომელშიც ქუსლის ბრუნვა ხდება.

საქშენი - დახურული დაპროფილებული არხი სამუშაო გარემოს გაქრევისა და ნაკადისათვის გარკვეული მიმართულებისა და სიჩქარის მისაცემად. არსებობს ს. საფრქვევი და საჭირხნი. ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში - რეაქტიულ ძრავებში, ტურბინებში, აეროდინამიკურ მილებში, ჭავლურ აპარატებში და სხვ. ს. მუშა გარემოს წნევის პოტენციალური ენერგია გადადის კინეტიკურ ენერგიაში.

საქცეველი - პატრონიკე, პატრონიკონი, საპატრონიკე, ტრიმორიუმი; ტაძრის გრძივი ნავების გამყოფ თაღედის თავზე მოწყობილი ბაქანი მანდილოსნებისათვის.

საღებავი - პიგმენტებისა და აფსკწარმომქმნელი ნივთიერებების ერთგვაროვანი სუსპენზია. მზადდება ოლიფის, ლაქების, პოლიმერის წყალხსნარების და წყალდისპერსიების, ხსნადი მინის და მისთ. საფუძველზე. გაშრობისას ს. თხელი ფენები წარმოქმნიან გაუმჭვირ საფარს, რომელიც იცავს ზედაპირს აგრესიული აგენტების ზემოქმედებისაგან და ანიჭებს მას მიმზიდველ გარეგნულ სახეს. სათავსის შიგა კედლებისა და ჭერისათვის ძირითადად გამოიყენება წყალდისპერსიული ს., ხოლო გარე ზედაპირებისათის - ზეთოვანი ს.

საღებავი აკრილის - წყალემულსიური საღებავები, მიღებული პოლიაკრილატების და მისი სოპოლიმერების საფუძველზე. საღებავების ძალზედ გავრცელებული სახეა ფერთა ფართო გამის, უნივერსალურობისა და სიმტკიცის გამო. გამოიყენება მშენებლობაში შიდა და გარე სამღებრო სამუშაოების შესასრულებლად და მხატვრობაში.

საღებავი ალკიდის - ემალური საღებავის სახესხვაობა. მიიღება მცენარეული ზეთების სინთეზით სპირტებთან, ანჰიდრიდებთან და ორგანულ მჟავებთან. გამოირჩევა მაღალი ატმოსფერომედეგობით, ბზინვით; მდგრადია სარეცხი საშუალებების და მინერალური ზეთების მიმართ, ინარჩუნებს თვისებებს −50-დან +600C ტემპერატურამდე. გამოიყენება ლითონისა და ხის კონსტრუქციების შესაღებად, აგრეთვე, შენობის ინტერიერების გასალამაზებლად.

საღებავი ზეთის - პიგმენტებისა და შემვსების სუსპენზია ოლიფაში. მზადდება საქარხნო პირობებში ოლიფისა და პიგმენტების გაქნით სპეციალურ მანქანებში (საღებავსასრესებში). გასრესით მიიღება ერთგვაროვანი სუსპენზია. ეს საღებავები არ იცვლის მოცულობას გამყარებისას, ახასიათებთ მედეგობა და ხანგამძლეობა. ს.ზ. დიდი უპირატესობაა გაუმჭვირობა, უარყოფითი - ხანგრძლივი შრობა. გამოიყენება მშენებლობაში ლითონის კონსტრუქციების კოროზიისაგან, ხოლო ხის კარ-ფანჯრების ტენისაგან დასაცავად, აგრეთვე კედლებისა და ცალკეული კონსტრუქციების შესაღებად. გამოდის მზა სახით ან სქლად სრესილი

საღებავი კირის - კალციუმის ნაერთი წყალთან. საღებავის დასამზადებლად გამოიყენება კირქვის გამოწვით მიღებული კირი, რომელსაც აქრობენ წყალში და მისგან ამზადებენ კირის საღებავსა და ბათქაშს. ს.კ. გამოირჩევა კარგი სინათლემედეგობით, ხანგამძლეობით, სიიაფით. წყალშეკავებადობის ასამაღლებლად საღებავს დამზადების პროცესში უმატებენ სპეციალურ დანამატებს: კალციუმის ქლორიდს, სუფრის მარილს, ალუმინის შაბს. თეთრისაგან განსხვავებული ფერის მისაცემად შესაძლებელია არაორგანული პიგმენტების გამოყენება.

საღებავი მინერალური - შესაღები ნაერთი არაორგანულ მჭიდა მასალებისა და წებოს საფუძველზე. არსებობს კირის, სილიკატური, ცემენტისა და წებოს. ძირითადად მზადდება ფხვნილის სახით და საჭირო კონსისტენციამდე დაჰყავთ წყლის დამატებით. უნდა აღინიშნოს, რომ ს.მ. სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ დადებითი ტემპერატურის პირობებში. მინერალური საღებავები მიიღება მინერალური ნედლეულის საფუძველზე, ამიტომ ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ამ საღებავებს აქვთ საკმარისი ორთქლშეღწევადობა, მაღალი ყინვამედეგობა, ხოლო ფუნქციონალური დანამატები (სინთეზური ფისები) აუმჯობესებენ ტექნოლოგიურ და სამშენებლო-ტექნიკურ თვისებებს: ადგეზიას საფუძველთან, გაუმჭვირობას, ჰიდროფობულობას, პლასტიკურობას, სედიმენტალურ მედეგობას და სხვ. გამოიყენება კერამიკული (სილიკატური) აგურის, ბეტონის, კერამზიტბეტონის შებათქაშებული ფასადების დამცავ-დეკორატიული საფარვლისათვის, აგრეთვე სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.

საღებავი პოლიმერცემენტის - მშრალი პიგმენტის სუსპენზია, რომელიც შედგება თეთრი პორტლანდცემენტის, სამშენებლო დაფქული კირის, სინათლე- და ტუტემედეგი პიგმენტებისა და პოლიმერის წყლის დისპერსიული შემვსების - პლასტიფიცირებული პოლივინილაცეტატის ემულსიის ან ცემენტისადმი მედეგი სინთეზური ლატექსებისაგან. გამოიყენება შენობის გარე და შიგა მოკაზმვისათვის ბეტონზე, გაზობეტონზე, აგურზე, აზბესტცემენტის, ბათქაშის, რკ.ბ.-ის პანელების, მერქანბოჭკოვანი ფილების ზედაპირებზე. პოლიმერცემენტის საღებავების გამოყენებით სამუშაოები ტარდება არანაკლებ 20C ტემპერატურისა.

საღებავი სილიკატური - ტუტემედეგი პიგმენტებისა (ჟანგმიწა, სურინჯი) და შემვსების (ცარცი, ტალკი) სუსპენზია, რომელშიც სილიკატიზატორად გამოყენებულია თუთიის თეთრა და კალციუმის ბორატი თევადი კალიუმის მინის დანამატით. აქტიური კაჟმიწის შემვსებად - დანაწევრებული კვარცის ქვიშა, დიატომიტი და ტრეპელი. ს.ს. მომხმარებელს მიეწოდება ორი შეფუთვით - მშრალი ნაწილის და კალიუმის თხევადი მინის სახით. შერევა ხდება მასის მიხედვით შემდეგი პროპორციით: ერთი ნაწილი მშრალი ფხვნილი, ორი ნაწილი - თხევადი მინა. ს.ს. წყალში ხსნადი, არატოქსიკური, წყალმედეგი, ტემპერატურამედეგი, დაბალი ჰიდროფობულობის ნივთიერებებია. გამოიყენება ფასადების და შიგა სათავსების მორთვა-მოკაზმვისათვის, აგრეთვე ხის კონსტრუქციების დასაცავად ცეცხლისაგან. ცემენტის ან ცემენტ-კირქვის ბათქაშზე დატანილი ს.ს. საგრძნობლად ამაღლებს შენობის გარე კედლების მედეგობას ატმოსფერული ზემოქმედებისაგან.

საღებავი ცემენტის - საღებავი, რომელშიც მჭიდა ნივთიერებად გამოყენებულია თეთრი ან ფერადი პორტლანდცემენტი ტუტეებისადმი მდგრადი პიგმენტებით. წყალშემკავებელი თვისებების ასამაღლებლად ს.ც. უმატებენ 15%-მდე ჩამქრალ კირს და კალციუმის ქლორიდს, ატმოსფერომედეგობის ასამაღლებლად - 1% ჰიდროფობულ ნივთიერებას (კალციუმის სტეარიტს). ს.ც. წყალმედეგი საღებავებია, ამიტომ მას ფართედ იყენებენ გარე და შიგა ტენიანი სათავსების სამღებრო სამუშაოებისათვის ბეტონზე, აგურზე და ბათქაშზე. საღებავების დატანის შემდეგ ზედაპირი გარკვეული დროით საჭიროებს დატენიანებას.

საღებავის გრუნტი - ნივთიერება შესაღები ზედაპირის გასწორებისათვის. შედგება პიგმენტის, შემვსების და შემკვრელისაგან. გამოიყენება საღებავის ეკონომიისათვის, კოროზიისაგან დასაცავად, მერქნის და სხვა მასალების წინასწარი დამუშავებისათვის.

საღებავსასრესი - აპარატი საღებავის დასრესისათვის მოძრავ და უძრავ ვერტიკალურ დისკოებს შორის ან ჰორიზონტალურ დოლაბებს შორის. გამოიყენება ძირითადად ფხვიერი და გრანულირებული სახის საღებავებისათვის.

საღებავსაფრქვეველი - ხელსაწყო-დანადგარი საღებავის, ლაქის, ემალის დასადებად შეკუმშული ჰაერით გაფრქვევის გზით. გამოიყენება შენობა-ნაგებობების მასიური ელემენტების და დიდი ფართობის მქონე ზედაპირების შესაღებად.

საღებავსაშხეფი - გადასატანი აპარატი, რომელიც გამოიყენება საღებავების შესაფრქვევად მცირე ფართობის მქონე ზედაპირებზე შეკუმშული ჰაერის მეშვეობით.

საღებარი - პიგმენტი, ფერადი ორგანული ნაერთი, რომელსაც იყენებენ საფეიქრო მასალის, ტყავის, ქაღალდის, პლასტმასების, რეზინისა და სხვათა შესაღებად.

საღებარი გოგირდიანი - სინთეზური საღებარი, რომელიც მიიღება გოგირდის მოქმედებით არომატულ ნაერთებთან (ნიტრო- და ამინონაერთებთან). ს.გ. არ იხსნება წყალში და ორგანულ გამხსნელებში. ბამბის ქსოვილების შეღებვისას ს.გ. გადაჰყავთ თხევად მდგომარეობაში (გოგირდოვანი ნატრიუმის წყალხსნარით). ეს საღებრები შედარებით იაფია და იძლევიან უმთავრესად მშვიდი (არამკვეთრი) ფერის ტონებს - შავს, ყავისფერს, მწვანეს, ლურჯს, ყვითელსა და ნარინჯისფერს.

საღრუვი - მრავალპირიანი საჭრელი ინსტრუმენტი ჩაღრუებისათვის.

საყალიბე - 1. გეოლოგიაში - მყარი, წვრილფორებიანი მსუბუქი ქანი რუხი ან შავი შეფერილობის; ძირითადად შედგება წვრილმარცვლოვანი ოპალისაგან (90%-მდე) ქვიშის შენარევით, თიხის ნაწილაკებით და სხვ. სიმკვრივე 2300-2500კგ/მ3; წყალში არ სველდება. ს. გამოყენებით ახლოსაა დიატომიტთან და ტრეპელთან. სუფთა ქანები ძლიერი ადსორბენტებია; 2. ჩამომსხმელ საწარმოში - სამარჯვი ხისტი ჩარჩოს სახით (ღია ყუთის), რომელიც ემსახურება საყალიბეში ფორმის მისაცემი ნარევის გამაგრებას ერთჯერადი ქვიშის ფორმების დამზადებისას, ტრანსპორტირებას და შემდეგ გამდნარი ლითონის ჩასხმას ყალიბში. ს. დასამზადებლად გამოიყენება ფოლადი, თუჯი და ალუმინის შენადნობები.

საყდარი - 1. ეკლესია, ტაძარი, ნაგებობა, სადაც წარმოებს ღვთისმსახურება და რელიგიურ წესჩვეულებათა შესრულება. ს., როგორც ეკლესიის სინონიმი, XIV საუკუნეში შემოდის. XIV საუკუნემდე საყდარი იმ ეკლესიას ეწოდებოდა, რომელიც ეპისკოპოსის ან ქორეპისკოპოსის საჯდომად ითვლებოდა; 2. ძვ. ტახტი; საჯდომი ძველ ქართულში. "ტახტი სპარსული სიტყვაა, შემოდის IX საუკუნეში. IX საუკუნემდე მის მაგივრად ტაძარი იხმარებოდა" (ივ. ჯავახიშვილი); 3. ტრაპეზის გასწვრივ კედელზე მიდგმული სამღვდელმთავრო საჯდომი საკურთხეველში, რომლისგან ქვევით შეკიბული იყო ხარისხედი მღვდელმსახურთათვის.

საყევარი - სამარჯვი ხის გრძელტარიანი რკინის კაკვით, რომელსაც მორების წყალზე დაცურების დროს და სახერხ საამქროში მორების გადასაბრუნებლად გამოიყენებენ.

საყელო - რკინის დამცავი არშია სახურავის გამოშვერილი ელემენტებისათვის.

საყელური - ბრტყელი რგოლის ფორმის საფენი (სადები) ქანჩის ან ჭანჭიკის თავის ქვეშ. იცავს დეტალის ზედაპირს ქანჩის მოჭერისას და ზრდის საყრდენ ზედაპირს. ქანჩის თვითმოშვების ასაცილებლად იყენებენ გაჭრილ მოზამბარე ს. (გროვერის ს.), ვარსკვლავისებრ ს. გადასაკეცი ბოლოებით და სხვ. დანიშნულების მიხედვით ცნობილია მრავალი სახის ს., როგორიცაა დროსელის, განმბჯენი, მაცენტრებელი, მამჭიდროებელი, მიმჭერი, მუშტა, კორპის, ფრიქციული, ქეჩის საყელური-სოგმანი და სხვ.

საყელური საჩერებელი - საყელური, რომელიც ეწინააღმდეგება სამაგრი ნაკეთობების თვითამოხრახნას კონსტრუქციული ელემენტების (თათი, კბილი, ტუჩი და სხვ.) მეშვეობით (ნახ. 1. კბილებიანი საჩერებელი საყელური).

საყველური - იხ. გვერგვი.

საყივარა - მინარა, მინარეთი; მიზგითთან აშენებული ან მასზე დაშენებული კოშკური ნაგებობა, რომლის ზედა ბაქნიდან მუეძინი მუსლიმანებს ლოცვაზე უხმობს.

საყირავი - მექანიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ვაგონეტების გადასაყირავებლად მათი განტვირთვის მიზნით.

საყოფაცხოვრებო ნარჩენები - მყარი ნარჩენები, რომელიც რჩება ადამიანის საყოფაცხოვრებო მოქმედების შედეგად.

საყრდენი - 1. საბ(რ)ჯენი, საყრდნობი, ბურჯი; 2. მოწყობილობა ნაგებობის მზიდი კონსტრუქციების (სვეტი, დგარი, ბოძი, კედელი და მისთ.) ან მანქანის დეტალის შესაკავებლად და მისამაგრებლად, მბრუნავი ნაწილების შესაკავებლად და სხვ. დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით ს. არის: ანკერული, ბურთულა და გორგოლაჭებიანი, დრეკადი, სახსრული, სფერული, ხისტი და სხვ.; 3. სიმაღლეზე მომუშავის ძირითადი ან დამზღვევი თოკის დასამაგრებელი კონსტრუქციული დეტალი.

საყრდენი არამოქანავე - კაბელური ამწეს საყრდენი, რომელსაც საშუალება არა აქვს შეცვალოს დახრის კუთხე ჰორიზონტთან, მზიდ ბაგირებში ძალვების ცვლილებისას.

საყრდენი გამოტანილი - მოწყობილობა, ამწეს საყრდენი კონტურის გასაზრდელად მუშა მდგომარეობაში (ნახ. 1). ს.გ. ზრდის ამწეს მდგრადობას, საიმედოობას და ტვირთამწეობას.

საყრდენი დამბები - ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა ერთ-ერთი ტიპი, წარმოადგენს საშუალო სიმაღლის (2…10 მ) მასიურ (ბეტონის ან ქვის) ან გამჭოლ (რკინაბეტონის ან ლითონის კონსტრუქციები) კაშხლებს. საყრდენი დამბები ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს. ცალკეულ საყრდენ დამბებს ზოგჯერ აშენებენ ღვარცოფგამტარი ნაგებობის წინ ღვარცოფის მყარი შემადგენლობის მასის ნაწილობრივი შეკავების მიზნით; ამ ნაგებობათა მცირე ჯგუფებს აწყობენ სუსტ- და საშუალოდაქტიურ ღვარცოფულ აუზებში, როგორც ტერასირებისა და ტყის გაშენების დამატებით ღონისძიებას. ხშირ შემთხვევებში, საყრდენი დამბების სისტემა ეწყობა ათეულობით ცალკეული ნაგებობის სახით ღვარცოფული კალაპოტის მთელ სიგრძეზე - სათავიდან გამოტანის კონუსამდე. დამბები, რომლებიც განთავსებულია ერთმანეთისაგან 40...120 მ-ის დაშორებით, გარდაქმნიან კალაპოტის გრძივ პროფილს საფეხურისებრ პროფილად. დამბებს შორის მანძილი იანგარიშება იმის გათვალისწინებით, რომ საფეხურის ქანობი მიახლოებული იყოს გამათანაბრებელთან, ანუ ქანობთან, რომლის დროსაც წყდება მდინარის კალაპოტის გარეცხვა. ამდენად, დამბების სისტემა, ცალკეული ნაგებობებისგან განსხვავებით, ზემოქმედებას ახდენს ღვარცოფული პროცესის მიმდინარეობაზე - მნიშვნელოვნად ამცირებს ან სრულად აღმოფხვრის აუზის ღვარცოფულ აქტივობას.

საყრდენი კედელი - საინჟინრო ნაგებობა, რომელიც მის უკან მდებარე გრუნტს იკავებს (ნახ. 1). ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების (სანაპიროების, მისადგომების, დამბის კამერების, ვარდნილების და ა.შ.), გზების, ესტაკადების, სერპანტინების და მთაგორიან ადგილებში სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობასათვის. მასალებად გამოიყენება ბუნებრივი ქვა, მძიმე ბეტონი, რკ.ბ.-ნი, ნაკლებად ლითონი და ხის მასალა.

საყრდენი მოქანავე - კაბელური ამწეს საყრდენი, რომელსაც საშუალება აქვს შეცვალოს დახრის კუთხე ჰორიზონტთან, მზიდ ბაგირებში ძალვების ცვლილებისას.

საყრდენი ქვესადგური - ქვესადგური, რომელიც ენერგოსისტემის მკვებავ წყაროსთან არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ხაზითაა დაკავშირებული.

საშემსრულებლო დოკუმენტაცია - მუშა ნახაზების კომპლექტი, დამუშავებული საპროექტო ორგანიზაციის მიერ, და ახალი ჩანაწერებით, ამ ნახაზების მიხედვით რეალურად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის ან შეტანილი ცვლილებების შესახებ, განხორციელებული სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.

საშენი მასალა არამადნეული - არაორგანული მარცვლოვანი ფხვიერი საშენი მასალა, მიღებული მთის ქანებიდან, მათ შორის სამთო-გამამდიდრებელი საწარმოების ნარჩენები, რომლების გამოიყენება მშენებლობაში მათი ქიმიური შედგენილობის და მდგომარეობის ფაზის შეუცვლელად.

საშენი მასალები და ნაკეთობები - შენობა-ნაგებობების რემონტისა და მშენებლობის დროს გამოყენებული ბუნებრივი და ხელოვნური მასალები და ნაკეთობები. საშენი მასალების ძირითადი სახეობებია: ბუნებრივი ქვის საშენი მასალები და მათგან შექმნილი ნაკეთობები (ცალკეული ქვები, ღორღი, ქვიშა, გრანიტი, ტუფი, მარმარილო და სხვ.); შემკვრელი მასალები - არაორგანული (ცემენტი, კირი, თაბაშირი და სხვ.) და ორგანული (ბიტუმი, ფისი და სხვ.); ხელოვნური ქვის მასალები, ნაკეთობები და ანაკრები კონსტრუქციები (სამშენებლო კერამიკა, სილიკატური ნაკეთობები, მინის ნაკეთობები, ბეტონის და რკინაბეტონის ნაკეთობები და სხვ.); ხის მასალები და ნაკეთობები (კარის და ფანჯრის ბლოკები, მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილები, დახერხილი ხის მასალა და სხვ.); ლითონის ნაკეთობები (მილები, რელსები, გაგლინული პროფილები და სხვ.); სინთეზური ფისები და პლასტმასები (ლინოლეუმი, მინაპლასტიკი, მინატექსტოლიტი, ფიჭაპლასტი, ქაფპლასტი და სხვ.).

საშენი მასალის კოროზიამედეგობა - ნაკეთობაში ან კონსტრუქციაში საშენი მასალის უნარი, განსაზღვრულ დროში წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესიული გარემოს ზემოქმედებას.

საშენი მასალის კოროზიის სიჩქარე - ნაკეთობის ან კონსტრუქციის მასალის კოროზიის მიმდინარეობის სიჩქარე დროის ერთეულში, გამოწვეული აგრესიული გარემოს ზემოქმედებით.

საშენი მასალის კოროზიის ხარისხი - კოროზიის შედეგად საშენი მასალის თვისებების ცვლილების ტექნიკური მახასიათებელი.

საშენი მასალის კოროზიული რღვევა - კოროზიის შედეგად საშენი მასალის ან კონსტრუქციის მასის, განივი კვეთის, სიმტკიცის ცვლილება ან სხვა რაოდენობრივი მახასიათებლების და ხარისხის მაჩვენებლების გაუარესება.

საშიში ზონა - 1. სივრცე, რომელიც აქვს ყოველ მანქანას და რომელშიც მუდმივად ან პერიოდულად წარმოიქმნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ან მავნე საწარმოო ფაქტორი. ს.ზ. შეიძლება იყოს როგორც მანქანის შიგნით, ასევე მის გვერდით. საშიში ზონის არსებობა შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტრული დენით დაზიანების, თბური გამოსხივების, ელ.მაგნიტური და რადიოაქტიური გამოსხივების, ხმაურის, ვიბრაციის, ულტრაბგერის, მავნე აირებისა და ორთქლის, მტვრის არსებობით ან მანქანის მოძრავ ნაწილებში ჩათრევის, მანქანიდან სხვადასხვა მოძრავი ნაწილის მოწყვეტის საშიშროებით და ა.შ. ს.ზ. სივრცე შეძლება იყოს მუდმივი (ღვედსა და ბორბალს შორის ზონა, ვალცებს შორის ზონა და ა.შ.) და ცვლადი (საგლინავი დგანების არე, მჭრელი ინსტრუმენტის ცვლა და ა.შ.); 2. ზონა, სადაც არსებობს ძაბვის ქვეშ მყოფ ელექტროდანადგარებთან შეხების ან მიახლოების საშიშროება იმ მანძილზე, რომელზედაც შეიძლება მოხდეს საჰაერო შუალედის გარღვევა; 3. მშენებლობაზე სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც მოსალოდნელია სამონტაჟო ერთეულის ჩამოვარდნა; 4. სამთო აფეთქებითი სამუშაოების მიმდებარე ტერიტორია.

საშიში ნივთიერება - აალებადი, დამჟანგველი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური, ძლიერტოქსიკური ნივთიერებები. აგრეთვე ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ბუნებრივ გარემოს.

საშიში საქმიანობა - საქმიანობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ავარია

საშიში საწარმო - საწარმო, სადაც მიმდინარეობს საშიში საქმიანობა

საშიში საწარმოო ობიექტი - საწარმო, რომელშიც ხორციელდება საშიში საქმიანობა, სადაც: ა) გამოიძენება მაღალ წნევაზე და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობები, ტვირთამწე მექანიზმები, ესკალატორები, საბაგირო გზები, ფუნიკულიორები; ბ) აწარმოებენ სამთო, მიწისქვეშა და მეტალურგიულ-გადამამუშავებელ სამუშაოებს; გ) მიიღება, გამოიყენება, გადამუშავდება, წარმოიქმნება, ინახება, ტრანსპორტირდება, ნადგურდება საშიში ნივთიერებები.

საშიში სიტუაცია - როდესაც მომომუშავეზე მოქმედებს ერთი ან მეტი საშიში ფაქტორი. ს.ს. დროს იქმნება უბედური შემთხვევის წარმოქმნის შესაძლებლობა

საშიშროება - სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ფაქტორები, თავისებურებები და მოვლენები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთი ზიანი მიაყენონ მომუშავეებს, როგორიცაა საწარმოო ტრავმა, პროფესიული დაავადება, ან გამოიწვიონ გადაჭარბებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაძაბულობა. საშიშროების ფაქტორები შეიძლება იყოს ხმაური, იატაკი, სადაც შეიძლება ადვილად გაგიცურდეს ფეხი, სამუშაოს ტემპის სიჩქარე ან იძულებითი სამუშაო პოზა.

საშრობი - მასალებისაგან ტენის ასაორთქლებელი მოწყობილობა. ტექნიკაში უფრო გავრცელებულია მყარი მასალების გამოშრობა. მასალასთან სითბოს მიტანის მიხედვით საშრობები არის კონვექციური, კონტაქტური, რადიაციული, ინდუქციური. მუშაობის პრინციპის მიხედვით ს. არსებობს: აირშადრევნული, ბუნებრივი ცირკულაციის, გადახურებული ორთქლით მოქმედი, გორგოლაჭებიანი, დოლური, ელექტროკალორიფერიანი, ეჟექციური, ეჟექციურ-რევერსული, ვენტილაციური, იძულებითი ცირკულაციის, კალორიფერიანი, კამერული, კონდენსაციური, ლენტური, სექციური, ორთქლის, პერიოდული ქმედების, კონვეიერული, მილოვანი, პირდაპირი დინების, პნევმატიკური, რევერსული, სითხიანი, სტაციონალური, უწყვეტი ქმედების, შახტური, შნეკური, ცეცხლის ჰაერული და სხვ.

საშრობი ფილები - სამსხმელო საშრობი დანადგარის ნაწილი საყალიბე მასალების ან ღეროების გამოსაშრობად. მათ ამზადებენ თუჯისაგან და აყენებენ საშრობის საცეცხლის თავზე. გახურებული ფილები გადასცემენ სითბოს გამოსაშრობ მასალებს და ასეთ შრობას უწოდებენ კონტაქტურს.

საშრობი ღუმელი - სითბური აპარატი, რომელშიც შრობა მიმდინარეობს ქვანახშირის, მაზუთის, აირის მაღალტემპერატურიანი წვის პროდუქტების უშუალო შეხებით გამოსაშრობ მასალასთან. ს.ღ. მუშაობის რეჟიმის მოხედვით არის უწყვეტი (დოლური, გვირაბული, კონვეიერული, შახტური, პნევმატური მდუღარე ფენით) და პერიოდული (ორმოსებრი, კარადის ტიპის, კამერული...) მოქმედების, ხოლო სითბოსმატარებლის გამოყენების მიხედვით - ერთჯერადი და რეცირკულაციური.

საშტატო განრიგი - ორგანიზაციის (საწარმოს და ა. შ.) მესაკუთრის, ხელმძღვანელის ან ზემდგომი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორგანიზაციულ-განმკარგულებელი დოკუმენტი. იგი შედგება მუდმივ თანამშრომელთა თანამდებობების ჩამონათვალისაგან, ერთგვაროვან თანამდებობათა რაოდენობის მითითებით (როგორც წესი, მართვის აპარატის) და თანამდებობრივი სარგოების სიდიდისაგან.

საშუალო სიჩქარე - ვექტორი, რომელიც ტოლია დროის რაიმე (მცირე) შუალედში რადიუს-ვექტორის ნაზრდის ფარდობისა დროის ამ შუალედის სიდიდესთან.

საჩერი - დეტალი, ან მისი ნაწილი (შვერის ან ღრმულის სახით) ან მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ან აკავებს რაღაც მდგომარეობაში მექანიზმის ნაწილებს. ს. კონსტრუქციულად მრავალგვარია: კონტრქანჩები, სპეც. საყელურები, სარჭები, მავთულები. ს. მიეკუთვნება აგრეთვე მართვის მექანიზმები: ავტომატური, ზამბარიანი, ფირფიტებიანი, ციცხვის, ხრუტუნა და სხვ.

საჩეხი - 1. დერეფნის პირის საჩრდილობელი ფიცარი; 2. შეშის დასაჩეხი (დასაპობი) ადგილი.

საცემელა - ძირითადი სამჭედლო ინსტრუმენტი მანქანური ჭედვისათვის, რომელიც უშუალოდ ახდენს ლითონის დეფორმირებას დარტყმების ან დაწნევის საშუალებით.

საცემი - როტორული ქვასამსხვრევების მუშა, დამრტყმელი ელემენტი, რომელიც ხისტადაა დამაგრებული როტორზე. საცემი მზადდება ცვეთამედეგი ფოლადისაგან და მისი კონსტრუქცია მათი მრავალჯერადი გამოყენების საშუალებას იძლევა.

საცერი - მოწყობილობა სხვადასხვა პროდუქტებისა და მასალების დასახარისხებლად სიმსხოს მიხედვით, რაც ხორციელდება ბადეებში გაცრით. განასხვავებენ ბრტყელზედაპირიან (ვიბრაციული, მოქანავე) და მრუდზედაპირიან დოლურ (მბრუნავ) ს. მათ გამოიყენებენ ძირითადად დახარისხებისას მექანიკურ ცხავებში და ფქვილის წარმოებაში. ს. ზედაპირი შეიძლება იყოს მავთულის დაწნული ბადე, ფოლადის ფურცელი ხვრეტებით ან რიკულებიანი გისოსი.

საცეცი - 1. დაკალიბრებული ფირფიტა ანაწყობ ზედაპირებს შორის ღრეჩოების შასამოწმებლად. თითო ფირფიტის სისქეა 20 მკმ-დან 1 მმ-მდე; 2. უხერხემლო ცხოველების სხეულის მოძრავი გამონაზარდები, რომლებიც ჩვეულებრივ მოთავსებულია სხეულის წინა ბოლოზე და ასრულებს საკვების მიტაცების, სუნთქვის ან შეხების ფუნქციას.

საცეცხლე - 1. საქვაბე აგრეგატის ან ღუმელის ნაწილი, რომელშიც იწვის ორგანული საწვავი მაღალტემპერატურიანი აირების მისაღებად. მათი სითბური ენერგია გამოიყენება მექანიკური და ელექტრული ენერგიების მისაღებად ან ტექნოლოგიური მიზნებისათვის; 2. მაზდეანთა (ცეცხლმთაყვანისმცემელთა) სამლოცველო, სადაც საგზებელი (მაზდეანთა საკურთხეველი) იყო მოთავსებული; 3. საცეცხლური; ღუმელის ნაწილი, სადაც ცეცხლს ანთებენ.

საცეცხლე სამუშაოები - ნებისმიერი სამუშაოები დაკავშირებული ღია ცეცხლის გამოყენებასთან.

საცვრე - სამშენებლო კონსტრუქციების, დეტალების, ნაკეთობების კიდესთან ამოღებული ღარი, რომელიც მათ დატენიანებისაგან იცავს.

საცივარი - ნივთიერება, სივრცე, არე, რომელიც ემსახურება გაცხელებული ნაკეტობების გაციებას. მას მიეკუთვნება: წყალი, ჰაერი, მარილების, მჟავების, ტუტეების, ზეთების ხსნარები და სხვ.

საცმი ჰიდრავლიკური - მილის მოკლე გადანაჭერი (არხი, სქელ კედელში ხვრელი) სითხეების (ორთქლის ან გაზის) გამოსაშვებად ატმოსფეროში, ან ერთი რეზერვუარიდან მეორეში სითხის გადინებისათვის. ფორმის მიხედვით ს. ჰ. შეიძლება იყოს ცილინდრული, კონუსური და სხვ.

საცხი - ნივთიერება, რომელიც მანქანა-მექანიზმების დეტალების ზედაპირებზე წასასმელად გამოიყენება მათ შორის ხახუნის ძალის შესამცირებლად. ძირითადად ნავთობპროდუქტებისაგან მზადდება (მაგ., სოლიდოლი, გლიცერინი, სხვადასხვა ზეთი, გრაფიტი და სხვ.).

საცხოვრებელი გარემო (ყოფითი გარემო) - ყოფაცხოვრებაში ადამიანზე მოქმედ ფაქტორთა და ელემენტთა ერთობლიობა.

საცხოვრებელი ნაგებობა - სახლი, აგებული სააგარაკე მიწის ნაკვეთზე, მასში ცხოვრების უფლების რეგისტრაციის გარეშე.

საცხოვრებელი სახლი გალერეის ტიპის - შენობა, ბინების გამოსასვლელით საერთო გალერეაში, რომელსაც აქვს მინიმუმ ორი კიბის უჯრედი.

საცხოვრებელი სახლი დერეფნის ტიპის - შენობა, ბინების გამოსასვლელით საერთო დერეფანში, რომელსაც აქვს მინიმუმ ორი კიბის უჯრედი.

საცხოვრებელი სახლი ინდივიდუალური - ერთი-, ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ყოველ ბინას აქვს დამოუკიდებელი გამოსასვლელი ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთზე.

საცხოვრებელი სახლი სექციური ტიპის - შენობა, შედგენილი ერთი ან რამდენიმე სექციისაგან.

საცხოვრებელი სახლის მოდერნიზაცია - საცხოვრებელი სახლის მოცულობით-გეგმარებითი და არქიტექტურული გადაწყვეტების მოყვანა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში (არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სათავსების, სექციების, სართულების ნაწილობრივი გადაგეგმარება, მათ შორის, ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლა), აგრეთვე კონსტრუქციულ-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტების კორექტირება საცხოვრებელი სახლის მოცულობის ცვლილების გარეშე (გარდა ლიფტების, ნაგავსატარისა და ნაგავსაკრების მინაშენებისა).

საცხოვრებელი სახლის შენახვა - სამუშაოების კომპლექსი საცხოვრებელი სახლის შენახვის უზრუნველსაყოფად (ტექნიკური ექსპლუატაცია, სანიტარული მომსახურება, მომდინარე და კაპიტალური რემონტები) და ადამიანების ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად.

საცხოვრებელი შენობის საექსპლუატაციო მოთხოვნები - ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი პირობები (მოთხოვნები) საცხოვრებელი შენობისადმი (ელემენტებისაგან), რომელიც უზრუნველყოფს მის ეფექტურ ექსპლუატაციას.

საცხოვრებლად განკუთვნილი - საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეული, რომელსაც მოსარგებლე მუდმივად ან დრო და დრო იყენებს ან მომავალში გამოიყენებს, როგორც საცხოვრებელ ადგილს.

საძერწი სამუშაოები - შენობების ფასადებზე და ინტერიერებში თაბაშირის ან ბეტონის რელიეფური ორნამენტების და სამკაულების დატანა.

საძირკვავი - მანქანა, რომლის დანიშნულებაა ხეებისა და ფესვების ამოძირკვა, ქვების მოშორება მელიორაციული და საგზაო, აგრეთვე ახალი მიწების ათვისების სამუშაოების დროს. ს. საკიდი მოწყობილობა მიმაგრებულია მძლავრ ტრაქტორებზე, რომლებიც აღჭურვილია ჰიდრავლიკური სისტემით. იგივე მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა მანქანებიც

საძირკველი - ნაგებობის მიწისქვეშა საყრდენი ნაწილი, რომელიც შენობის დატვირთვებს ფუძეს გადასცემს (ნახ.1, საძირკველი: 1- ბეტონის საძირკველი; 2 - ქვაბული; 3 - რანდკოჭი; 4 - თბილი ხის იატაკი; 5 - კედელი). გამოყენებული მასალის მიხედვით ს. შეიძლება იყოს: ყორული წყობის, ბეტონის, ყორე-ბეტონის, რკ.ბ.-ის და ხის. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ს. მუდმივად წყლის დონის ქვევითაა. ჩაღრმავების სიდიდის მიხედვით - მცირე და ღრმა ჩაღრმავების; კონსტრუქციის მიხედვით - ლენტური (ნახ. 2, ლენტური რკ.ბ.-ის საძირკველი), წერტილოვანი, მთლიანი (მონოლითური) და ხიმინჯოვანი; ფორმის მიხედვით - მართკუთხა, ტრაპეციული, საფეხურებიანი, არასიმეტრიული, წრიული; დამზადების მიხედვით - ასაწყობი და მონოლითური; მუშაობის მიხედვით - ხისტი და ასაწყობი. არსებობს აგრეთვე გუმბათოვანი, გარსოვანი, გობისებრი, კესონური, ნაბურღ-ნატენი და სხვ.


საძირკველი ლენტური - კაპიტალური კედლის ქვეშ უწყვეტად ამოყვანილი საძირკველი. არსებობს ყორექვის (დალაგებული ქვებისაგან), ყორებეტონის (შემვსები ხრეში, ღორღი, აგურის ნამსხვრევები, ქვის კარიერის ნარჩენების და სხვ.) და ქვიშის (მხოლოს მცირე ერთსართულიანი სახლებისათვის). ნებისმიერი სახის საძირკველი, მათ შორის ლენტური, საკუთარ თავზე იღებს მოსულ დატვრითვას, რომელიც გადაეცემა გრუნტს. ს.ლ. ფართო გამოყენებას განაპირობებს მოწყობის სიმარტივე. ის წარმოადგენს რკ.ბ.-ის კონსტრუქციას ერთნაირი კვეთით შენობის მთელ პერიმეტრზე (ნახ. 1). სიგანე აიღება მზიდი კედლის ზომის (პრაქტიკაში იგი სავარაუდოდ 50 სმ–ია) მიხედვით; ჩაღრმავება დამოკიდებულია დატვირთვებზე და გრუნტის მახასიათებლებზე. საძირკვლის მოწყობა წარმოებს წლის თბილ პერიოდში. მონოლითური საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი იძლევა დატვირთვების თანაბრად გადანაწილებას თუნდაც არაერთგვაროვნად საძირკვლის ჯდენის შემთხვევაში. მსგავსი საძირკვლის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, თუ შენობაში იქნება მძიმე გადახურვა ან მოეწყობა მასიური კედელი (აგური, ბლოკი, ქვა). მისი გამოყენება ოპტიმალურია იმ შემთხვევაშიც, თუ გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის ან სარდაფის მოწყობა. სახეობის მიხედვით განასხვავებენ ორი ტიპის ს.ლ.: ბლოკურს და მონოლითურს. ბლოკური საძირკველი, რომელიც აწყობილია ბეტონის ბლოკებისაგან, მონოლითურ საძირკველზე ნაკლებად მდგრადია (20%-ით). რაც შეეხება მოწყობის ვადებს, ბლოკური გაცილებით სწრაფად ეწყობა, რომელიც ასევე შეიძლება მოწყობისთანავე დაიტვირთოს. მონოლითური ს.ლ. მოწყობის ეტაპებია: 1. მოსამზადებელი სამუშაოები (ნაკვეთის მომზადება, საძირკვლის გაანგარიშება, მასალის შეძენა); 2. ტრანშეის მოწყობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს ხელით ან სპეცტექნიკის გამოყენებით. ტრანშეის ძირზე უნდა გაკეთდეს ქვიშის "ბალიში" და შესრულდეს ჰიდროიზოლაცია; 3. ყალიბის მოწყობა, რომლისთვისაც ძირითადად გამოიყენება ფიცარი; 4. არმატურის მონტაჟი (ეს პროცესი მიმდინარეობს ყალიბის მოწყობის პარალელურად); 5. ბეტონის ჩასხმა (ბეტონი უნდა ჩაისხას რამდენიმე შრედ); 6. საძირკვლის ჰიდროიზოლაცია; 7. გრუნტსა და საძირკვლის შორის არსებული შრის ამოვსება (ივსება ხელით, რათა არ დაზიანდეს ჰიდროიზოლაცია).

საძირკველი წყვეტილი ; საძირკველი, რომელიც ლენტური საძირკვლისგან განსხვავებით შენობის მთელ პერიმეტერს არ გასდევს და საძირკვლის კოჭით გადახურულ ცალკეული სუბსტრუქცუიბის სისტემას წარმოადგენს.

საძირკვლის ბუნებრივი ფუძე - ბუნებრივი განლაგების პირობებში მყოფი ფუძე-გრუნტები.

საძირკვლის კოჭი - იხ. რანდკოჭი, დირე.

საძირკვლის ფუძე - გრუნტის შემოსაზღვრული ნაწილი, სადაც საძირკველთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება დაძაბული მდგომარეობა და ადგილი აქვს დეფორმაციას.

საძირკვლის ჩაღრმავება - მანძილი მიწის ზედაპირიდან საძირკვლის ფუძის ნიშნულამდე. ს.ჩ. განისაზღვრება: ნაგებობის კონსტრუქციული თავისებურებით; დატვირთვის სიდიდისა და ხასიათის მიხედვით; არსებული და დასაპროექტებელი რელიეფის თავისებურებით; ახლომდებარე ნაგებობების საძირკვლის ჩაღრმავებით; სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებით.

საძირკვლის ძირი - საძირკვლის ქვედა სიბრტყე, რომლის საშუალებითაც შენობიდან დატვირთვა გადაეცემა საფუძველზე (გრუნტზე).

საძირკვლის ჭანჭიკი - ჭანჭიკი, სპეციალური ფორმის თავით, რომელიც გამოიყენება დანადგარის მისამაგრებლად საძირკველთან (ნახ. 1).

საძირკვლის ხელოვნური ფუძე - სპეციალური მეთოდებით შემკვრივებული ან გამაგრებული ფუძე-გრუნტები.

საწამოო პროცესი - შრომის პროცესი, რომელსაც განსაზღვრული ტექნოლოგიური და ორგანიზაციული შინაარსი აქვს, მიმართულია მატერიალური კეთილდღეობის შექმნისაკენ და ხასიათდება შრომის მთავარი საგნის მუდმივობით. საწარმოო პროცესი მუშა პროცესების, ხოლო მუშა პროცესი - სამუშაო ოპერაციათა ერთობლიობაა.

საწარმო - დაწესებულება ან ორგანიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის განურჩევლად, სადაც მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად ხორციელდება პროდუქციის შექმნა ან მომსახურება. დანიშნულების მიხედვით ს. შეიძლება იყოს: ძირითადი, დამხმარე, კოოპერირებული, მომიჯნავე, სპეციალიზირებული და სხვ.

საწარმოო გარემო - სივრცე, სადაც სრულდება ადამიანის შრომითი საქმიანობა; შრომითი საქმიანობის პროცესში ადამიანზე მოქმედ ფაქტორთა ერთობლიობა.

საწარმოო ინსტრუქცია - სპეციალურად შემუშავებული და ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების წესებისა და თანმიმდევრობის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

საწარმოო ინციდენტი - საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების დაზიანება, ტექნოლოგიური პროცესის რეჟიმებიდან გადახრა, აგრეთვე საწარმოო უსაფრთხოების წესებისა და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა დარღვევა

საწარმოო სათავსი - შენობაში ჩაკეტილი სივრცე, სადაც ადამიანი ეწევა მუდმივ ან პერიოდულ შრომით საქმიანობას.

საწარმოო სათავსის მიკროკლიმატი - საწარმოო სათავსის გარემოში მეტეოროლოგიური პირობები, რომლებიც განისაზღვრება ადამიანის ორგანიზმზე მოქმედი ტემპერატურის, ტენიანობის, ჰაერის მოძრაობის სიჩქარისა და თბური გამოსხივების შეხამებით.

საწარმოო საქმიანობა - პროცესი, რომელშიც ერთობლიობაში განიხილება გარე ფაქტორების და ადამიანის ორგანიზმის თავისებურებანი

საწარმოო სიმძლავრე - საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობა დროის ერთეულში (ჩვეულებრივ წლის განმავლობაში).

საწარმოო უბანი - ფიზიკური ზონა, სადაც უნდა იმყოფებოდნენ ან უნდა გადაადგილდნენ მუშაკები შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით და რომელსაც აკონტროლებს სამუშაოს მიმცემი.

საწარმოო უსაფრთხოება - 1. ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად; 2. შრომითი საქმიანობის პროცესში მიუღებელი რისკის არარსებობა.

საწარმოო უსაფრთხოების წესები - დადგენილი წესით დამტკიცებული საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნები, სახელმწიფო სტანდარტები, სამშენებლო, სანიტარიული, ბუნების დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

საწარმოო შენობა ჰერმეტული - სამრეწველო შენობა, რომელშიც სამრეწველო სათავსის ყველა ან მნიშვნელოვანი ნაწილი იზოლირებულია გარე გარემოდან (ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის, მზის სხივების, ხმაურის და ა.შ. ზეგავლენისაგან). ჰ.ს.შ. აგებენ იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოების ტექნოლოგიის მოთხოვნებიდან გამომდინარე სათავსებში მკაცრად უნდა იცვლებოდეს სტაბილური რეჟიმი (ტემპერატურულ-ტენიანი, განათების და ა.შ.). ჰ.ს.შ. აშენებენ, როგორც წესი, რადიოელექტრული მრეწველობის, ზუსტი ხელსაწყოთმშენებლობის, პრეციზიული ჩარხმშენებლობის და სხვ. საწარმოებისთვის.

საწარმოო ძალები - წარმოების საშუალებებისა და იმ ადამიანების ერთობლიობა, რომლებსაც ისინი მოქმედებაში მოჰყავს. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უშუალოდაა დაკავშირებული ს.ძ. განვითარებასთან, რადგან ს.ძ. განვითარების დონე განსაზღვრავს ნაციონალური სიმდიდრის და საზოგადოებრივი შრომის მწარმოებლურობის ზრდის დინამიკას. ს.ძ. - თვითგანვითარებადი სისტემაა, რომელშიც ხდება ადამიანის ზემოქმედება შრომის საგნებზე და მისი გარდაქმნა. შესაბამისად, ადამიანი თავისი ინტელექტით, ფსიქოფიზიოლოგიური თვისებებით, პროფესიონალური ცოდნით და ჩვევებით, გამოცდილებით, დამოკიდებულებით შრომისადმი, ფასეული ორიენტაციით და ა.შ. წარმოადგენს ამ სისტემის მთავარ ელემენტს, საზოგადოების მთავარ საწარმოო ძალას. ს.ძ. ნივთობრივ ნაწილს და შრომის საშუალებებს (შრომის იარაღები, საწარმოო შენობები, რკინიგზები, მილსადენები, არხები, გზები, მიწა და ა.შ.) ადამიანი იყენებს შრომის საგნებზე ზემოქმედებისათვის.

საწარმოს შიდა სტანდარტი - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად საწარმოს შიდა სტანდარტებს შეიმუშავებს, ამტკიცებს და აღრიცხავს თვით საწარმო, ასეთი სტანდარტი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცვიას არ საჭიროებს. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შემუშავებული საწარმოს შიდა სტანდარტის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.

საწევარი (ჰოლანდ. - დომკრატი) - სტაციონარული, გადასატანი ან გადასაადგილებელი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ტვირთების ასაწევად მცირე სიმაღლეზე (2 მ-მდე). საწევარი შეიძლება იყოს ლარტყიანი, ხრახნული, პნევმატური და ჰიდრავლიკური. მათ გამოიყენებენ უმთავრესად სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებზე, აგრეთვე ავტოტრანსპორტის რემონტისათვის.

საწეველა (ამწევი) - ციკლური ან უწყვეტი მოქმედების ტვირთამწევი მანქანა. ტვირთების გარდა მისი საშუალებით გადაჰყავთ ადამიანები. ამძრავიდან ტვირთმზიდ მოწყობილობაზე ზემოქმედების გადასაცემად გამოიყენება ბაგირები, ჯაჭვები, ლარტყები, ხრახნები. უპირატესი გავრცელება მოიპოვა ბაგირულმა ამწევმა, რომელშიც ტვირთამწევი მოწყობილობა ჩამოეკიდება ფოლადის ბაგირზე, რომელიც გადახვეულია ბაგირმზიდ ბორბლებზე ან ეხვევა ამწევი ჯალამბრის დოლზე. ამძრავი ძირითადად ელექტრულია (იშვიათად ჰიდრავლიკური). საწევებს (ამწევებს) მიეკუთვნება: ლიფტები, ესკალატორები, ფუნიკულიორები, სკიპური (საციცხვე) საწევი, სამშენებლო ამწევები (ანძური, ბაგირული, შახტური), პნევმოამწევები, ანძა-ავტომობილები და სხვ

საწერტელი (რუს. Кернер) - ხელის საზეინკლო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ნაკეთობის წერტვისათვის. ის ინსტრუმენტალური ფოლადისაგან დამზადებული მრგვალი განივკვეთის ღეროა, რომლის ერთი ბოლო (მუშა ნაწილი) წვეტით დაბოლოვებული კონუსია (ნახ. 1). კონუსის კუთხე წვეტთან - 100...1200. წერტვა ხდება ს. წვერის საწინააღმდეგო ბოლოზე ჩაქუჩის დარტყმით. ს. გაკეთებული ღრმულები გამორიცხავს ზედაპირზე ბურღის გაცურებას და უზრუნველყოფს გაბურღული ნახვრეტების ზუსტ განლაგებას.

საწვეთური - 1. მოწყობილობა სითხის წვეთებად მისაწოდებლად; 2. სახლის ირგვლივ მოწყობილი ღარი სახურავიდან წვიმის წყლის ჩასადენად; 3. მეტალოპლასტმასის ფანჯრის ჩარჩოს ძელაკში გაკეთებული ხვრეტი ჩარჩოს პროფილში მოხვედრილი წვიმის წყლის გარეთ გამოსაშვებად; 4. ცეცხლამრიდი კედლების პარაპეტის ლითონის საფარის ელემენტი, ქვემოთ დახრილი კიდის სახით.

საწვიმური - შენობის სახურავზე, გარკვეულ ადგილებზე, მოწყობილი თუნუქის ძაბრი, რომლის მეშვეობითაც სახურავზე დაგროვილი წვიმის წყალი ჩადის საწვიმარ მილში.

საწნახელი - ყურძნის საწური დიდი, გრძელი ჭურჭელი, რომელსაც ამზადებენ მაგარი ჯიშის ხისაგან (შეიძლება იყოს ქვიტკირისაც).

საწყაო - სახელურებიანი ჭურჭელი (ძირითადად ხის) სითხის, მარცვლეულის ან ფხვიერი მასალის რაოდენობის დასადგენად.

საწყისი მასალები - დოკუმენტებისა და საინფორმაციო მასალების კომპლექტი, რომელიც აერთიანებს სპეციალურ მოთხოვნებს, რეკომენდაციებს, პირობებს, ნებართვებს, სამართლებრივ მტკიცებულებებს საინვენტიციო-სამშენებლო ეტაპის განსახორციელებლად.

საწყობი - შენობა ან შენობათა კომპლექსი, სათავსი, ნაგებობა, სპეციალური ადგილი მატერიალური ფასეულობების შესანახად (ნახ. 1) და სასაწყობე მომსახურების გასაწევად. დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის საწყობებს: საწარმოო, სატრანზიტო-გადასატვირთავი, საბაჟო, ადრეული შეზიდვის, სეზონური შენახვის, სარეზერვო, საბითუმო განაწილების, კომერციული საერთო სარგებლობის, საცალო, სამხედრო და სხვ., ხოლო შენახვის პირობების მიხედვით - საერთო დანიშნულების, რეზერვუარები, სეიფები და სპეციალიზებული. საჭიროების შემთხვევაში ს. შეიძლება იყოს სიმძლავრეები საქონლის დაფასოების, შეფუთვის, ტესტირების და სხვა ოპერაციებისათვის.

საწყობი ადრეული შეზიდვის - საწყობები რაიონებში, სადაც ტვირთის განთავსება შესაძლებელია წლის განსაზღვრულ პერიოდში.

საწყობი კომერციული საერთო სარგებლობის - საწყობი, რომელიც ემსახურება საქონლის ნებისმიერ მფლობელს.

საწყობი საბაჟო - ტვირთების დროებითი შენახვის საწყობი საბაჟო შემოწმების გასავლელად (პაკჰაუზი).

საწყობი საბითუმო განაწილების - საწყობი, რომელიც ამარაგებს საქონლის გამტარ ქსელს.

საწყობი სამხედრო - საწყობი სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის საქონლის შესანახად, რომელიც ჭირდება ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს (ცეიჰგაუზი).

საწყობი სარეზერვო - საწყობი, სადაც ინახება სახელმწიფო საქონლის (ძირითადად კვების პროდუქტები) მარაგი საგანგებო მდგომარეობისათვის.

საწყობი სატრანზიტო-გადასატვირთავი - საწყობები რკინიგზის სადგურებზე, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, სამდინარო მისადგომებთან და საავტომობილო ტერმინალებთან, რომლებიც ემსახურება ტვირთების შენახვას ხანმოკლე ვადით (პაკჰაუზი).

საწყობი საცალო - სავაჭრო ორგანიზაციის საწყობი.

საწყობი საწარმოო - საწყობი, სადაც ინახება ნედლეული, მაკომპლექტებელი დეტალები, მასალები, მზა პროდუქცია და სხვ.

საწყობი სეზონური - საწყობი სეზონური ხასიათის საქონლის განთავსებისათვის

საჭდე - ფანერისაგან დამზადებული მცირე ზომის დეტალი (იარლიყი, ეტიკეტი), რომელზედაც საქონლის (ტვირთის) ესა თუ ის მონაცემი აღინიშნება.

საჭექი - სოლისებრი ქვა ქვათაღის წყობის უმაღლეს წერტილში.

საჭიმი - მოქნილი სამონტაჟე მოწყობილობა, რომელიც მუშაობს მხოლოდ ჭიმვაზე და გამოიყენება კონსტრუქციის ორი ელემენტის გარე მხარეზე გადაადგილების საწინააღმდეგოდ.

საჭირხნი - ჰაერის კომპრესორი, განკუთვნილი შეკუმსული ჰაერის ან საწვავი ნარევის მიწოდებისათვის შიგაწვის დგუშიანი ძრავის ცილინდრებში.

საჭრეთელი - ინსტრუმენტი მცირე სიღრმის ბუდის ან ხვრელის ამოთლა-ამოსატეხად, მასალიდან მცირე სისქის მოსათლელად (გასათლელად), დასაჭრელად და ა.შ.

საჭრისი - მჭრელი იარაღი, რომელსაც იყენებენ ნაკეთობათა დასამუშავებლად სახარატო, რევოლვერულ, შიგსაჩარხ, კარუსელურ, სარანდ, სატეხ, კბილსარანდ და სპეციალურ ჩარხებზე.

საჭრისის თავი - მრავალსაჭრისიანი ინსტრუმენტი (ნახ. 1), რომელიც გამოიყენება კონუსური მრუდი ფორმის კბილებიანი თვლის მოსაჭრელად მოგორვის მეთოდით.

სახაზო პერსონალი - საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომლებიც ითვლებიან სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელებად მათი წარმოების ადგილას: უფროსი სამუშაოთა მწარმოებლები (უბნის უფროსები), სამუშაოთა მწარმოებლები, მშენებელი ოსტატები და უბნის მექანიკოსები.

სახამებელი - მცენარის ძირითადი სამარაგო ნახშირწყალი, რომელიც წარმოიქმნება უჯრედის ორგანოიდებში და გროვდება ძირითადად თესლში, ძირხვენებსა და ტუბერებში, აგრეთვე ფოთლებსა და ღეროებში. ს. ორი პოლისაქარიდის - ამილოზის (10...30%) და ამილოპექტინის (70...90%) ნაზავია; მათი საერთო ფორმულაა (C6H10O5)n. ობის სოკოების ფერმენტი გ ლ უ კ ო ა მ ი ლ ა ზ ა სახამებელს შლის გლუკოზამდე. სახამებელს და მის წარმოებულებს იყენებენ ქაღალდის, ქსოვილების, წებოს, სამსხმელო წარმოებაში და სხვ. როგორც სამკურნალო საშუალება, სახამებელი შედის სხვადასხვა ფხვნილში, მალამოსა და პასტაში. სახამებლის 1%-იან ხსნარს იყენებენ როგორც ინდიკატორს, იოდის აღმოსაჩენად.

სახანძრო - ხანძრის ჩაქრობისათვის განკუთვნილი.

სახანძრო გამაფრთხილებელი - მოწყობილობა ხანძრის შესახებ სიგნალის მისაღებად და გადასაცემად. არსებობს აირის, ალის, კვამლის აღმოსაჩენი და სხვ.

სახანძრო განგაშის საავარიო სისტემა - სისტემა, რომელიც უზრუნველსაყოფს, როგორც საავარიო სიტუაციებზე, ასევე, საფრთხის შემცველ ნივთიერებებზე მითითებასა და შეტყობინებას.

სახანძრო განგაშის სიგნალი - სიგნალი, რომელსაც გამოსცემს სახანძრო განგაშის მოწყობილობა, მაგ., ხელით მართვადი სახანძრო განგაშის კოლოფი, ცეცხლის ავტომატური აღმომჩენი, წყლის ნაკადის გამშვები და სხვ., რომელთა გააქტიურება მიანიშნებს ხანძრის ან ხანძრის ნიშნების არსებობაზე.

სახანძრო გასასვლელი - გასასვლელი საშუალებების სისტემის ის მონაკვეთი, რომელიც შენობის ან ნაგებობის ინტერიერის სხვა სივრცეებისაგან გამიჯნულია ცეცხლმედეგობის კოეფიციენტის მქონე კონსტრუქციით და ღიობის დამცავებით, რაც აუცილებელია გასასვლელთან მისადგომსა და შენობიდან გამოსასვლელს შორის გასასვლელისაკენ სავალი დაცული გზის უზრუნველსაყოფად. გასასვლელი მოიცავს: შენობიდან გამოსასვლელის დონეზე მდებარე ექსტერიერში გასასვლელ კარებს, შვეული გასასვლელის შემომზღუდავებს, გასასვლელ გზა-დერეფნებს, ექსტერიერში გასასვლელ კიბეგზებს, ექსტერიერში გასასვლელ პანდუსებსა და ჰორიზონტალურ გასასვლელებს.

სახანძრო კიბე - შენობაზე გარე მხრიდან მიმაგრებული შვეული ან მარშებიანი (ქანობით არა უმეტეს 6:1) ლითონის კიბე, რომლის დანიშნულებაა ხანძრის პირობებში მოახდინოს ადამიანების ევაკუაცია სახურავიდან (სართულებიდან) ან დაეხმაროს მეხანძრეთა ბრიგადის წევრებს სახურავზე (სართულებზე) ასვლაში. ადამიანთა საევაკუაციოდ განკუთვნილი კიბის მარშის (მათ შორის კიბის უჯრედებში) სიგანე უნდა იყოს არანაკლებ: 1,35 მ - I კლასის შენობებისათვის; 1,2 მ - შენობებში, რომლის ნებისმიერ სართულზე, გარდა პირველისა, იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი; 0,7 მ - ცალკეული სამუშაო ადგილებისაკენ მიმავალი კიბისათვის; 0,9 მ - ყველა დანარჩენ შემთხვევებში. საევაკუაციო გზებზე კიბეების ქანობი უნდა იყოს არა უმეტეს 1:1, საფეხურების სიღრმე - არა ნაკლებ 25 სმ, ხოლო სიმაღლე არა უმეტეს 22 სმ. სახანძრო კიბეები აუცილებელია მოეწყოს პერიმეტრის ყოველ 200 მ-ში. დასაშვებია არ მოეწყოს: შენობის მთავარ ფასადზე, იმ შემთხვევაში, თუ შენობის სიგანე 150 მ-ზე ნაკლებია და ფასადის სანაპირო მხარეს არის ხანძარსაწინაღმდეგო წყალსადენის ქსელი; ერთსართულიანი შენობის სახურავზე, თუ მისი ფართობი ნაკლებია 100 კვ.მ-ზე.

სახანძრო მილდგარების სისტემის კლასები - ხანძარსაწინააღმდეგო მილდგარები იყოფა შემდეგ კლასებად: I კლასის სისტემა - უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ 77 მმ სახანძრო სახელოს ქანჩის მიერთებას, და განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის, როგორ მართოს ძლიერი ჭავლი ხანძრის დროს. II კლასის სისტემა - უზრუნველყოფს 51 მმ სახანძრო ონკანის დახმარებით წყალი მიაწოდოს უპირველესად შენობაში მყოფთ ან სახანძრო-სამაშველო დანაყოფს რეაგირებისათვის. III კლასის სისტემა - უზრუნველყოფს 51 მმ ონკანის დახმარებით წყალი მიაწოდოს შენობაში მყოფთ და 77 მმ შლანგის მისაერთებლებს, რომლის საშუალებითაც წყლის უფრო დიდი მოცულობის გამოყენება შეუძლია სახანძრო-სამაშველო დანაყოფს და მათ, ვინც იცის, როგორ მართოს ძლიერი ჭავლი ხანძრის დროს.

სახანძრო მილდგარების ტიპები - 1. ა ვ ტ ო მ ა ტ უ რ ი მ შ რ ა ლ ი - მილდგარების სისტემა, რომელიც სავსეა შეკუმშული ჰაერით. სისტემას აქვს სარქველი, საიდანაც წყალი ავტომატურად გადადის სისტემის მილებში სახანძრო ონკანის გახსნისთანავე. ავტომატური მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემის წყალმომარაგება უნდა აკმაყოფილებდეს სისტემის მოთხოვნას; 2. ა ვ ტ ო მ ა ტ უ რ ი წ ყ ლ ი ა ნ ი - წყალმომარაგების მქონე წყლიანი სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს  სისტემის მოთხოვნის დაკმაყოფილებას; 3. ხ ე ლ ი თ მ ა რ თ ვ ა დ ი მ შ რ ა ლ ი - სახანძრო მილდგარების სისტემა, რომელსაც არ აქვს სისტემაზე მიერთებული მუდმივი წყალმომარაგება. ხელით მართვადი მშრალი სახანძრო მილდგარების სისტემების წყლით მომარაგება ხდება სახანძრო ავტომობილების საშუალებით, საიდანაც წყალი გადადის სისტემაში სახანძრო მილსადენების გავლით.

სახანძრო მილდგარი - წნევის ქვეშ მყოფი ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის სისტემის დგარი.

სახანძრო საშიშროება - განისაზღვრება სახანძრო-ტექნიკური მახასიათებლებით: წვადობით, აალებადობით, ზედაპირზე ალის გავრცელებით, კვამლწარმოქნის უნარით და ტოქსიკურობით. ამის მიხედვით სამშენებლო კონსტრუქციები იყოფა ოთხ კლასად: კ0 - არახანძარსაშიში, კ1 - ნაკლებად ხანძარსაშიში; კ2 - ზომიერად ხანძარსაშიში; კ3 - ხანძარსაშიში

სახანძრო სახელო - მორეზინებული ქსოვილისაგან დამზადებული წყლის მილი დანიშნულების ადგილას წყლის ჭავლის მისაწოდებლად

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა - სახანძრო სიგნალიზაციის მოწყობილობების ერთობლიობა, დამონტაჟებული ერთ ობიექტზე, რომელიც კონტროლდება საერთო სახანძრო პოსტიდან.

სახანძრო ტექნიკა - ტექნიკური მოწყობილობა ხანძრის თავიდან აცილების, შეზღუდვის და ჩაქრობის, აგრეთვე ადამიანებისა და მატერიალური ფასეულობების დაცვისათვის.

სახანძრო უსაფრთხოება - საშიში ფაქტორების და ხანძრის ზემოქმედებისგან მოსახლეობის, ეკონომიკის, ობიექტების და გარემოს დაცულობის მდგომარეობა.

სახანძრო უსაფრთხოების უძრუნველყოფა - სახანძრო უსაფრთხოების ნორმატიული საკანონმდებლო აქტების, წესებისა და მოთხოვნების მიღება და დაცვა, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება.

სახანძრო ხელის ინსტრუმენტი - ხელის ინსტრუმენტი კონსტრუქციის გასახსნელად ან დასაშლელად საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად ხანძრის პირობებში.

სახარისხებელი მანქანა - საშენი მასალების ზომების მიხედვით დახარისხების მექანიკური დანადგარი, რომელსაც ცხავს უწოდებენ.

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი - სახელმწიფო ტყის ფონდი, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების გარდა.

სახელმწიფო ტყე - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე.

სახელმწიფო ტყის ფონდი - საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობა. იყოფა ორ ნაწილად: ტყით დაფარულ ტერიტორიად და ტყით დაუფარავ ტერიტორიად.

სახელმწიფო ქონება - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, გარდა იმ მოძრავი ნივთისა, რომლის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი (გოსტ) - რომელიც საქართველოში გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თნამეგობრობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1998 წლის 13 მარტის შეთანხმების „სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე.

სახელო - რეზინის, გარეზინებული ქსოვილის, ნაჭრის, პლასტმასის ან სხვა მასალის ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია ფხვიერი და თხევადი, ბლანტი და მტვრიანი ნამუშევარი აირების მისაწოდებლად და გასაწმენდად. კონსტრუქციისა და დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ სადაწნეო და შემწოვ სახელოებს.

სახელოსნო - კონკრეტული დანიშნულების მცირე საამქრო, ძირითადად სარემონტო (მაგ., მექანიკური, მოძრავი, საგზაო, სადურგლო, საველე, სამჭედლო და სხვ.)

სახელური - ჰორიზონტალური (დაქანებული) გრძივი ელემენტი, რომელსაც ეყრდნობიან ხელით.

სახერხი საამქრო - მეწარმე სუბიექტის მფლობელობაში არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი.

სახეწი - იხ. შაბერი.

სახეხელა - ხელის საბათქაშე ინსტრუმენტი კედელზე დატანილი ბათქაშის პირველადი დამუშავებისათვის (ნახ. 1).

სახიფათო ბუნებრივი მოვლენა - ბუნებრივი წარმოშობის სტიქიური შემთხვევა.

სახიფათო დატბორვის ზონა - ტერიტორია შემოიფარგლება კაშხლიდან (წამლეკი ტალღის მოძრაობის) კალაპოტის იმ განივკვეთით, რომელსაც გარღვევის ტალღა გაივლის წარმოქმნის მომენტიდან 4 საათის განმავლობაში. განსაკუთრებით საშიში დატბორვის ზონის ტერიტორია ჰიდროკვანძის ნაგებობის სადაწნევო ზედაპირიდან შემოიფარგლება კალაპოტის იმ განივკვეთით, რომელსაც გარღვევის ტალღის ფრონტი გაივლის წარმოქმნის მომენტიდან 1 საათის განმავლობაში. იგი წარმოადგენს შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონის საწყის ნაწილს.

სახიფათო კონცენტრაცია - კონცენტრაცია (გაზის მოცულობითი წილი ჰაერში), ტოლი გაზის აალების ქვედა ზღვრის 20%-ის.

სახიფათო საწარმოო ფაქტორი - საწარმოო ფაქტორი, რომლის ზემოქმედებამ მომუშავეზე, შეიძლება გამოიწვიოს მისი ტრავმა.

სახიფათო ტვირთები - ნივთიერებები და საგნები, რომლების ტრანსპორტირების, სატვირთავ-გასატვირთავი სამუშაოების შესრულების და შენახვის დროს, შეიძლება გახდეს აფეთქების, ხანძრის ან სატრანსპორტო საშუალების, საწყობების, მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების დაზიანების, აგრეთვე ადამიანებისა და ცხოველების კვდომის, დამწვრობის, დასახიჩრების, მოწამვლის, დასხივებისა და დაავადების მიზეზი.

სახლი - შენობა, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან კულტურული და საზოგადოებრივი დანიშნულებით.

სახლი ასაწყობი - სახლი, რომელიც აწყობილია ქარხნული წესით დამზადებული დეტალებისა და კვანძებისაგან.

სახლი ბლოკირებული - ერთ-, ორ- ან სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგება რამდენიმე ბინისაგან ცალკე შესასვლელით.

სახლი საზოგადოებრივი - ერთი ან მრავასართულიანი, მრავალბინიანი შენობა, რომელიც შედგება სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ცალკეული ბლოკებისაგან.

სახლი საცხოვრებელი - დაბალსართულიანი ერთი ან რამდენიმებინიანი შენობა, რომელსაც აქვს  ყოველ ბინაში იზოლირებული შესასვლელი.

სახლი სტანდარტული - სახლი, რომელიც აშენებულია ქარხნული წესით დამზადებული გარკვეული სტანდარტული ზომის, ფორმისა და კონსტრუქციის ელემენტებისაგან (მაგ., ფინური სახლი).

სახლი ქარვასლის ტიპის - საცხოვრებელი სახლი მარტოხელა ან მცირე სულადობის ადამიანებისა და ოჯახებისათვის, რომელიც შედგება 10...14 მ2 ფართობის ოთახებისაგან შეთავსებული სანკვანძითა და კარგად განვითარებული მომსახურების ბლოკით, განთავსებული სახლის პირველ სართულზე ან ცალკე შენობაში და შეერთებული საცხოვრებელ სახლთან დახურული გადასასვლელით. ს.ქ.ტ., როგორც წესი, დაგეგმარებულია კორიდორული ან გალერეიული სქემით.

სახნისი - სოლისებური მოყვანილობის სახვნელი იარაღის შემადგენელი ნაწილი. ამზადებდნენ მთლიანი რკინის ნაჭრისაგან ცხელი ჭედვით, იგი დაგებული იყო სახვნელის კბილაზე და მიწას ჰორიზონტალურ სიბრტყეში ჭრიდა. სახნისს სახვნელი იარაღისა და ნიადაგის შესაბამისად სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. საქართველოში გვხვდება წვერბუდიანი, ორფრთიანი, ცალფრთიანი, ასიმეტრიული და ეშვიანი სახნისები.

სახრახნისი (რუს. Атвертка) - საზეინკლო-საამწყობო ხელსაწყო, ხრახნებისა და სჭვალების ჩასახრახნ-ამოსახრახნი. ჩახრახნის პროცესის დასაჩქარებლად იყენებენ მექანიკურ ს., რომელსაც ამაგრებენ ხელის საბურღი მანქანის ვაზნაში.

სახსარი - 1. სამშენებლო კონსტრუქციების და მანქანათა დეტალების მოძრავი შეერთება, რომელიც უზრუნველყოფს ბრუნვას მხოლოდ საერთო ღერძის ან საერთო წერტილის ირგვლივ; 2. ორი სხეულის მოძრავი შეერთება, რომლის დროსაც მათი ფარდობითი მოძრაობა არის მოძრაობა ღერძის ირგვლივ (ცილინდრული სახსარი) ან წერტილის ირგვლივ (ბურთულა სახსარი). მექანიზმებში სახსარს ეწოდება ბრუნვითი კინემატიკური წყვილი. არსებობს ს.: უნივერსალური, პლასტიკური, სფერული, ცილინდრული, მოძრავი, სრული, კარდანის და სხვ.

სახსარი სფერული - სახსარი, რომელშიც შესაძლებელია შეერთებული სხეულების ფარდობითი ბრუნვა წერტილის გარშემო.

სახსრიანი მექანიზმი - მექანიზმი, რომლის წევრები მხოლოდ მბრუნავ კინემატიკურ წყვილებს (სახსრებს) ქმნიან. ასეთი მექანიზმები არიან ბრტყელი, სფერული და სივრცული. ბრტყელ სახსრიან მექანიზმებში სახსრების ღერძები პარალელურია, სფერულში - სახსრების ღერძები ერთ წერტილში გადაიკვეთება, სივრცულში - კინემატიკური წყვილების ღერძები სხვადასხვა კუთხით იკვეთება.

სახურავი - შენობის კონსტრუქციის ზედა შემომზღუდავი ნაწილი, რომელიც ასრულებს მზიდ, ჰიდროსაიზოლაციო და თბოსაიზოლაციო ფუნქციებს. მზიდი ნაწილები (ნივნივები, წამწეები, კოჭები, გრძივები, პანელები და ა.შ.), სახურავიდან მოსულ მუდმივ და დროებით დატვირთვებს გადასცემს მზიდ კედლებსა და ცალკეულ საყრდენებს. ს. შეიძლება მოეწყოს სხვენით და სხვენის გარეშე. უსხვენო სახურავებს, რომლებიც შეთავსებულია სხვენიან გადახურვებთან, ხშირად უწოდებენ დახურვას ან შეთავსებულ სახურავს. არსებობს ს. შემდეგი სახეები: ერთქანობიანი, ორქანობიანი, ოთხფერდა, მანსარდული, კარვისებური, მრავალწახნაგა, ბრტყელი, სფერული და კონუსური გუმბათები, გარსები, კონოიდები, სტრუქტურები, შპილისებრი და სხვ.

სახურავი ბრტყელი - უმნიშვნელო ქანობის (ფაქტიურად ჰორიზონტალური) სახურავი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში. ქანობიანი სახურავისაგან განსხვავებით, ბრტყელ სახურავებში არ გამოიყენება ბურულის ცალობითი და ფურცლოვანი მასალა. აქ საჭიროა ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც შექმნის ხალიჩის უწყვეტ ზედაპირს (ბიტუმი, ბიტუმ-პოლიმერული, პოლიმერული, მასტიკა და სხვ.). ეს ხალიჩა უნდა იყოს ელასტიკური, რათა თავის თავზე მიიღოს ბურულის საფუძველის ტემპერატურული და მექანიკური დეფორმაციები, რომ არ მოხდეს ბურულის რღვევა (გაგლეჯა). ბურულის საფუძვლად იყენებენ თბოსაიზოლაციო მასალის ზედაპირს, ცემენტის მოჭიმვას, მზიდ ფილებს.

სახურავი ერთქანობიანი - სახურავის სახეობა, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა სიმაღლის მზიდ კედლებს (ნივნივების, წამწეების, კოჭების სისტემა). ასეთი სახურავები ძირითადად გამოიყენება საწყობების, სამეურნეო შენობების ვერანდების და ტერასების გადასახურად (ნახ. 1).

სახურავი კარვისებური - სახურავის დახრილი სიბრტყეები წარმოადგენს ტოლფერდა სამკუთხედებს, რომლებიც თავს იყრიან ერთ წერტილში (ნახ. 1). ასეთი გადახურვის განმსაზღვრელია სიმეტრიულობა. გამოიყენება გეგმაში კვადრატული ან წესიერი მრავალკუთხედის ფორმის შენობებისათვის.

სახურავი მანსარდული - ასეთ გადახურვებს აკეთებენ მაშინ, როცა საჭიროა სხვენის  საცხოვრებელი სათავსის (მანსარდის) მოცულობის გაზრდა. სახურავი ძირითადად შედგება სხვადასხვა დახრის კუთხის მქონე სიბრტყეებისაგან, რომელთაგან ქვედა უფრო დახრილია, ვიდრე ზედა (ნახ. 1). ასეთი სახურავები  პოპულარულია  ბინათმშენებლობაში, რადგან სახლის მფლობელს საშუალებას აძლევს სხვენის ხარჯზე საკმაოდ გაზარდოს საცხოვრებელი ფართობი და მოაწყოს იქ საბილიარდო, ბავშვთა ოთახები და სხვ.

სახურავი მრავალწახნაგა (მრავალფერდა) - მას აკეთებენ ისეთ შენობებში, რომელსაც გეგმაში მრავალკუთხედის ფორმა აქვს. ასეთ სახურავებს გააჩნია დიდი რაოდენობის ენდოვები (ჩაწეული კუთხეები) და წიბოები (ამოწეული კუთხეები, რომლებიც ქმნის ქანობების გადაკვეთებს), რის გამოც, მათ მოსაწყობად, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნები.

სახურავი ოთხფერდა - ოთხქანობიანი სახურავი, რომლის ორი დიდი ფერდი ტრაპეციებია, ხოლო ტორსული კედლის მხრიდან - სამკუთხედები (ნახ. 1, ოთხფერდა სახურავი).

სახურავი ორქაობიანი - ყველაზე გავრცელებულ კლასიკური კონსტრუქცია (ნახ. 1). მას ზოგჯერ წვეტურა სახურავსაც უწოდებენ. მზიდ ელემენტებად გამოყენებულია სამკუთხა ხის ნივნივები (წამწეები). დახრილი სიბრტყეების (ქანობების) კუთხე ჰორიზონტთან შეიძლება იყოს ერთნაირი ან სხვადასხვა.

სახურავის ბურული - ბურული, რომელიც მაგრდება სახურავის ფენილზე ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დასაცავად, ხანძრის კლასიფიცირებისათვის ან ცეცხლის გაჩენის თავიდან ასაცილებლად.

სახურავის გამოცვლა - სახურავის არსებული ბურულის აყრის, დაზიანებული ფუძე-ფენის შეკეთებისა და ახალი ბურულის დაგების პროცესი. იშვიათად, მთლიანი სახურავის შეცვლა.

სახურავის განიავება (ვენტილაცია) - ბუნებრივი ან მექანიკური პროცესი, რომლის დროსაც კონდიცირებული ან არაკონდიცირებული ჰაერი მიეწოდება სახურავის ქვეშ მდებარე სხვენებს (სხვენს), მაღალ ჭერებს ან სხვა დახურულ სივრცეებს ან გამოდის ამ სივრცეებიდან.

სახურავის კალთა - ქანობიანი სახურავის ერთ-ერთი სიბრტყე.

სახურავის ლითონის პანელი - ურთიერთდაკავშირებული ლითონის ფურცლები, რომელთაგან თითოეული ფურცლის 0,28 მ2-ზე მეტი ფართობი ხვდება ატმოსფერული ზემოქმედების ქვეშ.

სახურავის ლითონის ყავარი - ურთიერთდაკავშირებული ლითონის ფურცლები, რომელთაგან თითოეული ფურცლის 0,28 მ2-ზე ნაკლები ფართობი ხვდება ატმოსფერული ზემოქმედების ქვეშ.

სახურავის მოდიფიცირებული ბიტუმის ბურული - პოლიმერ-მოდიფიცირებული ასფალტის ფურცლების ერთი ან რამდენიმე შრე. ფურცლები ეწებება ან მექანიკურად მაგრდება ფუძე-ფენაზე ან ბალასტის ფენაზე.

სახურავის მრავალშრიანი ბურული - ერთმანეთზე დაკრული ტოლის ორი ან რამდენიმე შრე, რომელსაც ზედა შრედ ეკვრება მინერალურ ზედაპირიანი ტოლი, მინერალური შემვსები, გლუვი ბურული ან მათი მსგავსი მასალა.

სახურავის ორმაგი გადახურვა - სახურავის დამატებითი ბურულის დაგება უკვე არსებულ სახურავის ბურულზე, არსებული სახურავის ბურულის შეუცვლელად.

სახურავის პოზიტიური დრენაჟი - დრენაჟის მდგომარეობა, როცა სახურავის ფენილის დატვირთვის გათვალისწინებით კეთდება დამატებითი ქანობი, რომელიც უზრუნველყოფს სახურავის დრენაჟირებას 48 საათის განმავლობაში ნალექიანობის დროს.

სახურავის სასარგებლო ფართობი - სახურავის ბურულის ფართობი, რომელიც წარმოადგენს შენობის სახურავის, ბურულის ფაქტიურ ფართობს პირგადადებების ჩაუთვლელად.

სახურავის სრული ფართობი - მოცემული ფართობის სახურავზე ბურულის მასალის მთლიანი ხარჯი (პირგადადებების ჩათვლით).

სახურავის ფენილი - შენობის ზედა გადაღობვა, შემოკავება გარე კლიმატური ფაქტორებისა და ზემოქმედებისგან დასაცავად. სხვენი ეწოდება სივრცეს (გამტარი ან ნახევრადგამტარი), რომელიც მდებარეობს ზედას სართულის გადაფარვებს, გადახურვებს ზემოთ.

სახურავის ფუძე - ზედაპირი, რომელზეც ეწყობა სახურავის საფარი. ჩვეულებრივ, კეთდება მოლარტყვისა და უწყვეტი ფენილის სახით.

სახურავის შეკეთება - სახურავის შენარჩუნების მიზნით, არსებული ბურულის რომელიმე ნაწილის რეკონსტრუქცია ან განახლება.

სახურავსქვეშა აფსკი - გამოიყენება თბოიზოლაციისა და მზიდი კონსტრუქციის ნესტისგან დასაცავად.

სახშობი - შტუცერის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მის ჰერმეტულად ჩკეტვას.

საჯარო ბუღალტრული აღრიცხვა - მოიცავს აუდიტორულ დასკვნას, ბალანსს, მოგებას - ზარალის ანგარიშს, სხვა საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშგებას, რომლებიც არ შეიცავს კომერციულ საიდუმლოებას, და გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით საფინანსო და ბუღალტრული ანგარიშგების მომხმარებლისათვის წარსადგენად და პერიოდულ პრესაში გამოსაქვეყნებლად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ვალდებულებათა, იურიდიული ფაქტების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტები არიან: 1. ინდივიდუალური მეწარმე; 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; 3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; 4. სააქციო საზოგადოება; 5. კომანდიტური საზოგადოება; 6. კოოპერატივი; 7. არასამეწარმეო იურიდიული პირი; 8. უცხოური საწარმოს და არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი; 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - რელიგიური გაერთიანება

საჯარო რეესტრის წარმოება - ამ კანონით განსაზღვრული რეესტრების ფორმირება.

საჯინიბო - 1. ცხენის სადგომი, თავლა; 2. მაღალი კლასის სპორტული მანქანების ავტოპარკი.

საჰაერო - მცირე ზომის ნახვრეტი შენობის ცოკოლში, კედლებში, გადახურვებში, ჩაკეტილი სივრცეების ბუნებრივი განიავებისათვის.

საჰაერო ბალიში - ჰაერის მაღალი წნევის არე მანქანის ფუძესა და საყრდენ ზედაპირს ან მოწყობილობებისა და მანქანების მექანიზმებში უძრავ და მოძრავ ელემენტებს შორის. განასხვავებენ ს.ბ. წარმოქმნის სტატიკურსა (მაღალი წნევა იქმნება ვენტილატორით ან კომპრესორით) და დინამიკურ (მაგ.,მიწის ზედაპირთან მიახლოებისას საფრენი აპარატის ფრთის ქვეშ ჰაერის წნევის მომატება) ხერხებს. გამოიყენება სატრანპორტო მოწყობილობებში (მაგ., გემი საჰაერო ბალიშზე), ხელსაწყოებში (მაგ., გიროსკოპი) და მექანიზმებში საჰაერო საკისრის დანიშნულებით, რათა შემცირდეს ურთიერთშემხებ ზედაპირებს შორის ხახუნი. ს.ბ. წარმოქმნის ცნობილი სქემებიდან ძირითადია: კამერიანი, საქშენიანი, ხვრელიანი და ფრთიანი.

სგრაფიტო (გრაფიტო) (იტალ. Sgraffito და graffito)  - 1. მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერის სახესხვაობა - ბათქაშის ზედა თხელ ფენას ლითონის ინსტრუმენტით კაწრავენ იმდენად, რომ გამოჩნდეს ქვედა ფენა, რომელიც ფერით განსხვავდება ზედა ფენისაგან. წარმოიშვა XV-XVII სს.-ში იტალიაში, საიდანაც გავრცელდა გერმანიაში, ჩეხეთში და სხვ.; 2. შენობის ფასადის დეკორატიული მოპირკეთების ხერხი (ნახ. 1: შენობის ფასადი გრაფიტოს სტილში).

სეგმენტი (ლათ.) - 1. რიცხვით ღერძზე იგივეა, რაც რიცხვითი მონაკვეთი; 2. ბრტყელი ამოზნექილი ფიგურის სეგმენტი ეწოდება ფიგურის ნაწილს, რომელიც მოთავსებულია წირსა და მის ქორდას შორის; 3. სივრცეში ამოზნექილი ფიგურის (სხეულის) სეგმენტი ეწოდება სხეულის ნაწილს, რომელიც შემოსაზღვრულია მკვეთი სიბრტყით და მის მიერ მოკვეთილი ზედაპირის ნაწილით; 4. წრიული სეგმენტი ეწოდება წრის ნაწილს, რომელიც მოთავსებულია წრეწირის რკალსა და მის მომჭიმავ ქორდას შორის (ნახ. 1, წრის სეგმენტი); 5. სფერული სეგმენტი ეწოდება სფეროს ნაწილს, რომელიც მოთავსებულია მკვეთ სიბრტყესა და სფერული ზედაპირის ერთ-ერთ ნაწილს შორის (ნახ. 1, სფეროს სეგმენტი).

სეგრეგაცია (ლათ.) - სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებაში - ვიბრაციის გავლენით მინერალურ ნარევში მარცვლების განაწილება (გაყოფა) სიმსხოს მიხედვით

სედიმენტაცია (ლათ.) - 1. ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ქერქის ზედა ნაწილში და რომელიც ხელს უწყობს დანალექი ქანების წარმოქმნას. ძირითადი ფაქტორებია ტექტონიკური მოძრაობა და ჰავა. ს. ბუნებრივი პროცესია, რომლის შედეგად წყალში ან ჰაერში შეწონილი ან მოძრავი მყარი მასალა ნალექად გადაიქცევა. მიმდინარეობს ოკეანეებში, ზღვებში, ტბებში, მდინარეებსა და ხმელეთზე. ს. გზით წარმოქმნილი ნალექი დიაგენეზისის შედეგად გადაიქცევა დანალექ ქანად; 2. დისპერსიული სისტემების განშრევება სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, რასაც თან ახლავს დისპერსიული ფაზის გამოყოფა ნალექის სახით. გამოიყენება ფხვნილების კლასიფიკაციის (იხ. სედიმენტაციური ანალიზი) და სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების მიზნით. პროცესი წარიმართება სალექარების, კლასიფიკატორების, სეპარატორების, ცენტრიდანული მანქანების და სხვა მოწყობილობების მეშვეობით.

სედიმენტაციური ანალიზი - დისპერსიული სისტემების ანალიზის მეთოდი, რომლის დახმარებითაც განისაზღვრება ნაწილაკების ზომები და სხვადასხვა ზომის ნაწილაკების ფარდობითი შემცველობა ნარევში სედიმენტაციის (განშრევების) სიჩქარის მიხედვით.

სედიმენტოლოგია (ლათ.) - მეცნიერება, რომელიც სწავლობს დაჯდომას (შენობის) და დაჯდომად ქანებს.

სევადი - გრავირება ლითონზე, რომლის შტრიხი ივსება შავი ლითონის შენადნობით.

სევრი (ფრანგ.) - ფაიფურის ნატიფი, მაღალხარისხოვანი ნაკეთობანი; ამზადებენ საფრანგეთის ქალაქ სევრში.

სეიდაბადი - თბილისის ძველი უბანი მდინარე წავკისისწყლის მარჯვენა მხარეს.

სეირანი - მეცხოველეობის შენობის მახლობლად ანდა უშუალოდ მის გარშემო შემოღობილი ნაკვეთი.

სეისმო... (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მიწისძვრას, მიწისქვეშა ბიძგებს. მაგ., სეისმოგრაფი, სეისმოლოგია.

სეისმოგენური ღვარცოფი - წარმოადგენს ღვარცოფების ერთ-ერთ გენეტიკურ ტიპს, რომელიც წარმოიქმნება რვა და მეტი ბალის მქონე მიწისძვრის შედეგად. სეისმოგენური ღვარცოფი წარმოიქმნება ფერდობებიდან გრუნტის მასების მოწყვეტისა და, ზოგჯერ, მთის ტბებიდან წყლის გადმოდინების შედეგად. მიწისძვრით გამოწვეული ჩამონაშალი შეიძლება გარდაიქმნას ღვარცოფულ ნაკადად, მეწყერი და ჩამოზვავება ქმნის დროებით კაშხლებს, რომლის გარღვევა ღვარცოფების წარმოქმნის საწინდარია. სეისმოგენური ღვარცოფი ამგვარი მოვლენების იშვიათი ტიპია და დამახასიათებელია მაღალი სეისმური აქტივობის ზონებისათვის.

სეისმოგრამა (ბერძ.) - სეისმოგრაფის საშუალებით შესრულებული ჩანაწერი მიწისძვრის ბიძგებისა.

სეისმოგრაფი (ბერძ.) - დედამიწის ქერქის რყევათა ავტომატურად ჩასაწერი ხელსაწყო. რხევის ელექტროდინამიკური ს. ხელსაწყოს კორპუსი თავის თავზე იღებს ინერციული ტვირთის გადაადგილებას, რომელიც ზამბარებით არის კორპუსთან დაკავშირებული და გარდაიქმნება ელექტრონულ რხევებად. თხევად გარემოში (ზღვებში, ჭაბურღილებში) შეკუმშული მოცულობითი ტალღის რეგისტრაციისათვის გამოიყენება პიეზოელექტრული ს.

სეისმოდაზვერვის სადგური - მოძრავი კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია სეისმური დაზვერვისას დრეკადი რხევების რეგისტრაციისათვის. ს.ს. ახდენს რხევების რეგისტრაციას სეისმომიმღები ცენტრის ავტომანქანაში (ან გემის ბაქანზე). მიმღებ პუნქტში მდებარეობს გამაძლიერებლები, სიხშირის ფილტრები, დამარეგისტრირებელი (მაგნიტური, იშვიათად ოპტიკური) და მართვის პულტი. თანამედროვე ს.ს. ახდენენ რხევების ჩაწერას ციფრული ფორმით, რომელიც ძალიან მოსახერხებელია კომპიუტერული გაანგარიშებებისას.

სეისმოიზოლაცია - სეისმოდაცვის ყველაზე ძველი მეთოდი, რომლის დროსაც აღწევენ შენობა-ნაგებობების საძირკველზე სეისმური ზემოქმედების მნიშვნელოვან შემცირებას საძირკველსა და შენობის ფუძეს შორის სპეციალური სისტემების ან ელემენტების მოწყობის გზით. ასეთი ელემენტებია: ა) ელემენტები, რომლებიც ზრდიან ნაგებობის საკუთარ რხევებსა და მოქნილობას (მოქნილი ღეროები, რეზინა - ლითონის საყრდენები და სხვა); ბ) ელემენტები, რომლებიც ზრდიან სეისმური რხევების ენერგიის შთანთქმის (დისიპაციის) უნარს (მშრალი ხახუნის დემფერები, სრიალა საყრდენები, ჰისტერეზისული, ბლანტი დემფერები); გ) სარეზერვო გამოსართავი ელემენტები; დ) ჰორიზონტალური გადაადგილების შემზღუდავი საბრჯენები.

სეისმოკაროტაჟი (ბერძ.) - ჭაბურღილების სეისმური გამოკვლევა დრეკადი ტალღების სიჩქარის, მათი არეკვლის, გავრცელების და ჩაქრობის კოეფიციენტის განსაზღვრის გზით.

სეისმოლოგი (ბერძ.) - სეისმოლოგიის სპეციალისტი.

სეისმოლოგია (ბერძ.) - გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის რყევებს, კერძოდ - მიწისძვრებს. ს. ძირითადი ამოცანებია: დაადგინოს მიწისძვრის გამომწვევი მიზეზების, მისი გავრცელების გეოგრაფიის, გეოდინამიკურ პროცესებთან კავშირის დადგენა; მიწისძვრის პროგნოზირებისა და სეისმური მშენებლობისათვის აუცილებელი კვლევების მეთოდების განსაზღვრა; არსებული სეისმური მონაცემებით მიწის შიდა აგებულების შესწავლა.

სეისმომდგრადობა - შენობის მიერ მიწისძვრით გამოწვეული ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, რაც მიიღწევა დაგეგმარებითი ღონისძიებების ჩატარებით და სპეციალური კონსტრუქციების გამოყენებით.

სეისმომედეგი მშენებლობა - სამშენებლო ტექნიკის დარგი, რომელიც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობათა სიმტკიცისა და მდგრადობის შენარჩუნებას 7-, 8- და 9 ბალიანი (12 ბალიანი სეისმური სკალით) მიწისძვრის დროს. ს. მ. ნორმატიულ დოკუმენტებში მოცემულია სეისმურ რაიონებში მშენებლობის ძირითადი პირობები: შენობის გეგმის სიმარტივე და სიმეტრიულობა, შენობის მასის სიმცირე, მისი სიმძიმის ცენტრის დაბალი მდებარეობა, ნაგებობათა მასისა და სისტემის თანაბარსიმეტრიული განაწილება, მზიდი ელემენტების დიდი დასაშვები მოქნილობა და მათი ურთიერთშეერთების ადგილებში (კვანძებში) პლასტიკური დეფორმაციების განვითარების შესაძლებლობა. შეზღუდული შენობის სართულიანობა, განივი მზიდი კედლების ურთიერთდაშორება, შუაკედლების და ღიობების ზომები, სართულის სიმაღლისა და კედლის სისქის თანაფარდობა; სავალდებულოა საკედლე მასალასა და დუღაბს შორის მაღალი შეჭიდულობის უზრუნველყოფა, კედლების ურთიერთგადაკვეთის ადგილებში წყობის დაარმატურება, კედლების გასწვრივ შეკრულკონტურიანი რკ.ბ.-ის სარტყელების მოწყობა და მათთან სართულთშორისი გადახურვების საიმედოდ შეერთება. მრავასართულიან კარკასულ შენობებში კარგ შედეგებს იძლევა გრძივი და განივი ანტისეიმური დიაფრაგმების მოწყობა.

სეისმომედეგობა შენობა-ნაგებობის - შენობა-ნაგებობის უნარი შეინარჩუნოს პროექტით გათვალისწინებული სიმტკიცე და მდგრადობა საანგარიშო მიწისძვრის ზემოქმედების შემდეგ, რაც გამორიცხავს ნაგებობის გლობალურ ან ნაწილობრივ ჩამონგრევას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი ან ტრამვები.

სეისმომეტრია (ბერძ.) - სეისმოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს გრუნტის, ნაგებობათა და სხვა ობიექტების რყევის რეგისტრაციისათვის საჭირო ხელსაწყოებს და მეთოდებს.

სეისმური (ბერძ.) - მიწისძვრასთან ან მის შესწავლასთან დაკავშირებული.

სეისმური დაზვერვა (სეისმოდაზვერვა) - გეოფიზიკური დაზვერვის მეთოდი, რომელიც გამოიყენება დედამიწის ქერქის ჩამოყალიბების შესწავლის, ნავთობისა და გაზის ბურღვითი სამუშაოების კვლევა–ძიებისათვის და სხვ. ს.დ. ხორციელდება მთის ქანების ხელოვნური აფეთქებით ან სეისმოდაზვერვითი სადგურებიდან დარტყმითი და ვიბრაციული მკვრივი ტალღების აღმრიცხველი გენერატორების ჩანაწერების გაშიფვრით

სეისმური მშენებლობა (ანტისეისმური მშენებლობა) - ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომელთაც შეუძლიათ მიწისძვრისას გაუძლონ სეისმურ ზემოქმედებებს. ასეთი შენობა–ნაგებობების დაპროექტებისას, ძირითადი დატვირთვიების გარდა ითვალისწინებენ მიწისძვრისას წარმოშობილი სეისმური ძალების ინერციას

სეისმური ნაკერი - შენობის ვერტიკალური ნაკერი, რომელიც დიდი ზომის და რთული კონსტრუქციის ნაგებობას დამოუკიდებლად რხევის უნარის მქონე ცალკეულ ნაკვეთურებად ჰყოფს.

სეისმური სარტყელი - რკინაბეტონის სარტყელი, რომელიც ნაგებობას ცალკეულ ნაკვეთურებათ – იარუსებად ყოფს და აძლიერებს მის სეისმომდგრადობას.

სეიფი (ინგლ.) - ძნელად გასატეხი, უწვი ლითონის ყუთი ან კარადა შიგა ძირის ფართობით არაუმეტეს 2 მ2 (უფრო დიდი ფართობის - ეს უკვე ფასეულობების საცავია), ძვირფასეულობის, დოკუმენტების და ინფორმაციის მატარებლების შესანახად (ნახ. 1).

სეიფი ჩაშენებული - სეიფი ჩაშენებული იატაკში, კედელში ან სხვა სეიფის შიგნით.

სეიფი ცეცხლგამძლე - ლითონის ყუთი ან კარადა შიგა ძირის ფართობით არაუმეტეს 2 მ2, გათვალისწინებული ძვირფასეულობის, დოკუმენტების და ინფორმაციის მატარებლების შესანახად მდგრადი ხანძრისა და გატეხვის მიმართ.

სეიში - მდგარი ტალღა, რომლის დროსაც ტბის, ყურის ან ზღვის წყლის მთელი მასა იცვლება ისე, რომ ადგილი აქვს მხოლოდ ჰორიზონტის ვერტიკალურ ცვალებადობას, წინსვლითი მოძრაობა კი არ შეიმჩნევა. ამ დროს წყალსაცავის ერთ ნაპირთან წყლის დონე მაღლა იწევს, მეორე ნაპირთან - ქვემოთ, შემდეგ კი პირიქეთ და ა.შ

სეკანსი (ლათ.) - კუთხის ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია, რომელიც სწორკუთხა სამკუთხედში უდრის ჰიპოტენუზის შეფარდებას მოცემული კუთხის კათეტთან.

სეკვოია (ფრანგ.) - მარადმწვანე გიგანტური წიწვოვანი ხე (ნახ. 1). სიმაღლეში აღწევს 110 მ-ს, დიამეტრი 6-9 მ. ს. ჩვენი პლანეტის ყველაზე მაღალი ხეა. ველურად იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში - კალიფორნიასა და სამხრეთ ორეგონის მთებში. დეკორატიული მცენარეა. მოშნებულია ბაღ-პარკებში დასავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება სოხუმში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, წინანდალსა და სხვაგან. სწრაფმზარდია. ცოცხლობს 2000 წელზე მეტს. მერქანი ხასიათდება კარგი მექანიკური თვისებებით. გამოიყენება რკინიგზის შპალების, სატელეგრაფო ბოძების, ავეჯის და ფანქრის წარმოებაში.

სეკრეტერი (ფრანგ.) - კომბინირებული საწერი მაგიდა ან კარადა, რომელსაც აქვს გადმოსაწევი ან გამოსაწევი ფიცარი საწერად (ნახ. 1). ფართოდ გამოიყენებოდა XVIII-XIX საუკუნეში. ავეჯის თანამედროვე ასორტიმენტში ს. კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავისი კომპაქტური კონსტრუქციის გამო.

სელადონი (ფრანგ.) - ჩინური მონაცრისფრო-მწვანე მოჭიქული კერამიკა, ფაიფურის მსგავსი.

სელენიტი (ბერძ.) - მოვარდისფრო ყვითელი ფერის ბოჭკოვანი თაბაშირი, სანაკეთო მასალა.

სელექტორული კავშირი (შერჩევითი სატელეფონო კავშირი) - ოპერატიული სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აბონენტების ერთმანეთთან და ცენტრალურ პუნქტთან კავშირს დიდი რაოდენობის სატელეფონო აპარატების პარალელურად ჩართული სისტემის მეშვეობით. გამოიყენება რკინიგზისა და მდინარის ტრანსპორტზე, ენერგოსისტემებში, მაღაროებში, აგრეთვე სააბონენტო პუნქტების განლაგებისას ერთი სატელეფონო ხაზის გასწვრივ დიდ მანძილზე.

სელსინი (ინგლ.) - 1. ელექტრული მოწყობილობა მექანიკური მოძრაობის გადასაცემად გარკვეულ მანძილზე ელექტროსადენების საშუალებით; 2. ინდუქციური ელექტრული მანქანა ღერძების სინქრონულად ან სინფაზურად მოსაბრუნებლად (მაგ., მექანიკურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი ხელსაწყოსა და მანქანის ლილვის). გამოიყენება კონტროლისა და მართვის, სათვალთვალო და დისტანციურ გაზომვათა სისტემებში.

სემაფორი (ფრანგ.) - 1. რკინიგზის სასიგნალო მოწყობილობა, რომლის ფრთების მდგომარეობა (ან შუქი) უჩვენებს მემანქანეს - თავისუფალია თუ არა გზა; 2. ზღვაზე - მხედველობითი სიგნალიზაცია, რომელიც ხორციელდება ხელების, ალმების (ღამით - ფარნების) მდგომარეობის ცვლით.

სემინარია (ლათ.) - სპეციალური საშუალო სასწავლებელი.

სენაკი - მცირე ზომის სახლი.

სენდასტი (ინგლ.) - რკინის შენადნობი კაჟმიწასა (10%) და ალუმინთან (5%), რომელიც გამოირჩევა მაღალი მაგნიტური შეღწევადობითა და ელექტრული წინაღობით. გამოიყენება ტრანსფორმატორების გულანებისა და მაგნიტური სადენების დასამზადებლად.

სენდვიჩ-პანელი - მსუბუქი უკარკასო სამფენოვანი პანელი, რომელიც შედგება ორი გარე, გლუვი ან დაპროფილებული, ფენისა (მინაპლასტიკი, ფანერი, ფოლადი, ალუმინი) და შუა გამათბუნებელი ფენისაგან (ქაფპოლისტიროლი, ბაზალტის მინერალური ბამბა). გარე ფენები (შემოსვები) უზრუნველყოფს პანელის სიმტკიცესა და მზიდ კონსტრუქციასთან მიმაგრებას. შუა ფენის (შუალი) დანიშნულებაა მიანიჭოს ს.-პ. მაღალი თბო-, ბიო-, ტენ- და ცეცხლმედეგობა. პანელის სისქეს განსაზღვრავს თბოტექნიკური და კონსტრუქციული მოთხოვნები. ფენები ერთმანეთს უერთდება წებოს საშუალებით. ს.-პ. ფართოდ გამოიყენება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში კარგი ტექნიკური მახასიათებლებისა და ესთეტიკური თვისებების გამო. მსუბუქია, რაც აადვილებს ტრანსპორტირებას და აჩქარებს მონტაჟს. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებაა ს.-პ. ლითონის კონსტრუქციებით აგებული სწრაფად ასაშენებელი ობიექტების (სამრეცხაო, ხილ-ბოსტნეულის საცავი, სასაწყობე კომპლექსი, მაცივარი და სხვ.) შემოსვისათვის.

სენსიტომეტრია (ლათ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის შუქმგრძნობიარე მასალების თვისებების დადგენისა და გაზომვის მეთოდებს.

სენსორული (ლათ.) - გრძნობის ორგანოებთან დაკავშირებული, შეგრძნებაზე დამყარებული; მგრძნობელობითი.

სენსორული ანალიზი - მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურად, ექსპერტები, დაწვრილებით და სტანდარტების შესაბამისად აღწერენ საქონლის ხასიათს და ორგანულობას. გამოირიცხება რესპოდენტების სუბიექტური შეფასებები.

სენსორული აღქმა - ინფორმაციის მიღებისა და პირველადი გადამუშავების პროცესი.

სეპარატორი (ლათ., გამომცალკავებელი) - აპარატი, რომელშიც წარმოებს 1 მმ-ზე ნაკლები სიმსხოს მშრალი ფხვნილისებრი მასალების დახარისხება. ასეთ აპარატებს საჰაერო ს. უწოდებენ. მათში გამოიყენება ერთი ან რამდენიმე გაყოფის ზონა, რომლებშიც წარმოიქმნება აირებისა და მყარი ნაწილაკების მოძრაობის დამახასიათებელი სქემა. საჰაერო ს. ფართოდ გამოიყენება საფქვავ დანადგარებში ცემენტის, თაბაშირის, კირის და სხვათა წარმოებაში. ცხელი აირების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მასალების შრობისა და დახარისხების შეთავსება. საშენი მასალების წარმოებაში უპირატესად გამოიყენება გამტარი და ცირკულაციური ს.

სეპარაცია (ლათ., გამოცალკევება) - 1. მშრალი ფხვნილისებრი მასალების დახარისხება საჰაერო სეპარატორებში, რომლებშიც უფრო მსხვილი ნაწილაკები გარკვეულ პირობებში გამოეყოფა აირის ნაკადიდან სიმძიმის ძალის ან ცენტრიდანული ძალების გავლენით, ხოლო წმინდა ნაწილაკები აირის ნაკადით გადადიან დამლექ მოწყობილობებში. აირმასალის ნაკადის სიჩქარის რეგულირებით შეიძლება გაყოფის სასაზღვრო ნაწილაკის ზომის რეგულირება; 2. ერთი ნივთიერების მეორესაგან გაწმენდა.

სეპტიკი (ინგლ. Septic < ბერძ. Septikos ლპობითი) - ნაგებობა მცირე რაოდენობის ჩამდინარი წყლის გასაწმენდად.

სერალი - ოსმალეთის (თურქეთის) სულთნის სასახლე; მისი ჰარამხანა.

სერვანტი (ფრანგ.) - დაბალი ბუფეტი სასადილო ჭურჭლისათვის.

სერვიტუტი (ლათ. Servitus (Servitutis) მონობა, დამოკიდებულება) - ანტიკურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ საზოგადოებაში სხვისი ქონებით სარგებლობის უფლება გარკვეულ ფარგლებში (მაგ., მეზობლის მიწის ნაკვეთზე გავლის, წყლის გაყვანის უფლება და სხვ.). საერთაშორისო ს. - ერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ უფლებათა გარკვეული შეზღუდვა მეორე სახელმწიფოს სასარგებლოდ (საზღვაო და სამხედრო ბაზების, სეტლმენტების შექმნა, გზებით სარგებლობა სხვის ტერიტორიაზე და სხვ.).

სერვოამძრავი - შემსრულებელი მექანიზმი, ავტომატური მართვის სისტემებში მარეგულირებელი ორგანოს გადასაადგილებელი ან დისტანციური მართვის მოწყობილობა.

სერია (ლათ. Seroes მწკრივი) - 1. ერთგვარი საგნების რიგი, ჯგუფი; საერთო ნიშანთვისებათა მქონე საგნების, მოვლენების, მოქმედებათა რიგი; 2. ერთგვარი სტანდარტის მიხედვით დამზადებული საგნების, დეტალების რიგი; 3. დიდი კინო- ან ტელეფილმის ნაწილი, რომელსაც, ჩვეულებრივ, დამოუკიდებლად უჩვენებენ; 4. ფასიანი ქაღალდების (ფულის ნიშნების, ობლიგაციების და მისთ.), დოკუმენტების თანრიგი, კატეგორია, რომლებიც ციფრებით ან ასოებით არის აღნიშნული.

სერიული - რისამე სერიებით, გარკვეული სტანდარტის მიხედვით დამზადება. მაგ., მანქანების სერიული წარმოება.

სერიული წარმოება - წარმოება, სადაც მზადდება ერთი ტიპის ნაკეთობათა დიდი პარტიები. მას შუალედური ადგილი უჭირავს მასობრივ წარმოებასა (რომელიც უახლოვდება მსხვილ სერიულს) და ინდივიდუალურს შორის (რომელიც უახლოვდება მცირე სერიულს).

სერპანტინი - იკანკელი; მთაგორიან რელიეფზე ხრახნისებურად კლაკნილი გზა (ნახ.1).

სერპენტინი (ფრანგ.) - მინერალი, მაგნიუმის სილიკატი. არსებობს ს. სამი სახეობა: მიკროქერცლოვანი ტიგორიტი, წმინდაბოჭკოვანი ქრიზოტილი და წვრილმარცვლოვანი ლიზარდიტი. ს. სერპენტინიტის ქანთმაშენი მინერალია.

სერპენტინიტი - მეტამორფული ქანი, რომელიც ძირითადად სერპენტინისაგან შედგება. გამოიყენება შესამოს მასალად, რუბეროიდისა და ცეცხლგამძლე ნივთიერებების დასამზადებლად.

სერტიფიკატი - 1. დოკუმენტი, რომელიც საქონლის ხარისხს ამტკიცებს; 2. მოწმობა, წერილობითი ცნობა, რომელიც გაცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ და ადასტურებს მისი მფლობელის გარკვეულ უფლებებს; 3. საფინანსო დოკუმენტი, რომელიც ეძლევა მესაკუთრეს ფასიანი ქაღალდის სანაცვლოდ. იგი ინახება საკრედიტო დაწესებულებაში, ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმში, ან კიდევ დაცულია ჩანაწერების სახით შესაბამისი დაწესებულებების წიგნში; 4. მფლობელის საკუთრებაში არსებული საქონლის გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5. პიროვნების ცოდნისა და უნარის დამამტკიცებელი დოკუმენტი.

სერტიფიკატი ტექნიკური - საინსპექციო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას.

სერტიფიკატი ხარისხის - საქონლის ხარისხისა და სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. გასცემენ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული დამოუკიდებელი ორგანიზაციები. გამოიყენება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.

სერტიფიკაცია - 1. ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადასტურება იმ დონესთან, რომელიც ხარისხის სტანდარტს მოეთხოვება; 2. სერტიფიკატის მიღება.

სერფბორდი - გრძელი და ვიწრო ფიცარი (კორპისა, ქაფპლასტისა), რომელსაც იყენებენ სერფინგში.

სესხი - ფულადი სახსრების მირება ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ვადით და უკან დაბრუნების პირობით. განასხვავებენ უპროცენტო, შეღავათიან და კომერციული პირობით გაცემულ, აგრეთვე შიდა და საგარეო სესხებს. ს. ფართოდ გამოიყენება სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაში.

სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი (ზეპირი) ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის გაფორმებაზე ნების გამოვლენა მსესხებლის მიერ ხდება მისი შინაარსის გაცნობის შედეგად, ელექტრონული ფორმით, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებას, ხოლო ამის შედეგად მსესხებელი იზღუდება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

სექსტანტი (ლათ.) - ასტრონომიული კუთხესაზომი სარკულ-ამრეკლი ინსტრუმენტი, რომლითაც დაკვირვების ადგილის კოორდინატების განსაზღვრის მიზნით ზომავენ ციური სხეულების სიმაღლეს ჰორიზონტის მიმართ ან ნაპირზე მდებარე საგნებს შორის ხილულ კუთხეს. წარმოადგენს წრის 1/6 ნაწილს, დაყოფილს გრადუსებად (ნახ. 1).

სექტორი (ლათ., გამომყოფი, გამკვეთი) - არის სამი სახის: ბრტყელი (მრუდხაზოვანი ფიგურის ფართობის ნაწილი, შემოსაზღვრული მის შიგნით ერთი წერტილიდან გამოსული ორი სწორით და მათ შორის რკალით); წრიული (წრის ნაწილი, შემოსაზღვრული ორი რადიუსითა და მათ შორის რკალით); სფერული (სხეული, წარმოქმნილი წრიული სექტორის ბრუნვით წრის რადიუსის გარშემო).

სექტორი წრიული - წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორი რადიუსით და მათ შორის მოთავსებული წრეწირის რკალით (ნახ. 1).

სექცია (ლათ. Sectio გაკვეთა, გაყოფა)  - 1. რაიმე მთლიანის (მაგ., შენობის, მანქანის, დანადგარის) ნაწილი, რომელიც თავის მხრივ ნაწილებისაგან, დეტალებისაგან შედგება; ბლოკი; 2. ორგანიზაციის, დაწესებულების ნაწილი, განყოფილება; 3. ყრილობის, კონფერენციის, თათბირის, სემინარის და მისთ. ქვეგანყოფილება სპეციალური საკითხების განსახილველად.

სექცია საცხოვრებელი შენობის - შენობის ნაწილი, რომლის ოთახები უშუალოდ ან დერეფნის მეშვეობით გამოდის კიბის უჯრედზე და შენობის დანარჩენი ნაწილისაგან გამოყოფილის ყრუ კედლით. საერთო დერეფნის სიგრძე, რომელსაც არა აქვს ბუნებრივი განათება ტორსების მხრიდან და უშუალოს ესაზღვრება კიბის უჯრედს, არ აუნდა აღემატებოდეს 12 მ-ს. სექციის ერთ სართულზე განლაგებული ბინების საერთო ფართობი, როგორც წესი, 500 მ2-ზე ნაკლებია.

სექციური იზოლატორი - საკონტაქტო ქსელის სექციებად დამყოფი ელემენტი. შედგება საკონტაქტო საკიდარებში შეჭრილი იზოლატორებისა და დამატებითი სადენბისაგან. განასხვავებენ ცვლადი და მუდმივი დენის გასატარებელ სექციურ იზოლატორებს: ორსადენიანს - ერთი დამატებითი სადენით და სამსადენიანს - 2 დამატებითი სადენით.

სექციური საცხოვრებელი სახლი - თანამედროვე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი გავრცელებული ტიპი. ის, როგორ წესი, მოიცავს ბინებს სხვადასხვა რაოდენობის ოთახებით, რაც საშუალებას იძლევა ს.ს.ს. განთავსდეს ოჯახები სხვადასხვა რაოდენობის წევრებით. სახლის მოცულობით-დაგეგმარებითი ელემენტია შენობის მთელს სიმაღლეზე განთავსებული კიბე მასზე გამომავალი ყველა ბინით, რომელსაც სექციებს უწოდებენ. საერთო დერეფნების სიგრძე, რომელსაც არა აქვს ბუნებრივი განათება ტორსების მხრიდან და უშუალოდ ესაზღვრება კიბის უჯრედს, არ აუნდა აღემატებოდეს 12 მ-ს. სექციის ერთ სართულზე განლაგებული ბინების საერთო ფართობი, როგორც წესი, 550 მ2-ზე ნაკლებია.

სეძი (იაპ.) - იაპონურ სახლებში: მსუბუქი გასაწევ-გამოსაწევი ტიხარი, რომელზედაც გაკრულია ბუნდოვნად გამჭვირვალე სპეციალური ქაღალდი (ნახ. 1).

სველი პერიმეტრი - სითხის ნაკადის ცოცხალი კვეთის პერიმეტრის (კონტურის) ნაწილი, რომლის გასწვრივ სითხე ეხება ნაკადის შემომსაზღვრელ მყარ კედელს.

სვეტების ბადე (კოლონების ბადე) - სამშენებლო ობიექტზე სვეტების (კოლონების) განლაგების რიგი ანუ სვეტების განლაგების სპეციალური სქემა წერტილებში, სადაც გადაიკვეთება დაკვალვის ღერძები. პრაქტიკულად ს.ბ. კარკასული შენობის კონსტრუქციულ-დაგეგმარებითი გადაწყვეტის პარამეტრია (სვეტებს შორის ბიჯი და მალი). სვეტების განლაგებას განსაზღვრავს მოდულური ბადე. როგორც წესი, ბადის უჯრედის ზომა საცხოვრებელ შენობებში აიღება 6 მ-ის ჯერადი (იშვიათად 3 მ-ის ჯერადი). სამრეწველო შენობებში შიდა და განაპირა რიგის სვეტებს შორის დაშორება აიღება 6 ან 12 მ, რასაც განაპირობებს საამქროს საერთო ფართობი და ტექნოლოგიური პროცესი.

სვეტთშორისი - მანძილი სვეტების ცენტრებს შორის, რომელიც ქმნის კოლონადის რიტმს.

სვეტი - კოლონა; ჩვეულებრივ, წრიული განივკვეთის საყრდენი ბოძის სახით, რომელზედაც დაყრდნობილია რიგელი, წამწე. კოჭი, კამარა, სართულშუა გადახურვა და რომელიც შედგება ღეროს, სათავის (კაპიტელის) და ბაზისაგან. ს. შეიძლება იყოს ქვის, ხის, ლითონის ან რკ.ბ.-ის.

სვეტის ტანი - სვეტის ბაზისსა და სვეტისთავს შორის მოქცეული გლუვი ან კანელიურებით დამუშავებული ნაწილი.

სვეტისთავი - კაპიტელი; სვეტის დამაგვირგვინებელი ნაწილი რომელსაც ეყრდნობა არქიტრავი.

სვეტიცხოველი (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი) - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (ნახ. 1), ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოვლში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში აქვე ბაზილიკა ააშენა. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. ის საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. ტაძარის ინტერიერში (ნახ. 2) არის მხატვრობის ფრაგმენტებიც, რომელიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. ტაძარი თავდაპირველად XI საუკუნეში მოუხატავთ თუმცა იმდროინდელი მოხატულობიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა. დღეს არსებული ფრაგმენტები XVI-XVII-XVIII სს განეკუთვნება, რომელთაგან ნაწილი განახლებულია XIX საუკუნეში. მოხატულობას თან ახლავს ბერძნულ-ქართული წარწერები. ს.განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია. პირველი ვინც სვეტიცხოვლის ტაძარში დაასაფლავეს იყო ვახტანგ გორგასალი. სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს კვადრატული ფორმის გალავანი (121,6 მ; X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით (ისიც აქაა დასაფლავებული), რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში აქვე ააშენა ბაზილიკა. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა.

სვეტნარი - კოლონადა; საერთო არქიტრავის ქვეშ განლაგებული სვეტების რიგი.

სვიდა - ბიზანტიური ხანის ენციკლოპედიური ხასიათის განმარტებითი ლექსიკონი, შედგენილია დაახლოებით X საუკუნეში.

სვლა - 1. დანადგარის, მანქანის რომელიმე დეტალის გადაადგილება; 2. მოძრაობა რაიმე მიმართულებით (მაგ., მატარებლის სვლა); 3. მიმდინარეობა, მსვლელობა (მაგ., დროისა); 4. ჭადრაკში - ფიგურის მორიგი გადაადგილება.

სვლა მუშა - სვლის ისეთი პროცესი, როდესაც ესა თუ ის სამუშაო ოპერაცია სრულდება (მაგ., ნაკეთობის გაბურღვა ბურღის წინსვლითი მოძრაობისას).

სვლა უქმი - სვლის ისეთი პროცესი, როდესაც სამუშაო ოპერაცია არ სრულდება (მაგ., ნაკეთობის გაბურღვის დამთავრების შემდეგ ბურღის უკუსვლით მოძრაობა).

სვლაგეზი - იგივეა, რაც მარშრუტი.

სვოპი - სავაჭრო ფინანსური ოპერაცია, როდესაც საქონლის, ფასიანი ქაღალდების ყიდვის გარიგებას თან ახლავს კონტრგარიგება იმავე საქონლის, ფასიანი ქაღალდების უკუ შესყიდვის თაობაზე გარკვეული დროის შემდეგ იმავე ან განსხვავებული პირობებით. ს., როგორც წესი, გამოიყენება აქტივებისა და ვალდებულებების ზრდის, რისკების შემცირების, მოგების მისაღებად. განასხვავებენ: პროცენტულ, სავალუტო, აქციების, ძვირფასი ლითონების სვოპებს.

სვრეტი - ნივთიერების ნაწილაკებს შორის არსებული უმცირესი თავისუფალი ადგილი; ფორი.

სიბლანტე - შიგა ხახუნი. სითხეებისა და აირების თვისება - წინააღმდეგობა გაუწიონ თავიანთი ერთი ნაწილის გადაადგილებას მეორის მიმართ. სითხეების ს. ძირითადად განისაზღვრება მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედებით და ტემპერატურის შემცირებით იზრდება. აირებში ს. განაპირობებს მოლეკულების სითბური მოძრაობა, რომლის დროსაც ისინი ერთ-ერთი შრიდან მეორეში გადადიან. მყარ სხეულებში ს. არის თვისება - შეუქცევად შთანთქან ენერგია პლასტიკური დეფორმაციისა და დრეკადობის დროს; 2. სითხეებისა და აირების სიბლანტის მახასიათებელი სიდიდე - დინამიკური და კინემატიკური. პირველი შედის ნიუტონის კანონში პროპორციულობის კოეფიციენტის η სახით, ხოლო მეორე - ν = η/ρ, სადაც ρ სითხის ან აირის სიმკვრივეა. SI სისტემაში დინამიკური სიბლანტის განზომილებაა პა•წმ, ხოლო კინემატიკურისა - მ2/წმ.

სიბლანტის ნიუტონისეული კანონი - კანონი, რომლითაც განისაზღვრება სითხეში შიგა ხახუნის შედეგად წარმოქმნილი τ მხები ძაბვა: τ = T/S = μ(du/dh) (ნ/მ2; კგძ/მ2), სადაც T არის შიგა ხახუნის ზალა; μ - შიგა ხახუნის კოეფიციენტი, ანუ სიბლანტის კოეფიციენტი, რომელიც ახასიათებს განსახილველი სითხის თვისებებს (სიბლანტეს); S - სითხის a და b პირობითი შრეების შეხების ფართობი; du/dh - სიჩქარის გრადიენტი a და b შრეებისადმი h ნორმალის გასწვრივ (გამოსახავს u სიჩქარის ცვლილებას მანძილის ერთეულზე h-ის მიმართულებით); du - შრეების ერთმანეთის მიმართ გადაადგილების (ძვრის) ფარდობითი სიჩქარე; dh - მანძილი a და b მეზობელი შრეების ღერძულ ზედაპირებს შორის.

სიბრტყე - 1. უმარტივესი ზედაპირი, რომელიც მიიღება წრფის უწყვეტი გადაადგილებით. აქვს ის თვისება, რომ ნებისმიერი სწორი, რომელიც აერთებს მის ორ წერტილს, ეკუთვნის ამ სიბრტყეს. არსებობს ს.:  ბრუნვის, გადასახური, გამოსახულების, გარდატეხის, დახრილი, დერივაციის, დიამეტრული, ეკვატორული, ვერტიკალური, მხედველობის, მხები, კოორდინატთა, მერიდიანული, ნორმალური, პოლარული, სრიალის, საკონტაქტო, ტორსული, ფუძის, ღერძული, ღუნვის, ჭრის, შუა, ძვრის, ჰორიზონტალური, ჰორიზონტის და სხვ.; 2. ზედაპირი, რომელსაც მხოლოდ ორი განზომილება აქვს.

სიბრტყე წყვილძალის - სიბრტყე, რომელშიც მდებარეობენ მოცემული წყვილძალის შემადგენელი ძალების ფუძეები.

სიბრტყითი გამჭოლი კონსტრუქციები - კონსტრუქციები, რომლებსაც აქვთ გამჭოლი განივკვეთი (გისოსის ელემენტებით) და გარე დატვირთვებისაგან წარმოშობილი შიგა ძალვები მოქმედებენ კონსტრუქციის სიბრტყეში. შედგება ზედა და ქვედა სარტყელებისა და მათი დამაკავშირებელი გისოსის სისტემისაგან. სარტყელები შეიძლება იყოს ერთმაგი ან ორმაგი განივკვეთის, ხოლო გისოსის ელემენტები - დგარები და ირიბნები, განხორციელებულია ცალკეული მთლიანკვეთიანი ღეროებისაგან. კოჭებისაგან განსხვავებით სარტყელების შესაერთებლად მთლიანი კედლის ნაცვლად გისოსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მასალის ხარჯს, ამსუბუქებს კონსტრუქციას, მაგრამ ზრდის შრომატევადობას.

სიბრტყითი მთლიანკვეთიანი კონსტრუქციები - კონსტრუქციები, რომლებსაც აქვთ მთლიანი განივკვეთი (გისოსის ელემენტების გარეშე) და გარე დატვირთვებისაგან წარმოშობილი შიგა ძალვები მოქმედებენ კონსტრუქციის სიბრტყეში. ასეთი ტიპის კონსტრუქციები შეიძლება იყოს ორი სახეობის:  1. კოჭები, გრძივები, ნივნივები, დგარები - რომელთა პარამეტრები (სიგრძე, განივკვეთის ზომები) თავსდება გამოყენებული მასალის სორტამენტის მონაცემებში; 2. შედგენილი კოჭები, დგარები, კამარები, ჩარჩოები, სამკუთხა განმბჯენიანი სისტემები - რომელთა გეომეტრიული პარამეტრები აღემატება სორტამენტის მონაცემებს. ს.მ.კ. ძირითადად მზადდება ქარხნული წესით, თუმცა შესაძლებელია მათი დამზადება ადგილზეც - სამშენებლო მოედანზე, კვალიფიციური მუშახელისა და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის არსებობის პირობებში. კონსტრუქციის ტიპის შერჩევისას საჭიროა მხედველობაში იქნეს მიღებული მზიდ კონსტრუქციებს შორის დაშორება (ბიჯი), მოხაზულობა, შემომფარგვლელი კონსტრუქციის სახეობა, კონსტრუქციის ფარდობითი სიმაღლე, ფორმა, განივკვეთის დასაშვები ზომები, არქიტექტურული და ხანძარსაწინაღო მოთხოვნები, ადგილ=ობრივი პირობები, კომერციული მხარე, მშენებლობის ხანგრძლივობა და მრავალი სხვა ფაქტორი.

სიგანე - რაიმე ნაკეთობის, შენობის, ნაგებობის და მისთ. გეომეტრიული ზომა განივი მიმართულებით - მანძილი გრძივ გვერდებს შორის (მაგ., ფიცრის სიგანე, კოჭის განივკვეთის სიგანე და სხვ.).

სიგნალი (გერმ. Signal)  - 1. მხედველობითი, ბგერითი ან სხვა პირობითი ნიშანი რაიმე ცნობის, განკარგულების, ბრძანების და სხვ. გადასაცემად; 2. გადატ. გაფრთხილება, ცნობის მიწოდება რაიმე არასასურველის შესახებ, რაც ხდება ან შეიძლება მოხდეს; 3. შეტყობინების მატერიალური განსახიერება მოვლენაზე, შემთხვევაზე, ობიექტის მდგომარეობაზე, მართვის ბრძანებაზე და ა.შ. ს. მიწოდება, გარდაქმნა - დროსა და სივრცეში ინფორმაციის სისტემის მდგომარეობის მახასიათებელი ფიზიკური სიდიდის ცვლილების პროცესია. ს. ინფორმაციის შენახვის სისტემებში კოდირებულია მატერიალური მატარებლის (ჩანაწერების) მდგომარეობა. ს. შეიძლება იყოს ხმოვანი, შუქური და სხვ. დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტროსიგნალებს, რომელიც გამოიყენება შეტყობინების გადასაცემად, ობიექტების გამოსავლენად, სივრცეში სატრანსპორტო საშუალებების ორიენტაციის, ავტომატური მართვისათვის და სხვ.; 4. ნაგებობა, რომელიც აიგება გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისას.

სიგნალიზატორი - მოწყობილობა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი სინათლის ინდიკატორისგან, ანბანურ-ციფრული ეკრანებისგან ან სხვა საშუალებებისგან, სადაც თითოეული ინდიკატორი უზრუნველყოფს ინფორმაციას ციკლის, ვითარების ან ადგილმდებარეობის შესახებ.

სიგნალიზაცია - 1. სიგნალების გადაცემა; 2. სიგნალების სისტემა, რომელსაც სადმე იყენებენ; 3. ყურადღების მიპყრობის, ცნობის, ბრძანების გადაცემისა და ორმხრივი ლაპარაკის უზრუნველსაყოფად სიგნალის გადასაცემი პირობითი ნიშნები, მოწყობილობები და სამარჯვები.

სიგნალიზაცია ავარიული - გამოიყენება მოწყობილობის ავარიულად გამორთვის შესახებ მომსახურე პერსონალის შეტყობინებისათვის. ავარიული სიგნალიზაციის მოწყობილობა ჩვეულებრივ დაკავშირებულია დაცვისა და ბლოკირების სისტემასთან.

სიგნალიზაცია გამაფრთხილებელი - მოწყობილობა, რომელიც მომსახურე პერსონალს ამცნობს ტექნოლოგიური რეჟიმის საშიში ცვლილებების განვითარების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ავარია, ხანძარი ან აფეთქება. ს.გ. მოწყობილობა შეიძლება იყოს დამოუკიდებლად მოქმედი ან ავტომატური კონტროლის, დაცვის, მართვისა და რეგულირების ხელსაწყოებთან დაკავშირებული.

სიგნალიზაცია საკონტროლო - გამოიყენება ცალკეული მექანიზმებისა და მანქანების მუშაობისა და გაჩერების შესახებ, კომუნიკაციებზე ჩამკეტი ორგანოების მდგომარეობის შესახებ ავტომატური შეტყობინებისათვის.

სიგრძე - ფიზიკური სიდიდე რომელიც რაიმე წირის ზომას აღნიშნავს. ვიწრო გაგებით სიგრძის ქვეშ იგულისხმება სხეულის ზომა გრძივი მიმართულებით, ანუ ჰორიზონტალური მიმართულებით სხეულის ორ ყველაზე დაშორებულ წერტილს შორის მანძილი, განსხვავებით ვერტიკალური ზომისგან (სიმაღლე). ფიზიკაში სიგრძე ხშირად მანძილის სინონიმად გამოიყენება და აღინიშნება ლათინური ასოთი L ან ℓ. სიგრძის ერთეული SI სისტემაში არის მეტრი (მ). მეტრულ სისტემაში სიგრძის ერთეულად გამოიყენება შემდეგი სიდიდეები: კილომეტრი = 1000 მ; დეციმეტრი = 0,1 მ; სანტიმეტრი = 0,01 მ; მილიმეტრი = 10-3 მ; მიკრონი = 10-6 მ; ნანომეტრი = 10-9 მ; ანგსტრემი = 10-10 მ. სიგრძის გაზომვის საზღვაო სისტემა მიბმულია დედამიწის ზომასთან. საბაზისო ერთეულად აღებულია საზღვაო მილი, რომელიც ეკვატორზე 1843 მ-ის ტოლია, ხოლო პოლუსებზე 1861,6 მეტრის. ასტრონომიაში სიგრძის გასაზომად გამოიყენება შემდეგი ერთეულები: ასტრონომიული ერთეული, სინათლის წელიწადი და პარსეკი.

სიგრძე რკალის - მასში ჩახაზული ტეხილის სიგრძის ზღვარი, როდესაც რგოლების რაოდენობა უსასრულოდ იზრდება და თითოეული რგოლის სიგრძე მიისწრაფის ნულისაკენ.

სიგრძე ტეხილის - მისი რგოლების სიგრძეთა ჯამი.

სიგრძე წრფივი მონაკვეთის - მანძილი მის ბოლოებს შორის.

სიდამპლე - ხის მასალის თვისება სოკოვანი დაავადების შედეგად ნაწილობრივ ან სრულად დაკარგოს სიმტკიცე, რასაც თან სდევს ბუნებრივი ფერის შეცვლა.

სიდერიტი (ფრანგ.) - მინერალი, რკინის შპატი - მადნის ერთ-ერთი ნაირსახეობა; გვხვდება ნალექ ქანებში.

სიდიდე - 1. ნივთიერი სამყაროს ობიექტის ან მოვლენის მახასიათებელი, რომელიც ხარისხობრივად საერთოა მრავალი ობიექტის ან მოვლენისათვის, მაგრამ რაოდენობრივად ინდივიდუალურია (კერძოა) თითოეული მათგანისათვის; 2. კონკრეტულ ცნებათა განზომილება: სიგრძის, ფართობის, მასის და სხვათა. გამოიყენება "სიდიდის" მრავალი ფორმა, როგორებიცაა აბსოლუტური, ალგებრული, ბაზისური, დადებითი, დაყვანილი, ვექტორული, ზღვრული, მაქსიმალური, მინიმალური, მუდმივი, ნამდვილი, საშუა=ლი, ფარდობითი, ფიზიკური, თანაზომადი, ტოლფასი და სხვ.; 3. რისამე ზომა, მოცულობა, ტევადობა; 4. ერთ-ერთი ძირითადი მათემატიკური ცნება.

სიდიდე აბსოლუტური - იხ. აბსოლუტური სიდიდე.

სიდიდე დისკრეტული - სიდიდე, რომლის მნიშვნელობა წყვეტილად იცვლება და ქმნის სასრულ ან თვლად სიმრავლეს.

სიდიდე მუდმივი - სიდიდე, რომლის მნიშვნელობა მოცემული ამოცანის პირობებში უცვლელია.

სიდიდე ცვლადი - სიდიდე, რომლის მნიშვნელობა მოცემული ამოცანის პირობებში შეიძლება შეიცვალოს.

სიდნეის ოპერის თეატრი -  მუსიკალური თეატრი სიდნეიში, ავსტრალია. არქიტექტურული თვალსაზრისით XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში (არქიტექტორი დანიელი იორნ უოტზონი). შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის (ნახ. 1). ოპერის თეატრში მოთავსებულია ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური  კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. ს.ო.თ. შენობა შესრულებულია რადიკალური და ნოვატორული ექსპრესიონიზმის სტილში. შენობის სიგრძეა 185 მ, სიგანე 120 მ და უჭირავს დაახლოებით 2,2 ჰა ფართობი. ნაგებობა მთლიანად დაყრდნობილია 580 ცალ რკ.ბ.-ის ხიმინჯზე. სფერული ნიჟაროვანი სახურავი შედგება წინასწარ დამზადებული 2194 რკ.ბ.-ის სექციისაგან, რომლებსაც იჭერს 350 კმ სიგრძის ფოლადის ბაგირების სისტემა. სექციებისაგან აწყობილი სამკუთხედის ფორმის ბეტონის პანელები ეყრდნობა 32 ცალ ბეტონის ნერვიურას. ნერვიურები მთლიანობაში ქმნის ერთ მთლიან დიდ წრეს, რაც საშუალებას იძლევა სახურავს მიეცეს ერთნაირი ფორმა, ხოლო შენობას დამთავრებული და ჰარმონიული სახე. სახურავი დაფარულია მოთეთრო-ყვითელი ფილებით, რომლებიც სხვადასხვა რაკურსით განათებისას იძლევა საოცარ ფერთა გამას. ინტერიერების მოსაპირკეთებლად გამოყებულია ვარდისფერი გრანიტი, ძვირფასი ჯიშის მერქანი და ფანერი.

სიენა - რკინის ოქსიდის მოყავისფრო-ყვითელი ფერის პიგმენტი, რომელიც წარმოადგენს რკინის ჟანგის ჰიდრატის ნარევს თიხის მინერალებთან და მარგენეცის ორჟანგთან. გამოიყენება საღებავების წარმოებაში.

სიენიტი - მაღალი სიმტკიცის, ფერით გრანიტზე მუქი ბუნებრივი სიღრმული მაგმური მთის ქანი. გამოიყენება შენობის ფასადების და ძეგლების მოსაპირკეთებლად. დროთა განმავლობაში ადვილად იფიტება (ნახ. 1, სიენიტი (ნამონასტრევი).

სივრცე - 1. მატერიალური ობიექტებისა და პროცესების თანაარსებობის ფორმა. ხასითდება მანძილით (სიგრძით), წყვეტადობისა და უწყვეტობის ერთიანობით; 2. მათემატიკაში სივრცე არის ლოგიკურად გააზრებული ფორმა (სტრუქტურა), რომელიც წარმოადგენს სხვა ფორმებისა და ამა თუ იმ კონსტრუქციების განხორციელების გარემოს, და რომელშიც დაფიქსირებულია მათ შორის მიმართებანი, მსგავსი ჩვეულებრივი სივრცითი მიმართებებისა (მანძილი წერტილებს შორის, ფიგურების ტოლობა და სხვ.).

სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტები - ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პირობები და მახასიათებლები, რომლებიც დადგენილია დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების საფუძველზე.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა - საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები - დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია - ამ კანონით განსაზღვრული წესით შემუშავებული, შეთანხმებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმები და წესები - დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

სივრცითი - სივრცესთან დაკავშირებული, სივრცით განსაზღვრული, სივრცეში განვითარებული (მაგ., სივრცითი კონსტრუქციები).

სივრცითი დაგეგმვის საჭიროება - სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიზნების, ამოცანებისა და ძირითადი პრინციპების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს დაგეგმის პრიორიტეტებსა და სავალდებულობას.

სივრცითი კუთხე - სივრცის ნაწილი, შემოსაზღვრული რომელიღაც კონუსური ზედაპირით. სივრცითი კუთხის კერძო შემთხვევებია სამწახნაგა და მრავალწახნაგა კუთხეები.

სივრცითი მექანიზმი - მექანიზმი, რომელშიც რგოლები ასრულებენ სივრცით მოძრაობას ან მოძრაობებს სხვადასხვა სიბრტყეში.

სივრცითი მოწყობა - ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები.

სივრცითი მოწყობის დაგეგმვა - საქმიანობა, რომელიც მიმართულია ქვეყნის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების, სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და განსახლების საკითხების კომპლექსური რეგულირებისაკენ.

სივრცითი მოწყობის საინფორმაციო სისტემა - სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისათვის საჭირო ყველა ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და დამუშავება.

სივრცითი სამშენებლო კონსტრუქცია - რომლის ღერძული ზედაპირი არ ემთხვევა ბრტყელი კონსტრუქციის შვეულ ღერძულ ზედაპირს. იგი გაანგარიშდება ორ სიბრტყეში და ყველა ელემენტი მონაწილეობას ღებულობს კონსტრუქციის მუშაობაში. სივრცითი მუშაობის ეფექტის გამო სივრცითი კონსტრუქციები ხასიათდება დაბალი მასალატევადობით, წონით, ამაღლებული სიხისტითა და საიმედოობით. ადგილობრივი დეფექტები და დაზიანებები არ იწვევს ასეთი კონსტრუქციების ავარიულ მდგომარეობას. უმეტეს შემთხვევაში, სივრცით კონსტრუქციებში შეთავსებულია მზიდი და შემომფარგვლელი ფუნქციები, რაც მათი ეკონომიკურობის მაღალ ხარისხს განაპირობებს და ერთდროულად იძლევა დიდი მალების გადახურვის შესაძლებლობას. გეომეტრიულ ფორმის მიხედვით არჩევენ ს.ს.კ. შემდეგ სახეებს: 1. პრიზმული (ნაკეცები, თაღები); 2. ცილინდრული (ნულოვანი გაუსის სიმრუდის); 3. ელიფსური (დადებითი გაუსის სიმრუდის); 4. ჰიპერბოლური (უარყოფითი გაუსის სიმრუდის). ნაკლები გავრცელება პოვა კომბინირებულმა გარსებმა და ნებისმიერმა ფორმებმა. კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით კი ისინი შემდეგნაირად შეიძლება იქნეს დაჯგუფებული: ქარგილოვან – ბადისებრი; ბრტყელი მზიდი კონსტრუქციები; თხელკედლიანი გარსები; კომბინირებული; თხელკედლიანი კიდული და წიბოვანი გარსები; სტუქტურები. სივრცითი კონსტრუქციების უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ შესაძლებლობას იძლევა გადაიხუროს გეგმაში რთული ფორმის სათავსები, მიღწეულ იქნას შენობის სასარგებლო მოცულობის შესაძლო მაქსიმუმი, რეაქციები საყრდენ კედლებზე და საძირკველზე განაწილდეს თანაბრად, ამაღლდეს ნაგებობის საიმედოობა და სხვ.

სივრცითი სისტემა (სამშენებლო მექანიკაში) - მზიდი კონტრუქციების სისტემა (ან საანგარიშო სქემა), რომელიც ხასიათდება ელემენტებში ძალვების სივრცითი განაწილებით. სივრცითი სისტემა იყოფა: მასიურ (მაგ. კაშხლები, საძირკვლები, მანქანების სადგარი და სხვ.), თხელკედლიან (ფირფიტების ან გარსების სახით), ღეროვან (ხიდების წამწეები, ანძები, ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები), სივრცით კარკასებად (ჩარჩოს სისტემებში კავშირების საშუალებით შეერთებული სვეტები და რიგელები), კომბინირებულად (სხვადასხვა სისტემის შეხამებით მიღებული). ხშირ შემთხვევაში, ს.ს. გეომეტრიულად უცვლელია, ახასიათებს სტატიკურად განუსაზღვრელობის (ურკვევი) მაღალი ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტურობას.

სივრცითი ძალთა სისტემა - ძალთა სისტემა, რომელთა ფუძეები ერთ სიბრტყეში არ მდებარეობენ.

სივრცითი ძალთა სისტემის წონასწორობა - იხ. ძალთა ნებისმიერი სისტემის წონასწორობა.

სიზუსტე - პროცესის, ნივთიერების, საგნის განსახილველი პარამეტრის მნიშვნელობის (სიდიდის) მიახლოების ხარისხი მის თეორიულ ნომინალურ სიდიდესთან. განიხილება სიზუსტის სამი ცნება: დამუშავების, გაზომვების და გამოთვლების. მანქანის გამართული მუშაობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აწყობის (მონტაჟის) სიზუსტეს.

სითბო - 1. თერმოდინამიკური სისტემის შიდა ენერგია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ორი მეთოდით: უშუალოდ სისტემის მუშაობით და უშუალოდ გარემოსთან თბოგადაცემით. სითბო თერმოდინამიკის ერთ-ერთი ძირითადი სიდიდეა - სითბოს რაოდენობა შედის თერმოდინამიკის პირველ და მეორე კლასიკური განტოლებების მათემატიკურ ფორმულებში; 2. საშუალო ტემპერატურა სიცივესა და სიცხეს შორის; 3. ფიზიკაში - მატერიის მოძრაობის ფორმა - სხეულის ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების და მისთ.) მოძრაობით წარმოქმნილი ენერგია; 4. (გადატანით) კეთილი, გულთბილი დამოკიდებულება; გულითადობა.

სითბოგადამტანები - თხევადი ან აირადი ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მორეაგირე კომპონენტების გასახურებლად. ამ მიზნით ხშირად გამოიყენება წყალი (დუღილის ტემპერატურაზე უფრო დაბალი ტემპერატურის), გლიცერინი, ნავთობის ზეთები, გამდნარი ლითონები (ნატრიუმი, კალა, ტყვია, სპილენძი), სილიციუმორგანული სითხეები, გადახურებული წყლის ორთქლი, ჰაერი, აზოტი, ჟანგბადი და სხვ.

სითბოგამცვლელი - აპარატი, რომლის საშუალებითაც მაღალი ტემპერატურის გარემოდან სითბო გადაეცემა დაბალი ტემპერატურის გარემოს. ასეთი აპარატები სხვადასხვაგვარია: რეკუპერატორები, რეგენერატორები და შემრევები, ციკლონური სითბოგამცვლელები და დეკარბონიზატორები.

სითბომდგრადობა შემომსაზღვრელი კონსტრუქციის - შემომსაზღვრელი კონსტრუქციის თვისება, რომელიც განისაზღვრება შიდა ზედაპირის ტემპერატურის რყევის ამპლიტუდისა და თბური ნაკადის ამპლიტუდის ფარდობით ტემპერატურის ჰარმონიული რყევების დროს.

სითბოს ათვისების კოეფიციენტი - სიდიდე, რომელიც ასახავს მასალის უნარს მიიღოს სითბო მის ზედაპირზე ტემპერატურის ცვალებადობისას.

სითბოს აღმომჩენი - ცეცხლის აღმომჩენი, რომელიც რეაგირებს სითბოზე, მაღალ ტემპერატურაზე ან ტემპერატურის ზრდის ტემპზე, ან ორივეზე.

სითბოს სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი - თბომწარმოებლურობის ფარდობა მიყვანილ თბურ სიმძლავრესთან.

სითბოშეთვისება კონსტრუქციის ზედაპირის - შემომსაზღვრელი კონსტრუქციის ზედაპირის თვისება შთანთქოს ან გასცეს სითბო.

სითბური - რაც სითბოს ავრცელებს; სითბოსთან დაკავშირებული.

სითბური გაფართოება - სხეულთა ზომების ცვლილება ტემპერატურის გავლენით. გაცხელებისას, როგორც წესი, სხეულის მოცულობა იმატებს. სხეულის მოცულობითი გაფართოების კოეფიციენტი ეწოდება მისი მოცულობის ერთეულის გადიდებას ტემპერატურის 10C-ით გადიდების დროს, ხოლო სხეულის სიგრძის ერთეულის გადიდებას ტემპერატურის 10C-ით გადიდების დროს ეწოდება სხეულის წირითი გაფართოების კოეფიციენტი. მოცულობითი გაფართოების კოეფიციენტი სიდიდე დაახლოებით სამჯერ აღემატება იგივე სხეულის წირითი გაფართოების კოეფიციენტის სიდიდეს.

სითეთრე - თეთრის თვისება; თეთრი ფერის ქონა.

სითხე - 1. ნივთიერება, რომელსაც აქვს დინების უნარი და იღებს იმ ჭურჭლის ფორმას, რომელშიც ასხია; 2. ნივთიერება კონდენსირებულ, მყარისა და აირის შუალედურ აგრეგატულ მდგომარეობაში, რომელიც ხასიათდება ზედაპირული დაძაბულობით. სხვადასხვა სითხეების დინამიკური სიბლანტე სხვადასხვაა. ტემპერატურის დაწევასთან ერთად სითხის სიბლანტე მატულობს. ტექნიკური თვისებებისა და დანიშნულების მიხედვით სითხეები არის მრავალგვარი: აქროლადი, ბლანტი, ერთგვაროვანი, ზედენადი, იდეალური, მძიმე, საწრთობი, საზეთმაცივებელი, ცხიმგამხსნელი, ჰიდროსამუხრუჭე და სხვ.

სითხე არანიუტონისეული - სითხე, რომელიც არ ექვემდებარება სიბლანტის ნიუტონისეულ კანონს. მას ზოგჯერ ანომალიურ სითხესაც უწოდებენ.

სითხე ნიუტონისეული - სითხე, რომელიც ექვემდებარება სიბლანტის ნიუტონისეულ კანონს. მას ზოგჯერ ნორმალურ სითხესაც უწოდებენ.

სითხე წვეთოვანი - სითხე, რომელსაც აქვს გარკვეული ფორმის თავისუფალი ზედაპირი და ხასიათდება კუმშვისადმი დიდი წინააღმდეგობით - მცირე კუმშვადობით.

სითხის არათანაბარი მოძრაობა - სითხის დამყარებული მოძრაობის სახე, როცა მოძრაობის ძირითადი მახასიათებლები (სიჩქარე და წნევა) იცვლება ნაკადის მოძრაობის მიმართულებით (მაგ., წყლის ნაკადის მოძრაობა კაშხალის წინა შეტბორილ უბანზე, სითხის მოძრაობა მილსადენის კონუსურ უბანზე და სხვ.).

სითხის დამყარებული მოძრაობა - სითხის მოძრაობა, როცა ნაკადის ნებისმიერ წერტილში სიჩქარე და წნევა მუდმივი სიდიდეებია, ანუ მათი სიდიდე და მიმართულება დროის მიხედვით არ იცვლება.

სითხის დაუმყარებელი მოძრაობა - სითხის მოძრაობა, როცა ნაკადის ნებისმიერ წერტილში მოძრაობის ძირითადი მახასიათებლები (სიჩქარე და წნევა) იცვლება დროის მიხედვით.

სითხის დაწნევითი მოძრაობა - სითხის მოძრაობა დახშულ სადინარში (მილსადენი, გვირაბი), როცა მათი განივკვეთი მთლიანად შევსებულია სითხით და წნევა ნაკადის ნებისმიერ წერტილში ატმოსფერულ წნევაზე მეტია. ს.დ.მ. ნაკადს არა აქვს თავისუფალი ზედაპირი.

სითხის დენის წირი - წირი, რომლის ყველა წერტილში დროის მოცემული მომენტისათვის სიჩქარის ვექტორს ამ წირის მხების მიმართულება აქვს. სითხის დაუმყარებელი მოძრაობისას ნაკადის ყოველ წერტილზე გადის მხოლოდ ერთი დენის წირი, რომელიც დროის მიხედვით (განუწყვეტლივ) იცვლის თავის ფორმასა და მდებარეობას. დამყარებული მოძრაობისას კი დენის წირი დროის მიხედვით არ იცვლება და ამიტომ, დენის წირი და სათანადო სითხის მოძრაობის ტრაექტორია ერთმანეთს ემთხვევა.

სითხის ზედაპირული ძალები - ძალები, მოქმედი სითხის განსახილველი მოცულობის გარე ზედაპირზე (მაგ., დგუშის წნევის ძალა ცილინდრში მოთავსებული სითხის ზედაპირზე; ატმოსფერული წნევა სითხის თავისუფალ ზედაპირზე და სხვ.).

სითხის თანაბარი მოძრაობა - სითხის დამყარებული მოძრაობის სახე, როცა მოძრაობის ძირითადი მახასიათებლები (სიჩქარე და წნევა) არ იცვლება ნაკადის მოძრაობის მიმართულებით (მაგ., წყლის მოძრაობა მუდმივი განივკვეთის მქონე ღია არხში, სითხის მოძრაობა ცილინდრული განივკვეთის მილსადენში და სხვ.).

სითხის მასობრივი ძალები (მოცულობითი ძალები) - ძალები, მოქმედი სითხის განსახილველი მოცულობის ყოველ მატერიალურ ნაწილაკზე და პროპორციული ამ მოცულობის მასისა.

სითხის მდოვრედ ცვლადი მოძრაობა - სითხის არათანაბარი მოძრაობა, რომლის დროსაც ნაკადის ცალკეული ჭავლების სიმრუდე და მათ შორის კუთხე ძალზე მცირეა.

სითხის მკვეთრად ცვლადი მოძრაობა - სითხის არათანაბარი მოძრაობა, რომლის დროსაც ნაკადის ცალკეული ჭავლების სიმრუდე და მათ შორის კუთხე დიდია.

სითხის მოცულობითი კუმშვის კოეფიციენტი - განსახილველი სითხის მოცულობის ფარდობითი შემცირება წნევის 1 ატმოსფეროთი გაზრდის შემთხვევაში უცვლელი ტემპერატურის დროს.

სითხის ნაკადი - სითხის ელემენტალური ჭავლების ერთობლიობა.

სითხის ნაკადის ცოცხალი კვეთი - სითხის მრუდწირული ზედაპირი, რომლის ნებისმიერი წერტილის ნორმალი ემთხვევა იმავე წერტილში სითხის დენის წირისადმი გატარებული მხების მიმართულებას.

სითხის ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტი - განსახილველი სითხის მოცულობის ფარდობითი ნამატი ტემპერატურის 10C-ით გაზრდისას.

სითხის უდაწნეო მოძრაობა (ღია დინება) - სითხის მოძრაობა, რომლის დროსაც ნაკადს აქვს თავისუფალი ზედაპირი. ამ დროს სითხე მოძრაობს თვითდინებით.

სითხის ფარდობითი სიმკვრივე - რაიმე ტემპერატურის დროს განსახილველი სითხის სიმკვრივის ფარდობა +4%R0%RС ტემპერატურის მქონე დისტილირებული წყლის სიმკვრივესთან.

სითხის ფარდობითი უძრაობა - სითხის წონასწორობის მდგომარეობა, რომლის დროსაც მოძრავ ჭურჭელში მოთავსებული სითხის ნაწილაკები არ გადაადგილდება არც ერთმანეთის და არც ჭურჭლის მიმართ, ანუ სითხის მთელი მასა უძრავია ჭურჭლის მიმართ, მაგრამ მოძრაობს მასთან ერთად, როგორც ერთი მყარი სხეული.

სითხის ხარჯი (ნაკადის ხარჯი) - სითხის მოცულობა, რომელიც დროის ერთეულში გაედინება ნაკადის ცოცხალ კვეთში.

სიკატივი (ლათ. Siccativus გამომშრობი) - ცხოველური მჟავების მეტალური მარილების ორგანული ხსნარი. გამოიყენება ლაქებისა და საღებავების შრობის დასაჩქარებლად. შედის ოლიფის, ზეთოვანი ლაქების, ზეთოვანი საღებავების შემადგენლობაში.

სიკრონი - იხ. პოლივინილქლორიდი.

სილა - წვრილმარცვლოვანი ქვიშა.

სილაბეტონი - წვრილმარცვლოვანი ბეტონი, რომლის შემადგენლობაში შედის წვრილი შემავსებელი (ქვიშა, სილა) და შემკვრელი. იგი სამშენებლო დუღაბის ანალოგიურია შემადგენლობით, მაგრამ ნაკლებ მოძრავია, რაც განაპირობებს განსხვავებას მათი დაგების ხერხში. გამოიყენება იგივე მიზნებისათვის, როგორც ჩვეულებრივ მძიმე ბეტონები.

სილაკფორი - ბგერამშთანთქმელი მასალა, მიღებული ავტოკლავური გამყარებით მსუბუქი აირსილიკატისაგან და უჯრედოვანი ბეტონისაგან. მისგან დამზადებული ფილები გამოიყენება საზოგადოებრივი და საწარმოო შენობების სათავსების კედლების და ჭერის დეკორატიული და ბგერამშთანთქმელი მოპირკეთებისათვის, სადაც არის მშრალი ან ნორმალური რეჟიმის გარემო, ჰაერის ფარდობითი ტენიანობით არაუმეტეს 75%.

სილალი (ლათ.) - ლეგირებული თუჯი 5-6% სილიციუმით. გამოირჩევა მაღალი ცოცვა- და მხურვალმედეგობით (800...9000C-მდე).

სილაჭავლური აპარატი - აპრატი ლითონის ზედაპირების, შენობების ფასადების და ა.შ. გასაწმენდად შეღებვის წინ. გაწმენდა ხდება შეკუმშული ჰაერის ჭავლით, მასში შეწონილი წვიშის ნაწილაკებით.

სილიკაგელი - მყარი ჰოდროფობული სორბენტი, მიკროფოროვანი სხეული (ნახ. 1), რომელიც მიიღება პოლისილიციუმმჟავას გაჯერებული ხსნარის გავარვარებით. გამოიყენება სპირტების, ვიტამინების გასაწმენდად (როგორც ადსორბენტი), აგრეთვე ჰაერის, ნახშირმჟავა გაზის, წყალბადის, ჟანგბადის, აზოტის, ქლორის და სხვა სამრეწველო გაზების გასაშრობად.

სილიკატბეტონის ნაკეთობანი - სილიკატური ბეტონისაგან დამზადებული ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების ელემენტები (საკედლე და გადახურვის პანელები, საკედლე ბლოკები, სვეტები, კოჭები და სხვ.). ს.ნ. არის უარმატურო და დაარმატურებული. ამ ნაკეთობებს წარმატებით შეუძლიათ შეცვალონ ცემენტის ბეტონისა და რკ.ბ.-ის ნაკეთობები (მათთან შედარებით 10...15%-ით იაფია).

სილიკატები (ლათ., კაჟი) - საერთო სახელწოდება მინერალებისა, რომელთა შემადგენლობაში შედის სილიციუმის ჟანგი (კაჟმიწა); ასეთებია მინდვრის შპატი, ქარსი, აზბესტი, ტალკი, ბენტონიტური თიხები და სხვ.

სილიკატები სინთეზური - სილიციუმის ან ალუმინსილიციუმმჟავათა მარტივი ან რთული მარილები. ს.ს. ცემენტის, ცეცხლგამძლე მასალების, წიდების, წითელი და სილიკატური აგურის, ფაიფურისა და ქაშანურის, მინების, ჭიქურების, მინანქრების, ადსორბენტების, კატალიზატორების შემადგენელი ნაწილია. ტექნიკაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს კალციუმის სილიკატებს 3CaO∙SiO2; 2CaO∙SiO2 (პორტლანდცემენტის ძირითადი კომპონენტებია), მაგნიუმისა და ალუმინის სილიკატებს (ცეცხლგამძლე მასალების ძირითადი კომპონენტები) და სხვ.

სილიკატიზაცია - სუსტი გრუნტების გამაგრება ქიმიური საშუალებით, სახელდობრ, სილიკატური ხსნარების (მაგ., ნატრიუმისა და ქლოროვანი კალციუმის) გრუნტში დაჭირხვნით.

სილიკატიზაცია გრუნტის - გრუნტის გამაგრება შენობისა და ნაგებობის ფუძის გასაძლიერებლად ან გრუნტისთვის წყალშეუღწევადობის თვისების მინიჭება ჰიდროტექნიკური შენობებისთვის ფილტრაციისსაწინაღო ფარდის მოწყობით. ხორციელდება გრუნტში ნატრიუმის სილიკატის დაჭირხვნით (დანამატების გარეშე) პერფორირებული მილების საშუალებით (ჯდენადი გრუნტებისათვის) ან კოაგულანტის დამატებით (ფოსფორმჟავა).

სილიკატური მოდული - პორტლანდცემენტის კლინკერში კაჟმიწის პროცენტული შემცველობის ფარდობა ალუმინის და რკინის ოქსიდების პროცენტული შემცველობის ჯამთან. რიცხობრივად შეადგენს 1,7...3,5.

სილიკატური ნაკეთობანი - სხვადასხვა საშენი მასალა (აგური, კერამიკა, მინა, საკედლე ბლოკი, მინერალური ბოჭკო, ავტოკლავური მასალა და სხვ,), რომელთა ძირითადი საწყისი ნედლეულია კაჟმიწის შემცველი ბუნებრივი და ხელოვნური მასალა (ქვიშა, დიატომიტი, ტრეპალი, წიდა, ნაცარი და სხვ.). ს.ნ. დამზადება ხდება დანამატების (ფლუსი, მჭიდა ნივთიერებები, პიგმენტები, ფორების წარმომქმნელები და სხვ.) ნარევის თბოდამუშავებით.

სილიკო (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს კაჟთან დაკავშირებულს.

სილიკოთერმია [ლათ. Silex (Silicis) კაჟი და ბერძ. therme სითბო, სიმხურვალე] - ლითონებისა და შენადნობების მიღება ლითონთა ჟანგეულების აღდგენის გზით.

სილიკოლი (ლათ. Silex (Silicis) კაჟი და ol(eum) ზეთი) - კაჟის შენადნობი რკინის, ალუმინის და ზოგი სხვა ლითონის მცირე რაოდენობის მინარევებთან.

სილიკომანგანუმი - ფეროშენადნობი, რომლის ძირითადი კომპონენტებია: მარგანეცი - 30...75%, სილიციუმი - 8...35% და ნახშირბადი 3%-მდე, აგრეთვე რკინა, გოგირდი, ფოსფორი და სხვ. მიიღება მარგანეცის მადნის შიხტის თერმულ ღუმელებში სილიციუმის და მარგანეცის ერთდროული აღდგენის გზით. გამოიყენება განმჟანგველად და მალეგირებელ დანამატად ფოლადის და ფერომანგანუმის გამოდნობისას.

სილიმანიტი - სილიკატების კლასის მინერალი, ალუმინის სილიკატი; იყენებენ ცეცხლგამძლე კერამიკულ ნაკეთობათა და თიხამიწით მდიდარი ცეცხლგამძლე მასალების დასამზადებლად.

სილიცირება - ლიტონის დეტალების ზედაპირული შრის გაჯერება სილიციუმით ანტიკოროზიული თვისებების, ცვეთამედეგობისა და მხურვალგამძლეობის გაზრდის მიზნით.

სილიციუმი - ოთხვალენტიანი მეტალოიდი, ქიმიური ელემენტი ატომური ნომრით 14. მისი სიმბოლოა Si. ს. სამყაროში გავრცელებით მერვე ელემენტია წონის მიხედვით, მაგრამ იგი ბუნებაში უძველესი დროიდან გვხვდება, როგორც თავისუფალი ელემენტი. იგი ფართოდაა წარმოდგენილი ქვიშაში, მტვერში, პლანეტოიდებში და პლანეტებში სილიციუმის დიოქსიდის სხვადასხვა ფორმით (კაჟმიწა) ან სილიკატების სახით. ს. დედამიწის ქერქში გავრცელებით მეორეა ჟანგბადის შემდეგ, რაც ქერქის 25,7%-ზე მეტს შეადგენს მასის მიხედვით. ს. ოქსიდის ან სილიკატების ფორმით სილიციუმი გამოიყენება მინის, ცემენტის და კერამიკის წარმოებაში. ბუნებრივი ს. ძლიერ ჰიგროსკოპული რუხი ფერის ფხვნილია და აქვს მეტალური ბზინვარება. ს. ერთადერთია იმ მცირერიცხოვან ნივთიერებებს შორის (მსგავსად წყლისა და გალიუმისა), რომელთა სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში მეტია, ვიდრე მყარ მდგომარეობში, რადგან იგი ფართოვდება გაყინვისას. ს. პირველად იდენტიფიცირებული იყო 1787 წელს ლავუაზიეს მიერ, როგორც კაჟის შემადგენელი კომპონენტი. ბუნებაში გვხვდება მხოლოდ ჟანგბადნაერთების სახით. სილიციუმის ორჟანგი - კაჟმიწა ცნობილია კვარცისა და მთის ბროლის სახელით. სხვადასხვა ოქსიდებით შეფერილი SiO2-ის კრისტალები ბუნებაში ძვირფასი ქვების სახით გვხვდება, როგორებიცაა - ამეთვისტო, აგატი, კვარცი, ქალკოდინი, იასპი, ოპალი და სხვ. სილიკატების შემადგენლობაში ს. და ჟანგბადის გარდა ხშირად გვხვდება მესამე ელემენტი - ალუმინი. ასეთ ნაერთებს ა ლ უ მ ო ს ი ლ ი კ ა ტ ე ბ ი ეწოდებათ. ეს უკანასკნელნი შეადგენენ დედამიწის ქერქის ძირითად მასას. მათ მიეკუთვნებათ ფართოდ გავრცელებული მინერალი მინდვრის შპატი (სილიციუმისა და ალუმინის ოქსიდების გარდა შეიცავს კალიუმის, ნატრიუმის ან კალციუმის ოქსიდებს). მინდვრის შპატიდან მიიღება თეთრი თიხა კაოლინი (Al2O3×2SiO2×2H2O). ჩვეულებრივი თიხა წარმოადგენს რკინის ოქსიდებითა და სხვა მინარევებით შეფერილ კაოლინს. ბუნებაში გავრცელებული ალუმოსილიკატებისგან ასევე მნიშვნელოვანია აზბესტი, ტალკი, თეთრი ქარსი. ს. იყენებენ მეტალურგიაში კოროზიისადმი მედეგი სილიციუმიანი ფოლადის წარმოებაში. 15-18% ს. შემცველი ფოლადები ცეცხლგამძლე და მჟავების მიმართ მედეგია, რის გამოც გამოიყენება ქიმიური აპარატურის დასამზადებლად. ს. შენადნობი რკინასთან ე. წ. ფ ე რ ო ს ი ლ ი ც ი უ მ ი, რომელიც მიიღება კოქსით კაჟმიწისა და რკინის ერთდროული აღდგენით, გამოიყენება ფოლადის წარმოებაში განმჟანგავად (გალღობილ ლითონში გახსნილი ჟანგბადის ან ლითონის ჟანგბადნაერთიდან ჟანგბადის მოსაცილებლად) და მჟავამედეგ ნაკეთობათა დასამზადებლად. მცირე რაოდენობით წყალთან თიხის შერევით მიღებული პლასტიკური მასისაგან ამზადებენ სხვადასხვა ფორმის ნაკეთობას, რომელიც მიღებულ ფორმას ინარჩუნებს გაშრობის შემდეგ და მაგრდება გამოწვისას. გამომწვარ თიხის ნაკეთობებს კერამიკული ეწოდება. გამოყენების მიხედვით განასხვავებენ სამშენებლო, ცეცხლგამძლე, ქიმიურად მედეგ, საყოფაცხოვრებო და ტექნიკურ კერამიკას. სამშენებლო კერამიკას მიეკუთვნება აგური, კრამიტი და სხვა. ქიმიურად მედეგი კერამიკა იხმარება ქიმიურ მრეწველობაში. საყოფაცხოვრებო კერამიკას მიეკუთვნება ფაიფურის ნაკეთობები, ხოლო ტექნიკური კერამიკა გამოიყენება იზოლატორების, კონდენსატორების, მაღალტემპერატურული ტიგელების და სხვათა დასამზადებლად.

სილიციუმის ორჟანგი - კაჟმიწა; სილიციუმის ნაერთი ჟანგბადთან. იყენებენ სილიკატურ მრეწველობაში მინის, კერამიკის და მისთ. დასამზადებლად.

სილიციუმორგანული ნაერთი - ელემენტორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს მოლეკულაში სილიციუმის ატომს, უშუალოდ დაკავშირებულს ნახშირბადთან. გამოიყენება სილიციუმორგანული სითხეების (სილიკონური ზეთები), კაუჩუკის, წებოების, ლაქების წარმოებაში.

სილონი (ჩეხ. Silon) - ერთგვარი სინთეზური ბოჭკო; ასეთი ბოჭკოს ქსოვილი.

სილოსი (ესპ.) - დიდი ტევადობის საცავი ფხვიერი მასალებისათვის (ცემენტი, ქვიშა, მარცვლეული, კომბინირებული საკვები, გრანულები და სხვ.). იგი წარმოადგენს ვერტიკალურ ცილინდრული ფორმის ფურცლოვანი ლითონის (იშვიათად ხის ან რკ.ბ.-ის) კონსტრუქციას კონუსური ძირით. ს. ვერტიკალური განთავსება უზრუნველყოფს ტერიტორიის მნიშვნელოვან ეკონომიას სხვა ტიპის საწყობებთან შედარებით. ს. ცილინდრის ზომებია: დიამეტრი 4...10 მ, სიმაღლე 15...40 მ. საწარმოს ტერიტორიაზე შესაძლებელია განლაგდეს ერთი (ნახ. 1) ან რამდენიმე ათეული სილოსიც კი, რომელთა ჩატვირთვა-განტვირთვა უმეტესად ავტომატიზირებულია; 2. საქონლის წვნიანი საკვები, რომელსაც ამზადებენ დაქუცმაცებული საკვები მცენარეების უჰაეროდ დაკონსერვებით (დამჟავებით) სპეციალურ ნაგებობაში (კოშკში, ტრანშეაში, ორმოში).

სილოქსიდი - კვარცისაგან წარმოებული მინა (საშენი მასალა). გამოიყენება ფასადების შესამინად, ინტერიერის ტიხრებისათვის, ქიმიური ჭურჭლის დასამზადებლად და სხვ.

სილუმინი [ლათ. So; ocoi, კაჟი და ალუმინი] - ალუმინის შენადნობი სილიციუმთან (23%-მდე) და სხვა ელემენტებთან, ხასიათდება კარგი ჩამოსხმით, მაღალი სიმტკიცით (200 მპა-მდე) და სიმაგრით, საკმაოდ კარგი პლასტიკურობით. გამოიყენება რთული კონფიგურაციის დეტალების დასამზადებლად, უმეტესად ავტო- და ავიამშენებლობაში.

სილურჯე - მ ე რ ქ ნ ი ს  ს ო კ ო ვ ა ნ ი  დ ა ა ვ ა დ ე ბ ა, ლურჯი ან მომწვანო შეფერილობა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. სიმტკიცეზე არ მოქმედებს, მაგრამ მერქანს აძლევს არასასიამოვნო შეფერილობას.

სილფონი - დრეკადი ერთ- ან მრავალფენიანი გოფრირებული გარსი (გარსაცმი) ლითონის, არალითონის ან კომპოზიტური მასალისაგან, რომელიც ინარჩუნებს სიმკვრივეს და სიმტკიცეს კუმშვის, გაჭიმვის, ღუნვის მრავალციკლური დეფორმაციისას შიდა და გარე წნევის, ტემპერატურის და მექანიკური დატვირთვის ზემოქმედების პირობებში. გამოიყენება როგორც მაჰერმეტიზირებელი, მგრძნობიარე და ძალური ელემენტი. ს. გამოიყენება მილსადენების არმატურის (კვანძების) მოძრავი დეტალების მამჭიდროებლად გარემოს მიმართ (ნახ. 1).

სიმაგრე - მასალის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს მასში სხვა მასალის შეჭრას. მინერალური მასალებისათვის სიმაგრეს ადგენენ მოოსის სკალით. იგი შედგება 10 მინერა-ლისაგან, სიმაგრის პირობითი მაჩვენებლებით 1-დან 10-მდე (1 - ტალკი ან ცარცი, 2 - ქვამარილი, 3 - კალციტი, 4 - მდნობი შპატი, 5 - აპატიტი, 6 - ორთოკლაზი, 7 - კვარცი, 8 - ტოპაზი, 9 - კორუნდი, 10 - ალმასი). გამოსაცდელი მასალის სიმაგრე არის იმ ორ მინერალს შორის, რომელთაგან ერთი კაწრავს გამოსაცდელ ნიმუშს და მეორეთი კი თვით იკაწრება. ლითონის, ბეტონის, პლასტმასის სიმაგრე (სისალე) განისაზღვრება ბრინელის მეთოდით. სტანდარტულ ფოლადის ბურთულას გარკვეული ძალით ვწნეხავთ მასალაში. სიმაგრე განისაზღვრება დატვირთვის და ანაბეჭდის ფართობის ფარდობით. დიდი სიმტკიცის მასალა ყოველთვის არ არის დიდი სიმაგრის. მაგალითად, მერქნის სიმტკიცე ხშირად აჭარბებს ბეტონისას, მაგრამ სიმაგრე ყოველთვის ნაკლები აქვს, ვიდრე ბეტონს.

სიმაღლე - 1. ფიგურის წვეროდან ფუძეზე ან მის გაგრძელებაზე დაშვებული პერპენდიკულარის მონაკვეთი. ტექნიკაში - ნაკეთობის ერთერთი გაბარიტული განზომილება, დაშორება ყველაზე მაღალი წერტილიდან მიწის ზედაპირამდე. ფიზიკაში (ხმის, ბგერის სიმაღლე), გეოდეზიაში (ნიშნულები ზღვის დონიდან) სიმაღლის ცნების გამოყენების უამრავი მაგალითი შეიძლება დასახელდეს: სამშენებლო, ანტენის, აწევის, დაწნევის, დაჭირხვნის, ვარდნის, საანგარიშო, პირობითი, სიჩქარის, სრული, ტალღის, ყრილის, ჩატვირთვის და სხვ.; 2. სივრცე და მანძილი დედამიწის ზევით; 3. იგივეა, რაც მაღლობი; 4. (გადატანით) რისამე მაღალი დონე.

სიმბოლო [ბერძ. Symbolon]  - 1. იგივეა, რაც ნიშანი მეცნიერებაში (ლოგიკა, მათემატიკა და სხვ.). სიმბოლოებს იყენებენ ხელოვნებაში; 2. გრძნობად-აღქმადი ობიექტი, რომელსაც შეთანადებული აქვს ნებისმიერი ბუნების სხვა ობიექტი, როგორც მისი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ სიმბოლო ჰგავდეს თავის მნიშვნელობას. სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური საგანი ან მოვლენა, ისე აზროვნებისეული ობიექტი - საგანთა თვისება, მათ შორის არსებული მიმართება, საგნობრივი ვითარება. სიმბოლიკა ქმნის ცოდნის დაგროვების, შენახვისა და გადაცემის საშუალებას; 3. საგანი, მოქმედება და სხვა, რომელიც რაიმე ცნების, იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს.

სიმდიდრე - მატერიალური აქტივების მთლიანი ღირებულება.

სიმდოვრე - მოვლენების, პროცესების მიმდინარეობა თანაბრად, რყევების გარეშე, როდესაც არ იცვლება მახასიათებელი პარამეტრები.

სიმეტრია [ბერძ. Symmetria]  - 1. რაიმე მთელის ნაწილების თანაზომიერი, პროპორციული განლაგება ცენტრის, შუაგულის მიმართ; თანაზომიერება, პროპორციულობა რისამე განლაგებაში; 2. გეომეტრიული ფიგურის თვისება - შეუთავსდეს თავის თავს გარკვეული გარდაქმნების შედეგად, რომლებიც ქმნიან ჯგუფს (ამ ფიგურის სიმეტრიის ჯგუფს); 3. სიმეტრია, ანუ სარკული არეკვლა სივრცეში a სიბრტყის მიმართ (სიბრტყეში a წრფის მიმართ) არის სივრცის (სიბრტყის) გარდაქმნა, რომლის დროსაც ყოველი M წერტილი გადადის ისეთ M' წერტილში, რომ MM' მონაკვეთი პერპენდიკულარულია a სიბრტყისა (a წრფისა) და ამ სიბრტყით (წრფით) იყოფა შუაზე. a სიბრტყეს (a წრფეს) ეწოდება სიმეტრიის სიბრტყე (სიმეტრიის ღერძი). ამჟამად სიმეტრიის შესახებ სწავლება საფუძვლად უდევს კრისტალოგრაფიას და ფართო გამოყენებას პოულობს მეცნიერებაში, ტექნიკაში, მრეწველობაში.

სიმეტრიის ცენტრი - სიბრტყის ან სივრცის წერტილი, რომლის გარშემო რაიმე კუთხით მობრუნებისას გეომეტრიული ფიგურა შეუთავსდება თავის თავს. ფიგურებს, რომელთაც გააჩნიათ სიმეტრიის ცენტრი, ეწოდება ცენტრალური. ასეთებია: წრე, ელიფსი, ჰიპერბოლა, ელიფსოიდი, ცალკალთა ჰიპერბოლოიდი, პარალელოგრამი და სხვ.

სიმკვრივე - სკალარული ფიზიკური სიდიდე, რომელიც განისაზღვრება სხეულის მასის შეფარდებით თვით ამ სხეულის მოცულობასთან ან ფართობთან (ზედაპირული სიმკვრივე).  განასხვავებენ ს. სამ სახეობას: 1) სხეულის საშუალო ს. - სხეულის მასის ფარდობა მის მოცულობასთან. ერთგვაროვანი სხეულისათვის მას უბრალოდ სხეულის ს. უწოდებენ; 2) ნივთიერების ს. - სხეულის ს., რომელიც შედგება ამ ნივთიერებისაგან; 3) სხეულის ს. წერტილში - სხეულის მასის მცირე ნაწილის (m) ამ მცირე ნაწილის მოცულობასთან (V) ფარდობის ზღვარი, როცა ეს წერტილი ეკუთვნის ამ მცირე ნაწილს და როცა ეს ფარდობა მიისწრაფის ნულისაკენ: lim m/v. ასეთი განმარტების დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ატომურ დონეზეც კი, არ არსებობს იდეალურად ერთგვაროვანი სხეული, ამიტომ უნდა შევჩერდეთ მოცულობაზე, რომელიც შეესაბამება გამოყენებულ ფიზიკურ მოდელს. ს. განზომილებაა კგ/მ3, გრ/სმ3. სამშენებლო საქმეში ჩვეულებრივ გამოიყენება საშუალო ს. ერთგვაროვანი ან არაერთგვაროვანი სხეულის ს. გამოითვლება ფორმულით ρ = m/v, სადაც m - სხეულის მასა; v – მისი მოცულობა. ს. წერტილში ρ = dm/dv, მაშინ არაერთგვაროვანი სხეულის მასა m = ∫ρ(r) d3 r = ∫ρ(r) v = ∫dm. ტემპერატურის შემცირება ს. ზრდის, თუმცა გვხვდება გამონაკლისებიც, მაგ., წყალი, ბრინჯაო და თუჯი. წყალს მაქსიმალური ს. აქვს 40C-ზე და მცირდება ტემპერატურის მომატებითაც და მოკლებითაც. ნივთიერების აირმდგომარეობიდან მყარში გადასვლისას ს. იზრდება, მაგრამ არის ისეთი ნივთიერებებიც, რომელთა ს. მყარ მდგომარეობაში გადასვლისას მცირდება (წყალი, სილიციუმი, გერმანიუმი და სხვ.).

სიმკვრივე წირითი - ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია ტანის მასის ფარდობისა მის სიგრძესთან და გამოიყენება ძაფის, თოკის, მავთულის, ქსოვილის, აფსკის, ქაღალდის და სხვ. მსგავსი მასალების სისქის მახასიათებლად. განზომილებაა კგ/მ.

სიმკვრივე ხაზოვანი - ფიზიკური სიდიდე, რომელიც განისაზღვრება სხეულის მასის ფარდობით მის სიგრძესთან. გამოიყენება ქსოვილის, მავთულის, ქაღალდის და სხვა ანალოგიური მასალის სისქის დახასიათებისათვის, აგრეთვე კოჭების, რელსების და სხვათა დასახასიათებლად.

სიმპროლიტი - ზემსუბუქი საშენი მასალა -  პოლისტიროლბეტონი (ნახ. 1), რომელსაც გააჩნია საუკეთესო სითბური და თბოენერგოეფექტური მახასიათებლები არა მარტო მსუბუქი ბეტონის კლასში, არამედ ზოგადად სამშენებლო ბეტონის ჯგუფში. გამოირჩევა ტენ- და ყინვამედეგობით, ეკოლოგიურობით, ხანგამძლეობით. სიმკვრივე 600-800 კგ/მ3. გამოიყენება სართულშუა და ჭერის გადახურვებში, იატაკის მოჭიმვისათვის, საკედლე დიაფრაგმების ჩამოსასხმელად, აივნების, ტერასების მოსაწყობად, სამშენებლო ბლოკების (ნახ. 2) დასამზადებლად და ა.შ.

სიმრავლე - განსაზღვრული, სრულიად განსხვავებული ელემენტების ერთ მთლიანობაში გაერთიანება. ვღებულობთ ან მისი ელემენტების ჩამოთვლით, ან ამ ელემენტების მახასიათებელი თვისებების მითითებით, ე.ი. ისეთი თვისებებისა, რომელიც აქვს ამ სიმრავლის ყველა ელემენტს და მხოლოდ მათ. სწორედ ეს საერთო თვისება განსაზღვრავს თვით სიმრავლის სახელწოდებას. თუ მოცემული თვისება არ გააჩნია არც ერთ საგანს, მაშინ ამბობენ, რომ ეს თვისება განსაზღვრავს ცარიელ სიმრავლეს. სიმრავლის ანუ ერთობლიობის ცნება განეკუთვნება უმარტივეს მათემატიკურ ცნებას

სიმრუდე - 1. სიდიდე, რომელიც ახასიათებს რაიმე გეომეტრიული ობიექტის (წირის, ზედაპირის, სივრცის) გადახრას მისი ერთგვაროვანი ობიექტისაგან (წრფე, სიბრტყე, ევკლიდეს სივრცე), რომელიც ითვლება უმარტივესად; 2. მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ხის ტანის გრძივი ღერძის გადახრა ტანის გაღუნვის გამო (ნახ.1). ს. გაზომვის დროს ძირიდან 1 მ ტანის სიმაღლე მხედველობაში არ მიიღება. იგი მანკის ცუდი სახეობაა, რადგან ასეთი ხის ტანიდან მცირე რაოდენობის დახერხილი მასალა ამოდის. ხდება გრძივი ბოჭკოების ირიბად წაჭრა, რაც აქვეითებს მასალის ხარისხს. არსებობს მარტივი ს. (ერთი გაღუნვით) და რთული (ორი ან მეტი გაღუნვით).

სიმრუდე ზედაპირის - კრებითი ცნებაა, რომელიც ახასიათებს მოცემულ წერტილში ამა თუ იმ სახით ზედაპირის გადახრას სიბრტყისაგან.

სიმრუდის ცენტრი - წირის მოცემულ წერტილში გავლებული მიმხები წრეწირის ცენტრი.

სიმტკიცე - მასალის თვისება გარკვეულ პირობებსა და საზღვრებში დაურღვევლად გაუწიოს წინააღმდეგობა ამა თუ იმ გარე ზემოქმედებას (დატვირთვები, არათანაბარი ტემპერატურული, მაგნიტური და ელექტრული ველები, არათანაბარი დეფორმაციები და სხვ.). სიმტკიცის ძირითადი კრიტერიუმებია: პროპორციულობის ზღვარი, დენადობის ზღვარი, ცოცვადობის ზღვარი, დაღლილობის ზღვარი და სხვ. განასხვავებენ თეორიულ, ტექნიკურ, კონსტრუქციულ, დინამიკურ და ხანგრძლივ სიმტკიცეს. ყველაზე ხშირად პრაქტიკაში ვხვდებით სიმტკიცეზე გაანგარიშებებს გაჭიმვაზე, კუმშვაზე, ღუნვაზე, გრეხვაზე, ახლეჩაზე და თელვაზე. ყველაზე მარტივი მოვლენაა კუმშვა-გაჭიმვა ±R = Pმრღვ/A მპა, სადაც R - მასალის მარკა ("+" გაჭიმვისას, "-" კუმშვისას); Pმრღვ - მრღვევი ძალა (მკუმშავი ან გამჭიმი); A - ნიმუშის განივკვეთის ფართობი.

სიმტკიცე გაჭიმვისას (შეკუმშვისას) - ნიმუშის წყვეტაზე (შეკუმშვაზე) გამოცდის დროს წარმოქმნილი გამჭიმი (შემკუმშავი) ძაბვის მაქსიმალური სიდიდე, რომელიც მოდის კვეთის პირველსაწყისი ფართობის ერთეულზე.

სიმტკიცე დინამიკური - მასალის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დინამიკურ დატვირთვებს რღვევის ან ფორმის ცვლილების გარეშე.

სიმტკიცე ზედაპირული - გასაჭიმი ღეროს თხელი ზედაპირული ფენის სიმტკიცე, რომელიც ზოგჯერ მნიშვნელოვნად აჭარბებს ღეროს შიგნით მასალის სიმტკიცეს.

სიმტკიცე მერქნის - მერქანს ახასიათებს საკმაოდ მაღალი სიმტკიცე ძალის მოქმედებისას ბოჭკოების გასწვრივ. ამ დროს ბოჭკოს უჯრედის გარსი მუშაობს ყველაზე ხელსაყრელ პირობებში და მერქანი ამჟღავნებს მაქსიმალურ სიმტკიცეს. მაგ., სუფთა ფიჭვის მერქნის სიმტკიცის ზღვრის საშუალო მნიშვნელობებია: გაჭიმვაზე - 100 მპა, ღუნვაზე - 75 მპა, კუმშვაზე - 40 მპა, მაგრამ რეალურ კონსტრუქციებში არ ხერხდება ასეთი მაღალი სიმტკიცის სრული გამოყენება, რადგანაც ხის კონსტრუქციების მზიდუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მერქნის რეალური ბუნებრივი მანკები - ბზარები, როკები, ირიბბოჭკოიანობა, ორგულიანობა და სხვ., აგრეთვე კონსტრუქციაზე დატვირთვების მოქმედების მიმართულება და ხანგრძლივობა.

სიმტკიცე ღუნვისას - ნორმალური ძაბვის მაქსიმალური სიდიდე, რომლის დროსაც ხდება ღუნვადი ძელის რღვევა ან რღვევადი პლასტიკური დეფორმაცია.

სიმტკიცე ძვრისას - ნიმუშის ძვრაზე გამოცდის დროს წარმოქმნილი მხები ძაბვის მაქსიმალური სიდიდე, რომლის დროსაც ხდება ნიმუშის რღვევა.

სიმტკიცე ხანგრძლივი - დიდი ხნის განმავლობაში ცოცვადობის პირობებში მყოფი მასალის სიმტკიცე.

სიმტკიცის ზღვარი (დროებითი წინაღობა) - მასალების მექანიკური მახასიათებელი, გამოხატული პირობითი ძაბვით, შეესაბამება იმ უდიდეს დატვირთვას, რომელიც მოქმედებს ნიმუშზე უშუალოდ რღვევის წინ.

სიმქისე - ზედაპირის ს. - დამუშავებული ზედაპირის მიკროუსწორობების ერთობლიობა საბაზო სიგრძის ზღვრებში, რომელიც ქმნის ზედაპირის რელიეფს. ზედაპირის ს. ხასიათდება რამდენიმე პარამეტრით, როგორიცაა უსწორობების შვერების საშუალო და მაქსიმალური სიმაღლეები და მათი სიგანე, საშუალო მანძილი მათ შორის და სხვ.

სიმყიფე - მასალის თვისება დაიშალოს სტატიკური დატვირთვის დროს უმნიშვნელო დეფორმაციის შედეგად.

სიმძიმე - 1. სხეულის თვისება მიიზიდოს დედამიწისაკენ; 2. (გადატანით) მძიმე, ძნელი, შემაწუხებელი მდგომარეობა.

სიმძიმე აბსოლუტური - სიმძიმე, რომელიც იზომება დედამიწისა და მოცემული სხეულის ურთიერთმიზიდულობის ძალით მსოფლიო მიზიდულობის კანონით.

სიმძიმე ფარდობითი - სიმძიმე, რომელიც იზომება დედამიწის მიზიდულობის ძალისა და დედამიწის ბრუნვის ცენტრიდანული ძალის ჯამით.

სიმძიმის ცენტრი - მყარ სხეულთან უცვლელად დაკავშირებული გეომეტრიული წერტილი, რომელზეც გაივლის ამ სხეულის ნაწილაკებზე მოქმედი ყველა სიმძიმის ძალის ტოლქმედი სივრცეში სხეულის ნებისმიერი მდებარეობის დროს. იგი შეიძლება მოცემული სხეულის არც ერთ წერტილს არ დაემთხვეს (მაგ., რგოლისათვის). მყარი სხეულის სიმძიმის ცენტრის მდებარეობა სიმძიმის ერთგვაროვან ველში თანხვდება მისი ინერციის ცენტრის მდებარეობას.

სიმძიმის ძალა - სხეულზე დედამიწის ზემოქმედების ძალა ანუ დედამიწის ზედაპირის მახლობლად მოთავსებულ ნებისმიერ ნივთიერ წერტილზე მოქმედი ძალა, რომელსაც განსაზღვრავენ, როგორც დედამიწის გრავიტაციული ძალისა და დედამიწის დღეღამური ბრუნვით განპირობებული ცენტრიდანული (გადატანითი) ინერციის ძალის გეომეტრიულ ჯამს.

სიმძლავრე - 1. ენერგეტიკული მახასიათებელი, ტოლი მუშაობის ფარდობისა მისი შესრულების დროის ინტერვალთან. P სიმძლავრე F ძალისა ტოლია ამ ძალის სკალარული ნამრავლისა მისი მოდების წერტილის v სიჩქარეზე. p = (F•v) = F•vcosα, სადაც α არის კუთხე F და v ვექტორებს შორის; 2. ფიზიკური სიდიდე, რომელიც იზომება დროის ერთეულში შესრულებული მუშაობით. ერთეულთა საერთაშორისო (Si) სისტემაში სიმძლავრეს ზომავენ ვატებით 1ვტ = 1ჯ/წმ. ერთეულთა CGS სისტემაში - ერგ/წმ. ტექნიკაში იყენებენ აგრეთვე ერთეულს - ცხენის ძალას (75 კგმ/წმ); 3. სიმძლავრეები - საწარმოო ობიექტები.

სინაგოგა (ბერძ.) - ებრაული სალოცავი ადგილი, ებრაული რელიგიის ძირითადი ინსტიტუტი. როგორც წესი, აქვს ერთი ვრცელი დარბაზი ლოცვებისთვის (ნახ. 1), მცირე ოთახები სასწავლებლად და ხშირად საზოგადოებრივი დარბაზი და ოფისები. ზოგიერთს ასევე ცალკე ოთახი აქვს თორას სასწავლოდ, რომელსაც სწავლის სახლს უწოდებენ. ს. წმინდა ადგილი არ არის, ასევე ს. არ არის სავალდებულო სალოცავად. ებრაეული ლოცვები შეიძლება ჩატარდეს იქ, სადაც ათი ებრაელი შეიკრიბება. სინაგოგა არ არის ტაძარი და არ ცვლის ნამდვილ, დიდი ხნის წინ დანგრეულ წმინდა ტაძარს იერუსალიმში. სინაგოგა წარმოიქმნა პალესტინაში (ძვ. წ. IV ს), ეგვიპტეში (ძვ. წ. III ს). იერუსალიმის ტაძრის დანგრევის (ახ. წ. 70 წ.) და დიასპორის (პალესტინის ფარგლებს გარეთ ებრაული კოლონიები) გაფართოების შემდეგ ს. არსდება ყველგან, სადაც კი ებრაელები ცხოვრობენ. ს. ასრულებენ ღვთისმსახურებას, კითხულობენ და კომენტარებს უკეთებენ ბიბლიასა და თალმუდს, მართავენ რიტუალურ ტრაპეზებს. შუა საუკუნეებში ვინც იუდეურ დოგმებს გადაუხვევდა, სინაგოგიდან განკვეთდნენ. ს. არქიტექტურული კომპოზიცია და დეკორი ძირითადად მავრიტანულია. ს. შენდებოდა ისეთი ორიენტაციით, რომ შენობის ძირითადი ფასადი ყოველთვის მიმართული ყოფილიყო იერუსალიმისაკენ. თბილისში სამი სინაგოგაა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მოქმედი თბილისის დიდი სინაგოგა (ნახ. 2), აგებული 1910 წელს. საქართველოში სინაგოგები აგებულია ქუთაისში, ბათუმში (ნახ. 3), სენაკში, ონში (ნახ. 4), ბანძაში, ახალციხეში და სხვ.

სინათლე - 1. თვალით აღქმული სხივური ენერგია, რომელიც გარე სამყაროს ხილულს ხდის; შუქი; 2. (გადატანით) განათებული ადგილი, სადაც სინათლეა; 3) მხედველობა; 4. (გადატანით) გარკვეულობა, სიცხადე; 5. (გადატანით) სიკეთე, ბედნიერება.

სინათლე ზედა - სინათლე, რომელიც შემოდის სათავსში ზემოდან, გადახურვიდან (შუქფარანი, სარკმელი, შედური გადახურვა, გამჭირვალე გარსი და სხვ.).

სინათლე მეორადი - შენობის შიგა კედელში სარკმლის (ფრამუგის) მოთავსებით გარე კედელს მოცილებული სათავსის ნათელი ოთახიდან განათების ხერხი.

სინათლის ნაკადი - სინათლის ენერგია, რომელიც მოედინება წერტილოვანი წყაროდან ერთი სტერადიანი სხეულოვანი კუთხით, როცა სინათლის ძალა ერთი კანდელის ტოლია. ს.ნ. საზომი ერთეულია - ლუმენი.

სინათლის ძალა - ერთ-ერთი ძირითადი სინათლის სიდიდე, რომელიც ახასიათებს ხილული გამოსხივების წყაროს. ზოგად შემთხვევაში სინათლის ძალა წყაროდან სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაა. იგი ტოლია ელემენტარული სივრცითი კუთხის შიგნით წყაროდან გავრცელებული სინათლის ნაკადის ფარდობისა ამ სივრცით კუთხესთან. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში სინათლის ძალის ერთეულია კანდელა (კდ.). სინათლის ძალის ცნებას იყენებენ მხოლოდ წყაროდან ისეთ მანძილზე, რომლებიც ბევრად აღემატებიან მის ზომებს.

სინგულარული [ლათ. Singularis] - 1. მოცემული მათემატიკური ობიექტისათვის ამა თუ იმ მცდარობის არსებობა იმავე გვარის რეგულარულ ობიექტთან შედარებით; 2. ერთმაგი, ცალფა; ცალკეული, განსაკუთრებული.

სინგულარული ინტეგრალი - მათემ. ფუნქციის წარმოდგენის ერთ-ერთი საშუალება.

სინგულარული წერტილები - ქიმიურ დიაგრამებზე: წერტილები, რომლებიც უპასუხებს გარკვეულ ქიმიურ ნაერთს.

სინგური (რუს. Киноварь) - HgS, ორვალენტიანი ვერცხლისწყლის სულფიდი; სულფიდების კლასის კაშკაშა წითელი ფერის მინერალი. წარმოადგენს ვერცხლისწყლისა და გოგირდის ნაერთს. ცნობილია ორი სახის: ბუნებრივი, მინერალური წარმოშობის და ხელოვნური გზით მიღებული. უძველესი დროიდან ს. საღებავს იყენებდნენ ხელნაწეერების და ბეჭდვითი წიგნების მოსართავად და აბზაცის პირველი ასოების გამოსაყვანად.

სინდიკატი (ბერძ.) - მონოპოლიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ახორციელებს მთელ კომერციულ საქმიანობას, თუმცა მასში შემავალი საწარმოები ინარჩუნებენ წარმოებრივ და იურიდიულ დამოუკიდებლობას.

სინდიყი - იგივეა, რაც ვერცხლისწყალი.

სინეგრისტი - მასალა (ანტიდამჟანგავი დისპერსიული აგენტი), რომელიც აძლიერებს მერქნის წვის ძირითადი შემანელებლის მოქმედებას.

სინერგიზმი (ბერძ.) - 1. კომპონენტების ურთიერთგაძლიერება ცეცხლდაცვის პროცესში; 2. ორგანოებისა (მაგ., კუნთებისა) და სისტემების ერთობლივი და ერთგვაროვანი მოქმედება; 3. ორგანიზმზე სამკურნალწამლო ნივთიერებათა კომბინირებული მოქმედება, რომლის ეფექტი სჭარბობს თითოეული კომპონენტის ცალკე მოქმედებას

სინთეზი [ბერძ. Synthesis შეერთება]  - 1. მეცნიერული კვლევის მეთოდი, საგნის ან მოვლენის შესწავლა მთლიანობაში, მისი ნაწილების ურთიერთკავშირში (საპირისპიროა - ანალიზი); 2. შეერთება, განზოგადება; 3. ქიმიური ნივთიერების მიღება მარტივ ნივთიერებათა ან ელემენტთა შეერთების გზით.

სინთეზური - სინთეზზე დამყარებული; რაც სინთეზით მიიღება: სინთეზური კაუჩუკი - ხელოვნური კაუჩუკი;  სინთეზური ბოჭკო  - ბოჭკო, მიღებული მარტივი ნივთიერებებიდან (ასეთებია: ნეილონი, კაპრონი, ლავსანი და მისთ.) და სხვ.

სინთეზური წიდა - ნადნობი, კალციუმის ჟანგის, თიხამიწის, რკინის ჟანგეულის, მლხობი შპატისა და სხვ. მასალებისაგან რკალურ ღუმელებში. გამოიყენება თხევადი ფოლადის რაფინირებისათვის (დესულფურაცია, დეფოსფორაცია, განჟანგვა). მკვეთრად აუმჯობესებს ფოლადის ხარისხს.

სინთეტიკა - სინთეზური მასალები; ასეთ მასალათა ნაწარმი.

სინკლინი (ბერძ.) - ჩაზნექილი ნაოჭი (ძირითადად მთის ქანების მიმართ იხმარება), რომლის ფრთები ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებითაა დაქანებული. ს. შებრუნებული ნაოჭია ანტიკლინი. განასხვავებენ სიმეტრიულ, ასიმეტრიულ და სხვა სახის სინკლინებს.

სინკრიტი - ცემენტ-პოლიმერის (ძვ. კირისა და ქვიშის) დეკორატიული შრე (ნახ. 1) სისქით 2-4 მმ ბუნებრივი ქვის, გრანიტის, კლდოვანი ქანის, ფრანგული ქვის და მისთ. ფაქტურის მისაღებად სპეციალური შტამპების მეშვეობით. გამოიყენება კედლების, კოლონების, კიბეების, საფეხურების, თაროების, ბარების, აბაზანების, ქუჩის ავეჯის, საყრდენი კედლების, წყლის აუზების, შადრევნებისა და ჩანჩქერების საფუძვლების და სხვ. ზედაპირების დასამუშავებლად.

სინოკსალი - კერამიკული მასალა ალუმინის ჟანგის საფუძველზე. გამოირჩევა კარგი თერმომექანიკური და დიელექტრიკული თვისებებით. გამოიყენება როგორც მაღალტემპერატურული დიელექტრიკი და როგორც კონსტრუქციული მასალა მანქანათმშენებლობაში.

სინონიმი [ბერძ. Synonymos] - სიტყვა, რომელიც მნიშვნელობით სხვა სიტყვას ემთხვევა ან ძალიან უახლოვდება, ბგერითი შემადგენლობით კი განსხვავდება მისგან (მაგ., «ლამაზი» და «მშვენიერი», «პატარა» და «მცირე»).

სინოპალი - საგზაო მშენებლობაში გამოყენებული ნადნობი ქვის მასალა, რომელსაც აქვს არეკვლის დიდი უნარი, წარმოადგენს თეთრი ფერის ღორღს (სიმკვრივე 1200 კგ/მ3, სიმტკიცე 250...300 მპა). ასფალტბეტონში ჩაყოლებული სინოპალი ზრდის სინათლის არეკვლას, შეჭიდულობას, ამცირებს განათების ხარჯს.

სინოპტიკა - მეცნიერება ამინდის წინასწარი გამოცნობის შესახებ.

სინოპტიკოსი - სპეციალისტი მეტეოროლოგი, რომელიც ამინდის პროგნოზებს იძლევა.

სინოპტიკური [ბერძ. Synoptikos ყველაფრის ერთად განმხილველი] - 1. რაც რაიმე რთული მთელის ყველა ნაწილის მიმოხილვას შეიცავს; კრებსითი. 2. რაც დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ პირობებთან, ამინდის მდგომარეობასთან.

სინოპტიკური რუკა - გეოგრაფიული რუკა, რომელზედაც ციფრებითა და პირობითი ნიშნებით აღნიშნულია უახლოეს დღეებში დედამიწის დიდ სივრცეზე ამინდის განმსაზღვრელი მონაცემები.

სინუსოიდი (ლათ., ღუნი, სიმრუდე) - ფუნქციის y = sinx  გრაფიკი (ნახ. 1), ტალღოვანი ხაზი, რომელიც გამოსახავს სინუსის ცვლილებას α კუთხის ცვლასთან ერთად 0-დან 2π-მდე.

სინქრონიზატორი - მოწყობილობა კბილანების დაურტყმელად და უხმაუროდ ჩასართველად ავტომობილის ან სხვა რაიმე მექანიზმის გადაცემათა კოლოფში.

სინქრონიზაცია (ბერძ.) - ორი ან რამდენიმე მოვლენის, პროცესის ზუსტი დამთხვევა დროში, ერთდროულად მიმდინარეობა. ს. დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკაში. მექანიზმს ან მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ს., სინქრონიზატორს უწოდებენ (მაგ., მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს კბილანების მდოვრედ ჩართვას ავტომობილის სიჩქარის კოლოფში).

სინქრონიზმი (ბერძ.) - ორი ან რამდენიმე მოვლენის, პროცესის ზუსტი დამთხვევა დროში, ერთდროულად მიმდინარეობა.

სინქრონული - რასაც სინქრონიზმი ახასიათებს.

სინქრონული რხევები - რხევები, რომლებიც ერთი და იმავე სიხშირით მიმდინარეობენ.

სინქროტრონი (ბერძ.) - დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის რგოლური ციკლური ასაჩქარებელი, რომელშიც ნაწილაკები მოძრაობენ ორბიტაზე უცვლელი რადიუსით იმის ხარჯზე, რომ მათი ენერგიის ზრდა აჩქარებულ მონაკვეთებში სინქნონიზებულია ორბიტაზე მაგნიტური ველის ზრდის სიჩქარის შესაბამისად. ს. საშუალებას იძლევა მოახდინოს როგორც მსუბუქი (ელექტრონები, პოზიტრონები), ისე მძიმე (პროტონები, ანტიპროტონები, იონები) დამუხტული ნაწილაკების აჩქარება ყველაზე დიდი ენერგიამდე. იყენებენ გამოკვლევებისათვის ატომურ ფიზიკაში.

სინქროფაზოტრონი (ბერძ.) - დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის რეზონანსული ასაჩქარებელი, რომელიც იკვლევს პროტონების კონის ენერგიას. იყენებენ გამოკვლევებისათვის ატომურ ფიზიკაში.

სინჯი - გამოსაკვლევი მასალიდან აღებული საჭირო რაოდენობის ნიმუში, რომელიც მასალის თვისებების დასადგენადაა საკმარისი. დაქუცმაცების პროდუქტის მარცვლოვანი შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით გარკვეული რაოდენობის მასალა - სინჯი გაიცრება მრგვალხვრეტებიან საცერზე. ს. მასა (კგ) დაკავშირებულია ნაჭრების მაქსიმალურ სიმსხოსთან შემდეგი დამოკიდებულებით P=0,02d2+0,5d, სადაც d - ნაჭრის მაქსიმალური ზომაა, მმ. გაცრის შედეგად ს. იყოფა ზომის მიხედვით რამდენიმე კლასად.

სიონი - მაღალი ტაძარი, ღვთის სადგომი, უფალი. საქართველოში ამ ტაძრების საკმაო რაოდენობაა: თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი, ბოლნისის, მანგლისის, დმანისის, ატენის და სხვ.

სირაჯხანა (სპარს.) - 1. სირაჯის დუქანი, ღვინის სავაჭ=რო; 2. (სირაჩხანა) ორი უბნის სახელი ძველად თბილისში: დიდი სირაჩხანა (მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დარეჯანის სასახლის ძირში) და პატარა სირაჩხანა (მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ჟ. შარდენის და კ. ლესელიძის ქუჩების შესაყარაზე).

სირენა [ბერძ. Seiren] - 1. ძლიერი და მკვეთრი ხმის გამომცემი სასიგნალო მოწყობილობა; 2. იგივეა, რაც სირინოზი.

სირენგარიუმი (ლათ.) - იასამნების ბაღი.

სისადმინი - (აბრევიატურა) სისტემური ადმინისტრატორი, რომელსაც ავალია კომპიუტერული ტექნიკის პარკის, ქსელის და პროგრამული უზრუნველყოფის მოვლა და ზედამხედველობა ორგანიზაციაში.

სისალე (სიმაგრე) - მასალის წინააღმდეგობა (გამძლეობა) ადგილობრივი პლასტიკური დეფორმაციისადმი, რომელიც აღიძვრება მასში უფრო მაგარი სხეულის (ინდენტორის) ჩაჭედვის (დაწოლის) შედეგად. მასალის ს. შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა კრიტერიუმით. ხშირ შემთხვევაში ს. განისაზღვრება ზედაპირზე დარჩენილი ნაჭდევის ზომის მიხედვით, მაგალითად, ბრინელის, ვიკკერსისა და როკველის მეთოდებით. აღინიშნება შესაბამისად: HRB, HV და HRC. მინერალების ს. მათი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური და ტიპომორფული ნიშანია; ჩვეულებრივ განისაზღვრება შეფარდებითი მინერალოგიური სკალის ეტალონებით. სისალე განისაზღვრება როგორც ფარდობა დატვირთვის სიდიდისა ზედაპირის ნაჭდევის ფართობთან, ნაჭდევის პროექციის ფართობთან ან ნაჭდევის მოცულობასთან. შესაბამისად განასხვავებენ ზედაპირულ, საპროექციო და მოცულობით სისალეს. ს. იზომება სამ დიაპაზონში: მაკრო, მიკრო და ნანო. მაკროდიაპაზონი რეგლამენტირებას უკეთებს ინდენტორზე დატვირთვის სიდიდეს 2 ნ-დან 30 კნ-მდე. მიკროდიაპაზონი - 2 ნ-მდე და ინდენტორის სხეულში ჩაღრმავებას მეტი 0,2 მკმ. ნანოდიაპაზონი კი მხოლოდ ინდენტორის ჩაღრმავებაზე, რომელიც უნდა იყოს ნაკლები 0,2 მკმ-ზე. ხშირად სისალეს ნანოდიაპაზონში უწოდებენ ნანოსისალეს (ნანოსიმაგრეს). გარდა ზემოთაღნიშნულია, არსებობს ს. გაზომვის სხვა მეთოდებიც: შორის, ბუხგოლცის, პოლდის, კუზნეცოვ-ჰერბერტ-რებინდერის, ასკერის შკალით, მოოსის შკალით და სხვ.

სისალე ზედაპირული - დატვირთვის ფარდობა ნაჭდევის ზედაპირულ ფართობთან.

სისალე მოცულობითი - დატვირთვის ფარდობა ნაჭდევის მოცულობასთან.

სისალე საპროექციო - დატვირთვის ფარდობა ნაჭდევის პროექციის ფართობთან.

სისველე - სველის თვისება, სველად ყოფნა; ჭარბი ტენიანობა.

სისიტილი (ბერძ.) - ანტიკური ტაძარი, რომლის სვეტშორისი სვეტის დიამეტრის ტოლია.

სისტემა [ბერძ. Systema] - 1. გარკვეული წესრიგი, რაც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე; 2. ერთობლიობა პრინციპებისა, რომლებიც რაიმე მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს; 3. დაჯგუფება, კლასიფიკაცია; 4. სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილებისაგან (მაგ., მზის სისტემა, ნერვული სისტემა). 5. საზოგადოებრივი წყობილების ფორმა (მაგ., სოციალისტური სისტემა, კაპიტალისტური სისტემა, სახელმწიფოებრივი სისტემა); 6. რისამე მოწყობის, ორგანიზაციის ფორმა, წესი (მაგ., საარჩევნო სისტემა); 7. ორგანიზაციულად გაერთიანებულ წარმოებათა, დაწესებულებათა ერთობლიობა; 8. ცოდნის მთლიანობა ბუნებასა და საზოგადოებაზე; 9. მეცნიერებასა და ტექნიკაში - კვანძების, აგრეგატების ხელსაწყოების, ცნებებისა და ნორმების სიმრავლე, აგრეთვე ავტომატიზებული მართვის და ფიზიკურ ერთეულთა, ათვლისა და ავტომატური რეგულირების, ადაპტური და გრავიტაციული, ზომათა მეტრული და ჩასმადაშვებათა ს. და სხვ.

სისტემა ადგილობრივი გაწოვის - ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციის სისტემა, რომლის ჰაერსატარებს უშუალოდ უერთდება ადგილობრივი გაწოვის მილები.

სისტემა არამდგრადი - სისტემა, რომელიც უმნიშვნელო აღმგზნები ზემოქმედების შემდეგაც კი არ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და გარკვეული გარდამავალი პროცესის დამთავრების შემდეგ რაღაც სხვა მდგრად მდგომარეობაში აღმოჩნდება.

სისტემა არაჰოლონომიური - არათავისუფალი მექანიკური სისტემა, რომელიც განიცდის არაჰოლონომიურ ბმებს.

სისტემა დეაერაციის - მოწყობილობის კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარის თავისუფალი სივრცის კავშირს ატმოსფეროსთან.

სისტემა თბომომარაგების - ერთმანეთთან დაკავშირებული ენერგოდანადგარების ერთობლიობა რაიონის, ქალაქის, საწარმოს თბომომარაგებისათვის.

სისტემა მდგრადი - სისტემა, რომელიც შემთხვევითი აღმგზნები ზემოქმედების შემდეგ თავისით უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

სისტემა მზიდი (სატვირთო, ჩასაშვები, მუშა) - სისტემა, რომელიც შედგება მზიდი თოკის (ბაგირის), ჩასაშვები მოწყობილობის და ჩამოვარდნისაგან დაცვის საშუალებებისაგან. მისი დანიშნულებაა სიმაღლეზე მომუშავეთა დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან.

სისტემა ოპტიმალური - სისტემა, რომლისთვისაც არჩეული გარკვეული კრიტერიუმი (იშვიათად რამდენიმე კრიტერიუმი) ღებულობს ოპტიმალურ მნიშვნელობას. ასეთი კრიტერიუმები შეიძლება იყოს მაგ., სწრაფი ქმედება, მინიმალური დანახარჯი, სიზუსტე ან განზოგადებული კრიტერიუმი, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე სიდიდის ფუნქციას. მართვის ოპტიმალური სისტემების შექმნის მიზანი იყო ავტომატიზებული და მეთვალყურე სისტემების სისწრაფის ამაღლება შესაძლო ზღვრამდე. მათი საშუალებით შესაძლებელია გავაუმჯობესოთ საქვაბე დანადგარების, სადნობი ღუმელების, ქიმიური რეაქტორების მუშაობის რეჟიმი, გემების, თვითმფრინავებისა და სხვა მოძრავი ობიექტების მანევრირება.

სისტემა საერთო ელექტრომომარაგების - ელექტროენერგიით მომმარაგებელი ორგანიზაციის ელექტროდანადგარებისა და ელექტრომოწყობილობების ერთობლიობა მომმხმარებლების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის.

სისტემა სკლერონომური - არათავისუფალი მექანიკური სისტემა, რომლის ყველა ბმა სკლერონომურია.

სისტემა სტატიკურად განსაზღვრული - მექანიკური სისტემა, რომელშიც უცნობი რეაქციების რაოდენობა ტოლია მოცემულ სისტემაზე მოქმედი ძალების წონასწორობის განტოლებების რაოდენობისა.

სისტემა სტატიკურად განუსაზღვრელი - მექანიკური სისტემა, რომელშიც უცნობი რეაქციების რაოდენობა მეტია მოცემულ სისტემაზე მოქმედი ძალების წონასწორობის განტოლებების რაოდენობაზე.

სისტემა ტექნიკური მომსახურების - ერთმანეთთან დაკავშირებული საშუალებების (დოკუმენტაცია, მომსახურება, რემონტი, შემსრულებლები და ა.შ.) ერთობლიობა, აუცილებელი ამ სისტემაში შემავალი დანადგარების ხარისხის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის.

სისტემა უცვლადი - ნივთიერ წერტილთა სისტემა (მექანიკური სისტემა), რომლის მოძრაობისას მის ნებისმიერ ორ წერტილს შორის მანძილი არ იცვლება.

სისტემა ძალთა - სხეულზე (მექანიკურ სისტემაზე) მოქმედ ძალთა რაიმე ერთობლიობა.

სისტემა წყალმომარაგების ადგილობრივი - წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, დაპროექტებული დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების ობიექტებისათვის, 10-დან 200-მდე მაცხოვრებლისათვის.

სისტემა წყალმომარაგების ინდივიდუალური - წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, დაპროექტებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისათვის 10-მდე მაცხოვრებლისათვის.

სისტემა წყალმომარაგების ცენტრალური - წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, დაპროექტებული დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების ობიექტებისათვის, 200-დან 500-მდე მაცხოვრებლისათვის.

სისტემა წყალსარინის - ნაგებობების კომპლექსი გაწმენდილი ჩამდინარი წყლების თავმოყრის, საცხოვრებელი ტერიტორიიდან გაყვანისა და წყალმიმღებში ჩაშვებისათვის, აგრეთვე ამ პროცესში დაგროვილი ნალექების გაუწყლოებისათვის.

სისტემა ხაზოვანი - მერხევი მექანიკური სისტემა, რომლის მასა, დრეკადობა და ხახუნის კოეფიციენტი მუდმივია და არ არის დამოკიდებული სისტემაზე მოქმედ ძალებზე, სისტემის გადაადგილებაზე და სიჩქარეზე.

სისტემა ჰაერის კონდიცირების - ტექნიკური დანადგარი, რომელიც შედგება ერთმანეთთან კონსტრუქციული ელემენტებით დაკავშირებული მოწყობილობების კომპლექტისაგან, რომლის დანიშნულებაა სათავსში, ან მის ცალკეულ ზონებში, მიკროკლიმატის შექმნა და ავტომატურად შენარჩუნება.

სისტემა ჰოლონომური - არათავისუფალი მექანიკური სისტემა, რომლის ყველა ბმა ჰოლონომურია.

სისტემატური - 1. რაც სისტემას ქმნის; გარკვეული წესის მიხედვით განლაგებული, წარმოებული; 2. მუდმივი, განუწყვეტელი, რეგულარული.

სისტემის სტაბილიზაცია - სისტემის დინამიური თვისებების ცვლილება, რომელიც მიმართულია მისი მდგრადობის გაზრდისაკენ, მილევად პროცესში გადასვლის გასაზრდელად. გარე შემაშფოთებლის ზემოქმედების გავლენის შემცირება მის მდგრადობაზე. სისტემის სტაბილიზაცია მიიღწევა გასაზომი მაჩვენებლების ან სტრუქტურის ცვლილებით. კერძო შემთხვევაში, სტაბილიზაცია ესაა დინამიური თვისებების კორექცია (შესწორება).

სიტალი - მონოკრისტალური მასალა, მიიღება მინის მართვადი კრისტალიზაციის შედეგად. სიტალებია მუქი ყავისფერი, რუხი და თეთრი ფერის, გამჭვირვალე და გაუმჭვირი, სტრუქტურა მიკრო-ბეტონის მსგავსია, სადაც შემვსებია კრისტალები, შემკვრელი - მინა. სიტალებს აქვს დიდი სიმტკიცე კუმშვაზე - 500...1500 მპა, გაჭიმვაზე 25...500 მპა, ქიმიური მედეგობა - 99,8%, დაბალი ცვეთადობა - 0,016...0,03 გ/სმ2, თბომედეგობა - 200...11000C. იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში (მილები, ფილები, ტუმბოს დეტალები), ჰიდროტექნიკაში (ტურბინების და წყალდასაშვების მოპირკეთება), საგზაო და სამოქალაქო მშენებლობაში (მოსაპირკეთებელი ქვები, კიბის საფეხურები და მარშები, სანტექნიკური მოწყობილობა, სახურავის ტალღოვანი ფურცლები და სხვ.).

სიტუაციური გეგმა - ადგილმდებარეობის გრაფიკული გამოსახულება საგანგებო პირობითი ნიშნების საშუალებით.

სიურექცია - ერთი (A) სიმრავლის ისეთი ასახვა მეორე (B) სიმრავლეზე ისე, რომ B სიმრავლის ნებისმიერ ელემენტს აქვს პირველსახე A -ში.

სიფ-ი (ინგლ.) - საგარეო ვაჭრობაში - სავაჭრო შეთანხმების სახეობა, რაც გულისხმობს საქონლის ჩატანას დამკვეთამდე საზღვაო გზით და შეიცავს მის ფასს, დაზღვევისა და გადაზიდვის ხარჯებს.

სიფონი [ბერძ. Siphon მილი] - 1. სხვადასხვა სიგრძის ორი მუხლის მქონე მოღუნული მილი (თუჯის, პლასტმასის, ფოლადის) სითხის გადასასხმელად ერთი ჭურჭლიდან მეორე, უფრო დაბალდონიან ჭურჭელში (ნახ. 1: საკანალიზაციო პლასტმასის სიფონი); 2. ასეთი მილის მქონე ჭურჭელი, ბოთლი, გაზიანი ან მინერალური წყლისათვის; 3. წევის გასაძლიერებელი მოწყობილობა ორთქლმავლის საცეცხლეში; 4. სპელეოლოგიაში: კლდოვანი ნაპრალი; 5. ჰიდროგრაფიაში ხელოვნური ან ბუნებრივი წარმოშობის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც მთლიანად წყლითაა ამოვსებული.

სიღრმე - 1. მანძილი რისამე ზედაპირიდან ფსკერამდე; 2. ზედაპირიდან ქვევით ან ნაპირიდან შიგნით დიდ მანძილზე დაშორებული ადგილი; 3. (გადატანით) რისამე მაღალი დონე, სიდიადე, სიძლიერე, სიმძაფრე

სიღრმესაზომი - ხელსაწყო, რომელიც ზომავს ნახვრეტის, კილოს სიღმეს, საფეხურების სიმაღლეს და სხვ. ს. ფუძეს აყენებენ ზედაპირზე, რომლიდანაც ადგენენ სიმაღლეს. მოქმედების პრინციპის მიხედვით არსებობს: შტანგენსიღრმესაზომი (ნახ. 1, შტანგენსიღრმესაზომი ციფრული), გაზომვის ზღვრით 500 მმ-მდე და ანათვლის სიზუსტით 0,05 და 0,1 მმ; მიკრომეტრული (ნახ. 2) - გაზომვის ზღვრით 150 მმ-მდე და დანაყოფის ფასით 0,01 მმ; ინდიკატორული (ნახ. 3) - გაზომვის ზღვრით 100 მმ-მდე და დანაყოფის ფასით 0,01 მმ.

სიღრმული რეპერი - სპეციალური კონსტრუქციის არაწრფივი რეპერი (რომლის ძირი დგება მკვრივ, დინამიკურად მდგრად გრუნტზე), რომელიც გეოდეზიური საფუძველია შენობის, ნაგებობისა და მიწის ზედაპირზე გოდეზიური დაკვირვებების შესასრულებლად.

სიყვითლე - ქიმიური შეფერილობის მანკი, რომელიც მერქანს აძლევს ყვითელ ფერს.

სიშტოფი - თიხამიწის წარმოების ნარჩენი 60...65% აქტიური კაჟმიწის შემცველობით. გამოიყენება ცემენტის წარმოებაში როგორც დანამატი.

სიჩქარე - სხეულის მიერ გავლილი მანძილის შეფარდება დროის ერთეულთან. მატერიალური წერტილის მოძრაობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი. იგი ამ წერტილის მოძრაობის მხარეს ტრაექტორიის მხები მიმართულებისაა. მისი სიდიდე v = ds/dt, სადაც ds - წერტილის მიერ გავლილი გზაა (მანძილია) დროის მცირე dt მონაკვეთში. მატერიალური წერტილის ს. ვექტორის პროექციები დეკარტეს კოორდინატთა სისტემის ღერძებზე  x, y და z კოორდინატებით გამოისახება თანაფარდობით vx = dx/dt, vy = dy/dt, vz = dz/dt. ს. ერთეული SI სისტემაში არის მ/წმ.

სიჩქარე გადატანითი მოძრაობის - გადატანითად მოძრავი მყარი სხეულის ნებისმიერი წერტილის სიჩქარე.

სიჩქარე გორვის - მგორავი მყარი სხეულის კუთხური სიჩქარე იმ სხეულის მიმართ, რომელზეც იგი მიგორავს.

სიჩქარე კომერციული - ტვირთვის მოძრაობის საშუალო სიჩქარე მისი გადაცემის მომენტიდან მომხმარებელთან მიტანამდე ანუ გადაზიდვის მანძილის ფარდობა დატვირთვის, გადაზიდვის, შუალედურ პუნქტებში დგომისა და გადმოტვირთვის ჯამურ დროსთან.

სიჩქარე საწყისი - 1. სიჩქარე დროის საწყის მომენტში; 2. არტილერიაში - ჭურვის (ტყვიის) მოძრაობის საწყისი სიჩქარე ლულის არხიდან გამოსვლისას; ერთ-ერთი მთავარი ბალისტიკური მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს ჭურვის (ტყვიის) ფრენის სიშორეს, სიმძლავრეს და განმგრევ მოქმედებას.

სიჩქარე სექტორული - მოძრავი წერტილის რადიუს-ვექტორის მიერ შემოწერილი ფიგურის ფართობის წარმოებული დროით.

სიჩქარე ტექნიკური - გაჩერების ორ პუნქტს შორის მოძრაობის საშუალო სიჩქარე.

სიჩქარე ფარდობითი - მოძრავი წერტილის სიჩქარე ათვლის მოძრავი სისტემის მიმართ.

სიჩქარე წრფივი - იმ სხეულის წერტილის სიჩქარე, რომელიც ასრულებს ბრუნვით მოძრაობას.

სიჩქარეთა მყისი ცენტრი (ბრუნვის მყისი ცენტრი) - მყარი სხეულის ბრტყელი მოძრაობის დროს ბრუნვის მყისი ღერძის კვალი მოძრაობის სიბრტყეზე.

სიჩქარეთა შეკრების თეორემა - წერტილის რთული მოძრაობის დროს მისი აბსოლუტური სიჩქარე ტოლია ფარდობითი და წარმტანი სიჩქარეების გეომეტრიული ჯამისა.

სიჭარბე - ტექნიკური ნაკეთობის (სისტემის, მოწყობილობის) ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო აუცილებელი, მინიმალურზე მეტი შესაძლებლობების არსებობა. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ამწევი ძალის, ელექტროენერგიის, სიმძლავრის, მასის, ჰაერის და სხვათა სიჭარბე.

სიხისტე - სხეულის ან კონსტრუქციის უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა დეფორმაციის წარმოქმნას. აბსოლუტურად მყარი სხეულის (რომელიც სინამდვილეში არ გვხვდება) ს. უსასრულოდ დიდია, ხოლო რეზინისა - ძალიან მცირე. მათ შორის თავსდება ყველა რეალური მასალა, რომელთა ს. ზემოთხსენებულ საზღვრებშია. მარტივი დეფორმაციების შემთხვევაში (ჰუკის კანონის საზღვრებში) ს. განისაზღვრება დრეკადობის მოდულის ნამრავლით ელემენტის განივი კვეთის ამა თუ იმ გეომეტრიულ მახასიათებელზე (კვეთის ფართზე - გაჭიმვა -კუმშვისა და ძვრისას, ინერციის ღერძულ მომენტზე - ღუნვისას და ა.შ.). ს. შებრუნებულ სიდიდეს მოქნილობას უწოდებენ.

სიხისტის დიაფრაგმები - შენობის მზიდი სისტემის ვერტიკალური ელემენტები, რომლებიც ღებულობს ჰორიზონტალურ დატვირთვებს (ქარის, სეისმურს და სხვ.) და გადასცემს მას საძირკვლებს; გარდა ამისა, ს.დ. ღებულობს ვერტიკალურ დატვირთვებს, რომლებიც უშუალოდა მათზეა მოდებული რიგელების, გადახურვის ფილების, კიბეების, საინჟინრო დანადგარებისაგან და სხვ. როგორც წესი, არის დაარმირებული რკ.ბ.-ის (იშვიათად ლითონის) ტიხარი სისქით 10...15 სმ. ს.დ. ყენდება კოლონიდან კოლონამდე, მიემაგრება მათ და მუშაობს მათთან ერთად. კონსტრუქციის მიხედვით არსებობს შემდეგი სახის: ორთაროიანი (ნახ. 1), ერთთაროიანი, მთლიანი (ბრტყელი), კარის ღიობით, სავენტილაციო არხებითა და შედგენილი.

სიხისტის წიბო - სამშენებლო კონსტრუქციის ელემენტი (სვეტებში, კოჭებში, ფილებში, გარსებში) თხელი ფირფიტის სახით, რომლის დანიშნულებაა ცალკეული ელემენტების სიხისტის გაზრდა, რომ არ მოხდეს ამ ელემენტის ადგილობრივი მდგრადობის დაკარგვა.

სიხშირე - ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს პერიოდულ პროცესს და ტოლია დროის ერთეულში შესრულებული სრულ ციკლთა რაოდენობისა. მის შებრუნებულ სიდიდეს პერიოდი ეწოდება.ფიზიკის სხვადასხვა დარგებში სიხშირე აღინიშნება ლათინური ასოთი ƒ (ეფ) ან ბერძნული ასოთი ν (ნიუ). ს. ერთეული ერთეულთა საერთაშორისისო SI სისტემაში არის ჰერცი (ჰც, Hz). მბრუნავი მექანიკური ხელსაწყოებისა და დანადგარების მოძრაობის დასახასიათებლად ტრადიციულად გამოიყენება აგრეთვე ერთეული ბრუნი წუთში. 60 ბრუნი წუთში 1 ჰერცის ექვივალენტურია. პერიოდი, როგორც წესი, აღინიშნება ასოთი T, და არის დრო, რომელიც ერთი ციკლის შესრულებას სჭირდება. პერიოდი და სიხშირე დაკავშირებულია ერთმანეთთან ფორმულით: T = 1/ƒ. SI სისტემაში პერიოდის ერთეულია წამი.

სკაიპი (ინგლ.) - პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინტერნეტში კომპიუტერებს შორის ინფორმაციის მიღება-გადაცემა ტექსტური შეტყობინების, ხმოვანი თუ ვიზუალური ფორმით, ასევე ფასიანი დაკავშირება ჩვეულებრივ სატელეფონო აბონენტებთან.

სკალა (ლათ., კიბე) - გაზომვათა საშუალებები, ათვლის მოწყობილობის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ნიშნულებისა და ათვლის რიცხვების ან სხვა სიმბოლოების ერთობლიობას, რაც შეესაბამება სიდიდეთა მთელ რიგ თანმიმდევრობით მნიშვნელობებს.

სკალარი [ლათ. Scalaris საფეხურებიანი] - ისეთი სიდიდე, რომლის ყველა მნიშვნელობა (ვექტორულისგან განსხვავებით) შეიძლება იყოს გამოსახული ერთი ნამდვილი რიცხვით, რის გამოც, სკალარულ სიდიდეთა ერთობლიობა შეიძლება გამოისახოს წრფივ სკალაზე. სიგრძე, ფართობი, დრო, მოცულობა, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა და ა.შ. სკალარული სიდიდეებია.

სკალარული სიდიდე - იხ. სკალარი.

სკალირება - ანალიტიკური ინსტრუმენტის შექმნის საშუალება, რომელიც, პირველ რიგში, მისაწვდომს ხდის ვერბალური გამონათქვამების რაოდენობრივ შეფასებას და მეორეც, მკაცრად შეესატყვისება თვისებრივ მოთხოვნებს, რომლებსაც ტესტების თეორია აყენებს. ს. უზრუნველყოფს ვერბალურ გამონათქვამთა კვანტიფიკაციის შესაძლებლობას. მისი პროცედურის წესები მჭიდროდ უკავშირდება მათემატიკური სტატისტიკის სამუშაო აპარატს. ს. მთავარი ამოცანაა თვისებრივად განსხვავებული მონაცემების მიყვანა შეპირისპირებად რაოდენობრივ მაჩვენებლებთან. ის შეკრებილი სტატისტიკური, მოპოვებული მასალის ანალიზის საშუალებას იძლევა

სკალპელი - 1. მრგვალი ან წახნაგოვანი ფოლადის ღერო, რომლის ერთი ბრტყელი ბოლო წამახვილებულია, ხოლო მეორე ბლაგვ ბოლოზე ხდება ჩაქუჩის დარტყმა (ნახ. 1). გამოიყენება მოქანდაკეების მიერ, აგრეთვე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას; 2. მედიც. ქირურგის სამუშაო ინსტრუმენტი - პატარა ქირურგიული დანა.



სკამი (ლათ.) - დასაჯდომი ავეჯი (დგამი), ჩვეულებრივ ხისა, ფეხებიანი და ზურგიანი.

სკამლოგინი - მთლიანი ხის გრძელი და ფართო სკამი, რომელსაც საწოლადაც იყენებენ.

სკანდის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, სოფელ სკანდის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) ჩრდილოეთ მხარეს, მაღალ კლდოვან გორაკზე. ააგო IV საუკუნეში ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ ქართლის საზღვარზე, მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ქვემო იმერეთთან და შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა.

სკანირება (ინგლ., ხედვის არე, განშლა) - 1. სხივის ან ელექტრონების კონის მართული სივრცითი გადაადგილება (განსაზღვრული) გარკვეული კანონით, რომელიც ქმნის გამოსახულებას. სკანირებას ახდენენ მექანიკური ან არამექანიკური მეთოდებით; 2. კომპიუტერულ საქმიანობაში - ტექსტის ან ფოტოს გადაღება სპეციალური პერიფერიული დანადგარის მიხედვით და ვიზუალური ინფორმაციის ჩაწერა; 3. რადიოლოგიაში - რადიოაქტიური პრეპერატების განაწილების გამოკვლევა, რომლებიც შეჰყავთ ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში დიაგნოსტიკური, სამკურნალო ან გამოკვლევის მიზნით.

სკანსენი - ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი, სადაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილია და გამართულია საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები.

სკარნი (შვედ.) - ქანი, რომელიც შედგება კალციუმის, მაგნიუმისა და რკინის სილიკატებისაგან. მინერალოგიური და ქიმიური შემადგენლობის მიხედვით არსებობს ორი სახის ს.: კირისა და მაგნეზიური. კირის სკანებთან დაკავშირებულია რკინის, სპილენძის, ვოლფრამის, მოლიბდენის, ტყვიის, თუთიის და ბორის მადნების არსებობა, ხოლო მაგნეზიური სკარნებისათვის დამახასიათებელია მაგნიუმის შემცველი მინერალები: დიოპსიდი, ფორსტერიტი, ფლოგოპიტი, დოლომიტი, აპატიტი, სფენი, ორტიტი და სკაპოლიტი.

სკარპელი (იტალ.) - მოქანდაკის იარაღი ქვის სუფთად დამუშავებისათვის; წარმოადგენს ლითონის ღეროს, რომლის ერთი ბოლო ნიჩაბივით არის გაფართოებული და ბასრი, აქვს გალესილი პირი, ხოლო მეორე (ბლაგვი) ბოლოდან ურტყამენ ხის ჩაქუჩს.

სკაფანდრი (ფრანგ.) - მყვინთავის, კოსმონავტის, სტრატონავტის სპეციალური წყალშეუვალი კოსტიუმი, რომელსაც აქვს ჩაფხუტი და სასუნთქი აპარატი.

სკენა (ბერძ.) - ძველი ბერძნული თეატრის სასცენო ნაწილი.

სკეტინგ-რინკი [ინგლ. Skating-rink] - მოასფალტებული მოედანი ან ხის იატაკი გორგოლაჭებიანი ციგურებით (სკეიტბორდებით) სარბენად.

სკვერი (ინგლ. Square) - კეთილმოწყობილი და გამწვანებული ტერიტორია საცხოვრებელი განაშენიანების შიგნით (ნახ. 1).

სკიპი [ინგლ. Skip]  - ფხვიერი მასალების ამწევ-გადამტანი რკინის ყუთი, რომელიც ავტომატურად იტვირთება და იცლება. სკიპით აღჭურვილია სკიპური გადასაადგილებელი ან სტაციონარული ამწეები. განტვირთვის ადგილზე ს. ავტომატურად აყირავდება ან გასასახსნელი ძირიდან განიტვირთება. ს. უწოდებენ აგრეთვე გრავიტაციული ბეტონშემრევის ჩამტვირთავ ციცხვს. გამოიყენება მადნის, ნახშირის, ქვიშის, ხრეშის, ღორღის და მისთ. ასაწევად.

სკიპიდარი (რუს.) - მკვეთრი სუნის მქონე მოყვითალო სითხე; წყალში უხსნადი; ადვილად იჟანგება ჰაერზე. მოიპოვება ფიჭვის მასალის გამოხდით წყლის ორთქლთან, აგრეთვე მერქნის მშრალი გზით გამოხდის ან გამხსნელების ექსტრაქციით. გამოიყენება ლაქ-საღებავების, ცხიმების, ქაფურის გამხსნელად, მედიცინაში და სხვ.

სკლერენქიმა [ბერძ. Skleros მაგარი და enchyma გავსებული; ქსოვილი] - მცენარეთა მექანიკური ქსოვილი; შედგება სქელკედლებიანი, წაგრძელებული და ბოლოებწაწვეტებული, გახევებული უჯრედებისაგან.

სკლერომეტრი [ბერძ. Skleros მაგარი და metreo ვზომავ] - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ ლითონებისა და მინერალების სიმაგრეს.

სკლერონი - ალუმინის შენადნობი თუთიასთან, სპილენძთან, მანგანუმთან და სხვა ლითონებთან. იყენებენ მანქანათმშენებლობაში, საავიაციო მრეწველობაში.

სკლერონომური - სტაციონალური, ავტონომიური - დროსაგან დამოუკიდებელი „სივრცით-დროით“ კოორდინატთა სისტემაში.

სკლეროსკოპი [ბერძ. Skleros მაგარი და skopeo ვუყურებ]  - ხელსაწყო ლითონებისა და სხვა მასალების სიმაგრის გასაზომად.

სკონტო - საქონელზე ფასდაკლება (3%-მდე) უშუალოდ ანგარიშსწორების დროს.

სკოპია (ბერძ.) - რთული სიტყვების ბოლო შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს დაკვირვებას, რისამე ვიზუალურ შესწავლას.

სკოროდიტი (ბერძ.) - მინერალი, დარიშხანის ნაერთი რკინასთან და ჟანგბადთან. წარმოადგენს ნედლეულს დარიშხანის მისაღებად. დარტყმის დროს გამოსცემს ნივრის სუნს.

სკორჩინგი (ინგლ.) - იხ. ვულკანიზაცია.

სკოცია (ბერძ.) - მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილი, რომელიც მიიღება სხვადასხვა რადიუსის მქონე ორი რკალის შეუღლებით (ნახ. 1).

სკრაპი (ინგლ.) - მეტალურგიული წარმოების ნარჩენები, რომელიც გამოიყენება ხელმეორედ გადასადნობად. ზოგჯერ ამ ტერმინით მოიხსენიებენ მთელ მეტალურგიულ და საყოფაცხოვრებო ჯართს.

სკრეპერი (ინგლ. Skraper) - ციკლური მოქმედების მიწისმთხრელი-სატრანსპორტო მანქანა, რომელიც აწარმოებს I...III კატეგორიის გრუნტის ფენებად მოჭრას, ტრანსპორტირებას და გადაყრას (ნახ. 1). მუშა ორგანოს წარმოადგენს ციცხვი, ტევადობით 2...25 მ3, რომლის განტვირთვა შეიძლება იყოს გრავიტაციული, ნახევრად იძულებითი და იძულებითი. ს. არის: 1) მისაბმელი (მუხლუხა ან თვლიან ტრაქტორებზე), ორღერძიანი შესრულების, ციცხვის ტევადობით 30 მ3-მდე, გრუნტის გადაადგილების სიშორე 0,5...6 კმ; 2) ნახევრად მისაბმელი (ორღერძიან ტრაქტორებსა და გამწეებზე), ციცხვის ტევადობით 8...45 მ3; 3) თვითმავალი (ერთღერძიანი გამწეების ბაზაზე).

სკრუბერი (ინგლ., წმინდა) - მოწყობილობა (აპარატი) მბრუნავი ღუმელებისა და საშრობი დოლების ნამუშევარი აირების მყარი ნაწილაკებისაგან (მტვრისაგან) გასაწმენდად. მასში გამოყენებულია სველი გაწმენდის მეთოდი. ამ ტიპის აპარატებს მიეკუთვნება ვერტიკალური ს., რომელშიც აირის მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 6 მ/წმ-ში. გაწმენდის ხარისხი შეადგენს 95...98%.

სკრუპულოზური - 1. ზედმიწევნით ზუსტი; დაწვრილებითი; 2. წვრილმანური.

სკულპტურა [ლათ. Sculptura] - ქანდაკება, ნაქანდაკარი, ნატიფი, ნაძერწი; სახვითი ხელოვნების ნაწარმოები, რომელსაც მოცულობითი ფორმა აქვს და სრულდება მკვრივი (ქვა) ან პლასტიკური (თიხა) მასალისაგან.

სკუფია (ბერძ.) - გუმბათის დამაგვირგვინებელი ნაწილი, რომელსაც ამავე სახელწოდების თავსაბურავის ფორმა აქვს.

სლაბი (ინგლ. Slab) - მართკუთხა განივკვეთის მქონე ბრტყელი ფოლადის ნამზადი (ნახ. 1).

სლაბინგი [ინგლ. Slabbing (mill)]  - დიდი საგლინავი დგანი, რომელშიც ხდება ფოლადის მსხვილი ზოდების გადამუშავება ბრტყელ ნამზადებად (სლაბებად).

სლოგანი (ინგლ.) - სარეკლამო ლოზუნგი, დევიზი, რომელიც შეიცავს სარეკლამო იდეის შემოკლებულ, ადვილად აღსაქმელ, ეფექტურ ფორმულირებას.

სმალტა [გერმ. Smalte] - ფერადი გაუმჭვირი მინა პატარა კუბების ან ფირფიტების სახით (ნახ. 1); იყენებენ მოზაიკაში. მიიღება შეღებილი (ხარშვისას) დაყუჩებული მინის ჩამოსხმით ან დაწნეხით ან მინის ორი ფენის (ფენებს შორის თხელი ფერადი კილიტას შუასადებით) ცხელ მდგომარეობაში დაწნეხით.

სმარაგდი (ბერძ.) - მწვანე ფერის მინერალი, ძვირფასი ქვა (ზურმუხტი).

სმერჩი (რუს.) - მბრუნავი ქარიშხალი, რომელიც აჩენს უზარმაზარ (800…1500 მ სიმაღლის) მტვრის სვეტს (ხმელეთზე) ან წყლის სვეტს (ზღვაზე).

სმითსონიტი - მინერალი, რომლიდანაც მიიღება თუთია.

სმოგი (ინგლ.) - ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და მჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. სიტყვა „სმოგი“ ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში და ტერმინების - კვამლისა (ინგლ. Smoke) და ნისლის (ინგლ. Fog) შერწყმის შედეგია. იმ დროს „სმოგი“ იყო ქალაქ ლონდონში გავრცელებული ცნობილი და სერიოზული პრობლემის, ე.წ. „შავი ნისლის“ აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც მძლავრად იყო გამოხატული ბრიტანეთში დაწყებული XIX საუკუნიდან დამთავრებული XX საუკუნის შუა ხანებამდე. ს. ასეთი ტიპის წარმოქმნის მიზეზებია: ქალაქში დიდი რაოდენობით ნახშირის წვა; ამასთანავე იგი შეიცავს ნისლის ნაწილაკების ჭვარტლს, გოგირდის ოქსიდებსა და სხვა კომპონენტებს. თანამედროვე ს., ისეთი, როგორიც მაგ., ქალაქ ლოს-ანჯელესშია გამოხატული, წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ სახეს და წარმოიქმნება ავტომობილთა გამონაბოლქვების, შიდა წვის ძრავისა და საწარმოო აირების გამოყოფის შედეგად.

სნიპ (რუს. СНиП) - რუსული სამშენებლო ნორმები და წესები, რომელშიც მოცემულია ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნები მშენებლობის დარგში.

სოგმანი - ქვის ფილების, ხის ფიცრების ან ლითონის დეტალების დამაკავშირებელი მოგრძო ფორმის ჩანადგამი, რომელიც ძირითადად კუმშვაზე მუშაობს და თავის თავზე ღებულობს ძვრის ძალებსა და მგრეხ მომენტებს. იგი თავსდება წინასწარ ამოღებულ ბუდეში. ფორმის მიხედვით ს. არსებობს: სოლისებრი, პრიზმული, პარალელეპიპედური (ნახ. 1), სეგმენტური, ცილინდრული და სხვ. მზადდება მერქნისაგან (ხის კონსტრუქციებისათვის) და მაღალი სიმტკიცის ლითონებისაგან.

სოდა - ნახშირმჟავას ნატრიუმის მარილების ზოგადი დასახელება. არსებობს მისი მრავალი სახეობა: კალცინირებული Na2CO3, საჭმელი (სასმელი) NaHCO3 - ნატრიუმკარბონატი, აგრეთვე ბუნებრივი, კაუსტიკური, ნეიტრალური, საფეიქრო, წყლიანი და სხვ. კაუსტიკურ ს. ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში უწოდებენ მწვავე ნატრს NaOH. სოდა გამოიყენება მინის, ქაღალდის, საღებავების, საპნის და მისთ. წარმოებაში.

სოკო - ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები - მიკროცეტები და დიდნაყოფსხეულიანი ქუდიანი სოკოები, აბედა სოკოები და სხვ. - მაკრომიცეტები. ს. არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული და შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუმი ეწოდება. მიცელიუმის სახელცვლილებები გვხვდება სხვადასხვა ჭიმის ან გამსხვილების სახით, როგორიცაა რიზომორფები, სკლეროციუმები და სხვ. ს. მრავლდება სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით შეიძლება იყოს ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვ. ს. დიდ როლს თამაშობს ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, როგორც ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელი. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სასარგებლოა (იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად). საფუარის ს. ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. მშენებლობაში ს. უარყოფითი როლი აქვთ, რადგან მნიშვნელოვნად აზიანებენ ხის კონსტრუქციებს, შენობებს, ავეჯს და სხვ.

სოკო მაღაროს - შედგება მიცელიუმის, ზონრების და ნაყოფიერი ტანისაგან. ღარიბი ბამბისმაგვარი წარმონაქმნი იშვიათად გვხვდება. აქვს მოყვითალო-მომწვანო ფერი. ჩნდება მაღალი ტენიანობის (50...70%) და ნორმალური ტემპერატურის პირბობებში. ხეზე შეინიშნება წვრილი პრიზმისმაგვარი წითელი ან მურა-წითელი ოქროსფერი მპალას ფენების სახით.

სოკო საწყობის - ჩნდება მოჭრილ ხეებზე, რომლებიც შეხებაში არიან გრუნტთან - მათი შენახვისას ტყეში, საწყობებში ან ხანგრძლივი ტრანსპორტირების დროს. ამ სოკოებს ზოგჯერ დეფექტურ მდგომარეობამდე მიყავთ ღია ჰაერზე მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციები (სვეტები, ანძები, კოშკები, ხიდები) ან მათი ნაწილები

სოკო სახლის - სოკოებს შორის ყველაზე მავნე და საშიში, რომლებიც მერქანს არღვევს ხის კონსტრუქციების ექსპლუატაციის დროს. ასეთებია: ჩვეულებრივი, თეთრი, აფსკისმაგვარი და მაღაროს სოკოები.

სოკო სახლის აფსკისმაგვარი - ხის ზედაპირზე ქმნის სუსტად განვითარებულ სოკოვან კოლონიას, ზონრებს და ნაყოფიერ ტანს. დასაწყისში სოკოს ყვითელი ფერი აქვს, ხოლო დროთა განმავლობაში გადადის მოყავისფროში. ზონრების ფერი ყავისფერი ან შავია დიდი რაოდენობის წვრილი განშტოებებით. ნაყოფიერი ტანი (ანუ სოკო) ადვილად შეიძლება მოვაძროთ ხეს. ეს სოკო ყველანაირ მერქანს აზიანებს.

სოკო სახლის თეთრი - ხის ზედაპირზე ქმნის სოკოვან კოლონიას, ზონრებს და ნაყოფიერ ტანს, რომელთაგან, სიკვდილის შემდეგაც კი, სოკოს ლაქას და ზონრებს თეთრი შეფერილობა აქვს.

სოკო სახლის ჩვეულებრივი - ლიტერატურაში მოიხსენიება, როგორც მერილიუსი. იგი ხის ზედაპირზე ქმნის დიდ თეთრ ბამბისმაგვარ კოლონიას, რომელიც თანდათან იზრდება და იფარება მოყავისფრო - ყვითელი ფერის ლაქებით. ზოგჯერ გვხვდება ვარდისფერი, იისფერი და მომწვანო ფერის. ს.ს.ჩ. აზიანებს, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ჯიშის მერქანს.

სოკო ტყის - აზიანებს ცოცხალ ხეებს ტყეში და ამდენად ხის კონსტრუქციებისათვის ისინი უშუალოდ საშიში არ არიან. ტყის სოკოებით დაავადებული მერქანი დაბალი ხარისხის მასალას მიეკუთვნება, თუმცა მშენებლობაში მისი გამოყენება შეზღუდული არ არის.

სოკოს ნაყოფიერი ტანი - სოკოვანი ძაფების გადახლართული ქსოვილი (მიცელიუმი), რომელიც ეკვრის ხეს და დროთა განმავლობაში აზიანებს მერქანს, რადგანაც მერქანი სოკოს მკვებავ ნივთიერებას წარმოადგენს.

სოლარიმეტრი (ლათ.) - ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ მზიდან დედამიწაზე დაცემულ სხივურ ენერგიას.

სოლარის ზეთი - ნავთობის გამოხდის პროდუქტი, შუალედური ნავთსა და სამანქანო ზეთს შორის. იყენებენ როგორც საწვავს დიზელებისათვის, როგორც საცხს მსუბუქი მექანიზმებისათვის და სხვ.

სოლარიუმი (ლათ.) - 1. რომაული საცხოვრებელი სახლის სამხრეთ მხარეზე მოწყობილი ტერასა ან ბრტყელი სახურავი; 2. მზის აბაზანების მისაღებად განკუთვნილი ბაქანი.

სოლენოიდი (ბერძ.) - მავთულის სპირალი, რომელშიც უშვებენ ელექტრულ დენს მაგნიტური ველის შესაქმნელად.

სოლვენტი (ლათ.) - ნახშირწყალბადების თხევადი ნარევი, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ქსილოლი; გამხსნელი და სადეზინფექციო საშუალებაა.

სოლი - 1. უმარტივესი იარაღი (დეტალი), რომელსაც აქვს ერთი ან ორი მუშა წახნაგი დახრილი ზედაპირების სახით. გამოიყენება მრავალგვარი დანიშნულებით, როგორიცაა: სატეხი; დასაშლელი შეერთების დეტალი; დასაყენებელ-დასარეგულირებელი დეტალი მანქანების მონტაჟის დროს და სხვ. ს. შეერთებაში განივი ძალა  5-ჯერ აღემატება მასზე მოდებულ გრძივ ძალას, თუ სოლის კუთხე მცირეა და ხახუნის კოეფიციენტი ტოლია 0,1; 2. სამკუთხა კვეთის ხის ჩანადგამი, საჭექი; ასეთივე ქვა ან ლითონის ღერო.

სოლიდოლი - სქელი საზეთი ნივთიერება მანქანა-მექანიზმებისათვის; ტავოტი. მუშაობის უნარს ინარჩუნებს 700C ტემპერატურამდე.

სოლინარი - ძვ. წყალმილი.

სოლიტერი - ცალკე მზარდი ხე ან ბუჩქნარი.

სოლოლაკი (სალალაკი) - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, ამავე სახელწოდების მთის კალთაზე.

სოლყავარი (რუს. Гонт) - მერქნისგან (ნაძვის, ფიჭვის, ვერხვისა და ლარიქსის) დამზადებული სოლისებრი ფიცარი, რომელსაც სქელი ნაწიბურის გასწვრივ აქვს ნარანდი. ბურულის მოწყობის დროს ერთი ფიცრის ვიწრო პირი ჩაიდგმება მეორეს კილოში. გამოიყენება ბურულების მოსაწყობად სასოფლო მშენებლობაში (ნახ. 1).

სომი - საჭექი; სოლისებრი საკამარე ქვა.

სოპოლიმერი (თანაპოლიმერი) - პოლიმერი, რომლის მაკრომოლეკულა შეიცავს 2 ან მეტ სხვადასხვა სტრუქტურის მქონე რგოლს. მიიღება უმთავრესად თანაპოლიმერიზაციით ან თანაკონდენსაციით (ამ რეაქციაში მონაწილეობს არა უმცირეს 3 მონომერისა), ასევე მონომერის მიმაგრებით პოლიმერზე, რომელიც სინთეზირებულია სხვა მონომერისაგან.

სოპოლიმერიზაცია (თანაპოლიმერიზაცია) - ორი ან მეტი მონომერის ერთობლივი პოლიმერიზაცია. გამოიყენება პოლიმერების თვისებების მიმართულად ცვლილებისთვის (მოდიფიკაციისათვის), ასევე ახალი თვისებების მქონე პოლიმერების მისაღებად. ს. საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ პოლიმერული მასალების ასორტიმენტი ცნობილი მონომერების საფუძველზე.

სორბენტები (ლათ.) - მყარი ან თხევადი ნივთიერებები, რომელიც გამოიყენება აირების, ორთქლისა და გახსნილი ნივთიერებების შთანთქმისათვის. თხევად (იშვიათად მყარ) ს., რომლებიც შთანთქავენ აირებსა და ორთქლს მთელი მოცულობით, ეწოდება აბსორბენტები. მყარი ს., რომლებიც ახდენენ აირების, ორთქლის ან გახსნილი ნივთიერებების თავის ზედაპირზე კონცენტრაციას, ეწოდება ადსორბენტი. ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ადსორბენტებია - აქტიური ნახშირი, სილიკოგელი, ალუმინის ჟანგი. არსებობენ ს., რომლებიც შთანთქმულ ნივთიერებასთან წარმოქმნიან ქიმიურ შენაერთს (მაგ., ლითონების მყარი ჰიდროჟანგები, რომლებიც შთანთქავენ ნახშირბადის ორჟანგს). ასეთ ს. ქემოსორბენტები ეწოდება. ს. განსაკუთრებული ჯგუფია - იონოცვლადი ფისები (იონიტები).

სორბიტი (ინგლ.) - ფოლადის სტრუქტურული მდგენელი.  წარმოადგენს ფერიტისა და ცემენტიტის ნარევს, რომელიც წარმოიქმნება აუსტენიტისგან გაცივების პროცესში დიფუზური გარდაქმნის შედეგად. პერლიტისაგან განსხვავდება წვრილი (დისპერსიული) სტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს ფოლადის მაღალ სიმტკიცეს და ცვეთამედეგობას.

სორბიტიზაცია - ფოლადის გაკაჟების ნაირსახეობა, საშუალო ნახშირბადიანი ფოლადის თერმული დამუშავება, რაც გამოიხატება მის გახურებაში 800...9500C-მდე; ამ ტემპერატურაზე დაყოვნებით და გარკვეული სიჩქარით გაციებით (ძირითადად ზეთში, თბილ წყალში ან შეკუმშული ჰაერის ჭავლში). ს. შედეგად ფოლადი იძენს სორბიტის სტრუქტურას. ს. ფართოდ გამოიყენება რელსების და სარკინიგზო ტრანსპორტის ბორბლების არტახების დასამზადებლად.

სორბცია (ლათ.) - აირების, ორთქლისა და გახსნილი ნივთიერებების შთანთქმა მყარი სხეულებითა და სითხეებით. განასხვავებენ შემდეგი სახის ს.: ადსორბცია, აბსორბცია, ქემოსორბცია, კაპილარული კონდენსაცია. სორბციული პროცესები ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში ქიმიური ნაწარმის, აირების და ა.შ. გასაწმენდად.

სორმაიტი - მაღალნახშირბადოვანი და მაღალქრომოვანი რკინის შენადნობების სხმულთა ჯგუფი. გამოიყენება ხელსაწყოებისა და დეტალების სწრაფად ცვეთად ზედაპირებზე დასადუღებლად.

სორსალი - სრესით დამრგვალებული ცომისებური მასა.

სორტამენტი - ქვეყნის საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის ნომენკლატურა, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო გეომეტრიული მახასიათებელი ამ ნაწარმზე.

სორტი [ფრანგ. Sorte]  - თანრიგი, ხარისხი, სახეობა.

სორტიმენტი - განსაზღვრული დანიშნულების ხის მასალის ნაირსახეობა, რომლის ზომები და ხარისხი შეესაბამება სტანდარტების და ტექნიკური პირობების დადგენილ მოთხოვნებს. ს. იყოფა ორ ჯგუფად: დაუმუშავებელ მრგვალ მასალად (მორი, ლატანი, მაღაროს დგარი, საბალანსო მერქანი და სხვ.) და დამუშავებულ დახერხილ მასალად (ფიცარი, ძელი, ანათალი, ნაპობი და სხვ.). ს. მიეკუთვნება აგრეთვე დანაწევრებული ხის მასალები - ტექნოლოგიური ნაფოტები, ბურბუშელა, ნახერხი; მერქნის ნედლეული და პროდუქტები მიღებული ხის ბარჯის, ტანის, ტოტების გადამუშავებით

სორტირება - რისამე განაწილება სორტებად; დახარისხება.

სოტომიზურა - საექსპორტო დანიშნულების წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან დამზადებული მასალა - ვიწრო ფიცრები (100...160 მმ).

სოფა - ფართო დაბალი დივანი, რომლის საიდაყვეები საზურგის სიმაღლის დონისაა (ნახ. 1). ევროპაში გავრცელდა XVII საუკუნეში ოსმალეთის იმპერიიდან. როგორ წესი, ს. დგამდნენ არისტოკრატიულ სასტუმროებში და სასახლეებში. სოფას კარკასი მზადდება ძვირფასი ჯიშის მერქნისაგან (კედარი, ლარიქსი, წითელი ხე და სხვ.), გადასაკრავად გამოიყენება აბრეშუმის ქსოვილი ან ტყავი, ხოლო ბალიშებისათვის - ცხვრის მატყლი ან ცხენის ძუა.

სოფიზმი (ბერძ.) - ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა, რომელიც ემყარება ცნებათა ორაზროვნებას, ამოსავალ დებულებათა განზრახ უმართებულოდ შერჩევას.

სოფიის კენჭი - იხ. მოზაიკა.

სოფიტი (იტალ. Soffito ჭერი) - 1. კოჭის, თაღის, კამარის, ლავგარდანის (ნახ. 1) და შენობის სხვა ნაწილების ქვევიდან ხილული, არქიტექტურულად დამუშავებული ზედაპირი; 2. თეატრში - ნათურები ან პროჟექტორი სცენისა და დეკორაციების გასანათებლად; 3. კარნიზში დაფარული მოწყობილობა, რომელიც გაფანტულ სინათლეს გამოსცემს.

სოციალური ჭრა - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისათვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება.

სოჭი - თვისებებით ძალიან ჩამოგავს ნაძვს, თუმცა მასზე ოდნავ რბილია, არა აქვს ფისსავალი გზები და არ შეიცავს ფისს. სიმკვრივე 370...600 კგ/მ3. ტანმაღალი, მარადმწვანე ხეებია (ნახ. 1, კავკასიური სოჭი). გავცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობაა - კავკასიური ს. და ინტროდუცირებულია 13 სახეობა. დიდი რაოდენობითაა გავცელებული ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე და აღმოსავლეთ აზიაში (განსაკუთრებით იაპონიაში). რუსეთში სოჭნარი ტყეების საერთო ფართობი 15 მლნ ჰექტარია, რაც ტყეების დაახლოებით 2 %-ია. ს. მერქანი ძირითადად გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში, მშენებლობაში და მუსიკალური რეზონანსული ინსტრუმენტების დასამზადებლად. იგი ლამაზი, დეკორატიული ხეა. ბაღებსა და პარკებში აშენებენ უმეტესად მის მტირალა, ხშირტოტიან და ნაირფერწიწვიან ფორმებს. მსოფლიოში ს. 50-მდე სახეობაა ცნობილი, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ჯიშები: ციმბირული, კავკასიის, ევროპული, ამურის, თეთრი, მაკედონიის, კილიკიის, სიცილიის, ნორდმანის, მარისის, კავაკამის, ორფოთლიანი, ფრაზერის, კორეიის, სახალინის, ვიჩის, დურანგო, გვატემალის, შენსიისკის, ჰიმალაიური, სემიონოვის, გიკელი, ესპანური, ნუმიდიის, ჩენგის, ფაბრის, ფორესტის და სხვ.

სოჭი კავკასიური - მარადმწვანე, წიწვოვანი ხე; სიმაღლე - 50…60 მ, ვარჯი - კონუსისებური, დახრილი; მთავარი ღეროს ქერქი - რუხი ნაცრისფერი, შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, წიწვები - ეთერზეთებს. გავრცელებულია დას. საქართველოში, აგრეთვე ქართლში - მდ. პატარა ლიახვის აუზამდე და თრიალეთის ქედზე სოფ. მანგლისამდე, ხარობს ზღ. დ. 800…2200 მ-მდე. დეკორატიულია. გამოიყენება მშენებლობაში, ქაღალდის წარმოებაში, საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად და სხვ. შესანიშნავი დეკორატიული ხეა ბაღებისა და პარკების გასაშენებლად.

სოხანე - ძვ. დატკეპნილი მიწის იატაკი.

სოხასტერი (ბერძ.) - ძვ. სადაყუდებლო. განდეგილის სადგომი.

სოხტოროტი - შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ტაოში (ახლა თურქეთის ფარგლებშია).

სპაიდერი (ინგლ.) - ავტომატური მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და აირის ჭაბურღილების რემონტისას, სატუმბი კომპრესორული მილების ჩავლების, შეკავების, განთავისუფლების პროცესების ავტომატიზაციისათვის.

სპეისერი - იხ. დისტანციური ლარტყა.

სპეკალი - ძვირფასი ქვების საერთო სახელწოდება.

სპელეისტიკა - სპელეოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხელოვნურ გამოქვაბულებს.

სპელეოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გამოქვაბულებს, მღვიმეებს.

სპენი (ინგლ. ) - ბრიტანული სიგრძის ერთეული 1 სპენი = 0,2286 მ.

სპექტრი (ლათ. Spectrum) - 1. სხვადასხვა მნიშვნელობების ერთობლიობა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს ფიზიკური სიდიდეების მიერ. ყველაზე ხშირად მცნება „სპექტრი“ გამოიყენება რხევით პროცესებთან მიმართებაში. ამ პროცესების ქვეშ განიხილება მარტივი ჰარმონიული რხევების ერთობლიობა, რომლებზეც შესაძლებელია გაშლილი იქნეს რთული რხევითი პროცესი; 2. სხვადასხვა ფერის ზოლი, რომელიც მიიღება პრიზმაში ან სხვა გარდამტეხ გარემოში სინათლის სხივის გავლის დროს (ნახ. 1).

სპექტრი ელექტრული სიგნალის - სიმძლავრის, დენის ამპლიტუდის ან სიგნალის დაძაბულობის სიხშირული განაწილება. განასხვავებენ ხაზოვან ანუ დისკრეტულ სპექტრს, რომლებშიც განშლის ცალკეული ჰარმონიული მდგენელები ფურიეს რიგში გაყოფილია სასრული სიხშირული ინტერვალებით და მთლიან სპექტრს, რომელიც შეიცავს ჰარმონიულ მდგენელებს ყველანაირი სიხშირეებით. მაგ., სინუსოიდული რხევის სპექტრი შედგება ერთი სიხშირისაგან (ერთი სპექტრალური ხაზი). ტელეფონის სიგნალის სპექტრი მოიცავს სიხშირეების მთლიან ზოლს სიგანით 3 კჰც. სპექტრის ნებისმიერ სიგნალს პოულობენ ფუნქციის განშლით, რომელიც გამოხატავს სიგნალს ფურიეს რიგში (პერიოდული ფუნქციებისათვის), ფურიეს ინტეგრალში (არაპერიოდული ფუნქციებისათვის) ან აკვირდებიან სპექტრის ანალიზატორის დახმარებით.

სპექტრი ოპტიკური - განსახილველი სხეულის ოპტიკური გამოსხივების (გამოსხივების სპექტრი) ინტენსივობის განაწილება სიხშირეების ან ტალღების სიგრძის მიხედვით, ან შუქის შთანთქმის ინტენსივობა მისი გავლისას განსახილველ ნივთიერებაში (შთანთქმის სპექტრი). ოპტიკური სპექტრი არის ხაზოვანი, რომელიც შედგება ცალკეულ დისკრეტულ სპექტრალურ ხაზებისგან; ზოლოვანი, რომელიც შედგება ცალკეული დისკრეტული ჯგუფებისგან (მჭიდროდ განლაგებული სპექტრალური ზოლებისაგან); მთლიანი, რომელიც შეესაბამება შედარებით ფართო სპექტრში განლაგებული ყველანაირი სიხშირის მქონე შუქის გამოსხივებას ან შთანთქმას. ოპტიკურ სპექტრს განიხილავენ სპექტრალური ხელსაწყოების დახმარებით, როგორებიცაა: სპექტროგრაფი, სპექტრომეტრი, სპექტროსკოპი, სპექტროფოტომეტრი.

სპექტროგრაფი (ბერძ.) - ოპტიკური ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია მიიღოს და რეგისტრაცია გაუკეთოს გამოსხივების სპექტრს. ს. იყენებენ სპექტრული ნივთიერებების სამეცნიერო კვლევებისათვის და ციური სხეულების გადაადგილებაზე დაკვირვებისათვის.

სპექტროსენსიტომეტრი (ბერძ) - ოპტიკური ხელსაწყო ფოტომასალების სპექტრალური მგრძნობელობის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.

სპექტროსკოპი (ბერძ.) - ოპტიკური ხელსაწყო სპექტრული გამოსხივების ვიზუალური დაკვირვებისათვის. გამოიყენება ქიმიურ და მეტალურგიულ საწარმოებში ნივთიერებების სწრაფი და ხარისხიანი სპექტრული ანალიზის ჩასატარებლად.

სპექტროსკოპია - მეცნირების დარგი, რომელიც შეისწავლის ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრს, რომელსაც გამოასხივებს, შთანთქავს ან გააბნევს გამოსაკვლევი ნივთიერება. ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტალღის სიგრძის დიაპაზონის მიხედვით არსებობს ს. სახეები: რადიო, ოპტიკური, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი, რენტგენული და გამასპექტროსკოპია. თითოეულ ატომს ან მოლეკულას აქვს თავისი დამახასიათებელი სპექტრი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ნივთიერების აგებულების დადგენა. ელემენტის სპექტრის ხაზების ინტენსივობა გამოიყენება მისი კონცენტრაციის საზომად (რაოდენობრივი ანალიზი).

სპექტროფოტომეტრი - ბიოქიმიური პარამეტრების გასაზომი ხელსაწყო, რომელიც კომპიუტერიდან იმართება და გააჩნია ძალიან მაღალი სიზუსტე.

სპექტროჰელიოგრაფი (ბერძ.) - სპექტრული ასტრონომიული ხელსაწყო მზის დისკოს გადასაღებად მონოქრომატულ სინათლეზე. ს. გვეხმარება მზის ზედაპირზე ტალღების, გამოსხივების წარმოშობის და მოცემულ სპექტრში გამოსხივების წარმოშობის და მშთანთქმელი განათების აღმოსაჩენად.

სპექტროჰელიოსკოპი (ბერძ.) - ასტროფიზიკური ინსტრუმენტი მზეზე ვიზუალური დაკვირვებისათვის მონოქრომატული განათების დროს. ს. საშუალებით აკვირდებიან მზის აქტიურობას.

სპექტრული ანალიზი - მნათი სხეულების ქიმიური შედგენილობის გარკვევა მათი სპექტრების მიხედვით.

სპექტრული ხელსაწყოები - ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობით ოპტიკურ დიაპაზონში (10−3...103 მკმ) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტალღის სიგრძეების მიხედვით იკვლევენ სპექტრულ შემადგენლობას. ადგენენ გამომსხივებელისა და გამოსხივებასთან ურთიერთქმედი ობიექტების სპექტრულ მახასიათებლებს და ატარებენ სპექტრულ ანალიზს.

სპეციალიზაცია [ფრანგ. Spécialisation]  - 1. წარმოების ირგანიზაციის რაციონალური ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ნომენკლატურის შემცირებას და ნაკეთობის გამოშვების სერიულობას ამ წარმოებაში. ს. ხორციელდება მრეწველობის დარგებში, საწარმოთა ჯგუფებში, ცალკეული საწარმოებში, მათი საამქროებსა და უბნებში. არსებობს საგნობრივი სპეციალიზაცია - ერთნაირი დასახელების ნაწარმის მიხედვით (მაგ. ტელევიზორები, კომბაინები); ტექნოლოგიური ს. - ტექნოლოგიური პროცესების ცალკეული სახეობების მიხედვით (მაგ. ლითონჩამომსხმელი კერამიკული წარმოება). დეტალური ს. - ცალკეული ტიპის დეტალებისა და კვანძების წარმოების მიხედვით (მაგ. საბერავები, ბურთულსაკისარები). ს. უზრუნველყოფს წარმოების მექანიზაციასა და ავტომატიზაციას. ხელს უწყობს შრომატევადობისა და ღირებულების შემცირებას; 2. რაიმე სფეროში სპეციალური ცოდნის, უნარ-ჩვევების შეძენა; 3. შრომის ცალკეულ ოპერაციად დაყოფა; 4. გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობების კონცენტრირება საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე.

სპეციალიზაცია ტექნოლოგიური - ტექნოლოგიური პროცესის ცალკეული სტადიის ან ფაზის შესრულების გეგმაზომიერად გამოყოფის და დამკვიდრების ოპერაცია ცალკე წარმოებად (მაგ., საკედლე პანელების დამზადება, ავეჯის ფურნიტურის წარმოება, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოება და სხვ.).

სპეციალისტი (ფრანგ.) - ადამიანი, რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს მეცნიერების ან ტექნიკის რაიმე დარგში; რაიმე სპეციალობის წარმომადგენელი.

სპეციალობა - 1. რაიმე საქმიანობა, ხელობა, პროფესია, რომელიც საგანგებო დახელოვნებას მოითხოვს; კვალიფიკაცია (მაგ., მშენებლის, სანტექნიკოსის, შემდუღებლის და ა.შ.); 2. მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ოსტატობის ცალკე დარგი.

სპეციალური [ლათ. Specialis]  - 1. განსაკუთრებული, საგანგებო დანიშნულების მქონე; 2. რაიმე სპეციალობასთან დაკავშირებული; 3. ნაგებობის კონსტრუქცია, დეტალი, ნაკეთობა და სხვ., რომელიც მხოლოდ ამ ნაგებობისთვისაა განკუთვნილი.

სპეციალური (ზონალური) შეთანხმება - შეთანხმება, რომლის მიღება სავალდებულოა უძრავ ქონებაში (ობიექტში) ცვლილებების შეტანამდე, ამ ქონების (ობიექტის) ისეთი გამოყენების შემთხვევაში, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოითხოვს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას.

სპეციალური დანიშნულების მიწა - ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწის კატეგორია, რომელიც გამოიყენება სატყეო მეურნეობის მომსახურებისა და წარმოების, სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების მოპოვების, აგრეთვე მებაღეობისა და მეღვინეობისათვის.

სპეციალური ფირნიში - ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება მონაცემთა ერთიან ბაზაში.

სპეციალური ფუნქციები - არის ფუნქციები და ფუნქციათა კლასები, რომლებიც გამოიყენება ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის მრავალი ამოცანის ამოხსნისას. მაგ. (γ ფუნქცია, სფერული ფუნქცია, ცილინდრული ფუნქცია და სხვ.).

სპეციფიკა [ლათ. Specificus თავისებური]  - მხოლოდ მოცემული საგნის, ნაკეთობის და მოვლენის დამახასიათებელი განსაკუთრებული, განმასხვავებელი ნიშანი.

სპეციფიკაცია (ლათ.) - 1. ნაკეთობის ტექნიკური საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ცხრილის სახითაა შედგენილი. მასში მითითებულია ნაკეთობის ნაწილები (საამწყობო ერთეულები), მათი შემადგენელი ელემენტები, მასალები და მასები. ს. გამოიყენება ნაკეთობის დაკომპლექტებისათვის მათი აწყობისა და მონტაჟის დროს, აგრეთვე წარმოების დაგეგმვის დროს და სხვა მიზნებით; 2. რისამე სპეციფიკური თავისებურების განსაზღვრა და ჩამოთვლა. ს. შესრულების წესებს ადგენს სახელმწიფო სტანდარტი.

სპეციფიკაციის უწყისი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოცემული კომპლექსის ან კომპლექტის ყველა სპეციფიკაციის ჩამონათვალს.

სპეციფიკური (ლათ.) - რაც დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული საგნის ან მოვლენისათვის; თავისებური, განსაკუთრებული, სხვისგან განსხვავებული.

სპიდომეტრი (ინგლ.) - ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს მანქანის მოძრაობის სიჩქარეს (კმ/სთ). არსებობს მაგნიტოინდუქციური და მექანიკური. ათვლა ხორციელდება ან ტრანსმისიიდან ან ბორბლიდან. ძირითადად სპიდომეტრთან ერთად ერთ კვანძში ეწყობა მანძილის ამთვლელი მექანიზმი (კმ).

სპილენძი - ქიმიური ელემენტი, მოწითალო-მოვარდისფრო რბილი და კარგად ჭედადი ლითონი. აღინიშნება სიმბოლოთი Cu (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის), ატომური ნომრით 29. გამოირჩევა მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობით. ს. გამოიყენება: მავთულის და დენგამტარი ნაწილების, ქიმიური აპარატების, მილების, არმატურის დასამზადებლად, საშენ მასალად, შენადნობების (თითბერი, ბრინჯაო, მელქიორი) წარმოებაში, ქიმიურ მრეწველობაში, გალვანოტექნიკაში, ფხვნილების მეტალურგიაში, საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად და სხვ.

სპილენძის კარბონატები - სპილენძის ნახშირმჟავა მარილები. ბუნებაში გვხვდება ძვირფასი ქვების - მალაქიტისა და აზურიტის სახით.

სპილენძის მადნები - კომპლექსური მადნები, რომლებიც არამადნეულ მინერალებთან (კვარცი, სერიციტი, ბარიტი) ერთად შეიცავს პირიტს, პიროტინს, სხვადასხვა სულფიდებს, გაფანტული ელემენტების მინარევებს და სხვ. საქართველოში ს.მ. საბადოა მადნეულში. მადნეულის ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალის საბადო მდებარეობს ბოლნისის რაიონში. მადნეულის საბადოს შესწავლა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. 1959 წელს საქართველოში დაიწყო ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი - მადნეულის კომბინატის მშენებლობა. კომბინატის მშენებლობასთან დაკავშირებით, სრულიად უკაცრიელ ტერიტორიაზე წარმოიშვა დიდი სამრეწველო დასახლება - დაბა კაზრეთი. 1975 წელს ექპლუატაციაში შესული კომბინატი დღემდე ახორციელებს სპილენძის, ბარიტის, ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტებისა და პოლიმეტალური მადნების მოპოვებას, მოპოვებული სპილენძის და ბარიტის მადნების პირველად გადამუშავებას, გამდიდრებას და მიღებული პროდუქტის რეალიზაციას. სპილენძის მადანი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

სპილენძის შენადნობები - სპილენძის შენადნობები კალასთან, თუთიასთან, ალუმინთან, ტყვიასთან, ნიკელთან, მანგანუმთან, რკინასთან, ფოსფორთან, სილიციუმთან და სხვ. მალეგირებელი კომპონენტების დამატებით ს.შ. შეიძლება იყოს პლასტიკური, მტკიცე, ანტიფრიქციული, კოროზიამედეგი, მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობის.

სპილიტი - წვრილმარცვლოვანი ექსტრუზიული პალეოტიპური ბაზალტური შედგენილობის ქანი. გვხვდება იქ, სადაც ამოფრქვეული ვულკანური ლავა ჩაედინება ზღვაში. მის შემადგენლობაში შედის: კაჟმიწა (40%), ნატრიუმი, ბაზალტი, მანგანუმი, მაგნიუმი, რკინის ორჟანგი, ალუმინის ორჟანგი და სხვ. გამოიყენება მსენებლობაში საშენ მასალად.

სპირალი (ლათ.) - 1. მათემატ. მრუდი, რომელიც უსასრულო რაოდენობის ხვეულებს აკეთებს წერტილის ირგვლივ და თანდათან შორდება ან უახლოვდება ამ წერტილს (ნახ. 1); 2. ამ სახით დახვეული მავთული ან ზამბარა სხვადასხვა დანიშნულებისა. არსებობს სპირალის ნაირსახეობები: არქიმედეს ხვია, ლოგარითმული ხვია, ჰიპერბოლური ხვია და სხვ.

სპირალური ანტენა - გვხვდება ლითონის ცილინდრული, კონუსური ან ბრტყელი სპირალის სახით. ხვიათა ზომები და სპირალის დახვევის ბიჯი შეირჩევა ისე, რომ ნებისმიერი ხვიას მიერ ელ. მაგნიტური ტალღების გამოსხივება ახლოს იყოს წრიულ პოლარიზაციასთან და მაქსიმუმის მოთხოვნილ მიმართულებასთან. ს.ა. - მოგზაური ტალღის ანტენაა; მას გამოიყენებენ, როგორც დამოუკიდებელ ანტენად, ასევე რთული ანტენის დამსხივებლად.

სპირალური კლასიფიკატორი - მიეკუთვნება მექანიკურ დამხარისხებლებს, რომელსაც გააჩნია წყალში შემღვრევისა და განტვირთვის მექანიზმი სპირალის სახით. მას იყენებენ ქვიშების სველი მეთოდით გამდიდრებისათვის. ასეთი კლასიფიკატორები შეიძლება იყოს ერთ და ორსპირალიანი.

სპირალური მილი - სითხის გასათბობი კლაკნილა მილი ავზებში (საქვაბეებში). არსებობს ფოლადის, სპილენძის (ნახ. 1), თუთიის, ალუმინის, მინის და სხვ.

სპირალურობა - ხ ი ს  მ ა ნ კ ი, წარმოადგენს სპირალის მსგავს ხის ტანს, რომლის გადანაჭერი გვაძლევს ხელოვნურ ირიბფენიანობას (ნახ.1). ს. სიმრუდის ნაირსახეობაა.

სპირაჯო - მცირე სიგრძისა და განივი კვეთის გვირაბი.

სპირტი (ინგლ.) - ალკოჰოლი, ორგანული შენაერთების კლასი. ნახშირწყალბადების წარმოებული, ხასიათდება მოლეკულაში ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილური ჯგუფის (-OH) არსებობით. შენაერთებს, რომლებშიც ეს ჯგუფი დაკავშირებულია ნახშირბადის ატომთან ეწოდება ფენოლები. OH - ჯგუფების რაოდენობით განასხვავებენ ერთ, ორ ან მრავალატომიან ს. OH ჯგუფთან შეერთებული ნახშირბადის ატომის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ - პირველადს RCH2OH, მეორადს (R2)CHOH და მესამეულს (R3)COH. მნიშვნელოვანი სპირტებია: მეთილური CH3OH, ეთილური ან ღვინის C2H5OH, ეთილენგლიკოლი CH2(OH) – CH2(OH), გლიცერინი CH2(OH) – CH(OH) – CH2(OH). ს. ფართოდ გამოიყენება გამსხნელებად ეთერების, წამლების, სინთეტიკური ფისების და სხვათა სინთეზისთვის. ზოგიერთი ს. სურნელოვანი ნივთიერებებია. ეთილური ს. მზადდება ალკოჰოლური სასმელები.

სპირტოვანი ლაქები - ლაქები, რომლებშიც გამხსნელად გამოიყენება ეთილური სპირტი (იშვიათად ენბუთილური). სპირტისგან ლაქებს ამზადებენ ბუნებრივი (შელაქი, კოპალი, სანდარაკი, კანიფოლი) და სინთეტიკური (ფენოლალდეჰიდური) ფისების, მერქნის ეთილის საფუძველზე. აფსკწარმომქმნელი შემცველობით განასხვავებენ სპირტულ ლაქებს (30...40%) და პოლიტურას (10...20%). გამოიყენება ავეჯის, ტყავისა და სხვათა დასამუშავებლად.

სპლიტ-სისტემა - კონდიციონერი განცალკევებული ტიპის, რომელიც შედგება ორი ან მეტი გარე და ერთი ან რამდენიმე შიდა ბლოკისაგან.

სპონგოლითი - წვრილფოროვანი ფხვიერი ან შეცემენტებული დანალექი ქანი. შედგება ოპალის, ზოგჯერ ქალცედონის ნაწილაკ-გლობულებისა და ორგანული ღრუბლოვანი ნარჩენებისაგან. გამოიყენება ცემენტის ჰიდრავლიკურ დანამატად, ნედლეულად აგურის წარმოებაში. ს. საბადოებია დასავლეთ საქართველოში თერჯოლის რაიონში (აჯამეთი, ნახშირღელე).

სპონსორი - 1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აფინანსებს ეკონომიკურ პროექტს, სოციალური ღონისძიებების გატარებას; 2. შემკვეთი, ორგანიზატორი, მსხვილი ღონისძიებების მომწყობი.

სპრინკლერი (ინგლ.) - ავტომატურად ჩართვადი, წყლის გამშხეფი საცმი ხანძარსაწინააღმდეგო მომარაგების სპრინკლერული სისტემების მილებზე. ს. სარქველი დაფარულია ადვილად დნობადი მინადუღით. ხანძრის დროს მინადუღი დნება და წნევის ქვეშ მყოფი წყალი იშხეფება სპლინკლერიდან და რამდენიმე კვ.მ.-ის ფართობს რწყავს, ასველებს.

სრა (სპარს.) - სასახლე (მეფისა...).

სრიალა - 1. რაც სრიალით მოძრაობს; 2. სწორი, გლუვი ზედაპირის მქონე.

სრიალი - 1. ხახუნის გამომწვევი მოვლენა, რომლის დროსაც ერთი სხეულის ერთი და იგივე წერტილები თანმიმდევრულად მოდიან შეხებაში სხვა სხეულის სხვადასხვა წერტილებთან; 2. გლუვ ზედაპირზე, წყალში ან ჰაერში მსუბუქი ნარნარი მოძრაობა.

სრულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტიპის მრავალეტაპიანი დამტკიცების პროცესის შედეგად, აკმაყოფილებს შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს.

სრული - 1. მთლიანი, მთელი, საბოლოო, გადამწყვეტი, მტკიცე, მსხვილი, დიდი, ფართო, განიერი; 2. რასაც (ვისაც) არაფერი უშლის ხელს, არ აბრკოლებს.

სრულუფლებიანი - 1 ყველა კანონიერი უფლების მქონე; 2. გარკვეული უფლებებით აღჭურვილი; 3. შეუზღუდველი ძალაუფლების მქონე.

სრულფასოვანი - მაღალი ღირსებისა, მაღალი ხარისხისა.

სრულყოფილი - დახვეწილი, გაუმჯობესებული.

სრუტე - ორი ზღვის ან ოკეანის შემაერთებელი წყლის ვიწრო სივრცე (მაგ., ბოსფორის, დარდანელის, გიბრალტარის და სხვ. სრუტე.

სტაბილიზატორი (ლათ., მდგრადი, მუდმივი) - 1. ცვალებადი აღგზნების მოქმედების პირობებში დასარეგულირებელი სიდიდის საჭირო მნიშვნელობის გარკვეული სიზუსტით შენარჩუნების მოწყობილობა. ს. მუშაობის ხარისხი ფასდება დასარეგულირებელი პარამეტრის გადახრით მოცემული მნიშვნელობიდან; 2. პლასტმასის დანამატი, რომელიც ხელს უწყობს პლასტმასის თავდაპირველი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შენარჩუნებას ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში, ანუ ამცირებს დესტრუქციის პროცესების სიჩქარეს სხვადასხვა ფაქტორების მოქმედებისას (ტემპერატურა, მზის რადიაცია). გამოიყენება ანტიოქსიდანტები (ეწინააღმდეგებიან ჟანგვას), ანტირადები (აფერხებენ დაძველებას გამოსხივებისას), ინგიბიტორები (ანელებენ ფოტოლიზის, ფოტოდაჟანგვის და პლასტმასის გამყარების პროცესს), ფოტოსტაბილიზატორები და ა.შ.; 3. ავტომატიკაში - ხელსაწყო, რომელიც გარკვეული სიზუსტით ავტომატურად ინარჩუნებს მოცემულ რეგულირებად სიდიდეს, რომლის ცვლილება გამოწვეულია შეშფოთებით. არსებობს: ელექტრონული დენის, ძაბვების, მაგნიტური ველის ტემპერატურის, კუთხური სიჩქარის და სხვ. პარამეტრების ს. ძირითადი სახეებია: პარამეტრული, რომელიც წარმოადგენს პარამეტრების არაწრფივად შემზღუდველს და სტაბილიზატორი უკუკავშირით. ს. დამახასიატებელია მოცემული პარამეტრებიდან შესაძლო გადახრები; 4. ავიაციაში - თვითმფრინავის ჰორიზონტალური ფრთასხმულობის აპარატი, რომელიც ემსახურება ფრენის გრძივი მდგრადობის უზრუნველყოფას; 5. დისპერსიულ სისტემებში (დისპერგატორი, ემულგატორი, ქაფწარმომქნელი) - ნივთიერება, რომელიც ანელებს კოაგულაციაში ფაზის დისპერსიისადმი მიდრეკილებას, დალექვის (სედიმენტაციის) შემნელებელი.

სტაბილიზაცია გრუნტების - გრუნტების თვისებების შეცვლა მათი სიმტკიცის გაზრდის მიზნით. მას მიმართავენ საგზაო საფუძვლების გასაუმჯობესებლად (გასამაგრებლად), რისთვისაც მასში შეაქვთ მინერალური დანამატები, ამუშავებენ გრუნტს მინერალური (ცემენტი, კირი) ან ორგანული (ბიტუმი) შემკვრელი მასალებით. გრუნტის გაუმჯობესების უმარტივესი მეთოდია თიხის და ქვიშის ან ქვის მასალების ნარევის დამატება.

სტაბილური (ლათ.) - მუდმივი, უცვლელი; მტკიცე, მყარი, მდგრადი; დამაგრებული, ფიქსირებული, სტაციონალური.

სტაგნაცია - წარმოების, ვაჭრობის და სხვა ეკონომიკური პროცესების განვითარების შენელება, შეფერხება; ეკონომიკური ზრდის უკიდურესად დაბალი (3%-ზე ნაკლები) ტემპი ან ეკონომიკური ვარდნა; ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაბალი აქტივობის პერიოდი.

სტაგფლაცია - ეკონომიკის მდგომარეობა, როდესაც ერთმანეთს ერწყმის უძრაობა (სტაგნაცია) და ფულის გაუფასურება (ინფლაცია).

სტადია (ბერძ.) - განსაზღვრული საფეხური, პერიოდი ან ეტაპი რაღაც პროცესების განვითარებაში, რომელთაც აქვთ თავისი ხარისხობრივი თავისებურებანი.

სტადიონი (ბერძ. ასპარეზი, მოედანი) - სპორტული შეჯიბრებისა და ვარჯიშისათვის განკუთვნილი ნაგებობა, რომელსაც აქვს ფეხბურთის მოედანი, სარბენი ბილიკები და გარს ერტყმის მაყურებელთა ტრიბუნები. ს. შეიძლება გაიმართოს აგრეთვე სხვა ღონისძიებებიც, მაგ.: კონცერტი, ფესტივალი, კარნავალი და სხვ. მსოფლიოს უდიდესი სტადიონებია - 1. პირველი მაისის სახელობის სტადიონი ქ. ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეა, ტევადობა 150 000 კაცი. მსოფლიოს უდიდესი სტადიონი (ნახ. 1). აშენდა 1989 წელს; 2. Stadium of the Indian Youth, ტევადობა 120 000 კაცი, აშენდა 1984 წელს ქ. კალკუტაში, ინდოეთი (ნახ. 2); 3. Michigan Stadium, მიჩიგანის სტადიონი ენ-არბორში (აშშ, მიჩიგანის შტატი). აშენდა 1927 წელს. ტევადობა 109 901 კაცი. ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი სტადიონი; 4. Beaver Stadium - ტევადობა 105 572 კაცი, სიდიდით მეორე სტადიონი აშშ-ში,  აშენდა 1960 წელს. პენსილვანიის უნივერსიტეტის სპორტული არენა; 5. Azteca, აცტეკას სტადიონი ქ. მეხიკოში (მექსიკა), აშენდა 1968 წელს, ტევადობა 105 064 კაცი - ყველაზე დიდი სტადიონი ლათინურ ამერიკაში; 6. Neyland Stadium - ნეილენდის სტადიონი, ტევადობა 102 455 კაცი, აშენდა 1921 წელს ქ. ნოქსვილში (აშშ, შტატი ტენესი); 7. Ohio Stadium   - ოჰაიოს სტადიონი, ტევადობა 102 329 კაცი, აშენდა 1922 წელს კოლუმბუსში (აშშ, შტატი ოჰაიო). ოჰაიოს უნივერსიტეტის სპორტული არენა; 8. Bryant Denny Stadium - ბრაიანტ დენი სტადიონი, ტევადობა 101 821 კაცი, აშენდა 1928 წელს ქ. ტუსკალუკაში (აშშ, შტატი ალაბამა); 9. Darrell K Royal (Texas Memorial Stadium) - დარელ კ როიალი, ტევადობა 100 119 კაცი, აშენდა 1924 წელს ქ. ოსტინში (აშშ, შტატი ტექსასი). ადგილობრივი, ამერიკული ფეხბურთის საუნივერსიტეტო გუნდის სპორტული არენა; 10. Melbourne Cricket Ground - მელბურნის კრიკეტის მოედანი, ტევადობა 100 018 კაცი. აშენდა 1854 წელს ქ. მელბურნში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ. ყველაზე დიდი სტადიონი ავსტრალიის კონტინენტზე და ყველაზე დიდი კრიკეტის სტადიონი მსოფლიოში; 11. კამპ ნოუ - სტადიონი ბარსელონაში (ესპანეთი),სადაც საშინაო მატჩებს მართავს საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“. ტევადობა 99 453 კაცი. აშენდა 1957 წელს. „კამპ ნოუ“ ყველაზე ტევადი სტადიონია ევროპაში; 12. უემბლი - საფეხბურთო სტადიონი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში (ინგლისი). გაიხსნა 2007 წელს ძველი უემბლის ადგილზე.  ტევადობა 90 000 კაცი. ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი (ნახ. 3); 13. სან სირო (სტადიო ჯუზეპე მეაცა) - სტადიონი ლომბარდიის ქალაქ მილანში (იტალია), რომელიც ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ჯუზეპე მეაცას სახელს ატარებს და ქალაქის ორი გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენაა. ტევადობა 85.700 კაცი. აშენდა 1926 წელს, ბოლო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1990 წელს. 14. სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი - სტადიონი მადრიდში (ესპანეთი), სადაც საშინაო მატჩებს მართავს საფეხბურთო კლუბი „მადრიდის რეალი“. ტევადობა 85 454 კაცი. აშენდა 1947 წელს (ნახ. 4). სახელი ეწოდა რეალის პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს პატივსაცემად; 15. სტად დე ფრანსი - საფრანგეთის ეროვნული სტადიონი, რომელიც მდებარეობს პარიზის გარეუბან სენ-დენიში. გაიხსნა 1998 წელს. ტევადობა - 81 338 კაცი. გარდა ჩამოთვლილისა შესანიშნავი სტადიონების აშენებული რომში (სტადიო ოლიმპიკო, იტალია), პარიზში (როლან გაროს ჩოგბურთის სტადიონი, საფრანგეთი), მიუნხენში (ალიანც არენა, გერმანია, ნახ. 5), მოსკოვში (ლუჟნიკები, რუსეთი), მანჩესტერში (ოლდ ტრაფორდი, ინგლისი), ამსტერდამში (ამსტერდამ არენა, ნიდერლანდები), ათენში (ოლიმპიური სტადიონი, საბერძნეთი), რიო-დე-ჟანეიროში (მარაკანა, ბრაზილია) და სხვ.

სტაკერი (ინგლ.) - მოძრავი დამაშტაბელებელი კონტეინერი, საწყობური (მოკლე ხის მასალების დასაშტაბელებლად) ან საფეხუროვანი (ქვიშის, ღორღის, მადნის დასაშტაბელებლად) ტიპის (ნახ. 1). გადაადგილდება გაგანიერებული რელსის მარგლით. შტაბელის სიმაღლე სტაკერში ზოგჯერ 30...35 მ აღწევს.

სტალაგმიტი (ბერძ.) - გამოქვაბულის ძირიდან კონუსისებურ სვეტად აღმართული შვერილი, რომელიც გაჩენილია თაღიდან ჩამონადენი კირიანი წყლის წვეთებისაგან.

სტალაქტიტი (ბერძ.) - 1. დეკორაციული მოტივე საფეხურებად განლაგებული პრიზმული ფიგურების სახით, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული მუსლიმანურ არქიტექტურაში - ლავგარდანის და სხვა, ჩვეულებრივ გამოწეული ნაწილების დამუშავებისას; 2. გამოქვაბულის თაღიდან კონუსებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილი, რომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან (ნახ. 1).

სტანდარტი [ინგლ. Standard]  - 1. კონსენსუსის საფუძველზე შემუშავებული და სტანდარტების ორგანოს მიერ რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს ან მახასიათებლებს სხვადასხვა საქმიანობისათვის (მოქმედებისათვის) ან მისი შედეგებისათვის გარკვეულ სფეროში ოპტიმიზაციის მიზნით. ს. დაცვა სავალდებულო არ არის. იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს ან ექსკლუზიურად ეხებოდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების ან ეტიკეტირების მოთხოვნებს საქონლის, პროცესის ან წარმოების მეთოდის მიმართ;  2. სტანდარტიზაციის ობიექტებისათვის ნორმების, წესების, მახასიათებლების კომპლექსის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ეხება სხვადასხვა სახეობის საქმიანობას ან მის შედეგებს და მიზნად ისახავს გარკვეულ სფეროში ოპტიმალური წესრიგის მიღწევას, შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ;  3. ნიმუში, ეტალონი, მოდელი, რომელიც მიიღება ძირითადად სხვა მის მსგავს ობიექტთან შესადარებლად. ს. როგორც ნორმატიულ-ტექნიკურმა დოკუმენტმა შეიძლება მოიცვას, როგორც პროდუქცია, ასევე ობიექტი. არსებობს საერთაშორისო, რეგიონალური, ნაციონალური და ცალკეული ორგანიზაციების ს. სისტემის სტანდარტიზაციის მიხედვით ს. შეიძლება დავყოთ თემებად: ხარისხის, სოციალური, განათლების, ტერმინოლოგიის, ტექნიკური მოთხოვნების, შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, დოკუმენტაციის გაფორმების, ეკოლოგიის, შინაური ცხოველების ჯიშების და სხვ, მსოფლიოში მიღებული და ცნობილი სტანდარტებია: ISO, API, CMMI, ARINC, ASTM, ГОСТ, МЭК და სხვ.

სტანდარტი სახელმწიფო - სტანდარტი, რომელიც მიღებულია ან დამტკიცებულია სახელმწიფოს სათანადო ორგანოების მიერ და სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე გამოშვებულ პროდუქციაზე ვრცელდება. საქართველოში სტანდარტების შემუშავებას, რეგისტრაციას და ამ სტანდარტების გავრცელებას ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. საქართველოში მოქმედი სტანდარტების სახეებია: საქართველოს სტანდარტი, საერთაშორისო/რეგიონალური ორგანიზაციის სტანდარტი, სახელმწიფოთაშორისო სტანდარტი(გოსტ) და საწარმოს შიდა სტანდარტი. სტანდარტის შემუშავება (რეგისტრაცია) ხდება დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის საშუალებით და შემდეგ წარმოებს მისი რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტების რეესტრში.

სტანდარტიზაცია - 1. სტანდარტის დადგენისა და გამოყენების პროცესი, რომლის მიზანია სამეურნეო და სამრეწველო მოღვაწეობის მოწესრიგება ნაკეთობების რაციონალური ნომენკლატურის დადგენით და მათდამი მოთხოვნებით. ს. ქმნის სერიული და მასიური წარმოების წინაპირობას, ხელს უწყობს სპეციალიზაციას და მაშასადამე, მექანიზაციისა და ავტომატიზაციის დანერგვას წარმოებაში; 2. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების თანამიმდევრობა; 3. გადატ. შაბლონურობა, ტრაფარეტულობა.

სტანდარტული - 1. რაც სტანდარტს შეესაბამება; ტიპობრივი; 2. გადატ. შაბლონური, ტრაფარეტული.

სტანდარტული ნიმუში - ერთეული სიდიდის კვლავწარმოების ზომა, რომელიც ახასიათებს ნივთიერების თვისებებს ან შემადგენლობას. ს.ნ. იყენებენ მეტროლოგიურ სამუშაოებში ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხის კვლევისას; მეცნიერებაში ლაბორატორიული გამოცდების ჩასატარებლად და სხვ. ს.ნ. სახეები, საერთო მოთხოვნები და წესები გაწერილია ქვეყნის ნორმატიულ და ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

სტანდარტული ტემპერატურული რეჟიმი - ტემპერატურის ცვლილების რეჟიმი კონსტრუქციების ცეცხლმედეგობაზე გამოცდის დროს, რომელიც დადგენილია სტანდარტით. საერთაშორისო ნორმების თანახმად „სტანდარტული ხანძრის“ შესაბამისი ტემპერატურა გამოითვლება ფორმულით T = T0 + 345∙Ig(8τ+1), სადაც T არის ხანძრის ტემპერატურა, 0C ; T0 - საწყისი ტემპერატურა, 0C ; τ - დრო ხანძრის დაწყებიდან, წთ. მიღებულია, რომ ყველა სახის გამოცდა ცეცხლმედეგობაზე უნდა ჩატარდეს ამ ტემპერატურის შესაბამისად.

სტანცები - ოთახები ვატიკანში, რომლებიც რაფაელმა და მისმა მოსწავლეებმა მოხატეს: სტანცა დელ ინჩენდიო დი ბორგო (ფრესკა „ხანძარი ბორგოში“), სტანცა დელლა სენიატურა, სტანცა დელიოდორო (ელიოდოროს ოთახი). ამ ოთახების ყოველი კედელი ფრესკულ კომპოზიციას უკავია, ანუ ყოველ ოთახში ოთხი ფრესკული კომპოზიციაა. სტანცების საუკეთესო ფრესკად და რაფაელის უდიდეს ნაწარმოებად მიჩნეულია „ათენის სკოლა“ - რენესანსული ხელოვნების ერთ-ერთი შედევრი (ნახ. 1).

სტაჟიორი - ახალ სამუშაოზე მოწყობილი პიროვნება. მისი შესაძლებლობებისა და უნარის, შეფასებისა და გამოცდილების ათვისების მიზნით, იგი განსაზღვრული დროის პერიოდში მუშაობს შესაბამის ორგანიზაციაში.

სტარტერი (ინგლ.) - 1. შიდა წვის ზრავის ჩამრთველი მოწყობილობა. მოქმედების პრინციპის მიხედვით არსებობს: ინერციული , პირდაპრირი მოქმედების და კომბინირებული. ს. მართვა შესაძლებელია უშუალოდ პედალზე ფეხის დაჭერით ან დისტანციურად ხელით; 2. შუქტექნიკაში - მოწყობილობა ლუმინესცენციური ნათურების (ლამპების) ასანთებად.

სტატიკა (ბერძ.) - მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ძალთა ერთი სისტემის გარდაქმნას მის ეკვივალენტურ სხვა უფრო მარტივ სისტემად და ნივთიერი სხეულების წონასწორობის პირობებს მასზე მოდებული ძალების მოქმედებისას. სტატიკა შეისწავლის ე.წ. აბსოლუტურ წონასწორობას, ანუ სხეულის უძრავ მდგომარეობას ათვლის ინერციული სისტემის მიმართ (პრაქტიკულად დედემიწის მიმართ). განსახილველი ობიექტის თვისებების მიხედვით სტატიკას ყოფენ რამდენიმე დარგად: მყარი სხეულის სტატიკა, დრეკად - დეფორმირებადი სხეულის სტატიკა, თხევადი სხეულების ს. (ჰიდროსტატიკა), აირისებრი გარემოს ს. (აეროსტატიკა). მყარი სხეულის ს. ფართოდ იყენებენ სხვადასხვა საინჟინრო კონსტრუქციის წონასწორობის ზოგადი პირობების განსაზღვრისას, ამ კონსტრუქციების საყრდენებზე არსებული წნევის და კონსტრუქციის შიდა ნაწილებში ძაბვების განსაზღვრისათვის, რადგანაც ამ ამოცანების გადაწყვეტისას კონსტრუქციის ნაწილების დეფორმაციები შეიძლება ჩვეულებრივ უგულებელვყოთ. გარდა ამისა, გამყარების პრინციპის საფუძველზე მყარი სხეულის ს. მეთოდები შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ცვლადი სისტემის (ბაგირი, ჯაჭვი, ღვედი, მრავალსახსრიანი ძელი, თაღი და ა.შ.) წონასწორობის აუცილებელი პირობების შესადგენად. ს. ძირითად ცნებებს განეკუთვნება ძალის, რაიმე ცენტრის ან ღერძის მიმართ ძალის მომენტისა და წყვილძალის ცნებები. ს. ყოფენ გეომეტრიულ და ანალიზურ სტატიკად. გეომეტრიული სტატიკა დაფუძნებულია ე. წ. სტატიკის აქსიომებზე, რომლებშიც ფორმულირებულია ის მარტივი და ძირითადი კანონები, რომლებსაც ემორჩილებიან ერთსა და იმავე სხეულზე ან ურთიერთმოქმედ სხეულებზე მოდებული ძალები. გეომეტრიული ს. არის მეცნიერება მყარი სხეულების და მათი სისტემების წონასწორობის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ძალებისა და წყვილძალების შეკრებისა და დაშლის ერთიან კანონზე. ანალიზური ს. საფუძველია შესაძლო გადაადგილებათა პრინციპი. ანალიზურ ს. განასხვავებენ უძრაობასა და წონასწორობას. ითვლება, რომ ნივთიერ წერტილთა სისტემა უძრავია, თუ შეიძლება მოინახოს ათვლის ისეთი ინერციული სისტემა, რომლისთვისაც დროის აღებულ მომენტში ან დროის რაიმე შუალედში სისტემის ყველა წერტილის სიჩქარე ნულის ტოლია. გეომეტრიულ ს., ბმისაგან განთავისუფლების აქსიომის დახმარებით სხეულის წონასწორობაზე ამოცანების ამოხსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ვთვლით თავისუფალ სხეულად. ანალიზურ ს. შესაძლო გადაადგილებათა პრინციპის გამოყენებისას ეს არ არის აუცილებელი.

სტატიკა ფხვიერი გარემოსი - შეისწავლის ცალკეული მყარი ნაწილაკებისაგან შემდგარი ფხვიერი სხეულების (წვრილმარცვლოვანი გრუნტი, ცემენტი და სხვ.) წონასწორობის პირობას. საინჟინრო პრაქტიკაში გამოიყენება ფხვიერი გარემოს ზღვრული წონასწორობის თეორია, რომელიც გულისხმობს მის ზღვრულ დაძაბულ მდგომარეობას და წყვეტს ამოცანებს, დაკავშირებულს: ჩანაყარის დაწნევასთან მისაბრჯენ კედლებზე და ტევადობის შემომსაზღვრელ კონსტრუქციაზე; ფხვიერი გრუნტის მზიდუნარიანობასთან; გვერდულების მდგრადობის შემოწმებასთან და სხვ. შესაბამისად არის ანალიზური და გრაფიკული სტატიკა, სტატიკურად ბლანტი და მყიფე სხეულები, სტატიკურად რკვევადი და ურკვევადი ამოცანები და სხვ.

სტატიკის აქსიომები - სტატიკის აქსიომებში ლაპარაკია ძალთა ისეთ თვისებებზე, რომლებიც დადგენილია უშუალოდ დაკვირვებისა და მრავალი ცდის შედეგად. სტატიკის ძირითადი აქსიომებია: 1. მყარ სხეულზე მოქმედი ორი ძალა მხოლოდ მაშინ არის გაწონასწორებული, თუ ისინი სიდიდით ტოლნი არიან, მდებარეობენ ერთ ფუძეზე და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არიან მიმართულნი. ასეთ ორ ძალას პირდაპირთანაწინააღმდეგი ძალები ეწოდება; 2. მყარ სხეულზე მოდებული ძალთა სისტემის მოქმედება არ შეიცვლება, თუ მას დავუმატებთ ან გამოვაკლებთ პირდაპირთანაწინააღმდეგ ძალებს; 3. მყარი სხეულის ერთ წერტილზე მოქმედ ორ ძალას აქვს ტოლქმედი, რომელიც შეიძლება განისაზღვროს ძალთა პარალელოგრამის წესით; 4. ყოველი ორი სხეული ერთმანეთზე მოქმედებენ ძალებით, რომლებიც სიდიდით ერთმანეთის ტოლია, მდებარეობენ ერთ ფუძეზე და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არიან მიმართულნი. (შევნიშნოთ, რომ ქმედება და უკუქმედება წარმოადგენს ორ ძალას, რომლებიც ყოველთვის ორ სხვადასხვა სხეულზეა მოდებული); 5. დეფორმირებად სხეულზე მოდებული ძალების წონასწორობა არ ირღვევა ამ სხეულის გამყარებისას; 6. ყოველი არათავისუფალი სხეული შეიძლება განვიხილოთ, როგორც თავისუფალი, თუ ბმების მოქმედებას შევცვლით ძალებით (რეაქციის ძალებით), რომლებიც სხეულზე იგივე მექანიკურ მოქმედებას ახდენენ, რასაც აღნიშნული ბმები.

სტატიკურად რკვევადი სისტემა - მექანიკურ სისტემა, რომელშიც უცნობი რეაქციების ძალთა რაოდენობა ტოლია მოცემულ სისტემაზე მოქმედი ძალების წონასწორობის განტოლებების რაოდენობისა.

სტატიკურად ურკვევი სისტემა - მექანიკურ სისტემა, რომელშიც უცნობი რეაქციების ძალთა რაოდენობა მოცემულ სისტემაზე მოქმედი ძალების წონასწორობის განტოლებების რაოდენობაზე.

სტატიკური მომენტი - 1. მექანიკური სისტემის სტატიკური მომენტი წერტილის (სიბრტყის, ღერძის) მიმართ წარმოადგენს სიდიდეს, რომელიც მათემატიკურად გამოისახება სისტემის (სხეულის) თითოეული წერტილის მასის და მისი შესაბამისი რადიუს-ვექტორის (მოცემულ სიბრტყემდე მანძილის) ნამრავლის ჯამით (ინტეგრალით). განზომილებაა - სიგრძის ერთეული მესამე ხარისხში (სმ3; მ3).

სტატიკური მუშაობა - ადამიანის სხეულის დაძაბვა სივრცეში სხეულის, ხელების ან ფეხების გადაადგილების გარეშე.

სტატისტი - 1. უსიტყვო როლების შემსრულებელი მსახიობი; 2. ადამიანი, რომელიც პასიურად მონაწილეობს რამეში.

სტატისტიკა (გერმ.) - 1. მეცნიერება მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების შესახებ; 2. შემთხვევით სიდიდეებზე დაკვირვებების შედეგების ფუნქცია; 3. საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს თვისებრივ მხარესთან მჭიდრო კავშირში ადგილისა და დროის განსაზღვრულ პირობებში; 4. მათემატიკის დარგი, რომელიც მიძღვნილია სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაციის, დამუშავების და კვლევის მათემატიკური მეთოდებისადმი მეცნიერული და პრაქტიკული დასკვნების გასაკეთებლად.

სტატისტიკა მათემატიკური - სტატისტიკის ქვედარგი, რომელიც ამ დარგის თეორიულ ასპექტებს სწავლობს.

სტატისტიკოსი - ადამიანი, რომელიც კარგადაა გათვითცნობიერებული სტატისტიკური ანალიზის მეთოდებში და შეუძლია მათი პრაქტიკულად გამოყენება.

სტატისტიკური თერმოდინამიკა - სტატისტიკური ფიზიკის განყოფილება, რომელიც სწავლობს თერმოდინამიკური სისტემის მახასიათებლებს.

სტატისტიკური მეთოდი - ხდება ტრავმატიზმის მონაცემების დამუშავება სხვადასხვა მაჩვენებლების (კოეფიციენტების) დადგენის მიზნით.

სტატისტიკური ფიზიკა - თეორიული ფიზიკის განყოფილება, რომელიც სწავლობს დიდი რაოდენობის ნაწილაკებისაგან შემდგარი სისტემის თვისებებს.

სტატუსი (ლათ.) - 1. სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგნიზაციის, თანამდებობის პირის ან მოქალაქის სამართლებრივი მდგომარეობ; 2. სოციალურ კავშირთა სისტემაში ადამიანის მიერ დაკავებული რეალური ან მოსალოდნელი ადგილი, ანუ ინდივიდის რანგი. იგი შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური. პირველი განისაზღვრება დაკავებული თანამდებობით, ხოლო მეორე - პიროვნული თვისებებით, როგორიცაა: ასაკი, ცოდნა, გამოცდილება, კულტურა, კავშირები, ზნეობრივი თვისებები და ა. შ.

სტაციონალური - მუდმივი, ერთ ადგილას მოთავსებული, არამოძრავი.

სტაციონალური დამაგრება - მისი დანიშნულებაა მოახდინოს გადახურვის მზიდი კონსტრუქციების ერთ მთლიან, ხისტ სისტემად გადაქცევა და უზრუნველყოს ქარის დატვირთვით წარმოქმნილი ძალების მიღება და გადაცემა საყრდენებისათვის, რომლებიდანაც ეს ძალები გრძივი და შვეული დახრილი კავშირების (სვეტებს შორის) საშუალებით გადაეცემა საძირკვლებს.

სტაციონალური მდგომარეობა - სისტემის მდგომარეობა, როდესაც მისი ზოგიერთი მნიშვნელოვანი თვისება არ იცვლება დროში.

სტაციონალური ძრავა - ძრავა, დამაგრებული უძრავ ხისტ საყრდენზე (საძირკველზე), რომელსაც მოძრაობაში მოყავს სტაციონალური დანადგარი.

სტაციონარული ეკრანი - ელექტროდანადგარის კონსტრუქციის აუცილებელი ნაწილი, რომელიც იცავს პერსონალს საექსპლუატაციო სამუშაოების (დანადგარის დათვალიერება, ოპერატიული გადართვა და ა.შ.), ამომრთველების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების დროს. ს.ე. მზადდება ლითონის ბრტყელი ფარების სახით. ეს შეიძლება იყოს წინაფრა, ფარდული, ტიხარი, შეკიდული ფარი და სხვ. სტენდი - მანქანების, ხელსაწყოების და სხვათა ასაწყობი ან გამოსაცდელი სპეციალური დანადგარი. ცნობილია მოძრავი და უძრავი სტენდები, საამწყობო, საცდელი, უნივერსალური და სხვ. სტენდებზე გამოიყენება სპეციალური დამტვირთველები, შეხამებული საექსპლუატაციო რეჟიმთან.

სტაციონარული ქვაბი - საძირკველზე უძრავად დაყენებული ქვაბი.

სტეარიტი - მინერალური შრეული სილიკატების ქვეკლასიდან. ტალკის მკვრივი სახესხვაობა. გამოიყენება ცეცხლგამძლე და ელექტროსაიზოლაციო მასალად.

სტეკა - საჭრისი, რომელსაც მოქანდაკეები იყენებენ თიხისაგან, პლასტილინისაგან რისამე ძერწვისას (ნახ. 1). ძირითადად ამზადებენ მაგარი ჯიშის მერქნის მასალისაგან (მუხა, კოპიტი, ბზა, აკაცია, წიფელი, ლარიქსი და სხვ.).

სტელა (ბერძ.) - მემორიალური ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ვერტიკალურად დაყენებულ ქვის ფილას (სვეტს) წარწერით ან რელიეფური გამოსახულებით (ნახ. 1).

სტელაჟი (გერმ. Stellage) - მრავალიარუსიანი მოწყობილობა, რომელიც შედგება ვერტიკალური დგარების ან კედლებისაგან თავისი თაროებით, ყუთებით, კრონშტეინებით და რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მასალების დასაწყობებისა და შენახვისათვის, აგრეთვე გასაშრობი მასალების დასადებად (მაგ. აგური, ტორფი). ს. შეიძლება იყოს მბრუნავი (მაგ., სამედიცინო ინსტრუმენტებისათვის, წამლებისათვის), სტაციონალური (ნახ. 1) და გადასაადგილებელი (მექანიკური ან ელექტრული ამძრავით) ტვირთებისათვის, რომელთა გაცემა წარმოებს გარკვეულ ადგილებში.

სტელიტი (ინგლ.) - კობალტის ან ნიკელის საფუძველზე შექმნილი მყარი შენადნობი, რომელიც გამოიყენება მანქანა-დანადგარების და ხელსაწყოების ზედაპირის დასაფარად მათი ცვეთამედეგობის ასაწევად. ს. არ გააჩნია ჭედადობა და არ ექვემდებარება ჩვეულებრივ ჭრას. გამოიყენება ჩამოსხმული ან თერმული დამუშავების გარეშე დანადნობის სახით.

სტემალიტი - სხვადასხვა ფაქტურის მქონე ფურცლოვანი მინა სისქით 5...12 მმ, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია ყრუ (გაუმჭვირი) კერამიკული საღებავით. ს. დეკორატიული თვისება - მკვეთრი, გაუხუნებელი ფერი, ზედაპირის მაღალი ხარისხი - შეხამებულია ატმოსფერულ ნალექებთან, დიდ მედეგობასთან, სიმტკიცესთან და ზედაპირულ სიმყარესთან. გამოიყენება შენობა-ნაგებობების გარე და შიდა მოპირკეთებისათვის და მრავალფენიანი შესაკიდი პანელების დასამზადებლად.

სტენდერი (გერმ.) - 1. ასავსებ-დასაცლელი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება თხევადი პროდუქტების (წყალი, ნავთობი, ნავთობპროდუქტები) დასატვირთ-გადმოსატვირთი ოპერაციების შესასრულებლად; 2. მოსახსნელი მოწყობილობა სახანძრო ჰიდრანტზე წყლის ასაღებად.

სტენდი [ინგლ. Stand] - 1. დაფა, რომელზედაც გამოფენის ექსპონატებია მოთავსებული; 2. ქარხანაში ან ლაბორატორიაში: აწყობილი მანქანების, აპარატების გამოსაცდელი დანადგარი ან ადგილი; 3. ლითონის კონსტრუქციების ასაწყობი და შესადუღებელი მოწყობილობა; 4. მოედანი სასტენდო სროლისათვის.

სტერადიანი - სივრცითი კუთხის საზომი ერთეული - ისეთი სივრცითი კუთხე, რომელიც ამ კუთხის წვეროზე შემოწერილ R რადიუსის სფეროზე ამოჭრის ზედაპირს, რომლის ფართობი რადიუსის კვადრატის (R2-ის) ტოლია. სრული სფერო შეიცავს 4π სტერადიანს. სივრცითი კუთხე არ შეიძლება იყოს 4π სტერადიანზე მეტი.

სტერეობატი (ბერძ. Stereobatēs) - ანტიკური შენობის ან სვეტნარის ძირი, ცოკოლი, რომელიც ხშირად საფეხურებად არის დაყოფილი (იხ. იონური ორდერი, ნახ. 1, პოზ. 10).

სტერეომეტრია (ბერძ.) - გეომეტრიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სივრცითი ფიგურის თვისებებს (მაგ., პრიზმა, პირამიდა, სფერო და სხვ.). ს. ძირითადი ცნებებია: წერტილი, წრფე, სიბრტყე, მანძილი, სიმრავლე, ასახვა და სხვ.

სტერეოსკოპი - ოპტიკური ხელსაწყო, რომლის მეშვეობით ადგილის ან ცალკეული საგნის ფოტოსურათს აღიქვამენ სივრცულად.

სტერილიზაცია (ფრანგ.) - ნივთიერებაში, მასალაში, სხეულში მიკროორგანიზმების მოსპობა გამოხარშვით, გაორთქლით, ფილტრაციით, ტემპერატურით, დასხივებით, ქიმიურ ნივთიერებათა ზემოქმედებით და სხვ. ს. ფართოდ გამოიყენება ხის კონსტრუქციებისა და ავეჯის წარმოებაში.

სტერლინგი - 1. ძველებური ინგლისური ვერცხლის მონეტა, იჭრებოდა XII საუკუნიდან; 2. ინგლისური ოქროს ან ვერცხლის ფულის სინჯის დაკანონებული სტანდარტი. გირვანქა სტერლინგი - დიდი ბრიტანეთის ფულადი ერთეული, უდრის 100 პენსს.

სტექიომეტრია (ბერძ.) - კანონების, წესებისა და ტერმინების სისტემა, რომელიც არეგულირებს ქიმიურ რეაქციებში ნივთიერების შემადგენლობისა და ნივთიერების მასებს შორის რაოდენობრივი თანაფარდობის გაანგარიშების საკითხებს.

სტილბი - სიკაშკაშის ერთეული ერთეულთა CGS სისტემაში.

სტილეტი - ცივი იარაღი, ხანჯალი, ზოგჯერ სამი პირის მქონე.

სტილი (ფრანგ.) - 1. ხელოვნებაში - გარკვეული ეპოქის, ერის, მიმართულების ან ცალკეული შემომქმედის დამახასიათებელი გამომხატველი ხერხების, მხატვრული თავისებურებების ერთობლიობა, რაც შეპირობებულია იდეური, საზოგადოებრივ-ისტორიული შინაარსის ერთიანობით; 2. ენობრივი თავისებურებანი, რომლებიც ახასიათებს ამა თუ იმ მწერალს, ლიტერატურულ მიმდინარეობას, ჟანრს; 3. ქცევის ან მოქმედების თავისებურებანი, მანერა; 4. მასის (წონის) ერთეული XVII-XVIII საუკუნეების ირანსა და საქართველოში; შეადგენდა ლიტრის 1/20 ნაწილს.

სტილიზაცია - 1. გასული წლების არქიტექტურული სტილების იმიტაცია, მიბაძვა, ცნობილი ოსტატის სტილის მიმსგავსება ან წარსულის არქიტექტურული ძეგლის ფორმალური გადმოტანა (გადმოთამაშება). ს. როგორც წესი მოკლებულია ორიგინალის სიღრმისეულ შინაარსს, სტილის ბუნებრიობას, ფორმასა და შინაარსს შორის ორგანულ კავშირს; 2. პირობით, დეკორაციულ ფორმათა გამოყენება ხელოვნებაში.

სტილიზაცია არქიტექტურაში - ძველი მხატვრული მიმართულების (სტილის) მიბაძვა, გამოხატული გარე დეკორატიულ-გამოყენებითი ფორმების გადაღებაში, რომელიც არ შეესაბამებოდა უფრო თანამედროვე ხუროთმოძღვრების ნაწარმოებების ფუნქციებსა და კონსტრუქციებს; ასეთი ფორმალური ტენდენციების გაჩენა გამოიწვია არქიტექტურაში რომანტიკულმა მიმდინარეობამ.

სტილობატი (ბერძ. Stylobates) - 1. სტერეობატის ზედაპირი (იხ. იონური ორდერი, პოზ. 9); 2. სვეტნარის საყრდენი ქვის ფილა; 3. კედლის ცოკოლის სიბრტყიდან გამოშვერილი კიბური ზედაპირი.

სტილოსი - ძვლის ან ლითონის წვერწამახილი ჩხირი, გამოიყენებოდა ძველად საწერ იარაღად.

სტილოსკოპი (ინგლ.) - სპექტროსკოპი, რომელიც გამოიყენება ფოლადისა და შენადნობების ქიმიური შემადგენლობის გამოსხივების სპექტრების ვიზუალური დაკვირვებისათვის. ნივთიერების ნიმუში ორთქლდება ნაპერწკლოვან ან რკალურ განმუხტვაში და წარმოქმნილი გამოსხივების სპექტრს აკვირდებიან მონოქრომატორის უკან დამაგრებულ ოკულარში, რომლის სკალაზე დატანილია დანაყოფები, რომლებიც შეესაბამება აუცილებელ კომპონენტებს (რკინა, ნიკელი, სპილენძი, კობალტი, მაგნიუმი და სხვ.).

სტიმულირება - ადამიანის შრომითი ქცევის მართვის მეთოდი. იგი გულისხმობს ადამიანის საქმიანობის მამოძრავებელი მოტივების საშუალებით პერსონალის ქცევაზე მიზანმიმართულ ზემოქმედებას.

სტიმულირება ეკონომიკური - ეკონომიკური წახალისება, რომელიც ხელს უწყობს მწარმოებლებისა და მომხმარებლების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას.

სტიმულირება მატერიალური - ეკონომიკური სტიმულირების სახე, რომელიც ემყარება ადამიანის მატერიალური დაინტერესების გამოყენებას ხელფასის დონის ამაღლებით, კარგი მუშაობისათვის ფულადი პრემიებისა და ნივთობრივი საჩუქრების მიცემით და ა.შ.

სტიმულირება მორალური - არამატერიალური სტიმულირების ერთ-ერთი სახე. აქ წინა პლანზეა წამოწეული ადამიანის დამსახურების საზოგადოებრივი აღიარება და მისი პრესტიჟის ამაღლება. მორალური სტიმულირების ფორმებია: საპატიო წოდებების მინიჭება, ჯილდოების, საპატიო სიგელების და სხვ. გადაცემა, საპატიო დაფაზე ფოტოსურათის მოთავსება, მადლობის საჯაროდ გამოცხადება და ა.შ.

სტიროლი (ვინილბენზოლი) - არომატული ნახშირწყალბადი, რომელიც ადვილად განიცდის პოლიმერიზაციას და წარმოქმნის მაგარ მინისებრ მასას; ფართოდ იყენებენ პლასტმასებისა და სინთეზური კაუჩუკის წარმოებაში, აგრეთვე პოლიეთერული ფისების გამხსნელად.

სტიუდენტის განაწილების კვანტილი (სტიუდენტის კოეფიციენტი) – 1. რიცხვითი მახასიათებელი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მათემატიკური სტატისტიკის ამოცანებში, ისეთებში, როგორიცაა სარწმუნო ინტერვალების აგება (სარწმუნოების ზღვრების) და სტატისტიკური ჰიპოტეზების შემოწმება. ამ კოეფიციენტების მნიშვნელობები მოცემულია სპეციალურ ლიტერატურაში ცხრილის სახით; 2. დამოუკიდებელი შემთხვევითი სიდიდეები.

სტიქია - 1. იგივეა, რაც სტიქიონი; 2. (გადატანით) ვისიმე მოქმედების, მოღვაწეობის ჩვეული, კარგად ცნობილი, საყვარელი არე, გარემო.

სტიქიონი (ბერძ.) - ბუნების მძლავრი მოვლენა, დამანგრეველი ძალა (ქარიშხალი, სმერჩი, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და სხვ.).

სტიქიური - 1. სტიქიით, სტიქიონით გამოწვეული; 2. (გადატანით) არაორგანიზებული, შეგნებული ხელმძღვანელობის გარეშე მიმდინარე.

სტიქიური უბედურება - 1. კატასტროფული ხასიათის უბედურება, რომელსაც თან ახლავს ადამიანთა მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზარალი, გამოწვეულია დამანგრეველი ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენური პროცესებით. ასეთ პროცესებს განეკუთვნება: წყალდიდობები, ტაიფუნები, მიწისძვრები, ვულკანების ამოფრქვევა, გვალვა, ცუნამი, მეწყრები, ღვარცოფული ნაკადები, თოვლის ზვავები და სხვ. უკანასკნელ პერიოდში, წარმოებისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდასთან ერთად, შეინიშნება სტიქიური უბედურებით გამოწვეული ადამიანების მსხვერპლთა და ეკონომიკური ზარალის რაოდენობის განუწყვეტლივი ზრდა; 2. სწრაფად (ხშირად მოულოდნელად) განვითარებული კრიზისული ლოკალური ან რეგიონალური ეკოლოგიური სიტუაცია, რომლის დროსაც არახელსაყრელად მოქმედებს ერთდროულად სამი ფაქტორი: ექსტრემალური გეოფიზიკური მოვლენა, დედამიწის ზედაპირზე ამ მოვლენით გამოწვეული ზემოქმედება და მოსახლეობის უუნარობა საკმარისი წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ზემოქმედებას.

სტოა (ბერძ. Stoia; Stoa) - 1. ანტიკური საბერძნეთის საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს კედლის გასწვრივ ერთ ან ორ რიგად განლაგებულ გადახურულ სვეტნარს (ნახ. 1); 2. კარიბჭე, ნართექსი; სვეტებიანი, გვერდღია, კამაროსანი ნაგებობა - ტაძრის მთავარი შესასვლელი ან გარემოსავლელი. დროთა განმავლობაში სტოას პირვანდელი სახე შეიცვალა და სვეტებს შორის ადგილი კედლით ამოშენდა.

სტოკერი [ინგლ. Stoker] - მოწყობილობა, რომელიც მექანიკურად ასრულებს ზოგი სახის სამუშაოს - ყრის სათბობს ორთქლმავლის საცეცხლეში, აწვდის ნედლეულს ან დეტალებს დამამუშავებელ საჭრისებს, ტვირთავს ავტომობილებს და სხვ.

სტოკნოტი - დახერხილი ხის მასალისადმი წაყენებული მოთხოვნები მისი საზღვარგარეთ ექსპორტისას (ზომები, ხარისხი, დატვირთვის დრო და სხვა მაჩვენებლები)

სტორნო - ბუხჰალტრული ანგარიშის გატარება, როგორც წესი, გათვალისწინებულია შეცდომით წარმოებული ჩანაწერის გასასწორებლად.

სტოქასტიკური პროცესი - შემთხვევითი, ალბათური პროცესი.

სტრატეგია - რაიმეს წარმოების გრძელვადიანი გეგმა.

სტრატეგიული გარემოს დაცვითი შეფასება - რეგულირების ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ხდება გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ამ სფეროში არსებული ცოდნის ინტეგრაცია სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების პროცესში.

სტრატეგიული დაგეგმვა - პროცესი, რომელიც გულისხმობს კომპანიის მიზნებისა და რესურსების სტრატეგიულ თანხვედრას კომპანიის ცვალებად გარემოსთან. ეს გულისხმობს კომპანიის მისიის, მიზნების, ბიზნესპორტფელის შექმნასა და ფუნქციური სტრატეგიების კოორდინირებას.

სტრატოსფერო (ლათ.) - ატმოსფეროს ნაწილი, რომელიც მდებარეობს ტროპოსფეროს ზევით.

სტრიკტეინერი (ლათ.) - ერთგვარი პნევმატიკურ ბორბლებიანი კონტეინერი გამიზნული ტვირთის გადასატანად საავტომობილო გზებზე.

სტრობოსკოპი (ბერძნ.) - ხელსაწყო პერიოდულად მოძრავი ობიექტის ერთიდაიგივე მდგომარეობის წყვეტილი დაკვირვებისათვის. ობიექტი ამის გამო წარმოგვიდგება უძრავად. ხელსაწყო აგრეთვე გამოიყენება ობიექტის მოჩვენებით უწყვეტ მოძრაობაზე დასაკვირვებლად, რომლებიც სინამდვილეში შედგება მოძრაობის ცალკეული ფაზების წყვეტილი გამოსახულებებისაგან. ს. პრინციპს იყენებენ კინოში.

სტრობოსკოპული ეფექტი - სინათლის პულსაცია (ფეთქადობა) ძაბვის სიხშირეზე ორჯერ მეტი სიხშირით. ამ დროს გზაზე მოძრავი საგნები ადამიანის (მძღოლის) მიერ აღიქმება, როგორც გაორებული, გასამებული ან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ან უფრო მცირე სიჩქარით მოძრავი ან უძრავი საგნები. მოძრავი საგნების მიმართ ასეთი მხედველობითი შთაბეჭდილება ძალზე სახიფათოა მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის და იწვევს თვალის სწრაფ დაღლას

სტრუქტურა (ლათ.) - 1. აგებულობა, აღნაგობა, წყობა. მაგ., ლითონის კრისტალური გისოსის, ბეტონის ქვის (ხელოვნური ქვა), მერქნის; 2. ობიექტის მდგრადი კავშირების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მის მთლიანობას და ძირითადი თვისებების (მახასიათებლების) შენარჩუნებას გარე და შიდა ცვლილებების პირობებში.

სტრუქტურა მთის ქანების - მინერალური მარცვლების, ნაწილაკების, ნატეხების შემადგენლობის თავისებურებათა კომპლექსი, რომელიც დაკავშირებულია მათ მორფოლოგიასთან, კრისტალურობის ხარისხთან და განლაგებასთან. მთის ქანების სტრუქტურა მჭიდროდაა დაკავშირებული ს.მ.ქ. გენეზისთან.

სტრუქტურული კონსტრუქციები (სტრუქტურები) - რეგულარულ-ღეროვანი ან რეგულარულ-ფირფიტოვანი ელემენტებისაგან შედგენილი სივრცითი ფილები და გარსები (ნახ.1). სტრუქტურებს ძირითადად ამზადებენ ფოლადის, ხის და ალუმინისაგან, იშვიათად - არმოცემენტისაგან, რკინაბეტონისაგან. ნებისმიერი სტრუქტურა შედგება ორი ბადისებრი სარტყელისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან დგარებითა და ირიბნებით. სტრუქტურის სახეობა დამოკიდებულია კვანძებში შემავალი ღეროების (ან წამწეების) რაოდენობაზე და მათ დახრაზე. ისეთი სტრუქტურები, რომლებიც შედგენილია ურთიერთგადამკვეთი სამი მიმართულების ხაზოვანი ელემენტებისაგან, კარგად მუშაობენ გრეხვაზე და ხასიათდებიან ამაღლებული სიხისტით. უფრო ნაკლები სიხისტე გააჩნიათ ს.კ., შედგენილს ორი მიმართულების ურთიერთგადამკვეთი ელემენტებისაგან. ს.კ. დადებით თვისებებს მიეკუთვნება: კონსტრუქციული ელემენტების უნიფიკაცია, მონტაჟის სიმარტივე, კონსტრუქციის მაღალი სივრცითი სიხისტე, არქიტექტურული გამომსახველობა, სისტემის მრავალბმულობა, რაც ამაღლებს კონსტრუქციის საიმედოობის ხარისხს ლოკალური ავარიების შემთხვევაში, კვანძების სიხშირე, რაც აადვილებს შეკიდული ტრანსპორტის მოწყობილობების დამაგრებას, სამშენებლო სიმაღლის შემცირება, ტრანსპორტირების სიადვილე და სხვ. უარყოფით თვისებას კი წარმოადგენს დამზადებისა და აწყობის დიდი შრომატევადობა.

სტუკო (იტალ.) - მაღალხარისხოვანი ბათქაში, რომელიც იძლევა გაპრიალების და საჭრისით დამუშავების საშუალებას.

სტუპა - მიწის ან ქვის დიდი ბორცვი (ნახ. 1). მისი აშენება დაიწყეს ბუდიზმის მიმდევრებმა რელიგიური სიწმინდეების შესანახად და ბუდასადმი სამლოცველოდ. ამ ვეებერთელა გორაკს თავზე მსუბუქი ფანტური ედგა. პირველი სტუპა აშენდა ძვ.წ-ით I საუკუნეში ინდოეთის სოფელ სანჩისში.

სუბარენდა - არენდატორის მიერ არენდით აღებული ქონების არენდით გადაცემა სხვა პირზე. ხელშეკრულებაში ქონების პირველი არენდატორი ფიგურირებს, როგორც არენდის მიმცემი.

სუბლიმაცია - იხ. აქროლა.

სუბლიმაციული შრობა - მასალებიდან (პროდუქტებიდან) ტენის მოშორება გაყინვით და შემდეგ ყინულის გადასვლით ორთქლის მდგომარეობაში გაუხშოებითა და დადებითი ტემპერატურით.

სუბსიდია - დახმარება ფულადი ფორმით სახელმწიფოს ან იურიდიული პირის მიერ სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოზე.

სუბსტანცია (ინგლ.) - 1. ობიექტური რეალობა, პირველსაწყისი მატერია, ყველა საგნისა და მოვლენის არსი; 2. სხვაზე დამოუკიდებლად, თავისთავად არსებული.

სუბსტრატი (ლათ.) - 1. ორი სხვადასხვა შეჭიდული სხეულის ფუძე (მაგ., მერქანი არის სუბსტრატი, მასზე დასხმული ლაქი კი ადგეზივი); 2. ბიოლ. საკვები გარემო (ჩვეულებრივ, მიკროორგანიზმებისათვის); 3. ფილოს. რაიმე მოვლენათა საერთო საფუძველი.

სუბსტრუქცია (ლათ.) - ნაგებობის მოსათავსებლად გაკეთებული ხელოვნური კონსტრუქცია, მოშანდაკებული ბაქანი, საყრდენი კედელი და სხვ.

სუბტროპიკები (ლათ.) - დედამიწის სფეროს ორი ფიზიკურ-გეოგრაფიული ზონა, რომლებიც ჩრდილოეთითა და სამხრეთით აკრავს ტროპიკებს.

სუეცის არხი - სანაოსნო არხი ევროპასა და აზიას შორის აფრიკის შემოვლის გვერდის ავლით (ნახ. 1). მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით. სიგრძე 163 კმ, სიგანე 300 მ. მის ერთ ბოლოში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს პორტ-საიდი, ხოლო მეორე ბოლოს წითელ ზღვაზე - სუეცი. გაიხსნა 1869 წელს.

სუზანი - ფერადი ნაქარგი ქსოვილი რამეზე გადასაფარებლად, კედელზე გასაკრავად და სხვა.

სუიტი - იხ. ანფილადა.

სულფატები - გოგირდმჟავას მარილები, გავრცელებული თაბაშირის ან ანჰიდრიდის სახით. არსებობს ორი სახის: საშუალო (ნორმალური) და მჟავური (ჰიდროსულფატები). ს. კრისტალჰიდრატებს აჯასპები ეწოდება; ორმაგ მარილს - შაბი. ბუნებრივი ს., როგორიცაა თაბაშირი, ალუნიტი, ანჰიდრიტი, ბატიტი - წარმოადგენენ მნიშვნელოვან სასარგებლო წიაღისეულს.

სულფიდები - ბუნებრივი ლითონებისა და ზოგიერთი ნახევრად ლითონის გოგირდიანი ნაერთების მინერალთა კლასი.

სუმილიტი - იხ. პოლივინილქლორიდი.

სუნამო - სურნელოვანი სითხე, სპირტით შემზადებული; იხმარება როგორც საპარფიუმერიო საშუალება.

სუპერთაბაშირი - მაღალი სიმტკიცის თაბაშირის შემკვრელი; ღებულობენ თაბაშირის ქვის თბოდამუშავების გზით, შერევით მოდიფიკატორთან ნაჯერი წყლის ორთქლის არეში წნევის ქვეშ

სუპერმარკეტი (ინგლ.) - მსხვილი მაღაზია, რომელშიც მრავალი სხვადასხვაგვარი საქონელია წარმოდგენილი.

სუპერპლასტიფიკატორები - ქიმიური დანამატები (ლიგნოსულფონატები), რომელიც შეყავთ ბეტონის შედგენილობაში ცემენტის მასის 0,1...0,7% რაოდენობით. დანამატები აუმჯობესებენ ბეტონის ნარევის დენადობას და ზრდიან ბეტონის სიმტკიცეს 20...40%-ით.

სუპერპლასტიფიკატორი - ბეტონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დანამატი (ლიგნოსულფონატი), რომელიც მკვეთრად ზრდის ბეტონის ნარევის პლასტიკურობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბეტონის სამშენებლო-ტექნიკურ თვისებებს. ის სინთეზური პოლიმერული ნივთიერებაა, რომელიც შეჰყავთ ბეტონის ნარევში ცემენტის მასის 0,2...1,5%. ნარევში შეყვანიდან მისი მოქმედების დრო შეზღუდულია 2..3 საათით. ტუტე გარემოს ზემოქმედებით განიცდის ნაწილობრივ დესტრუქციას, გადადის სხვა ნივთიერებაში, რომელიც უსაფრთხოა ბეტონისათვის და არ აყოვნებს მის გამაგრებას. ს. საგრძნობლად ათხელებს ბეტონის ნარევს, 20...30%-ით ამცირებს ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნილებას, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ დაბალი წყალცემენტის ფარდობის (0,4 და ნაკლები) ბეტონი, შევამციროთ ცემენტის ხარჯი (40%-მდე), დავაბეტონოთ რთული კონფიგურაციის კონსტრუქცია და მარტვი გზით მივიღოთ მაღალი ხარისხის ბეტონი. წყალცემენტის დაბალი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა დამზადდეს ბეტონი, რომლის სიმტკიცე ორჯერ აღემატება გამოყენებული ცემენტის მარკას.

სუპერპოზიცია (ლათ.) - "ერთის მეორეზე დადება", "ზედდება", ფუნქციის კომპოზიცია (რთული ფუნქცია). მაგ.: მექანიკაში - პრინციპი, რომლის თანახმად ნივთიერი წერტილი ორი 1 ან 2 ძალის მოქმედებით ისე მოძრაობს, როგორც ამ ძალების გეომეტრიული ჯამის ტოლი ერთი ძალის მოქმედებით; ელექტროდინამიკაში - პრინციპი, რომელიც გამოხატავს წრფივ გარემოში ელექტრომაგნიტური ველის თვისებას, რომლის თანახმადაც  ელექტრომაგნიტური ველების ზედდებისას  მათი ელექტრული  და მაგნიტური დაძაბულობები გეომეტრიულად იკრიბება; კვანტურ მექანიკაში - ფუნდამენტური პრინციპი (ერთ-ერთი ძირითადი  პოსტულატი), რომლის  თანახმად კვანტურ მექანიკაში სისტემის მდგომარეობები უნდა გამოისახებოდეს წრფივი სივრცის ვექტორებით, კერძოდ, ტალღური ფუნქციებით; გეოლოგიაში - ზედაქანები, განლაგებული დედამიწის ზედაპირთან უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ქვედა ქანები; არქიტექტურაში - კლასიკური ორდერული არქიტექტურის პრინციპი: თუ შენობა ორი და მეტ სართულიანია, მაშინ პირბელ იარუსზე განალაგებენ უფრო მძიმე ორდერებს (ტოსკანური, დორიული), უფრო ზემოთ - მსუბუქს (იონური), შემდეგ კორინთულს ან კომპოზიტურს და ა.შ.

სუპერფიციესი - სხვის მიწაზე ნაგებობების აშენებისა და მცენარეების დარგვის ნებართვა.

სუპორტი - საჭრისის დასამაგრებელი მოწყობილობა ამა თუ იმ დანიშნულების ჩარხზე. ის შეიძლება იყოს განივი, გრძივი, დახრილი, ვერტიკალური, სახეხი, წინა, უკანა, ხერხიანი და სხვ.

სურა - მუცელგამობერილი და ყელწვრილი თიხის (ვერცხლის, ოქროს...) ჭურჭელი წყლისა, ღვინისა და მისთ.

სურამის კვირაცხოვლის ტაძარი - თანამედროვე ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი (ნახ. 1). ტაძარი გუმბათიანია, მდებარეობს დაბა სურამში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე. აგებულია 1998 წელს.

სურამის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე შიდა ქართლში, დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე (ნახ. 1). ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. ს.ც. ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი - ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ. აგებულია განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში (XI ს.). ციხე-სიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. გალავანი რელიეფს მიყვება. მას რთული მოხაზულობა აქვს, რადგან მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. აქ კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. გალავნის ამ მონაკვეთის ზედა ნაწილში ვიწრო სათოფურებია, ჩრდილო-დასავლეთით ყრუ კედელია. გალავნის დასავლეთი ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 8 მ. სიგრძის და 2 მ. სიმაღლის კედელი, რომელზეც ეზოს მხრიდან სასახლე იყო მიშენებული (აღადგინეს 1980-იან წლებში). გალავანში აღმოსავლეთით ჩართულია შიდა ციხის კედელი, რომელიც ნაკლებადაა დაზიანებული (თქმულების მიხედვით სწორედ ამ კედელშია ჩაშენებული ზურაბი). გვიანდელი სამშენებლო ფენა (XVII ს.) თხელია, მის აღმოსავლეთ კედელში ერთ რიგად განლაგებულია სათოფურები. ციხის თავდაპირველი კედლის ქონგურები გამოყვენილია უხეშად და განაწილებულია არათანაბრად; უფრო გვიან ნაშენი კედლებისა კი, პირიქით ხშირი, ვიწრო და მომრგვალებულია და განლაგებულია თანაბრად. ციხის ფართობია 1200 მ². იგი შედგება ორი ნაწილისაგან: შიდა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ეზოსაგან. შიდა ციხეს უჭირავს მთის ზედა ნაწილი, ქვედა ეზოს კი მთის ფერდობები. შიდა ციხე გეგმით არასწორი მრავალგვერდაა (52,4X29,3 მ). შედგება გალავნისა და პირამიდული კოშკისაგან (21,2X12,7 მ). მისი ტერიტორია ნანგრევებითაა დაფარული. კოშკის მხოლოდ ორი სართული იყო შემორჩენილი, მაგრამ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მას რესტავრაცია ჩაუტარეს და აღადგინეს მთლიანად კოშკი, ციხის დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები. კოშკს ეზოდან აქვს შესასვლელი. II სართულის სქელ კედლებში ვიწრო სარკმლებია. ნაგებობა მოპირკეთებულია თლილი ქვით. წმინდა გიორგის ეკლესია, აგებული XI-XII საუკუნეებში, მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში. დაშენებული იყო პირდაპირ კლდის კონცხზე. იგი 1991 წლის აპრილის მიწისძვრამ დააზიანა, მთლიანად ჩამოიქცა მისი გადახურვა და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები. დარბაზული ტიპის ეკლესია (5,9X6,1 მ), ნაგები იყო თლილი ქვით. მას ორი შესასვლელი ჰქონდა - დასავლეთით და ჩრდილოეთით. ეკლესიას განიერი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფდა. სამხრეთი ნაწილი აფსიდით მთავრდებოდა, ჩრდილოეთი ნაწილი კი მართკუთხა იყო. ორივე ნაწილი გადახურული იყო ერთი ცილინდრული კამარით, რომელიც აერთიანებდა მათ ერთ დიდ დარბაზად. თითოეულ დარბაზს თითო სარკმელი ჰქონდა აღმოსავლეთით და დასავლეთით. სასახლე მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ მონაკვეთში. იგი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის ნანგრევები. უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ანალოგიური ლეგენდა არსებობს რაჭაში, სოფელ წესში არსებულ მინდა ციხის, სიღნაღის ციხის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, კელასურის კედლის შესახებაც. მსგავსი შინაარსის თქმულებები გავრცელებულია მსოფლიოს სხვა ხალხის ფოლკლორშიც. მას იცნობს: რუმინული, უნგრული, სერბიული, გერმანული, ბერძნული, ბულგარული, სპარსული, იაპონური, ინდური, ბირმული და სხვ. ფოლკლორი.

სურინჯი (რუს., Сурик) - მოაგურისფრო მოწითალო ჟანგეულების ჯგუფის მინერალი.

სურინჯი რკინის - ბუნებრივი პიგმენტი ყვითელ-წითლიდან ალუბლის ფერამდე; ძირითადი კომპონენტია რკინის ოქსიდი. გამოიყენება ლაქსაღებავების წარმოებაში.

სურინჯი ტყვიის - ბუნებრივი პიგმენტი ღია ნარინჯისფერიდან წითელ ფერამდე; ძირითადი კომპონენტია ტყვიის ოქსიდი. გამოიყენება ლაქსაღებავების წარმოებაში.

სუროგატი (ლათ.) - 1. ყალბი, ფალსიფიცირებული პროდუქტი; 2. რისამე შემცვლელი, რომელსაც ნამდვილი საგნის, პროდუქტის მხოლოდ ზოგიერთი თვისება აქვს.

სუსპენზია (ლათ., ჩამოვკიდებ) - დისპერსული სისტემა სითხის დისპერსული გარემოთი და მყარი დისპერსული ფაზით, რომლის ნაწილაკები საკმაოდ მსხვილია, რაც წინააღმდეგობას უწევს ბრაუნის მოძრაობას. მაღალდისპერსიული სისტემებისაგან განსხვავებით სუსპენზიაში ნაწილაკები შედარებით სწრაფად ილექებიან ან ამოტივტივდებიან. ს. ხშირად იყენებენ სამშენებლო ტექნოლოგიებში ინერტული მასალების გამდიდრებისათვის. სუსპენზატორებად იყენებენ მაგნეტიტებს და სხვა მაღალი სიმკვრივის მასალებს.

სუსტი - 1. გამძლეობას, სიმკვრივეს მოკლებული; 2. დაბალი ხარისხისა, ცუდი, მდარე, უხეირო; 3. განუვითარებელი, მცირე შესაძლებლობის მქონე; 4. სიმაგრეს, სიცხარეს, სიმწვავეს მოკლებული (ხსნარი, ნარევი...); 5. მცირე ძალის ან ძაბვის მქონე; 6. ძალას, ღონეს მოკლებული, გამხდარი, არაჯანმრთელი, ავადმყოფი, სნეული.

სუფთა (სპარს.) - 1. რასაც ჭუჭყი არა აქვს; გაწმენდილი, გარეცხილი, დაგვილ-დაწმენდილი; 2. ისეთი რაზედაც (ან რაშიც) ჯერ არ დაუწერიათ არაფერი; 3. (გადატანით) რაც გარკვეულ ცოდნას, კვალიფიკაციას მოითხოვს; არაუხეში, ოსტატური; 4. ხშირად ხმარობენ „წმინდა“-ს მნიშვნელობით.

სუფოზია (ლათ.) - ქანებში ჩაჟონილი წყლის მიერ წვრილი მინერალური ნაწილაკებისა (მექანიკური სუფოზია) და ხსნადი ნივთიერებების გამოტანა (გამოტუტვა) გრუნტიდან. სუფოზია არღვევს გრუნტის მიკროაგრეგატულ სტრუქტურას, წარმოქმნის მიწისქვეშა სიღრუეებს და იწვევს მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების არათანაბარ ჩაჯდომას, რის გამოც ასეთ გრუნტებზე მშენებლობა რეკომენდებული არაა.

სუფრა (არაბ.) - 1. მაგიდაზე გადასაფარებელი ქსოვილი; 2. იგივეა, რაც ტაბლა; 3. პურის საჭმელად მომზადებული მაგიდა.

სფალერიტი (ბერძ.) - მინერალი, გოგირდოვანი თუთია; წარმოადგენს თუთიის ძირითად მადანს (სხვანაირად - თუთიის კრიალა).

სფერო (ბერძ.) - 1. წერტილთა სიმრავლე სამგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში, რომლის ყოველი წერტილი თანაბრადაა დაშორებული ერთი წერტილიდან (სფეროს ცენტრიდან). წერტილთა ამ სიმრავლეს უწოდებენ აგრეთვე სფერულ ზედაპირს. მონაკვეთს, რომელიც სფეროს ცენტრს აერთებს მის რომელიმე წერტილთან, ეწოდება სფეროს რადიუსი (R); 2. რისამე მოქმედების, გავრცელების არე; 3. საზოგადოებრივი გარემოცვა, გარემო.

სფეროიდი - ბრუნვის ელიფსოიდი, როდესაც ნახევარღერძებს შორის ასეთი დამოკიდებულებაა: a = b > c.

სფერომეტრი (ბერძ.) - ხელსაწყო, რითაც ზომავენ რისამე ამოზნექილ ან ჩაზნექილ ზედაპირს.

სფერული - 1. სფეროსთან დაკავშირებული; სფეროს, ბურთის მოყვანილობისა; 2. მათემატიკაში - სფეროზე მოთავსებული, მისი ზედაპირისათვის დამახასიათებელი.

სფერული ასტრონომია - ასტრონომიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის მნათობთა ხილულ მოძრაობას ცის სფეროზე.

სფერული გარსი - გარსი, რომლის შუა ზედაპირი წარმოადგენს სფეროს.

სფერული გეომეტრია - მათემატიკური დისციპლინა, რომელიც შეისწავლის გეომეტრიულ ფიგურებს სფეროზე, მსგავსად პლანიმეტრიისა, რომელიც შეისწავლის სიბრტყეზე მდებარე გეომეტრიულ სახეობებს.

სფერული გუმბათი - გუმბათის ფორმა უახლოვდება ნახევარსფეროს.

სფერული ზედაპირი - იხ. სფერო.

სფერული მოძრაობა (სხეულის ბრუნვა უძრავი წერტილის გარშემო) - მყარი სხეულის მოძრაობა, როდესაც ამ სხეულის ერთი წერტილი უძრავად არის ჩამაგრებული, ხოლო დანარჩენი წერტილები მოძრაობენ წირებზე, რომლებიც მდებარეობენ კონცენტრირებულ სფეროებზე. ამ სფეროების ცენტრი ჩამაგრების უძრავი წერტილია.

სფერული საკისარი - გორვის საკისრების ერთ-ერთი სახე, რომლის რგოლების მუშა ზედაპირები არის სფერული ფორმის, რაც უზრუნველყოფს დატვირთვის მოხსნის შემდგომ თვითდაყენებას.

სფერული სამკუთხედი - გეომეტრიული ნაკვთი სფეროზე, რომელიც მიიღება სფეროს სამი A, B, C წერტილით (რომლებიც არ მდებარეობენ ერთ დიდ წრეწირზე) და ამ წერტილების შემაერთებელი დიდი წრეწირების რკალებით, როცა რკალების სიგრძეები ნაკლებია დიდი ნახევარწრეწირის სიგრძეზე.სფერული სამკუთხედის შიდა კუთხეებისათვის გვაქვს უტოლობა: p < A+B+C < 3p.

სფერული სარტყელი (სფერული შრე) - სფეროს ზედაპირის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია სფეროს გადამკვეთ პარალელურ სიბრტყეებს შორის. ს.ს. ფართობი S = 2πRh , სადაც R - სფეროს რადიუსი, h - მკვეთ სიბრტყეებს შორის მანძილი.

სფერული სეგმენტი - სფეროს (ბირთვის) ნაწილი, რომელიც მოკვეთილია რომელიმე სიბრტყით. მისი მოცულობა: V = πh2(3R-h)/3. გვერდითი ზედაპირის ფართობი: S=2πRh, სადაც R - სფეროს რადიუსი, h - სფერული სეგმენტის სიმაღლე.

სფერული სექტორი - სფეროს (ბირთვის) ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია სფეროს ცენტრში მოთავსებული წვეროს მქონე წრიული კონუსური ზედაპირით და ამ კონუსური ზედაპირით ამოკვეთილი სფერული ზედაპირით.

სფერული ტრიგონომეტრია - სფერული სამკუთხედის ტრიგონომეტრია ანუ მათემატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის დამოკიდებულებას სფერული სამკუთხედის გვერდებსა (მათ სიგრძეებსა) და კუთხეებს (მათ სიდიდეებს) შორის.

სფერული ქანქარა - ნივთიერი წერტილი, რომელიც დაკიდებულია იდეალურად დრეკადი, უჭიმადი და უწონადი თოკის ბოლოზე და რომელსაც შეუძლია პერიოდული მოძრაობა სფერულ ზედაპირზე.

სფინქსი - 1. ძველ ეგვიპტეში - უზარმაზარი ქვის ფიგურა - ადამიანის თავის მქონე მწოლიარე ლომი (ფარაონის ძლიერების განსახიერება). ს. ყველაზე ცნობილი ქანდაკება, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე მდებარეობს გიზას დიდი პირამიდის სამხრეთით (ნახ. 1, გიზის სფინქსი). იგი გამოკვეთეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს, რათა დაეცვა პირამიდა. მისი თავი სავარაუდოდ, მეფე-ღმერთის ხეფრეს ხატის მიხედვითაა შექმნილი; მითიური არსების სფინქსის ქანდაკება, მეტად გავრცელდა ძველი ეგვიპტის არქიტექტურულ ანსამბლებში; 2. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ლომისტანიანი და ქალისთავიანი ფრთოსანი ურჩხული, რომელიც ცხოვრობდა თებეს ერთ-ერთი მთავარი შესასვლელის მახლობელ კლდეზე და გამვლელ-გამომვლელს გამოცანას ეუბნებოდა. გადატანითი მნიშვნელობით უცნაურ, გამოუცნობ ადამიანს ან გამოცანას ნიშნავს.

სფუმატო (იტალ.) - საგნების, ფიგურების მოხაზულობა, რომელიც საშუალებას აძლევს მხატვარს, გადმოსცეს ამ საგნების გარემომცველი ჰაერი.

სქელი - 1. რასაც დიდი განივკვეთი აქვს; დიდი სისქისა; 2. მჭიდრო, მკვრივი; 3. ისეთი რასაც წყალი შედარებით ნაკლები აქვს (ბეტონი, დუღაბი, ხსნარი და სხვ.); 4. მსუქანი, ტანმსხვილი, ჩასკვნილი.

სქელტანიანი - დიდი მოცულობისა, მრავალფურცლიანი.

სქელფისი - კუპრის ან ფისების გამოხდის მყარი ნარჩენები. გამოიყენება სქელფისის ლაქის დასამზადებლად, ჰიდროსაიზოლაციო მასალად, ტოლისა და რუბეროიდის წარმოებაში.

სქემა (ბერძ., გარეგანი სახე, ფორმა, მონახაზი) - 1. ნაკეთობის ძირითადი და დამხმარე ელემენტებისა და კავშირთა ჯაჭვის ერთობლიობა, აგრეთვე საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემადგენელი ნახაზი, რომელიც ასახავს კვანძის, მოწყობილობის, დანადგარის მუშაობის პრინციპსა და პროცესის თანმიმდევრობას და სხვ. ს. სრულდება პირობითი გრაფიკული აღნიშვნებითა და მარტივი გეომეტრიული ფიგურებით, მათ შორის კავშირების სტანდარტული აღნიშვნებით და მასშტაბის დაცვის გარეშე. ს. არის მრავალი სახის. ძირითადია: ელექტრული, ჰიდრავლიკური, პნევმატური და კინემატიკური; დანიშნულების მიხედვით - პრინციპიალური, ფუნქციონალური, სტრუქტურული, საერთო (ზოგადი). აგრეთვე - ჩართვის, მიერთების, განლაგების, სამონტაჟო (აწყობის), შეზეთვის, საანგარიშო და სხვ.; 2. რისამე გადმოცემა, აღწერა ზოგადად, ძირითად ხაზებში; 3. წინასწარი მონახაზი, გეგმა.

სქემატური - 1. სქემის სახით წარმოდგენილი; 2. ზოგადად, ძირითად ხაზებში მოცემული; გაუბრალოებულ-განზოგადებული სახით წარმოდგენილი.

სცენა (ლათ.) - თეატრის შენობის ნაწილი - ბაქანი, რომელზედაც ტარდება თეატრალური წარმოდგენა. ს. იგება იმ მასალებისაგან, რომლებიც საჭიროა იმ ტიპის კონსტრუქციის შენობის იატაკებისათვის, სადაც ასეთი სცენები მდებარეობს. ს. იატაკებში გამავალ ღიობებს უკეთდება კარგად მორგებული, მასიური ხის, საკეტიანი ლუკი/კარი. ს. სიმაღლე იზომება სცენის იატაკის ყველაზე დაბალი წერტილიდან ან სცენის იატაკის ფენილიდან ჭერის ყველაზე მაღალ წერტილამდე.

სცენის ცხაური - სცენის თავზე მოწყობილი სტრუქტურული კარკასი, რომელსაც ეყრდნობა მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია დეკორაციისა და სხვა სასცენო ეფექტების ჩამოსაკიდებლად ან სამოძრაოდ.

სცინტალატორები - ისეთი ნივთიერებანი ან მათი ხსნარები, რომლებშიც მაიონიზებელ გამოსხივებათა ზემოქმედებით წარმოიქმნება სინათლის აალება - სცინტილაცია.

სცინტილაცია (ლათ.) - ფიზ. სინათლის მყისეული აალება, რომელიც წარმოიქმნება ზოგ ნივთიერებაში (სცინტილატორებში) მაიონიზევბელ გამოსხივებათა შედეგად.

სწორი - 1. გლუვი, უხორკლო (ზედაპირი); ვაკე (ადგილი); 2. საითკენმე პირდაპირ, მიხვევ-მოხვევის გარეშე მიმართული; 3. ვითარების შესაბამისი; მართალი, ნამდვილი, ჭეშმარიტი, წესიერი; 4. თანასწორი, თანატოლი; თანაბარი.

სწრაფმყარებადი ცემენტი-ბესალიტი - განსაკუთრებით სწრაფმყარებადი მჭიდა მასალა, მიღებული სულფოალუმინატურ-ბელიტური კლინკერის და თაბაშირის ერთდროული წმინდა დაფქვით. გამოიშვება სამი მარკის - 300, 400 და 500. გამოიყენება წყალმედეგი (წყალშეუღწევი) ნაკეთობების დასამზადებლად, სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების დროს.

სჭვალი - შურუპი (მაგ., რელსის სჭვალი).

სხდომათა დარბაზი - შეკრებების, თათბირების, კონფერენციების, პრეზენტაციების და მისთ. ჩასატარებელი დიდი მოცულობის დარბაზი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობაში (ნახ. 1: საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი).

სხეული - სივრცის ნებისმიერი შემოფარგლული ნაწილი თავისი საზღვრებით (მაგ., სფერო, პრიზმა, ცილინდრი და სხვ.). სხეულს ვუწოდებთ ბუნებაში მილიონობით არსებულ სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის, ზომისა და მასალის ნაწილაკებს, ნაჭრებს, დეტალებს. მათგან ყველაზე მეტად ცნობილია სხეულები: აბსოლუტურად მყარი, ამორფული, ანიზოტროპული, იზოტროპული, მაკროფხვიერი, ხისტი, წონადი და სხვ; 2. ადამიანის (ცხოველის) ორგანიზმი, მისი გარეგანი და ფიზიკური აგებულება

სხეული არაერთგვაროვანი - სხეული, რომლის ფიზიკური თვისებები სხვადასხვა წერტილში სხვადასხვაა.

სხეული გეომეტრიული - სივრცის ნებისმიერი არე თავისი საზღვრითურთ ანუ ყველა მხრიდან შემოსაზღვრული სივრცის ნაწილი. სხეულს ყოველთვის აქვს სიგრძე, სიგანე და სიღრმე.

სხეული ერთგვაროვანი - სხეული, რომლის ფიზიკური თვისებები მის ყოველ წერტილში თანხვედრილია გარკვეული მიმართულებებით.

სხეული წრფივად დრეკადი (კლაპეირონის დრეკადი სისტემა) - ნივთიერი სისტემა, რომელშიც წერტილებზე მოქმედი დატვირთვების შედეგად გამოწვეული წერტილების გადაადგილების კომპონენტები წარმოადგენენ ამ დატვირთვების ერთგვაროვან წრფივ ფუნქციებს.

სხეულის განივკვეთის გეომეტრიული მახასიათებლები - სიდიდეები, რომლებიც დამოკიდებულია სხეულის კვეთის ფორმასა და ზომებზე და რომლებიც გამოიყენება მასალათა გამძლეობის, დრეკადობის თეორიის, სამშენებლო მექანიკის ფორმულებში. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება გეომეტრიული მახასიათებლები: კვეთის ფართობი, სტატისტიკური მომენტი (ღერძული, ცენტრიდანული, პოლარული, სექტორიალური), ინერციის რადიუსი, ინერციის მომენტი, წინაღობის მომენტი.

სხეულის მდგარობა (მდგრადი წონასწორობა) - მცურავი სხეულის უნარი, აღიდგინოს გარე ძალების მოქმედებით დარღვეული წონასწორობა ამ ძალების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ.

სხეულის ცურვადობა - სხეულის უნარი ცურავდეს სითხეში მოცემული წონის შემთხვევაში.

სხვაობა - 1. იგივეა, რაც განსხვავება; 2. გამოკლების შედეგად მიღებული რიცხვი.

სხვენი - თავანი; შენობის ზედა სართულის გადახურვასა და სახურავს შორის მოქცეული სივრცე.

სხვენი თბილი - სხვენი, რომლის სივრცეში ჰაერი ხვდება შენობის სათავსებიდან.

სხვენის გადახურვა - გადახურვა, რომელიც გამოყოფს შენობის ზედა სართულს სხვენისაგან და სართულშუა გადახურვისაგან განსხვავებით არ გააჩნია იატაკი.

სხივი - 1. სინათლის ვიწრო ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული; 2. რისამე ენერგიის ნაწილაკების კონის ნაკადი

სხივური - სხივის დამახასიათებელი.

სხივური ენერგია - ელექტრომაგნიტურ ტალღათა ენერგია.

სხივური წყალასაღები ნაგებობა - მიწისქვეშა წყლების წყალასაღები ნაგებობა, რომელიც შედგება ჰოროზონტალური ან დახრილი წყალმიმღები რადიალურად განლაგებული სხივ-ფილტრებისაგან.

სხმული - ნამზადი ან დეტალი, რომელიც მიღებულია (დამზადებულია) გამდნარი ლითონის, მთის ქანების, წიდების, შუშის, პლასტმასების ჩამოსხმით სამსხმელო ყალიბში. ყალიბიდან ამოღებული სხმული ექვემდებარება გაწმენდა - გახეხვას, რომლის დროსაც მოსცილდება ნამეტები.

ტაბერნა (ლათ) - სავაჭრო სადგომი, ზარაფხანა ძველ რომში.

ტაბიკურა - ლითონის დეტალი ყველა ტიპის რელსის ხის შპალებთან დასამაგრებლად (ნახ. 1). ტ. აქვს განსაკუთრებული კონსტრუქცია, რომელიც ითვალისწინებს თავის (ქუდის) გადანაცვლებას ერთ მხარეს. სწორედ ამ გამონაშვერით ებჯინება რელსის ფუძე შპალს. ტ. ჩასობა ხის შპალში ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით (ნახ. 2) ან ხელით. ხის შპალსა და რელსს შორის მოთავსებულია ლითონის ქვესადები გამჭოლი ხვრეტებით, რომელშიც გადის ტაბიკურა.

ტაბლა (ბერძ.) - ფიცრის დაბალი სუფრა.

ტაბლინუმი (ლათ) - რომაული სახლის ატრიუმის სიღრმეში განლაგებული ოთახი.

ტაბლო (ფრანგ.) - საკონტროლო დაფა, რომელზედაც მოთავსებულია სხვადასხვა პირობითი გამოსახულება.

ტაბულარიუმი (ლათ) - სახელმწიფო არქივის შენობა ძველ რომში.

ტაბულატორი (ლათ.) - ელექტრომექანიკური ციფრული გამომთვლელი მანქანა, რომელიც ავტომატურად ამუშავებს პერფორირებულ ბარათზე მოცემულ ციფრულ და ასოით ინფორმაციას და გამოთვლის შედეგები გადააქვს ქაღალდის ლენტზე ან სპეციალურ ბლანკზე.

ტაბულირება - სხვადასხვა მათემატიკური ცხრილების შედგენა და კონსტრუირება.

ტაბურეტი (ფრანგ.) - უბრალო უზურგო სკამი, რომელიც ერთი ადამიანის დასაჯდომადაა განკუთვნილი.

ტაგრუცი - თაბუთი, ყორღანი, "მაღლა ნაგები საფლავი" (საბა).

ტავერნა (იტალ.) - სამიკიტნოს დასახელება იტალიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

ტავოტი - იხ. სოლიდოლი.

ტაიგა (იაკუტ.) - ხშირი წიწვოვანი ტყის ზოლი ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტების ჩრდილოეთ ნაწილში (ნახ. 1: ციმბირის ტაიგა). ის დედამიწის ყველაზე დიდი ბუნებრივი ზონაა (უჭირავს ხმელეთის 11%).

ტაიფუნი (ჩინ.) - გამანადგურებელი ქარიშხალი (ციკლონი), რომელიც ხშირად მძვინვარებს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, იაპონიაში, ჩინეთსა და ინდოჩინეთის ქვეყნებში. გამოირჩევა დიდი დამანგრეველი ძალით.

ტაკელაჟი (ჰოლანდ.) - გემის ხელსაწყოების (გემსართავების, ბაგირების) ერთობლიობა.

ტაკელაჟის სამუშაოები - იგულისხმება მანქანის და მისი ცალკეული კვანძების გადაადგილებისა და დანიშნულების ადგილზე დაყენების ოპერაციების ერთობლიობა, აგრეთვე მთელი რიგი დამხმარე სამუშაოები. ტაკელაჟი - მანქანის მონტაჟის საწყისი და მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობა ტაკელაჟის საშუალებების სწორ შერჩევასა და გამოყენებას.

ტალავერი - 1. თალარი, საჩრდლობელი, ფანჩატური; მსუბუქი კონსტრუქციის ბაღ-პარკული ნაგებობა; 2. თალარი, მყოდოლი; ვაზით ან სხვა ხვიარა მცენარეულით გადახურული საჩრდილობელი.

ტალანი - წინაოთახი; სათავსი ბინაში, რომლის მეშვეობით საცხოვრებელი ოთახები კიბის ბაქანს უკავშირდება.

ტალახის ნაკადი - ღვარცოფული ნაკადის ერთ-ერთი ტიპი მასალის შემადგენლობის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია უპირატესად მტვრიან-თიხოვანი და ქვიშის ნაწილაკებით, მსხვილი ნატეხების ჩათვლით. ტალახის ნაკადი მიეკუთვნება მაღალი სიმკვრივის ნაკადებს, დამახასიათებელია თიხოვანი ფიქლებითა ან ლიოსისებრი ქანებით შედგენილი ღვარცოფული აუზებისთვის. მოძრაობის ხასიათით უმრავლესობა მიეკუთვნება ბმული ღვარცოფული ნაკადების კლასს.

ტალვები (გერმ.) - ხაზი, რომელიც აერთებს ხეობის, ხევის, ხრამის და მისთ. ფსკერის ყველაზე ღრმა ადგილებს.

ტალი - ტვირთის ასაწევი კიდული მოწყობილობა, რომელსაც აქვს ხელის, ელექტრული (ნახ. 1) ან პნევმატიკური ამძრავი; შედგება ჯალამბრისა და ურიკისაგან. აქვს ერთ- ან ორრელსიანი სამოძრაო ლიანდაგი (დახრა 2%-მდე), გადამყვანი ისრები. ელექტროტალს, რომელსაც ერთრელსიანი ურიკა აქვს, ტელფერი ეწოდება.

ტალკი (არაბ.) - ვაშლისებრ მწვანე ან თეთრი მონოკლინური კრისტალური მინერალი.

ტალღა - გარემოს მდგომარეობის ცვლილება (შეშფოთება), რომელიც ვრცელდება გარემოში და გადააქვს ენერგია. არსებობს ტალღის რამდენიმე ძირითადი სახე: ა) დრეკადი ტალღები - აღიძვრება მყარ სხეულებში, სითხეებსა და აირებში (ბგერითი და სეისმური ტალღები დედამიწის ქერქში დრეკადი ტალღების კერძო შემთხვევაა); ბ) ელექტრომაგნიტური ტალღები (რადიოტალღები, სინათლე, რენტგენის სხივები და სხვ.).

ტალღა გრავიტაციული - ტალღის სახეობა, რომელიც არის სივრცე-დროის გავრცელებადი შეშფოთება ფარდობითობის ზოგად თეორიაში.

ტალღა დე ბროილის - ტალღა, რომელიც კვანტურ მექანიკაში აღწერს ნაწილაკების ტალღურ ბუნებას.

ტალღა ელექტრომაგნიტური - ტალღა, რომელიც ვაკუუმში ვრცელდება სინათლის სიჩქარით. მას მიეკუთვნება: მიკროტალღა, ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული გამოსხივება, რადიო გამოსხივება, ულტრაიისფერი გამოსხივება, რენტგენის გამოსხივება, გამა გამოსხივება.

ტალღა ზედაპირული - დეფექტი, რაიმე ნაკეთობის ზედაპირზე ნებისმიერი მიმართულების თანმიმდევრულად განმეორებადი ამოზნექილ-ჩაზნექილი ადგილების სახით, რაც ტალღებს მოგვაგონებს.

ტალღა ინერციული - რომელიც არსებობს მბრუნავ სითხეში. ამ ტალღის აღმდგენ ძალას კორიოლისის ძალა ეწოდება.

ტალღა სეისმური - ტალღა, რომლებიც ჩნდება მიწისძვრების დროს. სეისმური ტალღები არსებობს S, P, და L ტიპის.

ტალღამტეხი - 1. ტალღებისაგან დამცავი მოლოს ნაწილი ნავსადგომებში; 2. ზღვის ტალღებით სანაპიროს წალეკვისაგან დამცავი ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

ტალღის გარდატეხა - ტალღის გავცელების მიმართულების ცვლილება, რომელიც გამოწვეულია ტალღის გავრცელების სიჩქარის ცვლილებასთან ერთი გარემოდან მეორეში გადასვლის დროს.

ტალღის დისპერსია - ტალღის გარდატეხის მაჩვენებელის დამოკიდებულება სიხშირეზე.

ტალღის დიფრაქცია - წინააღმდეგობების არსებობით გამოწვეული ტალღის გავრცელების დეფორმაცია. მოვლენა განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც დაბრკოლების ზომა ტალღის სიგრძის რიგისაა.

ტალღის ინტერფერენცია - ორი ტალღის სუპერპოზიცია რაიმე გარემოში ერთდროულად გავრცელებისას.

ტალღის სიგრძე - ტალღის სივრცითი პერიოდი, ე.ი. მანძილი ტალღის იმ ორ უახლოეს წერტილს შორის, რომელთა რხევის ფაზა ერთნაირია. ტალღის სიგრძე (λ) რხევის T პერიოდსა და ტალღის გავრცელების v სიჩქარესთან დაკავშირებულია თანაფარდობით: λ = Tv.

ტალღის შთანთქმა - ტალღის ენერგიის გარდაქმნა სხვა ტიპის ენერგიად, მაგ., სითბოდ.

ტალღის წრფივი გავრცელება - ერთგვაროვან გარემოში წინაღობების გარეშე ტალღის გავრცელება.

ტალღური მექანიკა - იგივეა, რაც კვანტური მექანიკა.

ტალღური რიცხვი - სიდიდე, რომელიც λ ტალღის სიგრძესთან დაკავშირებულია k = 2π/λ თანაფარდობით (ტალღათა რიცხვი 2π სიგრძეზე).

ტამბური (ფრანგ. tambour) - 1. შენობაში შესასვლელი სათავსი თანმიმდევრობით გასაღები კარებებით, რომელიც წინააღმდეგობას უწევს გარემოდან ცივი ჰაერის შეჭრას; 2. წინკარი - საცხოვრებლად გამოუყენებელი სათავსი, რომელიც საცხოვრებელ ოთახებს ქუჩასთან აკავშირებს, ჩვეულებრივ, გარე კიბეების საშუალებით (ნახ. 1).

ტამპონაჟი (ფრანგ.) - სპეციალური ხსნარების დაჭირხვნის პროცესი ქანებში (არსებულ სიცარიელეთა ამოვსება ცემენტით), რათა თავიდან აიცილონ იქიდან წყლის გაჟონვა სამთო გვირაბში, ჭაბურღილში და მისთ. იყენებენ ჰიდროტექნიკურ მშენებლობასა და სამთო საქმეში ქანების მასივის გასამაგრებლად, აგრეთვე ჰიდროსაიზოლაციო და ფილტრაციის საწინაღო ფარდების შესაქმნელად. გამოყენებული სატამპონაჟო ხსნარების მიხედვით განასხვავებენ ქანების ცემენტაციას, გათიხვას, ბიტუმიზაციასა და სილიკატიზაციას, ასევე ქანების მასივის გამაგრებას სინთეზური ფისების მეშვეობით.

ტამპონი - ბამბის ქულა, რომელიც მარლაში ან სხვა რბილ ქსოვილშია გახვეული. გამოიყენება ნაკეთობის ზედაპირზე ლაქ-საღებავების ხელით დასატანად ან საფარის ზედაპირის გასაპრიალებლად.

ტანგენსი (ლათ.) - მახვილი კუთხის ტრიტონომეტრიული ფუნქცია, რომელიც სწორკუთხა სამკუთხედში უდრის მოცემული კუთხის პირდაპირ მდებარე კათეტის შეფარდებას მეორე კათეტთან.

ტანგენსოიდი (ლათ.) - მრუდი ხაზი, რომელიც გრაფიკულად გამოხატავს ტანგენსის ცვლილებას კუთხის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ტანდემი (ინგლ.) - აგრეგატში მანქანების ან მანქანის ნაწილების განლაგება ერთიმეორის მიყოლებით, ერთ ღერძზე, ერთ ხაზზე; 2. მრავალცილინდრიანი მანქანა, რომელშიც მუშა ცილინდრები ამ წესით არის განლაგებული; 3. ორადგილიანი ველოსიპედი, რომელზედაც უნაგირები და ორი წყვილი პედალი ერთიმეორის უკან არის განლაგებული

ტანინი (ფრანგ.) - მთრიმლავი ნივთიერება, მოყვითალო ფხვნილი, რომელსაც იღებენ ზოგი მცენარის ქერქიდან, ფოთლიდან და ნაყოფიდან; იხმარება ტექნიკაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში (ღვინის წარმოებაში).

ტარა (იტალ.) - ჩამოსხმული პლასტმასის, მუყაოს, ასაწყობი ხის ან ლითონის კონსტრუქცია, რომელსაც იყენებენ რაიმეს შესაფუთად, ჩასაწყობად, ჩასალაგებლად. ის შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების.

ტარი - ხელით სამუშაო იარაღის ის ნაწილი, რომელზედაც უშუალოდ ხელით ეხებიან (მაგ., ნაჯახის, ბარის, ჩაქუჩის, უროს და მისთ.). მის დასამზადებლად ძირითადად ფოთლოვანი ჯიშის მაგარი ხის მერქანი გამოიყენება.

ტარირება - საზომი ხელსაწყოების შემოწმება. მდგომარეობს შესამოწმებელი ხელსაწყოს ჩვენების შედარებაში სხვა, უფრო ზუსტი ხელსაწყოს ჩვენებებთან, რომლებიც მიღებულია ერთნაირ პირობებში და დგინდება ხელსაწყოს ცდომილება. იგივე გზით წარმოებს ტ. და დგინდება ხელსაწყოს მასშტაბი. მაგალითად, მუშა დინამომეტრების ტ. წარმოებს მე-2 და მე-3 კლასის სანიმუშო დინამომეტრებით და ეტალონური ტვირთების ნაკრებით. უწყვეტი მოქმედების დოზატორების ტ. ახდენენ სინჯების აწონვით, რომლებსაც შეარჩევენ დოზატორის მუშაობის საკონტროლო დროში. ციკლური დოზატორების ტ. აწარმოებენ სანიმუშო გირების გამოყენებით, მანამდე კი საჭიროა ცარიელი დოზატორის სასწორების ტ. მაჩვენებელი ისრის ნულზე დაყენებით.

ტარიფი (ფრანგ.) - 1. იმპორტზე დაწესებული გადასახადი ანუ ბაჟი; 2. განაკვეთტა სისტემა, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა მომსახურების საფასურის ოდენობას; 3. შრომის ანაზღაურების განაკვეთთა სისტემა.

ტარიფიკაცია (ფრანგ.) - ტარიფების, ფასების, ანაზღაურების მკაფიოდ დადგენილი დონე; ნიხრი.

ტარკუთხვილა - ხელსაწყო კუთხვილის მოსაჭრელად ლითონის მილის გარე ზედაპირზე არსებობს ელექტრო (ნახ. 1) და ხელის (ნახ. 2) ტ. ხელსაწყო მუშაობს გარესახრახნის პრინციპით. აქვს რეგულირების მექანიზმი და საცვლელი მჭრელი ფირფიტები, რაც საშუალებას იძლევა ხრახნი მოიჭრას სხვადასხვა დიამეტრის მილზე.

ტარტანი - 1. უმაღლესი კლასის სინთეზური ხელოვნური საფარის ტიპი სტადიონებზე სარბენი ბილიკის მოსაწყობად; 2. ტრადიციული შოტლანდიური ქსოვილის ორნამენტი, რომელიც შედგება ურთიერთგადამკვეთი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფერადი ხაზებისაგან (ნახ. 1); 3. იალქნიანი ნავის ტიპი.

ტაფტა (ფრანგ.) - ბამბის ან აბრეშუმის მტკიცე ქსოვილი. გამოიყენება ავეჯის მრეწველობაში, შენობის ინტერიერების გასაფორმებლად, ტანსაცმლის წარმოებაში და სხვ.

ტაქომეტრი (ბერძ.) - მანქანებისა და მექანიზმების ლილვების ბრუნვის სიხშირის გასაზომი ხელსაწყო.

ტაქომეტრი ელექტრული - ხელსაწყო, რომელშიც შეთავსებულია მანზილსაზომის, ციფრული თეოდოლიტისა და აღებული ანათვლების მახსოვრობის მოდული. ის უზრუნველყოფს კუთხური და ხაზოვანი გაზომვების დიდ სიზუსტეს, ავტომატურად იწერს ანათვლებს და ამით ამაღლებს საველე სამუშაოების ეფექტურობას (სიჩქარეს).

ტაქსაცია (ლათ.) - 1. ტყის მატერიალური შეფასება (ხეების რაოდენობის, მერქნის მარაგის, ტყის ნამატის, ხე-ტყის მასალების დასამზადებელი მოცულობის განსაზღვრა და შეფასება); 2. რისამე ნიხრის, ზომებისა და ხარისხის დადგენა.

ტაქტი - 1. რაიმე პროცესის ცალკეული მონაკვეთი, მაგ., აფეთქების, გამოდენის, გაფართოების, შეკუმშვის, შეწოვის და სხვ.; 2. რისამე მექანიზმის სამუშაო ციკლის ნაწილი; 3. რაიმე ერთგვაროვანი მოქმედების, მოძრაობის თითოეული ნაწილი; დრო თანაბარ დარტყმებს შორის.

ტაქტილური გაფრთხილება - ზედაპირის სტანდარტული დეტალი, რომელიც ჩაშენებული ან მიმაგრებულია სავალ ზედაპირებზე ან სხვა ელემენტებზე იმ მიზნით, რომ უსინათლო ადამიანები გააფრთხილოს მიმოსვლის ბილიკზე არსებული საფრთხის შესახებ.

ტახტი ფარშავანგის - 1739 წელს სპარსეთის შაჰ-ნადირის მიერ ინდოეთიდან გატანილი დიდ მოგოლთა ოქროს ტახტი (ნახ. 1). მას შემდეგ იგი წარმოადგენდა ირანის მონარქიის სიმბოლოს. ფარშავანგის ტახტი დამზადებული იქნა XVII საუკუნეში მოგოლი იმპერატორისათვის შაჰ-ჯაჰანის მიერ. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ტახტი. ქვეშევრდომები უახლოვდებოდნენ მას ვერცხლის კიბეებით. ჰქონდა ძვირფასი ქვებითა და მინერალებით მორთული ოქროს ფეხები. ზურგი შემკული იყო მინანქრით, ოქროთი, ალმასებითა და ლალებით დამშვენებული ფარშავანგის ორი კუდით. ტ. ფ. დამზადებისათვის დაიხარჯა ორი ტონა სუფთა ოქრო და ხუთ ტონაზე მეტი ლალის, ზურმუხტის და ალმასის თვალი. ირანში ამ სიმდიდრის გადატანას 21 აქლემი დასჭირდა.

ტბა - ბუნებრივი წყალსატევი, რომელსაც კავშირი არა აქვს ზღვასთან ან ოკეანესთან.

ტბების პროფილაქტიკური დაცლა - გარღვევსაშიში ტბების ხელოვნური დაცლა, კატასტროფული ღვარცოფებისა და წყალმოვარდნების თავიდან აცილების მიზნით. წარმოებს ნაგუბარი ტებებისა და ხშირად მყინვარულ-ნაგუბარი ტიპის ტ.პ.დ., რომლებიც მყინვარული ღვარცოფების წარმოქმნის კერებია. მყინვარული კაშხლების წყლის კონტროლირებადი დაცლა ხორციელდება გვირაბების გაყვანის ანდა ფხვიერ-მონატეხი მასალის საფრის გაწმენდის გზით.

ტბორი - დაგუბებული წყალი.

ტეგულა - 1. ბურულის (სახურავის) კრამიტი ზევით აღუნული კიდეებით (ნახ. 1); 2. ნებისმიერი მასალის ბურული, სახურავი.

ტევადობა - შინაგანი მოცულობა; უნარი დაიტიოს რისამე გარკვეული რაოდენობა.

ტელამონი (ლათ) - ატლანტი; საყრდენი მამაკაცის ქანდაკების სახით.

ტელეგრაფი (ბერძ.) - ელექტრო- და რადიოკავშირგაბმულობის სახეობა, კავშირგაბმულობის დაწესებულება ან ცნობების მიმღებ-გადამცემი აპარატი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ცნობების გადაცემა შორ მანძილზე.

ტელესკოპი - ასტრონომიული ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ციურ ობიექტებზე დასაკვირვებლად. არსებობს სამი ტიპის: ლინზიანი (რეფრაქტორები), სარკიანი (რეფლექტორები) და სარკიან-ლინზიანი სისტემები.

ტელესტერიონი (ბერძ) - მისტერიული ტაძარი ანტიკურ საბერძნეთში.

ტელეფონიზაცია - ტელეფონის ქსელის გაყვანა-დამონტაჟება.

ტელფერი (ინგლ.) - ტვირთის ასაწევი მანქანა (ჯალამბარი), რომელიც მოძრაობს კიდულ რელსზე. შედგება ელექტროძრავისა და ბაგირის დამჭიმი დოლისაგან. გამოიყენება ტვირთის ვერტიკალური ან ჰორიზონტალური გადაადგილებისათვის. ტვირთამწეობა 0,25...5 ტ. ტვირთის აწევის სიჩქარე 30 მ/წმ-მდე.

ტემპერა (იტალ.) - საღებავები, რომლებშიც შერეულია კვერცხის გული ანდა წებოს ან ზეთის ხსნარი.

ტემპერატურა (ლათ.) - 1. თანაზომიერება, ნორმალური მდგომარეობა – სისტემის თბური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი. ცნობილია: აბსოლუტური, დუღილის, დნობის, ინვერსიის, ფაზური გადასვლის, სხეულის და სხვა ტემპერატურები, აგრეთვე ტემპერატურული წნევები და ძაბვები. ტემპერატურის საზომ ერთეულს წარმოადგენს გრადუსი ცელსიუსის შკალაზე და კელვინი SI სისტემაში; 2. ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს მაკროსკოპული სისტემის თერმოდინამიკური წონასწორობის მდგომარეობას; 3. ნივთიერების სითბოს ხარისხი, დონე.

ტემპერატურა კრიტიკული - ნივთიერების ტემპერატურა, მყოფი კრიტიკულ მდგომარეობაში. სუფთა ნივთიერების კრიტიკული ტემპერატურა არის ის მაქსიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც შესაძლებელია ორთქლის არსებობა სითხესთან ერთად წონასწორობაში. ორთქლის გათხევადება ხდება მხოლოდ სითხის კრიტიკული ტემპერატურის დაწევით.

ტემპერატურაგამტარობა (ტემპერატურაგამტარობის კოეფიციენტი) - 1. ნივთიერების ფიზიკური პარამეტრი, რომელიც ახასიათებს მისი ტემპერატურის ცვლილების სისწრაფეს არასტაციონალურ სითბურ პროცესებში; 2. ნივთიერების თვისება მასში ტემპერატურის გათანაბრებისა, რომელიც განისაზღვრება თბოგამტარობის შეფარდებით მისი ერთეული მოცულობის თბოტევადობასთან.

ტემპი (ლათ.) - რისამე განხორციელების, მიმდინარეობის სისწრაფე (მაგ., მშენებლობის ტ., ტერიტორიის ათვისების ტ. და სხვ.).

ტენდერი (ინგლ.) - 1. საწარმოს მიერ მყიდველისათვის შეთავაზებული ფასი, რომლის განსაზღვრის დროსაც ამოსავალია არა საქონლის საკუთარი დანახარჯების დონე ან მასზე მოთხოვნა, არამედ კონკურენტთა მიერ დადებული ფასი; 2. სამუშაოს, მომსახურების, საქონლის სახელმწიფო შესყიდვის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საშუალებით შესყიდვის განხორციელება სავალდებულოა, როდესაც საქონლისა და მომსახურების ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება - 200 000 ლარს. ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა მოიცავს ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს; 3. ორთქლმავლის მისაბმელი ნაწილი, რომელშიც სათბობისა და წყლის საჭირო მარაგია მოთავსებული; 4. ერთანძიანი იახტა 2-3 სამკუთხა წინა იალქნით.

ტენზოგადამწოდი (ლათ., დაძაბული, დაჭიმული და გადამწოდი) - მყარი სხეულის დეფორმაციის ელექტრულ სიგნალში გარდამქმნელი. კონსტრუქციულად იგი წარმოადგენს წვრილ მავთულს, რომელიც ეკვრება გამოსაკვლევი დეტალის ზედაპირზე. კუმშვა-გაჭიმვის დეფორმაციისას იგი იცვლის ელექტრულ წინაღობას, რაც აისახება სიგნალზე.

ტენზომეტრი (ლათ.) - დეფორმაციების გასაზომი ხელსაწყო. არსებობს მექანიკური და ელექტრული ტ. პირველი გამოიყენება ძირითადად დრეკადი მასალების სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრისათვის, ხოლო მეორე - რთულ პირობებში სტატიკური და დინამიკური დეფორმაციების გასაზომად.

ტენთბოდამუშავება - ხის მასალის შრობის ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ მასალაში შიგა ძაბვების გაჩენა (განსაკუთრებით სითხეებში შრობისას). ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შრობის დამთავრების მომენტში ან ძაბვების ნიშნის ცვლილების დროს მერქანზე მოქმედებენ მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის ჰაერით, რომლის საშუალებითაც ზედაპირული ფენები (რომლებშიც მოქმედებენ მკუმშავი ძაბვები) ტენიანდება და წარმოიშობა შეკლების ნარჩენი დეფორმაციები, რომლებიც კომპენსაციას უკეთებენ შრობის ადრეულ ეტაპზე გაჩენილ წაგრძელების დეფორმაციებს და ამგვარად ქრება ძაბვების წარმოშობის მიზეზი. რაც უფრო სქელია მასალა, მით უფრო მეტია სისქეში ტენიანობის ცვლილება და შესაბამისად, შიგა ძაბვების მოსახსნელად საჭირო ხდება ტ. მრავალჯერადი ჩატარება. ტ. ჩვეულებრივ საშრობ კამერებში არ წარმოებს. მისთვის შექმნილია სპეციალური ჰერმეტული კამერა აღჭურვილი კალორიფერებით და წყლის გასაფრქვევი მილებით. ჩვეულებრივი ფიცრების ( δ = 22...31 მმ) ტენთბოდამუშავების ხანგრძლივობა გრძელდება 2...6 სთ. შრობის დამთავრების შემდეგ მასალა კამერაში რჩება 1...2 დღე, რათა გაცივდეს 30...400C ტემპერატურამდე და შემდეგ ხდება მისი გადმოტვირთვა და გაგზავნა დანიშნულებისამებრ.

ტენია (ბერძ) - დორიული ორდერის არქიტრავის დამაგვირგვინებელი თარო.

ტენიანობა - ტენის შემცველობა მყარ სხეულში, ფხვნილში ან აირში. აბსოლუტური ტ. არის სითხის მასის ფარდობა მასალის მშრალი ნაწილის მასასთან, ხოლო ფარდობითი ტ. განისაზღვრება სითხის მასის ფარდობით ტენიანი მასალის (სხეულის) მასასთან. ტ. ცნებაში არ განიხილება ქიმიურად შეკავშირებული ან კრისტალებში შემავალი სითხე, რომელიც მხოლოდ ქიმიური დაშლის შედეგად გამოიყოფა. სამშენებლო კონსტრუქციებში ტ. ყველაზე დიდი გავლენა აქვს ხის კონსრტუქციებზე, ნაკლები ბეტონზე, ლითონზე, ფოროვან მასალებზე, ქვაზე. მერქნის დატენიანობა და გამოშრობა იწვევს მისი უჯრედების კედლების ზომების ცვლილებას, რასაც მოსდევს მერქნის ელემენტების გაჯირჯვებისა და შეშრობის დეფორმაციები. იმის გამო, რომ ამ დეფორმაციათა სიდიდეები სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაგვარია, მერქნის ტენიანობის ცვლილება იწვევს დახერხილი ხის მასალის დაბრეცას, დააფრაკებას და ბზარების გაჩენას, ხოლო მომატებული ტ. (20%) ლპობის ძირითადი მიზეზია. ყველაზე მაღალი ტ. (200%-მდე) აქვს მდინარეში დაცურებულ მორებს. ახლად მოჭრილი ხის მერქნის ტ. 80...100 %-ია. დასაწყობების პროცესში და შრობისას მერქნის ტ. მცირდება 40, 25, 20 და 10%-მდე. მშრალად ისეთი მერქანი ითვლება, რომლის ტ. W < 15 %. მერქანში შეიძლება იყოს ორი სახის წყალი (ტენი) - შეკავშირებული (ჰიგროსკოპული) და თავისუფალი (კაპილარული). შეკავშირებული წყალი იმყოფება მერქნის ბოჭკოების შიგნით, ხოლო თავისუფალი - ავსებს სიცარიელეს ბოჭკოებს შორის. მათ გარდა მერქანში შეიძლება იყოს აგრეთვე ქიმიურად შეკავშირებული წყალი, რომელსაც მხოლოდ მერქნის ქიმიური გადამუშავების დროს აქვს მნიშვნელობა. მერქნის ტ. გასაზომად არსებობს პირდაპირი და ირიბი მეთოდები. პირდაპირს და ყველაზე ზუსტს წარმოადგენს საშრობ-წონითი მეთოდი, რომელიც გამოიყენება ეტალონად. ირიბს მიეკუთვნება ნემსოვანი, ტევადობითი, ზემაღალსიხშირიანი, ოპტიკური, რადიომეტრული, ინფრაწითელი და კომბინირებული. დღეისათვის პრაქტიკაში ყველაზე მეტად არის გავრცელებული გამოშრობის, ნემსოვანი (კონდუქტომეტრული) და ტევადობითი (დიელკომეტრული) მეთოდები.

ტენიანობა აბსოლუტური - ნივთიერებაში არსებული ტენის მასის შეფარდება ამ ნივთიერების მასასთან აბსოლუტურად მშრალ მდგომარეობაში, გამოხატული პროცენტებში.

ტენიანობა მერქნის - დამოკიდებულია მერქანში თავისუფალი და შეკავშირებული წყლის რაოდენობრივ მაჩვენებელზე. იგი პროცენტებში იზომება და გამოითვლება ფორმულით: W = [(G1−G2) /G2]∙100, სადაც G1 - ნიმუშის წონა გამოშრობამდე; G2 - იმავე ნიმუშის წონა გამოშრობის შემდეგ. ტენის პროცენტული შემცველობის მიხედვით მრგვალი და დახერხილი ხის მასალა, ჯიშისაგან დამოუკიდებლად, იყოფა ხუთ ძირითად ჯგუფად: 1). სველი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება წყალში, W > 100% ; 2). ახლად მოჭრილი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ცოცხალი ხის ტენი, 50…100%; 3). ნედლი, W = 25%; 4). ჰაერზე გამშრალი , W = 20%; 5). ოთახში გამშრალი, W < 15% . გარდა ამ ჯგუფებისა, შეიძლება იყოს აგრეთვე აბსოლუტურად მშრალი (W = 0) მერქანი.

ტენიანობა ფარდობითი - ნიმუშში არსებული ტენის მასის შეფარდება თვით ამ ნიმუშის მასასთან ბუნებრივ მდგომარეობაში. იზომება პროცენტებში და გამოითვლება ფორმულით W = [(G1−G2)/G1]∙100, სადაც G1 - ნიმუშის წონა გამოშრობამდე; G2 - ნიმუშის წონა გამოშრობის შემდეგ.

ტენიანობა ჰაერის - ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობა; კლიმატის ყვალაზე არსებითი თვისება. ტ.ჰ. დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ ტექნოლოგიურ პროცესში. ტ.ჰ. შეფასებისათვის გამოიყენება წყლის ორთქლის დრეკადობა (პარციალური წნევა) (პა) ან ჰაერის ერთეულ მოცულობაში წყლის ორთქლის რაოდენობა (გ/მ3). აბსოლუტური ტ.ჰ. ხასიათდება ჰაერის ერთეულ მოცულობაში წყლის ორთქლის რაოდენობით ან მისი დრეკადობით; ფარდობითი ტ.ჰ. - აბსოლუტური ტ.ჰ. ფარდობით მაქსიმალურთან (გაჯერებულთან) მოცემულ ტემპერატურაზე (%). დედამოწის ზედაპირთან ჰაერში წყლის ორთქლი შეადგენს მოცულობის 0,2...2,5%. ადამიანისათვის ყველაზე საუკეთესოა ფარდობითი ტენიანობა 40...60% ნორმალურ კლიმატურ პირობებში. სათავსებში ტენიანობის უკუგავლენის საპირისპიროდ გამოიყენება ჰაერის ვენტილაცია, კონდიცირება და სხვ

ტენის გაცემა - მასალის შესაძლებლობა გასცეს ტენი გარემოს პირობების ცვლილებისას. განისაზღვრება დღე-ღამეში მასალის გამოშრობის სისწრაფით, 200C ტემპერატურის და ჰაერის 60% ფარდობითი ტენიანობისას.

ტენმედეგობა - მასალის, საფარველის და ნაკეთობის თვისება, გაუძლოს ტენის ზემოქმედებას ხარისხის გაუარესების გარეშე. მაღალი ტენმედეგობის მასალა ხანგრძლივად ინარჩუნებს თავის მექანიკურ (სიმტკიცე), ელექტრულ (კუთრი წინაღობა, ძაბვა) და სხვა (მაგ., ფერი) თვისებებს ინტენსიური დატენიანების პირობებში.

ტენმედეგობა აბსოლუტური - მასალის თვისება, შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები ნებისმიერ ტენიან გარემოში.

ტენსაზომი - გაზის, სითხის და მყარი ტანის ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო. ჰაერის ტენიანობის გასაზომად გამოიყენება ფ ს ი ქ რ ო მ ე ტ რ ე ბ ი და ჰ ი გ რ ო მ ე ტ რ ე ბ ი; სითხეების (რომელშიც წყალი არ არის ძირითადი კომპონენტი, მაგ., ნავთობი, სპირტი) - ტ ე ვ ა დ უ რ ი, რომლის მუშაობა დაფუძნებულია სითხეში დიელექტრიკული მუდმივას ან დიელექტრიკული დანაკარგის განსაზღვრაზე; კ ო ნ დ უ ქ ტ ო მ ე ტ რ უ ლ ი - რომელიც დაფუძნებულ სითხის ელექტროგამტარობის განსაზღვრაზე; ჰ ი გ რ ო ს კ ო პ უ ლ ი  ე ლ ე ქ ტ რ ო ქ ი მ ი უ რ ი - გამოიყენება აორთქლადი გაზებისათვის. მყარი სხეულების ტენიანობის გასაზომად გამოიყენება ტევადური, კონდუქტომეტრული და რადიოიზოტოპური ტ., რომლის მუშაობის პრინციპი ემყარება წყლის წყალბადის ბირთვის მიერ რეზონანსული რადიოტალღების შთანთქმას.

ტენტი (ინგ.) - ქსოვილური, სინთეზური ან კომბინირებული ტილო, გადაჭიმული ლითონის, ხის, ხეებზე, ბუჩქებზე, კლგის შვერილებზე საჭიმარების დახმარებით. ტ. დანიშნულებაა დაიფაროს ადამიანი ან მალეფუჭებადი საქონელი მზის, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან. ტ. შეიძლება იყოს საქარხნო დამზადების ან თვითნაკეთი (მაგ., ჩამოწერილი პარაშუტი). გამოიყენება საავტომობილო ტრანსპორტის, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის ძარის გადასახურავად, აგრეთვე მცურავ საშუალებებზე, საზაფხულო დანიშნულების რესტორნების, კაფეების, დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების, პლიაჟების, ორანჟერეების, სათბურების კეთილმოწყობისათვის.

ტეპიდარიუმი (ლათ) - თბილი წყლის აბაზანები რომაულ თერმებში.

ტერა... (ბერძ.) - თავსართი იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესქმნელად, რომლებიც ოდენობით 1012 ამოსავალ ერთეულს უდრის.

ტერაზიტი (ლათ.) - კირისა და ცემენტის შეღებილი ნარევი; იხმარება ფერადი ბათქაშისათვის.

ტერაკოტა (იტალ.) - მოუჭიქავი კერამიკული ნაკეთობა, რომელსაც გამომწვარი თიხის ბუნებრივი ფერი და ფაქტურა აქვს.

ტერარიუმი (ლათ.) - სათავსი (ყუთი, შემოღობილი მიწის ნაკვეთი და სხვა), სადაც ინახავენ წყალხმელეთა ცხოველებსა და ქვეწარმავლებს მათზე დაკვირვების საწარმოებლად.

ტერასა - იხ. ბანი.

ტერაცო (იტალ.) - მოზაიკური იატაკი.

ტერიკონიკი (ფრანგ.) - მაღაროებიდან ამოღებული ფუჭი ქანების კონუსისებური ნაყარი მაღაროსთან, მიწის ზედაპირზე.

ტერიტორია (ლათ.) - გარკვეულ საზღვრებში მოქცეული მიწის სივრცე.

ტერიტორია სამოსახლო - ქალაქის ძირითადი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია  საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობისათვის. სამოსახლო ტერიტორიაზე ეწყობა ბაღები, პარკები, ბულვარები, იქმნება გამზირების, მოედნების, საზოგადოებრივი ცენტრების არქიტექტურული ანსამბლები და სხვ.

ტერიტორია საწარმოო - ტერიტორია, გამოყოფილი მშენებლობის განსახორციელებლად ან საწარმოო საქმიანობისათვის, ამ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ჩათვლით.

ტერიტორია ურბანული - ქალაქის ტიპის დასახლებათა (ქალაქის, დაბის) განაშენიანებული ტერიტორია.

ტერიტორიის ზონირება - დასახლებული პუნქტის, პარკის, ბაღის, ნაკვეთის ტერიტორიის დაყოფა ზონებად სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულებით.

ტერიტორიის საინჟინრო დაცვის სისტემა - სხვადასხვა დანიშნულების ჰიდროტექნიკური ნაგებობები, გაერთიანებული ერთიან ტერიტორიულ სისტემაში, ტერიტორიის დასაცავად წყალდიდობისა და წყალმოვარდნისაგან.

ტერიტორიის საინჟინრო მომზადება - საინჟინრო ღონისძიებების კომპლექსი ტერიტორიის ასათვისებლად. ამ ღონისძიებებში შედის: ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება, გრუნტის წყლების დონის დაწევა, ტერიტორიის დაცვა დატბორვისაგან, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, წყალსაცავების რეკონსტრუქცია და სხვ.

ტერიტორიული წყლები - ზღვის ან ოკეანის ზოლი ნაპირის გაყოლებაზე, რომელიც შედის სანაპირო სახელმწიფოს შემადგენლობაში.

ტერმინალი (ლათ.) - ტერიტორია სპეციალური დანიშნულების ნაგებობებით, საიდანაც ხდება პროდუქციის (ნავთობპროდუქტების, ხორბლის, კვების პროდუქტების და მისთ.) რეალიზება მსხვილ მომხმარებელზე (ნახ. 1: ფოთის ნავსადგურის ტერმინალი); 2. ბოლო სადგური (რკინიგზისა, მეტროპოლიტენისა, ნავთობსადენისა); 3. მოწყობილობა (დამაბოლოებელი მოწყობილობა, კვანძი), რომელიც მომხმარებელს აერთებს კავშირგაბმულობის ქსელთან; 4. მოწყობილობა გამოთვლითი სისტემის შემადგენლობაში; განკუთვნილია სისტემაში ინფორმაციის შესატანად და იქიდან ინფორმაციის გამოსატანად.

ტერმინოლოგია (ინგლ.) - მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების რაიმე დარგში ხმარებულ ტერმინთა ერთობლიობა.

ტესლა (იტალ.) - მაგნიტური ინდუქციის ნაკადის სიმკვრივის საზომი ერთეული.

ტესტერი (ინგლ.) - ხელსაწყო რისამე (მაგალითად, ელექტრონათურების) ვარგისიანობის შესამოწმებლად.

ტეტერონი - იხ. ლავსანი.

ტეტრა … (ბერძ.) - რთული სიტყვის საწყისი ნაწილი, ნიშნავს ოთხს (მაგ., ტეტრალოგია, ტეტრაედრი და სხვ.).

ტეტრაედრი - წესიერი მრავალწახნაგა, რომელსაც აქვს 4 სამკუთხა წახნაგი, 6 წიბო და 4 წვერო; ყოველ წვეროში თავს იყრის 3 წიბო. ტ. წარმოადგენს წესიერ სამკუთხა პირამიდას. ნებისმიერ ტეტრაედრში შეიძლება ჩაიხაზოს სფერო და ნებისმიერ ტეტრაედრზე შეიძლება შემოიხაზოს სფერო (ნახ. 1). თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ტ. მოცულობა V = 0,1179b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 1,7321b2.

ტეტრაკიონიონი (ბერძ.) - განსხვავდება ტეტრაპილონისაგან იმით, რომ გზების გადაკვეთის ცენტრი დახურული არ არის სახურავით (ღიაა), ხოლო ოთხი საყრდენი სვეტი ცალ-ცალკე დგას (ნახ. 1; ტეტრაკიონიონი პალმირაში, სირია).

ტეტრაკონქი (ბერძ.) - ცენტრალური ტაძარი, სადაც შენობის, კვადრატული გეგმის მქონე, ცენტრალურ მოცულობას ოთხი აბსიდა უერთდება (ნახ. 1: ტეტრაკონქი. სამწევრისის ოთხაბსიდიანი ტაძარი).

ტეტრაპილონი (ბერძ.) - ტრიუმფალური თაღი ორი ურთიერთ გადამკვეთი გასასვლელით. ის რომის ანტიკური არქიტექტურის აყვავების ხანის ტიპური ნაგებობაა (ნახ. 1: ტეტრაპილონი - იანუსის თაღი, რომი, 356 წ.). უმეტესად გეგმით კვადრატული, თითოეულ მხარეზე შესასვლელით. ოთხივე კუთხეში დგას კოლონა ან სხვა მზიდი კონსტრუქცია. ტ. გასავალი გზები ქმნიან ჯვარს. მოპირდაპირე კედლის თაღები მკაცრად სიმეტრიულადაა განლაგებული. ასეთ თაღებს აგებდნენ მნიშვნელოვან გზაჯვარედინებზე ან უბრალოდ, სილამაზისათვის. მათ სიმბოლური ან ეზოთერმული დანიშნულებაც ჰქონდა (იანუსის კულტის, ოთხი ევანგელისტის სიმბოლო, კარის, შესასვლელის და გამოსასვლელის ღმერთი და სხვ.). ამჟამად ტეტრაპილონები გვხვდება ყოფილი რომის იმპერიის სამხრეთის, ახლო და შორეული აღმოსავლეთის, აგრეთვე მექსიკის ძველი მსხვილი ქალაქების ტერიტორიებზე. ასეთებია: თებესა (ალჟირი), კარნუნტი (აბსტია), კაპერა (ნახ. 2), პლასენსია (ესპანეთი), ანტინოპოლე (ეგვიპტე), სალონიკი (საბერძნეთი), პარიზი, კავაიონი, ვიენი, რუანი (საფრანგეთი), რომი, ვერონა (იტალია), აკაბა, ჯერაში (იორდანია), ტრიპოლი, ლეპტის-მანგა (ლიბია), ანჯარე (ლივანი), ლატაკია, ბოსრე, უგარიტე, პალმირა (სირია), სტამბული, აფროდისია (თურქეთი), ვიენტიანი (ლაოსი, ნახ. 3), ფხენიანი (ჩრდ. კორეა), მეხიკო (მექსიკა).

ტეტრასტილი (ბერძ.) - ანტიკური ტაძარი ოთხსვეტიანი პორტიკით მთავარ ფასადზე.

ტეტრაფორი (ბერძ.) - ოთხი კარიატიდისაგან შემდგარი ჯგუფი.

ტეტრილი - ფეთქებადი ნივთიერება. გამოიყენება სამშენებლო მოედნის მოსასწორებელი სამუშაოებისათვის, აგრეთვე სამხედრო საქმეში.

ტეფლონი (პოლიტეტრაფტორეთილენი) - ნაირსახეობა. იგი თეთრი ფერის ნივთიერებაა და ჩამოგავს პარაფინს ან პოლიეთილენს. აქვს მაღალი თბო- და ყინვაგამძლეობა, რჩება მოქნილი და ელასტიური −70...+2700C ტემპერატურის ფარგლებში, შესანიშნავი საიზოლაციო მასალაა. აქვს ადგეზიის დაბალი თვისება, არ სველდება წყალში, ცხიმში, გამხსნელებში, ამიტომ უნიკალური მასალაა საოჯახო ტაფების შიდა მუშა ზედაპირისათვის. მედეგია ტუტეებისა და მჟავების მიმართაც. შლის მხოლოდ ფტორი და ტრიფტორქლორიდი. მშენებლობაში ზირითადად გამოიყენება სამხედრო მიზნით - გადახურვებში, მაღალი წნევის მილების და ძლიერ დატვირთული საკისრების დასამზადებლად. 2000C ტემპერატურის ზევით ტ. იწყებს მომწამლავი ნივთიერებების გამოყოფას, ამიტომ, მაღალ ტემპერატურაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ დამატებითი დამცავი ღონისზიებები. რუსეთში ტ. სახელწოდებაა - ფტოროპლასტი.

ტექნიკა (ლათ., ხელოვნება, ოსტატობა) - ადამიანის მოღვაწეობის საშუალებების ერთობლიობა, რაც ათავისუფლებს ადამიანს ფიზიკური და გონებრივი შრომისაგან. ზრდის შრომის ნაყოფიერებას. ტ. ადამიანის შემოქმედების ნაყოფია, რომელიც მასვე ეხმარება ბუნების გარდაქმნაში მისსავე სასარგებლოდ. ტ. უზარმაზარი პროგრესი განიცადა შრომის პრიმიტიული იარაღებიდან თანამედროვე ავტომატიზებულ და რობოტიზებულ სისტემებამდე. ტ. განვითარებისა და ფუნდამენტური აღმოჩენების შედეგია ახალი, გაუმჯობესებული ტიპის მანქანების, მოწყობილობების, ხელსაწყოების, მასალების, ტექნოლოგიური პროცესების შექმნა და დანერგვა. ტ. ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: საწარმოო, საყოფაცხოვრებო, სამხედრო, სამშენებლო, სამედიცინო, ენერგეტიკულ, საავიაციო, სამელიორაციო, სამეცნიერო-კვლევით, განათლებისა და კულტურის და სხვ. სახის ტ.

ტექნიკური - 1. ტექნიკასთან, მის გამოყენებასთან დაკავშირებული; 2. მანქანებისა და მექანიზმების მუშაობასთან, რისამე წარმოების პროცესთან დაკავშირებული; 3. რაც უნდა გამოიყენონ ან უნდა დაამუშაონ მრეწველობაში; 4. სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შემსრულებელი რაიმე საქმეში (ტექნიკური მდივანი, ტექნიკური რედაქტორი); 5. სასწავლებლის პროფილი (მაგ., ტექნიკური უნივერსიტეტი).

ტექნიკური აღჭურვილობა - წარმოების იარაღებისა და საშუალებების დანამატი ძირითად ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე, რომელიც განკუთვნილია ტექნოლოგიური პროცესის გარკვეული ნაწილის შესასრულებლად. ესენია: მჭრელი იარაღები, სამარჯვები, დეტალების ტრანსპორტირებისა და საამწყობო ოპერაციების საშუალებები, თვითმავალი და სტაციონალური ამწეები, ინვენტალური ხარაჩოები, გამზომი ხელსაწყოები და სხვ.

ტექნიკური გამოყენების კოეფიციენტი - ექსპლუატაციის გარკვეულ პერიოდში ობიექტის მუშაობაში ყოფნის დროის ინტერვალების მათემატიკური ლოდინის შეფარდება იმავე პერიოდში ობიექტის მუშაობაში ყოფნის დროის ინტერვალების, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტებით გამოწვეული მოცდენების დროის ინტერვალების მათემატიკურ ლოდინთა ჯამთან.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამშენებლო ობიექტების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

ტექნიკური დავალება - საწყისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც წარმოებს ახალი ნაკეთობების გამოკვლევისა და დაპროექტების პროცესი, ტექნიკური საექსპლუატაციო მოთხოვნების განსაზღვრა. მასში მოცემულია სამუშაოთა წარმოების ეტაპები, ხარისხის მაჩვენებლები და ტექნიკურ-ეკონომიკური მოთხოვნები.

ტექნიკური დიაგნოსტიკა - ნაკეთობებისა და ტექნიკური სისტემების მდგომარეობის მახასიათებელი ნიშნების დადგენა და შესწავლა მათი პარამეტრების გადახრების წინასწარი განჭვრეტის მიზნით, რასაც შეიძლება მოყვეს მტყუნება. ტ.დ. მეთოდების დამუშავება და გამოყენება დროულად ააცილებს მანქანა-ნაკეთობას მუშაუნარიანობის დაკარგვის შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

ტექნიკური დოკუმენტაცია - ტექნიკური დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წარმოების, ექსპლუატაციისა და რემონტის, პროდუქციის გამოცდის, აწყობისა და მონტაჟის ორგანიზაციისა და განხორციელებისათვის. მისი ძირითადი სახეებია: საპროექტო-საკონსტრუქტორო და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტები.

ტექნიკური ესთეტიკა - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის საჭირო გარემოსათვის საგნების შექმნის საწარმოო საშუალებების ტექნიკურ და ესთეტიკურ პრობლემებს. იგი წარმოადგენს დიზაინის თეორიულ საფუძველს. ქმნის რა მხატვრული კონსტრუირების მეთოდებს, ტ.ე. აუმჯობესებს შრომის, დასვენებისა და ყოფა-ცხოვრების პირობებს და დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჰარმონიული განვითარების საქმეში.

ტექნიკური ექსპლუატაცია - 1. შენობის ვარგის მდგომარეობაში შენახვის პროცესების ერთობლიობა;  2. ობიექტის სასიცოცხლო ციკლის სტადია, რომელზეც ხდება მისი ხარისხის რეალიზაცია, შენარჩუნება და აღდგენა.

ტექნიკური ზედამხედველი - ობიექტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის შესაბამისად სამუშაოების უსაფრთხო წარმოებაზე.

ტექნიკური კიბერნეტიკა - სამეცნიერო მიმართულება, რომელიც უკავშირდება მართვის ტექნიკური სისტემების ერთიანი იდეებისა და მეთოდების შესწავლას. იგი მოიცავს მართვის ავტომატიზებული სისტემების თეორიას, ოპტიმალური სისტემების თეორიას, ადაპტური და შემსწავლელი სისტემების თეორიას და საიმედოობის თეორიას. ტ. კ. ახდენს მართვის სისტემების სტრუქტურისა და პარამეტრების განსაზღვრას და არ აწარმოებს ამ სისტემის გაანგარიშებას და დაპროექტებას.

ტექნიკური კონტროლი - ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის ანალიზი, რომელსაც ატარებს საწარმო. ანალიზის სახეები, მეთოდები, ტექნიკა, რეაქტივები და მისთ. დადგენილია სახ. სტანდარტით, რომელიც სავალდებულოა როგორც დამკვეთის, ისე მომხმარებლისათვის. არსებობს მისი სხვადასხვა სახე, მაგ., შესავალი, ოპერაციული, მისაღები, მიყოლებული, ამორჩევითი და სხვ.

ტექნიკური კულტურა - მოიცავს საწარმოო პროცესების კომპლექსურ მექანიზაციას და ავტომატიზაციას, მოწინავე ტექნოლოგიას, წარმოების სრულყოფილ ორგანიზებას, მენეჯმენტს, მოტივაციას, მართვას და სხვ.

ტექნიკური მეთოდი - ტექნიკური საშუალებების გაანგარიშება და გამოცდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდება ყველაზე უფრო საიმედოთა ნომენკლატურა. გამოსაცდელი ტექნიკური საშუალებები შესაძლებელია იყოს სახანძრო დაცვის პასიური და აქტიური საშუალებები, მანქანები, მექანიზმები, სამარჯვები და სხვ.

ტექნიკური მომსახურება - მანქანებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ეტაპი, რომელიც მოიცავს მათი საიმედოობისა და მზადყოფნის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებებს. მასში შედის: პროფილაქტიკა, მიმდინარე რემონტი, კონტროლი, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებები (რეგულირება, გაწყობა საწვავით, შეზეთვა და სხვა) კვანძებისა და აგრეგატების მოხსნის გარეშე. ტ.მ. პარამეტრებს წარმოადგენს მომსახურე პერსონალისა და სათადარიგო ელემენტების რაოდენობა და დროითი მაჩვენებლები.

ტექნიკური მომსახურების აგრეგატი - მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის ავტომობილის შასიზე, ტრაქტორის მისაბმელზე ან თვითმავალ შასიზე სხვადასხვა მანქანების ტექნიკური მომსახურეობისათვის.

ტექნიკური ნორმირება - დადგენილი ტექნოლოგიური პროცესის საფუძველზე შრომისა და წარმოების რაციონალური ორგანიზაციის პირობებში სამუშაოს შესრულების დროის განსაზღვრა. ტ.ნ. საფუძველზე გაანგარიშდება დროისა და გამომუშავების ნორმები.

ტექნიკური პირობები - 1. ნაკეთობის, დეტალის, კონსტრუქციის, მასალის და მისთ. დამზადებისათვის აუცილებელი პირობები, რომელიც პროდუქციის ხარისხს, ნორმალურ საექსპლუატაციო პირობებს და მისი დამზადების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (მაგ., წნევა ავტოკლავში, ტემპერატურა ღუმელში, შედუღების ნაკერის მინიმალური სიგრძე ლითონის ელემენტების შედუღებისას და სხვ.); 2. ტექნიკურ მაჩვენებელთა ერთობლიობა რაიმეს დახასიათებისათვის; 3. პირობები საწარმოს, დანადგარის, მანქანის და მისთ. ნორმალური ფუნქციონირებისათვის; 4. დოკუმენტი, რომელიც ადგენს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ამა თუ იმ კონკრეტულმა ნაკეთობამ, მასალამ, ნივთიერებამ და ა.შ. ან მათ ჯგუფმა. ტ.პ. მუშავდება ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ ნაკეთობაზე, მასალაზე, ნივთიერებაზე იმ პირობით, რომ მასში ჩამოთვლილი მოთხოვნები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფო ან სახელმწიფოთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ვრცელდება ამ პროდუქციაზე.

ტექნიკური პროექტი - პროექტის დამუშავების მეორე ეტაპი, რომელიც აზუსტებს საპროექტო მოცემულობას (ესკიზურ პროექტს), სამუშაო ნახაზების შესადგენად.

ტექნიკური რესურსი - ობიექტის ნამუშევარი მისი ექსპლუატაციის დაწყებიდან ზღვრულ მდგომარეობამდე.

ტექნიკური სართული - საგანგებო სართული მრავალსართულიან შენობაში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის სანტექნიკური მილგაყვანილობისათვის, სავენტილაციო არხებისათვის და მისთ. და ჩვეულებრივ სართულზე ნაკლები სიმაღლისაა.

ტექნიკური სწავლების საშუალებები - სწავლების პროცესში ინფორმაციის დამუშავების და წარდგენის აპარატურა, მოწყობილობები და სისტემები, რომლებიც ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით არის საინფორმაციო, მაკონტროლებელი და სასწავლო. ყველაზე სრულყოფილია ავტომატიზებული სასწავლო სისტემები, რომლებიც იქმნება გამოთვლითი ტექნიკის ბაზაზე და მუშაობენ დიალოგის რეჟიმში.

ტექნიკური უსაფრთხოება - შრომის დაცვის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს წარმოების საშიში ზემოქმედებისაგან მომუშავეთა დაცვის ტექნიკური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემას.

ტექნიკური ქსოვილი - ქსოვილი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკური დანიშნულებისათვის - საიზოლაციოდ, გადასაფარებლად, გადასახურად, შუასადებად და ა.შ.

ტექნიკური წესები - სავალდებულო მოთხოვნები, რომელიც არეგულირებს სამშენებლო ორგანიზაციის მშენებლობის ორგანიზაციას და ტექნოლოგიას მაჩვენებლების რაოდენობრივი გამოხატულების გარეშე.

ტექნოგენური - დაკავშირებული ადამიანთა ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საქმიანობასთან.

ტექნოგენური ზემოქმედება - სტატიკური და დინამიკური დატვირთვები შენობებისა და ნაგებობებისაგან, ტერიტორიების შეტბორვა და დაშრობა, გრუნტების დაჭუჭყიანება, მიწისქვეშა წყლების დაბინძურება და გაშრობა, აგრეთვე გეოლოგიურ გარემოზე ფიზიკური, ქიმიური, რადიაციული, ბიოლოგიური და სხვა სახის ზემოქმედება.

ტექნოგენური კატასტროფა - უბედური შემთხვევა, განპირობებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობით, რომელსაც თან სდევს მძიმე, ტრაგიკული შედეგები.

ტექნოგენური საგანგებო სიტუაცია - მდგომარეობა, რის შედეგადაც ობიექტზე, განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წყაროს გაჩენის შედეგად ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, ექმნება საფრთხე მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ზიანდება მოსახლეობის ქონება, სახალხო მეურნეობა და ბუნებრივი გარემო.

ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წყარო - საშიში ტექნოგენური მოვლენა, რის შედეგადაც ობიექტზე, განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში მოხდა ტექნოგენური საგანგებო სიტუაცია.

ტექნოგენური საფრთხე - ტექნიკური სისტემის, სამშენებლო, სამრეწველო ან სატრანსპორტო ობიექტისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა, რომელიც რეალიზდება ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას ადამიანზე და გარემოზე ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წყაროს გამანადგურებელი ზემოქმედების სახით ან ამ ობიექტების ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში ადამიანისა და გარემოსთვის პირდაპირი ან ირიბი ზიანის სახით.

ტექნოგენური საშიშროება - ტექნიკური სისტემის, სამშენებლო და სამრეწველო ობიექტების შინაგანი მახასიათებელი, რომელიც რეალიზდება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს საწარმოს პერსონალზე და გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების სახით ან ამ ობიექტების ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში საწარმოს პერსონალზე და გარემოზე მიყენებული პირდაპირი ან ირიბი ზიანის სახით.

ტექნოგენური შეტბორვა - ტერიტორიის დატბორვა და შეტბორვა, გამოწვეული სამშენებლო და საწარმოო საქმიანობის შედეგად.

ტექნოელასტი - რულონური მიმართვადი საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა ამაღლებული საიმედოობის. მზადდება ელასტიური პოლიესტერისა და მოდიფიცირებული ბიტუმის დატანით მინაბოჭკოვან ან პოლიეთერულ საფუძველზე. გამოიყენება ბრტყელი სახურავებისათვის. დაგება ხდება პროპანის გაზის სანთურას მეშვეობით (იხ. რუბიტექსი, ნახ. 1).

ტექნოლოგია (ბერძ.) - 1. მზა პროდუქციის წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის მასალების და ნახევარფაბრიკატების დამუშავების, ფიზიკური მდგომარეობის შეცვლის და სხვა მოქმედებათა მეთოდების ერთობლიობა. ტექნოლოგიის დამუშავება ხორციელდება დარგების მიხედვით – სამშენებლო წარმოების, მანქანათმშენებლობის, ხელსაწყოთმშენებლობის და სხვ.; 2. ორგანიზაციული ღონისძიებების, ოპერაციებისა და მეთოდების კომპლექსი, რომელიც მიმართულია ოპტიმალური დანახარჯებით ნომინალური ხარისხის ნაკეთობის დამზადებაზე, მომსახურებაზე, რემონტზე ან ექსპლუატაციაზე. ტექნოლოგიური პროცესი განისაზღვრება პარამეტრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ნორმალურ მსვლელობას; 3. საბუნებისმეტყველო მეცნიერება ნედლეულის პროდუქტად გადამუშავების პროცესების შესახებ, რაც ხორციელდება ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური ოპერაციების მონაწილეობით. ქიმიური გარდაქმნა ძირითადი პროცესია არამარტო ქიმიური და ნავთობქიმიური წარმოებისათვის, არამედ საფუძველია სამშენებლო და მჭიდა მასალების, ლითონების, სამედიცინო მრეწველობის და მიკრობიოლოგიური წარმოებების, წვის პროცესების ენერგეტიკასა და ტრანსპორტზე, ლუდის, პურისა და საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიაში და სხვ.

ტექნოლოგია საუკეთესო - ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება მეცნიერებისა და ტექნიკის უკანასკნელ მიღწევებს, რომელიც მიმართულია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისკენ და რომელსაც გააჩნია პრაქტიკული გამოყენების დადგენილი ვადა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით.

ტექნოლოგიური გადაწყვეტა - მოიცავს წარმოების ტექნოლოგიური სქემის არჩევას (ნაკადური, აგრეგატულ-ნაკადური, კონვეინერული და ა.შ.), საწარმოო პროცესში ძირითადი ტექნოლოგიური ნაკადების დამუშავებას, ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევასა და განლაგებას, სამუშაო რეჟიმის დადგენას (ერთცვლიანი, ორცვლიანი, უწყვეტი).

ტექნოლოგიური დოკუმენტაცია - პროდუქციის დამზადების პროცესის განმსაზღვრელი გრაფიკული და ტექსტური დოკუმენტები. მას მიეკუთვნება: ტექნოლოგიური რუქა, სამშენებლო წარმოების პროექტი, სვლა-გეზის რუკა, საოპერაციო რუკა, ინსტრუქციები, საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია, ხარჯების ნორმები და სხვ.

ტექნოლოგიური ექსპლუატაცია - შენობის გამოყენება დანიშნულების შესაბამისად.

ტექნოლოგიური თვისებები - მასალის უნარი, გარკვეული ოპერაციების შედეგად მიიღოს საჭირო ფორმა, ზომა და ა.შ. ისეთი ტექნოლოგიური თვისებები, როგორიცაა: დაფქვა, დახერხვა, დალურსმნა, ხეხვა და ა.შ. მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მათზეა დამოკიდებული ნაკეთობისა და კონსტრუქციის ხარისხი და ღირებულება. ზოგიერთი მასალის ტექნოლოგიური თვისების შეფასებისათვის დამუშავებულია რიცხობრივი მაჩვენებლები (ქვის მსხვრევადობა, ბეტონის ნარევების ძვრადობა და ადვილჩაწყობადობა, საღებავის დაფარვადობა და სხვ.). მასალების უმრავლესობისათვის კი დადგენილია ტექნოლოგიური თვისებების ხარისხობრივი მაჩვენებლები.

ტექნოლოგიური კვანძი - კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად გამართული სამშენებლო ობიექტის ნაწილი, რომლის ტექნიკური მზადყოფნა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დამთავრების შემდეგ, უზრუნველყოფს ავტონომიურად, ობიექტის სრულად მზადყოფნისაგან დამოუკიდებლად, აწარმოოს გაშვება-გამართვის სამუშაოები, ინდივიდუალური გამოცდები და აგრეგატების, მექანიზმებისა და მოწყობილობების კომპლექსური შემოწმება.

ტექნოლოგიური მილსადენი - მილსადენი, სამრეწველო საწარმოს ან სამრეწველო საწარმოების გაერთიანებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნივთიერებების (ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, რეაგენტები და სხვ.) ტრანსპორტირებისათვის, რომელიც აუცილებელია ტექნოლოგიური პროცესის წარმართვისა და მოწყობილობების ექსპლუატაციისათვის.

ტექნოლოგიური პარამეტრები - გაზომვადი სიდიდეები, რომლებიც განსაზღვრავენ პროცესში წარმოქმნილ ნივთიერებათა მდგომარეობას და მათ რეაქციისუნარიანობას. ტ.პ. მიეკუთვნება: ნივთიერებათა ტემპერატურა და კონცენტრაცია აპარატში შესასვლელზე და გამოსასვლელზე, თხევადი და აირადი ნივთიერებების წნევა, მიწოდებულ ნივთიერებათა მოძრაობის სიჩქარე და რაოდენობა, მათი შერევის ინტენსივობა, მყარი მასალების შემადგენლობა და დისპერსიულობა, პროცესის ხანგრძლივობა და სხვ.

ტექნოლოგიური პროცესი - მოიცავს ქიმიური და ფიზიკური მოვლენების ერთობლიობას და მოიცავს შემდეგ ურთიერთდაკავშირებულ პროცესებს (სტადიებს): 1. მორეაგირე კომპონენტების მიწოდება რეაქციის ზონაში; 2. ქიმიური რეაქცია; 3. მიღებული პროდუქტის გამოყვანა რეაქციის ზონიდან. ტ.პ. განისაზღვრება პარამეტრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ტექნოლოგიური რეგლამენტი - ძირითადი ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს რეცეპტურას, ტექნოლოგიური პროცესის რეჟიმსა და ოპერაციების ჩატარების თანმიმდევრობას. ტექნოლოგიური რეგლამენტის ყველა მოთხოვნის ზედმიწევნით შესრულება აუცილებელია და უზრუნველყოფს გამოშვებული პროდუქციის საჭირო ხარისხს, საწარმოო პროცესის რაციონალურად და ეკონომიურად ჩატარებას, მოწყობილობის შენარჩუნებას და შრომის უსაფრთხოებას.

ტექნოლოგიური რეჟიმი - ძირითადი ფაქტორების (პარამეტრების) ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის სიჩქარეზე, პროდუქტის გამოსავალზე და ხარისხზე. ტ.რ. ძირითადი პარამეტრებია: ტემპერატურა, წნევა, კატალიზატორის გამოყენება და მისი აქტივობა, მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაცია, რეაგენტების არევის მეთოდი და ხარისხი. განასხვავებენ დამოუკიდებელ პარამეტრებს, რომლებიც იცვლება სხვებისგან დამოუკიდებლად, და დამოკიდებულ პარამეტრებს, რომელთა რიცხობრივი მნიშვნელობა დამოუკიდებელი პარამეტრების სიდიდეზეა დამოკიდებული. დამოუკიდებელი პარამეტრების საერთო რაოდენობას ეწოდება პროცესის თავისუფლების ხარისხი ანუ ვარიანტულობა. ტექნოლოგიური პარამეტრების ერთობლიობა განსაზღვრავს წარმოების ტექნოლოგიურ რეჟიმს.

ტექნოლოგიური რუკა - ტექნოლოგიური დოკუმენტაციის ფორმა, რომელშიც გაწერილია ნაკეთობის დამუშავების მთლიანი პროცესი, მითითებულია ოპერაციები და მათი შემადგენელი ნაწილები, მასალები, საწარმოო მოწყობილობები, იარაღები, ტექნოლოგიური რეჟიმები, ნაკეთობის დასამზადებლად საჭირო დრო, მუშახელის კვალიფიკაცია და სხვ.

ტექნოლოგიური სისტემა - მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს სადგურზე ნავთობპროდუქტების, აირის და სხვა ტვირთების მიღებას, შენახვას და გაცემას.

ტექნოლოგიური ღუმელი - თბური დანადგარი, რომელშიც მიღებული სითბო გადაეცემა გადასამუშავებელ მასალას და ამის შედეგად მიმდინარეობს ქიმიური პროცესები განსაზღვრული პროდუქტის წარმოქმნით.

ტექნოლოგიური შედუღებადობა - ლითონის ტექნოლოგიური მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მის რეაქციას შედუღებაზე, აგრეთვე უნარი წარმოქმნას შენადუღი შეერთება მოცემული საექსპლუატაციო თვისებებით.

ტექნოლოგიურობა - ნაკეთობის შესაბამისობა წარმოებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნებთან. ტ. უზრუნველყოფა ნაკეთობის კონსტრუქციის დამუშავებისას უნდა მოხდეს. ტექნოლოგიურია ისეთი კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის საექსპლუატაციო ხარისხს და მისი დამზადება მოითხოვს შრომის და მასალების მინიმალურ დანახარჯებს. ტ. მიღწევის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს ახალ კონსტრუქციაში იმ დეტალებისა და კვანძების გამოყენება, რომლებიც უკვე შედიოდნენ ამავე ნაკეთობის ძველ კონსტრუქციაში, აგრეთვე ნორმალიზებული და სტანდარტიზებული დეტალებისა და საამწყობო ერთეულების გამოყენება.

ტექნოსფერო - ქალაქის ან სამრეწველო ზონის რეგიონი, საწარმოო ან საყოფაცხოვრებო გარემო.

ტექსტოლიტი (ლათ.-ბერძ.) - ელექტროსაიზოლაციო კონსტრუქციული ფენოვანი ფურცლოვანი მასალა ბოჭკოვან ქსოვილზე, რომელიც გაჟღენთილია თერმორეაქტიული ფისით (ბაკელიტი, პოლიეთერი, ეპოქსიდი). ტექსტოლიტს მინაბოჭკოზე ეწოდება მინატექსტოლიტი. ტ. კარგად მუშავდება ყველა სახის მექანიკური დამუშავებით. გამოიყენება კბილანების, სრიალის საკისარების, პანელების, შუასადებების, ტექნიკური დანიშნულების ამორტიზირებული ნაკეთობების დასამზადებლად. ტ. ნაკეთობანი უზრუნველყოფენ უხმაურობას მუშაობისას, აქვს სამსახურის დიდი ვადა, ლითონის ნაკეთობებთან შედარებით ნაკლები ხვედრიი წონა. მზადდება ფურცლებად (ნახ. 1) სიგანით 450...950 მმ, სიგრძით - 600...1950 მმ, სისქე 0,5...200 მმ.

ტექსტურა (ლათ.) - ნივთიერების აგებულების თავისებურება, რომელიც განპირობებულია მისი შემადგენელი ნაწილების, ფენების განლაგებით (ნახ. 1).

ტექტონიკა (ბერძ.) - 1. არქიტექტურაში - შენობის ნაწილების, ურთიერთგანლაგებისა და მისი ფორმების, პროპორციების შეფარდების თავისებურებანი; 2. გეოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციებს და მათთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

ტექტონიკური მოძრაობა - მიწის ქერქის მოძრაობა, რომელიც იწვევს ქანების განლაგების ფორმის ცვლილებას.

ტეჩნორა - იხ. არამიდი.

ტეხილი - ნიმუშის ან ნაკეთობის რღვევის შედეგად მიღებული ზედაპირი. არსებობს ტ. შემდეგი სახეები: მყიფე (მინის, კერამიკის, ნაწრთობი ფოლადებისათვის); ბ ლ ა ნ ტ ი - ზედაპირზე ადგილობრივი პლასტიკური დეფორმაციის ნაკვალევით (ლითონებისათვის); დ ა ღ ლ ი ლ ო ბ ი თ ი - რღვევა მრავალჯერ განმეორებადი დატვირთვების მოქმედების შედეგად (მზიდუნარიანობა); შ ე ნ ე ლ ე ბ უ ლ ი  ღ რ ვ ე ვ ა - ხანგრძლივად მოქმედი სტატიკური დატვირთვის შედეგად; ტ. შეიძლება განვიხილოთ, როგორც რღვევის პროცესის მყისიერი ფოტოსურათი. ამიტომ ტეხილის ანალიზი და სწორი „წაკითხვა“ დიდ როლს თამაშობს ავარიების მიზეზების კვლევაში. ტეხილის სტრუქტურის მიკროსკოპული ანალიზს ეწოდება ფრაქტოგრაფია.

ტვარონი - იხ. არამიდი.

ტვირთამწევი მანქანა - მოწყობილობა ტვირთის ან ხალხის გადასაყვანად ვერტიკალურ ან დახრილ სიბრტყეზე (სატვირთო და სამგზავრო ლიფტები, ამწეები, შახტური და სამშენებლო ამწეები, საწევარები, ტალები, ტელფერები, მრავალჭაღები, თვითმავალი ამწეები და სხვ.). ტ.მ. შეიძლება იყოს სტაციონარული და გადასაადგილებელი, პერიოდული და უწყვეტი მოქმედების, ელექტრული ან შიგაწვის ამძრავით. მათი ტვირთამწეობა რამდენიმე კგ-დან რამდენიმე ტონამდეა.

ტვირთამწეობა - სატრანსპორტო საშუალებებისა და ტ. მანქანა-მექანიზმების ძირითადი საექსპლუატაციო მახასიათებელი. იგი არის ტვირთის მაქსიმალური მასა, რომელიც შეუძლია გადაიტანოს ან აწიოს სატრანსპორტო ან ტ. საშუალებამ.

ტვირთბრუნვა - დროის ერთეულში გადაზიდულ ტვირთის რაოდენობა.

ტვირთი - 1. ტვირთს წარმოადგენს ის საგანი ან საგანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება გადატანას, გადაზიდვას, ტრანსპორტირებას. ტ. შეიძლება იყოს მყარი, თხევადი, აირის. ტ. უამრავი სახეობა არსებობს, რომელთაგან უნდა გამოვყოთ: ადვილად აალებადი, არაგაბარიტული, გაუწონასწორებელი (დებალანსი), თავმოყრილი, მალფუჭებადი, მშრალი, ნაკრები, ნაყარი, ბალანსირის, საკონტროლო, ცალობითი, ცოცხალი და სხვ.; 2. მეტ-ნაკლებად მძიმე საგანი; სიმძიმე; 3. (გადატანით) სიმძიმე, სიძნელე; გაჭირვება.

ტვირთნაკადი - ტვირთის ტრანსპორტირება რაიმე მიმართულებით, დროის გარკვეულ მონაკვეთში.

ტვირთსათრევი ფანჯარა - პატარა ფანჯარა, გამოჭრილი ხის ძელურაში ორ ერთმანეთზე დადებულ მორში (ნახ. 1). ის შიდა მხრიდან იხურება ფიცრებისაგან გაკეთებული თლილი ჩამკეტით.

ტვირთტევადობა - სატრანსპორტო საშუალებაში ან სათავსში მოსათავსებელი ტვირთის რაოდენობრივი მაჩვენებელი.

ტვირთჩამჭერი (ტვირთსატაცი) - მოწყობილობა ან მექანიზმი, რომლითაც აღჭურვილია ტვირთამწევი მანქანა და გამოიყენება სხვადასხვა ტვირთის ჩასაბმელად, გადასატანად და განსატვირთავად. შესაბამისად, არსებობს ტ. ფხვიერი ტვირთებისათვის (გრეიფერი, ციცხვი) და ჩასასხმელი ტვირთებისათვის (ბადიები, სპეც. ტევადობები). ტ. ერთ-ერთ სახეს მიე-კუთვნება ამწევი ელექტრომაგნიტები, ვაკუუმური ტ., ავტოჯალამბრები და სხვ.

ტვიფრა - 1. სხეულის ზედაპირზე (ლითონზე, მერქანზე და სხვ.) გამოსახულების, ნახატის, ნახჭის დატანის - ამოტვიფრის პროცესი; 2. ლითონის ფორმის მეშვეობით დეტალების ან სხვა წვრილმანი საგნების სერიულად დამზადების პროცესი.

ტვიფრი - 1. ესტამპი, ანაბეჭდი გრავიურიდან; 2. ლითონის ფორმა მანქანების დეტალების ან წვრილმანი საგნების სერიულად დასამზადებლად.

ტიგელი - ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც ადნობენ ან ახურებენ სხვადასხვა მასალას, ნივთიერებას.

ტივი - ერთიმეორეზე მიჯრით შეკრული დიდი მორები (ძელები) მდინარეზე დასაცურებლად (ნახ. 1).

ტივტივა - 1. სითხის დონის სარეგულაციო მოწყობილობა, რომელიც სითხეში არ იძირება; 2. კორპის ან ხის ნაჭერი, რომელიც ანკესის ძაფზე ან სათევზაო ბადეზეა მიბმული. ის არც თვითონ იძირება და არც მათ აძლევს წყალში ჩაძირვის საშუალებას

ტიკი (სომხ.) - თხიერი.

ტიკის ხე - მაგარმერქნიანი ფოთლოვანი ჯიშის ხე. იზრდება ინდოჩინეთში, სუმატრასა და იავაზე. სიმაღლეში აღწევს 40 მ-ს. ზრდასრული ტ.ხ. დიამეტრია 1,2...1,8 მ. აქვს მკვრივი, მაგარი, მტკიცე, ოქროსფერ-მოყავისფრო შეფერილობის მასალა, მსხვილი სასიამოვნო ტექსტურა, შეიცავს ეთეროვან ფისებს, გამოირჩევა მაღალი მედეგობით ბიომავნებლებისა და ნესტისადმი. გამოიყენება მშენებლობაში (ძირითადად მაღალხარისხოვანი პარკეტის დასამზადებლად, ნახ. 2), საბაღე ავეჯის წარმოებაში, გემთმშენებლობაში (გემბანებისათვის), მსუბუქი ავტომანქანების სალონების გასაწყობად და სხვ.

ტიკჭორა (სომხ.) - თხიერაკი.

ტილო (აფრისი) - სელის უხეში, სქელი ქსოვილი. გამოიყენება ჭერის მოსაწყობად და ტექნიკური მიზნებისათვის.

ტიმოთესუბნის მონასტერი (ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი) - XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე თორის ერისთავ შალვა ახალციხელის მიერ აგებული ტაძარი ბორჯომის რაიონის სოფელ ტიმოთესუბანში მდინარე თორისწყლის (ამჟამად გუჯარეთისწყალი) მარჯვენა სანაპიროზე (ნახ. 1). ტაძარი აშენებულია მოვარდისფრო ქართული აგურით. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე და შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფილებით. მხატვრობა შესრულებულია XIII საუკუნის დასაწყისში და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები. ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობისა, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე.

ტიმპანი (ბერძ.) - 1. ფრონტონის თარაზულ და დახრილ ზოლურებს შორის მოქცეული სამკუთხა ან მრუდხაზოვანი არე (ნახ. 1).

ტინი - ძვ. მაგარი, დიდი კლდე.

ტიოკოლი - შავი ფერის სინთეზური კაუჩუკის ნაირსახეობა, რომელსაც წარმატებით იყენებენ მეტალოპლასტმასის ფანჯრების მინა-პაკეტების ჰერმეტიზაციისათვის, აგრეთვე სენობა-ნაგებობებში სხვადასხვა ტიპის ღრეჩოების, ნაპრალების, ბზარების ამოსავსებად.

ტიპაჟი (ფრანგ.) - 1. რაიმე ნაკეთობათა ტიპების, მოდელების ერთობლიობა; 2. ხელოვნებაში - ადამიანთა რაიმე საზოგადოებრივი თანრიგის, ტიპის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა.

ტიპი (ბერძ.) - 1. საგნების, მოვლენების გარკვეული ჯგუფის ნიმუში, მოდელი, ფორმა; 2. ამერიკელ ინდიელთა საცხოვრებელი გუმბათისებრი ქოხი, აგებული ხის ტოტების, ლერწმის ღეროებისა და მისთ.

ტიპიზაცია - (ლათ., ანაბეჭდი, ფორმა, ნიმუში) - 1. მასობრივი მშენებლობისათვის გათვალისწინებული უნიფიცირებული ნაწილების, კომპლექსების, დეტალების ნომენკლატურის შედგენა და დაპროექტება; 2. ტიპიური კონსტრუქციების ან ტექნოლოგიური პროცესების დადგენა რიგი ნაკეთობების ან პროცესებისათვის საერთო ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე. ტ. სტანდარტიზაციის ერთერთი მეთოდია, რომელსაც ხშირად საბაზო კონსტრუქციათა მეთოდს უწოდებენ;  3. ერთ გარკვეულ ტიპზე დაყვანა.

ტიპობრივი - გარკვეული ტიპის შესაბამისი; სტანდარტული

ტიპობრივი პროექტი - საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი ან სამრეწველო შენობის პროექტი, რომელიც უნიფიცირებულ კონსტრუქციებსა და არქიტექტურულ დეტალებზეა დაფუძნებული.

ტირიფი - მიეკუთვნება ტირიფისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარს (ნახ. 1). გვარი მოიცავს 600-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი და ცივი ჰავის სარტყელებში. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია 17 სახეობა. უმეტესობა მთის შუა, სუბალპურ და ალპურ სარტყელებში იზრდება. ეტანება მთის ჩრდილოეთ ფერდობებსა და ნოყიერ ტენიან ნიადაგს. დაბლობში კი, მდინარეთა ნაპირების გასწვრივ და ჭალის ტყეებში ხარობს. მეტწილად გავრცელებულია წნორი ანუ თეთრი ტ. მის ყვითელყლორტებიან ფორმებს „მანეულსა“ და ‘ყვითელ ტირიფს“ - საგანგებოდ აშენებენ და საკალათე წნელად და ჭიგოდ იყენებენ. ნამდვილი საკალათე ტ. - მანეული ჩვენში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ბაკურიანისა და ციხიჯვრის მიდამოებში. ტ. ძირითადად დეკორატიული ხეა. მშენებლობაში არ გამოიყენება.

ტირიფი თეთრი - ფოთლოვანი ხის ჯიში, სიმაღლით 20...30 მ, აქვს მოყვითალო მერქანი და მომწვანო ქერქი. საქართველოში გავრცელებულია ყველგან - ზღ. დ. 1600 მ-მდე, ძირითადად, მდინარეთა ნაპირების გაყოლებით. ქერქი გამოიყენება მედიცინაში მთრიმლავი ნივთიერებების მისაღებად, წვრილი ტოტები - კალათების მოსაწნავად. დეკორატიულია. გამოიყენება ბაღებსა და პარკებში, როგორც შესანიშნავი სილამაზის დეკორატიული ხე.

ტიტანი (ბერძ.) - 1. დაბალი სიმკვრივის (4500 კგ/მ3) და დიდი სიმტკიცის (700...1200 მპა) კოროზიამედეგი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის მსუბუქი ლითონი. მაღალი ღირებულების და დეფიციტურობის გამო, ტიტანი (ძირითადად ტიტანის შენადნობები) მშენებლობაში გამოიყენება მხოლოდ უნიკალური ნაგებობებისათვის; 2. ბერძნ. მითოლ. უკვდავი არსებები, გიგანტები, რომლებიც შეებრძოლნენ ოლიმპელ ღმერთებს; 3. იტყვიან ძალიან დიდ მოაზროვნეზე, გენიოსზე; 4. პლანეტა სატურნის თანამგზავრი; 5. წყლის ასადუღებელი დიდი ჭურჭელი განსაკუთრებული მოწყობილობისა.

ტიტანის თეთრა - ტიტანის მეტალის ორჟანგი. გამოიყენება მშენებლობაში შესათეთრებელ ნივთიერებად.

ტიტვრა (რუს. Титрование) - ნაკეთობის (სხეულის) ზედაპირზე რაიმე ნახატის დატანა.

ტიტული (ლათ.) - 1. კაპიტალური მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის დასახელება იმ ობიექტების მიხედვით, რომლებიც შეტანილია სატიტულო სიებში; 2. წიგნის სათაური; წიგნის პირველი გვერდი, რომელზედაც მოთავსებულია სათაური, ავტორის გვარი, გამოცემის ადგილი, წელი და სხვა; სატიტულო ფურცელი.

ტიუბინგი (ინგლ.) - სეგმენტის სახის ლითონის (ნახ. 1) ან რკინაბეტონის ფილა, რომელსაც იყენებენ მაღაროებისა და გვირაბების გასამაგრებლად.

ტიუდორის ყვავილი - 1. კვადრატული ორნამენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს სუროს ოთხი ფოთლის სტილიზებული გამოსახულება; 2. დიდი ბრიტანეთის ტრადიციული ჰერალდიკური ემბლემა (ტიუდორების დინასტიის) შესრულებული ბუნებრივ ფერებში: თეთრი ყვავილი დადებული ალისფერ ყვავილზე (ნახ. 1).

ტიქსოტროპია - პლასტიკურ-ბლანტი ნარევების უნარი, შეიცვალოს თავისი რეოლოგიური თვისებები მექანიკური ზემოქმედების შედეგად და აღიდგინოს იგი ამ მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ამ თვისებას იყენებენ ბეტონის ნარევის ტუმბოებით გადატანის, ვიბროშემკვრივების და ნაკეთობის დამზადების დროს.

ტიხარი - საძგიდე, ძგიდე; ოთახის სივრცის გამომყოფი კედელი, რომელსაც კაპიტალური კედლისგან განსხვავებით კონსტრუქციული დატვირთვები არ გადაეცემა.

ტიხარი კარკასული - ტიხარი, რომელიც შედგება დგარების (კარკასი - შენობის მზიდი ნაწილია), შევსებისა და შემოსვისაგან (ნახ. 1).

ტიხარი საფილტრავი - ზედაპირი ნახვრეტებით (ღრეჩოებით) ან ზედაპირი ფორებიანი მასალისაგან, რომელიც ატარებს დისპერსიულ გარემოს, თხევადი არაერთგვაროვანი სისტემების გაყოფისას ფილტრებში და ცენტრიფუგებში.

ტიხარი საფილტრავი არაკუმშვადი - საფილტრავი ტიხარი, რომელიც წნევის სხვაობის გაზრდისას არ განიცდის ფორების დეფორმაციას.

ტიხარი საფილტრავი კუმშვადი - საფილტრავი ტიხარი, რომელიც წნევის სხვაობის გაზრდისას განიცდის ფორების დეფორმაციას და მათი თავისუფალი კვეთის შემცირებას.

ტიხარი სტაციონალური - ტიხარი, აწყობილი ხის, ალუმინის, ფოლადის ან პოლივინილქლორიდის პროფილების კარკასზე, რომელზედაც მიმაგრებულია პანელი. ასეთი კონსტრუქციებს გამოარჩევს ის, რომ ტ.ს. ემაგრება იატაკსა და ჭერს, რის შემდეგაც მათი კონფიგურაცია აღარ იცვლება.

ტკეჩი - 1. სიგრძეზე ვიწროდ დაჭრილი თხელი ფიცრები; 2. ზოგიერთი ხის (თხილის, შინდის და მისთ.) სწორი წვრილი ტოტის სიგრძივ ანახეთქი; იხმარება კალათის (გოდრის) დასაწნავად.

ტკეჩი საკასრე - დაპობით ან ხერხვით მიღებული ტკეჩი კასრის ტანის დასამზადებლად. ძირითადად გამოიყენება მუხის, ვერხვის, წიფლის, წაბლის და წიწვოვანი ჯიშის მერქანი.

ტკეჩი საპარკეტე - დახერხილი ნამზადი-ფრიზა, რომლისაგანაც შემდეგ პარკეტი მიიღება. ამ მიზნით მაგარი ფოთლოვანი ჯიშის (მუხა, წიფელი, იფანი) მერქანი გამოიყენება, თუმცა ზოგჯერ ლარიქსისა და ფიჭვის მერქანსაც იყენებენ.

ტლეჟა (ლითონის) - ვიწრო ლითონის ლენტის მიღების ხერხი.

ტოლი (ფრანგ.) - სახურავის და კონსტრუქციების ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რომელიც მიიღება საბურულე მუყაოს გაჟღენთვით ქვანახშირის ან ფიქალების კუპრით. გამოდის რულონების საით. სხვა საბურულე მასალებთან შედარებით (პერგამინი, რუბეროიდი) ტოლის სამსახურის ვადა გაცილებით ნაკლებია, ამიტომ იგი უპირატესად გამოიყენება დროებითი ნაგებობების ბურულის მოსაწყობად, სამაგიეროდ ფართოდ იყენებენ სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდრო- და ორთქლსაიზოლაციოდ.

ტოლმხარა - თანაბარმხრებიანი ბერკეტი.

ტოლუოლი - არომატული თხევადი ნახშირწყალბადი; გამოიყენება ფეთქებადი ნივთიერებების, საღებავების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.

ტოლქმედი - სხეულზე მოდებული სამი და მეტი ძალის ძალთა სისტემის ეკვივალენტური ძალა, რომელიც სხეულის მოძრაობის სიჩქარეზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც ეს ძალთა სისტემა. ძალთა სისტემას გააჩნია ტ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის არსებობს დაყვანის ისეთი ცენტრი, რომლის მიმართ სისტემის მთავარი მომენტი ნულის ტოლია. წყვილძალას (ორი ძალის სისტემა) ტოლქმედი არ გააჩნია.

ტოლქმედი ძალა - ისეთი ერთი ძალა, რომელიც ძალთა მოცემული სისტემის ტოლფასია.

ტომპაკი (თითბერის ნაირსახეობა) - სპილენძის შენადნობი თუთიასთან (3...12%), შეიცავს აგრეთვე ტყვიას, რკინას, ფოსფორს, დარიშხანს); კარგად მიედუღება ფოლადს, გამოიყენება ფოლადი - თითბერის ბიმეტალების მისაღებად. აქვს ოქროსფერი შეფერილობა; გამოიყენება მხატვრულ ნაკეტობათა, ორდენების, მედლების, ფურნიტურის და სხვათა დასამზადებლად.

ტონა (ფრანგ.) - მასის მეტრული ერთეული (სისტემის გარეშე), რომელიც SI სისტემაში გამოიყენება კილოგრამთან ერთად 1 ტ = 1000 კგ.

ტონა-ძალა - ძალისა და წონის  ერთეული. მეტრული 1ტძ = 1000კგძ = 9,80665კნ.

ტონალობა - არქიტექტურაში ფერების შერჩევა, ერთი ტონის სიჭარბე.

ტონაჟი (ფრანგ.) - 1. რაიმე საქონლის გამოშვება წონით; 2. სატრანსპორტო საშუალებათა, ტრანსპორტის ტვირთმზიდაობა; 3. გემის წყალწყვა ან ტვირთმზიდაობა.

ტონდო (იტალ.) - წრიული ფორმის დეკორაციული დეტალი.

ტონი (ბერძ.) - 1. საღებავის ელფერი, ხასიათი. ფერები სიმკვეთრისა და კოლორიტის მიხედვით; 2. ფერწერაში სურათის ძირითადი ფონი; 3. ბგერა, რომელსაც იწვევს ჰაერის პერიოდული რხევა და აქვს გარკვეული სიმაღლე.

ტონირება - ქანდაკების დეკორატიული გაფორმება, დამუშავება იმიტაციის მიზნით.

ტოპიარია (ლათ.) - საბაღო დეკორატიული ხელოვნება - ხეებისა და ბუჩქებისათვის სხვადასხვა ცხოველის, პირამიდებისა და მისთანების ფორმის მიცემა

ტოპოგრაფია (ბერძ.) - 1. გეოდეზიის ნაწილი, რომელიც სწავლობს დედამიწის ზედაპირს, მისი გაზომვისა და გეგმაზე ან რუკაზე გამოსახვის ხერხებს; 2. ქვეყნის ან ადგილის ზედაპირი და მისი ნაწილების, პუნქტების ურთიერთგანლაგება.

ტოპოგრაფიული გადაღება - მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ზედაპირის გადაღება მისი შესწავლის მიზნით.

ტოპოგრაფიული მიმბმელი - ტოპოგრაფიული ხელსაწყო, დაყენებული მოძრავ ფუძეზე და აღჭურვილი მოწყობილობით წერტილის ადგილმდებარეობის მართკუთხა კოორდინატების ავტომატური განსაზღვრისათვის და გავლილი გზის გეგმაზე გამოსახაზად.

ტოპოგრაფიული სახაზავი - სახაზავი მუშა ზომებით, რომლითაც შესაძლებელია ტოპოგრაფიულ გეგმაზე მართკუთხა ბადის აგება.

ტოპოლოგია (ბერძ.) - მათემატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის გეომეტრიული ფიგურების უზოგადეს თვისებებს.

ტოპონიმიკა (ბერძ.) - 1. რაიმე ადგილის გეოგრაფიულ სახელთა (დასახლებული პუნქტების, მდინარეების, მთების, ხეობების და მისთ.) ერთობლიობა; 2. ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს გეოგრაფიულ სახელებს.

ტოპო… (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს რაიმე ადგილთან დაკავშირებულს (მაგ., ტოპოლოგია, ტოპოგრაფია და სხვ.).

ტორევტიკა (ბერძ.) - ლითონზე მხატვრული რელიეფის დამუშავების ხელოვნება.

ტორკრეტბეტონი - ბეტონი, რომელიც გამოირჩევა სიმკვრივით და წყალუჟონადობით.. მისი დატანა კონსტრუქციაზე ან ყალიბში ხდება შეკუმშული ჰაერით.

ტორკრეტირება - (ლათ., შემკვრივებული ბათქაში) - სპეციალური პნევმატიკური აპარატის ან ცემენტსატყორცნის მიერ შეკუმშული ჰაერით მოწოდებული ცემენტის ხსნარის (ან ტორკეტბეტონის) ფენის დატანა რაიმე ზედაპირზე (ნახ. 1). ტ. იყენებენ დანადგარს, რომელშიც შედის ცემენტსატყორცნი (ბეტონშპრიცმანქანა) და კომპრესორი. მიღებული შრის სისქეა 10...15 მმ. ტ. ფენილი გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით, სიმკვრივით, წყალშეუღწევადობითა და ყინვამედეგობით. შემავსებლის სისქის მიხედვით განასხვავებენ ტორკრეტ-ბეტონსა (10 მმ-მდე) და შპრიც-ბეტონს ანუ ნაშხეფ-ბეტონს (25 მმ-მდე). ტორკრეტს იყენებენ თხელკედლიანი რკ.ბ.-ის კონსტრუქციების (გარსი, კამარა, რეზერვუარი და სხვ.) აგების, გვირაბის მოკეთების, ასაწყობი კონსტრუქციების ელემენტების ჰიდროიზოლაციისა და ნაკეთობების რემონტისა და გაძლიერებისას. ტორკრეტი, სისქით არა ნაკლებ 3 სმ-ისა, დაიტანება 2-3 ფენად.

ტოროიდა (ლათ.) - ზედაპირი, რომელიც მიიღება წრეწირის ბრუნვის შედეგად ამ წრეწირის სიბრტყეში მდებარე იმ წრფის გარშემო, რომელიც არ კვეთს მოცემულ წრეწირს (ნახ. 1). ტ. ზედაპირის ფართობი და მოცულობა გამოითვლება ფორმულებით: S = 4π2Rr; V = 2π$2Rr2, სადაც r - მოცემული წრეწირის რადიუსი, R - მანძილი წრეწირის ცენტრიდან ბრუნვის ღერძამდე.

ტორსი - 1. რაიმე კონსტრუქციის ან ნაკეთობის ბოლოების განივი კვეთი; 2. ადამიანის სხეულის სკულპტურული ან ფერწერული გამოსახულება.

ტორუსი (ბერძ.) - იონური კოლონის ბაზისის ლილვი.

ტორფი (გერმ.) - მკვრივი მასა, რომელიც წარმოქმნილია ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად; იყენებენ საწვავად, სასუქად და სხვა მიზნებისათვის.

ტორფსაიზოლაციო მასალები - საიზოლაციო მასალები, რომლებიც მიიღება ახალი ტორფისაგან პულპის მომზადების გზით, შემდეგი დაყალიბებით და თბური დამუშავებით (საყალიბე მასა შედგება წყლისა და 5...10% ტორფისაგან). საშუალო სიმკვრივეა 200...300 კგ/მ3).

ტორშერი (ფრანგ.) - იატაკზე დასადგმელი მაღალფეხიანი სანათი არმატურა.

ტოსკანური ორდერი - დორიული ორდერის სახესხვაობა. მზიდი ნაწილებია სვეტი, კაპიტელითა (სვეტისთავი) და ბაზისითურთ, რომლებზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი (ნახ. 1).

ტოტემი - სათაყვანო საგანი (ხშირად ცხოველი ან მისი გამოსახულება), რომელსაც პირველყოფილ საზოგადოებაში მიეწერებოდა ოჯახის წარმოშობა და კეთილდღეობა.

ტოქსიკური ნივთიერებები - ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებანი, მათი შენაერთები ან შენაერთების ნარევი, რომლებსაც თავიანთი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით შეუძლია მავნე ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ტრაექტორია (ლათ.) - უწყვეტი წირი, რომელსაც აღწერს ნივთიერი წერტილი მოძრაობის დროს. თავისუფალი ნივთიერი წერტილის ტრაექტორიის სახე დამოკიდებულია მასზე მოქმედ ძალებზე, მოძრაობის საწყის პირობებზე, აგრეთვე იმაზე, თუ ათვლის რომელი სისტემის მიმართ განიხილება მოძრაობა. იგი შეიძლება იყოს სწორხაზოვანი ან მრუდწირული. არათავისუფალი ნივთიერი წერტილისათვის ტრაექტორიის სახე დამოკიდებულია კიდევ ბმებზე (მექანიკურ ბმებზე). თუ წერტილის მოძრაობა განისაზღვრება დიფერენციალურ განტოლებათა სისტემით, მაშინ ლაპარაკია დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ტრაექტორიაზე.

ტრაექტორია აბსოლუტური - წერტილის ტრაექტორია ათვლის უძრავი სისტემის მიმართ.

ტრაექტორია გლუვი - ტრაექტორია, რომლის წერტილის მხები რეაქცია ნულის ტოლია.

ტრაექტორია ფარდობითი - წერტილის ტრაექტორია ათვლის მოძრავი სისტემის მიმართ.

ტრაექტორიის რეაქცია - არათავისუფალ ნივთიერ წერტილზე მოქმედი პასიური ძალა, როდესაც წერტილი იძულებულია იმოძრაოს გარკვეული წირის გასწვრივ ან გარკვეულ ზედაპირზე.

ტრავეა (ფრანგ.) - შეკრული კამარით გადახურული შენობის ნაწილი - ნავი.

ტრავერსი(ა) (ფრანგ.) - 1. ჰორიზონტალური ან სპეციალური ფორმის კოჭი, რომელიც ეყრდნობა ვერტიკალურ დგარებს. იგი სხვადასხვა კონსტრუქციებისა და მანქანების ნაწილს წარმოადგენს, ძირითადად სადგარებში. მაგ.,, ბეტონშემრევი კონუსური დასახრელი დოლით, შედგება ჩარჩოსაგან, რომელზედაც სპეციალურ დგარებში ჩადგმულ საკისრებში დაყენებულია ტ., რომელსაც ეყრდნობა შემრევი დოლი; 2. დიდგაბარიტიანი სამშენებლო კონსტრუქციის ასაწევად გამოყენებული დამატებითი მოწყობილობა, რომელიც ჩამოეკიდება ამწის კავზე და საშუალებას იძლევა ასაწევ ტვირთს ბაგირი ჩაებას ორ (ან მეტ) წერტილში.

ტრავერტინი (იტალ.) - 1. ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევარკრისტალური მყარი წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან, კალციუმის კარბონატის (უფრო ხშირად არაგონიტის) დალექვის შედეგად. ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდებს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს. სიმკვრივე 1400-1800 კგ/მ3. იყენებენ საშენ მასალად და კირის გამოსაწვავად. ხშირად ტ. გამოიყოფა მიწისქვეშა წყლებიდან და მღვიმეებში ქმნის სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს. ტ. დაგროვებით ზოგან მღვიმურ მდინარეთა კალაპოტებში ბუნებრივი კაშხლებია გაჩენილი. საქართველოში ტ. კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. ასევე ფართოდ ცნობილია ბრითათის ტ.. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე, რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში. დიდი რაოდენობით მოიპოვება რუსეთში (პიატიგორსკი, კამჩატკა), იტალიაში, ირანში, გერმანიაში, თურქეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და სხვ. ძირითადად იყენებენ როგორც დეკორატიულ მასალას (მას რომაულ ქვასაც ეძახიან); 2. კირიანი ტუფი.

ტრაკაცია - წინასწარი წინადადება საქონლის გაყიდვის ან ყიდვის შესახებ, იმ მიზნით, რომ გაირკვეს დაინტერესებულ პირთა რეაქცია.

ტრამვაი (ინგლ.) - ქუჩის რელსიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახე, როგორც წესი, ელექტრო გაწევით; გამოიყენება მეტწილად ქალაქებში ფიქსირებულ მარშრუტებზე მგზავრების გადასაყვანად. შედგება ერთი ან რამდენიმე ვაგონისგან.

ტრამპლინი (ფრანგ.Ttremplin) - 1. თხილამურებით ხტომისათვის გამოყენებული სპეციალური ასასხლეტი მოწყობილობა ხტომის სიგრძისა და სიმაღლის გასადიდებლად; 2. (გადატანით) საყრდენი, ამოსავალი პუნქტი რაიმე მოქმედებისათვის.

ტრანზიტი (ლათ.) - ტვირთების გადაზიდვა, მგზავრების გადაყვანა შუალედური პუნქტის გავლით.

ტრანს... (ლათ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - აღნიშნავს: 1. მოძრაობას რისამე გავლით, ფარგლებს გარეთ არსებობას; 2. რისამე საშუალებით გადაცემას ან აღნიშვნას

ტრანსბორდერი - სარელსო ტრანსპორტის ძრავიანი ურიკა, რომელიც საამქროს ერთი მალიდან მეორე მალში ტვირთების გადასაადგილებლად გამოიყენება (ნახ. 1).

ტრანსეპტი - არქიტ. ბაზილიკის საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის მოთავსებული განივი ნავი (ნახ. 1).

ტრანსვერსალურად იზოტროპიული მასალა - მასალა, რომლის ფიზიკურ-მქანიკური თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ორი ურთიერთმართობული მიმართულებით

ტრანსმისია (ლათ.) - მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ბრუნვითი მოძრაობის გადასაცემად ძრავიდან ენერგიის მომხმარებელ მუშა მანქანამდე. ზოგჯერ ტრანსმისიას ძალურ გადაცემასაც უწოდებენ.

ტრანსნაციონალური კომპანია (ლათ.) - ფირმა, რომელიც თავისი ოპერაციების ძირითად ნაწილს განახორციელებს თავისი ქვეყნის გარეთ

ტრანსპაკეტი - გარკვეული რაოდენობის მასალა (ტვირთი), რომელიც სატრანსპორტოდაა შეკრული ან შეფუთული.

ტრანსპირაცია - წყლის აორთქლება მცენარეთა მიერ. მცენარე წყალს ძირითადად ფოთლებიდან აორთქლებს. წყლის ორთქლი მეზოფილის უჯრედებიდან ატმოსფეროში გამოიყოფა ბაგეების ან ეპიდერმისის უჯრედების გარეთა კედლებიდან. ტ. უზრუნველყოფს ფესვებიდან ფოთლებისაკენ წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების მოძრაობას, იცავს ფოთლებს გადახურებისგან

ტრანსპორტი (ლათ. trans - გადაღმა, და portare - ზიდვა) - სახალხო მეურნეობის დარგი, რომელიც ახორციელებს მგზავრების ან ტვირთების გადაადგილებას. ტ. არის პირადი და საერთო გამოყენების, აგრეთვე სამრეწველო დანიშნულების. ტ. მრავალი სახეობა არსებობს: საჰაერო, საწყლოსნო, სახმელეთო, მიწისქვეშა და მიწისზედა, პერიოდული და უწყვეტი, თვლებიანი და გრავიტაციული, სარელსო და საავტომობილო, ქარხნისა და საამქროსშიდა, ჰიდრავლიკური და პნევმატური, საბაგირო და მონორელსური და სხვ. მანქანები, რომლებიც სატრანსპორტო ქსელში მოძრაობს არის ავტომობილები, ავტობუსები, მატარებლები, თვითმფრინავები, გემები და სხვა. ხოლო მართვა მოიცავს ამ მანქანებისა და კონსტრუქციების ოპერირებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორიცაა ფინანსირება, პოლიტიკა და იურიდიული მომსახურება.

ტრანსპორტი გორგოლაჭიანი - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრავი გორგოლაჭებითაა აღჭურვილი (მაგ., გორგოლაჭებიანი ტრანსპორტიორი). ის ძირითადად, საცალო და ფხვიერი ტვირთების გადასაადგილებლად გამოიყენება.

ტრანსპორტი ვერტიკალური - სატრანსპორტო საშუალება მგზავრების ან ტვირთის ვერტიკალურად გადასაადგილებლად (მაგ., ლიტი, ელევატორი და სხვ.).

ტრანსპორტი კიდული - სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბაგირზე, რელსებსა ან ჭერზეა ჩამოკიდებული (მაგ., საბაგირო ტრანსპორტი, ტელფერი, ტალი და სხვ.).

ტრანსპორტი ლენტური - სატრანსპორტო საშუალება, რომლის მუშა ორგანოა ფოლადის ან რეზინიანი ქსოვილისაგან დამზადებული ლენტა. გამოიყენება ფხვიერი მასალის (ქვიშა, ნახშირი, ფქვილი, მარცვლეული და მისთ.) გადასაადგილებლად მცირე მანძილზე (400 მ-მდე).

ტრანსპორტი მილსადენის - პერსპექტიული ტრანსპორტის სახე. მისთვის დამახასიათებელია მცირე ოპერაციულობა, ნაკლები შრომატევადობა და პროცესის ავტომატიზაციის მაღალი ხარისხი. ამ სახის ტრანსპორტის უარყოფითი მხარეა მაღალი ენერგოტევადობა და მილსადენების ინტენსიური ცვეთა.

ტრანსპორტი რკინიგზის - თანამედროვე სატრანსპორტო საშუალება, რომლის განვითარებას ხელი შეუწყო: სხვადასხვა სახის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობამ და მცირე ხარჯმა; მოძრავი შემადგენლობის სამსახურის შედარებით დიდმა ვადამ და მაღალმა სიმტკიცემ, მნიშვნელოვან მანძილზე ტვირთების ტრანსპორტირებამ; კლიმატური პირობებისაგან დამოუკიდებელმა მუშაობამ.

ტრანსპორტი საავტომობილო - ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას: მგზავრთა გადაყვანას, ტვირთების გადაზიდვას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურეობის გაწევას, ტვირთების დაცვას და სხვ. ტ. ს. ამავე დროს ის ძირითადი საშუალებაა, რომელიც სხვა სახის ტრანსპორტთან კომბინაციაში გამოიყენება.

ტრანსპორტი სალოკომოტივო - მიწისქვეშა ტრანსპორტის ძირითადი სახე, რომელიც გამოყენებულია ჰორიზონტალურ გვირაბებში მარგი წიაღისულის, ფუჭი ქანისა და სხვა ტვირთის რკიგზაზე მოძრავი ვაგონებით და ლოკომოტივებით ტრანსპორტირებისათვის.

ტრანსპორტი საქალაქო - სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის კომპლექსი (ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, სამაშუტო მიკროავტობუსი, მეტროპოლიტენი, საბაგირო გზები და სხვ.), რომელსაც გადაჰყავს მოსახლეობა და გადააქვს ტვირთი ქალაქის ტერიტორიაზე და უახლოეს საგარეუბნო ზონებში, ასევე ასრულებს ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს. ტ.ს. მოიცავს: სატრანსპორტო საშუალებებს (მოძრავი შემადგენლობა); საგზაო მოწყობილობებს (ლიანდაგის გზებს, გვირაბებს, ესტაკადებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სადგურებს, გაჩერებებს); ნავმისადგომებსა და ნავსადგურებს; ენერგომომარაგების საშუალებებს (საწევ ელექტროსადგურებს, საკაბელო და საკონტაქტო ქსელებს, გამწყობ სადგურებს; სარემონტო სახელოსნოებს, ქარხნებს, დეპოს, ფარეხებს, ტექნიკური მომსახურების სადგურებს; მანქანების გამშვებ პუნქტებს; ხაზოვან მოწყობილობებს (კავშირი, სიგნალიზაცია, ბლოკირება); სადისპეტჩერო სამმართველოს.

ტრანსპორტი უწყვეტი მოქმედების - საკონვეიერო, ჰიდრავლიკური, კიდული ბაგირგზები, სარკინიგზო უსასრულო ბაგირით.

ტრანსპორტი წყვეტილი მოქმედების - რკინიგზის ტრანსპორტი სალოკომოტივო წევით და კიდული ბაგირით, საავტომობილო, სატრაქტორო, კაბელ-ამწე, სასკიპე საწეველა.

ტრანსპორტი ჰიდრავლიკური (ჰიდროტრანსპორტი) - მყარი ფხვიერი მასალების გადატანა (ტრანსპორტირება) სითხის ნაკადის მიერ მილსადენებში, ღარებში, არხებში.

ტრანსპორტიორი (კონვეიერი) - უწყვეტი მოქმედების დანადგარი ფხვიერი, დამსხვრეული ან საცალო ტვირთების გადასატანად, როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურ სიბრტყეში (დახრილად). იგი შეიძლება იყოს განივი, გორგოლაჭიანი, დახრილი, ლენტური (ნახ. 1), პნევმატიკური, სიგრძივი, ფირფიტებიანი, ჩამჩიანი, ხრახნული, ხვეტია, ჰიდრავლიკური და სხვ. ტ. ფართოდ გამოიყენება კარიერებსა და ინერტული მასალების სასაწყობო მეურნეობაში, ქარხნისა და საამქროს შიგნით ტვირთების გადასატანად და სხვ.

ტრანსპორტირი (ფრანგ.) - ნახაზებზე კუთხეების ასაგები და გასაზომი ხელსაწყო, რომელიც შედგება სახაზავისა და გრადუსებად დაყოფილი ნახევარწრისაგან.

ტრანსფერკარი (ინგლ.) - თვითგანტვირთადი ელექტროძრავიანი ნახევარვაგონი; იყენებენ უპირატესად მეტალურგიულ ქარხნებში.

ტრანსფინიტური რიცხვები - უსასრულო სიმრავლისათვის რიგობითი რიცხვის ცნების განზოგადება. ტრანსფინიტური ინდუქცია წარმოებს ტრანსფინიტური რიცხვებით.

ტრანსფორმატორი (ლათ. Transformo - გარდამქმნელი) - სტატიკური ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ელექტრომაგნიტური ინდუქციის საშუალებით ცვლადი დენის წრედში ერთი ძაბვის მეორე ძაბვად გარდაქმნისთვის, სიხშირის შეუცვლელად და მცირე სიმძლავრის დანაკარგებით (ნახ. 1). ტ. შედგება ერთი ან რამდენიმე კოჭისაგან, რომელზეც დახვეულია იზოლირებული გამტარები და მოქცეულია ერთიან მაგნიტურ ველში. ეს გამტარები დახვეულია მაგნიტურ გულარზე, რომელიც დამზადებულია ფერომაგნიტური მასალისაგან. თუ ტრანსფორმატორი შედგება ერთი კოჭისაგან მას ავტოტრანსფორმატორი ეწოდება.

ტრანსფორმაცია (ლათ.) - გარდაქმნა, სახეცვლილება.

ტრანსფორმირებადი ტიხარი - ტრანსფორმირებადი საოფისე ტიხრები, რომლებიც გამოიყენება საოფისე სათავსის ოპერატიული გადაგეგმარებისათვის. ასეთი ტიხრები არის ჭერზე შეკიდული (ან იატაკზე გორგოლაჭებით დაყრდნობილი) დასაკეც-გასაშლელი კონსტრუქციები (ნახ. 1).

ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალი (რუს. Транссибирская железнодорожная магистраль (Транссиб), Великий Сибирский Путь (ისტორიული სახელი)) - ელექტრიფიცირებული რკინიგზა, რომელიც ევრაზიის კონტინენტს ჭრის და რუსეთის დედაქალაქს მოსკოვს აკავშირებს აღმოსავლეთ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის უმსხვილეს სამრეწველო ქალაქებთან. მაგისტრალის სიგრძეა 9288,2 კმ. ის ყველაზე გრძელი რკინიგზაა მსოფლიოში (ნახ. 1). მისი მშენებლობა დაიწყო 1891 წელს და სრულად დამთავრდა 2002 წელს. მაგისტრალის უმაღლესი წერტილია იაბლონის უღელტეხილი (1019 მ ზღვის დონიდან). ტ.ს.მ. საწყისი პუნქტია მოსკოვი (იაროსლავის სადგური), ხოლო საბოლოო - ქ. ვლადივოსტოკი. გამტარუნარიანობა შეადგენს 100 მლნ ტ ტვირთს წელიწადში. მაგისტრალის მშენებლობაში გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ მშენებლებსაც, რომლებმაც ციმბირულ მონაკვეთში დააარსეს მშენებელთა დაბა ნია-გრუზინსკაია.

ტრანშეა - (ფრანგ., თხრილი) - ვიწრო და გრძელი, საშუალო სიღრმის თხრილი, რომელსაც მრავალგვარი გამოყენება აქვს: სამხედრო დანიშნულების; სამთამადნო მრეწველობაში ღია, ტრაპეციული კვეთის ამონაღები; გვირაბი მილებისა და კაბელების ჩასაწყობად და სხვ. ტრანშეის გასათხრელად იყენებენ სატრანშეო და შებრუნებულციცხვიან ექსკავატორებს.

ტრანშეასათხრელი - მანქანა, რომელიც გამოიყენება ვერტიკალურ კედლებიანი ტრანშეის გასათხრელად. მუშა ორგანოს მოწყობილობის მიხედვით ტ. არის ხვეტია მუშა ორგანოთი, ჯაჭვური მრავალციცხვიანი, როტორული მრავალციცხვიანი და როტორული უციცხვო (ფრეზერული).

ტრაპეზი (ბერძ.) - 1. საკურთხევლის ტახტი ეკლესიაში. ბიზანტიურისგან განსხვავებით ძველ ქართულ ტრადიციით ტრაპეზი უძრავი, ქვისა კეთდებოდა და კედლის პირას იყო მოთავსებული; 2. მაგიდა, სუფრა.

ტრაპეცია (ბერძ.) - 1. ამოზნექილი ოთხკუთხედი (ნახ. 1), რომლის ორი გვერდი პარალელურია (ფუძეები), ორი არაპარალელური (ფერდები). ტრაპეციის შუა ხაზი მისი ფუძეების ნახევარჯამის ტოლია; 2. ცირკში - ტანვარჯიშული იარაღი - წყვილი ბაგირით, თოკით ჩამოკიდებული ჰორიზონტალური ღერძი.

ტრაპი (შვედ. Trappa - კიბე) - 1. წყლის მიმღები და გადამყვანი მოწყობილობა საკანალიზაციო ქსელში (ნახ. 1); 2. საჭიროების შემთხვევაში მისადგმელი კიბე გემზე, თვითმფრინავზე (ნახ. 2); 3. სცენაზე ასავალი კიბე.

ტრასა (გერმ.) - 1. ხაზი, რომელიც აღნიშნავს რისამე (მაგ., გზის, არხის, მილსადენის და მისთ.) მიმართულებას; გეზნიშანი; 2. გზა, მარშრუტი ზოგიერთი სპორტული შეჯიბრების ჩასატარებლად (ფორმულა ერთის სარბოლო ტრასა, სათხილამურე ტრასა, მარათონის ტრასა და სხვ.); 3. კვალი, რომელსაც ჰაერში ტოვებს სატრასირებელი ტყვია ან ჭურვი; 4. ავიაციაში - ზოლი, რომლის თავზედაც გადის საავიაციო ხაზი - თვითმფრინავების რეგულარული ფრენის მარშრუტი

ტრასატი - პირი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს თანხა გადასაპირებელი თამასუქის მიხედვით (თამასუქი გაანაღდოს).

ტრასი (გერმ.) - მკვრივი ქანი ვულკანური ტუფების ჯგუფისა; იყენებენ ცემენტის წარმოებაში.

ტრასირება - გზის, არხის, მილგაყვანილობის ტრასის დაპროექტება.

ტრაფარეტი (იტალ.) - 1. თხელი ფირფიტა, რომელშიც ამოჭრილია რაიმე სახე ან ასოები; იყენებენ, მაგ., კედლის მოსახატად, წარწერების გასაკეთებლად; 2. (გადატანით) ერთხელ და სამუდამოდ მიღებული, გაცვეთილი ფორმა, მზა ნიმუში, შაბლონი

ტრაქიტი - ეფუზიური პორფირული ქანი. ვულკანურ მინაში ჩართული პორფირული გამონაყოფები და მიკროლითები. წარმოადგენს პლაგიოკლაზს, ბიოტიტს, პიროქსენს ან ანფიბოლს. არსებობს ტრაქიტის შედგენილობის მქონე ვულკანური მინა და პემზა. გამიყენება საშენ მასალად მშენებლობაში.

ტრაქტატი (ლათ.) - საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება.

ტრაქტი (ბერძ.) - 1. შუა საუკუნეებში გაუმჯობესებული გრუნტის გზა, აგრეთვე დიდი, ფართო გზა, რომელიც აერთებდა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს. ტრაქტის საშუალებით ხდებოდა მგზავრების რეგულარული გადაყვანა, ტვირთისა და ფოსტის გადატანა. ბოლო შემთხვევაში ტ. ეწოდებოდა საფოსტო ტრაქტი, შესაბამისად გზებზე გაჩნდა საფოსტო სადგურები. ტ. ინფრასტრუქტურის ელემენტებს შეადგენდა მუდმივი ეზოები (სამიკიტნოები), გზისპირა სასტუმროები სასაუზმეებით. ინტენსიურმა მოძრაობამ ტრაქტების გასწვრივ გამოიწვია დასახლებული და საცხოვრებელი პუნქტების გაჩენა, რამაც დასაბამი მისცა ახალი დიდი ქალაქების მშენებლობას. XIX საუკუნიდან, როცა დაიწყეს ტრაქტზე მყარი საფარვლის მოწყობა, სახელი შეეცვალა და დღემდე უწოდებენ გზატკეცილს; 2. ტელეკომუნიკაციის ორგანიზების ელემენტი (ტრაქტების ფენა); 3. ცოცხალი ორგანიზმის ღრუ ბგერის წყაროს ახლოს, რომელშიც იფილტრება ბგერა.

ტრაქტორი - (ლათ., მივათრევ) - თვითმავალი მანქანა, რომელიც განკუთვნილია მასთან მისაბმელი ან მასზე დაკიდული მანქანა-იარაღების (მოწყობილობების) მოქმედებაში მოსაყვანად, საბიძგებლად, გამწევებად. სავალი ნაწილის კონსტრუქციის მიხედვით ტ. არის მუხლუხა და თვლებიანი. ტრაქტორებზე ძირითადად ყენდება დიზელის ძრავი, იშვიათად კარბურატორიანი შიგაწვის ძრავები, ხოლო ტრანსმისიად გამოიყენება მექანიკური და ჰიდრომექანიკური გადაცემები.

ტრევირა - პლასტმასის ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს ცეცხლმედეგ პოლიესტერის ბოჭკოს და გამოიყენება ქსოვილების წარმოებაში. ტ. მიესადაგება ნებისმიერ დიზაინერულ კონცეფციას, უზრუნველყოფს კომფორტის უმაღლეს დონეს და შესანიშნავი მასალაა სასტუმროების, ბარების, რესტორნების, ღამის კლუბების, კაზინოების, სილამაზის სალონების ინტერიერების მოსაწყობად (კედლები, რბილი ავეჯი, დახლები, მაგიდის გადასაფარებლები, ფარდები, ზეწრები და სხვ.).

ტრეიდერი (ვაჭარი) - საბროკერო ფირმის მუშაკი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საბირჟო ვაჭრობაში; ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც ბირაზე გარიგების დადების უფლება აქვს. ტ. სამუშაო პირობები - სახლი, ოფისი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ხელშეკრულება ბროკერთან, ცოდნა. იგი ყიდულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს (აქციები, ვალუტა, ობლიგაციები) ერთადერთი მიზნით - შექმნას შემოსავალი. ტ. მუშაობს ფინანსურ ორგანიზაციაში და ასრულებს გარიგებებს კომპანიის და კლიენტების ფინანსებით და ინტერესებით. დამოუკიდებელი ტ. ასრულებს გარიგებებს საკუთარი ფინანსებით და ინტერესებით. დ ე ი ტ რ ე ი დ ე რ ი - ასრულებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. დღის ბოლოს ხურავს ყველა გახსნილ პოზიციას. ს კ ა ლ პ ე რ ი - დეიტრეიდერი, რომელიც ასრულებს დიდი რაოდენობით გარიგებებს დღის განმავლობაში. პ ო ზ ი ც ი უ რ ი  ტ რ ე ი დ ე რ ი - ასრულებს გარიგებებს, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება რამდენიმე დღეს. მ ო კ ლ ე ვ ა დ ი ა ნ ი ი ნ ვ ე ს ტ ო რ ი - ასრულებს წელიწადში რამდენიმე გარიგებას. გ რ ძ ე ლ ვ ა დ ი ა ნ ი ი ნ ვ ე ს ტ ო რ ი - მისი გარიგების ხანგრძლივობა წარმოადგენს რამდენიმე წელს.

ტრეილერი - მრავალღერძიანი დახურული მისაბმელი, რომელსაც ტვირთების გადასაზიდად იყენებენ შორ მანძილებზე (ნახ. 1). ტვირთამწეობაა 20...60 ტ, ზოგჯერ 100 ტ და მეტი.

ტრეკი (ინგლ. Track) - სპორტული ნაგებობა, სადაც ტარდება შეჯიბრი ველო- და მოტოსპორტში (ნახ. 1).

ტრელაჟი (ფრანგ.) - 1. მსუბუქი ცხაური ხვიარა მცენარეებისათვის საბაღე არქიტექტურაში (ნახ. 1). დახურული ფანჩატური ან კედელი, შექმნილი მის საძირკველთან დარგული ხვიარა ან მოსაფენი მცენარეებისაგან (ყურძენი, სვია, სურო და სხვ.), რომლებიც მოედებიან ცხაურის ზედაპირს. ტ. დასამზადებლად გამოიყენება ხის, ბამბუკის, თოკის, ლითონის კონსტრუქციები, თუმცა ამ უკანასკნელს ერიდებიან, რადგან ზაფხულში მზის სხივები აცხელებს ლითონს, რაც ხელს უშლის მცენარის ზრდა-განვითარებას; 2. ავეჯის ნაკეთობა - მაგიდა დასაკეცი სამნაწილიანი სარკით (ნახ. 2).

ტრენინგი - წვრთნა, წვრთნის რეჟიმი; მენეჯერების და პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომსახურება სწავლების აქტიური ფორმებით: საქმიანი თამაშები, სიტუაციის ანალიზი და სხვ.

ტრეპელი - წვრილფორიანი ფხვიერი ან სუსტად შეცემენტებული დანალექი ქანი. ძირითადად შედგება ოპალის, ზოგჯერ ქალცედონის სფერული ფორმის 0,01...0,02 მმ ზომის ნაწილაკების - გლობულებისაგან. მეტად მსუბუქია. იყენებენ საიზოლაციო, აბრაზიულ და საშენ მასალად, აგრეთვე როგორც შთანმთქმელს და კატალიზატორს.

ტრესტი - 1. მეწარმეთა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შემავალი საწარმოები კარგავენ წარმოებრივ, კომერციულ და იურიდიულ დამოუკიდებლობას და ერთიან მმართველობას ექვემდებარებიან; 2. სოციალისტური მრეწველობის ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელიც აერთიანებდა რაიმე დარგის საწარმოებს (ფაბრიკებს, ქარხნებს, შახტებს, სამშენებლო სამმართველოებს და მისთ.).

ტრიალი - 1. მოძრაობა რისამე ირგვლივ, წრიულად ან საკუთარი ღერძის გარშემო; ბრუნვა; 2. (გადატანით) მუშაობა, გარჯა, საქმიანობა; 3. ფულის მიმოქცევა.

ტრიანგულატორი (ლათ.) - 1. ტრიანგულაციის სპეციალისტი; 2. სხვადასხვა ხელსაწყოს სახელწოდება, რომლებსაც იყენებენ გეოდეზიურ სამუშაოებში.

ტრიანგულაცია (ლათ.) - 1. გეოდეზიაში - საყრდენი წერტილების მდგომარეობის განსაზღვრა დედამიწის ზედაპირზე (ადგილის ტოპოგრაფიული გადაღებისთვის); 2. მათემატიკაში - ზედაპირის დაყოფა სამკუთხედებად.

ტრიბოლოგია (ბერძნ.) - სამეცნიერო მიმართულება, რომელიც შეისწავლის ერთმანეთის მიმართ გადაადგილებული ზედაპირების ურთიერთქმედებას, როდესაც ისინი განიცდიან ხახუნის მოქმედებას. ტ. სწავლობს ხახუნის პროლემებს გამოყენებითი თვალსაზრისით, რათა გაახანგრძლივოს მანქანის მუშა ელემენტების ფუნქციონირება.

ტრიბოლუმინესცენცია (ბერძ.) - ნათება, რომელიც წარმოიქმნება ხახუნის, რისამე გატეხის, გაჭყლეტის და მისთ. შედეგად.

ტრიბუნა (იტალ.) - 1. ამაღლებული ადგილი ორატორისათვის; 2. სტადიონებზე, მოედნებზე ნაგებობა, რომელსაც აქვს საფეხურებივით ამაღლებული რიგები მაყურებელთათვის; 3. (გადატანით) ადგილი, სფერო, საშუალება, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური, პუბლიცისტური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

ტრიგა (ბერძ) - სამცხენიანი ეტლის ქანდაკება, რომელიც ზოგჯერ აგვირგვინებს შენობას.

ტრიგლიფი (ბერძ) - დორიული ორდერის ფრიზზე - მეტოპის შემნაცვლელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ოთხკუთხა პროფილის ვერტიკალურად ოდნავ გამოწეულ ფილას, რომელსაც აქვს ორი მთელი და კიდეებში ნახევარ-ნახევარი ღარაკი (ნახ. 1).

ტრიგონომეტრია - (ბერძნ., სამკუთხედი ... და მეტრია) - მათემატიკის განყოფილება, რომელიც შეისწავლის ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს: სინუსს, კოსინუსს, ტანგენსს, კოტანგენსს და სხვ.

ტრიედრი - ერთი წერტილიდან გამოსული სამი ურთიერთპერპენდიკულარული ერთეულოვანი ვექტორის ერთობლიობა (სისტემა).

ტრიერი - (ფრანგ., არჩევა, დახარისხება) - სასოფლო-სამეურნეო მანქანა მარცვლეულის დასახარისხებლად და გასაწმენდად მინარევებისაგან.

ტრიკლინიუმი (ლათ) - სასადილო ოთახი რომაულ საცხოვრებელ სახლში.

ტრიკონქი (ლათ.) - სამაბსიდიანი ნაგებობა.

ტრილიონი - ათასი მილიარდი, ანუ რიცხვი 1012 (ზოგიერთ ქვეყანაში რიცხვი 1018).

ტრიმერი - 1. გამოსატყორცნი კონვეიერი, თვითმავალი დამტვირთავ-განმტვირთავი მანქანა, რომელიც ანიჭებს ტვირთს (მაგ., გრუნტს) კინეტიკურ ენერგიას როტორის ფრთების, დისკის ან მოძრავი ლენტის საშუალებით. ტვირთი გადაიტყორცნება 30 მ მანძილამდე; 2. სახერხი დანადგარი, რომელიც ერთ ღერძზე დამაგრებული რამდენიმე ხერხისაგან შედგება. გამოიყენება მორებისა და ფიცრების განივად დასახერხად. აღჭურვილია მექანიკური ან პნევმატიკური მიმწოდი მოწყობილობით.

ტრინიტროტოლუოლი (ტროტილი) - მყარი კრისტალური ან ფხვნილისმაგვარი ძლიერი ფეთქებადი ნივთიერება (ტროტილი). გამოიყენება აფეთქებითი სამუშაოებისათვის, საბრძოლო მასალების წარმოებაში.

ტრიპლეტი (ფრანგ.) - 1. სამი ნაწილისაგან შემდგარი რაიმე სისტემა, მოწყობილობა; 2. რაიმე ნივთის მესამე ეგზემპლარი.

ტრიპლექსი (ლათ.) - მინა, რომელიც შედგება გამჭირვალე პლასტმასით (აფსით, სპეციალური სითხით) დაწებებული ორი ან სამი ფენისაგან; დაზიანებისას ნამსხვრევები არ სცვივა

ტრიპლიკატი (ინგლ.) - დოკუმენტი, რომელიც შედგენილია სამ ეგზემპლარად. შაერთაშორისო ვაჭრობაში: კონტრაქტის მესამე ეგზემპლარის ბეჭდით დამოწმება.

ტრიპოლისი - 3 ქალაქის ჯგუფი.

ტრიპტიხი (ბერძ.) - სამკარედი; სამფრთიანი საკეცი (სურათი, ხატი).

ტრიუმი (ჰოლანდ.) - 1. სათავსი თეატრის სცენის ქვეშ; 2. გემის ნაწილი ფსკერსა და ქვედა გემბანს შორის.

ტრიუმო (ფრანგ.) - 1. ორნამენტებით მორთული კედელი ფანჯრებს შორის (შუაკედლისი); 2. შუაკედლისზე განთავსებული მაღალი სარკე.

ტრიუმფალური - ტრიუმფის ხასიათისა; საზეიმო, სადღესასწაულო; რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

ტრიუმფალური თაღი - ცალკე მდგომი მემორიალური ნაგებობა თავისებური კარიბჭის სახით, ერთ ან სამმალიანი თაღოვანი გასასვლელით, აგებული რომელიმე გამოჩენილი პიროვნების უკვდავსაყოფად ან რაიმე ისტორიული ამბის აღსანიშნავად (ნახ. 1, პარიზის ტრიუმფალური თაღი).

ტრიფლიგი - მეტოპებთან მონაცვლე, დორიული ორდერის ფრიზის ნაწილი. წარმოადგენს სამკუთხა, გეგმაში ვერტიკალური ჩანაჭრების მქონე ფილას.

ტრიფორიუმი (ლათ.) - 1. თაღოვანი ღიობი, რომელიც შედგება 3 და მეტი ნაწილისგან; 2. რომანული და გოტიკური ბაზილიკური ტაძრების ცენტრალური ნავის მეორე იარუსის თაღნარი; 3. იხ. პატრონიკე.

ტრი… (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს სამი რისამე შემცველს, სამი რამისგან შემდგარს (მაგ., ტრიპლექსი, ტრიპტიხი და სხვ.).

ტროგი (მყინვარული ხეობა) (გერმ.) - მყინვარის მიერ გამომუშავებული მაღალმთიანეთის ხეობა, რომელიც გამოირჩევა ვარცლისებრი მოხაზულობით (U-სებრი) და დამუშავებულია მყინვარის მიერ. ტროგული რელიეფი განეკუთვნება ძველი გამყინვარების რელიეფის ფორმებს, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ადგილას (გამყინვარების მხარეებში). ტ. სხვა მყინვარულ ფორმებთან ერთად იქმნება მყინვარული ეროზიის შედეგად. დამახასიათებელია ფართო ძირი და ციცაბო ფერდობები. წარმოადგენს მთის ხეობას, რომელშიც მოძრაობდა მყინვარი და რომელმაც გამოიმუშავა ალუვიური ტერასები და ბრტყელი კალაპოტი (ნახ. 1). ხშირად ჩაკეტილია მყინვარული ცირკებითა და მორენებით. იქ, სადაც მყინვარი აღწევს ან აღწევდა ზღვის დონეს, ტროგული ხეობა გრძელდება ფიორდის სახით, რომელიც თავის მხრივ, ზღვითაა დაძირული. საქართველოში ტროგული ფორმები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით კავკასიონის მთავარი ქედის მაღალმთიან ქედებზე: გაგრის, ბზიფის, კოდორის, ლეჩხუმის, გერმუხის, ქართლისა და სხვა ქედებზე. მცირე ტროგები გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც.

ტროლეიბუსი (ინგლ.) - საქალაქო ტრანსპორტის სახეობა - მრავალადგილიანი ურელსო ელექტრული სამგზავრო მანქანა, რომელიც საკონტაქტო ქსელიდან იღებს დენს.

ტრომპი (ფრანგ.) - ნახევარძაბრის, კონუსის ნაწილის ან სფერული გუმბათის ნაოთხალის ფორმის კამარა, რომელიც მოთავსებულია სათავსის კუთხეში და მართუთხა გეგმიანი მოცულობიდან წრიულ ან მრავალწახნაგა გუმბათის ყელზე და რვაკუთხა ან თექსვმეტკუთხა ზედა ნაწილზე გადასვლის საშუალებას იძლევა.

ტროტილი - ფეთქებადი ნივთიერება. იგივეა, რაც ტრინიტროტოლუოლი.

ტროტუარი (ფრანგ. Trottoir) - ოდნავ შემაღლებული საქვეითო გზა ქუჩის, მოედნის კიდეებზე, მოასფალტებული ან ქვის ფილებით დაფენილი (ნახ. 1).

ტუალეტი (ფრანგ.) - 1. საპირფარეშო; 2. სარკიანი მაგიდის სახეობა; 3. ჩაცმულობა, მორთულობა (უპირატესად ქალისა).

ტუია - წიწვოვან მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 20…60 მ. აქვს ბრტყელი ყლორტები, ქერქლისებრი მოპირისპირედ განლაგებული წიწვები, პატარა და მოგრძო გირჩა. გვარი შეიცავს 5 სახეობას, რომლებიც ბუნებრივად არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკული ზომიერი ჰავის სარტყლებში. საქართველოში მის ინტროდუცირებულ სამ სახეობას იყენებენ მწვანე მშენებლობაში (ნახ. 1). შესანიშნავი დეკორატიული ხეა. მერქანი რბილია, მაგრამ გამძლე. ტ. ამზადებენ ბოძებსა და შპალებს, ხმარობენ ქაღალდის მრეწველობაში.

ტუმბა (ბერძ.) - 1. დაბალი მასიური ბოძი; ბოძკინტი; 2. პატარა დაბალი კარადა საწოლთან დასადგამად ან საწერი მაგიდის საყრდენად; 3. მრგვალი ნაგებობა აფიშებისა და განცხადებების გასაკრავად.

ტუმბლერი - ელექტრული დენის მცირეგაბარიტული მექანიკური გადამრთველი ორ ან სამ მდგომარეობაში.

ტუმბო - ჰიდრომანქანა, რომელიც მიყვანილ ენერგიას გარდაქმნის სითხის ნაკადის ჰიდრავლიკურ (მექანიკურ) ენერგიაში. მიყვანილი ენერგიის მიხედვით ტ. არის მექანიკური, სითბური და ელექტრომაგნიტური. ტუმბო-დანადგარით წარმოებს აგრეთვე ჩაკეტილი მოცულობიდან აირების გამოდევნა.

ტუმბო გრიგალური - 1. ვაკუუმური ტუმბო, რომლის მუსაობის პრინციპია დაბალი წნევის შექმნა გრიგალის ღერძზე, რომრლიც იქმნება მუშა გაზის ნაკადის გავლით აგრიგალებული კამერის მხების მიმართულებით. გ.ტ. გაზის გაუხშოების დონეა 3 კპა-მდე (≈20 მმ ვერცხლ. წყ. სვ.); 2. ჰიდრავლიკური მანქანა, რომელიც ენერგიას გადასცემს სითხის აგრიგალებით მუშა ღერძის საშუალებით.

ტუმბო დგუშიანი (რუს. Насос плунжерный) - უკუქცევით-წინსვლითი ტუმბო, რომლის მუშა ორგანოებია ერთი ან რამდენიმე დგუში (ნახ. 1, ტუმბო დგუშიანი. მუშაობის პრინციპული სქემა). ძირითადად გამოიყენება წყალმომარაგების სისტემებში (ნახ. 2), კვების და ქიმიურ მრეწველობაში. ყოფაცხოვრებაში, ბენტონიტის ხსნარის გადასატუმბად (სიმკვრივით არაუმეტეს 25 კგ/მ3) და სხვ.

ტუმბო ინდუქციული - გამოიყენება დენგამტარი სითხეების გადასაადგილებლად ელექტრომაგნიტური ძალების მეშვეობით, რომლებიც წარმოიშობა ტუმბოს ინდუქტორისა და ინდუქციებული სითხის მაგნიტურ ველების ურთიერთქმედებით. გამოიყენება თხევადი ტუტე მეტალების (10000C-ზე მეტი ტემპერატურით) მისაწოდებლად მეტალურგიაში, ატომურ ენერგეტიკაში და ტექნიკის სხვა დარგებში.

ტუმბო მოცულობითი - ტუმბო, რომელშიც სითხეების ან გაზების გადაადგილება ხორციელდება სამუშაო კამერის მოცულობის პერიოდული ცვლილებით. ტ.მ. ძირითადი სახეებია - დგუშიანი, დიაფრაგმული, ფრთიანი, როტორული და სხვ.                                                                                                               

ტუმბო პულპის - სატუმბავი აგრეგატი პულპის გადაასადგილებლად მილებში წნევის ქვეშ. გადასატანი მასალის მიხედვით მას აგრეთვე უწოდებენ ნახშირმწოვს, მადანმწოვს, მიწისმწოვსა და ა.შ.

ტუმბო რადიალურ-დგუშიანი - როტორული ტუმბო, როტორის ბრუნვითი და დგუშის უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობით (ნახ. 1). როტორის ბრუნვის ღერძი დგუშის ღერძთან ადგენს 45-დან 900-მდე კუთხეს, წნევა 10 მპა-მდე. გამოიყენება მაღალი წნევის ჰიდრავლიკურ სისტემებში.

ტუმბო სიღრმითი (სიღრმული, ჩაძირული) - ცენტრიდანული დგუშიანი ან სხვა ტიპის ვერტიკალური ელექტროტუმბო, რომელიც ჩვეულებრივ ყენდება ჭაბურღილებში ჩაძირულ მდგომარეობაში. ტ.ს. გააჩნია შედარებით მცირე განივი ზომები. გამოიყენება მიწისქვეშა წყლებით წყალმომარაგებისთვის, მშენებლობაზე მიწისქვეშა წყლების დონის დაწევისათვის, ნავთობმოსაპოვებელი სამუშაოებისათვის და სხვ. (ნახ. 1).

ტუმბო სორბციული - ვაკუუმური ტუმბო, რომლის მოქმედება დაფუძნებულია აირშთანთქმელების მიერ ქიმიურად აქტიური აირების შთანთქმაზე (სორბციაზე). ტ.ს. ნაისახეობებია: ადსორბციული და გეტერნული ვაკუუმური ტუმბოები.

ტუმბო ღერძული - ტუმბო, რომელშიც სითხე გადაადგილდება მუშა თვლის ღერძის გასწვრივ. გამოირჩევა კონსტრუქციის სიმარტივით, მცირე გაბარიტებითა და მაღალი მქკ-ით. ტ.ღ. ჰაერისა და აირების გადასაადგილებლად უწოდებენ ვენტილიატორს ან კომპრესორს.

ტუმბო ყვინთიანი - დგუშიანი ტუმბო, რომლის მუშა ორგანოა წაგრძელებული დგუში (ყვინთა). გამოიყენება მცირე ნაკადებისათვის, როცა სისტემაში მოითხოვება მაღალი წნევა და ერთდროულად სითხის ზუსტი დოზირება.

ტუმბო შნეკური - ხახუნის ტუმბო, რომელშიც თხევადი გარემო გადაადგილდება ხრახნული შნეკის დახმარებით მისი ღერძის მიმართულებით.

ტუმბო ჭავლური - ტუმბო, რომლის მოქმედება დაფუძნებულია ამოსაქაჩი (გადასაქაჩი) სითხის წატაცებაზე სხვა სითხით, გაზით ან ოქრთლით (ნახ. 1, ჭავლური ტუმბოს სქემა: 1 - კონუსური შესაყარი საცმი; 2 - შემწოვი მილყელი; 3 - შერევის კამერა; 4 - დიფუზორი). აირით ან სითხით რეზერვუარების დამჭირხნ ჭავლურ ტუმბოებს უწოდებენ იჟექტორს, გამოსატუმბს - ეჟექტორს, ხოლო ჰიდრონარევის ტრანსპირტირებისას - ჰიდროელევატორს. ჭავლის ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით არსებობს თხევადჭავლური, გაზოჭავლური და ორთქლჭავლური ტუმბოები.

ტუმბო-ფრქვევანა - ინდივიდუალური ერთყვინთიანი საწვავის ტუმბო გაერთიანებული ერთ აგრეგატში ფრქვევანასთან. გამოიყენება დიზელის საწვავ კამერაში საწვავის შესაფრქვევად. ტუმბოსა და ფრქვევანას ერთ აგრეგატში გაერთიანება ამცირებს საწვავის კუმშვადობის გავლენას და დრეკად რხევებს ტუმბოში ჩვეულებრივ საწვავის მიმწოდებელ სისტემასთან შედარებით.

ტუნდრა (ფინ.) - დედამიწის არქტიკული სარტყლის სამხრეთი ზონა - უტყეო სივრცე, სადაც მარადი გაყინულობაა.

ტუნელი - ჰორიზონტალური მიწისქვეშა გვირაბი, რომელსაც აქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსასვლელი მიწის ზედაპირზე და ემსახურება ტრანსპორტის მოძრაობას, წყლის გატარებას და სხვ.

ტურბინა - (ლათ., გრიგალი, დიდი სიხშირით ბრუნვა) – პირველადი ძრავი მუშა ორგანოს, როტორის ბრუნვითი მოძრაობით და უწყვეტი სამუშაო პროცესით – გარდაქმნის მუშა სხეულის (ორთქლი, აირი, წყალი) კინეტიკურ ენერგიას მექანიკურში. იგი ნიჩბებიანი მანქანაა: მრუდხაზოვან ნიჩბებზე, რომლებიც როტორზეა დამაგრებული, მოხვედრილი აირის, ორთქლის, წყლის ჭავლის ზემოქმედებით ბრუნვით მოძრაობაში მოდის როტორი. ტ. ფართოდ იყენებენ ელექტრული გენერატორების ამძრავებად.

ტურბოგენერატორი - გენერატორი, რომელსაც ამოძრავებს ორთქლის ტურბინა.

ტურბოკომპრესორი - 1. ტურბოკომპრესორიანი ძრავის ძირითადი აგრეგატი, რომელიც შედგება მექანიკურად დაკავშირებული კომპრესორისა და საავიაციო აირტურბინისაგან; 2. აირების შესაკუმში და მისაწოდებელი ნიჩბოვანი კომპრესორი, რომელიც უზრუნველყოფს დგუშიან კომპრესორზე მაღალ მარგი ქმედების კოეფიციენტს და გამორიცხავს მიწოდებული აირის წნევის პულსაციას.

ტურბომატარებელი - ერთი ან რამდენიმე ვაგონისგან შემდგარი მატარებელი, რომელიც აღჭურვილია აირტურბინული ძრავით.

ტურბულენტური დინება (ლათ.) - სითხის ან აირის დინება, რომლის დროსაც სითხის ნაწილაკები მოძრაობს მოუწესრიგებლად, ქაოტურად, რთული ტრაექტორიით.

ტურნიკეტი (ფრანგ.) - მოწყობილობა მბრუნავი ჯვრის სახისა (პარკების, სტადიონების, სადგურების და მისთ. შესასვლელებში) მიმსვლელთა თითო-თითოდ გასატარებლად (ნახ. 1).

ტუფი - მკვრივი ვულკანური წვრილმარცვლოვანი ქანი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის (ვულკანური ფერფლი, წიდა, ლაპილები ) შეცემენტების შედეგად. ზოგჯერ დანალექი ფოროვანი ქანია. აქვს სხვადასხვა ფერი. ძვირფასი საშენი მასალაა (ნახ.1). გამოიყენება როგორც მსუბუქი საკედლე მასალა და მსუბუქი ბეტონის შემავსებელი. საქართველოში ცნობილია ტ. მრავალი სახესხვაობა. საბადოთაგან აღსანიშნავია: თეძმის, ბოლნისის, აკაურთის (მწვანე ტუფი), გორიჯვრის, ზემო სკრის (იისფერი ტ.), სამშვილდის (ყვითელი ტ.) და სხვ. ამათგან კარგი დეკორატიული თვისებების გამო ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლნისის ტ., რომელსაც ფართოდ იყენებენ მონუმენტურ ნაგებობათა მშენებლობაში (ყოფილი თბილისის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის შენობა, საქართველოს მთავრობის სახლი (ნახ.2), თბილისის სიონის ტაძარი და სხვა).

ტუფი ბოლნისის - ვულკანური ქანი. კვარცპორფირული შედგენილობის ტუფლავა ან ლავა. ყვითელ ფონზე სხვადასხვა ტონის ყავისფერი კლაკნილი ზოლები, რომელსაც რკინის ჰიდროჟანგი აჩენს, ორიგინალურ იერს და სილამაზეს სძენს მას.  საბადო მდებარეობს თბილისიდან 60 კმ-ზე ბოლნისის რაიონის სოფლების ხატისოფლის, სარაჩლოს, ფახრალოს, შიხალის, ქვეშის, ზედა გულავერის მიდამოებში. პროდუქტიული ფენა წარმოადგენს ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენური წყების ერთ-ერთ ჰორიზონტს. ფიზიკურ-მექანიკური თვისებები: სიმკვრივე - 1975...2280 კგ/მ3, დროებითი წინაღობა გაჭყლეტაზე მშრალ მდგომარეობაში - 403...1229 კგ/სმ2, წყალშთანთქმა - 3,5...10,35%, ყინვაგამძლეობა - ნორმალური. კარგი დეკორატიული თვისებების გამო ტ.ბ. ფართოდ იყენებენ მონუმენტურ ნაგებობათა მშენებლობაში (ყოფილი თბილისის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის შენობა, საქართველოს მთავრობის სახლი, თბილისის სიონის ტაძარი და სხვ.). ბოლნისის ტუფის საბადოს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ამუშავებდნენ.

ტუფი თეძმის - ვულკანური ფერფლისაგან შემდგარი დაახლოებით ანდეზიტური შედგენილობის ეოცენური ასაკის ნაცრისფერი, ალაგ-ალაგ მომწვანო ფერის ქანი. თეძმის ტუფი ნაწილობრივ გათიხებული და გაცეოლითებულია. ადვილად იფიტება. იყენებენ სამშენებლო მიზნებისთვის, გავრცელებულია თეძმის ხეობაში. აქ გვხვდება ანდეზიტ-ბაზალტური შედგენილობის მოიისფრო და მომწვანო ფერის ტუფებიც, რომლებიც სასიამოვნო შესახედავია. გამოყენებულია ქართლის ისტორიულ ძეგლებსა (მაგ., სვეტიცხოვლის ტაძრის გუმბათი) და თანამედროვე ნაგებობებში (მაგ., სასტუმრო "ივერია" თბილისში) როგორც მოსაპირკეთებელი მასალა.

ტუფი კლინოპტილოლითური - საშუალო სიმტკიცის საშენი მასალა, რომლებიც შეფერილია თეთრ, ნაცრისფერ, მომწვანო და ვარდისფერ ფერებში. ქანებში მათი შემცველობა ჩვეულებრივ 50...90%-ია. ქ.კ. ძირითადად შედგება მინარევებისაგან, როგორიცაა მონტმორილონტი, ქლორიტი, სელადონიტი, კვარცი და სხვ.

ტუფი კლინოპტილოლითური - საშუალო სიმტკიცის საშენი მასალა, რომლებიც შეფერილია თეთრ, ნაცრისფერ, მომწვანო და ვარდისფერ ფერებში. ქანებში მათი შემცველობა ჩვეულებრივ 50...90%-ია. ქ.კ. ძირითადად შედგება მინარევებისაგან, როგორიცაა მონტმორილონტი, ქლორიტი, სელადონიტი, კვარცი და სხვ.

ტუფიტი - ვულკანოგენურ-დანალექი ქანი, რომელიც შედგება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი (წიდა, ფერფლი, პემზა, ქანის ნატეხები) და მასთან შერეული დანალექი (10...50%) მასალისაგან. ნატეხები შეცემენტებულია კარბონატული ან თიხოვანი მასით. გამოიყენება საშენ მასალად.

ტუფლავა - ვულკანური ქანი, რომელიც წარმოადგენს შედუღებულ ლავას, ვულკანურ ფერფლსა და ვულკანურ მინის ნატეხებს. გარდამავალი ქანია ლავასასა და ტუფს შორის. გამოიყენება საშენ მასალად.

ტუფობეტონი - მსუბუქი ბეტონი, რომლის შემვსებია ვულკანური ტუფი. გამოიყენება საკედლე პანელების დასამზადებლად.

ტუში (გერმ.) - სპეციალური წყლის საღებავი შავი ან წითელი ფერისა, რომელსაც იყენებენ სახაზავად, სახატავად, საწერად.

ტყე - 1. მეტ-ნაკლებად ვრცელი ფართობი ხეებით დაფარული; 2. გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით ტყისთვის მიკუთვნებული ხეების, მათი გავრცელების არეალში მოქცეული მიწის, აგრეთვე ბუჩქების, ბალახების, ცხოველებისა და სხვათა ერთობლიობას, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და გავლენას ახდენენ გარემოზე.

ტყე მეორე ჯგუფის - ტყე, რომელიც გაშენებულია მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში და აქვს დამცავი და შეზღუდული საექსპლუატაციო მნიშვნელობა.

ტყე მესამე ჯგუფის - უხვტყიანი რაიონები, რომლებსაც მეტწილად აქვთ საექსპლუატაციო დანიშნულება და გამოიყენება სახალხო მეურნეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მერქანზე.

ტყე პირველი ჯგუფის - ტყე, რომელიც ასრულებს წყალდაცვის, ფერდოს გამაგრების, ქარსაფარის და სხვ. ფუნქციებს.

ტყე ტროპიკული - ეკოლოგიური ზონა, სადაც ყოველწლიურად, სულ მცირე, 1500 მმ ნალექი მოდის. გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 250 და ს. გ. 250-ს შორის. მცენარეთა სახეობებით ძალზე მდიდარია მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები), რომლისთვისაც დამახასიათებელია უხვი რაოდენობით ატმოსფერული ნალექები და დიდი სინოტივე. როგორც წესი შედგება მაღალი, ფოთლოვანი ხეებისაგან. ჩვეულებრივ, ვრცელდება ეკვატორის ირგვლივ, ნოტიო ტროპიკულ შემაღლებულ და დადაბლებულ ადგილებში. ტროპიკული ტყეები დედამიწის მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენენ, მაგრამ ჟანგბადის 40% გამოიმუშავებენ და დიდი ოდენობით ნახშიროჟანგს შთანთქავენ. ტ.ტ. მერქანი მშენებლობაში პრაქტიკულად არ გამოიყენება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (კარიბული ფიჭვი, ტროპიკული ფიჭვი, ბამბუკი, მაჰაგონი და სხვ.).

ტყე-პარკი - კეთილმოწყობილი ტყის მასივი, ორგანიზებული განსაზღვრული ლანგშაფტურ-მოცულობით-დაგეგმარებითი სისტემით ნარგავების თანდათანობითი რეკონსტრუქციისათვის, სავალი გზების, სასეირნო ხეივნების, საცალფეხო ბილიკების, მდელოების, წყალჩასაღვრელების და სხვ. ორგანიზებით. გამოიყენება მოსახლეობის ხანმოკლე დასვენებისათვის ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში.

ტყეთმოწყობა - სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის სისტემის შემადგენელი ნაწილი.

ტყეკაფი - საქართველოს ტყის ფონდის ტყის განსაზღვრული უბანი, რომელზედაც განსაზღვრულია მოსაჭრელი ხეების ოდენობა და მონიშნულია მოსაჭრელი ხეები. ტ. ფართობი მიიღება 7…15 ჰა.

ტყვია (პლუმბუმ, Pb) - მონაცრისფრო-ცისფერი რბილი და მძიმე ლითონი, Tდნ = 3270C; Tდუღ = 17400C, აორთქლებას იწყებს 400...500 0C. გამოიყენება: აკუმულატორების, კაბელების, საკისრების შენადნობების (ბაბიტების), საფანტის, ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიის დასამზადებლად; ქიმიური პროცესებისათვის ჭურჭლის და კამერების დასამზადებლად; ქიმიური აპარატურის ამონაგის, γ - და რენტგენის სხივებისაგან დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, იზოტოპების შესანახი და გადასატანი კონტეინერების დასამზადებლად; ტეტრაეთილტყვიისა და ტყვიის პიგმენტის მისაღებად.

ტყვიის თეთრი - თეთრი პიგმენტი, რომლის შერევით ოლიფასთან თეთრი ფერის საღებავი მიიღება.

ტყითმოსარგებლე - საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას.

ტყითსარგებლობის სახეები - საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე განხორციელებული ტ.ს. შედის: ხე-ტყის დამზადება; სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოება; ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების (თესლის, ნაყოფის, ძირკვის, ლაფნის, ფიჩხის, ნეკერის და სხვ.) დამზადება; ტყის არამერქნული რესურსებით (სოკოებით, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულით, სხვა ბალახეული, ბუჩქოვანი მცენარეებითა და მათი პროდუქტებით) სარგებლობა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა; სპეციალური, სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა; სამონადირეო და თევზის მეურნეობის მოწყობა; ნადირობა; სახელმწიფო ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა; ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა და სხვ. მოსახლეობის ტყეში ყოფნა ტყითსარგებლობად არ ითვლება.

ტყის განახლება - ახალი თაობის ტყის წარმოქმნის პროცესი განაკაფებზე, ნახანძრალებზე, დამრეცებზე და სატყეო მიწების სხვა კატეგორიებზე. განასხვავებენ ბუნებრივს და ხელოვნურს. ტ.გ. პროცესის დასაჩქარებლად, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, მიმართავენ ბუნებრივ განახლებას ხელოვნურის ელემენტების ჩართვით (ახალი ნერგების დარგვა, გადარგვა, გამოხშირვა, გასუფთავება, ქიმიური ღონისძიებები და სხვ.), რაც კარგ შედეგებს იძლევა. ხელოვნური განახლება ძირითადად გამოიყენება კლიმატური კატასტროფების (გვალვა, ხანძარი, მეწყერი, ღვარცოფი, წალმოვარდნა და სხვ.) შედეგად განადგურებული ტყის მასივების აღსადგენად, რაც ითვალისწინებს ტერიტორიის გასუფთავებას და მასზე ახალი ტყის გაშენებას.

ტყის გაწმენდა - სატყეო-სამეურნეო სამუშაოების კომპლექსი, რომელიც მოიცავს ტყიდან და ტყეკაფიდან ყოველგავარი ზედმეტის გატანას (მაგ., ტყის ჭრის ნარჩენები, გამხმარი ხეები, ბუნებრივად ჩამოცვენილი ტოტები და სხვ.

ტყის კულტურები - თესვით ან დარგვით გაშენებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები.

ტყის მოწყობა - ღონისძიებების ერთობლიობა, მიმართული სატყეო მეურნეობის რაციონალურ გამოყენებაზე. მისი შემადგენელი ნაწილია ტყის ფონდის ინვენტარიზაცია, რომლის მონაცემებზე დაფუძნებულია ტყის სახელმწიფო აღრიცხვა.

ტყის სანერგეები - ტყის მიწების კატეგორია, რომელშიც შედის ნაკვეთები, სადაც გამოჰყავთ მცენარეთა ნერგები შემდეგში სატყეო კულტურის შესაქმნელად (ნახ. 1).

ტყის საწყობები - არასატყეო მიწების კატეგორია, გამოყენებული ტყის პროდუქციის შესანახად.

ტყის სერტიფიცირება - კომპეტენტური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის, მისი რესურსების, ტყის დაცვის ღონისძიებების და სხვათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარება.

ტყის სიმწიფის ასაკი - მდგომარეობა, რომელიც შეესაბამება ტყის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ამ პერიოდში შესაძლებელია ტყეში ხეების გამოხშირვითი ჭრა, რომლის დაწყება დამოკიდებულია ხეების ჯიშზე და წლოვანების მიხედვით შეადგენს: ფიჭვი სამხრეთის რაიონების - 65, ფიჭვი ჩრდილოეთის რაიონების - 70-80, ლარიქსი - 60, ნაძვი და სოჭი - 80-90, მუხა - 60-120, კოპიტი - 60, რცხილა - 80, არყის ხე - 70, ვერხვი - 50, თხმელა - 40 წელი და სხვ.

ტყის სუბალპური ზოლი - ტყის სუბალპური ზონის მიმდებარე 300 მეტრი სიგანის ტყის გავრცელების არეალი.

ტყის წარმომქმნელი ჯიშები - ხის ჯიში, რომელიც თავისი არეალის ზღბრებში ქმნის ნარგავების ძირითად იარუსს, რომელიც გამოირჩევა ბიოლოგიური და მორფოლოგიური მდგრადობით და სპეციფიკური კომპლექსით თანმხლები მცენარეებისა და ცხოველების მიმართ.

ტყის ჯგუფი - სატყეო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ფონდის ნაწილი. არსებობს ტყის სამი ჯგუფი: I - დამცავი ფუნქციების მქონე, რომელშიც შედის ტყეები, განლაგებული მდინარეების, ტბების, წყალსაცავების ნაპირებზე, რკინიგზის მაგისტრალების, საავტომობილო ცენტრალური გზების, არხების გასწვრივ; ეროზიის საწინაარმდეგო და სახელმწიფო დამცავი ზოლები, მთიანი ტერიტორიები, ნაციონალური ნაკრძალები და პარკები, საკურორტე ზონები, განსაკუთრებით ძვირფასჯიშიანი ტყის მასივები; II - ტყეები, გაშენებული მჭიდროდ დასახლებულ და განვითარებულ სატრანსპორტო ქსელის მქონე რეგიონებში; III - ტყეები საექსპლუატაციო დანიშნულების. ტყეების დაყოფა ჯგუფებად ეყრდნობა ეკოლოგიურ მოთხოვნებს და ითვალისწინებს ბუნების დაცვით ფუნქციებს.

ტყრუშული ღობე - ძვ. მსხვილი წნელის ღობე.

უადი (არაბ.) - სეზონური მდინარე.

უაიტ-სპირიტი - ნავთობის ფრაქცია. გამოიყენება ლაქებისა და საღებრების გამხსნელად.

უაკ (УДК) - უნივერსალური ათობითი კლასიფიკაცია.

უარყოფითი - 1. ცუდი თვისებების მქონე; 2. მათემატიკაში - ნულზე მცირე, რაც აღინიშნება “მინუს” ნიშნით; 3. ელექტრობის იმ სახეობასთან დაკავშირებული, რომლის მატერიალურ ნაწილაკებს ეწოდებათ ელექტრონები.

უბანი - 1. დასახლებული ადგილი (ქალაქის, დაბის ან სოფლის ნაწილი); 2. ამა თუ იმ დანიშნულების ფართობი (მაგ., სამშენებლო უბანი, ავეჯის დამამზადებელი უბანი, საწარმოო უბანი და სხვ.).

უბედური შემთხვევა - 1. ტრავმით დამთავრებული უეცარი და დაუგეგმავი შემთხვევა; 2. ტექნოლოგიური (კონსტრუქციული, საწარმოო, სატრანსპორტო, საექსპლუატაციო და სხვ.) მიზეზებითა და გარე შემთხვევითი ხასიათის ზემოქმედებათა შედეგად გამოწვეული საგანგებო შემთხვევა, რომელსაც მოსდევს ადამიანების ტრავმირება, ნაგებობებისა და ტექნიკურ მოწყობილობათა დაზიანება, მწყობრიდან გამოსვლა ან ნგრევა.

უბისა (უბისის წმ. გიორგის მონასტერი) - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი (IX საუკუნე) ძეგლი. მდებარეობს ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისას ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტაძარი დარბაზული ტიპისაა (ნახ. 1). მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც გეგმაში სწორკუთხა ფორმა აქვს მინაშენებით სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ეკლესიის ფასადები, შირიმის ქვით ნაგები, ძალზე სადადაა გადაწყვეტილი - რაც ეპოქის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. კარგად თლილი, თბილი მოყვითალო ქვათა წყობა ზუსტი და სიმეტრიულია. უშუალოდ ტაძარს შემოყოლებული ეკვდერები მთლიანობაში გეგმაზე სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპს მოგვაგონებს. აღსანიშნავია, რომ ეკვდერები, რომლებიც გარედან მართლაც გვერდით ნავებად და ნართექსად აღიქმება, შიგნიდან ტაძრის მთავარ სივრცეს არ ერწყმის, და გარშემოსავლელივით (დას. ნაწილი) აღიქმება. თავად მინაშენები პილასტრებისა და კედლების მეშვეობით ცალ-ცალკე სადგომებად ნაწევრდება. ტაძრის აღმოსავლეთ მონაკვეთს ეკვდერები წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისა არიან. ჩრდილოეთ ეკვდერი თავისი შესასვლელით უშუალოდ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, ხოლო სამხრეთ ეკვდერში დამოუკიდებელი კარით შეიძლება მოხვედრა. მრავალფიგურიანი კომპოზიციები (ნახ. 2), პილასტრების ერთიანი შევსება, სარკმლის წირთხლებისა თუ თაღის კუთხეებში ორნამენტული დეკორი, ბოლო რეგისტრის ფარდისებური მოტივი, რომელიც მთლიანად გასდევს კედლებს, ის დამახასიათებელი ნიშნებია, რომელიც უბისის კედლის მხატვრობაში გვხვდება. მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არ¬სებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები, სადაც დაცულია ქვევრები, რომელთა ტევადობა 100…200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ქვევრებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.

უგანზომილებო სიდიდეები - წარმოებული ფიზიკური სიდიდეები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ძირითად სიდიდეებად შერჩეული სიდიდეების ერთი და იმავე რიცხვჯერ ცვლილებაზე. მაგ., უგანზომილებო სიდიდეა ბრტყელი კუთხე, რომელსაც განსაზღვრავენ, როგორც ორ რადიუსს შორის მოთავსებული რკალის სიგრძის ფარდობას რადიუსის სიგრძესთან, რადგან იგი არაა დამოკიდებული რადიუსის სიგრძეზე. უ.ს. განეკუთვნება აგრეთვე ყველა ფარდობითი სიდიდე, ფარდობითი სიმკვრივე (სხეულის სიმკვრივის ფარდობა წყლის სიმკვრივესთან), ფარდობითი წაგრძელება და ა.შ. უ.ს. გამოსახავენ განყენებული ერთეულებით, ფარდობით სიდიდეებს კი - პროცენტებით.

უდაბნო - 1. განმარტოებით მდგარი ძველი მონასტერი; 2. გაუკაცრიელებული უწყლო ტერიტორია.

უზორიტი - დეკორატიულ-მოსაპირკეთებელი ფილები მინის წარმოების ნარჩენებისაგან. გამოიყენება კედლების გარე და შიგა ზედაპირების, კოლონების მოსაპირკეთებლად, იატაკების მოსაწყობად, შენობების ფასადების და ინტერიერების გასაფორმებლად და სხვ.

უკმარგახეხილი - გახეხილი მასალის ზედაპირის გაუხეხავად დარჩენილი უბანი.

უკონდიციო - უხარისხო, საჭირო კონდიციის არმქონე, გამოსაყენებლად უვარგისი.

უკუკავშირი - რაიმე სისტემის (მოწყობილობის) ფუნქციონირების შედეგების ზემოქმედება ამავე სისტემის შემდგომ ფუნქციონირებაზე. ინფორმაცია შემსრულებელი ორგანოს მოქმედების შედეგების შესახებ მიეწოდება მმართველ ორგანოს. ამ ინფორმაციის საფუძველზე მმართველი ორგანო გამოიმუშავებს კორექტირების შესაბამის სიგნალებს. უკუკავშირი საშუალებას იძლევა მართვის პროცესში გამოყენებილი იქნეს ინფორმაცია ობიექტის ფაქტიური ქცევის შესახებ მოცემულ პირობებში. განასხვავებენ უარყოფით უ., რომელიც ობიექტის წონასწორობიდან გადახრისას იწვევს ამ გადახრის ნეიტრალიზებას და დადებითს - რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გადასვლას სხვა წონასწორულ მდგომარეობაში და იწვევს ზვავისებურ პროცესს. უ. კიბერნეტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა.

უკუპროპორციული სიდიდეები - ორ სიდიდეს ეწოდება უკუპროპორციული, თუ მათი ნამრავლი მუდმივია.

უკუქმედება - ძალა, რომლითაც ნიუტონის მესამე კანონის თანახმად მეორე ნივთიერი წერტილი მოქმედებს პირველზე.

უკუწნევა - მილსადენების არმატურაში ჭარბი წნევა არმატურის გამოსასვლელში (დამცავ სარქველში, კონდენსატსარინში და სხვ.). უ. არის ჯამი გამოსაშვებ სისტემაში სტატიკური წნევისა და წნევისა, რომელიც გამოწვეულია მუშა გარემოს მოძრაობის წინააღმდეგობით.

ულვაშა ხოჭო - საკმაოდ მოზრდილი მწერი (სიგრძე 25...35 მმ), რომელიც ჭუპრებთან ერთად აზიანებს ხის შიგა ნაწილს და ზედაპირზე არ გამოდის.

ულტრაბგერა - 16...20 კჰც-ზე მაღალი სიხშირის რხევები, რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. უ. სიმძლავრე რამდენიმე კილოვატს აღწევს. ხშირად გვხვდება ბუნებაში - ახლავს ფოთლების შრიალს, ზღვის მოქცევის ხმაურს, შედის ქარის ხმაურში, მას გამოსცემენ და ღამურები, თევზები, მწერები. ულტრაბგერას შეიცავს მანქანის ხმაური. ცხოველთა სამყაროში მისი დახმარებით სრულდება მთელი რიგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები: ღამურების ექოლოკაცია, მწერების სიგნალები და სხვ. ულტრაბგერული რხევა ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (მყარ და მსხვრევად მასალათა მექანიკური დამუშავება, შედუღება, მოკალვა, ლითონის ზედაპირიდან ჭუჭყისა და ცხიმის მოშორება, შენადნობთა მიღება, რჩილვა, დეფექტოსკოპია, აირთა ანალიზი, ტექნოლოგიური პროცესების ტექნიკური კონტროლი, გაზომვები და ა.შ.) და მედიცინაში. ზოგჯერ ულტრაბგერის წარმოქმნა თან ახლავს ზოგიერთი მოწყობილობის (რეაქტიული ძრავის, აირის ტურბინის, მძლავრი პნევმოძრავის და სხვ.) მუშაობას, როგორც თანაური პროცესი. დაბალსიხშირული უ. მაღალსიხშირულ ხმაურთან ერთად კარგად ვრცელდება ჰაერში, მაგრამ სმენადი ბგერითი ტალღებისაგან განსხვავებით მნიშვნელოვნად სუსტდება რხევის წყაროდან დაშორებასთან ერთად და ახასიათებს საჰაერო სივრცეში არათანაბარი ინტენსივობა

ულტრაიისფერი გამოსხივება - თვალით უხილავი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძე 400...10 ნმ ფარგლებშია. ულტრაიისფერი სხივები განფენილია ხილული სპექტრის იისფერი სხივების შემდეგ. განასხვავებენ ახლო (400...200 ნმ) და შორეულ ანუ ვაკუუმურ ულტრაიისფერ სხივებს (200...10 ნმ). ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროებია - მაღალტემპერატურული პლაზმა, ელექტრული ამაჩქარებელი, ზოგიერთი ლაზერი, მზე, ვარსკვლავები და სხვ.

ულტრამარინი - სინთეზური არაორგანული ცისფერი პიგმენტი, რომელიც არის გოგირდის შემცველი ნატრიუმის ალუმინსილიკატი.

ულტრამიკროსკოპი - ოპტიკური ხელსაწყო ძალიან მცირე ზომის (210 ნმ-მდე) ნაწილაკების აღმოსაჩენად, რომელთა აღმოჩენა ჩვეულებრივი მიკროსკოპით შეუძლებელია. უ. საშუალებით შესაძლებელია მათი კონცენტრაციისა და საშუალო ზომის დადგენა. გამოიყენება დისპერსიული სისტემების გამოსაკვლევად, ჰაერისა და წყლის სისუფთავის საკონტროლოდ და ა.შ.

ულტრამჩატეწონის დიატომიტი - მასალა, დამზადებული კაჟმიწის ორგანული დანალექი ქანების (დიატომიტი, ტრეპელი) საფუძველზე, რომელიც ძირითადად შედგება ამორფული კაჟმიწისაგან ორგანული ამოწვადი დანამატით. ნაკეთობის ფორმირებას ახდენენ პლასტიკური მეთოდით ლენტურ წნეხებზე შემდეგი შრობითა და გამოწვით. საშუალო სიმკვრივე 400...500 კგ/მ3.

ულტრამჩატეწონის ქაფდიატომიტი - უმჩატესი კერამიკული მასალა, დამზადებული დიატომიტური შლიკერისა ტექნიკური ქაფის შერევით შემდეგი ფორმირებით, შრობითა და გამოწვით. საშუალო სიმკვრივე 300...400 კგ/მ3.

ულტრაღვარცოფული ნაკადები - წარმოდგენს დედამიწაზე გავრცელებული ღვარცოფული და ღვარცოფების მსგავსი ნაკადების ერთ-ერთ ჯგუფს და ხასიათდება პროცესის გრანდიოზული მასშტაბებით. როდესაც მოძრაობაში მოსული მასის სისქე ათეულობით მეტრს აღწევს, ერთი რიგით იზრდება მისი სიჩქარე და გადაადგილების მანძილი, ხოლო ორი რიგით - გამოტანილი მასის მოცულობა. ნაკადის მოძრაობა სცდება კალაპოტური პროცესების საზღვრებს და იძენს გეოლოგიური კატასტროფის ხასიათს: რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე ხდება ფერდობებისა და მდინარის ხეობების რელიეფის სახეცვლილება. ულტრაღვარცოფული ნაკადების წარმოშობის გამომწვევი მიზეზებია ვულკანების ფეთქებადი ამოფრქვევა და მთების ციცაბო მაღალი ფერდობებიდან ყინულოვანი ფირნის მასების მოწყვეტა. შესაბამისად, უ.ნ. მყარი ჩანართი შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც მთის ქანების, ასევე ყინულის მონატეხით. უ.ნ. თითოეული ტიპის წარმოშობის მექანიზმი სპეციფიკურია. ვულკანების ფეთქებადი ამოფრქვევის დროს ის დაკავშირებულია კრატერული ტბის ამოშხეფვასთან (იავანური ტიპი), რომელსაც თან ახლავს ვულკანის კედლის ნგრევა და გრუნტის ლავის ტრანსფორმაცია ღვარცოფულ ნაკადში (კასკადური ტიპი), თოვლის სწრაფი დნობის შედეგად პიროპლასტიკური ნაკადის გარდაქმნით ღვარცოფულში. ყაზბეგის ტიპის ღვარცოფული ნაკადები წარმოიქმნება წყლით გაჯერებული ფირნისა (მსხვილმარცვლოვანი, შემკვრივებული თოვლი) და ყინულოვანი მასის მოწყვეტის შედეგად; უასკარანული ტიპი წარმოიქმნება მყინვარის მოწყვეტისა და მისი თოვლიან-ქვიანი ზვავისა და ტალახოვანი ნაკადის თანმიდევრული გარდაქმნის შედეგად. უ. ნ. უნიკალური ღვარცოფების კატეგორიას განეკუთვნება; ხშირ შემთხვევებში, ისინი არ მეორდება იმავე ადგილას და იმავე მასშტაბით, რომლითაც იწყება ვულკანისა და მყინვარის განვითარების ეტაპები.

ულტრა… (ლათ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი. აღნიშნავს რისამე ფარგლებს გარეთ მყოფს, უკიდურესს (ულტრაიისფერი (სხივები), ულტრამოკლე (ტალღები) და სხვ.).

ულუსი (თურქ.) - ბანაკი.

უმაღლესი - ყველაზე მაღალი, დიდი, უდიდესი, ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე განვითარებული, შედარებით მაღალი, ყველაზე მაღალი ინსტანციისა.

უმბრა - თიხოვანი წარმომავლობის მინერალური პიგმენტი შეფერილი რკინისა და მარგანეცის ჟანგით. გამოირჩევა ამაღლებული სინათლემედეგობით და მედეგობით ტუტეებისა და ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ. უძველესი დროიდან იყენებდნენ ფერწერაში, როგორც პიგმენტს. მოიხმარება საღებავების, ლინოლეუმის. მუშამბის და სხვათა წარმოებაში.

უმტყუნებლობა - 1. მაქსიმალური ალბათობა, რომლის დროსაც მოვლენა (შეცდომა) ითვლება პრაქტიკულად შეუძლებლად; 2. ტექნიკაში, ობიექტის თვისება შეინარჩუნოს მუშა მდგომარეობა განსაზღვრულ დროში. გამოიყენება უ. შემდეგი მაჩვენებლები: უმტყუნებლად მუშაობის ალბათობა (ალბათობა იმისა, რომ მოცემული ნამუშევრის ზღვრებში ობიექტის მტყუნება არაა მოსალოდნელი); გამა-პროცენტული ნამუშევარი მტყუნებამდე (ნამუშევარი, რომლის განმავლობაში ობიექტის მტყუნება არ ხდება პროცენტებით გამოხატული ალბათობით); საშუალო ნამუშევარი მტყუნებამდე (ობიექტის ნამუშევარის მათემატიკური მოლოდინი პირველ მტყუნებამდე); საშუალო ნამუშევარი მტყუნებაზე (აღდგენადი ობიექტის ჯამური ნამუშევარის ფარდობა მტყუნებების რიცხვის მათემატიკურ მოლოდინთან ამ ნამუშევარის განმავლობაში); მტყუნებების ინტენსივობა (ობიექტის მტყუნებების გაცენის ალბათობის პირობითი სიმკვრივე, რომელიც განისაზღვრება იმ პირობით, რომ დროის განსახილველ მომენტამდე მტყუნება არ ხდება); მტყუნებების ნაკადის პარამეტრი (აღდგენადი ობიექტის საკმაოდ მცირე ნამუშევრის მოსალოდნელი მტყუნებების რიცხვის მათემატიკური მოლოდინის ფარდობა ამ ნამუშევრის მნიშვნელობასთან); მტყუნებების ნაკადის გასაშუალებული პარამეტრი (აღდგენადი ობიექტის საბოლოო ნამუშევრის მოსალოდნელი მტყუნებების რიცხვის მათემატიკური მოლოდინის ფარდობა ამ ნამუშევრის მნიშვნელობასთან).

უმფორმერი (გერმ.) - ელექტრული მანქანა, რომელიც მუდმივ დენს გარდაქმნის ცვლად დენად

უმცირეს კვადრატთა მეთოდი - მათემატიკური მეთოდი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად, დაფუძნებული კვადრატების ჯამის მინიმალიზაციაზე, ზოგიერთი ფუნქციის უცნობი ცვლადების გადახრებით.

უმცირესი სიმრუდის პრინციპი (ჰერცის პრინციპი) - მექანიკის ვარიაციული პრინციპი, რომლის თანახმად, აქტიური ძალების არარსებობისას ნივთიერი წერტილის მოძრაობის ყველა კინემატიკურად შესაძლო (ბმებით განპირობებული) ტრაექტორიებს შორის ნამდვილი იქნება უმცირესი სიმრუდის მქონე ტრაექტორია.

უნივერმაღი (უნივერსალური მაღაზია) - სავაჭრო დიდი მაღაზია საქონლის ფართო ასორტიმენტით, განლაგებული ცალკე შენობაში ან სავაჭრო ცენტრში (ნახ. 1: უნივერმაღის ინტერიერი, ქ. პარიზი, საფრანგეთი). გამოირჩევა მაღალი რენტაბელობით, საქონელბრუნვით და დაბალი საექსპლოატაციო ხარჯებით შენობის შენახვაზე. ერთი უ. მშენებლობა გაცილებით ნაკლები ჯდება, ვიდრე იმავე ფართობის რამდენიმე მაღაზიისა. უმეტესად აშენებენ დიდი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში.

უნივერსალი - პირი, რომელიც თავისი პროფესიით ყველა სპეციალობას ფლობს.

უნივერსალური (ლათ.) - მრავალმხრივი, ყოველმხრივი, ყოვლისშემცველი; სხვადასხვა მიზნით გამოსაყენებელი.

უნივერსალური ელექტროძრავი - თანმიმდევრობითი აგზნების ერთფაზიანი კოლექტორული ძრავი, რომელიც მუშაობს, როგორც ცვლად, ისე მუდმივ დენზე. ორივე შემთხვევაში აქვს თითქმის ერთნაირი მუშა მახასიათებლები.

უნივერსალური ექსკავატორი - ერთციცხვიანი ექსკავატორი, რომელსაც აქვს ორი და მეტი საცვლელი მუშა მოწყობილობა: პირდაპირი ნიჩაბი, გრეიფერი, დამტვირთავი, დრაგლაინი, ურნალი, ამწევი მექანიზმი, ბულდოზერი და სხვ. სავალი მოწყობილობის მიხედვით უ.ე. არის მუხლუხა და პნევმატურთვლიანი ტრაქტორის (ნახ. 1) ან ავტომობილის ბაზაზე. თანამედროვე, მე-5 და მე-6 ზომათა ჯგუფის მძლავრი უნივერსალური ჰიდრავლიკური მთლიანსაბრუნი ექსკავატორის ძალურ დანადგარში გამოყენებულია ჰიდროტუმბოები მართული წარმადობით, სავალი მოწყობილობა - მუხლუხა, მუშა მოძრაობები - მდორედ და უხმაუროდ დასარეგულირებელი.

უნივერსამი - სუპერმარკეტის პრინციპზე აგებული მაღაზია, რომელშიც საქონელი განთავსებულია ღია ვიტრინებში (ნახ. 1) და მყიდველს საშუალება აქვს მისთვის საჭირო პროდუქცია აიღოს დამოუკიდებლად, ხოლო ფულს გამოსვლისას იხდის სალაროში. სუპერმარკეტისაგან განსხვავდება შედარებით მცირე ზომებით. უ. უმეტესობა სპეციალიზებულია კვების პროდუქტებზე.

უნივერსიტეტი (ლათ.) - 1. უმაღლესი სასწავლებელი და სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც აქვს სხვადასხვა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილებანი (ფაკულტეტები); 2. სახელწოდება დაწესებულებისა, რომელიც განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარული ცოდნის ასამაღლებლად.

უნივერსლური ათობითი კლსიფიკაცია (უაკ) - ყველა ბეჭდვითი საინფორმაციო წყაროს კლასიფიკაციისა და ინდექსაციის ერთიანი საერთაშორისო სისტემა. იგი წარმოდგენილია ცხრილების სახით, რომლის ათ ძირითად განყოფილებაში (კლასში) ჩამოთვლილია მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურის, ხელოვნების ყველა ნაწილი. ამ ცხრილების მიხედვით ნებისმიერ ბეჭდვით წყაროს მიენიჭება ინდექსი და მოიძებნება მისთვის ადგილი ერთიან ბიბლიოგრაფიულ კართოთეკაში.

უნიტაზი - სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობა ფეკალური მასისა და წყლის ჩასადენად საპირფარეშოში. ჩამრეცხი სისტემა შეიძლება იყოს ავტომატური ან ნახევრადავტომატური. როგორც წესი, ამზადებენ სანტექნიკური კერამიკისაგან. ძირითადი კონსტრუქციული ნაწილებია: ჯამი, ჩამრეცხი ავზი და საჯდომი. არსებობს უ. ჩამრეცხი ავზის გარეშეც, რომლის მოვალეობას ასრულებს ჩამრეცხი ონკანი (ნახ. 1). ძირითადი ტექნიკური მონაცემები: დაყენების სიმაღლე - 400 მმ; ჩამრეცხი ავზის ტევადობა - 6...8 ლ; სტატიკური დატვირთვის სიდიდე უნიტაზის თავზე - მინიმუმ 200 კგ.

უნიფიკაცია - გაერთგვაროვნება; ერთიანი ნორმების შემუშავება; გაერთსახოვნება.

უნიფიცირებული ნაკეთობა - ნაკეთობა, მიღებული უნიფიკაციის შედეგად ხარისხობრივად ახალ მდგომარეობაში, რომელიც გამოიყენება ორ ან მეტ კონსტრუქციაში. იგი უზრუნველყოფს ურთიერთ შეცვლადობას მანქანების კონსტრუქციულ-უნიფიცირებული რიგის ზღვრებში, ოჯახში ან სისტემაში. მანქანების (კვანძების) კონსტრუქციულ-უნიფიცირებული რიგი არის ერთი და იგივე ან მომიჯნავე ფუნქციონალური დანიშნულების მანქანების (კვანძების) ერთობლიობა, რომელიც ქმნის ოპტიმალურ ტიპიურ ზომათა რიგს, აგებულს მანქანის ძირითადი კვანძებისა და აგრეგატების კონსტრუქციულ მსგავსებაზე. კონსტრუქციულ-უნიფიცირებული მანქანების ოჯახი არის საბაზო მანქანის (ან რამდენიმე საბაზო მანქანის) და ყველა ერთი და იგივე ზომისა და ერთნაირი ან განსხვავებული ფუნქციონალური დანიშნულების მოდიფიკაციების ერთობლიობა, რომლებსაც აერთიანებთ მთავარი პარამეტრის ერთი მნიშვნელობა, რაც უზრუნველყოფს ამ ოჯახის მანქანების ძირითადი კვანძებისა და აგრეგატების მაღალ უნიფიკაციას.

უნჯუფა - ძვ. თბილი სახლი.

ურასა - იაკუტების საცხოვრებლის სახეობა, რომლის ჩონჩხს წარმოადგენს მიწაში ჩაფლული ბოძების რიგი.

ურბანიზაცია (ფრანგ.) - დიდ ქალაქებში მრეწველობის და მოსახლეობის თავმოყრა.

ურბანიზმი (ფრან) - თეორია, რომელიც ქადაქებს მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრას დიდ ქალაქებში და ქალაქის შემდგომ განვითარებას.

ურბანისტიკა - არქიტექტურის დარგი, რომლის საქმეა თანამედროვე დიდი ქალაქების დაპროექტება და მშენებლობა.

ურდული - 1. კედა, საკვალთი, საგდული, რაზა; კარის საკეტი ძელაკი ან ლითონის ღერო; 2. კარის ან ჭიშკრის შიგნიდან დასაკეტი მოწყობილობა.

ურელსო ტრანსპორტი - პერიოდული მოქმედების სატრანსპორტო მანქანა, რომელიც გადაადგილდება რელსების გარეშე. პირობითად უ.ტ. შეიძლება იყოს შიდასაამქრო (ტვირთების გადატანა საამქროს, საწყობის ტერიტორიაზე, დასატვირთ-გადმოსატვირთ მოედნებზე და ა.შ.) და შიდასაქარხნო (ტვირთების გადატანა ქარხნის ტერიტორიაზე საამქროებს შორის, დასატვირთ და გადმოსატვირთ პუნქტებს შორის, კარიერებიდან საამქროებამდე და ა.შ.). უ.ტ. მოძრავ შემადგენლობებს მიეკუთვნება: ხელის და თვითმავალი ურიკები ტვირთამცეობით 50 კგ-დან 5 ტონამდე, სატვირთო მოტოროლერები(1ტ-მდე), ელექტრო- და ავტოსატვირთელები, ავტოსაწევრები მისაბმელით, თვითსაცლელი ავტომობილები (110 ტ-მდე), მიწასაზიდი ავტომობილები, ელექტრო ავტოსაწევარები დისტანციური მართვით, დიზელ-ტროლეიმზიდები და სხვ.

ურთიერთმოქმედება - 1. ურთიერთზე, ერთმანეთზე მოქმედება, ზეგავლენა; 2. ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება.

ურთიერთშეცვლადობა - ერთი და იგივე ნაკეთობის (დეტალის, საამწყობო ერთეულის) თვისება, რომელიც აწყობის პროცესში მისი დაყენების ან შეცვლის საშუალებას იძლევა წინასწარი მორგების გარეშე, მუშაობისადმი მოთხოვნების დაცვით. უ. საფუძველია ნაკეთობის (დეტალის, საამწყობო ერთეულის) ზომებისა და სხვა პარამეტრების დაშვებათა რაციონალური სისტემა. იგი წარმოების სპეციალიზაციისა და კოოპერირების საშუალებას იძლევა.

ურთხელი (უთხოვარი) -  ფოთლოვანი მცენარეების ურთხლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. სიმაღლეში იზრდება 28 მ-მდე, იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ ხასიათდება სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით - 4000 წლამდეც კი. ხის მაქსიმალური დაფიქსირებული დიამეტრია 4 მეტრი. ქერქისგან ხდიან წებოს. არსებობს ლამაზი ლეგენდა, უთხოვარის შესახებ, რომელიც თამარ მეფის სახელთან არის დაკავშირებული: ერთ გლეხს ხეივანი გაუშენებია და თამარ მეფის ხე მოსწონებია, უთხოვია მისთვის ეჩუქნა, მაგრამ თამარ მეფეს უარი უთქვამს, ამიტომაც ამ ხეს უთხოვარი დაერქვა.

ურიგელო კონსტრუქციული სქემა - სისტემა, რომელსაც არ გააჩნია რიგელები და გადახურვა მუშაობს როგორც ფილა, დაყრდნობილი ცალკეულ კოლონებზე (ნახ. 1).

ურიკა (იტალ.) - მანქანის ან მექანიზმის კვანძი, რომელიც ჩვეულებრივ გადაადგილდება მიმმართველებზე. დანიშნულების მიხედვით არსებობს უ.: აკუმულატორიანი, ამწის, გასაწყობი, თვითმავალი, არათვითმავალი, კიდული, ლიანდაგსაზომი, გადამწოდი, გადასაადგილებელი, მუხლუხა, ორთვალა და ორღერძა, სატვირთო, სატრანსპორტო, ჩამომყრელი და სხვ. სავალი ურიკებით არის აღჭურვილი ბეტონდამგებები რკ.ბ.-ის ნაკეთობათა წარმოებაში, გადამწოდი ურიკა-მბიძგავებით - საყალიბე საამქროები. გადამ-წოდი ურიკებია გამოყენებული აგურის დამწყობ-განმტვირთავ და ტრანსპორტირების მოწყობილობებში.

ურნა (ლათ. Urna) - 1. კრემაციაქმნილი მიცვალებულის ნეშტის შესანახი კერამიკული, ქვის, იშვიათად - ლითონის ჭურჭელი; 2. ლარნაკი; სითხის შესანახი კერამიკული ან ლითონის ჭურჭელი ანტიკურ რომში; 3. საყოფაცხოვრებო ნაგვის მოსათავსებელი ჭურჭელი (ნახ. 1).

ურნალი (კოპერი) - 1. სამშენებლო მანქანა სახიმინჯე უროს ან ვიბროჩამსობის ჩამოსაკიდად და მიმმართველად, ჩასმისას ხიმინჯის მოსაჭიმად, ასაწევად და მიმმართველად (ნახ. 1). უ. არის ელექტრული, დიზელის, მარტივი, უნივერსალური, თვითმავალი, არათვითმავალი. უ. შედგება მიმმართველი ანძისაგან ხიმინჯისა და უროსათვის; ტვირთამწევი მექანიზმისაგან უროსა და ხიმინჯის ასაწევად; ჩარჩოსაგან, რომელზედაც მონტაჟდება ყველა მექანიზმი; სავალი მექანიზმისაგან თვითმავალი ურნალებისათვის; 2. სამთო-ტექნიკური ნაგებობა, რომელიც უშუალოდ შახტის თავზეა აღმართული. გამოიყენება შახტიდან მადნეულის ამოსაღებად და სატრანსპორტო საშუალებებში ჩასატვირთად. ის შეიძლება იყოს დროებითი (ასაწყობ-დასაშლელი) და მუდმივი მოქმედების (სტაციონალური); მისი დამზადებისათვის ძირითადად ხისა და ფოლადის კონსტრუქციები გამოიყენება; 3. დანადგარი, რომლის მეშვეობით ხდება მსხვილი ლითონის ჯართის დამსხვრევა.

ურო - 1. დიდი ჩაქუჩი; 2. ლითონის ნამზადების დასამუშავებელი მანქანა, რომელიც მუშაობს ვარდნილი ნაწილების დარტყმის მეშვეობით. ანსხვავებენ უ. ჭედვისათვის, მოცულობითი და ფურცლოვანი შტამპვისათვის. ამძრავის მიხედვით უ. არის ორთქლჰაეროვანი, რომლებიც მოქმედებs ორთქლისგან ან შეკუმშული ჰაერისგან; პნევმატური, რომელიც მოქმედებს ჰაერის შეკუმშვა-გაჯერების ხარჯზე; მექანიკური, რომლის მოძრავი ნაწილები მექანიკურად არის დაკავშირებული ძრავთან; ჰიდრავლიკური, რომლებიც მოძრაობაში მოიყვანება მაღალი წნევის სითხის დაწნევით და სხვ. მუშაობის ხერხის მიხედვით განასხვავებენ მარტივ (ვარდნილი უ.) და ორმაგი მოქმედების უ. (უფრო ხშირად გამოიყენება), როდესაც ვარდნილ ნაწილებს დამატებით აჩქარებას ანიჭებენ. არსებობს უ. შაბოტის გარეშე, რომლებსაც გააჩნია ორი კინემატიკურად დაკავშირებული კუტი, რომლებიც ერთმანეთის შემხვედრად თანაბარი სიჩქარით მოძრაობენ, რის შედეგადაც დარტყმის ენერგია არ გადაეცემა საძირკველს. სულ უფრო მეტ გავრცელებას პოულობს მაღალი სიჩქარის უ., რომელთა კუტის სიჩქარე აღწევს 25 მ/წმ (ჩვეულებრივ უ. კუტის სიჩქარეა 3...6 მ/წმ); 3. მოზრდილი ჩაქუჩის მსგავსი სპორტული იარაღი სატყორცნელად (უ. ტყორცნა).

უსადენო დამცავი სისტემა - სისტემა ან სისტემის ნაწილი, რომელსაც შეუძლია შეტყობინების მიღება-გაცემა სადენის გარეშე.

უსასრულო - საზღვრების არარსებობა და საგნის რაოდენობრივ და თვისებრივ მახასიათებელთა უსაზღვრობა.შემეცნების პროცესში უსასრულო ობიექტების აზრობრივი განხილვა არის გარკვეული აბსტრაქცია, რადგან უსასრულობა არ შეიძლება იყოს ემპირიულად განცდადი. ლოგიკასა და სიმრავლეთა თეორიაში უსასრულოს ცნებები მოდელირდება უსასრულო სიმრავლეთა ცნებებით.

უსასრულობა - ადამიანური აზროვნების კატეგორია, რომელიც გამოიყენება უსაზღვრო, ამოუწურავი საგნების და მოვლენების დასახასიათებლად, რომელთათვისაც შეუძლებელია საზღვრების და ზომის რაოდენობრიობის მითითება. ხშირად გვხვდება მათემატიკაში და ფიზიკაში, და აღნიშნავს მახასიათებელს საზღვრის ან დაბოლოების გარეშე. მათემატიკის სხვადასხვა დარგში წარმოიშვა სასრულის საპირისპიროდ.

უსასრულოდ დიდი - ცვლადი სიდიდე, რომელიც მოცემულ პროცესში ცვლილებისას ხდება და რჩება აბსოლუტური სიდიდით მეტი ნებისმიერ წინასწარ დასახელებულ რიცხვზე.

უსასრულოდ მცირე - ცვლადი სიდიდე, რომელიც მოცემულ პროცესში ცვლილებისას ხდება და რჩება აბსოლუტური სიდიდით ნაკლები ნებისმიერ წინასწარ დასახელებულ რიცხვზე.

უსასრულოდ მცირე გაღუნვა - ცნება, რომელიც პირველად წარმოიშვა სამგანზომილებიან ევკლიდურ სივრცეში S ზედაპირის დეფორმაციის აღწერისას, რომლის დროსაც S ზედაპირზე წირების სიგრძის ცვლილება წარმოადგენს უფრო დაბალი რიგის მცირე სიდიდეს, ვიდრე ამ წირის წერტილებს შორის სივრცითი მანძილის ცვლილება.

უსასრულოდ მცირე სიდიდე - ცვლადი სიდიდე, რომლის ზღვარი ნულის ტოლია. უ.მ.ს. მათემატიკური ანალიზის ძირითადი ცნება, რომელიც გამოიყენება უფრო რთული ცვლადი სიდიდეების შესასწავლად.

უსაფეხურო გადაცემა - გადაცემის თანაფარდობის (რიცხვის) მდოვრედ შეცვლის მექანიზმი, რომელიც შეიძლება იყოს მექანიკური, ელექტრული და ჰიდრავლიკური. შედარებით ფართოდაა გავრცელებული მექანიკური უსაფეხურო გადაცემა: ფრიქციული – დრეკადი ელემენტით (სოლური ღვედი ან სპეციალური ჯაჭვი) და გასაწევი კონუსური ბორბლებით; ხისტი რგოლებით (გორგოლაჭებით, ჯამებით); შუალედური ბურთულებით (სფეროებით) და სხვ. მექანიკურ და ჰიდრავლიკურ უ.გ. ვარიატორებს უწოდებენ.

უსაფრთხოება - 1. მოღვაწეობის მდგომარეობაა, რომლის დროსაც გამორიცხულია საშიშროების გამოვლენა. უ. განსაზღვრავს იმის თავდაჯერებულობას, რომ არსებული საფრთხეები არ გამოიწვევს ზიანს. სამუშაო ადგილი შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ, თუ იქ წარმოქმნილი რისკები წინასწარაა გამოვლენილი და შეფასებული; 2. დაცვის ობიექტის მდგომარეობა, რომლის დროსაც მასზე ნითიერებების, ენერგიების და ინფორმაციების ყველა ნაკადის ზემოქმედება მაქსიმალურ დასაშვებ მნიშვნელობას არ აღემატება; 3. შინაგანი და გარეგანი საფრთხეებისგან პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცულობა. უ. ნიშნავს არა მარტო საფრთხეებისგან სოციუმის რეალურ დაცულობას, არამედ ნებისმიერ პირობებში მის სტაბილურ განვითარებას.

უსაფრთხოება ბუნებრივი - ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ადამიანისა და გარემო ობიექტების დასაცავად ისეთი ბუნებრივი ფაქტორებისაგან, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ზვავი, მეწყერი და ა.შ.

უსაფრთხოება ეკოლოგიური - პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცულობა საფრთხეებისგან, რომლებიც წარმოიქმნება გარემოზე ანტროპოგენული ან სხვა ზემოქმედების შედეგად.

უსაფრთხოება ეკონომიკური - სხვადასხვა საფრთხეების მოქმედების პირობებში ეკონომიური სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების უნარი. ამასთან, პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ საფრთხეების დროული ლიკვიდაციის, შესუსტების ან კომპენსაციის, მათი დაგროვების თავიდან აცილების, არახელსაყრელი გარეგანი ზემოქმედების დაძლევის, სისტემისა და მისი სუბიექტების სტაბილურობის უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ეკონომიკური უსაფრთხოება გულისხმობს ეკონომიკური, გეოპოლიტიკური, ეკოლოგიური, სამართლებრივი და სხვა პირობების არსებობას, რომლებიც ქმნიან მადესტაბილიზირებელი ზემოქმედებისგან ქვეყნის იმუნიტეტს, და ხელს უწყობენ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის სტაბილურობას.

უსაფრთხოება საგანგებო სიტუაციაში - საგანგებო სიტუაციაში საფრთხისგან მოსახლეობის, ეკონომიკის ობიექტების და ბუნებრივი გარემოს დაცულობის მდგომარეობა. უსაფრთხოებას განასხვავებენ სახეობის (სამრეწველო, რადიაციული, ქიმიური, სეისმური, სახანძრო, ბიოლოგიური, ეკოლოგიური), ობიექტის (დასახლება, ეკონომიკის ობიექტი და ბუნებრივი გარემო) და საგანგებო სიტუაციის ძირითადი წყაროების მიხედვით.

უსაფრთხოება შრომის - შრომის პირობების მდგომარეობა, რომლის დროსაც მომუშავეზე არ მოქმედებს საშიში და მავნე ფაქტორები.

უსაფრთხოების არქიტექტურა - უსაფრთხოებას მიკუთვნებული ობიექტებისა და მონაწილეების არქიტექტურა, აგრეთვე, ინფორმაციისა და ნაკადების სრული უმრავლესობა უსაფრთხოების მახასიათებლების რეალიზაციის მიმართ.

უსაფრთხოების დეკლარაცია - დეკლარაცია, რომელშიც ასახულია სამრეწველო ობიექტის საფრთხეთა ხასიათი და მასშტაბი, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო საქმიანობის პროცესში, აგრეთვე სამრეწველო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ღონისძიებათა კომპლექსი და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციაში მოქმედებისთვის მზადყოფნა. დეკლარაცია უნდა შემუშავდეს როგორც მოქმედი, ისე დაპროექტების სტადიაზე მყოფი საწარმოსათვის.

უსაფრთხოების ნიშანი - გარკვეული სიდიდისა და ფერის ფირფიტა ტექსტით ან გამოსახულებით: ამკრძალავი, მაფრთხილებელი, მაჩვენებელი

უსაფრთხოების საკონტროლო ჟურნალი - მონაცემები, შეკრებილი და პოტენციურად გამოყენებადი უსაფრთხოების კონტროლის შესამსუბუქებლად.

უსაფრთხოების ტექნიკა - ორგანიზაციული ღონისძიებების და ტექნიკური საშუალებების სისტემა, რომლის მიზანია საშიში საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება. უ.ტ. იგულისხმება: საწარმოო მოწყობილობების, პროცესების უსაფრთხოება; საწარმოში ახალი მანქანების, მექანიზმების, ინსტრუმენტების, შემოღობვითი და მაბლოკირებელი სისტემების, ავტომატური სიგნალიზაციის, კომპიუტერული სისტემების დანერგვა.

უსწორმასწორო - არასწორი, მრუდე, უთანასწორო, ოღროჩოღრო.

უსწორო - უსწორმასწორო, უთანასწორო, უმართებულო, მცდარი.

უტილი (ლათ) - მოუჭიქავი გამომწვარი ნაკეთობა კერამიკულ წარმოებაში.

უტილიზაცია (ლათ.) - 1. რაიმეს სასარგებლოდ გამოყენება (მაგ., ნარჩენების უტილიზაცია); 2. ძირითადი ნედლეულის ნარჩენების კვლავ სასარგებლოდ გამოყენების პროცესი.

უტყეო მიწა - სპეციალური სამეურნეო დანიშნულების სავარგულები და მიწა, უვარგისი ტყის გასაშენებლად ან ვარგისი სამელიორაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.

უფლებრივი ზონირება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისათვის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პირობების დადგენა.

უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი (ნახ. 1). მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უ. და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელ ანტიკურ (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები). შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსელით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი - გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით. უ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიიანი ბაზილიკა (ნახ. 2), რომელიც სტილისტიკური ნიშნებით IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული.

უფორმო - რასაც გარკვეული ფორმა არა აქვს; რაც ფორმას არ შეესაბამება.

უფსკრული - მეტისმეტად ღრმა, თვალჩაუწვდენი ხევი, ხრამი.

უცვლელი სისტემა - მექანიკური სისტემა, რომელშიც ცალკეულ ნივთიერ წერტილებს შორის მანძილი უცვლელი რჩება.

უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

უძრავი საყრდენი - საყრდენი, რომელიც ახორციელებს სხეულის ერთ წერტილში უძრავად ჩამაგრებას.

უძრავი ქონება - შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების ნებადართული სახეობა - გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების დებულებებითა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის).

უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართული სახეობა - გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც შესაბამისი, და რომლებისთვისაც საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების ძირითადი ნებადართული სახეობა - გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც შესაბამისი, და რომლებისთვისაც არ არის საჭირო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

უძრავი ქონების (ობიექტის) კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო გამოყენება - უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების სახეობა, რომელიც არ შედის მოცემული უფლებრივი ზონის გამოყენების ნებადართულ სახეობათა ჩამონათვალში.

უძრავი ქონების დეველოპმენტი - თვისი მატერიალურ-ნივთობრივი შემადგენლობის მხრივ მოიცავს 2 ნაწილს: 1) სამშენებლო ან სხვა რაიმე სახის სამუშაოები  შენობა - ნაგებობებზე და მიწაზე; 2) ფუნქციური გამოყენების თვალსაზრისით, შენობა-ნაგებობების ან მიწის შეცვლა.

უწესივრობა - ობიექტის მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი არ შეესაბამება ნორმატიული ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილ ერთ მოთხოვნასაც კი.

უწვი მასალა - მასალა, რომელიც ცეცხლისა ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არ აალდება, არ ღვივდება და არ ნახშირდება. მას მიეკუთვნება: ლითონი, ბეტონი, დუღაბი, ბლოკი, აგური, არმოცემენტი, მინა, ქვა და სხვ.

უწონობა - მატერიალური სხეულის მდგომარეობა, რომელშიც მასზე მოქმედი გარე ძალები ან მისი მოძრაობა არ იწვევს ნაწილაკების ურთიერთდაწოლას. სხეული იმყოფება უწონობის მდგომარეობაში, თუ სხეულში გამოყოფილ ნებისმიერ ელემენტზე მოქმედი შიგა ძალების ტოლქმედი ნულის ტოლია.

უწყება - 1. მოკლე ოფიციალური წერილი, შეტყობინება ვისიმე სადმე მიწვევის შესახებ; 2. დაწესებულება ან დაწესებულებათა სისტემა, რომელიც ემსახურება სახელმწიფო მმართველობის რომელიმე დარგს.

უწყვეტი გარემო - გარემო, რომელიც განიხილება როგორც უწყვეტი და მხედველობაში არ მიიღება მისი დისკრეტული ატომურ-მოლეკულური აგებულობა. განასხვავებენ: ერთგვაროვან, არაერთგვარობან, იზოტროპიულ და ანიზოტროპიულ უ.გ. ფართოდ გამოიყენება გაზებისა და სითხეების მექანიკაში, დრეკადობის თეორიაში, ელექტროდინამიკაში და სხვ.

უწყვეტი გარემოს მექანიკა - მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირის, სითხის, პლაზმისა და დეფორმირებადი მყარი სხეულის მოძრაობასა და წონასწორობას. უ.გ.მ. განეკუთვნება ჰიდროაერომექანიკა, აირის დინამიკა, დრეკადობის თეორია, პლასტიკურობის თეორია და სხვ. უ.გ.მ. ძირითადი დაშვებაა ის, რომ ნივთიერება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც უწყვეტი, მთლიანი გარემო, უგულებელვყოთ მისი მოლეკულური (ატომური) აგებულება და ერთდროულად მისი ყველა მახასიათებელი (სიმკვრივე, ძაბვა, ნაწილაკთა სიჩქარეები და სხვ.) ჩავთვალოთ უწყვეტი განაწილების მქონე სიდიდეებად. ეს გამართლებულია იმით, რომ მოლეკულათა ზომები ბევრად მცირეა იმ ნაწილაკთა ზომებზე, რომლებიც განიხილებიან ამ დარგში თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის დროს.

უწყვეტი კვების წყარო (UPS) - მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ქსელში ძაბვის მნიშვნოლოვანი ვარდნის ან "დენის წასვლის" შემთხვევაში აპარატურას (არა მარტო კომპიუტერულს) გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ მიეწოდება ელექტროენერგია.

უხილავი ზედაპირი - ექსპლუატაციაში მყოფი ნაკეთობის ზედაპირი, უხილავი წინა და გვერდითი მხრიდან.

უხმაურო - რაც ხმაურს არ იწვევს, რასაც ხმაური არ ახლავს; ჩუმი.

უჯრა - გამოწევით გასახსნელი რისამე შესანახი ყუთი (მაგიდისა, კარადისა და მისთ.).

უჯრედი - 1. თითოეული სწორკუთხედი, რომელიც მიღებულია პარალელური და პერპენდიკულარული ხაზების გადაკვეთით; 2. რისამე (ბადის, ფიჭის...) ცალკეული დანაყოფი; 3. ორგანიზმის აგებულების უმარტივესი ერთეული - ცოცხალი ნივთიერების ძირითადი ფორმა, რაც დამახასიათებელია ცხოველური და მცენარეული სამყაროსათვის.

უჯრედოვანი - უჯრედების მქონე, უჯრედებისაგან შემდგარი.

უჯრედოვანი მინა - იხ. ქაფმინა.

უჯრედული ლენტი - ბამბეულის ლენტი სარჟული ან დიაგონალური გადახლართვით. გამოიყენება ელექტროსამონტაჟო სამუშაოებში, სამხედრო ტანსაცმლისა და აღჭურვილობის წარმოებაში, ზედა ტანსაცმლის ნაკერების კიდეების შემოსაკონტურებლად, ნაკეთობების შესაფუთად, საკანცელარიო საქონლის (საქაღალდეების) დასამზადებლად, წიგნების ყდაში ჩასასმელად და სხვ.

უჰაერო - სადაც, რაშიც ჰაერი არ არის; რაც ჰაერის გარეშე ხდება; სადაც სუფთა ჰაერის ნაკლებობაა, სადაც ჰაერი არ იწმინდება.

ფაბრიკა (ლათ.) - მანქანების გამოყენებაზე დაფუძნებული მსხვილი სამრეწველო საწარმო, სადაც ესა თუ ის პროდუქცია იწარმოება. ეკონომიკური თვალსაზრისით ფაბრიკასა და ქარხანას შორის განსხვავება არ არის.

ფაბრიკატი ( ლათ. ) - გადამამუშავებელი მრეწველობის დამთავრებული პროდუქტი, მზა ნაწარმი.

ფაბრიკაცია (ლათ.) - 1. ნაკეთობათა ფაბრიკული წესით დამზადება; 2. გადატ. რაიმე ნაყალბევის შეთხზვა-გავრცელება.

ფაგი (ბერძ.) - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მჭამელს, შთანმთქმელს (მაგ., ბაქტერიოფაგი).

ფაზა (ბერძ.) - 1. პერიოდი, საფეხური რომელიმე მოვლენის განვითარებაში; 2. გენერატორის გრაგნილების ცალკეული ჯგუფი, აგრეთვე მასთან შეერთებული სადენი, რომლითაც ელექტრული დენი გადაიცემა.

ფაზა რხევებისას - სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს რხევითი პროცესის მდგომარეობას დროის თითოეულ მომენტში. იზომება პერიოდის მეათედებში, ხოლო სინუსოიდური სიდიდეებისათვის - რკალურ და კუთხურ ერთეულებში

ფაზომეტრი - ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება როგორც ერთფაზა, ისე სამფაზა ცვლადი დენის წრედებში სიმძლავრის კოეფიციენტის გასაზომად.

ფაილი - აზრობრივად რაიმე საერთო ნიშნების მქონე მონაცემთა ერთობლიობა. ფ. სახით ინფორმაციის შენახვის მეთოდი ფართოდ გამოიყენება დამახსოვრების მოწყობილობებში. ფ. დაწყება-დასასრული სპეციალური ნიშნებით აღინიშნება.

ფაიფური - სხვადასხვა სახის ნაკეთობა, რომელიც მზადდება ორგზის გამომწვარი და მოჭიქული მინარევიანი (მარმარილო, ცარცი და სხვა) მაღალხარისხოვანი თიხის მინირებული მასისაგან. ფ. ჩვეულებრივ ღებულობენ კაოლინის, პლასტიკური თიხის, კვარცისა და მინდვრის შპატის წვრილდისპერსიული ნარევის მაღალ ტემპერატურაზე გამოწვით. ტექნიკის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ფ. სახესხვაობანი: თიხამიწიანი, ცირკონიუმიანი, ბორკალციუმიანი, ლითიუმიანი და სხვ.

ფაკულტეტი (გერმ.) - უმაღლესი სასწავლებლის განყოფილება, რომელზედაც ასწავლიან გარკვეულ მომიჯნავე სასწავლო დისციპლინებს.

ფალსიფიკაცია (ლათ.) - რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლა მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბება, ხარისხის გაუარესება.

ფალცი (გერმ.) – 1. ფიცრის (ქვის და მისთანების) გაყოლებაზე ამოღარული ხაზი, რომელშიც იდება მასთან შემაერთებელი დეტალის შვერილი; ნარიმანდი; 2. ლითონის ფურცლების (თუნუქის) შეერთების ადგილი, ნაკერი.

ფანერი (ფირფიცარი) სამშენებლო - კონსტრუქციული, მრავალფენიანი, ქარხნული წესით დამზადებული ფურცლოვანი საშენი მასალა. შედგება კენტი რაოდენობის შპონების თხელი ფენებისაგან. შპონები მზადდება არყის ხის ან სხვა წიწვოვანი ჯიშის მერქნისაგან. მეზობელი შპონების ბოჭკოები ურთიერთმართობი მიმართულებითაა განლაგებული (ნახ. 1, სამშენებლო ფანერის განივკვეთის დეტალი: 1 - გრძივი ფენა; 2 - განივი ფენა; ნახ. 2, ფანერი), ხოლო ფანერის გარე შპონებს ერთნაირი მიმართულება აქვთ. სამშენებლო საქმეში ძირითადად გამოიყენება დაწებებული და დაბაკელიტებული წყალმედეგი ფანერი. ფანერის შპონების დაწებება ხდება ფენოლფორმალდეჰიდური ტიპის წყალმედეგი სინთეზური წებოების გამოყენებით, რაც იძლევა ამაღლებული წყალმედეგობის მარკის ფანერს, რომლის გამოყენება დაშვებულია ტენიანობის ყველა ჯგუფის შენობა-ნაგებობების კონსტრუქციებში. დაწებებული ფანერის ფურცლების სისქეა 1,5...12 მმ; სიგრძე - 2240, 2135, 1525, 1220 მმ; სიგანე - 1525, 1220 და 725 მმ. ამათგან პრაქტიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული შევიდფენიანი ფანერი სისქით 8...12 მმ და ფურცლის ზომებით 1525×1525 მმ. 15 მმ-ზე მეტი სისქის ფანერს ფანერის ფილები ეწოდება და მისი სისქე 120 მმ-ს აღწევს. დაწებებული ფანერის სიმტკიცე გარე ფენების მიმართულებით უფრო მაღალია, ვიდრე განივად, რადგანაც გრძივად ფენების რაოდენობა ერთით მეტია და გარე ფენები განლაგებულია ღუნვისას მაქსიმალური ძაბვების ზონაში. ჭრაზე ფანერის სიმტკიცე 2,5-ჯერ აღემატება მერქნის სიმტკიცეს ჭრაზე ბოჭკოების მიმართულებით, რაც ფანერის დიდ უპირატესობაზე მიუთითებს. მანკების გავლენაც ფანერაში მცირეა. ჯვარედინა სტრუქტურის გამო ფანერს მერქანთან შედარებით ნაკლები ანიზოტროპულობა ახასიათებს. ამასთან, მას უფრო მაღალი სიმტკიცის მაჩვენებლები, დაბალი ბგერა- და თბოგამტარობა, ქიმიურად აგრესიული გარემოსა და ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მაღალი მედეგობა ახასითებს. ამ დადებითი თვისებების ერთობლიობა სამშენებლო კონსტრუქციებში მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, უპირველეს ყოვლისა, შემომფარგვლელი კონსტრუქციების, წებოფანერის კოჭების, პანელების, წიბოვანი და ქარგილოვან-ბადისებრი თაღების დასამზადებლად. ზედაპირის სისუფთავის მიხედვით არსებობს გაუხეხავი ზედაპირებით, ერთ მხარეს გახეხილი და ორივე მხარეზე გახეხილი ფანერი. ფენების რაოდენობის მიხედვით - სამფენიანი, ხუთფენიანი და მრავალფენიანი. მერქნის ჯიშის მიხედვით - არყის ხის და წიწვოვანი მერქნის (ლარიქსი, ფიჭვი, სოჭი, ნაძვი).

ფანერი ამაღლებული წყალმედეგობის - ფანერი, რომელსაც აქვს ამაღლებული სიმტკიცის ზღვარი ახლეჩაზე (შპონებს შორის წებოვანი ნაკერის) მისი ადუღებულ წყალში გამოხარშვის შემდეგ. ფ.ა.წ. მიეკუთვნება არყის ხის ფანერი მარკით ФСФ (რუსული წარმოების), რომელიც დამზადებულია ფენოლფორმალდეჰიდურ წებოზე, სწორედ ამ წებოს გამოყენება ანიჭებს ფანერას წყალმედეგობას, რადგანაც ის მედეგია სოკოებისა და მავნე მიკროორგანიზმების მიმართ.

ფანერი გარანდული - ხის ძვირფასი დეკორატიული ჯიშებიდან (მუხა, კაკალი, კოპიტი, ნეკერჩხალი, წიფელი) დამზადებული ფანერი, რომელიც ავეჯისა და სამშენებლო ნაკეთობების დასაფანერებლად გამოიყენება.

ფანერი დაბაკელიტებული - მზადდება წყალმედეგი ბაკელიტის წებოზე ძირითადად არყის ხის შპონისაგან. გამოდის ფილების სახით სიგრძით 7700 მმ, სიგანით 2000 მმ-მდე, სისქით 5...16 მმ. იყენებენ სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციული ელემენტებისათვის, რომლებიც მომატებული ტენიანობის პირობებში მუშაობენ.

ფანერი დეკორატიული - მზადდება ფისში გაჟღენთილი შპონების შეკვრის დაწნეხით მაღალ ტემპერატურაზე. ცხელი დაწნეხა უზრუნველყოფს ზედაპირის დეკორატიული გამომსახველობის მკვეთრ გაუმჯობესებას. ხშირად ზედაპირის ტექსტურის გასალამაზებლად იყენებენ ფისში გაჟღენთილ ქაღალდს, ქსოვილს, ფირს და 0,08...0,1 მმ სისქის მიკროშპონს, რომელსაც იღებენ წვრილფოროვანი ჯიშის ხის მორის დაჩურჩვნით.

ფანერი კომბინირებული (ფანერის ფილა) - ფანერი (ფანერის ფილა) შპონის ფენებით, დამზადებული სხვადასხვა ჯიშის მერქნისაგან, განლაგებული სიმეტრიულად ცენტრალური ფენის მიმართ.

ფანერი ლამინირებული - მზადდება ხის სქელი შპონების (0,35...4 მმ) ფურცლების შეწებებით ჩვეულებრივი ფანერის ანალოგიურად. გამოირჩევა შეუდარებელი სიმტკიცითა და ფორმის სტაბილურობით. აკეთებენ 3 ან 5 ფენიანს წყალმედეგი წებოების გამოყენებით. მცირე წონა, მაღალი მდგრადობა ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ, შესანიშნავი ფაქტურა, დაბალი ფასი - ეს ის თვისებებია, რომელიც ლამინირებულ ფანერას ხდის ძალზედ პოპულარულს სამშენებლო საქმეში. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ამ ფანერაზე ყალიბების დასამზადებლად, რომლებსაც იყენებენ სამოქალაქო თუ სამრეწველო დანიშნულების ორიგინალური ნაგებობების მშენებლობისათვის. ეს ყალიბები თავისი სიმსუბუქით, მოხერხებულობით, მრავალჯერადი გამოყენებებადობით, ზედაპირის თვისებებით, ფასით, ხელმისაწვდომობით გაცილებით მიმზიდველი მასალაა, ვიდრე ლითონი, ფიცარი ან პლასტმასა.

ფანერის ამობერილობა - ფანერის დეფექტი, რომელიც მის ზედაპირზე ამობურცული წარმონაქმნების სახით გამოიხატება, რაც ზედაპირული შპონის ფურცელსა და შიგა ფენების ფურცელს შორის შეუწებავი ადგილების არსებობით ან მათ შუა მოხვედრილი უცხო სხეულითაა გამოწვეული.

ფანერის მილები - არყის ხის მერქნისაგან ფენოლფორმალდეჰიდურ წებოზე დამზადებული ნაკეთობები, როლებიც უძლებენ შიგა 12 ატმ. წნევას. გამოიყენება  სითხეების და ფხვიერი მასალების პნევმო ტრანსპორტირებისთვის (დიამეტრი 1,5 მ-მდე).

ფანზა (ჩინ.) - ქვის ან ალიზის, ხის კარკასიანი სახლი ჩინეთში.

ფანტური - ბუდისტური სტუპას თავზე დადგმული დეკორატიული დანიშნულების მსუბუქი ნაგებობა (ნაკეთობა).

ფანჩატური - თალარი, საჩრდილობელი, ტალავარი; მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

ფანჯარა (თურქ.) - 1. სარკმელი; შემინული ღიობი კედელში, სათავსის განათებისათვის; 2. ძვ. სარკმლის ბადე ან შემაღლებული (გადასავარდნი) ადგილის მოაჯირი. ამ მნიშვნელობით ტერმინმა თითქმის XIX საუკუნამდე მოაღწია, როდესაც მან თავისი დღევანდელი მნიშვნელობა მიიღო. ფანჯრის ალათი - მინების დასამაგრებელი, მოძრავი (ზოგჯერ უძრავი) კარკასი, რომელიც კლედელში ჩამაგრებულ ჩარჩოში თავსდება.

ფანჯარა ვენეციური - სამმალიანი ფართო ფანჯარა.

ფანჯრის ბლოკი - ფანჯრისა და მისი ჩარჩოსაგან შემდგარი ნაკეთობა.

ფანჯრის ბრუნსაკეტი - საფანჯრე ფურნიტურის ელემენტი, რომლის ბრუნვითაც ხდება ფანჯრის ჩაკეტვა.

ფანჯრის ფრთა - ასაწყობი ერთეული ჩარჩოვანი კონსტრუქციის ფანჯრის ბლოკისა, რომელიც უერთდება ჩარჩოს სახსრული ან მოსრიალე მაკავშირებლებით. თუ ფრთა ყრუა (არ იღება), მაშინ მისი შეერთება ჩარჩოსთან ხორციელდება უსახსროდ (ნახ. 1. ფანჯრის ფრთა: მარცხნივ - გაღება-გადმოკიდება; შუაში - ყრუ; მარჯვნივ - მოძრავი).

ფარადა (ფრანგ.) - ფიზიკაში - ელექტრული ტევადობის საზომი ერთეული SI სისტემაში. 1 ფარადა არის ისეთი კონდენსატორის ტევადობა, რომელზედაც 1 კულონი მუხტის მოთავსებისას შემონაფენებს შორის ძაბვა იქნება 1 ვოლტი.

ფარგალი (ლათ., წრე, წრეწირი) - სახაზავი იარაღი წრეწირისა და მისი რკალის გამოსახაზად, ხაზოვანი ზომების ასაღებად და გადასატანად.  

ფარდახტი - ბათქაში; განსაკუთრებული ხსნარით (გაჯის და კირლამის ნარევით) შელესილი შრე კედლის ან ჭერის ზედაპირზე.

ფარდობა - შედეგი, მიღებული ერთი სიდიდის მეორეზე გაყოფით მიღებული შედეგი. ფ. სიდიდით ხასიათდება ესა თუ ის მოვლენა, ნარევის შედგენილობა, გადაცემა მექანიკურ ამძრავებში და სხვ. მაგალითად, გადაცემის ფ., წყალ-ცემენტის ფ. ბეტონის ნარევში, მასების ფ. ფრაქციების მიხედვით, კონსტრუქციების ზომების ფ., მათემატიკურ სიდიდეთა ფ. და სხვ.

ფარდობითი აჩქარება - იხ. აჩქარება ფარდობითი.

ფარდობითი კუთრი წონა - განსახილველი სითხის წონის ფარდობა იმავე მოცულობის დისტილირებული წყლის წონასთან +40С ტემპერატურისას.

ფარდობითი მოძრაობა - წერტილის (სხეულის) მოძრაობა ათვლის იმ მოძრავი სისტემის მიმართ, რომელიც თვითონ გარკვეული სახით გადაადგილდება რომელიმე სხვა, ათვლის ძირითადი სისტემის მიმართ (რომელსაც პირობითად "უძრავს" უწოდებენ).

ფარდობითი სიმკვრივე - მოცემული კომპონენტის სიმკვრივისა და ჰაერის ნარევის საშუალო სიმკვრივის რიცხვითი სიდიდეების ერთმანეთთან შედარება.

ფარდობითი შევიწროება - მასალის პლასტიკურობის მახასიათებელი გაჭიმული ნიმუშის განივკვეთის შემცირების მიხედვით (მაგ., ლითონის გაჭიმულ ნიმუშში ე.წ. ყელის გაჩენა). განასხვავებენ თანაბარ, შეყურსულ და სრულ ფ.შ.

ფარდობითი ცდომილება - სიდიდის გაზომვის აბსოლუტური ცდომილების შეფარდება გასაზომი სიდიდის ზუსტი მნიშვნელობის მოდულთან.

ფარდობითი წონასწორობა - მექანიკური სისტემის წონასწორობა მოძრავი სისტემის მიმართ.

ფარდობითობის თეორია - ფიზიკური თეორია, რომელიც შეისწავლის სივრცისა და დროის თვისებებს. ფ.თ. კვანტურ მექანიკასთან ერთად თანამედროვე ფიზიკის და ტექნიკის საფუძველია.

ფარდობითობის სპეციალური თეორია - ფარდობითობის კერძო თეორია, რომელიც იკვლევს სივრცისა და დროის თვისებებს იმ მიახლოებით, როცა შესაძლებელია გრავიტაციული ეფექტების უგულებელყოფა. ეს თეორია ისტორიულად მომზადდა ჰ. ლორენცისა და ა. პუანკარეს შრომების შედეგად. საბოლოოდ ჩამოაყალიბა აინშტაინმა (1905 წ.).

ფარდული (კარავი) - 1. სამეურნეო დანიშნულების მავთულბადით შემოფარგლული სასაწყობო მცირე ნაგებობა; 2. დგარებზე შეყენებული ჩარდახი, სვეტებზე დაყრდნობილი სახურავი.

ფარენჰაიტის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომლის სკალაზედაც ყინულის დნობის წერტილი აღნიშნულია +32 გრადუსით, ხოლო წყლის დუღილის წერტილი +212 გრადუსით. იყენებენ ინგლისსა და აშშ-ში.

ფარეში - ხის (ან რკინის) ჩხირი რისამე ნაწილების ერთმანეთზე გადასაბმელად; ჭანჭიკი.

ფართო - 1. რასაც დიდი განი აქვს; 2. ბევრის მომცველი, ბევრისთვის განკუთვნილი; მასობრივი, მრავალრიცხოვანი.

ფართობთა კანონი - ცენტრალური ძალების ზემოქმედებით ნივთიერი წერტილის (სხეულის მასების ცენტრის) მოძრაობის კანონი, რომლის თანახმად: ა) წერტილის ტრაექტორია წარმოადგენს ძალების ცენტრზე გამავალ სიბრტყეში მდებარე ბრტყელ წირს; ბ) ფართობი, რომელსაც შემოწერს ძალების ცენტრიდან გავლებული წერტილის რადიუს-ვექტორი, იზრდება დროის პროპორციულად, ე.ი. წერტილი მოძრაობს მუდმივი სექტორული სიჩქარით (V = dS/dt = const).

ფართობი (ფართი) - ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის და ზედაპირის ერთ-ერთი რაოდენობრივი მახასიათებელი. მართკუთხედის ფართობი ტოლია ორი მიმდებარე გვერდის სიგრძეთა ნამრავლის. ნებისმიერი ბრტყელი ფიგურის ფართობი განისაზღვრება როგორც მასში ჩაწერილი ან მასზე შემოწერილი საფეხურებიანი (ერთმანეთის მიმდებარე რამდენიმე მართკუთხედის) ფიგურების ზღვარი (ფართობების ჯამი). მას ხშირად იყენებენ ტექნიკურ გაანგარიშებებში: არმატურის კვეთი, განივი კვეთი; დაყვანილი, თელვის, სასარგებლო, საანგარიშო, საყრდენი, შეხების, შუბლური და სხვა ფ.

ფართობი არაიზოლირებული - არაიზოლირებულად ითვლება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარგებლობა დამოკიდებულია სხვა საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე.

ფართობი არასაცხოვრებელი - შენობის ის ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად.

ფართობი იზოლირებული - იზოლირებულად ითვლება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარგებლობა არ არის დამოკიდებული სხვა საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე.

ფართობი სასარგებლო - საცხოვრებელი და დმხმარე სათავსების ფართობების ჯამი; ბინის საერთო ფართობი.

ფართობი საცხოვრებელი - 1. შენობის ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად; 2. ბინის საცხოვრებელი ოთახების საერთო ფართობი.

ფართობი საწარმოო - ყველა სათავსის ფართობი, დაკავშირებული ძირითად საწარმოო პროცესთან.

ფართოშრიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ხის წლიური რგოლების სისქის გაზრდა. ახასიათებს მიანდის ნაძვს, რომელიც იზრდება ტენიან ადგილებში. მერქანი რბილია და ნაკლები სიმტკიცის.

ფარი - 1. ჰიდრავლიკური კონსტრუქცია არხის წყლის და საერთოდ წყლის მასივის შესაგუბებლად და დასაცლელად (ჩამკეტი ფ.); 2. ბულდოზერის და გრეიდერის მუშა ორგანო, რომელიც განკუთვნილია გრუნტის მოსაჭრელად ან მოსასწორებლად და აღჭურვილია მჭრელი დანით; 3. ძვ. საბრძოლო იარაღი.

ფარული სამუშაოები მშენებლობაში - სამუშაოები, რომელთა შემოწმება ნატურაში შეუძლებელია მიმღები კომისიის მიერ, შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაში ჩაბარებისას (მაგ., არმატურის დაყენება მონოლითური რკ.ბ.-ის კონსტრუქციების მოწყობისას). სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად სამშენებლო ორგანიზაცია წარუდგენს მიმღებ კომისიას დასათვალიერებლად და შესამოწმებლად ფარულ სამუშაოს, სანამ ის არ დაიფარება მომდევნო სამუშაოთი.

ფარღია - ძვ. ლოჯია, აივანი, "სახლი გვერდღია" (საბა).

ფარცვა - იხ. ნარიმანდვა.

ფარცხი - სასოფლო-სამეურნეო იარაღი ნიადაგის წმინდად გასაფხვიერებლად. ამავე დროს ფ. ჰქვია მექანიკური შემრევების იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ ახდენს ზემოქმედებას შესარევ მასალაზე ხვეტიების საშუალებით. მაგ., შლამშემრევი ცემენტის წარმოებაში ტრავერსაზე დაკიდებული ფარცხებით, რომლებიც გადაადგილდებიან ავზში და ახდენენ წყალში მექანიკურად შერეული ნედლეული მასალის (კირქვების, თიხების, მერგელების) დაქუცმაცებას.

ფასადების ჰიდროფობიზაცია - ფასადების დამუშავება სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით (ჰიდროფობიზატორებით), ყინვაგამძლეობის და თბოსაიზოლაციო თვისებების ასამაღლებლად, მარილებისა და ობის გაჩენის საწინაარმდეგოდ, გრუნტის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ფასადი (ფრან.) - შენობის გარე მხარე.

ფასადი გამჭვირვალე - თანამედროვე ფ.გ. არის ორიარუსიანი მოდელი, რომელიც მოიცავს ქვედა ტექნიკურ მოდულს გათბობის, გაცივებისა და ვენტილაციის საინჟინრო დანადგარებით, და ზედა მოდულს - მთლიანად ან ნაწილობრივ გამჭირვალეს გაღებისა და მზის სხივებისაგან დაცვითი სისტემით. ხშირ შემთხვევებში ასეთი ფასადები აღჭურვილია ფოტოგალვანური ელემენტებით, რომლებიც გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას.

ფასადი ვენტილირებადი - ფასადის შეკიდული საფარი, რომელიც შედგება შემოსვის მასალებისა (პანელი, ფილა, ფურცლოვანი მასალა) და მზიდი კონსტრუქციისაგან; ემაგრება კედელს იმგვარად, რომ დამცავ-დეკორატიულ საფარსა და კედელს შორის რჩება ჰაერის სივრცე. ვენტილაციის გარდა უზრუნველყოფს შენობის დაცვას თბო- და ბგერაიზოლაციისაგან.

ფასადი სხივგამტარი - ფასადი, რომლის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციები შედგება სხივგამტარი ან თვითმზიდი სხივგამტარი ელემენტებისაგან. ფასადს შეიძლება ჰქონდეს ბრტყელი (ზოგჯერ დახრილი), გუმბათისებრი, კამარისებრი, ნაოჭისებრი და სხვ. ფორმა. ფ.ს. ელემენტების ცეცლმედეგობის ზღვარი არ არის ნორმირებული.

ფასეულობათა ანალიზი - ხარჯების შემცირების ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების შესწავლა ხდება იმ მიზნით, რომ დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა მათი დიზაინის შეცვლა, სტანდარტიზაცია ან ნაკლებდანახარჯიანი საწარმოო მეთოდით მიღება.

ფასი - 1. საქონლის ღირებულება ფულად გამოსახულებაში; 2. საბაზრო ურთიერთობათა რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მწარმოებლებსა და მომხმარებელს შორის და ამით წონასწორობაში მოჰყავს ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა-მიწოდება. არსებობს ფასების სხვადასხვა სახეები: აბსოლუტური, ადმინისტრაციული, "დამამშვიდებელი", ზღვრული მაქსიმალური, ზღვრული მინიმალური, მერყევი, მიზნობრივი, მიწოდების, მოთხოვნის, მოქნილი, მსოფლიო, მტკიცე, მწარმოებლის, ნომინალური, საბაზისო, საბაზრო, საბითუმო, საფაქტურო, საცალო, საცნობარო, ტრანსფერული, ფიქსირებული, შევაჭრებითი, წონასწორობის და სხვ.

ფასი საბაზისო - საქონლის ასორტიმენტის ან ფიქსირებული პარამეტრების ხარისხის შესაბამისი ფასი, რომელიც მხარეთა მიერ გათვალისწინებულია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში და წარმოადგენს ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბოლოო ფასის დადგენის საფუძველს. საბაზისო ფასის საფუძვლად აღებულიდან განსხვავებული ხარისხის საქონლის მიწოდების დროს გათვალისწინებულია ფასდანამატი და ფასჩამოკლება წინასწარ დათქმული ოდენობით.

ფასი საბაზრო - თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე იდენტური საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებისას და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. ს.ფ. შეიძლება იყოს საბითუმო და საცალო.

ფასიანი ქაღალდები - დადგენილი ფორმის საფინანსო დოკუმენტი, რომელშიც აისახება მისი მფლობელის გარკვეული ქონებრივი უფლებები და რომლის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. ფასიან ქაღალდებს მიეკუთვნება: ჩეკი, თამასუქი, აკრედიტივი, აქცია, ობლიგაცია, კონოსამენტი, ლომბარდის საგირავნო ბილეთი, შემნახველი ბანკის წიგნაკი, ფულად-ნივთობრივი ლატარიის ბილეთი, რომელსაც მოგება ხვდა და სხვ. ფ.ქ. შეიძლება იყოს სახელობითი და წარმომადგენლობითი.

ფასონური - 1. გარკვეული ფასონის, ნიმუშის მიხედვით გაკეთებული; 2. რასაც რთული განივკვეთი, რთული კონფიგურაცია აქვს; რელიეფური.

ფასონური ნახვრეტი - ნახვრეტი, რომლის ფორმა განსხვავდება წრისაგან.

ფასწარმოქმნა - ფასების ჩამოყალიბების, მათი დონისა და თანაფარდობის განსაზღვრის პროცესი. როგორც წესი, ფასწარმოქმნაში გაითვალისწინება: პირდაპირი და ზედნადები ხარჯები, მეწარმის მოგება და არაპირდაპირი ხარჯები.

ფაუნა (ლათ.) - რაიმე ადგილის ან გეოლოგიური პერიოდის ცხოველთა ყველა სახეობის ერთობლიობა; ცხოველთა სამყარო.

ფაქსიმილე (ლათ.) - 1. ვისიმე ხელმოწერა, ხელმოწერის კლიშე, ბეჭედი; 2. ხელნაწერის, საბუთის, ხელმოწერის და მისთანების ზუსტი ასლი, რომელიც გადაღებულია ფოტომექანიკური წესით.

ფაქსიმილია - კლიენტის მიერ თავისი პირადი ხელმოწერის ზუსტი შესრულება მექანიკური საშუალებების გამოყენებით.

ფაქტი (ლათ.) - 1. სინამდვილე, რეალურობა; 2. ნამდვილი, ჭეშმარიტი, არა გამოგონილი ამბავი, შემთხვევა, მოვლენა; 3. მონაცემი, მასალა რაიმე მოსაზრების დასადასტურებლად, დასკვნის გასაკეთებლად.

ფაქტორები აეროჰიდროდინამიკური - წარმოიქმნება ისეთი სტიქიური უბედურების შემთხვევაში, როგორიცაა წყალდიდობა, ტაიფუნი და გრიგალი, სმერჩი, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, კოკისპირული წვიმა და მისთ. ცალკეულ შემთხვევებში (კაშხალის ნგრევა, ავარიები ჰიდროელექტროსადგურებზე) ფ.ა. ტექნოგენური წარმოშობისაა. მისთვის დამახასიათებელია ის, რომ მათ ახლავს მეორადი დამაზიანებელი ფაქტორები და მათი კომბინირებული ზემოქმედება. ასე, მაგ., წყალდიდობისას შესაძლებელია დიდი ტერიტორიის დატბორვა, შენობა-ნაგებობების, ხიდების ნგრევა, აგრეთვე ავარიები საწარმოებში, დასნებოვნება ავარიულ-ქიმიურად საშიში ნივთიერებებით, დაგაზიანება, ნგრევა და სხვა. ქარიშხალმა, დარტყმითი ტალღის გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ხანძრები, ავარიები, რომელსაც ახლავს გარემოს დაბინძურება ქიმიურად საშიში ნივთიერებებით.

ფაქტორები ტემპერატურული - ცალკეულ ექსტრემალურ სიტუაციებში (ხანძარი საწარმოში, სინათლის გამოსხივების ზემოქმედება, ზვავი, კატასტროფები ზღვაში და მთელი რიგი სხვა კრიტიკული სიტუაციები) აღძრული მაღალი და დაბალი ტემპერატურების ზემოქმედება. ტემპერატურული ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ჩნდება ხანძარი, დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ადგილი აქვს გათბობის და წყალსადენების ქსელის გაყინვას, ცალკეული საწარმოების და ტრანსპორტის მუშაობის გაჩერებას.

ფაქტორები ფიზიკური - ადამიანზე მოქმედი გარემოს ბუნებრივი და ანტროპოგენული ფაქტორების ზემოქმედება. ასეთებია: ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობა, მზის რადიაცია, ატმოსფერული წნევა, გრავიტაცია, დედამიწის მაგნიტური ველი, ატმოსფერული ელექტრობა, კოსმოსური გამოსხივება და სხვ.

ფაქტორი (ინგლ.) - 1. საწარმოს (ეკონომიკის) განვითარების ერთ-ერთი ძირითადი რესურსი (მიწა, შრომა, კაპიტალი, მეწარმეობა); 2. აგენტი, რომელსაც ევალება და აქვს საქონლის გაყიდვის უფლებამოსილება; 3. მიზეზი, მამოძრავებელი ან ზემოქმედი ძალა რომელიმე პროცესის ან მოვლენისა, რომელიც განსაზღვრავს მის ხასიათს ან მის ცალკეულ ნიშნებს. მაგ., გადამყვანი, გრანულომეტრული, დინამიკური, კონცენტრაციის, სიმძლავრის, წყალცემენტის, კლიმატური და სხვ. ფაქტორები.

ფაქტორიალი (ინგლ.) - მათემატიკაში - ნატურალური რიცხვების ნამრავლი 1-დან რომელიმე მოცემულ რიცხვამდე. აღინიშნება ! სიმბოლოთი.

ფაქტორინგი - ფინანსური ინსტრუმენტი, როდესაც დაფინანსების საფუძველია ფაქტორის (ბანკის) მიერ კლიენტის (გამყიდველის) დებიტორული დავალიანების შესყიდვა. ფ. ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ აძლევს რა გადავადებული გადახდის შესაძლებლობას მყიდველს, გამყიდველი მიწოდებული საქონლის (გაწეული მომსახურების) ანაზღაურებას იღებს საქონლის მიწოდებისთანავე. ფ. წარმოადგენს კომპლექსურ მომსახურებას. ფინანსირების მიღმა იგი ასევე მოიცავს გადაუხდელობის რისკის დაზღვევას, საინფორმაციო-ანალიტიკურ და შემგროვებლის მომსახურებას.

ფაქტურა (ლათ) - 1. კედლის, ჭერის და სხვა არქიტექტურული ფორმის, ელემენტის და, აგრეთვე, მხატვრული ნაწარმოების (ფერწერა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ.) ზედაპირის თავისებურება, აღნაგობა, დამუშავების ტექნიკა და სხვ.; 2. გამყიდველის მიერ მყიდველის სახელზე გამოწერილი და საქონლის ან მომსახურების და მათი ღირებულების ფაქტობრივი მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საქონლის სახელწოდება, რაოდენობა, გასაყიდი ფასი და სხვ.

ფაქტურა გლუვი - თანაბრად მქისე ზედაპირი დამუშავების კვალის გარეშე, მიღებული დამზადების პროცესში.

ფაცეტი (ფრანგ.) - სქელი მინის (სარკის, ძვირფასი ქვის) წახნაგების ირიბად წაჭრილი, გაპრიალებული ზედაპირი, რომელიც ნაკეთობას აძლევს დამთავრებულ, სასიამოვნო გარეგნობას (ნახ. 1). მისი სიგანე აიღება 5-დან 45 მმ-მდე, დახრის კუთხე - 45 გრადუსამდე. ფ. მზადდება სპეციალურ საწარმოო მაღალტექნოლოგიურ დაზგა-დანადგარებზე, რომლებიც აღჭურვილია კვანძებითა და მექანიზმებით მინის წახნაგის (ტორსის) ირიბად წაჭრისა და მაღალი ხარისხით დამუშავებისათვის.

ფაციესი - დანალექი ქანების (ან თანამედროვე ქანების) იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელიც გვიჩვენებს მათი წარმოქმნის პირობებს.

ფაცხა - ლარი, ლაჭყორი, ჩოდოლი; წნული ქოხი დასავლეთ საქართველოში. ზედაპირის დამუშავების ხასიათი.

ფეანდაზი (სპარ) - იგივეა, რაც ფეინდაზი; გრძელი და ვიწრო ძვირფასი ნოხი დასაფენად. "ქვეშ გასაშლელი ხელმწიფის სავლელად" (დ. ჩუბინაშვილი).

ფეთქებადი აირები - აირები (მეთანი, უმაღლესი ნახშირბადები, წყალბადი, ნახშირბადის ჟანგი და სხვ.), რომლებიც ფეთქდებიან გარკვეული პროპორციით ჰაერთან შერევისას. მეთანის ნარევი ატმოსფერულ ჰაერთან ფეთქდება მასში მეთანის შემცველობის 5-დან (აფეთქების ქვედა ზღვარი) 16%-მდე (აფეთქების ზედა ზღვარი) ფარგლებში. შედარებით ძლიერი აფეთქება ხდება მეთანის 9,5% კონცენტრაციის დროს, როდესაც რეაქციაში შედის მეთანისა და ჟანგბადის მთელი შემცველობა. მეთან-ჰაერის ნარევის აალება ხდება 650...7500C ტემპერატურის დროს. აალების შესაძლებლობა იზრდება მაღალი ტემპერატურის წყაროს ზემოქმედების დროისა და აირის წნევის ზრდის შემთხვევაში, კატალიზატორების არსებობისას და დამოკიდებულია ასაფეთქებელი ნარევის ხასიათზე. მეთანისა და ჰაერის ნარევის აფეთქებას თან სდევს სითბოს მნიშვნელოვანი გამოყოფა. აფეთქების პროდუქტების ტემპერატურა აღწევს 2000...25000С-ს, ხოლო აფეთქებით გამოწვეული წნევა - ათეულობით ატმოსფეროს. გაზების ნარევის აფეთქების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გამოვრიცხოთ წვადი გაზების დაგროვება ფეთქებადსაშიშ კონცენტრაციამდე, აგრეთვე არ დავუშვათ აალების წყაროს არსებობა ფეთქებადი ნარევის შესაძლო გამოყოფის ზონებში.

ფეთქებადი მასალების ამოღება - უკანონო ბრუნვაში მყოფი ფეთქებადი მასალების ჩამორთმევა.

ფეთქებადი მასალების ბრუნვა - საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების გამოცდას, დამზადებას, შეფუთვას, გადაზიდვას, შენახვას, გამოყენებას, აღრიცხვას, შეძენას, განადგურებას, რეალიზაციას, ამოღებას, ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებას, ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს, ტრანზიტს, აგრეთვე, ფეთქებად მასალებთან და საამფეთქებლო საქმესთან დაკავშირებული პერსონალის მომზადებას.

ფეთქებადი მასალების გადაზიდვა - ფეთქებადი მასალების გადატანა საშიში ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვის წესებისა და ნორმების შესაბამისად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებით.

ფეთქებადი მასალების განადგურება - ფეთქებადი მასალების გაუვნებელყოფა აფეთქებით, დაწვით ან წყალში გახსნით.

ფეთქებადი მასალების დამზადება - ფეთქებადი ნივთიერებების, მაიინიცირებელი საშუალებებისა და პიროტექნიკური ნაკეთობების დამზადება, რომლებშიც კომპონენტად გამოყენებულია ცალკეული ქიმიური ნივთიერება ან ქიმიურ ნივთიერებათა მექანიკური ნარევი.

ფეთქებადი მასალების დანაკლისი - ფეთქებადი მასალების დატაცება, გაბნევა და დაკარგვა.

ფეთქებადი მასალების შენახვა - ფეთქებადი მასალების განთავსება ისეთ შენობა-ნაგებობებში, რომელიც აკმაყოფილებს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.

ფეთქებადი მასალების შეფუთვა - საშუალება ან საშუალებათა კომპლექსი, რომელიც იცავს ფეთქებად მასალებს დაზიანებისა და დაბინძურებისაგან და უზრუნველყოფს შენახვისა და გადაზიდვის რეგლამენტირებულ პირობებს, მათი აღრიცხვის შესაძლებლობას.

ფეთქებადი ნივთიერებები - ნივთიერებები, რომლებსაც გარკვეული სახის გარე ზემოქმედებისას უნარი აქვთ თვითგავრცელდნენ და განიცადონ ძალზე სწრაფი ქიმიური გარდაქმნა სითბოსა და აირის გამოყოფით.

ფეთქებადმდგრადობა - მოწყობილობების, სამშენებლო კონსტრუქციების, სატრანსპორტო საშუალებების, ენერგეტიკული სისტემების თვისება სიმტკიცის მარაგის და მიზანშეწონილი განლაგების წყალობით წინ აღუდგეს აფეთქების დამანგრეველ ქმედებას.

ფეთქებადსაშიში ობიექტი - სადაც ინახება, გამოიყენება, იწარმოება ან ტრანსპორტირდება ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ ან გარკვეულ პირობებში იძენენ აფეთქების უნარს.

ფეთქებადსაწინააღმდეგო დაცვა - ტექნოლოგიური, სამშენებლო და ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია აფეთქების თავიდან ასაცილებლად, ან აფეთქების დამანგრეველი და გამანადგურებელი ფაქტორების შესამცირებლად.

ფეთქვა - წვადი ნარევის ორთქლის ხანმოკლე აალება, გამოწვეული მასთან ღია ცეცხლის ან გავარვარებული საგნის შეხებით. ფეთქვის დროს გამოყოფილი სითბო არ არის საკმარისი დანარჩენი ნივთიერების გასახურებლად აალების ტემპერატურამდე, ამიტომ წვადი მასალა არ ინთება.

ფეთქვის ტემპერატურა - მინიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც იწყება წვადი მასალის ორთქლის საწყისი ფეთქვა.

ფეთხაინი - თბილისში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, ქვემოთ უბანში მდებარე ერთ-ერთი მიკროუბანი.

ფეისბუკი - კომპიუტერის მომხმარებელთა სოციალური ქსელი. ფართოდ გამოიყენება ინფორმაციის გასავრცელებლად. ინფორმაციის გამცემი ათავსებს ინფორმაციას - როგორც ვერბალურს, ასევე ვიზუალურს (ფოტოები, ვიდეო) ან აუდიოს (მუსიკალური ჩანაწერები) - ფეისბუკზე, ადამიანთა გარკვეული წრისათვის მას ხელმისაწვდომს ხდის და განთავსებულ ინფორმაციაზე ვერბალურ უკუკავშირს, ანუ რეაქციას იღებს. ამ ინფორმაციის გაცნობა ქსელის ნებისმიერ წევრს და ამ წევრთა ქსელების ყველა მონაწილეს შეუძლია. სოციალური ქსელების გამოყენება ნაცნობთა თუ პროფესიულ ან მომხმარებელთა წრეებში ინფორმაციის გავრცელების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

ფეკალური - ფეკალიასთან დაკავშირებული, ფეკალიების შემცველი, ფეკალიებისათვის განკუთვნილი (მაგ., სასუქი).

ფენა - 1. დახერხილ მასალებში გრძივი განიერი მხარე; 2. ერთგვაროვანი ნივთიერების მასა, ზოლად გაშლილი სხვა ნივთიერებათა შორის და მათგან განსხვავებული; შრე; 3. (გადატანით) საზოგადოებრივი ჯგუფი, საზოგადოების ნაწილი, რომელიც გამოირჩევა რაიმე თავისებურებით.

ფენილი - 1. გადახურვის კოჭებზე, ნივნივებზე, ლართხებზე და მისთ. მიჯრით დაწყობილი ფიცრები (ნახ. 1, ხის ფენილი) (ფიცარფენილი, ფიცარნაგი) ან ძელები (ძელჭერი); 2. საავტომობილო გზის ან ქუჩის სავალი ნაწილის საფარი ან საფუძველი. შეიძლება იყოს ასფალტფენილი, ბეტონფენილი, ქვაფენილი (ნახ. 2, ქვაფენილი).

ფენოვანი საბადო - სწორი ფორმის საბადოს ტიპური მაგალითი, სადაც მარგი წიაღისეული განლაგებულია ფენების სახით.

ფენოლი (ბერძ.) - 1. არომატული ნახშირწყალბადი (C6H5OH). დამახასიათებელი სუნის უფერო კრისტალური მყარი ნივთიერება. წყალში იხსნება ზომიერად, სპირტში და აცეტონში კარგად. ფ. არომატული ნაერთების უმარტივესი ოქსინაწარმია. იყენებენ მრავალი ძვირფასი პროდუქციის მისაღებ ნედლეულად, აგრეთვე სადეზინფექციო საშუალებად. კანზე მოხვედრისას იწვევს დამწვრობას; 2. იგივეა, რაც კარბოლმჟავა.

ფენოლფორმალდეჰადური ფისები - ფენოლის ფორმალდეჰადთან ურთიერთქმედების პროდუქტი. გამოირჩევა ატმოსფერო- და თბომედეგობით, ელექტროსაიზოლაციო თვისებებით. გამოიყენება ფენოპლასტების, წებოების, ლაქების დასამზადებლად.

ფენოპლასტები - პლასტიკური მასალები (ტექსტოლიტი, მინატექსტოლიტი, აზბოტექსტოლიტი, გეტინაქსი, ფენოქაფპლასტი, სოტოპლასტი) დამზადებული ფენოლფორმალდეჰიდური ფისების ფუძეზე. ფ. დამზადებულ ნაკეთობებს ახასიათებს მაღალი თბოწყალ- და მჟავამედეგობა, კარგი ელექტროსაიზოლაციო თვისებები და მექანიკური სიმტკიცე.

ფერადი ლითონები - რკინის გარდა ყველა ლითონის სამრეწველო სახელწოდება. იგი იყოფა შემდეგ ჯგუფებად: მ ს უ ბ უ ქ ი (ალუმინი, მაგნიუმი, ტიტანი, ბერილიუმი, ლითიუმი და სხვ.), მ ძ ი მ ე (სპილენძი, ნიკელი, კობალტი, ტყვია, კალა, თუთია და სხვ.), ძ ნ ე ლ დ ნ ო ბ ა დ ი (ვოლფრამი, მოლიბდენი, ტანტალი, ქრომი, ცირკონიუმი, ნიობიუმი და სხვ.), კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ი ანუ ძვირფასი (ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინური ლითონები), გ ა ფ ა ნ ტ უ ლ ი (გალიუმი, ინდიუმი, თალიუმი), ი შ ვ ი ა თ მ ი წ ი ე რ ი (სკანდიუმი, იტრიუმი, ლანთანი და ყველა ლანთანოიდები), რ ა დ ი ო ა ქ ტ ი უ რ ი (ტექნეციუმი, ფრანციუმი, რადიუმი, პოლონიუმი, აქტინიუმი, თორიუმი, პროტაქტინიუმი, ურანი და ყველა ტრანსურანული ელემენტი). ლითონებს, რომელთა მოპოვება და გამოყენება შეზღუდულია, უწოდებენ ი შ ვ ი ა თ ს. მას მიეკუთვნება ყველა გაფანტული, იშვიათმიწიერი და რადიოაქტიური ლითონი, ძნელდნობადის უმეტესი ნაწილი და ზოგიერთი მსუბუქი ლითონი.

ფერდი - იხ. ფერდობი.

ფერდო - რაიმეს დაფერდებული ადგილი, გვერდი.

ფერდობების დატერასება - გულისხმობს ფერდობებზე საფეხურების მოწყობას (ხელოვნური ტერასები) მათზე სასოფლო-სამეურნეო და ტყის კულტურების გასაშენებლად, ასევე წყლისმიერ ეროზიასთან ბრძოლის მიზნით (ნახ. 1). ღვარცოფულ აუზებში ფერდობების დატერასება, ხეებისა და ბუჩქნარის გაშენებასთან ერთად, ზედაპირული ჩამონადენის რეგულირებისა და ღვარცოფული აქტიურობის შემცირების ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. ტერასების გაჭრა ხდება 350-მდე ქანობის ფერდობებზე; მათი სიგანე არანაკლებ 3 მეტრია. ტერასებს შორის მანძილი დამოკიდებულია ფერდობების ქანობსა და მისი ზედაპირის მდგომარეობაზე; როგორც წესი, ის შეადგენს ათეულ მეტრს. დატერასებული ფერდობი პრაქტიკულად გამორიცხავს ზედაპირულ ჩამონადენს და თავსხმა წვიმების დროს მცირემიწიანი უბნების სიბრტყით ჩამორეცხვას. ამის შედეგად, ხდება მაქსმიმალური ხარჯის მრავალჯერადი შემცირება, ხოლო კალაპოტში შეტივნარებული ნატანის მოცულობა ათჯერ და ასჯერ მცირდება.

ფერდობების სტატიკური მდგრადობა - გრუნტის იმ მასების სტაბილურობა, რომლებიც შემოფარგლულია პოტენციალურად დაცურების ზედაპირით ქვემოდან და თვით ფერდობის ზედაპირით ზემოდან. ფ.ს.მ. განსაზღვრისათვის გამოიყენება მეთოდები, რომლებიც ცნობილია როგორც ზღვრული წონასწორობის და რომელთა ძირითადი იდეა მდგომარეობს ჩამონგრევის ზედაპირის მოხაზულობის განსაზღვრაში და ამ ზედაპირის გასწვრივ ძაბვების სიდიდეების გამოთვლაში, რაც ნიშნავს დაცურების ზედაპირის შიგნით მოთავსებული გრუნტის მასივისა და გრუნტის თავისუფალი ზედაპირის სტატიკურ წონასწორობის მდგომარეობაში ყოფნას. ძალები და მომენტები, რომლებიც იწვევენ გრუნტის მასების არასტაბილურობას, შედარებული უნდა იქნეს იმ ძალებთან და მომენტებთან, რომლებიც შეინარჩუნებენ ფერდობის სტატიკურ მდგრადობას.

ფერდობი (მთის კალთა) - დედამიწის ზედაპირის დახრილი მონაკვეთი, რომელიც წარმოიქმნება ენდოგენური და ეგზოგენური პროცესების შედეგად ხმელეთსა და ზღვების (ოკეანეების) ფსკერზე. ფერდობთა ხასიათი განისაზღვრება შემადგენელი ქანების შედგენილობითა და აგებულებით, ადგილის აბსოლუტური და შეფარდებითი სიმაღლით, ფერდობთა პროცესების ინტენსივობით, კლიმატური თავისებურებებითა და სხვა. ფორმების მიხედვით განასხვავებენ: სწორ, ამობურცულ, ჩაზნექილ, საფეხურებისებრ და რთულ ფერდობებს. არსებობს აგრეთვე ჩაქცევითი, მეწყრული, სოლიფლუქციური, დელუვიური, ეროზიული და სხვა სახის ფერდობები. ფ. მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დახრილობა, რომელიც ძლიერ იცვლება ერთი ადგილიდან მეორე ადგილისაკენ. მთებში გვხვდება ფრიალო კალთები, რომელთა დახრილობა უახლოვდება 90°-ს. მთებში არსებული ფერდობების საშუალო დახრილობა კი ჩვეულებრივ 20°-ს აჭარბებს.

ფერი - 1. ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხობრივ-სუბიექტური მახასიათებელი, რომელიც განისაზღვრება ფიზიოლოგიურ- მხედველობითი შეგრძნების საფუძველზე და დამოკიდებულია მთელ რიგ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ფერის აღქმას განაპირობებს ადამიანის ინდივიდუალურობა; 2. შთაბეჭდილება, რომელსაც თვალზე ახდენს საგნის მიერ არეკლილი სინათლე ანუ რაიმეს გარეგნული შეფერილობა.

ფერიტი (ლათ.) - ფოლადის ან თუჯის ერთ-ერთი სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი, ქიმიურად თითქმის სუფთა რკინა; 2. ფერომაგნიტური ნახევარგამტარი.

ფერმა (ფრან.) - წამწე; გეომეტრიულად მდგრად სისტემაში გაერთიანებული ხის, ფოლადის ან რკ.ბ.-ის ღეროებისაგან შემდგარი მზიდი კონსტრუქცია.

ფერმენტი (ლათ.) - ცოცხალ უჯრედში წარმოიქმნილი ორგანული ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს.

ფერმერი (ინგლ.) - სოფლის მეურნეობის მუშაკი, რომელსაც სოფელში აქვს საკუთარი წარმოება.

ფერმუარი (ფრანგ.) - ქვის, ხის დასამუშავებელი სატეხი; ასეთი იარაღი ტყავის სატვიფრავად.

ფერნამბუკი - ხე, რომელიც ხარობს ბრაზილიაში, აქვს ძალიან მაგარი მოყვითალო-წითელი მერქანი, რომელიც გამოშრობისას იღებს მუქ წითელ ფერს („წითელი ხე”). იყენებენ გემთმშენებლობაში, ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად, საღებავების წარმოებაში და სხვ.

ფერო (ლათ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი, ნიშნავს რკინას (მაგ., ფერომანგანუმი, ფეროშენადნობი).

ფეროვანადიუმი - რკინის შენადნობი ვანადიუმთან; იყენებენ ფოლადის ლეგირებისათვის.

ფერომაგნეტიზმი - ფერომაგნეტიკებისათვის დამახასიათებელ მაგნიტურ მოვლენათა და თვისებათა ერთობლიობა.

ფერომანგანუმი (ლათ.) - რკინის შენადნობი მანგანუმთან; გამოიყენება ფოლადის წარმოებაში.

ფეროსილიციუმი - ფეროშენადნობი, რომლის ძირითადი კომპონენტებია კკინა და სილიციუმი. გამოიყენება ფოლადის განჟანგვისა და ლეგირებისათვის, აგრეთვე ჟანგეულებიდან ლითონების აღსადგენად.

ფეროქრომი (ლათ.) - რკინის შენადნობი ქრომთან; იყენებენ ქრომოვანი ფოლადის მისაღებად.

ფერსო - წრიულად შეკრული ხის რკალი, ჩამოგებული ურმის თვლის (ბორბლის) სოლებზე (ფერსოს ირგვლივ რკინა ეკვრის).

ფერწერა - სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც გამოსახულება სრულდება საღებავებით.

ფერხული - ძვ. მრგვალი წყობა.

ფესვი - 1. მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, რითაც ის მიწაშია დამაგრებული და იღებს საზრდოს; 2. მათემატიკაში - სიდიდე, რომელიც მისი ამ თუ იმ ხარისხში აყვანის დროს იძლევა ახალ რიცხვს.

ფესტონი (ფრანგ.) - ფერწერული ან ძერწული სამკაული ტალღისებრი ორნამენტის, გირლანდის და სხვა სახით.

ფეტრი - იხ. თექა.

ფექრალი (რკინაქრომალუმინი) - საერთო დასახელება მხურვალმედეგი შენადნობებისა რკინის საფუძველზე, რომელიც შეიცავს ქრომს (Cr) და ალუმინს (Al), რომლებშიც შეთავსებულია მხურვალმედეგობა მაღალ კუთრ ელექტროწინაღობასთან. მზადდება უმეტესად მავთულის და ლენტის სახით. გამოიყენება, როგორც ნიქრომის შემცვლელი წინაღობის ელემენტების დასამზადებლად, რომელთა მუშაობის ტემპერატურა არ აღემატება 10000C.

ფეხი - 1. ზოგი ნივთის საყრდენი; 2. თოფის სასხლეტი; 3. ადამიანის ქვედა კიდური, ცხოველის კიდური - სასიარულო ორგანო.

ფეხურა - შვერილები და ჩაღრმავებები ქვის კედელში, დატოვებული სხვა კედელთან შემდგომი კავშირისათვის.

ფთორთაბაშირი - ქიმიური წარმოების ნარჩენი, რომელიც შეიცავს 80...90% უწყლო კალციუმის სულფატს. გამოიყენება თაბაშირის მჭიდა მასალების წარმოებაში.

ფიასკო (იტალ.) - სრული მარცხი, კრახი.

ფიბრა (ლათ.) - 1. ბოჭკო, ძარღვი; 2. მოქნილი და მკვრივი ქაღალდის მასა, ქიმიურად დამუშავებული და დაწნეხილი; იყენებენ საიზოლაციო მასალად და ტყავის შემცვლელად. უშვებენ ფურცლის, მილის ან ღეროს სახით.

ფიბრობეტონი - ახალი კონსტრუქციული მასალა, დაარმატურებული წვრილი არაორგანული ან ორგანული ბოჭკოებით – ფიბრათი, რომელიც თანაბრადაა განაწილებული ბეტონის მოცულობაში. დისპერსიული ფიბრა, ცემენტის ქვის სიმტკიცეს გაჭიმვასა და ღუნვაზე 50...200%-ით ადიდებს. დისპერსიული არმირება ბეტონის მოცულობაში შეიძლება მიმართული იქნეს ორიენტირებულად ან გაბნეული ქაოტურად. ორიენტირებული არმირება ხორციელდება ნაქსობი და უქსოვი ბადით, გაუხშოებელი ქსოვილით, ფოლადის ბოჭკოთი, თუ დაყალიბება ხდება მაგნიტურ ველში და სხვ. ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს 0,1...0,5 მმ დიამეტრის ფოლადის ფიბრით დაარმირებულ ბეტონს. ფიბრის სიგრძეა 10...50 მმ და ის შეადგენს ბეტონის მასის 3...9%, რაც იძლევა 70...200 კგ-ს 1 მ3 ბეტონზე. ფიბრის სიგრძის გაზრდა იწვევს ბეტონის ნარევის ადვილჩაწყობადობის გაუარესებას. ფიბრის ბეტონთან შეჭიდულობის გაზრდის მიზნით იყენებენ პერიოდული პროფილის მავთულს და ფიბრას მოღუნული ბოლოებით. ფიბრობეტონის არმირებისათვის ასევე გამოიყენება მინის, ცელულოზის, ჯუტის, ნეილონის, ბაილონის, პოლიეთილენის და სხვა ბოჭკო, რომელიც არ განიცდის კოროზიას ჰიდრატირებული ცემენტის ტუტე გარემოში. ფიბრობეტონს იყენებენ კონსტრუქციაში, რომელსაც მუშაობა უხდება გაჭიმვაზე, ღუნვაზე, ცვეთაზე, განიცდის დარტყმას, აფეთქებასა და ვიბრაციულ დატვირთვას. დისპერსიული ბოჭკოს გამოყენება ყველაზე ეფექტურია წვრილმარცვლოვან ბეტონში, ექსპლუატაციის განსაკუთრებულ პირობებში, არის გამოცდილება მისი გამოყენებისა ხიმინჯის სათავისის დაბეტონებისათვის.

ფიბროლითი - საშენი მასალა, რომელიც შედგება მერქნის წვრილი ნარჩენების, ქიმიური დანამატების და მაგნეზიური შემკვრელისაგან. ფილის ზომები: სიგრძე 1500...2400 მმ, სიგანე 500...750 მმ, სისქე 25...100 მმ. ფ. ხასიათდება კარგი თბოსაიზოლაციო თვისებებით, ადვილად მუშავდება, ჭედვადია, ბიო- და ცეცხლმედეგია.  გამოიყენება ისევე, როგორც არბოლიტი.

ფიბროლითი აკუსტიკური - მასალა, რომელიც მიიღება მერქნის მატყლის ან სინთეზური ბოჭკოსა და მინერალური შემკვრელისაგან (პორტლანდცემენტი, თაბაშირი). ფ.ა. ბგერაშთანთქმის კოეფიციენტია არანაკლები 0,4.

ფიბროლითი მაგნეზიური - ფიბროლითი, დამზადებული სპეციალური მინერალების გარეშე.

ფიბროცემენტი - მასალა, რომლის შედგენილობაში შედის ცემენტი (80...90%). მაარმირებელი ბოჭკო მინერალური შემვსები. გამოიყენება კედლის პანელების, ტიხრების და მოსაპირკეთებელი ფილების (ფურცლების) დასამზადებლად. ფიბრად გამოიყენება სინთეზური და მინის ბოჭკო (ძველად იყენებდნენ აზბესტის ბოჭკოს).

ფიგურა (ლათ.) - 1. საგნის გარეგნული მოხაზულობა; 2. მათემატიკაში - სიბრტყის (სივრცის) ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია დახშული ხაზით (ზედაპირით); 3. ადამიანის ან ცხოველის კორპუსი, სხეულის აგებულება; 4. მნიშვნელოვანი, შესამჩნევი პიროვნება.

ფიგურა გეომეტრიული - წერტილთა ყოველნაირი სიმრავლე (სასრული ან უსასრულო) სიბრტყეზე ან სივრცეში (მაგალითად: წერტილი, ორი წერტილი, მონაკვეთი, სხივი, წრფე, სამკუთხედი, წრეწირი და სხვ.).

ფიდერი (ინგლ.) - 1. მკვებავი საკაბელო ან საჰაერო ხაზი, რომლითაც ელექტრული დენი ელექტროსადგურიდან მიეწოდება ენერგიის მანაწილებელ ქვესადგურს; 2. მოწყობილობა რადიოსიხშირის ელექტრული რხევების გადასაცემად ანტენისათვის ან პირაქეთ; 3. სათევზაო ფსკერული მოწყობილობა ინტეგრირებული საკვებურით

ფიზიკა (ბერძ.) - საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ბუნების უმარტივეს და უზოგადეს კანონზომიერებებს, მატერიის აგებულებას, თვისებებს და მოძრაობის ზოგად ფორმებს სივრცესა და დროში. ფ. სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად იკვლევს: მყარ სხეულებს, სითხეებს, აირებს, ატომურ ბირთვს, ატომებს, მოლეკულებს, პლაზმას, ელექტროობას, მაგნეტიზმს, ოპტიკას, ფიზიკურ ველებს, თერმოდინამიკას, კვანტურ მექანიკას, ფარდობითობის თეორიას და ა.შ.

ფიზიკური პირი - ცალკეული ქმედითუნარიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს მეურნეობრიობის ობიექტად ან დაქირავებულ მომუშავედ, იყოს სამართალურთიერთობათა ერთ-ერთი მხარე იურიდიულ პირებთან ან ცალკეულ მოქალაქეებთან.

ფიზიკური ქანქარა - მყარი სხეული, რომელსაც შეუძლია ბრუნვა სიმძიმის ძალის გავლენით იმ უძრავი ჰორიზონტალური z ღერძის გარშემო, რომელიც არ გადის ამ სხეულის სიმძიმის ცენტრზე.

ფიზიკური შედუღებადობა - მასალის თვისება წარმოქმნას მონოლითური შეერთება ქიმიური ბმის სახით.

ფითხი - ნაკვერცხლის ასაღები რკინის ნიჩაბი.

ფითხნა - უსწორმასწორო ზედაპირის შევსების (გასწორების) პროცესი საფითხის (საგოზავის) გამოყენებით.

ფილა - მკვრივი მასალა, რომელსაც დიდი ფართობის ბრტყელი ზედაპირი აქვს. სისქის მიხედვით არსებობს თხელი და სქელი. მშენებლობაში ფ. ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა. მას იყენებენ სახურავებში, სართულშუა გადახურვებში, საძირკვლებში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, საგზაო მშენებლობაში, მოსაპირკეთებელ სამუშაოებში; აივნების, იატაკების, ეზოების და ტროტუარების მოსაწყობად და ა.შ.;  2. ბრტყელი სხეული რომლის სისქე გაცილებით ნაკლებია სიგრძესა და სიგანესთან შედარებით. ფ. უამრავი სახეობა არსებობს, მაგ.: ბეტონის, დეკორატიული, ზემაგარი, თბოსაიზოლაციო, კედლის, ლავგარდანის, ლითონის, მერქნის, მერქნის ბოჭკოს, მერქნის ბურბუშელის, მერქნის ნარჩენების, მინის, მინაპლასტიკის, მინატექსტილითის, რაფის, რკინაბეტონის, სადურგლო, საიატაკე, საიზოლაციო, საყრდენი, საწნეხი, უჯრედებიანი, ფანერის, ფიბროლითის, ქვის, ცემენტბურბუშელის და სხვ.

ფილა (პანელი) გადახურვის - შენობის მზიდი სისტემის ელემენტი, რომელიც ღებულობს მასზე მოქმედ ვერტიკალურ დატვირთვებს და გადასცემს რიგელებს; აგრეთვე, ღებულობს კუმშვის და ძვრის ძალებს, რომელიც წამოიშობა გადახურვის დისკოში ფილის (პანელის) ღუნვაზე მუშაობისას.

ფილა ბრტყელი - სამშენებლო ფილა, რომლის ზედაპირი ბრტყელია.

ფილა თხელი - ფილა, რომლის სისქე 5-ჯერ ან მეტად მცირეა მის მალთან შედარებით, რომლის გასწვრივაც აღიძვრება მაქსიმალური მღუნავი მომენტი. ასეთი ფილების გაანგარიშება წარმოებს ფირფიტების ღუნვის ტექნიკური თეორიის საფუძველზე.

ფილა კერამიკული მოჭიქული - მოსაპირკეთებელი ფილა, ამზადებენ თიხისაგან ნახევრადმშრალი დაწნეხის მეთოდით და შემდგომი გამოწვით. არის თეთრი, ფერადი და დეკორატიული. შეიძლება იყოს ფორმით კვადრატული და მართკუთხა; ზომებით 50×50 მმ-დან 500×500 მმ-მდე; სისქით 5...10 მმ. ფილები არაა გათვალისწინებული იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან მექანიკური ზემოქმედების, მაღალი ტერმპერატურისა და ყინვის, მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებას.

ფილა კერამიკული ფასადის - გათვალისწინებულია ძირითადად ქვის შენობების მოსაპირკეთებლად. არის მოჭიქული, არამოჭიქული, გლუვი და რელიეფური ზედაპირით (ნახ. 1, კერამიკული ფასადის ფილა რელიეფური ზედაპირით). მზადდება თიხისაგან, დანამატებით ან მათ გარეშე. გამოდის ზომებით 75...500 მმ, სისქით 7…9 მმ.

ფილა კონტურზე დაყრდნობილი - ფილის სახეობა, რომელიც დაყრდნობილია ოთხივე კიდით და მიმდებარე გვერდების სიგრძეთა შეფარდებაა 2:1 ან ნაკლები. ასეთი ფილა იღუნება (მუშაობს) ორი მიმართულებით.

ფილა კოჭური - ფილის სახეობა, რომელიც დაყრდნობილია ოთხივე კიდით და მიმდებარე გვერდების სიგრძეთა შეფარდება მეტია 2:1- ზე. ასეთი ფილა იღუნება (მუშაობს) მხოლოდ ერთი, მოკლე გვერდის მიმართულებით. კოჭურია აგრეთვე ყველა ის ფილა, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ორი, ერთმანეთის მოპირდაპირე კიდით.

ფილა ლელქაშის - საშენი მასალა, რომელიც მზადდება ლელქაშის ღეროების დაწნეხით და მოთუთიებული მავთულით შეკვრით. სიმკვრივის მიხედვით, მზადდება სამი მარკის: 175, 200 და 250 კგ/მ2. თბოგამტარობა 0,06...0,09 ვტ/(მ•კ.), ტენიანობა არა უმეტეს 18%.

ფილა მდფ (რუს. МДФ - мелко-дисперсионная фракция) - მერქანბოჭკოვანი ფილა საშუალო სიმკვრივის, დამზადებული დაწნეხით წვრილდისპერსიული ხის ფქვილისაგან, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში (ნახ. 1). შემკრავად გამოიყენება მელამინით მოდიფიცირებული კარბამიდის ფისი. მდფ-ს სამრეწველო წარმოება დაიწყო აშშ-ში 1966 წ. მასალის სიმკვრივეა 600...800 კგ/მ3. დამზადების მომენტში მდფ-ს შეიძლება მიენიჭოს ცეცხლ-, ბიო- და წყალმედეგი თვისებები. გამოიყენება ავეჯის წარმოებაში, სათავსის კედლების მოსაპირკეთებლად, როგორც ეკონომპანელი სავაჭრო შენობებში და ლამინანტის დასამზადებლად.

ფილა მზიდი - გადახურვის ერთმალიანი, მრავალმალიანი ან კონსოლური ფილა, რომელიც იღებს ძირითად დატვირთვებს და ღუნვაზე მუშაობს. მასალის მიხედვით არსებობს ფ.მ. რკინაბეტონის, ლითონის, ხის. ყველაზე მეტად გავრცელებულია მთლიანკვეთიანი (ნახ. 1), სიღრუეებიანი (ნახ. 2) და წიბოვანი (ნახ. 3) რკინაბეტონის ფილები.

ფილა მინა-მარმარილოს - გათვალისწინებულია შენობის შიდა კედლების დამცავ-დეკორატიული მოპირკეთებისათვის (ნახ. 1). კვადრატული და მართკუთხა ფორმის ბრტყელი ფილების ზომები იცვლება 140-დან 500 მმ-მდე, სისქე 5…12 მმ.

ფილა მინის - მიიღება სპეციალური შემადგენლობის მინის უწყვეტი გლინვის მეთოდით, ფართო დიაპაზონის ფერთა გამით, მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით (ნახ. 1). ფილების ფორმა კვადრატულია, უკუმხარეს გააჩნია დაღარული ზედაპირი. განკუთვნილია სანიტარული კვანძების მოსაპირკეთებლად. გამოდის კვადრატული ან მართკუთხა ფორმის, ზომებით 50...150 მმ, სისქით 4..6 მმ.

ფილა მოსაპირკეთებელი - კედლის, იატაკისა და შენობის სხვა ნაწილების დასაფარად გამიზნული სამშენებლო ნაკეთობა, რომელსაც აქვს დაცვითი და დეკორატიული მნიშვნელობა. დანიშნულების და მასალის მიხედვით შეიძლება იყოს ქვიშაცემენტის, კერამიკული, მეტლახის, მომინანქრებული, მოჭიქული, მოზაიკური, მინის, ბუნებრივი ქვის, მინაკერამიკის, ხის, ფოლადის, თუჯის, რეზინის, პოლივინილქლორიდის, პოლისტიროლის და სხვ.

ფილა მოჭიქული (ემალირებული) - ფილა, რომელსაც აქვს ფერადი მინით დაფარული ზედაპირი, რომელიც მას ანიჭებს სერიოზულ ესთეტიკურ მახასიათებლებს (ფერი, ბზინვა, სურათი, შეფერილობა და ა.შ.), აგრეთვე ტექნიკურ თვისებებს (სიმაგრე, ჰაერ- და ტენშეუღწევადობა და სხვ.).

ფილა ორმაგი სიმრუდის - სამშენებლო ფილა, რომელსაც აქვს ორი მიმართულების სიმრუდე. გამოიყენება რკ.ბ.-ის ასაწყობ ჰიპერბოლურ-პარაბოლოიდებში.

ფილა პოლისტიროლის - ამზადებენ პოლისტიროლისაგან, რომელსაც ამატებენ მინერალურ შემვსებსა და პიგმენტებს. გამოდის კვადრატული ფორმის ზომებით 100X100 მმ და 150X150 მმ; მართკუთხა ფორმის ზომებით 300X100 მმ, ფრიზის - 100X20 მმ; სისქე 1,35 მმ. ასეთ ფილებს ახასიათებთ დაბალი თბომედეგობა.

ფილა რკინაბეტონის - დაარმატურებული ბეტონისაგან დამზადებული ბრტყელი ან მრუდზედაპირიანი სამშენებლო კონსტრუქცია (კონსტრუქციული ელემენტი), რომლის სისქე გაცილებით ნაკლებია დანარჩენ ორ ზომაზე (იხ. ფილა გადახურვის რკინაბეტონის, ფენილი, პანელი).

ფილა საზუსტებელი - ბრტყელი პრიზმული ფოლადის ფილა ლითონის ფურცლების, წნელების და ნაკეთობების საწრფევებლად სპეციალური ჩაქუჩის დარტყმით.

ფილა სიგრანის (სინთეზური გრანიტის) - მიიღება ბრძმედული წიდებისა და სხვა მასალების შენადნობისგან მართული კრისტალიზაციით. აქვთ დეკორატიული, გრანიტის ანალოგიური ტექსტურა (ნახ. 1). ფილის ზომაა 300X300 მმ, სისქე 20 მმ.

ფილა სმალტის ფერადი - მზადდება გალღობილი მინამასის ფორმაში დაწნეხით. სმალტა გამოირჩევა მქრქალი ზედაპირით (ნახ. 1). ფილების ზომები მერყეობს 85...150 მმ ფარგლებში, სისქე 5…20 მმ.

ფილა სქელი - ფილა, რომლის სისქე 5-ჯერ და მეტად დიდია მის მალთან შედარებით, რომლის გასწვრივაც აღიძვრება მაქსიმალური მღუნავი მომენტი. ასეთი ფილების გაანგარიშება წარმოებს სქელი ფილების თეორიის საფუძველზე.

ფილა ტორფის - საშენი მასალა, რომელიც მიიღება ტორფის დაწნეხით და შემდგომი თბური დამუშავებით. ფილის წყალმედეგობა დაბალია, სიმკვრივე 150...250 კგ/მ3, ზომები: სიგრძე - 1000 მმ, სიგანე - 500 მმ, სისქე - 30 მმ.

ფილა ცემენტ-ბურბუშელას - კონსტრუქციული მასალა, რომელიც შედგება პორტლანდცემენტში არეული დაწნეხილი ხის ბურბუშელას, დანამატებისა და წყლისაგან. გამოირჩევა ყინვამედეგობით, არატოქსიკურობითა და დამუშავების სიმარტივით. გამოიყენება შემომზღუდავი კონსტრუქციების, ტიხრებისა და იატაკებისათვის.

ფილა ცილინდრული - სამშენებლო ფილა, რომელსაც აქვს ერთი მიმართულების სიმრუდე.

ფილა წიდა-სიტალის - მიიღება მეტალურგიული ბრძმედის წიდებისაგან, მინის მართული კრისტალიზაციით. ასეთი ფილები გამოიყენება აგრესიული გარემოს პირობებში არსებული კედლების მოპირკეთებისათვის (ნახ. 1). გამოდის გვერდის ზომით 150-დან 600 მმ-მდე. სისქით 4...12 მმ.

ფილა ხის ორიენტირებული OSB (Oriented Strand Board) - ხის ფილა ორიენტირებული გრძელი ბურბუშელასაგან (ხის ნაჭრებისაგან) სისქით 0,6 მმ-მდე და სიგრძით 140 მმ-მდე. მზადდება მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ დაწნეხის მეთოდით. შესაწებებლად გამიყენება წყალმედეგი წებოები (იზოციანური, შარდოვანა-მელამინურ-ფენოლფორმალდეჰიდური). ხის ნაჭრები ხალიჩისმაგვარად ეწყობა სამ ფენად. გარე ფენებს ქმნიან ნაჭრები, რომლებიც ორიენტირებულია მზა ფილის გრძივი ღერძის გასწვრივ, ხოლო შუა ფენის ნაჭრები განლაგებულია მათ მართობულად. ასეთი სტრუქტურის შექმნით ვღებულობთ ანიზოტროპიულ მასალას - ამაღლებული სიმტკიცით ღუნვაზე და ამაღლებული დრეკადი სიმტკიცით ფილის მთავარი გრძივი ღერძის მიმართ. შინაარსით ფილა OSB „გაუმჯობესებული მერქანია“, უფრო მტკიცე და მოქნილი, რადგან ბრტყელ ნაჭრებში შენარჩუნებულია მერქნის ყველა დადებითი თვისება დეფექტებისა და მანკების გარეშე. ფილა OSB წარმოადგენს ხის წარმომავლობის პირველ ფილას შექმნილს მშენებლობისათვის. იგი თანდათან აძევებს ხმარებიდან ფანერასა და მერქანბურბუშელოვან ფილებს  შემაკავშირებელი და ზედაპირის სპეციალური დამუშავება (ContiFinish)  უზრუნველყოფს ფილის წყალ- და ცეცხლმედეგობას, რომლითაც მნიშვნელოვნად უსწრებს მასიურ მერქანს. იგი მედეგია ატმოსფერული ცვლილებებისადმი (ტენიანობა, ტემპერატურა), ადვილად სუფთავდება მტვერისაგან და მუშავდება ყველა იმ ინსტრუმენტით, რომელსაც ვიყენებთ სადურგლო წარმოებაში. ეს ფილები იმითაც გამოირჩევა, რომ ადვილად იჭერს ტანში ლითონის მაკავშირებლებს. OSB ფილების წარმოებისათვის ძირითადად იყენებენ ფიჭვისა და ვერხვის ნარჩენებს. ფილაში მერქნის რაოდენობაა 95%, ხოლო შემკვრელის - 5%, ამიტომ ეს მასალა ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ფილაა დღემდე არსებულ სხვა ფილებთან შედარებით, როგორც მზა მასალის, ისე წარმოების მხრივ. წებოს სიმცირე უზრუნველყოფს ფილის სიმსუბუქეს (სიმკვრივე 650 კგ/მ3), დაბალ თბოგამტარობას, ბგერაშთანთქმის კარგ უნარს, დამუშავების სიმარტივეს და არაჩვეულებრივ ესტეთიკურ გარეგნობას. გამოდის ოთხი სახის:  OSB-1, OSB-2, OSB-3 და OSB-4. აქედანყველაზე მოთხოვნადია OSB-3 მისი უნივერსალურობის და დაბალი ფასის გამო. OSB-4 გამოირჩევა მაღალი ტენმედეგობით და ზემაღალი სიმტკიცით. ფილების ძირითადი ზომებია: სისქე - 6, 8, 10, 12, 15, 18 და 22 მმ;  სიგანე - 1045 (OSB-3, სისქით 6 მმ) და 1250 მმ (ყველა დანარჩენი სისქის);  სიგრძე - 2500 მმ.

ფილა “მარბლიტი” - მზადდება გაუმჭვირი შავი მინისაგან, რომელიც შეიცავს კრისტალურ ჩანართებს, რომლებიც არეკვლისას იძლევიან სანაკეთო ქვის ეფექტს. ფილებს იყენებენ გარე და შიდა მოპირკეთებისათვის. მაქსიმალური ზომაა 500×500 მმ, სისქე 5...12 მმ.

ფილაკი - მცირე ზომის (მოსაპირკეთებელი) ფილა.

ფილაქანი (სპარს.) - 1. სუფთად გათლილი ქვის ფილა იატაკის დასაგებად; თვით ასეთი იატაკი.

ფილაქვა - თხლად, ფილის სახით გათლილი ქვა.

ფილიალი (ლათ.) - რაიმე დაწესებულების ან ორგანიზაციის განყოფილება, რომელიც მოთავსებულია სხვაგან და აქვს ერთგვარი დამოუკიდებლობა.

ფილიგრანი (ფრანგ.) - ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და ა.შ. წვრილი გრეხილი მავთულით შექმნილი იუველირული მხატვრული ნაკეთობა, რომელსაც წნული მაქმანის სახე აქვს.

ფილიზოლი - რულონური მიმართვადი საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა პრემიუმის კლასის (ნახ. 1). მზადდება საფუძველზე (პოლიესთერი, მინაქსოვილი, მინის ტილო) ორივე მხარეს ბიტუმ-პოლიმერული შემკვრელის დატანით. ზედა მხარე დაფარულია მსხვილმარცვლოვანი გრანიტის, მინერალური ნაფხვენის ან ფიქალის ფენით, რომელიც ასრულებს დამცავ და დეკორატიულ ფუნქციას, ხოლო ქვედა მხრიდან მიკრულია თხელი აფსკი, რომელიც დაგების მომენტში სანთურას ალით დნება და ხელს უწყობს დაწებების პროცესს. გამოიყენება მცირე ქანობიან სახურავებში, შენობებისა და ნაგებობების საძირკვლების, აგრეთვე მილსადენების ჰიდროიზოლაციისათვის.

ფილტრაცია - სითხეების ან აირების მოძრაობა ფორებიან გარემოში, მაგ., წყლის, ნავთობის ან აირებისა გრუნტში.

ფილტრაციის ველი - ტერიტორია ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდისათვის.

ფილტრაციის კოეფიციენტი - ფილტრაციის სიჩქარე ჰიდრავლიკური გრადიენტის გათვალისწინებით, რომელიც ტოლია ერთის. განზომილებაა მ/დღე-ღამეში.

ფილტრი (ლათ., ქეჩა) - მოწყობილობა არაერთგვაროვანი მყარი და თხევადი ფაზების სისტემების გასაყოფად, შესასქელებლად ან გამჭვირვალეობის მისაღებად. თვით პროცესს გაფილტვრა ეწოდება. ფ. იყენებენ ნამუშევარი აირების გასაწმენდად მტვრისაგან. ყველაზე მაღალი გაწმენდის ხარისხით გამოირჩევა ნაჭრის (ქსოვილის) ფილტრი (99,9%), რომელიც აგრეთვე გამოიყენება საოჯახო მტვერსასრუტებში.

ფილტრი ბოჭკოვანი - სამრეწველო ფილტრი, რომლის ფორებიანი ტიხარი შესრულებულია ბოჭკოვანი მასალისაგან.

ფილტრი ბრტყელი - სამრეწველო ფილტრი, უძრავად დამაგრებული ხისტ კარკასზე ღრმა ჯიბეების ან ბრტყელი ფორმის სახით (ნახ. 1). გამოიყენება ჰაერის გასაწმენდად სხვადასხვა სავენტილაციო სისტემებში, სადაც ჰაერის მოცულობა, დაქვემდებარებული ფილტრაციას, მეტია ნომინალურზე. ასეთებია სათავსები, რომელშიც დაყენებულია მაცირკულირებელი და გამწოვი სისტემები; ლაქსაღებავების კამერები; ლითონების დამუშავების, ქიმიური პროდუქციის, სამკურნალო პრეპარატების საწარმოები და სხვ.

ფილტრი მარცვლოვანი - სამრეწველო ფილტრი, რომლის ფორებიანი ტიხარი არის მარცვლებით მოფენილი ფენა, რომელიც ქმნის უძრავ მტკიცე სისტემას. აირის ნაკადში შეტივტივებული მტვრის ნაწილაკების დაჭერა ხდება ფენის შიდა ზედაპირზე.

ფილტრი სამრეწველო - მშრალი მექანიკური მტვრის დამჭერი დამტვერიანებული აირის გასაწმენდად, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება საფილტრავი და რეგენერაციული ციკლები. საფილტრავ ციკლს მიეკუთვნება გასაწმენდი მასალის დამტვერიანება, რეგენერაციულს - გაწმენდა.

ფილტრი სახელოიანი - სამრეწველო ფილტრი, რომლის ფორებიანი ტიხარი შედგება სახელოს მსგავსი საფილტრავი ელემენტებისაგან. სახელო შეიძლება იყოს ღია ან დახურული ცალი მხრიდან. გასაწმენდი ჰაერის ტემპერატურაა +2600C-მდე, საწყისი დამტვერიანება - 200 გ/მ3-მდე. გაწმენდის შემდეგ, დამტვერიანობა შეადგენს არაუმეტეს 10 გ/მ3, ხოლო გაწმენდილი ჰაერის სისუფთავე - 99%-ს. ასეთი სახის ფილტრების გამოირჩევა ეკონომიურობით, ეფექტურობით, ხანგამძლეობითა და საიმედოობით ექსპლუატაციაში. გასაწმენდი მასალის რეგენერაციის მეთოდის მიხედვით ფ.ს. არსებობს: მექანიკური დაფერთხვით, იმპულსური გაქრევით (ნახ. 1) და შექცეული გაქრევით. ფ.ს. გამოიყენება კვების, ფქვილის, ქიმიურ, ცემენტის, ნავთობქიმიურ, მეტალურგიულ, ხის დამამუშავებელ, სამთომომპოვებელ საწარმოებში, თამბაქოს ფაბრიკებში, ფეროშენადნობ ქარხნებში, აგრეთვე მინის, პლასტმასების, ნახშირბადის წარმოებაში და სხვ.

ფილტრის ტალახმოცულობა - დაბინძურებული ნივთიერებების მასა, რომლის დაჭერაც შეუძლის გამწმენდ ფილტრს.

ფინანსები (ლათ.) - ყველა მატერიალური რესურსის ერთობლიობა, მოქცეული ცალკეული პირის, ორგანიზაციის ან სახელმწიფოს მმართველობაში. სიტყვა ფინანსები ყოფიერებაში ხშირად იხმარება, როგორც ფულის აღმნიშვნელი სიტყვა. ფ., როგორც მეცნიერების დარგი - შეისწავლის ფულს და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელებიც უკავშირდება მატერიალური რესურსების ფორმირებას, განაწილებას და მოხმარებას. არსებობს სახელმწიფო, ადგილობრივი მუნიციპალური, პირადი, ოჯახის, მცირე ბიზნესის, კორპორაციული, საბანკო და არაკომერციული ორგანიზაციების ფ. ფინანსების მართვას სწავლობს მეცნიერება - ფინანსური მენეჯმენტი. საბანკო ფ. მართვა შეისწავლება საბანკო საქმის მეცნიერების ფარგლებში. ფინანსურ ბაზრებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ეწოდება ფინანსური ეკონომიკა. სტატისტიკის მცირე, თანამოსახელე ნაწილი შეისწავლის ფინანსურ სტატისტიკას. ფინანსური ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს შეისწავლის გამოყენებითი მათემატიკის მეცნიერება. ფინანსური ნაკადების კონტროლი შეისწავლება ფინანსური კონტროლის დისციპლინის ფარგლებში.

ფინანსური აქტივობა (საქმიანობა) - იმ მეთოდებისა (ტექნიკის) და პროცედურების გამოყენება, რომლებსაც კერძო პირები და ორგანიზაციები, საკუთარი ფინანსების სამართავად მიმართავენ. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვაობა - შემოსავლებსა და გასავლებს შორის და ასევე ინვესტიციის რისკის შეფასება. თუ შემოსავლები აჭარბებს გასავლებს (ანუ ადგილი აქვს პროფიციტს), მაშინ სხვაობა შეიძლება გაიცეს სესხად ან ჩაიდოს რაიმე ბიზნესში, ან მოხმარდეს საკუთრების შესყიდვას. სწორედ ამაშია ფინანსური აქტივობის არსი - თუ არსებობს თავისუფალი ფინანსური რესურსი, მაშინ ის უნდა გაეშვას საქმეში, რომ მოიტანოს დამატებითი შემოსავალი. თუ გასავალები აჭარბებს შემოსავლებს (ანუ ადგილი აქვს დეფიციტს), მაშინ, როგორც წესი შესავსები ხდება ფინანსური რესურსის დანაკლისი. ეს შეიძლება მოხერხდეს საბანკო კრედიტის აღებით, ან ბირჟაზე აქციების გამოშვებით.

ფინანსური ბაზარი - ბაზარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ბირჟას, სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას, ვაჭრობას ფინანსური აქტივებით, ფინანსური რისკების მართვას და ინვესტიციების ხელშეწყობას. არსებობს ფინანსური ბაზრების შემდეგი სახეობები: ფასიანი ქაღალდების, საფონდო, ობლიგაციბის, ფინანსური რისკების, დაზღვევის, გადაზღვევის, სასაქონლო ნედლეულის და ფიუჩერსული. ჩამონათვალის გარდა, ფინანსური ბაზრების ნაწილი იყოფა პირველად და მეორად კატეგორიებად. პირველად ბაზრებზე ხორციელდება ახლად გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით (ფასიანი ქაღალდების ემისია) ვაჭრობა. მეორეული ბაზრები კი ასევე ემსახურება ამ ფასიანი ქაღალდების შემდგომ გადაყიდვას და გადაყიდვას.

ფინანსური ეკონომიკა - ფინანსური ბაზრების შემსწავლელი მეცნიერება.

ფინანსური მენეჯმენტი - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ფინანსების მართვის ხელოვნებას.

ფინანსური მომსახურება - ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება. მაგ., კლირინგი არის ფინანსური ოპერაცია (უნაღდო ანგარიშსწორებებისას მოთხოვნათა და ვალდებულებათა ურთიერთჩათვლა), თუ ამ დროს ხდება საქონლის მიწოდება ვალის სანაცვლოდ მაშინ ამ საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურება - მისი ტრანსპორტირება, დასაწყობება და სხვა მიეკუთვნება ფინანსურ მომსახურებას.

ფინანსური ოპერაცია - მიეკუთვნება: ყველა სახის ანგარიშის (მათ შორის, საანგარიშსწორებო, სადეპოზიტო, საბროკერო და სხვა ანგარიშის) გახსნა, განკარგვა, დახურვა, აგრეთვე ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა, მათ შორის, კლირინგი და ანგარიშსწორება ნაღდი ან უნაღდო ფორმით (მათ შორის, საინკასაციო მომსახურება); ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები ნაღდი და უნაღდო ფორმით და ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა; კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), აგრეთვე კრედიტის (სესხის) მომსახურება და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის დაფარვის მიღება, ფაქტორინგი; კაპიტალში წილების, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან და მიწოდებასთან დაკავშირებული ოპერაციები, დაზღვევა ან/და გადაზღვევა.

ფინი - 1. ჰორიზონტალური მორი ან სქელი ძელი, განლაგებული ნივნივების მართობულად (გადახურვებში) ან სათავსის იატაკის განივად მასზე შეფიცვრის მოსაწყობად; 2. იხ. ნახევარმორი.

ფიორდი (ნორვ.) - ვიწრო ყურე, რომელიც ზღვის მთიან სანაპიროზე გვხვდება (ნახ. 1). წარმოქმნილია მყინვარების მოქმედების შედეგად. მისი კალთები კლდოვანი, მაღალი და ციცაბოა. ფიორდები მრავლადაა სკანდინავიაში, განსაკუთრებით ნორვეგიაში, რომელსაც ფიორდების ქვეყანასაც უწოდებენ.

ფირმა (იტალ.) - იურიდიული პირის უფლების მქონე სავაჭრო ან სამრეწველო საწარმო, რომლის მარკითაც იყიდება საქონელი ან გამოდის ნაწარმი.

ფირმის ლიკვიდური სახსრები - სახსრები, რომელიც შედგება ნაღდი ფულის, ფასიანი ქაღალდების, ბანკებში არსებული რესურსებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგის ზოგიერთი ელემენტისაგან.

ფირნიში – აბრა; წარწერებიანი ან ნახატებიანი დაფა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი დაწესებულებების, მაღაზიების და ა.შ. შესასვლელებთან, მათი დანიშნულებასა და საქმიანობის აღსანიშნავად.

ფირუზი (სპარს.) - ლაჟვარდისფერი არაგამჭვირვალე საიუველირო ქვა.

ფირფიტა - 1. სხეული, რომელსაც აქვს მართი პრიზმის ან მართი ცილინდრის ფორმა და ფუძის ზომებთან შედარებით მცირე სისქე (სიმაღლე); 2. კონსტრუქციული ელემენტი, რომლის ერთი ზომა (სისქე) გაცილებით ნაკლებია დანარჩენ ორ ზომაზე (სიგრძე, სიგანე).

ფირფიტა დრეკადი - ფირფიტა, რომლის ჩაღუნვაც იმავე რიგისაა, რაც მისი სისქე.

ფირფიტა თხელი - ფირფიტა, რომლის სისქე არ არის მისი ფუძის უმცირესი განზომილების 1/5 -ზე მეტი (თუ 1/5 -ზე მეტია, მას ეწოდება ფილა).

ფირფიტა მართკუთხა - ფირფიტა, რომლის შუა სიბრტყეს აქვს მართკუთხედის ფორმა.

ფირფიტა ორთოტროპული - ანიზოტროპული მასალისაგან დამზადებული ფირფიტა, რომელსაც გააჩნია ურთიერთმართობული დრეკადობის მთავარი მიმართულებები.

ფირფიტა სქელი - ფირფიტა, რომლის სისქე იმავე რიგისაა, როგორიც სხვა განზომილებები.

ფირფიტა წრიული - ფირფიტა, რომლის შუა სიბრტყეს აქვს წრის ფორმა.

ფირფიტის შუა სიბრტყე - სიბრტყე, რომელიც ფირფიტის სისქეს შუაზე ყოფს.

ფირფიტის ჩაღუნვა - ფირფიტის შუა სიბრტყის წერტილების გადაადგილება ამ სიბრტყის მართობულად.

ფირფიცარი - იხ. ფანერი სამშენებლო.

ფისი - ქვანახშირის, ტორფის, ხის კუპრის გამოხდის ნარჩენი (პიროლიზის შემდეგ). შავი ფერის მყარი ან ბლანტი მასა. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური. ფისები გამოიყენება საგზაო მშენებლობაში; ავეჯის პოლირებისას; სათბობი ბრიკეტების წარმოებაში; ლაქების, ელექტროსაიზოლაციო მასალების, ჰიდროსაიზოლაციო მასალების, ტოლის, რუბეროიდის, წებოების, სინთეზური ქსოვილების დასამზადებლად, ანტიკოროზიული დაფარვებისათვის და სხვ.

ფისი ბუნებრივი - სხვადასხვა გაბჭირვალობის და შეფერილობის ამორფული ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს მცენარეები ნორმალური ფიზიოლოგიური ნივთიერებათა ცვლის ან ჭრილობის პირობებში. ფ.ბ. დნება გაცხელებისას, იხსნება ან იჯირჯვება ორგანულ გამხსნელებში, ქმნის აფსკს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფ.ბ.: ქარვა, კანიფოლი, კოპალი, შელაქი და სხვ. (შელაქს გამოყოფენ მწერები). გამოიყენება ლაქების, წებოების, ქაღალდის, გრამფირფიტების წარმოებაში. თანამედროვე პირობებში ბუნებრივის ნაცვლად, ხშირად გამოიყენება სინთეზური ფისები.

ფისი სინთეზური - ოლიგომერების ტრადიციული დასახელება, რომელიც მიიღება ძირითადად პოლიკონდენსაციით. სინთეზურ ფისებს შორის მნიშვნელობით გამორჩეულია ალკიდური, კარბამიდული, ეპოქსიდური და ფენოლფორმალდეჰიდური ფისები. ფ.ს. გამოიყენება საწყის მასალად პლასტმასების, წებოების და ლაქების წარმოებაში.

ფისი ფენოლფორმალდეჰიდური - სინთეზური ფისი, რომელიც გამყარებულ მდგომარეობაში გამოირჩევა მაღალი ელექტროსაიზოლაციო და მექანიკური თვისებებით. გამოიყენება ფენოლპლასტების, წებოების, ლაქსაღებავების, ჰერმეტიკების წარმოებაში.

ფიტინგი (ინგლ.) - მილსადენის შემაერთებელი ნაწილი - მოკლე რგოლი მილების მოსატრიალებლად, წყლის გადასაგდებად, მიმართულების შესაცვლელად, განშტოების, მოხვევის, სხვა დიამეტრზე გადასვლის ადგილებში (ნახ. 1) და სხვ.

ფიუჟენი (ფრანგ.) - (შენადნობი; კოალიცია, შეერთება) თანამედროვე სტილისტიკებიდან ყველაზე ახალგაზრდა მიმართულება. ეს სტილი ჩამოყალიბდა სხვადასხვა კულტურების, ტრადიციების, დროების და ტექნოლოგიების გადაკვეთით. გამოირჩევა თავისი სიყვარულით ყველაფერი არაჩვეულებრივის და ეგზოტიკურის მიმართ, არ მისდევს ძველ ტრადიციებს, მაგრამ არსებობს მათთან თითქოს პარალელურ სამყაროში, სადაც საკუთარი კანონები აქვს. ფ. ინტერიერში გულისხმობს აღრევას თანამედროვე რეტრომოტივების, ახალი მასალების, ტექნოლოგიების და ხელნაკეთებისა, რომელიც დამზადებულია ერთ ეგზემპლარად. ინტერიერი ისე გამოიყურება, თითქოს სახლში ცხოვრობდნენ მოგზაურთა არა ერთი თაობა. ფ. მთავარი შტრიხი - შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება და სიმყუდროვეა.

ფიუჩერსი - ფორვარდული გარიგების სტანდარტული ფორმა, რომელიც მოძრაობს ორგანიზებულ ბაზარზე ბირჟის შიგნით ცენტრალიზებული ანგარიშსწორებით. შეიძლება იყოს საანგარიშსწორებო და მიწოდების.

ფიქალი - ბრტყლად გათლილი და სუფთად დამუშავებული ქვა. ფ. შეიძლება იყოს თიხის, ნახშირის, კაჟის, კირქვის, ქვიშაქვის და სხვ.

ფიქსატორი - სამონტაჟე მოწყობილობა, რომელიც ზღუდავს კონსტრუქციის ელემენტის მდგომარეობას ერთი ან ორი მიმართულებით რაღაც დასაშვებ საზღვრებში.

ფიქსაცია - რაიმეს დამაგრება განსაზღვრულ მდგომარეობაში, რაც ხორციელდება სპეციალური ფიქსატორების საშუალებით, მაგ., გადამრთველით ან აწყობის ფიქსატორით. იგი გვხვდება მანქანის გადაცემათა კოლოფშიც.

ფიცარი - დახერხილი ხის მასალა, რომლის სიგანე ორჯერ და უფრო მეტად ჭარბობს მის სისქეს. ფიცრის სისქე იცვლება 1,1...10 სმ-მდე, ხოლო სიგანე - 6...25 სმ. მაქსიმალური სიგრძეა 6,5 მ, გრადაციით 0,25 მ. არსებობს თხელი ფიცარი სისქით h ≤ 3,5 სმ და სქელი ფიცარი h ≥ 3,5 სმ. თუ ფიცარს ოთხივე გვერდი სუფთად აქვს ჩამორანდული, მას სუფთა ფიცარი ეწოდება. თუ ორი დიდი გვერდი გარანდული აქვს, მაშინ იგი ნაშურიან ფიცარს წარმოადგენს. დანიშნულებისა და ფორმის მიხედვით ფ. სახეებია: ასაკრავი, გაგანიერებული, გათლილი, გამოსაწევი, გვერდითი, დამოკლებული, იატაკის, კონუსისებრი, მისაკრავი, მისაჭერი, მრუდე, ნაგვერდული, ნარიმანდიანი, ნახევრადჩამოგანილი, რადიალური, სალავგავარდნე, სამზარეულოს, საპირაპირე, სახურავის, სუფთად ჩამოგანილი, ტანგენციური, შეწებილი, ერთფენიანი, მრავალფენიანი, ჩამოგანილი, ჩამოტორსილი, ჭერის და სხვ.

ფიცარფენილი - ფიცარნაგი; მიჯრით დალაგებული ფიცრებით შექმნილი ზედაპირი.

ფიჭაპლასტი - შედგება რეგულარულად მეორებადი გამჭოლი უჯრედებისაგან, რომლებიც მიმართულ არიან პანელის ან ფილის ზედაპირის მართობულად (ნახ. 1). უჯრედების კედლები მზადდება თერმორეაქტიულ პოლიმერებში გაჟღენთილი მოქნილი ან ხისტი ფურცლოვანი მასალის (ქაღალდი, კრაფტ-ქაღალდი, ბამბის ქსოვილი, მინაქსოვილი, ფანერის შპონი, ალუმინის ფოლგა, მერქანბოჭკოვანი ფილა და სხვ.) ცხელი დაწნეხით. უპირატესობა ეძლევა არაწვად მასალებს. უჯრედების აგებულება ძალიან ჩამოგავს ფუტკრის ფიჭების აგებულებას, საიდანაცაა წარმოშობილი ამ პლასტმასების დასახელებაც. ფ. მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებების მისაცემად უჯრედებს ავსებენ ფხვნილისებრი ქაფპლასტით და კონსტრუქციის წახნაგებს შემოაწებებენ სხვადასხვა ტიპის ფურცლოვან უწვად მასალებს, რათა კონსტრუქციას მიეცეს დამთავრებული სახე. ფ,, როგორც კონსტრუქციული მასალის ღირსება ის არის, რომ მცირე სიმკვრივის (15...60 კგ/მ3) პირობებში შეუძლია აიტანოს საკმაოდ დიდი დატვირთვები.

ფიჭვი - ძვირფასი ხის ჯიში (ნახ. 1, კავკასიური ფიჭვი), რომელმაც ფართო გამოყენება პოვა მშენებლობაში. ხასიათდება ტანის სისწორით, სიმსუბუქით, მაღალი ტექნიკური თვისებებით. აქვს მკვეთრად გამოხატული მუქი-წითელი ან ღია-ყვითელი ფერის გული. დიდი რაოდენობით შეიცავს ფისს (18...20 კგ ფისი 1 მ3 მერქანზე), რაც უზრუნველყოფს მერქნის მაღალ მდგრადობას ლპობის საწინააღმდეგოდ. სიმკვრივე მშრალ მდგომარეობაში იცვლება ზღვრებში 400...710 კგ/მ3. საუკეთესო თვისებებით ხასიათდება ფ. მერქანი წლოვანებით 80...100 წელიწადი. მისი სიმაღლე აღწევს 40 მ-მდე, ტანი კი თითქმის ცილინდრულია, რაც აადვილებს დამუშავებას და ზრდის მერქნის გამოსავლიანობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთნაირი ტენიანობის პირობებში ნაქურთენის და გულის სიმტკიცე თითქმის ტოლია, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ განივკვეთის 85...90%. ფ. ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა. დაჩრდილვას ვერ იტანს. ტყეებს (ფიჭვნარებს) ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე. კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე ცოცხლობს 300...350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური (სოსნოვსკის), ბიჭვინთის, ელდარის და კოხის ფ.. ყველა სახეობა ორწიწვიანია. ფ. მერქანზე დიდი მოთხოვნილებაა. ის ლარიქსივით არ იბრიცება და საკმაოდ გამძლეა. ფ. ძელებით აგებული სახლი რამდენიმე ასეულ წელს ძლებს. იგი შესანიშნავი საშენი მასალაა და პრაქტიკულად ნებისმიერი კონსტრუქციის დასამზადებლად გამოიყენება.

ფიჭვი ბიჭვინთის - მცენარე ფიჭვის გვარისა. 25-40 მ-მდე სიმაღლის, სწორტანიანი, გაშლილვარჯიანი ხე (ნახ. 1). მიეკუთვნება მესამეული პერიოდის რელიქტურ და ენდემურ ჯიშებს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებზე ანაპის მიდამოებიდან (კრასნოდარის მხარე) ფსირცხამდე (აფხაზეთი) და სამხრეთ ყირიმში. გვხვდება ზღვის დონიდან 300...400 მ-ზე. იზრდება როგორც ზღვისპირული ვაკის ნიადაგზე (ბიჭვინთის კონცხი), ისე მთის კალთების ღორღიან თხელ ნიადაგზე და კირქვებზე. ფ.ბ. სწრაფმზარდი, სინათლისა და სითბოს მოყვარული, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ქარგამძლე ჯიშია. გამოიყენება ბაღ-პარკების მოსაწყობად შავი ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, როგორც დეკორატიული ხე.

ფიჭვი ელდარის - მარადმწვანე ხე, სიმაღლით 12…15 მ, ვარჯი - ფართოდ გაშლილი, ღია მწვანე ფერის გრძელი წიწვებით. ველურად გავრცელებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ელიარ-ოუღის ქედზე (ივრის ზეგანი). გამოიყენება ბაღებსა და პარკებში, როგორც დეკორატიული ხე, აგრეთვე მთის ფერდობების გასამაგრებლად.

ფიჭვი კავკასიური - მარადმწვანე წიწვოვანი ხე, სიმაღლე - 20…25 მ, ვარჯი - პირამიდული ან მომრგვალო ფორმის, წიწვები ტოტებზე წყვილ-წყვილად განლაგებული, ბლაგვწვერიანი, შეიცავს ეთერზეთებს; გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში, ქიზიყის (კახეთი) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლი) ტერიტორიების გარდა. მერქანი გამოიყენება ისევე, როგორც ჩვეულებრივი ფიჭვის.

ფლატე - მდინარის, ხევის ჩამონგრეული ნაპირი.

ფლეგმატიზატორი - დამატებითი კომპონენტი, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიური პირობებიდან გამომდინარე პროცესი უნდა ჩატარდეს წვადი ნივთიერების ისეთი კონცენტრაციის დროს, რომელიც აღნიშნული ნივთიერების აალების კონცენტრაციულ ზღვრებშია. ფ. შეჰყავთ სარეაქციო ნარევში, რის შედეგადაც ნარევი ხდება არაწვადი. იგი შეიძლება იყოს ინერტული კომპონენტი ან ინჰიბიტორი.

ფლერონი (ფრანგ.) - ჯვარედი ყვავილი; გოთიკური ორნამენტი, რომელიც წარმოადგენს ჯვარულად განშტოებული ღეროს მქონე სტილიზებული ყვავილის სკულპტურულ გამოსახულებას და რომელიც აგვირგვინებს გოთიკური შენობის სხვადასხვა ნაწილებს.

ფლეში (ფრანგ.) - საველე სიმაგრე ბლაგვი კუთხის ფორმისა.

ფლიგელი (გერმ.) - 1. საცხოვრებელი სახლის გვერდითი მინაშენი; 2. დიდი სახლის ეზოში მოქცეული მცირე სახლი.

ფლინტგლასი (გერმ.) - ერთგვარი ტყვიაშემცველი ოპტიკური მინა, რომელსაც ახასიათებს სინათლის გარდატეხის დიდი კოეფიციენტი. გამოიყენება სხვადასხვა ოპტიკური დეტალების და რთული ობიექტივების დასამზადებლად.

ფლისკინა - ბირქი, ბლისკინა; "თხრილი, გარშემორტყმული ციხეთა და ქალაქთა სიმაგრისათვის, ავსებული ქყლითა" (დ. ჩუბინაშვილი).

ფლიუსი - ნივთიერება (უმეტესად ნარევი) ორგანული ან არაორგანული წარმოშობის, რომელიც გამოიყენება შედუღების პროცესში შესადუღებელი ლითონის ნაკეთობის ზედაპირიდან მჟანგავი ქიმიური ელემენტების მოსაცილებლად, ზედაპირული დაჭიმულობის მოსახსნელად, თხევადი სარჩილის განდენადობის გასაუმჯობესებლად და შედუღების ადგილის დასაცავად ატმოსფერული ზემოქმედებისაგან. დანიშნულების მიხედვით არსებობს ფ. შემდეგი სახეები: ტემპერატურული აქტიურობის ინტერვალის მიხედვით - დაბალტემპერატურული (4500C-მდე) და მაღალტემპერატურული (4500C-ზე მეტი); გამხსნელის ბუნების მიხედვით - წყლიანი და უწყლო; მოქმედების განმსაზღვრელი აქტივატორის ბუნების მიხედვით - დაბალტემპერატურული (კანიფოლური, მჟავური, გალოგენური, ჰიდრაზინური, ფთორბორული, ანილინური, სტეარინული) და მაღალტემპერატურული (გალოგენური, ბორ-ნახშირმჟავური); მოქმედების მექანიზმის მიხედვით - დამცავი, ქიმიური მოქმედების, ელექტროქიმიური მოქმედების, რეაქტიული; აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით - მყარი, თხევადი, პასტისმაგვარი. შავი ლითონების შესადუღებლად გამოიყენება აქტიური (ცინკის ქლორიდი) და საშუალო ან მცირე აქტივობის (ამონიუმის ქლორიდი) ფ.; ალუმინის შენადნობებისათვის - მრავალკომპონენტიანი სარჩილი, რომელშიც შედის თუთია, კადმიუმი, ბისმუტი და სხვ. მეტალები, აგრეთვე ბინარული ორთოფოსფორის კონცენტრირებული მჟავა; უჟანგავი ფოლადებისათვის - ორთოფოსფორის მჟავა; მაღალტემპერატურული რჩილვისათვის - ბორის მჟავას, ბორაკის, ბორის ანჰიდრიდის, სპილენძის, ბრინჯაოს, თითბერისა და სხვ. ფლიუსი.

ფლოკულაცია (ლათ.) - შედარებით მცირე მანძილებზე კოლოიდური ნაწილაკების ერთმანეთთან მიახლოებისა და ურთიერთფიქსაციის მოვლენა, რაც ჩვეულებრივ იწვევს ფაშარი ფიფქისებრი კოაგულანტების - ფლოკულების წარმოქმნას. მიმდინარეობს წყლის ფრთხილი შენჯღრევით, რაც იწვევს წვრილი ნაწილაკების კონგლომერაციას უფრო მსხვილი ნაწილაკების წარმოქმნით. წარმოქმნილი კონგლომერატი სწრაფად ილექება ფსკერზე.

ფლომასტერი (ინგლ.) - ხელსაწყო საწერად, სახატავად, სახაზავად, რომელსაც კორპუსის შიგნით მოთავსებული აქვს სპეციალური ფერადი მელნით გაჯერებული ე. წ. «მკვებავი»; მასთან მიერთებულია მილოვანი ღერო, რომლიდანაც ქაღალდზე და მისთანებზე შეხებისას თანაბრად გამოდის მელანი.

ფლორა (ლათ.) - ქვეყნის, გარკვეული ტერიტორიის ერთეულის, კუნძულის, კონტინენტისა და სხვათა ისტორიულად ჩამოყალიბებული მცენარეთა სახეობების ერთობლიობა; მცენარეთა სამყარო.

ფლორინგი - გარანდული ან გარანდული და ნარიმანდამოღებული საექსპორტო დახერხილი მასალა.

ფლოტაცია (ფრანგ.) - ლითონის მადნის გამდიდრების ერთ-ერთი წესი - გარემოში მინერალების ერთმანეთისაგან განცალკევების მეთოდი, დაფუძნებული ჰაერის ბუშტებში მინერალის ნაწილაკების შეერთების თვისებაზე, რომლის საშუალებითაც მიიღება მადნის კონცენტრატი. იგი ხორციელდება ფლოტაციის აფსკური, ზეთიანი ან ქაფიანი მანქანებით.

ფლოტაციური მანქანა - მექანიკური, პნევმატური ან კომბინირებული დანადგარი, რომლის საშუალებით ხდება სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება.

ფლოტაციური რეაგენტი - აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ფლოტაციის პროცესის რეგულირებისათვის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისას. ფ.რ. ცვლის სხვადასხვა მინერალების ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობას და არეგულირებს ქაფწარმოქმნას. შემადგენლობის, სტრუქტურისა და თვისებების მიხედვით ფ.რ. სხვადასხვაგვარია - შეზღუდული და შეუზღუდავი, კარგი და ცუდადხსნადი წყალში.

ფლუატები - სილიციუმფთორწყალბადმჟავას მარილები, რომელთა ხსნარები გამოიყენება კირქვების ზედაპირის გაჟღენთვისათვის გამოფიტვისაგან მათი დაცვის მიზნით.

ფლუგარი - მოსაწყობი ბრტყელი სასუნთქი სახურავის სავენტილაციო მილყელებისათვის.

ფლუგერი (გერმ. Flügel) - მეტეოროლოგიური ხელსაწყო, რომელიც უჩვენებს ქარის მიმართულებას და სიჩქარეს; წარმოადგენს ანძაზე, შპილზე, სახურავზე, ლატანზე დამაგრებულ თავისუფლად მოძრავ ფირფიტას, ისარს (ნახ. 1: სანკტ-პეტერბურგის საადმირალოს შპილის ფლუგერი).

ფლუორესცენცია (ლათ.) - ლუმინესცენცია, რომელიც გაღიზიანების (განათების) შეწყვეტის შემდეგ ძალიან მალე ქრება.

ფლუორიტი - ფთორიდების კლასის ყვითელი, მწვანე, იისფერი მინერალი (CaF2). სიმკვრივე 3180...3200 კგ/მ3. დნობის ტემპერატურა 13600C. გამოიყენება მეტალურგიაში (ფლუსად), კერამიკულ წარმოებაში (ემალად, ჭიქურად), ოპტიკაში (ლინზების, ობიექტივების დასამზადებლად) და სხვ.

ფლუსი - ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს მეტალის ოქსიდების მოშორებას, რომლებიც წარმოიშობიან გადაბმის, შეერთების ადგილებში, რჩილვის დროს გაცხელებით. ჩვეულებრივ, ესაა ქლოროვანი ცინკი - მეტალის თუთიის ხსნარი მარილმჟავაში.

ფლუქსმეტრი (ლათ.) - ხელსაწყო მაგნიტური ნაკადის გასაზომად.

ფლუქტუაცია (ლათ.) - რაიმე სიდიდის შემთხვევითი გადახრა მისი საშუალო მნიშვნელობიდან.

ფოთლოვანა - იხ. ლარიქსი.

ფოთოლი - მცენარეთა ორგანო, რომელიც ჰაერიდან ნახშირორჟანგს შთანთქავს, მიწიდან ფესვების მეშვეობით წყალსა და მასში გახსნილ მინერალურ ნივთიერებებს იღებს, ასრულებს ფოტოსინთეზისა და ტრანსპირაციის ფუნქციებს, ახორციელებს აირცვლას გარემოსთან და მონაწილეობს მცენარის ცხოველმოქმედების სხვა პროცესებში (ვეგეტატიური გამრავლება და სხვ.). კონსისტენციის მიხედვით არჩევენ ბალახოვან, აპკისებრ, ტყავისებრ და ხორცოვან ფ. უმეტესი მცენარის ფ. ქლოროფილის არსებობის გამო მწვანეა. პიგმენტების - ქლოროფილის, კაროტინის, ქსანტოფილის, ანთოციანის სხვადასხვა შეფარდება ფ. ზოგჯერ განაპირობებს ფოთლის წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ, იისფერ, მურა და ცისფერ შეფერვას. ფ. ზედაპირი შეიძლება იყოს შიშველი ან შებუსული. ფ. სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ფოთოლმცვივან მცენარეთა ფ. 2-5 (იშვიათად 6-10) თვეს ცოცხლობს. მარადმწვანე მცენარეებისა - თანდათან იცვლება, ამასთანავე, თითოეული ფ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 1-დან 10 წლამდე განისაზღვრება. ფ. დაქსელილია ძარღვებით - გამტარი კონებით, რომელთა მიხედვითაც გამოიყოფა ფ. დაძარღვის განსხვავებული ტიპები: ფრთისებრი, პარალელური, რკალური, თათისებრი, ბადისებრი და სხვა. ფოთლის დაძარღვის მიხედვით შეიძლება გაირკვეს მცენარის გვარობრივი და სახეობრივი რაობაც კი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პალეობოტანიკური კვლევისათვის. ფ. ორივე მხრიდან დაფარულია ერთშრიანი ქსოვილით - კანით ანუ ეპიდერმისით. მისი უჯრედები ქლოროფილს არ შეიცავს და უფეროა. ბევრი ფოთლის ეპიდერმისში არსებული ბაგეებით ხდება აირცვლა და ტრანსპირაცია. ზედა და ქვედა ეპიდერმისს შორის განლაგებულია ძირითადი ქსოვილი - მეზოფილი (ფოთლის რბილობი). იგი ხშირად დიფერენცირებულია მესრისებრ და ღრუბლისებრ პარენქიმად. ფ. აქტიური ორგანოა, რომელიც აწესრიგებს მცენარის ცხოველმოქმედების ზოგად პროდუქტიულობას, მცენარეს ამარაგებს ასიმილატებით. ფ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა გარემოსათან ინტენსიური აირცვლა, 1 მ2 ფ. ფირფიტა 1 საათის განმავლობაში გარემოდან ითვისებს 6-8 გ (3-4 ლ) ნახშირორჟანგს და ერთდროულად გამოყოფს გარემოში იმავე მოცულობის ჟანგბადს. ასეთი მაღალი ეფექტურობა განისაზღვრება ფ. განსაკუთრებული სტრუქტურით და ზედაპირის მოცულობასთან შეფარდების მაღალი მაჩვენებლით. მზიან ამინდში შუადღისას, 1 მ2 ფ. ფირფიტა 1 საათში შთანთქავს 360 კკალ ენერგიას. ამ ენერგიიდან მხოლოდ 5…10% გარდაიქმნება ქიმიურ ენერგიად, დანარჩენი - სითბურ ენერგიად და ნაწილობრივ გადადის გარემოში, რაც აფერხებს ფ. გადახურებას. 1 მ2 ფ. ზედაპირი 1 საათში აორთქლებს 500…700 გ წყალს. ფოტოსინთეზისა და სუნთქვის პროცესების საშუალებით ატმოსფეროში შენარჩუნებულია ჟანგბადსა და ნახშირორჟანგს შორის ბალანსი, ხოლო ტრანსპირაციის საშუალებით ფ. მონაწილეობს დედამიწაზე წყლის ბალანსის რეგულარებაში.

ფოიე (ფრანგ.) - თეატრში, კინოში და მისთანებში - დარბაზი, სადაც იმყოფებიან მაყურებლები სანახაობის დაწყებამდე და ანტრაქტებში.

ფოკუსი - 1. მათემატიკაში - მეორე რიგის წირის (ელიფსის, ჰიპერბოლის, პარაბოლის) წერტილი, რომელიც ამ წირის სიბრტყეში მდებარეობს და ის თვისება აქვს, რომ წირის ნებისმიერი წერტილიდან ფოკუსამდე მანძილის ფარდობა ამ წირის დირექტრისამდე მანძილთან არის მუდმივი სიდიდე და ამ წირის ექსცენტრისიტეტის ტოლია; 2. ფიზიკაში - გარდატეხილი ან არეკლილი სხივების გადაკვეთის წერტილი; 3. წერტილი, რომელშიც ფოტოგადაღების დროს საგანი მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულებას იძლევა; 4. (გადატანით) რისამე შუაგული, ცენტრი; 5. ილეთი, ტრიუკი, რაც თვალებს ატყუებს და მაყურებლის განცვიფრებას იწვევს მოჩვენებითი ზებუნებრიობით; დამყარებულია ხელის მოქნილობაზე, რაიმე კანონზომიერების ცოდნაზე.

ფოლადბეტონი (ლითონბეტონი) - სპეციალური ცვეთამედეგი ბეტონი, რომელიც მზადდება პორტლანდცემენტზე კვარცის ქვიშის, ლითონის ბურბუშელებისა და ნაქლიბების ნარევისაგან. გამოიყენება ისეთი ნაგებობების ელემენტებში, სადაც ადგილი აქვს ცვეთასა და დარტყმით ზემოქმედებებს (საწყობების, ანგარების, მეტალურგიული ქარხნების იატაკები, ბუნკერები, პლატფორმები და სხვ.).

ფოლადი - რკინის დეფორმირებადი (ჭედადი) შენადნობი ნახშირბადსა (არა უმეტეს 2,14%–ისა და არანაკლებ 0,022 %-ისა) და სხვა ელემენტებთან. შავი მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი. ფოლადის წარმოების უძველესი ხერხია ცივსაბერი პროცესი, რომელსაც საფუძვლად ედო ქურაში (მოგვიანებით შახტურ ღუმელში) რკინის აღდგენა მადნიდან ხის ნახშირით. ძველი ქართველი მელითონეები სიტყვა ფოლადს უწოდებდნენ მაგარ რკინას, რომელიც რუსულ ენაში „ბულატის“ სახელწოდებით დამკვიდრდა. ადრეული მეტალურგიის უდიდეს მიღწევად ამ სახის ფ. ითვლება. ასეთი ფ. ნამზადის ზედაპირი ტალღოვანია ან ქსოვილისებრი ბოჭკოვნებით გამოირჩევა, ახასიათებს მაღალი ფხამახვილობა, დიდი დრეკადობა და სიმტკიცე. გამოყენების სფეროს მიხედვით ფ. არის საკონსტრუქციო, საიარაღო და განსაკუთრებული თვისებების მქონე.

ფოლადი ლეგირებული - ფოლადი, რომელსაც საექსპლუატაციო და ტექნოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად დამატებული აქვთ მალეგირებელი ელემენტები. ის შეიძლება იყოს: მცირედ ლეგირებული (მალეგირებელი ელემენტების რაოდენობა 2,5%-დე), საშუალოდ ლეგირებული (2,5-10%) ან უხვად ლეგირებული (10%-ზე მეტი). ფ.ლ. კლასიფიკაცია ხდება სტრუქტურის, დანიშნულების და შედგენილობის მიხედვით. სტუქტურის მიხედვით ლეგირებული ფოლადები იყოფა რამდენიმე კლასად: პერლიტური კლასი (პერლიტის ან მისი რომელიმე სახეობის - სორბიტის, ტროსტიტის და მისთ. სტრუქტურის მქონე ფოლადები; მარტენსიტული კლასი (დაბალია ამ კლასის ფოლადების წრთობის კრიზისული სიჩქარე; ნორმალიზაციის შემდეგ მათ აქვთ მარტენსიტის სტრუქტურა); აუსტენიტური კლასი (დამახასიათებელია აუსტენიტის დაშლის მეტად დაბალი ტემპერატურა); ფერიტული კლასი (ამ კლასის ფოლადების შედგენილობაში აუსტენიტის არის შემამცირებელი ელემენტებია); კარბიდული კლასი (გაერთიანებულია ისეთი ფოლადები, რომლებშიც ნახშირბადის და კარბიდის წარმომქმნელი ელემენტები შედარებით დიდი რაოდენობითაა). დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ კონსტრუქციულ, საიარაღო და განსაკუთრებული თვისებების მქონე უჟანგავ, მხურვალმტკიცე, მხურვალმედეგ, ცვეთაგამძლე და სხვა ფოლადებსა და შენადნობებს. ხოლო შედგენილობის მიხედვით - ნიკელიან, ქრომიან, ქრომნიკელიან, ქრომნიკელმოლიბდენიან, ქრომმანგანუმაზოტიან და სხვა ლეგირებულ ფოლადებს. ფ.ლ. მარკირება ხდება მათი ქიმიური შედგენილობის შესაბამისად. პირველი ციფრი ფოლადის მარკაში აღნიშნავს ნახშირბადის რაოდენობას კონსტრუქციულ ფოლადებში %-ის მეასედი ოდენობით, საიარაღო ფოლადებში %-ის მეათედი ოდენობით. ყოველი მალეგირებელი ელემენტი სხვადასხვა ასოთი აღინიშნება (როგორც წესი მალეგირებელი ელემენტის სახელის პირველი ასოთი. ასოების შემდეგ დასმული ციფრი აღნიშნავს ფოლადში მალეგირებელი ელემენტის შემცველობას.

ფოლადი მდუღარე - ნახშირბადმცირე ფოლადი, რომელიც ფოლადსადნობი ღუმელიდან გამოდის მცირედ განჟანგული, ამიტომ მისი გაცივებისას ბოყვში გრძელდება მასში არსებული ნახშირბადის დაჟანგვა ნადნობში გახსნილი ჟანგბადით, რაც გარეგნულად გამოისახება გაზის ბუშტულების გამოყოფით (ფოლადის დუღილი). ფ.მ. უფრო იაფია, ვიდრე მშვიდი ან ნახევრადმშვიდი ფოლადი, მაგრამ ჩამორჩება მათ ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით, ამიტომ ფ.მ. დამზადებული ნაკეთობები საპასუხისმგებლო დანიშნულების ობიექტებზე არ გამოიყენება.

ფოლადი ნახშირბადუხვი - ფოლადი, რომელშიც ნახშირბადის შემცველობაა 0,6...2%. ასეთი ფოლადის დანიშნულებაა ბაგირის მავთულის წარმოება, რისთვისაც იყენებენ პატენტირებას - კაზმს სწრაფად აცივებენ წვრილმარცვლოვანი სტრუქტურის (ფერიტი + პერლიტი) მიღებამდე და დაუყონებლივ მიმართავენ ცივ დეფორმაციას - ადიდვას. ამ გზით მიღებული მავთულის მექანიკური სიმტკიცეა 3000...5000 მპა. ფ. ნ. კონსტრუქციულ დეტალებს არ აკეთებენ ფოლადის მცირე სიბლანტისა და ცუდი შედუღებადობის გამო.

ფოლადი საავტომატე - ფოლადის სახეობა, რომელიც იოლად მუშავდება საჭრისით, რაც მიიღება ფოლადში გოგირდის, სელენის, ტელურის, კალციუმის დამატებით. ძირითადად გამოიყენება ნაკლებდატვირთული დეტალებისათვის (ქანჩი, ჭანჭიკი, ხრახნი და მისთ.). ცვეთამედეგობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ცემენტაციას და წრთობას.

ფოლადი საიარაღო - ნახშირბადიანი ფოლადის სახეობა ნახშირბადის შემცველობით მეტი 0,7%-ზე. გამოირჩევა მაღალი სიმაგრითა და სიმტკიცით (თერმოდამუშავების შემდეგ) და გამოიყენება იარაღების (ინსტრუმენტების) დასამზადებლად. არსებობს ხარისხიანი (გოგირდის შემცველობა 0,03%, ფოსფორის - 0,035%) და მაღალი ხარისხის (გოგირდი 0,02%, ფოსფორი 0,03%). ასეთი ფოლადების უპირატესობაა დაბალი თვითღირებულება და საკმაოდ მაღალი სიმაგრე; უარყოფითი - დაბალი ცვეთა- და თბომედეგობა.

ფოლადი საკონსტრუქციო - ფოლადის სახეობა, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში კონსტრუქციების და მანქანათმშენებლობაში დეტალების, მექანიზმების, კონსრტუქციების დასამზადებლად და რომელსაც აქვს განსაზღვრული მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებები. კონსტრუქციული ნახშირბადიანი ფოლადების ხარისხს განსაზღვრავს მის შედგენილობაში მავნე მინარევების არსებობა (ფოსფორი, გოგირდი). ფოსფორი (ფოლადს ანიჭებს სიმყიფეს, ხოლო გოგირდი - ყველაზე მავნე მინარევი - წითელმეტეხობას. ჩვეულებრივი ხარისხის ნაშირბადიანი საკონსტრუქციო ფოლადები ფართედ გამოიყენება მშენებლობაში და მანქანათმშენებლობაში როგორც იაფი, ტექნოლოგიური მასალა, რომელსაც აქვს ყველა თვისება მასიური დანიშნულების კონსტრუქციების დასამზადებლად. ფ.კ. განჟანგვის ხარისხს განსაზღვრავს მასში სილიციუმის (Si) პროცენტული შემცველობა, რომელიც შეიძლება იყოს 0,07...0,12%-ის ფარგლებში. მცირედნახშირბადიანი ფ.კ. ამზადებენ დეტალებს ცივი დაშტამპვის მეთოდით, ხოლო ნახშირბადუხვი ფოლადისაგან - ზამბარებს, რესორებს, მაღალი სიმტკიცის მავთულებს და სხვ.

ფოლადი საკონსტრუქციო ამაღლებული დამუშავებადობის (ავტომატური) - ასეთ ფოლადებს მიეკუთვნება ფოლადები გოგირდისა და ფოსფორის მაღალი შემცველობით, აგრეთვე ფოლადები, რომლების სპეციალურად არის ლეგირებული სელენით (Se), ტელურით (Te) ან ტყვიით (Pb). ეს ელემენტები უზრუნველყოფს ჭრის სიჩქარის გაზრდას, ჭრისათვის საჭირო ძალის და საჭრისის ცვეთის შემცირებას, დასამუშავებელი ზედაპირის სისუფთავეს და სხვ. მათი გამოყენება მიზანშეწონილია წარმოებებში დეტალების მასიურად დასამზადებლად ჩარხ-ავტომატზე. ლაზერული ჭრის ტექნოლოგიის დამუშავების შემდეგ დამუშავებული იქნა საკონსტრუქციო ფოლადის სპეციალური სახეობები.

ფოლადი საკონსტრუქციო თბომდგრადი - ფოლადი, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკულ მანქანათმშენებლობაში ქვაბების, ჭურჭლების, ორთქლგამაცხელებლების, ორტქლსადენების დასამზადებლად, აგრეთვე მრეწველობის სხვა დარგებში ნაკეთობების მაღალ ტემპერატურაზე მუშაობისას. თბომდგრადი ფოლადებისათვის მუშა ტემპერატურა აღწევს 600...6500C, ამავე დროს დეტალების შეუცვლალად მუშაობის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10000...20000 სთ-ის ფარგლებში. 6 მპა-მდე წნევისა და 4000C ტემპერატურამდე საექსპლუატაციო პირობებში გამოიყენება საქვაბე ფოლადი ნახშირბადის შემცველობით 0,08...0,27%.

ფოლადი საკონსტრუქციო ლეგირებული - გამოიყენება მანქანების საპასუხისმგებლო და მძიმედდატვირთული დეტალების დასამზადებლად. პრაქტიკულად ყველა ეს დეტალი ექვემდებარება საბოლოო თერმულ დამუშავებას - წრთობას, რაც უზრუნველყოფს მაღალ კონსტრუქციულ სიმტკიცეს. მალეგირებელი ქიმიური ელემენტებია: ქრომი (Cr), მარგანეცი (Mn), ნიკელი (Ni), მოლიბდენი (Mo), ვანადიუმი (V) და ბორი (B). ნახშირბადის (C) შემცველობა ლეგირებულ ფოლადებში 0,25...0,5%-ია.

ფოლადი საკონსტრუქციო რესორ-ზამბარის - ლეგირებული ფოლადის სახეობა. გამოიყენება რესორებისა და ზამბარების დასამზადებლად. იწარმოება მავთულისა და ზოლოვანი ლენტის სახით, რომელთაც ანმტკიცებენ ცივი პლასტიკური დეფორმაციით და გამოწრთობით მარტენსიტში. ასეთ ფოლადებს წაეყენებათ მოთხოვნები - მცირე პლასტიკური დეფორმაციისადმი (დრეკადობის ზღვარი) მაღალი წინაღობა და რელაქსაციისადმი მედეგობა (წინაღობა რელაქსაციური ძაბვებისადმი). ეს მახასიათებლები უზრუნველყოფს ზამბარების ზუსტ და საიმედო მუშაობას და მუდმივობას დროში ისეთი საექსპლუატაციო თვისებებისა, როგორიცაა მგრეხი მომენტი და ძალოვანი პარამეტრები.

ფოლადი საკონსტრუქციო სასაკისრე - ფოლადის სახეობა, რომელიც ლეგირებულია ქრომით. ასეთი ფოლადი გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და სტრუქტურის ერთგვაროვნებით, რომლის მიმართაც წაეყენება განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნები.

ფოლადი სწრაფმჭრელი - ლეგირებული ფოლადის სახეობა, რომელსაც ძირითადად, იყენებენ ლითონსაჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად, რომლებსაც მუშაობა უხდებათ მაღალი სიჩქარის (ბრუნვათა რიცხვის) პირობებში. ფ.ს. უნდა გააჩნდეს მაღალი მედეგობა რღვევის, სიმაგრის (ცივ და ცხელ მდგომარეობაში) და სიწითლის მიმართ. ფ.ს. ლეგირება ვოლფრამით, მოლიბდენით, ვანადიუმითა და კობალტით უზრუნველყოფს ფოლადის წითელმედეგობას და სიმაგრეს მაღალი ტემპერატურის პირბებში. ბოლო პერიოდში ფ.ს. გამოყენება შეიზღუდა ზემაგარი შენადნობების ფართედ გავრცელების გამო.

ფოლადი სხმული - ზოდის ფორმის მყარი ფოლადი, მიღებული გამდნარი ფოლადის ჩამოსხმით სამსხმელო ყალიბში.

ფოლადი უჟანგავი - ფოლადი, რომელიც არ განიცდის კოროზიას ჰაერზე, ზღვის და მდინარის წყალში. უჟანგავი ფილადი შეიცავს ქრომს (არანაკლებ 12%). მექანიკური და ქიმიური მდგრადობის ასამაღლებლად შეჰყავთ აგრეთვე ნიკელი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ნიობიუმი, ნახშირბადი და სხვა ელემენტები. გამოიყენება სახალხო მეურნეობის ყველა დარგში და ყოფაცხოვრებაში.

ფოლადი უძველებელი - ნახშირბადმცირე (0,15%-მდე) ფოლადი სტაბილური მექანიკური თვისებებით. საჭირო თვისებები მიიღწევა დნობის ტექნოლოგიით (განჟანგვა ალუმინით) ან თერმული დამუშავებით და მცირე რაოდენობით დანამატების (ალუმინი, ტიტანი, ვანადიუმი, ნიობიუმი) შეყვანით. ძირითადად გამოიყენება საქვაბეების და მანქანათმშენებლობაში.

ფოლადი ხარისხიანი - ფოლადის კატეგორია, რომელსაც დამზადებისას წაეყენება მკაცრი ტექნიკური მოთხოვნები (სტრუქტურის ერთგვაროვნება, შედგენილობის სიწმინდე, მაღალი სიმტკიცე და სხვ.).

ფოლადის მილი არალითონური საფარვლით - ფოლადის მილი, დაფარული შიდა და გარე მხრიდან არალითონური შრით (მინაპლასტიკით, მინატექსტოლიტით, თხევადი მინით, პლექსიგლასით და სხვ.).

ფოლადის მილი ლითონური საფარვლით - ფოლადის მილი, დაფარული შიდა და გარე მხრიდან ლითონური შრით (სპილენძით, თუთიათი, ალუმინით, ოქროთი, ვერცხლით და სხვ.).

ფოლადის სიცივით დამუშავება - ფოლადის თერმული დამუშავება ნაწრთობი ფოლადის გაციებით, რომლის სტრუქტურაშიც არის ნარჩენი აუსტენიტი, 00C-ს ქვემოთ ტემპერატურაზე (ჩვეულებრივ −800C), ჰაერზე შემდგომი გახურებით. ამ პროცესს თან სდევს მარტენსიტის წარმოქმნა. ფ.ს.დ. მიმართავენ ნახშირბადის მაღალი შემცველობის ნაწრთობი დეტალების დამზადებისას, რომელთაც აქვს მაქსიმალურად მტკიცე და სტაბილური ზომები.

ფოლადფიბრობეტონი - ბეტონი, დისპერსიულად დაარმირებული ფოლადის ბოჭკოებით - ფიბრებით, რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ახალი კომპოზიტური მასალა, თვისობრივად განსხვავებული ბეტონ-მატრიცისაგან.

ფოლგა (პოლონ. კილიტა) - სხვადასხვა ლითონის (ალუმინი, კალა, ტყვია და სხვ.) და მათი შენადნობებისაგან დამზადებული სიფრიფანა ფურცელი ან ლენტი; მიიღება გაგლინვით, ელექტროლიტური მეთოდით, ფუძეშრეზე დალექვით ვაკუუმში. გამოიყენება კვების, ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, ხელსაწყოთმშენებლობაში, პოლიგრაფიაში, სარკის წარმოებაში, სამშენებლო თბოსაიზოლაციო მასალების შესაფუთად და სხვ.

ფოლგაიზოლი - იხ. კილიტაიზოლი.

ფოლვარკი (პოლ.) - ცალკე დასახლება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კარმიდამო, მამული.

ფოლოსი (ბერძ.) - წრიულო მოხაზულობის გეგმის მქონე შენობა, რომელიც განლაგებულია საფეხურებად დანაწევრებულ პოდიუმზე და მთელ პერიმეტრზე გარშემორტყმულია სვეტნარით.

ფოლხვა - გადახრა, დაცილება ფიქსირებული მდგომარეობიდან, რაც იწვევს ე.წ. თამაშს დეტალების, ლილვების, ღერძების, კბილანების შეერთებასა და მოდებაში. არჩევენ განივ და გრძივ, თვლების, რადიალურ, საკისრების, საჭის, ღერძის და სხვა სახის ფ.

ფონდი (ფრანგ.) - 1. იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალურ ქონებას საერთო - საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრები. რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება; 2. რაიმე მიზნისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები; რისამე მარაგი (მაგ., წიგნების ფონდი, საბინაო ფონდი და სხვ.).

ფონდუკუგება - პროდუქციის გამოშვება წარმოებითი ფონდების (ძირითადი კაპიტალი) ღირებულების ერთეულზე. ფ. ახასიათებს წარმოებითი ძირითადი ფონდის გამოყენების ეფექტურობის დონეს. მიიღება მზა პროდუქციის ღირებულების გაყოფით ძირითადი ფონდების ღირებულებაზე.

ფონი - 1. მდინარის თხელწყლიანი ადგილი, სადაც შესაძლებელია ფეხით გადასვლა; 2. რისამე (შენობის, ქანდაკების) უკანა პლანი; 3. ზედაპირის ძირითადი ფერი, ტონი, რომელზედაც იხატება სურათი.

ფორვარდი - წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი, ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე ვალდებულებას იღებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიაწოდოს მეორე მხარეს (მყიდველს) საქონელი (საბაზო აქტივი), ან შეასრულოს ალტერნატიული ფულადი ვალდებულება, მყიდველი ვალდებულებას იღებს მიიღოს საბაზო აქტივი და მოახდინოს ანგარიშსწორება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს უჩნდებათ შემხვედრი ფულადი ვალდებულებები, რომელიც დამოკიდებულია საბაზო აქტივის მაჩვენებლებზე ვალდებულების შესრულების მომენტისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

ფორვარდი მიწოდების - ვადიანი საბირჟო გარიგება, რომელიც სრულდება საბაზო აქტივის მიწოდებით.

ფორვარდი საანაგარიშსწორებო - საბირჟო გარიგება მიწოდების გარეშე, რომელიც არ სრულდება საბაზო აქტივის მიწოდებით.

ფორვარდი ღია თარიღით - ფორვარდული ხელშეკრულება, რომელშიც არ არის მითითებული შესრულების თარიღი (ვადა).

ფორი (ბერძ.) - ნივთიერების ნაწილაკებს შორის არსებული სიცარიელე; სვრეტი. ახასიათებს ზოგიერთ საშენ მასალას (ბეტონს, მერქანს, ქაფპლასტს, ფიჭაპლასტს და მისთ.). შეიძლება იყოს: ბრმა, დახშული, მარტივი, მოარშიებული და სხვ.

ფორიანობა - მასალის ფორებით შევსების ხარისხი, ანუ მასალის მოცულობის რა ნაწილია დაკავებული ფორებით. იგი სიმკვრივის კოეფიციენტს 1...100%-მდე ავსებს და გამოითვლება ფორმულით: V = (1−ρ/ρ) ან V = (1−ρ/ρ)∙100%, სადაც ρ და ρ - მასალის ზოგადი და ნამდვილი სიმკვრივე. მასალის ფორიანობა იცვლება დიდ ფარგლებში, 0,2...0,8% - გრანიტისა და მარმარილოსათვის და 98%-მდე ქაფმასალებისა და მინერალური ბამბისათვის. ფორების რაოდენობასა და ხასიათზე (ზომები და ფორმა, ღია თუ დახურული) დამოკიდებულია მასალის უმნიშვნელოვანესი თვისებები: სიმკვრივე, სიმტკიცე, ხანმედეგობა, თბოგამტარობა, წყალშთანთქმა, წყალჟონადობა და სხვ. ღია ფორები ზრდის მასალის წყალჟონადობას და აუარესებს ყინვამედეგობას; თუმცა ბგერასაიზოლაციო მასალებში ღია ფორები სასურველია, რადგან ისინი ნთქავენ ბგერის ენერგიას. ღია ფორების ხარჯზე დახურული ფორების გაზრდა, ამაღლებს მასალის ხანმედეგობას და ამცირებს თბოგამტარობას.

ფორიანობა ზედაპირული - ნიმუშის ზედაპირზე (ძირითადად მერქნის) ფორების ჯამური ფართობის შეფარდება ნიმუშის ზედაპირის მთელ ფართობთან, გამოსახული პროცენტებში.

ფორიანობა მოცულობითი - ნიმუშში (ძირითადად მერქნის) არსებული ფორების ჯამური მოცულობის ფარდობა აბსოლუტურად მშრალი ნიმუშის სერთო მოცულობასთან, გამოსახული პროცენტებში.

ფორიანობა საცრისებრი - ფორიანობა, რომელიც სხეულში გამჭოლადია ანუ ერთი ზედაპირიდან მეორე, მოპირდაპირე ზედაპირზე გადის.

ფორმა (ლათ.) - 1. საგნის, ნაკეთობის გარეგნული მოხაზულობა, კონტური; 2. რაიმეს დადგენილი ნიმუში; 3. მოწყობილობა, რაიმესთვის გარკვეული მოხაზულობის მისაცემად. მაგ., იგივე ყალიბი სამსხმელო წარმოებაში, ბეტონის, თაბაშირის, კერამიკული და სხვა მასალების ნაკეთობების დასამზადებლად და სხვ.

ფორმა დრეკადი ელემენტით - ფორმა, რომლის ერთ-ერთ ელემენტში გამოყენებულია ფოლადის დრეკადი (ან დრეკადპლასტიკური) მუშაობა გარკვეული ტექნოლოგიური ოპერაციის შესასრულებლად.

ფორმა მრავალადგილიანი - ფორმა, რომელსიც ერთდროულად შეიძლება დამზადდეს ორი ან მეტი ნაკეთობა (ბლოკი, აგური, კიბის საფეხური, სვეტი, რიგელი და სხვ.

ფორმა უნივერსალური - ტრანსფორმირებადი ფორმა, რომელშიც შესაძლებელია დამზადებული იქნეს სხვადასხვა ფორმის ნაკეთობები ზღვრული ზომების ფარგლებში.

ფორმა ძალური - ფორმა, რომელიც ღებულობს ძალას ნაკეთობის წინასწარდაძაბული არმატურისაგან.

ფორმა წონასწორობის - თავისუფლების ხარისხის ნებისმიერი რიცხვის მქონე მექანიკური სისტემის გეომეტრიული ფორმა, რომლის დროსაც მასზე მოქმედი ძალები იმყოფებიან წონასწორობაში.

ფორმალდეჰიდი - თერმოპლასტიკური პლასტმასის ნაირსახეობა, რომელიც წარმოადგენს ჭიანჭველამჟავას ანჰიდრიდს. საერთაშორისო დასახელებაა „მეთანალი“. ფ. მიღების ძირითადი მეთოდია მეთანოლის დაჟანგვა ვერცხლისწყლის ან რკინა-მოლიბდენის კატალიზატორის თანდასწრებით 6500C ტემპერატურაზე ატმოსფერული წნევის დროს. ფ. მომწამვლელი ნივთიერებაა და თან შეტანილია კანცეროგენური ნივთიერებების სიაში. მშენებლობაში გამოიყენება პლასტმასების წარმოებაში (ფენოპლასტი, ამინოპლასტი) და მერქანბურბუშელოვანი ფილების დასამზადებლად, სადაც ის ასრულებს შემკვრელის ფუნქციას.

ფორმალინი (ლათ.) - მძაფრი სუნის სადეზინფექციო საშუალება - ფორმალდეჰიდის 40%-იანი წყალსხნარი. სადეზინფექციო და საფიქსაციო საშუალება. ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და მათ სპორებს. ახასიათებს მჟავა რეაქცია (pH = 2,8…4,0) მკვეთრი სუნი.

ფორმატი - ბეჭდვითი გამოცემის, რვეულის, წიგნის, ფურცლის, ფანერის, შპონის, ნაკეთობის სტანდარტული ზომა.

ფორმაწარმომქმნელი - 1. პლასტმასის დანამატი, რომელიც გამოიყენება ქაფპლასტების წარმოებაში. იგი ხელს უწყობს თერმოპლასტიკური ან თერმორეაქტიული ფისის აქაფებას ცხელ მდგომარეობაში; 2. ნივთიერება, რომლის მეშვეობით წარმოიქმნება ფორების სისტემა თავდაპირველად მონოლითურ მასალაში. ესაა ორგანული ნივთიერება, რომელიც დაშლისას გამოყოფს აზოტს (ე.წ. ფოროფორები), არაორგანული ნაერთები, რომლებიც გამოყოფენ ნახშირბადის ორჟანგს (ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) და სხვ. გამოიყენება ფოროვანი რეზინების, ქაფბეტონის, კერამიკული მასალების წარმოებაში.

ფორმულა (ლათ.) - 1. სიმბოლური ჩანაწერი, შემდგარი ციფრების, ასოებისა და სპეციალური ნიშნებისაგან, რომლებიც დალაგებულნი არიან გარკვეული თანამიმდევრობით და გამოსახავს რომელიმე ინფორმაციას, წინადადებას. ფორმულის საშუალებით შეიძლება ჩაიწეროს საკმაოდ რთული წინადადებები კომპაქტური და მოხერხებული ფორმით; 2. მათემატიკური ნიშნების კომბინაცია, რომელიც გამოსახავს რაღაც დამოკიდებულებას. მაგ., ფორმულა  გამოსახავს მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზისა და კათეტების ურთიერთკავშირს; 3. გამოგონების მოკლე ვერბალური დახასიათება, რომელიც გამოხატავს მის არსს; 4. ფორმულა - 1: მსოფლიო ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში. ავტორბოლის ყველაზე ძვირი და მაღალტექნოლოგიური სახეობა.

ფორმულირება - ზუსტად გამოთქმა, გამოხატვა (აზრისა, წინადადებისა, გადაწყვეტილებისა).

ფოროპლასტი - ფოროვანი სტრუქტურის მასალა, რომელიც ძალიან ჩამოგავს ქაფპლასტს, მაგრამ განსხვავდება მისგან უფრო მაღალი ტენ- და წყალშთანთქმის უნარით, ამაღლებული თბოგამტარობით და დაბალი ელექტროსაიზოლაციო თვისებებით.

ფოროპლასტი პოლიურეთანის - პლასტმასის სახეობა, რომელიც მიიღება იზოციანიტის, პოლიეთერების, კატალიზატორის, წყლისა და ემულგატორის ურტიერთქმედებით. გამოიყენება სამფენოვანი ფილების დასამზადებლად და ავეჯის წარმოებაში. გამოირჩება სიმსუბუქითა და მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებებით.

ფორსმაჟორი (ფრანგ.) - ვითარება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია; გადაულახავი დაბრკოლება.

ფორტი (ლათ.) - ცალკე მდგომი მცირე ციხე-სიმაგრე.

ფორტიფიკაციული ნაგებობა - საციხო ნაგებობა; სამხედრო-საინჟინრო საქმეში - თავდაცვითი ნაგებობათა კომპლექსი, ციხე-სიმაგრე.

ფორტრანი (ინგლ.) - დაპროგრამების ენა ორიენტირებული საინჟინრო და სამეცნიერო ამოცანებისათვის.

ფორუმი (ლათ.) - 1. ძველ რომში - მოედანი, სადაც იმართებოდა სახალხო კრებები და სხვა თავყრილობანი; 2. ფართო წარმომადგენლობითი კრება

ფორფეიტინგი - ფინანსური აგენტის მიერ კრედიტორის წინაშე მსესხებლის ფინანსური ვალდებულების შესყიდვის ოპერაცია. ფორფეიტინგის, როგორც სავაჭრო გარიგების ფინანსირების ოპერაციის არსია - ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა რისკების გადასვლა ფორფეიტერთან, გამყიდველზე უკუქცევის უფლების გარეშე. ფორფეიტერული ოპერაციების ძირითადი ობიექტებია მარტივი და გადასაპირებელი თამასუქები. არსებობს ფორფეიტერული ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი.

ფოსგენი (ბერძ.) - ორგანული ნაერთი, უფერო შხამიანი აირი; მიიღება ნახშირჟანგისა და ქლორისაგან; გამოიყენება გამხსნელების, საღებრების დასამზადებლად.

ფოსო - 1. გადასასვლელი ფერდი ბრტყელი სახურავის ფუძიდან მიჯნამდე კუთხეების შესაუღლებლად, ჩვეულებრივ კეთდება 450-იანი კუთხით; 2. წრეთარგი; შეზნექილი მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილი, რომელსაც წრის მეოთხედის მოხაზულობა აქვს; 3. რაიმეს ზედაპირზე ჩაღრმავებული ადგილი - ღრმული.

ფოსტა (იტალ.) - საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის დაწესებულება, რომელიც აწარმოებს საფოსტო გზავნილებათა მიღებას, დახარისხებას და ადრესატებისათვის ჩაბარებას.

ფოსტამტი (გერმ.) - კავშირგაბმულობის მსხვილი საწარმო, რომელიც ემსახურება მოსახლეობას საფოსტო, სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირგაბმულობის ყველა სახეობით.

ფოსფატები - ფოსფორული მჟავების მარილები და ეთერები. გამოიყენება ფოსფორული სასუქების, სინთეთიკური სარეცხი საშუალებების, სამკურნალო ნივთიერებების დასამზადებლად, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზში და სხვ.

ფოსფორესცენცია - ლუმინესცენცია, რომელიც შედარებით დიდხანს გრძელდება გაღიზიანების შეწყვეტის შემდეგ.

ფოსფორთაბაშირი - ფოსფატების ფოსფორმჟავად გადამუშავების ნარჩენი. შეიცავს 80...92%-მდე ორწყლიან თაბაშირს. ის კარგი ნედლეულია თაბაშირის მჭიდის წარმოებისათვის.

ფოსფორი (ბერძ.) - ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის არამეტალური ელემენტი. გამოისახება სიმბოლოთი P. ელემენტური ფოსფორი გვხვდება ორი ძირითადი ფორმით - თეთრი ფ. და წითელი ფ. სახით. თეთრ ფ. ახასიათებს ფოსფოროესენცია - სიბნელეში ანათებს, რასაც განაპირობებს ფ. ორთქლის ჟანგვა, არსებობს აგრეთვე იისფერი და შავი ფ. დიდი ქიმიური აქტიურობის გამო ფ. ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება. წარმოქმნის დაახლოებით 190 მინერალს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია აპატიტი, ფოსფორიტი და სხვ. ფ. მნიშვნელოვანი პროდუქტია ფოლადის წარმოებაში, ფოსფორ-ბრონზეს და სხვა მრავალი მსგავსი პროდუქტების მისაღებად. ფ. ემატება მეტალურ სპილენძს, რათა მიიღონ უჟანგბადო სპილენძი ან ფოსფორშემცველი სპილენძის შენალღობი, რომელსაც უფრო მაღალი თერმული და ელექტრული გამტარობა აქვს, ვიდრე სუფთა სპილენძს. ფ. გამოიყენება აგრეთვე, სპეციალური მინების (რომელსაც შემდგომ იყენებენ ნატრიუმის ნათურებში), ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად; სასუქების, ასანთის წარმოებაში და სხვ.

ფოსფორიტი - აპატიტისა და სხვა ფოსფატების ნარევი კარბონატებთან ან თიხასთან ერთად. ფერი - ყავისფერი, თეთრი, ნაცრისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო, შავი

ფოსფოროსკოპი - ხელსაწყო ფოსფორესცენციის შესასწავლად.

ფოტოგრამმეტრია - საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის განსაზღვრა მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა მისი ფოტოსურათის მიხედვით.

ფოტოელემენტი - ხელსაწყო, რომელიც სინათლის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის.

ფოტოეფექტი - სინათლის ენერგიის უშუალოდ ელექტროენერგიად გარდაქმნის მოვლენა.

ფოტოლიზი - ნივთიერებათა დაშლა სინათლის ზემოქმედების შედეგად.

ფოტომეტრი - 1. რომელიმე წყაროს სინათლის ძალის გასაზომი ხელსაწყო; 2. ვარსკვლავთა სიკაშკაშის განმსაზღვრელი ხელსაწყო.

ფოტონი (ქვანტი) - ნულოვანი მასის მქონე ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი.

ფოტოსინთეზი - პროცესი, რომლის დროსაც ნახშირორჟანგისაგან, წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებისაგან, მზის სხიური ენერგიის დახმარებით წარმოიქმნება ორგანული ნივთიერება და ჟანგბადი. ფ. აქვს ორი - სინათლის და სიბნელის ფაზა. სინათლის ფაზაში მზის გამოსხივების ენერგია გარდაქმნება ქიმიური ბმების ენერგიად (პროცესი მიმდინარეობს ორგანული ნივთიერების - ქლოროფილის მეშვეობით), წარმოიქმნება მოლეკულური ჟანგბადი, ხდება ატფ-ის (ადენოზინტრიფოსფატის) სინთეზი და ატომური წყალბადის წარმოქმნა, ხოლო სიბნელის ფაზა წარმოადგენს თანმიმდევრული რეაქციების რიგს. ამ რეაქციების შედეგად ნახშირბადის ოქსიდისა და წყლისაგან წარმოიქმნება ნახშირწყლები.

ფოტოსტატი - აპარატი, რომელიც ფოტოგრაფიულად იღებს კალკაზე შესრულებული ნახაზების, ნახატების და მისთანების პირებს.

ფოჩი - 1. დახერხილი ხის მასალის წიბოს გასწვრივ დარჩენილი მოთელილი ბოჭკოების უწყვეტი ან წყვეტილი ლენტი, რომელიც აუარესებს მასალის სასაქონლო სახეს და ექვემდებარება მოცილებას; 2. ზონარი ერთ მხარეზე ჩამოკიდებული ძაფებით, ბოჭკოებით, თასმებით ან სხვ. საკიდრებით. გამოიყენება ტანსაცმლის, მაგიდის გადასაფარებლების, ტანსაცმლის, თავსაბურავების, ყელსახვევების, ფარდების და მისთ. მოსართავად.

ფრაგმენტი (ლათ.) - 1. ხელოვნების რაიმე ნაწარმოების ნაწილი; 2. დაზიანებული ან დაკარგული ტექსტის გადარჩენილი ნაწილი; 3. რომელიმე ობიექტის ცალკეული ნაწილი, ნარჩენი.

ფრამუგა (პოლ.) - კარ-ფანჯრების თავზე მოთავსებული ალათების ზედა (ყრუ ან მოძრავი) ნაწილი.

ფრანკო (იტალ.) - საქონლის მიწოდების საბაზისო პირობა ვაჭრობაში. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი მყიდველს ათავისუფლებს სატრანსპორტო ხარჯებისაგან გზის გარკვეულ მონაკვეთზე.

ფრანჩაიზი (ფრანგ.) - 1. მწარმოებელს, ბითუმად მოვაჭრეს ან მომსახურების სფეროს ფირმასა (ფრანჩაიზერი) და  დამოუკიდებელ საწარმოს  ან პიროვნებას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის დროსაც ფრანჩაიზის მიმღები ყიდულობს უფლებას ფლობდეს და განაგებდეს ფრანჩაიზერის ერთ ან რამოდენიმე კომერციულ ერთეულს (ობიექტს) ფრანჩაიზერის სისტემაში; 2. როდესაც რომელიმე დიდი კომპანიისგან იღებს მისი პროდუქტის წარმოების უფლებას შედარებით სუსტი კომპანია.

ფრანცო - ნავსადგურის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ნებადართულია საქონლის უბაჟოდ შეტანა-გატანა.

ფრაქტალი (ლათ.) - გეომეტრიული ობიექტი არასწორი, ტეხილი ან ფრაგმენტული ფორმით, რომელიც წარმოქმნილია განმეორებადი სტრუქტურით (ნახ. 1), როგორც წესი, იტერაციის პროცესში. ეს პროცესი მას მრავალ საინტერესო თვისებას ანიჭებს, რომელთა შორის აღსანიშნავია თვითმსგავსებადობა და უსასრულო დეტალურობა. კლასიკური მცდელობები ფ. პერიმეტრის, ფართობის ან მოცულობის გაზომვისა უშედეგოა, დეტალურობის განსაზღვრული ლიმიტის უქონლობის გამო. ფ. გეომეტრიას მრავალი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, მშენებლობაში (ნახ. 2: ფრაქტალური გეომეტრიის შენობა), არქიტექტურულ და კომპიუტერულ გრაფიკაში და სხვ.

ფრაქცია - 1. ფხვიერი ან დამსხვრეული მყარი საშენი მასალების ნაწილი (მაგ., ქვიშის, ღორღის), რომელიც ნაწილაკების (ნაჭრების, მარცვლების) ზომის მიხედვით არის გაცალკევებული (საცრული ანალიზი) ან სიმკვრივის მიხედვით დაჯგუფებული (გრავიტაციული გამდიდრება); 2. ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა რისამე (მაგ., ნავთობის) გამოხდით.

ფრეზა - 1. ლითონის დასამუშავებელი მჭრელი იარაღი; 2. საგზაო მანქანის მუშა ორგანო გრუნტის გაფხვიერება-დაქუცმაცებისათვის, რომელიც პარალელურად ახდენს მის შერევას შემკვრელ მასალებთან. გამოიყენება საგზაო და აეროდრომების საფუძვლების მშენებლობის დროს. საგზაო ფ. შეიძლება იყოს თვითმავალი, საკიდი ან მისაბმელი.

ფრეზვა - ლითონებისა და სხვა სალი მასალების ჭრით დამუშავების პროცესი, რომელიც სრულდება ფრეზით.

ფრეზი (საღარავი) - ინსტრუმენტი ერთი ან რამდენიმე მჭრელი პირით (კბილით). (ნახ. 1). გეომეტრიის მიხედვით ფ. არსებობს - ცილინდრული, ტორსული, ჭიახრახნული, კიდური, კონუსური და სხვ.; დასამუშავებელი მასალის მიხედვით - ხის, ფოლადის, თუჯის, უჟანგავი ფოლადის, ნაწრთობი ფოლადის, სპილენძის, ალუმინის, გრაფიტის; მჭრელი ნაწილის (კბილების) მიხედვით - სწრაფმჭრელი ფოლადის, მაგარი შენადნობის, მინერალური კერამიკის, ლითონკერამიკის, ალმასის; კონსტრუქციისა და კბილების ტიპის მიხედვით - მასიური (მთლიანად ერთი მასალისაგან), შენადუღი (ბოლო და მჭრელი ნაწილები შედგება სხვადასხვა მასალისაგან და შეერთებულია ერთმანეთთან შედუღებით); დარჩილული - (დარჩილული მჭრელი ელემენტებით) და ასაწყობი. ფ. თავი მზადდება მაგარი შენადნობებისაგან დამზადებული შეცვლადი ფირფიტებისაგან ან სწრაფმჭრელი ფოლადისაგან. ფრეზის თავს მჭრელი დანების გარეშე ეწოდება კორპუსი.

ფრეზი სოგმანური - ფრეზი, სოგმანური ღარების დასამუშავებლად.

ფრეზი ტორსული - ფრეზი ბრტყელი ზედაპირების დამუშავებისათვის, რომლის ღერძი მართობულია დასამუშავებელი ზედაპირის. არსებობს ასაწყობი, მაგარი ლითონის ფირფიტებით და ჩასადგმელი დანებით (ნახ. 1). თითოეულ დანის მჭრელ ნაწილს აქვს მჭრელი პირი, რომლის განლაგებას განსაზღვრავს მისი გეგმილი ფრეზის კბილების წვეროებზე გამავალ სიბრტყეზე.

ფრეზი ფასონური - ფრეზი, რომლის კბილების პროფილი ისეთივეა, როგორც დასამუშავებელი დეტალის პროფილი.

ფრეზი ცილინდრული - ფრეზი, ბრტყელი ზედაპირის დასამუშავებლად, რომლის ღერძი პარალელურია დასამუშავებელი ზედაპირის. აქვს კბილები მხოლოდ ცილინდრულ ნაწილში. ფ.ც. საჭრისის პირი შეიძლება იყოს სწორხაზოვანი ან ხრახნული (ნახ. 1). ხრახნული გამოირჩევა მდოვრე მუშაობით და უზრუნველყოფს დასამუშავებელი ზედაპირის სისუფთავეს. ფ.ც. დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება სწრაფმჭრელი ფოლადი, მაგარი შენადნობები და ზემტკიცე პოლიმერები.

ფრეზი ჭიახრახნული - ფრეზი, რომელიც გამოიყენება ვარსკვლავას (ჯაჭვური გადაცემის ამძრავის) კბილების მოსაჭრელად და ცილინდრული კბილებიანი ბორბლების დასამზადებლად.

ფრესკა (იტალ.) - კედლის ნოტიო შელესვაზე კირიან წყალში გახსნილი საღებავებით მოხატულობის შესრულების ტექნიკა; ასეთი ტექნიკით შესრულებული ნაწარმოები.

ფრთა - 1. მანქანის მუშა თვლის ნაწილი, მიმაგრებული მორგვზე. მასზე მოხვედრილი სითხის ან აირის ნაკადი აბრუნებს თვალს, რომელიც ლილვზეა დამაგრებული. შედეგად მიიღება მექანიკური (ბრუნვითი) მოძრაობა; 2. იძულებითი მოქმედების შემრევი მანქანების მუშა ორგანოების ნაწილი, რომელიც დამაგრებულია ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ლილვზე და ბრუნვისას ახდენს მასის შერევას. უხეშ დისპერსიულ გარემოში მბრუნავი შემრევი ფ. (ნიჩბები) განიცდიან აბრაზიულ ცვეთას, რის გამოც ისინი ცვეთამედეგი ლითონით უნდა დამზადდეს; 3. ფრონტალური დაქანებით დახურული სამკუთხოვანი ფერდი (დაქანება) სახურავის ფრთის ტორსებში.

ფრთედი - ფლიგელი; "სახლის გვერდზედ მიშენებული სადგომი" (დ. ჩუბინაშვილი).

ფრთოვანა - ზოგადად, მბრუნავი ფრთები გამოიყენება ტექნიკაში სხვადასხვა დანიშნულებით. კერძოდ, ფ. გამოყენებულია ცირკულაციურ სეპარატორში შეკუმშული ჰაერით წვრილმარცვლოვანი ფხვიერი მასალების გადასატანად. ფ. ბრუნვის ზონაში შესული ნაწილაკები ინერციის ცენტრიდანული ძალის გავლენით სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან, რომელთა გაყოფის ზღვარი რეგულირდება ფ. ფრთების განლაგების რადიუსის შეცვლით.

ფრიგიდარიუმი (ლათ) - რომაული თერმების სადგომი ცივი აბაზანებით.

ფრიზა - გარკვეულ ზომაზე დაჭრილი მერქნის ნამზადი ცალობრივი პარკეტის დასამზადებლად.

ფრიზი (ფრანგ.) - ანტაბლემენტის ჰორიზონტალური ნაწილი, რომელიც მოქცეულია არქიტრავსა და კარნიზს შორის (ნახ. 1). ფრიზის არე, ხშირად, გამოყენებულია სკულპტურული გამოსახულების ან ორნამენტული მოტივების მოსათავსებლად.

ფრიტა - მინისმაგვარი ნივთიერება გამომწვარი შეცხობამდე, რომელიც წარმოადგენს ჭიქურების ძირითად შემადგენელ ნაწილს.

ფრიტრედერობა (ინგლ.) - ეკონომიკური მიმდინარეობა, რომელიც სამეურნეო ცხოვრებაში ვაჭრობის თავისუფლებასა და სახელმწიფოს ჩაურევლობას ემხრობა; თავისუფალი ვაჭრობა.

ფრიქციული გადაცემა - მექანიკური გადაცემა, რომელიც ბრუნვით მოძრაობას ერთი ლილვიდან გადასცემს მეორეს ხახუნის საშუალებით. ხახუნი აღიძვრება ერთმანეთთან მიჭერილ, ლილვებზე დასმულ დისკებს, ცილინდრებსა და კონუსებს შორის. ფ.გ. გამოიყენება უსაფეხურო გადაცემებში (ვარიატორებში), ფრიქციულ წნეხებსა და უროებში.

ფრიქციული მასალები - აქვთ დიდი ხახუნის კოეფიციენტი და ცვეთის მაღალი წინააღმდეგობით ხასიათდებიან. ეს მასალებია: ზოგიერთი სახის პლასტმასი, თუჯი, ლითონკერამიკა. მათ იყენებენ სამუხრუჭე მოწყობილობებში.

ფრიქციული მექანიზმი - მექანიზმი, რომელშიც მოძრაობის გადაცემა ან შეცვლა განპირობებულია ელემენტებს შორის ხახუნით: ფრიქციული გადაცემა; ფრიქციული ქურო; ხუნდებიანი, ლენტური ან დისკური მუხრუჭი; სოლის მომჭერი და სხვ.

ფრონტალი - წრფე, რომელიც პარალელურია ვერტიკალური სიბრტყისა, მაგრამ არ არის პერპენდიკულარული ჰორიზონტალური პროექციული სიბრტყისა.

ფრონტი (ფრანგ.) - 1. ადგილი, უბანი ამა თუ იმ სამუშაოს ჩატარებისათვის ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ (მაგ., მიწის სამუშაოთა ფ.); 2. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო (მაგ., იდეოლოგიური ფ.); 3. საომარი მოქმედების არე, ბრძოლის ველი; 4. საზოგადოებრივ ძალთა ყველაზე ფართო გაერთიანება რაიმე მიზნის მისაღწევად (მაგ., სახალხო ფ.); 5. მეტეოროლოგიაში: მეტნაკლებად ვიწრო გარდამავალი ზონა, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან ჰაერის თბილსა და ცივ მასას.

ფრონტისპისი (ფრანგ.) - 1. იგივეა, რაც ფრონტონი; 2. მთავარი ფასადი.

ფრონტონი (ფრანგ.) - ფასადის დამაგვირგვინებელი, ლავგარდნით შემოფარგლული სამკუთხა სიბრტყე; ფანჯრის, კარის და სხვ. ელემენტების ანალოგიური დაგვირგინება.

ფრონტონი მშვილდისებრი - სეგმენტის ფორმის ფრონტონი (ნახ. 1), რომელიც მოხაზულობით ჩამოგავს მოზიდულ მშვილდს.

ფრქვევანა - აგრეგატი სითხეების (წყალი, დიზელის საწვავი, მაზუთი) გასაფრქვევად (ნახ. 1). არსებობს ორთქლის, პნევმატიკური და მექანიკური ფ.

ფსევდო (ბერძ.) - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ცრუს, ყალბს.

ფსევდოდიპტეროსი (ბერძ) - ანტიკური ტაძარი, რომლის სვეტნარი განლაგებულია ნაოსის გარშემო, მისგან ორმაგ სვეტშორისის მანძილზე.

ფსევდოპერიპტეროსი (ბერძ.) - რომაული ტაძარი, პორტიკით მთავარ ფასადზე და ნახევარკოლონებით სხვებზე.

ფსიქრომეტრი (ბერძ.) - ხელსაწყო ჰაერის ფარდობითი ტენიანობის გასაზომად. ძირითადად გამოიყენება მერქნის საშრობ კამერებში.

ფტოროპლასტი - იხ. ტეფლონი.

ფუგასური - რაც მოქმედებს აფეთქების შედეგად წარმოშობილი გაზების ძალით (დარტყმით ან ცეცხლამჩენი მოქმედებისაგან განსხვავებით).

ფუთი -  მასისა და წონის ძველი საზომი, რომელიც გამოიყენებოდა ძველ რუსეთში მეტრულ ერთეულთა სისტემის დანერგვამდე. 1 ფუთი (მასის ერთ.) = 40 ფუნტს = 16,3805 კილოგრამს; 1 ფუთი (წონის ერთ.) = 40 ფუნტს = 160,638 ნიუტონს.

ფუკოს ქანქარა (ფუკოს საქანი) - ქანქარა, რომელსაც იყენებენ დედამიწის თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის დამამტკიცებელი ფაქტის სადემონსტრაციოდ (ნახ. 1). ფუკოს ქანქარა წარმოადგენს მასიურ ტვირთს, რომელიც დაკიდებულია მავთულზე ან თოკზე, რომლის ზედა ბოლო ისეა მორგებული დარბაზის ჭერში, რომ ფუკოს ქანქარას შეუძლია იქანაოს ნებისმიერ ვერტიკალურ სიბრტყეში. პირველი ასეთი ქანქარა ჟ. ფუკომ პარიზის პანთეონში ააგო 1851 წ-ს. მისი სიგრძეა 67 მ. პეტერბურგის ისააკის ტაძარში დადგმული ფუკოს ქანქარას სიგრძეა 98 მ.

ფული - 1. აქტივების ერთობლიობა, გამოყენებული გარიგებათა დასადებად; საყოველთაო ეკვივალენტი, რომელზედაც ხდება ყველა სხვა საქონლის გაცვლა; 2. საქონელბრუნვის საშუალება; წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულება.

ფული ქაღალდის - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფულადი ნიშანი, დეკრეტული ფული, რომლის გარანტი თვით სახელმწიფოა. იგი, როგორც წესი, ქვეყანაში არსებული ნაღდი ფულის 90...95%-ს შეადგენს. იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე და დაცულია გაყალბებისაგან.

ფულის მსყიდველობითი უნარი - ფულადი ერთეულის უნარი, გაიცვალოს საქონლისა და მომსახურების გარკვეულ რაოდენობაზე.

ფულის ღირებულება - საქონლისა და მომსახურების ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გაიცვალოს ერთ ერთეულზე; ფულადი ერთეულის მსყიდველობითი უნარი.

ფუმიგანტი - მომშხამავი ნივთიერება აირის ან ორთქლის სახით. გამოიყენება მცენარეთა მავნებლების საწინააღმდეგოდ. არის ქიმიური ნივთიერება (პესტიციდი) ხაგრძლივი ნარჩენი მოქმედებით, რომელიც ტოქსიკური არაა თბილსისხლიანებისათვის (ადამიანი, შინაური ცხოველი). ძლიერი ინსეკტიციდია.

ფუმიგატორი - ხელსაწყო (ნახ. 1, ფუმიგატორი: მარცხნივ ელეტრული, მარჯვნივ საკვამლე ზამბარით), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი სათავსების დეზინსექციისათვის ფუმიგაციის მეთოდით (ინსექტიციდების ორთქლით).

ფუმიგაცია (ლათ.) - ფუმიგანტის შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით მცენარეთა დამუშავების პროცესი მავნებელთა მოსპობის მიზნით. ძირითადად გამოიყენება პრეპარატები ფოსფინი, ბრომის მეთილი, ქლორპიკრინი, დიქლორეთანი და სხვადასხვა ნარევები (CS2, CCl4, SO2, ფორმალინი).

ფუნგიციდი - ქიმიური ნივთიერება მცენარეების და თესლის ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ (ფორმალინი, ТМТД, ფუნდაზოლი, გრანოზანი, მერკურანი; გოგირდის, სპილენძის, დარიშხანის არაორგანული შენაერთები; ტყვიის ორგანული შენაერთები, კარბამიდის მჟავას წარმოებულები და სხვ.). ფ. გამოიყენება გასხურების ან გაშხეფების გზით ნიადაგის, საცავების, კვალსათბურების დეზინფექციისათვისაც. ფ. უმეტესობა შხამიანია, რის გამოც შენახვისა და მოხმარებისას დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მკაცრი ზომები.

ფუნდამენტი (ლათ.) - საძირკველი; საფუძველი რისამე.

ფუნდამენტური (ფუნდამენტალური) - 1. გამძლე, მყარი, მაგარი; 2. ძირითადი, მთავარი; 3. (გადატანით) ღრმაშინაარსიანი, საფუძვლიანი.

ფუნდუკი (ბერძ.) - 1. ქარვასლა სასტუმრო ქარავნებისათვის; 2. საქარავნო საქონლის საწყობი.

ფუნიკულიორი (ფრანგ.) - ქანობიან რელიეფზე მოწყობილი საბაგირო რკინიგზა (ნახ. 1), რომელზედაც ვაგონები მოძრაობენ საბაგირო წევით. ფ. დანიშნულებაა მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა. თბილისის ფ. გაიხსნა 1905 წელს. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ-ია, ქვედა სადგურისა - 460 მ.

ფუნქცია (ლათ.) - 1. მოღვაწეობა, მოვალეობა, ურთიერთობათა მოცემულ სისტემაში რომელიმე ობიექტის თვისებების გარეგნული გამოვლენა; 2. როლი, მნიშვნელობა, დანიშნულება; 3. (ბიოლ.). ორგანიზმის ან რომელიმე ორგანოს სპეციფიკური მოქმედება; 4. მოვლენა, რომელიც მეორე მოვლენაზეა დამოკიდებული და იცვლება ამ მოვლენის ცვლილებასთან ერთად; 5. ფუნქცია ანუ ასახვა, ერთ-ერთი ძირითადი ცნება მათემატიკაში, რომელიც გამოსახავს ერთი ტიპის ცვლადი სიდიდეების კავშირს სხვა ცვლად სიდიდეებთან. თუ x და y სიდიდეები ერთმანეთთან დაკავშირებულია ისე, რომ x-ის ყოველ მნიშვნელობას შეესაბამება y-ის გარკვეული მნიშვნელობა, მაშინ y-ს ეწოდება x არგუმენტის (ცალსახა) ფუნქცია. ზოგჯერ x-ს უწოდებენ დამოუკიდებელ, ხოლო y-ს - დამოკიდებულ ცვლადს. x-სა და y-შორის დამოკიდებულება ზოგადი სახით ჩაიწერება ასე y = f(x) ან y = F(x) და ა.შ. თუ x და y.-ს შორის დამოკიდებულება ისეთია, რომ x-ის ერთსა და იმავე მნიშვნელობას შეესაბამება საზოგადოდ , y-ის რამდენიმე მნიშვნელობა შესაძლოა უსასრულოც კი, მაშინ y-ს უწოდებენ x-ის მრავალსახა ფუნქციას.

ფუნქციონალიზმი (ლათ.) - მიმართულება XX საუკუნის არქიტექტურაში, რაციონალიზმის სახესხვაობა; უპირატესობას ანიჭებს არქიტექტურული ნაწარმოების ფუნქციას (უტილიტარულ-პრაქტიკულ დანიშნულებას) მის ფორმასთან შედარებით.

ფუნქციური ზედაპირი - ნაკეთობის ნაწილის ზედაპირი, რომელიც ექვემდებარება წყალსადენის ან ჩამდინარი წყლის ზემოქმედებას.

ფუნჯი - ტარზე დამაგრებული ბოჭკოს, ძაფის, ბალნისა თუ ჯაგრის კონა რისამე (საღებავის, წებოს, საპნის და მისთ.) წასასმელად.

ფუჟვა - წვა ალის გარეშე, რომელიც გამოიცნობა კვამლის გაჩენით.

ფურგონი (ფრანგ.) - 1. დახურული ტიპის საავტომობილო ძარა, რომლის დანიშნულებაა ადამიანების გადაყვანა ან ტვირთების გადატანა (ნახ. 1); 2. გადახურული სატვირთო ოთხთვალა საზიდარი.

ფურნე - პურის საცხობი ღუმელი.

ფურნიტურა (ფრანგ.) - დამხმარე მასალა რაიმე წარმოებაში, სახელოსნო საქმეში. არსებობს სხვადასხვა სახის ფ., მაგ., საავეჯო (ანჯამა, საკეტი, სახელური, დეკორატიული ელემენტები და სხვ.), ტანსაცმლის შესაკერი (ძაფი, ღილი, დუგმა და სხვ.), საათის (მინა, ისარი, ბორბალი, ხრახნი, ქანქარა და სხვ.), საკარე, საფანჯრე, საპირე, სამაგრი, უსჭვალო და სხვ.

ფურცელგადასაღუნი მანქანა - მანქანა ლითონის ფურცლების (ზოლების) გადასაღუნად და გასასწორებლად მათი გატარებით მბრუნავ ლილვებს შორის. არსებობს ორი სახის: მობრუნებადი საღუნი კოჭით (ნახ. 1) - სწორხაზოვანი კონტურის დეტალების, მილების სამართულებზე, ჩაკეტილი კონტურების, ფურცლების ცივი ღუნვა მასალის სისქით 0,8...5 მმ და როტაციული - საქვაბის, მაღალი წნევის ჭურჭლების, კონვერტერების ელემენტების, აგრეთვე 400 მმ-ზე მეტი დიამეტრის მილების ღუნვა. ასეთ ფ.ნ. ღუნავენ ნაკეთობებს სისქით 1...150 მმ ცივ და ცხელ მდგომარეობაში.

ფურცელი - ოთხკუთხა თხელი, გარკვეული ზომების მქონე ნაჭერი (მაგ., ქაღალდის, მუყაოს, ფანერის, ფოლადის, ალუმინის და სხვ.)

ფურცელსასწორებელი მანქანა - მანქანა, უსწორმასწორო ზედაპირის, ტალღოვნობის, ნაჭდევების მქონე ლითონის ფურცლების (ზოლების) გასასწორებლად ცივი (იშვიათად ცხელი) მეთოდით. არსებობს ორი სახის: გორგოლაჭებიანი (ნახ. 1) და საჭიმი.

ფურცლოვანი კონსტრუქციები - კონსტრუქციები, დამზადებულ-შესრულებული ფურცლოვანი ლითონისაგან. გამოიყენება ძირითადად სხვადასხვა დანიშნულების ტევადობებისათვის, როგორიცაა რეზერვუარები, ბუნკერები, აირსაცავები, სილოსები, დიდი დიამეტრის მილსადენები, საკვამლე მილები და სხვ. ფ.კ. დასამზადებლად გამოიყენება ფურცლების მოსაღუნი და გამასწორებელი დაზგები, ფურცლების დასაწნეხი ავტომატები და ავტომატური (ნახევრადავტომატური) შესადუღებელი აპარატები.

ფურცლოვანი ლითონი - ფურცლები და ფართო ფურცლოვანი ზოლები ლითონისაგან, რომლებიც მიიღება გლინვით. ზოგიერთი ლითონის (ალუმინი, ტყვია, სპილენძი) გლინვით მიიღება ფოლგა. ფურცლოვანი ფოლადის განსაკუთრებული სახეა ბიმეტალის ფურცლები, მიღებული სხვადასხვა ლითონების ნამზადების ორი პაკეტის გაგლინვით.

ფუსტი (ლათ.) - არქიტ. სვეტის ტანი.

ფუტი (ინგლ.) - ინგლისში, ამერიკაში და, ადრე, რუსეთში მიღებული სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 0,304 მეტრს.

ფუღურო - ცოცხალ ხეში მერქნის სრულად დაშლის შედეგად წარმოქმნილი სიცარიელე, რაც მერქნის სოკოების ზემოქმედებითაა გამოწვეული.

ფუძე - 1. რისამე საყრდენი; საძირკველი, საფუძველი; 2. ადგილი, სადაც დგას ვისიმე სახლი, სახლ-კარი; 3. სიტყვის ძირითადი ნაწილი, რომელთანაც დაკავშირებულია საგნობრივი მნიშვნელობა; 4. ქიმიური ნაერთი, რომელიც მჟავასთან შეერთებით წარმოქმნის მარილს.

ფუძე-გრუნტების კლასიფიკაცია - ითვალისწინებს მათ დაყოფას მსგავსი ნიშნების მიხედვით, სახელდობრ: ა) კლასი - სტრუქტურული კავშირების ხასიათის მიხედვით; ბ) ჯგუფი - წარმოშობის მიხედვით (გენეტიკური ნიშნით); გ) ქვეჯგუფი - ჩამოყალიბების პირობების მიხედვით; დ) ტიპი - პეტროგრაფიული აგებულებით, გრანულომეტრიული შედგენილობით და არაერთგვაროვნობის ხასიათის მიხედვით; ე) სახეობა - სტრუქტურის, ტექსტურის, აგებულების სიმკვრივის და ჩანართების მიხედვით; ზ) ნაირსახეობა - ფიზიკური, ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური თვისებებით და მდგომარეობით. გრუნტი იყოფა 2 კლასად: ა) კლდოვანი გრუნტი, რომელსაც მიეკუთვნება ამოფრქვეული, დანალექი და მეტამორფული ქანები ხისტი სტრუქტურული კავშირებით ნაწილაკებს შორის, განლაგებული მთლიანი ან მასივების სახით; ბ) არაკლდოვანი გრუნტები, რომლებსაც მიეკუთვნება მსხვილნატეხოვანი, ქვიშოვანი და მტვროვან-თიხოვანი გრუნტები.

ფუძე-ჩარჩო - საძირკვლის ქვედა ნაწილი, რომელიც დატვირთვებს ფუძეს გადასცემს.

ფხვიერი გარემოს მექანიკა - უწყვეტი ტანის მექანიკის ნაწილი. შეისწავლის ფხვიერი ტანის მოძრაობასა და წონასწორობას, რომელიც შედგება მრავალი ცალკეული ნაწილაკებისაგან (მაგ., წვრილმარცვლოვანი გრუნტი, ცემენტი, დანაწევრებული ნახშირი და სხვ.).

ფხვიერი ქანები - სხვადასხვა მინერალთა ან ერთი მინერალის ურთიერთშორის დაუკავშირებელი მარცვლების მარტივი მექანიკური ნარევი (ხრეში, ქვიშა).

ფხვნილთა მეტალურგია - ლითონების ფხვნილებისა და მათგან შეცხობილი ნაკეთობების დამზადება. გამოიყენება აგრეთვე ლითონებისა და არალითონების კომპოზიციები. ფ. მ. მიიღება ძნელდნობადი ლითონები, ფორებიანი და ფრიქციული მასალები და სხვ.

ფხვნილი - ნივთიერების მდგომარეობა, როდესაც მყარი ნივთიერება ან მასში შემავალი ნივთიერებები ძალიან დაქუცმაცებულია, თანაც მისი ნაწილაკები შეერთებული არ არის ერთმანეთთან (მაგ., წებოთი), რაც საშუალებას იძლევა გროვას მიეცეს ნებისმიერი ფორმა. ფართედ გამოიყენება მშენებლობასა და მრეწველობაში. ფ. გამოყენების მაგალითებია: ცემენტი, თაბაშირი, ქვიშა, ტალკი, მანგანუმი, კანიფოლი, გრაფიტი, ფქვილი; აბრაზიული, სარეცხი, საღებავის, მერქნის, ზუმფარის, ლითონის, მინის და მისთ. ფხვნილები და სხვ.

ქააბა (არაბ.) - აღნიშნავს კუბის ფორმის შენობას, მის ერთ-ერთ კედელში ჩატანებული „შავი ქვით“. ამ ქვას, სავარაუდოდ, მეტეორიტს, არაბები ღმრთის მიერ წარმოგზავნილად მიიჩნევენ და მასთან მომლოცველობას აწყობენ. ქააბა მექის მეჩეთის ეზოში მდებარეობს. ესაა 12 მ სიგრძის, 10 მ სიგანისა და 15 მ სიმაღლის შენობა (ნახ. 1). მუჰამადი ამტკიცებდა, რომ ქააბა ალაჰის უძველესი სალოცავია და თვით აბრაამის მიერაა აგებული.

ქავი - კუთხ. საცხოვრებელი სახლის კოშკის დასახელება თუშეთში.

ქალაფა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვის მახლობლად.

ქალაქგეგმარება - იხ. ურბანული დაგეგმარება.

ქალაქთმშენებლობა - ქალაქგანვითარება (ურბანული განვითარება); დასახლებათა (მათ შორის, სასოფლო დასახლებათა) ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები.

ქალაქთმშენებლობითი გეგმები - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მიწათსარგებლობის დეტალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა (ქალაქთმშემებლობითი დოკუმენტები).

ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა - საქმიანობა, რომელიც მიმართულია დასახლებათა (ქალაქი, დაბა, თემი, სოფელი) და სხვა ტიპის ურბანული ტერიტორიების, ან მათი ნაწილების გამოყენებისა და განვითარების კომპლექსური მოწესრიგებისაკენ.

ქალაქთმშენებლობითი კადასტრი (მრავალმიზნობრივი კადასტრი) - საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტების მონაცემებს, ინფორმაციას სოციალური, სატრანსპორტო, საინჟინრო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების განთავსებისა და მდგომარეობის შესახებ, ტერიტორიების ეკოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სეისმური მდგომარეობის თაობაზე, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებისათვის და სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვისათვის.

ქალაქთმშენებლობითი ღონისძიება - ღონისძიებათა სისტემა ქალაქთმშენებლობაში (მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, რენოვაცია, რესტავრაცია, რეგენერაცია, სანაცია), რომელიც ტარდება ტერიტორიების, მიწის ნაკვეთების სატრანსპორტო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო პირობების გაუმჯობესება/გაჯანსაღების მიზნით.

ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული ზონა - ზონა, რომლის გამოყენებაზეც ვრცელდება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი ქალაქთმშენებლობის, ისტორიულ-კულტურული და ტერიტორიის ბუნებრივი ღირებულების საფუძველზე.

ქალაქი - 1. მსხვილი დასახლებელი პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქ. კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქ. ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა; 2. ჯგუფი საცხოვრებელი ან სასამსახურო შენობებისა, რომლებიც გაერთიანებულია თავისი დანიშნულებით (მაგ., აკადემქალაქი, ოლიმპიური ქ. და სხვ.).

ქალაქის გალავანი - ქალაქის კედელი; შუა საუკუნეების ქალაქის გარშემო აგებული კედელი ერთი ან რამოდენიმე გამოსასვლელით.

ქალაქის გაშენების წესი (საქალაქთმშენებლო წესდება) - ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რეგლამენტირებას უკეთებს საქალაქთმშენებლო მოქმედების პროცედურებისა და წესების განხორციელებას მოცემულ ტერიტორიაზე.

ქალაქის კარი - ქალაქის კარიბჭე; შუა საუკუნეებში ქალაქის კედელში მოთავსებული კარი, რომელიც, ჩვეულებრივ, რომელიმე მაგისტრალურ გზაზე გამოდიოდა.

ქალაქის კომპოზიცია - ქალაქის რაიონების წინასწარდასახული ერთიანი გეგმის, ჩანაფიქრის მიხედვით შენობების შეხამება.

ქალაქის ჩამდინარი წყლები - საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარი წყლების ნარევი, დაშვებული საქალაქო კანალიზაციის ქსელში ჩასაშვებად.

ქალკოპირიტი (ბერძ.) - მინერალი, სპილენის ალმადანი, სპილენძის ნაერთი რკინასა და გოგირდთან; სპილენძის მისაღები მადანი

ქალცედონი (ბერძ.) - მინერალი, კვარცის ფარულკრისტალური ნაირსახეობა (ნახ. 1). აქვს ბოჭკოვანი აგებულება, მქრქალია, ნახევრად გამჭირვალე. ცნობილია ქ. მრავალი სახეობა: ქრიზოპრაზი (მწვანე), სარდიონი (წითელი), აქატი, პარალელურზოლიანი ონიქსი (ფრცხილი) და სხვ. ქ. ამზადებენ ლაბორატორიულ ჭურჭელს, ზუსტი ხელსაწყოების ნაწილებს და სხვ. საქართველოში მისი საბადოებია ახალციხეში.

ქანდა - ოქროს ვარაყი.

ქანდაკება - ნაქანდაკები, ნაქანდაკარი, ნატიფი, ნაძერწი, სკულპტურა; სახვითი ხელოვნების სახეობა, რომლის ნაწარმოებს მოცულობითი ფორმა აქვს და სრულდება მკვრივი (ქვა) ან პლასტიკური (თიხა) მასალისაგან.

ქანდარა (არაბ.) - თეატრში - ბალკონის ზედა იარუსი იაფფასიანი ადგილებით.

ქანები ბმული - ქანები, რომელსაც წყლით გაჟღენთისას მაღალი პლასტიკურობა ახასიათებს (თიხა, თიხნარი, ბოქსიტი).

ქანები კლდოვანი - ქანები, რომელთა ამოღება გაფხვიერების გარეშე შეუძლებელია (მაგარი ნალექი, მაგმური და მეტამორფული ქანები).

ქანები მეტამორფული - ქანები, რომლებიც წარმოშობილია მაგმური ან ნალექი ქანების მაღალი წნევის, ტემპერატურისა და ცხელი აირწყლიანი ხსნარების ზეგავლენით გამოწვეული გარდაქმნების შედეგად (კვარციტი, კრისტალური ფიქალი, გნეისი, მარმარილო).

ქანები მყარი (კლდოვანი) - ქანები, რომლებშიც მინერალთა ნაწილაკებს შორის კავშირი ხისტია და დრეკადი (ქვიშაქვა, გრანიტი, დიაბაზი, გნეისი). კლდოვან ქანებში მინერალთა მარცვლების ურთიერთკავშირი ყველაზე მაღალი სიმტკიცით ხასიათდება.

ქანები ნალექი - ზედაპირული მასივების წყლის ან ჰაერის მექანიკური, ქიმიური და ორგანული დაშლით და შემდგომში დალექვის გზით მიღებული ქანები (კირქვა, ქვიშაქვა, ნახშირი, ნალექი რკინის, მანგანუმის მადნები და სხვ.)

ქანები ფხვიერი - ქანები, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მინერალთა ან ერთი მინერალის ურთიერთშორის დაუკავშირებელი მარცვლების მარტივ მექანიკურ ნარევს (ხრეში, ქვიშა).

ქანი - დედამიწის ქერქის ამგები მინერალური მასალა (მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც ქმნის დამოუკიდებელ გეოლოგიურ სხეულს. ის სხვადასხვა შედგენილობის მინერალების მექანიკური ერთობლიობაა. ქ. ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სტრუქტურითა და ფიზიკური თვისებებით. საშენი მასალების წარმოებაში ძირითად ნედლეულს მთის ქანები წარმოადგენს. წარმოქმნის მიხედვით მთის ქ. არის: ვულკანური ამოფრქვეული ლავები, დანალექი და მეტამორფული. მათი ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებია: სიმტკიცე, სიმყიფე, აბრაზიულობა, სიმსხო და სხვ. კუმშვაზე სიმტკიცის ზღვარის მიხედვით მთის ქ. არის: განსაკუთრებით მტკიცე (>250 მპა), მტკიცე (150...250 მპა), საშუალო სიმტკიცის (80...150 მპა) და რბილი (<80 მპა). ასეთ მთის ქ. არამადნეული სასარგებლო წიაღისეული ეწოდება.

ქანი მაგმური - მაგმის გაცივებით წარმოქმნილი ქანი.

ქანის პლასტიკურობა - ქანის თვისება, გარე ძალების მოქმედების შედეგად განიცადოს დეფორმირება ნაპრალების გაჩენის გარეშე

ქანობი - 1. ფერდობის დახრის მაჩვენებელი - ადგილის სიმაღლის ფარდობა დაკვირვების ჰორიზონტალურ სიგრძესთან. მაგ., ქანობი 0,018 შეესაბამება 1000 მ სიგრძის მანძილის ამაღლებას 18 მ-ით; 2. დახრილი გვირაბი, რომელსაც არა აქვს უშუალო გამოსასვლელი დედამიწის ზედაპირზე და იყენებენ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ასაწევად, მასალისა და დანადგარების ჩასაშვებად, მომუშავეთა სასიარულოდ; 3. სახურავის დაქანებული სიბრტყე.

ქანობი სახურავის - სახურავის დახრილობის მაჩვენებელი.

ქანობიანი სახურავი - სახურავი, რომელსაც გააჩნია 10% -ზე მეტი დახრა.

ქანსელი - იხ. აზბესტი.

ქანქარა - მყარი სხეული, რომელიც მოდებული ძალის ზემოქმედებით ასრულებს რხევას უძრავი წერტილის ან ღერძის გარშემო. ცნობილია მათემატიკური და ფიზიკური ქ., რომელთა თვისებებს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ხელსაწყოებში დროის, თავისუფალი ვარდნის აჩქარების, ინერციის მომენტის, აჩქარების და სხვ. განსაზღვრისათვის.

ქანქარა კონუსური - ნივთიერი წერტილი, რომელიც დაკიდებულია იდეალურად დრეკად, უწონად და უჭიმად ძაფზე და რომელსაც შეუძლია პერიოდული მოძრაობა ჰორიზონტალურ წრეწირზე.

ქანჩი (რუს.) - ლითონის სამაგრი ნაკეთობა ხრახნიანი შუაგულით (ნახ. 1), რომელიც ქმნის შეერთებას ხრახნის, ჭანჭიკისა ან სარჭის დახმარებით. მზადდება ლეგირებული ან ჩვეულებრივი ფოლადისაგან, როგორც წესი, ექვსწახნაგა ფორმის (შესაძლებელია სხვა ფორმისაც, მაგ., მრგვალი, გვირგვივოვანი, კვადრატული და სხვ.). ქ. სიმაღლეს იღებენ (0,5...0,8)d ფარგლებში, სადაც d არის ქანჩის შუაგულის (ნახვრეტის) დიამეტრი. ქანჩებს, როგორც წესი, ამზადებენ საავტომატე ფოლადისაგან დაზგა-ავტომატებზე. გამოიყენება პრაქტიკულად, ტექნიკის ყველა დარგში (საბავშვო კონსტრუქტორიდან დაწყებული - ხიდების მშენებლობით დამთავრებული).

ქანჩის გასაღები - ხელის ინსტრუმენტი ქანჩებისა და ხრახნების ჩახრახნისა და ამოხრახნისათვის (ნახ. 1, ქანჩის გასაღები, ორმხრივი). არსებობს მარტივი ერთ- და ორმხრივი, მრგვალი ქანჩების, გასახსნელი, ტორსული (შუბლა), ციბრუტა, დინამომეტრული და სხვ. წარმოებაში, სადაც ხდება ქანჩების მასიური მოჭერა იყენებენ ქ ა ნ ჩ ს ა ხ რ ა ხ ნ ი ს ე ბ ს.

ქანჩურა - ქანჩის სახეობა, რომელსაც ჩვეულებრივი ქანჩისაგან განსხვავებით, ყურების მსგავსი ნაწილი აქვს (ნახ. 1), რის მეშვეობითაც, მისი მოჭერა (მოშვება) ძირითადად, ხელით ხდება.

ქარაბაქი - 1. წნული ღობით გამოყოფილი ადგილი (მაგ., ურმების დასაყენებელი ეზო-ყურე); 2. საქონლის დასამწყვდევათ მოზღუდული უსახურავო ადგილი; 3. მსხვილი წნულით ამოყვანილი ღობე.

ქარაფი - დიდი კლდე.

ქარბანდი - კონსტრუქციის ელემენტი ღეროების სისტემის სახით, რომელიც გამიზნულია ქარის მიმართ ნაგებობის წინაღობის გასაზრდელად.

ქარგილი - თაღოვანი ან კამაროსანი კონსტრუქციის ამოსაყვანად აღმართული დამხმარე მოწყობილობა, რომელიც იმეორებს ამოსაყვანი ფორმის ზედაპირის სიმრუდეს და რომელზედაც ქვების ან ბეტონის ჩასაწყობი ყალიბების წარმომქმნელი შეფიცვრა თავსდება.

ქარგოლი - 1. დისკის ფორმის საჭრელ-სახეხი წრე, რომელიც დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს აბრაზიული, ზუმფარის, საპრიალებელი, სახეხი; 2. ხის მოწყობილობა, რომელიც მშენებლობაზე რკ.ბ.-ის, ქვისა და აგურის თაღის ასაგებად გამოიყენება; 3. სახეხი ღრუბელი.

ქარვასლა (სტუმრის სახლი) - 1. დახლების, სავაჭრო სათავსების, საწყობების რიგი, გაერთიანებული დახურული გალერეით, ზოგჯერ კი საერთო სახურავით (ნახ. 1); 2. ფუნდუკი; მგზავრებისა და ქარავანებისათვის განკუთვნილი სასტუმროს დასახელება ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში.

ქართა ვარდი - ხმელეთის მოცემულ ადგილზე ქარის მიმართულების განმეორებადობის გრაფიკი ან ქარის სიჩქარის საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობის გრაფიკი თვის, სეზონის, წლის და ა.შ. რუმბის საფუძველზე.

ქართაკვეთი - კონკრეტული ადგილმდებარეობისათვის დადგენილი ქარების სიჩქარისა და სიხშირის საშუალო თვიური, წლიური სიდიდეების გრაფიკული გამოსახულება ქვეყნის მხარეების გათვალისწინებით.

ქარი - ჰაერის მოძრაობა (გადაადგილება) ჰორიზონტალური მიმართულებით.

ქარი კატაბიტიკური - მთებიდან მონაბერი ძლიერი ქარი.

ქარიანი - რასაც ქარი ახლავს, როდესაც ქარია.

ქარის სიძლიერე - ქარის სიჩქარის პირდაპირპროპორციული სიდიდეა და იგი ახასიათებს მის ძალას. იზომება 12 ბალიანი ბოფორტის სკალით ბალებში.

ქარიშხალი (ინგლ.) - ძალიან ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მ/წ აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას იწვევს, ხმელეთზე კი ნაგებობათა დაზიანებას და ნგრევას. ქარიშხალი ამოვარდება ტროპიკული და ტროპიკებსგარე ციკლონების გავლისას, სმერჩისა და ტორნადოს დროს. მეტეოროლოგიურ ლიტერატურაში ქარიშხალს შეესაბამება შტორმი (9 ბალი ბოფორტის სკალით), ძლიერი შტორმი (10 ბალი) და სასტიკი შტორმი (11 ბალი) 12 ბალიან ქარიშხალს გრიგალი ეწოდება.

ქარკაპი - ციხეზე ან კოშკზე მიშენებული სამკუთხა პრიზმის სახის ნაგებობა ქარისაგან დასაცავად და მეციხოვნე ჯარის საფარად ბრძოლის დროს.

ქარსაკი - ალუმინ-სილიკატების ჯგუფის მინერალი. ინტრუზიული, მეტამორფული და ჯდენადი მთის ქანი, მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეული.

ქარსაფარი - ქარისაგან დასაფარავი, ქარისაგან დამცველი (მაგ., ქარსაფარი ზოლი).

ქარსი - გამჭირვალე ფენოვანი მინერალი, რომლისაგანაც, მჭიდა ნივთიერებებთან შერევით, ამზადებენ ფენოვან ელექტროსაიზოლაციო მასალას.

ქარტა - 1. საწერად განკუთვნილი პაპირუსის ფურცელი; 2. ზოგადად, გრაგნილის ფორმის საწერი ფურცელი; 3. საბუთი, დოკუმენტი.

ქარტა ტექნოლოგიური - ამა თუ იმ ტექნოლოგიური პროცესის ოპერაციების ჩატარების თანმიმდევრობის სქემა, დროის, მასალის, ოპერაციებისა და საჭირო მოწყობილობების ჩვენებით.

ქარშოშინი - მშრალი ცხელი ქარი; ხორშაკი.

ქარხანა (სპარ.) - სამრეწველო საწარმო წარმოების მექანიზებული პროცესებით, რომელიც ძირითადად ამზადებს წარმოების საშუალებებს. დარგის ქარხნებია: ცემენტის, ბეტონის, აგურის, კერამიკის, მინის, მუყაო-რუბეროიდის, ლითონკონსტრუქციების, პარკეტის, რკინაბეტონის კონსტრუქციების, თაბაშირის, შპალებისა და სხვ.

ქარხანა-ავტომატი - წარმოება, რომელშიც ყველა საწარმოო პროცესი (მომზადება, ტექნოლოგიური პროცესები, პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სხვ.) ავტომატიზებულია. მომსახურე პერსონალს ევალება საერთო მართვა და დაკვირვება ავტომატურ მოწყობილობაზე, ავტომატურ ხაზებსა და აგრეგატებზე.

ქაფაზბესტი - განსაკუთრებით მცუბუქი თბოსაიზოლაციო მასალა. მზადდება ქრიზათილ-აზბესტის, ტექნიკური ქაფისა და ქიმიური რეაგენტების შერევით, საშუალო სიმკვრივე 20 კგ/მ3.

ქაფალუმინი - ალუმინი ან ალუმინის შენადნობები, გაჯერებული წყალბადით, უჯრედობანი (ფოროვანი) სტრუქტურის მისაღებად. სიმკვრივე 230...750 კგ/მ3 (დამოკიდებულია აირული ბუშტულების რაოდენობაზე მოცულობის ერთეულში). ქ. პერსპექტიული კონსტრუქციული მასალაა მშენებლობის, მანქანათმშენებლობის, გემთმშენებლობისა და ტექნიკის სხვა დარგებში.

ქაფბეტონი - უჯრედოვანი ბეტონი, რომლის ფორიანი სტრუქტურა მიიღება მთელ მოცულობაში ჩაკეტილი ფორების (ბუშტულების) არსებობით, რომლებიც ჩნდება ნარევის გამყარებით, რომელშიც ცემენტის, ქვიშის და წყლის გარდა შედის ქაფწარმომქმნელი (სინთეზური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება). ქ. გამოირჩევა კარგი თბოსაიზოლაციო თვისებებით, ეკოლოგიურად სუფთაა, მისგან დამზადებული ნაკეთობები (ბლოკი, ფილა, აგური) მოითხოვს 2...4-ჯერ ნაკლებ ცემენტს, მსუბუქია, ადვილად იჭრება, იბურღება, ილურსმნება და სხვ. თუმცა აქვს დაბალი მექანიკური სიმტკიცე, რის გამოც გამოიყენება მხოლოდ თვითმზიდ კონსტრუქციებში.

ქაფთაბაშირი - უჯრედოვანი ბეტონის სახესხვაობა, რომელშიც მჭიდა მასალად გამოყენებულია თაბაშირი; მყარდება მშრალ პირობებში. გამოიყენება შენობების კედლებისა და გადახურვების თბოსაიზოლაციო მასალად.

ქაფი - უჯრედოვანი დისპერსიული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სითხის თხელი შუაშრეებით გაყოფილ აირის ბუშტულების ერთობლიობას. ქ. წარმოშობა განპირობებულია სითხეში ქაფის სტაბილიზატორების, ანუ ქაფწარმომქმნელების არსებობასთან. წყლიან გარემოში ასეთი ნივთიერება შეიძლება იყოს საპონი, საპნის მსგავსი ზედაპირულად აქტიური ნივთიერება და ზოგიერთი ხსნადი პოლიმერი. თხევადი და ნახევრად თხევადი პროდუქტების აქაფებას და შემდგომ გამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო და საკონსტრუქციო მასალების წარმოებაში (მაგ., ქაფმინა, ქაფპლასტი, ქაფპოლისტიროლი, ქაფბეტონი და სხვ.).

ქაფკერამიკა - უჯრედოვანი სტრუქტურის კერამიკა, რომელსაც ამზადებენ მაღალდისპერსიული მინერალური ფხვნილებისა და ქაფის ფუძეზე. გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობით და მაღალი მხურვალმედეგობით. გამოიყენება თბოსაიზოლაციო მასალად.

ქაფმაგნეზიტი - უჯრედოვანი ბეტონის სახესხვაობა, რომლის საწყისი ნედლეულია მაგნეზიური შემკვრელი (კაუსტიკური მაგნეზიტი), წვრილად დაფქული შემვსები (დაფქული ქვიშა, აგურფხვნილი და სხვ.) და ქაფწარმომქმნელი. გამოიყენება თბოსაიზოლაციო ნაკეთობების დასამზადებლად.

ქაფმინა - აფუებული გამდნარი მინისაგან მიღებული მასალა უჯრედოვანი სტრუქტურით და 80...90% ფორიანობით. ფორები  დახურულია და პრაქტიკულად წყალს არ შთანთქავს. ადვილად მუშავდება: იხერხება, იბურღება, ილურსმნება, კარგად ეჭიდება ცემენტებიან მასალებს. ქ. სიმკვრივე - 200...300 კგ/მ3, სიმტკიცე  -  0,5...3 მპა. სტრუქტურით და თვისებით ქ. ვულკანური პემზის მსგავსია და გამოიყენება მიწისქვეშა მილსადენების, სამრეწველო მაცივრების, შენობების და ლითონის კონსტრუქციების თბოიზოლაციისათვის.

ქაფპლასტი - ზემსუბუქი, ეფექტური თბოსაიზოლაციო კონსტრუქციული მასალა. მიიღება ორგანული ფისის (ფენოლფორმალდეჰიდი, პოლივინილქლორიდი, პოლისტიროლი, პოლიურეტანი, კაჟი) და დანამატების (კატალიზატორი, შემვსები) ნარევის ცხელ მდგომარეობაში აქაფებით. დამზადება მიმდინარეობს ჩვეულებრივი ატმოსფერული წნევის ქვეშ. ქ. დაბალი სიმტკიცის, მაგრამ მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებების მქონე ძალზედ იაფი მასალაა. სიმკვრივე - 30...100კგ/მ3, სიმტკიცე კუმშვაზე - 0,2...0,5 მპა, ძვრაზე - 0,1...0,7 მპა. თბოგამტარობის კოეფიციენტი - 0,02...0,045 კკალ/მ.სთ.გრად. შეიძლება იყოს წვადი, ძნელად წვადი და თვითჩაქრობადი. ეფექტურად გამოიყენება სამფენოვანი გადახურვის ფილებისა და საკედლე პანელების დასამზადებლად. ქ. სრულად ინარჩუნებს სიმტკიცის მაჩვენებლებს −600C ტემპერატურაზეც კი.

ქაფპლასტი დაარმირებული - ძალოვანი კონსტრუქციული მასალა, რომელიც შედგება ქაფპლასტისა და ფანერის, პლასტმასის ან ლითონის დაარმირებული, მორიგეობით განლაგებული ფენებისაგან. გამოდის ფიჭური და ფენოვანი დაარმირებული პლასტმასები, სადაც პირველ შემთხვევში ფიჭების კედლები წარმოადგენენ ხისტ კარკასს, ხოლო მეორე შემთხვევაში არმატურად გამოიყენება გარკვეული გეომეტრიული კანონზომიერებით განლაგებული მავთულის ღეროები. ქ.ა. ფართოდ გამოიყენება სამფენოვანი კონსტრუქციების შემავსებლად მშენებლობაში, გემთმშენებლობაში, ავიაციაში, შესაფუთ მრეწველობაში და სხვ.

ქაფპოლივინილქლორიდი - თბოსაიზოლაციო ფოროპლასტი, მიღებული პოლივინილქლორიდის კომპოზიციის დაწნეხვით ან ექსტრუზიით. გაფორმებული კომპოზიცია ექვემდებარება განმეორებით გაცხელებას და აქაფებას. საშუალო სიმკვრივე 100 კგ/მ3-მდე; სიკტკიცის ზღვარი ჭიმვისას 0,8...4,5 მპა, კუმშვისას - 0,4...1,5 მპა. ქ. სიხისტე დამოკიდებულია პლასტიფიკატორის რაოდენობაზე. ხისტი ქ. გამოიყენება, როგორც კონსტრუქციული, ბგერა- და თბოსაიზოლაციო მასალა მშენებლობაში, აგრეთვე მცურავი საშუალებების (ტივი, სამაშველო ჟილეტი და სხვ.) დასამზადებლად; მოქნილი - ამორტიზატორების, ბგერასაიზოლაციო სადებების, ვიბრაციული მოწყობილობების და სხვ. დასამზადებლად.

ქაფპოლისტიროლი - თბოსაიზოლაციო მასალა, თერმოპლასტიკური ქაფპლასტის სახესხვაობა. საუკეთესო ქ. მიიღება ექსტრუზიის მეთოდით პოლისტიროლის ან სტიროლის სოპოლიმერებისაგან, სტიროლის მარცვლების (გრანულების) ბუნებრივი აირით შევსების გზით, რომელიც იხსნება პოლიმერულ მასაში, შემდეგ კი ხდება მისი დამუშავება ცხელ ორთქლში. პროცესში მარცვლები იზრდება მოცულობაში და ავსებს პრეს-ბლოკს. ცეცხლგამძლე ქ. მისაღებად მარცვლების გასაჯერებლად გამოიყენება ნახშირმჟავა აირი. არსებობს ქ. წარმოების ვაკუუმური მეთოდიც, რაიმე აირის გამოყენების გარეშე.

ქაფპოლიურეთანი - თბოსაიზოლაციო მასალა, ქაფპლასტის ნაირსახეობა. საწყისი პოლიურეთანის მიხედვით არსებობს ხისტი და ელასტიკური („პოროლონი“). ხისტი გამოიყენება ბგერა- და თბოსაიზოლაციო მასალად, ელასტიკური - რბილი საფარვლების, საყოფაცხოვრებო სარეცხი ღრუბლების, ფილტრების, ტანსაცმლის ჩასადგმელი ელემენტების, საამორტიზაციო შეფუთვის და სხვ. დასამზადებლად.

ქაფსილიკატი - უჯრედოვანი ბეტონი, ანალოგიური ქაფბეტონისა, მაგრამ მომზადებული ცემენტის შეცვლით კირსა და დაფქულ ქვიშასაგან შემდგარ მჭიდა ნივთიერებით. ეს მჭიდა ნივთიერება შესანიშნავად მყარდება წნევის ქვეშ ავტოკლავში გაორთქვლისას.

ქაფჩა - ხელის ინსტრუმენტი, ორმხრივ გახეხილი ფოლადის ნიჩაბი, მოღუნული ხის ან პლასტმასის სახელურით. გამოიყენება აგურის წყობის, ნაკერების განაწევრების, ფილების დაგების, კედლების შელესვის, ცემენტის ბათქაშის და სხვა სამუშაოების შესასრულებლად. არსებობს კ. სახეობები: მებეტონის, მებათქაშის, კალატოზის, მომპირკეთებლის, მეფილეს, მგლესავის და სხვ.

ქაფჩა კალატოზის - ხელის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება აგურის წყობის დროს (ნახ. 1), აგრეთვე ცემენტის ხსნარის მოსამზადებლად (ასარევად). მუშა პირის ფორმის წყალობით შესაძლებელია ოსტატმა-კალატოზმა მოიხმაროს წყობის ძნელად მისადგომ ადგილებში.

ქაფჩა მგლესავის - ხელის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მობათქაშებული ზედაპირის გასაგლუვებლად ან გასასწორებლად, ზედაპირისათვის მიმზიდველი სახის მისაცემად (ნახ. 1).

ქაფჩა მებათქაშის - ხელის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ცემენტ-ქვიშის დუღაბის ჩასაწყობად და გასასწორებლად (ნახ. 1). ყველაზე პოპულარულია ზომებით 60...100 მმ.

ქაფჩა მებეტონის - ხელის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება აგურის წყობის დროს და ცემენტის ხსნარის მოსამზადებლად და ადგილზე დასატანად (ნახ. 1). აქვს სამკუთხედის ფორმა.

ქაფჩა მეფილის - ხელის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ცემენტის ხსნარის მოსამზადებლად და ფილების დასაგებად. აქვს წვეთისმაგვარი ფორმა (ნახ. 1).

ქაფჩა მომპირკეთებლის - ხელის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება თაბაშირის ან ცემენტის დუღაბის დასატანად სხვადასხვა ზედაპირზე (ნახ. 1). ყველაზე პოპულარულია ზომებით 120 მმ და 180 მმ.

ქაღალდი - თხელი ფურცლის სახის მასალა, რომელიც შედგება ძირითადად დაქუცმაცებული მცენარეული ბოჭკოებისაგან. ბოჭკოები უწესრიგოდაა განლაგებული და შეკრულია ერთმანეთთან ზედაპირული შეჭიდულობის ძალებით. საჭირო თვისებების მისანიჭებლად ქ. მასაში ურევენ მინერალურ შემავსებლებს, შემკვრელ და სხვა ნივთიერებებს. ქ. პირველად ჩინეთში, ძვ.წ. I საუკუნეში გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქ. წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ - ქსოვილსა და ბამბას. ევროპაში ქ. XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქ. დამამზადებელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქ. წარმოება მასობრივი გახადა. ამჟამად ქ. 600-ზე მეტი სახეობა იწარმოება. ქ. ძირითადი ტექნიკური მაჩვენებლებია: 1 მ2-ის წონა - 6…250 გ, სისქე - 40…400 მკმ, სითეთრე - 0…95%, ნაცრიანობა - 0…0,35%. არსებობს ქ. ბევრი სახეობა, მაგ.:ალექსანდრიის, ანტიადგეზიური, ანტიკოროზიული, არმირებული, ასლგადასაღები, ბიოციდური, დაბაკელიტებული, დეკორატიული, დაგრუნტული, დატვიფრული, ელექტროსაიზოლაციო, ვატმანის, ვერდოლის, ზუმფარის, თერმორეაქტიული, ტიპოგრაფიული, კალანდირებული, კარტოგრაფიული, მკვრივი, მაღალხარისხიანი, მრავალშრიანი, ოფსეტური, საწერი, საბეჭდი, საგაზეთე, სააფიშე, საიზოლაციო, საკართოტეკე, სასიგარეტე, საშპალერე, სახაზავი, სახატავი, სახეხი, ფოტოგრაფიული, ტიპოგრაფიული, შესაფუთი, ცარცის, ცვილის, წყალშეუღწევადი, ხავერდოვანი, ჰიდროფილური, ჰიგიენური და სხვ.

ქაღალდის გაყვითლება - ქაღალდის ყვითლად ფერის შეცვლა, მზის სხივების ზემოქმედებით.

ქაშანი - ძვ. შამბნარის ან თოვლის ზედაპირზე გატკეპნილი ბილიკი.

ქაშანური - სხვადასხვა სახის ნაკეთობა, რომელიც მზადდება გამომწვარი და მოჭიქული თეთრი ან ფერადი მასისაგან (თიხის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც შეიცავს თაბაშირისა და სხვა მინარევებს).

ქაშვეთი - ტაძარი თბილისში რუსთაველის გამზირზე (ნახ. 1). აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე. ადრე აქ იდგა დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი, რომელიც XVIII საუკუნეში ამილახვრების აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა, რომელიც XIX საუკუნის მიწურულს დაზიანდა და შემდეგ იქნა აშენებული ახალი ეკლესია (არქიტექტორი ლ. ბილფელდი, ფასადის მდიდარი ჩუქურთმების ავტორი ნ. აგლაძე). ტაძარში უხვადაა ძველი ქართული ხელოვნებისათვის უცხო ეკლექტიკური ხასიათის ელემენტები, მაგრამ მას ბევრი ღირსებაც აქვს. ქ. კარგად არის შეხამებული ადგილმდებარეობასთან და თავისი სილუეტით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქალაქის ცენტრის ანსამბლში. 1947 წელს ქაშვეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა. ტაძრის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი მიუძღვის ცნობილ მეცენატს დავით სარაჯიშვილს. თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული - არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთანხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალტანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს.

ქედი (მთიანი ქედი) - დედამიწის ზედაპირის დიდი ამოზიდული ფორმა, მთების ერთობლიობა, რომელსაც აქვს გრძივი განფენილობა და მკაფიოდ გამოხატული თხემი, ერთიანი წყალგამყოფი ხაზის სახით, რომლის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი მწვერვალები და ფერდობები, რომლებიც ურთიერთსაწინამღდეგოდ არიან მიმართულნი. როგორც წესი, ქ. შედის მთიანეთის შემადგენლობაში. ქ. სიმაღლე, სიგრძე და ფორმა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, განვითარების ისტორიაზე და ფენების ლითოგრაფიულ შემადგენლობაზე. საქართველოს მნიშვნელოვანი ქედებია: კავკასიონი, ხოხი, პირიქითი, ყუროს, სვანეთის, ლეჩხუმის, გერმუხის, კოდორის, სამსრის, გაგრის, ლიხის, გომბორის, თრიალეთის, იაღლუჯის, კახეთის, ნაქერალის, ხევსურეთის, ჯავახეთის და სხვ.

ქერელი - ტროპიკული ქვეყნების ე.წ. ბანანის ბოჭკო. გამოიყენება ბაგირის, კანაფის, თოკისა და სხვ. დასამზადებლად.

ქეჩა (რუს. Войлок) - მოთელილი მატყლი, სქელი ქსოვილის მსგავსად დამზადებული; იგივეა, რაც ნაბადი; უხეში მატყლეული ქსოვილის ჩამონაჭრების წნული საფენი (ნახ. 1).

ქეჩა თიხის ხსნარით გაჟღენთილი - ძნელადწვადი მასალა. სითბოტევადობის მცირე კოეფიციენტის გამო იგი დიდ გამოყენებას პოულობს წვად მასალათა და კონსტრუქციათა დასაცავად მაღალი ტემპერატურის პირობებში. ცეცხლის მოქმედებით კი არ იწვის, არამედ ნელა ღვივის.

ქეჩა მერქნის - სპეციალურად დამუშავებული მერქნის ბოჭკოებისაგან დამზადებული ქეჩა. გამოიყენება თბო- და ბგერასაიზოლაციო მასალად.

ქეჩა სამშენებლო - რულონური თბოსაიზოლაციო მასალა, დამზადებული დაბალხარისხიანი მატყლის, მცენარეული ბოჭკოსა და წებოსაგან. გამოიყენება მოწყობილობების, მილსადენების და სხვ. თბოსაიზოლაციოდ.

ქვა - 1. მაგარი ქანი, მთლიანი ან ნატეხის სახით; 2. მარილების მაგარი წარმონაქმნი, გამაგრებული მარილი; 3. გამაგრებული ცემენტი.

ქვა და ქვის მასალები - ბუნებრივი ქვის მასალები მიწის ქერქში წარმოდგენილია მთის ქანების მასიური ბუდობების ან გროვების სახით. ხელოვნური ქვისგან განსხვავებით ბუნებრივი ქვა ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას (გაპობა, გახერხვა, გახეხვა, მსხვრევა დარტყმით და დაწნევით). მის ფიზიკურ თვისებებს მიეკუთვნება: სიმკვრივე, ფორიანობა, სინოტივე, წყალგამტარობა, ყინვამედეგობა, სითბო- და ბგერაგამტარობა. მექანიკური თვისებებიდან უპირატესია სიმტკიცე კუმშვაზე და დარტყმაზე. მყინვარებისა და წყლის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ გლუვზედაპირიან ნაჭრებს კაჭრიან ქვას უწოდებენ. კაჭრიანი ქვები ზომით 25 მმ-მდე გამოიყენება საგზაო მშენებლობაში დამუშავების გარეშე, ხოლო დიდი ზომის ქვების გაყოფით ღებულობენ რიყის ქვებს საგზაო საფარების მოსაწყობად. ხრეში, ღორღი და ქვიშა ბუნებრივი ქვის მასალებია, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური ქვის მასალების მისაღებად, როგორიცაა სხვადასხვა სახის ბეტონები. მათ ინერტულ შემავსებლებსაც უწოდებენ, რომელთა ტექნიკური თვისებები განპირობებულია იმ მთის ქანების თვისებებით, რომლისგანაც ისინი მზადდება.

ქვა კერამიკული - სიღრუეებიანი საშენი მასალა, დამზადებული თიხოვან ნედლეულზე სხვადასხვა დანამატებით. გამოირჩევა აგურისაგან უფრო დიდი ზომებით. საშუალო სიმკვრივის მიხედვით არსებობს: ეფექტური (1450 კგ/მ3) და პირობითად ეფექტური (1450...1600 კგ/მ3). განასხვავებენ აგრეთვე მარკის, სიმტკიცის და ყინვამედეგობის მიხედვით.

ქვა მასიური - კედლის ქვა სიღრუეების გარეშე ან ტექნოლოგიური სიღრუეებით ნაკეთობის ჩასაბმელად.

ქვა რიგითი - საკედლე ბუნებრივი ან ხელოვნური ქვა, რომელიც გამოიყენება შენობებისა და ნაგებობების კედლის ამოსაყვანად, როგორც წესი, შემდეგი მოპირკეთებით.

ქვა სიღრუეებიანი - საკედლე ხელოვნური ქვა გამჭოლი ან ყრუ ვერტიკალური სიღრუეებით, რომელიც ფორმირდება დამზადების მომენტში და ნაკეთობას აძლევს აუცილებელ საექსპლუატაციო თვისებებს.

ქვა ქსილობეტონური - მსუბუქი ხელოვნური ქვა ნახერხისა და ცემენტისაგან. გამოიყენება კედლის მასალად მრავალსართულიან შენობებში.

ქვაბ-უტილიზატორი - საცეცხლურის გარეშე ან საცეცხლურის მქონე (აირების სრულად დაწვისათვის) ორთქლის ან წყალგამაცხელებელი ქვაბი, რომელშიც სითბოს წყაროდ გამოიყენება ტექნოლოგიური ან მეტალურგიული წარმოების ცხელი აირები ან სხვა ტექნოლოგიური პროდუქტი.

ქვაბაგრეგატი - კონსტრუქციულად ერთიანი კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა წნევის ქვეშ მყოფი ორთქლის ან ცხელი წყლის მიღება სითბოს დაწვის ხარჯზე. გამოიყენება თბოელექტროსადგურებში, სამრეწველო და სათბობ საქვაბეებში და სხვ.

ქვაბი - 1. ქვაბული; ხელოვნური ან ბუნებრივი სათავსი კლდეში; 2. ლითონის დახურული ჭურჭელი წყლის ორთქლის მისაღებად. არსებობს ქ.: ბუნებრივი ცირკულაციით, მაღალი წნევის, მილოვანი, საორთქლავი, სახარშავი, ცილინდრული, წყალსათბობი და სხვ.

ქვაბი-ბოილერი - ორთქლის ქვაბი, რომლის დოლში მოთავსებულია მოწყობილობა თვით ქვაბის გარეთ გამოსაყენებელი წყლის გასათბობად, აგრეთვე ორთქლის ქვაბი, რომლის ბუნებრივ ცირკულაციაში ჩართულია ცალკე მდგარი ბოილერი.

ქვაბის (ელემენტის) დასაშვები წნევა - ქვაბის (ელემენტის) მაქსიმალურად დასაშვები ჭარბი წნევა, დადგენილი ტექნიკური შემოწმების ან სიმტკიცეზე საკონტროლო გაანგარიშებების შედეგების მიხედვით.

ქვაბის ამოკირვა - ქვაბაგრეგატის გარე კედლების დამუშავება კირიანი ნალესით, რომლებიც გარემოსაგან გამოყოფენ ქვაბის საცეცხლეს, კამერასა და აირსატარებს. ქვაბის ამოკირვას მიმართავენ, რათა კვამლის გაზების ნაკადს მისცენ მიმართულება საქვაბე აგრეგატში, შეამცირონ სითბოს დანაკარგი გარემოში, შეამცირონ ცივი ჰაერის მინაწოვი საქვაბე აგრეგატის გაზსავალში და აღკვეთონ გამონაბოლქვი გაზების გამოვარდნა. როცა გაზების ტემპერატურა 6000C-მდეა , მაშინ ქვაბის ამოკირვა ხდება წითელი აგურით, უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ამოსაგებად იყენებენ ცეცხლგამძლე აგურს ან ბეტონს, რომელიც გახვეულია ფოლადის ფურცელში ან მის გარეშე.

ქვაბის ან მისი ელემენტის საანგარიშო რესურსი - ქვაბის ან მისი ელემენტის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაში დამამზადებელი იძლევა საიმედო მუშაობის გარანტიას, დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციაში მითითებული ექსპლუატაციის რეჟიმის, ცივი და ცხელი მდგომარეობიდანგაშვების საანგარიშო რიცხვის დაცვის პირობის დროს.

ქვაბის გამოსაცდელი წნევა - ჭარბი წნევა, რომლის დროსაც უნდა ჩატარდეს ქვაბის და მისი ელემენტების ჰიდრავლიკური გამოცდა სიმტკიცეზე და სიმკვრივეზე.

ქვაბის ელემენტი - ქვაბის ძირითადი ფუნქციებიდან ერთ-ერთის შესრულებისთვის განკუთვნილი ქვაბის საამწყობო ერთეული (მაგალითად კოლექტორი, დოლი, ორთქლის გადამეტსახურებელი, გახურების ზედაპირი და სხვა).

ქვაბის ექსპლუატაციის საანგარიშო ვადა - ექსპლუატაციის ვადა კალენდარულ წლებში (რომლის ამოწურვის შემდეგ უნდა მოხდეს ქვაბის წნევის ქვეშ მომუშავე ძირითადი კვანძების ექსპერტული შეფასებაქვაბის შემდგომი ექსპლუატაციის პარამეტრებისა და პირობების დადგენის მიზნით). აი თვლება ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან.

ქვაბის ზედამხედველობა - ორთქლის ქვაბების, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლისა და ამწევი ნაგებობების მოწყობილობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დაცვის კონრტოლი; ახორციელებს ქვაბის ზედამხედველობის და ამწევ ნაგებობათა სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

ქვაბის მკვებავი წყალი - ორთქლის ქვაბში შემავალი, პროექტით განსაზღვრული პარამეტრების (ტემპერატურის, წნევის, ქიმიური შემადგენლობის) მქონე წყალი.

ქვაბის მფრქვევანა - მოწყობილობა ქვაბის საცეცხლურში შემავალი თხევადი სათბობის ჰაერის ნაკადში მისაწოდებლად, გასაფრქვევად და გასანაწილებლად.

ქვაბის სამუშაო არეს ტემპერატურა - ქვაბის განსახილველ ელემენტში ორთქლის ან ცხელი წყლის მაქსიმალური ტემპერატურა

ქვაბის სამუშაო წნევა - ქვაბის მაქსიმალური ჭარბი წნევა (ორთქლის გადამხურებლის) ექსპლუატაციის ნორმალური პირობების დროს.

ქვაბის სანთურა - ქვაბის საცეცხლურში სათბობისა და მისი დაწვისთვის აუცილებელი ჰაერის შემყვანი, ასევე სათბობის მდგრადი წვის უზრუნველმყოფი მოწყობილობა.

ქვაბის საცეცხლური - ქვაბის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ორგანული სათბობის დასაწვავად, წვის პროდუქტების ნაწილობრივი გაციებისა და ნაცრის გამოყოფისათვის.

ქვაბის ტექნიკური დიაგნოსტირება - ქვაბის პარამეტრების შესაძლებლობის და შემდგომი ექსპლუატაციის პირობების განსაზღვრის მიზნით ქვაბის გამოსადეგობის საანგარიშო ვადის გასვლისას ან უსაფრთხო მუშაობის საანგარიშო რესურსის ამოწურვის, აგრეთვე წნევის ქვეშ მომუშავე ელემენტების ავარიის ან გამოვლენილი დაზიანებების შემდეგ შესრულებული ქვაბის ინსტრუმენტალური (ლაბორატორიული) ტექნიკური შემოწმება.

ქვაბის წყალი - ქვაბის შიგნით ცირკულირებადი წყალი.

ქვაბული - 1. განიერი და ღრმა თხრილი მიწაში (მაგ., საძირკველის ჩასაწყობად); 2. იგივეა, რაც ქვაბი.

ქვაბური - დამრეცგვერდებიანი ჩაღრმავება ნიადაგში.

ქვაზვინული - ქვის ყრილი, ქვის ზვინული.

ქვათახევი (ქვაბთახევი) - XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი (ნახ. 1). მდებარეობს ქართლში, კასპის რაიონის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან. ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. ქ. ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. ის მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებითა და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათით. სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭეებით გაფორმებული თითო შესასვლელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი თეთრი ქვის კვადრატებით. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. მორთულობა თავმოყრილია სარკმლის ირგვლივ. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია კუთხით დაყენებული კვადრატები, დიდი ჯვარი. სარკმლები შემკულია მოჩუქურთმებული საპირეებით. ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადებიც. გუმბათის ყელი დაგვირგვინებულია მდიდრული ჩუქურთმებით შემკული მაღალი ფრაზითა და ორმაგი კარნიზით, მოჩუქურთმებული სარკმლებით, რომლებიც ერთიანად მორთულ ზედაპირს ქმნის. ამჟამად მონასტერში ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმ. ნაწილი ინახება.

ქვაკაცი - ძვ. სტატუა, ჭორტი; ადამიანის ქანდაკება.

ქვაკუთხედი - შენობის საძირკველში სიმაგრისათვის ჩატანებული კუთხის დიდი ქვა.

ქვანაგი - მიჯრით დალაგებული ქვის ფილებით შექმნილი ზედაპირი.

ქვასამსხვრევი - მოქმედების პრინციპის მიხედვით ქ. არის შემდეგი სახის: ყბებიანი (ყბის მარტივი და რთულ ქანაობით), კონუსური, ლილვაკებიანი, დარტყმითი მოქმედების, რბიები და დეზინდეგრატორები. ყბებიან ქ. მასალის მსხვრევა მიმდინარეობს ორ, მოძრავ და უძრავ ყბას შორის დაწნევის, გაპობის და ნაწილობრივ გახეხვის ზემოქმედებით; კონუსურ სამსხვრევებში – ორ კონუსურ ზედაპირს შორის, რომელთაგან ერთი მოძრაობს ექსცენტრიულად მეორის მიმართ და ახდენს მასალის უწყვეტად მსხვრევას ღუნვითა და გახეხვით; ლილვაკებიან სამსხვრევებში მასალა ისრისება ორ, ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით მბრუნავ ლილვაკს შორის დაწნევითა და გახეხვით; დარტყმითი მოქმედების სამსხვრევები არის ჩაქუჩებიანი და როტორული, რომლებშიც მასალის მსხვრევა წარმოებს სახსრულად დამაგრებული ჩაქუჩების ან როტორზე ხისტად დამაგრებული საცემების დარტყმით; რბიებს იყენებენ წვრილი მსხვრევისა 3...8 მმ და უხეში დაფქვისათვის 0,2...0,5 მმ. ქ. მანქანების მუშაობა ხასიათდება ხმაურით, ვიბრაციითა და მტვერწარმოქმნით.

ქვატალახიანი ნაკადი - ღვარცოფული ნაკადის სახეობა ნივთიერებათა შემადგენლობის მიხედვით, რომლის მყარი მასა წარმოდგენილია უხეშად ნატეხი და წვრილდისპერსიული მასალის ნარევით. ეს უკანასკნელი ქმნის ღვარცოფული მასის ტალახიან ფენას (ღვარცოფული სუსპენზია), მსხვილი ქვის ნატეხების ღრეჩოების შემავსებელს. ქვატალახიანი ნაკადი მიეკუთვნება მაღალი სიმკვრივის ნაკადებს.

ქვაფენილი - ქვების წყობით შექმნილი ქუჩის საფარი შრე.

ქვაყრილი - 1. ქვით მოფენილი ადგილი; 2. ქვითა და ღორღით შექმნილი ხელოვნური მაღლობი; 3. ქვის, ღორღის ნაგებობა.

ქვაწყლიანი ნაკადი - ღვარცოფული ნაკადების სახეობა ნივთიერებათა შემადგენლობის მიხედვით, რომელშიც ჭარბობს უხეში ნატეხი მასალა (ქვიშა-ხრეში, ღორღი, ლოდები) უმეტესწილად გადაადგილდება შეტივნარებულ და წატაცებული ნატანის სახით. ქვაწყლიანი ნაკადი დამახასიათებელია კრისტალური მთის ქანებით აგებული რეგიონებისათვის.

ქვედი - 1. კონსტრუქციის, დგამის, დანადგარის ქვედა, საყრდენი ნაწილი; 2. ღუმელის ან ორთქლის ქვაბის კონსტრუქციის ელემენტი, რომელიც დამზადებულია ცეცხლგამძლე მასალისაგან. ტექნოლოგიურ ღუმელებში ქ. განალაგებენ მასალებს ან ნაკეთობებს, რომლებიც ექვემდებარებიან თბურ დამუშავებას (გახურება, დნობა, მოწვა). განასხვავებენ ღუმელებს სტაციონარული, გამოსაწევი, მაბიჯი, მბრუნავი, გორგოლაჭებიანი ქვედებით, აგრეთვე მრავალქვედებიან ღუმელებს.

ქვემენარდე - იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ხელშეკრულებით დაკავშირებულია მენარდესთან სამუშაოს გარკვეული ნაწილის შესრულებაზე და რომელსაც მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია.

ქვემო ბეთლემი - თბილისის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია 1725-1727 წწ. ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა ააშენეს და წმ. სტეფანეს სახელი (სომხ. სურბ-სტეფანოზი) უწოდეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს (ნახ. 1). 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი ნახევარწრიულადაა შვერილი. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან.

ქვერკალი - სფერული ზედაპირი განლაგებული სათავსის კარნიზის ქვეშ. ის ქმნის გადასვლას კედლის სიბრტყიდან ჭერის სიბრტყეზე (ნახ. 1).

ქვესაბჯენი - მისაბჯენი; დგარის სიმდგრადისათვის მის ქვედა ნაწილში შეყენებული ირიბანა.

ქვესაგები ფენა - ტოლის, სამშენებლო მუყაოს, არაბიტუმიანი მასალით გაჟღენთილი ტოლის ერთი ან რამდენიმე ფენა ან სხვა მასალა, რომელზეც მაგრდება დიდქანობიანი სახურავის ბურული.

ქვესადგური - ნაგებობა აღჭურვილი სპეციალური მოწყობილობით, რომლის დანიშნულებაა რაიმეს მიღება და შემდეგ მისი განაწილება (მაგ., სატელეფონო ქვესადგური, ელეტროდენის ქვესადგური და სხვ.).

ქვეტყე - მერქნიან და ბუჩქოვან მცენარეთა სახეობების ერთობლიობა, რომლებიც არ ქმნიან და არსებულ პირობებში ვერ შექმნიან კორომის ზედა საბურველს.

ქვეში - 1. მეტალურგიაში - ლითონის ფილა, რომელზეც მაგრდება ბოყვები, ლითონის ჩამოსხმის პროცესში; 2. ჩარხმშენელობაში - ლითონის ვარცლი ლითონსაჭრელ დაზგებში, რომელსაც ამაგრებენ გასაპოხ-გასაციებელი ხსნარების დასაგროვებლად.

ქვითკირი - ქვითა და კირით ნაგები.

ქვის ზედაპირის ფაქტურა - ქვის ზედაპირის აღნაგობის სახე და ხასიათი. ის შეიძლება იყოს გლუვი, მქისე (ხორკლიანი), დეკორატიულად გლუვი, დეკორატიულად რელიეფური, ხაოიანი, ქეჩისებრი, დაღარული და სხვ.

ქვის კონსტრუქციები - შენობებისა და ნაგებობების ნაწილები (საძირკვლები, კედლები, გადახურვები, კამარები, თაღები, ზღუდარები, საკვამლე მილები და სხვ.), რომელიც აგებულია, როგორც წესი, ადგილობრივი ბუნებრივი ნედლეულისაგან (რიყეს ქვა, ფიქალები, გრანიტი, მარმარილო, გნეისი, გაბრო, ბაზალტი, პემზა და სხვ.). ქ.კ. გამოირჩევა ხან– და ცეცხლმედეგობით, მოპოვების სიმარტივით (შეიძლება დავამზადოთ ადგილობრივი საშენი მასალებისაგან), სიიაფით. ძირითადი ნაკლი - ქვის წყობის დიდი საშუალო სიმკვრივე, წყობის დაბალი სიმტკიცე გაჭიმვაზე. ქ.კ. მასის შესამცირებლად და სიმტკიცის ასამაღლებლად ზოგჯერ მიმართავენ აგურის (ვიბროაგურის) ქარხნული წესით დამზადებული პანელების გამოყენებას, წყობის არმირებას და სხვ.

ქვის ნადნობი - მიიღება მაგმატური ქანების (ბაზალტი, დიაბაზი), გადადნობთ 1400...15000C-ზე. ასხამენ ყალიბებში და ნელ-ნელა აცივებენ დაძაბულობის მოსახსნელად და კრისტალური სტრუქტურის წარმოქმნისათვის. ქ. ნ. სიმკვრივე - 2700...3000 კგ/მ3, ფორიანობა 1...2%, ფორები დახურულია, რაც უზრუნველყოფს ნულოვან წყალშთანთქმას და დიდ ყინვამედეგობას. სიმტკიცე კუმშვაზე - 200...250 მპა, ღუნვაზე - 30...50 მპა, სიმაგრე მოოსის სკალით 6...7. გამოირჩევა მაღალი ცვეთა და ქიმიური მედეგობით. იყენებენ ქიმიურ, მეტალურგიულ და სამთოგადამამუშავებელ საწარმოებში იატაკის საფარად, აგრეთვე ისეთი აპარატების ამოსაგებად, სადაც იქმნება დიდი ცვეთადი ძაბვა.

ქვის სამუშაოები - სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სრულდება ბუნებრივი და ხელოვნური ქვის მასალისაგან შენობა-ნაგებობათა ქვის კონსტრუქციების ასაგებად. გამოყენებული მასალის მიხედვით ქვის წყობის შემდეგი ძირითადი სახეები არსებობს: 1. კედლის, სვეტისა და შენობის სხვა ნაწილების აგურის წყობა; 2. ღრუ კერამიკული ქვით, მასიური და ღრუ წიდაბეტონის ქვით განხორციელებული წყობა; 3. დახერხილი, უმეტესად მსუბუქი ბუნებრივი ქანის ქვით (ტუფი, კირქვა და მისთ.) ამოყვანილი წყობა; 4. წყობა ბეტონის, რკინაბეტონის ან აგურის მსხვილი ბლოკებით და პანელებით. ქ.ს. ყველაზე გავრცელებული სახეობაა აგურის (მასიური და სიღრუეებიანის) და მცირე სიდიდის მსუბუქი პემზაბეტონის ბლოკების წყობა, რომელიც ხორციელდება ცალკეული ელემენტის დუღაბზე დაწყობით.

ქვის ღუმელი პერიოდული მოქმედების - ღუმელი, აგებული მასიური აგურის წყობითა და მნიშვნელოვანი მოცულობის ქვებით, რაც იცავს გარე კედლებს გადახურებისაგან და დიდი ხნით ინარჩუნებს სითბოს. ქვის ნაყარი ღუმელის ქვედა ზონაში ცხელდება 10000C-მდე, ხოლო ზედა ნაწილში - 5000C-მდე. ასეთ ტემპერატურაზე ჭვარტლი სრულად იწვება და საკვამლე მილში შედარებით სუფთა წვის აირები მიედინება. თუ ქვები გამოყოფილია კვმლსადენი აირებისაგან ფილით, მაშინ ის გამოიყენება როგორც მუდმივი, ისე პეროდული მოქმედების რეჟიმში.

ქვის ღუმელი ხანგრძლივი მოქმედების - ღუმელი კედლის მინიმალური სისქით და ნაყარი ქვების მინიმალური მოცულობით. ქვების ტემპერატურაა 300...3500C, რომელიც რეგულირდება მიწოდებული თხევადი ან აირული საწვავის რაოდენობით, ხოლო ელექტროდენის გამოყენებისას - დენის ძალის ცვლილებით. ასეთი ღუმელები აღჭურვილია ჩართვა-გამორთვის ავტომატური მოწყობილობით.

ქვის ჩამოსხმა - ბაზალტის ჩამოსხმა; წიდის ჩამოსხმა; გალღობილი ქანის ყალიბებში ჩამოსხმით სხვადასხვა ნაკეთობის წარმოება. ქვისაგან ჩამოსხმულ ნაკეთობას ჯერ გამოწვავენ (800...9000C ტემპერატურაზე), შემდეგ სიმტკიცის, ანტიკოროზიული და სხვა თვისებების მისანიჭებლად ნელა აცივებენ. ასეთი გზით მიღებული ნაკეთობა ცვეთამედეგი და მჟავაგამძლეა. ქ.ჩ. იყენებენ მილების, მჟავაგამძლე აპარატურის, ელექტროტექნიკური იზოლატორების, მოსაპირკეთებელი ფილების დამზადების დროს და ა.შ.

ქვის წყობა - წყობა, რომელიც შედგება გარკვეული წესით დალაგებული (გადაბმული) ქვების (ნახ. 1) ან აგურებისაგან. გადაბმის ძირითადი მიზანია მისცეს კონსტრუქციას მონოლითურობა ქვების ისეთი წყობით, რომ ორ მოსაზღვრე რიგის ქვების ვერტიკალური ნაკერები არ დაემთხვეს ერთმანეთს. ქ.წ. არსებობს გადაბმის სახეები: მრავალრიგა (რომაული. ნახ. 2); ორრიგა (ჯაჭვური); ჯვრისებრი (ნახ. 3); გოტიკური (პოლონური) და ჰოლანდიური (ნახ. 4).

ქვის წყობა პოლიგონალური - შენობის კედლის ცოკოლის ქვის წყობა შესრულებული მითლილი მრავალკუთხა ქვებით (ნახ. 1).

ქვიშა (სილა) - წვრილნამსხვრევი ფხვიერი მთის დანალექი ქანი, რომელიც შედგება კვარცის, კირქვის, დოლომიტის, მინდვრის შპატისა და ქარსის მარცვლებისაგან ზომით 0,1...3,5 მმ. შეიცავს თიხისა და მტვრის ნაწილაკებს. ჩვეულებრივ მძიმე ბეტონში და ცემენტის მარკის დასადგენად ყველაზე მეტად იყენებენ კვარცის ქვიშას. ბუნებრივი ქ. იქმნება მთის ქანების დაშლა-გამოფიტვით, ხელოვნური ქ. კი მიიღება ქანების ან საწვავის წიდის ან სპეციალურად დამზადებული მასალების (კერამზიტი, აგლოპორიტი და სხვ.) დამსხვრევით. წარმოშობის მიხედვით გვხვდება მთის ან ხრამის, მდინარის ან ზღვის ქ. პირველი ორი გამოირჩევა წახნაგოვანი ფორმით და ხორკლიანი ზედაპირით, ხოლო ზღვის და მდინარის ქ. - მომრგვალებული ფორმით და გლუვი ზედაპირით. მთის და ხრამის ქ. მეტი შეჭიდულობა აქვს ცემენტის ქვასთან, მაგრამ აქვს ბევრი მავნე მინარევი და საჭიროებს გარეცხვას. ბეტონის ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს ქ. გრანულომეტრული შემადგენლობა და მავნე მინერალების შემცველობა, როგორიცაა მტვრის, ლამის და თიხის ნაწილაკები, ორგანული ნივთიერებები და გოგირდოვანი შენაერთები. განსაკუთრებით მავნეა თიხის ნაწილაკები, რომლებიც გარს ეკვრის ქ. მარცვალს, ხელს უშლის მის შეჭიდებას ცემენტის ქვასთან და ამცირებს ბეტონის სიმტკიცეს. გარდა ამისა, ეს მინარევები ზრდიან ბეტონის წყალმოთხოვნას, რაც ასევე არასასურველია ბეტონისათვის. მინარევების შემცველობა იზომება განლექვით და არ უნდა აჭარბებდეს 3%-ს ბუნებრივ და 5%-ს ხელოვნურ ქვიშაში, მათგან თიხის რაოდენობა არ უნდა იყოს 0,15%-ზე მეტი. ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, გოგირდის შენაერთები) იწვევს ცემენტის ქვის კოროზიას, ამიტომ ისინი 1%-ზე მეტი არ დაიშვება. ქ. მავნე მინარევებისაგან თავისუფლდება გარეცხვით. ქ. მარცვლების სისხოს მოდულის მიხედვით არსებობს ქ. სახეები: ძალიან მსხვილი (3...3,5 მმ), მსხვილი (2,5...3 მმ), საშუალო (2...2,5 მმ), წვრილი (1,5...2 მმ) და ძალიან წვრილი (ნაკლები 1 მმ-ზე). ბეტონისათვის ოპტიმალურია 2...3,25 სისხოს მოდულის ქ. გამოყენება, რადგან ასეთ ქ. აქვს ნაკლები ხვედრითი ზედაპირი და ცემენტის ნაკლებ ხარჯს მოითხოვს. ქ. სიმკვრივე (მოცულობითი მასა) 1300...1500 კგ/მ3-ის ფარგლებშია და დამოკიდებულია მინერალოგიაზე, მარცვლების შედგენილობაზე, ტენიანობასა და ცარიელობაზე. ქ. ცარიელობა შეადგენს 35...45%-ს, ტენიანობა კი მერყეობს 0-დან 20%-მდე.

ქვიშა ბუნებრივი - არაორგანული მარცვლოვანი ფხვიერი მასალა, მიღებული ქვიშრობი საბადოების ან გაბნეული ბუნებრივი ქვიშა-ხრეშის ნარევების დამუშავებით.

ქვიშა გამდიდრებული - ქვიშა გაუმჯობესებული მარცვლოვანი შედგენილობით, რომელიც მიიღება სპეციალური გამამდიდრებელი მოწყობილობების გამოყენებით და მიეწოდება მომხმარებელს ფრაქციებად დაყოფის გარეშე.

ქვიშა სტანდარტული ნახევრადფრაქციული - ბუნებრივი კვარცის ქვიშის ფრაქციის ნარევი, რომელიც შეიცავს მომრგვალებულ მარცვლებს ნორმირებული მარცვლოვანი და ქიმიური შედგენილობით. გამოიყენება ცემენტის გამოცდისათვის.

ქვიშა-ხრეშის ნარევი - არაორგანული მარცვლოვანი ფხვიერი საშენი მასალა ბუნებრივი ან გამდიდრებული, მიღებული ქვისა-ხრეშოვანი მთის ქანების დამუშავებით.

ქვიშაბეტონი - წვრილმარცვლოვანი ბეტონი, რომლის შემადგენლობაში შედის წვრილი შემავსებელი (ქვიშა) და შემკვრელი მასალა. იგი სამშენებლო ხსნარების ანალოგიურია, განსხვავდება ნაკლები დენადობით (პლასტიკურობით).

ქვიშასაბერი მანქანა - მანქანა, რომელიც გამოიყენება ჩამოსასხმელი ფორმებისა და ღეროების დასამზადებლად. მისი მუშაობა წარმოებს შეკუმშული ჰაერის ენერგიის ხარჯზე, რომლის საფუძველზეც შექმნილია ავტომატური დამყალიბებელი ხაზები ქვიშასასროლი მოწყობილობით.

ქვიშასატყორცნი დამყალიბებელი - მოწყობილობა მსხვილი სამსხმელო ფორმებისა და ღეროების დასამზადებლად, რომელიც შეიძლება იყოს სტაციონარული და გადასაადგილებელი. მისი ძირითადი კვანძია გამტყორცნი თავი, რომელიც წარმოადგენს როტორს ნიჩბებით (ფრთებით). ნარევი, რომელიც მიეწოდება კონვეიერით, პორციებით აიტაცება როტორის ნიჩბებით და ძალით გაიტყორცნება საყალიბეში ან ღეროების ყუთში. ერთდროულად ხდება ნარევის შემჭიდროებაც.

ქვიშასაჭერი - გამწმენდი ნაგებობა რეზერვუარის სახით კანალიზაციის სისტემაში ჩამდინარე წყლებიდან მექანიკური მინარევების, ძირითადად ქვიშის, გამოსაყოფად.

ქვიშაქვა - ნატეხი დანალექი მთის ქანი - შეცემენტებული ქვიშა. შედგება ძირითადად კვარცის მარცვლებისაგან მინდვრის შპატის მინარევებით. გამოიყენება როგორც საშენი მასალა, აგრეთვე როგორც აბრაზივი (დოლაბის ქვა, სალესი ქვა და სხვა). მარცვლის სიდიდის მიხედვით განარჩევენ: წვრილმარცვლოვან (0,1…0,25 მმ), საშუალომარცვლოვან (0,25…0,5 მმ) და მსხვილმარცვლოვან (მეტი 0,5 მმ-ზე) ქვიშაქვებს.

ქვიშაჭავლური დამუშავება - შენობების ფასადების, ლითონური ზედაპირების და სხვათა დამუშავება-გაწმენდა შეღებვის წინ, რისთვისაც იყენებენ ქვიშაჭავლურ აპარატებს. გასაწმენდი ზედაპირისკენ მიმართული შეკუმშული ჰაერისა და მასში შეწონილი ქვიშის ნაწილაკების ზემოქმედებით სუფთავდება დასამუშავებელი ზედაპირი.

ქვიშის ფილტრაციის კოეფიციენტი - ქვიშის მასივის წყლის გატარების უნარი ჰიდრავლიკური გრადიენტის გათვალისწინებით, რომელიც ტოლია ერთის. განზომილების ერთეულია მეტრი დღე-ღამეში ანუ ქ.ფ.კ. რიცხობრივად აჩვენებს ქვიშის მასივში წყლის გავლის მანძილს 24 სთ-ის განმავლობაში.

ქვიშნარი - ზედაპირული კონტინენტური ფხვიერი დანალექი (გრუნტი), მურა-ყვითელი და მოყვითალო-რუხი ფერის. შეიცავს 1...10% თიხის ნაწილაკებს და 90%-მდე ქვიშას. გამოიყენება ნედლეულად სამშენებლო კერამიკის დასამზადებლად.

ქვიშრობი - 1. არასატყეო კატეგორიის მიწა, მსხვილი ქვების დიდ გროვების სახით, რომელიც არის წყლის, ქარის ეროზიის, ზვავის, წყალდიდობის, ღვარცოფის და მდინარის ჩამონატანების შედეგი; 2. იგივეა, რაც ქვიშნარი; 3. ნიადაგის მთამადნეულის (ლითონის, მინერალის) შემცველი ფენა

ქიმერა - გოთიკური ტაძრის სამკაულის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ფანტასტიკური ურჩხულის ქანდაკებას.

ქიმი - რაიმეს გამოშვერილი, წაწვეტებული ნაწილი (მაგ., კედლის ქიმი, ფანჯრის ალათის ქიმი და სხვ.).

ქიმი გემის - გემის წინა ნაწილი, ცხვირი. გამოიყენება საზღვაო ტერმინოლოგიაში. მისი გეომეტრია გათვლილია ისე, რომ გემმა წყალი ადვილად გაკვეთოს.

ქიმია (ლათ.) - საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობას, აღნაგობას, თვისებებსა და გარდაქმნებს, აგრეთვე ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქ. სწავლობს ქიმიურ ელემენტებს. მას გააჩნია ორი ძირითადი დარგი - ორგანული და არაორგანული ქიმია.

ქიმიური ავარია - ავარია ქიმიურად საშიშ ობიექტზე, რომელსაც ახლავს დაღვრა ან გამოფრქვევა საშიში ქიმიური ნივთიერებისა, რომელსაც შეუძლია ადამიანების, პროდუქტების, საკვები ნედლეულის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების დაღუპვა ან ქიმიური მოწამვლა ან ბუნებრივი გარემოს ქიმიური დაბინძურება.

ქიმიური დანალექი ქანები - თაბაშირი, ანჰიდრიდი, დოლომიტი წარმოიქმნა მთის ქანებში შემავალი ნივთიერებების წყალში გახსნის, დალექვისა და ქიმიური გარდაქმნის შედეგად.

ქიმიური ელემენტი - ერთნაირი ატომგულის მუხტის მქონე ატომების ერთობლიობა.

ქიმიური თვისება - მასალის ქიმიური გარდაქმნის უნარი. ქიმიური თვისება ზოგჯერ სასარგებლოა (მაგალითად, ცემენტის ურთიერთქმედება წყალთან), უფრო ხშირად კი ის აუარესებს მასალის ან კონსტრუქციის სამსახურის ვადას (მაგალითად, ბეტონის დაშლა აგრესიული სითხეებით).

ქიმიური მედეგობა - მასალის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესიული გარემოს (მჟავები, ტუტეები, მარილების ხსნარები, აირები) მოქმედებას.

ქიმიური მოწამვლის ზონა - ტერიტორია ან აკვატორია, რომლის საზღვრებშიც გავრცელდა ან სადაც შეტანილია საშიში ქიმიური ნივთიერებები ისეთი კონცენტრაციითა და რაოდენობით, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებსა და მცენარეებს.

ქიმიური რეაქცია - ერთი ნივთიერების გარდაქმნა მეორე ნივთიერებად, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან შედგენილობითა და თვისებებით.

ქიმიური ტექნოლოგია - მეცნიერება, რომელიც ამუშავებს ტექნოლოგიურად სრულყოფილ და ეკონომიურად მომგებიან მეთოდებს ბუნებრივი ნედლეულის, სამრეწველო ნარჩენების, აგრეთვე სინთეზური ნახევარპროდუქტების გადამუშავებას საყოფაცხოვრებო მოთხოვნილების ნივთებად და წარმოების საშუალებებად. განასხვავებენ ორგანულ (სინთეზური კაუჩუკის, პლასტმასების, საღებრების, სპირტების, ორგანული მჟავების და ა.შ. წარმოება) და არაორგანულ (მჟავეების, ფუძეების, მარილების, მინერალური სასუქების, სოდის და ა.შ. წარმოება) ქ.ტ.

ქიმიური შთანთქმა - მყარი ან თხევადი შთანთქმელებით (ადსორბენტებით) აირების, ორთქლის ან გახსნილი ნივთიერების შთანთქმის (ადსორბციის) პროცესი, რომელსაც ახლავს ქიმიური ნაერების წარმოქმნა. ქიმიური შთანთქმა გამოიყენება მრეწველობაში აირების გასაწმენდად, დეგაზაციისათვის, ლითონების დასაცალკევებლად, სამეცნიერო კვლევებში.

ქირა (არაბ.) - სასყიდელი სხვის რისამე გამოყენებისთვის, რამეთი დროებით სარგებლობისათვის.

ქლიბი - ნაჭდევებიანი ფოლადის ძელაკი, რომლითაც ფხეკენ ლითონს. ქ. ზედაპირი მჭრელი ნაჭდევითა (კბილებითა) არის აღჭურვილი. ნაჭდევის მიხედვით ქ. განირჩევა: საქლეში ნაჭდევით (ყველაზე დიდი ზომის კბილებით) და საპირე ნაჭდევით (წვრილი ზომის კბილებით). განივი კვეთის მიხედვით ქ. შეიძლება იყოს: ბრტყელი, სამკუთხა, ოთხკუთხა, ტრაპეციული, მრგვალი, ნახევრადმრგვალი და რომბის ფორმის. ქ. რომელსაც წერტილოვანი ნაჭდევი კბილები აქვს ეწოდება ჭოპოსანი და მერქნის, ძელისა და ტყავის დასამუშავებლად გამოიყენება. ქლიბით უნეტესად ხელით მუშაობენ.

ქლორი - ქიმიური ელემენტი ატომური ნომრით 17. აღინიშნება სიმბოლოთი - Cl, ქ. მოყვითალო-მომწვანო აირია და მიეკუთვნება ჰალოგენებს. მისი უმთავრესი ბუნებრივი ნაერთია ნატრიუმქლორიდი (NaCl) - სუფრის მარილი, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებში დაახლ. 3%-ის რაოდენობითაა. ის აგრეთვე დიდი რაოდენობითაა ზოგიერთ ტბასა და წყაროში. მოიპოვება ქვამარილის სახით (საქართველო, უკრაინა, ურალი).  გვხვდება მინერალების: გალენიტის (NaCl), სილვინის (KCl), სილვინიტის (KCl•NaCl), კარნალიტის (KCl•MgCl2•6H2O) სახით. ადამიანის სხეულში ქ. რაოდენობა უდის 0.25%-ს მასით. ქ. ტოქსიკური აირია.  აღიზიანებს სასუნთქ სისტემას.  ძლიერი დამჟანგველია. ქ. ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. გამოყენება საღებავების, სამკურნალო პრეპარატების, მომწამლავი ნივთიერებების, მათეთრებელი კირის მისაღებად. თავისუფალი ქ. მცირე მინარევი საკმარისია დაავადებათა გამომწვევი მიკრობების მოსასპობად. ამ მიზნით წყალსადენში გაშვების წინ წყალს ქლორავენ (მასში ხსნიან მცირე რაოდენობით ქლორს). ამ დროს წყალში არსებული ყველა ბაქტერია იღუპება. დაქლორილ წყალში წარმოქმნილი მცირეოდენი მარილმჟავა სრულიად უვნებელია. ქ. გამოიყენება მრავალი ნაერთის მისაღებად. მრეწველობაში ქ. იყენებენ, როგორც მათეთრებელს ქსოვილების და ქაღალდის გასათეთრებლად. ქ. დიდი რაოდენობით იხარჯება მარილმჟავასა და ქლორის შემცველი სხვა ქიმიური ნაერთების წარმოებაში. ქ. უმნიშვნელოვანესი ნაერთია ქლორწყალბადი HCl (მ ა რ ი ლ მ ჟ ა ვ ა), რომელიც გამოიყენება წყალბადის, ქლორის, ნახშირმჟავას მისაღებად, კვების მრეწველობაში, ლითონთა რჩილვისათვის, ორგანულ ნივთიერებათა, ქსოვილების, საღებავების, ძმარჟავას და სხვათა წარმოებაში

ქლორირება - ქლორის საშუალებით გაწმენდა, ქლორით დამუშავება, გაწმენდა.

ქლორკაუჩუკი - დაქლორილი ნატურალური ან სინთეზური კაუჩუკის პროდუქტი. სასაქონლო ქ. წარმოადგენს თეთრ ფხვნილს, რომელიც შეიცავს 50...70% ქლორს. იხსნება იგივე გამხსნელებში, როგორშიც კაუჩუკი. აქვს მაღალი თბო- და ქიმიური მედეგობა, დაბალი თბოგამტარობა, კარგი დიელექტრიკული თვისებები. მისგან შესაძლებელია ფირის (აფსკის) დამზადება. გამოიყენება ანტიკოროზიული ლაქ-საღებავების დასამზადებლად. ქ. მიიღება წებოები, რომლებიც შესანიშნავად აწებებს რეზინას ლითონზე.

ქლოროფილი (ბერძ.) - მწვანე ფოტოსინთეზის პიგმენტი მცენარეებში. ქ. ითვისებს ელექტრომაგნიტური სპექტრის ყველაზე ძლიერ ლურჯ და წითელ სხივებს, უფრო ნაკლებად მწვანე ნაწილებში, შედეგად მიიღება მწვანე შეფერილობის ქსოვილები, როგორიცაა მცენარის ფოთლები.

ქლოროფორმი (ბერძ.-ლათ.) - ქლორის შემცველი უფერული, გამჭვირვალე, სასიამოვნო სუნის აქროლადი სითხე. კარგად იხსნება ეთერებში, სპირტებში, ეთერულ ზეთებში. გამოიყენება ფისების, კაუჩუკის, იოდის, გოგირდის გამხსნელად, მედიცინაში სანარკოზე და სადეზინფექციო საშუალებად და სხვ.

ქლოროფოსი (დილოქსი, დიპტერექსი, რიციფონი, ტუვონი, ტრიქლოროფონი) - თეთრი ან რუხი სპეციფიკური სუნის მასა, რომელიც ადვილად იხსნება წყალში. ქ. ფართო სპექტრით მოქმედი ინსექტიციდია. მისი 0,5...1%-იანი ხსნარი გამოიყენება მერქნის ინსექცირებისათვის.

ქლორწყალბადმჟავა - იხ. მარილმჟავა.

ქმედება - 1. ძალა, რომლითაც მოცემული ნივთიერი წერტილი მოქმედებს სხვა ნივთიერ წერტილზე; 2. ფიზიკური სიდიდე, რომელსაც აქვს ენერგიის დროზე ნამრავლის განზომილება და სისტემის მოძრაობის ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია. მექანიკური სისტემისათვის ქმედებას აქვს შემდეგი მნიშვნელოვანი თვისება: თუ განვიხილავთ ამ სისტემის ორ მდებარეობას შორის შესაძლო მოძრაობათა ერთობლიობას, მაშინ სისტემის ჭეშმარიტი (ფაქტობრივად მიმდინარე) მოძრაობა ამ მოძრაობებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის ქმედების მნიშვნელობა უმცირესი იქნება (იხ. მექანიკის ვარიაციული პრინციპები და უმცირესი ქმედების პრინციპი). აღნიშნული თვისება საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ მექანიკური სისტემის მოძრაობის განტოლებები და შევისწავლოთ ეს მოძრაობა; 3. ლაგრანჟის ქმედება, მოპერტიუს ქმედება - სიდიდე, რომელიც გამოსახულია ინტეგრალით სისტემის კინეტიკური ენერგიიდან, აღებული დროის განსაზღვრულ შუალედში; 4. ქმედება ჰამილტონის - სიდიდე, რომელიც გამოსახულია ინტეგრალით ლაგრანჟის ფუნქციიდან, აღებული დროის განსაზღვრულ შუალედში.

ქმნილება - ვისიმე, რისამე შექმნილი, ნამოქმედარი, წარმონაქმნი.

ქობინი (ქობინო) – 1. კრამიტის მოსაჭრელი ყალიბი; 2. კარვის, ეტლის კამარის და მისთანების თავზე დადგმული მოოქრული ბურთი (საბა); 3. სარეცხის სასრესი იარაღი (ხისა)

ქოზიფის მამათა მონასტერი - მდებარეობს ქარელიდან 35 კმ-ის დაშორებით მდ. ძამას ხეობაში (ნახ. 1). დაარსებულია VII-IX სს-ში. მონასტერში სულ შვიდი ტაძარია, ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. დღესდღეობით ყველა ტაძარი აღდგენილია და მოქმედებაშია. ქოზიფის მონასტერში თავდაპირველად ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აუგიათ. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფის მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ პერიოდს განეკუთვნება მონასტრის გალავანი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. ეს უკანასკნელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. XV-XIV სს-ში კომპლექსს კიდევ ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია შეემატა. ტერიტორიაზე აღმოჩენილია წყლის თიხის მილები და ღვინის დიდი ქვევრები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა განმავლობაში აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა აქ არის წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმ. გიორგის ეკლესიები.

ქოთარეთი - სფეროს ფორმის სვეტისთავი ან ნახევარსფეროს ფორმის პილასტრის სვეტისთავი. "სვეტის თავზე მრგვალა" (საბა).

ქოლგისებრი გუმბათი - შეაფრებული ნაწილებისაგან შემდგარი გუმბათი, რომელიც წააგავს გახსნილ ქოლგას.

ქონგური - 1. ციხის დამაგვირგვინებელი, სავარცხლისებური ელემენტი. დაცილება ქონგურებს შორის სათოფურებად გამოიყენებოდა; 2. კარნიზის პატარა დეკორატიული სწორკუთხა შვერილები (ქონგურები) იონურ და დორიულ ორდერებში; 3. საცხოვრებელი სახლის კოშკის დასახელება თუშეთში; 4. იხ. დენტიკული.

ქონება - ყველა ნივთი და არამატერიალური და ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს; ქ. შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით და ზნეობრივ ნორმებს არ ეწინააღმდეგება. ქ. შეიძლება იყოს ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ნივთი არსებობს ორი სახის - მოძრავი და უძრავი. უძრავი ნივთი (ქონება) - არის მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მასზე აღმოცენებული მცენარეები და შენობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. მოძრავი ნივთი - ყველა სხვა დანარჩენი ნივთი. მოძრავი ნივთის უფრო ამომწურავი ცნება სამოქალაქო კოდექსში არ გვაქვს.

ქონება საერთო - უძრავი ქონების კომპლექსის ნაწილი, გამოყოფილი სათავსების კეთილმოწყობისათვის. არის მესაკუთრ(ეებ)ის ქონების ნაწილი.

ქონებრივი - ქონებასთან დაკავშირებული, ქონებით განსაზღვრული, ნივთიერი, მატერიალური.

ქორგანდელი - წაღი, ხომლი; წერზე შეკიდული სანათი არმატურა.

ქორდა (ბერძ.) - წირის ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი. წრეწირის ქორდას ზოგჯერ შესაბამისი წრის ქორდას უწოდებენ. წრეწირის ცენტრზე გამავალ ქორდას დიამეტრი ეწოდება.

ქორი - ძვ. მანსარდ, ქორედი; უშუალოდ სახურავის ქვეშ, სხვენის მოცულობაში მოქცეული სადგომი.

ქორკანდელი (პანიკადილო) - ტაძრის შუაგულში, ჭერში ჩამოკიდებული დიდი მრავალტოტიანი სასანთლე (ნახ. 1) ან ხატების წინ მოთავსებული ასეთივე შანდალი. ქ. ანთება ხდება ღვთისმსახურების სადღესასწაულო დღეებში.

ქოხი - ოქოქი, ჩალურა, ხულა, ხუხულა; ფიჩხით ან ჩალით დახურული სოფლის სახლი.

ქრიზოტილი - იხ. აზბესტი.

ქრომატოგრაფია - დინამიკურ პირობებში სორბციული მეთოდებით აირების, ორთქლის, სითხეების ნარევების ან გახსნილი ნივთიერებების გაყოფისა და ანალიზის მეთოდი.

ქრომელი (ბერძ.) - ნიკელისა და ქლორის შენადნობი; უძლებს დიდ ტემპერატურას.

ქრომვა (ბერძ., ფერი, საღებავი) - 1. ლითონის ნაკეთობის ზედაპირზე ქრომის ფენის დატანა ელექტროლიტური მეთოდით: იცავს ნაკეთობას კოროზიისაგან, ზრდის წინააღმდეგობას ცვეთაზე და აძლევს დეკორატიულ სახეს. 2. ფოლადის ზედაპირების გაჯერება ქრომით (მეტალიზაცია), რაც ზრდის ცეცხლმედეგობას და სიმტკიცეს, კოროზიულ მედეგობას, ანიჭებს ნაკეთობას საჭირო მაგნიტურ და ელექტრულ მახასიათებლებს.

ქრომი - თანამედროვე დასახელება - კ რ ო კ ო ი ტ ი. 1797 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ლ.ნ.ვოკლენმა ამ მინერალისაგან გამოყო ძნელადლღობადი მეტალი (უფრო სწორად ვოლკენმა მიიღო ქრომის კარბიდი). ელემენტის დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან - ფერი, საღებავი - მისი ნაერთების შეფერილობის მრავალფეროვნების გამო. ქ. ყველაზე დიდი საბადოები გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ყაზახეთში, რუსეთში, ზიმბაბვეში, მადაგასკარში, ასევე გავრცელებულია თურქეთში, ინდოეთში, სომხეთში, ბრაზილიაში, ფილიპინებზე. ანსხვავებენ ქ. სამ ძირითად მინერალს: მაგნოქრომიტი, ქრომპიკოტიტი და ალუმოქრომიტი.  გარეგნულად ქ. ფოლადს ჰგავს. ის მბზინვარე მძიმე მეტალია. სიმკვრივე - 7,19 გრ/სმ3. ძნელად ლღვება (ლღვობის ტემპერატურა - 18900C. დუღილის ტემპერატურა - 24800C. იგი ყველაზე მაგარი მეტალია, რომელიც მხოლოდ ვოლფრამს უთმობს უპირატესობას. კარგად ჭრის მინას. მდგრადია ჰაერზე. 20000C ტემპერატურაზე იწვის მწვანე ფერის ქ. ოქსიდის წარმოქმნით CrO3, რომელიც ამფოტერული თვისებებით ხასიათდება. ქ. შენადნობი რკინასთან - ფეროქრომი გამოიყენება ლეგირებული ფოლადის საწარმოებლად ქ. გამოყენება დაფუძნებულია მის სიმაგრესა და კოროზიამედეგობაზე. ქ. უჟანგავი ფოლადის კომპონენტია. ფეროქრომში ქ. მასითი წილი 60%-ია. გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის დასაფარავად. ლამაზი გარეგნული სახის მისაცემად კალიუმის, ნატრიუმის ამონიუმის დიქრომატები გამოიყენება ტყავის თრიმვლისათვის, ასანთის, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში. ქრომატებს, ბიქრომატებს, თუთიის ქლორიდს, სპილენძის სულფატს, ნატრიუმის არსენატს და ზოგიერთ სხვა ქრომის შემცველ ნივთიერებებს წარმატებით იყენებენ მერქნის ანტიპირენების და ანტისეპტირებისათვის, რაც ზრდის ხის მედეგობას სოკოების, ბაქტერიების, ტენის და ღია ცეცხლის მიმართ.

ქრომის მწვანა - ძნელად დნობადი ქრომის შემცველი ნივთიერება (Cr2O3), რომელსაც მწვანე ფერი აქვს. გამოიყენება წებოიანი და ზეთოვანი საღებავების დასამზადებლად. გალღობილი მწვანათი ღებავენ მინას და ფაიფურს.

ქრომის შენადნობები - მაღალი სიმტკიცის ცეცხლმედეგი შენადნობები ქრომის ბაზაზე, იშვიათი ელემენტების დამატებით, როგორიცაა ნიკელი, ტიტანი, ვანადიუმი და სხვ.

ქრომიტი - ქრომოვანი რკინაქვა, მინერალი. ფეროქრომის მიღების ძირითადი მადანი. გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში, ცეცხლგამძლე მასალების დასამზადებლად და სხვ.

ქრონოგრაფი (ბერძ.) - დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომი ან ამა თუ იმ მოვლენის დროის ცალკეული მომენტების სარეგისტრაციო ხელსაწყო.

ქრონომეტრაჟი (ბერძნ., დროს ვზომავ) - 1. დროის დანახარჯების შესწავლის მეთოდი უშუალოდ მოცემულ ოპერაციებზე დაკვირვებით და მისი პერიოდულად განმეორებადი ელემენტების გაზომვებით; 2. ციკლურად განმეორებადი ოპერაციის შესრულებაზე დროის დანახარჯების შესწავლის მეთოდი. გამოიყენება მუშაობის მოწინავე მეთოდებისა და ილეთების შესასწავლად, დროის მოქმედი ნორმების შესამოწმებლად და იმ მონაცემების მისაღებად, რომლებიც აუცილებელია მეცნიერულად დასაბუთებული შრომის ნორმების გაანგარიშებისას, ნორმატიული მასალების დასამუშავებლად.

ქრონომეტრი (ბერძ.) - გადასატანი ზუსტი საათი, იყენებენ ასტრონომიაში, ნავიგაციაში, გეოდეზიაში და სხვ.

ქრონოსკოპი (ბერძ.) - ხელსაწყო დროის უმცირესი მონაკვეთების გასაზომად (წამის ერთ მეასედამდე სიზუსტით).

ქსელების რეკონსტრუქცია - შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება.

ქსელი - 1. ერთობლიობა რაიმე ტერიტორიაზე, რაიმე სივრცეში განლაგებული გზებისა, ხაზებისა; 2. ერთგვაროვანი მოწყობილობების ან დაწესებულებების ერთობლიობა (მაგ., წყალსადენის ქსელი, სავენტილაციო ქსელი, კავშირგაბმულობის ქსელი და სხვ.); 3. საფეიქრო დაზგაზე სიგრძივგაბმული საქსოვი ძაფები, რომლებშიც მისაქსელი ძაფი გადის გარდიგარდმო და მატერია იქსოვება; 4. ძაფი, რომელსაც გამოყოფს აბრეშუმის ჭია, ობობა და მისთ.

ქსელის სარემონტოდ ვარგისობა - წყლის, გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემის საიმედოობის აღდგენის შესაძლებლობა, რემონტის ან მოწყობილობების შეცვლის შემდეგ.

ქსელური დაგეგმვა მშენებლობაში (ქდმ) - მეთოდი, სადაც გამოყენებულია ქსელური მოდელი, როგორც ძირითადი ფორმა ინფორმაციის წარმოსადგენად სამუშაოთა კომპლექსის მართვაზე. ქსელური მოდელების გამოყენება ხელს უწყობს რაციონალური ან ოპტიმალური გეგმის კრიტერიუმების კომპლექსის რეალიზაციას და უზრუნველყოფს ამ გეგმის შესრულების პროცესის მართვას ზუსტი ალგორითმის მიხედვით, რომელიც მოიცავს პროგნოზირების, ადაპტაციის, ძებნის საუკეთესო გადაწყვეტას. ქდმ გამოიყენება დასამუშავებელი გეგმის ხარისხის გაუმჯობესების, შესაძლო კომლექსების რეალიზაციის ვადების შემცირების მიზნით რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და კომპლექსების რეალიზაციის პროცესების მართვის ეფექტურობის ამაღლებისათვის. ამის მიღწევა შესაძლებელია ქდმ სისტემების აგების ოპერაციული პრინციპების, მათემატიკური პროგრამირების აპარატის, ალბათობის თეორიისა და სხვა მათემატიკური მეთოდების და გამოთვლითი ტექნიკის საშუალებების ფართო გამოყენებით.

ქსეროფიტები (ბერძ.) - მცენარეები, რომლებიც უწყლო ადგილებში, უდაბნოებში ხარობენ.

ქსილიტ-ბოჭკოვანი ფურცელი - სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალა. მზადდება მერქნის ნარჩენების შეცხობით მინერალურ მჭიდა მასალებთან. ორივე მხრიდან დაარმირებულია მინაბოჭკოს ქსოვილით (ნახ. 1). გამოიყენება კედლების, ტიხრების, კოლონების, კამარისებრი კონსტრუქციების მონტაჟისათვის, იატაკების, ჭერის, კედლების ზედაპირების მოსაპირკეთებლად და სხვ.

ქსილო (ბერძ.) - რთული სიტყვების პირველი შემადგენელი ნაწილი - ნიშნავს ხესთან (მერქანთან), როგორც მასალასთან, დაკავშირებულს.

ქსილოგრაფია - 1. ხის მასალაზე ამოჭრა, გ რ ა ვ ი რ ე ბ ა; 2. ხეზე ხელით გაკეთებული გრავიურა გლუვი ზედაპირით; ასეთი გრავიურის ანაბეჭდი. გამოიყენება, როგორც მხატვრულ-ტექნიკური ხერხი წიგნების და სხვა ნაკეთობების ილუსტრაციისათვის.

ქსილოლი - დ ი მ ე თ ი ლ ბ ე ნ ზ ო ლ ი, (CH3)2C6H4 - თხევადი არომატული ნახშირწყალბადი. კარგად იხსნება სპირტში, ეთერში, აცეტონში, ქლოროფორმში, ბენზოლში; ცუდად - წყალში. ფეთქებადსაშისი ნივთიერება. გამოიყენება ლაქების, საღებავების, მასტიკების გამხსნელად. პარაქსილოლი საწყისი ნედლეულია ტერეფთალმჟავას საწარმოებლად.

ქსილოლითი - მტკიცე, დრეკადი საშენი მასალა, დამზადებული მერქნის ნახერხისაგან, რომელიც შეკრულია მაგნეზიური შემკვრელი ნივთიერებით. გამოიყენება იატაკების მოსაწყობად და კედლების მოსაპირკეთებლად მშრალ შენობებში.

ქსილომეტრი - ხელსაწყო არასწორი ფორმის საგნების მოცულობის გასაზომად; მისი მოქმედება დაფუძნებულია სითხეში ჩაყურსული სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის მოცულობის გაზომვაზე.

ქსისტი (ბერძ.) - 1. მცირე ბაღი ან სივრცე სახლის წინ, დაყოფილი კვადრატებად ან მართკუთხედებად. აქვს მკაცრი ღერძული განლაგება. გაფორმებისათვის ძირითადად გამოიყენება გაზონები და ბორდიურები; 2. მყუდრო ბაღი პორტიკით, რომელშიც გამოდის საძინებლების და სასადილოს (ტრიკლინიუმის) კარებები; 3. ძვ. რომში - სივრცე დარბაზის წინ, მორთული ყვავილებით, ბუჩქნარით, რომელიც გამოიყენება დასასვენებლად და სასეირნოდ; 4. ელინური პერიოდის ნაგებობა იერუსალიმში, რომელიც წარმოადგენდა ძვირფასად მორთულ სახურავს კოლონადებით.

ქსოვილები პნევმატიკური კონსტრუქციებისათვის - გამოიყენება რბილი ქსოვილები და არმირებული აფსკები, იშვიათად ერთფენიანი ფირები და თხელი ლითონის ფურცლები. პრაქტიკული თვალსაზრისით მზიდ სამშენებლო ელემენტებში რეკომენდებულია მხოლოდ ქსოვილების გამოყენება. ქსოვილური მასალები მზადდება ბუნებრივი (ბამბა, სელი, ქერელი), ხელოვნური (ვისკოზა, მინაბოჭკო) და სინთეზური ბოჭკოებისაგან. ეს უკანასკნელი ყველაზე ფართოდ გამოიყენება ქსოვილებში და იყოფა შემდეგ ჯგუფებად: პოლიამიდური (კაპრონი, ნეილონი, დედერონი, პერლონი, სილონი, სტილონი); პოლიეთერული (ლავსანი, დაკრონი, გრიზუტენი, დიოლენი, ტრევირა, ტეტერონი, ტერილენი); პოლიაკრილნიტრინული (ნიტრონი, ორდონი, დრალონი); პოლივინილსპირტული (ვინოლი, ვინილონი). იმისათვის, რომ ქსოვილი გახდეს ჰაერ- და ტენგაუმტარი და, ამასთანავე, ნაქსოვი დაცული იქნეს გარე ზემოქმედებისაგან, მიმართავენ მის დაფარვას სინთეზური კაუჩუკით ან პოლივინილქლორიდული ფისებით ცალ, ან ორივე მხრიდან. სამშენებლო ნორმების თანახმად (აშშ) პნევმოქსოვილების სიმტკიცის მარაგის კოეფიციენტი 4-ის ტოლია.

ქსოვილი (ტექსტილი) - ნაკეთობა, რომელსაც იღებენ საქსოვ დაზგებზე ურთიერთპერპენდიკულარული და ერთმანეთთან ხლართებით შეერთებული გრძივი (ქსელი) და განივი (მისაქსელი) ძაფებისაგან. ქ. შეიძლება იყოს ბამბის, შალის, აბრეშუმის, სელის, ქიმიური ბოჭკოსი.

ქსოვილი ჟაკარდული - მსხვილსახეებიანი სქელი ქსოვილი. იყენებენ ავეჯის წარმოებაში, შენობის ინტერიერის გასაფორმებლად, მაგიდებისა და საწოლების გადასაფარებლად (ნახ. 1), ფარდებად და სხვ.

ქულბაქი (სპარ) - დუქანი; სავაჭრო სახლი. ტერმინი გავრცელებული იყო საქართველოში IX-XVIII საუკუნეებში და შემდგომში დუქანმა შეცვალა.

ქურა (არაბ.) - 1. საბერველიანი სამჭედლო კერა ლითონის გასახურებლად; 2. ღუმელი თიხის ჭურჭლის, აგურის, კრამიტის და მისთანების გამოსაწვავად; 3. ბრძმედის ქვედა ნაწილი; 4. მოწყობილობა ცეცხლის გასაჩაღებლად ან რაიმე სხვა სახით სიმხურვალის მისაღებად.

ქურმუხის ტაძარი - ქურმუხის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი - შუა საუკუნეების ისტორიული ჰერეთის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლი (ნახ. 1), რომელიც მდებარეობს რაიონული ცენტრის კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მისგან სამი კილომეტრის მოშორებით, მდინარე ქურმუხისწყლის ხეობაში (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია). ტაძრის ადგილმდებარეობა იმგვარადაა შერჩეული, როგორც ბევრ ქართულ ხუროთმოძღვრების ნიმუშში გვხვდება. ერთი მხრიდან ის არ ჩანს, ხოლო მეორე მხრიდან მთელ ხეობას გადაჰყურებს. ტაძარი კლდის ქიმზე დგას. ისტორიული წყაროების შეფასებით, ქ.ტ. მე-13 საუკუნეში ფუნქციონირებდა. აქ ხშირი იყო შემოსევები, რასაც ტაძარმა ვერ გაუძლო. ეკლესია რამდენჯერმე დაინგრა და რესტავრაციაც ჩაუტარდა. თანამედროვე ტაძარი მე-19 საუკუნითაა დათარიღებული. რამდენადაც ცნობილია, დღევანდელი ეკლესია მისი პირვანდელი სახის იდენტურია. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია. ეკლესიის გეგმა წარმოადგენს მთლიანად XIX საუკუნის საქართველოსთვის ტიპური “ჩაწერილი ჯვრის ტიპის” ძეგლს გარე კედლების სწორკუთხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი ხაზგასმულია კედელთა მსუბუქი განტეხვით, ხოლო დასავლეთის ყველაზე ფართო შესასვლელთან კიბე და მცირე ბაქანია მოწყობილი. რვაწახნაგა გუმბათი ეყრდნობა გეგმაში მკვეთრად დაგრძელებული დასავლეთის მკლავის მქონე ბურჯებსა და აფსიდის კუთხეებს. ბურჯების გასწვრივ დასავლეთის კედლიდან გაზიდული “ტიხრები” გამოაცალკევებენ სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ “ოთახებს”. ეს “ოთახები” ძირითად სივრცეს უკავშირდებიან აღმოსავლეთით არსებული გასასვლელების მეშვეობით. აფსიდა ნახევაწრიულია. მასში სარკმლის აქეთ-იქეთ ორი ნიშაა გამართული (სამხრეთის - სწორკუთხა, ჩრდილოეთისა - ნახევარწრიული). ჩრდილოეთის პასტოფორიუმი კარების მეშვეობით გახსნილია როგორც საკურთხევლისაკენ, ისე დარბაზში. სამხრეთისაში მოხვედრა კი მხოლოდ საკურთხევლიდანაა შესაძლებელი. სადიაკვნეცა და სალაროც დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე მკვეთრად წაგრძელებულ სათავსებს წარმოადგენენ. ქურმუხის ეკლესიის ძირითადი საშენი მასალაა ე.წ. “ქართული აგური”. კედლის წყობაში რიყის ქვაცაა გამოყენებული.

ქურო (რუს. муфта) - მაერთებელი მოწყობილობა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ლილვებს, მილებს, ბაგირებს, კაბელებს და ა.შ. განასხვავებენ შემაერთებლებს, რომელიც დაკისრებული ფუნქციის მიხედვით უზრუნველყოფს შეერთების სიმძლავრეს, შებოჭილობას, იცავს კოროზიისაგან და სხვ. არსებობს ქ. სახეები: დამცველი, ელექტრომაგნიტური. ექსცენტრული, ლენტური, მუდმივი, მოძრავი, მუშტა, სახსროვანი, უნივერსალური, შემაერთებელი, შემომვლელი, ჩამრთველი და სხვ.

ქურო საკაბელო - მოწყობილობა ელექტრული და ოპტიკური კაბელების გადასაბმელად ან მისაყვანად ელექტრულ დანადგარებთან, სტაციონალურ ნაგებობებთან, ელექტროენერგიის გადამცემ საჰაერო და კაბშირგაბმულობის ხაზებთან. ქ.ს. არის დეტალების და მასალების კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს კაბელის ელექტრულ, კონსტრუქციულ და მექანიკურ მთლიანობას. კომპლექტის შედგენილობა განისაზღვრება კაბელის მუშა ძაბვით, სიხშირით, ძარღვების რაოდენობით, იზოლაციის სახეობითა და კონსტრუქციული განსაკუთრებულობით. დანიშნულების მიხედვით ქ.ს. შეიძლება იყოს გადასაბმელი (ნახ. 1, ელექტროკაბელის გადასაბმელი ქურო) ან კიდური.

ქუსლა - არქიტექტურული პროფილი შედგენილი ორი რკალის შეუღლებით, რომელთაგან ზედა ამოზნექილია, ხოლო ქვედა შეზნექილი. პირდაპირი ქ. ( ამოზნექილი) გამოიყენება კაპიტელებში და კარნიზებში; შებრუნებული (შეზნექილი) - კოლონის ბაზაში, ცოკოლში.

ქუსლი - 1. სატაცი, რომელიც გადასცემს საყრდენზე ღერძულ დატვირთვებს; 2. კოლონის, კამარის ან თაღის საყრდენი ნაწილი.

ქუშტარი - საზეინკლო ინსტრუმენტი მეოთხედების, ნარიმანდების, კილოების ამოკრეფისა და გასუფთავებისათვის, აგრეთვე პერპენდიკულარული ზედაპირების წასათლელად. აქვს ერთი ან ორი საჭრელი დანა.

ქუჩა - დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურული ელემენტი, რომელიც, როგორც წესი, არის ორ რიგად ჩამწკრივებულ შენობებს შორის გადასაადგილებელი სივრცე (ნახ. 1: აკაკი წერეთლის ქუჩა ქ. გორში). არსებობს ქ. სამი კატეგორია: I - გამჭოლი ქუჩა, რომელიც არის გამზირი ან ბულვარი და დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილია; II - გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი; III - ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი.

ქუჩაბანდი - ჩიხი; ქუჩის განშტოება, რომელსაც არ გააჩნია გამჭოლი გასასვლელი.

ღარაკი - მცირე ღარი.

ღარი - 1. ხეში, ქვაში, ლითონში და ა.შ. ამოღებული სიგრძივი ჩაღრმავება; 2. მცირე არხი.

ღაროვნობა - ხის ტანის დამახასიათებელი მანკი, რომელიც წარმოადგენს ხის ძირის ნაწილში გრძივ ჩაღრმავებას. ამ ადგილზე ხის ტანის გადანაჭერის ფორმა ვარსკვლავისებურია წლიური რგოლების ტალღისებური განლაგებით. ამ ნაწილიდან ფიცრების ამოღებისას მასალის დიდი ნაწილი მიდის ნარჩენებში, რადგანაც ასეთი ფიცრები იბრიცება და სიმტკიცეც დაბალი აქვს.

ღერო (ძელი) - 1. სხეული, რომელიც მიიღება ბრტყელი ფიგურის (მუდმივი ან ცვალებადი ფართობის) მოძრაობისას იმ პირობით, რომ ფიგურის სიმძიმის ცენტრი მოძრაობს რაიმე წირის გასწვრივ და ფიგურის სიბრტყე, რომელსაც ეწოდება ღეროს (ძელის) განივი კვეთი, რჩება ამ წირის მართობული. ღ. განივკვეთის გეომეტრიული ზომები მცირეა სიგრძესთან შედარებით. ღ. ჩვეულებრივ წარმოადგენს მანქანისა და ნაგებობის კონსტრუქციულ შემადგენელ ელემენტს. ღ., რომელიც უმთავრესად ღუნვაზე მუშაობს, კოჭს უწოდებენ; 2. კონსტრუქციული ელემენტი, რომლის ორი ზომა (სიგანე, სიმაღლე) გაცილებით ნაკლებია მესამე ზომაზე (სიგრძეზე).

ღერო პრიზმული - ღერო, რომელსაც აქვს პრიზმის ან ცილინდრის ფორმა.

ღერო საფეხურებიანი - ღერო, რომელიც შედგება რამდენიმე პრიზმული ნაკვთისაგან, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ფართობის კვეთა.

ღერო ხის - მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, რომელიც ფოთლებთან ერთად ყლორტს შეადგენს. აქვს საყრდენი, გამტარი და დამგროვებელი ფუნქცია.

ღერო-პაკეტი - შედგენილი ელემენტი (კონსტრუქცია), როდესაც ღეროს ცალკეულ ელემენტებს (შტოებს) შორის არ არის ღრეჩო და ყველა ელემენტს აქვს საყრდენი. თუ  პაკეტის  შტოები განცალკევებული არიან და ერთმანეთს უკავშირდებიან მოკლე შუასადებებით, მაშინ ასეთ ღეროებს უწოდებენ ღეროებს მოკლე შუასადებებით.

ღეროვანი სისტემა - მზიდი კონსტრუქცია, რომელიც შედგება ერთმანეთთან ხისტად ან სახსროვან კვანძებში შეერთებული წრფივი ან მრუდწირული ღეროებისაგან (იხ. წამწე)

ღეროს გამჭიმი ძალა - გრძივი ძალა, რომელიც მიმართულია ღეროს განსახილველი კვეთის გარე ნორმალის მხარეს.

ღეროს განივი ძალების ეპიურა - გრაფიკი, რომელიც გამოსახავს განივი ძალების სიდიდის ცვლილებას ღეროს სიგრძის გასწვრივ.

ღეროს გრეხა - ღეროს განივი კვეთის დეფორმაციისა და დაძაბულობის მდგომარეობა, როდესაც შიგა ძალები ადგენენ წყვილძალას, რომელიც მოთავსებულია კვეთის სიბრტყეში.

ღეროს გრეხის კუთხე - კუთხე, რომლითაც ღეროს ორი განივი კვეთი გრეხის მოქმედებისას შემობრუნდება ერთმანეთის მიმართ.

ღეროს გრეხის ცენტრი - წერტილი, რომლის გარშემოც შემობრუნდება ღეროს განივი კვეთი გრეხისას.

ღეროს გრეხის ცენტრი - წერტილი, რომლის გარშემოც ბრუნავს ღეროს განივი კვეთი ღეროს გრეხის დროს.

ღეროს დატვირთვის ექსცენტრისიტეტი - მანძილი დატვირთვის ცენტრიდან ღეროს განივი კვეთის სიმძიმის ცენტრამდე.

ღეროს კვეთის გული (ბირთვი) - იმ გრძივი ძალების დატვირთვის ცენტრების გეომეტრიული ადგილი, რომლებიც იწვევენ ღეროს განივ კვეთებში ერთი და იმავე ნიშნის ძაბვებს.

ღეროს მგრეხი მომენტი - ღეროს კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ გამოთვლილი ჩამოკვეთილ ნაწილზე მოქმედი გარე ძალების ნაკრები მომენტის მდგენელი, რომელიც მკვეთი სიბრტყის მართობულია.

ღეროს მკუმშავი ძალა - გრძივი ძალა, რომელიც მიმართულია ღეროს განსახილველი კვეთის შიგა ნორმალის მხარეს.

ღეროს მღუნავი მომენტი - ღეროს განივი კვეთის ცალ მხარეზე მოქმედი გარე ძალების მომენტების ალგებრული ჯამი კვეთის სიმძიმის ცენტრის მიმართ.

ღეროს მღუნავი მომენტის ეპიურა - გრაფიკი, რომელიც გამოსახავს მღუნავი მომენტის სიდიდის ცვლილებას ღეროს სიგრძის გასწვრივ.

ღეროს სიხისტე გაჭიმვისას - ღეროს განივი კვეთის ფართობის ნამრავლი დრეკადობის მოდულზე გაჭიმვისას.

ღეროს სიხისტე ღუნვისას - გაჭიმვისას დრეკადობის მოდულის ნამრავლი ღეროს კვეთის მთავარ ცენტრალურ ინერციის მომენტზე.

ღეროს ღერძი - ღეროს განივი კვეთების სიმძიმის ცენტრების გეომეტრიული ადგილი.

ღეროს ღუნვა - ღეროს განივკვეთში წარმოქმნილი დაძაბული მდგომარეობა, როცა ყველა შიგა ძალა შეიძლება დაყვანილ იქნეს კვეთის სიბრტყეში მდებარე ერთ ძალაზე (განივი ძალა) და ერთ წყვილძალაზე, რომლის ვექტორული მომენტი მდებარეობს კვეთის სიბრტყეში (მღუნავი მომენტი).

ღერძი - 1. მათემ., კოორდინატთა ღერძები, რომლებიც განკუთვნილია წერტილების მდებარეობის განსაზღვრისათვის. მათზე დატანილია ათვლის დასაწყისი, მიმართულება და მასშტაბი; 2. სიმეტრიის ღერძი - სწორი, რომლის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი წერტილი ან გეომეტრიული ფიგურა მდებარეობენ მის მართობულ სიბრტყეზე და თანაბრად არიან დაცილებული მისგან; 3. წარმოსახვითი ღერძები - დედამიწის, კრისტალის, მაგნიტური, მხედველობის, ოპტიკური, სატრანსპორტო, სამიზნებლის, ქსოვილის, ჰელიოთერმული და სხვ.; 4. დეტალი, რომლის დანიშნულებაა მასთან ერთად ან მის გარშემო მბრუნავი სხვადასხვა დეტალის ან მექანიზმის შეკავება (დამაგრება). იგი არ გადასცემს მბრუნავ მომენტს და განიცდის მხოლოდ ღუნვით დეფორმაციას. არამბრუნავი ღერძი ეყრდნობა უძრავ საყრდენებს, ხოლო მბრუნავი მაგრდება საკისრებში. დანიშნულებისა და ფორმის მიხედვით ღ. არის: ამყოლი, ამძრავის წამყვანი, მუხლა, საყრდენი, შუალედური, ჩაჭიდების და სხვ.; 5. წრფე, რომელზეც ერთეული ვექტორის საშუალებით მითითებულია მიმართულება, მოცემულია სიგრძის ერთეული და ათვლის სათავე; 6. ბორბალში გაყრილი ხის ან ლითონის ღერო.

ღერძი აბსცისის - სიბრტყეზე ან სივრცეში დეკარტის კოორდინატთა სისტემის პირველი ღერძი.

ღერძი აპლიკატის - სივრცეში დეკარტის კოორდინატთა სისტემის მესამე ღერძი.

ღერძი არამდგრად - თავისუფალი ღერძი, რომლის გარშემო ბრუნვა არამდგრადია.

ღერძი დაკვალული - ხაზი ნახაზზე, რომელსაც აქვს კოორდინატების დანიშნულება და განსაზღვრავს კონსტრუქციული ნაგებობის და ცალკეული ელემენტების მდგომარეობას.

ღერძი თავისუფალი - სხეულის ბრუნვის ღერძი, რომლის გარშემო ბრუნვა არ იწვევს საკისრების რეაქციას (სხეულის თავისუფალი ღერძები არიან ინერციის მთავარი ცენტრალური ღერძები).

ღერძი მდგრადი - თავისუფალი ღერძი, რომლის გარშემო ბრუნვა მდგრადია.

ღერძი ნამდვილი - 1. აბსცისათა ღერძი სიბრტყეზე კომპლექსური რიცხვის გამოსახვისას; 2. ჰიპერბოლას წვეროებს შორის მონაკვეთი.

ღერძი ნეიტრალური - ღუნვადი კოჭის განივკვეთში მდებარე წრფე, რომლის გასწვრივაც ნორმალური ძაბვები ნულის ტოლია.

ღერძი ორდინატთა - სიბრტყეზე ან სივრცეში დეკარტის კოორდინატთა სისტემის მეორე ღერძი.

ღერძი საკოორდინატო - 1. წრფე, რომელზეც მითითებულია მიმართულება, ათვლის სათავე და მასშტაბის ერთეული, რომელთა საშუალებითაც განისაზღვრება წერტილის მდებარეობა ღერძზე; 2. კოორდინატთა სისტემის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მოცემული მიმართულების წრფეს.

ღერძი სიმეტრიის - წრფე, რომლის მიმართაც სიმეტრიულად აისახებიან სივრცის, სიბრტყის ან წრფის წერტილები.

ღერძი წარმოსახვითი - ორდინატთა ღერძი სიბრტყეზე კომპლექსური რიცხვის გამოსახვისას.

ღვარი - 1. დიდი წვიმის დროს ან თოვლის დნობისას მოვარდნილი წყალი; 2. როგორც ღვარი, ძალიან ბევრი, უამრავი, ბლომად, უხვად; ერთბაშად.

ღვარსარინი - ნიაღვრის გადასაყვანი ღარი ან მილი.

ღვარსაშვები - მდინარეში ან კანალიზაციის კოლექტორში ნიაღვრის შესაკრები და ჩასაშვები მილი (ქსელი) (ნახ. 1).

ღვარცოფაქტიური ტერიტორიების დარაიონება - ღვარცოფაქტიური ტერიტორიების დაყოფა ღვარცოფული პროცესების მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი მახასიათებლების მიხედვით. ღვარცოფაქტიური ტერიტორიების დარაიონების წვრილმასშტაბიანი ტაქსონომური კატეგორიები (ჩრდილო-აღმოსავლეთ ევრაზიის მაგალითზე) წარმოდგენილია ღვარცოფულ ზონებად, რომლებიც განსხვავდებიან ღვარცოფების სხვადასხვა გენეტიკური ტიპების დომინირებით; ღვარცოფული რეგიონებით, რომლებიც განსხვავდებიან, ძირითადად, ღვარცოფული რეჟიმით; ღვარცოფული რაიონებით, რომლებიც განსხვავდებიან აქტივობის ხარისხითა და ღვარცოფწარმოქმნის სპეციფიკით. ღვარცოფაქტიური ტერიტორიების დარაიონების შედეგად რეგიონალურ დონეზე დამცავი ღონისძიებების დასაბუთებისა და პროგნოზის შემუშავების მიზნით იქმნება მონაცემთა ბაზა.

ღვარცოფგამტარი - ნაგებობა ღვარცოფის ნაკადის გასატარებლად არხების, სატრანსპორტო მაგისტრალებისა და სხვ. კომუნიკაციების მეშვეობით ღვარცოფსაშიშ რაიონებში. ღ. შედგება მიმყვანი ნაწილის, გადამკვეთი არხის თავზე განლაგებული ღარის (აკვედუკის) და გამომყვანი უბნისაგან. ღ. გამოიყენება რკ.ბ.-ის კედლები, ხოლო არხის ფსკერის მოსაწყობად - ბეტონის მასიური ფილები.

ღვარცოფგამტარი არხი - ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა ერთ-ერთი ტიპი, მიეკუთვნება ღვარცოფგამტარ ნაგებობათა ჯგუფს. ღ.ა. თავის მხრივ, წარმოადგენს რკინაბეტონის ფილებისაგან ან ქვის წყობისაგან შემდგარ არხის ტიპის კალაპოტს. მისი დანიშნულებაა, გაატაროს ღვარცოფული ნაკადი დასახლებული პუნქტებისა და საწარმოო ობიექტების გავლით. ღვარცოფგამტარი არხების კედლის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს ნაკადის მაქსიმალურ სიღრმეს 20%-ით.

ღვარცოფებით გამოწვეული ირიბი ზარალი - დანაკარგები, რომლებიც გამოწვეულია საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისა და ნორმალური საცხოვრებელი პირობების დარღვევით ღვარცოფული ნაკადის მოვარდნის შედეგად მისი გამანადგურებელი, პირდაპირი ზემოქმედების არეალის გარეთ. ღვარცოფებით გამოწვეული ირიბი ზარალია: საწარმოს გაჩერება, პროდუქციის მიწოდების შეჩერება, სამუშაო გრაფიკის დარღვევა, მუშა-მოსამსახურეთა მოცდენა, ზარალის შედეგების ლიკვიდაცია და სხვ.

ღვარცოფებით გამოწვეული პირდაპირი ზარალი - დანაკარგი, რომელიც გამოწვეულია ნაკადის ფიზიკური ზემოქმედებით სახალხო მეურნეობის ობიექტებზე და ექვემდებარება ზუსტ აღრიცხვას. ასეთი დანაკარგების დამახასიათებელ სახეობებს განეკუთვნება სხვადასხვა სახის ნგრევა, სამეურნეო მოედნებისა და ნაყოფიერი მიწების დალამვა, მოსავლისა და საქონლის განადგურება; ამავე განეკუთვნება ავარიულ-აღდგენით სამუშაოებზე, ადამიანების ევაკუაციაზე და დროებითი საცხოვრებლების მშენებლობაზე გაწეული ხარჯები.

ღვარცოფების განმეორებადობა - წლების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც არსებულ ღვარცოფულ აუზში ხდება ღვარცოფების ჩამოწოლა საშუალოდ ერთხელ. ღვარცოფების განმეორებადობა ფასდება როგორც ცალკეული აუზებისათვის, ასევე რომელიმე ტერიტორიისთვის ან ღვარცოფის გენეტიკური ტიპისათვის. ღ.გ. წარმოადგენს ღვარცოფული რეჟიმის ერთ-ერთ ელემენტს და ღვარცოფული აქტიურობის ერთ-ერთ მახასიათებელს. სტატისტიკური მონაცემების განზოგადების საფუძველზე ჩრდილოეთ ევრაზიისათვის მიღებულია ღ.გ. შემდეგი გრადაცია: 1. ხშირი განმეორებადობა - 3…5 წელი და უფრო ხშირად; 2. საშუალო - 6...15 წელი; 3. იშვიათი - 16 წელი და უფრო იშვიათად. განსაკუთრებულ ხელსაყრელ პირობებში ღვარცოფული ნაკადის ჩამოწოლა ხდება ყოველწლიურად და ასევე რამდენჯერმეც კი წელიწადში.

ღვარცოფების გრძელვადიანი პროგნოზი - ღვარცოფული მოვლენების აქტივიზაციის პერიოდის წინასწარი პროგნოზირება, ღვარცოფის რეჟიმის ცვლილების შეფასება და ღვარცოფის წარმოქმნის გენეტიკური ტიპების სამომავლო ურთიერთქმედების დადგენა. დროული პროგნოზირება - რამდენიმე წლისა და ათწლეულის ფარგლებში. ღვარცოფული მოვლენების აქტივიზაციის პერიოდის დადგენა ხდება მზის ციკლის აქტივობის ბაზაზე ერთიდან რამდენიმე წლის ხანგრძლივობით.

ღვარცოფების დენდროქრონოლოგია - გავლილი ღვარცოფების აბსოლუტური ასაკის განსაზღვრის მეთოდი, კალაპოტში და გამოტანის კონუსზე გაზრდილი ტყისა და ბუჩქნარის წლიური რგოლების დათვლით. ყველაზე ხშირად გამოიყენება დენდროქრონოლოგიური დათარიღების ორი მეთოდი - კალაპოტში არსებული ტყისა და ბუჩქნარის, ფოთლებისა და ყლორტების ნაზარდის ასაკის განსაზღვრა.

ღვარცოფების კადასტრი - სისტემატიზებული მონაცემები გავლილ ღვარცოფებსა და ღვარცოფის აუზებზე. ინფორმაცია ღვარცოფების აუზების შესახებ მოიცავს მეტეოგანლაგებისა და მორფომეტრიის მონაცემებს ნაკადის წარმოქმნის აბსოლუტურ სიმაღლეზე, მის სიგრძესა და საშუალო ქანობზე და წყალშეკრების ფართზე. ინფორმაცია გავლილ ღვარცოფებზე მოიცავს მონაცემებს ღვარცოფის გავლის თარიღზე, წარმოქმნის მიზეზებზე, ღვარცოფის სახეებზე, მოცულობაზე, მის შემადგენლობასა და გამონატანზე, სიჩქარის საანგარიშო მახასიათებლებზე, ხარჯზე, სიმკვრივეზე. ღვარცოფების კადასტრი საველე კვლევის შედეგებთან ერთად ქმნის პირველად მონაცემთა საინფორმაციო ბლოკს ღვარცოფული მოვლენების შესახებ.

ღვარცოფების მოდელირება - ღვარცოფების შესწავლის ერთ-ერთი მეთოდი. ღვარცოფმცოდნეობაში გამოიყენება ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება. ფიზიკური მოდელირება ხორციელდება ღვარცოფულ ღარებზე, რომელიც ხელოვნური ღვარცოფული მასის თვისებებისა და ღარის პარამეტრების მართვის საშუალებას იძლევა მსგავსების კრიტერიუმის დაცვის გათვალისწინებით. მათემატიკური (დეტერმინირებული) მოდელები აგებულია ღვარცოფწარმომქმნელი პროცესების ძირითადი ტიპებისათვის. ღ.მ. ძირითადი მიზანია ხარისხობრივი და რაოდენობრივი დამოკიდებულებების მიღება, რაც აუცილებელია ღვარცოფული ნაკადების დინამიკისა და დამცავ ნაგებობებთან მათი ურთიერთმოქმედების საანგარიშოდ.

ღვარცოფების მოძრაობა - ღვარცოფების მოძრაობის მახასიათებელია მისი ტალღური ხასიათი. ღვარცოფების მოძრაობის რეჟიმი დამოკიდებულია ღვარცოფული ნაკადის სახესა და მის პარამეტრებზე. ბმულ ღვარცოფულ ნაკადებში დაბალი სიჩქარისა და სიღრმის დროს მოძრაობის რეჟიმი ლამინალურია ან სტრუქტურული, რომლის დროსაც ღვარცოფული მასის შერევა პრაქტიკულად არ ხდება. არაბმულ ღვარცოფულ ნაკადებში მნიშვნელოვანი სიჩქარისა და სიღრმის დროს მოძრაობის რეჟიმი ტურბულენტურია, რომლის დროსაც ინტენსიურად ხდება ღვარცოფული მასის შერევა. ღ.მ. მსხვილი ნატეხების უწყვეტი გადანაწილება იწვევს ნაკადის სიმძაფრეს თანმდევი ხმაურითა და ვიბრაციით: მოძრავი ნაკადის ზედაპირი წარმოადგენს ე.წ. მდუღარე ფენას. მთიანი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ძირითადი ღვარცოფების საშუალო სიჩქარე მერყეობს 2-დან 15 მ/წმ-მდე. გიგანტურ ულტრაღვარცოფულ ნაკადებში ის იზრდება 50...150 მ/წმ-მდე. ღვარცოფული ნაკადების მაქსიმალური ხარჯი წვრილ ღვარცოფულ აუზებში მერყეობს 20...40 მ3/წმ-ის ფარგლებში, მსხვილ ღვარცოფულ აუზებში - 200...800 მ3/წმ-ის ფარგლებში, ზოგჯერ კი იზრდება 5...10 ათას მ3/წმ-მდე.

ღვარცოფების პროგნოზი - ღვარცოფების ჩამოწოლის დროისა და ღვარცოფული აქტივობის ზრდის პერიოდის პროგნოზი. ღვარცოფების პროგნოზის შემუშავება გართულებულია მოვლენის მრავალფაქტორიანობით და წამყვან ფაქტორებზე მჭიდრო დამოკიდებულებით (მაგ., ძლიერ წვიმებზე), რომელთა პროგნოზი, თავის მხრივ, ჯერ არ არის შემუშავებული. შესაბამისად, ღვარცოფების პროგნოზის არსებული მეთოდების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპერიმენტული გადამოწმებისა და დანერგვის სტადიაში იმყოფება. წინასწარი პროგნოზის, ტერიტორიული განვრცობისა და გენეზისის მიხედვით ასხვავებენ ღვარცოფების პროგნოზის რამდენიმე ტიპს. წინასწარ კეთდება ღვარცოფების მოკლევადიანი (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღე-ღამემდე) და გრძელვადიანი (რამდენიმედან პირველ ათეულ წლამდე) პროგნოზი. ტერიტორიული გავრცელების მიხედვით განარჩევენ ღვარცოფების ლოკალურ პროგნოზს (ერთი ღვარცოფული აუზის ფარგლებში) და ფონურს (მთის ქედის ან მსხვილი მდინარის აუზის ნაწილს). სხვადასხვა გენეტიკური ტიპის ღვარცოფებისათვის მუშავდება პროგნოზის შესაბამისი მეთოდები. ღვარცოფების პროგნოზის შემუშავების დროს იყენებენ: ღვარცოფების ჩაწოლის პროგნოზულ მახასიათებლებს, სტატისტიკურ მონაცემებს ღვარცოფების რეჟიმის შესახებ, ჰიდრომეტეოროლოგიურ ინფორმაციას, ღვარცოფული პროცესების განვითარების დადგენილ კანონზომიერებებს.

ღვარცოფების ფიტოინდიკაცია - ჯგუფის ან ცალკეულ მცენარეთა თავისებურებების გამოყენება გავლილი ღვარცოფების ფარდობითი და აბსოლუტური ასაკის დადგენის მიზნით. სხვადასხვა კონტურის გამოყოფის მიზნით, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ასაკის მქონე ღვარცოფულ დანალექს, გამოიყენება ასაკობრივი შემადგენლობითი მცენარეული ჯგუფების სტრუქტურების განსხვავება, რომელთა გამოვლენა ადგილზე ანდა აეროფოტოსურათების მეშვეობით ხდება. აქტიური ღვარცოფული აუზების კარგად განვითარებულ გამოტანის კონუსებზე, როგორც წესი, ადვილად გამოიყოფა რამდენიმე ასეთი კონტური. გასული ღვარცოფების სხვადასხვა ასაკობრივი გენერაციის დათარიღების მიზნით იყენებენ დენდროქრონოლოგიისა და ლიქენომეტრიის მეთოდებს

ღვარცოფების შესწავლის მეთოდები - შესწავლის მეთოდები შეიძლება დაჯგუფდეს სამ ძირითად ბლოკად: პირველადი ინფორმაციის, შეფასებისა და საანგარიშო. პირველი ბლოკი აერთიანებს სამარშრუტო კვლევებს, კვლევებს ღვარცოფულ სტაციონარებზე, ნახევრად სტაციონარულ დაკვირვებებს, კადასტრების შედგენას, რაც უზრუნველყოფს პირველადი ინფორმაციის მიღებას ღვარცოფული პროცესებისა და აუზების შესახებ. შეფასების ბლოკი, ძირითა¬დად, აერთიანებს ღვარცოფების კარტოგრაფირებისა და სურათების გაშიფვრის მეთოდებს, უზრუნველყოფს ღვარცოფების აქტივობისა და დარაიონების შეფასებას. საანგარიშო ბლოკი მოდელირებით, ექსპერიმენტითა და თეორიული კვლევით უზრუნველყოფს პარამეტრების, ფორმირების პროცესისა და ღვარცოფების მოძრაობის გაანგარიშებას. ღ.შ.მ. მიღებული შედეგები გათვლილია გამოყენებითი მიზნებისათვის - პროგნოზირების შემუშავებისათვის, დამცავი ღონისძიებების დასაბუთებისა და შერჩევისათვის.

ღვარცოფების წარმოქმნის მექანიზმი - ღვარცოფების წარმოქმნის მექანიზმის მრავალფეროვნება შეიძლება დაყვანილ იქნას სამ ძირითად ტიპამდე: ეროზიული, გარღვევითი, მეწყრული. ეროზიული მექანიზმის შემთხვევაში თავდაპირველად ღვარცოფული აუზის ზედაპირის ჩამორეცხვისა და გამორეცხვის ხარჯზე მიმდინარეობს წყლის ნაკადის გაჯერება ნატეხი მასალით, ხოლო შემდეგ - კალაპოტში ღვარცოფული ტალღის ფორმირება. ამიტომ, ღვარცოფული ნაკადის გაჯერება, ხშირად, მინიმუმს უახლოვდება, ხოლო ნაკადის მოძრაობას აკონტროლებს კალაპოტი. გარღვევის მექანიზმის შემთხვევაში, ინტენსიური გამორეცხვისა და ნატეხი მასალის მოძრაობაში ჩართვის ხარჯზე, წყლის ტალღა გარდაიქმნება ღვარცოფულ ტალღად. ასეთი ნაკადის გაჯერების ხარისხი მაღალია, მაგრამ ცვალებადი, ახასიათებს მაღალი ტურბულენტობა და შედეგად - კალაპოტის მნიშვნელოვანი დამუშავება. მეწყრული მექანიზმის შემთხვევაში, როდესაც წყდება წყლით გაჯერებული მთის ქანების მასივი (თოვლისა და ყინულის ჩათვლით), ნაკადის გაჯერება და ღვარცოფული ტალღის წარმოქმნა ერთდროულად ხდება. ამ შემთხვევაში, ნაკადის გაჯერება მაქსიმალურს უახლოვდება, ხოლო ტრანზიტულ ზონაში სიღრმული ეროზია აკუმულაციით იცვლება. ღვარცოფების წარმოქმნის ეროზიული ტიპი დამახასიათებელია წვიმისა და ანთროპოგენული ღვარცოფებისათვის, გარღვევის ტიპი - ლიმნოგენური და მყინვარული ღვარცოფებისათვის, ხოლო მეწყრული ტიპი - სეისმოგენურისათვის და სხვ.

ღვარცოფებისაგან დაცვის ღონისძიებები - ღვარცოფული საშიშროების შემცირების ან ლიკვიდაციის მეთოდები და ხერხები. ზოგადად, ღ.დ.ღ. მოიცავს ღვარცოფული პროცესების რეგულირებას (მართვას). რეგულირების უშუალო ობიექტებს წარმოადგენს ღვარცოფული ნაკადი, ღვარცოფული აუზი, ანუ ღვარცოფწარმომქმნელი ფაქტორები და ადამიანის საქმიანობა ღვარცოფსაშიშ რაიონებში. ამ პოზიციების გათვალისწინებით, დარეგულირების ობიექტებიდან გამომდინარე, ღვარცოფებისაგან დაცვის ღონისძიებები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: 1. ტექნიკური ღონისძიება - ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების მშენებლობა. რეგულირების ობიექტებს წარმოადგენს თვით ღვარცოფული ნაკადი, ხოლო ნაგებობების მშენებლობის მიზანია მოძრაობის გზის (მიმართულების) ლოკალიზაცია ან შეცვლა, ნაკადის გაჩერება დამბების, არხების, კაშხლების საშუალებით და სხვ.; 2. მელიორაციული ღონისძიება - ღვარცოფული აუზების მელიორაცია, რაც ითვალისწინებს ღვარცოფული პროცესის უმნიშვნელოვანესი ელემენტის - ზედაპირული ჩამონადენის რეგულირებას. ჰიდრო- და ფიტომელიორაციული ღონისძიებები გულისხმობს ღვარცოფულ აუზებში ტყის მასივების გაშენებას და ფერდობების დატერასებას, ტბების პროფილაქტიკურ დაცლას და სხვ.; 3. ორგანიზაციულ-სამეურნეო ღონისძიებები ითვალისწინებს ადამიანთა მსხვერპლის პრევენციის, შესაძლო ზარალის შემცირებისა და ღვარცოფული პროცესების შერბილების მიზნით ღვარცოფსაშიშ რაიონებში სამეურნეო საქმიანობის რეგულირებას. ეს ჯგუფი აერთიანებს ღონისძიებებს (კანონები, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებები), რომლებიც მიმართულია მთის ფერდობებზე ტყის საფრის მაქსიმალურ შენარჩუნებაზე, მთის საძოვრებზე დატვირთვების შეზღუდვასა და რეკრეაციაზე და სხვ. საუკეთესო შედეგს იძლევა დაცვის ღონისძიებების სამივე ჯგუფის შეთანაწყობა, განსაკუთრებით - მელიორაციული და ტექნიკური ღონისძიებებისა. ღ.დ.ღ. მთელი კომპლექსი ხორციელდება ღვარცოფსაწინააღმდეგო სამსახურის მიერ.

ღვარცოფი (ღვარცოფული ნაკადი) - სწრაფი (უეცარი) კალაპოტური ნაკადი, რომელიც შედგება წყლისა და მთის ქანების მონატეხისაგან და ვითარდება მცირე ზომის მთის მდინარეების აუზებში (ნახ. 1). ღ. ხასიათდება დონის მკვეთრი აწევით, პულსაციური (ტალღური) მოძრაობით, მოქმედების მოკლე ხანგრძლივობით (როგორც წესი, 1...3 სთ.), მნიშვნელოვანი ეროზიულ-აკუმულაციური გავლენით. ღვარცოფული ნაკადის სიჩქარე, უმეტეს შემთხვევაში, შეადგენს 2...10 მ/წმ-ს. ღვარცოფული ნაკადის ტანი ფორმირდება ღვარცოფული მასისაგან; მასში მყარი მასალის შემცველობა მერყეობს 10-დან 75%-მდე მოცულობით, სიმკვრივე - 1100...2500 კგ/მ3. ღ. მასის შემადგენლობის მიხედვით გამოყოფენ: ტალახოვან, ქვატალახოვან, ქვაწყლიან, წყალთოვლიან, წყალყინულიან ნაკადებს. ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის უშუალო მიზეზებია: თავსხმა წვიმები, თოვლისა და ყინულის ინტენსიური დნობა; მეტ-ნაკლებად - ტბების ზღუდარების გარღვევა, ვულკანის ამოფრქვევა, ძლიერი მიწისძვრები და, ასევე, სამეურნეო საქმიანობის შედეგები. ღვარცოფების გენეტიკური კლასიფიკაციის თანახმად, გამოყოფენ ღვარცოფული ნაკადის შემდეგ ტიპებს: წვიმის, თოვლის, მყინვარულს, ვულკანოგენურს, სეისმოგენურს, ლიმნოლოგიურს, ანთროპოგენურს, ბუნებრივ-ანთროპოგენურს. ღვარცოფული ნაკადის ფორმირებისა და ჩამოწოლის პროცესი მიმდინარეობს ღვარცოფული აუზის საზღვრებში. ღვარცოფული ნაკადით გამოტანილი მონატეხი მასალა ქმნის სპეციფიკურ ღვარცოფულ დანალექს. ღვარცოფული დანალექის მოცულობა, ჩვეულებრივ, შეადგენს ათეულასობით ათას მ3-ს და ხშირ შემთხვევებში, მლნ მ3-ს აღწევს. ღვარცოფული ნაკადის ჩამოწოლის არარეგულარული ხასიათი ღვარცოფული რეჟიმის მრავალფეროვნებით აისახება. ღვარცოფსაშიში პერიოდის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს სამი თვიდან ერთ წლამდე ფარგლებში. ღვარცოფული ნაკადის განმეორებადობა (ერთ ღვარცოფულ აუზში) მოსალოდნელია წელიწადში რამდენჯერმე ან ერთხელ 20...30 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, ღვარცოფული და მისი მსგავსი მოვლენების, როგორც დედამიწაზე მონატეხი მასების მთების ზეგანიდან ოკენის ფსკერისკენ გადაადგილების განსაკუთრებული ფორმა, აისახება მათ ტიპოლოგიაში. ადამიანისათვის ღვარცოფული ნაკადის საშიში ხასიათი დაკავშირებულია მათ დიდ სიჩქარესთან, ძლიერი დარტყმის ზემოქმედებასთან, კალაპოტის სიღრმით და გვერდულ ეროზიასთან, აკუმულაციის ზონაში მიწების დალამვასთან.

ღვარცოფი არაბმული - მოძრაობის სტრუქტურულ-რეოლოგიური მოდელის მიხედვით ღვარცოფული ნაკადების ორი ტიპიდან წარმოადგენს ერთ-ერთს, რომლის მყარ შედგენილობაში დომინირებს უხეშ-მონატეხი მასალა, ხოლო მტვრიან-თიხნარი ფრაქციები უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი. არაბმული ღვარცოფის ძირითადი თავისებურებებია: 1. წყლის ძირითადი მასა იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში და წარმოადგენს ღვარცოფის მყარი შემადგენლის მატრანსპორტირებელ საშუალებას; 2. ღვარცოფული მასა წარმოდგენილია კომპონენტების მექანიკური ნარევით 1100...1600 კგ/მ3 სიმკვრივით; 3. ღვარცოფის დაგროვების შემთხვევაში ხდება მისი ნაწილობრივი დახარისხება სიმსხოს მიხედვით. ღვარცოფული მასის შედგენილობის მიხედვით არაბმული ღვარცოფი, უპირატესად, ქვაწყლიანია.

ღვარცოფი ბმული - მოძრაობის სტრუქტურულ-რეოლოგიური მოდელის მიხედვით განეკუთვნება ღვარცოფული ნაკადების ორი ტიპიდან ერთ-ერთს, რომლის მყარ შემადგენლობაში მნიშვნელოვან ნაწილს (>12%) იკავებს მტვრისებრ-თიხნარი ფრაქციები. ბ.ღ. ძირითადი თავისებურებებია: 1. თავისუფალი წყლის არარსებობა; 2. მყარი მასა და წყალი ერთობლივად, გრავიტაციულად მოძრაობს და ქმნის ერთიან ბლანტ-პლასტიკურ სხეულს 1700...2400 კგ/მ3 სიმკვრივით; 3. ღვარცოფის გამოტანის შემდეგ მასა სიმსხოს მიხედვით არ ხარისხდება. ბმული ღვარცოფული მასა შემადგენლობის მიხედვით არის ტალახიანი და ქვატალახიანი

ღვარცოფი ბუნებრივ-ანთროპოგენური - ღვარცოფების ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი. მისი ფორმირების პირობები დამოკიდებულია სიტუაციაზე, რომლის დროსაც სამეურნეო საქმიანობის შედეგად იცვლება ბუნებრივი პროცესების მიმდინარეობა და ვითარდება ღვარცოფული მოვლენები. როგორც წესი, ბ.-ა.ღ. ფორმირების მიზეზს წარმოადგენს ტყეების გაჩეხვა, გადაძოვების შედეგად მთებში მდელოს მცენარეული საფრის დეგრადაცია, ციცაბო ფერდობების ხვნა, რის შედეგადაც ძლიერდება ეროზიული პროცესები, მატულობს მყარი ნატანის ჩამოტანა და ვითარდება ღვარცოფული პროცესები. ბ.-ა.ღ. ხასიათდება ხშირი განმეორებადობით, დაბალი სიმკვრივითა (ხშირად დომინირებს ღვარცოფული მეწყერი) და ფერდობებზე ღვარცოფული აუზების სიმრავლით. ბუნებრივ-ანთროპოგენური ღვარცოფის გავრცელება რეგიონალური ხასიათისაა.

ღვარცოფი თოვლის - ღვარცოფების ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი, რომლის წარმოშობა განპირობებულია თოვლის საფრისა და თოვლის გროვების დნობის შედეგად (ნახ. 1). გამოყოფენ თოვლის ღვარცოფის ორ ტიპს - წყალთოვლიანი ნაკადები და თოვლის ჩამოზვავება. პირველი წარმოადგენს სუბარქტიკული ზონის მცირე მთიანეთისათვის დამახასიათებელ ღვარცოფების ძირითად ტიპს. თოვლის გროვების ღვარცოფები გავრცელებულია როგორც სუბარქტიკაში, ასევე ზომიერი ზონის ალპური და სუბნივალური მაღალმთიანეთის სარტყელში. მათი წარმოშობის ყველაზე ხშირი მექანიზმია დროებითი საგუბრების გარღვევა. ასეთი გარღვევა, როგორც წესი, წარმოქმნის ქვაწყლიან ნაკადებს ან ღვარცოფულ წყალმოვარდნებს, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია სუბარქტიკისათვის. მეორე, თოვლის გროვების ღვარცოფების წარმოშობის შედარებით იშვიათი მექანიზმი დაკავშირებულია დენუდაციური ჭრილებისა და კალაპოტის გრძივი პროფილის საფეხურებზე ფხვიერი მონატეხი მასის დაგროვებასთან, რომელსაც გადატენიანების შემთხვევაში გააჩნია თვითღვრადობის უნარი; ამასთან, ფორმირდება ქვა-ტალახოვანი ნაკადები. ამ ტიპის ღვარცოფები გვხვდება ზომიერი ზონის მაღალმთიანეთში. თოვლის ღვარცოფის ჩამოწოლის ძირითად მიზეზს წარმოადგენს თოვლის ინტენსიური დნობა, ზოგჯერ თანმხლები წვიმებით. სუბარქტიკულ ზონაში თოვლის ღვარცოფის ჩამოწოლა ძირითადად ხდება გაზაფხულზე, ზომიერი ზონის მაღალ მთიანეთში კი - ზაფხულზე. გამონატანის მოცულობით თოვლის ღვარცოფი განეკუთვნება საშუალოთა ჯგუფს.

ღვარცოფი კატასტროფული - მნიშვნელოვანი ზარალისა და ადამიანთა მსხვერპლის გამომწვევი ღვარცოფი. ჩვეულებრივად ეს არის მძლავრი ღვარცოფული ნაკადი იშვიათი განმეორებადობით ან მოცემულ უბანზე პირველად ფორმირებული, მაგ., მიწისძვრის, ვულკანური ამოფრქვევის ან წყალსაცავის გარღვევის შედეგად.

ღვარცოფის გამონატანის მოცულობა - წარმოადგენს მონატეხი მასალის რაოდენობას (მ3), რომელიც ერთჯერადად გამოიტანება ღვარცოფული ნაკადის მიერ. ღვარცოფის გამოტანის მოცულობა განისაზღვრება ღვარცოფის ტიპისა და გენეზისის, ღვარცოფული აუზის ფართობისა და სტრუქტურის მიხედვით და მოიცავს მნიშვნელობების ფართო დიაპაზონს. ღვარცოფის გამოტანის მოცულობის მიხედვით ღვარცოფული ნაკადები შეიძლება დაიყოს ექვს ჯგუფად: 1. 1 ათას მ3-ზე ნაკლები - ძალიან მცირე; 2. 1...10 ათასი მ3 - მცირე; 3. 10…100 ათასი მ3 - საშუალო; 4. 100 ათასი…1 მლნ მ3 - მსხვილი; 5. 1…10 მლნ მ3 - ძალიან მსხვილი; 6. 10 მლნ მ3-ზე მეტი - გიგანტური. ღვრაცოფის გამოტანის მოცულობა საშუალომთიანი რეგიონებისათვის შეადგენს - 500 ათას მ3-ს, მაღალმთიანი რეგიონებისთვის - 5 მლნ მ3-ს; იშვიათი ულტრა-ღვარცოფული ნაკადებისათვის - 500 მლნ მ3-ს აღწევს. ღვარცოფის გამოტანის მოცულობა ღვარცოფის აქტივობის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს.

ღვარცოფის ეროზიაუნარიანობა - ღვრაცოფული ნაკადების მიდრეკილება (უნარი) კალაპოტის სიღრმული და ფერდობების ეროზიის მიმართ. ძირითადად, დამახასიათებელია ტურბულენტური ხასიათის არაბმული ღვარცოფებისათვის, როდესაც ღვარცოფული მასის სიმკვრივე 1200…1700 კგ/მ3-ს შეადგენს. ღვარცოფული მასის სიმკვრივის გაზრდასთან ერთად, იზრდება მისი სიბლანტე, ხოლო ღვარცოფების ეროზიაუნარიანობა - მცირდება. მაღალი სიმკვრივის მქონე ბმულ ღვარცოფებში, სადაც ნაკადის მოძრაობა ლამინარულს უახლოვდება, ღვარცოფების ეროზიაუნარიანობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

ღვარცოფის მოკლევადიანი პროგნოზი - ღვარცოფის ჩამოწოლის დროის პროგნოზირება გარკვეული საათისა და დღე-ღამის პერიოდში.

ღვარცოფის პოტენციური აქტივობა - ღვარცოფული პროცესების განვითარების შესაძლებლობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად (მიმდინარე პერიოდში) ღვარცოფწარმოქმნა არ ხდება. როგორც წესი, ეს არის მთის რაიონები სრულფასოვანი ტყის საფრით. მისი დეგრადაციისა და ტყის საფრის გაქრობის უბნებზე ხელოვნური ან ბუნებრივი მიზეზების შედეგად ვითარდება ეროზიული და ღვარცოფული პროცესები. ბუნებრივ-ანთროპოგენური ღვარცოფების მნიშვნელოვანი ნაწილი განვითარებულია რაიონებში, რომელიც ხასიათდება ღვარცოფის პოტენციური აქტივობით

ღვარცოფის ფორმირების ფაქტორები - ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ელემენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ღვარცოფის აქტიურობისა და ფორმირების ხარისხს. შეიძლება გამოვყოთ ღ.ფ. ხუთი მთავარი ფაქტორი ან ჯგუფი: 1. ფაქტორების კლიმატურ-ლანდშაფტური ჯგუფი (კლიმატი, ნიადაგური და მცენარეული საფარი, თანამედროვე გამყინვარება, მრავალწლიური გაყინულობა), რომელიც განსაზღვრავს ღვარცოფული მოვლენების ზონალობას, ღვარცოფის რეჟიმს, ღვარცოფების განმეორადობას; 2. რელიეფი - განსაზღვრავს ღვარცოფული გამოტანის მასის მოცულობას; 3. მთის ქანების შედგენილობა - განსაზღვრავს ღვარცოფების ტიპებს, გრანულომეტრულ შედგენილობასა და ღვარცოფების განმეორადობას; 4. სეისმურობა და ვულკანიზმი - განსაზღვრავს ღვარცოფული მოვლენების განსაკუთრებული გენეტიკური ტიპების (სეისმოგენური და ვულკანოგენური) წარმოშობას; 5. სამეურნეო საქმიანობა - განსაზღვრავს ღვარცოფწარმოშობის პროცესების გავრცელების, რეჟიმისა და თავისებურებების ხასიათის ცვლილებებს.

ღვარცოფის ჰიდროგრაფი - ტრანზიტულ ზონაში მოხვედრილი ღვარცოფის ნაკადისთვის დამახასიათებელი ხარჯის ცვლილების გრაფიკი. მთლიანობაში წარმოადგენს ხერხისებრ მრუდს მკვეთრად ასიმეტრიული პიკებით, რომელიც აფიქსირებს მორიგი ღვარცოფის ნაკადის გავლას. იშვიათად წარმოდგენილია ცალკეული პიკის სახით. წყალმოვარდნის ჰიდროგრაფისგან ძირითადი განსხვავებებია: 1. მაქსიმალური ხარჯი ათჯერ აღემატება წყალმოვარდნის შესაბამის მაჩვენებელს მოცემულ კალაპოტში; 2. საერთო ხანგრძლივობა საშუალოდ ერთი რიგით მოკლეა; 3. ასიმეტრულობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მეტია წყალმოვარდნის შესაბამის მნიშვნელობაზე.

ღვარცოფმცოდნეობა - მეცნიერული მიმართულება, რომლის კვლევის ობიექტებს წარმოადგენს ღვარცოფული ნაკადები და ღვარცოფული აუზები, დედამიწის ზედაპირის ის უბნები, სადაც მიმდინარეობს ღვარცოფის წარმოქმნის პროცესი. ღ. მოიცავს ღვარცოფული ნაკადების შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხთა მთელ სპექტრს - ღვარცოფების ფორმირების პირობებსა და მექანიზმებადან დაწყებული მათგან დაცვის ღონისძიებების შემუშავების ჩათვლით. ღვარცოფმცოდნეობის ძირითადი, შედარებით დამოუკიდებელ (გამოკვეთილ) საკითხთა ნუსხაში გაერთიანებულია: 1. ღვარცოფების ფორმირების მიზეზები და მექანიზმი; 2. ღვარცოფული ნაკადების დინამიკა; 3. ღვარცოფული აუზების გეოლოგია და გეომორფოლოგია; 4. სტაციონარული დაკვირვებები და ექსპერიმენტები; 5. ფიზიკური და მათემატიკური მოდელირება; 6. ღვარცოფების განგარიშების მეთოდები; 7. კადასტრებისა და მონაცემთა ბაზის შედგენა; 8. ღვარცოფული მოვლენების გეოგრაფია, კარტოგრაფირების გათვალისწინებით; 9. ღვრაცოფების პროგნოზი; 10. ღვარცოფებისაგან დაცვის პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება. ღ., როგორც სამეცნიერო მიმართულება, ინტერდისციპლინარულ ხასიათს ატარებს, რაც წინასწარ განსაზღვრულია მოვლენის ბუნებით. ფერდობებზე (გრავიტაციული) და კალაპოტებში (ფლუვიალური) მიმდინარე პროცესებს შორის მას შუალედური (შემაკავშირებელი) პოზიცია უკავია. ღ. იყენებს გეოლოგიური, გეოგრაფიული, ფიზიკურ-მათემატიკური და ტექნიკური ციკლების მეცნიერებათა მეთოდებს.

ღვარცოფსაშვი - ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა ერთ-ერთი ტიპი, მიეკუთვნება ღვარცოფგამტარ ნაგებობათა ჯგუფს (ნახ. 1). ღ. თავის მხრივ, წარმოადგენს რკინაბეტონის ღარს და ღვარცოფული კალაპოტის გაგრძელებას დასაცავი ხაზოვანი ობიექტის (რკინიგზის ან გზატკეცილის ვაკისი, არხი) ზემოდან; გამოიყენება ღვარცოფის მცირე ხარჯების გასატარებლად. ტრანზიტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად ღარის ქანობი უნდა იყოს თანაბარი ან აღემატებოდეს ბუნებრივი კალაპოტის ქანობს მისასვლელ უბანზე. ღარის სიგანე უნდა შეესაბამებოდეს ღვარცოფული ნაკადის საშუალო სიგანეს, ხოლო კედლების სიმაღლე უნდა აღემატებოდეს ნაკადის მაქსიმალურ სიღრმეს 20%-ით.

ღვარცოფსაშიში სიტუაცია - ღვარცოფების მოვარდნის უშუალო ალბათობა, რომელიც გამოწვეულია მეტეოროლოგიური პირობებით ან წარმოქმნის კერებში გარემოს ცვლილებით. მაგ., ღ.ს. იქმნება მოსალოდნელი თავსხმა წვიმების დროს, როდესაც ნალექების ჯამი კრიტიკულზე მაღალია, ასევე ყინულოვანი ტბების გადავსებისას მდგრადი ცხელი ამინდის ფონზე და სხვ.

ღვარცოფსაშიშროება - ღვარცოფის ჩამოწოლის შედეგად ადამიანთა სიცოცხლისა და მატერიალური ღირებულებების დაკარგვის საფრთხე. მიზანშეწონილია, ღ. ხარისხის შეფასება წარიმართოს ორი მაჩვენებლის საფუძველზე - ღვარცოფული აქტივობის ხარისხისა და იმ ტერიტორიების ათვისების ან ობიექტების მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით, რომელიც განლაგებულია მოსალოდნელი ღვარცოფული საშიშროების ზონაში და შესაძლებელია მისი ფულადი შეფასება. ღ. შეფასების შედეგები გამოიყენება ტერიტორიების ათვისების გეგმების შემუშავების ან დამცავი ღონისძიებების რიგითობის დადგენის დროს. აუთვისებელი რაიონების შემთხვევაში შეიძლება განხილულ იყოს ღვარცოფის მხოლოდ პოტენციური საშიშროება, რომლის ხარისხი, ამ შემთხვევაში, მთლიანად განისაზღვრება ღვარცოფული აქტივობის ხარისხით.

ღვარცოფსაცავი - ღვარცოფშემაკავებელი კაშხლის ზედა ბიეფთან ღვარცოფულ აუზში განლაგებული ხეობის უბანი, სადაც კონცენტრირდება ღვარცოფული გამონატანის მყარი მასალა. ღვარცოფსაცავის ტევადობის შენარჩუნების მიზნით საჭიროა მისი პერიოდული გაწმენდა; ამ ტევადობის გაზრდისათვის, ღ. ადგილას ზოგჯერ თხრიან თხრილს. ზოგიერთ გვალვიან რაიონში ღ. იყენებენ წყალსაცავის დანიშნულებით, მათი ფუნქციების კომბინირებით.

ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები - ერთ-ერთი (ტექნიკური) კატეგორია ღვარცოფებისაგან დაცვის ღონისძიებათა სისტემაში. ღ.ნ. დანიშნულებაა - უშუალო ზემოქმედება მოძრავ ღვარცოფულ ნაკადზე, მისი გაჩერების ან მავნე ზემოქმედების ზონის შეზღუდვის მიზნით (ნახ. 1). კალაპოტის გარეცხვისაგან დაცვის მიზნით ღვარცოფული და არაღვარცოფული მთის წყალსადინარების კალაპოტებში ეწყობა მარტივი ნაგებობები - ნაპირსამაგრი კედლები, შემონაკირწყლი, ფსკერული საგუბრები. ფაქტობრივად, ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობები ძირითადი დანიშნულების მიხედვით იყოფა სამ კლასად: სარეგულაციო, შემკავებელი, მასტაბილიზებელი. სარეგულაციო ნაგებობებია დამბები, ღვარცოფსაშვები, ღვარცოფგამტარი არხები და სხვ. ემსახურება ნაკადის გაყვანას, ნაკადის მიმართულების შეცვლას, ლოკალიზაციას და გაშვებას დასაცავი ობიექტის ზემოდან ან ქვემოდან. შემკავებელი ნაგებობები - ღვარცოფშემკავებელი კაშხლები და ღვარცოფსაცავები - გათვალისწინებულია მთლიანი ღვარცოფული მასის ან მისი ნაკადის შემცველი მყარი შემადგენლობის უდიდესი ნაწილის შესაჩერებლად. მასტაბილიზებელი ნაგებობები - საშუალო სიმაღლის საყრდენი დამბების სისტემა, რომელიც ეწყობა ღვარცოფული კალაპოტის გასწვრივ - გარდაქმნის მის გრძივ პროფილს საფეხურისებრ პროფილად მცირე ქანობებით, რაც აფერხებს ღვარცოფის ფორმირებას. ღ.ნ. გაცილებით ეფექტურია ღვარცოფული აუზების მელიორაციასთან შეთანწყობაში.

ღვარცოფსაწინააღმდეგო სამსახური - სპეციალიზებული ორგანიზაცია, რომელიც იქმნება ღვარცოფული საშიშროების შეზღუდვისა და ლიკვიდაციის მიზნით. ღ.ს. ახორციელებს ღვარცოფებისაგან დაცვითი ღონისძიებების მთელ კომპლექსს: დაპროექტება, დამცავი ნაგებობების მშენებლობა და ექსპლუატაცია, ღვარცოფული აუზების მელიორაცია, ტერიტორიის გამოყენების კონტროლი, ღვარცოფსაშიშროების შეტყობინება. სამსახური იქმნება იმ ქვეყნებში ან რაიონებში, სადაც ღვარცოფებისაგან დაცვა (ხშირად, სხვა თანმხლებ სტიქიურ და დამანგრეველ პროცესებთან ერთად) იძენს სასიცოცხლო მნიშვნელობას.

ღვარცოფული აუზი - წყალშემკრები აუზი, რომლის საზღვრებში ხდება ღვარცოფული ნაკადების ფორმირება, ხოლო მათი მოძრაობა - მთავარ კალაპოტში. ღ.ა. პირობითად, იყოფა სამ მორფოდინამიკურ ზონად. ესენია: ღვარცოფების ფორმირების, ტრანზიტის და აკუმულაციის ზონები. ღვარცოფების ფორმირების ზონას ღ.ა. ზედა ნაწილი უკავია; ამ უბნებზე შეიმჩნევა ღვარცოფის მოქმედების კვალი და თვით უბნები ღვარცოფწარმოქმნის პოტენციურ კერებს წარმოადგენს. ტრანზიტული ზონისათვის, რომელიც განლაგებულია აუზის შუაწელში, დამახასიათებელია ღვარცოფული ნაკადების მოძრაობის ნიშნები - ღვარცოფული კვლებისა და ტერასების ფრაგმენტები. აუზის მორფოლოგიიდან და გეოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, ტრანზიტულ ზონაში ეროზიის ხარჯზე ღვარცოფული ნაკადის სიმძლავრემ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს ან შემცირდეს - აკუმულაციის შუალედური ფორმების ფორმირების დროს. აკუმულაციის ზონაში (აუზის შესართავის მიმდებარე ნაწილი) ხდება გამოტანილი მასის დალექვა, ხშირად, ღვარცოფის გამოტანის კონუსის სახით.

ღვარცოფული აქტივობა - ღვარცოფული პროცესის განვითარების ინტენსივობა დროსა და სივრცეში. ღვარცოფული აქტივობის შესაფასებლად დროში, ერთი ღვარცოფული აუზის ფარგლებში, იყენებენ განმეორებადობისა და ღვარცოფული გამოტანის მოცულობის მაჩვენებლებს. ხდება ამ მაჩვენებლების რანჟირება და შეფასება პირობით ერთეულებში ღვარცოფული აქტივობის ინტეგრალური შეფასებისთვის. შეფასების სხვა ხერხი - ღ.ა. დაყვანა წარმოადგენს განაყოფს, რომელიც მიიღება 50...100 წლის განმავლობაში ღვარცოფული გამოტანის ჯამური მოცულობის გაყოფით წლების რაოდენობაზე მოცემული დროის მონაკვეთში. ღ.ა.  შესაფასებლად სივრცეში, გამოიყენება ღვარცოფული კალაპოტების ქსელის ფარდობითი სიხშირისა და ღვარცოფული გამოტანის მოცულობის მაჩვენებლები. ღვარცოფული კალაპოტების ფარდობითი სიხშირის მახასიათებლებს წარმოადგენს ღვარცოფული აუზების ფართობის წილი რაიონის ფართობიდან ან ღვარცოფული სადინარების რაოდენობის წილი მათი საერთო რაოდენობიდან გამოხატული პროცენტებში. ორი მახასიათებლის კომბინაცია მატრიცული ფორმით (ბალობრივი შეფასების სისტემის გამოყენებით) იძლევა ღვარცოფული აქტივობის ტერიტორიის ინტეგრალური შეფასების საშუალებას.

ღვარცოფული კალაპოტი - წყალსადინარის კალაპოტი, რომელიც განლაგებულია ღვარცოფული აუზის საზღვრებში და მასში გაედინება ღვარცოფული ნაკადი. ღ.კ. დამახასიათებელი თავისებურებებია: ღვარცოფული დანალექის დაგროვება ღვარცოფული კვალის ან ტერასის ფორმით, ასევე სიღრმითი და გვერდული ეროზიის უბნები (ღვარცოფული ჭრილი), კლდოვანი მთის ქანებისაგან აგებული კალაპოტის გვერდებისა და ფსკერის კოროზია.

ღვარცოფული კერა - ღვარცოფული აუზის უბანი, ჩვეულებრივ მის ზედა ნაწილში, სადაც მიმდინარეობს ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. ეროზიული და გამრღვევი მექანიზმის შედეგად ღვარცოფული კერის ფორმირების ადგილად ფიქსირდება კალაპოტში ღვარცოფული ტალღის წარმოქმნა, რომლის ქვემოთ ჩამოქცევისა და ჩამომეწყვრის (ფერდოზე გრუნტის მასების, თოვლისა და ფირნის მოწყვეტა) შედეგად შეიმჩნევა ღვარცოფის უწყვეტი მოძრაობის კვალი. ღვარცოფული აუზის საზღვრებში ღვრაცოფული კერის ადგილმდებარეობა არ არის მუდმივი. ღვარცოფული კერისგან განასხვავებენ ღვარცოფის მყარი კვების კერას - ღვარცოფის ფორმირებისა და ტრანზიტულ ზონაში არსებულ ღვარცოფული აუზის უბანს, სადაც განლაგებულია მთის ქანების მასივები, რომელთაც გადანაცვლება-გარეცხვის და მათი ღვარცოფულ ნაკადში ჩათრევის უნარი გააჩნიათ.

ღვარცოფული მასა - შედგება მთის ქანების ნატეხებისა და წყლის ნარევისაგან და ქმნის ღვარცოფული ნაკადის ტანს. ღვარცოფული მასის შემადგენლობა დამოკიდებულია მის გენეზისსა და ღვარცოფული აუზის გეოლოგიურ აგებულებაზე. თანამედროვე გამყინვარებისა და მკაცრი კლიმატის რაიონებში ღვარცოფების მყარი ჩანართის სახით, გარდა ჩვეულებრივი მთის ქანებისა, გვევლინება თოვლი და ყინული; დასახლებულ რაიონებში ღვარცოფული მასის შემადგენლობაში შეინიშნება მერქნიანი მცენარეულობის მონატეხი მასალა. მასის შემადგენლობის მიხედვით განარჩევენ ღვარცოფების შემდეგ ძირითად სახეებს: ტალახიანი, ქვატალახიანი, ქვაწყლიანი, წყალთოვლიანი, წყალყინულიანი. საკუთრივ, ღვარცოფულ ნაკადებში, მტვრისებრი და თიხნარი ნაწილაკების მონაწილეობის წილი მყარ ჩანართში განსაზღვრავს მოძრაობის ხასიათის ხარისხობრივ სხვაობებს; ამის საფუძველზე გამოყოფენ ღვარცოფების ორ ტიპს - ბმულსა და არაბმულს.

ღვარცოფული ნაკადი (ღვარცოფი) - ძლიერი, მოულოდნელი წყალდიდობა უპირატესად მთის მდინარეების აუზში, რომელსაც მოაქვს ტალახი და ქვა-ღორღი. ღვარცოფი ჩნდება ძლიერი წვიმის ან თოვლის სწრაფი დნობის გამო, ახასიათებს საშინელი დამანგრეველი ძალა და სახალხო მეურნეობას აყენებს დიდ ზარალს. ღვარცოფისაგან თავის დასაცავად მიმართავენ ტყეების აგრომელიორაციას (ფერდობების დატერასება, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ტყის გაშენება და ა.შ.), ჰიდროტექნიკურ ღონისძიებებს (ხელოვნური კალაპოტების მოწყობა, საგუბრები, ღვარცოფის საწინააღმდეგო ჯებირები, ღვარცოფის გამტარი ნაგებობები) და სხვ.

ღვარცოფული რეჟიმი - ღვარცოფული პროცესის განვითარების მახასიათებელი დროში. ღ.რ. ძირითად მაჩვენებლებს ღვარცოფსაშიში პერიოდი და ღვარცოფების განმეორებადობა წარმოადგენს. განასხვავებენ ბუნებრივ და შეცვლილ ღვარცოფულ რეჟიმებს; უკანასკნელი ხდება სამეურნეო საქმიანობის ან თავდაცვის ღონისძიებების განხორციელების დროს.

ღვარცოფული რისკი - ადამიანთა მსხვერპლის და ეკონომიკური ზარალის მოსალოდნელი რაოდენობა, რაც გამოწვეულია ღვარცოფის მოვარდნით. ღ.რ. რაოდენობრივი შეფასება ხორციელდება ალბათობის ანალიზის საშუალებით ღვარცოფული აუზების რუკების საფუძველზე ან ღვარცოფული აქტიურობის გასაშუალებული მონაცემების გამოყენებით.

ღვარცოფული ტალღა - ტალღის ფორმირება, ღვრაცოფული ნაკადის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის მეორე თვისებას წარმოადგენს მონატეხი მასალით გაჯერების შემდეგ. ჰიდრომექანიკის თვალსაზრისით ღვარცოფული ნაკადი შეიძლება განისაზღვროს როგორც ერთჯერადი ან მრავალჯერადი დაღმავალი უწყვეტი ტალღა, რომელიც მოძრაობს პირობითად მშრალ კალაპოტში. ღვარცოფული ტალღის ფორმირება ნაკადის შინაგანი თვისებაა და დაკავშირებულია სხვადასხვა სიმსხოს მქონე მონატეხი მასალის განსხვავებული სიჩქარით გადაადგილებასთან. ღ.ტ. მკვეთრად ასიმეტრიულია: ტალღის მკვეთრი წინა ფრონტი (შუბლი) ქმნის ღვარცოფის „თავს“. ტალღის შუბლი 1,5-ჯერ აღემატება ტალღის “ტანს” და, როგორც წესი, უმთავრესად შედგება მსხვილი მონატეხი მასალისაგან. ტალღებს შორის ინტერვალი ერთი ათეული წამიდან რამდენიმე წუთამდე მერყეობს; იგი უფრო მოკლეა ღვარცოფული მასის ჩამოწოლის საწყის სტადიაზე და შედარებით გრძელი - საბოლოო სტადიაზე

ღვარცოფული ღარი - ექსპერიმენტული დანადგარი, რომელიც გამოიყენება ღვარცოფული ნაკადების მოძრაობისა და სხვადასხვა წინააღმდეგობებთან (ნაგებობებთან) მათი ურთიერთქმედების შესასწავლად ფიზიკური მოდელირების მეთოდის გამოყენებით. ღ.ღ. მოწყობილობა და ექსპერიმენტის ტექნიკა ხელოვნური ღვარცოფული მასის თვისებებისა და ღარის პარამეტრების (ქანობი, ხორკლიანობა) ცვლილების შესაძლებლობას იძლევა. ღვარცოფულ ღარზე განსახორციელებელი ექსპერიმენტების მიზანს რაოდენობრივი მახასიათებლებისა და დამოკიდებულებების მიღება წარმოადგენს, რაც აუცილებებლია ღვარცოფული ნაკადის გასაანგარიშებლად, კერძოდ, სიჩქარეების ვერტიკალური ეპიურების აგება, ნაკადის სიჩქარის სიღრმესთან დამოკიდებულებების, ღვარცოფული მასის სიმკვრივის, ფსკერისა და ფერდების ხორკლიანობის დადგენა და სხვ. ღ.ღ. ნაგებობებთან ღვარცოფული ნაკადის ურთიერთქმედების საკითხებიდან განიხილება ისეთი ამოცანები, როგორიცაა მოხვევის ზღვრული კუთხეები, ღვარცოფგამტარი ხვრეტების ზომა, მოხაზულობა და სხვ.

ღვარცოფული წყალმოვარდნა - ნაკადების ერთ-ერთი ტიპი, რომელსაც შუალედური პოზიცია უკავია ტიპურ ღვარცოფულ (ტალახოვან, ქვატალახოვან) ნაკადსა და წყალმოვარდნას შორის. ტიპური ღვარცოფული ნაკადებისაგან განსხვავდება ჩამონამტვრევი მასალის მცირე გაჯერებით (1100 კგ/მ3-ზე ნაკლები სიმკვრივით), ხოლო წყალმოვარდნებისაგან - მოკლე ხანგრძლივობითა და ღვარცოფული ტიპის ჰიდროგრაფით. ღვარცოფული პროცესის ელემენტების (კალაპოტის შემონაკირწყლის მოწყვეტა, ჩამონამტვრევი მასალით მაღალი გაჯერებულობა, მსხვილი ნატეხების გადატანა) - რეალიზება შესაძლებელია კალაპოტის მხოლოდ გარკვეულ უბნებზე და არა მის გასწვრივ მთელ სიგრძეზე. ეს აისახება ღვარცოფული რელიეფის აკუმულირებული ფორმების შეზღუდულ განვითარებაში. ღვარცოფული წყალმოვარდნა დამახასიათებელია არიდული ლანდშაფტებისათვის და ასევე სუბარქტიკის მთიანი რაიონებისათვის.

ღვარცოფშემაკავებელი კაშხლები - ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობათა ერთ-ერთი ტიპი. გათვლილია ღვარცოფის შეჩერებაზე, მისი მყარი ჩანართის აკუმულირებასა და ღვარცოფის თხევადი ჩანართის ორგანიზებულ ჩაშვებაზე. ღვარცოფშემკავებელი კაშხლების კონსტრუქციები შეიძლება იყოს მასიური - ბეტონის, რკ.ბ.-ის ქვის წყობის, გრუნტის - ან გამჭოლი (გისოსისებრი), ანაკრები რკ,ბ.-ის ან ფოლადის ელემენტებისაგან. ღვარცოფული გამოტანის მასის მოცულობიდან გამომდინარე, ღ.კ. სიმაღლე მერყეობს 10...15 მ-დან 100...150 მ-მდე. მისი გაანგარიშება ხდება ისე, რომ მოხდეს მყარი მასალის გამოტანის სრული აკუმულაცია, მიღებული საანგარიშო უზრუნველყოფით. ღვარცოფული ნაკადის მყარი მასა, რომელიც დალექილია ღვარცოფშემკავებელი კაშხლის ზედა ბიეფში განლაგებულ ღვარცოფსაცავში, პერიოდულად საჭიროებს გაწმენდას. ღ.კ., სხვა სახის ნაგებობებთან და მელიორაციულ ღონისძიებებთან ერთად, წარმოადგენს ერთადერთ და ძირითად ღვარცოფსაწინააღმდეგო საშუალებას.

ღვედი - 1. მოქნილი ტყავის ან ქსოვილის მოგრძო და ვიწრო ანაჭერი (მაგ.,ღვედის ქამარი); 2. ამძრავის ღ. - უსასრულო (ჩაკეტილი) ღვედი, რომელიც გამოიყენება ღვედურ გადაცემაში. მას ამზადებენ ბამბის ან გარეზინებული ქსოვილისაგან, ტყავისაგან და სხვა მასალებისაგან. აქვს სწორკუთხა, სოლისებური ან მრგვალი კვეთი. ამძრავებში გამოიყენება სტანდარტული ღვედები.

ღვედური გადაცემა - ფართოდ გამოიყენება ამძრავებში ბრუნვითი მოძრაობის გადასაცემად. იგი ორი სახისაა - ბრტყელღვედური და სოლღვედური. პირველს უფრო შორ მანძილზე მომენტის გადასაცემად იყენებენ, ხოლო მეორეს - დიდი მაბრუნი მომენტების გადასაცემად.

ღველფი - ფერფლმოდებული, ნაცრიანი ნაკვერჩხალ

ღია - 1. რაც დახურული, დაკეტილი არ არის; 2. გვერდებგახსნილი ან თავახდილი (ნაგებობა); 3. გაშიშველებული, დაუფარავი; 4. რაც მუშაობს, საქმიანობას აწარმოებს; რაც დაკეტილი არ არის; 5. ნათელი, არამუქი, ბაცი.

ღია ავტოსადგომი გარაჟი - ნაგებობა ან მისი ნაწილი, რომელსაც ორი ან მეტი მხარიდან აქვს ღიობები და რომელიც გამოიყენება კერძო ავტომობილების სადგომად ან შესანახად.

ღია არე - სივრცის წერტილთა ბმული სიმრავლე, რომელიც შედგება მთლიანად შიდა წერტილებისაგან.

ღია ტრიბუნა - დასაჯდომები იარუსებზე, რომლებიც ეყრდნობა სტრუქტურულ სისტემას და სიმაღლეში არის ორი ან მეტი რიგი და არ წარმოადგენს ნაგებობის ელემენტს.

ღიობი - სიო; ფანჯრის, კარის და მისთ. ხვრეტი კედელში.

ღირებულება - 1. საქონლის ან მომსახურების ფასი გამოხატული ფულად ერთეულში, რომელიც მნიშვნელოვნად იცვლება ბაზარზე საქონლის ან მომსახურების მიწოდებით და საზოგადოების გადახდისუნარიანობის მდგომარეობით; 2. პოლიტეკონომიური კატეგორია, რომელიც ითვალისწინებს საქონელზე დახარჯულ შრომას; 3. სასურველის ექსპლიციტური ან იმლიციტური კონცეფცია, რომელიც ახასიათებს ინდივიდებს ან ჯგუფებს და განსაზღვრავს ადამიანის ქცევის ტიპს, მიზნებს და მათი მიღწევის საშუალებებს. ღ. გააჩნია შესაბამისი ქცევის აღძვრისა და ქცევის რეგულირების ფუნქცია.

ღობე - 1. ყრუ ზღუდე, როგორც წესი, ადამიანის სიმაღლეზე მეტი; განსაკუთრებული ადგილის შემოსაკავებელი სხვადასხვა სახის კედელი; 2. მიწის ნაკვეთების გამმიჯნავი კონსტრუქცია, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს როგორც საკადასტრო საზღვარზე (საზიარო ღობე), ისე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. თუ ღობის სხვადასხვა მხარეს ღობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ნიშნული სხვადასხვაა, მაშინ ყრუ ღობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება უფრო მაღალი ნიშნულიდან.

ღობე გადასაადგილებელი - სპორტულ ნაგებობებზე ან ადამიანების თავშეყრის ადგილებზე გამოყენებული ლითონის გადასატანი კონსტრუქცია (ნახ. 1), მოძრავი ხალხის ნაკადის მიმართულების შესაცვლელად.

ღობე მსუბუქი - მიწაში ჩარჭობილ ხის სარებზე ან ჩაბეტონებულ ლითონის დგარებზე გადაჭიმული მავთულის ბადის ან ხის მესერის კონსტრუქცია (ნახ. 1), ორი ტერიტორიის ერთმანეთისაგან გასამიჯნად.

ღობე მყარი - ლენტურ საძირკველზე აშენებული ქვის, აგურის, ბეტონის ან ლითონის სტაციონალური კედელი (ნახ. 1), გაძლიერებული იმავე მასალის სვეტებისაგან, როგორც წესი, ადამიანის სიმაღლეზე მეტი, რომლის გადაადგილება (გადაწევა-გადმოწევა) შეუძლებელია.

ღობე მცენარეული - ღობის სახეობა ცოცხალი მცენარეებისაგან. ძირითადად გამოიყენება ეკალ-ბარდებისა და ხვიარა მცენარეების ბუჩქები, რომელთაც გასხვლის შედეგად მიცემული აქვთ სწორი გეომეტრიული ფორმები (ნახ. 1).

ღობე რკინაბეტონის - ღობის სახეობა, მოწყობილი რკ.ბ.-ის პანელებისაგან (ნახ. 1). ასეთი ღობეები რამდენჯერმე ეკონომიურია აგურისა და ლითონისაგან დამზადებულ ანალოგიურ ღობეებთან შედარებით, ადვილი დასამონტაჟებელია, იაფია ექსპლუატაციაში და სხვ.

ღობე ქვის - შესაბამის საძირკველზე აშენებული კედელი ყორე ქვის, აგურის, ბეტონის ბლოკებისაგან, გაძლიერებული იმავე მასალის სვეტებისაგან (ნახ. 1). ზოგჯერ აქვს ცოკოლი ქვემოთ და კარნიზი ზემოთ.

ღობურა - რაიმე ხელოვნური დაბრკოლება მოძრაობის შესაჩერებლად.

ღონისძიება - ორგანიზებული მოქმედება ან მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია რისამე განხორციელება.

ღორღი - არაორგანული, მარცვლოვანი, ფხვიერი მასალა მარცვლების (ნატეხების) ზომით 3...70 მმ (ევროპული სტანდარტების მიხედვით), რომელიც მიიღება მთის ქანების (გრანიტი, დიაბაზი, ქვიშაქვა, კირქვა, დოლომიტი) ან არაკონდიცირებული ნარჩენების (აგურის ლეწი, ნაყარი წიდა, აგლოპორითი, პერლიტი) მექანიკური მსხვრევით ყბებიან ან სხვა ტიპის ქვასამსხვრევებში. ხრეშისაგან განსხვავებით მას აქვს მახვილწახნაგოვანი ფორმა და უსწორმასწორო ზედაპირი (ნახ. 1), რის გამოც კარგად ეჭიდება შემკვრელ მასალებს. არასტანდარტული ღ. მარცვლების მაქსიმალური ზომა შეიძლება იყოს 150 მმ-მდე. ღ. გამოიყენება ბეტონის ნარევის შემვსებად (ფრაქცია 3-8 და 5-20 მმ), რკინიგზის ბალასტად (ფრაქცია 25-60 მმ), გზის საფარად (ფრაქცია 25-60 და 40-70 მმ), საძირკვლების „ფუძედ“ (ფრაქცია 20-40 მმ), ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში (ფრაქცია 3-150 მმ) და სხვ. ღ. მისაღებად გამოიყენება გრანიტი, დიაბაზი და სხვა ამოფრქვეული ქანი, ასევე მკვრივი დანალექი ქანი - კირქვა, დოლომიტი და მეტამორფული ქანი კვარციტი. მშენებლობაში ყველაზე მეტად გამოიყენება გრანიტის და კირქვის ღ. მას სიმტკიცეზე, მარცვლოვან შედგენილობაზე, სისხოსა და სხვა თვისებაზე წაეყენება იგივე მოთხოვნები, როგორც ხრეშს.

ღოჯე - ერთმანეთში ჩაჭედილფიცრებიანი შენობის კუთხე გარედან.

ღოჯი (რუს. Зубило) - სარტყამ-საჭრელი წაგრძელებული ინსტრუმენტი ლითონის ან ქვის დასამუშავებლად, რომელსაც ერთ ბოლოზე წამახვილებული მჭრელი პირი აქვს, ხოლო მეორეზე - ჩაქუჩის, კუვალდის, პერფორატორის და მისთ. სარტყამი თავი (ნახ. 1). ღ. დასამზადებლად გამოიყენება მაღალი სიმტკიცის ინსტრუმენტალური და კონსტრუქციული თერმიულად ნაწრთობი ფოლადები. განივკვეთით შეიძლება იყოს მრგვალი, მართკუთხა ან მრავალწახნაგა.

ღრეჩო - 1. კონსტრუქციების (ელემენტების) ორ მოსაზღვრე ზედაპირს შორის მანძილი. არსებობს გარანტირებული, დასაშვები, ზღვრული, ნორმალური და სხვ. ღ.; 2. საშუქი, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა მანქანის, კვანძის, დამცავი მოწყობილობის ნორმალური მუშაობისათვის. ასეთი ღრეჩო - საშუქებია: კბილთაშორისი, მაგნიტური, პირაპირული, საგზაო, სანაპერწკლო, სარქვლის, ტემპერატურული, საჰაერო და სხვ.

ღრუ - 1. სიცარიელე ამა თუ იმ საგნის შიგნით; 2. სიცარიელის შემცველი საგანი.

ღრუდო - 1. უწყლო ადგილებში წყლის საპოვნელად გათხრილი ღრმა თხრილი, ორმო; 2. მდინარის ნაპირებზე კლდის ხვრელებიდან გამომდინარე წყაროები.

ღუზა - 1. ჯაჭვზე მობმული რკინის კავებიანი ღერო ზღვის (მდინარის) ფსკერზე ჩასაშვებად გემის დგომისას; 2. ელექტროძრავის ერთ-ერთი ნაწილი.

ღუმელი - მოწყობილობა, რომელშიც სათბობის წვის ან ქიმიური რეაქციის (ზოგჯერ ელექტრული ენერგიის გარდაქმნის) შედეგად გამოიყოფა სითბო, რომელიც გამოიყენება მასალების სითბური დამუშავებისათვის. ტექნოლოგიური დანიშნულების მიხედვით ღუმელების შემდეგი სახეებია ცნობილი: 1. მასალებისაგან ტენის მოცილების (გამოსაშრობი ღუმელი); 2. გამახურებელი (გამახურებელი ჭა, თერმული ღუმელი); 3. გამოსაწვავი; 4. სადნობი; 5. მასალების დაშლისა (დისოციაციის) და აქროლადობის. დანიშნულების მრავალფეროვნებით გამოწვეულია ღუმელების კონსტრუქციული მრავალსახეობაც. მბრუნავი ღუმელი შედის ცემენტის მშრალი და სველი მეთოდებით წარმოების საღუმელე აგრეგატების შემადგენლობაში, რომელშიც მთავრდება კლინკერის წარმოქმნის პროცესი ან მიმდინარეობს მასალის თერმოქიმიური დამუშავების მთელი პროცესი (სველი მეთოდი) – შრობა, შეთბობა, დეკარბონიზაცია და სხვ. ღუმელის ძირითადი პარამეტრებია: დიამეტრი და სიგრძე. შახტურ ღუმელებს იყენებენ კირის წარმოებაში კირის გამოსაწვავად, რომლებსაც სხვადასხვა ფორმის შახტები აქვთ: ცილინდრული, წაკვეთილი კონუსის, ოვალური, პრიზმული. შახტურ წისქვილებში გადასამუშავებლად უვარგისი ქვისმაგვარი კარბო-ნატული ნედლეულის გადამუშავება წარმოებს მბრუნავ ღუმელებში სველი და მშრალი მეთოდით. არსებობს ღ. მრავალი სახეობა: ბუნებრივი წევის, ელექტრული, კამერული, მილისებრი, მოსაწვავი, მუფელის, ნახშირის გამოსაწვავი, ორკარებიანი, სადნობი, საშრობი, სახურებელი, ტიგელის, შახტური, შესადუღი, ჰერმეტული და სხვ.

ღუმელი ელექტრორკალური - სამრეწველო ღუმელი, რომელშიც ლითონებისა და სხვა ნივთიერებების გასადნობად გამოიყენება ელექტრორკალის სითბო (25000C-მდე). გახურების მეთოდების მიხედვით არსებობს რკალური ღუმელების სახეები: პირდაპირი მოქმედების (ელექტრორკალი ინთება ელექტროდსა და გასაცხელებელ ტანს შორის), ირიბი მოქმედების (ელექტრორკალი ინთება ელექტროდებს შორის ლითონისაგან მოშორებით) და დახურული რკალით (ელექტრორკალი ინთება მყარი კაზმის ქვეშ, რომელშიც ჩაძირულია ელექტროდები). მაღალი ხარისხის ფოლადისა და სხვა შენადნობების მისაღებად წარმატებით გამოიყენება ვაკუუმური ღუმელები დნობადი (ფოლადი, ტიტანი, ნიობიუმი) ან არადნობადი (ვოლფრამი, გრაფიტი) ელექტროდებით.

ღუმელი ინდუქციული - ელექტროსადნობი ღუმელი, რომელშიც ლითონი თავსდება ცვლად ელექტრომაგნიტურ ველში, რის შემდეგაც ლითონში აღიძვრება მაინდუქციებელი დენი, რომელიც ახურებს მას. ღ.ი. არის არხისებრი და ტიგელური ტიპის. გამოიყენება ფოლადისა და თუჯის გამოსადნობად. მისი უპირატესობებია: სუფთა პროდუქტის მიღება, დნობის სისწრაფე, ტემპერატურის რეგულირების სიმარტივე, ნამწვი ნარჩენების სიმცირე, დნობა დამცავ აირულ გარემოში და ვაკუუმში და სხვ.

ღუმელი მბრუნავი - ღუმელი უწყვეტი მოქმედების, რომელიც გამოიყენება კირის, კლინკერის, პერლიტის და მისთ. გამოწვისათვის. ყველაზე მძლავრი ღ.მ. ჩაშენებული თბომიმოცვლითი მოწყობილობებით მოიხმარება კლინკერის გამოწვის დროს (ცემენტის მიღება სველი ხერხით). ასეთი ღუმელების სიგრძის ფარდობა დიამეტრთან შეადგენს 35...40-ს, წარმადობა - 35...75 ტ/საათში.

ღუმელი მინასადნობი - მინის მასის საწარმოებელი (სახარში) ღუმელი (ნახ. 1). განასხვავებენ ღ.მ. შემდეგ სახეებს: ჯამისებრი, აბაზანური (პერიოდულ და უწყვეტ მოქმედების) და ელექტრო. ჯამისებრ ღუმელებში მინის მასა იხარშება ცეცხლგამძლე შამოტის თიხის ჯამებში ტევადობით 100... 1500 კგ. ჯამისებრი ღუმელები გამოიყენება სპეციალური მინის (ოპტიკური, შუქტექნიკური და სხვ.) და ბროლის დასამზადებლად. პერიოდული მოქმედების აბაზანურ ღ.მ. მინის მასა იხარშება ცეცხლგამძლე აბაზანებში ტევადობით 35 ტ-მდე. უწყვეტი ტევადობის ღ.მ. ტევადობა შეადგენს 2000 ტ, მისი წარმადობაა 35 ტ/დღ. აღნიშნული ღუმელის საწვავს წარმოადგენს ბუნებრივი აირი და მაზუთი. ელექტრული ღ.მ., რომლებშიც წინაღობის ელემენტს წარმოადგენს მინის მასა, მუშაობს ლითონის ან გრაფიტის ელექტროდებზე. ასეთი ღუმელების წარმადობაა 45 ტ/დღ.

ღუმელი მუფელის - გამათბობელი მოწყობილობა დამზადებული ცეცხლგამძლე აგურის ან ცეცხლგამძლე მეტალისაგან. მუფელში ათავსებენ სხვადასხვა ნაკეთობას გასახურებლად და წვის პროდუქტების ზემოქმედებისაგან დასაცავად.

ღუმელი სპეციალური დანიშნულების - ღუმელი, რომელიც ასრულებს სპეციალურ ფუნქციებს: საშენი მასალების შეთბობა ზამთრის პირობებში, საცხოვრებელი სათავსების, გარაჟების, სათბურების, სარდაფების და მისთ. გათბობა, საშენი მასალების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვ. შრობა და ა.შ.

ღუმელი ტიგელური - სამრეწველო ღუმელი მასალების ან ნაკეთობების გასახურებლად, გამოსახარშად ან გასადნობად ტიგელებში. სათბობად ხმარობენ აირად, თხევად ან მყარ საწვავს. გამოიყენება მინისა და ფერადი ლითონების წარმოებაში.

ღუმელი შახტური - კოშკური ტიპის სამრეწველო ღუმელი, რომლის დანიშნულებაა ნატეხი მასალის გამოდნობა ან გამოწვა (ნახ. 1). სიმაღლეა 8...15 მ. დასამუშავებელი მასალა ღუმელში იტვირთება ზემოდან, ხოლო წვის აირული პროდუქტები მოძრაობს ქვემოდან ზევით ჩატვირთული მასალის შესახვედრად. გამოიყენება მეტალურგიაში და სამშენებლო საქმეში კირქვების გამოსაწვავად. კირის წარმოების ნახევარი მოდის ასეთი სახის ღუმელებზე, რომელთა უპირატესობას წარმოადგენს სათბობის დაბალი ხარჯი და ნაკლები დანახარჯები მათს მშენებლობაზე, რაც განპირობებულია სითბოგაცვლის ოპტიმალური პირობებით. უარყოფითია ის, რომ ასეთ ღუმელებში მხოლოდ მტკიცე, არარღვევადი კარბონატული ქანების გამოწვაა შესაძლებელი. შახტურ ღუმელებში მშრალი მეთოდით 1 ტ კირის გამოწვაზე იხარჯება 130...180 კგ პირობითი სათბობი და 10...30 კვტ ელექტროენერგია.

ღუმელი-კალორიფერი - სათავსის გასათბობი ღუმელი, რომლადანაც მიწოდებული თბილი ჰაერი სათავსში ხვდება მოკლე ჰაერსატარი მილებით.

ღუნვა - დეფორმაციის სახე, რომლის დროსაც ხდება სწორი ძელის ღერძის გამრუდება ან მრუდე ძელის ღერძის სიმრუდის ცვლილება. ღ. იწვევს ძელზე გარე ძალების ან ტემპერატურული ძალების ზემოქმედება. ღ. პროცესში ძელის განივკვეთებში აღიძვრება მღუნავი მომენტები. თუ ძელის მოცემულ განივკვეთში აღძრული მღუნავი მომენტი მოქმედებს ამ განივკვეთის რომელიმე ინერციის მთავარი ცენტრალური ღერძის სიბრტყეში, მაშინ მას ეწოდება პირდაპირი ღ.. თუ ძელის მოცემულ განივკვეთში აღძრული მღუნავი მომენტის მოქმედების მიმართულება არ ემთხვევა ამ განივკვეთის რომელიმე ინერციის მთავარი ცენტრალური ღერძის სიბრტყეს, მაშინ ადგილი აქვს ირიბ ღუნვას. თუ პირდაპირი და ირიბი ღ. დროს ძელის განივკვეთში მოქმედებს მხოლოდ მღუნავი მომენტი, მაშინ შესაბამისად ადგილი აქვს სუფთა პირდაპირ და სუფთა ირიბ ღუნვას. თუ ძელის განივკვეთში მოქმედებს განივი ძალაც, მაშინ ადგილი აქვს განივ პირდაპირ და განივ ირიბ ღუნვას. ხშირად ტერმინი „პირდაპირი“ პირდაპირ სუფთა და პირდაპირ განივი ღუნვის დასახელებაში არ გამოიყენება და შესაბამისად იხმარება გამოთქმები: სუფთა ღუნვა და განივი ღუნვა. საინჟინრო პრაქტიკაში განიხილება განივი ღ, გრძივი ღ. და გრძივი-განივი ღ. (კუმშვა ღუნვით ანუ ექსცენტრული კუმშვა). სწორი ძელის შემთხვევაში, მოქმედი ძალების განლაგებაზე დამოკიდებულებით ღ. შეიძლება იყოს მარტივი და რთული.

ღუნვა განივი - როდესაც ღუნვა ხდება განივი ძალების და მღუნავი მომენტების არსებობისას.

ღუნვა გრძივი (ამობურცვა) - სწორი ძელის ღუნვა ღეროს ღერძის გასწვრივ მოდებული გრძივი მკუმშავი ძალების მოქმედებით. ასეთ ღუნვას ახასიათებს ღეროს ამობურცვა.

ღუნვა გრძივი-განივი - ღუნვა, რომელსაც იწვევს ღეროს ღერძის მიმართულებით და მის პერპენდიკულარულად ერთდროულად მოქმედი ძალები.

ღუნვა ირიბი - 1. ღუნვა, რომელსაც წარმოქმნის ძელის ღერძზე გამავალი და განივკვეთის ყველა მთავარ სიბრტყეს აცდენილი გარე ძალები; 2. ღუნვა, რომლის დროსაც მღუნავი მომენტის ვექტორი არ ემთხვევა ღეროს განივი კვეთის არც ერთ ინერციის მთავარ ცენტრალურ ღერძს.

ღუნვა რთული - ძელის ღუნვა, რომელსაც იწვევს სხვადასხვა სიბრტყეში განლაგებული ძალები.

ღუნვა სუფთა - ძელის ღუნვა, რომლის დროსაც განივი ძალა ნულის ტოლია და არსებობს მხოლოდ მღუნავი მომენტი.

ღუნვის ცენტრი (სიხისტის ცენტრი) - გაღუნული, მაგრამ არა დაგრეხილი ძელის განივკვეთის სიბრტყის წერტილი, რომელშიც გადის მხები ძაბვების ტოლქმედის ფუძე.

ყადაღა (არაბ.) - აკრძალვა ან შეზღუდვა, დაწესებული სახელმწიფო ორგანოების მიერ რაიმე ქონების გამოყენებაზე ან განკარგვაზე; კონფისკაციის მოხდენა, ჩამორთმევა.

ყავარი - თხელი და ვიწრო ფიცარი, რომელიც გამოიყენება სოფლის სახლის ქანობიან სახურავზე ბურულის მოსაწყობად (ნახ. 1).

ყაზარმა (თურქ.) - ჯარის მუდმივად სადგომი შენობა.

ყალიბი - 1. მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება რაიმე ნაკეთობისთვის გარკვეული მოხაზულობის მისაცემად, მაგალითად, სამსხმელო წარმოებაში, ბეტონისა და რკ.ბ.-ის ნაკეთობების წარმოებაში და სხვ. ყალიბები მზადდება ხისგან, პლასტმასისგან. ყალიბებს აქვთ მრავალჯერადი გამოყენება და ამიტომ საჭიროა პერიოდულად შემოწმდეს მათი ზომების სიზუსტე და სიმტკიცე;  2. თიხის ან სხვა მასალისაგან დამზადებული ფორმა, ქანდაკების ან სხვა ნაწარმის ჩამოსასხმელად.

ყალიბის მუშა მდგომარეობა - ყალიბის საპროექტო მდგომარეობა, მომზადებული ბეტონის ნარევის ჩასაწყობად. წაეყენება სიმტკიცის, მდგრადობის და გეომეტრიული ფორმის უცვლელობის პირობები.

ყალიბის ფორმაწარმომქმნელი ელემენტი - ფარი, პნევმატიკური ყალიბის ფორმაწარმომქმნელი გარსი, პანელი, ბლოკი და სხვ., რომლების გამოიყენება სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნაკეთობის დასამზადებლად.

ყამირი - დაუმუშავებელი მიწა.

ყველგანმავალი - მაღალი გამავლობის ავტომობილი მძიმე საგზაო პირობებში ექსპლუატაციისათვის (უგზოობა, ჭაობი, თოვლი, და სხვ.). ყ. ჩვეულებრივ იყენებენ ავტომობილის შასს, რომელზეც მორგებულია მუხლუხოვანი მამოძრავებლები ან სპეციალური საბურავები, ხოლო ტრანსმისიაში ამატებენ დამატებით გადაცემათა კოლოფს, ან სხვა მექანიზმს, რომელიც აძლიერებს გამწევ ძალას.

ყვერბი - ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი.

ყვითელი ალი - მოვლენა, რომელიც ხასიათდება ყვითელი შეფერილობის გაჩენით ალის ცისფერი კონუსის ზედა ნაწილში, რაც გამოწვეულია გაზის არასრული წვით.

ყვითელი ზოლი - გეგმაზე აღნიშნული უბანი, რომელშიც აღნიშნულია ქალაქის საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სამრეწველო განაშენიანებაში სტაბილურად ფუნქციონირებადი მაგისტრალების გასწვრივ შესაძლო ჩახერგვის ზონათა საზღვრები.

ყვინთა (ინგლ. Plunger) - 1. წყალგაყვანილობის არმატურაში დასარეგულირებელი სარქვლის ჩამკეტის მოძრავი მარეგულირებელი ელემენტი, რომლის გადაადგილებით იცვლება მილის გამტანუნარიანობა; 2. ცილინდრული ფორმის გამომძევებელი, რომლის სიგრძე რამდენჯერმე მეტია დიამეტრზე. გამოიყენება ჰიდრომანქანებში, წყალსადენებში, ტუმბოებში, დიზელის ძრავების საწვავის მისაწოდებელ სისტემებში და სხვ.

ყინვა - 1. ძლიერი სიცივე (როდესაც ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვევითაა); სუსხი; 2. იგივეა, რაც ყინული.

ყინვამედეგობა - მასალის თვისება წყლით გაჟღენთილმა გაუძლოს გაყინვა-გალხობის მრავალჯერად ციკლს, დაშლის ნიშნების და სიმტკიცის მნიშვნელოვანი კლების გარეშე. ცნობილია, რომ წყალი გაყინვისას მოცულობაში მატულობს დაახლოებით 9%-ით (წყლის სიმკვრივეა 1, ყინულის – 0,917). ამ დროს ფორების კედლებზე წნევამ შეიძლება მიაღწიოს ასეულ მპა-ს და დაშალოს მასალა.

ყინულის ღვარცოფი - ღვარცოფის ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი, რომლის ფორმირება დაკავშირებულია ყინულ-მორენული კომპლექსების მდგრადობის დარღვევასთან, ხოლო თხევადი შემადგენელი უპირატესად წარმოიქმნება მდნარი წყლით. ყინულის ღვარცოფის წარმოქმნა გამოწვეულია ყინულოვანი ტბების აუზებისა და გუბურების გარღვევითა, ყინულისა და მორენების ჩამოცურებითა და მოწყვეტით. ღვარცოფული მასის შემადგენლობით ყინულის ღვარცოფი შეიძლება იყოს ქვაწყლიანი, ქვატალახიანი, ყინულწყლიანი. ყინულის ღვარცოფები - უმეტესად, ძლიერი მაღალმთიანი ღვარცოფებია (ნახ. 1). ყინულის ღვარცოფის აქტივიზაცია დამახასიათებელია გამყინვარების დეგრადაციის ეტაპისათვის, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე.

ყინწვისის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი. მდებარეობს ქარელის რაიონში, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრში, მდ. ძამას ხეობის ერთ-ერთ მაღლობზე. დაარსებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსი შედგება რამდენიმე ნაგებობისგან. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ. ნიკოლოზის სახელობის ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი (ნახ. 1). საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა ყველა სწორკუთხაა. დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც ამოყვანილია 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი. სარკმლები შემკულია აგურის წყობით გამოყვანილი თაღებით. ტაძარს სამი შესასველი აქვს - ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახეული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი-ლაშა. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება (ნახ. 2). მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის - ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები - მეტყველი. კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.

ყირათაღი - გადმოყირავებული თაღი. იგი, ჩვეულებრივ, კედლის წყობაშია ჩამარხული და საძირკველს გადასცემს ცალკე მდგომი საყრდენების დატვირთვებს. განმტვირთავი თაღის სახეობა.

ყირმი (თურქ.) - შუა აზიაში გავრცელებული, ორნამენტის შელესვით შესრულების ტექნიკა.

ყიშლაკი - სოფლების საერთო დასახელება აზერბაიჯანში, შუა აზიასა და ავღანეთში. თავდაპირველად აღნიშნავდა მომთაბარე ტომების გამოსაზამთრებელ ადგილს. დამახასიათებელია ვიწრო ქუჩები, თიხატკეპნილი სახლები; მთიან რაიონებში ტერასებიანი განაშენიანება. ყ. შემოსაზღვრული იყო თიხისგან ნაგები კედლებით. ყოველ ქვის ღობეებით გამოყოფილ საცხოვრებელ სახლს ჰქონდა სასმელი წყლის მიწისქვეშა ჭა. თიხის ღუმელების სათბობად გამოიყენებოდა წივა. დასახლებას გააჩნდა ბაზარი, მეჩეთი და სასაფლაო. ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდა გლეხები (დეხკანე).

ყიშლაღი (თურქ.) - სოფელი შუა აზიაში.

ყორე - უკიროდ და უტალახოდ ნაგები ქვის კედელი - ზღუდე, მიჯნი.

ყორე ქვა (ყ ო რ ე) - ქვის უწესო ფორმის მსხვილი ნატეხები წიბოს სიგრძით 150...500 მმ. მიიღება კირქვის, დოლომიტის, ქვიშაქვის, გრანიტის საბადოების დამუშავებით. მისი ნაირსახეობაა რ ი ყ ი ს ქ ვ ა (წიბოს სიგრძე < 300 მმ). სიმტკიცის მიხედვით არსებობს ყ.ქ. შემდეგი სახეები: ნ ა კ ლ ე ბ ა დ მ ტ კ ი ც ე (25...100 მპა), ს ა შ უ ა ლ ო ს ი მ ტ კ ი ც ი ს (150...400 მპა) და მ ა ღ ა ლ ი ს ი მ ტ კ ი ც ი ს (> 500 მპა). ყ.ქ. გამოიყენება შენობის საძირკვლებში, მეორეხარისხოვან კედლის წყობაში, ეზოების შემოსაღობ ქვის კედლებში, საკანალიზაციო და სანიაღვრე არხებში, ჰიდრიტექნიკურ ნაგებობებში და სხვ.

ყორღანი - ტაბუთი, ტაგრუცი; სამარხი; რომელიც წარმოადგენს მიწაყრილს მის სისქეში დატანილი სამურავით, აკლდამით.

ყოში - მარცვლეულის ან ფქვილის ასაღები პატარა ნიჩაბი.

ყრილი - ნაყარი გრუნტი. არჩევენ ყ. რამდენიმე სახეს: გეგმიურად აღმართული ყ., მოცემული შემადგენლობითა და სიმკვრივით; გრუნტების და წარმოების ნარჩენების ნაყარი, რომლებიც ერთგვაროვანია შემადგენლობით და ცვალებადი - სიმკვრივით; საყრელი არაერთგვაროვანი, შემთხვევითი თვისებებით და შემადგენლობით. ნაყარები და საყრელები დაწვრილებით შესწავლის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას დასაპროექტებელი ნაგებობის ბუნებრივ საფუძვლად.

ყრუ ჩუქურთმა - არაგამჭოლი ჩუქურთმა ხის ნაკეთობის ზედაპირზე (ნახ. 1) რელიეფის აღსაქმელად მზის სხივების ან სპეციალური განათების მეშვეობით.

ყუა - 1. მჭრელი იარაღის ბლაგვი მხარე; 2. მორის გასაპობად სოლის ჩასარჭობი ხის ურო.

ყუთი - ხის, ლითონის, პლასტმასის თავღია ან თავდახურული ოთხკუთხა სათავსი, რომელსაც იყენებენ საშენი მასალების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების, სამკაულების, საკანცელარიო საგნების და მისთ. ჩასალაგებლად.

ყულფი - მარყუჟი, საკილოე; რაზის გასაყრელი რგოლი.

ყუნწი - 1. ნახვრეტი ამა თუ იმ საგანზე შიგ რისამე გასაყრელად; 2. ლითონის კაუჭი კარის მისაბმელად ჩარჩოზე; 3. დანის, ცულის, წალდის, ცელის და მისთ. წვეტიანი ღერო ან გამჭოლი სალტე ტარის დასაგებად.

ყურე - 1. აფრა, პანდატივი; სფერული სამკუთხედის ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც იძლევა სწორკუთხა ფუძიდან გუმბათოვან გადახურვისაკენ გადასვლის საშუალებას; 2. ხმელეთში შეჭრილი ოკეანის, ზღვის ან მდინარის ნაწილი.

შაბაქი (თურქ.) - 1. ულურსმოდ (კოტებით) შეერთებული ელემენტებისაგან დამზადებული გეომეტრიულსახიანი გისოსი აღმოსავლეთის არქიტექტურაში; 2. გულბაღი; ხეზე ჭრით დამუშავებული აივნის ტიმპანი.

შაბერი - 1. საზეინკლო იარაღი, ცალი მხრიდან წამახვილებული, სწორკუთხა ან სამკუთხა ფოლადის ძელაკის ფორმის, სახელურით. გამოიყენება ზედაპირების ძალიან წმინდად დასამუშავებლად; 2. პნევმატური ან ელექტრული ამძრავის მქონე ხელის მანქანა, რომელშიც მრუდხარა-ბარბაცა მექანიზმის გადატანითი მოძრაობა გარდაიქმნება შ. ბრუნვით მოძრაობაში.

შაბლონი (გერმ.) - 1. ნიმუში, რომლის მიხედვითაც ამზადებენ ერთნაირ ნაკეთობებს; 2. მოწყობილობა მზა ნაწარმის ფორმის შესამოწმებლად; 3. ერთხელ და სამუდამოდ მიღებული ნიმუში, რომელსაც ბრმად ბაძავენ; ტრაფარეტი, შტამპი; 4. არქიტექტურული დეტალის ნატურალური სიდიდის ნახაზი.

შადრევანი (სპარს.) - სარაჯი; დეკორაციული ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს წყლის მაღლა ატყორცნილ ჭავლის ან ჩამდინარე ნაკადის ფუძეს და მოჩარჩოებას.

შავი ლითონები - რკინისა და რკინის შენადნობების ტექნიკური სახელწოდება. შ.ლ.: ფოლადი, თუჯი, ფროშენადნობები (სილიკომანგანუმი, სილიკოკალციუმი, ლითონური მანგანუმი, ლითონური ქრომი, კრისტალური სილიციუმი და სხვ.).

შავი მეტალურგია - მძიმე მრეწველობის დარგი, რომელიც მოიცავს თუჯის, ფოლადის წარმოებას, შავი ლითონებისა და მათი შენადნობების ცხელ და თერმულ დამუშავებას.

შალაშინი (თურქ.) - ხის პირის მოსასწორებელი სადურგლო (სახუროე) ხელის იარაღი, რომელიც მზადდება მერქნის (ნახ. 1) ან ლითონისაგან. შუა ნაწილში ამოღებული აქვს ბუდე მჭრელი დანის ჩასასმელ-ჩასამაგრებლად.

შალე (ფრანგ.) - 1. შვეიცარიის მთებში - პატარა სოფლური სახლი; 2. პატარა აგარაკი.

შამოტი - ცეცხლგამძლე გამომწვარი დაქუცმაცებული თიხა.

შამოტის ნაკეთობა - მიიღება ცეცხლგამძლე თიხით ან შამოტით დამჭლევებული კაოლინისაგან. შ.ნ. ცეცხლგამძლეობაა 1580...17500C, თბოგამტარობის კოეფიციენტი 0,149...0,418 ვტ/(მ•კ), ზოგადი სიმკვრივე 400...1000 კგ/მ3.

შანდალი - საბაზე, სასანთლე, სანთლის დასამაგრებელი არმატურა.

შანდორი - ლითონის, რკინაბეტონის ან ხის კოჭი, რომელიც გამოიყენება ასეთ წყალგამშვები ნახვრეტების გადასაკეტად ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, სარწყავ, დასაშრობ, გამწყლოვანებელ და სხვა სისტემებში.

შანთი - ძვ. ცხელი რკინა.

შაოლინის მონასტერი - ჩინეთში მთა შაოშიზე მდებარე მონასტერი (ნახ. 1). შ.მ. მთის ფერდობზე ისეა აგებული, რომ ყოველი მომდევნო შინა ეზო წინამდებარეზე მაღლაა გაშენებული. მსგავსი ნაგებობა ბუდისტური მონასტრებისთვისაა დამახასიათებელი და განვითარების შემდგომ საფეხურზე ასვლის სიმბოლოა. ერთი შეხედვით შაოლინი ციხე-სიმაგრეს წააგავს, რომლის მიღმაც სავარჯიშო დარბაზები და  ბერების სენაკებია განთავსებული. ისტორიული წყაროების თანახმად, წმინდა მთის ფერხთით გაშენებული მონასტერი დენ-ბუდიზმის მიმდევარმა ინდოელმა ბერმა ბოდჰიდჰარმა, V საუკუნეში დააარსა. სწორედ ბოდჰიდჰარმას მოსწავლეებმა შექმნეს უშუს ორთაბრძოლის უნიკალური სისტემა, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია პოპულარული. დროთა განმავლობაში შაოლინულინური ორთაბრძოლის სისტემა უფრო სრულყოფილი გახდა. სპეციალისტთა აზრით სწორედ ამან დაუდო საფუძველი იაპონურ კარატესა და ჩინურ ტაიკვანდოს. შ.მ. კულტურის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

შაორის წყალსაცავი - წყალსაცავი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ქვაბულში.

შაპიტო (ფრანგ.) - ბრეზენტის კარავი, სადაც საცირკო წარმოდგენები იმართება; მოძრავი ცირკი, რომელიც წარმოდგენებს ასეთ კარავში მართავს.

შარა (არაბ., სპარს.) - "დიდი გზა საურმე" (დ. ჩუბინაშვილი), იგივეა, რაც შარაგზა.

შარდოვანა (კარბამიდი) - ქიმიური შენაერთი (ნახშირმჟავას დიამიდი) თეთრი კრისტალების სახით, რომელიც ადვილად იხსნება წყალში, ეთანოლში, თხევად ამიაკში, გოგირდის ანჰიდრიდში. შ. წლიური წარმოება მსოფლიოში შეადგენს 100 მლნ. ტონას. გამოყენების ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა (აზოტოვანი სასუქები). მშენებლობაში ადგეზიტების სახით გამოიყენება მერქანბოჭკოვანი ფილების და ფანერის წარმოებაში. კარგი მასალაა აგრეთვე თბოელექტროსადგურების და ნაგვის გადასამუშავებელი ქარხნების საკვამლე მილების, საბოილეროების, შიდაწვის ძრავების გასაწმენდად; იხმარება თეფშების, ფუჟერების, ჭიქების, ელექტროარმატურის დასამზადებლად; საფუძველია ცეცხლგამძლე ემალებისა, რომლებსაც იყენებენ მოსაპირკეთებელი ფილების, სამზარეულოს ჭურჭლის, მაცივრების და სხვათა ზედაპირული დაფარვისათვის. ფართოდ გამოიყენება ფისების წარმოებაში (შარდოვანაფორმალდეჰიდი, შარდოვანამელამინფორმალდეჰიდი და სხვ.).

შასი (ლათ., ყუთი, სათავსი) – სატვირთო ავტომობილი ძარის გარეშე (მარტო მძღოლის ჯიხურით), რომლის ბაზაზეც მზადდება სპეციალიზებული (თვითმცლელი, ცისტერნა, ფურგონი) ან სპეციალური (ავტო ამწე, სახანძრო მანქანა) ავტომობილები.

შახნიშანი (სპარს.) - ახლო აღმოსავლეთის სასახლეებში მოწყობილი ღრმა ნიში, რომელშიაც ხშირად ტახტი იდგა.

შახრასტანი (სპარს.) - შუა აზიის ფეოდალური ქალაქის ბირთვი - ქალაქის კედლის შუა მოწყობილი ნაწილი.

შახტა გასანიავებელი - შენობის მთელ სიმაღლეზე სავენტილაციო ცხაურით დაცული სივრცე ჰორიზონტალური კვეთით 1/30 სართულის გასანიავებელი ყველა ოთახის ფართობის ჯამისა. განიავება ხდება ბუნებრივად, შენობის პირველ და ბოლო სართულებს შორის წნევათა სხვაობის ხარჯზე.

შახტი - 1. შემოზღუდული სივრცე, რომელიც ვრცელდება შენობის ერთ ან მეტ სართულზე, და აერთებს თანმიმდევრული იატაკების, ან იატაკებისა და სახურავების, შვეულ ღიობებს; 2. სამთო მრეწველობის საწარმოო ერთეული, რომელიც აწარმოებს მიწისქვეშა სამუშაოებს სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად. მსოფლიოში ყველაზე ღრმა შ. მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში და ინდოეთში, რომელთა სიღრმე აჭარბებს 3 კმ-ს.

შახტის შემომზღუდავი - კედლები ან კონსტრუქცია, რომელიც ქმნის შახტის საზღვრებს.

შებრუნებული ნიჩაბი (უკუნიჩაბი) - ერთციცხვიანი (ერთჩამჩიანი) ექსკავატორის მოწყობილობა მცირე ქვაბულებისა და თხრილების ამოსაღებად, რომელიც ჩვეულებრივ მდებარეობს იმ მოედნის ქვეშ, რომელზეც ის იმყოფება. ამგვარ ექსკავატორს ციცხვი მიმართული აქვს მანქანისკენ და მუშაობს “თავისკენ“.

შებრუნებული ტრიგონომეტრიული ფუნქციები - ტრიგონომეტრიული ფუნქციების შებრუნებული ფუნქციები. ჩვეულებრივ განიხილავენ შემდეგ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს Arcsin x (არკსინუს იქსი) – sin x-ის შებრუნებული ფუნქცია; Arccos x (არკკოსინუს იქსი) – cos x-ის შებრუნებული ფუნქცია; Arctg x (არკტანგეს იქსი) – tg x-ის შებრუნებული ფუნქცია; Arcctg x (არკკოტანგენს იქსი) ctg x -ის შებრუნებული ფუნქცია. ტრიგონომეტრიულ ფუნქციათა პერიოდულობის გამო შებრუნებულ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს გააჩნიათ მრავალი მნიშვნელობა. ყველა შესაძლო მნიშვნელობიდან გამოყოფენ მთავარ მნიშვნელობას და მთავარ ტოტებს; ისინი აღინიშნება როგორც arcsin x, arccos x, arctg x, arccctg x.

შებრუნებული ფუნქცია - ფუნქცია, რომელიც შეაბრუნებს მოცემული ფუნქციით გამოსახულ დამოკიდებულებას. თუ მოცემულია ფუნქცია y = f(x), მაშინ შებრუნებული ფუნქცია იქნება x = f(y). მაგ., თუ y = kx+b (k ≠0), მაშინ შებრუნებული ფუნქცია იქნება x = (y-b)/k; თუ y = ex, მაშინ შებრუნებული ფუნქცია იქნება x = ln y.

შედგენილობა - 1. რაიმე მთლიანში შემავალი ელემენტების ერთობლიობა; 2. რაიმე ნარევისაგან მიღებული ნივთიერება.

შედეგი - 1. რაიმე პროცესის, მოვლენის მომდევნო რამ, დასკვნითი (ბოლო) საფეხური; 2. რაც მიიღება რაიმე მოქმედების შემდეგ, რასაც მიაღწიეს.

შედევრი (ფრანგ.) - სანიმუშო ნაწარმოები - ხელოვნების, ოსტატობის უდიდესი მიღწევა.

შედუღება - ლითონის კონსტრუქციული ელემენტების, მანქანის ნაწილების, ნაგებობების დაუშლელი შეერთების მიღების პროცესი ატომთშორისი კავშირების დამყარებით შესაერთებელ ნაწილებს შორის, რაც მიიღწევა მათი ადგილობრივი გახურებით, პლასტიკური დეფორმაციით ან ორივეს ერთდროული მოქმედებით. შედუღებით აერთებენ ლითონის, კერამიკულ, პლასტმასის, შუშის, ბიოლოგიური ტყავისა და სხვ. ერთგვაროვანი ან არაერთგვაროვანი მასალის დეტალებს. გამოყენებული ენერგიის სახისა და მეთოდის მიხედვით არსებობს შედუღების 60-ზე მეტი ხერხი.

შედუღება აბაზანური - შედუღების პროცესი რკ.ბ.-ის კონსტრუქციების დიდი დიამეტრის (20...100 მმ) არმატურის ნაკეთობების პირაპირა შედურებისათვის სპეციალური აბაზანების მეშვეობით (ნახ. 1). ჰორიზონტალური ღეროების შესადუღებლად გამოიყენება ფოლადის ფორმა, რომელსაც მიადუღებენ არმატურის ღეროებს შეპირაპირებულ ადგილზე და ელექტრორკალის სითბოთი ქმნიან გადნობილი ლითონის აბაზანას რკალის უწყვეტი შეთბობით. აბაზანის ლითონის სითბოთი შესადურებელი ღეროების ტორსები დნება და გაცივებისას წარმოიქმნება შენადუღი შეერთება. შ.ა. გამოირჩევა შესრულების სიმარტივითა და საიმედოობით, განსაკუთრებით მონოლითური სვეტების გრძივი მუშა არმატურების სიგრძეში წასაზრდელად (ნახ. 2).

შედუღება ავტომატური - ელექტროშედუღების სახეობა, რომელიც წარმოებს ფლუსის ქვეშ სპეციალური გადასაადგილებელი დანადგარის მეშვეობით.  შედუღების ყველა ოპერაციას ასრულებს დანადგარი (ავტომატი). ხასიათდება მაღალი მწარმოებლობით, შრომისნაყოფიერებით და ხარისხით. ფლუსის ქვეშ შ.ა. ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, განსაკუთრებით ფოლადის მსხვილსერიული კონსტრუქციების, მილსადენების, რეზერვუარების, გაზგოლდერების და სხვ. დასამზადებლად. შედუღების საწარმოებლად იყენებენ ერთ ან მრავალელექტროდიან ავტომატებს.

შედუღება აირული - შედუღების სახეობა, რომელიც წარმოებს აირების (აცეტილენის, წყალბადის, პროპანის, ბენზოლის, ბუტანის, კოქსის აირის, კარბიდის აირის, ბენზინის, ნავთის ორთქლისა და სხვ.) გამოყენებით. ლითონის ნაკეთობის ზედაპირის გადნობა ხდება ალით, რომელიც მიიღება ჟანგბადის ჭავლში ასეთი აირის დაწვით, რაც იძლევა ძალიან მაღალ ტემპერატურას (2000…31500C). პრაქტიკაში ყველაზე ფართედ გამოიყენება აცეტილენი და კალციუმის კარბიდის აირი. ალი შეიძლება იყოს მჟანგავი, ნეიტრალური ან აღდგენითი, რაც რეგულირდება მუშა აირისა და ჟანგბალის თანაფარდობით. ბოლო პერიდში აცეტილენის ნაცვლად წარმატებით გამიყენება საწვავის ახალი სახეობა - შეკუმშული მეთილაცეტილენ-ალენური ფრაქცია, რომელიც უზრუნველყოფს შედუღების სიჩქარეს და ნაკერის მაღალ ხარისხს, ოღონდ საჭიროებს მისართ მავთულს მარგანეცისა და სილიციუმის შემცველობით. ის 2...3-ჯერ იაფია აცეტილენთან შედარებით და ადვილი გადასატანია. დიდ ინტერესს იწვევს შ.ა. დიციანის აირი, რომელსაც აქვს წვის ძალიან მაღალი ტემპერატურა (45000C), თუმცა მის ფართედ გამოყენებას ხელს უშლის ტოქსიკურობა. აირული შედუღების მომავალ პროგრესში ყურადსაღებია თხევადი საწვავის - აცეტილენდინიტრილის და მისი ნახშირწყალბადთან ნარევის გამოყენება, რომელიც გამოირჩევა წვის მაღალი ტემპერატურით (50000C-მდე), თუმცა მისი გამოყენება შეზღუდულია მაღალი ფასის გამო. აირით შედუღებისას აღძრული საშიში და მავნე ფაქტორებია: საწვავი აირის აფეთქება, ჟანგბადის ბალონის აფეთქება, კალციუმის კარბიდიანი დოლის აფეთქება, სანთურის ალით და გამდნარი ლითონის შხეფებით დამწვრობა, სანთურის ალის გამოსხივებით მხედველობის დაზიანება, მავნე აირებით მოწამვლა, ხმაური და სხვ.

შედუღება აკუმულირებული ენერგიით - იმპულსური კონტაქტური შედუღება, როდესაც შედუღებისათვის გასახურებლად საჭირო ენერგია ხანგრძლივი დროის განმავლობაში გროვდება ელექტროკონდენსატორებში.

შედუღება არგონრკალური - ელექტრორკალური შედუღება ვოლფრამის ელექტროდის გამოყენებითა და გარე დამცავად რკალის ზონაში შებერილი ინერტული გაზით - არგონით (ან ჰელიუმით). სრულდება ხელით, ავტომატურად ან ნახევრად ავტომატურად, მისართი მავთულით ან მის გარეშე. ელექტროდი შეიძლება იყოს დნობადი ან უდნობი (ვოლფრამის). არგონი პრაქტიკულად არ შედის ქიმიურ რეაქციაში გამდნარ ლითონთან და ელექტრორკალის ზონაში არსებულ სხვა გაზებთან. რადგანაც არგონი 38%-ით მძიმეა ჰაერთან შედარებით, ამიტომ ის ჰაერს აძევებს შედუღების ზონიდან და იზოლაციას უკეთებს შედუღების აბაზანას ატმოსფეროსაგან. ძირითადად გამოიყენება ფერადი ლითონებისა და ლეგირებული ფოლადის ელემენტების შესადუღებლად. ს.ა. უარყოფითი მხარეა დაბალი წარმადობა.

შედუღება აფეთქებით - შედუღების მეთოდი, რომელიც ეფუძნება აფეთქების ენერგიის გამოყენებას. მისადუღებელი (სასროლი) დეტალი ყენდება რაღაც α კუთხით (ნახ. 1, აფეთქებით შედუღების სქემა: 1- უძრავი დეტალი  (სამიზნე); 2 - მოძრავი  დეტალი (სასროლი); 3 - საყრდენი ფილა; 4 - მუხტი; 5 - დეტონატორი) უძრავ დეტალთან (სამიზნე) მიმართებაში. აფეთქების შედეგად დეტალების ერთმანეთზე მირტყმით ჩნდება ლითონის კუმულაციური ჭავლი (იხ. კუმულაციური ეფექტი), რომელიც ვრცელდება დეტალის ზედაპირზე, რის შედეგადაც მიმდინარეობს ორივე დეტალის ერთობლივი პლასტიკური დეფორმაცია და ისინი შედუღდება. შ.ა. დროს ასაფეთქებელ ნივთიერებად ყველაზე ხშირად იყენებენ ა მ ო ნ ი ტ ს.

შედუღება გორგოლაჭოვანი - კონტაქტური შედუღების სახეობა, როდესაც უწყვეტი ნაკერი სპილენძის (ან სპილენძის შენადნობის) გორგოლაჭების გამოყენებით მიიღება, რომლებიც ელექტროდენის საკონტაქტო ფუნქციას ასრულებენ და ერთდროულად უზრუნველყოფენ შესაერთებელი ელემენტების გადაადგილებას ბრუნვითი მოძრაობის ხარჯზე. გამოიყენება თხელი, ფურცლოვანი, ადვილდნობადი ლითონის მასალების შესადუღებლად.

შედუღება დამცავ აირებში - შედუღების სახე, როდესაც რკალის არეში მიეწოდება დამცავი აირი, რომლის ჭავლი გარსშემოედინება რა ელექტრულ რკალსა და შედუღების აბაზანას, იცავს გამდნარ ლითონს ატმოსფერული ჰაერის, დაჟანგვისა და დააზოტებისაგან.

შედუღება დიფუზური - შედუღების სახეობა, როცა შედუღება ხორციელდება დიფუზიის (მაღალი ტემპერატურის პირობებში შესადუღებელი ელემენტების ატომების ურთიერთშერევა) მეშვეობით. შედუღება მიმდინარეობს ვაკუუმ-კამერაში ტემპერატურით 8000C-მდე. შესაძლებელია ვაკუუმის ნაცვლად გამოვიყენოთ ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დამცავი გარემოც. შ.დ. მოსახერხებელია შეერთებების განსახორციელებლად სხვადასხვა ლითონისაგან, რომლებიც განსხვავდება ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით (მაგ., ფენოვანი კონსტრუქციები, კომპოზიტური მასალები და სხვ.).

შედუღება დნობით - შედუღება, რომელიც ხორციელდება ლითონის ადგილობრივი შედნობით შედუღების ზონაში მისართი მასალის მიწოდებით ან მიწოდების გარეშე, წნევისაგან დამოუკიდებლად.

შედუღება ელექტროკონტაქტური - შედუღების სახეობა, როდესაც შესაერთებელი ელემენტების გაცხელება-დნობის და შედუღების პროცესი ელექტროკონტაქტების მეშვეობით, გარე სადნობი მასალის მიწოდების გარეშე სრულდება. შ.კ. მეთოდებია: პირაპირა, წერტილოვანი, გორგოლაჭოვანი, რელიეფური და სხვ.

შედუღება ელექტრორკალური - შედუღების სახეობა, რომელიც წარმოებს ელექტროდსა და შესადუღებელ დეტალს შორის წარმოქმნილი ელექტრული რკალით. . შედუღების ელექტრორკალი ადნობს ლითონის ელექტროდის ღეროს და ნაკეთობას. ელექტროდის გამდნარი ლითონი წიდასთან ერთად ერევა ნაკეთობის ლითონში, წიდა ამოტივტივდება ზედაპირზე. ელექტრორკალის ჩაქრობის შემდეგ ლითონი განიცდის კრისტალიზაციას და წარმოქმნის შედუღების ნაკერს. პროცესის დამთავრებისას ნაკერის ზედაპირზე წარმოიქმნება გაციებული წიდის ფენა, რომლის მოშორება ხდება ხელით (ჩაქუჩით ან რკინის საგნით). შედუღების ნაკერის ხარისხის მახასიათებელია ნაკერის თანაბარი საპროექტო სიმაღლე მთელ სიგრძეზე. შედუღებისათვის გამოიყენება როგორც ცვლადი, ისე მუდმივი დენი. შ.ე. შეიძლება შესრულდეს ხელით, ნახევრად ავტომატურად და ავტომატურად.

შედუღება ელექტროსხივური - შედუღების სახეობა, სადაც სითბოს წყაროა ელექტრული სხივი, რომელიც მიიღება ელექტრული ზარბაზნის კათოდის თერმოელექტრული ემისიით. შედუღება მიმდინარეობს ვაკუუმ-კამერაში მაღალი ვაკუუმის (10−3...10−4 პა) პირობებში. ცნობილია აგრეთვე შედუღების ტექნოლოგია ელექტრული სხივით ატმოსფერულ პირობებში ნორმალური წნევის დროს, როცა ელექტროსხივი ტოვებს ვაკუუმის სივრცეს და იქვე უშუალოდ ეცემა შესადუღებელ დეტალებს. შ.ე. უზრუნველყოფს სითბოს კონცენტრაციას ნაკეთობის ზედაპირზე და სიღრმეში. ცხელი ლაქის დიამეტრია 0,0002-დან 5 მმ-მდე, რაც საშუალებას იძლევა ერთი გავლით შევადუღოთ ლითონები სისქით 0,2...20 მმ. ამ მეთოდით შესაძლებელია შევადუღოთ ძნელად დნობადი ლითონები (ვოლფრამი, ტანტალი და სხვ.), კერამიკა და ა.შ., აგრეთვე მივაღწიოთ ქიმიურად აქტიური მეტალებისა და შენადნობების (ნიობიუმი, ცირკონიუმი, ტიტანი, მოლიბდენი) შედუღებით შეერთების უმაღლეს ხარისხს. უარყოფითია ის, რომ ვაკუუმ-კამერაში ნაკეთობის მოთავსების შემდეგ ვაკუუმის შექმნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

შედუღება ელექტროწიდური - შედუღების სახეობა, რომელიც წარმოებს შესადუღებელ ზედაპირებს შორის მოთავსებული ფლიუსით - წიდით. ელექტროდენის გატარებით გაცხელებული წიდა ადნობს შესადუღებელ ელემენტებს და მისართ მავთულს. შ.ე. გამოიყენება სქელკედლიანი ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერების გასაკეთებლად.

შედუღება თერმიტული - შედუღება გამდნარი ლითონით, რომელიც მიმდინარეობს ქიმიური რეაქციის პროცესში გამოყოფილი მაღალი ტემპერატურის მეშვეობით (სითბოს დიდი რაოდენობით). ამ ტიპის შედუღების ძირითადი კომპონენტია თერმიტული ნარევი.

შედუღება კონტაქტური - ელექტროშედუღების სახეობა, როდესაც ლითონის ელემენტების შედუღება კონტაქტური წესით წარმოებს ანუ ელექტრორკალი შესაერთებელი საგნების გარკვეულ წერტილებში იქმნება. ამიტომ შედუღებას წერტილოვანი სახე აქვს და თხელი ლითონის ფურცლების შესადუღებლად გამოიყენება (ლითონის მსუბუქი კარკასები, ავტომანქანის ძარები და სხვ.).

შედუღება კონტროლირებად ატმოსფეროში - რკალური შედუღება სპეციალურ ჰერმეტულ კამერებში, რომელშიც შექმნილია ვაკუუმი ან შევსებულია მაკონტროლებელი შედგენილობის აირით.

შედუღება ლაზერული - შედუღების სახეობა, სადაც სითბოს წყაროა ლაზერის სხივი (ნახ. 1). ასეთი ხერხით მიღებული შედუღების ნაკერი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, შესადუღებელ ელემენტებში არ ჩნდება ბზარი, რადგან შედუღების პროცესი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, ენერგიის დიდი კონცენტრაციის პირობებში და ტემპერატურის ლოკალიზაციით ნაკერის გასწვრივ. შ.ლ. ხდება ჰაერზე ყოველგვარი დამცავი გარემოს გარეშე, რაც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ დიდგაბარიტიანი სამშენებლო კონსტრუქციების შედუღება საქარხნო პირობებში თუ ობიექტზე. ლაზერული სხივი ადვილად იმართება და რეგულირდება, ტრასპორტირებადია სარკეების ოპტიკური სისტემით და მისაწვდომია კონსტრუქციის ყველაზე მოუხერხებელ და ძნელად მისადგომ ადგილებში შედუღების საწარმოებლად. მასზე არ მოქმედებს მაგნიტური ველი, რაც უზრუნველყოფს შედუღების ნაკერის სტაბილურ ფორმირებას. სხივის მისაღებად გამოიყენება ნებისმიერი სახის ლაზერული დანადგარი.

შედუღება მაღალსიხშირული - შედუღების ხერხი, რომლის დროს შესადუღებელი დეტალების ნაწიბურებს აცხელებენ მაღალი სიხშირის დენით, ხოლო შემდეგ დეტალებს ამჭიდროებენ. ინდუქციური ხერხის გამოყენებისას დენი მიეწოდება ინდუქტორის საშუალებით (ნახ.1, ლითონის მილების ინდუქციური ხერხით შედუღების სქემა: 1 - მილი; 2 - ინდუქტორი; 3 - გულარი; 4 - მომჭერი გორგოლაჭები), ხოლო კონტაქტური ხერხის გამოყენებისას - კონტაქტების საშუალებით (ნახ. 2, ლითონის მილების კონტაქტური ხერხით შედუღების სქემა: 1 - მილი; 2 - მოსრიალე კონტაქტები; 3 - გულარი; 4 - მომჭერი გორგოლაჭები). შ. მ. წარმატებით გამოიყენება ლენტისაგან მილების და სხვა მასიური ნაკეთობების დასამზადებლად. შედუღების ნაკერის წარმოქმნის სიჩქარე შეიძლება იყოს წუთში 50 მ-მდე.

შედუღება მაღალსიხშირული დენით - შედუღების სახეობა, სადაც სითბოს წყაროა მაღალსიხშირული დენი, რომელიც გადის შესადუღებელ ნაკეთობებში. დენის გატარების შემდეგ ხდება ნაკეთობების ერთობლივი დეფორმაცია, გაციება და შედუღებით შეერთების ფორმირება.

შედუღება მრავალელექტროდიანი - შედუღების სახეობა, როდესაც ერთი და იმავე ნაკერზე თანმიმდევრულად რამდენიმე სხვადასხვა შემადგენლობის ელექტროდი გამოიყენება.

შედუღება ნახევრადავტომატური - შედუღების სახე, სადაც ელექტროდად გამოყენებულია განსაზღვრული მარკის ლითონის მავთული, რომელსაც დენგამტარი სატუჩის მეშვეობით მიეწოდება დენი. ელექტრორკალი ადნობს მავთულს, ხდება შედუღება და რკალის სიგრძის მუდმივობის შესანარჩუნებლად მავთული მიეწოდება ავტომატური მექანიზმით. ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დასაცავად გამოიყენება დამცავი გაზი (არგონი, ჰელიუმი, ნახშირორჟანგი და მათი ნარევი), რომელიც საელექტროდე მავთულთან ერთად სანთურით მიეწოდება შედუღების ადგილს. თუ დამცავი გარემოს შექმნის საშუალება არ არის, მაშინ გამოიყენება თვითდამცავი მავთული (ფხვნილიანი) დამცავი მიკროგარემოს შესაქმნელად. თუ დამცავი გარემო შედგება ნახშირორჟანგის გაზისაგან, მაშინ გამოიყენება შესადუღებელი მავთული, რომელშიც შედის განმჟანგველები (მარგანეცი და სილიციუმი), რადგანაც მაღალ ტემპერატურაზე ხდება ნახშირორჟანგის დისოციაცია ჟანგბადის გამოყოფით. ეს უკანასკნელი კი იწვევს ლითონის კოროზიას.

შედუღება ნახშირის ელექტროდით - ლითონის ელემენტების შედუღების სახეობა, როდესაც ნახშირის ელექტროდის მეშვეობით ხდება შესადუღებელი ზედაპირების გახურება-გადნობა, შემდგომი მათი მიდუღებით გარეშე მასალის გამოუყენებლად.

შედუღება ნახშირის რკალით - ელექტროშედუღების სახეობა, როდესაც ნახშირის ორი ელექტროდის მეშვეობით ხდება შესადუღებელი ობიექტების გახურება-დნობა და ურთიერთშედუღება გარე მასალის გარეშე. გამოიყენება დიელექტრიკული ნივთიერებების (მაგ., პლასტმასი) შედუღებისას.

შედუღება ნახშირორჟანგით დნობადი ელექტროდით - რკალური შედუღება დნობადი ელექტროდის გამოყენებით და გარე დაცვისათვის რკალის ზონაში შებერილი ნახშირორჟანგის აირით. დნობად ელექტროდად ძირითადად ჩვეულებრივი საშემდუღებლო მავთული გამოიყენება.

შედუღება ნახშირორჟანგით ნახშირის ელექტროდით - რკალური შედუღება ნახშირის ელექტროდის გამოყენებით და გარე დაცვისათვის რკალის ზონაში შებერილი ნახშირორჟანგით აირით. შედუღება შეიძლება განხორციელდეს ხელით, ავტომატურად ან ნახევრად ავტომატურად.

შედუღება ორბიტული - ხახუნის ან ავტომატური ელექტრორკალური შედუღების სახეობა (დამოკიდებულია იმაზე, შესადუღებელი მილი ბრუნავს თუ არა). გამოიყენება უხვადლეგირებული ფოლადის ან ალუმინის შენადნობების სქელკედლიანი დიდი დიამეტრის მილების პირაპირების და მილტუჩების შესადუღებლად. ერთი გრძივი ღერძის მქონე შესადუღებელი მილები პირაპირში ეხება ერთმანეთს და ბრუნვის შედეგად, ხახუნის ხარჯზე, ხდება პირაპირის გახურება. მიმჭერი წნევისა და გახურების ერთდროული მოქმედება იწვევს პირაპირში მილების შედუღებას. თუ მილების ბრუნვა შეუძლებელია, მაშინ შ.ო. გამოიყენება შესადუღებელი თავი (ნახ. 1), რომელიც გადაადგილდება პირაპირის გასწვრივ წრეზე და ახორციელებს რკალურ შედუღებას მისართი მავთულით ან მის გარეშე.

შედუღება პლაზმური - შედუღების სახეობა, რომელშიც სითბოს წყარო არის პლაზმური ჭავლი ანუ შეკუმშული რკალი, რომელიც მიიღება პლაზმოტრონის მეშვეობით. ელექტრომაგნიტური ძალების ზემოქმედებით შეკუმშული და აჩქარებული პლაზმის ჭავლი ნაკეთობაზე ახდენს თერმულ და აირდინამიკურ ზემოქმედებას. შედუღების გარდა ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება დანადუღის, დაფქვისა და ჭრის ტექნოლოგიურ ოპერაციებში.

შედუღება რელიეფური - ელექტროშედუღების სახეობა, რომელიც წარმოებს შესაერთებელი, რელიეფური ზედაპირის მქონე, დეტალების ერთდროულად ერთ ან რამდენიმე წერტილში ან შეხების მთელ ფართობზე. საშემდუღებლო ტრანსფორმატორიდამ მიწოდებული ელექტროდენით გარკვეულ ტემპერატურამდე გახურების შემდეგ, ჩაჭერის ძალვის მოქმედებით, ყველა რელიეფი ერთდროულად დაიწევს, გაბრტყელდება, ნაწილობრივ გადნება და წარმოქმნის წერტილოვანის ანალოგიურ შენადუღ შეერთებას. რელიეფური შედუღება კლასიფიცირდება რელიეფების ფორმისა და დამზადების მეთოდის მიხედვით (წრიული, მოგრძო, რგოლური, მსხვილწახნაგოვანი და სხვ).

შედუღება საკეტით - რკალური ცალმხრივი შედუღება მთლიანი გადნობით, როდესაც რომელიმე ერთ შესაერთებელ ელემენტს უკეთდება თარო, რომელიც შემდგომ ფოლადის სადების როლს ასრულებს.

შედუღება სპირალური - ელექტროშედუღების სახეობა, როდესაც შედუღების ნაკერი სპირალურადაა განლაგებული შესადუღებელ სხეულებზე. ძირითადად გამოიყენება დიდი დიამეტრის მილების დამზადებისას.

შედუღება უდნობი ელექტროდით - შედუღების სახე, სადაც ელექტროდად გამოყენებულია გრაფიტის ან ვოლფრამის ღერო, რომლის დნობის ტემპერატურა მეტია ელექტროდის გახურების ტემპერატურაზე შედუღების პროცესში. შედუღების ნაკერის და ელექტროდის დასაცავად ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან, აგრეთვე ელექტრორკალის ანთების მდგრადობისათვის შედუღების პროცესი მიმდინარეობს ინერტული დამცავი გაზის (არგონი, ჰელიუმი, აზოტი ან მათი ნარევი) გარემოში. შედუღება შეიძლება ვაწარმოოთ მისადუღი მასალის (ლითონის მავთული, შესადუღებელი მასალისაგან დამზადებული წვრილი წნელი) ან მის გარეშე.

შედუღება ულტრაბგერით - შედუღების სახეობა, როცა შედუღება ხორციელდება ლითონის ნაკეთობების ატომების დაახლოებით ატომთშორისი ძალების მოქმედების მანძილზე ულტრაბგერითი რხევების ენერგიის ხარჯზე. მიუხედავად გამოყენებული აპარატურის მაღალი ფასისა, შედუღების ეს სახე ფართედ არის გავრცელებული მიკროსქემების (გამტარების შედუღება კონტაქტური ფართობებით), პრეციზიული ნაკეთობებისა და მეტალების არამეტალებთან შეერთებების წარმოებაში.

შედუღება ფლიუსის ქვეშ - შედუღების სახე, სადაც ლითონის ელექტროდის ბოლო მიეწოდება შედუღების ადგილს ფლიუსის ფენასთან ერთად. ელექტრორკალის ანთება ხდება აირულ ბუშტში, რომელიც მოთავსებულია შესადუღებელ ლითონსა და ფლიუსს შორის, რითაც უმჯობესდება ლითონის ზედაპირის დაცვა ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან და იზრდება გამდნარი ლითონის სიღრმე.

შედუღება ცივი - ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ლითონების შეერთება რეკრისტალიზაციის მინიმალური ტემპერატურის ქვევით. შედუღება ხდება მექანიკური ძალის ზემოქმედებით შესადუღებელი ლითონების პირაპირის ზონაში გაჩენილი პლასტიკური დეფორმაციის მეშვეობით ანუ ორი ელემენტის ერთმანეთზე მიწნეხით. პროცესის დაწყებამდე აუცილებელია ზედაპირების კარგი გაწმენდა. შეერთების სიმტკიცე დამოკიდებულია კუმშვის ძალასა და შესადუღებელი დეტალების დეფორმაციის მაჩვენებელზე. შ.ც. გამოიყენება ალუმინის, სპილენძის, ტყვიის, თუთიის, ნიკელის, ვერცხლის, კადმიუმის, რკინისა და სხვ. მეტალების ნაკეთობების შესაერთებლად, აგრეთვე ისეთი ლითონების შესაერთებლად, რომლებიც მგრძნობიარეა სითბოს მიმართ და გაცხელებისას წარმოქმნიან ინტერმეტალიდებს.

შედუღება წერტილოვანი - კონტაქტური ელექტროშედუღების სახეობა, როდესაც შესადუღებელი ორი ან მეტი ლითონის ფურცელი იკუმშება მექანიკური ძალით - მიმჭერი ელექტროდებით, რომლებიც მიერთებულია შესადუღებელი ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილთან. დენის ჩართვისას ხდება ელექტროდებით ფურცლების ინტენსიური ადგილობრივი გახურება - ჩაჭერილ უბნებზე და მათ მომიჯნავე ზონებში. შედუღების წრედში დენი აღწევს ათეულობით კილოამპერს, ხოლო ძაბვა რამდენიმე ვოლტს. შედუღების პროცესი გრძელდება ცენტრალურ, ყველაზე გახურებულ ზონაში, ლითონის გადნობამდე, რის შემდეგაც დენს გამორთავენ და გარკვეული დროის შემდეგ იხსნება მკუმშავი ძალა. გაცივების შემდეგ წარმოიქმნება დეტალების ადგილობრივი შეერთება წრიული შენადუღი წერტილის სახით. ერთდროულად შესადუღებელ წერტილთა რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ ერთ-, ორ- და მრავალწერტილოვან შედუღებას.

შედუღება წნევით - შედუღების სახეობა, როდესაც ლითონის ორი ზედაპირის კონტაქტით მაღალი წნევის ქვეშ, ხორციელდება პლასტიკური დეფორმაცია, რის შედეგადაც წარმოიქმნება შეერთება (ლითონის ატომების ურთიერთქმედებით). შედუღების ხარისხი დამოკიდებულია მოდებული ძალვების სიდიდეზე, შესაერთებელი ზედაპირების მომზადებაზე და ლითონების დეფორმადობაზე. წნევით შედუღების გამოყენებით შესაძლებელია შევაერთოთ ლითონი ლითონთან, ლითონი ნახევარგამტართან, კერამიკასთან, პლასტმასთან და სხვ.

შედუღება წყალქვეშა - ლითონების აირჟანგბადური, ელექტრორკალური, ელექტროჟანგბადური და პლაზმური შედუღება და ჭრა, რომელიც წყლის ქვეშ ხორციელდება. არსებობს მისი 4 ძირითადი მეთოდი: შედუღება მშრალ სიღრმულ კამერაში (ჰიდროშედუღება), სამუშაო კამერაში (საყვინთი ზარხუფი), პორტატულ მშრალ ბოქსში და სველი შედუღება. ამათგან პირველი სამი მეთოდი (მშრალი მეთოდები) დაკავშირებულია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან (მოითხოვს დამხმარე გემსა და მცურავ ამწეს), ამიტომ პრაქტიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული წყალქვეშა შედუღების სველი მეთოდი სპეციალურად მომზადებული მყვინთავების დახმარებით.

შედუღება წყლის ორთქლით - ჭედვით შედუღების განსაკუთრებული სახე, რომლის დროსაც შესადუღებელი ნაკეთობის ალქმედ ღუმელებში გამოყენებულია წყლის ორტქლით გახურება, რომელიც ჰაერთან ერთად იწვის აირის სანთურებში მიწოდებით.

შედუღება ჭედვით - წნევით შედუღება, რომლის დროსაც შესაერთებელი ნაწილები ალქმედ ღუმელებში განიცდის დნობის ტემპერატურამდე საერთო გახურებას, რის შემდეგაც ხორციელდება გამოჭედვით მათი პლასტიკური დეფორმაცია. შ.ჭ. ძირითადად დაბალნახშირბადიანი ფოლადებისათვის გამოიყენება.

შედუღება ხახუნით - შედუღების სახეობა, რომელშიც სითბოს წყაროა ორი ზედაპირის ხახუნით წარმოქმნილი ტემპერატურა. პროცესის მიმდინარეობა შემდეგია: სპეციალურ მოწყობილობაზე (ხახუნით შედუღების მანქანა) შესადუღებელი ერთი დეტალი მაგრდება მბრუნავ ვაზნაში, მეორე - უძრავ სუპორტში, რომელსაც ღერძის გასწვრივ გადაადგილების საშუალება აქვს. ვაზნაში ჩამაგრებული დეტალი იწყებს ბრუნვას, ხოლო სუპორტში ჩამაგრებული დეტალი გადაადგილდება პირველისაკენ და საკმაოდ დიდი წნევით მიებჯინება მას. ბრუნვის შედეგად დეტალების ზედაპირები მოიცვეთება და ერთმანეთს მიუახლოვდება მანძილზე, რომელიც შეესაბამება ატომის ზომებს. მუშაობას იწყებს ატომური კავშირები (წარმოიშობა და იშლება ატომური ღრუბელი), რომლის შედეგად ჩნდება თბური ენერგია, რომელიც ახურებს ნამზადების ბოლოების ლოკალურ ზონას ჭედვის ტემპერატურამდე. საჭირო პარამეტრების მიღწევის შემდეგ ვაზნას მყისიერად აჩერებენ, ხოლო სუპორტი გარკვეული დროით აგრძელებს დაწოლას პირველ დეტალზე. შედეგად წარმოიქმნება უღვევი შეერთება. გამოიყენება საავტომობილე, ელექტროტექნიკურ, საავიაციო, კოსმოსურ, ქიმიურსა და სამშენებლო (ნახ. 1, 36 მმ დიამეტრის არმატურების შედუღება სიგრძეში წასაზრდელად) მრეწველობაში. გამოირჩევა მობილურობითა და ეკონომიურობით (ელექტროენერგიის ხარჯი 9-ჯერ ნაკლებია კონტაქტურ შედუღებასთან შედარებით), თუმცა მოითხოვს ძვირადღირებულ აპარატურას და შესადუღებელი დეტალების ზომებიც 250 მმ-მდეა შეზღუდული. შ.ხ. შეიძლება შევადუღოთ სხვადასხვა თვისების მქონე ლითონები: სპილენძი და ალუმინი, სპილენძი და ფოლადი, ალუმინი და ფოლადი და სხვ.

შედუღება ხელით - შედუღების სახეობა, როდესაც შედუღების პროცესი უშუალოდ ხელით მიმდინარეობს, ანუ შედუღების პროცესში ელექტროდის მიწოდება ხდება ხელით.

შეერთება - ნაკეთობის დამზადების პროცესი დეტალების, კვანძების ან აგრეგატებისაგან მათი ფიზიკური გაერთიანებით (შეერთება, დაკავშირება, გადაბმა, შეკავშირება, შემჭიდროება, შეუღლება, შეთავსება, შეთანხმება, შეხამება) როგორც ერთი მთლიანის. შ. მუშაობის უნარის მაჩვენებელია სიმტკიცე, ჰერმეტულობა და ტექნოლოგიურობა. ის ასაწყობი საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილია. არსებობს შ. ორი სახეობა - დასაშლელი და დაუშლელი. დასაშლელს მიეკუთვნება: ჭანჭიკებით (ნახ. 1), ხრახნებით, სოგმანებით, წკირით, კბილა, სოლებით, კონუსური, ბუგელური, კოტათი (ნახ. 2), ნარანდით, ჭდობით, წირწკიმალებით, ლითონის დაკბილული ფირფიტებით (ნახ. 3) და სხვ., ხოლო დაუშლელს - შედუღებით, რჩილვით, წებოთი, მოქლონებით, არმირებული და სხვ. შეერთებანი.

შეერთება ანკერული - რაიმეს რაიმესთან შეერთება-დამაგრება ანკერების გამოყენებით (მაგ., კოლონის ბაზის მიმაგრება საძირკველთან ფოლადის საანკერო ჭანჭიკების გამოყენებით).

შეერთება გამონაღარით - შეერთება, როდესაც ერთი ელემენტის ბოლოზე სხვადასხვა ფორმის (მრგვალი, ელიფსური, სწორკუთხა) კოტაა მოჭრილი, ხოლო მეორეზე, მისი შესაბამისი ბუდე. ასეთი შ. შეიძლება იყოს ყრუ ან გამჭოლი.

შეერთება დეტალების - დეტალების შეკავშირება მექანიზმების, აგრეგატების, მოწყობილობების შექმნის მიზნით. განასხვავებენ მოძრავ და უძრავ შეერთებებს. უძრავი არის ორი სახის: დასაშლელი და დაუშლელი. პირველი აიწყობა ჭანჭიკებით, ქანჩებით, ხრახნებით, ხოლო მეორე - შედუღებით, მოქლონებით, მირჩილვით. უძრავი შეერთება უზრუნველყოფს დეტალების ურთიერთგანლაგების შეუცვლელობას მუშაობის პროცესში. დეტალების მოძრავი შეერთება წარმოქმნის კინემატიკურ წყვილს, მაგ., ლილვი საკისარში, ხრახნი ქანჩში და სხვა. ზოგადად, შ.დ. სახეებია: დისკური, ელასტიური, კარდანული, კბილა, მილტუჩა, მოქლონური, სახსრიანი, სოლური, ფრიქციული, ღარობული, ჭექით, ჭანჭიკებით, ხრახნული, ჰერმეტული, ჰიდრავლიკური და სხვ.

შეერთება კავით - მორების, ძელების ან ტივების შეერთების სახეობა ლითონის წვეტიანი კავების ჩაჭედებით.

შეერთება კილოთი და ქიმით - შეერთების სახეობა, როდესაც ერთი შესაერთებელი ელემენტის წახნაგში კილოა ამოღებული, მეორის წახნაგზე კი ქიმია მოჭრილი. ასეთი შეერთება ფიცრების და პარკეტის დაგებისას გამოიყენება.

შეერთება კონტაქტური - შეერთება, რომელშიც ძალვა ერთი ელემენტიდან მეორეს გადაეცემა დამუშავებული საკონტაქტო ზედაპირებით. ასეთ შეერთებებში დამატებით გამოყენებული მუშა მაკავშირებლები ასრულებს ფიქსაციის ფუნქციას და ერთდროულად წარმოადგენს ავარიულ მაკავშირებლებს ანუ ისინი მუშაობაში ებმებიან მხოლოდ კონსტრუქციის ან მისი ცალკეული დეტალების ავარიის დროს.

შეერთება ლითონის სამაგრებით - შეერთების სახე, სადაც შესაერთებელი ელემენტები ერთმანეთს უერთდება სხვადასხვა ფორმის ლითონის სამაგრების გამოყენებით. მიმაგრება ხდება ხრახნების საშუალებით. ეს სამაგრები წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების და ფორმის ფოლადის დეტალებს წინასწარ დაშტამპული ნახვრეტებით. კოლექციაში შედის უნივერსალური ელემენტები: ფირფიტები და კუთხოვანები ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის შეერთებებისათვის, აგრეთვე სპეციალური დეტალები, რომლებიც საშუალებას იძლევიან დავამაგროთ ძელები ერთმანეთთან პირდაპირი თუ ნებისმიერი კუთხით, კოჭი მივამაგროთ ბეტონის საყრდენს, დახრილი ნივნივი - წოლანას და ა. შ. ასეთი სამაგრების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს რთული მოხაზულობის სახურავის კონსტრუქციის მოწყობას, რადგან აღარ გვჭირდება ღარების, კოტების, ჩანაჭრების მოწყობა. მონტაჟისათვის საკმარისია ფოლადის სამაგრები, ხრახნები და ელექტროსახრახნისები. კონსტრუქციის მონტაჟი (აწყობა) მიმდინარეობს სწრაფად და ხარისხიანად.

შეერთება მეოთხედით - ფიცრების სიგანეში შესაერთებლად ნაწიბურების მეშვეობით. ამისათვის თითოეული ფიცრის ერთ ნაწიბურზე ზევით ამოიღება ცალმხრივი ღარი, ხოლო მეორე ნაწიბურზე იგივე - ქვევით. ასეთ შეერთებებს ძირითადად იყენებენ გარე კედლების შეფიცვრისათვის, რათა დაიცვან კედლები ქარისა და ატმოსფერული ნალექების შეღწევისაგან.

შეერთება მილტუჩა - 1. მილსადენების უძრავი დასაშლელი შეერთება, რომლის ჰერმეტულობა უზრუნველყოფილია მამჭიდროებელი ზედაპირების უშუალო შეკუმშვით (შეხებით) ან მათ შორის მოთავსებული უფრო რბილი მასალის სადებით, მოჭიმული მაკავშირებელი დეტალებით (ნახ. 1: აირსადენის მილტუჩა შეერთება). შეერთება წარმოადგენს ბრტყელ რგოლს ან დისკს, რომელზეც თანაბრადაა განაწილებული ნახვრეტები მაკავშირებელი დეტალებისათვის (ჭანჭიკები, სარჭები); 2. რეზერვუარის ნაწილების უძრავი დასაშლელი შეერთება, რომლის ჰერმეტულობა უზრუნველყოფილია სამაგრი დეტალებით სამჭიდროებელი ზედაპირების უშუალოდ ერთმანეთთან ან მათ შორის მოთავსებული ბენზინზეთმედეგი შუასადებების შემჭიდროებით.

შეერთება მილყელიანი - შეერთების სახეობა, როდესაც შესაერთებლად მილის მოკლე ნაჭრები გამოიყენება, რომელთა ერთ ბოლოზე კუთხვილია მოჭრილი. შეერთების ამ მეთოდით მილების ურთიერთშეერთება ან მილის რეზერვუართან მიერთება ხდება.

შეერთება ნიპელური - მილების შეერთების სახეობა ნიპელის მეშვეობით მათი შემჭიდროებისათვის (ნახ. 1). გამოიყენება ცხელი წყლისა და ორთქლით გათბობის სისტემებში მილსადენების მისაერთებლად ხელსაწყოებთან და აპარატებთან, რომლებსაც აყენებენ ტექნოლოგიური პროცესების კონტროლისა და ავტომატური რეგულირების სისტემებში პირობითი წნევისას 25 მპა-მდე. სატრანსპორტო ნივთიერების ტემპერატურა −40-დან +2000C-მდე.

შეერთება სახსროვანი - შეერთების სახეობა, როდესაც შეერთებულ დეტალებს ურთიერთმოძრაობის საშუალება აქვთ. გამოიყენება სამშენებლო კონსტრუქციებში (ნახ. 1: ხის კამარის საყრდენის სახსარი) და მანქანათმშენებლობაში.

შეერთება სოგმანებით - უძრავი, დასაშლელი შეერთების სახეობა. მაგ., ლილვი მასზე ჩამოცმულ დეტალთან (კბილათვალი, ბორბალი, ქურო...) სოგმანითაა დაკავშირებული.

შეერთება სოლებით - შეერთების სახეობა, რომელიც შემოიჭირება ან რეგულირდება სოლის მეშვეობით. ხორციელდება წინასწარი ჭექით; სოლის მცირე დახრის კუთხე უზრუნველყოფს შეერთების სიმჭიდროვესა და თვითდამუხრუჭებას, რაც ხელს უშლის სოლის გამოვარდნას. განივი სოლით აერთებენ ცილინდრულ ან კონუსურ ზედაპირებს (მაგ., კამარის სოლები).

შეერთება სრიალა - მანქანა-დანადგარების დეტალების შეერთების სახეობა, როდესაც ერთ-ერთ დეტალს მეორე დეტალში სრიალის საშუალება აქვს.

შეერთება ტელესკოპური - შეერთების სახე, როდესაც ცილინდრული ფორმის სხვადასხვა დიამეტრის დეტალები ერთმანეთშია მოთავსებული (ნახ. 1, ტელესკოპური მილი).

შეერთება ქუროთი - ლილვების, მილების, ბაგირების, კაბელებსა და მისთ. შეერთების (გადაბმის) სახე ქუროს გამოყენებით (ნახ. 1, პლასტმასის დრეკადი ქურო).

შეერთება ღარობიანი - იხ. შეერთება შლიცებით.

შეერთება ყრუ - შეერთების სახეობა, როდესაც შესაერთებელი ელემენტები ერთმანეთთან უძრავადაა დაკავშირებული.

შეერთება შლიცებით - ორი დეტალის მოძრავი ან უძრავი შეერთება, რომელთაც აქვთ შვერები და ღარაკები (ეთი დეტალის შვერი შედის მეორე დეტალის ღარაკში). გამოიყენება სწორგვერდებიანი, ევოლვენტური და წვრილკბილებიანი შ.შ. (ნახ. 1).

შეერთება ჩანგლების გამოყენებით - ხის კონსტრუქციების ელემენტების შეერთების სახე, სადაც შეერთებები ხდება ჩანგლების მეშვეობით (ნახ. 1). ჩანგლები მზადდება წრიული (ან კვადრატული) განივკვეთის ფოლადის ღეროსაგან დიამეტრით 10...18 მმ და გამოიყენება დამატებითი ან მაფიქსირებელი კავშირებისათვის ნაგებობებში, რომლებიც აშენებულია მორების ან ძელებისაგან (ხიდების საყრდენები, მორებისაგან განხორციელებული წამწეები, ხარაჩოები, ყალიბები და სხვ.). ფიცრულ კონსტრუქციებში ჩანგლების გამოყენება დაუშვებელია. ჩანგალი, როგორც წესი, ჩაესობა შესაერთებელ ელემენტებში ბოლოებით (კოტებით) მერქნის წინასწარი გაბურღვის გარეშე. ერთი ჩანგლის მზიდუნარიანობა ნორმებით განსაზღვრული არ არის.

შეერთება ჩაწებებული ფოლადის ღეროებით - დაწებებული ხის ელემენტების წებოზე შეერთების ნაირსახეობა, რომელიც ხორციელდება პერიოდული პროფილის მოკლე არმატურის ღეროებით კლასით А-II და А-III, დიამეტრით 12...25 მმ. ისინი ჩაეწებება სწორკუთხა ღარებში ზედით ან მრგვალ ხვრეტებში და უზრუნველყოფენ შეერთების პირაპირის სიმტკიცეს (ნახ. 1, შეერთებები ჩაწებებული ფოლადის ღეროებით: ა - გრძივად ჩაწებებული; ბ - დახრილად ჩაწებებული; 1 - არმატურის ღერო; 2 - ხვრეტი; 3 - ღარი; 4 - ძელაკი (ზედი)). ჩასაწებებელად ძირითადად გამოიყენება ეპოქსიდურ - ცემენტის წებო. მერქნის ტენიანობა ასეთ შეერთებებში არ უნდა აღემატებოდეს 12%. ღარის ან ხვრეტის ზომა მიიღება არმატურის ღეროს დიამეტრზე 5 მმ-ით მეტი.

შეერთება წებოთი - სამშენებლო კონსტრუქციების ელემენტების, მანქანათა დეტალების, ავეჯის, მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობების და მისთ. ყრუ შეერთება წებოს მეშვეობით. ძირითადად გამოიყენება ხისა და პლასტმასის დეტალების შესაერთებლად.

შეერთება ჭანჭიკებით - დეტალების შეერთება ერთი ან რამდენიმე ჭანჭიკთა და ქანჩით (ნახ.1, შეერთება ჭანჭიკებით: 1 - ჭანჭიკის თავი; 2 - ქანჩი; 3 - საყელური. მიეკუთვნება უძრავ დასაშლელ შეერთებას.

შეერთება ჭდობით - ხის ელემენტების შეერთების სახეობა, როდესაც შესაერთებელი დეტალები ამა თუ იმ სახის ჭდობითაა (ჩაჭრითაა) დაკავშირებული (ნახ. 1).

შეერთება ჭექით - დაძაბული შეერთება, რომელშიც ჭექი წარმოიქმნება შესაერთებელი ნაწილების ჩასასმელ ზომებს შორის აუცილებელი სხვაობის წინასწარი უზრუნველყოფის გზით. შ.ჭ. შეიძლება იყოს ცოლინდრული და კონუსური. შეერთების მისაღებად გამოიყენება ტემპერატურული დეფორმირება (გახურება) ან ჰიდროდაწნეხა. შეერთება მუშაობს ღერძულ ძალასა და მგრეხ მომენტზე.

შეერთება ხისტი - შეერთების სახე, როდესაც კონსტრუქციის შესაერთებელი დეტალები არ განიცდის ურთიერთძვრას ან მობრუნებას (უძრავადაა შეერთებული). ასეთებია: ლითონის ელემენტების შეერთება შედუღებით ან ჭანჭიკებით (ნახ. 1), ხის დეტალების შეერთება კოტებითა და წებოთი (ნახ. 2) და სხვ.

შეერთება ხრახნული - შეერთების სახე, როდესაც ორივე შესაერთებელი დეტალის ზედაპირზე ხრახნია (კუთხვილია) მოჭრილი. კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს შ.ხ. ორი ძირითადი ჯგუფი: 1. როდესაც ერთი დეტალი უშუალოდ ეხრახნება მეორეს; 2. როდესაც ხრახნულ შეერთებაში გამოიყენება დამატებითი დეტალები ჭანჭიკების, შურუპების და წკირების სახით. შ.ხ. გამოირჩევა ტექნოლოგიურობით, უნივერსალობით, საიმედოობით, მასობრიობით, ადვილშეცვლადობით და სხვ., თუმცა მუშაობაში გასათვალისწინებულია ის, რომ ასეთ შეერთებას, ცვლადი დატვირთვების მოქმედებისას, სპეციალური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, ახასიათებს თვითმოშვება (თვითამოხრახნვა); ნახვრეტები დეტალებში იწვევს ძაბვების არასასურველ კონცენტრაციას; ხშირად შეერთება საჭიროებს შემჭიდროებას (ჰერმეტულობას), რაც მოითხოვს დამატებით ტექნიკურ გადაწყვეტებს და სხვ. თვითმოშვების საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიეკუთვნება: კონტრქანჩის, ჭილიბყურას, მავთულის, ზამბარული ან საანკერო საყელურის, რჩილვის, წერტვის და მისთ. გამოყენება, აგრეთვე კუთხვილზე წებოს, ლაქის, საღებავის დატანა.

შეერთების სიბლანტე - ხის კონსტრუქციების შეერთებებში ახლეჩის დეფორმაციის განეიტრალება თელვისას მაკავშირებლების მუშაობით. სიბლანტის გასაზრდელად ეწევიან შეერთების „დანაწევრებას“: შესაძლებლობის ფარგლებში ზრდიან მაკავშირებლების რაოდენობას, რის ხარჯზეც თელვის ძაბვა ნაწილდება უფრო თანაბრად. „ფხვიერი“ დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად შეერთებას აკეთებენ „მჭიდროს“ ღრეჩოების გარეშე.

შევერი - მრავალპირიანი ლითონსაჭრელი ინსტრუმენტი კბილებიანი ბორბლის (დისკოს) ან ძელის სახით, რომელის საჭრელი პირები განლაგებულია კბილების გვერდით ზედაპირებზე (ნახ. 1). მზადდება სწრაფმჭრელი ფოლადისაგან. გამოიყენება ლითონის საჭრელი ბორბლების (დისკოების) კბილების გასალესად ერთმანეთზე სრიალის გზით.

შევრონული კბილანა (ფრანგ.) - ისეთი კბილანა, ბორბალი, რომელსაც აქვს სხვადასხვა მხრით მიმართული კუთხოვანი კბილები

შეზეთვა - დეტალების მოხახუნე ზედაპირებს შორის შემზეთი მასალის მიწოდება, რის შედეგადაც მცირდება მოხახუნე ზედაპირების ცვეთა და ხახუნის ძალა. შ. აწარმოებენ ხელით ან ავტომატურად, თვითდინებით ან იძულებით, გაშხეფვით და ჩაჭირხვნით, ცენტრალიზებულად, წნევით, ჩაყურსვით და სხვ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) - 1. სამეწარმეო იურიდიული ან ფიზიკური პირების შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით; 2. შ.პ.ს. დაფუძნება შეუძლია როგორც რამდენიმე, ასევე ერთ პირს. იგი იქმნება და მოქმედებს სადამფუძნებლო ხელშეკრულებისა და წესდების საფუძველზე და იძენს იურიდიული პირის უფლებას რეგისტრაციის მომენტიდან.

შეთავსებული ანალიზი - მონაცემების დამუშავების მეთოდი. რესპოდენტებს სთავაზობენ მოხდინონ ხარისხის მნიშვნელობის კლასიფიცირება, სამი - ოთხი ნიშნით,  შემდეგ ხდება ყველა ნიშნის  ,,ხვედრითი წილის’’ გაანალიზება, ( იმის მიუხედავად, თუ რა ნიშანია რესპოდენტისთვის მნიშვნელოვანი).

შეკავშირებული წყალი - მერქნის ბოჭკოების შიგნით არსებული წყალი.

შეკვეთა - საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისა და რეგულირების ორგანიზაციულ-ეკონომიკური სახე. შ. მნიშვნელოვანი ფორმაა სახელმწიფო შეკვეთები პროდუქციის წარმოებასა და მიწოდებაზე, მათ შორის, ექსპორტზე.

შეკვრა (დასტა) - 1. შეფუთვის ერთეული, რომელიც ითვალისწინებს დაწნეხილ ნაკეთობებსა და მასალებს შეკრულს მავთულით, თოკით, ლენტით, ბადით ან ქსოვილით; 2. მჭიდა მასალების ჰიდრატაცია, წყალთან მათი ქიმიური ურთიეთქმედების პროცესი, პლასტიკური ცომის წარმოქმნით (შეკვრის დასაწყისი), რომელიც თანდათან სქელდება, კარგავს ძვრადობას (შეკვრის დასასრული), ხოლო შემდეგ მყარდება და გარდაიქმნება ქვად.

შეკიდული გზა - ასაწევ-გადასაადგილებელი სატრანსპორტო ნაგებობა შეკიდული ბაგირებით ან მონორელსებით, რომლებიც განლაგებულია საყრდენებზე მიწის ზედაპირიდან ზევით. შ.გ. აწყობენ აუცილებლობის შემთხვევაში ისეთი ადგილებისათვის, სადაც წინააღმდეგობის დასაძლევად უმოკლესი გზაა საჭირო (წყალი, ჭაობი, ხრამი, ხეობა და სხვ.). ემსახურება მგზავრებისა და სხვადასხვა ტვირთების გადაადგილებას. მოძრავ შემადგენლობას შეადგენს შეკიდული ურიკები, ვაგონები ან სავარძლები (მგზავრებისათვის). ერთრელსიანი შ.გ. უმეტესად იგება საწარმოებში, საამქროებში, შახტებში და ა.შ. ასეთი გზის დანიშნულებაა გაათავისუფლოს სათავსოს იატაკის ფართობი სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის და ხელი შეუწყოს შიდა სივრცის სრულ გამოყენებას.

შეკიდული თაღი - თაღი, რომლის წარმართველი ორი სხვადასხვა ცენტრიდან შემოხაზული, თაღის უმაღლესი წერტილია, შემდგარი ქვევით გადაკვეთილი რკალებისაგან. შედგება.

შეკიდული კონვეიერი - კონვეიერი, რომლის მოძრავი ნაწილია ასაწევი ბაგირით ან ჯაჭვით გადაადგილებადი ურიკა. შ.კ. აქვს: ასაწევი კაკვი, ტრავერსი, ეტაჟერები (თაროედები) და ა.შ. გამოიყენება ნაკადურ წარმოებაში ცალობითი ტვირთის გადასაზიდად, მაგ., დეტალები კონვეირული აწყობისას, მზა პროდუქცია ერთი სათულიდან მეორეზე ასატანად და ა.შ.

შეკიდული ჭერი - გადახურვის მზიდ ელემენტებზე (კოჭებზე, ფერმის წვედა სარტყელზე) შეკიდულ საკიდურებზე დამაგრებული ჭერი.

შეკიდული ხიდი - ხიდი, რომლის სავალი ნაწილი ბაგირზეა შეკიდული.

შეკლება (ჩაჯდომა) - სხეულის მოცულობის შემცირება გამყარების, გაცივების, შეცხობის, შრობის დროს.

შეკრული კამარა - მართკუთხა სათავსის მთელ პერიმეტრზე დაყრდნობილი კამარა.

შეკუმშული თაღი - კუმშვილი თაღი; თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრი მის ქუსლებს ქვეით მდებარეობს.

შელაქი (ნიდერლ.) - ბუნებრივი ფისი, რომელიც გამოიყენება ელექტროსაიზოლაციო ლაქების და ფოტოფირების დასამზადებლად.

შელესვა - ბათქაში; ნაგებობის ზედაპირზე სამშენებლო ხსნარით შექმნილი მოსაპირკეთებელი შრე, რომელიც ასწორებს ზედაპირს და გარეშე გავლენისაგან იცავს კონსტრუქციას. გარდა ამისა, შელესვის დანიშნულებაა მოამზადოს ზედაპირი შემდგომი შეღებვის, მოპირკეთებისა და ზედაპირისათვის დეკორაციული თვისებების - ფორმის, ფაქტურის, ფერის მისანიჭებლად.

შელფი (ინგლ.) - კონტინენტის წყალქვეშა გაგრძელება 200 მ-მდე სიღრმეში; მასში ხშირად მოიპოვება სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობის, აირის) საბადოები (სხვანაირად: კონტინენტური შელფი, კონტინენტური მეჩეჩი).

შემავსებელი - იხ. შემვსები.

შემაფერადებელი - პლასტმასის დანამატი, პიგმენტი, რომლის დანიშნულებაა მიცეს პლასტმასას გარკვეული ფერი. იგი მინერალური ან ორგანული სინთეზური ნივთიერებაა, რომელიც კარგად იხსნება შემკვრელ მასალაში და თბომედეგია პლასტმასის წარმოებისათვის საჭირო ტემპერატურის ზღვრებში.

შემაღლებული თაღი - თაღი, რომლის წარმმართველი რკალის ცენტრის ქვეით (ქუსლებამდე) სწორხაზოვანი მონაკვეთებით გრძელდება.

შემაღლებული კამარა - კამარა, რომლის წარმმართველი შემაღლებული თაღის მოხაზულობისაა.

შემვსები - 1. ბეტონის შედგენილობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი - ნამსხვრევი ქვა, ნამსხვრევი წიდა, წყლით დაგლუვებული ხრეში, მდინარის ქვიშა, ღორღი, სილიკატები, მარმარილოს და გრანიტის ნამსხვრევები, ლითონის ბურბუშელა და სხვ. ჩვეულებრივი მძიმე ბეტონის მოსამზადებლად იყენებენ მძიმე, ხოლო მსუბუქი ბეტონისათვის მსუბუქ ფორებიან შემვსებებს. მარცვლების ზომისგან დამოკიდებულებით მძიმე შ. არის წვრილი და მსხვილი (ხრეში ან ღორღი ზომით 5...70 მმ). მასიურ ნაგებობებში შესაძლებელია 220 მმ სიმსხო ხრეშის გამოყენებაც. მაღალი კლასის (B30 და მეტი) ბეტონის დასამზადებლად იყენებენ მხოლოდ ღორღს. წვრილი შ. წარმოადგენს ბუნებრივ ან ხელოვნურ ქვიშას, რომელიც მიიღება ქანების, მეტალურგიული წიდის ან სპეციალურად დამზადებული (კერამზიტი, აგლოპორიტი) მასალების დამსხვრევით, ქვიშის მარცვლების ზომა 0,14...5 მმ. შემვსები არის ერთფრაქციანი, თუ იგი შეიცავს მოსაზღვრე საცრების ზომის მარცვლებს, მაგალითად, 5...10 ან 10...20. თუ მასში არის ორი ან რამდენიმე ფრაქციის მარცვლები, მაგალითად 5...10, 10...20 და 20...40, მაშინ იგი მრავალფრაქციულია. სილიკატურ ბეტონში შ., გარდა თავისი ჩვეულებრივი დანიშნულებისა, მონაწილეობს ქიმიურ პროცესში. მაღალი ტემპერატურისა და ორთქლის წნევის მოქმედებით კირი რეაქციაში შედის კაჟმიწასთან და შ. მარცვლებს აკავშირებს მონოლითად. ამ პროცესში შ. ქიმიური შედგენილობა და დისპერსიულობა საგრძნობლად მოქმედებს მიღებული ბეტონის თვისებებზე. შ. ღირებულება შეადგენს ბეტონის ღირებულების 30...50% და ზოგჯერ მეტს. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი იაფი შ. გამოყენებას, რაც ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და მშენებლობის ვადებს. ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ბეტონის თვისებებზე ახდენს შ. გრანულომეტრიულ-მარცვლოვანი შედგენილობა, სიმტკიცე და სისუფთავე. 2. პ ლ ა ს ტ მ ა ს ი ს შ. სახეებია: აზბესტი, მერქნის ბოჭკო, მინის ბოჭკო, ხის ფქვილი, ტალკი, კვარცული ფქვილი, ბარიტი, ცარცი, ქაღალდი, ბამბეულისა და მინის ბოჭკოვანი ქსოვილები, ხის შპონი, მუყაო და სხვ. პლასტმასაში შ. შეიტანება მასალის ეკონომიისა და სიმტკიცის უზრუნველსაყოფად. ფორმის მიხედვით იგი შეიძლება იყოს მარცვლოვანი, ბოჭკოვანი, ფენოვანი და სხვ.

შემვსების გრანულომეტრიულ-მარცვლოვანი შედგენილობა - ბეტონის შემვსებაში სხვადასხვა ზომის მარცვლების შემცველობა. იგი ისაზღვრება ქვიშის მარცვლების 0,16...5 მმ და ხრეშის ან ღორღის 5...70 მმ ზომის საცრებში გაცრით. შემვსები უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ზომის მარცვლებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს მათ შორის ცარიელობა, რომ შესავსებად ნაკლები შემკვრელი (ცემენტი) დაიხარჯოს. შემვსების მარცვლები იყოფა ფრაქციებად, რომელიც შეიცავს ერთმანეთთან მიახლოებული ზომის მარცვლებს, მაგ., 2,5...5; 5...10; 10...20 და ა. შ. შემვსებში შეიძლება იყოს ზღვრულ ზომაზე მეტი ან ნაკლები ზომის მარცვლები, მაგრამ არა უმეტეს 5%. სამშენებლო ობიექტზე ან ბეტონის ქარხანაში შემვსების მარცვლოვან შედგენილობას არჩევენ რეალური ქვიშის და ღორღის გამოყენებით, მათ შორის ისეთი შეფარდების დასადგენად, რომ მარცვლოვანი შედგენილობის მრუდი შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს იდეალურს, თუმცა დასაშვებია ზოგიერთი გადახრა. ამ შემთხვევაში მარცვლოვანი შედგენილობის გაუარესება კომპენსირდება ცემენტის ხარჯის უმნიშვნელო გაზრდით ან ბეტონის ნარევის უფრო ეფექტური შემკვრივებით, რითაც მიიღწევა ტექნოლოგიის შესამჩნევი გამარტივება და ბეტონის ღირებულების შემცირება. ამიტომ, სტანდარტებში და ტექნიკურ მითითებებში რეკომენდებულია გადახრები ფრაქციების შეფარდებაში, რომლის შემთხვევაშიც არ მოხდება შემვსების ნარევის მნიშვნელოვანი გაუარესება. ბეტონში შემვსები შეიძლება იყოს ერთფრაქციანი (დაახლოებით ერთნაირი ზომის მარცვლებით) და მრავალფრაქციული (სხვადასხვა ზომის მარცვლებით).

შემვსების სიმტკიცე - განისაზღვრება არა მარტო იმ ქანის სიმტკიცით, რომლისგანაცაა დამზადებული, არამედ მარცვლების ზომებითაც. ქანის გამოფიტვის ან დამსხვრევის დროს დაშლა-დამტვრევა ხდება სტრუქტურის ყველაზე სუსტ ადგილებში და მარცვლების ზომების შემცირებით თითქოსდა მისი განმტკიცება ხდება. ბუნებრივი ქვიშის სიმტკიცე კუმშვასა და ღუნვაზე, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე დუღაბის ან ცემენტის ქვის სიმტკიცე. მთის მტკიცე ქანიდან (გრანიტი, დიაბაზი და სხვ.) მიღებული მსხვილი შემვსების სიმტკიცე მეტია დუღაბის სიმტკიცეზე. ფორიანი შემვსების სიმტკიცე შეიძლება ტოლი ან ნაკლები იყოს დუღაბის სიმტკიცეზე.

შემვსების ხვედრითი ზედაპირი - ბეტონის შემვსების მარცვლოვანი შემადგენლობის ზედაპირის ჯამური ფართობი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ბეტონის თვისობრივ მახასიათებლებზე. მარცვლების ზედაპირი უკუპროპორციულია მისი დიამეტრის. მარცვლის ზომების შემცირებით ზედაპირი იზრდება. საშუალომარცვლოვანი ბუნებრივი ქვიშის ხვედრითი ზედაპირი იცვლება 50-დან 100 სმ2/გ-მდე. მონოლითური ბეტონის მისაღებად აუცილებელია, რომ ცემენტის ცომმა არა მარტო შეავსოს ქვიშის სიცარიელე, არამედ გასწიოს კიდევაც მარცვლები, მათ შორის ცემენტის შრის შესაქმნელად. ასეთი გარსის მისაღები ცემენტის ხარჯი დამოკიდებულია შემვსების ხვედრით ზედაპირზე და იზრდება მარცვლების ზომის შემცირებით. შემვსების ხვედრითი ზედაპირის გაზრდის შედეგად ან იზრდება ბეტონის ნარევის სიბლანტე, ან ნარევის გარკვეული პლასტიკურობის მისაღებად, უნდა გავზარდოთ წყლის და შესაბამისად ცემენტის ხარჯიც. მსხვილ შემვსებზე წვრილის დამატება ამცირებს მის ცარიელობას, მაგრამ ამავდროულად ზრდის ხვედრით ზედაპირს, ამიტომ, შემვსების საბოლოო გავლენა ბეტონზე უმჯობესია განისაზღვროს მისი უშუალოდ ბეტონში გამოცდით.

შემზღუდველი - სამშენებლო ამწეების ავტომატიზაციის საშუალებების მოწყობილობა, რომელიც ამწეს იცავს გადატვირთვისა და გადაყირავებისაგან, აკონტროლებს მექანიზმების დაყენებას და მოძრაობას. შემზღუდველები კლასიფიცირდება რამდენიმე ნიშნით: დანიშნულებით, საკონტროლო პარამეტრით, კონტროლის სიგნალის დამუშავების (გათიშვის) ხერხით, გათიშვის უზრუნველყოფის ხერხით, მემანქანის ინფორმირების ფორმით, ელემენტების ბაზით (გადამწოდები - პოტენციომეტრული, ინდუქტიური, ტენზომეტრული, და მეორადი აპარატურა - ელექტრომექანიკური, ნახევრადგამტარული მიკროსქემით...).

შემთხვევითი სიდიდე - სიდიდე, რომელიც შემთხვევაზე დამოკიდებულებით რებულობს ამა თუ იმ მნიშვნელობას გარკვეული ალბათობით. პრაქტიკაში შ.ს. შესასწავლად ხშირად გამოიყენება მათემატიკური მოლოდინი, დისპერსია, კორელაციის კოეფიციენტი. შ.ს. საბოლოოდ მიღებული რიცხვის მნიშვნელობას დისკრეტული ეწოდება.

შემინვის სამუშაოები - მინის ჩასმა შენობა-ნაგებობების შუქღიობებში და შემომზღუდავ კონსტრუქციებში. განასხვავებენ შემინვას ჩვეულებრივი მინით, დიდი ზომის ვიტრინის მინით, მინაბლოკებით, მინაპაკეტებით. შემინვისას გამოიყენება სხვადასხვა საგოზავები (ცარცის, ბიტუმის, თეთრას, კანიფოლურ-ზეთოვანი და სხვ.). დიდი ზომის მქონე ელემენტების გამოყენება ამცირებს შემინვის შრომატევადობას.

შემკვრელი - 1. პოლიმერი, რომელიც ბუნებრივი ან ხელოვნური სინთეზური მასალაა და ის პლასტმასის საფუძველს წარმოადგენს. ბუნებრივი პოლიმერის ნიმუშია მერქნის ცელულოზა (C6H10O5)n, ხოლო სინთეზურ (ხელოვნურ) პოლიმერებს, რომლებიც მიიღება პოლიმერიზაციის რეაქციის შედეგად, მიეკუთვნება: პოლივინილაცეტატი, პოლივინილქლორიდი, პოლიმეთილმეთაკრილატი, პოლიპროპილენი, პოლისტიროლი, პოლიეთილენი და სხვ. პოლიკონდენსაციის რეაქციის დახმარებით კი მიიღება ფენოლფორმალდეჰიდური პოლიმერები: რეზორცინულ-ფორმალდეჰიდური, კარბამიდული, პოლიეთერული, პოლიურეტანული, ეპოქსიდური, კაჟბადორგანული და სხვ. ბ ე ტ ო ნ შ ი შ. მოვალეობას ასრულებს ცემენტი, რომლის სახეობაზეა დამოკიდებული ბეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. დ უ ღ ა ბ ე ბ შ ი შ. გამოიყენება: კირი, ცემენტი, თაბაშირი, თიხა; 2. იხ. საკოჭი.

შემკვრელი არაორგანული - ნივთიერება, რომელიც წყალთან ურთიერთქმედების შედეგად გადადის ცომისებრ მდგომარეობაში, შემდეგ თანდათანობით მაგრდება, იქცევა ქვად და ერთ მონოლითად აერთიანებს ქვიშის, ღორღის და ხრეშის მარცვლებს. ა.შ. მიეკუთვნება: კირი, ცემენტი, სამშენებლო თაბაშირი, გაჯი, თხევადი მინა.

შემკვრელი თაბაშირცემენტპუცოლანიანი - შემკვრელი საშენი მასალა, რომელიც მიიღება სამშენებლო თაბაშირისა და სხვა ტიპის თაბაშირის შემკვრელის პორტლანდცემენტთან (ან პუცოლანურ პორტლანდცემენტთან) და მჟავურ ჰიდრავლიკურ დანამატებთან (ტრეპელი, დიატომიტი, ვულკანური ფერფლი, მურა ნახშირის ნაცარი და სხვ.) შერევით. შ.თ. გააჩნია ჰიდრავლიკური გამყარებისა და მაღალი წყალმედეგობის უნარი.

შემკვრელი ორგანული - პოლიმერების ჯგუფი (ბიტუმი, კუპრი, ცხოველური წებო, სხვადასხვა პოლიმერები), რომლებიც გაცხელებით გადადიან სამუშაო მდგომარეობაში - თხელდებიან.

შემკვრელი ჰაერული - ნივთიერებები, რომლებიც იკვრება და სიმტკიცეს ინარჩუნებს მხოლოდ მშრალ მდგომარეობაში - ჰაერზე. ასეთებია: ჰაერული კირი, მაგნეზიური და თაბაშიროვანი შემკვრელები და თხევადი მინა.

შემკვრელი ჰიდრავლიკური - ნივთიერებები, რომლებიც მაგრდება და სიმტკიცეს ინარჩუნებს ჰაერზე და წყალში. ასეთებია: ჰიდრავლიკური კირი, რომანცემენტი და პორტლანდცემენტის უამრავი სახეობა.

შემკვრივება - 1. ბეტონის ან რკ.ბ.-ის ნაკეთობების დაყალიბების პროცესში გამოიყენება ბეტონის ნარევის შ.  რამდენიმე მეთოდი: ჩაწნეხვით, ცენტრიფუგირებით, ვაკუუმირებით, ვიბრირებით. შედეგად მიიღება ნარევის ერთგვაროვანი მკვრივი სტრუქტურა, რადგან მისგან გამოდევნილია ჭარბი წყალი და ჰაერი;  2. გრუნტის სიმტკიცის ამაღლებისა და წყალგამტარობის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ნაგებობის ხარისხსა და ხანგამძლეობას. არსებობს შემკვრივების ორი მეთოდი - ზედაპირული და სიღრმითი. ამ მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საგორავები, სატკეპნები, ვიბროფილები, ჰიდროვიბროშემამჭიდროებლები და სხვ.

შემკრავი - 1. ძელებისგან შედგენილი ჩარჩო, რომელიც შენობის პერიმეტრზე კრავს კარკასული კედლის დგარების ზედა და ქვედა ბოლოებს; 2. ბაზო; ძელაკებისგან შეკრული ჩარჩო კარის გულფიცრის ირგვლივ; 3. კამარის ქვედა საყრდენების დამაკავშირებელი ძელი (ბაგირი, ფოლადის პროფილი) ჰორიზონტალური განმბჯენი ძალის მისაღებად.

შემოგოზვა - ნაკეთობის დაცვის მიზნით მისი ზედაპირის (ან ზედაპირის ნაცილის) დაფარვის პროცესი სპეციალური ცომისებრი ნივთიერებით. გამოიყენება საკანალიზაციო (წყლის) თვითდინებადი მილების პირაპირებში.

შემოვლება - მოწყობილობა ნაგებობის დაკვალვისათვის ნატურაში. შედგება მიწაში ჩასობილი ვერტიკალური ძელაკებისა და მათზე ჰორიზონტალურად მიმაგრებული ძელაკების ან ფიცრებისაგან, რომელიც მოწყობილია შენობის პერიმეტრის გარეთ (ნახ. 1: 1-ვერტიკალური ძელაკი; 2-ფიცარი; 3-ლურსმანი; 4-თოკი). დანიშნულებაა შენობისა და მისი ცალკეული ნაწილების დაკვალვის ღერძების დაფიქსირება მშენებლობის დაწყებამდე და გამოყენება მშენებლობის პროცესში.

შემოზვინვა - მიწის ჯებირების მშენებლობა ტერიტორიის ირგვლივ, ზედაპირული წყლებით მოსალოდნელი დატბორვის თავიდან აცილების მიზნით.

შემოკირვა (ამოკირვა) - ქვაბების, მილების, კვამლსადენების გარემოცვა აგურით თბოიზოლაციისათვის.

შემომსაზღვრელი კონსტრუქციის თერმოწინაღობა - შემომსაზღვრელი კონსტრუქციის ყველა შრის თერმოწინაღობების ჯამი.

შემომქრევი აპარატი - მოწყობილობა ორთქლის ქვაბის სხვადასხვა ზედაპირიდან ნაცრის, ჭვარტლის, წიდის ნადების მოსაცილებლად შეკუმშული ჰაერის ან ორთქლის ჭავლის მეშვეობით.

შემოსავალი - 1. მატერიალური წარმოების სფეროში ხელახლად შექმნილი ღირებულება; 2. სახელმწიფოს, დაწესებულების ან კერძო პირის მიერ, რაიმე საწარმოდან ან საქმიანობიდან, მიღებული ფული ან მატერიალური ფასეულობები.

შემოსავალი მთლიანი - 1. ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც მოგებასთან ერთად გამოხატავს საწარმოს წარმოებრივი და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის საბოლოო შედეგებს; 2. ახალშექმნილი ღირებულება, რომლის ძირითადი ელემენტებიც არის მოგება და ხელფასი.

შემოსავალი პირადი - ცალკეული ფიზიკური პირების შემოსავალი გადასახადების გადახდამდე.

შემოსავალი წმინდა - საწარმოს მთლიანი შემოსავლის ნაწილი, რომელიც რჩება მის განკარგულებაში ბიუჯეტში გადასახადების გადახდის შემდეგ, იგი, როგორც ახალშექმნილი ღირებულების ნაწილი, მოიცავს ხელფასსა და მოგების ნაწილს.

შემოსავლების შიგა ნორმა (მოგების ინდექსი) - მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ინვესტიციური პროექტების რამდენიმე ვარიანტის შედარებით შეფასებისთვის, ის წარმოადგენს ნორმას, სადაც კაპიტალდაბანდებებიდან მიღებული შ. მიღებული ეფექტების სიდიდის ტოლია.

შემოსვა (შემოფიცვრა) - ფიცრებით, ლითონის ფურცლებით და მისთ. შედგენილი თხელი კედელი, რომელიც მაგრდება კარკასზე ან შენობის სხვა ნაწილზე ერთი ან ორი მხრიდან. გარე შ. იცავს შენობას ატმოსფერული ზემოქმედებისაგან, აძლევს მას არქიტექტურულ გამომსახველობას და მიმზიდველობას, ხოლო შიგა მხრიდან შ. უზრუნველყოფს სათავსში კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას (ნახ. 1).

შემოფიცვრა - ფიცრის სამოსი; მჭიდროდ მორგებული ფიცრების შრე.

შემოღობვა გამაფრთხილებელი - სამუშაო ადგილის და მასთან მისასვლელების შემოღობვა სიმაღლეზე, რომლის კონსტრუქციები განლაგებულია ვერტიკალურ სიბრტყეში და იცავს ადამიანს ჩამოვარდნისაგან.

შემოღობვა დამზღვევი - გამაფრთხილებელი შემოღობვა, რომელიც უზრუნველყოფს მდგრადობა დაკარგული (გადავარდნილი) ადამიანის დაჭერას სიმაღლეთა შორის სხვაობის ზედა დონესთან.

შემოღობვა დამცავი - ეწყობა მანქანათა მოძრავი ნაწილების, დანადგარის დენგამტარი ნაწილების, მაღალი ტემპერატურის, თბური და რადიოაქტიური გამოსხივების ზონების იზოლაციის მიზნით. შ.დ. მზადდება სხვადასხვა მასალისაგან და ერთმანეთისაგან განსხვავდება ფორმისა და დანიშნულების მიხედვით (გარსაცმი, დამცველი ფარი, ეკრანი ან მავთულის ბადე). შემოღობვა შეიძლება იყოს უძრავად დამონტაჟებული ან პერიოდულად ასახსნელი. დამცავი მოწყობილობის დანიშნულებაა მანქანა-დანადგარის ავარიის თავიდან აცილება. დამცავი მოწყობილობა გადატვირთვის, სიჩქარის ან ტემპერატურის უეცარი მომატების და სხვა შემთხვევაში ავტომატურად გამორთავს დანადგარს. არც ერთი მანქანა არ ითვლება მუშაობისთვის გამოსადეგად, თუ მას შესაბამისი დამცავი მოწყობილობა არა აქვს.

შემოღობვა სასიგნალო - გამაფრთხილებელი შემოღობვა სახიფათო ზონის დასაფიქსირებლად, რომლის საზღვრებში არსებობს ადამიანის სიმაღლიდან ჩამოვარდნის საშიშროება.

შემოყინულობა - 1. საავტომობილო გზების საფარის მოყინვა; 2. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე და სადენებზე, შენობის ლავგარდანებზე, ნაშვერებზე, კარნიზებზე და მისთ. ყინულის მასის გაჩენა ლოლუების სახით; 3. საფრენის აპარატის გარე ზედაპირზე ყინულის წარმოქმნა, რაც გამოწვეულია აპარატის ფრენით გადაცივებულ ღრუბელებში, ნისლში, წვიმაში ან ლღობად თოვლში.

შემრევი - 1. დანადგარი რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი ტექნოლოგიური პროცესის ერთგვაროვანი მასის მისაღებად. შ. არის მექანიკური, აირული და კომბინირებული; მუშაობის რეჟიმის მიხედვით - პერიოდული და უწყვეტი მოქმედების; ტექნოლოგიური დანიშნულების მიხედვით: თხევადი მასალების, მშრალი ფხვნილისებრი მასალების და უხეში დისპერსიული სუსპენზიების მოსამზადებელი. შერევის ხერხის მიხედვით ცნობილია შ.: იძულებითი შერევის (ნიჩბების საშუალებით) და გრავიტაციული (მბრუნავ დოლში ნარევის ატანა-ვარდნით). იძულებითი უწყვეტი მოქმედების შ. ძირითადი პარამეტრია მწარმოებლურობა (მ3/სთ), ხოლო პერიოდული მოქმედების გრავიტაციულის - დოლის ტევადობა (ლ). მობილურობის მიხედვით შ. არის გადასაადგილებელი ან სტაციონარული; 2. წყლის გამანაწილებელი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ცხელი და ცივი წყლის შერევა, ხარჯისა და ტემპერატურის რეგულირება და მოხმარება საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულებით.

შემყვან-გამანაწილებელი მოწყობილობა - კონსტრუქციების, აპარატებისა და ხელსაწყოების ერთობლიობა, დაყენებული შენობაში შემავალ საკომუნიკაციო ხაზზე (წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვ.).

შემჭიდროება - 1. მოწყობილობა, რომელიც იცავს მანქანის ნაწილებს დეტალებს შორის ღრეჩოებიდან სითხის, ორთქლის ან აირების გაჟონვისაგან, აგრეთვე მტვერისა და ჭუჭყის შეღწევისაგან. განასხვავებენ შემამჭიდროებლებს მოძრავი კონტაქტის, უძრავი და უკონტაქტო ზედაპირებს შორის (ჩობალით, სამაჯურით; სადებებით, ზონრებით, ფირფიტებით); 2. სიგანეში ელემენტების შეერთება.

შენადნობები შეცხობილი - ეს არის ფხვნილთა მეტალურგიის მეთოდებით მიღებული შენადნობები. ცნობილია შემცხვარი შენადნობები ლითონის, ნიკელის, ალუმინის, სპილენძის და სხვათა საფუძველზე. ხასიათდებიან მაღალი მხურვალსიმტკიცითა და მხურვალმედეგობით.

შენადნობების მოდიფიცირება (ლათ.) - ლითონის შენადნობებში მოდიფიკატორების შეყვანა.

შენადნობი - ორი ან მეტი ქიმიურად ინდივიდუალური კომპონენტის ნადნობის გამყარების შედეგად მიღებული სხეული. ცნობილია ლითონური და არალითონური შენადნობები: ადვილად დნობადი, ძნელდნობადი, ალუმინის, ალუმინ-მაგნიუმის, ალუმინ-მანგანუმის, ანტიფრიქციული, სალი, ზესალი, ლითონ-კერამიკული, მინერალურ-კერამიკული, ლეგირებული, სპილენძ-კალის, სპილენძ-ნიკელის, ტიტან-ვოლფრამის, ალუმინ-სილიციუმის, რკინის, საიუველირო და სხვ.

შენაზარდი - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი - შეზრდილი ჭრილობა, რომელსაც თან ახლავს გრძივი ღრეჩო (ნაპრალი, ჭვრიტე, ხვრელი) შევსებული ქერქისა და მკვდარი ქსოვილების ნარჩენებით (ნახ. 1). არსებობს შენაზარდის შემდეგი სახეები: ღია, დახურული, შეზრდილი, ცალმხრივი, გამჭოლი ღია და მუქი ფერის.

შენატყლეჟი - ჩაღრმავება ხის მასალის ზედაპირზე, წარმოქმნილი მერქნის ადგილობრივი თელვის შედეგად.

შენაღარი (ენდოვა) - დახრილი სახურავის ქანობის სიბრტყეების გადაკვეთების შემავალი კუთხეები; ღარი წყლის დაშვებისათვის.

შენაჭერი - ელემენტის კვეთი; კონსტრუქციის შეკიბული ნაწილის თარაზული სიბრტყე (მაგ. საძირკვლისა და კედლის საზღვარზე).

შენახულობა - ნაკეთობის, მოწყობილობის, კონსტრუქციის თვისება შეინარჩუნოს (მოცემულ ფარგლებში) დადგენილი პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები.

შენობა - მშენებლობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს მოცულობით სამშენებლო სისტემას, აქვს მიწისზედა და/ან მიწისქვეშა ნაწილები, რომლებიც მოიცავს საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ქსელებსა და სისტემებს და გამიზნულია ადამიანების საცხოვრებლად, წარმოების განსათავსებლად, პროდუქციის შესანახად, ცხოველებისა და ფრინველების მოსათავსებლად და სხვ. განასხვავებენ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებს. საცხოვრებელი შ. (სახლი) შედგება ძირითადი ოთახებისაგან და დამხმარე სათავსებისაგან. მათ მიეკუთვნება: მუდმივად საცხოვრებელი სახლები, საერთო საცხოვრებლები, ინვალიდთა და მოხუცებულთა თავშესაფრები, საბავშვო სახლები, სკოლა-ინტერნატები და სხვ. არასაცხოვრებელი შენობების დანიშნულებაა მოსახლეობისათვის შრომის პირობების შექმნა, სოციალურ-კულტურული მომსახურების და მატერიალური ფასეულობების შენახვის უზრუნველყოფა. მათ მიეკუთვნება: სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომერციული, ადმინისტრაციული, სასწავლო, ჯანდაცვის და მისთ. ობიექტები.

შენობა ადმინისტრაციული - სადაც განთავსებულია სახელმწიფო და არასახელმწიფო (საზოგადოებრივი) საწარმოო ან სხვა ორგანიზაციების (დაწესებულობების) მმართველი აპარატის სამუშაო ოთახები (ნახ. 1, ადმინისტრაციული შენობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო). გეგმარება უჯრედოვანია - სამუშაო ოთახების განლაგებით დერეფნის ერთ ან ორივე მხარეზე. პირველ სართულზე განლაგებულია ვესტიბიული, საგარდერობე. თავშეყრის დარბაზები თავსდება ქვედა სართულებზე ან ძირითადი ბლოკის ბოლო სართულზე. შ.ა. დიდი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება გააჩნია ქალაქის (სოფლის, დაბის) განაშენიანებაში. იგი განთავსდება მთავარ მოედნებსა და ქუჩებზე. ხშირად წარმოადგენს ქალაქის არქიტექტურული ანსამბლის ცენტრს. შ.ა. სათავსები იყოფა სამ ჯგუფად: 1) ძირითადი (კაბინეტები, სამუშაო ოთახები, საოპერაციო და სხდომათა დარბაზები, მისაღები და სხვ.); 2) მომსახურე; 3) დამხმარე (ვესტიბიული, გარდერობი, არქივი, ბიბლიოთეკა, სასადილო, სანიტარულ-ტექნიკური და ენერგეტიკული მოწყობილობების გასათავსებელი ოთახები, სანკვანძები და სხვ.). სამუშაო ოთახის ფართობი (ზოგიერთი კაბინეტის გამოკლებით) აიღება 1 მუშაკზე 3,25 მ2, ხოლო სხდომათა დარბაზებისათვის - 1,2 მ2.

შენობა ამაღლებული სართულიანობით - შენობა 11...16 სართულით.

შენობა ინვენტარული (მობილური) - შენობა ან ნაგებობა კომპლექსური ქარხნული მოწოდებით, რომლის კონსტრუქციები მისი ადგილმდებარეობის შეცვლის საშუალებას იძლევა.

შენობა ისტორიული - შენობის ტიპი, რომელსაც ქვეყნისათვის, რეგიონისათვის, მსოფლიოსათვის ისტორიული დანიშნულება აქვს (ნახ.1, ისტორიული შენობა, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ქ. თბილისში). მას მიეკუთვნება: ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, თეატრები, საკულტო ნაგებობები და სხვა ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე შენობები.

შენობა კარკასული - შენობა მზიდი ჩარჩოებით, რომლებიც მთლიანად იღებენ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს.

შენობა კომერციული - გამოიყენება ბიზნესის საწარმოებლად (ნახ.1, კომერციული შენობა, მაკდონალდის შენობა, ქ. ბათუმში) და მოიცავს შემდეგ ქვეჯგუფებს: 1. ადმინისტრაციული - შენობა, სადაც განთავსებულია კომერციული ორგანიზაციების და დაწესებულებების ოფისები; 2. სავაჭრო - შენობა (სავაჭრო ცენტრი, მეგამოლი, პავილიონი), სადაც განთავსებულია სავაჭრო საწარმოები (მაღაზია, სუპერმარკეტი, ჰიპერმარკეტი); 3. საგამოფენო - შენობა გამოფენების მოსაწყობად კომერციული ორგანიზაციების ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე საგამოფენო ბიზნესის საწარმოებლად; 4. კომერციული - შენობა კომერციული საწარმოების (ფაბრიკა, ქარხანა) განსათავსებლად, რომელთა გამოშვებულ პროდუქციას კომერციული ორგანიზაცია იყენებს გასაყიდად; 5. დამხმარე - შენობა, რომელშიც განთავსდება სხვადასხვა დამხმარე სამსახურები (მაგ., გარაჟი კორპორაციული ავტოტრანსპორტისათვის), რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზაციის (მეპატრონის) ძირითად საქმიანობას.

შენობა მაღლივი - შენობა 16 და მეტი სართულით.

შენობა მიწისქვეშა - შენობა, რომელსაც არ გააჩნია მიწისპირა ან მიწისზედა სართული.

შენობა მობილური (ინვენტარული) - შენობა ან ნაგებობა კომპლექსური საქარხნო დამზადების, რომლის კონსტრუქცია შენობის დაშლის და სხვაგან გადატანის საშუალებას იძლევა.

შენობა მრავალსართულიანი - შენობა 6 და მეტი სართულით.

შენობა საშუალო სართულიანი - შენობა 3...5 სართულით.

შენობა საცხოვრებელი - გამოიყენება საცხოვრებლად (ერთ- ან მრავალბინიანი) (ნახ. 1). შეიძლება იყოს არაკომერციული (საცხოვრებელი სახლები, საერთო საცხოვრებლები და არაკომერციული სასტუმროები ფაბრიკა-ქარხნებთან ან სასწავლო დაწესებულეებთან, სამხედრო ყაზარმები) ან კომერციული (სასტუმრო, კომერციული საერთო საცხოვრებელი, შემოსავლიანი სახლები).

შენობა საწარმოო - გამოიყენება წარმოების განსათავსებლად (ნახ.1, საწარმოო შენობა, ღვინის ქარხანა ს. წინანდალში) და იყოფა 4 ჯგუფად: 1. ძირითადი - შენობები, სადაც განთავსებულია ფაბრიკის (ქარხნის) საამქროები; 2. ენერგეტიკული - თბოელექტროსადგურის ენერგობლოკები, ელექრტო- და სატრანსფორმატორო ქვესადგურები, საქვაბეები და ა.შ; 3. სატრანსპორტო-სასაწყობე მეურნეობა - გარაჟი (დეპო), სამრეწველო დანიშნულების ტრანსპორტის სადგომი, პროდუქციის ან ნედლეულის საწყობი, სახანძრო დეპო; 4. დამხმარე - ადმინისტრაციული (საოფისე) სათავსები, საყოფაცხოვრებო, სამედიცინო პუნქტი, სასადილო და ა.შ.

შენობა სხვადასხვა დანიშნულების - საწყობები; სამეცნიერო, საგანმანათლებლო (ნახ. 1, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), კულტურული, სპორტული, საზოგადოებრივი დანიშნულების; აგრეთვე სპეციალური შენობები და სამხედრო სტაციონალური ობიექტები.

შენობა უნივერსალური - ძირითადად ერთსართულიანი შენობა, რომლის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სივრცითი და კონსტრუქციული გადაწყვეტა მისი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა (ნახ. 1, ქ. ყაზანის უნივერსალური კულტურულ-გასართობი დაწესებულება - ე.წ. „პირამიდა“). მასში შესაძლებელია მოწყობილობების თავისუფალი გადაადგილება ტექნოლოგიური პროცესების შეცვლისა და მთლიანად შენობის სწრაფი მოდერნიზების მიზნით. გავრცელებულია სანახაობით-სპორტული უნივერსალური დარბაზები და უნივერსალური სამრეწველო შენობები.

შენობა ცენტრალურ-გუმბათოვანი - შენობა ან შენობა-ნაგებობათა კომპლექსი, რომლის ცენტრში გუმბათია მოთავსებული.

შენობა-ნაგებობა - ნებისმიერი შენობა, კონსტრუქცია ან ნაგებობა (ან მათი ნაწილი) მიწის ნაკვეთით, რომელზედაც იგი არის დამაგრებული.

შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა, მოპირკეთება) - შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.

შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება - უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია - შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად.

შენობა-ნაგებობის სეისმომედეგობა - შენობა-ნაგებობის უნარი შეინარჩუნოს პროექტით გათვალისწინებული სიმტკიცე და მდგრადობა საანგარიშო მიწისძვრის ზემოქმედების შემდეგ, რაც გამორიცხავს ნაგებობის გლობალურ ან ნაწილობრივ ჩამონგრევას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი ან ტრავმები.

შენობა-ნაგებობის შემზღუდავი კონსტრუქციები - კონსტრუქციები, რომელიც ესაზღვრება შენობა-ნაგებობის გარე სივრცეს (გარე კედლები, სახურავი, საძირკველი, კარ-ფანჯრები).

შენობები დაბალსართულიანი - 1-2 სართულიანი შენობები, რომლებშიც ძირითადად განთავსებულია სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები, მაღაზიები, ადმინისტრაციული დაწესებულებები, სავადმყოფოები, კლუბები, კინოთეატრები, ბიბლიოთეკები და სხვ. კულტურული დაწესებულებები. ასეთ შენობებში მზიდ კედლებში გამოიყენება აგური, უჯრედოვანი ან წიდაბეტონის კონსტრუქციები, წვრილი და მსხვილი ბეტონის ბლოკები, მერქანი, არბოლიტი და სხვ. გადახურვებში უპირატესობა ენიჭება მსუბუქ ლითონისა და ხის კოჭებსა და წამწეებს; საძირკვლებისათვის - ლენტურ მონოლითურ ან ანაკრებ ბეტონის კონსტრუქციებს.

შენობებისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის კლასები - შენობებისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინების წესები გამოიყენება მრეწველობის, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, წყალთა მეურნეობისა და საცხოვრებელ - სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების შენობებისა და ნაგებობების კონსტრუქციების დაპროექტებისას. შენობებისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის დონეს კონსტრუქციების დაპროექტებისას ითვალისწინებენ γn საიმედოობის კოეფიციენტით მათი დანიშნულების მიხედვით. შენობებისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის დონე განისაზღვრება იმ მატერიალური და სოციალური ზიანის მიხედვით, რაც შეიძლება მოჰყვეს კონსტრუქციების ზღვრული მდგომარეობის დადგომას. γn საიმედოობის კოეფიციენტების მნიშვნელობები განისაზღვრება შენობებისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის კლასისაგან დამოკიდებულებით და ტოლია: I კლასის შენობებისათვის - 1, II - 0,95 და III - 0,9. შენობებისა და ნაგებობების პასუხისმგებლობის კლასის მიხედვით სამშენებლო ობიექტების ჩამონათვალი შემდეგია:
  I კლასი: ძირითადი შენობები და ნაგებობები ისეთი ობიექტებისა, რომელთაც ენიჭებათ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სახალხო მეურნეობისათვის და (ან) სოციალური, როგორიცაა: თბოელექტროსადგურებისა და ატომური ელექტროსადგურების მთავარი კორპუსები, საბრძმედე ღუმელების ცენტრალური კვანძები, 200 მ-ზე მაღალი საკვამლე მილები, ტელევიზიის კოშკები, 10 ათას კუბ. მ-ზე მეტი მოცულობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რეზერვუარები, დახურული სპორტული ნაგებობები ტრიბუნებით, თეატრების, სკოლამდელი საბავშო დაწესებულებების, კინოთეატრების, ცირკის, დახურული ბაზრების, სასწავლებლების, საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების, მუზეუმების, სახელმწიფო არქივების და სხვა შენობები;
  II კლასი: შენობები და ნაგებობები, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული სახალხო სამეურნეო და (ან) სოციალური მნიშვნელობა (სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, საცხოვრებელ-სამოქალაქო, კავშირგაბმულობის დანიშნულების ობიექტები, რომლებიც არ განეკუთვნებიან I და III კლასებს).
  III კლასი: შენობები და ნაგებობები, რომელთაც აქვთ შეზღუდული სახალხო-სამეურნეო და (ან) სოციალური მნიშვნელობა. მაგალითად, საწყობები დახარისხებისა და შეფუთვის პროცესების გარეშე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისათვის, სასუქის, ქიმიკატების, ნახშირის, ტორფის და სხვ; სათბურები, სანერგეები, ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლები, კავშირისა და განათების ქსელის საყრდენები, დროებითი შენობები და ნაგებობები და სხვ.

შენობიდან გამოსასვლელი (დასაცლელი) - გასასვლელი საშუალების სისტემის მონაკვეთი, გასასვლელის დასასრულსა და საზოგადოებრივ გზას შორის.

შენობიდან გამოსასვლელის დონე - სართულის ის წერტილი, სადაც მთავრდება გასასვლელი და იწყება შენობიდან გამოსასვლელი.

შენობის აერირება - შენობის ორგანიზებული ბუნებრივი ჰაერცვლა ფრამუგებისა და სავენტილაციო სარკმელების მეშვეობით.

შენობის აზიმუტი - კუთხე, ჰორიზონტის სიბრტყეზე ფასადის ნორმალის პროექციასა და ჩრდილო-სამხრეთ მიმართულებას შორის.

შენობის აღება - გამონაკლისი ღონისძიება, დაკავშირებული ქალაქთმშენებლობითი ან სხვა ობიექტური გარემოებით (მაღალი ფიზიკური და მორალური ცვეთა, ავარიული მდგომარეობა და სხვ.).

შენობის განაშენიანების ფართობი - შენობის ყველა სართულის განაშენიანების ფართობების ჯამი.

შენობის გარე კონტურის ფართობი - ერკერების, ვერანდების და ლოჯიების საერთო ფართობი.

შენობის გასათბობი თბოენერგიის კუთრი ხარჯი - სითბოს რაოდენობა, აუცილებელი შენობაში თბური კომფორტის ნორმირებული პარამეტრების შესანარჩუნებლად, მიკუთვნებული შენობის გამთბარი ფართობის ერთეულს ან გათბობის პერიოდში მოცულობის ერთეულს.

შენობის გასათბობი ფართობი - შენობის სართულების (მათ შორის მანსარდის, ცოკოლის და სარდაფის) ჯამური ფართობი, რომლშიც შედის გარე კედლების, კიბის უჯრედებისა და ლიფტის შახტების შიდა ზედაპირების ფართობი; საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში მას ემატება ანტრესოლების, გალერეების და მაყურებელთა დარბაზის აივნების ფართობი.

შენობის დაძველებული მდგომარეობა - მდგომარეობა, როდესაც შენობა მთლიანად ვეღარ აკმაყოფილებს მოცემულ საექსპლუატაციო მოთხოვნებს. ამ დროს შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეესაბამება მის ფიზიკურ ცვეთას 60-80%-ის საზღვრებში.

შენობის დემონტაჟი - შენობის მონტაჟის საპირისპირო პროცესი.

შენობის დეფორმაცია - შენობის ფორმისა და ზომების ცვლილება, აგრეთვე მდგრადობის დაკარგვა (დაჯდომა, ძვრა, გადახრა და სხვ.) დატვირთვებისა და ზემოქმედებების გავლენით.

შენობის ელემენტის უწესივრობა - ელემენტის მდგომარეობა, როდესაც ის ვერ ასრულებს საექსპლუატაციო მოთხოვნებს.

შენობის ენერგეტიკული პასპორტი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შენობისა და მისი ცალკეული ელემენტების გეომეტრიულ, ენერგეტიკულ და თბოტექნიკურ მახასიათებლებს და რომელიც ადგენს შენობის შესაბამისობას ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებთან.

შენობის ექსპლუატაცია - შენობის ან ნაგებობის გამოყენება ფუნქციური დანიშნულებით და აუცილებელი ღონიაძიებების ჩატარება, რათა კონსტრუქციებმა შეინარჩუნოს პარამეტრები, დადგენილი ტექნიკრი დოკუმენტაციის მოთხოვნებით.

შენობის თბოდაცვა - შემომსაზღვრელი კონსტრუქციების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან შენობის სივრცის ჩაკეტილ მოცულობას და ეწინააღმდეგებიან სითბოს გადაცემას სათავსოსა და გარე სივრცეს, ან ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურის მქონე სათავსებს შორის.

შენობის იერსახის არსებითი შეცვლა - როდესაც ფასადის მოპირკეთება ხდება მთლიანად ახალი მასალის, კონსტრუქციების, ნაკეთობების გამოყენებით, შენობათა ფასადებსა და სახურავებზე მონტაჟდება ახალი არქიტექტურული ელემენტები, ახალი ტექნიკური საშუალებები, კონსტრუქციები, ნაკეთობები; აგრეთვე ხდება ღიობების ისეთი გადაკეთება, რომლის დროსაც მისი ერთ-ერთი ხაზოვანი პარამეტრი იცვლება 2%-ზე მეტად და ეს ცვლილება აღემატება 10 სმ-ს (ისეთი სამუშაოს გარდა, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუქციის სამუშაოს ნაწილს).

შენობის კედელი - შენობის ძირითადი შემომზღუდავი კონსტრუქცია. განასხვავებენ გარე და შიდა, მზიდ, თვითმზიდ და არამზიდ კედლებს. მზიდი და თვითმზიდი კედლები გადაცემენ დატვირთვას უშუალოდ საძირკველს. არამზი კედელი ემაგრება შენობას სხვა კონსტრუქციებს, ჩვეულებრივ სვეტებს, რიგელებს ან გადახურვის ფილებს. ამოყვანის წესის მიხედვით შ.კ. არსებობს: ანაკრები (მსხვილპანელოვანი ან მსხვილბლოკოვანი); მონოლითური (ძირითადად ბეტონის) და ხელით ასაშენებელი (წვრილბლოკოვანი).

შენობის კლასი - 1. კატეგორია, რომელიც განსაზღვრავს შენობის არქიტექტურულ ღირებულებას, ფუნქციურ სირთულეს, საქალაქო და სოციალურ მნიშვნელობას; 2. შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: I კლასი - შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; II კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; III კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; IV კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; V კლასი - შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
     შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.
     თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს.
     შენობა-ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან: შენობის შემთხვევაში - შენობის საანგარიშო ზედაპირ(ებ)ის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაში - ნაგებობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე.

შენობის კომპაქტურობის კოეფიციენტი - შენობის შემომზღუდავი კონსტრუქციების ზედაპირის საერთო ფართობის შეფარდება, ამ კონსტრუქციებით შემოზღუდული შენობის შიდა გამთბარ მოცულობასთან.

შენობის კონსტრუქციული ნაწილის შემადგენლობა - ნაგებობების (მათ შორის, ხაზობრივი ნაგებობების) მშენებლობის შემთხვევაში კონსტრუქციული პროექტის შემადგენლობა მოიცავს: 1. განმარტებით ბარათს; 2. მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ნაგებობების განთავსება); 3. ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 4. ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას; 5. ხედების (ფასადების) სქემატურ ნახაზებს; 6. ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს; 7. შენობის ყველა სართულის გეგმას. საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციული სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს ნაგებობის ციფრულ ვიზუალიზაციას, ტერიტორიის ფოტოებს, მაკეტს და სხვ.

შენობის კონსტრუქციული სართულიანობა - ერთი შენობის მიწისქვეშა და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამი.

შენობის კონსტრუქციული სიმაღლე - აითვლება ერთი შენობის ძირითადი კონსტრუქციის საძირკვლის ქვედა ნიშნულიდან (ხიმინჯების სიმაღლის გამოკლებით მათი არსებობის შემთხვევაში) ბოლო სართულის გადახურვის ზედაპირის ნიშნულამდე.

შენობის კონსტრუქციული სქემა - სქემა, რომელიც ახასიათებს შენობის მზიდ კარკასს. მზიდი კარკასში შედის შენობის ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფს მის სიმტკიცეს, სიხისტესა და მდგრადობას. მზიდი კარკასის სიმტკიცე არის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს მოქმედ საანგარიშო დატვირთვებს, არ განიცადოს რღვეა და არ მიიღოს დასაშვებზე მეტი დეფორმაციები; სიხისტე - დატვირთვების ზემოქმედებით არ შეიცვალოს ფორმა, ხოლო მდგრადობა - შეინარჩუნოს წონასწორობა. ერთ-ერთი ამ თვისების დაკარგვა იწვევს შენობის მზიდი კარკასის წყობიდან გამოსვლას და ის უვარგისი ხდება ექსპლუატაციისათვის.

შენობის კუთრი სითბური ენერგოტევადობა - სითბოს რაოდენობა, რომელსაც მოიხმარს შენობა გათბობის, ცხელი წყალმომარაგების, ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირებისათვის ერთი წლის განმავლობაში, მიკუთვნებული შენობის საცხოვრებელი ოთახების საერთო ფართობის ან საზოგადოებრივი შენობების სასარგებლო ფართობის 1 მ2-ს.

შენობის კუთრი სითბური მახასიათებლები - შენობის გასათბობი თბური ნაკადის მაქსიმალური რაოდენობა, როდესაც ტემპერატურათა სხვაობა გარე და შიდა გარემოს შორის შეადგენს 10C-ს, მიკუთვნებული გამთბარი შენობის მოცულობის 1 მ3-ს.

შენობის მზიდი სისტემა - სივრცითი კონსტრუქცია, შენობის საფუძველი, შედგენილი ღეროვანი, ბრტყელი ან მოცულობითი ელემენტებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მთლიანად შენობის სიმტკიცეს, სიხისტეს, მდგრადობასა და სივრცით უცვლელობას. შენობების მზიდი კონსტრუქციული ნაწილები (კედლები, კოლონები, რიგელები და სხვ.) უნდა იყოს მდგრადი, ცეცხლგამძლე, რამდენადაც ამას შესაბამისი სამშენებლო და ტექნიკური რეგლამენტები მოითხოვს.

შენობის მიწის ზედაპირი - 1. მიწის ბუნებრივი ზედაპირი, რომელიც შეხებაშია შენობასთან; 2. მიწის ხელოვნური ზედაპირი, რომელიც მიიღება ბუნებრივი მიწის ზედაპირის ხელოვნური ცვლილებით, შეხებაშია შენობასთან და მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით არის განსაზღვრული.

შენობის მიწისზედა მოცულობა - შენობის მიწისპირა და მიწისზედა სრული, არასრული და ტექნიკური სართულების, მათ შორის, სხვენისა და მანსარდის მოცულობათა ჯამი.

შენობის მიწისზედა სართულიანობა - ერთი შენობის მიწისპირა და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამი.

შენობის მიწისქვეშა მოცულობა - შენობის მიწისქვეშა სრული, არასრული და ტექნიკური სართულების მოცულობათა ჯამი.

შენობის მოცულობა - შენობის მიწისზედა და მიწისქვეშა მოცულობების ჯამი.

შენობის საექსპლუატაციო მაჩვენებლები - შენობის ტექნიკური, მოცულობით-გეგმარებითი, სანიტარურ-ჰიგიენური, ეკონომიკური და ესთეტიკური თვისებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მისი ექსპლუატაციის ხარისხს.

შენობის საინჟინრო მოწყობილობები - ტექნიკური მოწყობილობების (ხელსაწყოების, აპარატების, მანქანების, კომუნიკაციების) კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების ყოფით და სამუშაო კომფორტულ პირობებს. მასში შედის: წყალმომარაგება, კანალიზაცია, ვენტილაცია, კლიმატიზაცია, ხელოვნური განათება, ელექტროგაყვანილობა, გაზმომარაგება, სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, ნაგავსატარი, კაბელიზაცია (ტელეფონი, ტელევიზია, ინტერნეტი), სახანძრო უსაფრთხოება და კეთილმოწყობის სხვა სახეები.

შენობის სართულის მოცულობა - სართულის გარე კონტურის (აივნებისა და ტერასების გარეშე) ფართობის ნამრავლი სართულის სიმაღლეზე. ერკერები, ვერანდები, ლოჯიები შედის სართულის გარე კონტურის ფართობში.

შენობის სითბომდგრადობა - შენობის შემომსაზღვრელი კონსტრუქციების უნარი შეინარჩუნოს დასაშვებ საზღვრებში ტემპერატურის მუდმივობა შენობის შიგნით.

შენობის სიმაღლე - შვეული დაშორება გრუნტის დონიდან სახურავის ყველაზე მაღალი ზედაპირის საშუალო სიმაღლემდე.

შენობის ტექნიკური მომსახურება - სამუშაოების კომპლექსი შენობის ნაწილების, მოცემული პარამეტრების, კონსტრუქციული ელემენტებისა და ტექნიკური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის შესანარჩუნებლად.

შენობის ფართობი - 1. ექსტერიერის კედლებს (ან ექსტერიერის კედლებსა და ხანძარსაწინააღმდეგო კედლებს) შორის მოქცეული ფართობი, გარდა საჰაერო (სავენტილაციო) შახტებისა და მინიმუმ სამი მხრიდან ექსტერიერის კედლებით შემოზღუდული ეზოებისა. შენობის ფართობები, რომელთაც არ აკრავს კედლები, ითვლება შენობის ფართობად, თუ ის მოქცეულია სახურავის ან ზედა სართულის ჰორიზონტალური ნაშვერის საზღვრებში; 2. ყველა სართულის ფართობების ჯამი.

შენობის ფასადის შემინვის კოეფიციენტი - ფასადის ვერტიკალურად შემინული ფართობის შეფარდება ფასადის საერთო ფართობთან.

შენობის ფუნქციური დანიშნულების არსებითი შეცვლა - შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში განსახორციელებელი საქმიანობის სახის ან დანიშნულების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეცვლას (მაგ. იზრდება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებზე დატვირთვები, იცვლება ემისიების დადგენილი რაოდენობა და ტიპი, აგრეთვე უსაფრთხოების მახასიათებლები და სხვ.).

შერევა - შერევის პროცესის დანიშნულებაა: მორეაგირე ნივთიერებების ოპტიმალური ზედაპირების შექმნა; ნივთიერების ფიზიკური მდგომარეობის შეცვლა; ქიმიური პროცესებისა და სითბოგაცვლის მდგომარეობის დაჩქარება; მასალის ფიზიკური მდგომარეობის შეცვლა, სუსპენზიების, ემულსიებისა და სხვა პასტების მიღება. სხვადასხვა მიზნებისათვის ურევენ ერთმანეთში ერთგვაროვან ან სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებს.

შერჰებელი (გერმ.) - 1. სადურგლო ინსტრუმენტი მერქნის სარანდავად ბოჭკოების გასწვრივ, განივად და რაღაც კუთხით. შ. დანას აქვს მომრგვალებული ბოლო (ნახ. 1), რომელიც რანდვის შემდეგ ნაკეთობაზე ტოვებს მცირე სიღრმის კვალს; 2. კონსტრუქციულად იგივეა, რაც ქართული შალაშინი.

შესასვლელი შეზღუდული - შესასვლელი, რომელიც ხელმისაწვდომია საერთო გამოყენებისათვის კონტროლის საფუძველზე, მაგრამ არა საზოდადოებრივი გამოყენებისათვის და არ წარმოადგენს დამხმარე შესასვლელს.

შესაფერისი სამუშაო - განმარტება, რომელიც მიღებულია შრომის ბირჟებზე - დასაქმებისთვის. შესაფერისად ითვლება სამუშაო, რომელიც შესაბამისობაშია მომუშავის პროფესიონალურ მომზადების დონესთან, სამუშაო გამოცდილებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სამუშაო ადგილემდე ტრანსპორტირებასთან.

შესაძლო გადაადგილება (ვირტუალური გადაადგილება) - სისტემის წერტილების ყოველი უსასრულოდ მცირე გადაადგილებები, რომლებიც არ არღვევენ სისტემაზე დადებულ ბმებს. შ.გ. ცნება არის წმინდა გეომეტრიული ცნება, რომელიც არაა დამოკიდებული მოქმედ ძალებზე და განისაზღვრება მხოლოდ სისტემაზე მოდებული ბმების სახით; იგი შემოაქვთ, როგორც ამ ბმების მახასიათებლები, რომლებიც გვიჩვენებენ მოდებული ბმების დროს რომელი გადაადგილება რჩება სისტემისათვის შესაძლო. შ.გ. ცნებით სარგებლობენ მექანიკური სისტემის წონასწორობისა და მოძრაობის განტოლებების განსაზღვრისას, აგრეთვე სისტემის თავისუფლების ხარისხის რიცხვის განსაზღვრისას.

შესაძლო გადაადგილებათა პრინციპი (მექანიკის ვარიაციული პრინციპი) - პრინციპი ასე ჩამოყალიბდება: გეომეტრიული, სტაციონარული და იდეალური ბმების მქონე სისტემის წონასწორობისათვის აუცილებელია და საკმარისი, რომ სისტემის ნებისმიერი შესაძლო გადაადგილებისას სისტემაზე მოქმედი ყველა აქტიური ძალის მუშაობათა ჯამი ნულის ტოლი იყოს.

შესაძლო ნგრევის ზონა - ტეროტორია, რომელიც მოიცავს კატეგორირებულ ქალაქებსა და ეკონომიკის ობიექტებს, რომლის ფარგლებშიც საგანგებო სიტუაციების ან ომიანობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰაერის დარტყმითი ტალღა, მოქმედების ფრონტში 10 კპა და მეტი ჭარბი წნევით, ან ასეთივე შედეგის მქონე სხვა დამანგრეველი ფაქტორი. შ.ნ.ზ. კატეგორირებული ქალაქებისათვის მიიღება ზონა მათი საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 7 კმ-ის ფარგლებში, ხოლო კატეგორირებული ობიექტებისათვის - საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 10 კმ-ის ფარგლებში.

შესაძლო სახიფათო რადიაქტიური დაბინძურების ზონა - ტერიტორია, რომლის გარე საზღვარი მოცილებულია კატეგორირებული ქალაქის ან კატეგორირებული ეკონომიკის ობიექტის შესაძლო ნგრევის ზონის გარე საზღვრიდან 20 კმ-ით, 4000 მვტ სიმძლავრის ატომური სადგურების შემთხვევაში 30 კმ-ით, უფრო მეტი სიმძლავრის ატომური სადგურებისათვის კი 50 კმ-ით. შესაძლო ძლიერი რადიაქტიური დაბინძურების ზონა მოიცავს ტერიტორიას 100 კმ-ის სიგანით, რომელიც ემიჯნება შესაძლო სახიფათო რადიაქტიული დაბინძურების ზონის გარე საზღვარს. შესაძლო სახიფათო ქიმიური დაბინძურების ზონა ყალიბდება შხამიანი ნივთიერებების სახისა და რაოდენობის მიხედვით და შესაბამისად მისი საზღვრები დგინდება კონკრეტული მონაცემების საფუძველზე ცალკეული ქიმიურად სახიფათო ობიექტებისათვის ინდივიდუალურად (გარემო და ტექნოლოგიური პირობების შესაბამისად).

შესაძლო ძლიერი ნგრევის ზონა - ტერიტორია, რომელიც მოიცავს კატეგორირებულ ქალაქს ან კატეგორირებულ ეკონომიკის ობიექტს და რომლის ფარგლებშიც საგანგებო სიტუაციების ან ომიანობის დროს შესაძლებელია განვითარდეს ჰაერის დარტყმითი ტალღა, მოქმედების ფრონტში 30 კპა და მეტი ჭარბი წნევით ან ასეთივე შედეგის მქონე სხვა დამანგრეველი ფაქტორი. მისი საზღვრები კატეგორირებული ქალაქებისათვის დგინდება მათი საპროექტო განაშენიანების ფარგლებში, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისათვის საპროექტო განაშენიანების საზღვრიდან 3 კმ-ის დაცილებით.

შეტივტივება - კომპონენტების შერევა მექანიკური ან კომბინირებული (მექანიკურად და შეკუმშული ჰაერით) მეთოდით მყარი ნაწილაკების დალექვის საწინააღმდეგოდ თხევად გარემოში. მაგ., წყალში თიხის, ცარცისა და ნედლეულის ნარევის სხვა კომპონენტების შეტივტივებულ მდგომარეობაში შეკავება ცემენტის კლინკერის სველი მეთოდით წარმოებაში, სუსპენზიებში და სხვ.

შეტყობინება - სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ინფორმაცია ან განცხადება მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის შესახებ.

შეუსაბამობა - 1. დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა; 2. ობიექტის დაზიანება, ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას.

შეუსაბამობა არაარსებითი - შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც მხედველობაში უნდა მიიღოს ობიექტის მფლობელმა.

შეუსაბამობა არსებითი - შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სასიცოცხლო საფრთხეს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მისი გამოუსწორებლობა დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს.

შეუსაბამობა კრიტიკული - შეუსაბამობა, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა და რომლის გამოსასწორებლად შეიძლება შეჩერდეს ობიექტის ექსპლუატაცია.

შეუღლება ნარანდით - ფიცრების ან ძელების შემჭიდროება ნაწიბურებით, როდესაც ფიცრის (ძელის) ერთ ნაწიბურზე სისქის შუაში ამოღებულია ღარი, ხოლო მეორე ნაწიბურზე გამონაშვერი, რომლებიც აწყობის დროს მჭიდროდ შედიან ერთმანეთში და ქმნიან შეერთებას. გამოიყენება ფენილების მოსაწყობად, ფიცრების (ძელების) ღუნვაზე ერთობლივად მუშაობისათვის. ასეთი შეუღლება სახურავის შიდა სივრცეს იცავს გამათბუნებლად გამოყენებული წიდის ნაფხვენებისა და მინერალური ბამბის ბოჭკოების ჩაცვენისაგან.

შეფარდება - მათემატიკაში - სხვადასხვა სიდიდეთა შედარება, მათი ურთიერთმიმართება რაოდენობრივად.

შეფი (ინგლ.) - 1. ხელმძღვანელი, უფროსი თავისი ხელქვეითების მიმართ; 2. წარმოება, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც სისტემატურ დახმარებას (შეფობას) უწევს რაიმე კოლექტივს.

შეფიცვრა - ხის კონსტრუქციებით გადახურული შენობის სათავსის ჭერი, რომელიც აწყობილია მზიდი ხის კონსტრუქციების ქვედა სარტყელზე მილურსმნული თხელი ფიცრებით.

შექცეული ქუსლი - არქიტექტურული პროფილი, რომელიც წარმოადგენს 1800-ით შეტრიალებულ ქუსლს.

შეღავათი (არაბ.) - 1. ვალდებულების შემცირება, შემსუბუქება, როგორც საერთო წესის გამონაკლისი; 2. შემსუბუქების, რამესაგან განთავისუფლების გრძნობა; შვება.

შეშა - მრგვალი ან ნაპობი სორტიმენტი, რომელიც ზომებისა და ხარისხის მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ საწვავად.

შეშრობა (მერქნის) - გაჯირჯვების შებრუნებული პროცესი. სრული (მაქსიმალური) შეშრობა ეწოდება მერქნის ისეთ მდგომარეობას, როდესაც მისგან სრულად არის გამოძევებული შეკავშირებული ტენი. შ. დროს ხდება მერქნის გეომეტრიული ზომების და მოცულობის შემცირება. წიწვოვანი ჯიშის მერქნის შეშრობის სიდიდის საშუალო მნიშვნელობა ნაკლებია, ვიდრე ფოთლოვანი ჯიშისა. შ. არათანაბრობა (ტანგენციური და რადიალური მიმართულებებით შ. სიდიდეების ფარდობა) წიწვოვან ჯიშებს მეტი აქვთ, ვიდრე ფოთლოვანს. არათანაბარო შ. შედეგად მერქანში წარმოიშობა არასასურველი შინაგანი დაძაბულობა, რომალმაც შეიძლება გამოიწვიოს ხის ელემენტებში ბზარების წარმოქმნა.

შეშრობა სრული (მაქსიმალური) - მერქნის მდგომარეობა, როდესაც მისგან სრულად არის გამოძევებული შეკავშირებული ტენი. მისი სიდიდის განსაზღვრისას საჭიროა ნიმუშში ტენიანობა გაჯერების ზღვრიდან შემცირდეს ნულამდე. სრული შეშრობის სიდიდე გამოითვლება ფორმულით: Yმაქს = [(aმაქს− a0)/a0]∙100%, სადაც aმაქს და a0 -  ნიმუშის ზომები (მოცულობები) გაჯერების ზღვარზე აბსოლუტურად მშრალ მდგომარეობაში, მმ (მმ3).

შეცხობა - წვრილმარცვლოვანი და ფხვნილისებრი მასალებისაგან გრანულების წარმოქმნა მაღალ ტემპერატურებზე. შ. პროცესში ადგილი აქვს მასალის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებისა და სტრუქტურის შეცვლას. მაგ., ცემენტის წარმოებაში კირქვებისა და თიხების გამოწვის პროცესში 15000C ტემპერატურაზე წარმოიქმნება ცემენტის კლინკერის გრანულები. შ. განიცდიან მასალები აგლომერაციის და კოქსვის დროს, პოლიმერების გადამუშავებისას, ფხვნილოვან მეტალურგიაში.

შეწოვა კაპილარული - სითხის გადაადგილება ფოროვანი მასალის შიგნით.

შეჭიდება - 1. ბეტონისა არმატურასთან რკ.ბ.-ის ნაკეთობების წარმოების დროს. შეჭიდების ხარისხზეა დამოკიდებულია ღუნვაზე და გაჭიმვაზე მომუშავე ნაკეთობის სიმტკიცე; 2. გრუნტის დამმუშავებელი და სატრანსპორტო საშუალებების სავალი თვლების ან მუხლუხების გრუნტთან მოდების მახასიათებელი, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების სიადვილეს ბუქსაობის გარეშე.

შეჭიდულობა - გრუნტის ნაწილაკებს შორის მოლეკულური კავშირი, რომელიც განსაზღვრავს მის სიმკვრივეს ან სიფხვიერეს და აისახება გრუნტის დამმუშავებელი მუშა ორგანოების მუშაობის ეფექტურობაზე, ცვეთაზე და სხვ.

შეხება - გეომეტრიული ცნება, რომელიც აღნიშნავს, რომ მოცემულ წერტილში ორ წირს, წირსა და ზედაპირს ან ორ ზედაპირს აქვს საერთო მხები წრფე ან მხები სიბრტყე. აღნიშნულ წერტილს შეხების წერტილი ეწოდება.

შვებულება - დროებით განთავისუფლება სამუშაოდან დასასვენებლად ან რაიმე სხვა მიზნით.

შვერი - ამწის ისრის გადაწვდომა, რომელიც მისი მოქმედების რადიუსს განაპირობებს.

შვეულა - წვრილ დრეკად ძაფზე დაკიდებული ტვირთი. სიმძიმის ძალის გავლენით ძაფი ღებულობს მიმართულებას, რომელიც შვეულ ხაზად იწოდება. შ. საშუალებით მიახლოებით განსაზღვრავენ ვერტიკალურ მიმართულებას, მაგ., მშენებლობასა და სადურგლო სამუშაოებში.

შვეულის გადახრა - კუთხე დედამიწის მოცემულ წერტილზე გამავალ შვეულ წირსა და ამავე წერტილზე გამავალ დედამიწის ნამდვილი სახისა და ზომის შესადარისი მათემატიკური ფიგურის ნორმალს შორის.

შიბერი (გერმ.) - მილგაყვანილობის არმატურა, საკვალთი, რომელიც გამოიყენება მილში გამავალი სითხის (აირის) რაოდენობის დასარეგულირებლად. შიბერული საკვალთი ჩვეულებრივისაგან განსხვავდება ჩამკეტი მექანიზმით. იგი მომარჯვებულია ლითონის სოლით ან ფირფიტით (ნახ. 1), რომელთა მოძრაობით ხდება ნაკადის დარეგულირება. შ. შეიძლება დაყენდეს ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ ან დახრილ მდგომარეობაში და მისი საშუალებით შეიძლება მოვახდინოთ ბუნკერიდან გამოსული მასალის რაოდენობის რეგულირებაც.

შიგ - რისამე შიგნით, რისამე სიღრმეში.

შიგა - 1. იგივეა, რაც შიგნითა; 2. იგივეა, რაც შიგ.

შიგა ძალა - მოცემული მექანიკური სისტემის ნივთიერ წერტილზე მოქმედი ძალა, რომელიც გამოწვეულია ამავე სისტემის სხვა წერტილის მოქმედებით, ანუ მოცემული მექანიკური სისტემის წერტილების ურთიერთქმედების ძალები.

შიგაწვის ძრავა - ცილინდრის შიგნით საწვავი მასალის წვით მომუშავე ძრავა.

შიგმზომი - გამოიყენება ნაკეთობის შიგა ხაზოვანი ზომების გასაზომად. ხელსაწყოს კონსტრუქციისა და გაზომვის პრინციპის მიხედვით შ. არის მიკრომეტრული და ინდიკატორული. გაზომვების საზღვრებია 0,2 მმ-დან 10 მ-მდე.

შიგნითა - შიგნით მოთავსებული.

შიგსახრახნი - ლითონსაჭრელი იარაღი, რომელიც გამოიყენება ნაკეთობების შიგნით ხრახნის მოსაჭრელად. არის ხელის და სამანქანო.

შიდა - იგივეა, რაც შიგნითა.

შიდა ეზო - ღია, გადაუხურავი სივრცე, შემოსაზღვრული სამი ან მეტი მხრიდან შენობის ექსტერიერის კედლებით ან სხვა შემომზღუდავი საშუალებებით.

შიდა ნაქურთენი - მერქნის მანკი, გულის შიგნით განლაგებული წრიული რგოლები. შეფერილობით და თვისებებით ისეთივეა, როგორც ნაქურთენის (ნახ.1, შიდა ნაქურთენი, განივი ჭრილი; ნახ. 2, შიდა ნაქურთენი, გრძივი ჭრილი). ადვილად ატარებს სითხეებს. მიდრეკილია ლპობისაკენ. სიმტკიცე ისეთივე აქვს, როგორც გულს. ასეთი მანკები დამახასიათებელია ფოთლოვანი ჯიშის მერქნისათვის (მუხა, კოპიტი). ძვირფასია მოზაიკური სამუშაებისათვის.

შიდაგაყვანილობა - ნაგებობის შიგნითა გაყვანილობა.

შიდასამართლებრივი აქტები - გამგეობის გადაწყვეტილებები, დირექტორის ბრძანებები და განკარგულებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად თანამშრომლებისათვის.

შიდაციხე – ზედაციხე, ციტადელ; შუა საუკუნეების დასახლების შიგნით, ჩვეულებრივ გაბატონებულ ადგილზე განლაგებული ციხე-სიმაგრე.

შიმშა (სპარს.) - კალატოზის, დურგლის ხის იარაღი; იხმარება საზომად და კედლის ზედაპირის სისწორის გასაგებად.

შინა... - პირველი შემადგენელი ნაწილი რთული სიტყვებისა - ნიშნავს რისამე შიგნით არსებულს, საშინაოს, რისამე შიგნით წარმოებულს

შინაგანი - რისამე შიგნით არსებული; შიგნითა.

შიომღვიმე - ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი (ნახ. 1). მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევარში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია. გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ. XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. ეკლესია გეგმით მარტივ, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის შენობას წარმოადგენს, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული კამარით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. 1678 წ. აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო (აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში. მთაზე აღმართული მცირე, მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფელ სხალტბიდან (შიომღვიმის წყალსადენი).

შირმა (გერმ.) - დასაკეცი გადასატანი ტიხარი; წარმოადგენს ანჯამებით ერთმანეთზე გადაბმულ რამდენიმე ჩარჩოს, რომლებზედაც ქსოვილია გადაკრული. თეჯირი.

შირფილი - პნევმოქსოვილის ნაირსახეობა, რომელიც მიიღება ტეფლონისა და მინაბოჭკოს კომპოზიტის დამუშავებით. გააჩნია მღალი სიმტკიცე, კარგი საექსპლუატაციო თვისებები, ამაღლებული ცეცხლმედეგობა, ხანგამძლეობა (20 წელი და მეტი). სიმკვრივე 1530 კგ/მ3, სისქე 0,81...0,97 მმ. შ. სახურავი მკრთალი ფერისაა, რადგან იგი დამაბინძურებელი ნივთიერებების მიმართ ინერტულია, ამიტომ სახურავი მუდმივად სუფთაა. მტვერი და ჭუჭყი, რომელიც მის ზედაპირზე შეიძლება დაგროვდეს, ადვილად ირეცხება წვიმის დროს და პრაქტიკულად სახურავი წლის ნებისმიერ დროს გამოიყურება მიმზიდველად. შ. აქვს უნიკალური თვისება - ირეკლავს მზის ენერგიის 70% სინათლის აბსოლუტური გამტარობის პირობებში, რაც საშუალებას იძლევა ზაფხულობით შევინარჩუნოთ ნორმალური ტემპერატურა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარსში გავლის შემდეგ მზის სხივები განიცდის გარდატეხას და ინტერიერის მხრიდან განათება ტოვებს თანაბრად გაბნეული შუქის სასიამოვნო შთაბეჭდილებას, ანუ შ. შუქის სპექტრი შიდა მხრიდან უახლოვდება დღის შუქის სპექტრს.

შიფერი (გერმ.) - აზბესტცემენტის ან თიხის დაპროფილებული საშენი მასალა სახურავისათვის. იშვიათად გვხვდება ბრტყელი ფურცლოვანი სახითაც, რომელსაც იყენებენ მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის. აზბესტცემენტის შ. გამოყენება ამჟამად აკრძალულია, რადგან მის შემადგენლობაში შედის ამფიბოლური აზბესტი, რომელიც შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომელიც იწვევს ფილტვების, ყელისა და საკვერცხეების კიბოს. მართალია რუსეთმა და უკრაინამ დაიწყეს ქრიზოტილ-აზბესტის წარმოება, მაგრამ ისიც მიუღებელია, რადგანაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთოდ აკრძალა ნებისმიერი შემადგენლობის აზბესტის წარმოება და რეკომენდაციას იძლევა შ. შეიცვალოს სხვა უვნებელი მასალით.

შიფრი (ფრანგ.) - 1. საიდუმლო წერილისათვის საჭირო პირობითი ნიშნების სისტემა; 2. წიგნების, ხელნაწერების, საქმიანი ქაღალდების და მისთ. პირობითი ნიშანი, რომელიც მიუთითებს მათი შენახვის ადგილს.

შიხუახუაკო - იხ. კუმარუ.

შკალა - იხ. სკალა.

შკანტი - კოტა, ჩასმული ხის დეტალის შესაბამის ბუდეში წებოს მეშვეობით. გამოიყენება ხის დეტალების შესაერთებლად (ნახ. 1).

შკვალი (ინგლ.) - ხანმოკლე ქარიშხალი.

შკივი - ბორბალი, რომელიც გამოიყენება ბაგირის მოძრაობის მიმართულების შესაცვლელად (მიმმართველი შკივი) ან წევის ძალის გადასაცემად (ამძრავი შკივი).

შლაგბაუმი (გერმ.) – ბერა; გზის ჩასაკეტი მოწყობილობა, რომელიც, ჩვეულებრივ, ეწყობა რკინიგზისა და გზატკეცილის გადაკვეთაზე, განსაზღვრული მნიშვნელობის მქონე ობიექტების შესასვლელთან და ა.შ.

შლამი (ბერძ., საპროპელი) - 1. მტკნარი წყალსატევების ლამიანი დანალექი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს. წარმოადგენს წყალმცენარეების, ცოცხალი ორგანიზმების, პლანქტონისა და ნიადაგის დამპალი ნაწილაკების ნარჩენს; 2. ბუსუსოვანი ნალექი, რომელიც წარმოიქმნება აბაზანის ფსკერზე პირველადი ლითონების - სპილენძის, თუთიის და ა.შ. ელექტროლიტური რაფინირებისას. შ. ხშირად შეიცავს კეთილშობილ და იშვიათ ლითონებს, ამიტომ მათ იყენებენ ნედლეულად ამ ლითონების წარმოებისათვის; 3. მადნის ან ქვანახშირის გამამდიდრებელი დანაწილების წვრილი ნარჩენები მარცვლების ზომით არაუმეტეს 0,25 მმ-ისა.

შლამშემრევი - გამოიყენება ცემენტის კლინკერის წარმოებაში თიხის, ცარცის და ნედლეულის სხვა კომპონენტების ასარევად, დაქუცმაცებისათვის, დისპერგირებისა და მყარი ნაწილაკების შეწონილ (შეტივტივებულ) მდგომარეობაში შესანარჩუნებლად (ნახ. 1, შლამშემრევი: 1 - ფარცხები; 2 - ჯაჭვები; 3 - ავზი; 4 - გადახურვა სექციური; 5 - ტრავერსა; 6 - პლანეტარული რედუქტორი; 7 - ძრავი; 8 - დენის ამრთმევი; 9 - ცენტრალური საყრდენი). კომპონენტების შერევა წარმოებს მექანიკურად ან კომბინირებული მეთოდით - მექანიკური ამრევებითა და შეკუმშული ჰაერით, რომელიც მიეწოდება საქშენებით ფრთების მოქმედების ზონაში.

შლანგი (გერმ.) - რეზინის ან სხვა მასალის მოქნილი მილი სითხის ან აირის გასატარებლად, შესაწოვად და სხვ.

შლიკერი (გერმ. Schlicker) - წყალთან შერეული წმინდად დაფქვილი საწყისი სილიკატური მასალის (თიხა, კვარცი, ფაიფური და სხვ.) ცომისებრი სქელი მასა, რომელსაც იყენებენ ფაიფურის, ქაშანურის ნაკეთობების, კერამიკული ფილების და სხვ. დასამზადებლად.

შლიხი (გერმ.) - დიდი კუთრი წონის მქონე მინერალების ნაწილაკთა ნალექი, რომელიც მიიღება ქვიშისა (სილისა) და სხვა ფხვიერი ქანების გარეცხვით.

შმიტის ჩაქუჩი (სკლერომეტრი) - ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ბეტონის (სამთო ქანების) სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით (ნახ. 1). მეთოდი ემყარება დარტყმითი იმპულსის განსაზღვრას, რომელიც წარმოიშობა დატვირთვის მოდების შედეგად. ბეტონის სიმტკიცე განისაზღვრება ხელსაწყოს საცემელას სიმაღლეზე ასხლეტის სიდიდით, წინასწარ აგებული სატარირე მრუდის („სიმტკიცე-ასხლეტა“) მეშვეობით. შ.ჩ. უზრუნველყოფს გაზომვის მაღალ სიზუსტეს და საშუალებას იძლევა მოვახდინოთ დიდი რაოდენობით ნაკეთობათა სიმტკიცის კონტროლი საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში.

შმიტის ჩაქუჩი ელექტრონული (DIGI SHMIDT) - ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით (ნახ. 1). ჩვეულებრივი შმიტის ჩაქუჩისაგან იმით განსხვავდება, რომ ხელსაწყო ახდენს ასხლეტის მნიშვნელობის ავტომატურ გარდაქმნას ბეტონის კუმშვის სიმტკიცის მაჩვენებლად და შესაძლებელია მისი შეერთება კომპიუტერთან. აქვს მოსახერხებელი ეკრანი (128×128 პიკსელი), სისტემის შიგნით ინახავს 250-მდე სერიის გაზომვას 10 დარტყმამდე თითოეულში და შედეგები გამოაქვს ეკრანზე.

შმიტის ჩაქუჩი ქანქარიანი (OS-120) - ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება რბილი მასალების (მსუბუქი და ახალი ბეტონის, თაბაშირმუყაოს, აგურის წყობაში ცემენტის დუღაბის და სხვ.) სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით (ნახ. 1). ის საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ ობიექტის ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ზედაპირზე მასალის კუმშვაზე სიმტკიცის გაზომვა 1 მპა-მდე სიდიდით.

შნეკი (გერმ.) - ხრახნული კონვეიერი; გამოიყენება ნაყარი (ფხვიერი) ტვირთების უწყვეტი გადაადგილებისათვის ჰორიზონტალურ სიბრტყეში ან 200-მდე დახრილობით. ტვირთის გადატანა ღარის გასწვრივ წარმოებს ხრახნის ბრუნვის შედეგად.

შნური (გერმ.) - ელექტროსადენი, ზონარი.

შორეთი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთის ჩრდილოეთით 5-6 კმ-ზე. კომპლექსში შედის: ეკლესია და სამრეკლო. ეკლესია ორსართულიანია. ძირითადი ნაწილი (II სართული) შიგნით ჯვაროვან სივრცეს ქმნის. ეს არის გეგმით წაგრძელებული დარბაზი. I სართულს სამხრეთით აქვს კარიბჭე, რომელიც XV საუკუნეში სამრეკლოსთვის გამოუყენებიათ - სამხრეთი მიმართულებით იგი გაუდიდებიათ და ზედ სამრეკლო 9-მალიანი ფანჩატური დაუდგამთ. სამრეკლოს ორივე სართული ქვიშისფერი თლილი ქვითაა ნაგები. სამხრეთ ფასადზე სამი თაღით შექმნილი კომპოზიციაა, რომელიც წარმოადგენს 8-წახნაგა ბოძზე დაყრდნობილი ორი თაღოვანი მალით შექმნილი შესასვლელს, რომლის ზემოთ მესამე თაღია. ფანჩატურის თაღები მოჩუქურთმებულია.

შორენკეცი - 1. ჭიქურით დაფარული დეკორატიული ფილა. საჭირო ფორმის მიცემის შემდეგ შ. აშრობენ და გამოწვავენ 11500C ტემპერატურაზე. მისი ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი ან რელიეფური, მოჭიქული ან მოუჭიქავი; 2. იხ. კაფელი.

შორისული კედელი – გარე კაპიტალურ კედლებს შორის მოქცეული შიდა, მზიდი კედელი.

შოსე (ფრანგ.) - გზატკეცილი, შარაგზა.

შპალერი (გერმ.) - 1. ქარხნული წესით დამზადებული გობელენი; 2. გასხლული ბაჩქნარის ან ხეების რიგი ბილიკის გასწვრივ; 3. საგანგებო ცხაური, რომელზედაც ამაგრებენ ბუჩქს ან ხეს, მათთვის განსაკუთრებული ფორმის მისანიჭებლად; 4. ქაღალდის ფართო ზოლები (ჩვეულებრივ, რაიმე ნახატის მქონე), რომლებსაც ოთახის, დარბაზის და მისთ. კედლებზე აკრავენ სილამაზისათვის; კედელზე მის დასაწებებლად ჩვეულებრივ ხმარობენ კლეისტერებს (წებო) - ფქვილის წარმოების ნარჩენებს ან წყალში ხსნად სინთეზურ წებოს; 5. ჯარისკაცების მწკრივი - ვისიმე მსვლელობის დროს - გზის ორივე მხარეს.

შპალერი ვინილის - შპალერი შედგენილი ორი ფენისაგან: პირველი ფენა - ქაღალდის (ქსოვილის) დაფარული პოლივინილით და მეორე ფენა - მასზე დატანილი სურათებით ან ნატვიფრით.

შპალერი თხევადი - ბამბის, ცელულოზის, საფეიქრო ბოჭკოს, წყალემულსიური საღებავისა და წებოს ნარევი დატანილი (ხელის საგორავით ან პნევმატიკური გამფრქვევით) კედლის ზედაპირზე (ნახ. 1). კოლერება ხდება სპეციალური საღებავების მეშვეობით.

შპალერი ლითონის - შპალერის სახეობა, რომელიც მზადდება ქაღალდის საფუძველზე ფოლგის თხელი ფენის გადაკვრით, რომლის შემდეგ შპალერის ზედაპირზე დაიტანება ხაო ან სურათი.

შპალერი ხაოიანი - ქაღალდის შოლტი, რომელზეც მუშაობის პროცესში პირველად დაიტანება ნახაზი, ხოლო შემდეგ - ხაო.

შპალი (ჰოლანდ.) - ხის, რკ,ბ.-ის ან ლითონის ძელი, რომელსაც გარდიგარდმო აგებენ რკინიგზის ვაკისზე რელსების საყრდენად. შ. ორგვარია: ფართოლიანდაგიანი და ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისათვის. ფართოლიანდაგიანი რკინიგზის შ. სამი ტიპისაა: I - მთავარი გზებისათვის, II - სასადგურე და მისასვლელი გზებისათვის და III - სამრეწველო ობიექტების ნაკლებად დატვირთული მისასვლელი გზებისათვის. შ. შეიძლება იყოს ნაშურიანი, ჩამოხერხილი მხოლოდ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეზე და სუფთა, ჩამოხერხილი ოთხივე მხარეზე. I ტიპის შ. სისქეა 180 მმ, ზედა ფენის სიგანე - 165 მმ, ქვედასი - 250 მმ. II ტიპის შ. სისქეა 160 მმ, ზედა ფენის სიგანე ტოლია სისქის, ე.ი. ისიც 160 მმ-ია, ხოლო ქვედა ფენის სიგანეა 230 მმ. III ტიპის შპალის სისქე და ზედა ფენის სიგანე შეადგენს 150 მმ, ქვედა ფენისა კი - 230 მმ. ლიანდაგებს შორის არსებულ ზომაზე (1524 მმ) დამოკიდებულებით შ. სიგრძე აიღება 2750 მმ, თუმცა მძიმე პირობებში მომუშავე უბნებისათვის შესაძლებელია ქარხანას შევუკვეთოთ შ., სიგრძით 2800 მმ; ხოლო იმ უბნებისათვის, სადაც ფართო და ვიწროლიანდაგიანი რკინიგზები შეთავსებულია - 3000 მმ. გადახრა ზომებში დასაშვებია: სისქეში 5 მმ, სიგრძეში 20 მმ. ტენიანობა არ უნდა იყოს 22%-ზე მეტი. შ. დასამზადებლად გამოიყენება კუნძები.

შპატელი (გერმ.) - ფოლადის ფირფიტა საღებავის გასაქნელად და წასასმელად; იგივე მასტიხინი.

შპატი (გერმ.) - მინერალი, რომელიც დარტყმის შედეგად იპობა ორი ან მეტი მიმართულებით სახვადასხვა ფორმისა და ზომის გეომეტრიულ ფიგურებად (მაგ., მინდვრის შ).

შპაცი - შუალედი (დაშორება) ფიცრების ნაწიბურებს შორის თაკარაში (შტაბელში).

შპილი - შენობის ვერტიკალური წვეტიანი დასრულება (ნახ. 1, პეტრეპავლეს ციხე-სიმაგრის შპილი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი), რომელსაც აქვს ძლიერ წაგრძელებული კონუსის ან პირამიდის ფორმა, ხშირად დაბოლოებულია დროშით, სიმბოლური ფიგურით და სხვ.

შპინგალეტი (რუს.) - ფანჯრის ან კარის საკეტი გასაწევ-გამოსაწევი გულანით.

შპონი - მერქნის (ბუნებრივი) ან სხვა მასალის (სინთეზური) თხელი ფირფიტები. გამოიყენება ფანერის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ასანთის, ავეჯის და სხვ. დასამზადებლად.

შპონი ანათალი - თხელი, ვიწრო მერქნის ფურცელი, რომელიც მერქნის ნამზადის (ვანჩესის) ბოჭკოების განივი რანდვით მიიღება სპეციალურ შპონსარანდავ ჩარხზე. ის ძირითადად ფოთლოვანი ჯიშის ძვირფასი მერქნისაგან მზადდება. ხასიათდება ლამაზი ტექსტურით. გამოიყენება ავეჯის და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაკეთობების წარმოებაში.

შპონი ახდილი - გლუვზედაპირიანი თხელი მერქნის ფურცელი, რომელიც მიიღება მერქნის ახდით შპონსახდელ ჩარხზე. გამოიყენება შეწებილი ნამზადების და ფანერის, მერქანშერეული პლასტიკების, მთლიანწნეხილი ნაკეთობების დასამზადებლად.

შპონი განივი - შპონი, რომლის ფურცლის სიგანე (მერქნის ბოჭკოების განივად) მეტია შპონის ფურცლის სიგრძეზე (მერქნის ბოჭკოების გრძივად).

შპონი გაუმშრალი - შპონი, რომელსაც არ გაუვლია შრობის პროცესი და შენარჩუნებული აქვს შპონის ახდისას მასში არსებული ტენი.

შპონი გლუვი - შპონი, რომლის ზედაპირზე მოცილებულია მერქნის ბოჭკოები (ხაო).

შპონი დახერხილი - შპონი, რომელიც მიიღება მერქნის დახერხვით სპეციალურ სახერხ ჩარხზე. მისი სისქეა 0,8...20 მმ. იშვიათად იწარმოება არარენტაბელურობის გამო (მერქნის დიდი დანაკარგი ხერხვისას), მაგრამ მაინც იწარმოება მცირე რაოდენობით (მაგ., მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად), რადგან ასეთი შპონი არ იცვლის ფერს და ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს, განსხვავებით ჩვეულებრივი შპონისაგან.

შპონი მშრალი - შპონი, რომლის ტენიანობა განსაზღვრულ დონემდეა დაყვანილი მისი დანიშნულების მიხედვით (მაგ., ავეჯის წარმოებაში გამოყენებული შპონის ტენიანობაა 2...8%).

შპონი საავიაციო - არყის ხისაგან მიღებული უდეფექტო, მაღალი ხარისხის ახდილი შპონი, რომელიც საავიაციო მრეწველობაში გამოიყენება შეწებილი ფანერის დასამზადებლად.

შპონი ხაოიანი - ხაოიანზედაპირიანი შპონი, რაც გამოწვეულია ნედლეულის არასრული ჰიდროთერმული დამუშავებით, მიჭერი სახაზავის არასწორად დაყენებით, დანის დიდი უკანა კუთხით ან დანის დაბლაგვებით. ის ნაწილობრივ მერქნის ჯიშზე და მიკროსტრუქტურაზეცაა დამოკიდებული.

შპონი ხელოვნური - სინთეზური შპონი, რომელიც ფისში გაჟღენთილი ტექსტურიანი ან უტექსტურო ქაღალდისაგან მიიღება.

შპონის ახდა - საფანერე მორიდან (კოტრიდან) ახდილი შპონის მიღების პროცესი, რის დროსაც მორი ასრულებს ბრუნვით მოძრაობას, მასში იჭრება ბრტყელი დანა გარკვეული, მუდმივი სიჩქარით და შპონს უწყვეტი ლენტის სახით ხდის.

შპონის გამოწნეხა - შპონის მოხდის მომენტში მისი სისქეში შემჭიდროების პროცესი, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი მტკიცე შპონის მიღებას. გ. გამოიხატება პროცენტებში და მისი მნიშვნელობა იცვლება 0...30%-ის ფარგლებში.

შპრენგელი (გერმ.) - ღეროებით შედგენილი კონსტრუქცია, რომელიც ზრდის ძირითადი კონსტრუქციის (კოჭის, ფერმის და ა.შ.) სიხისტეს და მზიდუნარიანობას.

შპუნტი (გერმ.) - ფიცრის სიგრძეზე დატანებული შვერილი ან კილო მეორე ფიცართან შესაერთებლად: ნარანდი.

შპური - ცილინდრული ღრუ დიამეტრით 75 მმ-მდე, სიგრძით 5 მ-მდე, გაბურღილი მთის ქანში ასაფეთქებელი ნივთიერების მუხტის მოსათავსებლად და სხვა მიზნისათვის.

შრობა - მყარი ტენიანი მასალებიდან ტენის მოცილების პროცესი, რომელიც ხორციელდება აორთქლების გზით და წარმოქმნილი ორთქლის გაყვანით. შ. შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური, შესაბამისად - დაბალტემპერატურული (ატმოსფერული) და მაღალტემპერატურული (კამერული).

შრობა ატმოსფერული (ბუნებრივი) - ბუნებრივ პირობებში რაიმეს (ფიცარი, შპონი, ქსოვილი, ფხვნილი და მისთ.) დიდი ხნის განმავლობაში შრობის პროცესი. წარმოებს ღია საწყობებში ან ფარდულებში. იგი შრობის უძველეს და უმარტივეს სახეს წარმოადგენს. მასალა (ფიცრები, ძელები, ძელაკები) ეწყობა თაკარებად შპაცების გარეშე (უწყვეტ რიგებად) ან შპაცების გამოყენებით (ფიცრების ნაწიბურებს შორის შუალედების - შპაცების დატოვება) აუცილებელია მაცირკულირებელი ჰაერი თანაბრად გარს ევლებოდეს მასალის ზედაპირს. თაკარა შედგება ჰორიზონტალურად დაწყობილი ფიცრების რიგებისაგან შუასადებებზე. შუასადებად გამოიყენება ხის გარანდული ძელაკები განივკვეთით 15×40 მმ. თხელი ნამზადის შრობის დროს შუასადებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვით ნამზადი. დასაწყობება შპაცების გარეშე უფრო რაციონალურია, ტევადია, მცირდება აეროდინამიკური წინააღმდეგობა, მარტივდება და მსუბუქდება სამუშაოების მექანიზაცია, მაგრამ უარყოფითი მხარეა ის, რომ ასეთ შტაბელებში ჰაერი მოძრაობს მხოლოდ ჰორიზონტალური მიმართულებით შტაბელის განივად. დასაწყობება შპაცების გამოყენებით უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას ყველა მიმართულებით. მერქნის ატმოსფერული შრობის დროს საჭიროა მუდმივი კონტროლი - სისტემატურად კონტროლდება მასალის ტენიანობა და ვიზუალურად აკვირდებიან შრობის შედეგად წარმოქმნილ დეფექტებს. იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება ფიცრების ბოლოების ან გვერდების დაბზარვა, რაც მიგვანიშნებს შრობის პროცესის ინტენსიურობაზე, მაშინ აწარმოებენ შტაბელში ჰაერის მიწოდების შეზღუდვას გვერდითი ფარების მოწყობით. ატმოსფერული შრობის უარყოფითი მხარეა სეზონურობა და პროცესის დიდი დრო, რომელიც ზოგჯერ თვეობით განისაზღვრება, მაგრამ მისი დაბალი ღირებულება და მშრალი მასალის მიღება სიმტკიცის და ფერის დაკარგვის გარეშე ამ მეთოდს მეტად გავრცელებულს ხდის ხის დამმუშავებელ მრეწველობაში.

შრობა ელექტროველში - მერქნის შრობის სახეობა, რომელიც ხორციელდება მაღალი სიხშირის დენის დახმარებით. გასაშრობი მასალა თავსდება ლითონის ფილებს შორის, რომელიც უერთდება ელექტრულ ქსელს. იქმნება კონდენსატორი, რომელშიც დიელექტრიკის როლს ასრულებს მერქანი. ელექტროდენი ხშირად იცვლის მიმართულებას (ნიშანს), რის გამოც მერქანი ცხელდება და მისგან ორთქლდება ტენი. თუ პროცესი მიდის 1000C ტემპერატურაზე ზევით, მაშინ მას უწოდებენ გამოორთქვლას, ხოლო თუ t < 1000C-ზე, მაშინ - აორთქლებას. ამ მეთოდით შრობა მიმდინარეობს ორთქლით გაჯერებულ გარემოში, ამიტომ მერქანი მუდმივად იმყოფება დაორთქლილ მდგომარეობაში და ადგილი არა აქვს მასალაში ბზარების გაჩენას და დეფორმაციებს.

შრობა ვაკუუმური - შრობის პროცესი გაიშვიათებულ სივრცეში, სპეციალურ ჰერმეტულად დახურულ კამერებში (ნახ. 1, ვაკუუმური შრობის კამერა), რომლებშიც წინასწარ ამოტუმბულია ჰაერი (შექმნილია ვაკუუმი). შრობის პროცესში მერქანში ტენის, ტემპერატურის და წნევის გრადიენტების ზემოქმედებით მიმდინარეობს მერქანში არსებული თავისუფალი და შეკავშირებული წყლის თანაბარი მოძრაობა მასალის სიღრმიდან ზედაპირისაკენ. რბილი ტემპერატურული რეჟიმი (45...620C) და ჰაერის გაიშვიათება ხელს უწყობს მერქნის სითბო- და ტენიანობის მახასიათებლების თანაბარ ცვალებადობას. მშრალი გარე ფენები შეიწოვენ ტენს შიდა სველი ფენებიდან. ვაკუუმური შრობა უზრუნველყოფს მერქნის თანაბარ შრობას, რომლის პროცესში არ ჩნდება შიდა ძაბვები და შესაბამისად ადგილი არა აქვს მასალის დაბრეცას და დასკდომას.

შრობა ინდუქციური - შრობის პროცესი თერმომაგნიტური ელემენტების (ლითონის ბადე) გამოყენებით. ბადე თავსდება გასაშრობ მასალაში. მთელი სისტემა კი სამრეწველო სიხშირის ელექტრომაგნიტურ ველში იმყოფება. სითბო მასალას გადაეცემა, როგორც კონტაქტური, ისე კონვექციის გზით.

შრობა ინფრაწითელი სხივებით - შრობის პროცესი ინფრაწითელი სხივების გამომყოფი სპეციალური გამათბობელი მოწყობილობით. გამოიყენება გალაქული (ან საღებავებიანი) ზედაპირების საფარის გასაშრობად.

შრობა კამერული (ხელოვნური) - მასალის შრობის ყველაზე გავრცელებული სახეობა. სითბოს წყაროდ გამოიყენება ქვაბიდან მოწოდებული ორთქლი ან ნამწვი აირი, რომელიც მიიღება სპეციალურ საცეცხლეში საწვავის წვის შედეგად. ცხელი ორთქლი მიეწოდება კამერის კალორიფერებს (ლითონის მილების სისტემა), რომელიც ათბობს შიგა სივრცეს. კამერაში არსებული გარემოს მიხედვით გამოიყენება ორთქლ-ჰაეროვანი და აირული კამერები (ნახ. 1, საშრობი კამერა).  მუშაობის რეჟიმის მიხედვით განასხვავებენ პერიოდული და უწყვეტი მოქმედების საშრობ კამერებს. პერიოდულში ტენიანი მასალის ჩატვირთვა წარმოებს ერთი ბოლოდან, ხოლო უწყვეტში - ჩატვირთვა ერთიდან, გადმოტვირთვა კი მეორედან. კამერაში გამშრობი აგენტის ტემპერატურა და ტენიანობა იცვლება „სველი“ ბოლოდან „მშრალისაკენ“: ტემპერატურა იზრდება, ხოლო ფარდობითი ტენიანობა - მცირდება. გარდა ამისა, უწყვეტი მოქმედების კამერა საშუალებას იძლევა შრობას მივცეთ კონვეიერული სახე, რაც საგრძნობლად ზრდის წარმადობას და თანაც მეტად მოსახერხებელია საწარმოსათვის. კამერული შრობის უპირატესობაა მასალის გაშრობა ტენიანობის საჭირო სიდიდემდე, შრობის პროცესის კონტროლი, დროის ეკონომია და საწარმოო ფართობის სიმცირე. ძირითადი ნაკლი კი ისაა, რომ აუცილებლად საჭიროებს სტაციონალურ შენობას.

შრობა კონვექციური - აბაზანაში წარმოებული შრობის სახეობა, რომელშიც შრობის აგენტად გამოიყენება წყალში უხსნადი ზეთოვანი ან პარაფინოვანი სითხეები, აგრეთვე გათხევადებული ლითონები, გოგირდი, წყალში ხსნადი ჰიგროსკოპული მარილები. მრეწველობაში დიდი გავრცელება პოვა შრობამ პეტროლატუმის გამოყენებით (ნავთობის გადამუშავების შედეგად ნარჩენი მოყვითალო ფერის პროდუქტი ლღობის ტემპერატურით 560C). დახერხილი მასალა თავსდება აბაზანაში ლითონის კონტეინერებით. როცა სველი მერქანი ჩაიძირება 1000C ტემპერატურამდე გაცხელებულ პეტროლატუმში, მერქანში არსებული ტენი სწრაფად ცხელდება, ორთქლდება და გამოდის მასივიდან გარეთ. შრობა მიმდინარეობს ატმოსფერული წნევის ქვეშ 120...1300C ტემპერატურაზე. ხანგრძლივობა 6...8 სთ, რაც 5...7-ჯერ ნაკლებია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ჭირდება მერქანს კამერული შრობის დროს. პეტროლატუმის ხარჯი შეადგენს 25...40 კგ/მ3. ამ ხერხის უარყოფითი მხარეა მერქნის ზედაპირების გაჭუჭყიანება, რაც აძნელებს შემდგომში მის დამუშავებას და დაწებებას. ხშირად ამ სახის შრობას შეათავსებენ მერქნის ზეთოვანი ანტისეპტიკებით გაჟღენთვასთან. სითხეებში შრობის გამოყენების არეა - მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები და კავშირები, შპალები, ხიდები და სხვ.

შრობა კონვექციური (სითხეებში) - ხის მასალის შრობა.

შრობა კონტაქტური - შრობის სახეობა, რომელსაც იყენებენ ბრტყელი მასალების, ძირითადად ფიცრების, გასაშრობად. პროცესი მიმდინარეობს ღია კამერაში შემდეგნაირად: გასაშრობ ფიცარს ათავსებენ 1500C-მდე გაცხელებულ ორ ლითონის ფილას შორის. მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ შრობას ჭირდება სულ რამდენიმე წუთი. უარყოფითი - მერქნის ზედაპირის ფერის შეცვლა სიშავისაკენ.

შრობა მერქნის - მერქანში არსებული თავისუფალი და შეკავშირებული წყალის მოცილების პროცესი. შრობის შედეგად ბუნებრივი ნედლეული იქცევა მრეწველობისათვის გამოსადეგ მასალად გაუმჯობესებული ბიოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით. სწორად ჩატარებული შრობის პროცესი იცავს მერქანს სოკოების, ბიომავნებლების გაჩენისაგან, ქიმიური დაშლისაგან, მექანიკური სახეცვლილებისაგან, ახანგრძლივებს ნაკეთობის სამსახურის ვადას. შ.მ. წარმოადგენს რთულ პროცესს, რომლის მიმდინარეობა განისაზღვრება ერთდროულად რამდენიმე ფიზიკური მოვლენით. ესენია: სითბოს შთანთქმა მასალის ზედაპირით (სითბოგადაცემა); სითბოს გავრცელება მასალაში (სითბოგამტარობა); ტენის აორთქლება მასალის ზედაპირიდან (ტენცვლა); ტენის გადაადგილება მასალაში (ტენგადაცემა). ზოგადად არსებობს შრობის ორი სახეობა - დაბალტემპერატურული (t < 1000C) და მაღალტემპერატურული (t > 1000C ). დაბალტემპერატურულს მიეკუთვნება ატმოსფერული (ბუნებრივი), კამერული, კონვექციურ-ატმოსფერული, ვაკუუმური, რადიაციული, ხოლო მაღალტემპერატურულს - კონტაქტური, ელექტრული, სითხეებში და სხვ.

შრობა როტაციული - შრობის პროცესი ცენტრიდანული ძალების გამოყენებით. ძირითადად გამოიყენება ბოჭკოვანი მასის გასაშრობად.

შრობა სითხეებში - რაიმეს შრობის პროცესი სითბოშემცველი სითხეების გამოყენებით (მაგ., პეტროლატუმი). მეტწილად გამოიყენება მერქნის კონსერვირებისას მისი ტენიანობის შესამცირებლად გაჟღენთვის წინ (მაგ., შპალების და ბოძების).

შრობა სუბლიმაციური - სითხის მოშორება ნაწარმისგან მისი გაყინვისა და შემდგომი გახურებისას ყინულის ორთქლად ქცევით გაუხშოების პირობებში.

შრომა - ადამიანის მიზანშეწონილი საქმიანობა, რომლის დროსაც ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი) შრომის საშუალებების გამოყენებით ზემოქმედებს შრომის საგნებზე გარკვეული მიზნის მისაღწევად (პროდუქციისა და მომსახურების წარმოება და სხვ.).

შრომა ადმინისტრაციული - ადმინისტრაციული შრომა ფუნქციონალური შინაარსით ისეთი შრომაა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ადამიანთა მართვაში, მათი შრომითი საქმიანობის პროცესში. შრომის აღნიშნული სახე დამახასიათებელია ხელმძღვანელი მუშაკებისათვის. ადმინისტრაციული შრომა შედგება განმკარგულებელი, საკოორდინაციო, საკონტროლო და სხვა სახის სამუშაოებისაგან.

შრომა არაკვალიფიციური - სპეციალური მომზადების არმქონე ადამიანის შრომა. პრაქტიკაში ასეთ მომუშავეებს აკუთვნებენ ხელფასის სატარიფო ბადის ყველაზე დაბალ, პირველ თანრიგს.

შრომა ინტელექტუალური - ადამიანთა შემოქმედებითი გონებრივი შრომა. ფუნქციონალური შინაარსით შ.ი. არის სხვადასხვა მეცნიერული, საინჟინრო, მმართველობითი და სხვა საკითხების კვლევა და დამუშავება, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა ამოცანათა დასმაზე და მათი მიღწევის გზების განსაზღვრაზე.

შრომა კონვეიერული (ჯგუფური) - შრომა, რომელიც წარმოებს კონვეიერთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასეთი სამუშაოს თავისებურებაა სამუშაოს ერთფეროვნება, მონოტონურობა, სიმარტივე, გარკვეულ პოზაში (ზოგჯერ მჯდომარე) ხანგრძლივად ყოფნის აუცილებლობა. ხშირად კონვეიერული სამუშაო დაკავშირებულია მხედველობის დაძაბვასთან.

შრომა ფიზიკური - რომელიც მოითხოვს კუნთების მნიშვნელოვან აქტიურობას, და შესაბამისად, დაკავშრებულია დიდ ენერგეტიკულ დანახარჯებთან (მტვირთავის, ქვის მთლელის, მჭედლის და მისთ. მუშაობა).

შრომატევადობა - სამუშაო დროის აუცილებელი დანახარჯი გამოშვებული პროდუქციის ერთეულზე ან განსაზღვრული მოცულობის სამუშაოს შესრულებაზე.

შრომითი დანახარჯები - სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას განისაზღვრება საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მონაცემების საფუძველზე ან ლიტერატურული წყაროებით.

შრომითი დისციპლინა - მომუშავეთა შრომითი ქცევის ფორმა, განსაზღვრული როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სამართლისა და მორალის ნორმებით, ისე მოცემულ ორგანიზაციაში შრომის კონკრეტული პირობებით.

შრომითი სტაჟი - მომუშავის შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობა, რომელიც გამოითვლება სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დადგენილი წესის მიხედვით და გარკვეულ უფლებებს ანიჭებს მას (უფლება პენსიაზე, სხვადასხვა დახმარებებზე და ა.შ.).

შრომითი ხელშეკრულება - ხელშეკრულება მომუშავესა და ორგანიზაციას (საწარმოს, დაწესებულებას და ა.შ.) შორის, რომლის მიხედვითაც მომუშავე ვალდებულებას იღებს, შინაგანი განაწესის დაცვის პირობებში, შეასრულოს განსაზღვრული სპეციალობის (თანამდებობის) სამუშაო, ხოლო ორგანიზაცია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს გადაუხადოს მას გარკვეული გასამრჯელო და უზრუნველყოს კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით და მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული შრომის პირობები.

შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სანარდო აკორდული სისტემა - სანარდო აკორდული სისტემის დროს ხელფასის სიდიდე დგინდება სამუშაოს მთელ მოცულობაზე (ე.წ. აკორდულ დავალებაზე). იმ შემთხვევაში, როცა აკორდული დავალების შესრულებას დიდი დრო სჭირდება, საბოლოო ანგარიშსწორებამდე მუშაკებს ეძლევათ ავანსი შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. ხელფასის ორგანიზაციის მოცემული სისტემისას პრემირება ხორციელდება აკორდული დავალების შესრულების ვადის შემცირებისათვის. პრემირებისათვის აუცილებელი პირობაა სამუშაოს ხარისხიანი შესრულება.

შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სანარდო ირიბი სისტემა - ირიბი (არაპირდაპირი) სანარდო სისტემისას მუშის (მომუშავის) ანაზღაურების სიდიდე დამოკიდებულია იმ მუშების გამომუშავებაზე, რომელთაც იგი უწევს მომსახურებას.

შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სანარდო ფორმა - შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის სანარდო ფორმისას ხელფასის სიდიდის გაანგარიშება ხდება გამოშვებული პროდუქციის (შესრულებული სამუშაოს) მოცულობისა და განსაზღვრული თანრიგის მქონე მომუშავის სატარიფო განაკვეთის მიხედვით.

შრომის ბაზარი - დამქირავებელთა და დასაქირავებელი სამუშაო ძალის ინტერესების შემათანხმებელი მექანიზმი. იგი უზრუნველყოფს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებას სამუშაო ძალის მოთხოვნისა და მიწოდების კანონის მოქმედების საფუძველზე.

შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა - შრომის ბაზრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო დაწესებულებებს, დასაქმებით დაკავებულ არასახელმწიფო სტრუქტურებს, საწარმოებსა და ფირმების საკადრო სამსახურებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ფონდებს, ნორმატიულ-სამართლებრივ გარემოს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ეფექტურ ურთიერთობას.

შრომის დაცვა - საკანონმდებლო აქტების სისტემა, სოაციალურ-ეკონომიკური, ორგანიზაციული, ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების და საშუალებების ერთობლიობა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოება, ადამიანის ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა.

შრომის დისციპლინა -  საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შრომა თავისუფალია: 1. თითოეულ მუშაკს აქვს იმ შრომითი საქმიანობის უფლება, რომელსაც თავისუფლად ირჩევს ან რომელზედაც იგი თანხმდება, უფლება - აირჩიოს საქმიანობის სფერო და პროფესია, აგრეთვე – უმუშევრობის დროს ისარგებლოს სახელმწიფო გარანტიებით; 2. იძულებით მუშაობა აკრძალულია;  3. მუშაკს უფლება აქვს: ა) თანაბარი მუშაობის პირობებში ჰქონდეს თანაბარი ანაზღაურება შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმისა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ისარგებლოს დასვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, დასვენებისა და უქმე დღეებში, ასევე ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით; გ)გაერთიანდეს პროფესიულ კავშირში, შრომისუუნარობისა და მოხუცებულობის პერიოდში უზრუნველყოფილი იყოს საარსებო მინიმუმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ)თავისი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს; 4. მუშაკი ვალდებულია:  ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; ბ) დაიცვას შრომის დისციპლინა; გ) გაუფრთხილდეს საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ქონებას; დ) დაიცვას ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომისა და საქმიანობის პირობები.

შრომის ეფექტიანობა - ადამიანთა შრომითი საქმიანობის შედეგიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ის იზომება შრომითი საქმიანობის შედეგის შეფარდებით ცოცხალი შრომის დანახარჯებთან.

შრომის ინტენსივობა - მწარმოებლური მუშაობისას შრომის დაძაბულობის ხარისხი. ის ხასიათდება დროის ერთეულში დახარჯული ცხოვრებისეული ენერგიის რაოდენობით.

შრომის კულტურა - მოიცავს: შრომის სრულყოფილ ორგანიზებას, წარმოებაში ხელსაყრელი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფას და მომუშავეთა სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. შრომის კულტურის დონეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ტექნიკური კულტურა.

შრომის ნორმატივები - რეგლამენტირებული საცნობარო-გაანგარიშებითი მაჩვენებლები (მასალები), რომელთა დახმარებით ხდება დროის ნორმების შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე, მომსახურებისა და რიცხოვნობის ნორმების დადგენა.

შრომის პირობები - საწარმოო გარემოს და შრომის პროცესის ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს მუშების შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე. განასხვავებენ ოთხი სახის შ.პ.: ოპტიმალური, დასაშვები, მავნე და საშიში.

შრომის სამართლიანი პირობები - 1. უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები, რომელშიც შესაძლებელია შესაბამისი შრომა. მოსამსახურე დაცული უნდა იყოს მისი ჯანმრთელობისათვის მავნე ხმაურისა და აირებისაგან; 2. სამართლიანი ხელფასი (საკმარისი - ღირსეული ცხოვრებისათვის და თანაბარი - ერთნაირი სამუშაოსათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე); 3. სამსახურში დაწინაურებისას თანასწორი შესაძლებლობები; 4. სამუშაო საათების გონივრული რაოდენობის და ანაზღაურებადი შვებულების უფლება.

შრომის სატარიფო ანაზღაურება - შრომის სატარიფო ანაზღაურების შემთხვევაში ხელფასის ორგანიზაციის განხორციელება შიგასაფირმო (შიგასაწარმოო) სატარიფო სისტემის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საწარმოებში როგორც შრომის ნორმების ფარგლებში, ისე შრომის ნორმის ზევით მუშაობისათვის, დგინდება ნორმა. სატარიფო სისტემის საფუძველზე შრომის ანაზღაურების ორგანიზაციისას მომუშავე გარანტირებულია მიიღოს ანაზღაურება მხოლოდ თავისი შრომის ინდივიდუალური შედეგებიდან გამომდინარე, მიუხედავად საწარმოს მუშაობის საერთო შედეგებისა.

შრომის უტარიფო ანაზღაურება - შრომის ანაზღაურება მუშაობის საერთო შედეგების მიხედვით. შრომის ანაზღაურების ორგანიზაციის უტარიფო სისტემისას დგინდება შრომის ანაზღაურების არა ფიქსირებული სიდიდე, არამედ საწარმოს შრომის ანაზღაურების ფონდში მომუშავეთა საქმიანი მონაწილეობის კოეფიციენტები.

შრომის წიგნაკი - 1. ძირითადი დოკუმენტი მუშის ან მოსამსახურის შრომითი საქმიანობის შესახებ; 2. შ.წ. შედგება ყველა მუშასა და მოსამსახურეზე, რომლებიც საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მუშაობენ ხუთ დღეზე მეტს; 3. შ.წ. იწერება ცნობები მუშაკისა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი წარმატებისათვის წახალისებისა და დაჯილდოებების თაობაზე. სასჯელი შრომის წიგნაკში არ ჩაიწერება; 4. შ.წ. ჩანაწერი სამუშაოდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ უნდა გაკეთდეს მოქმედი კანონმდებლობის ფორმულირების ზუსტი შესაბამისობით და მითითებული უნდა იყოს შესაბამისი კანონის მუხლი, პუნქტი. მუშის ან მოსამსახურის ინიციატივით ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის გამო პენსიაზე გასვლის, უმაღლეს თუ საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში ან დოქტურანტურაში ჩარიცხვის და სხვა მიზეზების გამო, რომლებსაც კანონმდებლობა უკავშირებს განსაზღვრული შეღავათებისა და უპირატესობათა მიცემას. შრომის ხელშეკრულების მოშლისას სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შრომის წიგნაკში გაკეთებულ ჩანაწერში უნდა აღინიშნოს ეს მიზეზი; 5. სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკი ეძლევა დათხოვნის დღეს.

შრომის ჰიგიენა - ორგანიზაციულ ღონისძიებათა და პრაქტიკული ღონისძიებების სისტემა, რომლებიც მიმართულია მავნე საწარმოო ფაქტორების მოქმედების ლიკვიდაციის ან მინიმიზაციისაკენ.

შრომისუნარიანობა - ინდივიდის პოტენციური უნარი, შეასრულოს მიზანმიმართული მოქმედება ეფექტურობის მოცემულ დონეზე გარკვეული დროის განმავლობაში. შ. დამოკიდებულია მოქმედების გარეშე ფაქტორებზე და ინდივიდის ფსიქოფიზიოლოგიურ რესურსებზე.

შრომისუუნარობა - სამედიცინო ან სოციალური უკუჩვენებების საფუძველზე ჩვეული პროფესიონალური მოღვაწეობის გაგრძელების შეუძლებლობა.

შტაბელი - იხ. თაკარა.

შტაბელსაწყობი - საცალო ტვირთების ასაწევ-გადასატანი გადასაადგილებელი მანქანა, რომელიც შტაბელებად აწყობს მათ. ტვირთის ჩაჭერა წარმოებს სპეციალური მოწყობილობით და შემდგომ მისი გადაადგილება ხდება კონვეიერით 6 მ-მდე და მეტ სიმაღლეზე. შ. იყენებენ სასაწყობო და დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოების მექანიზაციისათვის.

შტამბი (გერმ.) - ხის ტანი ფესვიდან ვარჯამდე.

შტამპვა მოცულობითი - ერთ-ერთი ძირითადი ხერხი ლითონების წნევით დამუშავებისა, როდესაც ნაკეთობა პლასტიკურად დეფორმირდება ყველა ზომის ცვლილებით, იღებს რა ფორმას, რომელიც მიესადაგება ინსტრუმენტის სამუშაო ღრუს - შტამპს. გამოიყენება ალუმინის, მაგნიუმის, ტიტანის შენადნობების, შავი ლითონების ნაკეთობათა, აგრეთვე სამჭედლო-საშტამპო წარმოებაში მანქანათა დეტალების სერიული და მასიური ნაწილების დამზადებისას.

შტანგა - 1. ტანსაცმლისა და თეთრეულის კარადის მრგვალი ან ოვალური ფორმის დეტალი (ხარიხა), რომელზედაც ტანსაცმლის საკიდები ეკიდება; 2. სპორტული იარაღის ლითონის მილი, რომლის ბოლოებზე სიმძიმეები მაგრდება; 3. ფეხბურთის, ხელბურთის და ჰოკეის მოედნის კარის ზედა ძელი; 4. ძვ. თოკი ერთგვარი.

შტანგენინსტრუმენტი - გარე და შიდა ზომების აღებისა და დაკვალვის საშუალებების განზოგადებული დასახელება (შტანგენცირკული, შტანგენრეისმასი, შტანგენსიღრმისმზომი და შტანგენკბილსაზომი).

შტანგენკბილსაზომი - შტანგენინსტრუმენტის სახეობა, რომელიც არის შტანგენსიღრმისმზომისა და შტანგენცირკულის ნაზავი (ნახ. 1). გამოიყენება კბილა თვლების კბილების სისქის საზომად. ვერტიკალური სახაზავი აფიქსირებს წერტილს (დონეს), სადაც საჭიროა კბილის სისქის გაზომვა, ხოლო ჰორიზონტალური მოწყობილობა - უშუალოდ ზომავს კბილის სისქეს.

შტატი (გერმ.) - 1. მოცემულ წარმოებაში, დაწესებულებაში მომუშავეთა მთელი შემადგენლობა, რომელიც დამტკიცებულია სათანადო ზემდგომი ორგანოს მიერ; 2. ზოგი ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენლობაში არსებული სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც აქვს თვითმმართველობა.

შტატივი (გერმ.) - დასაკეცი სამფეხი, რომელზედაც ამაგრებენ ფოტოგრაფიულ ან კინოგადასაღებ აპარატს, ასტრონომიულ ან გეოდეზიურ ინსტრუმენტს და მისთანებს.

შტატში მომუშავე თანამშრომელი - თანამშრომელი, რომელიც მუშაობს სრულ ან არასრულ საშტატო განაკვეთზე და რომლის სამუშაო საათები არ არის 40 საათზე ნაკლები კვირაში.

შტენგელი - ლამპის ფეხის დეტალი მილის სახით, რომელიც შეერთებულია კოლბასთან ან სანთურასთან კოლბიდან ჰაერის ამოსატუმბად ან აირით შესავსებად და ლითონების დოზირებისათვის.

შტეფსელი (გერმ.) - ლითონის ჩანგალი ან ღერო, რომლის საშუალებითაც მასთან შეერთებულ გადასატან ელექტრულ ხელსაწყოს (მაგ., ლამპას, უთოს) რთავენ ქსელში.

შტიფტი (გერმ.) - პატარა ცილინდრული ან კონუსური ღერო, რომელსაც იყენებენ მანქანის რომელიმე ორი დეტალის უძრავად შესაერთებლად.

შტოლნი - ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი აქვს ზედაპირზე და, ისევე როგორც ჭაური, ემსახურება მიწისქვეშა სამუშაოებს. დანიშნულების მიხედვით არსებობს საზიდი, სავენტილაციო და წყალსარინი.

შტორი - 1. ფანჯრის ფარდა ერთგვარი; 2. ისტორიული ციხე-სიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ადრინდელი შუა საუკუნეების კახეთის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავოს ადმინისტრაციული ცენტრი.

შტორმი - ძლიერი ქარი, რომლის სიძლიერეს შეესაბამება 9 ბალი ბოფორტის სკალით.

შტორმი სასტიკი - ძლიერი ქარი, რომლის სიძლიერეს შეესაბამება 11 ბალი ბოფორტის სკალით.

შტორმი ძლიერი - ძლიერი ქარი, რომლის სიძლიერეს შეესაბამება 10 ბალი ბოფორტის სკალით.

შტრეკი - ჰორიზონტალური გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი არა აქვს მიწის ზედაპირზე და გაიყვანება ფენაში ან წიაღისეულის ბუდობში მათი განვრცობით. ფენის ან ბუდობის ჰორიზონტალურად განლაგების შემთხვევაში შტრეკი გაიყვანება ყველა მიმართულებით, ვინაიდან ჰორიზონტალურ ფენებს არა აქვს განვრცობა და დაქანება.

შტრეკი საველე - ფუჭ ქანში გაყვანილი შტრეკი.

შტრიფსი - ლითონის ზოლი (სიგანე 400 მმ, სისქე 1,75...10 მმ) ნაკეთობის სახით, რომელიც გამოიყენება შენადუღი მილების, საკაბელო პროდუქციის, მავთულის, თაბაშირმუყაოს პროფილების, პლასტმასის ფანჯრების არმირებული პროფილების დასამზადებლად, აგრეთვე ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში და ლითონის ნაკეთობების საწარმოებში. მილების წარმოებაში წარმატებით გამოიყენება მოთუთიებული შ. სისქით 2...10 მმ, სიგანით 2 მ-მდე. მომხმარებელს მიეწოდება რულონების სახით. შ. დამზადებას აწარმოებენ ფოლადის ფურცლების სპეციალურ ჩარხებზე დაჭრით (ნახ. 1: მოთუთიებული შტრიფსის დამზადების პროცესი).

შტრობა - ღარი ბეტონში ან აგურში საინჟინრო სისტემის ელემენტების (მილი, კაბელი და სხვ.) ჩასაწყობად. აკეთებენ ღოჯის, პერფორატორის ან შტრობსაჭრელის მეშვეობით.

შტრობსაჭრელი - პნევმატიკური ხელის მანქანა ბეტონში ან აგურში ღარის ამოსაღებად ელექტრომავთულის, კაბელის, მილის და მისთ. ჩასაწყობად (ნახ. 1). მჭრელ ინსტრუმენს წარმოადგენს ცილინდრული ფრეზი ან აბრაზიული დისკო. აღჭურვილია დამცავი გარსაცმით, მტვრის მოსაშორებელი სისტემით, ხოლო ელექტრული შ. - ელექტრული სტაბილიზაციის სისტემით.

შტულპი - პლასტმასის (პოლივინილქლორიდის) პროფილი მსგავსი იმპოსტისა, რომელიც გამოიყენება ფანჯრის ორი მოძრავი ფრთის დასახურად. იმპოსტისაგან განსხვავებით (იმპოსტი უძრავადაა მიერთებული ფანჯრის ჩარჩოსთან) შ. მიერთებულია ერთ-ერთ ფრთასთან, რომელსაც სახელური არა აქვს. შტულპიანი ფრთის გასაღებად ჯერ უნდა გაიღოს მეორე (სახელურიანი) ფრთა, ჩაიხსნას ზედა და ქვედა შპინგალეტი და შემდეგაა შესაძლებელი მისი გაღება (ნახ. 1). შ. უპირატესობაა ფანჯრის ღიობის სრულად განთავისუფლება (შუა დგარის გარეშე).

შტუცერი (გერმ.) - 1. ძველებური თოფი, რომლის ლულასაც შიგნით ხრახნისებური კუთხვილი აქვს; 2. კუთხვილის მქონე მსხვილკალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი; 3. მოკლე მილი, რომელსაც აქვს ხრახნი; იყენებენ მილების ან შლანგების ერთმანეთთან შესაერთებლად.

შუაკედლისი - ღიობებს შორის მოქცეული კედლის ყრუ ნაწილი.

შუალედი (ინტერვალი) - შუა, შუათანა, გარდამავალი; ნაწილი რისამე.

შუამავალი - პირი, რომელიც ახორციელებს ორ ან რამდენიმე პირს შორის რაიმე საკითხის ირგვლივ შეთანხმებას.

შუასადები - წნევის ქვეშ მომუშავე ძრავების, აპარატების, ხელსაწყოების დასაშლელი ნაწილების ჰერმეტიზაციის დეტალი, რომელიც მზადდება უფრო რბილი მასალისაგან, ვიდრე შეუღლებული ზედაპირები. მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებისათვის შუასადები მზადდება სპილენძისაგან, ალუმინისა და რბილი ფოლადისაგან. სხვა შემთხვევებში - მუყაოსა, რეზინის ან ასბესტისაგან და სხვ.

შუაჯვარედი - ტაძრის ნაწილი, რომელიც წარმოიქმნება გრძივი ნავისა და ტრანსეპტას (განივი ნავის) გადაკვეთით.

შუბლა ფიცარი - ძვ. ხის ხუროთმოძღვრებაში ჩუქურთმებით დამშვენებული ფიცარი, რომელიც ხურავს გადასასვლელს კედლის მორებიდან ქოხის ფრონტონის ფიცრებამდე (ნახ. 1).

შუბლური მიყრდნობა - კუმშვაზე მომუშავე ხის ელემენტების შეერთების უმარტივესი სახეობა, როდესაც ერთი ელემენტი ტორსული ნაწილით უშუალოდ ეყრდნობა მეორე ელემენტს.

შუბლური მიყრდნობა განივი - ხის ორი ღეროს შეერთება მართი კუთხით, როდესაც ერთი შეკუმშული ელემენტის ტორსი ეყრდნობა მეორე ელემენტის ფენას და უერთდება არა მუშა მაკავშირებლებით. მაგ., ასე უერთდება დგარები კარკასის ზედა და ქვედა ჰორიზონტალურ ელემენტებს. ასეთ შეერთებებში მერქანი დგარის ტორსში მუშაობს თელვაზე ბოჭკოების გასწვრივ, ხოლო ჰორიზონტალური ელემენტის ფენაში ბოჭკოების განივად. გაანგარიშებისათვის საკმარისია თელვა ბოჭკოების განივად, რადგანაც ამ დროს მერქნის საანგარიშო წინაღობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თელვა ბოჭკოების გრძივად.

შუბლური მიყრდნობა დახრილი - ხის ორი შეკუმშული ელემენტის შეერთება, რომელთა სიმეტრიის ღერძები ერთმანეთთან ქმნიან რაღაც  კუთხეს. ამ დროს შესაძლებელია ერთი ელემენტის ტორსული განივკვეთი მართობული იყოს ღეროს ღერძის მიმართ ან ორივე დახრილი იყოს. ასეთი შეერთების გაანგარიშებისას საკმარისია მერქნის თელვაზე შემოწმება იმ ღეროსი, რომლის ტორსიც დახრილია ღერძის მიმართ.

შუბლური ჭდობა - შეერთების სახეობა, რომელშიც შეკუმშული ელემენტიდან ძალა გადაეცემა მეორე ელემენტს უშუალოდ, ყოველგვარი მუშა კავშირების გარეშე. ასეთი ჭდობები ძირითადად გამოიყენება ძელებისაგან (მორებისაგან) განხორციელებული წამწეების საყრდენ და შუალედ კვანძებში. ჭდობა ყოველთვის იკვრება ავარიული ჭანჭიკებით.

შუკა - ვიწრო ქუჩა; ორღობე.

შუკუმი - სარკმელი; ფანჯრის საგდულის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლად იღება და სათავსის გასანიავებლად არის განკუთვნილი.

შუნგიზიტბეტონი - მსუბუქი ბეტონი, რომელშიც შემვსებად გამოყენებულია სხვადასხვა ფრაქციის შუნგიზიტის ხრეში ან ღორღი. სიმტკიცე 25...200 კგ/სმ2.

შუნგიზიტი - ხელოვნური ფოროვანი მასალა, რომელიც მიიღება შუნგიტის შემცველი ქანების გამოწვით. გამოიყენება მსუბუქ ბეტონებში შემვსებად (შუნგიზიტბეტონი).

შუნგიტი - სამთო ქანი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მეტამორფულ ორგანულ ნივთიერებებს. გამოირჩევა მაღალი ქიმიური მედეგობით, ყინვამედეგობით, ხეხვისადმი მდგრადობით. გამოიყენება შუნგიზიტის მისაღებად.

შურო - დახრილი გვირაბი, რომელსაც უშუალო გამოსასვლელი არა აქვს ზედაპირზე, განკუთვნილია მარგი წიაღისეულის საკუთარი წონის გავლენით თვითგორვით ჩაშვებისათვის. შურო გაჰყავთ მხოლოდ ციცაბოდ დახრილ და ციცაბო საბადოებზე, რომელთა ვარდნის კუთხე უზრუნველყოფს წიაღისეულის თვითგორვით მოძრაობას.

შურუპი - ხრახნი, რომლის დიამეტრი d < 12 მმ. მას აქვს სფერული ან ბრტყელი თავი განაჭერით, რომელშიც ჩადის ხელის ან ელექტრო სახრახნისის პირი, რომელთა დახმარებითაც იგი ჩაიხრახნება მერქანში. თუ ხრახნის დიამეტრი d >12 მმ, მაშინ მას უწოდებენ ყრუ ჭანჭიკებს. მათ აქვთ კვადრატული ან ექვსკუთხა თავი და ჩაიხრახნება მერქანში ქანჩის გასაღების საშუალებით.

შურფი (გერმ.) - 1. მიწის ზედაპირიდან ამოღებული 1...3 მ სიღრმის ჭა (ორმო), შენობის საძირკვლის ძირის დასათვალიერებლად და გრუნტის სინჯის ასაღებად; ნიადაგის ფენების უფრო ღრმა კვლევებისათვის მიმართავენ ბურღვას; 2. მიწის ზედაპირიდან გაყვანილი მცირე სიღრმის ვერტიკალური ან დახრილი გვირაბი სიგრძით 25...40 მ იყენებენ სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დასაზვერად, ვენტილაციისათვის, მაღაროში მასალების ჩასაშვებად, მომუშავეთა ჩასვლა-ამოსვლისათვის და სხვ

შუქმედეგობა - ორგანული ნივთიერებათა, საღებავების, საღებარების უნარი შეინარჩუნოს უცვლელად თავისი ფერი სინათლის (ულტრაიისფერი დასხივების) მოქმედებისას. იზომება ნიმუშის დასხივებული ნახევრის ფერის ცვლილების დროით დაფარებულ ნახევართან შედარებით.

შუქურა - 1. ზღვის სანაპიროზე მდგარი მაღალი ნაგებობა, რომლის თავი აღჭურვილია მძლავრი გასანათებელი მოწყობილობით; 2. თაბაშირის, ცემენტის ან შუშის მარკა, რომელიც მიემაგრება კედელზე დეფექტის ადგილზე. შუქურაზე ბზარის გავრცელებისას მსჯელობენ კონსტრუქციის დეფორმაციაზე.

შუქური კლიმატი - ბუნებრივი განათებულობის პირობების ერთობლიობა ამა თუ იმ ადგილებში (ცის გაფანტული და მზის პირდაპირი შუქით გამოწვეული განათებულობა და განათების სიდიდე ჰორიზონტალურ და სხვადასხვა ორიენტაციის მქონე ვერტიკალურ ზედაპირზე, მზის ციალის ხანგრძლივობა და ქვეფენილი ზედაპირის ალბედო) ათ წელზე მეტ პერიოდში.

შუქფარანი (სანათური) - 1. სათავსის ზედა შუქით განათების მიზნით მოწყობილი, შენობის გადახურვის სიბრტყიდან მკვეთრად გამოყოფილი შემინული ნაწილი, რომელსაც აქვს ღიობები განათებისა და ვენტილაციისათვის სიმაღლით 1-2 მ (ნახ. 1: სამრეწველო შენობის შუქფარანი); 2. სახურავის ბურულის შემინული ნაწილი სათავსის (საამქროს, გამოფენის დარბაზის, სურათების გალერეის და სხვ.) ზედა განათებისათვის (ნახ. 2); 3. შუა საუკუნეების გუმბათოვანი გადახურვის თავზე დადგმული მცირე ზომის ნაგებობა კოლონებითა და ღიობებით, რომელიც ასრულებდა განათების ან დეკორატიულ ფუნქციას (ნახ. 3: სანტა-მარია-დელ-ფიორეს კათედრალური ტაძრის გუმბათის შუქფარანი. ფლორენცია, იტალია).

შუქფარი - ლითონის ან სხვა მასალის ფარი, რომელიც ელექტროლამფაზე ჩამოიცმება შუქისაგან მხედველობის დასაცავად ან სინათლის სხივებისათვის გარკვეული მიმართულების მისანიჭებლად.

შუშა (სპარს.) - 1. მინის პატარა ჭურჭელი (წამლის შ., ლამპის შ.); 2. იხ. მინა.

შქერი (ლათ.) - მარადმწვანე მაღალი, ზოგჯერ ნახევრად გართხმული ბუჩქი ლამაზი მოიისფრო მეწამული ყვავილებით. უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში. იზრდება ფოთლოვან ტყეებში; ხშირად ქმნის თავისებურ ფორმაციას - შქერიანს. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო საქმეში. დეკორატიული მცენარეა.

შხაპი - მოწყობილობა, რომლის დაჩვრეტილი ფართო ბოლოდან წყალი შხეფებად გამოდის; იხმარება დასაბანად, ტანზე წყლის გადასავლებად, ყვავილნარისა და ტერიტორიის მოსარწყავად და სხვ.

შხერი (შვედ.) - პატარა კლდოვანი კუნძული.

შხეფის ციხე - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დასავლეთ საქართველოში (ნახ. 1), სამეგრელოში (ახლანდელი სენაკის მახლობლად). მთის ქიმზე გადმომდგარი ციხე კოლხეთის დაბლობს დაჰყურებს. საეროოდ მას მეტად მოხერხებული მდებარეობა უკავია. ციხე მრავალჯერ გადაკეთებულა. კარგადაა შემორჩენილი ორი კოშკი და გალავანი. ყველაზე დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს ერთ-ერთი კოშკი, რომელიც ადრე საუკუნეებშია აგებული. სქელი კედლები ქვის დიდი კვადრებითაა ნაწყობი და შესანიშნავი პროპორციები აქვს. შხეფის ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც მოქმედებდა.

შხეფსაცივარი - სპეციალური კოშკური ნაგებობა ან მოწყობილობა დიდი რაოდენობის ცხელი წყლის გასაცივებლად ატმოსფერული ჰაერით. შ. გამოიყენება სამრეწველო წარმოებების საბრუნი წყალმომარაგების სისტემებში თბოგადამცემი აპარატების გასაცივებლად, რომლებსაც იყენებენ თბოელექტროსადგურებში, თბოელექტროცენტრალებში, ატომურ ელექტროსაგურებში, მეტალურგიულ ქარხნებში და სხვ. როგორც წესი, შ. გავრცელებულია ისეთ ადგილებში, სადაც საშუალება არ არის ნამუშევარი ცხელი წყლის ჩაშვებისა ბუნებრივ წყალსაცავებში ან შეუძლებელია ხელოვნური წყალსაცავის მოწყობა. შ. მუშაობის ძირითადი პრინციპი შემდეგია: ცხელი წყალი მიეწოდება შ. ზედა კიდეს მილებით, სადაც ხდება ამ წყლის გაშხეფება, რომელიც შედის კონტაქტში აღმავალ ჰაერის ნაკადთან და კარგავს სითბოს ნაწილს. შ. ფუძესთან დაგროვილი გაცივებული წყალი ისევ მიეწოდება თბოგადამცემ აპარატებს გასაცივებლად და ა.შ. - ადგილი აქვს წყლის მოძრაობის ჩაკეტილ ციკლს. ღია, ატმოსფერული შ. (ნახ. 1) დადებითი მხარეა მცირე ენერგოდანახარჯები, უარყოფითი - ნაგებობის (კოშკის) დიდი სიმაღლის აუცილებლობა (ჰაერის წნევათა სხვაობის შესაქმნელად) და ცხელი წყლის გაცივების შენელებული პროცესი.

ჩაანკერება - კონსტრუქციის (ელემენტის) მიმაგრება საყრდენზე.

ჩაინტაუნი (ინგლ.) - სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში ჩინელებით დასახლებული კვარტალი.

ჩაკერვა - 1. გარკვეული ფორმის მიცემა აგურის ან ქვის წყობის პირის (ფასადის) ნაკერისათვის; 2. მითითებული სამუშაოს საწარმოო ინსტრუმენტი.

ჩაკეტილი სისტემა - 1. მექანიკაში - ჩაკეტილი სისტემა ეწოდება იმ სხეულთა სისტემას, რომლებზედაც არ მოქმედებს გარე ძალები, ე.ი. იმ სხეულთა მხრივ მოდებული ძალები, რომლებიც განხილულ სხეულთა სისტემაში არ შედიან; 2. თერმოდინამიკაში - ჩაკეტილი სისტემა ეწოდება სხეულთა სისტემას, რომელიც გარემოსთან არც ენერგიის და არც ნივთიერების გაცვლას არ ახდენს.

ჩალანგარი - 1. მცირესართულიანი შენობის ხის კარკასი, შემდგარი დგარების, ინიბანების და შემოსაკრავების სისტემისაგან, რომელიც შევსებულია ქვით, აგურით, თიხით და მისთ.; 2. ერთი იმ ორ დახრილ ძელთაგან, რომლებიც ქმნიან სახურავის ჩონჩხედს.

ჩამდინარი წყლები - წყლები, რომლებიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო ან საწარმოო მოთხოვნილებისთვის და რომლებიც შეიცავენ დამატებით მინარევებს (დამაბინძურებლებს, რომლებიც ცვლიან მათ პირვანდელ ქიმიურ შემადგენლობას). ჩამდინარე ეწოდება აგრეთვე წყლებს, რომლებიც ჩამოედინება დასახელებული ადგილებიდან და საწარმოებიდან ატმოსფერული ნალექის ან ტერიტორიის მორწყვის შედეგად. არსებობს ჩამდინარე წყლების 3 კატეგორია - საყოფაცხოვრებო (სამეურნეო, ფეკალური), სამრეწველო და ატმოსფერული.

ჩამდინარი წყლების გამასაშუალებელი - ნაგებობა, დამაბინძურებელი ნივთიერებების ხარჯის კონცენტრაციის ან ჩამდინარი წყლების ტემპერატურის რყევის გასათანაბრებლად.

ჩამდინარი წყლების გაწმენდის ანაერობული პროცესი - ორგანული ნივთიერებების მიკროორგანიზმებით დაშლის პროცესი ჰაერის ჟანგბადის არარსებობისას.

ჩამდინარი წყლების უთანაბრობის კოეფიციენტი - ჩამდინარი წყლების მაქსიმალური ან მინიმალური ხარჯის შეფარდება საშუალო ხარჯთან დროის განსაზღვრულ ინტერვალში.

ჩამდინარი წყლების წყალარინების ნორმა - ჩამდინარი წყლების მოცულობა ერთ მომხმარებლზე ან გამოშვებული პროდუქციის ერთეულზე.

ჩამიწება - ლითონის ნაწილების მიწასთან დენგამტარი შეერთება.

ჩამიწება მუშა - ელექტრული ქსელის ცალკეული წერტილების (მაგ., ნეიტრალური წერტილის, ფაზური სადენის და ა.შ.) წინასწარგანზრახული შეერთება მიწასთან ელექტროდანადგარის ნორმალურ (ან ავარიულ) პირობებში სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად.

ჩამოსარეცხი ავზაკი - სანტექნიკური ავზი, რომლის მეშვეობით ხდება სანიტარული ხელსაწყოების (უნიტაზი, ბიდე და სხვ.) ჩარეცხვა.

ჩამოსხმა - ნაკეთობის (სხმულის) მიღების პროცესი სხვადასხვა მასალისაგან (ლითონი, პლასტმასა, კერამიკა, სამთო ქანები და სხვ.). საჩამომსხმელო წარმოებაში ლითონის სხმულების მასაღებად გამოიყენება 50-ზე მეტი სახესხვაობა: ქვიშის ფორმები, კოკილი (ლითონის ყალიბი), ცენტრიდანული, წნევის ქვეშ, გარსული ფორმები და სხვ. ჩ. არის ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიური მეთოდი რთული ფორმის, დიდი და მცირე ზომის დეტალებისა და ნამზადის მისაღებად.

ჩამოსხმა გარსულ ფორმებში - სხმულების მიღების მეთოდი გარსული ფორმრბის გამოყენებით. ასეთ სხმულებს გააჩნიათ წვრილმარცვლოვანი სტრუქტურა და მარალი მექანიკური თვისებები, მცირე შეკლება და სიგა ზაბვები, ვიდრე სხვა მეთოდებით ჩამოსხმისას. ზედაპირის სისუფთავის (ხორკლიანობის) მიხედვით სხმულები მიეკუთვნება 5...7 კლასს, რაც გამორიცხავს ან მკვეთრად ამცირებს გასუფტავების პროცესს. ამ მეთოდის უარყოფითი მხარეა მასალებისა და მოწყობილობების სიძვირე, რის გამოც ჩ.გ.ფ. გამოყენება ეფექტურია მხოლოდ მასობრივ წარმოებაში.

ჩამოსხმა ქვიშის ფორმებში - ერთჯერადი სხმულების მიღების მეთოდი ქვიშა-თიხის საყალიბე მასალის გამოყენებით.

ჩამოსხმა ცენტრიდანული - სხმულების მიღების მეთოდი ლითონის ყალიბებში, რომლის დროსაც გამდნარი ლითონი ცენტრიდანული ძალების ზემოქმედებით გაიტყორცნება ყალიბის კედლებისაკენ და მყარდება სხმულის სახით. ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება თუჯისა და ფოლადის მილების, რგოლების, მილისების, კარბების და სხვ. დასამზადებლად. ფორმის ბრუნვის ღერძის მიმართულების მიხედვით არსებობს ჰორიზონტალური და შვეული დანადგარები. ჩ.ც. მიღებული სხმულების გარე ფენები გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით. ცილინდრული ფორმის სხმულების მისაღებად საჭირო არ არის „შიგა“ ღერო, რაც მეთოდა აძლევს საკმაო უპირატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით.

ჩამოსხმა წნევის ქვეშ - 1. ლ ი თ ო ნ ე ბ ი ს ჩ. წ. ქ. - სხმულების მიღების მეთოდი ფერადი ლითონების და ზოგიერთი მარკის ფოლადის შენადნობებისაგან, როცა სხმულის ზომები მაქსიმალურადაა მიახლოებული მზა დეტალთან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სხმულის შემდგომი მექანიკური დამუსავების ხარჯებს. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დასაწნეხ კამერაში ჩასხმული გამდნარი ლითონი განიცდის მექანიკური დგუშის ზემოქმედებას, ცივდება და ღებულობს სხმულის ფორმას. საჩამომსხმელო ფორმებს ეწოდება პ რ ე ს-ფ ო რ მ ა, რომელიც მზადდება მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან. დანადგარის წარმადობაა 50 სხმულამდე წუთში. ზოგჯერ იყენებენ მრავალბუდიან ფორმებს, რომლის დროსაც ერთ ჩამოსხმაზე შესაძლებელია მივიღოთ 20 დეტალზე მეტი; 2. პ ო ლ ი მ ე რ უ ლ ი  მ ა ს ა ლ ე ბ ი ს ჩ.წ.ქ. - პლასტმასის (თერმოპლასტიკური, თერმორეაქტიული) და რეზინის ნაკეთობების დამზადების მეთოდი, რომლის დროსაც ნედლეული ცხელდება, რბილდება გასახურებელ ცილინდრში, საიდანაც წნევით მუხლუხა მილით ან დგუშით დაიჭირხნება საჩამომსხმელო ფორმაში. ნედლეულის (მასალის) გაცივების (თერმოპლასტებისათვის), გამყარების (თერმორეაქტოპლასტებისათვის) და ვულკანიზაციის (რეზინის ნარევისათვის) სხმული ინარჩუნებს კონფიგურაციას და ზომებს. მეთოდი გამოსადეგია თერმოპლასტების გადამუშავებისათვის ნაკეთობად მოცულობით 0,1...30000 სმ3, ხოლო თერმორეაქტოპლასტებისათვის და რეზინის ნარევებისათვის - 3000 სმ3-მდე. მეთოდი გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით, ხოლო ნაკეთობები - შესანიშნავი ხარისხით.

ჩამჩა - მცირე ზომის ციცხვი, რომლითაც აღჭურვილია ჩამჩიანი ამწეს (ნორია), მრავალციცხვიანი მიწისმწოვების, დრაგების ელევატორები.

ჩანა (რუს. Тетива) - ხის ან ლითონის კიბის სვლის დახრილი მზიდი კოჭი, რომელსაც საფეხურები უერთდება გვერდიდან (ნახ. 1). რკ.ბ.-ის კიბეებში ჩანა და საფეხურები ერთ მთლიან მონოლითს ქმნის. ხის ჩ. შეიძლება არ ჰქონდეს შიდა მხრიდან ღარები და იგი შიცვალოს ლითონის კუთხოვანის ნაჭრებმა, რომელზედაც დაეყდნობა საფეხურები.

ჩანაზარდი - მერქნის მანკი - ხის ტანის ჭრილობაში ღრუს სახით ჩაზრდილი ქერქის ზოლი. ჩნდება მერქნის გარეგანი დაზიანებით. შეიძლება იყოს ღია ან დახურული. ჩ. პრაქიკულად უვარგისს ხდის მერქანს.

ჩანჩქერი - ადგილი, სადაც წყალი სწრაფად ეშვება მდინარეში. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერებია: ანხელი - 979 მ (ნახ. 1) (ვენესუელა); მარდსალსფონები - 774 მ (ნორვეგია);  იოსემიტე - 739 მ (აშშ); ტუგელა - 948 მ (სამხ. აფრიკა); სამი და - 914 მ (პერუ); ოლოუპენა - 900 მ (პერუ); უიმბილა - 895,4 მ (პერუ); ვინუფოსენი - 860 მ (ნორვეგია); ბალიფოსენი - 850 მ (ნორვეგია); პუუკაოკუ - 840 მ (აშშ); ჯეიმს ბრიუსი - 840 მ (კანადა); ბრაუნი - 836 მ (ახ.ზელანდია) და ა.შ. ყველაზე წყალუხვია ჩანჩქერი ბოიომა მდინარე კონგოზე, 17 000 კუბ.მ. წამში (ზაირი). ასევე მსოფლიოში ცნობილი ჩანჩქერებია: „ვიქტორია“ მდინარე ზამბეზზე (სამხრეთი აფრიკა), რომლის სიგანე 1800 მ-ია, ხოლო სიმაღლე 128 მ; „ნიაგარა“ (ნახ. 2), რომელიც მდებარეობს აშშ-სა და კანადის საზღვარზე, სიმაღლე 52 მ; იგუასუ (არგენტინა), ფილსი შოტლანდია), ჩატუგა (აშშ, ჯორჯიას შტატი), რავიოკი (ნორვეგია), გალფოსი (ისლანდია), რიდო (კანადა) და სხვ. საქართველოშიც მრავლადაა ჩანჩქერები, რომელთაგან აღსანიშნავია: გეგას (სიმაღლე 70 მ, აფხაზეთი), ოკაცეს (კინჩხის), ნინოსხევის, აბაშის, მახუნცეთის, ინწირას, არშის, ბორჯომის (ნახ. 3), ზნაკვის და სხვ.



ჩარდახი (სპარს.) - 1. ქორი, ქორედი; სახურავის მოცულობაში მოქცეული სათავსი; 2. ტრაპეზე დადგმული ოთხსვეტიანი საჩრდილობელი; 3. საწოლზე, ურემზე და მისთ. დადგმული საჩრდილობელი.

ჩარტერი - 1. ხელშეკრულება, რომელშიც ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის; 2. გემთმფლობელსა და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით აღების შესახებ.

ჩარჩო - 1. ღეროვანი სისტემა, რომლის ელემენტები ყველა ან ზოგიერთ კვანძში ხისტადაა ერთმანეთთან შეერთებული. იყენებენ მზიდ კონსტრუქციად შენობებში, ხიდებში, ესტაკადებში და სხვა ნაგებობებში, მუშა და სატრანსპორტო მანქანებში და სხვ.; 2. ძელაკებისგან შედგენილი მართკუთხედი, მაგ. ფანჯრის ალათების ან კარის შესაკიდად.

ჩარჩო რკინაბეტონის - რკ.ბ.-ის კონსტრუქცია, რომელიც შედგება საძირკვალში ხისტად (სახსრულად) ჩამაგრებული კოლონებისა და კოლონებზე სახსროვნად (ხისტად) დაყრდნობილი რიგელებისაგან ან რკ,ბ.-ის ორი ნახევარკამარისაგან კარნიზის ხისტი კვანძით.

ჩარჩო სამონტაჟო - დამხმარე ჩარჩო რაიმე მოწყობილობის დასაყენებლად, მონტაჟის საფუძველი, ძირი, სიმაგრე.

ჩარჩო-ხერხი - ხის საჭრელი დანადგარი ძელებისა და მორების სიგრძეზე დასახერხად (ნახ. 1). ძირითად მუშა ორგანოა ჩარჩოში გაჭიმული ერთი ან რამდენიმე (20-მდე) ხერხის ბრტყელა (ნახ. 2), რომელთა ზევით-ქვევით გადაადგილება ხდება ბარბაცასა და მრუდმხარას მეშვეობით. ჩ. შეიძლება იყოს ერთ- ან ორსართულიანი, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური.

ჩარჩოვან-კავშირიანი სისტემა - სისტემა, რომელიც შედგება კარკასის ჩარჩოებისაგან და ვერტიკალური დიაფრაგმებისაგან - კედლებისაგან ან სიხისტის ბირთვებისაგან, რომლებიც თავისთავზე იღებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს. ამასთან, ვერტიკალური და ჰორიზონტალური დატვირთვები ჩარჩოებსა და ვერტიკალურ დიაფრაგმებს შორის ნაწილდება მათი სიხისტის შეფარდების მიხედვით.

ჩარხი (დაზგა) - სხვადასხვა მასალების დასამუშავებელი საბრუნებელი მანქანა, რომელიც გამოიყენება ამა თუ იმ წარმოებაში. მაგ., ლითონების დასამუშავებელი ლითონსაჭრელი ჩ.; ხის და ქვის დასამუშავებელი დაზგები; მსუბუქ მრეწველობაში - საქსოვი დაზგები და სხვ.

ჩასატანებელი დეტალები - ლითონის დეტალები ანაკრები და მონოლითური რკ.ბ.-ის კონსტრუქციების დამზადებისა და მონტაჟისათვის (ნახ. 1). საანკერო ღეროების განლაგების მიხედვით კონსტრუქციის ბრტყელი ზედაპირის მიმართ, განასხვავებენ ჩ.დ. საანკერო ღეროების მართი, დახრილი, პარალელური და შერეული განლაგებით. ჩ.დ. შეიძლება იყოს ღია ან დახული ტიპის.

ჩასმა (ჩამოცმა) - დეტალების შეერთება ერთი და იმავე ნომინალური ზომებით. მისი მახასიათებელია შესაერთებელი დეტალების ფარდობითი გადაადგილება ან ურთიერთ გადანაცვლების წინააღმდეგობის ხარისხი. ჩ. შეიძლება იყოს ღრეჩოში (მოძრავი), მოსაჭიმით (უძრავი) და გარდამავალი. მათ გარდა არსებობს ჩ. სხვა სახეებიც: ადვილწნეხილი, დაძაბული, თბური, კბილა თვლის, კომბინირებული, კონუსური, მილისის,  მოძრაობის, სარქვლის,  წნეხილი, ჩაჭექილი, ყრუ და სხვ.

ჩაქუჩი - 1. ხელის იარაღი დარტყმითი სამუშაოებისათვის. შედგება თვით ჩაქუჩისაგან (თავი) და სახელურისაგან. ჩაქუჩი მზადდება ნაწრთობი ნახშირბადიანი ფოლადისაგან. არსებობს ჩ. მრავალსახეობა; 2. ხელის მანქანა ელექტრული, პნევმატური ან ჰიდრავლიკური ამძრავით - სანგრევი ჩაქუჩი, სამოქლონე ჩაქუჩი და სხვ.

ჩაქუჩი კაშკაროვის - ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება რკ. ბ.-ის ნაკეთობის ან მონოლითური რკ. ბ.-ის სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით (ნახ. 1). ხელსაწყო შედგება ლითონის სახელურიანი კორპუსის, ინდენტორის (ბურთულა), ჭიქისა და ცხლადგლინული ფოლადის (A-I კლასის) გლუვზედაპირიანი არმატურის ღეროსაგან (ეტალონური ღეროსაგან) დიამეტრით 10 მმ, სიგრძით 150 მმ, რომლის სიმტკიცე წინასწარ არის ცნობილი. ჩაქუჩის სიგრძეა 30 სმ, წონა 0,9 კგ. მუშაობის პრინციპი ასეთია: ბეტონის ზედაპირზე ხდება ჩაქუჩის დარტყმა 900-იანი კუთხით. დარტმების (ანაბეჭდების) რაოდენობაა 5...10. საეტალონე ღეროზე შეიძლება მოვახდინოთ დარტყმების 4 სერია. ანაბეჭდებს შორის დაშორება ღეროზე - 10...12 მმ. დარტყმის შედეგად ღეროსა და ბეტონის ზედაპირზე გაჩენილი ანაბეჭდების დიამეტრი გაიზომება კუთხური მასშტაბის სახაზავით. ცალცალკე, საეტალონე ღეროზე და ბეტონის ზედაპირზე, გამოითვლება ანაბეჭდების დიამეტრების საშუალო არითმეტიკული (d და d). ბეტონის კუმშვაზე R სიმტკიცის ზღვარსა და d/d ფარდობას შორის არსებობს გარკვეული დამოკიდებულება, რის საფუძველზეც აგებული სატარირე მრუდის მეშვეობით განისაზღვრება გამოსაცდელი ბეტონის სიმტკიცე. ცდომილება შეადგენს 10...15%-ს.

ჩაქუჩი სამოქლონო - დარტყმითი მოქმედების ხელის მანქანა. გამოიყენება კონსტრუქციული ელემენტების მოქლონური შეერთებისათვის (ნახ. 1). საშუალებას იძლევა მოქლონების ძნელად მისადგომ ადგილებში დასაყენებლად. შეიძლება იყოს პირდაპირი და კუთხური, ელექტრული და პნევმატიკური, იშვიათად პნევმოჰიდრავლიკური.

ჩაქუჩი სანგრევი - პნევმატიკური (ელექტრული) ჩაქუჩი, რომლის დანიშნულებაა ლითონების ჭრა, სხმულების გასუფთავება, ნაჭედიდან ნიჟარების ამოკვეთა, შედუღების ნაკერების გაწმენდა, ნაკეთობის ნაწიბურების მოხსნა და სხვ. ჩ.ს. მუშა ორგანოს წარმოადგენს საჩხვლეტი ღოჯი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში სოლისებრი, მრგვალი ან ექვსკუთხა პროფილის კონუსური ბოლო აქვს (ნახ. 1).

ჩაქუჩი ფიზდელის - ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრისათვის არამრღვევი მეთოდით (პლასტიკური დეფორმაციის მიხედვით). ხელსაწყო შედგება ხის სახელურიანი ჩაქუჩისაგან (ნახ. 1), ბოლოზე სფერული ბუდეთი, რომელშიც ჩასმულია ფოლადის 17,5 მმ დიამეტრის ბურთულა. იდაყვში მოქნეულ ხელის ჩაქუჩს ბურთულით, საშუალო ძალით, ურტყამენ ბეტონის ზედაპირს - ხდება 10...12 ერთმანეთისაგან არანაკლებ 30 მმ-ით დაშორებული დარტყმა. ანაბეჭდის სიღრმის ან დიამეტრის საშუალო მნიშვნელობის მიხედვით, სატარირო მრუდის მეშვეობით, ადგენენ ბეტონის სიმტკიცეს.

ჩაღრუება - დეტალის დამუშავება კონუსური ან ცილინდრული ჩაღმავების მიღების მიზნით (ნაზოლის მოჭრა ნახვრეტის თავზე სხვადასხვა მიზნით). ერთეულ შემთხვევბში ჩაღრუება სრულდება საბურღ დაზგაზე, ხოლო მასიურ წარმოებაში - სპეციალურ საცენტრავ ჩარხებზე საცენტრავი ბურღებისა და ზენკერების გამოყენებით.

ჩაღუნვა უდიდესი - ძელის გაღუნული ღერძის მაქსიმალური ორდინატა.

ჩაღუნვის ისარი - ღუნვადი კონსტრუქციული ელემენტის (კოჭი, წამწე, რიგელი და სხვ.) ღერძის მაქსიმალური გადაადგილება გარე ძალის ზეგავლენის ქვეშ ამ ღერძისადმი პერპენდიკულარული მიმართულებით. ჩაღუნვის ისრის სიდიდე ჩვეულებრივ ნორმირებულია.

ჩაყინვის სიღრმე - სიღრმე, რომელზეც ზამთრის პერიოდში ხდება გრუნტის გაყინვა. საქართველოს ტერიტორიისათვის მისი ნორმატიული მნიშვნელობები მოცემულია სამშენებლო კლიმატოლოგიაში.

ჩაჩქანი - მაღალი სიმტკიცის მსუბუქი მასალისაგან (ძირითადად პლასტმასის) დამზადებული თავსახურავი (ქუდი), რომელიც იცავს ადამიანის თავს დარტყმისაგან, გაცივებისაგან, გაჭუჭყიანებისაგან, გადახურებისაგან და სხვა საშიში ფაქტორისაგან. დანიშნულების მიხედვით მათ აქვთ განათებისა და სხვა საჭირო მოწყობილობების დასამაგრებელი საშუალებები.

ჩაჩქანი სამშენებლო - პლასტმასის ქუდი მომუშავის თავის დასაცავად მექანიკური დაზიანების, წყლის ან ელექტროდენისაგან სამშენებლო, სამშენებლო-სამონტაჟო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებისას. მზადდება ორი ზომის: I – 54-დან 58 სმ-მდე და II – 58-დან 62 სმ-მდე. დამკვეთის მოთხოვნით შეიძლება უფრო დიდი ზომის (62...64 სმ) ჩაჩქანის დამზადებაც.

ჩაჯდომა - ვერტიკალურად ძირს მიმართული კუმშვითი დეფორმაცია, როგორც შედეგი ლიოსისებრ გრუნტების დასველებისა, რომლის დროსაც გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები მკვეთრად იცვლება.

ჩეკი - 1. დადგენილი ფორმის ფულადი დოკუმენტი, ანგარიშის მფლობელის წერილობითი განკარგულება ბანკისადმი, რათა ამ უკანასკნელმა ჩ. ხელის მომწერის ანგარიშიდან გასცეს ან გადარიცხოს სხვა ანგარიშზე გარკვეული თანხა; 2. უნაღდო ანგარიშსწორების ფასიანი ქაღალდი; 3. საცალო ვაჭრობაში - სალაროს ქვითარი, რომელიც ადასტურებს მყიდველისაგან ფულის მიღებას.

ჩინეთის დიდი კედელი - მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული ხელოვნური ნაგებობა. კედლის სიგრძე - 8852 კმ, საშუალო სიმაღლე - 7,8 მ. მშენებლობა დაიწყო, ძვ.წ.აღ. III საუკუნეში, იმპერატორ ცინ ში-ხუანდის (ცინების დისტანცია) დროს და გრძელდებოდა თითქმის XVII საუკუნემდე. საშენ მასალად გამოყენებული იყო ბუნებრივი ქვა, ღორღი, მთის მაგარი ქანები და მერქანი. კედლის მშენებლობა თავდაპირველად მიმდინარეობდა ქვის მშრალი წყობით, შემდეგ კი კირისა და თაბაშირის დუღაბის გამოყენებით. კედელი ჩინეთს იცავდა ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების (მონღოლები, თურქები, თათრები და სხვ.) თავდასხმებისაგან.

ჩიპი (ინგლ.) - უწვრილესი მიკროკრისტალი.

ჩიხი - 1. რკინიგზის ლიანდაგი, რომელიც მთავრდება საბჯენით. შეიძლება იყოს განმტვირთავი, დამჭერი, სატვირთავი; 2. საავტომობილო გზის ტიპი, რომელსაც არა აქვს გამჭოლი გასასვლელი ანუ გზა, რომელზეც გამჭოლი მოძრაობა შეუძლებელია; 3. თავშესაფარსა და საფორტიფიკაციო ნაგებობაში შემავალი დაცული გზის ერთ-ერთი ტიპი.

ჩობალი (რუს. Сальник) - მანქანის დეტალი, რომელიც ჰერმეტიზაციას უკეთებს ღრეჩოს მანქანის მოძრავ და უძრავ ნაწილებს შორის (მაგ., ჭოკი და ცილინდრი). ჩ. შეიძლება იყოს რბილი (ასბესტის, რეზინის, ქაფის, კორპის) და ლითონის ნატენით, აგრეთვე ლითონის რგოლების ნაკრების სახით, რომელსაც ასბესტის ან გრაფიტის ბოჭკოების გულანა აქვს (ნახ. 1).

ჩობარეთის კირქვის საბადო - საბადო მდებარეობს ახალქალაქის რაიონში 2100...2200 მ სიმაღლეზე, სადაც მოიპოვება წვრილმარცვლოვანი, ერთგვაროვანი, სპილოსძვლისფერი მარმარილოსებრი კირქვა. მის შემადგენლობაში შედის სილიციუმის, ალუმინის, რკინის, კალციუმის, მაგნიუმის, მანგანუმის, ნატრიუმისა და კალიუმის ჟანგეულები. ბუნებრივი ქვა კარგად მუშავდება. გაპრიალების შემდეგ იძენს გლუვ სარკისებურ ზედაპირს. მოცულობითი მასაა - 2610...2716 კგ/მ3; სიმკვრივე - 2730 კგ/მ3; წყალშთანთქმა - 0.22...0.56%; ფორიანობა - 1.11...4.01%. სიმტკიცე კუმშვაზე: მშრალ მდგომარეობაში - 536...666 კგ/სმ2, გაყინვა-გალღობის 25 ციკლის შემდეგ - 428...561 კგ/სმ2. დარბილების კოეფიციენტი - 0.86; აბრაზიულობა - 0.84...1.15 გ/სმ; ნესტიანობა - 0.32...0.4. გამოიყენება შენობების ფასადებისა და ინტერიერების მოსაპირკეთებლად.

ჩოდოლი - ოლარი, ლაჭყორი, ფაცხა; წნულის ქოხი დასავლეთ საქართველოში.

ჩონჩხედი - კარკასი; ნაგებობის კონსტრუქციული ჩონჩხი.

ჩორტნა - 1. ჭედვით ან გლინვით ჩამოსხმული ნამზადის ჭრით წინასწარი (შავად) დამუშავება. ჩ. შედეგად მიიღება მე-3 და მე-4 კლასის სისუფთავის ზედაპირი; 2. ხის ნაკეთობის ზედაპირის უხეშად დამუშავება ხელის იარაღებით (მაგ., ეჩოთი, ცულით, დანით და სხვ.).

ჩრაქვი - არყის ხის ქერქი, რომელსაც კვარის მაგივრად (სანათად) ხმარობდნენ (ფშავ-ხევსურეთში).

ჩრდილი - 1. მზეს მოფარებული ადგილი; გრილო, ჩერო; 2. ცალი მხრიდან განათებული საგნის მუქი გამოსახულება მეორე მხარეს; ლანდი.

ჩუგლული - 1. მცირე წერაქვი; 2. ნაჯახის მსგავსი გრძელტარიანი საომარი იარაღი.

ჩუკუნა - ძვ. მცირე ზომის სახლი.

ჩულპა - უძველესი აკლდამა პერუსა და ბოლივიაში.

ჩუმი - მომთაბარე ხალხის გადასატანი საცხოვრებელი; კონუსური ფორმის კარავი, გადახურული ტყავით, ნაბდით, ქეჩით, ხის ქერქით. გავრცელებულია ციმბირისა და რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ჩუქება - ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს რაიმე ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ საქმე ეხება უძრავ ნივთს, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ჩუქურთმა - ორნამენტი; რიტმული განმეორებული ელემენტებისაგან შემდგარი სამკაული. იგი უმეტესად წარმოადგენს რეალური სამყაროს – მცენარეულობის, ცხოველების და სხვა გამოსახულებათა სტილიზებულ განზოგადებას ან გეომეტრიული ფიგურების შეუღლებას.

ჩქერალი - კასკადი; ხელოვნურად შეკიბული ჩანჩქერი ან ჩანჩქერების სისტემა.

ჩქერი - მდინარის ის ნაწილი, სადაც ყწლის სიღრმე მინიმალურია, ხოლო დინების სიჩქარე მაქსიმალური.

ცათამბჯენი - ძალიან მაღალი შენობა ფოლადის კარკასზე, რომელიც შეიძლება იყოს საცხოვრებელი ან საოფისე დანიშნულების (სიმაღლით არა ნაკლები 150 მ). სიმაღლის დადგენა ხდება სამი კრიტერიუმის მიხედვით: შენობის კონსტრუქციული სიმაღლე (ქუჩის ტროტუარიდან შენობის კონსტრუქციული ელემენტების ყველაზე მაღალ წერტილამდე), სიმაღლე შენობის ყველაზე მაღალი სართულის იატაკამდე და ანტენის (შპილის) წვერომდე. ფოლადის, რკ.ბ.-ის, მინის წარმოების ტექნოლოგიის განვითარებამ, გაანგარიშებების კომპიუტერული პროგრამების შექმნამ, აგრეთვე წყლის დაწნევითი ტუმბოების და სამგზავრო ლიფტების კონსტრუქციების დახვეწამ, საშუალება მისცა ინჟინრებს ათჯერ და მეტად გაეზარდათ შენობების სიმაღლე, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია მეგაპოლისებში, სადაც დაშენების ფართობის ღირებულება კატასტროფულად მაღალია. 2014 წლის მაისამდე მსოფლიოში ექსლუატაციაში იყო 2980 ც., მათ შორის 79 ძალიან მაღალი და 841 – 200 მ-ზე მაღალი. აშენებული ც. რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზეა ჩინეთი (ჰონკონგის და მაკაოს ჩათვლით) - 1006; შემდეგ მოდიან: აშშ - 679, იაპონია - 190, არაბეთის გაერთიანებული ემირატები - 177, სამხრეთ კორეა - 175, ავსტრალია - 76, სინგაპური - 70, რუსეთი - 26. ყველაზე მაღალ ცათამბჯენად ითვლება არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ დუბაიში 2009 წელს აშენებული „ბურჯ-ხალიფა“ (ნახ. 1), რომლის სიმაღლეა 829,8 მ, სართულების რაოდენობა - 162. ამ ნაგებობის ჩათვლით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენების ათეული ასე გამოიყურება: 2. აბრაჯ ალ-ბეიტ, მექა - 601 მ,  2012 წ; 3. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი 1, ნიუ-იორკი - 541 მ, 2013 წ. (ამ დასახელების ნაგებობის პირველი ორი ც. სიმაღლით თითოეული 417 მ, აშენებული 1972 წ, განადგურებული იქნა 2001 წელს ტერორისტების მიერ); ტაიბეი 101, ტაიბეი, 509 მ, 2004 წ.; შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი, შანხაი, 492 მ, 2008 წ.; საერთაშორისო კომერციული ცენტრი, ჰონკონგი, 484 მ, 2010 წ.; პეტრონას-1, კუალა-ლუმპური, 452 მ, 1998 წ.; პეტრონას-2, კუალა-ლუმპური, 452 მ, 1998 წ.; ფინანსური ცენტრი ნანცზინ გრინლენდ, ნანკინი, 450 მ, 2010 წ.; უილის-ტაუერ, ჩიკაგო, 442 მ, 1973 წ.

ცალდირე ხიდი - კოპორჭი, წანწალა; საცალფეხო ხიდი, ხიდად გადებული ძელი.

ცალკარედი - ერთსაგულიანი კარი.

ცალკესახლი (რუს. Особняк) - კომფორტული, ხშირად ერთ- ან ორსართულიანი მრავალბინიანი ქალაქური საცხოვრებელი სახლი ერთი ოჯახისათვის.

ცალუღი (რუს. Хомут) - 1. ერთგვარი შემაერთებელი, დამაკავშირებელი დეტალი, სალტე; 2. ცხენის შესაბმელი მოწყობილობის ნაწილი - ტყავგადაკრული ხის ოვალური რგოლი, რომელიც ცხენს კისერზე აქვს ჩამოცმული.

ცალუღიანი მანჭვალი - წყალშემაკავებელი, წყალდამჭერი მილების დასამაგრებელი ნაკეთობა.

ცანგა (გერმ.) - ლითონსაჭრელი ჩარხის ნაწილი - დასამუშავებელი მასალის ან ინსტრუმენტის დასაჭერი მოწყობილობა.

ცარგი - 1. დოლი, დამზადებული ფურცლოვანი ფოლადისაგან, რომლისაგან აგებენ საკვამლე მილებს, ღუმელების, საშრობების და სხვა ცილინდრული ფორმის ნაკეთობებისა და ნაგებობების კორპუსებს; 2. ჩარჩო, რომელიც აერთებს (კრავს) მაგიდის ან სკამის ფეხებს.

ცარცი - 1. სუსტად შეცემენტებული, წვრილმარცვლობანი ქანი, რომელიც შედგება კალციუმის კარბონატისაგან. ცარცი ეწოდება ანალოგიური თვისებების მქონე ხელოვნურ პროდუქტსაც. გამოიყენება ცემენტის, მინის, რეზინის, საღებავების წარმოებაში; 2. ნაკეთობა, რომელსაც იყენებენ სასკოლო შავი ფერის დაფებზე საწერად.

ცაცხვი - ფოთოლმცვენი 35 მეტრამდე სიმაღლის ხე, თხელი, მსკდომარე ქერქით (ნახ. 1). საშუალო სიმკვრივე 530 კგ/მ%რ3%რ. არსებობს 40-მდე სახეობა. გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში. განსაკუთრებით ბევრი სახეობაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ნაკლები - ევროპის, ამერიკის და აზიის ზომიერ სარტყელებში. უყვარს თბილი და ტენიანი გარემო, ამიტომ ყველაზე კარგად ხარობს დასავლეთ ამიერკავკასიაში, შორეული აღმოსავლეთის სამხრეთში. ადვილად მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებული ჯიშებიდან ცნობილია შემდეგი სახეობები: ამერიკული, ამურის, ჩინური, წვრილფოთლოვანი, ჰენრი, იაპონური, მანჯურიის, მაქსიმოვიჩის, მექსიკური, მონღოლური, დასავლური, ოლივერის, ბრტყელფოთოლა, ციმბირის, ტუანი და სხვ.  გარეგნულად ც. მეტად ლამაზი ხეა, ამიტომ მას ხშირად იყენებენ დეკორატიული დანიშნულებით ბაღების, სკვერების, ქუჩების, მაგისტრალების დასამშვენებლად. ტანის დიამეტრი 2-3 მეტრია, ზოგჯერ 5 მ-საც კი აღწევს. ცოცხლობს 300...400 წელს. ჭრა იწყება, როცა წლოვანება აღწევს 90 წელს. ც. მერქანს თეთრი ან მოწითალო-მოთეთრო ფერი აქვს. იგი ადვილად იჭრება, ირანდება და იპობა. საქართველოში მსხვილი ც. მორებისაგან (დიამეტრით 1,5...2 მ) აკეთებენ საწნახელს, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ინსტრუმენტებს და ნაკეთობებს. იგი შესანიშნავი მასალაა ფანერის, სახაზავი დაფების, ავეჯის, ფეხსაცმლის ხუნდების სექტორების, ხის კასრების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ევროპული სავაგონე ლამფის დასამზადებლად. ცაცხვის ფოთლებს, ქერქს, ლაფანს წარმატებით იყენებენ სააფთიაქო მრეწველობაში, აგრეთვე ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიაში. ც. უძველესი დროიდან მოიხმარებოდა ჩუქურთმებიანი ნაკეთობების და დეტალების შესაქმნელად, რადგან ადვილი დასამუშავებელია და თანაც ქათქათა თეთრი ფერის მერქანი აქვს. მეფის რუსეთის არსებობის პერიოდში არამზადები ც. მერქნისაგან ამზადებდნენ სამეფო (სათავადაზნაურო) ბეჭდის ასლებს, საიდანაც წარმოიშვა და გავრცელდა ფრთიანი გამოთქმა „ყალბი ბეჭედი“ („Липовая печать“, ანუ უბრალოდ „липа“ - ყალბი).

ცდომილება - 1. სხვაობა რომელიმე x სიდიდის ზუსტ მნიშვნელობასა და მის მიახლოებით b მნიშვნელობას შორის. ამ სხვაობის მოდულს ეწოდება სიდიდის აბსოლუტური ცდომილება, ხოლო x-b/b ფარდობას - ფარდობითი ცდომილება; 2. გაზომვის შედეგის მახასიათებელი, რომელიც წარმოადგენს გადახრას ნაპოვნი სიდიდის მნიშვნელობასა და მის ნამდვილ მნიშვნელობას შორის; 3. შეცდომა გაზომვისა, გაზომვის შედეგების გადახრა გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტი მნიშვნელობიდან. ის შეიძლება იყოს სისტემატური, შემთხვევითი და უხეში.

ცეიოლითი (ბერძ.) - მინასავით ან სადაფივით მბზინვარე მინერალი; მრეწველობაში იყენებენ წყლის გასაწმენდად, ქსოვილების შესაღებად და სხვ.

ცეიჰგაუზი - სამხედრო საწყობი იარაღისა და ამუნიციისათვის.

ცელა (ლათ.) - ანტიკური ტაძრის მთავარი სადგომი, სადაც თავსდებოდა საკულტო ქანდაკება (ბერძნული ნაოსის შესატყვისი). გეგმის მქონე ცენტრალური მოცულობა, გადახურული ოთხი ცილინდრული კამარით, რომელთა გადაკვეთაზე აღმართულია ყელიანი გუმბათი.

ცელესტინი (ლათ.) - ნახევრად გამჭვირვალე ცისფერი მინერალი, გოგირდმჟავა სტრონციუმი. გამოიყენება მინის წარმოებაში, პიროტექნიკაში და სხვ.

ცელოფანი - ცელულოზას დამუშავებით მიღებული გამჭირვალე, წყალგაუვალი ფირისებრი მასალა ან ბოჭკო (ვისკოზა). იყენებენ საკვები პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, წამლების, საღებავის ფხვნილების და მისთ. შესაფუთავად. ზოგჯერ პოლიეთილენის ნაკეთობებს (თოჯინები, პაკეტები) შეცდომით უწოდებენ ცელოფანისას, თუმცა ისინი სხვადასხვა მასალებია აბსოლუტურად განსხვავებული თვისებებით.

ცელსიუსის თერმომეტრი - თერმომეტრი, რომელსაც ყინულის დნობისა და წყლის დუღილის წერტილებს შორის 100-გრადუსიანი სკალა აქვს (შვედი ასტრონომისა და ფიზიკოსის ცელსიუსის გვარის მიხედვით).

ცელულოზა - მერქნის ნაფოტების ხარშვით მიღებული, გრძელი ძაფისმაგვარი, თეთრი, მაგარი, მდგრადი ნივთიერება რომელიც არ იშლება 2000C ტემპერატურამდე, მაგრამ შედის წვადი მასალების ჯგუფში. აალების ტემპერატურა - 2750C, თვითაალების - 4200C. არ იხსნება წყალში და სუსტ მჟავებში. ტექნიკური ც. ძირითადი შემადგენელი ნაწილია ლიგნინი და გემიცელულოზა (სხვადასხვა ნახშირწყალბადების ერთიანობა). ც. ღებულობენ: ხელოვნურ ბოჭკოს, ბამბას, ქაღალდს, პლასტმასას, კინო- და ფოტოფირებს, ლაქებს, უკვამლო დენთს და სხვ. ც. წარმოებისათვის ძირითადად გამოიყენება ფისნაკლული წიწვოვანი ჯიშის მერქანი (ნაძვი, სოჭი), თუმცა დღეისათვის მუშავდება ტექნოლოგიები (მაგ., სულფატური), რომლებიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ც. ნებისმიერი მცენარეული ნედლეულისაგან.

ცელულოზას აცეტატი - ა ც ე ტ ი ლ ც ე ლ უ ლ ო ზ ა, - მყარი სხეული, რომელიც მიიღება ცელულოზას დამუშავებით ძმარმჟავაში (აცეტილირება). იხსნება დაქლორილ ნახშირწყალბადებში, რთულ ეთერებში, კეტონებში, ჭიანჭველასა და ძმრის მჟავებში; ნაკლებად მდგრადია ტუტეების მიმართ. ც.ა. მზადდება აცეტატის ბოჭკო, უწვადი კინოფოტოფირის საფუძველი, სათბურების გადასახურავი აფსკი. ც.ა. საფუძველზე მიღებული პლასტმასა (ეტროლი) გამოიყენება ავტომობილებისა და თვითმფრინავების საჭევარების დასამზადებლად.

ცელულოზას აცეტობუტირატი - მყარი მასალა, რომელიც მიიღება ცელულოზას დამუშავებით ძმარმჟავასა და ერბომჟავაში. tდნ = 165...2100C. ც.ა. მცირედ ჰიგროსკოპულია, მდგრადია ტუტეების და მჟავების მიმართ; იხსნება კეტონებში, ქლორირებულ ნახშირწყალბადებში, ნიტრონაერთებში. მის საფუძველზე მიღებული პლასტმასები (ეტროლი) გამოიყენება ავტომობილის საჭევარის, სავარძლის საიდაყვეების, ელექტრო- და რადიოტექნიკური ნაკეთობების, მილების და ფართო მოხმარების საყოფაცხოვრებო ნაკეთობეების დასამზადებლად. ც.ა. ამზადებენ აგრეთვე ლაქებსა და ფირებს.

ცელულოზას აცეტოპროპიონატი - მყარი ნივთიერება, რომელიც მიიღება ცელულოზას დამუშავებით ძმარმჟავასა და პროპიონმჟავაში. სიმკვრივე 1230...1250 კგ/მ3, tდნ = 200...2300C. იხსნება აცეტონში, ციკლოგექსანონში და სხვა ორგანულ გამხსნელებში. გამოირჩევა მაღალი თბომედეგობით და მექანიკური სიმტკიცით, არ „იზიდავს“ მტვერს და არა აქვს სუნი. გამოიყენება პლასტმასების (ეტროლი) და ფირების წარმოებაში.

ცელულოიდი (ლათ.- ბერძ.) - ცელულოზას ნიტრატზე დაფუძნებული მაგარი, პლასტიკური, ადვილად აალებადი პლასტმასა, რომლის შემადგენლობაში შედის: პლასტიფიკატორი (დიბუტილფტალატი, აბუსალათინის ან ვაზელინის ზეთი, სინთეზური ქაფური) და პიგმენტი. მისგან ამზადებენ: კინო- და ფოტოფირებს, პლანშეტებს, სახაზავებს, საგალენტერიო საქონელს, სათამაშოებს. შეუცვლელი მასალაა მაგიდის ჩოგბურთის ბურთების დასამზადებლად. მშენებლობაში გამოიყენება ც. დამზადებული ცალ- და ორმხრივ გაპრიალებული, გამჭირვალე, თეთრი, სახიანი ან შეღებილი თხელი ფურცლები.

ცემა - მანქანის მბრუნავი ცილინდრული დეტალების ზედაპირების გადახრა სწორი ურთიერთგანლაგებიდან. განასხვავებენ რადიალურ და ტორსულ ცემას. ც. ადგილი აქვს კბილანებში, ლილვებში, ღერძებში, საკისრებში და სხვ.

ცემენტაცია - ლითონის (ფოლადის) ნაკეთობების ქიმიურ-თერმული დამუშავება ზედაპირული ფენების გაჯერებით ნახშირბადით 900...9500C ტემპერატურაზე. ც. ზრდის სისალეს, ცვეთამედეგობას და დაღლილობით სიმტკიცეს.

ცემენტბეტონი -  ბეტონის ერთ-ერთი სახე, რომელიც დამზადებულია ჰიდრავლიკური შემკვრელის, კერძოდ მინერალური პორტლანდცემენტის ან მისი სხვა სახეობის ბაზაზე.

ცემენტბურბუშელოვანი ფილები - ჩვეულებრივ პირობებში მერქნის ბურბუშელასა და პორტლანდცემენტისაგან დამზადებული საშენი მასალა. სიმკვრივე 1200...1350კგ/მ3; გეომეტრიული ზომები: სისქე 8...40 მმ, სიგანე 1200...1250 მმ, სიგრძე 3200...3600 მმ. მშენებლობაში გამოიყენება შიდა არამზიდი შემომზღუდავი კორსტრუქციებისათვის.

ცემენტი (ლათ., დამსხვრეული ქვა) - მინერალური ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალების დიდი ჯგუფის კრებითი სახელი. იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშენი მასალაა. ც. შედგენილობა შედის სილიკატები და კალციუმის ალუმინატები – ნედლეული მასალების (კირქვები, თიხები, ბოქსიტები...) მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების პროდუქტები. ცნობილია ც. წარმოების ორი მეთოდი – სველი და მშრალი. ცემენტის ხარისხის მაჩვენებელია მისი მარკა. ამის გარდა, ცემენტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნას შეკვრისა და გამაგრების სიჩქარეზე, დაფქვის სიწმინდეზე და სხვ. ცემენტის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სახეობაა პორტლანდცემენტი – ჰიდრავლიკური შემკვრელი, რომელიც მაგრდება წყალსა და ჰაერში. მისი წარმოების ტექნოლოგიური პროცესი შედგება შემდეგი ოპერაციებისაგან: კირქვებისა და თიხების მოპოვება, ნედლეული მასალებისა დამაკორექტირებელი დანამატების მომზადება მოცემული შედგენლობის ერთგვაროვან მასად, მისი გამოწვა ღუმელში და კლინკერის მიღება, კლინკერის დაფქვა წმინდად თაბაშირთან ერთად.

ცემენტი ალუნიტური - შეუკლები ან გაფართოებადი ცემენტი, რომელიც მიიღება პორტლანდცემენტის კლინკერზე 600...7000C ტემპერატურაზე გამომწვარი მინერალის - ალუნიტის დამატებით.

ცემენტი ანჰიდრიტული - ცემენტი, შემდგარი ძირითადად უხსნადი ანჰიდრიტისაგან, რომელსაც ღებულობენ თაბაშირის გამოწვით 600...7000C ტემპერატურაზე მბრუნავ ღუმელებში პროდუქციის შემდგომი დაფქვით წმინდა ფხვნილად გამყარების სხვადასხვა აქტივიზატორებთან ერთად (კირი, ბრძმედის წიდა). ასეთი ცემენტის მარკა 200-მდეა. გამოიყენება საბათქაშე და წყობის ხსნარების დასამზადებლად, ხელოვნური მარმარილოს მისაღებად.

ცემენტი გაფართოებადი - ცემენტი, რომელიც მიიღება პორტლანდცემენტის (69...75%), ნახევარწყლიანი თაბაშირის (9...11%) და სპეციალური სულფოალუმინატური დანამატის (16...20%) საფუძველზე. ასეთი ცემენტის ხაზოვანი გაფართოება შეადგენს 4...5%. გამოიყენება შენობათა კონსტრუქციებსა და დეტალებს შორის პირაპირებისა და ღრეჩოების შესავსებად, ჰესების სადაწნეო გვირაბების აღდგენა-შეკეთებისათვის, ჭაბურღილების გასამაგრებლად გამოყენებული სატამპონაჟო ხსნარების მოსამზადებლად და სხვ.

ცემენტი დამძაბავი - სწრაფადშემკვრელი და სწრაფადმყარებადი ცემენტი, რომელიც მიღება განსაზღვრული რაოდენობის პორტლანდცემენტის კლინკერზე (65%) გამაფართოებადი დანამატების დამატებით. ც.დ. გამაგრებისას ფართოვდება, რის შედეგადაც წარმოქმნილი დაწოლა გამოიყენება არმატურის დასაძაბავად რკინაბეტონის კონსტრუქციებში. ის თვითდამძაბავ კონსტრუქციებში უზრუნველყოფს ბეტონის გაფართოებას დროის იმ მონაკვეთში, როცა ის აღწევს 15 მპა-ზე მეტ სიმტკიცეს, რაც უზრუნველყოფს არმატურასთან აუცილებელ შეჭიდულობას და დაძაბვის პირობებს. ამასთან რეალიზდება ორ- და სამღერძა დაძაბვა, რაც მექანიკური გზით ძნელი მისაღწევია. გაფარდოებადი დანამატის ნედლეულად გამოიყენება მეტალურგიული, სათბობ-ენერგეტიკული, სამთო-ენერგეტიკული, სამთოგამამდიდრებელი, კერამიკული და ქიმიური წარმოების ნარჩენები. ც.დ. და ბეტონი გამოიყენება მიწისქვეშა, წყალქვეშა და სადაწნეო ნაგებობებში, თვითდამძაბავ ბეტონში, გზებისა და აეროდრომების საფარში, სასპორტო და საქალაქო ნაგებობებში, მილების წარმოებაში.

ცემენტი თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი - სწრაფმყარებადი შემკვრელი, რომელიც მიიღება თიხამიწოვანი ცემენტის კლინკერის ან წიდის და ბუნებრივი ორწყლიანი თაბაშირის (30%) ერთად დაფქვით ან ცალ-ცალკე დაფქულის არევით. გამოდის სამი მარკის 300, 400, 500, რომელიც განისაზღვრება სამი დღეღამის ასაკში. შეკვრის დასაწყისია არაუადრეს 20 წთ-სა, დასასრული არაუგვიანეს 4 სთ-ისა. თაბაშირთიხამიწიანი ცემენტის ქვა 1 დღეღამეში წყალუჟონადია 1 მპა წნევის ქვეშ. ცემენტის წრფივი გაფართოება 1 დღეღამის გამაგრების შემდეგ უნდა იყოს არანაკლებ 0,15%, 28 დღეში - 0,1...0,3%, მაგრამ არაუმეტეს 1%-ისა. ც.თ.გ. ცემენტებზე დამზადებული ბეტონები არის ყინვამედეგნი და სულფატმედეგი. თაბაშირთიხამიწიანი ცემენტები გამოიყენება შეუკლები და გაფართოებადი წყალუჟონადი დუღაბისა და ბეტონისათვის, ნაკერის ჰერმეტიზაციისათვის, შახტის ჰიდროიზოლაციისათვის, ნავთობპროდუქტის შესანახი რეზერვუარების დასამზადებლად და სხვ.

ცემენტი თიხამიწიანი (ალინიტური, ალუმინატოვანი) - მალმყარებადი და მაღალი სიმტკიცის შემკვრელი. შეიცავს კალციუმის ალუმინატს. მიიღება სათანადო შედგენილობის მქონე ნედლეულის შეცხობის ან დნობის ტემპერატურამდე გამომწვარი კლინკერის წმინდად დაფქვით. ძირითადი ნედლეულია ბოქსიტების (თიხამიწით მდიდარი ქანი) და კირქვების ნარევი. ბოქსიტებს იყენებენ ალუმინის მრეწველობაში, ამიტომ ამ ნედლეულზე დამზადებულ ცემენტს ხშირად უწოდებენ ალუმინატოვან ან ბოქსიტოვან ცემენტს. მისი მარკებია 400, 500, 600. მარკა განისაზღვრება გამაგრების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ. გამაგრება (შეკვრა) იწყება 30 წუთის შემდეგ და სრულდება 10 სთ-ის შემდეგ. დაჩქარება შესაძლებელია Ca(OH)2-ის დამატებით. გამაგრებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობის სითბო. ც. თ. გამოიყენება მაღალი მარკის ბეტონებში, მჟავა გარემოში.

ცემენტი მჟავაგამძლე - ცემენტის სახეობა, მიღებული კვარცის ქვიშის (92...96%) და ნატრიუმფთორსილიკატის წმინდა დაფქვით. ცემენტის ადუღაბება ხდება თხევადი მინით.

ცემენტი ნეფელინური - ჰიდრავლიკური ცემენტი, რომელიც შედგება დაქუცმაცებული ნეფელინის შლამის, გამყარების აქტივიზატორის (პორტლანდცემენტი ან კირი) და თაბაშირისაგან. გამოირჩევა დაბალი სითბოს გამოყოფით და მაღალი ყინვამედეგობით. ძირითადად გამოიყენება ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში და სილიკატური სამშენებლო ნაკეთობების დასამზადებლად ავტოკლავური მეთოდით.

ცემენტი პუცოლანიანი - კრებსითი სახელწოდება იმ ცემენტების ჯგუფისა, რომელთა შედგენილობაში არანაკლებ 20% აქტიური მინერალური დანამატებია. თანამედროვე მშენებლობაში ც.პ. მთავარი სახეობაა პუცოლანიანი პორტლანდცემენტი, რომელიც ჩვეულებრივ პორტლანდცემენტისაგან განსხვავდება გადიდებული კოროზიამედეგობით, გამყარების ნაკლები სისწრაფითა და შემცირებული ყინვამედეგობით. ც.პ. უმთავრესად იყენებენ წყალქვეშა და მიწისქვეშა ნაგებობებისათვის საჭირო ბეტონების მისაღებად.

ცემენტი სატამპონაჟო - პორტლანდცემენტი გრანულირებული წიდის შემცველობით არაუმეტეს 20%, ან აქტიური მინერალური დანამატების არაუმეტეს 12%, ან კვარცის ქვიშის ან კირქვის არაუმეტეს 10%; დამძიმებულში - კვარცის ქვიშა 50%-მდე. გამოიყენება ნავთობის და აირის ბურღილების ცემენტირებისათვის.

ცემენტი სპეციალური - საჭირო თვისების მქონე ცემენტი. მისი მიღების შემდეგი ძირითადი გზები არსებობს:პორტლანდ-ცემენტების მიღების შემდეგი ძირითადი გზები არსებობს: 1. ცემენტის კლინკერის მინერალოგიური და სტრუქტურული შედგენილობის რეგულირება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მის სამშენებლო-ტექნიკურ თვისებებზე; 2. ცემენტში ორგანული და მინერალური დანამატების შეტანა, რომლებიც მიზანშეწონილად ცვლის მის თვისებებს, ამცირებს ცემენტის ხარჯს; 3. დაფქვის სიწმინდის და ცემენტის მარცვლოვანი შედგენილობის რეგულირება, რომლებიც ცვლის შეკვრის ვადებს, აქტივობას, სითბოგამოყოფასა და სხვა თვისებას.

ცემენტი სულფატმედეგი - ცემენტის სახეობა, რომელიც მდგრადია სულფატური აგრესიის მიმართ. ესაა სულფატმედეგი პორტლანდცემენტი, სულფატმედეგი წიდაპორტლანდცემენტი და პუცოლანიანი პორტლანდცემენტი. საერთოა კლინკერში და წიდაში Al2O3 შემცველობის შეზღუდვა - არაუმეტეს 8%. ჰიდრავლიკური დანამატების რაოდენობა დამოკიდებულია მათ აქტიურობაზე (5...10%), პუცოლანიან ცემენტში - 20...30%. რეგლამენტირებულია აგრეთვე ცემენტში ტუტე ოქსიდების (Na2O+K2O) შემცველობა; განსაკუთრებით თუ სულფატმედეგი პორტლანდცემენტი განკუთვნილია ისეთი ბეტონის და რკ.ბ.-ის ნაგებობების დასამზადებლად, სადაც გამოიყენება აქტიური (რეაქციაუნარიანი) შემვსები. ასეთი ცემენტები ფართოდ გამოიყენება აგრესიულ გარემოში მომუშავე სამშენებლო კონსტრუქციების დასამზადებლად.

ცემენტი სულფოალუმინატური (ფერიტული) - ცემენტი, მიღებული სულფოალუმინატის (ფერიტის) კლინკერის საფუძველზე.

ცემენტი წყალუჟონადი გაფართოებადი - სწრაფშემკვრელი და სწრაფგამაგრებადი ჰიდრავლიკური შემკვრელი. იგი მიიღება თიხამიწოვანი ცემენტის (70%), თაბაშირის (20%) და დაფქული სპეციალურად შემზადებული კალციუმის მაღალფუძიანი ჰიდროალუმინატის (10%) არევით. მისი შეკვრა იწყება 4 წუთში, ხოლო მთავრდება არა უგვიანეს 10 წუთისა. სიმტკიცე სამი დღის შემდეგ უნდა იყოს არანაკლები 30 მპა - ხოლო 28 დღის შემდეგ არანაკლებ 50 მპა-სა. მოცულობის მატება შეადგენს 0,3...1,2%. ერთი დღეღამის ნიმუშები უნდა იყოს წყალუჟონადი 6 ატმოსფერული წნევის დროს ც.წ.გ. გამოიყენება გვირაბების, შახტების, წყალქვეშა ნაგებობათა ჰიდროიზოლაციისათვის, წყალუჟონადი ნაკერის შესაქმნელად, ბეტონის და რკინაბეტონის დაზიანებული კონსტრუქციის აღსადგენად და სხვ.

ცემენტი წყალუჟონადი შეუკლები - ცემენტის სახეობა, რომელიც შედგება დაახლოებით 85% თიხამიწოვანი ცემენტის, 10% თაბაშირისა და 5% კირისაგან. მისი შეკვრის დასაწყისია არა უადრეს 1 წუთისა, დასასრული არა უგვიანეს 5 წუთისა. სიმტკიცის ზღვარი 28-ე დღეს - 30 მპა. გაფართოება ერთ დღე-ღამეში - 0,01...0,1%.

ცემენტი ჰიდროფობული - შემკვრელი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება წვრილად დაფქვილი პორტლანდცემენტის კლინკერის თაბაშირთან და ჰიდროფობულ დანამატებთან (ასიდოლი, მილონაფტი, ოლეინის მჟავა და სხვ.) შერევით. დანამატი, რომლის რაოდენობა შეადგენს ცემენტის მასის 0,1...0,3%-ს, წარმოქმნის ცემენტის ნაწილაკების ზედაპირზე უთხელეს ჰიდროფობულ (მონომოლეკულურ) აფსკებს, რომელიც ამცირებს ცემენტის ჰიგროსკოპულობას და იცავს მას გაფუჭებისგან დიდი ხნის შენახვის დროს ტენიან გარემოშიც კი. ც.ჰ.-ზე დამზადებული ბეტონები და დუღაბები, ჩვეულებრივ ცემენტზე დამზადებულისაგან განსხვავდებით, გამოირჩევიან ნაკლები წყალშთანთქმადობით, ყინვამედეგობითა და წყალგაუმტარობით.

ცემენტის ადუღაბება - ცემენცის შერევა წყალთან.

ცემენტის აქტიური დანამატი - ნივთიერება, რომელიც წმინდად დაფქული სახით და ჰაეროვან კირში არეული, წყალში გახსნისას იძლევა ცომს, რომელიც წინასწარ ჰაერზე გამაგრების შემდეგ განაგრძობს გამაგრებას წყალში. პორტლანდცემენტში შერეული ამაღლებს მის წყალმედეგობას. დანამატები იყოფა ბუნებრივად და ხელოვნურად. ბუნებრივი აქტიური დანამატებია: დანალექი ქანებიდან: 1. დიატომიტი; 2. ტრეპელი; 3. ოპოკა (ტრეპელი-დიატომიტი); 4. გლიეჟი (გამომწვარი თიხა). ვულკანური წარმოშობის ქანებიდან: 5. ტუფი; 6. პემზა; ხელოვნური დანამატებია: კაჟმიწა (წარმოების ნარჩენი); გამომწვარი თიხა; ბრძმედის გრანულირებული წიდა (მეტალურგიული მრეწველობის ნარჩენი) და ნაცარი.

ცემენტის დანამატი კომბინირებული - დანამატი, შედგენილი ორი ან მეტი მინერალური კომპონენტისაგან.

ცემენტის დაფქვის სიწმინდე - 1. ცემენტის დისპერსიულობის მაჩვენებელი, რომელიც გამოიხატება ერთ ან რამდენიმე საკონტროლო საცერზე ნარჩენი მასით ან კუთრი ზედაპირის სიდიდით; 2. იმ მნიშვნელოვან ფაქტორთა შორისაა, რომელიც მოქმედებს ცემენტის შეკვრის ვადაზე და სიმტკიცეზე. რაც უფრო წმინდადაა ცემენტი დაფქული, მით მეტია მისი სიმტკიცე და უფრო სწრაფად მაგრდება. ერთი და იგივე კლინკერისაგან დაფქვის სიწმინდის მიხედვით შეიძლება მივიღოთ სხვადასხვა მარკის (სიმტკიცის) ცემენტი. დაფქვის სიწმინდე განისაზღვრება ცემენტის გაცრით №008 საცერში (ნახვრეტის ზომა 0,08 მმ; ნახვრეტების რაოდენობა - 4900 ნახვრეტი/სმ2), ნარჩენი არ უნდა აღემატებოდეს 15%. დაფქვის სიწმინდე უფრო ზუსტად ხასიათდება ხვედრითი ზედაპირით, ე.ი. 1 გრამ ცემენტში შემავალი მარცვლების ზედაპირების ჯამით. ჩვეულებრივი ცემენტისათვის იგი უტოლდება 2500...3000 სმ2/გ, ხოლო მაღალი სიმტკიცის ცემენტისათვის - 3500...5000 სმ2/გ. დაფქვის სიწმინდის ყოველი მატება 1000 სმ2/გ-ით იწვევს ცემენტის აქტიურობის (მარკის) ზრდას დაახლოებით 20...25%-ით ანუ 1 საფეხურით. ცემენტის მარცვლის საშუალო სიმსხოა 15...20 მკმ.

ცემენტის თვითდაძაბვა - ცემენტის ქვის უნარი დაძაბოს მასში ჩადებული არმატურა.

ცემენტის მიღების და შენახვის წესი - ცემენტის გაგზავა და მიღება ხდება პარტიებად. ყოველ პარტიას უნდა ახლდეს პასპორტი, სადაც აღნიშნული იქნება: ქარხანა, ცემენტის სახეობა, გარანტირებული მარკა (კლასი), დანამატის სახეობა და რაოდენობა, ნორმალური სისქელე, გამოშვების თარიღი. ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს ცემენტი უნდა დავიცვათ ტენისა და გაჭუჭყიანებისაგან, შევინახოთ ცალ-ცალკე მარკისა და სახეობის მიხედვით. შესანახ ბუნკერში ცემენტების შერევა დაუშვებელია.

ცემენტის მოცულობის ცვლილების თანაბრობა - ცემენტის თვისება ცემენტის ცომის გამყარების პროცესში დეფორმაციამ არ გადააჭარბოს ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილ სიდიდეს. ცემენტის ქვის გამყარების პროცესი მიმდინარეობს მოცულობითი დეფორმაციებით: წყალში გამყარებისას ადგილი აქვს გაჯირჯვებას, ხოლო ჰაერზე - შეკლებას. მოცულობის ეს ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გაითვალისწინება შეკლების ნაკერების მოწყობით. ცემენტის ქვის მოცულობის არათანაბარი ცვალებადობა გამოწვეულია კლინკერში კალციუმისა და მაგნიუმის თავისუფალი ჟანგეულების არსებობით, რომლებიც ჰიდრატაციის დროს ფართოვდებიან და იწვევენ ადგილობრივ დეფორმაციას. სტანდარტის მიხედვით ც.მ.ც.თ. გამყარებისას განისაზღვრება ნორმალური სისქის ცემენტის ცომის კვერისებრი ნიმუშების გამოცდით. ნიმუშებს დამზადებიდან ყოველ 24 სთ-ში ერთხელ 3 სთ-ით ათავსებენ მადუღარ წყალში. ამ დროს კვერებმა არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და არ უნდა გაუჩნდეს რადიალური ბზარები. იმ ცემენტის, რომელიც არ აკმაყოფილებს გამყარებისას მოცულობის ცვლილების თანაბრობის პირობებს, გამოყენება მშენებლობაში დაუშვებელია.

ცემენტის ნივთიერი შემადგენლობა - ცემენტში ძირითადი კომპონენტების შემცველობა, გამოსახული მისი მასის პროცენტებში.

ცემენტის პარტია - განსაზღვრული რაოდენობა ერთი სახეობისა და კლასის (სიმტკიცის მიხედვით) ცემენტისა, დამზადებული ერთი წარმოების მიერ განსაზღვრული ტექნოლოგიით უცვლელ პირობებში და გაფორმებული ერთი დოკუმენტით.

ცემენტის საკონტროლო გამოცდა - გამოცდა, ჩატარებული ცემენტის ხარისხის გასაკონტროლებლად ნომატიულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ცემენტის სატყორცნი - აგრეგატი ცემენტის ხსნარის მისასხურებლად კედლის, ნაკეთობის, კონსტრუქციის ზედაპირზე შეკუმშული ჰაერის მეშვეობით (ტორკრეტირება).

ცემენტის საწარმოო კონტროლი - კონტროლი, განხორციელებული წარმოების სტადიაზე, რომელიც მოიცავს ნედლეულის, კლინკერის და ცემენტის გამოცდას, დადგენილს მოქმედი ტექნოლოგიური დოკუმენტაციით.

ცემენტის სითბოგამოყოფა - სითბოს რაოდენობა, გამოყოფილი ცემენტის ჰიდრატაციის დროს. ც.ს. დამოკიდებულია ცემენტის მინერალურ შედგენილობაზე და დაფქვის სიწმინდეზე. მას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, ჩვეულებრივი რკ.ბ.-ის კონსტრუქციების დაბეტონებისას დაბალი (უარყოფითი) ტემპერატურის პირობებში სითბოგამოყოფა ასრულებს დადებით როლს ბეტონის გამყარების პროცესში. მასიური რკ.ბ.-ის კონსტრუქციების დაბეტონებისას ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში კი პირიქით, სითბოგამოყოფა აცხელებს კონსტრუქციას 500C-მდე (ზოგჯერ მეტადაც), რაც კონსტრუქციის გაცივებისას იწვევს მასივში ტემპერატურის სხვადასხვაობას და შესაბამისად გარე შრეებში გამჭიმი ძალების გაჩენას, რასაც თან ახლავს არასასურველი ბზარების გაჩენა. ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში გამოიყენება ისეთი ცემენტები, რომლებიც გამყარებისას ნაკლებ სითბოს გამოყოფენ.

ცემენტის სიმტკიცე - ნებისმიერი ცემენტის ხარისხის ძირითადი თვისება - კლასი და მარკა. ც.ს. კუმშვაზე იცვლება 30-დან 60 მპა-მდე. შესაბამისად ძელაკების სიმტკიცე ღუნვისას შეადგენს 4,5...6,5 მპა, 30...40 მპა სიმტკიცის ცემენტი მიეკუთვნება 300 მარკას, 40...50 მპა - 400 მარკას და ა.შ. მშენებლობაში გამოიყენება 300, 400, 500, 550 და 600 მარკის ცემენტი. ევროპის ცემენტის ასოციაციის მიერ დადგენილია ცემენტის EKC კლასი: EKC - 32,5; სიმტკიცე 28-ე დღეს - 32,5...52,5 მპა. EKC - 42,5; სიმტკიცე - 42,5...62,5 მპა. EKC - 52,5; სიმტკიცე - 52,5 და მეტი მპა. ცემენტის ნამდვილ სიმტკიცეს უწოდებენ მის აქტიურობას. მაგ., თუ საკონტროლო ნიმუშების სიმტკიცე იქნება 45 მპა, ცემენტის აქტიურობა იქნება 45 მპა, მარკა - 400. ბეტონის შედგენილობის დაპროექტებისას უკეთესია გამოვიყენოთ ცემენტის აქტიურობა, რადგან ეს მოგვცემს უფრო ზუსტ შედეგს და ცემენტის ეკონომიას. ც.ს. მატება 1 მპა-ით, მოგვცემს ცემენტის ხარჯის შემცირებას 2...5 კგ/მ3, უფრო მეტი ეკონომია მიიღება მაღალი სიმტკიცის ბეტონში. თუ დავუშვებთ, რომ ცემენტის აქტიურობა 2...4 მპა-ით მეტია მარკაზე და მას გამოვიყენებთ გაანგარიშებაში, ეს მოგცემს ცემენტის 5...20 კგ/მ3 ეკონომიას ბეტონში. ცემენტის მრეწველობა ამზადებს 300...550 მარკის ცემენტს, 600 და მეტი მარკის ცემენტს - შეკვეთით. მაღალი მარკის ცემენტი სიმტკიცეს იღებს უფრო ჩქარა, ვიდრე დაბალი სიმტკიცის. მაგ., 500 მარკის ცემენტს 3 დღის შემდეგ აქვს 20...25 მპა სიმტკიცე, ე.ი. მაღალი მარკის ცემენტი არის არა მარტო დიდი სიმტკიცის, არამედ სწრაფშემკვრელიც. ასეთი ცემენტის გამოყენება უზრუნველყოფს კონსტრუქციის სწრაფ განყალიბებას და ამცირებს მშენებლობის ვადას. ხანგრძლივად შენახვისას ცემენტი იკლებს სიმტკიცეში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არასაკმარისად დაცულია სინესტისაგან და ნახშირბადის აირისაგან ჰაერიდან. სამი თვის შენახვის შემდეგ სიმტკიცე იკლებს 10...20%-ით, 6 თვის შემდეგ - 30%-მდე, ერთი  წლის შემდეგ - 40%-მდე. ხანგრძლივად ნადები (ჩაწოლილი) ცემენტის გამოყენების შემთხვევაში ბეტონის არევის დრო უნდა გავზარდოთ 2...4-ჯერ ან მოვახდინოთ ცემენტის აქტივიზაცია. წმინდად დაფქული სწრაფგამაგრებადი ცემენტი კიდევ უფრო ჩქარა კარგავს აქტიურობას, ამიტომ სასურველია მშენებლობაზე არ იყოს ცემენტის დიდი მარაგი. გარდა სიმტკიცისა ცემენტს წაეყენება სხვა მოთხოვნებიც, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ნორმალური სისქელე, შეკვრის ვადები და დაფქვის სიწმინდე.

ცემენტის სიმტკიცის კლასი - პირობითი აღნიშვნა სიმტკიცის ერთ-ერთი პარამეტრული რიგის მნიშვნელობისა მაქსიმალურ ვადებში, დადგენილი ნორმატული დოკუმენტით.

ცემენტის სტანდარტული ხსნარი - ცემენტის, სტანდარტული ქვიშისა და წყლის ერთგვაროვანი ნარევი ნორმირებული თანაფარდობით.

ცემენტის ტექნოლოგიური დანამატები - ცემენტის დანამატები დაფქვის პროცესის და მილსადენით ტრანსპორტირების გასაუმჯობესებლად.

ცემენტის ქვის გამაგრება - ცემენტის ქვის სტრუქტურის მტკიცედ ფორმირების პროცესი.

ცემენტის ქვის კოროზია - არჩევენ ცემენტის ფიზიკურ და ქიმიურ კოროზიას. ფიზიკური კოროზიაა ცემენტის ქვაში შემავალი მინერალების ჩამდინარე წყლით გამორეცხვა. ყველაზე ადვილად იხსნება Ca(OH)2. ქიმიური კოროზია ხდება ცემენტის ზოგიერთ მინერალსა და გარემოში მყოფ მჟავასა და წყალში შემავალ მარილებს შორის ურთიერთქმედების ან გაცვლის რეაქციის შედეგად. ახალი შედგენილობა ან იოლად იხსნება წყალში ან გამოიყოფა ამორფული სახით ან მატულობს მოცულობაში და იწვევს ცემენტის ქვის დასკდომას. განსაკუთრებით ეს ეხება სამკალციუმიან ალუმინატს და კალციუმის ჰიდროჟანგს. კოროზიისაგან დაცვის საშუალებებია: მკვრივი ბეტონის დამზადება, წყალშეუღწევადი მასალით დაფარვა, სპეციალური ცემენტების გამოყენება და სხვ. აქტიური მინერალური დანამატები ზრდის ცემენტის მედეგობას.

ცემენტის ყინვამედეგობა - ცემენტის ქვის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს მრავალჯერად გაყინვასა და გალღობას.

ცემენტის შეკვრის ვადები - განისაზღვრება სპეციალური ე. წ. ვიკას ხელსაწყოთი, რომელიც განსაზღვრავს მასალის მყარ სხეულად გარდაქმნის პროცესის დასაწყისსა და დასასრულს. სტანდარტის მოთხოვნაა, რომ 200C ტემპერატურაზე შეკვრის დასაწყისი არ უნდა იყოს 45 წუთზე ნაკლები, დასასრული კი - 10 საათზე მეტი. ჩვეულებრივ ცემენტის შეკვრის დასაწყისია 1...2 სთ, ხოლო დასასრული - 6...8 სთ. ეს ვადები საკმარისია ბეტონის ნარევის მიღების, ტრანსპორტირებისა და ჩაწყობისათვის შეკვრის დაწყებამდე. შეკვრის ვადების რეგულირებისათვის ცემენტს უმატებენ თაბაშირს და სხვა ქიმიურ ნივთიერებას. მაგ., კალციუმის ქლორიდი აჩქარებს ჰიდრატაციას და შეკვრას. ცემენტის შეკვრის დაჩქარება ასევე შეიძლება დაფქვის სიწმინდისა და სამკალციუმიანი ალუმინიტის რაოდენობის მატებით, გარემოს ტემპერატურის გაზრდით. ზედაპირულად აქტიური ნივთიერება (სულფიდსაფუარის დურდო, ასიდოლი და სხვ.) ან სპეციალური ქიმიური მაყოვნებელი ანელებს შეკვრას. შეკვრის ვადა მცირდება ტემპერატურის მატებით და ცემენტის ცომის წყალცემენტის ფარდობის შემცირებით.

ცემენტის შეკლება - ცემენტის ქვის ხაზოვანი ზომების შემცირება გამყარების პროცესში. ის გამოწვეულია შრობით, რომელიც იწვევს ცემენტის ქვაში დიდი წნევის (კუმშვის) ძალების განვითარებას. ამ ძალების მოქმედებით ხდება ნიმუშის მოცულობის შემცირება და შეკლება. ამ დეფორმაციებს თან ახლავს მასალაში ძლიერი დაძაბულობა, რომლის სიდიდე მეტია ჭიმვაზე სიმტკიცის ზღვრისა და იწვევს მიკრო- და მაკრობზარების გაჩენას. რაც მეტი წყალი აორთქლდება სხეულიდან, მით მეტია მისი შეკლების დეფორმაციები.

ცემენტის ცომი - მიიღება ცემენტის და წყლის შერევით. მას გააჩნია გამაგრების სამი პერიოდი: 1. დასაწყისი (1...3 სთ), რომლის განმავლობაში ცომი პლასტიკურია და ადვილად ყალიბდება; 2. შეკვრა (5…10 სთ), ამ დროს ცემენტის ცომი სქელდება, კარგავს ძვრადობას, მაგრამ მისი მექანიკური სიმტკიცე სუსტია; 3. გადასვლა მყარ მდგომარეობაში, როდესაც მთავრდება შესქელებული ცომის შეკვრა და იწყება გამაგრება. ამ პერიოდში ადგილი აქვს სიმტკიცის მნიშვნელოვანი მატებას. ნორმალურ პირობებში ბეტონის განაგრება გრძელდება წლების განმავლობაში ცემენტის სრულ ჰიდრატაციამდე.

ცემენტის ცომის ნორმალური სისქელე - წყალ-ცემენტის ფარდობა პროცენტებში, რომლის დროსაც მიიღწევა ცემენტის ცომის ნორმირებული კონსისტენცია.

ცემენტის ცომის სისქელე - ნორმალური სისქელე წყლის ის რაოდენობაა (%-ში), რომელიც საჭიროა სტანდარტით განსაზღვრული ცემენტის ცომის კონსისტენციის მისაღებად. პორტლანდცემენტების ნორმალური სისქელეა 22...28%, პუცოლანიანი ცემენტების 30% და მეტი. ცემენტის ნორმალური სისქელე იზრდება მასში წმინდად დაფქული დანამატის (გლიეჟი, ოპოკა, ტრეპელი) შეტანით. ყველაზე ნაკლები ნორმალური სისქელე აქვს სუფთა კლინკერულ ცემენტს. იგი განსაზღვრავს მის რეოლოგიურ თვისებებს და ამით გავლენას ახდენს ბეტონის ნარევის კონსისტენციაზე. რაც უფრო ნაკლებია ც.ც.ს. მით უფრო ნაკლებია ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნა, განსაზღვრული ძვრადობის მისაღებად. ცემენტის ნორმალური სისქელის 1%-ით შემცირება 2...5 ლ/მ3 ამცირებს ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნას. მაღალი მარკის ბეტონებში ეს კლება უფრო მეტია. წყლის ხარჯის შემცირება თავისთავად იწვევს ცემენტის ხარჯის შემცირებას. ბეტონებში სასურველია ნორმალური (ან დაბალი) სისქელის ცემენტის გამოყენება. ცემენტის ნორმალური სისქელის შესამცირებლად მასში შეჰყავთ მაპლასტიფიცირებელი დანამატი - სუპერპლასტიფიკატორი, რომელიც ცემენტის ნორმალურ სისქელეს ამცირებს 30...50%-ით. სუპერპლასტიფიკატორი ცემენტში შეჰყავთ მშრალი სახით დაფქვის დროს, რაც საშუალებას იძლევა უფრო მეტი რაოდენობით შევიყვანოთ იგი ცემენტში, ვიდრე ბეტონის ნარევში, როცა წყლის მოლეკულები იკავებენ ცემენტის მარცვლის ზედაპირის ნაწილს და ამცირებს სუპერპლასტიფიკატორის დოზას მათ ზედაპირზე.

ცემენტის ცრუ შეკვრა - ცემენტის ცომის ძვრადობის ნაადრევი, ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, რომლის აღდგენა ხდება მექანიკური ზემოქმედებით.

ცემენტის ხარჯი - ცემენტი ბეტონის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მისი ხაჯის გაზრდით ბეტონის სიმტკიცე მატულობს გარკვეულ საზღვრამდე, შემდეგ იგი უმნიშვნელოდ იზრდება, სხვა თვისებები (ცოცვადობა, შეკლება) კი უარესდება. ამიტომ არ არის რეკომენდებული ცემენტის 600 კგ-ზე მეტი ხარჯი 1მ3 ბეტონში.

ცემენტის ჰიდრატაცია - ცემენტის წყალთან შეერთების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სითბოს გამოყოფით (ეგზოთერმული პროცესი). 1 კგ 300 მარკის ცემენტი ბეტონში 7 დღის განმავლობაში გამოყოფს დაახლოებით 170 კჯ სითბოს, 400 მარკის - არანაკლებ 210 კჯ. მასიურ კონსტრუქციაში გამოყოფილი სითბო შეიძლება იყოს 400C-ით მეტი, ვიდრე გარემოს ტემპერატურა. ამის გამო ბეტონში წარმოიქმნება ტემპერატურული ძაბვები, რომელიც ხშირად ბზარების წარმოშობის მიზეზი ხდება. ამის ასაცილებლად მასობრივ ნაგებობაში უნდა გამოვიყენოთ დაბალთერმული ცემენტი, შევამციროთ ცემენტის ხარჯი და ზაფხულის პირობებში გამოვიყენოთ ხელოვნური გაცივება. ზამთრის პირობებში სითბოს გამოყოფა პირიქით სასარგებლოა, რადგან იქმნება ბეტონის გამაგრებისათვის საჭირო რეჟიმი.

ცემენტიტი - რკინის კარბიდი, რკინანახშირბადიანი შენადნობების ფაზა, რკინისა და ნახშირბადის ქიმიური ნაერთი. შეიცავს 6,67% ნახშირბადს. არის მყიფე და მაღალი სისალის.

ცემენტსაზიდი - ცემენტის ფხვნილის გადასაზიდი საშუალება, რომელსაც გააჩნია გრავიტაციული, მექანიკური ან აერაციულ-პნევმატური განტვირთვის მექანიზმი და ჰორიზონტალური ან ვერტიკალური რეზერვუარი. არსებობს ცემენტის გადამზიდების საავტომობილო, სარკინიგზო, სამდინარო და საზღვაო სახეები. ამათგან ყველაზე გავრცელებულია საავტომობილო ც.

ცემენტსატყორცნი - დანადგარი სამშენებლო კონსტრუქციების ზედაპირზე დუღაბის (ხსნარის) და ბეტონის ნარევის დასატანად გაშხეფებით (ტორკრეტირება). გამოიყენება ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობაზე და რემონტზე, აგრეთვე როგორც ქვიშასატყორცნი აპარატი. მწარმოებლურობა 1,5...4 მ3/სთ. შეკუმშული ჰაერის ხარჯი 3...10 მ3/წთ, მიწოდების სიშორე ჰორიზონტალურად 70 მ.

ცენზი (ლათ.) - 1. ძველ რომში - მოქალაქეთა ქონების პერიოდული შეფასება, აღწერა; 2. რეგულარული ფიქსირებული ღალა ფეოდალიზმის პერიოდში დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში; 3. სტატისტიკური აღწერა; 4. პირობა, რომელიც აუცილებელია წარმოების შესატანად გარკვეულ სიაში, რეესტრში.

ცენტალი (ინგლ.) - წონის ერთეული ინგლისურ საზომთა სისტემაში; უდრის 100 ინგლისურ გირვანქას ანუ 45,359 კგ-ს.

ცენტნერი - ზომათა მეტრული სისტემის წონის ერთეული, უდრის 100 კგ-ს. ინგლისური ც. = 50,80235 კგ; ამერიკული ც. = 45,35924 კგ.

ცენტრალი (რუს.) - ცენტრალური, მთავარი მაგისტრალი ან განმანაწილებელი (მაგ., თბოელექტროცენტრალი).

ცენტრალიზაცია - 1. რაიმეს თავმოყრა ერთ ადგილზე, ერთის ხელში, ერთ ცენტრში; 2. ცენტრალიზაცია კაპიტალის - კაპიტალის ოდენობის გაზრდა რამდენიმე კაპიტალის გაერთიანების საფუძველზე.

ცენტრალური - 1. ცენტრთან დაკავშირებული, ცენტრში არსებული, ყველაზე არსებითი, ძირითადი; 2. ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული, მთავარი; 3. რაც მთელ სისტემას ამოძრავებს, ემსახურება.

ცენტრალური გაჭიმვა - ღეროს გაჭიმვა, როდესაც შიგა ძალების ტოლქმედი მიმართულია განსახილველი განივი კვეთის ნორმალის გასწვრივ და გადის მის სიმძიმის ცენტრზე. გამჭიმი ძალა N მოქმედებს სიმეტრიის ღერძის გასწვრივ და მისი განივი კვეთის ნებისმიერ წერტილში ჩნდება ნორმალური ძაბვა σ, რომელიც სიგრძის ნებისმიერ ნაწილში ერთნაირია. ცენტრალურად გაჭიმული ელემენტის გაანგარიშება წარმოებს განივი კვეთის შესუსტებების გათვალისწინებით სიმტკიცეზე, რომელიც ითვალისწინებს ღეროს განივკვეთში ძაბვების დადგენას, რომელთა მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს ღეროს მასალის საანგარიშო წინაღობას გაჭიმვაზე. ც.გ. მუშაობს სამშენებლო წამწეების ქვედა სარტყელი, კამარებისა და თაღების შემკრავები, კავშირების ზოგიერთი ელემენტი და სხვ.

ცენტრალური კუთხე - კუთხე, რომლის წვერო ემთხვევა მოცემული წრეწირის ცენტრს.

ცენტრალური მოძრაობა - წერტილის მოძრაობა, რომლის დროსაც მოძრავი წერტილის აჩქარების მიმართულება გადის უძრავ წერტილზე. ამ წერტილს მოძრაობის ცენტრი ეწოდება.

ცენტრალური შეკუმშვა - ღეროს შეკუმშვა, როდესაც შიგა ძალების ტოლქმედი მიმართულია განსახილველი განივი კვეთის ნორმალის გასწვრივ და გადის მის სიმძიმის ცენტრზე. მკუმშავი ძალა N მოქმედებს სიმეტრიის ღერძის გასწვრივ და მისი განივი კვეთის ნებისმიერ წერტილში ჩნდება ნორმალური ძაბვა σ, რომელიც სიგრძის ნებისმიერ ნაწილში ერთნაირია. ცენტრალურად შეკუმშული ელემენტის გაანგარიშება წარმოებს განივი კვეთის შესუსტებების გათვალისწინებით სიმტკიცეზე და მდგრადობაზე. სიმტკიცეზე გაანგარიშება ითვალისწინებს ღეროს განივკვეთში ძაბვების დადგენას, რომელთა მნიშვნელობა არ უნდა აღემატებოდეს ღეროს მასალის საანგარიშო წინაღობას კუმშვაზე, ხოლო მდგრადობაზე გაანგარისებისას მხედველობაში მიიღება ღეროს მოქნილობა, რომლის მნიშვნელობა დამოკიდებულია ღეროს სიგრძეზე, განივკვეთზე და ბოლოების ჩამაგრების სახეობაზე. ც.შ. მუშაობს სამშენებლო წამწეების ზედა სარტყელი, სვეტები და კოლონები, დგარები, კავშირების ზოგიერთი ელემენტი და სხვ.

ცენტრალური ძალა - ნივთიერ სხეულზე მოდებული ძალა, რომლის ფუძე ყოველთვის გადის ერთი და იმავე უძრავ 0 წერტილში. 0 წერტილს ამ ძალის ცენტრი ეწოდება.

ცენტრი (ბერძ.) - 1. წირის, გეომეტრიული ფიგურის, ზედაპირის ან სხეულის სიმეტრიის ცენტრი; 2. წერტილი, რომლის რაიმე მიდამოში მოცემული დიფერენციალური განტოლების ყველა ინტეგრალური წირი არის ჩაკეტილი და ამ წერტილს მოიცავენ თავის შიგნით; 3. რაიმეს შუაგული, შუა ადგილი, შუა ნაწილი (მაგ., მოედნის ცენტრი, ქალაქის ცენტრი, რაიონის ცენტრი, ადმინისტრაციული ცენტრი და სხვ.); 4. დაწესებულების ან განყოფილების სახელწოდების შემადგენელი ნაწილი, რომელიც რაიმეს განაგებს (მაგ., სავაჭრო ცენტრი, გამოთვლითი ცენტრი, კომპიუტერული ცენტრი, სატელევიზიო ცენტრი და სხვ.).

ცენტრიდანული ძალა - 1. ძალა, რომლითაც მოძრავი მატერიალური წერტილი მოქმედებს მისი მოძრაობის შემზღუდველ სხვა სხეულზე (კავშირზე) და რომელიც აიძულებს მას იმოძრაოს მრუდხაზოვნად. ცენტრიდანული ძალა მიმართულია ცენტრიდან წერტილის ტრაექტორიის სიმრუდისაკენ და ტოლია F = mv2/r , სადაც m მატერიალური წერტილის მასაა, v - მისი მოძრაობის სიჩქარე, r - ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი; 2. გადატანითი ინერციის ძალის შემდგენი, რომელიც შეესაბამება გადატანითი აჩქარების ნორმალურ შემდგენს; 3. დალამბერის ინერციის ძალის შემდგენი, მიმართული მატერიალური წერტილის ტრაექტორიისადმი მთავარი ნორმალის გასწვრივ (დალამბერის პრინციპი). ცენტრიდანული და ცენტრისკენული ძალები ტოლია და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არიან მიმართული, ოღონდ მოქმედებენ სხვადასხვა სხეულებზე: ცენტრიდანული - კავშირებზე, ცენტრისკენული - მოძრავ სხეულზე. ცენტრისკენული აჩქარება იგივეა რაც ნორმალური აჩქარება.

ცენტრისკენული აჩქარება - იხ. აჩქარება ნორმალური.

ცენტრისკენული ძალა - მატერიალურ წერტლზე მოქმედი ძალა, რომელიც მიმართულია მისი ტრაექტორიის მთავარი ნორმალის გასწვრივ სიმრუდის ცენტრისაკენ (წრეწირზე წერტილის მოძრაობისას წრეწირის ცენტრისაკენ). ც.ძ. მოქმედებით თავისუფალი მატერიალური წერტილი მრუდწირულად მოძრაობს. წრფივი მოძრაობისას ც.ძ. ნულის ტოლია. Fცს.ძ. = m•an და Fცს.ძ. = m•V2/R, სადაც an - მატერიალური წერილის ნორმალური აჩქარება; m - მისი სიჩქარე; R - ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი. ცენტრიდანული ძალა და ცენტრისკენული ძალა რიცხობრივად ერთმანეთის ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ერთი წრფის გასწვრივ, მაგრამ მოდებულია სხვადასხვა სხეულზე, როგორც ქმედებისა და უკუქმედების ძალები.

ცენტრიფუგა (ლათ.) - 1. მექანიკური მოწყობილობა არაერთგვაროვანი სისტემების გასაცალკევებლად ცენტრიდანული ძალების მეშვეობით. გამოიყენება სუსპენზიების გასაყოფად, ჭუჭყიანი სითხეებისათვის გამჭვირვალობის მისაცემად, შლამების ჰიდრავლიკური კლასიფიკაციისათვის მყარი ნაწილაკების ზომების მიხედვით. ც. წარმოადგენს თავისი ღერძის გარშემო სწრაფად მბრუნავ დოლს მთლიანი (დამლექი) ან ხვრეტებიანი საფილტრი კედლებით; 2. ბრუნვითი სხეულის ფორმის მქონე ბეტონის ნაკეთობების (მილები) დასამზადებელი ჰორიზონტალური და ვერტიკალური დაყალიბების დანადგარი. ყალიბების დამაგრების ხერხის მიხედვით ც. არის ღერძული და თავისუფალ-გორგოლაჭებიანი. ცნობილია აგრეთვე ღვედური ც.; 3. მიწისზედა დანადგარი კოსმონავტების და მფრინავების მოსამზადებლად, რომელიც ქმნის ხანგრძლივად მოქმედი აჩქარების იმიტაციას. დანადგარის დიდი რადიუსი (მეტი 15 მ) და ძრავის სიმძლავრე, საშუალებას იძლევა შეიქმნას ცენტრისკენული აჩქარება ≈ 400 მ/წმ2. გამოიყენება აგრეთვე კოსმოსური მფრინავი აპარატების საბორტე აპარატურის გამოსაცდელად.

ცენტრიფუგირება - არაერთგვაროვანი სისტემების (მაგ., სითხე-მყარი ტანი) განცალკევება ცენტრიდანული ძალის მოქმედებით. გამოიყენება სუსპენზიების განსაცალკევებლად, დაბინძურებული სითხეების გასაწმენდად, შლამების კლასიფიკაციისათვის მსხვილი ნაწილაკების ზომების მიხედვით და ა.შ. ც. ხორციელდება ც ე ნ ტ რ ი ფ უ გ ა შ ი, რომლის ძირითად მუშა ნაწილს წარმოადგენს საკუთარი ღერძის ირგვლივ სწრაფად მბრუნავი დოლი (როტორი); სიმძლავრე დამოკიდებულია დოლის ბრუნვის სიჩქარეზე. გამოიყენება ქიმიურ, კვების, ნავთობის, საშენი მასალების და სხვა დარგის მრეწველობაში.

ცენტროიდა - ფიგურის გეომეტრიული ცენტრი (ნახ. 1), რომელიც მეტწილად ემთხვევა სიმძიმის ცენტრს. მაგ., სამკუთხედისათვის ესაა მედიანების გადაკვეთის წერტილი.

ცენტროიდა მოძრავი - ა) სხეულის ბრტყელი მოძრაობისას - სიჩქარეთა მყისი ცენტრების გეომეტრიული ადგილი იმ სიბრტყეზე, რომელიც მოძრაობის სიბრტყის პარალელურია და მოძრაობს განსახილველ სხეულთან ერთად; ბ) სხეულის უძრავი წერტილის გარშემო ბრუნვისას - ბრუნვის მყისი ღერძების ნაკვალევის გეომეტრიული ადგილი იმ სფეროს ზედაპირზე, რომელიც შემოწერილია უძრავი წერტილიდან და მოძრაობს განსახილველ სხეულთან ერთად.

ცენტროიდა უძრავი - ა) სხეულის ბრტყელი მოძრაობისას - ბრუნვის მყისი ცენტრების გეომეტრიული ადგილი იმ უძრავ სიბრტყეზე, რომელიც მოძრაობის სიბრტყის პარალელურია; ბ) სხეულის უძრავი წერტილის გარშემო ბრუნვისას - ბრუნვის მყისი ღერძების ნაკვალევის გეომეტრიული ადგილი იმ უძრავი სფეროს ზედაპირზე, ცენტრი უძრავ წერტილშია.

ცენტრული შენობა - ჩვეულებრივ, გუმბათით დაგვირგვინებული შენობა, მკვეთრად გამოსახული ცენტრალური ნაწილით, რომლის გარშემო განლაგებულია დანარჩენი სადგომები.

ცეოლითი (ბერძ.) - მინასავით ან სადაფივით მბზინვარე მინერალი. ც. მინერალების პირველი ნიმუშები აღმოჩენილ იქნა ბაზალტის, ანდეზიტებისა და ვულკანური ქანების სიცარიელებსა და ბზარებში (ნახ. 1: ვულკანური ცეოლითი). შემდგომში ეს მინერალები ნაპოვნი იქნა დანალექ ქანებში, ვულკანური ფერფლის ცვლილების პროდუქტებსა და სხვა პიროკლასტიკურ ფორმაციებში. ც. ბუნებაში წარმოიქმნება სხვადასხვანაირი გეოქიმიური პროცესების განვითარებისას, რომელიც ძირითადად ტემპერარატურისა და წნევის დაბალი პარამეტრებით ხასიათდება. მათი წარმოშობა ხდება ზედაპირზე ან ზედაპირთან ახლოს ქანების წარმოშობის პირველ ეტაპზე ჰიდროთერმული ქმედების დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში. ც. უზარმაზარი მასებით მოფენილია ოკეანის ფსკერები. ასე მაგალითად, წყნარი ოკეანის ფსკერის ზედა შრეები უპირატესად მოფენილია კლინოპტილოლიტით, ხოლო ინდოეთის ოკეანის ფსკერი თანაბრადაა დაფარული კლინოპტილოლიტითა და ფილიფსიტით. ზღვების ფსკერებზე ც. წარმოიქმნებიან ვულკანური ქანების ნატეხებისაგან, რომელთა მეტ წილს წარმოადგენს ვულკანური მინა, რომელიც გამოირჩევა რეაქციის მაღალი უნარით. ც. ჩვეულებრივ გავრცელებულია ტუტე მარილიან ტბების ნალექებში, სადაც ისინი წარმოიშობიან ვულკანური ნატეხების (განსაკუთრებით არასტაბილური მინები) ცვლილების შედეგად. ც. ასევე გვხდება ტუტე ნიადაგებში მშრალი კლიმატის მხარეებში. ასეთი ტბებისა და ნიადაგებისათვის დამახასიათებელია PH-ის მაღალი მნიშვნელობა და ძლიერი მარილიანობა, რომელიც უმეტესად გამოწვეულია ნატრიუმის კარბონატებისა და ბორატების მაღალი კონცენტრაციით. საქართველოს ტერიტოროიაზე ცეოლითური მინერალების არსებობა წინა საუკუნიდან იხსენიება. ამ მხრივ პირველი ცეოლითური მინერალი იყო ჰეილანდიტი, რომელიც ეიხვალდმა აღმოაჩინა 1844 წელს ახალციხის რაიონის ეოცენის ვულკანოგენ ქანებში. შემდგომ წლებში აღმოჩენილ იქნა: შაბაზიტი (1885), სტილბიტი (1887), ლომონტიტი(1898), ანალციმი(1900), ნატროლითი(1924), ტომსონიტი(1906), სკოლიციტი(1951), მორდენიტი(1948), ერიონიტი(1968), ჰარმოტომი(1976), ფერიერიტი(1985), ფილიფსიტი. ც. მრეწველობაში გამოიყენება წყლის გასაწმენდად, ქსოვილების შესაღებად და სხვ. ც. თავიანთი უნიკალური თვისებების გამო ფართო გამოყენება ჰპოვეს მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, მედიცინის და სოფლის მეურნეობის მრავალ დარგებში. მრეწველობაში ც. გამოიყენება:  წყლის გასაწმენდად, ქსოვილების შესაღებად, გაზების გასაწმენდად და გასაშრობად; ნავთობის კრეკინგის, იზომერიზაციის, ჰიდროგენიზაციის და დეჰიდროგენიზაციის, დაჟანგვისა და მრავალ სხვა რეაქციებში ადსორბენტებად და კატალიზატორებად; ჰაერის ჟანგბადით გასამდიდრებლად; ქაღალდის, პლასტმასის მრეწველობასა და საშენ მასალებში დანამატებად; რეზინის ვულკანიზაციაში; სარეცხ საშუალებებში ფოსფატების შემცვლელებად; აგრეთვე, წყალბადის, ამიაკის, არომატული ნახშირწყლების მისაღებად, ფერად მეტალურგიასა და გოგირდმჟავას მრეწველობაში ნარჩენი გამოყოფილი გაზების გოგირდოვანი აირისაგან გასაწმენდად, რეზინის ტექნიკურ მრეწველობაში - რეზინული ნარევების ინგრედიენტებად, ამასთან მათ შეუძლიათ შეასრულონ რეზინის შემავსებლის როლი და სხვ.

ცერუსიტი (ლათ.) - მინერალი, ნახშირორჟანგა ტყვია; ტყვიის მადნის შემადგენელი ნაწილი. იყენებენ ძირითადად ტყვიის გამოსადნობად და თეთრას დასამზადებლად

ცეცლგამტარი ზონარი - ბ ი კ ფ ო რ დ ი ს  ზ ო ნ ა რ ი, - ზონარი თბური იმპულსის (ნაპერწკლების კონის) გადასაცემად კაფსულა-დეტონატორისათვის დროის მკაცრად განსაზღვრულ შუალედში. კონსტრუქცია, შემოთავაზებული 1831 წელს ინგლისელი ბიკფორდის მიერ, წარმოადგენს წრიული განივკვეთის ზონარს, რომლის გულგულა ავსებულია მცირედდაწნეხილი კვამლიანი დენთის მარცვლებით, დაფარული წყალშეუღწევადი მასტიკით. ც.ზ. დიამეტრია 5...6 მმ, წვის სიჩქარე 10 მმ/წმ. გამოიყენება ასაფეთქქებელი სამუშაოების წარმოებისათვის (მათ შორის წყალშიც).

ცეცხლამრიდი კედელი - ბრანდმაუერი, ხანძარსაწინააღმდეგო კედელი; ცეცხლგამძლე მასალით ამოყვანილი კედელი, რომელიც გამოყოფს სათავსების ჯგუფს და გამიზნულია ხანძრის გავრცელების დასაბრკოლებლად.

ცეცხლგამყოფი მანძილი - მანძილი, რომელიც იზომება შენობის ფასადიდან ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთამდე: 1. მიწის ნაკვეთის საზღვრის უახლოეს წერტილამდე; 2. ქუჩის, ჩიხის ან საზოგადოებრივი გზის შუახაზამდე; 3. ერთ მიწის ნაკვეთზე მდებარე ორ შენობას შორის წარმოსახვით ხაზამდე.

ცეცხლგამძლე - მასალა (ნაკეთობა) დამზადებული ძირითადად მინერალური ნედლეულით, რომელსაც გააჩნია ცეცხლგამძლეობა (გაუძლოს 15800C -ზე მეტ ტემპერატურას). გამოიყენება სამრეწველო ღუმელების, საცეცხლეების და სხვა სითბური აგრეგატების ასაგებად. მზადდება ცალობითი ნაკეთობის (აგურის), ფხვნილის, საგოზავის და სხვ. სახით. მასალის მიხედვით ც. ძირითადი სახეებია: შამოტური, დინასური, მაგნეზიური; ქიმიური ბუნების მიხედვით - მჟავე, ნეიტრალური, ფუძე.

ცეცხლგამძლეობა - მასალის თვისება, გაუძლოს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივ ზემოქმედებას დეფორმაციებისა და დნობის გარეშე. მასალა, რომელიც უძლებს 1350-დან 15800C -მდე ტემპერატურას ძნელდნობადია, ხოლო 13500C -მდე - ადვილდნობადი.

ცეცხლდამცავი საგოზავი - ხის ელემენტების ზედაპირზე ისეთი ფენის შექმნა (ლაქი, ემალი, საღებავი), რომელიც ხელს შეუშლის მერქნის აალებას, პიროლიზს.

ცეცხლდამცავი საშუალება - კონსტრუქციის პირნაკეთობა, მის ზედაპირზე დატანილი საფარი, რომელიც ამაღლებს ცეცხლმედეგობის ზღვარს და ამცირებს კონსტრუქციის ზედაპირზე ცეცხლის გავრცელების ზღვარს.

ცეცხლდამცავი საშუალება - კონსტრუქციის პირნაკეთობა, მის ზედაპირზე დატანილი საფარი, რომელიც ამაღლებს ცეცლმედეგობის ზღვარს და ამცირებს კონსტრუქციის ზედაპირზე ცეცხლის გავრცელების ზღვარს. ხის კონსტრუქციებში ცეცხლისაგან დაცვის ორი გზა არსებობს - კონსტრუქციული და ქიმიური. კონსტრუქციულს მიეკუთვნება: სათავსის რაციონალური დაპროექტება, ნაგებობების ოპტიმალური ზომების შერჩევა, შენობების სართულიანობის შეზღუდვა, კედლებში და გადახურვებში ჰაერის სივრცეების (უბნების) ერთმანეთისაგან გამოყოფა ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეებით, კედლებზე და კონსტრუქციებზე აზბესტცემენტის, ალუმინის, ლითონის თხელი ფურცლების, ალუმინის ფოლგის და პოლიმერული უწვი აფსკების აკვრა, თაბაშირის შელესვა, კედლებში, სართულშუა და სასხვენო გადახურვებში წვადი მასალების შეზღუდვა, შენობის დაყოფა ცალკეულ ხანძარსაწინააღმდეგო ნაკვეთურებად. ქიმიურს მიეკუთვნება: გაჟღენთვა ანტიპირენებით და ზედაპირული დაფარვა აფუებადი ლაქებითა და საღებავებით. ლითონის კონსტრუქციების ცეცხლისაგან დაცვა მიიღწევა ტექნიკური გადაწყვეტებით, რომელიც ანელებს კონსტრუქციების გახურებას კრიტიკულ ტემპერატურამდე, ამცირებს გარემოს ტემპერატურას და სხივურ ენერგიას მიმართულს კონსტრუქციისაკენ. გახურების საწინააღმდეგოდ იყენებენ: აფუებად ლაქებს და საღებავებს, შელესვას, თაბაშირის ფილებს, აგრეთვე წყალს, რომელიც ავსებს მილისებრი და კვადრატული (მართკუთხა) განივკვეთის ელემენტების შიგა მოცულობას. გარემოს ტემპერატურის შემცირება მიიღწევა ხანძრის ჩასაქრობი ავტომატური სისტემების გამოყენებით. სითბოს სხივური ენერგიის შემცირება მიიღწევა მზიდი კონსტრუქციების შეფუთვით სხვადასხვა ტიპის ეკრანებით. რკინაბეტონის კონსტრუქციების ცეცხლისაგან დაცვის პირობებია: განივკვეთის ზომების და დამცველი ფენის გაზრდა, ცეცხლგამძლე და დაბალი ტემპერატურაგამტარობის ბეტონის გამოყენება, დამცველი ფენის გაზრდა გაჭიმული არმატურის მხრიდან, კონსტრუქციის სხვადასხვა სახის ცეცხლმედეგი ზედაპირული ფილებით შეფუთვა. საშიშროებას წარმოადგენს ბეტონის აფექთებისმაგვარი რღვევა ხანძრის დაწყებიდან 5...20 წუთის შუალედში. ასეთი რღვევები ხდება მსხვილმარცვლოვან ბეტონებში სიმკვრივით 2200...2400 კგ/მ3. მსუბუქი ბეტონისაგან დამზადებული თვითმზიდი ელემენტებისათვის სასურველია შიდა ფენა სისქით 2 სმ ჩამოსხმული იქნას დაბალი სითბოგამტარობის მქონე მასალისაგან, რაც შეამცირებს ბეტონის გაცხელების ტემპს. დიდმალიანი გადახურვებისათვის (კამარები, თაღები, გუმბათები, სტრუქტურები, ნაკეცები, გარსები, კიდული სისტემები) ცეცხლისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ხანძრის ჩასაქრობი ავტომატური სისტემები.

ცეცხლდაცვა სიღრმითი - ცეცხლდავა ნაკეთობის, მასალისა და კონსტრუქციის მასისა.

ცეცხლი - წვის პროცესი, რომელიც ხასიათდება სითბოს, კვამლის და ალის გამოყოფით.

ცეცხლის გავრცელება - ცეცხლის გავრცელება სამშენებლო ელემენტების და კონსტრუქციების ზედაპირზე და კონსტრუქციების შიგნით.

ცეცხლის გავრცელების შემზღუდველი - საშენი მასალები ან ცეცხლის გავრცელების შემზღუდველად ნებადართული მასალები, რომლებიც მონტაჟდება იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს დამალული სივრცეების გავლით ალის თავისუფალ გადაადგილებას შენობის სხვა ფართობებზე.

ცეცხლმაქრი - იხ. ცეცხლსაქრობი.

ცეცხლმედეგი აწყობილი კარი - ცეცხლმედეგი კარის, ჩარჩოს, კავეულისა და სხვა აქსესუარების ნებისმიერი კომბინაცია, რომლებიც ერთად უზრუნველყოფს ღიობის გარკვეული ხარისხის ცეცხლმედეგობას.

ცეცხლმედეგი აწყობილი ფანჯარა - ფანჯარა, რომელიც აგებულია და შემინულია ისე, რომ ცეცხლმა მასში ვერ გააღწიოს.

ცეცხლმედეგი კარი - ცეცხლმედეგი აწყობილი კარის შემადგენელი ნაწილი.

ცეცხლმედეგი კარის კავეული (საკეტები) - ანტიპანიკური გამღები მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ცეცხლმედეგიაწყობილი კარისათვის.

ცეცხლმედეგი ჰაერსატარი - მკვრივი მასალის ჰაერსატარი, რომელსაც აქვს ნორმირებული ცეცხლმედეგობის კედლები.

ცეცხლმედეგობა - 1. სამშენებლო კონსტრუქციების ან მათი ელემენტების უნარი, ხანძრის პირობებში, შეინარჩუნონ ამტანუნარიანობა, აგრეთვე წინააღმდეგობა გაუწიონ გამჭოლი ხვრელების (ღიობების) წარმოქმნას და მასალის კრიტიკულ ტემპერატურამდე გაცხელებას. შენობები და ნაგებობები ც. თვალსაზრისით იყოფა ხუთ ხარისხად, რომლებიც განისაზღვრებიან ძირითადი მზიდი კონსტრუქციების ც. და ცეცხლის გავრცელების ზღვრების მიხედვით - რაც უფრო მეტია ც. ზღვარი და ნაკლებია ცეცხლის გავრცელების ზონა, მით უფრო მაღალია შენობის ც. ხარისხი. შენობის დაპროექტების დროს აუცილებელია ფაქტიური ც. ზღვარი მეტი იყოს მის საჭირო მნიშვნელობაზე (Пფ > Пსაჭ); 2. მასალების ან მათგან ანაწყობების თვისება, ხელი შეუშალოს ან შეაკავოს ჭარბი სითბოს, ცხელი აირების ან ალის გადაადგილებას. ც. გაანგარიშება უკავშირდება შენობების, კომპონენტების ან ანაწყობების ც. კოეფიციენტების დადგენას (იხ. საერთაშორისო სამშენებლო კოდები - IBC, თავი 7, ნაწილი 720).

ცეცხლმედეგობის ზღვარი - კონსტრუქციის ცეცხლმედეგობის ხანგრძლივობა სტანდარტულ ტემპერატურულ რეჟიმში საცეცხლე გამოცდის დაწყებიდან ამ კონსრტუქციისათვის ნორმირებული ზღვრული მდგომარეობიდან ერთ-ერთის დადგომამდე.

ცეცხლმედეგობის კოეფიციენტი - დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შენობის ელემენტები, კომპონენტი ან ანაწყობი ინარჩუნებს ცეცხლის შეკავების უნარს, აგრძელებს სტრუქტურული ფუნქციის შესრულებას, ან ორივეს ერთად.

ცეცხლმედეგობის ხარისხი - შენობა-ნაგებობების ნორმირებადი მახასიათებელი, რომელიც განისაზღვრება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისა და სახანძრო საშიშროების მაჩვენებლებით.

ცეცხლმქრობი აეროზოლი - აეროზოლური შემადგენლობის პროდუქტი, რომელიც ხანძრის კერაზე ახდენს ცეცხლჩამქრობ ზემოქმედებას.

ცეცხლმქრობი ნივთიერება - ნივთიერება, რომელიც თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით ქმნის წვის შეწყვეტისათვის საჭირო პირობებს.

ცეცხლოვანი შტორმი - ხანძრის გავრცელების განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც ადგილი აქვს წვის პროდუქტებისა და ცხელი ჰაერის აღმავალ ნაკადს.

ცეცხლრიკი - გამოიყენება ცხელი მყარი ნაჭრების გასაცივებლად კლინკერის წარმოებაში; აგრეთვე მყარი საწვავის შესაკავებლად საცეცხლურებში. მზადდება თუჯის რიკულებისაგან, რომელსაც ჰაერის გასატარებლად გააჩნიათ ხვრელები. რიკულებიანი ცხაურები მზადდება სწორკუთხა და მრგვალი, ჰორიზონტალური და დახრილი, უძრავი და მოძრავი საფენით (ჯაჭვური ცხაურები).

ცეცხლსაქრობი (ცეცხლმაქრი) - გადასატანი ან გადასაადგილებელი მოწყობილობა (აპარატი) ხანძრის კერის ჩასაქრობად ხანძარმქრობი ნივთიერების გამოფრქვევით (ნახ. 1: ცეცხლსაქრობი სხვადასხვა ტიპისა და ზომის). ხელის ც. არის ცილინდრული ფორმის წითელი ფერის ბალონი საქშენიანი მილაკით. მოქმედებაში მოყვანის დროს საქშენიდან მაღალი წნევით გამოსვლას იწყებს ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს ჩააქროს ცეცხლი. ასეთი ნივთიერება შეიძლება იყოს ქაფი, წყალი, აზოტი, ნახშირბადის დიოქსიდი, ქიმიურად ინერტული გაზები და სხვ. ც. ტევადობაა 1-დან 100 დმ3-მდე, წონა 4...8 კგ. მუშაობის პრინციპის მიხედვით ის შეიძლება იყოს ხელის, ავტომატური და უნივერსალური.

ცვარნამი - ატმოსფერული ნალექი, რომელიც დადებითი ტემპერატურების დროს საღამოს, ღამით და ადრე დილით ჩნდება საგნების, მცენარეების და ხმელეთის ზედაპირზე წყლის წვეთების სახით. ნამი წარმოიქმნება ჰაერის გაცივებისა და წყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად მოცემულ ზედაპირზე, რომლის ტემპერატურა საღამოს და ღამით სითბური გამოსხივების გამო ნამის წერტილზე დაბლა ეცემა. ნამი ინტენსიურად წარმოიქმნება, თუ ცა მოწმენდილია და სუსტი ნიავი ქრის. ნამის დროს ნალექების რაოდენობა მცირეა და ღამეში საშუალოდ 0,1-0,3 მმ უდრის.

ცვეთა - ნაკეთობის ზედაპირის მდგომარეობის, ფორმის, ზომების და მასის შეცვლა ხახუნის პირობებში მისი ზედაპირული ფენის რღვევის შედეგად. ცვეთის ხარისხი და ხასიათი დამოკიდებულია დეტალის მუშაობის პირობებზე და მასალაზე. განასხვავებენ აბრაზიულ, კავიტაციურ, კონტაქტურ-დაღლილობით და სხვა სახის ც.

ცვეთა აბრაზიული - მასალის მექანიკური ცვეთა, რომელიც ხდება მასზე თავისუფლად ან ფიქსირებულ მდგომარეობაში მყოფი სალი ნაწილაკების (აბრაზივების) ზემოქმედების შედეგად. ასეთ ცვეთას განიცდის სასოფლო-სამეურნეო მანქანების ძირითადი მუშა ორგანოები - გუთნის სახნისები, კულტივატორების თათები და სხვ. აღნიშნული სახის ცვეთა ფართოდ არის გავრცელებული ასევე შიდაწვის და დიზელის მექანიზმებში, აბრაზიული ნაწილაკები მოხვდებიან რა ზეთში, გადაადგილდებიან მასთან ერთად შეზეთვის სისტემაში და ჩაინერგებიან შედარებით რბილ ზედაპირში. ამის შემდეგ ისინი ასრულებენ საჭრისის როლს და პერიოდულად აცილებენ მოპირდაპირე ზედაპირის ფენებს ბურბუშელის სახით.

ცვეთა დასაშვები - ცვეთის სიდიდე, რომლის დროსაც ნაკეთობა ინარჩუნებს მუშაობის უნარს.

ცვეთა დაღლილობითი - მექანიკური ცვეთაა, რომელიც ხდება დეტალების მიკროზედაპირების განმეორებადი დეფორმირებით გამოწვეული დაღლილობითი რღვევის გამო. ასეთ ცვეთას განიცდის გორვის და სრიალის საკისრები, კბილანების კბილები, ლილვები და სხვა დატვირთული დეტალები.

ცვეთა ზღვრული - ცვეთა, რომელიც შეესაბამება გასაცვეთი ნაკეთობის ან მისი შემადგენელი ნაწილის ზღვრულ მდგომარეობას.

ცვეთა კავიტაციური - აირის ჰიდროეროზიული ცვეთა, რომელიც ხდება მყარი სხეულის სითხის მიმართ მოძრაობისას, ამ დროს აირის ბუშტულაკები სკდება ზედაპირთან ახლოს, რაც იწვევს წნევისა და ტემპერატურის ადგილობრივ ზრდას, წერტილოვანი „წყლულების“ წარმოქმნას და დეტალის მთლიან პერფორაციას. ასეთი სახის ცვეთას განიცდის რადიატორი, წყლის პერანგი და სხვ.

ცვეთა მორალური - ნაგებობის და მისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნოლოგიური დანიშნულების შეუთავსებლობა, გამოწვეული ტექნიკური პროგრესის გავლენით.

ცვეთა ჟანგვითი - კოროზიულ-მექანიკური ცვეთა, რომლის დროსაც ცვეთაზე ძირითადად მოქმედებს მასალის ჟანგბადთან ან გარემოსთან ქიმიური რექცია. ასეთი სახის ცვეთას განიცდიან დგუშის თითი, მუხლა ლილვის ყელი და სხვ.

ცვეთა ფიზიკური - ნაგებობების და მათი ელემენტების საექსპლუატაციო თვისებების ჭეშმარიტი ცვლილება გამოწვეული გარემო ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებით.

ცვეთადობა - მასალის შესაძლებლობა შემცირდეს წონასა და მოცულობაში ცვეთის შედეგად. ცვეთისადმი წინაღობა განისაზღვრება სილაჭავლური მეთოდით. ჩვეულებრივ ცდიან მუდმივი ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ზედაპირებს: იატაკი, კიბეები, გზები.

ცვეთამედეგობა - მასალის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ხახუნისა (ხეხვის) და დარტყმის ერთდროულ მოქმედებას. სიმტკიცე ცვეთის დროს ხასიათდება პროცენტობით გამოსახული მასითი დანაკარგებით.

ცვეთის ინტენსივობა - ცვეთის სიდიდის შეფარდება იმ გზასთან, რომელშიც მოხდა გაცვეთა ან შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან.

ცვეთის სიჩქარე - ცვეთის სიდიდის შეფარდება გაცვეთის იმ დროსთან, რომლის პერიოდშიც ის ხდება. არჩევენ გაცვეთის მყისიერ (განსაზღვრულ მომენტში) და საშუალო სიჩქარეს (დროის განსაზღვრულ ინტერვალში).

ცვლადი - სიდიდე, რომლის მნიშვნელობა მოცემული ამოცანის პირობებში შეიძლება იცვლებოდეს.

ცვლადი მასის სხეულთა მექანიკა - თეორიული მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ისეთი ნივთიერი სხეულების მოძრაობას, რომელთა მასა იცვლება მოძრაობის დროს.

ციანინი - ცისფერი საღებავი ნივთიერება, მიღებული ყვავილებისაგან. მედეგია სინათლისა და რეცხვის მიმართ.

ციბრუტი - 1. ხელის იარაღი, რომელშიც სხვადასხვა კონსტრუქციისა და დიამეტრის ბურღი იდგმება. გამოიყენება რაიმეს გასაბურღად, გასახვრეტად, სჭვალის ჩასახრახნად და ქანჩის მოსაჭერ-მოსაშვებად (ნახ. 1); 2. საჭრეთლისა და სახრახნისის სატრიალებელი ხელსაწყო.

ცივნაჭედობა - ფოლადის დრეკად ზღვრებში მუშაობის არეალის გაზრდა მისი წინასწარი გაჭიმვით დენადობის ზღვარს ზემოთ.

ცივჭედვა - 1. ლითონის მასალის სტრუქტურისა და თვისებების შეცვლა პლასტიკური დეფორმაციის ზემოქმედებით, რომლის დროსაც მცირდება პლასტიკურობა და დარტყმითი სიბლანტე, სამაგიეროდ იზრდება პროპორციულობისა და დენადობის ზღვარი და სისალე. ზედაპირული ც. დროს იცვლება მასალაში ნარჩენი დაძაბული მდგომარეობა. ც. წარმოიქმნება ლითონების დამუშავებისას წნევის ქვეშ (გლინვა, ჭედვა, წნეხვა), ჭრისას, გორგოლაჭებით მოგორვისას და სხვ.; 2. ფოლადის დრეკად ზღვრებში მუშაობის არეალის გაზრდა მისი წინასწარი გაჭიმვით დენადობის ზღვარს ზემოთ.

ციკლი (ბერძ.) - 1. დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოვლენათა (პროცესთა) განვითარების დასრულებული წრე (მაგ., წარმოების ციკლი, შიგაწვის ძრავას ციკლი და სხვ.); 2. ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენათა ერთობლიობა, რისამე თანამიმდევრული რიგი (მაგ., ლექციების ციკლი); 3. პერიოდული სიდიდის (პერიოდული ცვლილების თვისების მქონე სიდიდის) სრული ცვლა ერთი პერიოდის განმავლობაში; 4. რაიმე პრინციპით გაერთიანებულ მეცნიერებათა, დისციპლინათა ჯგუფი; 5. ერთი ჟანრის მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც გაერთიანებულია თემატიკით, მოქმედი პირებით და სხვ.

ციკლოგრამა - მანათობელი მოძრავი წერტილის ფოტოგრაფიული სურათი.

ციკლოიდა (ბერძ.) - რტყელი წირი, რომელსაც შემოწერს r რადიუსის წრესთან უძრავად დაკავშირებული ფიქსირებული M წერტილი, როდესაც ეს წრე უსრიალოდ მიგორავს უძრავ წრფეზე (ნახ. 1). თუ M წერტილი მდებარეობს წრეწირზე, მივიღებთ ჩვეულებრივ ციკლოიდს, თუ წრის შიგნით - დამოკლებულ ციკლოიდს, თუ წრის გარეთ - დაგრძელებულ ციკლოიდს. ორ უკანასკნელ წირს ტროქოიდებს უწოდებენ.

ციკლონი (ბერძ., მბრუნავი) - 1. მყარი ნაწილაკებისაგან (მტვრისაგან) ჰაერის გამწმენდი აპარატი. ცენტრიდანული ც. წარმოადგენს ცილინდრულ რეზერვუარს ქვედა კონუსური ნაწილით. მას იყენებენ ჰაერის დამტვერიანებისას 200...400 გ/მ3, ნაწილაკების მინიმალური ზომით 0,5 მმ. გაწმენდის ხარისხი შეადგენს 70...90%; 2. წრიულად მოძრავი გრიგალი, რომელსაც აქვს ასი კილომეტრიდან რამდენიმე ათას კილომეტრამდე რადიუსი; ახასიათებს დიდი ღრუბლიანობა, ნალექები, ქარბორბალა.

ციკლოპური ნაგებობა - დიდი ქვის ლოდებით აშენებული ნაგებობა. ძველ საბერძნეთში ამგვარ ნაგებობების მშენებლობას მიაწერდნენ მითიურ გოლიათებს - ციკლოპებს.

ციკლოპური წყობა - წყობა ძალიან მსხვილი ბუნებრივი ქვისაგან დუღაბისა და უსწორმასწორო ფორმის ჰორიზონტალური მწკრივების გარეშე. გამოიყენება ზღვისა და მდინარის ნაპირების გასამაგრებლად, დეკორაციებისათვის ბაღებსა და პარკებში, საყრდენ კედლებად გზების გასწვრივ და ა.შ.

ცილა - პოლიმერული ნაერთი, რომლის მონომერები ამინომჟავებია.

ცილინდრი (ბერძ.) - 1. გეომეტრიული სხეული, რომელიც წარმოიქმნება მართკუთხედის ბრუნვით ერთ-ერთი გვერდის მიმართ (ნახ.1). ცილინდრის მოცულობა V = πR2h , ხოლო გვერდითი ზედაპირის ფართობი S = 2πRh. 2. მანქანებისა და მექანიზმების ერთ-ერთი ძირითადი დეტალი, მაგ., შიგაწვის ძრავის, ჰიდრავლიკური და პნევმატური სისტემების ცილინდრები, რომელშიც გადაადგილდება დგუში. იმის მიხედვით, თუ როგორი მრუდია მიმმართველი, ცილინდრი შეიძლება იყოს წრიული, ელიფსური, პარაბოლური, ჰიპერბოლური და ა.შ. თუ ცილინდრის მსახველი მართობულია იმ სიბრტყისა, რომელშიც მდებარეობს მიმმართველი, მაშინ ცილინდრს ეწოდება მართი.

ცილინდრული გარსი - გარსი, რომლის შუალედური ზედაპირი არის ცილინდრული ზედაპირის ნაწილი.

ცილინდრული ზედაპირი - რაიმე წრფის მიერ შემოწერილი ზედაპირი, როდესაც ეს წრფე გადაადგილდება თავის თავის პარალელურად რომელიმე მოცემული წირის გასწვრივ. ამ წრფეს ეწოდება მსახველი, ხოლო წირს - მიმმართველი. თუ მიმმართველი არის წრეწირი, ელიფსი, ჰიპერბოლა ან პარაბოლა, მაშინ ცილინდრულ ზედაპირს ეწოდება შესაბამისად წრიული, ელიფსური, ჰიპერბოლური ან პარაბოლური ზედაპირი.

ცილოვანი პლასტიკი - ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცილების საფუძველზე მიღებული პლასტიკური მასა. ც.პ. ნედლეულად გამოიყენება ძირითადად რძის ცილა (კაზეინი). ც.პ. შემადგენლობაში შედის აგრეთვე წყალი, პლასტიფიკატორი, შემავსებელი და პიგმენტი. ყველაზე უფრო გავრცელებული ც.პ. - გ ა ლ ა ლ ი ტ ი. ც.პ. მდგრადია ორგანული გამხსნელების და სუსტი მჟავას ხსნარების მიმართ; იშლება ძლიერი მჟავების და ტუტეების ზემოქმედებით. ც.პ. გამოიყენება საგალანტერიო ნაკეთობების და საკვები პროდუქტების შესაფუთი ფირების წარმოებაში. ამჯამად ც.პ. წარმოება მცირდება, რადგან მას ცვლიან სინთეზური პოლიმერების საფუძველზე მიღებული ახალი მასალებით.

ცინკიტი (გერმ.) - მინერალი, რომლისაგანაც თუთიას იღებენ.

ცირკი (ლათ.) - 1. ადგილი ან ნაგებობა ძველ რომში, სადაც იმარფთებოდა შეჯიბრი; 2. შენობა, რომლის ცენტრში მოთავსებულია ასპარეზი, მის გარშემო ამფითეატრულად განლაგებულია მაყურებელთა ადგილები, სადაც იმართება თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობის წარმოდგენები (კლოუნების, აკრობატების გამოსვლების, გაწვრთნილ ცხოველთა ჩვენება და ა.შ.); 3. გეოლოგიაში - ბუნებრივი ჯამისებური ჩაღრმავება მთის კალთებზე.

ცირკი ყინვარული - მთებში არსებული ამფითეატრისებრი ქვაბული (ჩადაბლება), რომელიც კეტავს მყინვარული ხეობის ზედა ნაწილს (ნახ. 1). თანამედროვე ცირკი შეიძლება შეიცავდეს თოვლ-ფირნულ-მყინვარულ მასას, რომელიც ჩვეულებრივ, კვებავს ხეობურ მყინვარებს. განიერ ჩაზნექილ ძირზე მორენები და ხშირად, მყინვარული ტბებია გავრცელებული. ცირკი კარისგან განსხვავებით გამოირჩევა დიდი ზომებით. ხშირად ცირკი წარმოიქმნება ორი ან სამი კარის შერწყმის შედეგად. საქართველოში რელიეფის აღნიშნული ფორმა ფართოდაა გავრცელებული, ხშირ შემთხვევაში იგი ტბებითაა დაკავებული.

ცირკულარი (გერმ.) - ქვემდგომი ორგანოებისათვის ზემდგომი ორგანოს წერილობითი განკარგულება.

ცისტერნა - 1. სითხის, აირის ან ფხვიერი მასალის საცავი დიდი რეზერვუარი; 2. ვაგონი, ავტომობილი და სხვ., რომელზედაც ც. მოთავსებული.

ცისტერნა - 1. სითხის შესანახი ჭურჭელი. არსებობს სტაციონალური მიწის ქვეშ განლაგებული ქვის, ბეტონის, რკ.ბ.-ის და გადასაადგილებელი, რომელიც თავსდება ავტომობილზე ან რკინიგზის ვაგონებზე (საწევარებზე). გამოიყენება ჩასასხმელი ტვირთების (ნავთობი, ნავთი, რძე, წყალი, სპირტი, მჟავა და სხვ.) გადასაზიდად. საავტომობილო ც. ტევადობაა 1,5...5 მ3, ხოლო რკინიგზის - 60...120 ტ; 2. ვაგონი, ავტომობილი და სხვ., რომელზედაც ც. მოთავსებული.

ციტადელი (იტალ.) - 1. შიგაციხე, ზედაციხე, შუაციხე; ციხესიმაგრის ყველაზე მეტად გამაგრებული ნაწილი, რომელშიც ალყაშემორტყმულ დამცველთა უკანასკნელ თავშესაფარს წარმოადგენს; 2. შუა საუკუნეების ქალაქის ხედში გაბატონებული ციხე-სიმაგრე ან ციხე-დარბაზი.

ციცაბო - ძალზე დაქანებული, ფრიალო; შვეული კლდე, მთა და მისთ.

ციცხვი - ერთ- და მრავალციცხვიანი ექსკავატორების მიწისმთხრელი მუშა ორგანოს ძირითადი ნაწილი (კვანძი). კონსტრუქციის, დანიშნულებისა და განტვირთვის ხერხის მიხედვით ც. არის: 1. შედუღებული და სხმული; 2. მძიმე, საშუალო და მსუბუქი. მძიმე ც., ჩვეულებრივად, სხმული კონსტრუქციისაა, საშუალო და მსუბუქი კი შედუღებული; 3. ქანქარული და თავისუფლად მვარდნი ძროებით.

ციხე - 1. იგივეა, რაც ციხე-სიმაგრე; 2. საპყრობილე.

ციხე-დარბაზი - ციხის გალავნით შემოფარგლული სასახლე, საცხოვრებელი, სამეურნეო და სხვა დანიშნულების შენობათა შუასაუკუნეობრივი კომპლექსი.

ციხე-სიმაგრე - ციხე; გამაგრებული ადგილი - გალავნით შემოსაზღვრული თავდაცვითი ნაგებობების კომპლექსი.

ციხე-ქალაქი - ციხე-სიმაგრეთა კომპლექსით გარშემორტყმული ქალაქი.

ციხის გალავანი - გამაგრებული ადგილის გალავანი, კედელი ციხის გარშემო.

ცოკოლი - 1. მ შ ე ნ ე ბ ლ ო ბ ა შ ი - შენობის ან ნაგებობის გარე კედლის საძირკველზე დაყრდნობილი ნაწილი, რომელიც გამოწეულია კედლის ძირითად სიბრტყიდან. ც. გარე (მიწისზედა) ზედაპირებს აკეთებენ ხანგამძლე მასალებისაგან: გრანიტი, ბაზალტი, ტუფი, კლინკერის აგური, მოჯავშნული აგური, მკვრივი ბეტონი, ქვიშაქვა და სხვ. მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შესაძლებელია მსხვილგაბარიტიანი ბეტონის ბლოკების და რკ.ბ.-ის პანელების გამოყენებაც; 2. შ უ ქ ტ ე ქ ნ ი კ ა შ ი - ელექტრონათურის ნაწილი, რომლის საშუალებით ნათურა თავსდება ვაზნაში ელექტროქსელთან კონტაქტის მიზნით. უმეტესად გავრცელებულია ხრახნული ტიპის ც.

ცოკოლის სართული - სართული, რომლის იატაკის ნიშნული უფრო ქვევითაა, ვიდრე შემონაკირწყლის ან ტროტუარის (სარინელის) ნიშნული, მაგრამ არა უმეტეს სათავსის სიმაღლის ნახევრისა.

ცოცვადობა - მყარი სხეულის ნელი, უწყვეტი პლასტიკური დეფორმაცია, რაც გამოწვეულია მუდმივი დატვირთვით ან მექანიკური ძაბვით. ც. გამომწვევი ძალა ნაკლებია იმ ძალაზე, რომელიც ჩვეულებრივი გამოცდის დროს წარმოქმნის ნარჩენ დეფორმაციას. ც. თან სდევს ძაბვათა რელაქსაცია. ც. აღწერს ე.წ. ცოცვადობის მრუდი.

ცოცვადობის ზღვარი - მასალის მექანიკური მახასიათებელი - მაქსიმალური ძაბვა, რომლის დროს ცოცვადობის სიჩქარე და დეფორმაცია დროის გარკვეულ შუალედში არ აღემეტება ტექნიკური პირობებით დადგენილ სიდიდეს. ტერმინის გამოყენებისას აუცილებელია მიეთითოს ც.ზ. განსაზღვრის პირობები: ტემპერატურა და ცოცვადობის სიჩქარე ან დეფორმაცია დროის გარკვეულ შუალედში.

ცოცია - მრუდხარა-ცოცია მექანიზმის დეტალი (ნაწილი), რომელიც სწორხაზოვან მიმმართველებში სრიალებს, ხისტად უკავშირდება დგუშის ჭოკს და სახსრულად – ბარბაცას. ც. გრძივ ძალებს გადასცემს ბარბაცას, ხოლო განივ ძალებს - მიმმართველებს.

ცოცხალი ღობე (სხლტე) - ღობე, შედგენილი მცენარეული ნარგავების ან ბუჩქნარისაგან, რომლებიც ჩამწკრივებულია ერთ (ან რამდენიმე) რიგად.

ცრუ განგაში - განგაში, რომელიც ირთვება სისტემის მექანიკური ავარიის, გაუმართაობის, არასწორი მონტაჟის ან არასწორი მოხმარების გამო, ასევე განგაში, რომელიც აქტიურდება გაურკვეველი მიზეზით.

ცრუ გული - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, მუქი, უთანაბროდ შფერილი გული, რომლის საზღვრები არ ემთხვევა წლიურ რგოლებს. ძირითადად გვხვდება ფოთლოვან ჯიშებში (არყის ხე, წიფელი, ნეკერჩხალი). გამოყოფილია ნაქურთენისაგსნ მუქი ზოლით. შეფერილობა: მურა-მუქი, მურა-წითელი, ზოგჯერ ლილისფერიც. გადანაჭერზე შეიძლება იყოს: ცენტრალური, გადანაცვლებული, წრიული ან ვარსკვლავისებური (ნახ. 1, ვარსკვლავისებური „ცრუ გული“). ც.გ. გავლენას არ ახდენს მერქნის სიმტკიცეზე.

ცრუ გუმბათი - გუმბათი, რომელიც არ იწვევს განმბჯენ ძალვებს და ამოიყვანება ქვის წყობის ან ხის გვირგვინების რიგების თანმიმდევრული წამოწევით შუაგულისაკენ.

ცრუ თაღი - თაღი, რომელიც არ წარმოშობს განბჯენ ძალვებს და წაწყური წყობით არის ამოყვანილი.

ცრუ იატაკი - სამრეწველო შენობების ასაწყობ-დასაშლელი იატაკი განიავებადი იატაკქვეშა სივრცით, რომელშიც გადის ელექტროტექნიკური და სხვა სახის კომუნიკაციები (ნახ. 1).

ცრუ კამარა - ჰორიზონტალური წყობის რიგების გადმონაშვერით წარმოქნილი კამარა, რომელიც არ წარმოშობს ჰორიზონტალურ გამბჯენს (ნახ. 1).

ცრუ კარი - თამასებით მოპირკეთებული კარის ღიობი, რომელიც ქმნის მცირე სიღრმის წალოს (ნიშას) (ნახ. 1).

ცული - ხის ტარზე წამოცმული მჭრელპირიანი რკინის იარაღი ხის საპობად.

ცხავი - მექანიკური დამხარისხებელი,

ცხაურა - ცხავის მუშა ნაწილი, გამცხრილავი ზედაპირი, რომელიც შეიძლება იყოს: ცხრილის სახით - წნული მავთულის ბადისაგან; ცხაურები - ფოლადის ფურცლები ხვრეტებით; რიკულებიანი ცხაურა. ცხრილებს განასხვავებენ დაწნვის ხერხით, უჯრედების ფორმით, მავთულის დიამეტრით, მავთულის ფორმით. მას ამზადებენ აგრეთვე შედუღებით ფოლადის ღეროებისაგან დიამეტრით 7...8 მმ. ც. მოეთხოვებათ მაღალი ცვეთამედეგობა.

ცხაური - გისოსი, ლანძვი, კანკელი; ბადისებრ დახლართული ან რიკულებივით შეკრული ხის ან ლითონის ზოლები.

ცხელი - მაღალი ტემპერატურის მქონე; მხურვალე.

ცხელი კამერა - სათავსი რადიოაქტიურ ნივთიერებებთან სამუშაოდ ადამიანის გარეშე. ც.კ. გააჩნია ბიოლოგიური დაცვა, აღჭურვილია საჭვრეტი დამცავი სარკმელით, მანიპულატორებით დისტანციური მუშაობისათვის და რიგი მოწყობილობებით, ხელსაწყოებითა და სამარჯვებით, რომლებიც დამოკიდებულია ოპერატორის მიერ შესრულებული გამოკვლევის ხასიათზე. ც.კ. შედის ატომური ცენტრისა და ლაბორატორიის შემადგენლობაში. მასში ატარებენ გამოკვლევებს მასალათამცოდნეობისა და ტექნოლოგიების შესასწავლად რეაქტორული ტექნიკის სფეროში.

ცხელი წყალმომარაგება - ღონისძიებების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობების სისტემა სხვადასხვა მომხმარებლის (საცხოვრებელი სახლების, კომუნალური და სამრეწველო საწარმოების და სხვ.) ცხელი წყლით მომარაგებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და სამეწარმეო-ტექნოლოგიური მიზნებისათვის. განასხვავებენ ც.წ. სისტემებს: ცენტრალიზებულს - ცხელი წყლის მომზადებით ცენტრალურ საქვაბეში და მისი ტრანსპორტირებით მომხმარებლამდე მილებით, და ადგილობრივს (დეცენტრალიზებულს), როდესაც წყალი ცხელდება მოხმარების ადგილზე. ცენტრალიზებული ც.წ. ხორციელდება თბოელექტროცენტრალებიდან, რაიონული, კვარტალური და სხვა საქვაბეებიდან, მიწისქვეშა თერმული წყაროებიდან, ასევე სამრეწველო საწარმოს ნარჩენი სითბოს გამოყენებით. დეცენტრალიზებული ც.წ. ხორციელდება სხვადასხვაგვარი წყალგამაცხელებლებისაგან (აიროვანი, ელექტრული, მზის ენერგიის და სხვ.) - სვეტი, მადუღარა, კლაკნილა, რომლებიც ჩამონტაჟებულია გამაცხელებელ ქურებში, ღუმელებში და ა.შ.

ცხენის ძალა - სიმძლავრის არასისტემური ერთეული. აღნიშვნა - ცხ.ძ.; 1 ცხ.ძ. (მეტრული) = 735,499 ვტ; აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში  ცხ.ძ. აღინიშნება  hp  და ტოლია 745,7 ვტ (იხ. ვატი).

ცხიმგაცლა - დასამუშავებელი ლითონის ზედაპირიდან ცხიმოვანი ჭუჭყის მოცილება. ხორციელდება დეტალების გადარეცხვით ტუტე ხსნარებით, აგრეთვე ელექტროლიტური ამოჭმით შემდეგი გადარეცხვით წყლითა და გაშრობით.

ძაბვა - 1. მექანიკური - გარეგანი ზემოქმედების გავლენით (დატვირთვები, ტემპერატურული ცვალებადობა და სხვ.) სხეულში აღძრული შინაგანი ძალების საზომი. ნებისმიერ წერტილში ძაბვის შესასწავლად მასზე წარმოსახვით ატარებენ კვეთს და აშორებენ სხეულის რომელიმე ნახევარს, რომლის მოქმედებას მეორე ნახევარზე ცვლიან ძალებით. თუ A წერტილის ირგვლივ მცირე dS ელემენტის ფართზე მოქმედებს შინაგანი ძალა dF, მაშინ ფარდობას  უწოდებენ მექანიკური ძაბვის ვექტორს A წერტილში. ამ ვექტორის შემდგენლებს კვეთის ნორმალური და მხები მიმართულებით უწოდებენ შესაბამისად ნორმალურ (σ) და მხებ (τ) ძ. A წერტილში. განზომილების ერთეულია ნ/მ2 ან პასკალი (პა). მექანიკური ძ. სახეებია: ნორმალური, მხები, დასაშვები, მრღვევი, თელვის, ახლეჩის, ძვრის, ღუნვის, ტემპერატურული და სხვ. მარტივად - ძაბვა არის ფართის ერთეულზე მოსული ძალა; 2. ელექტრული - პოტენციალთა სხვაობა ელექტრული წრედის ორ წერტილს შორის.

ძაბვა ადგილობრივი - ძაბვები, რომლებიც განლაგებულნი არიან დატვირთვის წერტილის უშუალო მახლობლობაში.

ძაბვა გამჭიმი - ნორმალური ძაბვა, რომელიც მიმართულია სხეულის იმ ზედაპირის გარეთ, რომელზეც იგი მოქმედებს.

ძაბვა გრძივი - ძაბვა ღეროს განივ კვეთში (ღეროს ღერძის მიმართ მართობულ ან დახრილ კვეთში), რომელიც მიმართულია ღეროს ღერძის პარალელურად.

ძაბვა ელექტრული - სკალარული სიდიდე, რომელსაც ახასიათებს ელექტრული ველის ძალისმიერი მოქმედება სხეულსა და სხეულის ნაწილის ელექტრულ მუხტებზე. ძ. ე. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში გამოისახება ვოლტებში.

ძაბვა ელექტრული ველის - ვექტორული სიდიდე, რომელსაც ახასიათებს ელექტრული ველის ძალისმიერი მოქმედება.

ძაბვა კრიტიკული - კრიტიკული ძალის შეფარდება ღეროს განივი კვეთის ფართობთან.

ძაბვა მაგნიტური ველის - ვექტორული სიდიდე, რომლითაც ხასიათდება მაგნიტური ველი.

ძაბვა მერიდიანული - მერიდიანის პერპენდიკულარულ კვეთზე მოქმედი ნორმალური ძაბვა.

ძაბვა მექანიკური - გარეგანი ზემოქმედების (სიმძიმე, ტემპერატურის ცვალებადობა, და სხვ.) შედეგად სხეულში (დანადგარებში და მანქანებში) აღძრული შინაგანი ძალა. საერთაშორისო სისტემაში მექანიკური ძაბვის ერთეული გამოისახება პასკალებში.

ძაბვა მთავარი - ნორმალური ძაბვა, რომელიც მოქმედებს იმ ფართობზე, სადაც მხები ძაბვები ნულის ტოლია.

ძაბვა მხები - 1. შიდა განივი ძალების ინტენსივობა, ანუ განივი ძალა, მოსული განსახილველი კვეთის ფართის ერთეულზე τ = dQ/dA, სადაც τ არის მხები ძაბვა; Q - განივი ძალა; A - განივი კვეთის ელემენტალური ფართობი; 2. ძაბვის მდგენელი, რომელიც მოთავსებულია კვეთის სიბრტყეში.

ძაბვა ნარჩენი - ძაბვა, რომელიც რჩება დრეკად-პლასტიკურ სხეულში იმ დატვირთვის მოცილების შემდეგ, რომელმაც გამოიწვია მასში პლასტიკური დეფორმაცია

ძაბვა ნორმალური - 1. ღერძული შიდა ძალის ინტენსივობა, ანუ ღერძული ძალა, მოსული განსახილველი კვეთის ფართის ერთეულზე σ = dN/dA, სადაც σ არის ნორმალური ძაბვა; N - ღერძული (ნორმალური) ძალა; A - განივი კვეთის ელემენტალური ფართობი; 2. კვეთის ელემენტარულ ფართზე მოქმედი ძაბვის მდგენელი, რომელიც მიმართულია ამ ფართობის ნორმალის გასწვრივ.

ძაბვა რადიალური - ნივთიერ სხეულში არჩეული ღერძის მართობული რადიუსის გასწვრივ მიმართული ძაბვა.

ძაბვა საწყისი - ნივთიერ სხეულში არსებული ძაბვა, როდესაც არ არსებობს რაიმე გარეგანი ძალის ზემოქმედება.

ძაბვა ტანგენციური (ნორმალური) - ნორმალური ძაბვა, რომელიც მოქმედებს მერიდიანულ კვეთაზე.

ძაბვა ტემპერატურული - მექანიკური ძაბვა, რომელიც წარმოიშობა სხეულში, მის სხვადასხვა ნაწილში ტემპერატურის არათანაბარი განაწილებისას ან ტემპერატურის ცვალებადობისას; აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდულია სხეულის სითბური გაფართოება (შეკუმშვა) სხვა სხეულების ზემოქმედების შედეგად. ტემპერატურული ძაბვის მაგალითია ორ უძრავ საყრდენს შორის გაჭიმულ გამტარში მისი გაცივებისას აღძრული გამჭიმი ძაბვა. ტემპერატურულმა ძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს მანქანათა ნაწილების, ნაგებობების და კონსტრუქციების რღვევა. ამის თავიდან ასაცილებლად იყენებენ ე.წ. ტემპერატურულ კომპენსატორებს (ღრეჩო რკინიგზის რელსებს შორის, ღრეჩო კაშხალის ბლოკებს შორის, საგორავი ხიდის საყრდენებზე, ტემპერატურული ნაკერი შენობის ბლოკებს შორის და ა.შ.).

ძაბვა უქმი სვლის - ელექტრონული სადენის ორ მომჭერს შორის არსებული ძაბვა, როცა ამ მომჭერებზე მიმართული დატვირთვა გამორთულია.

ძაბვები დარტყმითი - ძაბვები, რომლებიც წარმოიშობიან დარტყმის ძალების მოქმედებისას.

ძაბვის გარდაქმნელი - ელექტრული ან ელექტრომექანიკური მოწყობილობა მუდმივი ელექტრული ძაბვის შესაცვლელად, რომელიც ჯერ გარდაიქმნება ცვლად ძაბვად, შემდეგ კი ტრანსფორმირდება სასურველ თანაფარდობამდე და სწორდება. გამოიყენება ელექტრომკვებავების სისტემაში, სადაც პირველადს წარმოადგენს მუდმივი დენის წყარო

ძაბვის ვარდნის ხანგრძლივობა - დროის ინტერვალი ძაბვის ვარდნის საწყის და ძაბვის სიდიდის თავდაპირველი სახის აღდგენის მომენტებს შორის.

ძაბვის ზედაპირი - სხეულის მოცემულ წერტილზე გავლებული კვეთების ნორმალების გასწვრივ მიმართული რადიუს-ვექტორების ბოლო წერტილების გეომეტრიული ადგილი. ამ რადიუს-ვექტორების სიდიდე უკუპროპორციულია კვადრატული ფესვისა შესაბამისი ნორმალური ძაბვების აბსოლუტური სიდიდეებიდან.

ძაბვის რეგულატორი - ავტომატური ან ხელით სამართი მოწყობილობა, მოცემული მოთხოვნილების შესაბამისად ელექტრული ძაბვის რეგულირებისათვის. ძაბვის რეგულატორის კერძო შემთხვევაა - ძაბვის სტაბილიზატორი.

ძაბვის სტაბილიზატორი - შემავალი და გამომავალი ძაბვის მქონე ელექტრომექანიკური ან ელექტრო (ელექტრული) მოწყობილობა, განკუთვნილი შემავალი ძაბვის და გამომავალი დენის ძალის შესანარჩუნებლად, შემავალი ძაბვის და გამომავალი დენის ძალის დატვირთვის მნიშვნელოვანი ცვლილებისას.

ძალა - ვექტორული სიდიდე, რომელიც სხეულთა ურთიერთქმედების საზომია. ძ. ხასიათდება მისი მოდულით, მიმართულებით სივრცეში, მოდების წერტილით და მოქმედების ხაზით. ძ. ერთეულია ნიუტონი (ნ). ძალა შეიძლება აღიძრას, როგორც სხეულების უშუალო კონტაქტისას (დაწნევა, ხახუნი), ისე დაშორებულ სხეულებს შორის მათ მიერ წარმოქმნილი ველის მეშვეობით (ფიზიკური ველები). ძ. უამრავი სახე არსებობს: მკუმშავი, გამჭიმი, გრეხის, მიზიდულობის, აეროდინამიკური, ამგზნები, ამწევი, გადამჭრელი, გადამხრელი, გრძივი, მრღვევი, დამუხრუჭების, დარტყმის, დაჭიმვის, დინამიკური, დრეკადობის, ინერციის, მამოძრავებელი, მყისი, რეაქციის, საანგარიშო წევის, ტოლქმედი, შეჭიდულობის, ჩაწნევის, ცენტრიდანული, ცენტრისკენული, წევის, ხახუნის, ჰიდროდინამიკური და სხვ.

ძალა აქტიური - ძალა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მოძრაობა ანუ სხეულზე მოქმედი ძალა, რომელიც არ არის დამოკიდებული ბმაზე.

ძალა აღმდგენი - ძალა, რომელიც ცდილობს დააბრუნოს წერტილი წონასწორობის მდგომარეობაში. ასეთი ძალა დამოკიდებულია წონასწორობის მდგომარეობიდან წერტილის გადახრაზე და მიმართულია წონასწორობის მდგომარეობისაკენ. აღმდგენი ძალა ნივთიერი წერტილის მოძრაობას ანიჭებს რხევით ხასიათს.

ძალა გამჭიმი - გრძივი ძალა, რომელიც მიმართულია ღეროს განსახილველი კვეთის გარე ნორმალის მიმართულებით.

ძალა კრიტიკული - მკუმშავი ძალის ზღვრული მნიშვნელობა, რომლის მიღწევამდე ღეროს (თხელი ფირფიტის) ღერძის წრფივი ფორმა მდგრადია, ხოლო ამ მნიშვნელობის გადამეტებისას ხდება ღეროს ღერძის მდგრადობის დარღვევა და იგი გადადის ახალ, მრუდწირულ მდგრადი წონასწორობის ფორმაში. კრიტიკული ძალა გამოისახება ფორმულით: Pკრ = π2EJ/l2, სადაც E-იუნგის მოდულია გაჭიმვისას, J-ღეროს განივკვეთის მინიმალური ინერციის მომენტი, l - ღეროს სიგრძე (სახსრულად ჩამაგრებული ბოლოებით).

ძალა მამოძრავებელი - იხ. ძალა აქტიური.

ძალა მასიური - ძალა, რომელიც მოქმედებს სხეულის მასის ყოველ ელემენტზე და სიდიდით პროპორციულია ამ ელემენტის მასისა.

ძალა მიზიდულობის - 1. მიზიდულობის ძალა, რომელიც განისაზღვრება მსოფლიო მიზიდულობის კანონით; 2. ძალა, რომლითაც A სხეული მოქმედებს m მასის ნივთიერ წერტილზე და ცდილობს m წერტილი მიუახლოოს A სხეულს.

ძალა მკუმშავი - გრძივი ძალა, რომელიც მიმართულია ღეროს კვეთისადმი შიგა ნორმალის მიმართულებით.

ძალა მოცულობითი - ძალა, რომლებიც სხეულის მოცულობის ელემენტზე მოქმედებს და, მაშასადამე, მოცულობის (მასის) ელემენტს მიეკუთვნება. მოცულობითი ძალა ხასიათდება იმ ვექტორით, რომელიც აღებული ელემენტის ნებისმიერ წერტილზე მოქმედებს და გათვლილია ერთეულ მოცულობაზე. მაგ.: სიმძიმის ძალა, ინერციის ძალა, გრავიტაციული ძალა და სხვ. სხეულის ნაწილაკზე მოქმედი მოცულობითი ძალების გეომეტრიული ჯამის მის მოცულობასთან ფარდობის ზღვარს, როცა ეს მოცულობა წერტილისაკენ მიისწრაფვის, ეწოდება მოცულობითი ძალის ძაბვა მოცემულ წერტილში.

ძალა მრღვევი - ძალა, რომელიც აღემატება კონსტრუქციის მასალის სიმტკიცეს (საანგარიშო წინაღობას) და მასზე მოქმედებისას იწვევს მის რღვევას.

ძალა პასიური - ძალა, რომელიც წარმოიშობა არათავისუფალ ნივთიერ წერტილზე ან არათავისუფალ სხეულზე აქტიური ძალების მოქმედებისას.

ძალა პოზიციური - ძალა, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ სივრცეში ნივთიერი წერტილის მდებარეობაზე.

ძალა რეაქტიული - რეაქტიული ძრავას წევის ძალა.

ძალა შემაშფოთებელი - ძალა, რომელიც წარმოადგენს დროის მოცემულ ფუნქციას.

ძალა შეყურსული - ძალა, რომლის ქმედება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სხეულის ერთ წერტილში მოქმედება.

ძალა ცვლადი - წერტილზე მოქმედი ძალების ტოლქმედი, რომელიც დამოკიდებულია წერტილის მდებარეობაზე, მისი მოძრაობის სიჩქარეზე და დროზე.

ძალაყინი - 1. კარის საკეტი ხის ძელი; 2. ბრტყელ- ან წამახულწვერიანი რკინის ძელი (ნახ. 1); გამოიყენება ბერკეტის დანიშნულებით ან მაგარი, მკვრივი ზედაპირების დასამსხვრევად.

ძალები გიროსკოპული - არაპოტენციური ძალები, თუ მათი სიმძლავრე ნულის ტოლია.

ძალვა (შიგა ძალა) - მცირე ნაწილებად დანაწევრებული სახით წარმოდგენილი ნივთიერი სხეულის ნაწილებს შორის ურთიერთქმედების ძალა.

ძალთა გაწონასწორებული სისტემა - ძალთა სისტემა, რომლის მოქმედებითაც სხეული იმყოფება წონასწორობაში.

ძალთა ველის დაძაბულობა - ძალთა ველში მოთავსებულ ერთეულოვან მასის წერტილზე მოქმედი ძალა.

ძალთა სისტემა - სხეულზე მოქმედი ძალთა რაიმე ერთობლიობა.

ძალის დაშლა - მყარ სხეულზე მოდებული ერთი ძალის შეცვლა ძალთა სისტემით, რომელიც სხეულზე ისეთივე მექანიკურ ზემოქმედებას ახდენს, როგორსაც მოცემული ძალა. ამ ძალთა სისტემაში შემავალ ძალებს მოცემული ძალის მდგენელები ეწოდება. ძ.დ. შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოპერაცია, რომელიც ძალთა შეკრების შებრუნებულია. ძალის დაშლის ამოცანა ცალსახად განსაზღვრული რომ იყოს საჭიროა დამატებითი პირობები. მაგ., სიბრტყეში მდებარე ძალა რომ დავშალოთ იმავე სიბრტყეში მდებარე ორ მდგენელად, საჭიროა ვიცოდეთ მდგენელი ძალების მიმართულება, ან მათი რიცხვითი სიდიდეები ან ერთ-ერთის მიმართულება და რიცხვითი სიდიდე.

ძალის ერთეული - ფიზიკურ სიდიდეთა გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (სი) ძალის ერთეულად მიღებულია ერთი ნიუტონი (1ნ), ხოლო ტექნიკურ ერთეულთა სისტემაში - ერთი კილოგრამ ძალა (1კგძ). ეს ერთეულები დაკავშირებულია დამოკიდებულებით: 1 ნ = 1 კგმ/წმ2; 1 კგძ ≈ 9, 81 ნ ; 1 ნ ≈ 0,102 კგძ. საზომად გამოიყენება კიდევ უფრო დიდი ერთეულებიც: 1 კნ = 103 ნ (კილონიუტონი); 1 მნ = 106 ნ (მეგანიუტონი). ძალის მცირე საზომი ერთეულია დინი: 1დინი = 10-5 ნ = 1გსმ/წმ2.

ძალის იმპულსი - მექანიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს სხეულზე გარე ზემოქმედებას დროის სასრულ შუალედში. იგი ტოლია ძალის საშუალო მნიშვნელობის ნამრავლისა მისი მოქმედების დროის შუალედზე.ძალის იმპულსი უფრო ხშირად გამოიყენება ძალის ისეთი მოქმედების დროს, როდესაც დროის მოკლე შუალედში ძალის სიდიდე იცვლება საკმაოდ სწრაფად (მაგ., დარტყმის დროს).

ძალის მომენტი - მყარ სხეულზე მოქმედი ძალის მომენტი ეწოდება სიდიდეს, რომელიც ახასიათებს ძალის ბრუნვით ეფექტს. იმის მიხედვით, ძალის მოქმედებით სხეული ბრუნავს რაიმე წერტილის (ცენტრის) თუ ღერძის გარშემო, განასხვავებენ ძალის მომენტს ცენტრისა და ღერძის მიმართ.

ძალური დანადგარი - ძრავები და დამხმარე მოწყობილობები მექანიკური ენერგიის მისაღებად პირველადი ბუნებრივის ენერგეტიკული რესურსების (საწვავი, წყალი, ქარი, ატომი და სხვ.) გამოყენებით. არსებობს თბური, ჰიდრავლიკური და ატომური, სტაციონალური და გადასატანი, ელექტრული, ჰაერსაბერი, სატუმბი და სხვ.

ძალური კაბელი - კაბელი ელექტროენერგიის გადასაცემად. ძ.კ. დენგამტარი ძარღვები მზადდება სპილენძისა და ალუმინისაგან. ძ.კ. ძარღვების რაოდენობის მიხედვით იყოფა ერთ, ორ, სამ და ოთხძარღვიანად; ცვალებადი სამფაზიანი დენის განაწილებისათვის, ძირითადად, გამოიყენება სამძარღვიანი ძალური კაბელები. მრავალძარღვიან ძალურ კაბელებში ძარღვები იფარება გაჟღენთილი საკაბელო ქაღალდით ან ლაქქსოვილების იზოლაციით. გარსი მზადდება ტყვიის ან პლასტმასისაგან. დამცავ საფარად გამოიყენება გაჟღენთილი საკაბელო ნაერთი, ლენტური ლითონის ჯავშანი და ა.შ. ძ.კ. გამოიყენება ელექტროენერგიის გადასაცემად წყალქვეშ, მიწაში, აგრეთვე ელექტროენერგიის მისაყვანად მოძრავ მანქანებთან.

ძალწირი - რომელიმე ძალთა ველში (მაგ., გრავიტაციულ, ელექტრულ, მაგნიტურ ველში) არსებული წირი, რომლის ყოველ წერტილში გავლებული მხები ემთხვევა ველის დამახასიათებელი ძალის (მაგ., გრავიტაციული ან ელექტრული ველის დაძაბულობანი) მოქმედების მიმართულებას.

ძარა - ავტომობილის საბაზო ნაწილი, რომელიც გამოიყენება ტვირთის, მგზავრების ან სხვა სპეციალური მოწყობილობის განსათავსებლად.

ძარღვი - ელექტროკაბელის ელემენტი, რომელშიც გადის ელექტროდენი.

ძარღვი დაეკრანებული - ელექტროკაბელის იზოლირებული ძარღვი, რომელიც დაფარულია ეკრანით.

ძარღვი დამხმარე - ელექტროკაბელის იზოლირებული ძარღვი, რომელიც ასრულებს ძირითადი ძარღვებისაგან განსხვავებულ ფუნქციას.

ძარღვი იზოლირებული - ელექტროკაბელის დენგამტარი ძარღვი დაფარული იზოლაციით.

ძარღვი ნულოვანი - ელექტროკაბელის ძირითადი ძარღვი, რომელიც შეერთებულია დამცავი დამიწების კონტურთან.

ძარღვი საანგარიშო - ელექტროკაბელის იზოლირებული ძარღვი, რომელიც ფერით განსხვავდება კაბელში არსებული ყველა ძარღვისაგან და გამოიყენება საძიებელი ძარღვის ორიენტირად.

ძარღვი საკონტროლო - ელექტროკაბელის იზოლირებული ძარღვი, რომელიც ასრულებს კონტროლისა და სიგნალიზაციის ფუნქციას და შედის ძირითადი ძალური კაბელის შემადგენლობაში.

ძარღვი ძირითადი - ელექტროკაბელის იზოლირებული ძარღვი, რომელიც საკაბელო ნაკეთობაში ასრულებს ძირითად ფუნქციას.

ძგიდე - თხელი გამყოფი კედელი რისამე; ტიხარი.

ძეგლი - 1. განსაზღვრული პიროვნების, პიროვნებათა ჯგუფის ან რაიმე ამბის უკვდავსაყოფად აგებული სკულპტურული ნაწარმოები ან არქიტექტურული ნაგებობა (ობელისკი, სატრიუმფო თაღი და ა.შ.); 2. ტერმინი, რომელიც იხმარება წარსულის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებთა მიმართ.

ძეგლისწერა - ძეგლდება; ძეგლზე მოთავსებული წარწერა.

ძელაკი - ხის მასალა, რომელსაც ჩამორანდული აქვს ოთხივე მხარე და განივკვეთის სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე. განივკვეთის გვერდის მაქსიმალური ზომაა 100 მმ.

ძელი - დახერხილი ან გათლილი ხე, რომლის განივკვეთის ზომები 100 მმ-ს აღემატება. ძ. შეიძლება იყოს ორ-, სამ- და ოთხნაწიბურიანი. განივკვეთის მაქსიმალური ზომაა 275 მმ. პრაქტიკულად ძელი, რომლის განივკვეთის ზომები მეტია 150 მმ-ზე დეფიციტურია, ამიტომ მათი გამოყენება შეზღუდულია.

ძელმიწური - ძელებით ამოშენებული მიწური საცეცხლე წერტი.

ძელურა - 1. ნამტვრევი ან თლილი ქვა, რომელიც ხასიათდება პარალელეპიპედის ფორმით. მიიღება ამოფრქვეული ან მკვრივი დანალექი ქანებისაგან; იყენებენ ქალაქის ქუჩებისა და მოედნების მოსაპირკეთებლად; 2. ხის გასუფთავებული მორი, რომელსაც ჩრდილოეთის ქვეყნებში იყენებენ საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად (ნახ. 1); 3. რიყის და ნამტვრევი ქვა გამოიყენება IV და V კატეგორიის გზების ზედა და I...III კატეგორიის გზების ქვედა ფენებისათვის. მათ აგრეთვე იყენებენ მიწაყრილების და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად; 4. ჭის თავი, გვირგვინი.

ძელურას ქვედა სარტყელი - ძელურას წყობის მეორე მორის გვირგვინი.

ძელური სახლი - ძელებით აგებული სახლი.

ძელფენილი (ძელჭერი) - მჭიდროდ მორგებული ძელებით შექმნილი ფენილი.

ძელქვა - თელისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივან მცენარე. სიმაღლეში იზრდება 40 მ-მდე, დიამეტრი კი 3 მ აღწევს. ამ გვარის ლათინური სახელწოდება ქართული სიტყვების - ძელისა და ქვის შეერთებით არის შედგენილი, რაც მისი მერქნის სიმაგრესა და გამძლეობას გამოხატავს. იზრდება ხეობებში, მდინარეების პირას ფართოფოთლოვან ტყეებში. ცნობილია მისი 6 სახეობა: რცხილაფოთოლა, რომელიც იმერეთში, აღმოსავლეთ კახეთში და სამხრეთ ყარაბაღში იზრდება, დანარჩენი 5 კი - კრეტაზე, ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში გვხვდება. ცოცხლობს 500...600 წელს. აქვს უძვირფასესი მერქანი, მაგრამ სიმცირის გამო მრეწველობაში თითქმის არ გამოიყენება.

ძელყორე - 1. ძელითა და ქვით (ფენა-ფენა) ნაშენი გალავანი; 2. ქვით ამოვსებული მორების ნაგებობა (ნახ. 1); გამოიყენება ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობაში (ჯებირები, ხიდის ბურჯები, რაბები, კაშხლები და ა.შ.).

ძელჭერი - იხ. ძელფენილი.

ძენძი - უხეში ბოჭკო, დამუშავებული სელის, კანაფის ნარჩენები. გამოიყენება მშენებლობაში.

ძეწნა - ტოტებჩამოშვებული ტირიფი; დეკორატიული ხე.

ძველი ეგვიპტის არქიტექტურა - არქიტექტურული სტილი, რომელიც გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში. ეგვიპტელები განთქმულნი იყვნენ არქიტექტურით მთელს იმდროინდელ მსოფლიოში. მათი ნაგებობები გეომეტრიული სიზუსტით იყო აშენებული, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ როგორც არქიტექტურას, ასევე მათემატიკას. ეგვიპტელთა მიერ აშენებული ნაგებობების აგება ძნელად მისაღწევია დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი. ეგვიპტელებს ჰქონდათ ქვის სამტეხლოები, სადაც მზადდებოდა სკულპტურული ნაკეთობები. ზოგჯერ მთლიანად კლდეში აქანდაკებდნენ ფარაონებისა და ღმერთების გამოსახულებებს. ეგვიპტელები ხშირად აგებდნენ ერთი ქვისაგან გამოკვეთილ მაღალ სვეტებს - ობელისკებს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრამდეც აღწევდა. მათ სავარაუდოდ დახრილი სიბრტყის დახმარებით აღმართავდნენ. ობელისკებზე ეგვიპტური იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ფარაონი ან რომელიმე ღვთაების სადიდებელი სიტყვები (ნახ. 1), ზოგჯერ კი დიდგვაროვანის (ფარაონი, მონარქი) მთელი ისტორია იყო მოთხრობილი. ეგვიპტურ არქიტექტურაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მაინც პირამიდებია. მათი მშენებლობა ძვ. წ. XXVII საუკუნეში დაიწყეს. თავდაპირველად პირამიდის ფორმა საფეხუროვანი იყო, შემდეგ კი საფეხუროვანი კედლები სწორმა და მოპირკეთებულმა კედლებმა შეცვალა. პირველი პირამიდა ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა. მისი სიმაღლე 60 მეტრს აღემატებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდიდან თავისი სიდიდით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა (ნახ. 2). იგი ძვ. წ. XXVI საუკუნეშია აგებული. მისი სიმაღლე 147 მეტრამდე იყო, დღეს კი 136 მეტრია დარჩენილი. გვერდების სიგრძე 233 მეტრია.მის მშენებლობაზე დაახლოებით 2300000 ლოდი დაიხარჯა. თითოეული ლოდი ორ ტონაზე მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების შესაწებლებად არავითარ დუღაბს არ იყენებდნენ. პირამიდის მშენებლობა დაახლოებით ოცი წელი გაგრძელდა. ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა. ქრისტიანული რწმენით მაცხოვრის მოვლინებამდე დაახლოებით საუკუნე-ნახევრით ადრე სახელგანთქმულმა ბერძენმა მათემატიკოსმა ფილონ ბიზანტიელმა დაწერა მცირე რიტორიკური ტრაქტატი, რომელსაც ”დე სეპტუმ ორბის სპექტაკლეს”, ანუ ”სამყაროს შვიდი საოცრება” უწოდა. სამწუხაროდ, ამ ტრაქტატში შესული შვიდი საოცრებიდან სამი (სემირამიდას დაკიდებული ბაღები, როდოსის კოლოსი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში) უკვალოდაა გამქრალი. სამის - ალექსანდრიის შუქურის, მაუზოლუსის აკლდამისა (ჰალიკარნასში) და არტემიდას ტაძრისა (ეფესო), მხოლოდ უმნიშვნელო ნამსხვრევებია დარჩენილი. რაც შეეხება ხეოფსის (ხუფუს) დიდ პირამიდას, ის ერთადერთია ფილონ ბიზანტიელისეული სამყაროს საოცრებათაგან, რომელმაც დღემდე მეტ-ნაკლებად პირვანდელი სახით მოაღწია.

ძველი შუამთა - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა (ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში); VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (მცხეთის ჯვრის ტიპის) და VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. ძ.შ. ეკლესიებს არ გააჩნიათ რაიმე მორთულობა, როგორც ეს კახეთის ძეგლებს ახასიათებს. არც წარწერები მოიძიება. სამივე ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები (ნახ. 1), კუთხეებისათვის კი შირიმია გამოყენებული.

ძვრა - მასალათა გამძლეობაში - ძელის გრძივი დეფორმაციის სახე (ნახ. 1, ძვრის დეფორმაცია), იმ შემთხვევაში, თუ ძალა F მოდებულია A ზედაპირის მხები მიმართულებით (ამ დროს ძელის ქვედა ნაწილი დამაგრებულია უძრავად). ძვრის ფარდობითი დეფორმაცია გამოითვლება ფორმულით: tgθ = ∆x/ℓ, სადაც ∆x - ტანის პარალელური ფენების აბსოლუტური ძვრა ერთმანეთის მიმართ; ℓ - მანძილი ფენებს შორის (მცირე სიდიდის კუთხეებისათვის tgθ = θ). ძვრის სახეებია: აბსოლუტური, სუფთა, ფარდობითი, ჰორიზონტალური, კრისტალთა, მაგნიტურ არეში, მიმართული და სხვ.

ძვრა მარტივი - ძვრის დეფორმაცია, რომელიც პარალელურ სიბრტყეთა სისტემაში კვადრატების ქსელს შეცვლის (დაამახინჯებს) რომბების ქსელით, ფართობების შეუცვლელად.

ძვრის დეფორმაცია (სუფთა ძვრა) - დეფორმაცია, რომლის დროსაც ხდება მხოლოდ სხეულის (ან მისი ელემენტის) ფორმის ცვლილება მოცულობის შეუცვლელად.

ძვრის კუთხე - კუთხის ცვლილება სხეულში გავლებულ ორ წრფეს შორის, რომლებიც დეფორმაციამდე მართი კუთხით იკვეთებოდნენ (იყვნენ ურთიერთპერპენდიკულარული).

ძვრის მოდული (დრეკადობის მოდული ძვრისას) - ახასიათებს მასალის წინააღმდეგობის უნარს ფორმის შეცვლისადმი უცვლელი მოცულობის პირობებში. ძვრის მოდული G გამოსახავს დამოკიდებულებას მხებ τ ძაბვასა და ძვრის γ კუთხეს შორის ისეთი დეფორმაციებისათვის, რომლებიც ემორჩილებიან ჰუკის კანონს: G = τ/γ.

ძირითადი ელემენტი - ობიექტის სტრუქტურის ელემენტი, რომელიც აუცილებელია ობიექტის მიერ მოცემული ფუნქციების შესრულებისათვის, მისი ელემენტების უმტყუნობის შემთხვევაში.

ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელები - დასახლების ან მისი ნაწილის კომუნალური მომსახურებისათვის აუცილებელი საინჟინრო ქსელების სისტემა.

ძირითადი საშუალება - მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები - ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია-რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენისან შენარჩუნების მიზნით.

ძირითადი წყალსაიზოლაციო ხალიჩა - რულონური მასალების შრე მასტიკაზე ან მასტიკის შრე, დაარმირებული მინამასალებისაგან, რომელიც თანდათანობით სრულდება სახურავის საფუძველზე ბურულის ქვეშ.

ძნელადწვადი მასალა - მასალა, რომელიც ცეცხლისა ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით აალდება, ღვივდება ან ნახშირდება და აგრძელებს წვას, ფუჟვას ან დანახშირებას თბური წყაროს არსებობისას, მისი მოშორების შემდეგ კი წვა და ფუჟვა წყდება. ასეთ მასალებს მიეკუთვნება: ფიბროლიტი, ქსილოლიტი, ბზის აგური, ჩალა დაწნეხილი შემკვრელი ნივთიერებებით, ქეჩა გაჟღენთილი თიხის ხსნარით, ლინოლეუმი, მერქანი, რომელიც ღრმადაა გაჟღენთილი ანტიპირენებით და სხვ.

ძრავა (ლათ.) - მანქანა, რომელიც რაიმე ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ ენერგიად. გამოყენებული ენერგია შეიძლება იყოს სითბური, გრავიტაციული, ქარის, წყლის და ა. შ. ძრავა შედგება მრუდხარა ბარბაცა მექანიზმისგან, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი დეტალები: დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლა ლილვი და მქნევარა. განასხვავებენ პირველად და მეორად ძრავებს. პირველადი ძრავები (ორთქლის, შიდაწვის აირის, ქარის) უშუალოდ გარდაქმნიან მექანიკურ მუშაობაში ბუნებრივ ენერგეტიკულ რესურსებს (სათბობი, წყლის ენერგია, ატომური, ქარის); მეორადი ძრავები გარდაქმნიან ენერგიას, რომელიც უკვე მიღებულია პირველადი ძრავებისაგან, მაგ., ელექტროძრავი, პნევმო- და ჰიდროძრავები და სხვ.

ძრავა შიგაწვის - თბური ძრავი, რომელშიც მიმდინარეობს საწვავის წვა და წვის შედეგად გამოყოფილი სითბოს გარდაქმნა მექანიკურ მუშაობაში. შ.ძ. არის: დგუშიანი, აირტურბინიანი და სარაკეტო. საწვავის მიხედვით დგუშიანი ძრავები არის აირზე, მსუბუქ თხევად საწვავზე (ბენზინი, ნავთი), მძიმე თხევად საწვავზე (დიზელი) და ბინარულ (ორმაგ) საწვავზე მომუშავე; მუშა ციკლში ტაქტების რიცხვის მიხედვით - ორ- და ოთხტაქტიანი. შ.ძ. ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, საავტომობილო, რკინიგზის და წყლის ტრანსპორტზე, საგზაო-სამშენებლო მანქანებში და სხვ.

ძრავა-გენერატორული დანადგარი - აგრეგატი, რომელიც შედგება ელექტროძრავისაგან და მასთან მექანიკურად შეერთებული ელექტრული გენერატორისაგან. მისი დანიშნულებაა ელექტრული დენის ერთი სახე გარდაქმნას მეორე სახეში (უმეტესად ცვლადი - მუდმივში).

ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება - ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაადგილდება დამოუკიდებლად, გააჩნია მინიმუმ ოთხი დაკომპლექტებული, სრულად დაკომპლექტებული ან დასაკომპლექტებელი თვალი 25 კმ/სთ-ზე მაღალი მაქსიმალური საპროექტო სიჩქარით.

ძრო - ფსკერი, ძირი.

წაბლი - წიფლისებრთა ოჯახის ფოთოლბცვივანი მცენარე. არსებობს მისი ოთხი სახეობა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელებში. საქართველოში ძირითადად ხარობს კოლხეთში. ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს ზღვის დონიდან 1000 მ-მდე. კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. წ. მერქანი მაგარი და გამძლეა. მისგან მზადდება ძვირფასი ავეჯი. მშენებლობაში გამოიყენება კარ-ფანჯრების, იატაკების დასამზადებლად. შესანიშნავი ტექსტურის გამო გამორჩეული მასალაა შენობის შიგა ინტერიერის მოსაწყობად. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.

წაგლესა - რაიმეს რაიმეზე წაგლესვის, წასმის პროცესი (მაგ., საგოზავის წაგლესა ფარის ზედაპირზე).

წავარნა - ძვ. ნადირთა სავალი ვიწრო ბილიკი კლდის თავზე.

წაზრდა - სიგრძეში ელემენტების შეერთება.

წალკატი - ქვათა სათლელი ორპირიანი მოკლე წერაქვი.

წამატი - ხის კოჭის, ნივნივის და მისთ. ნაზრდი.

წამახვა (წაწვეტება) - ღეროს წვერის წათლის, გაქლიბვის, მახვილი ფორმის მიცემის პროცესი (მაგ., ფანქრის წვერის წათლა, სადგისის წვერის გაქლიბვა, სოლის წამახვილება და სხვ.).

წამი - 1. დროის საზომი ერთეული, რომელიც 1/3600 საათის ტოლია. ზომა-წონათა მე-13 გენერალურ კონფერენციაზე (1967) მიიღეს ატომური წ. განსაზღვრა, რომელიც ხდება სიხშირისა და დროის ცეზიუმის ეტალონების მეშვეობით. გარდა ატომური წ., ასტრონომიასა და მეცნიერების სხვა დარგებში იყენებენ ასტრონომიულ ანუ ეფემერიდულ წ., რომლის სიდიდე დაკავშირებულია მზის ირგვლივ დედამიწის გარემოქცევის პერიოდთან - ე.წ. ტროპიკულ წელიწადთან. ტროპიკული წელიწადი არის დროის შუალედი მზის მიერ გაზაფხულის ბუნიობის წერტილში ორ გავლას შორის. 1 წ. არის ტროპიკული წელიწადის 1:31556929,9747 ნაწილი (1900 წლისათვის). ეს განსაზღვრა მიღებული იყო 1954 წელს ზომებისა და წონების X საერთაშორისო გენერალური კონფერენციის მიერ. დედამიწის ბრუნვის არათანაბრობის გამო ასე განსაზღვრული წ. არასტაბილური იყო. ატომურ წ. გადასვლის შედეგად დროის ეტალონის სიზუსტე რამდენიმე რიგით გაიზარდა; 2. კუთხის სიდიდის საზომი ერთეული, რომელიც 1/3600 გრადუსის ან 1/60 წუთის ტოლია. ერთი წამი ასე აღინიშნება: 1".

წამწე - ღეროების სისტემა, რომლებიც ბოლოებში შეერთებულია სახსრებით და წარმოადგენს ერთ მთლიან ხისტ (მტკიცე) კონსტრუქციას. წ. არის შენობის, ხიდის მალის ნაშენის, ჰიდროტექნიკური ნაგებობისა და სხვათა გადახურვის ღეროვანი მზიდი კონსტრუქცია, რომელსაც ამზადებენ ლითონისაგან (ნახ. 1), რკინაბეტონისაგან, ხისა და კომბინირებული მასალისაგან. წ. საანგარიშო სქემაში კვანძებში ღეროების შეერთება პირობით მიღებულია სახსრიან შეერთებად, დატვირთვა კი - კვანძებში მოდებულად. ამიტომ გაანგარიშებისას ვარაუდობენ, რომ წ. ღეროებში წარმოიქმნება მხოლოდ გრძივი (გამჭიმი ან მკუმშავი) ძალები.

წამწე ბრტყელი - წამწე, რომელშიც ყველა ღეროს ღერძი ერთ სიბრტყეში მდებარეობს (ნახ. 1: ხის ბრტყელი წამწე).

წამწე ვანტური - საყრდენებზე ჩამოკიდებული განმბჯენიანი წამწე მოქნილი ღეროებით (ვანტებით).

წამწე მარტივი - წამწე, რომელიც ისეა შედგენილი, რომ დაწყებული სამი ღეროდან, რომლებიც ადგენენ სამკუთხედს, ყველა შემდგომი კვანძი იქმნება ორი ღეროს დამატებით ბრტყელ წამწეში ან სამი ღეროს დამატებით - სივრცით წამწეში.

წამწე სივრცული - წამწე, რომელშიც ღეროთა ღერძები ერთ სიბრტყეში არ მდებარეობენ (ნახ. 1).

წამწე ხე-ლითონის - ხის წამწე, რომლის ქვედა სარტყელი და გისოსის ზოგიერთი ელემენტი განხორციელებულია ლითონისაგან.

წამწეს სტატიკური გაანგარიშება - ითვალისწინებს გრძივი ძალების განსაზღვრას წამწეს ღეროებში ყველა საანგარიშო დატვირთვებისა და მათი შეხამებისაგან. ზედა სარტყელზე მოქმედი თანაბაგანაწილებული დატვირთვა პირობითად ითვლება მოდებულად კვანძებში. სეგმენტური წამწის ზედა სარტყელის მოღუნული პანელები პირობითად იცვლება მისი ქორდებით. რადგანაც ყველა წამწე წარმოადგენს სტატიკურად რკვევად სისტემას (ითვლება რომ ყველა კვანძი სახსროვანია), ამიტომ ელემენტებში გრძივი ძალების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ანალიზური - კვანძების ამოკვეთის მეთოდით, ან გრაფიკულ-ანალიზურით - მაქსველ-კრემონას დიაგრამის აგებით.

წამწის კვანძი - წამწის ღეროების ღერძების გადაკვეთის წერტილი ამ ღეროების შეერთების ადგილში.

წანწალა - 1.კოპორჭი, ცალდირე ხიდი; თხრილზე ან რუზე გადასასვლელად გადებული ხე; 2. ბოგის სახის ნაგებობა ჰორიზონტალური ან დახრილი ფენილით, ამწის ტექნიკური მომსახურების ან რემონტის დროს, გამოყენებული სასიარულოდ.

წანწკარი - ძვ. წყლის წვრილად დინება.

წარაფი - 1. წაგრძელებული, დაბალი კლდე; 2. პატარა მოგრძო ტყე.

წარმოება - მატერიალური ფასეულობების შექმნის პროცესი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ბუნებრივ პირობას და საფუძველს. წარმოებას აქვს ორი მხარე: საწარმოო ძალები და საწარმოო ურთიერთობები. ისინი ქმნიან წარმოების ხერხებს, მეთოდებს, რაც აისახება ამ საზოგადოების ხასიათზე. წ. მრავალი სახე არსებობს: მანქანური, ინდივიდუალური, სერიული, მსხვილ-სერიული, მასიური, ნაკადური, ნახევრად ქარხნული, წვრილ-სერიული. ამასთან, ცნობილია მრავალი დარგის წარმოება: სამშენებლო კონსტრუქციების, საშენი მასალების, ქაღალდის, მეტალურგიული, ქიმიური, ავტომობილების, ნავთობის გადამამუშავებელი, სამთო, საფეიქრო, აბრეშუმის, ტყავის, შაქრის, ღვინის და სხვ.

წარმოების ავტომატიზაცია - მრეწველობის განვითარების საფუძველი და ტექნიკური პროგრესის მთავარი მიმართულება. განასხვავებენ ნაწილობრივ, კომპლექსურ და სრულ წარმოების ავტომატიზაციას.

წარმოების კულტურა - მრავალმხრივი და ტევადი ცნება, რომლის მიზანია შრომის პროცესში მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე შესაძლებლობების სრულად გამოყენება. წ.კ. ამაღლება მიდის ორი ძირითადი მიმართულებით: ტექნიკური კულტურის სრულყოფით და შრომის კულტურის სრულყოფით. წარმოების კულტურის ამაღლება უწყვეტ კავშირშია შრომისნაყოფიერების შემდგომ ზრდასთან, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ნაკეთობის გამოშვებასთან.

წარმოების მექანიზაცია - ხელით შრომის საშუალებების შეცვლა მანქანებითა და მექანიზმებით. ნაწილობრივი მექანიზაციის დროს ცალკეული საწარმოო პროცესები ან სამუშაოთა სახეები სრულდება მანქანა-მექანიზმებით, მაგრამ სამუშაოთა ნაწილი კვლავ ხელით სრულდება. კომპლექსური მექანიზაციის დროს ტექნოლოგიური პროცესის ყველა ძირითად და დამხმარე ოპერაცია მექანიზირებულია და მხოლოდ ისეთი ცალკეული მსუბუქი ოპერაცია სრულდება ხელით, რომლის მექანიზებას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

წარმოების საშუალებანი - შრომის საშუალებებისა და საგნების ერთობლიობა. შრომის საშუალებებს მიეკუთვნება მანქანები და მოწყობილობები, იარარები, საწარმოები და ნაგებობანი, ტვირთის გადაადგილებისა და კავშირგაბმულობის საშუალებანი. შრომის საყოველთაო საშუალებაა მიწა. წ.ს. გამოყოფენ წარმოების იარაღებს (მანქანები, მოწყობილობები). შრომის საგნები ან ბუნებაში არსებობს (ნახშირი, მადანი, ნავთობი, ქვიშა და სხვ.) ან შრომის პროდუქტებია (ლითონი, მერქანი, ბამბა, ცემენტი, პლასტმასი და სხვ.).

წარმომადგენლობა - დაწესებულება, რომელიც ვისიმე, რისამე წარმომადგენელია და მის ინტერესებს იცავს.

წარღვნა - 1. თავსხმა, ღვართქაფი, ნიაღვარი; 2. ბიბლიური ლეგენდის თანახმად, წყალდიდობა, რომელმაც მთელი დედამიწა დაფარა (ადამიანთა დასასჯელად, მათი ცოდვების გამო).

წასმა (გალაქვა) - ნაკეთობის ზედაპირზე სხვადასხვა ნივთიერების (საღებავი, ლაქი, ფისი, ემალი, ანტისეპტიკი და სხვ.) დატანის, წასმის, გალაქვის პროცესი, გარემოს ზემოქმედებისაგან დაცვის ან დეკორატიულობის ასმაღლების მიზნით.

წაწყური წყობა - ზედა რიგების თანდათანობითი გადმოშვებით ამოყვანილი წყობა. იხელეთ ცრუ თაღი, ცრუ კამარა, ცრუ გუმბათი, გვირგვინი.

წახნაგი - 1. ერთ-ერთი გვერდი, ნაკვთი ტეხილი ზედაპირისა ან ასეთი ზედაპირის მქონე სხეულისა; 2. ბრტყელი საგნის ვიწრო გვერდი.

წებო - ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა მასალის შესაწებებლად. წ. განხორციელებული შეერთება ხისტი შეერთების სახეს წარმოადგენს. წებოს შემადგენლობაში შედის პოლიმერი, შემავსებელი, გამხსნელი, გამამაგრებელი. პოლიმერი, რომელიც წ. მოსამზადებლად ძირითადი კომპონენტია, შეიძლება იყოს თერმორეაქტიული ან თერმოპლასტიკური და მისი გამყარებისათვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა, ან გამხსნელის მოცილება ან კიდევ გამამაგრებლის გამოყენება. წ. თვისებების შეფასება ხდება მისი სიბლანტის, ცხოველუნარიანობის, გამყარების დროისა და შეწებების უნარის მიხედვით. გამოცდას აწარმოებენ წ. მცირე პარტიებზე ლაბორატორიულ პირობებში. წ. სიბლანტის განსაზღვრა ხდება ვისკოზიმეტრებში (მცირე ზომის ძაბრებში) იმ დროის მიხედვით, რომლის განმავლობაშიც წ. განსაზღვრული ულუფა (50 ან 100 გრამი) ჩამოედინება ძაბრის ქვედა ხვრელიდან საზომ ჭიქაში. რაც მეტი დრო დასჭირდება ამ პროცესს, მით უფრო ბლანტად ითვლება წ.. ცხოველუნარიანობა და გამყარების დრო განისაზღვრება იმ დროით, რომელიც საჭიროა წ. მომზადებიდან მისი შესქელების დაწყებამდე. შეწებების უნარი განისაზღვრება წებოვანი ნაკერის სიმტკიცის მიხედვით, რომელიც გაანგარიშდება მცირე ზომის ნიმუშების გამოცდით. მსოფლიოში გამოიყენება მრავალმხრივი დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ხის წებოები, როგორიცაა: პარფიქსი (Parfix, ციანოაკრილიტის წ., პარსონის ფირმა, აშშ); ურედანა 450 (Uredana 450, დანია); ტაიტბონდი (Titebond); მეგპოუ (Magpow); უნივერსალური ხის წ. 502; ოაზისი (Oasis); ევოსტიკი (Evostik); უნიკოლი (Unikol); სტარკე (Stärke); ქოლოლი (Collall); ვოოდბონდი (WoodBond) და სხვ., აგრეთვე რუსული წარმოების ფენოლფორმალდეჰიდური, რეზორცინული, ფენოლურ-რეზორცინული, ალკილრეზორცინული, ფენოლური, პოლიეთერული, კაუჩუკის, პოლიამიდური, პოლივინილაცეტატური, კარბამიდული, ეპოქსიდური, სახუროე და სხვ. სახის წებოები

წებო ალკილრეზორცინული და ფენოლური - მზადდება ალკილრეზორცინულ ოლიგომერებზე (ФР-100, ДФК-1-АМ, ДФК-8, ДФК-4, ДФК-14Р, СФЖ-3016, СФХ). ისინი მყარდებიან ნორმალურ ტემპერატურაზეც და გახურებითაც. კარგად აწებებენ მერქანს. შემავსებლად გამოიყენება ხის ფქვილი, ლიგნინის ფქვილი. აწარმოებენ მის მოდიფიცირებას თხევადი კაუჩუკით, პოლიამიდებით და ამყარებენ ფორმალინით, პარაფორმით ან უროტროპინით. ასეთი წებოების გამყარების ვადა ნორმალურ ტემპერატურაზე შეადგენს 12...24 საათს.

წებო ბაკელიტის - იგივეა რაც ფენოლფორმალდეჰიდის ფისი, აფსკის სახით, რასაც ბაკელიტის აფსკსაც უწოდებენ. გამოდის სამი A, Б და В მარკის. გამოიყენება ფანერის წარმოებაში.

წებო გლიფთალის - სინთეზური პოლიეთერაკრილატის ფისი. გამოიყენება პლასტმასების, მერქნისა და მერქნის საფუძველზე დამზადებული მასალების შესაწებებლად.

წებო გლუტინის - ცხოველური წარმოშობის წებო. ის ცხოველის ძვლების, ძარღვების, შემაერთებელი ქსოვილის, ტყავის და თევზის ბუშტების და ქერცლისაგან მიიღება. გამოდის მშრალი (ფილაკები, ტაბლეტები, ქერცლი, ფხვნილი) ან „გალერტის“ სახელით ცნობილი ხსნარის სახით.

წებო ეპოქსიდური - (ЭПЦ-1, К-153, К-147, БОВ-1) - უნივერსალურობით. ოთახის ტემპერატურაზე გამყარებისათვის გამამაგრებლად უმატებენ სხვადასხვა ამინებსა და ამიდებს, კერძოდ პოლიეთილენპოლიამინს, ჰექსამეთილენდიამინს, მეთაფენილენდიამინს, ამინოფენოლს, ხოლო ცხელ მდგომარეობაში გამყარებისათვის გამოიყენება დიკარბონატის მჟავების ანჰიდრიდები - მალეინის, ფტალის, დიმეთილტეტრაჰიდროფტალის, აგრეთვე დიციანდიამიდი. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ეპოქსიდური წებოების ცხელ მდგომარეობაში გამყარების ტექნოლოგია მეტად რთულია და მას უნდა ვერიდოთ პრაქტიკაში. ეპოქსიდური წებოს ცხოველუნარიანობა ოთახის ტემპერატურაზე 1,5...2 საათია, ხოლო 1400C ტემპერატურაზე - 24 სთ. გამყარების ხანგრძლივობაა არანაკლები 24 საათისა.

წებო ვისკოზის - წებო, რომელიც ცელულოზას კოლოიდური ხსნარისაგან - ვისკოზისაგანაა დამზადებული.

წებო კაზეინ-ცემენტის - კაზეინის წებო, რომელიც ცემენტის გარკვეულ რაოდენობას შეიცავს.

წებო კაზეინის - წებო, რომელიც მიიღება კაზეინზე წყლის დამატებით ტუტის ხსნართან ერთად თანაფარდობით 1...2,5. წებოს გამყარება ხდება ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ხსნარში მიმდინარე ქიმიური რეაქციის საფუძველზე. გათბობა აჩქარებს შეწებების პროცესს. გამოიყენება ავეჯის წარმოებაში და სადურგლო საქმეში.

წებო კარბამიდული - (კარბამიდულ-მელამინური და შარდოვანა-ფორმალდეჰიდური) - МФ-17, М-60, М-70, КМФ, М-19-62, УКС, КС-3-СК, КФ-5, КФ-Ж, КФ-БЖ, ММФ, МФФ, МФФР) - გამყარება ხდება ნორმალურ და მაღალ ტემპერატურაზე. ნორმალურ ტემპერატურაზე გამყარებისას გამოიყენება სუსტი მჟავები (ლიმონი, შაველის, ძმრის), ხოლო გახურებულ მდგომარეობაში (120...1800C) გამყარებისათვის ხმარობენ ძლიერი მჟავის ამონიუმის მარილებს (ნიშადური, ამონიუმის სულფატი). შემავსებლად იყენებენ ხის ფქვილს, ცელულოზას, ლიტოპონს, პოლიმერების დისპერსიებს. კარგად იხსნება წყალში, ნაკლებად თბომედეგია, ამიტომ წ.კ. გამოყენება ელემენტებში, რომლებიც ხანგრძლივად არიან ჰაერზე, აკრძალულია. წ.კ. აწებებენ სხვადასხვა ხარისხის მერქანს და მერქან-პლასტიკურ მასალებს.

წებო კაუჩუკის - კაუჩუკის ან რეზინის ნარევებისა და ორგანული გამხსნელების ხსნარი. არჩევენ ვულკანიზებულ და არავულკანიზებულ წებოებს. მშენებლობაში გამოიყენება არავულკანიზებული წებოები, მარკით 88, რომელიც წარმოადგენს ნაირიტის ზეთის, ეთილაცეტატის და ბენზინის ნარევს.

წებო ნიტროცელულოზის - სინთეზული წებო, რომელიც ნიტროცელულოზის წყალში ან შესაბამის გამხსნელში შერევით მიიღება. გამოიყენება მინის, ქაღალდის, ტყავის, ქსოვილების და სხვ. შესაწებებლად.

წებო პოლიამიდური - გამოიყენება მერქნის, ლითონის, პლასტმასის, რეზინის, მინის, აფსკების და ქსოვილების დასაწებებლად. მიიღება პოლიამიდების და ფორმალდეჰიდის ურთიერთზემოქმედების შედეგად. ეს წებოები გამოირჩევა მაღალი თბომედეგობით (2000C) და მდგრადობით აგრესიული გარემოს მიმართ, მაგრამ არამედეგია წყლის ხანგრძლივი მოქმედებისას.

წებო პოლიეთერული - გამოიყენება მინაპლასტიკების ერთმანეთთან და მერქანთან დასაწებებლად. გამყარება ხდება, როგორც ნორმალურ, ასევე ამაღლებულ ტემპერატურაზე. გამყარების დროს რეაქციის თანმხლები პროდუქტები არ გამოიყოფა, რაც უზრუნველყოფს შეერთების ნაკერის მაღალ სიმტკიცეს და საიმედოობას.

წებო პოლივინილაცეტატური - მზადდება პოლივინილაცეტატის წყლის დისპერსიისაგან და წარმოადგენს რძისფერ არაჟანის მსგავს სითხეს ძმრის მჟავას სუსტი სუნით. წებოს სიმკვრივეა 1,2 გ/სმ3. ძირითადად გამოიყენება ფოროვანი მასალების შესაწებებლად. იგი ქიმიურად ნეიტრალურია, უხიფათოა, არ ჭირდება გამამყარებელი, გვაძლევს უფერო შეერთების ნაკერს, მაგრამ ნაკლებად თბომედეგია (600C), სტატიკურ დატვირთვაზე ახასიათებს ცოცვადობა და ამავე დროს არაწყალმედეგია. მერქნის დაწებება ხდება ნორმალურ ტემპერატურაზე ან გახურებით (800C). წებოს ხარჯია 200 გ/მ2. გამყარების ხანგრძლივობაა 20...40 წთ 250C ტემპერატურაზე. გახურების შემთხვევაში გამყარების დრო შეადგენს 7 წუთს.

წებო რეზინის - წებო, მიღებული ორგანულ გამხსნელებში (ბენზინი, ეთილაცეტატი და სხვ.) რეზინის ან კაუჩუკის გახსნით. გამოიყენება რეზინის და ტექნიკური ნაკეთობების აწყობისას და შეკეთებისას, რეზინის დასაწებებლად ლითონზე, ხეზე, ცემენტზე, მინაზე და სხვ.

წებო რეზორცინული და ფენოლურ-რეზორცინული - (ФР-12, ФРФ-50, РАФ-10, ФРАМ-30 და სხვ.) თავისი შედგენილობით ახლოს არის ფენოლურ წებოებთან. გამყარება წარმოებს რეზორცინსა და ფორმალდეფიდს (ან პარაფორმს) შორის რეაქციის შედეგად ოთახის ტემპერატურაზე 24...48 სთ-ის განმავლობაში. გამამყარებლად შესაძლებელია აგრეთვე სუსტი მჟავებისა და ფუძეების გამოყენება. შემავსებლად იხმარება ხის ფქვილი, ცელულოზა, ლიგნინი; პლასტიფიკატორად - გლიცერინი, დიეთილენგლიკოლი; გამხსნელად - სპირტი. წებოები გამოიყენება მერქნის, პლასტმასის და ბეტონის დასაწებებლად. სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 2...3 საათს.

წებო სახუროე - მიიღება ძვლის, ტყავის და სხვა მსგავსი მასალების ნარჩენების გადამუშავებით. მათ იყენებენ ცხელ მდგომარეობაში მცირე ფართობის მქონე ზედაპირების შესაწებებლად, რადგანაც გამყარების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ამის გამო ასეთ წებოებს მხოლოდ სახუროე-საავეჯო წარმოებაში იყენებენ.

წებო სინთეზური - წებო დამზადებული სინთეზური ფისების საფუძველზე.

წებო ფენოლალდეჰიდური - წებო, დამზადებული ფენოლალდეჰიდური ფისების ფუძეზე. ხასიათდება მაღალი წყალმედეგობით. გამოიყენება ფანერის და ხის კონსტრუქციების დასამზადებლად.

წებო ფენოლფორმალდეჰიდური - (ВИАМ-Б-3, ВИАМ-Ф-9, КБ-3) - ძირითადად გამოიყენება ხის დაწებებული კონსტრუქციების დასამზადებლად. წებოს გამყარება ხდება 140...1600C ტემპერატურაზე ან ჩვეულებრივ ტემპერატურაზე სპეციალური რეაგენტების (გამამყარებელი) დამატებით, როგორიცაა სულფიდური მჟავები. წებოს გასახსნელად გამოიყენება აცეტონი, სპირტი, წყალი, შემავსებლად კი - ხის ფქვილი, ცარცი, ცელულოზა, ლიგნინი. ასეთი წებოების უარყოფითი მხარეა ის, რომ მისი დამზადების და მოხმარების დროს გამოიყოფა თავისუფალი ფენოლი და ფორმალდეჰიდი, რომლებიც მომწამვლელ ნივთიერებათა რიცხვში შედის. მერქნის ლითონთან, პლასტმასასთან, ბეტონთან შესაერთებლად გამოიყენება პოლივინილბუტირალით მოდიფიცირებული წებოები (БФ-2, БФ-4, БФ-6).

წებო ძვლის - ცხოველური წარმოშობის არაწყალმედეგი წებო, რომელიც ცხოველის ძვლების მოხარშვით მიიღება. უძველესი დროიდან იყენებდნენ სადურგლო საქმეში და ავეჯის წარმოებაში.

წებოვანი შედგენილობა - გამოიყენება სხვადასხვა ტიპის საშენი მასალების შესაწებებლად. განასხვავებენ საკუთრივ წებოსა და მასტიკას. წებო - ორგანული ან სინთეზური მაღალმოლეკულური ნივთიერება. მის შემადგენლობაში შედის პოლიმერი, გამხსნელი და გამამაგრებელი. თუ მას დავუმატებთ შემვსებს, მივიღებთ ნივთიერებას, რომელსაც მასტიკა ეწოდება, რომელიც შეიძლება იყოს წებოვანი ან პასტისმაგვარი კომპოზიცია. ხის კონსტრუქციების დასაწებებლად გამოიყენება ფენოლფორმალდეჰიდური, კარბამიდული, კარბამიდულ-რეზორცინული, შარდოვანა-ფორმალდეჰიდური, პოლივინილაცეტატური, სახუროე და სხვ. წებოები; მერქნის შესაერთებლად ლითონთან - მოდიფიცირებული ეპოქსიდური, კაუჩუკის, პოლიურეტანული და ფენოლური; ლითონის ლითონთან - გლემურძის და ძვლის; პლასტმასებში - ეპოქსიდური, პოლიეთერული, პოლიურეტანული, ფურანული, პოლიამიდური, პერქლორვინილური, პოლიაკრილური, კაუჩუკის, დისპერსიული და სხვ.; სამღებრო სამუშაოებში - სილიკატური, მცენარეული და კარბომეთილცელულოზას წებოები.  სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში კონსტრუქციული ელემენტების შესაწებებლად (ნორმალური ტენიანობის პირობებში) გამოიყენება პოლიმერცემენტის წ.შ., რომლის საფუძველია პორტლანდცემენტი, პოლივინილაცეტატური ემულსიები და ლატექსები. რულონური, ფურცლოვანი და ფილა მასალების დასაწებებლად - ცხელი ბიტუმი, ცივი ბიტუმი, ცივი ბიტუმის ემულსია, ცივი რეზინა-ბიტუმი, ცივი ბიტუმ-კაუჩუკი, ბიტუმ-კუკერმარილი, კუმარონ-კაუჩუკი, კოლოფონი, კოლოქსილინი, დიფენოლკეტონი, კაზეინი. ლითონის მერქანთან შეწებების წინ სასურველია ლითონს დაედოს ქვეფენა (БФ-2, ПФН-12), გაჩერდეს 36 სთ და მერე მოხდეს შეწებება. ზეთოვანი ანტისეპტიკებით გაჟღენთილი ხის ელემენტების შესაწებებლად გამოიყენება მაღალი კონცენტრაციის ან ორგანულ გამხსნელებზე დამზადებული წებოები. შეწებებამდე მერქნის ზედაპირი კარგად უნდა გაიწმინდოს აცეტონით ან დიქლორეთანით. წყალში (გრუნტში) მოთავსებული კონსტრუქციული ელემენტების შესაწებებლად (ხიმინჯები, საძირკვლები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) გამოიყენება სინთეზურ ფისებზე და კაუჩუკზე დამზადებული წებოები. ყველა შემთხვევაში საჭიროა შეწებების შემდეგ მოხდეს ნაკერის კონტროლი ულტრაბგერითი, რენტგენის ან გამა-სხივების დეფექტოსკოპიის საშუალებით.

წევა - 1. მამოძრავებელი ძალა; 2. საღუმელე, საქვაბე მოწყობილობებში ჰაერის მოძრაობა, რომელიც გამოწვეულია წნევის სხვადასხვაობით.

წევრი - 1. ცალკე პიროვნება, როგორც ადამიანთა კოლექტივის შემადგენელი ნაწილი; 2. ცალკე პირი (ან ქვეყანა, ორგანიზაცია), რომელიც შედის რაიმე ორგანიზაციის შემადგენლობაში; 3. პროპორციაში ან განტოლებაში შემავალი ცალკეული მათემატიკური სიდიდე.

წელიწადის ცივი პერიოდი - წელიწადის დრო, რომელსაც ახასიათებს გარე ჰაერის საშუალო სადღეღამისო ტემპერატურა ნაკლები +80C-ზე.

წემენტის წერტილოვანი სინჯი - ცემენტის სინჯი, აღებული ერთი ადგილიდან ერთი ოპერაციის ჩასატერებლად.

წერაქვი - სასოფლო-სამეურნეო სამუშაო იარაღი; გამოიყენება გამყარებული მიწის, ქვის, აგურების, ბლოკების გასატეხად. წერაქვი ერთ-ერთი უძველესი სამუშაო იარაღია. ჩვეულებრივ, წერაქვის თავი დამზადებულია ლითონისგან, ტარი კი - ხისგან. თავის ბოლო წაწვეტებულია, რათა გაადვილდეს ქვის გატეხვა.

წერტვა (რუს. Кернение) - ნამზადზე ან ნაკეთობაზე წერტილოვანი ღრმულების გაკეთება. წ. ხდება საწერტელის წვერის საწინააღმდეგო მხარეზე - ბოლოზე ჩაქუჩის დარტყმით. გამოიყენება ნაკეთობის დაკვალულ (მომზადებულ) ზედაპირზე გასაბურღი ადგილების მოსანიშნად.

წერტილი - 1. მოვლენის, ფიზიკური სიდიდის, პროცესის ათვლის საწყისი. აგრეთვე ცნობილია წერტილები: აალების, გადაკვეთის, გადასვლის, გაყინვის, გალღობის (დნობის), დუღილის, კულმინაციის, მაქსიმუმის, მოდების, მატერიალური, წარმოსახვითი, შეუღლების; 2. სიგრძის ერთეული, რომელსაც იყენებენ პოლიგრაფიაში - 1 წ = 0,351460 მმ; 3. ხაზის საზღვარი.

წერტილოვანი - წერტილის მსგავსი, წერტილივით მცირე, ძალიან პატარა; წერტილებისაგან შემდგარი.

წერტილოვანი სახანძრო შემტყობინებელი - სახანძრო შემტყობინებელი, რომელიც რეაგირებს ხანძრის ფაქტორზე კომპაქტურ ზონაში. არსებობს ორი სახის: საკვამლე და თბური.

წესების შეუსაბამო მიწის ნაკვეთი - მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენება, ფართობი ან ზომები არ შეესაბამება მოცემული უფლებრივი ზონის მოთხოვნებს.

წესიერი - 1. მათემატიკაში - ერთგვარი ელემენტების მქონე; 2. ისეთი, როგორსაც სათანადო წესი მოითხოვს.

წესივრულობა - ელემენტის ტექნიკური მდგომარეობის კატეგორია, რომლის დროსაც ელემენტი სრულად პასუხობს ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს და მზად არის ექსპლუატაციაში შესასვლელად.

წვა - რთული, სწრაფად მიმდინარე ქიმიური გარდაქმნა, რასაც თან ახლავს სითბოს და (ან) კვამლის გამოყოფა და (ან) ბჟუტვის გაჩენა. წვის საფუძველი ნივთიერებების დამჟანგველებთან ერთად (ჟანგბადი, ზეჟანგები და სხვ.) არის ეგზოთერმული მჟავა-აღდგენითი რექცია. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს ხდის წვის ხასიათს, წარმოადგენს საწვავისა და დამჟანგველის აგრეგატული მდგომარეობა: 1. ჰომოგენური - აირების წვა აირული დამჟანგველის გარემოში (ჰაერის ჟანგბადი); 2. ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დენთის წვა; 3. ჰეტეროგენური - თხევადი და აირული საწვავის წვა აირისებრი დამჟანგველის გარემოში.

წვა ასაფეთქებელი ნივთიერებების - ასაფეთქებელი ნივთიერებების დაშლის ეგზოთერმული ქიმიური რექციის არეს თვითგავრცელება ან მისი კომპონენტების ურთერთქმედება რექციის ენერგიის, სითბოს სახით, ფენიდან ფენამდე გადაცემის საშუალებით.

წვა დიფუზიური - დიფუზიური წვის დროს რეაქციის ზონაში ჟანგბადი ხვდება ალით გამოწვეული დიფუზიის შედეგად (მაგ., ასანთის, შეშის წვის პროცესები და სხვ.).

წვა კინეტიკური - კინეტიკური წვის დროს რეაქციის ზონაში ჟანგბადი მიეწოდება წვად კომპონენტებთან ერთად, ანუ საქმე გვაქვს წინასწარ მომზადებული საწვავი ნარევის წვასთან.

წვა მეთანის - შედგება ჟანგვისა და თერმული დაშლის პარალელური და თანმიმდევრული ორი სტადიისაგან: 1. სწრაფი წვა ალის ფრონტში, რომლის დროს პრაქტიკულად იხარჯება მთელი მეთანი; 2. აირული ნარევის შედარებით შენელებული ცვალებადობა (Н2О, СО2, СО, Н2, С2Н3 и СН4), რომელიც მიმდინარეობს თავისუფალი ჟანგბადის გარეშე. წვის შედეგად აცეტილენის ძირითადი რაოდენობა წარმოიქმნება პირველ სტადიაზე, თუმცა მისი წარმოქმნა მეორე სტადიაზეც გრძელდება. მეთანის თერმოჟანგვის პროცესის თავისებურებაა ის, რომ პროცესს თან ახლავს წვა. მეთანის გახლეჩვისათვის საჭირო სითბო მიიღება რეაქციის ზონაში გაჩენილი ნახშირწყალბადების აირების წვით.

წვა წყალბადის - წყალბადი ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ენერგომატარებელია. წ.წ. დაკავშირებულია მის გამოყენებასთან ენერგეტიკულ დანადგარებსა და საწვავ ელემენტებში და შესაბამისად ტექნოლოგიური პროცესების და დანადგარების უსაფრთხოებასთან. წყალბადის წვის სითბო შეადგენს დაახლოებით 120...140 მჯ/კგ, რაც რამდენჯერმე აჭარბებს ნახშირწყალბადური საწვავის (მაგ., მეთანის - დაახლოებით 50 მჯ/კგ) წვის სითბოს. წ.წ. ფორმალურად გამოისახება გლობალური რეაქციით H2+0,5O2 → H2O. წყალბადის ნარევი ჟანგბადთან (მგრგვინავი აირი) აფეთქებასაშიშია და ანთებისას სრაფად ფეთქდება (განიცდის დეტონაცია). თვითაალების პროცესი იწყება 5100C ტემპერატურაზე. მხედველობაშია მისაღები ის, რომ წყალბადს ახასიათებს საცავი ჭურჭლის (მაგ., ფოლადის) კედელში გაღწევის უნარი (დიფუნდირება), არა აქვს სუნი და მასთან მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებულად დაცვა.

წვა ჰეტეროგენური - ადვილად აორთქლებადი საწვავის წვა პრაკტიკულად მიეკუთვნება ჰომოგენურ წვას.

წვადი მასალა - მასალა, რომელიც ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით აალდება, ღვივდება ან ნახშირდება და აგრძელებს წვას, ფუჟვას ან დანახშირებას თბური წყაროს მოშორების შემდეგაც. მას მიეკუთვნება: მერქანი, ფანერი, პლასტმასა, მერქანფენოვანი პლასტიკი (ПС და ПТ), მექანბურბუშელოვანი ფილა (ДСП), მერქანბოჭკოვანი ფილა (ДВП), ქაღალდის მერქნოვანი პლასტიკი (БСП), ფილა OSB და სხვ.

წვადი ნივთიერებები - სითხეები, აირები, მტვერი, რომლებიც თვითაალებადია, აალდებიან გარეშე წყაროსაგან და აგრძელებენ წვას წყაროს მოშორების შემდეგაც.

წვეთები (გუტები) - წაკვეთილი კონუსის, ცილინდრის ან სხვა ფორმის სამკაული დორიულ ანტამბლემენტზე.

წვეტურა - 1. ლირსი; შენობის ვიწრო მხარეზე ორქნობიანი სახურავით შექმნილი სამკუთხა არე; 2. ღიობის დამაგვირგვინებელი წვერმახვილი სამკუთხედის ფორმის დეკორატიული ელემენტი გოთიკურ არქიტექტურაში (ნახ. 1).

წვიმით გამოწვეული ღვარცოფი - ღვარცოფის ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი. წარმოიქმნება წვიმებისა და თავსხმა წვიმების შედეგად. ღვარცოფის ჩამოყალიბების მექანიზმი, უმეტეს შემთხვევაში, განეკუთვნება ეროზიულ ტიპს - ფერდობების ჩამორეცხვა და წარეცხვა; კალაპოტების სიღრმული და გვერდითი წარეცხვა იწვევს ნაშალი მასალის წყალგაჯერების მომატებას და ღვარცოფული ტალღის წარმოქმნას. წ.გ.ღ. ღვარცოფული მოვლენების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა დედამიწაზე და გვხვდება პრაქტიკულად ყველა კლიმატურ ზონაში.

წვიმის საანგარიშო ხანგრძლივობა - გარკვეული ინტენსივობისა და სიხშირის წვიმის ხანგრძლივობა საკანალიზაციო ქსელის გაანგარიშებისათვის.

წვის ზონა - სივრცის ნაწილი, სადაც ხდება საწვავი ნივთიერებების მომზადება წვისათვის (შეთბობა, აორთქლება, დაშლა) და მათი უშუალო წვა.

წვის ინჰიბიტორი - უარყოფითი კატალიზატორი, რომელიც ისე ამუხრუჭებს რეაქციას, რომ წვის ტემპერატურა არ მცირდება. ინჰიბიტორის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს წვადი ნივთიერების დაჟანგვისას რეაქციის ჯაჭვის გაწყვეტაში. ინჰიბიტორი ადვილად რეაგირებს რეაქციის აქტიურ ცენტრებთან, გარდაქმნის რა მათ მდგრად პროდუქტებად. წ.ი. ძირითადად გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად და აფეთქების აქტიურად ჩასახშობად.

წვის პროდუქტების ტრაქტი - ტრაქტი, რომელშიც შედის წვის კამერა, თბომცვლელი და არხი წვის პროდუქტების გასაყვანად კვამლსადენში, გამოსაშვები მილყელის, სტაბილიზატორის და წევის გადამწოდების ჩათვლით.

წვის პროცესი - წვადი აირით და ჰაერის ნარევით ავსებული სათავსი, რომლის გათბობით მთელ მოცულობაში თანაბრად დაიწყება ეგზოთერმული რეაქცია, გამოყოფილი სითბოს ხარჯზე იზრდება რეაქციის სიჩქარე, ე.ი. წარმოიქმნება პირობები, რომლის დროსაც ნარევის გათბობის სიჩქარე ზვავისებურად გაიზრდება და დაიწყება სითბური წვა ანუ სითბური აალება.

წვრილი საკედლე ბლოკი – მზადდება უჯრედოვანი ბეტონისაგან. გამოიყენება გარე და შიდა კედლებისათვის მცირე- და მრავალსართულიანი შენობის კარკასის შესავსებად. ბლოკი რეკომენდებულია არა უმეტეს 75% ფარდობითი ტენიანობის შენობებში. სარდაფის, ცოკოლის და შენობის იმ ნაწილისათვის, სადაც ბეტონის ძლიერი დატენიანებაა შესაძლებელი ასეთი ბლოკების გამოყენება აკრძალულია.

წიაღისეული - დედამიწის ქერქში არსებული ლითონური (მადნეული) და არალითონური (არამადნეული) წარმონაქმნები, რომლებიც ადამიანის (საზოგადოების) მატერიალური უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია, რაც მილიონი წლების მანძილზე გროვდებოდა.

წიბო - 1. დახერხილ მასალებში ნაწიბურისა და ფენას გადაკვეთის ხაზი; 2. მრავალწახნაგას ან მრავალწახნაგა კუთხის ორი მეზობელი წახნაგის გადაკვეთა; 3. ორი სიბრტყის გადაკვეტის ხაზი.

წიბოვანი კამარა - კამარა ამოყვანილი მრუდხაზივან კოჭებისგან შედგენილ კარკასზე, რომელიც დატვირთვებს ღებულობს და გადასცემს საყრდენს.

წიდა (გერმ.) - რკინისა და მისთ. ნადნობთ ხენჯი. არის ორი სახის - მეტალურგიული და სათბობის. პირველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტალურგიულ პროცესებში, იცავს ლითონს ღუმელში აირისა და მინარევების მავნე ზემოქმედებისაგან. ორთქლის ქვაბების საცეცხლურებში მყარი სათბობის წვის შედეგად მიღებული ნარჩენები, ნაჭრების სახით შეცხობილი ნაცრის ნაწილაკები ფართოდ გამოიყენება წიდაცემენტების, მინერალური ბამბის, წიდა-პემზის, წიდა-სიტალების წარმოებაში.

წიდა გრანულირებული (თერმოზიტი) - მიიღება მეტალურგიული გამდნარი წიდის სწრაფი გაცივებით. გამოიყენება მსუბუქი ბეტონების წარმოებაში.

წიდა ვულკანური - ვულკანის კრატერიდან ამოტყორცნილი და გაცივებული ლავის ნაწილაკები, რომლებიც ძლიერაა გაჯერებული აირებით. გამოიყენება შემვსებად მსუბუქ ბეტონებში.

წიდაბეტონი - მსუბუქი ბეტონის ნაირსახეობა, რომელშიც მსხვილ შემავსებლად გამოყენებულია წიდა-პემზა.

წიდაპორტლანდცემენტი - მიიღება პორტლანდცემენტის კლინკერის და ბრძმედის გრანულირებული წიდის ერთად დაფქვით. შეკვრის დასაწყისია 4...6 სთ, დამთავრება 10...12 საათი. ადრეულ ასაკში (7...10 დღე) ნელა მაგრდება, შემდეგ 28 დღემდე - სწრაფად. შენახვისას ადრე კარგავს აქტიურობას. ამიტომ დაუშვებელია დიდხანს შენახვა. წყალმედეგია, გამოიყენება ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში, საძირკვლებში და ა.შ. წიდაპორტლანდცემენტის მარკებია: 300, 400, 500.

წიდაცემენტი - მსუბუქი დაბალხარისხიანი ცემენტის ნაირსახეობა, რომლის შემავსებელს წარმოადგენს მეტალურგიული წარმოების ნარჩენი - ბრძმედული წიდა. წიდა შეიცავს შეკვრის უნარის მქონე კალციუმის სილიკატს და ინერტულ ნივთიერება გელენიტს; გოგირდი დასაშვებია 2...4%. წიდის უნარი, მოგვცეს შემკვრელი, დამოკიდებულია გაცივების პირობებზე. საჭიროა მისი სწრაფად გაცივება, რათა არ მოხდეს კრისტალიზაცია და მივიღოთ მინისებრი ამორფული სტრუქტურა. მისი გააქტიურება ხდება გრანულირების სველი ან ნახევრადმშრალი მეთოდით.

წივა - ოთხკუთხედებად დაჭრილი გამხმარი ნაკელი; გამოიყენება საწვავად.

წითელი ხაზი - 1. ქუჩის ან მოედნის განაშენიანების საპროექტო ხაზი; 2. ხაზი, რომელზედაც იდგმება შენობა; 3. დასახლებული ადგილების გენერალური გეგმით დადგენილი სამშენებლო ნაწილის საზღვარი.

წითელი ხე - მელიისებრთა ოჯახის მარადმწვანე მცენარე (ნახ. 1). მისი სამშობლოა კუბა, ჰაიტი, ბაჰამის კუნძულები და სამხრეთი ფლორიდა. სიმაღლე 60 მეტრამდეა, სისხო 60 სმ. მის ლამაზ მერქანს, რომელიც ადვილად ირანდება და პრიალდება, იყენებენ საავეჯო წარმოებაში, ფოტოაპარატების კამერების, გამოსათვლელი სახაზავების წარმოებაში. ბრწყინვალე მასალაა ძვირფასი ავტომანქანების სალონების მოსაწყობად, არეთვე გემთმშენებლობაში და თვითმფრინავმშენებლობაში. წითელი ხის მერქანს წითელი ან ყავისფერი ფერი აქვს, გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, სიმკვრივით, საოცრად ლამაზი ტექსტურით. წითელ ხეს მიეკუთვნება შემდეგი სახის მცენარეები: მახაგონის ხე (Swietenia mahagoni), ანუ დასავლეთ ინდოეთის მახაგონი; ამერიკული მახაგონი (Swietenia macrophylla); წითელი სანდალის ხე (Pterocarpus santalinus); მალაიზიის „პადუკი“ (Pterocarpus indikus); კენკროვანი ურთხელი (Taxus baccata); ურთხელი მახვილწვეროვანი (Taxus cuspidate); დაურიის ჟოსტერი (Rhamnus davurika); წებოიანი, ან შავი, ან ევროპული თხმელა (Alnus glutinosa); მონოტიპური გვარის სეკვოია (Sequoia).

წითელი ხიდი - ხიდი მდ. ხრამზე, აგებული XVII საუკუნის შუა ხანებში როსტომ მეფის დროს (ნახ. 1). ხიდის საერთო სიგრძეა 153 მ., სიგანე 4,3 მ. ის ოთხმალიანია, ბრტყელი აგურით ნაგები ისრული ფორმის თაღებით. ბურჯები მოპირკეთებულია თლილი ქვით. თაღები მდინარის დონიდან აწეულია 12-14 მ-ით. ხიდი ბოლოებიდან შუაგულისაკენ თანდათანობით მაღლდება და მთავარი თაღის თავზე გარდატყდება, რის გამო მას "გატეხილ ხიდსაც" უწოდებენ. ხიდის სანაპირო ბურჯებში მოწყობილია ბუხრიანი დიდი ოთახები, რომლებიც ქარვასლის ფუნქციას ასრულებდნენ, ამას გარდა არის მომცრო ოთახი - დარაჯის ან მებაჟისათვის.

წინადარბაზი - სათავსი შენობის მთავარი დარბაზის (აუდიტორიის, მაყურებელთა დარბაზის და ა.შ.) წინ.

წინაპირის ელემენტი - მოსაპირკეთებელი პანელი (ფილა) განსაზღვრული ზომების, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულება და ემაგრება შეკიდული ჭერის კარკასს ქვედა მხრიდან ან შემომზღუდავ კედელს ფასადის მხრიდან.

წინაპირის თამასა - შეჭრილი საკეტის ან რკინა-კავეულის ნაკეთობის დეტალი, რომელიც ემსახურება ამ დეტალის მიმაგრებას კარზე ან ფანჯარაზე და გასაღების (ურდულის) სწორად მორგებას საკეტზე (ნახ. 1).

წინასაპროექტო კვლევა - საპროექტო სამუშაოებისათვის საწყისი მონაცემების მოძიება.

წინასწარ დაძაბული კონსტრუქციები - სამშენებლო კონსტრუქციები, რომლებშიც წინასწარ (დამზადების ან მონტაჟის დროს) იქმნება კონსტრუქციის ელემენტებში ოპტიმალურად გადანაწილებული ძაბვა. წინასწარი დაძაბვა ზრდის კონსტრუქციის სიხისტესა და ბზარმედეგობას. ის მეტად ეფექტურია რკ.ბ.-ის კონსტრუქციებში, თუმცა იყენებენ ლითონის კონსტრუქციებშიც.

წინაფრა - შენობის შესასვლელის თავზე მოწყობილი გამონაშვერი ბრტყელი ან მომრგვალებული ფორმისა, რომელიც შემოსასვლელს იცავს წვიმის წვეთების პირდაპირი მოხვედრისაგან და შენობის ფასადს აძლევს დამთავრებულ არქიტექტურულ სახეს. ის შეიძლება დამზადდეს ლითონის, ხის, რკ.ბ.-ის, მინაპლასტიკის, პოლიკარბონატის (ნახ. 1) და სხვა მასალისაგან.

წინაღობა - დეტალის, ნაკეთობის, გარემოს, მასალის უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა დეფორმაციის გამომწვევი გარე ძალების ზემოქმედებას. მაგ., წ. კუმშვისადმი, ჭიმვისადმი, ღუნვისადმი, გასრესისადმი, გრეხვისადმი, დარტყმისადმი, თელვისადმი, ახლეჩისადმი, გაგლეჯისადმი, რღვევისადმი და სხვ.

წინაღობა გაგლეჯის - დაძაბულობა, რომელიც განისაზღვრება გამჭიმი ძალის შეფარდებით ნიმუშის უმცირეს განივკვეთთან, გაწყვეტის დროს. გაგლეჯის წინაღობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც განსაზღვრავს მასალის სიმტკიცეს.

წინაღობა გრეხისას (სიმტკიცის ზღვარი გრეხისას) - მაქსიმალური მხები ძაბვა, რომლის დროსაც ხდება დაგრეხილი ღეროს რღვევა ან იწყება რღვევადი დეფორმაცია.

წინაღობა დროებითი (სიმტკიცის ზღვარი) - განისაზღვრება სტანდარტული ნიმუშების ლაბორატორიული გამოცდების შედეგად. სტანდარტული ნიმუშების გამოცდა წარმოებს ხანმოკლე დატვირთვებზე ლაბორატორიულ პირობებში, სპეციალური სახელმწიფო სტანდარტების დაცვით. ნიმუშების შერჩევა კი წარმოებს ერთგვაროვანი ელემენტების ერთობლიობიდან შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით.

წინაღობა ელექტრული - წინაღობა, რომელსაც უწევს ელექტრული ჯაჭვი (გამტარი) მასში მოძრავ ელექტრულ მუხტებს. განზომილება - ომი. მუდმივი დენის ელექტრო წინაღობას ეწოდება აქტიური წინაღობა. ცვლადი დენის ელექტროწინაღობას - სრული წინაღობა. წ.ე. დამოკიდებულია გამტარის მასალაზე, მის კონფიგურაციაზე, გარე პირობებზე და სხვ. სიხშირის მომატებასთან ერთად დენის სიმკვრივე გამტარის ზედაპირთან იზრდება, რაც იწვევს წინაღობის გაზრდას. კუთრი ელ. წინაღობის განზომილება საერთაშორისო ერთეულთა სისტემა SI-ში - ომი და წარმოადგენს ელ. წინაღობას, რომელიც გააჩნია 1 მ სიგრძის ცილინდრული ფორმის სწორხაზოვან გამტარს განივკვეთის ფართობით 1 კვ.მ.

წინაღობა მაგნიტური - სიდიდე, რომელიც ტოლია მაგნიტური ჯაჭვის მოცემული ერთგვაროვანი მონაკვეთისათვის მაგნიტომამოძრავებელი ძალის (Fm) ფარდობისა მაგნიტურ ნაკადთან (φ),. ცნება „მაგნიტური წინაღობა“ წარმოქმნილია ელექტრული წინაღობის ცნების ანალოგიურად (ეს ანალოგია წმინდა ფორმალურია, რადგან ორივე წინაღობის ფიზიკური ბუნება განსხვავებულია). მაგნიტური წინაღობა შეიძლება გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულით Rm = ℓ/μS, სადაც ℓ - მაგნიტური ჯაჭვის ერთგვაროვანი მონაკვეთის სიგრძე; S - მაგნიტოგამტარის განივკვეთის ფართობი; μ - მაგნიტური გამტარის მაგნიტური შეღწევადობა. მაგნიტური წინაღობა ცვლად მაგნიტურ ველში ცვლადი სიდიდეა და დამოკიდებულია სიხშირეზე. უმთავრესად გამოიყენება მაგნიტური ჯაჭვების საანგარიშოდ.

წინაღობა ნორმატიული (R) - სუფთა მასალის ძირითადი მახასიათებელი. მიიღება მასალის დროებითი წინაღობის სიდიდის მიხედვით შესაბამისი კოეფიციენტების გათვალისწინებით.

წინაღობა რთული - ნივთიერი სხეულის (ძელის, ღეროს ან სხვა დრეკადი სხეულის) დაძაბული მდგომარეობა იმ დატვირთვების შედეგად, რომლებიც იწვევენ რამდენიმე ერთდროული უმარტივესი დეფორმაციისაგან შემდგარ რთულ დეფორმაციას (მაგალითად, გაჭიმვა და ღუნვა, გაჭიმვა და გრეხა, ღუნვა და გრეხა და ა.შ.).

წინაღობა საანგარიშო (R) - რეალური კონსტრუქციული ელემენტის რეალური მასალის სიმტკიცის ძირითადი მახასიათებელი. მიიღება მასალის ნორმატიული წინაღობის სიდიდის მიხედვით.

წინაღობა ჭრის - მხები ძაბვის რეალური მნიშვნელობა რღვევის საბოლოო მომენტში ჭრის შედეგად. წ.ჭ. გამოითვლება ლაბორატორიული გამოცდით გრეხაზე, ორმაგი ჭრისას და სხვა ხერხებით.

წინკარი (წინაოთახი) - ტამბური; სოფლის სახლის არასაცხოვრებელი ნაწილი, მომიჯნავე საცხოვრებელი ნაწილის. გამოიყენება სამეურნეო საქმიანობისათვის, ზაფხულში - საძინებლად.

წირთხლი - 1. ანყოლი, თავარა, ორთავი; კარის ან ფანჯრის ღიობის ზედა, გვერდითი სიბრტყეები; 2. კარის გადასასვლელზე გადებული ძელი; 3. ზღუდარი; კარის ღიობის შემკვრელი ზედა ძელი.

წირის შლილი - სწორხაზოვანი მონაკვეთი, რომლის სიგრძე ამ წირის სიგრძის ტოლია. ასეთი მონაკვეთის ძიებას ეწოდება წირის გაწრფევება ანუ წირის რექტიფიკაცია.ზოგჯერ წირის შლილში გულისხმობენ მის ევოლვენტას.

წირწკიმალი (ნაგელი) - ღერო ან ფირფიტა, რომელიც შესაერთებელი ელემენტების ურთიერთძვრას ეწინააღმდეგება, თვითონ ღუნვაზე მუშაობს, ხოლო შესაერთებელი ელემენტები თელვაზე. მასალად გამოიყენება მაგარი ჯიშის მერქანი, ფოლადი, ალუმინი და პლასტმასა. შეერთებები შეიძლება იყოს ერთჭრადი, ორჭრადი და მრავალჭრადი, რაც დამოკიდებულია შესაერთებელი ელემენტების რაოდენობაზე. განაწილება შეიძლება იყოს სწორკუთხა, ჭადრაკული ან ირიბი. წ. ყველაზე მეტადაა გავრცელებული ხის კონსტრუქციებში, სადაც იყენებენ მუხის ფირფიტოვან წ., რომლებიც წარმოადგენს სტანდარტული ზომების ფირფიტებს, ძირითადად ღუნვაზე მუშაობენ და შესაერთებელი სქელი ძელების წინასწარ ამოღებულ ბუდეებში ისმებიან. ისინი მზადდება ორი სტანდარტული ზომის: ℓ∙δ = 54×12 მმ და 72×16 მმ. შეერთებაში ფირფიტების ღერძებს შორის მანძილი S = 9δ, ხოლო ბუდის ჩაჭრის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს ძელის განივკვეთის სიმაღლის მეხუთედს. თუ შესაერთებელ ელემენტების საერთო სიგანე b ≤ 15 სმ, მაშინ კეთდება განგმირი ფირფიტები (რომელიც ძელის მთელ სიგანეზე გადის), ხოლო თუ b>15 სმ - ყრუ ფირფიტოვანი წირწკიმალები.

წისქვილი - 1. მყარი საშენი მასალების (ცემენტი, კირი, თაბაშირი, კერამიკული ნაკეთობები და სხვ.) დასაფქვავი (დასანაკუწებელი) მოწყობილობა. წარმოებაში მასალები ქუცმაცდება 0,1 მმ ზომის ნაწილაკებად. მასალების დასაფქვავად იყენებენ დოლურ, რგოლურ-ბურთულებიან, ლილვაკებიან, გორგოლაჭ-ქანქარულ, დარტყმითი მოქმედების შახტურ, ვიბრაციულ და პნევმატურ-ჭავლურ წ. წისქვილები არის პერიოდული და უწყვეტი მოქმედების. დამფქვავ სხეულებს წარმოადგენს ფოლადის ბურთულები ან ღეროები. ცნობილია აგრეთვე თვითდაფქვის წ. საფქვავი სხეულების გარეშე; 2. სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულის დასაფქვავი მოწყობილობა. გამოყენებული წ. სახეებია: წყლის, ქარის, ხელის და ელექტრული.

წისქვილი ბურთულებიანი - ქვის საფქვავი მანქანა, რომლის დოლურაში სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის ბურთულებია ჩაყრილი.

წისქვილი კოლოიდური - ჰერმეტულად დახურული, ძალიან სწრაფად მბრუნავი დარტყმითი წისქვილი (ნახ. 1), რომელშიც სხეულის ნაწილაკები ღებულობენ მნიშვნელოვან კინეტიკურ ენერგიას და იმსხვრევიან მყარ კედლებზე დარტყმების შედეგად. გამოიყენება კოლოიდური ხსნარების მისაღებად.

წისქვილი ჭავლური - გამოიყენება მასალის ზეწმინდა დაფქვისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც არასასურველია პროდუქტში ლითონური მინარევების არსებობა. მისი მოქმედების პრინციპი მდგომარეობს მასალის ნაწილაკების თვითდაფქვაში, რომლებიც მოძრაობენ დიდი სიჩქარით (რამდენიმე ასეული მეტრი წამში) გადამკვეთ ან შემხვედრ ჰაერის ნაკადებში. ენერგიის მატარებლის სახის მიხედვით წ.ჭ. არის ჰაერ-, ორთქლ- და აირჭავლური, ხოლო კონსტრუქციის მიხედვით - ვერტიკალური ჩაკეტილი მილისებრი კამერით, ბრტყელი ჰორიზონტალური კამერით და შემხვედრნაკადური საფქვავი კამერით. დაფქვის პროცესში ნაწილაკების ზომები მცირდება რამდენიმე მმ-დან რამდენიმე მიკრომეტრამდე.

წიფელი - მოვარდისფრო-თეთრი, მაგარი ჯიშის ხე (ნახ. 1). მერქანს აქვს ლამაზი ტექსტურა, ადვილად იჭრება და მუშავდება. მიუხედავად დიდი სიმტკიცისა, მეტად არამდგრადია ცვალებადი ტენიანობისადმი. სიმკვრივე 810...930 კგ/მ3. ადვილად სკდება და იბრიცება, ამიტომ შრობის პროცესში ამაღლებულ ყურადღებას საჭიროებს. კონსტრუქციებში გამოყენების შემთხვევაში მოითხოვს ინტენსიურ ქიმიურ კონსერვაციას (გაჟღენთვას). საქართველოში შეიძლება შეხვდეთ 50 მ სიმაღლის და 2 მ დიამეტრის გოლიათებს. თითოეულ ასეთ ხეში 14...15 მ3 მასალაა. ევროპაში ასეთი წ. ხის ფასი დაახლოებით მსუბუქი ავტომანქანის ღირებულების ტოლფასია. გავრცელებულია კავკასიის მთიანეთში, ჩრდილოეთ ირანში, ანატოლიაში, აღმოსავლეთ ბალკანეთში, ევროპისა და წინა აზიის ჩრდილოეთში, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის ოკეანური ჰავის მთიან ოლქებში. გვარში 10 სახეობაა. ნელა იზრდება. ცოცხლობს 400 წელს. წ. მაღალი სიხშირის, შეკრულ და დაბურულ კორომებს ქმნის. იგი საქართველოს მთავარი ტყის შემქმნელი ჯიშია. ტყის ვერტიკალური გავრცელების საზღვართან იზრდება გაღუნული და ტანბრეცილი ხეების სახით. მერქანს საუკეთესო ფიზიკური და ტექნიკური თვისებები აქვს, მეტად გამძლეა წყალში. წ. უარყოფითი თვისებაა წყალშთანთქმა და გაღუნვა გაშრობის დროს, ამიტომ ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის დეტალების დასამზადებლად, როგორიცაა: პარკეტი, მოაჯირები, სახელურები. ზოგჯერ იყენებენ ფასადების მოსაპირკეთებლადაც.

წიფელი აღმოსავლური - ფოთლოვანი ჯიშის ხე, სიმაღლით 40...50 მ-მდე, ვარჯი - დიდი, გაშლილი; აქვს უგულო, მკვრივი, მაგარი მერქანი; საქართველოში თითქმის ყველგან არის გავრცელებული 2300 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში ის ჩამოდის ზღვის დონემდე, ხოლო აღმოსავლეთში 400…600 მეტრამდე. საუკეთესო კორომებს ქმნის ზღ.დ.-დან 1100...1600 მ სარტყელში. წ.ა. მერქანს ფართე გამოყენება აქვს მშენებლობაში, საავეჯო წარმოებაში, ქიმიურ მრეწველობასა და მედიცინაში.

წკირა - ხის ლურსმანი.

წკირი (რუს. Штифт) - 1. სამაგრი ნაკეთობა ცილინდრული ან კონუსური ღეროს სახით, რომელიც დეტალებს ერთმანეთთან უძრავად აერთებს (ნახ. 1, ცილინდრული წკირი). წ. მჭიდროდ თავსდება ნახვრეტში, რომელიც გადის ორივე დეტალში და ხელს უშლის მათ ურთიერთძვრას; 2. წვრილი ჩხირი.

წმინდა ეროვნული შემოსავალი - საბაზრო ფასებით გამოსახული მთლიანი ეროვნული შემოსავლისა და ძირითადი კაპიტალის მოხმარების სხვაობა.

წმინდა კონკურენცია - ბაზრის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფირმები დიდი რაოდენობის ანალოგიურ პროდუქციას აწარმოებენ, მაგრამ თვით ფირმების მოცულობა (სიმდიდრე) საშუალებას არ აძლევს რომელიმე მათგანს, ზეგავლენა მოახდინოს საბაზრო ფასზე.

წმინდა ქლიბი - პატარა ნაჭდევებიანი ფოლადის ძელაკი. გამოყენება დეტალების ზედაპირის დასამუშავებლად.

წნევა - სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს სხეულის ზედაპირზე მოქმედი ძალების ინტენსივობას ამ ზედაპირისადმი მართობული მიმართულებით (ფართობის ერთეულზე მოქმედი ძალა). წნევა არის თანაბარგანაწილებული დატვირთვის (ძალის) ფარდობა იმ ზედაპირის ფართობთან, რომელზეც იგი მოქმედებს მართობულად. წნევის ერთეული SI სისტემაში არის პასკალი (პა). წნევას, რომელიც აღემატება ატმოსფერულ წნევას, უწოდებენ მაღალ წნევას. ხანგრძლივად მოქმედ მაღალ წნევას ეწოდება სტატიკური, მცირე დროის განმავლობაში მოქმედს კი- მყისი ან დინამიკური. ბუნებაში სტატიკური მაღალი წნევა არსებობს, პირველ რიგში, გრავიტაციის მოქმედების გამო. დედამიწის გრავიტაციული ველი ქანებში წარმოქმნის სტატიკურ წნევას, რომელიც ზედაპირულ შრეებში იცვლება ატმოსფერულიდან პლანეტის ცენტრისაკენ. დინამიკური მაღალი წნევა ბუნებაში აღიძვრება აფეთქების, მეტეორიტთა ვარდნის, ვულკანების მოქმედებისა და ტექტონიკური მოძრაობის დროს. მეტად ფართოა მაღალი წნევის გამოყენების არე (მეტალურგიაში - გლინვა, ჭედვა, ცხელი დაწნეხა და სხვ., კერამიკულ წარმოებაში, პოლიმერების სინთეზისა და დამუშავების დროს და სხვ.).

წნევა ჰიდროდინამიკური - სითხის მოძრაობისას სითხის განსახილველ მასაში მოქმედი ძაბვა.

წნევა ჰიდრომექანიკური - მკუმშავი ძაბვა, რომელიც მოქმედებს სითხის განსახილველ მასაში.

წნევა ჰიდროსტატიკური - სითხის წონასწორობისას სითხის განსახილველ მასაში მოქმედი ძაბვა. მისი სიდიდე სითხის ნებისმიერ წერტილში ყველა მიმართულებით ერთნაირია.

წნეხ-ყალიბი - დაბალი სიმაგრის მასალებისა და პლასტმასებისაგან ჩაწნეხვის მეთოდით მოცულობითი ნაკეთობების დასამზადებელი სამარჯვი მოწყობილობა. მზადდება ძირითადად ფოლადის ფილებისაგან.

წნეხა - წნეხებზე სხვადასხვა მასალების წნევით დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, რომლის შედეგად ღებულობენ ნამზადებსა და ნაკეთობებს ლითონებისაგან, პლასტმასებისაგან, ფხვნილებისაგან. წ. რამდენიმე მეთოდია ცნობილი: ვაკუუმური, თხევადი, მანქანური, ცივი, ცხელი, ზოდების.

წნეხი (ლათ., ვაწვები) - დანადგარი მასალების წნევით დამუშავებისათვის. წ. მუშა ნაწილი მასალაზე ახდენს არა დარტყმით, არამედ სტატიკურ ზემოქმედებას. წ. იყენებენ მასალის მექანიკური გამოცდებისათვის (ბრინელის წნეხი), კერძოდ, სისალის დასადგენად. წ. არის ჰიდრავლიკური და მექანიკური. მექანიკური მუხლა-ბერკეტული წ. გამოიყენება ცეცხლმედეგი ნაკეთობების და კერამიკული ფილების ნახევრად მშრალი მეთოდით დასამზადებლად. გამოყენებული წნეხი მიეკუთვნება მრუდხარა-ბერკეტულ ტიპს პერიოდულად მბრუნავი მაგიდით ცალმხრივი და ერთსაფეხურიანი წნეხვით. სამშენებლო აგურის, ღრუ ბლოკების და სხვა სამშენებლო კერამიკული ნაკეთობების დასამზადებლად იყენებენ შნეკიან ვაკუუმურ წ.

წნეხი ლენტური - წნეხი აგურის პლასტიკური დაყალიბებისათვის; შეიძლება იყოს ვაკუუმური და არავაკუუმური.

წნეხი ჰიდრავლიკური - სტატიკური მოქმედების მანქანა, რომელშიც ენერგომატარებელს წარმოადგენს სითხე, რომელიც იმყოფება მაღალი წნევის (20...100 მპა) ქვეშ. მისი საშუალებით ახდენენ ჭედვას, ტვიფრვას, ჩაწნეხვას, მასალების შემკვრივებას, მასალების ლაბორატორიულ გამოცდებს კუმშვაზე, ღუნვაზე, ჭიმვაზე და სხვ.

წნული - 1. წკეპლების, მავთულის და მისთ. გადახლართვით შექმნილი ფარი, ღობე, გოდორი და ა.შ.; 2. დაწნული ორნამენტი, რომელსაც, ჩვეულებრივ, საფუძვლად უდევს მცენარეული ორნამენტი.

წოლანა - 1. ლართხი; გადებული ძელთაგანი, რომლებზედაც ლაგდება ფიცარფენილი; 2. შუალედური ფორმის მასალა, ორმხრივ ჩამორანდული მორი, რომელიც მიიღება მორის სიგრძეზე ორი სეგმენტის ჩამოხერხვით. ძირითადად გამოიყენება რკინიგზის ნაშურიან შპალებად და ხის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად.

წოლი - გადახურვის კოჭებზე ან საგანგებო სადგარებზე მოთავსებული ხის ძელი, რომელზედაც ლაგდება ფიცარფენილი.

წონა - სხეულის წონა მასზე მოქმედი სიმძიმის ძალის ტოლია: P = mg, სადაც m - სხეულის მასა, g - თავისუფალი ვარდნის ანუ სიმძიმის ძალის აჩქარება. სხეულის მასა (m) მუდმივი სიდიდეა, ხოლო g-ს მნიშვნელობა იცვლება დედამიწის განედისა და ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით; აქედან გამომდინარე, სხეულის წონაც შესაბამისად იცვლება. წონა და მასა სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეა. მათი გაიგივება არ შეიძლება. მათ ზომავენ სხვადასხვა ერთეულით: წონას - ძალის ერთეულით (დინი, ნ, კგძ და სხვ.), ხოლო მასას - მასის ერთეულებით (გ, კგ, ტ და სხვ.).

წონა აბსოლუტური - დანიშნულების ადგილზე მიტანილი მასალის (ნივთიერების) სრული წონა.

წონა დაყვანილი - წონა, დაყვანილი ერთი პირობითი მასალის წონამდე, გარკვეულ დონემდე, გარკვეულ რაოდენობამდე.

წონა მოცულობითი - ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერების ერთეული მოცულობის წონა (კგ/მ3, გ/სმ3)

წონასწორობა - მექანიკური სისტემის მდგომარეობა, რომლის დროსაც მისი ყველა წერტილი უძრავია მოცემული ათვლის სისტემის მიმართ. თუ ეს ათვლის სისტემა ინერციულია, მაშინ წ. აბსოლუტურს უწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში წ. ფარდობითია. მექანიკური სისტემის წონასწორობისათვის საჭიროა, რომ მასზე მოქმედი ძალები აკმაყოფილებდნენ სტატიკის გარკვეულ პირობებს., მაგ., აბსოლუტურად მყარი თავისუფალი სხეულის მექანიკური წონასწორობისათვის საჭიროა ათვლის სისტემის სამივე ღერძზე გარე ძალების გეგმილებისა და მომენტების ჯამი ტოლი იყოს ნულის.

წონასწორობა თერმოდინამიკური - სტატიკური წონასწორობა, წონასწორული მდგომარეობა, რომლისკენაც საბოლოოდ მიდის თერმოდინამიკური სისტემა, რომელიც იმყოფება უცვლელ გარემო პირობეში. ამ დროს სისტემა მექანიკურ წონასწორობაშია, მისი ყველა ნაწილის ტემპერატურა ერთნაირია, ხოლო პარამეტრების მნიშვნელობები არ იცვლება დროში (მკაცრად რომ ვთქვათ, ასრულებენ მცირე რხევებს უცვლელი საშუალო მნიშვნელობების ირგვლივ - იხ. ფლუქტუაცია).

წონასწორობა ქიმიური - რეაქციული სისტემის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს ერთდროულად ორ საპირისპირო მიმართულებით ერთი და იმავე სიჩქარით. შედეგად სისტემის შემადგენლობა რჩება მუდმივი მანამ, სანამ დაცულია მისი არსებობის პირობები (ტემპერატურა, წნევა). ყველა რეაქცია ხასიათდება მასში მონაწილე ნივთიერებების კონცენტრაციების თანაფარდობით - კონტაქტური წონასწორობით. სხვადასხვა ტემპერატურისა და წნევის ცვლილებისას წონასწორობის განსაზღვრით შეიძლება შეფასდეს ამა თუ იმ თანაფარდობის ხელსაყრელობა პრაქტიკული მიზნებისათვის.

წონასწორობის განტოლებები - წონასწორობის პირობების მათემატიკური გამოსახვა.

წონასწორობის მდგრადობა - წონასწორობაში მყოფი მექანიკური სისტემის უნარი - მცირე შეშფოთების (შერყევა, ბიძგი) შემდეგ დაუბრუნდეს თავის წონასწორულ მდებარეობას. მდგრადი წონასწორობის მდებარეობაში მყოფი სისტემის მცირე შეშფოთების დროს ამ სისტემის წერტილები თავისი წონასწორობის მდებარეობის მახლობლობაში ასრულებენ მცირე რხევებს, რომლებიც წინააღმდეგობის შედეგად დროის მიხედვით მიილევა და წონასწორობა აღდგება

წონწინაღი - ტვირთი, რომელიც გამოიყენება იმ ძალებისა და ძალების მომენტების გასაწონასწორებლად, რომლებიც მოქმედებენ მანქანაში, ნაგებობაში, მათ ნაწილებში. მაგ., წ. ტვირთამწევ მანქანებში.

წოწება - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, როდესაც ხის (მორის) დიამეტრი კინტიდან (ძირიდან) წვეროსაკენ თანდათანობით მცირდება და ეს შემცირება აჭარბებს 1 სმ-ს 1 გრძივ მეტრზე (ნახ.1). წოწება ჩვეულებრივი მოვლენაა. მანკად ითვლება მხოლოდ ისეთი წოწება, რომელიც მეტია მითითებულ სიდიდეზე. წოწება წიწვოვან ხეებს ნაკლებად ახასიათებს, ვიდრე ფოთლოვანს. ყველაზე დიდი წოწება შეინიშნება ხის წვერისაკენ, ყველაზე ნაკლები - შუა ნაწილში. იგი ზრდის მერქნის ნარჩენებს დახერხვის დროს და ამცირებს მის ხარისხს.

წრეთარგი - ფოსო; შეზნექილი, მრუდხაზოვანი არქიტექტურული პროფილი, რომელსაც წრის მეოთხედის მოხაზულობა აქვს.

წრეწირი - ჩაკეტილი ბრტყელი მრუდი, რომლის ყველა წერტილი თანაბრადაა დაშორებული მოცემული წერტილიდან, რომელსაც ცენტრი ეწოდება. თუ ეს დაშორება არის წ. რადიური R, მაშინ წ. სიგრძე უდრის 2πR. წ. განტოლება მარკუთხა კოორდინატთა სისტემაში იქნება (x−a)2+(y−b)2 = R2, სადაც a და b წრეწირის ცენტრის კოორდინატებია.

წრთობა - ფოლადის ნაკეთობის თერმული დამუშავების სახე (ჯერ გახურება, შემდეგ სწრაფად გაცივება), რომელიც ზრდის მის სისალეს. წ. შეიძლება იყოს არასრული, გამჭოლი, ზედაპირული, იზოთერმული, სრული, წყვეტილი, წყალში, ზეთში, ჰაერში და სხვ.

წრთობა იზოთერმული - წრთობა, როდესაც ნკეთობის გაცივების პროცესი მიმდინარეობს მუდმივ ტემპერატურაზე. გამოიყენება წრთობის ძაბვების შესამცირებლად და ფოლადის განსაზღვრული სტრუქტურის მისაღებად - უმეტესად ბეინიტის სტრუქტურის (ბეინიტური წრთობა).

წრფე სიბრტყეზე - წრფე, რომელიც აბსცისათა ღერძის მართობულია.

წრფივი გარემო - გარემო, რომლისთვინაც გარე ზემოქმედებასა და შიდა მდგომარეობას შორის არსებობს პროპორციული დამოკიდებულება (მაგ., სამშენებლო კონსტრუქცია დამზადებული ისეთი მასალისაგან, რომელიც ემორჩილება ჰუკის კანონს; დიელექტრიკი, თუ მისი ელექტროთვისებები არ არის დამოკიდებული მაგნიტური ველის შეღწევადობაზე და სხვ.).

წრფივი დამოკიდებულება - დამოკიდებულება რამდენიმე მათემატიკურ ობიექტს შორის (ფუნქციებს, ვექტორებს და ა.შ.), როდესაც ერთი შეიძლება გამოისახოს დანარჩენების ჯამით, აღებული მურმივი კოეფიციენტით (წრფივი კომბინაციის სახით). მაგ., ფუნქციებს ƒ1(x) = sin2x, ƒ2(x) = 3cos2x და ƒ3(x) = 6 შორის არსებობს წ.დ., რადგან ƒ3 = 6ƒ1 + 2ƒ2.

წრფივი სისტემა - სისტემა, რომლის პარამეტრები დამახასიათებელი განსახილველი სისტემის პროცესების ფიზიკური თვისებებისა, არ იცვლება პროცესის მიმდინარეობის მთელი დროის განმავლობაში.

წრფივი ფუნქცია - ერთი ცვლადის ფუნქცია y = kx + b, სადაც x არის აბსცისთა ღერძის ორდინატა; k - წრფის კუთხური კოეფიციენტი (წრფის აბსცისთა ღერძის დადებით მიმართულებასთან შექმნილი კუთხის ტანგენსი). თუ k > 0, მაშინ წრფის აბსცისთა ღერძთან შექმნილი კუთხე მახვილია, k < 0 - კუთხე ბლაგვია, k = 0, მაშინ ზემოთ მოცემული ფუნქციით აგებული წრფე აბსცისთა ღერძის პარალელურია; b - მუდმივი სიდიდე. წ.ფ. ძირითადი თვისებაა: y ფუნქციის ნაზრდი x არგუმენტის პროპორციულია. შესაბამისად ფუნქციის გრაფიკი წარმოადგენს წრფეს. თუ b = 0, მაშინ ფუნქციას ეწოდება ერთგვაროვანი.

წუთი - 1. ბრტყელი კუთხის საზომი ერთეული, უდრის გრადუსის 1/60 ნაწილს. წუთის 1/60 ნაწილს წამი ეწოდება. ტერმინის საერთაშორისო აღნიშვნაა min - "მინუტი"; 2. დროის სისტემის ერთეული. 1წთ = 60 წმ = 1/60 სთ = 1/1440 დღე-ღამეს.

წუნდება - პროდუქციის შემოწმება მისი ვარგისიანობის გასარკვევად.

წუნი - ნაკლი, ზადი, დეფექტი; ნაკლის, დეფექტის მქონე ნაწარმი.

წყალამოღვრა - მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების არიდებას ან მოშორებას კარიერებიდან, შახტებიდან, შტოლნებიდან და სხვა სამთო გვირაბებიდან. შახტური (სიღრმული) ან კარიერული წ. შედგება: სადრენაჟო თხრილის, მილისებრი კოლექტორების, (რომლებიც წყალს იღებენ მიწისქვეშა სადრენაჟო მოწყობილობებიდან), საუბნო მთავარი წყალშემკრებებისა და სატუმბი კამერების მთავარი წყალამოსაღვრელი და საჭირხნი მილგაყვანილობებისაგან.

წყალარინება - სანიტარული ღონისძიებებისა და ტექნიკური მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც დასახლებული პუნქტებისა და სამრეწველო საწარმოების ტერიტორიებიდან ჩამდინარი წყლის მოშორებას უზრუნველყოფს.

წყალასაღები ნაგებობა (წყალასაღები) - ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც წყალს იღებს ღია წყალსატევიდან (მდინარიდან, ტბიდან, წყალსაცავიდან) ჰიდროტექნიკური, წყალმომარაგების, ირიგაციისა და სხვ. მიზნით. წ.ნ. უზრუნველყოფს წყლის გატარებას წყალსატარში (არხი, მილსადენი, გვირაბი და სხვ.) საჭირო მოცულობით, სათანადო ხარისხითა და წყლის მოხმარების გრაფიკთან შესაბამისობით. განასხვავებენ: ჰიდროკვანძის ნაგებობის შემადგენლობაში შემავალ ჰიდროელექტროსადგურის წ.ნ. (დაბალწნევიანსა და სიღრმულს); წყალმომარაგების სისტემის (წყალმიმღები); სამდინარეს (ყველაზე მეტად გავრცელებული) - სანაპირო, კალაპოტის, მოტივტივე, ჩამჩიანი; საირიგაციოს (კაშხლით და კაშხლის გარეშე).

წყალასაღები შახტური ჭა - ჭა, ბუნებრივი ქვებით, ხის მორებით, დიდი დიამეტრის რკ,ბ.-ის ცილინდრულ მილებით ან სხვა კონსტრუქციული მასალებით ამოშენებული კედლებითა და გასუფთავებული ფსკერით. გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც წყლოვანი ჰორიზონტის დონე (სიღრმე) არ აღემატება 20-30 მ-ს. განივი კვეთის მიხედვით არის მრგვალი, კვადრატული ან მართკუთხა.

წყალასაღები ჭაბურღილი - მიწისქვეშა წყლების ასაღები ჭაბურღილი, აღჭურვილი სამაგრი მილებითა და ფილტრებით (ნახ. 1. წყალასაღები ჭაბურღილი: 1-წყლის ტუმბო; 2-თიხის ჩამკეტი; 3-წყლის მომღები მილი; 4-სამაგრი მილი; 5-წყალუჟონადი ფენა; 6-ფილტრი; 7-წყლოვანი ფენა). ასეთი ჭაბურღილის სიღრმე დამოკიდებულია წყლოვანი ფენის განლაგებაზე, რომელშიც არსებობს წყალი. რაც მეტია ჭაბურღილის სიღრმე, მით მეტია იქედან ამოღებულ წყალში მარილების შემცველობა ანუ მით მეტია მინერალიზაცია. კონსტრუქციის მიხედვით წ.ჭ. ორი სახისაა: სრულყოფილი და არასრულყოფილი. სრულყოფილი - ესაა ჭაბურღილი, რომელიც სრულად ხსნის წყლოვან ფენას ანუ სრულად გადის წყლოვან ფენაში და ებჯინება წყალუჟონად ფენას. ის უზრუნველყოფს წყლის მაქსიმალურ მოდინებას და სწრაფ ავსებადობას. არასრულყოფილი კი ხსნის წყლოვანი ფენის ნაწილს და წყლის მოდინება ასეთ ჭაბურღილში ნაკლებია. მას ქვიშოვან ფენაში ბურღავენ იმ შემთხვევაში, როცა წყლოვანი ფენის სისქე დიდია და მისი სრული გავლა საჭირო არაა. ჭაბურღილი კირქვოვან ფენაში მიეკუთვნება არასრულყოფილს, რადგანაც აუცილებელი არ არის კირქვის ფენის სრული გაბურღვა. ჭაბურღილის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია ფილტრი, რომელიც არის მილი წვრილი ნახვრეტებით ან ბადე. ის წინააღმდეგობას უწევს ძირითად მილში დამაბინძურებლების (ქვიშა, ლამი და სხვ.) შეღწევას. ჭაბურღილის კედლების ჩამოქცევის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ფოლადის ან პლასტმასის სამაგრი მილი.

წყალაღმა - წყლის დინების საპირისპიროდ.

წყალბადი - უფერო აირი გემოსა და სუნის გარეშე. შედის ვულკანური და ბუნებრივი აირების შემადგენლობაში. ყველაზე გავრცელებული ელემენტია კოსმოსში. ქიმიური სიმბოლოა H. 1783 წელს, სპეციალური გაზომეტრების გამოყენებით ანტუან ლავუაზიემ და ჟან მენიემ მოახდინეს წყლის სინთეზი, ხოლო შემდეგ კი მისი ანალიზი. ცდების შედეგად მეცნიერებმა დადგინეს, რომ ჟანგბადი წყლის შემადგენლობაში შედის. 1787 წელს ლავუაზიე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წ. წარმოადგენს ქიმიურ ელემენტს. მე-18 და მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე დადგინდა, რომ ქიმიურ ელემენტებს შორის, წყალბადის ატომს გააჩნია ყველაზე მცირე მასა, რის გამოც ეს სიდიდე ეტალონად იქნა მიჩნეული. წ. შეიძლება არსებობდეს როგორც თხევად, ისე მყარ მდგომარეობაში. წ. შედის თითქმის ყველა ორგანული ნივთიერების შემადგენლობაში და არის ყველა ცოცხალ უჯრედში. გამოყენება: პლასტმასის, ამიაკის, მეთანოლის, საპონის, მარგანინის წარმოება, სარაკეტო საწვავი. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები წყალბადის, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების საწვავად გამოყენებისათვის. წ. ძრავები არ აჭუჭყიანებენ გარემოს და გამოყოფენ მხოლოდ წყლის ორთქლს.

წყალგადასაშვები - ზღუდე (ზღურბლი), რომლიდანაც გადაიღვრება წყლის ნაკადი; ჰიდროტექნიკაში წ. ეძახიან წყალსაგდებს მისი თხემიდან წყლის თავისუფალი ვარდნით. წყლის ნაკადის თავმოყრისათვის ზღურბლის თხემში აკეთებენ მართკუთხა,სამკუთხა ან ტრაპეციული ფორმის ნახვრეტებს, გვერდებზე შემოსაზღვრული ბურჯებით ან შუალედური კედლებით („ბურჯებით“). ზღურბლის ფორმით მიხედვით განასხვავებენ წ. თხელი კედლით, ფართე ზღურბლითა და პრაქტიკული პროფილით, რომელიც აშენებულია თავისუფლად ვარდნილი ჭავლის ტრაექტორიის კოორდინატების მიხედვით და რომელსაც წყლის გატარების ყველაზე მაღალი უნარი აქვს.

წყალგადასაშვები კაშხალი - კაშხალი წყლის გასაშვები ღიობებით (კონკრეტულად, მთელი თხემის სიგრძეზე წყლის გადასხმით; იხ.წყალგადასაშვები). წყლის ხარჯისა და დონის მიხედვით ღია წყალსაშვებ ღიობებს არეგულირებენ საკეტებით. წყალსაშვები ღიობები შეიძლება გამოყენებული იქნეს დაცურებული ხე-ტყის, ყინულის, ნატანის (დაბალი ჭორომის შემთხვევაში), გემების (დინების დასაშვები დონისა და სიჩქარისა და ღიობების შესაბამისი გაბარიტების დროს) გასატარებლად. წ.კ. არსებობს ბეტონის, რკ.ბ.-ის, ქვის, ხის. რკინაბეტონისა და ბეტონის წ.კ. სიმაღლე აღწევს 300 მ-ს, ვარდნილი წყლის ხარჯი - რამდენიმე ათეულ ათასი მ3/წთ-ში.

წყალგამანაწილებელი - ჰიდროტექნიკური ნაგებობა წყლის გასანაწილებლად წყალსადენის ქსელში.

წყალგამაცხელებელი ქვაბი - საცეცხლურის მქონე მოწყობილობა, რომელიც თბება საცეცხლურში სათბობის წვით და განკუთვნილია ატმოსფერულზე მაღალი წნევის ქვეშ მყოფი წყლის გასაცხელებლად.

წყალგამყოფი - 1. ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის მეშვეობით წყლის გარკვეული რაოდენობის გაყოფა-განაწილება და გარკვეული მიმართულებით გატარება ხდება; 2. მაღლობი ორი ან რამდენიმე მდინარის აუზებს შორის.

წყალგამშვები ხვრელი - კედელში ან პარაპეტში დატანებული ღიობი, საიდანაც იწრიტება სახურავზე დაგროვილი წყალი.

წყალგაუვალი (წყალგაუმტარი) - რაშიც წყალი ვერ გადის, რაც წყალს არ ატარებს.

წყალგაყვანილობა - საინჟინრო ნაგებობების და მოწყობილობების კომპლექსი, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგებას ანუ წყლის მიღებას ბუნებივი წყაროებიდან, მის გაწმენდას, ტრასპორტირებას და მიწოდებას მომხმარებლისათვის (მოსახლეობა, სამრეწველო წარმოებები და სხვ.).

წყალდაწევა - მიწისქვეშა წყლების დონის ან წნევის დაწევის ხერხი, რომელიც გამოიყენება სამთო გვირაბების, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობაში. წ. ითვალისწინებს წყლოვან ქანებში განთავსებულ წყლის დაგროვებასა და ამოტუმბვას სადრენაჟო მოწყობილობის მეშვეობით.

წყალდიდობა - მყინვარული წყლით მოსაზრდოვე მდინარეების ზაფხულის ხანგრძლივი უხვწყლიანობა, მაღალი დონეები, ზოგჯერ ნაპირებზე გადმოსვლა.

წყალემულსია - წყლისა და რაიმე ნივთიერების ნარევი, რომელშიც ამ ნივთიერების ნაწილაკები წვეთების სახით არის შეტივტივებული.

წყალზედა - რაც წყლის ზევითაა, რაც წყლის ზედაპირზეა.

წყალი - წყალბადის ჟანგი, H2O - ჩვეულებრივ მარტივი მდგრადი ქიმიური ნაერთი წყალბადის ჟანგბადთან (მასის მიხედვით 11,19% წყალბადი, და 88,81% ჟანგბადი; მოლური მასა 18,0160; უფერო, უსუნო, უგემო სითხე. სიმკვრივე 00C ტემპერატურაზე 999,87 კგ/მ3, +3,980C-ზე - 1000 კგ/მ3. ყინულის სიმკვრივე 00C-ზე - 916,8 კგ/მ3, tდნ = 00C, tდუღ = 1000C. წ. ეკუთვნის უდიდესი როლი დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში, სიცოცხლის წარმოშვებაში, ფიზიკური და ქიმიური გარემოს, კლიმატის და ამინდის ფორმირებაში. არც ერთი ნივთიერება არ გამოიყენება ბუნებაში ისე ფართოდ, როგორც წ. იგი წარმოადგენს ქიმიურ რეაგენტს ჟანგბადის, წყალბადის, ტუტეების, აზოტჟავას, სპირტების, ალდეჰიდების, ჩამქრალი კირის და სხვა უამრავი საჭირო ქიმიური პროდუქტების, სამშენებლო მჭიდე მასალების შემკვრელის, ბეტონის, რკ.ბ.-ის და ხის კონსტრუქციების წარმოებაში. ტექნიკაში გამოიყენება, როგორც ენერგიაშემცველი, სითბოტევადი (ორთქლით გათბობა, წყლით გაცივება), მუშა ნივთიერება გათბობის მანქანებში და ორთქლის ტურბინებში და სხვ. წყლის გარეშე წარმოუდგენელია მრეწველობის და სოფლის მეურნეობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება, მედიცინა, ატომური ტექნიკა, სპორტი, კულტურა და სხვ. სადაც წყალია, იქ სიცოცხლეა და სადაც მისი ნაკლებობაა, იქ არსებობისათვის ბრძოლა მიდის. წ. უწოდებენ „უნივერსალურ გამხსნელს“, ვინაიდან იგი ხსნის ბევრად უფრო მეტ ნივთიერებას, ვიდრე სხვა სითხეები. ეს კი ნიშნავს, რომ წ. ახასიათებს მინერალების, ქიმიური და მკვებავი ნივთიერებების გადამტანი ფუნქცია, როგორც მიწაში, ასევე ცოცხალ ორგანიზმში. წ. უნიკალურია იმით, რომ იგი არის ერთადერთი ბუნებრივი სუბსტანცია ბუნებაში, რომელიც არსებობს სამ მდგომარეობაში: სითხე (წყალი), მყარი (ყინული) და აირი (ორთქლი). წ. უჩვეულოა იმითაც, რომ მისი მყარი ფორმა - ყინული, ნაკლებად მკვრივია ვიდრე სითხე. ამიტომაც არის, რომ ყინული წ. ზედაპირზე ტივტივებს. წ. ახასიათებს მაღალი თბოტევადობა. ეს კი გულისხმობს, რომ წ. შეუძლია შთანთქოს დიდი რაოდენობით სითბო, ამიტომაც არის, რომ ის ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში, მშენებლობაში გათბობის სისტემების მოსაწყობად, მანქანათმშენებლობაში - ავტომანქანების რადიატორებში. 1000C-ზე მაღლა წ. გადადის აირად მდგომარეობაში, ანუ ორთქლის ფაზაში. აღსანიშნავია, რომ წ. მოცულობა აორთქლებისას იმატებს 1670-ჯერ. 1000C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორთქლი უბრუნდება საწყის (თხევად) მდგომარეობას და ამ პროცესს კ ო ნ დ ე ნ ს ა ც ი ა ეწოდება. წ. მყარ მდგომარეოაბში გადადის, როცა ტემპერატურა 0C-ზე დაბალია და ამ პროცესს კ ო ა გ უ ლ ა ც ი ა ეწოდება. წ. სხვა სპეციფიური ფორმებია: წვიმა, სეტყვა, ნამი. დედამიწის 70% წ. უკავია. მას ხშირად „ლურჯ“ პლანეტასაც უწოდებენ. იგი გვხვდება ყველგან - ოკეანეების, მდინარეების, ტბების, ნაკადულების და მიწიქვეშა წ. სახით. დედამიწის წყლის 97,2% წარმოადგენს მლაშე წ., დანარჩენი 2,8% - მტკნარი წყლებია. მოიხმარება დედამიწის ბუნებრივი ფუნქციონირებისათვის და საბოლოოდ ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება.

წყალი აგრესიული - წყალი, რომლის წყალბადური მაჩვენებელი ნაკლებია 7-ზე და შეიცავს ნორმაზე მეტ თავისუფალ ნახშირორჟანგს, სულფატისა და მაგნიუმის იონებს. ა.წ. შლის ბეტონისა და რკ.ბ.-ის კონსტრუქციებს, მასში მოთავსებულ ლითონის სამაგრებს (ანკერებს), ამცირებს მზიდუნარიანობას, ზრდის შენობის ფუძეებში და გვირაბებში წყლის მოდინებას, იწვევს კოროზიას და სხვ., ამიტომ საძირკვლების მოწყობისას და გვირაბმშენებლობაში მიმართავენ ბეტონისა და ლითონის ელემენტების სპეციალურ დაცვას, რათა თავიდან აქნეს აცილებული ა.წ. ზემოქმედება.

წყალი ბეტონისათვის - ბეტონის ტექნოლოგიაში წყალს იყენებენ შემდეგი მიზნისათვის: 1. ბეტონის (დუღაბის) ნარევის მომზადება; 2. ბეტონის გამაგრების დროს კონსტრუქციის მორწყვა; 3. შემვსების გარეცხვა. ყველა შემთხვევაში გამოიყენება ისეთი წყალი, რომელიც  აკმაყოფილებს ტექნიკურ პირობებს. წყლის ხარისხი ფასდება იმ მავნე მინარევების მიხედვით, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს შემკვრელი ნივთიერების ნორმალურ შეკვრას და გამაგრებას ან ბეტონის სტრუქტურაში გამოიწვიოს ახალწარმონაქმნი, რომელიც შეამცირებს ბეტონის სიმტკიცეს და ხანგამძლეობას. ბეტონში გამოყენებული წყლის წყალბადის მაჩვენებელი (pH) უნდა იყოს 4...12,5 ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ისეთი წყლის გამოყენება, რომელიც იძლევა სუსტ ტუტე რეაქციას. ბეტონის ნარევის დასამზადებლად და გამაგრებული ბეტონის მოსარწყავად, გასინჯვის გარეშე, შეიძლება სასმელი წყლის გამოყენება, ვარგისია ასევე მდინარის ტბის და წყალსატევის სუფთა წყალი. წყალში არ დაიშვება ნავთობპროდუქტი, ზეთი და ცხიმი. ეს ნივთიერება შეიძლება დაილექოს ცემენტის მარცვლის ზედაპირზე და შეანელოს მისი ჰიდრატაცია; თუ ის ადსორბირდება შემვსების მარცვალზე, ხელს შეუშლის მჭიდრო კონტაქტს ცემენტის ქვასთან და ამით შეამცირებს ბეტონის სიმტკიცეს. იმისათვის, რომ ბეტონის სიმტკიცე მივიყვანით საპროექტომდე, დაგვჭირდება ცემენტის მეტი ხარჯი, რაც გამოიწვევს ბეტონის უსაფუძვლო გაძვირებას. უფრო მარტივი და იაფია, თუ გამოვიყენებთ ისეთ წყალს, რომლის ზედაპირზე არ იქნება ზეთის, ცხიმის ან ნავთობ-პროდუქტის აფსკი. დაუშვებელია აგრეთვე ორგანული ნივთიერებებით დაბინძურებული წყლის გამოყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალში ხსნადი მარილის, სულფატ-იონის და ქლორის იონის არსებობა. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ბეტონის შეკვრის ვადების და გამაგრების სიჩქარის უკონტროლო ცვლილება. მაგრამ, ყველაზე მთავარია ცემენტის ქვის და რკინაბეტონში არმატურის კოროზიის წარმოქმნის საშიშროება. სულფატ-იონის დიდი რაოდენობის დროს ბეტონში იწყება სულფატური კოროზია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცემენტის ქვის და კონსტრუქციის დაშლა. ქლორის იონი იწვევს კოროზიას არა მარტო ცემენტის ქვაში, არამედ ფოლადის არმატურაშიც. ამიტომ, სულფატ-იონის არსებობამ არ უნდა გადააჭარბოს 2,7 გ/ლ, ქლორ-იონისა კი - 1,2...3,5 გ/ლ. თუ წყალში ხსნადი მარილი დიდი რაოდენობითაა, ბეტონის გამაგრების შემდეგ ის განიცდის კრისტალიზაციას ცემენტის ქვის ფორებში და ნაკეთობის ზედაპირზე ქმნის ე.წ. გამომარილებას, რომელიც აფუჭებს ნაგებობის გარეგნულ იერს. ამ მიზეზის გამო ბეტონის დასამზადებელ და მოსარწყავ წყალში, ასევე შემვსების გასარეცხად, ხსნადი მარილების რაოდენობა შეზღუდულია ნორმებით, 5...35 გ/ლ ფარგლებში. წყლის ანალიზი ტარდება სამშენებლო ან ქიმიურ ლაბორატორიაში შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმრბით.

წყალი გამოხდილი - წყალი, რომელიც ჩვეულებრივი წყლის დისტილირებით (მინერალური შენაერთების მოცილება) მიიღება.

წყალი გრავიტაციული - თავისუფალი წყალი, რომელიც მიედინება სიმძიმის ძალის გავლენით და ქმნის ჰიდროსტატიკურ წნევას.

წყალი მტკნარი - წყალი, რომელიც არ შეიცავს მარილებს.

წყალი მძიმე - წყლის ნაირსახეობა, რომელშიც ჩვეულებრივი წყალბადი შეცვლილია მისი მძიმე იზოტოპით - დ ე ი ტ ე რ ი უ მ ი თ; სიმკვრივე 1104 კგ/მ3, tდნ = 3,8130C, tდუღ = 101,430C. შედის ბუნებრივი წყლის და ატმოსფერული ნალექის შემადგენლობაში. მიიღება ჩვეულებრივი წყლის ელექტროლიზით. გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში, როგორც ნეიტრონების ეფექტური შემკავებელი, აგრეთვე ქიმიურ, ბიოლოგიურ და სხვა სამეცნიერო ლაბორატორიებში კვლევებისათვის.

წყალი რბილი - წყალი, რომელშიც მცირე რაოდენობითაა (ან საერთოდ არ არის) კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი მარილები. ხისტი წყლის დასარბილებლად მიმართავენ მის ადუღებას. შესაძლებელია სოდის ან კირის დამატებაც.

წყალი ხისტი - წყალი, რომელშიც დიდი რაოდენობითაა კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი მარილები. იწვევს მყარი ნალექის (მინადუღის) გამოლექვას ორთქლის ქვაბების, თბოგადამცემების კედლებზე. უნდა აღინიშნოს, რომ დასალევად ხისტ წყალს გაცილებით სასიამოვნო გემო აქვს, ვიდრე რბილ წყალს

წყალმარჩხი - მცირეწყლიანი, თავთხელი (იტყვიან მდინარის შესახებ).

წყალმედეგი ბარიერი - მასალა ექსტერიერის კედლის საფარის ქვეშ, რომელიც განკუთვნილია იმისათვის, რომ წყალმა ვერ შეაღწიოს ექსტერიერის საფარში, იქედან კი აწყობილ ექსტერიერის კედელში.

წყალმედეგობა – მასალის თვისება შეინარჩუნოს სიმტკიცე დასველებისას. რიცხობრივი მაჩვენებელი არის დარბილების კოეფიციენტი  Kდარბ. = Rგაჟ./Rმშრ., სადაც Rგაჟ და Rმშრ - მასალის ნიმუშის სიმტკიცე კუმშვისას წყლით გაჟღენთილ და მშრალ მდგომარეობაში, მპა. ეს კოეფიციენტები იცვლება 0-დან (გამოუმწვარი თიხის მასალები) 1-მდე (ფოლადი, მინა, გრანიტი). წყალმედეგია ისეთი მასალები, რომელთა დარბილების კოეფიციენტი მეტია 0,8-ზე. ეს მასალები შეიძლება გამოვიყენოთ ტენიან ადგილებში, დასველების საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებების გამოყენების გარეშე.

წყალმიმღები - წყალსადინარი, წყალსატევი ან ღარტაფი მიმდებარე ტერიტორიიდან დასაშრობი სისტემით წყლის მიღებისა და არინებისთვის. ტერმინი „წყალმიმღები“ გამოიყენება აგრეთვე წყალასაღები ნაგებობის აღსანიშნავად.

წყალმოვარდნა - მდინარეში წყლის დონის სწრაფი, შედარებით მოკლევადიანი აწევა, რაც გამოწვეულია თავსხმა წვიმებით, თოვლისა და ყინულის ინტენსიური დნობით, იშვიათად - მიწისა და ყინულოვანი კაშხლების გარღვევით. წყალმოვარდნა ატარებს არარეგულარულ ხასიათს. წ. დროს წყლის ნაკადის სიჩქარის და ხარჯის მნიშვნელოვან ზრდას თან ახლავს წყლის სიმღვრივის მომატება, კალაპოტის ხელახალი ფორმირება, ხოლო ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში ხდება წყალგაუმტარი ფენის მოწყვეტისა და კალაპოტის სიღრმული ეროზიის შედეგად ღვარცოფის წარმოქმნის მიზეზი.

წყალმოთხოვნა - წყლის რაოდენობა, საჭირო განსაზღვრული დენადობის დუღაბის ნარევის მისაღებად.

წყალმოთხოვნა ცემენტის - წყალ-ცემენტის ფარდობა, რომლის დროსაც მიიღწევა ცემენტის დუღაბის სტანდარტული ნორმირებული დენადობა.

წყალმოთხოვნის უთანაბრობა - წყლის ხარჯის ცვალებადობა დროის ინტერვალში.

წყალმოთხოვნის უთანაბრობის კოეფიციენტი - მაქსიმალური ან მინიმალური წყალმოთხოვნის შეფარდება მის საშუალო მნიშვნელობასთან დროის განსაზღვრულ ინტერვალში.

წყალმომარაგება - მომხმარებლის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლიობა; ნაგებობათა კომპლექსი (წყალსადენი), რომელიც წყვეტს წყალმომარაგების ამოცანებს. სისტემა შეიცავს წყლის მიღებას ბუნებრივი წყაროებიდან, მის გაწმენდას, ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისათვის მიწოდებას.

წყალმომზადება - ორთქლისა და წყალგამაცხელებელი ქვაბების ან სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესებისათვის ბუნებრივი წყაროდან მიწოდებული წყლის დამუშავება. წყალმომზადების მიზანი - გაათავისუფლოს წყალი უხეშდისპერსიული და კოლოიდური მინარევებისგან და მათში შემავალი მარილებისაგან და ამ გზით აღმოფხვრას ნადების დალექვა, მარილების ორთქლით წატაცება, ლითონების კოროზია, ასევე ტექნოლოგიურ პროცესებში წყლის გამოყენებისას დასამუშავებელი მასალების დაბინძურება.

წყალმოცილება - შახტის, კარიერისა და სადრენაჟო წყლების მოცილება (ძირითადად თვითდინებით) სანგრევის მიმდებარე ზონიდან მათი ზემოქმედების მიღმა მდებარე ზონამდე. იგი ხორციელდება ღია არხებით, ღარებით, მილსადენებით ან წოლხვრელებით.

წყალმოხმარება - წყალსატევებიდან და წყალსადინარებიდან მოსახლეობის, საყოფაცხოვრებო ორგანიზაციების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის ობიექტების მიერ წყლის აღება (გამოყენება).

წყალმცირობა - წლის ცივ პერიოდში ძირითადად მიწისქვეშა წყლით საზრდოობაზე გადასვლით განაპირობებული მდინარის დაბალი დონე და მცირე ხარჯი (არანაკლებ 10  დღე-ღამის განმავლობაში).

წყალჟონადობა - მასალის უნარი, გაატაროს წყალი წნევის ქვეშ. მახასიათებელია  წყლის ის რაოდენობა, რომელსაც მასალის 1მ2 ზედაპირი ატარებს, 1 წამის განმავლობაში, წყლის მოცემული წნევის დროს.

წყალსაგდები - ხვრეტი საგუბარის კედელში, რომლის საშუალებითაც ხდება ზედმეტი წყლის გადმოგდება წყალსაცავიდან.

წყალსაგროვი ნაგებობა - მიწისზედა და მიწისქვეშა წყლების შემკრები ნაგებობა სარწყავად, წყლის ენერგიეს გამოყენებისა და სხვა მიზნებისათვის.

წყალსადაწნეო კოშკები და რეზერვუარები - წყალმომარაგების სისტემის ნაგებობები წყალგაყვანილობის ქსელში წყლის ხარჯისა და წნევის დასარეგულირებლად მისი მარაგის შექმნისა და სატუმბო სადგურების მუშაობის გათანაბრებისათვის. წყალსადაწნეო რეზერვუარს, განსხვავებით წყალსადაწნეო კოშკისაგან, არ გააჩნია საყრდენი კონსტრუქცია (ტანი), მას ჩვეულებრივ აყენებენ ამაღლებულ ნიშნულზე და ძირითადად იყენებენ, როგორც მარეგულირებელ ტევადობას; ხშირად ის სახანძრო რეზერვუარის როლსაც ასრულებს.

წყალსადენი - შენობაში ან მოსამარაგებელ ტერიტორიაზე წყლის გამანაწილებელი მილგაყვანილობა. წყალსადენის კატეგორიებია: I კატეგორია - 25-ზე მეტი ატმ. წნევის და 1400 მმ-ზე მეტი დიამეტრის; II კატეგორია - 10-დან 25 ატმ. და დიამეტრი 500...1400 მმ; III კატეგორია - 10 ატმ-მდე და დიამეტრი 500 მმ-მდე.

წყალსადენი ქსელი - წყალგაყვანილობის ხაზების (მილგაყვანილობების) ერთობლიობა მოხმარების ადგილამდე წყლის მიწოდებისათვის; წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი.

წყალსადენის მუშა წნევა - ჭარბი წნევა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია მილსადენის არმატურისა და დეტალების საექსპლუატაციო მუშაობა მოცემულ რეჟიმში (მპა, კგ/სმ2).

წყალსადენის რგოლური ქსელი - წყალსადენის ქსელი, რომელიც მომხმარებელს ამარაგებს რამდენიმე მიმართულებით.

წყალსადენის ჩიხური ქსელი - წყალსადენის ქსელი, რომელიც მომხმარებელს წყალს აწვდის მხოლოდ ერთი მიმართულებით.

წყალსადენის ჭა - მიწისქვეშა თავდახურული ნაგებობა წყალსადენის ქსელში, სადაც ათავსებენ ქსელის ექსპლუატაციისათვის საჭირო არმატურას.

წყალსადინარი მილი - ზედაპირული წყლების გადამყვანი მილი.

წყალსათბობი - დანადგარი წყლის გასაცხელებლად ორთქლის, ცხელი წყლის, აირის და ელექტოენერგის მეშვეობით. წ. გამოიყენება ცხელი წყალმომარაგებისა და წყლით გათბობის სისტემებში, სასმელი წყლის გასათბობად საქვაბეებში და სხვ. უმეტესად გავრცელებულია ზედაპირული წ., რომელშიც სითბო გამოიყოფა ორთქლით ან ცხელი წყლით გაცხელებული ლითონის მილის ზედაპირიდან. ადგილობრივ წყალსათბობებს მიეკუთვნება აბაზანის სვეტები (რეზერვუარები), ქურაში განთავსებული კლაკნილები, წყალგამათბობელი ყუთები, სადუღრები და სხვ.

წყალსათბობი ქვაბი ბუნებრივი ცირკულაციით - წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის ცირკულაცია ხორციელდება წყლის სიმკვრივეებს შორის სხვაობის ხარჯზე.

წყალსათბობი ქვაბი იძულებითი ცირკულაციით - წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის ცირკულაცია ხორციელდება ტუმბოს მეშვეობით.

წყალსათბობი ქვაბი კომბინირებული ცირკულაციით - წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც არსებობს წყლის ბუნებრივი და იძულებითი ცირკულაციის კონტურები.

წყალსათბობი ქვაბი-უტილიზატორი - წყალსათბობი ქვაბი, რომელშიც წყლის გასათბობად გამოიყენება დიზელის, აირტურბინის დანადგარის, საშრობი კამერის ან ღუმელების ნამუშევარი (მეორადი) გაზის სითბო, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 350…7000C-ია. მეორადი გაზი შეიცავს მტვერსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს (კალციუმს, ნატრიუმა, გოგირდს), რაც იწვევს მილსადენებზე ნალექის დადებას და კოროზიას, ამიტომ მოხმარებამდე ხდება მისი გაწმენდა ციკლონებსა და ელექტროფილტრებში. წ.ქ.-უ. გამოიყენება ქიმიურ, ნავთობის, კვების, საფეიქრო და მრეწველობის სხვა დარგებში.

წყალსაკრები - სამთო გვირაბი ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების შესაკრებად ტუმბოების მეშვეობით. წ. მოცულობა განისაზღვრება 10...12 სთ-ის განმავლობაში, როდესაც წყალამოსაღვრელი ყველა ტუმბო გაჩერებულია. წ. იყენებენ შახტებსა მეტროპოლიტენში (მიწისქვეშა სამთო გვირაბი), კარიერებში (მთხრებლი) და სხვ.

წყალსარგებლობა - წყლის, როგორც გარემოს ან მექანიკური წყაროს გამოყენება (წყლის ტრანსპორტი, ჰიდროენერგეტიკა, თევზის მეურნეობა).

წყალსარინი - არხი, არხების სისტემა ან სხვა მოწყობილობა ნაგებობიდან ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლების მოსაცილებლად.

წყალსატევი - ბუნებრივად ან ხელოვნურად შექმნილი წყლის მარაგი.

წყალსაცავი - ბუნებრივი წყალსატევი მნიშვნელოვანი ტევადობით, რომელიც მდინარის ხეობაში იქმნება წყალსატბორი ნაგებობით წყლის შეჩერების, დაგროვების, შენახვისა და საჭიროებისამებრ განაწილებისათვის. წ. ყველაზე მეტად ხელსაყრელია, განლაგდეს ციცაბო და ნაკლებად წყალგამტარ ნაპირებთან, სადაც წყლის მაქსიმალური მოცულობის მიღებაა შესაძლებელი მინიმალური ზედაპირის ფართობით. წ. შექმნისას გრუნტის წყლის დონის აწევის შედეგად სანაპირო არეში მიწები იტბორება (ზოგჯერ ჭაობდება) და ნაპირები ფორმას იცვლის. ამ არასასურველ მოვლენებთან საბრძოლველად ახორციელებენ საინჟინრო თავდაცვებს: შემოზვინვას, დრენაჟს, ნაპირების გამაგრებას და მისთ. დაგროვილი წყლის მოცულობის მიხედვით (კმ3) მსოფლიოს უმსხვილესი წყალსაცავებია: ვიქტორია (უგანდა) – 204,8; ბრატსკი  (რუსეთი) -169,3; კარიბა (ზიმბამბვე/ზამბია) -160,3; ნასერი (ეგვიპტე) -160; ვოლტა (განა) - 148; დანიელ-ჯონსონი (კანადა) – 141,2; გური (ვენესუელა) – 138; ტარტარი (ერაყი) – 85; კრასნოიარსკი (რუსეთი) - 73,3; გორდონ ხრუმი (კანადა) – 70,1 და სხვ.

წყალსაციებელი - თბოგადამცემი აპარატი, რომელშიც წყალი ცივდება მილებში ან მილებსშორის სივრცეში მდუღარე მაციებელი აგენტით ან ცივი მარილხსნარით (ამიაკმარილხსნარით). გამოიყენება ჰაერის კონდენციონირების დანადგარებში, კვების და ქიმიურ მრეწველობაში, გაზიანი წყლის ჩამოსასხმელ აპარატებში.

წყალსაწევი მანქანა - წყალსაწევი, - მოწყობილობა სითხის (ძირითადად წყლის) გადასაადგილებლად. უმარტივეს წყალსაწევ მანქანებს მიეკუთვნება ოწინარი და ჯალამბარი ჭებიდან წყლის ამოსაწევად, ხოლო წყლის შეუფერხებელი მიწოდებისათვის გამოიყენება - არქიმედეს ხრახნი (ნახ. 1), წყალსაწევი ბორბალი (ნახ. 2, 1-ღარი, 2-ციცხვი, 3-ბორბალი დიამეტრით 2...6 მ), ნორია (ციცხვებიანი ელევატორი ან ციცხვებიანი საწეველა) და სხვ.

წყალუჟონადი გაფართოებადი ცემენტი - სწრაფგამაგრებადი ჰიდრავლიკური შემკვრელი. შეკვრა იწყება 4 წუთში, მთავრდება არა უგვიანეს 10 წუთისა. სიმტკიცე სამი დღის შემდეგ არანაკლები 30 მპა, ხოლო 28 დღის შემდეგ - არანაკლები 50 მპა. მოცულობის მატება შეადგენს 0,3...1,2%. ერთი დღე-ღამის ნიმუშები წყალუჟონადია 6 ატმოსფერული წნევის დროს. გამოიყენება გვირაბების, შახტების, წყალქვეშა ნაგებობების ჰიდროიზოლაციისათვის, წყალუჟონადი ნაკერების შესაქმნელად, ბეტონის და რკ.ბ.-ის კონსტრუქციების აღსადგენად და სხვ.

წყალუჟონადობა - მასალის თვისება არ გაატაროს ნიმუშში გარკვეული წნევის წყალი.

წყალფენიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი ს სახეობა, როცა ხის გულის უბნები, ტენის გავლენით, არანორმალურად შავი ფერისაა. იგი უმეტესად გვხვდება ხის ძირის ნაწილში, განივკვეთში ლაქების სახე აქვს, ხოლო სორტიმენტის გრძივ ჭრილში - ზოლების. გამოშრობის შემდეგ მუქი შეფერილობა ქრება და ფერმკრთალდება, მაგრამ ზედაპირზე წარმოიშობა წვრილი ბზარები. ახასიათებს ყველა სახის მერქანს.

წყალშემკრები - საკანალიზაციო ქსელის ნაგებობა, რომელიც ემსახურება წვიმის წყლის მიღებასა და არინებას.

წყალშემკრები აუზი - ხმელეთის ზედაპირი, საიდანაც მდინარის სისტემა წყალს იკრებს.

წყალშემკრები ღარი - ქანობიანი სახურავის გარე წყალჩასადენი ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ატმოსფერული წყლის შესაგროვებლად და წყალსადენ მილში გადასაყვანად.

წყალშეუღწეობა - მასალის უნარი არ გაატაროს წყალი ცალმხრივი ჰიდროსტატიკური დაწნევის გარკვეულ სიდიდემდე.

წყალშეღწევადობა - 1. მასალის შესაძლებლობა წნევის ქვეშ გაატაროს წყალი; 2. მასალის ფიზიკური მახასიათებელი, რომელიც იზომება ფილტრაციის კოეფიციენტის მიხედვით ანუ წყლის იმ რაოდენობით (მ3-ში), რომელიც გაივლის 1 მ3 მოცულობაში 1 სთ-ის განმავლობაში ზედაპირებზე წნევათა სხვაობის დროს, რომელიც დადგენილია ამ მასალის შესაბამისი სტანდარტით.

წყალშთანთქმა - მასალის თვისება, შეიწოვოს წყალი თავის ფორებში და შეინარჩუნოს იგი. არჩევენ მოცულობით და მასით წყალშთანთქმას Wმოც = [(m1−m)/V]∙100%;  Wმასით = [(m1−m)/m]∙100%, სადაც m - მშრალი მასალის მასა; m1 - წყლით გაჟღენთილი მასალის მასა; V - მოცულობა. მოცულობითი წყალშთანთქმა ყოველთვის ნაკლებია 100%-ზე, მაშინ როდესაც მასითი ხშირად მეტიცაა 100%-ზე. მასალის წყლით გაჟღენთის შედეგად არსებითად იცვლება მისი თვისებები: იზრდება სიმკვრივე და თბოგამტარობა, მცირდება სიმტკიცე.

წყალჩასადინარების მონტაჟი - წყალჩასადინარების მონტაჟი, დემონტაჟი და რემონტი შენობის ფასადებზე. ითვალისწინებს: წყალჩასადინარების პირველად მონტაჟს, მეორად მონტაჟს (მონტაჟი ძველ სამაგრებზე), ძველი წყალჩასადინარების დემონტაჟს და რემონტს ძაბრების, სარინების და სხვა ელემენტების შეცვლით.

წყალჩასაშვები - სადაწნეო ჰიდროტექნიკური ნაგებობა წყალსაცავის დაცლისა და მდინარის ჩამონატანებისაგან წყალსაცავის გასუფთავებისათვის, ასევე ქვედა ბიეფში წყლის გასაშვებად. წ. ჩვეულებრივ ათავსებენ ბეტონის კაშხლის ტანში (მილოვანი წ.), ხოლო მიწისა და ქვის კაშხალში - კაშხლის ფუძეში ან მის შემოვლით, ნაპირის მასივში (გვირაბისებრი წ.). გასაშვები წყლის მოცულობის რეგულირებისათვის წ. აქვს საკეტები.

წყალწმენდა - ტექნოლოგიური პროცესების ერთობლიობა, რომლის საშუალებით ბუნებრივი წყალმომარაგების წყაროდან წყალგაყვანილობით მიწოდებული წყლის ხარისხი დაიყვანება დადგენილ ნიშნულამდე. ზედაპირული წყალსატევების წყალი (ტბების, მდინარეების) ჩვეულებრივ მღვრიეა, შეფერილია და მასში ბაქტერიების შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ეს სასმელ წყალშია დასაშვები. ამიტომ წყალს სასმელ-სამეურნეო წყალგაყვანილობაში მიწოდებამდე აკამკამებენ (აცილებენ შეტვიტივებულ და კოლოიდურ ნაწილაკებს), აუფერულებენ და წმენდენ (ათავისუფლებენ ავადმყოფობის გამომწვევ მიკროორგანიზმებისაგან).

წყარო - მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი გამოსავალი დედამიწის ზედაპირზე. გამოსასვლელს პოულობს ხმელეთზე ან წყალქვეშ. წყაროების წარმოქმნას განაპირობებს წყლიანი ჰორიზონტის რელიეფის უარყოფითი ფორმებით (მდინარის ხეობა, ხევი, ქვაბული და სხვ.) გადაკვეთა, ადგილის გეოლოგიურ-სტრუქტურული თავისებურებები (ნაპრალები, ტექტონიკური რღვევები, მაგმური და დანალექი ქანების კონტაქტი), წყლიანი ჰორიზონტების ფილტრაციული არაერთგვაროვნება და სხვ. კლასიფიკაცია სხვადასხვაგვარია. განსხვავებაა დებიტის მიხედვითაც. არსებობს მუდმივი, სუსტად ცვალებადი, ცვალებადი წ. გამოიყოფა მუდმივი, პერიოდული, სეზონური და სხვა ხასიათის წ. ქიმიური შემადგენლობის მიხედვით განარჩევენ: მტკნარ, მინერალიზებულ და მარილიან წყაროებს; ტემპერატურის მიხედვით - მდუღარე, ცხელ, თბილ და ცივ წყაროებს. წ. ტემპერატურა დამოკიდებულია მისი მკვებავი მიწისქვეშა წყლის განლაგების სიღრმეზე, ამომყვანი არხის ხასიათზე, წყაროს გეოგრაფიულ მდებარეობაზე და მიწისქვეშა წყლების გარემომცველი გარემოს ტემპერატურულ რეჟიმზე. საქართველოში 2000-მდე წყაროა, რომლებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. გვხვდება სასმელად ვარგისი, ცივი, ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული წყლები (ბორჯომი, მიტარბი, საირმე, ნაბეღლავი, ზვარე, ავადჰარა, ბაგიათი, ვაჟას-წყარო, ლუგელა, სქური, უწერა, ჯავა და სხვ., აგრეთვე თერმული (ცხელი) სამკურნალო წყლები: მენჯის, ცაიშის, წყალტუბოს, ტყვარჩელის, ახტალის, ნუნისის და სხვ.

წყვილძალა - ორი ძალის სისტემა, რომლებიც სიდიდით ტოლნი არიან, მდებარეობენ პარალელურ ფუძეებზე და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არიან მიმართული. სიბრტყეს, რომელშიც მდებარეობენ წყვილძალის შემადგენელი ძალების ფუძეები, წყვილძალის სიბრტყე ეწოდება, ხოლო ამ ძალების ფუძეებს შორის მანძილს - წყვილძალის მხარი. წყვილძალას ტოლქმედი არ გააჩნია. წყვილძალის ნაკრები ვექტორი ნულის ტოლია.

წყვილძალის მომენტი - თავისუფალი ვექტორი, რომელიც სიდიდით წყვილძალის ერთ-ერთი ძალის სიდიდისა და მისი მხარის ნამრავლის ტოლია, მოდებულია წყვილძალის სიბრტყის ნებისმიერ წერტილში და მიმართულია წყვილძალის სიბრტყის მართობულად ისე, რომ წყვილძალა მას უვლიდეს "დადებითი" მიმართულებით. მყარ სხეულზე მოდებული ორი წყვილძალა მექანიკურად ერთმანეთის ტოლფასია (ეკვივალენტურია), თუ მათი მომენტები ტოლია. მყარ სხეულზე მოდებული წყვილძალების ნებისმიერი სისტემა ერთი ისეთი წყვილძალის ტოლფასია, რომლის მომენტი შემადგენელი წყვილძალების მომენტების გეომეტრიული ჯამის ტოლია.

წყლის ავარიული მარაგი - წყლის მარაგი რეზერვუარში, რომელიც გამოიყენება წყალსადენზე ავარიის დროს და მიეწოდება მომხმარებელს ერთი წყალსატარით.

წყლის გამტკნარება - ბუნებრივ წყლებში მარილების შეცულობის შემცირება. ხორციელდება მტკნარი წყლის მისაღებად, რომელიც გამოყენებადია სამეურნეო-სასმელი წყალმომარაგებისათვის. გამტკნარება ექვემდებარება ძლიერ მინერალიზირებული და ზღვის წყალი. წყალს გამტკნარებისას, დისტილაციისაგან განსხვავებით, არ ათავისუფლებენ მთლიანად მარილებისაგან, არამედ მიჰყავთ სასმელი წყლის კონდიციამდე.  გაცხელებით გამტკნარებისას მარილიან წყალს აორთქლებენ, ხოლო შემდეგ ორთქლის კონდესაციით ღებულობენ მტკნარ წყალს; წყლის გამტკნარებისას გაყინვით იყენებენ მარილიანი წყლის თვისებას გაყინვისას წარმოქმნას მტკნარი წყლის ყინულის კრისტალები, რომელთა შორისაც განთავსებულია მარილიანი ყინულის კრისტალები. გალღობის პროცესში თხევად მდგომარეობაში, პირველ რიგში, გადადის მარილიანი წყლის კრისტალები; ელექტროდიალიზური მეთოდის გამოყენების დროს წყალში გახსნილი მარილების კათიონები და ანიონები ერთმანეთს შორდება სპეციალური მემბრანით, რომელიც არ ატარებს მტკნარ წყალს; ჰიპერფილტრაციის მეთოდი დამყარებულია მემბრანების თვისებაზე, რომლებიც დამზადებულია აცეტილცელულოზით ან პოლიამიდის ფისით, შეაკავოს წყალში გახსნილი მარილების ჰიდრატირებული იონები, მაგრამ გაატაროს წყლის მოლეკულები.

წყლის დაბინძურება - მდინარეში, ნაკადულში, ტბაში, ზღვასა და ოკეანეში სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების მოხვედრის შედეგად წყლის ხარისხის გაუარესება.

წყლის დარბილება - წყლის დარბილების დროს ხდება წყლის სიხისტის მოშორება, რომელსაც იწვევს მასში გახსნილი კალციუმის და მაგნიუმის მარილები. ამ მიზნით წყალსადენ სადგურებში წყალში უმატებენ კალციუმის ჰიდროოქსიდს ან ნატრიუმის კარბონატს. წყლის დასარბილებლად შეიძლება იონმიმოცვლითი ფისების გამოყენებაც.

წყლის ეკონომაიზერი - საქვაბე დანადგარის ელემენტი, თბოგადამცემი, რომელშიც მკვებავი წყალი საქვაბეში მიწოდებამდე ცხელდება აირით. განასხვავებენ მდუღარე და არამდუღარე წ.ე. 2,2 მპა-მდე წნევისათვის წ.ე. მზადდება გლუვი და წიბოვანი თუჯის მილებისგან, უფრო მაღალი წნევისათვის - ფოლადის გლუვზედაპირიანი მილებისგან. წ.ე. ამცირებს წარმავალი აირების ტემპერატურას, რითაც ზრდის საქვაბე დანადგარის მ.ქ.კ.-ს

წყლის მომზადება - ორთქლის ქვაბების და სხვა ტექნოლოგიური დანადგარებისათვის ბუნებრივი წყაროდან (მდინარე, ტბა) შემოსული წყლის დამუშავება. წყალი თავისუფლდება უხეშდისპერსიული და კოლოიდური მინარევებისაგან, მარილებისაგან, რათა თავიდან აიცილონ მინადუღის გამოლექვა, ორთქლით მარილის წატაცება, ლითონის კოროზია, აგრეთვე პროდუქციისა და მარილების დაბინძურება. წყლის მოსამზადებლად გამოიყენება მექანიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები: გაკამკამება, შერბილება, იონცვლა, გაუკაჟბადოება, მარილების მოშორება, დეგაზაცია და დამატებითი დამუშავება ქვაბში. სასმელ წყალს დამატებით უტარდება დეზინფექცია გაუსნებოვნების მიზნით. წყლის მომზადების სქემა შეირჩევა დანიშნულების, ქვაბის კვების პირობების, მისი სისტემის და წნევის, სასმელი წყლის ხარისხის დადგენილი ნორმებისა და წყლის შემადგენლობის მიხედვით.

წყლის მოხმარება - წყლის ხარჯი, რომელიც მიეწოდება მოსახლეობას, მრეწველობას და სხვ. სხვადასხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. განასხვავებენ: სასმელ-სამეურნეო და კომუნალური წ.მ. - რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებისა და დასახლებული ადგილების კეთილმოწყობასთან; საწარმოო და ტექნიკური წ.მ. - სამრეწველო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, (ორთქლწარმოქმნა, გაცივება, პროდუქციის გარეცხვა, ჰიდრავლიკური ტრანსპორტი და მისთ.), ხანძარსაწინააღმდეგო საჭიროების და სხვა ტექნოლოგიური მიზნებისათვის. მოსახლეობის საჭიროებებისათვის წ.მ. მაჩვენებლად გამოიყენება წყლის კუთრი ხარჯი, ანუ საშუალოდ დღეში ერთ სულ მოსახლეზე დახარჯული წყლის მოცულობა.

წყლის ნაკადის წარმომქმნელი სისტემა - საშხეფებელი სისტემა, რომელიც იყენებს წყალმომარაგებასთან მიერთებულ მილსადენზე დამაგრებულ ღია საშხეფებლებს და რომლის სარქველი იხსნება მათ ზონაში დამონტაჟებული აღმომჩენი სისტემის ამუშავებისას. ამ სარქველის გახსნისას, წყალი გადადის მილსადენ სისტემაში და იღვრება მასზე დამაგრებული ყველა საშხეფებლიდან.

წყლის საკეტი - მოწყობილობა, რომელიც ეწინააღმდეგება აირების შეღწევას ერთი სივრციდან მეორეში და რომელშიც აირების არასასურველი მიმართულებით მოძრაობისათვის წყლის ფენა დაბრკოლებას წარმოადგენს. წ.ს. აყენებენ სანტექნიკურ მოწყობილობებში (ნიჟარებში, უნიტაზებში და სხვ.), აირსაშემდუღებლო მოწყობილობებში (აცეტილენურ გენერატორებში); ზოგჯერ წ.ს. ამონტაჟებენ ორთქლძალური მილგაყვანილობის დანადგარებსა და აირსაცავებზე. მაგ., სანათურაში აირების ნარევის აფეთქებისას „უკუ დარტყმის“ შედეგად აირი მიეწოდება წყლის საკეტში ონკანის გავლით და ამჭიდროებს წყალს მილაკში წყლის საცობის შესაქმნელად; წყლის დონე წ.ს. მცირდება და აირი მილაკის გავლით ატმოსფეროში გაედინება.

წყლის სიხისტის გრადუსი - წყლის სიხისტის გაზომვის ერთეული, რომელიც განპირობებულია წყალში გახსნილი მარილების არსებობით. სიხისტის 1 გრადუსი შეესაბამება 1 ლ წყალში 10 მგ კალციუმის ოქსიდის ან 7,19 მგ მაგნიუმის ოქსიდის შემცველობას.

წყლის ფილტვრა - წყლის წმენდის მეთოდი, როდესაც ხდება წყლიდან წვრილი შეწონილი მასის გამოყოფა, რისთვისაც წყალს ატარებენ სუფთა ან დაფქვილი ხის ნახშირის და ქვიშის ნარევის ფენაში. ქვიშის ფენა დაყრილია ღორღის ფუძეშრეზე.

წყლის ხარჯი - წყლის მოცულობა, რომელიც გაედინება ნაკადის ცოცხალ კვეთში დროის ერთეულში (მ3/წმ).

წყობა - 1. შენობის კედლის ამოყვანა აგურით, ქვით, ბლოკით; 2. აგებულება, სტრუქტურა.

ჭა - ჰიდროტექნიკური ნაგებობა ჭაბურღილის ან ვერტიკალური შახტის სახით, რომელიც მომხმარებელს ამარაგებს სასმელი გრუნტის წყლით.

ჭა არტეზიული - მიწისქვეშა წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილი. ჭ.ა. გამსხვავდება წყალასაღები ჭაბურღილისაგან იმით, რომ ის ხსნის ფენას, რომელშიც წყლის წნევა ჰიდროსტატიკურზე მეტია, რაც უზრუნველყოფს წყლის თვითდინებით ამოსვლას მიწის ზედაპირზე (ამოშადრევნება). ასეთი ჭის სიღრმე დაახლოებით 100 მ-ია, რაც საკმაოდ ძვირია, თანაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას. ჭის სიღრმის გაზრდა იწვევს წყალში მარილების მატებას და შესაბამისად, საჭირო ხდება წყლის დამატებითი დამუშავება (დარბილება, გამტკნარება).

ჭაბურღილი - საბურღი დანადგარებით დედამიწის ზედაპირიდან ან მიწისქვეშა გვრაბიდან ქანში გაყვანილი ცილინდრული ფორმის სამთო გამონამუშევარი, მრგვალი კვეთის, სიღრმით რამდენიმე მეტრიდან 10 კმ-მდე და მეტი, დიამეტრით 70...300 მმ. ჭ. სხვადასხვა დანიშნულებისაა: საექსპლუატაციო (ნავთობის, აირის, წყლის მოპოვება), ასაფეთქებელი, სადაზვერვო, დამხმარე (ვენტილაცია, წყალამოსაღვრელი), სპეციალური (გამყინავი, დრენაჟის) და სხვ. (ნახ. 1, ნავთობის ამოსაღები საექსპლუატაციო ჭაბურღილები მუშაობის პროცესში).

ჭადარი - 50 მ-მდე სიმაღლისა და 5 მ-მდე დიამეტრის ფოთლოვანი ჯიშის ფოთოლმცვივანი ხე დიდი გაშლილი ვარჯით. გული მოწითალო-მორუხო ფერის, ნაქურთენი კი მონაცისფრო აქვს. გადანაჭერზე წლიური შრეები საკმაოდ კარგად ჩანს, ახასიათებს უამრავი ფართე რადიალური სხივები, გამოირჩევა ლამაზი ტექსტურით და სიმაგრით. ჭ. სწრაფად მზარდია, ცოცხლობს 2000 წლამდე, შესანიშნავი დეკორატიული ხეა. გამოიყენება ავეჯის, ანათალი შპონის, სამხატვრო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობათა წარმოებასა და სადურგლო საქმეში. საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი დგას თელავში, რომლის სიმაღლე 40 მ-ია, გარშემოწერილობა 12 მ, წლოვანება კი 800 წელს აღწევს (ნახ. 1).

ჭავლი - ამონადენი სითხის ან აირის სვეტი.

ჭალა - ხეობის ნაწილი, რომელიც მხოლოდ წყალდიდობისას იფარება წყლით.

ჭალის ტყე - ვაკე რელიეფზე მდინარეების აუზში არსებული ტყეები.

ჭანგი - ფეხზე დასამაგრებელი ნამგლისებური, კბილებიანი ლითონის მოწყობილობა ბოძზე ასასვლელად.

ჭანჭიკი - სამაგრი დეტალი, ჩვეულებრივად მრგვალი ღერო ექვსკუთხა ან კვადრატული თავით, ღეროს ნაწილზე ხრახნით, რომელზეც ჩაიხრახნება ქანჩი. გვხვდება  ჩვეულებრივი და  სპეციალური ჭ. (ანკერული, განმბჯენი, კაკვისებრი, მრგვალთავიანი, ყრუ, ყუნწიანი, ჩამოქლონილი, ჩაჭრილი, ჭილობიანი და სხვ.). სამშენებლო კონსტრუქციებში გამოყენებული ჭ. იყოფა ოთხ ჯგუფად: უხეში, ნორმალური, ამაღლებული სიზუსტის და მაღალი სიმტკიცის. მასალად გამოიყენება დაბლად ლეგირებული ფოლადი. მაღალი სიმტკიცის ჭ. დასამზადებლად მიმართავენ ფოლადის თერმულ დამუშავებას.

ჭაობი - დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჰელოფიტები. ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი - ყველა მიკუთვნება დაჭაობებულ ტერიტორიას. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ. ფრინველებისათვის იდეალური ადგილია: ბინადრობს უამრავი თევზი, მცენარე და მწერი, რაც მათ საკვებ ბაზას შეადგენს; ყველგან ხარობს ლელქაში და ჭილი ბუდის გასაკეთებლად. მდინარეები გამუდმებით ლექავს მოტანილ ნაშალ მასალას, ტალახში მცენარეულობა იზრდება, ამიტომ დაჭაობებული ადგილები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იერსახეს იცვლის. ბევრ მათგანს საფრთხე ემუქრება, რადგან ჯერ ამოაშრობენ, შემდეგ კი ფერმერული და სატყეო მეურნეობისათვის ან სამშენებლო უბნებად იყენებენ. ზოგჯერ ხდება ჭ. დაშრობა ავადმყოფობის გამავრცელებელი პარაზიტი მწერების გასანადგურებლად.

ჭაპალა - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარეების მაშავერასა და ფოლადაურის შესაყართან (ბოლნისის მუნიციპალიტეტი).

ჭარბწარმოება - ეკონომიკური ვითარება, როდესაც არსებული ფასების პირობებში საქონლის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას.

ჭარიკი - ნახევარი კოკა.

ჭაური - 1. ვერტიკალური ან დახრილი გვირაბი, რომელსაც უშუალოდ გამოსასვლელი აქვს დედამიწის ზედაპირზე და განკუთვნილია სასარგებლო წიაღისეულის საბადოს გახსნისა და ექსპლუატაციისათვის შახტის ველის ან მისი ნაწილის ფარგლებში. ჭ. შეიძლება იყოს სადაზვერვო, საექსპლუატაციო და სპეციალური (ემსახურება მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის დედამიწის ზედაპირზე ამოტანას) და დამხმარე (მოწყობილობისა და მასალების ჩასაშვებად და სხვა). ჭ. სახესხვაობაა ბრმა ჭაური; 2. შენობა-ნაგებობის კედელში ვერტიკალურად დატოვებული სიცარიელე (არხი) ჰაერის ან კვამლის გასატარებლად.

ჭაღი (ქორკანდელი) - 1. ტვირთამწევი მანქანებისა და მოწყობილობების ბაგიროვანი მართვის სისტემების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ბაგირის მიმართულების შესაცვლელად ან ტვირთის ასაწევად. მოწყობილობას, რომელიც შედგება მოძრავი და უძრავი ჭაღებისაგან და მათი შემაერთებელი ბაგირებისაგან, მრავალჭაღს (პოლისპასტს) უწოდებენ; 2. რამდენიმე ნათურიანი ჩამოსაკიდებელი (ბროლის, მოოქროვილი, მონიკელებული) სანათი მოწყობილობა დარბაზების, აუდიტორიების, თაეტრების, საგამოფენო პავილიონების და მისთ. გასანათებლად (ნახ. 1: მოსკოვის დიდი თეატრის ჭაღი).

ჭახრაკი (რუს. струбцина) - ჩარხზე, დაზგაზე, შაბლონში დეტალის ჩასამაგრებელი მოწყობილობა საზეინკლო, სახარატე და სხვ. სამუშაოების შესრულებისას. ჭ. მზადდება ლითონისგან (ნახ. 1) ან მყარი და ბლანტი ხისაგან. მექანიზებულ წარმოებაში ჭ. ნაცვლად გამოიყენება ჰიდრავლიკური და პნევმატური მიმჭერები და წნეხები.

ჭდობა - ხის ნაწილების შეერთება, როდესაც ერთი ნაწილის ნაშვერი - კბილი, ჯდება მეორის სათანადო ამონაღარში. ჭ. შეიძლება განვახორციელოთ შუბლური მიყრდნობით (ნახ. 1), როცა ძალა შეკუმშული ელემენტიდან გადაეცემა მეორე ელემენტს უშუალო შუბლური მიყრდნობით ყოველგვარი მუშა მაკავშირებლების გარეშე და ნახევარჩაჭრით, როცა ძელების ან მორების ბოლოებზე კეთდება ჩაჭრები და შეერთება მოიჭიმება ჭანჭიკებით (მაგ., სანივნივე ფეხების შეერთება სახურავის კეხში). ზოგჯერ, მორების სიგრძეში წასაზრდელად იყენებენ ირიბ წაჭრასაც. ჭდობის გაანგარიშება ხდება სიმტკიცეზე თელვისა და ახლეჩის სიბრტყეების ფართობებისა და თელვისა და ახლეჩის გამომწვევი ძალების გათვალისწინებით.

ჭდობა ნახევარჩაჭრით - ძელების ან მორების ბოლოების შეერთების სახეობა. ამისათვის ბოლოებზე სისქის ნახევარზე კეთდება ჩაჭრები და შეერთება მოიჭიმება ჭანჭიკებით. ასეთი შეერთების მაგალითია სანივნივე ფეხების შეერთება სახურავის კეხში.

ჭედადი - რის დამუშავებაც ჭედვით შეიძლება.

ჭედვა - კვერვა; რელიეფური გამოსახულების მისაღებად საკვეთით ლითონის დამუშავების ტექნიკა.

ჭედური - ჭედვის ხასიათისა; ჭედვით გამოყვანილი (ხელოვნების ნაწარმოები); ჭედვასთან, როგორც ხელოვნების დარგთან, დაკავშირებული ქმნილება.

ჭერი - 1. გლუვი ზედაპირი (ზოგჯერ რელიეფით ან მოხატვით დამუშავებული), რომელიც ზემოდან საზღვრავს სათავსს; 2. სართულის გადახურვის კონსტრუქციის ქვედა ზედაპირი.

ჭერი დამჭიმი - მტკიცე ტილო თერმოპლასტიკური პოლივინილქლორიდისაგან, რომელიც მონტაჟდება „შავი“ ჭერის ქვემოთ და ფარავს მის ნაკლოვანებებს.

ჭერი კესონური - ჭერის სიბრტყიდან გამოშვერილი კოჭების ან დეკორაციული ზოლურების გადაკვეთით შექმნილი ჭერი (ნახ. 1).

ჭერი კიდული - 1. კონსტრუქციულ-მოსაპირკეთებელი ელემენტების ერთობლიობა, რომელიც ქმნის დამატებით სივრცეს კიდულ და ძირითად ჭერებს შორის; 2. საკიდურების საშუალებით გადახურვის მზიდ ელემენტებზე (კოჭებზე) კიდული ჭერი.

ჭერი სუფთა - ჭერის ქვედა ხილული ზედაპირი.

ჭერი შავი - ჭერის კოჭებზე აკრული ფენილი, რომელიც ქვევიდან დაფარულია მოსაპირკეთებელი ფენით.

ჭერი შეკიდული - საკიდურების საშუალებით გადახურვის მზიდ ელემენტებზე (კოჭებზე) დაკიდული ჭერი.

ჭერის ზედაპირი - ჭერის მზიდი კონსტრუქციის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) ქვედა ნიშნული.

ჭერის მოპირკეთების ზედაპირი - ჭერის მზიდი კონსტრუქციის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) ქვედა მოპირკეთებული ზედაპირის ნიშნული.

ჭერქვეშა სივრცის ვენტილაცია - კონსტრუქციული ნაპრალი, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის მოძრაობას სახურავის ფენასა და ჰიდროსაიზოლაციო აფსკს შორის, ასევე თბოსაიზოლაციო აფსკს შორის (თბილი სხვენის შემთხვევაში). იგი მიმართულია კარნიზის, ლავგარდანის კიდიდან კეხის ბოლომდე.

ჭერხო - ორსართულიანი სახლის ზედა სართული (თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში).

ჭექა-ქუხილი - ატმოსფერული მოვლენა, რომლის დროსაც სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში და ღრუბელსა და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა - ელვა, რომელსაც თან სდევს ქუხილი.

ჭვარტლი - იხ. მური.

ჭვრიტე (თვალი) - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ზრდაში განუვითარებელი მძინარე „თირკმლების“ ნაკვალევი. ახასიათებს კარელიის არყის ხეს, ნეკერჩხალს, ალვის ხეს და კოპიტს (ნახ. 1, ნეკერჩხლის „ჭვრიტე“ (თვალი)). ამცირებს მერქნის სიმტკიცეს სტატიკური ღუნვისას და წინაღობას დარტყმით ღუნვაზე, თუ იგი მოთავსებულია გაჭიმული ზონის საშიშ უბანზე. გავლენას არ ახდენს სიმტკიცეზე კუმშვისას და ახლეჩისას. არსებობს შემდეგი სახის ჭ.: გაბნეული - განლაგებული ერთმანეთისაგან 10 მმ და მეტი დაშორებით; ჯგუფური - 3 და უფრო მეტი შეყურსულია უბანზე, რომლის ზომაა 10 მმ-ზე ნაკლები; ზოგჯერ უკავიათ ფართობი 50...100 სმ2; ღია - რომელიც გარეგნულად უახლოვდება მერქნის ფერს; მუქი - მერქანზე გაცილებით მუქი ფერის.

ჭიათვალი - ჭიახრახნული გადაცემის ელემენტი, რომელიც მოდებაშია ჭიახრახნთან. კბილანა-გვირგვინი მზადდება ბრინჯაოსგან ან ანტიფრიქციული თუჯისაგან, ხოლო თვით თვალი - თუჯის ან სხმული ფოლადისაგან.

ჭიანაჭამები - მერქნის დაზიანება ბიოლოგიური მავნებლებისაგან, რომელიც შეიძლება იყოს ზედაპირული ან სიღრმითი (ნახ. 1, ჭიანაჭამები: ა - ზედაპირული; ბ - სიღრმითი მრგვალ მასალაში; გ - სიღრმითი დახერხილ მასალაში). მერქნის ძირითადი დამზიანებლებია არა ზრდადასრულებული მწერები, არამედ მათი ჭუპრები, რომლებიც იკვებებიან მერქნით და მისი ქერქით, მწერები ძირითადად აზიანებენ წიწვოვანი ჯიშის მერქანს. ხოჭოს ერთ ჭუპრს შეუძლია სიგრძეში 40 მ არხის გაჭრა.

ჭიახრახნი (რუს. - Червяк) ჭიახრახნული გადაცემის კბილანა, რომელიც წარმოადგენს ხრახნს, მოდებულს ჭიახრახნულ თვალთან. ფორმის მიხედვით განასხვავებენ ცილინდრულს და გლობოიდურს. ხრახნის პროფილის მიხედვით ცილინდრული ჭ. არის არქიმედის (ტრაპეციადალური ღერძულ კვეთში), ევოლვენტური (ღერძულ კვეთში ხრახნის შეზნექილი პროფილით) და კონვოლუტური (ტრაპეციადალურიხრახნის ნორმალურ კვეთში). შეიძლება იყოს ერთ- და მრავალსვლიანი.

ჭიახრახნული გადაცემა - მექანიზმი ბრუნვითი მოძრაობის გადასაცემად გადაჯვარედინებულ ლილვებზე (900-ით) ჭიახრახნისა და მასთან მოდებაში მყოფი ჭიათვლის საშუალებით. ხასიათდება დიდი გადაცემათა რიცხვით (300-მდე და მეტი), აქვს დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (0,5...0,85) და სწრაფად ცვეთადი ელემენტები.

ჭილიბყურა (რუს. - Шплинт) - სამაგრის სახე, მავთულის ორად გადაღუნული ღერო მცირედ განმხოლოებული ბოლოთი. გამოიყენება მცირედ დატვირთული ნაწილების შესაერთებლად, აგრეთვე ქანჩების თვითმოშვების თავიდან ასაცილებლად. სტანდარტული ჭ. მზადდება დიამეტრით 0,6...12 მმ, სიგრძით 4...200 მმ.

ჭილობი - ჭილთაგან წნული საფენი.

ჭიმი - მავთული, გვარლი, ბაგირი, ჯაჭვი გამოყენებული ვერტიკალურად მდგარი ნაგებობის (ანძა, საკვამლე მილი) მდგრადობის უზრუნველყოფისათვის. ის კონსტრუქციას ებმება ადგილ-ადგილ (იარუსებად), მინიმუმ სამ სიბრტყეში და ჩაანკერდება გრუნტში.

ჭიქური - კერამიკულ ნაკეთობაზე გამოწვით დამაგრებული საფარი - მინისმაგვარი 0,15...0,3 მმ სისქის ფენა.

ჭიშკარი - ალაყაფის კარი, ბჭე, ბჭე-კარი, ბჭის კარი; გალავნის დიდი, განიერი კარი – მთავარი შესასვლელი.

ჭიშკრის რულონური ფრთა - ფრთა, შედგენილი მცირეგაბარიტიანი თამასებისაგან (როლეტი, ლამელი), რომლებიც მოძრავადაა შეერთებული ერთმანეთთან და გაღებისას ეხვევა დოლზე, დაკეტვისას კი პირიქეთ - იხსნება და ხურავს ფრთის სიბრტყეს (ნახ. 1).

ჭიშკრის სექციური ფრთა - ფრთა, შედგენილი რამდენიმე პანელური ელემენტისაგან (სექციისაგან), რომლებიც სახსროვნადაა შეერთებული ერთმანეთთან და საშუალება აქვთ იმოძრაონ მრუდხაზოვანი (ან სწორხაზოვანი) მიმართულებით გაღება-დახურვის დროს.

ჭიშკრის ფარისებრი ფრთა - ფრთა, რომელიც შედგება ერთიანი ხისტი ჩარჩოსა და მასზე აკრული ლითონის ფურცლებისაგან (ან ფურცლისაგან) საიზოლაციო შემავსებლით (ან მის გარეშე).

ჭიშკრის ფრთა - ჭიშკრის შემადგენელი მოძრავი ნაწილი, რომელსაც აქვს ფარისებრი, სექციური ან რულონური კონსტრუქცია. ფრთა სახსროვნადაა მიმაგრებული ღიობის ჩარჩოს (ან სხვა შემომზღუდავ ელემენტებს).

ჭორომი - მდინარის წყალმარჩხი ჩქერებიანი მონაკვეთი, რომელიც წარმოიქმნება იქ, სადაც მდინარის კალაპოტი გადაკვეთს ეროზიისადმი მდგრად, მკვრივ ქანებს. ამ მონაკვეთზე მდინარეს დიდი ვარდნა და სწრაფი დინება აქვს. ხშირად სწორედ აქ აგებენ ჰესებს (მაგ., დნეპრჰესი - დნეპრის ჭორომებზე, ბრატსკის ჰესი - ანგარის ჭორომებზე). ჭ. ხელს უშლიან მდინარეზე ნაოსნობას და ხე-ტყის დაცურებას. თუ ჭ. შედგება რამდენიმე თანმიმდევრულად განლაგებული ჩაძირული ავზებისაგან (რომელთა მანძილი არ აღემატება გემის სიგრძეს), ასეთ ჭ. ერთსაფეხურებიანი ჭორომი ეწოდება; თუკი ჩაძირულ ავზებს შორის გემს თავისუფლად შეუძლია მანევრირება და მოძრაობა ერთი ნაპირიდან მეორემდე, ასეთ ჭ. მრავალსაფეხურებიანი ჭორომი ეწოდება. ჭ. მსოფლიოს მრავალი მდინარე ქმნის.

ჭოჭი - ძვ. ადგილი წყლიანი.

ჭრა - რღვევა, რომელიც გამოწვეულია მასალის ერთი ნაწილის ძვრით დანარჩენის მიმართ, როცა მასზე მოქმედებს მხები ძაბვები. ტერმინი „ჭრა“, ახლეჩის ტერმინისაგან განსხვავებით, გამოიყენება ძირითადად პლასტიური რღვევისას ძვრის დროს, ბოჭკოვანი მასალებისათვის კი წარმოადგენს ძვრას ბოჭკოებს განივად. ჭ. ყოველთვის ახლავს თელვა ან დამატებითი ღუნვა ან სხვა გვერდითი მოვლენა. სუფთა ჭ. გვხვდება პლასტიკური მასალებისაგან დამზადებული სავსე ცილინდრების განივი კვეთების გრეხისას. ტერმინი „ჭრა“ - აღნიშნავს ასევე მაკავშირებლების - ჭანჭიკების, მოქლონების, სარჭების რღვევას ღერძის პერპენდიკულარულად. ამ შემთხვევაში არსებობს მაკავშირებლები: ერთჭრადი (ორი ელემენტის შეერთება), ორჭრადი (სამი ელემენტის შეერთება) და ა.შ

ჭრილი - 1. პროექტის ნაწილი, რომელიც პირობითად ასახავს შენობის ვერტიკალურ კვეთს კონსტრუქციებისა და ნაგებობის მოცულობათა გამოსავლენად; 2. შენობის ან არქიტექტურული ნაწილის ფრონტალური პროექცია, რომელიც პირობითად არის გაკვეთილი სიბრტყით ან სიბრტყეთა სისტემით.

ჭრილი არქიტექტურული - შენობის ან არქიტექტურული დეტალის ფრონტალური გეგმილი პირობითად გაკვეთილი სიბრტყით (ნახ. 1).

.

ჭურჭელი კრიოგენული - ჰაერის დაყოფით მიღებული თხევადმდგომარეობაში მყოფი პროდუქტების შესანახად და ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი.

ხავსი - წყალმცენარეების ნაირსახეობა, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან ეკვრის ხეს, არ აზიანებს მას და მიუთითებს ზედაპირული ტენის დიდ რაოდენობაზე. უღრან ტყეებში ხავსი ერთგვარ გზის გამკვლევ დანიშნულებასაც ასრულებს.

ხაზი - 1. მიმართულება, თანმიმდევრობა, მიმოსვლის გზა. მაგ., სარკინიგზო, საჰაერო, ტელეგრაფის, ავტომატური, ელექტროგადამცემი ხ.; 2. სიბრტყის საზღვარი; 3. ორი მოსაზღვრე ზედაპირის საერთო ნაწილი. მოძრავი წერტილი მოძრაობისას აღწერს რაღაც ხაზს. მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ხაზები იყოფა მათი განტოლების სახის მიხედვით. თუ განტოლებას აქვს სახე F(x,y) = 0 და F(x,y) არის n-ური რიგის მრავალწევრი, მაშინ, ხ. არის მრუდი; როცა F(x,y) არის რიგის - მაშინ ხ. არის სწორი (x და y ხ. წერტილების კოორდინატებია); 4. ინგლისური სიგრძის ერთეული. არსებობს დიდი და პატარა ხ.. 1 დიდი ხ. = 0,1 ლიუმი = 2,54 მმ; 1 პატარა ხ. = 2,117 მმ.

ხაზი ნაკადური - ხაზი, რომელზედაც სამუშაო ადგილები ტექნოლოგიური ოპერაციების თანმიმდევრობითაა განლაგებული.

ხაზინა - საგანძური, სალარო, საუნჯე, საჭურჭლე; განძეულის შესანახი საგანგებო სათავსი.

ხაზობრივი ნაგებობა - საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგავანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან გარე ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები, ფუნიკულიორი.

ხაზობრივი ნაგებობის სახეობები და კატეგორიები - 1. ნავთობსადენი: I კატეგორია - მაგისტრალური ნავთობსადენი; II კატეგორია - შიდასარეწაო ან შიდასაობიექტო  ნავთობსადენი. 2. გაზსადენი: I კატეგორია - მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზ-სადენი; II კატეგორია - საშუალო წნევის გაზსადენი; III კატეგორია - დაბალი წნევის გაზსადენი. 3. წყალსადენი: I კატეგორია - 25-ზე მეტი ატმოსფერო (მილის დიამეტრი 1400 მმ-ზე მეტი); II კატეგორია - 10-დან 25 ატმოსფერომდე (მილის დიამეტრი 500...1400 მმ); III კატეგორია - 10 ატმოსფერომდე (მილის დიამეტრი 500 მმ-მდე). 4. წყალარინების მილი: I კატეგორია - მილის დიამეტრი 1500 მმ-ზე მეტი; II კატეგორია - მილის დიამეტრი 600...1500 მმ; III კატეგორია - მილის დიამეტრი 600 მმ-მდე. 5. საავტომობილო გზა: I კატეგორია - საერთაშორისო მნიშვნელობის საავ¬ტო¬მო-ბილო გზა; II კატეგორია – შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; III კატეგორია - ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. 6. ქუჩა: I კატეგორია - გამჭოლი ქუჩა, რომელიც არის გამზირი ან ბულვარი და დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილია; II კატეგორია - გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი; III კატეგორია - ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი (გასასვლელი). 7. რკინიგზა: I კატეგორია - მაგისტრალური; II კატეგორია - ჩიხები და შიდასაწარმოო. 8. ხიდები და გვირაბები. 9. ფუნიკულიორი. 10. საჰაერო-საბაგირო გზა. 11. ელექტროგადამცემი ხაზი (კვ): I კატეგორია - 330 კვ და მეტი; II კატეგორია - 154...220 კვ; III კატეგორია - 35...110 კვ; IV კატეგორია - 1...20 კვ-მდე; V კატეგორია - 1 კვ-მდე. 12. კავშირგაბმულობის ხაზი. 13. სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა (წყალგამტარობა): II კატეგორია - გამჭოლი ქუჩა, რომელიც არ არის გამზირი ან ბულვარი და არ არის დასახლების განვითარების დერეფნის შემადგენელი ნაწილი; III კატეგორია - ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხი (გასასვლელი).

ხაზოვანი სიმკვრივე (წირითი სიმკვრივე) - ფიზიკური სიდიდე, რომელიც განისაზღვრება სხეულის მასის ფარდობით მის სიგრძესთან. გამოიყენება ქსოვილების, მავთულის, ქაღალდის, კოჭების, რელსების და სხვათა დასახასიათებლად. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (SI) მისი განზომილებაა კგ/მ.

ხაზოვანი სისტემა - რხევადი მექანიკური სისტემა, რომლის მასა, დრეკადობა და ხახუნის კოეფიციენტი მუდმივია და არ არის დამოკიდებული სისტემაზე მოქმედ ძალებზე, სისტემის გადაადგილებაზე და სიჩქარეზე.

ხალამბარი - ძვ. მცირე ზომის ბეღელი.

ხალამბარი - ძვ. მცირე ბეღელი.

ხალასი (არაბ.) - ისეთი, რასაც სხვა არაფერი ურევია; ნამდვილი, უტყუარი.

ხალი - იხ. ნოხი.

ხალიჩა - იხ. ნოხი.

ხამი (სპარს.) - 1. დაუმუშავებელი, გამოუყენებელი, მოუქნელი; 2. ბამბის ქსოვილი შინ დართული მსხვილი ძაფისაგან (ჩვეულებრივ შეუღებავი); 3. გამოუხდელი, შეუჩვეველი.

ხანგამძლეობა - დრო, რომლის განმავლობაშიც შენარჩუნებულია საექსპლუატაციო თვისებები ზღვრული მდგომარეობის დადგომამდე. იგი განისაზღვრება კაპიტალური რემონტის დროს შეუცვლელი ელემენტების (საძირკველი, სვეტი, რიგელი, კედელი და ა.შ.) სამსახურის ვადით. რეალურ პირობებში ხანგამძლეობა უკავშირდება დროში საექსპლუატაციო დატვირთვების შემთხვევით ერთობლიობას და მასალების სიმტკიცის მახასიათებლების მნიშვნელოვან გაბნევას. სიმტკიცის მნიშვნელობა იზრდება მყიფე მასალებისათვის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო სტრუქტურულ არაერთგვაროვნებას, არამედ მიკრობზარების, სიცარიელეების, მანკების, დეფექტების არსებობას.

ხანგრძლივი - რაც ხანგრძლივ, დიდხანს გრძელდება (მაგ., დატვირთვა).

ხანგრძლივი წინაღობა - მასალის წინაღობა, რომელიც ხანგრძლივად იმყოფება დაძაბულ მდგომარეობაში განსაზღვრული ტემპერატურის პირობებში. ხ.წ. სიდიდე დამოკიდებულია ტემპერატურაზე, მასალის ქიმიურ შედგენილობაზე, მიკროსტრუქტურაზე, ზედაპირის მდგომარეობაზე და გარემოზე.

ხანგრძლივი წინაღობის ზღვარი - ძაბვა, გამოთვლილი ნიმუშის საწყისი განივკვეთის ფართობის მიხედვით, რომლის დროს ხდება ნიმუშის რღვევა წინასწარ განსაზღვრულ ტემტერატურაზე დროის მოცემულ შუალედში. ამ შუალედს გამოცდის ბაზა ეწოდება. ის ინიშნება დეტალის მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით და მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე წლამდე.

ხანგრძლივობა დროებითი გადაძაბვის - დროის ინტერვალი დროებითი გადაძაბვის წარმოქმნის საწყის და მისი გაქრობის მომენტებს შორის.

ხანგრძლივობა იმპულსის - დროის ინტერვალი ძაბვის იმპულსის საწყის მომენტსა და ძაბვის სიდიდის თავდაპირველი სახის მყისიერ აღდგენას შორის.

ხანგრძლივობა ძაბვის ცვლილების - დროის ინტერვალი ძაბვის ცვლილების საწყის და საბოლოო მნიშვნელობებს შორის.

ხანდაკი - გზის ვაკისიდან ზედაპირული წყლის გადასაყვანად მოწყობილი არხი რკინიგზისა და შარაგზის გაყოლებით.

ხანეგა - საკულტო და სამოქალაქო ნაგებობათა ჯგუფი აზერბაიჯანში.

ხანძარი - დროსა და სივრცეში განვითარებული არაკონტროლირებადი წვა.

ხანძარი განცალკევებული - ხანძრის შემთხვევა, როდესაც ხანძარი მოიცავს მხოლოდ რომელიმე ცალკე მდგომ შენობას ან ნაგებობას, ხოლო ცალკეული ხანძრის წყაროებს შორის ტექნიკისა და ადამიანების გადაადგილება შესაძლებელია თბური გამოსხივებისაგან სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე.

ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერი - ცეცხლმედეგობის კოეფიციენტის მქონე აწყობილი კედელი, რომელშიც დაცულია უწყვეტობა და რომელიც დაპროექტებულია ცეცხლის გავრცელების შესაზღუდად. ხ.ბ. მიეკუთვნება შახტის და გასასვლელის შემომზღუდავები, ატრიუმები, ექსტერიერის კედლები, თანმხლები და გამიჯნული სარგებლობები დასხვ. ხ.ბ. შეიძლება მოეწყოს ღიობები, რომელთა სიგანე უნდა იყოს კედლის სიგრძის 25%-ზე ნაკლები, ხოლო თითოეული ინდივილუალური ღიობის მაქსიმალური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 15 კვ.მ.-ს. ღიობის დამცავად გამოიყენება ცეცხლმედეგობის კოეფიციენტის მქონე გამჭირვალე მასალა, აწყობილი კარები, დარაბა.

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა - ორგანიზაციული ღონისძიებების და ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა შექმნილი ხანძრით გამოწვეული ფაქტორების ასაცილებლად და მატერიალური დანაკარგების შესამცირებლად.

ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდე - ცეცხლმედეგობის ნორმირებადი ზღვრის მქონე კონსტრუქცია (ტიხარი, კედელი, გადახურვა ან შენობის მოცულობითი ელემენტები), რომლის დანიშნულებაა შეზღუდოს (დააბრკოლოს) შენობის ერთი ნაწილიდან მეორეში (მომიჯნავეებში) ცეცხლის გავრცელება, დროის ნორმირებულ მონაკვეთში. ხ.ზ. ხასიათდება ცეცხლმედეგობით და სახანძრო საშიშროებით. ცეცხლმედეგობა განისაზრვრება მისი ელემენტების ცეცხლმედეგობით, მათ შორის: შემომზღუდავი ნაწილების, მდგრადობის უზრუნველმყოფი კონსტრუქციების, საყრდენი კონსტრუქციების და შეერთებების კვანძების, ხოლო სახანძრო საშიშროება განისაზრვრება შემომზღუდავი ნაწილების და მდგრადობის უზრუნველმყოფი კონსტრუქციების სახანძრო საშიშროებით. ხანძარსაწინააღმდეგო კედლები, რომლებიც ყოფენ შენობას სახანძრო ნაკვეთურებად, აყვანილი უნდა იქნეს შენობის მთელ სიმაღლეზე და უზრუნველყოფდეს ცეცხლის გავრცელების შეჩერებას მომიჯნავე სახანძრო ნაკვეთურებში შენობის კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს ხანძრის კერის მხრიდან. ზღუდეებში არსებულ მუშა ღიობები (კარები, ჭიშკრები, ფანჯრები, ლიუკები და სარქველები) მოწყობილი უნდა იყოს ხანძრის დროს მათი ავტომატურად ჩაკეტვის უზრუნველყოფის მექანიზმით. ხ.ზ. ღიობების საერთო ფართობი (ლიფტების შახტების შემოღობვის გამოკლებით), არ უნდა აღემატებოდეს ზღუდეების საერთო ფართობის 25%-ს და შევსება უნდა შესრულდეს უწვი მასალებით. ლიფტის შახტსა და ლიფტის სამანქანო განყოფილებას შორის შემომღობი კონსტრუქციის ცეცხლმედეგობის ზღვარი არ ნორმირდება. თუ ლიფტის შახტის შემომღობ კონსტრუქციებში შეუძლებელია ხანძარსაწინააღმდეგო კარების მოწყობა, მაშინ აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ტამბურები ან ჰოლები ხანძარსაწინააღმდეგო ტიხრებით ან ეკრანები, რომლებიც ავტომატურად დახურავს ლიფტის შახტის კარების ღიობს ხანძრის დროს. ეს ეკრანები უნდა იყოს უწვი მასალების და მათი ცეცხლმედეგობის ზღვარი უნდა იყოს არა ნაკლები 45 წთ.

ხანძარსაწინააღმდეგო კედელი - ბრანდმაუერი, ცეცხლამრიდი კედელი; ცეცხლგამძლე კედელი, რომელიც გამოყოფს სათავსების გარკვეულ ჯგუფს და გამიზნულია ხანძრის გავრცელების დასაბრკოლებლად.

ხანძარსაწინააღმდეგო სარქველი - არხებსა და ჰაერცვლის ღიობებში დამონტაჟებული მექანიზმი, რომელიც ავტომატურად იხურება სითბოს აღმოჩენისთანავე და არ ატარებს ალს. ხ.ს. გამოიყენება სტატიკურ სისტემებში, რომლებიც ავტომატურად წყვეტს ფუნქციონირებას ცეცხლის აღმოჩენისთანავე, ან დინამიკურ სისტემებში, რომლებიც აგრძელებს ფუნქციონირებას ხანძრის დროსაც. დინამიკური სისტემების ხ.ს. მოწმდება და კოეფიციენტი ენიჭება მომატებული ტემპერატურის მქონე ჰაერის ნაკადის ზემოქმედების პირობებში.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა - მოწყობილობები, აპარატურა და სისტემები ან სისტემათა კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება: ხანძრის აღმოსაჩენად, განგაშის ჩასართავად, ცეცხლის ჩასაქრობად ან სამართავად, კვამლისა და წვის პროდუქტების ან მათი კომბინაციის გასაკონტროლებლად ან სამართავად.

ხანძარსაწინააღმდეგო ტიხარი - დაცული ღიობების მქონე შვეული ანაწყობი, რომელიც ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას. მისი ცეცხლმედეგობის კოეფიციენტი უნდა იყოს არაუმცირეს 1 სთ. ხ.ტ. კეთდება საძირკვლიდან ან აწყობილი იატაკიდან სახურავის ფიცარფენილის ქვედაპირამდე და საიმედოდ მაგრდება მათზე. ხ.ტ. ღიობების დაცულობა ხორციელდება ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერის ღიობების დაცულობის ანალოგიურად.

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიება - საორგანიზაციო ან ტექნიკური ხასიათის ღონისძიება, მიმართული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვისკენ, ხანძრის თავიდან ასაცილებელად ან სწრაფად ჩასაქრობად პირობების შექმნისკენ.

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები - მიღებული ზომების სისტემა, რომელიც მიმართულია ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად და ხანძრის გავრცელების შესაზღუდავად. ხ.ღ. გაითვალისწინება შენობა-ნაგებობის დაპროექტების, მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს. ხ.ღ. მიეკუთვნება: ლითონის და რკ.ბ.-ის კონსტრუქციების დაფარვა ცეცხლგამძლე ნივთიერებებით, ფოლგით, ბათქაშით, თაბაშირით, კერამზიტბეტონის ფილებით; ხის კონსტრუქციების გაჟღენთვა ანტიპირენებით ან დაფარვა აფუებადი საღებავებით, ემალით; ხანძარსაწინაღო აგიტაცია და პროპაგანდა; სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის ორგანიზაცია; მომსახურე პერსონალის განსწავლა; ხანძრის ჩასაქრობი პირველადი საშუალებების დამონტაჟება ობიექტზე; სახარძრო სამსახურის ორგანიზაცია.

ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგება - ტექნიკური ღონისძიებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას ხანძრის ჩასაქრობად უშუალოდ წყლის გამანაწილებელი მილების ქსელიდან ან უშუალოდ წყალსაცავიდან. ხ. წ. შეიძლება მოეწყოს მარტო ხანძრის ჩასაქრობად ან შეთავსებული იყოს წყალმომარაგების სხვა სახეებთან (სასმელი, სამრეწველო, სარწყავი და სხვ.). ობიექტებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ წყალგაყვანილობა, ხ.წ. ხორცილდება ღია წყალსაცავებიდან, ჭიდან ან სახანძრო რეზერვუარებიდან შემოტანილი დროებითი სახანძრო ტუმბოებით. ობიექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ წყალგაყვანილობა, წყლის აღება ხორციელდება ჰიდრანტებისა და სტენდერების საშუალებით. ჰიდრანტები მაგრდება სტაციონალურად. წყალგაყვანილობის შვეულ მილებზე, ხოლო სტენდერებს უერთებენ ჰიდრანტებს მხოლოდ ხანძრის დროს წყლის ასაღებად და მათ უერთებენ სახანძრო შლანგს. დაბალი წნევის სახანძრო წყალმომარაგების სისტემიდან, ჰიდრანტების საშუალებით, წყალი მიეწოდება შემოტანილ ტუმბოებს (ძრავიანი ტუმბო), რომლებიდანაც შემდეგ წყალს მაღალი წნევით მიმართავენ ხანძრის ადგილისაკენ. მაღალი წნევის სახანძრო ჰიდრანტებიდან კი ხანძრის ადგილისაკენ წყალი მიეწოდება უშუალოდ ჰიდრანტებიდან. თუ ხანძრის ჩასაქრობად წყლის მიწოდება ხდება წყალსაწნეო კოშკიდან, მაშინ აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის გათიშვა, რათა ტუმბოებს მიეწოდოს წყლის მაქსიმალური რაოდენობა. სახანძრო შლანგის ბოლოდან გამომავალი წყლის ჭავლის შვეული სიმაღლე უნდა იყოს არა ნაკლები 10 მ, სრული სახანძრო ხარჯისა და ხანძარმოდებული შენობის ყველაზე მაღალი წერტილის დონიდან. ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, როგორც წესი, ეწყობა დაბალი ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის ქსელები, რომელიც შეთავსებულია ჩვეულებრივ წყალგაყვანილობის ქსელებთან. 12 სართულიანი და უფრო მაღალი საცხოვრებელი შენობებისათვის, დიდი მოცულობის სამოქალაქო შენობებისათვის და სამრეწველო დანიშნულების ხანძარსაშიში საამქროებისათვის ეწყობა შიგა ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობა. თუ გარე წყალგაყვანილობის ქსელში წნევა არასაკმარისია, მაშინ შენობის შიგნით ამ მის ახლოს აყენებენ სახანძრო ტუმბოებს ავტომატური ან დისტანციური ჩამრთველით, რათა ხანძრის დროს შიდა ქსელში წნევამ აიწიოს საჭირო დონემდე. თუ შენობის ინტერიერი მოპირკეთებულია წვადი მასალით, მაშინ შენობის შიგნით აყენებენ ხანძრის ჩასაქრობ სპრინკლერულ სისტემას, რომელიც წარმოადგენს ჭერზე შეკიდული მილების განშტოებებს, მომარჯვებულს წყლის გამფრქვევებით (სპრინკლერებით). ტემპერატურის მომატებისას ეს სპრინკლერები ავტომატურად იხსნება და ხდება წყლის გაფრქვევა. არსებობს მეორე, დრენჩერული სისტემაც, რომელიც იმით გასხვავდება სპრინკლერულისაგან, რომ დანარჩენების თავაკები ყოველთვის ღიაა, ხოლო სისტემაში წყალი მიეწოდება წნევით მხოლოდ ხანძრის დროს ავტომატურად ან სიგნალის მიცემით. ნებისმიერი ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის ძირითადი მოთხოვნები შემდეგია: ხანძრის ჩაქრობის ნორმატიული დროის პერიოდში საანგარიშო წყლის ხარჯის მიწოდება; ხანძრის ადგილზე წყლის ჭავლის შექმნა წყლის ხარჯის საანგარიშო ნორმატივების შესაბამისად; ხანძრის ჩასაქრობი მოწყობილობის უსაფრთხო და შეუფერხებელი მუშაობა. ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების წყლის ხარჯი გარე ხანძრის ჩაქრობისათვის მოცემულია ნორმატიულ ლიტერატურაში.

ხანძარფეთქებადსაშიში ობიექტი - ობიექტი, სადაც აწარმოებენ, იყენებენ, გადაამუშავებენ, ინახავენ ან გადაზიდავენ ადვილადაალებად და ხანძარფეთქებადსაშიშ ნივთიერებებს, რომლებიც ქმნიან ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის შექმნის რეალურ საფრთხეს.

ხანძრის აღმკვეთი სისტემა - ორგანიზაციული ღონისძიებების და ტექნიკური საშუალებების კომპლექსი, რომელიც გამორიცხავს ხანძრის გაჩენის პირობებს. ის მუშავდება თითოეული კონკრეტული ობიექტისათვის იმ ანგარიშით, რომ ხანძრის გაჩენის ალბათობა წელიწადში შეადგენს არაუმეტეს 10−6 ყოველ ხანძარსაშიშ კვანძზე. ხ.ა.ს. ძირითადი დანიშნულებაა გამორიცხოს საწვავი გარემოს შექმნა ან ასეთ გარემოში ანთების წყაროს მოხვედრა. ეს საკითხები კომპლექსურად წყდება შენობის დაპროექტებისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე.

ხანძრის გავრცელება - წვის ზონის გავრცელების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მასალების ზედაპირზე მათი თბოგამტარობის, თბური რადიაციისა და კონვექციის ხარჯზე.

ხანძრის გამომწვევი დისციპლინარული მიზეზები - სამრეწველო და დამხმარე შენობათა და მოწყობილობათა დაპროექტების, საშენ მასალათა და კონსტრუქციების შერჩევის, სათავსების დაგეგმარების, ტექნოლოგიური მოწყობილობის და კომუნიკაციის განლაგებისადმი მოთხოვნების დარღვევა; მოწყობილობის ექსპლუატაციისა და რემონტის წესებიდან გადახრა; სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქციების დარღვევა; ღია ცეცხლის წყაროებთან გაუფრთხილებელი მოქცევა; სიგარეტის მოწევა საამქროში და საწყობში; ადვილადაალებად სითხეებთან არასწორი მოქცევა; დაზეთილი გასაწმენდი ქსოვილების, ბამბის სპეცტანსაცმლის არასწორად შენახვა; დალექილი წვადი მტვრის აწმენდის წესებისა და ვადების დარღვევა.

ხანძრის გამომწვევი ტექნოლოგიური მიზეზები - მოუწესრიგებელ ტექნოლოგიურ დანადგართან ან ტექნოლოგიური პროცესის (განსაკუთრებით გამოცხობის, მოხალვის, შრობის და სხვ.) დარღვევით მუშაობა; ისეთი წვადი ნივთიერების გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებს; ტექნოლოგიური ღუმელის ანთების, ექსპლუატაციის და გაჩერების რეჟიმის დარღვევა; ადვილადაალებადი სითხეებით და წვადი აირებით ტევადობების და კომუნიკაციების არასწორად შევსება (ინერტული აირებით წინასწარი შევსების გარეშე); არასტანდარტული შესაზეთი მასალების (მაგ., კომპრესორებისათვის) გამოყენება, ისეთი ინსტრუმენტის გამოყენება, რომელთა მყარ ზედაპირზე დარტყმისას ნაპერწკლები წარმოიქმნება.

ხანძრის გაჩენის ალბათობა - მათემატიკური სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს ხანძრის გაჩენისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობების წარმოქმნის ალბათურ შესაძლებლობას.

ხანძრის მართვის ცენტრი - მთავარი სადგური, სადაც იმყოფება ან არ იმყოფება მომსახურე პერსონალი და ჩანს განგაშის კომუნიკაციების, მაკონტროლებელი სისტემების მდგომარეობა და საიდანაც შესაძლებელია ამ სისტემების ხელით მართვა.

ხანძრის სახიფათო ფაქტორი - ხანძრის ფაქტორი, რომლის ზემოქმედება იწვევს ადამიანის ტრავმას, მოწამვლას ან დაღუპვას, აგრეთვე მატერიალურ ზარალს.

ხანძრის უსაფრთხოების ფუნქციები - შენობისა და ხანძრის კონტროლის ფუნქციები, რომლებიც განკუთვნილია შენობაში მყოფთა სიცოცხლის უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და ხანძრის საზიანო ზემოქმედების გავრცელების კონტროლისათვის.

ხანძრის ჩამქრობი მშრალი ქიმიური ნივთიერებები - წვრილი ნაწილაკების შემცველი ფხვნილი, მათ შორის: სოდის ბიკარბონატის, კალიუმის ბიკარბონატის, კარბომიდ-კალიუმზე ბაზირებული ბიკარბონატის, კალიუმ-ქლორიდის ან მონოამონიუმ ფოსფატის, რომელსაც დამატებული აქვს სპეციალურად დამუშავებული მარცვლოვანი მასალა შეფუთვისადმი გამძლეობის, ტენგაუმტარობისა და სწორად დინების უნარის უზრუნველსაყოფად.

ხანძრისგან დაცული ფართობი - იატაკის გაერთიანებული ფართობი, შემოზღუდული ხანძარსაწინააღმდეგო კედლებით, ხანძარსაწინააღმდეგო ბარიერებით, ექსტერიერის კედლებით ან შენობის ჰორიზონტალური ანაწყობებით. ხანძრისაგან დაცული ფართობი ასევე მოიცავს შენობის ფართობებს, რომელთაც არ აქვს შემომზღუდავი კედლები, მაგრამ მოქცეულია სახურავის ან ზემოთ მდებარე იატაკის ჰორიზონტალური ნაშვერის საზღვრებში.

ხაო - დაბალი და ხშირი ბუსუსები ზოგი ქსოვილის კარგ პირზე.

ხაოიანი - 1. რასაც ხაო აქვს; ხორკლიანი, ხეშეში.

ხარატი - ოსტატი, რომელიც ჩარხზე ხისაგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას.

ხარაჩო - ფალანგი; ხის ან ანაკრები ლითონის დროებითი სუბსტრუქცია, რომელიც შედგება ვერტიკალური დგარებისა და ფიცარფენილისაგან და რომელიც დიდ სიმაღლეზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა.

ხარგა - ნაბდით დახურული კარავი.

ხარვეზი - შეუვსებელი ადგილი, შუალედი; ნაკლი რაიმე საქმეში.

ხარისხედი - შეკიბული ნაგებობა, ბაქანი.

ხარისხი - 1. პროდუქციის (ნაკეთობის) რამდენიმე თვისების ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს დანიშნულების შესაბამისად. იგი განისაზღვრება ტექნიკური, საექსპლუატაციო, საკონსულტაციო, საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური პარამეტრების, საიმედოობისა და გამძლეობის, მხატვრულ-ესთეტიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების ერთდროულად განხილვითა და შეფასებით. ხარისხის მაჩვენებლები დადგინდება ობიექტური მეთოდებით. პროდუქციის ხარისხის ერთი თვისების მაჩვენებელი იწოდება ერთეულად, ხოლო ორი და მეტის – კომპლექსურად; 2. მათემატიკაში - რიცხვის თავის თავზე განმეორებით გამრავლების შედეგი; 3. რისამე შედარებითი ღირსება; 4. რანგი, თანრიგი

ხარისხის კონტროლი - პროდუქციისა და საიმედოობის მაჩვენებელი. წარმოებაში შექმნილი პროდუქციის ან მისი ნაწილების ხ. კ. ტარდება ტექნიკური განყოფილების მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებით.

ხარისხობრივი - რაც ხარისხის მიხედვითაა განსაზღვრული.

ხარიხა - 1. გარანგი; გადასავარდნ ადგილზე, აივანზე, სახურავზე და მისთ. გადებული ძელი - მოაჯირი; 2. აყარი, კადონი, ჭოგრი, ქანდარა; განივად გადებული ძელი.

ხარო - 1. ძვ. ქვითკირით ამოყვანილი ორმო, სადაც ხორბალი ინახებოდა; 2. ღრმა ბნელი ორმო (საპატიმროდ); ჯურღმული; 3. მარცვლეულის შესანახი ხის ჭურჭელი (ან ბეღლის განყოფილება).

ხარჭიშო - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში. სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის წმ. გიორგის ეკლესია (XIII საუკუნე.), საცხოვრებელი და საბრძოლო დანიშნულების კოშკი (შუა საუკუნეები) და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობათა ნაშთები.

ხარჯთაღრიცხვა - მომავალი ხარჯებისა და შემოსავლის, შემოსავალ-გასავლის სავარაუდო გამოანგარიშება.

ხარჯი - სიდიდე, რომელიც განისაზღვრება ნივთიერების თანაბრად გადაადგილებისას განსაზღვრულ კვეთში მისი მასის (მასობრივი ხარჯი), რაოდენობის (მოლური ხარჯი) ან მოცულობის (მოცულობითი ხარჯი) შეფარდებით დროის შუალედთან, რომლის განმავლობაშიც ხდება ეს გადაადგილება. ხარჯი გამოისახება საერთაშორისო ერთეულების სისტემაში შესაბამისად კგ/წმ, მოლი/წმ (გრამ.მოლეკულა/წმ) და მ3/წმ. ხარჯის გამოსახვისათვის გამოიყენება სხვა ერთეულებიც: ტ/სთ; კმოლი/წმ; ლ/წთ და ა.შ.

ხარჯი წყლის - ჰიდროსატრანსპორტო სისტემის მილსადენის ცოცხალ კვეთში დროის ერთეულში გამავალი წყლის (ჰიდრონარევის) მოცულობითი რაოდენობა.

ხარჯსაზომი - გაზის, სითხის და ფხვიერი მასალების ხარჯის გასაზომი ხელსაწყო. გამოიყენება ინდუქციური, სითბური, მასობრივი, ტრიალა და სხვა ტიპის ხარჯსაზომები. ინდუქციური ხ. იზომება სითხის ხარჯი, როდესაც ის მიედინება მილსადენის ღერძის მართობულად მაგნიტურ ველში; გამოიყენება სხვადასხვა სახის პულპის ხარჯის დიდი სიზუსტით გასაზომად (ცემენტის, ნახშირის და სხვ.). პასტების, სიროფების, ლითონების, აგრესიული და რადიოაქტიური სითხეების ხარჯის დასადგენად. სითბური ხ. იზომება სითხეების ხარჯი თბური ენერგიის გადატანის ინტენსიურობით. სითხის ნაკადის სიჩქარე იზომება ნაკადში მოთავსებული გახურებული სხეულის გაცივების სიდიდით (თერმოანემომეტრი) ან თბური ენერგიის გადატანით ნაკადის გასწვრივ განლაგებულ 2 წერტილს შორის (კალორიმეტრიული ხარჯსაზომი). მასობრივ ხ. გასაზომ ნაკადს ეძლევა დამატებითი მოძრაობა (ტრიალა ან მერხევი რგოლით). ამის შედეგად ხარჯსაზომის მგრძნობიარე ელემენტზე წარმოიშობა მასობრივი ხარჯის პროპორციული ნივთიერებები: ინერციული მბრუნავი მომენტი (მილხარჯსაზომებში), კორიოლისის ძალა ან გიროსკოპული ეფექტი (სიდიდეებს აფიქსირებს ხელსაწყო); მასობრივი ხელსაწყო არის უნივერსალური, იძლევა მასობრივი ხარჯის გაზომვის საშუალებას, არ არის დამოკიდებული ნივთიერებების თვისებებსა და მდგომარეობაზე (წნევა, ტემპერატურა და ა.შ.); ტრიალა ხ. ნივთიერების ხარჯი იზომება ტრიალას (ფრთოვანას) ბრუნვის სიხშირით. ტრიალას ბრუნვის სიხშირე იზომება ტაქომეტრით.

ხატორიული კაპიტელი - ეგვიპტური ქალღმერთის - ხატორის თავის გამოსახულებით შემკული კაპიტელი.

ხახული - შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა, სამხრეთ საქართველოში, ტაოში (ამაჟამად თურქეთის ფარგლებშია).

ხახუნი - 1. გარე ხახუნი - მყარ სხეულებს შორის მექანიკური ურთიერთქმედება, რომელიც წარმოიქმნება მათი შეხების ადგილზე და ეწინააღმდეგება სხეულების გადაადგილებას შეხების სიბრტყეზე მდებარე მიმართულებით. ურთიერთ უძრავ სხეულებს შორის ხ. ეწოდება ხახუნი წყნარ მდგომარეობაში, ხოლო მოძრავ სხეულებს შორის ხახუნს - კინემატიკური. ერთი სხეულის მეორის ზედაპირზე მოძრაობის სახის მიხედვით განასხვავებენ სრიალის და გორვის ხახუნს. ხ. ორ სხეულს შორის, რომელთა ზედაპირები დაუზეთავია, არის მშრალი, უხვი შეზეთვისას - თხევადი. მშრალი სრიალის ხ. ძალა F = f•P, სადაც P - ნორმალური დაწნევის ძალა სხეულებს შორის; f - სრიალის ხახუნის კოეფიციენტი. გარე ხახუნი დიდ როლს ასრულებს ტექნიკაში (ფრიქციული და ღვედური გადაცემები და სხვ.), თუმცა უარყოფითი მხარეც გააჩნია - იწვევს მოხახუნე ზედაპირების ცვეთას და გახურებას; 2. შიდა ხახუნი - მყარ, თხევად და აირისმაგვარ სხეულებში მიმდინარე პროცესები მათი დეფორმაციისას, რომელიც იწვევს მექანიკური ენერგიის შეუქცევად გაფანტვას ანუ შინაგან ენერგიად გარდაქმნას. ხახუნის ძალის წარმოშობა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია შემხები სხეულების ზედაპირების სიმქისით, აგრეთვე სხეულების მოლეკულური შეჭიდულობით. ამიტომ, ცხადია, ხახუნის ძალა ეწინააღმდეგება სხეულების ერთმანეთზე გადაადგილებას.

ხახუნი გორვის - ხახუნი, რომლის დროსაც შეხებაში მყოფი ორი ზედაპირის შეხების წერტილების სიჩქარე სიდიდითა და მიმართულებით ერთი და იგივეა.

ხახუნი მოძრაობის - ფარდობით მოძრაობაში მყოფი სხეულების ხახუნი. ორი სხეულის ფარდობითი მოძრაობის ხასიათის მიხედვით არჩევენ სრიალის, გორვის და გორვის ხახუნს გასრიალებით.

ხახუნი სრიალის - მოძრაობის ხახუნი, რომლის დროსაც შეხებაში მყოფი ზედაპირების შეხების წერტილების სიჩქარეები სხვადასხვაა (სიდიდით და მიმართულებით, ან მარტო სიდიდით, ან მარტო მიმართულებით).

ხახუნი სრიალის გასრიალებით - ხახუნი, რომლის დროსაც ხდება ორი შემხები სხეულის ერთდროული ბრუნვა და სრიალი. შეხებაში მყოფი ზედაპირების შეზეთვის მიხედვით არჩევენ მშრალ, სასაზღვრე და თხევად ხახუნს. პირველ შემთხვევაში ხახუნი ხდება შეზეთვის გარეშე, მეორე შემთხვევაში ზეთის ფენა უმნიშვნელოა, ხოლო მესამე შემთხვევაში კი მოხახუნე ზედაპირები ზეთის ფენითაა გაყოფილი.

ხახუნის კუთხე (ხახუნის კონუსი) - თუ არაგლუვ ზედაპირზე მოთავსებული სხეული აქტიური ძალების მოქმედებით იმყოფება ზღვრული წონასწორობის მდგომარეობაში, მაშინ რეაქციის R ძალის მიერ მის ნორმალურ მდგენელთან შექმნილ φ კუთხეს ხახუნის კუთხეს უწოდებენ. ხახუნის კოეფიციენტსა და ხახუნის კუთხეს შორის არსებობს დამოკიდებულება: f = tgφ. კონუსს, რომლის წვერო მოთავსებულია ზედაპირთან სხეულის შეხების წერტილში, ხოლო მსახველი ნორმალურ რეაქციასთან ადგენს ხახუნის φ კუთხის ტოლ კუთხეს, ხახუნის კონუსი ეწოდება.

ხახუნის ძალა - ორი ურთიერთშემხები სხეულის ფარდობითი მოძრაობისას მათი ზედაპირების შეხების წერტილში წარმოშობილი რეაქციის ძალის მხები მდგენელი ამ ზედაპირების საერთო მხებ სიბრტყეზე.

ხე - მრავალწლიანი, მერქნიანი ტანის (ღეროს) მქონე მცენარე. მისი ძირითადი ნაწილებია: ფესვი, ღერო, ვარჯი და ფოთოლი. ხე ფოთლების მიხედვით იყოფა წიწვოვან და ფართოფოთლოვან სახეობებად. პირველი გამოირჩევა უხეში მარადმწვანე ნემსისებრი ან ქერცლისებრი ფოთლებით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება მაგ., ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ლარიქსი, კვიპაროსი, სეკვოია. ფართოფოთლოვანი ხეებისთვის დამახასიათებელია ფართო და ბრტყელი ფოთლები, რომელთა სისქე გაცილებით ნაკლებია სიგრძესა და სიგანეზე. ასეთი სახის ფოთლები ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ ცვივა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნეკერჩხალი, წიფელი, იფანი, ევკალიპტი და სხვ. ფოთლების კლასიფიკაციის გარდა ხეები იყოფა აგრეთვე ფოთოლმცვენ და მარადმწვანე ჯგუფებად. ფოთოლმცვენ მცენარეებს აქვთ ფოთლის საფრის მკვეთრი მონაცვლეობა; ხეზე არსებული ფოთოლი კარგავს მწვანე შეფერილობას, ფოთლები ცვივა. გარკვეული პერიოდი ხე უფოთლოდ ძლებს, შემდეგ, გაზაფხულზე კვირტიდან იზრდება ახალი ფოთოლი. მარადმწვანე ხეებისთვის ფოთლის საფრის მკვეთრი მონაცვლეობა დამახასითებელი არ არის. ხეზე ფოთლები წელიწადის ყველაზე დროშია წარმოდგენილი, ხოლო ფოთოლშეცვლა თანდათან, მცენარის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს. ხე ისევე როგორც ქვა, წარმოადგენს ბუნებრივ მასალას და მისგან მიღებული მერქანი პრაქტიკულად შეუცვლელი მასალაა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში, ხოლო თვით ხე (ტყე) დედამიწაზე სიცოცხლის პირველწყაროდაა მიჩნეული.

ხე-ალუმინის ფანჯრის ბლოკი - ფანჯრის კომბინირებული კონსტრუქცია შედგენილი ხისა და ალუმინის დეტალებისაგან (ჩარჩო, ფრთა, იმპოსტი, ლარტყა, შემოსვა და სხვ.), რომელთაგან ფანჯრის გარე ზედაპირები ატმოსფერული ზემოქმედებისაგან დასაცავად შემოსილია ალუმინის დეტალებით, ხოლო შიდა - ხით.

ხე-ტყე - ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი.

ხე-ტყის დამზადება - ხეების მოჭრა, სამანქანო გზამდე მიტანა და დახარისხება.

ხე-ტყის მარკირება - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის საშუალებით აღრიცხვა.

ხედი - 1. საგნების, ნაკეთობების, მანქანების, ნაგებობების გრაფიკული გამოსახვა სხვადასხვა მხრიდან. პრაქტიკაში ადგენენ შენობის საერთო ხედს, გვერდხედს, ზედხედს, ხედს ჭრილში, გაშლილ ხედს, რაც იძლევა სრულ წარმოდგენას მასზე; 2. ადგილი, რომელიც მხედველობის არეშია მოქცეული.

ხედური წერტილი - ადგილი პარკის ტერიტორიაზე, საიდანაც ყველაზე უკეთ აღიქმება ხედი, პეიზაჟი. ასეთ ადგილზე, როგორც წესი, აგებენ სათვალიერებელ მოედანს (ნახ. 1).

ხევი - 1. ეროზიული პროცესებით შექმნილი დედამიწის რელიეფის უარყოფითი ფორმა; 2. მდინარის ღრმა კალაპოტი (მთებში).

ხევის სიონი - IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა (ნახ. 1), სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრებით. ფასადების მორთულობა ღარიბულია. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეზოს ამშვენებს წითელი კრამიტით დახურული სამრეკვლო. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.

ხეზი - წვრილი და გრძელი საბელი, ბაწარი.

ხეივანი - 1. გზა, რომლის ორივე მხარეს ხეებია, ჩამწკრივებული; 2. ლატანებზე გასული ვაზი, ტალავერი.

ხეკაუჭი - ნაძვის ხის კაუჭიანი მძლავრი შტო, რომელსაც წიწვოვანი ჯიშის ახალგაზრდა ხის ქვედა ნაწილი ამოთხრილი მიწიდან მოკაუჭებულ მსხვილ ფესვთან ერთად. ძველად იყენებდნენ ნივნივის ელემენტად ულურსმნო სახურავებში, აგრეთვე ორჩხომელების დასამზადებლად.

ხელეჩო - იხ. ეჩო.

ხელთათმანი - მაგარი ქსოვილისაგან შეკერილი ნაკეთობა ხელების დასაცავად სამუშაო პროცესში. ის შეიძლება იყოს ნაქსოვი, მაგარი ქსოვილის, რეზინის და სხვ.

ხელის ნაწიბურსაჭრელი - ნაზოლების მოსაჭრელი პნევმატიკური (ელექტრული) ხელის მანქანა (ნახ. 1), რომლის საჭრელი ინსტრუმენტი პუანსონია.

ხელმძღვანელი - პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ვისმე, რასმე; მეთაური, უფროსი; ვინც რისამე სათავეში დგას, წარმართავს რისამე, ვისიმე საქმიანობას.

ხელოვნება - ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

ხელოვნების სინთეზი - არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სახის ნაწარმოებთა ორგანული ურთიერთკავშირი, დაფუძნებული სტილისტური მონაცემების ერთიანობაზე, მასშტაბებისა და პროპორციების თანწყობაზე, მთავარი მიზნის - წამყვანი იდეის გამოვლინებაზე.

ხელოვნური - არაბუნებრივი, არანამდვილი; ადამიანის ხელით შექმნილი.

ხელოვნური ბიტუმი - ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები.

ხელოვნური ირიბფენიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, ბოჭკოების რადიალური დახრილობა, ანუ წლიური რგოლების გადაჭრა, - წარმოადგენს დახერხილი მასალის გრძივი ღერძის მიმართ წლიური რგოლების გადახრას. მიიღება წოწების და სიმრუდის მანკების მქონე ხის ტანის დახერხვით, აგრეთვე ნორმალური მასალის არასწორი დახერხვით. ასეთი მანკიანი მერქანი ცუდად მუშაობს განივ დატვირთვაზე. უვარგისია მრუდი დაწებებული კონსტრუქციების დასამზადებლად. აძნელებს მასალის მექანიკურ დამუშავებას.

ხელოვნური კაშხალი - ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც აგებულია ადამიანის მიერ თავისი საჭიროებისათვის და მოცავს ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს, წყალმღობებს, დამბებს, ზღუდეებს, საგუბრებსა და სხვ.

ხელოვნური ფოროვანი შემვსები - მიიღება წარმოების ნარჩენების (მაგ., წიდების) ან სილიკატური მასალების თერმული დამუშავებით.

ხელოვნური ფუძე - სპეციალური მეთოდებით შემკვრივებული ან გამაგრებული ფუძე-გრუნტები.

ხელოვნური ღვარცოფები - ბუნებრივ პირობებში კვლევისა და პრაქტიკული მიზნებისათვის ფორმირებული ხელოვნური ღვარცოფები. ხ.ღ. ფორმირებისათვის გამოიყენება წყალსაცავის წყალსაშვი და წყალმიმღები, რაც იძლევა ნაკადის პარამეტრების კონტროლის საშუალებას.

ხელოსნობა - 1. სხვადასხვა ნაკეთობის წვრილი, არაფაბრიკული წარმოება; 2. ხელოსნის საქმიანობა, ხელობის ცოდნა.

ხელსაყრელი გარემო - გარემო, რომლის ხარისხი უზრუნველყოფს ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემების, ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენული ობიექტების მტკიცე ფუნქციონირებას.

ხელსაწყო - მოწყობილობების ფართო კლასის საერთო დასახელება, რომელთა დანიშნულებაა გაზომვები, საწარმოო კონტროლი, მოწყობილობების დაცვა, მანქანებისა და დანადგარების მართვა, ტექნოლოგიური პროცესების რეგულირება, სასწავლო თვალსაჩინოების უზრუნველყოფა და სხვ.

ხელფასი - სამუშაო ძალის (შრომის) ფასი, რომელსაც მომუშავეები იღებენ (როგორც წესი, ფულადი ფორმით) დახარჯული შრომის რაოდენობის, ხარისხისა და შედეგიანობის მიხედვით.

ხელფასი დამატებითი - ძირითად ხელფასს ზევით პრემიები და სხვადასხვა დანამატები: შრომის პროგრესული ნორმებით მუშაობისათვის, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შრომის ნორმალური პირობებიდან გადახრისათვის, მომუშავეზე ხელმძღვანელობის დემოკრატიული და შიგაცვლური მოცდენების ანაზღაურებისათვის, ბრიგადირობისათვის, მაღალ პროფესიონალური დაოსტატებისათვის და ა.შ.

ხელფასი მინიმალური - საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დადგენილი ხელფასის მინიმალური დონე. იგი პერიოდულად უნდა გადაისინჯოს ეკონომიკის განვითარების კვალობაზე. პერსპექტივაში მინიმალური ხელფასის დონე არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.

ხელფასი ნომინალური - ხელფასის სიდიდე ფულად გამოხატულებაში.

ხელფასი რეალური - ნომინალური ხელფასი, კორექტირებული ფასების ცვალებადობის დონის მიხედვით.

ხელფასი ძირითადი - მომუშავეთა შრომის ანაზღაურება საწარმოში მოქმედი სატარიფო განაკვეთების (თანამდებობრივი სარგოების) მიხედვით. იგი ითვალისწინებს შრომის სირთულეში შეფარდებითად მყარ განსხვავებებს, მომუშავეთა კვალიფიკაციას, საქმიანობის აღნიშნული სახის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას.

ხელფასის ინდექსაცია - ხელფასის სიდიდის კორექტირების სისტემა ეკონომიკაში ფასების საშუალო დონის (უმეტესად სამომხმარებლოს) ზრდასთან დაკავშირებით.

ხელშეკრულება - შეთანხმება ორ ან მეტ პირს შორის, რომელიც ითვალისწინებს უფლებათა და მოვალეობათა დადგენას, შეცვლას ან შეწყვეტას.

ხელშეკრულება იჯარის - ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით.

ხელშეკრულება მშენებლობაზე - დოკუმენტი, რომელიც ადგენს მხარეების ვალდებულებას ახალ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე, მოქმედი საწარმოს რემონტზე, შენობებზე და ნაგებობებზე, აგრეთვე ცალკეული სახეების საიჯარო სამუშაოების წარმოებაზე.

ხელშეკრულება წინასწარ შერჩევაზე - დოკუმენტების კომპლექტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს შემსრულებლების კვალიფიკაციის, ფინასური მოთხოვნებისა და მდგომარეობის, აგრეთვე ინფორმაციას კონკურსის შესახებ.

ხენჯთმედეგობა - იხ. ალიტირება.

ხენჯი - ჟანგი, რომელიც გადაეკვრება ხოლმე რკინას.

ხეობა - 1. ეროზიული, აკუმულაციური, დენუდაციური, გრავიტაციული და სხვ. პროცესებით წარმოქმნილი დედამიწის რელიეფის ფორმა; 2. ადგილი წყალგამყოფ მთებს შუა, სადაც მდინარე მოედინება.

ხერგი - ძვ. მდინარის ჩამოტანილი ძელი.

ხერთვისი - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე სამხრეთ საქართველოში (ნახ. 1), ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. ხ. მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ხ. ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.

ხერხი - ხელის ან მრავალსაჭრისიანი დაზგური მჭრელი იარაღი ან მანქანა ხის, ლითონის, ქვის და სხვა მასალების საჭრელად. დანიშნულებისა და კონსტრუქციის მიხედვით ხ. მრავალი სახისაა: ბალანსირული, ბეწვა, პირდაპირი, გრძივი, ლენტური, მსხვილკბილა, ქვასაჭრელი, ჩარჩო-ხერხი, ძრავიანი, წვრილკბილა, ხელის და სხვ.

ხერხი მრგვალი (წრიული, დისკოსმაგვარი) - მჭრელი ინსტრუმენტი - გამოიყენება ლითონის, მერქნის, პლასტმასის, ქვისა და სხვა მასალების დასაჭრელად. ხ.მ. კბილებიანი ფოლადის დისკოა. ლითონის დამუშავებისას დისკო აღჭურვილია სწრაფმჭრელი ფოლადის ფირფიტებით. გამოიყენება სხვადასხვა სახის (მოქმედების) დაზგაში ხელით ან ავტომატური მიწოდებით.

ხერხი ცირკულარული - ხერხის სახეობა, რომელიც მონტაჟდება მაგიდაზე და გამოიყენება ხის მასალის გრძივი, ღრმა და განივი დახერხვისას.

ხერხუნას ტანი - მრავალპირიანი ინსტრუმენტი გადაუყრელკბილებიანი ზოლის სახით, რომლის დანიშნულებაა კილოს ჩამოჭრა ან ჩაჭრა ინსტრუმენტის წინსვლითი მოძრაობისას.

ხეწა - ლითონის, ხის ნაკეთობის ზედაპირის მხატვრული დამუშავება სახეწის (შაბერის) მეშვეობით.

ხეხვა - დეტალების ზედაპირების სუფთა დამუშავება აბრაზიული ხელსაწყოებით. ხ. ძირითადად ხორციელდება სახეხ დაზგებზე მბრუნავი აბრაზიული წრეებით, სეგმენტებით, ძელაკებით. ქვების სახეხად იყენებენ კარბორუნდის ფილებს, ძელაკებს და სხვა სხეულებს განსხვავებული ზომის მარცვლოვანებით.

ხეხვადობა - მასალის თვისება, შეიცვალოს მოცულობა და მასა მხეხავი ძალების მოქმედებით; განისაზღვრება ერთეულ ფართობზე მოსული მასითი დანაკარგებით გ/სმ2.

ხვედრითი ზედაპირი - დისპერსიულ სისტემამდე დაქუცმაცებული ფოროვანი ტანის ან ნაწილაკების შიდა სიცარიელეების (არხები, ფორები) ზომების გასაშუალებული მახასიათებელი. ხ. ზ. წარმოადგენს ფოროვანი ან დისპერსიული ტანის საერთო ზედაპირის ფარდობას ტანის მოცულობასთან ან მასასთან. იგი დისპერსიულობის პროპორციულია ან, რაც იგივეა, უკუპროპორციულია დისპერსიულ ფაზაში მყოფი ნაწილაკების.

ხვეტია (საფხეკი) - ფოლადის ხის სახელურიანი საბათქაშე ინსტრუმენტი (ნახ. 1). ანალოგიურია შპატელის. სამუშაო პირი მართკუთხა ნაწიბურით. გამოიყენება ზედაპირების გასასუფთავებლად და გასასწორებლად.

ხვეტია კონვეიერი - მოწყობილობა ხვეტიებით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის ღარში ან მილში. არჩევენ ხ.კ. ხვეტიების უწყვეტი წინსვლითი მოძრაობით და წინსვლით-უკუსვლითი მოძრაობით. ხ.კ. იყენებენ სხვადასხვა მტვრისებური, მარცვლოვანი და ნაჭრებიანი ფხვიერი მასალებისათვის, აგრეთვე ცხელი ტვირთებისათვის, როგორიცაა ნაცარი, წიდა და ა.შ.

ხვეულა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, წლიური რგოლების ადგილობრივი გამრუდება, რაც გამოწვეულია როკებისა და შენაზარდების სიახლოვით. გამოიყურება, როგორც ნაწილობრივ გადაჭრილი აღუნული კონტური. ძლიერ ამცირებს მერქნის სიმტკიცეს თუ იგი განლაგებულია გაჭიმულ ზონაში. ნაკეთობაზე განლაგების მიხედვით არსებობს ცალმხრივი ხ., რომელიც გადის ცალ ან ორ მოსაზღვრე მხარეზე და გამჭოლი ხ., რომელიც გადის დახერხილი მასალის ან დეტალის საწინააღმდეგო მხარეებზე.

ხვეული - 1. კლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული; დახვეული, დაგრეხილი რამ; 2. გზის ნაწილი მოსახვევიდან მოსახვევამდე.

ხვეული კიბეგზა - კიბეგზა, რომელიც ზემოდან ჩანს დახურული, წრიული ფორმის, აქვს ერთნაირი, სეგმენტური საფეხურები, რომლებიც დამაგრებულია და იშლება მინიმალური დიამეტრის მქონე საყრდენი სვეტიდან (ნახ. 1).

ხვეულობა - მერქანში ბოჭკოების ხრახნისებური განლაგება.

ხვეწი (რუს. Стамеска) - სადურგლო ინსტრუმენტი, რომელიც მერქნის ნაკეთობის ზედაპირის დასამუშავებლად გამოიყენება (ნახ. 1). მისი მეშვეობით სრულდება აგრეთვე, მცირე ზომის დეტალების ჩამოტორსვა, დამრგვალება, ნაზოლის მოხსნა, დაფანერების შემდეგ ჩაკიდულობის მოხსნა, ნახვრეტის ამოღება, ხის კოვზის პირის ამოთლა სხვ. ხ. შეიძლება იყოს ბრტყელი (თხელი ან სქელი) და მრგვალი, გარედან ალესილი ნაზოლით.

ხვიმირი (ბუნკერი; რუს. - бункер) - ფხვიერი და ნაჭროვანი მასალების მოკლე ხნით შესანახი ტევადობა, რომელსაც აყენებენ მასალების ტრანსპორტირებისა და გადატვირთვის საწყის და ბოლო ტექნოლოგიურ პოსტებზე, აგრეთვე შუალედურ ადგილებში, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სტაბილურ მუშაობას მასალების არათანაბარი მიწოდების შემთხვევაში. დანიშნულების მიხედვით ხვიმირები არის: გამაუწყლოებელი, განმტვირთავი, კაზმის, მიმღები, საავარიო, სადრენაჟო, სასაწყობო, საცეცხლის, ქანების და სხვ.

ხვრელიანი ღუმელი - ფოლადის არმატურის გასახურებელი ღუმელი სამშენებლო მოედანზე.

ხვრიში - მსხვილ-მსხვილი მარცვლების შემცველი; მარცვლოვანი.

ხიდი - 1. მდინარის, ხევის, არხის და მისთ. ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელი ერთ- ან მრავალმალიანი ნაგებობა. ხ. მრავალი სახეობა არსებობს: ავტოგზის, არაგაბარიტული, ასაწყობი, რკ.ბ.-ის (ნახ. 1), ბონდის, გასაშლელი, გასახსნელი (ნახ. 2), გზატკეცილის, გისოსიანი, დახურული, დოინჯიანი, დროებითი, ზესავალი, თაღოვანი, კამაროვანი, კიდული (ნახ. 3), კონსოლიანი, კოჭური, ლითონის, მრავალმალიანი, მცირემალიანი, ორსავალიანი, ორსართულიანი, რკინიგზის, რკინის, საქვეითო (საფეხმავლო), ტივტივა, ქვესავალი, ქვის, ღია, შუასავალი, ხის, ჯაჭვის და სხვ.; 2. ავტომობილის, საქსოვი დაზგის და სხვათა სიმეტრიული ნაწილების შემაერთებელი დეტალი (მაგ., ავტომობილის წინა ხიდი).

ხიდი ვანტური - კიდული ხიდის სახეობა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი პილონისაგან, შეერთებული ხიდის ვაკისთან ფოლადის ბაგირებით - ვანტებით. კიდული ხიდისაგან განსხვავებით, რომელშიც ვაკისს იჭერს ვერტიკალური ბაგირები მიმაგრებული პილონებს შორის გაჭიმულ ძირითად ბაგირზე, ხ.ვ. ბაგირები (ვანტები) დახრილადაა შეერთებული უშუალოდ პილონებთან. ასეთი ხიდების დიდი უპირატესობაა მალის ნაშენის უძრაობა, რაც საშუალებას იძლევა ისინი გამოყენებული იქნეს სარკინიგზო ტრანსპორტისათვის. პირველი თანამედროვე ვანტური ხიდი აგებული იქნა 1956 წ. სტრომსუნდში (შვედეთი). ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე დიდმალიანი ვანტური ხიდია „რუსული ხიდი“ აღმოსავლეთ ბოსბორის სრუტეზე (რუსეთი) სიგრძით 1104 მ, რომელსაც 2 პილონი იჭერს (ნახ. 1), ხოლო ყველაზე მაღალი პილონი (343 მ) აქვს ვანტურ ვიადუკ მიიოს (საფრანგეთი), რომლის საერთო სიგრძეა 2460 მ (ნახ. 2).

ხიდი თაღოვანი - ხიდი, რომლის მზიდი კონსტრუქციები თაღები ან კამარებია. ასეთ ხიდებში ძალვები საყრდენებს გადაეცემა არა მარტო ვერტიკალურად, არამედ ჰირიზონტალურადაც (განმბჯენი), ხოლო მზიდი კონსტრუქციების ძირითადი ელემენტები მუშაობს კუმშვაზე. ძველად ხ.თ. ქვისაგან აშენებდნენ (ნახ. 1; ქვის თაღოვანი ხიდი პარიზში, საფრანგეთი), ამჟამად უპირატესობა ფოლადსა და რკ.ბ.-ს ენიჭება. სავალი ნაწილის მიხედვით არსებობს ზედა, შუა და ქვედა სვლით, რომელთაგან კონსტრუქციული და ატქიტექტურული თვალსაზრისით უმჯობესია ხ.თ. ზედა სვლით, თუმცა ხიდის კონსტრუქციას და ფორმას განსაზღვრავს მდინარეში წყლის მაქსიმალური დონე, ნაპირების მდგომარეობა, დანიშნულება, ადგილმდებარეობა და სხვ.

ხიდი კოჭური - ხიდი, რომლის მალის ნაშენი შედგება კოჭების ან კოჭური წამწეებისაგან. განასხვავებენ: რკვევად კოჭურ მალის ნაშენს, დაყრდნობილს ორ საყრდენზე და უჭრს - დაყრდნობილს 3 და მეტ სარდენზე. მალის ნაშენის კონსტრუქციებისათვის გამოიყენება რკინაბეტონი, ფოლადი და ხე.

ხიდი ლითონის - ხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია ლითონის კონსტრუქციებისაგან (კოჭი, წამწე, კამარა, თაღი და სხვ.). გამოირჩევა სიმსუბუქით, სტანდარტულობით, აწყობის სიმარტივით. მალის ნაშენის სისტემის მიხედვით არის კოჭური, თაღოვანი და კიდული. მზიდი კონსტრუქციებისათვის ძირითადად გამოიყენება ნახშირბადიანი ცხლადგლინული ფოლადის პროფილები, ხოლო დიდმალიან ხიდებში - მაღალი სიმტკიცის ფოლადი მალეგირებელი დანამატებით. საყრდენები, ბურჯები და პილონები, როგორც წესი, მზადდება ქვის, ბეტონის ან რკინაბეტონისაგან. მსოფლიოში პირველი ლითონის (თუჯის) ხიდი აგებული იქნა 1777-1779 წლებში ინგლისის ქ. კოალბრუკდეილში მდ. სევერნიზე (ნახ. 1). თანამედროვე ხიდმშენებლობაში ხ.ლ. ყველაზე გავრცელებული კონსტრუქციაა.

ხიდი რკინაბეტონის - ხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისაგან, ხოლო საყრდენები ქვის, ბეტონის ან რკინაბეტონისაგან (ნახ. 1). კონსტრუქციის სისტემის მიხედვით არსებობს: კოჭური, ჩარჩოვანი, თაღოვანი და კომბინირებული ხ.რ. რკ.ბ.-ის ხიდების უპირატესობებია ხანგამძლეობა და საკმაო ეკონომიური ექსპლუატაცია, ხოლო უაროფითი - ბზარების გაჩენა, ჩამონატეხები და დიდი წონა. მიუხედავად ამისა, ხ.რ. ფართოდ არის გავრცელებული მცირე და საშუალო მალის ხიდების მშენებლობაში. მალის ნაშენი ძირითადად მზადდება წინასწარდაძაბული რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისაგან მაღალი სიმტკიცის ფილადის არმატურის (ან ბაგირების) გამოყენებით.

ხიდი რკონის - ისტორიული ხიდი რკონის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე (კასპის მუნიციპალიტეტი). გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა. ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ერთმალიანია (12,5 მ), რკალის ფორმისა (თაღის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ, სიგანე 2,2 მ). ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. თაღის ქვედა პირი შედარებით გრძელი ქვებით არის ნაშენი, ზედა უფრო მომცროთი. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. კონსტრუქციული მოსაზრებით, შუა ნაწილი ნაპირებზე გაცილებით მაღლაა აზიდული. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია (ნახ. 1).

ხიდი საქვეითო (საფეხმავლო) - ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის რაიმე დაბრკოლების (მდინარე, არხი, ღელე, რკინიგზა, საავტომობილო გზა და სხვ.) გადასალახავად. ძირითადად აგებენ ხის (ნახ. 1), ლითონის ან რკ.ბ.-ის კონსტრუქციებისაგან.

ხიდი ტივტივა - ხიდი მცურავ საყრდენებზე (პონტონი, ტივი, ბარჟები). უშუალოდ ეწყობა ფართო და ღრმა მდინარეებზე, როდესაც ხიდის მოწყობა ტექნიკურად რთული და წამგებიანია.

ხიდი შეთავსებული - ხიდი, ერთდროულად რამდენიმე სახის ტრანსპორტის მოძრაობისათვის. არის ერთ-, ორ- და სამიარუსიანი. ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი ხიდების მშენებლობა მომგებიანია დიდ მდინარეებზე. კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით ხ.შ. ძირითადად არის კიდული (ნახ. 1: მსოფლიოში ყველაზე გრძელი ორიარუსიანი კიდული ხიდი (1648 მ) „მინამი ბისან-სეტო“, იაპონია) ან თაღოვანი (ნახ. 2: შეთავსებული ფოლადის ხიდი მდ. ობზე სიგრძით 2440 მ, ქ. სალეხარდი, რუსეთი).

ხიდი ხის - ხიდი, რომლის მალის ნაშენი შესრულებულია მერქნისაგან (ნახ. 1: კინტაის ხის ხიდი სიგრძით 193,3 მ; ქ. ივაკუნი, იაპონია). მისი ძირითადი სისტემებია: კოჭური, კოჭურ-დოინჯიანი, კოჭური გისოსებიანი წამწეებით, თაღოვანი და კომბინირებული. ხ.ხ. ფართოდ გამოიყენება დროებითი ნაგებობებისათვის ძველი ხიდის რემონტის ან ახალი ხიდის მშენებლობისას დამხმარე გადასასვლელის მოსაწყობად. მუდმივი ხ.ხ. შენდება მცირე მალების შემთხვევაში საავტომობილო გზებზე, ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში, თუმცა, მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში შემოვიდა მოდიფიცირებული და ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული მერქანი, დასავლეთში დაიწყეს დიდმალიანი თაღოვანი ხის ხიდების მშენებლობა. ხ.ხ. ღირებულება გაცილებით ნაკლებია სხვა მასალებისაგან დამზადებულ ხიდებთან შედარებით, მაგრამ ძვირია ექსპლუატაციაში, ხანგამძლეობაც ნაკლები აქვს, ამიტომ მათი გამოყენება საგზაო მშენებლობაში შეზღუდულია.

ხიდის ბურჯი - კუთხი; ხიდის საყრდენი კონსტრუქცია.

ხილვადი გამოსხივება - ხი ლ უ ლ ი  ს ი ნ ა თ ლ ე, - ოპტიკური გამოსხივება ტალღის სიგრძით 380...770 ნმ, რომელიც უშუალოდ იწვევს ადამიანის თვალში მხედველობით შეგრძნებას.

ხიმინჯი - გრუნტში მოთავსებული ძელური ელემენტი (სვეტი, ხის, ბეტონის ან ლითონის ძელაკი), რომელიც ფუძეზე გადასცემს შენობის დატვირთვას. განასხვავებენ ჩასასობს (მზა სახით ჩადებულს) და დანატენს (გაბურღვის შედეგად ჩაყენებულს). გამოიყენება ხიმინჯოვან საძირკვლებში (ნახ. 1. რკინაბეტონის ჩასასობი ხიმინჯები).

ხიმინჯოვანი საძირკველი - საძირკველი, რომელშიც გრუნტზე დატვირთვა გადაეცემა ხიმინჯების საშუალებით (ნახ. 1). დატვირთვების ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე ხ.ს. შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის: ცალკეული ხიმინჯები (საყრდენების ქვეშ), ხიმინჯების რიგი (კედლების ქვეშ), ბუჩქური ხიმინჯები (კოლონების ქვეშ). ხ.ს. გამოყენება სუსტ გრუნტებსა და მაღალი დონის გრუნტის წყლების შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში ასეთი საძირკვლების მოწყობა ამცირებს მიწის სამუშაოებს და ბეტონის ხარჯს. მასალის ხარჯისა და შრომის დანახარჯების მიხედვით ხ.ს. 1,5...2-ჯერ, ხოლო დიდი სიღმისას 3...5-ჯერ ეკონომიურია ლენტურ საძირკველთან შედარებით. ის განსაკუთრებით ეფექტურია გაჯირჯვებად და ღრმად გაყინვად გრუნტებში. მასალის მიხედვით არსებობს: ხის, ლითონის, რკ.ბ.-ის, ქვის, აგურის. ხ.ს. გამოყენებაში აქვს შეზღუდვები: მათი გამოყენება არ შეიძლება ჰორიზონტალურად მოძრავ გრუნტებში, რადგან ახასიათებთ არასაკმარისი მდგრადობა ამოყირავების მიმართ და მოითხოვს უწყვესი ხისტი რკ.ბ.-ის როსტვერკის მოწყობას; გაძნელებულია მათი გამოყენება დაბალი მზიდუნარიანობის გრუნტებში ისეთი სახლების მშენებლობისას, რომელთაც აქვთ მძიმე კედლები; რთულდება ცოკოლის მოწყობა, რადგან საჭირო ხდება ხიმინჯებს, კედლებსა და გრუნტს შორის სივრცის შევსება, რაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი სამუშაოებია.

ხიმინჯსასობი ჩაქუჩი - დარტყმითი მოქმედების, გრუნტში ხიმინჯის ჩასასობად გამოყენებადი სამშენებლო მანქანა. არსებობს ორი ტიპის: ორთქლჰაერიანი (მშრალ ორთქლზე ან შეკუმშულ ჰაერზე მომუშავე) და შიდა წვის ძრავაზე (დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე).

ხირხატი - ქვიანი და ქვიშიანი ნიადაგი.

ხის გულის სოკოვანი ლაქები - მერქნის სოკოვანი დაავადება, რომელიც ჩნდება მზარდ ხეში, უცვლის ფერს, მაგრამ არ ამცირებს მერქნის სიმაგრეს და არ აზიანებს სტრუქტურას.

ხის დასამუშავებელი კომბინატი - მერქნის დასამუშავებელი წარმოება, რომელსაც გააჩნია ძირითადი, დამხმარე და სასაწყობე შენობების კომპლექსი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს კომბინატის მომარაგებას ელექტროენერგიით, წყლით, აირით და ორთქლით. ხ.დ.კ. გამოშვებული პროდუქციის მიხედვით არსებობს:   ს ა ხ ე რ ხ-ხ ი ს გ ა დ ა ს ა მ უ შ ა ვ ე ბ ე ლ ი - რომელიც ამზადებს დახერხილ მასალას, სადურგლო-სამშენებლო დეტალებს, კვანძებს, კონსტრუქციებს; ს ა ა ვ ე ჯ ო - ავეჯისა და საავეჯო დეტალების დასამზადებლად; ფ ა ნ ე რ ი ს - დაწებებული ფანერის დასამზადებლად და ტ ა რ ი ს - ხის ტარის დასამზადებლად,  ხ.დ.კ. წარმოების ორგანიზაციის თანამედროვე პროგრესული ფორმა ითვალისწინებს მერქნის კომპლექსურ გამოყენებას (უნარჩენო წარმოება). ხის მორების დანაწევრების შემდეგ დარჩენილი ნაგვერდულები და ძელაკები, რომელთა ზომები ძირითადი პროდუქციის 20%-ზე ნაკლებია, გამოიყენება ხის ფილების, დაწებებული დეტალების, ნაკეთობების დასამზადებლად, აგრეთვე ცელულოზას მისაღებად, ხოლო ნარჩენები ბურბუშელას, ნახერხის, ნაფოტების სახით, მოიხმარება მერქანბოჭკოვანი და მერქანბურბუშელოვანი ფილების, არბოლიტის, ხის ფქვილის დასამზადებლად. შესაბამისად, კომბინატს პირველადი ნედლეულის კომპლექსური გადამუშავებით, სახერხი, საშრობი, სანაკეთო წარმოებების გარდა გააჩნია ხის ფილების და სხვა ნაკეთობების დასამზადებელი საწარმოები  ხ.დ.კ. სასურველია აშენდეს ტყით მდიდარ რაიონებში რკინიგზის ხაზთან და მდინარესთან ახლოს. საწყობების საერთო ფართობი უნდა უზრუნველყოფდეს გამოშვებული პროდუქციის დასაწყობებას 5...6 თვით. კომბინატის კომპლექსში შედის აგრეთვე სარემონტო-მექანიკური სახელოსნო, ტექნიკური მასალების საწყობი, საპოხ-საწვავი მასალების საწყობი, საკომპრესორო, სატრანსფორმატორო, საქვაბე, გარაჟი და ადმინისტრაციული შენობა.

ხის დეტალები - მიიღება ნამზადის ან უშუალოდ მრგვალი ხის მასალის დანაწევრების შედაგად.

ხის დიდნაქურთენიანობა - მანკის ისეთი სახეობა, როდესაც ხის ტანის განივკვეთში ნაქურთენის ფართობი გაცილებით მეტია გულის ფართობზე. ასეთი მერქანი დაბალხარისხიანია. ნაქურთენის სიჭარბე შეიძლება იყოს თანაბრად განაწილებული, შეიძლება - ცალმხრივი.

ხის კიბო - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, მანკის სახეობა, რომელსაც სოკოების და ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად ჩაღმავებული ან ამობურცული სახე აქვს. დაავადებულ ადგილზე მერქანი არ იზრდება, მაგრამ ტანის საწინააღმდეგო მხარეზე გაძლიერებული ზრდის შედეგად წარმოიქმნება დამახასიათებელი სიმსივნე. წიწვოვან ჯიშებში თან ახლავს გაფისიანება ან ფისის ჩამოდინება. არსებობს ხის კიბოს ორი სახეობა: ღია (ნახ. 1) და დახურული (ნახ. 2), რომელიც გარეგნულად გაბერილ ქერქს და მერქანს ჩამოგავს.

ხის მეორეხარისხოვანი მასალები - მერქნიანი მცენარეების ფესვები, ქერქი, ლაფანი, ნეკერი, ძირკვი, ფიჩხი, თესლი, ტოტები.

ხის მპალა - მერქნის სოკოვანი დაავადება - არანორმალური ფერის უბნები, რომელიც იწვევს სიმტკიცის შემცირებას. ასეთებია: ჭრელი საცრისებური, მურა ბზარისმაგვარი, თეთრი ბოჭკოვანი, გარე ფაშარი, გულის, ნაქურთენის და სხვა სახის სიდამპლე.

ხის ობი - მერქნის სოკოვანი დაავადება - აფუჭებს მერქნის გარეგნობას და ბიძგს აძლევს ლპობის დაწყებას.

ხის სილურჯე - მერქნის სოკოვანი დაავადება - მერქნის ლურჯი ან მომწვანო შეფერილობა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. სიმტკიცეზე არ მოქმედებს, მაგრამ მერქანს აძლევს არასასიამოვნო შეფერილობას.

ხის სიმრუდე - მერქის მანკი - ხის ტანის გრძივი ღერძის გადახრა ტანის გაღუნვის გამო. სიმრუდის გაზომვის დროს ძირიდან 1 მ ტანის სიმაღლე მხედველობაში არ მიიღება. იგი მანკის ცუდი სახეობაა, რადგან ასეთი ხის ტანიდან მცირე რაოდენობის დახერხილი მასალა ამოდის. ხდება გრძივი ბოჭკოების ირიბად წაჭრა, რაც აქვეითებს მასალის ხარისხს. არსებობს მარტივი სიმრუდე (ერთი გაღუნვით) და რთული (ორი ან მეტი გაღუნვით). გამოიყენება ღობეების, ინსტრუმენტების, ინვენტარის, ავეჯის, ჭურჭლის დასამზადებლად.

ხის სოკოვანი დაავადება - მერქანს უჩნდება სოკოების ცხოველმოქმედების შედეგად.

ხის სპირტი - იხ. მეთანოლი.

ხის ტანი - ხის ნაწილი, რომელიც ხის ფესვთა სისტემას ხის ვარჯთან აერთებს. მასში ქვევიდან ზევით ნიადაგიდან შეწოვილი მინერალური ნივთიერებების წყალის ხსნარი მოძრაობს, ხოლო ზევიდან ქვემოთ, ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ფოთლებში გამომუშავდება. ტანში ხის საკვების მარაგიც ინახება

ხის უკანონო ჭრა - ხეების ნებართვის გარეშე მოჭრა.

ხის ფქვილი - ხე-ტყის გადამუშავებული ნარჩენები ფქვილის სახით. გამოიყენება ლინოლეუმის, წებოების, ავეჯის და ა.შ. წარმოებაში.

ხის ქერქი - ხის ტანის დამცავი, რომელიც შედგება გარე საცობის და შიგა ლაფანის ფენებისაგან. იგი თავისებურ სამოსს წარმოადგენს, რომელიც ხეს იცავს გარემოს ზემოქმედებისაგან, აგრეთვე მონაწილეობს ხის სუნთქვის რეგულიაციაში. იგი ადვილად ეცლება მერქანს გაზაფხულზე, როცა ხეში წყლისა და ფისების მოძრაობა აქტიურია. ფაქტურის მიხედვით არცევენ ქ. შემდეგ სახეობებს: გლუვი (წიფელი, რცხილა, ალუბალი); პლასტიკური (წაბლი, ევკალიპტი); მცირე ბზარებიანი (მსხალი, გინკგო, ლირიოდენდრონი); ღრმა ბზარებიანი (მუხა, ტირიფი). ქ. უმეტეს შემთხვევაში არავითარი ღირებულება არ გააჩნია, თუმცა ზოგჯერ მუხის, ნაძვის, ლარიქსის, ტირიფის, არყის ხის, თხმელას ქ. ქიმიური დამუშავების შემდეგ გამოიყენება საწვავი ბრიკეტების დასამზადებლად, ზოგჯერ ამ ბრიკეტებს გადახურვებშიც იყენებენ გამათბუნებელ ფენად. ჩეხი მკვლევარების მონაცემებით ქერქის პროცენტული შემცველობა ხის მერქნის მთლიან მასაში შემდეგია: ნაძვი - 10,95%; არის ხე - 11%; სოჭი - 12,6%; კოპიტი - 12…15%; მუხა - 22%; თელამუში - 22,3%.

ხის შიდა ნაქურთენი - მერქნის მანკი, რომელიც წარმოადგენს გულის ნაწილში განლაგებული წრიული რგოლების ჯგუფს, რომლებსაც შეფერილობა, თვისებები და აგებულება ნაქურთენის აქვს. მიდრეკილია ლპობისაკენ. სიმტკიცე ისეთივე აქვს, როგორც გულს. ასეთი მანკები დამახასიათებელია ფოთლოვანი ჯიშის მერქნისათვის (მუხა, კოპიტი). ძვირფასია მოზაიკური სამუშაებისათვის. შ.ნ. მავნე მანკად არ ითვლება, მაგრამ ამცირებს მისგან ამოღებული ფიცრების ხარისხს.

ხის შოლტი - როკებისაგან გასუფთავებული მოჭრილი ხის ტანი წვეროსა და კინტის გარეშე (ნახ. 1).

ხის შპონი - ხის მორისაგან ანათალი 3 მმ-მდე სისქის ფენა, რომელსაც იყენებენ ფანერის დასამზადებლად, აგრეთვე სხვა მასალის ზედაპირზე დასაწებებლად ლამაზი ტექსტურის მისაღებად (ავეჯი, კარები, თაროები, მოაჯირები და სხვ.). პირველად შპონსახდელი ჩარხი გამოიგონეს ქ. ტალინში (ესტონეთი) 1819 წელს. ხ.შ. არსებობს სამგვარი: ჩვეულებრივი ანათალი (მიიღება მორებისაგან), გარანდული (მიიღება ძელების გარანდვით) და დახერხილი. მშენებლობისა და ავეჯის გარდა ხ.შ. დიდი გამოყენება აქვს ასანთის ღეროებისა და კოლოფების მრეწველობაში, დასარტყმელი ინსტრუმენტებისა და გიტარების კორპუსის დასამზადებლად, დეკორატიული სამუსაოებისათვის (ინკრუსტაცია), ავტომობილის სალონის შიდა დეტალებისათვის.

ხის ცრუ გული - მუქი, უთანაბროდ შფერილი გული, რომლის საზღვრები არ ემთხვევა წლიურ რგოლებს. ძირითადად გვხვდება ფოთლოვან ჯიშებში (არყის ხე, წიფელი, ნეკერჩხალი). გამოყოფილია ნაქურთენისაგან მუქი ზოლით. შეფერილობა: მურა-მუქი, მურა-წითელი, ზოგჯერ ლილისფერიც. გადანაჭერზე შეიძლება იყოს: ცენტრალური, გადანაცვლებული, წრიული ან ვარსკვლავისებური. ცრუ გული გავლენას არ ახდენს მერქნის სიმტკიცეზე.

ხის ჯიშების ჯგუფი - ხის ჯიშების ერთობლიობა მსგავსი ბიოლოგიური თვისებებით. ტყეების სახელმწიფო აღწერისას გამოყოფენ შემდეგ ხის ჯიშებს: წიწვოვანს (ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი, სოჭი და კედარი); მაგარფოთლოვანს (მუხა, წიფელი, რცხილა, კოპიტი, ნეკერჩხალი, აკაცია, არყის ხე, თელა, თელამუში) და რბილფოთლოვანს (თხმელა, ცაცხვი, ვერვი, ალვის ხე). სამშენებლო ინდუსტრიაში ძირითადად გამოიყენება წიწვოვანი ჯიშის მერქანი, რომელიც ხასიათდება დიდი სიმტკიცით, ხის ტანის სწორი ფორმით, მასალის მოცულობის მაქსიმალური გამოსავლიანობით. ის ფოთლოვან ჯიშებთან შედარებით ნაკლებად ლპობასაშიშია, რადგან მის ტანში ფისების საკმაო რაოდენობაა. ფოთლოვანი ჯიშებიდან მუხა, აკაცია, წიფელი, კოპიტი გამოიყენება წირწკიმალების, ბალიშების, ქვესადებების, ზედებისა და სხვა საპასუხიმგებლო დეტალებისათვის; არყის ხისაგან ამზადებენ ფანერას, ხოლო დანარჩენი ჯიშები, როგორიცაა ვერხვი, ცაცხვი, თხმელა, რცხილა, ჩინარი, ალვის ხე და სხვ., გამოიყენება მხოლოდ დროებით ნაგებობებსა და ქარგილების, ხარაჩოებისა და ყალიბების მოსაწყობად. ფოთლოვანი ჯიშის მერქნის ფართოდ გამოყენებას ხელს უშლის ის, რომ მათ წიწვოვან ჯიშებთან შედარებით მეტი როკები და მანკები აქვს, სუსტად ეწინააღმდეგებიან ლპობას და მოპოვებაც რთულია. კონსტრუქციულ ელემენტებში სხვადასხვა ჯიშის მერქნის გამოყენების არე დამოკიდებულია მის ტექნოლოგიურ და მექანიკურ თვისებებზე. ამ წესის უგულებელყოფა მშენებლობაში იწვევს ხის კონსტრუქციების ექსპლუატაციის ვადის შემცირებას.

ხიწვი - 1. ხის წვეტიანი ანახეთქი (ეკალივით); 2. ზედმეტი ლითონი, გამოწნეული ნაკეთობის შტამპვის დროს პუანსონსა და მატრიცას შორის არსებული ღრეჩოდან; 3. ნადნობის, ზოდის კიდეზე მცირე ზომის გამონაშვერები, რომელსაც ქმნის სამსხმელო ფორმის კედლებს შორის დარჩენილი ღრეჩო; 4. დეტალის საჭრელი ინსტრუმენტით დამუშავების (ჭრის) შემდეგ კიდეზე დარჩენილი ნაშვერები.

ხიხანის ციხე (ხირხათის ციხე) - შუა საუკუნეების (X-XIII ს.) ციხე-სიმაგრე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს რაიონის სოფელ ზედა თხილვანაში. ციხე მდებარეობს სხალთის ხეობის სათავეში, ხიხანის მთის ერთ-ერთ კალთაზე (ნახ. 1). ციხე სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას მდებარეობს, მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნია. კომპლექსში შედის გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. გადმოცემით, ხ.ც. ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები ჰქონია, რომელთა საშუალებით ბლოკადის ან სხვა გაჭირვების დროს ახლომახლო სოფლებს უკავშირდებოდნენ. ხ.ც. ფართობი თითქმის ერთი ჰექტარამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. ალაგ-ალაგ გადარჩენილი ციხის გალავნის კედლების სიმაღლე 5…6 მ-ს აღწევს. სისქე 90…95 სმ-ია. გალავანში ჩაშენებული იყო 4 კოშკი, რომელთაგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები ციხის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობს. შემორჩენილია საძირკველი. ეკლესია პატარა ზომისაა (5.5×3.5 მ) და დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართული ყოფილა საკმაოდ სქელი კედლები (სისქე 55 სმ). შედარებით უკეთაა შემონახული აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლები (სიმაღლე 1,5…1,7 მ). კედლების როგორც გარეთა, ასევე შიდა ზედაპირი მოპირკეთებულია მოსწორებულ ზედაპირიანი ქვებით. მათ შორის მდებარე არე შევსებულია კირხსნარიანი ქვა-ღორღით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ხ.ც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. ხიხანის ციხესა და თამარ მეფეს, უამრავი ლეგენდა აკავშირებს. ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ.

ხლეწი - უვარგისი ნარჩენები, რომელიც ვერაფერში გამოიყენება და ლიკვიდაციას ექვემდებარება.

ხმაური - ბგერის სიმაღლის აღქმა მექანიკური მოწყობილობების მუშაობის დროს. არსებობს ხ. ოთხი სახე: დარტყმითი, საჰაერო, სტრუქტურული და აკუსტიკური.


ხმაური აკუსტიკური - დამახასიათებელია კეთილმოუწყობელი სათავსებისათვის და ვრცელდება ექოს სახით.

ხმაური დარტყმითი - როდესაც შენობის კონსტრუქცია ღებულობს დარტყმას და ამ დროს გაჩენილი რხევები გადაეცემა კედლებს და გადახურვებს. ხ.დ. შეიძლება აღძრას იატაკზე მძიმე საგნის დავარდნამ, ავეჯის გადაადგილებამ, ნიბიჯებმა, კედელზე რაიმეს მირტყმამ და სხვ.

ხმაური საჰაერო - გარედან შემოსული ხმაური (თვითმფრინავის, ტრანსპორტის, მეტეოპირობების, ქუჩის), შენობის შიგნით ხ.ს. შეიძლება გაავრცელოს ხმამაღლა ლაპარაკმა, მუსიკამ, ძაღლის ყეფამ და სხვ.

ხმაური სტრუქტურული - როდესაც შენობის კონსტრუქციებს ხმაური გადაეცემა მილების, ლიფტის შახტების, ცენტრალური გათბობის რადიატორების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების ვიბრაციით.

ხმაურისაგან დასაცავი საშუალებები - ხმაურის ჩამხშობები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საერთო ტექნიკური ღონისძიებებით შეუძლებელია ხმაურის უსაფრთხო პარამეტრებამდე დაყვანა ან როცა მცირე ხნით სრულდება სამუშაოები გაძლიერებული ხმაურის პირობებში. ინდივიდუალური ჩამხშობებია: 1. წმინდა ბოჭკოსაგან დამზადებული რბილი საფენები, რომლებიც გარედან დაეფარება ყურის ნიჟარებს ან რეზინისაგან მომზადებული წაკვეთილი კონუსები, რომლებიც უნდა მოთავსდეს ყურის ნახვრეტებში; 2. საყურისები, რომლებიც შიგნიდან ამოგებულია რბილი მასალისაგან და მჭიდროდ ეკვრის ყურებს თავზე გადატარებული რკალისებრი ზამბარით. ასეთი საყურისები ყველაზე უფრო ეფექტურია მაღალი სიხშირის მქონე ხმაურისას; 3. სპეციალური მუზარადები გამოიყენება 120 დბ-ზე მეტი ხმაურის დონის შემთხვევაში, რომლის დროსაც საფენები და საყურისები სათანადო ეფექტს არ იძლევიან.

ხმაურსაზომი - ბგერის ხმამაღლობის დონის ობიექტური გაზომვის ხელსაწყო. იგი შედგება გამზომი მიკროფონისაგან, გამაძლიერებლისაგან, დეტექტორისა და ინდიკატორისაგან. მისი ჩვენების შესაბამისობა სუბიექტურ ხმაურის შეგრძნებასთან მოწმდება სასმენი ორგანოს მგრძნობიარობის მრუდზე.

ხმელი - სისველეს მოკლებული, მშრალი, გამხმარი; არა რბილი, არა ნედლი, მაგარი.

ხმელობა - ხმელის თვისება, სიხმელე.

ხმის საიზოლაციო შრე - კედლის ან სართულშუა გადახურვის სისქეში საგანგებო მასალის შრე, რომელიც აბრკოლებს ხმის გასვლას ერთი სათავსიდან მეორეში.

ხმოვანი განგაშის კომუნიკაციები - ხელით მართვადი ან ავტომატური აპარატურა, რომლის საშუალებითაც ხდება როგორც ხმოვანი ინსტრუქციების გაბრცელება, ასევე, განგაშისა და საევაკუაციო სიგნალების გადაცემა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისა და შენობაში მყოფთათვის.

ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი) - მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ. აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკვლო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები (ნახ. 1). ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. შუა საუკუნეებში ხ.მ. დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. ტაძრის შენობა ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ რომელიმე ტიპს არ მიეკუთვნება: ის უგუმბათო შენობაა, რომლის შიგნით კამარები ჯვაროვან სივრცეს, გარეთ კი მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას ქმნიან. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეკვდერებად იყო გამოყოფილი, უფრო გვიან კედლები გამოიღეს და ეკვდერები მთავარ სივრცეს დაუკავშირეს. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებს მთელ სიგრძეზე მიჰყვება ღია გალერეა, რომელიც სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში დახურული ეკვდერით მთავრდება. ყურადღებას იქცევს ქვისაგან ნაგები გუმბათიანი სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში.

ხოკერი - რაიმეს ჩასადგმელი, ჩასაყენებელი, იგივე მილი, მაგ., სავენტილაციო, ჩამტვირთავი. ცხავის ხოკერი ფურცლოვანი ლითონისა და მილებისგანაა შედუღებული, რომელშიც ჩაყენებულია იარუსებად საცრები. ხოკერის შუაში ჩადგმულია ვიბრატორი, რომლის ლილვი ეყრდნობა ხოკერზე მიმაგრებულ საკისრებს.

ხოპერი - სატვირთო ვაგონი ბუნკერის ტიპის ძარით ქვანახშირის, მთის ქანების, მადნის, ფხვიერი მასალების გადასაზიდად. ამჟამად მას უფრო იყენებენ ცემენტის, ფქვილის, სასუქების გადასაზიდად.

ხორთუმი - იგივე თაღ-ხორთუმი, რომელიც წარმოადგენს წევის ჩარჩოს მისაბმელი სკრეპერებისათვის. კონსტრუქციულად იგი ხორთუმს წააგავს, საიდანაც მიიღო ეს სახელწოდება.

ხრამი - კლდიანი ღრმა ხევი; ღრანტე.

ხრახნი - ცილინდრული ფორმის დეტალი (იშვიათად კონუსური), რომელსაც აქვს კუთხვილიანი ზედაპირი ან ხრახნული ფრთები. არჩევენ ორი სახის ხრახნს: 1. ხ., რომელიც ურთიერთქმედებს ხრახნულ მეორე დეტალის ხვრეტთან; 2. ხრახნი, რომელიც ურთიერთქმედებს უშუალოდ გარე ან მუშა გარემოსთან. პირველს მიეკუთვნებიან ხრახნული მექანიზმებისა და გადაცემების სავალი და ძალური ხ., ხელსაწყოების მიკრომეტრული ხ., სამაგრი (შეერთებების), დასაყენებელი და სხვა სახის ხ.; მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ხ., რომლებიც გამოიყენებიან წევის ძალის მისაღებად, აგრეთვე ბლანტი, ფხვიერი და ნაჭროვანი მასალების ასარევად და გადასაადგილებლად (თვითმფრინავებში, გემებზე, ვენტილატორებში, ტუმბოებში, ხრახნულ კონვეიერებში).

ხრახნული გადაცემა - კბილა გადაცემა ხრახნული რგოლებით, რომელთა სიმეტრიის ღერძები არ მდებარეობს ერთ სიბრტყეში და გადაიკვეთებიან სხვადასხვა კუთხით (ნახ. 1, ხრახნული გადაცემა ღერძებს შორის 900-იანი კუთხით). მაღალი სიდიდის კონტაქტური ძაბვები (ერთ წერტილში მექანიკური შეხების გამო) და ერთმანეთზე სრიალი, იწვევს ხ.გ. სწრაფ ცვეთას მცირე დატვირთვების დროსაც კი, ამიტომ მას ძირითადად იყენებენ ხელსაწყოების კინემატიკურ ჯაჭვებში.

ხრახნული მოძრაობა - მყარი სხეულის ისეთი რთული მოძრაობა, როდესაც სხეული ასრულებს გადატანით მოძრაობას v სიჩქარით და იმავდროულად ბრუნავს ω კუთხური სიჩქარით იმ ღერძის ირგვლივ, რომელიც სიჩქარის მიმართულების პარალელურია. ხრახნული მოძრაობისას გადატანითი მოძრაობის სიჩქარის ფარდობას ბრუნვის კუთხურ სიჩქარესთან ხრახნული მოძრაობის პარამეტრი ეწოდება.

ხრახნული ჩასაშვები - სატრანსპორტო მოწყობილობა ფხვიერი და ცალობითი ტვირთის ჩასაშვებად სიმძიმის ძალის გავლენით. ხ.ჩ. ეწყობა ხრახნული ღარის სახით.

ხრახნწირი - სივრცული წირი, რომელსაც შემოწერს მოძრავი M წერტილი, რომელიც ბრუნავს ab ღერძის გარშემო მუდმივი w კუთხური სიჩქარით და იმავდროულად ამავე ღერძის გასწვრივ ასრულებს გადატანით მოძრაობას მუდმივი სიდიდის v სიჩქარით.

ხრეშსარეცხი - მბრუნავი დოლი, დაყენებული 70-მდე დახრით ჰორიზონტთან, რომლის შიგნით განლაგებულია გამშხეფი მოწყობილობა მასალის გასარეცხად წყლით. დოლის ზედაპირები დახვრეტილია შლამის გამოსადევნად, ხოლო გარეცხილი მასალა განიტვირთება დოლის ქვედა ნაწილში. თუ დოლი ასრულებს ცხავის როლს, მაშინ მას ხრეშსარეცხ-დამხარისხებელს უწოდებენ (ახარისხებს მასალას რამდენიმე ფრაქციად). მანქანებს, რომელთაც აქვთ არაპერფორირებული ზედაპირები, უწოდებენ სკრუბერებს.

ხრუტუნა მექანიზმი - კბილანა მექანიზმი, რომელიც ბერკეტის უკუქცევით - ბრუნვით მოძრაობას გარდაქმნის ხრუტუნა (კბილა) თვლის წყვეტილ ბრუნვით მოძრაობაში შუალედური რგოლის (სასხლეტის) მეშვეობით. იგი ხრუტუნა თვალს შემოაბრუნებს მხოლოდ ერთი მიმართულებით. ხ.მ. იყენებენ როგორც საჩერებელ მოწყობილობას ტვირთამწევ მანქანებში.

ხსნარი - ორი ან მეტი ნივთიერებისაგან შემდგარი ცვლადი შედგენილობის მიკროსკოპულად ერთგვაროვანი ნარევი, რომელიც წარმოქმნის თერმოდინამიკურად წონასწორულ სისტემას; გახსნილი ნივთერების ნაწილაკებისა და გამხსნელი მოლეკულების ერთგვაროვანი ნარევი. ხსნარი განსხვავდება ქიმიური ნაერთისაგან თავისი შემადგენლობითა და ბმის ხასიათით. ქიმიური ნაერთის შემადგენლობა მუდმივია, ხსნარისა კი ცვლადი. ნაერთში ატომები სავალენტო ძალებით არის შეკავშირებული მოლეკულების სახით, ხსნარში კი ვლინდება გახსნილი ნივთიერების და გამხსნელის მოლეკულებს შორის მოქმედი სუსტი ძალები.

ხსნარსარევი - სამშენებლო ხსნარების მოსამზადებლად გამოიყენება ციკლური და უწყვეტი მოქმედების იძულებითი შერევის ხ., მზა ნარევის მოცულობით 60, 100, 250, 800 ლ. კონსტრუქციის და შერევის პრინციპის მიხედვით ხ. არის ვარცლისებრი, როტორული და ტურბულენტური. კომპონენტების შერევა წარმოებს უძრავ დოლში (ვარცლში) შესაბამისად ჰორიზონტალურ ლილვზე დამაგრებული მბრუნავი ხრახნული ფრთებით და ვერტიკალურ ლილვზე დამაგრებული ფრთებიანი როტორით.

ხუნდი - მუხრუჭის შემოსაჭერი მოწყობილობა.

ხურო - მთლელი, ქვის მთლელი.

ხუროთმოძღვარი - არქიტექტორი; სპეციალისტი ხუროთმოძღვრების (არქიტექტურის) დარგში.

ხუროთმოძღვრება - 1. არქიტექტურა; შენობის, ნაგებობის და მათი კომპლექსების მშენებლობის ხელოვნება, რომელიც გამიზნულია საზოგადოების საყოფაცხოვრებო და იდეურ-მხატვრული მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე დამოკიდებულია საზოგადოების საწარმოო ძალებისა და ურთიერთობის განვითარებაზე. არქიტექტრურის ნაწარმოებში მთავარი ამოცანა - პრაქტიკული და უტილიტარული მოთხოვნის დაკმაყოფილება მჭიდრო კავშირშია მხატვრულ შემოქმედებასთან; 2. არქიტექტურული კომპოზიციის ხასიათი, ნაგებობის მხატვრული სახე.

ხუფი - რაიმეს თავსახური, სარქველი (მაგ., ქვაბის ხუფი, ჭურჭლის თავსახური).

ხუხულა - სახელდახელოდ, ზერელედ აშენებული სახლი; ქოხმახი.

ჯავარი - 1. ძაფისებრი არაერთგვაროვნებები მინაში, განსხვავებული შედგენილობით ძირითადი მინისაგან. წარმოიქმნება მინის არასაკმარისი მოხარშვის დროს; 2. ბუნებრივი ან ხელოვნური სახეები ხეზე, ქვაზე, ფოლადსა და სხვ.; 3. პატიოსანი ქვა, ძვირფასი თვალი.

ჯავარიანობა - მ ე რ ქ ნ ი ს  მ ა ნ კ ი, მერქანში ბოჭკოების უწესრიგო განლაგება. გვხვდება ყველა ჯიშის მერქანში. ასეთი მერქნისაგანაა შედგენილი კორძები. ამცირებს მერქნის სიმტკიცეს გაჭიმვაზე, ღუნვაზე და კუმშვაზე; ამაღლებს - ახლეჩაზე. აძნელებს ფიცრების გარანდვას, სამაგიეროდ ძვირადღირებული მასალაა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის.არსებობს ჯ. ორი სახე: ტალღოვანი - ასე თუ ისე ბოჭკოების სწორი განლაგებით და ნაბურდი - ბოჭკოების უწესრიგო განლაგებით.

ჯავშანი - ადამიანის, მექანიზმის, ხომალდის, საბრძოლო მანქანის და მუდმივი სიმაგრის ტყვიებისაგან, საარტილერიო ჭურვისაგან, საავიაციო ბომბისაგან, ტორპედოსაგან დაცვის საშუალება. იგი მიეკუთვნება აგრეთვე ატომსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებას. სამხედრო ტექნიკაში ჯ. ძირითადად მზადდება ფოლადისაგან, რომელიც არსებობს: ჰ ო მ ო გ ე ნ უ რ ი - ერთგვაროვანი მასალისაგან და ჰ ე ტ ე რ ო გ ე ნ უ რ ი - განსხვავებული მექანიკური თვისებებით გარე და შიგა ფენებისათვის ან განსხვავებული მექანიკური თვისებებით და ქიმიური შედგენილობით (ცემენტნარევი, ორფენიანი, მრავალფენიანი). ფოლადის გარდა ჯ. დასამზადებლად გამოიყენება ალუმინის შენადნობები, პლასტმასა, კერამიკული და კომპოზიტური მასალები.

ჯავშანფილა - წისქვილშიგა მოწყობილობის ძირითადი ელემენტი, რომელიც იცავს დოლის კორპუსს გაცვეთისაგან. ამზადებენ ცვეთამედეგი ფოლადისაგან და ამაგრებენ კორპუსის შიგნით სპეციალური ამონაგის ჭანჭიკებით. იმავე მასალისგან მზადდება სამსხვრევი ფილები ყბებიანი ქვასამსხვრევებისათვის, რომლებიც მაგრდება უძრავ და მოძრავ ყბებზე.

ჯალამბარი - ტვირთის ასაწევი მანქანა მოძრავი მოქნილი ელემენტის - ბაგირის ან ჯაჭვის დახმარებით. არსებობს ჯ. სტაციონალური და გადასაადგილებელი, ხელის (ნახ. 1) ან მანქანური ამძრავით. გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი მექანიზმი სამშენებლო-სამონტაჟო, ხე-ტყის გამოსაზიდი და დასაწყობების, დასატვირთ-განსარტვითი სამუშაოების შესასრულებლად, გემების მისაბმელად, ღუზის ამოსაწევად (ბრაშპილი), აგრეთვე საწყობებში, საბაგირო გზებზე, მიწის სათხრელ და საგზაო მანქანებში და ა. შ.

ჯალამბარი ბერკეტული - ხელის ჯალამბარი, რომელიც გათვალისწინებულია ტვირთის ასაწევად და გადასაადგილებლად სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესში (ნახ. 1). მისი სამუშაო ორგანოა საწევი მექანიზმი, რომელიც ბაგირის საშუალებით გადასცემს ტვირთს გადაადგილებისათვის საჭირო ძალას.

ჯალამბარი ერთდოლიანი - ხელის ჯალამბარი, რომელიც გათვალისწინებულია ტვირთის ასაწევად (დასაშვებად) და მის გადასაადგილებლად ჰორიზონტალურ და დახრილ სიბრტყეებზე, სამშენებლო მოედნებზე სამონტაჟო და სატვირთავ-დასატვირთავი სამუშაოების შესრულებისას. მათ მუშაობა შეუძლიათ +50-დან −400C ტემპერატურის პირობებში. ის უზრუნველყოფილია ავტომატური ტვირთ-საბრჯენი მუხრუჭით.

ჯალამბარი სამანევრო - ჯალამბარი, რომელიც გათვალისწინებულია რკინიგზის პლატფორმების გადასაადგილებლად, რკინიგზისპირა საწყობების სატვირთავ-გასატვირთავ უბნებზე (ნახ. 1).

ჯალამბარი ფრიქციული - ჯალამბარი, რომელიც ძირითადად გამოიყენება საურნალე და სასკრეპერო მოწყობილობების დასაკომპლექტებლად (ნახ. 1: ფრიქციული ჯალამბარი ორმაგი დოლით). ის აღჭურვილია მტკიცედ შეკრული ლენტური მუხრუჭებით.

ჯალამბარი ხელის - მექანიკური ჯალამბარი, რომელიც მოქმედებაში მოდის ხელით. არსებობს ერთდოლიანი და ბერკეტული (დოლის გარეშე).

ჯამბარა - ტრავერსაზე, ჩანგალზე, კავზე ტვირთის ჩამოსაკიდი მოწყობილობა - ბაგირის ან ჯაჭვის რგოლი ან მარყუჟი. ტვირთის ჩაჭერისა და ჩახსნის ავტომატურ მოწყობილობას ავტომარყუჟს უწოდებენ.

ჯამე - მეჩეთი, მიზგითი, მუსლიმთა საკულტო ნაგებობა.

ჯამი - რბიას ნაწილი (დეტალი), რომლის ზედაპირზე შემოგორდებიან საგორავები და სრესენ მასალას. სველი დაფქვის რ. ჯამი უძრავია და აქვს ხვრეტები, განლაგებული ცენტრის სიახლოვეს. რ. მბრუნავი ჯამით დასაქუცმაცებელი მასალა ინერციის ცენტრიდანული ძალების გავლენით გადაიყრება ჯ. გვერდულებთან სიახლოვეს განლაგებული ხვრეტებისკენ. ცნობილია აგრეთვე მბრუნავი ჯამები ხვრეტების გარეშე, რომლებშიც დაქუცმაცებული მასალა განიტვირთება ჯამსა და გვერდულას (ქიმს) შორის არსებული ღრეჩოდან.

ჯამის მინარეთი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ავღანეთში. მთლიანად შემოფარგლულია მაღალი მთებით. მინარეთის სიმაღლე 65 მეტრია და აშენებულია გამომწვარი აგურით 1190 წელს. გამოირჩევა მობათქაშებული და მოჭიქული კრამიტის დეკორაციებით, ასევე შეიცავს გეომეტრიულ ფიგურებს და წარწერილ ყურანის სტროფებს (ნახ. 1).

ჯარგვალი - გვირგვინი, ჯირგვალი; ოთხკუთხად ან სამკუთხად შეკრული მორები, ძელები. მათი ერთმანეთზე წყობით ამოიყვანება ჯარგვალური სახლი (ნახ. 1) ან სხვა ნაგებობა. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს სოფლებში, რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, სკანდინავიის ქვეყნებში.

ჯართი - ლითონის ნაკეთობების უვარგისი და გადასაყრელი ნაწილები, ნამტვრევები; ლითონის ძველი ნივთები. განასხვავებენ ჯ. ორ სახეობას: ფოლადის და თუჯის.

ჯარიმა - ფულადი გადასახდელი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ხელშეკრულების ან დადგენილი წესების დარღვევისათვის. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

ჯაჭვი - ცალკეული, თანმიმდევრობით შეერთებული ხისტი რგოლებისაგან შემდგარი მოქნილი ნაკეთობა. ჯ. დანიშნულების მიხედვით არსებობს: ამძრავი (ნახ. 1, ამძრავი ჯაჭვი), საწევი (ნახ. 2, ესკალატორის საწევი ჯაჭვი), ტვირთამწევი, სატვირთო (ნახ. 3, სატვირთო ჯაჭვი), რგოლებიანი, დამჭიმი, ველოსიპედის, ღუზის, ფირფიტოვანი, მუხლუხა, გალის, კბილა, საკიდი, ხვეტია და სხვ.

ჯაჭვური გადაცემა - ორ პარალელურ ლილვს შორის ბრუნვითი მოძრაობის გადამცემი მექანიზმი მათზე ხისტად დამაგრებული კბილანების საშუალებით, რომლებზეც გადადებულია უსასრულო ჯაჭვი. ჯ. გ. უზრუნველყოფს შორ მანძილზე (8 მ-მდე) ბრუნვითი მოძრაობის გადაცემას, უშვებს პარალელურობის უზუსტობას ლილვებს შორის, ლილვებს გადასცემს უმნიშვნელო მღუნავ დატვირთვებს (2-ჯერ ნაკლებს, ვიდრე ღვედური გადაცემა), ერთი ჯაჭვით გადასცემს ბრუნვას რამდენიმე ლილვს, ხასიათდება ელასტიურობით, გამორიცხულია ასრიალება, აქვს დიდი მ.ქ.კ. (0,96...0,97).

ჯაჭვური ექსკავატორი - გრუნტის ამომღებ-დამტვირთავი მანქანა, რომლის მუშა ორგანოს წარმოადგენს ხისტი ან სახსრული ჩარჩო უსასრულო ჯაჭვითა და ციცხვებით, ტევადობით 0,2...3,15 მ3. გამოიყენება რბილი ქანების დასამუშავებლად კარიერებში. მრავალციცხვიანი ჯაჭვური მუშა ორგანოთი არის აღჭურვილი მიწისმწოვი დანადგარი გრუნტის წყალქვეშა დამუშავებისათვის.

ჯახორი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია ხარაგაულის მახლობლად.

ჯგუფი წლოვანობის - ნარგავების განლაგება ჯგუფებად წლოვანების მიხედვით. განასხვავებენ: ახალგაზრდა, საშუალო წლოვანების, მომწიფებულ, მწიფე და მომწიფებულ ნარგავებს.

ჯგუფური ქსელი - ძალური ელექტრომიმღებების მკვებავი ელექტრული ქსელი.

ჯგუფური წყალსადენი - წყალსადენი, რომელიც ემსახურება რამდენიმე დასახლებული პუნქტის მომხმარებელს.

ჯებირი (ფრანგ.) - 1. იგივეა რაც დამბა - მიწის კაშხალის მსგავსი ჰიდროტექნიკური ნაგებობა. ჯ. ორგვარია: სადაწნეო (აგებენ მდინარისა და ზღვის დაბალი ნაპირების დატბორვისაგან დასაცავად, არხების შემოსაზვინად და სხვ.) და უდაწნეო (იყენებენ მდინარის კალაპოტის სარეგულირებლად, ნაოსნობის პირობებისა და წყალსატარი ნაგებობის მუშაობის გასაუმჯობესებლად). კაშხალისგან განსხვავებით პერიოდულად სადაწნეო ან სრულიად დაწნევას მოკლებული ნაგებობაა. ცნობილი ჯ. აშენებულია მისისიპის, საკრამენტოს, პოს, რაინის, მაასის, რონის, ლუარის, ვისლისა და სხვ. მდინარეების გასწვრივ. მდინარე მისისიპის დამბების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მათი საერთო სიგრძე მდინარის გაყოლებაზე 1000 კილომეტრამდეა. ჯ. ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე კანადის დაბლობიან ტერიტორიაზე; 2. ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც წყალსატევის ნაგებობას წალეკვისაგან იცავს.

ჯვალო - უხეში ქსოვილი, რომელსაც თხის ბეწვი ურევია.

ჯვარედი – რისამე საყრდენი გადაჯვარებული ფიცრების, ძელების ან ლითონის ღეროების სახით.

ჯვარედი ყვავილი - ფლერონი, გოთიკური არქიტექტურის ორნამენტი, რომელიც წარმოადგენს ჯვრულად განშტოებული ღეროს მქონე სტილიზებული ყვავილის სკულპტურულ გამოსახულებას და რომელიც აგვირგვინებს ფიალებს, წვეთურებს და ა.შ.

ჯვარედინ-გუმბათოვანი ტაძარი - ქრისტიანული ტაძრის ტიპი, რომელიც ჩამოყალიბდა ბიზანტიაში. კლასიკური ტიპის ჯ.-გ.ტ. გუმბათი აფრების საშუალებით ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ქვის სვეტს, საიდანაც გადის ჯვრის ოთხი კამაროვანი მკლავი. მთლიანობაში ტაძარი წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ სივრცითი სათავსების ერთობლიობას. პირამიდულ  კომპოზიციაში ორგანულადაა ჩართული მკაცრად დამუშავებული მხატვრული და მოზაიკური კანონიკური სისტემა, რომელიც ემორჩილება შენობის სტრუქტურასა და მისი ნაწილების სიმბოლიკას. ტაძრის ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ბალკანეთში, რუსეთში, საქართველოში (ნიკორწმინდა, ბეთანია, ფიტარეთი, ნუნისი, ატენი და სხვ.) და სხვა ქვეყნებში.

ჯვრის მონასტერი (მცხეთა) - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე (ნახ. 1). შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ჯ.მ. შედგება ორი - დიდი და მცირე ტაძრისაგან. დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მისი გარეთა პირი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებისაგან. ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული. ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი, დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. გუმბათის ნახევარსფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. რომელსაც აქვს როგორც მხატვრული ისე კონსტრუქციული დანიშნულება. გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრივ გახსნილია აფსიდებით, რომელებიც გეგმაში ჯვარს ქმნიან, ჯვრის მკლავებს შორის ყოველ კუთხეში ჯვაროვანი კამარით გადახურული თაღია. ყოველ ნიშში გაჭრილია ოთახში შესასვლელი: სამკვეთლო და სადიაკვნე. ტაძრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიგა დანაწევრებას. აქ გვაქვს შიგა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როცა ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამიერიდან ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი იქნება ერთი იმ მრავალ ნიშანთაგანი, რომლებიც მკვეთრად განასხვავებენ მას ბიზანტიურისაგან. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდი არ არის (სიმაღე 25 მ არ აღემატება), იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადთა დამუშავებაში სრული კანონზომირებაა. ტაძარი არა მარტო ფორმებით, მასშტაბით და პროპორციებით ეხამება გარემოს, არამედ ფერითაც. ჯვრის მცირე ეკლესია (8,3X5,5 მ) მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. გარედან იგი ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (1 აფსიდითა და 3 სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და ინტერიერში მკაცრადაა დაცული. ტაძრის სამხრეთით და ჩრდილოეთით განლაგებულია კარიბჭეები. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძარს აერთებს. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით თაღოვანი ნიშია, რომელშიც გამოსახულია განედლებული ჯვარი. აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით არის აწეული, საკურთხევლის კონქი თავიდან მოზაიკით ყოფილა შემკობილი, რომელიც დღეს უკვე წაშლილია. ეკლესია დგას მაღალ თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმო იერს ანიჭებს. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ნიშებია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში მოზრდილი სარკმლებია, ხოლო დანარჩენ ორ კედელში - ტიმპანებიანი გასასვლელები. მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შედის.

ჯვრისებრი კამარა - ერთი და იმავე ისრის მქონე ცილინდრული კამარების გადაკვეთით წარმოქმნილი კამარა.

ჯვრისსახიანი შენობა - შენობის კომპოზიციის არსს შეადგენს ცენტრალური ნაწილის ჯვარისებრი გეგმის მქონე მოცულობა, გადახურული ოთხი ცილინდრული კამარით, რომელთა გადაკვეთაზე აღმართულია ყელიანი გუმბათი.

ჯიბე (ფისოვანი ჯიბე) - მერქნის მანკი - ზოლი წლიურ რგოლებს შორის, რომელიც შევსებულია ფისით. ძირითადად ახასიათებს ნაძვს. ჯიბიდან გამონადენი ნივთიერება აფუჭებს ნაკეთობის ზედაპირს, ხელს უშლის შეწებებას, აჭუჭყიანებს საჭრელ ინსტრუმენტებს და აფუჭებს გარეგნობას. არსებობს ცალმხრივი და გამჭოლი ფისის ჯ.

ჯირგვალი - იხ. ჯარგვალი.

ჯიფთი - ხის ფარების აწყობისას ბრტყელი ჯიფთით შეერთებაში ფიცრებს შორის ღარი.

ჯიქა - თაღის შუაგული.

ჯიღა - ძვ. მშვილდი.

ჯიში - ხეების გვარეულობა და სახეები; ტერმინი გამოიყენება სატყეო მეურნეობაში (მაგ., ფოთლოვანი ჯიში, წიწვოვანი ჯიში).

ჯობერი - ფირმა, რომელიც შეისყიდის საქონლის დიდ პარტიებს სწრაფად გასაყიდად.

ჯორა (ჯორაკი) - 1. ნივნივის ქვედა ბოლოს დამაგრძელებელი კარნიზზე წოლილი ფიცრის ნაჭერი, მასზე ბურულის კიდულის ან მასიური/უწყვეტი მოლარტყვის განსალაგებლად; 2. შენობის გარეთ გადმოსული ნივნივის წანამატი.

ჯოული - მუშაობის, ენერგიის (მექანიკური, ელექტრომაგნიტური, ბგერის და სხვ.) და სითბოს რაოდენობის ერთეული SI სისტემაში. 1 ჯოული ტოლია მუშაობის, რომელიც სრულდება 1 ნ ძალის მოდების წერტილის გადაადგილებაზე 1 მ მანძილზე ძალის მოქმედების მიმართულებით. ჯოულს იყენებენ აგრეთვე სითბოს რაოდენობის ერთეულად. 1 ჯ = 107 ერგ = 0,2388 კალ.

ჯუთი - ერთწლიანი დეკორატიული მცენარე ცაცხვისებრთა ოჯახისა სიმაღლით 3,5 მ-მდე. ხარობს ინდოეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეში.

ჰაერზე დაყრდნობილი კონსტრუქცია - შედგება გარსის, შეკუმშული ჰაერის, საყრდენი კონტურის, შესასვლელი რაბისა და ჰაერდასაჭირხნი მოწყობილობისაგან. გარსი წარმოადგენს ჰაერ- და წყალგაუმტარ ქსოვილს. მისი მზიდუნარიანობა უზრუნველყოფილია შიგა გარე წნევების სხვაობით. შეკუმშული ჰაერი, რომელიც ავსებს გარსს, სისტემატურად ჭარბი წნევისაა. მისი ინტენსიურობა გაანგარიშდება პირობიდან, რომ შიგა ჭარბი წნევა მეტი იყოს გარსზე მოქმედი თოვლის წონასა და ქარის დაწოლაზე, რათა შენარჩუნებული იქნეს გარსის დადებითი სიმრუდე. პრაქტიკულად გარსის ფორმის სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საკმარისია შიგა წნევის სიდიდე აღემატებოდეს ატმოსფერულს 200...500 პა-ით. ასეთ წნევას სათავსში მყოფი ადამიანი ვერ შეიგრძნობს. წნევათა სხვაობის შესაქმნელად იყენებენ კომპრესორს ან ვენტილატორს და მის შესანარჩუნებლად აუცილებელია სათავსის ჰერმეტულობა, შესასვლელში ეწყობა რაბი. საყრდენი კონტური სრულდება რკ.ბ.-ის ლენტური საძირკვლის ან ფოლადის ბაგირებით არმირებული მაღალი სიმტკიცის სქელი ქსოვილის ზოლის სახით. შიგა ჭარბი წნევის შენარჩუნება ხდება ავტომატურ რეჟიმში.

ჰაერი - გაზების ნარევი, რომლისაგანაც შედგება ა ტ მ ო ს ფ ე რ ო. ჰ. მოცულობითი შემადგენლობა: ა ზ ო ტ ი 78,08, ჟ ა ნ გ ბ ა დ ი 20,95, ი ნ ე რ ტ უ ლ ი გ ა ზ ე ბ ი 0,94, ნახშირორჟანგი 0,03, წყლის ორთქლი, შემთხვევითი მინარევები (მტვერი, მიკროორგანიზმები, ამიაკი, გოგირდის გაზი და სხვ.). სიმკვრივე 1,293 კგ/მ3. თხევადი ჰ. - მოცისფრო სითხე სიმკვრივით 960 კგ/მ3 (t = –1920C და ნორმალური წნევის დროს). ჰაერში ჟანგბადის შემცველობა განაპირობებს იმას, რომ იგი გამოიყენება, როგორც ქიმიური აგენტი სხვადასხვა პროცესებში (წვა, ლითონების გამოდნობა მადნიდან, სხვადასხვა ქიმიური შენაერთების სამრეწველო წარმოება). ჰ., როგორც ქიმიური აგენტის ფასი იზრდება მასში ჟანგბადის რაოდენობის გაზრდით. ჰ. შეუცვლელი ნივთიერებაა ჟანგბადის, აზოტის, ინერტული გაზების მისაღებად.

ჰაერი გაჯერებული - ატმოსფერული ჰაერი, რომელიც ზღვრულ დონემდეა გაჯერებული წყლის ორთქლით ან სხვა აირებით.

ჰაერი სუფთა - ჰაერი ნორმალური კომპონენტების შემცველობით, სხვა მინარევების გარეშე.

ჰაერი ტენიანი - ატმოსფერული ჰაერი, რომელიც შეიცავს წყლის ორთქლს.

ჰაერი შეკუმშული - ჰაერი, რომლის წნევა მეტია ნორმალურ ატმოსფერულ წნევაზე.

ჰაერის დაბინძურება - ჰაერის ყველანაირი დაბინძურება ნივთიერებით, მიუხედავად მისი ფიზიკური მდგომარეობისა, რომელიც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან საშიში სხვა მხრივ.

ჰაერის კონდიცირების სისტემა - ტექნიკური მოწყობილობა ერთმანეთთან კონსტრუქციული ელემენტებით დაკავშირებული დანადგარების კომპლექტისაგან, რომლის დანიშნულებაა სათავსში ან მის ცალკეულ ზონებში მიკროკლიმატის თუნდაც ერთი მაჩვენებლის და ჰაერის სისუფთავის შექმნა და ავტომატურად შენარჩუნება.

ჰაერის ფარდა - მოწყობილობა ადგილობრივი მომდენი ვენტილაციის სისტემაში, რომელიც ხელს უშლის სამრეწველო სათავსში ღია კარიდან (ჭიშკრიდან) გარე ცივი ჰაერის შემოსვლას. შედგება გრძივი ღრეჩოების მქონე ჰაერსატარისაგან, საიდანაც ვენტილატორის საშუალებით სიჩქარით 8...20 მ/წმ გამოედინება დაჭირხნული ჰაერი ღიობის სიბრტყის მიმართ 30...450-იანი კუთხით. ხშირად ჰაერსატარები მომარჯვებულია ჰაერგამაცხელებლებით, რაც უფრო ეფექტურს ხდის ჰ.ფ. მუშაობას.

ჰაერმაცივარი - კლინკერის გასაცივებელი სპეციალური მაცივარი, რომელიც კლინკერისგან ართმეულ სითბოს აბრუნებს ღუმელში.

ჰაერმედეგობა - მასალის თვისება, გაუძლოს დასველების და გამოშრობის ციკლურ ზემოქმედებას შესამჩნევი დეფორმაციებისა და სიმტკიცის კლების გარეშე.

ჰაერმიმოცვლა (ჰაერსატარი, ჰაერსადენი) - 1. მილგაყვანილობა ჰაერის გადაადგილებისათვის, რომელიც გამოიყენება სავენტილაციო, ჰაერის გასათბობი და ჰაერის კონდენციონირების სისტემებში, ტექნოლოგიური მიზნებისათვის და სხვ. (მაგ., ჰაერის მიწოდება სამრეწველო დანადგარებისათვის, ნარჩენების მოცილება მანქანებისა და აღჭურვილობებისგან, პნევმატური ტრანსპორტის სისტემებში ფხვიერი მასალების ტრანსპორტირება და მისთ.); 2. შენობაში გაჭუჭყიანებული (დამტვერიანებული) ჰაერის შეცვლა სუფთა ატმოსფერული ჰაერით.

ჰაერსაბერი - მანქანა ჰაერის ან სხვა აირის წნევის ამაღლებისა და მიწოდებისათვის: ვენტილატორები, ჰაერსაჭირხნები, კომპრესორები.

ჰაერსადენი - იხ. ჰაერსატარი.

ჰაერსატარი (ჰაერსადენი) - ჰაერის გადასაადგილებელი მილსადენი, რომელიც გამოიყენება ს ა ვ ე ნ ტ ი ლ ა ც ი ო, ჰ ა ე რ გ ა თ ბ ო ბ ი ს, ჰ ა ე რ ი ს კ ო ნ დ ი ც ი რ ე ბ ი ს სისტემებში, აგრეთვე ტექნოლოგიური მიზნებისათვის (ჰაერის მიწოდება სამრეწველო აგრეგატებისათვის, ნამწვი გაზების მოცილება მანქანებიდან და მოწყობილობებიდან, ფხვიერი მასალების ტრანსპორტირება პ ნ ე ვ მ ა ტ ი კ უ რ ი  ტ რ ა ნ ს პ ო რ ტ ი ს სისტემაში და ა.შ.).

ჰაერსატარი სატრანზიტო - ჰაერსატარის უბანი, რომელიც მოთავსებულია ექსპლუატაციაში მყოფი სათავსის ან სათავსების ჯგუფის გარეთ.

ჰაერსაცივარი - თბოგადამცემი აპარატი, რომელიც გასაციებელი სათავსოსთვის მისაწოდებელი ჰაერის ტემპერატურას დაბლა სწევს. მასში ჰაერის მოძრაობა იძულებით ხდება ვენტილატორის მეშვეობით, რომელიც ჩამონტაჟებულია უშუალოდ ჰაერსაცივარში ან მის გარეთ. „მშრალ“ ჰ. შედგება წიბოვანი ან გლუვი მილები, რომლებშიც ხდება მაცივებელი აგენტის აორთქლება, „სველ“ ჰ.-ში კი ჰაერი ცივდება წყლის ან გაუყინავი სითხის გამოყენებით (მორწყვით).

ჰაერსაწმენდი - მოწყობილობა, რომელიც აწარმოებს ნამუშევარი აირის (ჰაერის) გაწმენდას მტვრისაგან. არსებობს მექანიკური გაწმენდა ციკლონებში, ნაჭრის ფილტრებში, ელექტრული და სველი მეთოდით გაწმენდის დანადგარებსა და სკრუბერებში.

ჰაერშემთბობი - ჰაერის გასათბობი მოწყობილობა თბოგადამტანის საშუალებით, რომელიც გადასცემს თავის სითბოს ჰაერს გამყოფი კედლებიდან (ეკონომაიზერები, კალორიფერები, რეგენერატორები).

ჰაერშემკრები - ცილინდრული ფორმის რეზერვუარი შეკუმშული ჰაერისათვის. მასზე აყენებენ მანომეტრს და დამცველ სარქველს, ხოლო ჰაერსადენზე - ზეთისა და ტენის გამომცალკევებელს (იხ. რესივერი).

ჰაერშეღწევადობა - მასალებისა და კონსტრუქციების უნარი, გაატაროს ჰაერი ზედაპირებზე წნევათა სხვაობის დროს. მატერიალური წარმოების სფეროში ჰ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია, რადგანაც განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის თვისებას (მაგ., საშენი და შესაფუთი მასალების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვ, წარმოებისას). ჰ. განზომილების ერთეულია მ3/(მ2∙სთ) - კუბური მეტრი კვადრატულ მეტრზე საათში. მშენებლობაში სათავსის შემომზღუდავი კონსტრუქციების ჰაერშეღწევადობის განსაზღვრისათვის გამოიყენება ეტალონური აეროკარი.

ჰაერშეღწევადობა შემომზღუდავი კონსტრუქციის - სიდიდე, რომელიც რიცხობრივად ტოლია კონსტრუქციის ზედაპირის ფართის ერთეულში გატარებული ჰაერის ნაკადისა დროის ერთეულში, როდესაც შემომზღუდავი კონსტრუქციის ზედაპირებზე ჰაერის წნევათა შორის სხვაობა უცვლელია.

ჰაი-ტეკი (ინგლ.) - სტილი არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც შეიქმნა 1970-იან წლებში გვიანი მოდერნიზმის ფესვებზე. მისი თეორეტიკოსები და პრაქტიკულად განმახორციელებლები იყვნენ ინგლისელი არქიტექტორები ნ. ფოსტერი, რ. როჯერსი, ნ. გრიმშოუ, დ. სტირლინგი და იტალიელი რ. პიანო. ჰ.-ტ. ახასიათებს არქიტექტურული მომსახურების პრაგმატულობა, რთული უბრალოება, ტექნოლოგიურობა, სტრუქტურისა და კონსტრუქციის ორნამენტულობა, მონუმენტალურობა, ანტი-ისტორიულობა და სხვ. ამ სტილში შექმნილი ნაგებობები გამოირჩევა ფუნქციონალობით, მოხერხებულობით, სილამაზით. პრაქტიკულად ჰაი-ტეკი შეიძლება ჩაითვალოს მთელი მოდერნისტული მიმდინარეობის ეპოქის მწვერვალად. ჰაი-ტეკის ძირითადი კონტურები შემდეგია: მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება შენობა-ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში; სწორი ხაზებისა და ფორმების გამოყენება; მინის, პლასტიკებისა და ლითონის ფართო მოხმარება; ფუნქციონალური ელემენტების (ლიფტი, კიბე, ვენტილაციის სისტემები და სხვ.) გამოტანა შენობის გარეთ; დეცენტრირებული განათება, რომელიც ქმნის კარგად განათებული სივრცის ეფექტს; ვერცხლისფრის გამოყენება დომინანტურ ფერად; სივრცის პრაგმატულად დაგეგმარება; კუბიზმისა და კონსტრუქტივიზმის ელემენტების ჩართვა ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ზოგჯერ ფუნქციონალიზმზე უარის თქმა დიზაინის სასარგებლოდ და ა.შ. ჰაი-ტეკის სტილის პირველ ნაგებობად ითვლება პომპიდუს ცენტრი პარიზში (ნახ. 1), აშენებული 1977 წელს; შენობის სიგრძეა 166 მ, სიგანე - 60 მ, სიმაღლე - 42 მ. ცენტრს ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი სტუმარი ყავს.

ჰაკი (ჰოლანდ.) - ფოლადის ნაჭედი კაკვი ტვირთის ასაწევად, ჯაჭვების, გვარლების, ბაგირებისა და სხვ. დასამაგრებლად.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი - კარიის მეფის (მმართველის) მავსოლეს (გარდაიცვალა ძვ.წ.აღ. 353 წელს) სამარხი, მსოფლიოს ერთ-ერთი შვიდ საოცრებათაგანი (ნახ. 1). არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი ჰ.მ. შემკული იყო სვეტებითა და ქანდაკებებით, რომლებიც პანტერებზე, ტახებზე და ირმებზე მონადირე ბერძნებს გამოხატავდა. შუბები ბრინჯაოსაგან იყო ჩამოსხმული. სახურავზე ოთხცხენიანი ეტლის 6 მეტრიანი მარმარილოს ქანდაკება იდგა. ცხენის სადავეები ოქროსაგან იყო ჩამოსხმული. ტაძარს ამშვენებდა ბერძნულ სამოსში გამოწყობილი ქანდაკებები. მავზოლეუმი მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ კი ჯვაროსანთა რაინდებმა მთლიანად დააგრია. დღეს ნებისმიერ დიდ აკლდამას მავზოლეუმს უწოდებენ.

ჰალოგენი - ზოგი ქიმიური ელემენტი (ფთორი, ქლორი, ბრომი ან იოდი), რომელიც ბუნებაში მხოლოდ მარილების სახით გვხვდება.

ჰალტელი (გერმ.) - 1. სათელი; დაპროფილებული ხის თამასა, რომელიც იხმარება პირდაპირი ნაკერის, შვერილების, წიბოების და მისთ. დასაფარად; 2. ხის ან ლითონის ნაკეთობის შიდა კუთხის დამრგვალება; 3. სადურგლო იარაღი ნახევრადწრიული ღარის ამოსაღებად.

ჰამადა (არაბ.) - უდაბნოს ქვიანი სივრცეები საჰარაში.

ჰარაბა - XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი, ააგო სოფელ სავანის წმინდა გიორგის ეკლესია.

ჰარმონია (ბერძ.) - შენობის, მხატვრული ნაწარმოების ყველა ელემენტის მწყობრი შეთანხმებულობა და თანაზომიერება.

ჰარმონიული - ჰარმონიაზე დამყარებული, მწყობრად შეხამებული შეხმატკბილებული, ერთსულოვანი.

ჰარპიუსი - ფისი, რომელსაც იღებენ წიწვოვანი ხეების ძივთისაგან (თხელი გამჭვირვალე ნივთიერებისგან).

ჰაუპტვახტი (გერმ.) - 1. საყარაულო შენობა ან სადგომი ბაქნით, რომელზედაც გამოდიოდა საყარაულო განრიგი; 2. სამხედრო მსახურთა საჯელის მოსახდელი, საგანგებო სადგომი.

ჰეისონი - კლასიკური არქიტექტურული ორდერის კარნიზის გამოტანილი ფილა.

ჰელიკოიდი - ხრახნული ზედაპირის ერთ-ერთი სახეობა.

ჰელიოგრაფი (ბერძნ.) - 1. ფოტოაპარატიანი ტელესკოპი, რომელიც მზის გადასაღებად არის განკუთვნილი; 2. ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იწერს მზის სიკაშკაშის ხანგრძლივობას დღის განმავლობაში;  3. ხელსაწყო შუქის სიგნალების გადასაცემად შორ მანძილზე.

ჰელიოდანადგარი - მოწყობილობა, რომელიც იჭერს მზის სხივურ ენერგიას და გარდაქმნის მას პრაქტიკული გამოყენებისათვის მოსახერხებელ ენერგიად. განასხვავებენ დაბალტემპერატურიან „ცხელი ყუთის“ ტიპის ჰ. მზის ენერგიის კონცენტრაციის გარეშე (მზის საშრობები, წყლის გამაცხელებლები, წყლის გამამტკნარებლები და ა.შ.) და სხვადასხვა ჰელიოკონცენტრატორების გამოყენებით (მზის ღუმელები, მზის ძალოვანი დანადგარები, ჰელიოსამზარეულოები და ა.შ.).

ჰელიოელექტრული სადგური - ჰელიოდანადგარი, რომელიც გარდაქმნის მზის სხივურ ენერგიას ელექტრულ ენერგიად. ჰ.ს. შესაძლოა მუშაობდეს თბური ციკლით (ამრეკლავი - ორთქლის ქვაბი - ორთქლის ძრავი - გენერატორი) ან გამოყენებული იქნეს თერმოელექტრული გენერატორები ან ფოტოელექტრული გენერატორები. ჰ.ს. ეკონომიკურად გამართლებულია იმ რაიონებში, სადაც მზიანი დღეების დიდი რაოდენობაა და არ არსებობს (ან არასაკმარისია) ენერგიის სხვა სახეები. ის შეუცვლელი დანადგარია დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების ენერგომომარაგებისათვის.

ჰელიოკონცენტრატორი (ლათ.) - მოწყობილობა მზის სხივური ენერგიის კონცენტრაციისათვის გასახურებელი სხეულის მცირე უბანზე; ქმნის მზის სხივების ნაკადის მაღალ სიმკვრივეს და ერთდროულად ამცირებს თბურ დანაკარგებს თბოგადაცემის ზედაპირის შემცირების შედეგად. ჰ. აწყობენ, როგორც წესი, სხვადასხვა ფორმის ჩაზნექილი ამრეკლებისგან. ზოგჯერ გამოიყენება როგორც გამჭვირვალე ოპტიკური ფოკუსირებული ლინზები.

ჰელიომეტრი (ბერძნ.) - ასტრონომიული ხელსაწყო მცირე, 1 გრადუსამდე კუთხეების გასაზომად ცის სფეროზე.

ჰელიოსტატი (ბერძნ.) - ასტრონომიული ხელსაწყო, საათის მექანიზმით მბრუნავი მისი სარკე მზის სხივებს მიაქცევს სულ ერთი მიმართულებით.

ჰელიოტექნიკა (ბერძ.) - ტექნიკის დარგი, რომელიც სწავლობს მზის რადიაციის ენერგიის გარდაქმნას ენერგიის სხვა სახეებში და რომელიც მოხერხებულია პრაქტიკული გამოყენებისათვის. ჰ. მოიცავს დაპროექტების, დამზადებისა და ჰელიოდანადგარების კვლევის საკითხებს. ყველაზე უფრო პერსპექტიულია ჰ. გამოყენება სოფლის მეურნეობაში მრავალრიცხოვანი მცირე ენერგოტევადი და გაბნეული მომხმარებლისათვის, როდესაც არ არსებობს ენერგიის სხვა წყარო ან ეკონომიკურად არამიზანშეწონილია მათი აგება.

ჰელიოტროპი (ბერძ.) - 1. გეოდეზიური ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ჰორიზონტალური კუთხეების გასაზომად ტრიანგულაციაში; 2. წითლად დაწინწკლული მწვანე მინერალი, ქალცედონის ნაირსახეობა; იყენებენ მცირე ზომის მხატვრულ ნაკეთობათა დასამზადებლად.

ჰელიო… (ბერძ.) - რთული სიტყვის ნაწილი, რომელიც მიანიშნებს კავშირს მზესთან.

ჰემატიტი - რკინის მადნის ერთ-ერთი სახეობა, მინერალი, რკინის ჟანგი Fe2O3. რკინის შემცველობა ჰემატიტურ მადანში - 50-დან 65%-მდეა.

ჰემიცელულოზა - მცენარეული წარმოშობის ქსოვილის უჯრედის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სათანადო ქიმიური დამუშავებით სპეციალური დანიშნულების ქაღალდის წარმოებაში გამოიყენება.

ჰეპტაგონი (ბერძ.) - შვიდკუთხედი.

ჰეპტაედრი (ბერძ.) - სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია შვიდი სიბრტყით; შვიდწახნაგა.

ჰერალდიკა (ლათ.) - დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც გერბებს სწავლობს; გერბთმცოდნეობა.

ჰერმა (ბერძნ.) - ოთხწახნაგოვან ბოძზე ან სვეტზე დადგმული ბიუსტი.

ჰერმეტიზაცია - აირებისა და სითხეების სრული უჟონადობა კედლების, ზედაპირების, სათავსების, ნაგებობების, პირაპირების მიმართებაში. ჰ. იყენებენ ჩრჩილვას, შედუღებას და სპეციალურ მაჰერმეტიზებელ მასალებს - ჰერმეტიკებს (რულონური, ფურცლოვანი, მინერალური საშენი მასალები, პოლიმერები და სხვ.), რომლებიც მოიხმარება პასტების, საგოზავების, მასტიკების, თვიღწებვადი ლენტების სახით. ეს მასალები უნდა იყოს მტკიცე, ელასტიური და მდგრადი აგრესიული გარემოსა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. ჰ. გამოყენების არეა: შენობის კედლები, იატაკები, გადახურვები, მინაპაკეტები, მაცივრები, გაზგოლდერები, რეზერვუარები, მილ- და გაზსადენები, პირაპირები, შეერთებები კუთხვილებზე და მილტუჩებზე და სხვ.

ჰერმეტიკები - პოლიმერული კომპოზიციები, რომლებიც გამოიყენება ლითონის კონსტრუქციების ჭანჭიკური და მოქლონური შეერთებების, შენობების პანელურ გარე კედლებს შორის პირაპირების ტენშეუღწევადობის უზრუნველსაყოფად და ა.შ. ჰერმეტიკები (პასტები, საგოზავები ან ხსნარები) შპატელის, ფუნჯის, შპრიცის დახმარებით, მორწყვის მეთოდით და მისთ. დაიტანება კონსტრუქციის ელემენტებზე. მაჰერმეტიზირებელი მასალა უშუალოდ დაიტანება შეერთების ნაკერზე. ჰ. ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, საავიაციო, საავტომობილო, გემთმშენებელ მრეწველობაში და სხვ

ჰერმეტულობა - (ეგვიპტელი სწავლულის ჰერმესის სახელისაგან) - რაც ისეა დახურული, დაგმანული, რომ ჰაერს სრულიად არ ატარებს. კედლებისა და შეერთებების შეუღწევადობის უზრუნველყოფა აპარატებში, მანქანებში, ტევადობებში მიიღწევა მირჩილვით, შედუღებით, სპეციალური მასალებისა და გამამკვრივებლების (მაგ., სილიკონი) გამოყენებით.

ჰერმეტულობა აირული ტრაქტის - აირული ტრაქტის ჰერმეტულობა ატმოსფერული გარემოს მიმართ.

ჰერმეტულობა შეერთების კვანძების - წყლის უჟონადობა სამშენებლო კონსტრუქციების და დეტალების შეერთების კვანძებში.

ჰეროონი (ბერძ.) - 1. გაღმერთებული გმირებისადმი მიძღვნილი საკულტო ნაგებობა საბერძნეთში, რომლის კარიბჭე დასავლეთისაკენ - "აჩრდილების სამეფოსკენ" იყო მოქცეული; 2. მემორიალური ხეივანი ქანდაკებებითა და „სამახსოვრო“ ხეებით.

ჰერცი (გერმ. ფიზიკოსის ჰერცის სახელისაგან) - სიხშირის ერთეული პერიოდული პროცესების დასახასიათებლად. აღნიშვნა - ჰც. ერთი ჰერცი ტოლია სიხშირის, რომელიც უდრის პერიოდული პროცესის ერთი ციკლის რაოდენობას 1 წამში.

ჰესი - ჰიდროელექტროსადგურის შემოკლებული დასახელება.

ჰეტეროგენული (ბერძ.) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით სხვადასხვაგვარი (საპირისპ. ჰომოგენული).

ჰექსაედრი (ბერძ.) - სხეული, რომელიც შემოსაზღვულია ექვსი სიბრტყით; ექვსწახნაგა.

ჰექსასტილი (ლათ.) - ვიტრუვიუსის კლასიფიკაციის მიხედვით ძველ ბერძნული ტიპის (პერიპტეროსის) ერთ-ერთი სახეობა 6 სვეტით მთავარ ფასადზე.

ჰექსილი (ჰექსანიტროდიფენილამინი, დიპიკრილამინი) - მეორადი ასაფეთქებელი ნივთიერება. ყვითელი წყალში უხსნადი კრისტალური ფხვნილი. სიმკვრივე 1650 კგ/მ3, აფეთქების სითბო 4,51 მჯ/კგ (1080 კკალ/კგ), დეტონაციის სიჩქარე 7 კმ/წმ-ზე მეტი. ჰ. მგრძნობიარობა მექანიკურ ზემოქმედებაზე უფრო მაღალია, ვიდრე ტრინიტროტოლუოლის, მაგრამ დაბალია, ვიდრე ჰექსოგენის.

ჰექტარი (ფრანგ.) - მეტრული სისტემის მიწის ფართობის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 10 000 კვადრატულ მეტრს.

ჰექტო… (ბერძ.) - რთული სიტყვის ნაწილი, რომელიც შედის მრავალ მეტრულ ერთეულში და გვიჩვენებს, რომ ეს ერთეული ოდენობით 100-ჯერ მეტია ამოსავალ ერთეულზე; მაგ., 1 ჰექტოვატი (ჰვტ) = 100 ვატს (ვტ).

ჰიბრიდული ელექტრო სატრანსპორტო საშუალება - ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მექანიკური დაძვრის მიზნით, ახდენს ენერგიის აკუმულირებას შენახული ენერგიის (ძალის) შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების წყაროებიდან: ა)სახარჯი საწვავი; ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საცავი მოწყობილობა (აკუმულატორი, კონდენსატორი, მქნევარა და ა.შ.).

ჰიბრიდული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალება - დაძვრის მიზნით მინიმუმ ორი სხვადასხვა ენერგიის გარდამქმნელისა და ორი სხვადასხვა ენერგიის საცავი სისტემისგან (სატრანსპორტო საშუალებაზე) შედგენილი სატრანსპორტო საშუალება.

ჰიგიენა (ბერძ.) - 1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს გარემოს ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე და ამუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს; 2. ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის პრაქტიკულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

ჰიგიენა კომუნალური - ჰიგიენის ნაწილი, რომელიც სწავლობს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი მთავარი ამოცანაა მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო ჰიგიენური ნორმატივების დამუშავება. ჰ.კ. მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა სანიტარული კლიმატოლოგის (ინსოლაცია, აერაცია, ქარის რეჟიმი და სხვ.), ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყალსაცავების დაცვა (გამწმენდი ნაგებობები, სანიტარულ-დამცავი ზოლები, გამწვანების ზონები და სხვ.), დასახლებული ადგილების დაგეგმარების ჰიგიენა (განაშენიანების სიმჭიდროვე, გამწვანება, სანიტარული დასუფთავება, საცხოვრებელი ზონების სანიტარული დაცვა საწარმოების მავნე ზემოქმედებისაგან და სხვ.).

ჰიგიენური საშხაპე - საშხაპე, გამოყენებული ჰიგიენური მიზნით. შედგება მოქნილი შლანგისა და ბოლოზე პატარა სარწყავისაგან, რომელსაც სახელურზე დამონტაჟებული აქვს ჩამკეტი სარქველი ზამბარიანი ღილაკით. ღილაკზე თითის დაჭერით ხდება წყლის ნაკადის გამოდინება შლანგიდან. ჰ.ს. ყოველთვის განთავსდება კედელზე უნიტაზის სიახლოვეს (ნახ, 1). ასეთი საშხაპე განიხილება, როგორც ბიდეს ალტერნატივა.

ჰიგრომეტრი - ჰაერის ტენიანობის გასაზომი ხელსაწყო.

ჰიგროსკოპული წყალი - იხ. შეკავშირებული წყალი.

ჰიგროსკოპულობა - მასალის თვისება, ჰაერიდან შთანთქოს ტენი და წყლის ორთქლის კონდენსირება მოახდინოს თავის ფორებში. ჰიგროსკოპულობის მახასიათებელია მასალის მიერ შთანთქმული ტენის რაოდენობა (ჰაერის 100% ფარდობითი ტენიანობის და 200C ტემპერატურის დროს) შეფარდებული მშრალი მასალის მასასთან, გამოსახული პროცენტებით. საშენი მასალებიდან ყველაზე მეტად ჰ. მერქანი ბოჭკოვან-ფოროვანი სტრუქტურის გამო, რაც მეტია ფარდობითი ტენიანობა სათავსოში, მით მეტია ტენის ადსორბცია. თუ ფარდობითი ტენიანობა დიდი ხნის განმავლობაში მეტია 80%-ზე, მაშინ მერქნის ბევრი ჯიში განიცდის ლპობას. ასევე ტენის დიდ რაოდენობას შეიწოვენ ფოროვანი მსუბუქი საკედლე ქვები, თიხოვანი აგური, მსუბუქი რკ.ბ.-ის საკედლე პანელები და სხვ.

ჰიგროსკოპულობის (გაჯერების) ზღვარი - მერქნის ბოჭკოებში შეკავშირებული წყლის მაქსიმალური რაოდენობა. ასეთ მდგომარეობაში მერქნის ტენიანობა დამოკიდებულია ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე და ტემპერატურაზე. გაჯერების ზღვრის ზემოთ მერქნის ტენიანობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი წყლის ხარჯზე.

ჰიგროსტატი (ბერძნ.) - მოწყობილობა ჰაერის საჭირო ფარდობითი ტენიანობის შესაქმნელად სამუშაო კამერაში და შესანარჩუნებლად ხანგრძლივი დროით.

ჰიდრავლიკა (ბერძ.) - მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წვეთობრივი სითხეების მოძრაობისა და წონასწორობის კანონებს და საინჟინრო პრაქტიკაში მათი გამოყენების ხერხებს, გამოყენებით ჰიდრომექანიკას. აყალიბებს სითხის მოძრაობის პარამეტრების მიახლოებით დამოკიდებულებებს.

ჰიდრავლიკა საინჟინრო (ძვ. ბერძ.) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის, საინჟინრო პრაქტიკაში, სითხეების მოძრაობისა და წონასწორობის კანონების მოქმედებას. ჰ.ს. გამოიყენება: წყალმომარაგებასა და წყალარინებაში (კანალიზაცია), მილგაყვანილობაში (გაზი, ნავთობი, ნავთობპროდუქტები, წყალი და სხვა), ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში, მანქანების და მექანიზმების კონსტრუირებაში და სხვ.

ჰიდრავლიკური - 1. ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული; 2. რაც სითხის წნევის ძალით მოქმედებს ან წარმოებს.

ჰიდრავლიკური გადაცემა - მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას იძლევა გადაეცეს მექანიკური ენერგია წამყვანი ელემენტიდან მიმყოლს მუშა სითხის მეშვეობით. მუშაობის პრინციპის მიხედვით არჩევენ ჰიდროდინამიკურ გადაცემებს და მოცულობით გადაცემებს. ჰ. გ. შედის მანქანების ჰიდროამძრავის შემადგენლობაში.

ჰიდრავლიკური დანამატები - აქტიური მინერალური დანამატები - ნივთიერებები, რომლებიც ჰაერკირთან შერევით ანიჭებენ მას ჰიდრავლიკურობას, ანუ უნარს ჰაერზე წინასწარი გამყარების შემდეგ გააგრძელონ გამყარება წყალში. ჰ.დ. ამაღლებს ცემენტების სიმტკიცეს მტკნარი და მინერალიზებული წყლების მოქმედების მიმართ. მის რეაქციას განაპირობებს ძირითადად აქტიური კაჟმიწის არსებობა, რომელიც შთანთქავს კირს, მოცულობის გადიდებით და წყალში უხსნადი კალციუმის სილიკატის წარმოქმნით. დანალექი წარმოშობის ბუნებრივი ჰიდრავლიკური დანამატებია დიატომიტი, ტრეპელი, სპონგოლითი; ვულკანური წარმოშობის - პემზა, ტუფი, ფერფლები, პუცოლანები; ხელოვნური - აგურფხვნილი, მიღებული აგურის ლეწის დაფქვით, გრანულირებული ბრძმედის წიდები, ნაცრები და სხვ. ჰ.დ. გამოიყენება აგრეთვე პუცოლანიანი ცემენტის მისაღებად.

ჰიდრავლიკური დარტყმა პირდაპირი - მილსადენში სწრაფად მიმდინარე დამყარებელი მილევადი რხევითი პროცესი, რომელიც წარმოიქმნება მილსადენის განივკვეთის მყისიერად სრულად გადაკეტვისას სითხის ნაკადის მოძრაობის სიჩქარის ნულამდე უეცარი შემცირებით და ხასიათდება წნევის მაქსიმალური მატებით (ამპლიტუდით და სიხშირით) დამყარებული რეჟიმის წნევასთან შედარებით.

ჰიდრავლიკური თვისება - წვრილად დანაწევრებული მასალის თვისება, ადუღაბებული წყალში, ჰაერზე წინასწარი გამაგრების შემდეგ ან მის გარეშე, გააგრძელოს გამაგრება წყალში ან ჰაერზე. ტერმინი მიეკუთვნება ცემენტებს და ცემენტის მინერალურ დანამატებს.

ჰიდრავლიკური იარაღი - ხელის მანქანა ჰიდროამძრავით, რომელიც გამოიყენება ხრახნული შეერთების მოსაჭერად, დეტალების ჩაწნეხვა-ამოწნეხვისათვის და ა.შ. ანალოგიური დანიშნულების სხვა ხელის იარაღებთან (ელექტრული პნევმატური) შედარებით ხასიათდება მნიშვნელოვნად მეტი ძალით (მომენტით).

ჰიდრავლიკური რადიუსი - სითხის (ფხვიერი მასალის) ნაკადის განივი კვეთის ჰიდრავლიკური მახასიათებელი, რომელიც არის ამ კვეთის ფართობის ფარდობა იმ ნაწილის პერიმეტრთან, რომელზეც ხდება სითხის ნაკადის შეხება მყარ კედლებთან. მაგ., თუ ბუნკერის გამოსაშვები ფანჯრის ზომა არის D (კვეთი წრიულია), მაშინ ჰიდრავლიკური რადიუსი იქნება 0,25D.

ჰიდრავლიკური საკიდი სისტემა - აგრეგატების ჯგუფი საკიდი, ნახევრადსაკიდი და მისაბმელი მანქანების მართვისათვის. მას იყენებენ აგრეთვე ტრაქტორის მართვის გასაადვილებლად, უკანა თვლებზე დატვირთვის შესაცვლელად, ტრაქტორის ავტომატური ჩაბმისათვის მისაბმელზე და სხვ.

ჰიდრავლიკური სისხო - ფხვიერი მყარი მასალის ნაწილაკების წყლის წყნარ ნაკადში ვარდნის სიჩქარე ნორმალური ტემპერატურის დროს.

ჰიდრავლიკური ქანობი - სითხის ნაკადის სრული დაწნევის (კუთრი ენერგიის) ვარდნა განსახილველი უბნის სიგრძის ერთეულზე.

ჰიდრავლიკური ჩამკეტი - წყლის სვეტი სიფონში, რომელიც ხურავს გამტარ არხს.

ჰიდრავლიკური წნეხი - სტატიკური მოქმედების მანქანა, რომელშიც ენერგომატარებელს წარმოადგენს სითხე, რომელიც იმყოფება მაღალი წნევის (20...100 მპა) ქვეშ. მისი საშუალებით ახდენენ ჭედვას, ტვიფრვას, ჩაწნეხას, მასალების შემკვრივებას და სხვ.

ჰიდრანტი - წყალსაღები მოწყობილობა.

ჰიდრატაცია (ბერძ.) - წყლის შეერთება სხვადასხვა ნივთიერებასთან.

ჰიდრატი (ბერძ.) - წყლის ქიმიური ნაერთი ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებთან (მაგ., ნატრიუმის ჟანგის ჰ., მეთანის ჰ. და სხვ.).

ჰიდრატორი - აპარატი ჰიდრატული (ჩამქრალი) კირის გამოსამუშავებლად. ჩვეულებრივ იყენებენ კირის მოხმარების ადგილას.

ჰიდრიდი (ბერძ.) - ქიმიური ნაერთი წყალბადისა სხვა ელემენტებთან (მაგ., ნატრიუმის ჰიდრიდი - NaH, კალციუმის ჰიდრიდი - CaH და სხვ.). ნაერთში წყალბადის მოლეკულის ბმის თვისების მიხედვით არსებობს ჰ. სამი სახეობა: იონური, მეტალური და კოვალენტური.

ჰიდრო... - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს: წყლისას, წყალთან დაკავშირებულს. მაგ., ჰიდროელექტროსადგური, ჰიდროთვითმფრინავი, ჰიდროენერგეტიკა, ჰიდრავლიკა და სხვ.

ჰიდროაბრაზიული ცვეთა - პროცესი, როდესაც მყარი ფხვიერი მასალის აბრაზიული ნაწილაკები წყლის ენერგიით ტრანსპორტირებისას და ჰიდრონარევის ნაკადის შემომფარგვლელ ზედაპირზე მექანიკური ზემოქმედებისას განაპირობებს მის დაშლას და გეომეტრიული ზომების შეცვლას.

ჰიდროაერომექანიკა - მექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის თხევად და აირად გარემოთა წონასწორობასა და მოძრაობას, აგრეთვე მათ ურთიერთქმედებას ერთმანეთთან და მყარ სხეულებთან. ჰ. მთავარი პრობლემაა გარემოსა და მასში მოძრავი ან უძრავი სხეულების ურთიერთქმედება.

ჰიდროაკუსტიკა - აკუსტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს ბგერის გავრცელებას წყალში.

ჰიდროამძრავი მანქანის - ენერგიის წყაროსა და მოწყობილობების ერთობლიობა, მისი გარდაქმნისა და მანქანამდე ტრანსპორტირებისათვის სითხეების მეშვეობით. ენერგიის წყაროდ გამოიყენება ელექტროძრავები ან თბოძრავები. ჰიდრავლიკური გადაცემის სახეობის მიხედვით განასხვავებენ ჰიდროსტატიკურ (მოცულობით), ჰიდროდინამიკურ და შერეულ ჰ.მ.

ჰიდროამწე - ციკლური მოქმედების მექანიზმი ჰიდრავლიკური ამძრავით (ძირითადად ცილინდრი დგუშითა და ჭოკით), რომელიც გამოიყენება ტვირთების გადასაადგილებლად ვერტიკალურად ან დახრილ ზედაპირზე (ნახ. 1).

ჰიდროგადაცემა მოცულობითი (ჰიდროსტატიკური გადაცემა) - მექანიზმი, რომელიც უკუქცევით-წინსვლით, უკუქცევით-ბრუნვით ან ბრუნვით მოძრაობას გადასცემს სითხის ჰიდროსტატიკური დაწნევის ხარჯზე. ჰ.მ. შედგება მოცულობითი ტუმბოსგან (წამყვანი რგოლი) და მოცულობითი ჰიდრავლიკური ძრავისაგან (ამყოლი რგოლი), მუშა სითხის რეზერვუარისგან (მინერალური ზეთის ან სინთეტიკური სითხის) და მაგისტრალური მილგაყვანილობისგან. ჰ.მ. შედის ჰიდროამძრავის შემადგენლობაში.

ჰიდროგენერატორი - ელექტრული გენერატორი, რომელიც წყლის ტურბინის საშუალებით მიღებულ წყლის მოძრაობის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის (ნახ. 1).

ჰიდროგეოლოგია - მეცნიერება მიწისქვეშა წყლების შესახებ, რომელიც იკვლევს მათ შედგენილობას და თვისებებს, წარმოშობას, გავრცელებისა და მოძრაობის კანონზომიერებებს, ურთიერთქმედებას ქანებთან. ჰიდროგეოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიდროლოგიასთან, გეოლოგიასთან (განსაკუთრებით საინჟინრო გეოლოგიასთან), მეტეოროლოგიასთან, გეოქიმიასთან, გეოფიზიკასა და დედამიწის შემსწავლელ სხვა მეცნიერებებთან. თანამედროვე ჰ. ფართოდ იყენებს მათემატიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ მონაცემებს და მათი კვლევის მეთოდებს.

ჰიდროგეოლოგია საინჟინრო - ჰიდროლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის მიწისქვეშა წყლების მდგომარეობას და მის ცვლილებებს, რომლებიც ექსპლოატაციის პროცესში დარღვევების ან ადამიანური ფაქტორების ზემოქმედების შედეგია.

ჰიდროგეოლოგია ხმელეთის - ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხმელეთის ზედაპირულ წყლებს (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ჭაობები, მყინვარები). მის შემადგენლობაში შედის: პოტამოლოგია (შეისავლის მდინარეებს), ლიმნოლოგია (შეისწავლის ტბებს), ჭაობთმცოდნეობა (შეისწავლის ჭაობებს) და გლაციოლოგია (შეისწავლის გლაციოსფეროს). ჰ.ხ. ძირითადი ამოცანებია: ჩამონადენის ფორმირების კანონზომიერებების, წყლის ბალანსის, აუზებს შორის მიწისქვეშა წყალცვლის, მდინარეთა ნაკადების სტრუქტურის, კალაპოტური და სანაპირო პროცესების, თერმული, ყინულოვანი და სხვა ფიზიკური მოვლენების, წყლის ქიმიური შედგენილობის შესწავლა, ჰიდროლოგიური რეჟიმის პროგნოზების დამუშავება, ჰიდრომეტრიული ხელსაწყოების კონსტრუირება და სხვ.

ჰიდროგოეთიტი - რკინის ძირითადი მადნეული მინერალი.

ჰიდროგრაფია - მეცნიერება, რომელიც სწავლობს და აღწერს დედამიწის ზედაპირის წყლებს.

ჰიდროგრაფიული ქსელი - მდინარეების, მოქმედი წყალსადინარებისა და წყალსაცავების ერთობლიობა რაიმე ტერიტორიაზე.

ჰიდროდინამიკა - ჰიდრომექანიკის განყოფილება, რომელიც შეისწავლს უკუმშვადი სითხეების მოძრაობას და ზემოქმედებას სხეულებზე, რომლებსაც გარს შემოევლებიან. ამის მიხედვით ცნობილია ჰ. იდეალური სითხეების და ჰ. ბლანტი სითხეების.

ჰიდროდინამიკურად საშიში ობიექტი - ნაგებობებს ან ბუნებრივ წარმონაქმნებს, რომლებიც ქმნიან წყლის დონის სხვაობას მანამდე (ზედა ბიეფი) და მათ შემდეგ (ქვედა ბიეფი). მათ მიეკუთვნება დამწნევი ფრონტის ჰიდროტექნიკური ნაგებობები: კაშხალი, საგუბარი, ჯებირი, წყალმიმღები და წყალასაღები ნაგებობები, დამწნევი ავზები და მათანაბრებელი რეზერვუარები, ჰიდროკვანძები, მცირე ჰიდროელექტროსადგურები და ნაგებობები.

ჰიდროდინამიკური ავარია - ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე ავარია, რომელიც დაკავშირებულია წყლის დიდი სიჩქარით გადაადგილებასთან და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხესთან.

ჰიდროდინამიკური ანალოგია - მათემატიკური მსგავსება გრეხადი პრიზმული ღეროს განივკვეთში წარმოშობილი მხები ძაბვების განაწილების შესახებ ამოცანასა და ღეროს გვერდითი ზედაპირის იდენტური კედლების მქონე ჭურჭელში იდეალური სითხის ცირკულაციის ამოცანას შორის.

ჰიდროდინამიკური გადაცემა - მექანიზმი, რომელიც ამძრავი ლილვიდან ენერგიას გადასცემს აძრულ ლილვს მუშა სითხის ცირკულაციის სიჩქარის ხარჯზე. ჰ.გ. შედგება ცენტრიდანული ტუმბოსა და ჰიდროტურბინისგან, დაახლოებული ისეთნაირად, რომ მათი თვლები წარმოქმნიან ტოროიდულ ღრუს, რომელიც ივსება მუშა სითხით. კონსტრუქციის მიხედვით ჰ.გ. ყოფენ ჰიდროქუროებად და ჰიდროტრანსფორმატორებად. ყველაზე მეტად გამოიყენება ჰ.გ., როგორც ავტომატური მოქმედების უსაფეხურო გადამცემი ავტომანქანების ტრანსმისიებში, თბომავლებში, გემების ძალურ დანადგარებში, საკვები ტუმბოებისა და თბოელექტროცენტრალების კვამლსაწოვებში.

ჰიდროდინამიკური გამომსხივებელი - მოწყობილობა, რომელიც მოძრავი სითხის ენერგიას გარდაქმნის დრეკადი რხევების ენერგიად. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰ.გ., რომელშიც სითხის ჭავლი გამოედინება საქშენიდან რამდენიმე ათეული მ/წმ სიჩქარით, მიემართება ბასრი ნაწიბურის მქონე ფირფიტისაკენ და იწვევს მის რხევას. ჰ.გ. სიხშირის დიაპაზონი 5... 25 კჰც-ს შეადგენს. ძირითადად გამოიყენება დაემულსიებისათვის.

ჰიდროელევატორი - 1. ჭავლური ტუმბო, რომელიც სითხეებსა და ჰიდრონარევებს იღებს და გადაადგილებს მილგაყვანილობაში. ჰ. მუშაობა დაფუძნებულია საცმისკენ მიმავალი წყლის ჭავლის ენერგიის გამოყენებაზე. ჰ. არ გააჩნია მოძრავი ნაწილები და გამოირჩევა კონსტრუქციის სიმარტივით, თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ აღემატება 20...25%. გამოიყენება ნივთიერების ტრანსპორტირებისათვის მცირე მანძილზე (100 მ-მდე); 2. ეჟექტორული ტიპის მოწყობილობა (ტუმბო), რომლითაც შესაძლებელია წყლის ამოღება 20 მ-მდე სიღრმის ჭიდან.

ჰიდროელექტროსადგური - ჰიდროელექტროსადგური (ჰეს) - ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომლის დახმარებით წყლის ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად. ჰ. შედგება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის აუცილებელ კონცენტრაციას და ქმნის თავმოყრილ დაწნევას, და ენერგეტიკული მოწყობილობებისგან, რომელიც დაწნევის ქვეშ მოძრავ წყლის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. ძირითად ენერგეტიკულ მოწყობილობებს ათავსებენ ჰეს-ის შენობაში: სამანქანო დარბაზში - ჰიდროაგრეგატებს, დამხმარე აღჭურვილობებს, ავტომატური მართვის და კონტროლის დანადგარებს; ცენტრალური მართვის საგუშაგოზე - ოპერატორ-დისპეტჩერის ან ავტოოპერატორის პულტს. როგორც წესი, ამამაღლებელ ტრანსფორმატორებს ათავსებენ ჰ. შენობის გრძივ კედელთან ჰაერზე ღია სივრცეში, ხოლო მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობებს - სპეციალურ ღია მოედანზე. დაწნევის მიხედვით ჰ. არსებობს მაღალი დაწნევის (80 მ-ზე მეტი), საშუალო დაწნევის (80-დან 25 მ-მდე) და დაბალი დაწნევის (25 მ-მდე). მაღალი დაწნევის ჰეს-ში აყენებენ ციცხვიან და რადიალურ-ღერძულ ტურბინებს ლითონის სპირალური კამერებით; საშუალო დაწნევისაზე - ბრუნვით-ფრთიან და რადიალურ-ღერძულ ტურბინებს რკ.ბ.-ის ან ლითონის სპირალური კამერებით; დაბალ დაწნევისაზე - ბრუნვით-ფრთიან ტურბინებს ბეტონის ან რკ.ბ.-ის სპირალური კამერებით. არსებობს ჰ. ძირითადი სქემები: კაშხლისებრი (კაშხლის მეშვეობით მდინარის დონის ხელოვნური აწევა) და დერივაციური (სპეციალური გვირაბით ან არხით მდინარის კალაპოტიდან წყლის მიყვანა დონეების ყველაზე მაღალი სხვაობის ადგილამდე). ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობის განსაკუთრებულობის მიხედვით განასხვავებენ კალაპოტურ (ჰეს-ის ნაგებობა შედის წყალსაბჯენი ნაგებობის შემადგენლობაში), კაშხლისპირა (სადგურის შენობა განთავსებულია კაშხლის უკან) და დერივაციულ ჰეს-ებს. ფართე გავრცელება ჰპოვა შეთავსებულმა ჰ., რომელშიც ჰეს-ის შენობა ერთდროულად ასრულებს წყალშემკრები ნაგებობის ფუნქციასაც. განსაკუთრებული ადგილი ჰ. შორის უკავიათ ჰიდრომააკუმულირებელ და მოქცევის ელექტროსადგურებს. ცალკეული ჰეს-ები ან ჰეს-ის კასკადები, როგორც წესი, მუშაობენ ერთ ენერგოსისტემაში კონდენსაციურ, ატომურ, აირტურბინულ ელექტროსადურებთან და თბოელექტროცენტრალებთან ერთობლივად. საერთო დატვირთვაში მონაწილეობის მიხედვით ჰ. შეიძლება იყოს საბაზისო, ნახევრადპიკური ან პიკური.

ჰიდროელექტრული - წყლის ძალით გამომუშავებულ ელექტრობასთან დაკავშირებული. მაგ., ჰიდროელექტრული სადგური.

ჰიდროენერგეტიკა - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი. რომლის მიზანია წყლის ენერგიის გამოყენება ელექტრული ენერგიის საწარმოებლად.

ჰიდროვიბრატორი - სიღრმითი ვიბრატორი შეუკავშირებელი გრუნტების შესამჭიდროებლად, რომლებიც გაჯერებულია წყლით და ერთდროულად განიცდიან ვიბრაციულ ზემოქმედებას. მათ აყენებენ მისაბმელ ან თვითმავალ ამწეზე.

ჰიდროთერმული პროცესი - მაგმიდან გამოყოფილი წყლის ხსნარებიდან ნივთიერებების დალექვის შედეგად მინერალების წარმოქმნა მთის ქანების ღია ნაპრალებსა და ფორებში. ჰ.პ. დახმარებით წამოიქმნება ძვირფასი სასარგებლო წიაღისეულის ბევრი საბადო.

ჰიდროიზოლაცია - 1. შენობის, მისი ცალკეული ნაწილების დაცვა მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებისაგან; 2. საგანგებო მასალის შრე ან კონსტრუქცია, რომელიც არ ატარებს წყალს და იცავს ნაგებობას ან მის ნაწილებს წყლისა და ტენიანობის ზეგავლენისაგან; 3. წყლის (ტენის) შეღწევისაგან დაცვა.

ჰიდროიზოლაციური მასალა - დამცავი მასალა, რომლის დანიშნულებაა სამშენებლო კონსტრუქციების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა წყლისა და ქიმიურად აგრესიული სითხეების მავნე ზემოქმედებისაგან. დანიშნულების მიხედვით არის ანტიფილტრაციული, ანტიკოროზიული და მაჰერმეტიზებელი; მასალის სახეობის მიხედვით - ასფალტის, მინერალური, პოლიმერული და ლითონისა.

ჰიდროიზოლაციური მასალა (Weber.dry stop (cerinol STM) - ცემენტის საფუძველზე დამზადებული, ძალიან სწრაფად ჩამჯდომი, დამცობი ხსნარი. გამოიყენება პრევენციის მიზნით წყლის წნევით გადმოდინებისა და ღრმულებიდან ან ბზარებიდან წყლის ჟონვისას, სარდაფებში, საბიჯგებით შეკავებულ კედლებზე, ლიფტის შახტებში, საცურაო აუზებში, წყლის რეზერვუარებსა და ბეტონის მილებში.

ჰიდროიზოლაციური მასალა (Weber.dry SS-8 (Cerinol D2K Flex) - ცემენტის საფუძველზე დამზადებული, ორკომპონენტიანი, ნახევრად მოქნილი, ჰიდროსაიზოლაციო ხსნარი. გამოიყენება ყველა სტილის შენობაში ფილებს ქვეშ ჰიდროიზოლაციისათვის, განსაკუთრებით კი სველ ფართობებში, როგორიცაა აივნები, ტუალეტები და სამზარეულოები, დეკორატიული და კერძო საცურაო აუზები.

ჰიდროიზოლი - ნავთობის ბიტუმში გაჟღენთილი მინა-ცელულოზის მუყაო (ნახ. 1). დარბილების ტემპერატურა - 500C. მზადდება ორი მარკის: ჰიდროსაიზოლაციო და სახურავის. გამოდის რულონებად: სიგანე 95 სმ, სიგრძე 20 მ. გამოიყენება ბრტყელი სახურავების ჰიდროსაიზოლაციოდ და ლითონის მილების დასაფარად კოროზიის საწინააღმდეგოდ.

ჰიდროკვანძი (ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვანძი) - ჯგუფი ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა, რომლებიც გაერთიანებულია განლაგებისა და ერთად მუშაობის პრინციპის მიხედვით. ჰ. ძირითადი დანიშნულების მიხედვით იყოფა ენერგეტიკის, წყლის ტრანსპორტირების, წყალსაღების და სხვ. ყველაზე მეტად გავრცელებულია კომპლექსური ჰ., რომელიც ერთდროულად ასრულებს რამდენიმე წყალმეურნეობის ფუნქციას. ჰ. განასხვავებენ: დაბალი დაწნევის, როდესაც წყლის დონის ზედა და ქვედა ბიეფის სხვაობა (დაწნევა) არ აღემატება 10 მ; საშუალო დაწნევის (10...40 მ) და მაღალი დაწნევის (დაწნევით 40 მ-ზე მეტი).

ჰიდროკინემატიკა - ჰიდრავლიკის ნაწილი, რომელიც განიხილავს სითხეების მოძრაობის შესაძლო სახეებსა და ფორმებს.

ჰიდროკლასიფიკატორი - აპარატი, რომელშიც ხორციელდება სამშენებლო ქვიშების დისპერგაცია, თიხის ნაწილაკების გამოდევნა და მინერალური მარცვლების გაყოფა ზომის მიხედვით. კონსტრუქციული შესრულებისა და ჰიდრონარევის მოძრაობის ხასიათის მიხედვით ჰ. არის ჰორიზონტალური და ვერტიკალური, ხოლო მოქმედების პრინციპის მიხედვით - თავისუფალი და შევიწროებული ვარდნით. კლასიფიკატორების ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე სპირალური და ლარტყიანი აპარატები, ხოლო განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ცენტრიდანული კლასიფიკატორები, რომლებშიც მასალა ფრაქციებად იყოფა პულპის მბრუნავ ნაკადში ცენტრიდანული ძალების გავლენით (ცენტრიფუგები და ჰიდროციკლონები).

ჰიდროკლასიფიკაცია - ეწოდება სითხეში მინერალური მასალების ნაწილაკების ზომის მიხედვით გაყოფის პროცესს. მასალის სიმსხო, რომელიც ექვემდებარება ჰიდრავლიკურ კლასიფიკაციას, არ აღემატება 5 მმ. თავისუფალი ვარდნის შემთხვევაში ვარდნის სიჩქარე განისაზღვრება ნაწილაკის ზომით, ფორმით, სიმკვრივით, აგრეთვე სითხის თვისებებით. კლასიფიკაცია შეიძლება მიმდინარეობდეს წყლის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭავლებში.

ჰიდროლიზი - პროცესი, რომლის დროს ერთი ნივთიერება დაშლის შემდეგ გადადის მეორე ნივთიერებაში წყლის დახმარებით. ჰ. ექვემდებარება: მარილები, ნახშირწყლები, ცხიმები, რთული ეთერები, ცილები და სხვ.

ჰიდროლოგია - მეცნიერება ჰიდროსფეროს შესახებ, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი წყლების დინამიკას და გეოგრაფიულ გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულებას. ჰიდროლოგია მიეკუთვნება გეოგრაფიულ მეცნიერებათა ციკლს, მჭიდროდ არის დაკავშირებული გეოფიზიკურ, გეოლოგიურ, ბიოლოგიურ, ტექნიკურ და ჰიდრავლიკის შესაბამის დარგებთან (ჰიდროფიზიკა, ჰიდროქიმია, ჰიდროგეოლოგია, ჰიდრობიოლოგია, ჰიდროტექნიკა და სხვ.). ჰ. შესწავლის საგანია წყლის ობიექტები: ოკეანეები, ზღვები, მდინარეები, ტბები და წყალსაცავები. საკვლევი ობიექტების ხასიათის მიხედვით ჰ. იყოფა ოკეანოლოგიად, ხმელეთის ჰიდროლოგიად და ჰიდროგეოლოგიად. ჰ. ძირითადი ამოცანებია: ბუნებაში წყლის ბრუნვის პროცესისა და მასზე ადამიანის ზეგავლენის შესწავლა, ჰ. ელემენტების (წყლის დონე, ჩამონადენი, ტემპერატურა და სხვ.) ანალიზი დროსა და სივრცეში ცალკეული ტერიტორიებისა და მთლიანად დედამიწისათვის; ამ ელემენტების ცვალებადობის კანონზომიერებათა გამოვლინება. ჰ. ძირითადი პრაქტიკული ამოცანებია: წყლის რესურსების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, მათი მომავლის პროგნოზირება, რაციონალური გამოყენების ვარიანტების განსაზღვრა და დაცვის ღონისძიებების დამუშავება.

ჰიდროლოგიური სახიფათო მოვლენები - წყალდიდობა, წყლის დონის აწევა, წვიმის ნიაღვარი (წყალმოვარდნა), ქარისეული მონადენი, წყლის დაბალი დონეები, გრუნტის წყლების დონის აწევა (დატბორვები), გრუნტის წყლების მაღალი დონე, გრუნტის წყლის დაბალი დონე.

ჰიდროლოკატორი - ჰიდროაკუსტიკური სადგური ან ხელსაწყო წყალქვეშა ობიექტების მდგომარეობის გასარკვევად ბგერითი სიგნალების საშუალებით.

ჰიდროლოკაცია - ჰიდროაკუსტიკური ხელსაწყოების მეშვეობით (ჰიდროლოკატორით, ხმაურპელენგატორით და სხვ.) წყალში მყოფ საგნებამდე მანძილისა და მიმართულების განსაზღვრა.

ჰიდრომანქანა - ენერგეტიკული მანქანა, რომლის დანიშნულებაა მყარი სხეულის მექანიკური ენერგია გარდაქმნას სითხის მექანიკურ ენერგიად (ან პირიქით).

ჰიდრომანქანა მოცულობითი - ჰიდრომოწყობილობა, მუშა გარემოს მექანიკური ენერგიის გარდასაქმნელად სამუშაო კამერის მუშა გარემოს მონაცვლეობით შევსების პროცესში და მის გამოსაძევებლად სამუშაო კამერიდან (ნახ. 1, ჰიდრომანქანა მოცულობითი: 1-კორპუსი; 2-სტსტორი; 3-როტორი; 4-ხისტი ფრთები; 5-მუშტა; 6-ელასტიური გარსი; 7-გამოსაბოლქვი სარკმელი; 8-სახსრის სეგმენტები; 9-ტიხარი; 10-დასაჭირხნი სარკმელი). სამუშაო კამერის ქვეშ იგულისხმება მოცულობითი ჰიდრომანქანის სივრცე, შემოზღუდული მუშა დეტალების ზედაპირებით, რომელიც პერიოდულად იცვლის თავის მოცულობას და მონაცვლეობით არეგულირებს მუშა გარემოს შესასვლელ და გამოსასვლელ ადგილებს. ჰ.მ. გამოიყენება საბურღი სატეხის, გენერატორის, გამზომი სისტემების და სხვა მექანიზმების მოძრაობაში მოსაყვანად (გასაშვებად).

ჰიდრომეტალურგია - ქიმიური რეაგენტების დახმარებით ლითონის გამოცალკევება მადნებიდან, სხვადასხვა საწარმოების კონცენტრატებიდან და ნარჩენებიდან. ჰ. მთავარი ოპერაციებია: მადნების მექანიკური დამუშავება (მსხვრევა, დაქუცმაცება, კლასიფიცირება, შესქელება), მადნის ან კონცენტრანტის ქიმიური შემადგენლობის შეცვლა (გამოწვა, შეცხობა, ქიმიური რეაგენტებით დაშლა), გამოტუმბვა, გაუწყლოება, გამორეცხვა, ხსნარების გაკამკამება და მავნე მინარევების მოცილება, ხსნარებიდან მეტალების ან მათი ნაერთების დალექვა, ნალექების გადამუშავება.

ჰიდრომეტრია - ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს წყლის რეჟიმს (ხარჯს, სიჩქარეს, სიღრმეს და სხვა).

ჰიდრომექანიზაცია - მიწის, სამთამადნო და სხვა სამუშაოების მექანიზაციის ხერხი (მეთოდი), რომლის დროსაც ტექნოლოგიური პროცესის ყველა ან ნაწილი წარმოებს მოძრავი წყლის ნაკადის ენერგიის ხარჯზე. ჰ. ძირითადი მოწყობილობებია: წყლისა და გრუნტის ტუმბოები, ჩამტვირთი აპარატები, გრუნტის ტუმბოების სადგურები, მილგაყვანილობა, მიწისმწოვები, ჰიდროელე-ვატორები, ერლიფტები და ჰიდრომონიტორები.

ჰიდრომექანიკა - მექანიკის განყოფილება, რომელიც შეისწავლის სითხეების მოძრაობას და წონასწორობას, აგრეთვე სითხეებისა და მყარი სხეულების ურთიერთქმედებას, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ არიან ჩაძირული სითხეში. ჰ. იყოფა ორ ნაწილად - ჰიდროდინამიკა და ჰიდროსტატიკა.

ჰიდრომექანიკური მოწყობილობა - მოწყობილობა, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში წყლის მოძრაობის მართვისათვის.

ჰიდრომექანიკური სიმაღლის საზომი - გეოდეზიური სიმაღლის საზომი, რომლის დახმარებით გადამეტება განისაზღვრება როგორც ფუნქცია ჭარბი წნევისა ან ვაკუუმისა, შექმნილი სითხის სვეტის მიერ ჰიდრავლიკურ სისტემაში.

ჰიდრომოდული (ბერძ.) - 1. მაჩვენებელი წყლის იმ რაოდენობისა, რომელიც უნდა გადააგდონ (ამოშრობის დროს) ან მოიყვანონ (მოსარწყავად) ფართობის თითოეულ ერთეულზე; 2. ფარი, რომელზედაც ამოჭრილია სპეციალური ფორმა წყლის გადასაშვებად; იყენებენ წყლის საშუალო ხარჯის გასაზომად.

ჰიდრომოლექვა - მიწის სამუშაოების წარმოების ჰიდრომექანიზაციის ხერხი, რომლის დროსაც გრუნტის დამუშავება სანგრევში, მისი ტრანსპორტირება და დაგება მიწის ნაგებობაში წარმოებს წყლის ჭავლითა და ნაკადით. ამასთან, გრუნტი დაიგება განსაზღვრულ ფართობზე და ნაყარს მიეცემა ფორმა და ზომები ნაგებობის (მაგ., მიწის ვაკისის) პროექტის შესაბამისად. უბნებს, რომლებზეც წარმოებს მოლექვა, უწოდებენ მოლექვის რუკას. პრაქტიკაში გამოიყენება მოლექვის სამი ხერხი: ესტაკადური, უესტაკადო და დაბალსაყრდენიანი.

ჰიდრომონიტორი - წყლის ჭავლის წარმომქმნელი აპარატი, რომელიც მიმართავს ჭავლს მთის ქანების დასარღვევად. იგი ფართოდაა გავრცელებული ჰიდრომექანიზაციასა და სამრეწველო მშენებლობაში, სასარგებლო წიაღისეულის ღია და მიწისქვეშა დამუშავებაში. თანამედროვე ჰიდრომონიტორების თავსაცმის დიამეტრი 225 მმ-ს აღწევს, შესასვლელი ხვრეტის - 500 მმ, საერთო სიგრძე - 7...8 მ, მასა წყლის გარეშე 4 ტ-მდეა და მათი ხელით მართვა შეუძლებელია.

ჰიდრომოწყობილობა - ტექნიკური მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა მოცულობით ჰიდროამძრავში განსაზღვრული დამოუკიდებელი ფუნქციის შესრულება მუშა გარემოზე უშუალო ზემოქმედებით.

ჰიდრონარევი - მცირე ზომის ან ხელოვნურად დაქუცმაცებული მყარი ფხვიერი მასალის ნაწილაკების ნარევი სითხესთან.

ჰიდრონარევის დამყარებული ნაკადი - ჰიდრონარევის ჰიდროსატრანსპორტო სისტემის მილსადენში ან ღარში ისეთი მოძრაობა, როდესაც მოძრაობის მთელ პერიოდში მუდმივია სიჩქარე, წნევა და კონცენტრაცია.

ჰიდრონარევის დაუმყარებული ნაკადი - მოძრაობა, როდესაც ჰიდრონარევის მოძრაობის მთელ პერიოდში მუდმივად იცვლება სიჩქარე, წნევა და კონცენტრაცია.

ჰიდრონარევის კრიზისული სიჩქარე - ჰიდრონარევის ჰიდროსატრანსპორტო სისტემის მილსადენში მოძრაობის სიჩქარის ის მნიშვნელობაა, რომლის დროსაც იწყება მყარი ფხვიერი ნაწილაკების დალექვა მილსადენის ფსკერზე (ქვედა ნაწილში).

ჰიდრონარევის მოძრაობის საშუალო სიჩქარე - ხარჯის შეფარდება ჰიდროსატრანსპორტო მილსადენის ცოცხალი კვეთის ფართობთან.

ჰიდრონარევის ფარდობითი სიმკვრივე - ჰიდრონარევის მასის შეფარდება იმავე მოცულობის წყლის მასასთან 40C ტემპერატურის დროს.

ჰიდრონარევის ჭეშმარიტი სიმკვრივე - რომელიც ჰიდრონარევს აქვს ჰიდროსატრანსპორტო სისტემის მილსადენში მოძრაობისას.

ჰიდრონარევის ხარჯითი სიმკვრივე - ჰიდრონარევის სიმკვრივე, რომლითაც იგი გამოედინება ჰიდროსატრანსპორტო სისტემის მილსადენიდან.

ჰიდრონაცარმოცილება - წყლით წიდანაცარმოცილების სისტემა თბოელექტროსადგურებში. განასხვავებენ ჰ. ჩამრეცხ დაბალწნევიანსა და იძულებით მაღალწნევიანს მიწახაპია ტუმბოების ან სხვა ჰიდროაპარატის მეშვეობით. წიდა, რომელიც ირეცხება წიდის საცეცხლე ხვიმირიდან, ნაცარი ნაცრის ხვიმირიდან და ნაცარდამჭერიდან წყალთან ერთად სპეციალური არხებით მიემართება ნაცარყრილებისკენ ან გადამტუმბავ დანადგარებთან, რომლებსაც წიდანაცრიანი პულპა გადააქვთ 10კმ-მდე მანძილზე.

ჰიდროპლასტი - პოლივინილქლორიდის პასტა, რომელიც განკუთვნილია ლითონსაჭრელი ჩარხების მომჭერ სამარჯვებში მექანიკური ძალის გადაცემისათვის.

ჰიდროპულტი (ბერძ.) - ხელის ტუმბოს მქონე აპარატი (ნახ. 1), რომელსაც იყენებენ ხანძრის საქრობად, კედლების შესაღებად, მცენარეთა მოსარწყავად, ტერიტორიის მოსასხურებლად, სადგომების დეზინფექციისათვის და სხვ.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec 824 (superflex D1) - ცემენტის საფუძველზე დამზადებული, ერთკომპონენტიანი, მოქნილი ჰიდროსაიზოლაციო სუსპენზია. გამოიყენება, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა ნიადაგის ტენიანობის, არადაგროვებადი წყლის, საძირკვლებსა და სარდაფის კედლებზე წყლის ნეგატიური და პოზიტიური წნევით ზემოქმედების წინააღმდეგ, ასევე წყლის რეზერვუარებისა და სველი ფართობების (აივანი, სააბაზანო, ტუალეტი, სამზარეულო) იზოლაციისას.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec 827 S (superflex 40 S) - ეპოქსიდური ფისის საფუძველზე დამზადებული ორკომპონენტიანი, მოქნილი ჰიდროსაიზოლაციო მასალა. მდგრადია მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედების მიმართ. გამოიყენება ნებისმიერ სტრუქტურაზე ღია და შიგა ფართობებში, განსაკუთრებით კი საცურაო აუზებში, დიდი ზომის სამზარეულოებში, ლაბორატორიებში, აივნებსა და ტერასებზე და სველ ფართობებში.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec 902 (plastikol 4 V) - ბიტუმის ბაზაზე დამზადებული გრუნტი. გამოიყენება, როგორც გრუნტის ფენა რკ.ბ.-ზე ბიტუმის მემბრანის დასატანად.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec 905 (Plastikol 2) - ბიტუმის ბაზაზე დამზადებული, ბოჭკოთი გაძლიერებული, თხევადი, ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგი ჰიდროსაიზოლაციო მასალა.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec 911 (plastikol 1) - ბიტუმის საფუძველზე დამზადებული ჰიდროსაიზოლაციო ხსნარი. გამოიყენება ამოზნექილი და დაბზარული ბიტუმის მემბრანის სარემონტოდ, რომელიც მოითხოვს მდგრადობას ამინდის მიმართ და ეფექტურ წყალგაუმტარობას, ასევე გამოიყენება ლითონის ღარების იზოლაციისათვის.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec 930 (Deitermann DS) - ცემენტის საფუძველზე დამზადებული ჰიდროსაიზოლაციო ხსნარი. მდგრადია წყლის ნეგატიური და პოზიტიური წნევის ზემოქმედების, სულფატური წყლების, ქიმიური ხსნარების და აგრესიული გრუნტული წყლების ზემოქმედების მიმართ. გამოიყენება ცემენტის საფუძვლებზე კაპილარული ბზარების ამოსავსებად.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec superflex D24) - ცემენტის საფუძველზე დამზადებული სქელი ჰიდროსაიზოლაციო ხსნარი. გამოიყენება ნიადაგის ტენიანობის, გრუნტული წყლების, პოზიტიური და ნეგატიური წყლის წნევის წინააღმდეგ ჰიდროსაიზოლაციო მასალად, ყველა სტრუქტურაზე შიგა და გარე ფართობებში, განსაკუთრებით საძირკვლებსა და სარდაფის კედლებზე, ტერასებისათვის, წყლის რეზერვუარებისათვის, საცურაო აუზებისა და სველი ფართობებისათვის.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.tec superflex BG) - პოლიმერ-ბიტუმით მოდიფიცირებული, მოქნილი ჰიდროსაიზოლაციო მასალა. დაიტანება შესხურების მეთოდით. გამოიყენება ჰიდროსაიზოლაციო მასალად საძირკვლებზე, სარდაფის კედლებზე, სველ ფართობებში, აივნებსა და ტერასებზე.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.dry 906 (plastikol UDM) - პოლიმერ-ბიტუმის ბაზაზე დამზადებული, მოქნილი ჰიდროსაიზოლაციო მასალა. გამოიყენება, ნიადაგის ტენიანობის, ჟონვადი წყლის, დროებითი და მუდმივი წყლის წნევით ზემოქმედებისას საძირკველზე, სარდაფის კედლებზე, სველ ფართობებში, აივნებსა და ტერასებზე, მიწისქვეშა სადგომების (გარაჟების) ფართობების ჭერსა და მწვანე ტერასებში.

ჰიდროსაიზოლაციო მასალა (Weber.dry FDF (superflex FDF) - მაღალელასტიური ფისის ბაზაზე დამზადებული, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისადმი მედეგი ჰიდროსაიზოლაციო მასალა. გამოიყენება, როგორც ულტრაიისფერი სხივების ამრეკლავი საფარი, ასევე როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა შიდა და ღია ფართობებისათვის: ჩრდილოვან ფასადებზე, სახურავებზე, წყლის ჯებირებზე, წყალსადინარ ღარებზე, ბუხრის მილებსა და ტროტუარის ჯებირებზე.

ჰიდროსაიზოლაციო ფენა - ფენა, რომელიც იცავს შენობას ან ნებისმიერ სხვა კონსტრუქციას წყლისა და სხვა სახის სითხეების უარყოფითი ზემოქმედებისგან.

ჰიდროსაიზოლაციო ხალიჩა - მრავალფენიანი ჰიდროსაიზოლაციო შრე, სახურავის საფარის ფუძე.

ჰიდროსისტემა - ჰიდრომოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც შედის მოცულობითი ჰიდროამძრავის შემადგენლობაში.

ჰიდროსოგმანი - პოლივინილქლორიდის ელასტიკური ლენტა გამოყენებული, ბეტონის კონსტრუქციებში დეფორმაციული ნაკერების შემჭიდროებისათვის, რომელიც განიცდის ზედაპირული გრუნტისა და ჩამდინარე წყლების ზემოქმედებას (რეზერვუარები, წყალსაწნეო კოშკები, ჯებირები, წყალგადასაშვებები, არხები, საცურაო აუზები, გამწმენდი ნაგებობები და სხვ.). გამოიყენება აგრეთვე საძირკვლების, გვირაბების, მიწისქვეშა ნაგებობების და სხვ. ჰიდროსაიზოლაციოდ.

ჰიდროსტატიკა - ჰიდრომექანიკის განყოფილება, რომელიც შეისწავლის სითხეების წონასწორობის პირობებსა და კანონზომიერებას მათზე მოდებული ძალების მოქმედებით, აგრეთვე წყნარ სითხეებში ჩაძირულ სხეულებზე მათ ზემოქმედებას. იდეალურსა და რეალურ სითხეებს შორის განსხვავება თავს იჩენს მხოლოდ მათი მოძრაობისას, ამიტომ ჰ. შედეგები ერთნაირად მართებულია როგორც იდეალური, ისე ბლანტი სითხისა და აირისათვის. ამასთანავე, იგი განიხილავს იმ ამოცანებსაც, რომლებშიც შეისწავლება წყლისა და ჰაერის წონასწორობის პირობები ოკეანეებში, ზღვებსა და ატმოსფეროში. ჰ. ერთ-ერთი ძირითადი კანონია არქიმედეს კანონი. ჰ. საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და გემების სიმტკიცე, გამოვარკვიოთ მცურავი სხეულების მდგრადობის აუცილებელი პირობები და სხვ. ჰ. კანონები ფართოდ გამოიყენება ტექნიკურ გაანგარიშებებში.

ჰიდროსტატიკური სიმაღლის საზომი - გეოდეზიური სიმაღლის საზომი, რომლის დახმარებით გადამეტება განისაზღვრება ზიარჭურჭელში სითხის დონესთან შეფარდებით.

ჰიდროსტატიკური წნევის ეპიურა - მყარი სხეულის გასწვრივ წნევის განაწილების კანონზომიერების გრაფიკული გამოსახულება.

ჰიდროსფერო - მსოფლიო ოკეანეების (ოკეანეები და ზღვები) და კონტინენტებზე არსებული წყლის აუზების ერთობლიობა.

ჰიდროტექნიკა (ბერძ.) - წყლის რესურსების გამოყენებისა და წყლის სტიქიასთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებების შემსწავლელი მეცნიერება.

ჰიდროტექნიკური გვირაბი - მიწისქვეშა წყალსატარი ჩაკეტილი განივი კვეთის, დაწნევით ან უდაწნეო წყლის მოძრაობით, რომელიც მოწყობილია დედამიწის ქერქში მასზე არსებული გრუნტის მასის მოუხსნელად. წყალსამეურნეო დანიშნულების მიხედვით არსებობს ენერგეტიკის, ირიგაციის, სანაოსნო, ხე-ტყის საცურებელი, წყალსაგდები, წყალსადენი, მშენებლობის ( მდინარის წყლის დროებითი გადაგდებისათვის ჰიდროკვანძის მშენებლობისას) და კომბინირებული ჰ.გ.

ჰიდროტექნიკური ნაგებობა - 1. საინჟინრო ნაგებობა, რომელიც აგებულია წყლის მეურნეობის ამა თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად. ჰ. ნ. იყოფა ორ კატეგორიად: ა) საერთო ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გამოიყენება წყლის მეურნეობის ორ ან რამდენიმე სხვადასხვა დარგში; ბ) სპეციალური ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომელიც გამოიყენება წყლის მეურნეობის მხოლოდ ერთ დარგში.; 2. წყლის რეჟიმის რეგულირების, წალეკვისაგან ნაპირების დაცვის, წყლის დინების ენერგიის გამოყენებისა და მისთ. მიზნებისათვის აგებული ტექნიკური ნაგებობა (ჯებირი, ჰესი და მისთ).

ჰიდროტრანსპორტი - წყლის ნაკადით მასალების ტრანსპორტირების ერთ-ერთი სახე. ჰ. არის ორგვარი: სადაწნეო და უდაწნეო. გამოიყენება ჰიდრომექანიზაციაში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას.

ჰიდროტრანსპორტი დაწნევიანი - შემთხვევა, როდესაც ჭარბი წნევით ჰიდრონარევი მილსადენებით მიეწოდება დამჭირხნი მანქანა-მექანიზმების მეშვეობით (გრუნტის ტუმბოები, მიწასაწოვები, ნახშირსაწოვები და სხვ.) ან ნიშნულთა სხვაობა განაპირობებს ჰიდრონარევის მილსადენის სრულად შევსებული კვეთით მიწოდებას.

ჰიდროტრანსპორტი უდაწნეო - შემთხვევა, როდესაც ღია არხებში, ღარებში ან მილებში ნაწილობრივ შევსებული კვეთით ჰიდრონარევის მოძრაობას (დაღმავალი ნაკადები) განაპირობებს სათანადო ნიშნულთა სხვაობა.

ჰიდროტრანსფორმატორი - ჰიდროდინამიკური გადაცემა სამფრთიანი თვლებით (სატუმბოე, სატურბინე და მიმმართველი აპარატის) ან მეტი; გამოიყენება მგრეხი მომენტის ან მანქანის მბრუნავი ლილვის (ტურბინის ლილვის) სიხშირის რეგულირებისათვის.

ჰიდროტუმბო - ჰიდრომანქანა სითხის მიმართული დინების შესაქმნელად.

ჰიდროფილურობა - ნივთიერების თვისება ინტენსიურად იმოქმედოს წყალთან, რაც განპირობებულია მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებით. ჰიდროფილური ნივთიერებებია ჟელატინი, თიხა, სახამებელი და სხვ.

ჰიდროფობურობა - ნივთიერების თვისება არ დასველდეს წყალში. ჰიდროფობური ნივთიერებებია: პარაფინი, ცხიმი, ცილა, გრაფიტი, გოგირდი და სხვ.

ჰიდროფონი (ბერძ.) - მოწყობილობა, რომელიც წყალში იღებს ბგერების და ულტრაბგერების რხევებს და გარდაქმნის მას ელექტრულ რხევებად. გამოიყენება ჰიდროაკუსტიკურ მოწყობილობებში (ჰიდროლოკატორებში, ხმაურის პელენგატორებში, აკუსტიკური ნაღმების ასაფეთქებლებში და სხვ.).

ჰიდროქარსები - სილიკატების კლასის ქარსების მსგავსი მინერალების ჯგუფი; წარმოადგენს ფენობრივი აგებულების ალუმინსილიკატებს, რომლებიც ქარსებთან შედარებით შეიცავს მეტ წყალს. ჩვეულებრივ, ჰ. წარმოადგენს ქარსების კაოლინად, მონტმორილონიტად, ვერმიკულატად და ქლორიტად ბუნებრივი სტადიური გარდაქმნის შუალედ პროდუქტს. გავრცელებული ჰ.: ჰიდრომუსკოვიტი, რექტორიტი, გლაუკონიტი, ჰიდრობიოტიტი.

ჰიდროქიმია - მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი წყლების შედგენილობას, მისი ცვალებადობის კანონზომიერებებს.

ჰიდროქსილი - OH-ის ჯგუფი, შემავალი ქიმიური ნაერთების, მაგ., წყლის, ტუტეების, სპირტების მოლეკულებში.

ჰიდროქურო - ჰიდროდინამიკური გადაცემა ორი ფრთებიანი თვლით - ტუმბოსი და ტურბინის. აქვს ერთნაირი მგრეხი მომენტები წამყვან და მიმყოლ ლილვებზე. ჰ. ყენდება ძრავის ლილვზე, უზრუნველყოფს მის დაცვას, აგრეთვე არბილებს გადაცემის დინამიკურ გადატვირთვას, ახშობს მგრეხ რყევებს, უზრუნველყოფს მდორე გაშვებას და დამუხრუჭებას.

ჰიდროციკლონი - უძრავი აპარატი, ჰიდროკლასიფიკატორი, რომელთანაც პულპა მკვებავი მილყელით 3 მიიყვანება ტანგენციალურად, საჭირო სიჩქარით. გაყოფის ეფექტურობა განისაზღვრება თანაფარდობით კლასიფიკატორში ნაწილაკების დალექვის სიჩქარესა და პულპის ნაკადის სიჩქარეს შორის. ჰ. წარმოადგენს სხმულ ან შედუღებულ კორპუსს, რომლის ქვედა ნაწილს აქვს კონუსის ფორმა, ხოლო ზედას - ცილინდრის. ინერციის ცენტრიდანული ძალების გავლენით პულპა იყოფა ორ ნაწილად: მსხვილი ნაწილაკები სიმძიმის ძალის მოქმედებით ვარდებიან ძირს და განიტვირთებიან დამლექში, წვრილი ნაწილაკები კი წარიტაცებიან მილყელში და გადიან გარეთ. ჰ. გამოიყენება ძირითადად 5...500 მკმ ზომის ნაწილაკების კლასიფიკაციისათვის.

ჰიდროცილინდრი - ჰიდრავლიკური ძრავი დგუშის უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობით. ფართოდ გამოიყენება ჩარხების მოძრაობაში მოსაყვანად, მომუშავე ორგანოების გადასაადგილებლად კიდულ მშენებლობაში, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო მანქანებში, საგლინი დგანების დასაჭერ მოწყობილობებში და სხვ.

ჰიდროძრავა - მანქანა, რომელიც სითხის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის მიმყოლი რგოლის მექანიკურ ენერგიაში (ლილვი, ჭოკი). მოქმედების პრინციპის მიხედვით არჩევენ დინამიკურ ჰიდროამძრავებს, რომლებშიც მიმყოლი რგოლი გადაადგილდება სითხის ნაკადის იმპულსის მომენტის ცვალებადობის შედეგად და მოცულობითი, რომელშიც მუშა ორგანო გადაადგილდება ჰიდროსტატიკური დაწნევის მოქმედებით. პირველს მიეკუთვნება ჰიდროტურბინა (წყლის თვალი), ხოლო მეორეს – ჰიდროცილინდრი.

ჰიდროწნეხი - მანქანა მნიშვნელოვანი დაწოლის შესაქმნელად, რომელიც მოძრაობაში მოყავს სითხეს წნევის ქვეშ. გამოიყენება ფხვიერი მასალების შესამწიდროებლად, ბრიკეტირებისათვის, ლაბორატორიული გამოცდებისათვის და სხვა სამუშაოებისათვის.

ჰიდროჰემატიტი - სამვალენტიანი რკინის ჰიდროჟანგი. მინერალი.

ჰიმნასიუმი (ბერძ.) - ვარჯიშისათვის განკუთვნილი ნაგებობა ანტიკურ საბერძნეთში, რომელიც წარმოადგენდა მთავარი შენობისა და ღია ბაქნებისაგან შემდგარ კომპლექსს.

ჰიპერბოლა (ბერძ.) - 1. წირი, რომელიც მიიღება წრიული კონუსის და მისი ორი მსახველის პარალელური სიბრტყის თანაკვეთით. ჰ. მეორე რიგის წირია. ჰ. ფოკუსებს შორის მოთავსებული მონაკვეთის შუა წერტილს ჰ. ცენტრი ეწოდება (ნახ. 1).

ჰიპერბოლოიდი - მეორე რიგის ჩაუკეტავი გეომეტრიული ზედაპირი, რომლის კვეთა აპლიკატის ღერძის პარალელური სიბრტყით გვაძლევს ჰიპერბოლას, ხოლო ამ ღერძის მართობული სიბრტყით კვეთისას - ელიფსს (ნახ. 1). განასხვავებენ ორი სახის ჰიპერბოლოიდს - ცალკალთას და ორკალთას. ცალკალთა ჰ. მიეკუთვნება წრფივ ზედაპირს. ჰ. ყველა შესაძლო სიბრტყესთან თანაკვეთა იძლევა ყველა კონუსურ კვეთას - ელიფსს, ჰიპერბოლას და პარაბოლას.

ჰიპერბოლური სიჩქარე - კოსმოსური სიჩქარე.

ჰიპერთერმია (ბერძ.) - ორგანიზმის ზედმეტად გახურება სითბოს წარმოქმნისა და გაცემას შორის ურთიერთქმედების (თერმორეგულაციის) დარღვევის შედეგად.

ჰიპერინფლაცია (ინგლ.) - ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50%-ს.

ჰიპერ… (ბერძ.) - რთული სიტყვის ნაწილი, რომელიც შედის მრავალ მათემატიკურ ტერმინში და მიანიშნებს ნორმის "გადამეტებას" ("ჰიპერკომპლექსური", "ჰიპერზედაპირი" და ა.შ.)

ჰიპეტრალური ნაგებობა (ბერძ) - ანტიკური ან ძველი აღმოსავლეთის ნაგებობა, სასინათლო ღიობით ჭერში.

ჰიპოთეზა (ბერძ.) - 1. რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა ჯერ ცდით არ არის დამტკიცებული; 2.მეცნიერების განვითარების ფორმა. სავარაუდო მსჯელობა მოვლენათა კავშირის კანონზომიერების (მიზეზობრივი) შესახებ.

ჰიპოიდური გადაცემა - ხრახნული კბილა გადაცემა კონუსური ბორბლებით, რომლებსაც აქვთ გადაჯვარედინებული ღერძები. ამავე დროს პატარა ბორბლის ღერძი გადანაცვლებულია დიდი ბორბლის ღერძის მიმართ (ნახ. 1). ჰ.გ. ბორბლებს შეიძლება ქონდეთ ირიბი ან ხრახნული კბილები. ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში (ავტომობილი, ტრაქტორი, ექსკავატორი, თბომავალი, საფეიქრო მანქანები, ჩარხები და ა. შ.).

ჰიპოსტილი (ბერძ.) - ტაძრის ან სასახლის დიდი დარბაზი, მრავალრიცხოვანი რეგულარულად განლაგებული კოლონებით (ნახ. 1). დამახასიათებელი იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის (ეგვიპტე, ირანი).

ჰიპოტენუზა (ბერძ.) - მართკუთხა სამკუთხედის გვერდი, რომელიც მდებარეობს მართი კუთხის პირდაპირ.

ჰიპოტრასელიონი (ბერძ.) - დორიული კაპიტელის ყელი, რომელიც სვეტის ზედა ნაწილშია მოთავსებული, აგრძელებს მის მოხაზულობას და ოდნავ ჩაღრმავებული, განივი ზოლებით არის გამოყოფილი.

ჰიპოცენტრი (ბერძ.) - 1. მიწისძვრის კერის ცენტრალური წერტილი; 2. ქანის გახლეჩის ადგილი. ქანების რღვევას მოჰყვება უდიდესი ენერგიის გამოყოფა, რომლებიც აჩენენ სეისმურ ტალღებს, იწვევენ ნიადაგის რხევებს, რომლებსაც მიწისძვრის სახით აღვიქვავთ.

ჰიპსოთერმომეტრი - ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრავს ატმოსფერულ წნევას წყლის დუღილის ტემპერატურის მიხედვით (ატმოსფერული წნევის შემცირებით წყლის დუღილის წერტილიც მცირდება). ჰ. შედგება სადუღარასაგან და ვერცხლისწყლის თერმომეტრისგან.

ჰიპსომეტრია (ბერძ.) - დედამიწის ზედაპირის რელიეფის რუკაზე გამოსახვის ხერხი ჰორიზონტალების დახმარებით, რომლებსაც ატარებენ სხვადასხვა სიმაღლეთა შუალედების გავლით რელიეფის ხასიათის, რუკის მასშტაბისა და დანიშნულების გათვალისწინებით.

ჰისტერეზისი (ბერძ.) - მოვლენა, რომელიც შეინიშნება მაშინ, როდესაც სხეულის მდგომარეობა დროის მოცემულ მომენტში განისაზღვრება არა მარტო დროის ამავე მომენტში გარე პირობებით, არამედ გარე პირობებით დროის წინა მომენტებშიც. სიდიდეთა არაცალსახა დამოკიდებულება შეინიშნება ნებისმიერ პროცესში, ვინაიდან სხეულის მდგომარეობის შესაცვლელად ყოველთვისაა საჭირო განსაზღვრული დრო (რელაქსაციის დრო) და სხეულის რეაქცია ჩამორჩება მის გამომწვევ მიზეზებს. ასეთი ჩამორჩენა მით უფრო მცირეა, რაც უფრო ნელა მიმდინარეობს გარე პირობების ცვლილება.

ჰისტოგრამა - სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც რაიმე ცვლადის მნიშვნელობების განაწილებას ასახავს (ნახ. 1).

ჰოდოგრაფი (ბერძ.) - წირი, რომელიც წარმოადგენს იმ ცვლადი ვექტორის (დროში ცვალებადი) ბოლოების გეომეტრიულ ადგილს, რომლის მნიშვნელობები დროის სხვადასხვა მომენტში გადაზომილია ერთი ფიქსირებული 0 წერტილიდან. ჰ. თვალსაჩინო გეომეტრიულ წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ დროის მიხედვით როგორ იცვლება ცვლადი ვექტორით გამოსახული ფიზიკური სიდიდე და როგორია ამ ცვლილების სიჩქარე.

ჰოლდინგი (ინგლ.) - 1. სააქციო კომპანია, რომელიც ფლობს სხვა ფირმების, კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტებს. განასხვავებენ წმინდა ჰოლდინგს, რომლის დანიშნულებაა მხოლოდ კონტროლი და მართვა, და შერეულს, რომელიც, ამასთან ერთად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. არსებობს სახელმწიფო ჰ., რომლებიც წარმოადგენენ სპეციალურ სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომელთა განკარგულებაშიც გარკვეულ პერიოდში იქმნება პრივატიზებულ საწარმოთა აქციების საკონტროლო პაკეტები, ხოლო საწარმოები მათს ფარგლებში აქციების ჯვარედინი მფლობელები ხდებიან. სხვა კომპანიების აქციების ნაწილის ფლობა ჰოლდინგებს საშუალებას აძლევს, კონტროლი გაუწიონ მათ საქმიანობას; 2. კორპორაცია, კომპანია, მეთაური საწარმო, რომელიც მართავს ან აკონტროლებს სხვა საწარმოთა, (კომპანიათა) საქმიანობას.

ჰოლი (ინგლ.) - 1. სახლის მთავარი, საერთო ოთახი (ნახ. 1); 2. მოსაცდელად ან დასასვენებლად განკუთვნილი ადგილი საზოგადოებრივ შენობაში (მაგ., სასტუმროში); 3. თანამდეროვე კოტეჯის წინა ოთახი; 4. ზოგჯერ ჰოლს უწოდებენ საჯარო თავშეყრის, კონცერტისათვის განკუთვნილ დარბაზსაც.

ჰოლოგრაფია (ბერძ.) - საგანთა გამოსახულების მიღების მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია სინათლის ინტერფერენციულ მოვლენაზე. ჰოლოგრამა - ფოტოფირზე აღნუსხული ინტერფერენციული სურათი, რომელიც წარმოიქმნება სინათლის ორი კოჰერენტული კონისგან: წყაროდან (სარდენი კონიდან) წამოსული და არეკლილი ობიექტიდან, რომელიც იმავე წყაროთი (საგნის კონით) არის გაშუქებული. კოჰერენტული სინათლის წყაროს წარმოადგენს ლაზერი. ჰოლოგამის დახმარებით საგნის გამოსახულების აღდგენისათვის აშუქებენ მას იმავე საყრდენი კონით, რომლიც ჰოლოგრამის მისაღებად იყო გამოყენებული. ამასთან ერთად სინათლის დიფრაქციის შედეგად ჰოლოგრამაზე იღებენ ობიექტის ორ გამოსახულებას: ნამდვილსა და წარმოსახვითს. როცა ობიექტი მოცულობითია, მაშინ მისი გამოსახულებაც მოცულობითი მიიღება. ჰ. დახმარებით შეიძლება ასევე ობიექტის ფერადი გამოსახულებების მიღება. ჰ. გამოიყენება ექსპერიმენტულ ფიზიკასა და ტექნიკაში (ჰოლოგრაფიულ კინოსა და ტელევიზიაში, ნაკეთობების ინტერფერენციულ კონტროლში, ჰოლოგრაფიულ მიკროსკოპებში და სხვ.). იმპულსური ჰ. დახმარებით შეიძლება გამოკვლეული იქნეს სწრაფად მიმდინარე პროცესები (მაგ., აფეთქებები; დარტყმითი ტალღები; აირების ნაკადი ზებგერით საქშენში და სხვ.).

ჰომოგენიზატორი - 3 მ დიამეტრისა და 10 მ სიმაღლის რეზერვუარი, რომელშიც ჩადგმულია ლილვი ფრთების (ნიჩბების) იარუსული განლაგებით. ლილვი ბრუნავს ამძრავისგან და მისი მდგომარეობა ფიქსირდება რგოლურ საკისრებში ფორებიანი მილისებით, რომლებშიც მიეწოდება შეკუმშული ჰაერი. რეზერვუარის ძირი ამოგებულია კასეტებით, რომლებიც ზემოდან დახურულია ქსოვილის რამდენიმე ფენით და დამცველი ბადეებით. ნიჩბებიანი ლილვი ბრუნავს 1,8...2.0 რად/წმ სიჩქარით, ხოლო კასეტებში მიწოდებული შეკუმშული ჰაერის წნევა 0,1 მპა უზრუნველყოფს აღმავალი ნაკადების სიჩქარეს 0,01...0,06 მ/წ; 2. მაღალი წნევის ტუმბო, რომელსაც იყენებენ დისპერსიული ემულსიების მისაღებად.

ჰომოგენიზაცია - ტექნოლოგიური პროცესის სტაბილიზაციისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლება. მაგ., სილიკატური ნაკეთობების დამზადებისას აუცილებელია ნარევის ზედმიწევნით გასაშუალოება. ყველაზე ეფექტურად ეს პროცესი მიმდინარეობს შეწონილ მდგომარეობაში მყოფი ნარევის შერევისას. ნარევის შეწონილი მდგომარეობა შეიძლება მიღებულ იქნას მექანიკური ხერხით შესაბამისი რეჟიმებისა და მუშა ორგანოების მოძრაობის ტრაექტორიის შერჩევით ან ჰაერის შებერვით განსაზღვრული სიჩქარით. კრიტიკული სიჩქარის მიღწევისას ფხვნილის ნაწილაკები ხდებიან მოძრავი და იძენენ ფსევდოსითხის თვისებებს.

ჰომოგენური (ბერძ.) - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთგვარი (საპირისპ. ჰეტეროგენული).

ჰომოგენური პროცესები - პროცესები, რომელშიც ყველა მორეაგირე ნივთიერება ერთი და იგივე ფაზაშია: აირად მყარ ან თხევად ფაზაში. ჰომოგენურ სისტემაში რეაქცია მიდის უფრო სწრაფად, ვიდრე ჰეტეროგენულში. ამიტომ ტექნოლოგები ტექნოლოგიური პროცესების ჰომოგენურ ფაზაში ჩატარებას ცდილობენ. ამისათვის მორეაგირე ნივთიერებები, ან უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი, თხევად ფაზაში გადაყავთ გალღობის ან გახსნის საშუალებით. იგივე მიზნით ახდენენ აირების აბსორბციას ან კონდენსაციას.

ჰომოლოგია (ბერძ.) - 1. გეგმილურ გეომეტრიაში გეგმილური სიბრტყის ურთიერთცალსახა ასახვა თავის თავში, რომლის დროსაც მოინახება წერტილთა წრფივი განლაგება და უძრავი რჩება რომელიმე წრფის (ჰომოლოგიის ღერძის) ყველა წერტილი; 2. ტოპოლოგიის ცნება, რომელიც უმარტივეს შემთხვევაში გამოხატავს ზედაპირზე მდებარე წირის თვისებას - იყოს ამ ზედაპირის რომელიმე ნაწილის საზღვარი.

ჰონორარი (ლათ.) - 1. ფულადი გასამრჯელო, რომელსაც შრომის საზღაურად აძლევენ (ხელშეკრულების საფუძველზე) მწერლებს, პოეტებს, მხატვრებს, არქიტექტორებს, მეცნიერებს, ადვოკატებს და სხვ.; 2. ერთჯერადი ანაზღაურების ფორმა გაწეული საქმიანობის ან დამსახურებისათვის.

ჰოპერი (ინგლ.) - თვითსაცლელი ვაგონი საყარი ტვირთის (ქვანახშირის მადნისა და მისთ.) გადასიზიდად.

ჰოპკალიტი (ინგლ.) - მანგანუმის, სპილენძისა და ვერცხლის ჟანგეულების ნარევი; წარმოადგენს კატალიზატორს; გამოყენება აქვს აირწინაღებში.

ჰორელიეფი (ფრანგ.) - სკულპტურული გამოსახულება სიბრტყზე, რომელიც ბარელიეფისგან განსხვავებით სიბრტყიდან გამოწეულია ასახული საგნის საგულისხმო მოცულობის ნახევარზე მეტად.

ჰორიზონტალი - 1. მხაზველობით გეომეტრიაში - წრფე, რომელიც პარალელურია გეგმილის ჰორიზონტალური სიბრტყისა და არ არის გეგმილის ვერტიკალური სიბრტყის მართობული; 2. წრფე სივრცეში, რომელიც პარალელურია იმ სიბრტყისა, რომელშიც მდებარეობს აბსცისისა და ორდინატის ღერძები; 3. წრფე სიბრტყეზე, რომელიც აბსცისთა ღერძის პარალელურია; 4. იხ. იზოჰიპსი.

ჰორიზონტალურ-წყალმილა საქვაბე - ორთქლის საქვაბე დახრილი ჰორიზონტალური სიბრტით (120-მდე) პირდაპირი სადუღებელი მილებით, რომელთა ბოლოები მიერთებულია კამერებთან. ელექტროსადგურებზე ჰ.-წ. ს., ორთქლმწარმოებლურობით 200 ტ/სთ-მდე, წარმატებით ცვლის ვერტიკალურ-წყალმილა საქვაბეები, რომლებსაც გააჩნიათ მეტად საიმედო წყლის ცირკულაცია.

ჰორიზონტალური გასასვლელი - გასასვლელისაკენ სავალი გზა ერთი შენობიდან მეორე შენობის დაახლოებით იმავე დონეზე მდებარე ფართობამდე, ან გასასვლელისაკენ სავალი გზა, რომელიც მიემართება კედლის ან ტიხრის გავლით ან შემოვლით იმავე შენობაში დაახლოებით იმავე დონეზე და რომელიც დაცულია ხანძრის ზემოქმედების შემთხვევაში წამოსული ცეცხლისა და კვამლისაგან.

ჰორიზონტი (ბერძ.) - 1. დედამიწის ზედაპირის ნაწილი, რომელსაც გაშლილ ადგილზე ხედავს დამკვირვებლის თვალი; ხაზი, რომლის გაყოლებაზეც ცა თითქოს დედამიწას ეხება; 2. წყლის სიმაღლე (მდინარეებში, ზღვაში, ტბაში); 3. ჰორიზინტალური სიბრტყე, რომელიც გადაკვეთს წიაღისეულის საბადოს რაიმე დონეზე.

ჰოფმაკლერი (გერმ.) - ბირჟის მთავარი მაკლერი, რომელიც ბირჟის წევრების მიერ საბირჟო მაკლერების შემადგენლობიდან განსაზღვრული ვადით აირჩევა.

ჰუმიდური - ზომიერად თბილი კლიმატური გარემო.

ჰუმუსი (ლათ.) - იხ. ნეშომპალა.